Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

ყველა პოსტი katya

  1. დღეს, დღისით–მზისით, შუაგულ ევროპაში, ანუ გაგანია თბილისში, ისეთი "ნეილონის ნაძვის ხე" მოვიწყვე, თვითონ გამიკვირდა, საკუთარი თავის,ყველანაირი ადამიანების უფლებათა დამცველი რომ ვარ მოწოდებით, მაგიტომ... დღეს ყვითელ მიკროავტობუსში, დიდუბის ტერიტორიაზე ვიღაც ტიპი შემოგვიერთდა, მერე მივაქციე ყურადღება, მძღოლს რომ "შპილკაობა" დაუწყო – რა დღეში ხარ, თავი ვინ გგონია, მარშუტკის შოფერი ხარ, ბოლო–ბოლოო. როგორც მივხვდი, მძღოლს შენიშვნა მიუცია, კართან ნუ დგახარ, სარკეს ვერ ვაკონტროლებო და შეურაცხყოფად მიიღო ამან. ბევრი ილაყბა თუ ცოტა იბოდიალა გადაჭდილ ტრანსპორტში და ეხახუნა ქალებს თავის ღიპით, ბოლოს ჩემს უკანა სავარძელში აღმოჩნდა, რაც ძალიანაც არ მეამა, ვერ ვიტან მენიუს, სიგარეტის და ალკოჰოლის სუნით აქოთებულ დაუბანელ კაცებს. ( მაგას როგორღაც გადავიტანდი, ჩუმად რომ ყოფილიყო, მაგრამ წერა რომ აიტანს რაააა...))) ხოდა, ამ ტიპმა გამოგვიცხადა ცოტა არეულად დალაგებული ტექსტით, რომ –ახლა, არ უნდა ბევრი ლაი–ლაი, ყველანი აქედან მივდივართ ჩვენების, ანუ ნაციონალურ ამბავში! სიყვარულში და გაგებაშიო!. ყველას სახეზე გაწერიათ,ჩვენიანები ხართ, აბა რა გინდათ ისე აქო... პირველი რეაქცია ის იყო, რომ სარკე დავაძვრე და ჩავიხედე. იგივე სახე მიყურებდა, თითქოს, რა ვიცი. მე "მისიანობის" ვერაფერი შევატყვე საკუთარ ცხვირ–პირს. ამასობაში ტრანსპორტის შემადგენლობის გამოცოცხლება აშკარად შესამჩნევი გახდა. ერთი ქალბატონი ღიმილით დაეთანხმა ახლადმოკერებულ იარლიყს, ვიღაცამ – ვაი შენს პატრონსო! მიაძახა და ამან გაიგონა!.. აი იქ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!? – ვანო არის კაცი! გამოქანდით და დაასკდით ყველა, ვისაც მაგის სიტყვა არ მოგწონთ. კაცი სიტყვის თქმას ვერ ასწრებდა, საქმე უკვე გაკეთებული იყო. აბა ისაა კაცი და საქმია გამკეთებელი – სირისტიანი კოლბაში? ვანოს ციხეში ვინ გააჩერებს , გამოვა და ნახავთ რეებს იზამს! ამ ტიპის ქადაგება უკმაყოფილო შორისდებულების ფონზე კი მიმდინარეობდა, მაგრამ, რა? მე მხოლოდ ბოლთის ცემა დავიწყე თითებით, დამენანა საკუთარი პერსონა ამ ტიპთან სადებატოდ. მაგრამ ცნობისმოყვარეობამ ისევ დამღუპა. ვერ მოვითმინე და სრული თაბეჭდილებისთვის და შეგრძნებებისთვის მისკენ გავიჭყიტე, სკემებს შუა. სანახაობა – დიდი არაფერი, პირიქით, ერთი ლოქოსავით მაისურზე მენიუჩამოწურწურებული მელოტი. ბეხლეწი კი იყო, ანუ ერთი შეხედვითაც რო ჩანს ჰაბიტუსით – "ვარდიაშვილი მენტი!." გამოჭყეტვა ეგრე არ უნდაო და, რა ვიცი, რა თვალზე ჩამხედა თვალებში, – რას მიყურებ, წამოდ თუ გინდა, კაი ადგილას წაგიყვან, არ ინანებო. გაჩუმება ვარჩიე, ვიდრე თმაზე ხელების ფათური არ დამიწყო, თან ლექციის თემას აშკარად გადაუხვია – ქალის თმა მთელი "პსიხოლოგიააო"...რისი თქმა უნდოდა არ ვიცი და რა დაინახა ჩემს "მწიფე ალუბლისფერ" "დალალებში,' მაგრამ მაინც არ "ჩავეკითხე," დამეზარა. იმას კიდევ ეწყინა. – რაიყო რა სიტყვის ღირსადაც არ მთვლი, დაბრუნდება ძველი დრო და აჭიკჭიკდებით ისევ ყველა,ჩვენს ნოტებზეო! აი იქ გავბედე და შევეპასუხე, – ვისაც სმენა არ გვივარგა და ნოტებსაც ვერ ვკითხულობთ, იმათ რა გვეშველებამეთქი? – არაფერიო.. ყრუებმა და ქეიფის ვერგამქაჩავებმა დააქციეთ ეს ქვეყანა, ისხით ახლა ქინძიანი სტაფილოს წვენი ტ@@@შიო. კი არ მესიამოვნა პასუხი, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი, თან თავისი პროგრამა მინიმუმი ქონდა შესასრულებელი – ქადაგებდა ვანოს მეორედ მოსვლას. თან ორლულიანიდან ისროდა ყველა წინადადებაზე და თავზე ნარნარით გვახურავდა დედებისას, კეთილებისას, კარგებისას და ბიძინას ცოლ–შვილისას. ისევ ცნობისმოყვარეობამ მძლია და მიკროავტობუსის შიგთავსი მოვათვალიერე. 80% აღშფოთებული სახით ბაასობდა ერთამანეთში, მე სხვა რამე მაინტერესებდა – ტრანსპორტში 3 მამრი იჯდა, მძღოლის გარდა. ერთს ყურები ქონდა დაცობილი და თვალები გადატრიალებული, მაგრამ დანარჩენები არც წარბს ატოკებდნენ და არც თვალებს ახამხამებდნენ. უხერხულ–მოკრძალებული ჩახველებაც არსით ისმოდა.. სანამ მე ამ კონცერტის დამსწრე საზოგადოების თვალიერებით იყავი გართული, "სოლო პარტიამ" ისეთი კრინი აქაჩა, დასადუმებლად თავში ჩანთის ჩარახუნებაზე არ ვეტყოდი უარს, მაგრამ ... ამასწინათ, ერთმა მეგობარმა ყბაში სწორად გალაწუნება მასწავლა და, ერთი სული მაქვს, როდის გამოვცდი ჩემს შედეგებს... ხოდა, ამასობაში, ეს ჩვენი ვანიჩქას მეხოტბე ისე გათავხედდა, სულ "ორი კვერცხის და მათი აყლაყუდა მეგობარის" მიმდევრები გვეძახა. ერთი კარგადაც მოგვაფურთხა და ჩავიდა. მგზავრებმა ერთდროულად და ხმოვნად ამოისუნთქეს და იქ ამ "თავხედი დეგენერატის" თემის გარჩევა დაიწყოოოო.... რა თქმა უნდა, აქტიურად ჩაებნენ მამრები. ისე ჩაებნენ, ქალებს არ აცდიდნენ ქოთქოთს. ერთმა ისიც თქვა, ვიცი ვინცაა, ყოფილი პოლიციელია და იმიტომაა დაბოღმილიო... იმასაც ცნობისმოყვარეობით გავხედე, ისეთი ამაყ და კმაყოფილი იყო, კომპეტენტურ დასკვნა რომ დადოოო... უცებ ისე ვიყვირე – გაჩერეთ! ნორმალური ადამიანები მაგ ტონალობაში უკიდურეს პროტესტს გამოხატავენ. ძალიან მომინდა ჩასვლა, შუა გზიდან, თორემ მესამე ხაზიდან პირველ ხაზზე გადასვლა ასე სწრაფად რომ არ უნდა მოსთხოვო მძღოლს, მაგდენი ვიცი. ჩამოსვლისას მძღოლმა ისე შემომიბღვირა, ვერ მოვითმინე და კომპლიმენტი ვუთხარი , ძალიან მოგიხდათ იმ ტიპისგან მოკეთეების მოკითხვამეთქი. ჯერ ვერ მიხვდა, როცა მიხვდა, – მე რაო?! მასეთი ათასი გიჟი ამოდის აქო და ყველას რომ ავყვეო... მაგის გულისთვის სამსახურს ვერ დავკარგავო... ის, 2 ცალი მამრიც გამოეხმაურა, აბა ახლა, ხელს ხომ არ გავარტყამდი მთვრალ კაცსო. კაცსო, დიახაც!.. ალბათ, ცნობისმოყვარეობის ბრალია, თორემ, აბა რაში უნდ მაინტერესებდეს, რის გამო შეიძლება დღეს დაკარგოს სამსახური, თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს ან გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა მამაკაცთა არც ისე მცირერიცხოვანმა "არმიამ" ? არადა, იყო დრო, როცა, ქალის თანდასწრებით გინება მამაკაცებში ცუდ ტონად ითვლებოდა და იმდენი ჩხუბი "აწეულა " მაგის გამო უბნებში. შეიცვალნენ თავადაც და კრიტერიუმებიც შეეცვალათ ჩვენი მამრების დიდ ნაწილს... დიადი ვანოს აღდგომის მოლოდინის ბრალია ესეც ვითომ?
  2. საიდან დავიწყო და რა ვთქვა?.. ისე ვარ, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხის“ ბოლო კადრში რომ მარიტას ბებიაა, დამუნჯებული, ოღონდ პირიქით... პირიქით, ანუ – მის მაგივრად „შეთეს დედა“ უნდა წარმოვიდგინოთ... ბავშვობიდან მაღიზიანებდა ეგ ტიპაჟი, ტყაპუჭში გამოწყობილ ბოროტ გველს მაგონებდა. ბოროტს იმიტომ, რომ კეთილი გველებიც არსებობენ... ჰო, მართლა! – გველიო! ოფისშიო!.. ისე უკვირთ, არ სცხვენიათ.მაგრად ვიხალისებდი, რომელიღაცა მოქმედი სერიალის „ბუსუსიან სიუჟეტს“ რომ არ მაგონებდეს. შეძრომის მიზეზი მაგ ოფისის არქიტექტორს მოკითხონ – როკის გვირაბს რომ გავს. ნახა ხვრელი იმ პატიოსანმა არსებამ და შეძვრა... აქაც უკუღმა გამოვიდა ყველაფერი, აქამდე გველის ხვრელიდან ამოყვანის მეთოდოლოგიას ვფლობდით, ახლა მისი ხვრელში შეძრომის მიზეზებს ვიკვლევთ. სიტუაციის ასე შემობრუნებას, საბჭოთა კინემატოგრაფში „ბედის ირონია“ ერქვა. ანუ, იცი, რომ ვიღაც უნდა გაფრინდეს და, უცებ, შენ აღმოჩნდები ჰაერში. ერთი სიტყვით და ორმაგი გაგებით, ქვეყანაში დამსხვრეული სტერეოტიპების კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. რა ყოფილა ეს სოციალური ქსელები?! რა სიურპრიზი დაგხვდება კედელზე, არავინ იცის. 26 მაისს თუ ბაჩო და ვანო მომილოცავდნენ, ამას ოცნებაშიც კი ვერ დავუშვებდი... მაგრამ, როგორც ვხვდები, ამიერიდან ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად... კამერის კოლეგებმა ბაჩომ და ვანომ კამერულად მოგვილოცეს დამოუკიდებლობის დღე. კომუნიკაციის ახალი ფორმები მკვიდრდება. მგონი მეორე უკიდურესობის დემოკრატიასა და საჯაროობაში გადავიჩეხეთ, ანდა, ვიღაც–ვიღაცეების, კვერცხის ბიზნესმა ერთიანად საფოსტო მტრედები დაჩეკა. ეგეც შემოსავლიანი ბიზნესი უნდა ჩანდეს, ეხუმრებით, რამდენი გვყავს ჯერ სადაც ჯერ არს იქ ჩასალოცი და მერე მომლოცველი? კარგია, კარგი! ქვეყანა გვაქვს ასაყვავებელი, ჰოდა ყვავებსაც მაგიტომ იჭერენ. რათ უნდა ამას აქსიომები და კალკულატორი? თვითონ უკეთესად არ იციან, რამდენი მართებთ ბიუჯეტის? აბა თუ მიხვდებით, რა განსხვავებაა „ცნობილ სახეებსა“ და „ცნობად სახეებს“ შორის? არა, მართლა იცვლება მგონი რაღაც ამ ქვეყანაში... ცნობილი ისაა, ვისაც იცნობენ და ცნობადი, ვინც იბრალებს, რომ იცნობენ, მაგრამ ეს „სახე“ რომ ამოვიღოთ ამ კონტექსტში ხმარებიდან, რაიმე სირთულეს წარმოადგენს? თუ მარტო სახეა ნაცნობი, იმ ყბადაღებული თავის და ტანის ამბავისა არ იყოს... მატროსოვის ქუჩას კი ეკუთვნის მაგ „ცნობადი სახეების“ ერთი შემეცნებითი გალერეა... ვინმეს, ე მანდ, თეთრი და ფუმფულა არ ვეგონოო, ამბობს ბარაკა და დაუფიქრებლად იჯერებ... ჯარი არცერთ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს არ უნდა ეკუთვნოდესო, ამბობს მიშა და ვერ იჯერებ... ან როგორ უნდა დაიჯერო, როცა თავისი ქვეყნის პრემიერთან სადღესასწაულო ვახშამს მაგ ტიპს ლეზერნიკის ბაზაზე "რეგიონალური სარდლობა, სამხრეთ დასავლეთის" მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან საზეიმო სადილი ურჩევნია? „ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამშობლოში არ დაესწრება. ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ავღანეთში იმყოფება.“ –ისევ პოსტ–ფაქტუმ გვამცნო პრეზიდენტის „სამომავლო გეგმები“ მისმა ადმინისტრაციამ. რა იცის ამ „კაცმა“ ეს უგზო–უკვლო ხეტიალი, ან დაიბაროს სად მიდის, ან წინასწარ გაგვაგებინოს. ჯერ კიდევ პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს და რაღაც პასუხისმგებლობა ისევ გვრჩება ძალაში მაგის მიმართ. რომ დაიკარგოს, ხომ უნდა ვიცოდეთ, სად და ვისთან მოვიკითხოთ? არადა, ეგეც და გიგიც პრემიერმა ოფიციალურად მიიწვია, მაგრამ, მიშამ მე ავღანური ქათმის ფლავი მირჩევნია ბატონო, ხაშხაშის ნორჩი ყლორტებითო და გიგიმ, ჩემი სახელობის დიეტაზე ვარო! დაჭერამდე უნდა მოვასწრო რამდენიმე კილოგრამის დაგდება, ცოტა წესიერი, სანდომიანი და არამუქთამჭამელი მერის ჰაბიტუსი რო მქონდესო. ვერ გაამტყუნებ... 26 მაისი არანაციონალურად, მაგრამ ეროვნულად აღინიშნა. ყველა ქალაქში ქუჩებში გამოფენილი სამხედრო ტექნიკა სულაც არ იწვევდა შიშს პატარებშიც კი.რა გაგიხდათ ერთი გიგანტური ხაჭაპური ან ქაბაბი, „ნაცების“ სალაპარაკო რომ გახდით „ქოცები“? "გალუმპული ალასიანიაც იდგა 70 ჯარისკაცით, ასეთი საოცარი ღონიძიება 26 მაისს თვით შევარდნაძის დროსაც არ მინახავს, მაშინაც კი რაღაცას წვალობდნენ და ქვიშასავით ლაშქარი რომ ჩაივლიდა, იმას მაინც გვაყურებინებდნენ", - ასე „დაპოსტა“ „უმცირესმა“ დეპუტატმა დავით საყვარელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. საყვარელიძე კი ცდილობს, ხაჩიძესთან გატოლებას, მაგრამ მის იუმორთან კარგახანს ვერ მივა. ჯერ, როგორც მინიმუმ, გარემოში უნდა გაერკვეს, მერე ცოტა ხანს დაიცვას. მთავარი მაინც ის ოხერი სმენა და რიტმის გრძნობაა... ველოსიპედის ტარება მაინც თუ იცის, კიდევ აქვს შანსი...აი ქალი რომ იყოს. თვალების ხამხამს შეწყვეტდა, მერე მესამე ცდაზე ისტერიულად აჟივჟივდებოდა და ეგაა – ჩიორა 2–ც მზადაა. გადარჩენილია, რომ უმრავლესობაში არაა, თორემ ანი მიროტაძის სტატიკას საყვარელიძე კი არა, ბაცო ვერ გაქაჩავს, თავისი უძრავი მიმიკით... რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველი ხალხისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ქართული ეკლესია აღმოჩნდა.– მაპატიოს ნოვოდვორსკაიას „შეუბღალავმა რეუტაციამ“, მაგრამ, როცა ის საქართველოზე საუბარს იწყებს, თანაც მენტორის ტონით, მისთვის უნებურად პირში ბოლოკის ჩაჩრა მინდება. საქართველოს საკუთარმა ეკლესიამ უღალატაო... საკუთარ კირილს მიხედე ვალია! ჰომოსექსუალიზმის ეროვნულ ტრადიციებზე ალაპარაკდა ირაკლი კაკაბაძე. "ჩვენ ჩვენი ტრადიცია გვაქვს: კინტოების, ჰომოსექსუალობის საკუთარი ტრადიცია. ასე მგონია, რომ ერთ-ერთი პირველი ლესბოსელი ერი ჩვენ ვართო. ჩემი გონივრული ეჭვით კი, მგონია, რომ მიმდინარე კვირა „ირაკლი კაკაბაძის კვირა“ იქნება პატრიოტული და ტრადიციული მოკითხვის ამბავში... საოცარი გარდატეხა მოხდა გასულ კვირას პტივცემული სოსო ცინცაძის ცნობიერებაში, მან რადიკალურად შეიცვალა აზრები, პოლიტიკური კურსი და შესაძლოა, ორბიტაც. ისეთი რამეები თქვა, მგონი საკუთარი ყურებიც კი არ უჯერებდნენ. მაგალითად: »ერის განადგურებას და გენოციდს მირჩევნია რუსული კურსი...ამას პირველად ვამბობ ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ევროპა პედერაზმის პრობლემას უძლებს, მაგრამ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ამას ვერ გაუძლებს. თუ ასე წავა პროცესები, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ 20-30 წლის შემდეგ მწარმოებელი, ნამდვილი ბავშვის დამბადებელი მამაკაცები თითზე ჩამოსათვლელები იქნებიან. მთელი ერი რომ გავპედერასტდეთ, ნატოში ახლო მომავალში მაინც არავინ მიგვიღებს, თუ ვინმეს ამის იმედი აქვს. აქ სხვა რაღაცაა საჭირო, პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობის დალაგება»–ო! ასე თქვა ზუსტად. არც თქვენ გჯერათ ხომ? ჰოდა მიიწვევს თუ არა ამის შემდეგ მას ასევე პატივცემული და „ყველაზე გულწრფელი საქართველოში“ – ბატონი დავით აქუბარდია, ახლა ეგაა გასარკვევი. სოსო, ვგონებ, იმ თავის ერთადერთ ტრიბუნასაც კარგავს... ადამიანურ და პირად ურთიერთობებში აშკარად პროგრესი გვაქვს – „ცნობადი სახეები“ ცნობილ მეუღლეებს „ მეგობრებად“ მოიხსენიებენ. ეს ნოუ–ჰაუ ამ დღეებში თაკო სალაყაია–მერაბიშვილისას ეკუთვნის, თუმცა, კვირის ბოლოს „ოჯახური მეგობრობის ტენდენცია“ პრეზიდენტის ოჯახმა უფრო გაამყარა და გაათვალსაჩინოვა. მართალია ჩვენი „მარშალი!“ აბა რა უნდა ცოლს „ფრონტის ხაზზე?“ ბრძოლაში მეგობარი იცნობა, იწრთობა და იგრძნობა. „ოცნების“ პირველი ლედობის კანდიდატის და მისი ოჯახის წევრის ურთიერთობაც მეგობრობით დაიწყო და ხომ ხედავთ, რა პერსპექტივაში ჩაცვივდნენ? ისევ ოჯახურ თემას გავაგრძელებ და, გასულ კვირას თინა ხიდაშელის ნაწყენი კალიგრაფიით დაწერილმა კომენტარმა დამაფიქრა: "თუ ბიძინას რესპუბლიკელები არ უნდა, საკმარისი რაოდენობის დეპუტაცია ყავს, რომ დათო პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს''. ვაიდა, მართლა ეწყინოს თინას რამე?! ხომ დაგვეშალა სულ „კო“–თი და „ტაციათი“ ნაშენები პარლამენტი?! გასულ კვირას ყველაზე სახალისო მაინც ის იყო, ექს–განათლების მინისტრმა ბათუმის ამერიკულ უნივერსიტეტს „ ჩვენი (ანუ ნაცების) აუსრულებელი ოცნებების სიმბოლო“ უწოდა. P.S. ერთი სიტყვით, იმისთვის რომ სარფიანად გაეყარო ვინმეს, ჯერ წარმატებული ქორწინება უნდა შედგეს. ყველაზე ხმამაღლა თავის აზრს ხშირად ისინი გამოთქვამენ, ვისაც საერთოდ არ აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება. ცხოვრება კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა. სიკეთე იმარჯვებს და ამიტომაც არსებობს ცხოვრება. ადამიანი არაადამიანისგან სულის ჭაში წყლის მოცულობით განსხვავდება. ზოგჯერ, ლოთებს, ტოლერანტობის ფარგლებში, არშემდგარ ტალანტებად მოიხსენიებენ... უკანონობას ზოგჯერ კანონი იცავს. ღმერთი და სატანა იქნებ ერთი მედლის ორი მხარეა? კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+" #6
  3. სოხუმის უნივერსიტეტში 25 მაისს რექტორის არჩევნები გაიმართა. არჩევნები შეიძლება ამას პირობითად ეწოდოს, რადგან არჩევანი, ფაქტიურად, არც ყოფილა. იყო სულ ორი კანდიდატი, რომელთაგან ერთ–ერთმა წინა დღეს მოხსნა კანდიდატურა და დარჩა ის ერთადერთი, რომელსაც ძალიან, ძალიან უნდოდა რექტორობის შენარჩუნება. ანუ, იმის თქმა გვინდა, რომ „დევნილი უნივერსიტეტის“ რექტორი კვლავ ის ჯონი აფაქიძეა, რომლის რექტორობის პერიოდში სოხუმის უნივერსიტეტის რეიტინგი მე–3–მე–4 ადგილიდან მე–11–დე დაეცა, რომლის რექტორობის პერიოდშიც სტუდენტთა მხოლოდ 10 %–ია დარჩენილი წარმოშობით აფხაზეთიდან . ფაქტია, სოხუმის უნივერსიტეტი ცხოვრებას ჯერ–ჯრობით ბოლო 5 წლის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, მაგრამ, რატომ გადაიფიქრა არჩევნებში მონაწილეობა ერთი დღით ადრე პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ, მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება. –ბატონო თემურ! თქვენმა კოლეგამ და კონკურენტმა, ჯონი აფაქიძემ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ანუ შვიდიდან შვიდი ხმა. ეს ნებისმიერი კანდიდატისთვის საუკეთესო შედეგია. იცოდით რომ მას ამდენი მომხრე ყავდა და მაინც გარისკეთ მასთან კონკურენცია? ან ბოლო მომენტში რატომ გადაიფიქრეთ? – ამას ასე მარტივად ვერ ვუპასუხებ. 2009 წლის 21 მაისს, ანუ წინა არჩევნებზეც ვმონაწილეობდი, მაგრამ მაშინ 4 კანდიდატი იყო, – პროფესორები: ილია კაკუბავა, ალექსანდრე შარქუა, ჯონი აფაქიძე და მე. არჩევნებამდე 3 დღით ადრე სოხუმის უნივერსიტეტს მაშინდელი განათლების მინისტრი, დღეს რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი, ბატონი ნიკა გვარამია ეწვია. ბატონმა ნიკამ 2009 წლის 18 მაისს პირდაპირ განუცხადა აკადემიურ საბჭოს, რომ ხელისუფლების სურვილი იყო, რექტორად პროფესორ ჯონი აფაქიძის არჩევა. – ეს ხდება 3 დღით ადრე არჩევნებამდე. – დიახ. შესაბამისად, თუ აირჩევთ სხვასო, მაშინ, უნივერსიტეტის მე–2 კორპუსს, ჯიქიას 12–ში (დღეს პოლიტკოვსკაიას 12), რომელიც უნივერსიტეტს გადმოცემული ქონდა ურუზფრუტის წესით, წაგართმერვთო. – ეს მაშინდელმა განათლების მინისტრმა გითხრათ? – დიახ. – მერე, რა უპასუხეთ? – მე ვუთხარი, – ბატობო ნიკა, ჩვენ როცა ერთად ვიდექით იმ აქციებზე ისეთი ხელისუფლება გვსურდა, ევროპულ ღირებულებებს რომ მოიტანდა, არჩევნებამდე, სახელმწიფოს სახელით, ავალებთ ადამიანებს კონკრეტული კანდიდატის არჩევას, ეს სადაური დემოკრატიაა მეთქი. – ბატონმა გვარამიამ რაო? – მხოლოდ გაიღიმა და არჩევნებიც ჯონი აფაქიძის გამარჯვებით დამთავრდა. 2009 წლის შემდეგ პროფესორი ჯონი აფაქიძე პირნათლად ასრულებდა იმ ამოცანებს, რომლებიც განსაზღვრული ჰქონდა ყოფილი განათლების მინისტრის – კახა ლომაიასგან. – ანუ ლომაიაც ლობირებდა აფაქიძეს? – ჯონი აფაქიძე ზუგდიდელია, მას ყოველთვის ლობირებდნენ ფრიდონ თოდუა და კახა ლომაია. ამ კანდიდატურას მხარი მოგვიანებით პრეზიდენტმა და ქ–მა გიული ალასანიამაც დაუჭირეს. – ხელისუფლების რჩეული ყოფილა! – ჯონი აფაქიძე არის საუკეთესო კანდიდატურა იმ ხედვებისა და მიდგომებისთვის, რაც გააჩნდა წინა ხელისუფლებას. – ანუ ნაციონალების მიერ შექმნილი განათლების სისტემისთვის საუკეთესო რექტორია. – რა თქმა უნდა?! სისტემა იყო განსაზღვრული ისე, რომ უნივერსიტეტში უნდა ჩანერგილიყო სანდო კადრი, რომელიც არ დაუშვებდა განსხვავებულ აზრს. რექტორი თავისთავად ხდებოდა ყურმოჭრილი აგენტი ნაცმოძრაობის. ჯონი აფაქიძემ ეს ბრწყინვალედ შეასრულა. – მაგალითად? – ნებისმიერ ღონისძიებებში, ეს იქნებოდა განმუხური, ვირტუალური ლაზიკა.მეტსაც გეტყვით, როცა სააკაშვილმა გააჟღერა ლაზიკის იდეა, ბატონ ჯონის მოუვიდა აზრად, რომ ხობში დაეწყო გათხრები. ის საზოგადოებას ისე აწვდიდა ამ ინფორმაციას, თითქოს ეს ხდებოდა ლაზიკიდან 30 კილომეტრის დაშორებით, არადა რეალურად გათხრები ხობში წარმოებდა. ანუ ამოცანა იყო ლაზიკის პოპულარიზაცია. – ესე იგი ბატონი რექტორი ყოფილი ხელისუფლების პიარ–კამპანიაშიც ყოფილა ჩართული. – ბატონი ჯონი ნიჭიერია პიარში იმდენ ხანს, ვიდრე მისი ხელდამსმელი მთავრობა ძლიერია. 1 ოქტომბრის მერე ჯონიმ თქვა – მე ახალ მთავრობასთანაც მოვძებნი საერთოსო. – მართალია, რომ სოხუმის უნივერსიტეტი მიატოვა ომის დროს, მაშინ როცა მთელი კოლექტივი იქ იყო, ქალიც, კაციც, და თბილისში წამოვიდა, იმ არგუმენტით, რომ თავისი პოზიცია ვერ განსაზღვრა? – ბატონ აფაქიძეს მეუღლე ყავს აფხაზი. – ეგ რა არგუმენტია? უამრავ ქართველს ყავს აფხაზი მეუღლე, მაგრამ ომის დროს არსად გაქცეულა. – 20 მაისს აფაქიძე გამოვიწვიე ღია დებატებში, მაგრამ უარი თქვა და დახურული დებატების დროს, პროგრამის წარდგენისას ამ და კიდევ რამდენიმე საკითხზე საბჭოს წევრებს კითხვა მეც დავუსვი – რატომ არ უთითებს აფაქიძე თავის CV-ში, რომ 1992 წლის ოქტომბერ–დეკემბერში ის ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიურ ცენტრში მუშაობდა, როცა სოხუმში გაგანია ომი მიდიოდა ასე უპასუხა, მას სურდა, რომ კარგი სივი ჰქონოდა. – კიდევ სხვა რამესაც მალავს აფაქიძე თავისი ბიოგრაფიიდან? – არაფერი იმალება და ისიც გამჟღავნდა, რომ 2006 წელს ჯონი აფაქიძე მონაწილეობდა საერთაშორისო არქეოლოგიულ კონფერენციაში, რომელიც ცნობილი რუსი შოვინისტის, ვორონოვის( რომლის ბაბუა ჯერ კიდევ 1906 წელს წერდა, რომ აფხაზეთი საქართველო არააო), ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციას. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც 132 მონაწილეს შორის არის პროფესორი „დჟ. აფაქიძე.“ – კონფერენციში მონაწილეობა პროფესორისთვის რა დასამალია? – განსვენებულ პროფესორ ვორონოვს პირადად ვიცნობდი, როგორც აფხაზური სეპარატიზმის ერთ–ერთ სულის ჩამდგმელს. ის გენეტიკურად ვერ იტანდა ქართველებს. აფხაზეთის დევნილი უნივერსიტეტის რექტორისგან იმ კონფერენციაში მონაწილეობა, რომლის ორგანიზატორიც მოსკოვი და სეპარატისტული სოხუმი იყო, ცოტა უხერხულია, სხვა თუ არაფერი, ჩემთვის პირადად მიუღებელია. – თან იმ ფონზე, როცა ყოფილი ხელისუფლება მუდმივად საზოგადოების რუსეთით დაშინების რეჟიმით იყო დაკავებული. ცოტა უცნაურიც კია. ეს ამბავიც გააჟღერეთ 20 მაისს? – რა თქმა უნდა?! და, როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი სრულიად მისაღებია იმ 7 ადამიანისთვის, რომლებმაც იცოდნენ ამის შესახებ და მაინც მისცეს ხმა აფაქიძეს. ჯონის ბრალი არაა, რომ მისი სიმამრი, არველოდ კუპრავა სასტიკი ანტიქართველია. ჯონის სიმამრის პატივისცემას არავინ უშლის, მაგრამ მაშინ, როგორც საჯარო პირმა და მეცნიერმა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება მისი ნათესავის პოზიციის მიმართ. – რა პოზიციაზეა საუბარი? რას წარმოადგენს ბატონი აფაქიძის სიმამრი? – ის სოხუმის უნივერსიტეტის ერთ–ერთი აღიარებული პროფესორია. არველოდ კუპრავა ამტკიცებს, რომ გალელი მეგრელები არიან აფხაზები და კიდევ ქართველებისთვის უამრავ საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს სადაც მოუხერხდება, მათ შორის, ევროპაშიც, კერძოდ გერმანიაშიც გამოსცემს თავის ნაშრომებს. არველოდ კუპრავას აქვს საშუალება, თავისი სიყალბე მეცნიერებად გაასაღოს. არც ჯონი და არცერთი ქართველი ისტორიკოსი, გარდა ბადრი გოგიასი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს არ გამოხმაურებია ამ საკითხს. – ამბობენ, 1 ოქტომბრის შემდეგ აფაქიძემ კაბინეტში სააკაშვილის სურათი ჩამოხსნაო? – ასეა, ეს ფაქტი სტუდენტებმა დააფიქსირეს და ფოტოც გადაიღეს. 2–3 ოქტომბრის შემდეგ ამ ფოტომ პროფესორ ზურაბ პაპასკირის კაბინეტში გადაინაცვლა. – ვერ ყოფილა აფაქიძე მთლად ერთგული კადრი ნაციონალების.თქვენი მიკვირს, ან რატომ წამოაყენეთ და ან რატომ მოხსენით კანდიდატურა? – ნაცმოძრაობის, აფაქიძის და მასთან დაახლოვებული ელიტარული ადმინისტრაციის მიერ დაკომპლექტებული და დანიშნული აკადემიური საბჭო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ცხადია , ხმას არ მისცემდა, მაგრამ, ეს იყო საშუალება, პირველად 5 წლის მანძილზე, რომ ყველა ფაკულტეტზე მივსულიყავი ჩემი პროგრამით და მეჩვენებინა საზოგადოებისთვის ,რომ არსებობს განსხვავებუი აზრი სოხუმის უნივერსიტეტში. ჩემი მიზანი უკვე მიღწეულია. არჩევნების წინა დღეს მე მოვხსენი კანდიდატურა და განვაცხადე, რომ როცა სოხუმის უნივერსიტეტში იქნებოდა ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას. – არჩევნებმა როგორ ჩაიარა? აფაქიძე არ შეგხმიანებიათ, როცა კანდიდატურა მოხსენით? – არა, რა თქმა უნდა. არჩევნები კი პროცედურის სრული დარღვევით ჩატარდა. – კერძოდ? – არჩევნების მსვლელობას ესწრებოდა ჩემი 2 წარმომადგენელი – პროფესორი ნუგზარ კერესელიძე და საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი, ავთანდილ დავითაია. მათ დააფიქსირეს, რომ საარჩევნო კაბინის თავზე დამონტაჟებული იყო ვიდეო თვალი. – ანუ იმ თავისივე შერჩეულ 7 კაცშიც ეპარებოდა ეჭვი? – ეს ერთგვარი დაზღვევა იყო მისთვის. თანაც აფაქიძეს აქვს ამბიცია, რომ მიეღო შვიდიდან შვიდი ხმა. ამას როგორც კადრებიდან ჩანს, აკვირდება უნივერსიტეტის ელიტარული ადნმინისტრაციის წარმომადგენელი , ბატონი კოტე ნინიძე. ის თავად აღიარებს, რომ კამერა ჩართული იყო. – კი მაგრამ ეს ხომ სერიოზული დარღვევაა? არ აპირებთ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს? – რა თქმა უნდა ვაპირებთ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში წარიმართება. "ქრონიკა+" #6 ესაუბრა კატო ჩულაშვილი
