Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    509
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში აქტიურად მუშაობენგეოლოგები. დღეის მდგომარეობით, მათ მიერ შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის გაცემული რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება. ,,8 სექტემბრის სტიქიურმა უბედურებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, სტიქიას არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე და მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და გულწრფელი სამძიმარი ვუთხარი გარდაცვლილთა ოჯახებს. პრემიერ-მინისტრმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა გურიის რეგიონს და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. არც ერთი ოჯახი, რომელიც დაზარდა სტიქიის შედეგად, არ დარჩება ყურადღების გარეშე. ამ წუთას მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა, რაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთის მდგომარეობით, 256 ადამიანია სასტუმროში გადაყვანილი და 520 ოჯახია ჯამში გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას", - განუცხადა გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს.
  2. ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუცია ჩვენი დასაცავია. „თუ დავუშვით ის, რომ შეიძლება, ვიღაცამ საკუთარი გემოვნებით ან რაღაც კეთილშობილი მიზნებით თქვას, კონსტიტუცია კონსტიტუციაა, მაგრამ თუ პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეთაური ჩათვლის, რომ არის უფრო სხვა მიზნები, რომელიც მას პირადად მიაჩნია უზენაესად, მას შეუძლია, კანონი დაარღვიოს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობასთან, ევროპასთან და სხვათა შორის, არც ქართულ სამართლებრივ ტრადიციასთან. გასაგებია, რომ უცხოეთიდან შეიძლება, სხვადასხვა მოწოდებები იყოს. ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ისიც თქვა, არ მაქვს მე წაკითხული კონსტიტუცია, მაგრამო. შეიძლება, ჩვენი კონსტიტუცია ვიღაცისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუკი ვინმესთვის არ ნიშნავს, სწორედ იმიტომ არ ნიშნავს, რომ ხედავენ ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნის შიგნით. ხედავენ, რომ კონსტიტუციას პატივს არ სცემენ პოლიტიკის გარკვეული წრეები და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. ეს კონსტიტუცია ჩვენია და ჩვენი დასაცავი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
  3. საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური, 2023 წლის კვლევით, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ამავე კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით (როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა), ცხრა პუნქტით არის გაზრდილი ამასთან, გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, მოქალაქეების 74% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა. კვლევის სხვა შედეგები ასეთია: ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%); საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე; გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ; მედიასაშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში; ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, რომლებშიც რესპონდენტები უფრო მეტ მხარდაჭერას მიესალმებიან; გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ შიდა საფრთხეს პოლიტიკური კოლაფსი/კონფლიქტი წარმოადგენს; რესპონდენტთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი გარე საფრთხე რუსეთია. მოცემული კვლევა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.
  4. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ბელარუსის მთავრობამ ,,ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა აფხაზეთი". ამის შესახებ არძინბას უწყების" მედიაცენტრი იუწყება. არძინბას განმარტებით, ბელარუსი და ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ, ამასთან ერთად, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის, უზრუნველჰყოს,,თავისუფალუბაჟო ვაჭრობა" სოხუმსა და მინსკს შორის. ,,ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვისარგებლებთ ამ შესაძლებლობით", - დასძინა ეგეთწოდებუმა მინისტრმა ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრისა და ბიჭვინთის რაიონების მკვიდრებთან გამართულ შეხვედრებზე. აფხაზური ინტერნეტგამოცემა ,,აიააირას" ცნობით, ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში, საზოგადოებასთან და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აფხაზეთის პირველი პირის, ასლან ბჟანიას დავალებით მართავს. მანამდე მსგავსი შეხვედრები გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, ტყვარჩელისა და სოხუმის რაიონებში გაიმართა.
