Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

ყველა პოსტი katya

  1. ბატონო საშა! ყველაფერზე გეთანხმებით, ოღონდ გვარს ნუ მიყალბებთ! ჩულაშვილი ვარ მე! ;)
  2. როგორ გინდა აუხსნა პატარას, რომ შაბათ–კვირას დილის 8 საათი თითქმის შუაღამეა? ვერ აუხსნით, ნუ შეეცდებით, ვცადე და ამ წუთებში სახალხოდ ვიძლევი აღიარებით ჩვენებას კრახზე. ბავშვი თავისუფალი და შეუზღუდავია თავის ქმედებებსა და სურვილებში. უფლებებში ხომ საერთოდ... და, ვისაც ასე არ მიაჩნია, მას ყავა ყოველთვის მწკლარტე მოეჩვენება, თუნდაც ორმაგი შაქრით და ნაღებით... ბავშვის კი არა, რაც ქვეყანაში სინდისის თავისუფლება გამოცხადდა, იმ დღის შემდეგ, სინდისი თავისუფლებაზე დანავარდობს და დანავარდობს... დილის 8 საათიდან, პულტით დავხტივარ არხიდან არხზე, იმ იმედით, რომ ვიღაცის უარეს ხასიათსა და მდგომარეობაზე „გული ვიჯერო“... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა, პირადად ვიცნობ მაგ კატეგორიასაც. ვხედავ, რომ ბოროტად და ეგოისტურად ვსარგებლობ თქვენი მოთმინებით. რა ვქნა, არ მიყვარს მარტო ყოფნა, არც მარტო ყავის დალევა. სიგარეტიც კი სხვანაირად ბოლავს, მოწყენილად, როცა ოთახში სხვა არავინაა და მხოლოდ კოფეინის საჭირო დოზის მიღებას ცდილობს ორგანიზმი. მთავარია, ერთად ვართ! შორს ცხოვრებისეული პროზა! გაუმარჯოს მარკ ტვენისეულს! 176 წლის წინ, 30 ნოემბერს ფლორიდაში მარკ ტვენი დაიბადა. ჩემთვის მისი დაბადების დღე გაცილებით უფრო დიდი მოვლენაა, ვიდრე სერ ჯორჯ სოროსის ვიზიტი თბილისში. მისი პერსონაჟებიდანაც ყველაზე მეტად დეიდა პოლი მიყვარს. ალბათ იმიტომ რომ თავს მხოლოდ მაშინ იტყუებდა, როცა იცოდა, ამით საქმე არ გაფუჭდებოდა... ასეა თუ ისე, ჯორჯ სოროსი უკვე თბილისშია და ამას ყველა მედიასაშუალება განსაკუთრებულ რეჟიმში გვამცნობს. მე თუ მკითხავთ, დროა, „ვიკიპედიაში“ შეიტანონ ნაციონალური „მოძრავი დღესასწაული სოროსობა“ ვრცელი განმარტებებითურთ. საინტერესოა, „სოროს ჯორჯობას“ სხვა მეგობარი პარტიები არ ზეიმობენ? „ოქროს სარაიას“ საკითხი ისევ ღიად რჩება. არაოფიციალურ ვიზიტზე „ღია საზოგადოება“ „უბრალო საზოგადოებას“ პირღიას არ დატოვებს და კოკლოზინა ზღაპრებით გამოკვებავს... „სოროსობაც“ ჩაივლის, მაგრამ იმას მაინც თუ მივხვდებით, – სხვისი მინუსების დათვლამდე საკუთარი პლიუსებიც რომ კარგად უნდა დავითვალოთ. ვერაფერს ვიზამთ, „გამარჯვების გემო“ , ხშირად, ზედმეტად დამარილებულია... ახალმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ პროგნოზებსა და გათვლებში ხეიბრობს. ძველი ხელისუფლება კი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მეთოდები მოუძველდათ, თუნდაც დღევანდელი დემაგოგიურ–შემოქმედებითი ფოიერვერკის მაგალითზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „კანონშემომქმედი“ ირმა ნადირაშვილი ბოლომდე ერთგული დარჩა საკუთარი წვლილის და ვარდების. დიმიტრი შაშკინი მთავრობისგან ახალ ბრალდებებს ელისო. რას ელის მერე? სადაა დასაკარგი დრო? თვითონ უკეთესად არ იცის, სად რა