Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.657

ლურჯი აპრილის ზმანებანი და სამნი ორადგილიან ნავში ანუ, არასოდეს თქვა არასოდეს!


katya

2.054 views

blog-0404830001366214364.jpgვიდრე გასული კვირის შთაბეჭდილებების ქვეშ მოყოლილ ტრამვებსა და ორმოცნაკერიან მოტეხილობებს „ვიჩვენისებდით“ და, ზოგიერთები, „იმ ჩვენისას“ სასწაულებრივ გადარჩენას ზეიმობდნენ, ახალი კვირაც გაოთხშაბათდა...

მერე კიდევ მე მეტყვიან – დროის ფასი არ იციო, არც შენი თავის ფასიო... ჩემი ღრმა რწმენით, მაგის მთქმელებს რომელიმე ოთხშაბათს, აუცილებლად გაეყოფა ენის წვერი და ჩახვდებიან საკუთარ მისიას დედამიწაზე, მაგრამ დღეს, როცა ჩემი კაპიტალის ბაზარს ინფლაციის ქრონიკული შიშები სტანჯავს, გადარჩენის შანსიც და ჭეშმარიტებაც ყავაშია.

როგორც დიდი შოთა იტყოდა, ჩემს დაბადებას და შემოქმედებასთან ზიარებას რომ მოსწრებოდა – ოდეს ყავა გაიაფდეს!... ჰოდა, მაგ დღეს ნუ დაელოდებით... რისკის ალბათობა იმდენად დიდია, თქვენც დაიღლებით და მეც კაპიტალის არამიზნობრივ ხარჯვაში შეიძლება დამადანაშაულონ.

გასული კვირის მაგალითზე მაინც ისწავლეთ, რომ „არამიზნობრივი“ ხარჯი არ არსებობს, არსებობს შორეულ ჰორიზონტებზე დამყნობილი წინდახედულება, გამოხატული მაგალითად 3500 ლარიან სამაჯურში...

კიდევ მაგალითად? რა პრობლემაა?

მაგალითად, ნახევარმილიონიან ესპანელ მზარეულში, რომლის მოწვევის აზრი მაინც ვერ გავიგე, თუ მაგისი მოთუხთუხებული საჭმლის მერე ის „ჩვენისა“ და „მაგის იმისა“ (ანუ გიგილო უგულავა) ავსტრიაში დაეხეტებოდნენ გასახდომად უიმედოდ მენჯგანიერნი და ბარძაყგალიფენი.

მაგალითადო და პრეზიდენტის შვილების სწავლა–განათლება, მეგობრების საჩუქრები და პატივისცემა, ჰიბრიდულ ვოკალურ დუეტებში, სადაც ერთი აუცილებლად „ მსოფლიო დონის ვარსკვლავობაშპყრობილი დიაცი“ უნდა ყოფილიყო, ცუდი მაგალითებია?

მაგალითად, ჩვენს პრეზიდენტს რომ ბათუმის „აღორძინება“ არ აეჩემებინა, ის „არაპროფესიონალი“ თურქი მძღოლი როგორ მიხვდებოდა– ვისთან დაჯახების პატივი ერგო?

–ვიცნობ მაგასო! ეგ ის არაა, თურქებისთვის ბათუმში „როზვი ბულვარი“ რომ გააკეთა, მაგან გაიხაროს თავის ჰარამ–ხანაშიო. –ნამყოფი ვარ მე ბათუმში და აი 2 რეისს რომ გავაკეთებ, ისევ ჩამოვალო, თან ხაშსაც ჩამოვუტან თქვენს პრეზიდენტს ჩემი გადარჩენის ანგარიშშიო...

ისე, მოდი და ნუ გეწყინება – ყველა დაუბანელი როგორ ჩვენი გასახვანჩალებელია. მექისე და ჭრელი აბანო დიუმას და პუშკინის დროსაც კი ფუფუნება იყო თბილისში და უგულავას და მიშას ის ცნობილი „კარენნოი თბილისელი “ ყავთ „კაჩეგარად“ გოგირდებში გაფორმებული?

