Jump to content
Planeta.Ge

რა ფაქტებს მალავს რიკოთის უღელტეხილზე გზებისა და გვირაბების მშენებელი კომპანია


 

image.jpeg

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის ერთი უბნის ბინადართა გასაჭირს საქართველოს სხვა ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები ვერასდროს გავიგებდით, რომ არა ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია.

ორიოდე კვირის წინ, ფუთელმა თამთა პერანიძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა სატელეფონო მიმოწერის ანაბეჭდი, რომლიდანაც და პუბლიკაციის ქვეშ გაკეთებული კომენტარებიდანაც ირკვეოდა, რომ რიკოთის უღელტეხილზე გზების და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობისას, კლდეების და ნიადაგის სიღრმეებში გახშირებული აფეთქებების გამო, იქაურ მოსახლეობას არა მარტო ფსიქოლოგიური, ფიზიკური ზიანიც ადგებათ, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას არავის ეკისრება.

მის მიერ გახმაურებული ინფორმაციის შემდეგ, ადგილობრივი მოქალაქეების პრობლემის დასაზუსტებლად და ყველა იმ დეტალზე სასაუბროდ, რაც მათ ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აწუხებთ, სოფელ ფუთში მცხოვრებ თამთა პერანიძეს შევხვდით.

- ჩვენ ვცხოვრობთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში. ფერდი, რომელზეც ჩვენი და ჩვენი მეზობლების, სულ 17 ოჯახის სახლები დგას, ქალაქში შესვლამდე რამდენიმე კილომეტრით აქეთ, მარცხენა მხარეს მდებარეობს. სწორედ ამ ფერდის სიღრმეში გაჰყავთ ორი გვირაბი და ალბათ ხვდებით, ჩვენი საცხოვრებლების ქვეშ როგორი მასშტაბის სამუშაოები სრულდება, თუმცა ამას ვერ ვამტკიცებთ. გვეუბნებიან, რომ ეს მშნებელობა ჩვენს სახლებთან კავშირში არაა და არანაირად არ გვეხება, მაგრამ როცა ვიხმაურებთ, ვიჩივლებთ და აქციებით დავიმუქრებით, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მოვლენ, საკუთარი თვალით ნახავენ ყველაფერს, იტყვიან: ,,უი, აქ რაღაც ვერ არის მთლად სწორად,“ შეგვპირდებიან, რომ ამ საკითხს სადღაც განიხილავენ, ვიღაცასთან შეათანხმებენ და წავლენ. და მერე მათგან არანაირი ხმა არ ისმის.

- ხომ არსებობს პროექტი, რომელზეც თქვენი სოფლის ეს მონაკვეთია დატანილი ან რუკა? როგორ არ იციან, რომელ ადგილს ეხება გზის სამშენებლო სამუშაოები და რომელს - არა?

- რუკა ისეთი მოაქვთ, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. გვირაბი სულ სხვა ადგილზეა მითითებული და ჩვენი სოფელი - სხვაგან. ვერაფრით მიხვდებით, რომ ერთიდაიგიმავე ადგილზეა საუბარი. ყველაფერში იტყუებიან.

- თავიდან, როცა რიკოთის გვირაბების და ახალი მაგისტრალის მშენებლობა დაიგეგმა, წინასწარ არ მოსულან თქვენთან, არ გაუფრთხილებიხართ; თუ ადგილის მონაცვლება იყო საჭირო, კომპენსაცია არ შემოუთავაზებიათ? საერთოდ რა სახის ინფორმაციული კამპანია ჩატარდა იმ პერიოდში?

- მაშინ მე ამ ოჯახის რძალი არ ვიყავი, მაგრამ ვიცი, რომ მშენებლობების დაწყებამდე უბნის მოსახლეობასთან მოვიდა სოფლის გამგებელი და მოიტანა იმ 9 ოჯახის სია, რომელიც უნდა გაესახლებინათ და რომელთაც სანაცვლოდ კომპენსაციას მისცემდნენ.

