Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.631

„ორგიების დეპარტამენტის“ სიახლეები და პარლამენტართა ახალი ნორმატივები, ანუ ინტერვიუ „მასონთან“


katya

4.228 views

blog-0568373001368676542.jpgასეთი სათაურის შემდეგ, უმრავლესობას, ნილ ჯორდანის საშინელებათა ფილმი გაგახსენდებოდათ და არა ჩემი რესპონდენტი. თუმცა, არაფერია შემთხვევითი. შორიდან და ერთი შეხედვით მის ჰაბიტუსში არის მისტიურობის და იდუმალების გარკვეული მარცვლები, თუმცა, მიახლოვებისას ცხადი ხდება, რომ ეს მარცვლები ჩვეულებრივი საკენკია სტერეოტიპებზე აღზრდილი საზოგადოების ნაწილისთვის, და რაღაცეების უკეთ დანახვა „ფართოდ დახუჭული თვალებითაც“ შესაძლებელია...

ხომ არსებობს ქვეყნის პირველი პირი, პირველი ჩოგანი, პირველი ვიოლინო, პირველი ლეიბორისტი, ჰოდა, ამათ ფონზე, არც ისე უინტერესო უნდა იყოს ქვეყნის „პირველი ბიბლიოთეკარის“ ამბები, მით უფრო, თუ ის ზომაზე მეტად პოპულარულია, დაშვებულზე მეტად არაორდინალური... რას არ იტყვის ერთი შეხედვით ყველაზე იდუმალი ტიპაჟი, ნიჭიერი პოეტი, პოპულარული ლექტორი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი –გიორგი კეკელიძე– გულახდილობის ჟამს...

პირდაპირ იმ კითხვით დავიწყოთ, როგორ ხვდებიან პარტერიდან ლოჟაში თუ ?

– უფრო მარტივით რომ დაგვეწყო, მოთელვის თვალსაზრისით?

კარგი, იყოს მარტივი – შენი აზრით, ასე აქტიურად რატომ „გებრძვიან?“ სოციალურ ქსელებში ?

– – იმ რაღაც უცნაური სახელწოდებების და შინაარსის პროფილებს გულისხმობ?

სწორედ–სწორედ...

– მართლა არ ვიცი ვინ დგას ამ „ქართველი მასონების“ პროფილის უკან, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ნაცნობია.

ეგ ეჭვი შენ კი არა, მეც მაქვს, მაგრამ ვიდრე ჩემს ვარაუდებს გაგიმხელდე, ჩემი ინტერესი მინდა დავიკმაყოფილო, რამდენად შეეფერები მათ კრიტერიუმებს?

– ვის?

აქ კითხვებს მე ვსვამ! ქვისმთლელებთან რა გაკავშირებს?

– არაფერი მაკავშირებს, არც ურთიერთობა მქონია, არ ვიცნობ არცერთ ქვის მთლელს, თუმცა, ძალიან საინტერესო პროფესიაა...

იცი ალბათ, – მასონური ლოჟის კანდიდატი რომ გახდე, 9 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე.

– მართლა? და რას მოითხოვს ლოჟა ჩემგან?

ისეთს, არაფერს, რაც შენ არ შეგიძლია და ეჭვები მეფანტება, რაღა დაგიმალო...

– მე ეჭვი მიჩნდება, რაღაც საინტერესო გვიახლოვდება... დავიწყოთ!

პირველი – 21 წელს უკვე გადავაბიჯეთ ხომ?

– კი, დიდი ხანია. 29–ის ვართ.

ნასამართლევიც არ ხარ, ვიცი და ვალების საკითხში როგორ ვართ?

– არც ისე რთულად და კრედიტები ვალებში ითვლება?

თუ იხდი – არა.

– მაშინ კარგად ყოფილა ეგ ამბავიც.

არაღირსეული საქციელი ხომ არ გახსენდება რამე ისეთი, სხვებსაც რომ დაამახსოვრდებოდათ, კომპრომატად?

– რა ვიცი, ასე უცებ არაფერი მახსენდება.