  4. მდუმარე ქალი შენელებული მოქმედების ბომბი რომაა, ხომ გაგიგიათ? არავინ იცის, როდის აფეთქდება, რა სიძლიერით და ტროტილის ექვივალენტით... კარგ მწერლად ის ითვლება, ვინც სწორი სიტყვების საჭირო ადგილას ჩასმა იცის. ცუდი მწერალი უმაქნის სიტყვებს უადგილო ადგილას აკვეხებს და მერე ეგეც ჩვენი თავში სახლელია. – სიყვარული ქიმიაზე მიყოლებული ფიზიკააო, მაგრამ მაინც ვერ ამაღებინეს ხელში ფიზიკის წიგნი. მერე უკვე, როგორც ამბობდნენ, "საფუძველი არ მქონდა" და ჩემი ტვინის მაგ დონეზე გაფხვიერებას, ლამარა ლომაშვილი კი არა, თვით ოზბორნ რეინოლდსი, რობერტ ჰუკი, თუნდაც, ვახტანგ ხმალაძეც, ვეღარ შეძლებდნენ. ქიმიური რეაქციები ხომ სულ მეორდება და მეორდება, ჰოდა, რომელ მარადიულ სიყვარულზეა ბაასი?.. ვისაც გჯეროდათ გაგატარეთ ბატონო და რა? დიდმა და ჩემმა ერთ–ერთმა საყვარელმა ფიზიკოსმა (ფიზიკა არ მიყვარდა, თორემ ფიზიკოსებს არ ვერჩოდი, კარგი ტიპები იყვნენ..) თქო –ცხოვრება ველოსიპედის ტარებას გავს, იმისთვის რომ წონასწორობა შეინარჩუნო, მუდმივად უნდა იმოძრაოო... რაღა მაგას დავუჯერე ვერ გეტყვით, მაგრამ, იმის მერე, ხან ციყვი ვარ, ხან ბორბალი, ხან ჭრელი პეპელა, ხან ანარქისტი, ხან პაცეფისტი... პესიმისტი არ ვყოფილვარ არასდროს, ვერ გამომდიოდა.. ახლა "პამფლეტისტკა" ვარ, მთლად ბულგაკოვი და სვიფტი ვერა, მაგრამ... სამაგიეროდ, ჩემში სარკაზმზე მეტი სატირაა, კიდევ ლირიკა და ირონია... არადა, ბავშვობაში გაუცნობიერებელი შიში მქონდა სატირების. კიდევ უცხო და რთული სიტყვების დამახსოვრება მიყვარდა. მეგონა, რაც უფრო გაუგებრად ვილაპარაკებდი, უფრო ჭკვიანი გამოვჩნდებოდი. მაგარი სისულელეა, თუ გინდათ, სცადეთ... რამ გამახსენა ამ შუაღამისას ჩემი სკოლის დირექტორი? ხომ მშვიდობა აქვს ნეტავ? ჩვენი "სიმპატიჩნი" იუზა ჩეჩელაშვილი... ცალი ფეხით კოჭლობდა და ლოყაზე შრამიც ჰქონდა. ჟოფრეი დე პეირაკს ტყვილა ხომ არ ვეძახდი! ვაკის ერთ–ერთი სკოლიდან "ცუღლუტობის" გამო "ჩამოალაბორანტეს"... საყვარელი ფრაზა – "ზა ჩტო მნე ტაკოე ნაკაზანიეო?!" ხოდა, ის"სიმპატიჩნი"იუზა ჩეჩელაშვილი, სულ მემუქრებოდა, – არ მოგცემ ჩულაშვილი ატესტატსო! ))) გამაგებინე ბავშვო! ამდენნაირი ათასი სისულელე რომ შეგდის მაგ თავში, მათემატიკამ რა დაგიშავაო? თვითონ გვასწავლიდა მათემატიკას მაღალ კლასებს. არ იყო ცუდი პედაგოგი, მაგრამ მე ვერაფერი მომიხერხა. საიდან არ დამაწყებინა, ვიჯექი და სულელივით ვუღიმოდი. ჟოფრეის კაბინეტში ჩემი სიგელების თვალიერებაც მიყვარდა, სახლში არ მატანდა, – მიაკარგავ სადმეო! იცოდა, სკოლიდან სახლამდე რა "რთული" მარშრუტები მქონდა. "ბოლო ზარზე" გადმომცა ისეთი სახით, თითქოს საგვარეულო ანდერძს მაბარებდა. ალბათ, ბოლო ზარმა გამახსენა, თეთრი ყვავივით რომ ვიდექი იმდენ "დაჯღაბნილ" ბავშვში. სასტიკად გამაფრთხილეს, განათლებიდან მოდის სტუმარი და ღონისძიების წამყვანს წინწკალი არ უნდა ჰქონდეს წინსაფარზეო. ჰოდა დღის ბოლომდე მეც რუდუნებით შევინახე სამოსში გამოხატული სისპეტაკე. ანანოს ჰქონდა 3 დღის წინ "ბოლო ზარი" და არ წავიდა, – დამშვიდობებას და ყალბ ცრემლებს ვერ ვიტანო! არადა, მე იმ დღეს მართლა ალალი კურცხალი ჩამომიგორდა თვალზე,მართალია ორიოდე, მაგრამ –ალალი! ჰო, სად ვიყავი?, იქ, – ჟოფრეი რომ მემუქრებოდა – არ მოგცემ ატესტატსო! ატესტატიც მომცა, მათემატიკაში ფრიადოსან კლასელსაც მიმისკუპა გვერდში, –ამისგან გადაიწერე ხოლმე საკონტროლო, სიტყვა–სიტყვითო, შენ გამიხეთქავ გულს მეო! ))) მერე იმდენი ქნა, ქიმიის გამოცდაზე მენდელეევის სისტემის ცოდნას ვინ მაკადრებდა, იმ პარიკიან–ჟაბოიანი ქიმიკოსის ბიოგრაფიაც ამყოფინა კრიმფვილდა შილაკაძეს (მოფერებით ცეზარს). არ ვუყვარდი ცეზარიკოს, ჩემი თავხედობის გამო, – თავში აქვს ამ გოგოს ავარდნილი, რაღაცნაირი კონტექსტიდან ამოვარდნილი და არასტანდარტულიაო! ასე მახასიათებდა თურმე სამასწავლებლოში. არადა, რას ვაშავებდი? მაგის გაკვეთილზე ან ვხატავდი, ან ნეტარი ძილით მეძინა), ჰოდა, როცა გამოცდაზე ტომის მეტყველი მზერით გადმომხედა, მე ჯერის მრავალმნიშვნელოვნად მოწკმუტუნე მზერა ვსტყორცნე ჩემს მხსნელ ჟოფრეის. იმანაც არ დააყოვნა და, ვიდრე მე რაღაცას მივედ–მოვედებოდი ქიმიის როლსა და საფუძვლებზე ადამიანის ცხოვრებაში, სულ იმას გაიძახოდა, – რა გადმოცემის უნარი აქვს ამ აუტანელ გოგოსო!!! ფიზიკის გამოცდაზე ნიუტონის კანონები ჩამოვარაკრაკე და ამით გავისტუმრე ჩემი უვიცობის ვალი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მეცნიერებამაც, როგორღაც, გადაიტანა უჩემობა.. მასეა სულ – ეძებ იმ რაღაც ბედნიერებას, ეძებ! გგონია, იპოვე და, გეგონოს! –ისევ გამოცდილება შეგრჩება ხელში... არა, კი არ ვწუწუნებ, უკვე სახალისოცაა.. მაგრამ, ყველაზე მეტად ის ადამიანები მეხალისებიან, სულ რომ მაკრიტიკებენ არასწორადშერჩეული წიგნების კითხვის გამო. არადა, თვითონ, მგონი, არც გადაუფურცლავთ. ჰოდა, არ გვინდა ველოსიპედების და ბორბლების გამოგონება. გვითხრა იმ ენაგადმოგდებულმა და თმადაუვარცხნელმა კაცმა – წონასწორობის შენარჩუნებას მოძრაობა შველისო. იმოძრავეთ თქვენც, უწონობის მდგომარეობამდე.. ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  5. ასეთი სათაურის შემდეგ, უმრავლესობას, ნილ ჯორდანის საშინელებათა ფილმი გაგახსენდებოდათ და არა ჩემი რესპონდენტი. თუმცა, არაფერია შემთხვევითი. შორიდან და ერთი შეხედვით მის ჰაბიტუსში არის მისტიურობის და იდუმალების გარკვეული მარცვლები, თუმცა, მიახლოვებისას ცხადი ხდება, რომ ეს მარცვლები ჩვეულებრივი საკენკია სტერეოტიპებზე აღზრდილი საზოგადოების ნაწილისთვის, და რაღაცეების უკეთ დანახვა „ფართოდ დახუჭული თვალებითაც“ შესაძლებელია... ხომ არსებობს ქვეყნის პირველი პირი, პირველი ჩოგანი, პირველი ვიოლინო, პირველი ლეიბორისტი, ჰოდა, ამათ ფონზე, არც ისე უინტერესო უნდა იყოს ქვეყნის „პირველი ბიბლიოთეკარის“ ამბები, მით უფრო, თუ ის ზომაზე მეტად პოპულარულია, დაშვებულზე მეტად არაორდინალური... რას არ იტყვის ერთი შეხედვით ყველაზე იდუმალი ტიპაჟი, ნიჭიერი პოეტი, პოპულარული ლექტორი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი –გიორგი კეკელიძე– გულახდილობის ჟამს... – პირდაპირ იმ კითხვით დავიწყოთ, როგორ ხვდებიან პარტერიდან ლოჟაში თუ ? – უფრო მარტივით რომ დაგვეწყო, მოთელვის თვალსაზრისით? – კარგი, იყოს მარტივი – შენი აზრით, ასე აქტიურად რატომ „გებრძვიან?“ სოციალურ ქსელებში ? – – იმ რაღაც უცნაური სახელწოდებების და შინაარსის პროფილებს გულისხმობ? – სწორედ–სწორედ... – მართლა არ ვიცი ვინ დგას ამ „ქართველი მასონების“ პროფილის უკან, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ნაცნობია. – ეგ ეჭვი შენ კი არა, მეც მაქვს, მაგრამ ვიდრე ჩემს ვარაუდებს გაგიმხელდე, ჩემი ინტერესი მინდა დავიკმაყოფილო, რამდენად შეეფერები მათ კრიტერიუმებს? – ვის? – აქ კითხვებს მე ვსვამ! ქვისმთლელებთან რა გაკავშირებს? – არაფერი მაკავშირებს, არც ურთიერთობა მქონია, არ ვიცნობ არცერთ ქვის მთლელს, თუმცა, ძალიან საინტერესო პროფესიაა... – იცი ალბათ, – მასონური ლოჟის კანდიდატი რომ გახდე, 9 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე. – მართლა? და რას მოითხოვს ლოჟა ჩემგან? – ისეთს, არაფერს, რაც შენ არ შეგიძლია და ეჭვები მეფანტება, რაღა დაგიმალო... – მე ეჭვი მიჩნდება, რაღაც საინტერესო გვიახლოვდება... დავიწყოთ! – პირველი – 21 წელს უკვე გადავაბიჯეთ ხომ? – კი, დიდი ხანია. 29–ის ვართ. – ნასამართლევიც არ ხარ, ვიცი და ვალების საკითხში როგორ ვართ? – არც ისე რთულად და კრედიტები ვალებში ითვლება? – თუ იხდი – არა. – მაშინ კარგად ყოფილა ეგ ამბავიც. – არაღირსეული საქციელი ხომ არ გახსენდება რამე ისეთი, სხვებსაც რომ დაამახსოვრდებოდათ, კომპრომატად? – რა ვიცი, ასე უცებ არაფერი მახსენდება. – მეხუთე კრიტერიუმი – გჯეროდეს შემქმნელი ღმერთის! შენ, ჩემი აზრით, მონოთეისტი უნდა იყო, მართალი ვარ? – ალბათ კი, სადღაც მაგ სივრცეში ვარ. პოლითეისტი ნამდვილად არ ვარ... – ხარ მამაკაცი... გაქვს გარკვეული შემოსავალი. – გარკვეული კი მაქვს.... – ჭეშმარიტი მომავალი მასონი მხოლოდ საკუთარი სურვილით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. – ოოო... აი ეგ არის ჩემი მასონობის ერთ–ერთი ყველაზე მყარი არგუმენტი. – ჰოო? და რა ასაკში დაიწყე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება? – ძალიან ადრე. ანუ დაახლოებით იმ ასაკში, როცა ოჯახს, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, შეეძლო ჩემი დაბანა. ჩემი გადაწყვეტილებები ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ზოგადად. საშინლად ჯიუტი ბავშვი ვიყავი. – შენ დედისერთა ხარ ხომ? – კი. – ჰმ, თან ჯიუტი, თან ეგოისტი... რას ამბობდი, ტანის დაბანას ვაპროტესტებდიო? – კი,როცა ჩემთან შეუთანხმებლად მბანდნენ, ძალიან არ მომწონდა და, დაბანიდან უმოკლეს დროში ვცდილობდი რაც შეიძლება მეტად გავჭუჭყიანებულიყავი და ამოვგანგლულიყავი მტვერში. – დიდხანს გაგრძელდა შენი არსებობა ბატალურ ჟანრში? – იქამდე, ვიდრე დამოუკიდებლად ცხოვრება არ დავიწყე. რაც ძალიან ადრე მოხდა. 15 წლიდან. სკოლა დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი. მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ. – მარტო რომ ცხოვრობ, წონაზეც გეტყობა... ლოჟის მეცხრე კრიტერიუმი ჯენლტმენობაა და მანდ როგორ ვართ? – თუ ჯენლტმენობა ეტიკეტს და თავაზიანობას გულისხმობს, გავბედავ და ვიქნები. – მაშინ, არაფერი დამრჩენია მოლოცვის გარდა! შენ აკმაყოფილებ მასონთა ლოჟის ყველა მსოფლიო სტანდარტს. მასონი ყოფილხარ და ვერ გაგიგია, რას ერჩი იმ ხალხს? მართლა რომ შემოგთავაზონ მსგავსი რამ, რეკომენდატორად ვის აირჩევდი? – მასონიზმის საფუძვლებში შენსავით ჩახედულს არავის ვიცნობ და სხვა მიმართულებებზე არის რამდენიმე პიროვნება, თუმცა, ძალიან ცოტა. – მასონური საძმოს საკითხზე ჩამოვყალიბდით და ზოგადად „საძმოებთან“ როგორი დამოკიდებულება გაქვს? – მიმაჩნია, რომ ადამიანი მაინც კლანური არსებაა და ის ყოველთვის ცდილობს იმ ინტერესების გატარებას, რაც თავად და მის საახლობლოს აქვს. მაგრამ გააჩნია სად მოქმედებს. მაგალითად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვერცერთ ჩემს ნათესავს და მეგობარს ვერ მოვიყვან და, თუ ეს საქმეს აუცილებლად დასჭირდა, მაქსიმუმ, შეიძლება ავიყვანო ხელშეკრულებით. ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილი ვარ, საჯარო სამსახურებში ეს მიდრეკილება არც უნდა აისახოს, მაგრამ კერძო ბიზნესში, რა თქმა უნდა ვცდილობ ის ადამიანები ჩავრთო, ვინც ჩემს ახლოს ტრიალებენ. ადამიანების ნებისმიერი გაერთიანება, კორპორაცია კი უკვე კლანია. – ბიბლიოთეკაში მასონური ლიტერატურა არსებობს? – მასონურ ლიტერატურაში თუ იმ ადამიანების წიგნები იგულისხმება, რომელთაც ლოჟის წევრობას მიაწერენ, მაშინ მოგვეპოვება საინტერესო გამოცემები. მე არც პროტესტი მაქვს ამ ადამიანების მიმართ და, ეს თემა საინტერესოდაც მეჩვენება, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანი კონსპირაციის არსებაა და რაღაც ბუნდოვანი და დაფარული იზიდავს. თავად არ გავცნობივარ ამ ლიტერატურას, მაგრამ, ეჭვი მაქვს, თავისი ხიბლი ექნება. – პროტესტი რატომ უნდა გქონდეს, როცა მათი მოწოდებაა „იღვაწო კაცობრიობის პროგრესისთვის!“ – მემგონი, ამ ინტერვიუს შემდეგ შენ უფრო დაგაბრალებენ მასონობას. მე შენსავით კარგად ვერ ვერკვევი მაგ ამბებში. – კოსტუმირებული ღონისძიებები გიზიდავს? – არა. – აბა ორგიებს ბიბლიოთეკის პალატებში არაკოსტუმირებულს აწყობთ? მე დაახლოებით კუბრიკისეული სცენები წარმოვიდგინე. – ცხადია, ძალიან საინტერესოა, კარგად აქვს ამაზე ნათქვამი პატივცემულ სტენლის. ჩვენ ყველას მეტ–ნაკლებად გვიწევს ცხოვრებისეულ კარნავალებში მონაწილეობა. არაფერი მსგავსი ღონისძიებების მიმართ საწინააღმდეგო არ მაქვს, თუ ეს მაინც და მაინც ადამიანის ცოცხლად დაწვის რიტუალს არ მოითხოვს. უამრავი მიმართულების და თემატიკის შეიძლება იყოს ასეთი თავყრილობები. – მათ შორის ორგიებისაც. – სხვათა შორის, მაგას მასონობაზე ხშირად მაბრალებენ. ეგ ლეგენდა ჩემთან დაკავშირებით არ გაჩენილა. ჩემს დროს უბრალოდ გააქტიურდა.ზოგადად ბიბლიოოთეკის მიმართ არსებობდა ასეთი შეხედულება და მე რომ მივედი, ამ ღონისძიებების ორგანიზატორის როლიც შევითავსე ავტომატურად. როგორც ვხვდები, ასეთი დიდი ფანტაზიის ადამიანების წარმოდგენაში ბიბლიოთეკა ორგიების ერთ–ერთი დეპარტამენტია. – და ამ ამბავზე შენი ქალთა კოლექტივი როგორ რეაგირებს? – ასეთივე ირონიულად და იუმორით, თუმცა, თანამშრომლებთან ორგიებზე არაა საუბარი, ძირითადად „მოწვეული სტუმრები“ ყავთ ხოლმე მხედველობაში. – საოცრებებს მიყვები. ახლა ე.წ. „როზა ლუქსემბურგის ოცნების კოდექსიც“ მოგისწრებთ და... რა გენაღვლებათ ბიუჯეტის თანხები... მაგრამ შრომის და სოციალური საკითხები ჩემზე ჭკვიანი ხალხის გადასაწყვეტია, გამოსავალს იპოვიან ალბათ. შენ ის მითხარი, საკუთარი თავის აღმოჩენის პერიოდი უკვე გაიარე? – არა რა თქმა უნდა. მგონი ცუდი არ უნდა იყოს, ახალ–ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა საკუთარ თავში. ადამიანი მუდმივადაა ძიებაში. მისი წარმატება თუ წარუმატებლობა ამაზე დგას. ამბიციური ადამიანი ვარ, მაგრამ უზრდელი – არა. – რა არის ისეთი, რაზეც შეიძლება კატეგორიულად თქვა არა? – საკმაოდ „დიპლომატიურ“ ადამიანად ვითვლები, მაგრამ არის პრინციპები, რასაც არასდროს გადავაბიჯებ. მაგალითად არ შემიძლია არცერთ ადამიანთან ვიურთიერთო მოვალეობის გამო. ჩემი სტრატეგია იმაშია, რომ თავად ვქმნი ჩემს თავს და სხვა ადამიანებს ვცდილობ ირიბად მივუთითო, რომ აღიარონ ეს ამბავი. არასოდეს სხვა დამიანების გამოყენებით არაფრისთვის მიმიღწევია და ასევე ვარ სხვების მიმართ. ანუ არასოდეს არავის გამოვიყენებ საკუთარი ამბიციისთვის და არც სხვას გამოვაყენებინებ თავს. სხვათა შორის ერთი თვისება მაქვს კიდევ, ძალიან ნაკლებად მაქვს განვითარებული შურის მომენტი სხვების მიმართ. – რას ნიშნავს შენთვის „შემდგარი ადამიანი“? – მგონი ასეთი ადამიანი არ არსებობს და თუ არსებობს, ძალიან უინტერესო უნდა იყოს. უმიზნო და თვითკმაყოფილი ადამიანი საშინელებაა. ჩემთვის ადამიანი თავისი შეუმდგარობით უფრო საინტერესოა. – როგორი უნდა იყოს ქალი, რომ შენ მოგეწონოს? – წარმოდგენა არ მაქვს... – ანუ მთლიანად იმპულსზე ხარ დამოკიდებული? – ცხადია. – და დისკომფორტს არ გიქმნის „მექალთანის“ სტატუსი? – არ მიგრძვნია ეგ სტატუსი, შენ მიგონებ რაღაცეებს. – უადგილო თავმდაბლობის დრო გიდგას? რა ჩემი ბრალია, რომ ხარ მდედრობით სქესში პოპულარული და არა მხოლოდ შენი შემოქმედების გამო. ამ პოპულარობას სხვანაირად აღიქვამენ მამრები და ცდილობენ ამოიცნონ მიზეზი, რატომ შეიძლება იყოს გიორგი კეკელიძე პოპულარული ქალებში? ამჟამად რა ხდება შენს პირადში? – ოოოო... ახლა რაც ხდება, ამას ვერ ვიტყვი... – კარგი, ნუ იტყვი, მერე რომ მე არაფერი დამბრალდეს. ისე, ახალ ჭორს მოგაწვდი თუ გინდა შენზე – რახან ქეთათოსთან კლიპი ჩაწერე, გაჩნდა საბაბი შენი ბოლო რომანის სიუჟეტის. – სისულელეა. უთხარი მაგათ, რომ საშინლად მცდარი ვერსიაა... – ვაღიაროთ, რომ „ერთი სოფლელი, თუმცა ნიჭიერი ბიჭი, ჩამოვიდა „გოროდში“ უპატრონოდ, უსახსროდ და დღეს ის წარმატებული პიროვნებაა, ასეთივე წარმატებული საჯარო მოხელე და, რაც მთავარია თბილისში ერთ–ერთი სასურველი სასიძო... – ეგ ყველაფერი მე ვარ? თავისთავად სოფლელობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დანარჩენზე პასუხს არ ვაგებ. – ვინ ხარ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ და „აგრარული უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის – კლასიკური ლექტორი, მეგობარი თუ ... – ლექციაზე ვარ ლექტორი. ლექციების მერე ვმეგობრობთ. ჩემი სტუდენტების უმრავლესობა აქტიურადაა ჩაბმული იმ ახალ პროექტებში, რომლებსაც მე და ჩემი მეგობრები ვახორციელებთ. – ყველა სტუდენტს იცნობ სახეზე? – კი, ნამდვილად ყველას ვიცნობ სახეზე, შეიძლება,სახელები და გვარები შემეშალოს. – უცხოეთის ბიბლიოთეკებში ქართული კუთხის გახსნის იდეა შენ გეკუთვნის ხომ? – ჩვენ დავიწყეთ. ზოგადად იდეა ახალი არაა, უბრალოდ, საქართველო ამოვარდნილი იყო ამ კონტექსტიდან. არადა ინტერესი და მოთხოვნილება დიდია.3 ქალაქში უკვე მოვახერხეთ ჩვენი კუთხის გახსნა. 19 მაისს იხსნება კიევში. ასევე მაისში გაიხსნება სამხრეთ აფრიკაში, პრეტორიაში, რაც ძალიან მახარებს. – ამ ბოლო ვიზიტის შედეგებით რომ საოცარი არქივები დაგვიბრუნდება, ეგ უკვე ყველამ ვიცით – ზალდასტანიშვილების და დიასამიძეების არქივის სახით, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლეა – კონგრესის ბიბლიოთეკის 400 მილიონიანი ელექტრონული ჩანაწერები რომ გაიხსნება ქართველი მკითხველისთვის. – კი, ეგ სერიოზული სიახლეა. რაც შეეხება არქივს, მალე რობაქიძის, ნოზაძის, ჩხენკელის, ავალიშვილის უცნობი წერილები და ხელნაწერებიც იქნება საქართველოში. – შენ ხარ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში კოჰაბიტაციის საუკეთესო ნიმუში. ძველი და ახალი ხელისუფლება ერთნაირი სიმპათიით განგიხილავს და არ მომიკრავს თვალი არასოდეს რომ ვინმე „ვინმეს კადრს“ გიწოდებდეს. როგორ ახერხებ ამას? – ჩვენთან ყოველთვის ყველასთვის ღია იყო კარი. საჯარო მოხელეობას ზუსტად მაგ პირობით დავთანხმდი, რომ, როგორც სრულიად აპოლიტიკური ადამიანი, არასოდეს ჩავერთვებოდი პოლიტიკურ აქტივობაში. მგონი ჩემი პოზიციით არანაკლებ საჭირო საქმეს ვაკეთებ. ბიბლიოთეკა არ შეიძლება იყოს პოლიტიზირებული. ჩვენი თანამშრომლები აბსოლუტურად თავისუფლები არიან არჩევანში. „ქართული ოცნების“ მიტინგებზეც დადიოდა ნაწილი და ახლაც იყვნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აქციაზე, მაგრამ, ამის გამო მათ არავინ არასოდეს გაკიცხავს, მითუმეტეს, არ დასჯის. – შენ ახალი მარკეტინგი შეიტანე ძველ სტრუქტურაში, რის გამოც ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურულ ცენტრად იქცა ფაქტიურად. ის გამახსენდა, რომ თქვი, კონგრესის ბიბლიოთეკაში დღეში 5–6 კონგრესმენი მიდის საშუალოდო და, რატომღაც, შემშურდა. ახლა კი აქვთ საპატიო მიზეზი ჩვენს პარლამენტარებს, ბიბლიოთეკაში არსიარულის, მაგრამ, ხომ დაუბრუნდებიან შემოდგომაზე თბილისს.? ვერაფერს მოიფიქრებ, ზოგიერთის მაინც მაგ შენობაში შემოსატყუებლად? – შენი ხათრით, რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ, მათთვის სასარგებლოც რომ იყოს და საზოგადოებისთვისაც. – მაშინ იმასაც დამპირდი, რომ ყველა ქართველი პარლამენტარისთვის სავალდებულო გახდება მარკ ტვენის „ჰეკლბერნი ფინის,“ ეკზიუპერის „პატარა უფლისწულის“ და კიპლინგის „მაუგლის“ წაკითხვა. დანარჩენები ბიბლიოთეკარმა კონსულტანტებმა ინდივიდუალურად შეურჩიონ. – რა სისასტიკეა! – კარგი, ვაღიარებ, არც „მეოთხე ხელისუფლების“ ზოგიერთ წარმომადგენელს აწყენდა ეგ კურსი და მემორანდუმის ტექსტს მოგვიანებით შევიმუშავებთ... – შევთანხმდით! მასონის სიტყვა სიტყვაა! ესაუბრა კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+" #3
  6. როცა ჩემთან საუბარს იწყებენ სიტყვებით: „ ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ“... მარტივად ვპასუხობ – „რა თქმა უნდა!“ და ვცდილობ, იქაურობას სწრაფად გავეცალო... ცხოვრებისგან ვიღებთ მხოლოდ იმას, რისიც გვჯერა. თუ გჯერა, რომ ცხოვრება მშვენიერია, ის მართლაც მშვენიერია. გჯერა, რომ ის სასტიკია? მოგიწევს სისასტიკესთან შეგუება... გჯერა, რომ გამოსავალი არ არსებობს? – ვერც იპოვი გამოსავალს... დაგთრგუნეთ ხომ ამ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში?! ასეა საჭირო და მიტომ... ისე არაფერი გამოვა, თუ სტერეოტიპების მიმართ ეჭვები არ გაგვიჩნდა და ხვალინდელი დღის რწმენა არ ვისწავლეთ. კიდევ დღევანდელი დღით ცხოვრება და სხვების პრობლემებზე ფიქრი. ვინ თქვა, რომ რუხი თაგუნიებისგან რუხი კარდინალები არ იზრდებიანო?.. დედიშობილა საზოგადოებაში გაცილებით მარტივია საუბარი თანასწორობაზე. ვგიჟდები „ნესტაროსნების“ დაუწერელ კანონებზე – კრაზანა ან ფუტკარი სხვისი დანესტრვის შემდეგ კვდება. ზოგჯერ ისე მინდა, ასეთი რამ ადამიანებზეც ვრცელდებოდეს ... ერთი კვირისთვის საკმარისად ვიფილოსოფოსეთ, თუმცა, შეფასება დაგვავიწყდა – რომელიც დაახლოებით ასეთია – „ დედა! რა იყო ეს!?“ მიხეილ ცაგარელისგან და მისი ჭორიკანა ვარსკვლავებისგან ამას არ მოველოდი. რას მიკეთებენ, თუ ასეთი ამბები იგეგმება ჩვენს წილ კოსმოსში? თუ პლანეტების განლაგებას ვერ ცვლით, გაგვაფრთხილეთ და ჩვენ გადავეწყობით პლანეტების ორიენტაციაზე. გასული კვირის თემები ისეთი მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყო, კვირა კი არა, ასე მგონია, ხუთწლედი გავიდა. დემოკრატია აქამდე და სხვაგან თუ ნებაზე იყო, ახლა და ჩვენთან მორევაზეა. დიახ! ამის მაგალითი, პრემიერის განცხადებით, თანამედროვე შუხუთია... „ნაცილიკოსი“ სააკაშვილი, მართალია, გასულ კვირას ჯონ ქერის შეხვდა, მაგრამ მშობლიური აშშ–დან ისეთი არეული დაბრუნდა, ყვარლის მთებს მიაშურა, რეალობას განრიდებულმა. საქართველოს ისტორია ხომ დააწერინა ხელახლა ვინმე მასხარაშვილს, მაგრამ, მოგვიანებით, მასშტაბებმა არ დააკმაყოფილა – საქართველო მაინც პატარა ქვეყანაა, ამიტომ, როცა მიღებული თუ მიუღებელი დოზისგან აცხელა თუ აცია, თავად, არც მეტი–არც ნაკლები, „ძველ აღთქმას“ მიუხტა და იქ ამბები დაატრიალა... აღდგომის კვირას მისმა ერთგულმა მომხრე მართლმადიდებლებმა, ენდრო ლამის „ბოროტების მცენარედ“ გამოაცხადეს, ხოლო აღდგომის სიხარული – შეცდომაში შეყვანილი ოპტიმისტების ბოდვად... დიახ! პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და დიდი მონდომებით, ცვლილებები განიცადა სააღდგომო გალობამ და, ამიერიდან, „სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი“–ს ნაცვლად, „სიცოცხლის სიკვდილით დამთრგუნველი“ სიხარული გვეწვევა ხოლმე. მიხეილის ოინების მიუხედავად, ის კვირა მაინც ღარიბაშვილის „ვნების კვირად“ იქცა – ჯერ სტუდენტ–ანარქისტთა აქცია იყო, მერე სოფლის მეუნრეობაში გაუჩინეს თავსატეხი, ბოლოს უკანონო და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება... რა ქნას ამ ღარიბაშვილმა? მარტო მუშაობს და რა იცის, როდის იქნება ის ნაოცნებარი კეთილდღეობა და დემოკრატია?! აქამდე ჩვენს ბჭობაზე მხოლოდ ღმერთი იცინოდა. ახლა ყველა იცინის, ვისაც არ ეზარება. მე თუ მკითხავთ, ჩვენი პრობლემა რაშია იცით? მართლა ძალიან პატარაა ეს საქართველო, მისი დედაქალაქი – კიდევ უფრო პატარა. ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავი და მეგობარი თუ არა, „ყვავი – ჩხიკვის მამიდა“ მაინცაა. და ამ მიკრო–კომპაქტურ სივრცეში თანაარსებობენ თითქოს უცნობი, მაგრამ უხილავი ძაფებით ერთმანეთზე გადაბმული ადამიანები – ეპოქალური ნაცნობები, პარტნიორები... ყველაზე რთული თემა მაინც საერთო წარსული და ასეთივე ინტერესებია. საქმიანად და მონდომებით რომ ჩაუჯდე, ისეთი მჭიდრო ჯაჭვი შეგრჩება ხელში, საქმის უშუალო გამფუჭებლობას თუ გადაურჩი, დანაშაულზე თვალის დახუჭვის, წაყრუების ან წამუნჯების გამო სინდისის ქენჯნას მაინც ვერ გადაურჩები. „წუთებზე სიმაღლიდან ნუ იფიქრებო!“ და ეგეც ჩვენ! გაზაფხულის მერამდენე გაელვებაა სოსო ალავიძის გამოჩენა „საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, თავად უკეთ ეცოდინება. კარგია, რომ საზოგადოებას მეხსიერება ჯერ მწყობრში აქვს და ალავიძის „ღვაწლიც“ თბილისის სინამდვილეში ჯერ კიდევ ელავს. სოფლის მეურნეობის ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეში მის ბრალეულობას და ინტერესებს ღარიბაშვილის ძიება, იმედია, დაადგენს და თუ ერთხელაც ალავიძეს არაგეგმიური შემოდგომა დაუდგა, ადგეს და ფორტუნას დაქალ თემიდას დააბრალოს. სხვისი არ ვიცი და მე კი მენიშნა სოსო ალავიძის „გაელვება“ ქართული სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში ჩეხური კომპანიის „დამძალებლად“ და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის მიერ დარეგისტრერებულ შპს "თეო-ნუტსკა ს.რ.ო."-ს პარტნიორობაც. სხვის ჯიბეში ფულის თვლა ცუდი ჩვევააო, ბებიაჩემისგან გამიგია, მაგრამ ლაშა ნავცლიშვილის დეკლარაციას რომ გადავხედე, ანუ ფინანსურ მიმოქცევას მის სახელზე 2012 წლის ნოემბრიდან, მარტივად მივხვდი, რომ ასეთი ტიპების ჯიბეების შემოწმება არც ისე უსარგებლო საქმეა. სერიოზული გარანტიების გარეშე ამხელა სესხებს ამხელა ვადით ქართული ბანკები არ იძლევიან. აი ქართული ბანკები კიდევ ცალკე თემაა, რომელზეც ჯერ–ჯერობით თავს შევიკავებთ, „ძიების ინტერესებიდან გამომდინარე.“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იტვირთა. მას თავისი თანამშრომლების დანაშაულის არ სჯერა, პრემიერს – ეკონომიკური მრჩევლის და მთავარი პროკურორის მოადგილის მიმართ ბრალდებების, მოსკოვს – ცრემლების და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს – ყველაფრის ერთად... ერთ საკითხში საზოგადოების უმრავლესობა ერთ აზრზეა – „ სრულიად საქართველოს ოფიციალური და სრულუფლებიანი მრჩეველი“ – ხუხაშვილი– ესაა განყენებული მოვლენა პართულ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომლის მსგავსი თვით ნაციონალებსაც არ ჰყოლიათ. ძალიანაც კარგი, თუ ვიღაც–ვიღაცეები გასული კვირის „წითელი პარასკევის“ ცნობილი ვიდეოს ინტერნეტ–სივრცეში გავრცელების გამო, „თავის მართლების" პოზიციაში აღმოჩნდნენ. ამასთან დაკავშირებით, „ქალბატონმა იუსტიციამ“ პირველად გააკეთა განცხადება, რომელიც შეიძლება უკმეხ გაფრთხილებადაც ჩაითვალოს მთავარ პროკურორ კბილაშვილისა და მის მოადგილე ნაცვლიშვილის მიმართ. უცნაურია, მაგრამ, „ვიდეო–მსხვერპლ“ გია ფარესიშვილის განცხადებას, არჩილ კბილაშვილი „მოსაზრებად“ მიიჩნევს და აცხადებს: "... მოსაზრების შესახებ პროკურატურა ვერ დაინტერესდება. ნებისმიერი მოსაზრება უნდა იყოს რაღაცით არგუმენტირებული ან მტკიცებულებით გამყარებული, უამრავ მსგავს განცხადებას ვისმენ და პროკურატურა შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების საფუძველზე აკეთებდეს რეაგირებას.“ სამაგიეროდ, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი ახალ შრომის კოდექსს „როზა ლუქსემბურგის ოცენებას“ უწოდებს, რასაც ალექსანდრე ბარამიძე მთელი სერიოზულობით აპროტესტებს. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პარლამენტში შესული ახალი კანონ–პროექტი ქართულ ბიზნეს–სივრცეში სერიოზულ მღელვარებებს გამოიწვევს და ბევრის ფინანსური სტაბილურობის საკითხიც დადგება. ფინანსური რყევები სულაც არ ანაღვლებს „ქალბატონ ტაბულას“, რომელსაც „პოჟიზნენნი“ კონტრაქტი ჰქონია ევროპის საბჭოსთან მაღალანაზღაურებად ჯამაგირზე. ჩემი აზრით, თუ ეგ კონტრაქტი გოგა ხაჩიძეს არ აქვს ნანახი, მარტივად შეიძლება ბათილად ჩაითვალოს... თუ ხაჩიძის მხრიდან არაფერი გამოვა, მაშინ დავრჩენილვართ ირმა ინაშვილის იმედზე, რომელიც მთელი სერიოზულობით დაპირდა უშიშროების საბჭოს მდივანს, ანუ „ნიჭიერი ჩერგოს“ მეუღლეს, „ციხეში დალპობას.“ საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს სიმპათიურიო, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ხომ აღარ დაწყნარდა იმის მერე კახი კალაძის ტელეფონი... არადა ქალბატომ მაიას სულ სხვა სიმპათიური ჰყავდა მხედველობაში... მაგათ ვერსიებს სულაც არ განიხილავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე, და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. „როუზ-როსის“ სემინარზე სიტყვით გამოსვლისას ეს ამბავი ისე თვალისდაუხამხამებლად განაცხადა, იგულისხმებოდა, – „ამასაც იმ კუბდარივით შევჭამ და კუჭიც არ ამეშლებაო.“ 5 მაისს, ბრწყინვალე აღდგომის დღეს ერთმორწმუნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას სამამულო ომში გამარჯვებიდან 68 წლისთავი მოგვილოცა. ჩემს ბავშვობაში მაგ დღეს 9 მაისს გვილოცავდა ხოლმე „ლენიდ ილიჩი“ და მართალი გითხრათ, სულ სხვა პეწი ჰქონდა. ისე, მართლა ვეღარ გავიგე – ჩვენ ვუყურებთ ევროპას ჩერგოლეიშვილის თვალით თუ ევროპა გვიყურებს ჩვენ ჩერგოს ჭრილში? სამაგიეროდ, თითით საჩვენებელი დემოკრატი ჩერგო მუდამ პოლიციის მხარდამჭერი და გულშემატკივარია, მინისტრის მიუხედავად. გასულ კვირას, ცნობილი მიზეზების გამო, სოციალურ ქსელებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში კვლავ აქტიურად გაიშალა დისკუსია ლგბტ თემაზე. თითქოს საკუთარი ამბები არ ეყოფოდა, გასულმა კვირამ მაისის მეორე დეკადაში დაგეგმილი აღლუმის თემაც შეითავსა. ჩემი პირადი მოსაზრების ფარგლებში ერთს ვიტყვი – არსებობს „პრივატული სივრცე" და „საზოგადოებრივი სივრცე"; ადამიანის „პრივატული სივრცე" მხოლოდ მანამ არის ხელშეუხებელი, სანამ იგი თავად არ შედის საჯარო სივრცეში... მოკლედ, ხვალემ იფიქროს ხვალისა და კვირამ იფიქროს კვირისა! წინასწარ დაგეგმილი ბევრი რამე ვიცით, რომლის ბედიც მაინც სპონტანურად წყდება. ამიტომ, 2 კვირით ადრე ნუ დავხოცავთ იმაზე ჩხუბით ერთმანეთს, ლგბტ საზოგადოების აღლუმს სიმშვიდით შეხვდებით, ენას გამოვუყოფთ თუ შუა თითს დავანახვებთ. პოლიცია, იმედია, იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არა პროვოკატორთა სიმდაბლეზე. არ ვიცი ბატონი ვანომ როგორ გადაიტანს წლევანდელ გიორგობას, გასულ წელს ზარ–ზეიმით აღნიშნული პოლიციის აღლუმი კი მახსოვს... რა უეცარი ცვლილებების დროში გვიწევს ცხოვრება მართლაც!? მაგას ვამბობ სულ – მკვახე ვაშლის ხის ჭანჭყარს აზრი არ აქვს. დამწიფდება ის ვაშლი და ჩამოვარდება თავისით. ყველაფერი თავისით ხდება, მაშინ, როცა მოსახდენია, თუმცა, ყველაფერი „ევრიკა“ არაა... კატო ჩულაშვილი ქრონიკა+ #3
