Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    511
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანზე იძალადა და გააუპატიურა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანზე იძალადა და გააუპატიურა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო არასრულწლოვნის გაუპატიურების (სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
  2. მივმართავ მთავრობას, გაორმაგდეს ონკოპაციენტების და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ბექა ლილუაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით განსაზღვრული ლიმიტების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების მდგომარეობაზე გაამახვილა. „მოგმართავთ თქვენც და მივმართეთ უკვე მთავრობას, გაორმაგდეს ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები. გამოიყოს ფინანსური რესურსი 17 ბავშვის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რომელთაც აქონდროპლაზია აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოქალაქეების მოთხოვნას, გაიზარდოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით განსაზღვრული ეს ლიმიტები და ამაზე წერილობით უკვე მივმართეთ მთავრობას. ონკოპაციენტებისთვის საჭირო წამლებზე ფასების 4- ჯერ ზრდამ და მათი მკურნალობის სქემით გათვალისწინებული პრეპარატების შეზღუდულმა მიწოდებამ დაამძიმა ამ ოჯახების მდგომარეობა, იმიტომ, რომ გაეზარდათ ჯიბიდან გადახდები. 25 ათას ლარიანი ზღვარია დაწესებული დღეს საყოველთაო ჯანდაცვით და ნამდვილად არასაკმარისია. ვერ პასუხობს მათ ახლანდელ გამოწვევებს. ონკოპაციენტების საჭიროებებთან ერთად, უდიდეს გამოწვევად რჩება დიაბეტით დაავადებული ბავშვების მკურნალობის და აუცილებელი მედიკამენტების ასევე, საანალიზო ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობა და იცით თქვენ ეს. განსაკუთრებით რეგიონებშია ეს პრობლემა“, - აღნიშნავს ლილუაშვილი. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამების სრულყოფილად დასაფინანსებლად ბიუჯეტში თანხა საკმარისადაა. „ამასთან, აუცილებელია მოხდეს მუნიციპალური, რეფერალური მიზნობრივი პროგრამების ხელმისაწვდომობის ზრდაც. ეს არის ერთადერთი შემავსებელი საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად. ამ პროგრამების ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. განხორციელდეს ასევე საერთაშორისო ტენდერით ფარმაკოლოგიური პროდუქტების შესყიდვა, ესეც მნიშვნელოვანია. აქ შესაბამისი ხარისხის კონტროლი საჭიროა, ამოქმედდეს GMP სტანდარტების ლაბორატორიაც. დასახელებული პროგრამებისთვის საკმარისადაა ფინანსები ბიუჯეტში“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. წყარო: IPN
  3. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მოხსენების დროს, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. როგორც კობახიძე აცხადებს, „გლობალური ომის პარტიას“ ინტერესია, რომ საქართველოში უკრაინიზაცია მოხდეს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. „რადიკალური ოპოზიცია ვერც მალავს, პირდაპირ აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. ამ აგიტაციას, თქვენ ნახეთ, შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ, როდესაც მას საქართველოს პარლამენტში მოხსენება ჰქონდა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს. ერთადერთი ინტერესი არის, კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს. მათ ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. არის გარკვეული გლობალური ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოში იყოს მშვიდობა, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ამ მიზნისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ. წყარო: IPN
  4. „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ, რათა სტუდენტების უფლებები არ დაირღვეს.როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, უცხოეთში დასაქმების მიზნით წასულ სტუდენტებს როგორც საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის, ისე გადასახადებისა და ხელშეკრულებების მიმართულებით უამრავი პრობლემა ექმნებათ. „ჩვენ გერმანიაში დასაქმებულმა 16-მა პირმა მოგვმართა. სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ. მათ ან არ ესმით თავიანთი ფუნქცია, ან ჩვეულებრივი თაღლითები არიან. მე სტუდენტურ უცხოურ დასაქმებას უარყოფითად, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ, მაგრამ ეს ღირსეულ პირობებში უნდა ხდებოდეს. იმ 16-მა სტუდენტმა, რომლებმაც მოგვმართეს, დასაქმების კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს, თუმცა მათ ამ ხელშეკრულების ასლი არ აქვთ. ხელშეკრულება გაფორმებულია გერმანულ ენაზე და სტუდენტებმა ეს ენა არ იციან. როგორც საცხოვრებელთან, ისე დასაქმების ადგილთან დაკავშირებით მათ უამრავი პრობლემა შეექმნათ. ნაცვლად იმისა, რომ დასაქმებულიყვნენ შოკოლადის ქარხანაში, საავტომობილო ქარხნებში მათ 15-კილოიანი ტვირთების ზიდვა უწევდათ. ეს მაშინ, როდესაც თავიდანვე გააფრთხილეს კომპანიები, რომ ფიზიკური სამუშაოსთვის მზად არ იყვნენ. ამის გამო ერთ-ერთი სტუდენტის ჯანმრთელობა დღესაც სავალალო მდგომარეობაშია. ასევე, იყო უხეში მოპყრობა და საშინელი საცხოვრებელი პირობები, რასაც უაზრო გადასახადები ერთვოდა თან. მათ უწევდათ კათოლიკური ეკლესიის მოსაკრებლის გადახდა მაშინ, როდესაც ისინი მრწამსით კათოლიკეები არ არიან. სურათი იმაზე მძიმეა, ვიდრე მე ვსაუბრობ. ორგანიზაციებმა ყველაფერი გავაკეთეთ სიტუაციის გამოსასწორებლად, თუმცა მიგრანტების შესახებ კანონი უკეთ მოაგვარებდა ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. წყარო: IPN
  5. მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კეზერაშვილმა ფული ბიზნესის რეკეტით, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების გაძარცვით იშოვა. „კეზერაშვილის ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩია ლევან ხაბეიშვილი. მას სხვანაირ ადამიანებთან არ შეუძლია ურთიერთობა, სხვანაირი ადამიანების მართვა მას არ შეუძლია, მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი. არ არის ეს სასაცილო, ნამდვილად ასეა. სამარცხვინოა ამ კაცის განცხადებები. ყველამ იცის რა მასშტაბის კორუმპირებული კაცია კეზერაშვილი. მან ფული იშოვა რის ხარჯზე? ბიზნესის რეკეტი, მთავარი დანაშაული და რამდენად სისტემური იყო ბიზნესის რეკეტი ეს ყველას ახსოვს. ის ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და მერე გააგრძელა არაფორმალური ოპოზიციიდან ბიზნესის ძარცვა, გაძარცვა ქართული ჯარი და ამჟამადაც ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ანუ სამი მიმართულებით შოულობდა ფულს ის და სამივე არის ერთმანეთზე სამარცხვინო და ასეთ დროს ეს კაცი, რომ საუბრობს რაღაცებზე, ამაზე კომენტარიც კი არ არის საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.
  6. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პოლონური კომპანიის მეშვეობით გერმანიაში დასაქმებული ქართველი მძღოლები არა ხელფასის მომატების, არამედ, ზოგადად, ხელფასის მიღების მიზნით არიან გაფიცულები. როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, მძღოლების უფლებები ირღვევა და იმისთვის, რომ ეს გამოსწორდეს და პროცესები ქართველი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდეს,მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უფრო ეფექტურად დაეხმარებოდა, თუ კანონმდებლობაში მიგრაციის შესახებ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა. „არსებობს პოლონური კომპანია, რომლის მთავარი ოფისიც კრაკოვში მდებარეობს და ამ კომპანიაში უამრავი მძღოლია დასაქმებული. აქედან, 200-მდე ადამიანი ახლაც გაფიცულია და ღამეებს ავტომობილებში ათენებს. ჩემი ევროპელი პარტნიორების გაკვირვებას იწვევს ის, რომ მძღოლები გაფიცულები არიან არა ხელფასების გაზრდის, არამედ ხელფასების გადახდის მოთხოვნით. ზოგიერთი მათგანის შრომის პირობები იმდენად ირღვევა, რომ რამდენიმე მათგანი 1 წლის განმავლობაში მანქანიდან არ ჩამოსულა, რადგან დასვენების დღე არ ჰქონია. ამ მომენტში გაფიცულები არიან ფრანკფურტში, თუმცა პოლონურ კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებს სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, იტალიაში, იგივე მდგომარეობა აქვთ. ჩვენ ჩავრთეთ როგორც პოლონეთის, ისე გერმანიის პროფკავშირები, ასევე, ტრანსპორტის საერთაშორისო ფედერაცია. გერმანიის პროფკავშირების იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ მძღოლები არა მხოლოდ თავიანთ საქმეზე, არამედ ტვირთის გადაზიდვაზეც პასუხისმგებლები არიან. პროფკავშირების ჩართულობის შემდეგ დამსაქმებელი შეშინდა და მძღოლებს ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით ზეპირი პირობა მისცა. ჩვენ ამ საქმეში ჩართულები ვართ და მას ბოლომდე მივიყვანთ, რათა პროცესები საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდეს. თუ ერთ ორგანიზაციას შეუძლია, რომ თავისი ურთიერთობები ეფექტურად გამოიყენოს, წარმოვიდგინოთ, რამდენად ეფექტურად დაეხმარებოდა სახელმწიფო ქართველ ემიგრანტებს, თუ კანონმდებლობაში მიგრაციის შესახებ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა,“ - განაცხადა „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ. წყარო: IPN
  7. მდინარე ენგურის ეგრეთწოდებულ საკონტროლო გამშვებ - პუნქტზე აფხაზმა ,,მებაჟეებმა" სამეგრელოდან აფხაზეთის მიმართულებით მიმავალი ავტომობილიდან ,,მცენარეთა კარანტინს დაქვემდებარებული" 68 ერთეული ტუიას, ნაძვისა და კალისტემონის ნერგი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური სააგენტოები ავრცელებენ. მათი ცნობით, საუბარია ,,შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რაზეც მასალები საბაჟო კომიტეტის მოკვლევისა და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა". სოხუმმა ქართული მცენარეული პროდუქციის ,,იმპორტზე" დროებითი შეზღუდვა 2018 წელს, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფაროსანას გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.