მეხუთე კრიტერიუმი – გჯეროდეს შემქმნელი ღმერთის! შენ, ჩემი აზრით, მონოთეისტი უნდა იყო, მართალი ვარ?

– ალბათ კი, სადღაც მაგ სივრცეში ვარ. პოლითეისტი ნამდვილად არ ვარ...

ხარ მამაკაცი... გაქვს გარკვეული შემოსავალი.

– გარკვეული კი მაქვს....

ჭეშმარიტი მომავალი მასონი მხოლოდ საკუთარი სურვილით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას.

– ოოო... აი ეგ არის ჩემი მასონობის ერთ–ერთი ყველაზე მყარი არგუმენტი.

ჰოო? და რა ასაკში დაიწყე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება?

– ძალიან ადრე. ანუ დაახლოებით იმ ასაკში, როცა ოჯახს, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, შეეძლო ჩემი დაბანა. ჩემი გადაწყვეტილებები ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ზოგადად. საშინლად ჯიუტი ბავშვი ვიყავი.

შენ დედისერთა ხარ ხომ?

– კი.

ჰმ, თან ჯიუტი, თან ეგოისტი... რას ამბობდი, ტანის დაბანას ვაპროტესტებდიო?

– კი,როცა ჩემთან შეუთანხმებლად მბანდნენ, ძალიან არ მომწონდა და, დაბანიდან უმოკლეს დროში ვცდილობდი რაც შეიძლება მეტად გავჭუჭყიანებულიყავი და ამოვგანგლულიყავი მტვერში.

დიდხანს გაგრძელდა შენი არსებობა ბატალურ ჟანრში?

– იქამდე, ვიდრე დამოუკიდებლად ცხოვრება არ დავიწყე. რაც ძალიან ადრე მოხდა.

15 წლიდან. სკოლა დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი. მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ.

მარტო რომ ცხოვრობ, წონაზეც გეტყობა...

ლოჟის მეცხრე კრიტერიუმი ჯენლტმენობაა და მანდ როგორ ვართ?

– თუ ჯენლტმენობა ეტიკეტს და თავაზიანობას გულისხმობს, გავბედავ და ვიქნები.

მაშინ, არაფერი დამრჩენია მოლოცვის გარდა! შენ აკმაყოფილებ მასონთა ლოჟის ყველა მსოფლიო სტანდარტს. მასონი ყოფილხარ და ვერ გაგიგია, რას ერჩი იმ ხალხს?

მართლა რომ შემოგთავაზონ მსგავსი რამ, რეკომენდატორად ვის აირჩევდი?

– მასონიზმის საფუძვლებში შენსავით ჩახედულს არავის ვიცნობ და სხვა მიმართულებებზე არის რამდენიმე პიროვნება, თუმცა, ძალიან ცოტა.

მასონური საძმოს საკითხზე ჩამოვყალიბდით და ზოგადად „საძმოებთან“ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

– მიმაჩნია, რომ ადამიანი მაინც კლანური არსებაა და ის ყოველთვის ცდილობს იმ ინტერესების გატარებას, რაც თავად და მის საახლობლოს აქვს. მაგრამ გააჩნია სად მოქმედებს. მაგალითად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვერცერთ ჩემს ნათესავს და მეგობარს ვერ მოვიყვან და, თუ ეს საქმეს აუცილებლად დასჭირდა, მაქსიმუმ, შეიძლება ავიყვანო ხელშეკრულებით. ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილი ვარ, საჯარო სამსახურებში ეს მიდრეკილება არც უნდა აისახოს, მაგრამ კერძო ბიზნესში, რა თქმა უნდა ვცდილობ ის ადამიანები ჩავრთო, ვინც ჩემს ახლოს ტრიალებენ. ადამიანების ნებისმიერი გაერთიანება, კორპორაცია კი უკვე კლანია.

ბიბლიოთეკაში მასონური ლიტერატურა არსებობს?

