Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.645

ადე ზიზინკა! მშია! წავედით კუკიაზე...


katya

2.522 views

blog-0676633001367882835.jpgთერმოსის ყავას სხვა გემო აქვს... ბავშვობიდან მახსოვს. მოკირწყლული გზა, გრძელი აღმართი, მხარზე გადაკიდებული პატარა ლურჯ და შავ ფერში კუბოკრული თერმოსი, ბუთქუჩა თეთრი თავსახურით. მაგ თავსახურიდან ჩაის მოსმას დამსახურება უნდოდა... ანუ, იმ დღეს კარგი გოგო უნდა ვყოფილიყავი – "პაი ძევოჩკა" და "უმნიცა!"

 

– ადე რა, ზიზინკა! მომშივდა, დროზე წამიყვანე კუკიაზე!...

– ეკა! დაანებე თავი მიცვალებულს, არ შეიძლება შეწუხება.

– არ წუხდება, მიცინის და ვითომ ძინავს, მაინც ვერ მომატყუებს. ვიცი სადაც უნდა დავუღუტუნო და გაცოცხლდება მაშინვე...

– არც გაბედო მიკარება, აგეწიწკნება კიკინები! გამოდი, ოთახის კარი უნდა დავკეტო...

სანამ მეორე ოთახში ფაცი–ფუცობენ, ტირიან და ლაპარაკობენ...ლაპარაკობენ... ლაპარაკობენ... 2 სკუპით ვხტები ლამაზ ხის ყუთში, სადაც ზიზინკა თავს იმძინარებს. მუცელზე ვაჯდები, რომელიც უცნაურად აქვს გამაგრებული. ზიზინკა წინააღმდეგობას არ მიწევს და უჩვეულოდ მშვიდია. წინ ვცოცდები და ორივე ხელით ვუღუტუნებ ყელში. ზიზინკას თავისი საყვარელი კრევდიშინის კაბა აცვია, გიპიურით გაწყობილი. წვრილი ღილები ბოლომდე აქვს შეკრული... არადა ბოლო 2 ღილს არასოდეს იკრავდა. ვბრაზდები და იმ 2 ღილს სასწრაფოდ ვაძვრენ ჰაეროვანი პეტლიდან. განვაგრძობ ღიტინს.

– ზინკულ! არავინ არაა, მარტო მე და შენ ვართ. ცალი თვალი გაახილე, რაღაც უნდა გაჩვენო, ვექაჩები გადაჯვარედინებულ თითებზე. ისინიც მაგარია და ცივი...

უკვე ვბრაზდები მისი სიმშვიდით. მერე ყველაზე ნაცნობ ხერხს მივმართავ:

–ზინაიდა ილიაროვნა, სიცხე მაქვს მგონი და ყელი მტკივა! წამო რა მალინის მურაბა მოვიპაროთ!

ისევ დუმილი...

– ზინკა ფეხის თითზე ფრჩხილი ჩამიბრუნდა, წავიდეთ შენს პედიკუსისთან, არ გეცოდები?

მე და ზიზინკას ზუსტად ერთნაირი ფეხის ცერი გვქონდა და ზუსტად ერთნაირად გვიბრუნდებოდა ფრჩხილი...

ალბათ ხანგრძლივი და უშედეგო ჯაჯგურისგან დავიღალე...

ელისაბედის კივილი მაღვიძებს:

– დიდუუუუ!!!! დევიქეცით, მევისპეთ და დევიფსეთ! რა უნდა ბაღანეს კუბოში?!

აი იქ ატყდა, რაც ატყდა: ერთმანეთის გინება, წყევლა, დაბრალება...

2 წუთში, ვიდრე მე თვალებს ვიფშვნეტდი, "დიდი ელისაბედის" (დედაჩემის ბებიის, ანუ ზიზინკას დედის) დასკვნაც დაიდო:

–არ ხართ თქვენ ამ ბაღანეს ღირსები! დურაქები ხართ ვსე პოდრიად! მკვტარმა ზინამ რაფერ უნდა გაჯობოთ ძეტკას მოვლაში?

მასხურეს მარა რა მასხურეს ნაკურთხი წყალი... გარეგანად, შინაგანად, ლამის ოყნამდე მივიდნენ... საცერში მახედეს, კიკინის ბოლო მომიტრუსეს, ნახშირები მისვეს შუბლზე და ლოყებზე... ფაქტია – 2 დღე გვერდის უცვლელად მეძინა, მხოლოდ ამჯერად ჩემს საწოლში.

მერე ზიზინკას ლამაზი ყუთი სადღაც წაიღეს...

სადღაც კი არა, იმ კუკიაზე, მე რომ ყოველ დღე დავყავდი თავისი იაშკას საფლავზე. – კარგი ჰაერია, ნაძვების ქვეშ ძეტკა კარგად ჭამსო! თავს იმართლებდა, ვითომ ჩემს გამო დადიოდა ამხელა გზას. არადა ქმარი ენატრებოდა, ხომ ვიცი...

 

დღეს, უფრო სწორად, უკვე გუშინ, მე,ნიკა და დეიდაჩემი იმ დიდი ხნის ნაცნობ კუკიაზე ავედით...

