Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.638

ნაძალადევი არჩევანის უპირატესობანი, ევროპული გზა და პრემიერის ვალები, ანუ, აღარ ჩახედო მიშა თვალებში ბიძინას! ..


katya

1.206 views

blog-0385087001367784589.jpgთუ ადამიანი 80% წყლისგან შედგება, მაშინ ის, ოცნებებისა და სურვილების გარეშე, უბრალოდ ვერტიკალური გუბე გამოდის და სხვა არაფერი.. ამიტომ, როცა რაიმეზე ან ვინმეზე გიმტკიცებენ, რომ რჩეულია, აუცილებლად დააზუსტეთ ამომრჩეველი და შერჩევის კრიტერიუმები.

თქვენც იგივეს გრძნობთ ხომ? ამ ბოლო დროს, რაც უფრო მეტის ამოკითხვას ვცდილობ სტრიქონებს შორის, უფრო ნაკლებად მესმის ღია ტექსტების.

არადა ახლა, აპრილის მიწურულს, ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე, ფანჯრის გამოღებას ან მკერდის მოღეღვას რა სჯობს, მაგრამ ვაიდა ვერ გაგიგონ?!...

გაგებას ჩვენში მალე დააზღვევენ. იქამდე კი გაიგებდით, რომ თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო. საშემოდგომო სესიები უკვე თბილისში განახლდებაო. ჰოდა, აბა ვის გაუმართლა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, თამარ კორძაიას. აგერ ამინდებმაც მოუსწრო, მერე საზაფხულო არდადეგებიც შემოესწრება და...

ახლა ერთი–ორჯერ კი მოუწევს ქუთაისში ჩასვლა, პროცედურის რეჟიმში. გაპარლამენტარება ხომ მაინც უნდა მიულოცოს უმრავლესობამ. თანაც, კულუარებში ჩურჩულებენ, ვინც ქუთაისური პარლამენტის მტვერი ყლაპა, პენსიები უორმაგდებათო. უმრავლესობა მაგ ამბავს, რა თქმა უნდა არ ახმოვანებს და ამასობაში უმცირესობას კი გაევსო არებით ჟურნალი... იმდენი „არა“ აქვთ, წლის ბოლოს 5–იანი როგორ უნდა გამოვუყვანო ან პრემია, არ ვიციო, გულწრფელად შფოთავდა გასულ კვირას ზაქარია ქუცნაშვილი.

არჩევნებზე ვამბობდი, 3 გასისინებული 41 შევა ამ დღეებში პარლამენტში. საკუთარი სიმპათიების მიუხედავად, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. მართლაც რომ გულწრფელი ყოფილიყო პატივცემული პრემიერი პარლამენტში მესამე ძალის შესვლასთან დაკავშირებით, იმას მაინც ვერ შეურიგდებოდა და არც უნდა შერიგებოდა, – ოქტომბრის არჩევნებიდან 6 თვის თავზე, ოცნების თუნდაც შუალედური რეიტინგის ვარდნა დაფიქსირებულიყო.

როგორც იტყვიან, მუნდირის საკითხია... თუმცა, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია – ნაძალადევმა საკუთარი ოცნება ამჯერად მართლა გადააარჩინა.

რამდენი რამ ვიცოდი ბიძინაჩვენზე, მაგრამ მაგ კაცს თუ ზვიად ჩიტიშვილის ვალი ექნებოდა, რას ვიფიქრებდი?! შეწუხებულია ეგ ადამიანი, რამე რომ არ აწუხებდეს, კი არ ირბენდა კორპუს–კორპუს და იძახებდა – „ოცნება და ბიძინა ჩემთან ვალშიაო!“ ჰოდა, განა რამდენი გაქვთ ჩიტიშვილის ვალი, ბატონო პრემიერო? დაუბრუნეთ სასწრაფოდ, რომ გადაუხადოს წინასაარჩევნოდ 100 ლარად გადაბირებულ ოცნების ელექტორატს, თორემ, არ მოისვენებს ეგ და სოლოლაკის გზას მიასწავლის მაგ ხალხს, ბიძინამ გადაგიხადოთ, მაგის გამო ვერ აგისრულეთ, რასაც დაგპირდითო....

აი კუკავას კი ნამდვილად აქვს საამაყო მიზეზი. მან თავისი შედეგით დაამხო მითი „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პოლიტიკურ ძალაზე და ძალიანაც კარგი ქნა.