– მასონურ ლიტერატურაში თუ იმ ადამიანების წიგნები იგულისხმება, რომელთაც ლოჟის წევრობას მიაწერენ, მაშინ მოგვეპოვება საინტერესო გამოცემები. მე არც პროტესტი მაქვს ამ ადამიანების მიმართ და, ეს თემა საინტერესოდაც მეჩვენება, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანი კონსპირაციის არსებაა და რაღაც ბუნდოვანი და დაფარული იზიდავს. თავად არ გავცნობივარ ამ ლიტერატურას, მაგრამ, ეჭვი მაქვს, თავისი ხიბლი ექნება.

პროტესტი რატომ უნდა გქონდეს, როცა მათი მოწოდებაა „იღვაწო კაცობრიობის პროგრესისთვის!“

– მემგონი, ამ ინტერვიუს შემდეგ შენ უფრო დაგაბრალებენ მასონობას. მე შენსავით კარგად ვერ ვერკვევი მაგ ამბებში.

კოსტუმირებული ღონისძიებები გიზიდავს?

– არა.

აბა ორგიებს ბიბლიოთეკის პალატებში არაკოსტუმირებულს აწყობთ? მე დაახლოებით კუბრიკისეული სცენები წარმოვიდგინე.

– ცხადია, ძალიან საინტერესოა, კარგად აქვს ამაზე ნათქვამი პატივცემულ სტენლის. ჩვენ ყველას მეტ–ნაკლებად გვიწევს ცხოვრებისეულ კარნავალებში მონაწილეობა. არაფერი მსგავსი ღონისძიებების მიმართ საწინააღმდეგო არ მაქვს, თუ ეს მაინც და მაინც ადამიანის ცოცხლად დაწვის რიტუალს არ მოითხოვს. უამრავი მიმართულების და თემატიკის შეიძლება იყოს ასეთი თავყრილობები.

მათ შორის ორგიებისაც.

– სხვათა შორის, მაგას მასონობაზე ხშირად მაბრალებენ. ეგ ლეგენდა ჩემთან დაკავშირებით არ გაჩენილა. ჩემს დროს უბრალოდ გააქტიურდა.ზოგადად ბიბლიოოთეკის მიმართ არსებობდა ასეთი შეხედულება და მე რომ მივედი, ამ ღონისძიებების ორგანიზატორის როლიც შევითავსე ავტომატურად. როგორც ვხვდები, ასეთი დიდი ფანტაზიის ადამიანების წარმოდგენაში ბიბლიოთეკა ორგიების ერთ–ერთი დეპარტამენტია.

და ამ ამბავზე შენი ქალთა კოლექტივი როგორ რეაგირებს?

– ასეთივე ირონიულად და იუმორით, თუმცა, თანამშრომლებთან ორგიებზე არაა საუბარი, ძირითადად „მოწვეული სტუმრები“ ყავთ ხოლმე მხედველობაში.

საოცრებებს მიყვები. ახლა ე.წ. „როზა ლუქსემბურგის ოცნების კოდექსიც“ მოგისწრებთ და... რა გენაღვლებათ ბიუჯეტის თანხები... მაგრამ შრომის და სოციალური საკითხები ჩემზე ჭკვიანი ხალხის გადასაწყვეტია, გამოსავალს იპოვიან ალბათ. შენ ის მითხარი, საკუთარი თავის აღმოჩენის პერიოდი უკვე გაიარე?

– არა რა თქმა უნდა. მგონი ცუდი არ უნდა იყოს, ახალ–ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა საკუთარ თავში. ადამიანი მუდმივადაა ძიებაში. მისი წარმატება თუ წარუმატებლობა ამაზე დგას. ამბიციური ადამიანი ვარ, მაგრამ უზრდელი – არა.

რა არის ისეთი, რაზეც შეიძლება კატეგორიულად თქვა არა?

