-
პოსტები
511 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი
-
კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირზე რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი სამხედრო ნაწილები 5-15 კმ-ით უკან დაიხიეს. ამან მათ მარჯვენა სანაპიროს მხარეს განლაგებული ნაწილის ნაღმსატყორცნებით დაბომბვა გაურთულა, თუმცა წყალდიდობამ ხელი ვერ შეუშალა აღნიშნული ტერიტორიის საარტილერიო თუ საჰაერო დაბომბვას და სარაკეტო იერიშებს. როგორც სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა საინფორმაციო გამოსვლის დროს განაცხადა, ვითარება ხერსონის რეგიონში ახლა ორმაგად რთულია, რადგან რუსეთი კატასტროფის და მოსახლეობის ევაკუაციის პირობებშიც აგრძელებს ხერსონის მარჯვენა სანაპიროს დაბომბვას და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს.
-
რუსების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული კატასტოფის შედეგად, ხერსონის ოლქში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებს ეძებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ დღეს, 7 ივნისს, სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა. იმ უკრაინელებს, რომელთა ნათესავებიც სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ტიმჩენკომ ურჩია, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს და მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
-
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მან Twitter-ზე აღნიშნა, ოკუპანტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ და ანადგურებს ადგილობრივ ეკოლოგიას. ,,კახოვკას კაშხლის განადგურება დღეს საფრთხეში აგდებს ათასობით სამოქალაქო პირს და სერიოზულ ზიანს აყენებს ადგილობრივ გარემოს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში", - წერს სტოლტენბერგი.
-
ნოვა კახოვკას მერის ვოლოდიმირ კოვალენკოს ცნობით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ წყალი უკვე საცხოვრებელ უბნებს მიუახლოვდა. ,,სამწუხაროდ, ქალაქში წყალდიდობა დაიწყო. ამ დროისთვის წყალი უკვე მიუახლოვდა საცხოვრებელ კორპუსებს, შესაძლოა უკვე დნეპროვსკის გამზირი და სახლების სარდაფები დაიტბორა. ეს არის პირველი ქუჩა, რომელიც ყველაზე ახლოს არის მდინარე დნიპროსთან, ყველა სხვა ქუჩა მის პარალელურად მდებარეობს. პირველ საათებში დაიტბორა პარკის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს დნეპროვსკის გამზირსა და მდინარეს შორის. დაიტბორა იახტკლუბი, დასასვენებელი ადგილი, სათამაშო მოედნები, ჩვენი კულტურული პარკი და 12 ჰექტარი სპორტული კომპლექსი. ასევე, ზოოპარკი „კაზკოვა დიბროვა“ ერთ-ერთი პირველი მოხვდა წყალდიდობაში და მიჭირს იმის თქმა, რა ბედი ეწიათ იქ მყოფ ცხოველებს, რადგან რუსებმა ზოოპარკის თანამშრომლები გასულ ღამით შიგნით არ შეუშვეს, დილით კი იქ შესვლა უკვე შეუძლებელი იყო.“ - განუცხადა ნოვა კახოვკის მერმა ჟურნალისტებს. ვოლოდიმირ კოვალენკო შიშობს, ასევე, რომ შესაძლოა, ქალაქ დნიპროს მახლობლად მდებარე სოფლები ძლიერად დაიტბოროს. „მეშინია, რომ იქ ძალიან დიდი ტერიტორია დაიტბორება“, - ამბობს კოვალენკო. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კწყალსაცავი ააფეთქეს, რის შემდეგაც ხერსონის ოლქში კაშხლის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ხერსონის ზოგიერთ რაიონში უკვე წყალდიდობა დაიწყო. ცნობილია, რომ კატასტროფის ზონაში დაახლოებით 16 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
-
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ დაასახელა ის მიმართულებები, სადაც დღეს რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა დასასვენებლად წასვლას არჩევს. როგორც საინფორმაციო პორტალი Turprom-ი იუწყება, რუს ტურისტებს საზღვარგარეთ დასასვენებლად ფასების 50%-იანი ზრდაც არ აშინებთ. ჯერ-ჯერობით მათ არჩევანში თურქეთი ლიდერობს, სადაც დასვენების საშუალო ფასი 265 000 რუბლია. რუსეთის მოქალაქეებისთის შვებულების გასატარებლად საუკეთესო მეორე ადგილი აფხაზეთმა დაიკავა, სადაც ტურის საშუალო ღირებულება 80-დან 100 ათას რუბლამდე მერყეობს. მესამე ადგილზე ეგვიპტეა, სადაც ზაფხულში რუსეთიდან, პროგნოზების მიხედვით, დაახლოებით 300 000 ტურისტს ელოდებიან.
-
როგორც ტელეგრამ არხი ,,სირენა“ იუწყება, მოსკოვის ხელისუფლებამ საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში ადგილობრივი მოქალაქეებისთის თავშესაფრების მომზადება დაიწყო. თავშესაფრებში გათვალისწინებულია საძილე ადგილებიც, კედლებზე კი გაკრულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ევაკუაციიის შემთხვევაში და როგორ შეაგროვონ აუცილებელი და საჭირო ნივთები. ,,უკვე დაწყებულია მოსკოვის ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფების თავშესაფრებად გადაკეთება. ერთ-ერთი ასეთი სახლის მისამართია, ჩერტანოვსკაიას ქუჩა № 13.“ - ნათქვამია ,,სირენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ვიდეოკადრებიც ახლავს. ტელეგრამ არხის ცნობით, აღნიშნული ვიდეო სწორედ ამ მისამართზეა გადაღებული და მასში კარგად ჩანს მაგიდები, სკამები და ძილისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე კედელზე გაკრული ინსტრუქციები. ამასთან, ,,სირენა“ წერს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტზე გამოჩნდა კონტრაქტი, რომელიც კრემლთან არსებულ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში თავშესაფრის პროექტირებას ეხება. პროექტის მიხედვით ნაგებობა გათვლილი იქნება 800 ადამიანზე, რომელიც მათ აფეთქებებისგან და რადიაციისგან დაიცავს. აღნიშნული კონტრაქტი 24 მაისს გაფორმდა.
-
31 მაისს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ოფიციალური პირების მხრიდან უკმაყოფილო გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,აფხაზეთის საშინაო საქმეებში საქართველოს ჩარევა“ დაუშვებლად მიიჩნია. სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მხარს უჭერს მათ, ვინც სოხუმში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა ლოზუნგით: „აფხაზეთი არ იყიდება." სწორედ მისი ეს სიტყვები შეაფასა აფხაზურმა მხარემ, როგორც ,,აფხაზეთის შინაურ საქმეებში ჩარევა.“ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიკტორია მალანიამ უწყების მედიაცენტრის ტელეგრამარხზე, სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა. „თუ სალომე ზურაბიშვილს ასე აწუხებს აფხაზეთის მოქალაქეების ბედი, ვურჩევთ, გავლენა იქონიოს საქართველოს მთავრობაზე, რათა ხელი მოეწეროს შეთანხმებას აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ.“ - ნათქვამია განცხადებაში, სადაც მალანია, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,მათი რესპუბლიკისთვის“ უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში 30 მაისს გამართულ საპტოტესტო აქციას, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ. პროტესტის მონაწილეები აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის ქმედებებზე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემულ დაპირებებს არ ასრულებს. აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ლოზუნგი: ,,აფხაზეთი არ იყიდება!“ მათ მიერ ჩამოთვლილი იყო პრობლემები, რაც აწუხებთ და რისთვისაც აქციის მოწყობა გადაწყვიტეს. ეს არის კანონპროექტი ბინებისა და სასტუმრო-აპარტამენტების შესახებ; ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა; ენერგოობიექტების პრივატიზების საფრთხე, არაეფექტური სახელმწიფო მმართველობის სისტემა და მრავალი სხვა. ისინი შეეხნენ ასევე, სასტუმრო-კომპლექს ,,ბიჭვინთის“ რუსეთზე გადაცემის საკითხსაც.
-
მოგეხსენებათ, გაზრდილი მოთხოვნის გამო, თბილისის საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში, ბავშვების დარეგისტრირება ყოველწლიურად უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. არსებული სასწავლო დაწესებულებები, მოსწავლეთა სიმრავლეს ვეღარ აუდის, ამიტომ დედაქალაქის თითქმის ყველა საჯარო სკოლა ორცვლიან სწავლებაზე, ზოგი კი -სამცვლიანზეც არის გადასული. მიუხედავად ამისა, კლასებში მოსწავლეთა მიღების პრობლემა ყოველწლიურად იზრდება. ამას ემატება ავარიული სკოლების რემონტისა და მათი რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ხშირად, სხავადსხვა მიზეზით უსაშველოდ იწელება და ისედაც გადატვირთულ სკოლებს სხვა სკოლებიდან შეხიზნული მასწავლებელ-მოსწავლეების დამატება განუსაზღვრელი დროით უწევთ. მოსწავლეთა ნაკადებს ვეღარ უმკლავდება დიდ დიღომში არსებული სამი საჯარო სკოლაც, რომელთაგან ერთ-ერთი, 192- ე სკოლა მომავალი ზაფხულიდან, რემონტის მიზნით, უნდა დაიხუროს, ხოლო რა ბედი ეწევა მის ათასობით მოსწავლეს, ჯერ არავინ იცის. ბუნებრივია, სკოლის დახურვის შესახებ მიღებულმა ცნობამ მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან იმის გათვალისწინებით, რომ დიდი დიღმის სხვა სკოლებში ადგილები არ არის, ეს ფაქტი თითოეულ მათგანს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. თანაც, მშობლებს არა აქვთ კონკრეტული პასუხები კითხვებზე: რა ბედი ელით მათ შვილებს; სად უნდა წაიყვანოს განათლების სამინისტრომ ის ათასობით მოსწავლე, რომელიც დღეს 192-ე სკოლაში ირიცხება ან ზუსტად რა ვადებში იგეგმება სკოლის რეაბილიტაცია? არადა, როგორც ჩვენ გვითხრეს, ამ საკითხის გასარკვევად, სკოლის ადმინისტრაციასაც და განათლების სამინისტროსაც ბევრმა მათგანმა მიმართა. - გავიგეთ, რომ სრული რეაბილიტაციის მიზნით, ამ სემესტრის ბოლოდან სკოლა იხურება. ამბობენ, წელიწადნახევრიდან ორ წლამდე დრო დასჭირდებაო, თუმცა ყველამ ვიცით, რომ წინასწარ დაგეგმილ დროში ჯერ ვერც ერთი სკოლა ვერ გაარემონტეს და ექსპლუატაციაზე ვერ გაუშვეს. ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ არაერთი სკოლაა ასეთ დღეში. ზოგის სრული რემონტი ან რეაბილიტაცია დაიგეგმა და ამ მიზნით, შენობაში სწავლის პროცესი შეჩერდა, თუმცა ამ დრომდე არანაირი სამუშაო არ დაწყებულა, ზოგში კი დაიწყო და ვეღარ დასრულდა. თბილისის 209-ე სკოლის გამოცდილებას გეტყვით, სამი წელია რემონტზეა და გასულ მარტის თვეში რომ უნდა გახსნილიყო, ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ამ სკოლის მოსწავლეები სამი წელიწადია სხვადასხვა უბნის სკოლებში არიან შეხიზნულები, მეორე ალტერნატივად კი ონლაინ-სწავლება აქვთ. იგივე მდგომარეობაა ნაძალადევის რაიონის რამდენიმე სკოლაშიც, მიადგნენ, დაანგრიეს და ჯერ არაფერი გაკეთებულა. მათგან ერთ-ერთი სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც ჰქონდა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ სკოლის დახურვის გადაწყვეტილება ისე მიიღეს, წინასწარ არ განუსაზღვრავთ, რას უპირებდნენ ამდენ მოსწავლეს, სად უნდა გადაეყვანათ. ისედაც ხომ ვიცით, რომ მოსწავლეების სიმრავლის გამო, ყველა უბანში, ყველა სკოლა ორ ან სამ ცვლიან სწავლებაზეა გადასული, კლასებში ადგილები არ ჰყოფნით და ახლა 192-ე სკოლაც რომ დაიხურება, ეს ათასობით მოსწავლე სად უნდა წაიყვანონ, ამაზე პასუხი არა აქვთ. - გვიყვება ერთ-ერთი მშობელი, ნინო ბიწაძე. მისივე თქმით, განათლების სამინისტროშიც თავად დარეკა და რაიონის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელსაც მიმართა კითხვებით, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერც ერთისგან ვერ მიიღო. - არსად არ იციან, სად უნდა წავიყვანოთ ბავშვები. ამიტომაც ამ სკოლის მოსწავლეთა მშობლები აქციის ჩატარებას ვგეგმავთ, სადაც მოვითხოვთ, გაგვცენ კონკრეტული პასუხი და გაგვაცნონ გეგმა, რას გვთავაზობენ, რათა მომავალი სასწავლო წლისთვის მზად ვიყოთ. თუ არადა, ახლა ასე უპასუხოდ გაგვიშვებენ არდადეგებზე, სასექტემბროდ კი დაგვაყენებენ ფაქტის წინაშე და მოგვიწევს არჩევანის გაკეთება: ან ონლაინ-სწავლება, ან ბავშვების სხვა სკოლებში გადაყვანა. მოგეხსენებათ, დიდ დიღომში 192 სკოლის გარდა კიდევ ორი სკოლაა, რომელთაც ისედაც აქვთ მოსწავლეთა მიღების პრობლემა და ჩვენ ვერანაირად ვერ დაგვიმატებენ. იგივე მდგომარეობაა სხვა სკოლებშიც. თუნდაც რომ გამოინახოს ადგილი, დიდი დიღმიდან ქალაქის სხვა უბნებში ბავშვების ტარებას რამდენი მშობელი შეძლებს? განათლების სამინისტროშიც ეგ მითხრეს, დიდი დიღმის 186-ეს და მეგასკოლას არა აქვს იმის რესურსი, რომ თქვენი ბავშვები მიიღოს. თქვენს უბანში 192-ე სკოლა ყველაზე დიდია და ყველაზე მეტი მოსწავლე ირიცხება, ამიტომ ამ ორ სკოლაში ვერ გადაგანაწილებთო. მაშ, სად უნდა იარონ ჩვენმა შვილებმა აქედან, გლდანში, მუხიანში თუ საბურთალოზე? ისიც მითხრეს, გავიგე სკოლის დახურვის გადაწყვეტილებამ მშობლების უკმაყოფილება რომ გამოიწვია და ვცდილობთ ალტერნატიული ფართის მოძიებას, მაგრამ ჯერ ვერ მოვიძიეთო. რა უნდა მოიძიონ, სად არის აქ იმხელა შენობა, რომ ამდენი ბავშვი დაიტიოს? - რაც შეეხება ონლაინ-სწავლებას, ამაზე რა აზრის ხართ? - ვინაიდან ვიცით სხვა მაგალითები, სადაც სკოლის რემონტის მიზეზით მოსწავლეები დროებით ონალინ-სწავლებაზე გადავიდნენ და იქ ეს პროცესი უსაშველოდ გაიწელა, ამ ვარიანტს საერთოდ მიუღებლად მივიჩნევთ. ზოგიერთ სკოლაში 2 წელზე მეტია, უკვე დისტანციური სწავლება მიმდინარეობს და მშობლიან-პედაგოგიან-მოსწავლეებიანად ყველა უკიდურესად შეწუხებულია. არ გვინდა, ჩვენც იგივე დაგვემართოს. ამიტომ ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს, ვიცოდეთ, რა ალტერნატივას გვთავაზობენ, რამდენად მისაღები იქნება ეს მოსწავლისთვის, მისი მშობლისთვის, იქნება თუ არა გათვალისწინებული ბავშვების ინტერესები, მისი უფლებები, ხომ არ შეგვეშლება ხელი სწავლის პროცესში?.. - თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი რა იქნება? - საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ჯერ-ჯერობით შეეშვებიან ამ სკოლას, არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ინგრეოდეს. თან ხომ ყოველ წელს არემონტებდნენ და თუ ავარიული და საშიში იყო, აქამდეც შეეძლოთ ზომები მიეღოთ. წინასწარ განესაზღვრათ შესაძლებლობები, ჩვენი შვილების ბედზე დაფიქრებულიყვნენ, სად უნდა წაეყვანათ ამდენი მოსწავლე, ჯერ ალტერნატიული ფართი მოეძიებინათ, გაემართათ და მერე მიეღოთ სკოლის დახურვის გადაწყვეტილება. ვუთხარი კიდეც განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, დროებით შეაჩერეთ ეს გადაწყვეტილება, აგერ, თეიმურაზ მეფის ქუჩაზე არის დიდი ტერიტორია, ყველა მხრიდან კარგი მისასვლელია, გზაც გაკეთებულია, შეისყიდეთ, ააშენეთ დიდი სკოლა, გადავიყვანოთ იქ ეს ბავშვები და შემდეგ მიხედეთ 192-ე სკოლასაც. არც ის იქნება ზედმეტი ჩვენი უბნისთვის, პირიქით, ერთი კი არა, რამდენიმე სკოლაა საჭირო. რა თქმა უნდა, ძირითადად ცხელი ხაზის ოპერატორს ველაპარაკე, რომელმაც აქეთ-იქით გადამამისამართა, თუმცა ვისაც ვეკონტაქტე, მათგან ვერავინ ვერაფერს წყვეტს და კი მითხრეს, ამ თემაზე უმჯობესია, მინისტრს თუ შეხვდებით ან სკოლის დირექტორთან ისაუბრებთო. მინისტრს ჩვენ ვინ შეგვახვედრებს და სკოლის დირექტორს რომ ველაპარაკეთ, იმანაც არაფერი იცის. ის კი არადა, ვიდრე ეს ამბავი სხვადასხვა წყაროებით არ დავაზუსტე და მე არ გავახმაურე, მანამდე სკოლის დირექტორს ხმა არ ამოუღია. ახლაც ამბობს, რომ ჩვენზე მეტი არც მან იცის რამე. როგორ შეიძლება, არ იცოდეს ან იცის და მალავს. ასევე, ზოგიერთი პედაგოგი სწორად უდგება საკითხს და ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს, ზოგი კი პირიქით, ამბობს, რომ ვერ ხვდება, რას ვაპროტესტებთ და რატომ ვეწინააღმდეგებით განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას. არადა, ელემენტარულად, იმ სხვა პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, რასაც დიდი დიღმიდან სხვა უბნების სკოლებში სიარული გამოიწვევს, კლასის, დამრიგებლის და მასწავლებლების შეცვლა რამდენ ზიანს მიაყენებს და დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს, ესეც ხომ გასათვალისწინებელია? ამიტომაც ვაპირებთ, ჩავატაროთ საპროტესტო აქცია, სადაც 192-ე სკოლის მოსაწავლეები და მათი მშობლები შევიკრიბებით და მოვითხოვთ, კეთილი ინებონ, პასუხი გაგვცენ კითხვებზე და დააკმაყოფილონ ჩვენი შვილების ინტერესი. ეს ბავშვები ცხვრების ფარა არ არიან, რომ საითაც უნდათ, იქით გაირეკონ. მარტო ჩვენ, მშობლები კი არ ვღელავთ ამაზე, ჩვენი შვილებიც სასოწარკვეთილები არიან. ამბობენ, რომ დადგებიან აქციაზე და მოითხოვენ პასუხს: რას უპირებს მათ სკოლა, განათლების სამინისტრო, სად უნდა მივიდნენ ისინი 15 სექტემბერს სასწავლებლად? დირექტორის პოზიცია იქნებოდა კარგი და გამართლებული მაშინ, რომ დავებარებინეთ მშობლები და ეთქვა, ასეთი და ასეთი მდგომარეობაა, სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და თქვენ უნდა მოიფიქროთ, რას იზამთ, მეც თქვენს გვერდით ვიქნებიო. ვინმე ეცდება დამაჯეროს, რომ დირექტორმა არ იცოდა ეს ამბავი და მე მასზე ადრე გავიგე? მე რომ გავახმაურე ფაქტი სოციალურ ქსელში, მერე იკადრა და გამოაქვეყნა სკოლის ფეისბუკგვერდზე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სკოლის შენობის რეაბილიტაციის შესახებ. ამის მეტი არანაირი კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწევათ სკოლის მოსწავლეებს, სად უნდა წავიყვანოთ ჩვენი შვილები, არაფერი წერია. მართლაც 192-ე საჯარო სკოლის ფეისბუკგვერდზე დირექციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ცნობა, რაც მათი შენობის რემონტს და სწავლის პროცესს ეხება 19 მაისით თარიღდება და შემდეგი შინაარსისაა: ,,გაცნობებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით იგეგმება ჩვენი სკოლის ორივე კორპუსის რეაბილიტაცია და არა დემონტაჟი. მოგეხსენებათ რამდენი პრობლემაა ორივე კორპუსში ინფრასტრუქტურის კუთხით, როგორც შენობების შიგნით, ასევე ფასადის და ეზოს ჩათვლით. ამისათვის საჭიროა მოიძებნოს ალტერნატიული ფართი დიდი დიღმის ტერიტორიაზე და არა სხვაგან. საჭიროების და თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში მოგვემსახურება ავტობუსებიც. მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ფართი ჯერ მოძიებული არ არის. როგორც კი ჩვენს ხელთ აღმოჩნდება მოძიებული ფართის შესახებ ინფორმაცია, მაშინვე ჩაგაყენებთ საქმის კურსში. თუ რაიმე საკითხი ახლა კიდევ დარჩება გაურკვეველი, გთხოვთ, მობრძანდეთ სკოლის N1 კორპუსში და შევეცდებით თქვენს შეკითხვებს ვუპასუხოთ.“ ამ ინფორმაციას უკმაყოფილო მშობელბის კომენტარები ახლავს თან, რომლებიც იგივეს იმეორებენ, რაც ნინო ბიწაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა. არც ერთი მათგანი არ არის მომხრე, მათი შვილები ქალაქის სხვადასხვა უბნის სკოლებში გადანაწილდეს, მით უმეტეს, არარეალურად მიაჩნიათ ავტობუსების მომსახურების შეთავაზებაც, რადგან იციან, რომ ერთი და ორი ავტობუსი ამდენ მოსაწავლეს არ ეყოფა. აქვე გასათვალისწინებელია, პიკის საათებში ქალაქში გადატვირთული მოძრაობა და შექმნილი საცობები, სადაც ბავშვებს ყოფნა მოუწევთ. მშობლები სხვა ბევრ ნიუანსსა და ხელისშემშლელ პირობებზე წერენ, რაც მათ იმ შემთხვევაში შეექმნებათ, თუ სკოლა რემონტზე წავა და მათი შვილები სხვა სკოლებში გადანაწილდებიან. ამიტომ დროულად ითხოვენ, ყველა დეტალის და შესაძლებლობის გარკვევას, რათა სექტემბერში ფაქტის წინაშე მოუმზადებლები არ დადგნენ მშობლების პოზიციის გაგების შემდეგ აღნიშნული საკითხის გასარკვევად, ჩვენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს დავუკავშირდით და ამ თემის განმარტება ვთხოვეთ. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ როცა ამა თუ იმ სკოლის შენობა რემონტზე გადის, სკოლაში რეგისტრირებული მოსაწავლეები სხვადსხვა სკოლებში ნაწილდებიან და დროებით იქ აგრძელებენ სწავლას. ასევე მოხდება ამ სკოლის შემთხვევაშიც, რომლის სრული რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია, თუმცა სად გადანაწილდებიან მოსწავლეები ან რომელ შენობაში გადავა სასწავლო პროცესი, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მშობლები კი უქმად გაჩერებას არ აპირებენ და თუ უახლოეს დღეებში მათ მიერ წამოჭრილ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს არ მიიღებენ, თავიანთ შვილების მომავლის გარკვევის მიზნით, 192-ე სკოლის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ირმა ბერიშვილი
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება. ოფიციალური მიწვევა მან ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან ერთი თვის წინ მიიღო და ვიზიტთან დაკავშირებული თანხმობისთვისაც მთავრობას დაუყოვნებლივ მიმართა. საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელში ვიზიტზე ნებრთვა კი გასცა, თუმცა მას წინ ისეთი მოვლენები უძღოდა, რამაც ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამგზავრება ეჭვქვეშ დააყენა. მმართველი გუნდის ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაისმა ბრალდებები, თითქოს, მისი განცხადებები საერთაშორისო არენაზე საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც ყოველთვის, პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული გამოსვლით გამორჩეული იყო პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა: ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და სინამდვილეში ნაბიჯები არ იდგმება, ეს დამაზიანებელია. უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებისთვის. რადიკალური იყო კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიმართ მაშინაც, როცა ამ უკანასკნელმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან პირდაპირი ფრენების ნებართვის დაშვება დაგმო. მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, ,,პრეზიდენტს არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს, მით უმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს.“ რაც შეეხება დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების ქორწილის გამართვას კახეთში და ამ ფაქტის მიმართ პრეზიდენტის პროტესტს, ირაკლი კობახიძეს ის არც ამ შემთხვევაში დაუზოგავს. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილს ქსენოფობიის წაქეზებაში დასდო ბრალი. როგორც წესი, საკმარისია ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა გამოითქვას, რომ სოციალურ ქსელში ცალკეული ადამიანების თუ გარკვეული ჯგუფების მიერ იწყება მისი დაუნდობელი შეურაცხყოფა, ლანძღვა, ქილიკი, წამოძახებები, ხშირად, ერთიდაიგივე ტექსტით, რაც იწვევს ეჭვს, რომ ამ ორგანიზებული კამპანიის უკან, შესაძლოა თავად ხელისუფლება იდგეს. რამდენად მისაღებია თანამედროვე ეპოქაში ასეთი მტრული დამოკიდებულება ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის მიმართ, რამდენად კარგად წარმოგვაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებისგან სალომე ზურაბიშვილის დადანაშაულება, თითქოს, მისი განცხადებები ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს ან გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, ამ საკითხების შეფასება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მელაშვილს ვთხოვეთ. - თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ,,რას აშავებს“ საქართველოს პრეზიდენტი, რატომ არის ხელისუფლება მისით მუდამ უკმაყოფილო და ასე ხშირად რატომ ხდება სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის და მისი მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმის ობიექტი? - საქართველოს პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქვს ძალიან მცირე, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითი ფუნქცია. ეს არის, საქართველოს წარდგენა საერთაშორისო არენაზე. თუნდაც ბოლო პერიოდში, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, როცა მმართველი პარტიის მხრიდან სრულიად გაუგებარი განცხადებები გვესმის, ერთადერთი ადამიანი, რომელიც, შინ თუ გარეთ, საქართველოს სწორ პოზიციას აჟღერებს, არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სხვათაშორის, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი ევროინტეგრაციის შესახებ, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტი მიჰყვება. ასევე, საერთაშორისო არენაზეც ძალიან კარგად ვხედავთ პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებას, სადაც ის დარჩა საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, რომელთანაც დასავლეთი პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებს. ამ მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველომ მიიღო უნიკალური შანსი, დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსეთის გავლენას, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და აჟღერებს იმ გზავნილებს, რომელიც არა მარტო პრეზიდენტის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიოფოს მხრიდან უნდა ისმოდეს. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ,,ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩევიან, ამ ვითარებაში კომუნიკაციის სწორი ხაზის არსებობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სწორედ, პრეზიდენტი რჩება ერთადერთ პიროვნებად, ვისაც შეუძლია ევროპას ელაპარაკოს მისთვის გასაგებ და არა - ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამახასაითებელ სიძულვილის ენაზე. - ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ის ხმამაღლა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლები სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე ზიანს აყენებს. რამდენად ლოგიკურია მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს მოსაზრება? - რა თქმა უნდა, კობახიძის ასეთ განცხადებებში ლოგიკის დანახვა ძალიან რთულია. საქართველოს პრეზიდენტი არათუ ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, არამედ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც არსებულ ვითარებაში სწორ გზას ადგას და შეუძლია, დაიცვას ჩვენი ინტერესები. სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება საერთაშორისო ასპარეზზე ემსახურება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და იმ მავნებლობების განეიტრალებას, რასაც მმართველი პარტია სჩადის. მათ შორის, როდესაც მისი ცალკეული წევრები უხეშად უტევენ პარტნიორი ქვეყნების ელჩებს; როდესაც ცდილობენ, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები გააშავონ; როდესაც ევროპარლამენტის უფლებამოსილებაში იჭრებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა დასავლეთი ნეგატიურ ჭრილში წარმოგვიდგინონ. ამ ფონზე, პრეზიდენტი საერთაშორისო ტრიბუნის საშუალებით ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, საბოლოოდ კი, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი ისე დასრულდეს, როგორც ჩვენ გვინდა. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში პასუხიმგებლობა თავიდან ბოლომდე არა ოპოზიციას, არა პრეზიდენტს, არამედ მთავრობას და მმართველ პარტიას ეკისრება; იმ ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ რეალური ძალა და უფლებამოსილება, შეასრულონ ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია. ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ პრობლემას, დაწყებულს სამოქლაქო საზოგადოებასთან ურთიერთობით. თანამშრომლობის ნაცვლად ხელისუფლება პირიქით, უფრო დაშორდა მას. იგივე ხდება სხვა პუნქტების შესრულების მხრივაც, ორი თუ სამი პუნქტის გარდა, რომელიც ტექნიკურ მხარეს ეხება და,,ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროკავშირს არ სჭირდება ავტორიტარული სახელმწიფო, ის ვერ დაუჭერს მხარს იმ ქვეყანას, სადაც ყველაფერი ერთი პარტიის მიერ ცენტრალიზებულად იმართება. სწორედ ამას ემსახურება ის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომ საქართველო ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. როცა ევროკავშირის ამ მოთხოვნებს არ ან ვერ აკმაყოფილებ, ამ შემთხვევაში აქცენტების გადატანა პრეზიდენტზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა თუ მარსიანელებზე არის სრულიად ალოგიკური და გაუგებარი, რადგან ეს მთლიანად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობის საკითხია. - როგორ შეაფასებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილს არა აქვს უფლება ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს? - საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის სიმბოლო. რთული წარმოსადგენია, ვის აქვს უფლება, ისაუბროს ხალხის სახელით, თუ არა მას. გარდა ამისა, არსებობს ტექნიკური ნაწილიც, ,,ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. შესაბამისად, მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით მათი მხრიდან არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. ამასთან, როცა ლეგიტიმაციაზე საუბრობენ, ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც ,,ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს პირველად მოიგო არჩევნები, ვინც მაშინ პარტიაში იყო, თითქმის, არც ერთი მათგანი დღეს მმართველ პარტიაში არ არის და ძირითადად, ოპოზიციაშია გადასული. დღევანდელი ,,ქართული ოცნება“ იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც 2012 წლის მოვლენების დროს მისგან ძალიან შორს იდგა. ამიტომ მათგან დღეს იმაზე საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილს ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არა აქვს, უადგილოა. თუ ბატონ კობახიძეს აქვს ამბიცია იმის გამო, რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის რედაქტორი იყო, გადაიკითხოს ის კონსტიტუცია და ნათლად დაინახავს, ვის შეუძლია და ვის აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. - ცნობილია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებას, უმალვე მოჰყვება სოციალურ ქსელში ტროლების ამოქმედება, ერთნაირი ტექსტებით პრეზიდენტზე შეტევა, მისი ლანძღვა და შეურაცხყოფა. ეს ფაქტი რაზე მიუთითებს? - რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დისკუსში ტროლების გამოყენება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური კლასი და პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ დონეზეა. ფეისბუკის ადმინისტრაციის გამოძიებით დადგინდა, რომ ასეთი ტროლების უკან პირდაპირ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი დგას და მათი მონაცემებით, სამწუხაროდ, ჩვენ სირიას და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანას გავუთანაბრდით. ეს ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოსთვის არის წარმოუდგენელი და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას, ზოგადად, ძალიან უარყოფითად წარმოაჩენს. მსგავსი ფაქტის წინააღმდეგ თავად ხელისუფლება უნდა იბრძოდეს, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ არა რომელიმე პარტიის ან ამა თუ იმ პირის, არამედ უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი