-
პოსტები
511 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი
-
ლას-ვეგასელმა მამა-შვილმა, ჯეი და შონ ბლუმებმა CNN - ითვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ისინი ბატისკაფ ,,ტიტანის“ წყალქვეშა ეკიპაჟის თავდაპირველ სიაში იყვნენ, მაგრამ შონს წყალქვეშა მცურავი მოწყობილობის შესახებ მოძიებული ინფორმაცია საიმედოდ არ ეჩვენა, ამიტომ მათ უარი თქვეს ჩაყვინთვაზე და თავიანთი ადგილი ბრიტანელ მამა-შვილს დაუთმეს. 20 წლის შონის თქმით, მას შემდეგ, რაც სუბმარინის შესახებ ვიდეოებს უყურა, ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ წყალქვეშა მცურავ აპარატს შეიძლებოდა ოკეანის ზედაპირის ქვეშ არსებული წნევისთვის ვერ გაეძლო და აფეთქებულიყო ან ტიტანიკის ნამსხვრევებში გაჭედილიყო. ,,ბატისკაფის სტრუქტურასთან დაკავშირებით გარკვეული შიში გვქონდა, რადგან მე ვნახე რამდენიმე ვიდეო, სადაც კომპანიის გენერალური დირექტორი ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს აპარატი. და რაც მე ვნახე, ეს იყო მხოლოდ წითელი ალმები... ამის შესახებ მამაჩემი გავაფრთხილე და ვინაიდან, ჩვენი გადასაწყვეტი იყო, გვინდოდა თუ არა ამ აპარატში ჩაჯდომა, საბოლოოდ, ჩაყვინთვაზე უარი ვთქვით.“ - აცხადებს შონი. მამამისი ჯეი კი ამბობს, რომ OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გარდაცვლილთა შორისაა, მის სანახავად ლას-ვეგასშიც კი ჩაფრინდა, რათა ის პირადად დაერწმუნებინა, არ დანებებულიყო. მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამა-შვილმა მაინც გადაწყვიტა, უარი ეთქვათ, რადგან რისკი ძალიან დიდი იყო. ინტერვიუში ჯეიმ და შონმა აღნიშნეს, რომ OceanGate-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ტურის ორგანიზატორმა სტოკტონ რაშმა თავი აარიდა კითხვებს იმ საფრთხეების შესახებ, რაზედაც ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ. ,,ის იმდენად იყო ამ პროექტით გატაცებული, რომ თითქოს, დაბრამვდა, ვერ ხედავდა იმ ფაქტებს და გარემოებებს, რასაც ვხედავდი მე, რასაც ხედავდნენ სხვები, რაც რეალურად პრობლემატური იყო და არ შეესაბამებოდა იმას, რასაც თავად ამბობდა.“ - აღნიშნა ჯეიმ. მან თქვა ასევე, რომ როცა დაღუპული ბიზნესმენის და მისი შვილის შესახებ საუბრობენ, ის მათში საკუთარ თავს და საკუთარ შვილს ხედავს. ,,მათ ადგილას შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით.“ - უთხრა ჟურნალისტებს ჯეი ბლუმმა. ,,ტიტანის“ სახელით ცნობილმა ბატისკაფმა მსოფლიო ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ატლანტის ოკეანის სიღრმეში გაუჩინარდა. მის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ჩაძირული გემის, ,,ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად წავიდნენ. მათ შორის იყვნენ მამა-შვილი ბრიტანეთიდან. სამწუხაროდ, ეკიპაჟის ხუთივე წევრი დაიღუპა.
-
,,ევგენი პრიგოჟინისა და ,,ვაგნერის“ მცდელობამ, მოეწყოთ გადატრიალება რუსეთში, გაანადგურა მითი პუტინის ერთიანი რუსეთის შესახებ და აჩვენა რუსეთისა და მისი ხელისუფლების სისუსტე." - განაცხადა იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ. ის დარწმუნებულია, რომ პუტინის ეპოქა რუსეთში ,,ვაგნერელების“ შეტევამ დაასრულა. ,,შიდა დაძაბულობა რუსეთის სამხედრო ძალებს შლის. ეს გარდაუვალი შედეგია, როდესაც დაქირავებულ ლეგიონს მხარს უჭერ და აფინანსებ". - განმარტავს ტაიანი. გარდა ამისა, იტალიის მთავარი დიპლომატი მიიჩნევს, რომ უკანასკნელმა მოვლენებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა. ,,ერთი რამ ცხადია: დღეს რუსული ფრონტი გუშინდელზე სუსტია. ჩვენ ველოდებით რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს უკრაინაში. პუტინს უკრაინაში შეჭრა ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა - რუსებმა ვერ გაიმარჯვეს, ვერ მოაწყვეს ბლიცკრიგი. ახლა ისინი სამხედრო ძალების პრობლემებისა და აჯანყებების საფასურს იხდიან". - აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.
-
აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა ვერ მოიპოვეს იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ Covid-19 ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა. ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის თქმით, ვირუსის როგორც ბუნებრივი, ასევე ლაბორატორიული წარმოშობა დამაჯერებელ სცენარებად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების უმრავლესობა თანხმდება, რომ ვირუსი ,,ლაბორატორიულად ადაპტირებული" და გენეტიკური ინჟინერიით მიღებული არ იყო. პანდემიის წარმოშობა, მას შემდეგ, რაც 2019 წელს ვუჰანში ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, აშშ-ში მწარე დებატების საგანია. ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიაში გაჟონვის თეორიას კატეგორიულად უარყოფს. ,,ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სხვა სააგენტოები ვერ ახერხებენ Covid-19-ის პანდემიის ზუსტი წარმოშობის დადგენას, რადგან ორივე (ბუნებრივი და ლაბორატორიული) ჰიპოთეზა ეყრდნობა მნიშვნელოვან ვარაუდებს ან აწყდება ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს." - წერია 10 გვერდიან მოხსენებაში.
-
რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზი ვეტერანი, სხვადსხვა დროს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ,,ეროვნული გმირი“ ასლან კობახია რუსი ოლიგარებისგან აფხაზეთის მიმართ გამოჩენილ ინტერესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ,,როდესაც მათ მთელ მსოფლიოში დევნა დაუწყეს, მაშინ გაახსენდათ აფხაზეთის არსებობა. ხანდახან მგონია, რომ აფხაზეთი სულ სხვა პლანეტაზეა და როცა აფხაზეთის ირგვლივ ამდენ იდიოტობას ვხედავ, მინდა ვიყვირო: აფხაზებო, გაუფრთხილდით სამშობლოს!!! თუ ჩვენ მას დავკარგავთ, დავიკარგებით, როგორც ნაცია!!! ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ნუთუ ძნელია იმის გაგება, რომ ჩვენს მეზობლებს დიდი პრობლემები აქვთ და მათ ჩვენთვის არ სცალიათ? რატომ ვცდილობთ, თევზი მღვრიე წყალში დავიჭიროთ? ნუთუ მართლა ფიქრობს ვინმე, რომ აფხაზეთის გახარება შეუძლიათ იმ ოლიგარქებს, რომლებმაც რუსეთი ეროვნული კატასტროფის პირამდე მიიყვანეს? მათ ახლა დასავლეთში სდევნიან, სადაც ადრე მიღებულები იყვნენ, დღეს მათი ანგარიშები დაბლოკილია. აშკარად ჩანს, რომ რუსეთში მათ მძიმე განსაცდელის ჟამი უდგათ. აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა 18 წლის წინ აღიარა, თუმცა არცერთ ამ ნაძიარალას, ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისკენ არ გამოუხედავს და როცა მთელ მსოფლიოში დევნა დაუწყეს, გაახსენდათ, რომ არსებობს დამოუკიდებელი ქვეყანა, აფხაზეთი. აფხაზეთი გადარჩება და განვითარდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთის მოსმენას დავიწყებთ. ყველაზე მთავარი, რასაც ეროვნულ კატასტროფამდე მივყავართ, არის დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დისბალანსის გასათანაბრებლად სამშობლოს ათასობით საუკეთესო სიცოცხლე შეეწირა. და იმის თქმა, რომ ვინც ჩვენთან უძრავ ქონებას დაეპატრონება, მას მოქალაქეობის მიღების უფლება არ ექნება, გულუბრყვილობააა. ჩვენ რა, ვიტყვით, რომ აფხაზეთის კანონებით ამის გაკეთება არ შეიძლება? მაშინ უხეშად მიგვითითებენ, რომ შევცვალოთ კანონი. მინდა ვნახო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ამაზე ვლადისლავ არძინბას სულისკვეთებით მკაცრად იტყვის არას!!! ყველას დაფიქრება გვმართებს!!!“ - წერს ასლან კობახია ფეისბუკზე.
