Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    509
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი სექსუალური ძალადობის მიზნით 16 წელს მიუღწეველი პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა. „თურქული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა დაზარალებული არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ძებნილი პირი, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 16 მარტს აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სასამართლომ დასაშვებად ცნო. მიმდინარე წლის 11 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად. 2023 წლის 13 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც, 15 სექტემბერს ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
  2. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება. „სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნილი და დღემდე მხარდაჭერილი არალეგალური რეჟიმის მოწოდებასთან დაკავშირებით „მოლაპარაკებების დაწყების“ შესახებ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები დიალოგისთვის, რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით. თუმცა, მათ ყოველ ჯერზე უარი განაცხადეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას ევლახში შეხვდეს ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს. თუმცა, ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში. წყარო: IPN
  3. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში გამართულ ტურისტულ ფორუმზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წლისთვის იგეგმება. ,,დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ჩვენი სტუმრებისთვის შესაძლებლობებს, გაფართოვდება ტურისტების გეოგრაფია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიკურად ვითარდება", - განაცხადა ხიშბამ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ,,რუსეთის მნიშვნელოვან როლს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის საქმეში.“ ამავე შეხვედრაზე, ხიშბამ აღნიშნა, რომ სოხუმს ,,საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია" აქვს მინსკთან. ,,ბელარუსის რესპუბლიკასთან გვაქვს უბაჟო ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. ასევე ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს", - განაცხადა მან. უფრო ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაბუშერას აეროპორტს, სავარაუდოდ, რუსი ინვესტორები ააშენებენ. მათივე ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციით უკვე ორი რუსული კომპანია დაინტერესდა.
  4. ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად დააკავეს. სოფელ იაშთუხის მკვიდრი, 35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. ის ,,მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული. ამჟამად კირაკოსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
  5. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება. „რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მომავალშიც ჩვენ შევეცდებით საზოგადოების პროაქტიული ინფორმირებით, დეზინფორმაციის მავნებლური შედეგების მინიმუმამდე შემცირებას. საქართველოს პროკურატურა პასუხს გასცემს ყველა ამ ტიპის ყალბ ბრალდებას და დეზინფორმაციას, რათა საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური სიმართლე“, - ნათქვამია განცხადებაში.
  6. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება.
  7. შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხდა. „ჩვენ არ გვქონია ილუზია ვაშინგტონის რეალურ მიზნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით ამიერკავკასიაში. ამაზე არ გვილაპარაკია? – მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსეთის პოზიციას და მის კავშირებს თავის უახლოეს მოკავშირეებთან. და აქ აღარ აქვს მნიშვნელობა შედეგებს, მიზნებს, ამოცანებს, თანმდევ ხარჯებს. დაარტყი და გადააქციე ყველაფერი კიდევ ერთ ქაოსში. ფსონი არის რუსეთისგან სომხეთის საბოლოო განცალკევებაზე და დასავლეთისკენ სრულ რეორიენტაციაზე. ამას მე არ ვამბობ, რუსული მხარე კი არ ამბობს ამას, ამას აშშ-ში ამბობენ ისინი, ვინც სწორედ ამ პოლიტიკის იდეოლოგები და პრაქტიკული განმახორციელებლები არიან. ახლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული ერევანში თანამდებობის პირთა დარწმუნება, რომ ისინი დააყენეს ან უბიძგებენ ძალიან საშიშ გზაზე“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.
  8. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ამის შესახებ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხდა. ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშიშოების საბჭოს სხდომას მართავს.
  9. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2014 წლის 28 ივლისს დაიწყო. „ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევადია. როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე. რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალურად ამ საქმეებისთვის საქართველოს პროკურატურამ შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელმაც შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებები. ხაზი უნდა გაესვას, რომ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტი შეაფასეს სწორედ ხსენებულმა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილმა უფროსმა პოლ კოფიმ, ისრაელის ყოფილმა სახელმწიფო პროკურორმა მოშე ლადორმა და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის იურისტმა სერ ჯეფრი ნაისმა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად“, - ნათქვამია განცხადებაში.