  5. საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისა და ამ პროცესის შედეგად სარგებლის მიღების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა, გამდიდრება და კანონის მოთხოვნების იგნორირებაა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ დოკუმენტშია საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დაუსჯელობა და მისთვის სასათბურე პირობების შექმნა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ბიძინა ივანიშვილისს გარემოცვაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალში მიიღო. გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების შემდეგ კი, ფარცხალაძის ქონება 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად, 2 უძრავი ქონებიდან 24 ერთეულამდე გაიზარდა. ორგანიზაციის დოკუმენტში ასევე განმარტებულია თუ რას მოიცავს ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება. სწორედ აღნიშნულის მიხედვით, აშშ-ში ფარცხალაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მისი წილები დაყადაღებულია. ყოფილ გერენალურ პრკურორს ასევე აკრძალული აქვს აშშ-ში ნებისმიერი ტრანზაქცია. შეზღუდვები მოიცავს სანქცირებული პირების მიერ შენატანების, ფულის, ნივთების ან მომსახურების გაცემას ან მათგან ასეთი ტრანზაქციების მიღებას. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ სანქცირებულ პირებს ასევე ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. „2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-მ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რუს-ქართველ ოლიგარქად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი, 2 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა. ჩვენს მიმოხილვაში მოცემულია ცნობები, ვინ არის სახელმწიფო მიტაცებაში მონაწილე ოთარ ფარცხალაძე, როგორ მდიდრდებოდა ის, რა გახდა მისი სანქცირების მიზეზი, რა კავშირები აქვს რუსეთსა და საქართველოში და რა სავარაუდო სასჯელები დაეკისრებოდა მას სამართალდამცავებისგან ხელშეუხებლობის იმუნიტეტით რომ არ სარგებლობდეს. ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის ნოემბრიდან იმავე წლის დეკემბრამდე იყო. იგი იძულებული გახდა თანამდებობა მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც გერმანიაში მისი ნასამართლეობის ფაქტი გამჟღავნდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, ფარცხალაძის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა; 2013 წელს მისი ოჯახი თუ 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წელს მისი ქონება 24 ერთეულამდე გაიზარდა. 2017 წელს, ოთარ ფარცხალაძე ბრალდებული იყო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე. თორდიას განმარტებით, თავდასხმა უკავშირდებოდა აუდიტის სამსახურის კვლევას, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. საბოლოოდ, 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გაამართლა. ცემის შემდეგ, მალევე თორდიას ქვეყნის დატოვება მოუწია და 2022 წლის სექტემბერში აშშ-მ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. 2018 წლის სექტემბერში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა და ცემა. თუმცა, მოგვიანებით, ლევან ყიფიანმა სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა არ დაადასტურა. ოთარ ფარცხალაძე ასევე ფიგურირებდა ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან სავარაუდო გაყვანის საქმეში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა გამოძიებული ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის მალულად გაიყვანეს საკნიდან და შეახვედრეს მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ზეწოლის გზით შეეცადნენ მისგან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაიწყო, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია. ოთარ ფარცხალაძეს მჭიდრო კავშირები აქვს როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელთან ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილის თქმითვე, ოთარ ფარცხალაძე მისი შვილის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია – ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა. 2022 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა ოთარ ფარცხალაძეზე სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძე არის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და ძალაუფლების მიტაცების ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესების ლობირებას ეწევა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კუთხით. 2023 წლის 14 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რუს-ქართველ ოლიგარქად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. დოკუმენტის თანახმად, სადაც საქართველოსთვის ცალკე თავია მიძღვნილი – „საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის საპასუხოდ”, FSB და მისი ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენაში იყენებენ". ონიშჩენკო, რომელიც ასევე დასანქცირდა, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. თანამშრომლობის შედეგად, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო. ოთარ ფარცხალაძესთან ერთად დასანქცირდა მისი ორი რუსული საკონსულტაციო კომპანია (შპს „მოსკოვის ბიზნეს ბროკერიჯი” და შპს „საერთაშორისო ბიზნესის კორპორაცია”), სადაც ის 50%-იან წილს ფლობს. სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მათი წილები შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია. დაყადაღებულია სუბიექტები, რომლებიც 50%-ით, ან მეტით, პირდაპირ თუ ირიბად, სანქცირებული ფიზიკური პირების საკუთრებაშია. აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია აშშ-ში, რომელიც სანქცირებული პირების საკუთრებას ან ინტერესებს ეხება. ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნებართვით იქნება დაშვებული. შეზღუდვები მოიცავს სანქცირებული პირების მიერ შენატანების, ფულის, ნივთების ან მომსახურების გაცემას ან მათგან ასეთი ტრანზაქციების მიღებას. სანქცირებულ პირებს ასევე ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. ოთარ ფარცხალაძის რუსული მოქალაქეობის შესახებ პირველად ცნობილი გახდა ტელეკომპანია “პირველის” 2023 წლის თებერვლის გამოძიებით. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი ჯერ კიდევ 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეობის მიღების შემდეგ 2 წლის განმავლობაში მან რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა, კერძოდ: მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკის რაიონის სოფელ პოზდნიაკოვოში არსებულ ლიპკას მდიდრულ დასახლებაში მდებარე 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 1480 კვ.მ. და მასზე მშენებარე 472.1 კვ.მ ფართობის საზაფხულო სახლი. სამივე უძრავი ქონება ოთარ ფარცხალაძის სახელზე 2021 წლის 5 დეკემბერს დარეგისტრირდა. ასევე, 2022 წელს მან რუსეთში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა 2021 წელს გამოშვებული 2 ძვირადღირებული ავტომობილი: Toyota Land Cruiser 150 (7 აპრილს) და Toyota Land Cruiser 300 (22 დეკემბერს). დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის შემთხვევაში, ოთარ ფარცხალაძის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა არაერთ საქმეზე უნდა დამდგარიყო. მართალია ამ საქმეების ნაწილზე გამოძიება დაიწყო და სხვადასხვა ფორმით გაგრძელდა, თუმცა დღემდე, არცერთ მათგანს ეფექტიანი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. ლევან ყიფიანის გატაცების და მასზე ფიზიკური თავდასხმის საქმე - აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. ამ საქმეში სულ ცოტა სისხლის სამართლის 2 დანაშაული იკვეთება. კერძოდ: მუხლი 143 – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც ითვალისწინებს პატიმრობას ორიდან ოთხ წლამდე და მუხლი 181 – გამოძალვა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ფარცხალაძემ სკოლა 15 წლის ასაკში, ხოლო უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში დაამთავრა. ამასთან მან საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს ჩააბარა და 1995 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი არ არსებობდა და ის 1992 წლის 2 ივნისს განათლების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეიქმნა. ყალბი დოკუმენტის გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი - აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხმობს და რომლის მაქსიმალური სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში, ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც რიგითი ცემის, ან ძალადობის შემთხვევა. მნიშვნელოვანი იყო, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია ისეთი ნიშნების შემცველი ყოფილიყო, რაც მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირში. სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-იდან 7 წლამდე. ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი - აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 - თვიდან 2-წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე. რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ეპიზოდი - სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლად ფუნქციონირების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე საქმე სულ ცოტა 319-ე მუხლით უნდა აღიძრას, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე. სახელმწიფოს მიტაცება კორუფციის უმძიმესი ფორმაა, როდესაც კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების ან კონკრეტული სფეროს მიტაცებას და ამით ცალსახად ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისა და ამ პროცესის შედეგად სარგებლის მიღების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია სწორედ ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა, გამდიდრება და კანონის მოთხოვნების იგნორირება. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დაუსჯელობა და მისთვის სასათბურე პირობების შექმნა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში. მართლმსაჯულების სისტემის მიტაცების გარეშე, ამ ოდენობისა და სიმძიმის სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სამართალდამცავთა უმოქმედობა შეუძლებელი იქნებოდა”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  6. 27 სექტემბრიდან ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი-ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ ავიარეისებს შეასრულებს. პანდემიისას დაწესებული სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ავიაკომპანია საქართველოს ბაზარს 2023 წლის იანვრიდან დაუბრუნდა და ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, საქართველოს მხრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ყოველდღიური საჰაერო ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას. ,,ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩინეთის უმსხვილეს ავიაკომპანია China Southern-თან მიღწეულია შეთანხმება ურუმჩიდან-თბილისის მიმართულებით სიხშირეების 3-დან 7-მდე გაზრდის შესახებ. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც" - განაცხადა ირაკლი ქარქაშემ. China southern airlines-მა იანვარ-აგვისტოს პერიოდში ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 75 რეისი შეასრულა და 17 833 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 30 დღით შეძლებენ. ,,ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. მინდა, ვთქვა, რომ საერთოდ, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან როგორც ერთერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც, მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
  7. ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს წითელი ნახევარმთვარის რეგიონული ოფისი ავრცელებს. ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ 10 000-მდე ადამიანი. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვა მომდევნო დღეებში, შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს. ამავდროულად, გაეროს ინფორმაციით, სტიქიისგან გამოწვეული სხვადასხვა სახის ზიანის გამო დახმარების საჭიროება ლიბიის მილიონამდე მოქალაქეს უდგას. ამავდროულად ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მათ საპორტო ქალაქი დერნას მაცხოვრებლები მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ არ გააფრთხილეს. ხელისუფლების წარმომადგენელმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქი დერნას მოქალაქეების ნაწილი თვლიდნენ, რომ გაფრთხილებები გაზვიადებული იყო. 2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს. მიუხედავად კონფლიქტისა, ტრიპოლიში არსებულმა ხელისუფლებამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 14 ტონა სამედიცინო მარაგები და 100-მდე ექიმი გააგზავნა.