-
CNN-ის ცნობით, შემდეგი 24 საათი პუტინისთვის კრიტიკული იქნება
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
სამხედრო დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ქვედანაყოფების შეიარაღებული აჯანყების პირობებში, შემდეგი 24 საათი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის კრიტიკული იქნება. ამის შესახებ თავის ანალიტიკურ სტატიაში CNN-ის საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი კორესპონდენტი ნიკ პატონ უოლში წერს. ,,რუსეთის პრეზიდენტი, მთელი იმ 23 წლის განმავლობაში, რაც ბირთვული ,,დერჟავის“ სათავეში დგას, პირველად აღმოჩნდა ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე. გამაოგნებელია, როცა ხედავ, რომ ტოტალური კონტროლის ილუზია, რომელსაც ის ქმნიდა (რაც მისი ავტოკრატიის მთავარი უპირატესობა იყო) ერთ საათში იშლება. ეს ერთდროულად შეუძლებელიც ჩანდა და გარდაუვალიც. შეუძლებელი, რადგან ის, ვინც პუტინს გააკრიტიკებს, უბრალოდ უჩინარდება ან ფანჯრებიდან ვარდება, ან ავარიაში ხვდება, ან იწამლება. ხოლო გარდაუვალი იყო, რადგან ომის არაეფექტურმა მართვამ ცხადყო, რომ ისეთი ერთგვაროვანი, დახურული და კრიტიკის არმიმღები გარემო, როგორიც კრემლია, მზად იყო მსგავსი უბედურების დასატრიალებლად. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ შეხედულებას, თითქოს პუტინი ტაქტიკის ოსტატია, რომ ,,ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის დაუმორჩილებლობის პირველი შეტევები ერთგვარ ხრიკად მივიჩნიეთ. ვიფიქრეთ, რომ ეს იყო პუტინის მცდელობა, თანამზრახველის დახმარებით თავისი გენერლები დაძაბულობაში ჰყოლოდა. თუმცა ის, რასაც დღეს ვხედავთ, როცა პუტინი იძულებულია, აღიაროს, რომ მისი მთავარი სამხედრო ცენტრი, დონის როსტოვი მის კონტროლს აღარ ექვემდებარება, ყველა ვარაუდს აქარწ####ბს და თვალსაჩინო ხდება, რომ ამ პროცესს კრემლი არ აკონტროლებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ,,ვაგნერის“ ქვედანაყოფები ამ ოპერაციას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. მიმდინარე ამბოხის გამართლება, რომელიც ნაჩქარევი და სპონტანური ჩანდა (საჰაერო თავდასხმა ,,ვაგნერის“ ბანაკზე ტყეში, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს), გახმოვანდა მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის რეალურ მიზეზებს აანალიზებდა. ამის შემდეგ, „ვაგნერის“ მთელი შემადგენლობა უმოკლეს დროში შეიკრიბა და სწრაფად გადავიდა როსტოვში, რისი გაკეთებაც სპონტანურად, ერთ დღეში რთული იქნებოდა. შესაძლოა, პრიგოჟინმა იფიქრა, რომ მას შეეძლო, თვეების განმავლობაში, რუსი გენერლების საჯაროდ ლანძღვით პუტინისთვის ბიძგი მიეცა, შეეცვალა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მაგრამ შაბათს დილით პუტინის გამოსვლამ ეს პერსპექტივა გააცამტვერა. რუსული ელიტისთვის ახლა ეგზისტენციალური არჩევანის მომენტი დადგა, როცა მათ უნდა აირჩიონ მხარე მოყანყალებულ საპრეზიდენტო რეჟიმსა და ბინძური საქმის შესასრულებლად შექმნილ ბნელ, მოსყიდულ ფრანკენშტეინს შორის, რომელიც თავის ბატონებს მიუბრუნდა. ეს იქნება ჭეშმარიტების ჟამი რუსი სამხედროებისთვისაც. რამდენიმე წლის წინ, პრიგოჟინის მსუბუქი კრიტიკაც კი გამოიწვევდა იმ ფაქტს, რომ ელიტარული სპეცრაზმი მას ბალაკლავაში უბრალოდ გააქრობდა და ჩვენ პრიგოჟინს ვეღარ ვნახავდით, მაგრამ ახლა ის თავისუფლად მოძრაობს, სადაც მოეპრიანება და ღიად აცხადებს მოსკოვზე გალაშქრების შესახებ. უკრაინა, ამ კატასტროფულ დროს რუსეთის შიგნით ასეთ აჯანყებებს, ალბათ, იზეიმებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ამბოხება ომის მიმდინარეობას კიევის სასარგებლოდ შეცვლის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აჯანყებები იშვიათად მთავრდება (რუსეთში თუ სხვაგან) იმ შედეგებით, რისთვისაც ისწრაფვიან. 1917 წელს აჯანყებამ და მეფის რუსეთში ნიკოლოზ II-ის გადაყენებამ გამოიწვია ბოლშევიკური რევოლუცია, ლენინი და შემდეგ საბჭოთა იმპერია. იმის მიხედვით, თუ როგორ გათამაშდება ეს იშვიათი იაკობინური დრამა, შეიძლება უკეთესობა ვერც მივიღოთ, შეიძლება პრიგოჟინმა ვერ გაიმარჯვოს და კრემლის საკონტროლო ბერკეტებიც არ დაინგრეს. უფრო მეტიც, დასუსტებულმა პუტინმა შეიძლება ირაციონალური ნაბიჯებიც გადადგას, რათა თავისი ძალა დაამტკიცოს. მაგალითად, შესაძლოა, ის ვერ შეეგუოს უახლოეს თვეებში უკრაინის ფრონტებზე დამარცხების ლოგიკას. მან შეიძლება არც იცოდეს თავის შეიარაღებულ ძალებში არსებული უკმაყოფილების სიღრმე და მათ ქმედებებს სათანადოდ ვერც აკონტროლებდეს. რუსეთის, როგორც ატომურ ძალაზე პასუხიმგებელი ,,დერჟავის“ პოზიცია დაფუძნებულია ყველაზე მაღალი იერარქიის სტაბილურობაზე გაცილებით მეტია იმის შანსი, რომ ყველაფერი წავიდეს არასწორად, ვიდრე - მართებულად, მაგრამ უკვე შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ამიერიდან კონტროლის ილუზიით პუტინის რეჟიმი ოდესმე თავის ყოფილ სიმაღლეს დაუბრუნდება. გარდაუვალი ფაქტია, რომ წინ ბევრი ცვლილება და მღელვარება გველოდება.“ - წერს პატონ უოლში. -
რუსი ოლიგარქები და პოლიტიკოსები მოსკოვიდან გარბიან
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
რუსი ოლიგარქები და პოლიტიკოსები მოსკოვს მასიურად ტოვებენ, ზოგიერთი მათგანის კერძო თვითმფრინავი უკვე დაეშვა რუსეთის ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ რუსული გამოცემა Важные истории იუწყება. მედიასაშუალების ცნობით, „ოლიგარქ არკადი როტენბერგის თვითმფრინავი მოსკოვიდან დილის 11:30 საათზე აფრინდა და ბაქოში 15:04 საათზე დაეშვა. მისი ფრენა გუშინ ღამით დაიგეგმა. რუსეთის ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვის თვითმფრინავმა მოსკოვი დილის 7 საათზე დატოვა და 12:06 საათზე თურქულ დალამანში ჩაფრინდა. ოლიგარქ ვლადიმერ პოტანინის საქმიანი თვითმფრინავი მოსკოვიდან სტამბულში გაფრენას ახლა ელოდება.“ -
რუსეთის ფედერაციის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ტექნიკა უკვე მათ რეგიონში მოძრაობს. Telegram-ის არხებზე გამოჩნდა ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან ,,ვაგნერელები“ ლიპეცკის ოლქის ელცის რაიონში. ამავდროულად, ლიპეცკის ოლქში სპეცტექნიკით გზების გადათხრა დაიწყეს, რათა ამ თხრილებმა როგორმე აჯანყებული მებრძოლების მოძრაობა შეაფერხოს. როგორც რუსული მედია იუწყება, ქალაქების, ჩაპლიგინსკისა და ლებედიანსკის შესასვლელები ,,დაბლოკილია" და ამ მიმართულებით მოძრავ მძღოლებს თხოვენ, ალტერნატიული შემოვლითი მარშრუტები მოიძიონ.
-
დონის როსტოვში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საპატიო კონსულმა, ადიკ არშბამ თავის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ,, 14:00 საათის (რუსეთის დროით) მდგომარეობით, ქალაქში სტაბილური ვითარებაა. რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ოპერატიულად ვთანამშრომლობთ რეგიონის ყველა შესაბამის სამსახურთან. დონის როსტოვში აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს და როსტოვის აფხაზური დიასპორის ოფისების ტელეფონები შეუფერხებლად მუშაობს. ყველას, ვინც მოგვმართავს, ეძლევა განმარტებები და ყველა საჭირო ინფორმაცია. მზად ვარ, განვითარებული მოვლენების შესახებ დროულად მოგახსენოთ.“ - აცხადებს ადიკ არშბა. როსტოვის ოლქში მცხოვრები ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ჩართულია ტელეფონის ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვაც ყველა მსურველს შეუძლია.
-
ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის მოქალაქეებს, ვინც სპეცოპერაციის ზონაში იმყოფება, მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში. „შეიარაღებული დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ლიდერების მიერ შეიარაღებული აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით, მე საყოველთაო მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტიელებას, რომელიც მიმართულია კანონისა და წესრიგის დამყარებისკენ. აფხაზეთის რესპუბლიკა ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინაშე აღებული მოკავშირული ვალდებულებების შესრულებას.“ - აცხადებს ბჟანია. -
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და პროკურატურის პერსონალი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იტყობინება. დღეს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახური საქართველო-რუსეთის საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლს გააძლიერებს, ასევე, პირად დაცვაზე აიყვანს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო რაზმისა და მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენლებთან მუდმივი კონტაქტი ექნება. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ზომებს გააძლიერებს, მათ შორის მასობრივი ღონისძიებებისა და თავშეყრის დროს; საგანგებო სიტუაციების სამინისტრო დაუკავშირდება იმ აფხაზ მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სპეცოპერაციების ზონაში იმყოფებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს დახმარებას იმ სტუდენტებისა და სხვა თანამემამულეებისთვის, რომლებიც რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე იმყოფებიან. აღნიშნულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთში ვითარება კანონის შესაბამისად მოგვარდება. ასევე, ხაზი გაუსვა აფხაზეთში სტაბილური ვითარების შენარჩუნების მნიშვნელობას. თავიანთი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა გუნბას მოახსენეს, რომ ამ დროისთვის აფხაზეთში არავითარი განსაკუთრებული ვითარება არ შეიმჩნევა, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ლევ კვიწინიამ კი აღნიშნა, რომ დაჯგუფება ,,ვაგნერის“ მებრძოლთა რიგებში აფხაზები არ ირიცხებიან.
-
შეირაღაებული დაჯგუფება ,,ვაგნერის" მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების გამო, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში ,,ანტიტერორისტული ღონისძიებების" ჩატარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ,,გზებზე დაწესდა დამატებითი კონტროლი, შესაძლოა მასობრივი ღონისძიებების გამართვაც შეიზღუდოს." - განაცხადა სობიანინმა. ინტერნეტში უკვე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ქალაქში საბუთების შემოწმება მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მიღებულია ვორონეჟის ოლქშიც. ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ და რუსეთის არმიის ხელმძღვანელი გერასიმოვი, გადადგომას ჯერ არ აპირებენ, როგორც ამას პრიგოჟინი ითხოვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ მისამართით წერილობით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისინი პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში მოტყუებით ჩაითრიეს. ,,თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა უკვე გააცნობიერა თავისი შეცდომა და ითხოვა დახმარება, რათა უსაფროდ დაგვებრუნებინა მუდმივი დისლოკაციის ადგილზე. იმ მებრძოლებს და მეთაურებს, ვინც ასეთი თხოვნით მოგვმართა, სათანადო დახმარება უკვე გავუწიეთ. გთხოვთ, გამოიჩინოთ წინდახედულება და სწრაფად გამოხვიდეთ კავშირზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ან სამართალდამცავ ორგანოებთან. ჩვენ ვუზრუნვლეყოფთ თქვენს უსართხოებას.“ - ნათქვამია მიმართვაში.
-
ჟურნალ The Economist-ში დაბეჭდილი ერთ-ერთ სტატიის ავტორის შეფასებით, თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ, კიევი, ფაქტობრივად, უარს იტყვის ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე. ალიანსის წევრობის სანაცვლოდ, მას შეიძლება შესთავაზონ გზა საკუთარ მოთხოვნებსა და იმ შედეგს შორის, რის მიღწევასაც ბრძოლით შეძლებს ან რისი დაფინანსებაც დასავლეთს შეუძლია. ამდენად, აღნიშნული პუბლიკაციის მიხედვით, უკრაინის ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ნატო-ში გაწევრიანება განიხილება, როგორც მიზნის ერთგვარი სახეცვლილება, მიაღწიონ 1991 წლის საზღვრებს, თუ აღმოჩნდება, რომ ამ მიზნის შესრულება სამხედრო გზით შეუძლებელია. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის ნატოში გაწევრიანებამ შესაძლოა, თავიდან აიცილოს მომავალი ახალი კონფლიქტი, ვინაიდან, სათუოა ვლადიმერ პუტინი ალიანსის ქვეყანას დაესხას თავს. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინას უფლება მისცენ, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით, ომი დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან (იგივე აზრი ადრე ვეტერანმა პოლიტიკოსმა ჰენრი კისინჯერმაც გამოთქვა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინას სთავაზობენ ფორმულას: ტერიტორიების ნაწილის დაკარგვა სამუდამო მშვიდობის სანაცვლოდ. როგორც ცნობილია, უკრაინის ხელისუფლება, კატეგორიულად უარყოფს მსგავს ფორმულას, მაგრამ მათი პოზიცია რომც შეიცვალოს (მაგალითად, მიმდინარე შეტევებში შედეგის მიუღწევლობის გამო), ჩნდება სხვა კითხვა: დათანხმდება თუ არა ამას რუსეთი? რუსეთის ფედერაცია უკრაინის ნეიტრალური სტატუსის, უფრო სწორედ, ნატოში არშესვლის გარანტიების შენარჩუნებას თავის მთავარ მიზანს უწოდებს. მართალია, თუ ომი ,,კორეული სცენარით“ დამთავრდება, როცა მეომარი მხარეები, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე, დროებითი ზავის საფუძველზე, უბრალოდ, წყვეტენ ცეცხლს, მაშინ უკრაინას თეორიულად შეუძლია, დაუყოვნებლივ გაწევრიანდეს ნატოში და რუსეთი ფაქტის წინაშე დააყენოს. ისევე, როგორც ამერიკელებმა განალაგეს ბირთვული ქობინები სამხრეთ კორეაში, კორეის ომის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით პირდაპირ იყო აკრძალული. ეს ვარიანტი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში განვიტარდეს, თუ დასავლეთი დარწმუნებული იქნება, რომ რუსეთი საპასუხოდ ახალ ომს არ დაიწყებს, თუნდაც იქამდე, ვიდრე უკრაინა ალიანსში არ გაწევრიანდება. ეს პროცედურა კი, როგორც შვედეთის მაგალითი გვიჩვენებს, MAP-ის გარეშეც დიდ დროს საჭიროებს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენ ხანს დააყოვნებს, თუნდაც, უნგრეთის პარლამენტი ამ ხელსეკრულების რატიფიცირებას. უფრო მეტიც, თუ უკრაინა ახლა, ომის დასრულების შემდეგ, ნატოში გაწევრიანების გარანტიებს მიიღებს, ამ ფაქტმა შეიძლება რუსეთი აიძულოს, არათუ არ დაეთანხმოს „კორეულ სცენარს,“ პირიქით, წლების განმავლობაში მხარი დაუჭიროს სხვადასხვა ინტენსივობის შეიარაღებულ კონფლიქტებს. ამან შეიძლება ასევე გააძლიეროს რუსეთის მცდელობები მაქსიმალურად გაზარდოს ფსონები, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარებით (რაც ახლა უკვე ხდება). როგორც The Economist- ი წერს, ამ კონტექსტში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარანტიებს მუდმივად ეწინააღმდეგება, რაც შესაძლებელია, ზემოთ აღწერილი მიზეზებით იყოს გამოწვეული, უმთავრესად იმის გამო, რომ ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკების რისკები არ დაუშვას. ასევე, შესაძლოა, ომის დასასრულს რუსეთის ფედერაციასთან გარკვეული კომპრომისებისა და შეთანხმებების მისაღწევად ან უფრო ფართო საკითხების განსახილველად, აშშ-ს კარის მთლიანად დახურვა არ სურდეს. წყარო: https://strana.news/news/437772-ukraine-predlahajut-osobuju-formulu-vstuplenija-v-nato-the-economist.html
-
სოხუმის პორტში ხვალ რუსული საკრუიზო გემი Князь Владимир-ი შევა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო სანაოსნო კომპანიის ცნობით, რუსული საკრუიზო ლაინერის, Князь Владимир -ის საცდელი რეისი სოხუმის გემბანს 23 ივნისს, დილის 8 საათისთვის მიადგება. მიმდინარე წლის ნავიგაციის პერიოდში რეისები სოჭი-სოხუმი-სოჭის მარშრუტზე განხორციელდება. კრუიზის ხანგრძლივობა ხუთი დღე იქნება, აქედან, სამი დღის განმავლობაში, გემი სოხუმის საზღვაო პორტში გაჩერდება. როგორც სანაოსნო კომპანია იუწყება, 29 ივნისიდან 11 სექტემბრამდე, კვირაში ერთხელ 11 ასეთი კრუიზი მოეწყობა. -
რუსული ბიზნესი აფხაზეთში აქტიურ მოქმედებას იწყებს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
რუსული ბიზნესი აფხაზეთში აქტიურ მოქმედებას იწყებს, ინვესტორები რუსეთის ფედერაციიდან ამჟამად მუშაობენ პროექტზე, რომელიც ბიჭვინთაში სასტუმრო კომპექს Москва Резорт - ის მშენებლობას თვალისწინებს. ამის შესახებ РИА Новости-ს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ელჩმა რუსეთში, ალხას კვიწინიამ განუცხადა. რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა, თუ რა აფერხებს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესს და როგორ ვითარდება დღეს დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის. მისი თქმით, აფხაზეთ-რუსეთის სრულმასშტაბიანი თანამშრომლობა 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. ,,სოხუმსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური კავშირის დამყარების შემდეგ ჩვენმა ურთიერთობამ თვისობრივად განსხვავებული ხასიათი და დონე შეიძინა. დღეს კმაყოფილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა მოიცავს ორმხრივი ინტერესების თითქმის ყველა სფეროს. სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთქმედებას დაემატა საგარეო პოლიტიკის კოორდინირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მრავალი სხვა საკითხი. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სოხუმში ვიზიტისას, ხაზგასმით აღნიშნა, შესაძლოა, რუსეთს არცერთ სხვა ქვეყანასთან არ ჰქონდეს ისეთი ფართო და ღრმა სახელმწიფოთაშორისი სახელშეკრულებო ბაზა, როგორიც აფხაზეთთან.“ - განმარტა ეგრეთწოდებულმა ელჩმა. მისი თქმით, საკმარისია გავიხსენოთ, რომ მათი ურთიერთობების ძირითად საფუძველს წარმოადგენს ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების 2008 წლის შეთანხმება და 2014 წელს დადებული ხელშეკრულება, ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ,,ამჟამად ვამუშავებთ ამ ორი დოკუმენტის შინაარსს, მხარეების დიპლომატიური მხარდაჭერით ინტენსიურად ვმუშაობთ ეროვნული კანონმდებლობისა და რუსეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. რა თქმა უნდა, არის გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ, უკაცრავად, ჩვენ მხოლოდ 15 წელია ვამყარებთ ოფიციალურ ურთიერთობებს, თითქმის ნულიდან. შესაბამისად, უდავოა, რომ მხარეები დარჩენილ კითხვებს მოხსნიან.“ - აღნიშნა კვიწინიამ. რუსი ჟურნალისტის კითხვაზე: მზად არის თუ არა თბილისი, დამოუკიდებელ აფხაზეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ფარგლებში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, ალხას კვიწინიამ უპასუხა, რომ მისი აზრით, ამის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. საუბარი შეეხო დასავლელი პარტნიორების ,,ზეწოლის“ შედეგად თბილისიდან მომდინარე მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებსაც, რისი მოლოდინიც, მუდმივად აქვთ, ,,ელჩის“ თქმით, ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ, ამიტომაც, რუს სამხედროებთან ერთად ხშირად ატარებენ ერთობლივ წვრთნებს. რაც შეეხება, მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში, მოსკოვში ასლან ბჟანიას ხანგრძლივი ვიზიტის შესახებ მითქმა-მოთქმას და პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის დედაქალაში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სტუმრობა რუსეთისთვის აფხაზეთის მისაერთებლად მოსამზადებელი სამუშაოს ნაწილი იყო, კვიწინია სიცრუეს უწოდებს და ამ შესაძლებლობას გამორიცხავს. ,,ეს არ არის სიმართლე. პრეზიდენტი ხშირად სტუმრობს მოსკოვს და მისი ვიზიტები ყოველთვის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების გადაწყვეტის დაჩქარებას უკავშირდება.“ - აღნიშნა მან. კვიწინია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მისი ტქმით, მართალია, ზოგიერთ პოზიციაზე ის უფრო აქტიურია, ზოგან კი მცირე კლება შეინიშნება, მაგრამ მიზეზი წმინდად ობიექტურია. ,,აფხაზეთის საექსპორტო პოტენციალი ბევრად აღემატება ამჟამინდელ მაჩვენებლებს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ რუსეთის ბაზრებს სტაბილური მიწოდება და პროდუქციის საკმარისი მოცულობები შესთავაზოს. ასევე, იმედისმომცემია საქონლის რეექსპორტი და ტრანზიტი. ეს გამოსწორებულია და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. მთავარია ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. რაც შეეხება რუსეთიდან ინვესტორების მოზიდვას, ჩვენ უცხოელი ინვესტორებისთვის გარანტირებული საკანონმდებლო შეღავათები გვაქვს, რაც დამოკიდებულია დაბანდებული კაპიტალის ოდენობაზე. არსებული კანონი სერიოზულ საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, მათ შორის, ვადების თვალსაზრისით. რუსული ბიზნესი აფხაზეთში ახლა აქტიურ მუშაობას იწყებს, ეს ძირითადად საკურორტო და ტურისტულ ინდუსტრიას ეხება. იმედი გვაქვს, ინტერესის სფეროები გაფართოვდება და უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობას, სამრეწველო წარმოებას და სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. ხელისუფლება ამ პროცესს მხოლოდ ხელს შეუწყობს.“ - განცახადა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ელჩმა რუსეთში, ალხას კვიწინიამ. -
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეექვსე დღეა, ოთხი წლის ბელორუსი ბიჭის, ალექსანდრ ვაკულიჩის ცხედარს ეძებენ. „ბავშვის ძებნა გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში მონაწილე თანამშრომელთა როტაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. მაშველები დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტის გასწვრივ მარშრუტს რამდენჯერმე გადიან.“ - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ ტიგრან დელიბალტიანმა. 2019 წელს დაბადებული ალექსანდრე ვაკულიჩი, რომელიც დედასთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა, შაბათს, 17 ივნისს, რიწის რელიქტური პარკის ტერიტორიაზე მდინარე გეგაში ჩავარდა და წყლის დინებამ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოებში, მაშველებთან ერთად, რიწის რელიქტური პარკის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. მდინარე გეგა მდინარე ბზიფის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადია. ის სათავეს ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1640 მ სიმაღლეზე იღებს, ვიწრო ხეობაში მიედინება და ჩქარი დინებით ხასიათდება.