გააფუჭა? ადგეს და მიეხმაროს ახალგაზრდა ხელისუფლებას, ეგებ დაუფასდეს და კამერა–ლუქსი მიართვან. ოდესმე ხომ უნდა წაიკითხოს ყოფილმა განათლების მინისტრმა წიგნებიც? აქვე იმასაც გეტყვით, რომ რუსთავის ქალთა კოლონიაში ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა გაუწევს მეგობრობას. პერსონალის პერეკვალიფიკაციასაც ვუზრუნველყოფთო, – ასე თქვა გიორგი კეკელიძემ. რაც ეს ამბავი გავიგე, ხანმოკლე პატიმრობაზეც კი დავიწყე ფიქრი. ასეა, ზოგჯერ ქალებს ციხეშიც უმართლებთ... როგორც წესი, ადამიანები საყვარელ, ძვირფას ხალხს, ნაცნობებსა და მეგობრებს ატყუებენ. თუ თქვენ უცნობებსაც ატყუებთ, ესე იგი პოლიტიკოსი ბრძანდებით და ამას უნდა შეეგუოთ! აი მაგალითად, მიშა დიდი ხანია შეგუებულია, თანაც იმდენად, რომ უკრაინაში გამოაცხადა, – არ ვიღლები და არც ხელისუფლების შეცოდება ივარგებსო. ბატონ მიხეილს, როგორც ჩანს, ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ საუკეთესო დასვენება პოზის შეცვლაა. ბებოც ამიტომ დაყვება თან, რომ ეს სიბრძნე დრო და დრო შეახსენოს. აბეზარმა ჟურნალისტებმა კი შეაღონეს კითხვებით – რა საჭმელი უყვარს თქვენს შვილიშვილსო? პასუხი ერთობ ბუნდოვანი და მრავლისმთქმელი იყო – ძნელია რაიმეს გამოყოფაო! ვითომ ჩვენი პრეზიდენტი მხოლოდ ბებოს ნახელავს ენდობა? შიშებიც როგორი რომანტიული აქვს მიშიკოს... ალბათ მალე იტყვის, წინაპრები უინძორები მყავდნენ ნათლიის მხრიდანო... ეჰ, „მიშიზმის“ თავლას თავისი ჰერაკლე სჭირდება და ჯერ რომ არ ჩანს?!. არაა ეს საქართველო იმხელა, რომ ორმა თავმა მართოს სხვა დანარჩენი თავები. ორი თავი და ორი ყური კი კარგია, მაგრამ ორჯერ უფრო მალე ლპება და ორჯერ უფრო საშინლად ყარს. ყარს ისე, როგორც, მაგალითად ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსის „ფენომენი“... თავისი ფენომენალური უნარ–ჩვევებიდან გამომდინარე, გოგა ხაჩიძეს ივანიშვილის კრეატიულ გუნდში მოხვედრა უნდა. არადა, დღევანდელი ანეკდოტი მამისეული სახლის ჩხრეკასა და შეწუხებულ დედაზე მართლა ვერ გამოუვიდა. არც იუმორი აქვს საკმარისი არც სამსახიობო ტალანდი და სინდისიც უვადო თავისუფლებაში ყავს გაშვებული. ისე, ხაჩიძე თუ სურამელი იყო, ადრე ვერ მითხარით, თქვე კაი ხალხო?! აღარ გამიკვირდებოდა რაღაც–რაღაცეები...და, საერთოდ, ვისაც ხაჩიძის არეული (თუნდაც სახლი) არ მოსწონს... შორენა შავერდაშვილმა ოცნებაში დაკარგული მე–9 არხის სიმბოლურ ფასში შეძენა გარისკა. მე–9 არხის სლოგანი „ეცადე დაინახო მეტი!“ „გავიჩვენისეთ“, მაგრამ, იმაზე მეტი ვერ დავინახეთ, რაც იყო... როგორც შექსპირი იტყოდა, – მავრმა გააკეთა თავისი საქმე და... პრაქტიკამ უკვე მეორედ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ტელევიზია შეუთავსებელი ცნებებია. მე ის ვიცი, რომ შეშფთებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კარგს ვერაფერს მოგვიტანს, თუნდაც საახლწლოდ. ამიტომ, ნაციონალებმა ბოკერიას მიმართ „ლოცვები გააძლიერეს“... შედეგად, ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი, მეზობელ სომხეთში, იმაშიც გამოტყდა, რომ მასაც უყვარს ნაცრის ქექვა და ოცნება: სწორედ ეს არის ჩემი და ჩემი პარტიის ოცნებაც - ევროპული ტრანსფორმაციაო. ტრანსფორმაციაზე გამახსენდა, – ახალ მინისტრებს ძველი მინისტრების ხელფასები შეუნარჩუნდათ თუ წინასაარჩევნო დაპირებების თანახმად, ასე არ გათავხედდებიან? მომავალი კვირის დღის წესრიგში რჩება რობიკო სტურუას ულტიმატუმი, რომელსაც მისი ფანები მოფერებით „გენიოსის ახირებად“ მოიხსენიებენ... რა დასანანია, რომ „საოცნებო ხელისუფლების“ ლექსიკიდან ამოვარდა სიტყვა „მყისიერი“ და ის ქრონიკულმა გადავადებამ ჩაანაცვლა... ვერ გავიგე, მარტო სამართალს შიოდა ამ ქვეყანაში? P.S. მიშამ ვანო სომხეთში "გააპიარა". რა დამთხვევაა - უცნაურიც და საცნაურიც... ვანო საქმის კურსშია ნეტავ, რას უპირებენ? ეგონა– ფინიშიაო და, თურმე, მხოლოდ ანტრაქტი ყოფილა. გამოგიტყდებით და, მერაბიშვილის ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთას ჩემი უკიდეგანო ფანტაზიაც არ ეყოფოდა. ამას ვერ დავუშვებდი, რომ ვანო თავის სახელს და გვარს, ანუ „მეობას“ უარყოფდა. თუმცა რაა, იქ, სადაც პეტრემ მაცხოვარი სამჯერ უარყო... ნეტარ იყვნენ დიდებაზე მეოცნებენი. არასოდეს ვიოცნებებ იმაზე, როგორ მოისაქმებენ მტრედები ყოველ დილა–საღამოს ჩემს „გაძეგლებულ“ ხსოვნაზე. ჰოდა, ვიდრე მამალი ისევ იყივლებს, სადღაც, მაიაკოვსკის ძეგლის მიდამოებში და, იოანე-პროგრესორს, საკუთარი მოციქულები მრავალჯერადად უარყოფენ, ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
  3. როგორ უნდა ვიყოთ? რაც ჩვენს ცხოვრებას დამართეს, ის დაემართა ომბუდსმენის კანდიდატურასაც, ანუ, სრული გაურკვევლობა გვჭირს. ვისაც ევალება, ან ავალებენ, საზოგადოებაში აქტიურად აღვივებს ეჭვს, რომ დარჩენილ უფლებებსაც გვართმევენ და ომბუდსმენის თანამდებობა, შესაძლოა, ლიკვიდაციას დაექვემდებაროსო. არაა უფლება– არაა დამცველიც! არაა ადამიანი – არაა პრობლემა! ამ უფლებააყრილ საქართველოში ამდენი თუ დაიბრალებდა უფლებადამცველობას, მაგას როგორ ვიფიქრებდი? თუმცა, ისიც ფაქტია, დიდი არჩევენის დროს გადაწყვეტილების მიღება ჭირს... შპს „საქართველოს რკინიგზას“ ხომ უცებ გამოუჩნდა "შესაფერისი კადრი?" – ხელმძღვანელი, მეთვალყურეები და თავმჯდომარეები!? ეზუგბაიაზე ამბობენ, ისეთი ზღაპრული ხელფასი ჰქონდა, თავისი პრემიალურებით, თვით აკაკი ჩხაიძესაც შეშურდებოდაო. იმედია, რკინიგზის ახალი მესვეურები წინამორბედების ხელფასების შენარჩუნებას არ იკადრებენ, იმ ფონზე, როცა იმედგაცრუებული პენსიონრები იგივე კომუნალური ტარიფებით უნდა შეებრძოლონ ზამთარს. ეგ ამბავი თუ გახმაურდა, მერე არჩიონ, ვისი ოცნება ახდა და ვინ ვის რა აუსრულა... თუმცა, ოცნება "კუდს" და "სოდს" აღარ აუქმდებს და კომუნალურ გადასახადების განახევრება ვიღას ახსოვს?!. ერთ რამეს ნუ დაივიწყებთ ბატონებო – არჩევნები თქვენ არ მოგიგიათ! არჩევნები ხალხმა მოიგო. იმ ხალხმა, რომელმაც „არა!