Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

ყველა პოსტი katya

  1. ყავის დროა! თუმცა ყავის დრო სულაა, ისე როგორც სიყვარულის... აი თავისუფლების დროზე რა გითხრათ?! თუმცა, თავისუფლებაც, ისე როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, შედარებითია, შეფარდებითიც და ჩანაცვლებითიც ყოფილა ჩვენთან, ანუ საქართველოში. რა ვქნათ, თუ თავისუფალ მედიაზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს?! დღეს მომეჩვენა, რომ , დაკითხვიდან გამოსული მთავარი რედაქტორი –გიორგი არველაძე , ისეთი ალალი იყო, როგორც არასდროს! რა, თქვენ არ მოგეჩვენათ? ბრმა და უმადური უნდა იყო, რომ თუნდაც პრანჭია „კაცის“ ღვაწლი და დამსახურება ვერ დაინახო... „პრანჭიათა“ კულუარებიდან გამოჟონა, სეზონური გარდერობის შერჩევისას, კატეგორიულად თავს იკავებენ ზოლიანი და კუბოკრული ქსოვილისგანო. რა ძალა აქვს მაინც ქვეცნობიერს!. იციან, რომ მალე ყელში ამოუვათ მაგ დიზაინის სამოსი და ინტერიერი. ამიტომ ერთ ტონალობას არჩევენ... ეს ის გიორგი ვაშაძე არაა, არჩევნების ფალსიფიკაციის ფუძემდებელი და საჯაროდ დარეესტრებული? ფალსიფიცირებული სახელმწიფოს მოდელი რომ შეიმუშავა და ყველაფერზე იუსტიციის სახლში გვეპატიჟებოდა? რას ვიზამთ?! სირცხვილს და ნამუსს კარგავს ის, ვისაც სხვა დასაკარგი აღარაფერი აქვს. ანერვიულდაო! რა თქმა უნდა, რთულია თავის ხელში აყვანა, როცა ხელები ჯიბეების დატენვით გაქვს დაკავებული. მიყვარს გაწონასწორებული ხალხი! მითუმეტეს, როცა ასეთი პრეზიდენტი გყავს. წარმოგიდგენიათ, აქ რომ მეტეორი ჩამოვარდნილიყო, მიშა რა ამბავს ატეხდა? – ყველაფერს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ნატომ კარი მოგვიკეტონო, იტყოდა. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა კიდევ უცხოელების კითხვაზე,– რა ხდება თქვენთან მეტეორიტთან დაკავშირებითო? მარტივად და მშვიდად მიუგო – ჩამოვარდაო! ჩვენმა კიდევ რა ისტერიკა ატეხა! – "თუ ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ პრეზიდენტი სასახლეში უნდა ჩაკეტონ და მხოლოდ წყალი და პური მიაწოდონ, შემცდარან, რადგან მე ვაპირებ მოვიარო მთელი ქვეყანა, შევხვდე ხალხს და გავიგო მათი პრობლემები", - ო. კი მაგრამ, აქამდე უშლიდა ვინმე? და აწი თუ მაგას ვინმე პურს და წყალს მიაწვდის, მადლობელი კი უნდა იყოს, მაგრამ, ეგეც კარგი უმადურია... ჰოდა, ადგეს და მოიპოვოს პური არსობისა თვითონ. დღეს გავიგე, ფულის მუზეუმი ყვარელში გადაუტანია. ალბათ მაგ მუზეუმის დარაჯის ვაკანსიას უმიზნებს, თორემ სხვა რა უნდა იყოს ? თუმცა, წინა ხელისუფლების ნარჩენებს არგუმენტირება არ უჭირთ. გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე, როგორც გავიგე, ხეჭეჭურის ნერგებისთვის არიან წასულები ახალი პარტიისთვისო. ჰოდა მასე, ნელ–ნელა, აუჩქარებლად, ბიჭებო! საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეზობელ ქვეყნებში ვიზიტები განიხილა და აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი არის გაბრაზებული, სომხეთი მოტყუებული, თურქეთი კი - გადაგდებული." ყველას მაგივრად შენ როგორ უნდა ინერვიულო გოგაა!!! აღარ ხართ პასუხისმგებლები ოქტომბრიდან, რით ვერ გაიგე, შე კაცო!? პასუხის გება კი მოგიწევთ, იმედია... მე ის უფრო მაინტერესებს, ვინ გამოუყო ლუქსი ფერმაში ხაჩიძეს და რატომ ვერ დაიცვა ამ უკანასკნელმა ნაციონალური გარემო ჩანერგილი და მოღალატე ვირთხებისგან? ამისთვის პასუხს იმ დიდი ფერმის გამგე მოსთხოვს იმედია, კომლეურნეობის თავმჯდომარე მაინც, გვარის დასახელებას აზრი არ აქვს... რამხელა მიღწევაა, როცა ნამინისტრალი სახალხოდ ამტკიცებს, რომ ვირთხა არაა... მასე იმიერკარპატელი ივანაც კი გვიმტკიცებს, სააკაშვილი ჩემი მხოლოდ მეგობარიაო, მაგრამ ჩვენ გვჯერა? მშვიდობაში მოგახმაროს „საუკეთესო მეგობარი“ მელაი! „ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს საქართველოში სურს ის დაინახოს, რასაც ადრეც ხედავდა“–ნეტა რა უნდა დაინახოს აპატურაიმ?! ჯეიმს! აბა ერთი თვალი თვალში გაგვიყარე, მეგობრულად! იმედია, კობას „მარტოობის 100 დღის“ შეფასებას კოალიცია თავს გაართმევს და თუ იწვიმაააა... მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, მათ, ვინც „დაიღალა“ ხელისუფლების „უსამართლობით“, ვთავაზობ ჩამოჯდეს და დაისვენოს. ყველა ყვავის ოცნებაა, ვინმე თეთრებში გამოწყობილს თავისი ტოტის ქვეშ წაასწროს. გარემოს დაცვის ექს–მინისტრს ეს არ ესწავლება... ჰო, მართლა! უგულავას ამოტენდერებულმა ჩინელებმა, არ ვართ ჩვენ ის ხალხიო! ავაშენებთ იმ თქვენს ოლიმპპიურ სოფელს და მივდივართო! ვინა ყოფილხართ ქართველებიო?! ამოვისუნთქე!!!! მართლა რა მაგარი ქალაქია ეს თბილისი?! დაუჩქარეთ და პირდაპირ იმოძრავეთო, – პატრულმა! ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  2. და იყო კიდევ ერთი კვირა ყავისმოყვარულ ქართველთა ცხოვრებაში... კოსმიური თუ პოლიტიკური ძვრებით, მინიმალური საარსებო კალათით და სახელფასო პრემიალური მაქსიმუმით, არც თუ ურიგო რიგგარეშე პარტიული ყრილობით, არც ისე საპრეზიდენტო ვოიაჟით, დაკითხული მერით, ბანკროტი პოლიტიკოსის 2 წუთში გაფენიქსებული რეიტინგით, თვით გურამ დონაძის მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებული 3 პასპორტით და 65 000 იანი შენატანით ბიუჯეტში, პენიტენციალური ქორწილით, კათოლიკური სიყვარულით და ისლამურ–მეზობლური ულტიმატუმებით. პროზაული დასაწყისიაო ვერ იტყვით, მაგრამ, ზოგჯერ საკვირაო განწყობას მხოლოდ კალენდარი ვერ შველის. ცოტა მეტია საჭირო! თუმცა, არის მომენტები, როცა მეტიც მეტისმეტია... ხომ გეუბნებოდით – სამართალს ბუმერანგის ფორმა აქვს და ურმით დადის. მაგის შიში რომ არ ჰქონდეს ზოგიერთს, აბა შონზო მაინც და მაინც ამ კვირაში რატომ აღშფოთდებოდა საკუთარ ცხოვრების წესზე, ბოლო 9 წლის განმავლობაში? არც „პატიმართა პატრონი „ ხათუნა აჩუყებულა უმიზეზოდ, არც ჩიორას გაუსაჯაროვებია თავისი „სარეცელი“ და არც წერეთლების გიგის გამოუთქვამს მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ტყუილად. ასეა – სინდისდაკარგული ადამიანი ყოველთვის დარდობს მის დაკარგვას, რადგან შეეძლო ის სარფიანად გაეყიდა ან გადაეყიდა... მაგალითად, ყოფილ დეპუტატს და „დეოკუპაციის ცენტრის“ ხელმძღვანელ გია თორთლაძესაც ვერ აჯერებენ, რომ მის დაკთხვაში ახალი პრემიერის პირადი ინტერესი არ ურევია. აბა რა გახდა ეგ 350 000 ლარი და „ტოიოტა“? გიგიზეც ამბობდნენ ავი ენები, ეგ ასე იოლად გასატეხი კაკალი არააო, მაგრამ... თბილისის მერი, იქამდეც მივიდა, გასულ კვირას მოქმედ უმრავლესობას მასობრივი გამოსვლებითაც დაემუქრა ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ დროულად გადაამოწმა და გაარკვია, რომ წალენჯიხა–თბილისის ავტობუსი სხვა გრაფიკს ექვემდებარება. თანაც,კულუარული ინფორმაციით, ტარიელ ხიზანეიშვილმა დაკითხვაზე მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. დაკითხვიდან კი გიგი ისეთი სახით გამოვიდა, აშკარად მეტს ელოდა, ან გამომძიებლები ელოდნენ ნაკლებს. მართლაც და რა ხდება ? დელეგაცია დელეგაციას არ გავს და დარბევა დარბევას... საპირფარეშოში ვერ გასულა კაცი და გემრიელად ვერ გაპროვოკატორებულა ნაცი... გაივსო ქალაქი „კრიმინალებით“... რა წესია? პატიმარი ვიცით ჩვენ ციხეში! ქალი ბუტკაში, კაცი – ომში და ქვეყანა – ნატოში... გთხოვთ, მომიკლათ ცნობისმოყვარეობა და გამაგებინოთ – ქალბატონი ნინო ლაპიაშვილი 9 საათის შემდეგ ისევ ჩანთაჩახუტებული დადის თუ გაიარა ადაპტაცია? ანუ შეეგუა თანაცხოვრებას ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად ამ ქალაქში? მეტეორიც რომ დროზე ადრე ფეთქდება, თანაც , მაინც და მაინც ოკუპანტის ტერიტორიაზე, ამასთან შეგუება მართლა რთულია. მეტეორზე გამახსენდა, – გაიგებდით ალბათ, იაპონიის საპორტო ქალაქ იშინომაკში რამდენიმე ადამიანმა ინკოგნიტო ადრესატისგან საჩუქრად 250 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდი რომ მიიღო. აი ამას ქვია ფოსტა! ყველაზე საოცარი ისაა, რომ ოქროს ზოდების მფლობელებმა საჩუქრით თავიანთი ქალაქის აღორძინება გადაწყვიტეს. ერთი წუთით დავუშვათ იგივე სიტუაცია ჩვენს ქალაქში. მაშინვე გაჩნდება გზავნილის ადრესატამდე მიტანის ალბათობა. თუ მაინც მიაღწია ადრესატამდე, ამის შესახებ იაპონიაში კი არა სამეზობლო–სამეგობროშიც ჭორად გაიგებენ. ქალაქის აღორძინებაში კი „კეთილსინდისიერად მიღებულ დამატებით შემოსავალს“, ნამდვილად არავინ ჩადებს. თუ გინდათ ვცადოთ... ახალმა პარლამენტმა და მისმა უდიდებულესობა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი სულ ტყუილად მიივიწყეს, თუმცა, ამ ქვეყანაში ვის ქონდა უფლებები მომხმარებლებს რომ ჰქონოდათ, თანაც დაცული? დიახაც! რა საჭიროა კანონი, რომელიც არაა საჭირო? გასულ კვირას შეურაცხყოფილი დავრჩი, როცა საშინელი საიდუმლო შევიტყვე – როგორ დაუტოვა ანდერძად და საპატრონოდ ქართველობა ზვიადმა ვალერია ნოვოდვორსკაიას. მოქმედ და პოტენციურ მსჯავრდებულებს კი ერთი საკითხი აინტერესებთ – ამიერიდან ციხეში დაქორწინებული ყველა წყვილის მეჯვარე იქნება თუ არა ლალი მოროშკინა? ჩემისთანა ინტრიგანებს კი ის აინტერესებთ – როგორ არ ენანებათ „პატიოსანი შრომით“ ნაშოვნი ფულის გირაოში გადახდა? გასულ კვირას, ჩვენდა გასაკვირად, ქეთი იგნატოვამაც კი შენიშნა, რომ კოჰაბიტაციას ვერ „ვქაჩავთ“ საუკუნეების მანძილზე ტოლერანტობაში ეჭმიტანილი ერი… ხათუნა კალმახელიძის გოდების კედელზე დატოვებული მესიჯებით კი ექს– „ლედი–პენიტენციალს“ , საკუთარი „სუსტი წერტილების“ თანახმად, ან ელჩობა უნდა , ან თავდაცვის მინისტრობა. ახლა მთავარია, ქალბატონი ჩიორას და გოკა გაბაშვილის ეროგენულ ზონებს მივაგნოთ, თუ ასეთი ზონები არსებობს ბუნებაში. კვიპროსის პრეზიდენტი ნანობს, რომქვეყნის გაერთიანება ვერ შეძლო...და მიდის... მიშა ნანობს, რომ ქვეყნის ბოლომდე დაშლა ვერ შეძლო და არ მიდის… ყველა ჩვენი ოცნება ხდება, მაგრამ იმ ფორმით, რომელსაც ვიმსახურებთ. მათი ფორმები შორსაა იდეალისგან და , შესაბამისად, იდეალიც შორსაა მათი ფორმებისგან. ზოგიერთის ლოგიკით– თუ ერთზე ოცნებობდით, მაგრამ გაცილებით მეტი მიიღეთ, თქვენი ოცნება მაინც არ ითვლება ასრულებულად. რატომ მინდოდა მეტეორიტი თბილისში? როგორც პრემიერი იტყოდა, – კარგი კითხვაა! მაგრამ კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ – თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამდენი მეოცნების სურვილების ჩაფიქრებას კუდიანი ვარსკვლავის ჩამოვარდნისას მოვასწრებთ? და კიდევ, ქალებო! ვალენტინი არ გაგიწყრეთ და საბჭოთა არმიის დღის მილოცვა არ დაგავიწყდეთ მომავალ კვირაში ძვირფასი მამაკაცებისთვის, თორემ ის თქვენი ცოდვებით სავსე კლარას და როზას დღესასწაული არც ისე შორსაა. ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  3. ემოციურ ფონზე კორექტურა დასაშვებია. ;)
  4. საბჭოთა ბავშვობიდან ერთი „იქაური“ ლოზუნგი შემომრჩა გონებაში: კადრები წყვეტენ ყველაფერს! ზედაპირული და სიღრმისეული დაკვირვებით, მსგავსი ლოგიკაგა და აქტუალობაგამძლე სლოგანი ცოტაა. ჩემი ბავშვობის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, იმდენი, რომ ცვლილებები შემემჩნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც კადრები წყვეტენ ყველაფერს... არადა, ყური მოვკარი, დედამიწამ ნაბიჯს აუჩქარაო, ჩინელების ზოგადსაკაცობრიო წყევლის მიუხედავად, დიდი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთო... ჩვენი საშველი მაინც არაა. დროში გავიჭედეთ და სუბიექტურობას გენეტიკური ნაკლით ვხსნით. ობიექტურ რეალობაში კი არსებობს „კადრის“ ორი სახის გამოვლინება – კადრი –ადამიანური რესურსის ან კადრი – დოკუმენტალური ვიდეო მასალის სახით. ანუ გაქვს თუ გყავს შესაბამისი კადრი – უკვე სერიოზული „წინსვლა“ და „დაზღვევაა“. ამ სოლიდური არგუმენტაციის მიუხედავად, მაინც გავ–კად–ნიერდები და ვურჩევდი „კადრომანებს“ – კადრების სახით უკადრებელს ნუ კადრულობთ რა!!!!!! იმ პატივცემული მურმან დუმბაძესავით, ყველა 1 ფუთი მარილის ჭამას ვერ გავქაჩავთ... დიახ, მე მაოცებენ კადრები თავიანთი შერჩევის, ამბიციის და პასუხისმგებლობის პრინციპით. მაგალითად, მაოცებს ერთ–ერთი სამინისტროს მინისტრის მოადგილე, თავისი თავისუფალი დროის მასშტაბებით. უცნაურია, ამხელა პრობლემების მქონე სამინისტროს დიდი პასუხისმგებლობის მქონე კადრს სულ ფეისბუკზე „დებატების“ და „პოსტვის“ დრო როგორ აქვს. ვინმეს ჯინი კი არ მჭირს? კადრია უბრალოდ, სულ ეგაა. კიდევ პარლამენტის უცვლელი კადრები მაოცებენ, აი ისეთები, მთელი ცხოვრება ერეკლეს მეზარბაზნეების ამბის „გაბაზრებით“ რომ იყვნენ დაკავებულნი და ახლაც, „სხვა რეალობაშიც“ , ახალი ხელისუფლების ფავორიტებად რჩებიან. ძველი ხელისუფლების კადრების რა გითხრათ? ეგ ზოგადად რა ყავაზე მოსატანია. მაგათი უნარ–ჩვევები „ხუთოსნების“ კადრების განყოფილების უფროსს მოჰკითხოს პროკურატურამ. იმედია, მეოთხე ხელისუფლება გაგებით მოეკიდება ჩემს პრეტენზიას. მაგათმა ყველაზე უკეთ იციან, , – არის შემთხვევები, როცა რესპოდენტი კადრში არ ჯდება. ბოლოს და ბოლოს, პერსპექტიულ და ამბიციურ კადრს იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, სხვისი რეზიუმეს თავისად დაკოპირებისას ფოტო მაინც შეცვალოს. ხუმრობა იქეთ იყოს და, კადრების ომმა უკვე დენთის სუნი აუშვა. აგერ ერთი მაღალის კადრმა ხაბაზმა ფიშტოც დაგვიტრიალა მუქარის სინონიმად ცხვირ წინ. ე მანდ, ჩემს გამ–კადრ–ებელს არავინ შეეხოსო... არ ვეხებით ბატონო... ვადაგასული სისტემის პროდუქტთან შეხება მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. უბრალოდთ ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და გაიტანეთ! შესაბამის სარკოფაგს ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, „ჩვეულებრივი ხალხი“. ისე, ყველაფერს წარმოვიდგენდი და ხაბაზის მუშკეტერობას – ვერა. სხვათა შორის, საფრანგეთში, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების შემდეგ, სამი მუშკეტერის ურთიერთობებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ! ეს ისე, თემა განსჯისათვის, თორემ კი არაფერს გაბრალებთ ... რომის პაპიც კი გადადგა. ავი ენები ამბობენ, ისლამი მიიღოო. ბუკმეკერები პაპის კანდიდატურად შავკანიან რომაელს წამოაყენებენ ალბათ. კი ბატონო, ამასაც საკადრო შეთანხმების სუნი უდის, რა ჩვენი საქმეა?! ჩვენ ერთი პატარა ერი ვართ. მაგრამ უბრალოდ შეკივლება მოგინდება – მიხეილ! აიღე მაგალითი პაპისგან! შური ამბიციის გარეშე ოცნებააო... ვინც გამუდმებით დამნაშავეებს ეძებს, საკუთარ თავს ვერ ამჩნევს. ასეც ხდება, ზოგჯერ საუბარს იწყებ მეგობართან და მტერთან ამთავრებ. არ მოგწყინდათ მართლა? ნაცების კადრები! ოცნების კადრები! ეგ კადრია ზუსტად ყველაზე ხშირად „ყველაფრის მკადრებელი“... ცოტა მეტი პერფექციონიზმი, ბატონებო! აფსუს, კადრ–წაღებულო საქართველოვ! თქვენი არ ვიცი და მე ვცვლი სიტყვის კაცს საქმის კაცში (ქალშიც)! ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  5. რეალობას ჩვენ ვუწოდებთ, „უბრალო“ და „ ჩვეულებრივ ხალხი“, ანუ „მასა“, ანუ „ბრბო“, თორემ არაჩვეულებრივები და „წარმატებულები“ მაგას პოლიტიკას უძახიან. მოვლენების რეალური შეფასების ნაცვლად „კომენტარსაც აკეთებენ“ და შიგადაშიგ კოაბიტაციობენ კიდეც ყველა მიმართულებით და ყველა მნიშვნელობით, ზოგჯერ „გაგებითაც“. –„მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხიო“,– გაიგეთ, რა თქვა მიშამ? ცოტა რთულად წარმოსადგენი კია სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ხალხის სამსახურში, მაგრამ სხვა გზა არაა, თავი მაინც უნდა მოიკატუნოთ! ასეა საჭირო და მიტომ... ბოლო დღეებია, ისეთი განწყობა მაქვს, რომ მოქმედ გენერალურ პროკურორს სიტყვაზე მინდა ვენდო, ყოველგვარი მხილებულებების და მოწმეთა ჩვენებების გარეშე. მოქმედს, თორემ მისი წინამორბედის სიტყვა მხოლოდ ერთეულებს აქვთ გაგონილი. მისი მრავლისმეტყველ–მომსწრე და დამსწრე ფიგურა ჟესტების ენით გამოხატავდა „ნაციონალური ელიტის“ განწყობას. ან რად უნდა ბევრი ლაი–ლაი მაგას? უმარტივესია: ამას – სიკვდილი! იმას – ჩამოხრჩობა. უკვე იმ ასაკში ვარ, როცა ვიცი – ხელი არ უნდა შეუშალო უფსკრულში გადაჩეხვაში მას, ვინც, თავის დროზე, მაგ საქმეში სხვებს „ეხმარებოდა“ . კარგი გამოგონებაა ბუმერანგი! ჭკუის კოლოფა ავსტრალიელი ჰომო–საპიენსების ქროლვის თეორიას თანამედროვე პოლიტ–განათლებაში თუ ჩართავენ, არ იქნება ურიგო, მათივე პროფესიული უნარ–ჩვევებისთვის. ეჰ, რა ახლოს იყო პირველყოფილი ადამიანი ჭეშმარიტებასთან! ჰოდა, იმას ვამბობდი, – თუ უნდათ უფსკრული, მე ვინ ტიკი–ტომარა ვარ, ხელი შევუშალო? ამიტომაც გადავწყვიტე, კრიტიკასაც შევეშვა მოქმედი „უმცირესობის“ მისამართით, თორემ, ვაიდა, ღმერთი გაუწყრეთ, კრიტიკა ობიექტურად და საგულისხმოდ მიიჩნიონ, ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. ვერც უმცირესობის წარმომადგენელ ირმა ნადირაშვილს ვაპატიებ ისეთი „ცუდი“ და „უცენზურო“ სიტყვების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად „მხედრიონი“... თუმცა, იქ, სადაც ვანო მერაბიშვილმა, ჩვენს თვალს წინ, არგუმენტების ენა აიდგა, უკვე აღარაფერი გამაკვირვებს. მისი გუშინდელი არგუმენტი წინა ხელისუფლების „შეცდომებთან“ დაკავშირებით, მომაკვდინებელი თუ არა, შოკისმომგვრელი იყო საზოგადოების „ჩვეულებრივი“ ნაწილისთვის. ხომ ვამბობდი, უმადური და დაუნახავი ერი ვართ! იმასაც ვერ მივხვდით, რომ „ისინი“ „იმას“ „იმისთვის“ სჩადიოდნენ, ანუ აშავებდნენ, რომ „ამათ“ ანუ დღევანდელ ხელისუფლებას მათ „შეცდომებზე“ ესწავლათ. ყოფილი პირველი პოლიციელის ტექსტი დაახლოებით ასე ჟღერდა: „რა გიყვეს, ჩემო სავლე...“ ვანო გუშინ იყო ქართული პოლიციის დიდი ჭირისუფალი, თუმცა თალხი არ ემოსა, თვალის უპეების მოხაზულობა და „სიტყვის კონა“ ცხადყოფდა (თუ გინდათ ნაძლევს ჩამოვალ, რომ ვანო ამ სიტყვას ვერ გამოთქვამს) ყოფილი რეფორმატორის სამგლოვიარო განწყობას. „ნელ–ნელა, თანდათანობით დავბრუნდებით ხელისუფლებაშიო“,– თქვა მან. თუმცა ამ ფრაზის შიფრი ან ადამიანური ვერსია, ჩემო იმანო, სეიფში ექნება ჩაკეტილი და, სავარაუდოდ, ვერასოდეს გავიგებთ. მაგრამ, ვანო რა ყავაზე კრუასანად მოსატანია, როცა ენაბრგვილობა ბოლო ხანს თვით ორატორთ–ორატორ მიხეილსაც დასჩემდა. თუმცა მაგისას რას გაიგებ – როდისაა გულწრფელი, როცა ლენჩს ამბობს და ლინჩის გულისხმობს თუ პირიქით? მაგრამ ეს არაა მთავარი – მთავარი ისაა, რომ ამჟამად ახალ ოცნებაზე მუშაობს, სახელად „ ერი–ნაციონალური პროექტი“. ის წინა 2 პროექტი – „ანაკლია“ და „ლაზიკა“ თხამ შეუჭამა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და ხის ძირას დარჩენილი წიგნივით. ბიბლიოთეკა ნაციონალებისთვის ფატალური ადგილია. ეგ კიდევ ბევრს შეიწირავს, ისე, როგორც თბილისის (ჯერ კიდევ) მერის მზრუნველის იმიჯი აღგავა პირისაგან მიწისა მისმა მიმდებარე ტერიტორიამ. ასეთი რა ქამარი შემოიჭირა დედაქალაქის მერიამ, არ ვიცი. ის კი ყველამ დავინახეთ, რომ ქალაქის ქუჩაში შოუებს უგულავა უკვე თავად აწყობს, ალბათ ეკონომიის მიზნით, თორემ დასაქმების პრობლემა ხომ ამ ქალაქში აღარ არსებობს. გუშინდელი დღე თავისი მოლოდინებით გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. პრეზიდენტმაც მოგვმართა, შოუ სავარაუდო სათაურით – „ძალადობა,“ შედგა, „კომენტარებიც გაკეთდა“, კადრებიც დაიდო, შეაფასეს, გადააფასეს, აწონ–დაწონეს და ჟანრად ისევ ფარსი არჩიეს. თუმცა პიესის მთავარ გმირებს ფარდის დაშვება დაავიწყდათ და შორეული ქანდარიდანაც, პენსნეს გარეშეც კარგად ჩანს კულისებში მიყრილ–მოყრილი ჭუჭყიანი საცვლები. და ნეტარ არიან მორწმუნენი, როცა ფაქტები სარწმუნოა... ბუნტის თავები, მამები და მამიდები საპროტესტო აქციების გააქტიურებით იმუქრებიან. გაფიცულთა რიგი უახლოეს მომავალში მეეზოვეებს უწევთო. ეს ის ყბადაღებული დასუფთავების სამსახურია, მთელი თბილისის ნაღები რომაა დასაქმებული ნაციონალურ საწყისებზე. მრეცხავები ალბათ დათბობას ელიან, რომ მათი პროტესტი უფრო ეფექტური იყოს ოფლიანობის ნიადაგზე. ახლა კი მივხვდი, რატომ დაიდგა და რატომ ჩაიყარა ამხელა კაპიტალი მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდიები.“ ეწყინება უმცირესობას აბა არ ეწყინება? მაგათ ყველაზე ჭახჭახა სახე – გურამ დონაძეს– დღეს 25 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს და „მოძალადე ბიბლიოთეკარები“ 100–100 ლარად გამოყარეს ქუჩაში. მერე იტყვიან, სამართლიანობა აღვადგინეთო! სად დაიარება მერე ეგ თქვენი ბეცი თემიდა? მაგანაც ვერ დაინახა გუშინ ვინ რით იყო დაკავებული? ყველაზე მეტი ჯაფა აკოს და გიგას დაადგათ, ხუმრობა საქმე ხომ არაა, სისხლიანი და ჩვეულზე გაცილებით აგრესიული ჩიორას ფრთის ქვეშ შესმა? თან ტექსტი არ უნდა დაგავიწყდეს, მიმიკა შესაბამისი და ყველა კამერისკენ ნაბიჯით იარ! პარტიის მომავალს და მათ მომავალსაც ასე სჭირდება. ამბობენ, პროკურატურიდან ყველა გზა გიგისკენ მიდისო. თან, ეს ჩვენი მერი, არც მეტი, არც ნაკლები, ოჯახური კლანის წევრიც ყოფილა. სიცილიაში „ბელა მაფია“ ნავარდობს, თბილისში – „ლელა მაფია“. ლელა, ჩვენი, დეკანოსიძე კი არა, კილაძე. ანუ მერის ცოლი, ქალაქის პირველი ლედი და ყველა „გაჭირვებულის“ ჭირისუფალი. დიდი ცოდვა–ბრალიანო და ქვრივ–ობოლ–გამკითხავი დიაციაო ამბობენ ეს ლელა. დიდი ოფლი ჩაუღვრია თანამედროვე თბილისური კულტურის ჩამოყალიბებაში. პრინციპში, სადაც დავით ბაქრაძის ცოლს ქართული ფეშენ–ვიკი ჩააბარეს, კილაძე მაგ ფონზე კია მადამ დე პომპოდური. ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამსო! ასე ამბობდნენ ჩემს ბავშვობაში და ახლა ისეთი დროა, ვინც მუშაობს, იმას ჭამის დრო არც აქვს. ჰოდა ჭამენ მუქთა–ხორები. მოკლედ, თუ ვინმემ მოლოდინი ვერ გაგიმართლათ, მათგან არც თავის მართლებაა მოსალოდნელი. როცა ვიღაცის მხრებიდან თავი ვარდება, სახის კანზე დიდად აღარ ფიქრობენ. დამშვიდდით! სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას არ აპირებს, მას მოთხოვნები ეხერხება და მოითხოვს კიდეც. უნდა რომ სასწრაფოდ წაგვერთვას მეხსიერება, დავკარგოთ რეალობის აღქმის უნარი და ვიაროთ გაღიმებულებმა, თუნდაც ჭიანაჭამი კბილებით, – წერეთლების შთამომავალმა ჩვენმა პრეზიდენტმა ასე დაგვიბარა... P.S. არ იცით თქვენ, რა შეგრძნებაა, დილით სამსახურში მიმავალს, გაჩერებაზე თბილისის ზღვის მაღლობიდან ველოსიპედით დაშვებული ჭუტალა სიცილაკი რომ შემოგძახებს – გამარჯობა მეზობელო!–ს და იმ ჭუტალა თვალს კიდევ უფრო ჩაგიპაჭუნებს. რა ჯანდაბა უნდათ ჩინელებს ჩემს გაჩერებაზე? ეგ გრძელი ამბავია, გიგიმ იცის, კიდევ ვანომ და პროკურორყოფილმა. ისიც სიმბოლურია, იმსიშორიდან გიგის გახსნილ „ნუგეშის“ ჯიხურში რომ მორაწკუნებენ სურსათის შესაძენად. თუ სწორად მახსოვს, ეგ ქსელი, თავიდან, პენსიონრებისთვის იყო ჩაფიქრებული. ღმერთო! არ მომასწრო პენსიონერ ჩინელებს ჩვენს ქალაქში! კატო ჩულაშვილი
  6. ზოგადად ყველა ნორმალური ადამიანი იწყებს ნერვიულობას ფრაზაზე – „თქვენ ოღონდ არ ინერვიულოთ! ამიტომ, ვიცი, ახლა ამის თქმას აზრი არ აქვს არც ჩვენთვის, არც ჩვენი პრეზიდენტისთვის. ისიც ინერვიულებს და ჩვენც... ჩვეულება ნამდვილად რჯულზე მტკიცე გამოდგა ზოგიერთისთვის. თუმცა, ამბობენ, დღეს „საქართველოს პრეზიდენტი“ კალისტრატეს ლოცვა–კურთხევის იმედადააო. მაგასაც ვნახავთ, რა ძალა აქვს კალისტრატეს „კურთხევას“. უკაცრავად კი ვარ, მაგრამ როცა კარგად ცნობილ „სამ ასოზე“ გაგზავნიან, სულაც არაა აუცილებელი იქ წასვლა. შეიძლება უბრალოდ თავი მოაჩვენო, რომ მაგ მიმართულებით მიდიხარდა იქაურობას ჩუმად გაეცალო... ვადასტურებ – ვარ უქეიფოდ. თუნდაც იმიტომ, რომ 3 თვე ფეხმოტეხილ მტრედს ვაზამთრებდით აივანზე გალიაში. დღეს დიდი ზარ–ზეიმით გავუშვით და 10 წუთში კატამ შეჭამა... მორალი? დიქტატურა ზოგჯერ სრულ თავისუფლებაზე უფრო უსაფრთხოა. ვდემაგოგობ... დილით მე და „საქართველოს ახალგაზრდა სპიკერმა“ ვიკამათეთ. მაინც იმ აზრზე დარჩა, რომ თავისუფლებით ტკბობისა და მისი მაქსიმალურად შეგრძნებისთის , როგორც მინიმუმ, ბევრი ფულია საჭირო. მეც ვიცი, რომ ცხოვრებისეულ წვრილმანებზე მსხვილმანი კუპიურები გვჭირდება, მაგრამ ამას ხმამაღლა ხომ არ დავუდასტურებდი? იმის დაფარვა, რასაც ფიქრობ, ყველაზე უკეთ მაშინ გამოგდის, როცა დაუფიქრებლად ლაპარაკობ. მაგის ცოცხალი მაგალითი ჩვენს ირგვლივ იმდენია და ისე ახლოს.... დღეს „ორთოდოქს ნაციონალებს“ როგორი სახეები აქვთ იცით? ჩემს საბჭოთა ბავშვობაში ცხელი წყლის მოსვლა რომ უხაროდა ხალხს ბოლო დროს, მიუხედავად იმისა,რომ ცხელი წყლის მილში ცივი და ჟანგისფერი წყალი „მოჩუხჩუხებდა“. ეჰ, მიხეილ! ამასაც მოესწარი! პარლამენტშიც აღარ გიშვებენ... კი ხარ მიჩვეული მაგ სივრცეში ძალით შეჭრას, მაგრამ, ის „სასიკვდილო“ ნომერი აღარ გამოგივა! თანაც, ახალ პარლამენტში ჩაის დალევა ცუდ ტონად ითვლებაო.... მშვენიერი სვლა იყო –„იგავის ენით“ უთხრა პარლამენტის შენობაში ზოგიერთ გამაგრებულს, - ბიბლიოთეკაში ვაღამებ, რომ ეგებ რომელიმე ლექსიკონში თქვენი ნამდვილი სახელი ვიპოვო, ვიდრე მანდ დრეს–კოდის თარგზე მუშაობთო. ტვინი მეღრძო დილიდან, მაგრამ „ჩვენი პრეზიდენტი“ და ბიბლიოთეკა ვერაფრით დავაკავშირე. ნეტა რა ქვეტექსტია ამ „მესიჯში“? კამერა ლუქსს ითხოვს ვითომ შეფარვით? ცხადია, რაღაც პირველი უნდა ქნას მსოფლიოს თუ არა, საქართველოს მასშტაბით მაინც. არცერთი პრეზიდენტი ჯერ საჯარო ბიბლიოთეკაში არ გამოსულა ისტორიული მიმართვით? არც დიქტატორი? დღეს მიშა რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გამაგრდეს და კითხვა დაიწყოს .. მაგ შენობას საიდუმლო გასასვლელი აქვს ნეტა? მიწისზედა ტრანსპორტით ვერ მიუახლოვდებაო ბიბლიოთეკას, ზღვიდან არ მიუშვებენ, ამ დროს ჩინელებს პიკის საათი აქვთ, ალბათ ჰაერ–წვეთოვანი გზით აპირებს ინტელექტუალურ–კულტურულ სივრცეში შეჭრას. არაუშავს მიხეილ! თუ პარაშუტი არ გაიხსნა, ფრენის სიამოვნება მაინც მიიღე, მეორედ ეგ შანსი იქნებ არც მოგეცეს. რა ქნას კაცო, რა? არც პოზიცია გამოადგა და არც ოპოზიცია, არც დესტრუქციული და არც კონსტრუქციული. მაგის ძალა უმრავლესობაშია და ეგ კიდევ ცოტა იყო და გათავდა. ჩვენ რომ გვეგონა, ქუთაის–გაენათელი კალისტრატე დააღალატა, აღმაშენებლის სული მოასვანა და 6 საათამდე რელაქსაციით იქნება დაკავებულიო, მაგ დროს ეგ უკვე ქუთაისს მიფრენდა, რა ქვია ნეტა მაგას, პრეზიდენტი თავის ხალხს რომ დამალობანას ეთამაშება? შენ კიდევ დასტუკება გინდა, ჩემო ფიურერო?! ეჰ მიხეილ! უმადურია ხალხი, უმადური – ათასჯერ რომ დაეხმარო და სიკეთე გაუკეთო, -ავიწყდებათ და მაინც და მაინც ერთხელ ნათქვამ უარს იმახსოვრებენ. არ გინდა ახლა წუწუნი , რომ ჩიხში მოგიმწყვდიეს. უნდა გიხაროდეს, ზურგი მაინც გექნება კედლით საიმედოდ დაცული. ამასწინათ სადღაც ამოვიკითხე – კარგი ბას–გიტარისტი ბრიტანული პარლამენტივითაა – არ ჩანს, მაგრამ მისი საქმით ყველა კმაყოფილიაო. ზოგი წვიმაში სეირნობს, ზოგი წვიმისგან მხოლოდ სველდება... დღეს გამორჩეულად მზიანი დავითობაა! იმის თქმა მინდოდა, რომ არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა. ყოველთვის თუ არა, ხშირად... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  7. ცხოვრება თეატრიაო, სულ ეგ მესმის ბავშვობიდან და მეც ერთი წესი გამომიმუშავდა – მაღვიძარას მესამე ზარზე ვიღვიძებ... თუმცა, როცა წესი ვახსენე, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდა. ჩვენ –ქალები – წესებს და კანონებს ნაკლებად ვემორჩილებით, „ლოღიკაზე“ რომ არაფერი ვთქვათ. ქალებს წესები არ გვაქვს... ქალებს გვაქვს განწყობა! ამიტომ, გამოთქმა „წესიერი ქალი“ – ცხოვრებისეული აბსურდის გამომხატველი ფრთიანი ფრაზაა და სხვა არაფერი. ჰოდა, ერთი სიტყვით, წესები და წესრიგი თქვენსკენ მოიკითხეთ, ვისაც ჩარჩო–ხელშეკრულებები და კანონზომიერებები გაღელვებთ. ზოგადად, ყველაზე გამოუსწორებელი სისულელეები მაშინ ხდება, როცა წესრიგის დამყარებას იდიოტები იწყებენ... დალაგებულ–დავარცხნილ და ფიქსატორმოსხმულ იდილიას ისევ ბუნებრივი ქაოსი და შემოქმედებითი უწესრიგობა მირჩევნია. თუნდაც იმიტომ, რომ იმ მესამე ზარის შემდეგ საწოლიდან ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა ფეხი რამეს წამოკრა, ან დააბიჯო, რომ უცებ გამოფხიზლდე... „ურთიერთობების დალაგების პროცესი ორ ადამიანს შორის“ ხომ საერთოდ მაცოფებს. რამდენიც გინდა ალაგოთ, ავეჯის მდებარეობა ცვალოთ, ხეხოთ და აპრიალოთ, დამიჯერეთ, – თუ თქვენი თავის ქალის ბინადარ ტარაკნებს ერთი გზა არ აქვთ, არაფერი გეშველებათ. დალაგებაზე გამახსენდა, – ამასწინათ ჩემმა მეზობელმა სახლიდან იმდენი ნაგავი გამოიტანა, ყველას ეგონა, ბინას ცლიდა. ერთი სიტყვით და ერთი ფინჯანი ყავით იმ დასკვნამდე მივედი, რომ შეცდომის დაშვების უფლების პარალელურად, ადამიანს აქვს უფლება, არ ისარგებლოს ამ უფლებით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბრიყვები სწრაფად ნახულობენ საერთო ენას, ჭკვიანები – საერთო ინტერესებს... ჰოდა, იმიტომ კი არა, რომ ჭკვიანი ვარ, უბრალოდ მაინტერესებს, ჩვენს საინფორმაციო სივრცეში დამკვიდრებული ტენდენცია – სამი დიდი განსხვავება – ფაქტი თავისთავად, ამ ფაქტის მოწოდების ფორმა და მისი შეფასება – განკურნებადია თუ ნაციონალური ტრაგედია... ალბათ სასაცილოა, როცა სქესობრივი აქტის გასამართლებისას ბრალმდებელი მორალია, ადვოკატი – საღი აზრი, ხოლო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადი ინსტინქტი სკანდირებს „თავისუფლება“–ს... მღელვარე ოკეანეა ბატონებო ეს ცხოვრება! რთულია ცურვა აქაფებულ ტალღებზე. სუსტები ფსკერისკენ იწევენ. ფსკერზე სიმშვიდეა... თანამედროვე სამყაროში კი ყველაზე ძლიერის ნაცვლად გადარჩენის შანსი ყველაზე