  7. „სოფლის შენებას რა უნდაო?!“ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვმღერით კი არა და მთელი სერიოზულობით ვკითხულობთ ქართველები... –„მე ვიყივლებ, შენ იცეკვებ და სოფელიც აშენდებაო!“ – უთხრა მამალმა ძაღლს... გაუდგნენ გზას და იმ გზაზე იყო ზუსტად, ის „მესამე ხმა“ – ცბიერი მელია– რომ შემოეფეთათ. ის მესამეა, ახლაც რომ ურევს – მესამე ხმა „მესამე კომპონენტში“... „დიად ოქტომბერშიც“ მასე იყო – მიწა გლეხებსო! ფაბრიკა–ქარხნები მუშებსო... მოვიდა „მესამე ხმა“ და იქაც აურია... არადა, მეც, თქვენც და სხვებსაც ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ. ჩვენ, ყველას წელში გამართული ქართული სოფელი გვინდა – საკუთარ თავს რომ ინახავდა, ქალაქელებსაც და კიდევ გასაყიდიც რჩებოდა. ამოცანა აგრარული სექტორის აღორძინება, ფაქტიურად ახლიდან შექმნა, გლეხის გაფერმერება და სოფლის მეურნეობის წამყვან დარგად ქცევა. საქმე ბევრია! ამიტომაც არ მიკვირს, უფრო სწორედ, მიკვირს, მაგრამ გაგებით ვეკიდები, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრს პრესისთვის არ სცალია. ერთხელ ახსნა, განმარტა და დამთავრდა – სახელმწიფო პროგრამა სოფლად წარმატებით ხორციელდებაო! ყველამ ვიცით – საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ შეიმუშავა, რომელსაც, საწყის ეტაპზე, პირველ წყაროს ცნობით, "სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" აფინანსებდა და “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” ახორციელებდა. ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანია ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მესამე კომპონენტი, რომელიც, ერთ მილიონამდე სესხის ფარგლებში, ახალი , ინოვაციური და ექსპორტზე ორიენტირებული 60 საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. სიტუაციის უფრო მარტივად აღქმისთვის გვაქვს კონკრეტული მაგალითი, გვყავს კონკრეტული პიროვნება, პროფესიონალთა გუნდით, ინტელექტუალური პოტენციალით, აქტუალური პროექტით, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, თუ სასწრაფოდ მიდგომებში რაიმე არ შეიცვალა, მხოლოდ პროექტად დარჩება, ხოლო ქართული სოფელი ახალ ცხოვრებაზე მეოცნებედ. ცუდი ისაა, რომ შემთხვევა, რომელსაც ახლა განვიხილავთ არც ერთეულია და არც გამონაკლისი. ამ პროექტში მონაწილეობის მსურველთა უმრავლესობა იგივე პრობლემას აწყდება. პრობლემებს კი შედეგები არ მოაქვთ. არის საშიშროება, 60 ინოვაციური საწარმოს ამბავი 100 საავადმყოფოს ზღაპრად იქცეს. მეწარმე , იდეა და აგროკრედიტი მეწარმე – მალხაზ ჩემია – ინჟინერ–ფიზიკოსი, კომპანია „ინფრა+“–ის დამფუძნებელი დირექტორი. პროექტი – სოფლის მეურნეობის პროდუქტის , ინფრაწითელი სხივებით გადამამუშავებელი ქარხანა. – რითია ბატონო მალხაზ, თქვენი პროექტი, ნოვაციურ–პერსპექტიული და სტრატეგიულ–აქტუალური? – საქართველოსთვის სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სხვა ქვეყნების სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. გამოირჩევა ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროცესით, მაღალხარისხოვანი პროდუქციის გარანტიით, ფინანსური ეფექტურობით. ასეთი წარმოება აამუშავებს რეგიონს. დაასაქმებს არა მხოლოდ იმ 10–20 თუ 30 კაცს უშუალოდ წარმოებაში, არამედ წარმოება ხდება რეგიონის შემკვეთი. და ასეთ ერთ წარმოებას შეუძლია არა მხოლოდ ერთი, რამდენიმე რეგიონის მიბმაც. სფეროს გააჩნია. – აქამდე რა ტექნოლოგიას ვიყენებთ შრობისთვის? – 80–90 გრადუსით და „კონვექციით“, ანუ გამოქარვით შრობას, რომლებსაც აქვთ უარყოფითი მხარეები – აზიანებს საკვებ პროდუქტს , მის გემოვნებით მახასიათებლებს, 60 გრადუს ზემოთ ყველა ვიტამინი იკარგება. ინფრაწითელი სხივებით შრობა კი რბილობს არ ახურებს. სპექტრი ეჯახება ზუსტად წყლის მოლეკულას და დარტყმით აგდებს მას. – რაში შეიძლება თქვენი ტექნოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურად? – შეიძლება გამოიყენო ხის მასალის დამუშავებისას, ანუ მშენებლობაში, კვების პროდუქტებში, პირველ რიგში ჩირებში. პროდუქტი ხარისხდება შემდეგი სახით: 1 – გასაყიდი, 2 – შესანახი, დასაჩირი ან საკონსერვო. დარჩენილისგან ძირითადად წვენი მზადდება. ამ შემთხვევაში საუბარია არასარეალიზაციო, ანუ შესანახ პროდუქციაზე. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის გამოშრობა ჩირის სახით და წლების მანძილზე შენახვა ვაკუუმ – შეფუთვით. საკმარისია, ამ მეთოდით დამუშავებული და წლების წინ შენახული ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, სულ რამდენიმე წუთით მოათავსოთ წყალში, ის აღიდგენს პირველად ფორმას, ხოლო გემო და ვიტამინები თავისთავად შენარჩუნებული აქვს. მეორეა სათესლე და სასაწყობე პროდუქციის წინასწარი დამუშავება. მარტო კარტოფილი და ხახვი რომ ავიღოთ, რომლის დიდი რაოდენობა დასაწყობებას ექვემდებარება, სტატისტიკით, 30–40 პროცენტი ლპება და, ლამის, ერთი იმდენი ხარჯი აქვს მის გატანა–დასუფთავებას. ჩვენი ტექნოლოგიის შემთხვევაში შესანახი პროდუქტი დასაწყობებამდე გაივლის ინფრაწითელ გარემოს, სადაც ხდება მისი სიღრმული შეშრობა. ტალღა 5 მილიმეტრზე შეაღწევს პროდუქტის რბილობში და ის სინედლე ამოშრება, რომელიც იწვევს პროდუქტის ლპობას. პროცედურის მერე პროდუქტი 1 წელი ერთმანეთზე დადებულიც რომ შეინახო, ლპობა აღარ გვაქვს. სხივები კლავს ბაქტერიებს, ანუ პროდუქტი სტერილური ხდება. – გინდათ თქვათ, რომ თქვენი ტექნოლოგიაა ასეთი ზარალისგან გამოსავალი? – არაფერს ვიტყვი, ჩვენ ფიზიკოსებს, ფაქტებით და არგუმენტებით საუბარი გვიყვარს ზუსტი გათვლებით მიღებულ შედეგებზე. ისე, ზარალისგან გამოსავალზე უფრო ჩვენი ინტერესი რეალური მოგებაა. ამ პროექტით კი იგებს ქვეყანაც, დარგიც, პროექტის ავტორიც და ამ პროექტთან დაკავშირებული ადამიანებიც. – როგორც ვხვდები, ეს ტექნოლოგია საინტერესო შეიძლება იყოს თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლების, პენიტენციალური და სხვა სამინისტროებისთვისაც, სახელმწიფო დონეზე, რადგან, ისინი დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტების შეძენას და დასაწყობებას ახდენენ? – რასაკვირველია. მათ ყოველთვის აქვთ ამ მიმართულებით ზარალი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება და, ზარალს რომ თავი გავანებოთ, ესაა ჯანსაღი საკვების წყარო. მაგალითად, ამ ტექნოლოგიის საცხობ ღუმელებში გამომცხვარი პურის ჭამა ცხელისაც კი უვნებელია და თავისუფლად შეუძლია მიირთვას კუჭის წყლულით დაავადებულმა ადამიანმაც კი. ამ ტექნოლოგიით საფუარის სიღრმული ცხობა ხდება ყველა გამაღიზიანებელი ბაქტერია იხოცება. – კი მაგრამ, თუ ასეთ სასწაულებს ახდენთ მაგ თქვენი ტექნოლოგიით, ამდენ ხანს რატომ არავინ დაინტერესდა? – სწორი შეკითხვაა, თუმცა, პასუხად არსებობს ობიექტური მიზეზები. 20 წელია ამ ტექნოლოგიას მოვიხმართ ჩვენ, ოღონდ საცდელად. 2000 წელს ის ევროკომისიის მისიას შევთავაზეთ, რომელიც ცხინვალის რეგიონში კონფლიქტ–მენეჯმენტს ახორციელბდა. ეს ტექნოლოგია უნდა დანერგილიყო ქართულ –ოსურ ერთობლივ მეურნეობებში. 2004 წელსაც იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ამის მცდელობა, მაგრამ, პოლიტიკური შეხედულებების ცვალებადობის გამო, ეს იდეა მაშინაც ჩაიძირა. – პროექტის ფინანსური რაკურსი როგორია? – ვიდრე უშუალოდ ციფრებზე გადავიდოდეთ, მარტივ მაგალითს გეტყვით: ქუთაისში მოყავთ საქართველოში საუკეთესო ცერეცო. ესაა პროდუქტი, რომელზეც უსაშველოდ დიდი მოთხოვნილებაა მსოფლიო ბაზარზე. ქუთაისში მას ამუშავებენ მშრალი ყინულით, გადააქვთ უკრაინაში, სადაც ამ ტექნოლოგიით აშრობენ. ინფრაწითელი დასხივებით გაკეთილშობილებული ქართული ცერეცო გადის რუსეთის ბაზარზე შეფუთული და სოლიდურ მოგებას უკრაინული ბიზნესი ნახულობს. – ანუ დაგვასწრეს მეგობარმა უკრაინელებმა? ღმერთმა შეარგოთ, აკეთონ უკრაინელებმაც ფული, მაგრამ ეს ტექნოლოგია საქართველოში რომ დავნერგოთ, გლეხს უკრაინაში ჩატანა ხომ აღარ დასჭირდება? მაგას ვინ ჩივის - ხურმის ფხვნილი და შავი ქლიავის ჩირი - სტრატეგიული პროდუქტია მსოფლიოში. ხურმის ფხვნილს - როგორც ბიოდანამატს რძეში - გამოყავს რადიაქტიული ნივთიერებები, მაღალკალორიულია და ყუათიანი. ჯარისკაცებს,სპორტსმენებს, მოზარდებს, სპეცზონაში მომუშავეებს, მფრინავებს და სხვა ექსტრემალურ პირობებში მყოფთათვის - შეუცვლელია. შარშან თურქებმა დაიწყეს მარტვილის რაიონში ხურმის ჩირის შესყიდვა და თურქეთის ბაზარზე გატანა, ჩვენი ხურმის ჩირი გადის სომხეთშიც. ამბროლაურში ავსტრიელებმა ააგეს უფლო დაბალი დონის საშრობი ქარხანა, სადაც აშრობენ გარეულ ვაშლს – მაჟალოს – და გააქვთ ევროპაში 1 კგ - ერთ ევროდ. ამხელა პოტენციის და ასეთი არომატის ხილის ქვეყანაში ჩირი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, შუა აზიიდან შემოდის...თან სასწაულად ძვირია... – გადავედით მარკეტინგზე... – სხვათა შორის, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ამ ქვეყნებიდან შემოსული პროდუქციის უვარგისობის საკითხი დასვა. მათი წარმოებული პროდუქცია, რომელიც ჩვენს სუპერმარკეტებში საკმაოდ ძვირად იყიდება და დელიკატესად ითვლება, ეკოლოგიურად არა სუფთა, მეტიც, მავნე პროდუქტია. ჩვენთან სანიტარული სამსახური ამ მიმართულებით არ მუშაობს პრაქტიკულად. – რატომ შეიძლება საფრთხე შეექმნას თქვენს იდეას აგრარული სესხების პროექტის ფარგლებში? – ჩვენი პროექტი ზუსტად ჯდება „ მესამე კომპონენტის“ ფარგლებში. ვეცადეთ და ინოვაციური ტექნოლოგიის, ექსპორტზე ორიენტირებული და რამოდენიმე რეგიონის მომცველი - დასავლეთში ხილ-ბოსტნეულის ინფრასაშრობი საწარმოს პროექტი წარვუდგინეთ დაანონსებულ ბანკებს. წინასწარი საკონსულტაციო შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა სტრუქტურებთან. ზოგიერთი ბანკი ფრიად გულისხმიერად მოგვეკიდა, აღიარეს კიდეც პროექტის პრიორიტეტულობა , მაგრამ დაფინანსებაზე უარი გვეთქვა (განსაკუთრებით საინტერესო იყო ”ქართუ ბანკის” უარის მიზეზი - თურმე დასავლეთ საქართველოში ფილიალი არ ჰქონიათ და იმ რეგიონების პროექტებს ვერ მოემსახურებოდნენ). უარი გვეთქვა შემდგომ მიზეზთა გამო : ”სტარტ აფ” -ად ჩაგვითვალეს აგრო სფეროში საქმიანობა ; გამოცდილების უქონლობა რეალიზაციაში ; ყველაზე მთავარი - უზრუნველყოფის არ ქონა . – ანუ მოხდა თქვენი პროექტის ჩვეულებრივი საბანკო სესხის რეჟიმში განხილვა. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვები ამ პროექტის ანონსთან. - ამაშია საქმე, თუ ინოვაციური ტექნოლოგიაა პრიორიტეტი - ვიღაცამ პირველად ხომ უნდა შექმნას ეს ტექნოლოგია? შეკითხვა მეორე - ინოვაცია ხომ იმისაა , რომ სიახლეა და ამ სფეროში გამოცდილება ნაკლებად შეიძლება გქონდეს. ადგილობრივი მშრალი ხილ–ბოსტნეულის საწარმოო დონეზე დამზადებისა და რეალიზაციის გამოცდილება არ არსებობს. შეკითხვა მესამე - მილიონიანი სესხის უზრუნველსაყოფად (მილიონს ,სესხის დამტკიცების შემთხვევაში ვერ მიიღებ, საკმაოდ დიდი თანხები ეჭრება მომსახურებისას), თითქმის ორი იმდენის კაპიტალი უნდა ჩაიდოს.– ბანკებთან როცა ამ პროექტის ოპერირება მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა? – ბანკმა დაასაჭურისა ინოვაცია, რადგან გეუბნება, რომ „სტარტ აფ“–ია და ვერ განდობო, მეორე – უზრუნველყოფა. სულ ცოტა მილიონი ჭირდება.მე რომ მილიონი მქონდეს , რა მინდა ბანკში? ბანკთან ძირითადი კაპიტალის შესაქმნელად არ მიდიან. „მესამე კომპონენტის“ არსი უნდა იყოს არა საბრუნავ საშუალებად ამ თანხის მიშველება, არამედ ძირითადი კაპიტალის შექმნის, რომელსაც გადახდა და ამოღება გაუჭირდება. მილიონი ლარი მჭირდება მე წარმოების გასამართად, რომლის, თუნდაც ძირი, ყოველთვიურად უნდა ვიხადო 7 წლის განმავლობაში. სულ ცოტა 2 წელი მჭირდება, რომ ბაზარზე დავმკვიდრდე და შევქმნა ბაზარი. მე ჭიდაობა მომიწევს იმპორტიორებთანაც, მათი შევიწროვება ამ ბაზარზე ხარისხით, ფასით. არადა, ახალ ბაზარს ვქმნით, დარგს ვაღორძინებთ, რეგიონებს ვასაქმებთ... – თქვენი აზრით, რას ემსახურება საბანკო მექანიზმით ამ ფინანსების ოპერირება ? ვისთვისაა ხელმისაწვდომი მსგავსი სესხები ? – ალბათ იმ კომპანიებისთვის (ძირითადად უცხოური ინვესტორების) რომელნიც უკვე არსებობენ ბაზარზე და მათ შეეძლებათ იაფი სესხით საბრუნავი კაპიტალის გაზრდა, ან წარმოების გაფართოება. ხოლო სოფლის მეურნეობის შემორჩენილი კვალიფიციური მეურნეები იძულებულნი იქნებიან კვლავ მათ გაუწიონ მომსახურება მიზერულ ფასებად. ყოველ შემთხვევაში - ამ პროექტის - ვერც მესამე და ვერც მეორე კომპონენტით - ”გლეხი ფერმერად” ვერ იქცევა. – კრიტიკა კარგია , როცა ალტერნატივას სთავაზობ ... თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი? – მე რომ ფონდი ვიყო? შესაბამისი მართვისა და კონტროლის მექანიზმით, გავცემდი საინტერესო პროექტებზე მილიონს თითოეულზე, გრანტის, ან ნაწილობრივ გრანტის სახით და საწყის ეტაპზე პირველად ბიძგს მივცემდი ახალ ტექნოლოგიებს. სამოციდან ნახევარმა პროექტმაც რომ გაამართლოს - დადებითი შედეგი ყველა ვარიანტში დადგება. – სად ხედავთ ამ პრობლემის გაჩენაში სახელმწიფოს, კონკრეტული სამინისტროს შეცდომას? – სამინისტრომ უნდა განსაზღვროს შიდა და გარე ბაზრის პრიორიტეტები, მოთხოვნების შესაბამისად. სამინისტროში უნდა ფუნქციონირებდეს კომპეტენტური კადრისგან შემდგარი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც უნდა ადგენდეს კონკრეტული რეგიონებისათვის შესაბამის სამეურნეო პროექტს (ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ანუ ალტერნატიული ენერგიების წყაროების ჩათვლით). სამინისტრო უნდა იყოს პრიორიტეტის განმსაზღვრელიც, მრჩეველიც, რეგიონის გლეხებისთვის, ფერმერთა გაერთიანებებისა თუ მეწარმეებისთვის შესაბამისი დაფინანსების მომძიებელიც (სესხის, გრანტის თუ ნახევრად გრანტის სახით). – კი მაგრამ, ეს მიდგომა ძალიან სოციალისტური არაა ? – სულაც არა. სახელმწიფო ხომ არ ერევა კერძო ბიზნესში, ის მხოლოდ სტიმულს აძლევს პრიორიტეტულ სფეროებს, თავისუფალმა ბიზნესმა რაც უნდა ის აკეთოს, თუნდაც შემოუერთდეს ამ პროექტს ... ფაქტია, ერთჯერადად საწყისი კაპიტალის შანსის გარეშე - ვერც საშუალო ფენა გაჩნდება და ვერც გლეხი ვერ იქცევა ფერმერად ... ექსპერტთა კომენტარები პრობლემაზე დემურ გიორხელიძე: „მესამე კომპონენტი“ უნდა იძლეოდეს კაპიტალის შექმნის საშუალებას. ინოვაციური კომპონენტია ის პროექტი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მეწარმეობის მხარდაჭერა მარტო ლოზუნგები არაა. მაგრამ ამას არ დაუშვებენ ის კლანები, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების ირგვლივაც ტრიალებენ. „ნაციონალური“ კლანები შეგნებულად ანადგურებდნენ ქართულ სოფელს. ახლებმა, შესანიშნავად მოირგეს ძარცვის ის მექანიზმი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა. „მესამე კომპონენტი“ ესაა ვიღაცის გასამდიდრებლად მოგონილი თაღლითობა. ერთადერთი ვინც ეს ვერ გაიგო, პრემიერ–მინისტრია მგონი საქართველოში. რატომ 60 ქარხანა და 12 0 არა? შენ მექანიზმი შექმენი და იქ შეიძლება სამასი ქარხანა გაკეთდეს. 60 ქარხანა ანონსირებულია და, როგორც ჩანს, ეს ფული წავა შპს–ებში. როდესაც ფული არაკონკურენტულ საფუძველზე ნაწილდება, მისი გამოყენების ეფექტურობა ყოველთვის დაბალია. ამ შემთხვევაშიც ფულს მიიღებენ ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან ახალ კლანთან. ამიტომ გაჩდნენ შავბნელი შუამავლები უკვე. ანუ ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ბიზნესთან. მაგრამ ახსენებენ გვარებს, ვისი გარემოცვიდანაც არიან და ეს გვარები საკმაოდ მაღალი დონის ჩინოვნიკებს ეკუთვნით. ამ პროექტის სტრუქტურა თუ არ შეიცვალა, შედეგი არ დაიდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერთი წელი დაიკარგა. წლის ბოლოს ანგარიში უნდა გაკეთდეს. თუმცა, ვწუხვარ, რომ სოფლის მეურნეობაში დასათვლელი ბევრი არაფერი იქნება. საქართველოში გასაოცარი რესურსებია. ინტელექტუალური, სამეცნიერო და ა.შ. მაგრამ ესაა შემორჩენილი რესურსი, რომელიც აღარ ვითარდება. ავიღოთ დღევანდელი თემა – ჭკვიანი ქართველი ადამიანების მიერ მოწოდებული უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ყველას ჭირდება და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას. შედეგი? ისინი ვერ ახერხებენ დაფინანსების მიღებას, არავის აინტერესებს ინოვაცია. სახელმწიფო შესყიდვებში ისეთივე სიბნელეა, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. უბრალოდ ახალი „რუხი კარდინალები“ მოვიდნენ. მცირე ბიზნესს არაფერი, საშუალოს – არაფერი, სოფელს – არაფერი სახელმწიფო შესყიდვებიდან. მწვანილს შუა აზიაში ყიდულობენ. აქედან დასკვნა – რაში ჭირდებათ ეს ტექნილოგია?! ჩვენ ასეთი სტრატეგიული და ინოვაციური პროექტების მონაცემთა ბანკიც კი არ გვაქვს. სამინისტროებში გონიერი ადამიანების ნაცვლად სხედან ორთოდოქსები ბენდუქიძის გუნდიდან. ეს ტექნოლოგია ამერიკელებს რომ გაეკეთებინათ, აუცილებლად გამოჩნდებოდა ფონდი ან კონკრეტული საქმიანი ადამიანი, ვინც ამისგან დიდ ბიზნესს გააკეთებდა. ეს ნიჭიერი ხალხი დადის ახლა საქართველოში და იხვეწება ყველასთვის საჭირო საქმე გამაკეთებინეთო! აი სადაა სიმახინჯე. 6 თვეა გასული და არ გადაიდგა არცერთი რეალური ნაბიჯი. აგრო სესხების პროგრამა, უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სისულელეა. ფონდი უნდა ყოფილიყო გარანტი. გამოდის რომ მივდივართ თაღლითობამდე. სოფლის მეურნეობის მინისტრი კირვალიძე და მისი მოადგილეები, არიან იმპორტიორების შენიღბული ლობისტები და არ დაუშვებენ, რომ საქართველოს აგრო სექტორი განვითარდეს. არაერთხელ მითქვამს, საქართველოში ხორციელდება შენიღბული საბოტაჟი, რომ წარმოება არ განვითარდეს. პაატა შეშელიძე: პროექტისთვის ფული გაიღო კერძო ფონდმა, ანუ მისი განხორციელება შესაძლებელი იყო სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. რახან სახელმწიფოს სახელით კეთდება, გაუგებარია რაშია ამ პროექტის ინსტიტუციური პერსპექტივა? გაისად ვინ დადებს ამ პროქტისთვის ფულს? რა ინსტიტუციურ ცვლილებას გულისხმობს ის? ამ მოცულობის დამატებითი საკრედიტო რესურსის ბაზარზე გამოტანა, ისედაც გააიაფებდა სესხებს. დღეს, ბანკებმა მიიღეს გარანტირებული სასესხო რესურსი, ფაქტიურად სახელმწიფო სუბსიდია და შესაბამისად, არ აქვთ მოტივაცია, რომ დეპოზიტების განაკვეთები გაზარდონ და სესხები შეამცირონ. სასესხო განაკვეთების კლება, რომელიც საბაზრო კონკურენციის გარდაუვალი შედეგი უნდა ყოფილიყო, აღარ მოხდება. მიმაჩნია, რომ ეს ფონდისთვის გამოყოფილი რესურსების გაფლანგვაა და არაა რაციონალური ნაბიჯი: ვთქვათ, თუ რაიმე რესურსი ბაზარზე შეიძლება გაიყიდოს 15% და ის მხოლოდ 0% გაიცემა, ეს ნიშნავს, რომ მას გამოიყენებს არა ის, ვისაც ის ყველაზე მეტად ესაჭიროება და მზადაა 15% –ის გადახდისთვის, არამედ ის, ვინც 0-დან 15%-მდე "ატკატის" გადამხდელი იქნება. როცა სახელმწიფოს ჩარევით რამე საბაზროზე დაბალ ფასად იყიდება, იქ აუცილებლად განაწილების დამატებითი ინსტრუმენტი, კორუფცია იჩენს თავს. კონკურენცია მოხდება არა ბიზნეს– გეგმებს შორის, არამედ ხელისუფლების "შინაურ ახლობლებს" შორის. პროექტი მცდარ მოსაზრებას ეფუძნება: აგრობიზნესს ჭირდება არა ფული, არამედ ცოდნა: აგრონომიული და სამეწარმეო. ამ ბიზნესს ჭირდება ახლი ბაზრები, მიწასა და რესურსებზე კერძო საკუთრების ხელშეუვალობა, კერძო ინვესტორებისადმი კარგახსნილობა და ა.შ. დიდი ალბათობით, სესხების უდიდესი ნაწილის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან მათი უმრავლესობა არამიზნობრივიად იქნება გამოყენებული, ხოლო სხვა შემთხვევებში, ფერმერებს მოუწევთ წამოწყებული პროექტების შეკვეცა, წარმოების საშუალებების გაძვირების გამო. არ გამოვრიცხავ ვალებში აღმოჩენილი "ფერმერების" დამატებით სუბსიდირების პრობლემასაც, თანაც პოლიტიკური კუთხით - თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე!–ს - პრინციპით. იაფი სესხების პოლიტიკა, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს განხორციელებული, არ მუშაობს ერთი უბრალო საკითხის გამო: ადამიანს ჭირდება არა ფული, არამედ ის რაც მათ ამ ფულით უნდათ რომ იყიდონ! მეტი ფულის შემოტანა ბაზარზე არ ნიშნავს, რომ ის მყისიერად მეტი საქონელი და მომსახურება გაჩნდება, ამიტომ პირველი რეაქცია იქნება წარმოების საშუალებებზე ფასების ზრდა: მიწა, მუშახელი, ტრაქტორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, საწვავი და ა.შ. ძველ ფასებში გაგეგმილი პროექტების გადახედვა კი ყველას ვერ შეეძლება, რადგან ამას დამატებით რესურსები დასჭირდება, რაც არ იქნება იოლად ხელმისაწვდომი. ეს იქნება ბინათმშენებლობის ბუმის მსგავსი – ბევრი წამოწყებიდან ცოტა დასრულდება და ბევრი გაკოტრდება. ბანკების და ფონდის ხელში, იპოთეკაში ჩადებული ქონების დიდი ნაწილი (მიწები, ტექნიკა, შენობა-ნაგებობები) გადავა, თუ სახელმწიფო არ დაეხმარება გაკოტრებულებს, მათ შორის ამის მოლოდინით შეგნებულად გაკოტრებულებს. გასათვალისწინებელია, რომ პროექტს არ გაჩნია მიზანი და ამ მიზნის შეფასების კრიტერიუმი. რაც მთავარია, თუკი არსებობდა თითქმის ერთი მილიარდი ლარის ფულადი რესურსი, რომელიც წელს სასოფლო-სამეურნეო საქმეებისთვის გამოიყო კერძო ფონდის მიერ, მისი გამოყენება გაცილებით უკეთესი იყო ლარის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. P.S. ერთი საინტერესო გაანგარიშება : - თუკი ერთი გადამამუშავებელი საწარმოსთვის პირობითად საჭიროა ერთი მილიონი ლარი და ეს თანხა ბანკმა უნდა გასცეს, ხოლო 15% წლიური გადასახადი - ფონდმა თუ პროექტმა უნდა დაუფინანსოს, წელიწადში, საპროცენტო განაკვეთის თანხა 150 ათას ლარამდე გამოდის. შვიდი წლის პერიოდში ფონდს მოუწევს არანაკლებ მილიონი ლარის გადახდა ბანკისთვის პროცენტის სახით ... ანუ ბანკი ამ პროექტით ღებულობს გარანტირებულ პროცენტს ერთი ერთზე მოგებით... ბანკი თავის „ძირსაც“ რომ ამოიღებს ფერმერისგან , თუ მეწარმისგან, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ფერმერი თუ მეწარმე, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა რისკების გამო, არაფრისგანაა დაზღვეული და, წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება, სახლ–კარიც გასაყიდი გაუხდეს... აგრარული სესხების ფარგლებში ბანკებისათვის მორიგი მსხვერპლთშეწირვა მზადდება ? კატო ჩულაშვილი; "ქრონიკა+" # 3
  8. თერმოსის ყავას სხვა გემო აქვს... ბავშვობიდან მახსოვს. მოკირწყლული გზა, გრძელი აღმართი, მხარზე გადაკიდებული პატარა ლურჯ და შავ ფერში კუბოკრული თერმოსი, ბუთქუჩა თეთრი თავსახურით. მაგ თავსახურიდან ჩაის მოსმას დამსახურება უნდოდა... ანუ, იმ დღეს კარგი გოგო უნდა ვყოფილიყავი – "პაი ძევოჩკა" და "უმნიცა!" – ადე რა, ზიზინკა! მომშივდა, დროზე წამიყვანე კუკიაზე!... – ეკა! დაანებე თავი მიცვალებულს, არ შეიძლება შეწუხება. – არ წუხდება, მიცინის და ვითომ ძინავს, მაინც ვერ მომატყუებს. ვიცი სადაც უნდა დავუღუტუნო და გაცოცხლდება მაშინვე... – არც გაბედო მიკარება, აგეწიწკნება კიკინები! გამოდი, ოთახის კარი უნდა დავკეტო... სანამ მეორე ოთახში ფაცი–ფუცობენ, ტირიან და ლაპარაკობენ...ლაპარაკობენ... ლაპარაკობენ... 2 სკუპით ვხტები ლამაზ ხის ყუთში, სადაც ზიზინკა თავს იმძინარებს. მუცელზე ვაჯდები, რომელიც უცნაურად აქვს გამაგრებული. ზიზინკა წინააღმდეგობას არ მიწევს და უჩვეულოდ მშვიდია. წინ ვცოცდები და ორივე ხელით ვუღუტუნებ ყელში. ზიზინკას თავისი საყვარელი კრევდიშინის კაბა აცვია, გიპიურით გაწყობილი. წვრილი ღილები ბოლომდე აქვს შეკრული... არადა ბოლო 2 ღილს არასოდეს იკრავდა. ვბრაზდები და იმ 2 ღილს სასწრაფოდ ვაძვრენ ჰაეროვანი პეტლიდან. განვაგრძობ ღიტინს. – ზინკულ! არავინ არაა, მარტო მე და შენ ვართ. ცალი თვალი გაახილე, რაღაც უნდა გაჩვენო, ვექაჩები გადაჯვარედინებულ თითებზე. ისინიც მაგარია და ცივი... უკვე ვბრაზდები მისი სიმშვიდით. მერე ყველაზე ნაცნობ ხერხს მივმართავ: –ზინაიდა ილიაროვნა, სიცხე მაქვს მგონი და ყელი მტკივა! წამო რა მალინის მურაბა მოვიპაროთ! ისევ დუმილი... – ზინკა ფეხის თითზე ფრჩხილი ჩამიბრუნდა, წავიდეთ შენს პედიკუსისთან, არ გეცოდები? მე და ზიზინკას ზუსტად ერთნაირი ფეხის ცერი გვქონდა და ზუსტად ერთნაირად გვიბრუნდებოდა ფრჩხილი... ალბათ ხანგრძლივი და უშედეგო ჯაჯგურისგან დავიღალე... ელისაბედის კივილი მაღვიძებს: – დიდუუუუ!!!! დევიქეცით, მევისპეთ და დევიფსეთ! რა უნდა ბაღანეს კუბოში?! აი იქ ატყდა, რაც ატყდა: ერთმანეთის გინება, წყევლა, დაბრალება... 2 წუთში, ვიდრე მე თვალებს ვიფშვნეტდი, "დიდი ელისაბედის" (დედაჩემის ბებიის, ანუ ზიზინკას დედის) დასკვნაც დაიდო: –არ ხართ თქვენ ამ ბაღანეს ღირსები! დურაქები ხართ ვსე პოდრიად! მკვტარმა ზინამ რაფერ უნდა გაჯობოთ ძეტკას მოვლაში? მასხურეს მარა რა მასხურეს ნაკურთხი წყალი... გარეგანად, შინაგანად, ლამის ოყნამდე მივიდნენ... საცერში მახედეს, კიკინის ბოლო მომიტრუსეს, ნახშირები მისვეს შუბლზე და ლოყებზე... ფაქტია – 2 დღე გვერდის უცვლელად მეძინა, მხოლოდ ამჯერად ჩემს საწოლში. მერე ზიზინკას ლამაზი ყუთი სადღაც წაიღეს... სადღაც კი არა, იმ კუკიაზე, მე რომ ყოველ დღე დავყავდი თავისი იაშკას საფლავზე. – კარგი ჰაერია, ნაძვების ქვეშ ძეტკა კარგად ჭამსო! თავს იმართლებდა, ვითომ ჩემს გამო დადიოდა ამხელა გზას. არადა ქმარი ენატრებოდა, ხომ ვიცი... დღეს, უფრო სწორად, უკვე გუშინ, მე,ნიკა და დეიდაჩემი იმ დიდი ხნის ნაცნობ კუკიაზე ავედით... ადრე უფრო ბევრნი დავდიოდით. დღეს ჩვენს მეტს ან არ შეეძლო, ან არ ეცალა... იქ უკვე სამნი არიან – იაშა ბაბუა, ზინოჩკა და შუროჩკა. ანუ სიძე და დები. სულ მომლოდინე თვალები აქვთ. პაწაწინა ფოტოებს დიდხანს ვერ ვუყურებ... ნიკასთვის აქ ყველაფერი უცხოა და თავისთავად საინტერესო.... ძველი კუკია, ჩემი ბავშვობის საყვარელი ტანკით... ცენტრალური გზიდან ზუსტად 547 ნაბიჯია. მარჯვნივ ვიღაც ცნობილი მოჭიდავის საფლავია ჰაერში აღმართული საფეხურებით. – მაგით დაიმახსოვრე, როცა სახლში აღარ ვიქნები, აქ ვიქნები და როცა მოგენატრები, ადვილად რომ მომაგნოო... დღესაც ზამბახები ვუყიდე. გიჟდებოდა ზინოჩკა ზამბახებზე. მე სულ მეშინოდა მაგ ყვავილის. რატომღაც, რაღაც უცნაურ ცხოველს მაგონებდა სულ, თან დაფლეთილს...როცა გარდაიცვალა, თავისი საყვარელი კაბა ჩააცვეს, ზამბახებიანი "აბორკით". შუროჩკასთვის ყველა ყვავილს ერთი ფასი ჰქონდა – ალერგია აწამებდა ჩემსავით დამტვერვად–ყვავილოვან წარმონაქმნებზე... ესეც მოჭიდავის საფლავი, მარცხნივ ვუხვევთ ბილიკზე ნიკა ფეხდაფეხ მომყვება, სულ მაბიჯებს ფეხს, თან კითხვას კითხვაზე მაყრის: – დე! აქ ვინ ცხოვრობს? მე ვიცნობ? ისინი მიცნობენ? რომ მივალ გამარჯობა უნდა ვუთხრა და ვუთხრა რომ ნიკა ვარ ჩუვაშილი? ეს საჭემები რო მოვუტანეთ, შიათ? ჩვენც უნდა ვჭამოთ თუ მარტო იმათმა? დე! ამ სახლებს გალიები რატო აქვთ? აქ მარტო სურათები ცხოვრობენ და არ ლაპარაკობენ? კიკვიძეების საგვარეულო საფლავსაც მივადექით. აქ ერთ დროს ყველაფერი ლაპლაპებდა. მარმარილოს მრგვალი მაგიდის მხოლოდ ფეხია დარჩენილი. მარმარილოში გამოკვეთილი მარქსის და ენგელსის "კაპიტალი" დიდი ხნის წინ "აითვისეს'" მხედრიონელებმა... ასე გვითხრა დამლაგებელმა. ნეტა რათ უნდოდათ? ალბათ სამუზეუმე ექსპონატად უფრო გამოდგებოდა, ან "არაჩვეულებრივი გამოფენისთვის"... ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენს სიახლოვეს სიჩუმეა საფლავებზე. ისეთი სიჩუმე, აღდგომასაც რომ არავინ მოდის...ნიკამ ეს "სიჩუმე" 15 წუთში გამოასწორა, ისე გაერთო საფლავებზე კვერცხის გადაგორებით... ვზივართ მე და დეიდაჩემი საფეხურზე, ვსვამთ თერმოსის ყავას, ვეწევით და ვდუმვართ... – გზა ხომ გახსოვს, იმ მოჭიდავის საფლავთან მარცხნივ უნდა გადაუხვიო და ბოლოში... შენს მეტი ჩემი ამომკითხავი არავინ იქნება ვიცი, დეიდა! –კარგი ახლა ნუ დაიწყე მელოდრამა... –დე! რატო არ მოდიან ისინი? – ვინ ნიკა? – აი ვისთანაც სტუმრად მოვედით. – ისინი ვერ მოვლენ დე, აქ არიან, მიწაში და ზევიდან გვიყურებენ. –თუ მიწაში არიან, ზევიდან როგორ გვიყურებენ? – გვიყურებენ და უხარიათ რომ აქ ხარ. – შენ არ გიხარია? შენი ბებია გინდა ხომ... თუ გინდა ამოვთხრი ჩემი ხმლით და სახლში წამოვიდეს, ვთხოვ... – არა დე, ამოთხრა არ შეიძლება... – აბა არ მინდა იტირო... – კარგი, არ ვიტირებ... – მომეწონა მე ეს კუკია....იზო! წამომიყვან კიდევ, რომ მომშივდება?.. – კი, გენაცვალა იზო! აბა რას ვიზამ?.. წამოვედით ფეხით, დაღმართზე. სიჩუმეში ზიზინკას საყვარელი ფრაზა გამახსენდა: Когда жизнь дает вам тысячу причин, чтобы заплакать, покажите ей, что у вас есть тысяча причин, чтобы смеяться... "ახალი ცხოვრების" დასაწყებად ყოველთვის მხოლოდ ფურცლის გადაშლა არ კმარა... ზოგჯერ წიგნის გამოცვლაც აუცილებელია... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  9. თუ ადამიანი 80% წყლისგან შედგება, მაშინ ის, ოცნებებისა და სურვილების გარეშე, უბრალოდ ვერტიკალური გუბე გამოდის და სხვა არაფერიო.. ამიტომ, როცა რაიმეზე ან ვინმეზე გიმტკიცებენ, რომ რჩეულია, აუცილებლად დააზუსტეთ ამომრჩეველი და შერჩევის კრიტერიუმები. თქვენც იგივეს გრძნობთ ხომ? ამ ბოლო დროს, რაც უფრო მეტის ამოკითხვას ვცდილობ სტრიქონებს შორის, უფრო ნაკლებად მესმის ღია ტექსტების. არადა ახლა, აპრილის მიწურულს, ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე, ფანჯრის გამოღებას ან მკერდის მოღეღვას რა სჯობს, მაგრამ ვაიდა ვერ გაგიგონ?!... გაგებას ჩვენში მალე დააზღვევენ. იქამდე კი გაიგებდით, რომ თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო. საშემოდგომო სესიები უკვე თბილისში განახლდებაო. ჰოდა, აბა ვის გაუმართლა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, თამარ კორძაიას. აგერ ამინდებმაც მოუსწრო, მერე საზაფხულო არდადეგებიც შემოესწრება და... ახლა ერთი–ორჯერ კი მოუწევს ქუთაისში ჩასვლა, პროცედურის რეჟიმში. გაპარლამენტარება ხომ მაინც უნდა მიულოცოს უმრავლესობამ. თანაც, კულუარებში ჩურჩულებენ, ვინც ქუთაისური პარლამენტის მტვერი ყლაპა, პენსიები უორმაგდებათო. უმრავლესობა მაგ ამბავს, რა თქმა უნდა არ ახმოვანებს და ამასობაში უმცირესობას კი გაევსო არებით ჟურნალი... იმდენი „არა“ აქვთ, წლის ბოლოს 5–იანი როგორ უნდა გამოვუყვანო ან პრემია, არ ვიციო, გულწრფელად შფოთავდა გასულ კვირას ზაქარია ქუცნაშვილი. არჩევნებზე ვამბობდი, 3 გასისინებული 41 შევა ამ დღეებში პარლამენტში. საკუთარი სიმპათიების მიუხედავად, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. მართლაც რომ გულწრფელი ყოფილიყო პატივცემული პრემიერი პარლამენტში მესამე ძალის შესვლასთან დაკავშირებით, იმას მაინც ვერ შეურიგდებოდა და არც უნდა შერიგებოდა, – ოქტომბრის არჩევნებიდან 6 თვის თავზე, ოცნების თუნდაც შუალედური რეიტინგის ვარდნა დაფიქსირებულიყო. როგორც იტყვიან, მუნდირის საკითხია... თუმცა, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია – ნაძალადევმა საკუთარი ოცნება ამჯერად მართლა გადააარჩინა. რამდენი რამ ვიცოდი ბიძინაჩვენზე, მაგრამ მაგ კაცს თუ ზვიად ჩიტიშვილის ვალი ექნებოდა, რას ვიფიქრებდი?! შეწუხებულია ეგ ადამიანი, რამე რომ არ აწუხებდეს, კი არ ირბენდა კორპუს–კორპუს და იძახებდა – „ოცნება და ბიძინა ჩემთან ვალშიაო!“ ჰოდა, განა რამდენი გაქვთ ჩიტიშვილის ვალი, ბატონო პრემიერო? დაუბრუნეთ სასწრაფოდ, რომ გადაუხადოს წინასაარჩევნოდ 100 ლარად გადაბირებულ ოცნების ელექტორატს, თორემ, არ მოისვენებს ეგ და სოლოლაკის გზას მიასწავლის მაგ ხალხს, ბიძინამ გადაგიხადოთ, მაგის გამო ვერ აგისრულეთ, რასაც დაგპირდითო.... აი კუკავას კი ნამდვილად აქვს საამაყო მიზეზი. მან თავისი შედეგით დაამხო მითი „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პოლიტიკურ ძალაზე და ძალიანაც კარგი ქნა. ამიტომაც ჩაუმსხვრიეს ჩემი ეზოს ნაციონალებმა მის საარჩევნო პლაკატს განსაკუთრებული სისასტიკით სათვალე და წაჰკვეთეს ყურები. ერთი სიტყვით, თემქელი ნაციონალები პოსტ–საარჩევნო პერიოდში რაღაც უცნაური რიტუალებით იმშვიდებენ გულს და მედიტირებენ. მართალია ჩემი მეზობელი ჟუჟუნა – როდის უნდა მოისპოს ეს მავნე ტრადიცია – მაჟორიტარი კანდიდატების პლაკატების ნებისმიერ სიბრტყეზე გაკვრა. წებო მაინც შეცვალონ, კაცო! 5 დღის წინ სამარშრუტო ტაქსიდან ხეზე მიკრული გუგავას საარჩევნო პლაკატი დავინახე, ვერაფრით მივხვდი, რა ჭირდა. მაგის მიმინოსებრ გამოხედვას როგორ ვერ ვიცნობდი, მაგრამ, ვიღაც ძალიან გულისხმიერს, ხის კოჟრებიან ნაწილზე ისე გაეკრა მისი პირი–სახე, გამიჭირდა ამოცნობა – მტრის ნახელავი იყო თუ მოყვრის. ეტყობა, მაგ ხესთან შალვამაც ჩაიარა ამ დღეებში და იმიტომაც გაიძახის – “ივანიშვილმა პირველივე არჩევნებზე მასობრივი ფალსიფიცირების ყველა რეკორდი მოხსნაო“. არა, შალვას პატიოსან სიტყვას და გულწრფელ ღიმილს სულ სხვა ძალა აქვს. ასეთ კაცს რომ უღალატებ და ისე უღალატებ თან რომ ოფისის ძარცვას დაგაბრალებს თანაპარტიელს, რა ნამუსით უნდა დაიძინონ „ნათლით გაპენტილ“ ლეიბებზე ზოგიერთებმა? თქვენც შეამჩნევდით – ნაცებმა ერთმანეთზე ისე დაიბანეს ხელები, ნაბან წყალს გადაყვებიან მალე. იმდენი ქნეს, ლამის ჩვენც მიგვაჩვიეს საკუთარი ბრიყვული საქციელის ჭკვიანური სიტყვებით გამართლებას. სააკაშვილის აღგზნებადობამ გასულ კვირას საშიშ ნიშნულს მიაღწია. სამაგიეროდ, აწი ეცოდინება, რა საშიშია პრემიერს ჩახედო თვალებში! იმ საღამოს, როცა ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოში სიტყვით გამოვიდა, სტრასბურგში საპარლამენტო დელეგაციის უმცირესობა ვახშმის გარეშე დარჩა. ჩემი აზრით, ამაზე მარიამ საჯაია ნამდვილად ობიექტურად წუწუნებდა. ბიძინა, როგორც იტყვიან, „ხამად“ კი ნაციონალებისთვის მშობლიურ სივრცეში, მაგრამ, იმ მომენტში მაინც ძალიან შურდა მისი მიშას. ერთადერთი, ვისაც ეგ ამბავი არ შეშურებია, ივანიშვილის წინამორბედი პრემიერი გახლდათ. ვანო მხოლოდ მსუბუქი კრიტიკით შემოიფარგლა. არ გინდათ, არ წარმოიდგინოთ ვანო ევროსაბჭოს წინაშე მოხსენების პროცესში, თორემ თემურ გიორგაძე თქვეს გადარჩენაზე პასუხს არ აგებს. მიხეილმა კი სერიოზულად იდარდა – ხუმრობა ხომ არაა? მისი ტკივილი და თავსატეხი პრემიერ–მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არა მარტო სიტყვით გამოვიდა, არამედ, პირისპირ შეხვდა ჟან კლოდ მინიონს, დინ შპილმანს, ვოიცეკ სავიცკის,ნილს მუჟნიეკს თვით ჟანი ბუკიკიოს და ტომას მარკერს და მსგავს ევროპულ პოლიტიკურ ელიტას. ეს რაც ოფიციალურადაა ცნობილი და, რაც არაოფიციალურად?! ინერვიულებდა ბიჭი, აბა არ ინერვიულებდა? ჰოდა ადგა და თავადაც გაიშხუილა შტატებში, სამუშაო ვიზიტით, რა თქმა უნდა... სოსო ცისკარიშვილს თუ ვენდობით, საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" გარეშეც მიაგნებს ევროპასო. ჰოდა, პრემიერ მინისტრის გამო შერცხვენილი ჩიორაც დაცხრეს ეგებ. სამაგიეროდ, როგორი ამაყი იყო მიშას მიერ ვეტოს უფლების გამოყენებით!? მერე უკვირთ მაგას და ნასარიძეს ქუჩაში რომ წაუთაქებენ. საჯარო ბიბლიოთეკასთან რომ იდეის გამო ცხვირს გაგიტეხენ, ეგ ფაქტიუად საწარმოო ტრამვაა, მაგრამ ფალიაშვილზე არაფრის გამო გალაწუნება, მართლა ნამეტანია!.. ნწ–ნწ გიგა! გასულ კვირას ოთხმა ელიტურმა ნაცმა დასტოვა სამშობლოო. პრეზიდენტის საპარლამენტო მასხარა ხაჩიძე, მგონი მართლა სულელი და შედარებით პატიოსანია... აბა, ეგ რატომ არ გარბის? თუ ყველა „გაქცევას“ თავისი ფასი აქვს? გაიხაროს პატარკაციშვილების ოჯახმა, რომ პროდიუსერი ალინა არველაძე ოჯახს, შვილს და სამზარეულოს დაუბრუნა... დავით ბაქრაძე გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისევ ალაპარაკდა სახელმწიფო მასშტაბით. ამდენს ბაქრაძე როგორ მიხვდა არ ვიცი, ოჯახის ბიუჯეტს დაეტყო ულიმიტო მობილური კავშირგაბმულობის ტვირთი, როგორც ჩანს. ადამიანის ნაშიერი 2 წელს ანდომებს ლაპარაკის სწავლას და მთელი დანარჩენი სიცოცხლის მანძილზე დუმილს სწავლობს. ახლა მაინც ხვდებით, რა ფუნდამენტური განსხვავებაა ვანო მერაბიშვილს და კობა დავითაშვილს შორის? რა თქვა ახლა კობამ ისეთი, რაც არ უნდა ეთქვა და რაც არ უნდა სცოდნოდა ჯანდაცვის მინისტრს, მაგრამ ბოდიში მაინც მაგას მოახდევინეს. ყურიც აუწიეს ოფიციალურ დონეზე, მაგრამ მაინც აპატიეს რესპების ჯინაზე. სადაზღვევო კომპანია `არქიმედეს დირექტორი რომ საგანელიძის ძმისშვილი ყოფილა, ამას კობასგან უნდა ვიგებდეთ? დანარჩენი ხუთოსნების მღელვარების ფონზე ყველაზე მშვიდად თბილისის ამაყი მერი გამოიყურება. მართლა რა გინდათ ამ გიგისგან? დაინახა თუ არა მზე, მყისიერად მიაფიცხა თავისი კულტურული ბირთვი. ნელ–ნელა მაგისგანაც დადგება მეურნე, ახლა მაგ ბირთვის სოლარიუმის თანხებს ვეღარ აუდის. თან მუსიკის თანხლებით და სიმღერ–სიმღერით მიღებულ ბუნებრივ რუჯს სულ სხვა პეწი აქვს. მერიის, ანუ უგულავას რუჯის დღეები კვირას ოფიციალურად გაიხსნა მუშტაიდის პარკში და ყოველ შაბათს გაგრძელდება თბილისის სხვადასხვა პარკებსა და სკვერებში, სავარაუდოდ, მზის სრულ დარტყმამდე. გაეროში საქართველოს ყოფილ მუდმივი წარმომადგენელს კახა ლომაიას, საგარეო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი უმრავლესობის მოქმედებები, სპილოების ჯოგს აგონებს, რომელიც ანტიკვარული ნივთების მუზეუმში აღმოჩნდა. ანტიკვარებად ეგენი როდისღა მოინათლნენ? აბა ახლები, ეროვნულები და მოძრავები ვართო? კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები" დატოვა და "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ უდავოდ საინტერესოა, ოლეგა ბრენდია ფაქტიურად, უბრალოდ მისი ღირსებების შრეებში ყველა ვერ აღწევს. ვიღაც ჭკვიანს უთქვამს ადრე – როცა მწყემსს ცვლიან, მხოლოდ ფარას ჰგონია, რომ პატრონი იცვლებაო... ისტორიაში შესვლა ადვილია, ბაბაიებო! იქიდან გამოსვლისა რა გითხრათ? კატო ჩულაშვილი (გაზეთი "ქრონიკა+", #2)
  10. იქ, სადაც ძველად ჩხაოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა... სხვა რამეებიც გავაშენეთ, იმის მიხედვით, ვინ და რა სად და როდის ჩხაოდა. ტრადიციული კულტურა ავჩეხეთ, ტყეში ქაცვის მოსავალს მივენდეთ, ამერიკული პეპელა მოვიშინაურეთ, ცხორი!ცხორი!–დან მებოცვრეობამდე ჩამოვყალიბდით. გასაღების ბაზრებიო, უცხოელი ინვესტორებიო, საადგილ–მამულე ბანკებიო და ამასობაში, ჯიში დაგვეკარგა და მასთან მიმართებაში, ყველაფერი საჯიშე... მერამდენედ ვატრიალებთ ჭავჭავაძეებს საფლავში?! დიდი ბატონი ალექსანდრედან – ილიამდე... მაგათ მიწა უყვარდათ, მიწის ფასი იცოდნენ და იმ მიწის მოყვარული გლეხის ფასიც... ალექსანდრე ჭავჭავაძე რამ გამახსენა და რამაც გამახსენა, მაგას მოგვიანებით დავწერ... მიყვარს და პატივს ვცემ არა "გოგჩის" გამო, "ვაჰ, დრონი, დრონი" უფრო აქტუალურია ახლა... ალექსანდრე დიდი მეურნე კაცი იყო, დათიკომ არ გაუმართლა... მოკლედ, ბოლო 2 საუკუნეა ქართულმა სოფელმა ისეთ კაზუსებს, კატაკლიზმებს და რებუსებს გაუძლო, თავმოყვარე ქვეყანა სახელსაც გადაირქმევდა, მსოფლიო საზოგადოების ისტორიულ შეცდომაში შეყვანისთვის. აბა რისი "გეორგიელები" ვართ ჩვენ? თუნდაც "ხეორხიელები?" მინისტრები გვყავდა ისეთი, დედალ–მამალ ძროხებს ეთამაშებოდნენ ვარსკვლავების ნაცვლად. „სოფლის შენებას რა უნდაო?!“ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვმღერით კი არა და მთელი სერიოზულობით ვკითხულობთ ქართველები... თუმცა, სიმღერით ნაშენები სოფელიც გვინახავს, ცეკვით დანაყრებული ლაზარეც, შიმშილისგან მოცეკვავე ბრეგაძეებიც, გაჭიმული კვაჭარახიც და პრასიც ყველა ოჯახში. სულ ცოტა ხნის წინ ერთმა მსუყედჩასუქებულმა კაცმაც „მოინდომა“ ქართული სოფლის სუფრულით და ტაია–ტაიათი აშენება, სპეციალური ინსტიტუტიც კი იყიდა, უნივერსიტეტადაც გადააკეთა, მომავალი თაობის განათლებისა და ძლიერი სოფლისთვის ჩემი კისერი და თქვენი „სეკატორიო“, მაგრამ, როლში რომ შეიჭრა და თავი სამშვიდობის დაიგულა, გამოტყდა, რომ არც სოფელი ეხატება გულზე, არც სავარგულები და არც ნაჯაფარი გლეხები. ამ „სიყვარულის“ ანგარიშში, ხელისა და ქვეყნის უფალთ, მიწის კანონიც გადააკეთებინა,– რას მიქვია ქართული მიწა, მიწა იმისი უნდა იყოს, ვინც მოუვლის და გამოიყენებსო! ჰოდა, ყიდეს და იყიდეს უცხოტომელებმა და „უჯიშოებმა“ საუკეთესო, ნოყიერი და ბარაქიანი. მაგ ამბებზე რომ ვფიქრობ, სულ ავტომატაკიდებული და ჩაფხუტიანი მახარაშვილი მახსენდება: „ეტა ჟე ვინაგრად, სლუში! ტი ეგო ნე პახალ, ნე საჟალ... ტი ეგო ტოლკო კუშატ ლიუბიშ!..“ გამოგიტყდებით და, მაგ ფილმიდან ტანკიდან ამომხტარი „სუკინ სინისთვის“ ის გემრიელი გალაწუნებაც ყველაზე მეტად მომწონს... მოკლედ, „სარანჩებმა“ სოფელი თავზე დაგვაქციეს და ხელახლაა ასაშენებელი. –„მე ვიყივლებ, შენ იცეკვებ და სოფელიც აშენდებაო!“ – უთხრა მამალმა ძაღლს... გაუდგნენ გზას და იმ გზაზე იყო ზუსტად, ის „მესამე ხმა“ – აფერისტი მელია რომ შემოეფეთათ. ის მესამეა, ახლაც რომ ურევს – მესამე ხმა „მესამე კომპონენტში“... „არევაში“ რაც ვიგულისხმე, მოგვიანებით მიხვდებით, თუ უკვე არ მიხვედრილხართ. იმ „დიად ოქტომბერშიც“ მასე იყო – მიწა გლეხებსო! ფაბრიკა–ქარხნები მუშებსო... მოვიდა „მესამე ხმა“ და იქაც აურია... არადა, მეც, თქვენც და სხვებსაც ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ. ჩვენ, ყველას წელში გამართული ქართული სოფელი გვინდა – საკუთარ თავს რომ ინახავდა, ქალაქელებსაც და კიდევ გასაყიდიც რჩებოდა. თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებო... მამალმა იყივლა, ძაღლმაც იყეფა, მაგრამ სოფელი ვერ აშენდა. რატომ? –როგორც კი წახვედი, მტაცა ხელი და მომიტაცაო! ეს მელიები ხომ აღარ გამოილია სოფლის გზაზე! მამლის, თეთრი ხორცის და იდეის გამტაცებლები ყოველთვის იყვნენ, არიან და, სავარაუდოდ, იქნებიან ქართულ რეალობაში? ასეა თუ ისე, ჩვენ ყველანი ისტორიული მომენტის წინაშე ვართ, ანუ ესაა კიდევ ერთი შანსი ქართული სოფლის, შესაბამისად, ეროვნული ეკონომიკის გადარჩენის. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ფინანსურ კაპიტალზე უფრო საჭირო, ღირებული და დეფიციტური მაინც ინტელექტუალური კაპიტალია და თუ დღეს ჩვენში ზოგიერთები სინდისის დეფიციტს განიცდიან, ეს სულაც არ იქნება მათთვის შემამსუბუქებელი გარემოება, როცა შემოდგომაზე წიწილებს მიითვლის საზოგადოება. ყავამშვიდობისა კი არა და, სოფლის შენებისა!!! კატო ჩულაშვილი
  11. კვირა არც ისე დიდი დროა ისტორიისთვის, მაგრამ სრულიად საკმარისია ერთი საშუალო ბლოგისთვის საჭირო ამბების მოსაგროვებლად. კვირასაც გააჩნია და ამბებსაც. თუ ისე გაგიმართლა, რომ ერთმა ოქტავამ ორი მნიშვნელოვანი თარიღი გააერთიანა – ერთი ჭეშმარიტად ეროვნული და მეორე აბსოლუტურად ნაციონალური, სალაპარაკოს რა გამოლევს. ჰოდა, ვილაპარაკოთ... საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის თანახმად, ჩვენ, ადამიანებს, სხვა დანარჩენ თავისუფლებებთან ერთად, გვაქვს სინდისის თავისუფლება, ანუ გინდა იქონიებ ამ რაღაც სინდისს და გინდა – არა. ამ საკითხში შეზღუდულები რომ ვიყოთ, წესით, გასული კვირის „გმირების“ აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებით ჩვენებას თუ არა, ძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნაზე მაინც უნდა წერდეს განცხადებას, მაგრამ... მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ გასული კვირა დიდი დაბნეულობის, იმედგაცრუების, ფუჭი მოლოდინების და ლოგიკური ფინალის კვირა იყო. მარტო ის რად ღირდა, ტვ "იმედმა" რომ „საქართველოში ქართული ენის დაცვის დედათა დღე" მოგვილოცა... ამ დღეს ყველამ იზეიმა შესაძლებლობების ფარგლებში, ანუ, იმის მიხედვით – ვის რა მიზნით, დანიშნულებით და კონტექსტით ესმოდა და სჭირდებოდა 1978–ის 14 აპრილი. სამწუხარი ისაა, რომ, მოგვიანებით, ისტორია ისტერიაში და მორიგ ჰომოფობიურ გამოხტომაში გადაიზარდა, რაზეც უმცირესობის ლიდერ გოკა გაბაშვილს არც ისე უსაფუძვლოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა და ეს იყო ის პირველი შემთხვევა, როცა მე პირადად, გაბაშვილ–შვილს დავეთანხმე. სხვათა შორის, ბატონი გოკას მამა –გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ძმები ახალაიები "ნაციონალური მოძრაობისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურები არასდროს ყოფილან. რას უნდა მივაწეროთ ბატონი კოტეს აღორძინება ქართულ საინფორმაციო სივცეში, არ ვიცი. გოკამ მშობელთა კრებაზე დემაგოგიაში ღვაწლმოსილი მამა მოიყვანა? კვირა ჯანსაღად დაიწყო და არაჯანსაღად დასრულდა უგულავების ბუდეში. თუ ქალაქის მერმა კუს ტბაზე მოწყობილ ფესტივალზე „მასმედია-ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის“ აქო, ადიდა და აჯილდოვა, მისმა ძვირფასმა, გლამურულმა და სელებრითმა მეორე ნახევარმა მართვის ერთწლიანი უუფლებობა „აირტყა“ არაჯანსაღი ქმედების გამო. როგორც დავით სოკოლოვი იტყოდა, გასული საუკუნის 80–იანებში, „მოჯირითე მძღოლ“ – ლელა კილაძეს, ჯირითის კამპანიის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. და კიდევ კარგი ეს ის ნაცარი არაა, ფენიქსისგან რომ რჩება... კიდევ იყო ის, რომ, 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მოთხოვნით, სამოქალაქო გაერთიანება - "დროას" წევრებმა, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს. „ჯერ სადა ხართ!“ ფორმატში ვართ, მსგავსი რამეები აღარც უნდა გვიკვირდეს. ვაღიაროთ! ყველაზე მეტად გამბედაობა გულწრფელობისთვის გვჭირდებახოლმე... ჰოდა, კარდენახელმა 73 წლის ვალიკო ღირსიაშვილმაც ალალად აღიარა, რომ გარდაცვლილი მეგობრის მეუღლე, 70 წლის ანა მართლა მოიტაცა. თუ ისე მოსწონდა, რომ თავისთვის უნდოდა, მა რა უნდა ექნა, კაცო?! მთელი კვირა იყო აქტიური მზადება დაანონსებული სიურპრიზების და გარდატეხების დღისთვის, რომელსაც, შიგა და შიგ, მხოლოდ პირადი ინიციატივით, ხელს უშლიდა პატრულის ზოგიერთი თანამშრომელი, რისთვისაც, ირმა ნადირაშვილის დასამშვიდებლად, მათ პასუხი მოეთხოვათ. მერე იყო დათა ახალაიას მუქარა ყოვლისშემძლე ვანოს მისამართით სოციალურ ქსელში. მერე, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადება – დავით ახალაიასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, ამიერიდან, ჩემთან დააზუსტეთო. როგორც მივხვდი, ახალაიების ინტერესებს, ამიერიდან, თეა თუთბერიძე აღარ დაიცავს? არადა, რამდენი იმუშავა საკუთარ თავზე და მასებზე... მაინც უმადურები ყოფილან თუნდაც დიდი და საჭირო ინფორმაციის მატარებელი ახალაიები... რა შუაში იყო სათაურში ფენიქსიო, იკითხავს ზოგიერთი ჩასაფრებული. მაქამდეც მივედით და, იმას და იმას შუა რაც იყო, იქამდეც... ბევრი ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ გავარკვიე მეორე ღონისძიების თუ დღესასწაულის ორგანიზატორებთან –„ცხრამეტაპრილობა“ , ამიერიდან, „მოძრავი დღესასწაული“ იქნება თუ პირიქით? სამაგიეროდ, ის დაზუსტებით ვიცი, რომ ფენიქსი – მითოლოგიური ფრინველია თვითწვის უნარით, რომელიც გრძნობს სიკვდილის მოახლოვებას და წინასწარ იწვავს თავს, რომ შემდეგ ისევ აღდგეს ფერფლისგან... რაღა დაგიმალოთ და, დეჟავუს შეგრძნება ამ დღეებში მეც თქვენსავით არ მასვენებს... ჰო, კინაღამ დამავიწყდა – ფენიქსი მრავალ მითოლოგიაში მუდმივი განახლების სიმბოლოა, რასაც ვერ დავადასტურებთ თუნდაც უახლესი ქართული რეალობით. მოკვდე, რათა გადარჩე ყველაზე არ ჭრის... სამაგიეროდ, ჩვენში არსებობს ტრადიცია – მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი... სამწუხაროდ, ხალხური სიბრძნე იმაზე არაფერს ამბობს,როგორ ვიქცევით აღდგომის დაუძლეველი სურვილით შეპყრობილი და ცოდვებით დამძიმებული მიცვალებულის შემთხვევაში... მრწამსი ამბობს – „მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მას საუკანოსასა“... ზეციური პარამეტრებით ადამიანურობაში უფალი წყვეტს – ვინ რისი ღირსია, მიწიერ პოლიტიკაში – ხალხი. პრინციპში, ორივე განზომილებაში წესი მარტივია – აღდგომაც, მეორედ მოსვლაც და დამატებითი შანსიც უნდა დაიმსახურო!!! საეჭვოა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკაცრავად, აწ უკვე „ახალი ეროვნული მოძრაობა“ ამას ოდესმე მიხვდეს. ჩვენში დარჩეს და, ძველი საქონლის ახლად გასაღება თუ შესაღება არაკეთილსინდისიერ ქმედებად ითვლებოდა აქამდე... მარკესის ცნობილი ნაწარმოების ხსენება აქ უკვე ბანალურად მეჩვენება. საკმარისია სულ 2 სიტყვა და განწყობა სახეზეა – გამოცხადებული და სიკვდილი. პოლიტიკური უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერის აზრით, ცნობა ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალების შესახებ მართლაც გადაჭარბებულია. მე კი ეს შეფასება კოლეგიალური სოლიდარობის გამოვლინება უფრო მგონია, ვიდრე რეალური ანალიზი... საზოგადოების უმრავლესობის აზრით, პარლამენტის ექს–თავმჯდომარე იმ დღეს სწორედ ისე იღიმებოდა, ერთ გაცვეთილ კითხვას რომ შეეფერება – „რა გიხარია შე გაჭირვებულო, ცოცხალი რომ ხარო?“ ერთი სიტყვით,19 აპრილს, მარკ ტვენიც და მარკესიც სერიოზულ შარში იყვნენ, რომ არაფერი ვთქვათ ილია–აკაკის ტანდემზე პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ. როცა პარტიაში ხიდჩატეხილობის პრობლემა დგას და, ამის გადაფარვის მიზნით, ილიას ციტირებ, ფაქტიურად, ხავსსაც ვეღარ ეჭიდები და ან ღორთან მიდიხარ ჯაგარზე, ანუ მუხასთან რკოსთვის... ესენიც ხომ კაცნი არიან – ადამიანები და ჭერში ბუზების თვლა თუ მათთვისაც მშობლიურია, შინაგან ხმას და ინსტინქტებს რა მოუხერხონ?.. როდესაც საუბარია პოლიტიკური ძალის პრესტიჟზე და გავლენაზე, მისი შეფასების ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი ნდობის ხარისხი და ადამიანურ რესურსია. აქცენტი ამოცანის შესაბამისად, კეთდება ან ხარისხზე, ან რაოდენობაზე, იქ უკვე დანარჩენი „მომყოლია“– თვისობრიობა, ფუნქციურობა და ა.შ. იმ დღეს ბაქრაძისთვის მნიშვნელოვანი იყო აქციის მხარდამჭერთა ხარისხი, ვაშაძისთვის – რაოდენობა, რა თქმა უნდა, მიკროფონის და სმენადობის ხარისხის პარალელურად, რადგან ჩვენს თვალწინ დაიბადა „ნაციონალური მოძრაობის“ , უკაცრავად, „ახალი ეროვნული მოძრაობის“ ახალი სპიკერი, რაც არც ისე მოეწონებოდა გიგის, რომლისთვისაც, თავის მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სხეულის პარამეტრები და კმაყოფილი ჯალაბია. ჯალაბი ვახსენე და აქვე ვიტყვი, რომ დავით ბაქრაძის მეუღლისთვის მისი მეუღლე და ქვეყნის ევროპული კურსი ერთ რანგში მოიაზრება, რასაც ვერ ვიტყვით ქალაქის მერის მეუღლეზე, რომელსაც სულ აღარ სცემს პატივს პატრული და მართვის უფლების ჩამორთმევას უბედავს. პოლიტიკური დევნაა, აბა რა ჯანდაბაა? დიდი ამბავი, თუ ლელა კილაძე, თავისი ნამთვრალევი რეაქციით, ვინმე უდანაშაულოს გადაუვლის... ამ ქალაქში უარესებიც მომხდარა ჩინოსანთა მეუღლეების წყალობით, სურვილით და განკარგულებით. ამ მასშტაბების მსხველპრშეწირვისგან დაგროვილი ქოლესტერინის და შლაკების შემდეგ, სულაც არ მიკვირს, რატომ დაუავადდა „ნაცმოს“, როგორც ცოცხალ წარმონაქმნს მთავარი საყრდენი ორგანო – ხერხემალი. მასაც კაი მსუყედ ნეგატიური მეუღლე ჰყავდა – ქალბატონი თაკო სალაყაიას სახით და სად იყო ნეტავ 19 აპრილს თაკო სალაყაია? ან ქვეყნის პირველი ლედი – სანდრა რულოვსი? ნაცმოს ყრილობა თუ სიამაყით გახსნა ნახევრადცარიელ სტადიონზე , რუსთაველზე, ასეთი გაჭირვების ჟამს, რანგით არ ეკადრებოდა მოსვლა თუ მორალურად არ შეეფერებოდა? „ ...როდესაც კარტის თამაშს გიხსნიან, ერთ ჩამორიგებას ისე ჩამოარიგებენ, ტყუილად: წესები რომ ისწავლო და ნიუანსებში გაერკვე. წაგება და მოგება არ ითვლება. ცხოვრებაც ასე უნდა იყოს. ორ ყრად. ჯერ ვარჯიში, რომელიც „არ ითვლება“, მერე - ნამდვილი. სადაც ყველაფერი მკაცრად მოგეკითხება. '' /ჯემალ ქარჩხაძე/ არც ცხოვრებაა ორ ყრად და არც პოლიტიკა ცხოვრებაში. აუცილებლად დგება დრო, როცა ყველაფერი მოგეკითხება და ამიტომაც იყო 19 აპრილი... თუმცა, 19 აპრილამდე 1 ოქტომბერი იყო. თავის მოტყუება უბრალოდ ყველაზე დიდი ტყუილია და არა მაშველი რგოლი. ჰო, ტყუილს შეიძლება ლამაზი თვალები, მაგრამ, მაინც მოკლე ფეხები აქვს... საკუთარი წარმოების რეჟიმის ეპოქაში, ეს ცოცხალი წარმონაქმნი ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. თუმცა, ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ თევზი თავიდან ლპება. ჰოდა, იმ თავსაც მივადექით – მოღალატეები ვირთხებივით გაიქცნენო,არ დამალა რუსთაველზე ექსპრომტად შემოქროლვილმა სააკაშვილმა, – რითიც კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა, რომ ნაცმოძრაობა ამ ვირუსგადამტანი მღრღნელების სამჭედლოდ ჩამოყალიბდა. მაშინღა მივხვდი, რატომ იყო ამ ღონისძიების სლოგანი „ ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!“ –"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა რიგით პოლიციელს ოპოზიციის მიტინგის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. საკუთარი თვალით ვნახე, რომ მათ სანიმუშოდ დაიცვეს წესრიგი და აჩვენეს მაღალი დონის ორგანიზებულობაო, – ზუსტად ასე თქვა ნაცების პრეზიდენტმა და ეს მის მეგობარ ვანოს არ ეწყინებოდა? აბა ვანოს რომ მისი „საკუთარი პროექტი“ დემორალიზებული და დეგრადირებული ეჩვენება? მაგრამ რა ქნას ვანომ, თუ კონტრაქტს მეგობრობაზე 20 წლიანი გარანტია აქვს? ერთი სიტყვით, 19 აპრილით მიშაც კმაყოფილია, ბიძინაც, თვით რიჩარდ ნორლანდიც და აბა ვინ დარჩა უკმაყოფილო, ვერ გავიგე? კიდევ იცით რა ვერ გავიგე? – რატომ აბრალებენ ნოდარ ხადურს გია ხუბუას უნივერსიტეტში აღდგენის ლობირებას? მოდი და გაიგე, ხადურს ყავს მტრები თუ ხუბუას – მოყვრები? ეგეც არაფერი, მთავარია, გამგონმა გაიგოს, როცა ზურგს უკან შენზე კარგს ლაპარაკობენ, ეს კუბოში პირქვე წოლის პირველი სიმპტომია... თუ საკუთარ ოცნებას შეგნებულად ღალატობთ, და თქვენი ოცნებები სხვას უსრულება, თავზე ნაცრის წაყრას აზრი აღარ აქვს, არც ნაცარში გაგორებას. არასოდეს დაუხშოთ საინფორმაციო ღრუ მათ, ვინც თქვენთვის თვალის ახელას ცდილობს. ხალხს არ უყვარს, როცა როცა დაპირებულ რაღაც–რაღაცეებს რაღაცნაირად აკეთებენ.. ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  12. "- ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი, და, სხვათა შორის, ... თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის საჭიროა ჭკუა..." გასაგებია, რომ ყველა კეჟერაძე ვერ იქნება,და ვერც კმაყოფილი, თუნდაც ცენტრალური გათბობის და სხვა კომუნალური პირობების არქონის მიუხედავად. მაგრამ, ბედნიერებისთვის, ზოგჯერ, წიგნების ორი კარადაც კმარა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი - მხარს ზემოთ, ნათურა... დღეს აპრილის ოცდასამ ქულიანი სამშაბათია. ეს დღე ყველას თავისი ინტერესის მიხედვით აქვს გაწერილი. რა შემიძლია მოგილოცოთ ამ დღეს? 1923 წლიდან , კატალონიაში, 23 აპრილს, ანუ დიდი სერვანტესის გარდაცვალების დღეს, მამაკაცები ვარდებს ჩუქნიან ქალებს და, მადლიერების ნიშნად, მათგან საჩუქრად წიგნებს იღებენ. იუნესკოს აღიარების შემდეგ, წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს „მწიგნობრები“ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. „ჩემს მკითხველს“ ამ სივრცეში წიგნის მნიშვნელობაზე საუბარს არ ვაკადრებ, უბრალდ იმის თქმას ვაპირებდი, რომ დღეს წიგნების საერთაშორისო დღეზე, თბილისის წიგნების მაღაზიების დიდი ნაწილი, პროტესტის ნიშნად, დაკეტილია. ვის ინტერესებს გამოხატავს, ემსახურება, არღვევს ან იცავს აღნიშნული პროტესტი, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე? დავიჯერო, საქართველოში იმდენი თავგადაკლული წიგნისმკითხველია, რომ მასები განაწყენდებიან ? არ ვხუმრობ, დღეს თბილისში, ფესტივალის ფარგლებში, რამდენიმე წიგნის მაღაზია პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს და წიგნებს არ გაყიდის. უმანკო ჩასახვით მხოლოდ ჭორები იბადება... საზოგადოებაში ჩასახული ნებისმიერი სახის პროტესტი, ძირითადად, კონკრეტული მანკიერების წინააღმდეგ ან დასაცავადა მიმართული ქმედებაა. საქართველოს მოქალაქეები, კიდევ ერთი ახალი კატეგორიის მიხედვით გავიყავით. კატეგორია ჩვენში, ბოლო დროს, დაპირისპირებულ მტრულ ბანაკებს ნიშნავს. გაგვყო არც მეტი–არც ნაკლები განათლების მინისტრმა. აი რა შეიძლება მოყვენს ერთ დაუფიქრებელ, თუნდაც ობიექტურ გადაწყვეტილებას ან კეთილ საქმეს. მოკლედ, მე იმ ბანაკში ვარ, სადაც ბავშვებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება გაუხარდათ და ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ კრიმინალს და ტრაგედიას ვერ ხედავენ. ჩემთვის, ერთი რიგითი მშობლისთვის, ერთი რიგითი მოქალაქისთვის და ერთი რიგითი ჟურნალისტისთვის, ან "კო–"სთვის, საგამომცემლო ბიზნესიც ისეთივე ბიზნესია, როგორც მაგალითად მშენებლობა, ხორცპროდუქტების წარმოება, კერძო სამედიცინო კლინიკა ან საკონდიტრო საცხობი. ამდენი ხანია ვითხოვ და ვერავინ ამიხსნა, რატომაა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებისა და გამომცემლობების გაკოტრების საფრთხის თემა ასეთ ფატალურ კავშირში? რატომაა საქართველოში სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა გამომცემლობების ძირითადი საარსებო წყარო? არაკონკურენტურ, მეტიც, მონოპოლისტურ ბაზარზე, ირიბ დოტაციაზე და „სტრატეგიულ“ (ანუ აუცილებლად, იძულებით საყიდელ ) პროდუქციაზე იყო გათვლილი ამდენი საგამომცემლო სახლის ბიზნეს–გეგმა? ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გაკოტრდეს საგამომცემლო ბიზნესი კონკურენტულ გარემოში, როცა, ასეთ დროს დასაშვები და კანონზომიერია ნებისმიერი სხვა ბიზნესის გაკოტრება? ჰეი, თქვენ, გამომცემლებო! 