Jump to content
Planeta.Ge

როგორ რეაგირებს შრომის ინსპექცია მოქალაქეებისგან შესულ საჩივარზე ანუ სამკვირიანი ბრძოლის დასასრული


 

image.jpeg

12 სართულიანი საცხოვრებელი კორუსი, რომლის ფოტოსაც თავშივე გთავაზობთ, თბილისში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, მირიან მეფის ქუჩაზე, ყოფილი სტადიონის და ამჟამად ბავშვთა გასართობი პარკის გასწვრივ შენდება. მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და გეგმის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. მართალია, კორპუსის დანარჩენი სამი ფასადი ბოლომდე დასრულებულია, მაგრამ ამ ერთ მხარე ჯერ კიდევ დარჩა სამუშაო.

თუმცა ჩემი სათქმელი კორპუსის ჩაბარების ვადებს სულაც არ უკავშირდება და თქვენს ყურადღებას სულ სხვა ფაქტზე შევაჩერებ.

ჩემი დროებით საცხოვრებელ ბინა აღნიშნულ მშენებლობას გადაჰყურებს და როცა აქ გადმოვედით, კორპუსის ფუნდამენტი უკვე ჩაყრილი იყო, ამიტომ საძირკვლიდან ვერა, მაგრამ პროცესს პირველიდან ბოლო ართულამდე გულდასმით ვაკვირდებოდი. შესაბამისად, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს კორპუსი ჩემს თვალწინ აშენდა.

ვიდრე სახურავს დაასხამდნენ, მისი მთლიანი პერიმეტრი ჩემი მე-16 სართულიდან ხელისგულივით ჩანდა და 12 სართული ისე ამოიყვანეს, არც ერთ მუშაზე ჩაფხუტისა და სტაფილოსფერი ჟილეტის გარდა, არანაირი დამცავი საშუალება, არანაირი ღვედი ან სპეცეკიპირება არ შემიმჩნევია. ასევე, არც შენობას ჰქონია რამე სახის ბარიერი ან ბადე, უსაფრთხოების ყველა ნორმა და წესი სრულად იყო უგულვებელყოფილი.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მუდმივად მაღელვებდა, მაგრამ გულწრფელად მეგონა, რომ ასეთ დარღვევებზე კონტროლს შრომის ინსპექცია მოქალაქეების ჩაურევლად ახორციელებდა; მეგონა, ამ სამსახურის თანამშრომლები ქალაქში უბან-უბან დადიოდნენ და მშენებარე კორპუსებს პერიოდულად ამოწმებდნენ. ამიტომაც იმ იმედით, რომ დღეს თუ არა, საჭირო ზომებს ხვალ მიიღებდნენ, რეაგირება დავაგვიანე... ბოლოს, როცა საკუთარი სამზარეულოს ფანჯრიდან კიდევ ერთხელ დავინახე, ამ ობიექტზე დასაქმებული ზოგიერთი პირი სიცოცხლისთვის საშიშ როგორ პირობებში ასრულებდა სამუშაოს, გადავწყვიტე, ინფორმაცია შრომის ინსექციისთვის მიმეწოდებინა. როგორც მითხრეს, მათთან დაკავშირება სატელეფონო ცხელი ხაზის ან სოციალური ქსელის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი.

,,ფეისბუქში“ სასწრაფოდ მოვძებნე შრომის ინსპექციის გვერდი და აღნიშნულის შესახებ ვაცნობე. წერილს თან დავურთე ჩემს მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რაც ფაქტის რეალურობას ადასტურებდა.

 image.png

მალევე მიპასუხეს: ,,მოგესალმებით. საკითხი გაზიარებულია ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტთან, თუმცა დამატებით გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ საჩივრის სახით.“

წერილს ახლდა იმ პუნქტების ჩამონათვალი, რაც საჩივრის განცხადებაში უნდა მიმეთითებინა. მართალია, განცხადების ფორმა მათ ვებგვერდზე ვერ ვიპოვე, მაგრამ ამას არ შევუფერხებივარ, თავადვე შევადგინე, შევავსე ყველა პუნქტი, მივუთითე ობიექტის მისამართი, საკუთარი მისამართი, საჩივრის არსი, მივაწერე ვინაობა, განცხადების შედგენის თარიღი და მითითებულ რეკვიზიტზე გადაგზავნე.