  10. ფაქტობრივად დაიწყო წინასაარჩევნო წელი და 2024 წლის შემოდგომაზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო. „ახალ უმკაცრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც პროცესები ჯერ მხოლოდ ირევა და არ ლაგდება, ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს არა მარტო ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ, ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო. ამისთვის კი აუცილებელი იყო მოსახლეობის ინფორმირება, მათი გამოღვიძება და რეალობის დანახვა. როდესაც ვსაუბრობთ სუვერენიტეტსა და მორჩილებაზე, აქ ერთმანეთში არ ვურევთ თანამშრომლობასა და მონობას, ეროვნული ღირსების დაცვას და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფას. რას ვთავაზობთ მოსახლეობას? პრინციპულობას და არა - რადიკალიზმს! თვითმყოფადობას და არა - უსიტყვო მორჩილებას! მშვიდობას და არა - ომს! სიმართლეს და არა - სიცრუეს! ხვალინდელი დღის სწორად განსაზღვრას, ახალი მსოფლიო პოლიტიკის თანამონაწილეობას და არა - წარსულში ჩარჩენას! რადიკალიზმი ანგრევს ქვეყანას, პრინციპულობა და ღირსება კი სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავს. ოპოზიცია დიდი ხანია რადიკალიზმსაც კი გასცდა და საკუთარი ქვეყნის მტრობასაც არ ერიდება. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო რთულადაა, ვიდრე ეს საზოგადოებას ესმის და ხედავს. ჩვენი ქმედება მხოლოდ პრინციპულობით შემოიფარგლება, რომელიც გონივრულ პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას. თვითმყოფადობა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აუცილებელი პირობაა. უსიტყვო მორჩილება კი საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხელყოფაა. ჩვენ 30-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ რეალური სუვერენიტეტისთვის ვიბრძვით ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებით, მაშინ, როცა სხვა პოლიტიკური ძალები უცხო ქვეყნის უსიტყვო მორჩილებას ამჯობინებენ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. მშვიდობა უალტერნატივოა ქვეყნისთვის. ეს იცის ხალხმა და იციან იმ პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებიც დღეს გამუდმებით უარყოფენ ომის რიტორიკას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საარჩევნოდ სჭირდებათ. იციან, რომ ომის პარტიას ხალხი ხმას არ მისცემს. სიმართლესა და სიცრუეს შორის არჩევანის გაკეთება თუ რამდენად მარტივია, ყველამ კარგად ვიცით, მთავარია, ხალხმა იცოდეს, თუ რა არის სიმართლე. ჩვენც სწორედ ამას ვაკეთებთ დიდი ზეწოლის, ბულინგისა და ყველანაირი ბინძური მცდელობების მიუხედავად. მართალია, სიცრუითა და სიყალბით ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ფარდა ეხდება და სიცრუის მკადრებელი ოპოზიცია ნდობას ბოლომდე კარგავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხალხი ხვდება, თუ ვის მიჰყავს ქვეყანა სწორი გზით და ვინ მიაქანებს მას ნგრევისა და მონობის გზაზე. მომდევნო ერთი წელიც ხალხზე ზომბირების წელი იქნება, რასაც ჩვენ სიმართლეს დავუპირისპირებთ. ჩვენი გონივრული პრინციპულობა ქვეყნისთვის, მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ წესრიგში ისტორიული შანსის მოსაპოვებლად, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ძალადაკარგული რადიკალიზმი. და ბოლოს, მყარად მჯერა, რომ საქართველო გახდება ერთიანი, ძლიერი სუვერენული სახელმწიფო ქართველი ხალხის სწორი არჩევანით, რომელიც იქნება ჩვენი უშეცდომო პოლიტიკის შედეგი. ამ შედეგს მივიღებთ სწორედ 2024 წელს საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
  11. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პაატა მანჯგალაძესა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხზე მანჯგალაძის რეპლიკას მოჰყვა. ,,პატივცემული ზარქუა იქამდე მივიდა, რომ ფარცხალაძეზე თქვა კაცური კაციაო. თურმე ფარცხალაძე ყოფილა მაგარი კაცი. მე ახლა ვსვამ კითხვას: ადამიანი, რომელიც მხილებულია ჯაშუშობაში, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ,,ბოტასების" ქურდი, რომელი თქვენგანისთვის არის მაგარი კაცი, თუ შეიძლება ხელი აწიეთ. თქვენისთანა ხალხის ადგილი არის პოლიტიკურ სანაგვეზე და ნახავთ ამ პერიოდს თქვენ", - განაცხადა ,,რეფორმების ჯგუფის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ. მმართველ გუნდიდან მას დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უპასუხა და აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე პარლამენტში 5 კაცით შევიდა, თუმცა ერთადერთი პაატა მანჯგალაძეღა შერჩა. ,,ხაბე არ მოგწონთ და ვაშაძე მოიყვანეთ და ვაშაძე დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას და ის კიდევ, მსხვერპლი რომ ჰყავს გვერდზე - მანჯგალაძე. ასე უბერავენ ჯიგრები ერთად იმიტომ, რომ მოასკუპდნენ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ერთად. მკვდარი მკვდარს აეკიდაო მაგათზეა ნათქვამი. ვაშაძე 5 კაცით შემოვიდა პარლამენტში და ერთი შემორჩა, ის მანჯგალაძე. მსხვერპლია, იმასაც გავათავისუფლებთ მალე. პოპულისტი, მატყუარა, ყველაფერზე რომ წავა ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში და ამით გინდათ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
