-
პოსტები
511 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი
-
რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩასულ ასლან ბჟანიას არ შეხვდება
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩასულ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, ამ ეტაპზე, შეხვედრას არ აპირებს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს. „პუტინის განრიგში არ შედის შეხვედრა აფხაზეთის პრეზიდენტთან“, - ნათქვამია პესკოვის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში. აფხაზური საინფორმაციო წყაროები კი იუწყებიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია, სამუშაო ვიზიტით, რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა. აფხაზთა ლიდერის პრეს-სამსახურის განცახდებით, ის მოსკოვში 14 თებერვალს ჩავიდა და ვიზიტის ფარგლებში, 10 დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს. გუშინ, 16 თებერვლას აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, ასევე, ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის დედაქალაში, ,,სამუშაო ვიზიტით,“ მათი ეგრეთწოდებული საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ინალ არძინბაც გაემგზავრა. ,,საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს, რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილოს“, - ნათქვამია არძინბას პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. -
ბოლო 24 საათის განმავლობაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან რამდენიმე გადარჩენილი კიდევ ამოიყვანეს, მათ შორის არის 17 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევების ქვეშ 258 საათი გაატარა. ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში უკვე 38 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულია - 105 000-ზე მეტი. მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი სირიაში, ამ დროისთვის, 6 ათასს აჭარბებს. ჯანმო-ს შეფასებით, ჰუმანიტარული დახმარება თურქეთსა და სირიაში, დაახლოებით, 26 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. გაერო-ს განცხადებით, ჰუმანიტარული მიზნით თურქეთისთვის 1 მილიარდი დოლარი, სირიისთვის კი 397 მილიონი დოლარი უკვე შეგროვდა. „გაეროს გენერალურმა მდივანმა არნიშნა, რომ თურქეთი მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილის სახლი გახდა და წლების განმავლობაში დიდ კეთილშობილებას ავლენდა თავისი სირიელი მეზობლების მიმართ. დროა, იგივე სოლიდარობა გამოვხატოთ მის მიმართ და მხარი დაუვიჭიროთ თურქეთს,“ - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა. ოფიციალური ცნობებით, თურქეთის ტერიტორიაზე მთლიანად დანგრეული ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია 50 ათასზე მეტი შენობა. ამასთან, ზოგიერთ შენობამდე ექსპერტ-სპეციალისტებს ჯერ არ მიუღწევიათ. სტიქიის ზონებიდან სხვა რეგიონებში დროებით გადასახლებული ადამიანების რაოდენობა კი 216 000-ზე მეტია. ეკონომისტების ბოლო შეფასებით, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის აღდგენას 84 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება. თურქეთში მასშტაბური ნგრევის მიზეზების გამოძიების ფარგლებში, ეჭვმიტანილად იქნა აღიარებული 220-ზე მეტი სამშენებლო და კონტრაქტორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომელთაგან 30-მდე დააკავეს, ხოლო 150 -მდე ან შინაპატიმრობაში იმყოფება.
-
„ფრისტაილის“, „სნოუბორდისა“ და „ფრისკის“ მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმედღიანი ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები 24-საათის განმავლობაში მუშაობენ. „ბაკურიანი 2023“ -ში 42 ქვეყნის 700 - მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას, ჩემპიონატში მონაწილე პირების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, დაბა ბაკურიანში მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, მართლწესრიგის და საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფენ. მოთხილამურე პატრულები კი სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამსვენებლებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ. კრიმინალური პოლიცია დაბა ბაკურიანში 24-საათის განმავლობაში ახორციელებს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები დაბა ბაკურიანში მობილიზებული არიან შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო ღონისძიებები. მაშველები ორ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი მომსახურების სააგენტოს ესტუმრა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დელეგაციას თან ახლდა საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში, ილია გიორგაძე. „ესპანეთის დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სააგენტოში არსებული ინფრასტრუქტურა. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ქართული მართვის მოწმობების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია განხორციელდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. -
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ მოკლული ქალის დედა, ხათუნა ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. განაჩენის თანახმად, მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ სიძეს, როინ მებონიას 20-წლით პატიმრობა შეეფარდა. როგორც ხათუნა ნაჭყებიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი სიძის მიმართ უვადო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ის აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც მიმართავს. მოკლულის დედა განმარტავს, რომ მისი სიძე ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო და მეუღლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. „როგორ შეიძლება ადამიანი შეურაცხადი იყოს, როცა ის ცოლს კლავს, ამ დროს შვილს ძალიან ფაქიზად იგერიებს. შეურაცხადისთვის ამ დროს ხომ სულ ერთია, ცოლია თუ შვილი? ამაზე პასუხი გამცეს ადვოკატმა. თუ შეურაცხადი იყო, მაშინ იქ სხვებს რატომ არ დაერია? იქ ჩემი უფროსი ქალიშვილიც იყო, თავისი შვილებით. არავინ მითხრას, რომ ეს დაგეგმილი არ იყო! იმ ღამით, როდესაც მე მათთან სტუმრად ვიყავი, ის ძალიან ჩუმად იყო, რაც არ სჩვეოდა. სიტყვა არ უთქვამს. ვიკითხე კიდევაც, რატომ არის ასე ჩუმად, ჩვენი ნახვა არ გაუხარდა-მეთქი? რაღაცნაირ ეჭვებს რომ აჩენს, ისე იყო ჩუმად. მას ეს დაგეგმილი ჰქონდა,“ - აცხადებს ხათუნა ნაჭყებია. მისვე განმარტებით, მომხდარის დღეს სახლიდან გასვლამდე მისმა სიძემ ცოლის დას ჩანთაში დანა ჩაუდო, რომელიც შემდგომ ავტობუსში გამოართვა და მკვლელობა ჩაიდინა. მან ასევე ისაუბრა როინ მებონიას მიმართ ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით. „სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ის არ არის შეურაცხადი. ამის შემდეგ კი დედამ და ბიძამ, თავიდან მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება. რატომ? ხომ დაიდო დასკვნა, რომ ის არ არის შეურაცხადი. ახლა უკვე მე ყველანაირად შევეცდები საქმეს მსვლელობა თავიდან მიეცეს“, - განაცხადა ხათუნა ნაჭყებიამ. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
-
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან. ,,რა თქმა უნდა, არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმებით არც დევი კახოიძის და არც ლაშა ფურცხვანიძის ნაწილში. დევი კახოიძესთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება თავის თავში მოიაზრებდა ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე წაქეზებას, შესაბამისი მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე, დევი კახოიძესთან დაკავშირებით შეიცვალა არა მუხლი და ბრალდება, არამედ კვალიფიკაცია, პირველი ნაწილიდან მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირება მოხდა - მნიშვნელოვანი ზიანი არის ის, რაც დევი კახოიძეს დამატებით წარედგინა. მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაზე სასჯელი გაცილებით დიდია, ვიდრე პირველ ნაწილში. რაც შეეხება ლაშა ფურცხვანიძეს, მას დამატებით ბრალად წაუყენეს უხარისხო სამუშაოების წარმოება. გამოძიება შემთხვევის დღიდან მიმდინარეობს, არანაირი პირობა არ არსებობდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გუშინ მომხდარიყო დამძიმება, იმდენად, რამდენადაც გამოძიებისთვის და მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი დრო იყო. ბრალის დამძიმება მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო დღეს მოხდა, რაც ერთი მხრივ, დაცვის უფლებაზე უხეში ზემოქმედებაა. მეორე მხრივ, ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ყოველთვის მზად ვიყავით, გამოძიებას დავხმარებოდით, ყველა ინფორმაცია, მასალა, დოკუმენტაცია მიგვეწოდებინა, რაც ჩვენ ხელთ არსებობდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აინტერესებდათ, რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს უმძიმესი ტრაგედია და არც ერთ ეტაპზე უარს არ ამბობდნენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე, თუკი, ეს მტკიცებულებებით და გამოძიების შედეგად დადგინდებოდა. რეალურად მივიღეთ ის, რომ პროკურატურამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახელობითი ბრძოლა გამოუცხადა და კარგა ხანია, საქმის ძიება შეწყვიტა. შესაბამისად, დრო გვჭირდება, გავეცნოთ დამატებით ბრალთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ბუნებრივია, წარდგენილ არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმებით“, - აცხადებს ფურცელაძე. საქართველოს პროკურატურამ "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა.
-
16 თებერვალს ბაკურიანში, კოხტას მთაზე, არეალსის დისციპლინაში ქალებსა და კაცებში პირველი ოფიციალური ვარჯიში შედგა. Aerials-ი სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის დროსაც სპორტსმენები 15 მეტრამდე ნახტომს ფერდობიდან ჰაერში ასრულებენ. ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება უფასოა. 19 თებერვალს Aerials-ის გუნდური შეჯიბრების ფინალი, ხოლო 22 თებერვალს Aerials-ის ფინალი გაიმართება.
-
უკრაინაში ფართომაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორის ძალების, სავარაუდოდ, 175 000-200 000 წევრი დაიღუპა ან დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დაახლოებით 40 000-60 000 დაღუპულს მოიცავს. „რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ნაწილობრივი მობილიზაცია“გამოცხადდა“, - აღნიშნულია ანგარიშში. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულ ძალებში მსხვერპლის დიდი ნაწილი არტილერიამ გამოიწვია. ამასთან, უწყების ვარაუდით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ფრონტზე განლაგებულ მსჯავრდებულ-ახალწვეულებში მსხვერპლის მაჩვენებელი 50%-მდე იქნება. „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის ძალებმა განალაგეს დიდი რაოდენობით მსჯავრდებულ-ახალწვეულები. მათ მიერ განცდილი მსხვერპლის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 50%-ს აღწევს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
-
ე.წ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ლოგიკით, პაპუაშვილი უცხოური გავლენის აგენტი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან სხვაგან არ უმუშავია ცხოვრებაში გარდა GIZ-ისა, ამავე ლოგიკით ირაკლი კობახიძეც უცხოეთის გავლენის აგენტი გამოდის, რადგან USAID-ის დაქირავებული ექსპერტი იყო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით უცხოური გავლენის აგენტებად ადამიანის და ორგანიზაციის გამოცხადება არის რუსული მოდელი. ,,ე.წ. „ხალხის ძალის“ პროექტი არის პირდაპირ რუსული კანონის კოპირება. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, ის თითქმის 100 წლისაა და მიღებულია ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის ასალაგმად, ამ კანონშიც შემდეგ ბევრი ცვლილება შევიდა. 2012 წელს რუსეთში იქნა მიღებული კანონი და ყველა ორგანიზაცია და იურიდიული პირი, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება, აგენტებად გამოაცხადეს და მათ შეეზღუდათ ლექციების ჩატარება, ტელევიზიებს მაუწყებლობა, ჟურნალისტებს - საქმიანობის განხორციელება. ასეთი კანონი მიიღეს ასევე ბელარუსმა, ჩინეთმა და ვენესუელამ. „ქართული ოცნება" მათ გზას ერთი - ერთში იმეორებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ. შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.