-
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 1 281 807 ლარი შევიდა, რაც, თითქმის 291% - ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით. მოგეხსენებათ, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ფაქტზე 20 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი 40 ლარის ოდენობით. მოქმედი ადმინისტრაციული კანონის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მუნიცაპალურ ტრანსპორტში ასვლისთანავე აიღოს ბილეთი, მაგრამ თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ხშირია მდგომარეობა, როცა ხალხმრავლობის გამო ტერმინალთან მისვლას მაშინვე ვერ ახერხებ და ელოდები, როდის მოვა შენი რიგი. თუმცა თუ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი იქვე იმყოფება, ამ ფაქტორს არ ითვალისწინებს, ბილეთის აღებას არ გაცდის, გაიძულებს ტრანსპორტიდან ჩახვიდე და გაჯარიმებს. ასვლისთანავე ბილეთის აღება განსაკუთრებით ჭირს მიკროავტობუსებში, რადგან სალარო-აპარატი კარებშივეა დამონტაჟებული და როცა რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ადის, ერთმანეთსაც ხელს უშლიან და მძღოლიც იძულებული ხდება, დაყოვნდეს. ამიტომ მგზავრები ამჯობინებენ, ადგილებზე დასხდნენ და ჩასვლამდე ნელ-ნელა აიღონ ბილეთი, მაგრამ თუ მგზავრობის დასრულებამდე კონტროლიორები ამოვიდნენ, მათ მკაცრ ხელს ვერც ერთი მგზავრი უჯარიმოდ ვერ გადაურჩება. ასე, რომ ერთ-ერთი მგზავრობისას მათი მსხვერპლი თავადაც გავხდი. იმაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ზოგადად კანონმორჩილი რომ ვარ და უბილეთოდაც არასდროს მიმგზავრია. ჩემი საბანკო ბარათის შემოწმებისას, ეს კონტროლიორებმაც აღნიშნეს და კომპლიმენტიც კი მითხრეს, კარგი გადამხდელი ყოფილხართო, თუმცა ჩემმა კანონმორჩილებამ მათი კლანჭებისგან მაინც ვერ მიხსნა. ვინაიდან სამარშრუტო მიკროავტობუსში ასვლისას, ჩემს უკან კიდევ რამდენიმე ადამიანი მოდიოდა, ტრანსპორტი კი შუქნიშანთან იდგა და არ მინდოდა, შემეყოვნებინა, უკანა სავარძლისკენ გავწიე და გადავწყვიტე, როცა ხალხი შეხალვათდებოდა, ბილეთიც მაშინ ამეღო. ბარათის სხვისთვის გადაწოდების ცუდი პრაქტიკა მქონდა. ადრე, ერთ-ერთ ავტობუსში საბანკო ბარათი სხვას რომ გადავაწოდე, ძირს დაუვარდა და ხალხმრავლობის გამო დროულად აღება ვერ მოახერხა. კარგა ხნის მერე ძლივს იპოვა და დამიბრუნა ფეხებით გადათელი, სწორედ ამიტომ, ამჯერად სხვისი დახმარებით ბილეთის აღებაზე უარი ვთქვი, რაც სანანებელი გამიხდა. მალევე მიკროავტობუსში კონტროლიორი ქალები (ძირითადად ქალები არიან, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან) ამოვიდნენ და ბილეთი მომთხოვეს. მე მორიდებით დავუწყე ახსნა, რატომაც დამიგვიანდა და ახლავე ავიღებ-მეთქი, წამოვდექი, მაგრამ ვინ მაცალა? ერთ-ერთმა მათგანმა ტერმინალს ჯერ ხელი მიაფარა, მერე თავისი ბარათი მიადო და დაბლოკა, ჩემს ბარათს კი ხელი სტაცა და ტრანსპორტიდან ჩავიდა. სხვა რა გზა იყო, მეც ჩავყევი. არც თხოვნამ გაჭრა მათთან, არც დანამუსებამ, არც იმან, რომ თურმე წესიერი გადამხდელი ვყოფილვარ, რაც ჩემმა ბარათმაც დაადასტურა. სიმართლე გითხრათ, 20 ლარის დაკარგვაზე მეტად კონტროლიორების უშეღავათობამ და ცივსხიხსლიანმა დამოკიდებულებამ გამანაწყენა, უფრო მეტიც, მათმა საქციელმა ისე შემილახა თავმოყვარეობა, შეურაცხყოფის გრძნობა რამდენიმე დღე ვერ მოვიშორე. აქვე, შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, ჩვენს პარლამენტარებს თუ საკრებულოს დეპუტატებს რამდენი კანონი და დადგენილება მიუღიათ, რომლის აღსრულების მექანიზმი ან სულ არ არსებობს და კანონიც უმოქმედოდ დევს თაროზე, ან ნახევრად სრულდება, სამაგიეროდ, ზედმიწევნით კი არა, გადაჭარბებით ასრულებენ კანონს (რაზეც ზემოთმოყვანილი რიცხვებიც მოწმობს), რომელიც მგზავრს სატრანსპორტო საშუალებაში ასვლისთანავე ბილეთის აღებას ავალდებულებს და არც ერთი გამონაკლისი შემთხვევა არ არის გათვალისწინებული. რატომ არ შეიძლება, გამონაკლისად ჩაითვალოს, როცა ხალხმრავლობის გამო, მყისიერად ვერ ახერხებ ბარათის დაფიქსირებას ან მგზავრობის დასრულებისას გირჩევნია ბილეთის აღება, რათა უფასო მგზავრობისთვის განკუთვნილი საშეღავათო საათნახევრიანი პერიოდის გამოყენება შეძლო? მოგეხსენებათ, საცობების გამო, ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ საათნახევარს A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლას ანდომებს და ასვლისთანავე რომ აიღებ ბილეთს, თუ მეორე ტრანსპორტში გადაჯდომა გჭირდება, ისევ 1 ლარის გადახდა გიწევს. ესეც არის მიზეზი, რომ ხანდახან მგზავრები ცდილობენ, თანხა დაზოგონ და ჩასვლისას აიღონ ბილეთი. ამას გარდა, არის შემთხვევები, როცა ტერმინალს ბარათს მიადებ, ხმასაც გამოსცემს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ თურმე აპარატმა თანხა არ ჩამოგაჭრა. ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ამბავი, რომელიც ჩემს მეგობარს გადახდა თავს. როგორც თავად მომიყვა, ავიდა ავტობუსში და ბილეთიც მაშინათვე აიღო, უფრო სწორედ, ბარათი ტერმინალს მიადო, აპარატმა სპეციფიკური ხმა გამოსცა და ისიც არხეინად დაელოდა თავის გაჩერებას. ჩავიდა თუ არა, ავტობუსში მყოფი კონტროლიორიც ჩაჰყვა, რომელიც ბილეთის აღების დროსაც გვერდით ედგა. ჩემმა მეგობარმა, ბუნებრივია, თამამად გაუწოდა ბარათი, მაგრამ მისდა გსაკვირად, აღმოჩნდა, რომ ბილეთი აღებული არ ჰქონდა. თქვენ ხომ გვერდით მედექით და დაინახეთ, ბარათი რომ დავაფიქსირეო, გაოცებულმა მიმართა კონტროლიორს. მანაც დაუდასტურა, კი, დაგინახეთ, მაგრამ ისიც ვნახე, რომ თანხა არ ჩამოგაჭრათ, რადგან წინა მგზავრის მერე, სათანადო დაყოვნების გარეშე ტერმინალმა თქვენი ბარათი ვერ აღიქვაო. აწი იცოდეთ, სხვა რომ აიღებს ბილეთს, 5 წამი დაელოდეთ და თქვენ მერე აიღეთ, ახლა კი უბილეთობის გამო უნდა დაგაჯარიმოთო. დიახ, არაფერს ვამატებ, ჩვეულებრივად, ,,უბილეთო მგზავრობისთვის“ დააჯარიმა. თუ ხედავდით, რომ მოვტყუვდი, რაღას ელოდებოდით, რატომ იქვე არ მიმითითეთ, რომ ხელმეორედ დამეფიქსირებინა ბარათი, ეს რა საქციელია, ან რანაირი კანონიაო, წინააღმდეგობა კი გაუწევია ჩემს მეგობარს, მაგრამ კონტროლიორს მხრები გულგრილად აუჩეჩავს და ასეც ხდებაო, უნუგეშებია. იმასაც მოგახსენებთ, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთა ქცევებით თავად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები რამდენად არიან შეწუხებულები, რამდენ პრობლემას უქმნიან ისინი მათ და აფერხებენ ავტომანქანების მოძრაობას. ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მძღოლი მიყვება, როგორ გადაეკიდნენ მის მიკროავტობუსში ასული კონტროლიორები მოზარდს, რომელიც ეუბნებოდა, რომ ბილეთი ხალხმრავლობის გამო ვერ აიღო და ჩასვლისას აუცილებლად გაატარებდა ბარათს. მათ კი არაფრის გაგონება არ სურდათ და სთხოვდნენ, გაჩერებაზე მათთან ერთად ჩასულიყო. ,,უხსნიდა, რომ ძალიან ეჩქარებოდა და მათთან ერთად ვერ ჩავიდოდა, თან ეხვეწებოდა, არ დაეჯარიმებინათ, მაგრამ არაფერმა გაჭრა და ბავშვი ისეთ ისტერიკაში ჩავარდა, შემეშინდა, რამე არ მოსვლოდა. მაინც არ ეშვებოდნენ. ერთმა კონტროლიორმა ვიღაცასთან გადარეკა და მოახსენა, უბილეთო მოზარდია, ვაჯარიმებთ, მაგრამ ისტერიკაშია და გავაგრძელო დაჯარიმება თუ შევეშვაო. მეტი ვერ მოვითმინე და ავყვირდი, რად უნდა მაგას კითხვა, ხომ ხედავთ, რა დღეშია ბავშვი, მაინც და მაინც გულის შეტევა უნდა დაემართოს-მეთქი? იმასაც ხომ ხედავთ, მოძრაობას ვაფერხებ, საცობი შევქმენი უკვე და გამიშვით ჩემს გზაზე-მეთქი. მხოლოდ ამის შემდეგ შეეშვნენ და ჩავიდნენ ტრანსპორტიდან. არადა, ჩვენ, მძღოლებს უფლება არა გვაქვს, რამე ვუთხრათ, რამდენ ხანსაც უნდათ, შეგვაყოვნებენ. ამის გამო, ხან სად ვჭედავთ გზას და ხან - სად. მათ არ აინტერესებთ მოძრაობის შეფერხებას რომ იწვევენ და არც იმ საყვირების ხმა თუ გინება აღელვებთ, ჩვენს უკან მდგომი მანქანებიდან რომ ისმის. კი, გასაგებია, კანონი არსებობს და უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ რაღაც მომენტები უნდა იქნეს გათვალისწინებული. ისიც, რომ ჩვენ, მიკროავტობუსების მძღოლებს განსაკუთრებით გვიშლიან ხელს მუშაობაში. პრობლემა არ იარსებებს, თუ გაჩერებებზე დახვდებიან მგზავრებს და ბარათებს ტრანსპორტიდან ჩამოსვლის მერე შეუმოწმებენ. ჩვენც მშვიდად ვიქნებით და ისინიც. არც მგზავრს ექნება პრეტენზია, რომ უსამართლოდ აჯარიმებენ.“ - აღნიშნა მიკროავტობუსის მძღოლმა. ტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელთა ზღვარგადასულ ქცევებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ შემთხვევაზე მოგვითხრობს პენსიონერი ქალბატონი. ,,გლდანის ბაზართან საკმაოდ ბევრი ხალხი ავედით ავტობუსში, ორივე ხელში პროდუქტებით სავსე ჩანთა მეკავა. ცალი ხელი ძლივს გავითავისუფლე, ჩანთიდან ბარათი ამოვიღე და ის იყო, სალაროს მივუახლოვდი, რომ კონტროლიორმა გზა გადამიღობა და ეს ბარათი ხელიდან ამართვა, უბილეთობის გამო უნდა დაგაჯარიმოთო. მერე მგზავრებმა მითხრეს, თურმე ფეხდაფეხ ამომყოლია და ჩემს ყველა მოქმედებას ხედავდა. ვუთხარი, ახლა ამოვედი და მეტი დრო არ გასულა, ჩემს წინ სხვები იყვნენ სალაროსთან, ბილეთი როგორ ამეღო, როგორც კი ხელი გავითავისუფლე და აქამდე მოვედი, ხომ ნახეთ, რომ ბილეთს ვიღებდი-მეთქი? არაფერმა გაჭრა, ამ ჩემი ჩანთებით ისევ ქვევით ჩამიყვანეს და დამაჯარიმეს. ისე ვინერვიულე, წნევამ ამიწია და სულ ტირილით მოვედი სახლში. პენსიონერისთვის 20 ლარიც საქმეა, მაგრამ მარტო ჯარიმაზე არ არის ლაპარაკი, როცა ასე უსამართლოდ გექცევიან და თავს ვერაფრით იცავ, ძალიან საწყენია. ვერ ვხვდები, ადამიანების გამოჭერაზე ასე ბოროტულად რატომ არიან დადარაჯებული, მათზე არაფერი მოქმედებს, ვერავითარი მიზეზი ვერ აჩერებთ. ის კი არადა, ამასწინათ შევესწარი, გაჩერებასთან გამვლელ მამაკაცს ედავებდონენ, ავტობუსიდან ჩამოხვედი და ბარათი გვაჩვენეო. გაგიჟდა ის კაცი, არ ჩამოვსულვარ ტრანსპორტიდან, აგერ მაღაზიიდან გამოვედი და აქ ამწუთას გამოვიარეო. სხვა მოქალაქეები რომ არ ჩარეულიყვნენ და არ ეთქვათ, რომ ის კაცი მართლა გამვლელი იყო, არ ვიცი, იქ რა მოხდებოდა. სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს როგორ უმოწყალოდ ექცევიან, მაგაზე ლაპარაკიც არ მინდა. მიკვირს, რატომ აქვთ ამდენის უფლება?