  12. ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს, ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში კელი დეგნანის საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო. „იცით, რომ ყოფილმა ელჩმა ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მისი საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის ამ დამოკიდებულებას და მისი ელჩობის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მეტად გაღრმავდება. დიდი ინტერესით ველოდები ახალ ელჩთან თანამშრომლობას“, – განაცხადა კობახიძემ. ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ამერიკის ახალ ელჩთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია: „ელჩი რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართული „მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან“. „მათ აქვთ თავისი შიშები. ისინი მიიჩნევენ, რომ არის რისკები, მე მიმაჩნია, რომ ახალი ელჩის პირობებში ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რობინ დანიგანთან შედგება არაჩვეულებრივი თანამშრომლობა, რამაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გააღრმაოს. მარტივი პრობლემები არ იყო, რაც წინა ელჩმა შექმნა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ეს ყველაფერი რადიკალურად შემოტრიალდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
  13. იმისათვის, რომ ქვეყანა რეალურად განვითარდეს და მოქალაქეებმა მეტი სარგებელი და კეთილდღეობა მიიღონ, ამას ევროინტეგრაცია სჭირდება - ევროინტეგრაციას კი სჭირდება კონკრეტული რეკომენდაციების შესრულება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი შესასრულებელი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციაა. „დეოლიგარქიზაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებით, დამოუკიდებელი გამოძიებით, პროკურატურით, დამოუკიდებელი სასამართლოთი, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება დეოლიგარქიზაციის მიღწევა“, - განაცხადა დაუშვილმა. მისივე განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს არა პარტიული ინტერესი, არამედ კანონის უზენაესობა და მოქალაქეების ინტერესები. „როდესაც დეოლიგარქიზაციაზე და პოლიტიკურ კორუფციაზე ვსაუბრობთ, უნდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ ინიცირებული გვქონდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით და თქვენ [უმრავლესობამ] ხელოვნური ბერკეტებით ხელი შეუშალეთ მის შექმნას. თუ მართლა გინდათ, პოლიტიკურ კორუფციას ებრძოლოთ, თუ მართლა გინდათ, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ კუთხით, ნუ უშლით ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას და მოგვეცით საშუალება ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომ მოქალაქეებმა გაიგონ, ამის უკან ვინ დგას, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
  14. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და, შეთანხმების შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე მას მხარს არ დაუჭერს. ასევე, მისი თქმით, ყველა პუნქტთან დაკავშირებით შესრულდება ევროკომისიის რჩევა. „მესამე მოსმენაა და მარტივია მისი განხილვა, წესით, გავა და დღესვე დადგება კენჭისყრაზე, შესაბამისად, უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს ამ შეთანხმების შესაბამისად. რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, ოთხი მთავარი პუნქტი იყო და ოთხი დამატებითი, ასე რომ ვთქვათ. ყველა თემასთან დაკავშირებით ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც გვირჩიეს ევროკომისიიდან. შედგა შეხვედრა ბორელთან, კოპმანთან, ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა მათი სურვილი, რომ წლის ბოლომდე, ნაწილობრივ თვის ბოლომდე იხილონ პროგრესი ყველა ამ პუნქტთან დაკავშირებით. ჩვენ დეტალური, მათ შორის დროში გაწერილი გეგმა წარვადგინეთ გუშინ საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების წინაშე და ამ პუნქტებს მივყვებით სათანადო ვადებში. შესაბამისად, რა მოლოდინიც არის თვის ბოლომდე, წლის ბოლომდე, ყველა მოლოდინს აბსოლუტურად, 100 პროცენტით ვასრულებთ. ეს იყო ჩვენი გუშინდელი ბრიფინგის შინაარსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მმართველ გუნდში გუშინ განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღების საჭიროება აღარ დგას და საკანონმდებლო ორგანო მსგავს კანონს აღარ მიიღებს, რადგან ევროკავშირის მხრიდან ეს მოთხოვნა მოხსნილია. მათივე თქმით, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს. ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.
