Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

ყველა პოსტი katya

  1. გუშინ წინ ჯერ კიდევ ზამთარი იყო. უდღეური თუ დღენაკლული თებერვალიც ბასტა! დღეს, ჰოპლა და, უკვე 2 მარტია! მარტი - კარტივით აჭრილი და ჩამოსარიგებელი... სხვისი არ ვიცი და მე წლებს მარტიდან მარტამდე ვითვლი, ასე დამჩემდა... მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოები წუწუნებენ - წლებთან ერთად ურთიერთობებში წერტილები მატულობს და მძიმეები მცირდებაო! არადა, სრულფასოვან სუნთქვას და მოკლე მანძილებზე კროსს შორის არჩევანის გაკეთებამდე, მრავალწერტილებით შეიძლება გულის გადაყოლება... ქართველებმა კი ვთქვით - შორს მოუარე და შინ მშვიდობით მიდიო, მაგრამ საცალფეხო ბილიკებს და მოკლეზე მოჭრილ გზებს, ბოლო დროს, პირდაპირ დიდ შოსეზე გავყავართ და ეგეც ნაცადი ხერხია საზოგადოებრივ, პირად და პოლიტიკურ ცხოვრებაში ... „ყველას ყველაფერი შეგვიძლია!“ ეგაა, ყველამ არ ვიცით - რა შეგვიძლია რეალურად? გვსურს ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ რას ვგულისხმობთ ამ ბედნიერებაში ამაზე ზოგჯერ პასუხი არ გვაქვს. არადა, როგორი სიამოვნების მიღება შეიძლება პატარ-პატარა სიხარულებით. მერე ამ პატარ-პატარა სიხარულებისგან დიდი ბედნიერების გამოცხობაც აღარაა რთული... ოღონდ, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით და არა სხვისი ბედნიერების ანგარიშზე. შეიძლება, ენთუზიასტები ვიღაცის თვალში „დაუოკებელი იდიოტებიც“ ვართ, მაგრამ ზოგჯერ იდიოტობასაც აქვს თავისი ხიბლი - მოგონებები მაინც რჩება... თანაც - სასიამოვნო... ბოლო დღეებში იმაშიც დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტი რწმენა ნამდვილად აფხიზლებს და ანათლებს, "რელიგიურობა" და "ეკლესიურობა" კი ბევრს აბნელებს და ასულელებს... როგორც ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე იტყოდა, - სჯობს ყველაფერზე ცოტა დაბალი ხმით აღვშფოთდეთ! ჭეშმარიტება კამათში იბადება და არა ყვირილში... მცირე შეხსენება რეიტინგზე აკრეფილი ტელე-შოუების დედამთილებს, რძლების გასაგონად... ვაღიაროთ გარჯის ნაყოფი - საზოგადოებრივი აზრი წალეკილი, კამათის კულტურა ქართული ენის საიდუმლოსავით ღრმად დამარხული, ობიექტურობაზე უბრალოდ არ ღირს გაფიქრება - "ჩემი ტენდენციური ჩემთან"! და ამ ყველაფრის ფონზე, მარტივად რწმუნდები, რომ კანონი, მორალი და საღი აზრი რეალობაში სამი ურთიერთ პერპენდიკულარული განზომილებაა... ჩვენ - დაკოდილ-დაშტრიხულ-დაშტამპულები... "აიდი" თუ "იდი"...დედა, რა უხერხულია! მოგიტევოთ უფალმა და წყეულიმც იყავთ!.. წმინდანის ნეშტთან მიახლება სამთავრობო საშვით, ურიგოდ... სამაგიეროდ, ჰაიდა რიგი მრევლის ფეხსალაგად ქცეულ ავლაბარში! თბილისელებს ახსოვთ "ბამბის რიგი," "რკინის რიგი"... "სამების რიგი" სხვა განზომილებაა... გაიცინებს ის დალოცვილი ღმერთი ჩვენზე, აბა არ გაიცინებს? აამოს და შეარგოს! 25 თებერვალს, "ოკუპაციის დღე" და 93 წელი აღვნიშნეთ დაშვებული დროშებით, გახსენებულ-მოხსენიებული იუნკრებით, ტაბახმელაში ასვლას რა უნდა?! 2 ნაბიჯის, 2 წუთის და 2 კაპიკის ამბავია... სამაგიეროდ, ყურადღებაში ჩაგეთვლება და ისტორიის ცოდნაში. მერე, თუ, საკუთარი თავით კმაყოფილი, სიმღერის ხასიათზეც დადექი - რა გასაკვირია? რა დროს რომანსეროაო? - თვალი ჩაუკრეს, ფეხზე დააბიჯეს, მუჯლუგუნი გაკრეს, ეგებ იდეა დავაგდებინოთო! ზამთრის სოჭის ნახვაზე გადარევის არ იყოს... მაინც შესრულდა იმ ჩვენი "სოფლის გიჟის" ძვირფას სამყოფელში "ერთმორწმუნე" "უფროსი ძმების" რომანსები. თან ვერც ისე იაფად გამოვიდნენ, როგორც იუნკრებთან... იმაზე მეტიც დაიხარჯებოდა, ორგანიზატორს რომ გამართლებოდა... ნიჭი და სიზარმაცე, ყოველთვის სულაც არ ნიშნავს "არაჩვეულებრივ გამოფენას"... Ой, Агули! кажетса, начинаетса... გზა სრულფასოვანი საზოგადოებისკან სრულფასოვან მოქალაქეებზე გადის... "მთავარი მოქალაქე" დაგვპირდა და იატაკქვეშეთში გადაბარგდა. მთავარია, ყუმბარების დამზადება არ დაიწყოს და ავლაბრის სტამბას გადავცემთ იჯარით... ნეტავ რამდენ ხანში ერთხელ აქვს გაწერილი უსექტორო მოქალაქეებთან შემოხმიანება? ქართული ტურიზმი სწორი გზით ვითარდებაო! აქამდე რომ გვატყუებდნენ, არ ვტყუვდებოდით, ახლა გინდა თუ არა, უნდა მოტყუვდეთ, თორემ გამტყუნდებითო... საქართველო - სიცოცხლის ქვეყანა! მოვა ტურისტი, აბა არ მოვა? იმუშავებს ეგ სლოგანი, ადამიანის უკიდეგანოდ ცნობისმოყვარე ბუნების გამო... ამასობაში მსოფლიო რეიტინგმაც სულზე მოგვისწრო - ევროპაში ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს დედაქალაქმა მიიღო ამერიკული კომპანიის Mercer-ის ტურისტების ცხოვრებისთვის ყველაზე არასასურველი ადგილების რეიტინგში. ამბობენ, რომ პლანეტაზე ასეთი ადგილები ძირითადად ცენტრალურ აზიაშია.ევროპის ქალაქებში კი ვართ ბოლო, მაგრამ აბა აზიიდან გამოგვხედონ, იქიდან ხომ ვართ პირველები?. მოკლედ რაკურსს დიდი მნიშვნელობა აქვს... თუმცა, ჩვენი მხრიდან გულში ჩადება და ჯიბრით მუშაობაც არ აწყენდა მაგ საქმეს.. ევროპაში თუ დაგვიწუნეს, იმიტომ ვერ შენდება თბილისელი ნაჭუჭების სიმბოლო "ვარდების მოედანზე", ზედ "რედისონის" წინ, რომლითაც ფუნიკულიორს მივეახლებით ჟამ და ჟამ.. ცალი "შლოპანცის" პატრონი კიევიდანაც კი გაიქცა და გიგანტური კვერცხები მაინც ვერ მოვიშორეთ... მეტს აღარ ვიფილოსოფოსებ, გვყავს ჩვენ პრეზიდენტი და მაგ საქმისთვის ხელფასსაც ვუხდით. მხოლოდ იმის შეხსენება მინდოდა, რომ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ჭკვიანი ხარ თუ სულელი, თეორეტიკოსი თუ პრაქტიკოსი - ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.. როცა ეკზიუპერს ჰკითხეს, -ღირს თუ არა ბავშვების განებივრებაო? უპასუხა - აუცილებლად გაანებივრეთ, სანამ შეგიძლიათ, ვინ იცის, რა გამოცდებს უმზადებს მათ ცხოვრებაო... ჰოდა, აბა გასულ კვირას ვინ წარმოიდგენდა, ასე ახლოს მოსიარულე მესამე მსოფლიო ომის აჩრდილს და სანატრელი ნატოს ხელის გაწვდენაზე სიახლოვეს? ეს მარტი ცუდად აიჭრა. მთავარია, ვის პარტიას ითამაშებს ჯოკერი?.. როცა ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს, მარტში კატებიც კი აღარ ჩხავიან... ზოგს რომ კითხო, სიყვარული თავისუფლების ნებაყოფლობითი უარყოფააო... რა ვიცი-რა ვიცი... სანამ კატა მესამედ იჩხავლებს, აისიც მწვანედ აინთება სოციალურ საქსელეთში... კატო ჩულაშვილი
  2. მესმის, მოდით, ვიმეგობრტოთ და ერთად მივხედოთ მაგ საქმეს, მეც ბევრი მეგობარი მყავს ვეტერანი. ;) მჯერა, რომ შეიცვლება მალე სიტუაცია.
  3. ვეტერანთა დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ყავს. ეს სტრუქტურა გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და გადავიდა პრემიერის ზედამხედველობის სივრცეში. თემა რთულია და დროში გაწელილი პრობლემები. თუ პრობლემა გადაუდებელია, ანუ სასწრაფო ჩარევას მოითხოვს, გამოსავალიც მოინახება და პრობლემაც გადაიჭრება, გვაქვს, პირადად მე მაქვს ეს პრაქტიკა. 4 დღეა თქვენი კოლეგა ვეტერანი, ჩვენი ჩარევით უკვე გერმანულ კლინიკაში მკურნალობს. რიტორიკის და პრობლემის დასმის დონეზე გასაგებია თქვენი გულისტკივილი და გეთანხმებით. ოღონდ ეს მიდგომა, რომ ვეტერანი მათხოვარია ახალ კანონპროექტში მთლიანად მოხსნილია. ვიცი, წაკითხული მაქვს და მიდგომები შეიცვალა. პარლამენტი რატომ აჭიანურებს მის განხილვას, ამას მეც ვერ ვხვდები და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია.
  4. ისევ მოგესალმებით. ვხედავთ და არაა რთული წარმოსადგენი სიტუაციის სიმძიმეც და რეალობაც, მაგრამ, იქნებ მოგვცეთ საშუალება უფრო აქტიური მოქმედების. დაგვიტოვეთ საკონტაქტო კოორდინატები, რომ შევძლოთ იმ ადამიანებთან დაკავშირება, რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. 593 258615. ამ ნომერზე მომიმესიჯეთ თქვენი პირადი ნომერი და ჯანდაცვაში შეეცდებიან გარკვევას. პატივისცემით, კატო ჩულაშვილი.
  5. თბილისი, ღამის 22:20... ავტობუსში, თუნდაც "მიკროში" და "ყვითელში" თბილისში გინების გაგონება ვის უკვირს? ჰოდა, არც მე გამკვირვებია... იმდენად არ გამკვირვებია, რომ თავიც არ მომიბრუნებია, მოულოდნელი დამუხრუჭების ხმაზე, მძღოლის ძველქალაქურად შეკურთხებაზეც, ვიღაცის უკმაყოფილო ბურდღუნზეც, მუჯლუგუნის თანხლებით რომ უფრო მკვეთრად გამოიხატა. მხოლოდ მაშინ მოვიხედე, ვიღაცამ სახელოზე რომ მომქაჩა და, ყურადღების მიქცევისთანავე, ჩემს ცხვირთან ხელის ჩაქნევით გაუჩინარდა უკანა რიგებისკენ. ამასობაში მძღოლმა ჯაჯღანი განაახლა: -კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? რას შვები გამაგებინეო... - მაცადე, ვეძებ ვიღაცას! უხეშად და ასეთივე ხმით უპასუხა უცხომ და, ხმის შესაბამისად, დაიწყო კარისკენ გადაადგილება... - ჩავდივარ ხო, და წადი, შენი დედაც! და ჩავიდა... მიკრო-ბუსის მძღოლმა სიბრაზისგან ღრმად ჩაისუნთქა. მისი "ხომალდის "“შიგთავსმა" -ღრმად ამოისუნთქა. მერე თანმიმდევრობით გაისმა უმისამართო კითხვები: ვინ იყო? რა უნდოდა? ვის ეძებდა? მარტო რატომ იყო? ქალს ეძებდა თუ კაცს? რატომ ჰქონდა წვერი? ფხიზელი არ იყო ხომ? საერთოდ რატომ გაუჩერე? მძღოლი, რა თქმა უნდა ამხელა ცნობისმოყვარეობის ტალღას მშვიდად ვერ შეხვდებოდა და ერთი გემრიელ-თბილისურად იყვირა - თუ მაგდენი რამე გაინტერესებდათ, სანამ აქ იყო, გეკითხათ. მე თუ გადამეყარა სადმე, კი ვიცი, რასაც ვკითხავ...და ისეთი ენერგიით "მისცა გაზი" და მოუკიდა სიგარეტს, ჩავთვალე, რომ ნაფაზი 3 ღერზე ერთდროულად დაარტყა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, ჩემს გვერდით ერთი ფრიად "ჩაქუთაისებული" "დამა" შფოთავდა - დაანებეთ მძღოლს თავი, არ შეიძლება მაგის ყურადღების გაფანტვა და შენ კიდე, იარე დროზე! აღარ გააჩერო, თუ კაცი ხარ, გადამიტრიალდა გული!... ჩემი მარჯვენა თვალის ქვედა კუთხეში მისმა უზარმაზარმა ბრილიანტის "ბაღჩამ" გაკვესა. გულის გადატრიალების მიზეზი სახეზე იყო. ასეთი "ბაღჩები" ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში აჭარის პლაჟზე იტალიელებივით მოლაპარაკე ქალების ყურებზე და ფუმფულა თითებზე. როგორ ვერთობოდი მაშინ მათი ემოციებით, - ერთი კვირის საგზალს რომ ამოალაგებდნენ ხოლმე საგულდაგულოდ გაშლილ "ადიალაზე". და იყო ერთი კივილ-წივილ-მიწყევლა-მოწყევლა, თუ თანმხლები ბავშვებიდან რომელიმე ჭამაზე უარს იტყოდა. მახსოვს, ერთხელ, ისე გავერთე მათზე დააკვირვებაში, შემამჩნიეს. მერე, ალბათ ისინიც დამაკვირდნენ, შევეცოდე და ისეთი მკერდაჩუყებული გამომეტყველებით გამომიწოდა ერთ-ერთმა ფითქინა-ფუმფულამ მთლიანი ხაჭაპური, ასე მეგონა, დეკოლტედან თბილი რძეც ჩამომისხა. რახან ბავშვობა გამახსენდა,"ჩაქუთაისელებულის" მისამართითაც კეთილად გავიღიმე, თუმცა მას ეს არ შეუმჩნევია, ჰოდა, მეტის ღირსია...იყოს ასე აფორიაქებული, - გავიფიქრე მე... ის იყო ისევ, სათვალე უნდა წამომეკოსა და მოკლენეტრაჟიანი თვლემა გამეგრძელებინა, ისევ საბურავების ღრჭიალი და სართულებიანი გინება დამატყდა თავს. "სამგზავრეთი" უკმაყოფილო სახით ჯერ ერთ მხარეს გადაიხარა, მერე - მეორე... კარი არ გაღებულა, არავინ ამოსულა. ლოგიკამ მიკარნახა, რომ მძღოლის გინება ამჯერად გარე სამყაროს მისამართით ვრცელდებოდა. - აბა ხოდა ამას ეხლა ჭკუა რო კითხო, გეტყვის, სუ ტაქსისტი კი არ ვიყავი, 3 დიპლომი მიდევს სახლში ან "ბარდაჩოკშიო." - ბარდაჩოკში თუ უდევს, რას ერჩი? კი ყოფილა პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი, - გავძახე მე. - მძღოლმა სარკეში გამომხედა, მაგრამ, არაფერი მიპასუხა. ამასობაში, ნახევარი შიგთავსი ჩაიხვეტა, დავრჩით 4-ნი, სადღაც მალაკნების ბაზარს გაცდენილები.. მძღოლი თუხთუხს და სიგარეტის ბოლებას პარალელურ რეჟიმში აგრძელებდა. არადა, არ მიყვარს ძილი იმ ოთახში, სადაც ეწევიან! ძალიანაც ნუ შეიცხადებთ, ჩემი კაპრიზები კიდევ ცალკე თემაა.... - აი ხომ ხედავ, ძმაო! აბა გადაითვალეთ, - ზიხართ 5 პასაჟირი? "ძმამ" უკან გამოიხედა და უცებ გადაგვთვალა - ეგრეა! მე "ძმას" არ ვენდე და ხელახლა გადავითვალე. - ისე, ამ დროისთვის უჩვეულოდ ხალვათობა გაქვთ, - გავუწოდე ჩემი აზრი. მძღოლმა ისევ სარკეში გამომხედა, ახლა უფრო ხანგრძლივად და დაყოვნების მერე მიპასუხა: - ხალვათობა იქნება, აბა რა იქნება, რასაც კი ბორბალი აქვს გამობმული, ყველა ამ ხაზს დაასვეს თავზე. შესატანს ითხოვენ და სახლში 30 ლარზე მეტი ვერ შემაქვს. - დღეში 30 ლარი არაა ცუდი თანხა, - ვთქვი მე და გადავსკუპდი წინა რიგში. მძღოლმა ინება და ამჯერად, უსარკოდ ამათვალიერა, ნახევრადმოჭუტული ცალი თვალით. აზრს მივუხვდი და არ მინერვიულებია : - მე რომ მიყურებთ ბატონო, ინტრიგანი კი არ ვარ, ჟურნალისტი ვარ მეთქი. ისევ სარკეში გამომხედა, - არადა, რომ ამოხვედი, რატომღაც ექიმი მეგონე... - ვითომ რატომაო? - რა ვიცი, გენაცვალე, ისე მშვიდად იყურები, რა გიგავს ჟურნალისტს. მაგათ სხვანაირი გამოხედვა იციან. თანაც ჩაცმულიც იმნაირათ ხარ, ექიმობა გეკუთვნის, ჩემმა ღმერთმა... - გიყვართ ეტყობა თქვენ ექიმი ქალები, - ჩავუპაჭუნე თვალი. - ეჰ, მე რო მიყვარს ეგრე სადაა. აგე სამდიპლომიან ტაქსისტებსაც ვკითხოთ, მე ერთი ორთაჭლელი კაცი ვარ, თბილისს სუ 4-ჯერ ვარ გაცილებული... - იმათაც ვკითხავ, სამდიპლომიანებს და თქვენ უდიპლომოებში გადიხართ თუ სად მიგაწეროთ? - ეხლა შენა რამეს გადაღებას აპირებ? - რა უნდა გადავიღო? - აი აქ რასაც ვშვებით ეხლა. - რას ვშვებით რო? რას კადრულობთ ბატონო! გზას უყურეთ და ჩემს კითხვებს უპასუხეთ, ხალხი გვისმენს აქ, ასე კი არაა საქმე?! ექიმის გამოხედვა მაქვს მე, დანარჩენი ჟურნალისტი ვარ... - ბიძაჩემო, შუქნიშანზე გაგვიჩერე ! - არის, ძმისშვილო.. ნელა დაკეტე შვილო კარები, ზაპასკა კი არ მოყვება!... ვახ, გამაგიჟებს ეს ხალხი... რა ძალა ერჩით კაცო! - ეს მანქანები რაღაც კომპანიამ ჩამოიყვანა და მერე თქვენ დაგიქირავათ არა? ანუ მანქანები თქვენი არაა. - ჰო, ეგრეა, მაგრამ მანქანა რომ იყოს, რაღა გვიჭირს... სათამაშოა. რაც უფუჭდება, არაფერი უკეთდება. მატორმა თუ დაგისტუკა, მორჩა! არ კეთდება. აი ერთს დაუსტიკა ჩვენი ხაზიდან, მერე იმან ფული სიესხა და გაზზე გადაიყვანა. იმაშიც პოლნი წილში ჩაუსხდნენ, აი შენ, გზაში ეკონომიას აკეთებ და მეტი გჩებაო! - არადა არაა იაფიანი მანქანები, არ უნდა იყოს ეგრე, გიყვართ შოფრებს წუწუნი, - ჩაერია კიდევ ერთი ცნობისმოყვარე და მოცლილი. - საწუწუნოდ და სატირლად ღმერთმა ნუ გამიხადოს საქმე, მაგრამ 18 საათს რო მუშაობ, სახლში 20 ლარი მიგაქ, აღარც ვიწუწუნო კაცო? - აბა წეღან 30-იო? - ეგ ლუჩში ვარიანტია, პატალოგ ნაზივაეტსა... ამ მანქანებში 20 000 ევრო გვაქ გადახდილიო, ეგრე შემოგვტენეს. დღეში მინიმუმ 45 ლარი შეგვაქ, ვის როგორ რა... ეხლა შენა ეგ თვეში დათვალე, მერე 7 წელზე დაიანგარიშე და რამდენი 20 000 ევრო გამოვა მერე მითხარი... - 7 წლის მერე რა ხდება? - ჩვენი ხდება, მარა ამათ ხელში ვის რა გარანტია აქ რომ 7 წელი იცოცხლებს? - ვის ხელში? - შენა გენაცვალე ზარუბეჟნი კარესპანდენტკა ხარ? - ნეტ, მესტნაია ია. - ტემ ბოლეე, მაშ რა კითხვებს მისვამ? გარანტირებულ ქვეყანაში კი არა ოჯახში არა ვცხოვრობ. ამათი სულელი ცოლ-ქმრობის შემხედვარე, ან ცოლი როდის გამექცევა და ან მე როდის გავექცევი, ეგ არ ვიცი. ესენი კიდე მეუბნებიან, 7 წლის მერე მანქანა შენი იქნებაო. - ჯვარი გწერიათ და მშვენივრად გამოუყურებით. არც იმ ტიპს გავხართ, ცოლები რომ გაურბიან... - ჰო არა? ეგრე შენაც ექიმსა ჰგამდი, მაგრამ ინტრიგანი გამოდექი... - არ ვარ ინტრიგანი, რა ჭირს ამ მანქანებს, მართლა ასეთი ცუდია? - სულ უკანა მჯდარხარ? - სკამზე მეუბნები? - ჰო მა რაზე გეტყვი კაცო? - კი ვმჯდარვარ. - მერე არ გატოკებდა? - კი მიტოკებდა ცოტას. - ხომ გითხარი, ორთაჭლელი კაცი ვარ, რულის ტრიალი მასწავლეს და მაგითა ვჭამ პურსა. მთელი თბილისი ჩემი ცხვირივით ვიცი. ამ მანქანას არანაირი რესურსი არა აქ, თან საიმისო რო 7 წლის მერე მშვიდობაში მოიხმარო. დიდი მაიმუნი ხალხი ზის იქა, -ჩვენა იმდენი ფული დაგვიჯდა თქვენი დასაქმებაო! ეგ სიტყვაც მაგათგან ვიცი. -რომელი სიტყვა? - "რესურსი". სულ მაგითი გველაპარაკებიან, ჩვენ თქვენი შენახვის რესურსი არა გვაქ, მაგრამ მანქანას დიდი რესურსი აქო! არადა არაფერიც არა აქ. ესენი მასწავლიან მე მანქანას? რათ მინდოდა დასაქმება, მოეცათ ჩვენთვის ეგ 20 000 თუ მართალია და ისეთ მანქანებს ჩამოვიყვანდით, 20 წელიწადს გამარჯობის გარდა რომ არაფერს გაგაგონებდა. თვითონ 1500 და 2000-ბი დაინიშნეს ხელფასები და არ ყოფნით, თან არაფერს აკეთებენ, მარტო წუწუნებენ. ჩვენ და ჩვენმა ცოლ-შვილებმა რა ვთქვათ? ადრე ხაზებს ჭკვიანი ხალხი ადგენდა. ეხლა ყველა ხაზი ერთმანეთს აზის. აი იმ სიტყვას რა ქვია გამახსენე? - რომელს? - აი მარტო შენ რომ გაქვს და სხვას რო არა აქ... - ეგ რომელია? რა კითხვაა ახლა ეს? - დიდი მაიმუნი ხარ შენა! აი გეტყვი ეხლა რაცა გვჭირს და მიხვდები რა სიტყვა დამავიწყდა. ამ 49-ს ერთი კიევის ქუჩა ქონდა დარჩენილი, სადაც ჩვენს გარდა, არცერთი ტრანსპორტი არ გადიოდა. ეხლა კაცო, ყველა მარშუტკა ხო თავზე დაგვასვეს და ბოლოს ავტობუსიც კი გადაგვატარეს ხოდა მერე კიდე გიკვირს, - ცარიელი რატო ხარო. აბა უნდა ეხლა ამ დროს გამოსულ დაღლილ კაცს შენი ძვირიანი მარშუტკა? ჩვენ რა გვაწყობს ეს ფასი? გვკითხა ვინმემ? - აა, ესე იგი, 49 ნომერს ქონია ექსკლუზივი კიევის ქუჩაზე, - ამერიკის აღმომჩენის ინტონაციით გამოვაცხადე მე.. - აი გაიხარე რა, ვახ, ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ მაგ სიტყვას, არადა ეგრეა რა, - ექსკლუზივი გვქონდა და ეგა გვშველოდა. - კუთხეში გამიჩერე, ორთაჭალელო და ისე, ექსკლუზივი ჟურნალისტიკაშიც კარგი რამეა და სხვა რამეებშიც, ვახ! ... არაფრით მართმევდა რკინის ლარიანს, - აბა, ამდენი ლაპარაკის მერე ფული როგორ გამოგართვა შენაო?! ძლივს დავაჯერე, რომ ოცთეთრიანი ლიფტი მქონდა და მე-9 სართულზე ვცხოვრობდი... რა მექნა, მე-5 მასე კარგად არ გაჭრიდა. აი, "ვახ" - ზე კი იფიქრა, მაშაყირებსო, არადა, თქვენც ხომ იცით, როგორ მიყვარს ეგ სიტყვა, - ვახ! კატო ჩულაშვილი
  6. თუ უზნაძის შეხედულებები ,,მოძველდა,, , მაშინ ალბერტ ელისს მაინც გადახედეთ, ABC მოდელს... არ მოგვწონდა და ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ განათლების სისტემას. ფაქტიურად იმას სისტემის არც არაფერი ეტყობოდა, უბრალოდ ერქვა ასე. მოვიდა ახალი ხელისუფლება და ჩვენც ახალი მიდგომებისა და იდეების მოლოდინში გავისუსეთ. უფასოდ დარიგებული წიგნები ბავშვებისთვის იყო პიარ-სვლა თუ განათლების ახლებური ხედვა, ამას მომავალი გვიჩვენებს.მაგრამ ეს საშუალო განათლების თემაა. დღეს ასევე დიდი ბჭობა მიდის უმაღლესი განათლების მოწყობის საკითხებზე და, რატომღაც, უყურადღებოდ რჩება ყველაზე მთავარი - მომავალი თაობის სკოლამდელი აღზრდა და ახალი მეთოდიკის შემუშავება. არადა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... საინტერესოა, ჩვენი დღევანდელი განათლების სისტემის მუშაკები თუ არიან დაინტერესებული უცხოური სკოლამდელი აღზრდის მეთოდიკით, ანუ თუ ახდენენ მის გააზრებას, თორემ ,,გამოცდილების გასაზიარებლად,, ფაღარათიანებივით რომ დარბიან საზღვარგარეთ, ეგ ვიცით, ბატონო... ჩვენ, ამ საკითხით დაინტერესებულმა საზოგადოებამ, რა შეგვიძლია ვურჩიოთ? მაგალითად ის, რომ თუ უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და იქაური სკოლამდელი აღზრდის პრაქტიკის გასაცნობად ჩასულები, შოპინგებისგან გადაქანცულები პროფესიონალიზმს ვერ იმაღლებთ, ინტერნეტით მაინც მოიძიეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდის მეთოდიკა. იქნებ ნათელმა სხივმა გაიელვოს თქვენს გონებაში. ამას წინათ ვუყურეთ მე და ჩემმა 4 წლის შვილმა, როგორ იწყება დილა რიოს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. ტამტამის თანხლებით ისეთი დილა გაითენეს ნაციონალური რიტმებით და ისეთ მოძრაობებს აკეთებდნენ, არ შეიძლება ამხელა დადებითმა ემოციებმა თავისი დადებითი კვალი არ დაამჩნიონ ამ პატარა ადამიანების მომავალ ცხოვრებას... ამ სიუჟეტის ნახვის მერე, 1 საათი ბავშვი ვერ გავაჩერე, ისეთ ხასიათზე მოვიდა... არაა ბრაზილია მაინც და მაინც დალხენილი ქვეყანა. პირიქით, ძალიანაც უჭირთ, მაგრამ ცდილობენ პატარები ამ მძიმე ემოციებისგან დაიცვან და მარტივი და იაფი მეთოდით ზრუნავენ მათ სულიერი სიჯანსაღეზე. ბრაზილიელები ბავშვებს ყოველ დილით ფესვებიდან წამოსული ენერგეტიკით ,,ტვირთავენ,, . ყველა მოძრაობა, ყველა ბგერა მათთვის ახლობელი და ორგანულია.ამიტომ, ბედნიერების შეგრძნება თავისთავად ტივტივებს ამ პატარების სახეებზე. არ ვამბობ, რომ ჩვენს საბავშვო ბაღებში დილით მისული ბავშვები მაინც და მაინც დოლ-გარმონზე ,,გამოაფხიზლონ,, , მაგრამ შეიძლება ისეთი მეთოდიკის შემუშავება ფსიქოლოგებთან ერთად, რომელიც ჩვენი შვილების ემოციებს და წარმოსახვას გააფერადებს. არაა პრობლემა ისეთი მუსიკის შერჩევა, რომლის მელოდიურ ხაზსაც პატარა უპრობლემოდ გაიგებს და ტემპო-რიტმზე ემოციას ააწყობს. ჩვენს საბავშვო ბაღებში არც ფერის ფსიქოლოგიის გამოყენება აწყენდათ. გული გაგისკდება ამ შენობებს რომ შეხედავ, ინტერიერზე და მომსახურე პერსონალის მიმიკა-ჩაცმულობაზე აღარაფერს ვამბობ. მერე გვიკვირს, რატომაა ეს თაობა გაღიზიანებული და აგრესიული? ,,ქართული პედაგოგიკის დედებს და მამებს,, უნდა ახსოვდეთ და მოეხსენებოდეთ, რომ ბავშვი გასაფერადებელი უსუფთავესი კონტურია, რომელშიც ყველაფერი საუკეთესო უნდა ჩაასხა, კარგად გამოტენო ამ სატენით და მერე გქონდეს პრეტენზია იმის, რომ მომავალ თაობას მინიმუმი მაინც გაუკეთე? ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, ამ ჩვენს უბადრუკ განათლების სისტემაში რაღაც სულელური ფასწარმოქმნის ექსპერიმენტების მაგივრად, დასხდნენ და სწორი მეთოდიკა შეიმუშავონ, როგორ შეუქმნან ბავშვებს განწყობა, ანუ როგორ შეუწყონ ხელი ვთქვათ გენეტიკურად გადმოყოლილი, ან სოციალური ფონით შეძენილი უხასიათობის დაძლევას. მუსიკის, ქორეოგრაფიის და ფერის ერთობლიობა პატარების განწყობის შესაქმნელად მისწრებაა. არ ჭირდება ამის გაკეთებას მილიონები. ამას უბრალლოდ სურვილი და პროფესიონალები ჭირდება. კატო ჩულაშვლი
  7. „წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაული ისაა, როცა მათ არ კითხულობენ.“ (რეი ბრედბერი) ამასწინათ ჩემი შვილის მეგობრები გვესტუმრნენ, „თინეიჯერები“. ერთ–ერთმა გაოცება ვერ დაფარა, – „ამდენი წიგნი რა პონტში გაქვთო?“ ისე დავიბენი, კარგახანს პასუხი ვერ გავეცი. არ მინდოდა ჩემი გაოცებით ბიჭისთვის უხერხულობა შემექმნა, არც უპასუხობა ივარგებდა. მერე ისევ მარტივი გამოსავალი ვიპოვე. ავდექი და მის თანატოლებში ყველაზე კითხვადი წიგნი მარიო პიუზოს „ნათლია“ შევაჩეჩე. წიგნის მოცულობამ ცოტა დააფრთხო, თვალებზე შვატყვე, შერცხვა, თორემ წაკითხვას არ აპირებდა. არაფერი მითქვამს. მესამე საღამოს მოგვიკაკუნა. კარი გავაღე და ვერ ვიცანი. სულ სხვანაირი იყო. – „დიდი მადლობაო და თუ შეიძლება, კიდევ წავიღებ რამესო!“ გადავწყვიტე, ამ საქმეში აღარ ჩავრეულიყავი. ამიტომ ვუთხარი, მიდი და ანანო რამე საინტერესოს თვითონ მოგიძებნის–მეთქი. ანანომ არც აცია, არც აცხელა და, –„ღირსი ხარ, კარლსონით და პეპით დაგაწყებინო, მაგრამ, ჯანდაბას, მარკ ტვენითდაიწყეო!“ ახლა, მგონი, ეს ბიჭი ჩვენს ბიბლიოთეკასთან უფრო მეგობრობს, ვიდრე ჩვენთან... ჩემი აზრით, იმაზე საუბარი, რომ წიგნის კითხვა სიამოვნებაა, უბრალოდ სასაცილოა. ჩემს თაობაში მაინც. თუმცა მკითხველები და არამკითხველები ყველა დროში და ყველა თაობას ყავს. იყო დრო, როცა კარგი წიგნი მხოლოდ დახლქვეშ იყიდებოდა. ისევე როგორც სურსათის, ტანსაცმილის, ფეხსაცმლის მაღაზიაში, აუცილებლად უნდა გყოლოდა ნაცნობი წიგნის მაღაზიაშიც. ჩემს თაობაში რაღაც–რაღაცეების არცოდნა მართლა დიდი სირცხვილი იყო. პრინციპში მსგავსი რამეების არცოდნა ახლაც უხერხულია. მაგალითად, თუ ახალგაზრდას ფრანჩესკო როზის „კარმენი“ არ უნახავს, და მისი ფინალი აინტერესებს, ადვილი მისახვედრია, რომ არც მერიმე ექნება წაკითხული. ამით ქვეყანა არ იქცევა, მაგრამ იმისთვის მაინც უნდა მოეკრა ყური, რომ ხოსემ კარმენი მოკლა, ბოლოს და ბოლოს „ჰაბანერა“ მაინც უნდა ჰქონდეს მოსმენილი. ჯანდაბას, თუ ოპერის ავტორი არ ეცოდინება. ვან გოგის მზესუმზირები რეპროდუქციის პატრონის დახატული არ უნდა ეგონოს და „ვან გოგენზეც“ არ უნდა გიჟდებოდეს. ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მთვარე პლანეტა კი არა, თანამგზარია; პირამიდები ეგვიპტეში დგას; ოტელო მავრია; „ვეფხისტყაოსანი“ რუსთაველმა დაწერა; ჰამლეტის მონოლოგების მადლიერი მსმენელი საბრალო იორიკის თავის ქალაა; ოპერაცია „ვალკირია“ მარტო ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულება კი არა, ვაგნერის სახელგანთქმული ოპერაა. შტრაუსი რომ ორი იყო; მიქელანჯელო, რაფაელი, დონატელო და ლეონარდო კი, სანამ მუტანტ კუ ნინძებად იქცეოდნენ და ქვეყნის გადარჩენით დაკავდებოდნენ, წინა ცხოვრებაში, ადამიანები იყვნენ და, ზოგჯერ, ხატავდნენ კიდეც... ეს ყველაფერი სევდანარევი ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ისე სახარბიელო რეალობაა. თუმცა, ამ რეალობის პარალელურად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბიბლიოფობია დანაშაულზე უბიძგებთ. მბლუმბერგის მიმდევრები და „კოლექტიური ჩვენებები ძიებისათვის“ ჩემი პიონერულ –კომკავშირულო ბავშვობიდან, სხვა უსარგებლო ხარახურასთან ერთად, რომლითაც გულმოდგინედ გვიჭედავდნენ ცნობისმოყვარედ დაცქვეტილ ყურებს, ასეთი ფრაზა დამამახსოვრდა: “წიგნის ქურდი ქურდი არ არისო!” თუ არ ვცდები მას „მსოფლიო პროლეტარიატის დიად ბელადს“ მიაწერდნენ. ილიჩის დაუწერელი კანონების რა მოგახსენოთ, ბიბლიოფილებს ჩვენი კანონმდებლობით ვერაფრით ვანუგეშებ – კანონის წინაშე აქლემის, ნემსის და წიგნის ქურდი ზუსტად ერთნაირი „პრივილეგიით“ სარგებლობს – საკანში ადგილი სამივესთვის მოიძებნება. ცხადია, ასეთ დროს იდეალური ვარიანტი – დოჩანაშვილისეული „კამერა ლუქსი“ წამოტივტივდება, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეგ „მომსახურება“ ჯერ ჩვენს პენიტენციალურ სისტემას არ გააჩნია, თუმცა, ბიბლიოთეკა სასჯელაღსრულების ყველა შენობას აქვს. წიგნიპარიებს კლეპტომანიის განსაკუთრებული ფორმის დიაგნოზი უშველით თუ არა სასჯელის შემსუბუქებაში არ ვიცი. პრინციპში, ყველაფერი დანაშაულით მიყენებული ზარალის სიმძიმესა და მოცულობაზეა დამოკიდებული. ცნობილმა წიგნიპარია, სტივენ ბლუმბერგმასახელი, არცმეტიდაარცნაკლები, წიგნისქურდობითგაითქვა. მან 20 მილიონადშეფასებული 24 ათასამდეწიგნისმოპარვამოახერხა და, ამ შედეგით, მე– 20–ესაუკუნისუდიდესწიგნისქურდადიქცა. ვინაა ბლუმბერგი? ბიბლიოფილი, ბიბლიომანიაკი, ბიბლიოკლეპტომანი, ამის თაობაზე ჯერ კიდევ კამათობენ. ბლუმბერგი 1990 წლის 20 მარტსდააკავეს 23 600 იშვიათიდარარიტეტულიწიგნისქურდობისთვისაშშ–ს 45 შტატის 268–ზემეტიბიბლიოთეკიდან,უნივერსიტეტიდან, მუზეუმიდანთუსაცავიდან. მათიღირებულებათავდაპირველად 20 მლნ $შეფასდა, მაგრამშემდეგშეიცვალადაგახდა 5,3 მლნ–ად. ესიყოყველაზემასშტაბურიწიგნისქურდობააშშ–სისტორიაში. სტატისტიკა სადღაც წავიკითხე, ერთი გერმანელი წერდა: „უცნაური ხალხი ხართ ქართველები, ამაყობთ თქვენი წარსულით და ლიტერატურით მაგრამ უწიგნური ახალგაზრდობა გყავთო“. მეწყინა, თუმცა, ვიცოდი, არ ტყუოდა. მაინც გადამოწმება ვამჯობინე. წიგნის მაღაზიებში ხეტიალმა ხასიათზე ვერ მომიყვანა. ახალგაზრდობა, დაახლოებით 20–22 წლამდე ასაკის მკითხველი თურმე, ძირითადად, კოელიოს ეტანება. 2007 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულა კვლევა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც. კვლევაში საქართველოს 149 სკოლაში,119 სკოლის ვერცერთმა მოსწავლემ ვერ დაძლია უმაღლესი საფეხური და 41 სკოლის ვერცერთმა მოსწავლემ ვერ დაძლია მაღალი საფეხური. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსწავლეთა წიგნიერებაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას მასწავლებელი და ოჯახი ახდენს. კითხვაში უფრო მაღალი მიღწევები აქვთ იმ მოზარდებს: რომელთა მშობლებიც ხშირად კითხულობენ; რომელთა ოჯახშიც ბევრი წიგნია; რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ჩართულნი არიან წიგნიერებასთან დაკავშირებულ აქტივობებში. გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ, მშობლებისგანათლების დონისმხრივ,საქართველოკითხვაშისაშუალოზემაღალმონაცემებისმქონექვეყნებთან ერთადლიდერობს. მშობლების 40%-ზე მეტს აქვს უმაღლესი განათლება; საქართველოს მოსწავლეთა მშობლების 42% კითხვას კვირაში უთმობს 5 საათზე მეტს.ქართველ მოსწავლეთა 41%-ის მშობელს აქვს კითხვისადმი განწყობის მაღალი ინდექსი (საერთაშორისო საშუალო 52%) კვლევამდაადგინარომ საქართველოშიმოსწავლეთაწიგნიერებისდონეძალიანდაბალიადამკვეთრადჩამორჩება ევროპისქვეყნებისდონესის დგასისეთიქვეყნებისგვერდითროგორებიცარიანსამხრეთაფრიკა, ირანიდაკატარი. წიგნი მომავალ დროში დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ წიგნის დიგიტალიზაცია, ანუ მისი „გაციფრულება“ გარდაუვალია. კინდლი, აი–პადი, სხვადასხვა ქსელური პროგრამები ცხადყოფს, რომ მალე „ტრადიციული“ ყოველდღიურად გამოსაყენებელი წიგნი აღარ იარსებებს დაბეჭდილი სახით და მისი გამოცემა მხოლოდ ელექტრონულად მოხდება. ტრადიციულ ქაღალდის წიგნი ძვირდება ნედლეულის გაძვირების გამო და უახლოეს ათწლეულებში მისი გაიაფება არ ივარაუდება. ძნელი წარმოსადგენია, ვინმემ დააბანდოს სოლიდური თანხა იაფი ქაღალდის გამოგონებაში. შესაბამისად, წიგნი გახდება ძვირი ნივთი, ანუ ფუფუნების საგანი. ამდენად, შესაძლებელი იქნება, ავტორმა მხოლოდ რამდენიმე ცალად დაბეჭდოს საკუთარი ნაწარმოები. წიგნების ბეჭდვა ხელოვნების დარგად იქცევა. ბიბლიოთეკის მოცულობამ, შესაძლოა, მისი მფლობელის კაპიტალის მოცულობაც კი განსაზღვროს. წიგნის, როგორც ხელოვნების ნიმუშის ბაზრის განვითარებას, შესაძლოა, ხელნაწერი წიგნის აღორძინებაც მოყვეს. რა თქმა უნდა, ასეთი წიგნები ათასები და ათეულ ათასები ეღირება. გადამწერობა კარგად ანაზღაურებადი და პრესტიჟული ხელობა გახდება და მომავლის პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში თავის ადგილს დაიკავებს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, წიგნების დიდტირაჟიანი გამოცემების ეპოქის, ანუ 21-ე საუკუნის შუა წლებამდე გამოცემულ წიგნებს მაღალი ფასი დაედება. წიგნი არ გაქრება. ის მხოლოდ ფუნქციას შეიცვლის და ინფორმაციის გადაცემის სფეროდან ხელოვნებაში გადაინაცვლებს. როგორ შეუყვარდა კითხვა და რას ფიქრობს მომავალი მკითხველის აღზრდა–ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი. პრემია "საბას" და ,,ოქროს ფრთის' ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე: რა თქმა უნდა, გარკვეულ ასაკში, ყველა ბავშვს ეზოში მეგობრებთან თამაში ურჩევნია. მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, თუმცა, მშობლები, ბებია,ბაბუა, გამუდმებით ცდილობდნენ ჩემს იმ სამყაროში შეყვანას, რასაც მხატვრული ლიტერატურა ქვია. ნელ–ნელა აღმოვაჩინე, რომ ეს სამყარო არაფრით ჩამოუვარდებოდა რეალურს. ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში, ნელ–ნელა გაიზარდა კითხვისთვის დათმობილი დრო და გადავერთე სათავგადასავლო რომანებზე, რომლებსაც დღეს უკვე თითქმის აღარავინ კითხულობს, ჟიულ ვერნი, მაინ რიდი, სტივენსონი, რატომღაც, აღარ ითვლება მოდურად. ჩემი ბავშვობის წიგნებიდან, შესაძლოა, მარკ ტვენი ინარჩუნებდეს პოზიციებს. ამ წიგნებმა მიბიძგეს შემდეგ სერიოზული ლიტერატურისკენ, თუმცა არ ვთვლი, რომ „გულივერის მოგზაურობა,“ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი,“ კიპლინგის „მაუგლი“ მხოლოდ საბავშვო წიგნებია. დღეს იმ ინტენსივობით, როგორითაც ვთქვათ სტუდენტობაში ვკითხულობდი, ვეღარ ვკითხულობ. ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი სტუდენტობის პერიოდი იყო. ჯერ ერთი პროფესია მავალებდა, მეორე მხრივ, მეტი თავისუფალი დრო მქონდა. ადამიანებს სჩვევით შთამომავლობისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, შვილი იქნება ეს თუ მოსწავლე. ანუ ურჩიოს ის წიგნები, რომლებიც მის ახალგაზდობაში იყო პოპულარული. საჯარო და სხვა ბიბლიოთეკებშიც იყო ადრე ეს კულტურა – ლიტერატურის შერჩევის. ახლა მკითხველისგან არაა მსგავსი მოთხოვნა და მხატვრული ლიტერატურის წასაკითხადაც იშვიათად დადიან ჩვენთან. გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ წიგნებიც ბერდება ან ძველდება. დროს მოაქვს რაღაც ახალი. დღვანდელ თაობას „ჰარი პოტერის“ თაობას, უფრო სხვა სახის მხატვრული ლიტერატურა აინტერესებს. საერთოდაც, იქნება თუ არა ეს თაობა „მკითხველი თაობა?“ რამდენად იქნება ეს ტექსტის თაობა? არსებობს უამრავი საცდური, რომ ადამიანი საბოლოოდ მოწყდეს ტექსტს. ჩვენ ეს არ გვინდა და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, შესაძლებლობების ფარგლებში. ბიბლიოთეკაში დიდი ხანია ფუნქციონირებს „ბავშვთა ოთახი,“ რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გავააქტიურეთ და იქ გამართულ ღონისძიებებს შევძინეთ პერმანენტული სახე. გავააქტიურეთ სხვა დარბაზებიც, რითაც შევეცადეთ აგვეცილებინა საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკას – გამხდარიყო მხოლოდ წიგნების საცავი და არა კულტურული სივრცე. „ბავშვთა ოთახში“ ვცდილობთ სისტემატურად შევახვედროთ პატარა მკითხველი თანამედროვე საბავშვო მწერლებს, ვაწყობთ ახალი წიგნების პრეზენტაციებს. საბავშვო ლიტერატურის დარგში საკმაოდ მაღალი დონის ავტორები გვყავს, რაც იმის წინაპირობაა, რომ პატარებმა შეიყვარონ წიგნი, ჩამოუყალიბდეთ გემოვნება და მშობლებსაც გაუადვილდეთ პატარებისთვის წიგნის შერჩევა. P.S. რაც შეეხება „კამერა ლუქსს,“ როგორც გავიგე, იდეა ბრაზილიელებმა მოგვტაცეს – ბრაზილიის პენიტენციალურ სისტემაში, სულ ახლახანს დაინერგა წიგნის კითხვით პატიმრობის ვადის შემცირების პრაქტიკა. ჩემი აზრით, გასათვალისწინებელი პრაქტიკაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რახანია, ქართველები „კამერა ლუქსებზე“ ოცნებობენ... „ რევოლუციამდელი“ ბავშვი არც მთლად გონებაჩლუნგი იყო, სათამაშოებიც ჰქონდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი წიგნებიც. ახლაც ჩვევად მაქვს, წიგნის მაღაზიაში პირველად პატარებისთვის განკუთვნილ გამოცემებთან მივდივარ. ეტყობა, ბავშვობის მონატრებაა... დედაჩემის და დეიდაჩემის ნაქონ “ჩიპოლინოზე” ვგიჟდებოდი, “ვინი პუჰის” და „მაუგლის“ არც თუ საბავშვო ფილოსოფიას ცოტა მოგვიანებით ჩავწვდი. რასპეს “ბარონ მიუნჰაუზენს” ვაღმერთებდი, ლინდგრენი, როდარი, ტრევერსი, მარკ ტვენი, სეტონ-ტომპსონი, ანე კატარინე ვესტლის “მამა, დედა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” არჩილ სულაკაურის „ჯადოსნური კაბა“ და “სალამურას თავგადასავალი”... მიხარია, რომ მათი მეოთხედ გადაკითხვა მომიწევს, ჩემი მესამე შვილის გამო. ფაქტიურად „მისალოცთა“ სიაში ვარ, იმხელა სიამოვნება მელის წინ. აი რა სარგებლობა მოაქვს ბევრ შვილს – დიდხანს რჩები „ახალგაზრდა მკითხველად“... კატო ჩულაშვილი
  8. ახლა გადავამოწმეთ და თურმე ცოდნიათ, ანუ მიწოდებული ქონდათ კონტრდაზვერვიდანო. მგონი მართლა კაკანის ხმა გამოდის მაგ შენობიდან..