  8. „გამარჯვების პლატფორმამ" წყალტუბოს რაიონში, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კამპანია - „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც ისინი არაერთ რაიონსა თუ სოფელში ჩავლენ. „გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს - სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის აუცილებლად სჭირდება ევროკავშირი. „ვიწყებთ კამპანიას - „ევროკავშირი საქართველოსთვის". ყველა სოფელში ჩავალთ და ასე, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღვმართავთ იმიტომ, რომ სოფლების გაძლიერებას სჭირდება სწორედ ევროკავშირი და სამუშაო ადგილებს და საქართველოში ხალხის დაბრუნებას სჭირდება ევროკავშირი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საიდანაც მოგვწერთ, ყველგან ჩამოვალთ და აღვმართავთ დროშებს. ამ სოფლიდან ვიწყებთ მათ შორის იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" აქ, 2012 წლის მერე არჩევნები არ მოუგია. რუსეთი საქართველოში არასდროს არ იქნება და ყოველთვის ევროპისკენ უნდა ვიაროთ, ხშირად გვექნება მსგავსი სიმბოლური ღონისძიებები, ამით ჩვენ ევროპულ პარტნიორებსაც ვუგზავნით მესიჯს, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირი”, - განაცხადა ვაშაძემ.
  9. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
  10. სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოსა და უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებიდან ორმა პირმა ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავა და ისინი დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს. 1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. ტრეფიკინგის ბრალდებით არიან დაკავებულები. დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1983 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ და 1993 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდნენ, ბრალდებულები: 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ., რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაზარალებულების „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  11. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, - აცხადებენ სუს-ში.
  12. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებენ სუს-ში.
  13. განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში, პარალელურ რეჟიმში, დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. ერთ-ერთი, მაგალითად, დღეს გავხსენით და ასეთი კიდევ არის ათეულობით, ნელ-ნელა გავხსნით. იცით, რომ ვიცი ეს პრობლემა. იცით, ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება კონტრაქტორთან, იქნება უმკაცრესი მიდგომა და არის უკვე ეს განხორციელებული, სულ რომ ერთი ბავშვი არსებობდეს, არათუ მთლიანად სკოლა და მშობლები. იცით ჩემი დამოკიდებულება, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს ბავშვები არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ, არცერთი ბავშვი დღეს ღია ცის ქვეშ არაა. ყველა გადანაწილებულია უახლეს სკოლებში და ყველა სერვისი, რაც სჭირდებათ მათ, გარდა საგანმანათლებლო რესურსებისა, იგივე სატრანსპორტო მომსახურება, ეს უზრუნველყოფილია. ახლა რამდენ ბრუნვაშიც არ უნდა ვაბრუნოთ ეს კითხვა, ერთ დღესა და ერთ კვირაში ეს სკოლა ვერ აშენდება. და იმის წარმოჩენა, რომ, თითქოს, ახლა ბავშვები ხვდებიან გარეთ, ეს არის უბრალოდ სიცრუე. 10 სკოლაში არის მსგავსი პრობლემა, ვამბობთ ამას ნათლად და არ გავურბივართ არც პრობლემას, არც პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ამილახვარმა.