  15. ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, პუტინი საქართველოს ყველა ხელისუფლებას სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც მიხეილ სააკაშვილისგან უარი მიიღო. „ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, “ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა. მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს - თუნდაც ეს ფაქტი არ არის ამ ე.წ საქმეების უკანონობის დასამტკიცებლად საკმარისი და რომ ისინი არიან ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის ნაწილი? ასევე, საქართველოს ყველა ხელისუფლებას პუტინი სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც ჩემგან უარი მიიღო“, - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
  16. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამაზე მიუთითებს მათი მოქმედებები. „ერთადერთი, რაც უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არის, როგორმე ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით გუშინდელი წამოცდენებიც. მათ აქვთ ერთადერთი თვითმიზანი, რომ ქვეყანამ დეკემბერში არ მიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ დეკემბერში – ან მანამდე, ოქტომბრიდან – სცადონ რაღაცნაირად ქვეყანაში ვითარების არევა. გამორიცხულია, მათ ეს მოახერხონ, მაგრამ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ეს პატარა ნაბიჯებიც არის ამის ნიშანი, არ შემოდიან ჯგუფებში, არ ერთვებიან პროცესებში, რადგან მაშინ საკუთარი დადებითი წვლილი უნდა შეიტანონ კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ამას მაქსიმალურად გაურბიან, რადგან არ უნდათ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ყველა ნაბიჯი ამის ნიშანია“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
  17. აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ,,ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის" დაწყებული ,,ანტიტერორისტული" ღონისძიებების პასუხად სომხეთი ამბობს, რომ ყარაბაღში ჯარები არ ჰყავს. ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებებისა და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობა და პერსონალია განთავსებული სიცრუეა. ,,სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს". - ვკითხულობთ გავრცელებულ ტექსტში. მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მოკლე ცნობა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ,,შუადღის 2 საათისთვის სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია". სომხურ ფორმირებებთან ბოლო დღეების შეტაკებების ფონზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში ,,ანტიტერორისტული" მოქმედებების დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.
  18. თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
  19. დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში დაწყებულ მორიგ პროექტს გაეცნო. სამგორის რაიონში, კერძოდ, კალოუბნის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და 30 თვეში ამჟამად ქირით უზრუნველყოფილი 29 ოჯახი ახალაშენებულ სახლში, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. „დედაქალაქში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვთ მინიჭებული. დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო – ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. ძალიან მიხარია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და მოსახლეობასთან შეთანხმება. ამ კონკრეტულ პროექტს შეგვიძლია დავარქვათ საპილოტე, თუმცა ეს არ არის პირველი პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაკმაყოფილებული იქნება დაახლოებით 29 ოჯახი, რომელიც დღეს ქირითაა უზრუნველყოფილი მერიის მიერ. უკვე 30 თვეში მათ ჩაბარდებათ ახალაშენებული კორპუსი, ქართული არქიტექტურით, მათი საცხოვრებელი ფართები იქნება გარემონტებული და ყოველმხრივ მოწესრიგებული. მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, იმ ოჯახებს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ – იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია ზედმეტი ფართების მოთხოვნის შემთხვევები, რის გამოც იბლოკება ბევრი პროექტი. სამწუხაროდ, მერიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანი, პირობითად, ცხოვრობს 50 კვადრატულ მეტრ ფართში, მივცეთ 70 ან მეტი. რა ფართისაცაა თქვენი ბინა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ იგივე ფართი გადმოგცეთ, იმ განსხვავებით, რომ ის იქნება ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში და გარემონტებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. პროექტს ტენდერით გამოვლენილი სამშენებლო კომპანია შპს ,,ბი ქეი ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. სატენდერო პირობების მიხედვით, არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად აღნიშნულ მისამართზე მრავალბინიანი 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, რომლის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „ტასჰაბის“ მიერ. პროექტი ითვალისწინებს 7880 კვ.მ ფართის აშენებას, ხოლო სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 7 მლნ 336 ათას 116 ლარი. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.
  20. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. სომხურ მედიასთან საუბარში არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბომბვა უკვე ნახევარი საათია, გრძელდება და არ არის კავშირი რეგიონში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.
  21. ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი, მისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო, აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის. სარჩელი ორი ოფიცრის მიმართ არის შედგენილი, რომლებმაც კონგრესს ჩვენება მისცეს ჰანთერ ბაიდენის ბიზნესგარიგებების შესახებ მიმდინარე გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით. სარჩელში ბაიდენის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამით მათი კლიენტის პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა დაირღვა. ჰანთერ ბაიდენი კომპენსაციის სახით 1000 დოლარის ოდენობით თანხას, ასევე იურიდიული ხარჯების ანაზღაურებასა და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვს.