ამიტომაც ჩაუმსხვრიეს ჩემი ეზოს ნაციონალებმა მის საარჩევნო პლაკატს განსაკუთრებული სისასტიკით სათვალე და წაჰკვეთეს ყურები. ერთი სიტყვით, თემქელი ნაციონალები პოსტ–საარჩევნო პერიოდში რაღაც უცნაური რიტუალებით იმშვიდებენ გულს და მედიტირებენ.

მართალია ჩემი მეზობელი ჟუჟუნა – როდის უნდა მოისპოს ეს მავნე ტრადიცია – მაჟორიტარი კანდიდატების პლაკატების ნებისმიერ სიბრტყეზე გაკვრა. წებო მაინც შეცვალონ, კაცო! 5 დღის წინ სამარშრუტო ტაქსიდან ხეზე მიკრული გუგავას საარჩევნო პლაკატი დავინახე, ვერაფრით მივხვდი, რა ჭირდა. მაგის მიმინოსებრ გამოხედვას როგორ ვერ ვიცნობდი, მაგრამ, ვიღაც ძალიან გულისხმიერს, ხის კოჟრებიან ნაწილზე ისე გაეკრა მისი პირი–სახე, გამიჭირდა ამოცნობა – მტრის ნახელავი იყო თუ მოყვრის. ეტყობა, მაგ ხესთან შალვამაც ჩაიარა ამ დღეებში და იმიტომაც გაიძახის – “ივანიშვილმა პირველივე არჩევნებზე მასობრივი ფალსიფიცირების ყველა რეკორდი მოხსნაო“.

არა, შალვას პატიოსან სიტყვას და გულწრფელ ღიმილს სულ სხვა ძალა აქვს. ასეთ კაცს რომ უღალატებ და ისე უღალატებ თან რომ ოფისის ძარცვას დაგაბრალებს თანაპარტიელს, რა ნამუსით უნდა დაიძინონ „ნათლით გაპენტილ“ ლეიბებზე ზოგიერთებმა?

თქვენც შეამჩნევდით – ნაცებმა ერთმანეთზე ისე დაიბანეს ხელები, ნაბან წყალს გადაყვებიან მალე. იმდენი ქნეს, ლამის ჩვენც მიგვაჩვიეს საკუთარი ბრიყვული საქციელის ჭკვიანური სიტყვებით გამართლებას.

სააკაშვილის აღგზნებადობამ გასულ კვირას საშიშ ნიშნულს მიაღწია. სამაგიეროდ, აწი ეცოდინება, რა საშიშია პრემიერს ჩახედო თვალებში!

იმ საღამოს, როცა ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოში სიტყვით გამოვიდა, სტრასბურგში საპარლამენტო დელეგაციის უმცირესობა ვახშმის გარეშე დარჩა. ჩემი აზრით, ამაზე მარიამ საჯაია ნამდვილად ობიექტურად წუწუნებდა.

ბიძინა, როგორც იტყვიან, „ხამად“ კი ნაციონალებისთვის მშობლიურ სივრცეში, მაგრამ, იმ მომენტში მაინც ძალიან შურდა მისი მიშას. ერთადერთი, ვისაც ეგ ამბავი არ შეშურებია, ივანიშვილის წინამორბედი პრემიერი გახლდათ. ვანო მხოლოდ მსუბუქი კრიტიკით შემოიფარგლა. არ გინდათ, არ წარმოიდგინოთ ვანო ევროსაბჭოს წინაშე მოხსენების პროცესში, თორემ თემურ გიორგაძე თქვეს გადარჩენაზე პასუხს არ აგებს.

მიხეილმა კი სერიოზულად იდარდა – ხუმრობა ხომ არაა? მისი ტკივილი და თავსატეხი პრემიერ–მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არა მარტო სიტყვით გამოვიდა, არამედ, პირისპირ შეხვდა ჟან კლოდ მინიონს, დინ შპილმანს, ვოიცეკ სავიცკის,ნილს მუჟნიეკს თვით ჟანი ბუკიკიოს და ტომას მარკერს და მსგავს ევროპულ პოლიტიკურ ელიტას. ეს რაც ოფიციალურადაა ცნობილი და, რაც არაოფიციალურად?! ინერვიულებდა ბიჭი, აბა არ ინერვიულებდა? ჰოდა ადგა და თავადაც გაიშხუილა შტატებში, სამუშაო ვიზიტით, რა თქმა უნდა...