-
2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი ვიზიტის საფუძველზე გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, ასევე, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს. „ევროპულმა სასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელებული კადრები ციხის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში (სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში) პატიმართა არასათანადო მოპყრობის/წამების შესახებ („ციხის სკანდალი“). სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით: ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა; პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ; ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე; პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა; პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა; ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა; პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ; პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით. ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება. მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. აღნიშნულ ფაქტზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამომძიებელმა ურჩია, განეცხადებინა, რომ ტრავმა მიიღო საწოლიდან გადმოვარდნისას. მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით დაუმტვრიეს თითები. მისი თითები უმეტესწილად დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად. ამასთან, მომჩივანს არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი, თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის. პენიტენციურ დაწესებულებაში ზემოხსენებული მოპყრობის შედეგად მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი გლდანის ციხეში დაექვემდებარა წამებას და ეს წარმოადგენდა ნაწილს იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რომლებიც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი. აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები არ ახმაურებდნენ წამების შემთხვევებს როგორც არაპირადი, ისე პირადი (ოჯახური) კონტაქტების დროს. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო სიტუაციის გაუმჯობესების იმედის ნაკლებობით, შემდგომი დასჯის შიშით და დაცვის მექანიზმების არაეფექტურობით. თუმცა, როგორც მომჩივანმა პროკურორთან განაცხადა, ის თავს საკმარისად დაცულად გრძნობდა, რათა საჩივარი შეეტანა გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ციხის სკანდალისა და 2012 წლის ოქტომბრის სამთავრობო ცვლილებების შემდეგ. საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად აკაკი ოჩიგავას წამების ფაქტზე 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა არაერთი პირი, ხოლო 2018 წლის 6 თებერვალს ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნენ დამნაშავედ. განაჩენი უცვლელად ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ. სხვა პირებთან ერთად, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ყოფილი მსჯავრდებული აკაკი ოჩიგავა. მიუხედავად ზემოთქმულისა, დარღვევის სისტემატურობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ხარვეზები დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილშიც (გამოძიების ვალდებულება), რადგან პასუხისმგებელ პირთა დაკავება და გასამართლება მოხდა გასაჩივრებული ფაქტების დადგომიდან 5 წლის შემდეგ, რაც მართლმსაჯულების აღსასრულებლად ხანგრძლივ ვადად შეფასდა. სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 20 000 ევრო მორალური ზიანისთვის“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეექვსე ანგარიშის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ODIN-მა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. „ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა, ბულგარეთი და ჩეხეთი) და ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-18 ადგილი უკავია. იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მალაიზია. ODIN-ის დანიშნულებაა ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასება, რომელიც ეფუძნება ღია მონაცემთა განსაზღვრებას. მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით მონაცემთა აღწერასა და ცვლილებების შეფასებას Open Data Watch-ი უკვე მეშვიდე წელია ახორციელებს. შეფასების ელემენტები კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე: https://odin.opendatawatch.com/Report/countryProfileUpdated/GEO?year=2022 . ამასთან, სისტემა წლების მიხედვით მონაცემების შედარების საშუალებასაც იძლევა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს ღია მონაცემთა შეფასება 192 ქვეყანაში ჩატარდა, რამაც მოიცვა 22 სტატისტიკური კატეგორია და 65 მაჩვენებელი. შეფასების მიხედვით საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერობს და პირველ ადგილზეა. „შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა, განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და სხვ. თითოეული მაჩვენებლის მიხედვით შეფასების მეთოდოლოგია განთავსებულია Open Data Watch-ის ვებ-გვერდზე. ODIN-ის 2022/23 წლის ანგარიში, რომელშიც შესულია მონაცემები საქართველოს შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
-
საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
