Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.652

კო–ს და რე–ს დანაშაული ე-წერტილი ი-წერტილის წინაშე, ანუ "პირველად წაკითხვის ბედნიერების" ალბათობა


katya

1.635 views

blog-0887168001366713047.jpg"- ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი, და, სხვათა შორის, ... თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის საჭიროა ჭკუა..."

გასაგებია, რომ ყველა კეჟერაძე ვერ იქნება,და ვერც კმაყოფილი, თუნდაც ცენტრალური გათბობის და სხვა კომუნალური პირობების არქონის მიუხედავად. მაგრამ, ბედნიერებისთვის, ზოგჯერ, წიგნების ორი კარადაც კმარა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი - მხარს ზემოთ, ნათურა...

 

დღეს აპრილის ოცდასამ ქულიანი სამშაბათია. ეს დღე ყველას თავისი ინტერესის მიხედვით აქვს გაწერილი.

რა შემიძლია მოგილოცოთ ამ დღეს?

1923 წლიდან , კატალონიაში, 23 აპრილს, ანუ დიდი სერვანტესის გარდაცვალების დღეს, მამაკაცები ვარდებს ჩუქნიან ქალებს და, მადლიერების ნიშნად, მათგან საჩუქრად წიგნებს იღებენ. იუნესკოს აღიარების შემდეგ, წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს „მწიგნობრები“ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ.

 

„ჩემს მკითხველს“ ამ სივრცეში წიგნის მნიშვნელობაზე საუბარს არ ვაკადრებ, უბრალდ იმის თქმას ვაპირებდი, რომ დღეს

წიგნების საერთაშორისო დღეზე, თბილისის წიგნების მაღაზიების დიდი ნაწილი, პროტესტის ნიშნად, დაკეტილია. ვის ინტერესებს გამოხატავს, ემსახურება, არღვევს ან იცავს აღნიშნული პროტესტი, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე?

დავიჯერო, საქართველოში იმდენი თავგადაკლული წიგნისმკითხველია, რომ მასები განაწყენდებიან ?

არ ვხუმრობ, დღეს თბილისში, ფესტივალის ფარგლებში, რამდენიმე წიგნის მაღაზია პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს და წიგნებს არ გაყიდის.

 

უმანკო ჩასახვით მხოლოდ ჭორები იბადება...

საზოგადოებაში ჩასახული ნებისმიერი სახის პროტესტი, ძირითადად, კონკრეტული მანკიერების წინააღმდეგ ან დასაცავადა მიმართული ქმედებაა. საქართველოს მოქალაქეები, კიდევ ერთი ახალი კატეგორიის მიხედვით გავიყავით. კატეგორია ჩვენში, ბოლო დროს, დაპირისპირებულ მტრულ ბანაკებს ნიშნავს. გაგვყო არც მეტი–არც ნაკლები განათლების მინისტრმა. აი რა შეიძლება მოყვენს ერთ დაუფიქრებელ, თუნდაც ობიექტურ გადაწყვეტილებას ან კეთილ საქმეს.

 

მოკლედ, მე იმ ბანაკში ვარ, სადაც ბავშვებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება გაუხარდათ და ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ კრიმინალს და ტრაგედიას ვერ ხედავენ.

 

ჩემთვის, ერთი რიგითი მშობლისთვის, ერთი რიგითი მოქალაქისთვის და ერთი რიგითი ჟურნალისტისთვის, ან "კო–"სთვის, საგამომცემლო ბიზნესიც ისეთივე ბიზნესია, როგორც მაგალითად მშენებლობა, ხორცპროდუქტების წარმოება, კერძო სამედიცინო კლინიკა ან საკონდიტრო საცხობი.

ამდენი ხანია ვითხოვ და ვერავინ ამიხსნა, რატომაა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებისა და გამომცემლობების გაკოტრების საფრთხის თემა ასეთ ფატალურ კავშირში?

რატომაა საქართველოში სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა გამომცემლობების ძირითადი საარსებო წყარო?

არაკონკურენტურ, მეტიც, მონოპოლისტურ ბაზარზე, ირიბ დოტაციაზე და „სტრატეგიულ“ (ანუ აუცილებლად, იძულებით საყიდელ ) პროდუქციაზე იყო გათვლილი ამდენი საგამომცემლო სახლის ბიზნეს–გეგმა?

ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გაკოტრდეს საგამომცემლო ბიზნესი კონკურენტულ გარემოში, როცა, ასეთ დროს დასაშვები და კანონზომიერია ნებისმიერი სხვა ბიზნესის გაკოტრება?

ჰეი, თქვენ, გამომცემლებო! 2003 –დან მოყოლებული რამდენი სახის, რა მასშტაბის და რა პერსპექტივის ბიზნესები გაკოტრდა, განადგურდა და თავზე დაენგრა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანებს, ოდესმე დაინტერესებულხართ ან დაგითვლიათ? თუ გგონიათ, მათ თქვენზე ნაკლები სურვილი, ცოდნა და კაპიტალი ჰქონდათ იმ საქმეში ჩადებული?

არ გიფიქრიათ არა?

რატომ?

არ გეხებოდათ და მიტომ?

აბა ახლა რა უფლებით ითხოვთ იმ ადამიანების IQ-ს გადამოწმებას, ვისაც ბავშვებზე სახელმწიფოს ზრუნვა გაუხარდა და სამინისტროს გადაწყვეტილება სწორად მიიჩნია? თქვენ იდექით მაშინ იმ უკანონოდდაზარალებული და გაკოტრებული ბიზნესების გვერდით? იმ ბიზნესების მფლობელთა გვერდით ყოფნას ვერავის მოგკითხავთ და გისურვებთ, იმიტომ რომ მათი 80% ან გულის შეტევით გარდაიცვალა, ან საპატიმროში აღმოჩნდა და ან ქვეყნიდან ძლივს გაასწრო.