  14. „ჩემი მომავალი აქ წყდება, დაგვიბრუნე ჩვენი სკოლა“ - ამ ლოზუნგით მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე აქცია გამართეს. მშობლები სკოლის დროულად აშენებას და მათი შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემის შესაძლებლობას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ის დღემდე არ აშენებულა. „მესამე წელია, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იგივე მდგომარეობაშია ნაძალადევში არაერთი სკოლა, რაც ამ რაიონს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. დანგრეული და მიწასთან გასწორებულია, მე-10, 113-ე, 11-ე, 14-ე საჯარო სკოლა, ბავშვებს სხვა სკოლებში მიკედლება და მეორე ცვლაში შეზღუდული საგაკვეთილო დროით სწავლება უწევთ, რაც მათი განათლების ხარისხს მკვეთრად აუარესებს“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი. აქციის კიდევ ერთი მონაწილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სკოლის პროექტებს აჩვენებდნენ, დღემდე მშენებლობა არ დაწყებულა. „ვაპროტესტებთ იმას, რომ ამდენი წელი სკოლის მშენებლობას ველოდებით. პანდემიის პერიოდში გვითხრეს, რომ სკოლას დაანგრევდნენ, გვეგონა, იმ პერიოდს გამოიყენებდნენ, მაგრამ არ გამოუყენებიათ, პანდემიის დასრულების შემდეგ, გვეგონა, რომ რაღაც დაიწყებოდა, სხვათა შორის, პროექტებს, მაკეტებს გვაჩვენებდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, არაფერი აშენებულა. როგორც კი აქცია დაანონსდა, დირექტორებმა მასწავლებლებზე, მშობლებზე დაიწყეს მუშაობა, რომ მაქსიმალურად შეეშალათ ხელი დღევანდელი აქციისთვის“, - განაცხადა მშობელმა.
  15. მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. შესაბამისი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სტატუსი 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, რომელთა დავალიანება ჯამში 40 მლნ ლარს შეადგენს. „სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მივმართო ჩვენს - მინისტრებს განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეცეთ, საშუალება კვლავ შეძლონ გააგრძელონ სწავლა”, - განაცხადა პრემიერმა.
  16. საგარეჯოში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა ცოტ ხნის წინ საგარეჯოს 1-ელი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტომანქანას არასრულწლოვანი მართავდა. ადგილობრივების თქმით, სიჩქარის გადაჭარბებით მოძრავი „მიცუბიშის“ მარკის მანქანის მძღოლმა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 4 მოსწავლე. ისინი საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
  17. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
  18. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 18 მაისს მოკლული გიორგი ალხანიშვილის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე ითხოვს, რომ საქმის განხილვა ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაციით მოხდეს. როგორც ადვოკატი წერს, საგამოძიებო უწყება მომხდარის ჯგუფურ მკვლელობად განხილვას თავს არიდებს და ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომელიც საქმეში ფიგურირებენ. „ოთხმა მეგობარმა - ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ლუკა ჯიბლაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა და დავით მენაბდემ გიორგი სტუმრად წაიყვანეს ერთ-ერთის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის სახლში. იქ სტუმარი