,,მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის საშუალება მაქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - ამის შესახებ საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს. ამასთან, უწყების ცნობით, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საბერძნეთი ყურადღებით აკვირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრის ფარგლებში,საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებს. „ვაფასებთ,რომ ჩვენს ხალხებს შორის არის ძალიან თბილი ურთიერთობები. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ხალხი ერთმანეთს და ჩვენი ქვეყნების კულტურა კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით უახლოეს პერიოდში საინტერესო და კონკრეტული ნაბიჯები გვექნება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა კატერინა საკელაროპულუს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ 15-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან. -
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, "მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე. სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები , რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები. 2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამის შემდეგ, ,,გრინსერვის+“-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ,,მშენ-ექსპერტთან“ ხელშეკრულება გააფორმა. ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ. ,,მშენ - ექსპერტის" დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა . ,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, ,,მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. საქართველოს პროკურატურამ "გრინსერვისი+“-ის დირექტორს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი); "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიების მოცემულ ეტაპზე, ბრალდებულია 9 პირი, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა და საქმე არსებითი განხილვისთვის სასმართლოში წარიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი, სხვა პირების დადგენის მიზნით. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
-
რას ჰყვება ბებია, რომლის მკვლელობაც საკუთარმა შვილიშვილმა დაუკვეთა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ქალი, რომლის შვილიშვილსაც მისი ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ჩვენებაში აცხადებს, რომ შვილიშვილზე სესხის გამო მასზე განაწყენებული იყო. როგორც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, ბებიამ ალექსანდრე საყვარელიძეს 10 000 აშშ დოლარი ასესხა, რაც მას არ დაუბრუნებია. ,,მარტში, 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემს მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყავდა. აღნიშნულზე ალექსანდრეს ჩემთვის არც უპასუხია, არც უცდია ბოდიში მოეხადა და არც კონტაქტზე გამოსულა. მე იმდენად გავბრაზდი ალექსანდრეს საქციელზე, მითუმეტეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ, რომ ჩემს შვილს, ილონას ვუთხარი, როცა გარდავიცვლებოდი, ჩემს ქონებას ანდერძით დავუტოვებდი ვალერიან ჯიქიას და არა ალექსანდრე საყვარელიძეს”, - აცხადებს ქალი, რომლის ჩვენებასაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრე საყვარელიძემ ანგარების მოტივით და მკვლელობის შეკვეთით მიზნით, მოიძია პიროვნება, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც, მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა. საყვარელიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის ,,კ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. -
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო. მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა. ,,ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”, - განაცხადა როინ მებონიამ. შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
,,დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს, კედელი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის. „ჩნდება ლოგიკური კითხვა - რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? კინო პოლიტიკის მიღმა იყოს? კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა. მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა. არა მაშინ, როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების განადგურების სურვილი, როცა ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასეთ პირობებში და ასეთ დროს ხელოვნება არ შეიძლება იყოს ნეიტრალური, არ შეიძლება პოლიტიკის „გარეთ“ იდგეს. „კულტურა ასეთ დროს აკეთებს არჩევანს, კულტურა ირჩევს მხარეს, ან ხმამაღლა ლაპარაკობს და სხვადასხვა გზით ებრძვის ბოროტებას, ან უყურებს და დუმს - და, ფაქტობრივად, ეხმარება ბოროტებას. რა თქმა უნდა, გლობალური გაგებით, კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს და შთააგონოს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სამყარო,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
-
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვალს 12:00-დან 18:00 საათამდე ქ. დუშეთში რუსთაველის, შამანაურის, ჭონქაძის, ჭავჭავაძის, დადიანის, წმ. ნინოს, სააკაძის, ბაჩანას, იოსელიანის, ერეკლე II-ისა და მიმდებარე ქუჩებზე აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. ასევე, 12:00-დან 12:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე სოფელ კარიაულებსა და სოფელ თანიანთკარში აბონენტებს ენერგომომარაგებაზე წვდომა არ ექნებათ. ენერგომომარაგება შეწყდება დუშეთში ბაჩანას, ობსერვატორიის, ყვავილის, 300 არაგველის, ერისთავისა და სხვა მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში აღმაშენებლის, ვაშაძის, დიდგორის, გაბრიელ ათონელის, კვირაცხოველის, გიორგი ბრწყინვალეს, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე, ზემოუბანის, ვეძისის და ძველი ვეძისის ტერიტორიაზე. 14:30-დან 18:00 საათამდე - სოფელ დიღომში ფიროსმანის, რუსთაველის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე, ქედის უბანში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