“ - აღშფოთებას ვერ მალავს ჩვენთან მოსაუბრე. მართლაც, არაერთი თვითმხილველი არსებობს, რომლებიც ასახელებენ ფაქტებს, როცა უბილეთობის გამო 9-10 წლის ბავშვები ჩაყავთ ავტობუსებიდან და აჯარიმებენ. მოქმედი კანონით მათაც ეკუთვნით ბილეთის აღება, მით უმეტეს, უფასო ბილეთებით სარგებლობენ, მაგრამ ხდება ხოლმე, ბავშვებს ან სამგაზვრო ბარათი ეკარგებათ ან სხვა ტანსაცმლის ჯიბეში რჩებათ და ასეთ შემთხვევაში, ალბათ უფრო უპრიანი იქნება, გაფრთხილებით შემოიფარგლონ, ვიდრე ამ ასაკის ბავშვები ტრანსპორტიდან შუა გზაზე ჩამოსვან და იქ უმეთვალყუროდ დატოვონ. სწორედ ერთ ასეთ სავალალო შემთხვევაზე მოგიყვებით ახლა, რომელიც წინა კვირას ნაძალადევის ტერიტორიაზე მოხდა. მოგეხსენებათ, თბილისის ამ რაიონში რამდენიმე სკოლის შენობას რემონტი უტარდება, ამიტომ მოსწავლეები სხვადასხვა უბნის სკოლებში არიან გადანაწილებულები და საკმაოდ შორ მანძილზე, უმეტესად საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევთ გადაადგილება. 10 წლის, მეოთხეკლასელი ბიჭიც ერთი უბნიდან მეორეში ავტობუსით მგზავრობდა, რომლიდანაც კონტროლიორმა უბილეთობის გამო შუა გზაში ჩამოსვა, დააჯარიმა და იქვე დატოვა. თავის გაჩერებაზე ბავშვს ბებია ელოდებოდა, რომელმაც იცოდა, რა დროს უნდა დაბრუნებულიყო სკოლიდან შვილიშვილი. როცა შეაგვიანდა, ბებიამ მისი კლასის დამრიგებელთან დარეკა, რომელმაც უთხრა, რომ ბავშვი თავად ჩასვა ავტობუსში და შინისკენ გამოუშვა. ვითარებას ის ფაქტიც ამძაფრებდა, რომ ბავშვის ტელეფონზე ზარი არ გადიოდა. ბუნებრივია, ამ ამბავმა ცალკე ოჯახის და ცალკე მასწავლებლების შეშფოთება გამოიწვია. დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში სრულ გაურკვევლობასა და პანიკაში იყვნენ და ის იყო, საქმეში პოლიცია უნდა ჩაერთოთ, რომ თავიდან ფეხებამდე სველი ბავშვი, სახლში ერთ-ერთი კლასელის მშობელმა მოიყვანა. აღმოჩნდა, რომ ის ტრანსპორტიდან კოკისპირული წვიმის დროს ჩამოსვა კონტროლიორმა, რომელმაც ყურად არ იღო მისი ნათქვამი, ბარათი დავკარგე და ახლის აღებამდე უბილეთოდ მიწევს მგზავრობაო... შემდეგ, ისევ დაჯარიმების შიშით ბავშვი სხვა ავტობუსში აღარ ასულა და ფეხით დასდგომია გზას. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, შემთხვევით კლასელის დედა შეხვედრია, რომელსაც უცვნია და მანქანა გაუჩერებია. რაც შეეხება ტელეფონს, ელემენტი დამჯდარა და ამის გამო ვერ ურეკავდა ვერავის, ვერც მას უკავშირდებოდნენ. ვიდრე ბავშვი საღსალამათი არ დაუბრუნდათ, ადვილი წარმოსადგენია, იმ 45 წუთის განმავლობაში რა სიმწარეს და შიშს გამოივლიდა ოჯახი, თავად ბავშვის მიერ განცდილ სტრესზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მხოლოდ ამ კონკრეტული მაგალითით რომ ვიხელმძღვანელოთ, შეგვიძლია ხმამაღლა დავსავათ კითხვა: მაშინ, როცა ჩვენი კანონმდებლობით, არასრულწლოვნები ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვისაც არ ისჯებიან, უბილეთობის გამო, თავსხმა წვიმაში 10 წლის ბავშვის, მისთვის უცხო ადგილას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩაყვანა, დაჯარიმება და უმეთვალყუროდ მიტოვება რომელ სამართლებრივ აქტში უნდა ეწეროს? მით უმეტეს, ორმაგად აღმაშფოთებელია, როცა ამ შემთხვევის საპირწონედ სრულიად სხვა შემთხვევას გადააწყდები და საკუთარი თვალით ნახავ, მონიტორინგის სამსახურის სხვა დროს შეუვალი თანამშრომლები, კანონის ყოველგვარი უგულვებელყოფით, როგორ უწევენ შეღავათს საზოგადოების გარკვეულ კასტას. შორს არ წავალ, მეორე მაგალითს მოგიყვებით, რომლის მოწმეც თავად გავხდი. რამდენიმე დღის წინ, დიდი დიღმიდან გლდანის მიმართულებით მიმავალ მიკროავტობუსში ჩემს გვერდით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჯდა. ორიოდ გაჩერების შემდეგ სალონში კონტროლიორები ამოვიდნენ. მამაკაცთაგან ერთ-ერთმა ბანკის ბარათი ამოიღო და მათ ხმამაღლა უთხრა, ჩვენ ,,პროგრამაში ვართ,“ ახლა ამოვედით და ბილეთი ჯერ არ აგვიღიაო. გავიფიქრე, ახლა იმისთანა ამბავი ატყდება, ნეტავი, აქ არ ვიყო-მეთქი, მაგრამ მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ. მონიტორინგის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მეტადონის პროგრამაში მყოფ ნარკომომხმარებლებს მშვიდად მიმართა, პროგრამაში თუ ხართ, დამადასტურებელი საბუთი მაჩვენეთო. იმ ერთმა საბუთი აჩვენა, მეორემ კი - მე არაფერი მაქვს, არც საბუთი და არც სამგზავრო ბარათი. ცუდად ვარ, ხომ ხედავ, ერთი სული მაქვს, ადგილამდე მივიდეო, - საკმაოდ აღელვებულმა იქით შეუტია. - ხო, პროგრამაში თუ ხართ, დავალებული გვაქვს, არ დაგაჯარიმოთო, - მონიტორინგის თანამშრომელმა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა საბუთიან მამაკაცს ბარათი გამოართვა და თავის პარტნიორს გადააწოდა, ბილეთი აუღეო. იმანაც ხმისამოუღებლად დააფიქსირა ბარათი აპარატზე და ასევე მშვიდად დაუბრუნა უკან. მაშინ, როცა მე, ბარათით ხელში მჯდომს ბილეთის აღება არ დამანებეს, პენსიონერს, დევნილს, სტუდენტს თუ არასრულწლოვანს განურჩევლად ექცევიან და უაპელაციოდ ართმევენ სამგზავრო ბარათს, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან სადაც უნდათ, იქ ჩაჰყავთ და აჯარიმებენ, ამ ორ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს, კონტროლიორები ლამის თავზე შემოევლნენ; უბილეთოდ მგზავრობისთვის ერთს ხომ საყვედურიც არ უთხრეს და მეორეს, სულაც, თავად აუღეს ბილეთი... ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხე, ფაქტის რამე ფორმით გაპროტესტებაზე რომ არაფერი ვთქვა. კარგა ხანს იმასაც ვფიქრობდი, მომხდარის შესახებ ვინმე სხვას რომ მოეყოლა, იქნებ, არც დამეჯერებინა-მეთქი. ამ დროს, ის შემთხვევაც გამახსენდა, ჩემი თანდასწრებით, პროკურორივით რომ დაჰკითხა ერთმა კონტროლიორმა ქალმა სტუდენტი ბიჭი, რომელსაც ბილეთი აღებული ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მისი სტუდენტური ბარათის მიმართ გაუჩნდა ეჭვი. ჯერ, ბარათი ნამდვილად მისი იყო თუ არა, ის ჰკითხა, მერე - ასაკი, მერე - სასწავლებლის დასახელება და მხოლოდ მას შემდეგ შეეშვა, რაც ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო. ისიც გამახსენდა, თვითმხილველმა და უშუალოდ ინციდენტის მონაწილემ რომ მომიყვა, თუ როგორ არ ანებებდა, ავტობუსში ასული კონტროლიორი ერთ-ერთ ახალგაზრდა მგზავრს ბილეთის აღებას და როგორ გადაუგრიხა ის ხელი, რომელშიც ბარათი ეჭირა. იქვე მდგარმა ჩემმა ნაცნობმა კი ახალგაზრდას ბარათი გამოართვა და ბილეთი სწრაფად აუღო, რის შემდეგაც მონიტორინგის თანამშრომელმა აგრესია მასზე გადაიტანა და დაემუქრა, სამხრე კამერამ დაგაფიქსირა და ნახე, რა პრობლემები შეგექმნასო... დამერწმუნებით, რომ თბილისში მოძრავ, თითქმის, ყველა მუნიციპალურ ავტობუსსა თუ მიკროავტობუსში ყოველდღიურად არაერთი ასეთი შემთხვევის მოწმე შეიძლება გავხდეთ, რაც აჩენს პროტესტის გრძნობას და კითხვებს: აქვთ თუ არა კონტროლიორებს მგზავრების მიმართ ასე მოქცევის უფლება, არასრულწლოვნების დაჯარიმების და ტრანსპორტიდან მათი ჩაყვანის უფლება; ავალდებულებს თუ არა კანონი მგზავრისთვის ბარათის წართმევას, ტერმინალის დაბლოკვას და მგზავრობის დასრულებამდე ბილეთის აღებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან კანონმდებლობით ეკუთვნით თუ არა სამგზავრო შეღავათები მეტადონის პროგრამაში მყოფ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად მივმართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლობას და ტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის იმ თანამშრომელთან დაკავშირება ვთხოვეთ, ვისაც აღნიშნულ საკითხებზე პასუხისმგებლობა უშუალოდ ეკისრებოდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ თუ გვინდა, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღოთ, კომპანიის ოფისში უნდა გამოვცხადდეთ და მის ხელმძღვანელს ოფიციალური განცხადებით მივმართოთ ან ფოსტით გავუგზავნოთ ვრცელი წერილი, სადაც ყველა იმ შემთხვევის შესახებ მოვახსენებთ, რაც ამ მასალაშია ჩამოთვლილი. ამის შემდეგ, შესაძლოა პირადად დამიკავშირდნენ ან ასევე ფოსტით გამომიგზავნონ თავიანთი მოსაზრება. ელექტრონულად ან ტელეფონის საშუალებით ურთიერთობაზე უარი მივიღეთ. რა თქმა უნდა, წერილს აუცილებლად გავუგზავნი, მანამდე კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლისგან, დიდი დაჟინების შედეგად, გავარკვიე, რომ კონტროლიორს არა აქვს უფლება, არასრულწლოვანი ანუ 18 წელს მიუღწეველი პირი, რომელიც მშობლის ან მეურვის გარეშე მგზავრობს, ტრანსპორტიდან ჩაიყვანოს და დააჯარიმოს. P. S. რაც შეეხება მეტადონის პროგრამაში მყოფ ნარკომანებს, როგორც საქმეში ჩახედულმა პირებმა გამარკვიეს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლება არჩევნებში მათგან გარანტირებულ ხმებს ელოდება, სწორედ ამიტომაც იღებენ ეგრეთწოდებული ,,მეტადონშიკები" გარკვეულ შეღავათებს. ვინაიდან, არჩევნებთან დაკავშირებული ფაქტების მტკიცებულებები არ გამაჩნია, შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა კი ვიტყვი, რომ იმ შემთხვევის მიხედვით, რისი მოწმეც გავხდი, ამ ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ირმა ბერიშვილი
-
პუტინი აღიარებს, რომ მას თანამედროვე იარაღი არ აქვს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
