Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.690

მოტივირებულად მო–შიში–ნე სამართალი, ანუ წერტილოვანი მასაჟი ოკუპაციის ფარგლებში


katya

1.925 views

blog-0731896001361870311.jpgაღარ მინდოდა ისედაც თუჯივით მძიმე ორშაბათი ყავის ნალექით და დამემძიმებინა. დღეს სამშაბათია, ფანჯრებს მიღმა ისევ არასტაბილური პესიმისტების და რომანტიული ოპტიმისტების ამინდი დაიარება. არაზომიერ ტემპერატურასთან თანაცხოვრების მე–3 დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის რაღაც „ვადიანი ვირუსი“ შემომიჩნდა და ჩემს უხასიათობას თბილისის მასშტაბით ყველაზე არომატული ყავაც კი ვერ შველის.

უსაქმურობამ გამახსენა, – ბავშვობაში ყავის ნალექს ვიპარავდი და ჩუმად მივირთმევდი. არ ვიცი ჩემს შესაშინებლად მოიგონეს თუ რაიმე ოფიციალურ კვლევას ეყრდნობოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ, მავნე ჩვევას იმ არგუმენტით გადავეჩვიე, რომლის თანახმადაც, ყავის ნალექი მილებს ხეთქავს და ადამიანის ნაწლავებს რას უზამს?! წარმოსახვა ბავშვობიდანვე მივარგოდა. შემეშინდა ...

ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში ე.წ. „ კუკარაჩას შიშებიც“ დამჩემდა – „ერთი იმის მეშინოდა, სიყვარულის გრძნობის გარეშე არ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან და“... ეგეც დავძლიე. თან ისე, ბებიაჩემი მთელი არსებით თანამიგრძნობდა – ყველას მაგივრად შენ როგორ უნდა გიყვარდესო!? მე თუ მკითხავთ, უსიყვარულობას ისევ ჭარბი სიყვარული სჯობს და, საერთოდ, სიყვარული არასოდესაა ზედმეტი...

შიშებს რაც შეეხება, ზოგადად, არ ვარ მშიშარა, არც პანიკიორი, დაშვებულზე მეტად ოპტიმისტიც ვარ, თუმცა, ბოლო წლებში, უპერსპექტივობის შიშები დამჩემდა. ოღონდ ახლა არ მკითხოთ, – ნეტავ რატომო?

რამდენიმე წლის წინ თქვენმა უმეტესობამაც, ჩემსავით, იმ მიკრო–სამყაროში გაიღვიძა, რომელშიც ყოველთვის ჰარმონიულად თანაარსებობდა, მაგრამ, ერთ დილას, საკუთარ ადგილს ვეღარ მიაგნო. თითქოს, ვიღაცის უხილავმა ხელმა, ჩვენი ცხოვრების სერპანტინიდან, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ეპიზოდი მაკრატლის უხეში მოძრაობით ამოჭრა.

არ მიყვარს სხვისი სახელით საუბარი, ამიტომ, ჩემი სახელით ვაღიარებ, რომ პირველად ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა, როცა უმუშვარი დავრჩი 2 პენსიონერით, 2 სკოლის მოსწავლით და 1 მეძუძური ბავშვით ოჯახში. მაშინ იყო, რომ მარცხენა მხრიდან კარგად შემაქანა, გონების დაკარგვამდე. მაგ შექანების შემდეგ ვიგრძენი ყველაზე უკეთ, რას ნიშნავს, იყო დედისერთა, მაგრამ გყავდეს დედმამიშვილებზე ერთგული მეგობრები, რომ არიან თითქმის უცნობი ადამიანები, რომლებსაც სხვისი პრობლემების შეგრძნება წესად და ხასიათში აქვთ. ჰოდა, მაშინაც გადავრჩი...

მერე გაჩნდა უსამართლობის, დაუცველობის, გაუცხოვების, ბოლოს – შვილების დამშევის შიში. და, როცა, ერთ უმწარეს დღეს სახლში მხოლოდ 1 ჭიქა წიწიბურა, 3 კოვზი შაქარი, წინა დღიდან შემორჩენილი პურის პატარა ნატეხი აღმოვაჩინე, ხოლო საფულეში – 6 ლარი, მაშინ მივხვდი, რომ, თუ ახლა გადავრჩებოდი, აღარასოდეს არაფრის შემეშინდებოდა.

ჰოდა, ამ „გადარჩენის ინსტინქტით“ შევედი უახლოეს სუპერ–მარკეტში, სადაც 6 ლარად შევიძინე ის, რაც მომივიდა, რაზეც ფული არ მეყო – მოვიპარე. დიახ! პური, შედედებული რძე და „ჰერკულესის“ ფანტელები მოვიპარე. კიდევ კბილის პასტა – მშიერმა კუჭმა განსაკუთრებული პირის სიმყრალე იცის...