  8. ,,საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთისა და ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება. ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით დამატებითი რეისები თბილისიდან ფოთის მიმართულებით 14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით შესრულდება.
  9. მთავარი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს. ვფიქრობ, ის პროექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაგეგმილი, აუცილებლად განხორციელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედპერსონალთან კომუნიკაცია გაგრძელდება. „სამუშაო რეჟიმში ვართ, ყოველდღე მოვალთ. მთავარი ამოცანაა, რომ კლინიკა მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ყველა თანამშრომელთან. იმისთვის, რომ პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივიტანოთ. ვფიქრობ, ნორმალიზებისკენ წავა სიტუაცია. ის პროექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაგეგმილი, აუცილებლად განხორციელდება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ძალიან რთული იქნება, რომ შუალედურ ეტაპზე კლინიკამ არსებული რეჟიმით გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. ისინი უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს საჭიროებს, ხოლო, რაც შეეხება პერსონალს, აღნიშნავენ, რომ საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ანაზღაურების გარეშე.
  10. ვროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, იმერეთის რეგიონს პირველად ესტუმრა - სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეცნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა რეგიონული განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, გარემოს დაცვა, განათლება, უნარების განვითარება და სხვა. „ელჩმა ჰერჩინსკიმ ოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან. მათ ერთად მოინახულეს ქუთაისის ცენტრში მდებარე კოლხური შადრევანი, რომლის რეაბილიტაცია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამის ნაწილია. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებს შორის განსხვავებებისა და უთანაბრობების შემცირებას, რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. 2021-2022 წლებში იმერეთის რეგიონისთვის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 71 პროექტის განსახორციელებლად, 65 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. დამატებითი ინფორმაცია: https://eu4georgia.eu/regions/ ვიზიტის პირველ დღეს, ელჩი ქუთაისში მდებარე მწვანე ნარჩენების კომპოსტირების პირველ ცენტრს ეწვია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრი პირველი ობიექტია დასავლეთ საქართველოში, სადაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირება ხდება და გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. დღის ბოლოს, ელჩი ჰერჩინსკი დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებსა და რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა, რომლებმაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ESCAPE და LEARN პროექტების დახმარებით ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს და დასაქმდნენ. დამატებითი ინფორმაცია: Skills4Jobs ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ჰერჩინსკი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ მათ კითხვებს უპასუხა. ელჩი ჰერჩინსკი ასევე ეწვევა წყალტუბოს, სადაც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხვდება. შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტებზე ისაუბრებენ. ელჩი LAG-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტს - „თეთრა მღვიმეს“ მოინახულებს, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყო. ვიზიტი შედგება მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანია „ჰერბიაშიც“, რომელმაც, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, წარმოების გასაფართოებლად და საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  11. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ სურს, აქციას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები შეუერთდნენ. რიკოთთან იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, რომლებმაც განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დააკისრეს და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. „შექმნილი რეალობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კატასტროფული შეცდომაა დაშვებული სამი ეტაპიდან ერთ-ერთზე ან ყველა ეტაპზე თანაბრად, საუბარია გარემოზე ზემოქმედების დასკვნის მომზადების, საპროექტო ან სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ეტაპზე, ყველა შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რადგან დამკვეთი თავად სახელმწიფოა, შესაბამისად პასუხისმგებელი მონიტორინგზე და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. სახეზეა თანამდებობრივი გულგრილობის და დაუდევრობის კლასიკური მაგალითი, რასაც შედეგად მოჰყვება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა. ამავდროულად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები იმყოფებიან ფარულ გარიგებაში სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებთან და ადგილი აქვს ინტერესთა შეუთავსებლობასა და კორუფციას. შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, როცა საკითხი ეხება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას და სავარაუდო კორუფციულ ინტერესებს, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მისი საქმიანობით დაინტერესდნენ შესაბამისი საგამოძიებო უწყებები“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით კი, ,,ხელისუფლების გულგრილობის და სავარაუდო კორუფციული სქემის გამო, ფაქტობრივად თავზე გვენგრევა ახალი ინფრასტრუქტურა და ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, ჩამოვიდნენ 9 აპრილს, 17:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე". „ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ქარსელაძემ ამ პროექტს უწოდეს ევროპის მასშტაბით გამორჩეული პროექტი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2023 წელს, რომელიც საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს უჯდება 3 მილიარდი ლარი. ეს არის სესხი, თუმცა ხელისუფლების გულგრილობის, დაუდევრობის, სავარაუდო კორუფციული ინტერესის გამო, ფაქტობრივად თავზე გვენგრევა ახალი ინფრასტრუქტურა, ხოლო ძველ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ გადაადგილდეს და ჩამოვიდეს 9 აპრილს, 17:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ. ამასთან, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თითქმის ერთი კვირაა პარალიზებულია, ალტერნატივის სახით შემოთავაზებული გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდა მოხმარების საავტომობილო გზა კი ვერ პასუხობს გამოწვევებს. „მიმდინარე წლის განმავლობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა, რამაც პროცესები სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა, შედეგად კი პარალიზებულია საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ორ კონტინენტს, ევროპასა და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის ფუნქციის მატარებელია, როგორც სატრანსპორტო, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თითქმის ერთი კვირაა პარალიზებულია, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ ასახელებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის მოხდება მოძრაობის აღდგენა, ალტერნატივის სახით შემოთავაზებული გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდა მოხმარების საავტომობილო გზა ვერ პასუხობს გამოწვევებს და ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო ის არ შეიძლება იყოს განხილული მთავარი საავტომობილო მაგისტრალის ალტერნატივად. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური პოზიციით რიკოთის საუღელტეხილო გზის დაკეტვა უკიდურესი აუცილებლობით იყო გამოწვეული, ვინაიდან ადგილი ჰქონდა მეწყერული პროცესების განვითარებას, თუმცა ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს რისკების შეფასება ჯერ კიდევ საპროექტო სამუშაოების დროს უნდა განხორციელებულიყო, რაც განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების კვლევის ფარგლებში“,- აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. წყარო: IPN
  12. ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ასე რომ, იმედი მაქვს, საქართველო წინ წავა და წლის ბოლოს მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. „მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჩემს გუნდთან ერთად, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ვურჩიოთ, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიღწიოს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ და 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავენ შეხვედრას და გადაწყვეტენ ერთხმად. რას ნიშნავს ერთხმად გადაწყვეტა - ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა დაეთანხმოს. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მიღწეულია საკმარისი პროგრესი 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისათვის რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა გუშინ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ევროკომისია მაისში წარადგენს განახლებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ. „გაფართოების შესაბამისი ანგარიში მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია ექვსი თვე, მაგრამ სამუშაო ვერსია ახლა არის – რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინასა და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“,- წერს რიკარდ იოზვიაკი.