იხარჯება ოპონენტების წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიის წარმოებასა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში, ეს იქნება ქვეყნის პრეზიდენტი, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე თუ რომელიმე პოლიტიკოსი. - მაშინ რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან, ვინ უფრო უქმნის საფრთხეს საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს პრეზიდენტი თუ ხელისუფლება? - ამაზე პასუხი ცხადზე ცხადია, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომელი სტრუქტურა გააგდეს ევროპული პოლიტიკური ოჯახიდან. ევროპის სოციალისტურმა გაერთიანებამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ თავისი შემადგენლობიდან ჩვენი მმართველი პარტიის გარიცხვას აპირებდა. მართალია, ,,ქართულმა ოცნებამ“ დაასწრო და თავად დატოვა ეს გაერთიანება, მაგრამ ეს ფაქტი არსებულ რეალობას არ ცვლის. აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ ვინ იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ვინ პირიქით, ცდილობს, სხვადასხვა გზით, რუსული კანონის მიღებით თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით, საბოტაჟი ჩაუტაროს ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას. - ასეთ ვითარებაში ყველაზე მეტად ვინ ზარალდება? - რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით ვზარალდებით ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალქეები, რომელთაც ნამდვილად გვინდა ევროპის შემადგენელი ნაწილი გავხდეთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო თანამედროვე ევროპულ და დემოკრატიულ სახლემწიფოდ ჩამოყალიბდეს. ამის ნაცვლად კი ვიღებთ ტროლ-ბოტებს, სრულიად გაუგებარ დაპირისპირებას პარტიებს შორის, ქვეყნებს შორის; იმის ნაცვლად, რომ სოლიდარულები ვიყოთ უკრაინისადმი, რომელიც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა და ახლა ზუსტად იმ გზას გადის, რაც ჩვენ 90-ან წლებში რუსეთმა გამოგვატარა, მთავრობის მხრიდან ვხედავთ უკრაინის ხელისუფლებასთან კინკლაობას; იმის ნაცვლად, რომ გვეკავოს სწორი პოზცია და გამოვიყენოთ შესაძლებლობების ის ფანჯარა, რომელსაც გარემოება ხსნის ჩვენს წინაშე და რომელიც შეიძლება საუკუნეში ერთხელ გაიღოს, პირიქით ვიქცევით. როგორც ჩანს ,,ქართული ოცნება“ ელოდა და სჯეროდა კიდეც, რომ უკრაინა ამ ომში რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, შესაბამისად, ჩვენმა ხელისუფლებამ ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო და ცდილობდნენ, რაღაცნაირად ადაპტირებულიყვნენ ისეთი მსოფლიოსათვის, სადაც რუსეთი შეიძლებოდა მოგებული ყოფილიყო. მათი ეს გათვლა აბსოლუტურად არასწორი და გაუმართლებელი აღმოჩნდა. ძალიან სამწუხაროა, რომ იმის ნაცვლად, შეცდომა გამოასწორონ და გამოიყენონ უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ მოგვეცა, ისინი ცდილობენ, უფრო მეტად გააღრმავონ კავშირი რუსეთთან, რომელიც ამ ომში ადრე თუ გვიან დამარცხდება. დამარცხებულ რუსეთთან დარჩენილი საქართველო კი გაცილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ვიდრე აქამდე ვიყავით - რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მარცხისთვის, სახელმწიფოს ოფიციალური პირები თუ ფიქრობენ იმ იშვიათ ისტორიულ შესაძლებლობაზე, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ? - არსებულ ეტაპზე ამაზე ფიქრი არათუ არ ჩანს, პირიქით, ვხედავთ, რომ საქართველოს ხეისუფლების პირველი პირები, ისევე როგორც მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები, მიზნად ისახავენ ანტიდასავლური ყალბი ინფორმაციების გავრცელებას და საქართველოში ზოგადად ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას, რაც ნამდვილად არ ეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ ოჯახში დასაბრუნებლად. ერთადერთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან კავშირს ინარჩუნებს, არის ისევ და ისევ საქართველოს პრეზიდენტი. მას ჯერ კიდევ გააჩნია საკომუნიკაციო რესურსი იმისათვის, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის სახელით ესაუბროს. ზუსტად ამიტომ ხორციელდება მის მიმართ ასეთი ორგანიზებული თავდასხმები. ირმა ბერიშვილი
-
მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა და ამოქმედდა თბილისის მერიის ძალიან საჭირო აპლიკაცია Fix Tbilisi. ახალი აპლიკაციის ფუნქციები ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხ კატეგორიას აერთიანებს, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. არსებობს იმედი, რომ მომავალში სხვა კატეგორიებიც დაემატება. მოქალაქეს შეუძლია ესა თუ ის დარღვევა ადგილზე აღბეჭდოს, გადაიღოს ფოტო, შემდეგ ამ აპლიკაციის მეშვეობით ატვირთოს ტელეფონში, მიუთითოს მისამართი და დაურთოს აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც განცხადებაზე რეაგირება დაიწყება. მოქალაქე კი, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გვარდება მის მიერ მითითებული პრობლემა. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ეს აპლიკაცია მართლაც რომ ძალიან საჭირო მექანიზმია. უფრო მეტიც, დედაქალაქის მერიასთან კომუნიკაციის მსგავსი საშუალების აუცილებლობა აქამდეც მწვავედ იდგა, რის დასტურადაც უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია. ალბათ, არაერთი ჩვენგანი გადაჰყრია ბავშვთა გასართობ მოედნებსა თუ სკვერებში, პარკებსა თუ ეზოებში ფაქტს, როგორ აფუჭებდნენ მოზარდები ან მოზრდილები ინფრასტრუქტურას, აზიანებდნენ ხე-მცენარეებს და ანაგვიანებდნენ გარემოს. დარწმუნებული ვარ, ბევრს, შენიშვნაც მიუცია, თუმცა, როგორც წესი, მათთვის შენიშვნის მიცემას ან საყვედურის თქმას შედეგი ნაკლებად მოაქვს. პირიქით, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შემთხვევის დროს, წესის დამრღვევებისგან თუ იქვე მსხდომი მათი მშობლებისგან არამკითხეს იარლიყს ან უფრო მეტად, შეუარცხყოფასაც კი ვიღებ. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, უკან მაინც არასდროს დამიხევია და ჩვენი საერთო ქონების მიმართ მავნებლური ქმედების ყოველი მორიგი ფაქტისას, ვცდილობ, ჩავერიო. თუ პატარები აფუჭებენ რამეს, შენიშვნას ვაძლევ ან ვურჩევ, როგორ არ უნდა მოიქცნენ, დიდებს კი საყვედურს ვეუბნები და ვუთითებ, რომ დანაშაულს სჩადიან და ამის გამო კანონით შეიძლება დაისაჯონ. მიხვდებით, ალბათ, რომ ხშირად ეს დიალოგები არცთუსასიამოვნო სახეს იღებს, ამიტომაც უმჯობესია, არსებობდეს მექანიზმი, რომელიც რიგით მოქლაქეს საშუალებას მისცემს, ამა თუ იმ ფაქტის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ მერიის სამსახურებს მიაწოდოს. ნამდვილად ყოფილა შემთხვევები, ზედამხედველობის სამსახურის ან პატრულის გამოძახებაზე მიფიქრია, მაგრამ თავშივე გასაგები იყო, მცდელობა რომ უშედეგო იქნებოდა, რადგან კანონის დამრღვევი თუ ვანდალიზმის ჩამდენი მათ მოსვლამდე ადგილზე არ გაჩერდებოდა. ამიერიდან კი, მსგავს ფაქტებზე აღნიშნული აპლიკაციის დახმარებით, მერიას დაუყოვნებლივ მივაწვდი ინფორმაციას. შეიძლება ვინმეს მართლაც ეგონოს, რომ არამკითხე მოამბე ვარ და ცხვირს იქ ვყოფ, სადაც არაფერი მესაქმება, მაგრამ როცა ვხედავ, ვიღაც გამიზნულად როგორ აფუჭებს ჩვენს საერთო საკუთრებას (გინდაც, კერძოს), გვერდს მშვიდად ვერ ავუვლი. სამწუხაროდ, თავად მრავალჯერ შევხვედრივარ გამვლელთა ამრეზილ სახეებს, როცა ქალაქის პარკებში ან ქუჩაში ვინმეს შენიშვნას ვაძლევდი და მათ დამოკიდებულებას უფრო გავუბრაზებივარ, ვიდრე დანაშაულის ფაქტს. ამიტომაც თითოეულ ასეთ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ სწორედ მათი გულგრილობის შედეგია სკვერებში განადგურებული ინფრასტრუქტურა, დამტვრეული სკამები და მერხები, გატეხილი საქანელები და სასრიალოები, ტრანსპორტის გაჩერებებზე ჩამსხვრეული მინები, ავტობუსების დაჯღაბნილი და დასერილი სავარძლები. დიახ, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უშუალოდ ასეთ ვანდალიზმს ეწევა და ჩვენს საერთო ქონებას უმოწყალოდ მუსრს ავლებს, ის მოქალაქეებიც დამნაშავეები არიან, ვისაც ჰგონია, რომ ამაზე რეაგირება მათი საქმე არ არის... თავი ზედმეტად რომ არ შეგაწყინოთ, უახლოეს მაგალითს მოგახსენებთ, რამაც ამ პრობლემაზე კიდევ ერთხელ დამაფიქრა. დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში იშვიათად დავდივარ, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ის სატრანსპორტო კოლაფსია, რომელიც ქუჩებში ყოვედღიურად იქმნება და გადაადგილებას ართულებს. თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ვცდილობ, სახლიდან გასვლას თავი ავარიდო და საქმე დისტანციურად გავაკეთო, მაგრამ ხანდახან დგება საჭიროება და იძულებული ვარ, ჩემს უბანს გავცდე. ასე მოხდა წინა კვირას, როცა აუცილებლობის გამო ვერაზე გასვლა გადავწყვიტე. როგორც კი მეტროსადგურ ,,რუსთაველიდან“ ამოვედი და გარშემო მიმოვიხედე, სახტად დავრჩი. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდგომს, მომეჩვენა, თითქოს, 21- ე საუკუნიდან უკან, არქაულ ეპოქაში დავბრუნდი, დროში, როცა ჩვენი უხსოვარი წინაპრები თავიანთ ნაკვალევს გამოქვაბულის კედლებზე ტოვებდნენ. გაოგნებულმა კარგა ხანს ვათვალიერე არემარე და დავასკვენი, რაც რუსთაველის ძეგლის და მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანდა, მსგავსი ვანდალიზმის ნიმუშები მხოლოდ ერთ ადგილისთვის კი არა, მთლიანი ქალაქისთვისაც კი ზედმეტი იქნებოდა. ვისაც ყოველდღე გიწევთ იქ გავლა, დაკვირვებიხართ, რას ჰგავს იქაურობას? გარშემო ყველა შენობა თუ კედელი დამახინჯებულია და გაურკვეველი სახის ნაჯღაბნებით (ნახატს ვერც ერთს ვერ დავარქმევ) და წარწერებით არის სავსე. შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს, თბილისს მტრულად განწყობილი რომელიღაც არსებების ჯგუფი შემოესია და მისი ცენტრალური ნაწილი ააოხრა. არა მგონია, ვინმემ ამ ,,მოხატულობაში“ თვალისთვის საამო ან იდეურად საინტერესო ხელოვნების ნიმუშები აღმოაჩინოს, ვერც იმას მეტყვით, რომ ეს ყოველივე ლამაზია და უხდება გარემოს. არათუ თბილისის ცენტრალურ ნაწილში, დედაქალაქის ყველაზე მივარდნილი ადგილისთვისაც კი შეუსაბამოდ მიმაჩნია ასეთი ნაჯღაბნები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ხელოვნებასთან და არც ესთეტიკასთან. ეს არის ვანდალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ნამდვილად არ იქნება ურიგო, გარვეულ ადგილებში შენობები მოიხატოს (როგორც ეს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში ხდება), გაკეთდეს შინაარსიანი ელემენტების მატარებელი გრაფიტები, რომელიც თვალისთვისაც სასეირო იქნება და მნახველის ინტერესსაც გამოიწვევს. ის რაც რუსთაველის მეტროს ტერიტორიაზე ვნახე, არის ქალაქის დამახინჯება. ეს ამბავი ვანდალიზმის გარდა, ვერც ერთ სტარნადრში ვერ ჯდება. აქვე მიჩნდება კითხვები, როდის, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში მოქმედებენ ის ,,ურდოები“ და ახერხებენ, ასე დაამახინჯონ თბილისი? ნუთუ გამვლელ-გამომვლელთაგან ვერავინ ხედავს, რომ პატრული გამოიძახოს ან თავად საპატრულო ეკიპაჟებმა ვანდალები ერთხელ მაინც როგორ ვერ გამოიჭირეს ფაქტზე? ან იქნებ, ვინც ხედავს მათ მოქმედებას და გვერდს უვლის, ჰგონია, რომ არაფერი შავდება? არადა, რასაც ფოტოებზე ხედავთ, ყველა მათგანი ვანდალიზმის ნიმუშია, რომელსაც მართლა უცხო პლანეტიდან ჩამოსული ,,მისიონერები“ კი არა, ჩვენს გვერდით მცხოვრები, რიგითი მოქალაქეები აკეთებენ. მათი ქმედება და მიზანი კი არც ხელოვნების მსახურებაა და არც ჩვენს ესთეტიკაზე ზრუნვა, ეს არის დედაქალაქის იერსახის დამახინჯება, რაზეც თვალი არ უნდა დავხუჭოთ. თუ აქამდე მხოლოდ პოლიციის და პატრულის მოვალეობაში შედიოდა ფაქტების და იმ ადამიანების გამოვლენა, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურას, ჩვენს საერთო ქონებას ან სხვის საკუთრებას მიზანმიმართულად აფუჭებენ, ახლა უკვე ჩვენც შეგვიძლია ქმედითი ზომები მივიღოთ. მართალია, მერიის აპლიკაციაში ეს კატეგორია ჯერ ცალკე არ არის გამოტანილი (იმედია, მალე დაემატება), მაგრამ უკვე არსებული რომელიმე კატეგორიით მაინც შეგვიძლია ვისარგებლოთ და თუ გავხდებით მომსწრე, რომ ვინმე შენობა-ნაგებობების კედლებზე მსგავს ნაჯღაბნებს ტოვებს, აუცილებლად გადავუღოთ ფოტო, ავტვირთოთ და გადავუგზავნოთ მერიას. როგორც თბილისის მერია იუწყება, დანარჩენს თავად მიხედავს, ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ ვანდალური აქტის არც ერთი ჩამდენი დასუჯელი არ დარჩება. აქამდე ისინი რეაგირებას მას შემდეგ იწყებდნენ, რაც საპატრულო სამსახური მსგავს ქმედებებზე იდენტიფიცირებული პირების მონაცემებს მიაწვდიდა. დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ვანდალიზმის ჩამდენიც დააჯარიმეს და ის ადგილებიც მოაწესრიგეს, სადაც მსგავსი ფაქტები იყო დაფიქსირებული, მაგრამ რამდენიმე დღეში იგივე განმეორდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ქალაქის იერსახის დამახინჯების შესახებ არსებული მუხლის თანახმად, დამრღვევი პირი, რომელიც შენობა-ნაგებობებზე ან ინფრასტრუქტურაზე თვითნებურ ნახატებს და წარწერებს ტოვებს, ჯარიმდება 200 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 1000 ლარით; კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ჩადენილი იგივე ქმედებისთვის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 2000 ლარით. თუ ისინი ამ თანხების გადახდის შემდეგ იგივეს მოიმოქმედებენ, კიდევ უფრო ცხადი გახდება, რამდენად ძლიერი მიზანი ამოძრავებთ, ავნონ ჩვენს დედაქალაქს. ამიტომ არც ჩვენ დავიხიოთ უკან და რამდენჯერაც ვნახავთ ფაქტს, იმდენჯერ დავაფიქსიროთ. აქვე უნდა ითქვას, თბილისის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური აპლიკაციის ამოქმედებიდან ორ დღეში, ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, უკვე, 180-ზემეტი შეტყობინება მიიღეს. აქედან შეგვიძლია დავსაკვნათ, თუ რამდენი ვანდალური აქტი ხდება ჩვენს გვერდით, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად, რომელსაც მარტო დედაქალაქის მთავრობამ ან სამართალდამცავებმა კი არა, ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმაც უნდა ვებრძოლოთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ცალკეული მოქალაქეების პასუხისმგებლობის იმედად ევრ ვიქნებით, ხელისუფლებაც მეტად უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და კანონის დამრღვევების მიმართ ამოქმედდეს აღსრულების უფრო მარტივი მექანიზმები, რაც სათანადო უწყებებს რეაგირების მეტ საშუალებას მისცემს. ასევე, დედაქალაქის მერიამ, ჩემი თუ სხვისი განცხადებების გარეშეც უნდა დაინახოს პრობლემა, რომელიც ასე თვალსაჩინოა და მოქალაქეების ჩაურევლადაც სცადოს მისი აღმოფხვრა. სხვანაირად ღირსეულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. P. S. კარგი იქნება, თუ თბილისის მერია გაითვალისწინებს გარემოებებს და აპლიკაციაში ცალკე კატეგორიად დაამატებს ვანდალიზმის იმ სახეობას, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. ასევე, ცალკე პუნქტი სჭირდება ისეთ სამართალდარღვევას, როგორიცაა ქუჩებში, პარკებში, სკვერებსა თუ სკოლის ეზოებში პატრონების მიერ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების ექსკრემენტების დატოვება. მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამგვარი ქმედების წინააღმდეგაც მოგვეპოვება სათანადო მუხლი, თუმცა მისი აღსრულების მექანიზი, თითქმის, არ არსებობს.