“–ს თქმა უკვე ისწავლა!!! გიგის თანაგუნდელებსაც მასე ეგონათ – სულ ვიქნებით და ვიქნებითო! თვით გიგისაც მასე ეგონა. ისეთი რეაქცია ჰქონდა ქალაქის დასუფთავების სამსახურში ფინანსური პოლიციის შესვლაზე, აშკარად დაეტყო, რომ მის ფინანსურ ინტერესებს ღირსება შეელახათ... გიგის რომ კითხო, კბილაშვილი არაკოპეტენტურია. კბილაშვილს კითხონ ერთი აბა, რა აზრისაა გიგიზე? გიგი უბრალოდ დელიკატურია – პირდაპირ ვერ იკითხა, რამდენი ხნით მსვამთო და მუხლის ნომერი მოითხოვა. აი კბილაშვილი კი, მთავარი პროკურორის სავარძლიდანაც ისევ ადვოკატივით საუბრობს... რატომ? არ ვიცი, მაგრამ, მსგავს მომენტებში სულ მინდა ვუთხრა ზოგიერთებს – თუ რაიმე არ გახსოვთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა. თუ რაღაც არ იცით, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც არ არსებობს... ამ ყველაფრის მიუხედავად, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მეც, ისე როგორც თქვენ, ცხელი ყავით ვიგრილებ ღირსებას, ვოცნებობ სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე, ყველა სიბრტყესა და სივრცეში ვეცნობი ახალ ამბებს, რომლებსაც აშუქებენ და გვთავაზობენ საინფორმაციო საშუალებები და, ზოგჯერ ისე მინდა გავიგო, მაინც რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ... გასულ კვირას პარასკევამ კი არა და პარასკევმა ისევ აიჩემა, – მოდი, საქმეები ორშაბათისთვის გადავდოთო! ორშაბათს კი ეწყინა, მაგრამ პასუხისმგებლობის ამბიციამ მასში წყენა მიაძინა და ისეთი ორშაბათური „მძიმე როკი“ დასცხო, ლოჟაში ჯდომას შეჩვეული პუბლიკა სულ რიტმულად აცახცახა ... ჯერ იყო და, დილიდან, შალვა რამიშვილმა კობა ბექაურის „აღსარება“ ჩაიბარა პირდაპირ ეთერში. სხვების შთაბეჭდილებებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მე, ბექაურის აღიარებითმა ტელე–ჩვენებამ, ის აზრი გამიძლიერა, რომ ნაციონალური მოძრაობა, ანუ ხელისუფალთყოფილები, "შანსგარდა" არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი ნატურიდან გამომდინარე, „პატივცემული კობა“ ასე არ გარისკავდა. ეთერში კი, რაც მართალია–მართალია! ალალად ნერვიულობდა... ვიდრე სამართალს ჩვენს ქვეყანაში ბულემია სჭირს და, 9 წლიანი დამშეულობის ნიადაგზე, ვერაფრით ძღება, ნაციონალურმა მოძრაობამ შემოდგომის ფოთოლცვენასავით გამოხშირულ საკუთარ ელექტორატს თავშესაქცევად და პოზიციებზე დასამაგრებლად, ახალი სერიალი შესთავაზა – „ვანოს ზღაპრები“. პირველი სერია ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომელიც, ემოციურობის თვალსაზრისით, მოლოდინს ვერც დაეწია. არხის მესვეურებმა აღიარეს, რომ „პოსტ სკრიპტუმში“ სერიალის ადგილი არ იყო და, მის „ვანოს შოუ“–ში გადატანაზე შეჯერდნენ. კარგი ბიჭიაო ვანო, ამბობდნენ, გამგებიო! შოუც კარგი გოგოა... ვანომ არ დამალა და თქვა – შეიძლება დამიჭირონო... მე მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხიო. ბაჩოსაც იგივე ტექსტი ჰქონდა, თუ სწორად მახსოვს... ყოფილმა პრემიერმა ისიც აღიარა, – ჩვენი შეცდომა იყო, საზოგადოებასთან დიალოგი რომ არ გავმართეთო. გაგემართათ მერე, ვინ დაგიშალათ? აბა მარტო სააკაშვილის მონოლოგები გეყოფოდათ? მაშინ როცა დიდ რუსეთში დედის დღეს ზეიმობდნენ, საქართველოში ყველა სახის უმრავლესობა ერთხმად აღიარებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მომავალს, დედა აუტირდა... არადა, როგორ ეფექტურად დაიწყეს?!...