ადრე უფრო ბევრნი დავდიოდით. დღეს ჩვენს მეტს ან არ შეეძლო, ან არ ეცალა... იქ უკვე სამნი არიან – იაშა ბაბუა, ზინოჩკა და შუროჩკა. ანუ სიძე და დები. სულ მომლოდინე თვალები აქვთ. პაწაწინა ფოტოებს დიდხანს ვერ ვუყურებ...

 

ნიკასთვის აქ ყველაფერი უცხოა და თავისთავად საინტერესო....

ძველი კუკია, ჩემი ბავშვობის საყვარელი ტანკით... ცენტრალური გზიდან ზუსტად 547 ნაბიჯია. მარჯვნივ ვიღაც ცნობილი მოჭიდავის საფლავია ჰაერში აღმართული საფეხურებით.

– მაგით დაიმახსოვრე, როცა სახლში აღარ ვიქნები, აქ ვიქნები და როცა მოგენატრები, ადვილად რომ მომაგნოო...

დღესაც ზამბახები ვუყიდე. გიჟდებოდა ზინოჩკა ზამბახებზე. მე სულ მეშინოდა მაგ ყვავილის. რატომღაც, რაღაც უცნაურ ცხოველს მაგონებდა სულ, თან დაფლეთილს...როცა გარდაიცვალა, თავისი საყვარელი კაბა ჩააცვეს, ზამბახებიანი "აბორკით".

შუროჩკასთვის ყველა ყვავილს ერთი ფასი ჰქონდა – ალერგია აწამებდა ჩემსავით დამტვერვად–ყვავილოვან წარმონაქმნებზე...

 

ესეც მოჭიდავის საფლავი, მარცხნივ ვუხვევთ ბილიკზე ნიკა ფეხდაფეხ მომყვება, სულ მაბიჯებს ფეხს, თან კითხვას კითხვაზე მაყრის:

– დე! აქ ვინ ცხოვრობს? მე ვიცნობ? ისინი მიცნობენ? რომ მივალ გამარჯობა უნდა ვუთხრა და ვუთხრა რომ ნიკა ვარ ჩუვაშილი? ეს საჭემები რო მოვუტანეთ, შიათ? ჩვენც უნდა ვჭამოთ თუ მარტო იმათმა? დე! ამ სახლებს გალიები რატო აქვთ? აქ მარტო სურათები ცხოვრობენ და არ ლაპარაკობენ?

კიკვიძეების საგვარეულო საფლავსაც მივადექით. აქ ერთ დროს ყველაფერი ლაპლაპებდა. მარმარილოს მრგვალი მაგიდის მხოლოდ ფეხია დარჩენილი. მარმარილოში გამოკვეთილი მარქსის და ენგელსის "კაპიტალი" დიდი ხნის წინ "აითვისეს'" მხედრიონელებმა... ასე გვითხრა დამლაგებელმა.

ნეტა რათ უნდოდათ? ალბათ სამუზეუმე ექსპონატად უფრო გამოდგებოდა, ან "არაჩვეულებრივი გამოფენისთვის"...

 

ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენს სიახლოვეს სიჩუმეა საფლავებზე. ისეთი სიჩუმე, აღდგომასაც რომ არავინ მოდის...ნიკამ ეს "სიჩუმე" 15 წუთში გამოასწორა, ისე გაერთო საფლავებზე კვერცხის გადაგორებით...

ვზივართ მე და დეიდაჩემი საფეხურზე, ვსვამთ თერმოსის ყავას, ვეწევით და ვდუმვართ...

 

– გზა ხომ გახსოვს, იმ მოჭიდავის საფლავთან მარცხნივ უნდა გადაუხვიო და ბოლოში... შენს მეტი ჩემი ამომკითხავი არავინ იქნება ვიცი, დეიდა!

–კარგი ახლა ნუ დაიწყე მელოდრამა...

–დე! რატო არ მოდიან ისინი?

– ვინ ნიკა?

– აი ვისთანაც სტუმრად მოვედით.

– ისინი ვერ მოვლენ დე, აქ არიან, მიწაში და ზევიდან გვიყურებენ.

–თუ მიწაში არიან, ზევიდან როგორ გვიყურებენ?

– გვიყურებენ და უხარიათ რომ აქ ხარ.

– შენ არ გიხარია? შენი ბებია გინდა ხომ... თუ გინდა ამოვთხრი ჩემი ხმლით და სახლში წამოვიდეს, ვთხოვ...

– არა დე, ამოთხრა არ შეიძლება...

– აბა არ მინდა იტირო...

– კარგი, არ ვიტირებ...

– მომეწონა მე ეს კუკია....იზო! წამომიყვან კიდევ, რომ მომშივდება?..

– კი, გენაცვალა იზო! აბა რას ვიზამ?..

 

 

წამოვედით ფეხით, დაღმართზე.

სიჩუმეში ზიზინკას საყვარელი ფრაზა გამახსენდა: Когда жизнь дает вам тысячу причин, чтобы заплакать, покажите ей, что у вас есть тысяча причин, чтобы смеяться...

 

"ახალი ცხოვრების" დასაწყებად ყოველთვის მხოლოდ ფურცლის გადაშლა არ კმარა... ზოგჯერ წიგნის გამოცვლაც აუცილებელია...

ყავამშვიდობისა!

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...