სოსო ცისკარიშვილს თუ ვენდობით, საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" გარეშეც მიაგნებს ევროპასო. ჰოდა, პრემიერ მინისტრის გამო შერცხვენილი ჩიორაც დაცხრეს ეგებ. სამაგიეროდ, როგორი ამაყი იყო მიშას მიერ ვეტოს უფლების გამოყენებით!?

მერე უკვირთ მაგას და ნასარიძეს ქუჩაში რომ წაუთაქებენ. საჯარო ბიბლიოთეკასთან რომ იდეის გამო ცხვირს გაგიტეხენ, ეგ ფაქტიუად საწარმოო ტრამვაა, მაგრამ ფალიაშვილზე არაფრის გამო გალაწუნება, მართლა ნამეტანია!.. ნწ–ნწ გიგა!

გასულ კვირას ოთხმა ელიტურმა ნაცმა დასტოვა სამშობლოო. პრეზიდენტის საპარლამენტო მასხარა ხაჩიძე, მგონი მართლა სულელი და შედარებით პატიოსანია... აბა, ეგ რატომ არ გარბის? თუ ყველა „გაქცევას“ თავისი ფასი აქვს?

გაიხაროს პატარკაციშვილების ოჯახმა, რომ პროდიუსერი ალინა არველაძე ოჯახს, შვილს და სამზარეულოს დაუბრუნა...

დავით ბაქრაძე გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისევ ალაპარაკდა სახელმწიფო მასშტაბით. ამდენს ბაქრაძე როგორ მიხვდა არ ვიცი, ოჯახის ბიუჯეტს დაეტყო ულიმიტო მობილური კავშირგაბმულობის ტვირთი, როგორც ჩანს.

ადამიანის ნაშიერი 2 წელს ანდომებს ლაპარაკის სწავლას და მთელი დანარჩენი სიცოცხლის მანძილზე დუმილს სწავლობს. ახლა მაინც ხვდებით, რა ფუნდამენტური განსხვავებაა ვანო მერაბიშვილს და კობა დავითაშვილს შორის?

რა თქვა ახლა კობამ ისეთი, რაც არ უნდა ეთქვა და რაც არ უნდა სცოდნოდა ჯანდაცვის მინისტრს, მაგრამ ბოდიში მაინც მაგას მოახდევინეს. ყურიც აუწიეს ოფიციალურ დონეზე, მაგრამ მაინც აპატიეს რესპების ჯინაზე. სადაზღვევო კომპანია `არქიმედეს დირექტორი რომ საგანელიძის ძმისშვილი ყოფილა, ამას კობასგან უნდა ვიგებდეთ?

დანარჩენი ხუთოსნების მღელვარების ფონზე ყველაზე მშვიდად თბილისის ამაყი მერი გამოიყურება. მართლა რა გინდათ ამ გიგისგან? დაინახა თუ არა მზე, მყისიერად მიაფიცხა თავისი კულტურული ბირთვი. ნელ–ნელა მაგისგანაც დადგება მეურნე, ახლა მაგ ბირთვის სოლარიუმის თანხებს ვეღარ აუდის. თან მუსიკის თანხლებით და სიმღერ–სიმღერით მიღებულ ბუნებრივ რუჯს სულ სხვა პეწი აქვს. მერიის, ანუ უგულავას რუჯის დღეები კვირას ოფიციალურად გაიხსნა მუშტაიდის პარკში და ყოველ შაბათს გაგრძელდება თბილისის სხვადასხვა პარკებსა და სკვერებში, სავარაუდოდ, მზის სრულ დარტყმამდე.

გაეროში საქართველოს ყოფილ მუდმივი წარმომადგენელს კახა ლომაიას, საგარეო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი უმრავლესობის მოქმედებები, სპილოების ჯოგს აგონებს, რომელიც ანტიკვარული ნივთების მუზეუმში აღმოჩნდა. ანტიკვარებად ეგენი როდისღა მოინათლნენ? აბა ახლები, ეროვნულები და მოძრავები ვართო?

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები" დატოვა და "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ უდავოდ საინტერესოა, ოლეგა ბრენდია ფაქტიურად, უბრალოდ მისი ღირსებების შრეებში ყველა ვერ აღწევს.

ვიღაც ჭკვიანს უთქვამს ადრე – როცა მწყემსს ცვლიან, მხოლოდ ფარას ჰგონია, რომ პატრონი იცვლებაო...

ისტორიაში შესვლა ადვილია, ბაბაიებო! იქიდან გამოსვლისა რა გითხრათ?

 

კატო ჩულაშვილი

(გაზეთი "ქრონიკა+", #2)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...