Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.693

ლურჯი აპრილის სამსხვერპლო რიტუალი და „ვაშლის გამყიდველების“ დაანონსებული „რევანში“


katya

1.718 views

blog-0557442001361534268.jpgზოგიერთს რომ ჰკითხო, ცხოვრებისეული ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა 2 უმარტივესი რამის შეცვლა – უნდა ეცადო დილის 7 საათზე ადგომას და ღამის პირველ საათზე დაწოლას. პლუს–მინუს 1–2 საათს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „კონცეფცია გაიტანს.“

კარგია, როცა დილით მეზობლის ჩართული ბურღის განწირული ხრიალი კი არა ახლადმოდუღებული ყავის სურნელი გაღვიძებს, მერე ფეხაკრეფით მოსიარულე მზრუნველი ადამიანის მოძრაობას გრძნობ ოთახში, თვალგაუხელლად უღიმი ამ იდილიას და კმაყოფილი იცვლი გვერდს...

რა უსამართლობაა!? მე ვოცნებობ და ჩემი ოცნებები სხვას უხდება. უკვე ოცნებებსაც იპარავენ?

თუ ოცნებებით ტანჯული სული ცარიელ კასრად გექცათ, მასში უნებართვოდ ჩასახლებული დიოგენეც ნუ შეგაშინებთ.

მეც არ მეშინია, უფრო სწორედ, აღარ...

რამდენს ვტლიკინებ... არადა უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ სიზმარი მესიზმრა... დიდი ვერაფერი ამბავია, მაგრამ, სამაგიეროდ, იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. სიზმარი ჩემს ცხოვრებაში დაჩაგრულია ძილთან მოკლემეტრაჟიანი, არასტაბულური და შემთხვევითი ურთიერთობების გამო.

...“ სიზმრად ვნახე გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა“–ს ასაკიდან კინწის კვრით ვარ გამოგდებული, „პაჩკა–პაჩკა დოლარები“ ჩემთან სიზმარშიც აღარ ცვივა, არც მზე იყო აქეთ და არც ვარსკვლევები – იქით.

აბა რა ჯანდაბა და განათებული მოდულის შენობა მესიზმრა – არც ისე გრძელი, მაგრამ ხმაურიანი, ორსქესოვანი რიგით ეზოში. მამრები მარცხნივ, მდედრები – მარჯვნივ... რა რიგდებოდა? თუ არ ვცდები, ამნისტია. რიგის მომწესრიგებელი ამ სიტყვით თავისი გუნდის სახელით შეურაცხყოფილი და პირგამშრალი ჩვენი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. გოკა, აკო და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომხვდნენ თვალში. გამოირჩეოდნენ „ჩვეულებრივი“ ნაციონალებისგან შიშით და მუდარით გაფართოვებული თვალებით და მიხვრა–მოხვრით. ნუგზარ წიკლაური დაჟინებით მოითხოვდა კითხვაზე პასუხის გაცემას – თუ არ შეგვხვდა ეს ოხერი ამნისტია, სახლში მისვლის და ჩაბარგების უფლებას მაინც თუ მოგვცემენო?! სულძაღლიანი და კაცთმოძულე ნამინისტრალი სუბელიანი ნიშნის მოგებით ანიშნებდა თავის ზურგჩანთაზე, მე თადარიგი წინასწარ დავიჭირეო, 2 დღის სამყოფ ორცხობილას გადმოგიყრი თუ გინდაო. ნასარიძეს სიმშვიდის ანგარიშზე, საამაყო ბლანჟეს მხოლოდ 1/3 შერჩენოდა და მორიდებით კითხულობდა – ზოლიანი წინდები ვერ ვიშოვე, მე ხომ არ ვიყიდები, ეგებ ნახმარი მაინც დამითმოს ვინმემო.

თქვენ წარმოიდგინეთ, მდედრები უფრო მშვიდად იდგნენ და ელოდნენ – პაროლი ისევ „ცხვირი“ იყო, ბრძანება – დაწექი! არგუმენტი – მიბრძანეს და უარი ვერ ვუთხარი...