  9. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი თავსატეხი - რაიან გრისტი და მისი სკანდალური წარსული გვესმის, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია, რომ ევროკავშირში შესასვლელად ვიბრძვით და ამ დიდ ოჯახში შეღწევა ძალიან გვინდა, მაგრამ, ყველაზე სასურველ და საყვარელ ადამიანებთან მიმართებაშიც კი შედეგიანია ანდაზა, - ენდე, მაგრამ შეამოწმე. იმის თქმა გვინდოდა, რომ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ კავშირის მიმართ, ზოგჯერ, სახელმწიფო მოხელისთვის, სახელმწოფო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობ სასარგებლო იქნებოდა მათ მიერ შემოთავაზებული პირობების და პერსონების უფო გულისყურით გადახედვა. ასე იქცევა ყოველთვის პასუხისმგებლობით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელე და თავმოყვარე ქვეყანა. ბრმა თანხმობა და ნდობა დიპლომატიაში კი არა ადამიანურ ურთიერთობებშიც საკამათო თემაა და არცაა მიღებული. ამჯერად კი სახელმწიფო რეპუტაციაზე, მის უსაფრთხოებასა და ინტერესებზე, საგარეო ურთიერთობებზე და მაღალი რანგის დიპლომატიურ მისიებზეა საუბარი. რისთვის დაგვჭირდა ეს არც ისე ლირიული პრელუდია? იმისთვის, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა კიდევ ერთი დიდი სკანდალის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას, წინაშე კი არა, უკვე წელამდე დგას, თუმცა, ჯერ-ჯერობით ამის თაობაზე ოფიციალური უწყებები დუმან. ალბათ იმით არიან დაკავებულნი, - ვის გადააბრალონ ის, რაც მოხდა. მოხდა აი რა: 2014 წლის იანვარში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის ხელმძღვანელის მოადგილედ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე - რაიან გრისტი მოგვევლინა, რომელიც 2008 წელს საზოგადოებისთვის „ჯაშუშის“ კონტექსტში გახდა ცნობილი. ამ მისიის ოფიციალურ საიტზე მის შესახებ დევს ოფიციალური ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ რაიან გრისტს მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტის სადოქტორო ხარისხი საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზის სფეროში. არის ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი. მუშაობდა გაეროს სამშვიდობო მისიებში კვიპროსსა და ახლო აღმოსავლეთში და ევროპის თანამეგობრობისა და გაეროს სადამკვირვებლო მისიაში ყოფილ იუგოსლავიაში. ეუთოს ორ მისიაში (მოლდოვეთსა და საქართველოში) მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა და ასევე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა გაეროს წარმომადგენლობაში ცენტრალურ აზიაში. იგი ასევე მუშაობდა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სტაბილიზაციის საკითხებში მრჩეველად. 2014 წლის იანვარში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებამდე, ბ-ნი გრისტი იყო მენეჯერი ნიგერიის სტაბილურობისა და შერიგების პროგრამაში. იგი ახორციელებდა კონფლიქტის შემამსუბუქებელ პროგრამებს ნიგერიის იმ რეგიონებში, სადაც ძალადობასა და ამბოხებას ჰქონდა ადგილი. შესაძლოა, არაპროფესიონალისთვის ამ ინფორმაციაში დასაფიქრებელი და დასაეჭვებელი არაფერი იყოს, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებას და მაღალ დიპლომატიას ეხება, თუნდაც წმინდადიპლომატიური ეტიკეტის გამო, კეთილსინდისიერი და შედეგზე ორიენტირებული სახელმწიფო მოხელე, ყურადღებას გაამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ გრისტს უკვე უმუშავია საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში. ეს ფაქტი არც ისე უმნიშვნელოა და, ნეგატიურ შიგთავსზე მცირედი ეჭვის არსეობის გარეშეც, თუნდაც გულითადი საუბრის გასაბმელადაც უკვე თემაა. არადა, სულაც არაა ასე უხინჯოდ და ულაქებოდ საქმე. კვალი ხილვადია და 5 წლის წინ საკმაოდ გახმაურებულიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს „საპატიო“ და „პატივცემული“ დიპლომატი 2008 წელს ჯაშუშობის ფაქტზე იყო ეჭვმიტანილი. დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ომის დროს, ეუთოს ბრონირებული მანქანით გადავიდა ვლადიკავკაზში და ყველა რუსულ არხს დაუდასტურა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. „ეუთოს ყოფილმა თანამშრომელმა საქართველოში, რომლის განცხადებებმაც გაამყარა რუსეთის პოზიცია აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილებები, შემდეგ დაკარგა სამუშაო და მისი ქმედებები დეტალური შესწავლის საგანი გახდა, ხოლო საქართველო მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს“,- იტყობინება Wall Street Journal-ი 2008 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში. ბრიტანული არმიის ყოფილმა კაპიტანმა, ომის დაწყებისას, ზოგიერთ დასავლურ მედიასთან, მათ შორის New York Times-სთან და BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 7 აგვისტოს საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე ”აბსოლუტურად არაპროპორციული იყო ნებისმიერი პროვოკაციისა, თუ პროვოკაცია საერთოდ იყო.” 2008-ში გრისტი აცხადებდა, რომ მრავალჯერ გააფრთხილა ეუთოს დიპლომატები, საქართველოს მხრიდან ცხინვალზე შესაძლო შეტევაზე, თუმცა, მისი მტკიცებით, გაფრთხილებებს ყურადღებას არ აძლევდნენ. ამ ბრალდებას მისი ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოში ეუთოს მისიის უფროსი, ტერი ჰაკალა უარყოფს. მან Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ გრისტს არასდროს გაუფრთხილებია ის არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად. გრისტი ეუთოს მისიაში პასუხისმგებელ პირად ითვლებოდა მაშინ როდესაც ომი დაიწყო, რადგან იმ დროს ტერი ჰაკალა შვებულებაში იმყოფებოდა. ეუთოს ცხინვალის ოფისიდან სამი დამკვირვებელი ჰაკალას ბრძანების საფუძველზე 8 აგვისტოს ევაკუირდნენ . გრისტს და ჰაკალას რა კამათი და გაუგებრობა ჰქონდათ ერთმანეთში ეს ეუთოს საქმეა, ფაქტია, რომ, „დაუმორჩილებელი“ დიპლომატი „მისიონერი“ 12 აგვისტოს ცხინვალისკენ გაემართა ეუთოს არადაჯავშნული მანქანით. რუსულმა სამხედრო ძალებმა, რომლებიც მაშინ უკვე აკონტროლებდნენ სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქს, იგი ცხინვალში შეუშვეს. გრისტი ცხინვალში თავის მეგობარ - ლირა ცხოვრებოვას სტუმრობდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ ოსეთის ქალთა ასოციაციის” ხელმძღვანელი იყო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. Wall Street Journal-ს სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, Associated Press-მა გაავრცელა მის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელიც ცხოვრებოვას სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირებს ეხებოდა. ამერიკული საინფორმაციო სააგენტოსგან ამ ინფორმაციის გავრცელება ცხოვრებოვას აშშ-ში ვიზიტს დაემთხვა, რომელიც ამერიკული PR-კომპანია Saylor Company-ის ორგანიზებული იყო . Wall Street Journal-თან ინტერვიუში რაიან გრისტს არც ცხინვალში ორ მაღალჩინოსანთან შეხვედრა დაუმალავს, თუმცა ვინაობა არ დაუსახელებია. ისიც დაადასტურა, რომ თბილისის ოფისი მისგან სასწრაფოდ უკან დაბრუნებას მოითხოვდა, თუმცა ვერდაბრუნება ოს მებრძოლებს გადააბრალა. ბოლოს ცხინვალიდან ის რუსულმა ძალებმა გაიყვანეს 15 აგვისტოს, ბრიტანეთის საკონსულოს თხოვნით. ამ ფაქტის გამო ეუთომ ის სამსახურიდან დაითხოვა. გრისტის ჯაშუშობაზე ვარაუდები საქართველოს მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმაც დაადასტურა ქართულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით. გრისტს თავისი განცხადების შემდეგ ომის დაწყების თაობაზე, ხან MI6-თან და ხან კგბ-სთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ, რასაც ის ყოველთვის უარყოფდა. თუმცა, მისი პასუხი ”მე მხოლოდ ის მინდოდა გამეგო, თუ რა ხდებოდა,” - არგუმენტად არავის ჩაუთვლია. 2008 წლის დეკემბერში „უოლს სტრიტ ჯორნალი“ წერდა,რომ კრემლი თავის წარმატებებს ბრიტანელ რაიან გრისტს უნდა უმადლოდეს. `თუ ვინმემ დაიჯერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს ეუთოს თბილისის ოფისის ყოფილი თანამშრომლის განცხადებების საფუძველზე მოხდა“. „აგვისტოს ომის“ დაწყების თემა დიდი ხანია კამათის საგანია და ამ თემით ხშირად აპელირებდა წინა ხელისუფლება. ამ თემასთან მიმართებაში გულგრილი არც ახლანდელი ხელისუფლება დარჩენილა. ეს ექსპერტების და ისტორიკოსების სფეროა, მაგრამ დღეს გვაქვს ფაქტი - საკმაოდ საეჭვო პირი დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს დასტურით, უმნიშვნელოვანესი მისიის ხელმძღვანელის მოადგილეა. ასეთ ფაქტს ყაყანის და კრიტიკის გარეშე რომ არ დატოვებდა წინა ხელისუფლება, ამაში მოულოდნელი არაფერია. ისინი გრისტს რუსეთის ჯაშუშად მიიჩნევენ ცალსახად. აქ უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელი სახელისუფლებო მიდგომა საპასუხისმგებლო საკითხების მიმართ. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელი პასუხისმგებელია ნებისმიერი დიპლომატის დანიშვნის პროცესზე და პროცედურაზე, იყვნენ ინფორმირებულები ამ პერსონის ბეგრაუნდის შესახებ და ეს წინა ხელისუფლების მის მიმართ ბრალდებებზე პასუხი და ფაქტზე დღევანდელი პოზიციის გამოხატვის მცდელობაა, მაშინ, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ეტიკეტის შესაბამისად და პროტიკოლის დაცვით მოეხდინათ ფაქტების გადამოწმება და დადებითი გადაწყვეტილებაც კონკრეტული დიპლომატის დანიშვნის მიმართ, შესაბამისი საინფორმაციო შეფუთვით წარედგინათ. ანუ, ნაციონალური დემაგოგიისთვის დაესწროთ მისი ინფორმაციად მოწოდება, რომელიც არგუმენტებით იქნებოდა გამყარებული. საგარეო უწყებას აქვს უფლება უარი განაცხადოს შემოთავაზებულ კანდიდატურებზე, თუ მათ შესაფერისობაში ეჭვი ეპარება და უცხოური მისიების მიერ წარმოდგენილი პერსონალიების უპირობოდ დამტკიცების ვალდებულება არ გააჩნია. თუ ინგლისელი დიპლომატის უახლოესი სკანდალური წარსული ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობისთვის უცნობი იყო, რაც უფრო ახლოსაა რეალობასთან, მაშინ უნდა მოეთხოვოს პასუხი კონკრეტულ უწყებებს - ვინც პასუხისმგებელია ამგვარი სახის ინფორმაციის მიწოდებაზე სამინისტროსთვის. პასუხისმგებლობასთან და უწყებრივ უფლება-მოვალეობასთან დაკავშირებით კი დღეს საქართველოში სერიოზული არეულობა და გაურკვევლობაა. ჯერ კიდევ გაურკვეველია ვის დაქვემდებარებაშია და ვისთანაა კონტრდაზვერვა ანგარიშვალდებული? ჯერ-ჯერობით უშიშროების საბჭოს ფუნქციები იგივეა, კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილი პრეზიდენტის პრეროგატივაა. ხდება სტრუქტურული თანხვედრა, რაც არაეფექტური, სამაგიეროდ, სოლიდურად ხარჯიანი და, ზოგ შემთხვევაში წამგებიანიცაა, რადგან ერთმანეთის შემხედვარე ერთგვაროვანი სტრუქტურები დაკისრებულ ვალდებულებებთან არც ისე პირნათელი არიან. უწყებრივი კონტრდაზვერვის მიმართულებით უფლებამოსილებების გამიჯვნა არაა დასრულებული და დროში გაუმართლებლად იწელება. კონსტიტუციური რეფორმაც გაჩერებულია. გაურკვეველი და გასაკვირია საქართველოს პარლამენტის გულგრილობა ამ თემის მიმართ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გასული წლის ნოემბერში შექმნილ კონსტიტუციური რეფორმების კომისიის არცერთი სხდომა არ შემდგარა. ფაქტია, სანამ აქ გაერკვევიან, ვის რა ფუნქციები აქვს? ვინ ვის უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და ვინ ვისთანაა ანგარიშვალდებული, - სერიოზული „ შეცდომა გაეპარათ“, ეს ყველაზე მსუბუქი შეფასებით. ნებისმიერ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს აგრიმანის, ანუ თანხმობის, გარეშე ჯაშუშად მიჩნეულ პირს არავინ დანიშნავდა აქ მისიის წარმომადგენლად. კატო ჩულაშვილი რაიან გრისტის შესახებ 2008 წელს სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებული მასალების ლინკები: http://www.geotimes....me&newsid=16748 http://www.apsny.ge/.../1229735921.php http://www.eumm.eu/ge/about_eumm/dhom http://www.civil.ge/...le.php?id=20245 http://www.apsny.ge/.../1229735921.php
  10. გვარიანი დრო გავიდა საჯარო და ჯგუფური ყავის სმის ბოლო სეანსიდან „ პლანეტაზე“. გზააბნეული ქარის მოტანილ და მერე უკან წაღებულ რამე-რუმეებს, ისევ კეთილსინდისიერად მოყვანილი ყავით დალოცვილი მშვიდობა გერჩივნოთ. სიმშვიდე თუ არა, კოფეინი ხომ მაინც შეგრჩებათ ორგანიზმში? ფინჯანში კიდევ - ყავის ნალექი, რომელზეც შეგიძლიათ წარსულიც დაინახოთ, აწმყოც და მომავალიც. თუ განჭვრეტილმა ვერ დაგაკმაყოფილათ, რომელიმე (სასურველია უფრჩხილო) თითით შეგიძლიათ „გულიც გახსნათ“ - იმედები და მოლოდინები გაიუმჯობესოთ. ბავშვობის ზღაპრებიდან შემორჩენილი სიბრძნით, თუ სწორად მახსოვს, ქვეყნად მხოლოდ სამი რამაა, რასაც უკან ვეღარ დააბრუნებ - დრო, სიტყვა და შესაძლებლობა… ამიტომ, გამოყენებას უნდა ექვემდებარებოდეს ყველა შანსი. ხოლო ზოგიერთის მცდელობა - იყოს "ყველასთვის კარგი", უმადური უტოპიაა, თანაც იაფფასიანი პარფიუმის სუნი უდის. ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია, არ იყო "ყველასთვის ცუდი". დანარჩენზე სხვებმა ინერვიულონ... „დიდმა შესვენებამ“ დაგვარწმუნა, რომ ყავის სმის და ერთად შეკრების უამრავი მიზეზი არსებობს. ზოგჯერ უმიზეზობაც მიზეზია... თუ არ გჯერათ, ჯიჯის კითხეთ, ალფაიძეს! ისე, ამ ქვეყანაში „მოქალაქეზე“ ნაკლები არ უნდა იყო, თუმცა, ამისთვის ჯერ ყველა მზად არ ვართ, ამიტომ, ჯიჯით დავიწყოთ... ჯიჯი რამ გამახსენა? შალიკო ხვინგიაძემ და თოვლმა, ბატონო. ჩვენ რომ გვჭირდა გასულ კვირას, ზუსტად მასეთ ყინვა-ყიამეთში გადალახა ალპები მაგ კაცმა და ვიღას ახსოვს სუვოროვი? აცხონოს უფალმა! მერე რა, რომ ზამთარია?! ალპები და სუვოროვი დიდი ამბავი! აგერ, პიპინია ერისთავმა, საკუთარ ცხენს გამოასწრო პორტ არტურიდანო, - იტყვის ვინმე. გამოასწრო და კარგიც ქნა. უფრო კარგ ამბავს გეტყვით - პაპაჩემმა, იოსებ ლიმონიჩმა, ბესარაბია - ბუკოვინას საზღვართან იმდენი იჩალიჩა, კოჭში ტყვია გაირტყა და სახლისაკენო!- უბრძანეს. რა ექნა ვახ! უნდოდა ახლა მაგას ფრონტის წინა ხაზი? კატუშა შეუყვარდა ნემეტნავად და სახლში ეჩქარებოდა. ქალი კი საუკეთესო არგუმენტია ჯარისკაცისთვის სახლში დასაბრუნებლად, განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე. ევროპულ კავშირებზე ვოცნებობთ, მაგრამ ევროკავშირში ღობის იქით არ გვიშვებენ - პატარები ხართ კი არა და, აღზრდა გაკლიათ დემოკრატიული ღირებულებებითო. თუმცა, ახალ პრემიერ-მინისტრს სულაც არ დაუტოვებია გაუზრდელის შთაბეჭდილება საკმაოდ წარმომადგენლობით ვიზიტზე. შეფასებები მართალია არაერთგვაროვანი იყო, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია - ვინ აშუქებდა? რაც გინდა უძახო, მოუწოდო, ჟესტიკულაციით მიანიშნო, ვერ ხვდებიან მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ „ნაციონალურ“ დემაგოგიაზე უარი თქვან. ისე, მაგათიც მესმის - ასეთი „რეზკი იგნორი“ არ გამოდის. ბოლო-ბოლო 9 წელიწადი თანაარსებობაც რაღაცას ნიშნავს. თანაც არსებობასაც გააჩნია. სამომხმარებლო კალათასაც და ზოგიერთის საარსებო მინიმუმსაც. ყველას კალათში გიტარა ვერ იქნება. ზოგი სალამურს აკვნესებს და ზოგიც გარმონს გაწელავს. ინდივიდუალური, სეზონური და დროებითია ეს ყველაფერი. ბაზარი და სავალუტო ბირჟა თავისას მოითხოვს, ბიუჯეტი - თავისას - ამაოებას ამაოთას. „ნაციონალური“ გადმონაშთებიც, თითქოს, „ეკლესიასტეს“ იმედად არიან, თუმცა, ჯერაც ვერ გაითავისეს, რომ არს ჟამი „ ენის ჩაგდებისა“ ... თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო... ხეში წყალი, იოანე გაღლეტილის, ყოფილი მრისხანეს და ამჟამად ბრალდებულის თვალში კი ნიანგის ცრემლი. თუმცა, რა გვიკვირს? ეს ხომ „ხერხემლობას“ იბრალებდა თუ აბრალებდნენ და არა „რკინის კაცობას“?! ოჯახი დამეჩაგრა ჩემს გამოო... თუმცა, მტკნარ სიცრუეზე გადაღებულ მომლაშო სანახაობამდე იყო ბრძანება ორ გვამზე და ვანოს კრავთა ჩვეული დუმილი... სანახაობა სამაგალითოდ დასჯისათვის ნამდვილი სისხლით და ნამდვილი ტყვიებით. მოკლედ, განკარგულების გამცემმა, გრამატიკაში დაკარგულმა ენაბლუმ ერთი თქვა, მეორე „უპირომ“, პირდაპირი და ირიბი გაგებით, - მეორე. ვანოს ამოთქმულ ორად ორ წინადადებაში, თურმე, იმდენი სათქმელი ყოფილა, გივი თარგამაძეს მისი მოკლე შინაარსის გადმოსაცემად 2 ფურცელი არ ეყო. საბედნიეროდ, გვამი იყო მხოლოდ ერთი. პრემიები ნამდვილად გაიცა. აიღეს, შეირგეს, საკუთარ შვილებს და ოჯახებს მოახმარეს... ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კომენტარი გააკეთა“ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე: "მე, საერთოდ, პოლიტიკაში, ძალიან გთხოვთ ნუ ჩამრევთ. მე გითხარით რისთვის ვარ აქ და საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისათვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც. დღეს რაც ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანიაო"... საზოგადოება, რა თქმა უნდა, აღშფოთდა, გააპროტესტა, კიდევ რაღაც ნაწილმა გადახარშა აზრი - წინა ხელისუფლების რეჟიმად გამოცხადებაზე. თუმცა, ერთგული მრევლი მაინც ერთგული მრევლია. ამასობაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტენდერი გამოაცხადა 10 000 დროშის შესყიდვაზე. რად უნდა ნაციონალურ მოძრაობას 10 000 დროშა? ამ ჩვენს დროშებს თინიკო, გუშინ მთელ დღეს კერავდა... მონაკოში 7 600 000 დოლარი არაა ისეთი თანხა, კეზერას დაჭერად რომ ღირდეს. დიდი ამბავი, ბანკის საცავებში სპირტის სუნი დადგაო... სამაგიეროდ, ვირუსი არ მიეკარებათ. არ იციან მაგათმა ჩვენებური ორნახადი და სამნახადი.. თანაც სპირტის კონტრაბანდისტობიდან ოპერის კონტრაბასისტობამდე ერთი ნაბიჯია...კეზერასაც შააბეს ეჟვანი. ახლა ერთი კალაკოლჩიკი და ალიონუშკა რას დახატავდა მაგას... თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო... ჩადგა კი არა, გაიყინა. ოღონდ არა მხოლოდ ხეში, არამედ მილებშიც და იწყეს მილებმა ხეთქვა აპრილის კვირტებივით. მოსაწყენად ვის ეცალა?! ქრონიკული უწყლობით შეწუხებული ქალაქი აღშფოთდა და პოსტა და პოსტა... აღშფოთებით მიღებული შედეგი სოსოა ალავიძე, ამიერიდან თბილისის წყლის საშიშროების უშიშროებაზე ეგ იზრუნებსო. წინა ცხოვრებაში თბილისის შერიფი ნელ-ნელა ამოყვინთვას იწყებს. ტრაქტორების საქმეზე ამოტივტივებული უკვე კარგადდავიწყებული პერსონა შემხმარი ლაქების ჩამორეცხვას წყლის ჭავლით აპირებს. არამგონია ლაქების ამომყვანის გარეშე რამე ეშველოს, მაგრამ ამ ქალაქში ხომ ყველაფერი მოსულა? .. მოტყდა ყინვაც... მოტყდებოდა, აბა რას იზამდა? თქვა რამე ქვეყნის მთავარმა მოქალაქემ და არ შეასრულა? არ უყვარს მაგას სიტყვის გატეხა... მთავარია, ჩვენ არ გავტყდეთ კოკასავით წყაროზე... წყაროზე კი დიდი ამბები ტრიალებს.. თავად წყაროებიც ტრიალებენ - სანდოები და უნდოები. რა უცნაური და საგულისხმოა - საბჭოთა კავშირში არ იყო მკვეთრად გამოხატული არატრადიციული ორიენტაცია. ყოველ შემთხვევაში გასაჯაროვებული მაინც. ამიტომ, მაშინ ყველაფერს ებრაელებს აბრალებდნენ. ახლა ყველაფერს ან წინა ხელისუფლებას აბრალებენ, ან მომქმედ ხელისუფლებას... ეჰ, მარტივი იყო მაშინ ცხოვრება.... ახლაც მარტივია ზოგიერთისთვის „ძველებიდანაც“ და „ახლებიდანაც“. იმ დროში კულტურის მინისტრი სხვისგან კი არ მოითხოვდა მოადგილის გადაყენებას, თვითონ გადააყენებდა. ყველაფერი გაართულეს... ისე, თევზი რომ თავიდან ყროლდება, კი უნდა იცოდეს კულტურის მინიტრმა. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით და პემიერ-მინისტრის დასტურით, მიზანდარი ემ. - გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა, დაბეჯითებით წინასწარმეტყველებს სულ მალე თავად მინისტრის სავარძლის გათავისუფლებას. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები, ჯერ კიდევ, და, ამ ეტაპზე გამარჯვებული, კულტურის მინისტრისგან თეატრის მთავარი დირიჟორის - ჯანლუკა მარჩანოს ჩამოშორებას მოითხოვენ. ოდიშარია არ ჩქარობს, სასწრაფო წესით ჯერ-ჯერობით არასასურველი მოადგილე ჩამოიშორა პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობით. მერე რა, რომ კულტურის სამინისტროს ხელფასებიც დაუთვალეს და პრემიებიც ზედ მიაყოლეს?!. თუმცა, მოდით, ნუ დავემსგავსებით ნაცებს დემაგოგობაში და დავაზუსტოთ - ახლა მაგას პრემია კი არა წახალისება ქვია... წახალისება კი ისეთი რამეა, რომ თქვა რამე, შურიანი, ბოღმა და ბაიყუში ხარო, გეტყვიან.... ახლა კულტურის სამინისტროს ამ ხნის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და ცვლილებებს ითვლიანო, მაგრამ როგორ გინდა დათვალო არაფერი? ან თითქმის არაფერი? გაფუჭებული საქმეში როდიდან ჩაითვლება ნეტა? მართალია, ისეთი ამ მთავრობას ჯერ არაფერი გაუფუჭებია, რასაც წინა არ აფუჭებდა, მაგრამ ხომ შეიძლება, ზოგჯერ ისიც გააკეთო, რასაც ისინი აფუჭებდნენ. ეტყობა, ღარიბა მართლა არ ენდობა მარგველას, თორემ პუტინმა, პრეზიდენტს შევხვდებიო, პრემიერს კი არა... ამან კიდევ მეც მინდაო... ბოლოს ალბათ ისევ სახლში დატოვებს იმ კაცს...მერე იტყვიან, - არაფერს აკეთებსო! ვინ აცლის რო?ისე, მარგველას ახალი საფიქრალი გაუჩნდა - შეხვდება - ინანებს. არ შეხვდება და ჩვენ ვანანებთ. აბა რისთვის ვართ ჩვენ აქ, ქართველები ფეისბუქში? სანამ პარლამენტში ანგარიშს წარადგენს, ბატონმა პრეზიდენტმა, მოცალეობის ჟამს, როგორც ყოფილმა ფილოსოფოსმა, ეგებ გაარკვიოს - რა დანიშნულება აქვს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ლექციაზე სამღვდელოების წარმომადგენელს? დაიტანჯა ლექტორი, ბატონო პრეზიდენტო! რამდენი ფროიდს ახსენებს, იმდენი „ნიჩურიკი“ აქვს ხელზე და პირჯვარს იწერს... აღარაფერს ვამბობ დატანჯულ და გაოგნებულ სტუდენტობაზე, ზოგჯერ აზრის ტავისუფლებასაც რომ სთხოვენ... ლენტეხის პოლიციის უფროსი დავით საგანელიძეს ცემით ემუქრებაო. არ ვიცი რა დააშავა და რა გაათეთრა საგანელიძემ ლენტეხში, მაგრამ გასალახი რომ იქნება, ეჭვიც არ მეპარება. გასულ კვირასაც ისე თოვდა, როგორც მაშინ, - შალიკომ რომ ალპები გადალახა... ნათელაშვილმა არა კაცო, მაგას ენობრივი და საარჩევნო ბარიერები ვერ გადაულახავს მზიან ამინდში და რომელი ალპების გადამლახავია? ხვინგიაძეზე ვამბობ, ხვინგიაძეზე.. ჯიჯი ალფაიძის მეგობარი რომ იყო... კიდევ რამე გიკვირთ ამ სამყაროში? თავს ისე იკატუნებენ ეს „მათხოვარი ევროპელები“, გეგონება არ იცოდნენ, ფარაონი ტუტანჰამონი რომ ჩვენს კეჟერა ფხალზეა გაზრდილი... ჰოდა, შევახსენოთ! ჩამოასხით ერთიც, თუ არაფერს აფუჭებთ, გაკეთებას ვინღა ჩივის, და ვთქვათ ერთიც ყავის და მშვიდობის... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  11. დემოკრატიის საფუძველი თვითმმართველობაა. ეს უკვე დიდი ხანია იციან იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხმა და ნიშნულმა მწვერვალს თუ არა, ოპტიმალურ ნიშნულს მაინც მიაღწია. დღეს ჩვენშიც ბევრს საუბრობენ თვითმართველობის სისტემის აქტუალობაზე და მასზე გადასვლის აუცილებლობაზე. წლებია, საზოგადოებაში ყალიბდება და მწიფდება აზრი, რომ თვითმმართველობა ეს გაცილებით კომფორტული, დემოკრატიული და პრაგმატული ცხოვრების წესია და ქვეყნის ტერიტორიების ადმინისტრაციული დაყოფა უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, წესებს, კანონებს, ტრადიციებს. ზოგადად, ცვლილება უნდა ემსახურებოდეს პროგრესს და არა ქაოსს, მითუმეტეს არაჯანსაღი წარმონაქმნების გაძლიერებას და დაკანონებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წლებია, საუბარი მიდის და მუდმივი კრიტიკა გვესმის გუბერნატორობის ინსტიტუტზე, როგორც არაჯანსაღ წარმონაქმნზე. დიდი სიხარულით შევხვდით სულ ახლახანს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორების გადადგომასაც, თუმცა, მაშინ ძალიან ცოტა თუ ფიქრობდა, რომ უახლოეს მომავალში ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ შესაკრებთა გადანაცვლებაზე იქნებოდა საუბარი. საქართველოს ახალი მთავრობის მიერ მომზადებული თვითმმართველობის კოდესის მიხედვით, გუბერნატორები რჩებიან ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელ პირებად, თანაც პოლიტიკური ნიშნით დანიშნული გუბერატორები და თვითმმართველობის საოცნებო ხიბლი მხოლოდ არც ისე კარგად შეფუთულ, მაგრამ კანონით გამაგრებულ მმართველობად გარდაიქმნება. თვითმმართველობის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში რეფორმა უნდა განხორციელდეს, ჯერ პარლამენტს არ განუხილავს, მაგრამ უკვე არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. 22 ნოემბერსაც კოდექსის განხილვამ არასამთავრობო სექტორის და არასაპარლამენტო ოპოზიციის წრეში საკმაოდ მწვავედ ჩაიარა, მკაცრი განცხადებები და შეფასებები გაკეთდა და არც ბრალდებების დეფიციტი ყოფილა. ვის ინტერესებშია გუბერნატორის ინსტიტუტის გაძლიერება და სახელმწიფო ბიუჯეტში, მინიმუმ, 3 მილიარდი ლარის დამატებითი ხარჯი? წინასწარი გათვლებით, სწორედ ეს თანხა ესაჭიროება პირველად ხარჯად ახალი რეფორმის განხორციელებას მომავალ წელს. ფაქტია, კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში საუბარი იყო გუბერნატორის ინსტიტუტის, როგორც წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი მავნე პრაქტიკის გაუქმებაზე. ახალი კოდექსით გუბერნატორის ინსტიტუტი კანონდება, თანაც კონკრეტულად განსაზღვრული ფუნქციებით. რამდენიმე თვეში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ყველა გათვლებით, ამ პერიოდისთვის აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ახალი კანონი საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს და პროგრესის გარანტი იქნება საზოგადოებაში თვითმმართველობის, ანუ, მეტი დემოკრატიის და დამოუკიდებლობის უნარ-ჩვევების დანერგვისა და განხორციელების თვალსაზრისით. თვითმმართველობის კოდექსის კანონპროექტზე მარტიდან ინტენსიურად მუშაობს ახალი ხელისუფლება, რომელმაც მოახდინა ინიცირება პარლამენტში და ახლა უკვე საპარლამენტო განხილვის პერიოდი იწყება. კანონპროექტს ყავს ოპონენტები, რომლებიც თვლიან, რომ ამ კოდექსის მიღება და რეალობაში განხორციელება დამღუპველი და, შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია. პროექტი არ პასუხობს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვითარების საჭიროებებს – მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავების მიზნებს; შემოთავაზებული ინსტიტუციური მოწყობა, დღეს არსებულთან შედარებითაც რეგრესულია და არა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ჩართულობის, არამედ ერთპიროვნული მმართველობის მავნე პრაქტიკის განმტკიცებისკენაა მიმართული. პროცესი დაწყებულია - მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თვითმმართველობის კოდექსი დაჩქარებული წესით მიიღოს, მოიწონოს და წარუდგინოს პარლამენტს... დაიწყებს თუ არა პარლამენტი ამ კოდექსის განხილვას? ოპონენტები თვლიან, რომ ამ კანონპროექტის მიღება ყოვლად დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი მას მარტიდან ელოდება, სპეციალისტთა აზრით, ესაა არასწორ პრინციპებზე და გათვლებზე დამყარებული რეფორმა, რომელიც ცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ თვით პარლამენტის შემადგენლობასაც. მოკლედ, საკითხი არც ისე მარტივადაა, როგორც ამას ბოლო დროს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები წარმოგვიდგენენ. ისიც ფაქტია, რომ წინა პერიოდში, ანუ ოქტომბრის არჩევნებამდე, აღნიშნული რეფორმა უფრო ღიად და გამჭვირვალედ მიდიოდა. მთავრობის შემუშავებული კონცეფცია დიდხანს არ გასაჯაროებულა, არც ამ კოდექსის პროექტიც და ამას, ალბათ თავისი მიზანი ჰქონდა. პროექტის ერთ-ერთ ავტორს და ინიციატორს, ირაკი მელაშვილს, კარგად მოეხსენება, როგორი „მხიარულება“ გამოიწვია ბატონი შერგელაშვილის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა კომპეტენტურ საზოგადოებაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც, რა თქმა უნდა, არ გახმაურებულა - სამი კვირის წინ „იუესაიდის“ წარმომადგენელი ბატონი ვილიამ კარტიე როგორ წამოუხტა რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან არსებულ საბჭოს, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფინანსდება, რათა ქარტიასთან და ზოგადად კანონმდებლობასთან შესაბამისი პროექტი ან სტრატეგია მაინც შეიმუშავონ და როგორ მიალანძღა ისინი, - 9 თვეზე მეტია ფულს გიხდით და ამ საშინელი დოკუმენტის მეტი ვერაფერი შექმენითო! მეტიც, როგორც ამბობენ, მან „სოროსის ფონდთან“ ხელშკრულება შეწყვიტა და ხელებიც დაიბანა ამ საქმეში. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება ადგილზე, იქვე უნდა გადაწყდეს. მოქალაქემ ყოველთვის უკეთ იცის რა ჭირდება კონკრეტულად, ვიდრე ნებისმიერმა ჩინოვნიკმა სახელმწიფო აპარატში. იმაზეც აღარავინ დავობს, რომ მუნიციპალიტეტს უნდა ქონდეს დამოუკიდებელი რესურსები და უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ექსპერტ-იურისტის, დავით ზარდიაშვილის აზრით, დღევანდელი მოცემულობით არა პროგრესული კოდექსის შემუშავება, არამედ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ერთი კაცი ასტრუქტუირებს ამ ძალაუფლების სისტემას, რომელმაც კარგად იცის - მთავარია გავლენის მოპოვება საზოგადოებაზე. ამასობაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ექსპერტებმა გაანალიზეს საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტი და პრინციპული ხასიათის შენიშვნებიც დადეს. თავად ირაკლი მელაშვილიც აცხადებს, რომ ეს არაა რეფორმა, რომელიც არ გამოიწვევს კამათს, რადგან - საკითხი ეხება ქვეყნის მოწყობას. კამათიცაა და კამათიც. მითუმეტეს, დრო ძალიან ცოტაა. ცაიტნოტს ისიც ემატება, რომ კოდექსის ერთ-ერთი ავტორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, უკვე ოფიციალურად დასახელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად. ეს სვლა თავისთავად აჩენს უამრავ კითხვას. ამ შემთხვევაში კი ყურადღებას ისიც იქცევს, რომ რამდენიმე დღის წინ, მინისტრმა ჩვენი რესპონდენტი - დავით ზარდიაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამხმოვანებლად მოიხსენია. - ბატონო დავით, თვითმმართველობა საკმაოდ რთული თემაა. უკვე კურიოზია ახალი ხელილსუფლების მიერ შემოთავაზებული „ზემოდან“ მართვადი თვითმმართველობა. - რაშია იცით საქმე? თვითმმართველობის დარგში გაჩნდა ხალხი, ვისაც მეტი გავლენა აქვს ძალაუფლების ცენტრზე. ამჟამად თვითმმართველობის სფეროს საქართველოში აკონტროლებს ერთი ჯგუფი - ესაა ბატონი მელაშვილის უწყება და მისი კონტროლისა და გავლემის ქვეშ მყოფი რეგიონალური განვითარების სამინისტრო. - ანუ კოდექსი იწერება მათ მიერ. - დიახ, კოდექსი იწერება ამ საქმეში არც ისე კომპეტენტური და არასაკმარისი კვალიფიკაციის ხალხის მიერ. მსგავსი სისულელები და კანონების გაუთვალისწინებლობა სააკაშვილის ხელისუფლებაშიც კი არ გვხვდებოდა ასეთი დოზით. მაშინ ამ მიმართულებით პალიკო კუბლაშვილი მუშაობდა სერიოზულად. - რა გინდათ თქვათ, რომ პალიკო უფრო კვალიფიციური იყო? - რა შედარებაა? კაცი სერიოზული იურისტია და საკითხი ნასწავლი აქვს. სერიოზული პროფესიონალია. სამართალი იცის, გერმანიაში აქვს ნასწავლი. წინა ხელისუფლება ვერ ბედავდა ასეთი დოზით ძალაუფელბის გამოვლენას და ფუთავდა მას სხვადასხვაგვარად. ახლები ფიქრობენ, ისე დაგეგმონ და ჩამოაყალიბონ სისტემა, რომ თვითონ იყვნენ მისი სრული ბატონ-პატრონნი. - უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ? - რეგიონებში გავლენის სფეროები და ძალა-უფლება სხვადასხვა თანამდებობების მიერ კონტროლდებოდა. ხან გამგებელი იყო, ხან გუბერნატორი, ხან პროკურორი და ა.