ეს იყო 1 მარტს და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი სასოწარკვეთაც.

2 მარტს მეილზე მომივიდა წერილი, შინაარსით: ,,მოგესალმებით, გთხოვთ, განცხადება გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი, რათა შევძლოთ მისი საქმისწარმოებაში მიღება.

პატივისცემით, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური“

ვუპასუხე, რომ ვერ ვხვდებოდი, ელექტრონულად შევსებულ განცხადებაზე სად და როგორ უნდა მომეწერა ხელი ან რა საჭირო იყო ამდენი ბიუროკრატია, როცა ყველაფერი გასაგებად მქონდა დაწერილი, მისამართიც, ფაქტიც, პრობლემის არსიც და შეეძლოთ ჩემი ფაქსიმილეს გარეშეც მიეღოთ ზომები. ისიც მივწერე, სულაც რომ ანონიმურად მიმემართა მათთვის, რეაგირება დაუყოვნებლივი უნდა ყოფილიყო.

იმავე დღეს იგივე პასუხი, ოღონდ უკვე კანონის ენით ,,გამყარებული“ დამიბრუნეს უკან: ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, იმისათვის რომ მოხდეს თქვენი განცხადების განხილვა, აუცილებელია იგი  შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

2.  განმცხადებლის/შემომტანის   ვინაობა (სახელი, გვარი ,პირადი ნომერი)  და მისამართი;

3. მოთხოვნა;

4. განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.“

ამ წერილის საპასუხოდ რა მივწერე, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ისედაც ასე, პინგ-პონგივით გაგრძელდა სიტყვა-პასუხი, ჩემსა და შრომის ინსპექციას შორის, მივწერე-მომწერეს, მივწერე-მომწერეს... ბოლოს გავჩერდი, თუმცა რა თქმა უნდა, მჯეროდა, რომ ჩემს საჩივარს მათგან რეაგირება ნებისმიერ ვარიანტში მოყვებოდა, რის შესახებაც წერილობით მაცნობებდნენ.

image.png 

ამასობაში, ისევ ყოველდღე ვიყურებოდი ფანჯრიდან და ვაკვირდებოდი, შეიცვალა თუ არა რამე ჩემს მეზობლად მიმდინარე მშენებლობაზე, დაემატათ თუ არა რამე სახის აღჭურვილობა, დაიწყეს თუ არა სადმე რამე ჯებირის ან ბარიერის დამაგრება, შეიმჩნევა თუ არა რამე ცვლილება, მაგრამ ვერაფერი მსგავსი ვერ დავინახე. ჩვეულებრივად აგრძელებდნენ მუშაობას.

image.png

ასე გავიდა ოცი დღე და რადგან შრომის ინსპექციიდან არავითარი გამოხმაურება არ მოვიდა, 22 მარტს ისევ მივწერე, ეცნობებინათ, რა რეაგირება მოჰყვა ჩემს განცხადებას და რა ზომები გატარდა ადგილზე შრომის უსაფრთხოების დარღვევების აღმოსაფხვრელად?

ისევ მალევე გამცეს პასუხი (ვერ დავუკარგავ): ,,მოგესალმებით, როგორც გეცნობათ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმოწერილი, სხვა შემთხვევაში არ მიიღება საქმისწარმოებაში. პატივისცემით, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური.“

ამ სიტყვებმა ისეთ შოკში ჩამაგდო, რომ ბრაზის განელებას აღარ დაველოდე და ვაღიარებ, საკმაოდ უხეში პასუხი დავუბრუნე. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ მე მათ დავუკავშირდი როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, საზოგადოების რიგითი წევრი და არა ჟურნალისტი, რომელიც ამ თემაზე მუშაობას ან საკითხის კვლევას აპირებდა. ამიტომ იმედი მაქვს, ასეთ გაცხარებას და არაჟურნალისტურ საქციელს მაპატიებთ.

 image.jpeg

მხოლოდ ამ ბოლო სიტყვა-პასუხის შემდეგ გადავწყვიტე, მასალა დამეწერა და ეს ამბავი ფართო საზოგადოებამდე მომეტანა.