-
გამოვლინდა 17 პროდუქტი, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ცნობილი ბრენდების კიდევ 17 პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ესენია ,,ნივეას,“ ,,ლ’ორეალის,“ ,,დავის,“ ,,ინტეზას,“ ,,ქლეარის,“ ,,ექსეს“ და ,,პალმოლივის“ პირადი ჰიგიენის საშუალებები და კოსმეტიკა. ყველა მათგანი შეიცავს butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს, რაც ამ პროდუქტების ეტიკეტებზეა მითითებული. ნივთიერების სისტემატური მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას და მუცლად მყოფ ბავშვს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, თქვენს მიერ შეძენილ ან შესაძენ პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA). მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამაზე მომუშავე ,,მომხმარებელი.ge” ავრცელებს. ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის დღევანდელი შეტყობინება, აღნიშნული და სხვა საფრთხეების სრული სიით, იხილეთ ბმულზე: https://ec.europa.eu/safe…/screen/webReport/detail/10000149… მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ასევე იხილოთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6803 -
ტყეების გასხვისება-მითვისებაზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ არავის არსად უხსენებია ის ფაქტი, რომელზეც მე უნდა მოგიყვეთ. საქმე ეხება დაბა სურამში მდებარე ბაიანთხევის ტყეს, რომლის გარკვეული ნაწილიც, წლების წინ ისე გასხვისდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს არაფერი გააგებინეს. ცნობილია, რომ სურამის წიწვოვანი ტყეები საბჭოთა პერიოდში, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-ან წლებში გაშენდა. მთა, რომელზეც ამჟამად სოფლების, ზინდისისა და ბაიანთხევის ტყეები მდებარეობს, მეწყერსაშიში ზონა იყო და სწორედ ამიტომ, მცოცავი ნიადაგის შეკავების მიზნით, იქ ფიჭვები დარგეს, ვინაიდან ამ ხეების ფესვები ჰორიზონტალურად ვითარდება და მიწას კარგად ,,იჭერს.“ მაშინ სპეციალისტებმა ბაიანთხევის ფიჭვნარში, დაახლოებით 1300 კვ.მ ფართობის მინდორიც სპეციალურად ღიად დატოვეს, რადგან ეს სივრცე ტყის სავენტილაციოდ, ჰაერის სამოძრაოდ იყო საჭირო. ასევე დატოვეს ამ მინდვრამდე მისასვლელი სამანქანო გზა, რათა ცეხცლის გაჩენის შემთხვევაში ტყეში სახანძრო მანქანების შეღწევა არ გართულებულიყო. ტყის ბუნებრივი ვენტილაციის გარდა, ამ მინდორმა წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მოგეხსენებათ, სურამი ზაფხულის კურორტია და პანდემიამდელ პერიოდში, დასვენების მსურველებს ვერ აუდიოდა. მათი დიდი ნაწილი, ცენტრიდანაც ყოველდღე ადიოდა ბაიანთხევის ტყეში და საღამომდე იქ რჩებოდა. ბაიანთხევის უბანს არც თავისი დამსვენებლები აკლდა. დასახლებაში მრავალი საოჯახო სასტუმროა, რომლებიც ყოველ ზაფხულს ბევრ სტუმარს იღებდა. ვისაც ჩვილი ბავშვები ჰყავდა, ხსენებულ მინდორში, მწვანე მდელოზე გაშლილ პლედებზე აწვენდნენ და პატარებიც, მუდმივად მზის აბაზანებს იღებდნენ. მინდორი, არა მარტო პატარებისთვის, მოზრდილებისთვისაც მიმზიდველი ადგილი იყო. შვილებთან ერთად მშობლებიც აქტიურად ერთობოდნენ, თამაშობდნენ ფეხბურთს, ფრენბურთს, ბანდმინტონს, აწყობდნენ პიკნიკებს და დაბადების დღეებსაც იხდიდნენ. ბაიანთხევის ტყეში მდებარე მინდორს, კიდევ ერთი დანიშნულება ჰქონდა. სურამის საოჯახო სასტუმროებში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ხშირად ატარებდნენ საზაფხულო შეკრებებს. მწვრთნელებს კი აღსაზრდელები, სწორედ, იმ მინდორზე მიჰყავდათ და ყოველ დილა-საღამოს ავარჯიშებდნენ. ამდენად, იქაურ დამსვენებლებს, რომელთა შორის მეც ვარ, ბაიანთხევის ტყე ამ მინდვრის გარეშე ვერც წარმოგვედგინა და აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ოდესმე იმ ტყის ნაწილი აღარ იქნებოდა, სადაც ყოველ ზაფხულს დავდიოდით. თუმცა, სულ ტყუილად. ერთ მშვენიერ დღეს, ამ ადგილს ტყის სტატუსი მოუხსნეს და ტყის ფონდის ნუსხიდან ისე ამოიღეს, არავისთვის არაფერი უკითხავთ... ოღონდ, ზუსტად როდის მოხდა ეს ფაქტი ან რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივებმა ვერც ერთ ოფიციალურ წყაროში ვერ მიაკვლიეს. ისევ მუნიციპალიტეტის ყოფილი ჩინოვნიკებისგან ყურმოკვრით გაიგეს, რომ ბაიანთხევის ტყის აღნიშნულ ტერიტორიას, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ხელისუფლების შეცვლამდე დაადგა თვალი ვიღაცამ და ტყის ფონდიდანაც მაშინ ამოიღეს. ,,როგორც ჩანს, ვიღაც კონკრეტულ პირს აინტერესებდა ეს ტერიტორია და ტყის სტატუსი იმიტომ მოუხსნეს, მაგრამ ვიდრე აუქციონზე გაიტანდნენ და მსურველი დაისაკუთრებდა, მანამდე ხელისუფლებაც შეიცვალა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ, კარგა ხანს ეს საქმე არავის მოუკითხავს. მერე ვინც ნახა, რომ ტერიტორია გასაყიდად იყო გამზადებული, რაღაზე აიტკივებდა თავს იმის კვლევით, საიდან და როგორ მოხვდა ის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სიაში ან რაღაზე დაუბრუნებდა ტყის ფონდს? ოღონდ რამე გაეყიდათ... ასე გავიდა ჩვენი მინდორი ელექტრონულ აუქციონზე და მფლობელიც მალე გამოუჩნდა. რამდენად გამჭვირვალე იყო ეს პროცესი, ეგ კიდევ ცალკე საკითხავია. ამ დროს ჩვენ არც არაფერი გვსმენოდა ტყის ფონდიდან მინდვრის ამოღების შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ხმა დაირხა, გაიყიდაო. რა თქმა უნდა, თავიდან ვერც დავიჯერეთ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ სიმართლე იყო და მის დასაბრუნებლად ბრძოლა დავიწყეთ. მისი გაყიდვა როგორ შეიძლებოდა, ის ხომ ტყის ნაწილი და ყველა ჩვენგანის საკუთრება იყო? გადა იმისა, რომ ეს საკუთრება წაგვართვეს, იმანაც აღგვაშფოთა, რომ ამ ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი დიდი სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგმებოდა. თქვენც ხედავთ, აქ ქვიშიანი და მცოცავი ნიადაგია, ზედმეტად თუ შეეხები, იშლება. მეზობელი სოფელია ზინდისი, მთის ერთ მხარეს ბაიანთხევია, მეორე მხარეს - ზინდისი. რამდენიმე წლის წინ, საკანალიზაციო სისტემის მოწყობისას წარმოებული სამუშაოების გამო, ზინდისში მეწყერი ჩამოწვა. უარესი გველოდა ბაიანთხევში და სწორედ ამიტომ ვიყავით წინააღმდეგნი. ჩვენ კონკრეტულ პირს კი არ ვებრძოდით, ვებრძოდით სახელმწიფოს და ვითხოვდით გადაწყვეტილების გაუქმებას. არ იქნებოდა ის ბიზნესმენი, იქნებოდა სხვა, ვინც ტყის ამ ნაწილს სახელმწიფოსგან იყიდიდა.“ - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომლის ვინაობასაც ობიექტური მიზეზების გამო, არ დავასახელებთ. ბაიანთხეველებმა ტყის აღნიშნული ტერიტორიის დასაბრუნებლად, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. საქმე სასამართლომდე მივიდა და გადაწყვეტილების მიღებაც კარგა ხანს გაჭიანურდა. ამ ბრძოლაში, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, დამცირებაც იწვნიეს და უკუბრალდებებიც მიიღეს, სამართალს კი მაინც ვერ მიაღწიეს, მინდორი ვერ დაიბრუნეს. ამიტომ დავაზე ხელი ჩაიქნიეს და დღეს ამ თემაზე ლაპარაკსაც ერიდებიან. თავის დროზე, როცა საქმე სასამართლოში იხილებოდა, რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართეს, უნდოდათ, ხმა ზემდგომებისთვის მიეწვდინათ. რამდენიმე მედიასაშუალებამ მათი აქტივობებიც გააშუქა და ვრცელი სიუჟეტებიც მიუძღვნა, თუმცა ბაიანთხევის ტყის ბედით ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესებულა. არც ის გარკვეულა, ვინ და როდის ამოიღო ტყის ფონდის ნუსხიდან ეს მინდორი, რატომ დადგა ამის საჭიროება, საერთოდ და თავდაპირველად ვინ იყო მისი გასხვისების ან მითვისების მსურველი. საზოგადოების მხრიდან კი, ამ სატელევიზიო სიუჟეტებსა თუ პუბლიკაციებს, როგორც გვჩვევია, ხოლმე, მხოლოდ ზედაპირული შეფასებები მოჰყვა; იმის ნაცვლად, ვინმეს პრობლემის სიღრმე და არსი გაეანალიზებინა ან მოეკვლია, რისთვის იბრძოდნენ ბაიანთხეველები, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი წერდა: მარტო ნაზუქის ქნევით შორს ვერ წახვალთ, განვითარებას ნუ ეწინააღმდეგებით, სწორედ ასეთი პროექტები სჭირდება ქვეყანასო. რაც შეეხება თავად ინვესტორს, რომლის მფლობელობაშიც ბაიანთხევის ტყეში მდებარე მინდორი ოფიციალურად გადავიდა, მისი წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდნენ, თითქოს, ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებდნენ ახალი სასტუმროს მშენებლობას, რომ ეგონათ, მფლობელი ტყის გაჩეხვას აპირებდა. ,,მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და იქ მშენებლობის დაწყება არ შეიძლება. ინვესტორს ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვს გაკეთებული და ხეების გაჩეხვა არ იგეგმება, ადგილობრივების პროტესტი სრულიად უსაფუძვლოა.“ - აღნიშნავდნენ ისინი მედიასთან ამ საკითხის განხილვისას. მათივე ინფორმაციით, სინამდვილეში, საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილი იყო, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები ჰქონდა და შიშობდნენ, რომ ახალი სასტუმრო მათ დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებდა, თუმცა, ტყუილად, რადგან მათი სეგმენტი განსხვავებული იყო. ამაზე ,,საჩივრების ავტორ მოსახლეობას“ დღემდე თავიანთი ჩამოყალიბებული აზრი აქვს. მათ ზუსტად იციან, რისთვისაც იბრძოდნენ და რატომაც მიმართეს სასამართლოს. ,,კონკურენციის ეშინიათო, გვაბრალებდნენ. არადა, რომელ კონკურენციაზეა საუბარი, როცა ჩვენთან დღე-ღამის საფასური 15-20 ლარიდან 50-80 ლარამდე მერყეობს და მათი სერვისის ღირებულება 400-500 ლარია? ეს საკითხი თავიდანვე ნათელი იყო და ვიცოდით, რომ ჩვენ მათი კონკურენტები ვერც ვიქნებოდით. აქ ტყის დაცვასა და გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე იყო საუბარი, საერთო ტეროტორიის გასხვისებასა და რაც მთავარია, იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლებოდა დასახლებას და მთლიანად ტყეს შეჰქმნოდა. მათი პროექტი ოთხსართულიანი, 30 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა, რომელსაც ასევე, მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა ჰქონოდა. ტყის შუაგულში ჯერ ოთხასრთულიანი შენობის და ამას დამატებული, მიწისქვეშა ავტოსადგომის საძირკველი რომ გათხრილიყო, რამხელა სიღრმეზე უნდა ჩასულიყვნენ? როგორც ვთქვით, ქვიშიანი და მეწყერსაშიში ნიადაგი გვაქვს. ამ მშენებლობის დაწყება იმას ნიშნავდა, რომ თუ პროცესშივე არა, ცოტა ხანში ტერიტორია მთლიანად მოწყდებოდა და მთელ დასახლებას, ტყის მასივიანად, სურამის ცენტრში ჩაგვიტანდა. უპირველსად, სწორედ ეს საფრთხე გვალაპარაკებდა და არა - კონკურენციის შიში. ამას გარდა, დიახაც, ტყის გაჩეხვის საფრთხეც არსებობდა, რადგან ინვესტორს სურდა, თავისი სასტუმროს მიმდებარედ, ტყის 5 ჰექტარი ტერიტორია, სარეკრეაციო ზონისთვის, იჯარით აეღო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფიჭვების გაჩეხვის გარდა, ბაიანთხევის ტყის დიდი ნაწილი კერძო მფლობელობაში გადავიდოდა და ის ადგილობრივებისთვისაც და დამსვენებლებისთვისაც მიუწვდომელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში კი ჩვენი საოჯახო სასტუმროების ბიზნესს, მართლა, გაკოტრება ელოდა, რადგან მარტო ჩვენს სანახავად ან ოთახებში გამოსაკეტად აქ დამსვენებლები არ ამოვიდოდნენ.“ - გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი. მისი თქმით, საბედნიეროდ, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ეყო კეთილგონიერება და ბიზნესმენს იჯარის მოთხოვნაზე უარი უთხრა, თუმცა კი კანონით უფლება ჰქონდა, ნებართვა გაეცა. დიახ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მიწის და ტყის იჯარით გაცემის შესახებ კანონი სააგენტოს ამის უფლებას აძლევდა, მით უმეტეს, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან ინვესტორს მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს არნაირი ვალდებულება არა აქვს, მოსახლეობის აზრს ანგარიში გაუწიოს, თუმცა ბაიანთხეველების შემთხვევაში, მათმა პროტესტმა და მოთხოვნებმა გაჭრა და ხსენებულმა სააგენტომაც ინვესტორის განცხადება არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება სასამართლოს, 2 წლის წინ, მან დავა ბიზნესმენის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ბაიანთხევის ტყეში სასტუმროს აშენების უფლება მისცა. ერთადერთი მოთხოვნა ის იყო, რომ ახალი გეოლოგიური კვლევა ჩაეტარებინათ და დასკვნის საფუძველზე პროექტი განეახლებინათ. ბაიანთხეველების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არავითარი გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა და მას საქმის მასალებში ვერ იპოვით. თუმცა მათი საჩივრების შედეგად, მიწის მფლობელმა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაინც მიიღო; პროექტი შეცვალა და მაღალსართულიანი კომპლექსის ნაცვლად, ტყეში მსუბუქი კონსტრუქციის კოტეჯები ჩადგა. ასე, რომ უკვე, მეორე წელია, სურამში, ბაიანთხევის ტყეში დასვენების მსურველებს, ტყის შუაგულში მდებარე ცნობილი მინდვრის ნაცვლად შემოღობილი კერძო ტერიტორია ხვდებათ, ხუთი ორსართულიანი კოტეჯით, ორი აუზითა და ეზოს გვერდზე, ტყეშივე გათხრილი საკანალიზაციო ჭით. P. S. მასალაში შეგნებულად არ ვწერ არავის ვინაობას, მხოლოდ ფოტოებს დავურთავ, რომლებიც ასახავს იმ რეალობას, რაც იყო და რაც არის.