Quote

შემდეგ ეს ამბავი მიიჩქმალა, არსებული სია საერთოდ დაიკარგა და ვინც ეს ამბავი გაახმოვანა, ის მეზობელი შეურაცხადად და აფერისტად გამოიყვანეს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა და ჰაერზე ნათქვამს არავინ უჯერებდა.

ამის მერე გამგეობისგან გასახლებასა და კომპენსაციაზე ლაპარაკი არც ყოფილა, მაგრამ  ხალხი დაინტერესდა, გაჩნდა კითხვები: რატომ ითქვა თავიდანვე კომპენსაციასა და ადგილის გადანაცვლებაზე, თუ გვირაბების მშენებლობისგან ზარალი არ გვადგება; თუ გვადგება, რატომ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს და ასე შემდეგ, მაგრამ რადგან არავინ არაფერს ამბობდა, მშვიდად იყვნენ. ადგილზე ჩინელები, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და ტექნიკა რომ გამოჩნდა და ფერდობის შიგნით აფეთქებები დაიწყეს, მერე კი მიხვდნენ, რაც ხდებოდა და დაიწყეს გაპროტესტება, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გააწყო.

- კლდის აფეთქებების და ზოგადად გზის მშენებლობის შედეგად რა ზიანი გადგებათ, ეს რამდენიმე ოჯახი კონკრეტულად რა საფრთხის წინაშე დგახართ?

- ჩვენი სახლების ქვემოთ, მიწის სიღრმეში, ყოველდღიურად, დაახლოებით შვიდჯერ მაინც აფეთქებენ კლდეს და თითოეული აფეთქება ჩვეულებრივი 5-6 ბალიანი მიწისძვრის ტოლ რყევას და ზანზარს იწვევს. მართალია, ასეთ დროს მაღალსართულიან კორპუსში უფრო მძლავრად იგრძნობა, მაგრამ დამიჯერეთ, კერძო სახლებშიც არანაკლებ საგრძნობია ეს რყევები. მიუხედავად იმისა, რომ დიდებმა ვიცით, რაც ხდება და  ყოველი აფეთქებისას მაინც შიშისგან ვხტებით, წარმოიდგინეთ, ამ დროს ბავშვები რა მდგომარეობაში იქნებიან და როგორ სტრესს იწვევს ეს მათში.

image.jpeg

ჩემი შვილი 3 წლისაა და რყევები რომ იწყება, შეშინებული კივის, ქვევით ჩავვარდებითო.

ამას გარდა, ზიანს რაც შეეხება, სახლებს უკვე გაუჩნდა ბზარები. ზოგიერთ სახლში იყო კედელი, რომელსაც ძველი დაზიანება აღენიშნებოდა. მოვიდნენ, ასეთ ადგილებს თავიდანვე სტიკერი გადააკრეს და ასე მონიშნეს. დაზიანებები ახლა ყოველი აფეთქებისას მატულობს. მოვლენ, ისევ ჩაინიშნავენ, რომელმა ბზარმა რამდენით გაიწია, ისევ გადააკრავენ სტიკერს და ასე გრძლედება. ამის იქით არავითარ ზომებს არ იღებენ.

- ამ საკითხებზე ორგანიზებულად თუ მიმართეთ ვინმეს, თუ დაისვა ვინმესთან კითხვები, სოფელი თუ შეიკრიბა, კონკრეტული მოთხოვნა თუ დააყენეთ?

- სამწუხაროდ, სოფელში ყველა ვერ იღებს ხმას. არიან ოჯახები, რომელთა წევრები სხავადსხვა სამსახურში არიან დასაქმებულები და ეშინიათ. რომ თქვან, თქვენი უპასუხისმგებლობის გამო სახლი გვენგრევაო, შეიძლება ის ორი თეთრი გამოეცალოთ ხელიდან, რითაც თავს ირჩენენ.