2003 –დან მოყოლებული რამდენი სახის, რა მასშტაბის და რა პერსპექტივის ბიზნესები გაკოტრდა, განადგურდა და თავზე დაენგრა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანებს, ოდესმე დაინტერესებულხართ ან დაგითვლიათ? თუ გგონიათ, მათ თქვენზე ნაკლები სურვილი, ცოდნა და კაპიტალი ჰქონდათ იმ საქმეში ჩადებული? არ გიფიქრიათ არა? რატომ? არ გეხებოდათ და მიტომ? აბა ახლა რა უფლებით ითხოვთ იმ ადამიანების IQ-ს გადამოწმებას, ვისაც ბავშვებზე სახელმწიფოს ზრუნვა გაუხარდა და სამინისტროს გადაწყვეტილება სწორად მიიჩნია? თქვენ იდექით მაშინ იმ უკანონოდდაზარალებული და გაკოტრებული ბიზნესების გვერდით? იმ ბიზნესების მფლობელთა გვერდით ყოფნას ვერავის მოგკითხავთ და გისურვებთ, იმიტომ რომ მათი 80% ან გულის შეტევით გარდაიცვალა, ან საპატიმროში აღმოჩნდა და ან ქვეყნიდან ძლივს გაასწრო. თუ პირადად ჩემი აზრი ვინმეს აინტერესებს, სასკოლო წიგნების ბიზნესის მომგებიანობა ჩვენისთანა დაცემულ და ყველანაირად გამოშიგნულ ქვეყანაში, სხვა თუ არაფერი, უხერხულია. რატომ? იმიტომ, რომ სკოლის სახელმძღვანელო ფუფუნების საგანი არაა. წიგნი ბავშვისთვის იგივე პურია და ვინც დღეს ამ პურის მშიერი ბავშვისთვის უფასო მიწოდებაზე წუწუნებს და ბუზღუნებს, ჩემთვის უბრალოდ უზნეო და ეგოისტი ტიპია. არაერთხელ მოვისმინე სამინისტროს გადაწყვეტილებით პატივმოყვარეობა შელახული და შეურაცხყოფილი მშობლების პრეტენზია – რა მჭირს სახელმწიფოს სამათხოვრო, ჩემს შვილს როგორმე წიგნს თავად ვუყიდიო! ვინ გიშლით მერე? თქვენ იმის უფლებაც გაქვთ, რომ თქვენი შვილები საუკეთესო კერძო სკოლებშიც ატაროთ, საუკეთესო ავტომობილებით საუკეთესო ბრენდებში გამოწყობილები და ამის გამო ვერავინ დაგძრახავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენმა საზოგადოებამ თქვენს შესაძლებლობებზე გააკეთოს სწორება. საზოგადოებრივი აზრი უმრავლესობის აზრია, ხმათა უმრავლესობა იგებს ნებისმიერ არჩევნებს (თუ არ გააყალბეს, რა თქმა უნდა!), უმრავლესობამ შეცვალა ცხოვრების წესი და პრობლემებთან დამოკიდებულება, როცა დააფიქსირა ხელისუფლების შეცვლის სურვილი. ეს კი , სამწუხაროდ, იმას ნიშნავს, რომ, ამ ქვეყანაში უმრავლესობას ჯერ კიდევ უჭირს. უჭირს თუნდაც შვილების გამოკვება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განათლება. ამიტომ, რაღაცეებთან შეგუება და რაღაცისთვის თვალის გასწორება დღეს "დაჩაგრულ გამომცემლებსაც" მოგიწევთ. ასეთი მიდგომები თქვენთვის უკან გადადგმული ნაბიჯია? მერე? თქვენც ადექით და მოახერხეთ ისე, რომ უმრავლესობა მალე გახდეს "თქვენი ტოლი და სწორი"... დამიჯერეთ, ეს იმ ადამიანებს არ გააღიზიანებთ, გაუხარდებათ. მესმის, რომ ბიზნესისთვის მინიმალური დანახარჯით მიღებული მაქსიმალური მოგება საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ, თუ მაინც და მაინც საგამომცემლო ბიზნესი იცით და ამ ბიზნესში გსურთ, იყოთ წარმატებული, აკეთეთ ეგ საქმე, ბეჭდეთ სხვა კარგი წიგნები, თუმდაც საბავშვო მხატვრული ლიტერატურა, რომელსაც ყოველთვის ყავს თავისი მკითხველი და მყიდველი, ფასის მიუხედავად. ნუ გააკეთებთ მაინც და მაინც დამშეულ ბავშვებზე ფულს, იმისთვის, რომ მათი წართმეული ლუკმით თქვენს შვილს კიდევ ერთი დამატებითი ტორტის ნაჭერი მიაჩეჩოთ. ბეჭდეთ სხვა დანარჩენი ლიტერატურა, თუნდაც უფრო მომატებულ ფასად, მიიღეთ მოგება, მოიხმარეთ მშვიდობაში და მიეცით სახელმწიფოს ბავშვებზე ზრუნვის უფლება! თქვენი და თქვენი ბიზნესის პრობლემა ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში კი არა, ზოგადად მკითხველი საზოგადოების ნაკლებობაშია. ადამიანს, რომელსაც უყვარს წიგნი, ან აქვს ფული, ან არა. ასეთი ადამიანები კი, თავისთავად ცოტანი არიან, მითუმეტეს დღეს, ელექტრონულ–ვირტუალურ ეპოქაში. პ.ს. "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ვიღაც საფუძვლიანად დეკოლტირებულ, თავით ფეხამდე ათრთოლებულ ქალს სურათს უღებს: „ეგრე, არა, არა, ზემოთ აიხედეთ, ზევით, მაღლა-მეთქი, ცოტათი კიდევ, ოო, მარცხნივ მიაბრუნეთ თავი, ოდნავ, ოდნავ, ნუ იძაბებით, ნუ, ნუ ღელავთ, ქალბატონო, დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ, ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი, უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით, ოოო, ეგრე, იფიქრეთ ბედნიერ ბავშვობაზე"... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  13. ვიდრე გასული კვირის შთაბეჭდილებების ქვეშ მოყოლილ ტრამვებსა და ორმოცნაკერიან მოტეხილობებს „ვიჩვენისებდით“ და, ზოგიერთები, „იმ ჩვენისას“ სასწაულებრივ გადარჩენას ზეიმობდნენ, ახალი კვირაც გაოთხშაბათდა... მერე კიდევ მე მეტყვიან – დროის ფასი არ იციო, არც შენი თავის ფასიო... ჩემი ღრმა რწმენით, მაგის მთქმელებს რომელიმე ოთხშაბათს, აუცილებლად გაეყოფა ენის წვერი და ჩახვდებიან საკუთარ მისიას დედამიწაზე, მაგრამ დღეს, როცა ჩემი კაპიტალის ბაზარს ინფლაციის ქრონიკული შიშები სტანჯავს, გადარჩენის შანსიც და ჭეშმარიტებაც ყავაშია. როგორც დიდი შოთა იტყოდა, ჩემს დაბადებას და შემოქმედებასთან ზიარებას რომ მოსწრებოდა – ოდეს ყავა გაიაფდეს!... ჰოდა, მაგ დღეს ნუ დაელოდებით... რისკის ალბათობა იმდენად დიდია, თქვენც დაიღლებით და მეც კაპიტალის არამიზნობრივ ხარჯვაში შეიძლება დამადანაშაულონ. გასული კვირის მაგალითზე მაინც ისწავლეთ, რომ „არამიზნობრივი“ ხარჯი არ არსებობს, არსებობს შორეულ ჰორიზონტებზე დამყნობილი წინდახედულება, გამოხატული მაგალითად 3500 ლარიან სამაჯურში... კიდევ მაგალითად? რა პრობლემაა? მაგალითად, ნახევარმილიონიან ესპანელ მზარეულში, რომლის მოწვევის აზრი მაინც ვერ გავიგე, თუ მაგისი მოთუხთუხებული საჭმლის მერე ის „ჩვენისა“ და „მაგის იმისა“ (ანუ გიგილო უგულავა) ავსტრიაში დაეხეტებოდნენ გასახდომად უიმედოდ მენჯგანიერნი და ბარძაყგალიფენი. მაგალითადო და პრეზიდენტის შვილების სწავლა–განათლება, მეგობრების საჩუქრები და პატივისცემა, ჰიბრიდულ ვოკალურ დუეტებში, სადაც ერთი აუცილებლად „ მსოფლიო დონის ვარსკვლავობაშპყრობილი დიაცი“ უნდა ყოფილიყო, ცუდი მაგალითებია? მაგალითად, ჩვენს პრეზიდენტს რომ ბათუმის „აღორძინება“ არ აეჩემებინა, ის „არაპროფესიონალი“ თურქი მძღოლი როგორ მიხვდებოდა– ვისთან დაჯახების პატივი ერგო? –ვიცნობ მაგასო! ეგ ის არაა, თურქებისთვის ბათუმში „როზვი ბულვარი“ რომ გააკეთა, მაგან გაიხაროს თავის ჰარამ–ხანაშიო. –ნამყოფი ვარ მე ბათუმში და აი 2 რეისს რომ გავაკეთებ, ისევ ჩამოვალო, თან ხაშსაც ჩამოვუტან თქვენს პრეზიდენტს ჩემი გადარჩენის ანგარიშშიო... ისე, მოდი და ნუ გეწყინება – ყველა დაუბანელი როგორ ჩვენი გასახვანჩალებელია. მექისე და ჭრელი აბანო დიუმას და პუშკინის დროსაც კი ფუფუნება იყო თბილისში და უგულავას და მიშას ის ცნობილი „კარენნოი თბილისელი “ ყავთ „კაჩეგარად“ გოგირდებში გაფორმებული? ეჰ, ძმებო ნაცენო! ის დროა, სწორედ რომ ხოხბისა თქვათ და ჟღალი მომინოსიც ზედ მიაყოლოთ... ჭადრაკის თამაშს შეეშვნენო, კადრების გადინების გამოო და შაშზე გადასულანო. ვერაფერი შეღავათია. დღეს დამკაში რომ გახვიდე, სულ მინიმუმ, ორიენტაცია უნდა შეიცვალო... ვიცოდი რა! ვიცოდი! რათ უნდოდა მაგას ყავის ფინჯნის გადმობრუნება, „ტაროს“ გაშლა ან ნახშირი და ქორწინების ბეჭედი წყლიან ვერცხლის თასში? რა ვიცოდი და ნაციონალების გრანდიოზული აფეთქების ამბავი, რომელიც „ახალ სამყაროს“ მისცემდა დასაბამს. „კვერცხუჯრედიანთა“ გენსაც ჰქონდა ალბათ კაცობრიობისთვის, გამოცდილების თვალსაზრისით, გასაცემი. იმისიონერეს და მიდიან... მათგან ზოგიერთს სიტყვა „ღალატის“ მნიშვნელობა ან დაავიწყდა, ან არასოდეს ცოდნია, ან ვეღარც გაიგებს... იქნება მამა როლანდი აღშფოთებული, აბა არ იქნება?! მისი შვილი რომ ეული თუთბერიძის დასაცავი გახდა... ხომ უნდა ამ ყველაფერს გაძლება? ძილს და მოსვენებას ვინ ჩივის? ხომ დაემუქრა რამდენიმე დღის წინ ვანოს, ჰოდა, უსრულებს უკვე. არ ღირს მაგ საქმეში ჩარევა, თვითონ უკეთ იციან დეტალები... დიდი გნიასია სანაცეთში. ისინი წერას ვერ აუდიან და ჩვენ კითხვას. ყველა ერთად ლაპარაკობს, ერთმანეთს არ აცლიან და ამის ერთადერთი მიზეზი არსებობს – უბრალოდ, არაფერი აქვთ საპასუხო, ანუ არაფერზე პასუხი არ აქვთ. მე პირადად მოუთმენლად ველი, როდის გაასაჯაროებენ იმ 50 კაცის (ქალისაც) სიას, რომლებიც ყოველ დღე უნდა დაიჭირო მხოლოდ ჰაბიტუსის გამო. ამ სიის სათავეში რომ ყველაფრის მცოდნე, ყველაფრის ექსპერტი და ყველაფერზე ხელისმომწერი ხუხაშვილი არ მომიქციოთ, სერიოზულად მაწყენინებთ, იცოდეთ და სვით მერე სოიოს და მუხის ქერქის ყავა უზმოზე ტყეში სამჯერ... ახალაიას საქმეში 38 მოწმის ჩვენება იდენტურიაო და ამან კიდევ რაები დააბრალა მთელ სანათესავოს – რეჟიმის მსხვერპლიო... რის გამარჯვენებას ცდილობს ამჯერად ხუხაშვილი – ბაჩოს, საპატიმრო უფლების უკანონო შელახვას და უნებურ ზეწოლას თუ მერაბიშვილის თავზე დიდი კუშია გამოცხადებული? ბოლო დროს, რუხი მღრღნელები რუხ კარდინალებად ძალიან მარტივად გარდაიქმნებიან და ვითომ ჰაერშია რამე სათანადო ვირუსი თუ სათანადო კარზე?.. დათა ახალაიას, მეგის ქარდავას და სოსო თოფურიძეს 18 აპრილს იჭერენო, ასე გავიგე. „სამი მუშკეტერი“ სარფის საბაჟოდან ეკვეთება საზღვარს და იქ „ჩაავლებენ“ კანონის ფარგლებში და შესაბამისად. რას ეტყვიან ისინი თეას და რას ეტყვის თეა მათ?! თუ იქამდე კბილაშვილი მოუსინჯავთ კბილს, ზუსტად ვერ გეტყვით? ეგებ ლაშას ეცადა ნაცვლიშვილს, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმჭვრეტველიაო ეგო, ამბობენ. ფრიად ნათელი გონება და სხარტი აზროვნება აქვსო და აბა რაზე ვნერვიულობთ, ვერ გავიგე? ინერვიულოს ვანომ, და კიდევ იმ ორმა ქალბატონმა „უმრავლესობიდან“, რომელთა ე.წ. არც ისე კდემამოსილი კადრების გასაჯაროებით, ყოვლისშემძლე მეგისი იმუქრება. ავი და ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, პატივცემული ვაჟა ლილუაშვილის თავისუფლება სწორედ ამგვარი კადრების არსებობის დამსახურებააო, ოღონდ ის სხვა „მეოცნებე“ ქალბატონს უნდა უმადლოდესო. მოკლედ, როგორც ნაცები იტყვიან, დრო გვაჩვენებს, ვინ დააფიქსირა კამერამ... ისე, მაინც, გავკადნიერდები და შეგახსენებთ, რომ, ზოგჯერ, მოთმინება ყველაზე შეუფერებელ მომენტში იწურება და თავდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას გამოცდას უწყობენ... რაღაცა უცნაურად დასრულდა გასული კვირა – ჯერ იყო და ვანომ იხუმრა ტატიშვილის ეთერში „იმედის“ ლოგოთი დამშვენებულმა. მენიშნა, აბა არ მენიშნა? ბავშვობაში სადღაც მაქვს გაგონილი თუ წაკითხული – დანაშაულის ადგილას ნამდვილი დამნაშავის მიახლოვებისას მსხვერპლს ჭრილობები ეხსნებაო... ასეა ვანო! ბავშვობაში რომ ის წიგნები გეკითხა, რასაც მე მაკითხებდნენ, უფრო წინდახედული იქნებოდი და უფრო ფრთხილი. მდინარესთან ჯდომა კი გიყვარს იმ შენი მთავრობის მოძმე ჩინელებივით, მაგრამ, გვამები გერევა უკვე და არც დროა მართლა ისეთი მკურნალი, როგორც წიგნებში წერენ. არსებობს დანაშაულები, ხანდაზმულობის ვადა რომ ვერაფერს აკლებს მათ „ბრწყინვალებას.“ ერთი სიტყვით, კვირის იუბილარი ვანოსთვის ახლა ნერვიულობა ბაირამობაა... სხვა რა საქმე აქვს? ჩემს სახელზე ერთი კითხვა მინდა ძიებას ჩავამატებინო ყოფილი ხერხემლის მორიგი დაკითხვისთვის – როგორ ფიქრობს ცხოვრების გაგრძელებას, როცა ინერციითშერჩენილი და ბუტაფორიული ძალა–უფლება ამოეწურება? საქმიანობის გაგრძელებას სოფლის მეურნეობაში ხომ არ აპირებს? ქართული მიწის კადასტრის მამად რომ მოევლინა ერს, მაშინ კი უნდა მიეღო რაიმე ნიშანი, რომ ვაი–ოს ველები, ოდესმე, საუკეთესო მალამო იქნებოდა მისი „არა“ და „ნეკა“ თითს შუა მიგდებული სულისთვის. ვინ–ვინ და ნინო შუბლაძემ საკუთარ ტყავზე და უახლოეს მანძილზე იგემა მიშიკოს არაკები და რამდენიმე დღე ნუ ადგება ლოგინიდან, გამოშუშდეს... რამდენი აჭირა ფეხი მაზოლზე და უპაჭუნა თვალი თავის პრეზიდენტს, მაგრამ, რომ არ გაჭრა? არც ისე მარტივადაა კონკრეტულ შემთხვევაში საქმე და ვერ გაიგო ამ ხალხმა. იმისთვის რომ გაიგონო და გაიგო კითხვა, მხოლოდ ყურები არ კმარა. მაგათ შორის კიდევ უნდა იყოს რამე. გამოგიტყდებით და ვაღიარებ – სულ ტყუილად ვაკრიტიკებდი ნაციონალური საქართველოს კარის მემატიანეს. რაც ამ დღეებში ჩვენს უახლეს ისტორიაზე ვერსიები მოვისმინეთ, ყველას უპირობოდ მასხარაშვილის ვერსია თუ არ სჯობდეს, მე არ მოვესწრო 19 აპრილის აქციის ციფრულზე აღბეჭდვას... მიშიკომ, ძიებასთან არ ვითანამშრომლებო! სტრასბურგში, ჰააგაში, ჯანდაბაში და კიდევ იმის იქით წასულხართო! უმადურების ხროვა ხართო! კაი, ჯანდაბას, ვიყო ჩაუშესკუ და კადაფი, მაგრამ ეს მილოშვიჩი რაღა უბედურებააო?! ეს ნამეტანიაო... იურისტი კაცი ვარ, წესიერი, პატიოსანი ოჯახიშვილიო. მაინც და მაინც პურის რიგში უნდა მოვკვდე, რომ მასას და ბრბოს შეგიყვარდეთო? ნურას უკაცრავადო! არც დაკითხვაზე მივალ და არც გადავდგებიო, არ მინდა და მიტომო... „არ მინდა“–ზე, იმედია, მზია ბებო გააკეთებს სათანადო შეფასებას და რეაგირებას, მაგრამ ამ იურისტს ეგებ აუხსნას ვინმემ კვალიფიციურად, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე გზის სხვადასხვაგვარად გავლა, მაგრამ დანიშნულების ადგილები, ანუ პუნქტები ამით არ იცვლება და არც ჩვენ გვინდა რაღაც–რაღაცეები, თუ მასეა, ბიჯოს!. მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ბიძინა ივანიშვილის უფასო კონსულტანტი გახდესო. ამას ისევ ბიძინაზე აკიდება უნდა არა? არაა ბიძინა ის კაცი, ვინმეს შრომა არ დაუფასოს, მითუმეტეს ასეთ „გულანთებულ“ და „გაჭირვებულ“ პრეზიდენტს. კარგ ხელფასს დაუნიშნავს იცის, მაგ „ოლია მათხოვარმა“. ეს გამოწვევაა ბიძინა! არ უნდა დატოვო ეს ამბავი ყურადღების გარეშე, მაინც ეგააო შენი ხელწერაო – „ყოფილების“ დაბრუნება კომპეტენტურობის არგუმენტითო და ეს ერთი არგუმენტირებული ბრალდება მაინც გაატანინე უმცირესობას... სასამართლო, როგორც იქნა, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აღადგინა. სამაგიეროდ ხაჩიძე დგას ისევ ჩაწოდების სიმდაბლეზე... ხანგრძლივი შვებულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმაც კი დატოვა თანამდებობა.. ისე, ბიჭებო! და გოგოებოც! აქეთაც და იქითაც, წვრილმანებზე ტყუილებს მაინც მოერიდეთ, თორემ მაგან კვალიფიკაციის დაკარგვა იცის და ეგრევე „იხიშტები“ პირველივე მსხვილმან ტყუილზე. არადა, ზოგჯერ რა ჰაერივით საჭიროა, თუნდაც ტყავის გადასარჩენად... ეგეც ვიცი, რომ, ყველაზე მეტად თავის მართლება უდანაშაულოს უჭირს. თბილისის რა გითხრათ და , 19 აპრილს, 18:00 საათზე ნიუ-იორკში, მანჰეტენზე პატრიოტების დიდი ფართი–აქციაა ჩანიშნული, კახა ლომაია იხდისო და მიდით, რა გენაღვლებათ?! ჯიბის ბოლო გაფართხალებაზე ნუ მოიმდურებთ, გაეროში ნამუშევარი კაცია ბოლო–ბოლო. ზოგან სიტყვა ეთქმის და ზოგან ანეკდოტი... ვწერ და სულ იმაზე ვფიქრობ, ვაი და, თეა, ოღონდ, ამჯერად „იმათი“, მართალი რომ აღმოჩნდეს, მაშინ?!. არასოდეს თქვათ არასოდეს! დამიჯერეთ! ცხოვრებას იუმორის საოცარი გრძნობა აქვს... ყავა აქა და მშვიდობაც აქა... არ გვაქვს ახლა ჩვენ ზედმეტი ხარჯის ფუფუნება... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  14. ყოველი უდარდელი კვირა საღამოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ორშაბათის პირქუში აჩრდილი. მაგრამ ჯერ ისევ კვირაა, „მძიმე ორშაბათამდე“ მთელი საღამო და მთელი ღამე, ასე რომ, ჯერ კიდევ ამ კვირის მოვლენებით გამოწვეული შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ... ვიდრე ტალღის ქიმზე მოვექცეოდეთ, ამ ხარება დღეს ერთი გასახარელი ამბავი უნდა გახაროთ – მტკვარი არც კალაპოტს შეიცვლის და არც დინების მიმართულებასო! ვინ თქვა და ენერგეტიკის მინისტრმა. კალაძემ ამ განცხადებით, მიზეზიან– მოზუზუნე უმცირესობას ნიშნიც მოუგო და ცნობისმოყვარეობაზეც, დელიკატურობის ფარგლებში, მიუგო... სხვათა შორის, კალაძე თავისი გულწრფელობის და მონდომების გამო, თვით თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქის“ „პოსტის“ გმირიც გახდა და მისი ქებაც დაიმსახურა –„ ჯერ-ჯერობით ერთადერთი მინისტრია, რომელიც ყველა კითხვაზე გულწრფელად ცდილობდა პასუხის გაცემას და არ იწყებდა "9 წელი რომ ხალხს სისხლს სწოვდით..." - ო. მართალია, ამ შეხვედრაზე პარლამენტარი გოგორიშვილიც გულწრფელად ცდილობდა კომპეტენტური და კრიტიკული ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის „რაღაც“ დააკლდა. სამაგიეროდ, კობა სუბელიანი, სხვა დანარჩენ „სისუსტეებთან“ და მავნე ჩვევებთან ერთად, შურიანიც აღმოჩნდა. მას გულწრფელად შეშურდა ალეკო ხეთაგურის, რომელსაც გაუმართლა „მემკვიდრეში“. დაინახოს და აღიაროს სუბელიანის მიღწევები, ნაშრომი და ნაწვალები ვინმემ, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა! ასე რთულია ეს?. უმადურობა დაღუპავს სამყაროს და ნაციონალებს საკუთარი ქვაზე დადებული მადლი. უმადურები რომ არ იყვნენ, ვაშაძის გულწრფელი აღშფოთების არ იყოს, –"რა დროს რაბათის სახურავია?!" ..“ასაშენებელია ცოტა, დასასაქმებელია ცოტა?! აგერ ხალხს პრობლემები აქვს. მოახმაროს თავის ენერგია მთავრობამ იმას, რომ დაპირებები შეასრულოს და ხალხს ყოველდღიური ცხოვრება შეუმსუბუქოსო!“. გვაპატიეთ, ბატონო გიორგი, ასე რომ შემოგეჭერით მოქალაქეობრივ რიტორიკაში, მაგრამ, ამას მართლა გულწრფელად ამბობთ თუ იმ საზიზღარმა ქვეცნობიერმა აგალაპარაკათ? ვანოსი სადღაც მესმის – ხბო დაუკლავს, გაუტყავებია, ჩამაუკიდნია, მაგრამ, თქვენ? „იუსტიციის სახლის“ წარმატებულ პროექტსაც ვერ დაიბრალებთ, იმიტომ რომ იდეის ავტორიც გასაჯაროვდა და მაგ „სახლის“ მინუსებიც.. ვანო – უმცირესობად დეგრადირებული უმრავლესობის ხერხემალი და ნაციონალიზმის მწვერვალი – ქმნის მოძრაობას „რაბათის გადასარჩენად.“ მოძრაობის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა, ღვედები მაინც შეიკარით, „ინკვიზიციას“ არ სძინავს... ერთი საგულისხმო ფაქტი – ვანომ სიტყვა „ინკვიზიცია“ იმდენად გამართულად წარმოთქვა პირველივე ცდაზე, მგონი თავადაც გაუკვირდა... აღიარეთ! ვერ სცოდნია კარგი მართვა, ვინც გუბაზის კაბინეტის ოპერაცია დაგეგმა. ამოდენა გუბაზს იმოდენა წებოვანი ლენტი, ე.წ. სკოტჩი დააკავებდა? ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაედებაო– გოკამ. ჰოდა, ვიღაცეებს წითელიც აენთებათ, ალბათ... რა ვიცი, ერთი ცნობილი ქართული ფილმის ეპიზოდში ეგრეა და... დავით უსუფაშვილზე რომ ოპოზიციამ პროცედურული თავდასხმა განახორციელა, არც ეგ ფაქტი დაიკარგება სამყაროში. რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა – „რესპებით შეშინება“ და რა შველის მაგას ლეიბორისტებით გამოლოცვა თუ სოროსის დაფინანსებული იეღოველების კონგრესიდან წამოღებული თეფშის ნატეხი, ჯერ ვერ დავადგინე. ჩემგან განსხვავებით, ქალბატონმა მანანა კობახიძემ კი დაადგინა და ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრი ობშორულ ზონებში არანაირ კომპანიებს არ ფლობს, მაგრამ, მე და კიდევ ზოგიერთ კომპეტენტურ ექსპერტს თუ კითხავთ, ოფშორში ბიზნესი სულაც არაა კრიმინალი.. მე მაგალითად ისიც არ მჯერა, ქალბატონ მაია მწარიაშვილს გია გეწაძესთან მეგობრობას რომ აბრალებენ, მაგრამ, ხომ არის ხალხი, ვისაც სჯერა? ხვალ, საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები „დაეცემიან“ და შესაბამის დასკვნასაც გამოაცხობენ. ამასობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 19 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსიც გავა ფინიშზე და რაღაცა უკეთესობაც წამოგვეწევა გზაში... ნაძალადეველები დიდ საგონებელში ვართ ჩავარდნილი გიორგი გუგავას გამო. თამარ კორძაიას რომ ტელე-დებატებში იწვევდა, ნეტავ რა უნდოდა? გუგავას ნაფიქრალს და ტკივილს ყველა ვერ იგრძნობს და ვერ გაიგებს და ამითაც იქნება ეგ ბედნიერი. დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევში – ბატონმა ჩიტიშვილმა, გუშინ თემქის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიმდევარი, მხარდამჭერი და კეთილმოსურნეა, რომ აქვს პატრიარქის და ბატონი ბიძინას კეთილგანწყობა, ცხოვრობს ეკლესიურად, სურს თავისი ფინანსები და სხვა შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარი ოჯახის წევრებს, რომლებშიც მთელი ნაძალადევის მოსახლეობას გულისხმობს... ამის მოსმენის შემდეგ, უნებურად ჩნდება კითხვა – რა აუცილებელია ამ კეთილშობილური საქმეებისთვის მისი პარლამენტში ჯდომა? ქველმოქმედებას იმუნიტეტი არ სჭირდება დღეს, რამდენადაც ვიცი, არც რელიგიურობას და არც ოჯახის წევრებთან ურთიერთობა რეგულირდება მაინც და მაინც კანონშემოქმედებით სივრცეში. ისე, სად იყო ამდენხანს , ასეთი ბაჯაღლო თუ გვყავდა ოჯახში ნაძალადეველებს?!. ნაციონალების ზოიამ, დამიქვითეთ ხელფასი, არ მეშინიაო! არ უნდა ქალს „ცირკში“ მუშაობა თურმე და რატომ ერჩიან? წესით, ყოფილ უმრავლესობას არ უნდა უჭირდეს საკუთარი უშტატო სპიკერისთვის ერთი სათადარიგო მიკროფონი, განახლებად ენერგიაზე მომუშავე... აი ნანა ყეინიშვილს კი ყველა მიკროფონი უნდა გადაუმალონ მაგ შენობაში საგულდაგულოდ და შენობის გზასაც თუ გადაავიწყებენ, მთლად უკეთესი, ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა... ყეინიშვილის გამოსვლაზე იცინოდნენ - ნუგზარ წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი, მარიამ საჯაია, გიგი წერეთელი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და პეტრე ცისკარიშვილი და მეც... ეს ჩვენი გზაკვალარეული პრეზიდენტი ხარება დღეს თურქებს რომ არ სტუმრებოდა, ალბათ ეშმაკი მიატოვებდა გაჭირვების ჟამს. თუმცა, საღამოს მაინც მოასწრო სოციალურ ქსელში მართლმადიდებლებისთვის მოლოცვა, ალბათ ურჩია ვინმემ... სამაგიეროდ, დედაქალაქში, კანცელარიის წინ 2 ძალა აქტიურობდა დღეს – აბორტის მომხრეები და მოწინააღმდეგენი. საინტერესო ის იყო, რომ ერთი მხარე სიცოცხლის უფლებას იცავდა და მეორე – ქალთა უფლებებს. არადა, ქალი სიცოცხლის საწყისი რომაა მაგას ჩვენ ჯერ კიდევ საბავშო ბაღში გვასწავლიდნენ... პ.ს. მესმის, რომ იმ სამყაროში, სადაც ოცნებები სრულდება, რთულია ისეთი ქვეყნის მართვა, სადაც ადამიანები მეზობლის ძროხის სიკვდილზე ოცნებობენ... ორიენტირება მხოლოდ სივრცეშია შესაძლებეი და არა სიცარიელეში... ისიც მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვიდრე სხვისთვის სულში ჩაფურთხებას გადაწყვეტ, წესით, ქარის მიმართულებაც უნდა აკონტროლო და ვიდრე რამეს იტყვი, კიდევ ერთხელ გადაამოწმო კავშირი ენას და ტვინს შორის... ხარების მადლი და სიხარულის უნარი არ გამოგლეოდეთ ადამიანებო! ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  15. პირველი აპრილიც გავიდა და კარგი სიახლეებიც ამოიწურაო, არადა, კიდევ რამდენი სასიამოვნო რამის მოტყუება შეიძლებოდა!.. ჩემი ერთი მეგობარი, ისე იყო გუშინ მობილიზებული და თავისარმოტყუებაზე ორიენტირებული, რომ ლამის კალენდარიც უარყო... ჰოდა, ამიტომაც, აღარ ვუთხარი, რომ ძალიან მესიმპათიურება. მაინც არ დაიჯერებდა და რა აზრი ქონდა?.. დაელოდოს, იმ დღეს, როცა სიცრუის დეტექტორზე შემაერთებენ... და იყო გუშინ პირველი აპრილი, თან ორშაბათი… ასეთი პარამეტრებით, ზოგიერთს, შესაძლოა, სახლიდან გასვლა არც უღირდა, მაგრამ, ჩემთვის პირველი აპრილი ის დღეა, როცა თავის მოტყუებაც კი გვეპატიება. ორშაბათი მძიმე დღეა. 1 აპრილი ხუმრობის და „ციგნობის დღე“, – როგორც ბებიაჩემი ამბობდა. მე, პირადად, კარგახანია, სულ წინსწრებით მეხუმრება ყოფითი ყოველდღიურობა და სასიამოვნო მომენტებიც ვერ დავიჭირე პროცესში, მაგრამ, ნელ–ნელა დავიხვეწები, იმედია. სულ ვამბობ – წინასწარ არაფერი უნდა დაგეგმო. ყველაზე რეალისტური რამეც კი, თორემ, ფაქტი სახეზე ვარ... როცა ადამიანებს არაფერი გამოსდით, ცდილობენ, რაღაც შეცვალონ ცხოვრებაში. სახელმწიფოები ასეთ დროს გარდაქმნებს იწყებენ. ბევრი იქნება მკითხველებში „ნაპერესტროიკალი“ და მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. 31 მარტს ყველას ახსოვდა რეფერენდუმი და ზვიადი... მე ის თაობა ვარ, ეპოქალური კუმირების წყალობით, ბევრი ზვიადის, ბევრი მიშას და ბევრი ბიძინას დაბადებას რომ მოვესწარი... მეტს არაფერს ვიტყვი... 31 მარტი „თავისუფალი თეატრის“ დაბადების დღეცაა...რა თქმა უნდა, ტორტი და საუკეთესო განწყობა გამოვტოვე, მაგრამ ეგ დასი სხვებზე ნაკლებად არ მიყვარს და, მაესტრო ვარსიმაშვილმაც იცის ეს. დაგვიანებულ გაზაფხულში საშიში არაფერია. მეცნიერებიც ამბობენ, რომ მსგავსი რამ რამდენჯერმე უკვე მოხდა გამყინვარების პერიოდის დასაწყისში... თქვენი არ ვიცი და მე, ზოგჯერ, ისე ძალიან მინდება ხელისუფლების წარმომადგენლების უკან, სკოლის მერხებთან მისკუპება, რომ კარგად ისწავლონ ბავშვობიდან განსხვავება სიტყვას და საქმეს შორის. ვინც ვერ გაიგებს, იმისთვის როზგიც მოინახება სადმე და „ლინეიკაც“... არც ისეთი ოპტიმისტი ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე, ერთხელ გამყიდველი მეორედაც რომ გაგყიდის და, თუ დაჭირდა, მესამედაც გადაგყიდის... ოპტიმიზმი ინფორმაციის ნაკლებობამ იცისო, დიდ ფაინას თუ დავუჯერებთ...პანიკას ნუ მიეცემით! სიმართლე ზედმეტი არასოდესაა. თანაც, ჭარბი სიმართლის სარფიანად გაყიდვაც შესაძლებელია. იმდენი რამ მოხდა და გადაგვხდა, დროა შვთანხმდეთ, რომ ადამიანი ადამიანისთვის ან ბატონია, ან ამხანაგი, ან მოქალაქე!.. „მე, რომ ქვეყნის პირველი პირი ვიყო და ხალხს ვერცერთი დანაპირები ვერ შევუსრულო, თავს მოვიკლავდი“,– ასე თქვა ეროვნული მოძრაობის ფესვებიდან ამოსულმა ირაკლი წერეთელმა. ვისზე იტყოდა? ჯერ–ჯერობით მხოლოდ სააკაშვილზე. ეგ გვპირდებოდა ნატოს, მაგრამ „მაპი“–ც კი მხოლოდ „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილში“ მოგვცეს. რუსეთმა სააკაშვილის დროს ცნო აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, სამაგიეროდ მიშა 31 მარტს რეფერენდუმით და მისი ისტორიული ღირებულებით ამაყობდა. გოკამ რა? გოკა მარტო გაბრწყინებულ საქართველოს გვპირდებოდა ეკრანიდან და კი აისრულა ეგ ხედი ოთახიდან ოთახში გამავალ ფანჯარაში. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და საქართველოს მოჯადოებულ წრეზე სიარული უნდა დასრულდეს. ვითომ ჯადო ნაპოვნია? უწყებათაშორისი კომისიის წევრი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი, ოპოზიციის აქტივისტთა საგამოძებო ორგანოებში დაბარების ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთებულია. ვისაც ხელი მიუწვდება, ეგებ მოახერხოს და მიართვას კიდევ ერთხელ ამ ქალბატონს გაბანტული და სათუთად შეფუთული 2 აგური, თუნდაც 19 აპრილის აღსანიშნავად... ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მურსის საქართველოში ჩამოსვლა მოსურვილებია. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა "ფეისბუქის" გვერდზე დაპოსტა, – „ ეგვიპტეში დასასვენებლად ყოფნის დროს გადავურეკე და მოვიკითხეო“. ვიცი მე მაგის გადარეკვა და მესიჯები – დაიწყებდა ვიშ–ვიშს – არიქა, „ლაპატნიკი“ სახლში დამრჩა, ან ახალი ხელისუფლების მებაჟეებმა თბლისის აეროპორტში ამომაცალეს და არიქა, მომხედეო! ძალიანაც კარგი, თუ მაინძელი სახლში არ დახვდა... ჩვენი არაადექვატური პლაჟზე მზია ბებოს გაკეთებული ხაჭაპურს მოუტეხდა და ეგვიპტისა კიდევ აქლემის რძეში მოხარშულ სიმინდზე გადაიპატიჟებდა. რას ვართ გადარჩენილი! მე ის მაინტერესებს, ვის ხარჯზე ეპატიჟება საქართველოში ეს იმ „შავ კაცს“? ფაქტია, რომ მიშა შეჯდა აქლემზე და გააჭენა! ანუ, მიმიფურთხებია თქვენი დიპლომატიური მისიებისთვისო!.. „უპატარძლო“ მისიებით კიდევ რა გინდა გააკეთო ბრიტანეთში, გერმანიაში,, ჩინეთში, ბულგარეთში და გაეროში მითუმეტეს...ჰოდა ორკვირიანი ვადაც მალე გაივლის, თანაც იმ საკრალულ 19 აპრილამდე... ვანომ, –რას გვიშვება ეს ნანუაშვილიო! პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი რომ მიაწებეს ჩემს ბედ და ნაცკრულ ქვეყანას, კიდევ ჰოო და ახლა უნდათ, ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე ქვეყნის სტატუსიც აჰკიდონო. არადა, ქვეყანა რა შუაშია ? ლაფანყურში ჯიპებით იმ ღამეს ქვეყანა დარიხინებდა? ვანოს ხუმრობას რომ ჩასწვდე, იუმორი საერთოდ არ უნდა გქონდეს და, ზოგადად, მაგ სფეროში აშკარად გვიჭირს უმცირესობაშიც და უმრავლესობაშიც, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. დღეს პარლლამენტს გარემოს დაცვის მინისტრი ესტუმრა. ეგ გარემო ნამდვილად კია მისახედია მინისტრის დონეზე, თორემ დავრჩებით სტერილურები ისეთ უცნაურ კანონებზე მსჯელობენ... ლეიბორისტები სხვა პარტიებს კანდიდატურებს გიორგი გუგავას სასარგებლოდ მოხსნისკენ მოუწოდებენ. კარგით ახლა! გავიცინეთ და გვეყოფა! იმედია, ეს გუშინდელი ხუმრობა იყო, საპირველაპრილო. აბა ასეთი გულუბრყვილობაც სად შეგვიძლია ხალხო... ვიცით შალვა! შენ გგონია, ჩვენ არ ვიცით, რა რთულია დინების საპირისპიროდ ცურვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დინების მმართულებით ნიანგები მოცურავენ... დიდი სიურპრიზი 19 აპრილსო ვანომ! რა იქნება, მოდით და გაიგებთო… რომ მივიდეთ და არ მოგვეწონოს, მერე ბილეთის ფულს დაგვიბრუნებენ თუ სიამოვნებას სხვა ზომაში გადაგვიცვლიან ნეტა? ამათ ჩვენ სიურპრიზის ხამები ვგონივართ? მამუკა ღლონტს მინისტრობას უპირებენო და იყო თუ არა ეს ნიუსი საპირველაპრილო ტესტი, მალე გავიგებთ. 1 აპრილს სპეციალურად დაამთხვიეს – რეაქციები გადაამოწმეს. თუ ტაში მოყვა, მართალი გამოდგება, თუ წყევლა–კრულვა და საკადრო პოლიტიკის დედის მოკითხვები, მაშინ იტყვიან, რა იყოთ ხალხო, ვიხუმრეთო! ტვინით ყველა დაგვაჯილდოვა განგებამ, უბრალოდ ეგაა, ყველა ვერ გაერკვა სათანადოდ ინსტრუქციაში... ამასობაში კი ბაჩანა ისევ სასამართლო რეჟიმშია, მერია „გრინსერვისთან“ თანამშრომლობას ჯიუტად განაგრძობს, ხოლო მთავარი პროკურორი „ნაციონალდალეულ“ პროკურორებს იმიტომ არ ანთავისუფლებს, რომ სახელფასო კრედიტები ჰქონიათ ბანკებში. არადა, ზოგჯერ, ადამიანურობის მწვერვალიდანაც შეიძლება გადაიჩეხო... ყველაზე დიდი სტიმული, ისაა, როცა გეუბნებიან, რომ რაღაცას ვერ შეძლებ. დამატებითი სტიმული თუ სჭირდება სასწრაფოდ გასაკეთებელ საქმეს, ეგეც არაა პრობლემა – ადრე ნარეცხ წყალს უნიტაზში ასხამდნენ, ახლა ეგ მასა ინტერნეტში მოედინება... თუ შევურევთ და, თანაბარი პროპორციებით, კარგად ავთქვეფთ სასიამოვნოს და სასარგებლოს, პროცედურის ბოლოს, არაა გამორიცხული, ზომიერი საძაგლობა გამოგვივიდეს... ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი ნათქვამის დავიწყება, დროთა განმავლობაში ივიწყებენ ჩვენს საქციელსაც, მაგრამ არასოდეს ივიწყებენ ჩვენგან დატოვებულ შეგრძნებებს... თუ რაღაც მომენტში ადამიანების გაცურება მოახერხეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ბრიყვია. ეს უფრო იმის მიმანიშნებელია, რომ ადამიანები იმაზე მეტად გენდობოდნენ, ვიდრე ამას თქვენ იმსახურებდით. და რა საოცარია, როცა სიმართლეს სიცრუის დეტექტორისგან ელიან. ყავამშვიდობისა, ხუმრობის გარეშე! კატო ჩულაშვილი