ეჰ, ძმებო ნაცენო! ის დროა, სწორედ რომ ხოხბისა თქვათ და ჟღალი მომინოსიც ზედ მიაყოლოთ...

ჭადრაკის თამაშს შეეშვნენო, კადრების გადინების გამოო და შაშზე გადასულანო. ვერაფერი შეღავათია. დღეს დამკაში რომ გახვიდე, სულ მინიმუმ, ორიენტაცია უნდა შეიცვალო...

ვიცოდი რა! ვიცოდი! რათ უნდოდა მაგას ყავის ფინჯნის გადმობრუნება, „ტაროს“ გაშლა ან ნახშირი და ქორწინების ბეჭედი წყლიან ვერცხლის თასში?

რა ვიცოდი და ნაციონალების გრანდიოზული აფეთქების ამბავი, რომელიც „ახალ სამყაროს“ მისცემდა დასაბამს. „კვერცხუჯრედიანთა“ გენსაც ჰქონდა ალბათ კაცობრიობისთვის, გამოცდილების თვალსაზრისით, გასაცემი. იმისიონერეს და მიდიან...

მათგან ზოგიერთს სიტყვა „ღალატის“ მნიშვნელობა ან დაავიწყდა, ან არასოდეს ცოდნია, ან ვეღარც გაიგებს...

იქნება მამა როლანდი აღშფოთებული, აბა არ იქნება?! მისი შვილი რომ ეული თუთბერიძის დასაცავი გახდა... ხომ უნდა ამ ყველაფერს გაძლება? ძილს და მოსვენებას ვინ ჩივის?

ხომ დაემუქრა რამდენიმე დღის წინ ვანოს, ჰოდა, უსრულებს უკვე. არ ღირს მაგ საქმეში ჩარევა, თვითონ უკეთ იციან დეტალები...

დიდი გნიასია სანაცეთში. ისინი წერას ვერ აუდიან და ჩვენ კითხვას. ყველა ერთად ლაპარაკობს, ერთმანეთს არ აცლიან და ამის ერთადერთი მიზეზი არსებობს – უბრალოდ, არაფერი აქვთ საპასუხო, ანუ არაფერზე პასუხი არ აქვთ.

მე პირადად მოუთმენლად ველი, როდის გაასაჯაროებენ იმ 50 კაცის (ქალისაც) სიას, რომლებიც ყოველ დღე უნდა დაიჭირო მხოლოდ ჰაბიტუსის გამო. ამ სიის სათავეში რომ ყველაფრის მცოდნე, ყველაფრის ექსპერტი და ყველაფერზე ხელისმომწერი ხუხაშვილი არ მომიქციოთ, სერიოზულად მაწყენინებთ, იცოდეთ და სვით მერე სოიოს და მუხის ქერქის ყავა უზმოზე ტყეში სამჯერ...

ახალაიას საქმეში 38 მოწმის ჩვენება იდენტურიაო და ამან კიდევ რაები დააბრალა მთელ სანათესავოს – რეჟიმის მსხვერპლიო... რის გამარჯვენებას ცდილობს ამჯერად ხუხაშვილი – ბაჩოს, საპატიმრო უფლების უკანონო შელახვას და უნებურ ზეწოლას თუ მერაბიშვილის თავზე დიდი კუშია გამოცხადებული?

ბოლო დროს, რუხი მღრღნელები რუხ კარდინალებად ძალიან მარტივად გარდაიქმნებიან და ვითომ ჰაერშია რამე სათანადო ვირუსი თუ სათანადო კარზე?..

დათა ახალაიას, მეგის ქარდავას და სოსო თოფურიძეს 18 აპრილს იჭერენო, ასე გავიგე. „სამი მუშკეტერი“ სარფის საბაჟოდან ეკვეთება საზღვარს და იქ „ჩაავლებენ“ კანონის ფარგლებში და შესაბამისად. რას ეტყვიან ისინი თეას და რას ეტყვის თეა მათ?! თუ იქამდე კბილაშვილი მოუსინჯავთ კბილს, ზუსტად ვერ გეტყვით? ეგებ ლაშას ეცადა ნაცვლიშვილს, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმჭვრეტველიაო ეგო, ამბობენ. ფრიად ნათელი გონება და სხარტი აზროვნება აქვსო და აბა რაზე ვნერვიულობთ, ვერ გავიგე?