  13. რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაციის პარალელურად სამკურნალო პროცესი შენარჩუნდეს. თუ ახალი კლინიკის აშენებაზეა საუბარი, ტერიტორია იძლევა ამის შესაძლებლობას - ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტს ვერ ვიგებთ“,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვა მოსახლეობისთვის დიდი საფრთხეა. „ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ აქ უნდა შეწყდეს მუშაობა, რაც აქ დასაქმებულებისთვის მიუღებელია. გვესმის, რომ გადანაწილებასა და ხელფასის შენარჩუნებაზეა საუბარი. გადანაწილება და ხელფასის შენარჩუნება კოლექტივის დაშლას ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ აქ არ იქნება ის გუნდი, რომელმაც რესპუბლიკური საავადმყოფო შექმნა და აქამდე მოიტანა. შენობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაციის პარალელურად სამკურნალო პროცესი შენარჩუნდეს. თუ ახალი კლინიკის აშენებაზეა საუბარი, ტერიტორიაც იძლევა ამის საშუალებას. ავაშენოთ ახალი ამ ტერიტორიაზე, ვინ არის ამის წინააღმდეგი?! ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტს ვერ ვიგებთ. ჩვენ ამ კოლექტივს ვერ დავშლით. არც ვიცით, რამდენი წელი დასჭირდება ამ მასშტაბის კლინიკის აშენებას, უზარმაზარ კლინიკაზეა საუბარი. ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისი რესპუბლიკური საავადმყოფოს გარეშე რჩება, რომელიც 50 წელია მოსახლეობის სადარაჯოზეა. ძალიან დიდი საფრთხეა ეს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნავს დუნდუა. მისივე თქმით, მედიკოსების ნაწილისთვის მიუღებელია ზაზა ავალიანთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ შეხვედრაზე დასწრება, თუმცა მაინც „ცდილობენ, რომ კონსტრუქციულობა შეინარჩუნონ“. „შეხვედრა გუშინაც იყო, პარასკევსაც, ვცდილობთ კონსტრუქციულობა შევინარჩუნოთ. იმედი გვაქვს საერთო შედეგს მივაღწევთ“,- აღნიშნავს დუნდუა. შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. ისინი უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს საჭიროებს, ხოლო, რაც შეეხება პერსონალს, აღნიშნავენ, რომ საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ანაზღაურების გარეშე. წყარო: IPN
  14. რუსეთის უშიშროების სამსახურები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მაღალჩინოსნებს და აღმასრულებელ პირებს, საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვის მიზნით, პასპორტებს ართმევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, საბჭოთა დროიდან მოყოლებული აქამდე, რუს ოფიციალური პირებს, რომლებსაც საშუალო დონის სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა ჰქონდათ, მოეთხოვებოდათ, თავიანთი პასპორტები დაეტოვებინათ მათი სამინისტროებისა და კომპანიების ,,სპეციალური დეპარტამენტების" სეიფებში. თუმცა, როგორც Financial Times-ი ყოფილ ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები იშვიათად აღასრულებდნენ წესებს. ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შეზღუდვები მნიშვნელოვნად გაფართოვდა გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ რუსეთმა უცხოეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით, გაამკაცრა შეზღუდვები მათთვის, ვინც ,,სენსიტიურ" თანამდებობებზე მუშაობს. ,,ამისთვის უფრო მკაცრი წესებია. ზოგან ისინი ფორმალიზებულია და ზოგან დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, კონკრეტულ თანამშრომლებზე. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ამ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმო," - აღნიშნავს პესკოვი.
  15. საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი. დღეს გამოქვეყნებული აზიის განვითარების ბანკის 2023 წლის პროგნოზი, რომელიც ბანკის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 4.5%-ით ვარაუდობს. ბანკის პროგნოზით, მშპ 5%-მდე გაიზრდება 2024 წელს მომსახურების სფეროში მზარდი მოგების კვალდაკვალ. ,,გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს. პოზიციის გასამყარებლად ტურიზმსა და მომსახურების სფეროში და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კამელ ბუმადმა. 2022 წელს დაფიქსირებული 12%-იანი ინფლაციის 2023 წელს 6%-მდე განახევრება, ხოლო მომდევნო წელს 4%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რითაც ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზანს მიუახლოვდება. აღნიშნულის მიზეზი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვებია. 2023 წელს ინვესტიციების გაზრდა 5.5%-ით და 2024 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი. ბიუჯეტის დეფიციტი კი 2023 წელს მშპ-ს 2.7%-ის და 2024 წელს 2.5%-ის ექვივალენტით შემცირდება. აზიის განვითარების პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავაჭრო დეფიციტის გაღრმავების ფონზე 2023 წელს მშპ-ს 5%-ით, ხოლო 2024 წელს მშპ-ს 6%-ით გაიზრდება. ექსპორტის ზრდის 10.7%-მდე შენელებაა მოსალოდნელი, რაც 2024 წელს 11.2%-ს მიაღწევს. ფულადი გადარიცხვები წელიწადში 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, რადგან მცირდება მიგრანტების შემოდინება, რაც სავარაუდოდ სავალუტო კურსის წნეხს გამოიწვევს. კლიმატის ცვლილების გლობალური სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველომ ემისიების შესამცირებლად რეციკლაციისა და ნარჩენების გაუმჯობესებული მართვის კუთხით სამუშაოები გასწია; გააძლიერა ტყის მართვა სუფთა ეკოსისტემის ხელშესაწყობად და ბიძგი მისცა მწვანე ტურიზმის განვითარებას. ქვეყანას ასევე შეუძლია სარგებელი მიიღოს დეკარბონიზაციისგან - გლობალურ ბაზრებზე ემისიებით ვაჭრობით, რათა ენერგეტიკის ეფექტიანი მოხმარება წაახალისოს და დაბალი ემისიის მქონე კომპანიების შემოსავალი გაზარდოს. მდგრადი ეკო და აგროტურიზმისთვის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, აზიის განვითარების პროგნოზი საქართველოს მოუწოდებს, გარემოსდაცვითი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიეროს. საგადასახადო წახალისება ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვით, ხოლო შესაბამისი პოლიტიკა ტრანსპორტის უფრო სუფთა ალტერნატივებზე გადასვლის მოტივაციას შექმნის. აღნიშნულში კერძო სექტორის ჩართულობაც დაეხმარება ქვეყანაში მწვანე და უფრო მდგრადი კერძო სექტორის განვითარებას. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
  16. თაკო ჩარკვიანმა TV პირველის ეთერში ამჟამად პარტია ,,ევროპული საქართველოს,“ წარსულში კი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერსა და ყოფილი მაღალჩინოსნის გიგა ბოკერიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ მოიცილა. ჩარკვიანის თქმით ბოკერიამ ზურგში დანა ჩაარტყა თავის პრეზიდენტს, რომელთანაც, მისივე ვარაუდით, შესაძლოა თავის დროზე, არასწორი ინფორმაცია მიჰქონდა. ,,იცით, რომ მაშინ ინფორმაცია პრეზიდენტამდე უშიშროების საბჭოს მდივანს მიჰქონდა? მე გეკითხებით, სად არის გარანტია, რომ ბოკერიას სწორი ინფორმაცია მიჰქონდა? ამ ორ ტიპს, ერთს, უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც მიწაში დებს მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს, ბოკერიას და მის ცოლს ვგულისხმობ, რომელიც ვერ მოიცილა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა რომელიც გაანულა ხალხმა, მაგრამ ჟურნალისტები არ ანულებთ. გაანულა ხალხმა, ისე ეზიზღება. რატომ? იმიტომ, რომ არც საკუთარი პრეზიდენტის ფასი იციან, არაფრის ფასი არ იციან. დარბევა შეეძლოთ მარტო. ბოკერია და ჩერგოლეიშვილი თუა ქართული პოლიტიკა, არაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში. რაღაც უნდა დასრულდეს, ცოდოა ხალხი, ცოდონი არიან ახალგაზრდები. მე თამამი იმიტომ ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკაში არ ვყოფილვარ. 2018 წელს გამოვედი ძალა ერთობაშიას გამო, დავდეთ უმაგრესი შედეგი, იმიტომ, რომ გავერთიანდით. ბოკერიამ ვერ გადაიტანა ეს გაერთიანება და თავზე დაგვალეწა ნიკა მელიასთან ერთად, ძალა ერთობაშია. მივიღეთ ეს წუმპე, სადაც ვართ. ახლა ივანიშვილს ეშინია, ქმნის ახალ პარტიას, ყოველ შემთხვევაში, ქმნიდა. გამოვიტანე ინფორმაცია, გაუსკდათ გულები ამას (ბოკერიას) და მელიას, იმიტომ, რომ სერიოზული გეგმა დავალეწეთ თავზე. აბა, დავუშვათ, რომ ივანიშვილმა ახალი ფეიკ პარტია შემოგვაჩეჩოს? ადამიანი, რომლის პრემიერობის დროს გვამები შემოდეს სახურავზე, მე ოპოზიციაში ვიყავი და პასუხს ვთხოვდი. თქვენ კალაძის გიკვირთ და ბოკერიასი არ გიკვირთ? მთლად მისი გუნდის წევრი რომ იყო და ზურგში დანა რომ გაუყარა თავის პრეზიდენტს? ხალხო, მოდით, ცოტა ფხიზლად ვიყოთ.“ - განაცხადა პარტია ,,კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა TV პირველის ეთერში.