 

თუ პირადად ჩემი აზრი ვინმეს აინტერესებს, სასკოლო წიგნების ბიზნესის მომგებიანობა ჩვენისთანა დაცემულ და ყველანაირად გამოშიგნულ ქვეყანაში, სხვა თუ არაფერი, უხერხულია. რატომ? იმიტომ, რომ სკოლის სახელმძღვანელო ფუფუნების საგანი არაა. წიგნი ბავშვისთვის იგივე პურია და ვინც დღეს ამ პურის მშიერი ბავშვისთვის უფასო მიწოდებაზე წუწუნებს და ბუზღუნებს, ჩემთვის უბრალოდ უზნეო და ეგოისტი ტიპია.

არაერთხელ მოვისმინე სამინისტროს გადაწყვეტილებით პატივმოყვარეობა შელახული და შეურაცხყოფილი მშობლების პრეტენზია – რა მჭირს სახელმწიფოს სამათხოვრო, ჩემს შვილს როგორმე წიგნს თავად ვუყიდიო!

ვინ გიშლით მერე? თქვენ იმის უფლებაც გაქვთ, რომ თქვენი შვილები საუკეთესო კერძო სკოლებშიც ატაროთ, საუკეთესო ავტომობილებით საუკეთესო ბრენდებში გამოწყობილები და ამის გამო ვერავინ დაგძრახავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენმა საზოგადოებამ თქვენს შესაძლებლობებზე გააკეთოს სწორება.

საზოგადოებრივი აზრი უმრავლესობის აზრია, ხმათა უმრავლესობა იგებს ნებისმიერ არჩევნებს (თუ არ გააყალბეს, რა თქმა უნდა!), უმრავლესობამ შეცვალა ცხოვრების წესი და პრობლემებთან დამოკიდებულება, როცა დააფიქსირა ხელისუფლების შეცვლის სურვილი. ეს კი , სამწუხაროდ, იმას ნიშნავს, რომ, ამ ქვეყანაში უმრავლესობას ჯერ კიდევ უჭირს. უჭირს თუნდაც შვილების გამოკვება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განათლება. ამიტომ, რაღაცეებთან შეგუება და რაღაცისთვის თვალის გასწორება დღეს "დაჩაგრულ გამომცემლებსაც" მოგიწევთ.

ასეთი მიდგომები თქვენთვის უკან გადადგმული ნაბიჯია?

მერე? თქვენც ადექით და მოახერხეთ ისე, რომ უმრავლესობა მალე გახდეს "თქვენი ტოლი და სწორი"... დამიჯერეთ, ეს იმ ადამიანებს არ გააღიზიანებთ, გაუხარდებათ.

 

მესმის, რომ ბიზნესისთვის მინიმალური დანახარჯით მიღებული მაქსიმალური მოგება საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ, თუ მაინც და მაინც საგამომცემლო ბიზნესი იცით და ამ ბიზნესში გსურთ, იყოთ წარმატებული, აკეთეთ ეგ საქმე, ბეჭდეთ სხვა კარგი წიგნები, თუმდაც საბავშვო მხატვრული ლიტერატურა, რომელსაც ყოველთვის ყავს თავისი მკითხველი და მყიდველი, ფასის მიუხედავად.

ნუ გააკეთებთ მაინც და მაინც დამშეულ ბავშვებზე ფულს, იმისთვის, რომ მათი წართმეული ლუკმით თქვენს შვილს კიდევ ერთი დამატებითი ტორტის ნაჭერი მიაჩეჩოთ. ბეჭდეთ სხვა დანარჩენი ლიტერატურა, თუნდაც უფრო მომატებულ ფასად, მიიღეთ მოგება, მოიხმარეთ მშვიდობაში და მიეცით სახელმწიფოს ბავშვებზე ზრუნვის უფლება!

თქვენი და თქვენი ბიზნესის პრობლემა ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში კი არა, ზოგადად მკითხველი საზოგადოების ნაკლებობაშია. ადამიანს, რომელსაც უყვარს წიგნი, ან აქვს ფული, ან არა. ასეთი ადამიანები კი, თავისთავად ცოტანი არიან, მითუმეტეს დღეს, ელექტრონულ–ვირტუალურ ეპოქაში.

პ.ს.

"კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ვიღაც საფუძვლიანად დეკოლტირებულ, თავით ფეხამდე ათრთოლებულ ქალს სურათს უღებს: „ეგრე, არა, არა, ზემოთ აიხედეთ, ზევით, მაღლა-მეთქი, ცოტათი კიდევ, ოო, მარცხნივ მიაბრუნეთ თავი, ოდნავ, ოდნავ, ნუ იძაბებით, ნუ, ნუ ღელავთ, ქალბატონო, დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ, ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი, უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით, ოოო, ეგრე, იფიქრეთ ბედნიერ ბავშვობაზე"...

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

1 Comment


Recommended Comments

ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გაკოტრდეს საგამომცემლო ბიზნესი კონკურენტულ გარემოში, როცა, ასეთ დროს დასაშვები და კანონზომიერია ნებისმიერი სხვა ბიზნესის გაკოტრება?

ეგ მეც ძალიან მაინტერესებს :D

შენმა "პ.ს"-მა "უკან გადამაგდო" და როგორი ბედნიერი გავხდი უცებ არ იცი :)

მონატრებული ყავამშვიდობისა კატო :*

ლინკი
×
×
  • შექმენი...