ინერვიულოს ვანომ, და კიდევ იმ ორმა ქალბატონმა „უმრავლესობიდან“, რომელთა ე.წ. არც ისე კდემამოსილი კადრების გასაჯაროებით, ყოვლისშემძლე მეგისი იმუქრება. ავი და ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, პატივცემული ვაჟა ლილუაშვილის თავისუფლება სწორედ ამგვარი კადრების არსებობის დამსახურებააო, ოღონდ ის სხვა „მეოცნებე“ ქალბატონს უნდა უმადლოდესო. მოკლედ, როგორც ნაცები იტყვიან, დრო გვაჩვენებს, ვინ დააფიქსირა კამერამ...

ისე, მაინც, გავკადნიერდები და შეგახსენებთ, რომ, ზოგჯერ, მოთმინება ყველაზე შეუფერებელ მომენტში იწურება და თავდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას გამოცდას უწყობენ...

რაღაცა უცნაურად დასრულდა გასული კვირა – ჯერ იყო და ვანომ იხუმრა ტატიშვილის ეთერში „იმედის“ ლოგოთი დამშვენებულმა.

მენიშნა, აბა არ მენიშნა? ბავშვობაში სადღაც მაქვს გაგონილი თუ წაკითხული – დანაშაულის ადგილას ნამდვილი დამნაშავის მიახლოვებისას მსხვერპლს ჭრილობები ეხსნებაო... ასეა ვანო! ბავშვობაში რომ ის წიგნები გეკითხა, რასაც მე მაკითხებდნენ, უფრო წინდახედული იქნებოდი და უფრო ფრთხილი. მდინარესთან ჯდომა კი გიყვარს იმ შენი მთავრობის მოძმე ჩინელებივით, მაგრამ, გვამები გერევა უკვე და არც დროა მართლა ისეთი მკურნალი, როგორც წიგნებში წერენ. არსებობს დანაშაულები, ხანდაზმულობის ვადა რომ ვერაფერს აკლებს მათ „ბრწყინვალებას.“

ერთი სიტყვით, კვირის იუბილარი ვანოსთვის ახლა ნერვიულობა ბაირამობაა... სხვა რა საქმე აქვს?

ჩემს სახელზე ერთი კითხვა მინდა ძიებას ჩავამატებინო ყოფილი ხერხემლის მორიგი დაკითხვისთვის – როგორ ფიქრობს ცხოვრების გაგრძელებას, როცა ინერციითშერჩენილი და ბუტაფორიული ძალა–უფლება ამოეწურება? საქმიანობის გაგრძელებას სოფლის მეურნეობაში ხომ არ აპირებს? ქართული მიწის კადასტრის მამად რომ მოევლინა ერს, მაშინ კი უნდა მიეღო რაიმე ნიშანი, რომ ვაი–ოს ველები, ოდესმე, საუკეთესო მალამო იქნებოდა მისი „არა“ და „ნეკა“ თითს შუა მიგდებული სულისთვის.

ვინ–ვინ და ნინო შუბლაძემ საკუთარ ტყავზე და უახლოეს მანძილზე იგემა მიშიკოს არაკები და რამდენიმე დღე ნუ ადგება ლოგინიდან, გამოშუშდეს... რამდენი აჭირა ფეხი მაზოლზე და უპაჭუნა თვალი თავის პრეზიდენტს, მაგრამ, რომ არ გაჭრა?

არც ისე მარტივადაა კონკრეტულ შემთხვევაში საქმე და ვერ გაიგო ამ ხალხმა. იმისთვის რომ გაიგონო და გაიგო კითხვა, მხოლოდ ყურები არ კმარა. მაგათ შორის კიდევ უნდა იყოს რამე.

გამოგიტყდებით და ვაღიარებ – სულ ტყუილად ვაკრიტიკებდი ნაციონალური საქართველოს კარის მემატიანეს. რაც ამ დღეებში ჩვენს უახლეს ისტორიაზე ვერსიები მოვისმინეთ, ყველას უპირობოდ მასხარაშვილის ვერსია თუ არ სჯობდეს, მე არ მოვესწრო 19 აპრილის აქციის ციფრულზე აღბეჭდვას...

