Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.627

როზას ახდენილი ოცნება, ნამინისტრალი სოფელი, ნეტარი ჩერგო და სიცოცხლისა სიკვდილითა დამთრგუნველი!...


katya

2.811 views

blog-0968548001368463813.jpgროცა ჩემთან საუბარს იწყებენ სიტყვებით: „ ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ“... მარტივად ვპასუხობ – „რა თქმა უნდა!“ და ვცდილობ, იქაურობას სწრაფად გავეცალო...

ცხოვრებისგან ვიღებთ მხოლოდ იმას, რისიც გვჯერა. თუ გჯერა, რომ ცხოვრება მშვენიერია, ის მართლაც მშვენიერია. გჯერა, რომ ის სასტიკია? მოგიწევს სისასტიკესთან შეგუება... გჯერა, რომ გამოსავალი არ არსებობს? – ვერც იპოვი გამოსავალს...

დაგთრგუნეთ ხომ ამ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში?!

ასეა საჭირო და მიტომ... ისე არაფერი გამოვა, თუ სტერეოტიპების მიმართ ეჭვები არ გაგვიჩნდა და ხვალინდელი დღის რწმენა არ ვისწავლეთ. კიდევ დღევანდელი დღით ცხოვრება და სხვების პრობლემებზე ფიქრი.

ვინ თქვა, რომ რუხი თაგუნიებისგან რუხი კარდინალები არ იზრდებიანო?..

დედიშობილა საზოგადოებაში გაცილებით მარტივია საუბარი თანასწორობაზე.

ვგიჟდები „ნესტაროსნების“ დაუწერელ კანონებზე – კრაზანა ან ფუტკარი სხვისი დანესტრვის შემდეგ კვდება. ზოგჯერ ისე მინდა, ასეთი რამ ადამიანებზეც ვრცელდებოდეს ...

ერთი კვირისთვის საკმარისად ვიფილოსოფოსეთ, თუმცა, შეფასება დაგვავიწყდა – რომელიც დაახლოებით ასეთია – „ დედა! რა იყო ეს!?“

მიხეილ ცაგარელისგან და მისი ჭორიკანა ვარსკვლავებისგან ამას არ მოველოდი. რას მიკეთებენ, თუ ასეთი ამბები იგეგმება ჩვენს წილ კოსმოსში? თუ პლანეტების განლაგებას ვერ ცვლით, გაგვაფრთხილეთ და ჩვენ გადავეწყობით პლანეტების ორიენტაციაზე.

გასული კვირის თემები ისეთი მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყო, კვირა კი არა, ასე მგონია, ხუთწლედი გავიდა.

დემოკრატია აქამდე და სხვაგან თუ ნებაზე იყო, ახლა და ჩვენთან მორევაზეა. დიახ! ამის მაგალითი, პრემიერის განცხადებით, თანამედროვე შუხუთია...

„ნაცილიკოსი“ სააკაშვილი, მართალია, გასულ კვირას ჯონ ქერის შეხვდა, მაგრამ მშობლიური აშშ–დან ისეთი არეული დაბრუნდა, ყვარლის მთებს მიაშურა, რეალობას განრიდებულმა.

საქართველოს ისტორია ხომ დააწერინა ხელახლა ვინმე მასხარაშვილს, მაგრამ, მოგვიანებით, მასშტაბებმა არ დააკმაყოფილა – საქართველო მაინც პატარა ქვეყანაა, ამიტომ, როცა მიღებული თუ მიუღებელი დოზისგან აცხელა თუ აცია, თავად, არც მეტი–არც ნაკლები, „ძველ აღთქმას“ მიუხტა და იქ ამბები დაატრიალა... აღდგომის კვირას მისმა ერთგულმა მომხრე მართლმადიდებლებმა, ენდრო ლამის „ბოროტების მცენარედ“ გამოაცხადეს, ხოლო აღდგომის სიხარული – შეცდომაში შეყვანილი ოპტიმისტების ბოდვად... დიახ! პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და დიდი მონდომებით, ცვლილებები განიცადა სააღდგომო გალობამ და, ამიერიდან, „სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი“–ს ნაცვლად, „სიცოცხლის სიკვდილით დამთრგუნველი“ სიხარული გვეწვევა ხოლმე.

მიხეილის ოინების მიუხედავად, ის კვირა მაინც ღარიბაშვილის „ვნების კვირად“ იქცა – ჯერ სტუდენტ–ანარქისტთა აქცია იყო, მერე სოფლის მეუნრეობაში გაუჩინეს თავსატეხი, ბოლოს უკანონო და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება... რა ქნას ამ ღარიბაშვილმა? მარტო მუშაობს და რა იცის, როდის იქნება ის ნაოცნებარი კეთილდღეობა და დემოკრატია?!

აქამდე ჩვენს ბჭობაზე მხოლოდ ღმერთი იცინოდა. ახლა ყველა იცინის, ვისაც არ ეზარება.

მე თუ მკითხავთ, ჩვენი პრობლემა რაშია იცით? მართლა ძალიან პატარაა ეს საქართველო, მისი დედაქალაქი – კიდევ უფრო პატარა. ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავი და მეგობარი თუ არა, „ყვავი – ჩხიკვის მამიდა“ მაინცაა.

და ამ მიკრო–კომპაქტურ სივრცეში თანაარსებობენ თითქოს უცნობი, მაგრამ უხილავი ძაფებით ერთმანეთზე გადაბმული ადამიანები – ეპოქალური ნაცნობები, პარტნიორები... ყველაზე რთული თემა მაინც საერთო წარსული და ასეთივე ინტერესებია.

საქმიანად და მონდომებით რომ ჩაუჯდე, ისეთი მჭიდრო ჯაჭვი შეგრჩება ხელში, საქმის უშუალო გამფუჭებლობას თუ გადაურჩი, დანაშაულზე თვალის დახუჭვის, წაყრუების ან წამუნჯების გამო სინდისის ქენჯნას მაინც ვერ გადაურჩები.

„წუთებზე სიმაღლიდან ნუ იფიქრებო!“ და ეგეც ჩვენ!

გაზაფხულის მერამდენე გაელვებაა სოსო ალავიძის გამოჩენა „საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, თავად უკეთ ეცოდინება. კარგია, რომ საზოგადოებას მეხსიერება ჯერ მწყობრში აქვს და ალავიძის „ღვაწლიც“ თბილისის სინამდვილეში ჯერ კიდევ ელავს. სოფლის მეურნეობის ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეში მის ბრალეულობას და ინტერესებს ღარიბაშვილის ძიება, იმედია, დაადგენს და თუ ერთხელაც ალავიძეს არაგეგმიური შემოდგომა დაუდგა, ადგეს და ფორტუნას დაქალ თემიდას დააბრალოს.

სხვისი არ ვიცი და მე კი მენიშნა სოსო ალავიძის „გაელვება“ ქართული სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში ჩეხური კომპანიის „დამძალებლად“ და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის მიერ დარეგისტრერებულ შპს "თეო-ნუტსკა ს.რ.ო."-ს პარტნიორობაც.

სხვის ჯიბეში ფულის თვლა ცუდი ჩვევააო, ბებიაჩემისგან გამიგია, მაგრამ ლაშა ნავცლიშვილის დეკლარაციას რომ გადავხედე, ანუ ფინანსურ მიმოქცევას მის სახელზე 2012 წლის ნოემბრიდან, მარტივად მივხვდი, რომ ასეთი ტიპების ჯიბეების შემოწმება არც ისე უსარგებლო საქმეა. სერიოზული გარანტიების გარეშე ამხელა სესხებს ამხელა ვადით ქართული ბანკები არ იძლევიან.

აი ქართული ბანკები კიდევ ცალკე თემაა, რომელზეც ჯერ–ჯერობით თავს შევიკავებთ, „ძიების ინტერესებიდან გამომდინარე.“

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იტვირთა. მას თავისი თანამშრომლების დანაშაულის არ სჯერა, პრემიერს – ეკონომიკური მრჩევლის და მთავარი პროკურორის მოადგილის მიმართ ბრალდებების, მოსკოვს – ცრემლების და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს – ყველაფრის ერთად...

ერთ საკითხში საზოგადოების უმრავლესობა ერთ აზრზეა – „ სრულიად საქართველოს ოფიციალური და სრულუფლებიანი მრჩეველი“ – ხუხაშვილი– ესაა განყენებული მოვლენა პართულ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომლის მსგავსი თვით ნაციონალებსაც არ ჰყოლიათ.

ძალიანაც კარგი, თუ ვიღაც–ვიღაცეები გასული კვირის „წითელი პარასკევის“ ცნობილი ვიდეოს ინტერნეტ–სივრცეში გავრცელების გამო, „თავის მართლების" პოზიციაში აღმოჩნდნენ. ამასთან დაკავშირებით, „ქალბატონმა იუსტიციამ“ პირველად გააკეთა განცხადება, რომელიც შეიძლება უკმეხ გაფრთხილებადაც ჩაითვალოს მთავარ პროკურორ კბილაშვილისა და მის მოადგილე ნაცვლიშვილის მიმართ.

უცნაურია, მაგრამ, „ვიდეო–მსხვერპლ“ გია ფარესიშვილის განცხადებას, არჩილ კბილაშვილი „მოსაზრებად“ მიიჩნევს და აცხადებს: "... მოსაზრების შესახებ პროკურატურა ვერ დაინტერესდება. ნებისმიერი მოსაზრება უნდა იყოს რაღაცით არგუმენტირებული ან მტკიცებულებით გამყარებული, უამრავ მსგავს განცხადებას ვისმენ და პროკურატურა შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების საფუძველზე აკეთებდეს რეაგირებას.“

სამაგიეროდ, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი ახალ შრომის კოდექსს „როზა ლუქსემბურგის ოცენებას“ უწოდებს, რასაც ალექსანდრე ბარამიძე მთელი სერიოზულობით აპროტესტებს. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პარლამენტში შესული ახალი კანონ–პროექტი ქართულ ბიზნეს–სივრცეში სერიოზულ მღელვარებებს გამოიწვევს და ბევრის ფინანსური სტაბილურობის საკითხიც დადგება.

ფინანსური რყევები სულაც არ ანაღვლებს „ქალბატონ ტაბულას“, რომელსაც „პოჟიზნენნი“ კონტრაქტი ჰქონია ევროპის საბჭოსთან მაღალანაზღაურებად ჯამაგირზე. ჩემი აზრით, თუ ეგ კონტრაქტი გოგა ხაჩიძეს არ აქვს ნანახი, მარტივად შეიძლება ბათილად ჩაითვალოს...

თუ ხაჩიძის მხრიდან არაფერი გამოვა, მაშინ დავრჩენილვართ ირმა ინაშვილის იმედზე, რომელიც მთელი სერიოზულობით დაპირდა უშიშროების საბჭოს მდივანს, ანუ „ნიჭიერი ჩერგოს“ მეუღლეს, „ციხეში დალპობას.“

საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს სიმპათიურიო, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ხომ აღარ დაწყნარდა იმის მერე კახი კალაძის ტელეფონი... არადა ქალბატომ მაიას სულ სხვა სიმპათიური ჰყავდა მხედველობაში...

მაგათ ვერსიებს სულაც არ განიხილავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე, და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. „როუზ-როსის“ სემინარზე სიტყვით გამოსვლისას ეს ამბავი ისე თვალისდაუხამხამებლად განაცხადა, იგულისხმებოდა, – „ამასაც იმ კუბდარივით შევჭამ და კუჭიც არ ამეშლებაო.“

5 მაისს, ბრწყინვალე აღდგომის დღეს ერთმორწმუნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას სამამულო ომში გამარჯვებიდან 68 წლისთავი მოგვილოცა. ჩემს ბავშვობაში მაგ დღეს 9 მაისს გვილოცავდა ხოლმე „ლენიდ ილიჩი“ და მართალი გითხრათ, სულ სხვა პეწი ჰქონდა.

ისე, მართლა ვეღარ გავიგე – ჩვენ ვუყურებთ ევროპას ჩერგოლეიშვილის თვალით თუ ევროპა გვიყურებს ჩვენ ჩერგოს ჭრილში?

სამაგიეროდ, თითით საჩვენებელი დემოკრატი ჩერგო მუდამ პოლიციის მხარდამჭერი და გულშემატკივარია, მინისტრის მიუხედავად.

გასულ კვირას, ცნობილი მიზეზების გამო, სოციალურ ქსელებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში კვლავ აქტიურად გაიშალა დისკუსია ლგბტ თემაზე. თითქოს საკუთარი ამბები არ ეყოფოდა, გასულმა კვირამ მაისის მეორე დეკადაში დაგეგმილი აღლუმის თემაც შეითავსა. ჩემი პირადი მოსაზრების ფარგლებში ერთს ვიტყვი – არსებობს „პრივატული სივრცე" და „საზოგადოებრივი სივრცე"; ადამიანის „პრივატული სივრცე" მხოლოდ მანამ არის ხელშეუხებელი, სანამ იგი თავად არ შედის საჯარო სივრცეში...

მოკლედ, ხვალემ იფიქროს ხვალისა და კვირამ იფიქროს კვირისა!

წინასწარ დაგეგმილი ბევრი რამე ვიცით, რომლის ბედიც მაინც სპონტანურად წყდება. ამიტომ, 2 კვირით ადრე ნუ დავხოცავთ იმაზე ჩხუბით ერთმანეთს, ლგბტ საზოგადოების აღლუმს სიმშვიდით შეხვდებით, ენას გამოვუყოფთ თუ შუა თითს დავანახვებთ. პოლიცია, იმედია, იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არა პროვოკატორთა სიმდაბლეზე.

არ ვიცი ბატონი ვანომ როგორ გადაიტანს წლევანდელ გიორგობას, გასულ წელს ზარ–ზეიმით აღნიშნული პოლიციის აღლუმი კი მახსოვს... რა უეცარი ცვლილებების დროში გვიწევს ცხოვრება მართლაც!?

მაგას ვამბობ სულ – მკვახე ვაშლის ხის ჭანჭყარს აზრი არ აქვს. დამწიფდება ის ვაშლი და ჩამოვარდება თავისით. ყველაფერი თავისით ხდება, მაშინ, როცა მოსახდენია, თუმცა, ყველაფერი „ევრიკა“ არაა...

კატო ჩულაშვილი

ქრონიკა+ #3

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...