Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    511
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. ვინც კარგად მიცნობს, იმან ხომ იცის და იცის და ვინც მხოლოდ სოციალურ ქსელში ხედავს ჩემს აქტიურობას, იქიდანაც მიხვდება, რომ დეზინფორმაციის (და მისი გამავრცელებლების) მტერი ვარ, გინდ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით იყოს გავრცელებული და გინდ - საქვეყნო საქმესთან. ხოლო თუ დეზინფორმაცია საქართველოს რომელიმე კონფლიქტურ რეგიონს ეხება, მაშინ განსაკუთრებულად დაუნდობელი ვხდები. ასეა ამჯერადაც. რამდერნიმე დღის წინ ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ,,ინფორმაცია“ გაავრცელეს, აქაოდა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში რუსები ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებენო. წყარო, ასევე, ერთ-ერთი, არც ისე სანდო სააგენტო იყო, რომელიც იუწყებოდა, რომ ,,ზუგდიდიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში“ მძიმე ტექნიკის მობილიზება და სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, რის შესახებაც მათ ,,ადგილობრივმა“ ანუ იქაურმა მკვიდრმა ,,ექსკლუზიურად“ აცნობა. ვინაიდან, გავრცელებული ამბავი არც ისე სანდოდ მეჩვენა, წაკითხვისთანავე ყველა ხელმისაწვდომი გზით ინფორმაციის გადამოწება დავიწყე. ჯერ ოჩამჩირელ ნათესავებს შევეხმიანე, რომელთაც მითხრეს, რომ კინდღისკენ არავითარი მძიმე ტექნიკის მოძრაობა არ შეუნიშნავთ და არც ვინმეს მოუკრავს ყური, რომ იქ რამე შენდებოდეს. უკვე აშენებულებიდან კი, რაც კინდღში მოქმედებს, სათბურები და თევზსაშენი საწარმოა. კიდევ, ღია ცის ქვეშ, გოგირდის წყლის სამკურნალო აუზი და აბანოებია მოწყობილი, რომელსაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან წელიწადის ნებისმიერ დროს ტურისტები სტუმრობენ. ენგურსგაღმიდან ანუ ნამდვილად ადგილობრივი წყაროდან მიღებული განმარტების შემდეგ, უკვე ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის მოძიება, დამაინტერესა, სადმე რამე ხომ არ გამომეპარა, ვინაიდან, ინფორმაციის აფხაზურ წყაროებში სულ ვიჩიჩქნები და იქ მიმდინარე მოვლენებში, მეტ-ნაკლებად, გათვითცნობიერებული ვარ. თან, საქმე ისაა, რომ კინდღში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა თუ უკვე დაწყებულიც იყო, ამას აფხაზები არავის დაუმალავდნენ, პირიქით, ამაყად და რიხით დაწერდნენ ყველგან. ბევრი ვეძებე, მაგრამ მედიის ვერც ერთ აფხაზურ საშუალებაში ამ ფაქტის შესახებ სიტყვა არ არის ნათქვამი. მერე რუსული გამოცემებიც გადავამოწმე, მაგრამ ვერც იქ ვიპოვე ვერაფერი, რაც ქართული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებდა. მერე შევეშვი ,,დაგუგლვას“ და ერთ-ერთ ჩემს პირად, ცოცხალ და უტყუარ წყაროს ვთხოვე, ამ საქმის გარშემო ყველაფერი დაეზუსტებინა. აღმოჩნდა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ოჩამჩირეში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას გეგმავდა. დაახლოებით, ერთი თვის წინ რომელიღაც რუსულ პორტალს გაუვრცელებია, ოღონდ, არც ამ გეგმის ვადები და არც ზუსტი ცნობები, მოცემული არ ყოფილა. მიუხედავად ჩვენი მონდომებისა, იმ რუსულ წყაროს ვერაფრით მივაგენით, დღეს უკვე აღარ იძებნება. ამ ძებნა-ძიებისას კი ისევ ერთ-ერთ, რუსულენოვან, ქართულ სააგენტოს მივაგენი, რომელსაც იგივე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში გაუვრცელებია. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საუბარი ეხებოდა რუსეთის მიერ გალის რაიონის სოფელ პრიმორსკში პორტის აშენების გეგმას, რომელიც ანაკლიის პორტის ანალოგიური იქნებოდა. მას მერე, 2 წელი შესრულდება და როგორც ვიცით, პრიმორსკში პორტის ასაშენებლად ჯერ არავინ ჩასულა. ამიტომ ჩნდება კითხვა, ან იმ 2 წლის წინ რა სჯრიდათ ჩემს კოლეგებს, ასეთ დეზინფორმაციებს რომ ავრცელებდნენ, ან ახლა რაში დასჭირდათ ამის გაკეთება? ,,ინფორმაცია“ ექსკლუზივად რომ გაასაღონ, მკითხველი რომ მიიზიდონ, გამომწერები რომ გაიმრავლონ? და რა ხერხებით და გზებით, საკუთარი ხალხის მოტყუებით? ვითომ, რისი დამტკიცება სურთ ამ მოგონილი ამბებით? იმის, რომ რუსეთი ცუდია და დამპყრობელი? მერედა, ამის დამტკიცებას ტყულის მოგონება და დეზინფორმაციის გავრცელება რად უნდა ან რა არის დასამტკიცებელი? რუსეთი რომ ცუდია, დამპყრობელი და სხვისი ტერიტორიების მიმტაცებელი, ამის დამადასტურებელი მავთულხლართები აგერ გვაქვს, თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში. რუსეთის ბოროტი სახის გამოვლენას არარასებული ფაქტების გამოგონება არ სჭირდება, ისედაც თავზე საყრელად გვაქვს, მაგრამ ზოგ ჩემს კოლეგას ფანტაზიის უნარი მაინც არ ელევა. თემას შევყევი და ბარემ ამასაც ვიტყვი. 5 წლის წინ, როცა ეგრეთწოდებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, წესისამებრ, ამ ამბავს ქართული გამოცემები აქტიურად ეხმიანებოდნენ. ჰოდა, ერთ დღეს, ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ ელექტრონულ გამოცემაში ისეთი შემაშფოთებელი მასალა დაიბეჭდა, რომ საგონებელში ჩავვარდი. საქმე ის იყო, რომ თუ ჩემს კოლეგას დავუჯერებდით, ერთ-ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი ხაჯიმბას არჩევისთანავე გალის რაიონში ქართველებისთვის ნამდვილი აპოკალიფსის დადგომას აანონსებდა. სიმართლე გითხრათ, კოლეგა, რომელსაც ხსენებული ინფორმაცია ეკუთვნოდა, დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც მყავდა შემჩნეული, ამიტომ ასე ჰაიჰარად ვერც ამჯერად ვენდობოდი, მაგრამ რადგანაც ეს პატარა ინტერვიუ კონკრეტულ პირთან ჰქონდა ჩაწერილი და არა გამოგონილ პერსონაჟთან (მის შემოქმედებაში მრავლად არიან ასეთი პერსონაჟები), ვერ დავუშვი, რომ ასეთ ტყუილს დაწერდა. არადა, არც იმის დაჯერება მინდოდა, რომ გალის რაიონიდან ყველა ქართველს მართლა გამოასახლებდნენ. მასალა ხელმეორედაც წავიკითხე, კარგად რომ დავრწმუნებულიყავი, ხომ არაფერი მეშლებოდა. საგულისხმო ისიც იყო, რომ იმ დროისთვის, აფხაზეთში მობილური ან საქალაქო ქსელებით ვინმესთან დაკავშირება შეუძლებელი იყო, იქაური მოსახლეობა კი მხოლოდ რუსული სოციალური ქსელებით სარგებლობდა და ფეისბუკზე აქა-იქღა შეხვდებოდი ვინმეს. არადა, მასალის ავტორი წერდა, რესპონდენტს ჩვენ დავუკავშირდით და ვესაუბრეთო. რაღა ბევრი გავაგრძელო, ცნობისმოყვარეობამ და ამბის დაზუსტების ინტერესმა არ მომასვენა და კოლეგას სოციალური ქსელის მეშვეობით მივწერე და ვკითხე, ამა და ამ მასალაში რასაც წერთ, ეს თუ ნამდვილად თქვა ამ კაცმა, მაინტერესებს, რა გზით დაუკავშირდით და როგორ შეძელით მისი ჩაწერა, მეც მინდა მასთან დაკავშირება-მეთქი (მართლა ვაპირებდი მასთან დალაპარაკებას, ვინაიდან, საერთო ნათესავები გვყავს და ვიფიქრე, თუ უცნობ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, იქნება, ნაცნობობით მეც არ მითხრას უარი-მეთქი). რამდენიმე საათის შემდეგ მივიღე პასუხი, სადაც ეს ჩემი კოლეგა ფრიად გაბრაზებული მსაყვედურობდა, რას ნიშნავს, რომ მეკითხებით, ეს ნამდვილად თქვა ამ კაცმაო თუ არაო, აბა, მე ხომ არ მოვიგონებდიო? ან ვინ გითხრათ, რომ მე დავუკავშირდი და ჩავწერე მასთან ინტერვიუ, სად წერია ეგო? აი, მართლაც სახტად დავრჩი და სასწრაფოდ შევედი იმ გამოცემის მისამართზე, მოვძებნე ხსენებული მასალა და ჰოი, საკვირველებამ, ავტორი შესავალში წერდა, რომ ინფორმაცია უცხოური პრესიდან იყო ამოღებული. თვალებს არ დავუჯერე, ტექსტი გავადიდე და ახლა ასე წავიკითხე, ხომ არაფერი მეშლება-მეთქი, მაგრამ არა, ისე ეწერა, როგორც ვამბობ. არადა, ზუსტად მახსოვს, პირველ ვარიანტში, ავტორი ამბობდა, ინტერვიუ ჩვენ ჩავწერეთო. რაღას გავაწყობდი და ჩემს კოლეგას ახლა ის ვთხოვე, იქნება მისამართი მომწეროთ, რომელი წყაროდან აიღეთ მასალა-მეთქი. რახან ამ თემით ასე ხართ დაინტერესებული, თავადვე მოიძიეთ და ნახავთო, მიპასუხა. ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე, მართლა შევუდექი ინტერნეტში მსგავსი ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ამის მერე, რუსულ სოციალურ ქსელში შევვარდი და ჩემს აფხაზ ნათესავს მივწერე, ასეა საქმე და იქნება, ხმა მიაწვდინო იმ კაცს და დამიზუსტო, ასეთი რამე მართლა თქვა თუ არა ან გასულ კვირას, რომელ რუსულ გამოცემას მისცა ინტერვიუ-მეთქი. სიმართლე გითხრათ, ის ჩემი აფხაზი ნათესავიც შეშფოთდა, ეს რა უმსგავსობაა, ასეთ რამეს არ იტყოდა ეგ კაცი, არაა ეგეთი იდეოლოგიის და მეორეც, წინასაარჩევნოდ აქ არავის გაუხმოვანებია მსგავსი რამეო. მაინც დავურეკავ და გადავამოწმებო. მეორე დღეს აღშფოთებულმა მომწერა, სრული დეზინფორმაციაა, რაც შენ მომწერე, ამ პიროვნებას არსად უთქვამს და გალის რაიონიდან ქართველების გასახლებას არც არავინ გეგმავს. ქართველები რომ გავიდნენ აქედან, დანარჩენები შიმშილით დავიხოცებითო. ჩვენც ამ აზრზე ვართ, ის აფხაზი პოლიტიკოსიც ამ აზრზეა და კინაღამ გაგიჟდა, შენი მონაყოლი რომ გადავეციო… ამის შემდეგ, წესით, იმ ჟურნალისტს უნდა დავკავშირებოდი და მეკითხა, რატომ მოიტყუა, მაგრამ არაფერი მიმიწერია, არაფერი მითქვამს, რადგან ვიცოდი, ვერაფერს დავუმტკიცებდი და ვერც ზნეს შევაცვლევინებდი. ის დღესაც ამ სტილში განაგრძობს აფხაზეთზე წერას, ერთ რამეს მოჰკრავს ყურს და მერე თავისი ფანტაზიით ამატებს დანარჩენს, განავრცობს, გამოგონილ პერსონაჟებსაც რამე გულსაკლავს ან გულზეგასახეთქს ათქმევინებს, მკითხველიც კითხულობს და რედაქტორიც ხელფასს უხდის. მე და კიდევ ერთი-ორმა კი ვიცით სიმართლე და ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიის განვითარებას ხომ არ შევუშლით ხელს? მეც მაქვს სიტყვის თავისუფლება და აგერ ვამბობ, რისი თქმაც მინდა. რაც შეეხება რუსეთის მიერ აფხაზეთში ,,განხორციელებულ; პროექტებს“, ვინმე კონკრეტული პირის მიერ იქ კერძო ბიზნესის წარმოებას თუ არ ჩავთვლით, სამხედრო ბაზების გარდა, ამდენი წლის განმავლობაში, აფხაზეთში რუსეთს არაფერი აუშენებია, არც სამუშაო ადგილები შეუქმნია და არც ეკონომიკის განვითარებისთვის უზრუნია. სამხედრო ბაზების მშენებლობაზეც, ადგილობრივი მოსახლეობიდან ხალხი მხოლოდ მუშებად და მძღოლებად დაიქირავეს, დანარჩენი სპეციალისტები რუსეთიდან ჩამოიყვანეს. რუსეთი არც იმ ხელშეკრულების პუნქტებს ასრულებს, რომელსაც პუტინმა და ხაჯიმბამ ჯერ კიდევ 2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში ზარზეიმით მოაწერეს ხელი და რომლის მიხედვითაც, ერთ წელიწადში რუსეთს აფხაზეთის ეგრეთწოდებული რესპუბლიკის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისთის უნდა შეეწყო ხელი. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ რუსეთს აფხაზეთის ტერიტორია მხოლოდ პლაცდარმად სჭირდება და აფხაზების ავ-კარგი არაფერში ანაღვლებს. თუმცა, ეს ცალკე განხილვის თემაა და ვეცდები, უფრო დეტალურად სხვა დროს მოგახსენოთ. დღეს, როგორც ხედავთ, მხოლოდ იმაზე მოგითხრეთ, რასაც ჩემი კოლეგები არ უნდა წერდნენ და კაცმა არ იცის, რატომ წერენ. უახლოეს დღეებში კი, ორიოდ სიტყვას იმაზე ვიტყვი, რაზეც არავინ საუბრობს, არადა, წესით, ხმამაღლა უნდა ყვიროდნენ. ირმა ბერიშვილი