შ. 1 ოქტომბის მერე , რაც მიშას გუბერნატორების სისტემა დაირღვა, მათი ჩანაცვლება, რეგიონალური ხელისუფლების კუთხით, დაიწყო ირაკლი მელაშვილმა. პერსონალურად ის აკონტროლებს ამ სეგმენტს. პრემიერის ადმინისტრაციაში ჩამოაყალიბა თავისი კანტორა. დღეს რომ ირაკლი მელაშვილს ძალაუფლება აქვს, ასეთი, თავის დროზე, შვარდნაძის დროს, ბადრი ხატიძესაც კი არ ქონია. - როგორ მოახერხა ირაკლი მელაშვილმა ასეთი ნდობის და შემდეგ გავლენის მოპოვება? - პირადი უნარების წყალობით ალბათ. ივანიშვილის გარემოცვასთან ახლო კონტაქტებით. ერთია რეალური ძალაუფლება და მეორეა მისი დაკანონება-გაფორმება. ამ კანონპროექტისთვის გამოიყენეს მოძველებული, უკვე დაწუნებული მცდარი იდეები და მათ გარშემო შექმნეს ძალაუფლება. ახლა ჯერი მის დაკანონებაზეა. - რამდენადაც ვიცი, შემუშავებული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. - ქარტიასთან წინააღმდეგობაში მოდის იმიტომ, რომ ტერიტორიების გადაკეთება-გადმოკეთებას და საზღვრების მიხაზვ-მოხაზვას შენ არავინ გეკითხება. ცივილურ ქვეყნებში ეს ხალხთან ერთად კეთდება სერიოზული კვლევების და გამოკითხვების შედეგების გათვალისწინებით. თუ ტერიტორიული ერთეულის საზღვრებს ცვლი, აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობასთან კონსულტაციები. მთავრობას უფლება არ აქვს რაღაცეები თავის ჭკუაზე გადახადოს და გადმოხაზოს. - რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს და ხშირადაა განხილვის საგანი - საიდან მოვიდა ციფრი 15 ათასი? - ამაზე პასუხი არავის აქვს. როგორც ამბობენ, კომპრომისის შედეგია ეს ციფრი. - ვისთან რისი კომპრომისის? - ეს იდეა ჰქონდათ 2005 წელშიც მაშინ უკვე ოპოზიციაში მყოფ „რესპუბლიკელებს“ , შეიტანეს კიდეც ალტერნატიული კანონ-პროექტის სახით. მათი გათვლებით, საქართველო 298 თვითმმართველ ერთეულად უნდა დაყოფილიყო. ეს იდეა არ მიიღეს მაშინდელ პარლამენტში თავისი გაუმართავობის და დაუსაბუთებლობის გამო, თანაც, სააკაშვილის ხელისუფლებას მაშინ თავისი მიზნები ქონდა. - რამდენადაც ვიცი დღეს არსებულ რეგიონალურ დაყოფაში დიდი ხარვეზები და მწვავედ პრობლემული თემები ძალიან ცოტაა. რატომაა აუცილებელი ამ საკითხის გადახედვა, უფრო სწორად ძირეულად შეცვლა? - როცა კომუნისტებმა ტერიტორიული რეფორმა გააატარე 1921 წელს, ხელი არ ახლეს რუსეთის იმპერიის მიერ დადგენილ დაყოფას და 10 წელი მოუნდნენ ახლის მომზადებას. ნაპოლეონმა, რომელმაც საფრანგეთი 100 დეპარტამენტად დაყო, მეცნიერებათა აკადემია ამუშავა 7-8 წელი ამ თემაზე. ყველა ასეთი ევროპული დაყოფა ისტორიულ გადანაწილებას ეფუძნებოდა ყოველთვის ძირითადად. - ეს 298 ერთეული საერთოდ არაფერს ეფუძნება? - როგორ არა?! - გაქვს მოსახლეობის „ენ“ რაოდენობა. ვიცით, რომ თვითმმართველობა ეფექტურია 15-20 ათას კაცმდე. ფორმულა მარტივია - მოდი მოსახლეობის რაოდენობა გავყოთ 20 000-ზე და გამოვიდა დასახელებული ერთეული. მერე აიღეს ფარგალი და სახაზავი, საქართველოს რუკა, 2001 წლის ურბანული მონაცემები, და დახაზეს საქართველოს ახალი ტერიტორიული მოწყობის „სახელმძღვანელო“. საქართველოში 3700-ზე მეტი სოფელია. ზოგი 5 კაციანია. ცხადია, რაღაც-რაღაცეები გამორჩებოდათ. კანონპროექტის სახით მიიტანეს თვითმმართველი ერთეულების ჩამონათვალი მიხეილ მაჭავარიანთან, რომელმაც რუკაზე გადაატანინა შემოთავაზებული ტერიტორიული ერთეულები. აღმოჩნდა, რომ ამ გათვლებით ნახევარი საქართველო არის თეთრი ლაქა. კანონპროექტის განხილვის დროს პროექტორი გამოიყენეს და მაშინ დამსწრე საზოგადოებამ ამ თეთრ ლაქებზე ბევრიც იცინა. „დაშლის იდეა“ აკვიატებულ იდეასავით აქვთ ამ პროექტის ავტორებს. ეს მოდის თვითმმართველობაზე მე-19 საუკუნეების წარმოდგენებიდან. ესაა ბისმარკის იდეები, როცა დადიოდნენ ცხენით და ჯერ ტელეგრაფიც არ იყო გამოგონებული. მაშინ ახალი ადმინისტრაციული ერთეულები იქმნებოდა იქ, სადაც იყო ეკლესია და ფოსტა. მერე ურბანიზაციის მეორე ტალღა დაიწყო და ინდუსტრიალიზაციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ასეთი მიდგომა თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში არის აბსოლუტურად სასაცილო. დღეს გეოგრაფიულ მანძილზე დამოკიდებული კომუნიკაციის პრობლემა აღარაა. - ანუ ტერიტორიების დანაწილების მე-19 საუკუნის დროინდელი მეთოდი ესაა კონცეპტუალური შეცდომა. - ეს ეწინააღმდეგება საღ აზრს. არაა სწორი ასე მიადგე ტერიტორიებს და დაიწყო ჭრა-კერვა. იქ საუკუნეებია ხალხი ცხოვრობს. დღეს საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. დგას მხოლოდ რამდენიმე წერტილში. - გარდა ამისა, არის მდიდარი რაიონები, მდიდარი რეგიონები, როცა თვითდაფინანსებაზე და თვითმმართველობაზე გადავლენ, თანასწორობის პრინციპი და ბალანსი როგორ დარეგულირდება და შენარჩუნდება? - ფაქტია, ეს უთანასწორობას გამოიწვევს. მაგალითად ახლა ბოლნისი რომ დაშალო, კაზრეთი აღმოჩნდება 15 მილიონიან შემოსავლიან სოფლად. დანარჩენები - ნულზე დარჩებიან. ანუ უთანასწორობას შეუწყობს ხელს. ასეთი მიდგომა, რომ 15 000-იანი ტერიტორია ქალაქია და დანარჩენი არა, ეს უბრალოდ დისკრიმინაციაა. როგორ უნდა დაასაბუთო, რომ ვთქვათ კასპი ქალაქია და მცხეთა - არა? - ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ინტერესი დგას თუ უვიცობით მოსდით ეს? - ესაა მე-19 საუკუნის კომუნიკაციის კრიტერიუმები. ევროპული გამოცდილება მოყავთ მაგალითად. - თუმცა, ევროპაც ხასიათდება გამოცდილების სიჭრელით. - საკითხის განხილვა იმის მიხედვით, საშუალოდ ევროპაში რამდენი კაცია თვითმმართველობაში, სასაცილოა. პროკრუსტეს სარეცლის პრინციპია - წააჭრა რაც ზედმეტია დადგენილ სტანდარტზე. ტერიტორიული მოწყობა ისტორიული პროცესის შედეგია. იყო ბისმარკის რეფორმები, იყო ნაპოლეონის რეფორმები, საბჭოთა რეფორმები.. - დღეს არსებული დაყოფის იდეა, რამდენადაც ვიცი, კომუნისტებს არ ეკუთვნით. - არა, რა თქმა უნდა, ამის მტკიცება საკუთარი ქვეყნის ისტორიის არცოდნას ნიშნავს. დღევანდელი დაყოფის პრინციპი ეკუთვნის პავლე ინგოროყვას. რომელმაც 1920 წელს მოამზადა საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის გეგმა საქართველოს პირველი რესპუბლიკისთვის. მისი იდეა ქართულ ტრადიციულ დაყოფას ეყრდნობოდა, - ანუ აღმაშენებლის პრინციპებს. ესაა ქალაქი და მიმდებარე „ქვეყანაი“ - მისი აგლომერაციის ზონა. - ინგოროყვას ხედვა იმ დროისთვის იყო ოპტიმალური, მაგრამ არა იდეალური.ანუ არის სადღაც პრობლემური წერტილები. - დღეს, რეალურად, პრობლემები გვაქვს 3 ადგილას - ესაა გარდაბანი, გეოგრაფიულად ძალიან ცუდადაა დაგეგმარებული. ზუგდიდი, რომელიც ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან დიდია და გორი. მაგრამ ამ პრობლემების ასე მარტივად გადაჭრა შუძლებელია და არც შეიძლება - ამას მუშაობა და კვლევა ჭირდება. ტერიტორიული დანაწევრება კი არ იყო კომუნისტური სისტემის პრობლემა, არამედ მმართველობის მახინჯი სისტემა - დემოკრატიული ცენტრალიზმი. პარტიული დიქტატი, ტოტალიტარიზმი გვქონდა სახეზე. - არის კოდექსში ისეთი ნიუანსები და პრინციპული საკითხები, რომლებიც შეიცავს საფრთხეებს?. - რა თქმა უნდა. ახალი კოდექსით შემოაქვთ სრულიად ახალი ტიპის ადმინიტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანება. ამას ყველა ნიშანი აქვს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის. ტერიტორიული ერთეულის ოთხივე ძირითადი ნიშანი სახეზეა, თუმცა ამბობენ, რომ ესაა ახალი ტერიტორიული ერთეული, მაგრამ ახალს კონსტიტუცია კრძალავს პირდაპირ. და, რა თქმა უნდა, ამის შემოვლა ხდება. - რა უარყოფით შდეგამდე მიგვიყვანს კონკრეტულად ეს პუნქტი? - კურიოზულია ის, რომ კანონით არ ადგენენ ამ ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიას. - ანუ რა რეგიონები შეიქმნება საქართველოში, კანონში არ წერია?. - არა. ამბობენ, რომ ამ რეგიონების გაერთიანების ტერიტორია დაემთხვევა გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიასო. გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია კანონით არ განისაზღვრება, განისაზღვრება მთავრობის კანონქვემდებარე აქტით - როგორიცაა გუბერნატორის დებულება. ანუ რა გამოდის, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ენით გაუგონარ ამბავს ტერიტორიული ერთეულის საზღვრებს, ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე, აწესებს მთავრობა. რეალურად რა გამოდის - ესაა ის, რომ სადღაც ტერიტორია შემოგიხაზონ, შიგ შეგრეკონ და გითხრან, რომ ეს იქნება თქვენი გუბერნატორი. თეორიულად იცი რა შეიძლება გააკეთონ? მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტს ხომ დაშლიან და გუბერნატორი დაუნიშნონ ცალკე კახეთს და დანიშნონ თელავშიც. ანუ რეალურად არსებული მუნიციპალიტეტი შეიძლება დაშალონ და გააერთიანონ გუბერნატორის ეგიდით. მთავრობის შესახებ კანონში წერია, რომ სისტემის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი და ირაკლი მელაშვილმა თავიდანვე ამ მხრივ პოზიციები გაიმაგრა, დღეს ის ამ „კანტორის“ უფროსია, პრემიერ-მინისტრი თვითონ ხომ არ გააკეთებს ამ საქმეს? ჰოდა ფიქრობს, რომ იქნება მთავარმართებელი ამ თვითმმართველობის, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების „ნაჩალნიკი“. ქვედა დონეზე იქნება სამინისტრო და რა ხდება - აკანონებენ იმას, რო სამინისტრო აკეთებს კონცენტრაციას ძირითადი უფლების, თვითმმართველობის სისტემის სამართავად. პირდაპირ წერია - სამინისტრო ჩაატარებს ამ სისტემის მონიტორინგს. მეორე, ხდება თვითმმართველობას და მთავრობას შორის კომუნიკაციის მმართველი. მესამე- ძალიან მნიშვნელოვანი უფლება - სამართლებრივი ზედამხედველობაც ამ სამინისტროზე გადადის. - უკაცრავად და, ამასობაში, ის „სანატრელი თუ საოცნებო თვითმმართველობა“ სად წავიდა? - ხოდა აი ამ ძირითადი ფუნქციის - ზედამხედველობა, მონიტორინგი და კომუნიკაციის მართვა ერთი სამინისტროს ხელში კონცენტრირდება. ბუნებრივია ეს სამინისტრო ხდება თვითმმართველობების სამინისტრო, ანუ თვითმმართველობებს მართავს. როცა რაღაცას მართავ, ის თვითმმართველობა როგორაა? თუ ზემოთ იქნება, ვითომ პრემიერ-მინისტრის კაცი - მელაშვილი, მის ქვემოთ იქნება სამინისტრო, და მის ქვემოთ - გუბერნატორი.გუბერნატორები იმიტომ, რომ ითქვა - ტერიტორიას მთავრობა ადგენს. მმართველობის სისტემაში კანონით გაწერეს ის, რაც ვერ გაბედა სააკაშვილის ხელისუფლებამაც კი და არც უფიქრია ამაზე შევარდნაძეს. ერთთანაც ვმუშაობდი და მეორესთანაც. ესენი ამას აკეთებენ, თან ევროპული თვითმმართველობის ეგიდით. ცხადია,, ეს პროექტი გაიგზავნება კონგრესში და ცხადია, ვერცერთ კომისიას ვერ გაივლის.. რომ დაიანგარიშეს რა დაჯდება ამ რეფორმის გატარება, ფინანსთა სამინისტროც კი კრიტიკულად განეწყო - ყოველ წელს 400-500 მილიონის წყალში გადაყრაა ესო. ადმინისტრაციის და საოპერაციო ხარჯების, ინფრასტრუქტურის ხარჯები... დღეს რაცაა ე.წ. გარდამავალ ეტაპზე - ძალიან ეკლექტური და ჭრელი სისტემაა. წარმომადგენლობითი ორგანოა ასოცირებული საკრებულო, რომელიც მუნიციპალიტეტებში შემავალი საკრებულოებისგან ფორმირდება, ძირითადად პარტიული წესით და რაც მთავარია, ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელი არის გუბერნატორი. ამ დროს პირდაპირ კონსტიტუციას ეჯახებიან. გუბერნატორის სტატუსს განსაზღვრავს კონსტიტუციის 83-ე 3 პრიმა მუხლი. და კონსტიტუცია ამბობს, რომ გუბერნატორი რაიმეს ხელმძღვანელი კი არაა, ისაა მთავრობის წარმომადგენელი ადმინსტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. - ანუ გადაწყვეტილებებს ის ვერ იღებს. - არა. ისაა მხოლოდ წარმომადგენელი ცენტრალური მთავრობისგან მოვლენილი კაცი და მეტი ფუნქცია მას არ აქვს. ახლა რას აკეთებენ? რაღაცა იურიდიული პირის ხელმძღვანელადაა მოაზრებული მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი, რომელსაც ყავს თავისი წარმომადგენლობითი ორგანო. - სააკაშვილის სისტემის ერთ-ერთი ყბადაღებული თემა იყო გუნერნატიორების თავნებობა. ანუ უარესობისკენ მივდივართ? - კი, მძიმე შედეგები იქნება. წარმოიდგინე, არის მელაშვილის უწყება, სამინისტრო, ქვემოთ გუბერნატორები, და სადღაც დაშლილ-მიჯირყვნილი მუნიციპალიტეტები... - ვინ მიჯირყვნავს? - ვინ და გამგებლობის სფეროები რეგიონების და მუნიციპალიტეტების გამიჯნული არაა. ერთი და იგივე უფლებამოსილებები აქვს რეგიონის მმართველსაც და თვითმმართველობასაც. ასეთი სისტემა იქმნება - კანონით „გაპრავებული“ - პოლიტიკური ხელმძღვანელი სამინიტრო, სათავეში პრემიერ-მინისტრის ოფისით, იქნებიან გუბერნატორები და თვითმმართვეობის ადგილი ამ სისტემაში არაა. - ანუ რეალურად ხალხს რა? - არც რა... დეცენტრალიზაცია რა არის - რომ ადგილობრივ თვითმმართველობას და ხალხს ქონდეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების თავად მოწესრიგების და მართვის საშუალება. თუნდაც კომუნალური საკითხების. ეს თვითმმართველობის გადასაწყვეტია, მერე ემატება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, პირველადი სამედიცინო დახმარება.რეგიონებს ბიუჯეტი არ აქვთ, ესაა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა. უცნაური რამეა - არის საბჭო, ასოცირებული საკრებულოს ვარიანტი, დანიშნული გუბერნატორი, ისინი განიხილავენ პროგრამებს და ხალხთან ერთად ამტკიცებს საბჭო ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც, თავის მხრივ, სამინისტრო ამტკიცებს. ინსტიტუციონალური უფლებები აღრეულია. - მთავრობის ბიუჯეტი როგორ შეიძლება პარლამენტის გარეშე დამტკიცდეს? - ამას ვამბობ - რეალურად ესაა სიტყვის მასალა - ვინ რას შეეკითხება ხალხს, თუ ბიუჯეტი დაუმტკიცა პარლამენტმა მთავრობას, იმ თვითმმართველობამ რამდენიც გინდა იხტუნოს, რას მიიღებს რო? დეცენტრალიზაციით მეტი უფლებები მიეცემათო, მაგრამ არანაირი კომუნალური მომსახურება, გარდა წყალმომარაგებისა, ეს კი ნამდვილად უწერიათ, თვითმმართველობაზე არ გადადის. პირიქით ცენტრალიზაციის ტენდენციაა. მთავარი ფიგურა თვითმმართველობაში იქნება გუბერნატორი. გუბერნატორის გადაყენების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭომ მთავრობის წინაშე, მაგრამ გუბერნატორს მთავრობის მანდატი აქვს და ის რასაც დაავალებს, ის უნდა აკეთოს. იმას გააკეთებს, რასაც მელაშვილი ეტყვის. ქვემოთ რა ხდება - თვითმმართველობა იქნება წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო და პირდაპირ არჩეული მერი. თვითონ კი წერენ, რომ დაბალანსებული სისტემა იქნებაო, მაგრამ არანაირი ბალანსი იქ არაა. - ამ კანონის მიღება ადგილობრივ არჩვენებამდე ეჩქარებათ ხომ? - რა თქმა უნდა? ვენეცის კომისიის რეკომენდაციაა - არჩევნებამდე 6 თვით ადრე ნუ ცვლით სისტემას, არ შეიძლებაო. მეეჭევბა, მოასწრონ. ვთქვათ, საზღვრები შემოხაზეს, მაგრამ იქ ხომ საკრებულო უნდა აშენდეს? მისი აღჭურვა, პერსონალის დაქირავება, ქონების გამიჯვნის საკითხები დაიწყება. ამის გაკეთება უნდათ 3 თვეში, რაც სისულელეა. ადმინისტრაციული კოლაფსის საშიშროება არსებობს. ესაა ერთ-ერთი თვალსაჩინო საფრთხე, მეორე უფრო მძიმე საფრთხე ესაა ეროვნული საკითხი - უსაფრთხოების კუთხით, ტერიტორიებზე, სადაც კომპაქტურად დასახლებული ეთნო-უმცირესობები ცხოვრობენ, სეგრეგაცია მოხდება. ამ კოდექსის მიების შემთხვევაში, ამ კატეგორიის მოქალაქეებს, აღარც სურვილი ექნებათ ინტეგრირების და აღარც მოტივაცია. ელემენტარულ მარტივ მაგალიტს მოვიყვან - მაგალითად ყარაჯალის მუნიციპალიტეტში პირდაპირი წესით აირჩა გამგებელი, იქ აირჩევენ აზერბაიჯანელს ცხადია. ანუ კახეთში, სადაც ინტეგრაციის პრობლემა არ იყო, ხელოვნურად იქმნება პრობლემა. ასევე უნდა დაიშალოს მარნეული, სადაც ხელისუფლების სისტემა ქართულია, დაშლის შემდეგ ქართველები აღმოჩნდებიან სასტიკ უმცირესობაში. თუნდაც რუსთავში, ლოგიკურად, გეყოლება აზერბაიჯანული საბჭო. ეს რატომ უნდა გააკეთო, თუ მტერი არ ხარ, ან - გიჟი? ამას თვითგანადგურების ინსტინქტს თუ დავარქმევთ. - არის საშიშროება, რომ პარლამენტი ამას მიიღებს? - არის ამისი საშიშროება. - ამ საფრთხეების აცილების გამოსავალს რაში ხედავთ? - იმაში, რომ ეს პროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია უკვე აგროვებს ხელმოწერებს ამ პროექტის წინააღმდეგ. კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+" 26.11.2013
  12. გასული კვირის მთავარი და აქტუალური მოვლენა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურად გასვლა და საზოგადოებრივ სექტორში შესვლის გადაწყვეტილება და ზვიად კირტავას ანონიმურობის მოკრძალებული ხიბლიდან გამოსვლა იყო. მორჩა! აღსრულდა - მართლა წავიდა... ამიერიდან ის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქეაო, თქვა მარგველამ.. უკაცრავად, მთლად ასე არ უთქვამს - „დღეს ბიძინა ხდება საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი“ - ასეთია ციტატა. თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პრეზიდენტი კაცია მარგველა, როგორ გინდა, მის სიტყვებში ეჭვი შეიტანო, ბოლო-ბოლო კონსტუტუციაზე დაიფიცა! ისე, მაგ კაცს, წინა პრეზიდენტის ხელში, მოქალაქეობა საერთოდ არ ჰქონდა, თუ სწორად მახსოვს და ასე უცებ „რიგითი“-ს და „ჩვეულებრივის“ „ჩინი“ როგორ მოიპოვა?..– „წასვლა“ შთამბეჭდავი და გულისამაჩუყებელი იყო. ეტიკეტიც დაცული და პროტოკოლიც, პარტიული ნომენკლატურაც კი იქნა ბოლომდე გათვალისწინებული. დაგვპირდა - მშვიდად წავალო, გადაალაგ-გადმოალაგა საჭირო ფიგურები „საპატიო დაფაზე“, ზოგიერთს ქოჩორი შეუსწორა, ზოგზე დაგროვილი მტვერი გადაწმინდა და ასე „ხაზში გასწორებული“ მოგვართვა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე. დიახ! ჩვენში ოცნებებსაც შეიძლება ჰქონდეთ ყრილობა... მთავარია, ოცნებები არ აგვიჯანყდნენ და მართლა არ მიგვატოვონ... არაა გასაკვირი „მადლობის“ ის ტალღა, რომელიც აგორდა ივანიშვილის მიმართ. ამაშიც ხადურია დამნაშავე... მეტი ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და ... ეჰ, ხადური-ხადური! ბიძინა ის კაცია, რომელიც, შესაძლოა კომბლებსაც თლის, მაგრამ მადლობის გამო რომ არაფერს აკეთებს, მაგაზე სადაც გინდა ვიკამათოთ. „დღე-პირველი, დღე - უკანასკნელი“ გამახსენდაო, საგანელიძემ, ფილმიო, ბიძინას წასვლის დღესო. რაც ეს ფრაზა მოვისმინე, იმის მერე რამდენჯერმე შვაწუხე „სილქნეტის“ „გადახვევის“ რეჟიმის კლავიში, იმიტომ, რომ სულ მეგონა, სცენაზე მაცივარი შემოაგორეს და მე გამომრჩა. რაც წყალგაუმტარი სიმართლე თქვა საგანელიძემ, არც ვეკამათები - „მთავარია, ივანიშვილი ოპოზიციაში არ წავიდეს, რადგან მას რა ძალა აქვს, ყველამ კარგად ნახა“-ო. ნახა, აბა არ ნახა? მაგ ძალია იმედად არ იყო თვითონ ეს პატივცემული ფეხი-ფეხზე გადადებული არჩევნებიდან არჩევნებამდე? ბიძინა წავიდა და გოგა ხაჩიძემაც თავისი სახელგანთქმული ბლანჟე მოიპარსა. არამგონია ეს ვინმეს სწყენოდა, ან გახარებოდა, ან საერთოდ რაიმე მნიშვნელობა მიენიჭებინა, უკვე გამოგონებული ველოსიპედის აქტიური მომხმარებლის, გოგა ხაჩიძის გარდა, მაგრამ, სიტყვა-სიტყვააო და ეგებ ასეთი რამ პირველად მოხდა მის ცხოვრებაში? არ ვიცი ვისი იდეა იყო და რა შეფასება მიეცა შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტის მიერ იმ ფაქტს, რომ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარებული "მის ქუთაისის" შესარჩევი კონკურსი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით გაიხსნა, ხოლო კონკურსის მონაწილეები "ქართული ოცნების" დროშებითა და მაისურებით გამოვიდნენ. ამბობენ, აღნიშნულმა ფაქტმა მაყურებლის და ჟიურის უკმაყოფილება გამოიწვიაო, რომელიც ჩხუბში გადაზრდილა. რას ვერ იყოფდნენ კონფლიქტის მონაწილენი - ლამაზმანებს თუ ოცნების მაისურებს, ამას ძიება აზუსტებს. სოციალურ ქსელებში "საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს" 2013 წლის 1 მარტით დათარიღებული ღია წერილი ვრცელდება, რომელშიც საქართველოს პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს (მაშინდელ პრემიერ-მინისტრს) "საქართველოს სამეფო კარის" შექმნას სთავაზობენ. თავად-აზნაურთა საკრებულოს განცხადებით, სამეფო კარს ბაგრატიონებთან ერთად ყველა გვარის ღირსეულმა წინამძღოლმა უნდა უხელმძღვანელოს, უწმინდესისა და პრემიერ-მინისტრის რეგენტობით. ამაზე კომენტარისგან თავს შეგნებულად შევიკავებთ, პრინციპპში, აღარც არაფერია სათქმელი, - ისედაც ჩანს რა მძიმე ლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და იმედს ვიტოვებთ, რომ ვიღაც ამ თემაზე უბრალოდ ხუმრობს. თუმცა, ხუმრობის იმედი მაშინ გადაგვეწურა, რეჟისორმა და ნამინისტრალმა (სხვათა შორის, ნაომარმაც) გოგა ხაინდრავამ რომ იკითხა - „რაის პრიბორი“ კი არა და, რის საპარლამენტო რესპუბლიკა და ტრადიციები, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო. გოგა რამდენიმე თაობა თბილისელია და „პრიბორს“ არ იტყოდა. ალბათ, ამიტომაც მოიყვანა „რესპუბლიკური“ ტრადიციების მაგალითად ბათუმელი ძმები ბერძენიშვილები და არა ღვიძლი ძმა ივლიანე. „პრიბორი“ წმინდა ქუთაისური ტერმინია და ქუთაისლობა არც დაუმალავს ექიმს, ოჯახიშვილს, ბლოგერს - ზვიად კირტავას. სამწუხაროდ, ის არც თერაპევტი აღმოჩნდა, დიმიტრი გელოვანივით, არც რამდენიმე ინტელექტუალის კრებითი ფსევდონიმი და, რაც ყველაზე გულდასაწყვეტია - არც გურული... დიახ, გასულ კვირას, როგორც იქნა „სოლომონ თერნალელის“ ვინაობა გაცხადდა. საზოგადოების ნაწილი მართალია, იმედგაცრუებულნი და მრავალკითხვისნიშნიანები დავრჩით, მაგრამ თუ ამ მედია-ბრენდის ავტორ(ებ)ს ამაზე მეტზე პრეტენზია არ აქვთ, კი ბატონო, იყოს ასე... უკვე პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ბრძანა - “მთავრობა უმცირესობის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებულიო”. ამ ფრაზას ისეთ ინტერპრეტაციას მისცემს შესაბამისი საზოგადოება, შესაძლოა, უმართავი პროცესების მოწმენიც გავხდეთ. პალიკო კუბლაშვილის ჭკუაზე დასარიგებელი არ უნდა იყოს ახალი პრემიერი, მაგრამ, მაინც გაბედა და დაარიგა – „საპარლემანტო უმრავლესობიდან დაკრულ ტაშს ხშირად უმცირესობიდან დასმული კითხვა სჯობსო“. კი, როგორ არა, თუ ის უმცირესობა თავისი ტყავის გადარჩენაზე არაა ორიენტირებული. ამიტომ, ბატონო და პატივცემულო ირაკლი! მაგათ მოსმენას ისევ ჩვეულებრივი, უბრალოდ და რიგითი საზოგადოების მიერ დასმული კითხვები გერჩიოთ და ტაშის დაკვრაზე თუ მიდგა საქმე, ტაშსაც ჩვენ დაგიკრავთ, თანაც ყოველგვარი ქვედა დინებებისა და ანგარების გარეშე. გასულ კვირას ვარდების რევოლუციის 10 წლის თავი შესრულდა, კიდევ სანდრა რულოვსის „პირველი ლედობის“ 10წლის თავი. რას წარმოვიდგენდით, და, სანდრაც კი წავიდა... მაგას, როგორც პრეზიდენტის მეუღლეს და ქვეყნის რძალს, ცალკე პენსიაც ეკუთვნის წესით, გარდა მისი თანამეცხედრის გაძლების პერსონალური პენსიისა, რაც უკვე განაღდებული აქვს ალბათ პირად ანგარიშებზე და არა საქართველოში. პარტია „ქართული ოცნება“ ახალი მართვის წესზე გადადის. როგორც პარტიის ყრილობაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა და პარტიის წევრმა, ირინა იმერლიშვილმა განმარტა, პოლიტსაბჭო ახალი წესდების მიხედვით 21- ის ნაცვლად 12 წევრით განისაზღვრება. „რესპუბლიკელები“ ამაყნი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, „ქართული ოცნების“ პარტნიორი ვიყოთ“ო- განაცხადა უსუმ. ამაყი იქნებიან აბა რა!? ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ლანჩის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებათა უმაღლესი და მაღალი რანგის პირები დაესწრებიან. ღონისძიებისთვის 100 ბოთლზე მეტი ღვინო, აგრეთვე ჭაჭა და ქართული ბრენდი უკვე გაიგზავნა ვილნიუსში. ამ ფაქტზე, უნებურად, 1943 და თეირანი გამახსენდა - 3 პოლიტიკური გიგანტის შეხვედრის ადგილი და სოსელოს ერთ-ერთი საინტერესო მარკეტინგული სვლა - კონფერენციაზე ჩატანილი მიტროფანე ლაღიძის ლიმონათი. ძველი ამბავია, მაგრამ როგორი საგულისხმო?! აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა "ვარდების რევოლუციის" პერიოდი, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილების შესაძლებლობები და 10-წლიანი მმართველობის შემდეგ, რევოლუციური მთავრობის მარცხი შეაფასა.დიდხანს ილაპარაკა, ქიციც თქვა, ქიცმაცურიც, მაგრამ ბოლოს ისიც დააყოლა, - სააკაშვილი გიჟი სულაც არააო! ანუ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, მაგის არდაჭერას ეგ მთავარი არგუმენტიც მოაკლდა. ახალი მთავრობა ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობის გამოსაკვლევად 5 მილიონ დოლარს დახარჯავს. რამდენი დაიხარჯა სააკაშვილისეული ლაზიკის წინასწარ შესწავლაზე, ამას ჩვენ აწი ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ თავად სააკაშვილმა ჩაიხედოს გულში და არ თქვას... ნუ გაგვიხეთქავს გულს პოსტ-ფაქტუმ! გვეყოფა! გასულ კვირას თბილისის თავზე იმ სულგანათლებული ხოხბის აჩრდილი დაიარებოდა. რამ გააღიზიანა ეს პატივცემული ფრინველი ასე და მისმა ყველა ბრუნვაში მოხსენიებამ. ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატად დასახელებული დავით ნარმანია, თავისი დაბალანსებული ემოციებით, „ჩინოვნიკის“ ეტალონია. ეს გასაგებია, მაგრამ სხვებისთვის რომ არაა ზუგდიდელი ნარმანია მაგალითად თბილისელობის ეტალონი, ეგ არაფერს ნიშნავს? თბილისს თბილისელი მერი უნდა ჰყავდესო! კი ბატონო, იყოს თბილისელი, მაგრამ რატომ? თბილისელი ხომ გვყავდა და გვყავს? მერე? თან ის თბილისელი მერი აუცილებლად იმ ხოხბის გარე ნათესავი მაინც უნდა იყოსო. ნება მიბოძეთ, შგახსენოთ, ძვირფასო თბილისელებო, რომ, გონივრული ეჭვით, „ჩახოხბილი“ პირველად სწორედ თბილისში მომზადდა და ახლაც მშვენივრად მიირთმევდით, თვალების ხამხამის გარეშე, რამე რომ იყოს... ამდენი ხოხობი სადაა თორემ? ჰო, კიდევ ის მაკვირვებს, თბილისელები მერობის კანდიდატს ზუგდიდელობას რომ უწუნებენ. ქართველებს ქართველებზე და ჩვენებურებზე გვაქვს დიდი გული, თორემ იმაზე არავის გასჩენია პროტესტი, ეს ჩვენი ჩასაბურჯგნი თბილისი ყველა ჯურის გამვლელ-გამომვლელ-დამრჩენს რომ გავუწვინეთ საჯიჯგნად. გაივსო ხოხბების შტოს შთამომავალთა ქალაქი ყველა ფერის, რასის, გემოს და სუნის „მოქალაქეებით“ და, თანაც, ქალაქის საუკეთესო ტერიტორიები რომ მიართვით ღიმილ-ღიმილით და მხარზე ხელის თათუნით. მაგათ რატომ არ დააკრეჭინეთ კბილები, ეგებ სადმე გაჩხერილი ხოხბის „ჩიჩია“ თუ არა, ბუმბული მაინც გენახათ? ვაშლები რომ ვაშლის ხისგან მოშორებით ცვიოდეს, ასეც ვიცხოვრებდით - მიზიდულობის კანონის გარეშე... ალბათ მაინც ის შემთხვევა სჯობს, როცა ფული არ გყოფნის ცხოვრებაზე, ვიდრე სიცოცხლე ვერ ამყოფინო ქონებას... ... ინტელექტისგან განსხვავებით, ინსტინქტი უფრო ნაკლებად და იშვიათად ცდება. ყველაზე რთული რისი პოვნაა იცით? რაც არასოდეს არავის დაუმალავს, იმიტომ, რომ იშვიათად თუ ვინმე ეძებს, მაგალითად - ჭეშმარიტების. ამბობენ, მალე ჩვენში ტვინის პლასტიკური ოპერაციებიც იქნება შესაძლებელიო და ვნახოთ... კატო ჩულაშვილი „ქრონიკა+“ 27.11.2013
  13. მთავარია, ადამიანებს სწორად დაანახო სოფლის ხიბლი, მათი საკუთარი შესაძლებლობები და მიანიშნო მიზნისკენ მიმავალი სწორი გზა აგრარული სექტორის ძველი და ახალი პრობლემები, შეღავათიანი აგრო- სესხი, ახალი საწარმოები, ექსკლუზიური, საავტორო პროდუქტები, დაწყებული რეფორმა და ქართული სოფლის პერსპექტივა. თემები, რომლებზეც „ქრონიკა+“-სთან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი საუბრობს, რომელსაც ყველაზე ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „რესპუბლიკური“ პარტიის წევრია და „წინა ცხოვრებაში“ პროკურორიც კი ყოფილა. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე - ასეც ხდება - ზოგჯერ მკაცრი ლოგიკის და პრაგმატიკოს იურისტებსაც უყვართ ბუნება... კომიტეტი, დღევანდელ პარლამენტში, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და აქტუალურია. ყველანაირ კონტექსტში მოიხსენიებენ - ემადლიერებიან, აკრიტიკებენ, გულგრილობასა და არაკომპეტენტურობაშიც ადანაშაულებენ, თუმცა, არიან კეთილგანწყობილებიც... ამ მრავალფეროვან დამოკიდებულებას თავისი მიზეზები აქვს. ფუჭდება რამე თუ კეთდება, ამას შედეგებით მივხვდებით... იქამდე კი სახეზეა კომიტეტის თავმჯდომარის გადატვირთული რეჟიმი და უამრავი კითხვა... - ბატონო გიგლა, თქვენი პროფესიით იურისტი ხართ, სერიოზული იურიდიული პრაქტიკით. საზოგადოება აქამდე გიცნობდათ როგორც ამ სფეროს ასევე აქტიურ წარმომადგენელს. როგორ მოხვდით ისეთ „გაუგებრობაში“ როგორიც აგრარული სფეროა საქართველოში? ამ კომიტეტის თავმჯდომარეობა თქვენმა ამ დარგში არსებულმა ბიზნესმა და მისგან მიღებულმა გამოცდილებამ განაპირობა? როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობით? - იურისტად და პროკურორად არ დავბადებულვარ და იმ დროსაც, როცა იურისტი და პროკურორი ვიყავი, მაშინაც მაინტერესებდა მცენარეები განსაკუთრებით. მე მაქვს ჩემი ასეთი სამყარო, სადაც ღია კარის დღე არ მომიწყვია, მაგრამ, მეგობრებმა იციან ჩემი დამოკიდებულება ჩემს ბაღთან, ვენახთან, ზოგადად ბუნებასთან. როგორ ვუვლი ჩემს მცენარეებს, როგორ ვუვლი, ეს ჩემი სამყაროა. შეიძლება ეს იყოს ლეგიტიმური კითხვები, თუმცა, მგონი მაინც პედალირებული და აქცენტირებულია. არგუმენტი, როგორ ჩავიგდეთ, ამის შემდეგ მითხრან რაიმე კონკრეტული. გნებავთ, დასაქმების მხრივ, ბიზნესები. დამიკონკრეტონ „ბრალდება,“ თორემ არარსებულზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. 2004 წელს, როცა დავტოვე სახელმწიფო სამსახური მართლა ჩემი ნებით. არ მინდოდა მეთანამშრომლა კონკრეტულ ადამიანებთან. როცა ჩემს სიტუაციას გადავხედე და მომავალი საქმიანობის ვარიანტები განვიხილე, აღმოვაჩინე, რომ სამყარო გაცილებით უფრო სასიამოვნო და საინტერესოა, ვიდრე პროკურორის ფანჯრიდან დანახული. მაშინ ყველაზე ნაკლებად სარისკო სოფლის მეურნეობა იყო, ამიტომ დავსაქმდი, პრაგმატული გათვლების შედეგად აგრარულ სექტორში და მე თუ ამ დარგში გარკვეული ცოდნა დავაგროვე, იმიტომ რომ მუდმივად ინფორმაციის და გამოცდილების დაგროვების რეჟინში ვარ, მგონი ეს ცოდვა არაა.საქმე იმაშია, რომ ყველაზე ხშირად ჩემი პროკურორობის თემით ის ხალხი კრიტიკოსობს, ვის მიმართაც მე თავად უფრო მეტი და სერიოზული კითხვები, 90-იანი წლებიდან დღემდე განხორციელებული ზოგიერთი მძიმე რეფორმის გამო, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობა ისეთ დღეშია, როგორშიც არის. ზოგადად რესპების მიმართ კრიტიკა ხშირია, უფრო ხშირად ირაციონალური, იმიტომ, რომ როცა ჩაეძიები, სტიგმაა ერთგვარი. კონკრეტიკამდე ვერ მიდიან, როგორც წესი და ამის გამო ჩვენ რესპუბლიკელებმა შევწყვიტოთ არსებობა, ცოტა სასაცილოა და გამორიცხულია. ყრილობაზე უსუფაშვილმა ძალიან მოკლე და ნათელი მესიჯი გამოუშვა - ვიდრე კოალიციაში იქნება თუნდაც ერთი პარტია, იქ იქნება „რესპუბლიკური“ პარტიაც. ამით მგონი ყველაფერია ნათქვამი მათთვის, ვინც გამოდმებით იმას პროგნოზირებს, რომ „რესპები“ დაშლიან კოალიციას. - კარგით, პარტიულ თემატიკას სხვა დროს დავუბრუნდეთ, პირადად თქვენ განსაკუთრებით ხშირად „შეღავათიანი სესხის“ პროგრამის კონტექსტში მოგიხსენიებენ. რა კავშირი გაქვთ ამ პროგრამასთან, გარდა იმისა, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია? რამდენად მონაწილეობდა კომიტეტი ამ ინიციატივაში და რაში მგდომარეობს მისი როლი ამ პროექტის განხორციელების პროცესში? ფაქტია, იმდენად ხშირად გაკრიტიკებენ, რაღაც-რაღაცეები არ მოსწონთ „შეღავათიანი სესხის“ გაცემის პროცედურაში ფერმერებს. თქვენ აქტიურად აპიარებთ ამ პროგრამის სამივე კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბიზნესს. სტატისტიკა შთამბეჭდავია, მაგრამ რამდენად შეესაბამება ის რეალობას? - ვთვლი, რომ სტატისტიკა რეალობას შეესაბამება. ერთია სისტემური პრობლემების გადაჭრა და მეორეა ინდივიდუალური შემთხვევები, რომლებიც აუცილებლად განსახილველია. ადრეც არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - თუ არსებობს კონკრეტუი ფაქტები ბანკების ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის არაკეთილსინდისიერი ქმედების, ნებისმიერს სიამოვნებით გავყვები ამ ბრძოლაში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთ ფაქტებს ჩემამდე არ მოუღწევიათ. - მე რომ მოგაწოდოთ კონკრეტული ფაქტები უახლოეს მომავალში და იმ ადამიანთა კოორდინატები, ვისაც პრობლემები შეექმნა ბიზნესში და თქვენთან უნდათ ამ საკითხზე მსჯელობა, შეხვდებით? - ამას რა კითხვა უნდა, რასაკვირველია შევხვდები და ფაქტებით გამყარებულ არგუმენტებსაც სიამოვნებით მოვისმენ, ოღონდ, ხშირია შემთხვევები, როცა ეჭვებთან, ვარაუდებთან და არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე. - კარგით, შევეცდები უკიდურესად დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაცია მოგაწოდოთ და თავის სფეროში კომპეტენტურ ადამიანებს შეგახვედროთ. ამჯერად მოდით სისტემურ პრობლემებზე ვისაუბროთ. ყველაზე ხშირი კითხვა და ყველაზე მეტი უკმაყოფილება გამოიხატება კითხვით - რატომ ბანკები? - მაშინ მე დაგისვამთ შემხვედრ კითხვას - თუ არა ბანკები, მაშ ვინ? სახელმწიფოში ფინანსების გაცემით დაკავებულია ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. თუ არა ბანკმა, აბა ვინ უნდა გასცეს სესხი? სახელმწიფომ? სოფლის მეურნეობის სამინისტრომ? სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა? ეს სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ვაქციოთ ბანკად და ჩავანაცვლოთ კერძო ბიზნესი? - არამგონია ასეთი რადიკალური ზომები იყოს საჭირო. უბრალოდ საზოგადოება ელოდებოდა სხვას და რეალობა აღმოჩნდა სხვა აგრარულ სესხებთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ ბანკებთან არასასიამოვნო ურთიერთობის გამოცდილება, არსებობს უნდობლობის მომენტი ორივე მხრიდან. არ ვიცი, ალბათ შეცდომებიცაა და იქნებ კონკრეტული წრეები სარგებლობენ კიდეც ამ პროექტით, თუმცა არც ფერმერის ან მომავალი ფერმერის არაკეთილსინდისიერებას ან არაკომპეტენტურობას გამოვრიცხავ. ბევრჯერ მომისმენია მათი არგუმენტები და ყველაზე ხშირად მესმის ის, რომ ბანკი მათ პროექტებს განიხილავს როგორც ჩვეულებრივ ბიზნეს-პროექტებს. - რა ვქნათ? შევქმნათ სახელმწიფო ბანკი? - არ ვიცი, ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა გვქონდა ჩვენ „აგრობანკის“ პრაქტიკა... - ოოო... ეგ სხვა საკითხია... მაქამდეც მივალთ. ერთს აღვნიშნავ - სახელმწიფო არაა დაინტერესებული ერთი ბიზნეს სექტორის განვითარების ხარჯზე მეორე სექტორის ჩაძირვით. ჩვენთის მთავარია დინამიკა. - რატომ იქნება ჩაძირვა, თუ ბანკები, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტები, ამ პროგრამის ფარგლებში კონკრეტულ „თამაშის წესებს“ დაემორჩილებიან? ანუ ეს ხომ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტია და მან ეს პრიორიტეტი მასში დამატებითი კაპიტალის მოზიდვით გამოხატა? - ნებისმიერი შეთავაზებული თამაშის წესი უკვე კერძო ბიზნესში ჩარევაა, რასაც ჩვენ ვუთხარით კატეგორიული არა! წინა წლებში ბანკების გაცემული სესხების მოცულობა 54 მლნ. იყო. მარტის მერე, 7 თვის შედეგებით, თუ არ ჩავთვლით რთველს, 120 მლნ.-ია დაახლოებით. ბანკებს ყოველთვის ჰქონდათ ფული, მაგრამ არ აძლევდნენ სესხს აგროსექტორს. დღევანდელი პრობლემა არაა აგროსექტორის მაღალი რისკის ზონად გამოცხადება. ეს ბოლო 20 წელია ასეა და არავის გასჩენია სურვილი, მიხმარებოდა სოფელს. - რას ბრძანებთ, რა მიხმარება, პირიქით... ყველანაირად ანადგურებდნენ ამ დარგს, რითიც შეეძლოთ. - ბანკებმა დააწესეს ყველაზე მაღალი პროცენტი - 27, 36. ამას ემატებოდა ე.წ. „ფარული პროცენტები.