– საკმაოდ „დიპლომატიურ“ ადამიანად ვითვლები, მაგრამ არის პრინციპები, რასაც არასდროს გადავაბიჯებ. მაგალითად არ შემიძლია არცერთ ადამიანთან ვიურთიერთო მოვალეობის გამო. ჩემი სტრატეგია იმაშია, რომ თავად ვქმნი ჩემს თავს და სხვა ადამიანებს ვცდილობ ირიბად მივუთითო, რომ აღიარონ ეს ამბავი. არასოდეს სხვა დამიანების გამოყენებით არაფრისთვის მიმიღწევია და ასევე ვარ სხვების მიმართ. ანუ არასოდეს არავის გამოვიყენებ საკუთარი ამბიციისთვის და არც სხვას გამოვაყენებინებ თავს. სხვათა შორის ერთი თვისება მაქვს კიდევ, ძალიან ნაკლებად მაქვს განვითარებული შურის მომენტი სხვების მიმართ.

რას ნიშნავს შენთვის „შემდგარი ადამიანი“?

– მგონი ასეთი ადამიანი არ არსებობს და თუ არსებობს, ძალიან უინტერესო უნდა იყოს. უმიზნო და თვითკმაყოფილი ადამიანი საშინელებაა. ჩემთვის ადამიანი თავისი შეუმდგარობით უფრო საინტერესოა.

როგორი უნდა იყოს ქალი, რომ შენ მოგეწონოს?

– წარმოდგენა არ მაქვს...

ანუ მთლიანად იმპულსზე ხარ დამოკიდებული?

– ცხადია.

და დისკომფორტს არ გიქმნის „მექალთანის“ სტატუსი?

– არ მიგრძვნია ეგ სტატუსი, შენ მიგონებ რაღაცეებს.

უადგილო თავმდაბლობის დრო გიდგას? რა ჩემი ბრალია, რომ ხარ მდედრობით სქესში პოპულარული და არა მხოლოდ შენი შემოქმედების გამო. ამ პოპულარობას სხვანაირად აღიქვამენ მამრები და ცდილობენ ამოიცნონ მიზეზი, რატომ შეიძლება იყოს გიორგი კეკელიძე პოპულარული ქალებში? ამჟამად რა ხდება შენს პირადში?

– ოოოო... ახლა რაც ხდება, ამას ვერ ვიტყვი...

კარგი, ნუ იტყვი, მერე რომ მე არაფერი დამბრალდეს. ისე, ახალ ჭორს მოგაწვდი თუ გინდა შენზე – რახან ქეთათოსთან კლიპი ჩაწერე, გაჩნდა საბაბი შენი ბოლო რომანის სიუჟეტის.

– სისულელეა. უთხარი მაგათ, რომ საშინლად მცდარი ვერსიაა...

ვაღიაროთ, რომ „ერთი სოფლელი, თუმცა ნიჭიერი ბიჭი, ჩამოვიდა „გოროდში“ უპატრონოდ, უსახსროდ და დღეს ის წარმატებული პიროვნებაა, ასეთივე წარმატებული საჯარო მოხელე და, რაც მთავარია თბილისში ერთ–ერთი სასურველი სასიძო...

– ეგ ყველაფერი მე ვარ? თავისთავად სოფლელობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დანარჩენზე პასუხს არ ვაგებ.

ვინ ხარ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ და „აგრარული უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის – კლასიკური ლექტორი, მეგობარი თუ ...

– ლექციაზე ვარ ლექტორი. ლექციების მერე ვმეგობრობთ. ჩემი სტუდენტების უმრავლესობა აქტიურადაა ჩაბმული იმ ახალ პროექტებში, რომლებსაც მე და ჩემი მეგობრები ვახორციელებთ.

ყველა სტუდენტს იცნობ სახეზე?

– კი, ნამდვილად ყველას ვიცნობ სახეზე, შეიძლება,სახელები და გვარები შემეშალოს.

უცხოეთის ბიბლიოთეკებში ქართული კუთხის გახსნის იდეა შენ გეკუთვნის ხომ?

– ჩვენ დავიწყეთ. ზოგადად იდეა ახალი არაა, უბრალოდ, საქართველო ამოვარდნილი იყო ამ კონტექსტიდან. არადა ინტერესი და მოთხოვნილება დიდია.3 ქალაქში უკვე მოვახერხეთ ჩვენი კუთხის გახსნა. 19 მაისს იხსნება კიევში. ასევე მაისში გაიხსნება სამხრეთ აფრიკაში, პრეტორიაში, რაც ძალიან მახარებს.

ამ ბოლო ვიზიტის შედეგებით რომ საოცარი არქივები დაგვიბრუნდება, ეგ უკვე ყველამ ვიცით – ზალდასტანიშვილების და დიასამიძეების არქივის სახით, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლეა – კონგრესის ბიბლიოთეკის 400 მილიონიანი ელექტრონული ჩანაწერები რომ გაიხსნება ქართველი მკითხველისთვის.

– კი, ეგ სერიოზული სიახლეა. რაც შეეხება არქივს, მალე რობაქიძის, ნოზაძის, ჩხენკელის, ავალიშვილის უცნობი წერილები და ხელნაწერებიც იქნება საქართველოში.

შენ ხარ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში კოჰაბიტაციის საუკეთესო ნიმუში. ძველი და ახალი ხელისუფლება ერთნაირი სიმპათიით განგიხილავს და არ მომიკრავს თვალი არასოდეს რომ ვინმე „ვინმეს კადრს“ გიწოდებდეს. როგორ ახერხებ ამას?

– ჩვენთან ყოველთვის ყველასთვის ღია იყო კარი. საჯარო მოხელეობას ზუსტად მაგ პირობით დავთანხმდი, რომ, როგორც სრულიად აპოლიტიკური ადამიანი, არასოდეს ჩავერთვებოდი პოლიტიკურ აქტივობაში. მგონი ჩემი პოზიციით არანაკლებ საჭირო საქმეს ვაკეთებ. ბიბლიოთეკა არ შეიძლება იყოს პოლიტიზირებული. ჩვენი თანამშრომლები აბსოლუტურად თავისუფლები არიან არჩევანში. „ქართული ოცნების“ მიტინგებზეც დადიოდა ნაწილი და ახლაც იყვნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აქციაზე, მაგრამ, ამის გამო მათ არავინ არასოდეს გაკიცხავს, მითუმეტეს, არ დასჯის.

შენ ახალი მარკეტინგი შეიტანე ძველ სტრუქტურაში, რის გამოც ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურულ ცენტრად იქცა ფაქტიურად. ის გამახსენდა, რომ თქვი, კონგრესის ბიბლიოთეკაში დღეში 5–6 კონგრესმენი მიდის საშუალოდო და, რატომღაც, შემშურდა. ახლა კი აქვთ საპატიო მიზეზი ჩვენს პარლამენტარებს, ბიბლიოთეკაში არსიარულის, მაგრამ, ხომ დაუბრუნდებიან შემოდგომაზე თბილისს.? ვერაფერს მოიფიქრებ, ზოგიერთის მაინც მაგ შენობაში შემოსატყუებლად?

– შენი ხათრით, რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ, მათთვის სასარგებლოც რომ იყოს და საზოგადოებისთვისაც.

მაშინ იმასაც დამპირდი, რომ ყველა ქართველი პარლამენტარისთვის სავალდებულო გახდება მარკ ტვენის „ჰეკლბერნი ფინის,“ ეკზიუპერის „პატარა უფლისწულის“ და კიპლინგის „მაუგლის“ წაკითხვა. დანარჩენები ბიბლიოთეკარმა კონსულტანტებმა ინდივიდუალურად შეურჩიონ.

– რა სისასტიკეა!

კარგი, ვაღიარებ, არც „მეოთხე ხელისუფლების“ ზოგიერთ წარმომადგენელს აწყენდა ეგ კურსი და მემორანდუმის ტექსტს მოგვიანებით შევიმუშავებთ...

– შევთანხმდით! მასონის სიტყვა სიტყვაა!

 

ესაუბრა

კატო ჩულაშვილი

 

"ქრონიკა+" #3

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...