  17. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, რაც მისივე მტკიცებით, თავად ორგანიზაციის ბრალია. ,,ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, მაგრამ ამაში თავადაა დამნაშავე. სწორედ ევროკავშირის ქვეყნები და კავშირის ხელმძღვანელები ხომ ღიად აცხადებენ, როგორც თავად ამბობენ, რუსეთის სტრატეგიული დამარცხების აუცილებლობის შესახებ? კიევის დამნაშავე რეჟიმს იარაღითა და საბრძოლო მასალით ტენიან, უკრაინაში ინსტრუქტორებს და დაქირავებულებს გზავნიან. ამ მიზეზებით, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად აღვიქვამთ". -განაცხადა ლავროვმა. მისი აზრით, რუსეთმა ამ სიტუაციიდან ,,აუცილებელი დასკვნები" გამოიტანა და საპასუხოდაც ,,საჭიროების შესაბამისად ხისტად", მაგრამ ,,რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და დიპლომატიურ პრაქტიკაში საყოველთაოდ მიღებული ურთიერთგაგების პრინციპით" იმოქმედებენ. რუსეთის საგარეო უწყების მეთაურის თქმით, ფედერაცია ევროკავშირთან დიალოგის გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ ინტერესების შესაბამისად, რომლებიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაში იყო გაწერილი. ,,თუ ევროპელები რაღაც მომენტში უარს იტყვიან ანტირუსულ კურსზე და აირჩევენ რუსეთთან ურთიერთსასარგებლო დიალოგს, ჩვენ მათ შეთავაზებას განვიხილავთ და გადაწყვეტილებას ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მივიღებთ. ისევე, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაში" დამტკიცდა, - აღნიშნა ლავროვმა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი 31 მარტს მოაწერა.
  18. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს, 4 აპრილს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმაც, თუმცა ის საბოლოო სიტყვას დღევანდელ სხდომაზე წარმოთქვამს. გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, გოგაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა და ყველა ბრალდება პოლიტიკურ მოტივებს ეფუძნება. თავის მხრივ, როგორც საქმის პროკურორი მაია სილაგაძე აცხადებს, მტკიცებულებებით ბრალად წარდგენილი დანაშაული დასტურდება, ის არგუმენტები და ფაქტები, კი რაზეც დაცვის მხარე საუბრობს, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
  19. უკრაინაში, მიმდინარე წლის 1- 31 მარტის პერიოდში, ომის შედეგად 765 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, მარტში უკრაინაში 178 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 587 კი - დაშავდა. გაერო-ს განმარტებით, მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღის, ნაღმების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით. ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 8 451 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 14 156 დაშავდა. ამასთან, გაერო-ში განმარტავენ, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ინტენსიური საომარი მოქმედებების ზონიდან მონაცემების მიღება გვიანდება.
  20. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აპრილს, 11:00-დან 16:00 საათამდე, მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ბიწმენდი, ახალსოფელი, არაშენდა, ჯიღაურა, შანკევანი, გალავანი და წინამძღვრიანთკარი, აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
  21. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „1989 წელს დაბადებული ზ.ბ. (მეტსახელად „ზაკუნა“) დაკავებულია „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „ჩაქუჩიჩი“) და 1995 წელს დაბადებული დ.გ. სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს. რაც შეეხება 1979 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.თ.-ს (მეტსახელად „ტაისონა“), მას „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დაადგინა, რომ დ.თ.-ს და ზ. ბ.-ს შორის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა დავა, რის გამოც დ. თ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. ბ.-ს. მან „კანონიერ ქურდს“ - მიხეილ ჩაფიჩაძეს (მეტსახელად „მაჩვიჩი“) მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, ზ. ბ.-მ, ლ. ბ.-მ, დ. გ.-მ და მათმა თანმხლებმა პირებმა დ. თ.-ს საპასუხოდ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოდავე მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის „ქურდული კანონების“ თანახმად მოგვარების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფმა „კანონიერმა ქურდმა“ - ჯეირან კინწურაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მოაწყო "ქურდული გარჩევა" და მხარეების შერიგების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირის ბრალდებით დაკავებული და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაში, პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით“ გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  22. 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს. ისინი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტიდან წასული, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის ადგილმონაცვლედ შევლენ. ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს 4 აპრილის სხდომაზე ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. პარტია ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლედ შედის. თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა, ხოლო მერაბ ქვარაია - გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლე. სალომე ქურასბედიანი ნინო იობაშვილს ცვლის, ხოლო ირაკლი კირცხალია - ვლადიმერ ჩაჩიბაიას. როგორც ცნობილია, გიორგი ამილახვარმა პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა დაიკავა. რაც შეეხება სხვებს, არსებული ინფორმაციით, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დანარჩენი ოთხი დეპუტატის პარლამენტიდან წასვლა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის პროექტს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს უკავშირდება, თუმცა პარლამენტიდან წასულმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნინო იობაშვილმა და გიორგი ხელაშვილმა სხვა თანამდებობები დაიკავეს და მათ სადეპუტატო უფლებამოსილება ამ საფუძვლით შეუწყდათ. კერძოდ, ჩაჩიბაია და იობაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდა. პარლამენტი პირადი განცხადებით დატოვა ირაკლი კოვზანაძემ.
  23. რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესაზე თავდასხმა დრონების საშუალებით განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური კრუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კრიუკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად დრონების ნაწილი ჩამოაგდეს. საბრძოლო დრონების განადგურების შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ საჰაერო ძალებშიც ადასტურებენ. „საერთო ჯამში, დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების 17-მდე გაშვება, სავარაუდოდ, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. განადგურებულია 14 „შაჰედი“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო თავდაცვა.