აშშ და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტის მომზადებაზე მუშაობენ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შემჭრის წლისთავზე გამოცხადდება. „ვფიქრობ, დაახლოებით 24 თებერვალს, თქვენ იხილავთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს შეერთებული შტატებისგან და“დიდი შვიდეულისგან“. ეს სანქციები გააფართოვებს და გააღრმავებს ადრე დაწესებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, კერძოდ, შეზღუდავს ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ნაკადს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. მისი თქმით, ასევე მზადდება ინდივიდუალური სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ, ან ცდილობენ მხარი დაუჭირონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს. ნულანდის ინფორმაციით, სანქციები შეიძლება დაწესდეს სხვა ქვეყნების მიმართაც, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას ადრე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში. საუბარია, მაგალითად, ლეპტოპების, მაცივრების და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რუსეთში შეტანის სქემებზე, რომელთა ელექტრონული კომპონენტებიც რუსეთის ფედერაციას შეუძლია ომისთვის გამოიყენოს. „ვაპირებთ, გავაფართოვოთ ექსპორტის კონტროლი, განსაკუთრებით, ვუმიზნებთ ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში. ჩვენ საჯაროდ ვისაუბრეთ ირანზე, ჩრდილოეთ კორეაზე, ჩინეთზე. მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. -
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით”, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ნინი ზედელაშვილმა.
-
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 17 თებერვალს, კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები ჩატარდება. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოები 17 თებერვალს, დილის 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. „სამუშოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: კრწანისის ქუჩის ნაწილს, I ჩიხს, II შესახვევს და I, II, III გასასვლელს, ორთაჭალის, გურამიშვილისა და გორგასლის ქუჩების ნაწილს, ჯაფარიძის, ვოლსკისა და წინანაურის ქუჩებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11 ან ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. -
პარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ. აზარაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. მინისტრი კომიტეტის წევრებს სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
-
,,ვოლტის” კურიერები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
საკურიერო კომპანიების ,,ვოლტის”, ,,გლოვოსა” და "ბოლტის" კურიერებმა საპროტესტო აქციები დღეს ყველა ჩამოთვლილი ორგანიზაციის ოფისთან გამართეს და დამსაქმებლებისგან ღირსეული შრომითი ანაზღაურება და სამუშაო პირობები მოითხოვეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საირმის მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულ მუშებსა და ტელეკომპანია ,,ფორმულას" ოპერატორებს, რომლებიც დამსაქმებლებისგან მათი შრომის დაუფასებლობას და უფლებრივ დისკრიმინაციას აპროტესტებენ. ,,ეს ერთი დიდი პრობლემაა, ამიტომ ყველა ერთად ვართ და ყველა მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ ეს ბიზნეს-დიქტატურა საბოლოოდ ძირფესვიანად ამოვთხაროთ. ჩვენ თუ ჩვენი მომავლისთის არ ვიბრძოლეთ, ისინი არასდროს არაფერს დათმობენ, ამიტომ ყველას გთხოვთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით.“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ტიკარაძემ. მოთხოვნები, რასაც კურიერები აყენებენ, ასეთია: ღირსეული ანაზღაურება; ,,ვოლტ ჯორჯიას” დირექტორის, ნატალია ხიზანიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება; ,,ვოლტის” პარტნიორი კურიერების მიმართ დისკრიმინაციული დევნის შეწყვეტა. აქციის მიმდინარეობისას, გაფიცულებმა კომპანია ,,ვოლტის" ხელმძღვანელობისგან შეტყობინება მიიღეს, სადაც ისინი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებს დახურულ ფორმატში შეხვედრას სთავაზობდნენ. შეკრებილები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ და კომპანიისგან მოითხოვეს, მოიწვიონ საერთო კრება, რომელსაც მათგან ყველა მსურველი დაესწრება. ,,ბევრს არაფერს ვითხოვთ, უბრალოდ, დაგვაფასონ. ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები და ჩვენი შვილები დგანან.“ – აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. -
,,ამდენი დღის შემდეგაც ხომ ამოჰყავთ სასწაულის ძალით გადარჩენილები და დახმარება რომ არ დაგვიანებულიყო, იმ პირველი სამი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა?" ,,ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელია ისეთი, სადაც აქამდე ერთი კრამიტიც კი არ გადაუბრუნებიათ." ქართველი ანა ბერიანიძე, 20 წელზე მეტია, რაც ნათესავებთან ერთად, თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში ცხოვრობს. 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც იქ იყო. მართალია, მისი ქალაქი არ დაზარალებულა, მაგრამ მიწისქვეშა ბიძგები ალანიაშიც საკმაოდ მძლავრად იგრძნობოდა. მიწისძვრა ღამის ისეთ მონაკვეთში მოხდა, როცა ადამიანებს ღრმა ძილით ეძინათ, ამიტომ ბევრმა რეაგირება ვერ მოასწრო და ნანგრევებში მოჰყვა. ანას ერთი და და მისი ოჯახი მიწისძვრის ეპიცენტრში, გაზიანთეფის პროვინციის ქალაქ ისლაჰიეში ცხოვრობდა. სიძე და დიშვილიც ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ. დისშვილი მეორე დღეს ცოცხალი და საღ-სალამათი ამოიყვანეს, სიძე კი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იპოვეს, როცა მათ ქალაქში მაშველების ჯგუფი შევიდა, თუმცა სამწუხაროდ ის უკვე დაღუპული იყო. რეალურად რა ხდება დღეს თურქეთში, როგორ მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, რატომ არის დაზარალებული მოსახლეობა უკმაყოფილო, რამდენად შესაძლებელი იყო პირველივე საათებსა და დღეებში, ნანგრევებიდან მეტი ადამიანის გამოყვანა და რამ შეუშალათ მაშველებს ხელი, ამის შესახებ მოვლენების თვითმხილველი, ანა ბერიანიძე თავად გვიყვება. - თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ იმ ადგილის მოსახლეობა, სადაც ეს მიწისძვრა მოხდა, უმეტესად ყველა მრავალშვილიანია. არიან დიდი ოჯახები, რომელთაგანაც ნანგრევებში 10-15-18 ადამიანია მოყოლილი და ჯერ არც ცოცხალი და არც მკვდარი არ ამოუყვანიათ. ოჯახებით და დიდი ნათესაობით არის ხალხი დაღუპული. საშინელება ტრიალებს. უფრო დიდი საშინელება კი ის არის, რომ პირველ დღეებში, ამ სრულიად დანგრეული ქალაქების მოსახლეობის საშველად ისევ ადგილობრივები, სხვა, ნაკლებად დაზარალებული ქალაქების მაცხოვრებლები ჩავიდნენ და შიშველი ხელებით ცდილობდნენ მათ დახმარებას. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნაცნობების და ნათესავების მოძიებას თუ ნანგრევებიდან გამოყვანას, მხოლოდ საკუთარი ძალებით ახერხებდნენ. არც რამე ტექნიკა, არც სამაშველო სამსახური, არავინ მათთან არ ჩასულა. მაშინ, როცა დასახმარებლად ხალხი იზმირიდან, ანტალიიდან, სტამბულიდან, ანკარადან ჩავიდა, მაშველები სამი დღე ვერ ჩავიდნენ. - რამ შეუშალათ ხელი, რას ამბობდნენ? ვიცით, რომ გზებიც განადგურებული იყო. - კი, გზებიც დაზიანებული იყო, მაგრამ დაზიანებული გზის გარდა არსებობს შემოვლითი გზები; არსებობს საზღვაო და საჰაერო გზაც. თუ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა შეძლეს, რამდენიმე საათში ჩასულიყვნენ, მთავრობამ როგორ ვერ მოახერხა მობილიზება და ჯგუფების გაგზავნა? ან სამხედრო ძალა რატომ არ გამოიყვანეს, ან მაღაროელები რატომ არ ჩართეს სამძებრო სამუშაოებში? მაღაროელები იხვეწებოდნენ, აგერ ვართ, ხალხო, გაგვიწიეთ კოორდინაცია, მოგვეცით აღჭურვილობა და გაგვანაწილეთ ადგილებზეო. თურქები ისეთი გულისხმიერი ხალხია, ქუჩაში ერთს რომ ჰკითხო ვინმეს მისამართი, ნახევარი ქუჩა გარეთ გამოეფინება და ადგილს მიგასწავლის, ამიტომ თავის ძალებით ხომ ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას, მაგრამ ვინმეს ერთი რომ დაეძახა და მათთვის კოორდინაცია გაეწია, სახლში არავინ დარჩებოდა. მეოთხე დღეს თუ ჩაიყვანეს ადგილებზე მაღაროელები, პირველ დღეს რა ედგათ წინ? - ოფიციალურად რასაც აცხადებენ და რასაც მთელი მსოფლიო ვუყურებთ, თითქოს, ყველაფერი პირიქით ხდება და სამძებრო საქმიანობაში ყველა ძალა პირველივე დღიდან არის ჩართული. - ოფიციალურად კი, ყველაფერი კარგად აქვთ გადაღებული. სადაც ერდოღანი ჩადის და კამერები მიჰყვებიან, იქ ყველაფერი წინასწარ არის უკვე მომზადეული, კარვები გაშლილია, ჩაყვანილია ტექნიკა და სამაშველო სამსახურები და სამუშაოები უმაღლეს დონეზე ტარდება. იმის იქით კი, რა მოგახსენოთ... - თქვენ ამბობთ, რომ დანგრეულ ქალაქებსა და სოფლებში დახმარება დაგვიანდა ან არასათანადოდ გაეწიათ? - რა თქმა უნდა,დაგვიანდა. დაგვიანდა კი არა, რამდენი ადგილია, სადაც გარედან ჯერ კიდევ არავინ შესულა და არავინ იცის, რა მდგომარეობაა. - თქვენი დის ოჯახი სადაც ცხოვრობდა, იქ რა რა ხდება? - ჩემი დის ოჯახი სასაზღვრო ქალაქ ისლაჰიეში ცხოვრობდა, რომლის მოსახლეობაც 60-70- ათას ადამიანს აღემატებიოდა. აქედან უმეტესობა დღეს ნანგრევებშია მოყოლილი. სახლებიც, კორპუსებიც, რაც არსებობდა, თითქმის, ნახევარზე მეტი მიწასთან არის გასწორებული და რაც გადარჩა, ისიც ან საძირკველგამოცლია, ან - შუაზე გაყოფილი. არც ერთი ნაგებობა არ დგას, რომელშიც შესვლა და ცხოვრება შეიძლება. მთელი ქალაქი განადგურებულია და მოსახლეობის 60 %-იც მიწის ქვეშ არის დამარხული. ჩემი და ამბობს, რომ ნანგრევებიდან ხალხის ყვირილი და კვნესა ისმოდა პირველ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღესაც, მაგრამ სამი დღის განმავლობაში, რიგითი ადამიანების გარდა, რომლებიც გადარჩენილთა დახმარებას შიშველი ხელებით ცდილობდნენ, ქალაქში სხვა არავინ შესულა. - თქვენი დიშვილიც ადგილობრივებმა გამოიყვანეს თუ როგორ მოხერხდა მისი გადარჩენა? - კი, თავისმა მეგობრებმა გამოიყვანეს. ბინა 6 სართულიანი იყო და ჩემები მე-5 სართულზე ცხოვრობდნენ. ამიტომაც გაუმართლა და გადარჩა. მისი მეგობრები ეძებდნენ, იცოდნენ მათი ბინა და ახლოს რომ დაუწყებს ძებნა და ძახილი, გამოეხმაურა, თურმე. თავიდანვე უთქვამს, რომ არაფერი სჭირდა და კარგად იყო, ოღონდ მამამისის ხმა არ ესმოდა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა ბინაში. რადგან თქვა, რომ კარგად იყო და არაფერი სჭირდა, ბიჭები სხვების საძებნელად წასულან, იმ იმედით, რომ სამაშველო ეკიპაჟები მალე მოვიდოდნენ და გადარჩენილებს უვნებლად გამოიყვანდნენ. როგორც ჩანს, მოგვიანებით ბავშვს უჰაერობაში სუნთქვა გაუჭირდა, ყვირილი დაუწყია, ცუდად ვარ, ვიხრჩობიო და ამის მერე მოუხერხებიათ მისი გამოყვანა. წარმოიდგინეთ, იმ ბინას, სადაც ჩემები ცხოვრობდნენ, ჯერ სახურავის ნანგრევები არა აქვს მოცილებული. ჩემი და ამბობს, რომ იმ კორპუსში ასამდე ადამიანი მაინც ცხოვრობდა, ყველანი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაგან თითქმის ყველა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. - თქვენი და როგორ გადარჩა? - ჩემი და საბუთების გასაკეთებლად, ორი დღით, ალანიაში იყო ჩამოსული და ამან გადაარჩინა. როგორც კი მიწისძვრა მოხდა და ეპიცენტრის შესახებ გავიგეთ, ის, მეორე დაც და ჩვენი სხვა უახლოესი ნათესავებიც, მაშინათვე ისლაჰიეში გაემგზავრნენ. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მათ დახვდათ... თავიდან ის ანუგეშებდათ, რომ ბავშვი ცოცხალი იყო. როგორც აღმოჩნდა, მიწისძვრის დროს, ის და მამამისი სხავდასხვა ოთახში იმყოფებოდნენ და მამის ხმა თავიდანვე აღარ ესმოდა. შესაბამისად, ვფიქრობდით, რომ მისი ცოცხლად დარჩენის შანსი ნაკლები იყო, მაგრამ მაინც იმედით ველოდით, მაშველები როდის გამოჩნდებოდნენ, რადგან საკუთარი ძალებით და შიშველი ხელებით უფრო ღრმად ვერაფერი მოიმოქმედეს. მთელი სამი დღე-ღამე იქ იყვნენ და უცდიდნენ, მათ ქალაქში დახმარება როდის შევიდოდა. ღამეს მანქანაში ათევდნენ, ტელეფონსაც მანქანაში ტენიდნენ, მაგრამ სატელეფონო კავშირები წყდებოდა და ძლივს ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. თითო წინადადებით ვიგებდით, რა მდგომარეობა იყო. ვეკითხებოდი, მოვიდა ვინმე, დაიწყო სამაშველო სამუშაოები? მპასუხობდნენ, რომ არა, ჯერ არავინ გამოჩენილა... ნანგრევებიდან ესმოდათ კვნესა და გოდება და ვერაფერს შველოდნენ. მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა სამაშველოს ერთი ეკიპაჟი იზმირიდან, ისიც შემთხვევით. - შემთხვევით - როგორ? - როგორ და როგორც კი მიწისძვრა მოხდა, იზმირის სამაშველო სამსახური თავიანთი ზემდგომებისგან ბრძანებას ელოდა, თურმე, საით, რომელი მიმართულებით წასულიყვნენ, მაგრამ არავინ დაჰკავშირებიათ. სხვა სამსახურებს, ვისაც ჰკითხეს, ყველანი მათსავით, ბრძანების მოლოდინში, გაურკვევლობაში რომ აღმოჩნდნენ და მთელი დღე ისევ არავინ შეეხმიანათ, თავადვე მიუღიათ გადაწყვეტილება და ეკიპაჟებს თვითნებურად დაუწყიათ მოქმედება. გზა და გზა სხვადსხვა ქალაქს რომ მიადგნენ, იქაური ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ სამაშველო სამუშაოების დაწყების თაობაზე, ცენტრალური ხელისუფლებიდან, ჯერ დავალება მიღებული არ ჰქონდათ, ამიტომ მათთვის ახსნა-განმარტებები მოუთხოვიათ, თუ ვისი ნებართვით იყვნენ მისულები. ეკიპაჟი იძულებული გამხდარა, უკან გაბრუნებულიყო. ამის მერე უცდიათ ისლაჰიეში შესვლა, სადაც, ეტყობა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოქცეულები და სამაშველო ეკიპაჟისთვის ახსნა-განმარტების მოსათხოვად არავის ეცალა. ჩემმა დამ მითხრა, რაც მოვიდნენ, მას შემდეგ არც დაუსვენიათ, შეუჩერებლად მუშაობდნენო, მაგრამ ღამით მაინც ვერაფერს ახერხებდნენ, რადგან სრული სიბნელე ისადგურებდა. განათების არავითარი საშუალება არ ჰქონიათ, უბრალო ფანრებით და ტელეფონის შუქით უნათებდნენ ერთმანეთს, თურმე. ამასთან, იყო ცუდი ამინდი, თოვა და - 5 გრადუსი ყინვა. მესამე დღეს, ამ სამაშველო ეკიპაჟის დახმარებით, იპოვეს ჩემი სიძე, რომელიც უკვე დაღუპული იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ იქ მიცვალებულების ძებნა კი არა, ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილების ძებნა მიმდინარეობს. ჩემი სიძის სიხლოვესაც ვიღაცის ხმა ისმოდა და იმის ამოსაყვანად რომ ჩავიდნენ, იქ აღმოაჩინეს ესეც, თორემ ვინ იცის, ჩემებს, მშიერ-მწყურვალებს, რამდენ ხანს მოუწევდათ ყინვასა და სიცივეში ლოდინი. ისიც ნუგეშია, რომ შევძელით და ჩვენი მიცვალებული მათი წესის და რიგის მიხედვით დავკრძალეთ, ბევრს ამაშიც არ გაუმართლა. ვისაც ნანგრევებში პოულობენ, დიდ ორმოში ერთად ათავსებენ, მიცვალებულების გასარჩევად და საფლავებისთვის ახლა ვის სცალია? როგორც ჩემმა დებმა მითხრეს, ყარს უკვე იქაურობა, ამაზრზენი სუნი დგას გარშემო. - როცა თქვენი ნათესავები ისლაჰიედან წამოვიდნენ, იმ ერთი ეკიპაჟის გარდა, სამაშველო სამსახურები ქალაქში უკვე იყვნენ? - მათი წამოსვლის მერე, მხოლოდ მეოთხე დღეს შევიდნენ სხვადსხვა სამაშველო ჯგუფები. - თუ დანგრეულ ქალაქებში დახმარება დაგვიანდა და სამაშველო-სამსახურების მობილიზება დროზე ვერ მოხერხდა, მოსახლეობა უკმაყოფილებას არ გამოთქვამს? - მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი განუზმელია, მაგრამ ოფიციალური წყაროებით ამის შესახებ არავინ გადმოსცემს. საინფორმაციო საშუალებებს მთვარობის კრიტიკა აკრძალული აქვთ, ამიტომ ინტერნეტის საშუალებით, უამრავი ადამიანი საკუთარ აზრს ,,ტვიტერზე“ გამოხატავდა. მთავრობის მიმართ საყვედურების და კრიტიკის ქარ-ცეცხლი ტრიალებდა ამ ქსელში, მაგრამ ერდორანმა ზომები მის წინააღმდეგაც მიიღო. მეორე დღესვე გამოვიდა ტელევიზიით და სპეციალური ბრძანება გასცა, რომ თუ ამ ვითარებას ვინმე ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენებს და სოციალურ პლატფორმებზე ხელისუფლების კრიტიკას დაიწყებს, დაადგინეთ მათი ვინაობა და დაუყოვნებლივ დააკავეთო. ისეთი მუქარით და დაქადნებით გააკეთა ეს განცხადება, გეგონებოდა, ადამიანი კი არა, ლუციფერი ლაპარაკობდა მის ნაცვლად. - როგორც ვიცით, მიწისძვრიდან პირველ დღეებში ნანგრევების ქვეშ მოყოლილმა ბევრმა ადამიანმა, თავიანთი ადგილმდებარეობის და მდგომარეობის შესახებ მიმართვები და ვიდეოები, სწორედ, ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა. - კი, ძალიან ბევრი მსგავსი მიმართვა იწერებოდა იმ დღეებში, მარტო საკუთარ თავზე კი არა, სხვებზეც ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ აი, ჩვენს გვერდით კიდევ ისმის ამათი და ამათი ხმა, აქა და აქ ვართ. ძირითადად ,,ტვიტერის“ საშუალებით აგზავნიდნენ ზუსტ მისამართებს, თუ სად იმყოფებოდნენ, რამდენნი იყვნენ, რაც მაშველებს საქმეს გაუიოლებდა, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ერდოღანმა ტვიტერი საერთოდ გათიშა. ხალხში ამანაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ტელეფონების ხაზებიც გათიშული იყო და ხალხი რეალურ ამბებს, კომპიუტერებიდან და პლანშეტებიდან, ინტერნეტის საშუალებით გებულობდა. ინტერნეტით გავრცელებულ კადრებში ვნახე ის ვიდეოც, უბრალო მოსახლეობა, ვისაც რა გაჩნდა, სატვირთოები, ტრაქტორები, ექსკავატორები, ზოგი თავ-თავიანთი სამუშაო იარაღებით, კილომეტრიან რიგში, ერთ-ერთი ქალაქის მისადგომებთან როგორ იდგენენ და დასახმარებლად შესვლას ითხოვდნენ, მაგრამ გზა გადაკეტილი იყო და არ უშვებდნენ. ჟურნალისტებიც იყვნენ იქ, რომელთანაც ერთი თურქი ცნობილი მომღერალი მივიდა, ვისაც მიწისძვრის შედეგად, იმ ქალაქში რამდენიმე ნათესავი ჰყავს დაღუპული და ამ ჟურნალისტებს ჰკითხა, რას ელოდებით, რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ არ უშვებენ ამ ხალხს დასახმარებლადო და მათ უპასუხეს, რომ ბრძანებას ელოდებოდნენ. ვის და რის ბრძანებას ელოდებით, გახსენით კორდონი და შეგვიშვითო, ხალხი აყვირდა. - კი, მაგრამ რა იყო მიზეზი, რატომ იგვიანებდა ან ვისგან უნდა ყოფილიყო ბრძანება, რატომ არ უშვებდნენ ამ ხალხს დასახმარებლად ან სად იყო სამაშველო ეკიპაჟები? რით ხსნიან ამ ქმედებას? - ზუსტი მიზეზი არავინ იცის, რაც თვალსაჩინო იყო და არის, ესაა ორგანიზების