  2. (ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორი, რომელიც ბიჭებმა ხელს გამოაყოლეს) ძაღლთაპირი ის სიტყვაა, რომელიც ყველას გაგვიგია და ალბათ, ყველას შეგვხვედრია ისეთი ადამიანიც, ვისაც ასე დავახასიათებდით. მეც ბევრი უგვანი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ არავის ისე არ მიესადაგება ეს სიტყვა, როგორც თენგიზ კიტოვანს. ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა და დაიწერა მასზე, მაგრამ ის, რაც მე უნდა ვთქვა, მგონი არავის უთქვამს. დღეს თავი გმირად რომ მოაქვს და ბედავს კიდეც, ვინმე ხმამაღლა დამოძღვროს, ეს იმის ბრალია, მისთვის მთელი თავისი ავკაცობა თავიდან ბოლომდე რომ არავის შეუხსენებია და იმის ნაცვლად, დანაშაულის ფაქტები დაულაგონ წინ და პასუხი აგებინონ, ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენების შეფასებას თხოვენ. ვითომ დიდი ექსპერტი იყოს, არადა, თუ რამე გაეგება, ეს ქვეყნის დანგრევა-დაქცევაა, ამ დარგის ექსპერტობას მას ვერავინ წაართმევს. ვისაც 90-ანი წლების თბილისი გახსოვთ, ამის დაჯერება არ გაგიჭირდებათ. იმ წლების თბილისზე საუბარი სხვებისთვის მიმინდვია, მე კი იმ 1992 წელზე მინდა ვთქვა, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობამ გამოირა. თუმცა კი, ამდენი წლის მერეც ძალიან მიმძიმს იმ პირქუში, უსახური და ტკივილით სავსე პერიოდის გახსენება. დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში იცხოვრა სამეგრელომ სრულ ტერორში, განსაკუთრებული რეჟიმის ქვეშ კი ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონის მკვიდრები მოვხვდით. ეს იყო შიშის და სიავის ექვსი თვე, ეს იყო სასჯელი, რომელსაც ვიხდიდით, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგრელები ვიყავით, ყველა მეგრელს კი ზვიად გამსახურდიას იდეურ მხარდამჭერად და შესაბამისად ქვეყნის მტრად მიგვიჩნევდა ძაღლთაპირი შევარდნაძე-იოსელიან-კიტოვანი. ამიტომაც მოგვისიეს თავიანთი ბანდები მშიერი მგლებივით... ნახევარი წელი პარალიზებული იყო ყველა სამსახური, არავინ და არაფერი მუშაობდა, სკოლები და ბაგა-ბაღებიც კი დაიხურა. ისედაც გამოცარიელებულ მაღაზიებს არავინ აღებდა, რადგან თუ სადმე რამე შემორჩა, იმათაც შეიარაღებული პირები ესხმოდნენ თავს. 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი იწყებოდა და გარეთ ცხვირს ვერავინ ჰყოფდა, თუმცა მანამდეც, სოფლის ორღობეებსა და ჩიხებში თუ ნახავდი ვინმეს, ცენტრალური ქუჩებზე გასვლა ყველას ეშინოდა. ყველანი ჩვენს ეზოებში ვიყავით ჩაკეტილი. საკუთარ სახლებშიც კი ფეხაკრეფით დავდიოდით და ერთმანეთს ხმადაბლა ველაპარაკებოდით, შიშმა დაგვიმონა... სოფლის ცენტრში დაბანაკებული, კბილებამდე შეირაღაბეული და დაუნდობელი უცხო პირების შიშმა. ჩემი სოფელი, ლია, წალენჯიხის რაიონში ერთ-ერთი საკმაოდ დიდი და ხალხმრავალი სოფელია. ვიდრე ჯაბას და კიტოვანის „ბიჭები“ თავს დაგვესხმოდნენ და ლამის სახლებში ჩამოგვისახლდებოდნენ, მანამდე ჩვენთან სიცოცხლე ჩქეფდა. მოსახლეობა სამსახურებში მიდი-მოდიოდა, ბაღი და სკოლა ბავშვებით იყო სავსე, სოფლის „ბირჟაც“ არ უჩიოდა ხალხის სიმცირეს. ჩვენს დიდ „ფურნეშიც“ დღეში სამჯერ ცხვებოდა ფუმფულა, გემრიელი, გვერდებშეპიწკინებული პური. მახსოვს, სვანეთისკენ მიმავალი ყველა მანქანა ჩერდებოდა ფურნესთან და სამ-სამად შეტყუპებული ცხელი პურები მიჰქონდათ ლიიდან. სოფლის „დაბყრობის“ მერე ფურნის პატრონს საჭირო ინგრენდიენტები მოაკლდა და შესაბამისად, უკვე დღეში მხოლოდ ერთხელ აცხობდნენ პურს, რაც ამხელა სოფელს არ ჰყოფნიდა, ამიტომ, ყოველდღე ხანგრძლივ რიგში დგომა გვიწევდა. გამოცხობის დრო ვიცოდით და რიგში ჩასადგომად ქალები, ბავშვები ან მოხუცები მივდიოდით. ახალგაზრდა მამაკაცებს ქუჩაში გამოსვლა ეკრძალებოდათ. თუ ვინმეს რამე აუცილებელ საქმეზე უწევდა სახლიდან გასვლა, ქუჩაში შემხვედრთან გამოლაპარაკების უფლება არ ჰქონდა. ორი ან სამი ადამიანი ერთად არ უნდა მდგარიყო. რამდენიმე ადამიანის ერთად დგომა უკვე „მიტინგს“ ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდათ მომხვდურებს და ეგრევე ავტომატის ლულას მოგიშვერდნენ. მხოლოდ პურის რიგში დგომას არ გვიშლიდნენ, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ქალები, ბავშვები და მოხუცები ვიკრიბებოდით და როგორც ჩანს, ჩვენი არ ეშინოდათ. ზამთრის ერთ ცივ და ნაცრისფერ დღესაც, ფურნესთან ასე, ორმოცდაათამდე ადამიანი მოვგროვდით და ჩვეულებისამებრ, ხმაგაკმენდილი ველოდით პურის გამოცხობას, რომ უცებ ჩვენს წინ, მთავარ გზაზე ფანჯრებიდან ავტომატის ლულებგამოშვერილი სამხედრო ვილისი გაჩერდა. მანქანიდან შავებში ჩაცმული, შავ წვერ-ულვაშიანი მამაკაცი გადმოვიდა, წელზე ტყვიებით სავსე ფალასკა ეკეთა, ფალასკაზე მარცხენა მხარეს ყუმბარა ეკიდა, მარჯვენა ფეხზე, სპეციალურ სამაგრში დანა ჰქონდა გარჭობილი, მხარზე კი ავტომატი გადაეკიდა. მოგვიახლოვდა და აქ რა ამბავიაო, მრისხანე სახით იკითხა. -პურს ველოდებით!- გასცა რომელიღაცამ პასუხი. - ამდენი ხალხი რატომ ელოდებით, ვინ არის ამ შენობის პატრონი, რა გინდათ აქ, რას მოგროვილხართ?! - იყვირა და ავტომატი ხელში მოიმარჯვა. არ ვიცი, სხვებმა რა იგრძნეს იმ მომენტში, მე კი მახსოვს, არ შემშინებია, მის მიმართ აუტანელმა ზიზღმა და ბოღმამ შემიბყრო. მის ყვირილზე დაფეთებული ფურნის პატრონი გარეთ გამოვიდა და ხმის კანკალით აუხსნა, რომ ფქვილის მარაგი ეწურებოდა და არც მაზუთი ჰქონდა, რომელიც საცხობის გასახურებლად იყო საჭირო, დღეში ერთხელ ცხვებოდა პური და ხალხიც ამიტომ გროვდებოდა. -ვერ ამოხვალ მერე ჩემთან? - თვალები დაუბრიალა შავებიანმა, ისედაც შიშისგან დაპატარავებულ მეფურნეს. - მე შავგოგია ვარ, ჯვარის კომენდანტი, აქაურობას მე განვაგებ და მიფრთხილდით. - გადმოგვხედა ყველას სათითაოდ. - შენ კი, ხვალვე ამოდი ჩემთან, ჯვარში, გავარკვიოთ ამ საცხობის ამბავი. - კი, ბატონო, კი, ბატონოო. - ჩაილუღლუღა საწყალმა, შავგოგია კი მხრებში მედიდურად გაშლილი გაემართა მანქანისკენ. ის იყო, კარი მიხურა და უნდა დაძრულიყვნენ, რომ ვერ მოვითმინე, ვერ შევძელი გულგრილად, ხმის ამოუღებლად გამეშვა, ნაბიჯი წავდგი და წინ - წყალი და უკან - მეწყერი-მეთქი, მივაძახე. ვიგრძენი, რიგში მდგომმა ხალხმა როგორ შეწყვიტა სუნთქვა და ერთ ადგილას გაქვავდა. მღელვარებისგან მეც ყელი გამიშრა. უცებ, ვიღაცამ ქურთუკის სარტყელზე ჩამავლო ხელი და სიღრმეში შემათრია. ამასობაში, შავგოგია ვილისიდან გადმოვიდა, გაოცებისგან შუბლზე ასული თვალებით შეგვათვალიერა და კბილებში გამოცრა: აბა, რომელმა გაბედეთ და მომაძახეთ რაღაცო? წინ სულ ასაკოვანი ქალები იდგნენ და ადვილი მისახვედრი იყო, რომ ის ხმა მათ არ ეკუთვნოდა, ამიტომ ხალხის სიღრმეში დაიწყო დამნაშავის ძებნა. უცებ ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა... 19 წლის გოგომ, სიკვდილივით შავ კაცს, ჯიქურ გავუსწორე თვალი, უკვე მზად ვიყავი, საკუთარი ხელებით მიმეხრჩო, მზად ვიყავი, გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ მე მივაწყევლე, ოღონდ კი დანარჩენებისთვის არ ევნო. სულ რაღაც წამები გაგრძელდა ეს დუელი.არ ვიცი, რა იგრძნო, რას მიხვდა, რა იფიქრა, მაგრამ იმ რამდენიმე წამის მერე, ყველასთვის მოულოდნელად, უხმოდ გატრიალდა და წავიდა. მისი მანქანის ხმა რომ მიწყდა, მხოლოდ მას შემდეგ ამოისუნთქეს შეკრებილებმა. ის, ვინც, შავგოგიას მომარიდა გაოგნებული მიყურებდა და ეს რა ქენი, ეს რა ქენიო, იმეორებდა ანგარიშმიუცემლად, დანარჩენებმა კინაღამ ჩამქოლეს, იმ საფრთხის გამო, რაც მათ სიცოცხლეს შევუქმენი... იმ მომენტში მათზე კი გავბრაზდი და სულ მორჩილები და მონები ვეძახე გულში, თუმცა წლების შემდეგ, რამდენჯერაც ეს ამბავი გავიხსენე, იმდენჯერ დამასხა ცივმა ოფლმა, მართლა როგორი რისკის ქვეშ დავაყენე ყველა? დღემდე არ ვიცი, რატომ შებრუნდა შავგოგია მაშინ და ისე უსიტყვოდ რატომ წავიდა, ის კი ვიცი, რომ ჯვარში დიდხანს არ უკომენდანტია, მალე სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ აიღო იქაური მეთაურობა. ასეც ხდებოდა, ერთმანეთსაც ეხმოდნენ თავს, ერთი დაჯგუფება მეორეს ძალის გამოყენებით ცვლიდა, ერთამენთსაც ხოცავდნენ და ნაალაფარასაც ართმევდნენ. მსგავსი ფაქტი ჩვენს სოფელშიც რამდენჯერმე მოხდა. ღამე სოფლის ცენტრში ინტენსიური სროლა თუ ატყდებოდა, ვხვდებოდით, უკვე გაშინაურებულებს ახალი მოსულები დაესხნენ თავს და მართლაც, მეორე დღეს ვიგებდით, რომ სოფელს სულ სხვა „სასტავი“ აკონტროლებდა. ღამე ატეხილი სროლების მიხედვით, იმასაც იოლად ვადგენდით, რომელ ოჯახს აყაჩაღებდნენ. თითქმის ყველა ქუჩაზე იყო ხალხი, ვინც სხვაზე უკეთ ცხოვრობდა და იმ ქუჩიდან თუ ისმოდა ავტომატის კაკანი, ადვილი მისახვედრი იყო, ვინც იქნებოდა მსხვერპლი. იმ შეძლებული ოჯახების კოორდინატებს კი, მიხვდებით ალბათ, მომხვდურებს ადგილობრივი „ტურები“ აძლევდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით იმ ოჯახებს ექცეოდნენ, ვისზეც ხმა მისდიოდათ, რომ „ზვიადისტები“ იყვნენ და გაზეთიდან ამოჭრილ ზვიად გამსახურდიას სურათს ინახავდნენ სახლში ან მისი სადღეგრძელო ჰქონდათ ნათქვამი. წალენჯიხაში იყო ხალხი, ვინც ეროვნული მოძრაობის იდეებს აქტიურად იზიარებდა, ვინც მანამდე არსებული რაიონული გაზეთის „კომინიზმის დროშით“ ნაცვლად გამოუშვა გაზეთი, „წალენჯიხის სამრეკლო“. ოთხგვერდიან გამოცემაში პატრიოტულ ლექსებთან ერთად ისეთი სტატიები იბეჭდებოდა, მოსახლეობას ქვეყნის სიყვარულისკენ და თავდადებისკენ რომ მოუწოდებდა. სწორედ ამ გაზეთის დამფუძნებლებსა და მათ მხარდამჭერებს ეძებდნენ, როგორც ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს. მათი ოჯახების დაწიოკება და დაპატიმრება იყო ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც მაშინ მხედრიონის წევრებმა წალენჯიხაში ითარეშეს. საბედნიეროდ, ვისზეც ასე დაგეშილად ნადირობდნენ, ზოგი ტყეში, ზოგი - ქვეყნის გარეთ გაიხიზნა, რითაც ლიკვიდაციის საფრთხე აიცილეს თავიდან, სამაგიეროდ მათი ოჯახები გაძარცვეს პირწმინდად და მერე დაწვეს და გაანადგურეს. თუ არ წვავდნენ, სადაც შედიოდნენ, სახლების მოოხრების შემდეგ ქვაბებში ისაქმებდნენ... დიახ, დიახ, არაფერს ვიგონებ, ექსტაზში ჩავრდნილები ქვაბებსა და მაგიდაზე ისაქმებდნენ, ცხოველებივით. იგივე ხდებოდა ზუგდიდსა და მის რაიონებშიც, სადაც ადამიანთა მსხვერპლიც დიდი იყო. კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გავიმეორებ, მხოლოდ იმიტომ, რომ კიტოვანის და იოსელიანის აზრით ყველა მეგრელი ზვიადისტი იყო, ხოლო ყველა ზვიადისტი - ქვეყნის მტერი და მოღალატე, ჩვენი განადგურება და დამონება ჰქონდათ გადაწყვეტილი. მართალია ვერ დაგვიმონეს, მაგრამ მატერილურად გაგვანადგურეს, გაგვძარცვეს, დაგვაყაჩაღეს, წლობით ნაგროვები ქონება წაგვართვეს... მერე, წლების მერე, აწ დიდუბეში „დავანებულმა“ მთავარმა ყაჩაღმა თქვა, დიდი ამბავი, თუ ჩემმა ბიჭებმა ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორი გამოაყოლეს ხელსო... ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორიო... ზუგდიდში, მარტო ერთი ოჯახიდან რა ქონებაც აქვთ წაღებული, რომ აღვწეროთ, დღეს იმ ვალს ვერც კიტოვანი და ვერც იოსელიანის მოდგმა გადაიხდის. მათ მიმდევრებს, განსაკუთრებით დოდო გუგეშაშვილს იქნებ ახსოვს კიდეც ის ოჯახი, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც თვეობით იყვნენ დაბანაკებული ის და მისი დამქაშები. ოჯახი, რომლის დიასახლისსაც სამი მცირეწლოვანი შვილის თვაწლინ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, თუ ოქროულობას არ გამოიტანდა და რომელმაც საკუთარი ხელით ჩააბარა მათ ოჯახის განძი, თავისი შვილების ნათლობის ჯვრები კი, ოქროს ჯაჭვებითურთ საკუთარი ხელით გაუკეთა მხედრიონელებს კისერზე. იმ ოჯახს ახლა ძალიან უჭირს, მარჩენალდაკარგულია და ის დიასახლისი ობოლ შვილებს მარტო ზრდის. იქნებ ქალბატონ დოდოს გაუჩნდეს სურვილი, წლობით დაგროვილი ვალი გადაუხადოს ან სხვა მხედრიონელებს, ვინც მათი ქონება წამოზიდა ზუგდიდიდან (თუ აქამდე არ გაუცხიათ სული და ჯოჯოხეთის ცეცხლში არ იწვიან), იქნება წარსულის ცოდვების მონანიების დრო დაუდგეთ? დამიჯერეთ, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, ზღვაში წვეთია იმ სიავეებთან შედარებით, რაც მაშინდელი სამხედრო საბჭოს წევრებს აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგვე გაილაშქრეს მათ აფხაზეთშიც. დიახ, ჯერ სამეგრელო მოითარეშეს, ყიზილბაშებივით და მერე აფხაზეთს შეესივნენ... მახსოვს, სოხუმისკენ დაძრულ სამხედრო კოლონას წინ სწორედ კიტოვანი მიუძღოდა. ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე გამოსულმა ქალბატონმა მის დანახვაზე, პირჯვარი გადაიწერა და ღმერთს შეთხოვა, ღმერთო, ცოცხალს ნუ დააბრუნებ იქიდანო. კიტოვანმა ღიმილით დაუკრა თავი. მაშინ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი ეს ჟესტი, მერე კი, დრო რომ გავიდა, ეს ეპიზოდი თავადვე გაიხსენა. როცა საუბარი აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანის მიზეზებს ეხებოდა, ერთ-ერთი მორიგი თავის მართლებისას, კიტოვანმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მიესალმებოდა ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ სამეგრელოში ხალხი პირჯვრისწერით გზას გვილოცავდა აფხაზეთისკენ ომშიო. ახლა მინდა გავაგებინო, პატივცემულ გვამს, გზას კი არ ულოცავდნენ, პირიქით, წყევლიდნენ და პირჯვრისწერით ღმერთს მის არდაბრუნებას შესთხოვდნენ მეგრელები, ვინაიდან, კარგად ხვდებოდნენ, რისთვისაც მიდიოდა იქით ძაღლთაპირი კიტოვანი და რა მიზნით გაჰყვა მას უკან, უფრო უარესი ძაღლთაპირი ჯაბა იოსელიანი. ყველას ვერ მოვხარშავ ერთ ქვაბში, ვიცი ხალხი, ვინც 1992-93 წლებში მართლა სამშობლოსთვის იბრძოდა, მაგრამ როგორ დავივიწყო საკუთარი თვალით ნანახი და ყურით გაგონილი სულ სხვა ამბები? მათგან მხოლოდ ერთს მოვყვები და დავამთავრებ. 1992 წელს უმაღლეს სასწავლებელში, ქუთაისში ჩავაბარე. უბანს, სადაც ვცხოვრობდი, „ზასტავას“ ეძახიან. ჩემს კორპუსში ერთი ოჯახი ცხოვრობდა, რომლის ახალგაზრდა უფროსი მხედრიონელი იყო და ქალაქში ავტომატით დადიოდა. ოჯახის დიასახლისს, იქვე, ორას მეტრში მდებარე ბაღში დაჰყავდა ბავშვები და სახლიდან გასვლისას, ხან ერთი ცხოველის ძვირფას ბეწვის ქურქს იცვამდა, ხან - მეორისას, რის გამოც მეზობლები ზურგს უკან დასცინოდნენ. როცა მათი ქილიკის მიზეზით დავინტერესდი, მითხრეს, რომ ვიდრე ოჯახის უფროსი მხედრიონში გაწევრიანდებოდა, ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. მერე კი, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, პაატა (ასე ერქვა იმ მხედრიონელს, გვარს არ ვიტყვი, დავზოგავ მაინც) პირველივე დღეებში წასულა იქ და მალევე მობრუნებულა, ოღონდ, არა - ხელცარიელი, პირიქით, საკუთარ სადარბაზოსთან დიდი კონტეინერი მოუყენებია, რომლის საბარგულიდან ავეჯით დაწყებული, ჭაღებით და ჭურჭლით დამთავრებული, სულ ძვირფასი ნივთები გადმოულაგებია. მეორედ უკვე „ბეტეერით“ ჩამოუტანია აფხაზეთიდან სხვადსხვა ნივთი, მათ შორის ტანსაცმელიც და ის სამი ქურქიც... დღისით, მზისით, ყველას დასანახად. მას მერე კი სულ ქუთაისში იყო, არსად წასულა ანუ აფხაზეთში წავიდა ომის დაწყებისთანავე, ჩამოიტანა ნაალაფარი და მისი „ომიც“ ამით მორჩა. არადა, ეს იყო 1992-93 წლების გასაყარი, როცა აფხაზეთში ჯერ კიდევ ქარ-ცეცხლი ტრიალებდა. ამ მხედრიონელის სადარბაზოშივე ცხოვრობდა 50 წელს გადაცილებული სვანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ემხრობოდა. შესაბამისად, მას და მხედრიონელ მეზობელს ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი, რომელიც ერთ დღეს იარაღის მოშველიებამდე მივიდა და რომლის მომსწრეც თავად გავხდი. მახსოვს, როგორი გაცეცხლებულები იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და როგორ ვერ ბედავდა მათ სიახლოვეს მისვლას ვერავინ. მერე გაშველებაში პაატას ცოლ-შვილი ჩაერია და სვანმაც უკან დაიხია, ოღონდ ეგ უთხრა, შენ რომ კაი კაცი იყო, აქ კი არ ივლიდი მაგ იარაღით, აფხაზეთში იბრძოლებდიო და ჰოი, საკვირველებავ, საკუთარი ყურით მოვისმინე მხედრიონელის პასუხი, რომელმაც ფეხქვეშ მიწა გამომაცალა: აფხაზეთში ახლა შენისთანა სულელები იბრძვიან და შენ წადი! ჩემი გასაკეთებლი რაც იყო, მე უკვე გავაკეთეო... ვიცი, ზოგიერთი სეპარატისტი აფხაზი წლების განმავლობაში იძენდა და ინახავდა იარაღს, ოდესმე ქართველების წინააღმდეგ რომ გამოეყენებინა, მაგრამ ვიცნობ ბევრ ისეთ აფხაზს, რომელთაც იარაღი სპონტანურად აიღეს ხელში, რათა თავი იმ მოთარეშე ჯგუფებისგან დაეცვათ, მანამდე სამეგრელო რომ ააოხრეს. პირადად მილაპარაკია მათთან ამ თემაზე და რამდენს უთქვამს, ნამდვილად არ გვეგონა, კიტოვანის და იოსელიანის ბანდიტების შემოსევა ასეთ მასშტაბურ ომში თუ გადაიზრდებოდაო. ვფიქრობდით, სამეგრელო რომ ააოხრეს და გაძარცვეს, ისე უნდოდათ ჩვენი აოხრება და გაძარცვა და ამის უფლება რომ არ მიგვეცა, ოჯახები დაგვეცვა და ჩვენი ქონება მათთვის არ გაგვეტანებინა, ამიტომ მივედით შტაბში და იარაღი მოვითხოვეთო. როცა იარაღი ავიღე, ზუსტად მახსოვს, რომ მაშინ არანაირ დამოუკიდებლობაზე არ მიფიქრია, ჩემი და ჩემი ახლობლების მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ შეიარაღებული ჯგუფები განგვედევნა აფხაზეთიდან და მერე ისევ ისე გვეცხოვრა ქართველ მეზობლებთან და ნათესავებთან ერთად, როგორც მანამდეო. არადა რა მივიღე, არც დამოუკიდებელი ვარ და არც ქართველი მეგობრები, მეზობლები და ნათესავები მყავს გვერდით, ვინც ძალიან მიყვარდა, პირიქით, ერთმანეთს მტრად მოვეკიდეთ და კი გავიძახით, რომ ომი მოვიგეთ, მაგრამ მე პირადად ამისთანა მოგება არაფერში მჭირდებაო. ახლა მითხარით, ამიხსენით და დამიმტკიცეთ ვინმემ, რომ კიტოვან-იოსელიანის შესვლა აფხაზეთში სწორი და საჭირო იყო მაშინ, თორემ მათი ჯიშის და მოდგმის მაწყევარი ვიქნები სიკვდილამდე. ძაღლთაპირ კიტოვანს კი ვეტყვი, უარესი გვეკუთვნის შენგან, დღემდე რომ დაუსჯელი დაგტოვეთ შენც და შევარდნაძეც, იმიტომ; მესამე ძაღლთაპირი კი პანთეონში რომ დავასვენეთ, იმიტომ... პ. ს. მაშინ, როდესაც შევარდნაძე-კიტოვან-იოსელიანის შეიარაღებული ბანდფორმირებები სამეგრელოს მოსახლეობას მხოლოდ იმიტომ გვდევნიდნენ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეებად მივაჩნდით, ხომ წარმოგიდგენიათ, თავად დევნილი პრეზიდენტი თუ ჩაუვარდებოდათ ხელში, მას რაღას უზამდნენ? წლების მერე კი კიტოვანმაც და შევარდნაძემაც განაცხადეს, რომ ზვიად გამსახურდია ეროვნული კაცი იყო და არც ერთს და არც მეორეს, არც მისი დაპატიმრების და არც ლიკვიდაციის ბრძანება არ გაუცია. უფრო მეტიც, კიტოვანი ისე გაკადნიერდა, რომ როცა ზვიად გამსახურდიას საბოლოო განსასვენებლის შესახებ მსჯელობა მიდიოდა, განაცხადა, ის წმინდანი იყო და ისეთ ადგილას უნდა დაიკრძალოს, რომელიც მას შეეფერებაო. წმინდანი უწმინდურის გვერდით არ უნდა დაიკრძალოსო ანუ იგულისხმა სამების ტაძრის ეზო, სადაც სიკვდილის შემდეგ, თითქოს, შევარდნაძეც უნდა დაიკრძალოს და ამიტომ გამსახურდიასთვის მთაწმინდა მიიჩნია საუკეთესო ადგილად. ეჭვი მაქვს, ცოცხალი რომ ყოფილიყო, იოსელიანიც იგივეს იტყოდა... და რა გამოდის? თუ ამათ ეროვნულ გმირად და წმინდანად მიაჩნიათ, ისინი არ სდევნიდნენ და მათი შიშით არ დადიოდა ის კაცი ტყე-ტყე, მშიერ მწყურვალი, ავადმყოფი და დაუძლურებული, მაშ ვიღა სდევნიდა, ვინ მიჰყვებოდა მის ნაკვალევს ფეხდაფეხ, დაგეშილი ძაღლივით, ვინ აპატიმრებდა მის მომხრეებს, ვის სწყუროდა ასე ძალიან მისი სისხლი? რამდენად ბრიყვად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი ხალხი, ასე რომ დასცინო?! ირმა ბერიშვილი
  3. ეს კაცი გალში მცხოვრები გენადი ღაჭავაა, იუბილარი, დღეს მას ორი წელი შეუსრულდა. უკეთესი სახელი რატომ არ ქვიაო, გაგიკვირდებათ, ალბათ. ასე დედამ დაარქვა, დიდი ხნის უნახავი უფროსი ძმის პატივსაცემად. იმ ძმას კიდევ სახელი მამამ დაანათლა, სამეგრელოში დარჩენილი სიყრმის მეგობრის, გენო სამუშიას სიყვარულით. თითქოს, განსაკუთრებული არც არაფერია ამაში და ერთი გალელი პატარა ბიჭის დაბადების დღეზეც არ შევაჩერებდი თქვენს ყურადღებას, რომ არა ის გარემოებები, რაც ამქვეყნად მის მოსვლას სდევდა თან. პატარა გენო (გენჩიკა, როგორც მას გალში ეძახიან) 2012 წლის 20 მარტს სოხუმის სამშობიარო სახლში, საკეისრო კვეთით გაჩნდა და ვინაიდან, დამოუკიდებლად სუნთქვა ვერ შეძლო, დაბადებისთანავე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, მშობლებს კი უთხრეს, რომ ბავშვს ფილტვები არ ეხსნებოდა და, თუ უახლოეს დღეებში მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა, სასწრაფოდ სადმე სხვაგან უნდა გადაეყვანათ. „სადმე, სხვაგან“ ორი გზა იყო, ან რუსეთისკენ, კრასნოდარის მხარეში ან ენგურსგამოღმა - თბილისში. კრასნოდარისკენ ყველა გზა ხსნილი ჰქონდათ, არავინ უშლიდათ გადაადგილებას, ოღონდ, ფსოუს საზღვრამდე თავიანთი ძალებით თუ მოახერხებდნენ ავადმყოფი ბავშვის მიყვანას, იქ შესაბამისი დახმარება დახვდებოდათ, თუმცა კი, ტრანსპორტირებისას ექიმები ბავშვის გადარჩენაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებდნენ; აქეთ, ჩვენსკენ, ქართველი ექიმები ყველანაირ პასუხისმგებლობას კისრულობდნენ, ოღონდ კი ბავშვამდე მისასვლელი გზა მოენახათ. არჩევანისთვის დრო აღარ რჩებოდა, რადგან, გენოს მდგომარეობა გამოსწორების ნაცვლად, უარესდებოდა, ამიტომ მამამისმა გამბედაობა მოიკრიბა და დახმარებისთვის ერთ-ერთ გავლენიან აფხაზს მიმართა. მთავარი იყო, მას დე ფაქტო მთავრობისგან აფხაზეთში ქართველი ექიმების უსაფრთხო შესვლის გარანტია მიეღო, დანარჩენს ქუთაისიდან ჩასული რეანიმობილი და მედიკოსები გააკეთებდნენ. აფხაზი ჩინოვნიკი გულისხმიერებით მოეკიდა გასაჭირში ჩავარდნილი მამის თხოვნას და რამდენიმე საათში, დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გაცემული საშვი მიუტანა, რომელიც ქუთაისიდან ჩასული სასწრაფო სამედიცინო დახმარების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მეორე დილით, გამთენიისას ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილი ენგურის მეორე ნაპირს მიადგა, გამშვებ პუნქტთან ადგილობრივი უშიშროების სამსახურის მანქანები და გალის და სოხუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები დახვდნენ, ჭუბურხინჯთან მათ გენოს ნათესავები და გულშემატკივრებიც შეუერთდნენ და დილის რვა საათზე, რამდენიმე ავტომობილსგან შემდგარი კოლონა სოხუმის სამშობიარო სახლთან გაჩერდა. რეანიმობილის სანახავად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე მხარემ არნახული გულისხმიერება გამოიჩინა, კლინიკის პერსონალ-პაციენტიანად ყველა ეზოში გამოიფინა. მერე გენოს დედა იხსენებდა, როცა თქვა, ქუთაისში, ნაცნობ ექიმს ველაპარაკეთ და ქართული მხარე მზად არის, გენოს გადასარჩენად ყველა ღონეს მიმართოსო, მის ზურგს უკან როგორ ჩურჩულებდა მედპერსონალი, ძაან არ შეიწუხონ ახლა თავი ქართველებმა ამ ერთი კინკილა ბავშვის გამოო... უფრო გასაგები რომ გახდეს ყველაფერი, აქვე გავაკეთებ მცირე განმარტებას გენოს მშობლების და მათთან ჩემი კავშირის შესახებ. გენოს ბაბუა, დედის მამა და დედაჩემი ალალი ბიძაშვილები იყვნენ, გვარად - ფიფიები. გასული საუკუნის 40-ან წლებში, დედაჩემის ბიძა კინდღში (ოჩამჩირის რაიონი) წასულა საცხოვრებლად და ცოლ-შვილიც თან წაუყვანია. გენოს ბაბუას, გურამს პირველი ცოლი რუსი ჰყავდა, სწორედ მასთან ეყოლა უფროსი გენო, რომელიც, განქორწინების შემდეგ, დედამ თავის მშობლიურ მხარეში, ციმბირში წაიყვანა და მამას და ნათესავებს მისი ნახვის უფლება არ მისცა. მეორედ გურამმა ტამიშელ აფხაზზე იქორწინა და მასთან სამი ქალიშვილი შეეძინა... ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული მე და ჩემს ბიძაშვილ გოგოებს.მართალია, ისინი ჩემზე უმცროსები არიან, მაგრამ ყოველთვის გვქონდა საერთო ინტერესები, რაც ერთმანეთთან სიახლოვეს გვინარჩუნებდა და გვინარჩუნებს დღესაც. გურამს, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანი თავისიანად მიიიჩნევდა და რომლის შვილებიც ნახევრად აფხაზები იყვნენ, ომის სიმძიმის ტარება გაუჭირდა. ბუნებით კაცთმოყვარე და დიდსულოვანი ადამიანის გულმა დაწოლილ ტვირთს ვერ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა. ჩვენ გვიან გავიგეთ. 1993 წლის აგვისტოს ბოლოს, სამეგრელოში მყოფი ცოლ-შვილის წასაყვანად რომ ჩამოვიდა, უკანასკნელად მაშინ ვნახეთ. 3-4 წლის მერე, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, ბიცოლაჩემის მიერ გამოგზავნილ წერილიდან შევიტყვეთ, რომ აღარ იყო. 2000 წლამდე გოგოებთან სწორედ „წითელი ჯვრის“ შუამავლობით გვქონდა მიმოწერა. 2000 წლიდან, ღვთის შეწევნით, ერთმანეთთან მიმოსვლაც შევძელით და მათი მეშვეობით, უკვე რამდენჯერმე გახლდით სოხუმში. კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი ისაა, რომ ჩემი ბიძაშვილები დღეს აფხაზებად იწოდებიან, თავად ასე სურთ და მიიჩნევენ, რომ სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. ამ და სხვა მტკივნეულ თემაზე ხშირად ვსაუბრობთ, ხოლმე, მაგრამ დღეს მე პოლიტიკას არ ვეხები. დღეს გენოზე უნდა ვილაპარაკო... იმ დებს შორის შუათანა, გენოს დედა, ბედის ნება-სურვილით, სამი წლის წინ გალელ მეგრელზე გათხოვდა. მერე კი გენკა შეეძინათ, ის გენკა, რომლის გადასარჩენადაც, 2012 წლის 26 მარტს ქუთაისიდან გაგზავნილი რეანიმობილი სოხუმის სამშობიაროს მიადგა და მშობიარე ქალები საოპერაციო ბლოკებიდანაც გამოვიდნენ, იმ „სასწაულის“ სანახავად. ადგილობრივი ექიმებიც კი პირდაღებულები იყურებოდნენ, თურმე, შიგნით და მანქანაში ჩამონტაჟებული უახლესი სამედიცინო-რეანიმაციული აღჭურვილობის დანახვაზე გაოცებას ვერ ფარავდნენ. მალე, იგივე კოლონამ სოხუმის ქუჩებში გამოიარა და გზადაგზა ასევე პირდაღებული ხალხი მოიტოვა უკან. წარმოიდგინეთ, როგორი სანახავი იქნებოდა, დილის ცხრა საათზე ქართულნომრებიანი და ქართულწარწერებიანი რეანიმობილი ესკორტის თანხლებით, მწყობრით რომ გაივლიდა ცენტრალურ მაგისტრალზე?.. დღის 2 საათზე გენო, უკვე, თბილისის ჟვანიას სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში იყო. ცოტა მოგვიანებით, მისი დიაგნოზიც გვამცნეს ექიმებმა: დიაფრაგმის თიაქარი, მთელი რიგი გვერდითი მოვლენებით. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ საქმეს ის გარემოება ართულებდა, რომ ბავშვს ინფექცია შეჭროდა სისხლში და ამის გამო მაღალ ტემპერატურას აძლევდა. აღმოჩნდა, რომ ასეთი დეფექტით დაბადებული ჩვილები, ჩვენთან სამშობიაროდან პირდაპირ საოპერაციოში გადაყავთ და პრობლემას ეგრევე ქირურგიული ჩარევით აგვარებენ, სოხუმში კი არათუ ოპერაციის გაკეთება, სწორი დიაგნოზის დასმაც ვერ მოახერხეს. შემდგომი დღეები მოლოდინის რეჟიმში როგორ გავლიეთ და რა განვიცადეთ, არ მოვყვები, შორს წაგვიყვანს. პირველი ოპერაცია გენოს 29 მარტს ჩაუტარდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო, იმედია, მომდევნო დღეები გართულებების გარეშე ჩაივლის, განმეორებითი ოპერაცია არ დაგვჭირდება და გამოჯანმრთელებულ ბავშვს კლინიკიდან მალე გაგატანთო, შეგვპირდნენ მედიკოსები. ამის შემდეგ ცხრა იმედიანი დღე გავიდა და მეათე დღეს, დილით კლინიკაში მისულ მამას აცნობეს, რომ გენკას მაღალი სიცხე ჰქონდა, რაც კარგის მომასწავებელი არ იყო და სწორედ იმ გართულებებზე მიანიშნებდა, რაც ასეთ ოპერაციას ახლავს თან. მახსოვს, ეს 8 აპრილის საღამოს მოხდა, ბზობის დღესასწაულზე. საავადმყოფოდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, ვინაიდან გამოკვლევებმა ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა) აჩვენა. ...მერე ორი საათი ვიდექით საოპერაციოს ფოიეში და ეს ორი საათი უსასრულო მოლოდინის ორ საუკუნედ გადაიქცა. ყოველი ჩქამი, ყოველი კარის გაღება, ყოველი ფეხის ნაბიჯი შიშის ზარს გვცემდა. ვაითუ, იმ ხმას ცუდი ამბავი მოეტანა ჩვენამდე. როდის როდის გამოვიდა იქიდან თავდახრილი ქირურგი და ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა. რაც უფრო მოკლდებოდა მანძილი, ჩვენს შორის, მით უფრო მკაფიოდ მესმოდა საკუთარი გულისცემა. -წვრილი ნაწლავი ორ ადგილას იყო გახვრეტილი და დაზიანებული უბნის მთლიანად ამოღება მოგვიხდა. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. - ძლივს გასაგონად თქვა ქირურგმა. -შანსი როგორია, ექიმო? - ხმის კანკალით ვკითხე. -აბა, რა გითხრათ? - ხელები გაშალა უღონოდ - ამჯერად ვერანაირ პირობას ვერ მოგცემთ, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და ჩვილის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ასეთი ხუთი შემთხვევიდან, მხოლოდ ორის გადარჩენა თუ ხერხდება. დაველოდოთ მოვლენებს, მომდევნო დღეების დინამიკა ყველაფერს გვაჩვენებს... მე და გენოს მამა კედელზე ვიყავით ატუზულები და განძრევას ვერ ვახერხებდით, დერეფანში სკამზე გაქვავებული დედა გვიცდიდა. მღელვარებისგან ექიმის მოსმენა რომ ვერ შეძლო. რამდენიმეწამიანი ელდის შემდეგ, გავედით და ცოტა შელამაზებულად მოვუყევით ქირურგის ნათქვამი... მერე, მხარში შევუდექი და ძლივს ჩავიყვანე კიბეებზე, კრიჭაშეკრული, მზერაგაყინული, ცრემლგამშრალი, თან ვუმეორებდი, ცუდ რამეზე ფიქრიც არ გაბედო, მერწმუნე, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენს ბიჭს აქედან საღ-სალამათს გავიყვანთ-მეთქი. მართლა მჯეროდა, რასაც ვამბობდი, ერთი წამითაც არ დამიკარგავს იმედი და რწმენა, რომ გენო გადარჩებოდა. მეორე დღეს, ორშაბათს, ვერ მოვახერხეთ, სამშაბათს კი ჩავსხედით მანქანაში და წავედით მცხეთაში, სვეტიცხოველი მოვილოცეთ, იქიდან სამთავროს დედათა მონასტერში გადავედით, მერე ჯვარზე ავედით, მერე - მამადავითზე, მეტეხზე, ქაშუეთში და ბოლოს სამებაში შემოგვაღამდა. ეზოში გაფენილი ხალიჩები რომ დავინახე, მივხვდი, პატრიარქი უნდა მობრძანებულიყო და როცა სამრეკლოს ზარებს მელოდიურად ჩამოჰკრეს, საოცარი შვება ვიგრძენი. ვნების კვირის სამშაბათს ტაძარი მორწმუნეებით იყო სავსე, ამიტომ შესასვლელშივე გავჩერდით და პატრიარქს იქ დაველოდეთ. უწმინდესიც მალე მობრძანდა. მისმა სიახლოვემ კიდევ უფრო ამავსო რწმენით და იმედით. საკურთხეველში გენოს სახელზე სეფისკვერები შევაგზავნე და კიდევ ერთხელ ვთხოვე ყველა ხატს და ყველა წმინდანს, გადაერჩინათ ის სიცოცხლე, რომელიც ენგურის ხიდზე უფრო დიდ ხიდად უნდა გადებულიყო აფხაზ და ქართველ ნათესავებს შორის. სამებიდან პირდაპირ კლინიკაში წავედით. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაო, გვითხრეს, ოღონდ საჭმელს კიდევ ათი დღე ვერ მივცემთ, წვეთოვანით უნდა ვკვებოთო. მედდას ბოთლით ნაკურთხი წყალი გადავეცი, რომელიც იმ დღეს ტაძრებში მოვაგროვე და დავაბარე, მარტო ჩვენსას კი არა, ყველა ბავშვს აპკურეთ, ვინც მანდ არის და ყველას დაალევინეთ-მეთქი. კლინიკაში კიდევ ერთი კაი ამბავი დაგვახვედრეს, ჩვენი გენო იმ მოძღვარს მოუნათლავს, ბავშვების სანახავად ყოველდღე რომ დადიოდა და ლოცვებს უკითხავდა, უნათლავებს კი მირონს ცხებდა... მეორე ოპერაციიდან ერთი კვირის თავზე ექიმებმა გენკას 10 მლ რძე მისცეს, მეორე დღეს - 15, მესამე დღეს - 20 და როცა დარწმუნდნენ, ჩვენი ბიჭი ამ მცირე ულუფას კარგად ინელებდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ხუთ დღეში კი, გენომ 60 მლ რძეც უპრობლემოდ რომ მოინელა, სახლში გამოგვატანეს. ამის მერე, კიდევ თვენახევარი გვყავდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, აქ, თბილისში... სამი თვის ხდებოდა, აფხაზეთში რომ გავუშვით. ზეიმით დახვდნენ გენოს ენგურსგაღმა. არამარტო გალი და სოხუმი, არამარტო ახლობლები და ნათესავები, მთელი დე ფაქტო ოფიციალური აფხაზეთი გენოს გარშემო ტრიალებდა. სოხუმის სამშობიაროს მედპერსონალი და მთავარი ექიმი კინაღამ გადააყოლეს ამ ამბავს, არც იქაურ ჯანდაცვის მინისტრს დასდგომია კარგი დღე, კრიტიკულ ვითარებაში ექიმების და კლინიკის მოუმზადებლობის გამო. ადგილობრივი მედიასაშუალებებიც დიდი ინტერესს იჩენდნენ ამ შემთხვევის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე სოხუმი ადრეც მდგარა და ეჭვი მაქვს, მომავალშიც დადგება, გენოს თავგადასავალი რეზონანსული იმიტომ გახდა, რომ ქართველი ექიმები ოფიციალური ნებრთვით, ასე ყველას დასანახად და მასშტაბური ესკორტით, ომის მერე, პირველად ჩავიდნენ სოხუმში და რაც მთავარია, მათ ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს. თანაც ისე, რომ მშობლებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ. გენოს ორი ოპერაციისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხა, 30 ათასი ლარი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაიღო, რისთვისაც 30 ათას მადლობას ვუხდი საჯაროდ და ხმამაღლა სამინისტროსაც და ყველა იმ ადამიანს, ვინც გენადი ღაჭავას გადარჩენაში მონაწილეობა მიიღო. დღეს ის, სრულიად ჯანმრთელი, გალის ქუჩებში დარბის, ხან ტამიშის სახლის ეზოში თამაშობს, ხან კი, თავის დეიდაშვილებთან ერთობა სოხუმში. რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, ასე უწერია პირადობის მოწმობაშიც და ეს ქერა, ცისფერთვალება მეგრელი გაღმა და გამოღმა ყველა მის გულშემატკივარს გვაერთიანებს და გვახარებს. მისი არსებობა ჯაჭვივით კრავს ჩვენს კავშირს. მჯერა, სასახელო კაცი გაიზრდება და თავისი კაიკაცობით ყველას გადაგვიხდის ამაგს. ენგურის ხიდზე უფრო დიდი ხიდსაც გადებს ჩვენს შორის. ირმა ბერიშვილი