მიშიკომ, ძიებასთან არ ვითანამშრომლებო! სტრასბურგში, ჰააგაში, ჯანდაბაში და კიდევ იმის იქით წასულხართო! უმადურების ხროვა ხართო! კაი, ჯანდაბას, ვიყო ჩაუშესკუ და კადაფი, მაგრამ ეს მილოშვიჩი რაღა უბედურებააო?! ეს ნამეტანიაო...

იურისტი კაცი ვარ, წესიერი, პატიოსანი ოჯახიშვილიო. მაინც და მაინც პურის რიგში უნდა მოვკვდე, რომ მასას და ბრბოს შეგიყვარდეთო? ნურას უკაცრავადო! არც დაკითხვაზე მივალ და არც გადავდგებიო, არ მინდა და მიტომო...

„არ მინდა“–ზე, იმედია, მზია ბებო გააკეთებს სათანადო შეფასებას და რეაგირებას, მაგრამ ამ იურისტს ეგებ აუხსნას ვინმემ კვალიფიციურად, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე გზის სხვადასხვაგვარად გავლა, მაგრამ დანიშნულების ადგილები, ანუ პუნქტები ამით არ იცვლება და არც ჩვენ გვინდა რაღაც–რაღაცეები, თუ მასეა, ბიჯოს!.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ბიძინა ივანიშვილის უფასო კონსულტანტი გახდესო. ამას ისევ ბიძინაზე აკიდება უნდა არა? არაა ბიძინა ის კაცი, ვინმეს შრომა არ დაუფასოს, მითუმეტეს ასეთ „გულანთებულ“ და „გაჭირვებულ“ პრეზიდენტს. კარგ ხელფასს დაუნიშნავს იცის, მაგ „ოლია მათხოვარმა“.

ეს გამოწვევაა ბიძინა! არ უნდა დატოვო ეს ამბავი ყურადღების გარეშე, მაინც ეგააო შენი ხელწერაო – „ყოფილების“ დაბრუნება კომპეტენტურობის არგუმენტითო და ეს ერთი არგუმენტირებული ბრალდება მაინც გაატანინე უმცირესობას...

სასამართლო, როგორც იქნა, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აღადგინა.

სამაგიეროდ ხაჩიძე დგას ისევ ჩაწოდების სიმდაბლეზე...

ხანგრძლივი შვებულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმაც კი დატოვა თანამდებობა..

ისე, ბიჭებო! და გოგოებოც! აქეთაც და იქითაც, წვრილმანებზე ტყუილებს მაინც მოერიდეთ, თორემ მაგან კვალიფიკაციის დაკარგვა იცის და ეგრევე „იხიშტები“ პირველივე მსხვილმან ტყუილზე. არადა, ზოგჯერ რა ჰაერივით საჭიროა, თუნდაც ტყავის გადასარჩენად...

ეგეც ვიცი, რომ, ყველაზე მეტად თავის მართლება უდანაშაულოს უჭირს.

თბილისის რა გითხრათ და , 19 აპრილს, 18:00 საათზე ნიუ-იორკში, მანჰეტენზე პატრიოტების დიდი ფართი–აქციაა ჩანიშნული, კახა ლომაია იხდისო და მიდით, რა გენაღვლებათ?! ჯიბის ბოლო გაფართხალებაზე ნუ მოიმდურებთ, გაეროში ნამუშევარი კაცია ბოლო–ბოლო. ზოგან სიტყვა ეთქმის და ზოგან ანეკდოტი...

ვწერ და სულ იმაზე ვფიქრობ, ვაი და, თეა, ოღონდ, ამჯერად „იმათი“, მართალი რომ აღმოჩნდეს, მაშინ?!.

არასოდეს თქვათ არასოდეს!

დამიჯერეთ! ცხოვრებას იუმორის საოცარი გრძნობა აქვს...

ყავა აქა და მშვიდობაც აქა... არ გვაქვს ახლა ჩვენ ზედმეტი ხარჯის ფუფუნება...

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...