მშვიდს აქვს. კამათში კი ყოველთვის ის იმარჯვებს, ვისაც დროულად გაჩუმება შეუძლია. გადარჩენის შანსის ძიებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკაპასებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რუსთავი 2 ასე თუ ისე, „ შეეგუა“ „დაბალანსებულ“ სიუჟეტებს, თუმცა მე მაგას წაბალანსებას დავარქმევდი... საზმაუზე, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ გამსკდარი ბიაზის ადგილას წლების წინ აყრილ პარკეტს აგებენ ... იმის თქმა მინდოდა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დამოუკიდებელი მაუწყებელია მსოფლიოში! მისი ინფორმაციები არანაირად არაა დამოკიდებული რეალურ მოვლენებზე. მაგათ რომ დავუჯეროთ, რეგიონალური კვირეული არ მოეწონა საპარლამენტო უმცირესობას. არ მოეწონებოდათ აბა რა? წინა ცხოვრებაში, მაგ ფორმატში, ჩრდილოეთ იტალიის და სამხრეთ საფრანგეთის რეგიონებში გადიოდნენ ხოლმე. რა ცუდია ჩამოლაბორანტება. ვეღარც მეგობრებთან ხარ ისეთი ხელგაშლილი... კვირის ყველაზე დიდი მოვლენა კი, რა თქმა უნდა, ბატონი უგულავას დაუმორჩილებლობა თუ დაუმოწმებლობა იყო. ცხადია, დაუკითხავობა ერჩია, მიჩვეულია დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და რა ქნას? რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა იმ გენდერულად დაბალანსებულმა საგამომძიებლო დესანტმა თვით ქალაქის მერის მოკრძალებული კაბინეტიდან, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საზოგადოებას... რაო ქალაქის თავმა? ზარების რეკვა შემომესმა, ოღონდ ვერ გავარჩიე, რომელი სამრეკლოდანო?! თქვენ ამ ქალაქის თავისუფალი მოქალაქე ხართ პატივცემულო გიგი, თავისუფალი ადამიანი, ზოგჯერ ზედმეტად თავისუფალიც. ამიტომ, შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება დაგემართოთ ყველაფერი. შეგეწიოთ ყველა თქვენი დასაქმებულის და მადლიერის ხელით დანთებული სანთელი გიგი! მაგრამ სანუგეშო რა გითხრათ, როცა თანაგრძნობის ნატამალიც არ გაგვაჩნია? რაღა დაგიმალოთ და მიკვირს, როდის ასწრებს ეს ხალხი ჩვენს მაგივრად ოცნებას?! ბუკიკიოს ოცნებაც კი მშვიდობიანი საქართველო ყოფილა. ხომ არ დაგიტოვებენ საოცნებოსაც რა!.. ვენეციის კომისიას სხვა საქმე არ აქვს? თუ საკუთარ წ####ბში ვერ ეტევა? მახსოვს, თითქოს გასულ კვირას, რაღაც მეწყინა. რა უხერხულია, როცა ვერ იხსენებ რა გეწყინა... სამაგიეროდ, ის მახსოვს, რომ ბედნიერების რეცეპტი დავადგინე: იზრუნეთ სხეულზე, უსმინეთ საკუთარ სულს და იმუშავეთ თავით! ცხოვრება თეატრია კი... მესამე ზარზე გაღვიძება სცადეთ, ჩემი ხათრით. აი ნახავთ, სამყაროს შემოქმედი აუცილებლად მოგვცემს ძალას, მოთმინებას და ცოტა ფულს, ყოველი შემთხვევისთვის! ბუზისგან სპილოს კეთებაში ისე გავერთე, ეს დიდი დღეც შემომათენდა ხელში. ანგელოზის დღეს გილოცავთ ანებო! ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  8. ამ სამუშაო კვირამ და იანვარმა ადიდებული ენგურისგან გადაყლაპული ბორანივით მოგვჭამა ჭირი. რატომღაც მიყვარს ეს "მოკლე –კატო" თებერვალი. რაღაც 2 –3 დღენაკლულია და მაინც რამხელა შეღავათია?! თან თუ ის 2–3 დღე ორშაბათებს ემთხვევა, ხომ საერთოდ... დღეს პირველი თებერვალია. ერთკვირიანი მიკრო–ყვითელი შიმშილი დაძლეული.. გილოცავთ თბილისელებო და დედაქალაქის სტუმრებოც! ზოგადად თებერვალი ეკლექტიკური თვეა – ზოგს სახლიდან ჯერ საახალწლო ნაძვის ხე არ გაუტანია და სავაჭრო ობიექტების სარეკლამო ბანერები მარტის მუქარანარევ განწყობას ქმნიან, თუმცა, მარტამდე ერთი პატარა მოთელვა გველის – ყურადღებისა და გულუხვობის ტესტი –14 თებერვლის სახით. თბილისური გულუხვობის კრიტერიუმები კი აშკარად იცვლება. მართალია, ზოგიერთები იმასაც გვიმტკიცებდნენ, რომ „ზურმუხტქალაქში“ ვცხოვრობდით, მაგრამ მწვანე სათვალეები, მხოლოდ გუდვინის სასახლის კარზე დაარიგეს „თავისიანებში“. უსათვალოდ დარჩენილები კი ჯერ კიდევ საფრთხობელებივით, შეშისმჭრელებივით და ლომებივით – ჭკუაზე, ნამდვილ გულზე და სიმამაცეზე ვოცნებობთ. როცა რამის კეთებას აზრი არ აქვს, უმრავლესობა ასეც იქცევა... ადამიანების ბუნება ზარმაცია და შეცდომებისკენაა მიდრეკილი, თუმცა, ვისაც აქვთ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, მათი შეცდომები სოლიდურად ანაზღაურებადია. თუ საკუთარი თავის საბაზრო ფასი გაინტერესებთ, უბრალოდ სამსახურის შოვნას შეეცადეთ... პოლიტიკის ოქროს წესია – უკეთესია მართავდე, ვიდრე გმართონ! ყველაფერს დანახვა უნდა! ასეთი ალალი გუდვინი კი არა და გიგი ჯერ არ ყოფილა. ადგა და თქვა – ის 700 ქალი აგიტაციას ატარებდა ქალაქში სანაგვეების პოპულარიზაციის მიზნითო. რა? არ იყო ასე? რა უფლება მაქვს,მის სიმართლეში ეჭვი შევიტანო? ნაგვის დარგში გიგი შეუცვლელია! არადა ზოგი მერობას და ზოგიც ჯადოქრობას აბრალებდა. არადა, უბრალოდ, მზრუნველი და კარგი მეურნე ბიჭია ქალაქის თავის და ჭიპის ამბიციით. –„დიახ, ეს ხალხი მუშაობდა, მათ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ იმიტომ, რომ ამ პერიოდში ქალაქში ხდებობა მტკივნეული პროცესი – როგორიცაა ბუნკერების გაუქმება, რომელმაც უამრავ თბილისელს შვება მოუტანა, ამ საკითხს კომუნიკაცია და უამრავი ადამიანი სჭირდებოდა, რომლებიც დადიოდნენ და კარდაკარ ხსნიდნენ ამ საჭიროებას.“ – ეტყობა, მაგ დროს სახლში არ ვიყავი. თქვენ ეგ „მტკივნეული პროცესი“ გახსოვთ? და დამგველ-ალპინისტებიც რომ გვყოლია, თან რომ მღერიან, ისეთები, არც ეგ იცოდით? რატომ არ იმღერებდნე რა?!.. არ დაეზარებათ და მეტყვიან – სხვის ჯიბეში ფულის თვლა კარგს არაფერს მოგიტანსო! ეგ მეც ვიცი და უკეთესი გასართობებიც მეგულება, მაგრამ ეგეც ადამიანის ბუნებაა – როცა საკუთარში დასათვლელი არაფერია, სხვისი ჯიბისკენ ხელი თუ არა თვალი მაინც გაგირბის. საკუთარ საქმეს რომ მოითავებ და სხვას ხელი წააშველო, ამაში ცუდს რას ხედავთ? მშვენიერი ტრადიციაა, ისე როგორც ბოლო 20 წელია – თუ ხელისუფლების წარმომადგენლის ოჯახის წევრი, სტუდენტობის მეგობარი ან ყვავი– ჩხიკვის მამიდა მაინც არ ხარ, თვეში სამჯერ პრემიას კი არა ერთჯერად ხელფასსაც კი არავინ გამოგიწერს. ეტყობა ეს „შენ–ჩემობა“ გენში გვაქვს – შენი შტერი და უსაქმური რომ სხვის ჭკვიანს და საქმიანს უნდა გერჩიოს, მაგას რა დიდი ფილოსოფია უნდა? საზოგადოება ითხოვს კანცელარიელი მაია ცქიტიშვილის ახლოს გაცნობას. დაგვანახეთ ერთხელ! რას აკეთებს ასეთს, ეგებ ჩვენც შეგვიძლია რასაც ეგ აკეთებს, იმის კეთებაო?!. რომ დაუფიქრდე, სადაა ახლა მაგის დრო – ღია შერჩევის წესით კონკურსები აცხადო და ვაკანსიები აქვეყნო, ათასი საქმეა უწყებებში და ამ ქალაქში კიდევ ყველაფერი დასწრებაზეა ყოველთვის. ყველაფერს გაგებით ვეკიდებით ბატონო და ისიც ვიცით – მერე რომ ცუდად არ ვიყოთ, სჯობს ახლა ვიყოთ ცუდად. ოღონდ, პრინციპებზე ვაჭრობისას, ფასების რეგულაციასაც მიხედეთ, ძალიანაც ნუ აჭრით, კაცო!.. აგერ, გუშინ ხუთწლიანი აკრძალვის შემდეგ, თბილისის ქუჩებში ერთ–ერთი აქტიური და პრინციპული ბიზნესმენი გამოჩნდა ღრმადპოლიტიკური გადახრებით, ზოგიერთებს სულზე მოგისწროთ. მასტერ–კლასებსაც დაგპირდათ და იმასაც, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს. ადრე მაგას სხვა სახელი ერქვა, ახლა პატრიოტიზმს უძახიან. მინდია გულუას მასტერ–კლასები არაა ხელწამოსაკრავი განათლება. დარწმუნებული ვარ, მაგ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, თორემ, ასეთ შეურაცხყოფას არ მიაყენებდა მიზნობრივ აუდიტორიას. „ფოკუსში“ აერია, აშკარად, თორემ „რაის პრიბორი?“ მასტერ–გულუას მთავარი მახასიათებელი – არაფრად მიაჩნია სხვისი შრომა. სამაგიეროდ, გადახდილი ხელფასი მიაჩნია გაღებულ მოწყალებად... აგრესია დილეტანტების თვისებაა. რა ვიცი, აქამდე ასე ითვლებოდა. ამ კვირის ყველაზე „აგრესიულების“, უფრო სწორედ „ძალოსანი“ სახელმწიფო მოხელეების სიაში პირველობას ლალი მოროშკინა და ლუკა კურტანიძე არავის უთმობენ. უცნაურია, მაგრამ სასჯელაღსრულების სამინისტროში არ ფლობენ ინფორმაციას მოროშკინას მიერ მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. ეჭვი მაქვს, ის მოსამართლე მდედრი იყო, თორემ მამრი მოროშკინას ზეწოლას როგორ გააპროტესტებდა? ცუდი ისაა, რომ სისტემის თუ რეჟიმის ცვლის მიუხედავად, კომუნიკაციის საკითხში საჯარო მოხელეებს ისევ პრობლემა აქვთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს კი უნდა ესმოდეს, რომ ტელეფონის გამორთვა არაა კომუნიკაცია, არც ინფორმაციის არფლობაა პრეს–სამსახურისთვის პროფესიონალიზმის გამოვლინება, ტონზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. პრინციპში, 2500 ლარის რა დაშავდა ღამის 12–ის ნახევარზე ამნისტიის დაჩქარების მოთხოვნით მოსამართლის გაღვიძებით? ან იმით, რომ ყაზარაშვილი სიბნელეში რაღაცას დაეჯახა? მე ის მიკვირს, ჭიდაობის ფედერაციაში, რატომ უნდა ბნელოდეს? გზა თუ შავმა კატამ, შავმა თაგვმა, შავმა ძაღლმა და შავმა ადამიანმა გადაგირბინათ, შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ შუქნიშნის ზურმუხტისფერ შუქს, ამ ქალაში ხომ ყველაფერი შესაძლებელია!? მაგრამ თუ ოდნავ მაინც დაძაბავთ გონებას, ისიც შეიძლება იფიქროთ, რომ სადღაც ახლოს ხანძარია... რაღაც მოვიწყინე. წავალ, კონსტიტუციას გადავიკითხავ, ცოტას გავხალისდები... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  9. რა დროს წვიმა იყო? ბუნებასაც აერია უნარ–ჩვევები და ადამიანების რა უნდა გაგვიკვირდეს? წვიმა აკლდა ამ ნერვებაშლილ ქალაქს? პროტესტანტი მიკროავტობუსის მძღოლები არ ეყოფოდა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე ბოლო დღეებია ყოველ დილა–საღამოს „ნეილონის ნაძვის ხე“ მაქვს „ლაივში“. ისე მაინტერესებს, ვის მოუვიდა აზრად პროტესტის ეს ფორმა – ყველაზე მეტად გააღიზიანო და დააზარალო საკუთარი მომხმარებელი? ამაზე თუ დაფიქრდება ვინმე, მოხარული ვიქნები მგზავრების სახელით. დღეს ნახევარი თბილისი გულის ფანცქალით ელის სატრანსპორტო კომპანის მესვეურების და მძღოლების შეხვედრის მესამე რაუნდს. არა, ამდენზეც არ გვიოცნებია.. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დადებითი – ამ დღეებში ხალხი ისე დაახლოვდა, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ... მთავარი დასაწყისია. ფიზიკურ სიახლოვეს სულიერიც მოყვება, აბა რა იქნება? სულ სხვა შეგრძნებაა, როცა გენდობიან! მაგალითად, როცა ავტობუსის „ყვითელჟილეტა კონდუქტორი“ სიტყვაზე გენდობა და არ გთხოვს ბილეთის ჩვენებას. თქვენ არ იცით, გაძეძგილ სივრცეში ეს რამხელა შეღავათია. მაგ დროს შეიძლება საკუთარის ნაცვლად სხვის ჯიბეში აღმოჩნდეს ხელი და აბა იქ იწყება თუ იწყება!!! სამაგიეროდ, ტაქსის მძღოლებს უდგათ საოცნებო დრო – ამ დღეებში მათი მოქალაქეობრივ –კოლეგიალური „სოლიდარობის“ მაღალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა. ეჭვიც არ მეპარება, მათაც მგზავრების გულის ასაჩუყებლად გააორმაგეს ტარიფი, თორემ სხვა რა უნდა იფიქრო? აბა სიტუაციიდან მეტი სარგებლის ნახვის სურვილი რა მოსატანია?! კახელების სიკეთის არ იყოს! იმას რატომ მეტიო? მე უფრო დავისეტყვეო! სეტყვა ხარისხობრივად დაბალი პროცენტით – სტიქიის ერთობ ორიგინალური შეფასებაა. ჩვენ თოვლი გვაქვს მარტო ხარისხიანი, ვერ გაიგო ამ ხალხმა! 600 000–გლეხს 300 ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება სახელმწიფოსგანო და ამაზე, რა თქმა უნდა, ქალბატონ კვესიტაძეს გაუჩნდება ტრადიციული ითხვა – რატომ? იმიტომ, რომ გიგი უგულავამ ისწავლოს, ვაუჩერის საკმარისი ოდენობის განსაზღვრა! „ოცნების“ სეტყვა მოვიდა და დახვდა „ნაციონალური“ ორიენტაციის ქვა... ისეთ ამბებსაც მოვკარი ყური, ზოგიერთებმა საკუთარი სახლების სახურავები შეგნებულად დააზიანეს, დაზარალებული მეზობლების შეკეთებული სახურავი უფრო მოსწონებიათ და ეგ ხეირი ჩვენც რატომ არ ვნახოთო?! აბა რა გითხრათ? მართლა მეუხერხულება ასეთი ფაქტების შეფასება... „ფლოსტქველობის“ ფონზე ჭიკაანელების და კარდენახელების პროტესტი სულაც აღარ მიკვირს. რაღა დაგიმალოთ და, ბრიტანელების შემშურდა – საქველმოქმედო მიზნით და ერთმანეთის დახმარების სურვილით, 150–მა ადამიანმა გაიხადა ქუჩაში. არა, ექსგიბიციონიზმისკენ კი არ გიბიძგებთ? თუმცა, რაღა ბიძგი გვინდა? ისედაც მაგ ეპოქაში ვცხოვრობთ, ეპოქაში სადაც უმრავლესობას საკუთარი თავის წარმოჩენა და პოპულარობის წუთების მოპოვება სურს. არავინ გვაძალებს მოვუყვეთ სხვებს საკუთარ თავზე, თუმცა ჩვენ ამას საკუთარი ნებით ვაკეთებთ. ვიღაცას გამუდმებით ვუმტკიცებთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრება საინტერესოა... მალე საცხოვრებელი ადგილის გრაფაში, ალბათ, ინტერნეტს მივუთითებთ. British Airways საქართველოს ტოვებსო, ბოლო რეისი თბილისი–ლონდონი 29 მარტს აქვს და 31 მარტიდან ხელსაც დაგვიქნევენო. გული არ გაიტეხოთ ხალხო! იქამდე ლევანი ჩამოგვისწრებს აგერ, მამალაძე და... ნაციონალურმა მედიამ ქამრების შემოჭერა გადაწყვტა და ინტერნეტსივრცეში გადმობარგებას აპირებენ... „ქალბატონი იუსტიცია“ კი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, მაგრამ... რა ძალა აქვს მაინც ევროპულ ეტიკეტს! და კიდევ, ვაი გუნავას! ეტყობა, მე–9 არხიდან ისე უნდათ ვიღაც–ვიღაცეებს ლუბა ელიაშვილის წასვლა. რომ, ამის შესახებ ჭორებსაც ავრცელბენ, რასაც მედია დიდი ენთუზიაზმით იტაცებს. თბილისში გრადაციის ნიშნები აშკარად შეინიშნება – ვვითარდებით ეტაობრივად და საფეხურებრივად –გაფიცულების – შეფიცულების – შეფუცხუნებულების ქალაქამდე. P.S. ყავა და გუშინდელი გაფიცხებული მარილიან წყალში კარგად მოხარშული მაკარონის და მარგარინის ნაზავიანი „ხაჭაპური“ გზაში დამაწიეთ!ეს ისე, პროტესტანტულ–ლირიული გადახვევა, ხაჭაპურის თემაზე... ალბათ თქვენც შეამჩნევდით, ბოლო დროს თბილისურ საცხობებზე გამოკრულ სარეკლამო განცხადებებს – ხაჭაური ნამდვილი ყველით! რა უხერხულია! ფაქტია, ამ კვირის მთავარი სიტყვაა – „გადაიწიეთ!“ ხოლო კვირის ყველაზე უზრდელი პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა გიგი... მშრალ ხიდზე ვიღაც ყიდის 3 სამოვარს. წვიმისგან გალუმპული სამი სამოვარი დიდი, საშუალო, პატარა... ამინდის შესაფერისი ნატურმორტი, ფული რომ მქონდეს ვიყიდდი და გაგათბობდით ლიმონიანი ყავით და მაჭკატებით... ჰო მართლა! პედაგოგებს ვულოცავ ხელფასის 70 ლარიან მატებას! მართალია ცოტა გიგვიანდებათ, მაგრამ 9 წლით ნამდვილად არა. ეს ერთი და სხვა მრავალი! თუ საკუთარი აზრებისგან აღფრთოვანება ინტელექტუალური ონანიზმია, საკუთარი ნაწერისგან აღფრთოვანება შემოქმედებითი ონანიზმი გამოდის? მაგ საკითხს უგულავასთან გადავამოწმებ, კომპეტენტურია აშკარად... სახლიდან დამირეკეს, როდის მოხვალო? ჰო, ილუზიების ქვეყნიდანაც შემომივიდა მესიჯი – ასე მითხრეს, თქვენ იმდენი ხანია, ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობთ, უკვე დროა, მოქალაქეობაზე იფიქროთო! ყავამშვიდობისა!