“ ეს იყო კატასტროფა და დარგის სასიკვდილოდ განწირვა ფაქტიურად. ამიტომ მგონია, რომ სწორ გზას ვადგავართ ამჯერად. პროექტში რომ 12 ბანკი მონაწილეობს, ახალ კომპეტენტურ კადრებს ეძებენ და ასაქმებენ, ეს უკვე თავისთავად პლუსია. - როცა ძალიან საჭირო პროდუქცია და სერვისია წარმოდგენილი იაფი სესხის პროექტში და ბანკი უარს ამბობს. არ შეიძლება იყოს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იტყვის რომ ეს გვჭირდება და აიყვანოს „პირად კონტროლზე“, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინტერესის რანგში?. არის ასეთი პროექტებიც, ვიცი, მინახავს. - მერე რა ქნას ამ საკონსულტაციო საბჭომ? არ შეიძლება კერძო სექტორზე დაძალება. ჩვენ ხომ ჩვენს წილს ვაკეთებთ ამ ბიზნესისთვის პროექტის ფარგლებში. - რატომ არაა საჯარო ამ პროექტსა და ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება? რა სახის შეთანხმებაა ამ 2 ინსტიტუტს შორის. ბანკს და ფონდს შორის რაიმე ტიპის ხელშეკრულება არსებობს? - ბანკს და ამ ფონდს შორის არის ერთადერთი პირობა - შეთანხმება, რომ სესხის მაქსიმალური პროცენტი არის 15%. თუ ბანკს პროექტი მოსწონს, გასცემს სესხს და ბანკირი და ბენეფიციარი შეიძლება შეთანხმდნენ არა 15, არამედ 12%-ზე. ამის მიხედვით ჩვენ ვადგენთ სესხის პროცენტის რა ნაწილის რეფინანსირება ხდება. ესაა და ეს. არ შეიძლებამ ნამდვილად არ შეიძლება ბანკს უკარნახო. - ნება არსებობს დარგის განვითარების. დაიწყო კონკრეტული პროექტი. ამ ეტაპზე რაში ხედავთ პრობლემას, ანუ კიდევ რა კომპონენტი ჭირდება აგროსექტორს სრული წარმატებისთვის? - რეალურად საქმე გვაქვს ორმხრივი უცოდინრობის პრობლემასთან. ერთია ფერმერის და გლეხის უცოდინრობა და მეორეა - ბანკის. ბანკს მეტი რესურსი აქვს, რომ ეს პრობლემა გამოასწოროს - დაიქირავოს პროფესიონალები და ჩამოუყალიბდეს საკუთარი ხედვა. მეორეა ფერმერის უცოდინრობა, რომელიც გაცილებით დიდი პრობლემაა. - რაში გამოიხატება მათი უცოდინრობა? - მაგალითად ვხვდები ხალხს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჰქონდეთ აგრო-ბიზნესი, სურთ ფერმა, ჭირდებათ სესხი, მაგრამ, როგორც კი ოდნავ ჩავუღრმავდებით თემას, მაშინვე ჩანს, რომ არ აქვს ბოლომდე გააზრებული ბიზნეს-გეგმა. - ანუ, უნდა, მაგრამ, არ იცის როგორ მიიღოს ის რაც „უნდა“? - აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა. ესაა ადამიანების კატეგორია, რომელთაც უბრალოდ უნდათ! მე ვხვდები და ვესაუბრები უამრავ დაინტერესებულ პირს, თუმცა ეს არაა ჩემი პირდაპირი მოვალეობა. ბანკი ამდენს არ ელაპარაკება მათ. ის კომერციული დაწესებულებაა - ზედმეტი ერთი წუთის დაკარგვა არ სურს. მოვიდა-ნახა- არ მოეწონა - დაიხურა თემა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ეს ერთ-ერთი საკითხია, საკმაოდ მნიშვნელოვანი, რაც გამოწვევაა ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ ფართო საკონსულტაციო ქსელი უნდა გავშალოთ. - საკონსულტაციო ცენტრები ხომ გაიხსნა რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ? ამ საკონსულტაციო ცენტრებზეც აქვთ გლეხებს და ფერმერებს პრეტენზიები. მათ რომ კითხო, ქარს გატანებული თანხებია იმ ოფისების შენახვა თავისი თანამშრომლებიანად, რადგან კონკრეტულ დახმარებას ვერ ვიღებთო, ანუ იქაც პროფესიონალი კონსულტანტების პრობლემა დგას. ბანკებს ხშირად საყვედურობენ, რომ არ ყავთ აგრო-სპეციალისტები და ამიტომ ბიზნეს-გეგმის სწორ შეფასებაში ეჭვი ეპარებათ. პრეტენზიებია სესხის საგარანტიო მოთხოვნებზეც. - არაა საკმარისი, რომ ვიღაც იქს თანამშრომელი დაიქირავო, რომელმაც შესაძლოა იცოდეს აგრო სექტორში ბიზნეს-რისკების გამოთვლა. მთავარი სიტყვა მაინც საკრედიტო საბჭოზეა, რომელიც სესხს ამტკიცებს. ჩემი აზრით, ისინი ცდილობენ თავი დამატებით გადაიზღვიონ, რუსულ ანდაზაში როგორცაა - ზედმეტი ერბო ფაფას არ აფუჭებს. მოდით, ლიკვიდური ქონებაც დავურთოთ და იყოს გარანტიის სახითო... - თითქოს უწყინრად ჟღერს, მაგრამ ძალიან სასტიკი გადაზღვევაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ბიზნეს-გეგმაში თავის მომავალს ხედავს, იქნებ ერთადერთ შანსსაც, მაგრამ ფანტასტიური ნოუ-ჰაუს მიუხედავად, რაც სტარტ-აფად უნდა ჩაითვალოს, არ აქვს საგარანტიო ქონება. არ მეთანხმებით? თუმცა, თქვენი არგუმენტიც ბანკებთან მიმართებაში გასაგებია - მისი ბიზნესია და თავის პროდუქტს რა ფასსაც უნდა იმას დაადებს. - აი თვითონ უპასუხე კითხვას. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ შემთხვევაში? მივიდეს და ყური აუწიოს, მიუთითოს ბანკს? არ იქნება სწორი. ამას აკეთებდნენ უკვე. უნდა შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც იმუშავებს ზოგადად ცოდნის ამაღლებაზე. ფაქტია, პროცესი დაიწყო, დინამიკა ჩანს. 120 მლნ. დოლარი გამოვიდა ბაზარზე. დაიწია საპროცენტო განაკვეთებმა, ანუ კონკურენცია გაჩნდა. ახლა ჯერი ჩვენზეა. უნდა შევქმნათ საინტერესო პროექტები რომლებიც წაახალისებს ბანკებსაც და კერძო სექტორსაც, რომ გარკვეული შეღავათების ხიბლით კაპიტალი დააბანდონ ისეთ სტრატეგიულ რეგიონებში, როგორიცაა სასაზღვრო ზონა, მთა... - ანუ ადგილები შეიქმნება, სადაც ბიზნესი იმუშავებს საშეღავათო პირობებით? - დიახ, ანუ თუ ბიზნესი ასეთ ადგილებში გახსნის საწარმოს, ამდენი ვადით განთავისუფლდება ამისგან, ამისგან, ამისგან.. ეს გვაძლევს რას? რეგიონებში ხალხის დამაგრებას დასაქმების მოტივით, იაფ მუშა-ხელს და სხვა უამრავი ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობას. ზუსტად ესაა პოლიტიკა და ადმინისტრირება და არა მათრახით დევნა საფინანსო ინსტუტუტებზე. წახალისების მეთოდი საუკეთესო მეთოდია. - გეთანხმებით, წახალისება ყველა მიმართულებით დადებითად მოქმედებს და კონკრეტულად სადაა ასეთი ადგილები უკვე გარკვეულია? - ჯერ კონკრეტიკისგან შორს ვართ. თემა დამუშავების პროცესშია. აი წეღან აგრობანკები ახსენე. გახსოვს, როგორ იქმნებოდა უცხოეთში აგრობანკები? ფული ახლაცაა და ყოველთვის იყო ქვეყანაში. ვინმეს რომ გასჩენოდა სურვილი აგრობანკის შექმნის, აუცილებლად შექმნიდა. მაგრამ, ჯერ ერთი, ბაზარია ძალიან პატარა, აგრობაზარი. ბანკებმა უამრავი სახის სესხი გასცეს წლების მანძილზე, უზარმაზარ ფულს ხარჯავებნ რეკლამაში, იგონებენ ახალ პროდუქტებს, ოღონდ კი სესხი გაიცეს. ბანკისთვის სესხის გაცემა ისეთივე პროდუქტის გაყიდვაა, როგორც ვთქვათ გლეხისთვის - კარტოფილის. ბანკმა სესხი არ მოგცა - ესაა ნონსენსი. ბანკი, ანუ გამყიდველი ყოველთვის იხვეწება გაცემას თავისი პროდუქტის. საპროცენტო განაკვეთები სწორედ კონკურენციის ხარჯზე შემცირდა. იმის თქმა მინდა რომ აგროსისტემას ძალით ვერ გააძლიერებ და ვერც აგრობანკს შექმნი ძალით. - მაშინ რაშია პერსპექტივა? - თქვენ იცით, რომ მივიღეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. ახლა დაიწყება პროცესი. დიდი გამოხმაურებაა უკვე თემაზე. - კოოპერატივებიც ხომ განვლილი ეტაპია? - არა, ამაშია საქმე, რომ ჩვენში დამკვიდრებულისგან განსხვავებით აბსოლოტურად სხვა მოდელია კოოპერატივი - საბჭოთა მეურნეობა ან კოლმეურნეობა. საბჭოთა მეურნეობაში და კოლმეურნეობაში ადმინისტრირება ხდებოდა ზევიდან ქვევით დანიშნული ადამიანის მიერ და მეპაიეები არ არსებობდენ. - თუმცა ასეთ სტრუქტურასაც ჰქონდა მაშინ საკმაოდ დიდი შემოსავლები. - გეთანხმებით, დიდი კოლმეურნეობები იყო. 30-იან წლებში დაიწყო სსრკში კოლექტივიზაციის პროცესი და 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ცეცხლით და მახვილით. გაკულაკება და ა.შ. შედეგი იყო - 40 000 მსხვილფეხა საქონელი , 60 000 წვრილფეხა. მეურნეობები, სადაც დღეში 8 000 ლიტრი რძე იწველებოდა. ჩვენ ეს ყველაფერი გავანიავეთ, გავყიდეთ, დავანაწევრეთ , დავაქუცმაცეთ და მივედით იქამდე, სადაც ვართ დღეს. ანუ იქამდე რომ ერთადერთი საშუალება ამ მცირე მეურნეობებში შრომის რენტაბელობის ამაღლების თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენების არის მათი გაერთიანების მოხერხება, ცოდნისა და უნარების სწორად გამოყენება. - ეს იდეის დონეზე წარმოგიდგენიათ თუ რეალური მაგალითით მსჯელობთ? - მომყავს ხოლმე მარტივი მაგალითი. არის „ აგრარიკოს ქალთა ჯგუფები“, რომლებიც უკვე გაერთიანდნენ და საოცარ პროდუქტებს ამზადებენ. ესაა საავტორო, განსხვავებული, ექსკლუზიური პროდუქტები. - ზოგადად ბიზნესის წესია - წარმატება მოაქვს განსხვავებას და საერთო ინტერესებს... - სწორედ. გაერთიანება უნდა მოხდეს რაიმე წარმატებულის ირგვლივ. ჩვენთან აუცილებელია შეუღლდეს ცოდნა, ტექნიკა და ტექნოლოგია. ანუ სამეცნიერო და პრაქტიკული ცოდნის ერთმანეთთან შეჯვარებაა საჭირო. პრაქტიკული ცოდნა სოფლად არის , მაგრამ არის მწირი და ხშირ შემთხვევაში წარუმატებელი. - ვფიქრობთ ისეთ პროექტებზე, რომლითაც შეიძლება ძალიან მოკლე ვადაში მივიღოთ ცოდნა. მაგალითად განათლების სექტორში 17 ფაკულტეტს დააფინანსებს სახელმწიფო და კონკრეტულად აგროსექტორში საჭირო სპეციალუისტებს მოამზადებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ დადებითს ჩვენ მივიღებთ 4-5 წლის შემდეგ. თან აქ ბზარზე ამ სპეციალისტებზე მოთხოვანც უნდა გამოჩნდეს - კარგი სპეციალისტები წარმატებული სტუდენტებისგან დგებიან. - მაგრამ ჩვენ 5 წელი ვერ დავიცდით. - რა თქმა უნდა, ვერ დავიცდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ საშუალო პროფესიული განათლების მოქნილი სისტემა უნდა შევქმნათ. ამ მიმართულებითაც წელს დამატებითი საბიუჯეტო ასიგნებებია გათვალისწინებული, მაგრამ ესეც სამომავლო თემაა. ჩემი აზრით, სახელმწიფო სექტორმაც უნდა იფიქროს ისევე, როგორც კერძო სექტორი ფიქრობს. კერძო ბიზნესი გაცილებით ოპერატიულია, მოქნილია. თუმცა, სახელმწიფომ წესების ჩარჩოში უნდა იმოქმედოს. კანონის დაცვის მიღმა მოქმედებამ წინა ხელისუფლება სად მიიყვანა ვხედავთ და მათი დამსახურებით ქვეყანა. - მე დღეს სასწრაფოდ მჭირდება ეს და ამას რა ფორმით გავაკეთებ, სულ ერთია! - ასეთი მიდგომა არასწორია. - და რა არის დღევანდელი მიდგომით სწორი, სწრაფი და ეფექტური? - არის ასეთი მოდელი, რომელზეც ვმუშაობთ. მაგალითად იტალია თანახმაა 10 ადამიანი გავაგზავნოთ მათთან და იქ 2 თვე თეორიული სწავლების და 3 თვიანი პრაქტიკაგავლილი სპეციალისტები დაბრუნდებიან აქ. შეისწავლიან აგრარული დარგის ყველა პროფესიას. ეს შეიძლება მოხდეს ორივე მხარის თანადაფინანსებით. ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, არაა პრობლემა, რომ ეს თანხა გადაიხადოს, თუნდაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მაგრამ ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელის, სურვილია, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს კერძო ბიზნესი. ანუ მესამე კომპონენტად. სახელმწოფოსგან საჩუქრების მოლოდინს სჯობს გახდე მისი პარტნიორი. მე სახელმწიფო, გეხმარები. შენ, შეიძლება, სპეციალისტის მომზადებაში ვერ გადაიხადო 10 000 დოლარი, მაგრამ მე გიხდი ნაწილს. ის ვიღაც სწავლობს, ჩამოდის შენთან, დაახოებით 3 წელი არსად მიდის, აქვს სტაბილური სამსახური . შიძლება ასეთი სქემის აგება. მე ასე ვუყურებ თუკი 10 -10 კაცს გავაგზავნით წარმატებულ აგრარულ ქვეყნებში. ესაა ის იმპორტი, რომელსაც მივესალმები. ჩვენ იმპორტჩანაცვლებით პოლიტიკა გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება ცოდნის კომპონენტში, მხარს ვუჭერ ცოდნის ასეთ იმპორტირებას რადგან ესაა უმოკლეს ვადებში შედეგის შანსი. - ეს რაც შეეხება უკვე შემდგარ ბიზნესს და მაინც გლეხებთან, წვრილ ფერმერებთან ადგილზე კომუნიკაციის პრობლემა რჩება, ანუ როგორ შევიტანთ ცოდნას სოფლებში მასიურად? - აქაც არსებობს გამოსავალი - ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს რეგიონებში, სოფლად ინტერნეტით დაფარვის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ამის გადაჭრისთვის აქვს ეკონომიკის სამინისტროს ამბიციური პროექტი, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის ინტერნეტტ მთელი საქართველოს დაფარვას. შეიძლება არც იცის ბევრმა, რომ შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი „აგროთუბი“ - სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტია. ითარგმნა უამრავი საინტერესო ფილმი, კლიპი, ლექცია აგრო სფეროზე. ითარგმნა არა მხოლოდ ქართულად, არამედ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. ესაა შედეგებზე ორიენტირებული მოდელი კონსულტირების სრული ციკლით, მონიტორინგით. მე ვფიქრობ, ესაა განვითარების ის ჯაჭვი, რომელსაც ქვია ორდონიანი კოოპერატივი. ანუ პირველი დონის კოოპერატივში როცა რამდენიმე ადამიანი გაერთიანდა იმისათვის რომ ერთობლივი წარმოებით აამაღლოს პროდუქციის ხარისხი და წარმოების მოცულობა. - რა არის საჭირო ამ კოოპერატივში გასაწევრიანებლად? - პირველი რიგის ამოცანა მათი სურვილია. თუ ინტერესი არსებობს, ბარში 5 ადამიანია საჭირო რომ შეიქმნას კოოპერატივი. ის ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს, ნებისმიერი მიმართულებით, ოღონდ ეს ფირმა აუცილებლად უნდა ქმნიდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტს. ჩვეულებრივი სამეურნეო ბიზნესი ვერ იქცევა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივად. ჩვენი ერთადერთი პირობაა - მოგებაზე გასვლის პერიოდში მოგების 15% შეინახონ სარეზერვო ფონდში. - მაგრამ მათაც უნდა ჰქონდეთ საწყისი კაპიტალი. ეს საკითხი როგორ წყდება? - კოოპერატივი შესაძლებლობების გაერთიანებაა - ყველა სახის კოოპერირებაზეა საუბარი, ფინანსები, ინტელექტი, ტექნიკა და ა.შ. ფაქტიურად ფერმერები აგრონომიული ბიზნესით ვერ სარგებლობენ ინდივიდუალურად. გაერთიანების შემთხვევაში თუნდაც აგრონომი შეიძლება იყოს მეპაიე. ან მინიმუმ იქირავონ მისი მომსახურება. კოოპერირების ბუნება ერთმანეთის დახმარებაა. მოგების ინტერესით. ამით კიდევ სად მივდივართ იცი? ხშირად ჩამოდიან ვაჭრები უცხოეთიდან, მოწონთ აქაური ხილი, უნდათ გატანა, მაგრამ არ გვაქვს რაოდენობა. კარგი ხარისხის ბალი თუნდაც ჩინეთში 25 დოლარი ღირს. ევროპაში დაახლოებით 50 ლარი. ბაზარს მოთხოვნები გაცილებით დიდი აქვს. სულ იმას ვამბობ, რომ ჩვენ პროდუქტს ვერ ვყიდით არა იმის გამო რომ ბევრი გვაქვს, არამედ იმიტომ რომ გვაქვს - ცოტა. თორემ ბევრი და ხარისხიანი გაუყიდავი არ დარჩება. ერთგვაროვანი პროდუქტი ჭირდება დიდ ბაზრებს. ჩვენ უნდა მოვერგოთ ბიზნესს. ჩვენი პრობლემაა სეზონური ჭარბწარმოება. ამ დროს გვაქვს რეალიზაციის პრობლემა. აქ უნდა ვიპოვოთ გასაღები. ა) სეზონური წარმოება გადავიყვანოთ მუდმივზე. ასევე, ვისწავლოთ იმ პროდუქტების შენახვა ანდა მოვიყვანოთ იმაზე ადრე, ვიდრე სხვაგან მოდის. ყველას თავისი ინტერესი აქვს და ბევრი ნიშა უკვე დაკავებულია. ჩვენ გვინდა ბიზნესში დამკივდრება და ამიტომ უნდა ვცადოთ ყველაფერი. რუსეთის ბაზრის გახსნაც მშვენიერია, ვავრაუდობდით 5 მლნ ბოთლი ღვინის გადაზიდვას და უკვე 10 მლნ-ა გატანილი. მინერალურ წყალზე მოთხოვნაა იმდენი, რომ რეალურად ვერ დავაკმაყოფილებთ და სხვა ბაზრებზე არ ვაპირებთ უარის თქმას. წელს რომ ასე კარგად ჩატარდა რთველი, ახალი ვენახები შენდება, 3 მილიონი ნერგი გაიყიდა, მიწის ფასი გაიზარდა, ვენახის ფასი აიწია. ჰექტარი ვენახი 15 000 დოლარზე ნაკლები არ ღირს უკვე. 20 წლის განმავლობაში საქართველოში მიწის ბაზარი ვერ ჩამოყალიბდა და როგორც კი გააქტიურდა ეს პროცესი, იმწუთში ფასმა აიწია. ახალი ვენახები რომ თავის ნაყოფს მოგვცემს, ჩვენ უნდა მოვახერხოთ დივერსიფიცირება საექტპორტო ბაზრების. - კოოპერაციის შემთხვევაში ერთგავროვანი პროდუქციის წარმოების ალბათ მეტი შანსია. ჩემი აზრით, ადრე თუ მარკშეიდერები გვჭირდებოდა, ახლა ბაზრის ანალიზის სპეციალისტები გვჭირდება, თან ბევრი. აგრარულ სექტორში იომპორტის წილი როგორია? - კატასტროფულად დიდი, ანუ როგორ სტატისტიკოსები ამბობენ, ჩვენს სასურსათო კალათში 70-80% იმპორტული პროდუქტია. - და ხომაა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, ბაზრის დაცვა.. სეზონურ დაბეგვრებზე იყო ლაპარაკი, თითქოს რაღაც კანონპროექტზეც იყო საუბარი... - ბაზრის დაცვა სენსიტიური თემაა . შენ რომ დაიცავ შენს ბაზარს, ისიც დაიცავს თავისას. რაღაც პრიორიტეტები უნდა არსებობდეს, მაგრამ ბალანსი არ უნდა დაარღვიო. როცა ბაზარზე ხელოვნური და უხეში ჩარევები ხდება შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგების წინაშე აღმოვჩნდეთ. - მაგალითად? - მაგალითად ხშირად გვეუბნებიან - ჩაკეტეთ ბაზარი. ერთია რომ უკანონოდ არ ჩავკეტავთ ბაზარს. წინა ხელისუფლება აკეთებდა ამას, სატელეფონო სამართლიდან გამომდინარე. ჯერ უნდა იყოს კანონი, ნორმა - რატომ? რა დასაბუთების გამო კეტავ? სხვა შემთხვევაში პირდაპირ კორუფციასთან მიდიხართ. - დამეთანხმეთ ბატონო გიგლა, დღესაც არსებობენ და წარმატებით ფუნქციონირებენ იმპორტიორთა ძველი კლანები და ეს კლანები ძირითადად საბანკო სექტორში იყრიან თავს. - ამისგან გაწმენდას დრო ჭირდება. ეს რთული პროცესია. კვერცხის მაგალითი უკვე გვაქვს, ზოგიერთ პროდუქტზე მოხდება ნელ-ნელა ჩანაცვლება. იქ გვქონდა ადგილობრივი რესურსი და უკანონოიმპორტი რომ გადავკეტეთ ზუსტად მაგიტომ ახმაურდნენ ზოგიერთები. მაგრამ იგივეს ჯერ ვერ გავაკეთებთ ხორბალზე. სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებს წარმოება-რეალიზაცია უნდა დაიგეგმოს, კანონით გამყარდეს, მერე განხორციელდეს შესაბამისი პროგრამა, რომ დაიწყოს არ პროდუქტის წარმოება და ბაზრის გაჯერება. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვაზე. ბაღლინჯოიანი ფქვილი ბევრს გვახსოვს... როცა ფერმერი მეუბნება რომ მაქვს სუფრის ყურძენი და ჩაკეტე ვთქვათ სომხეთის იმპორტი. არაა ეს სწორი. ნაცვლად იმისა რომ ხარისხი გააუმჯობესო და კონკურენცია გაუწიო მას, ითხოვ სათბურს. - თან ასეთ შემთხვევაში მომხმარებილს უფლებებს ვეჯახებით. - როგორც კი მე შეგიქმნი სასათბურე პირობებს , შენ კიდევ უფრო გამიზარმაცდები. ისევ უცოდინრობასთან მივდივართ. როდის უნდა დაკრიფო და შეინახო ვაშლი ან ყურძენი, ესეც არ იციან. უცხოეთში სეზონურობის პრობლემაც მოგვარებულია. - ყველაზე „განათლებული“ აგრარული დარგი რომელია საქართველოში, სადაც მეტ-ნაკლები ცოდნა არსებობს? მეღვინეობაზე და მინერალურ წ####ბზე ვჩერდებით? - სადაც შეგვიძლია ექსპორტზე ვიფიქროთ სერიოზულად, მეღვინეობა, რა თქმა უნდა, სერიოზული განაცხადია, თუმცა ყველის ფესტივალზე ისეთი პროდუქტები ვნახე, ბაზარზე ჯერ ვერ ნახავთ და ამ მიმართულებისაც ძალიან მეიმედება. დავარეგისტრირეთ ერთ-ერთი სახეობის ყველი, როგორც ქართული კულტურის მოძრავი ძეგლი. ესაა ტენილი ყველი სამთვიანი დაძველებით. ვცდილობ, საჭირო და ნიჭიერი ადამიანები დავაკავშირო ერთმანეთს. ერთია პროდუქტის შექმნა და მეორეა მისი გაყიდვა. - მარკეტინგი ზოგადად პრობლემაა და, მითუმეტეს, ჩვენთვის ამ დარგში. - პროდუქციის შექმნა, შეფუთვა, დასახელება, ეტიკეტირება, დაფასოება - ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცალ-ცალკე და ეს ერთი სრული შეკრული ციკლი იძლევა წარმატებულ ბიზნესს. ასეთი ადამიანები რომ ცალ-ცალკე მივიდნენ ბანკში ყველა მიიღებს უარს, მაგრამ თუ ისინი გააერთიანა ვინმე ბიზნესის მცოდნემ სულ სხვა შდეგს მივიღებთ. ამასწინათ დავდე უნიკალური ექსკლუზიური პროდუქტები, უფრო იდეები სოციალურ ქსელში და დავაწერე - „გამოწვევა ქართველ ბიზნესმენებს,’ მაგრამ გამოწვევა ჯერ-ჯერობით არავის მიუღია. - მე ის მომწონს - „მეტი ინფორმაცია ხალხს!’ - აშკარად დავინახე,რომ ხალხს ინფორმაცია ძალიან ცოტა აქვს. არც კომუნიკაცია გვაქვს შესაბამის დონეზე, არც მასშტაბური აზროვნება და არც კონცეპტუალური ხედვა. - კონცეპტუალურში ნამდვილად გვიჭირს, ზოგადად, მგონი „მეკვერცხე“ მენტალობა გვაქვს, ანუ დღევანდელ კვერცხს ვირჩევთ სულ. - „მეკვერცხე“ საზოგადოება სერიოზული ტერმინია.. ასეთი ამბავი გვჭირს დიდიან-პატარიანად, რომ არ გვაქვს კარგი ხედვა. დღეს მიმდინარე ამოცანები გვინდა გადავჭრათ სწრაფად და სტრატეგიაზე საფიქრალი დრო არ გვჩება. არადა სტრატეგიის დანახვა და გათვლაა მთავარი. მერე ყველაფერი მარტივდება, როცა ზუსტად იცი, საითკენ მიდიხარ და როგორ. იქ რომ მიხვიდე - რა გინდა? პირველ რიგში ის უნდა იცოდე, სად ხარ? ანუ სწორი ათვლის წერტილი უნდა გქონდეს. თავშივე ცდომილება გაქვს შედეგსაც სხვანაირს ნმიიღებ.ამიტომ, მე რომ ახლა ფინანსური რესურსი მქონდეს, ჩავატარებდი ფართომასშტაბიან დიდ კვლევას, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელის ექსპერტების მონაწილ
  14. 18 ნოემბერს საქართველოში სულ სხვანაირი ორშაბათი გათენდა. უმიხეილო და მიხეილის მრევლისთვის დიდად უხეირო ორშაბათი. ორშაბათი, რომელიც მიხეილის ოფიციალურმა თანამეცხედრემ შაბათ-კვირას გამოიტირა, - ვარდები არ არიანო!.. ეი, სანდრა რულოვს-სააკაშვილისავ, ვარდები მოითხოვე ჰოლანდიაში. ჩვენთან მოიქეცი მაღალი რანგის ეჭვმიტანილის ცოლივით. თუ გაგვიმართლა და საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა „პატიმრის პატრონის“ რანგში გიხილეთ, მერე შევეცდებით გაგიგოთ - როგორც კანონის წინაშე თანასწორებმა, ეგებ მოვახერხოთ და შენთან და შენს შვილებთან მიმართებაში მთელი ჩვენში დარჩენილი და გადარჩენილი ადამიანურობის კვალი და ნიშანწყალი მოვმართოთ. ჯერ არ ვიცით. ჯერ მხოლოდ შენი მეორე ნახევრის მმართველობის ეპოქა დასრულდა, წყაროზე იმასაც ამბობენ, კოაბიტაციაც დასრულდაო... ვნახავთ, არც ეგ გამოგვრჩება... ასე იყო კი! გასულ კვირას რაღაც ძალიან ცუდი და ხანგრძლივი დასრულდა და რაღაც ახალი დაიწყო. ჯერ კიდევ დიდხანს ვიქნებით გადალაგების რეჟიმში. ჯერ თავშიც ბევრი რამ არ გადაგვილაგებია. რა გვეჩქარება? ასე ნელ-ნელა მოკრძალებულად ცხოვრებასაც შევაჩვევთ ჩვენს დაქირავებულ და მანდატგადაცემულ ხელისუფალთ. ჯერ ყველაფერი წინაა...ჯერ ბიძინაც კი არ გადასულა ორივე ქვედა კიდურით იმ რაღაც სამოქალაქო სექტორში. ჯერ მხოლოდ მოკრძალებული საზოგადოების მოკრძალებული პრეზიდენტის მოკრძალებული ინაუგურაცია იყო თავისი დრეს-კოდით, ეტიკეტით, პროტოკოლით, მადლობებით, გამოთხოვებებით, მილოცვებით და მოკრძალებული თხოვნებით. კვირის დასაწყისიდან საზოგადოება გაყურსული ელოდა მოსაწვევებს. ისეთი სიჩუმე იყო, ლოტოს გათამაშების დროს რომაა - ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას - არა. აკრედიტაცია და მოსაწვევის ადრესატები - გასული კვირის მთავარი თემა. კონკურენციის შემდეგი ეტაპი ტელეკამერების და მედიის ყურადღების მიპყრობა იყო. ამჯერად სხვა ქალბატონს - ერთ-ერთი მინისტრის მეუღლეს და ერთ-ერთი მინისტრის დას გაუმართლა. ზოგჯერ რა ცოტაა საკმარისი ყურადღების ეპიცენტრში მოსაქცევად... ერთი უხერხული მოძრაობა და ყველაფერი რიგზეა. ერთკვირიანი რეიტინგი გარანტირებულია. გასულ კვირას ყველაზე მეტი გარანტიებით საკანონმდებო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა მეუღლეებს ერგოთ. ტესტირება მეტ-ნაკლებად წარმატებით დაძლიეს. პირველმა სამეულმა - ყოფილი პრემიერის, მომავალი პრემიერის და მოქმედი პრეზიდენტის მეუღლეებმა წითელ ხალიჩაზე ისე გაიარეს, ყველაზე ინტრიგანებმაც კი ხინჯი ვერ უპოვეს, არც ნაბიჯი არევიათ. საეჭვოდ არსად ჩანდა ქვეყანაში რანგით მე-4 ქალბატონი, ანუ თინა...ანუ რა უნდა ვიფიქროთ?.. 17 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში, ტრადიციულ ადგილას, საქართველოს მე4 პრეზიდენტმა დაიფიცა... მთავარი ისაა, ფიცი გვწამდეს და ბოლომ არ გაგვაკვირვოს... 9 საათზე ფეხით რომ მივა პრეზიდენტი კაცი სამსახურში, საკითხავი ისაა, იმ უსახურ შენობაში ლიფტი თუ მუშაობდა, თორემ მართლა მოგვეჭრა თავი...საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო დღე თავის გუნდის წევრებთან კონსულტაციებით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო შეხვედრა ლაშა აბაშიძესთან, ივანე მაჭავარიანთან, შალვა რამიშვილთან და თინათინ მჟავანაძესთან გამართა. მთავარია, კონტროლის მექანიზმი არ დავკარგოთ ამ ჩვენს არჩეულ პრეზიდენტზე, თორემ ეგ სამუშაო დღეებში ისევ წვერს მოუშვებს და თმასაც აღარ დაივარცხნის. მერე ადგება და ამ ყველაფერს „შემოქმედებით უწესრიგობად“ შეფუთავს. ისე, ყანდიაშვილის „ნიუსმა“ კი ჩამაფიქრა - ანუ რა გამოდის? მძღოლი, ესკორტი და პრეზიდენტის სამსახურის მთელი ადამიანური ინფრასტრუქტურა ფუნქციების გარეშე რჩება? მაგას მეგობარი ქალიც ისეთი ყავს, დილით ყავას სახლში დაალევინებს, არც სადილის და სამხარის აცუნცულება დაეზარება საყვარელი მამაკაცისთვის "პოსტზე." და რა აქვთ ჩაფიქრებული ვინ იცის? წინა ხელისუფლების პოლიტიკური ელიტის „ოჯახურ იდილიებს „ ბზარი უნდათ გაუჩინონ თუ სინდისის ქენჯნამ უნდა დაახრჩოთ ამომრჩევლის წინაშე... კარგი რა მარგველ რა! ასე სასტიკად შალიკოც არ მოიქცეოდა, შენ და ბიძინას რომ არჩევნები არ გაგეყალბებინათ მიშასთან და ბაქრაძესთან ერთად... რანაირი ქართველი ხარ და რანაირი პრეზიდენტი ხარ შენ? ახლა მთლად მაგ შეცვლილ-გადაკეთებულ კონსტიტუციასაც კი ნუ დაუჯერებ? პატარა გაუძალიანდი, შე კაცო! აგერ ხომ ხედავ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საგანელიძე რა ოპტიმისტია?! არ დაელია მაგას გაზაფხული და შემოდგომა. ასე სეზონიდან-სეზონამდე ატყუებს იმ პატიოსან პარლამენტარებს თბილისში დაგაბრუნებთო. ვერ აბრუნებს ჯერ-ჯერობით, მაგრამ ამის გამო ფეხით სიარული და ბოდიშობა კი არ დაუწყია... დიდი ცვლილებებია სახელისუფლებო პარტიაში - გენერალურ მდივნად კალაძეო, უშიშროების საბჭოს მდივნად - იმერლიშვილიო. პარტიის თავმჯდომარედ ღარიბაშვილიო და პარტიის პოლიტსაბჭო 26-დან 12 კაცამდე თუ შემცირდა რა გასაკვირია? გასაკვირი ისაა, სასჯელაღსრულების მინისტრს მრჩეველი მოროშკინა რომ ისევ გაუთხოვდა. თანაც ისე გაუთხოვდა, არ დაუკონკრეტებია საბოლოოა ეს ქორწინება თუ კიდევ სცდის? აშკარაა, მოროშკინას მაგალითზე გამოთქმა „მესამე და სამართალი“ განუვითარებელი სარძევე ჯირკვალივით გამოიყურება - უხერხულად და სასაცილოდ. ღარიბაშვილის მთავრობის კაბინეტს მხარს არ დავუჭერთო, უმცირესობის რამდენიმე კოლორიტმა ბრძანა. ამათ საზოგადოების წინაშე არანაირი დამსახურება არ აქვთო. პრინციპში მართალია ეგ უმცირესობა... ჯერ უნდა ავუხსნათო რა პრობლემების წინაშე დგას ქართველი საზოგადოებაო. მაგათზე უკეთ აბა ვინ იცის რა პრობლემებიც შექმნეს ამ ქვეყანაში? ჰოდა, ეს რომ იციან, ამიტომაც გარბის კირკიტაძე ამერიკაში სასწავლებლად. გუბერნატორობა არ დააცადეს და ახლა მაგისტრის ხარისხი მოუნდა ბიჭს... რას უშვება ამ ხალხს შინაგანი ფარული კომპლექსები?! ხომ არ დამთავრდა არასდროს ამათი სწავლა -განათლება. კიდევ კარგი მარიამ საჯაია მაინც რომ მიაბრძანა პარლამენტმა სამთვიან სასწავლო შვებულებაში. ნაძალადევში უკვე დავით აღმაშენებლის ორდენოსანმა გიგიმ ახალი გამგებელი მოგვამაგრა. იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ბალავაძე. უახლოესი მომავალი მარტივად გასაშიფრია - ასე დატრიალდებიან „კრუგში“ სულ თავისი ნებით გადამდგარი გუბერნატორები მომავალ არჩევნებამდე და რაღა დარჩა? გიგის ის ურჩევნია ქალაქის დასუფთავების სამსახურის უფროსი დაატრიალოს სადაც საჭიროა, თორემ დაემსგავსა მისი სატახტო ალაგი შევარდნაძის დროის თბილისს - გამოტენილი ნაგვის ურნებით და სანაგვედ გადაქცეული ქუჩებით. ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ ერთი შანსი ხომ გაქვს ბიჭო? თუ შენი დაჭერაც უკვე გადაწყვეტილია? რა თქმა უნდა, ვიღაც-ვიღაცეებს დემოკრატიის გადმოსახედიდან თუ არ ეუხერხულათ... გარდა ალექსანდრე ჭიკაიძისა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის, მთავრობის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. ჯერ-ჯერობით, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჯერ-ჯერობით. თუ თანამდებობებს ვერ შეიფერებთ, კი აგისრულდებათ "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ოცნება - "თუ პრეზიდენტმა ფეხით უნდა იჩანჩალოს, მაშინ პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტმაც ფეხით იარონო"... ფეხით სიარული კი რას ნიშნავს ჩვენს დროში, კარგად მოგეხსენებათ. ჰოდა, თეას ჯინაზე მაინც იმუშავეთ, თუნდაც ხადურივით 24 საათი. ხადურის ზომის პრემია მაინც არ გინდათ ხალხო? ჯერ-ჯერობით თანამდებობრივ ალაგს ინარჩუნებენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელსაც ბოლოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურში გადაყვანა დააბრალეს და თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი, რომელიც მწარედაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. არ ვაპირებდი საყვედურს, მაგრამ, სულ შალიკოობა რომ დამაბრალოთ, მაინც ვიკითხავ - ვისი იდეა იყო იმ დაფიცების ცერემონიალზე მიშას „დაწინდული“ სანაკოევის დაპატიჟება? მერე ვიღაცა იკითხავს - რა ეწყინა ნინოსო? ხშირად თავი სხვებზე ჭკვიანი გვგონია, იმ სხვებს რომ კითხო, ჩვენზე ჭკვიანები არიან და ბოლოს რა გამოდის _ რაღაც საშუალო არითმეტიკული. ზოგჯერ სინდისი მარტო კი არ ხრავს, მწარედ წკავწკავებს კიდეც... იმ საკვირაო ცერემონიის ტელე-სპიკერმა თქვა მომავალი პრეზიდენტი სავარაუდოდ ფიცს კონსტიტუციაზე დადებსო. ზედმეტი ვარაუდები კანონებს აუგემურებს. კონსტიტუცია გურმანთა შესაფერისი კერძია და არა საბავშვო ბაღის ასაკში საკითხავი საუკეთესო ზღაპარი - თავისუფლებებზე, უფლებებზე და მოვალეობებზეც... ეგეცაა, ზოგჯერ ხვალინდელი დღის მიმართ იმდენად მომთხოვნები ვართ, დღევანდელობას თვითონ ვაუფასურებთ. კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+' / 19. 11. 2013
  15. როცა „ფეისბუქზე“ დამიმეგობრდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, თავისი წვერით და “მჭმუნვარე გამომეტყველებით” ეკლესიის მსახური მეგონა. მერე ვიკითხე „საერთო მეგობრებში“. „დამამშვიდეს“ - არაა სასულიერო პირი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი, წესიერი კაცი და კარგი პოეტიაო... მეგობრის რჩევით , მისი რამდენიმე ლექსის წაკითხვამაც მომიწია. მომეწონა და გამოვხატე. მერე თავისი პირველი კრებულის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. მისვლა ვერ მოვახერხე, თუმცა, კრებული ავტოგრაფით მაინც მერგო. მერე დავმეგობრდით. ასე, უნებურად, ვირტუალურად... კომუნიკაცია რიტუალს დაემსგავსა - ახალი ლექსის გაზიარებით და მეგობრების კითხვებით - ვინაა ეს კაცი, ასე მაგრად რომ წერს და აქამდე სად იყოო? რადგან სრული პასუხი არ მქონდა, მარტივად ვაგვარებდი - ჰო, საშა პოეტია! მერე მასთან მიმართებაში ერთი დოჩანაშვილისეული ფრაზა ამეკვიატა: „ ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდესო“... გადავწყვიტე, გამეცნო, ვინმე საშა გველესიანი და პირადად გადამემოწმებინა „ნაღვლიანი საიდუმლო ს“ არსებობა. ძიების პროცესში კი იმდენი „დაფარული“ ამოტივტივდა... არც „ჯამბაზის“ თემა ყოფილა ყურით მოთრეული. თავისი ასაკისთვის ბევრი მოუსწრია - სცენაზეც იდგა, დიდი მაესტროების აპლოდისმენტებსაც იმსახურებდა. მერე რა, რომ წარმატებული საოპერო ტენორის კარიერაც „იმერულ კუდაბზიკობას“ შეეწირა, ტანკისტობაც მოასწრო ომამდე, თუმცა, დღემდე ტანკისტია მენტალობით. ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, ეს ამოდენა მოარული ნიჭიერება ზესტაფონში, ანუ თავის ქალაქში, საუკეთესო თამადა, კაი- მეზობელი და ერთი ჩვეულებრივი „ყარაბას-ბარაბასია“, რომელსაც, ოქროს გასაღების ხელში ჩაგდების სურვილს ვინ ჩივის, საკუთარი პოპულარობაც კი არ აწუხებს.ამ ყველაფერზე ჩვენი დიალოგიდან უკეთ შეიტყობთ. „ნიჭიერი პოეტისთვის“ არაბუნებრივად ჩვეულებრივი, უპრეტენზიო და უწყინარია. - რაღა ინტერვიუ გინდა, რაც სათქმელი მაქვს, რაც ვიცი და რაზეც ვოცნებობ, ყველაფერი ჩემს ლექსებშიაო... იტყუება, რა თქმა უნდა... ვინ იცის კიდევ რამდენი აქვს სათქმელი? ან იტყვის რომ? შემოქმედის სიტყვაში ყველა თავის დასანახს და გასააზრებელს ხედავს. ამჯერადაც ასე იქნება: - მოგესალმებით საშა ბატონო! - რა მომართვაა ახლა ეს, თავად ბატონო!? - თქვენებური, იმერულ-ინტელიგენტური... - არ ყოფილა აბა ცუდი, გაიხარეთ, ბატონო! - რა მაინტერესებს იცი? „ საშა-ბატონმა“ თავად აღმოაჩინა პოეტი რომაა თუ სხვა დაეხმარა ამ აღმოჩენაში? - კარგი შეკითხვაა... სხვამ მითხრა ეგ ამბავი. ვწერდი რაღაცეებს თავიდან და ძალიან სულელურს. ბავშვურს. პირველი ლექსი რომ დავწერე, ეს იყო შთაბეჭდილება ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაზე „გული.“ - სკოლაში ანუ. - ხო აბა, მე-4-5 კლასში ვიქნებოდი. ერთ გოგონასაც მივუძღვენი ლექსი მახსოვს.. - რეაქცია? - დაჭმუჭნა და სახეში მომაყარა. - რატომ, არ მოეწონა თუ შერცხვა? - სკოლის მოსწავლეები ვიყავით და სიყვარულის ახსნად მიიღო. - ვიცით ჩვენც რაც აწერინებს მაგ ასაკში ლექსებს შენისთანებს.. - მერე დიდი ხანი აღარ დამიწერია არაფერი, დიდი შუალედები მქონდა. ინტენსიურად წერა 90-იანი წლების ბოლოდან დავიწყე. - მიზეზი იყო რამე კონკრეტული? როგორ ხვდებიან შენისთანები, ის რაც ჭირთ, ლექსის წერის სურვილი რომაა? - რამე მარტივი მკითხე. როგორ მივხვდი არ ვიცი, მაგრამ მივხვდი. თეატრში ვმუშაობდი მაშინ. - როგორც გავიგე, გაქვს 2 არასრული პროფესია, ანუ ორჯერ არაპროფესიონალი ხარ და ორმაგად უდიპლომო სასიძოც იქნებოდი. - ასეა ეს, უარყოფას აზრი არ აქვს. ინჟინერი უნდა ვყოფილიყავი და არ გავხდი. უდიპლომო სასიძოც ვიყავი და უდიპლომო სიძედ დავრჩი. - რისი ინჟინერი უნდა ყოფილიყავი? - მოიცა ზუსტად გავიხსენო, - საქართველოს პოლიტექნიკნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი -ლითონსაჭრელი ჩარხები და იარაღები... - აუფ... რას ვართ გადარჩენილი... - შენ იხუმრე და ეგრეა... - ისე , ზესტაფონს კი ჭირდებოდა ინჟინრები პოეტებზე მეტად ალბათ. - ალბათ, მაგრამ მართალი გითხრა, არც მე მჭირდებოდა მაშინ „გეპეი.“ ჩაბარება უფრო მარტივი იყო იქ და... ნახევარი არ მესმოდა. იძულებული ვიყავი მესწავლა. ამან გამოიწვია ის, რომ დავანებე თავი ამ გაუგებრობას. მაშინ ჩაწყობაც მოდიოდა, ათასი ნაცნობიც იყო, თან კაპელაში ვმღეროდი და.. - ამას გვიმალავდით, საშა-ბატონო? - ეგ რა დასამალია, ტრაბახს ხომ არ დავიწყებდი, არ გიკითხავს და.. - ისე, საქართველოში სიმღერა ნამდვილად არაა სატრაბახო.. - კი, მაგაში მართალი ხარ, მაგრამ მაინც და მაინც ჯამბაზის არიის შესრულება და სი ბემოლის სუფთად აღება ყველას არ შეუძლია. - სიმღერაშიც არაპროფესიონალი ხართ პატივცემულო? ნოტები თუ იცით? - პროფესიონალი არა და კარგი მოყვარული კი ... მაშინ ხმა მქონდა და მიმიყვანეს ბატონ ნოდართან, ანდღულაძესთან. - მოყევი ერთი შენი საოპერო კარიერის თვითმკვლელობის ამბავი. - მიმიყვანეს მაესტრო ანდღულაძესთან. საუკეთესო პერიოდი იყო ჩემთვის. მოეწონა ხმა და დავდიოდი დიდხანს. შვილივით მექცეოდა. დილიდან ვიწყებდით უთიერთობას. - ჩემთან ისაუზმე, სახლში საჭმელი არ ჭამოო, - სულ მაფრთხილებდა. მასაუზმებდა, დამასვენებდა, ყელს შეამოწმებდა - როგორ მდგომარეობაში იყო იოგები, მერე ერთ გამღერებას ვაკეთებდით, და ა.