  4. ყველა კუთხეს თუ ქალაქს ჰყავს თავისი კოლორიტი, აი, ბევრი ჭკუა რომ არ მოეკითხებათ და ჩვენზე მეტად თავისუფლები რომ არიან. არც პასუხისმგებლობა აწევთ, ვინმეს წინაშე და არც ვალდებულება აწუხებთ. ზოგ ქალაქს რამდენიმე ჰყავს ასეთი, მაგრამ მათში ერთი მაინც ყოველთვის უფრო გამორჩეულია. ასეთია სერგიაც ქუთაისისთვის. ის სერგია, ნიკა არაბიძე რომ ბაძავს, ხოლმე, „კომედი შოუს“ უნიჭო სკეტჩებში და ბოლო დროს, ტუტუცი ადამიანების მიერ გადაღებული ვიდეოებით გაითქვა სახელი ინტერნეტში. იმ ვიდეოებში ათას სისულელეს ალაპარაკებენ, საწყალ სერგიას და ეს სახალისოდ მიაჩნიათ, ის კი არ იციან, თავად ბევრად უფრო საწ####ბი რომ არიან, ვიდრე "ღვთის გლახა" სერგო. მე როცა გავიცანი, მაშინ ცოტა მეტი მოეკითხებოდა, უფრო ახალგაზრდა იყო და მთლად ასეთი არეულიც არ ჰქონდა ტვინი. 1992-93 წლების ამბავს ვყვები. სტუდენტობა ქუთაისში მაქვს გატარებული, წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. ჩემი მეგობრებისგან ხშირად მესმოდა მისი სახელი: სერგიამ ეს თქვა, სერგიამ ის თქვაო. სულ მაინტერესებდა, ვინ იყო ეს "ლეგენდარული ადამიანი", ყველას რომ მისი სახელი ეკერა პირზე. ერთხელაც, უნივერსიტეტის ეზოში ვიღაც მაღალი, მხარბეჭიანი, ნაცრისფერპალტოიანი ახალგაზრდა შემოვიდა და ეგრევე მიიქცია მთელი ეზოს ყურადღება. სერგია, სერგია - გაისმა შეძახილი ყველა მხრიდან. -ბარო, შენ! - ბოხი და ჩახრინწული ხმით ჩამოარიგა მანაც სალამი, ზოგს ახლობლურად აუწია ხელი. -ესეც ჩვენი სერგო, ასე ძალიან რომ გაინტერესებდა. - მითხრეს მეგობრებმა, როცა მოგვიახლოვდა და მერე მას მიმართეს - გაიცანი, სერგია, ეს ჩვენი მეგობარია სამეგრელოდან, შენი გაცნობა უნდა. - კაია! - ჩაიბუხუნა სერგიამ და მოწიწებით ჩამომართვა ხელი. -რას შვები, სერგო, ცოლი არ მოგყავს? - ჰკითხეს ბიჭებმა. -ვეძებ, ქალის ამოსარჩევად ვარ აქანა მოსული. - არ დაახანა მანაც პასუხი, რასაც დიდი სიცილ-კისკისი მოჰყვა. მერე ლუდის ფული მისცეს ბიჭებმა და ისიც გაგვშორდა, სხვებისკენ წავიდა და ახლა იქ ატყდა სიცილ-ხორხოცი. დაშავებით არაფერს აშავებდა სერგო, ლუდის ფულს ან სიგარეტს თუ თხოვდა კაცებს და ტიტველ ქალებზე ილაპარაკებდა, კლავდა მაგათი ინტერესი, ეგ იყო და ეგ. ქალაქშიც ბევრჯერ შევხვდი მერე და უნივერსიტეტშიც ამოისეირნებდა ასე, ხანდახან. ერთხელაც, ხმა გავარდა, სერგიას ცოლი მოუყვანიაო. ცოტა ხანში მართლაც შევხვდი, თავის გულის ვარდთან ერთად, ქალაქის ცენტრში მისეირნობდნენ. „ვარდი“ ნაკლებად ეთქმოდა ცოლს, პატარა ქალი იყო, კოჭლი... ცალი ფეხი იმდენად მოკლე ჰქონდა, ძლივს იცავდა წონასწორობას, მიუხედავად იმისა, რომ იმ მოკლე ფეხზე მაღალქუსლიანი „პლატფორმები“ ეცვა, მეორეზე კი - დაბალქუსლიანი. მართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდნენ დევივით სერგია და მისი პატარა, აქეთ-იქით მოქანავე ცოლი. ამის მერე არ გასულა დიდი დრო, უნივერისტეტის სასადილოსთან შევიკრიბეთ მეგობრები, ჩვეულებისამებრ. ჩვენთან ერთად იყო ერთი ჩემი უბნელი, საკმაოდ სიმპათიური, ცოტა მოძველბიჭო ტიპი, ისიც ჩვენს სასწავლებელში სწავლობდა. ორიოდე თვის შერთული ჰყავდა ცოლი, მასზე მთელი თავით მაღალი გოგო. „პორუჩიკ გალიცინს“ ვეძახდი, სახეზე პირქუში გამომეტყველებით, მუდამ აკადემიურად ჩაცმული რაღაცნაირად, ჯარისკაცივით გაჯგიმული დადიოდა. გათხოვებამდე, არ მახსოვს, ვინმესთან ერთად მოსულიყო სასწავლებელში, მოვიდოდა პორუჩიკივით გაჯგიმული და ლექციების მერე ეგრევე წავიდოდა, მარტო. ჩვენსავით ღობე-ყორეს კი არ ედებოდა. ეს ტიპი კიდევ რაღაცნაირი იყო, სხვანაირი, სულ სამეგობროში ტრიალებდა, ბარში ან სასადილოში იჯდა, კარტს თამაშობდა, ერთობოდა, ხმაურობდა. ფიზიკურადაც ცასა და დედამიწასავით განსხვავდებოდნენ. ცოლ-ქმარი ერთად როცა მოდიოდა უნივერსიტეტში, იმდენად შეუფერებლები იყვნენ, რომ მათკენ აღარ ვიხედებოდით. შეიძლება ვაჭარბებ კიდეც და არაობიექტური ვარ მათ მიმართ, რადგან ის ბიჭი ჩემს მეგობარს მოსწონდა და თავისი უცაბედი დაოჯახებით მოლოდინი ძალიან გაგვიცრუა. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, იმ დღესაც, მეგობარი გოგო-ბიჭები სასადილოს კარებთან რაღაცაზე ვმსჯელობდით, რომ უცებ ეზოში სერგია გამოჩნდა. როგორც კი შეგვამჩნია, ეგრევე ჩვენსკენ გამოსწია და ბიჭებს ხელი გაუწოდა: -მომაწევიეთ ერთი ღერი პაპიროსი. სიგარეტი მისცეს და მოკლე მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ, ამან, ცოლზე მთელი თავით დაბალმა, ჰკითხა: -სერგია, გევიგეთ, ცოლი მოგიყვანია, სიმონ. -კი, მევიყვანე, სიმონ. -მერე, ბიჭო, რამ მოგაყვანინა შენზე „სლიშკამ“ დაბალი ქალი? - „სლიშკამ“ მაღალ ქალს, „სლიშკამ“ დაბალი მირჩევნია ძმაო. - არც დაფიქრებულა, ისე მოუჭრა სერგიამ. ამას ღიმილი სახეზე შეეყინა, ერთიანად წამოჭარხლდა და უხერხულობისგან თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. მე და გოგოებს კი ისეთი სიცილი წაგვსკდა, სულ ცრემლები ვაღვარღვარეთ. ჩვენი მეგობარი ბიჭები გაკვირვებული გვიყურებდნენ, ვერ მიხვდნენ, ასეთი სასაცილო რა იყო სერგიას ნათქვამში. მათ რა იცოდნენ, მისდაუნებურად როგორ ჯიგრიანად ამოგვყარა ჯავრი სერგომ. გამოხდა კიდევ ხანი და რაღაცის საყიდლად ბაზრობაზე შევიარე. ტანსაცმლის თვალიერებაში, დახლების ერთ-ერთი მწკრივის ბოლოში ქალების ხორხოცი და კისკისი მომესმა. როცა მივუახლოვდი, დავინახე, რამდენიმე მოვაჭრეს სერგიას ცოლი მოექცია შუაში. როგორც გავიგე, ეს უკანასკნელი თავის გასაჭირს ქალებს ალალად უყვებოდა: -უნდა გავშორდე, მაგის გაძლება აღარ შემიძლია, დღედაღამ მოსვენებას არ მაძლევს, ამომხადა სულიო. მის სიტყვებზე გამყიდველი ქალები ტკვარცალით აწყდებოდნენ ერთმანეთს. -ა, ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ ნახეთ, ამასწინ ისეთი მიკბინა, დაჯდომა ვეღარ მომიხერხებიაო და წამოიხადა კაბა. ცნობისმოყვარეობამ მძლია, წავიგრძელე კისერი და დავინახე, სერგიას ცოლის წამოხდილი კაბის ქვეშ როგორ გაიელვა რაღაც სიშავემ. იმ უბედურს, ცალი საჯდომი ისეთი ჩალურჯებულ-ჩაშავებული ჰქონდა, სიბრალულისგან გული მომეწურა. - შენ გაქრი, შენ. - ქოქოლა მიაყარეს ქალებმა და კისკისი გააგრძელეს. მალევე გავიგე, მართლაც გაშორებია ის ქალი სერგოს. არ ვიცი, მერე მოიყვანა თუ არა ვინმე ცოლად, ქალების მიმართ ინტერესი რომ არ განელებია, იმ ვიდეოებიდანაც ჩანს, ინტერნეტში რომ ავრცელებენ სერგიაზე ნაკლები ჭკუის ადამიანები. ამასწინათ ქუთიასლებისგან გავიგე, ხონში წაუყვანიათ სერგია, ფსიქიატრიულში. ბოლო დროს ძალიან აგრესიული იყო და სექსუალურ ნიადაგზე, ნამეტანი დაუოკებელი გახდაო. ქუთაისში, ქუჩაში გამოსული მაწანწალა, მათხოვარი თუ სულით ავადმყოფი, კაცი თუ ქალი, არავინ დატოვა ხელშეუხებელი, თურმე. ერთხელაც, ქალაქის ცენტრში, შადრევნებთან, თიბისი ბანკის ოფისის წინ ვიღაც ჭკუასუსტი ქალი გამოუჭერია და შესდგომია საქმეს. ბანკის დაცვას პატრული გამოუძახია, იმათ კიდევ, სხვა რომ ვერაფერი მოუხერხეს, ხონში წაუყვანიათ. ასე, რომ სამი თვეა, ქუთაისი ისვენებს სერგიასგან. რამ გამახსენა ახლა მისი ამბავი? ისე, უბრალოდ, ინტერნეტში გადავაწყდი მის ერთ-ერთ ვიდეოს და მეც ვიდეოფირივით აღმიდგა ყველაფერი გონებაში. თან, ვერ წარმომიდგენია, ფსიქიატრიულში წამლებით გაჭყეპილი, მოდუნებული და სადმე ფანჯარასთან მიმჯდარი სერგია. ირმა ბერიშვლი
  5. რასაც გიყვებით, ამას, წესით და რიგით, სათაურად „როგორც იქნა“ უნდა ერქვას, მაგრამ, ვიდრე ბოლომდე ჩავალ, სხვა სახელს მოვუფიქრებ, იმედია. „როგორც იქნა“ იმიტომ უნდა ერქვას, რომ რა ხანია ჩემი მეგობარი ბელა ჩეკურიშვილი მის დაწერას მეხვეწება და საშველი არ დავაყენე. კლასიკური მედღეხვალიე ვარ. ათი წლის წინ მოვუყევი ეს ამბავი ბელას და იმდენი იცინა, ძლივს გადავატანინე ყურადღება სხვა რამეზე. მერე ყოველ ჩემს დანახვაზე იწყებდა სიცილს, რა ვქნა, რომ გიყურებ, სულ შენი მონაყოლი მახსენდებაო. ეს სასაცილო თუ სატირალი ამბავი ლენინს ეხება, ყოფილი საბჭოეთის მამას და ბელადს, მუმიადქცეული დღემდე რომ მოსკოვის ცენტრში დევს. მართალია, იმ მარმარილოს მავზოლეუმს საპატიო ყარაულში ჩამდგარი ჯარისკაცები უკვე არ იცავენ და რუსეთშიც, კარგა ხანია, ლენინის დამარხვა-არდამრხვის საკითხზე მსჯელობენ, თუმცა კი აქამდე მიწისთვის ვერ გაუმეტებიათ. მახსოვს, სადღაც 90-ანი წლების შუაში, რუს ჟურნალიტს სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული ამ თემაზე და წითელ მოედანზე გამვლელ-გამოვლელს ეკითხებოდა, უნდა არსებობდეს თუ არა ლენინის მავზოლეუმიო. რესპონდენტთა უმეტესობამ, კი, აბა, როგორო; ნაწილმა დიდი სიფრთხილით აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოსო; ერთმა „ბაბულიამ“ კი პირდაპირ და მკაცრად მოჭრა, „უბრატ ნადა ევო ატსუდაო“ . არადა, მის ზურგს უკან, კადრში, მავზოლეუმის შესასვლელთან რიგში მდგარი ასეულობით ადამიანი ჩანდა. მადლობა ღმერთს, ეგ რიგები მაინც მოიშალა. აი, მე რომ ამბავი უნდა მოვყვე, მაშინ კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც, დიად საბჭოეთში დადგებოდა დრო, როცა ბელადის ძეგლებს კვარცხლბეკებიდან სულ რიხინ-რიხინით გადმოყრიდნენ და მისი გადიდებული ფოტოებიც გაქრებოდა არათუ ბაღისა და სკოლის კედლებიდან, თანამდებობის პირთა კაბინეტებიდანაც. ჩემს თაობას (42 წლის ვარ), ცოტათი უმცროსებსაც და უფროსებს ხომ მკაფიოდ გახსოვთ, ჩვენს ბავშვობაში ყველა საკლასო ოთახში ვითომ ლენინის ბავშვობის სურათები რომ ეკიდა? პატარა, ხუჭუჭა, ქერა კულულებიანი ლამაზი ბავშვის გამოსახულება ოქტომბრელის ნიშანზეც იყო დატანილი. ის ლამაზი ბავშვი დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების პირველ გვერდზეც ეხატა და სურათის ქვეშ ბელადის „ანდერძი“ იყო დაბეჭდილი: სწავლა, სწავლა და სწავლა... ღმერთო, რა სასაცილოდ მეჩვენება ახლა ის ყველაფერი, მაშინ კი ოქტომბრელობას არა უშავდა რა და პიონერად „კურთხევის“ მერე დაიწყო ჯოჯოხეთი. მე და ჩემს მეგობრებს წითელი ყელსახვევის გაკეთება რომ გვეზარებოდა, ხან ჯიბეში ვიკუჭავდით და ხან ჩანთაში ვჩურთავდით. არადა, დილით, რომ დაივლიდა კლასებს ჩვენი წარბებაწკეპილი პიონერთხელმძღვანელი, ვისაც ყელსახვევი არ ეკეთა, შავ დღეს დააყრიდა. შემოაღებდა თუ არა კლასის კარს, სასწრაფოდ დავიწყებდით ქექვას და დაკუჭულ, გაუბედურებულ ყელსახვევს მოვიმარჯვებდით. ზოგი გაკეთებას ვერ ასწრებდა, ზოგი ნაჩქარევად, ჰაიჰარად გაიკვანძავდა და იწყებოდა მერე საყვედურები: -ბერიშვილი, რა არის ეს, ასეთი დაკუჭული და დაღეჭილი უნდა იყოს პიონერის ყელსახვევი, არ გრცხვენია? - ახლაც ყურში ჩამესმის პიონერხელმძღვანლის მკაცრი და გამყინავი ხმა. არც ჩემი მეგობრები რჩებოდნენ გაკიცხვის და საყვედურების გარეშე და ასე გრძელდებოდა სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს რამდენიმე მეგობარი (ვისაც იმ დროისთვის 15 წელი შეგვისრულდა) კომკავშირში მისაღებად რაიონში არ დაგვიბარეს. სიხარულით წავედით, თუ მიგვიღებდნენ, ამიერიდან ყელსახვევის გაკეთება აღარ მოგვიწევდა და მხოლოდ კომკავშირელის სამკერდე ნიშანს დაგვაჯერებდნენ. იმის მოყოლა, წესდების უცოდინრობის გამო კომიტეტის წევრებს კომკავშირში ჩემი მიღება როგორ გაუჭირდათ და რამდენი ითათბირეს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, შორს წაგვიყვანს. იმას კი ვიტყვი, რომ ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ხათრით კი არ გაუწიეს ვინმეს ანგარიში, პირიქით, ჩემი მეგობრების ხათრით მიმიღეს კომკავშირელთა რიგებში, ხუთიდან ერთი