ამას ისიც ემატება, რომ ჩვენი უბნის ახალგაზრდების უმეტესობა იმ ჩინურ კომპანიაში მუშაობს, რომელიც პროექტს ასრულებს. ამიტომ ღიად ვერ უპირისპირდებიან, თუმცა ყველა ერთ აზრზე ვართ და ისინი ჩვენ ზურგს მაინც გვიმაგრებენ.

Quote

ახლა ვგეგმავთ დიდი აქციის გამართვას და გვინდა, სხვა უბნებიც შემოვიერთოთ, სადაც იგივე პრობლემებია. მერე უკვე საჩივარსაც შევიტანთ, ამაში იურისტებიც გვეხმარებიან.

სხვათაშორის, ჩვენი პრობლემების გახმაურებაში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ძალიან დაგვეხმარნენ. ამის გამო, როგორც კი სატელევიზიო რეპორტაჟებსა თუ სოციალურ ქსელში მნახავენ, სადაც ჩვენს მდგომარეობაზე ვლაპარაკობ, ეგრევე ვიღაც პირები კომენტარებში მიწერენ, რომ ნაციონალი ვარ და ამიტომ ვცდილობ ვითარების გამწვავებას. ამ დროს, პირადად არც ერთ პარტიასთან არაფერი მაქვს საერთო.

ყველაფერზე შიძლება თვალი დახუჭოს ადამიანმა, ვითომც არაფერი ხდება? არადა, ხომ ვხედავთ, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ? ერთ-ერთი მორიგი აფეთქების ტალღამ ამდენი ოჯახი თან რომ ჩაიტანოს, მერე რას იტყვიან? ღმერთმა ნუ ქნას, თორემ ეს ჩვენი კლდე რომ ჩამოიშალოს, მარტო ჩვენ კი არ დავზიანდებით, მთლიანი მაგისტრალი და ამ მაგისტრალის გაღმა მდებარე კორპუსებიც დაზიანდება.

- ახსენეთ, რომ ამ მშენებლობებზე ადგილობრივებიც მუშაობენ. ისინი რას ამბობენ, რამდენად ხარისხიანად და სანდოდ სრულდება ასეთი საპასუხიმგებლო და სარისკო მშენებლობა?

-  ბევრისგან მსმენია, რომ საშინელებები ხდება, რომ მშენებელი კომპანიის მიერ ბევრი ფაქტია დაფარული და დამალული. ხიდები ენგრევათ, ბურჯები ენგრევათ, მერე მიწაში მარხავენ ამ ნანგრევებს ან მდინარეებში ყრიან, რათა არავინ დაინახოს. ისევ მუშებისგან ვიცით, რომ გვირაბებში ყველგან კლდეებიდან გადმოსული წყალი დგას, რაც მათ აფეთქებებშიც და სამუშაოების წარმოებაშიც ხელს უშლით. ჩუმად აქვთ გაკეთებული სანიაღვრეები და ეს წყალი გზაზე გამოყავთ, რომ როგორმე გამოაშრონ იქაურობა, მაგრამ კლდიდან გამოსულ წყაროს რა დააშრობს?

- იმ დღეს რა მოხდა, როცა თქვენ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერეთ და გაგვაგებინეთ, აფეთქებების შესახებ?

- იმ დღეს, თურმე, გვირაბის გარეთა ტერიტორიას აფეთქებდნენ, რაც იქ მცხოვრები ოჯახებისთვის კიდევ უფრო საშიში იყო, ამიტომ სამასი მეტრის რადიუსიდან ყველა უნდა გაერიდებინათ. გამაფრთხილებელი შეტყობინება მოგვივიდა დილით, აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. რამდენჯერ ისეთ დროს გამოუგზავნიათ შეტყობინება, როცა ვერაფერს ასწრებ, ვერც ადგილიდან გარიდებას. ხომ შეიძლება, მოსახლეობაზე იფიქროს ვინმემ და ცოტა ადრე გაგვაფრთხილონ?