ვიცი, უსიამოვნო სიზმარი გამდინარე წყალს რომ უნდა უამბო, აბაზანას ვეკვეთე, მაგრამ წყალი არ მოდიოდა. ჰოდა, შემრჩა ასე წყალწაუღებელი და წყალგაუვალი კოშმარი მათთვის.

ზოგი ჭირი მარგებელია!,– როგორც ვიცით. ეგენი და მაგათი შემწყალებელი ამნისტია ღვარცოფსაც წაუღია... არც ნერვებს ავიშლი, არც ვინერვიულებ! არც ცხელ ხაზზე დავრეკავ, რომც ირეკებოდეს... სიტყვამ მოიტანა და, ზოგადად „თბილისის წყალში“ რა ხდება ხომ არ იცით ვინმემ? მაგათი შედგენილი პირადი ჰიგიენის გრაფიკი გვაკლდა და „ყაზტრანსგაზის“ თამასუქების გადახდა.

ფულზე გაცოფებული ვინ არ ყოფილა, მაგრამ ასე? საკუთარ კლიენტებს მეორედ მოსვლის წინა დღესავით რომ ექცევა ეგ ყაზახების დაუძლეველი სურვილია? ერთი ცოცხალი ყაზახი მაინც გვაჩვენეთ მაგ კომპანიაში! თვალი თვალში გაგვიყაროს და გვითხრას, რომ დასალუქი მრიცხველების და საჯარიმოს გამო პეტრე პირველის ოპრიჩნიკებივით დაგეშილი თანამშრომლები მათი კორპორატიული სახეა. გაჭირვებულ პენსიონრებს რომ პანსიამდე, ანუ თვის 15 რიცხვამდე დავალიანების გადატანას პირდებიან და მერე 2 დღეში 6 საათიან ულტიმატუმს უყენებენ, უი თურმე არ გვქონია მაგის უფლებაო, – ეგ კორპორატიული იუმორია, ხოლო ზამთრის სეზონზე დაგროვილი დავალიანების გრაფიკით გადანაწილება – სახელმწიფო დანაშაული. ენერგეტიკის სამინისტრომ მკაცრად თუ არა, მეგობრულად მაინც ურჩიოს ეგებ მომხმარებლისკენ შემობრუნება, თორემ მომხმარებელს ისეთი საოცარი მეხსიერება აქვს, თანაც უკმაყოფილოს...

საიდან სად წავედი... რა გაქანება აქვს მაინც ქალურ ლოგიკას?

ბარემ ის ამბავიც მიმეყოლებინა, "პოლიტიკო.გე"-ს მთავარ რედაქტორს ფინანსურმა პოლიციამ დაკითხვაზე კითხვები ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებით კი დაუსვა, მაგრამ საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრს 2 წლით მანქანის მართვის უფლება, მაინც გასული წლის დეკემბერში გადაუხდელი ჯარიმის გამო ჩამოართვეს.

გაიგეთ ხალხო! თქვენ შეიძლება ხუმრობთ კიდეც, მაგრამ ესენი, ვერ იგებენ თქვენს იუმორს, ვერა და მაშინვე პანიკასა და ისტერიკაში ვარდებიან...

მასე რომ არ იყოს, აბა რას უნდა ნიშნავდეს ნაციონალების დემოსთენეს გუშინ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის ქრონიკა?

ანუ რაო? ვინც 19 აპრილამდე რომელიმე „პატრიოტი “ დაიჭიროს, ის იყოს მოძალადე ხელისუფლებაო? პრინციპში, არაა ცუდი პირობა, დასაბრუნებელი რომ არ ჰქონდეთ ჩვენი წილი საამური ცხოვრება, 19 აპრილამდე ეგენი სიამოვნებით გაიპარებოდნენ ნებიერად და ჰაერიც გასუფთავდებოდა ზაფხულის სეზონისთვის.