დანით დაჩეხეს, 19 ჭრილობა მიაყენეს, გვამი გადამალვის მიზნით მიწაში ჩამარხეს. დადგენილია, რომ მკვლელობის ყველა კვალის გაქრობაზე ახალგაზრდებთან ერთად უფროსებმა იზრუნეს - მკვლელის მამამ და ბიძებმა. მკვლელის მამა, რომელმაც უკვე იცოდა მომხდარის შესახებ, რომ გიორგი აღარ იყო ცოცხალი და ის, სწორედ მისმა შვილმა, ალექსანდრემ მოკლა, მოკლულის დედასთან სახლში მივიდა და ათას ტყუილს უყვებოდა კვალის ასარევად, თითქოს გიორგი შუაღამისას ტაქსით გამოისტუმრეს სოფლიდან, რომ თითქოს თვითონაც წუხდნენ მისი გაუჩინარების გამო... მკვლელის ოჯახი დროს იგებდა. როგორც დაკავებული ახალგაზრდების დაკითხვის მასალებიდან ირკვევა, ბაჟუნაიშვილის მამა მათ გვამის საბოლოო მოშორებაში სთხოვდა დახმარებას, რაც ვერ მოასწრეს, რადგან გიორგის დედის მოთხოვნით პოლიციამ ლეღვანის ტერიტორიებზე დაიწყო გაუჩინარებული გიორგის ძებნა და მიაკვლია კიდეც მის გვამს. საქმის 7-ტომიანი მასალები თავზარდამცემ სიმართლეს შეიცავს იმაზე, თუ როგორ ცდილობენ, მართლმსაჯულებას აარიდონ თავი ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ხაზგასმით ვამბობ, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მკვლელობა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ არის ჩადენილი, არამედ ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. პროკურატურა ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომლებიც საკუთარი პირით ყვებიან, რომ უყურებდნენ, როგორ ჩეხავდა ბაჟუნაიშვილი ალხანიშვილს, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მის საშველად. პროკურატურა ცალსახად არიდებს თავს, რომ მომხდარი ჯგუფურ მკვლელობად განიხილოს. უფრო მეტიც, დანაშაულის შეუტყობინებლობასაც კი არ ედავება ერთ-ერთ ახალგაზრდას, გოგონას, რომელიც მკვლელობის წუთებში იმავე ჯგუფთან ერთად იყო და თანაც ყველაზე დაახლოებული გახლდათ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილთან“, - წერს მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში. მისივე ინფორმაციით, საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება. შეგახსენებთ, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 20 წლის მამაკაცის ცხედარი 26 მაისს გამთენიისას იპოვეს. მოკლული ახალგაზრდას ცხედარს მძიმე დაზიანებები ჰქონდა. მისი ამოცნობა დედამ პირადი ნივთების საფუძველზე შეძლო. მომხდარზე სამი პირია დაკავებული, სამივე მათგანს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ედებათ. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ქობულეთში 20 წლის მამაკაცი მოკლა და დამარხა, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
  19. სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მასში მონაწილეობას არ აპირებს და მხოლოდ კოლეგებს დააკვირდება. ,,ამ პროცესს რომ ჩემთვის ინტერესი მიეცეს, ვაპირებ სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და დავდო მილიონი ქართული დოლარი - ესა ,,გირჩის" ვალუტა, ვინც დამენიძლავება. შესაბამისად, დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. გადაბირების რისკი (,,ქართული ოცნების" მხრიდან) არსებობს, ამიტომ ვდებ სანაძლეოს. მონაწილეობას იმპიჩმენტში არ მივიღებთ. სხდომათა დარბაზში შევალთ და დავაკვირდებით ჩვენს კოლეგებს, არაფერში მონაწილეობას არ მივიღებთ, წითელ ღილაკზე დაჭერა დროის კარგვაა ამ პარლამენტში, არაფერზე არდაჭერაც წინააღმდეგობას ნიშნავს,"- განაცხადა ხვიჩიამ.