Quote

ჩვენს ფერდზე, მაგისტრალის მხარეს მიწა აქამდეც იშლებოდა, როცა უხვი ნალექებია, ყოველთვის იშლება და ახლა უფრო იმატა შემთხვევებმა. ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ საშიში არაფერი არ არის და ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება.

ჩვენი სოფლის მოსახლეობის ბედზე ახლა ხომ არავინ ფიქრობს, მაგრამ ეს მაგისტრალი რომ ამუშავდება და ბოლომდე დაიტვირთება, მერე ან ჩვენ რა მოგველის, ან იმ გზაზე მოსიარულეებს, ეს კიდევ ცალკე საკითხავია. არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რაც ჩვენ იქაური მუშებისგან ინფორმაციებს ვიღებთ, კატასტროფა გარდაუვალია. ამიტომ პირადად მე გაჩუმებას და გაჩერებას არ ვაპირებ. ნაციონალური მოძრაობა კი არა, ვინც მოვა დასახმარებლად, ყველას მივესალმები, ყველა ძალას გამოვიყენებ, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული და იმაზე მეტი ზიანი არ მივიღოთ, რაც უკვე მოგვაყენეს.

- სხვა, მეზობელი სოფლებიდან თუ გაქვთ ცნობები, მათთან რა მდგომარეობაა, იქაც ხომ არ ზარალდებიან?

- კი, ბევრი ვიცი, ჩვენზე უარეს მდგომარეობაში რომ არიან, მაგრამ იქაც, თუ ვინმემ ხმა ამოიღო და წინააღმდეგობა გაბედა, გააჩუმეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა საშუალებით, მაგრამ როგორც ამბობენ, ზოგი - ფულადი დახმარებით, ზოგი - რაღაც დაპირებებით.

- სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროდან თუ იყვნენ თქვენთან სპეციალისტები, მათი დასკვნა ცნობილია თქვენთვის?

- სამხარაულის ბიუროს ექსპერტები იყვნენ და გვეგონა, რომ ისინი მაინც დადებდნენ ობიექტურ დასკვნას, მაგრამ როგორ უნდა ენდო ექსპერტს, რომელიც ხედავს, რომ აფეთქებების შედეგად ადამიანს სახლი ენგრევა და ეუბნება, არავითარი პრობლემა აქ არ არსებობს, ნეტა, მე მქონდეს ასეთი სახლიო. ხომ არის ეს დაცინვა?

საკუთარი ბედით შეწუხებულ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩამოდიან და დაგვცინიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი სალომე წურწუმია მოდის და მთელ უბანს, მათ შორის ასაკოვან ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს. ეუბნება, გაჩუმდით, თქვენ რა იცით, რას წარმოადგენთ, რა განათლება გაქვთ მიღებული, რომ მე მელაპარაკოთო.

რაც მე გვირაბები მითხრია და გზები მიშენებია, თქვენ რა უნდა მასწავლოთო, სულ ხელები უშალა ჩემს მეზობლებს.

ამიტომაც არ გვაქვს მათი ნდობა, ვინც ხელისუფლების მხრიდან ჩამოდის ჩვენთან. მოსახლეობამ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოვთხოვეთ, რომ მოეყვანათ ექსპერტი თეა გოდოლაძე. გვინდოდა, მას ენახა ადგილზე, რა მდგომარეობაც იყო და თუ გვეტყოდა, რომ ყველაფერი რიგზეა და არავითარი საშიშროება არ გვემუქრება, ხმას აღარ ამოვიღებდით.

გაუხარდათ ჩვენი წინადადება და გვითხრეს, რომ გოდოლაძეს დაელაპარაკებოდნენ და გარკვეულ დროში ჩამოიყვანდნენ კიდეც, თუმცა მათგან პასუხს დიდხანს შეაგვიანდა. მერე, როცა ჩვენ დავურეკეთ, გვითხრეს, რომ ექსპერტის დაქირავება ძვირი უჯდებოდათ, ამიტომ ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებდნენ. მათმა პასუხმა არ დაგვაკმაყოფილა და გუბერნატორთან გადაგვამისამართეს, რომელმაც გვითხრა, თქვენთან რომ ჩამოვიყვანოთ ექსპერტი, მერე სხვა სოფლებიც მოითხოვენ და ამას ვერ გავაკეთებთო.