  24. 12 სართულიანი საცხოვრებელი კორუსი, რომლის ფოტოსაც თავშივე გთავაზობთ, თბილისში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, მირიან მეფის ქუჩაზე, ყოფილი სტადიონის და ამჟამად ბავშვთა გასართობი პარკის გასწვრივ შენდება. მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და გეგმის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. მართალია, კორპუსის დანარჩენი სამი ფასადი ბოლომდე დასრულებულია, მაგრამ ამ ერთ მხარეს ჯერ კიდევ დარჩა სამუშაო. თუმცა ჩემი სათქმელი კორპუსის ჩაბარების ვადებს სულაც არ უკავშირდება და თქვენს ყურადღებას სულ სხვა ფაქტზე შევაჩერებ. ჩემი დროებითი საცხოვრებელი ბინა აღნიშნულ მშენებლობას გადაჰყურებს და როცა აქ გადმოვედით, კორპუსის ფუნდამენტი უკვე ჩაყრილი იყო, ამიტომ საძირკვლიდან ვერა, მაგრამ პროცესს პირველიდან ბოლო სართულამდე გულდასმით ვაკვირდებოდი. შესაბამისად, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს კორპუსი ჩემს თვალწინ აშენდა. ვიდრე სახურავს დაასხამდნენ, მისი მთლიანი პერიმეტრი ჩემი მე-16 სართულიდან ხელისგულივით ჩანდა და 12 სართული ისე ამოიყვანეს, არც ერთ მუშაზე ჩაფხუტისა და სტაფილოსფერი ჟილეტის გარდა, არანაირი დამცავი საშუალება, არანაირი ღვედი ან სპეცეკიპირება არ შემიმჩნევია. ასევე, არც შენობას ჰქონია რამე სახის ბარიერი ან ბადე, უსაფრთხოების ყველა ნორმა და წესი სრულად იყო უგულვებელყოფილი. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მუდმივად მაღელვებდა, მაგრამ გულწრფელად მეგონა, რომ ასეთ დარღვევებზე კონტროლს შრომის ინსპექცია მოქალაქეების ჩაურევლად ახორციელებდა; მეგონა, ამ სამსახურის თანამშრომლები ქალაქში უბან-უბან დადიოდნენ და მშენებარე კორპუსებს პერიოდულად ამოწმებდნენ. ამიტომაც იმ იმედით, რომ დღეს თუ არა, საჭირო ზომებს ხვალ მიიღებდნენ, რეაგირება დავაგვიანე... ბოლოს, როცა საკუთარი სამზარეულოს ფანჯრიდან კიდევ ერთხელ დავინახე, ამ ობიექტზე დასაქმებული ზოგიერთი პირი სიცოცხლისთვის საშიშ როგორ პირობებში ასრულებდა სამუშაოს, გადავწყვიტე, ინფორმაცია შრომის ინსპექციისთვის მიმეწოდებინა. როგორც მითხრეს, მათთან დაკავშირება სატელეფონო ცხელი ხაზის ან სოციალური ქსელის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი. ,,ფეისბუქში“ სასწრაფოდ მოვძებნე შრომის ინსპექციის გვერდი და აღნიშნულის შესახებ ვაცნობე. წერილს თან დავურთე ჩემს მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რაც ფაქტის რეალურობას ადასტურებდა. მალევე მიპასუხეს: ,,მოგესალმებით. საკითხი გაზიარებულია ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტთან, თუმცა დამატებით გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ საჩივრის სახით.“ წერილს ახლდა იმ პუნქტების ჩამონათვალი, რაც საჩივრის განცხადებაში უნდა მიმეთითებინა. მართალია, განცხადების ფორმა მათ ვებგვერდზე ვერ ვიპოვე, მაგრამ ამას არ შევუფერხებივარ, თავადვე შევადგინე, შევავსე ყველა პუნქტი, მივუთითე ობიექტის მისამართი, საკუთარი მისამართი, საჩივრის არსი, მივაწერე ვინაობა, განცხადების შედგენის თარიღი და მითითებულ რეკვიზიტზე გადავაგზავნე. ეს იყო 1 მარტს და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი სასოწარკვეთაც. 2 მარტს მეილზე მომივიდა წერილი, შინაარსით: ,,მოგესალმებით, გთხოვთ, განცხადება გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი, რათა შევძლოთ მისი საქმისწარმოებაში მიღება. პატივისცემით, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური“ ვუპასუხე, რომ ვერ ვხვდებოდი, ელექტრონულად შევსებულ განცხადებაზე სად და როგორ უნდა მომეწერა ხელი ან რა საჭირო იყო ამდენი ბიუროკრატია, როცა ყველაფერი გასაგებად მქონდა დაწერილი, მისამართიც, ფაქტიც, პრობლემის არსიც და შეეძლოთ ჩემი ფაქსიმილეს გარეშეც მიეღოთ ზომები. ისიც მივწერე, სულაც რომ ანონიმურად მიმემართა მათთვის, რეაგირება დაუყოვნებლივი უნდა ყოფილიყო. იმავე დღეს იგივე პასუხი, ოღონდ უკვე კანონის ენით ,,გამყარებული“ დამიბრუნეს უკან: ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, იმისათვის რომ მოხდეს თქვენი განცხადების განხილვა, აუცილებელია იგი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 1. იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; 2. განმცხადებლის/შემომტანის ვინაობა (სახელი, გვარი ,პირადი ნომერი) და მისამართი; 3. მოთხოვნა; 4. განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.“ ამ წერილის საპასუხოდ რა მივწერე, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ისედაც ასე, პინგ-პონგივით გაგრძელდა სიტყვა-პასუხი, ჩემსა და შრომის ინსპექციას შორის, მივწერე-მომწერეს, მივწერე-მომწერეს... ბოლოს გავჩერდი, თუმცა რა თქმა უნდა, მჯეროდა, რომ ჩემს საჩივარს მათგან რეაგირება ნებისმიერ ვარიანტში მოყვებოდა, რის შესახებაც წერილობით მაცნობებდნენ. ამასობაში, ისევ ყოველდღე ვიყურებოდი ფანჯრიდან და ვაკვირდებოდი, შეიცვალა თუ არა რამე ჩემს მეზობლად მიმდინარე მშენებლობაზე, დაემატათ თუ არა რამე სახის აღჭურვილობა, დაიწყეს თუ არა სადმე რამე ჯებირის ან ბარიერის დამაგრება, შეიმჩნევა თუ არა რამე ცვლილება, მაგრამ ვერაფერი მსგავსი ვერ დავინახე. ჩვეულებრივად აგრძელებდნენ მუშაობას. ასე გავიდა ოცი დღე და რადგან შრომის ინსპექციიდან არავითარი გამოხმაურება არ მოვიდა, 22 მარტს ისევ მივწერე, ეცნობებინათ, რა რეაგირება მოჰყვა ჩემს განცხადებას და რა ზომები გატარდა ადგილზე შრომის უსაფრთხოების დარღვევების აღმოსაფხვრელად? ისევ მალევე გამცეს პასუხი (ვერ დავუკარგავ): ,,მოგესალმებით, როგორც გეცნობათ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმოწერილი, სხვა შემთხვევაში არ მიიღება საქმისწარმოებაში. პატივისცემით, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური.“ ამ სიტყვებმა ისეთ შოკში ჩამაგდო, რომ ბრაზის განელებას აღარ დაველოდე და ვაღიარებ, საკმაოდ უხეში პასუხი დავუბრუნე. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ მე მათ დავუკავშირდი როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, საზოგადოების რიგითი წევრი და არა ჟურნალისტი, რომელიც ამ თემაზე მუშაობას ან საკითხის კვლევას აპირებდა. ამიტომ იმედი მაქვს, ასეთ გაცხარებას და არაჟურნალისტურ საქციელს მაპატიებთ. მხოლოდ ამ ბოლო სიტყვა-პასუხის შემდეგ გადავწყვიტე, მასალა დამეწერა და ეს ამბავი ფართო საზოგადოებამდე მომეტანა. მანამდე კი, ჩემი შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ მთელი ეს ამბავი შრომის უსაფრთხოების ფეისბუქგვერდზე დავწერე, კადრებიც თან დავურთე და კომპეტენტური პირებისგან ჭეშმარიტების დადგენაში დახმარება ვითხოვე. მაინტერესებდა ეთქვათ, ჩემსა და შრომის ინსპექციას შორის, რომელი იყო მართალი. მე, ვინც ფაქტებით გამყარებული ჩემი ხელმოუწერელი საჩივრის საფუძველზე დაუყოვნებელ რეაგირებას ვითხოვდი თუ ისინი, ვინც ჯიუტად მიმეორებდნენ, რომ საქმის წარმოების დასაწყებად მაინც და მაინც ჩემი ფაქსიმილე იყო საჭირო. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ადამიანი გამომეხმაურა, მაგრამ ვინც გამომეხმაურა, ყველა ერთხმად თანხმდებოდა, რომ აღნიშნული მშენებლობაზე არათუ შრომის უსაფრთხოების ნორმები ირღვეოდა, კრიტიკულ შეუსაბამობასთან გვქონდა საქმე. ამიტომ ჩემ მიერ გაგაზავნილი მასალის საფუძველზე, ყოველგვარი ფასქიმილეს მოთხოვნის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა მიღებულიყო ზომები. რამდენიმე ადამიანი, ვინც აღნიშნულ ჯგუფშია გაწევრიანებული, პირად სასაუბროშიც დამიკავშირდა და საკუთარი გულისტკივილიც გამიზიარა. ,,შრომის ინსპექციაზე რა გითხრათ, როცა ჩვენ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები თავად მშენებლობებზე დასაქმებული მუშების თუ მათი ზემდგომების მხრიდანაც ხშირად ვაწყდებით გულგრილობას და უცოდინრობას. ადგილზე რომ მივდივართ, სამუშაო პირობებს ვამოწმებთ, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების ზომებზე ველაპარაკებით ან კომპანიიისგან დადგენილი ნორმების შესრულებას ვითხოვთ, ისეთ პასუხებს გვცემენ, ხანდახან ხელს ვიქნევთ ყველაფერზე. ძალიან გულდასაწყვეტია მათგან იმის მოსმენა, რომ წლებია ასე მუშაობენ, მაგრამ აქამდე არაფერი მოსვლიათ; რომ სამშენებლო საქმეში ამდენხნიანი გამოცდილება აქვთ და ახლა ვინ რა უნდა ასწავლოთ... არადა, თითქმის ყველა ობიქტზე, რაც კი შენდება, როგორც დედაქალაქში, ისე სხვაგან უხეშად არის დარღვეული შრომის უსაფრთხოების ნორმები. ზოგან საერთოდ, კრიტიკულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. ასეთ შემთხვევებში მშენებელი კომპანია არათუ ჯარიმდება, საერთოდ ჩერდება მშენებლობა და ვიდრე უსაფრთხოების ყველა ნორმა არ იქნება დაცული, ხელის განძრევის უფლება არ აქვთ.