,,ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები გვაქვს, ზარალი კლასიკურ მაჩვენებელს აღემატება,” - განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც მან უკრაინის კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს. პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები არტილერიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, რადგან ქვეყანას ამ დროისთვის საკმარისი თანამედროვე საბრძოლო სისტემები არ აქვს. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, თავდაცვის კონტრაქტორები ამ პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებენ. ,,დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი თანამედროვე იარაღი, მაგრამ თავდაცვის ინდუსტრია, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სწრაფად ვითარდება,” - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პუტინმა არ დააკონკრეტა, რა სამხედრო იარაღი აკლია მის ძალებს, მაგრამ The Daily Beast-ის ანალიტიკოსების აზრით, აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს თანამედროვე რაკეტების მარაგი ეწურება. აღნიშნული საინფორმაციო გამოცემის შეფასებით, პუტინისგან იმის აღიარება, რომ რუს სამხედროებს გარკვეული საბრძოლო ტექნიკა არ აქვთ, უჩვეულოა და მისი ეს განცხადება აშკარა უკანდახევაა კრემლის იმ ადრინდელი პოზიციისგან, რომელიც უკრაინის ომთან დაკავშირებით ჰქონდა. აქამდე რუსეთის ხელისუფლება, მთელი კონფლიქტის განმავლობაში, მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმას წარმატებულად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა, თუ როგორ ვიტარდებოდა ყველაფერი მათთვის ძალიან ცუდად. რატომ გამოაცხადა პუტინმა საჯაროდ, რომ რუსეთს პრობლემები აქვს, უცნობია, მაგრამ The Daily Beast-ის განმარტებით, ის შეიძლება ომიდან დისტანცირებას ცდილობს ან ეს პოზიცია, ომის შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის შიგნით მოლოდინების კორექტირებისთვის, შეიძლება კრემლის გეგმის ნაწილი იყოს. იანვარში, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ქალაქი სოლედარი აიღეს, ტელეკომპანია Россия 1- სთვის მიცემულ ინტერვიუში, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ,,სპეცოპერაცია წარმატებულად მიმდინარეობდა.“ ,,დინამიკა დადებითია და ყველაფერი ვითარდება თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეომრები თავიანთი ბრძოლის შედეგებით კიდევ უფრო გაგვახარებენ.“ - აღნიშნა მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელეარხის ეთერში. წყარო: Putin admits Russia has suffered losses and is lacking modern weapons | (thedailydigest.com) -
რასაც ეგ @@@ ყორშია აკეთებს, აკრძალული მეთოდია - შალვა რამიშვილი
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
,,რასაც ეგ @@@ ყორშია აკეთებს, აკრძალული მეთოდია" – ასე ეხმაურება ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი შალვა რამიშვილი ბექა ყორშიას სიუჟეტს როინ მეტრეველის შესახებ, რომელიც ,,მთავარი არხის“ ეტრში გავიდა. ,,როცა აკრ. გარეშეს ვაკეთებდი, ჩემი სამიზნე სასტიკი რეჟიმი იყო და მე მას დავცინოდი. ამ კაციჭამიების წინააღმდეგ მართლა ყველაფრის ჩადენის უფლება მქონდა, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია ის, რასაც ეს @@@ კუტა ბიჭი აკეთებს. გარანტია აქვს, რომ თავს არ გაუხევს არავინ. და ეს კარგია... გარანტია რომ აქვს! P.S. მე არ მქონდა ეგ გარანტიები მიშას დროს". - წერს რამიშვილი. 11 ივნისს ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ეთერში ჟურნალისტ ბექა ყორშიას მიერ მომზადებული სიუჟეტი გავიდა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ეგრეთწოდებული მედია-პრანკი იყო. ყორშია გასულ კვირას დანიშნულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველს ვითომ პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის გამოგონილი სახელით, ტელეფონით დაუკავშირდა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა. როინ მეტრეველი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ,,ბატონი ირაკლისთვის ყველაფერი მოხერხდება" და აკადემია მას სრულფასოვნად უჭერს მხარს. როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად 7 ივნისს აირჩიეს. -
86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი იტალიური მედიის ცნობით, ბერლუსკონიმ მილანში, სან რაფაელეს კლინიკაში თვეზე მეტი გაატარა. ის 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო, 16 აპრილს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ბერლუსკონის ქრონიკული ლეიკემიისგან გამოწვეული ფილტვის ინფექცია დაუდგინდა. იტალიის ყოფილ პრემიერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომელიც COVID-19 - ისას, 2020 წელს განსაკუთრებით გაუმწვავდა. ის წლების განმავლობაში ატარებდა კარდიოსტიმულატორს, ხოლო 2016 წელს, აორტის სარქვლის გამოსაცვლელად, გულის ოპერაცია გაიკეთა, დაამარცხა პროსტატის კიბოც. სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობას სამჯერ: 1994-95, 2001-06 და 2008-11 წლებში იკავებდა. 1994 წლიდან ბერლუსკონი კონსერვატიული პარტიის Forza Italia-ს ლიდერი იყო. პარტია იმ მმართველი კოალიციის ნაწილია, რომელსაც ამჟამინდელი პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონია ხელმძღვანელობს. 1986 წლიდან 2017 წლამდე სილვიო ბერლუსკონი იტალიური საფეხბურთო გრანდის, ,,მილანის“ მფლობელი და პრეზიდენტი იყო. ბერლუსკონის 31-წლიანი მმართველობის დროს კლუბმა 29 ტიტულის მოპოვება მოახერხა, მათ შორის, 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
-
თბილისელი თათია ჩაფიჩაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ყვება, თუ როგორ გადაურჩნენ ის და ბავშვი ბრმად ნასროლ ტყვიას. ,,ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს. საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1წთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა. ტყვიის ანასხლერი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე! ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!!!!!!!!!!!!!!!" - წერს მოქალაქე.
-
გარდაიცვალა გოგონა, რომელიც ბათუმში, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსიდან 15 წლის გოგონა გუშინ, 11 ივნისს გადმოვარდა. ის მრავლობითი დაზიანებით ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებული გოგონა დღეს, 12 ივნისს გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. -
რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ სასტუმროთა გაერთიანება ,,ბიჭვინთა" მოინახულა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთს 9 ივნისს ,,სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი; რეგიონთაშორის და უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი იგორ მასლოვი; ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ბაბიჩი. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამით, რუსმა მაღალჩინოსნებმა უკვე მოინახულეს ბიჭვინთაში არსებული პანსიონატების გაერთიანება ,,ბიჭვინთა“ და ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი. ასევე, კურორტ ბიჭვინთაში მათ დაათვალიერეს ადგილი, სადაც დაგეგმილია სასტუმრო-კომპლექს ,,მოსკოვი რეზორტის“ მშენებლობა. როგორც აფხაზური პრესა იუწყება, აღნიშნული კომპლექსის პროექტი 200 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 46,5 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება. ინვესტიციები 31 მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს და სასტუმროს გახსნა 2026 წლისთვის იგეგმება. რუსეთის დელეგაციამ ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გულირიფშის რაიონში მდებარე სოხუმის აეროპორტიც მოინახულა. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ნოვაკის ხელმძღვანელობით, სამტავრობო დელეგაცია ოკუპირებული აფხაზეთის ეგრთწოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ერთობლივ შეხვედრაზე მათ განიხილეს მხარეებს შორის ,,ურთიერთქმედების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროები," მათ შორის ენერგეტიკის დარგში, პიკური დატვირთვის დროს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების და ნავთობპროდუქტებით მომარაგების საკითხი. -
რუსეთის ტელევიზიის პირველი არხზე, გადაცემა ,,დიდი თამაშის“ ეთერში მიწვეულმა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თბილისთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქართულ მხარესთან ოფიციალური დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგში ორი საკითხი დგას: ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტა. ,,აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, სუვერენული სახელმწიფოა და ეს სტატუსი არ განიხილება. თუ საქართველოს ჩვენთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება სურს, მაშინ მისგან მოვითხოვთ, უპირობო აღიარებას და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერას, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა ჩვენს რეგიონში.“ - განაცხადა არძინბამ რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ეთერში. მისი თქმით, ჯერჯერობით, თბილისი უარს ამბობს ხელშეკრულების ხელმოწერაზე და ამაში მნიშვნელოვან როლს კოლექტიურად თამაშობენ დასავლეთის ქვეყნები, რომელთა მიზანია, რუსეთის გარშემო „ცეცხლის რგოლის“ შექმნა, ანუ რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ლოკალური, მტკივნეული კონფლიქტების პროვოცირება. „მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, იგივე ოფიციალურმა ხელისუფლებამ ცნო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ უკვე იყო პრეცედენტები, როდესაც საქართველომ აფხაზეთი ოფიციალურად აღიარა და დარწმუნებული ვართ, რომ ახალ ისტორიულ რეალობაში ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია და ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს.“ - აღნიშნა ინალ არძინბამ.