ყველაზე რთული საკუთარი ნაკლის დანახვა ყოფილა. იმდენად ახლოსაა, ეგ ტიალი, მხედველობა უბრალოდ ფოკუსირებას ვერ ახერხებს. ზემო ალვანში სტალისნის ძეგლი დაბრუნებულა თავის ფეხით... ეგ რა დიდი ამბავია? მალე თვით იგორ ორგაძეც ბრუნდება, ალბათ ფაიტონით... ქვეყნის შეცვლილი ვექტორები და ახალი პოლიტიკური კურსი აკმაყოფილებს თურმე ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტს. ავსტრიაში მყოფი ლევან პირველი აღშფოთებულია პარლამენტის პოლიტდევნილთა სიით, სადაც, თურმე პირველ ნომრად უნდა ყოფილიყო. გვარად პირველს არც ვექტორი აკმაყოფილებს, არც კურსი, არც ჰაერის ტენიანობა და, საერთოდ, – რიგი დაიცავითო!.. რაც შეეხება სააკაშვილს, კულუარული და ბუღაძისეული ინფორმაციით, ამბობენ, პრეზიდენტი უკრაინაში ავლაბრის ყინვებს გაექცაო. ძველი მეგობრობის ფარგლებში, ეგებ, იქ გამოზამთრებაც შესთავაზონ?! დიდი ამბავი. სიამოვნებით ვიდარდებდი „ჩემი პრეზიდენტის“ შემცივნებას, უამრავი ქართველი ბავშვის შიმშილს და სიცივეში გამოზამთრებას ისევ მაგის ძაგ–ძაგი და პერსპექტიული კუჭის წყლული რომ არ მერჩიოს... ეკა ბესელიამ ჩიორა დღეს სულ სხვა რაკურსში აღმოაჩინა და მასში მიძინებული „ხულიგანი“ სინათლეზე ამოიყვანა. არადა, აქამდე მხოლოდ დედობრივ ფრთებს აფართხალებდა ქალბატონი თაქთაქიშვილი. რამდენად იცავს მისი იღლია სამართლებრივი დევნისგან, ჯერ უცნობია. კი ამბობენ მავანნი, ჩიორა ვის დაკარგვიაო?! არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საკუთარ თავს დაეკარგა, ან თავი დაკარგა... მპოვნელი დასაჩუქრდება ცხადია! ჰოდა, აპოვნინეთ რააა!!! ვიდრე, სხვისი, თუნდაც თანამოაზრის, მაგივრად აზრის დაფიქსირებას არ მოვეშვებით, დიდი იმედები ნურაფერზე გვექნება. არ გეკადრებათ, პარლამენტარო გაჩეჩილაძევ, სხვისი პულტით მანიპულირება. სანამ "მწვანეები" ქუთაისში პულტებით ხულიგნობთ და თბილისის ნაძალადევის რაიონი მაჟორიტარის გარეშეა დარჩენილი, ყბადაღებული სამადაშვილის "მეგობრები" ისევ ძველ რეჟიმში აგრძელებენ სკვერების ჩეხვას. ნაძალადევის მოსახლეობის სახელით მოვითხოვ – ან დეპუტატი გამოგვიყავით, ან ოჩოპინტრე მოგვამაგრეთ. მერე კიდევ უკვირთ, რა ნიჰილიზმის ფერი დაგკრავსო... ნურას უკაცრავად! ბავშვობიდან ფერმკრთალი გახლავართ და ასე იოლად არ ვნებდები... ამ ყველაფრის მიუხედავად, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მეც, ისე როგორც თქვენ, ცხელი ყავით ვიგრილებ ღირსებას, ვოცნებობ სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე, ყველა სიბრტყესა და სივრცეში ვეცნობი ახალ ამბებს, რომლებსაც აშუქებენ და გვთავაზობენ საინფორმაციო საშუალებები და, რა ჩემი ბრალია, თუ ზოგჯერ იმის გარკვევა მსურს, რაც სინამდვილეში მოხდა... პრინციპში, 72 წლის ჩინელი ბაბუა რომ ერთ მშვენიერ დილას ქალის ტანსაცმლის მოდელად გაიღვიძებს, მე რატომ არ უნდა ვიყო ოპტიმისტი!? ჰოდა, ყავამშვიდობისა, ადამიანებო! კატო ჩულაშვილი