თურმე, ქურდობაც შემძლებია! კარგია, როცა, წლების მერე, საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს პოულობ. ყოველთვის ვიცოდი, რომ იუმორი გადაგვარჩენს ქართველებს...

მერე დაიწყო დამნაშავის შიში – რომ მოპარული პროდუქტი აუცილებლად მოწამლავდა ბავშვებს, რომ სულ მალე პოლიცია მომადგებოდა და ჩემს შვილებს ეყოლებოდათ ქურდობისთვის ნასამართლევი დედა.

ჰო, ასე თქვენსავით ბევრი იხარხარა მაშინ ჩემს ისტერიკაზე მაესტრო ვარსიმაშვილმა, –„კარგი რა ნუ მაცინებ, პურზე და სგუშონკაზე ვის იჭერენო?“ კარგადაც „მიმწკეპლა“ ჩემი სიჩუმისთვის, –აბა რისთვის ვარსებობთ მეგობრებიო?!. კარგად ვიცი მეგობრების დანიშნულებაც, მაგრამ, ზოგჯერ ძალიან ძნელია საკუთარ თავში გამოჭერილ „მათხოვარს“ და უსუსურობას გადაახტე. დაჭერით კი როგორ არ იჭერდნენ? – ერთ ფილა შოკოლადზეც, 1 ბოთლ კოკა–კოლაზეც, ძეხვზეც და სიგარეტზეც, თანაც ბავშვებს...

იმ დღეებში დავდიოდი და ისტერიულად ვუყვებოდი ყველა ჩემს მეგობარს, როგორ მოვიპარე „მილიონი“... მოკლედ, ამჯერადაც გადავრჩი მგონი, თუ დღევანდელი აღიარებითი ჩვენების მერე არ მომადგა პოლიცია, მაგრამ ახლა აღარ მეშინია – ოჯახში საჭმლის და წამლის ფული გაჩნდა და აღარც კაციჭამიები არიან პენიტენციალურში. დამიჭერენ და, ბოლო–ბოლო წიგნს დავწერ, რა პრობლემაა? იქ მეტი საქმე მაინც არ მექნება.

რას მოვაყოლე ეს ჩემი „ლირიული“ აღსარება – გუშინ ტელეეკრანებზე ნანახმა „გამარჯვებულმა“ და მოზეიმე ნაციონალურმა ელიტამ გამახსენა.

მე მესმის მათი – მათაც ეშინიათ, ოღონდ ჩემგან და ჩემისთანებისგან განსხვავებით, უფრო მძიმე ფორმებში და მსხვილ მასშტაბებში.

ნაციონალური ელიტა, რომელიც აღსარებასაც კი პირდაპირ პატრიარქს ან რომელიმე მიტროპოლიტს აბარებს გუშინ იყო სამართლიანობით აჭყლოპინებული და უხვსიტყვიანი.

ვაღიარებ – ქ–ნი რუსუდან კერვალიშვილის და ხათუნა გოგორიშვილის დანახვაზე სულ მიჩნდება კითხვა – რატომ დადიან ჩვენი პოლიტიკოსები ეკლესიაში? როგორც ვხვდები იმიტომ, რომ ამდენი ტყუილის თქმით მონანიების გარეშე, ენის მიხმობის შიში აქვთ. დანარჩენმა „პატრიოტმა“, „სამართლიანი იდეებისთვის“ და „ოკუპაციის წინააღმდეგ“ პროტესტმატარებელმა ქალბატონებმა მომიტევონ – მათი რელიგიური „გაქანების“ მასშტაბები ჩემთვის უცნობია. სამაგიეროდ, გიგის, მამუკას და კობას სტიქაროსნობაზე და ღვთისმოშიშობაზე ლეგენდები დადიოდა ჩვენს ქალაქში. იმედია, მათ „ ღვაწლზე“ თბილისს ერთი ჭკუის სასწავლებელი ლეგენდა მაინც დარჩება.

როგორც მივხვდი, „კოჰაბიტაციის“ მიმართულებით არაფერი გამოგვივიდა და ახლა ოკუპაციის კვირეულმა უნდა „გვიხსნას“. როგორ გვიყვარს ქართველებს ხავსი და იდეებისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით – სარგებლიანი იდეებისთვის... აბა ქალაქის მერს მართლა სიმბოლურად კი არ მიუბნევია მკერდზე წითელი ყაყაჩო?

ამათი შემხედვარე „სიმბოლისტები“ ვინ იცის რამდენჯერ ამოტრიალდნენ საფლავებში...

ყველაფერს თავისი დრო, ფორმა და დატვირთვა აქვს. მუხლსაც, სამართალსაც და პურის ჭამასაც.