  10. ისეთ განწყობაზე ვარ, კაცი რომ ბჭობდა, ღმერთი რომ იცინოდა და კაცს რომ წყინდა... ამიტომ, წასვლას და იძულებით თვალის მოტყუებას ისევ ყავის დალევა ვამჯობინე. ანდა რაღა დროს თვალის მოტყუებაა? დილის 5 საათია. სოფლად ამ დროს მამლები ჩახველებას იწყებენ და საყვარელ აკორდს იმეორებენ მოგუდულად, რომ მოგვიანებით, სუფთა ბგერით იყივლონ... და, ისედაც– ყელამდე კი არა, თავს ზემოთ კიდევ 2 მტკაველით ვართ გადაფარული სხვადასხვა ჟანრის, სქესის და აღმსარებლობის ტყუილებით. ოქროს თევზზე და ნატვრის თვალზე რახანია, აღარ ვოცნებობ. ახლა უფრო აქტუალური ოცნებები მაქვს, ცხოვრებისეული. მაგალითად, ისეთ მამალზე ვოცნებობ, ყივილით სოფელს თუ ვერ ააშენებს, აშენებული სოფლის გამოღვიძებას მაინც რომ შეძლებს. ისეთ მერცხალზე – 2 თვით ადრე გაზაფხულს რომ მოიყვანს. ისეთ ჩინოვნიკებზე, ცხოვრების გაუმჯობესებას საკუთარი თავით რომ არ იწყებენ, ხოლო დასაქმების პრობლემის გადაჭრას, საკუთარი ოჯახის წევრებით. კიდევ ისეთ პრეზიდენტზე ვოცნებობ, პრეზიდენტობა სამსახურად რომ მიაჩნია და „მეორედ მოსვლის“ ვადაშიც კი ხალხს მისი ჯერ კიდევ სჯერა. მაგალითად, „პრიორიტეტულ მეგობრად“ შერაცხულ აშშ–ში მეორედ „ინაუგუირდა“ შავკანიანი, როგორც დღევანდელი ქართული ოპოზიციის მრისხანე ბელადი –„მიხეილ – უძვლო ენა“ – იტყოდა,– „ზანგი“. „ზანგი“ უძახეთ და, ჩემი, ომამდე რასისტობის მიუხედავად, კი შემშურდა ამერიკელების, თანაც, გულწრფელად, ნაციონალების ჯიბრზე კი არა... და იყო გუშინ კიდევ ერთი ორშაბათული ორშაბათი უკანასკნელი „ნაციკანების“ ცხოვრებიდან... მალფუჭადია ეს პროდუქტი და ტრანსპორტირებას ვერ იტანს–მეთქი, რახანია ვამბობ, მაგრამ ვინ გისმენს? ცრუმ გაპენტა, მაგრამ რა გაპენტა! ამჯერად შუაგულ ევროპაში. ფაქტიურად, ბეჭებზე დასცა და მწყობრიდან გამოიყვანა სტრასბურგის ყველა სიცრუის დეტექტორი. მასპინძლისთვის მიყენებული ზარალის ხარჯებს აანაზღაურებს საკუთარი ფონდიდან, აბა რას იზამს? სადაც 1 მილიონი მედიის განვითარებაში გაისროლა, სტრასბურგში ურიის ვალს აიღებს და, ყველაფერ „სიკეთესთან“ ერთად, წუწურაქიც ყოფილაო, – არ ათქმევინებს. რა ენაღვლება?! ან რა ვალი შეგაშინებს, ორმილიონიანი მხარდაჭერა რომ გაქვს პირად ანგარიშზე. კი არ ვიგონებ? ვინმე მაზმანიანმა დააპოლიქრონიონა გუშინ და ტყუილის მთქმელი ბიჭი არაა, კალიგრაფიაზე ეტყობა. 2 მილიონი მხარდამჭერი მიშას – კიდევ ერთი ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ ენას ძვალი არ აქვს. მიხეილი მხოლოდ ენის უძვლობას რომ უჩიოდეს, რაღა გვიჭირდა?! არადა, უფხოაო, ვერ იტყვი... ბებიას გაზრდილია და უყვარს სადარბაზოს წინ „სკამეიკაზე“ ჩამოჯდომა და ჭორაობა. ერთი ნაკლი ყველას გვაქვს. რა მაგის ბრალია, მე რომ ბავშვობიდან არ მიყვარს ენტანიები, აფერისტები და შანტაჟისტები. არც ისინი მიყვარს, ეგეთების „მოვლა“ რომ ევალებათ, მაგრამ, ვერ უვლიან... ჩვენ რუსული პოპი აგვიკრძალა რესტორნებში მაგ ეგოისტმა და თვითონ, თურმე, ჩუმ–ჩუმად მეცადინეობდა რუსულ ენასა და ლიტერატურაში. არა! მაგას უკვე ვეღარ ვაპატიებ... „დიქტანტი“ ეხერხებოდა თავიდანვეო, კი ამბობდნენ. „დიქტანტიდან“ „დიქტატზე“ თუ გადავიდოდა, ვინ იფიქრებდა? ჩვენსა და ყავას შორის დარჩეს და, კი უნდა ეფიქრათ ზოგიერთებს, პრინციპში... კარვები გაიშალა ავლაბარში. ახლა მთავარია, პირველი თმას ვინ გაიშლის და დაიტირებს ნაციონალურ იდეას? ხმა გავარდა, კონდოლიზა რაისი პოლიტმიმომხილველი გახდაო! ეგ და სოსო ცინცაძე მანახა ერთად ეთერში აქუსთან... თუ ქუთაისი საპორტო ქალაქი შეიძლება იყოს, სოსო ცინცაძის რეიტინგმა რა დააშავა? რა წარმოსახვა ჰქონია ისე იმ ,,ქართული ოცნების" დეპუტატ ნიშნიანიძეს...კაპიტან გრანტის შვილები მამას იპოვნიან მეორე სერიაში საფიჩხიაზე და პეტრე პირველი მეტალო–პლასტმასის „კარ–აკოშკას“ ჩასვამს ზღვის მხარეს. გასულ კვირას „რამსები“ "ყაზტრანსგაზ-თბილისსაც“ კი აერია, მაგრამ ბოდიში მოიხადა. არდასათვლელი თეიკო თუთბერიძეც დაგვპირდა, რომ უბოდიშოდ გადაგვითვლის. მანამდე არაფერი გვეტკინოს! ბიწაძეც ჩამოვიდა, ბედუკაძეც და დედ ჰასანიც, მაგრამ ყველა კი არ შემოუშვეს? სიზმარი ვნახე, არგოთი ძველი აიასკენ მივცურავდით, ნიჩაბი გაგვიტყდა და თეთრ ქვებზე დავილეწეთ. ბოლოს და ბოლოს, როდის მიხვდებით, რომ ყველაზე ძვირი გულწრფელობა და უანგარობა ჯდება? როგორ გვანან ადამიანები მცენარეებს – მოაკლებ ყურადღებას და წყალს – ხმებიან, გადაყვები თან და – ლპობას იწყებენ. ზომიერება და ოქროს შუალები გამონაკლისების ნიჭია მხოლოდ. თანაც, ლოგიკურ, ადექვატურ და დალაგებულ ქვეყანაში, თორემ ჩვენთან ყველაფერი დაფარული, რაც დრო გადის, უფრო საიდუმლოებით მოცული ხდება, ხოლო ის რაც ცხადი და თვალსაჩინოა, ახალ დეტალებს იძენს. აღსარებას ჟურნალისტებს ვაბარებთ, მოძღვრებთან აღსარებაზე მისულები ტრაბახით ვიოხებთ გულს, მთელი ჩვენი ცხოვრების დეტალებს ექიმებს, ტაქსის მძღოლებს და მასაჟისტებს ვუყვებით,“ შარლატანებთან“ და ჯადოქრებთან ვმკურნალობთ და ყველაფერ ამაში დამნაშავე, რა თქმა უნდა, მთავრობაა... P.S. არა, რაღაც მართლა უნდა შევცვალო! თანაც, სასწრაფოდ, თორემ დღეს თუ არ შევცვლი,ხვალინდელი დღეც ისეთივე იქნება, როგორიც გუშინდელი. ამბობენ, ბედნიერები საათებს არ ატარებენო, არც წელიწადის დრო და სეზონი აწუხებთო. სათს არ ვატარებ, მომენტებში ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომელიც, თითქოს, საათივით მუშაობს, მაგრამ საათი მზისაა და მოღრუბლულ ამინდში ორიენტირება ცოტა უჭირს. კობო აბემ თქვა: „ სწორედ მაშინ უნდა წერო, როცა არაფერი ხდება“–ო... ჰოდა, დავწერე მეც, მოცალეობისა. ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  11. სადაა შეშა და კაი ცხოვრება? ფიჩხზე გადავედი რახანია... ;)
  12. გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველად ნათლისღება ლერმონტოვის ,,ჩვენი დროის გმირიდან,, დამამახსოვრდა. ალბათ მე-5, მე-6 კლასში ვიქნებოდი. ,,ნათლისღების ყინვები,, ყველაზე-ყველაზეაო და, მახსოვს, ისე შემეშინდა, მაშინვე ბებიაჩემ ზინოჩკას დავახტი თავზე, მაინტერესებდა რა? სად? და როდის? ხდებოდა ეს რაღაც ნათლისღება. წარმოიდგინეთ, არც იმან იცოდა. ) არც გამკვირვებია, ეს ის ოჯახი იყო, რომლის საგვარეულო სასაფლაოზე, კუკიაზე, ჯვრის ნაცვლად მარმარილოში გადაწყვეტილი გადაშლილი ,,კაპიტალი,, იდო, თავისი მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის პორტრეტებით და რაღაც ეპოქალურად აქტუალური ციტატით... არადა, ეს ოჯახი, თავის დროზე, სურებიდან გამოქცეულ ნოე რამიშვილის ცოლ-შვილს მალავდა და თვითონ იყო მრავალჯერადად რეპრესირებული, იმიტომ რომ დედაჩემის ბაბუა ნოე ჟორდანიას გაყვა თურქეთში. მერე იქიდან პოლონეთში გადავიდა და ... რას დაგვამსგავსეს ,,მათხოვარმა ბოლშევიკებმა,,!!! სამაგიეროდ, დედაჩემის ბიძა (გამზრდელი მამიდის მეუღლე)იაშა ემირიანი იყო თბილისის საყოფაცხოვრებო მომსახურების პუნქტების კომისარი, თვითონ ზინოჩკა რკინიგზის და მანქანათმშენებლობის ტექნიკუმის სასწავლო ნაწილი და ისეთი პარტიულები, იმ დროს ,,სპეტაკს,, რომ უწოდებდნენ... მარჯანიშვილის ქუჩაზე, ზუსტად რუსული ეკლესიის წინა ეზოში ვცხოვრობდით, პირველ სართულზე. ძველ გერმანულ სახლში - კედლებს რომ ნახევარი მეტრის სისქე ჰქონდა, ისეთში. მთელი ბავშვობა ფანჯრის რაფაზე გავატარე. ხან კარლსონის მოფრენას ველოდი, ხან მერი პოპინსის, მაგრამ, არ მიმართლებდა... ფანჯრებს ორმაგი დარაბები ჰქონდა და საათობით ვიჯექი ამ დახურულ სივრცეში .... ჰოდა, ეს ყველაფერი რას მოვაყოლე: ხომ დავადექი სულთამხუთავივით ამ ჩემს ზინოჩკას, შიმშილობაც კი გამოვუცხადე და, რას იზამდა? ადგა და ჩემთან ერთად, მალულად შეიპარა ეკლესიაში და ყველაფერი გაარკვია. ჩემი ცნობისმოყვარეობაც დაკმაყოფილდა და სახლში მოსულმა გამოვაცხადე:- სასწრაფოდ შეშა უნდა მოვიმარაგოთ–მეთქი! თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გარეთ აპრილი იდგა, ჩემს დარაბებიან სივრცეში, კაცმა არ იცის, წელიწადის რა დრო იყო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გოფილექტის ბაღში დავისიცხე. ჩემს ცნობიერებაში შემოსულ ნათლისღების პირველ ყინვებს მშვიდობით გადავურჩი. თუმცა, ოჯახში აღიარებული ,,ჭირიანკა,, ვიყავი... მახსოვს, იმ ღამეს, შუროჩკა და ზინოჩკა, ანუ ჩემი ბებიები ისევ ჩუმად შეიპარნენ ტაძარში და იქიდან პაწაწუნა ბროლის ბოთლებით (ახლაც მაქვს ერთი შენახული, თავისი თავსახურით) აიაზმა მოიტანეს. იმდენი მაპკურეს, რომ გავკაჟდი და იმ წელს ავად აღარ გავმხდარვარ... თუმცა, 2 კვირის შემდეგ ზინოჩკა სასწავლო ნაწილი აღარ იყო... მაგრამ ეგ ვის ადარდებდა?!. ნათლიღებას გილოცავთ! ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  13. – „არა! ასე აღარ ვთამაშობ!..“ ოცნებები უნდა სრულდებოდეს, თორემ უკვე ვიწყებ ნერვიულობას... ხან „ჯერ მაგის დრო არააო!“, მერე,“ რაღა დროს ეგააო!“ და, ამასობაში, კი გავიდა ცხოვრება... ეგ ცხოვრებაც კარგი ტიპია, – რატომღაც, ჩვენი გეგმების კითხვა ეზარება. მერე, ამ სიზარმაცის კომპენსაციად, გვაძლევს შანსს ერთს, ორს, ზოგჯერ სამსაც. „ძველით“ და „ახლით“ ახალი წელი და ბედობა წყვილ–წყვილად აბა რისი ნიშანი უნდა იყოს? მაგალითად, 14 იანვრის ღამეს საქართველოში ყველა ბებიას ეძლევა წლის უკანასკნელი შანსი – გამოისყიდოს და თავი იმართლოს „გადამალული“ გოზინაყის და ჩურჩხელების გამო. ჩვენც თანახმა ვართ „ტკბილად დაბერებაზე“, ოღონდ არა ნაადრევად... დედაჩემი წუწუნებდა ამ დილით, იმაზე ხვდები სიბერეს, რომ ზამთრის ტანსაცმლის არჩევისას მოდურს და თბილის შორის უკანასკნელს ირჩევო... მერე რა, ზოგიერთი თავიდანვე „მოხუცი“ იბადება. არ მოხუცდეთ რაა!!! უბრალოდ დატკბით და დაშაქრდით!!! კი ვარ პროგრესის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების მომხრე, მაგრამ ახალ წელს უხდება სამსართულიანი სუფრა და სამი თაობა ამ სუფრასთან...პესიმისტები ამბობენ, როგორც არ უნდა შეხვდე ახალ წელს, მაინც ყველაფერი ძველებურად რჩებაო... მე კი მგონია, რომ რაღაც მაინც იცვლება, უბრალოდ ჩვენ ამას გვიან ვამჩნევთ. ხომ შეიცვალა შარშანდელი „უმრავლესობა“ „უმცირესობით“?! დაგინებულ–დაშინებული ხუთიანის ნაცვლად ხალხმა სულ საკუთარი პასტებით ხაზა 41 და ძალიანაც კარგი, რომ შემოხაზა. ასეა, ყველაფერს თავისი დრო აქვს... წლებთან ერთად კაცობრიობის ველურობაც უფრო მეტად ცივილური ხდება. დროება იცვლება – ადრე „მესამე ზედმეტი“ იყო, ახლა – სათადარიგოა... მერე რა, რომ ზოგჯერ რაც მსოფლიოში კრიზისად ითვლება, ჩვენში სტაბილურობის გრიფით არსებობს?! დიდი ცვლილებების და გარდატეხის წელი გავისტუმრეთ და უფრო დიდი ნებისყოფის გამოცდის წელს დავხვდით. მთავარია, „გასაძლები“ არ იყოს. იყოს „ნებიერი“, როგორც ჩვენს პრემიერ–მინისტრს უყვარს ხოლმე თქმა. ეგებ, ჩვენშიც მოხდეს რაღაც გარდატეხა და „სიტყვიდან საქმეზე გადასვლაში“ მხოლოდ სადღეგრძელოს ბოლომდე შესმას აღარ გულისხმობდნენ. შეუძლებელია ერთი და იგივე შეცდომის 2–ჯერ გამეორება. მეორედ ის შეცდომა კი არა, შეგნებულად გაკეთებული არჩევანია. რას დავიბედებდი? ყველა ჩემიანის ჯანმრთელობას, პირველ რიგში, იმიტომ რომ უფასო დაზღვეულ ჯანდაცვას მაინც ნატურალური ჯანი მირჩევნია. მერე იმ საქმეს დავიბედებდი, რაც ნამდვილად ვიცი, რომ, საკუთარი უმუშევრობის გამო, სხვისი ადგილი არ დამაკავებინა არც მზის და არც მისი მთელი თანავარსკვლავედის ქვეშ. სტაბილურ შემოსავალს დავიბედებდი, ისეთს, ხვალინდელი დღის გათენების რომ არ გეშინია, შვილების და მშობლების ა ვიტამინოზის და უწამლობის. კიდევ ჩემი შვილების სიხარულს დავიბედებდი. სულ სხვა რამეა, როცა შვილებს მშობლებთან ყოფნა უხარიათ. და მინდა, თუ ეს შესაძლებელია, მთელი წლით, უფრო მეტითაც... დასაქმებული უსაქმურები სჯობს თუ უსაქმური საქმიანები, ეგ ჯერ ვერ გავიგე, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, თუ ბანკირის თვალებში უცებ კეთილმა სხივმა გაინაპერწკლა, ზუსტად იცოდეთ, რომ ის თვალი შუშის აქვს. ალბათ, შემეხმიანებიან სიახლეების მოლოდინში, მე კი ისევ ძველ ჯღანებს დავახვედრებ. მრცხვენია, მაგრამ, რა ვქნა? ვინ რა დაიბედეთ, არ ვიცი, მაგრამ, ვისაც რა გეკუთვნით და დაიმსახურეთ, ის მიგეღოთ, ჯანდაბას, თავისი პრემიებით. პრემიებზე გამახსენდა, – ჯერ პრემიების დრო არაა ქალბატონებო და ბატონებო! პრემიები წარმატებული პრემიერების მერე „მოსულა“, სახელმწიფო მენეჯმენტში მითუმეტეს. არავის მიუცია საკუთარი ხმა კონკრეტულად ვინმეს კარგად ყოფნისთვის. ხალხმა უთხრა არა კონკრეტული ცხოვრების წესს და ამ წესის გამრიგეებს. ჰოდა თუ წესიერად ვერ გაიგო ვინმემ ეგ ამბავი, „არა“ ისეთი მარტივი სათქმელი ყოფილა... მისი შესრულებაც და დაგემოვნების საკითხი „უმცირესობებთან“ მოიკითხეთ და ჭინთვიანი ღიმილით სიამოვნებით გაგიზიარებენ შთაბეჭდილებებს. ვალდებული ვარ შეგახსენოთ – დღეს, 12 საათამდე ერთმანეთის და კარგი ამბების დაბედების ვადა იწურება ანუ ამ წლის ბოლო „შანსი“ და, რაც წინა ბედობებზე ვერ მოასწარით, დღის ბოლომდე ეცადეთ, სიცარიელეები ამოავსოთ. ამ წლის პირველ კორპორატიულ წვეულებაზე თქვენს მიერ დარვინის თეორემის დამტკიცებას აწი აღარაფერი ეშველება. რაცაა ეგაა, 1 წელი უნდა გაუძლოთ თანამშრომლების თვალის პაჭუნს... თქვენ რა გიჭირთ? ზოგს და ბევრს, სამსახური სულ არ აქვს და, შესაბამისად, არც კორპორატიული ლხინი ექნებოდა. მასეთები დღესაც მშვიდად იქნებიან, მხოლოდ ერთი საფიქრალ–ჩასაფიქრებელით – წელო ახალო! მომეც სამსახური მე და ამ ფიქრებში „შრომობს“ მთელი დღე შეძლებისდაგვარად. მთავარია, რომ წელსაც გადავურჩით ორკვირიან ინტერვენციას საკუთარ პრიორიტეტულ შინაგან ორგანოებზე. ზოგს უქმეებმა და „ტკბილმა ცხოვრებამ“ სახეზეც გამოგვაყარა, მაგრამ ეს „დაძლევადი“ პრობლემებია დაუძლეველი სტაბილურობით. მოდის ყოველ წელს ეს ახალი წელი და რა გინდა, რომ ქნა?!. *** და ჯდა იგი, ვადაგასული, პატრიარქთა და პოლიტიკოსთა შორის, ვითარცა “ბედნი როდსტვენნიკი“, როგორც ბებიაჩემი ზინოჩკა იტყოდა შემოსწრებულ არასასურველ სტუმარზე. ჩემი მხედველობის მასშტაბებით საპატრიარქოში სტუმრად მისული მიხეილი მოწყალების იმედად დარჩენილი ღარიბი ნათესავს გავდა. მერე იტყვის, მაგარი ვარო! შეურაცხყოფილი ნაციონალური ელიტა ივანიშვილს რომ გლეხად და უტაქტოდ მოიხსენიებს ხელის მტევნის იმ ორიგინალური მოძრაობის გამო, იქ არ მაგათი ცივსისხლიანი ძუძუმწოვარი „თავადიშვილი?“ მოქცეულიყო მეფურად და პრეზიდენტულად, დაუშალა ვინმემ? თავმოყვარობას სკამმოყვარეობამ თუ სძლია, ეგ არაა ჩვენი პრობლემა. ისე, ძლევა კი იყო საკვირველი. მეც კი სახტად დამტოვა კოაბიტაციის ხარისხმა. რამ გამახსენა ამ ბედობა დღეს ეგ ცოდვიანი და თავად საბრალო?! კონსტიტუციის თანახმად, მაინც მთელ საქართველოს დაბედებული გვყავს ოქტომბრამდე და მე არავინ არაფერი დამაბრალოს. P.S. ხვალ უკვე სრულიად ჩვეულებრივი, რიგითი სამუშაო დღეა და ნუ მიაყენებთ მაღვიძარას შურაცხყოფას თქვენი სიზარმაცით. მაგისთვის კი არ რეკავს, პოზა შეიცვალე, მოუხერხებლად წევხარო! არადა, შეიცვლი და უფრო მაგრად დაიძინებ... ყოველ წელს მაოცებენ ისინი, ვითომდა სულის გადასარჩენად, ეშმაკს რომ მიეყიდნენ... ადამიანებო! ვინც ფიქრობთ, რომ ფიქრობთ, ზოგჯერ დაფიქრდით! ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  14. მიყვარს არა, მიყვარდა ბათუმში, პორტის ყავახანაში, ანუ „ბერეგზე“ ქვიშაზე მოდუღებული ყავის დალევა. იმაზე ადრე გაგრაში მიყვარდა, „კარაველას“ წინ, ფერადი ქოლგების ქვეშ ყავა ყლუპებით. ალბათ, რაღაცას ვიხანგრძლივებდი ქვეცნობიერად... თუმცა, გამოვტყდები, რომ ამ ორ ქალაქზე უფრო მაინც თბილისი მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს, თუნდაც ყველაზე ფალსიფიცირებული „ყავის ნარეცხით“... აქ კი რაო? დიქტატურა და ბორშჩი როგორ სჯობს ბაყაყებს და დემოკრატიასო... რა შუაშია და რამ გამახსენა? პასუხისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაისეირნეთ, სანაპიროს მისადგომებთან.. მძაფრი შეგრძნებისთვის ღამის საათები სჯობს. რა დროს ზღვა და სეირნობაა ამ ყინვაშიო? ეგეც კი მართალია, მაგრამ როცა სიტუაცია მოითხოვს, სად არ ამოყვინთავ?!. იმის მოყოლას ხომ არ დავიწყებ, რომ ცოტა მეტი დავლიეთ და ზღვის ამოსვლის შესახვედრად გავიჭერით... მოკლედ, დეტალებს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ იქაურობა სხვანაირი და პირქუში დაგვხვდა. ჰაერიც და სიჩუმეც კი სხვანაირი. სიჩუმე კი არა – უდაბურება. მაწანწალა ძაღლებიც რომ არ დაიარებიან, აი ისეთი. სანაპიროზე სოკოებივით ამოზრდილი საცხოვრებელი ვაგონები, ბარაკები და ბევრი სამშენებლო მასალა. ანუ, ისედაც უპატრონობისგან გაპარტახებული, თბილისის ზღვის შეძლებისდაგვარად მყუდრო იდილია, სრულიად დარღვეული და გადაგვარებული. თუმცა, მთავარი ეს არაა.. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წლის მანძილზე, შევეგუეთ უკვე „აღმშენებლობას“ ქვეყნის მასშტაბით და დედაქალაქის გარეუბანში რამ უნდა გაგვაკვირვოს? არადა, მაინც გაგვიკვირდა რაღაც. ჯერ გვეგონა, გვეჩვენებოდა, მაგრამ, როცა მანქანის ფანჯარაზე ცნობისმოყვარე ღიმილიანმა „სეჩუანელმა“ (ასე ვეძახი ქართველ–ჩინელებს, როცა ვცდილობ მათ მიმართ ჩემი მრისხანება დავიოკო...) მოგვიკაკუნა, უცებ გამოვფხიზლდით. ისე გამოვფხიზლდით, ფანჯარაც კი ჩავწიეთ და, როცა, სპეციფიური აქცენტით, ის თვალებმოჭუტული ტიპი ქართულად მოგვეღამემშვიდობისა, მივხვდით, რატომ აღარ არღვევდა ღამის მყუდროებას მაწანწალა ძაღლების ყეფა. სხვა რამესაც მივხვდით – უნებურად „სხვის აკვატორიაში“ რომ აღმოვჩნდით და ეს ფაქტი მეორე, პირველის თანმხლებმა, მოჭუტულმა ღიმილმაც ენერგიულად დაგვიდასტურა. ძალიან „თბილისურად“ მოგვმართეს, – ძმებო, აქ ჩვენი მიწაა და თუ გინდათ იყავით, ოღონდ არაფერი დაყაროთ და გააფუჭოთო. მთლად ასე გამართულად ვერ თქვეს, მაგრამ აზრი ეგ იყო და იქ 1 წუთით გაჩერებაც კი ჩვენი მხრიდან დიდი უაზრობა იქნებოდა. თბილისის ზღვას, სულ მალე, დემოკრატიულად მოყიყინე ბაყაყები გააცოცხლებენო, ამბობენ, არადა, როგორ არ მინდა ჩემს ქალაქში ცხოვრების მოჭუტული თვალებით ყურება. ჩვენ ხომ ფართოდგახელილი თვალებით ძილს ვართ შეჩვეული. ზრუნავს თბილსის და თბილისელების მომავალზე ერთლარიანი მიწის ნაკვეთებით მენჯგადიდებული გიგი. ზრუნავს რაც შეუძლია... როცა ადამიანს თავის შესაძლებლობებზე მეტს დაავალებ, მაშინ იწყებს ტყუილს და საქმის ფუჭებასო, – ადრე გოგი თოფაძემ მითხრა საუბარში. იმის მერე სულ ვაკვირდები და ამართლებს... ჰოდა, აბა რა იცის გიგიმ ქალაქის პატრონობის? გიგიმ იცის, როგორ მოგვატყუოს და როგორ გაიხანგრძლივოს „ტკბილი ცხოვრება“, რომელიც მეხივით დაატყდა თავს და იმის მერე მეხანძრეები სძულს, ისე როგორც თავისი საქმის ყველა პროფესიონალი. სამაგიეროდ, გიგი აქტიურად აგრძელებს დასაქმების პროგრამას და ცდილობს ღირსეული პროფილით შეფუთოს ნაციონალური მოძრაობის იმიჯ–ბურჯები. 2000 ლარზე ნაკლები ხელფასი რა ხელფასიაო?! რა ვიცი, აქამდე 300 ლარიანზე ლობისტი იყო საჭირო მაგ პროგრამაში მოსახვერად. თუმცა, რა „უხამსი“ შედარებაა? მაგალითად, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი ხომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს. მისი სფერო გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით სამოქმედო გეგმების შესრულება ყოფილა. კარგი სახალისო საქმე კი უშოვია, თანაც მაღალანაზღაურებადი. ყველაზე უფრო მაინც გიგა ნასარიძის კონკრეტული მოვალეობა მაინტერესებს ამ ეტაპზე, ალბათ რაიმე ისეთი მიმართულებაა– ფაუნასთან ახლოს მდგომი... თუ ჩემი აზრი ვინმეს აინტერესებს, თვითდასაქმების რეჟიმში ჯობდა „მოლაპარაკე და მოსიალურე ნაციონალური იმიჯების“ გადაყვანა, მაგალითად როგორიცაა მუმბაის ქუჩებში, ყურის გამოწმენდის ქუჩის ბიზნესი, მაგრამ ყურის სწორად გამოწმენდასაც ცოდნა უნდა და საზოგადოება ასეთ საფრთხეშიც ვერ ჩააგდო მერიამ, მესმის... გაგიკვირდებათ და, თბილისის მერია ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივის მითვისებაში ადანაშაულებს – მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების უფასოდ შემოწმება ჩვენი პროექტიაო, – მერიის სპიკერმა. – უხერხულად გვეჩვენება, როდესაც ხდება კონკრეტული პროექტის ისე შეფუთვა, ვითომ ისინი არიან ავტორებიო". აშკარად ნაწყენია მერია, არადა დავაპირე ამ სერვისით სარგებლობა შარშან ზამთარში და იცით რა მითხრა „ცხელი ხაზის“ ერთმა სასტიკად ავად მოსაუბრე თანამშრომელმა ქალბატონმა? ჩაეწერეთ და 2 კვირაში დაგიკავშირდებიანო.)))) ანუ 2 კვირაში თუ გადარჩი და არ გაიგუდე, მერე უნდა უთხრა მერიას მადლობა გულისხმიერებისათვის, აბა როგორ?! რაები ხდება და არ ხდება მაინც ამ თბილისში. ამის „გამქაჩავია“ გიგი? ჰოდა აღარ მიკვირს, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. არ ვიცი, რამდენადაა ეს სტატისტიკა სიმართლე – 2013 წლის პირველი 10 დღის მონაცემებით თბილისში სუიციდის 19 შემთხვევა დაფიქსირდაო. „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ , რამდენიმე კვირის წინ, 260 „მკვდარი სული“ აღმოაჩინეს.260 „მკვდარი სულის“ ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით, 300 000 ლარზე მეტს შეადგენდა თურმე, რაც წლიურად 3.6 მილიონ ლარზე მეტიაო. მკვდარი და ისიც სული რომ გაჯობებს შემოსავლებით, მოგინდება თავის მოკვლა აბა რააა... გია ჭანტურია კი ადგა და ბაბუსავით ნეტარი ღიმილით და ფრთიანი ანგელოზივით წავიდა სახლში... გამოგიტყდებით, მეც „მის–იუსტიციასავით“ ვფიქრობ, რომ არც ოქრუაშვილია ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ მაინც მიხარია მისი სასამართლოდან გათავისუფლება, ნაციონალური ორიენტაციის საზოგადოებას რომ არ უხარია იმიტომ... ვიდრე ამ ამბებს გაყლუპებდით, სამი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე – უნდა ელოდო მხოლოდ იმას, ვინც მოვა; უნდა ესაუბრო მხოლოდ იმას, ვისაც სმენის პრობლემა არ აქვს; მდუმარე უნდა იყო მხოლოდ მათთან, ვისაც შენი ესმის... პარიზი დასახლებული უდაბნოაო, პროვინციული ქალაქი – უდაბნო მარტოობის გარეშე, – წერდა ჩემი საყვარელი ბებერი მორიაკი. შეამჩნევდით ალბათ, წვიმების სეზონშიც ხშირად იცის პირის სიმშრალე... თბილისში ჯერ თოვლიც წვიმს და დილაობით ჰაერის ტემპერატურა –3–დან 1 გრადუსამდე ეცემა! ;) ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  15. ჩემს ცხოვრებაში (ისე, როგორც თქვენს ცხოვრებაში) მოიპოვება წამები, რომელთა აკინძვა და, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად, ზარდახშაში შენახვა მინდება. მაშინ, როცა ძალიან მიჭირს, ამ ფაქიზად ასხმულ წამებს ყელზე სამკაულივით ვირგებ და მშველის ისევ თავიდან გასაბრწყინებლად... შეიძლება ზედმეტად „ქალურ– სენტიმენტალური“ რამე ვთქვი, მაგრამ, ბოლო დროს, ამ განწყობაზე ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ახალი ისეთი არაფერი ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით არაფერი, რომ ყელზე ჩამოსაკიდებლად ღირდეს. უბრალოდ ვაკეთებ აღმოჩენებს „ადამიანთმცოდნეობაში “, მაქვს თავზე საყრელი დრო, იდეა და გროშიც არ მიჭყავის ჯიბეში. მერე რა? არც არაფერი, რომ ზამთარია, მეტიც, ამეღამ შობაა... ამიტომ, ჩემი გაძლება ისევ თქვენ მოგიწევთ. გითანაგრძნობდით სიამოვნებით, მაგრამ, სადაც 9 წელი იმ უკვე ვადაგასულ მალფუჭად პროდუქტს უძლებთ, მეც გამიძელით. მიშაზე უარესად არც გამოვიყურები და არც მასზე უარესს ვაშავებ რამეს. გუშინ მამაჩემმა ძალიან მაგარი რამე თქვა – ასაკთან ერთად ხვდები, რომ ყველაზე მაგარი დღესასწაული ხვალინდელი დღეაო... ლამაზად თქვა, მაგრამ მაინც მეტკინა... ასე მგონია, დედისერთებისთვის მშობლები უფრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჰოდა სასტიკად, სასტიკად განვიცდი მშობლების ასაკის მატებას... რატომღაც, მათ გარეშე ცხოვრების მეშინია. არადა არ ვარ მშიშარა. ხვალ კი შობაა... ჩვილი იესო ბაგაში, სანთლები სარკმლებში, იმედიანი გულები თვალებში ... თბილია შობა! ყველაზე საყვარელი ადამიანის სუნთქვასავით თბილი. ბებიაჩემისგან მახსოვს, თუ უმიზეზოდ ნერვიულობას დაიწყებ, მიზეზი აუცილებლად გამოჩნდებაო, ჰოდა, ამასობაში, ისე გავიზარდე, მიზეზითაც კი აღარ ვნერვიულობ. უბრალოდ, ვცდილობ, გადავრჩე. ჩვენი წარმოდგენები იმაზე, როგორ უნდა იყოს სამყარო ჩვენს ორბიტაზე მოწყობილი, ხშირად გვიშლის ხელს იმის დანახვაში რაც გვაქვს. ჭკვიანმა ადამიანმა რომ სისულელე თქვას, უმრავლესობა იმას იფიქრებს, რომ ეს ძალიან ჭკვიანური სისულელეა, თუმცა, ეს უბრალოდ სისულელეა, ჭკვიანი ადამიანის მიერ ნათქვამი და, არ დამიწყოთ ახლა, ჭკვიანი ადამიანები სისულელეებს არც ამბობენ და არც აკეთებენო... მაგალითებს ნუ მომაყვანინებთ, შობა გვაქვს ჯერ სადღესასწაულო! საშობაოდ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ბელგიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით მიმართა და იმანაც თხოვნა შეისმინა, მაგრამ, სტრასბურგის პრაქტიკაგავლილ მის „კოლეგა“ ქალბატონ წულუკიანს, ისეთი წიგნი ჰქონია, „შვებულებაში გაქცეულებისთვის“ შეუთვლია – მოდით ბიჭებო, გიმკითხავოთო! – გვერდი ესა და ესაო, აბზაცი – ესა და ესაო, მუხლიც – ესა და ესაო! უმუხთლებს ევროპა, გული მიგრძნობს, სამპასპორტიან „ფიგურას“. ასეა, ჩრდილები შუადღისას ქრებიან... მიხეილმა ერთგული და მოსიყვარულე პოლიტიკურად მწიფე და უმწიფარი მდედრები სააპარტამენტო რეჟიმიდან საველე რეჟიმზე გადაიყვანაო და პირდაპირ წინა ხაზზე ამოაყოფინა თავი. მერე ვითომ, დუბაიში ხუთვარსკვლავიანი კომპენსაცია გაუჩალიჩაო, ვითომო... კი ბატონო, მე კი არ დავიჯერებ, მაგრამ, მერე ისე არ მოხდეს, ზოგიერთები რომ კიკინებდნენ და მიშა ადასტურებდა ბოდრუმის სათბურებში გავლილ მასტერ–კლასებს. ეგ ამბავი მაინც „გასოცქსელდება“, ნუგზარი და ის ბლანჟეიანი გარემოსდამცველი იყვნენ კარგად და... წიკლაურს რა გული მოუთმენს, იქაური სასტუმროს აბაზანაში რომ არ უკვდავყოს საკუთარი ფიზიონომია, ანდა ხაჩიძემ პირდაპირ Dubai Mall–იდან არ „დაპოსტოს“... რას ვიზამთ? როცა პოლიტიკაში საქმეები ცუდად მიდის, სცენაზე გამოდის კლოუნადა! დღეს ადექვატურობა, თურმე, მხოლოდ იმის ცოდნაა, ვისთან არ უნდა თქვა ის, რასაც ფიქრობ... გულწრფელი ტყუილი – იმის თქმა, რაც არ იცი. თურმე, მთავარია, ადამიანი დაარწმუნო, რომ მას უმართლებს და, დაცემის პროცესშიც, იმაზე იფიქრებს, რომ დაფრინავს. ბრეჰტმა თქვა ხომ , – ყველა სიკეთე იმასო, ვინც სიკეთესო... როგორ მინდა გეთანხმებოდე უსიტყვოდ, ჩემო ძვირფასო ბერტოლდ, მაგრამ, ეს ჩვენი კეთილი მეგობარი ამერიკა რომ მაგ სიკეთის სახელით ბომბავს ქვეყნებს და მერე თავისი ტანკერებით იქიდან მთელი სიკეთე გამოაქვს, როგორ იქნება ეგ საქმე? როცა პუტინის მეგობარი ჟერარდი ცოტაოდენ რუსულს ისწავლის, მასაც იმდენი რამის აღმოჩენა და გაგება ელის საკუთარ თავზე... წინასაშობაოდ, BBC-ს ინფორმაციით, ეკლესიის ეპისკოპოსთა პალატა, ჰომოსექსუალ მღვდლებს, ეპისკოპოსების ნებას რთავს, თუ ისინი დაუქორწინებლობის აღთქმას დადებენ. რა გითხრათ, ალბათ მათი მრევლი მაგ ნებართვისთის ლოცულობდა და შეისმინეს. .. მე და ჩემი მეგობარმა მაგალითად, ამ დღეებში, ნაგუბერნატორალ გოროზიას მამის ბიზნესს დავადგით თვალი. ეგ ისეთი ოჯახია, ტყუილად რომ თავს არ შეიწუხებს საკუთარი თავისთვისაც კი და არამგონია, მარტვილში ინგლისური ჯიშის ღორები მხოლოდ თვალის გასახარად ჩამოეყვანათ. როგორც გავარკვიე, ინგლისური ჯიშის კერატისგან ერთი დამაკება 30 ლარი უჯდებათ საბრალო ქართველ დედალ ღორებს. ალფონსობაც ევროპული კულტურის ნაწილია და მისი ჩვენს კულტურაში ჩანერგვა ღორებიდან უნდა დავიწყოთ,აბა როგორ?! არაუშავს ხალხო, რაღაც გვეშველება, აბა ასე ხომ არ დავრჩებით? ზოგიერთები კიდევ გაიქცევიან, ზოგიერთებს მუხლებს მოარგებენ, ზოგიერთები დაბრუნდებიან, სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა სინდისით. აგერ, კიტოვანმა შობას ჩამოუსწრო. ახალ წლამდე ჩამოგვისწრებს ვინმე და იანვრის ბოლოს საავტორო ვერსიების მოსასმენადაც მოვიცლით, როგორ, რატომ და რისთვის გაისროლა 20 წლის წინ, შუაგულ თბილისში, ქართველმა ქართველის წინააღმდეგ... ფული ანგარიშსწორების საუკეთესო ფორმაა, სიტყვა – მადლიერების გამოხატვის, საქმე – დახმარების და თანადგომის. თუ ანგარიშსწორება მადლობის თქმაზე ანდა კეთილ საქმეზე უფრო გიადვილდებათ, ეს ყოველთვის დროის დეფიციტის ბრალი არაა. ყოველ ჯერზე, ვიდრე რაიმეს გაიფიქრებთ, იფიქრეთ, იქნებ, არასწორად ფიქრობთ?!. ყველამ კარგად ჩავიბეჭდეთ ტვინებში, რომ შეცდომები სწავლის საუკეთესო მეთოდია. ჩვენ ხომ ბავშვობიდან იმასაც გვიბეჭდავდნენ ტვინებში, რომ „სწავლა არასოდესაა გვიან !“ ანდა „სწავლა! სწავლა და სწავლა!“–ო ყველა სკოლის დერეფანში რომ დიდი ასოებით ეწერა, თან ყველა სართულზე, აბა რა ეგონათ? ჰოდა ჩვენც ვცდებით, ვცდებით და ვცდებით! და მერე რა? ამაში ისეთი „ ცუდი“ ხომ არაფერია?!. მაგრამ, ყველაზე ცუდი იცით რა არის? ერთ მშვენიერ დღეს რომ მოიხედავ და ზურგს უკან საკუთარი ჩრდილის გარდა ვერაფერს აღმოაჩენ... იმედია, შემდეგ შობამდე, ვიღაცისთვის ერთთვიანი საარსებო მინიმუმისა და ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი სადილის თანხებზეც შევჯერდებით. მართლა არც ისეა საქმე, თითქოს ხარისხიანი დასაქოქი სათამაშოები ჩვენში მხოლოდ „სექს შოპებში“ იყიდებოდეს. ან ეგ „შოპები“ სადა გვაქვს რო? 60 ლარში პეროვზე მექანიკურს შემოგთავაზებენ და იმითაც ბედნიერი უნდა იყო. თუმცა, მე რა უნდა ვიყო? იყვნენ „ეგზოტიკის მოყვარული“ ქართველი მამრები... ;) ისიც მითია, რომ ქალს მამაკაცში მხოლოდ ფული უყვარს. ეგ სისულელე იმათი მოგონილია, ვისაც ფულის გარდა სხვა არაფრის შეთავაზება შეუძლიათ ქალისთვის... ხვალიდან გახსნილდება და სიყვარულზეც ფიქრი და სიყვარულის კეთებაც შეგვეძლება. როგორც ჩემი საყვარელი ფრანგი – ბებერი მორიაკი– იტყოდა, გიყვარდეს, ნიშნავს ხედავდე სხვებისთვის უხილავს... როცა იმ დროს იხსენებ, როცა გიყვრადა, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს იმის შემდეგ არც არაფერი მომხდარაო.. ესეც თქვენი ზარდახშაში ჩასადები თვალი პატიოსანი მოგონებების ყელსაბამისთვის. და არ დამიწყოთ ახლა, – გენიოსი ხარო, ასეთიო, ისეთიო!.. ავტორი გენიალური გენიალური ნაწარმოების შექმნის მომენტშია, თორემ დანარჩენ დროს უბრალოდ ნიჭიერია და მეტი არაფერი... P.S. ნიკოლოზა მქაჩავს სახელოს: – დე, ყავა ველ დაწელე? – ვამთავრებ! – დე, სენ ყავას ხან ლევ და ხან წელ? – ჰო ნიკა, ჯერ ვსვამ და მერე ვწერ... – მელე, დაწელე, ჩალა! აბა ვის ჩავეხუტო მე? შობის მადლი და ყავამშვიდობისა თქვენ, ადამიანებო! კატო ჩულაშვილი