  22. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები, ჯამში 2 236 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ერთმანეთს დაუდასტურეს თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ე.წ. ფორმა № 2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და გაწერეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც კომპანიას შეუქმეს 226 496 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბად შექმნილი აქტივი მთლიანდ იქნა გაუქმებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
  23. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთში ახალი აჯანყება მწიფდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის დანაწევრებას გამოიწვევს. დანილოვი ამბობს, უკრაინამ იცის ვინ ხელმძღვანელობს აჯანყებას და როგორ მოხდება ის. ,,ვფიქრობ, რომ ეს აღარ იქნება მარში. გაიხსენეთ, როგორ მოხდა 1991 წლის აგვისტოში სსრკ-ს დაშლა. აჯანყება მართლაც მზადდება, როგორც ეს ,,საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტის ჯგუფთან" 1991 წელს მოხდა. ეს მზადდება და ისინი უკვე იკრიბებიან. ჩვენ ვიცით, ვინ ხელმძღვანელობს ამას და როგორ ხდება". - განაცხადა დანილოვმა. დანილოვის თქმით, რუსეთში მორიგი აჯანყება მხოლოდ დროის საკითხია. მისივე განმარტებით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, შესაძლოა, ამ მოვლენებზე გავლენა ჰქონდეს. ოლექსი დანილოვი აღნიშნავს, რომ ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა იცის აჯანყების შესახებ, თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ამ პროცესის კონტროლი და ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს დაშლის საშუალებას არ მისცემს. ,,შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს, რუსეთს მოუწევს დაშლა და ეს აუცილებლად მოხდება ჩვენს სიცოცხლეში. და, ამას ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს, რადგან ეს ისტორიული პროცესია". - აღნიშნავს ოლექსეი დანილოვი.
  24. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში, ასევე შეხვდება ამერიკელ ოფიციალურ პირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკიმ თავდაპირველად მოინახულა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციასა და მკურნალობას ნიუ იორკის საავადმყოფოში გადიან. უკრაინის პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის გარდა, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტსა და უშიშროების საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. „მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უკვე დაიგეგმა. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არის ყველა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტის, განსაკუთრებით, გაერო-ს წესდების მთავარი პრინციპი. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ მას ის ძალა, რაც რუსეთის შემოჭრის შედეგად განადგურდა და უნდა გავზარდოთ გაერო-ს უნარი, შეაჩეროს და აღკვეთოს აგრესია. უკრაინა ამასთან დაკავშირებით მკაფიო წინადადებას შესთავაზებს გაერო-ს წევრებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ გვერდზე. როგორც მედიისთვის არის ცნობილი, ვაშინგტონში ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან, სამხედრო ხელმძღვანელობასთან, ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან.
  25. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საუბრისას ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივ შეხვედრებზე. „დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ იორკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. პირველი შეხვედრა, პირველი მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის იყო მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი 2023, სადაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა წარმოდგენილი საქართველოს პოზიციონირება ამ მიმართულებით და ის გეგმები, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას, რათა იყოს თანხვედრაში საერთო, მსოფლიო გეგმებთან, რომლებიც განსაზღვრულია გაერო-ს მხრიდან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები. პირველი შეხვედრა იყო გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. როგორც ცნობილია, გერმანია ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, სადაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც გადადგა ქვეყანამ 12 პრიორიტეტის მიმართულებით და იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომლებიც დღეს უკვე აქვს ქვეყანას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, სადაც ასევე მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს 12 პრიორიტეტზე და პრემიერ-მინისტრის მხრიდან აქცენტები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ძირითადი მოთხოვნები. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ბატონი ბორელის ვიზიტის შემდეგ განსაზღვრული იქნა კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ მოკლევადიან პერიოდში უნდა შეასრულოს და ამის გამოხმაურება იყო დღეს უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრიფინგი, სადაც ნათლად გაცხადდა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამს მმართველი გუნდი და სწორედ პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაზიარებული პრეზიდენტისადმი ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ეს გზავნილია, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არსებობს ევროპელი პარტნიორებისგან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პრემიერის შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან და აღნიშნა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას. მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის ახალ ელჩს. „საქართველო ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ იმპულსს და ჩვენ დიდი ინტერესით ველით მის ჩამობრძანებას საქართველოში, რათა გაძლიერდეს, გაღრმავდეს ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ახალი ელჩის ჩამობრძანების, რომელთანაც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად. პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, დღეს ჰქონდა შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, რომელთანაც ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების ძალიან გონიერ პოლიტიკას, რათა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს მშვიდობა და სტაბილურობა. მან ხაზგასმით აღნიშნა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების განსაკუთრებული ძალისხმევა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
×
×
  • შექმენი...