-
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებს, ყოველ მონაკვეთში ახალი, მაღალსართულიანი კორპუსის ჩადგმის პროცესს და მისგან გამოწვეულ სამშენებლო ხმაურს თუ დანაგვიანებას თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები ადამიანები, იძულების წესით კი მიგვაჩვიეს, მაგრამ არც იმდენად, რომ დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის დამახინჯებაზე ხმა არ ამოვიღოთ. საქმე ეხება მთაწმინდის ფერდობზე, მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის გვერდით მშენებარე მრავალსართულიან კორპუსს, რომელიც არა მარტო არსებულ ლანდშაფტს უცვლის იერსახეს, არამედ მის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახელობასაც უქმნის საფრთხეს. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მალევე მიიქცია, როგორც იქ მობინადრე ადამიანების, ისე სამოქალაქო აქტივისტების ყურადღება, ვინაიდან მთაწმინდის ძირში, ტვერელის ეკლესიის მიჯნაზე, კლდის საკმაოდ დიდი ნაწილის მოჭრამ აშკარა გახადა ის საფრთხეები, რომელზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ. ამავე დროს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კავკასიის მფარველად აღიარებული წმიდა მოწამე მიქაელ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი გააჩნია. მოძრაობა ,,თბილისის ამქარის“ ცნობით, მთაწმინდის ის ტერიტორია, სადაც ტაძარი მდებარეობს, თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში შედის, რომელსაც მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ. ამიტომაც ამ თემას, მშენებლობის დაწყებისთანავე, მედიის და სამოქალაქო ატივისტების მხრიდან სერიოზული გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა. რა თქმა უნდა, დახმარებას და პროექტის შეჩერებას ითხოვდნენ მთაწმინდის უბნის მაცხოვრებლებიც, რომელთა მოთხოვნებსაც პასუხი მაშინ დედალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გასცა. მან სპეციალური განცხადება გააკეთა და სცადა, საზოგადეოება დაერწმუნებინა, რომ აღნიშნული კორპუსი, ყველა წესის დაცვით, სწორედ იმ უბანში მცხოვრები მოქალაქეების პირობების გასაუმჯობესებლად შენდებოდა. „ტვერელის ეკლესიასთან, კერძოდ, 8 მარტის ქუჩაზე ადრე ბარაკები იყო და მოსახლეობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. დღეს კი, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. კოეფიციენტის მატება არ არის და ყველაზე მთავარი ისაა, რომ კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ყველა პროცესი. თავიდან, როდესაც ვნახე მიმდინარე სამუშაოები, მეც გამიჩნდა ეჭვი და დავინტერესდი, რასთან გვქონდა საქმე. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს,“ - განცახადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა თვალსაჩინოებისთვის მაშინ ფოტოებიც წარადგინა, თუ რა სახის პროექტი უნდა განხორციელებულიყო და როგორი იქნებოდა მიმდებარე ადგილი კორპუსის აშენების შემდეგ. მიუხედავად მისი განცხადებისა, მშენებლობა გარკვეული დროით მაინც შეჩერდა და იქაურ მობინადრეებს იმედი გაუჩნდათ, რომ მერიამ მშენებელ კომპანიასთან საქმე მოაგვარა და არც მათ და არც მთაწმინდის ფერდობს მეტი ზიანი აღარ მიადგებოდა. თუმცა, იმედი ფუჭი გამოდგა და უკეთესის მოლოდინში უარესი შედეგი მიიღეს. მთაწმინდის უბანში, ზალდასტანიშვილის ქუჩის ერთ-ერთი მობინადრე რუსუდან დაუშვილი გვიყვება, რომ თავიდან, როცა მშენებლობა დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ის ასეთი მასშტაბური იქნებოდა, თორემ ყურადღებას არ მოადუნებდნენ და როგორც მთაწმინდის იერსახის, ისე თავიანთი უფლებების დასაცავად უფრო მეტად იბრძოლებდნენ. - ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ როცა მშენებლობა წელიწადზე მეტი ხნით შეჩერდა და გვეგონა, აღარ გაგრძელდებოდა, განახლდა და როგორც აღმოჩნდა, განახლდა უარესი პროექტით. თუ თავდაპირველად უფრო დაბალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო გათვალისწინებული, რატომღაც პროექტი შეიცვალა და მშენებელმა კომპანიამ სართულების დამატების ნებართვა მიიღო. შესაბამისად, ტვერელის სახელობის ტაძარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მთლიანად იფარება. მის დაფარვას და აქაური იერსახის დამახინჯებას თავი რომ დავანებოთ, ეს მშენებლობა მთლიანად გადასულია ტაძრის ეზოში, ლამის ზედ კედელს ემიჯნება, რაც კანონით აკრძალულია. - გარდა იმისა, რომ აღნიშნული კორპუსის მშენებლობა არღვევს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში არსებულ რეგულაციას, ამ მშენებლობის მიმდინარეობამ, რა სახის ზიანი მიაყენა ან რა საფრთხე შეუქმნა თქვენს საცხოვრებელ ადგილს? - ამ ტერიტორიაზე, ძირითადად, საუკუნის წინ აშენებული სახლები დგას, რომელთა უმეტესობას ამ კორპუსის შენების პროცესში ძირი გამოუთხარეს. შედეგად ჩვენი საცხოვრებელი ბინების და ეზოების კედლები დაიბზარა. ზოგი კედელი ინგრევა, რაც საფუძვლის მორყევამ და წყლის მიწისქვეშა დინებების გაძლიერებამ გამოიწვია. კლდის დიდი ნაწილი რომ მოჭრეს, იქიდან წყალმა გადმოხეთქა, რომელიც ახლა ზოგან ჩვენი საცხოვრებლის გვერდზე ან მიწის ქვეშ მოედინება, ზოგი ეზოს კედლიდანაც ჟონავს. ეს ქმნის ნგრევის საშიშროებას. ასევე, კლდიდან მომდინარე წყლის გამო ჩვენს სახლებში გაჩნდა საშინელი ნესტი, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მომრავლდა კოღო, რაც მანამდე ამ უბანში იშვიათობა იყო. ზაფხულობით ახლა ფანჯრებსაც ვერ ვაღებთ. - ვიცით, რომ შექმნილ ვითარებას მოქალაქეები სხვადასხვა საშუალებით, სოცილაური ქსელით თუ მედიის ჩარევით დღესაც აქტიურად აპროტესტებთ. თუ გამოგეხმაურათ დედაქალაქის მერია, საკრებულო ან თუ მიმართეთ ოფიციალური განცხადებებით მათ? - არაერთი საჩივრით თუ განცხადებით მივმართეთ როგორც თბილისის მერიას, ისე საკრებულოს, საიდანც მუდმივად ვიღებთ პასუხს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს, ყველაფერი გათვლილია და სახიფათო არაფერი ხდება. ამ დროს ფაქტია, რომ ნელ-ნელა ვინგრევით, მათი მტკიცება ერთია და ფაქტი - მეორე. ამ თემაზე წინა კვირასაც იყო საკრებულოში შეხვედრა, რომელსაც ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე, მერიის და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, მთაწმინიდის რაიონის დეპუტატი და რაიონის გამგებელიც დაესწრნენ. არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა სცადა, საქმე სხვისთვის გადაებრალებინა და თქვა, რომ მშენებლობის ნებართვა მისმა წინამორბედებმა, 2017 წელს მიიღეს. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, 2017 წელსაც ხომ იგივე მმართველობა გვყავდა ხელისუფლებაში, სხვა პარტია არ ყოფილა. სხვადასხვა პოსტზე დანიშნული პირები თუ შეიცვალნენ, ეს საქმის არსს არ ცვლის, რადგან პოლიტიკა არ შეცვლილა. აქ მთავარი ხომ ის არის, ქალაქის მიმართ რა პოლიტიკას ატარებ, მასზე ზრუნავ თუ ფულის კეთებაზე. დამერწმუნეთ, არავინ არის არც ბიზნესის, არც ქალაქის განვითარების, არც სილამაზის წინააღმდეგი, მაგრამ რაც აქ ხდება, რაც თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ, არის ვანდალიზმი და ვიღაცის კერძო ინტერესების გამო, არა მარტო ამ უბანში მცხოვრები ადამიანების, არამედ მთელი ქალაქის თავზე გადავლა. მიქაე ტვერელის სახელობის ტაძარი მხოლოდ ამ უბანს არ ეკუთვნის, ის არც მარტო მის მრევლს ეკუთვნის, ის დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ამავდროულად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსთაველის გამზირიდან ერთ-ერთი ულამაზესი ხედი, მამა დავითის ტაძრის შემდეგ, სწორედ ტვერელის ეკლესიის ხედი იყო, რომელიც მთლიანად იკარგება. მთელი ლანდშაფტი და ტაძრის იერ-სახე ხომ მახინჯდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაც ზიანდება, რადგან ეს კორპუსი ზედ მიუშენეს, მაგრამ ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონკრეტული მობინადრეების ბედიც საფრთხის ქვეშ დგას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადო სამსახურები გვიმტკიცებენ, თითქოს, მათი დასკვნების მიხედვით, ყველაფერი წესრიგშია და სანერვიულო არაფერი გვაქვს, მას შემდეგ, რაც მთაწმინდის ძირში უზარმაზარი კლდის მასივი მოხსნეს და ჩვენს საცხოვრებლებს ძირი გამოუთხარეს, აქ მობინადრე ოჯახები ფიზიკური განადგურების გამუდმებული საფრთხის წინაშე ვდგვართ. საინტერესოა, ის დასვნები, რაც არქიტექტურის სამსახურს და ურბანული დაგეგმარების კომისიას გააჩნია, რამდენად კეთილსინდისიერად მომზადდა და რამდენად რეალურად შეისწავლეს ტერიტორია, რადგან რეალობა მათი დასკვნისგან რადიკალურად განსხვავდება და არსებობს ყოველდღიური საშიშროება, რომელიმე ეზოს კედელი ან სახლი მთლიანად ჩამოინგრეს. მოგეხსენებათ, ამ ძველი სახლებისთვის ასე ძირის გამოთხრა და მათ სიახლოვეს ასეთი მასშტაბის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება საკმაოდ სახიფათოა. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე რომ ემსხვერპლოს ან რომელიმე ოჯახი ჭერის გარეშე დავრჩეთ, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას ან რა აზრი ექნება მერე მათ წუხილს, ვინც ახლა გვიმტკიცებს, რომ არაფერი შავდება? - საბოლოოდ, რა შედეგით დასრულდა თბილისის საკრებულოში თქვენი შეხვედრა? - შეხვედრა იმით დასრულდა, რომ შეგვპირდნენ, ამ პრობლემის შესახებ ყველა განცხადებას და ანგარიშს ჩვენს ხელმძღვანელობამდე მივიტანთ, გადავხედავთ და შესაძლოა, კიდევ დავგეგმოთ შეხვედრაო. როგორც გითხარით, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თავი იმით ,,იმართლა,“ რომ აღნიშნული პროექტი მისმა წინამორბედმა დაამტკიცა და ნებართვაც წინა მმართველობის დროს გაიცა, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მთავარი ის არის, რომ მერიის სწორედ დღევანდელი წარმომადგენლობის დროს შეიცვალა პროექტი და უარესი ვარიანტი დაამტკიცეს. თუ პროცესი იმის გამო გააჩერეს, რომ რაც კეთდებოდა, არ იყო სწორი და მართებული, მაშინ უკეთესობისკენ შეეცვალათ, უარესის ნებართვა რატომ მისცეს? როცა იმით იმართლებ თავს, რომ წინა ხელმძღვანელობამ დაამტკიცა ეს პროექტი, თორემ შენ არ დაამტკიცებდი და მერე უარესს მთავაზობ, რა გამოდის? ამაზე ვერავინ გამცა პასუხი. სხვათაშორის, იმ შეხვედრაზე მყოფთაგან ყველას ვკითხე, მობინადრეების ბედს რომ თავი დავანებოთ, ისე, ვიზუალურად, როგორ მოგწონთ ეს მშენებლობა, რამდენად მისაღებია თქვენთვის-მეთქი, პასუხი ვერავინ გამცა. ამიტომაც, მერიის მხრიდან ვინმეზე ხელის შეწმენდა არ გამოვა, აქაურობის დამახინჯებასა და იმ საფრთხეზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, თითოეული მათგანია პასუხიმგებელი. ეს მშენებლობა კი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება და იმაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუნდაც მშენებლობის პროცესი, მტვერი და ხმაური რამდენ უსიამოვნებას და დისკომფორტს გვიქმნის. დღისით კიდევ არა უშავს, მაგრამ ხანდახან, შუაღამისასაც არ ჩერდებიან, განსაკუთრებით, როცა ბეტონს ასხამენ. ამის გამო კონფლიქტიც მოგვივიდა მშენებელი კომპანიის მფლობელთან. რამდენიმე მოქალაქე თხოვნით მივედით, რომ იქნებ ღამ-ღამობით მაინც შეეჩერებინათ მუშაობა, რის პასუხადაც შეურაცხყოფა მივიღეთ... მთაწმინდის უბანში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისგან მიყენებულ ზარალზე გვიყვება ზალდასტანიშვილის ქუჩის ერთ-ერთი შესახვევში მცხოვრები, მაია ყიფშიძეც, რომლის ეზოსაც მშენებარე კორპუსი მთლიანად ფარავს, მეორე მხრიდან კი სახლს უკვე აშენებული მაღალსართულიანი კორპუსი დაჰყურებს და მისი საძირკვლიდან მომდინარე წყალი კედლებში ჩასდის. - პირადი ზიანის მიუხედავად, უპირველესად, რაც ყველას გვაწუხებს, ეს არის ტვერელის ეკლესიის მიმდებარე ხედის დამახინჯება. თითქოს, საერთოდ წაიშალა მისი ისტორია და მთაწმინდასაც თავისი სახე მთლიანად დაუკარგეს. ამ არემარეზე ისეთი სიმწვანე და სილამაზე იყო და ტაძრისკენაც ისეთი ხედი იშლებოდა, თავი სამოთხეში გეგონებოდათ. მშენებლობის ადგილზე ჯერ უამრავი ხე მოჭრეს, მერე უზარმაზარი კლდის მასივი გამოთხარეს, რითაც მთელი ფერდობი დაზიანდა. მანამდე, ვიდრე ჩვენს გვერდით ამ ახალი კორპუსის მშენებლობას დაიწყებდნენ, ზალდასტანიშვილის შესახვევის 19 ნომერში, ჩვენს ზემოთ, პირველი მაღალსართულიანი სახლის შენება უკვე მიმდინარეობდა, რომელმაც არანაკლები ზიანი მოგვაყენა. მერიაში მაშინაც დავწერეთ განცხადება, კულტურის სამინისტროსაც მივმართეთ, ვწერდით, რომ ქალაქის იერ-სახე მახინჯდებოდა, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ყოფილა. მაინც აშენდა და მახესავით გადმოგვყურებს. მთაწმინიდის ძირში ხუთსართულიანი კორპუსის სიდიდის კლდის მასივი რომ ჩამოჭრეს, კლდის სიღმიდან ჩანჩქერივით ამოჩქეფა წყალმა და მაშინვე გავიფიქრე, ამას რა უნდა მოუხერხონ-მეთქი. დღესაც არ ვიცი, როგორ და რანაირად შეძლეს, იმ პირობებეში საძირკვლის ჩასხმა და და ამხელა კორპუსის აშენება, მაგრამ თქვენც ხედავთ, რომ იმ წყალმა აგერ, ჩვენს ეზოში ნახა გზა, მიწის სიღრმიდან აქ გადმოვიდა და ჩვენთან ჩამოედინება, ნაწილი სახლის საძირკველში ჩაგვდის. შედეგად ყველა კედელი დანესტილია. 32 წელია აქ ვცხოვრობ და აქამდე ნესტის პრობლემა არ გვქონია. ამასწინ აბაზანის კედელიც გამოვანგრიეთ, რადგან გვეგონა, წყალი მილიდან ჟონავდა. არადა, ხელოსანმა ვერანაირი დაზიანება ვერ იპოვა. როგორც ჩანს, ეს წყალი გამოდის აბაზანის კედლებში და ნელ-ნელა, არა მარტო ჩვენ, ყველას დააზარალებს. აქ ხომ ასწლოვანი სახლებია და თუნდაც გუშინდელი აშენებული იყოს, წყალი თანდათან შეუდგება კედლებს და ჩამოგვინგრევს. ამას ის პრობლემაც ემატება, რომ უკვე რამდენიმე წელია, ზამთარ-ზაფხულ კოღოების ვერ ავუდივართ. აუტანელი გახდა აქ ცხოვრება. - ქალაქის რომელიმე სამსახურს თუ მიმართეთ აქ ჩამომდინარე წყალთან დაკავშირებით, რა გიპასუხეს ან რა ზომები მიიღეს? - ზომების მიღება და დახმარება მერიას ვთხოვეთ, მაგრამ იქ გვითხრეს, რომ კომპანია GWP-ის უნდა დავკავშირებოდით. ამ კომპანიას რომ მივმართეთ, მოვიდნენ, ზემოთ, სადაც მილებია ჩაყრილი, გადათხარეს და შეამოწმეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს და რადგან წყალგაყვანილობის სისტემა არ იყო დაზიანებული, თქვეს, რომ საქმე მათ არ ეხებოდა. GWP-ის წარმომადგენლებს აქაურმა მობინადრეებმა ვკითხეთ, ხომ არ ფიქრობდნენ, რომ წყალი კლდიდან გადმოდიოდა და მათაც ეჭვი გამოთქვეს, რომ ასეც არის, მაგრამ ისინი ვერაფერს იზამენ. მერიამ კი, როგორც გითხარით, მათთან გადაგვამისამართა და დანარჩენი არც აინტერესებთ. - გამოსავალს რაში ხედავთ, როგორ შეიძლება თქვენი პრობლემები მოგვარდეს? - ვერანაირ გამოსვალს ვერ ვხედავთ, არ ვიცით, ჩვენ რა უნდა ვქნათ. წყალს რაც შეეხება, ერთადერთი, მერია თუ მოინდომებს და დრენაჟებს ჩადგამენ, თორემ ამას რა გააჩერებს, ისევ უკან ხომ ვერ შებრუნდება, მით უმეტეს, ის კლდე უკვე აღარ არსებობს. სხვა მხრივ, არ ვიცი, რა ბედი გველის. აქედან აყრას და სადმე გადასვლას არ ვაპირებთ, ეს ჩვენი საკუთრებაა, რატომ უნდა გამხადოს ვინმემ იძულებული, რომ აქედან წავიდე? არადა, უკვე ყველანაირად გვავიწროებენ. სამოთხის მსგავს ადგილზე ვცხოვრობდით და ახლა ბეტონის კედლებში მოგვაქციეს, თან ნგრევის საშიშროების წინაშეც დაგვაყენეს. ერთ-ერთი დიდი პრობლემა ისიცაა, რომ ამ ახალ კორპუსებს თავიანთი კანალიზაცია არა აქვს, ამბობენ, რომ ძველს უნდა მიუერთონ. ეს ჩვენი ძველი სისტემა კი ისეთ დღეშია, ისედაც ყოველ მეორე დღეს იჭედება. ამხელა ორი კორპუსის დატვირთვაც რომ დაემატება, როგორ უნდა გაუძლოს, ვინ ფიქრობს ამაზე? ირმა ბერიშვილი