აქციას რომ გავმართავთ ან სოციალურ ქსელში გამოვხატავთ რეაქციას, ვიღაც გამოგვეხმაურება, დარეკავს, დაგვიბარებს გამგეობაში შეხვედრაზე, წავალთ და დაგვიწყებენ ისევ მოტყუებას. შეგვპირდებიან, რომ ზემდგომებს დაელაპარაკებიან, რაღაცას შეუთანხმებენ და მორჩა. შედეგი არაფერი.

პირადად მე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წასვლას მეტჯერ აღარ ვაპირებ, რადგან ვხედავ, აზრი არა აქვს. იურისტების მეშვეობით საქმეს აღვძრავ და მივყვები ბოლომდე.

- ძირითადად რას ითხოვთ სოფელ ფუთის მოსახლეობა, რა არის თქვენი მიზანი?

image.jpeg

- ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ გზის მნიშვნელობა და ამ პროექტის საჭიროება, ამიტომ ნამდვილად არ ვითხოვთ, გააჩერონ მუშაობა ან ჩვენ არ შეგვეხონ, არც კომპენსაციებს და გადასახლებას ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ, გვაჩვენონ მიუკერძოებელი ექსპერტების, გეოლოგების, სხვადასხვა სპეციალისტის ობიექტური დასკვნა, სადაც ეწერება, რომ არც ახლა მიმდინარე სამუშაოები და არც შემდგომში ახალი მაგისტრალის ამუშავება საფრთხეს არ შეგვიქმნის. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთ დასკვნას ვერც ერთი ექსპერტი ვერ დადებს, რადგან უარყოფით შედეგებს ჩვენ უკვე ვხედავთ. გარდა იმისა, რომ სახლები იბზარება და მათი ნგრევის საშიშროება იქმნება, გამოშრა ნიადაგი, დაშრა ჭები, დაიკარგა წყალი, რამაც მოსავალზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა. ჩვენთან ბევრ მოსახლეს აქვს ვენახი, ღვინოს აყენებენ, ყიდიან და ლუკმა-პურს ამით შოულობენ. სხვა თუ არაფერი, ამ ხალხს მოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრება.

აი, ყველა ამ რისკის შეფასება და ანალიზი გვაინტერესებს, რა პასუხს გვაძლევენ, რითი შეუძლიათ დაგვიცვან მოსალოდნელი საფრთხეებისგან?

Quote

დღეს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, თუ დაინგრევით, მერე გამოჩნდება რამე საშველიო გვეუბნებიან. ღმერთმა ნუ ქნას და თუ სახლი დამენგრა ან მე ფიზიკურად დავზიანდი, მერე რა უნდა მიშველონ? ან ასეთი რამ ადამიანს როგორ უნდა უთხრა, რომ დაინგრევი მერე მოგხედავო? მანამდე საფრთხეში ვიცხოვრო?  