და კოორდინაციის ნული დონე. დასახმარებლად არმია მეოთხე დღეს გამოიყვანა, მაღაროელებიც - მეოთხე დღეს. არადა, მაღაროელებიც პირველივე დღიდან იხვეწებოდნენ, გაგვიშვითო. მათ ხომ ყველაზე უკეთ იციან მიწისქვეშ და სიღრმეებში მუშაობის წესი და ტაქტიკა? თურქეთის ხელისუფლების მოქმედების მიმართ ბევრნაირი აზრი არსებობს, ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მე ჩემეული ახსნა მაქვს. ეს არის მთავრობის უსუსურობის შედეგი, როცა ძალაუფლება ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული და საკვანძო საკითხებზე პასუხიმგებელ პირებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. მით უმეტეს, როცა სათანადო კომპეტენციაც არა აქვთ. თურქეთის სამაშველო სამსახურების უფროსი არის პირი, რომელსაც უმაღლესი განათლებაც არ აქვს მიღებული და რელიგიურ სასწავლებელში, მხოლოდ ყურანის კურსი გაიარა. როცა ასეთი მნიშვნელოვანი სისტემის სათავეში ასეთი უცოდინარი ადამიანი დგას, მეტს რას უნდა ელოდო? მან დამოუკიდებლად გადაწყვეტილება ვერ მიიღო, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო, ქმედითი ნაბიჯები ვერ გადადგა და ელოდა ბრძანებას, რომელიც ერდოღანმა არ გასცა. ერთი დაეძახათ და სამაშველო სამსახურები კი არა, მთელი თურქეთი დადგებოდა ფეხზე. ნახავდით, ალბათ, იმ კადრებს, აეროპორტები ხალხით რომ გაივსო, იხვეწებოდნენ, რეისების დანიშვნას, თვითმფრინავებს ითხოვდნენ, რათა სტიქიის ზონაში ჩასულიყვნენ და დახმარება გაეწიათ. ვერც ეს მოხერხდა. მოხალისეებს თავი დავანებოთ, რამხელა ჯარი და არმია ჰყავს, ეს ძალა გამოეყენბეინა. მაგრამ თურქეთის ჯარის ავტორიტეტი, რამდენიმე წლის წინ, ცნობილი აჯანყების დროს გააცამტვერა და ამიტომ ახლა ეშინია, ჯარი და მოსახლეობა ისევ არ დაახლოვდნენ. სამხედროები ხალხს რომ დაეხმარებიან, მათ შორის ნდობა და კეთილგანწყობა დამყარდება და ეს არ უნდა. ამიტომ არ გაიყვანა დროულად სამხედრო ძალა. თურქეთის პრეზიდენტის ქმედებებს პოლიტიკურ ჭრილში და უფრო ღრმად რომ ჩავხედოთ, იმდენ საშინელებას დავინახავთ... - დღეს, როცა მის ქვეყანაში ასეთი უბედურება ტრიალებს, შეიძლება მსგავს შიშებზე იყოს საუბარი? - უარესსაც გეტყვით, ბევრი თურქი ფიქრობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მიწისძვრით დაზარალებული რეგიონისთვის მიზანმიმართულად დააგვიანა დახმარების გაწევა, ვინაიდან მათ მიმართ კეთილგანწყობილი არასდროს ყოფილა, რადგან არც ისინი გამოირჩეოდნენ მის მიმართ სიმპათიით და არჩევნებში მხარს არასდროს უჭერდნენ. ამიტომ რაც ნაკლები ხალხი გადარჩება, მით ნაკლები ოპონენტი ეყოლება, თუმცა, მოქალაქეები ამ შემთხვევის მერე ისეთი გამწარებულები არიან, ერდოღანისთვის უმჯობესია, არჩევნებზე აღარ იფიქროს. წარმოიდგინეთ, სამი დღე-ღამე რომ ელოდები, იქნებ, ვინმე გამოჩნდეს და გიშველოს, ცოცხალი თუ არა, მკვდარი მაინც დაიხსნა ნაგრევებიდან. ყველას იმედის თვალით რომ შეჰყურებ და არავინ მოდის... მით უმეტეს, როცა პირველი 72 საათია გადამწყვეტი, მერე უკვე მხოლოდ სასწაული შეიძლება მოხდეს. ამდენი დღის შემდეგაც ხომ ამოჰყავთ სასწაულის ძალით გადარჩენილები და დახმარება რომ არ დაგვიანებულიყო, იმ პირველი სამი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა? - ამ დროისთვის დასტურდება, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თურქეთში 30 ათასს გადასცდა. რას ამბობენ ადგილობრივები, რეალურად, რამდენი ადამიანი შეიძლება სტიქიის მსხვერპლი აღმოჩნდეს? - საუბედუროდ, რიცხვი, რომელიც ამჟამად სახელდება, რეალურ მსხვერპლთან მიახლოებულიც არ იქნება. როგორც უკვე გითხარით, დაღუპულები, რომლებსაც ახლა ითვლიან, ის ადამაინები არიან, ვინც, ცოცხლების ძებნაში, გზადაგზა იპოვეს, თორემ გარდაცვლილების ძებნა და გამოყვანა ჯერ არ დაუწყიათ. ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელია ისეთი, სადაც აქამდე ერთი კრამიტიც კი არ გადაუბრუნებიათ და ხომ წარმოგიდგენიათ, მსხვერპლი რამხელა შეიძლება იყოს? - დაახლოებით რამდენ ადამიანს ვარაუდობენ, ვინც ამ ქალქებში ცხოვრობდა და ვინც, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს? - ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის ნანგრევებში, მინიმუმ 200 ათასი ადამიანი მაინც არის მოქცეული და ეს, ალბათ, ყველაზე დაბალი რიცხვია. ჩემი და ამბობდა, რომ მარტო მის ბინაში ასამდე ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად მის ქალაქს კი 60-70 ათასი მობინადრე ჰყავდა. სხვა მეზობელ ქალაქებში 80-100 ათასი მოსახლეც იყო. ასეთი რამდენიმე ქალაქია დანგრეული და მიწასთან გასწორებული. ეს რაც შეეხება ქალაქებს, ახლა რამდენი სოფელია, სადაც ჯერ არც მაშველები და არც ჟურნალისტები შესულან და არავინ იცის, რა მდგომარეობაა. მთელი მსოფლიო უყურებს მხოლოდ იმას, რასაც ტელევიზიით ოფიციალურად გადმოსცემენ, ორმაგად დიდი უბედურება კი კამერების მიღმაა დარჩენილი. ირმა ბერიშვილი
-
ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ლია ახეჯაკოვას ბოდიშს უხდის
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ალექსანდრე მოლოჩნიკოვი მოსკოვის თაეტრ „სოვრმენნიკიდან“ რუსეთის სახალახო არტისტის, მსახიობ ლია ახეჯაკოვას გათავისუფლებას გამოეხმაურა და დაგმო ყველა იმ პირის საქციელი, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა. ,,ჯანდაბას, ჩვენ, ახალგაზრდები, როგორმე გავარღვევთ ამ წრეს, მაგრამ იმისთვის, რომ უდიდეს არტისტებს, მოხუცებს სცენის და კინოს ბოლო წლები მოპარეთ, თქვენ (კულტურის სამინისტრო, დეპუტატებო, თეატრის მენეჯერებო), ვინც მათ სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევთ, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით. თუმცა, თქვენ უკვე ხართ მასში. ახეჯაკოვა, ნაზაროვ, ფილიპენკო, გვაპატით ეყველას!“ - დაწერა რეჟისორმა სოციალურ ქსელში. მოლოჩნიკოვის მიმართვას, ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული მსახიობი, დიმიტრი ნაზაროვი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა.