Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.643

მესამე ხმა „მესამე კომპონენტში“ , ანუ აგრო– კრედიტიდან ქართული სოფლის „მატრიცამდე“


katya

1.893 views

blog-0698121001367330367.jpgიქ, სადაც ძველად ჩხაოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა...

სხვა რამეებიც გავაშენეთ, იმის მიხედვით, ვინ და რა სად და როდის ჩხაოდა.

ტრადიციული კულტურა ავჩეხეთ, ტყეში ქაცვის მოსავალს მივენდეთ, ამერიკული პეპელა მოვიშინაურეთ, ცხორი!ცხორი!–დან მებოცვრეობამდე ჩამოვყალიბდით.

გასაღების ბაზრებიო, უცხოელი ინვესტორებიო, საადგილ–მამულე ბანკებიო და ამასობაში, ჯიში დაგვეკარგა და მასთან მიმართებაში, ყველაფერი საჯიშე...

მერამდენედ ვატრიალებთ ჭავჭავაძეებს საფლავში?! დიდი ბატონი ალექსანდრედან – ილიამდე...

მაგათ მიწა უყვარდათ, მიწის ფასი იცოდნენ და იმ მიწის მოყვარული გლეხის ფასიც...

ალექსანდრე ჭავჭავაძე რამ გამახსენა და რამაც გამახსენა, მაგას მოგვიანებით დავწერ... მიყვარს და პატივს ვცემ არა "გოგჩის" გამო, "ვაჰ, დრონი, დრონი" უფრო აქტუალურია ახლა... ალექსანდრე დიდი მეურნე კაცი იყო, დათიკომ არ გაუმართლა...

მოკლედ, ბოლო 2 საუკუნეა ქართულმა სოფელმა ისეთ კაზუსებს, კატაკლიზმებს და რებუსებს გაუძლო, თავმოყვარე ქვეყანა სახელსაც გადაირქმევდა, მსოფლიო საზოგადოების ისტორიულ შეცდომაში შეყვანისთვის. აბა რისი "გეორგიელები" ვართ ჩვენ? თუნდაც "ხეორხიელები?"

მინისტრები გვყავდა ისეთი, დედალ–მამალ ძროხებს ეთამაშებოდნენ ვარსკვლავების ნაცვლად.

„სოფლის შენებას რა უნდაო?!ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვმღერით კი არა და მთელი სერიოზულობით ვკითხულობთ ქართველები... თუმცა, სიმღერით ნაშენები სოფელიც გვინახავს, ცეკვით დანაყრებული ლაზარეც, შიმშილისგან მოცეკვავე ბრეგაძეებიც, გაჭიმული კვაჭარახიც და პრასიც ყველა ოჯახში.

სულ ცოტა ხნის წინ ერთმა მსუყედჩასუქებულმა კაცმაც „მოინდომა“ ქართული სოფლის სუფრულით და ტაია–ტაიათი აშენება, სპეციალური ინსტიტუტიც კი იყიდა, უნივერსიტეტადაც გადააკეთა, მომავალი თაობის განათლებისა და ძლიერი სოფლისთვის ჩემი კისერი და თქვენი „სეკატორიო“, მაგრამ, როლში რომ შეიჭრა და თავი სამშვიდობის დაიგულა, გამოტყდა, რომ არც სოფელი ეხატება გულზე, არც სავარგულები და არც ნაჯაფარი გლეხები. ამ „სიყვარულის“ ანგარიშში, ხელისა და ქვეყნის უფალთ, მიწის კანონიც გადააკეთებინა,– რას მიქვია ქართული მიწა, მიწა იმისი უნდა იყოს, ვინც მოუვლის და გამოიყენებსო! ჰოდა, ყიდეს და იყიდეს უცხოტომელებმა და „უჯიშოებმა“ საუკეთესო, ნოყიერი და ბარაქიანი.

მაგ ამბებზე რომ ვფიქრობ, სულ ავტომატაკიდებული და ჩაფხუტიანი მახარაშვილი მახსენდება: „ეტა ჟე ვინაგრად, სლუში! ტი ეგო ნე პახალ, ნე საჟალ... ტი ეგო ტოლკო კუშატ ლიუბიშ!..“ გამოგიტყდებით და, მაგ ფილმიდან ტანკიდან ამომხტარი „სუკინ სინისთვის“ ის გემრიელი გალაწუნებაც ყველაზე მეტად მომწონს... მოკლედ, „სარანჩებმა“ სოფელი თავზე დაგვაქციეს და ხელახლაა ასაშენებელი.

–„მე ვიყივლებ, შენ იცეკვებ და სოფელიც აშენდებაო!“ – უთხრა მამალმა ძაღლს...

გაუდგნენ გზას და იმ გზაზე იყო ზუსტად, ის „მესამე ხმა“ – აფერისტი მელია რომ შემოეფეთათ.

ის მესამეა, ახლაც რომ ურევს – მესამე ხმა „მესამე კომპონენტში“...

„არევაში“ რაც ვიგულისხმე, მოგვიანებით მიხვდებით, თუ უკვე არ მიხვედრილხართ.

იმ „დიად ოქტომბერშიც“ მასე იყო – მიწა გლეხებსო! ფაბრიკა–ქარხნები მუშებსო...

მოვიდა „მესამე ხმა“ და იქაც აურია... არადა, მეც, თქვენც და სხვებსაც ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ. ჩვენ, ყველას წელში გამართული ქართული სოფელი გვინდა – საკუთარ თავს რომ ინახავდა, ქალაქელებსაც და კიდევ გასაყიდიც რჩებოდა.

თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებო... მამალმა იყივლა, ძაღლმაც იყეფა, მაგრამ სოფელი ვერ აშენდა. რატომ?

–როგორც კი წახვედი, მტაცა ხელი და მომიტაცაო!

ეს მელიები ხომ აღარ გამოილია სოფლის გზაზე!

მამლის, თეთრი ხორცის და იდეის გამტაცებლები ყოველთვის იყვნენ, არიან და, სავარაუდოდ, იქნებიან ქართულ რეალობაში?

ასეა თუ ისე, ჩვენ ყველანი ისტორიული მომენტის წინაშე ვართ, ანუ ესაა კიდევ ერთი შანსი ქართული სოფლის, შესაბამისად, ეროვნული ეკონომიკის გადარჩენის. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ფინანსურ კაპიტალზე უფრო საჭირო, ღირებული და დეფიციტური მაინც ინტელექტუალური კაპიტალია და თუ დღეს ჩვენში ზოგიერთები სინდისის დეფიციტს განიცდიან, ეს სულაც არ იქნება მათთვის შემამსუბუქებელი გარემოება, როცა შემოდგომაზე წიწილებს მიითვლის საზოგადოება.

ყავამშვიდობისა კი არა და, სოფლის შენებისა!!!

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...