“ - მომწერა ერთ-ერთმა სპეციალისტმა, რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა. ,,შრომის უსაფრთხოების“ ფეისბუქჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ბერიანიძემ ჩემი განცხადების ქვეშ, კომენტარებშივე გადამიხადა მადლობა აქტიურობისთვის და დამაიმედა, რომ თუ ადგილზე შრომის ინსპექცია არ მივიდოდა, აღნიშნული ობიექტის წარმომადგენელი მათ ჯგუფში მაინც ნახავდა ჩემს სტატუსს და გარკვეულ ზომებს მიიღებდნენ. ,,ინსპექცია კიდე ჩვეულებრივი საჯარო უწყებაა. როგორც ყველა სახელმწიფო მაკონტროლებელი, რომელია ძლიერი? სამსახური ძლიერი ხდება მაშინ, როდესაც ძლიერი თანამშრომლები და მცოდნე მმართველები ჰყავს, მანდ არც ერთია და არც მეორე. როგორ შეიძლება მცოდნე და გამოცდილი ადამიანი მუშაობდეს იმ ხელფასზე, რაც მანდ აქვთ, თან მსგავს საპასუხისმგებლო საქმეზე? ჩვეულებრივ, როგორც სხვაგან ხდება, პარტიული და ნაცნობობის დასაქმების ბიუროა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეგ ადამიანები ჩვენი და ჩვენი შვილების ბედს წყვეტენ ასეთ დროს. 4 წელი ხდება უკვე რაც ამ მიმართულებით ვმუშაობ და თითქმის ყველა ვიცი, ვინ რისი შემძლეა. ამ პერიოდში 2 ინსპექტორი ვნახე სულ ვისაც შეიძლება შრომის ინსპექტორი უწოდო.“ - აღნიშნა ზურაბ ბერიანიძემ. არ ვიცი, მის ვარაუდი გამართლდა და ზემოთნახსენებ ჯგუფში ჩემი სტატუსი მართლა წაიკითხა ვინმე მნიშვნელოვანმა პირმა თუ შრომის ინსპექციისთვის ელექტრონული ფოსტით მიწერილმა ჩემმა ბოლო წერილმა ან მუქარამ დააფიქრათ, მაგრამ ამასობაში მათგან ის პასუხი მომივიდა, რასაც 1 მარტიდანვე ველოდი: ,,მოგესალმებით, განხორციელებული ქმედებების შესახებ გეცნობებათ ელ-ფოსტის საშუალებით. პატივისცემით, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური.“ ამ პასუხიდან მეორე დღეს, პარასკევს, 24 მარტს დავუკავშირდი შრომის ინსპექციის პრეს-სამსახურს და გადავამოწმე, შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტის შემჩნევის შემთხვევაში, რიგით მოქალაქეს რა გზით და ხერხით შეეძლო მიემართა შრომის ინსპექციისთვის და რა შედეგი ექნებოდა მის აქტივობას? განმიმარტეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს დარღვევის ფაქტზე შეეძლო ტელეფონის ცხელი ხაზის ან ფეისბუკგვერდის, ან ელფოსტის საშუალებით ეცნობებინა მათთვის, რასაც ინსპექციის მხრიდან აუცილებლად მოჰყვებოდა სათანადო რეაგირება. ამის შემდეგ მე მათ შექმნილი ვითარების შესახებ ვუამბე და გავაფრთხილე, რომ აღნიშნული საკითხის გახმაურებას ვაპირებდი. ძალიან მალევე მაცნობეს, რომ ინსპექტორები უკვე ადგილზე იყვნენ და ამოწმებდნენ ობიექტს, ხოლო მანამდე არაერთხელ მოთხოვილი ჩემი ფაქსიმილე იმისთვის იყო საჭირო, რომ საჩივარი დაეფიქსირებინათ და სტატისტიკაშიც აღერიცხათ. ამაზე ისევ ვუპასუხე, რომ ჩემთვის გამოგზავნილ წერილებში, სტატისტიკა არასად არ იყო ნახსენები და ყველგან მხოლოდ იმას მწერდნენ, რომ საქმეს წარმოებაში ვერ მიიღებდნენ, თუ ჩემი ხელმოწერა არ ექნებოდათ. ამასთან, დავინტერესდი, თუ რეაგირება მანამდეც იყო, რატომ გრძელდებოდა სამუშაოები ობიექტზე იგივე პირობებში, რატომ არაფერი შეიცვალა ან რატომ არ მაცნობეს შედეგების შესახებ და 20 დღის შემდეგაც რატომ მიპასუხეს, რომ ხელმოწერის გარეშე ვერაფერს აკეთებდნენ? ,,რეაგირება იყო, ინსპექტირება დაწყებულია. რაც შეეხება ფაქსიმილიეს, ტელეფონით გადაღებულიც მისაღებია, სოც ქსელით ვინც სარგებლობს, ამის საშუალება აქვს. რეაგირებისთვის არ გვჭირდება ფაქსიმილიე, ის საჭიროა საჩივრის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად, რათა განმარტებული იყოს, ოფიციალურად საიდან გვაქვს ეს ფოტოები. სახელმწიფო სტრუქტურაა და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, თორემ რეაგირება ფაქსიმილიეს გარეშეც იყო. როგორც ჩანს გაუგებრობა იყო, თუმცა დეტალურად გავარკვევთ ამ საკითხს.“ - მიპასუხეს პრეს-სამსახურიდან. გაუგებრობაც რომ იყო და გაუგებრობაზე უარესიც, ეს არც არის სადავო საკითხი, უბრალოდ, დღემდე ვერაფრით ამოვხსენი, ელექტრონულად დაწერილ წერილზე ფაქსიმილე რანაირად უნდა დამესვა; ან მოქლაქე რატომ არის ვალდებული, განცახდება ამობეჭდოს, ხელი მოაწეროს, მერე დაასკანეროს და ისევ გადააგზავნოს; ან აქვს კი ყველას ამის საშუალება ან ფიზიკური შესაძლებლობა ან ერკვევა კი ყველა ამ საქმეში? ასევე, თუკი ჩემს განცხადებას რეაგირება მაშინათვე მოჰყვა და მითითებული ობიექტი შემოწმდა, რატომ არ მაცნობეს მეორე დღეს, ერთი კვირის ან 20 დღის შემდეგ; რატომ მიმეორებდნენ გამუდმებით ამ სიტყვებს: ,,როგორც გეცნობათ, განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმოწერილი, სხვა შემთვევაში არ მიიღება საქმისწარმოებაში“; რატომ არ გაჩერდა სამუშაოები ან მაინც და მაინც იმ დღეს რატომ იყო ინსპექცია ობიექტზე, როცა წინა დღით საჯაროდ განვაცხადე სათქმელი და დარღვევის ფაქტიც ბევრმა ნახა? არ ვიცოდი, მათ პასუხში სად დამეჭირა ლოგიკური აზრი, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ამ დროისთვის მშენებარე ობიექტზე მართლაც შევამჩნიე უჩაფხუტო და უჟილეტო პირთა მიმოსვლა, მომდევნო დღეებში კი, შაბათ-კვირას მშენებლობა არ გაგრძელებულა. ამან დამარწმუნა, რომ საბოლოოდ, ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და სამკვირიანი დავის შემდეგ, შრომის ინსპექციამ ინსპექტირება ნამდვიალდ ჩაატარა. შესაბამისად, ველოდი, რომ ორშაბათს საპასუხო წერილს გამომიგზავნიდნენ და ასეც მოხდა. გუშინ, 27 მარტს, დილითვე შრომის ინსპექციიდან წერილით მაცნობეს, რომ ჩემი საჩივრის საფუძველზე მითითებული სამშენებლო ობიექტი შეამოწმეს. ჩატარებული ინსპექტირების დროს კი გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი შეაჩერეს. ყოველივე ზემოთთქმულიდან მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, როდის და როგორ მოხდა რეაგირება საჩივარზე და ჩემს მიერ 1 მარტს მიწოდებულ ინფორმაციაზე შრომის ინსპექციამ როდის მიიღო სათანადო ზომები. აქვე შეგვიძლია არცთუ ისე რიტორიკული კითხვაც დავსვათ: ჩვეულებრივ მოქალაქეებს რატომ უნდა დაგვჭირდეს ამდენი ბრძოლა და დავიდარაბა იმისთვის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ყურადღება მიაქციონ და თავიანთი პირდაპირი მოვალეობა გარედან ჩარევის გარეშე პირნათლად შეასრულონ? რატომ უჭირს სახელმწიფოს პროფესიონალი, კვალიფიციური და პასუხიმგებლიანი კადრების პოვნა და დასაქმება ამა თუ იმ სამსახურში? ირმა ბერიშვილი