-
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის ერთი უბნის ბინადართა გასაჭირს საქართველოს სხვა ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები ვერასდროს გავიგებდით, რომ არა ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია. ორიოდე კვირის წინ, ფუთელმა თამთა პერანიძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა სატელეფონო მიმოწერის ანაბეჭდი, რომლიდანაც და პუბლიკაციის ქვეშ გაკეთებული კომენტარებიდანაც ირკვეოდა, რომ რიკოთის უღელტეხილზე გზების და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობისას, კლდეების და ნიადაგის სიღრმეებში გახშირებული აფეთქებების გამო, იქაურ მოსახლეობას არა მარტო ფსიქოლოგიური, ფიზიკური ზიანიც ადგებათ, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას არავის ეკისრება. მის მიერ გახმაურებული ინფორმაციის შემდეგ, ადგილობრივი მოქალაქეების პრობლემის დასაზუსტებლად და ყველა იმ დეტალზე სასაუბროდ, რაც მათ ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აწუხებთ, სოფელ ფუთში მცხოვრებ თამთა პერანიძეს შევხვდით. - ჩვენ ვცხოვრობთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში. ფერდი, რომელზეც ჩვენი და ჩვენი მეზობლების, სულ 17 ოჯახის სახლები დგას, ქალაქში შესვლამდე რამდენიმე კილომეტრით აქეთ, მარცხენა მხარეს მდებარეობს. სწორედ ამ ფერდის სიღრმეში გაჰყავთ ორი გვირაბი და ალბათ ხვდებით, ჩვენი საცხოვრებლების ქვეშ როგორი მასშტაბის სამუშაოები სრულდება, თუმცა ამას ვერ ვამტკიცებთ. გვეუბნებიან, რომ ეს მშნებელობა ჩვენს სახლებთან კავშირში არაა და არანაირად არ გვეხება, მაგრამ როცა ვიხმაურებთ, ვიჩივლებთ და აქციებით დავიმუქრებით, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მოვლენ, საკუთარი თვალით ნახავენ ყველაფერს, იტყვიან: ,,უი, აქ რაღაც ვერ არის მთლად სწორად,“ შეგვპირდებიან, რომ ამ საკითხს სადღაც განიხილავენ, ვიღაცასთან შეათანხმებენ და წავლენ. და მერე მათგან არანაირი ხმა არ ისმის. - ხომ არსებობს პროექტი, რომელზეც თქვენი სოფლის ეს მონაკვეთია დატანილი ან რუკა? როგორ არ იციან, რომელ ადგილს ეხება გზის სამშენებლო სამუშაოები და რომელს - არა? - რუკა ისეთი მოაქვთ, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. გვირაბი სულ სხვა ადგილზეა მითითებული და ჩვენი სოფელი - სხვაგან. ვერაფრით მიხვდებით, რომ ერთიდაიგიმავე ადგილზეა საუბარი. ყველაფერში იტყუებიან. - თავიდან, როცა რიკოთის გვირაბების და ახალი მაგისტრალის მშენებლობა დაიგეგმა, წინასწარ არ მოსულან თქვენთან, არ გაუფრთხილებიხართ; თუ ადგილის მონაცვლება იყო საჭირო, კომპენსაცია არ შემოუთავაზებიათ? საერთოდ რა სახის ინფორმაციული კამპანია ჩატარდა იმ პერიოდში? - მაშინ მე ამ ოჯახის რძალი არ ვიყავი, მაგრამ ვიცი, რომ მშენებლობების დაწყებამდე უბნის მოსახლეობასთან მოვიდა სოფლის გამგებელი და მოიტანა იმ 9 ოჯახის სია, რომელიც უნდა გაესახლებინათ და რომელთაც სანაცვლოდ კომპენსაციას მისცემდნენ. ამის მერე გამგეობისგან გასახლებასა და კომპენსაციაზე ლაპარაკი არც ყოფილა, მაგრამ ხალხი დაინტერესდა, გაჩნდა კითხვები: რატომ ითქვა თავიდანვე კომპენსაციასა და ადგილის გადანაცვლებაზე, თუ გვირაბების მშენებლობისგან ზარალი არ გვადგება; თუ გვადგება, რატომ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს და ასე შემდეგ, მაგრამ რადგან არავინ არაფერს ამბობდა, მშვიდად იყვნენ. ადგილზე ჩინელები, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და ტექნიკა რომ გამოჩნდა და ფერდობის შიგნით აფეთქებები დაიწყეს, მერე კი მიხვდნენ, რაც ხდებოდა და დაიწყეს გაპროტესტება, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გააწყო. - კლდის აფეთქებების და ზოგადად გზის მშენებლობის შედეგად რა ზიანი გადგებათ, ეს რამდენიმე ოჯახი კონკრეტულად რა საფრთხის წინაშე დგახართ? - ჩვენი სახლების ქვემოთ, მიწის სიღრმეში, ყოველდღიურად, დაახლოებით შვიდჯერ მაინც აფეთქებენ კლდეს და თითოეული აფეთქება ჩვეულებრივი 5-6 ბალიანი მიწისძვრის ტოლ რყევას და ზანზარს იწვევს. მართალია, ასეთ დროს მაღალსართულიან კორპუსში უფრო მძლავრად იგრძნობა, მაგრამ დამიჯერეთ, კერძო სახლებშიც არანაკლებ საგრძნობია ეს რყევები. მიუხედავად იმისა, რომ დიდებმა ვიცით, რაც ხდება და ყოველი აფეთქებისას მაინც შიშისგან ვხტებით, წარმოიდგინეთ, ამ დროს ბავშვები რა მდგომარეობაში იქნებიან და როგორ სტრესს იწვევს ეს მათში. ჩემი შვილი 3 წლისაა და რყევები რომ იწყება, შეშინებული კივის, ქვევით ჩავვარდებითო. ამას გარდა, ზიანს რაც შეეხება, სახლებს უკვე გაუჩნდა ბზარები. ზოგიერთ სახლში იყო კედელი, რომელსაც ძველი დაზიანება აღენიშნებოდა. მოვიდნენ, ასეთ ადგილებს თავიდანვე სტიკერი გადააკრეს და ასე მონიშნეს. დაზიანებები ახლა ყოველი აფეთქებისას მატულობს. მოვლენ, ისევ ჩაინიშნავენ, რომელმა ბზარმა რამდენით გაიწია, ისევ გადააკრავენ სტიკერს და ასე გრძლედება. ამის იქით არავითარ ზომებს არ იღებენ. - ამ საკითხებზე ორგანიზებულად თუ მიმართეთ ვინმეს, თუ დაისვა ვინმესთან კითხვები, სოფელი თუ შეიკრიბა, კონკრეტული მოთხოვნა თუ დააყენეთ? - სამწუხაროდ, სოფელში ყველა ვერ იღებს ხმას. არიან ოჯახები, რომელთა წევრები სხავადსხვა სამსახურში არიან დასაქმებულები და ეშინიათ. რომ თქვან, თქვენი უპასუხისმგებლობის გამო სახლი გვენგრევაო, შეიძლება ის ორი თეთრი გამოეცალოთ ხელიდან, რითაც თავს ირჩენენ. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენი უბნის ახალგაზრდების უმეტესობა იმ ჩინურ კომპანიაში მუშაობს, რომელიც პროექტს ასრულებს. ამიტომ ღიად ვერ უპირისპირდებიან, თუმცა ყველა ერთ აზრზე ვართ და ისინი ჩვენ ზურგს მაინც გვიმაგრებენ. სხვათაშორის, ჩვენი პრობლემების გახმაურებაში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ძალიან დაგვეხმარნენ. ამის გამო, როგორც კი სატელევიზიო რეპორტაჟებსა თუ სოციალურ ქსელში მნახავენ, სადაც ჩვენს მდგომარეობაზე ვლაპარაკობ, ეგრევე ვიღაც პირები კომენტარებში მიწერენ, რომ ნაციონალი ვარ და ამიტომ ვცდილობ ვითარების გამწვავებას. ამ დროს, პირადად არც ერთ პარტიასთან არაფერი მაქვს საერთო. ყველაფერზე შიძლება თვალი დახუჭოს ადამიანმა, ვითომც არაფერი ხდება? არადა, ხომ ვხედავთ, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ? ერთ-ერთი მორიგი აფეთქების ტალღამ ამდენი ოჯახი თან რომ ჩაიტანოს, მერე რას იტყვიან? ღმერთმა ნუ ქნას, თორემ ეს ჩვენი კლდე რომ ჩამოიშალოს, მარტო ჩვენ კი არ დავზიანდებით, მთლიანი მაგისტრალი და ამ მაგისტრალის გაღმა მდებარე კორპუსებიც დაზიანდება. - ახსენეთ, რომ ამ მშენებლობებზე ადგილობრივებიც მუშაობენ. ისინი რას ამბობენ, რამდენად ხარისხიანად და სანდოდ სრულდება ასეთი საპასუხიმგებლო და სარისკო მშენებლობა? - ბევრისგან მსმენია, რომ საშინელებები ხდება, რომ მშენებელი კომპანიის მიერ ბევრი ფაქტია დაფარული და დამალული. ხიდები ენგრევათ, ბურჯები ენგრევათ, მერე მიწაში მარხავენ ამ ნანგრევებს ან მდინარეებში ყრიან, რათა არავინ დაინახოს. ისევ მუშებისგან ვიცით, რომ გვირაბებში ყველგან კლდეებიდან გადმოსული წყალი დგას, რაც მათ აფეთქებებშიც და სამუშაოების წარმოებაშიც ხელს უშლით. ჩუმად აქვთ გაკეთებული სანიაღვრეები და ეს წყალი გზაზე გამოყავთ, რომ როგორმე გამოაშრონ იქაურობა, მაგრამ კლდიდან გამოსულ წყაროს რა დააშრობს? - იმ დღეს რა მოხდა, როცა თქვენ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერეთ და გაგვაგებინეთ, აფეთქებების შესახებ? - იმ დღეს, თურმე, გვირაბის გარეთა ტერიტორიას აფეთქებდნენ, რაც იქ მცხოვრები ოჯახებისთვის კიდევ უფრო საშიში იყო, ამიტომ სამასი მეტრის რადიუსიდან ყველა უნდა გაერიდებინათ. გამაფრთხილებელი შეტყობინება მოგვივიდა დილით, აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. რამდენჯერ ისეთ დროს გამოუგზავნიათ შეტყობინება, როცა ვერაფერს ასწრებ, ვერც ადგილიდან გარიდებას. ხომ შეიძლება, მოსახლეობაზე იფიქროს ვინმემ და ცოტა ადრე გაგვაფრთხილონ? ჩვენი სოფლის მოსახლეობის ბედზე ახლა ხომ არავინ ფიქრობს, მაგრამ ეს მაგისტრალი რომ ამუშავდება და ბოლომდე დაიტვირთება, მერე ან ჩვენ რა მოგველის, ან იმ გზაზე მოსიარულეებს, ეს კიდევ ცალკე საკითხავია. არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რაც ჩვენ იქაური მუშებისგან ინფორმაციებს ვიღებთ, კატასტროფა გარდაუვალია. ამიტომ პირადად მე გაჩუმებას და გაჩერებას არ ვაპირებ. ნაციონალური მოძრაობა კი არა, ვინც მოვა დასახმარებლად, ყველას მივესალმები, ყველა ძალას გამოვიყენებ, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული და იმაზე მეტი ზიანი არ მივიღოთ, რაც უკვე მოგვაყენეს. - სხვა, მეზობელი სოფლებიდან თუ გაქვთ ცნობები, მათთან რა მდგომარეობაა, იქაც ხომ არ ზარალდებიან? - კი, ბევრი ვიცი, ჩვენზე უარეს მდგომარეობაში რომ არიან, მაგრამ იქაც, თუ ვინმემ ხმა ამოიღო და წინააღმდეგობა გაბედა, გააჩუმეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა საშუალებით, მაგრამ როგორც ამბობენ, ზოგი - ფულადი დახმარებით, ზოგი - რაღაც დაპირებებით. - სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროდან თუ იყვნენ თქვენთან სპეციალისტები, მათი დასკვნა ცნობილია თქვენთვის? - სამხარაულის ბიუროს ექსპერტები იყვნენ და გვეგონა, რომ ისინი მაინც დადებდნენ ობიექტურ დასკვნას, მაგრამ როგორ უნდა ენდო ექსპერტს, რომელიც ხედავს, რომ აფეთქებების შედეგად ადამიანს სახლი ენგრევა და ეუბნება, არავითარი პრობლემა აქ არ არსებობს, ნეტა, მე მქონდეს ასეთი სახლიო. ხომ არის ეს დაცინვა? საკუთარი ბედით შეწუხებულ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩამოდიან და დაგვცინიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი სალომე წურწუმია მოდის და მთელ უბანს, მათ შორის ასაკოვან ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს. ეუბნება, გაჩუმდით, თქვენ რა იცით, რას წარმოადგენთ, რა განათლება გაქვთ მიღებული, რომ მე მელაპარაკოთო. რაც მე გვირაბები მითხრია და გზები მიშენებია, თქვენ რა უნდა მასწავლოთო, სულ ხელები უშალა ჩემს მეზობლებს. ამიტომაც არ გვაქვს მათი ნდობა, ვინც ხელისუფლების მხრიდან ჩამოდის ჩვენთან. მოსახლეობამ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოვთხოვეთ, რომ მოეყვანათ ექსპერტი თეა გოდოლაძე. გვინდოდა, მას ენახა ადგილზე, რა მდგომარეობაც იყო და თუ გვეტყოდა, რომ ყველაფერი რიგზეა და არავითარი საშიშროება არ გვემუქრება, ხმას აღარ ამოვიღებდით. გაუხარდათ ჩვენი წინადადება და გვითხრეს, რომ გოდოლაძეს დაელაპარაკებოდნენ და გარკვეულ დროში ჩამოიყვანდნენ კიდეც, თუმცა მათგან პასუხს დიდხანს შეაგვიანდა. მერე, როცა ჩვენ დავურეკეთ, გვითხრეს, რომ ექსპერტის დაქირავება ძვირი უჯდებოდათ, ამიტომ ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებდნენ. მათმა პასუხმა არ დაგვაკმაყოფილა და გუბერნატორთან გადაგვამისამართეს, რომელმაც გვითხრა, თქვენთან რომ ჩამოვიყვანოთ ექსპერტი, მერე სხვა სოფლებიც მოითხოვენ და ამას ვერ გავაკეთებთო. აქციას რომ გავმართავთ ან სოციალურ ქსელში გამოვხატავთ რეაქციას, ვიღაც გამოგვეხმაურება, დარეკავს, დაგვიბარებს გამგეობაში შეხვედრაზე, წავალთ და დაგვიწყებენ ისევ მოტყუებას. შეგვპირდებიან, რომ ზემდგომებს დაელაპარაკებიან, რაღაცას შეუთანხმებენ და მორჩა. შედეგი არაფერი. პირადად მე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წასვლას მეტჯერ აღარ ვაპირებ, რადგან ვხედავ, აზრი არა აქვს. იურისტების მეშვეობით საქმეს აღვძრავ და მივყვები ბოლომდე. - ძირითადად რას ითხოვთ სოფელ ფუთის მოსახლეობა, რა არის თქვენი მიზანი? - ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ გზის მნიშვნელობა და ამ პროექტის საჭიროება, ამიტომ ნამდვილად არ ვითხოვთ, გააჩერონ მუშაობა ან ჩვენ არ შეგვეხონ, არც კომპენსაციებს და გადასახლებას ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ, გვაჩვენონ მიუკერძოებელი ექსპერტების, გეოლოგების, სხვადასხვა სპეციალისტის ობიექტური დასკვნა, სადაც ეწერება, რომ არც ახლა მიმდინარე სამუშაოები და არც შემდგომში ახალი მაგისტრალის ამუშავება საფრთხეს არ შეგვიქმნის. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთ დასკვნას ვერც ერთი ექსპერტი ვერ დადებს, რადგან უარყოფით შედეგებს ჩვენ უკვე ვხედავთ. გარდა იმისა, რომ სახლები იბზარება და მათი ნგრევის საშიშროება იქმნება, გამოშრა ნიადაგი, დაშრა ჭები, დაიკარგა წყალი, რამაც მოსავალზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა. ჩვენთან ბევრ მოსახლეს აქვს ვენახი, ღვინოს აყენებენ, ყიდიან და ლუკმა-პურს ამით შოულობენ. სხვა თუ არაფერი, ამ ხალხს მოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრება. აი, ყველა ამ რისკის შეფასება და ანალიზი გვაინტერესებს, რა პასუხს გვაძლევენ, რითი შეუძლიათ დაგვიცვან მოსალოდნელი საფრთხეებისგან? კი, კარგია, რომ ადგილობრივები დაასაქმეს, ახალგაზრდებს გარკვეულ საქმიანობაში ხელფასებს უხდიან, მაგრამ მათგან უმეტესობამ არ იცის, იმ სამუშაოს სწორად ასრულებს თუ არა; არ იცის, რა საფრთხეს უქმნის აქაურობას და საკუთარ თავსაც. არანაირი სწავლება ან გადამზადება მათ არ გაუვლიათ, ვინ რასაც მოკიდა ხელი ან რაც დაავალეს, იმას აკეთებს. ამას ემატება ისიც, რომ არ არსებობს არავითარი შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, მაშინ როცა ეს ხალხი მიწის ქვეშ და კლდის გულში მუშაობს. ისეთი რამეები ხდება და ისეთი ამბები მოდის ჩვენამდე, დაჯერება გაგიჭირდებათ. მაგალითად, ადამიანი, რომელმაც გვირაბში თითები მოიჭრა, გამოიყვანეს და გზაზე დასვეს, ფული მისცეს და ის თავისით წავიდა საავადამყოფოში, ვითომ სახლში მიიღო დაზიანება. ვიღაც კიდევ სატვირთო მანქანიდან გადმოვარდა, ვიღაცას თავში კლდიდან ჩამოვარდნილი ქვა დაეცა, მაგრამ ყველაფერს მალავენ, არ ახმაურებენ. - მუშები რას ამბობენ, არ ჰყავთ შრომის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებიც ხელმძღვანელობას წესების დაცვისკენ მოუწოდებენ? - კი ჰყავთ, ვითომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც მათივე თანამშრომლებიდან აქვს შეთავსებული ეს პოსტი, მაგრამ დიდად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. თუ ვინმე დაინახა ჩაფხუტის გარეშე, ეტყვის, დაიხუროს და ეგ ჰგონია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. იმის იქით არაფერი არ კეთდება. არადა, ვიცით, რომ წესების დარღვევის გამო, შრომის ინსპექციის მხრიდან კომპანია ბევრჯერ დაჯარიმებულა. რესპონდენტთან საუბრის შემდეგ, ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს დავუკავშირდით, რათა მისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხები მოგვესმინა. თუმცა, როგორც გაიგეს, რომ საკითხი სოფელ ფუთის მოსახლეობის პრეტებზიებს ეხებოდა, უწყების ფეისბუკგვერდზე გადაგვამისამართეს, სადაც, მათი თქმით, ამ საკითხის გარშემო ყველა კითხვაზე იყო პასუხი იყო გაცემული. გთავაზობთ მითითებულ პუბლიკაციას, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფეისბუკის გვერდზეა გამოქვეყნებული. ,, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ქალაქ ზესტაფონში, უზნაძის ქუჩა N132-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობამ. მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, წინა სამშენებლო კვლევების ეტაპზე, ჩატარდა გვირაბიდან 250 მეტრის მანძილზე არსებული ყველა საცხოვრებელი სახლის, მათ შორის, უზნაძის ქ. N132-ში მდებარე კორპუსის ტექნიკური მდგომარეობის აღწერა. აღწერის მიხედვით, კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინები, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდეც იყო დაზიანებული და კედლებზე აღინიშნებოდა არაერთი დიდი ბზარი. ვინაიდან საცხოვრებელ სახლზე არსებული ბზარები იძლეოდა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას, 2021 წლის ნოემბრიდან, კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, სამუშაოების პროცესში, უზრუნველყოფილი იყვნენ დროებითი ქირით. კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენის დასადგენად, სამუშაოების დაწყებისთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. თავდაპირველი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბინებზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს, ვიზუალური დათვალიერებისა და კონტროლის მიზნით აღებული მონაცემების მიხედვით, ზეგავლენა არ ჰქონდა. კორპუსთან მდებარე გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტმა ხელახლა მიმართა ექსპერტიზის ბიუროს. მეორე დასკვნის მიხედვითაც, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენა არ აქვს.“ ირმა ბერიშვილი
-
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, მილანა წვიჟბამ, ადგილობრივი კორესპონდენტების თხოვნით, კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის 2022 წლის ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ განვლილ პერიოდში ,,საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, რუსეთსა და საქართველოს შორის ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა.“ აფხაზური უწყება საქართველოს ხელისუფლების მსგავს განცხადებას ,,რეგიონში განვითარებული მოვლენების რეალური სურათის დამახინჯებად და საკუთარ პროვოკაციებსა თუ ჩავარდნებზე პასუხისმგებლობის მეზობელ სახელმწიფოებზე გადაბარების კიდევ ერთ მცდელობად“ მიიჩნევს. მილანა წვიჟბას თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყანად, რომელიც ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმის მუშაობაზე დივერსიას ახდენს და კატეგორიულ უარს ამბობს ,,აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე. „ნებისმიერი მცდელობა, არსებულ წინააღმდეგობებს ქართულ-რუსული კონტექსტი მიანიჭონ, არის ხელოვნური და აბსოლუტურად უშედეგო. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს უკიდურესად ნეგატიური როლის შესრულებას ჰუმანიტარულ საკითხებში და ასევე, აგრძელებს ისეთ ქმედებებს, რაც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.