შ... მაშინ კარგი ბიჭი ვიყავი, ვუჯერებდი ბატონ ნოდარს. საქმე საქმეზე რომ მიდგა, იქაც არ ჩავაბარე, გავჯიუტდი იმერელი კუდაბზიკა აზნაურივით... - ვიღაც ამერიკელი რომ გადაგირევია, ჩიტმა ამბავი მომიტანა... - ჩემმა ბეღურებმა? - ბეღურებიც გყავს? მეგონა, პოეტები მტრედებზე იყავით ორიენტირებულები... - ბეღურები მყავს, მეგობრები. ჩემს აივანზე ცხოვრობენ და ჩემი ხელიდან კენკავენ... - დიდი ხანია ჩიტების გამომზამთრებელიც ხარ? - დაბადებიდან... - ამერიკის ამბავი მითხარი, რატომ არ წახვედი? - ხო, იმას ვამბობდი - ტონი ერქვა, ნიუ ორლეანის კონსერვატორიის პროფესორი იყო და ქართულ ფოლკლორს სწავლობდა, ვოკალურ კულტურას. ნოდართან ცხოვრობდა. ხმა მოეწონა და ჩემი თან წაყვანის სურვილი გამოხატა. მასთან ერთად უნდა მეცხოვრა და მესწავლა. ამის თანხები არ იყო. ვიცი, რომ ბატონმა ნოდარმა დააპირა თავისი ნივთების დალომბარდება ჩემი გამგზავრების გამო. მაშინ არ ვიცი ვისზე გავბრაზდი, ალბათ საკუთარ თავზე და გავიქეცი ზესტაფონში. მას მერე ბატონი ნოდარი რამდენჯერმე დამიკავშირდა, მაგრამ ვერ დამითანხმა. - არ ნანობ? - რა თქმა უნდა, დღევანდელი გადასახედიდან ჩემი საქციელი დიდ სიბრიყვედ მიმაჩნია. მერე ზესტაფონის თეატრში დავიწყე მუშაობა. პირველი დიდი როლი რეზო გაბრიაძის „მარშალ დეფანტიეს ბრილიანტში“ ვითამაშე. - ბავშვობიდან არტისტული ნატურა ყოფლხარ, რადგან 13 წლიდან დგახარ სცენაზე... - ზესტაფონში ცხონებულმა რენე აბესაძემ ჩამოაყალიბა საბავშვო თეატრალური სტუდია „მართვე“. პოლიტექნიკურიდან წამოსვლის და საოპერო კარიერაზე უარის თქმის შემდეგ ზესტაფონის სცენაზე დავბრუნდი. კარგი როლები მაქვს სხვათა შორის ნათამაშევი. - „ტი ვ შკოლე პეჩორინა იგრალ?“ - პეჩორინა ნე იგრალ.. - ა გამლეტა? - კარგი ახლა, რა საჰამლეტე ტიპაჟი მე ვარ... სხვათა შორის, არ ვტრაბახობ, მაგრამ, ჩემი რეჟისორი, ზაზა წაქაძე, ძალიან ნიჭიერი კაცია, დოჩანაშვილი რომ დავდგით, გიგამ თქვა ლორთქიფანიძემ ჩემზე : ესაა დღევანდელ საქართველოში ყველაზე დიდი მსახიობიო... თქვა გიგამ, მართლა თქვა ეს სიტყვები. - და შენც დაიჯერე ხომ? დოჩანაშვლის რა დადგით? - არა, მაგის დაჯერება არაა ადვილი, მესიამოვნა. გურამის ჯერ „გრიშა და მთავარი“ დავდგით და მერე „იქამდე“ - მოთხრობაა ასეთი - მწერლის აღსარებაა. ამ აღსარებიდან სიტყვა არ ამოიღო რეჟისორმა. 2 საათი დამაჯინა ერთ ადგილას და მარტო ვესაუბრებოდი დარბაზს. მარჯანიშვილში შედგა პრემიერა, 2001 წელს. ახლა ამას კი არ ვტრაბახობ, ეტყობა მართლა კარგად გამომივიდა, რადგან გიგა კულისებში ამოვიდა. - და მაშინ იყავი უსაშველოდ ამაყი, ბედნიერი და კმაყოფილი? ხშირად ხარ ხოლმე ასეთი? - იშვიათად - ხარ და ხარ ამ ზესტაფონში. არ გქონია იქიდან წასვლის სურვილი? - ყოველთვის მქონდა ამ ქალაქიდან წასვლის სურვილი. რა თქმა უნდა მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ქალაქია, მაგრამ მინდა, რომ ბევრი რამ ვნახო, არადა რამდენია სანახავი და შესაგრძნობი. - იმაზე თუ დავფიქრდებით, ზესტაფონის მასშტაბებით რამდენს ხედავ, შენი გამოსვლა საზღვრებიდან, შეიძლება, საშიშიც იყოს... ვხუმრობ, რა თქმა უნდა. - სულ მეშინია იმის, რამდენიმე სიტყვას ხომ არ ვათამაშებ და სხვადასხვა ლექსად ხომ არ ვქმნი მეთქი. ჩემი თვალსაწიერი, ანუ იქ სადაც ვარ, - ჩემი სახლი, აივანი, ერთი ქუჩა, რომელსაც გამუდმებით ვხედავ, მწირი და ერთფეროვანია. ამიტომ, აქედან გაქცევა მინდა სულ. ერთი დადებითი თვისება აქვს ზესტაფონს - კოლორიტების ქალაქია და გამორჩეული იუმორი აქვს. - „ფეროც“ ისე რომანტიკულად ბოლავს, რას ერჩი? - არაფერს ვერჩი, აქეთ რომ არ გვერჩოდეს. - ფეროზე არ გაქვს ლექსი? - არ მიფიქრია მაგაზე. - დროა, დროა... გალაკტიონმა თუ ჭარხალზე დაწერა შედევრი, შენ ამხელა ფერო გაქვს მუზად. - არა, გატყუებ... მქონდა ფეროზე ლექსი. 75 წლის იუბილე იყო თუ არ ვცდები და მაშინ დამიკვეთეს ჰიმნი. დავწერე,აღარ მახსოვს ტექსტი, რაღაც უზარმაზარი სიბრიყვე რომ იყო, ის მახსოვს. - რომ მოახერხო, სად გაიქცეოდი? - მთაში. დიდხანს ვიცხოვრებდი იქ, თუნდაც მარტო. მთა სულ სხვა განზომილებაა, იქ სულ სხვა რაღაცეები ხდება. მთაში ზამთარი უნდა გაატარო, მერე ზაფხული. - მარტომ? - ალბათ მარტომ. მთაში ღმერთთან ახლოს ხარ... - ამ დროს ლექსებში არ ჩანხარ ასეთი - მარტოობას რომ ეძებდე. თურმე, საქმე გვაქვს უკმაყოფილო პოეტთან... სახლში ხშირად ბუზღუნებ? - კი, ხშირად. ვჯაჯღანებ. - ეგ ნიჭიერების სიმპტომებია. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - დაბნეულიც ხარ. მეუღლეც ალბათ ხშირად იმეორებს - აცალეთ კაცს მუშაობაო! - მაქვს ჩემი კუთხე სახლში, რომელსაც არ ეკარება არავინ. კუთხეს აქვს თავისი უწესრიგობის წესრიგი, რომელსაც მხოლოდ მე ვურევ და მე ვალაგებ. მაგის პრობლემა არაა, მაგრამ, არის ხოლმე ზოგჯერ, ისე მოგინდება მარტო ყოფნა... - კარგი, თეატრზე ვილაპარაკოთ. ყარაბას-ბარაბასი ყოფილხარ.. - ერთი წელია ზესტაფონის კულტურის ცეტრში, თოჯინების თეატრის რეჟოსორად ვმუშაობ. ყარაბას-ბარაბასიც ვარ. ძალიან ნიჭიერი გოგონები მყავს. და ნელ-ნელა ვცდილობ, მრავალფეროვანი გავხადო იქაურობა. ვფიქრობ მარიონეტების თეატრზე, სინთეზურ თეატრზე. - რა უცნაურია, ასეთი „სერიოზული აგებულების“ კაცი თოჯინებთან ვერ წარმომედგინა რატომღაც. წვერში კი შემეპარა ეჭვი მაგრამ... - უბრალოდ ვაკანსია გამოჩნდა. ოჯახში გამოჩნდა დამატებითი სახსარი და კიდევ საქმე - რომელსაც ვაკეთებ. - შენს პოეზიაში დიდი რაოდენობით ქალია, ანუ ყველგან იგრძნობა. ეს პოეტების „სენია“, ხელსაყრელი თემა, თუ რაღაც უფრო სერიოზული გჭირს? - არ ვიცი, ალბათ ყველა მამაკაცის სენია ქალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება... სიყვარულზე დიდი არაფერია... ყოველთვის ვგრძნობ, რომ ქალი განსაკუთრებულია მაინც, ყველა ქალშია რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ თავად განსაკუთრებული ქალებიც არსებობენ და მაშინ ოოოო... - როდის იგრძენი რომ პოპულარული ხარ? - ეგ არ მიგრძვნია, ქუჩაში თავისუფლად დავდივარ ჯერ-ჯერობით. ერთი კრებული გამოვეცი შარშან, სულ ესაა... - და არცერთ ლიტერატურულ გამოცემას არ შემოუთავაზებია თანამშრომლობა? - არა, რომ შემოეთავაზებინა, უარს როგორ ვეტყოდი? - ვიცი, რომ მეორე კრებულიც მზადდება და წლის ბოლოსთვის მკთხველამდე მივა. ძალიან განსხვავდება მეორე პირველისგან? - კი, განსხვავდება, აბსოლუტურად სხვაა. ხარისხით შიგთავსის და ვიზუალითაც. მესამესთვისაც მზად ვარ უკვე. - პირველ კრებულს „ქარის წისქვილები“ ერქვა. მეორეს რა დაარქვი? „მწუხარე სახის რაინდის“ განწყობა მასაც ახლავს? - მეორე კრებულს უბრალოდ, - ლექსები ერქმევა - ძალიან სწრაფად წერ, ანუ ბევრს. - მართლა? მე ვერ ვგრძნობ. როცა მეწერება მაშინ ვწერ, რა ვიცი. - „დამწყებ“ პოეტებს ხშირად ადარებენ და ამსგავსებენ ცნობილებს. შენზე არაფერი გაგიგია? - არა... ვცდილობ, ვიყო „მე“. ყველას თავისი სათქმელი გვაქვს, ხომ ასეა? - ბევრს კითხულობ ალბათ ხომ? ლექსიკას ეტყობა, თანამედროვე პოეტებში ეს არც ისეთი ფუფუნებაა. - კითხვა სულ მიყვარდა და ახლაც ასეა. სიტყვებთან ურთიერთობაც მიყვარს. სიტყვასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება სცენამ განაპირობა. - შენთვის ყველაზე „ახლობელი“ პოეტი გეყოლება, ეჭვი მაქვს. - გავამართლებ შენს ეჭვს და გეტყვი, რომ ძალიან მიყვარს ვიიონი. ჩემთვის ნომერ პირველია... - ჰოო, ვიღაცას მაგონებდი შენი „სოფლის სამდურავით“. თურმე, ვიიონს, არც სწავლით იკლავდა თავს მაინც და მაინც შენსავით. ეს გამახსენდა: „ახალგაზრდობის წასვლასაც ვტირი, ვეძებ, ვერ ვაგნებ კვალს ვერავითარს. არც ნისლი იდგა... არც ზამთრის პირი... როგორ წავიდა... საით წავიდა... „ გგავს მართლა... განწყობითაც და გამჭვირვალეა შენსავით... ფრთხილი ხარ ყოველ ფრაზაში. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?- ალბათ... - „შუაღამისას მარტოდმარტო, ქუჩაში მიდის, იღიმება და ფიქრობს კაცი რაღაცას კაცურს“... - შენი პირველი კრებულიდანაა ეს ფრაზა. ფიქრს სქესი განაპირობებს. „კაცური ფიქრი“ ზოგჯერ იმაზე ბავშვურია, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია.. - ზოგჯერ კი ბრძენიცაა - ვიიონს აქვს ასეთი სტროფი: „ვიცი ამ ქვეყნის ტყუილ მართალი, ჩემი თავისა არა ვიცი რა...“ შენი სტროფით მიპასუხებ ? - მანცვიფრებს, როგორ აპობს დიდ კლდეს ციცქნა ბალახი, მაოცებს ცა, რომ მჩუქნის სურვილს შენი დანახვის. უნახავივით შევციცინებ მარტში მზის კვირტებს, უფალს არ უნდა შეეჩვიო _ უნდა გიკვირდეს... - სულით არ დაეცე, ძალიან გეტკინებაო, ბებიაჩემი მარიგებდა სულ... - ბებიები ღვთის საჩუქრები არიან... - ალბათ იყო შენს სევდიან ბავშვობაში ისეთი რაღაც, რაც ძალიან გინდოდა. შედგა ეს რაღაც? - არა. - ახლა რა უნდა პოეტ გველესიანს? - ახლა აღარაფერი ლექსების გარდა. მე ჩემი სამყარო მაქვს და აღარ მინდა, გარეთ გამოვიდე. უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ სახლი მქონდეს. ჩემთვის არა, - შვილებისთვის. - რა დაემართა შენს სახლს? - რაღაც მოხდა, აეწყო ცხოვრება ისე, რომ იძულებული გავხდი გამეყიდა. მაგრამ ეს უბრალოდ ოცნებაა. ვერც ვერაფერს და არც არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს შევძლო. მინდობილი ვარ ცას. - ყველაზე საუკეთესო დღესასწაული ისაა, რაც ჩვენს შიგნით ხდებაო, - ასეა ეს! ბეგბედერიც მეთანხმება. შენ? - სრულებით... ეგაა.. ოღონდ რის გამო ხდება, ესაა მთავარი. კატო ჩულაშვილი „ქრონიკა+“/ 19.11.2013
  16. „ვარდოსან–ფრიადოსანი“ ხელისუფლების მიერ დატოვებული ნაღმები პერიოდულად ფეთქდება და ისეთ გამოცდილ, ნასროლ–ნაომარ საზოგადოებასაც კი აგდებს მოულოდნელობის შოკში, როგორიც ომის ვეტერანებია. ერთ–ერთი მათგანი სულ ახლახანს მოვიდა მოქმედებაში – ვეტერანთა ნაწილს, მათთვის გაურკვეველი მიზეზებით და სრულიად მოულოდნელად, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუწყდა. ამ სუბსიდიის გარდა ვეტერანებს უამრავი პრობლემა აქვთ და უახლოეს წარსულში მათი განხილვის პერსპექტივაც კი არ არსებობდა. წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ ყველაზე მარტივად ვეტერანთა დიფერენცირებაში გამოიხატა. თუმცა, ვეტერანების თემა და მათი პრობლემები ზოგადად „ქართული პოლიტიკის“ შედეგია, უფრო სწორად წინა ორი ხელისუფლების ამბიციების შედეგი. თუმცა ეს სხვა, საკმაოდ სერიოზული თემაა, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ ყოფილი მეომრები, თუმცა, ხვდებიან, რომ მათი ძალა და სახელი უბრალოდ და მარტივად გამოიყენეს „დაყავი და იბატონეს“ კლასიკური მეთოდით. კონკრეტული საკითხის გასარკვევად საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დავუკავშირდით. დეპარტამენტის უფროს, გელა დოლიძესთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ არც ისეთი უიმედობაა, როგორც გვეგონა, „ვეტერანთა საქმეზე“ ყინული სახელისუფლებო დონეზე დაძრულა, რეალური პერსპექტივებიც გაჩენილა, თუმცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად წამგებიანია არასაკმარისი კომუნიკაცია სახელისუფლებო უწყებასა და საზოგადოებას შორის. ვეტერანების დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ მათი ჯანმრთელობა 100%–ითაა დაზღვეული სახელმწიფოს მიერ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს კანონში ვეტერანთა შესახებ და რომ ვეტერანთა დეპარტამენტს უკვე დაწყებული აქვს და წარმატებით ახორციელებს დასაქმების პროგრამას, ხოლო პერსპექტივაში, ვეტარანთა „დიდი რეაბილიტაციის“ ეტაპი იწყება... ვიდრე გელა დოლიძესთან საუბარზე გადავიდოდეთ, აქვე დავაფიქსირებ მის თხოვნას, ინტერვიუში გაჟღერებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ დეპარტამენტს, რომ მოხდეს პრობლემაზე სწრაფი რეაგირება. ვეტერანთა დეპარტამენტი 1997 წელს ნატოსთან დაახლოების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მასში 120 ადამიანი მუშაობდა, ჰქონდა წარმომადგენლობები ყველა რაიონში. მოგვიანებით რაიონული წარმომადგენლობები გაუქმდა და შეიქმნა სამხარეო წარმომადგენლობა. 2006 წლის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა 92 ადამიანს შეადგენდა. ამის შემდეგ, დაიწყო შემცირება და დღეს ვეტერანთა დეპარტამენტში 30–დე ადამიანი მუშაობს. იქიდან გამომდინარე, რომ სხვაგან წარმომადგენლობა არაა, ვეტერანებს თბილისში ჩამოსვლა უწევთ. უახლოეს მომავალში იგეგმება რეგიონალური წარმომადგენლობების აღდგენა. ჯერ-ჯერობით ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაშია, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია მისი ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება. ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვეტერანთა საქმეების სამსახურად ჩამოყალიბდება, მაგრამ, ამჯერად, იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში. საკანონმდებლო პროექტი მზადაა საპარლამენტო განხილვისთვის. ვეტერანთა დეპარტამენტს გელა დოლიძე, მარტიდან ხელმძღვანელობს. დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი ვეტერანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი რეაბილიტირება და სრულფასოვანი ინტეგრირებაა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. –ბატონო გელა, რომ არა ვეტერანთა ზარი კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენი საუბარი, ალბათ, არც შედგებოდა და არაერთი საჭირო ინფორმაცია დარჩებოდა მიზნობრივი ადიტორიის მიღმა. ისევე როგორც ზოგადად ახალ ხელისუფლებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხი თქვენთანაც მოიკოჭლებს... – გეთანხმებით, ჩვენი მინუსია ის, რომ ვერ მოვახერხეთ თუნდაც უკვე მიღწეული შედეგების სათანადოდ რეკლამირება. თუმცა, ამას აქვს თავისი ობიექტირი მიზეზი – ჩვენ ვართ საქვეუწყებო დაქვემდებარებაში და არ გვაქვს შესაბამისი წვდომა საინფორმაციო საშუალებებთან. აი მალე გავხდებთ დამოუკიდებელი ორგანიზაცია – საჯარო იურიდიული პირი და კომუნიკაციის საკითხებსაც მოვაგვარებთ. ჩვენს საქმეში ინფორმაციის დროულად და მიზნობრივად მიწოდებას სიტუაცია მოითხოვს . – აქამდე ისედაც ჩრდილში და მივიწყებულები იყავით, ახლა თითქოს რაღაცეები იცვლება თქვენი მიმართულებითაც არა? – ყველაზე დიდი პრობლემა ვეტერანებთან მიმართებაში, ესაა სახელმწიფოს დამოკიდებულება საზოგადოების ამ ნაწილის მიმართ. დღეს, ფაქტია, ვექტორი იცვლება და ამ ეტაპზე რატომ არ ვართ მწვერვალზეო, ამის თქმა არ შეიძლება. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ვეტერანთა მიმართ, ყველაზე სერიოზული წილი აქვს სახელმწიფოს. როგორიცაა სახელმწიფოს დამოკიდებულება გარკვეულ ეტაპზე, საზოგადიებრივი აზრიც შესაბამისად იცვლება. – მოდით, კონკრეტული საკითხი გავარკვიოთ, რა მოხდა 22 ლარიან სუბსიდიასთან დაკავშირებით და რატომ იყო ეს მოულოდნელი ვეტერანებისთვის?- საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირთა წრე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის მე–4 დადგენილებით განისაზღვრა. სუბსიდიის მიმღები პირები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და დაღუპულთა ოჯახის წევრები,საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, სამხედრო ზალების ვეტერანები და საბრძოლო მოქმედებების შემდგომ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. აღნიშნულ დადგენილებაში 2009 წელს განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აღრიცხვაზე იქნებოდნენ კომპეტენტურ ორგანოში სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებად. ცვლილება არ შეხებია უკვე დანიშნულ სუბსიდიას, რამაც არათანასწორ მდგომარეობაში ჩააყენა ერთი და იმავე სტატუსის მქონე ვეტერანები. ვანო მერაბიშვილის ბრძანებულებით, ნასამართლევ ვეტერანებს მოუხსნეს სუბსიდიები. რაც კითხვებს ბადებს. საყოფაცხოვრებო სუბსიდია, წესით, არანაირ კავშირში არაა ადამიანების წარსულთან. მათ აღნიშნული სუფსიდია თავის დროზე, სამშობლოსთვის ბრძოლისთვის დაენიშნათ. არადა ომში იბრძოდნენ ნასამართლევებიც და არანასამართლევებიც. მაშინ, ნასამართლევობის მიზეზით, არც ბრძოლის უფლება უნდა მიეცათ. – ცვლილებამ დადგენილებაში გამოიწვია 4096 ვეტერანისთვის სიფსიდიის მოხსნა, რასაც მოყვა გაღიზიანება და აღშფოთება. ამის თაობაზე ალბათ თქვენც არაერთმა მოგმართათ. – რა თქმა უნდა გამოიწვევდა დაბნეულობას და პროტესტს, რადგან აბსოლუტურად არასამართლიანი დადგენილება იყო, რომელიც მექანიკურად მოვიდა მოქმედებაში. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის“ დადგენილება თავის დროზე სიტუაციამ მოიტანა. მოგეხსენებათ, მოხდა განსახელმწიფოებრიობა დარგების. ენერგოკომპანიებიც გადავიდა კერძო სექტორში და ამიტომ სახელმწიფო ვეღარ მისცემდა ადრე დაწესებულ 100 კვტ ელექტროენერგიას და 20 კუბომეტრ გაზს თავისი ანგარიშიდან. ამიტომ, სახელმწიფომ გადაწყვიტა, ამ ადამიანებისთვის მიეცა კონკრეტული თანხა. როგორ დათვალეს, არავინ იცის, რადგან გათვლები არსადაა წარმოდგენილი. მთელი შეღავათების სისტემა გადაიყვანეს 22 ლარზე. დღეს ამას ქვია „საყოფაცხოვრებო“ სუბსიდია. ეს არც პენსიაა, არც კომპენსაცია. გაორმაგებული მოცულობით იყო ეს სუბსიდია ინვალიდ ვეტერანებზე, ანუ 44 ლარი და მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე, რადგან მათ ისედაც 2–ჯერ მეტი ჰქონდათ ყველა შეღავათი. – ამ დადგენილებაში, როგორც ვიცი, მოგვიანებით დამატებითი ცვლილებები შევიდა და, ალბათ ამას მაშინ რაღაც მიზანიც ჰქონდა?– ასე იყო. 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით, ვინც კი მომავალში გახდებოდა ვეტერანი, ის საყოფაცხოვრებო სუბსიდიით ვერ ისარგებლებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ხოლო ვინც საგრებლობდა უკვე ამ სუბსიდიით, მას დარჩებოდა. ეს თავისთავად დისკრიმინაციული დადგენილება იყო. წარმოიდგინეთ, ორი ადამიანი რომლებიც ერთ ბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას, ერთი სოციალური მდგომარეობით, ერთმა მოასწრო 5 ნოემბრამდე სტატუსის მოპოვება და მეორეს დააგვიანდა, ესთს ქონდა ეს სუბსიდია და მეორეს – არა. – ეს დადგენილება თუ არ ვცდები გილაურმა მიიღო ? – კი, მისი გახლავთ. 2012 წლის 20 ივლისს ბოლო ნაღმი დატოვა ამ სეგმენტში ნაცმოძრაობამ, დაადგინა, რომ ის, ვინც მუშაობს საჯარო სამსახურში, მას უნდა მოეხსნას ეს სუბსიდია. და შეიტანა შესწორება შეჩერება კი არა შეწყვეტა ხდება. თუ შეუწყდა, აღარ აღუდგება. – რა შემთხვევებს ეხებოდა ეს შეწყვეტა? – თუ 3 თვე ზედიზედ არ აიღო ეს სუბსიდია პირმა, თუ ციხეში მოხვდა, თუ ვთქვათ დარაჯად დაიწყო სკოლაში მუშაობა, უწყდება და ა.შ. 26 000 ვეტერანი იყო ამ სუბსიდიის მიმღები და დღეისთვის მას იღებს 17 885. აქედან 11 107 კაცი სოციალურად დაუცველია. რეალურად სადღაც 6 700 ადამიანია დარჩენილი, ვინც ამ დადგენილებების თანახმად იღებს 22 ლარიან სუბსიდიას. რაც ჩვენი პოზიციიდან თავისთავად არაა ნორმალური და ამას ჭირდება ცვლილება, ესაა ის აქილევსის ქუსლი, რომელიც დარჩენილია და მისი გასწორება ჯერ–ჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან ამას ცოტა კრეატიული გადაწყვეტილება ჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც გამოსწორდება. – და ვინ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება? – მთავრობამ რა თქმა უნდა. ოპტიმალური ვარიანტი კი უნდა შესთავაზოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და ჩვენმა უწყებამაც. – კონსულტაციების დონეზე არის უკვე საუბარი ამაზე? – ჯერ–ჯერობით მიმდინარეობს საკითხის განხილვა და გადაწყვეტილება მიღებული არაა. – თანხის მოცულობაზეც იქნება ალბათ საუბარი. – ალბათ იქნება, მაგრამ აქ ხშირად ურევენ ერთ რამეს – ეს არაა სოციალური დახმარება, ესაა საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რომელიც ითვალისწინებს ერთ ვეტერანზე თვეში ელექტროენერგიის ხარჯს, გაზის, დასუფთავების და წყლის საფასურს. სუბსიდია ამ 4კომპონენტისგან შედგება და თუკი გადავთვლით, სწორი გათვლებით სადღაც 32 ლარამდე გამოდის. ანუ შესაძლებელია 12 ლარით ამ სუბსიდიის გაზრდა. – ხშირად ვეტერანებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის გამო და, ალბათ, ობიექტურადაც. – მე პირადად პროტესტის გრძნობა მიჩნდება სხვა რამის მიმართ – როცა ვეტერანს განიხილავენ, როგორც მხოლოდ მიმღებს რაღაც დახმარებების. მიმაჩნია, რომ ვეტერანების მიმართ სხვანაირი პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს. – როგორი? – ჩემი აზრით, ვეტერანებს ჭირდებათ რეაბილიტაცია და დასაქმება. უფრო მნიშვნელოვანია მოხდეს მათი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია შემდგომი დასაქმებით, ვიდრე სუბსიდიების და კომპენსაციების გაზრდა, ეს გზა უმნიშვნელოა. დღეს საკმარისია ვთქვათ 50 ლარი, ხვალ 100 იქნება საჭირო. ანუ სახელმწიფომ მუდმივად უნდა გაიღოს რაღაც–რაღაცეები, ასეთი მიდგომით. მე მიმაჩნია, რომ მთავარი, რაც ვეტერანს უნდა მივცეთ, ესაა ანკესი და არა თევზი. – ზოგიერთები თვლიან, რომ თევზის ჭერის სწავლებაუკვე დაგვიანებულია. – ზოგისთვის შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მათი ასეთი განწყობა ყოფიდან გამომდინარეა და არა მათი ფსიქო–მორალური მდგომარეობიდან. კიდევ ვიმეორებ, უნდა შეიცვალოს პოლიტიკა და დამოკიდებულება. პროგრამები უნდა ვაწარმოოთ იმ მიმართულებით, რომ მოხდეს საზოგადოების ამ ნაწილის დეგრადაციის პროცესის შეჩერება. რესოციალიზაცია შეუძლებელია, თუ არ მოხდა მათი რეაბილიტაცია. – ანუ უნდა დაიწყოს სხვა თანმიმდევრული პროგრამა. – რა თქმა უნდა. ასე რომ მოხდება, დასაქმების პროგრამაც უფრო სწრაფად ამუშავდება. ვეტერანებში სოციალური ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანია. 11 000 ვეტერანი, სოციალურ ზღვარს მიღმაა. გეთანხმებით, რომ იქ დეგრადაციის მაღალი პროცენტია. მათ მართლა მხოლოდ უნდა მისცე, მაგრამ მათ ჰყავთ შვილები, ეგებ ღირდეს ამ პროგრამების მათ შვილებზე მიმართვა.მამის მაგივრად ჯერ შვილი დადგეს ფეხზე და მერე ის მამასაც მიხედავს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ცდილობს თავად დადგეს ფეხზე. ჩვენ დავიწყეთ დასაქმების პროგრამა, რაც წარმატებით მიმდინარეობს. – ვეტერანთა დასაქმების პროგრამაზე ალბათ ბევრმა არაფერი იცის. რამდენი ხანია რაც პროგრამა დაიწყეთ? – დავიწყეთ ზაფხულში და უკვე რამდენიმე ასეული დასაქმებული გვყავს.ესაა პირად კავშირებზე აწყობილი პროგრამა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. მოგეხსენებათ, სამინისტროში გარდა ჯარისკაცებისა საჭიროა კიდევ უამრავი პროფესია. სხვადასხვა ტიპის კვალიფიციური მუშის პროფესიებია. ვეტერანების აყვანა და სპეციალური გადამზადება ხდება. ზოგერთმა ვერ შეძლო თავად ჩართვა ამ პროგრამაში, მაგრამ შვილი გამოგზავნა. ხელფასი 700–800 ლარამდეა, არაა ეს ისეთი ხელფასი, რომ ადამიანების ცხოვრება შეცვალოს, მაგრამ ოჯახს შიმშილი არ ემუქრება. – ამ მხრივ სამაგალითო ქვეყნად დღეისთვის საფრანგეთი და ამერიკა ითვლება, სადაც ვეტერანთა ინსტიტუტი ყველაზე გამართული და მოწესრიგებულია. – ამ ქვეყნებში უკვე დამუშავებული და პრაქტიკაში განხორციელებულია წარმატებული პროგრამები. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ბიზნესის დაწყების გამარტივებუილ ფორმა სახელმწიფო კრედიტით, შეღავათები გადასახადებში. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ამერიკაში აპრილში ყველა სახელმწიფო უწყებას შეუმცირდა დაფინასება, ვეტერანთა დეპარტამენტის გარდა. 71 მილიარდია ვეტერანთა დეპარტამენტის ბიუჯეტი ამერიკაში. – ვეტერანთა დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდული პირად ჩამოყალიბების შემდეგ ალბათ გაჩნდება საშუალება დამატებითი ფინანსების მოძიების, რომლებიც ვეტერანებს მოხმარდება. – ამ მხრივ საინტერესო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც ჯერ არ გავახმოვანებ, გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა, გპირდებით, რომ როგორც კი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება და რეალურ ფორმას შეიძენს, პირველად თქვენ შგატყობინებთ. მომზადებული პროექტით საშუალება იქნება განხორციელდეს ვეტერანთა დასაქმების პროგრამა. ვეტერანები აუცილებლად საჭიროებენ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, მათი სოციალური რეინტეგრაცია უნდა მოხდეს. – პარაზიტული ცხოვრების წესი არ შეიძლება იყოს ვეტერანების არჩევანი. ადამიანი, რომელიც თავის დროზე წავიდა ომში, ვერ იქნება პარაზიტი, მან საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე. ამიტომ, ამ ტიპის ადამიანებისთვის ზუსტად ასეთი მიდგომებია საჭირო, რომ არ იგრძნონ შეურაცხყოფილად თავი. – ვეტერანები განსხვავებული კატეგორიაა, განსხვავებული ხედვით და ცხოვრების წესით, რომელიც ომმა დაუტოვათ. ამერიკელებმა ამას „ვიეტნამის სინდრომი“ დაარქვეს. მანამდე „ალჟირის სინდრომი“ ერქვა საფრანგეთში. რაში მდგომარეობს ეს სინდრომი – ვეტერანები მასაში ხდებიან ანტისოციალურები. ეს ხდება იმიტომ რომ მეომარი, რომელიც ყოველდღიურად სიკვდილს უყურებს თვალებში, მათთვის მომავალი თავდება საღამოთი – გადარჩა. დღეს გადარჩა.. – გასაგებია, ანუ ამ ადამიანებს ხვალინდელი დღის დაგეგმვა, უჭირთ. – ასეა. ამას ემატება ცხოვრებაში თანდათან მზარდი წარუმატებლობები, ამიტომ, უმრავლესობის მომავალი მთავრდება საღამოს ერთადერთი საკითხით – რა დალიოს? აი ეს პრობლემაა სწორედ. რეაბილიტაცია ამას გულისხმობს. ამ პრობლემებს თავი უნდა დავაღწიოთ. – რეაბილიტაციის პროგრამაში ვინ იქნება ჩართული? – რა თქმა უნდა ფსიქოლოგებიც თავის საქმეს გააკეთებენ, მაგრამ ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვა სოციალური გარემოს შექმნა. წაქცეულს თუ ააყენებ, ის განაგრძობს გზას, მაგრამ თუ მიწაზე დატოვე – კვდება. ეს უნდა გავაკეთოთ და მომავლის გზა ვაჩვენოთ. დიდი ნაწილი გაივლის და გადარჩება. ჩემი აზრია და სამინისტროს აზრიცაა, სჯობს მივცეთ ანკესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მივეცით ანკესი და დავივიწყეთ. – თქვენ ბრძანეთ, რომ მოკლე ხანში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. უფრო კონკრეტულად? - ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო თვეებში გაკეთდა, ესაა ვეტერანთა ბაზის მოწესრიგება. რა თქმა უნდა ის კიდევ შეივსება და დაიხვეწება,მაგრამ ძირითადი ინფორმაცია უკვე არსებობს. საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ვეტერანია. აქიდან 32 ათასია აფხაზეთის ომის ვეტერანი, დაახლოებით 5 ათასი რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი. მიმდინარეობს, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის ასევე, აფხაზეთის ომის ვეტერანის რეგისტრაცია. - ვეტერანთა ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხიც მოგვარებულა... – რაც განსაკუთრებით წინსვლად მიგვაჩნია – ვეტერანთა ექსკლუზიური დაზღვევაა. მათი ჯანმრთელობა 100%–ით დაზღვეულია სახელმწიფოს მიერ. რომელშიც შედის ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაცია, სპეციალისტი ექიმების უფასო კონსულტაცია, ანალიზები ყველა სხის გარდა მაღალტექნოლოგიური კვლელებისა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ყველა სახის ოპერაცია აბსოლოტურად ფინანსირდება სახელმწიფოს მიერ. ასევე, ონკოლოგიური დაავადებები 15 000 ლარის ფარგლებში. – საყოველთაო დაზღვევაზე გაცილებით უკეთესი ყოფილა, იქ 70%–იანი თანადაფინანსებაა და აქ ასპროცენტიანი. და მომსახურების ამ პაკეტის მიღება საქართველოს მასშტაბით შეიძლება? – რა თქმა უნდა, პროგრამა მუშაობს საქართველოს მასშტაბით 1 ივლისიდან. ვეტერანები აღრიცხვას გაივლიან ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებში და მიიღებენ სრულ მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას გაივლიან თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში, რომელთან დაკავშირებითაც ასევე წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ჯერ დეტალებში არ ჩავალ, რადგან ჰოსპიტალის რეაბილიტაციის და უმაღლესი სტანდარტების დონეზე გამართვის საკითხიც დამუშავების პროცესშია. – ამერიკაში ვეტერანებისთვის რამოდენიმე ათეული ჰოსპიტალი ფუნქციონირებს. ჩვენთან მხოლოდ ერთია და ისიც საშინელ მდგომარეობაში. – მალე ჩვენთანაც ასე იქნება. 1997 წელს საქართველოში 2 სამხედრო ჰოსპიტალი იყო. ქუთაისში ამბულატორიის სახით, ხოლო თბილისში - სრულფასოვანი კლინიკა. წლების მანძილზე ვეტერანთა ჯანდაცვა ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. შედეგიც თვალსაჩინოა. – სამხედრო ჰოსპიტალი თქვენი დეპარტმანტის დაქვემდებარებაშია? – არა. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აფინანსებს თავდაცვის სამინისტრო. ბიუჯეტი 800 ათასი ლარია. პერსონალით უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალი თავის ფუნქციას სრულფასოვნად ასრულებს, მაგრამ სოციალურად დაუცველი ვეტერანებისთვის სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს. მალე ვეტერანებს ექნებათ ახალი ელექტრონული მოწმობები, რომლითაც ისარგებლებენ საქალაქო ტრანსპორტზე ასევე ქვეყნის მასშტაბით. – რამდენადაც ვიცი, შეღავათები საქალაქო ტრანსპორტზე მხოლოდ თბილისში მოქმედებდა. – ეს იყო თბილისის მერიის გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა შეიცვალა და ვეტერანები სარგებლობენ სატრანსპორტო შეღავათით ნებისმიერ ქალაქში, სადაც არის მუნიციპალური ტრანსპორტი. ვეტერანთა დეპარტამენტის ინიციატვით, კიდევ ერთი პროგრამა ამუშავდა – ვეტერანთა შვილებისთვის ჯავახიშვილის სახელობის უნივესრიტეტში სამოქალაქო ლექციები, 13–17 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ძალიან საინტერესო ლექციები ტარდება საუკეთესო ლექტორების მიერ, რაც მომავალი თაობის თვალსაწიერის და ხედვის გაფართოებას ემსახურება. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს დაღუპულთა ოჯახები და მათი მშობლები. ასეთი დავალება გვაქვს თავდაცვის მინისტრისგან და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ ადამიანებმა გმირები გაზარდეს და სახელმწიფო ვალდებულია, რომ ისინი დააფასოს.სახელმწიფოში დაფასებული და მოვლილი არ არის ქვეყნის დამცველი, სახელმწიფოც არ არის დაცული. კატო ჩულაშვილი „ქრონიკა+“ 12.11.2013