-
კავკასიური საინვესტიციო გამოფენის ფარგლებში, რომელიც რუსეთში, სტავროპოლის მხარის ქალაქ მინვოდში პირველად ტარდება, ერთმანეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთწოდებული პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი შეხვდნენ. ასლან ბჟანიას პრეს-სამსახურის ცნობით, აფხაზეთის წარმომადგენელმა ოს ,,კოლეგას“ სამხრეთ ოსეთში აფხაზური კულტურის დღეების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა თბილი დახვედრისთვის. მიმაჩნია, რომ ასეთი კონტაქტები უნდა გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მოგიწვიოთ აფხაზეთში. ჩვენ მზად ვართ მიგიღოთ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს,“ - განუცხადა მან გაგლოევს. თავის მხრივ, ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ერთი ბედი აკავშირებს და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხალხთა შორის თბილი ურთიერთობები ისტორიულად ჩამოყალიბდა. ,,მადლობა მოწვევისთვის. ჩემის მხრივ, ასევე მინდა მოგიწვიოთ სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ერთად მოგვიწია სირთულეების გადატანა, წელს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი რესპუბლიკების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავს აღნიშნავენ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან მე და თქვენ კარგად ვიცით მშვიდობიანი ცხოვრების ფასი.“ - უპასუხა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ბჟანიას.
-
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 29 მარტს მიიღო კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომელიც ძალაში 1 ივნისს შევიდა, ხოლო 1 ნოემბრიდან, მისი აღსრულება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა. ამდენად, საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადებების მიღება და განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყო. ამ მიზნით უწყებაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს დარეკოს, დააფიქსიროს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემა ან მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო ინფორმაცია. კანონის მიხედვით, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის განმავლობაში. სააგენტოს მხრიდან საქმის გახილვისთვის საჭირო ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვიდან 3 თვემდე, ამ ვადაში კი ის დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. სააგენტო იწყებს საქმის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებლის თუ მომხმარებელთა ჯგუფის უფლება. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული უწყება მოვაჭრეს ან მწარმოებელს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს 3 სახის გადაწყვეტილება: დარღვევის დადასტურება; დარღვევის უარყოფა; პირობითი ხელშეკრულება. უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ხოლო დადგენილ ვადაში მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ან მეწარმეს, ვინც მომხმარებლის უფლებები დაარღვია, ეკისრება ჯარიმა. ამასთან, 12 თვის განმავლობაში მის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. ჩვენ დავინტერესდით, გასული 6 თვის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ რამდენი განცხადება მიიღო კონკურენციის სააგენტომ, ძირითადად რა სახის დარღვევებზეა საუბარი და რა შედეგებით დასრულდა მათი განხილვა? აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მაისამდე, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი შევიდა, საიდანაც 135-ზე საქმის შესწავლა დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე 35 შეთანხმება გააფორმა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, 22 საქმეზე სააგენტოს მიერ დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 77% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 22% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 90 %-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი - 5 %-ით და აჭარა 2 % -ით. მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 62 შემთხვევა, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე - 67, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე - 21, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე - 11, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაზე - 52. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 74 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტის და დასაწყობების მიმართულება - 10 %-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა - 14 %-ს. კონკურენციის სააგენტოს ამ მონაცემებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება მოცემული რიცხვები რეალობას და არის თუ არა შესაძლებელი, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გაცილებით მეტი შემთხვევები არსებობდეს? მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით მოქალაქეების ცნობიერება ჯერ კიდევ არ არის იმდენად ამაღლებული, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად კონკურენციის სააგენტოს მიმართონ, ზოგმა არც იცის, რომ არსებობს უწყება, რომელსაც შეუძლია თავისი საქმე ანდოს. ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვნო ერთი შემთხვევა, რომლის მოწმეც, ორიოდე თვის წინ, ლილოს ბაზრობაზე თავად გავხდი. მომხმარებელი ერთ-ერთი მოვაჭრისგან ითხოვდა, რომ წუნდებული ნივთი უკან დაებრუნებინა ან ახლით შეეცვალა, რაზეც დამცინავ პასუხებს იღებდა. როგორც აღმოჩნდა, მას აღნიშნულ მოვაჭრესთან ჭაღი შეუძენია, რომელიც ადგილზე არ შეუმოწმებია და არც შინ მიტანის შემდეგ გაუხსნია. ერთი კვირის მერე, როცა ჭაღის დასამონტაჟებლად ხელოსანი მოუყვანიათ, უნახავთ, რომ ნივთს ქარხნული წუნი ჰქონდა, რის გამოც მომხმარებელი დაბრუნებულა მოვაჭრესთან და მოუთხოვია ნივთის დაბრუნება ან შეცვლა, რაზეც უარი მიუღია. შემთხვევით, მეც სწორედ ამ ამბავს შევესწარი. გამწარებული მოქალაქე ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა და ჯიუტად ითხოვდა ჭაღის საფასურს, მაშინ, როცა ლილოს ბაზრობის მოვაჭრე, არხეინად ალაგებდა დახლებზე თავის ნივთებს და მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს ყურადღებას არც აქცევდა. ვინაიდან, მივხვდი, რომ მისგან დაბრიყვებულ მომხმარებელს ინფორმაცია არ ჰქონდა, როგორ დაეცვა საკუთარი უფლებები, გავჩერდი, გამოვკითხე პრობლემის შესახებ და შემდეგ დავაკვალიანე, სად და ვისთვის უნდა მიემართა. ბუნებრივია, ჩვენს საუბარს მოვაჭრეც ისმენდა, რომელმაც თავის მომხრებელთან ერთად, მეც სასაცილოდ ამიგდო: მიდი, მიდი, სასამართლოში მიჩივლე, აბა, რას მოიგებო და უდარდელად განაგრძო დახლებზე დალაგებული ჭაღების წმენდა. ვუპასუხე, რომ მართლაც მოუწევდა სასამართლოს წინაშე წარდგომა და კანონის აღსრულება, როცა მოქალაქე სათანადო უწყებას მიმართავდა, თუმცა მას ჩემი სიტყვები აინუშშიც არ ჩაუგდია. გასაგები იყო, რომ არც მოვაჭრეს ჰქონდა წარმოდგენა ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონზე და არც იმაზე, რომ ჩემს მიერ ნახსენებ კონკურენციის სააგენტოს მისთვის პასუხის მოსათხოვად სერიოზული ბერკეტები გააჩნდა. ამ მაგალითიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვადსხვა ასპექტში მომხმარებლის უფლებები საქართველოში ყოველდღიურად ირღვევა, თუმცა ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ნაკლებად გვაქვს, რადგან მოქალაქეები დარღვევების შესახებ ოფიციალურ უწყებას არ მიმართავენ. ასევე, მოვაჭრეებიც ნაკლებად არიან ინფრომირებული იმაზე, რომ მათი მხრიდან მომხმარებლების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასა და მათ მოტყუებაზე პასუხი კანონის ძალით მოეთხოვებათ. ამ მხრივ, განსაკუთრებით თვალშისაცემია მდგომარეობა რეგიონებში, რაზეც კონკურენციის სააგენტოს მიერ აღნუსხული განცხადებების პროცენტული მაჩვენებელიც მოწმობს. ვხედავთ, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შესახებ უწყებაში შესული საჩივრების 90 % დედაქალაქზე მოდის, მხოლოდ დანარჩენი 10 % ნაწილდება სხვა რამდენიმე რეგიონზე. ამასთან, არის რეგიონები, სადაც, მთელი 6 თვის განმავლობაში, მომხმარებლის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დაფიქსირებულა. ეს ფაქტი გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ დასკვნა, რომ დარღვევების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები შორს არის არსებული რეალობისგან. შესაბამისად, უპრიანი იქნება, სახელმწიფომ მეტად იზრუნოს მოსახლეობაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე, მეტი ინფორმაცია, მეტი რეკლამა გავრცელდეს ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით იმისათვის, რათა მომხმარებელმა უკეთ გაიგოს, მიხვდეს, როგორ და ვისი დახმარებით დაიცვას საკუთარი უფლებები. აქვე, ჩვენც მოგახსენებთ, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაზე ან ამ მიმართულებით თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურენციის სააგენტოს ცხელ ხაზზე: (032) 2 05 4422; 598 05 4422 და ელ-ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge ირმა ბერიშვილი
-
გამოქვეყნდა მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი ქალაქების სია
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ცნობილი გახდა მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ქალაქების ათეული. სააგენტო Express-ის ცნობით, ყველაზე ჯანსაღი ქალაქების რეიტინგის გამოსავლენად, ტურისტულმა კომპანიამ holidu-მ ქალაქებში შეისწავლა დაბინძურების ყველაზე დაბალი დონე, ბედნიერების უმაღლესი დონე და სტატისტიკისთვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორები. აღსანიშნავია, რომ სიაში ესპანეთის სამი ქალაქი მოხვდა, თუმცა რეიტინგის მიხედვით, ჯანმრთელობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე მსოფლიოს ქალაქების სტოკჰოლმი (შვედეთი) და ფარუ (პორტუგალია) ლიდერობენ. შვედეთის დედაქალაქი სიის პირველ ადგილზე კარგი კვების სისტემის წყალობით აღმოჩნდა, ვინაიდან ადგილობრივ მოსახლეობას ხელი მიუწვდება დიდი რაოდენობით ახალ თევზსა და სხვა პროდუქტებზე. ასევე, სტოკჰოლმში ბევრი გამწვანება და ჰაერის დაბინძურების ძალიან დაბალი დონეა, რაც მის მოქალაქეებს ქუჩებში გასვლის და სპორტით დაკავების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება პორტუგალიის ქალაქ ფარუს, აქ თბილი ამინდები და საუკეთესო კლიმატური პირობებია, რაც მას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჯანსაღ ქალაქად აქცევს. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას, მთელი წლის განმავლობაში, წვდომა აქვს ევროპის რამდენიმე საუკეთესო პლაჟზე, ადგილობრივი სამზარეულო კი მდიდარია ახალი ხილითა და ბოსტნეულით. ასე გამოიყურება დღეისთვის ყველაზე ჯანსაღი ქალაქების სია: 1. სტოკჰოლმი (შვედეთი) 2. ფარუ (პორტუგალია) 3. ჰელსინკი (ფინეთი) 4. მადრიდი (ესპანეთი) 5. რეიკიავიკი (ისლანდია) 6. თელ-ავივი (ისრაელი) 7. ლას-ვეგასი (აშშ) 8. ლისაბონი (პორტუგალია) 9. მალაგა (ესპანეთი) 10. სევილია (ესპანეთი) -
3 მაისს, დილით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ერთადერთ მოქმედ ჰიპერმარკეტს ქალაქ ხერსონში. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ საკუთარ Telegram-ზე განაცხადა. ,,ამ დროისთვის სამი დაღუპული, ხუთი დაშავებული. ესენი არიან დაწესებულების თანამშრომლები და მომხმარებლები. ყველა ოპერატიული სამსახური ადგილზეა. ისინი დახმარებას უწევენ ხალხს," - წერს უკრაინის შსს-ს უფროსი.