პურის ჭამაზე გამახსენდა, – რა ლოგიკაა? სადაც კეზერაშვილის ადვოკატი 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა, იქ რომ გიგი მილიონის გადამხდელი არ იყო, კი უნდა სცოდნოდათ ვიღაც–ვიღაცეებს. არ არიან ესენი, ანუ დღევანდელი „უმცირესობა“ „ყოფილები“. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვაღიაროთ, რომ ისინი არიან „არსებულები“. ანუ არსებები – რომლებიც, საკუთარი უტიფრობის და, ადამიანობისთვის საშიში მადის მიუხედავად, მაინც არსებობენ და აქვთ დიდი სურვილი, მოტივაციაც, რომ ბოლომდე დარჩნენ პარაზიტებად.

მოტივაცია კი ისაა, რომ საკმაოდ დიდ ხანს მოუწიათ სასათბურე პირობებმა. საკუთარ კამეჩის ტყავზე გამოსცადეს კარგი ცხოვრება, საუკეთესო სერვისი, შეუზღუდავი შესაძლებლობები, ხელშეუხებლობა და შეშინებული ადამიანების მონური მორჩილება.

ამაზე მეტი მოტივაცია რა გინდათ? იბრძოლებენ, აბა არ იბრძოლებენ? ყოფილი „ექვსიანები“ – ახლა რომ „კაცობენ“ და, კაცობის ალიბად ათასგვარი ჯურის ბოზთან, ტრადიციულ თუ არატრადიციულ „ჰომო“ თუ „ბი“ –სექსუალთან კოტრიალის, ძვირადღირებული სასტუმროების სააბაზანოებში აბაზანის ხალათებსა და ჩუსტებში გამოწყობილი ჰაბიტუსების, კიბორჩხალის თუ რვაფეხის სალათიან თეფშებსა თუ ვიღაცის გაბედულ დეკოლტეში თავჩარგულ ფოტოებს გვიფრიალებენ. და რა ქნან მეტი ამ ბიჭებმა (გოგოებმაც)?! აღარც იბრძოლონ ასეთი ალაფისთვის? აბა ისე ხომ გაექცათ ცოლები, საყვარლები და მათი საყვარლები? ხომ დაემშათ შთამომავლობა და მონაგარი? ხომ გასკდა დავით ბაქრაძის გული, მის ოჯახს ულიმიტო მობილური კავშირი რომ შეუზღუდონ? ხომ შემოიბდღვნა საქვეყნოდ შელახული თავმოყვარეობა კობა სუბელიანმა, მის ძაღლებს რომ ვიტამინები მოაკლდეთ და საკუთარი სახლებიდან აყრილი და ქუჩაში დაყრილი ხალხის შვილები ჭირსაც წაუღია! როგორ შეხედოს აკომ სიდედრს და პეტრემ სიმამრს თვალებში? ვინ შეუფასებს „ჩინის“ და ჩვენი ფულის გარეშე კობა ხაბაზს და ნუგზარ წიკლაურს კაცობას – ნაციონალური ორიენტაციის კულტურის მუშაკები და კეთილსინდისიერებისგან ენადაცვეთილი ჟურნალისტები? რომელ მწვერვალზე დატოვოს თავისი ცოდვილი სულის ნაფლეთები პადოშამ და რომელი ხის კენწეროზე – ჩიორამ?

როცა თავს არწივად იგრძნობ, გიგი, ბიჭო! სასამართლოს შენობაში შეფრთხიალებისას, ფრთების მხრებზე აკურატულად დალაგება არ დაგავიწყდეს, სადმე უშნოდ არ გაიჭედო!

ერთ რამეს მივხვდი – ერთადერთი რიგი, რომელიც არასოდეს თავდება და უსაშველოდ ნელა გადის – სამართლის რიგია. და ვიდრე ერთნი ვიღაც–ვიღაცეების კრიტერიუმებით შეკოწიწებულ ფუფუნებაზე ოცნებობენ და საკუთარ რიგს ელიან, დანარჩენები თავისუფლების ბედნიერებას ხელკავით და ღიმილით მიაცილებენ .

ახლა ვიცი, ზოგიერთები ამას დაბოღმილი და გამწარებული დედაკაცის კრულვად ჩამითვლიან, მაგრამ ჩემი ბოდვა რა მოსატანია, როცა თუნდაც ერთ ბავშვს სცივა, შია და წყურია ამ ქალაქში. ადამიანობა მარტივია – ვიდრე საკუთარი შვილებისთვის მე–10 ბარბის ან მე–7 აიპოდს იყიდდეთ, მოიკითხეთ სანაცნობო, საახლობლო, ეგებ ვინმეს ძალიან ჭირდებით. თუ ბედმა გაგიღიმათ და ახლობლებში სიმშვიდე და კეთილდღეობაა – ქუჩაში გადით, იქ ჯერ კიდევ შიათ შვილებსაც და დედებსაც. თანაც, შიათ ღია ცის ქვეშ...

რა უცნაური რამეები ხდება ბუნებაში...

თბილისში კატებიც კი წინსწრებით აკნავლდნენ. ასეა ბატონო! ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში და სიყვარული კიდევ ყველას უნდა…

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

2 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...