  25. სოციალური ქსელი ,,ფეისბუკი“ უკვე ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა, სადაც ნებისმიერ თემაზე გამოთქმული აზრის გამო, პოლიტიკაზე იქნება ეს, სოციალურ პრობლემებზე თუ პირადულ საკითხებზე, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა ისეთი შეურაცხყოფა მოგაყენოს, რომ არც კი დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თუ ადამიანთა გარკვეული წრის მოსაწონ რამეს ვერ იტყვი, შენს წინააღმდეგ ერთმანეთს დაგეშავენ, სხვებსაც წააქეზებენ და მასირებულად გესხმიან თავს. თითქოს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ძლიერ დაგნესტრავს, ვინ უფრო მეტ ,,ცოდვას“ ამოგიყრის წარსულიდან, ვინ უფრო ხმამაღლა წამოგაძახებს, თუ ოდესმე რამე შეგშლია. უფრო უარესი ის არის, რომ თუ წამოსაძახებელი ვერაფერი აღმოგიჩინეს, შეუძლიათ, ცილი დაგწამონ, ტყუილი დაგაბრალონ და საჯარო სივრცეში ასე ,,გაგაშავონ.“ სამწუხაროდ, ეს მასირებული თავდასხმები, უმეტესად, ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და ამ ქმედებაში გარკვეულ პირებს სოლიდურ ხელფასს უხდიან. ეს ფაქტი დღეს არავისთვის არის უცხო და უცნობი. იშვიათად ნახავთ სოციალურ ქსელში ისეთ ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ თემაზე გულწრფელად შეგეკამათება და საკუთარ პოზიციას მხოლოდ საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე დაიცავს. ამ კამათსა და პოლემიკაში ხალხის ჩართვა ზოგს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ზოგს ცალკეული პარტიებიდან მატერიალურად უნაზღაურდება, ამიტომ საკუთარ კედლეზე გამოთქმული ხმამაღალი აზრის გამო, მათგან თავდასხმებს ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი განიცდის. მათ შორის, ბევრს იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული და აგრესიულ გამოხმაურებას თუ ცილისწამებას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ძალიან ბევრ ჩვენგანს ეს ჯანმრთელობის ფასად უჯდება. ამის მაგალითია მწერალ დათო ტურაშვილზე ბოლო დროს განხორციელებული შტურმი, რის გამოც მას გულის შეტევა დაემართა. არადა, ტურაშვილს არაფერი უჩვეული ან იმისგან განსხვავებული არ უთქვამს და არ გაუკეთებია, რასაც აქამდე, ან თუნდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა. ხმამაღლა თქვა ის, რასაც ,,უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონზე ფიქრობდა... საკუთარი აზრების საჯაროდ გამოთქმის გამო, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს, ხან ერთი პოლიტიკური ბანაკის და ხან - მეორის მხრიდან, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელსაც ბოლო პერიოდში, უკვე ორივე ბანაკი თანაბარი სიმძაფრით უტევს. ამ რამდენიმე დღის წინ, პუბლიკის უზომო გულისწყრომა მას იმ საჯარო განცხადების გამო დაატყდა თავს, რომელიც საკუთარ კედლეზე გააკეთა და რომლითაც, ღამ-ღამობით ბავშვების და მოზარდების ქუჩაში უმეთვალყუროდ ყოფნას ეწინააღმდეგებოდა. რა თქმა უნდა, საქმე უბრალოდ ქუჩაში ან სკვერებში ყოფნას და გართობას არ ეხებოდა, ყურადღება სხვა დეტალებზე იყო გამახვილებული. ,,ძალიან ხშირად ვხედავ, ცოტა ,,ემო,“ ცოტაც ფრჩხილის შავლაქიან, თამამ გოგონებს, ასე 6 - დან 12 წლამდე. ჯგუფ-ჯგუფად დადიან... წვენებით და სასუსნავებით. საღამოს საათებში, გვიანაც მინახავს. მათ ახლობლებს რა აჩერებთ ასეთ დროს სახლში მშვიდად?“ - წერდა ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ,,ფეისბუკში“ და ვინაიდან, ეს სტატუსი დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამოძახილი იყო (სადაც, ღამე სახლიდან გასული, 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს), მკითხველთაგან უმეტესობამ ისე მიიღო, როგორც კონკრეტული მშობლის მიმართ გამოთქმული საყვედური. ვითარება იმ ფაქტმაც გაამძაფრა, რომ ანას განცხადება რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახადა ხელმისაწვდომი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მის მიმართ მასირებული შტურმი. ანა მიქაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დიდი ხანია, ასეთ შემოტევებს მიჩვეულია. თავიდან, ბევრად მტკივნეულად და მძაფრად აღიქვამდა, რაც მის ჯანმრთელობაზეც არაერთხელ უარყოფითად აისახა. ლანძღავდნენ, აგინებდნენ, შვილებს უწყევლიდნენ, ემუქრებოდნენ კიდეც. მერე მიეჩვია, ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს იმ სიძულვილის ნიაღვარს, რაც პერიოდულად თავს ატყდება ხოლმე და ახლა ისე ძლიერ აღარ განიცდის, როცა მის მიმართ სოციალურ ქსელში აგრესიას ვინმე უცნობი პიროვნება გამოხატავს, თუმცა უკვირს, როცა ნაცნობები არ ინდობენ. - ზოგადად, ის რაც სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება, არის ჩვეულებრივი ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის მიზანია ადამიანის ავტორიტეტის განადგურება. ჩემს შემთხვევაში, მე არც ცნობილი მწერალი ვარ, არც ცნობილი მხატვარი, პოპულარობით ვერც დათო ტურაშვილს შევედრები და ვერც გიორგი კეკელიძეს, რომლებზეც გაუგონარი შეტევები ხორციელდება. ქართული ყველის შესახებ რაღაცა ერთი პროექტი გამომივიდა და ამან მომიტანა ის, რომ გარკვეული წრეებში მცნობენ, გარკვეულ წრეებს ჩემს მიმართ სიმპათია აქვთ. აქედან გამომდინარე, როცა რამე ისეთს დავწერ, რაც საზოგადოებაში კამათს იწვევს, რაც ცოცხალი თემაა, სააგენტოებს მიაქვთ ეს ჩემი ნაწერი, აქვეყნებენ და მერე იწყება ხმაური. ამ მიზნით მეძახიან ხოლმე ტელევიზიებშიც, რადგან იქ ჩემი გამოსვლის შემდეგ მათ ფეისბუქ-გვერდებზე იწყება კამათი, დისკუსია. ზოგს შესახედავად არ მოვწონვარ, ზოგს ჩემი გამოსვლა არ მოსწონს. წერენ კომენტარებს, ვინ არის ეს ქალი, რას ჰგავს, ვინ კითხავს ამას და ასე შემდეგ. ჩემი შვილიც სულ მეუბნება, ნუ მიდიხარ ამ ტელევიზიებში, შენ არაფერი გემატება ამით, მათ ემატებათ რეიტინგი, კომენტარები და ნახვები ეზრდებათ, მაგიტომაც გეძახიანო. მე ეს ყველაფერი ვიცი და უარყოფითი გამოხმაურებები არც უცხოებისგან მიკვირს, მაგრამ არ მესმის ნაცნობებმა რატომ უნდა მლანძღონ? - შვილი ახსენეთ და როგორ აღიქვამენ თქვენი შვილები საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან თქვენზე განხორციელებულ თავდასხმას, აგრესიას. არ უჩნდებათ სურვილი, ვინმეს შეეპასუხონ? - ამ ბოლო შემოტევისას იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ჩემზე ძალიან ცუდი სიტყვა დაწერა. მერე გაირკვა, რომ ჩემი შვილების ნაცნობი ყოფილა, რომელმაც არ იცოდა, რომ მე მათი დედა ვიყავი. თავისივე ნაწერის გამო, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სულ ბოდიშები იხადა. სამი ბიჭის დედა ვარ და ხომ ვერ გავაკავებ, რომელიმემ ჩემს მიმართ გამოთქმული სიტყვების გამო თავი შეურაცხყოფილად თუ იგრძნო? სხვების შვილებიც ხომ იგივე მდგომარეობაში ვარდებიან, როცა მათ მშობლებს საჯაროდ ლანძღავენ და აგინებენ? ხომ შეიძლება მსგავსი საქციელის გამო მათაც მოთხოვონ ვიღაცას პასუხი? ნახეთ, მე უკვე რამდენი შიში დამიგროვდა: ვაიმე, ჩემს შვილებს არ შეეხონ; ვაიმე, ჩემმა შვილებმა გულში წყენა არ ჩაიდონ; ვაიმე, კიდევ რომ რამე ვთქვა და უარესი დამიწერონ; ვაიმე, ვინმემ რამე არ დამაბრალოს!.. ჩემი ტიპაჟის ადამიანისთვის, რომელსაც მაქვს პატარა ცნობადობა და არ მაქვს არავითარი გავლენები, არავითარი ბიზნესი, ვზივარ სახლში, ვხატავ ან პროექტებს ვწერ, იმისთვის, რომ გადავრჩე, ადამიანებს ეს პატარა ცნობადობაც კი არ ემეტებათ ჩემთვის; ადამიანთა ის პატარა ჯგუფიც კი არ ემეტებათ, ვისაც მართლა ვუყვარვარ და გულწრფელად პატივს მცემს. მათაც კი ეუბნებიან: ვინ არის ეს ქალი, რას წარმოადგენს ასეთს? ძალიან მინდა, ეს ვთქვა და თქვენც დაწერეთ, მაგალითად, თამუნა ყურაშვილმა, რომელიც იმიტომ დავბლოკე, რომ კომენტარებში ბოდვები დამიწერა, ,,ფესიბუკში,“თავის კედელზე უცებ გააშანშალა სტატუსი, მეყველე ანამ დამბლოკაო, რასაც თავადაც სიცილი მოაყოლა და ქვევით, კომენტარებში ჩემზე სხვებიც ახარხარა.