-
მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს G7-ის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ) ლიდერების შეხვედრის დროს გამოცხადდება. Bloomberg-ის ცნობით, ახალი ზომების მირების მთავარი მიზანი ადრე დაწესებულ სანქციებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და მათი გვერდის ავლის გზების გადაკეტვაა. შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ცალკეულ პაკეტებს ამზადებენ, რომელიც აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პროდუქციის ტრანზიტის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ევროკავშირის მიერ განხილულ წინადადებებს შორის არის ასევე, სანქციების დაწესება იმ გემების მიმართ, რომლებიც სანავიგაციო სისტემებს გამორთავს. ცნობილია ისიც, რომ კანადა ამუშავებს სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცების საპასუხოდ და რუსეთის თავდაცვის საშუალებების წარმოების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში, ,,შავ სიაში“ კიდევ 30-მდე ადამიანის შეყვანაა დაგეგმილი. არსებობს მოლოდინი, რომ G7-ის ლიდერები შეზღუდვებს იმ ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობაზეც გაზრდიან, რომელსაც რუსეთი როგორც სამხედრო, ისე სხვა მრეწველობაში იყენებს. განიხილება ყველანაირი ექსპორტის აკრძალვა, გარდა იმ საქონლისა, რომელზედაც ადრიდანვე გამონაკლისი იყო დაშვებული (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი და საშუალებები, საკვები და მედიკამენტები) და ალმასით ვაჭრობის შეზღუდვა. მოამზადა ირმა ბერიშვილმა
-
ენგურის ხიდზე განთავსებულ ეგრეთწოდებულ საბაჟო-გამშვები პუნქტზე აფხაზებმა რუხიდან აფხაზეთისკენ მიმავალ პირს ცხოველებისთვის განკუთვნილი ვაქცინები ჩამოართვეს. აფხაზური მედიის ცნობით, ამოღებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 466 ფლაკონს შეადგენს. მებაჟეებმა აღნიშნული პროდუქცია მოქალქის ხელბარგში იპოვეს. აქედან 366 ფლაკონი ძაღლების სხვადსხვა დაავადების საწინააღმდეგო, ხოლო 100 ფლაკონი ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას წარმოადგენს. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრეს-სასმსახური აცხადებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ყველა მასალა საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა.
-
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ჩადენილი დიდი ოდენობით, პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა ქ. თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე. შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა ქ. თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
-
ათწლეულების განმავლობაში ამ სფეროში გატარებული მრავალი რეფორმის და მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ჯაჭვში, განათლების სისტემა კვლავ ერთ-ერთ სუსტ რგოლად რჩება. პრობლემები, რაც ამ სისტემაში არსებობს, არ არის ახალი და სამწუხაროდ, ვერც ერთმა მინისტრმა, ვინც სხვადასხვა დროს უწყებას უხელმძღვანელა, მათი აღმოფხვრა ვერ შეძლო. ზოგის მმართველობის პერიოდში პირიქით, ხარვეზები უფრო გაღრმავდა, ზოგმა იდეის დონეზე წამოჭრა ძირეული ცვლილებების განხორციელების სურვილი და მიზანი, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ახალმა ხელმძღვანელმა, სულ რაღაც, ერთი თვის წინ ჩაიბარა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პორტფელი, ამიტომ მის შედეგიან მუშაობაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით. საკითხავია, რამდენად გაითვალისწინებს ის განათლების სფეროს გამოცდილი სპეციალისტების და ექსპერტების რჩევებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შედეგის მისაღწევად უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ უწყების პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლება. როგორც პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი, განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე აცხადებს, განათლების სისტემაში არსებული ყველა პრობლემის თავი და ბოლო იმ ბიუროკრატიულ და ცენტრალიზებულ მმართველობაში უნდა ვეძიოთ, რასაც სახელმწიფო მუდმივად თავს გვახვევს. მან სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯაროდ უკვე რამდენჯერმე მიმართა ახალ მინისტრს და ხმამაღლა ურჩია, რომ თუ რეალური შედეგის მიღწევა და ქმედითი ნაბიჯების გადაგმა სურს, დაიწყოს სკოლის პედაგოგების დაფასებით, მათთვის ღირსეული პირობების შექმნით და მთლიანი სისტემის პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლებით. რუსუდან თევზაძის თქმით, ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებას მას ის გამოცდილება აძლევს, რაც წლების განმავლობაში დაუგროვდა და რომლის მეშვეობითაც, განათლების სისტემა როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული მიმართულებით, ყველა რაკუსრით შეუძლია დაინახოს, რადგან ამ სფეროში, საჯარო თუ კერძო სკოლის პედაგოგობიდან სამინისტროში გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციამდე ყველა საფეხური გავლილი აქვს. ჩვენთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ სადაც არ უნდა ემუშავა, გარკვეული მიზნით, პარალელურად ყოველთვის იტოვებდა დროს პედაგოგიური საქმიანობისთვის. - ეს მეხმარებოდა, შემეჯერებინა და დამენახა, რამდენად კარგად მუშაობდა ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია თუ დათქმა. ამიტომაც ძალიან კარგად ვიცნობ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც არაერთხელ მისაუბრია. - რა ზომების მიღებაა საჭირო, რომ განათლების სისტემა რეალურ შედეგზე ორიენტირებული გახდეს და გამართულად იმუშაოს? - ამისთვის საჭიროა, რომ განათლების პოლიტიკა, მისი ძირითადი ხაზი სამინისტრომ განსაზღვროს, იმის იქით კი, დანარჩენი საქმე სსიპ-ის მსგავსმა სამსახურებმა ავტონომიურად მართონ. ეს სამსახურები და დეპარტამენტები ახლაც არსებობს, მაგრამ თავიანთ საქმიანობაში შეზღუდულები არიან. ძალიან ბევრი პროფესიონალი ვიცი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ვინც საქმეში სულს და გულს დებს, მაგრამ ვითარება მაინც არ სწორდება იმიტომ, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება. სამომავლოდაც ყველა მცდელობა ფუჭი იქნება, ვიდრე არ მოხდება განათლების სისტემის დეპოლიტიზირება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მისი კურატორობის ქვეშ მყოფი ყველა ინსტიტუციის დებიუროკრატიზაცია, რესურსცენტრების ქმედითი დეცენტრალიზება, სკოლებისთვის ჭეშმარიტი ავტონომიურობის მინიჭება და დირექტორების რეალური დამოუკიდებლობა. ამის ნაცვლად რა გვაქვს დღეს? რესურსცენტრები გადაქცეულია პოლიტიკურ ბაზად, სკოლები, დირექტორების ხელმძღვანელობით - პოლიტიკური ბაზად და გვყავს შეშინებული მასწავლებელი. - პედაგოგების საკითხს რომ ჩავუღმავდეთ, რა შედეგს იძლევა მუდმივად მათი გამოცდებისთვის მზადება, ხარისხების მოპოვებაზე ზრუნვა და დიფერენცირებული ხელფასი; რამდენად სამართლიანია ეს მოცემულობა ან ასეთ რეჟიმში ყოფნა რამდენად უწყობს ხელს მასწავლებელს, იყოს მოსწავლის ინტერესზე ორიენტირებული? - სამწუხაროდ, რაც პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის მიმართულებით ხდება, ეს არის ტრაგედია. ხელფასი გახდა სავაჭრო თემა და მათ ეუბნებიან, ჩააბარებ გამოცდას, მიიღებ მომატებულ ხელფასს, ვერ ჩააბარებ - ვერ მიიღებ. სხვათაშორის, ბოლოს ვინც გამოცდა ჩააბარა, ის პედაგოგები მომატებულ ხელფასს, ჯერ ვერ იღებენ, რადგან აუცილებელია, დათქმულ დრომდე მათ ეგრეთწოდებული პორტფოლიოები ჩააბარონ. ეს არის საქაღალდე, სადაც აღნუსხულია გასულ წლებში ამა თუ იმ პედაგოგის საქმიანობა, მისი აქტივობები, რა პროექტებში მიიღო მონაწილეობა, თვითგანვითარებაზე როგორ იზრუნა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შეკრებას და თავმოყრას სჭირდება დრო, რომელიც აპრილის ბოლომდე აქვთ და ბევრი მის მომზადებას ვერ ასწრებს. ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ სამინისტრომ დააგვიანა იმ კრიტერიუმების გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც პედაგოგებს თავიანთი საქაღალდები უნდა შედგინათ. რა თქმა უნდა, პედაგოგები მუდმივად უნდა ვითარდებოდნენ, მაგრამ ამაში ხელს სხვა საშუალებებით უნდა უწყობდე და არა - გამოცდით აშინებდე. - ასეთ პირობებში მოსწავლის ინტერესიც ხომ ზარალდება? - რა თქმა უნდა, როცა მასწავლებლების ხელოვნური სეგრეგაცია ხდება, ამით პირველ ყოვლის, მოსწავლეები ზარალდებიან და ირღვევა მათი უფლებები. ვთქვათ, ერთ სკოლაში ერთ კლასს ასწავლის მაღალი კვალიფიკაციის ანუ გამოცდაჩაბარებული და მაღალხელფასიანი მასწავლებელი და მეორე კლასს ასწავლის, ვისაც ეს გამოცდა ჩაბარებული არ აქვს. რა გამოდის? ერთი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ერთ დროსა და სივრცეში ირღვევა მოსწავლის უფლებები. სახელმწიფო ერთ მშობელს დეკლარირებულად ეუბნება, რომ მის შვილს ასწავლის მაღალი დონის მასწავლებელი და მეორეს - ნაკლები კომპეტენციის მასწავლებელი. გამოდის, რომ ეს მოსწავლეებიც სწავლა-სწავლების არათანაბარ პირობებში არიან. - ასეთი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი რა შეიძლება იყოს, კონკრეტულად რით უნდა შევუწყოთ ხელი პედაგოგებს, რომ მათ მოსწავლეებზეც იზრუნონ და საკუთარ განვითარებაზეც? - ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ჩვენი პარტიის, პარტია ,,საქართველოსთვის“ სამოქმედო პროგრამაში გვიწერია უმთავრესი მესიჯი: მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ღირსეული საბაზისო ხელფასი, რომელიც მას ღირსეულად აცხოვრებს. სახელმწიფომ მიეცი მას სათანადო ხელფასი და მერე იზრუნე იმაზე, რომ ის უზარმაზი ფინანსური რესურსი, რასაც სამინისტროს სსიპ-ები დღეს ამაოდ ხარჯავენ, მასწავლებლების განვითარებაზე დაიხარჯოს. ამით ეს ფსიქოლოგიური წნეხი მოიხსნება და პედაგოგს მუდამ გამოცდების ჩაბარება-ვერჩაბარების შიში არ ექნება. ბუნებრივია, მისი შესაძლებლობები უნდა შემოწმდეს, უნდა იყოს გამოცდები, მაგრამ ამ პირობებით - არა. მასწავლებელი უნდა გამოიცადოს ინტერაქციაში, ემპათიაში, თანაგრძნობაში. მას უნდა დაესწრო გაკვეთილზე, ნახო, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარე, მერე ურჩიო, რომელ გამოწვევას როგორ გაუმკლავდეს, რა ნაკლი უნდა გამოასწოროს. მასწავლებელს აქვს შინაგანი მოტივაცია, რომ უნდა იყოს მასწავლებელი და ამიტომ მიდის სკოლაში, მაგრამ მას სჭირდება გარე მოტივაცია, რაც არის სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა რესურსით და ტექნიკით დახმარება. დღეს არსებული ტექნიკით და სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმებით ეს ვერ მოხდება. მასწავლებლის გარე მოტივაცია იქნება დეკლარირებული ღირსეული საბაზისო ხელფასი. რაც შეეხება შემდგომ განვითარებას, სახელმწიფოსთან, სამინისტროსთან, ექსპერტებთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, თავიდანვე ყველა იყოს ჩაყენებული განვითარების თანაბარ პოზიციაში. - რას იტყვით ახალბედა პედაგოგების დასაქმების პრობლემაზე, რომელთაც სკოლაში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცდილებას და პრაქტიკას თხოვენ? - აი, აქაც ისევ ბიუროკრატიამდე და იმ ფაქტორებამდე მივიდვართ, რომელსაც გამუდმებით ვახსენებ. ეს არის ბიუროკრატია, პოლიტიკური ნება, ვერტიკალური მმართველობა და ავტონომიის უქონლობა. თუ ეს ხელისშემშლელი ფაქტორები არ მოიხსნა, წინ ვერ წავალთ და ვერც იმ ახალგაზრდა პედაგოგების განვითარებას შევუწყობთ ხელს, რომლებიც ენთუზიაზმით აპირებენ სკოლებში მისვლას. თუ ასე გაგრძელდა, პირიქით, ისინი ნიჰილიზმში ჩავარდებიან, თავიანთ სპეციალობაში რეალიზებას ვერ მოახდენენ და ეცდებიან, პროფილი შეიცვალონ ან სხვა სამსახურები ეძებონ. მასწავლებლის განვითარების ის სქემა, რაც დღეს არსებობს, არის ბიუროკრატიის მექანიზმი და ის მთლიანად უნდა ჩაიხსნას. - განათლების სფეროს სპეციალისტებისგან მუდმივად გვესმის განათლების სისტემის სხვადასხვა ქვეყნის მოდელების უპირატესობებზე და შედარებები ჩვენს მოდელთან. რომელია ჩვენს სისტემასთან უფრო ახლოს ან რომელი მოდელი ჯობია? - შედეგების მხრივ ორივე მოდელი ძალიან კარგია, ფინურიც და ბალტიისპირეთის ქვეყნებისაც, მაგრამ იდეალური ვერც ერთი ვერ იქნება. მთავარია, ნებისმიერ მოდელში მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის საუკეთესო ინტერესები იყოს გათვალისწინებული. მასწავლებლის ინტერესი არის ის, რომ დადოს კარგი შედეგი, ჰყავდეს მაღალი მოსწრების მოსწავლეები ანუ აღზარდოს საუკეთესო ახალი თაობა. ამისთვის კი საჭიროა, მასწავლებელი დამატებითი მარწუხებისგან იყოს თავისუფალი. ის უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკისგან და ბიუროკრატიისგან, სხვა შემთხვევაში, მას საუკეთესო ახალი თაობის აღსაზრდელად დრო არ დარჩება. - ვიცით, რომ განათლების სამინისტროში არსებული სხვადასხვა სსიპ-ი სკოლის და მასწავლებლის განვითარების მიმართულებაზეა ორიენტირებული. შედეგების მხრივ რა შეიძლება ითქვას მათ საქმიანობაზე? - გახსოვთ, ალბათ, მილენიუმის პროექტი, მასწავლებლის განვითარებაზე ორიენტირებული სქემა რომ შეიქმნა, რომელშიც უდიდესი ფინანსური რესურსი ჩაიდო. პირველმა ეტაპმა არ გაამართლა, მერე რებრენდინგი გააკეთეს, არც ამან გაამართლა და აბსოლუტურად ფუჭად დაიხარჯა რესურსები. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, მეგობარი, პროფესიონალი მუშაობს განათლების სამინისტროს სსიპ-ებში, მათ ნამდვილად სურთ იქ თავიანთი ცოდნის და გამოცდილების რეალიზება, მაგრამ ქაოსსა და არასწორი მენეჯმენტის პირობებში უწევთ მოქმედება. ასეთ მოცემულობას სთავაზობს დღეს მათ სახელმწიფო. - რამდენად სწორია ეროვნული გამოცდების ბარიერების დაწევა, რისი საშუალებითაც მეტ აბიტურიენტს ეძლევა საშუალება, დადებითი შეფასება მიიღოს. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ბაკალავრიატის შემდეგ სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებს და ფაქტობრივად, კვალიფიკაციის გარეშე რჩება. თვალსაჩინოა, რომ ეროვნული გამოცდების სისტემაშიც არის პრობლემები და ამას ბარიერის დაწევა ვერ აგვარებს. ამ ვითარების გამოსასწორებლად რა შეიძლება გაკეთდეს? - ესეც განათლების სისტემის ცალკე, დიდი პრობლემაა. ბაზარი გაჯერებულია ამდენი ,,უმაღლესდამთავრებულით,“ რომელთაც საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვთ. ისინი ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნას, რაც მაღალი სახელფასო ანაზღაურებისთვის არის საჭირო და ამიტომაც გვაქვს ყველა სფეროში პრობლემა. ვხედავთ, რომ განათლებაში არსებული პრობლემა დომინოს პრინციპით იწვევს პრობლემას ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში. როგორც განათლების სფეროს სხვა საკითხებზე, ეროვნული გამოცდების ცენტრზეც არაერთხელ მისაუბრია. ნებისმიერი რამე ბუნებაში განიცდის ცვეთას. მით უმეტეს, როცა საუბარია განათლების სისტემაზე, ახალგაზრდებზე, მოზარდებსა და მათთვის გადადგმულ ნაბიჯებზე. ის აქტივიც დროსა და სივრცეში ცვდება, ნელდება, ეფექტს ჰკარგავს და ვეღარ ემსახურება იმ მიზნებს, რა მიზნებისთვისაც შეიქმნა. მსმენია ისეთი შემთხვევები, როცა აბიტურიენტი რიგობითობით თავის სასურველ პროფესიებს ნიშნავს, მაგრამ მერე, მიღებული ქულების მიხედვით, შემთხვევით ხვდება სამედიცინო სასწავლებელში. შეიძლება სამედიცინო ფაკულტეტზე შემთხვევით მოხვდეს ადამიანი? ამდენად, განათლების სისტემის ეს სეგმენტი უკვე დრომოჭმულია, აღარ და ვეღარ ემსახურება თავის მიზანს, ამიტომ დროა, რაღაც შეიცვალოს. ჩემი პირადი აზრით, უნდა გაიზარდოს სკოლის დატვირთვა, სკოლის კონტრიბუცია. საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში არის ასეთი პრაქტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში მოსწავლის სამოქალაქო აქტივი ანუ უმაღლესში რომ აბარებ, შენი ეს კონტრიბუციებიც უნდა ჩაიდოს, თუ როგორი მოქალაქე ხარ; რას აკეთებ, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების ნაწილში. - სამოქალაო განათლების როლის გაზრდას გულისხმობთ? - დიახ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაა და სწავლა-სწავლების პროცესი მარტო რაღაცის დაზეპირება არ არის. ეს პროცესი ითვალისწინებს გარკვეული იდეის დალექვას, მორალის განვითარებას. ის ლექსიც, მოთხრობაც, საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება, გადის რაღაც მორალზე, რომელმაც შენ მოქალაქედ უნდა ჩამოგაყალიბოს. ეს არის მთავარი. განათლების პოლიტიკის მთავარი მისიაც ეს უნდა იყოს და არა ბუღალტერია და ბიუროკრატია. ამაშია სკოლის და მასწავლებლის თავისუფლება. - შეიძლება ასეთი მეთოდოლოგიით სწავლების სურვილი ბევრ მასწავლებელს ჰქონდეს, მაგრამ რამდენად ექნება მხარდაჭერა დირექციისგან, რამდენად გაუგებს მას დირექტორი? - სამწუხაროდ, დირექციაც ბიუროკრატიას ექვემდებარება და ქმნის ვერტიკალს, რომლის დარღვევაც ამ დროსა და სივრცეში, ამ პოლიტიკური მოცემულობის პირობებში შეუძლებელია. დირექტორიც წნეხის ქვეშ არის, მერე ის მასწავლებელს აქცევს წნეხის ქვეშ, მასწავლებელი თავსიდაუნებურად მოსწავლეს და მშობელს ამყოფებს წნეხის ქვეშ. მილიონი კონფლიქტი იქმნება ამის გამო და რა იწვევს ამ ყველაფერს? ისევ და ისევ ბიუროკრატია. ამით ზარალდება ყველა მხარე და ეროვნული სასწავლო-გეგმის მიზნებიც გვერდზე რჩება. ამიტომაც ვიმეორებ გამუდმებით, რომ აუცილებელია სისტემის დებიუროკრატიზაცია, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ არ იქნა პოლიტიკური ნება და უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია. - ამდენჯერ განხორციელებული განათლების რეფორმის შემდეგ, რატომ გვიწევს ისევ წრეზე ტრიალი და მუდმივად ერთიდაიგივე პრობლემებზე საუბარი? - იმიტომ, რომ განათლების რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს მთელი სპექტრის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც იქნება დებიუროკრატიზაცია, დეპოლიტიზაცია, დეცენტრალიზაცია და სისტემის სრული ავტონომიურობა. ვიცით, რომ შეიქმნა ახალი სკოლის მოდელი, რომელიც ითვალისწინებდა პროექტულ სწავლებას და მას დაარქვეს განათლების რეფორმა. მერე ჩაიხსნა ეს ახალი სკოლის მოდელი და დარჩა პროექტული სწავლება. მერე აქაც წარმოიქმნა ტექნიკური პრობლემები... სქემა რომ ამოქმედდა და დრო გავიდა, ურემი რომ გადაბრუნდა, მერე დაიწყეს კვლევა. აგერ, ახლა, გზადაგზა მიდის გარკვევა, რა არის კარგი და რა - ცუდი ან რა ფაქტორები უშლის ხელს პროექტული სწავლების განხორციელებას. განათლების სისტემა, მეტად მგრძნობიარე და ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ რეჟიმში მოითხოვს ფრთხილ და რაციონალურ მუშაობას მდგრადობისთვის. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავიმეორებ, რომ ეს სისტემა სასწრაფოდ საჭიროებს ეგრეთწოდებულ ავარიულ გადატვირთვას, სხვა შემთხვევაში განათლების სისტემა და შესაბამისად ჩვენი მომავალი თაობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ირმა ბერიშვილი
-
ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემით კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ეს არის „პროტექსის“ თხევადი საპონი, პარტიის ნომრით 10190546. ცნობილი ბრენდების ჰიგიენის საშუალებებში ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA)-ის აღმოჩენის შესახებ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემამ ინფორმაცია გასულ კვირასაც გაავრცელა. „პროტექსის“ საპონშიც სწორედ ეს ნივთიერება გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინტერაქციული საიტი ,,მომხმარებელი.გე“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ გასულ თვეში არაერთი პირადი ჰიგიენის საშუალება და კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინა, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნეა. მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული. ესენია ,,პალმოლივი“, ,,გარნიე“, ,,ინტეზა“ და ,,დავი“. ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA), რომელიც ამ პროდუქტების შემადგენლობაშია მითითებული. ეს ნივთიერება წლების მანძილზე გამოიყენებოდა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ნაწარმში მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი. შესაბამისად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ისეთი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, რომლებშიც butylphenyl methylpropional (BMHCA) შედის. მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6803
-
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით იბარებს. შესაბამისი განცხადება, რომელსაც 13 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააჟღერა. რომან გოცირიძის თქმით, მინისტრთან კითხვები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ექნებათ. „ვიბარებთ ეკონომიკის მინისტრს იმ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხზე, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერება. სამი წლის წინ უნდა შემოსულიყო პირველი გემი ანაკლიაში. ცრუ დაპირებების სერია გრძელდება. არაერთი განცხადება გაკეთებულა მთავრობის მხრიდან, რომ დაიწყებოდა ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის გამოსავლენად კონკურსის გამოცხადება, მრავალი კვლევა ჩატარდა. მთავრობამ განაცხადა, რომ თურმე ანაკლიას თავად ააშენებს, რისი ამშენებელია?! რა სტადიაზეა ანაკლიის პორტის ინვესტორის გამოვლენის საკითხი, ვინ იქნებიან ეს ინვესტორები, იქნებიან თუ არა ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები, თუ მოიაზრება ისეთი კომპანიები, რომლებიც შესაძლებელია რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს. უკვე დაიწყო საარბიტრაჟო სასამართლოში, საფრანგეთში ამერიკელი ინვესტორის საჩივრის განხილვა და საქართველოს მთავრობას მოუწევს პასუხის გაცემა - რატომ ჩაიშალა ეს პროექტი და იმ შემთხვევაში თუ წააგო ხელისუფლებამ ეს დავა რა ელოდება ამ პროექტს. მოკლედ, დაგროვდა ძალიან ბევრი კითხვა და მათ შორის პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ ანაკლიაში თურმე სამუშაოები დაიწყება - როგორ დაიწყება როდესაც რკინიგზაა მისაყვანი და საავტომობილო გზა. არათუ მშენებლობა, პროექტიც არ არსებობს. კვლავ ხდება ამ პროექტის გაჭიანურება და ქვეყანა კარგავს უზარმაზარ შანსებს ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჰქვია. ვიბარებთ ეკონომიკის მინისტრს, რათა გაგვცეს პასუხები ამ და სხვა კითხვებზე", - განაცხადა გოცირიძემ. წტარო: IPN
-
ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მიუხედავად იმისა, იქ ცალკეული მოსამართლეები კარგები არიან თუ ცუდები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე მმართველი გუნდის პოზიცია ურყევია. „ოპოზიციას აქვს შეხედულება, რომ ისინი, პოლიტიკოსები წყვეტენ, რომელი მოსამართლე კარგია, რომელი არა და აპირებენ ხელში აიღონ მართვის სადავეები სასამართლოში, რომლის მიხედვითაც ისინი იქნებიან კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ პირები, ვინც გადაწყვეტს, ვის აქვს სასამართლო ხელისუფლებაში ყოფნის უფლება და ვის არ აქვს. ეს სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რაც არის თანამედროვე ინსტიტუციური დემოკრატიის ევროპული გაგება და ოპოზიციის ეს ლოგიკა კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა სარჯველაძემ. მისივე თქმით, პრიმიტიულად არ დგას საკითხი, რომ კორუფცია რადგან არ არის სასამართლო სისტემაში აქედან გამომდინარე უცხადებენ სოლიდარობას მოსამართლეებს, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს არის ერთ- ერთი მიზეზი, თუმცა, არა ერთადერთი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში არის პრინციპული ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლეთა გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა და ეს ნორმა იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლების სხვა შტოს არ ჰქონდეს მოსამართლეზე ზემოქმედების საშუალება. „თუკი ჩვენ ახლა ვიტყვით, რომ მიუხედავად კონსტიტუციის დოგმატური მიდგომისა იმიტომ, რომ ეს კარგ ამბად გვეჩვენება კონსტიტუციას ვუღალატოთ ცოტა ხნით და ასეთ ფონზე პარლამენტმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ: „მოდი არ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, კონსტიტუცია დავარღვიოთ“. თუ წაიკითხავთ რეგლამენტს, იქ წერია, რომ თანამდებობის პირთა საქმიანობის შესწავლა და რეაგირება არის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია და თუ რეაგირება პარლამენტმა უნდა მოახდინოს, ეს ძალიან ცუდ პრეცედენტებს შეიძლება ქმნიდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ. რაც შეეხება რეგლამენტით გათვალისწინებულ სანქციას, რომლის მიხედვით რეგისტრაციის 4- ზე მეტჯერ არგავლის შემთხვევაში, ხელფასის 5 პროცენტი უკავდება დეპუტატს, სარჯველაძის თქმით, შეეხებათ თუ არა ეს სანქცია, არ არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, პირადად ჰგონია, რომ არ უნდა გავრცელდეს. „როცა ეს პრინციპული პოზიცია დაიკავა ხელისუფლებამ, როგორ ფიქრობთ, რამე ყალთაბანდობას ჰქონდა ადგილი, რაიმე ისეთს, რაც ეთიკურად გაუმართლებელია?“ - განაცხადა სარჯველაძემ.
-
დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთში ექსპორტის სრულად აკრძალვას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია Kyodo ავრცელებს იაპონიის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით. დიდი შვიდეულის სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში 19-21 მაისის პერიოდში გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის დახმარება და რუსეთისთვის სანქციების გაზრდა იქნება. სამიტს ასევე დისტანციურად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსეთში ექსპორტი უკვე ბევრ პროდუქციაზე აკრძალეს, მათ შორის სამხედრო გამოყენების პროდუქციასა და ფუფუნების საგნებზე. იაპონიის სამთავრობო წყაროს მიხედვით, შესაძლოა, დამატებითი სანქციების შედეგად ასევე აიკრძალოს მანქანების, საბურავების, კოსმეტიკური საშუალებებისა და ტანსაცმლის ექსპორტი. იაპონიის კაბინეტის ხელმძღვანელმა ჰიროკაზუ მაცუნომ Reuters-თან კომენტარის მიცემისას თავი შეიკავა დამატებითი სანქციების შესახებ დატელბზე საუბრისგან და ყურადღება გაამახვილა, ზოგადად, დიდი შვიდეულის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების მნიშვნელობაზე. ,,ახლა, რუსეთის აგრესიის რაც შეიძლება სწრაფად დადასრულებლად მნიშვნელოვანია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები დარჩნენ ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მკაცრი სანქციების საკითხზე და მხარი დაუჭირონ უკრაინას". – თქვა მაცუნომ.