კი, კარგია, რომ ადგილობრივები დაასაქმეს, ახალგაზრდებს გარკვეულ საქმიანობაში ხელფასებს უხდიან, მაგრამ მათგან უმეტესობამ არ იცის, იმ სამუშაოს სწორად ასრულებს თუ არა; არ იცის, რა საფრთხეს უქმნის აქაურობას და საკუთარ თავსაც. არანაირი სწავლება ან გადამზადება მათ არ გაუვლიათ, ვინ რასაც მოკიდა ხელი ან რაც დაავალეს, იმას აკეთებს. ამას ემატება ისიც, რომ არ არსებობს არავითარი შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, მაშინ როცა ეს ხალხი მიწის ქვეშ და კლდის გულში მუშაობს. ისეთი რამეები ხდება და ისეთი ამბები მოდის ჩვენამდე, დაჯერება გაგიჭირდებათ. მაგალითად, ადამიანი, რომელმაც გვირაბში თითები მოიჭრა, გამოიყვანეს და გზაზე დასვეს, ფული მისცეს და ის თავისით წავიდა საავადამყოფოში, ვითომ სახლში მიიღო დაზიანება. ვიღაც კიდევ სატვირთო მანქანიდან გადმოვარდა, ვიღაცას თავში კლდიდან ჩამოვარდნილი ქვა დაეცა, მაგრამ ყველაფერს მალავენ, არ ახმაურებენ.

image.jpeg

- მუშები რას ამბობენ, არ ჰყავთ შრომის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებიც ხელმძღვანელობას წესების დაცვისკენ მოუწოდებენ?

-  კი ჰყავთ, ვითომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც მათივე თანამშრომლებიდან აქვს შეთავსებული ეს პოსტი, მაგრამ დიდად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. თუ ვინმე დაინახა ჩაფხუტის გარეშე, ეტყვის, დაიხუროს და ეგ ჰგონია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. იმის იქით არაფერი არ კეთდება. არადა, ვიცით, რომ წესების დარღვევის გამო, შრომის ინსპექციის მხრიდან კომპანია ბევრჯერ დაჯარიმებულა.

Quote

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სოფელ ფუთის მცხოვრებლები ვაპირებთ, რომ არასამთავრობოების დახმარებით საკმარისი თანხა მოვიძიოთ, კერძო ექსპერტი მოვიყვანოთ და მას შევაფასებინოთ მდგომარეობა. ამის შემდეგ ხელში უკვე მტკიცებულებები გვექნება  და ჩვენი ინტერესებისთვის და ჩვენი სოფლის გადასარჩენად უფრო მყარად ვიბრძოლებთ.

რესპონდენტთან საუბრის შემდეგ, ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს დავუკავშირდით, რათა მისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხები მოგვესმინა. თუმცა, როგორც გაიგეს, რომ საკითხი სოფელ ფუთის მოსახლეობის პრეტებზიებს ეხებოდა,  უწყების ფეისბუკგვერდზე გადაგვამისამართეს, სადაც, მათი თქმით, ამ საკითხის გარშემო ყველა კითხვაზე იყო პასუხი იყო გაცემული.

გთავაზობთ მითითებულ პუბლიკაციას, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფეისბუკის გვერდზეა გამოქვეყნებული.

,, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ქალაქ ზესტაფონში, უზნაძის ქუჩა N132-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობამ.

მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, წინა სამშენებლო კვლევების ეტაპზე, ჩატარდა გვირაბიდან 250 მეტრის მანძილზე არსებული ყველა საცხოვრებელი სახლის, მათ შორის, უზნაძის ქ. N132-ში მდებარე კორპუსის ტექნიკური მდგომარეობის აღწერა. აღწერის მიხედვით, კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინები, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდეც იყო დაზიანებული და კედლებზე აღინიშნებოდა არაერთი დიდი ბზარი.

ვინაიდან საცხოვრებელ სახლზე არსებული ბზარები იძლეოდა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას, 2021 წლის ნოემბრიდან, კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, სამუშაოების პროცესში, უზრუნველყოფილი იყვნენ დროებითი ქირით.

კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენის დასადგენად, სამუშაოების დაწყებისთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

თავდაპირველი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბინებზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს, ვიზუალური დათვალიერებისა და კონტროლის მიზნით აღებული მონაცემების მიხედვით, ზეგავლენა არ ჰქონდა. კორპუსთან მდებარე გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტმა ხელახლა მიმართა ექსპერტიზის ბიუროს. მეორე დასკვნის მიხედვითაც, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენა არ აქვს.

 

ირმა ბერიშვილი

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...