  4. გუშინდელი დილიდან იყო აზრი დღევანდელი ყავის ჩაით ჩანაცვლების. სიმბოლურად და გამონაკლისის სახით... აზრი კოვზივით მოსახერხებელია ტვინის ამოსაზელად. ჰოდა, ჩემმა ამოზელილმა ტვინმა, კატეგორიული უარი განაცხადა არა თუ მწვანე, ცაცხვის უწყინარი ჩაის მიღებაზეც კი. ოღონდ არ მითხრათ, რომ მაწყენარი ჩაი არ არსებობს... ეგ „მაწყენარობა“ 9 წელს ძლებს ორგანიზმში, თუ დააცადე, იქნებ უფრო მეტიც გაძლოს. მაგალითი? – , 80 წლის ბებო ერთმა ქალბატონმა მოსამართლემ გაასამართლა და 3 წელი პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენმა „ჩაიდალეულმა“ პრეზიდენტმა ეს ბებო გიორგობას შეიწყალა სხვა 43 ქალ პატიმართან ერთად. „ვაი“ კი ჭირდა ჩვენს სამართალს, მაგრამ არც საზოგადოებას მოუკლავს თავი სხვისი ღობის ჩხირებზე ფიქრით. იოლია სიძულვილის დაფარვა, რთულია სიყვარულის დაფარვა და ყველაზე ძნელი დასამალი მაინც გულგრილობაა. გუშინ ამერიკაში მადლიერების დღეს ზეიმობდნენ. ინდაური და გოგრის ნამცხვარი არაფერ შუაშია, თუ ჩვენში მადლიერება სარკაზმად აღიქმება. ხოლო თუ ადამიანურად ცხოვრება გინდა, ღორობას უნდა შეეშვა – სულ ესაა... ხელისუფლების ვერტიკალი ყოველთვის ჰორიზონტალურ კავშირებზეა დამოკიდებული. ყველა ერი ვერ უძლებს ორ ხელისუფალს. გამოდის, ჩვენ ყველაფერს უნდა გავუძლოთ. რაც მთავარია, იმედგაცრუებებსაც, თუმცა, ფუჭი დაპირებების გამო ბოდიშის მოხდაც დიდი პლუსია, ოღონდ არა შეღავათი. შეღავათზე ჯერ კიდევ საფიქრალი აქვთ მათ, ვინც ხალხის სახელით დღეს ქვეყანას მართავს. რაღაცაზე პასუხისმგებლობა იმათმაც ხომ უნდა აიღონ? ბოლო 2 დღის მთავარი სიტყვა ამერიკაში „მადლობა“ იყო. ბოლო ორი დღის მთავარი მოვლენა საქართველოში – ბიძინა ივანიშვილის პრეს–კონფერენცია, რომლის შედეგადაც ვნახეთ გაფითრებული ნაციონალიზმი, ღრმადშეშფოთებული ვანო და შეურაცხყოფილი გიგა ბოკერია… ვანომ თქვა, სად იყო მანდ კონფერენცია, ცარიელი პრესი იყო, ისიც წინა ხელისუფლების და სრულიად ნაციონალური მოძრაობის მიმართულებითო. არ ეძინა წუხელ მიხეილსაც... რა დააძინებდა, მთელი 9 წლიანი ციკლი სერპანტინად დაუტრიალდა ცხადში, თუმცა, სიზმარი ეგონა. წყალსაც ვერ გაატანა და აუხდა გიორგობის დილას რეზიდენციასთან მოპროტესტე ტყიბულელ მეშახტეებზე. საშველად ქუთაისს მიაშურა და ლურჯპიჯაკიანმა კალისტრატეს „ლოცვა–კურთხევას“ შეაფარა თავი. ლურჯი პიჯაკი კი იყო გულისამაჩუყებლად ვიწრო... ასეც არ შეიძლება, ! პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს! გამოუყავით საკუთარი ფონდიდან ერთი ხელი შარვალ–კოსტუმის თანხა, თორემ აწყდება შუა ღილი და გამოთხრის ვინმეს თვალს. ახლა მაგაზე მოუწევს ივანიშვილს მობოდიშება, თითქოს საკუთარი თეორეტიკოსი მრჩევლების გამო უხერხულობა არ ყოფნიდეს. საქმე „გართულდა,“ – ხაშურის მაჟორიტარი პირდაპირ მერაბიშვილ–სააკაშვილ– კოდუას დაკითხვას ითხოვს. ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა კი ისე გაიძლიერა უფლებები, რომ პრეზიდენტის ბრძანების, კანონისა თუ გადაწყვეტილების გასაჩივრება ან შეცვლა არავის შეეძლება, მათ შორის არც სასამართლოს. როგორც აღნიშნავენ, ამ გადაწყვეტილების მიღება ეგვიპტის რევოლუციის მიღწევების დასაცავად მოხდა. აი ეგაა მიხეილ შენი არჩევანის შედეგი – ამოიჩემე ეს დასავლური კურსი და დემოკრატიული ევროპა. იძახე აწი: –„ მე ჩემს ქვეყანასთან ვიყავი მშვიდობის დროს, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და მე, რა თქმა უნდა, ჩემს ხალხს არც განსაცდელში არ მივატოვებ. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს. ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე" -ო... ვინ დაგიჯერებს, თორემ კი... ბორანმა მოგჭამა ჭირი... გაზაფხულზე ადიდებული ენგური ვერ გადარეცხავს შენზე მოგონებებს. აღარ ღირს იქ ცხრაჯერ გაზომვა, სადაც უკვე წაჭრილია. ჭეშმარიტებასთან კამათი რთულია , ტყუილთან – უსარგებლო. სხვისი შეცდომები შავ საყელოზე მოდებული ქერტლივით შესამჩნევია. ზურგი კი, როგორც მახსოვს, მხოლოდ კარლსონს არ უოფლიანდება ... როგორც იტყვიან, – რა გულდასაწყვეტია, რომ, ბოლოს და ბოლოს მიბრძანდებით! ვარდების რევოლუციის მე–9 წლისთავზე ძლევამოსილი ნაცმო შველას ითხოვს. სოციალურ ქსელში შობილი მოძრაობა SOS ძალიან გავს თუთბერიძისეულ „კმარულ“ კალიგრაფიას, ხოლო ახალი მოძრაობის დამფუძნებელი მაია ბასარია „თუთბერიძე2“–ად მოინათლა გამოჩენისთანავე. ჟურნალისტებმა დაიჟინეს, – სერგიენკო გადადგაო! მაგრამ, ნურას უკაცრავად...თუმცა, ჯერ კიდევ ძალაში რჩება დანარჩენი საქართველოს მოქალაქეთა საფუძვლიანი შური საჩხერელი მოქალაქეების მიმართ უფასო ჯანდაცვაზე. პენსიაც გაიზრდებაო, მაგრამ პენსიამდე მიღწევასაც ხომ ბედი უნდა?! „ქსენოფობი“ რობერტ სტურუა დაბრუნდა! ოღონდ სტანდარტულ სამხატვრო ხელმძღვანელზე უფრო დიდი უფლებები მოითხოვა. იქიდან გმომდინარე, რომ ანეკდოტიც კულტურის ნაწილია, იური მეჩითოვი ანეკდოტების წიგნზე მუშაობს და არც საკუთარ სამზარეულოში შიშველი ტორსის გამოფენას მოვეშვებიო. პანამის არხთან მყოფი ქართველი მეზღვაურებიც არ აპირებენ სამშობლოში მანამდე დაბრუნებას, სანამ გემთმფლობელი კომპანია ან ტანკერის ნიგერიელი მეპატრონე 4-თვიან სახელფასო დავალიანებას არ აუნაზღაურებს. აი რას ნიშნავს, რომ ახალ ხელისუფლებას არ ყავს საკუთარ რიგებში „ჯეკ–ბეღურა კრბელაშვილი“ – მეკობრეთა და მალარიის რისხვა. ხომ უცებ გაანულებდა პრობლემას?! პრობლემის გადაჭრის ერთ–ერთი მეთოდი მის „ხვალ“ გადაჭრაზე დაპირების მიცემაა. ცხოვრება მაშინ დგება კალაპოტში, როცა ჩაის პაკეტს ნამდვილად ერთჯერადად მოიხმარ... ჩაის ტოქსინებს ვადა გაუვიდა...ვარდები არ არიან... მაინც რა უცნაურები არიან ეს ფრანგები! 23 ნოემბერს დაბადებულ კაცს ვენსანი როგორ დაარქვეს? ამაზე ოდესღაც დაფიქრდება მშვენიერი მონიკა... ყავამშვიდობისა! კატო ჩულაშვილი
×
×
  • შექმენი...