რომ არ გავეწბილებინეთ. სიტყვა გამიგრძელდა, ლენინით დავიწყე და სად გადავვარდი? თუმცა, მისგან შორს მაინც არ წავსულვარ, მაგრამ ეს უფრო ადრე, ოქტომბრელობის პერიოდში მოხდა. ზუსტად არ მახსოვს, პირველ თუ მეორე კლასში ვიყავით. დაწყებითების პედაგოგი გვყავდა, ასე 50-ს გადაცილებული იქნებოდა (მაშინ მეგონა ბებერი იყო), ოლგა ერქვა, შინაბერა იყო (აბა, გასათხოვარი როგორ ვთქვა). ცუდი სიტყვა კია, მაგრამ რა ვქნა, ჩემზეც იგივეს ამბობენ ახლა, ალბათ, სოფელში. და ჰყავდა ოლგას, ისიც პედაგოგი, მასზე უმცროსი, ისიც გაუთხოვარი. ოჯახის შექმნის იმედი რომ გადაეწურათ, დებმა ბავშვი იშვილეს, ბიჭი. ოლგას დედას ეძახდა, მის დას - მამას. ანუ დედ-მამის „პონტში“. ასე შეაჩვიეს დებმა და მათ ლოგიკას ვინც მიხვდება, იმას გაუმარჯოს ღმერთმა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ოლგა მასწავლებელი რაღაცას რომ გულმოდგინედ გვიხსნიდა, უცებ წამოდგა ჩემი ერთ-ერთი თანაკლასელი (ოღონდ, ამდენი წელია ვიხსენებ და ვერაფრით გავიხსენე, რომელი იყო. ვერც შევიკრიბეთ ყველა ერთად, რომ ვიკითხო, ჩემს გარდა იქნება კიდევ ახსოვს ვინმეს ეს შემთხვევა? ვისთანაც ხშირი ურთიერთობა მაქვს, მაგათ არ ახსოვთ) და ჰკითხა: პატივცემულო (ასეთი მიმართვა იყო პედაგოგებისადმი), ლენინს შვილი რატომ არ ჰყავდაო? ოლგა მასწავლებელი მოულოდნელმა კითხვამ საგონებელში ჩააგდო, კარგა ხანს იდგა მდუმარედ, ჩაფიქრებული. ჩვენ უსაზღვრო ინტერესით შევციცინებდით თვალებში, ის კი პასუხს აგვიანებდა. ბოლოს, თითქოს, გონება გაუნათდაო, გაიღიმა და სრულიად სერიოზულად გვითხრა: ის ისეთი ზრდილობიანი ადამიანი იყო, როგორ შეიძლებოდა შვილი ჰყოლოდაო. რა თქმა უნდა, ამ პასუხიდან ვერაფერი გავიგეთ იმის გარდა, რომ ვისაც შვილი ჰყავდა, ყველანი უზრდელები იყვნენ. ის კი არა, ზოგიერთს, ალბათ, შეგვრცხვა კიდეც, უწესო მშობლების შვილები რომ აღმოვჩნდით. მერე, რამდენიმე წლით გვიან ჩავწვდი ცხონებული ოლგა მასწავლებლის ნათქვამის აზრს და კარგადაც ვიხალისე. უფრო მოგვიანებით კი სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა ქალის მიმართ, რომელმაც ასეთი მორალით იცხოვრა... დარწმუნებული ვარ, მას თავადაც სჯეროდა, რასაც ამბობდა. P. S. ლენინზე კი შური ოთხი წლის წინ ვიძიე. 2010 წელს, სოჭში ვიზიტისას, ჩემმა მასპინძლებმა სოჭი-რივიერას სანახავად რომ წამიყვანეს, გზად მოზაიკით აწყობილი ლენინის სახიანი კედელი შეგვეფეთა, თურმე დღემდე ამშვენებს ეგ პანო თუ სტელაჟი თუ რაც არის, სოჭის ერთ-ერთ ქუჩას. ჯერ გავაპროტესტე, ამას აქ რა უნდა-მეთქი, მერე მარცხენა ხელის შუათითი ვაჩვენე ლენინს, ესეც შენ, ჩემი გაბითურებული ბავშვობისთვის-მეთქი. ირმა ბერიშვილი
  6. რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა და როგორც წესი, ვიდრე გავაღებდი, ვიკითხე, ვინ არი-მეთქი. ინკასატორი ვარო, გამომეპასუხა ქალის ხმა. ყოველი შემთხვევისთვის, „გლაზოკში“ გავიჭყიტე და დავინახე, ფოიეში ვიღაც ქალი ქაღალდების დასტაში იქექებოდა. გავედი და რაშია საქმე-მეთქი? - დავინტერესდი. - თქვენი ბინა რა ნომერიაო? - მკითხა. ვუთხარი რა ნომერიც იყო. -ეგ სად წერიაო? კარის მარჯვენა და მარცხენა მხარესაც, კედელზე წითელი ფლომასტრით მიწერილი ციფრები ვანახე. ფერი ცოტა გადასული კი იყო, მაგრამ აქამდე არავის გამოუთქვამს პრეტენზია, მაგის გამო. - უი, ეგ მე არ მეყოფაო. - შეიცხადა თვალებმოჭუტულმა, ჩანთიდან შავი ფლომასტერი ამოიღო და წითელს გადააყოლა. როგორც ჩანს, ჩემი ბინის ნომერი არ ყოფილა პირველი, რომელიც ვერ გაარჩია და „შეირაღებულიც“ იმიტომ დადიოდა. -აწი მე დავარიგებ ქვითრებს და ამოწერებზეც მე ვივლიო, - მახარა. თავიდან ვერ მივხვდი, რა ამოწერებზე მელაპარაკებოდა, მაგრამ მერე იცოცხლე, შევფიქრიანდი. ქალი თავის ცხვირს იქით ვერაფერს ხედავდა და რიცხველიდან ამის ამოწერილი ჩვენება რაღა იქნებოდა? ხან ჩანთაში იქექა, ხან ქვითრების დასტაში ეძება, მაგრამ ჩემი ქვითარი ვერ იპოვა. -ეტყობა, შემეშალა და ზევით დავტოვე, იქაც ვერ გავარჩიე ბინის ნომრები და სამივე ქვითარი ერთ კარში გავარჭეო. -ქალბატონო, ზემოთ ორი ბინაა, სამი აქაა, 41-ე, 42-ე და 43-ე-მეთქი, მივუთითე ხელით ყველაზე. - უიო, შეიცხადა და მის ზურგს უკან მდებარე მეზობლის კარს გაოცებულმა შეხედა, - აქაცაა კარებიო? მე უფრო და უფრო გაკვირვებული ვუყურებდი ჩემს წინ ციბრუტივით მოტრიალე ქალს, რომელმაც ახლავე მოგიტანთ თქვენს ქვითარსო, მითხრა და ლიფტიდან მარჯვნივ მდებარე კიბეებზე აირბინა. ველოდე ერთი წუთი, ორი, სამი და რომ აღარ გამოჩნდა, შემცივნებული შევედი შიგნით. იმ დღეს საკმაოდ ციოდა და ვიდრე ის ინკასატორი იმ სამ ქვითარში უსათვალოდ ჩემსას იპოვიდა, ხომ გავიყინებოდი? კარგა ხნის მერე გამახსენდა და რომ გავედი, კარში გარჭობილი ქვითარი ფრიალით დავარდა ძირს.შევინახე საგულდაგულოდ. ამის შემდეგ სულ უნდა ვაკონტროლო მრიცხველის ჩვენება, თორემ იმ ბეც ინკასატორს სად რა შეეშლება, ღმერთმა იცის. ისე არ გამიგოთ, თითქოს მის პრობლემაზე ვქილიკობდე. მხედველობის ნაკლებობა არც ჩემთვისაა უცხო. იმდენი ხანია სათვალე მიკეთია და ისე ვარ შეჩვეული, ხანდახან მავიწყდება მოხსნა და შხაპის ქვეშაც სათვალით ვდგები. 12 წლის წინ, ყაზბეგის გამზირზე, ჩემმა მეგობარმა ნინო თარგამაძემ მიკროავტობუსის სამარშრუტო ნომერი 135 თითქმის ასი მეტრიდან რომ დაინახა და მე მანამ ვერ გავარჩიე, ვიდრე რამდენიმე ნაბიჯზე არ მომიახლოვდა, მაშინ მივხვდი, სასწრაფოდ ოფთალმოლოგი მჭირდებოდა. არც დამიხანებია, მალევე მივედი ექიმთან და მას მერე სათვალე არ მომიხსნია. მიუხედავად იმისა, რომ მთლად ისეთი ახლომხედველი არ ვარ, როგორიც ეს ქალი ჩანს. ამას ან ოფთალმოლოგის შესახებ არ გაუგია არაფერი ან სათვალის გაკეთება ჰგონია სირცხვილი. მყავს მე ეგეთი ნაცნობები. გათხოვებამდე იმიტომ არ იკეთებდნენ, არიქა, ვინმემ არ თქვას, „ნაკლი“ ჰქონიაო, გათხოვების მერე კი იმიტომ არ მიდიან თვალის ექიმთან, ემანდ, ქმარმა არ იფიქროს, ეს ვინ ბრუციანი მომიყვანია ცოლადო და წვალობენ ასე, უსათვალოდ (არიან ეგეთები სამეგრელოში, დამიჯერეთ). მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, რატომ გაუშვა „თელასმა“ წინა თანამშრომლები და რა კრიტერიუმით აირჩია ახალი, ვერაფერს გეტყვით. ის კი ვიცი, დენის ქვითრებთან დაკავშირებით, აწი, ალბათ, პრობლემა არ დამელევა. ეს, რაც შეეხება დენის ინკასატორს, ახლა გაზისას არ იკითხავთ? მეორე თუ მესამე დღეს მომადგა ისიც და კარზე ისე ძალუმად დააკაკუნა. ეგრევე მივხვდი, ვინც იყო. რკინის კარზე მთელი ძალით რომ დაიწყებს კაკუნს, ვიდრე არ გაუღებ, არ გაჩერდება. აი, ხომ არის, რომ ეძახი: ახლავეე; მოვიდვაარ! ან ფეხის ხმაც ხომ ესმის ადამიანს, კარის გასაღებად რომ მიდიხარ და გელოდება? არა, იმას არაფერი აჩერებს, არახუნებს და არახუნებს. არადა, ერთი პატარა, მოცუცქნული ქალია. რამდენჯერმე დავეჭვდი, ალბათ, ყურთ აკლია და იმის გამოა-მეთქი, ეჭვს სხვა მაგალითებიც მიღრმავებდა, მაგრამ მთლად ყრუ თუ იყო, რავა ვიფიქრებდი? ერთხელ ისე მოხდა, რომ აბაზანაში შესულს მომესმა მისის კაკუნი. სახლში ჩემს გარდა არავინ იყო, დამეზარა აბაზანიდან გამოსვლა, ვიფიქრე, დააკაკუნებს რამდენჯერმე და წავა-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ, წავიდა კი არა, კინაღამ კარი ჩამოიღო და იძულებული გავხდი, ხალათი მომეცვა და სასწრაფოდ გავსულიყავი. გზადაგზა ვეძახდი, მოვდივარ, მოვდივარ-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა. ის კი არა, თავიდან ფეხებამდე სველმა კარი რომ გავუღე, აქეთ შემომიტია, ვიცი, რომ სახლში ჩვილი ბავშვი გყავთ, ბინაში იქნებით და კარებს რატომ არ მიღებთო და არც შემოუხედავს, ისე დაადო ლოჯიის აივნისკენ თავი, სადაც გაზის მრიცხველი ეგულებოდა. მე თვალები შუბლზე ამივიდა და ხელების ქნევით მივყევი უკან. - ქალბატონო, ვალი არავისი გვაქვს და კარი რატომ არ უნდა გამეღო, მეორეც, ჩვილი ბავშვი ხანდახან ჰაერზე გაგვყავს და ისეთი ადგილებშიც დავდივართ, სადაც ბავშვიანად შეგვიძლია სიარული, სულ სახლში რატომ უნდა ვიჯდეთ-მეთქი? ერთი კი შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვიფიქრე, ნამუსმა შეაწუხა და იმიტომ არ მპასუხობს არაფერს-მეთქი, მაგრამ ის ხომ მაინც შეიძლებოდა ეთქვა, უი, ხო, მართალი ხართ, ეგ არ მიფიქრიაო ან რამე მსგავსი? იმან კი ამოიწერა ჩვენება და უსიტყვოდ გავიდა გარეთ. მისეული კაკუნის გარდა, მეორე ჩვევაცა აქვს, როგორც კი სახლში შემოვა, არც შემოგხედავს, დაადებს თავს და პირდაპირ მრიცხველისკენ მიდის. ახლაც, რომ შემოვიდა, ეგრევე ლოჯიისკენ გავარდა, მაგრამ შესასვლელში იმდენი სათამაშო ეყარა, ვერ გადაუარა და მისაღები ოთახის გავლით განაგრძო გზა. მე უკან მივყევი და საუბარი გავუბი. -იცით, წინა მოსვლაზე, თქვენს მერე, სადღაც ერთ კვირაში ვიღაც ორი კაცი მოვიდა, გაზიდან ვართო, მაგრამ ვუთხარი, რომ გაზიდან უკვე იყვნენ ჩემთან და კარები არ გავუღე-ეთქი. თან ამ ლაპარაკში, მე ლოჯიიდან მოვუჭერი გზა და ის ზალიდან ლოჯში რომ გადადიოდა, იქ შევხვდი. დამინახა, რომ ხელების ქნევით რაღაცას ვამბობდი და წინ დამიდგა. მე რაც მინდოდა მეთქვა, უკვე ვუთხარი და ახლა მისგან ველოდი განმარტებას. იმან კი მიყურა, მიყურა და რა მითხარიო? - მკითხა. ცოტა ხმამაღლა დავიწყე იგივეს გამეორება. შუა ლაპარაკში, მოვიდა ეს ჩემი ინკასატორი და მარცხენა ყური ზედ ტუჩებთან მომიტანა. ახლა კი მეცა პირკატა. თურმე, სულ ტყუილად ვლაპარაკობ, არაფერი ესმის. გამოდის, ორ წელზე მეტია, ამ ქალს ყოველ მოსვლაზე რასაც ვეკითხებოდი ან ვეუბნებოდი, არაფერი გაუგონია. ჩემს შემხედვარეს, ალბათ, როგორ უკვირდა, ეს რა ხელს აქნევს და პირს აღებსო? მე კი ის მიკვირდა, ყველა ჩემს კითხვას უპასუხოდ რომ ტოვებდა და უხმოდ გადიოდა. ნახვამდისო, მიბარებდა მხოლოდ. ახლა ყურში ორჯერ რომ გავუმეორე, რაც ზემოთ ვთქვი, მითხრა, არ ვიცი ვინ იყვნენ ან რატომ დადიოდნენ, მაგრამ კიდევ თუ მოვიდა ვინმე, მოწმობა მოთხოვეთ, ან კარი არ გაუღოთ და მე დამირეკეთ ეგრევეო. რომ გავისტუმრე, კარგა ხანი ვიდექი კართან და ვფიქრობდი, ეს რა ღვთის რისხვაა, ის არის და - ბეცი, ეს არის და - ყრუ. რამ შეკრიბა, რაღა ჩვენს უბანში მოხვდნენ? მერე ამ ქალის წინ რომ გვყავდა გაზის ინკასატორი, ის გამახსენდა. ერთი ახმახი კაცი იყო, ნასვამი დადიოდა ხოლმე, ჩვენებების ამოსაწერად. ერთხელ ჩემს ქვითარში აბონენტის ნომრის წინ ერთიანის ნაცვლად ორიანი ჩაუწერია. მე არც კი დამიხედავს, ბანკში რომ მივიტანე, მოლარე ბიჭმა (ააშენებს ღმერთი) აბონენტის ნომერი ხმამაღლა წამიკითხა და რომ ვნახე, შეცდომა იყო, გავასწორეთ ეგრევე. იმ ბიჭმა ჩემი ხელით გადამაკეთებინა ქვითარზე ციფრები. მერე რომ მოვიდა ის მთვრალი კაცი, ვანახე გადასწორებული ნომერი და შენიშვნა მივეცი, ცოტა ყურადღებით იყავით-მეთქი. ვითომც არაფერი, ყური არ შეუბერტყავს. არადა, კაი ბარაქიანი ყურები კი ჰქონდა. შემდეგ თვეს პრობლემა არ შემქმნია, ნორმალურად ამოწერა და გამოწერა ყველაფერი, მაგრამ იმის მომდევნო მოსვლაზე ისევ აურია. სახლში რომ არ ვიყავი, მაშინ მოსულა და დაუტოვებია ქვითარი. მოვედი, ვნახე, 86 ლარია გადასახდელი. გამიკვირდა, მარტო წყლის გამათბობელი და უბრალო, სამკამფორიანი გაზქურა გვქონდა მაშინ. წინა თვეებში არ დაუწერია ამდენი და ეს რა უსაშველობაა-მეთქი, მაგრამ, ცოტა ხნით ადრე, სტუმრები გვყავდა, ხშირად გვიწევდა გაზქურის და გამათბობელის ანთებაც და ალბათ, მაგიტომ მეტი გაზი დაგვეხარჯა-მეთქი, ვიფიქრე. ისე მოხდა, რომ თანხა მითითებულ დროს ვერ გადავიხადეთ და ერთ დღესაც, შინდაბრუნებულს, კარში ინკასატორის დაწერილი უსტარი დამხვდა. იმუქრებოდა, ორშაბათამდე თუ არ გადაიხდით, მთელ სადაბაზოს ჩავუჭრით გაზს და მერე მათ გაეცით პასუხიო. მეორე დღესვე ვიშოვე ფული, გავვარდი ბანკში და ვალი გადავიხადე, მაგრამ ისევ შემომიჩნდა ეჭვი, არ არსებობს, ამდენი დანახარჯი არ გვექნება-მეთქი. შევამოწმე მრიცხველის ჩვენება და ერიჰაა... ინკასატორის მიერ დაწერილ ჩვენებას რომ დავწეოდით, იმდენი კუბამეტრი აირი უნდა მოგვეხმარა, რომ... იმ ორშაბათს, სპეციალურად, დავრჩი სახლში და რომ მობრძანდა პატივცემული, არაფერი მითქვამს, უსიტყვოდ შემოვუძეხი ბინაში. თავად გადმომხედა მრავალმნიშვნელოვნად, როცა გადახდის ქვითარი ვაჩვენე. მერე გავიდა აივანზე და მრიცხველს შეხედა. შევატყვე, თვალებს არ დაუჯერა, ამოიღო სათვალე და ახლა უფრო გულმოდგინედ დააკვირდა. -ჰა, რა იყო, ვერ ხართ კმაყოფილი, ხო? - ვკითხე ნიშნისმოგებით. -ჰო, შეცდომა მომსვლიაო - მიპასუხა შეცბუნებულმა. -ამდენით ზედმეტი გადამახდევინეთ და კიდევ აქეთ მემუქრებოდით. - ავუფრიალე თავისი წერილი ცხვირწინ. - სამაგიეროდ, აწი კარგა ხანს არ მოგიწევთ გადახდაო. - დამამშვიდა. იმის მერე, მართლაც 4-5 თვე არაფერი გადაგვიხდია. სიარულით, ყოველ თვე დადიოდა ინკასატორი და 2-2 კუბამეტრს წერდა, რათა დაფიქსირებულიყო, მრიცხველი რომ მოწმდებოდა. ბოლოს რომ მოვიდა და ნახა, მის მიერ ოთხი თვის წინ ამოწერილი აირის რაოდენობა კიდევ არ იყო გახარჯული, კარებში გასვლისას მითხრა, ამდენს რას იზოგავთ, გახარჯეთ, კაცო, უფრო ხშირად დაიბანეთო, გამეხუმრა, მისი ჭკუით. ეგრევე ავუშვი აფრები და ჩვენი დაბანის გრაფიკი თქვენ რომ არ გეხებათ, მაგას კი უნდა ხვდებოდეთ და იმედია, იმასაც ხვდებით, ზედმეტი რომ მოგივიდათ-მეთქი, დავუბრიალე თვალები და მივუჯახუნე კარი ცხვირწინ. მას მერე არც გამოჩენილა. იმ ქალმა შეცვალა, ვისზეც უკვე გელაპარაკეთ. აი, ასეთი ამბები ხდება ჩემსა და ინკასატორებს შორის. რა დანაშაულისთვის მომისაჯა მათი თავი ღმერთმა, რას გავიგებ?! ირმა ბერიშვილი
  7. ამ ტექსტის დაეწერა ერთი კვირით ადრე მინდოდა, როცა კიკვიძის პარკში "სამართალდამცავ" გოგა ონიანის "ბრძოლაი საკვირველი"-ს ამსახველი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. დავიწყე კიდეც წერა, მაგრამ ხან სიზარმაცის და ხან მოუცლელობის გამო, აქამდე ვეღარ დავასრულე. ახლა კი, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მინდა გიამბოთ იმ დღეზე, როცა ეგ ამბები მოხდა. მართალია, კადრებში არ ვჩანვარ (თუ არ ჩავთვლით წამიერ გაელვებას, ჩემი სტაფილოსფერი ქურთუკით), რადგან სულ კამერების უკან ვიდექი, მაგრამ ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. ზუსტად მახსოვს, ეს იყო 2012 წლის 25 თებერვალს. დილით, ასე თერთმეტი საათისთვის შევიტყვე, რომ კიკვიძის ბაღში „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი დაუკავებიათ, რომელიც იქ მიყვანილ მძიმე ტექნიკას, ხეების გაჩეხვის ნებას არ აძლევდა. დიდხანს არ მიფიქრია, ჩავიცვი და სახლიდან გავვარდი, ვინაიდან მეც „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი ვიყავი და ესეც რომ არა, ჩემი სამოქალაქო ვალი იყო, ბაღი დამეცვა. შესასვლელშივე, სადაც გარკვეული ტერიტორია კარგა ხნის შემოღობილი ჰქონდათ და ათობით ხეს გასაჩეხად ამზადებდნენ, რამდენიმე ნაცნობი სახე შემეფეთა. პოლიციის ის თანამშრომლები იყვნენ, ყოველი შეკრებისას ქორებივით გარს რომ გვიტრიალებდნენ და ყურზე მიდებული ტელეფონის კამერებით გვიღებდნენ.. სიღმეში „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის რამდენიმე წევრი და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ. ეს ის ახალგაზრდები იყვნენ, ღამეს ბაღის შემოღობილში, კოცონის გარშემო რომ ათევდნენ და კიკვიძის ბაღის ხეებს დარაჯობდნენ, რათა ქურდებივით ღამე არ დაეჭრათ. ამბავი კი იმით დაიწყო, რომ „გრინფისის“ მხარდამჭერებს კარგა ხნით ადრე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეგვატყობინეს, ბაღის ნაწილი შემოღობეს, ხეების მოჭრას და მათ ადგილას რაღაც შენობის ჩადგმას აპირებენ და გვიშველეთო. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, იქ 80 წლოვანი ნარგავების გაჩეხვის ხარჯზე, ყველა კანონის გვერდის ავლით პოლიციის სამმართველოს შენობის აგება იყო დაგეგმილი. ამის შემდეგ, ლაშა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით დავიწყეთ მოქმედება, კვირაში ორ-სამჯერ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პარკის ტერიტორიაზე ვიკრიბებოდით, ქალაქის მერიის მიერ უკანონო მშენებლობისთვის ნებართვის გაცემას ვაპროტესტებდით და ვცდილობდით, თბილისის ხელმძღვანელობა თავიანთი ქმედების არამართებულობაში დაგვერწმუნებინა. პრობლემის გაშუქებაში სხვადასხვა მედიასაშუალებაც გვეხმარებოდა. საპროტესტო აქციები გავმართეთ მერიის შენობასთანაც, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩვენმა ხმაურმა შედეგი ვერ გამოიღო. ხელისუფლების მხრიდან, რაც გაკეთდა, ის იყო, რომ აქციებზე სამოქალაქო ტანსაცმლიანი პოლიციიის თანამშრომლები მოგვიგზავნეს, რომელთა ამოცნობასაც უმეტესად ვახერხებდით და ისინი როგორც კი რომელიმე ჩვენგანის დაჟინებულ ყურადღებას იგრძნობდნენ, ტერიტოიას ტოვებდნენ. ერთხელ ასეთი სასაცილო თუ სატირალი ამბავიც მოხდა. მორიგ აქციაზე, კიკვიძის ბაღის ცენტრალურ ნაწილში ოცდაათამდე ადამიანი ვიყავით შეკრებილი, ჩვენს შორის ადგილობრივი მოსახლეობაც იყო, რომლებიც გვიხსნიდნენ, რომ პარკის უკან ძველი პოლიციის შენობა იყო და თუ უნდოდა ხელისუფლებას, ის შენობა დაენგრია და ახალი პოლიციის სამმართველო იქ აეშენებინა. - რაღა ბაღი უნდა გაჩეხონ და აქ უნდა ჩადგან, მანც და მაინცო. ამ საუბარს ერთი ორმოციოდე წლის მამაკაციც ისმენდა, რომელმაც იმით მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ იქ მყოფთაგან არავის ეკონტაქტებოდა, არც საუბარში ერეოდა და, დროდადრო, მობილური ტელეფონი მიჰქონდა ყურთან. უფრო რომ დავუკვირდი, მივხვდი, ტელეფონით კი არავისთან რეკავდა, ჩვენ გვიღებდა, შესაბამისად, „ ჩვენიანი“ არ იყო. ეს რომ დავასკვენი, გვერდით დავუდექი და პარკზე დავუწყე ლაპარაკი. უხერხულად დაიწყო აქეთ-იქით თვალების ცეცება. ამასობაში, ერთი ადგილობრივი მოგვიახლოვდა, რომელიც ადრეც ესწრებოდა აქციებს და ახლა იმან დაიწყო, რას ერჩიან ამ ხეებს, ასე თუ გააგრძელეს, მალე უჟანგბადოდ დაგვტოვებენ ქალაქელებს. ვისაც სოფელი არ გვაქვს ან დასასვენებლად წასვლა არ შეგვიძლია, ზაფხულში აქ ვითქვამთ სულს, ესაა ჩვენი ჟანგბადის წყარო და ეს ოხრები, ამასაც გვისპობენო. მე ოდნავ დავშორდი მათ და გვერდიდან ვუყურებდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უცებ, იმ ჩვენმა მოთვალთვალემ რაღაც უთხრა აქციის მონაწილეს , მერე იქვე მდგარ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. იქ კი დატოვა გაკვირვებული და ხელებგაშლილი. რა გითხრა-მეთქი? - არ ვარ, ძმაო, თქვენიანი, თავი გამანებეო! სიცილი ამიტყდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ტიპს მოთმინება არ ეყო, რომ ადამიანის სამართლიანი გულისტკივილი მოესმინა და თავი გათქვა. კი, ასეც ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან აგენტების მოგზავნის გარდა სხვა ღონისძიება არ გატარებულა, ნაძალადევის მოსახლეობა მაინც გვირეკავდა და გვთხოვდა, ჟურნალისტებსაც და „გრინფისელებსაც“, არ მიგვატოვთ, დაგვიდექით გვერდით, არავის მივცემთ უფლებას, პარკი გააჩანაგოს და სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლება წაგვართვასო. ინტერვიუში რამდენიმე რესპონდენტმა მითხრა, 90-ან წლებში, გაჭირვების დროს, არავის მოსვლია აზრად, ამ ხეებისთვის ტოტი შეეტეხა და შეშად გამოეყენებიანა, ის კი არა, ჯაბას ხალხს კუდით ქვა ვასროლინეთ, შეშისთვის ხის მოჭრა რომ გადაწყვიტესო. აქვე ჰქონდათ შტაბი და ერთხელ რომ მოინდომეს, ისე შევუტიეთ, მეორედ თქმა არ გაუბედავთ, ესენი ვინ არიან, არავის და არაფერს რომ არ ეპუებიანო. ჩემდა გასაკვირად, ასე განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობიდან, იმ 25 თებერვალს, როცა კიკვიძის ბაღში ათეულობით ხე მოჭრეს და ახალგაზრდებიც დააპატიმრეს, არავინ გამოჩენილა. მერე შევიტყვე, ზოგთან ნაციონალების უბნის კოორდინატორი მისულა, ზოგთან უბნის ინსპექტორი და შვილის, ძმის, ქმრის ან ვინც აქციებზე პროტესტს გამოთქვამდა, თავად მას დაპატიმრებით ან სამსახურიდან დათხოვნით დამუქრებიან. ასე შევრჩით იმ დღეს შსს-ს ურდოს ოცდაათიოდე ადამიანი. ისინი კი ასზე მეტი იქნებოდნენ, პარკის ხველა მხრიდან რომ გვიტევდნენ, ზოგი - ფორმით, ზოგი - უფორმოდ... გოგა ონიანიც უფორმოდ იყო. მის მოსვლამდე რკინებით შემოღობილ ტერიტორიაზე, იქ სადაც ხეებს ჭრიდნენ და თხრიდნენ, შესვლა ვცადეთ. სწორედ მაშინ მოვიდა, თავისიანებითურთ, ონიანი და ბაღიდან წასვლა მოგვთხოვა. კანონს არღვევთ, გზას კეტავთო. არადა, გზას რა უნდოდა შუაგულ პარკში? თუმცა კი, ტრაქტორებს, ბულდოზერებს და მძიმეწონიან სატვირთოებს იქაურობა ცომივით ჰქონდათ გადაზელილი. პირდაპირ პარკიდან, ხეებს შორის არსებული ფართებით გაჰქონდათ მოჭრილი ხეები და ამოთხრილი მიწა. ჩვენ კი არა, თქვენ არღვევთ კანონს, ამხელა მანქანებს და ტექნიკას რა უნდათ პარკის ტერიტორიაზეო, ვუმტკიცებდით ჩვენ. კადრებში კარგად ჩანს და ისმის, რაზეც იყო საუბარი. ჩვენი მხრიდან არანაირი კანონის დარღვევა არ ყოფილა, უბრალოდ ვითხოვდით ცნობას, რის საფუძველზეც იჩეხებოდა ბაღი ან რის საფუძველზეც ჩვენ იქ ყოფნის უფლება არ გვქონდა. ონიანი და მისი ჯგუფი, ჩვეულებისამებრ ძალას იყო და აშკარად ეტყობოდათ, რომ ბრძანებას ელოდნენ, როდის ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. თან წარა-მარა სადღაც რეკავდნენ, ვიღაცას ტელეფონით ანგარიშს აბარებდნენ, ზოგი კამერით იღებდა ცალკეული ადამიანის აქტიურობას. სულ რაღაც ოციოდე წუთს გაგრძელდა ეს დავა, მერე დაერივნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, თითქოს, ქვეყნის დამაქცევრები იყვნენ და მანქანებში ჩაყარეს. არადა,ისინი საკმაოდ დინჯად იქცეოდნენ, ხმაურით ჩვენ, ქალები უფრო ვხმაურობდით, მათ შორის, ლუბა ელიაშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, შსს-ს ხალხს თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული, ვინც უნდა დაეკავებინა. ამის თქმის საფუძველს მიძლიერებს ის ფაქტი, რომ მათ ერთ-ერთი დაკავებული იქვე, პარკის ტერიტოიაზევე გაუშვეს. ეს იყო „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი, ირაკლი კიკილაშვილი, რომელიც სატვირთოს ხელებგაშლილი გადაუდგა წინ და რომელიც ყველაზე პირველი აიყვანეს. ეტყობა, ირაკლის დაკავება მათ ინტერესებში არ შედიოდა, ამიტომ გზისპირას გაჩერებულ მანქანამდე მიიყვანეს და მერე გაუშვეს. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დავით ფაცაცია არ დატოვეს „ნაწყენი“. კადრებში კარგად ჩანს, როგორ მიჰყვება ის გოგა ონიანს გვერდით და ჯერ ეკითხება, ეს ბიჭები რატომ, რომელი კანონის საფუძველზე დააკავეთო, მერე კი ეუბნება, თქვენ კანონს არღვევთ და ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებთო. ონიანი მშვიდად, ვითომც არაფერი, ჰპირდება, შენც დაგიჭერო. შემდეგ კადრში კი უკვე ვხედავთ, როგორ მიჰყავს ორ სამოქალაქო ფორმიანს მკლავებგაყრილი ფაცაცია თავიანთი მანქანისკენ. ამ მომენტში ისმის გოგონას ხმა, ეს ის მანქანაა, ის მანქანა... ჰო, რომელ მანქანაშიც დავით ფაცაცია ჩასვეს, იმ მანქანით, ყოველ საღამოს მოდიოდნენ უცნობები და მათთან ერთად ათევდნენ, თურმე, ღამეს კიკვიძის ბაღში. ახალგაზრდებს ბაღის გულშემატკივრები რომ ეგონათ, პოლიციის გადაცმული თანამშრომლები აღმოჩნდნენ... ეს ამბავი ჩემთვის არ იყო ახალი და ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა. გავიგეთ, რომ ახალგაზრდები საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს და რამდენიმე წუთში ჩვენც იქ გავჩნდით. ერთ-ერთ დარბაზში უკვე მიმდინარეობდა „წესრიგის დარღვევისთვის“ დილით დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი. როგორც მოსალოდნელი იყო, გაამტყუნეს და დარბაზიდან 400 ლარიანი ჯარიმით გამოუშვეს. ვიდრე ერთ-ერთ სააგენტოს ჩხარტიშვილის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდი, კიდევ ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი დაიწყო, მაგრამ არც ერთგან და არც მეორეგან არ შემიშვეს მანდატურებმა, პროცესი უკვე მიმდინარეობს და მოწმის გარდა ვერავის შევუშვებთო. იმ პროცესებიდანაც 400 ლარიანი ჯარიმით გამოისტუმრეს ორივე. ცოტა ხანში, მანდატურებმა დაიძახეს, ფაცაციას პროცესზე ვისაც გინდათ შესვლა, მობრძანდითო და გულშემატკივრებიც მითთებულ დარბაზში შევედით. დავით ფაცაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე იცავდა, ბრალდების მხარეს კი ერთი პოლიციელი წარმოადგენდა, დაკავებულს ის ადებდა ხელს, წესრიგს არღვევდა, მანქანებს გზას უკეტავდა და სამართალდამცველებს წინააღმდეგობას გვიწევდაო. არადა, ის პოლიციელი ბაღის ტერიტორიაზე კი იყო, მაგრამ დაკავების მომენტში ფაცაციას სიახლოვეს არავის დაგვინახავს. ვიდეოშიც კარგად ჩანს, თუ ვინ აკავებს ფაცაციას, პროცესზე კი სულ სხვა ადამიანი იბრალებდა, მე დავჭირეო. სჯობია, დალაგებულად მივყვეთ მოვლენებს და უკეთ გამოჩნდება, რა როგორ იყო. მოსამართლე დარბაზში რომ შემობრძანდა და გაგვეცნო, თავისი ვინაობა ისე ხმადაბლა ჩაიდუდუნა, ვერც სახელი გავიგონე მისი და ვერც გვარი, მაგრამ მერე დავადგინე, დიმიტრი გვრიტიშვილი ბრძანებულა. პროცესი პოლიციელის დაკითხვით დაიწყო, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, ფაცაციას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წესრიგის დაღვევას აბრალებდა. საშუალო ასაკის, ლოყებღაჟღაჟა პოლიციელი გვარად ფიფია აღმოჩნდა. ამ გვარის ადამიანებს განსაკუთრებულ პატივს ვცემ, სადაც არ უნდა შემხვდნენ და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რადგან დედა მყავდა ფიფია და ეს გვარი ჩემს სისხლსა და ხორცთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ამიტომ ძალიან მომინდა, იმ პოლიციელს თავი არ შეერცხვინა... მისი ჩვენების მერე, მოსამართლე ფაცაციას მიუბრუნდა და მანაც მოსამართლეს, სინამდვილეში რა როგორ იყო. დაცვის მხარის მიერ წარდგენილმა ყველა მოწმემაც სრული სიზუსტით აღწერა მომხდარი, მათი ჩვენებაც აბსოლუტურად დაემთხვა ერთმანეთს, როგორ შეიკრიბნენ ბაღში, მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე როგორ აპროტესტებდნენ იქაურობის გაჩეხვას და როგორ დააკავეს აქციის მონაწილეები, მათ შორის, დავით ფაცაცია. თან ყველა მოწმემ აღნიშნა, რომ დარბაზში მყოფი მონაწილეობდა მის დაკავებაში. ერთ-ერთმა ისიც აღნიშნა, არათუ მან დააკავა, საერთოდ არ მახსოვს, იყო თუ არა იქო. ამის თქმაზე, ფიფიამ მე მომაპყრო მზერა და დამიძახა, - თქვენ ხომ მხედავდით, რომ მე იქ ვიყავიო. კი, თქვენ იყავით ბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს კაცი თქვენ არ დაგიკავებიათ-მეთქი, გავეცი პასუხი. მოსამართლემ ერთი კი შემომხედა და შენიშვნის მოცემა დამიპირა, მაგრამ მე დავასწარი და ფეხზე ადგომით „ჩესტი“ ავუღე, მარჯვენა ხელი საფეთქელთან მივიდე. არ ვიცი, მოულოდნელობისგან, არ ვიცი, კიდევ სხვა რამის გამო, არაფერი უთქვამს, მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებს ჩააშტერდა. შემდეგ ისევ პოლიციელს მიუბრუნდა და მათ შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა: - თქვენ ამტკიცებთ, რომ ფაცაცია გზას კეტავდა და მანქანებს მოძრაობას უშლიდა? -დიახ!. -სად იყო ეს გზა?. -კიკვიძის ბაღში. -კიკვიძის ბაღში, სად, შიგნით, სადაც ხეებია? პოლიციელი დაიბნა და ადგილზე აცქმუტდა. რომ ეთქვა, ბაღის შიგნით დადიოდნენ მანქანები და იმათ უშლიდა გადაადგილებასო, ბაღის შიგნით ხომ გზა არ არის? რადგან გზა არ არის, ესე იგი, არც მანქანები უნდა დადიოდნენ. რაღაც არ გამოდიოდა კარგად, მიხვდა და ისევ თავიდან დაიწყო, გზას კეტავდაო. მაშინ მოსამართლემ სხვანაირად დაუსვა კითხვა, - თქვენ გზის განსაზღვრება თუ იცით ზუსტადო, რომელ გზაზე უშლიდა გადაადგილებას მანქანებს, იქ სადაც ტრასაა, სადაც ავტოტრანსპორტი მოძრაობს, სადაც შუქნიშნები დგას და მთელი საგზაო ინფრასტრუქტურაა მოწყობილიო? ისევ დაიბნა საწყალი ფიფია და მთლად წამოჭარხლდა სახეზე. მე სიცილი ვერ შევიკავე, ფეხზე წამოვდექი და ახლა მას ავუღე „ჩესტი“. მოსამართლეს ჩემი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენია და რომ ვიფიქრე, ახლა მიმაბრძანებს დარბაზიდან-მეთქი, მან კი თვალი ამარიდა და ისევ ქაღალდებს დაუწყო კირკიტი. მერე ადვოკატს ჰკითხა, მომხადრის ვიდეოჩანაწერი ხომ არ გაქვთ ან რამე დამატებითი მასალა, რაც ბრალდებულის უდანაშაულობას დაამტკიცებსო. გვაქვსო, ადვოკატმა უთხრა, ახლავე შეგვიძლია მოგართვათ ჩანაწერებიო. მოსამართლე დაფიქრდა და მერე განაცხადა, ვერ მივიღებ მტკიცებულებად, რადგან ჩვენ ვერ დავადგენთ, აუთენტურია ის თუ დამონტაჟებული, ამიტომ ნუღა შეწუხდებითო. მისი განცხადება ხმამაღლა გავაპროტესტეთ, ვის ეცალა მაგჩანაწერების დასამონტაჯებლად, მთელი დღე აქეთ-იქით დავრბივართო, მაგრამ გვრიტიშვილმა ყური არ გვათოხვა და ახლა პოლიციელ ფიფიას მიუბრუნდა, თქვენც ხომ არ აწარმოებდით გადაღებას და რამე მასალა ხომ არ გაქვთ, რომელიც ბრალს დაადასტურებსო. არაო, თავი გააქნია ფიფიამ და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად დარბაზში მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი წამოდგა, კი, გვაქვს ჩანაწერიო. თურმე, დარბაზშიც გვყოლია აგენტი. მისმა ნთქვამმა არათუ ჩვენ, ფიფიაც გააკვირვა. ეტყობა, არც მან იცოდა, ის სამოქალაქო ტანსაცმლიანი ახალგაზრდა ფაცაციასი კი არა მისი გულშემატკივარი რომ იყო. მოკლედ, კი თქვა იმ ბიჭმა, ჩვენც გვაქვს ჩანაწერიო, მაგრამ ადვოკატმა გააპროტესტა, თუ ჩვენს წარდგენილ მტკიცებულებას არ მიიღებთ წარმოებაში, მაშინ ნურც ამათსას მიიღებთო და მოსამართლემაც დააკმაყოფილა მისი პროტესტი. ისე, დღემდე მაინტერესებს, რა ჰქონდა შსს-ს გადაღებული და რა ჩანაწერები უნდა წარედგინათ სასამართლოსთვის ისეთი, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რომ გამოდგებოდა? რაღა ბევრი გავაგრძელო, ადვოკატმა თავისი სათქმელი თქვა, სულ პუნქტებად ჩამოუთვალა მოსამართლეს და კიდევ ერთხელ შეახსენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რა ეკრძალებოდა მოქალაქეს და რა - არა, როდის ითვლებოდა დამნაშავედ და როდის - არა, რისი უფლება ჰქონდა და რისი -არა. მერე თავად დათო ფაცაციამ ითხოვა სიტყვა, ჯერ პოლიციელ ფიფიას მიმართა და უთხრა, რომ ესმოდა მისი და მოხარული იქნებოდა, ყველა სამართალდამცავს კანონისა და სამართლის მიხედვით ემოქმედა და არა ცალკეული პირების მითითებების შესაბამისად, რომ ის პოლიციელიც იმავე რეჟიმის მსხვერპლი იყო, რომელი რეჟიმიც მას ასამართლებდა, რომ ჩვენ სწორედ იმ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით, სადაც ფიფიაც თავისუფალი იქნებოდა, სადაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებდა და დღევანდელივით თავის არ შერცხვენა არ მოუწევდა. მერე მოსამართლეს მიმართა, ისიც დაანამუსა, მადლობა გადაუხადა პროცესის უხმაუროდ ჩატარებისთვის და მოუწოდა, დაეშვა პრეცენდენტი და ემოქმედა კანონის უზენაესობით და სინდისის კარნახით, არ შეესრულებინა არავის დაკვეთა და გამოეტანა სამართლიანი განაჩენი. გვრიტიშვილს მისთვის სიტყვა არ გაუწყვეტინებია, ბოლომდე მოთმინებით მოუსმინა, თუმცა კი თავი არ აუწევია და თვალებში არ შეუხედავს. სადღაც, გულის კუნჭულში ვფიქრობდი, პროცესი ისე წაიყვანა, რომ რამდენჯერმე მოწმე პოლიციელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ჩანს, რომ ბრალდებულის მიმართაც სიმპთიითაა განწყობილი და იქნებ სასწაული მოხდეს და გაამართლოს-მეთქი. სულ ტყუილად... გადაწყვეტილებაც ისევე დუდუნით და ძლივსგასაგონად წაიკითხა, როგორც საკუთარი სახელი და გვარი გვამცნო შემოსვლისას, თუმცა დარბაზში სამარისებული სიჩუმე იყო და მაინც გავიგონეთ, რომ დავით ფაცაციას ჯარიმის სახით 400 ლარი დააკისრა. დარბაზში ხმაური და უკმაყოფილო შეძახილები ატყდა, მოსამართლე კი განაჩენის გამოცხადებისთანავე გაუჩინარდა. აშკარა იყო, დირექტივას დამორჩილდა. იმ დღეს ყველა დაკავებული გაამტყუნეს და 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, გვრიტიშვილი განსხვავებულ განაჩენს ხომ არ გამოიტანდა? სასამართლოს შენობიდან გამოსულმა ეზოში ფიფიას ვკიდე თვალი და მივაძახე, შენს ადგილას მიწა გამისკდებოდა სირცხვილით-მეთქი. ბევრს ნუ ლაპარაკობ, თავი ვინ გგონიაო, შემომედავა გულმოცემული. ის უკვე დავიწყებოდა, რამდენიმე წუთის წინ კუთხეში მიმწყვდეული მხეცივით შემცბარი რომ უყურებდა მოსამართლეს და მის კითხვებზე არადამაჯერებელ პასუხებს იძლეოდა. გამეცინა, რა უნდა მეპასუხა ეგეთი ადამიანისთვის, რაც ვუთხარი ისიც ზედმეტი იყო. მერე, სახლისკენ მიმავალი მთელი გზა ვფიქრობდი, დღვანდელი ვიდეოჩანაწერი და კონკრეტულად ფაცაციას დაკავების კადრები რომ ენახა მოსამართლეს, ნეტა, რას იზამდა, იმოქმედებდა თუ არა ნანახი მის გადაწყვეტილებაზე ან ნამუსი მაინც თუ შეაწუხებდა-მეთქი. თუმცა, პასუხი ისედაც ცხადი იყო, თავისუფალ და სამართლიან გადაწყვეტილებას რომ ვერ მიიღებდა, იმიტომაც თქვა ვიდეოჩანაწერის ნახვაზე უარი. ახლა, ორი წლის მერე, მინდა მივმართო მოსამართლე გვრიტიშვილს, აგერაა ის ვიდეო, ბატონო დიმიტრი და არ სჭირდება დიდი ექსპერტობა იმის დადგენას, ნამდვილია თუ დამონტაჟებული. მით უმეტეს, ახლა არც არავინ გთხოვთ იმ ამბის მონაწილეთა დასჯას ან გამართლებას. თავისუფალი ხართ არჩევანში და ისე, უბრალოდ, ინტერესის გულისთვის ნახეთ ეს კადრები. იქნებ გაიხსენოთ ის დღე, ის სასამართლო პროცესი, როცა თქვენ დავით ფაცაციას კი არა საკუთარ თავს გამოუტანეთ განაჩენი და ეს არ ყოფილა მხოლოდ 400 ლარიანი ჯარიმა. P. S. ბაღის იმ ნაწილში, რომელსაც ასე თავგამოდებით ვიცავდით, დღეს პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობა დგას. ირმა ბერიშვილი
×
×
  • შექმენი...