19 აპრილს, 4 საათზეო, პატრიოტები რუსთაველზეო! – „დუჩემ“.

დიდი მიტინგი, ძალიან ბევრი პატრიოტით, – რა ხმამაღალი ოცნებაა...

რომელ პატრიოტებს გულისხმობდა ნეტავ– ანაკლიის ჯაგნარში კურთხეულებს?

ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ! – არც ისე ჰაეროვანი პა, ფიურერის სახელზე...

წამოვიდა შიკლგრუბერის და ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინის სახელობის სტიპენდიები...

რა საოცარი დამთხვევაა! ერთმა, მაგ თვის 28–ში, მეორემ კი 30–ში განუტევა ცოდვილი სული და მიბარდნენ ეშმაკს.

ქართველი სპირიტისტები ამტკიცებენ, რომ ჰიტლერის სულს, მხოლოდ გუშინდელი დღის სტატისტიკით, სამასი უპასუხო გამოძახება აქვსო...

დიდი ბრძოლები მოგველისო, დიდიო ვანომ! გავრისკავ და გეტყვი, ექს–პრემიერო, რომ ჯვაროსნების უმრავლესობას ბიბლია „ახალ აღთქმამდე“ წაკითხული არ ჰქონდა, თორემ ...

რახან ტაქტი არ გყოფნით, ეგ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი სტრატეგი ხართ.

თქვენისთანა „რელიგიური ფანატები“ მხოლოდ ისინი არიან, ვისაც არც საკუთარი რწმენის გაეგება რამე და არც სხვისა.

სხვათა შორის, 22 თებერვალი კრიმინალისგან დაზარალებულების დღეა. კრიმინალი კრიმინალია, გინდ ელიტარული უწოდე და გინდ ბომჟური. არ უნდა გეკითხათ ბავშვობაში მაკიაველი... აწი რაღა დროსია, მაგრამ ის თუ იცით, ორთოდოქსმა ნაციონალებმა, 19 აპრილს გაუნათლებლობის დღე რომ აღინიშნება, თანაც ვიეტნამში.

ასეთ გამჭვირვალობასაც არ მოველოდით თქვენგან, დაგვინდეთ!...

როგორც ამბობენ, ფანტასტიკის ჟანრის ყველა მწერალმა თავისი ლიტერატურული კარიერა საკუთარი რეზიუმეთი დაიწყო.

ახალგაზრდა, გულანთებულმა „პატრიოტებმა“ კი, მოცალეობის ჟამს, იკითხეთ ნაცისტი კლასიკოსები და კონსტიტუცია... ვერც ახლანდელი უმცირესობა იფიქრებდა, რომ ვინმეს, ოდესმე, აზრად მოუვიდოდა მათივე დამტკიცებული კანონების დაცვა, მაგრამ...

სიმართლეს და ჭეშმარიტებას შორის განსხვავება ძალიან მარტივია – სიმართლის დამალვაა ძნელი, ხოლო ჭეშმარიტების – პოვნა...

მეცნიერისთვის თავში ვაშლის დაცემა, მსოფლიო მიზიდულობის კანონის ტოლფასია, ფილოსოფოსი ამ დროს იტყვის – ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ეცემაო. მუსიკოსი წაუმღერებს – „ვაშლის გამყიდველო...“, ეკლესიის მსახური ამ მოვლენას უფლის გარდასახვად მიიჩნევს და არავის მოუვა აზრად – ეგებ, მოსავლის აღების დროა?!

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

1 Comment


Recommended Comments

ეეეჰხ... ზოგი გადაგა, ზოგი გადაჯდა... მიტინგიცაა კატო ჩემო და მიტინგიცა... ზოგი უკვე საქმეშია, ზოგმა უკვე იტინგიცა... ნათქვამია თეთრი და შავი 19 აპრილს გამოჩნდებავოოოო
ლინკი
×
×
  • შექმენი...