ეს არის ჟურნალისტ ვახო სანაიას მეუღლე, არაჩვეულებრივი ექიმი, არაჩვეულებრივი კლინიკის პატრონი, შემდგარი, რეალიზებული, ლამაზი ქალი, ასეთივე ლამაზი შვილების დედა. მაინტერესებს, რატომ უნდა უნდოდეს მას ჩემზე თავდასხმა, რატომ უნდა მოიცალოს თამუნა ყურაშვილმა ჩემთვის, რატომ უნდა ახსენოს ჩემი პროფესია ხაზგასმით, რატომ უნდა გამიმეტოს ქვის სასროლად და მომიქსიოს ვინმე სიტყვებით: მეყველე ანას დავუბლოკივარ... ეს ხომ მინიშნებაა იმაზე, აბა, მიდით, დასცხეთ მაგასო?! თუმცა, მისი და მისი წრის თავდასხმა ჩემზე ახლა არ დაწყებულა, ეს ხატია დეკანოიძესთან ჩემი დაპირისპირების დროიდან მოდის. მაშინაც ჩემს ფეისბუკ-სტატუსს მოჰყვა დეკანოიძის არმიის დაგეშვა ჩემს მიმართ და იერიში. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ ანა მიქაძე მათი სამიზნეა და ის არავის მხარდაჭერას არ იმსახურებს. ერთმა უახლოესმა ადამიანმა, ასევე შემდგარმა, რეალიზებულმა პიროვნებამ, მითხრა, კარგი რა, ანა, სულ რატომ გეჩვენება, რომ ყველა შენ დაგდევს და გდევნისო. მისი ნათქვამის ქვეტექსტი ასეთი იყო, რას წარმოადგენ შენ ასეთს, რომ ამის გამო ვინმემ შენ გდევნოს? თუ არაფერს წარმოვადგენ, ჩემი ნათქვამი რატომაა სულ ,,განიუსებული,“ რატომ მისი ნააზრევი არ ,,განიუსდა“ არასდროს? რადგან ამა თუ იმ ადამიანის ნათქვამს საჯაროდ განიხილავ, ესე იგი, მის აზრს მნიშვნელობას ანიჭებ... ესე იგი, ის რაღაცას წარმოადგენს. ამიტომ აფრიალეს ის ჩემი სტატუსიც, ღამით ბავშვების გარეთ ყოფნის შესახებ. - ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს სტატუსი, ცოტა ხისტი იყო, ცოტა უტაქტოდაც გამოგივიდათ, მით უმეტეს, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ფონზე? გოგონების ფრჩხილების შავ ლაქზე კი იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ეს ჩვეულებრივ ობივატელში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, თორემ მეც ვისმევ ფრჩხილებზე შავ ლაქს და მეც მაქვს ტატუ ბეჭზე. არავისგან არაფერი მიკვირს. - ვის, ვის და განსხვავებული სტილის ვიზუალი, მაკიაჟი ან ჩაცმულობა თქვენ არ უნდა გიკვირდეთ, რადგან ვიცით, რომ ახალგაზრდობისას საკმაოდ თამამი და თავისუფალი, არაორდინალური სტილი გქონდათ. ეს თქვენი კრიტიკოსებისთვის, ალბათ, უცნობია. - დიახ, მე საერთოდ, საბჭოთა წლებში დავდიოდი სხვებისგან განსხვავებული ჩაცმულობით და ვარცხნილობით, თავგადაპარსული და ფეხშიშველი. მაშინ, როცა ასეთი არაორდინალური გარეგნობის გამო ადამიანებს იჭერდნენ და ფსიქიატრიულში ამწყვდევდნენ. მუდმივად, მთელი ცხოვრება თავისუფლების ზედოზირება მჭირს. ახლაც კი, 60 წლის ასაკში თინეიჯერივით ჩაცმული დავდივარ. ასე, რომ მე ნუ მასწავლიან, რა არის თავისუფლება, ჩაცმაში იქნება ეს, სამკაულების ტარებაში, განსხვავებულ იმიჯსა თუ მაკიაჟში. მე ვლაპარაკობ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ასეთი ტიპის ადამიანების მიმართ და რადგანაც მეყველე ვარ, ჰგონიათ, რომ წიგნი არ წამიკითხავს, დისერტაცია არ დამიცავს, არასდროს სენსიტიურ თემებს არ შევხებივარ და ყველის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი პროექტები არ მიკეთებია. ერთი ფეისბუკ-სტატუსის გამო ხაზი მთელს ჩემს არსებობას გადაუსვეს და სამი ათასი დაგეშილი ადამიანი რაღაც ბოდვებს მიწერს. - თქვენი აზრით, ვისი ან რისი ბრალია, ერთ ადამიანს ასე ხელაღებით რომ შეუძლია, მწარე სიტყვებით ან ცილისწამებით გაანადგუროს მეორე, რამ მოიტანა საჯარო სივრცეში ასეთი შეუბრალებლობა, რატომ ვერჩით ასე ერთმანეთს? - ეს არ არის საზოგადოების ბრალი, ეს სუფთა პოლიტიკური საკითხია და ცნობილი ფაქტია, რომ თუ ადამიანის ავტორიტეტს გაანადგურებ, მერე მისი დამარცხება ან დამორჩილება ძალიან ადვილია. ჩვენი ქვეყნის მტრებიც ხომ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ? დღესაც ამ მიზნით ქმნიან თავდამსხმელთა ჯგუფებს პოლიტიკოსები, ამ მიზნით აფინანსებენ და მერე კონკრეტულ ადამიანებზე გეშავენ; დავალებას აძლევენ, რომ ტურაშვილი განადგურდეს, კეკელიძე განადგურდეს, კალანდია განადგურდეს... ახლა რომელიღაც ჯგუფებმა დაიწყეს კონკრეტული პირებისთვის ტიტულების ჩამორთმევის მოთხოვნით ,,დანოსების“ წერა. რატომ გამოვდივართ ჩვენ ჟანდარმების როლში, ვინ დაგვნიშნა ზნეობის პოლიციელებად? ამ ქვეყანაში სასამართლო უნდა წყვეტდეს, არის თუ არა პიროვნება დამნაშავე და დაისაჯოს თუ არა. ზნეობის პოლიცია ირანში ჰყავთ და ვისაც ამ როლში ყოფნა უნდა, იქ გადასახლდნენ და იქ იზნეობპოლიციონ. - რა გზებით და ხერხებით შეგვიძლია ამ პროცესის შეჩერება, როგორ შევწყვიტოთ ერთმანეთზე თავდასხმების ეს მძლავრი კასკადი? - თქვენ ხომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამაზე დაგეწერათ, ინგა გრიგოლიას მივწერე, რომ გააკეთოს ამაზე გადაცემა. ისიც არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი, ხან ერთი და ხან - მეორე ბანაკიდან. ამაზე უნდა გაკეთდეს გადაცემათა სერიები, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ყველამ და ვილაპარაკოთ ხმამაღლა. ვწეროთ სტატიები, სტატუსები, ვაკეთოთ გადაცემები, ვთქვათ, რა შედეგი მოაქვს ადამიანებზე ასეთ თავდასხმებს, იერიშებს, ბრალდებებს, ორგანიზებულ ბულინგს. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, როგორი ცუდი ქმედებაა ცილისწამება, ლანძღვა, ჩაგვრა; როგორ არ უნდა ავუბათ ამ საქმეში მხარი არავის; რომ ეს არის კომუნისტური, ბოლშევიკური, ფაშისტური საქციელი, როცა ადამიანზე ფსიქოლოგიურ ტერორტს ახდენ და მორალურად ანადგურებ. თუ ვინმე დამნაშავედ მიგაჩნია, მას უნდა უჩივლო სასამართლოში და მოსამართლემ გადაწყვიტოს, არის თუ არა ის დამნაშავე. შენ არ გაქვს უფლება, ვინმეს განკითხვის დღე მოუწყო ან გაასამართლო. თუ არადა, მაშინ ჩემთვის, დაჩაგრულისთვის, მსხვერპლისთვის უნდა შექმნას სახელმწიფომ ისეთი კანონი, რომელიც ასეთი თავდასხმის შემთხვევაში, მომცემს უფლებას, სასამართლოს მივმართო და ფსიქოლოგიური და მორალური ზარალისთვის ყველას სათითაოდ მოვთხოვო პასუხი. ხომ ვიცით, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფსიქოლოგიური და მორალური ზარალისთვის სასამართლო მსხვერპლის სასარგებლოდ დამნაშავეს მილიონებს აკისრებს. რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა, ბედნიერად გადმოიბარა ,,ქართულმა ოცნებან“ და ზუსტად მიჰყვება მათ კვალს. თუნდაც დათო ტურაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, ის დამონტაჟებული ვიდეოები, რომელიც ტურაშვილს თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ გაუვრცელა და რომელშიც ის ვითომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ავტომატით იბრძვის, ახლა მის წინააღმდეგ ასევე წარმატებით გამოიყენა მოქმედმა ხელისუფლებამ. ზუსტად, როგორც მაშინ ეტკინა გული ტურაშვილს და ძლივს გადაიტანა ოპერაცია, იგივენაირად ატკინეს ახლაც. ასევე, ,,ქართული ოცნებაც“ ზუსტად იგივე მეთოდებით ებრძვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობა ებრძოდა მას. ასე, რომ თავის სასარგებლოდ და ოპონენტების ავტორიტეტის გასაცამტვერებლად ყველა მთავრობა იყენებს ასეთ ფსიქილოგიურ ტერორს. ამიტომ ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ უნდა ვიბრძოლოთ ამ მავნე, მანკიერი, ადამიანის დამანგრეველი ქმედების წინააღმდეგ; ამიტომ მომავალი პარლამენტი იმდენად პლურალისტული და მრავალფეროვანი უნდა იყოს, რომ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, დეპუტატებმა თავადვე მოინდომონ ადამიანის ღირსების შელახვის და ფსიქოლოგიური ტერორის წინააღმდეგ კანონის მიღება. აი, მაშინ გვექნება ნორმალური სახელმწიფო და გვეყოლება ნორამლური ხელისუფლება. ირმა ბერიშვილი
×
×
  • შექმენი...