  16. რა უცნაურია, ცხოვრების მანძილზე უამრავი ადამიანი მიდის და მოდის, ან მოდის და მიდის, ან მოდის და რჩება... ვიღაც რჩება, ვიღაც გარბის... ზოგჯერ ისინი რჩებიან და შენ გარბიხარ. მერე, უცებ, მოულოდნელად გამოჩნდება ვიღაც, ვისაც, რატომღაც, გინდა, რომ სახლში დახვდე დაღლილს, მონატრებულს... მოეფერო, გაათბო, გაამხნევო და ა.შ. არ დავკონკრეტდები. მოკლედ, ცნობილი გამოთქმის თანახმად, ხვდები, რომ მასთან გაღვიძებაც ისეთივე სასიამოვნო იქნებოდა, როგორც ჩაძინება... რა უგზო–უკვლო რომანტიკაა საახალწლოდ? მხოლოდ საახალწლოდ არა – ყველა სეზონზე და ყველა ეპოქაში ასე ხდება. უბრალოდ რომანტიკის ხანგრძლივობა და გრძნობების ტევადობაა განსხვავებული. ამ „დაფარშებულ“ თემაზე საუბარს არც ვაპირებდი საახალწლოდ. ისედაც ყველამ ყველაფერი მშვენივრად ვიცით. მე გამიმართლა და მყავს უჭკვიანესი მეგობარი პირად პრაქტიკაზე დამყნობილი გენიალური დასკვნებით, რომელიც ყოველთვის მშველის, როცა რომანტიკის ბურუსში ზღარბუნიასავით ვეხვევი. ჰოდა, სულ მახსოვს მისი ცხოვრებისეული კრედო: არასოდეს გაიხადო ჰობი სამსახურად და საყვარელი ქალი – ცოლად (ქალების შემთხვევაში, უკუღმაა, რა თქმა უნდა)! ისიც ვიცი, რომ ადამიანმა ბედნიერებისთვის თავისი მეორე ნახევარი თუ არა ორი მესამედი მაინც უნდა იპოვოს და რომელ ნაწილს რას დაარქმევს, ეგ უკვე თავისი რისკია... ყავის მარცვალიც კი ორ თანაბარ ნაწილადაა გაპობილი, იმიტომაცაა ენერგიის მომცემი და მაცოცხლებელი ეფექტით... რა ვერ ეშვები ამ ორი სქესის ურთიერთობებსო! –ზოგიერთი ინტრიგანი გაიფიქრებს, მაგრამ ურთიერთობა თავიდანვე ორსქესიანად იყო ჩაფიქრებული, ცალსქესიანებთან ბოდიში, არც მე ვეხები და ნურც ისინი შემეხებიან... ცალ სქესში გაცილებით მეტი თანხვედრააო, უფრო მეტი გაგება და გატანაო... არ გვინდა ეს აბსურდული არგუმენტები... ჩემზე არ ჭრის, არც ჩემიანებზე. დალოცვილ ორსქესიან ურთიერთობებშიც, ბოლოს და ბოლოს, ორივე მხარე ხვდება თავის შეცდომას: შენც ხვდები, რა სულელი იყავი და ისიც ხვდება, რა სულელთან იყო... 31–ში მეგობრებს ტრადიცია გვაქვს, აბანოში არა, ერთმანეთის ოჯახებში ვიკრიბებით მორიგეობით. წელს ისეთ ოჯახს მოუწია რიგმა, სადაც ორივე „ნახევარი“ ჩვენი ბავშვობის მეგობარია. რამდენიმე თვეა არ მინახავს არცერთი და, რაღაც, ვერ მოვირგე თვალზე ძველებურად, თუმცა ძალიანაც ცდილობდნენ, გაცრეცილი ყოველდღიურობისთვის ჭრელი სპარსული ფარდაგის მიფარებას. –აბა როგორ გინდაო?! ამდენი წელი გავიდა და რას მოითხოვ, 18 წლის ასაკის ცეცხლს და ნავთსო? –ასე შემომიღრინა იმ ჩემმა „ბრძენო“ მეგობარმა გემრიელი მუჯლუგუნის თანხლებით. მეც სახის გამომეტყველების დალაგება ვცადე პოზიტივისკენ, მაგრამ ამაოდ... პრინციპში, მართალია, – შვილები გაეზარდათ, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამდგარან და თუთიყუში გაუჩენიათ. იმდენს ქაქანებს, ტვინი წაიღო... არ მიყვარს თუთიყუშები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემმა „მაშამ“ თავის „გოშას“, ისტერიული სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ნიადაგზე, თავის ქალა დაუჩეჩქვა და შემოაკვდა. მაშინ დავფიქრდი, რა ვერაგები ვართ ადამიანები... ხომ შეიძლებოდა ეს წყვილიც, მე რომ არა რამდენიმე ხნის შემდეგ მშვიდად დაშორებოდა ერთმანეთს ყველაზე ბანალური და გავრცელებული მიზეზით – ფიზიოლოგიური შეუთავსებლობა... ახლა გოშაც ცოცხალი იქნებოდა და მაშაც. მთელი პარადოქსი იმაშია, რომ ეს ჩემი ზეაქტიური მაშა, დაქვრივების 2 თვის თავზე, ჩემი მეზობლის კეშამ ითხოვა. ანუ, 2 სართულით მაღლა ავათხოვე. აი იქ კი გაშალა ფრთა და გაფანტა ბუმბული. შეეწყვნენ, მარა რას შეეწყვნენ!? ყველას მოგეხსენებათ, რა შედეგი აქვს აქტიურ ასთმურ შეტევებს. ჰოდა ჩვენი მაშაც დაორსულდა. 6 კვერცხი შვა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი... საიდან, როგორ, მუჭში ეტეოდა თვითონ... ჰოდა ბედის ირონიით, რამდენიმე თვის შემდეგ მაშა ზეთუთიყუშურ კოჰაბიტურ აქტს შეეწირა გმირულად. .. რა შუაში იყო ჩემი თუთიყუშები, მაგრამ, ამ ჩვენმა მეგობრებმა იმდენი იამაყეს და იმდენი იქაქანეს საკუთარზე, იმდენი „საკონცერტო ნომერი“ გვაჩვენეს იმ თავაფეთქებული და გაფხორილი „კირილეს“ პროგრამიდან, საბოლოოდ დავრწმუნდით მეც და „ბრძენოც“, რომ მათ ფაქტიურად აღარ აქვთ პირადი ცხოვრება, ანუ ინტიმი, ანუ განმარტოვების სურვილი და რაც გინდათ ის დაარქვით. იმდენად დაგვწყდა გული, იმდენად არ გვესიამოვნა, რომ ჩემმა გაწონასწორებულმა და ჰუმანისტმა „ბრძენომაც“ ვეღარ მოითმინა და გამოსვლისას თავისი აზრი დელიკატურად, მაგრამ მაინც დააფიქსირა – ამდენი სისულელის მაგივრად, თქვენს შემხედვარე ამ დურაკ თუთიყუშს, საწოლის ჭრაჭუნის ხმის და სხვა შორისდებულების იმიტირება რომ ესწავლა, უფრო გამიხარდებოდაო! აი ასე... თუთიყუში, ვგონებ, ნიჭიერი არსებაა... რას ვიზამთ, თუ სიმართლისთვის ხშირად თვალებში ჩახედვა გვიჭირს? ზოგჯერ სიმართლის კეფაც არანაკლებ მომხიბვლელი და მიმზიდველია, როგორც თვალები. ასეთ დროს სულ ის ანეკდოტი მახსენდება: – ძვირფასო, მომიყევი ზღაპარი ძილის წინ! – მე შენ მიყვარხარ... დაიძინე! „ვენის ტყის“ იქნება „ბულონის ტყის“ თუ „კოჯრის ტყის“, სიზმარი სიზმარია და ზღაპარი–ზღაპარი... მამა ლომს თავი ცხოველთა მეფე ჰგონია, ვიდრე დედა ლომს სძინავს!!! ზოოპარკის წინ ჩავლისას, სულ დიდი აბრის გაკვრის სურვილი მიჩნდება : მხეცებო! მოიქეცით კულტურულად! ნუ გააღვიძებთ თქვენში ადამიანს!.. P.S. სადღესასწაულო დღის რეჟიმთან დაკავშირებით, გახშირდა თანამშრომლების სამსახურიდან დროზე ადრე გაშვება. რის პარალელურადაც იმატა ოჯახური სკანდალებისა და დანგრეული ოჯახების რიცხვმა... ხოდა ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს? რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობა. ნუ უშვებთ თანამშრომლებს სახლში ადრე, ნუ!!!! ერთგული წყვილებისთვის კი ჩემი საახალწლო რჩევაა, თუ ძალიან დაიღალეთ ერთფეროვნებით და გსურთ ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ, სცადეთ სექსი კონტრაცეპტივებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების გარეშე, მერე რა, რომ "ზამთარია"!? ;) ... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  17. ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არც იწვის და არც დნება, როგორც დიდი პოეტის ვერსიაშია... უბრალოდ, დეკემბრის დილა ყინავს... ამ ელექტრონული წეაღსვლის კითხვის პროცესში, ნებითა ჩემითა და სურვილითა სხვისითა, ლილოს გზას გამოყენებენ... დიახ ლილოს, დიახ სამარშრუტო ტაქსით და დიახაც მეტის ღირსი ვარ! ზარმაციც ვარ, უპასუხისმგებლოც, ცაიტნოტში გაკეთებულ საქმეზეც ვგიჟდები, „ჩემი ჭკუით ეკონომიაზე“ ჭკუა მეკეტება, მაგრამ იმას მაინც ვერ ვხვდები, რატომ უყვართ ყველაზე დიდი გაბარიტის მქონე ქალებს (კაცებსაც) „მარშუტკის“ კართან ჯდომა და გასასვლელის ჩახერგვა? რამდენი რამის კულტურა გვაქვს დასახვეწი, მაგრამ, ამ წუთას, ჩემთვის მგზავრობის კულტურა ყველაზე პრიორიტეტულია (ახლა ვხვდები, რა მეთოდით ირჩევა სახელმწიფოებრივი და სხვა დონის პრიორიტეტები), იმიტომ რომ შევწუხდი... იმიტომ კი არ შევწუხდი, რომ ვიღაც პატივცემულის რძიან–მაწვნიანი ტარა, მთელი თავისი სურნელებით, თავზე მადევს, ანდა ლილოში წასვლა არაპრესტიჟულია? აქამდე ისე მოვედი, საზოგადოებრივ აზრზე და კლიშეებზე ორიენტირებული არ ვყოფილვარ და ახლა რაღა დროსია? არც იმაზე ვიდარდებ, რას იტყვის ხალხი? ან ვინმე ნაცნობმა რომ დამინახოს?! დამინახოს რა, მაინც ვერ მიცნობს, ისე თბილად ვარ შენიღბული. ბოლო–ბოლო ჩემს „ხავერდოვან“ ხმას ცოტას წავიწვრილებ, თვალებს დავაელამებ, ლ–ს დავარბილებ ან გავამაგრებ (სიტუაციის შესაბამისად) და ეგაა... წავიდნენ და მიმტკიცონ რომ ის მე ვარ ან მე ის... არაა, სულ არ მაღიზიანებს, რომ ასეთი საპასუხისმგებლო მისიით ამ რეისით ვმგზავრობ. ჩემი ბრალია! ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში არსებობა ვერ ვისწავლე. ხან დღე–ღამეში 24 საათი არ მყოფნის, ხან წელიწადში 12 თვე, ხან ფინანსები და ხან ძილი. ჰოდა ვარ ჩუმად და თავს ვიმხნევებ, რომ ეს ყველაფერი სახალისოცაა, რატომღაც, ტირილი რომ არ მინდოდეს... ბოლოს და ბოლოს, ამ სიტუაციას, ექსკურსიის და „ახალ სამყაროსთან შეხვედრის“ ჭრილში თუ განვიხილავთ, არც იმდენად მომაკვდინებელი დიაგნოზია. დიდი ამბავი! ლილოში ვინ არ ყოფილა?! ისინიც კი, ვინც სულ რიოზე ოცნებობდა ჩემსავით... ასეთია ავანტიურისტების ბედი... რატომღაც „ნეილონის ნაძვის ხე“ გამახსენდა და კიდევ ის, რომ სალანძღავი ფრაზების ჩემი არსენალი, ბავშვობისას, სწორედ წინასაახალწლო დღეებში მდიდრდებოდა, როცა ჩემი მეზობლის მამა ოჯახში ნაძვის ხის აწყობას იწყებდა. არა, იმის თქმა კი არ მინდა, რომ მამაჩემი არ იგინებოდა, ვინ დაიჯერებს?! უბრალოდ მამაჩემის მისია ნაძვის ხესთან მჭიდრო ურთიერთობებს არ ითვალისწინებდა. ამიტომ ვიყავი მეზობლის კედელზე მიყურადებული... მიყურადებას კარგი გაგებით, ანუ ჩვენებურად, მოვლენების მონიტორინგს, პროფესია მაიძულებს, თორემ ისე სამი შვილის დედა ვარ, თან მარტოხელა და ჩემს ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც უნდა მყოფნიდეს წესით, მაგრამ ჟურნალისტი და არაცნობისმოყვარე გაგიგიათ? მერე იტყვიან, – ინტრიგანები ხართო! მაგ ეპითეტის არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ინტრიგა ტონუსზე კარგად მოქმედებს, სხვა რამეებზეც, მაგრამ ახლა ამაში არაა საქმე. საქმე იმაშია, რომ ორი უბედურება გვჭირს – სულ ვიღაცას ვბაძავთ და მაინც ვერაფერს ვსწავლობთ. რაღაც ისე ვერააო, –ფიქრობდა მთელი სიჩქარით ინკვიზიტორებისგან გაქცეული გალილეი. მისგან უიმედო მანძილზე ჩამორჩენილი ინკვიზიტორები კი მიჰყვიროდნენ: –„არაუშავს, დედამიწა მრგვალია, ასე რომ, ისევ შევხვდებითო!“ კომპოზიტორებიც ჩივიან, სულ შვიდი ნოტია, ყველაფერი გენიალური დაწერილია და ჩვენ რაღა დავწეროთო?! იფიქრეთ, ბატონებო! იფიქრეთ! ეგება და გაიფიქროთ ტალანტის ნაკლებობაზეც. არაა ეგ სამარცხვინო... "მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ"-ო, ისე მოგვამადლა ღრმად (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აქ უამისობა არ გამოვა!)პატივცემულმა დეფიმ, ამასწინათ, რომ შემრცხვა... აი ნოდარ ხადური არც არაფერს დაგვამადლის და არც ჩვენს ვაუჩერებით შეურაცხყოფას აპირებს. დიდი–დიდი ნაციონალური მოძრაობის ლეგენდა შეურაცხყოს გზა და გზა... გზაზე გამახსენდა, ძებნა გამოცხადდა გაზის ტარიფებთან დაკავშირებულ რეზერვებზე საქართველოს მასშტაბით... ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაც გრაფიკით იქნებაო და ვნახოთ... კობა დავითაშვილს ჩაგრავენ ქუთაისში კომიტეტების მასშტაბით. ეგ უსუფაშვილს თვალში ეპატარავება თუ რატომ აითვალწუნეს, რომელი ჯამი არ დალია ნეტავ? ჩვენი დღეში 20 000 ლარად დაცული პრეზიდენტი ისე გააქტიურდა, თვითგადარჩენის ინსტინქტის ქრესტომათიული მაგალითია, თან ცოცხალი... მაინც ვერ გავიგე, გიგიმ და ყველაფრის ექს–მინისტრმა ნიკოლეიშვილმა მართლა იმ რეისით იმგზავრეს ბაქომდე, რომლითაც ჩვენი ახალი მთავრობა გაემგზავრა თუ ავია–სტოპის შემთხვევასთან გვაქონდა საქმე? აბა ახლა გიგის იმდენი ფინანსები სად აქვს, თავისი ხარჯით მეზობელ ქვეყანაში იფრინოს, თუ განსაკუთრებული მისია არ აკისრია... მადლობის მოხდაც ნათელა პატარკაციშვილისთვის, მისი შვილის ღვაწლის გამო, ალბათ, განსაკუთრებული მისია იყო... ისე, მე მეორე მხარისაც გამკვირვებია... თუ მე ვარ ინტრიგანი და ყველაფერს ვართულებ? გართულება მერე ნახეთ, ქალაქის ცენტრში, ქართუ ბანკის ყურის ძირში, ივანიშვილის სახელით თუ ახალი პირამიდა დატრიალდა... ჯერ–ჯერობით ხალხის ნდობას ივანიშვილის ურთიერთდახმარების ფონდის სახელით ითვისებენ და ხალხს ეს ურთიერთდახმარება 850 ლარი უჯდებაო... მაგას არ ვამბობდი, რომ ჭკუას ვერ ვსწავლობთ?! ისე ელოდა 25–დან 27 რიცხვალმდე სრულიად საქართველო ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას, 21 რიცხვი აშკარად შეურაცხყოფილი დარჩა.. მე მაგდენი არც თვლა ვიცი და არც ინტერესი მაქვს, საზოგადოებრივი ინტერესის დონეზე მაინტერესებს, რამე აღმოაჩნდა ჩვენს პრემიერ–მინისტრს ისეთი, რაც ენერგეტიკულ კალაძეს არ აქვს? როგორც იქნა, ფინანსისტმა პოლიციელებმა პატივცემულ კობა ნაყოფიას კაბინეტის კარზეც დააკაკუნეს. თორემ, უკვე ნერვიულობდა, მეც მინდა პროკურატურის დათვალიერებაო! ხომ იცით, რა სულსწრაფია და ამბიციური, წინა რიგში უყვარს ჯდომა, მინიმუმ შერონის გარემოცვაში. ეჰ, ბატონო ნაყოფია! უნაყოფო გამოდგა თქვენი გარჯა აგვისტოდან მოყოლებული და, მაგას დეკემბერი თუ არა იანვარი მაინც დაგიდასტურებთ. ვიცემერი მამუკა ახვლედიანიც თქვენს დღეშია – იბარებენ და იბარებენ. ვეღარ ამოეწურათ კითხვები. ამანაც ჩამოწეროს თავიდან ბოლომდე რაც იცის, მიაკეროს შესაბამისი დოკუმენტები , ამოიჩაროს მერე ის საქაღალდე იღლიაში და გამოცხადდეს დაკითხვაზე კაცურად. ჰო, თვალებსაც ნუ აფახულებს და აცეცებს ასე დამფრთხალი ციყვივით, თორემ ხალხს უკვე დამნაშავე გონია და გამომძიებელს რა გონია წარმომიდგენია... ჩვენს ქვეყანაში ან კარგად უნდა იცხოვრო, ან პატიოსნად. მოკლედ არჩევანი ყოველთვისაა და მანდ რჩევა უადგილოა. არაა ჩვენი საშველი, იმიტომ რომ უმადური ერი ვართ! იმასაც ვიმსახურებთ, რომ აქამდე, წინასაახალწლოდ შალიკო გვწყევლიდა და ახლა მიშიკო დაგვწყევლის, თან ამინისტირებული კრიმინალის აჩრდილით შეგვაშინებს. მაგას გონია, თუ ბესელიას გამოშვებულმა ბანდიტმა დამაყაჩაღა, ვანოსთან ან ბაჩოსთან გავიქცევი დახმარებისთვის? ნურას უკაცრავად, ბატონო პრეზიდენტო! ერთი ისეთი ვდრუზო რომ! ჩვენ ის ხალხი ვართ, ძალადობისთვის პასუხის გაცემა რომ ვისწავლეთ, შიშები დავძლიეთ, ბუტაფორიული ცდუნებებიც , მასშტაბურად ოცნებაც, ზოგიერთებმა ინდივიდუალური ოცნებების მასშტაბურად ასრულებაც... თუმცა, გემოვნებაზე დავობენ. ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს ფოფოდია... ჩემთვის მღვდელი მოსაწონი და ორგანულია საკურთხეველში... ჯიპში, თან ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან, რაღაც ვერაა მთლად ღვთისნიერება... უნდა გამოვტყდე, რომ არ მიყვარს ეს კალენდარულად და ტრადიციულად თავსმოხვეული დღესასწაულები. გუშინ კარგი რამე თქვა ჩემმა ერთმა ორიგინალურმა მეგობარმა, როცა ახალი წლის სამზადისზე და ჩემს სიზარმაცეზე დავიწყე წუწუნი: –30 წლის მერე მაინც რა ერთფეროვანი ხდება ეს ახალი წელიცო... შეიძლება, ეგეც ასაკობრივია, რომ, ბოლო დროს, ყველაზე მეტად „გამოცხადებულ–გაპიარებული“ მზრუნველობა და ქველმოქმედება მაღიზიანებს. რად უნდა სიკეთის და მადლის კეთებას კამერა და ტაში? მადლი ქენი, ქვაზე დადე და გაიარეო! ასე აქვს დაბარებული ჩვენს წინაპარს, თორემ ხალხს ყურები გამოუჭედეო, ის კი არ დაუბარებია?! მიშას და გიგის წინასაარჩევნოდ „მზრუნველად–გაჭინთული“ სახეები და მიხვრა–მოხვრა თუ არ მოგვწონდა, სხვების რატომ უნდა მოგვეწონოს ვითომ? მე მაპატიეთ, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეგ ყველაფერი ქაჯობაა, უტაქტობა და არა „პიარი“. ტელე–ქველმოქმედების ხიბლი მაცდურია, მაგრამ მომაკვდინებელი. ნუ შეიცხელებთ თბილ ბიუროკრატიულ ადგილებს, არამომგებიანია... მოგება და წაგება ძმები არიანო!– ეგ არ მითხრათ ოღონდ. ფოლკლორში, ასე თუ ისე, ვერკვევი... და თუ ქალს ამჯერად სათქმელი არაფერი აქვს, ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩუმად იქნება! ის 2014 წელიც მალე მოვა და მერე ვნახოთ!.. დღეს კი მთავარია, ის არ დამავიწყდეს, ამ ლილო დე ჟანეიროში რისთვის აღმოვჩნდი... აქ ყველას ერთი კითხვა აქვს – სადღესასწაულოდ ფულის კუპიურებს ფრთები ასე სწრაფად რატომ ეზრდებათ? დრაკონული წლის ბოლოს წინა დღეა... ჩვენსკენ მოსრიალე სიბრძნის და ჯანმრთელობის სიმბოლოს ვებარებოდეთ და, განგებამ დაგვიფაროს მიხეილ მაღალი–მცირეს ოცნებებისა და წინასწარმეტყველებისგან! ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  18. პრინციპში, ქალს ჩუმად ყოფნაც შეუძლია, უბრალოდ მას ასეთი პრინციპი არ გააჩნია და მხოლოდ იმიტომ არ გააჩნია, რომ არ ჭირდება... ცოტა ხმამაღლა ფიქრი გამომივიდა, უფრო სწორად ფიქრის ხმამაღალი გაელვება, თორემ ქალს კიდევ ბევრი რამ შეუძლია. იმაზე გაცილებით მეტი, რასაც მამაკაცის ფანტაზია ეყოფა... ამიტომ, მამაკაცებო! არასოდეს უთხრათ ქალს: – „ვის ჭირდებიო?“ ქალი შეძლებს, უმცირეს დროში დაგარწმუნოთ საწინააღდეგოში და ეს იქნება ის უკანასკნელი რამ, რასაც სიამოვნებით გააკეთებს თქვენთვის. არც გაბრაზებული ვარ, არც ნაწყენი და არც შარზე, უბრალოდ დილიდან ასეთ ხასიათზე გავიღვიძე და აქამდე მომყვა. ალბათ ორშაბათის ბრალია... თანაც წლის ბოლო ორშაბათია და სამყაროს გამოცხადებული აღსასრულიდან პირველი ორშაბათი. მაიას ტომის საავტორო უფლების და მთელი მსოფლიოს მიერ დაპატენტებული „ღონისძიება“ ჩაფლავდა... ნოეს კიდობნის შეკვრა კი მოუსწრია, მაგრამ ინტერიერის დიზაინზე ვერ შეთანხმებულა თანამეცხედრესთან, რომლის აზრითაც, ჟალუზების ფერი არ ეხამებოდა საშაქრის ძირის ფერს. ზოგჯერ ასეთი უმნიშვნელო(ვანესი) წვრილმანიც საკმარისია, რომ გადარჩე, ან პირიქით... არ მითხრათ, გაცვდა ეგ თემაო, ვის სჯეროდა სამყაროს აღსასრულისო?! სტატისტიკა სანთლებისა და ასანთის გაყიდვებზე დაყრდნობით სულ სხვა რამეზე მეტყველებს. არასოდეს დაუჯერო ქალს და მაიას ინდიელებს! ამჯერადაც გაგვიმართლა – კიდევ ერთი უკატაკლიზმო კვირა ვუფეშქაშეთ წარსულს პირადი ანგარიშებიდან. ორშაბათი ზოგადად იმიტომაა დასაფასებელი და ჩასახუტებელი „კაი ტიპი“, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელაა, არადა, შეეძლო, ზოგიერთი აქსელერანტი პაციენტივით, ჩაიზე შემოგვსწრებოდა და აღარ წასულიყო... არომატული და ქაფქაფა ყავის თანხლებით, კაცობრიობის დასაბამის მიმცემ 2 არსებაზე მინდა საუბარი. რა ვიცი, მე დილიდან ასეთ ხასიათზე გავიღვიძე და... იმ 2 არსების კოაბიტაციის შედეგია ჩვენი ჰარმონიული თანაარსებობა 3 დროში. პირველი წყვილით დაიწყო ის, რაც, სავარაუდოდ, არასოდეს დასრულდება. ყველაზე დიდი აღმოჩენაც, თავისი პრემიალურებით, ამ წყვილს ეკუთვნის ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიოლოგის, ფილოსოფიისა და კიდევ უამრავ სამეცნიერო დარგში. კინაღამ „მასალათა გამძლეობა“ გამომრჩა! ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ, ლეგენდის მიხედვით, მოცლილი და ფუქსავატი პარასკევის ბრალია პატიოსანი და მშრომელი ორშაბათისა და ჩვენი ტანჯვა. პარასკევმა იტლიკინა – მოდი, ორშაბათსო! და, იმ დღიდან მოყოლებული, დიეტა რომ დიეტაა, იმასაც კი ორშაბათიდან ვიწყებთ. არ დაიწყებ და შედეგებზე პასუხისმგებლობას კვირის არცერთი დღე არ აიღებს. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს პატარა შავი კაბა. მეც მაქვს, ოღონდ მართლა პატარა მაქვს. ჰოდა, ამიტომ მამაკაცის გულისკენ კუჭის გავლით სვლა დროებით გადავდე, თუმცა, „გამოცდილებმა“ მირჩიეს, ღვიძლზე მოკლე ბილიკი გადის და უფრო მალე მიხვალო... მაინც ვფიქრობ, რომ მომავალი კეთილსინდისიერ კონკურენციას ეკუთვნის!... ერთი ბუტერბროდი და ორი კომპლიმენტი ქალის მთელი დღის რაციონიაო და აბა თქვენ იცით, კომპლიმენტი მაინც არ მოითხოვს ზედმეტ კაპიტალდაბანდებებს. ნუ დაიშურებთ ქალბატონებისთვის სასიამოვნო ფრაზებს, რომლითაც მათ ყურსაც ახარებთ და თქვენს თვალსაც. არც ისე იშვიათი რეალობაა, როცა რომელიმე „ დაკომპლიმენტებული“, გათხოვების შემდეგ, იმ უსასრულოდ სასურველ პატარა შავ კაბაზე ამბობს უარს და პირდაპირ შავი ყუთის პრინციპზე გადადის. მთავარია, არ ინერვიულოთ! თუმცა, როცა ქალი ამბობს ამას, ნერვიულობას უკვე აზრი აღარ აქვს... ჰო მართლა! ბარემ ისიც იცოდეთ, რომ თუ თქვენს ცოლს უეცრად გამოუკეთდა ხასიათი და სურვილებითაც თავს აღარ გაბეზრებთ, აუცილებლად შეცვალეთ თქვენი ფინანსური დანაზოგის სამალავი ანდა ელექტრონული ბარათის კოდი... "ძვიტფასო მამაკაცებო!"გულდასმით შეარჩიეთ ქალის თქვენთვის მისაღები ტიპი. მთავარია, თავად ჩამოყალიბდეთ, – რა გსურთ? თორემ რა სურთ ქალებს? ეგ კითხვა ქათმის და კვერცხის ისტორიაზე უფრო ძველი და რთულია. „ცოლ–დედებს“ – ქმრებში საკუთარი წარსული უყვართ. „ცოლ–ქალიშვილებს“ – საკუთარი მომავალი, „ცოლ–გოგონებს“ კი მეორე ნახევრები რეალობით და აწმყოთი ხიბლავენ. მე თუ მკითხავთ, ოჯახში, ტრადიციებთან და პერსპექტივებთან ერთად, რეალობისთვისაც უნდა იყოს ფართი გამოყოფილი. ძალიან წავუოცნებე... როგორც წყაროზე ამბობენ, ქალი თხოვდება იმისთვის, რომ ყოველთვის იცოდეს, ვინაა ყველაფერში დამნაშავე, ხოლო ყველა ქმარს სურს ცოლი, 40 წლის შემდეგაც, დარჩეს გოგონად, თუნდაც 22 წლიანი სტაჟით. ჰოდა, დათხოვდით გოგოებოო!!! თუნდაც იმიტომ, რომ არცერთი მამაკაცი არ დარჩეს დაუსჯელი... ამ ყველაფრის, ანუ არაერთი გვერდითი მოვლენის, მიუხედავად, შეუძლებელია, ჯანმრთელი ორგანიზმის და ფსიქიკის პირობებში, მამაკაცს ქალი არ უყვარდეს. თუ მაინც და მაინც ერთი ქალის სიყვარული ვერ გაკმაყოფილებთ, ისეთი მაინც შეიყვარეთ, რომ ცოლთან გამოჩენის არ შეგრცხვეთ, საზოგადოებას ვინ ჩივის... ქალის და მამაკაცის ფლირტი მხატვრულ ტანვარჯიშს და ფეხბურთს გავს. ქალები გამოდიან მოედანზე ლენტის თუ ბაფთის საფრიალოდ, ხოლო მამაკაცები აუცილებლად გოლის გასატანად. სექსიც კი ქალს სურს, ისე როგორც ეს იყო პირველად, ხოლო მამაკაცს – ისე, თითქოს ეს იყოს უკანასკნელად. ამასწინათ ჩემს ფილოსოფიურ წეაღსვლებს ერთმა ძალიან რეალისტმა ტიპმა ყინულიანი წყალი გადაასხა , როცა ვთქვი, ყველა ქალში რაღაც გამოცანა უნდა იყოს–მეთქი... – ქალში გამოცანა კი არა მე უნდა ვიყოო! ასეთებიც არიან კი, პირდაპირები და ალალები... წინდახედულებიც გამოერევათხოლმე აქა–იქ. მამაკაცი, რომელიც ცოლს არასოდეს მოიხსენიებს შინაური ფრინველების ნაირსახეობად, მხოლოდ იმიტომ რომ თუ ცოლს ქათმობას დასწამებენ, თავად ვეღარ ექნებათ არწივობის ამბიცია... ვფიქრობ და ვერაფერი მოვიფიქრე – რატომ აირჩიეს ფრანგებმა გამოგონილი ქვეყნის პროტოტიპად საქართველო? ქვეყნის, სადაც მოქმედება 2340 წელს ვითარდება და ქვეყანას ქალები მართავენ, ხოლო მამაკაცები დიასახლისები არიან. ნეტავ როგორ გრძნობს თავს ჯეკი ქალების სამეფოში? ასე მგონია, საკუთარი ოცნების ქალს ან მამაკაცს სუსტი წარმოსახვის და ღარიბი ფანტაზიის ადამიანები პოულობენ ადვილად. ბოლო დროს ჩემს ყოფიერებაში იმ ტიპის მამაკაცებმა იმატეს, გული რომ წყდებათ, ადრე რატომ არსად გადავეყარეთ ერთმანეთსო. კაცების უმრავლესობის რეალობაში არსებობს ქალი, რომელიც ცოლად შეირთო, ხოლო წარმოსახვაში – ქალი, რომელსაც სიამოვნებით შეირთავდა ცოლად. სევდიანია, მაგრამ სასაცილო... პატივცემულო ცოლებო! ქრონიკული თავისტკივილების, დაღლილობის, ძილისა და სექსუალური ბოიკოტების სინდრომით! დიდი მადლობა თქვენი „აქტიური ცხოვრებისეული პოზიციისთვის!“ თქვენი წყალობით ჩვენ, უქმრო ქალები მარტოობას აღარ განვიცდით. მერე კიდევ ჩვენ გვეძახიან „მტაცებლებს“... არადა, ზოგჯერ ბედნიერებისთვის არც ისე ბევრია საჭირო, მხოლოდ სულ ცოტა ჭკუა, რომ მიხვდე – რა ბედნიერი ხარ! ამიტომაა რომ ზოგს ცხოვრებისგან რჩება „რაღაც მოსაგონარი“ ხოლო ზოგს – დაუვიწყარი მოგონებები... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  19. აი ასე... 20 დეკემბრის საღამოა... დიდი გაურკვევლობის, ცნობისმოყვარეობისა და მოლოდინის საღამო... იმდენად დიდის, რომ თვით ნაციონალური საპარლამენტო უმცირესობა ქუთაისიდან აიყარა და თბილისს შეესია. რა ქნან, ეპატიებათ. უნდათ ახლა მაგათ წინასაახალწლოდ პერიფერიაში, თუნდაც საპარლამენტო აპარტამენტებში სხდომა? თანაც, ვაითუ ამ გამოცხადებულმა სამყაროს აღსასრულმაც გაამართლოს! ამიტომ, სჯობს, გეგმიურ თუ დაუგეგმავ განსაცდელს ყველა თავის ჭერქვეშ დაელოდოს. თუმცა, მათი მხრიდან, ოფიციალურ ვერსიად შეურაცხყოფა და უფლებების შელახვა დასახელდა. ვერ გაუთენდა ბედნიერი ნიკოლოზობა მაგათ ნიკალაევიჩს. ქუთაისმა ვერ „უდედაქალაქა“ ნაცებს სათანადოდ. ზოგჯერ ქალაქებიც ადამიანებივით „უმადურები“ ხდებიან. ვისთვის დღეს მართლაც აესვენა უკანასკნელი მზე, თუმცა, ამას მოგვიანებით გააცნობიერებენ. ჯერ თვითგადარჩენის ინსტინქტს კიდევ მოყავს მოძრაობაში წაკვეთილი კუდები... ყოფილ უმრავლესობას უმცირესობის მანტია უჭერს და ცდილობს, უხერხულობა და დისკომფორტი კითხვებით გადაფაროს. უაზრო კითხვებს კი ყველაზე ხშირად ისინი სვამენ, ვისაც პასუხები არ აქვთ... აქამდე ფრთხილობდნენ, ახლა დაფრთხნენ. სიფრთხილე რისკს კეთილშობილებით ოდნავადაც ვერ ჩამორჩება, უბრალოდ სიფრთხილე ნაკლებადრეკლამირებულია, თუმცა, მაგის დროც მოვა... რაღა დაგიმალოთ და, გაცილებით თავმოყვარეები მეგონეთ გავლენიანო ანცებო! ყურს ცუდად ხვდება, კაცობაზე, დემოკრატიაზე და პასუხისმგებლობაზე „ცარიელი ბერკეტები“ და „ოფიციალური რეკეტები“ რომ ლაპარაკს იწყებენ... ვცდილობ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლის განწყობით, ჩავათავო ეს დღე დასასრულამდე, ან დასაწყისამდე. უბრალოდ, ამ დროს მარტო ყოფნა ზედმეტი გვემაა, მითუფრო, თუ სალაპარაკო თემაც არსებობს. გაუმარჯოს სამყაროში განახლებადი ენერგიის არსებობას და წყაროებს! გაუმარჯოს დინამიკას! მათ შორის პოლიტიკურსაც. მაგალითად ევროპული პოლიტიკური დინამიკა თრილერს და ბესტსელერს მაგონებს, ამერიკული – ტრილოგიას, მექსიკური – საპნის ოპერას, რუსული პოლიტიკური დინამიკა მაყურებელთა თხოვნით მრავალჯერ გამეორებულ ერთი და იგივე ფილმს. აი ქართული პოლიტიკა ჯერ კიდევ თვითძიების პროცესშია, თუმცა, ამ პოლიტიკის ზოგიერთ ნაწილზე ძებნაცაა გამოცხადებული. და მაინც არის ჩვენსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განსხვავება – მაშინ, როცა დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი სამყაროს დასასრულზე ბჭობს, ჩვენთან ისევ ნაციონალური მოძრაობის აღსასრული რჩება დღის მთავარ თემად. პარადოქსია, მთელ ამოდენა ამერიკაზე მხოლოდ ერთი ბარაკი მოდის, ისიც ობამა. სამაგიეროდ, ამ ხელისგულისოდენა საქართველოში ბევრი ბარაკია, და, ძირითადად, მხოლოდ მიშას დამსახურებით. ყველა მასშტაბისა და მიმართულების კვლევის შედეგებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, წინ ვართ. ჩვენ – ანუ ბრბო! როგორც დღეს საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა იკადრა... როცა სხვა გამოსავალი არაა, არც უკან მოსახედი, სავარცხელი და სალესი სახლში დაგრჩა, ვა–ბანკზეც უნდა წახვიდე... არ გაემტყუნება–ჯერ კიდევ პრეზიდენტია!..ისე, ობამაც პრეზიდენტია და მისმა ხალხმა ლამისაა ჰავაიზე საშობაო არდადეგების გამო ჯვარს აცვას. ოჯახთან ერთად გახარჯულ 5 მილიონი დოლარზე ამერიკელი გადამხდელები პასუხს ითხოვენ, თანაც კატეგორიულ–მრისხანე ტონით. რაღა დაგიმალოთ და, ძალიან გასვლია თავს, ამ მასშტაბებს ჩვენი მიხეილი არც იკადრებდა... არც რომელიმე ქვეყნის პრემიერ მინისტრთან საჯარო ფლირტს იკადრებდა და არც მისი მეუღლე აღშფოთდებოდა, რომც ეკადრა... და ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს რა ნიკოლოზობა გაგითენდა გუშინ ნიკალაევიჩ! „მე დაცვა არ მჭირდება ჩემი ხალხისგან და არავისგან. მე არც ქონება მაქვს დასაცავი..– ეს ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ბრძანა მუქარის ინტონაციით... "ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის "სხვა რეჟიმზე" გადადისო - ეს კი ვანომ ბრძანა! და ისიც დასძინა, – მისმენენო! ამას ვინ წარმოიდგენდა?! – ვანომ თქვა, მისმენენო! მართლა ამაოება ყოფილა ეს ცხოვრება... ასეა – ხან შენ მოუსმენ, ხან ისინი მოგისმენენ და კი ჩაივლის ამასობაში ჩვენი, ანუ ბრბოს „მიყურადებული“ ცხოვრებაც... ... და ალიონზე თეთრ დუქანთან სტირის არღანი... და არა მარტო არღანი. მგონი მართლა დაიწყო! რა დაიწყო და საახალწლო ფასდაკლებები საოჯახო ტექნიკაზე და გრანდიოზული სანახაობა – „ნაციონალების მეორედ მოსვლა –3“ „მატოოორრრრრრრრ!“–ო თქვა იმან, პრეზიდენტს და მოქალაქეს რომ უწოდებს თავს და გულში რომ სხვა რამეს ფიქრობს. მიშას გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა! აღარ მემღერებაო, დაიწკრიალა კულტურის ექს– მუშაკმა! დაიწკრიალებს და მოეშვება! არც თავს მოიკლავს და არაფერი... წავა სახლში და იატაკს ან ჭურჭელს დააწკრიალებს, მეტი ხეირია... ეჰ... ნინა–ნინა, ჩვენო ნინა! არამგონია, ეგ კატეგორია სამყაროს აღსასრულს არ განიცდიდეს, მაგრამ მაგათთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, – რა ჩაიცვან ახალი წლის ღამეს? ყოფილი და დღეს უკვე წინასწარპატიმრობაში მყოფი ჩინოვნიკები მთელს იმედებს სამყაროს აღსასრულზე და სანტაზე ამყარებენო. სანტა ყველაზე რეალური შანსია მათთვის საკუთარი შემოსავლების დეკლარირებისთვის. ასეა, თუ ცოდვამდე სულ პანღურით და ყურით მიგათრიეს, მერე უკვე ცოდვაა, ამ ცოდვით არსარგებლობა. ახალ ჩინოვნიკებს მთლად სანტას იმედი ნუ ექნებათ. გავიზარდეთ უმრავლესობა და მეზღაპრეებს რეალობის ჭრილიდან ვუჭვრიტინებთ. არც ნაოცნებარი დაგვვიწყებია და არც დანაპირები. აქ ვართ და გელოდებით! როგორც მოჭადრაკეები ხუმრობენ, – ნუ ჩქარობთ, თორემ, სიჩქარეში წაგების მოსწრებაც შეიძლება. ხოლო ბომბში ჩამონტაჟებული საათი ყოველთვის ზუსტ დროს აჩვენებს. რაოდენობა, სამწუხაროდ, ყოველთვის ხარისხში ვერ გადაიზრდება. არც ბევრ პატარ–პატარა სიამოვნებას აქვს ყოველთვის დიდ ბედნიერებად გადაქცევის შანსი... თქვენი არ ვიცი და მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ, სამყაროს აღსასრულის დადგომისთანავე! ხვალამდე და ყავამშვიდობისა ! კატო ჩულაშვილი
  20. ზოგიერთებისთვის რომ გეკითხათ, ერთი დღის წინ, მინიმუმ, სამყაროს დასასრულის გენერალური რეპეტიცია უნდა დაგვეგემოვნებინა. არადა, ჩვეულებრივი ხუთშაბათი გათენდა – საწოლიდან არგამოძრომის დაუძლეველი სურვილით. გუშინ, მთელი დღე, მიყურადებული ვიყავი იშვიათი ბუნებრივ–ქრონოლოგიური მოვლენის (ანუ დამთხვევის) მარკეტინგულ შეფუთვებს. რატომღაც მეგონა, „თვრამეტი–თვრამეტი!“–ს ნაცვლად, „თორმეტი–თორმეტი!“–ს იტყოდნენ, ფასდაკლებულ საუკეთესო ხარისხის ტექნიკას „გარანტირებული აღსასრულით“ შემოგვთავაზებდნენ, სარფიანი იქნებოდა „სამყაროს აღსასრულის“ „პირველი ხელიდან“ შეძენაც, პირველი 100 მყიდველისთვის სერიოზული ფასდაკლებით და გადაყიდვის შეუზღუდავი უფლებით. ველოდე, მაგრამ ... იყო თორმეტგრადუსიანი ორიათას თორმეტის მეთორმეტეს თორმეტი... თოვლიც კი არ წვიმდა! ადამიანები იღიმებოდნენ და მხოლოდ „ნაციონალები“ ქირქილებდნენ – ჯერ სადა ხართო!? „ნაციონალური“ კალენდრით, მოლოდინების და იმედგაცრუებების ოთხწლედი წინ გვაქვს. კიდევ რევანშისტული აპრილი და დამნაშავედქცეული ოქტომბერი. არც იოცნებოთ სამყაროს აღსრულებაზე, ახლა სიკვდილი თქვენთვის ბაირამობააო!... ხუთოსნების განწყობა და მიდგომა გასაგებია – მთავარია, ჯერ ვანოს და მერე ბაჩოს მიერ დაყენებული „პალაჟენია“ არ გაექცეთ ხელიდან. კრიმინალურს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თორემ მაგათი ბერკეტოვანი კეთილდღეობა გაქცეულიცაა უკვე და დაქცეულიც. ვერც „ქალაქიდან“ გიჟუა მაკკეინის ჩამოყვანამ უშველათ, ვერც მისმა შეშფოთებულმა ჰამქარმა. – ყავას ნუ შემოგვთავაზებთ, მახოხს გეახლებით აეროპორტშიო... დამშვიდდით ხალხო! ნუ აგინებთ ამ თავისებურად პატივცემულ საზოგადოებას და ამერიკელებს. მაგათ დიდი დღე აღარ უწერიათ. ამერიკაში მალე სექსს აკრძალავენ, რათა იმპოტენტებს მორალური ტრამვა არ მიაყენონ, ჰოდა... ჰოდა, ამ ვიღაც თუ რაღაცეების უფლებების დაცვაში, აგერ ჩვენი ნაციონალური სიამაყის – ხინკლის გაუპატიურების მცდელობაა სახეზე. გვარს არ დავასახელებ და, ერთ–ერთ ქართულ რესტორანში, ეგზოტიკურობის მოტივით, კობორჩხალის ხორცის ხინკალი იხვევა. მოხვევას ვინ ჩივის, რეკლამირდება... სასწრაფოდაა ჩამოსაყალიბებელი პოლიტიკურად სტრატეგიული კვების პროდუქტების ნუსხა. მხოლოდ ბორჯომის, ქართული ჩაის, ქაცვისა და ჰიბრიდული სიმინდის დრო წავიდა! და რას მიკეთებს ამ დროს არასამთავრობო სექტორი? ახლა ერთი ჩემი მეგობარი მიპასუხებდა – რას მიკეთებენ და სკდებიან კოფე–ბრეიკითო! ყავა ჩვენი და მათი არსობისა! – მისწრებაა „უხერხულ“ სიტუაციაში... უხერხულობაზე თუ მიდგა საქმე, რაც ბიძინამ თავის ჩინოვნიკებს „დამართა“, უხერხულზე მეტია. –„ამაზე ვოცნებობდითო?“ –გაოცებას ვერ ფარავს თურმე ზოგიერთი. რას იზამთ, პიკასო მაგით „ერთობა“ და შეეგუეთ! არც პრემიებიო, არც „დაჩებიო,“ არც ძვირადღირებული ავტომობილები, ვოიაჟები და ორგიებიო და აბა მარტო ხელფასზე და იმუნიტეტზე ვინ „იპახავებს“? ეჰ... ივანიშვილის ხელში ჩინოვნიკობამაც კი დაკარგა თავისი განუმეორებელი ხიბლი... არ შეიძლება ასეთი ინიციატივები, ბატონო ბიძინა. ვინმეს ხომ უნდა დაეყრდნოთ ?! ვერ ხედავდით, მაძღარმა „გუნდმა“ რამდენ ხანს „გააქაჩინა“ წინა ხელისუფლებას? პროგრამა – ჩინოვნიკები პრივილეგიების გარეშე – თუ ხუთოსანთა მხოლოდ საპროგრამო „ღიმილიან საქართველოს“ რეალურად უზრუნველყოფს, მაშინ ჰოო!.. საშინლად მძიმეა სელისუფლების სათავეში ყოფნა... დაიჭერენ ვინმეს და, თუნდაც ამის უკიდურესად პირადული მოტივი არსებობდეს, მაინც პოლიტიკური საქმე გამოდის. სასარჩულე ქსოვილის დიდი პარტია აქვს შემოტანილი უმცირესობას, როგორც ჩანს. ამდენი მოუგვარებელი პრობლემის მიუხედავად, მაინც „ცალბორტიანი“ მიხეილი მიდგას თვალწინ. ეგ ცალი ბორტი, მის რეალობაში, წელის ზონაში ვარაუდით გამოვიტიჩკებული პიჯაკებით დაიწყო და საჰაერო ტრანსპორტზე დაუსრულდა. სასწრაფოდ „ დასაგუგლია“ საკითხი – მსოფლიოში „ცალბორტიანი პრეზიდენტების“ სტატისტიკის შესახებ. თუ მიხეილი პირველია, – გაუხარდება და თუ მისნაირები სხვებიც არიან, ეგებ, დამშვიდდეს. რაც მთავარია, ქალაქის თავი –გიგი მშვიდობით ჩაფრინდა ავსტრიაში, საყვარელიძე არ იშლის საყვარლობას და პირდაპირ სტრასბურგში ჩაფრთხიალდა, თურმე, წუხელ სასწრაფო და საქმიანი ვიზიტით. გაფრენამდე პროკურატურას გაუძალიანდა, – ივანიშვილი ჩემს წინ გაატარეთო! არაა ეს ბიჭი დასაკარგი, უბრალოდ, ცუდ წრეში მოხვდა. სადღაც მართალიცაა თავის ულტიმატუმში – თუ არ გასინჯე, როგორ მიხვდები, რომ, შავ ხიზილალაზე ალერგია გაქვს? დავით, შე საყვარელო! უმცირესობის თვალის ჩინო და იმედო! თუ ცირკის დირექტორობა გინდოდა და სტრასბურგში გაფრთხიალებას აპირებდი, გეთქვა პირდაპირ, რას იწუწუნე კბილაშვილის თანამდებობაზე? საზოგადოებაში ჩატარებული გამოკითხვის გადაწყვეტილებით, თეა თუთბერიძემ სასწრაფოდ უნდა გააჩინოს მეორე შვილი, თორემ მისი მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტები და კრიტიკულს მიღწეული მზრუნველობის დონე სახიფათო ხდება მზრუნველობის ობიექტებისთვისაც კი და ახლა ივანიშვილის უსაფრთხოებასაც გადაწვდა. ოქტომბრამდე სახელისუფლებო რესურსებით მოფარიკავე „ნაცმო“ ახლა ძონძებზე კონსერვისქილადაკიდებულ იმ ბრიყვ მგელს გავს, ყველა მიზეზით და უმიზეზოდაც რომ იმუქრება – აბა დამაცადეო! გაცადეთ ბატონო 9 წელი და რა?.. ისეთი პირი უჩანს, უპირობოდ ხუხაშვილ –ელიაშვილის ტანდემისა და მათი საგმირო "თეთრეულის" რეცხვა–გამოფენა–გაშრობა იქნება . არარეიტინგულ „მეცხრე არხს“ რეიტინგული „9ინფოს“ გმირი, დედა, მამა და ვითომ–მარჩენალი ელიაშვილი „ამოქაჩავსო“, – „ყველაფრისმცოდნე“ და „მილიარდელების რისხვა“ ხუხაშვილმა. მართალი გითხრათ, შორიდან კი მეგონა მაგ არხზე ის წყეული კოჰაბიტაცია, მაგრამ, ახლოს რომ მივედი... ერთი ჭკვიანი ადამიანისგან გამიგია – დესანტი ავად არ ხდება, ის ან ცოცხალია, ან მკვდარიო! წავალ, „ჩანერგილების“ პერსპექტივებზეც ვკითხავ... თუ რამე საიმედო გავარკვიე, შუქის და გაზის ტარიფივით კი არ დაგიმალავთ?! დაგპირებივართ რამეს და არ შემისრულებია? იმიტომაც არაფერს გპირდებით, მერე, ვიღაც–ვიღაცეების ნაცვლად, უხერხულობამ კანზე რომ არ გამომაყაროს. ყავა–მშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  21. სამყაროს გადატრიალების ჩემეული გეგმა საწყის ეტაპზევე დაიმსხვრა – როცა ამ დილით შვიდის ნახევარზე გაღვიძების პროცესში ვერაგულად მძლია ძილმა... მაღვიძარამაც დარეკა და მეზობელი კედლიდანაც მომიბრახუნეს, უბრალოდ დამეზარა...სიზარმაცე ქვეცნობიერი სიბრძნეაო და, შეგვიძლია, მომავალში, თავის მართლების პროცედურისას, ეს ვერსიაც გამოვიყენოთ. მე უფრო ის მაინტერესებს – სატელეფონო ზარი დეპრესიის ლიმიტის ამოწურვასა და მისი გაგრძელების პირობებზე ცხადი იყო თუ დამესიზმრა. დღეს, ყველა წესის დაცვით, ბანკის წარმომადგენელს უნდა დაერეკა. ორშაბათობით კარგად მაქვს დაცდილი. არ დარეკა. 21–ის მერე გადმორეკავს, იმედია... მეგობარმა მომიკითხა გუშინ – რას შვები?– როგორ ხარო? – 21–ს ველოდები–მეთქი! – რა ხდება, სად ვქეიფობთო? გულწრფელად შემშურდა მისი არაინფორმირებულობის.. ვერ ვიტყვი, რომ პირველად შემშურდა... ზედმეტადინფორმირებულობა უფრო მეტ გართულებებს და დისკომფორტს იწვევს, მე თუ მკითხავთ... როგორ უნდა „მოინდომო“, რომ რაც ამ დღეებში 21 რიცხვის მოლოდინებზე იწერება, გამოგრჩეს?! ეგ კი არა, ზოგიერთები, „ოცნების“ შემდეგ ამდენ იმედგაცრუებას ნამდვილად ვერ გადაიტანენ და, იმ შემთხვევაში, თუ 21–მა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, აღშფოთებულები ქუჩაში გამოვლენ და, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, იმ რაღაც „დასასრულსაც“ მოაწყობენ. პირადად არ ვარ მომხრე ქუჩის აქციების. ცივილური გარემო, სითბო, კომფორტი და მოლაპარაკების მაგიდა მირჩევნია ყავის ფინჯნით დამშვენებული. კანონმორჩილ მოქალაქედ ვთვლი თავს. მეტიც, კანონის ისეთი რიდი მაქვს, სულ ვცდილობ შორიდან შემოვუარო ან გვერდი ავუარო. ჩვენ, კულტურულმა საზოგადოებამ, უკვე ვიცით, რომ სოციუმი ცხოველთა სამყაროსგან მხოლოდ თავისი არასრულყოფილი კანონებით განსხვავდება! ჩამოყალიბდით, ბატონებო! ჩამოყალიბდით! ”ტაბულას” რედაქტორმაც კი მოგიწოდათ უკვე ხელისუფლებას. თქვენც ადექით და ჩამოყალიბდით რა, ჩერგოს ჯინაზე მაინც. დიდი ამბავი, ჩერგომ თუ არ იცის რომ შეუგუებლობა და შემგუებლობა ერთმანეთს არ გამორიცხავს?! არადა, როგორც ჩემი მეგობარი კონფუცი ამბობს, – ფიქრი კი არა ცოდნაა საჭირო! კონფუციზე და ჭეშმარიტებებზე გამახსენდა, იმ დღეს ჩემს მეგობრებს შევუარე ერთ ბრენდულ ოფისში. ნეტავ არ შემევლო! რა ცდუნებასაც მე იმ რაღაც „ტიანდე“–ში გავუძელი, „ტიტანად“ უნდა ვმუშაობდე წესით და ხელფასი მქონდეს 1500–2000 ლარამდე, პლუს მაგ მოცულობის სახელფასო დანამატით ან პრემიით (სახელწიფო უწყებების სტილში, პარლამენტის თამადობით.)... იმ ოფისიდან წამოსულმა, მეორე მეგობარს ვურჩიე, ტიბეტური ფარმაცია საუკეთესოა–მეთქი და იცით რა მიპასუხა? – კარგი რა, ვისთვის წავიტყიპნო ეს ყველაფერი, ადრესატი ხომ უნდა ყავდესო?! მართლა კარგით რა! როდის მორჩებით, ბოლოს და ბოლოს, მეორე და მესამე პირებზე ორიენტირებული ცხოვრებით სპეკულირებას?! ჯერ ერთი არავინ დაგიფასებთ, მეორეც, ჩვენ ყველა ჩვენთვის გვინდა –შვილებიც, მშობლებიც, დებიც, ძმებიც, მეზობლებიც, მეგობრებიც, მტრებიც კი. ადამიანი ხომ ყველაზე ეგოისტი ძუძუმწოვარია. ჩემს სრულყოფილებას საზღვრები არ აქვსო, ტყუილად კი არ გაიფიქრა ჩვენი მაიმუნობის შემხედვარე მაიმუნმა. ბრძენ და გამჭრიახ აღმოსავლეთში დიდი ხანია უწყიან, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან კომფორტია… ჰოდა, ნუ აქცევთ თქვენი ცხოვრების წიგნს საჩივრის წიგნად. ეჰ! და მართლაც, რა არის ზოგიერთის ცხოვრება – ინტერნეტი. დაიბადა–დარეგისტრირდა და წავიდა... გულდასაწყვეტი ისაა, გასული საუკუნის სამოციანებში მომხდარი სექსუალური რევოლუციის არსი ახლა სექსზე ინტენსიურ საუბრებსა და დებატებში მდგომარეობს. იმ დღეს ცხოვრების არსზე ვბჭდობდით მე და ჩემი კიდევ ერთი მეგობარი კონფუცის მხრიდან. გამაოცა მისმა ცხოვრებისეულმა ჭვრეტამ – რომ დაუფიქრდე, ყველაზე ცუდი პროფესია მეძავებს აქვთო, ეგ საწ####ბი ნეტა სამუშაოსგან თავისუფალ დროს თავს რითი ირთობენო?.. ჰოდა, ნეტავ რითი? ეს მეცნიერებიც რა უცნაურები არიან, ცხოვრების არსს სხვა პლანეტებზე რომ დაეძებენ... არადა რა მარტივი ფორმულაა – ცხოვრებაში უნდა იყოს მეტი სიყვარული და სიყვარულში მეტი ცხოვრება! რას დავაკვირდი იცით? რაც უფრო ბევრ ინფორმაციას ვიღებ, მით უფრო ბევრი რამ ხდება გაუგებარი. კიდევ იმას დავაკვირდი, რომ ზოგიერთი თანამდებობის პირის თავის ქალიდან ჩამი–ჩუმიც არ ისმის. იმასაც, რომ, ყველაზე ხშირად ადამიანებს PRADA–ს, CC–ს ან Armain–ის აქსესუარებით და Birkin–ის ხელჩანთებით, სამარშრუტო ტაქსში შეხვდებით. პარადოქსების განუმეორებელი ხიბლი... სინოპტიკოსების და სტატისტიკოსების ვარაუდით, საახალწლოდ ჩვენში ხორცის სერიოზული დეფიციტი შეიძლება დაფიქსირდეს. დაფიქსირდება აბა რა?! – ღორები ხალხში გავიდნენ, ძროხები დათხოვდნენ, თხები დაქორწინდნენ, ცხვრებმა დისერტაცია დაიცვეს და სახელმწიფო მართვაშიც ჩაერთვნენ. ქათმები ამ ყველაფერზე სიცილმა დაწყვიტა. ეს პალიასტომის ბაყაყები კიდევ საჭმელად ჩინელებმაც კი დაიწუნეს – მაგარი და მშრალი ხორცი აქვთო... ჰოდა მაგათ კი აქვთ საყიყინოდ საქმე. ორშაბათი კი დაგვისხლტა ხელიდან ამ „ტიტანურ შრომაში“, მაგრამ დღის წესრიგში რჩება ხვალინდელი სამუშაო პროცესის ჩაშლა დილიდან ერთი უწყინარი დამთქნარებით. რატომ ვმავნებლობ? აბა რაღადროს მუშაობაა, ხალხი აგვისტოს მერე სამყაროს დაქცევისთვის ემზადება. აგვისტოდან ჩვენ არ გვეცალა – ოქრომბრისთვის ვემზადებოდით. მაინტერესებს, რა მიზეზს გამონახავს ქართველობა ამჯერად, რომ ქვეყნიერების დასასრულის წინასადღესასწაულო დღეები მიაფუჩეჩოს. რა ორშაბათზე მისაყოლებელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ, მინდოდა კვირის პირველი დღე ნებიერად შემომეპარებინა... ჩემს შეფასებაზე ნუ იწვალებთ, ჭეშმარიტი ტალანტის შეფასება შეუძლებელია... „ცნობადი ქალბატონების“ თვითშეფასებისთვის თურმე ვიღაც–ვიღაცეების შურიანი გამოხედვა საუკეთესო კრიტერიუმია. ეგებ, ოდესმე, მეც ვცადო... ამჯერად კი ისევ ყავმშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  22. ხუთშაბათია და ეს კვირაც უკვე წელში მოიხარა... გარდატეხის პერიოდი აქვს ბუნებას. თოვლი ჯერ მხოლოდ წვიმს...როგორც „ჩვენი ნატო“ იტყოდა, – „ დეკემბერი დადგაო და“... თუმცა, ვისთვის დადგა, ვისთვის გავიდა, ვისთვის გამოვტოვეთ... ჩემს ეზოში ჯერ კიდევ სიმწვანეშემორჩენილ ალვებს მთლად შრიალში ვერ „დავაბრალდებულებ“, თუმცა, სიშიშვლეს შეძლებისდაგვარად უფარავენ რეალობას და, ამისთვის, მადლობა მათ. ზამთარს მოსვლა დაუგვიანდა თუ შემოდგომას წასვლა, მაგაზე ეტაპობრივად ჩამოვყალიბდებით. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? გახმაურებულ ვერსიას თუ დავუჯერებთ, კაცობრიობამ ტაროსის მართვა ისწავლაო: მაგალითად, ფანჯრების დაწმენდა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იწვიმოს, წვიმის შესაჩერებლად სახლიდან გასვლისას, წინდახედულობის ფორმატში, ქოლგის გაყოლებაც კმარა... ზაფხულის შვებულება ზღვაზე წვიმების საერიოზული გარანტიაა, ზამთრის შვებულება სამთო კურორტზე – თაკარა მზის. თუ თადარიგს დაიჭერ და თხილამურებს შემოდგომაზე იყიდი, ზამთარში თოვლი სანატრელი გაგიხდება. ჩაასხამ ავტომობილში იმ ლურჯ სითხეს და ყინვას საოჯახო საყინულეშიც ვერ ეღირსები. მოკლედ, არის რაღაც დეტალები, რომლებიც დახვეწას ითხოვს, მაგრამ, 21 დეკემბრამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ოპტიმალურად მოაზროვნე პესიმისტების გათვლებით. მთავარია, ნერვებმა გაგვიძლოს და „სამყაროს დასასრული“ არ დავაღალატოთ ჩვენი უემოციობით. ინტერნეტპროვაიდერებმა კი გაითვალისწინონ, რომ ყველაზე მავნე ნერვული სისტემისთვის – ნელი ინტერნეტია! საზოგადოების მცირე, მაგრამ მაინც ერთი ნაწილი აპრილს ხსნასავით ელოდება. აპრილი, ტრადიციულად, ხუმარა–ცრუპენტელაა, ხოლო მუსიკალურად – „ლურჯი“... „ნაციონალური“ ძალების ირგვლივ, თითქოს, ჯადოსნური წრე შეიკრა. სიმბოლოები აღარ წყალობენ, ინტუიციაც სულ ღალატობთ და ღალატობთ... ერთი ჩიორა რომ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ეგ თავადაც იციან, უბრალოდ, ჩიორას ხელფასის არაფრის კეთებაში აღების და კიდევ პოლიტპატიმართა სიის სცხვენია. ამიტომაც გამოსცემს სახასიათო ხმებს სახასიათო მიმიკით. გაზაფხულს ჩიორა კი არა საპარლამენტო უმცირესობის „მის უმცირესობა“ – მარიამ საჯაიაც ვერ მოიყვანს, მთელი თავისი უნაკლო ვიზუალით. იმედია, მე–2 არხი მაინც არ დაუკარგავს ამ ბავშვს ღვაწლს. აღნიშნული ეთერი ყურებადი გახდა სწორედპარლამენტარ საჯაიას წყალობით. "ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია... რას იზამთ ჩვენო პატივცემულო უმრავლესობავ და უმცირესობავ! რახან საზოგადოებამ ნდობა გამოგიცხადათ, პარლამენტარის იმუნიტეტითა და პულტებით შეგაიარაღათ, კეთილი ინებეთ და ქეთრინ ეშტონისეულ იმ რაღაც კოჰაბიტაციასაც გაუძელით. პარლამენტარის მანდატი მარტო კარგი ხელფასი და უზრუნველი ცხოვრება აღარაა... არ უნდა იყოს ეგ კოჰაბიტაცია ასე საშიში. მთელი ქართული მედია მაგ ერთი სიტყვით ენაბრგვილობას მკურნალობს და არც ისე ცუდი შედეგებიც აქვთ. ქალბატონი ეშტონისადმი ერთი თხოვნა კი გვექნება ქართველ ამომრჩეველს – შემდეგ ჩამოსვლაზე რაიმე ისეთი სიტყვა გამოგვიყოლოს, ტვინს რომ ფილტრავდეს, თორემ წაგვლეკა ზოგიერთის „ნალექ–ნადებმა“... „ჩუმი–ჭკვიანი“ ხომ კარგია, მაგრამ ჩუმი –ბრიყვი – საერთოდ ცხოვრების საჩუქარია! თუმცა, ჩვენ მაგის ბედი ვინ მოგვცა? ! ბრიყვზე და ბედზე გამახსენდა, ხომ არ იცით, სად მოვიძიო „სექსუალური შინაარსის პროდუქციის“ ჩამონათვალის, რომლის გამოც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილება შეიტანა. კიდევ ის მაინტერესებს, რატომ უჭირთ კანონების და ბრძანებების სწორად გაგება „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და“ რუსთავი2“–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსებს? წამლის სააგენტოს ერთდღიანი ბრძანება რომ 4 დღის მერე დიდი აურ–ზაურით გაახმოვანეს და ნერვები თითებზე გადაუთვალეს წამლის, ღვთისა და „გაუზრდელი პენსიის“ იმედად დარჩენილ პენსიონერებს? ამაზე მეტი კი არაფერი დაუშავებია , თავის დროზე, „მოდელირებულ ქრონიკას?!“ თუ ბრძანების შინაარსს ვერ იგებთ, ვერც მოვლენებზე ოპერატიულ რეაგირებას ახდენთ, გადადექით! ყოველთვის მოინახება შემცვლელი უფრო განვითარებული ჟურნალისტური ეთიკით... კიდევ რა მაინტერესებს იცით, რა უნდა გოგა ხაჩიძეს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში? ხომ ხედავთ, დაიბნა და გაიტანჯა ბიჭი?! უნდა დემოკრატიაზე, კანონიერებაზე, ქვეყნის სიყვარულზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე ლაპარაკი, მაგრამ რაც არ იცის, როგორ ილაპარაკოს?! ამიტომ „ოხრებს“ მიეკედლა და ოხრობაზეც ილაპარაკებს. ხაჩიძის ყოველ გამოჩენაზე სულ ვოვოჩკას ანეკდოტი მახსენდება – ვიოლინოს დაკვრისას ხელები მიოფლიანდებაო, რომ ჩიოდა. – ეგ ოფლი კი არაა, ვიოლინოს ცრემლებიაო, – რომ დააკვალიანეს... ხაჩიძის მორიგი ოცნება ბიძინა ივანიშვილთან 1 მილიონ დოლარზე დანიძლავებაა, რომ სამყაროს დასასრული არ იქნება 21 დეკემბერს. მონახა გამდიდრების შესაფერისი ფორმა. აბა შავერდაშვილივით ხომ არ გათავხედდება და ტელევიზიას არ მოითხოვს ლარში? "თავისუფლების ინსტიტუტის კურსდამთავრებული თეა თუთბერიძე არჩილ კბილაშვილს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. რაც მთავარია, ეს ამბავი კბილაშვილს არ წყინს... და, ამ შემთხვევაში, ვეთანხმები ბატონ კბილაშვილს... თაკო სალაყაია საზღვარს გასცდა თუ არა უცოლოდ დარჩენილ ივანე–ლევან მერაბიშვილ–მაისურაძეს უკვე მესამე პასპორტი შეუკვეთავს აბეზარი მდედრი თაყვანისმცემლებისგან თავდასაცავად. ალბათ ვანოობა არაა საკმარისი. სულ მცირე, ქალბატონი მაყვალა მაინც უნდა იყო, რომ აზერბაიჯანის პერსონა ნონ –გრატობა მაინც „ გაიჩალიჩო“. ნიჭი, ძამიკო! ნიჭი!.. საზოგადოებას აინტერესებს – როდის დამთავრდება „სატესტო რეჟიმში“ ცხოვრება? ხომ არ დაემთხვევა პროცესის დასაწყისი პროცესის დასასრულს? დაგვტესტეთ ბატონო, „დაგვთაგეთ“ და „მიგვაშეარეთ“ დროზე, რომ საუბრის და თვითგამორკვევის რეგლამენტი საქმიანი რეგლამენტით შეიცვალოს, თორემ „ოცნების“ მომხრეებს უკვე ეზოში გავლა გვეზარება. ისევ ნაციონალი აქტივისტების სალაპარაკო გავხდით გიგის 100 ლარიანი ვაუჩერის გადამკიდე. დაგასწარით! ისიც ვიცით, რომ „საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი მტრის წისქვილია.“ სულელს ყველა კითხვაზე ერთი პასუხი აქვს, ჭკვიანს – ყველა კითხვაზე თავისი პასუხი, ბრძენს –ყველა კითხვაზე თავისი კითხვა, ხოლო გენიოსს –ყველა კითხვაზე ერთი პასუხი... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
×
×
  • შექმენი...