  16. ოლბერსის ფოტომეტრული პარადოქსი, გასულ საუკუნეში ჰაბლის კანონით გაბათილდა, როცა სამყაროს უსასრულობის ვერსია სამყაროს სასრული ასაკით გადაიფარა. აი ჩვენს თანამედროვე წვრილ–წვრილ და ასაკობრივი გამონაყარივით მტკივნეულ პარადოქსებს როდის ეშველებათ არ ვიცი... ჩემთვის, ყავის კამპანიაში, ვფიქრობდი და ფიქრი ცოტა ხმამაღლა მომივიდა, მაგრამ, როგორც ჩემი „ფიზიკა“ იტყოდა, – ძირითადად ეგრეა! ფიზიკოსებს ყველაფრის ახსნა შეუძლიათ, ყველაფერზე აქვთ პასუხი.. ესეც ხმამაღლა გამომივიდა! უნდა მეთქვა– თითქმის ყველაფერზე... ოხ ეს გაუთავებელი ფორმულები... კანონები... შეხვედრები... ბანკეტები... ორ–ორი სათაური და გამსკდარი ბიაზი... წეღან ვფიქრობდი, რომელმა სულელმა ექიმმა დაუნიშნა პაციენტს დრო თერაპიად? თუ რეალურად და ფიზიკის კანონებით მივუდგებით, დრო საუკეთესო გამცილებელია საფლავამდე... დროის ფასი ჯერ–ჯერობით ჩვენს ეროვნულ ბირჟაზე ვერ ჩამოყალიბდა, არც მოთხოვნაა მაინც და მაინც. სამაგიეროდ იმაზე შევჯერდით, რომ, რაც უფრო ნაკლები ღირს ადამიანი, მით უფრო ძვირად აფასებს თავს და, რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, საქონელი ეყიდება.. პარადოქსების ძიებაში, კაცობრიობამ, მთელი თავისი სრულყოფილება და სიმშვიდე ერთ ვაშლს და ცნობისმოყვარეობას ანაცვალა. იმიტომაც გამოაბრძანეს სამოთხიდან... გაგვიმარჯოს „დასჯილებს! „ ადამიანი უცნაური და პარადოქსალური არსებაა – სინდისდაკარგულებიც კი გამუდმებით სამართალს დაეძებენ... რამდენიც არ უნდა აჭამო ჩინოვნიკებს, მათი მზერა მაინც დასავლეთისკენაა მიპყრობილი... რამდენიც არ უნდა აჭამო კურდღელს, მაინც მგლის ეშინია! მგელზე და კურდღელზე გამახსენდა! პუტინს „მთავარი დამნაშავე“ გარდაეცვალა და მოუთხოვია, ოლიგარქების ახალი სია გამიმზადეთო! კურდღლის უპატივცემულობა რომ არ დაგვწამონ, აქვე იმასაც ვიტყვი, რა თქვა ჩვენმა მიშამ: –„ ჩემი არსებობა დაივიწყეთო! ბათუმს შველა ჭირდებაო!“ როგორია, ასე ერთბაშად მაგის დავიწყება? ნეტავ რამდენმა წყალმა უნდა ჩაიაროს ბათუმის ქუჩებში, რომ სააკაშვილის კვალი წაშალოს? რა ქნას მეტი? გულნატკენმა და განბერკეტებულმაც კი შეძლო სამდღიანი განტვირთვის მოწყობა. მეტიც! საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის, კონკურსი გამოაცხადა. ეკონკურსება ახლა მაგას?! მაგრამ ასე რომაა საჭირო?.. ყველა ღონე უნდა მოვიკრიბოთ. წლევანდელი ზაფხულისთვის განსაკუთრებული გამძლეობა გვჭირდება... ეგ რომ „მომაკვდავი გედის“ სიმღერას წამოიწყებს, ჩვენ ნერვებს არ უნდა ავყვეთ.... მძიმე იქნება უკანასკნელი ზაფხული მიშასთან ერთად, მაგრამ, სამაგიეროდ, იქნება უკანასკნელი! და ამაში არაფერი იქნება პარადოქსალური. ეს იქნება ფაქტი! პარადოქსია, რომ ასეთი გულახდილი და პირშიმთქმელი ვანო არც უარყოფს და არც ადასტურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალების ფაქტს და საკუთარი აზრის მკვეთრად და ნათლად გამოსახატავად, მის გაფრთიანებას ცდილობს. რაო? და„ცნობა ჩვენი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულიაო!“ ვანო! მაგ ფრაზის ავტორი რომ მიგეთითებინა, უფრო კარგი ტიპი იქნებოდი ჩემს თვალში. ისე, ახლაც არაგიშავს – მარკ ტვენის პლაგიატორობა შენთვის უკვე მიღწევაა და, თანაც, თუ რომელიმე ფაქტი დადასტურდა, ცხონებულს გადააბრალებ... ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამტეხა ერთმა პარადოქსმა – ვანუატუ უკვე აღიარებულ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებსო! 10 მილიონ დოლარში როგორ გაგვცვალე სატო კილმან! შე კაცო! ... მიზნობრივად მაინც დაგეხარჯა ჩვენს უბედურებაზე ნაშოვნი ფული?! ვანუატუს დაკაცებას რომ მოხმარებოდა, ასე არ გვეტკინებოდა... აი მოუმესიჯებს ჩვენი „პრეზიდენტი“ თქვენს მაონა კალოსილს და ნახავ, თუ არ დააჭერინებს შენს თავს! არ უყვარს მაგას ფულის არამიზნობრივად მხარჯველები და სხვა ქვეყნის პრემიერ–მინისტრებიც ხალისით ემესიჯებიან, საქართველოს პრემიერისგან განსხვავებით... ყველაზე სასიამოვნო პარადოქსი ისაა, რომ გიგიმ ზუსტად იცის რა სჭირდებათ თბილისელებს! ისიც, რომ თეა თუთბერიძეს ზოგჯერ წინა ხელისუფლების მხარდამჭერობის სცხვენია და , რომ მხოლოდ თუთბერიძის ტიპის მდედრების კი არა, პოპულარული რუსული საიტების მთავარი თემაც ისაა – როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი? თუნდაც ის, რომ რუსებს ატანა არ აქვთ ებრაელების, მაგრამ იტანენ... მაგალითად ის, რომ ახალაიას აპარტამენტებზე არ შემოუხევია ზოგიერთ ისე, როგორც კონსტანტინე სურგულაძის ანტიალერგიულ მტვერსასრუტზე. პარადოქსია, რომ ლაურა ღაჭავა და დავით კოდუა წინა ხელისუფლების მსხვერპლი ყოფილან... მაგ კრიტერიუმით, ბაჩოც „მსხვერპლი“ გამოდის, თუ უფრო ახლო ნათესავი არა... პარადოქსია, რომ აგრარული უნივერსიტეტის მეპატრონეს ატანა არ აქვს მიწათმოქმედების... ის, რომ, ძალიან ხშირად საკუთარ ცხოვრებაში მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს ვთამაშობთ. რომ მერიაზე და მთავრობაზე განაწყენებული ქართველი პენსიონრები კონდუქტორებს და კონტროლიორებს ცემენ. რომ ნაციონალების დაარსებულ დასაქმების სამინისტროს მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის 57 640 ლარი უნდა დაიხარჯოს; პარადოქსია, რომ მონოპოლისტები უფლებაშელახულების ხმით წუწუნებენ; პარადოქსია, რომ ადამიანები თვეში 125 ლარად არსებობას ახერხებენ; პარადოქსია, რომ მორალის დამცველებად სხვის საწოლთან „სანთლის დამჭერები“ გვევლინებიან; ისიც პარადოქსია, რომ კარგი ქმრები უფრო მეტია, ვიდრე ბედნიერი ცოლები. რაოდენ პარადოქსალურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სენატორ ჯონ მაკკეინი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხოლო გივი თარგამაძეს თავისი ქვეყნის კონსტიტუციის იმედი აქვს რუსული მართლმსაჯულებსგან თავდასაცავად. ზოგიერთისთვის ისიც პარადოქსია, რომ ჩინეთი მსოფლიო ვაჭრობის ლიდერი გახდა და შტატებს მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან გამოყოლილი პირველობა აახია. და რომ ასეთი მიღწევის ფონზე, ჩინეთის ახალი პრემიერ–მინისტრის სახელი და გვარია ქე ციანი! პინციპში, დიდი ამბავი! ჩვენ უფრო მაგარი გვყავდა – იოანე გაღლეტილი. პარადოქსია, რომ საარსებო მინიმუმს წინა და ახალი ხელისუფლება ერთნაირად ითვლის. პარადოქსია, რომ აშშ-ის ჯარში თვითმკვლელობით გაცილებით მეტი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე საომარ ოპერაციებში. პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია – მოსამართლე დალი მეტრეველს სულაც არ გასჩენია სინანულის გრძნობა, რომ გვანცა ყუფარაძეის განაჩენი „საკუთარი გადაწყვეტილებით“ გამოიტანა. პარადოქსია, როცა კუბლაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზებზე და სამართლებრივი სტაბილურობის საფრთხეებზე საუბრობს. პარადოქსია, რომ ქართველი „წარმატებული“ პოლიტიკოსი ქალები, რატომღაც, წარუმატებლები არიან შვილების აღზრდაში.... პარადოქსია, რომ ქალაქის პროკურორი გახდა მაია მწარიაშვილი, როცა ამ ქალაქში უკეთესის მოძიებაც შეიძლებოდა... პარადოქსია, როცა დარჩიაშვილი ამბობს, –„ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არც შესაბამისი პოლიტიკური განათლება და არც შესაბამისი დიპლომატია, რომ პრეზიდენტობის კანდიტატად დასახელდესო“... როცა ჯერ კიდევ მომქმედი პრეზიდენტის ცოცხალი მაგალითი სახეზეა. პარადოქსია, რომ თვალთმაქცობა ყველაზე საიმედო მეთოდია გადარჩენისთვის.. პარადოქსია, რომ ლიდერობის უნარ–ჩვევების გამოსამუშავებლად დილით ავტობუსში ასვლა საუკეთესო მეთოდია. პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია – გრიგოლ ვაშაძე 2008–ის დეკემბერში, რუსეთის კულტურის მინისტრს კულტურული თანამშრომლობის გაღრმვებაზე წერდა ოფიციალურ წერილებს.თან, არც მეტი, არც ნაკლები, „ერისიონს“ სთავაზობდა საგასტროლოდ. პარადოქსია, როცა Facebook-ის დამფუძნებელი მსოფლიოში ყველაზე ახალგზარდა მილიარდელი პოლიტიკაში მოდის და „ სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი პოლიტიკიდან მიდის. პარადოქსია, რომ საქართველოს პირველი ლეიბორისტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას და ქვეყანაზე, ხალხზე და საქართველოს ჩიხიდან გამოყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს. პარადოქსია, როცა ნაციონალური მოძრაობა კონკურენტ პოლიტიკურ ძალას ტყუილებს და ვადებს უთვლის. პარადოქსი არა, მაგრამ ძალიან ემოციურია, რომ, მარტის ბოლოდან, ლაგოდეხში ძროხებს დააპატიმრებენ და ლაგოდეხის რაიონის გამგებლის მოადგილე, გიორგი ბიჭიაშვილის თქმით, „დაპატიმრებული" საქონლის გამოსყიდვის საფასური 50 ლარი იქნება, 20 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ძროხა გაიყიდება და თანხა ბიუჯეტში შევა. პარადოქსებს რა გამოგვილევს, მაგრამ აქსიომებზე გადავიდე ის სჯობს... აქსიომა 1: სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ; აქსიომა 2: ჭკვიანები სწავლობენ სხვის შეცდომებზე; დასკვნა – ჭკვიანები სულელებისგან სწავლობენ! . ბოლო დროს საინფორმაციო გადაცემები სულ უფრო ემსგავსება სერიალებს: ერთი და იგივე მთავარი პერსონაჟები, ყოველი გამოშვების შემდეგ გვამცნობენ, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუმცა სიუჟეტის განვითარება მარტივად გამოსაცნობია და ვიღაცისგან პარალელურ რეჟიმში იწერება კადრს მიღმა... ყველაზე ამაზრზენი პარადოქსი? თითქოს ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ მაინც უღმერთობა ზეიმობს! ხვალიდან ახლებურად ცხოვრების იმედი ადამიანში სიკვდილამდე ცოცხლობს. ცხოვრება კი, შესაძლოა, მართლაც მშვენიერი იყოს, თუ არ გაიხსენებ წარსულს და არ იფიქრებ მომავალზე... რა უმსგავსობაა – რომის პაპი არც შავკანიანია და არც ქალი!? ღმერთო! საით მიექანება სამყარო!.. ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  17. ისევ ორშაბათი... კიდევ ერთი... თუმცა, ისეთი განწყობა მაქვს, თითქოს, გასული კვირის ყოველი დღე ორშაბათი იყო... არადა, რით ვერ შევეჩვიეთ – გამოსასვლელი დღეების შემდე, კვირის პირველი 5 დღე ყოველთვის "ჭირს"... წინა ორშაბათს დაწყებული ინფორმაციული შტორმი კვირას ნატურალური შტორმით დასრულდა. მეტეოროლოგიური გაზაფხული, თავისი პარამეტრებით, აბსოლუტურ თანხვედრაშია პოლიტიკურ გაზაფხულთან – ნერვებ–სურვილებ და საღერღელაშლილი, პრინციპებაჭრილი და დაუკმაყოფილებლად მჩხავანა... თუმცა, რაც ჩვენ ცვალებადი მოღრუბლულობები და ქარაშოტები გადავიტანეთ უახლოეს 9 წელიწადში, იმ ფონზე არც ქარწაღებული და არც წყალწაღებული აჭარა და გორი მიკვირს. თავს იმით ვინუგეშებ, რომ „რუსწაღებულს“ ყველაფერი სჯობს. რაღაც სხვანაირი წაღება იციან მაგათ – აღარც აბრუნებენ და ვეღარც ვიბრუნებთ... მთელს აჭარის სანაპირო ზოლს რამდენად, არ ვიცი, მაგრამ ბათუმს რომ შტორმის გარეშეც ემუქრებოდა დატბორვა, თანაც ფეკალიებგაჯერებული წყლის რესურსით, მაგას არც სინოპტიკოსობა ჭირდებოდა და არც პოლიტიკოსობა. შეიძლება ითქვას, ბუნებამ ერთი პრობლემით მეორე გადაჭრა. რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, მაგ დროისთვის ზღვა მაინც სუფთა და ჯანმრთელობისთვის შესაბამისი ნორმის ფარგლებში იქნება, თუ მაგ სამსახურშიც არ განხორციელდა წმენდა არა პოლიტიკური, მაგრამ ეგებ კვალიფიციური ნიშნით... წმენდაზე დღეს დავიმოძღვრეთ განათლების მინისტრის მოადგილისგან – არ შეიძლებაო! დაიცადეთ და მოითმინეთ 1–2 წელიო და თქვენც გეშველებათ – თვითდასაქმებულებს და დაუსაქმებლებსო. ანუ, ზურაბიშვილის აზრით და ფორმულირებით, სჯობს ნაკლებკვალიფიციური, ან თუნდაც არაპროფესიონალი იჯდეს ისევ თავის ადგილას, ოღონდ ამან ოპოზიციის აღშფოთება არ გამოიწვიოს და დემოკრატიული ღირებულებების უპატივცემულობა არ დაგვაბრალონ თეას და ჩიორას წივწივით შეშფოთებულმა გადამთიელებმა. რაც განათლების სამინისტროში და მთლიანად სისტემაში ხდება, კადრების თვალსაზრისით, მაგაზე პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს, ბატონი დავითი იღებს. ვშიშობ, არაერთხელ მოუწევს უხერხულ სიტუაციაში ყოფნა არა მხოლოდ სკანდალური და გახმაურებული თემების გამო. თუნდაც იმის გამოც, რომ სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე, სამინისტროს შესაბამისი კომპეტენციის თანამშრომელი, საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ არ უნდა აცხადებდეს, ამ ვაკანსიის, მოსალოდნელ რესტრუქტურიზაციის ქვემდებარობის შესახებ. რაც პოპულარულ ენაზე იმას ნიშნავს, რომ, თქვენ კი ხართ შესაფერისი კადრი, მაგრამ თავად სამსახურის ფუნქციაა ჯერ ჩამოსაყალიბებელიო. მგონი, პირველ ეტაპზე, მაინც სტრუქტურაზე ჩამოყალიბება და ვაკანსიების შემდეგ განთავსება სჯობს, თორემ, ეჭვი ოხერია, ბატონო დავით! როგორც გურულები ამბობენ, „მარცხი ელანძეა“! და მერე პასუხები თქვენი თანამშრომლების ნეპოტიზმის თემაზე, არაა იოლი. კიდევ რისი თქმა მინდოდა იცით, მე, როგორც მშობელს, მაწუხებს სკოლაში ზუსტადაც ნაციონალი აქტივისტი მასწავლებლების არსებობა, რომლებიც, სხვათა შორის, არც დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და არც საჩვენებელი მორალით. სხვა საკითხია მათი ანაზღაურება. როცა მასწავლებლის ხელფასზე ვფიქრობ, თუნდაც მომატებულზე, სულ მგონია, რომ მთავრობაში გამუდმებით არიან შურისმაძიებლები ოროსნები. მინიმალური ხელფასი ხომ ცხოვრების მინიმალურ ხანგრძლივობას განაპირობებს... თუ ღატაკები ერთბაშად მოინდომებენ სიღარიბის ზღვარზე გადაბიჯებას, ამისგან არც მეტი–არც ნაკლები – რევოლუცია გამოვა. არადა, რევოლუციებს მოვრჩითო! ერთი ცნობილი ხუმრობა მახსენდება ხოლმე, როცა ხელისუფლებაში მოსულნი საზოგადოების დამოძღვრას იწყებენ მოთმინებაზე და მოქალაქეობრივ აზროვნებაზე: მათ ვისაც აქვთ ტვინი და კავშირები, მიდიან ბიზნესში; ვისაც აქვთ ტვინი, მაგრამ არ აქვთ კავშირები – მეცნიერებაში, ხოლო მათ ვისაც აქვთ კავშირები, მაგრამ არ ყოფნით ტვინი – პოლიტიკაში "რჩებიანო"... ვაღიარებ – ყოველთვის პატივს ვცემდი ბიზნესს და მეცნიერებას... თუ ბატონ დავითს მიაჩნია, რომ ნაციონალური აგენტურით სავსე სოციალური უზრუნველყოფის სამსახურიც „კადრშეუცვლელი“ უნდა დარჩეს, მაშინ გასული კვირის „მშიერ შოკზეც“ თავისი პასუხი და არგუმენტი ექნება. ვიდრე გაუგებარი კრიტერიუმით შერჩეული, საშიშად აგრესიული სულიერი მდგომარეობის ადამიანების გადასაწყვეტი იქნება კონკრეტული ოჯახის არსებობის და ყოფნა–არყოფნის საკითხი, არამგონია, ამ საქმეს რამე ეშველოს. და აი თემაც, რომელზე საუბარ გავურბივარ, ისევ შოკის გამო.თემა, რომლის მიმართ, საკუთარ ხალხზე მზრუნველმა პრეზიდენტმა, თავისი დამოკიდება საშინლად ცივილურად – რეზიდენციაზე დროშის დაშვებით გამოხატა. პრეზიდენტი გულდათუთქულია და სულაც არაა ძნელია ამაში ეჭვი შეგეპაროს... თვითმარქვია 9 წლის საპრეზიდენტო ვადაში ცხვირის ხელით მოწმენდას ვერ გადაეჩვია. მისი ჩვეულებები რჯულზე უმტკიცესი რომაა, დღევანდელი ბაგრატის ტაძრის არქიტექტორთა დაჯილდოვების ცერემონიალზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, მაგრამ, სააკაშვილი ჩვენი დამსახურებული სახადია, რომელიც უნდა მოვიხადოთ და ამას შევეგუეთ უკვე... სამყაროში ყველაფერს აქვს არსებობის უფლებაო, მაგრამ, არის რაღაც–რაღაცეები, რისი არსებობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მგლის შიშით ცხვარს არ წყვეტენ და ახალი ხელისუფლება, ნაციონალების შიშით, ამომრჩევლის წელში გაწყვეტას ნუ დაიწყებთ და ნურც კადრებში დაიკარგებით! თქვენი დაკარგვა ჯანდაბას, ჩვენი ოცნებები მენანება. გასულ კვირას ბევრი და განსხვავებული აზრი, პროტესტი და ბრალდება გამოითქვა იმ პატარა ბიჭუნას სიკვდილის ფაქტზე. ჩემთვის, როგორც შვილის შიმშილგამოვლილი დედისთვის, ამ ტრაგედიის მთავარი დამნაშავე მაინც მშობელია, უყურადღებო, უპასუხისმგებლო და სიტუაციასშეგუებული მშობელი და მერე ყველა დანარჩენი – ახლობელი, მეზობელი, ექიმი, გამგებელი, გუბერნატორი, ნაციონალი თუ მეოცნებე, ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ფაქტია – სოციალური ფონი კატასტროფულია. დღეს საქართველოში ხალხი შიმშილობს, თანაც ყველა ასაკში. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დავითვლით და ავანაზღაურებთ. ადამიანის დაკარგვა ზარალი არაა, დანაკლისია. ანდა, როგორც ოფიციალურ წყაროებში მოიხსენიებენ – მსხვერპლი. სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ჩვენი გულგრილობის და უმოქმედობის მსხვეპრლი... განათლების მინისტრის მოადგილისთვის, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები, რომლის სტატისტიკითაც საქართველოში, თითქმის 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ანუ მოიხმარს დღეში დაახლოებით, ორ ლარს. აქ ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება კითხვა – როგორ შეიძლება გამოკვებო ბავშვი დღეში 2 ლარად. მხოლოდ გამოკვებო, სხვა არაფერი. მანდვე ჩნდება მეორე კითხვა – თუ 30 დღეზე გაყოფთ თქვენს მიერ დათვლილ საარსებო მინიმუმს, რომელსაც სექტემბრიდან პენსიონერთა შემოსავალი გაუტოლდება, თქვენი აზრით, რამდენი პენსიონერი შეძლებს ჯანმრთელობის კი არა სიცოცხლის შენარჩუნებას? აქვე დავაფიქსირებ ჩემს გაოცებას ნაციონალურ და ოცნებისტურ გამოთვლებთან დაკავშირებით. რა საეჭვოდ და საოცრად ემთხვევა ამ ორი დაპირისპირებული მხარის მიერ დათვლილი საარსებო მინიმუმი?! მესმის არგუმენტი, რომ ბიუჯეტს ამ დროისათვის მეტის საშუალება არ აქვს და მაქსიმუმი კეთდება, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, რომ მშიერი ადამიანი არ დაამცირო და არ აიმხედრო. უბრალოდ ცოტა მეტი ადამიანობა, მეტი პასუხისმგებლობა და იმის ხშირად გამეორება, რომ მაგ სავარძელში უკეთესი ქვეყნის დაპირების გამო ზიხარ. ის უკეთესი ქვეყანა კი შენთვისაც უკეთესი იქნება, ჩემთვისაც და იმ დამშეული მოხუცისთვისაც... არაა ეს ძალიან რთული. კარგია, რომ ძალოვანი უწყებები განსაკუთრებულად ზრუნავენ საკუთარი კადრების სოციალურ მდგომარეობაზე, კარგია, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დაწესდა სახელფასო დანამატები და ასევე ერთჯერადი დახმარებები დაქორწინების, შვილის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. თანაც ეს დახმარება 1000 ლარიანი იქნება. აი მანდ ვარ მეც – უბრალო არითმეტიკასთან – ჩემი ყავის ნალექით. თუ ვიცით, რომ საკუთარი თანამშრომლისთვის ერთჯერადი დახმარება 1000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, რომ ხელფასთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს სჭირდებათ დანამატი, რომ ხელშეწყობა ჭირდებათ მარტოხელა დედებს, მაშინ როგორაა საარსებო მინიმუმი ამ ქვეყანაში 150 ლარი? თუ რა ვქნათ? ყველა მარტოხელა დედა პოლიციაში და თავდაცვაში წავიდეთ სამუშაოდ? სადაა ამდენი საჩვენო ვაკანსია, თორემ –სიამოვნებით... მგონი მაინც აჯობებს, დავასახელოთ საარსებო მინიმუმის რეალური ციფრი და განვმარტოთ, რომ ახლა ამაზე მეტის საშუალება ხაზინას არ აქვს?! ადამიანებს აღარ ექნებათ გაბრიყვების მცდელობის შეგრძნება და ყველაფერს, შედარებით, გაგებითაც მოეკიდებიან. ერთი კონკრეტული თხოვნა შესაბამის სტრუქტურებთან პენსიონერთა სახელით – ეგებ პენსიონრებს მოუგვაროთ კომუნალური გადასახადების პენსიის ვადებში გადახდის უფლება. პენსიონერთა დაზღვევის ამბავი – ცოცხალი ანეკდოტი – ძვირფასო პენსიონრებო! გამოიჩინეთ წინდახედულება და ავად გახდომამდე 2 კვირით ადრე ჩაეწერეთ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე, თორემ, ისე, 2 კვირის შემდეგ მოგიწევთ რიგი. მთავარია, რიგმა მოგიწიოთ და არ გიწიოთ ხელისუფლების ცოდვებმა! სხვა ყველაფერი კარგად იქნება... რას დავაკვირდი იცით, – ყველაზე მძიმე სატარებელი ცარიელი საფულეა. რა ჯანდაბაა, როცა ყოველ დილით , ოფისში მიმავალს, იმ დედა–შვილის ქუჩში დანახვა გიხარია, ჩხუტებულები რომ სხედან დაბალ, ბრეზენტის გასაშლელ სკამზე. მათი სინაყრის ხარისხი, ყოველ დღე, გამვლელ–გამომვლელის განწყობის მიხედვით იგეგმება. ჩააგდებს თუ არ ჩააგდებს? ჩაივლის თუ შეჩერდება?.. გასული, ანუ პირველი გამოცხადებული ქარიშხლის მერე აღარ ჩანან. იმ დღეს ძალიან გავბრაზდი დედაზე, როცა ქარისგან და მტვრისგან სუნთქვაშეკრულ და მოხითხითე ბიჭს შევხედე, მაგრამ საყვედურისთვის ენა არ მომიბრუნდა. გუშინ 1 კვირა შესრულდა, ისევ არ ჩანან. დღეს მე ვერ მივაღწიე ოფისამდე. .. ბავშვები დიდობანას თამაშობენ, დიდები ღმერთობანას, ხოლო ღმერთები, ალბათ, ადამიანობანას... ყავამშვიდობისა და მშვიდობიანი კვირა ადამიანებო! კატო ჩულაშვილი
  18. ისევ სულ სხვა ყავა იგეგმებოდა და სულ სხვა გამოვიდა. ესეც თქვენ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რა მავნებლობა მოაქვს დროსთან „შენობითში“ ფამილარობას . დღეს საზოგადოება ისევ ვიყავით მოლოდნის რეჟიმში. როგორც ვატყობ, ეს უკვე ხასიათში გადაგვივიდა... განვიხილეთ და ვიხილეთ თხის როლი ქართულ პარლამენტარიზმში. არ დაგავიწყდეთ, რომ თხა, ქართულ ფოლკლორში, განსაკუთრებული ფენომენია, რომელიც , როგორც წესი, ჭამს ვენახს და გადის ხიდზე. ჩვენ ჯერ აზრზე ვერ მოვედით და ხიდზე გასვლის რა მოგახსენოთ? მაგრამ იქამდე ყოფილი პრემიერის საგანგებო ბრიფინგის მაყურებლები გავხდით. კარგია, როცა ადამიანი, მითუმეტეს მისი მასშტაბების, აღიარებს, რომ რაღაც ვერ გაიგო, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, თუ მერაბიშვილმა რამე ვერ გაიგო, ამას სხვაც ვერ მიხვდება. კარგი სანახავია ვანო განგაშის ზარებით ხელში – არიქა, სოფელი და გლეხი გვეჩაგრებაო! ის 400 ლარი ხალხს ბანკში გაუნაღდეთო. რაღაცას ხლართავს ეს „ენართული“... იმედი მაქვს მარტო, ვანომ განა რა უნდა მოიფიქროს, ბიძინას გაუშიფრავი? ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკაში თუ არა, ბიზნესის კუთხით ხომაა ვანოსთან შედარებით პელე? ვანოს ის ურჩევნია თქვას, სად მოტეხა "ნაციონალური მოძრაობისა" აქციაზე 20 ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზებისთვის გადადებული ბიუჯეტის დიდი ნაწილი? დღევანდელი კურსით, მაგ დღეს მოსახლეობაში 300-დან 500 ლარამდე დაარიგებენო. რა ხდება ნეტავ? ფინანსური სეკვესტრის მიზეზი მორიგი ფარული გარანტიაა? მაგას საჯაროდ არ იტყვის. სამაგიეროდ, საგვარეულოს გენეოლოგიური ხე გამოამზეურა ხალისით. ისე, ფუი ეშმაკს და, რამხელა სანათესაო ჰყოლია ვანოს, თანაც ყველა დასაქმებული! იმაზე შევჯერდით, რომ პრეზიდენტი სულ უფრო ემსგავსება იორამს და ყუმბარებს ჯიბით დაატარებს. მაგრამ მე მაინც იმ „მოქალაქეთა“ ინტერესებს ვიცავ, ვისაც წინა თვეში საცხრამეტაპრილოდ 1500 ლარს დაჰპირდნენ და ახლა ნახევრის ნახევარში უპირებენ მოხმარებას. ისევ ქუთაისს თუ დავუბრუნდებით, უმრავლესობის ლიდერი საგანელიძე გაუტკივარებული ქირურგიული ჩარევით რომ „დაგემუქრება“, განკურნების მყარი გარანტიით, წესით კი უნდა დაფიქრდე, თუ ჭეშმარიტი უმცირესობა ხარ. ასეა, შეგრძნებები აზრებზე უცებ იღვიძეებენ და რეაგირებენ.ზოგი ნათესავებს უარყოფს, ზოგიც დასაქმებული ნათესავების სიებს აქვეყნებს. ზოგი ხაჩიძესავით ცმუკავს სავარძელში. გილიოტინა სწრაფად კლავს, მაგრამ დრო უფრო სანდოაო და, მაგ ლოგიკით, გუბაზი ისევ ისტორიით აშინებდა დღევანდელ კვერცხზე მლოცველ ნაცებს. რაზეც ბარამიძე საგუბაზე გოჭივით აჭყვიტინდა...სამგლედ არ მემეტება მაინც, ადამიანის შვილია, თუმცა, სიამოვნებით მივგვრიდი მას და კიდევ რამდენიმეს თემიდას საკაცობრიო მნიშვნელობის ცდების ჩასატარებლად... არსებობს ადამიანთა ორი ტიპი – პასიურები და აქტიურები. ისინი პრინციპიალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველები მთელი ცხოვრება იმას ნანობენ, რომ ვერაფერი ჩაიდინეს, მეორე ნაწილი მთელი ცხოვრება ჩადენილს ინანიებს... სინანული კარგი თვისებაა, ოღონდ სხვა განზომილებაში, ბატონებო! დღევანდელი საპარლამენტო ორგიიდან ერთი რამე ვერ გავიგე – თუ მაინც უნდა „ენანათ“ იმ ხიდს რაღას ერჩოდნენ? თუ „პროცესი“ ყველაზე სასიამოვნოა? კარგით ბატონო! ერთხელაც იქნება, ჩვენც მოვდუნდებით და... მიწა პოლიტიკოსებს და იურისტებს ეკუთვნით. მათთვის ზეცა მიუწვდომელია.ალბათ მაგიტომ, მიშა თავხელიძეს სტატუსი შეუცვალეს და "პუბლიცისტი" გახდა. ისე როგორც გიორგი არველაძე რედაქტორი. როცა თავი ყველაზე ჭკვიანი გგონია და ირგვლივ ყველა სულელი, ეგ სიბრიყვის ნიშანია. ამბობენ, არ იკურნებაო... თვალებიც მაშინ გაურბით, როცა არჩევანი დიდია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბნელი წარსულის მაძიებლები, ყველაზე ხშირად, მხოლოდ ბნელ მომავალზე ოცნებობენ. ბრმა რწმენა იმისთვისაა საჭირო, რომ გარესამყაროს ცვლილებები შეუმჩნეველი დაგჩეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, 135 ნულის წინააღმდეგ, მაინც არაა ცუდი შედეგი. ცვლილებები პირველი მოსმენით თუ მრავალჯერადად საგრძნობი და საამოდ სახილველი გახდება, ვინაა საყვედურის მთქმელი? დღევანდელი პრობლემა გადაჭრილად ითვლება ოფიციალური ვერსიით. მართალია ზოგს და განსაკუთრებით ერთს ეს ამბავი თავის გამარჯვებად მიაჩნია, მაგრამ კვიპროსთან შედარებით, პრობლემის გადაჭრის საკითხში, მაინც წინ ვართ... გაგრძელებული საპარლამენტო სხდომა გაციებული საპარლამენტო ვახშმით ხომ მაინც აღინიშნებოდა ისე, ქუთაისში რომ იციან?! დღეს პოეზიის საერთაშორისო დღე იყო, ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეც! თუმცა, არავის მოულოცავს პერსონალურად. ალბათ, მაინც გამოფენაში მონაწილეობის მიღებაა საჭირო, რომ მკვდრად არ ჩაგთვალონ... ჰო, კიდევ დღე-ღამ ტოლობის თარიღია, ნამდვილი გაზაფხულის შემოსვლის თარიღი და ჩვენს მუსულმან დებსა და ძმებს ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ! ჩაიზე მაინც ბოდიში! ისევ ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  19. საქმე საქმეზე რომ მიდგება, არცერთი წვეთი არასოდეს აღიარებს წყალდიდობაში თავის ბრალეულობას, არადა წვეთს დიდი ძალა აქვს!.. ნდობაც დიდი პრეტენზიული „ვინმეა“ – საშლელივით, ყოველ შეცდომაზე სულ უფრო ილევა და ილევა... გულწრფელობა არც ისე იოლია. მეტიც, გულწრფელობა გამბედავი ადამიანების ჩვევაა. არ მაქვს პრეტენზია გამბედავობაზე. ქალი ვარ და დიდად არც მომეთხოვება, მაგრამ, მაინც გულწრფელად ვაღიარებ – არის მომენტები, როცა ჩემს ტოლერანტობას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის სიმკაცრე განაპირობებს. როგორც „რომანტიული აგებულების“ ქალბატონები ამბობენ, წლებისა და გამოცდილების გადმოსახედიდან უკეთ ხედავ, რომ ბედი არაერთხელ გაძლევდა შანსს, რომელსაც ვერ იყენებდი. ხშირ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის ეს „მორიგი სისულელის“ კიდევ ერთი შანსი იყო, მაგრამ პირადულით ხომ არ განისაზღვრება ყველაფერი? ქვეყანას, ერს, სახელმწიფოს, საზოგადოებას გაცილებით მეტი შანსი აქვს. მთავარია, საკუთარ თავში სწორედ ის აღმოაჩინოს, რასაც ეძებს. სულ ცოტა მეტი გულისხმიერება, არადა, სათქმელად რა ადვილია, ეს დალოცვილი... მე მაინც დეტერმინიზმის მიმდევარი ვარ და ამ სამყაროში არც უმიზეზო შემთხვევითობის მჯერა. არავითარი შემთხვევითობა არ არსეობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს. არის რაღაცეები, რაც მოსვენების საფუძველს არ იძლევა, არც თვალის დახუჭვის უფლებას და მოდუნებაზე ოცნებასაც კი. ამ დღეებში გააქტიურებული საუბრებს „რეგიონალურ ენაზე“, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის მეტი კომფორტის, ხოლო ევროპისთვის მეტი სიმშვიდის საფუძველს იძლევა, უეჭველად ექნება რაიმე სერიოზული მიზეზი. დაინტერესებული მხარე კი რამდენიმე შეიძლება იყოს. ესღა გვაკლდა ამ არშემდგარი თანაარსებობის ფონზე, თითქოს ქართველებს კუთხური სეპარატიზმი არ გვყოფნიდეს. სიტყვა ბეღურასავით უწყინარი არაა, კანონმდებელო ბატონებო?! გამოფრთხიალდება და ისეთ უადგილო დროს და ადგილას მოისაქმებს, თანაც, ზოგჯერ ძროხაზე უარესსაც... არადა, გამიგია, ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ძეგლის თავზე გადაფრენისას, მტრედებმაც კი მოთმინება მოიკრიბონ პატივისცემის ნიშნადო! თქვენ არ გვასწავლეთ, სახელმწიფო ინტერესები და კანონი ყველაზე მაღლა დგასო?! მერე? რა წერია იმ თქვენს კონსტიტუციაში – სახელმწიფო ენა საჭიროების და სიტუაციის მიხედვით მოიხმარეთ და აუპატიურეთო? 15–16 მარტიმძიმესახსოვარიადასასტიკადარმომწონს, როცაამდღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებადახალიხელისუფლებისწარმომადგენლებიდაქსაქსულებიმიდიან. ...“ ვზივართ რაციებით, გვარდიელებიც, მხედრიონელებიც, ზვიადისტებიც, სოხუმელებიც და ერთად, სამშობლოს საქმეს ვაკეთებთ... ერთი ოცნებაღა დამრჩა ... ის ბრონეჟილეტი, იმ კოდორის წ####ბში და ფსოუზე გამარეცხინა.... ვისურვებდი ომის გარეშე“, – ეს ერთი ქართველი მოქალაქის, ყოფილი მეომრის გუშინდელი კომენტარის ნაწილია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ 20 წლის წინანდელ საომარ კადრებზე. იმ კადრებში ბევრი სახეა – ცნობილიც და ნაკლებადცნობილიც, გადარჩენილიც და დაღუპულიც. იმედიანები არიან ბრძოლის წინ, იმიტომ, რომ იციან რისთვის იბრძვიან და ვის ებრძვიან. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ ღმერთიც უღმერთოდ ტყუის... და კიდევ იმის, რომ ისინი – კაცები 20 წლის წინანდელი კადრებიდან – გაცილებით მართლები, გულწრფელები და თავდაჯერებულები არიან , ვიდრე ... ეგებ შევძლოთ და ვაღიაროთ, რამდენად ხშირად გვიწევს საკუთარ ცხოვრებაში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შესრულება? არიან ისეთები, რომლებსაც სურთ ჭეშმარიტების მხარეს დგომა. არიან ისეთებიც, რომელთაც სურთ, ჭეშმარიტება დადგეს მათ მხარეს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთვისაც უხამსობამდე სულ ერთია, სად „დაეთრევა“ ეს ჭეშმარიტება. ასეთები მრავლად არიან პოლიტიკაში... ამასობაში, უსუფაშვილმა ნაციონალთა უფროსი მეგობრის, თვით სენატორ მაკკეინის გადმობირება და დარწმუნება შეძლო რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების აუცილებლობაში. თუმცა, ისევ ამასობაში, ეკომიგრანტებმა, პროტესტის ნიშნად, წალკა დატოვეს, ხოლო გალის რაიონში, საქართველო-აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარზე, სოფლებში თაგილონსა და ოტობაიაში რუსები ორი ახალი გადასასვლელი პუნქტის და საგუშაგო პოსტის მშენებლობას იწყებენ. საზღვარზე ხალხის აღრიცხვას აწარმოებენ, გალს დაჩქარებულ ტემპებში არემონტებენ, კულტურის სახლის რეკონსტრუქციაც კი დაუწყიათ. გალის ბაზრობაზე აფხაზებისა და ქართველების ერთობლივ სავაჭრო ობიექტებს, რუსული ობიექტები ცვლისო. ხილბოსტნეულიც ქართულის ნაცვლად, ახლა უკვე კრასნოდარულია. რუსები, თურმე, მასიურად ყიდულობენ ციტრუსების ნერგებს, რაც იმის ნიშანია, რომ იმ მიწა–წყალზე უკვე საკუთარი ნაკვეთებიც აქვთ. რითი შეიძლება გადაიფაროს დადებითად ეს ნეგატიური ინფორმაცია? იმით, რომ საქართველომ ნატოს წევრობის „მკაფიო გზავნილი“ მიიღო ბრიუსელის ფორუმზე? კარგით, ვეცდებით... რაც მაიმუნს პრინციპულად განასხვავებს ადამიანისგან, ეს მისი თვისებაა – თუ ერთხელ რამემ აწყინა, ხვდება, რომ მისგან, შორს უნდა იყოს... დარვინისეული ფილოსოფიის ხასიათზე რამ დამაყენა? ყველაფერმა იმან, რაც ამ კვირაში ჩვენს თავს გადაგვხვდა და თვალისა და ყურის არეალში მოხვდა. მოკლედ, როგორც გვჩვევია– ბევრი „ვიმაიმუნეთ“, კონსტიტუციური ცვლილებების, სამართლიანობის აღდგენისა და სოციალური კეთილდღეობის მოლოდინის მორიგ კვირაშიც...იმდენად ბევრი, რომ ვანომაც კი ვერ დაფარა და წამოიყვირა – ამ ხელისუფლებამ ჩვენს შეცდომებზეც ვერაფერი ისწავლაო! რამდენად იყო ვანო ამ დროს გულწრფელი, ეგ სხვა საკითხია. ისიც ცალკე საკითხია, დაუკრავს თუ არა მის აზრს საზოგადოება ტაშს ან კვერს. პრინციპში, არჩევანში თავისუფლები ვართ... შეიძლება, ვინმემ უტაქტობად და თავხედობად ჩამითვალოს, მაგრამ, მაინც მგონია – როცა ხალხის მენტალიტეტში ჯერ კიდევ მყარად ზის ჯუნგლების კანონი, მასთან ნებისმიერი კონსტიტუცია უძლურია. კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი – რაც უფრო მეტს ველით, მით უფრო ნაკლებად გველიან... საწუწუნო არაფერი გვაქვს. ფაქტიურად, ალიყურის რეჟიმში ვცხოვრობთ. მეტიც! მსურველებს შეუძლიათ, ფეისბუქზე მოიწონონ გვერდი – „ბენდუქიძის ალიყური“... ვოლუნტარისტი სააკაშვილი არ გვეყოფოდა, ბენდუქიძემ „გადაჯოკრა.“ მე–17 საუკუნის ინგლისში კი არა, 21–საუკუნის საქართველოში ხართ ბატონებო! „აგრუნის“ თემაზე ერთკვირიანი ბატალიების შემდეგ, ვიღაცისთვის ბენდუქიძე კვლავ „იუდად“ დარჩა, ვიღაცისთვის ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის რეფორმატორად, პუტინის აგენტად ან ბოლო იმედად. თუმცა, არც მარგველაშვილს ადგას უკეთესი დღე. ბენდუქიძე თუ იუდაა, მაშინ მარგველაშვილი ფილოსოფოსის ტყავში გადაცმული მეოცნებე–მწვალებელიაო! თანაც წვერიანი და ზედმეტადთავდაჯერებული არა მხოლოდ კამერების წინო... მე თუ მკითხავთ, ცოტა მომკაცრო საკადრო პოლიტიკაც არ აწყენდა მინდობილი სამინისტროს ფარგლებში. გგონიათ, ბევრი ვერ მიხვდა, რა საჭირო იყო შუაღამის „საიდუმლო სერობის“ გამართვა 15 წუთში გამოსასწორებელი საკითხების გამო? კი ვხვდებით რაღაც–რაღაცეებს ჩვენც, მაგრამ...რადგანაც ეს, კინაღამ სერიოზული, პრობლემა, ოფიციალური ინფორმაციით, „არასაკმარისი კომუნიკაციით“ აიხსნა, იყოს ასე... ხვალიდან სასწავლო პროცესი სრულფასოვნად აღდგება, თუმცა, ბატონ ბენდუქიძესთან მაინც მრჩება კითხვა – თუ საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების არც სჯერა და არც მომხრეა, რა უნდოდა „წვენებში“? მიწადმოქმედთა ქვეყანა „გეორგიაზე“ ძველი ბერძნებისგან თუ არ გაუგია, იმ 500 სახეობის ვაზის ჯიშს მაინც რა პასუხს აძლევს ქვეყნის ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი „აგრარიკოსი“? ნაკლები გლეხი და ფერმერი ნიშნავს ნაკლებ პრობლემას ქვეყნისთვის. ეს ბენდუქიძის ფილოსოფიაა. „მარგველამ“, დაე მიძახონ მეორე ნაპირიდან მარგინალი, აღმაშენებლის ხეივნის მე–13 კილომეტრზე თუ არა, ნამდვილ აგრონომებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თანაც უფასოდ, ვახარებო... კონკურენცია კარგი რამაა, ჯანსაღი საკვებივით სასარგებლო. არც გურმანობაა დანაშაული – პირიქით. და არც ის სახელგანთქმული „კულინარული აკადემია“ გაუხსნია მხოლოდ თავისი საამური და გემრიელი სიბერისთვის ბენდუქიძეს. ყველაზე ცუდ სიტუაციაში სწორედ გურმანები არიან – ისინი ყოველ დღე საკუთარ ოცნებებს უნიტაზში უშვებენ... დეფლორაცია ზოგს უხერხული სიტყვა ჰგონია, არადა, უბრალოდ, ფლორის სარეველისგან გათავისუფლებას გულიხმობსო. ძალიანაც ნუ გამინაწყენდებით, შაქარნაკლული ყავისთვის. როგორც ბებიაჩემი იტყოდა, „ვ პრიკუსკუ“ ყავაზე მოსალოცი ამბავიც მაქვს – გუშინ საქართველოს რაგბის ნაკრებმა ერთა თასი მოიგო!... მიტევების კვირააო და – თქვენ მპატიობთ, მე გპატიობთ, ისინი გვპატიობენ, ჩვენ ვპატიობთ... ერთმანეთისთვის საპატიებელი შეგვმცირებოდეს და მისალოცი გაგვიმრავლოს! თუ მომავლისგან თქვენც, ჩემსავით, წარსულის სასიამოვნო მოგონებებს ელით , მაშინ ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  20. გაზაფხულია. აჩუხჩუხდნენ ნაკადულები, ბავშვების და ალერგიულების ცხვირის ნესტოები და მამაკაცების სანერწყვე ჯირკვლები... ყავა „დაგვიძველდა“ იმიტომ, რომ ვის ეცალა ყავისთვის? ჯერ პირადი საერთაშორისო დაბადების დღეო, მერე ზოგადად ქალთაო... დიახაც! კიდევ ერთი წლით გავიზარდე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი „ზრდის ტენდენციის ტრაგედიას ქალთა ფსიქოლოგიაში“. ეტყობა, ევოლუციის პროცესს ჩამოვრჩი... გასული კვირის განწყობა, ამინდი და პოლიტიკა, პირადი და საქმიანი ურთიერთობები კალენდართან შესაბამისაობაში იყო – არეული, ჭინჭყლი, პრეტენზიული, გადარეული… დღეს ისეთი სხივიანი დილა გათენდა, უხერხულია, მზის ჩასვლამდე, ვინმეს მისამართით საყვედური წამოგცდეს. ეგრევე ამოგიგვირისტებენ „ისტერიკიანი, დაუკმაყოფილებელი და შურიანი მარტოხელას“ იარლიყს. ვცდილობ, მაგრამ მაინც პოლიტიზირებულ ფორმატში გამომდის ნეკნის, პირველი მარკეტოლოგის, ვაშლის და კლარას ზღაპარიც კი... მოგეხსენებათ, ყველაფერი ყველაზე საინტერესო გასაღების ჭუჭრუტანაში ეტევა და, ამ თვალსაწიერიდან, გასული კვირა ზოგმა ნეკნების, თანაპარტიელების, მტკიცებულებების, დიპლომების, საკუთარი და სხვისი პრემიების, დაცვით და დაუცველად დალაშქრული კილომეტრების და ათასი „სასიცოცხლო მნიშვნელობის“ სისულელის თვლაში გაატარა თუ გაგვატარებინა. არ შეიძლება, რამე უფრო ორიგინალური, სასიამოვნო და სასარგებლო დაგვათვლევინოთ? გავიგეთ ბატონო, რომ ორდიპლომიანი ტაქსისტების დრო წავიდა... მართლაც და რა მაზოხიზმია, წლობით დიპლომის რიგში დგომა, მხოლოდ იმისთვის, რომ მერე ამაყად შეავსო უმუშევართა ნაციონალური არმია.. ამიტომ, როცა ტაქსის მძღოლი „ცხოვრებას მასწავლის“, ვუსმენ თანაგრძნობით, მაგრამ ვაკეთებ ყველაფერს უკუღმა, რომ ტაქსის მძღოლობაში არ გადავიზარდო. არ მენდობა მე საჭე და იმიტომ... როცა არჩევანი არ მაქვს, იმით ვიმშვიდებ თავს, რომ მხოლოდ არჩევანი არ მაქვს, დანარჩენი ყველაფერი ხომ მაქვს სამაგიეროდ?! გასულ კვირას გამოიკვეთა ტენდენცია – რვა მარტს ქალები განსაკუთრებულად ძვირფასები ვხდებით ყველა კონტექსტში და, მამაკაცთა უმრავლეობა ამ ამბავს გაგებით ეკიდება... ისე, 8 მარტს ერთმა მკითხა – „პროლეტარიატი ქალი“ რას ნიშნავსო. თუ პროლეტარიატი ისეთ გაღლეტილს ნიშნავს, საკუთარი შრომის იარაღებიც რომ არ აქვს, მართლა ღირს მაგ საკითხზე ერთ ფინჯან ყავასთან დაფიქრება. თან ყავა წყალ–წყალა უნდა იყოს ალბათ და უშაქრო.... აბა რა უბედურებაა „შეუიარაღებელი“ ქალი?! თუ სადღესასწაულო სტატუსებით ვიმსჯელებთ სოცქსელებში, დღევანდელმა 8 მარტმა ვერ იმარტა. აი ყვავილების ფასით თუ ვიმსჯელებთ, ბებია ალას ცნობილი სიმღერის – მილიონი ალისფერი ვარდის – მთავარი პერსონაჟი „მოკრძალებულ ინტელიგენტად“ შენიღბული ოლიგარქი უნდა ყოფილიყო. აფსუს ნიკალა!.. 2 დღის წინ, სოციალურ ქსელში, ჩვენებური და ოკუპანტურ ტერიტორიაზე გადარგული თინა კანდელაკი დედას იფიცებდა, 8 მარტს ჩემმა უცნობმა თაყვანისმცემელმა მილიონი ვარდი მომართვაო. თვითონ კი ამბობს, ვარდი ზუსტად მილიონი იყოო, აბა მაგას რა დათვლის?.. რა ბედნიერებაა, როცა ალერგია არ გაქვს ყვავილზე, თან ამდენზე!.. ჩემი მეგობრების პორტრეტი ინტერიერში: ქმარმა ყავა მოხვრიპა და ამაყად თქვა: მგონი რაღაც წინასწარმეტყველური აზრები მებადება, მაგალითად, გუშინ გავიფიქრე, რამდენი ხანია, ნათურა არ გადამწვარა ოჯახში და დღეს 3 ერთად გადაიწვაო! ცოლი არ ისე კეთილგანწყობილი მზერით და მუქარისშემცველი ხვრეპით პასუხობს: – ათას სისულელეზე ფიქრს, გირჩევნია, იმაზე იფიქრო, რომ დიდი ხანია, სექსი არ გვქონიაო! მარტია და მესმის!.. არ ვარ „ფემინისტკა“, არც მამაკაცების მტერი ვარ, პირიქით, შემიძლია პრაქტიკული რჩევებიც მივცე. მაგალითად, თუ გასულ წელს 8 მარტს ცოლს სარეცხის მანქანა აჩუქეთ, წელს – ჭურჭლის სარეცხი მანქანა, დაბადების დღეზეც რაღაც მაგდაგვარს გეგმავთ, ეგებ ღირდეს დაფიქრება – ძალიან ბევრ დროს ხომ არ უტოვებთ თქვენი ტვინის ბურღის ფუნქციისთვის? შემიძლია გასწავლოთ თქვენი „დედოფლის“ გაღვიძების ( რომელსაც მაღვიძარას ისტერიკაც ვერ აფხიზლებს), მარტივი და ორიგინალური მეთოდი – უბრალოდ ნაზად აკოცეთ და ყურში უჩურჩულეთ:– „საყვარელო, ადგომის დროა!“ ოღონდ, ამ ფრაზას აუცილებლად დააყოლეთ სხვა ქალის სახელი, ისე ეფექტი არ ექნება. ქალბატონებისთვისაც მაქვს სახელდახელო რეცეპტი – თუ გაღუნული ფეხები გაქვთ, სჯობს დეკოლტეზე გააკეთოთ აქცენტი... თუ დეკოლტეც ვერაა სათანადო, რაც უფრო მალე დაანებებთ გამოსავლის ძებნას თავს, უკეთესია... ორივე სქესის გასაგონად კი იმას ვიტყოდი, რომ ერთი შეგნებული უარი სექსზე უდრის ერთი ღალატის ნებაყოფლობით უფლებას. კვირის ყველაზე მომგებიანი და შემოსავლიანი ბიზნეს–ფართი თბილისში, რა თქმა უნდა, კოლმეურნეობის მოედანი იყო. თუმცა, წლევანდელმა 8 მარტმა, რაღაც ვერ ირვამარტაო, მაგასაც მოვკარი ყური. ჰოდა, რაც გასულ კვირას მაგ პერიმეტრზე ფულის ნიშნის მიმოქცევა დაფიქსირდა, მეტი არ შევიდა კრემლში და პუტინის ოჯახში! აი ასე! და მიმტკიცოს ახლა ზოგიერთმა, რომ ეს წყევლაა და არა მეზობლური კეთილგანწყობის გამოხატვა. პრინციპში, სადაც ცეკვა მასხარაობა ყოფილა და მტრის სცენაზე „ტინკიცობა“ მთლად საშობლოს ღალატი, აპლოდისმენტები კონტრაბანდული ბიოლოგიური იარაღი იქნება უეჭველი. საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება–კონსერატორების" წევრის, ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივა – პარლამენტის სხდომებზე ეროვნული სამოსით დასწრებაზე – პარლამენტში პირველი მოსმენით დამტკიცდა. გუჯაბიძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მენტალური პრობლემა აქვს. ეგ მაგის პარლამენტში შესვლამდეც ვიცოდით. ნაციონალების მენტალობის პრობლემებზე დარდს, გუჯაბიძეს რაც ევალება და რისთისაც აირჩიეს, იმაზე იდარდოს, თორემ რახან ბიძინა ქვია, ჰგონია, მაგასაც „გაგებით მოეკიდებიან?“ ნაღებმა ნაციონალებმა მტკიცედ გადაწყვიტეს „სიკვდილი ვენეციაში,“ რადგან, იქაურ ვაჭრებთან ძველი გარანტიები აღარ ჭრისო... მაგათი ცოდვით იქით შექსპირი აღარაა და აქეთ თომას მანი. ყოფილი ლეიბორისტები ახალ პარტიას ქმნიანო, ვალერი ხაბურძანია, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს თურმე მონაწილეობას და ამაზე მეტი რა უნდა მეხარებინა ამ ორშაბათ დილას ბედკრული ქართული პოლიტიკისთვის? გასულ კვირას იმითიც დაინტერესდნენ, – რა განწყობა მაქვს კლოუნების მიმართ? მოკლედ, არაა საჭირო ჩემი პროვოცირება ანტისახელისუფლებო გამოთქმებზე!.. ბოლოს და ბოლოს ერთ რამეს მივხვდი – ცხოვრებაში გრძელვადიანი გეგმის გაწერა ღმერთის პროვოცირებაა და მეტი არაფერი. ურთიერთობები გემებს გვანან – თუ პატარა შტორმზეც რწევას იწყებენ, ღია ზღვაში გასვლას აზრი ეკარგება... ინსტინქტი ყოველთვის მართალია! ჩვევა – ყოველთვის ძლიერი... ყავამშვიდობისა, ბატონებო! კატო ჩულაშვილი
  21. ავდგები და გეტყვით პირდაპირ ყავამშვიდობისას! – მიკიბვ–მოკიბვების და ახსნა–განმარტებების გარეშე. ბოლო დროს ხშირად საუბარს თავს ვარიდებ, ან თავისმართლება გამომდის, ან – ჩვენების მიცემა, რაკურსს გააჩნია... ყავა დამიგვიანდა.. კიდევ კარგი, მშვიდობას უფრო ძლიერი მესვეურები ჰყავს. წესით, დასასჯელიც ვარ არასტაბილურობის გამო, მაგრამ სტაბილურობა იმდენად შედარებითია... შეფარდებითიც... როგორც ქვეყნის პირველი იურისტი იტყოდა – სხვა დროა, სხვა რეალობა... ლიმონი გამთავებია... სამაგიეროდ მაქვს ფორთოხალი. ნეტავ როგორია ყავა ფორთოხლით? თავიდან ბევრმა ფორთოხალს და მე–9 სიმფონიას შორის კავშირიც ვერ დაინახა. ბოლო დღეებია ამ კავშირზე მექანიკურად ვფიქრობ... კიდევ ერთხელ ბრავო ბერჯეს! რამდენიმე ხნით შაბიამნის დიდ პარტიას ქუთუთოების პაწაწუნა სარჭები შეცვლის... კეთილი ნებით არჩეულ ბოროტებას, ხშირად, ფორთოხლის სუნი აქვს. ნეტავ როგორი სუნი აქვს შიშს, სიხარულს, მოლოდინს, დასასრულს ან დასაწყისს? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "სულ ცოტა ხნის წინათ კოლექტიური ანომალია გვჭირდა", ყავა ფორთოხლის არომატით სულაც არ უნდა იყოს გაუსაძლისი... ბოლო დროს, მომწონს იუსტიციის მინისტრის ციტირება. ადრე მსგავსი სურვილი არასოდეს გამჩენია, თუმცა, საიდან უნდა გამჩენოდა?!. ერთი სიტყვით და 2 კოვზი ყავით(შაქარი გემოვნებით), დღეს, 21 ნოემბერს, ისევ გწერთ, თქვენ კითხულობთ... ან იქნებ არც კითხულობთ და საკუთარ თავს ვწერ...თუმცა, ვიცი, მეგობრები მაინც არ გამწირავენ მონოლოგისთვის... რგორ მოვხვდი „აღიარებული მარსიანელი“ პლანეტა.გე–ზე, მაგას ჭორადაც გაიგებთ, ამ დღეებში კი უფრო მნიშვნელოვანი, ყურად –საღები და თვალად –სახედი ამბები მოხდა. რაც დღეს შეიძლება პარადოქსად გვეჩვენებოდეს, ხვალ ნორმად მოგვეჩვენება და ასე იქნება სულ... მთავარია, იმაზე დამეთანხმოთ, რომ ცხოვრება არა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის რაოდენობით, არამედ სუნთქვისშემკვრელი წამებით იზომება, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსებმა ყველაფერი იღონეს და დაგვარწმუნეს 2–ჯერ 2–ის ოთხობაში, თანამედროვე მეცნიერება მაინც უძლურია სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვასთან მიმართებაში – „სად ვიშოვოთ ფული?“ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დავასკვენი, რომ ყველაზე გრანდიოზული იდეები „ წამოკოტრიალებულების“ თავებში მწიფდება... ამ თემაზე იმდენი სათქმელი დამიგროვდა, უკეთესია, თუ დუმილის უფლებას გამოვიყენებ. ვისთვისაა უკეთესი, ეს მერე გაირკვევა. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, – ვიდრე ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი იქნება, პატიმრებში ციხიდან გაქცევაზე ფიქრიც კი გამორიცხულია. „ხოხ! რა მართლა დიდი გულის ქალი ყოფილა, ეს ლალი მაროშკინა! მაგის გულს ვენაცვალეო! – ჩემმა მეზობელმა წურწუმიამ ბრძანა გუშინ... "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, წალენჯიხაში, ბაჩო ახალაიას გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყესო. სოფელ საჩინოში, სადაც 3000-მდე კომლი ცხოვრობს, ხალხი ისე გათავხედებულა, 60-მდე ხელმოწერა ძლივს შეუგროვებია გელანტიას. ამბობენ, დაშინებასა და ზეწოლას ადგილი არ ჰქონიაო. ჰოდა, ესაა ცხოვრება? ხალხს რომ ვერ დააშინებ?! გუშინ ვისი ოცნება ასრულდა არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია – ამჟამინდელი ოპოზიციისგან დევნილობაში გასამართლებული ირაკლი ოქრუაშვილი უკვე გლდანის საპატიმროშია. შეშურდება ახალაიას აბა არ შეშურდება? „ოქრო“ საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს და ბაჩომ მაგაზე რამდენიმე დღე იჩალიჩა... ერთი სიტყვით, ფაქტია, ოქრუაშვილმა ბაჩანას ელვისებური გამოჩენა მოჯოკრა და, ჯილდოდ, მის სიახლოვეს მოითხოვა სასჯელის მოხდა. ახალაიას ქცევაზე მოროშკინას გავლენა უკვე თვალშისაცემია. ამას თვით თუთბერიძეც გრძნობს, მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როცა გრძნობები უძლურია... გადაეხლართება მალე სამართალს ნაწლავები ამდენი პურის ჭამით და მაგაზე ნერვიულობს „დარჩო“ აბა სხვა რა აქვს სანერვიულო? ნეტა მაცოდინა, მართლა ასე ეშინია მაგას რუსეთის თუ, საქმეს ჭირდება, რომ ასე ეშინოდეს? დარჩიაშვილი იმ ფაქტსაც შეუშფოთებია, „ აბსოლუტურად უმწიკვლო“ თენგიზ გუნავა, ძველმოდური იარაღის ტარების ბრალდებით რომ დააკავეს. აბა ჰკითხეთ ბატონ დარჩიაშვილს, რა უფრო დიდი დანაშაულია – უკანონო მოსმენები თუ საარჩევნოდ მოქალაქეებში დიდი ფულის დარიგება? დიდი ფულის დარიგებას სტიქიით დაზარალებულ კახეთში იხვეწებოდა ივანიშვილი, მაგრამ ერთი კედლის კალენდრის და „მეტი სარგებელის“ გარდა ვერაფერი გაიმეტეთ. მოკლედ, ამხანაგო დარჩიაშვილო! სჯობს ჩამოყალიბდეთ. ნუ აშინებთ ბავშვებს და მარიამ საჯაიას კრიმინალებით. ისიც სრულიად საკმარისია, თქვენ რომ გეშინიათ.. ჰოდა, გეშინოდეთ მერე, ვინ გიშლით? სამაგიეროდ, კუკავას არ ეშინია. მოსკოვში ჩადის და ჩამოდის, რუს პოლიტიკოსებსაც ხვდება და, ერთ მშვენიერ დღეს, ფსოუს წყალზე თუ ჩაგიყვანათ და მწყურველი დაგტოვათ, სულაც არ გამიკვირდება. ისე, როგორც არ გამკვირვებია მიხეილ სააკაშვილის ხალათით და დაუვარცხნელი თავით გამოჩენა "ესპას ანრი შენოში". ეგ ახლა იმ სტადიაშია, როცა მთავარია იყო ბედნიერი და რა დასკვნას ჩაგიწერს ანკეტაში ფსიქიატრი, უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია. მთავარი ისაა, რომ სააკაშვილების გადადგომის პროცესი დაიწყო – საქართველოს პრეზიდენტის ძმა - დავით სააკაშვილი, 12 წლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. მოკლედ, ნაციონალური სასამართლოს ინკუბატორი კლანური წნეხისგან თავისუფალიაო და ვნახოთ! გუშინ გახმოვანდა, რომ არაერთი კითხვა გასჩენია, თბილისის მერის მიმართ, დიდი იუსტიციის პატარა დიასახლისს. ბევრმა მაგის კითხვები უკვე არც ისე სასიამოვნოდ დასცადა. პირადად ვიცი, რა საოცნებო რესპონდენტია, ქალბატონი წულუკიანი, მაგრამ, კითხვებით შეიარაღებულს, მტერსაც არ ვუსურვებ სიზმარშიც კი. ასე რომ, მე მესმის შენი გიგი! აშკარად გაქვს ნერვიულობის და რელაქსაციის მიზეზი... „არაფერი პირადული!“ –ეს პოლიტიკაა, ხოლო „არაფერი, პირადულის გარდა!“– უკვე გულწრფელობა... ჩვენ ის დროც გვახსოვს, შიშველი სიმართლე, პორნოგრაფიის ბრალდებით, კანონით რომ იდევნებოდა. რას იზავთ, ასეც ხდება! შეცდომას არ უშვებს ის, ვისაც ყოველთვის თავის სასარგებლოდ ეშლება... თუმცა, ყველაფერი წარმავალია... მე–7 ცაზე გამგზავრებისას, ყოველ შემთხვევაში, პარაშუტის წაღება არ დაგავიწყდეთ, რა იცით, რა ხდება?! თუ მგლები მაძღრები არიან, ცხვრები საღ–სამალათი, ახლო–მახლო აუცილებლად იკუნტრუშებს განტევების ვაცი. ჰოდა, ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  22. ეს კვირა ორშაბათული ამინდით, ქალების, გიჟების და გადარეულების შესაბამის კონტექსტში მოხსენიებით, ანუ სეზონური ნერვაშლილობით დაიწყო. არადა, ისეთი არაფერი მომხდარა – უბრალოდ მოთოვა. დღის მეორე ნახევარში კადრში და ყურადღების ცენტრში იყო კანცელარია „საათნახევრიანი, დახურული და საინტერესო ...“ შეხვედრა სახელად „ჩემი შენ გითხარი“ – 2 “მძევლით”, რომელთაგან ერთი დარჩა კმაყოფილი, მეორე – უკმაყოფილო, ხოლო ჩვენ, რა თქმა უნდა -მხიარულები... დაახლოებით ამ სტილში: – ნარდის სათამაშოდ ვარ ჩამოსული ამხელა გზაზე? ნარდი პერის ეთამაშე! – პრიჩომ ზდეს პერი!? ბიჯო! კაცი ხარ და შედი კაცის მდგომარეობაში! ... – მატყუარა ხარ შენ პიპინია!... აგული! მამაშენს უთხარი, 2 კილო საფანტი რომ ისესხა ზოგიერთებისგან და რომ არ დაუბრუნებია მთელი 20 წელია, იმ ზოგიერთებს, მობეზრდათ ცდა და უნდათ დაიბრუნონ ის თავისი 2 კილო საფანტი... ჩექმებზე არაფერს ვამბობ!... გუშინ მიშა უმაკრატლოდ დარჩენილ მერცხალს გავდა... ჩვეულზე მეტად ცმუკავდა და ხმაშიც უფრო მეტი და ლოგიკური ბზარი იყო.. რატომღაც, ასეთი უფრო მომეწონა – მარცხსშეგუებული, მაგრამ, მაინც უსინდისოდ „მართალი“. არასოდეს არ ვიტყუებიო, არაო... ჩემს შემდეგ ქიბროწაშვილიც ყოფილაო! ბაქოს და ემირატების „პაეზდკები“ ხომ მაინც შემრჩაო!? ხომ მიყურეთ ტელევიზორშიო? როგორი ღიმილიანი და ბედნიერი ვიყავიო?! გიყურეთ მიშა, გიყურეთ... დოხტურებიც დაგახვიეთ, მაგრამ... მაგრამ უხილავი და ხილული მტრების ჯინაზე მიშა მაინც მაგარია! თქვენ ოპტიმისტობა იოლი საქმე გგონიათ?! საკუთარი მოქალაქეების „შვილებივით პატრონობაც“ ადვილი ხომ არ გგონიათ? აბა სცადეთ და შეძელით ამყოფინოთ „უბრალო ხალხს“ სკოლის მოსწავლის სადილისთვის სამყოფი რაციონი და ამისთვის მადლობებიც მიიღოთ. მიშამ შეძლო „საკუთარი ხალხისთვის“ არჩევანის გამარტივება – არ ვიმკურნალო და ავადმყოფობამ მომკლას თუ ვიმკურნალო და შიმშილმა?! ამაშია საქმე! აბა ადამიანები, ნაციონალობის, აღმსარებლობის, საცხოვრებელი ადგილისა და სქესის მიუხედავად, მიშაზე უფრო მაგალითად ნილოსის ნიანგს უყვარს. როგორ გგონიათ, ჩრდილო კორეაში ინტერნეტი მასებისთვის ხელმისაწვდომი რატომ არაა? იმიტომ რომ მოსახლეობამ არ გაიგოს ბრინჯის მხოლოდ გარნირობის ამბავი. ჩვენ რა წინ ვართ, ატყობთ? როცა ადამიანის ყველა აზრი ერთი მიმართულებით მოძრაობს,ის არა მხოლოდ ნახევარგამტარია, ფაქტიურად დიოდიცაა. ამას კი დაუჟინია – „პრეზიდენტი ვარო!“ უფუნქციო, უკმაყოფილო და გულდაწყვეტილიც, მაგრამ მაინცო...მიეცით ბერკეტი! სულ ცოტა და პაწია მაინც! ხომ წამოცდა გუშინდელ შეხვედრაზე, 25 000 ადამიანია დასაჭერიო... არადა, ივანიშვილს მხოლოდ 7 000 საჩივრის ამბავი სცოდნია. სერიოზული ჩავარდნაა თურმე ტურიზმის, ინვესტიციების და სავაჭრო ბალანსის კუთხით. რა გახდა ერთი „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ ? პრეზიდენტია ბოლო–ბოლო! სირცხვილია, როცა პრეზიდენტმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „სტაგნაცია“. პოლიტიკური კრიზისის ნიშნები შეიმჩნევაო! ცხადია, ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდა... ზოგადად უკეთესია გულისწყვეტა გაუკეთებელზე, ვიდრე ცუდად და არასწორად გაკეთებულზე. ჰოდა, იმის გამო, რომ მერე ამას ვერ მოინელებდა, პრეზიდენტმა გუშინ მაინც გახსნა დაუსრულებელი საზაფხულო თეატრი ბათუმში. შეიძლება იმის შიშით, სხვამ არ დაიბრალოსო... იმაშიც გამოტყდა, რომ თავის საამაყო „ანბანის კოშკზე“ ახლა გული წყდება, რომ ასეთი არაეკონომიური გამოდგა. რატომაა რომ სიმართლე, როგორც წესი, მწარეა? პრემიერმა რაო? პრემიერმა ეს ყველაფერი პირიქითააო, პრეზიდენტს ტექსტი აერიაო და ჩემი სათქმელი თავად თქვაო... ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის და მომავალ შეხვედრამდეო! არადა, ჩვენ როგორი ინტერესით ველოდით... ისეთი ინტერესით, რომ ამასობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში „ხელისუფლება“ შეიცვალა. ბარათაშვილმა მოხსნა ბერძენიშვილი, ბორდმა მოხსნა ბარათაშვილი... გახელაძე ისე გახელებულა, შესაძლოა, ხელში იარაღიც აიღოს საკუთარი ღირსებისა და კეთილდღეობის დასაცავად. „თოფმა–ჟანგი, ჟანგმა მიწა, მიწამ თაგვი...“ რას მიკეთებს ამ დროს არხის მამა და მარჩენალი საზოგადოება? ვენახი ვინ გაკრიფა, ეგ აღარავის აინტერესებს? რა დასამალია და პარლამენტარები აშკარად მოწესრიგებულან, განსაკუთრებით უმცირესობა – პარლამენტის სხდომააო და, ისე ეუხერხულებოდათ გუშინ ყველაფერზე „კომენტარის კეთება“... გაიგებდით ალბათ, – ნანუკა ჟორჟოლიანს ტატუ გაუკეთებია, აწი შემობრუნდება ურემი, თუ არ გადაბრუნდა... თუმცა, როსტოს მიერ ერეკლე კოდუას ფულის წაგების ამბავი ისევ ბურუსითაა მოცული, როგორც მისი დარჩენა ნანუკას შოუში. სამაგიეროდ, ის ნათელზე ნათელია, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც კოკა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებს, იმიტომ რომ ეს თავად კოკამ დაადასტურა სოციალურ ქსელში და „მტრებს, ავყიებს და შურიანებს ნიშნიც მოუგო“... ამ კვირაში, იმედია, შევიტყობთ, გაიყიდება თუ არა მე–9 არხი და გაზეთი „ალია“, რატომ შეიცვალა ჩემი სეხნიას როლის შემსრულებელი თბილისში ყველაზე პოპულარულ სერიალში, დაუბრუნდება თუ არა სამთვიანი შვებულებიდან “ბოსი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და. ა.შ. აქვე მინდა ვიკითხო – თუ ეს კომისია თავმჯდომარის გარეშეც მუშაობს, მაშინ რატომ ვუხდით ამხელა ხელფასს ვიღაცას? და თუ იმ ვიღაცას აღარ სურს თავის კაბინეტში დაბრუნება, მაშინ რას ველოდებით, ვეღარსარეგულირებელ სიტუაციას? შეიძლება ვცდები, მაგრამ, მე მაინც მგონია, როცა მტერი და ოკუპანტი დარბაზში დგება და ტაშს უკრავს შენს გენს, კულტურას და ჯიშს, „მტრის საამებლად ტინკიცი“ კი არა, მასზე მორალური გამარჯვებაა. რუსეთმა უკეთ იცის რომ თბილისშიც, აფხაზეთშიც და ოსეთშიც ჩვენი ბიჭები სწორედ მათ ეომებოდნენ. მტრის ტაში ჩემთვის ღირსების შელახვა არაა, თუმცა, ვის–როგორ... ბავშვობის არგუმენტი გამახსენდა – არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაზე ჭკვიან ადამიანზე ჭკვიანია. პ.ს თუ სიძულვილს გრძნობ, მაგრამ, ახლო–მახლო მტრებს ვერ ამჩნევ, მაშინ სულ ახლო მანძილზე იმალება ყველაზე საშიში მტერი – საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. ზოგჯერ, მგონია, წარბები ამპარსეს. იმდენად აღარაფერი მიკვირს. უწარბებოდ ვერც გაოცდები, ცხადია... ცხოვრებისეული წარმატების მთავარი პრინციპი, ჩვენი კატეგორიის საზოგადოებისთვის, რომ ცოცხლად გადარჩენაა, ეგ ამბავი უკვე ნათქვამი მაქვს. სიცოცხლეზე და გადარჩენაზე ერთს ვიტყვი – დღეს თემქის ღვთისშობლის ეკლესიიდან 3 ახალგაზრდა გამოასვენეს. 3 განუყრელი მეგობარი, რომლებიც, ბედის ირონიით, სიმუხთლით თუ რაღაც უფრო მეტი ჯანდაბით, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპნენ. ამ ზამთარს საეჭვოდ იმატა აირით მოწამვლის და გარდაცვალების შემთხვევებმა თბილისში. ვერაგია ეს უსუნო, უფერო ნივთიერება, ამიტომ განსაკუთრებული წესების დაცვით მოსახმარი. ჩვენს მეხსიერებას ახსოვს მძაფრი უსიამოვნო სუნი, რომლითაც ვგრძნობდით მის სიახლოვეს და საშიშროებას. სპეციალური მინარევი, რომელსაც პრევენციის მიზნით იყენებენ, თურმე, საკმაოდ ძვირი ღირს. ბოლო დროს ჩვენს მიერ მოხმარებულ აირს ეს სპეციფიური სუნი არ დაყვება. ვითომ ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებასთან გვაქვს საქმე? „ყაზტრანსგაზს“ ეგებ შეახსენოს ვინმემ, რომ ადამიანის სიკვდილი „ზარალად“ არ ითვლება, საბედნიეროდ, უფრო ძვირი და მტკივნეულია... სამწუხაროა, რომ ჩვენში, ჭკუის მიხედვით, ჯერ კიდევ, მხოლოდ აცილებენ...ეგ ჯანდაბას, თუ პასუხისმგებლობის მიხედვით მაინც შეხვდებიან. მიდგომები ამინდივითაა – ხან თოვს, ხან ქარია, წვიმას აშრობს მზე და, ზოგჯერ სტიქიას უფრო „მეტი სარგებელი“ მოაქვს. ჯერ–ჯერობით საქართველოში მარტია – კალენდარზეც, კაბინეტებშიც და მენტალობაშიც. ამინდის პროგნოზის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, კარგა ხანია, ყავის ნალექი ფინჯანში გასაახლებელია. მაინც როგორი ფემინიმალური მეხსიერება გვაქვს ქალებს!? ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  23. არაფერი ისე არ აფხიზლებს დღის ბოლოს ადამიანს, როგორც სამუშაო მაგიდაზე დაღვრილი ერთი ფინჯანი ქაფქაფა ყავა. რა თქმა უნდა, მეტი მხნეობისთვის უკეთესი იყო მისი შინაგანად მიღება, მაგრამ ნუ დაიბნევით! ჩათვალეთ და ირგვლივ მყოფებსაც უთხარით, რომ ეს „პარასკევას“ ერთგვარი რიტუალია – უფრო ენერგიული და არომატული მომავალი სამუშაო კვირისთვის. რა თქმა უნდა, ამ მოკლე განმარტების შემდეგ, დასუფთავების მიმართულებით მოგიწევთ დამატებითი შრომა, მაგრამ აქაც იმით გაიმხნევეთ თავი, რომ არც ისე შორეული წარსულის ნაციონალური ბომონდი, მმართველი პარტიის სეფე –ქალები, პაჟები და, ზოგჯერ დოქსოპულოებიც ამ საქმით „ირჩენდნენ“ თავს და, არც ისე ურიგოდ. ეს სამუშაო კვირაც ზამთართან ერთად გადავაგორეთ, პაპიც წავიდა... სამაგიეროდ, გაზაფხული მოვიდა უქმეებით და მზიანი დღეებისა და ღამეების პერსპექტივით. გუშინ შაშვების დაბრუნების ოფიციალურ ცერემონიალს შევესწარი ოფისის აივნიდან. შთამბეჭდავი სანახაობა იყო ქალაქის თავზე მოძრავი კოლონა. ალბათ, მაგათაც ესმოდათ მშობლიური პატრულის უფრო მშობლიური მოწოდება – პირდაპირ იმოძრავეთ! საინტერესოა, ქალაქში ცენტრში განა რამდენი სტუმარი მოძრაობს მანქანით, რომ ყოველდღე და ყოველ 5 წუთში მოძრაობის მიმართულების შეხსენება ჭირდებათ? პატრულის საყურადღებოდ! ახვლედიანის ქუჩიდან მოკითხვა დამაბარეს და გთხოვეს, ზოგჯერ იქნებ ჩვენსკენაც შემოიარონო, ძალიან მიგვივიწყესო. თანაც, იმ ქუჩის საეჭვო დაწესებულებების კლიენტურაც უფრო ფხიზლად და წესების დაცვით იმოძრავებსო. ყველა კუთხე–კუნჭულში შეიხედეთ, თორემ უწყების ყოფილ „მამა–მარჩენლებს“ ხომ იცით ასი თვალი და ასი ყური აქვთ გამობმული? ვანოს და ბაჩოს მუნდირის ღირსებაზე და მათი ნაღვაწ–ნაოფლარის „შებღალვაზეა“ საუბარი. ის როგორ იყო?გასული წლის ოქტრომბრამდე შსს, საშუალოდ, თვეში 1500 ამპულა ნარკოტიკს ხარჯავდა სამედიცინო პუნქტიდანო... გავაგრძელო?.. ჰოდა, თუ არა, მაშინ, ხელისუფლების „უსამართლობით“, გაუნათლებლობით, არაპროფესიონალიზმით და უმოქმედობით დაღლილები, ჩამოჯექით, დაისვენეთ, ამოისუნთქეთ, ან ჩაისუნთქეთ... სუნთქვისას, ეგებ, პარალელურად, იმაზეც იფიქროთ, რომ , ზოგჯერ, და უფრო ხშირად, მონური და ბრმა ერთგულება ჯილდო კი არა დანაშაულია, მერე სასჯელიც. მგონი ზოგიერთებს ცოდვებმა უწია! აბა რა დიპლომის ჭია შეუჩნდათ ხაჩიძეს და თუთბერიძეს? წულუკიანის დიპლომს რომ დაეძებენ, მიხვდნენ, რომ საკუთარი გამოსაჩენად არ ვარგა? საკუთარი სეხნიის მიმართ ასეთი ცხოველური თუ გაცხოველებული სიძულვილი ჯერ ქართულ პოლიტიკაში არ დაფიქსირებულა. თეა თუთბერიძე თეა წულუკიანის ინტელექტის წინააღმდეგ უკვე სერიოზული თემაა... ქალბატონი „კმარა“ ერთ–ერთ თავის „თავისუფალ“ ინტერვიუში ქართული ბულვარული პრესის დონეზე, ამბობდა– ერთფეროვნებას ვერ ვიტან, ცვილებები მიყვარსო. მგონი, მაგ დროს ცრუობდა. აბა საძაგლობების კეთება რატომ არ ბეზრდება და წყინდება? თუთბერიძის და ხაჩიძის „ფრონტელი მეგობარი „ ირმა ნადრაძე ივანიშვილის მრჩევლობის ინიციატივით გამოდის, როგორც ჩანს, საკუთარი ბელადის იმედი დაკარგა. პარტიის ინტერესების დამცველიდან უკვე ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე გადავიდა. სოციალურ ლიფტებს კარიერული კიბე ცვლის და ზოგი ადის, ზოგიც ჩადის... შეეგუეთ რა! გუშინ ნიკას ძილის წინ თავის საყვარელ ძმები გრიმების ზღაპრებს ვუკითხავდი. შეგვხვდა სიტყვა ცრუპენტელა. – ეგ რა არისო? ცრუპენტელა ისეთი კაცი ან ქალია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ იტყუება–მეთქი. ვისი „ხატება“ წამომიტივტივდებოდა გონებაში ხომ ხვდებით? მაგრამ ბავშვს ასეთ მაგალითს ხომ არ მოვუყვანდი. მერე დაიმახსოვრებდა, რომ პრეზიდენტი ცრუპენტელა უნდა იყოს. კიდევ კარგი, დროზე მომისწრო ნიკას შემხვედრმა კითხვამ – ყველა ნაბიჯზე რატომ იტყუება? ისე ვერ დადისო? ესეც თქვენი ბავშვური ლოგიკა და მის ბაგეთაგან ნათქვამი ჭეშმარიტება. ეგენიც კი ხვდებიან, რომ ზოგიერთებისთვის მთელი ცხოვრება უბრალოდ გაჭიანურებული სარეკლამო პაუზაა. ვხვდებით, რომ, ჯერ კიდევ პრეზიდენტს, მართლა არ შეუძლია სხვაგვარად სიარულიც და არსებობაც. სიამოვნებით ვუთანაგრძნობდით და გაგებითაც მოვეკიდებოდით, რომ არა საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი და დანაშაულებრივი აქტების თუ ფაქტების ზღვარგადასული ლიმიტი. ლიბერალებიც ნუ მოგვთხოვენ „უბრალო ადამიანებს“, მისთვის ყველაფრის პატიებას. ჩამოვიდა ჩვენი ონავარი ბაქოდან და იმ თავის ელექტრომობილიდან სულ ცირკის მასხარები უძახა სახელმწიფო დაცვას. ჰოდა აბა რაში ჭირდება მიშას დაცვა? უხერხულობის გარდა არაფერში არგია. აცადეთ, პრეზიდენტს! სურს, ხალხის მეხსიერებაში მიშად, გმირად, ვაჟკაცად და მზრუნველად დარჩეს. სურს ხვდებოდნენ და აცილებდნენ თვალცრემლიანნი, ადიდებდნენ, უგალობდნენ, ცის გახსნასავით ელოდნენ მის გამოჩენას, აღდგომას მტვრისაგან პოლიტიკისა... თვალებიდან და ქცევიდან ჩანს, რომ ბავშვობაში, ანუ ერისკაცობაში, შურდა „მაგარი ბიჭების“ , პოლიტ–კაცობაში „– სტალინის, ზვიადის და პუტინის. ჰოდა, ნურას უკაცრავად და ვერ მოგართვით! სამაგიეროდ, ბიძინას თხილამურებზე დგომა არ ცოდნია და ზარმაციც ყოფილა! მაგანაც ადგეს და ისწავლოს, თორემ 20 ჯერ ჩასულა მიშა მესტიაში ერთადერთი მიზნით – ტურისტების მოსაზიდად. რა ნაკვალევი იცის მაგ დალოცვილმა?!.. იმედია, უახლოეს მომავალში თოვლის კაცობასაც არ დაიბრალებს, თორემ, მერე რა აუვა ამდენ მონადირე–ტურისტს!? სულმოუთმენლად ველი, როდის ახდის ფარდას ჩვენი პრეზიდენტი პრემიერსა და მარკ ცუკერბერგს შორის არსებულ ფარულ კავშირებს, რომელიც საეჭვოდ თვალსაჩინოა. მაგალითად, დავაკვირდეთ ფეისბუქის დიზაინის ფერს და ოცნების სიმბოლიკას. ფერთა გამა ემთხვევა. მეორე საეჭვო მომენტი – ივანიშვილი პრეზიდენტის მიმართ მიმართვებს სწორედ ამ ქსელით ავრცელებს. მგონი საკაშვილმა არ იცის, რომ სოციალურ ქსელებს აქვს არასასურველი კონტაქტორის დაბლოკვის რეჟიმი, თორემ ვირტუალურად მაინც ხომ სიამოვნებით დაბლოკავდა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდს?! მიაწვდინეთ ვინმემ ქალბატონ მანანა მანჯგალაძეს ხმა, რომ ცუკერბერგი „ოცნებასთან“ კავშირში არა, უბრალოდ დალტონიკია და უბრალოდ ლურჯი ფერის მთელ გამას სრულად აღიქვამს მისი მხედველობა. ერთი კარგი ამბავი ამ კვირაში – როგორც იქნა, ჩვენი ფარმაცევტული ბიზნესი დაეუფლა „მომწოდებლის ენას“ და სააფთიაქო ქსელმა პსპ–მაც მყისიერად დასწია კიდევ 50 პოზციაზე ფასები... მიხეილ! ინგლისურის შემსწავლელი კურსების ნაცვლად ეგ ენა გესწავლებინა ბიზნესისთვის თავის დროზე, თუ არ გაწყობდა? გავიგე, კოტე კუბლაშვილი საკუთარი იმპიჩენტის საფუძველს ვერ ხედავსო. მაგას მხედველობაც არ უვარგა? როდის მიხვდებიან ზოგიერთები, რომ ნამდვილი თავისუფლება ის კი არაა, აკეთო ის, რაც გინდა, არამედ არ აკეთო ის, რაც არ გინდა! ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა,რაც ჩემს მეზობელ ჟუჟუნას ძალიანაც არ ესიამოვნა, – ეხლა ყველაფერი თუ ამათმა შეამცირეს, მერე „ჩვენები“ რომ დაბრუნდებიან, რაღა შეამცირონო?! ჟუჟუნას გზირების მეორედ მოსვლამდე არაფერი გვეტკინოს და გაზაფხულიც ყავასავით შეგვარგოს... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  24. აღარ მინდოდა ისედაც თუჯივით მძიმე ორშაბათი ყავის ნალექით და დამემძიმებინა. დღეს სამშაბათია, ფანჯრებს მიღმა ისევ არასტაბილური პესიმისტების და რომანტიული ოპტიმისტების ამინდი დაიარება. არაზომიერ ტემპერატურასთან თანაცხოვრების მე–3 დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის რაღაც „ვადიანი ვირუსი“ შემომიჩნდა და ჩემს უხასიათობას თბილისის მასშტაბით ყველაზე არომატული ყავაც კი ვერ შველის. უსაქმურობამ გამახსენა, – ბავშვობაში ყავის ნალექს ვიპარავდი და ჩუმად მივირთმევდი. არ ვიცი ჩემს შესაშინებლად მოიგონეს თუ რაიმე ოფიციალურ კვლევას ეყრდნობოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ, მავნე ჩვევას იმ არგუმენტით გადავეჩვიე, რომლის თანახმადაც, ყავის ნალექი მილებს ხეთქავს და ადამიანის ნაწლავებს რას უზამს?! წარმოსახვა ბავშვობიდანვე მივარგოდა. შემეშინდა ... ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში ე.წ. „ კუკარაჩას შიშებიც“ დამჩემდა – „ერთი იმის მეშინოდა, სიყვარულის გრძნობის გარეშე არ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან და“... ეგეც დავძლიე. თან ისე, ბებიაჩემი მთელი არსებით თანამიგრძნობდა – ყველას მაგივრად შენ როგორ უნდა გიყვარდესო!? მე თუ მკითხავთ, უსიყვარულობას ისევ ჭარბი სიყვარული სჯობს და, საერთოდ, სიყვარული არასოდესაა ზედმეტი... შიშებს რაც შეეხება, ზოგადად, არ ვარ მშიშარა, არც პანიკიორი, დაშვებულზე მეტად ოპტიმისტიც ვარ, თუმცა, ბოლო წლებში, უპერსპექტივობის შიშები დამჩემდა. ოღონდ ახლა არ მკითხოთ, – ნეტავ რატომო? რამდენიმე წლის წინ თქვენმა უმეტესობამაც, ჩემსავით, იმ მიკრო–სამყაროში გაიღვიძა, რომელშიც ყოველთვის ჰარმონიულად თანაარსებობდა, მაგრამ, ერთ დილას, საკუთარ ადგილს ვეღარ მიაგნო. თითქოს, ვიღაცის უხილავმა ხელმა, ჩვენი ცხოვრების სერპანტინიდან, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ეპიზოდი მაკრატლის უხეში მოძრაობით ამოჭრა. არ მიყვარს სხვისი სახელით საუბარი, ამიტომ, ჩემი სახელით ვაღიარებ, რომ პირველად ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა, როცა უმუშვარი დავრჩი 2 პენსიონერით, 2 სკოლის მოსწავლით და 1 მეძუძური ბავშვით ოჯახში. მაშინ იყო, რომ მარცხენა მხრიდან კარგად შემაქანა, გონების დაკარგვამდე. მაგ შექანების შემდეგ ვიგრძენი ყველაზე უკეთ, რას ნიშნავს, იყო დედისერთა, მაგრამ გყავდეს დედმამიშვილებზე ერთგული მეგობრები, რომ არიან თითქმის უცნობი ადამიანები, რომლებსაც სხვისი პრობლემების შეგრძნება წესად და ხასიათში აქვთ. ჰოდა, მაშინაც გადავრჩი... მერე გაჩნდა უსამართლობის, დაუცველობის, გაუცხოვების, ბოლოს – შვილების დამშევის შიში. და, როცა, ერთ უმწარეს დღეს სახლში მხოლოდ 1 ჭიქა წიწიბურა, 3 კოვზი შაქარი, წინა დღიდან შემორჩენილი პურის პატარა ნატეხი აღმოვაჩინე, ხოლო საფულეში – 6 ლარი, მაშინ მივხვდი, რომ, თუ ახლა გადავრჩებოდი, აღარასოდეს არაფრის შემეშინდებოდა. ჰოდა, ამ „გადარჩენის ინსტინქტით“ შევედი უახლოეს სუპერ–მარკეტში, სადაც 6 ლარად შევიძინე ის, რაც მომივიდა, რაზეც ფული არ მეყო – მოვიპარე. დიახ! პური, შედედებული რძე და „ჰერკულესის“ ფანტელები მოვიპარე. კიდევ კბილის პასტა – მშიერმა კუჭმა განსაკუთრებული პირის სიმყრალე იცის... თურმე, ქურდობაც შემძლებია! კარგია, როცა, წლების მერე, საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს პოულობ. ყოველთვის ვიცოდი, რომ იუმორი გადაგვარჩენს ქართველებს... მერე დაიწყო დამნაშავის შიში – რომ მოპარული პროდუქტი აუცილებლად მოწამლავდა ბავშვებს, რომ სულ მალე პოლიცია მომადგებოდა და ჩემს შვილებს ეყოლებოდათ ქურდობისთვის ნასამართლევი დედა. ჰო, ასე თქვენსავით ბევრი იხარხარა მაშინ ჩემს ისტერიკაზე მაესტრო ვარსიმაშვილმა, –„კარგი რა ნუ მაცინებ, პურზე და სგუშონკაზე ვის იჭერენო?“ კარგადაც „მიმწკეპლა“ ჩემი სიჩუმისთვის, –აბა რისთვის ვარსებობთ მეგობრებიო?!. კარგად ვიცი მეგობრების დანიშნულებაც, მაგრამ, ზოგჯერ ძალიან ძნელია საკუთარ თავში გამოჭერილ „მათხოვარს“ და უსუსურობას გადაახტე. დაჭერით კი როგორ არ იჭერდნენ? – ერთ ფილა შოკოლადზეც, 1 ბოთლ კოკა–კოლაზეც, ძეხვზეც და სიგარეტზეც, თანაც ბავშვებს... იმ დღეებში დავდიოდი და ისტერიულად ვუყვებოდი ყველა ჩემს მეგობარს, როგორ მოვიპარე „მილიონი“... მოკლედ, ამჯერადაც გადავრჩი მგონი, თუ დღევანდელი აღიარებითი ჩვენების მერე არ მომადგა პოლიცია, მაგრამ ახლა აღარ მეშინია – ოჯახში საჭმლის და წამლის ფული გაჩნდა და აღარც კაციჭამიები არიან პენიტენციალურში. დამიჭერენ და, ბოლო–ბოლო წიგნს დავწერ, რა პრობლემაა? იქ მეტი საქმე მაინც არ მექნება. რას მოვაყოლე ეს ჩემი „ლირიული“ აღსარება – გუშინ ტელეეკრანებზე ნანახმა „გამარჯვებულმა“ და მოზეიმე ნაციონალურმა ელიტამ გამახსენა. მე მესმის მათი – მათაც ეშინიათ, ოღონდ ჩემგან და ჩემისთანებისგან განსხვავებით, უფრო მძიმე ფორმებში და მსხვილ მასშტაბებში. ნაციონალური ელიტა, რომელიც აღსარებასაც კი პირდაპირ პატრიარქს ან რომელიმე მიტროპოლიტს აბარებს გუშინ იყო სამართლიანობით აჭყლოპინებული და უხვსიტყვიანი. ვაღიარებ – ქ–ნი რუსუდან კერვალიშვილის და ხათუნა გოგორიშვილის დანახვაზე სულ მიჩნდება კითხვა – რატომ დადიან ჩვენი პოლიტიკოსები ეკლესიაში? როგორც ვხვდები იმიტომ, რომ ამდენი ტყუილის თქმით მონანიების გარეშე, ენის მიხმობის შიში აქვთ. დანარჩენმა „პატრიოტმა“, „სამართლიანი იდეებისთვის“ და „ოკუპაციის წინააღმდეგ“ პროტესტმატარებელმა ქალბატონებმა მომიტევონ – მათი რელიგიური „გაქანების“ მასშტაბები ჩემთვის უცნობია. სამაგიეროდ, გიგის, მამუკას და კობას სტიქაროსნობაზე და ღვთისმოშიშობაზე ლეგენდები დადიოდა ჩვენს ქალაქში. იმედია, მათ „ ღვაწლზე“ თბილისს ერთი ჭკუის სასწავლებელი ლეგენდა მაინც დარჩება. როგორც მივხვდი, „კოჰაბიტაციის“ მიმართულებით არაფერი გამოგვივიდა და ახლა ოკუპაციის კვირეულმა უნდა „გვიხსნას“. როგორ გვიყვარს ქართველებს ხავსი და იდეებისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით – სარგებლიანი იდეებისთვის... აბა ქალაქის მერს მართლა სიმბოლურად კი არ მიუბნევია მკერდზე წითელი ყაყაჩო? ამათი შემხედვარე „სიმბოლისტები“ ვინ იცის რამდენჯერ ამოტრიალდნენ საფლავებში... ყველაფერს თავისი დრო, ფორმა და დატვირთვა აქვს. მუხლსაც, სამართალსაც და პურის ჭამასაც. პურის ჭამაზე გამახსენდა, – რა ლოგიკაა? სადაც კეზერაშვილის ადვოკატი 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა, იქ რომ გიგი მილიონის გადამხდელი არ იყო, კი უნდა სცოდნოდათ ვიღაც–ვიღაცეებს. არ არიან ესენი, ანუ დღევანდელი „უმცირესობა“ „ყოფილები“. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვაღიაროთ, რომ ისინი არიან „არსებულები“. ანუ არსებები – რომლებიც, საკუთარი უტიფრობის და, ადამიანობისთვის საშიში მადის მიუხედავად, მაინც არსებობენ და აქვთ დიდი სურვილი, მოტივაციაც, რომ ბოლომდე დარჩნენ პარაზიტებად. მოტივაცია კი ისაა, რომ საკმაოდ დიდ ხანს მოუწიათ სასათბურე პირობებმა. საკუთარ კამეჩის ტყავზე გამოსცადეს კარგი ცხოვრება, საუკეთესო სერვისი, შეუზღუდავი შესაძლებლობები, ხელშეუხებლობა და შეშინებული ადამიანების მონური მორჩილება. ამაზე მეტი მოტივაცია რა გინდათ? იბრძოლებენ, აბა არ იბრძოლებენ? ყოფილი „ექვსიანები“ – ახლა რომ „კაცობენ“ და, კაცობის ალიბად ათასგვარი ჯურის ბოზთან, ტრადიციულ თუ არატრადიციულ „ჰომო“ თუ „ბი“ –სექსუალთან კოტრიალის, ძვირადღირებული სასტუმროების სააბაზანოებში აბაზანის ხალათებსა და ჩუსტებში გამოწყობილი ჰაბიტუსების, კიბორჩხალის თუ რვაფეხის სალათიან თეფშებსა თუ ვიღაცის გაბედულ დეკოლტეში თავჩარგულ ფოტოებს გვიფრიალებენ. და რა ქნან მეტი ამ ბიჭებმა (გოგოებმაც)?! აღარც იბრძოლონ ასეთი ალაფისთვის? აბა ისე ხომ გაექცათ ცოლები, საყვარლები და მათი საყვარლები? ხომ დაემშათ შთამომავლობა და მონაგარი? ხომ გასკდა დავით ბაქრაძის გული, მის ოჯახს ულიმიტო მობილური კავშირი რომ შეუზღუდონ? ხომ შემოიბდღვნა საქვეყნოდ შელახული თავმოყვარეობა კობა სუბელიანმა, მის ძაღლებს რომ ვიტამინები მოაკლდეთ და საკუთარი სახლებიდან აყრილი და ქუჩაში დაყრილი ხალხის შვილები ჭირსაც წაუღია! როგორ შეხედოს აკომ სიდედრს და პეტრემ სიმამრს თვალებში? ვინ შეუფასებს „ჩინის“ და ჩვენი ფულის გარეშე კობა ხაბაზს და ნუგზარ წიკლაურს კაცობას – ნაციონალური ორიენტაციის კულტურის მუშაკები და კეთილსინდისიერებისგან ენადაცვეთილი ჟურნალისტები? რომელ მწვერვალზე დატოვოს თავისი ცოდვილი სულის ნაფლეთები პადოშამ და რომელი ხის კენწეროზე – ჩიორამ? როცა თავს არწივად იგრძნობ, გიგი, ბიჭო! სასამართლოს შენობაში შეფრთხიალებისას, ფრთების მხრებზე აკურატულად დალაგება არ დაგავიწყდეს, სადმე უშნოდ არ გაიჭედო! ერთ რამეს მივხვდი – ერთადერთი რიგი, რომელიც არასოდეს თავდება და უსაშველოდ ნელა გადის – სამართლის რიგია. და ვიდრე ერთნი ვიღაც–ვიღაცეების კრიტერიუმებით შეკოწიწებულ ფუფუნებაზე ოცნებობენ და საკუთარ რიგს ელიან, დანარჩენები თავისუფლების ბედნიერებას ხელკავით და ღიმილით მიაცილებენ . ახლა ვიცი, ზოგიერთები ამას დაბოღმილი და გამწარებული დედაკაცის კრულვად ჩამითვლიან, მაგრამ ჩემი ბოდვა რა მოსატანია, როცა თუნდაც ერთ ბავშვს სცივა, შია და წყურია ამ ქალაქში. ადამიანობა მარტივია – ვიდრე საკუთარი შვილებისთვის მე–10 ბარბის ან მე–7 აიპოდს იყიდდეთ, მოიკითხეთ სანაცნობო, საახლობლო, ეგებ ვინმეს ძალიან ჭირდებით. თუ ბედმა გაგიღიმათ და ახლობლებში სიმშვიდე და კეთილდღეობაა – ქუჩაში გადით, იქ ჯერ კიდევ შიათ შვილებსაც და დედებსაც. თანაც, შიათ ღია ცის ქვეშ... რა უცნაური რამეები ხდება ბუნებაში... თბილისში კატებიც კი წინსწრებით აკნავლდნენ. ასეა ბატონო! ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში და სიყვარული კიდევ ყველას უნდა… ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  25. ზოგიერთს რომ ჰკითხო, ცხოვრებისეული ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა 2 უმარტივესი რამის შეცვლა – უნდა ეცადო დილის 7 საათზე ადგომას და ღამის პირველ საათზე დაწოლას. პლუს–მინუს 1–2 საათს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „კონცეფცია გაიტანს.“ კარგია, როცა დილით მეზობლის ჩართული ბურღის განწირული ხრიალი კი არა ახლადმოდუღებული ყავის სურნელი გაღვიძებს, მერე ფეხაკრეფით მოსიარულე მზრუნველი ადამიანის მოძრაობას გრძნობ ოთახში, თვალგაუხელლად უღიმი ამ იდილიას და კმაყოფილი იცვლი გვერდს... რა უსამართლობაა!? მე ვოცნებობ და ჩემი ოცნებები სხვას უხდება. უკვე ოცნებებსაც იპარავენ? თუ ოცნებებით ტანჯული სული ცარიელ კასრად გექცათ, მასში უნებართვოდ ჩასახლებული დიოგენეც ნუ შეგაშინებთ. მეც არ მეშინია, უფრო სწორედ, აღარ... რამდენს ვტლიკინებ... არადა უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ სიზმარი მესიზმრა... დიდი ვერაფერი ამბავია, მაგრამ, სამაგიეროდ, იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. სიზმარი ჩემს ცხოვრებაში დაჩაგრულია ძილთან მოკლემეტრაჟიანი, არასტაბულური და შემთხვევითი ურთიერთობების გამო. ...“ სიზმრად ვნახე გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა“–ს ასაკიდან კინწის კვრით ვარ გამოგდებული, „პაჩკა–პაჩკა დოლარები“ ჩემთან სიზმარშიც აღარ ცვივა, არც მზე იყო აქეთ და არც ვარსკვლევები – იქით. აბა რა ჯანდაბა და განათებული მოდულის შენობა მესიზმრა – არც ისე გრძელი, მაგრამ ხმაურიანი, ორსქესოვანი რიგით ეზოში. მამრები მარცხნივ, მდედრები – მარჯვნივ... რა რიგდებოდა? თუ არ ვცდები, ამნისტია. რიგის მომწესრიგებელი ამ სიტყვით თავისი გუნდის სახელით შეურაცხყოფილი და პირგამშრალი ჩვენი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. გოკა, აკო და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომხვდნენ თვალში. გამოირჩეოდნენ „ჩვეულებრივი“ ნაციონალებისგან შიშით და მუდარით გაფართოვებული თვალებით და მიხვრა–მოხვრით. ნუგზარ წიკლაური დაჟინებით მოითხოვდა კითხვაზე პასუხის გაცემას – თუ არ შეგვხვდა ეს ოხერი ამნისტია, სახლში მისვლის და ჩაბარგების უფლებას მაინც თუ მოგვცემენო?! სულძაღლიანი და კაცთმოძულე ნამინისტრალი სუბელიანი ნიშნის მოგებით ანიშნებდა თავის ზურგჩანთაზე, მე თადარიგი წინასწარ დავიჭირეო, 2 დღის სამყოფ ორცხობილას გადმოგიყრი თუ გინდაო. ნასარიძეს სიმშვიდის ანგარიშზე, საამაყო ბლანჟეს მხოლოდ 1/3 შერჩენოდა და მორიდებით კითხულობდა – ზოლიანი წინდები ვერ ვიშოვე, მე ხომ არ ვიყიდები, ეგებ ნახმარი მაინც დამითმოს ვინმემო. თქვენ წარმოიდგინეთ, მდედრები უფრო მშვიდად იდგნენ და ელოდნენ – პაროლი ისევ „ცხვირი“ იყო, ბრძანება – დაწექი! არგუმენტი – მიბრძანეს და უარი ვერ ვუთხარი... ვიცი, უსიამოვნო სიზმარი გამდინარე წყალს რომ უნდა უამბო, აბაზანას ვეკვეთე, მაგრამ წყალი არ მოდიოდა. ჰოდა, შემრჩა ასე წყალწაუღებელი და წყალგაუვალი კოშმარი მათთვის. ზოგი ჭირი მარგებელია!,– როგორც ვიცით. ეგენი და მაგათი შემწყალებელი ამნისტია ღვარცოფსაც წაუღია... არც ნერვებს ავიშლი, არც ვინერვიულებ! არც ცხელ ხაზზე დავრეკავ, რომც ირეკებოდეს... სიტყვამ მოიტანა და, ზოგადად „თბილისის წყალში“ რა ხდება ხომ არ იცით ვინმემ? მაგათი შედგენილი პირადი ჰიგიენის გრაფიკი გვაკლდა და „ყაზტრანსგაზის“ თამასუქების გადახდა. ფულზე გაცოფებული ვინ არ ყოფილა, მაგრამ ასე? საკუთარ კლიენტებს მეორედ მოსვლის წინა დღესავით რომ ექცევა ეგ ყაზახების დაუძლეველი სურვილია? ერთი ცოცხალი ყაზახი მაინც გვაჩვენეთ მაგ კომპანიაში! თვალი თვალში გაგვიყაროს და გვითხრას, რომ დასალუქი მრიცხველების და საჯარიმოს გამო პეტრე პირველის ოპრიჩნიკებივით დაგეშილი თანამშრომლები მათი კორპორატიული სახეა. გაჭირვებულ პენსიონრებს რომ პანსიამდე, ანუ თვის 15 რიცხვამდე დავალიანების გადატანას პირდებიან და მერე 2 დღეში 6 საათიან ულტიმატუმს უყენებენ, უი თურმე არ გვქონია მაგის უფლებაო, – ეგ კორპორატიული იუმორია, ხოლო ზამთრის სეზონზე დაგროვილი დავალიანების გრაფიკით გადანაწილება – სახელმწიფო დანაშაული. ენერგეტიკის სამინისტრომ მკაცრად თუ არა, მეგობრულად მაინც ურჩიოს ეგებ მომხმარებლისკენ შემობრუნება, თორემ მომხმარებელს ისეთი საოცარი მეხსიერება აქვს, თანაც უკმაყოფილოს... საიდან სად წავედი... რა გაქანება აქვს მაინც ქალურ ლოგიკას? ბარემ ის ამბავიც მიმეყოლებინა, "პოლიტიკო.გე"-ს მთავარ რედაქტორს ფინანსურმა პოლიციამ დაკითხვაზე კითხვები ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებით კი დაუსვა, მაგრამ საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრს 2 წლით მანქანის მართვის უფლება, მაინც გასული წლის დეკემბერში გადაუხდელი ჯარიმის გამო ჩამოართვეს. გაიგეთ ხალხო! თქვენ შეიძლება ხუმრობთ კიდეც, მაგრამ ესენი, ვერ იგებენ თქვენს იუმორს, ვერა და მაშინვე პანიკასა და ისტერიკაში ვარდებიან... მასე რომ არ იყოს, აბა რას უნდა ნიშნავდეს ნაციონალების დემოსთენეს გუშინ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის ქრონიკა? ანუ რაო? ვინც 19 აპრილამდე რომელიმე „პატრიოტი “ დაიჭიროს, ის იყოს მოძალადე ხელისუფლებაო? პრინციპში, არაა ცუდი პირობა, დასაბრუნებელი რომ არ ჰქონდეთ ჩვენი წილი საამური ცხოვრება, 19 აპრილამდე ეგენი სიამოვნებით გაიპარებოდნენ ნებიერად და ჰაერიც გასუფთავდებოდა ზაფხულის სეზონისთვის. 19 აპრილს, 4 საათზეო, პატრიოტები რუსთაველზეო! – „დუჩემ“. დიდი მიტინგი, ძალიან ბევრი პატრიოტით, – რა ხმამაღალი ოცნებაა... რომელ პატრიოტებს გულისხმობდა ნეტავ– ანაკლიის ჯაგნარში კურთხეულებს? ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ! – არც ისე ჰაეროვანი პა, ფიურერის სახელზე... წამოვიდა შიკლგრუბერის და ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინის სახელობის სტიპენდიები... რა საოცარი დამთხვევაა! ერთმა, მაგ თვის 28–ში, მეორემ კი 30–ში განუტევა ცოდვილი სული და მიბარდნენ ეშმაკს. ქართველი სპირიტისტები ამტკიცებენ, რომ ჰიტლერის სულს, მხოლოდ გუშინდელი დღის სტატისტიკით, სამასი უპასუხო გამოძახება აქვსო... დიდი ბრძოლები მოგველისო, დიდიო ვანომ! გავრისკავ და გეტყვი, ექს–პრემიერო, რომ ჯვაროსნების უმრავლესობას ბიბლია „ახალ აღთქმამდე“ წაკითხული არ ჰქონდა, თორემ ... რახან ტაქტი არ გყოფნით, ეგ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი სტრატეგი ხართ. თქვენისთანა „რელიგიური ფანატები“ მხოლოდ ისინი არიან, ვისაც არც საკუთარი რწმენის გაეგება რამე და არც სხვისა. სხვათა შორის, 22 თებერვალი კრიმინალისგან დაზარალებულების დღეა. კრიმინალი კრიმინალია, გინდ ელიტარული უწოდე და გინდ ბომჟური. არ უნდა გეკითხათ ბავშვობაში მაკიაველი... აწი რაღა დროსია, მაგრამ ის თუ იცით, ორთოდოქსმა ნაციონალებმა, 19 აპრილს გაუნათლებლობის დღე რომ აღინიშნება, თანაც ვიეტნამში. ასეთ გამჭვირვალობასაც არ მოველოდით თქვენგან, დაგვინდეთ!... როგორც ამბობენ, ფანტასტიკის ჟანრის ყველა მწერალმა თავისი ლიტერატურული კარიერა საკუთარი რეზიუმეთი დაიწყო. ახალგაზრდა, გულანთებულმა „პატრიოტებმა“ კი, მოცალეობის ჟამს, იკითხეთ ნაცისტი კლასიკოსები და კონსტიტუცია... ვერც ახლანდელი უმცირესობა იფიქრებდა, რომ ვინმეს, ოდესმე, აზრად მოუვიდოდა მათივე დამტკიცებული კანონების დაცვა, მაგრამ... სიმართლეს და ჭეშმარიტებას შორის განსხვავება ძალიან მარტივია – სიმართლის დამალვაა ძნელი, ხოლო ჭეშმარიტების – პოვნა... მეცნიერისთვის თავში ვაშლის დაცემა, მსოფლიო მიზიდულობის კანონის ტოლფასია, ფილოსოფოსი ამ დროს იტყვის – ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ეცემაო. მუსიკოსი წაუმღერებს – „ვაშლის გამყიდველო...“, ეკლესიის მსახური ამ მოვლენას უფლის გარდასახვად მიიჩნევს და არავის მოუვა აზრად – ეგებ, მოსავლის აღების დროა?! ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
×
×
  • შექმენი...