  20. სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს „ქართულმა ოცნებამ", აბსურდში არიან! - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა გაიაშვილს სურს, რომ ის რაც ღარიბაშვილზე მედიას უთხრა, სააკაშვილზე საუბრით გადაფაროს. „ვფიქრობ, სწორი კომენტარია, რომ სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს ქართულმა „ოცნებამ", ისეთ აბსურდში არიან! სააკაშვილის ფრენები და აქტიური მუშაობა რომ არა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, რომელშიც უნდა ახლა ,,ქართულ ოცნებას," რომ დაგვაბრუნოს. რაც მეტს დაითვლიან და მეტს ილაპარაკებენ სააკაშვილის აქტიურ მუშაობაზე, მით კარგად გაიხსენებს და დაინახავს ხალხი, რა სხვაობაა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. „აირზენა" კოლუმბიაში გაფრინდა?! აქაც რამხელა ტყუილია - ,,აირზენას" კონტინენტი არ გადაულახავს არასდროს! ეს აბსურდები გაიაშვილმა თავისთვის დაიტოვოს. ის აღიარებითი ჩვენება, რაც მისცა „ტვ პირველს", მისცა პირდაპირ ეთერში, ახლა უნდა რომ გამოასწოროს და გაასუფთაოს. შესაბამისად, ღარიბაშვილისგან მიიღო დავალება, რაც გინდა მოუგონე, რომ გადაფარო ჩემი დანაშაულებრივი ქმედება. რამე საინტერესო რომ იყოს, დიდი ხნის წინ დაინტერესდებოდნენ. ტყუილია, რომ სააკაშვილის პირადი ფრენები ფინანსდებოდა, ეს მონაჩმახი მოიგონა „ოცნებამ", რომ თავის კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი გაამართლოს. მთელმა საზოგადოებამ იცოდა სააკაშვილი სად დაფრინავდა და სადაც ჩადიოდა, შეგიძლიათ ამოიღოთ რა მიზნით ჩადიოდა, პირველი ინვესტიციები ქვეყანაში სწორედ მისმა აქტიურმა ქმედებებმა შემოიტანა. ქვეყანა, რომელიც ყველამ იცოდა და ეძახდნენ, რომ იყო პოსტსაბჭოთა „ფეილ სთეითი", აქცია ქვეყნად, რომელიც გახდა მაგალითი არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდოვას რომ თავი დავანებოთ, დელეგაცია დელეგაციაზე ჩამოდიოდა ჩვენთან ლათინური ამერიკიდან, რუანდა აგზავნიდა ყოველ ორ თვეში დელეგაციას, რომ შეესწავლათ ჩვენი რეფორმები, დღეს აფრიკაში რუანდა ნომერ პირველი რეფორმატორია, კიდევ შორს რომ წავიდეთ ალბანეთი, ედი რამა მოგიყვებათ ქართული რეფორმების ბაზაზე როგორ გააკეთა რეფორმები ალბანეთში, უფრო მეტიც, რუსეთშიც კი იძულებული გახდნენ იუსტიციის სახლის მოდელი გადაიტანეს. ეს აღიარა მედვედევმა. მიხეილ სააკაშვილის მთელ მსოფლიოში სიარულის მთავარი შედეგი იყო, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა ინვესტიციები და რომ არა „ქართული ოცნება“, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა სამჯერ მეტი,"- განაცხადა ვაშაძემ.
  21. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, ყოველგვარი სპეკულაციები, იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყოს მტკიცე, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში, მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად ისახავს მიზნად იმას, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოს მიერ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ამასთან, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ის მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებს, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისინიც არ შევიდნენ. „ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას და მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რათა არ დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“ სივრცე მანიპულაციებისა და სპეკულაციებისთვის, მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება და არ დაესწრონ იმპიჩმენტის პროცედურის განხილვას. იმავდროულად, დღეიდან დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად წარმოჩინება, ვინაიდან ამ კამპანიის მიზანი არის ერთის მხრივ პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს, ის არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულებისთვის იბრძვის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები. ეს ბუნებრივია, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ თამაშებშია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ "ქოცურ" თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციურ პარტიის პოლიტიკურ ჯგუფებს არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას და პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი პროევროპული სახელმწიფო ინსტიტუციის წარმოჩენას. ჩვენი მიზანია ეს თემა დაიხუროს და ამაში ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ. რაც შეეხება ფრაქციიდან გასულ პარლამენტის დეპუტატებს, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციასა და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკის სიით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ინსინუაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისთვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. წყარო: EPN
  22. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მატთვის საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის ობიექტურად იმუშავებს. „ეს არის სპეკულაციები, ისინი ცდილობენ, გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში. ამაზე ერთი რამ მინდა ვთქვა, თქვენ გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი, ასევე, ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ვახტანგ კაპანაძე და ეს ადამიანები არიან „ნაცმოძრაობა“, ყველამ ვიცით და, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ავრცელებს ამ დეზინფორმაციას, მაგრამ მათ გასცა პასუხი საელჩომ და რეალურად ამხილა ისინი ტყუილში და მადლობა ამისთვის საელჩოს. პირველი შემთხვევაა, ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც საელჩო დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობის“ დეზინფორმაციას და მან გაავრცელა ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტური განცხადება, „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ბოლო ელჩის პირობებში არ ხდებოდა. როგორც კი წავიდა ელჩი, მაშინვე გავრცელდა ობიექტური ინფორმაცია საელჩოს მიერ და ამისთვის საელჩოს მადლობა“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.