  17. ჯერ იყო და, მგონი, მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურმა პროკურორმა მიგვატოვა. ასეო–ისეო, მეო კი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ მეტი აღარ შემიძლიაო. გაანახევრა კაცი ამ უღმერთო კოაბიტაციამ. სულ გრადუსებში და მილიმეტრებში გადახრილ–გადმოხრილი სამართლის გზით ატარეს. რაც შეეძლო და შეაძლებინეს, გააკეთა, რაც შეეძლო და არ შეაძლებინეს, იმის არგაკეთებაზე ვინ ეტყოდა საყვედურს? თუმცა, გია ცაგარეიშვილმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება პროკურატურის მიმართ. ერთი წაესლუკუნებინა უმრავლესობის შეხვედრაზე, ამდენ უკმაყოფილებას, ცაგარას ცრემლების მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას არ სჯეროდა. ესენი დაიჯერებდნენ, იქნებ სლუკინამდეც არ მისულიყო საქმე... "მოწიფულმა" და "მომწიფებულმა", მშვიდმა, ადამიანურმა, ზომიერად ფერხორციანმაც... მოკლედ, თანამდებობისთვის შეუფერებელმა კბილაშვილმა – ავდგები და როგორც ხელისუფლებაში მოსვლით გაგახარეთ ბიძინასთან ერთად, ისე წასვლით დაგწყვეტთ გულს სამოქალაქო სექტორშიო. თქვა. არ გადათქვა და წავიდა. შს ყოფილი მინისტრი, ექს–პრემიერი და ამჟამად ძიებაში მყოფი ბრალდებული მერაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე მთავარი პროკურორის გადადგომას შეეხმიანა და არჩილ კბილაშვილი პოლიტიკური ოპონენტების ჯალათად, ჯალათების ადვოკატადაც კი მოიხსენია. მაგას რა უშავს, მავრიც კი ახსენა. ასე იცის კამერაში უსაქმურობამ და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვამ. ჯერ აქამდე როგორ გვაბნევდა და აწი უარესს უნდა ველოდეთ. ვიღაცეებმა უფრო დიდ მასშტაბებშიც წაიოცნებეს, ეგებ და მოადგილეც მიყვეს კბილაშვილს სოლიდარობის ნიშნადო. შესაბამისი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ მაგ ინფორმაციის სიმართლეში მე პირადად მაშინ შემეპარა ეჭვი, ნინო გიორგობიანმა რომ არ დაადასტურა. არც უარყო, პრინციპში... ვერ მოგართვითო, ლაშამ. ცხონებული მარკ ტვენის ცნობილი ფრაზა გამახსენდა, ისეთი რეპლიკა გვტკიცა – „ჩემი გადადგომის შესახებ დეზინფორმაციის წყარო, პროკურატურის სისტემის დეზორგანიზებით იყო დაინტერესებულიო.“ ხოდა, ასეთი ეჭვის შემდეგ პროკურორის მოადგილეს როგორ გინდა შეეკამათო? იჯდეს, სანამ სჯერა თავისი შესაძლებლობების. ერთხელაც იქნება, სხვა აღარ დაუჯერებს და წავა, აბა რას იზამს? ღვთის წყალობით, არ ჭირს წესიერი, პატიოსანი და ოჯახიშვილი კადრი საქართველოში. ამის დასამტკიცებლად სულ "ნაცად–ნაცადი" "ტალიკ–ტალიკი" ბიჭების ჩვენება მოგვიწყო, ამ ჩვენმა ასევე ტალიკ–ტალიკმა მომავალმა პრემიერმა. თავის შემცვლელად ისეთი მსხვილკალიბრიანი (ნებისმიერი გაგებით) პოლიციელი დატოვა, ეკა ბესელიაც კი წაბორძიკდა შეფასებისას, თუმცა ბოლოს მაინც დაალაგა წინადადება და – „შს მინისტრის პოსტზე რამდენიმე პირი სახელდებოდა და საინტერესო კანდიდატურა შეირჩაო“. ახლა ზოგიერთი ინტრიგანი სიტყვაზე გამოეკიდება ეკას – რას ნიშნავს „საინტერესოო“? რას ნიშნავს და ყველა დიდი ინტერესით დააკვირდება მის საქმიანობას და ეგებ, ბოლოს მისი პირველ პოლიციელად დანიშვნის რეალურ მიზეზებსაც მიაგნონ.პრინციპში, რა უნდა ეთქვა მეტი ბესელიას? საინტერესოა და... ახალი პროკურორი წინაზე უდავოდ სიმპათიურია, უფრო დახვეწილი სიმკაცრითაც იყურება, ვარცხნილობაც შედარებით აგრესიული აქვს და რახან ნაციონალები მასაც შს მინისტრივით ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, არ უდა იყოს "ოცნებისთვის" ურიგო კადრი. მართალია, პარლამენტარ ჩაფიძეს მაგ სკამზე სხვისი ხილვა უფრო გაუხარდებოდა თურმე, მაგრამ, მაია მწარიაშვილის დაწინაურება კიდევ უფრო გაამწარებდა სამართლიანობის აღდგენაზე იმედგაცრუებულ საზოგადოებას. ამიტომ, ისევ ელისოს გაწბილება ამჯობინეს. ისე იხაროს მთელმა ქართველმა ერმა, როგორც ბიძინამ მაგის გაპრემიერებით კახელები გაახარა. რატომ იყო ვითომ წარმატებული მინისტრიო? წარმატებული კი არა, თუ ივანიშვილს დავესესხებით შეფასებაში, "ირაკლიმ სასწაული შეძლო" – კრიმინალი არ გააჯეჯილა ქვეყანაში, ჩაფლულ–ჩამალული და ნაჭვრიტინებელი ყველაფერი ამოუყარა ვისაც საჭირო იყო. წასვლისასაც ისეთი კეთილშობილური ჟესტი გაუკეთა საზოგადოებას, ამის მერე ჯარიმის სადღეგრძელოს ღარიბაშვილის თამადობით დალევენ „საჭეთმპყრობელები“ საქართველოში. არ გინდოდათ, წუწუნებდით და ჰა, გაიხარეთ! რა გენაღვლებათ განახევრებული საბიუჯეტო შემოსავლები?!.. გასულ კვირას ჯერ კიდევ იმუნურმა პრეზიდენტმა საკუთარ თავსაც ოპლა შემოსძახა, ისეთი რეზონანსული სვლა გააკეთა თავისი რეზიდენციის სახურავის მიმართულებით. არც კი გრცხვენიათ, თქვენ კიდევ დაეტაკეთ, აცალეთ, გაიხაროს ბიჭმა. გულებიანი დროშა გამოკიდა, კვერცხებიანი ხომ არა, ბოლოს და ბოლოს? “პრეზიდენტი დროებით გავიდა და სიყვარული დაგვიტოვა, იქ ყვავებიანი დროშა გამოჩნდება, შემდეგ - აგურებიანი, ბოლოს კი - ისევ 4 ჯვრიანი“ – ო, ასეთი ვერსია დადო სააკაშვილის კარის მასხარამ. 'სააკაშვილმა ისიც თქვა, პრეზიდენტის სასახლეში იმიტომ არ შედიან, რომ იქ მე ვიყავი, გაანიავონ და მერე შევიდნენო. ამაზე რა უნდა თქვა? მექანიკურად მიხოს ვაჟკაცის და მისი ლოგიკის მასწავლებლის ანეკდოტი გამახსენდა – დასჯის მეთოდი ლობიონაჭამზე. ლობიო კი დიდი ხანია ასოცირდება საქართველოში დემოკრატიასთან. “პრეზიდენტის დაპატიმრება ქვეყნის ინტერესებში არ შედისო! – ასე ამბობენ შინაურებიც და გარეულებიც. მთელი პროგრესული დასავლეთი უდგას თავდებად, ვინ არ შეაწუხა, რამდენი რკინის ქალამანი გაცვითა. წყალში ხომ არ უნდა ჩაუყაროთ? ლევან ბერძნიშვილმაც კი სულ მეორე კლასელები გვეძახა, – აწყენს და გამოაყრის მიშას დაჭერა ქართულ დემოკრატიასო.კარგით ბატონო, აწყენს თუ არგებს, ეგ მერე გამოჩნდება, მაგრამ რა საჭიროა წამ და უწუმ იმის შეხსენება, რომ ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას, ანუ "არა რესპებს" გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა გვაქვს? სხვათა შორის, ამ პარტიის სიამაყეს და ყველაზე წარმატებულ თანაპარტიელს, გვარს არ დავასახელებ და პარლამენტის თავმჯდომარეს, პედაგოგობა მონატრებია. ამდენი მისვლა–მოსვლის ფონზე, ზრდილობის გულისთვის, მაგასაც ჰკითხეს პოლიტიკიდან წასვლას ხომ არ აპირებო? უსუმ დინჯად უპასუხა, რომ „აუცილებლად აპირებს, ოღონდ არა ხვალ და ზეგ“. „შესაძლოა, 2 წლის შემდეგ, შესაძლოა 2 თვის, შესაძლოა, 9 წლის შემდეგ“–ო... ეს 9 წელი რაღაც ცუდად კი მენიშნა, მაგრამ... საპარლამენტო უმცირესობის თვალსაჩინო რატიანის აზრით, „საქართველოს ოლიგარქიული მმართველობა აქვს“ მაინც. და ასევე საპარლამენტო უმცირესობის თვალსაჩინო მარიამ საჯაია, კომიტეტის სხდომების სისტემატური გაცდენის მიუხედავად, მაინც იღებს პარლამენტარის კუთვნილ ხელფასს სრულად და დანიშნულ ვადებში. გასული კვირის შოკი მაინც კიდევ ერთი საპარლამენტო უმცირესობის თვალსაჩინოების მოთხოვნა გახლდათ – ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებულიო. ვა–ბანკზე მიდის ბარამიძე ვითომ? თუ აფრასიძეების საქმის გამოძიებაც მოითხოვა, მერე რა გამოიყვანს ჩიხიდან ძიებას? საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მომავალი უფოროსის ვინაობა ჯერ–ჯერობით გასაიდუმლოებულია: ხადურის საიდუმლოებები და რებუსები აკლდა ჩვენს დაშტოპკილ ნერვულ სისტემას... სამაგიეროდ სოფლის მაშენებელი შალვა ფიფია გვამშვიდებს „ჯაყოს კაპრატივით“... არა კაცო, ვიხუმრე. ჯაყოობა და ბრინკობა ხომ გადავარდა, კოლექტივიზაციაც მშვიდობით მოვიხადეთ. ეს კარგად დავიწყებული და რებრენდირგებული ძველი სახადია. შორიდან და ერთი შეხედვით არც ისე საშიშად გამოიყურება, მთავარია, მსხვილფეხა რქოსნებმა არ გააპროტესტონ და არაფერი აურიონ... ნინო ბურჯანაძე თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს. მაინც და მაინც პრეზიდენტობა უნდა. ბავშვობიდან აქვს ჩარჩენილი მაგას რომელიღაც ნათელმხილველის წინასწარმეტყველება - საქართველოს ქალი პრეზიდენტი ეყოლებაო და ვერ ამოიგდო გულიდან . ისე, მაგ წინასწარმეტყველზე დაყრდნობით, ერთ დროს ირინა სარიშვილსაც კი უნდოდა პრეზიდენტობა, მაგრამ, მერე გაუარა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების რიგის მოწესრიგებას ისევ ვერ აუდის. რამ დააცოფა ეს ხალხი იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, სადაც სახალხო დამცველის აპარატიდან ხალხი გარბის. უჩა ნანუაშვილი თუ თუთბერიძეზე იეჭვიანებდა ვინ იფიქრებდა? გეგონება პირველად იყო ეგ გოგო ბაჩუნასთან მარტო კამერაში... კალამ თქვა – უნდა წავიდეთო! თან ბევრი მედლები ჩამოვიტანოთო! - სად მივდივართო? – კრთომით და ჩვეული დაბნეულობით იკითხა მინისტრმა დარახველიძემ. შენ არაო, მარგველა წავა სოჭშიო? – როგორ, სოჭსაც ვიბრუნებთ უკვეო?–ისევ გაუბედავად იკითხა დარახველიძემ. – გადამრევს ეს დარახველიძე, ვინ ეკითხება კონფლიქტური ზონების ამბავსო, – გაიფიქრა ზაქარეიშვილმა... ოღონდ დევნილებთან არ გამიშვათ და სადაც გინდათ წავალო, დარახველიძემ... რა ეშველება მაგის სამინისტროს არავინ იცის... ან რა უნდა ეშველოს? მთელი ცხოვრება მარტო იჯდა, თავისთვის, თითქოს ეშინოდა, ე მანდ არავის არაფერი ვაწყენინოო.. მივლენ ამ დღეებში მაგის იმედზე დატოვებული დევნილები, აუჭედავენ კაბინეტის კარს. ეგეც დაისვენებს და დაკარგული ტერიტორიებიც მხრებში გაიშლებიან... ეგ ყველაფერი იქით იყოს და ამ ანარჩევი და დაწუნებული საპრეზიდენტო კანდიდატებით ჩაწიკწიკებული ღობე–ყორით გინდათ შეგვახვედროთ ახალ წელს? გაკვრაში რომ მარჯვეები ხართ, თქვენ რა გგონიათ, უგულავას კადრს ფხეკა ეხალისება? ისე, საარჩევნო კანონი უნდა აგვარებდეს მაგ პუნტქს. თუ მსგავსი არაფერი წერია, დავწეროთ – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მასიური დანაგვიანების შესახებ კანონი, დებულება ან დადგენილება. ქართული პოლიტ–მარკეტინგიც რომ ჩარჩა 20 წელიწადია ამ ფორმატში?! ვერ გასცდა წინასაარჩევნოს პლაკატების და ბუკლეტების ბეჭდვით მიღებული ატკატების ხიბლს. კარგით რა ხალხო, რა გავლენის და საზოგადოებრივი აზრის მოხდენა შეუძლია მიჯრით ყველა უადგილო ადგილას მიტყეპებულ პორტრეტებს? ტყე მაინც არ გეცოდებათ? თქვენი გამკვირვებია, – მოლაყბეს რომ ყურის გდებას დაუწყებ, ეგონება თავი იდეოლოგი, აბა არ ეგონება? ორსახოვანი იანუსი ჩვილივით გამოიყურება ჩვენი მრავალწახნაგოვანი პოლიტიკური სპექტრის ფონზე. თუმცა იდეალისტებს ყველაფრის სჯერათ იმის გარდა, რომ იდეალისტები არიან. ახლომხედველებად ისინი ყალიბდებიან , ვინც საკუთარი ცხვირის იქით არ იხედება, ხოლო შორსმჭვრეტელებად ისინი გვევლინებიან, ვინც ვერასოდეს ამჩნევდა, რა ხდებოდა მის ცხვირ წინ. გაიგეთ, ხალხო! იმისთვის, რომ ქვეყანაში თუნდაც მოჩვენებითმა კეთილდღეობამ და ბარაქამ დაისადგუროს, უნდა ავიღოთ წინა ხელისუფლების „მამამთავრები“ და ფენ–შუის პრინციპით განვალაგოთ მატროსოვის ციხის კამერებში. ისე, რა მარტივი ამოსაცნობია ადამიანი, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილია – არც სვამს, არც იგინება... კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+" 12.11.2013
  18. აი ასე! მიყვარხართო, ხალხოო! ცოტა მოძველებული მეთოდი კი აირჩია - პირდაპირ (ვითომ) ეთერში სიყვარულის ახსნა, მაგრამ ქალაქში ბილბორდების გაკვრას, ფანჯრების წინ ცეცხლოვანი გულების დანთებას და კიდევ ათას გოიმობას, ისევ ეგ ჯობდა. ტელევიზია მაინც ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებაა. ეგ ჯერ კიდევ პროხოროვს ეწერა თავის „ ჟურნალისტიკის საფუძვლებში“. კი უნდა სიყვარულს მალვა , მაგრამ მერე ცხენების პარვაშიც რომ დადონ ბრალი? ისე, არ გეწყინოს მიშიკო და, მაინც მაგარი გოიმობა გამოგივიდა, შენ დედას ვფიცავარ, - ასე სახალხოდ და ამოდენა მასებზე რამ გათქმევინა - მიყვარხართო? ვინ ჭამს ახლა მაგას? ეგეთებს ია ფარულავაც კი აღარ ჭამს. შენი ყოფილი კლასელია და კითხე, ეგეთი სანახაობები მაგის მოგონილია. ხუთლარიანების ნიფხვებში ჩაკუჭვა კი ნამდვილად შენგან და გიგისგან აქვს გადაღებული - იცოდით თქვენიანების პატივისცემა თქვენ, მაგრამ... მაგრამ როგორც დიპლომატი გურულები ამბობენ - „მარცხი ელანძეა!“ და ვის საით გადაუბრუნდება ის „შარიკი“ იმ „ბუტკაში შესვლამდე“, აბა ვინ რა იცის? იცვლება, დრო იცვლება, ღირებულებებიც, შეხედულებებიც, გემოვნებაც, ფასებიც, სახეებიც, მტერ-მოყვარეც. მოკლედ, მიხეილ, შემობრუნებული ფარის ამბავი ხომ გაგიგია ყურმოკვრით მაინც? ეგაა რა მთელი ფიზიკა. ერთი თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მეორეთი სულ ასკინკილით მოგიწევს დანიშნულების ადგილამდე მიკინკილება. აი შენს ავლაბრის „კლუბში“ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ „გაიჩითება“ მერე უყურე ჭოგრიტით ჭეშმარიტ ქართულ ინტელიგენციას „ბიბლიოთეკის ფორთოჩკიდან“! საყოველთაო განათლება საუკეთესო წამალია დიქტატორების წინააღმდეგ... ელემენტარულია, უოტსონ! მიშასაც ელემენტარულად დაიჭერენ, თავისი ადმინისტრაციის უფროსის ჯინაზე და დასავლეთის რეკომანდაციების მიუხედავად. ვერ გიშველის აწი მიშიკო ვერც ჭრელი ლენტა, ვერც ღობესთან ჩაცუცქული ბასკერვილების ძაღლი, ვერც მისგრეივების კი არა და ალასანიების საგვარეულო წესი, ვერც ველოსიპედისტი ქალი და ვერც მოცეკვავე კაცუნები. და ხელში შეგჩება ფორთოხლის ხუთი კურკა... ხოხოხო რა დაისხა კი არა და რა შეიწყალაო! შეუწყნარებელი და უშეღავათო შეწყალება მოაწყო ამ უღმერთოდ მწყალობელმა და კი იქნებოდა უხერხული ამდენი მკვლელის, ავაზაკის, პედოფილის, ნარკობარონის და ჯიბგირის ფონზე ყოფილი ციხის უფროსი და თავდაცვის მინისტრი არ შეეწყალებინა. როგორც იტყვიან, ნაციონალური „მუნდირის საქმე“ იყო. სტატისტიკით -ბოლო ერთი წლის განმავლობაში- 29 ოქტომბრის ჩათვლით სააკაშვილმა 2412 კრიმინალი შეიწყალა.თუმცა, ანდრო ბარნოვს მაინც არ ესმის, რა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას ახალაიასა და მერაბიშვილის გათავისუფლებით? მოკლედ, ბასტა! იმიტომ რომ, როგორც ყოფილი პრემიერი დაუბარებს მომავალ პრემიერს - ის რაღაც ჯანდაბა კოაბიტაცია დასრულდაო! უხ-უხ წინასწარ ვიფშვნეტ თითებს რა ამბები დატრიალდება მალე, სულ მალე... რა თქმა უნდა მიწის ძვრები და რენტგენის აპარატზე გაშუქება მინისტრთა კაბინეტიდან დაიწყება . ასე უცებ არ დააცხრება ქორივით. ჯერ კარგად მიზვერ-მოზვერავს, თუმცა ეგეც კაიხნის დაწყებული ექნება „შერლოკს“. შეისწავლის გარემოს, მოაგროვებს მტკიცებულებებს და ჰოპ! და მერე დაიწყება დიდი სიღრმისეული და ეტაპობრივი ჩანაცვლებები... რამდენიმე მინისტრის ადგილას ახლავე დავწერდი განცხადებას გადადგომაზე, მაგრამ, მაგის გამკეთებელი ამ მთავრობაში მხოლოდ რამდენიმეა და იმათაც მაგის გაკეთება ალალად არ ეკუთვნით, არც ემუქრებათ. გული მიგრძნობდა, ისე ალაპარაკდნენ კვირის დასაწყისში ტრადიციულ ქართულ ოჯახზე, ადათებზე და წესებზე, კინაღამ რელსებს ავცდით და დაგვავიწყდა ჩვენი არჩეული კურსი რომ დასავლეთი,კონკრეტულად კი ევროპაა. ამ დისკუსიების მიღმა გამუდმებით ილანდებოდა „მეისრის“ აჩრდილი და ჰა - კვირის ბოლოს ახალი თემა - საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე საუბარი და ამ ყველაფრის წინაპირობა, ერთი წარმატებული, პერსპექტიული და ეროვნულ ღირებულებებთან გათანაბრებული ქართველი ბიზნესმენის განმარტებით, გასულ კვირას ბაგრატიონთა დინასტიის გვარის გამგრძელებლის ნათლობა ყოფილა. ბავშვი და ერთ-ერთი დიდი საიდუმლო არც არაფერ შუაშია, ვიღაცის სწორი გათვლებით, ამ იდეის მოწინააღმდეგენი და კრიტიკოსები, უნებურად, ბავშვთმოძულეთა და ქრისტეს ფეხის მკვნეტელთა სიაში აღმოჩდნენ . არიქა, მეფე ბრუნდება თავისი ნაზირ-ვეზირებითო და აფეთქდა სოციალური ქსელი, ამოქექეს ძველი სკივრებიდან რწმუნების ფურცლები, გვარი-შვილობის ეტრატები და გრაგნილები, გახუნებული სიმწრით დაბდღვნილი წვერ-ულვაში და აზნაურის „პატიოსანი სიტყვა“.. მოუნდა ზოგიერთს „კუტოკები“ და „კრუჟოკები“! ჯერ მიშას ნაციონალურმა ბომონდმა შეგვჭამა, ახლა მეფის კარის ინტრიგებით უნდათ ამოგვაგდონ კალაპოტებიდან... ტრანშეებიდანაც და, საერთოდ, - ყველაფრის გაპრავება შეიძლება კაცო, თანაც ასე უნიჭოდ? ჯერ არ გაუოფიციალურებიათ ურთიერთობები, ჯერ მარგველასაც არ დაუფიცია კანონის, ღმერთის და ხალხის წინაშე და ამ ლაშა აბაშიძეს უვე მაგის ნათესაობას აბრალებენ.. ზოგისთვის მთელი საქართველო ერთმანეთის ნათესავია და ამ ბიჭის და რომ მომავალი პრეზიდენტის ცოლი იყო 8 წლის წინ , ეგ რა სალაპარაკოა? ან სიძეს საქართველოში ვინ აღიარებს ნათესავად? უფ, ძალიან სასაცილო ხალხი ვართ რა და სხვა რომ დაგვცინის მერე გვწყინს. რა ჩვენი საქმეა და რა ტვინს ვიჭ####ტთ - სად იცხოვრებს პრეზიდენტიო? იმან უნდა იცხოვროს, ჩვენ ხომ არა? ესეც ოფიციალურ და არაოფიციალურ ქორწინებაში ყოფნაა ხალხო? გასულ კვირას საქართველოში ყველაზე „ინტელექტუალურმა „ თუმცა, ერთ-ერთმა ყველაზე ურეიტინგო პარტიამ ყრილობა ჩაატარა და ახალი მეთაური აირჩია. როფორც ყოფილმა თავმჯდომარემ და ახლანდელი პარლამენტის თამადა უსუფაშვილმა თქვა, მათი პარტია 2 წლის წინ გადაურჩა იატაკქვეშეთში გადაბარგებას და ახლა ისე შეეჩვივნენ მზის სხივს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზოგიერთებისთვის გაბრწყინებულ საქართველოში, რომ იატაკქვეშეთი კი არა, კოალიციიდანაც ყველაზე ბოლოს ჩვენ გავალთო. „რესპები“ კი გადარჩნენ იატაკქვეშეთს, მაგრამ ის უცნაური და ოდიოზური მრჩეველი გამოჩნდა ამ დღებში - ''მე ვაპირებ საზოგადოებრივ აქტიურობას სხვა სახელით და შევქმნი სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას-ო...'' ასე ბრძანა ხუხაშვილმა. იმ ხუხაშვილმა, დიახაც... ისიც თვითონ აღიარა, - საფრთხობელა ვიყავი ბოსტანშიო.. ბოსტნის რა გითხრათ და ჟურნალისტიკამ კიდევ ერთხელ ჩაიჭაობა - შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა დეპარტამენტმა, ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, “Tiflis Times“-ის ორი ჟურნალისტი დააკავა. ჟურნალისტები ქართულ-უკრაინული აკადემიის რექტორისგან შანტაჟის გზით თანხის გამოძალვას ცდილობდნენო. 10 000 ლარი არაა ცუდი „სტავკა“ რიგითი ჟურნალისტისთვის, თუნდაც 2-ზე გაყოფილი. უფრო დიდ თანხებზეც დაუკავებიათ ჟურმალისტები, ყოფილა ეგ შემთხვევებიც ქართული ჟურმალისტიკის ისტორიაში, მაგრამ მერე თანამდებობებზეც გაქაჩულან. ასე რომ, არაა არც ეს თემა ასე საპანიკო. ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლება სამომავლოდ თუ წარსულის შეცდომები აწმყოში არ გამოსწორდა, მაგრამ ცხელა ახლა ვინმეს შეცდომებისთის და წარსულისთვის? აუჩემებიათ - საუკეთესო წამალი დროაო! იყოს მერე. ამ ფარმაციამაც რომ არ დააყენა საშველი და ვერ ისწავლა მისი წარმოება? რუსული ხორბლის გაძვირების გამო საქართველოში ფქვილის ფასები მოიმატებსო. ეშველათ მეპურეებს სანახაობის მოყვარულთა ხარჯზე! დავით დარახველიძე ევროსაბჭოს წარმომადგენელს შეხვდაო და მაგას უთხრას ან ურჩიოს ვინმემ, რომ დევნილებს შეხვდეს ხოლმე, თან ხშირად, ის ურჩევნია, თორემ მივლენ მალე და კარს აუჭედავენ. ირბინოს მერე ევროკავშირის ფანჯრიდან კაბინეტში. ჰო, გასულ კვირას თვით გიგა ბოკერიას მოუნახეს საპირწონე. ქალი, გენერალი და თანაც ირინა იმერლიშვილი. პარლამენტს დააკლდებიო, მიატირეს, მაგრამ როცა საშიშად საჭირო ადამიანები ქვეყნის უშიშროებაზე ზრუნავენ, ყველაფერი უნდა აიტანო... საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას სულ 70-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრებაო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გაუგზავნიან თუ არა მოსაწვევს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. აი ხოდა რატომ უნდა იყოს უცნობი... თქვენც ადექით და გაუგზავნეთ ნებით და ეტიკეტის მიხედვით. ხომ იცით, რომ დაუპატიჟებლადაც მოვა და მერე გახდის სალაპარაკოს საერთაშორისო დონეზე. ანდა, მეორე ვარიანტია - ინაუგურაციამდე უნდა დაიჭიროთ... როცა ყველა დამნაშავეა, უდანაშაულოს ძებნას იწყებენ, რომ მთელი ბოღმა მასზე გადმოანთხიონ. ასეთს საქართველოში დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვნიან, მაგრამ რეალობის მთავარი ღირსება იცით რაშია? - იმაში, რომ ის მაინც არსებობს, მიუხედავად იმისა, გჯერათ მისი თუ არა... ისე, მიშიკო! ბავშვობაში კონან დოილის კითხვისას შენც გეშინოდა გაფაჩუნების? ჰმ.. მეც!.. კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+" 05.11.2013
  19. ვისაც შეხება აქვს საბაჟოსთან, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს 4 ფერის დერეფანი. ამ ფერთა გამაში თუ „შუქნიშანში“ გარკვევა არც ისე რთულია. რთული მწვანეზე გავალაა, მაგრამ მომგებიანი და „საპატიო“. ყვითელი – დოკუმენტალური შემოწმებაა, ცისფერი – ტვირთის ადგილზე გაფორმება დოკუმენტაციის გადამოწმების გარეშე, თუმცა გადამოწმების ერთ თვიანი უფლებით. მწვანე – აბსოლუტური ნდობის გამომხატველია იმპორტიორის მიმართ, ანუ ყველანაირი შემოწმების გარეშე დოკუმანტაციის გაფომება. წითელი – ყველაზე მძიმე დერეფანი, რომელიც ყველანაირ დათვალიერებას და შემოწმებას ექვემდებარება. ტვირთი აუცილებლად უნდა გაიხსნას და ვაი მას, თუ არც ტვირთი და არც ტვირთის პატრონი ვინმეს თვალში არ მოუვიდა... ახალს არაფერს ვიტყვით, უბრალოდ შეგახსენებთ უახლოეს წარსულში წინა ხელისუფლების მიერ კარგად შეფუთული რეფორმების შედეგებს, ხოლო ეს შედეგები ვის ინტერესებში შედიოდა და ვინ „მოიხმარა მშვიდობაში“ ამას ნებისმიერი მიხვდება. ანატომია ბედისწერაა ადამიანისთვის, ქვეყნისთვის გეოგრაფიაა ბედისწერა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს თანამედროვე მსოფლიოში. გეოგრაფიულ ბედისწერას თანამედროვე ენაზე გეოპოლიტიკას უძახიან. გეოპოლიტიკა თავად განსაზღვრავს ბევრს ქვეყნის ცხოვრებაში და ასევე მოითხოვს ბევრს სახელმწიფო პოლიტიკიდან. მისი ერთ–ერთი ძირითადი ატრიბუტი და თემა დაცული საზღვარია – გეოგრაფიულიც, პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც... 2009–2012ში საქართველოში ფისკალურ სფეროში ჩატარებულ რეფორმებს შორის „წარმატებულად“ 2 დამოუკიდებელი, ერთმანეთისგან გამიჯნული სისტემის – საბაჟო და საგადასახადო სფეროების გაერთიანებაც მოიხსენიება. მოხდა ისე, რომ, სახელმწიფო ეკონომიკის მაშინდელი მამების სურვილით, საგადასახადომ შთანთქა საბაჟო. 2010 წლამდე მომქმედი საბაჟო კოდექსის მე–4 მუხლის თანახმად, საბაჟო განსაზღვრავდა, არეგულირებდა და იცავდა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ანუ საბაჟო იყო ქვეყნის ეკონომიკური საზღვარი და ქვეყანაში შემომავალი ტვირთების კონტროლის სრულფასოვანი განმხორციელებელი, სასაზღვრო კონტროლთან ერთად. რეფორმის შემდეგ ორმაგი კონტროლის დაკარგვა განსაკუთრებით ნეგატიურია ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების და „რისკის ჯგუფში“ შემავალი სამეზობლოს ( აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) ფონზე. იმდროინდელ ერთ–ერთ დიდ მიღწევად მიიჩნევა ასევე ქვეყნის საზღვრებსა და შიდა ტერიტორიებზე გაფორმების ეკონომიკური ზონების შექმნა, რომელთა დანიშნულება იყო ტრანზიტულად მოძრავი ტვირთების შემოწმება და კონტროლი. ოფიციალურად გაურკვეველი და არაოფიციალურად, კონკრეტული მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მოხდა მებაჟე–ოპერატორების განთავსება, რომლებიც ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანებით საბაჟო–სატვირთო დეკლარაციების შევსების, შემოწმების და გაფორმების უფლება მიეცათ. ანუ მოხდა 3 ფუნქციის გაერთიანება ერთ სუბიექტში. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამას აბსურდული მდგომარეობა ქვია, რადგან ამან გამოიწვია გაფორმების ეკონომიკური ზონების პირვანდელი ფუნქცის დაკარგვა, მებაჟის როლის სრული დაკნინება, რადგან ის მაკონტროლებელი სუბიექტიდან გადაიქცა მომსახურე პერსონალად. დღევანდელი გადასახედიდან უკეთ ჩანს, რა მიზნებს ემსახურებოდა ეს ე.წ. „რეფორმა“? პასუხი ზედაპირზე ტივტივებს: ერთია სფეროს მონოპოლიზაცია, რომლის შედეგია ბევრი უმუშევარი სპეციალისტი, რამაც სახელმწიფოსთვის უარყოფითი ფისკალური შედეგი გამოიღო; მეორე – იმპორტიორის (მეწარმის) მანიპულაცია, რაც წარმატებით ხორციელდებოდა არასასურველი მეწარმის ან ტვირთის მიმართ; მესამე – საბიუჯეტო თანხების დამატებითი მოზიდვა სსიპ–ს ანგარიშზე ( საბაჟო მოსაკრებელი 60 ევროს ექვივალენტი შეიცვალა მომსახურების გადასახადით – 400 ლარით), რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა, ზერელე გათვლებით, მინიმუმ 20 მილიონი ლარის ზარალი მიიღო წელიწადში. აქვე ჩნდება ერთი კითხვა – რამდენად მიზანშეწონილია, საბაჟო ან საგადასახადო იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არა სახელმწიფო ორგანო? სფეროს მონოპოლიზაციამ შექმნა საუკეთესო პირობები საბოტაჟისთვის – ხელოვნური ბარიერების შექმნა, დამატებითი საბუთების მოთხოვნა, გადამზიდველების დღევანდელი პრობლემები. რაც შეეხება დეკლარაციის და საბაჟო პროცედურების ე.წ.გამარტივებას – პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს „გამარტივება“ მხოლოდ ერთ ძალას აწყობდა და არ იყო გათვლილი სახელმწიფო ინტერესებზე. გაფორმების ეკონომიკური ზონის მომხრეები დადებით მხარედ საიმპორტო პროცედურების გამარტივებას მიიჩნევენ, რაც დოკუმენტების შევსების წესის გამარტივებასა და შევსების დროის შემცირებაში გამოიხატება, მაგრამ ამან რომ დეკლარაციის არასრულფასოვანი შევსება, სტატისტიკური მონაცემების დაკარგვა და სხვა უამრავი უარყოფითი შედეგი გამოიწვია, ამას არავინ აფიქსირებს. საბაჟო კოდექსის გაუქმებამ თავისთავად გააუქმა ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – სეზონური და ადვალური გადასახადები, რაც ქვეყნის შიდა ბაზრის დაცვის და ადგილობრივი მეწარმის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების საუკეთესო ბერკეტი იყო. ამ, ერთი შეხედვით, ძველ და არაერთხელ გაანალიზებულ–გაკრიტიკებულ თემას არ დავუბრუნდებოდით, რომ ამ მიმართულებით დღეს იგივე სიტუაცია არ იყოს. ანუ 2012 წლიდან დღემდე მავნე და წამგებიანი საბაჟო პრაქტიკა არ შეცვლილა. ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ პრობლემების შესახებ, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე , არაერთი წერილი შევიდა იმ შესაბამის უწყებებში, რომლებსაც საკითხის განხილვა და შემდეგ მოგვარება ევალება. რეაგირება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. პრობლემები პრობლემებად რჩება. ასე რომ არ იყოს, არც ეს საუბარი შედგებოდა საბროკერო ჯგუფ BGG–ს დირექტორ ქეთი ლოლუასთან: – ქეთი, ახლა ერთად დავცქერით ჩვეულებრივ საბაჟო დეკლარაციას და მეც კი ვხედავ, თუნდაც მისი პირველივე გვერდი, რამდენ შეუსაბამობას შეიცავს. ამას სპეციალისტებიც ხომ ხედავენ? თუ „არდანახვასთან“ უფრო გვაქვს საქმე? – რასთან გვაქვს საქმე ამ დოკუმენტით ჩანს, ოღონდ ეს ფაქტია. დღესაც ამ დოკუმენტით მიმდინარეობს საბაჟო მომსახურება ჩვენს საზღვარზე. – თუ მეხსიერება არ მღალატობს, საბაჟო სტრუქტურა ყველაზე წარმატებულ სტრუქტურად მოიაზრებოდა წინა ხელისუფლებაში და მათი ნოუ–ჰაუები თითქოს ამართლებდა. – ამართლებდა კონკრეტული ინტერესებისთვის. იდეაში იმ პროექტებს, რაც საბაჟოზე განხორციელდა, ნამდვილად უნდა მოეტანათ შედეგი. საბაჟოს მთავარი დანიშნულება კონტროლია. იქ დანერგილი „ჰაიმანი“–ს პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია ნებისმიერი აკრძალული ტვირთის გამომჟღავნება, მაგრამ „ჰაიმანებმა“ გამშვებ პუნქტებზე ისეთი დისკომფორტი წარმოშვა რიგების სახით, იძულებულები გახდნენ შეეჩერებინათ. „ წითელ დერეფანს“ ფაქტიურად განსაზღვრავდა ჰაიმანის მონაცემი. ამ შეფერხებების გამო, არჩევანი გაკეთდა „გეზის“ პროექტზე, რომელიც ამერიკული პროექტია. მაგრამ ამ პროექტით მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა შექმნილიყო რამდენიმე შემკრებ–გამანაწილებელი პუნქტი. ყველა მანქანა, რომელიც გადმოკვეთდა საზღვარს, უნდა შესულიყო „გეზში“, რომ მომხდარიყო მისი ფუნდამენტალური დათვალიერება. ტრანზიტული ტვირთი აგრძელებდა მოძრაობას მეორე მიმათულებით, შიდა ტვირთი ნაწილდებოდა კომერციულ ტერმინალებზე განსაბაჟებლად. – ანუ გეზის მთავარი ფუნქცია იყო ტვირთების მკაცრი კონტროლი და საზღვრის განტვირთვა. – თავიდან ასეც იყო. „გეზით“ მოიხიბლნენ, მაგრამ „ჰაიმანებს“, რატომღაც, მტვერი დაედო. მოკლედ, გადააკეთეს სისტემა, დასვეს გაურკვეველი წარმომავლობის მებაჟეები, რომელთა ფუნქციაა დეკლარაციის შევსება–გაფორმება. დეკლარაცია ესაა კონკრეტული პირის განაცხადი სახელმწიფო ორგანოში. ამიხსენით, როგორ შეიძლება, თქვენ, მაკონტროლებელმა, შემივსოთ მე განაცხადი? – ანუ საბუთს ადგენს და დამოწმებას ახდენს ერთი და იგივე პირი? – დიახ. ელემენტარული ინტერესთა კონფლიქტია. თავად დეკლარაციას რომ ჩავყვეთ, შეიძლება აქ ბევრისთვის არაფრისმთქმელი ნიუანსი იყოს,მაგრამ მე–14 გრაფის შინაარსი საერთოდ წაშალეს.– რა ეწერა იმ გრაფაში? – ეწერა: წარმომადგენელი ან იმპორტიორი, უფრო სწორედ, მისი დასახელება, – ვინ შეადგინა საბუთი. და იქ დაწერეს: იხილე გრაფა 8. სადაც ფიქსირდება იმპორტიორი. – ეს „ჩვენებმა“ მოიფიქრეს? – რა თქმა უნდა... ესაა ჩვეულებრივი სახელმწიფო დოკუმენტის გაყალბება. ანუ მე ამ საბუთით ვკითხულობ, რო ის შეავსო იმპორტიორმა, მაგრამ, რეალურად, იმპორტიორი ახლოსაც არ მიკარებია მას. დეკლარაცია ფინანსური დოკუმენტია. ეს არაა უბრალოდ განაცხადი. ის მოიცავს დაბეგვრასაც და ფინანსურ ვალდებულებასაც, რომელიც მე, იმპორტიორს წარმომეშვება სახელმწიფოს წინაშე ტვირთის განბაჟებისას. ამ დროს დოკუმენტზე ფინანსური პასუხისმგებელი არავინაა. – როგორ შეიძლება, წარმომეშვას ფინანსური ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე და ფინანსური პასუხისმგებელი არავინ იყოს? – ხომ ხედავთ, ამის მიხვედრას არანაირი სპეციალური განათლება არ ჭირდება. და ეს მომქმედი დოკუმენტია, არაფერი შეცვლილა, იგივენაირად ხდება გაგრძელება ამ დოკუმენტაციის წარმოების. დოკუმენტს ხელს აწერს იმპორტიორი. თუნდაც მომსახურების საფასურს რის საფუძველზე ვიხდით? სად მიწერია, რომ თქვენ გამიწიეთ მომსახურება, როცა მე და თქვენ ხელშეკრულება არ გვაქვს? ამ დოკუმენტით წესით არაფერში გიხდით ფულს. – ეს მარტო ჩვენთან ხდება? – კი, მარტო ჩვენთან ხდება? ასეთი ექსპერიმენტი, ჩანასახის დონეზე, გაკეთდა სომხეთში და არ გაამართლა. ყველგან ბროკერის ინსტიტუტია პრაქტიკაში. იმპორტიორს ურჩევნია ბროკერის მეშვეობით მოაგვაროს დოკუმენტაცია, , ანუ ყველას სურს ყავდეს შუამავალი, რომელიც მასთან ერთად გაინაწილებს პასუხისმგებლობას. ბროკერები ვალდებულები ვიყავით, წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დოკუმენტი შეგვედგინა სწორედ, თუ შეცდომა მოგვდიოდა,საჯარიმო სანქციებს ვიხდით ჩვენ და არა იმპორტიორი. – რას გერჩოდნენ მაინც ბროკერებს? ვის უშლიდით ხელს? – ჩვენი ძირითადი მომხმარებლები მცირე და საშუალო ბიზნესი იყო. ბიზნესისთვისაც მოსახერხებელი იყო და ეკონომიური. „გეზის „ შემოტანის მერე საბროკერო ფირმები დაიძირნენ. თავიდან კონკურენტუნარიანები დავრჩით ბაზარზე, მაგრამ აღმოჩნდა , რომ ჩვენი დატოვების შემდეგ, „გეზში“ აღარავინ წავიდა. მათი მომსახურების საფასურს იხდიდნენ, მაგრამ მაინც ჩვენთან ბეჭდავდნენ დეკლარაციებს. ნახეს, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვერ მოგვერივნენ, უცებ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა დეკლარაცია „ გეზში“დაიბეჭდებოდა. – ანუ ფუნქციები დაკარგეთ ერთი, შესაბამისად, დაკარგეთ შემოსავლის წყარო და გაჩერდით? – ახლა ბროკერები მხოლოდ რიგითი კურიერის ფუნქციას ვასრულებთ. იმპორტიორი, რომელსაც პრინციპულად არ უნდა „გეზში“ წასვლა, ისევ მოდის ჩვენთან კომფორტული სერვისისთვის. – როგორც ვხვდები, ამ „გეზით“ დაიკარგა სრულფასოვანი კონტროლის მექანიზმი. – მოდით ნაციონალებს პიარის დონეს მაინც ნუ დავუკარგავთ. ეს პროექტი მათ ფანტასტიურად შეფუთეს. იმპორტიორებს უთხრეს, – რა კარგია, გაგიადვილდათ პროცედურა, აღარ გაწვალებ, „ზედმეტ“ გრაფებს აღარ გავსებინებ... მაგრამ, ამ გრაფებს რომ არ ავსებ და ამითი კანონს რომ არღვევ, ეს არაფერია? – კონკრეტულად რომელ კანონს არღვევდნენ? – ქვეყანაში პრაქტიკულად სტატისტიკა აღარ კი არა ვეღარ არსებობს. მაგალითს მოგიყვანთ – შეიძლება „ მოვაჭრე“ იყოს სხვა ქვეყანა და „გამომგზავნი“ – სხვა. მე რომ თქვენი პარტნორი ვარ და ვახდენ საქონლის მოწოდებას თქვენთვის,შეიძლება იმ წუთას მე არ მქონდეს ეს პროდუქცია, მაგრამ რადგან სრული პაკეტი მაქვს მომსახურების, შემიძლია და ვალდებულიც ვარ, ჩემს პარტნიორ ფირმას მოველაპარაკო მესამე ქვეყნიდან და იქიდან გამოგიგზავნოთ ის საქონელი, მაგრამ ის ამ დროს თქვენთან არ ვაჭრობს, ჩემთან აქვს ხელშეკრულება. მოვაჭრე მე ვარ და ის გამომგზავნია.ე ს ანბანია ბიზნესის. დეკლარაციაზე იწერება მხოლოდ „გამომგზავნი ქვეყანა“ – საიდან მოდის ტვირთი, მაგრამ მე დაფიქსირებული მაქვს ჩემს ქვეყანაში,რადგან მე ვევაჭრები და მე რომ ამდენი ტვირთი მოგაწოდეთ ის სტატისტიკა აღარაა. – ანუ, მომწოდებელი იკარგება. – გახსოვთ არჩევნებამდე ერთი ამბავი რომ იყო, ბალანსი არ ჯდებოდა ამერიკიდან და იტალიიდან შემოსული ტვირთების? ყველაფერი ამის ბრალია. იქ შეიძლება მოვაჭრე სხვა ყოფილიყო და სხვას გადაწეროდა. – კი მაგრამ ეს სტატისტიკა ახლა მაინც არ ჭირდება არავის და ამაზე „ზევით“ არავინ ფიქრობს? – ნაციონალურ ეპოქაში ეს შეგნებულად იყო გაკეთებული. მაგრამ რა უარყოფითი შედეგი მოქონდა, ამაზე არავინ საუბრობდა. მაგალითად, თუნდაც დადებული მემორანდუმი აზერბაიჯანსა და ჩვენს შორის, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან ტვირთი არ უნდა შევიდეს ჩვენი გავლით სომხეთში. თქვენ რომ აქ არც წარმოშობას ჩამიწერთ, არც მოვაჭრე ქვეყანას, მერე მე იმას ექსპორტზე რომ გავუშვებ,როგორც „უცნობს“, თქვენ მე რას გამიკონტროლებთ? ყველანაირი მანიპულაციის საშუალება მიეცათ ამითი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა აზერბაიჯანმა გამოიჭირა ქართული მხარე და ლამის სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდა საქმე. სწორედ ასეთი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად იყო ეს საჭირო. „გამჭვირვალობა საქართველომ“ ქექა–ქექა და ვერაფრით ბალანსი ვერ დასვა მაგალითად ნავთობის იმპორტზე. ამ ვითარებით ვერასოდეს ვერავინ გაიგებს სად არ წავიდა, მითუმეტეს როცა „მწვანე დერეფანშია“ გასული ტვირთი და პირდაპირაა გაფორმებული. – ეს მაშინ იყო ასე და ახლა რას ვშვებით? მოწესრიგდა რაღაც დონეზე? – რა მოწესრიგდა? სისტემა არ შეცვილა, არაფერი არ შეცვლილა. არსებული ხვრელები ისევ ხვრელებად დარჩა. დღეს ბევრს საუბრობენ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. აქტუალური თემაა. არ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი, მაგრამ ვიცი – საბაჟოს შეუძლია, ისე მოაწესრიგოს სოფლის მეურნეობა, რომ არც მილიარდიანი ფონდი უნდა, არც არავისი პატიოსანი ქცევა. მოწესრიგებული სისტემა შექმენი ისევ. რომელიც იმუშავებს. იქ უპატიოსნოც რომ იჯდეს, ვერაფერს გააკეთებს. იქ კანონი მუშაობს, მთავარია კანონი აამუშავო და გქონდეს ნება. იცით, მართლა გულიახდილად მშურს თურქების. – თურქების რატომ? – თუნდაც იმიტომ, რომ დღგ–ს დაბეგვრა ჩვენსავით ფიქსირებული 18% არაა. არის „მცოცავი“ დაბეგვრა. ადამიანისთვის იქ მთავარ მოხმარების პროდუქტად მიჩნეულია პური და მარცვლეული. ამიტომ იბეგრება ყველაზე ნაკლებად, რომ ფართო მასებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მეორე ადგილზეა – რძე და რძის პროდუქტები. დღგ 5–7%–დე მერყეობს. რძე და რძის პროდუქტები ბავშვებისა და მოხუცებისთვის აუცილებელიაო და ამიტომ ის უნდა იყოს შეღავათიანი დაბეგვრითო. მერე იზრდება უკვე ფუფუნების საგნების მიხედვით, მაგალითად მანქანა იბეგრება 100%–ით, ასევე ძვირფასი ლითონებიც. შენ თუ იმდენი ფული გაქვს, რომ გინდა ფუფუნების საგნები, კეთილი ინებე და გადაიხადე შესაბამისი ბიუჯეტში. – ალბათ ეგაა რეალური სოციალური სამართლიანობა... თუ სწორად მახსოვს, ადრე ჩვენთან იყო სეზონური დაბეგვრა. – იყო, შევარდნაძის დროს. როცა სეზონზე ჩემთან მოდის ის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, იმპორტიორს რატომ დავუთმო ბაზარი იაფიანი ნაგვისთვის? ის უნდა დავბეგროთ ძვირად. განსხვავებული პროცენტი, რაც რჩება გადასახადებიდან, უნდა წავიდეს მეწარმეზე, რომელიც ავითარებს ამ დარგს. აღარც ფულის მოზიდვა გინდა, აღარც არავისი კეთილი ნება. – ესაა უკვე სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფოს ჩარევა, ანუ პრიორიტეტების შერჩევა. ასეთია ინდოეთში მედიკამენტების წარმოება, რამდენადაც ვიცი. – კი,აბა სცადეთ და ინდოეთში მედიკამენტები შეიტანეთ! ისე დაგბეგრავენ, აქეთ ვალებს აგკიდებენ, რის მოგება? ინდოეთი სახელმწიფოს დახმარებით გახდა მონოპოლისტი ფარმაციის ბაზარზე. დღეს ყველა ქვეყანაში წამლის „ბალვანკები“ ინდოეთიდან გადის. როცა ველოსიპედი არსებობს, არ ჯობია დაჯდე და წახვიდე, ვიდრე ახალი გამოიგონო?. – ქეთი, თუ არ ვცდები, ამ თემებით თქვენ საქართველოს ბიზნეს ომბუცმენს მიმართეთ? – მომეცა შემთხვევა და მივმართე, უფრო სწორედ, თავად გამოთქვა ამ თემებზე „კონსტრუქციული თანამშრომლობის“ სურვილი. პრობლემები ჩამოვუწერე და განვიხილე. ზღვა მასალაა, მუშა ჯგუფს შევქმნიო და მათთან იმუშავეთო. მაისის 5 რიცხვიდან დავიწყე რეკვა ივნისამდე ვრეკავდი, მერე აიღო ყურმილი და დამიბარა საღამოს 09ს ააათზე, ოღონდ ჩვეულებრივად „გადამაგდო“. მერე გადამზიდველებს შეხვედრა ქონდათ ტერმინალების წარმომადგენლებთან ერთად ბატონ გახარიასთან და ისევ პირისპირ აღმოვჩნდით. ძალიან არ ესიამოვნა ჩემი დანახვა. პირდაპირ მითხრა, – სპეციალურად არ ვპასუხობდი შენს ზარებსო, არ მაინტერესებს შენთან ლაპარაკიო. ზურგი შემაქცია და ისე იჯდა მთელი შეხვედრა, საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი. სერიოზული კამათიც მოგვივიდა. ონოფრიშვილთანაც ვითხოვე შეხვედრა. წერილობით მოითხოვა საკითხი და თუ დავინტერესდები, შევხვდებიო. არ დაურეკავს. – რამდენადაც ვიცი, თავად იმპორტიორებსაც აქვთ პრეტენზია საბაჟოსთან დაკავშირებით. – ექნებათ ცხადია, სერიოზული მანიპულაცია ხდება იმპორტიორის. – ანუ გამოჭერილი ყავთ იმპორტიორები? – თავიდანვე გამოჭერილი ყავდათ. თუ არასასურველი ტვირთი იყო, თავიდანვე ისე დაგბლოკავდნენ, ვერაფერს შემოიტანდი. – საფუძველი? – საფუძველი რათ უნდა, სისტემაა შექმნილი. ერთი ბრძანება - გააჩერეთ ეგ ტვირთი და მორჩა, ვერაფერს უზამ. დეკლარაციას აღარ ავსებთ, განაცხადი შევსებული არ გაქვთ და განაცხადი საბაჟოზე გაკეთებული არ გაქვთ. ამტკიცე , რომ იქ იყავი. – ანუ ქვეყანაში იყვნენ სასურველი და არასასურველი იმპორტიორები. – რა თქმა უნდა. გაუჩერებ კონკურენტს 1 კვირას ტვირთს, დააწერ იმდენ თანხას. სამაგიეროდ, სასურველი ფირმა შემოიტანს იგივე საქონელს უპრობლემოდ და მე უკვე არაკონკურენტუნარიანი ვხდები. მანიპულაციის საუცხოოდ მოფიქრებული მეთოდები იყო. – მაინც ვერ ვხვდები, ასე ხელაღებით როგორ მოგიცილეს ბროკერები? – თავიდანვე რომ ვერ მოგვიცილეს, შექმნეს ყველასთვის კარგად ცნობილი პრივილეგირებული ფირმა, რომელსაც ყველამ იცოდა, რომ ფინანსური პოლიცია პატრონაჟობდა. ყველამ იცოდა. პირდაპირი ბრძანებები იყო იმპორტიორებზე, დამფუძნებლებს ურეკავდნენ, –მიხვალ და იქ დაბეჭდავ , თორემ პრობლემები შეგექმნებათო. მიუხედავად ამდენი მანიპულაციისა და ზეწოლისა, აღმოჩნდა, რომ ბაზარი მაინც ვერ გააკონტროლეს. სადღაც 30%-ს ვერ აცდნენ. მაინც ვიყავით ისეთი ფირმები, რომლებიც კონკურენციას ვუწევდით. ამის მერე შემოაქვთ 250 000 ლარის საბანკო გარანტიის პროექტი საბროკერო ფირმებზე. აი მანდ დავიწყეთ სერიოზული ომი, ბაქრაძესაც მივმართეთ პარლამენტში, თორთლაძესთანაც შევიტანეთ კომიტეტში. მაგრამ რისთვის – დღესაც არ ვიცი. თორთლაძე კომენტარის გარეშე დავტოვოთ. რა ცოდვასაც ვერ ვიტყვი, ერთადერთი, ვინც მაშინ გვერდით დაგვიდგა, არ ვიცი რა ინტერესების გამო, „ ქრისტიან-დემოკრატები“ იყვნენ. ახვლედიანთან გვქონდა კონტაქტი და ჩვენი წერილი გაიტანა კომიტეტზე. მათ შეძლეს ჩვენი და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მოწყობა პარლამენტში. მაშინ იყო, ღვალაძე რომ დამემუქრა, თქვენ ქალბატონო, აუცილებლად დაგიჭერთო! – უკაცრავად ვინ დაგემუქრათ? – ღვალაძე, ფინანსთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე. – სად დაგემუქრათ, პარლამენტში? – დიახ, პარლამენტში. – მაგრამ არ დაგიჭირათ, საბედნიეროდ. – მაშინ სერიოზულად ვიომეთ და ეს 250 000 50 000-ზე ჩამოვაწევინეთ.კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, უკვე ისე გააკეთეს, რომ ფინანსურის პრივილეგირებული კომპანია 50%ს აკონტროლებდა, მაგრამ 50%-იანი ნიშა მაინც დავიტოვეთ. რაღაც მოვახერხეთ, გავერთიანდით, გავმსხვილდით, ბინები ჩავდეთ. ამის მერე უკვე გადავიდნენ შევიწროვებაზე და აგრესიაზე, დიდი ომები გვიხდებოდა. ძალიან „ცუდ როლს“ ვთამაშობდით ბევრ რამეში. არ ვეპუებოდით. გაგიკვირდებათ და, ბადრი პატარკაციშვილის ტვირთი 7 ნოემბერს მყავს გამოყვანილი ტერმინალიდან. – მაშინდელ 7 ნოემბერს? – კი, იმ დღეს, მაშინდელი კანონით და დოკუმენტაციით ფაქტიურად ვიომე და ტვირთი გამოვიტანე. წერილობითი პასუხი მოვთხოვე მებაჟეს, ყველანაირად შეამოწმეს, ვერაფერი იპოვეს და გამომიშვეს. სამაგიეროდ თეფშებს რა უქნეს. იმიტომ რომ „ცე“ ნომერი არ ქონდა და იმ მებაჟე გოგომ უბრალოდ არ დაბეჭდა დეკლარაცია. კანონით უკვე ვეღარ მიედავებოდი. იმ პერიოდში ყველაფერს აჩერებდნენ საბაჟოზე მიტინგების დროს - ხმამაღლა მოლაპარაკე, ტელეფონები,რაციები, თავდაცვის სამინისტროსთვის შეკვეთილი ტვირთებიც კი გააჩერეს, ისე იყვნენ დაპროგრამებულები. ასპროცენტიანი კონტროლი ჩაიგდეს ხელში. მთავარი საბაჟოზე კონტროლია. ამის გარდა იქ უამრავი ნიუანსია, რომელიც ძიებას საჭიროებს. თუნდაც ვინმემ იცის, ეს ფინანსები სად მიდის? ესაა სსიპ-ს შემოსავალი, რომელმაც არ შეიძლება მოგება ქონდეთ და არც დღგ. სად მიდის 400 ლარი?. ეს წლები პრემიებს იწერდნენ ნაციონალები როგორს იცით? 30 000, 40 00 000–ს. ძირითადად პარტიის ყულაბაში მიდიოდა. მაინტერესებს, ახლა რა ხდება? – ანუ ეს იყო უკონტროლო შემოსავალი, რომელიც არ აღირიცხებოდა და მიდიოდა პარტიაში? – კანონით იმდენი უნდა დაადო მომსახურებას, რომ თავის შენახვაზე გეყოს. ჯერ სახელმწიფომ რამდენი გადასახადი დაკარგა. ჩვენ, ბროკერები, ყველა დღგ-ს გადამხდელი ვიყავით. რამდენი იყო ჩემნაირი? ამას დაუმატეთ ტერმინელები, უზარმაზარი შემოსავლები, ყველა იხდიდა საშემოსავლოს და დღგ-ს. მაშინ „გააპრავეს“ ფული და მაინტერესებს, რატომ გრძელდება იგივე, ანუ სად მიდის ახლა ეს ფული? – ჰო, ეგ მართლა საინტერესოა. – ისიც საინტერესოა , როგორ აღმოჩნდა იმ ცნობილი პრივილეგირებული ფირმის დირექტორი სულ ახლახანს „გეზის“ დირექტორის სკამზე? იმავე ფირმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გახდა წითელი ხიდის საბაჟოს უფროსის მოადგილე. იმავე ფირმის დეკლარანტი გახდა აეროპორტის საბაჟოს უფროსის მოადგილე, მეორე დეკლარანტი – „ საქართველოს ფოსტაში“ განყოფილების უფროსი, მითხარით რა ხდება? – ამ ამბავზე ხადურმა არაფერი იცის ნეტა? ხადური არგუმენტად მოიყვანს კოაბიტაციას, რომ პოლიტიკური ნიშნით ვერ გაყრის პროფესიონალებს. – ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონის დირექტორად აგყავს საბროკეროს დირექტორი. 240 საბროკერო ფირმა ვიყავით და ყველას ყავდა დირექტორი, ზოგს 2-2 –იც და რატომ სხვა არ აირჩიეს? რა პრინციპით შეირჩა ერთი ფირმის ბროკერები? – ამაზე ალბათ პასუხი შესაბამის უწყებას ექნება. – მათი დანიშვნა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსს, ზაზა ხუნდაძეს ეხება. – ისიც „ნაციონალური წარსულითაა“? – არა ის „ქართუ ჯგუფის“ ბროკერი იყო , მის ტვირთებზე დადიოდა და ფინანსურის ბრძანებით იმ „ცნობილ“ ფირმაში აფორმებდა დეკლარაციებს. იმ ფირმიდან მოიყვანა ცოლიც. იმასაც ამბობენ – ხუნდაძე ცოლის მეგობრებს ასაქმებსო. უკაცრავად, პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ცოლის კადრები მოიყვანოს საკუთარ ფირმაში...ამიტომ მიჩნდება ეჭვი, რომ ამ ძველი კადრების გამოყენებით, შესაძლოა პლაცდარმს ამზადებენ. თუ ესენი აპირებენ, იანვარში ისევ ჩვენს დაშვებას საბაჟოზე, უკვე ხომ არ ამზადებენ „გამოცდილ კადრებს“ რომ ერთი დიდი მონსტრი საბროკერო შემოაგდონ, რომელიც ახლებს ან ძველ მომაკვდავებს სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევს და ისეთ პატარა ნიშას დაგვიტოვებენ, როგორც დღეს ვართ. – ანუ მიდის საუბარი იმაზე, რომ იანვრიდან ისევ ბროკერები ბრუდებიან?. – რადგან ხადურმა გამოაცხადა რომ საბაჟო და საგადასახადო კოდექსები უნდა გაიყოს, მაშინ ამის აუცილებლობა დადგება. არ შეიძლება საბაჟო და საგადასახადო იყოს ერთად. იმხელა ზარალი ნახა ბიუჯეტმა ჩათვლებით და მაქინაციებით, საბაჟოდან ბიუჯეტში ფაქტიურად ფული აღარ შედის. ბევრი იმპორტიორიც ისეთია, გამორჩენაზე. მარტო დეკლარანტის ბრალეულობა კი არაა, სისტემა ასეთი. ანუ ხვრელს უტოვებს თვითონ სისტემა, ვერ იპოვით რეალურ დამნაშავეებს. გამოსავალია დაშორება. მთავარია ეკონომიკური საზღვრის განსაზღვრა და მისი კონტროლი. იმპორტიორს გაუადვილდა ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ მე რომ სახელმწიფო მოხელე ვარ, მასზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესი უნდა დავაყენო. როცა რომელიმე ბიზნესმენი ბიზნეს-გეგმას ადგენს, კეთილი ინებოს და სახელმწიფოს ინტერესებიც ჩადოს და გაითვალისწინოს იმ გეგმაში. ასე ყველაფერზე არ შეიძლება კონტროლი მოშალო. ელემენტარულად, თუნდაც შიდა ბაზარი რომ დაიცვა გარე აგრესორისგან. მართლა სირცხვილია 110 კილო ჰეროინს რომ გიპოვიან ქვეყანაში და 80 კილოს ექსპორტზე გაპარულს. ეს ჩვენ რაც ვიცით. გამოჟონილი ხომაა ინფორმაციები? არა მხოლოდ ნარკოტიკებზეა საუბარი. იმიტომაც ვუთხარი გახარიას - სანამ ატომურ ბომბს არ დაგანახებენ იქამდე არ დაიჯერებ, რა ხდება საბაჟოზე მეთქი?. არ იყო ირანის იარაღთან დაკავშირებით სკანდალი?, მაგრამ დროზე მიაჩუმათეს. კაცმა არ იცის რა ხდება ამ უკონტროლობის პირობებში... – რამდენად დგას პროფესიონალიზმის პრობლემა და მებაჟეების კეთილსინდისიერების საკითხი? - თუ სისტემა არ დაარეგულირე, კეთილსინდისიერი მებაჟის იმედად მარტო ვერ იქნები. ან მებაჟე სადღაა რო? ძალიან ძვირფასი პრეზიდენტი რომ გვყავდა, ანეკდოტად დადიოდა საბაჟოზე მისი ფრაზები. ჩვენ ხომ გალანძღული ვყავართ, ბროკერები - პირ-თმა დაუბანელი, დაუვარცხნელი და ბინძურ ხალხი ვართ თურმე.საბაჟოზე პრობლემა მოვაგვარეო და მოგვარების არსი იმაში იყო რომ – საბაჟოზე მებაჟე არ უნდა იყოს!. უნდა იყოს ლამაზი მოდელი გოგოო და პირდაუბანელი და გაუპარსავი რომ შევაო,ის სხვა რამის ყურებას დაიწყებს, გაშტერდებაო ..არავის პირად შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ლელა მებურიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი და სხვა მოდელები რომ იდგებიან საბაჟოზე, საბუთებს მიიღებენ და გამოუშვებენ ტვირთს, უბრალოდ არასერიოზულია... მართლა გაშტერებულები გამოდიოდნენ კაცები... ისეთი ხალისიანი საბაჟო გვქონდა...– სამაგიეროდ, ყველასგან გამორჩეული და ვიღაც–ვიღაცეებისთვის წარმატებულიც... – სამაგიეროდ, ყველასგან გამორჩეული და ვიღაც–ვიღაცეებისთვის წარმატებულიც... თქვენი „თანამშრომლობა“ ბიზნეს ომბუცმენთან რითი დასრულდა? – გახარიამ მკითხა - რას ითხოვთო?. მე ვუთხარი, არაფერი მინდა, კოდექსი გაკეთდეს, რომელიც იქნება კოდექსებით დაწერილი და არა ნორმატიული აქტების ნაკრები მეთქი. საბაჟო კოდექსი აღარ არსებობს, შეურწყეს საგადასახადოს. კანონმა უნდა გამიწეროს ზუსტად - მე რა შემიძლია, იმპორტიორს რა შეუძლია და სახელმწიფოს რისი უფლება აქვს. კანონი ხომ შეიძლება ერთხელ დაიწეროს და მომეცი საშუალება, რომ ვიცხოვრო და ვიმუშავო კანონის შესაბამისად. – მერე რა გიპასუხათ? – ეგ მოთხოვნა არაა, აქსიომააო. აქსიომაა თუ თეორემაა, მე გამიკეთონ და რაც უნდათ ის ქნან. კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+" 29.10. 2013
  20. ეს კვირა საქართველოში ისეთი ორშაბათით დაიწყო, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი ორშაბათობა საერთოდ ვერ იგრძნო. უმცირესობამ, იგრძნო,მაგრამ, არ შეიმჩნია, დანარჩენებმა რაც იგრძნეს, ისიც გაატარეს.. მოკლედ, ისეთი არჩევნები ჩავატარეთ, ამომრჩევლის სიხალვათის მიუხედავად, აწი აქეთ გვეხვეწოს შესვლაზე ევროკავშირმაც, ნატომაც და... „ბუტკასთან“, როგორმე გავერკვევით... აპატურაიმ შეგვაქო, გაერომაც, ევროკავშირმაც... ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგებით კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს 104 ხმით მოუგო. არადა, როგორ გვატყუებდა ის მუცლითმეზრაპრე ხაჩიძე, წააგოო... სამაგიეროდ, ამერიკაში ნამდვილად მოიგეს. ბარაქალა კახა ლომაიას და მის გუნდს... კაი გამოცოცხებული გუნდი შეუკრებია იქაურ ქართულ ემიგრაციაში... თუ ასე მოსწონთ მიშას–საქართველო, რას უსხედან საშოვარზე და შორიდან შემოგვნატრიან? გამოუშვით, ერთი! გამოუშვით... ეპოქალური კვირა დასრულდა და ასევე ეპოქალური დაიწყო. მართალია გზაჯვარედინზე იმდენნაირმა აზრმა, შეფასებამ და პროგნოზმა მოიყარა თავი, რომ გაჩნდა „ჭ####ტის“ საშიშროება, მაგრამ უკვე აპრობირებული მიჭირხვნ–მიჯირყვნების მერე ჭ####ტა და ჟანგბადის უკმარისობა რა მოსატანია? თუ ფინიშზე გასულ სააკაშვილს დავესესხებით – „საქართველო გაურკვევლობის ეპოქაში შედის, სამაგიეროდ, მე ვიწყებ საკუთარ თავში ჩაღრმავებას და გამორკვევასო.. და, ვაი-თუ, მართლა გამოარკვია... მარგველამ რა?! – ზოგიერთების ჯინაზე, პლასტელინი არ გაძვირდებაო, კიდეც მოვწევ, კიდეც დავლევ და ქალებშიც ვივლი, თუ ძაან გამიხურებთო!... ეს რა ნახა ზოგიერთი ქართველის თვალებმა - „პირველი ლედი“ - საცურაო კოსტუმში! „მნახველთა“ კატეგორია, ალბათ, „კასტუმით“ ცურავს და მხოლოდ დღესასწაულებზე ბანაობს და ყველაფერს მხოლოდ „ოფიციალურს“ აღიარებენ... მთავარია ფურცელი! სადღაც იქ რეგისტრაციის ჟურნალში საჭირო 2 სახელი და გვარი ერთად ეწეროს... გამოცვივდნენ უკვე „მაქსიმალისტები“, უფრო სწორად ინტრიგანები - აბა ეს სადააო, აბა ისო!... 2 დღის წინ გაიმარჯვა ამ კაცმა...ბიძინამაც თქვა, - ისე იქნება ყველაფერი, როგორც საჭიროაო და აცადეთ ახლა, დაფიცებით, ინაუგირაციის დღეს დაიფიცებს... ბოლოს და ბოლოს უხერხულია ამდენი აჟიოტაჟი ახალი პრეზიდენტის მიმართ, როცა ის ქვეყნის „მაოხრებელი გზირი“ ჯერ კიდევ არ გაგციებიათ ავლაბარში... ძალიან შურიანი და ბოღმა ხალხი ვართ რაა...დიდი და ყველას გადამბუგავი ხანძრის მერე მაინც მეზობლის რომ შეგშურდება – იმის სახლი უფრო დიდხანს იწვოდაო.. თავშეკავებისგან და აკრძალვებისგან ისინი იღებენ სიამოვნებას, ვინც სიამოვნებას სიამოვნებისგან ვერ იღებს... ცოტა თავისუფლად, ხალხოო, რა გჭირთ? ყველაფერზე წუწუნი და ყველაფრის გაცრა შეიძლება? 27–ში სიმშვიდენ შეგაწუხათ, ცოტა მზემაც მეტად ხომ არ დაგაცხუნათ?ან ეგებ ... მერე ისევ ეგეთები წუწუნებთ – რა არის ჩვენი ცხოვრებაო! რა არის და ზუსტად ის, რაც ინტერნეტს და ვირტუალურ სამყაროს მერე გრცებათ, ბევრისთვის ფაქტიურად არც არაფერი.. იქ მისვლა დაეზარათ და ან რა აზრი აქვსო... ჰოდა მასე არ ექნება თქვენისთანებისთვის არაფერს აზრი... ის მაინც თუ „გაითქვენისეთ“, ამ ახალ წელს შეჩვეული ჭირი და ავადმყოფი რომ არ მოგვილოცავს, 9 წელი გაუსტუმრებელი ვალივით რომ დაგვყვებოდა მომავალში? რომ მიეშვათ, არჩევნების დღეს ენგურს გათიშავდა, მეცხრე ბლოკს და ორთაჭალჰესსაც. ოღონდ თვითონ ეციმციმა ჩვენს სიბნელეში. მიშას საყვარელ უკრაინაში უკვე მიხვდნენ, რომ პრეზიდენტად კენჭის ყრა მაგარი შარია – ან უნდა გაპრეზიდენტდე და ან უნდა ჩაჯდე.. იქ, ძველები ვირის აბანოს რომ უძახიან დღესაც. სააკაშვილის დაჭერა ქვეყნისთვის საინტერესო არ იქნებაო–შემოგვაპარასავით ივანიშვილმა... ტიგრანა გულოიანის არ იყოს, – შენ ადექი და ხელი დაადე ბიძოჯან და ჩვენ არც შეგვრცხვება, არც ინტერესს მოგაკლებთ... ამ ჩვენი ბრიყვის არ იყოს, პუტინმაც ბევრი ეცადა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გვარი პუტინი ყოფილიყო, მაგრამ მაინც კალაშნიკოვია.. როგორ გრძნობდა თავს გასულ კვირას ის ჩვენი ცოდვით სავსე? მაგაზე ლაპარაკიც არ ღირს... მაგრამ დედა რა იყო ეს! ქრესტომათიული გამოსვლა მისი საპრეზიდენტო პრაქტიკიდან: "მიმდინარეობს ფეხბურთის მატჩი. ორი გუნდი თამაშობს და შეხედავ, ნორმალურად მიმდინარეობს, მერე ერთი გუნდის მწვრთნელს არ მოეწონება, გამოვა პისტოლეტით და მოკლავს მეორე გუნდის ფეხბურთელს, ან სიტყვაზე ვიღაცას ჩასვამს ციხეში. ან, ეს არ გვინდა, ეს ჩავსვათ ციხეში, ან მოდი გააგრძელეთ, ითამაშეთ, ითამაშეთ... „ მიეცით სასტვენი ამ არსებას! . სასტვენი არ მისცეს, მაგრამ ფინიშამდე მისვლა აცალეს... აწი აკენწლოს თუ მაგარია! კალაძის კარიერა ვერ მოინელა მაგან, ისე, როგორც „ბაბუმ“ ვერ მოინელა დღემდე მაშინდელი ნინოს ღალატი... ვერც ნინო მოინელებს თავისი ელექტორატის ღალატს. არაფერია იმაში ცუდი, ზოგჯერ ჭკვიანი ადამიანი სისულელებს რომ ლაპარაკობს, მე პირადად ის ამბავი უფრო მაშინებს – გარქოვანებული ტვინებით რომ პროფესორობენ...იყავი მიზანმიმართული, ენერგიული, ენთუზიასტი, ინიციატივიანი, ეს ყველაფერი არაფერში გარგია და კაპიკია შენი ფასი, თუ ჭკუით არაა გაზავებული... სანელებელია მთავარი! სანელებელი.. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან საქართველოს აღარასდროს ეყოლება პრობლემური პრეზიდენტები, არამედ ეყოლება პრეზიდენტები, რომლებითაც ქვეყანა იამაყებს! - ასე თქვა დავით უსუფაშვილმა და რა ვიცი?! სიამაყე იცოცხლე,არ გვიჭირს... ყველაზე მეტი ხმა მარგველამ საბურთალოზე მიიღოო.. საბურთალოზე, გასულ კვირას, გურამ დოჩანაშვილის ბინა გაუტეხავთ... კამორა კი არა და „კარაულლლ...“ სავარაუდოდ, ქურდები ქართველი კლასიკოსის ბინაში ფულსა და ძვირფას ნივთებს ეძებდნენო. ჰოო. ტანსაცმლის კარადა ყოფილა გადმოქოთებული, „სამოსელი პირველის“ ძებნაში... წინასაარჩევნოდ ის ნაციონალურად ორიენტირებული „პომადიანი“ ნათიაც კი გამოსწორდა – ისტორიისთვის და შეფასებისთვის მთავარი დროაო, არც ბაჩო და ვანო მიმაჩნია პოლიტ–პატიმრებადო... მიაბარონ „ ნათია–მასწს“ ჩიორა და ნადირაშვილი... აზრებს თუ ვერ შეიცვლიან, მაკიაჟს მაინც „დახვეწენ“... გასული კვირა კიდევ იმით იყო პროდუქტიული, რომ ბაჩოს, როგორც იქნა, რაღაც მიუსაჯეს. მაგისთვის ეგ „სიმბოლური სროკია“, მაგრამ პატარაზე ხომ მოვიფხანეთ გული? როლანდი მამამ კი იბურდღუნა – ჩაწყობილიაო! მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობდა იმ საიდუმლოს შემნახავმა თხამაც არ იცის. თავად ბრალდებული ახალაია თავს ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობს და მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსორებას უწოდებს. და ეს ბუნებრივიცაა... რა გარდასახვის უნარი ჰქონია იმედა კახიანს! კი ამბობდნენ „ძველები“ კარგი არტისტი იყოო და აგერ ჩვენც მოვესწარით მის ზენიტს... თურმე „ოცნების“ მხარეს ყოფილა სულ, ოჯახის მდედრები ყოლია „მიგერები...“ მარტო ბიძინა კი არ ასრულებს სიტყვას? გუნავაც „სიტყვის კაცია“, შეელევა გუბერნატორობას, აბა რა, ჯერ რათაც-რუღაცეები აქვს მოსაგვარებელი... წავალ, აბა მარგველასთან ვინ დამტოვებსო? ხათუნა ოჩიაურს წასვლაზე ადრე არაფერი უთქვამს, მაგრამ უკვე წავიდა და მას მიჰყვნენ კოლეგები მისნი „გუბერნიებიდან“... მალე ბოკერიაც დაწერს განცხადებას წასვლაზე. ხელის მომწერი არ ეყოლება თუ რა? ასეა გენაცვათ! როცა გრანდიოზული გეგმები იშლება, უკეთესია თავი გაარიდო, ქვეშ რომ არ მოყვე. ის დროა, აფთიაქებში დაკაფსულებული დროის გაყიდვა მოვითხოვოთ... კურნავს თურმე ეგ მადლიანი და ოხერი.. ლუკაშენკომ საქართველო დსთ-ში ოფიციალურად დაპატიჟა – როგორი უკბილო ხუმრობა იცის ამ ტიპმა... ჩარჩა რა სუსურუკუკუში.. რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინის საზღვარზეც დაიწყეს მავთულხლართების შემოვლებაო, ლუგანსკის ოლქში. არ აცალოთ იმ თავქარიან რუსს ღობის გამაგრება...ყველაფრისგან რა პანიკას ქმნით? წავლენ ეგენი და ჩვენ ღობე დაგვრჩება, მერე ჯართში ჩავაბარებთ ან ოკუპაციის მუზეუმში... ხო, აი ნესტანს რა ეშველება არ ვიცი... დავითაშვილმა კი თქვა, თუ 3%–იც ვერ ავიღე, წავალო, მაგრამ წავა? ალბათ მაინც იმის იმედი ქონდა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ეტყოდა – დარჩიო.. ვაიდა არ უთხრან! ისე, მე თუ მკითხავთ, ეგ აწი პოლიტიკაში კი არა აგროსექტორში უნდა წავიდეს... ბევრნი და ჯანიანები კი არიან ოჯახში, ამრავლოთ ღმერთმა და საკუთარი თავი თუ გამოკვებავთ მაგათ, თან დარგიც იხეირებს.. ა კაცი – სულ არ წავიდა არჩევნებზე... საკუთარ თავს ხომ არ მივცემდი ხმასო? ხოდა სორე თქვენი იდეურ–პოლიტიკური დონე, ბატონო მიხეილ–გელა?! ჰა? პირველ–მეორე –მესამეზე გაითვალეთ და ეგრე დარჩითო... სულ მე ვარო! სულო... აქაცო–იქაცო და იმას და იმას შუა რომაა იქაცო... კარგი რა შალიკო, ისევ მაწყევარის „ობრაზი“ გქონოდა ჯობდა, რას გაიბანძე თავი? ბელაზე ერთგული არავინ გეყოლება შენ. ამომრჩეველიც, მრჩეველიც და გამძლებიც... ისე მაგ ქალს კი ეკუთვნის რამე თანამდებობა. რას უძლებს მართლა რაც ჩვენ მაგათი სიამ–ტკბილობა გვახსოვს და რაც არ გვახსოვს!? მოკლედ, კაი ნიშა გიჭირავს და კარგად ჩაეჭიდე... ბელაში ხომ არავინ გეცილება ადამიანო! მაგის გვერდით პირველიც ხარ, მეორეც და მრავალწერტილიც. როგორც კი ბურჯანაძის ხმების რაოდენობა 10%-ს გადასცდა, პრეზიდენტობის ყველაზე სამართლიანმა კანდიდატმა, მაშინვე აღიარა არჩევნების შედეგები. აღიარებდა აბა რა, მილიონი ასე ქუჩა-ქუჩა არ ყრია და თან არც ყოველ წელსაა საპრეზიდენტო არჩევნები... ალტრუისტი მარგველაშვილი ხომ გყავთ პრეზიდენტად! ხოდა მეტის ღირსები ხართ... 24 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესს დავესწარი. სარჩელი მერიის მიერ კერძო პირების საკუთრებაში არსებული მიწების უკანონო მითვისებას და შემდეგ აუქციონის წესით მათ გადაყიდვას ეხებოდა. მოსამართლის მანტიაში სამი ქალი ისეთ სამართალს ფქვავდა! ნინო ქადაგიძე, ნანა კობახიძე და მანანა ჩოხელი – ბრავო! თემიდა იმ დღეს ამაყობდა თქვენით... მგონი მარტო მერიის პარპაშის კი არა კუბლაშვილის სასამართლოს აღსასრულიც მოსულა და ვერ გაგვიგია... უფლისთვის ადამიანები რასებად აზოვნების ფერით იყოფა ალბათ.. ცხოვრება გრძელდება, მალე ახალი წელიც მოვა... მთავარია, რომ ის წავიდა! კატო ჩულაშვილი „ქრონიკა +“ 29.10.2013
  21. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დღეები რჩება და ამ არჩევნების შედეგებით ირიბად თუ პირდაპირ დაინტერესებული საზოგადოება გადასულია მოლოდინის რეჟიმში. ამ რეჟიმის შეუცვლელი ატრიბუტია პროგნოზები, არგუმენტები, ვარაუდები და ობიექტური რეალობის სუბიექტური ანალიზი. „ქრონიკა +“ –მა არჩევანი სიტუაციის ობიექტურ შეფასებაზე „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორ, კახა კახიშვილზე გააკეთა. – კახა, მოდი, საუბარი საპრეზიდენტო ტელედებატებით დავიწყოთ. რამდენად დაგაკმაყოფილა მისმა ფორმატმა, კანდიდატების გამოსვლებმა? – აბსოლუტური უკმარისობის გრძნობა დამიტოვა. ჩემი აზრით, ეს იყო კონკრეტული „დებატები“ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დიდი სურვილი გააჩნიათ, რომ გახდნენ საქართველოს პრეზიდენტები. დაიკავონ საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა. უცნაური და გაუგებარი იყო ამ დებატების მონაწილეთა შერჩევის ფორმულა. თუკი ასე უნდა შერჩეულიყვნენ მისი მონაწილეები, მაშინ რა საჭიროა კვლევები და რეიტინგების გამოცხადება, თუ ეს იყო დასავლური ტიპის დებატები და ფორმატი, რატომ არ იყვნენ შერჩეული მონაწილეები თუნდაც იმ კვლევების საფუძველზე, რომლებისაც მაინც და მაინც არ მჯერა, მაგრამ ისინი არსებობს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო უბრალოდ მოწოდებების ტრიბუნა მოწვეული კანდიდატების მხრიდან, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ერთმანეთს არ ჩაძიებოდნენ, ეთქვათ ნებისმიერი რამე, რაც თავში მოუვიდოდათ. ვფიქრობ, საზოგადოებას აინტერესებდა დაახლოებით თანაბარი წონის პოლიტიკოსებს შორის კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ეს დებატები იყო, როგორც რუსები ამბობენ, „დლია გალოჩკი“, რათა ვირაცას ჩათვლა მიეღო და ძალიან გავდა მიშას „ფასადურ“ დებატებს. ჩემში ამან გაკვირვება გამოიწვია, რადგან ერთ წელიწადში დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანაში სერიოზული ნაბიჯევი გადაიდგა, რაც ამ ფორმატზე აბსოლუტურად არ აისახა. – ანუ, წარმოდგენილმა კანდიდატებმა არ დაგაკმაყოფილა? – რა თქმა უნდა არა. ასეთივე წარმატებით შეეძლოთ, 23–ვე კანდიდატი დაეყენებინათ ტრიბუნასთან, მიეცათ კონკრეტული დრო ყველასთვის, ყველა თავის აზრს გამოთქვამდა . ეს იყო „დებატების ჩათვლა“. არამგონია ქვეყნის მოსახლეობასაც დარჩენოდა განცდა, რომ საპრეზიდენტო დებატებს უყურა. – კარგი, თავი დავანებოთ დებატებს. რეიტინგებით ლიდერი სამი კანდიდატის საარჩევნო კამპანია, გიტოვებს კონკურენტული კამპანიის განცდას? – რა არის იცი, საზოგადოება მიჩვეულია სხვანაირ აგრესიულ, წნეხურ კამპანიას. მათ შორის მეც და შენც. ანუ 1 ოქტომბრამდე, წლების მანძილზე, კამპანიებში ჩართული იყო ყველა სახელმწიფოებრივი ბერკეტი და ძალოვანი სტრუქტურა. ყველა სახელმწიფო ინსტუტუტი მუშაობდა კონკრეტულად ერთ სახელსუფლებო კანდიდატზე და ამიტომაც დღეს მიმდინარე კამპანიები გვეჩვენება არადინამიურად. მეორეს მხრივ, ძალიან თავისუფალი გარემოა და ყველა ვხედავთ, რომ ვინმეს შევიწროვებას, უფლებების დარღვევას ან გადამეტებას ფაქტიურად ადგილი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ზედაპირზე. სიტუაცია მშვიდია, მაგრამ უნდა გავითალისწინოთ ისიც, რომ რეალურად, დღეისთვის მეორე სახელისუფლებო ძალა იბრძვის კონკრეტულად იბრძვის თავისი კანდიდატის მეორე ადგილისთვის და არა გამარჯვებისთვის. მარგველაშვილს, როგორც ჩანს გამრჯვება გარანტირებული ეჩვენება და ბურჯანაძეც ორიენტირებულია მეორე ადგილზე. დანარჩენი კანდიდატები ამ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ მონაწილეობის მიზნით. ზოგს სურს რომ არ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად სასტარტო წინაპირობა შეიქმნას ადგილობრივი არჩევნებისთვის, ზოგი მონაწილეობს იმისთვის, რომ გარკვეული ხმები წაართვას ვიღაცას. არ მიმდინარეობს „ სასიცოცხლო ბრძოლა“ გამარჯვებისთვის, როგორც ამას მიჩვეულები ვიყავით. – სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენების ფაქტები არ დაგიფიქსირებია? – აქაც შედარებითობის პრინციპი მოქმედებს, გააჩნია რას ვადარებთ და რა ამოცანისთვის ვიბრძვით. საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნებისმიერ არჩევნებს თუ ვადარებთ, დღევანდელი კამპანია სერიოზულად წინგადადგმული ნაბიჯია. თუ ვადარებთ მყარი დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყნების არჩევნებს, აქ შეიძლება გადაცდომებიც იყოს და დარღვევებიც, მაგრამ მთლიანი სურათი აჩვენებს, რომ სახელისუფლებო მანქანა მთლიან რესურსს არ იყენებს, რასაც ადრე ნაციონალები აკეთებდნენ. არც გამოვრიცხავ, ადგილებზე კონკრეტული ფაქტებიც არსებობს კანონდარღვევების, მაგალითად სახელისუფლებო პირების ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში სამუშაო დროს, მაგრამ თუ სულ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, მასთან შედარებით, ყველაფერი უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება. დღეს, ჩემი აზრით, ნაცმოძრაობა ისევ სერიოზულად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, რადგან, ხელში აქვს ადგილობრივი თვითმმართველობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, თბილისის ბიუჯეტი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ამის ნიშნები არ შემიმჩნევია. კონკრეტული მითითება მთავრობის ხელმძღვანელისგან არაა ბერკეტების ამოქმედების. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ეს არჩევნებიც ტარდება იმ საარჩევნო რეგულაციების საფუძველზე, რომელსაც აკრიტიკებდნენ 9 წლის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მაშინ ვინც ოპოზიციაში ბრძანდებოდა. – ანუ გულისხმობ იმას, რომ არ გამოსწორდა სარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები? – დიახ, არც საარჩევნო საჩივრების რეგულაცია და განხილვის წესები და კიდევ სხვა პროცედურები შცვლილა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო კოდექსის იმ მუხლებთან, რომლებიც არეგულირებს საარჩევნო პროცესებს. – გახმაურებული და უკვე მერამდენედ გადავადებული სასამართლო პროცესები – ახალაია, მერაბიშვილს ვგულისხმობ, რამდენად მოახდენდა გავლენას მათი შედეგები საარჩევნო პროცესზე? – ამ პროცესების გადადებას სავარაუდოდ 2 მიზანი აქვს. ის რაც ცნობილია, საშუალებას მაძლევს სუბიექტური დასკვნა გავაკეთო. პირველი ფაქტორია შიში იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს კონკრეტულად ამ მსჯავრებულებს. ამიტომ პროკურატურა წელავს დროს, რომ პრეზიდენტმა ვერ მოასწროს შეწყალება.მეორე – პროკურატურას აქვს შიში, რომ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით და ეს იქნება სერიოზული დარტყმა დღევანდელი ხელისუფლებისთვის ამომრჩეველთა დაკარგვის თვალსაზრისით. კბილაშვილის ბოლო ინტერვიუშიც გაიჟღერა ამ აზრმა, რომ ფაქტურად მზად არიან გამამართლებელი განაჩენისთვის. თითქოს გვამზადებენ ამისთვის. ორივე ვერსიას არსებობის საფუძველი აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. – როცა სახელისუფლებო ბერკეტზეა საუბარი, ამბობ, მისი გამოყენება ხელისუფლების მხრიდან არ შეინიშნებაო. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების მთავარი ბერკეტიც და პულტიც დღევანდელი პრემიერია. მისი განცხადებები კონკრეტულ პროცენტებზე, მეორე ტურში არმონაწილეობის მოწოდება თავისი კანდიდატისთვის, ეს არაა ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა? მგონი პირდაპირიც. – რაც შეეხება ივანიშვილს, ის ნამდვილად ყველაზე რეიტინგული და ავტორიტეტული პიროვნებაა დღეს საქართველოში. ამ ავტორიტეტს ვერსად გავექცევით, ის ობიექტური რეალობაა და მისი ამ ჭრილში განხილვაც არ იქნება სამართლიანი. მან დაასახელა მარგველაშვილი და ესაა უსერიოზულესი მხარდაჭერა ამ კანდიდატის მიმართ. განსაკუთრებულს და კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ მეორე ტურის ჩატარებაში. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იაქტიურებს ამომრჩეველი. ჩემი აზრით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გამოცხადდება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩეველი. რაც გამორიცხავს თავისთავად მეორე ტურს. – ვის გულისხმობ პოლიტიკურად მოტივირებულ ამომრჩეველში? – ესაა ამომრჩეველი რომელიც კონკრეტული პარტიის აქტიური მხარდამჭერია. საქართველოში არჩევნების შედეგები ჯამდება არა რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობიდან, ანუ პროცენტი გამოყავთ არა მთლიანადრეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობიდან, არამედ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობიდან. ასე რომ, პროცენტი გადანაწილდება ისე, როგორი ენთუზიაზმითაც მიიღებს საქართველოს მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას. ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობის აქტივობაზე და დამკვირვებლების სიფხიზლეზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაცმოძრაობა ფლობს ყველა დონის საარჩევნო ასდმინისტრაციაში წევრთა ნახევარს, რასაც აქტიურად იყენებს. თვითმმართველობა რეგიონებში ისევ ნაცმოძრაობის ხელშია და თანაც გამოცდილები არიან მანიპულაციაში, მეოთხე ფაქტორია მათ ხელში ჯერ კიდევ არსებული დიდი ფული, მეხუთე – ჯერ კიდევ სახელისუფლებო პარტიაა და ფლობს კონკრეტულ ბერკეტებს. ამ რესურსის გამოყენებით შესაძლებელია, იყოს მცდელობა , დაიმკვიდრონ თავი მეორე ადგილზე. რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რამდენიმე კომპონენტი აძლევს ფორას სხვა კანდიდატებთან მიმართებაში ნაცმოს, არ ვგულისხმობ მარგველაშვილს, ბუნებრივია. – ბრძოლამ მეორე ადგილისთვის თითქმის გადაფარა პირველი ადგილისთვის ბრძოლა. – ამიტომაც არ აქვს ამ არჩევნებს გარკვეული დინამიკა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა კანდიდატი შეგუებულია მარგველაშვილის გამარჯვებას. ეს ესმის „ქართულ ოცნებასაც“ და ცდილობს რომ საარჩევნო კამპანია წაიყვანოს ინერტულ ფორმატში. – ბურჯანაძეს აქვს რეალურად ის შანსები, რომელზეც თავად საუბრობს? – ჩემი აზრით ბურჯანაძის ამოცანაა იმ ამომრჩევლის დარწმუნება, რომელიც არაა ბურჯანაძის ამომრჩეველი,მაგრამ არის არანაციონალური ამომრჩეველი. შეძლებს ამას თუ არა, ეს მის შედეგებზე აისახება. მისი ამომრჩეველი დაყოფილია 2 სეგმენტად – ერთი კონკრეტლად მისი და მეორე, რომელსაც სხვა კანდიდატების შემთხვევაში შესაძლოა მისთვის ხმა არ მიეცა. ბურჯანაძე თავის კამპანიაში აქტიურად საუბრობს სამრთლიანობის აღდგენაზე და ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც, ჯერ-ჯერობით, ვერ აასრულა ოცნებამ, ანუ სწორადაა ორიენტირებული მეორე ტიპის ამრჩეველზე,რომელიც ელოდება სამართლიანობის აღდგენას.შეძლებს თუ არა ბურჯანაძე, მიიყვანოს ეს ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან, ამაზეა დამოკიდებული მისი შედეგი. – სააკაშვილი საშიშად გააქტიურებულია. მისი გააქტიურება „გედის სიმღერაა“ თუ მართლა აქვს იმედი თავისი პარტიის სასურველი შედეგის? – ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს რომ თავისმა პარტიამ მოიპოვოს მეორე ადგილი. მათთვის მეორე ადგილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მეორე ადგილის შემთხვევაში, ნაცმოძრაობა ამ შემაჯამებელი ოქმით ფეხით მოირბენს მთელ მსოფლიოს, და იტყვის რომ პოპულარობით მეორე პარტია საქართველოში მოითხოვს მის მიმართ უფრო დიდ ინდულგენციას და კოაბიტაციას. ამავდროულად, გაჭირდება შემდგომში იმის დასაბუთება, რატომ უნდა ჩატარდეს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაცმოძრაობისთვის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილის დაფიქსირება, იქნება სერიოზული ფორა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. – ნაცმოძრაობაში დიდი განხეთქილებააო?! – მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივი განხეთქილებაა, მათ ესმით, რომ სხედან ერთ ბუშტში, რომელიც თუ გასკდება, ვერცერთი ვერ გადარჩება. ნაცმოძრაობას ყოველთვის ახასიათებდა ერთიანობის შეგრძნება, განსაკუთრებით, როცა ყავს ოპონენტი და დღესაც, პარტიული დისციპლინის საფუძველზე ისინი ეცდებიან მეორე ადგილის მოპოვებას. საფუძველი იქნება ამ პარტიაში არსებული დიდი ფული, ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც მოიპოვეს სხვადასხვა ხერხებით და ბერკეტებით. საპრეზიდენტო არჩევნებს, გარდა იმისა, რომ პირდაპირი წესით ვიღებთ პრეზიდენტს, აქვს მეორე სტრატეგიული მნიშვნელობა. თუ მეორე ადგილს მოიპოვებს ნაციონალური მოძრაობა, გააქტიურდება ხუთმაგად და ათმაგად. თუ გავა ბურჯანაძე, „ოცნებას“ მოუწევს საკუთარი პოლიტიკის შეცვლა „ ნაცმოსთან“ მიმართებაში და ქვეყანაში გაჩნდება საფუძველი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების. როგორც მოთხოვნის, ისე – მიღწევის. – მაგრამ ოცნება ამბობს, რომ ამთავრებს 27–ში კოაბიტაციას, თუმცა, საზოგადოების ერთ ნაწილში არის აზრი, რომ კოაბიტაცია ორმხრივია და სულაც არაა იძულებითი.. უშვებ, რომ ამ ორ ძალას შორის შეიძლება არსებობდეს ქვედა დინებები, რომელიც აწყობს ორივე მხარეს? – „ნაცმოს“ ერთ პროცენტსაც არ ვუტოვებ გამარჯვების შანსებში. ამ მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ. მეორე ადგილის შემთხვევაში, გაასმაგებული ხარისხის კოაბიტაცია გველის წინ. ბურჯანაძის მეორე ადგილის შემთხვევაში, უნდა თუ არ უნდა ოცნებას ეს, მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გადახედვა „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებაში. რაც შეეხება ქვედა დინებებს, ბუნებრივია, ორივე მხარეს ვიღაც–ვიღაცეებს ექნებათ სურვლი, რომ „ნაცმო“ ჩაითვალოს მათ ძირითად ოპონენტად, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ აწყობთ ეს პოლიტიკური ძალა სტრატეგიულ ოპონენტად. – რატომ? – პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთად გაზრდილები არიან – დღევანდელი კოალიციის კონკრეტული ნაწილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, სამეგობრო, სანათესაო კავშირებშია... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველამ ერთად მოგვიყვანა სააკაშვილი 2003 წელს, და გვარწმუნებდნენ, რომ უდიდესი დემოკრატი მოგვიყვანეს პრეზიდენტად. მეორე – მუდმივადდისკრედიტირებული ოპონენტის პირობებში ძალიან ადვილია გამარჯვება. თავად კოალიციამაც ძალიან კარგად იცის, რომ, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ერთიანობას ვერ შეინარჩუნებენ. შეიძლება კოალიცია „გამოცხადებულად“ არ დაიშალოს, მაგრამ ის რომ აუცილებლად იქნება განხეთქილება და ვერ მიაღწევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და, ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გარკვეული ჯგუფი გაივლის ხმების მოპოვების მიზნით ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს, ეს ფაქტია. როცა კოალიცია დაიშლება, რომელია ისეთი პარტია, რომელიც შეძლებს ისეთი პროცენტით არჩევნებში გამარჯვებას, რომ ხელისუფლების დაკომპლექტებაზე ქონდეს პრეტენზია? – არცერთი. – ამაშია საქმე . ნორმალური ოპონენტის პირობებში, კოალიციაში შემავალი ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს იმ რაოდენობის მანდატებს, რა რაოდენობაც მათ მიცემს ხელისუფლენაში ყოფნის საშუალებას. ხოლო თუ ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა ნაცმოძრაობისა, იქნება მარგინალიზირებული ან უმოქმედო, ნაცმოძრაობის კონკურენციის პირობებში, ოცნებაში შემავალ პარტიებს მეტი შანსი ექნებათ, ხელისუფლებაში დარჩენის. იმდენად მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია, რომ მათი სიმართლის დაჯერებაც კი უჭირს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ასეთი დისკრედიტირებული ოპონენტის ფონზე მარტივია იყო უკეთესი და მართალი. ეს ყველაფერი შესაძლებელია, გათვლილი აქვთ რომელიმე პარტიის ლიდერებს და ამიტომაც ცდილობენ, რომ ძირითად ოპონენტად დარჩეს ეს ძალა. გამოუვათ თუ არ გამოუვათ, ისევ და ისევ დამოკიდებულია ხალხის აქტიურობაზე ამ არჩევნებში. – ეს მომენტი იმუშავებს. რთულია რომელიმე გადაცდომაზე ან დანაშაულზე ილაპარაკოს ნაცმოძრაობამ, რომელიც თავად არ ჩაუდენია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. – ნაცმოძრაობის მხიდან წამოსული კრიტიკა ვერ იქნება ადექვატური და მისაღები. – ცესკოს დღევანდელი შემადგენლობა და მისი ხელმძღვანელი რამდენად მისაღებია შენთვის? – თამარ ჟვანია არის პროფესიონალი დიდი გამოცდილებთ, კარგად იცის საარჩევნო სისტემები, მაგრამ, ამავდროულად, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პირადად პატივს ვცემ პიროვნულად, ასეთი კონფიგურაციით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, არ იძლევა საშუალებას,ყველაფერი წესრიგში იყოს. – რას გულისხმობ? – დღეს პოლიტიზირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია და დანიშვნის წესები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქოსდა არის ნახევრადპროფესიული ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიები, ამის მიუხედავად, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის თამარ ჟვანიამაც, რომ სისტემა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული და მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე პრობლემას ვერ გადაჭრის. თუ ეს პრობლემა არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსით. თამარ ჟვანია როცა დაინიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები უკვე დანიშნული იყვნენ. ხარატიშვილმა ჯერ დანიშნა ისინი და შემდგომში განაცხადა გადადგომის თაობაზე. ეს უკვე მორალის ამბავია, მაგრამ,ფაქტი ფაქტად რჩება. – ანუ შენ ამბობ, რომ გაყალბების მცდელობა იქნება? – რა თქმა უნდა მცდელობა იქნება, განსაკუთრებით რეგიონებში , რადგან არც საარჩევნო კანონმდებლობა შეცვლილა და არც საარჩევნო მოხელეები. წლიდან–წლამდე შეუცვლელად მუშაობენ სხვადასხვა პარტიის ეგიდით საარჩევნო კომისიებში და არც მათი ცოდნის და უნარების დონე შეცვლილა. მცდელობა იქნება, მაგრამ არა იმ დოზით, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. დღევანდელი ხელისუფლება არ იძლევა იმის მითითებას რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიდოს შედეგი და გააყალბონ არჩევნები, როგრც ეს ხდებოდა ადრე. თვითშემოქმედებას ადგილი ექნება და რეგიონებში განსაკუთრებით იმ პოლიტიკური სუბიექტისგან, რომელსაც დღესაც ძალიან დიდი ბერკეტი გააჩნია. და ამავდროულად მანიპულაციების დიდი სტაჟი.პოლიტიკა გაყალბების მთხოვნით არ არსებობს, მაგრამ არსებობს მეორე სახელისუფლებო პარტია, რომელიც ასეთ ბერკეტებს იყენებდა, გამოიყენა პირველ ოქტომბერს და დღესაც გამოიყენებს. – დღევანდელი უმრავლესობის ლიდერის მიმართ ბოლო დროს წამოსული კრიტიკა როგორც ჩანს არის საფუძვლიანი, თბილისის მასშტაბითაც მძიმე სიტუაციააო ამბობენ. ამაში საგანელიძის შტაბის ინერტულობის ბრალეულობაა თუ ბერკეტი არ აქვთ? – ამიტომაც ვამბობ, სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ პროფესიულ საარჩევნო კომისიებზე, რომელსაც წლების მანძილზე ითხოვდა დღევანდელი სახელისუფლებო პარტიის და საპარლამენტო უმრავლესობის უდიდესი ნაწილი. როცა იყო ოპოზიციაში. ახლა კი უბრალოდ არ შეიცვალა არაფერი. – არჩევნებამდე 1 კვირით ადრე რომ პრემიერი აფიქსირებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ, თუნდაც ის, რომ არაა საუბარი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმად გამოცხადებაზე, ქმნის გაურკვევლობას, უნდობლობას და ეჭვის საფუძველს ამომრჩეველში. შენ რას ფიქრობ? – ნაციონალური მოძრაობის რეჟიმად გამოცხადებამდე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი,თუნდაც ამ პოლიტიკური ძალის ლიდერების საქმიანობის შესწავლის კუთხით. პირველ რიგში უნდა გამოავლინო სისტემური დანაშაული, შემდეგ ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ბრალდებულ პირები. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში დადასტურდა ასეთი სახის დანაშაულის არსებობა – დაწყებული ელიტარული კორუფციიდან, დამთავრებული ფარული მოსმენებით, მოტაცებებით, შანტაჟით, ფულის გამოძალვით და თუ ამ დანაშაულში ბრალდებული პირები იქნებიან ამ პოლიტიკური ძალის უმაღლესი თანამდებობის პირები და სახეები, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უკვე საკითხი დავაყენოთ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის რეჟიმად გამოცხადების. მაგრამ ამას ჭირდება დიდი მუშაობა – ალბათ ნებაც. – ნებაც, თავისთავად. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების არჩატარებასთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ ჩატარდება. ასეთი არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება ძალიან მალე, თუ ბაქრაძე ვერ მოიპოვებს მეორე ადგილს, და მისი ჩატარება–არჩატარება დამოკიდებულია არა კონკრეტულად ივანიშვიის სურვილზე, არამედ მოსახლეობის მოთხოვნაზე. მის პრინციპულობაზე და იმაზე, აღმოვჩნდებით თუ არა ჩვენ პოლიტიკურ კრიზისში. კარგად მესმის, რომ არცერთ მხარეს ეს არჩევნები არ ჭირდება, მაგრამ ხალხის პრინციპულობა უფრო შედეგიანია, ვიდრე კონკრეტუი პოლიტიკოსების ინტერესები. არც ნაცმოძრაობას არ უნდოდა ხელისუფლებიდან წასვლა, მაგრამ მოუწია. – გამოჩნდა ის ფარული ჩანაწერები, რომელთა განადგურების წინააღმდეგი იყავი. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? შენ პროგნოზირებდი ამას. – ეს გარდაუვალი იყო, ამიტომაც ვეწინააღმდეგებოდი. რთულია ასეთი ჩანაწერების გაკონტროლება, თუ არ იქნა გამოძიების შედეგად გამოკვეთილი ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემურად ახორციელებდნენ ამ ჩანაწერების შეგროვებას. მათი განადურების წინააღმდეგი ვიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, არ შეიძლება განადგურდეს მტკიცებულება, რომელზეც აღინიშნება დანაშაუის კვალი. ვინაიდან წლების მანძილზე კარგად ვიცით რომ გვითვალთვალებდნენ, გვაშანტაჟებდნენ და დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე როცა აცხადებს, თითქოს არ იცოდა, ეს ყველაფერი, გაიხსენოს თვითონ იმ წლებში რატომ თიშავდა კერძო საუბრების დროს ტელეფონს. ალბათ მასაც ქონდა განცდა იმისა, რომ უსმენდნენ. მე ვიყავი ამ ფირების განადგურების წინააღმდეგი იმიტომ. რომ თუ დღეს გაანადგურებ ისეთ დოკუმენტს, რომელზეც არის დანაშაულის კვალი და რომლის შედეგადაც შეგიძლია გახვიდე პირზე, ვინც დამზადებას ავალებდა, უზრუნველყფდა და წვდომა ქონდა ამ მასალებთან, ვერასოდეს გაიგებ,გატანილია თუ არა ასეთი მასალა ან მასალის ნაწილი, ვის მიერაა გატანილი და სად შეიძლება იყოს დამალული, რომ მოხდეს მისი ამოღება. ბუნებრივია, ამ მასალის განადგურებამ გამოძიების გარეშე, უკვალოდ არ ჩაიარა და, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, კონკრეტული პირების მიმართ, შესაძლოა კიდევ სხვა ჩანაწერებიც ვიხილოთ. ესაა მხოლოდ დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც შსს–ს ხელმძღვანეობამ აღმოაჩინა, სამინისტროში შესვლის შემდეგ და ვიცით რომ თავდაცვს სამინისტროშიც იყო მსგავსი ფირები, ესაა ზღვაში წვეთი იქიდან, რა მასალებიც ქონდა წინამორბედ შსს მინისტრებს. სახლიდან რომ გარბიხარ, რა გაგაქვს? გაგაქვს ყველაზე ძვირფასი და ამიტომ, ვფიქრობ, რომ მასალა რაც შსს–ში დახვდათ, იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მისი გატანა არც ღირდა. ძირითადი მასალები, რომლებიც, შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებზეცაა, ალბათ უკვე გატანილია უცხოეთში. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ამ მასალების გამოქვეყნებით მანიპულიტებით ვიღაცეები საკუთარ ინდულგენციებზე მუშაობენ. – კი მაგრამ უმრავლესობამ ხომ ძალიან კარგად იცოდა, რომ მასზეც შიძლებოდა ყოფილიყო ამ ფირებზე კომპრომატები, რატომ დაუშვა ეს ფაქტი? – დღეს რომ არ გვესაუბრა იმაზე, გატანილია თუ არა? ვის ხელშია? და რა მოხდება? სწორედ ამისთვის იყო საჭირო გამოძიების ჩატარება. ამ შემთხვევაში კარგი ისაა, რომ 25 000–დან მხოლოდ 94 ფაილი განადგურდა და ისე საინტერესოა, დანარჩენ მასალებთან დაკავშირებიტ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება? – როგორც ძიებაში მყოფი მერაბიშვილი პროგნოზირებს. მოსალოდნელია ქვეყნის მასშტაბით არეულობა და სიტუაციის დაძაბვა ბურჯანაძის მხარდამჭერი რეაქციული რუსული ძალის მიერ? – ბუნებრივია, თუ ნინო ბურჯანაძეს დარჩა განცდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ის გამოხატავს პროტესტს. გავა თუ არა ქუჩაში არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, პროტესტის გამომხატველი მიტინგი ამ მანიფესტაცია თუ იქნება კანონით დადგენილ ფორმაში, ვფიქრბ ამაში არადემოკრატიული არაფერია, მაგრამ ის, რომ ნაცმოძრაობა ყველა ხერხით ცდილობს ბურჯანაძის დისკრედიტაციას, ეს იმ ფაქტითაც გამოვლინდა, რომ ხარატიშვილის პირველი კითხვა საპრეზიდენტ კანდიდატების დებატებზე იყო კონკრეტულად ბაქრაძესთან და, რატომღაც, ბურჯანაძის აგარაკთან დაკავშირებით. ცოტა სასაცილოა ეს კითხვა ბაქრაძის მიმართ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა მხრდან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მილიონობით ქონება დარიგდა ერთ ლარად. ბურჯანაძის აგარაკი საბოლოოდ ხელისუფლებამ დაიბრუნა, მაგრამ არ დაუბრუნებია წინა ხელისუფლების მიერ მიტაცებული ქონება ათასობით იმ ადამიანს, რომლებმაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელისუფლებისთვის სასარგელო მოქმედებების გამო უფრო დიდი ქონება ჩაიგდეს ხელში. ასე რომ, თუ, რა თქმა უნდა, მიეცემა ნაცმოძრაობას საშუალება დასვას კითხვები და არ მოეთხოვოთ ამ კითხვებზე პასუხები, ისინი ყოველთვის დასვამენ ასეთ კითხვებს. თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმე საბოლოოდ , ვიღაცის პოლიტიკური მიზნების გამო, საკუთარ ქონებაზე იტყვის უარს. ის ხალხი, რომელიც დღეს ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, მშვიდობისნი და კანონის გზით ითხოვს პირველ რიგში იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ივანიშვილის მიმართ აქვთ ნდობა და სახელისუფლები ინსტიტუტების მიმართ. რომ, ადრე თუ გვიან, ეს ინსტიტუტები მიიღებენ კანონით დადგენილ გადაწყვეტილებებს. ეს ნდობა თუ დაიკარგება, ხალხი დაიწყებს საკუთარი ქონების დაბრუნებას თავისივე ძალებით და ამ ძალებში ხერხებიც განსხვავებულია. – შენი პროგნოზი, იქნება თუ არა მეორე ტური? – მეორე ტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ადამიანი მივა საარჩევნო ყუთთან. – და მომავალ პრეზიდენტზე რას იტყვი? – ისეთი მიზანმიმართული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, რომ არ აღუძრავს ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლის სურვილს. ჩემი აზრით, ეს შეგნებულად კეთდება. თუ მაინც საზოგადოებრივი ინტერესი გამომჟღავნდა, მეორე ტური იქნება,თუმცა, დარწმუნებული ვარ, ორივე შემთხვევაში მარგველაშვილი გაიმარჯვებს. კატო ჩულაშვილი ქრონიკა + 22.10.2013
  22. მოისვენე, თორემ მოგასვენებ!ანუ, მე შენ პენსიით უზრუნველგყოფ!–ასეთი მზრუნველი ფრაზით დაიწყო გასული კვირა „მაღალ ქართულ პოლიტიკაში“ და იქვე ღრმა ჩასუნთქვით დასრულდა... იდებატეს.. ყოველ შემთხვევაში, გადაცემას ასე ერქვა და დეკორაციაც, თითოს შესაბამისი იყო. მოდებატე კანდიდატთა შერჩევის წესს ნუ იკითხავთ, აზრი არ აქვს, მაინც არავის აქვს პასუხი. სამაგიეროდ, ქართული დემოკრატიის ისტორიაში კიდევ ერთი მორიგი და რიგითი „ჩათვლა“ გაჩნდა... ვის ჩაეთვლება კვირის ბოლოს რეალურად, ნურც იმას გამახმოვანებინებთ. ითქვა ეგ უკვე ვიწრო წრეში ფართო მასებისთვის... ამასობაში მიშას ერთი რეალური მუშა–პარასკევი დარჩა საპრეზიდენტო პროგრამით. მოძრაობა პატრიოტები,25 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გამართავს აქციას სახელწოდებით "ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო !". არადა რეალურად, „მადლიერების დღედ“ ყოფილა ჩაფიქრებული. „მადლიერება იმ დადებითისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ ქვეყანას მოუტანა...“ თუ მოუტანა, მერე სად წაიღო? აქციად შეფუთული არაოფიციალური სამოქალაქო პანაშვიდი პრეზიდენტის სასახლესთან 17:00 საათზე გაიმართება. დასწრება სავალდებულოა სრულიად ნაციონალური ორიენტაციის „მრევლისთვის“. "მადლიერმა ჭირისუფლებმა"თან უნდა იქონიონ თითო ჰალსტუხი, პრეზიდენტის ავტოგრაფისთვის, ერთნახევარი კვერცხი და ორად–ორი კურცხალი მაინც, შემოსწრებული და „ჩასაფრებული“ მედიისთვის, ხოლო მდუღარე მარილწყალში წინასწარდასველებულ ცხვირსახოცებს ადმინისტრაცია ადგილზე დაარიგებსო. ბარნოვი უფრენიათ სასწრაფოდ აღზევანს, მარილზე... ყვავილებით, რა თქმა უნდა, „ცოლოური“, ანუ ჰოლანდია უზრუნველყოფს. მუსიკალურ ფონად ნაციონალური ქართული ბომონდი იბზუილებს, ხოლო ცერემონიას დახურავს ჩინური წარმოების,მაგრამ ხარისხიან ნედლეულზე დამზადებული ბუშტების ფერად ნაკრებზე ფეხებით აღმა და თავით დაღმა ფაქიზად გამობანტული მიშა (ა ლა „ოლიმპიურის მიშკა“) ყურებიდან შადრევნის ფრქვევით და ისტერიული ხვიხვინით. ჰო, მერე რომ არ თქვათ, – არ ვიცოდითო! მაგ ცერემონიაზე გამოცხადება უკვე დაგინებულია და დანარჩენი "ახერმოძის" ბელადის "მომლოცველთა" გადასაწყვეტია. ჯერ–ჯერობით კი მიშას და მისი ადმინისტრაციის უფროსს თავი კოშმარულ სიზმარში ჰგონიათ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს – რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 27 ოქტომბრამდე 20–დე ვაკანსია გამოაცხადა. არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ჩანს, ავლაბრის იმ ცოდვილ სასახლეში. მაგათი თბილი ბუდიდან გამოყვანას ვინ ჩივის, სიზმრიდან და ბურანიდან გამოყვანა იქნება ერთი მიჭირხნული სპეც–ოპერაცია... რაღა დაგიმალოთ და, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ „თავებს“ რომ შევადარე, ამ ჩვენმა უთავბოლომ უსამა ბენ ლადენის და ჯორჯ ბუშ უმცროსის თავზე დადებულ ფსონს რეკორდული დოზით გადააჭარბა. 2 მილიარდი ძალიან დიდი ციფრია,იმისთვის, რომ პუტინის და ივანიშვილის უნაღდო ანგარიშსწორების ზღაპარი დაიჯერო კი არა, შვილიშვილებს მოუყვე. დაგვცინებენ... არადა, სად გინდა წაიყვანო გამოსაზამთრებლად? ვითომ მატროსოვზეო, მაგრამ, იქაც მოგვჭრის ეგ თავს და იქაც დაგვცინებენ... თუმცა გასული კვირა მიხეილს უქმად არ დაუკარგავს. ტრადიციულად გაიტრიტა და გიგიც მიიტყიპა თუ გაილახაო... ფაქტია, გიგის თვითკმაყოფილი გამომეტყველება აშკარად შეილახა, მითუფრო ნიცის მისადგომებთან კეზერას გასკვანჩვის შემდეგ. გასულ კვირას მიშა უახლოეს სამეზობლოში მხარდამჭერების შეგროვებით იყო დაკავებული და უხვად გასცემდა თავისი სახელმწიფოს მოქალაქეობას პასპორტებიანად.. რა იცი, რა, სად და როგორ გაუჭირდეს „ახერმოძ“–ს... ბოროტებას ნაციონალობა არ აქვსო. ბოროტებას აქვს კვალიფიკაცია და ახლა მაგათ დანაშაულებრივ ქმედებებს რა ჩამოთვლის? ინფანტილურად მომღიმარი ბაქრაძე, ნაციონალთა „იმედი“ სტატუსით, აქტიურად დაიარებოდა რეგიონებში და აურის გასაწმენდ პროცედურებს იტარებდა გამომლოცველ–დამლოცველ ბებოებთან.. აბა დაპირებით ვის რას დაპირდებოდა, თავისთვის რა აქვს რო? რაც მე ეგ მახსოვს, სულ სატელეფონო ბალანსის შევსებას იხვეწება... ამიტომ, ამომრჩეველს უხვად პირდება მთავრობის კონტროლს... ბურჯანაძემ, – მარგველაშვილი ვერ მიიღებს არათუ 60%-ს, არამედ პირველ ტურში გასასვლელ ხმებსაც კიო. კარგით ახლა, ქალბატონო ნინო! ასე ხუმრობაც არ ვარგა. პირველი ადგილის ბედი უკვე გადაწყვეტილია და თქვენ მეორე ადგილისთვის არავინ გეცილებათ, კი ბატონო, მოგვაშორეთ ქართული რეალობიდან და დაგვისამარეთ საბოლოოდ „ნაციონალები“, მაგაში ვინ შეგიშლით ხელს? პირიქით, გვერდშიც დაგიდგებით, შეგაქებთ და შემდეგი ცდისთვის მეტი სტიმულიც გექნებათ. მარგველაშვილმა, – ზოგიერთებს, „კლიჩკებს“ არ დავასახელებ, მთლად ამნეზიაც ნუ დაემართებათ და გაიხსენონ, რას აკეთებდნენ ერთი წლის წინო. არ მოიქცა ამ შემთხვევაში სწორად, როცა თავისი პროტექტორის მსგავსად, მკაცრი შეფასება გააკეთა, იმიტომ რომ, ეს ამნეზია თავის თავზე მერე იმდენმა მიიღო... ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებისთვის, მარგველაშვილისგან მოსვენების მოლოდინში, გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილისგან მილიარდ ლარს ითხოვს – არ ვიცი თარგამაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში როგორ მოაგვარებს ქვეყნის ბიუჯეტის უზრუნვეყოფის საკითხს, მაგრამ საკუთარი ბიუჯეტის უზრუნველყოფისთვის რომ ექსკლუზიური და აპრობირებული მეთოდები აქვს, ცხადია. მარგველასი რა მიკვირს, აგერ მეც ვეცადე, მაგრამ მაინც წამომცდა "საყვედური"... ვერ ვისწავლე ჭკუა და ეტიკეტი - მიცვალებულზე რომ ან კარგი უნდა თქვა და ან არაფერი... ჰოდა, ახლა ძალიან მოვინდომებ და შალიკოზე არაფერს ვიტყვი. მაინც ყველას მაგივრად თვითონ ლაპარაკობს და რატომ ჩავეზიარო ამ კრიზისის დროს... ვაიდა, "მღვდელი სახლში აღმოჩნდეს'... ივანიშვილმა, ვილნიუსის სამიტზე წავალ თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვსო. რა ეზარება ამ კაცს სახლიდან გასვლა, დიდი „დომოსედია“ ეტყობა და „ნასტალგია“ მალე იპყრობს, რაც მის განსაკუთრებულ პატრიოტიზმზე მეტყველებს.. ხუმრობა იქით იყოს და არ ვარგა ხალხო უმადურობა. დღეს რომ ვინმეს ივანიშვილის უსაქმურობაზე, გადამგდებობაზე , უპასუხისმგებლობაზე და უამრავ უ–ზე ენა მოუბრუნდება, კი უნდა დატოვო უ–ების გარემოცვაში ყოველგვარი შემდგომი ჩაკითხვების გარეშე... საკრებულოს უფროსმა შიხიაშვილმა ავარიული სახლები მოინახულაო. მაგ სახლებს მარტო მონახულება რომ შველოდეს... შემოდგომა 2013 დიდი წარმატებით მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბითო. ყველაფერი უხვად მოვიწიეთო. გვჯერა ბატონო! თუ ტყუილია და ალალი გლეხის ენა და გული დიდხანს საიდუმოს ვერ ინახავს. მაგრამ სანამ მაგ ბარაქას ყველა გამრჯე ქართველის ოჯახის საკუჭნაოში არ ვნახავთ, იქამდე არაფერი მოიწიოთ ბატონებო! ამ ყველაფრის ფონზე, მაინც გაურკვეველია, რატომ გვაქვს ქვეყანაში აგრარულ სექტორში პრობლემები? როცა ჯერ კიდევ ნაციონალური ეპოქიდან, საპარლამენტო მამაქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს მეთესლეობის სახაზინო საწარმო „ბოსტანჯიშთესლი“ სახელად „შოთა.“ დიდი ოხერი რამაა ეს ქვეცნობიერი, თორემ აბა ასეთ სერიოზულ სახელმწიფო მოხელეს სიტყვა სექსი თავში როგორ უნდა მოსვლოდა, მითუმეტეს პირზე მოდგომოდა და უფრო მეტიც, წამოცდენოდა? შეჭამეს ამდენი კითხვებით. როგორ ყველას უნდა ეფეროს და სათითაოდ უხსნას კაცო! ხოდა მერე მოდი და არკვიე, იმ დროს ეს უშეღავათოდ გადაღლილი ადამიანი, შეღავათებზე ფიქრობდა, აგრონომიაზე თუ სექსზე? შეღავათიან აგრო სექსს კვირის ბოლოს დაემატება უშეღავათო პოლიტ–სექსი და რაღაცა გამოვა ალბათ... და, ვიდრე რაღაც გამოვა, ერთ უადგილო კითხვას მეც დავუსვამ ფინანსთა მინისტრს უშეღავათოდ და უსამართლოდ საქმიანობააკრძალული საბაჟო ბროკერების ანგარიშიდან – რა პრინციპით ინიშნება საბაჟოში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე ცნობილი ნაციონალი საბაჟო ბროკერის, გაგა ლეგაშვილის კომპანია „გრინლაინში“ გამოზრდილი კადრები? აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ ზემო აფხაზეთს სახელი უნდა შეიცვალოს, რადგან "ის ხელოვნურია და რეალურად კოდორის ხეობაა". გადამრევს ეს ყოლბაია! ნათლიობა რომ იკისრა, ხომ არ ავიწყდება, ჯერ მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი რომაა, თუმცა, რამხელა ამბიციებით. გაიგეთ ხალხო! სახელების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,არც საზღვრები და არც რეალობა. ვანო–ბატონი ისევ შეუძლოდ გამხდარა და მისი და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო. სამაგიეროდ, იმ პროცესზე ხალხი ვანოს გარეშეც მშვენივრად გაერთო. ჩვენების მიცემისას ერთ-ერთ მოწმეს დაცვის მხარემ ე. წ. “შპარგალკა” აღმოუჩინა. მოწმე ბორის ჩოფლიანი, მაგარი ტიპი ჩანს – ხელში რამდენიმე ფურცელი ეჭირა და სავარაუდო პასუხები “მარკერით” ქონდა მონიშნულიო. არადა ეს ჩოფლიანი ფინანსთა სამინისტროს იურიდული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს სპეციალისტია. მაგრამ სპეციალისტებსაც შეიძლება არ უვარგოდეთ მეხსიერება, რა შუაშია აქ შპარგალკა? ოხ, ხადური! უმნიშვნელოვანესი მოვლენა თანამედროვე ქართულ კულტურაში – ქუთაისში, კოსტავას ქუჩა #25–ში მდებარე სასტუმრო „ლიას“ შენობა, რომელსაც „ლიაიას ბორდელად“ მოიხსენიებენ, მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. ძეგლის რა გითხრათ და მაგ შენობაში დასაქმებულ პირებს ალბათ ექნებათ ისტორიაში შესვლის პროფესიული საფუძველი. არჩევნების კვირა მოგვადგა კარს და ჩვენ ამ „ციგნობაში“ ვერც კი შევნიშნეთ როგორ გავცვალეთ ჭეშმარიტება რეიტინგებზე.. ვიღაცას ალბათ, სრული ბედნიერებისთვის, დაბალი ღობე, ცარცი და სიტყვის თავისუფლება სჭირდება. ისე, ჩვენში დარჩეს და, დიდების ქაფქაფა ტალღებში ნებივრობისასაც კი იხრჩობა ხალხი... პოლიტიკოსი, როგორც ჩანს , არაა საჭირო იყოს ძალიან ჭკვიანი, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსები კარგად ხედავენ, მათ წინაშე არსებული უამრავი ამოცანიდან უმრავლესობა ამოხსნას არ ექვემდებარება. იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან ზოგიერთები, რატომ მიდის ივანიშვილი ნოემბრის ბოლოს პოლიტიკური თანამდებობიდან... მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი ასეთია – დილით და დღისით სინათლეა, საღამოს და ღამით – სიბნელე... აბა ჰე! სასეირო კვირიდან სასესიო კვირამდე... კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+' 22.10. 2013
  23. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ როცა ასე ხდება, მაშინაც კი ხდება რაღაც, რამაც შეიძლება აზრი გამოგათქმევინოს, გადაწყვეტილება მიგაღებინოს და არჩევანიც კი გაგაკეთებინოს... ზოგჯერ ოცნებებიც ხდება ან რეალიზდება. მთავარია, მიზნობრივი აუდიტორიის და გასაღების ბაზრის პოვნა.. ოცნებაზე თანაც, ახდენის პერსპექტივით, მოთხოვნა ყოველთვისაა... დიდი დეფიციტური რამაა ახდენილი ოცნება. სამაგიეროდ მისი შეძენის მსურველია უხვად, ანუ პროდუქტი ისევ აქტუალური და მოთხოვნადია, ბაზარი - გაუჯერებელი. ახლა ის დროა, როც წინა ცხოვრებაში „არამეოცნებენიც“ კი ოცნებობენ. მაგალითად, გოგა ხაჩიძე იმაზე ოცნებობს, რომ „ნაცმო“ თუ რაღაც „ახერმოძი“, სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლებაში დაბრუნდება. ჩვენ კი, ნებას ვიბოძებთ და გულუბრყვილო ოპტიმისტ ხაჩიძეს შევახსენებთ, რომ ოცნებები აუცილებლად ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ივიწყებენ... სააკაშვილს ამ წუთას სხვა "პროგრამა მინიმუმი" თუ "ოცნება მაქსიმუმი" აქვს - მეღვინეობის ექსპერტობის იდეამ სადღაც ლაზიკის ნაპირებთან დაყვინთა და ახლა ბიბლიოთეკარობა სურს. -"როცა ჩემი ვადა ამოიწურება ვაპირებ რამდენიმე სერიოზულ ბიზნესმენს შევხვდე და შევძლებ საკმარისი თანხის მობილიზაციას, რომ ეს შენობა დავასრულოთ. მსურს ვთქვა, რომ განათლება ჩვენი აქილევსის ქუსლია, ყველაზე დიდი ტრაგედია რაც მოხდა, ეს არის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაკვლა, მათ ერთი ხელის მოსმით მოკლეს იგი...“ მხეცებო! როგორ დაუკალით დიდ ჰუმანისტს და განმანათლებელს ნანი-ნანატრი პირმშო? ღირსები ხართ, რომ შური იძიოს, შუბლის ძარღვი კიდევ არაერთხელ გაიწყვიტოს, თუ სადმე მის ნაფლეთებს მიაგნო და ხუთლარიანი ყულაბით ჩამოიაროს ბიზნესმენებში აქილევსის ქუსლის სამკურნალოდ. ...“ ჩამოვიტანეთ 5 ათასამდე წიგნი, იქნება სხვადასხვა დარბაზები და იმედია რაღაც, სტუდენტური კაფეს მსგავსიც, ასეთი ბიბლიოთეკა საქართველოში სხვა არ არის, ეს არის ჩემი მცირე წვლილიც. იმედი მაქვს რომ ეს გახდება დიდი ცენტრი.“ ჩემი აზრით, ეს სიტყვები სერიოზული გამოწვევაა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორისთვის. ბატონ კეკელიძეს ჰაბიტუსზეც ეტყობა, რომ ბიბლიოთეკაში სასადილოს გახსნაზე არასოდეს უფიქრია. ჰოდა, ახლა იფიქროს, მარტო სქელტანიან წიგნებს რომ ჩასჩერებია და მხედველობის არიდან გამორჩა სქელტანიანი კონკურენტი... ეს სქელტანიანი კი იქამდე კი მარტო ორივე ხელით კიარა, ყველა კიდურით საქართველოს მოქალაქეობის დოკუმენტების ხელმოწერითაა დაკავებული. კაი ჯაფა ადგას. ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებსო. „ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ბოლო დღეები და ბოლო კვირები ორივე ხელით, რამდენი დროც მაქვს, ხელი მოვაწერო მარჯვენა და მარცხენა ხელით ამ ბრძანებულებებს. ქართველობა საქართველოს მარადისობის კანონით განისაზღვრება, საქართველოს კონტიტუციის თანახმად, კონსტიტუციაზე მაღლა დგას მარადისობის კანონი“... ორპარასკევდარჩენილი პრეზიდენტის ბაგეთაგან ამ ამბის გახმოვანება იმის ნიშანია, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკარობის მსურველმა სულ ახლახანს წაიკითხა დუმბაძე და ჯერ კიდევ მწერლის მიერ გასულ საუკუნეში აღმოჩენილი კანონის შთაბეჭდილებების ქვეშაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ეგ ლიტერატურაზე გადარეული და ტიტულშემობდღვნილი „კაცი“, ფრიდონ ხალვაშის პოეზიითაც დაინტერესებულა, თავისი საზეპიროებით. იმედია, მალე ალ. ყაზბეგსაც გადასწვდება მისი მახვილი თვალი და „ხევისბერ გოჩას“ კრწანისელი ედუარდის კამპანიაში განიხილავს. აკი თქვა, გასულ კვირას ედუარდმა - სააკაშვილის დაუსჯელობა არაფრით არ იქნებაო და იქნებ?.. ჰა? ... ამ ჩვენს შლეგს, რომ ჰკითხო, ჩემი ოფლით აშენებულ ბიბლიოთეკაში ვიჯდებიო, არ მინდა ციხეში და ჩვეულებრივ კამერაშიო, თუნდაც ტელევიზორით და უკაბელო ინტერნეტითო. მაინც და მაინც დოჩანაშვილი წაუკითხავთ მაგისთის ბავშვობაში და „კამერა-ლუქსი“-ს ახდენაც მოუნდა. უკაბელო ინტერნეტზე გამახსენდა, - ვანო მერაბიშვილმა საკნის „ფორთოჩკიდან“ შემოთვალა: რუსეთი ნინო ბურჯანაძის ხელით არჩევნების დღეს თბილისში არეულობის მოწყობას აპირებსო. რა ხდება ბოლოს და ბოლოს? იმ თავის კამერაში მერაბიშვილს მეზობლების ყურის გდების მეტი საქმე არ აქვს? ან რა უბედურებაა,, ასე ნებისმიერ საკითხზე „პოსტვა“? კეთილი ინებოს და აგზავნოს ციხიდან წერილები, თუ სასწრაფოა - დეპეშები. ასე ის ათასი ცოდვით სავსე „საქართველოს ფოსტაც“ იხეირებს და ბიუჯეტიც შესაბამისად. მერაბიშვილის გააქტიურებამ სოციალურ ქსელში შესაძლოა სხვა პატიმრების პროტესტი გამოიწვიოს - მაგას არ ეყო „ერობაში“ რაც იპრივილეგია? „პატიმრობაში“ მაინც დაყენდეს, ეგ ვიღაც „კლიჩკით“ „გაღლეტილი“, ციხე, ქურდებისააო... ისე, ბაჩოსაც კი უნდოდა ქურდებისთვის ციხის „ახევა“, მაგრამ ვერ მიართვეს. არსებობს ეჭვი, რომ მაგ ამბავში დღევანდელი პროკურატურის ხელი ურევია, რაც 17 ოქტომბრის პროცესზე, იმედია, არ დადასტურდება. რაღა დაგიმალოთ და, საინტერესო კი იქნებოდა ვანოს და ბაჩანას კამერებს საერთო კედელი რომ ჰქონოდათ. „მორზეთი“ რას მოიკითხავდნენ ერთმანეთს?! ვიდრე პრეზიდენტი ქართული ლიტერატურის ანთოლოგიითაა დაკავებული და მისთვის უფრო რთულად აღსაქმელ კლასიკოსებს მისდგომია, დანარჩენ „უწიგნურ საზოგადოებას“ ჰილარი კლინტონის მოსმენას გვირჩევს. ამერიკელ დიპლომატ ლედის სავალდებულო უნარ-ჩვევებში დეფიციტური გარღვევა აქვს, თუ მართლა მიაჩნია, რომ „ე.წ. სამართლიანობის აღდგენას, შეიძლება, საქართველოს რეპუტაცია და მომავალი გადაჰყვეს“... სააკაშვილის პროგნოზით, ლედი კლინტონი ამერიკის მომავალი პრეზიდენტია და ამიტომ ყველა ყურადღებით მოუსმინეთ, ეგებ მაგ ქალს იგივე ჩემზეც წამოცდესო. ჰოდა, დანარჩენი მისი ველური და ნედლი აზრების მკითხველებმა წარმოიდგინონ, - როგორი ამაღლებული შურით და სიმწრის ოფლით კბილებში მიულოცავდა ილჰამ ალიევს არჩევნებში "ისტორიულ და დამსახურებულ" გამარჯვებას. ისე, „ავი ენები“ ამბობენ, ქალბატონმა ბურჯანაძემ გაპრეზიდენტებული ალიევი უახლოეს წარსულში პირადად მოინახულა და მისგან არა მხოლოდ სიტყვა-ხმიანი, არამედ მატერიალური მხარდაჭერის დაპირებაც უხვად წამოიღოო. მუშაობს ქალი, რას ერჩით? დაგიჭამიათ ერთმანეთი ღობე-ღობე პლაკატების გაკვრაზეო, ასე შეუთვალა ბაქრაძე-მარგველაშვილის კლანებს, უკაცრავად, შტაბებს... ჰოდა, ისე აგიხდათ ყველა ოცნება, როგორც მაგათ აუხდათ ზუგდიდში ეგ ამბავი. „ქართული ოცნების“ აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მაშინ მიუსწრეს და დააფიქსირეს, როცა ისინი კანონს არღვევდნენ. კოალიციის აქტივისტებმა არ უარყვეს, რომ პლაკატებს ბაქრაძის ფოტოებზე ზემოდან აკრავდნენ და ეს იმით ახსენეს, რომ მათი პლაკატებისთვის ადგილი არ იყო: „შევეცდებით, არ გავიმეოროთო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აქტივისტმა. დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დესტრუქციულ ძალად იქცა. ოცნებაზე გუბერნატორიც კი განაწყენდა! სამეგრელო-ზემო სვანეთის „მამა-მარჩენალი,“ „ნამუსი და პატიოსნება“ - თენგიზ გუნავა მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან გუბერნატორების მოხსენიება კრიმინალებად შეცდომა იყო და თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, თანამდებობას დატოვებს, ხოლო ბრძოლას ოპოზიციის რიგებში გააგრძელებს. გადამრევს ეს გუნავა? რად უნდა შე „კაცო“ მაგ ამბავს „და“ და „თუ?“ „თუ დაპირებული ვარ, არ ახსოვს კაცს ჩემგან გატეხილი სიტყვა. სანამ კიდევ ჯანი მექნება, 20 წლის განმავლობაში ხალხის სამსახურში ვიქნები, სანამ აყვავებულ ქვეყანას არ ჩაგაბარებთო! - ასე თქვა ჯერ არწასულმა პრემიერმა ივანიშვილმა და დაპირებულ პრეზიდენტზე გაგაწბილებთ „ურწმუნოებს?“ შეუიარაღებელი თვალით რისი განჭვრეტაც შეიძლება - მარგველას საარჩევნო კამპანიის მთავარი მესიჯი 27 ოქტომბერს კოაბიტაციის დასრულებაა. ანუ, 2 კვირაში ყველას იჭერენ და ხსნიან? ცხელ-ცხელი გათვლებით, ივანიშვილი პოსტიდან თავისი ნებით, 25 ნოემბრამდე წავა, ხოლო ვინ მოვა, ეს ჯერ-ჯერობით თავად იმანაც არ იცის, ვინც მოდის, თურმე... თუმცა, უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამჟამინდელი პრემიერის შეთავაზებული კანდიდატურა პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტმა არ დაამტკიცოს. გასული კვირის მთავარი თემა - უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ "სოჭი-2014" ოლიმპიადაზე? ამაზე ბჭობის წუთები ეს იყო წუთები, როცა თავი იმ ქვეყნის მოქალაქე გვეგონა, რომელსაც სხვა პრობლემა არ გააჩნია... არადა, სასიამოვნო კი იყო, რომ არა ოცნება... ზოგჯერ წარსული გამოდის ბნელი კუთხიდან და ანგარიშის გასწორებას ითხოვს. თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, ქართველმა მომღერლებმა საპროტესტო აქცია-კონცერტი გამართეს - "არა ოკუპაციას!"; "ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას!". პუტინს ”დეფი - გულედანის” ისე შეშინებია, ჯარები გაყავს საქართვეოდანო. დანარჩენებმა რა ქნან და რითი ჩაიწერონ ქულები, ვინც მაგ მხოხავ-მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება ვერ შეძლო? როგორ მართლა დასწრებაზეა ამ ქვეყანაში ყველაფერი... კარგი სმენა ზოგჯერ თურმე იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კარგი რამეები გესმოდეს... ოპტიმიზმი ისაა, როცა არც ისე ახალგაზრდა, არც ისე მდიდარი და მარტოხელა ადამიანი ყიდულობს სადილის კომპლექტს 12 პერსონაზე... თანამედროვეები მოვლენებს აფრენით აფასებენ, ისტორიკოსები - დაფრენით.. საბედნიეროდ, ცხოვრებაში ყველაფერი ისე მარტივი არაა, თორემ მარტივის გართულება არც ისე საინტერესო გასართობია. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, თუ სიტყვას გაგაწყევტინებენ... მთავარია, დუმილის შეწყვეტა არავინ გაიძულოთ... კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+' 15/10 2013
×
×
  • შექმენი...