  23. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს. მისივე თქმით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს 14 მილიონის გაფლანგვა წარმოუდგენელი ამბავია. „როცა რამდენიმე ათას ლარზე არის დანაშაულის ნიშნების შემადგენლობა, მაინც იწყება ხოლმე გამოძიება და ათეულობით მილიონ ლარზე როცაა საუბარი, ალბათ ლოგიკური გაგრძელება ეს იქნება, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების შესაფასებელი საკითხი, მათი კომპეტენციაც და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებაც. მაგრამ, ზოგადად თუ ვიტყვით, 14 მილიონის გაფლანგვაზე თუა საუბარი, პირადი, აღვირახსნილი თემების საჭიროებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ვნებების დასაკმაყოფილებლად, წარმოუდგენელია. ეს ხომ არცერთ ქართველს არ დაავიწყდება, ესკობარის საფლავზე რომ მიდიოდა, ჩარტერით რომ იყო სახელმწიფოს ხარჯებით წასული. დღეს მისი ტელევიზიები მეკითხებიან, გუშინ რომ ბიზნესმენ მშობელს ეძახდნენ, დღეს რომ პენსიონერი მშობელი გახდა, სად და როგორ წავიდა ღარიბაშვილიო. რაღაც საკითხები არსებობს, რისი გასაჯაროებაც არ შეიძლება, მაგრამ სააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს, აბა რა უნდა იყოს“,- განაცხადა მდინარაძემ.
  24. ჩვენ სხვა პარტიაში მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „რუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა. „მიმდინარეობს იმ პროცესის განხილვა რა გაიარა ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" და ასევე, სამომავლო გეგმები. მათ შორის, ფრაქციის სამოქმედო გეგმა - იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ყველა იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნია პარტიას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტსაბჭოს ესწრება ყველა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლებსაც ყოველთვის ვეკითხებით რა არის მნიშვნელოვანი პარტიისთვის და როგორ უნდა იმოქმედოს პარტიამ. არ ვიცი ვინ ვისში ეძებს მოღალატეს, მაგრამ თუ ვინმე მოღალატეს ეძებს, საკუთარ თავში ეძებოს. სხვა პარტიაში ჩვენ მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს. დღეს „რუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა. ჩვენ ყოველდღე ხელისუფლების აღიარებით ჩვენებას ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ იღვწის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ბოტკოველმა.
  25. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოზიცია არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს და ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. „თავად მოიგონა ბიძინა ივანიშვილმა, რუსულმა პარტიამ მისივე ხელდასმული პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად. მოჰპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშვილი არჩეული. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ ამ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში, თავად რომ მოიგონეს და ბიძინა ივანიშვილმა თავად რომ დადგა, მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება. პოლიტიკური საბჭო ამაზე იმსჯელებს და საბოლოოდ ეს გაფორმდება. მეოთხე საკითხი, რაზეც მსჯელობა გვექნება, იქნება „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია გეგმა და კამპანია, რომელიც მთელ საქართველოში გვაქვს დაწყებული“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია საქართველო ევროკავშირს დიდი ნაბიჯით დაახლოვოს, თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. „დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს არ მოსწონთ, როგორც იქცევა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული პრეზიდენტი. მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და შეუძლია ევროკავშირს დიდი ნაბიჯით მიგვაახლოოს, თუ პოლიტიკურ პატიმარს ტყვეობიდან გაათავისუფლებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. კონსტიტუციით რომ არის ჩვენი ევროპული გზა გარანტირებული და ვალდებულია ყველა, ამ საქმეს მოემსახუროს, ეს ქალბატონი ამას არ აკეთებს. ამიტომ, სწორი აღქმები აქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას სერიოზულად არ უყურებენ და უყურებენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელდასმულს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
×
×
  • შექმენი...