მანამდე კი, ჩემი შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ მთელი ეს ამბავი შრომის უსაფრთხოების ფეისბუქგვერდზე დავწერე, კადრებიც თან დავურთე და კომპეტენტური პირებისგან ჭეშმარიტების დადგენაში დახმარება ვითხოვე. მაინტერესებდა ექვათ, ჩემსა და შრომის ინსპექციას შორის, რომელი იყო მართალი. მე, ვინც ფაქტებით გამყარებული ჩემი ხელმოუწერელი საჩივრის საფუძველზე დაუყოვნებელ რეაგირებას ვითხოვდი თუ ისინი, ვინც ჯიუტად მიმეორებდნენ, რომ საქმის წარმოების დასაწყებად მაინც და მაინც ჩემი ფაქსიმილე იყო საჭირო. 

ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ადამიანი გამომეხმაურა, მაგრამ ვინც გამომეხმაურა, ყველა ერთხმად თანხმდებოდა, რომ აღნიშნული მშენებლობაზე არათუ შრომის უსაფრთხოების ნორმები ირღვეოდა, კრიტიკულ შეუსაბამობასთან გვქონდა საქმე. ამიტომ ჩემ მიერ გაგაზავნილი მასალის საფუძველზე, ყოველგვარი ფასქიმილეს მოთხოვნის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა მიღებულიყო ზომები.

რამდენიმე ადამიანი, ვინც აღნიშნულ ჯგუფშია გაწევრიანებული, პირად სასაუბროშიც დამიკავშირდა და საკუარი გულისტკივილიც გამიზიარა.

,,შრომის ინსპექციაზე რა გითხრათ, როცა ჩვენ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები თავად მშენებლობებზე დასაქმებული მუშების თუ მათი ზემდგომების მხრიდანაც ხშირად ვაწყდებით გულგრილობას და უცოდინრობას. ადგილზე რომ მივდივართ, სამუშაო პირობებს ვამოწმებთ, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების ზომებზე ველაპარაკებით ან კომპანიიისგან დადგენილი ნორმების შესრულებას ვითხოვთ, ისეთ პასუხებს გვცემენ, ხანდახან ხელს ვიქნევთ ყველაფერზე. ძალიან გულდასაწყვეტია მათგან იმის მოსმენა, რომ წლებია ასე მუშაობენ, მაგრამ აქამდე არაფერი მოსვლიათ; რომ სამშენებლო საქმეში ამდენხნიანი გამოცდილება აქვთ და ახლა ვინ რა უნდა ასწავლოთ... არადა, თითქმის ყველა ობიქტზე, რაც კი შენდება, როგორც დედაქალაქში, ისე სხვაგან უხეშად არის დარღვეული შრომის უსაფრთხოების ნორმები. ზოგან საერთოდ, კრიტიკულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. ასეთ შემთხვევებში მშენებელი კომპანია არათუ ჯარიმდება, საერთოდ ჩერდება მშენებლობა და ვიდრე უსაფრთხოების ყველა ნორმა არ იქნება დაცული, ხელის განძრევის უფლება არ აქვთ.“ - მომწერა ერთ-ერთმა სპეციალისტმა, რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა.

,,შრომის უსაფრთხოების“ ფეისბუქჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ბერიანიძემ ჩემი განცხადების ქვე, კომენტარებშივე გადამიხადა მადლობა აქტიურობისთვის და დამაიმედა, რომ თუ ადგილზე შრომის ინსპექცია არ მივიდოდა, აღნიშნული ობიექტის წარმომადგენელი მათ ჯგუფში მაინც ნახავდა ჩემს სტატუსს და გარკვეულ ზომებს მიიღებდნენ.

,,ინსპექცია კიდე ჩვეულებრივი საჯარო უწყებაა. როგორც ყველა სახელმწიფო მაკონტროლებელი, რომელია ძლიერი? სამსახური ძლიერი ხდება მაშინ, როდესაც ძლიერი თანამშრომლები და მცოდნე მმართველები ჰყავს, მანდ არც ერთია და არც მეორე. როგორ შეიძლება მცოდნე და გამოცდილი ადამიანი მუშაობდეს იმ ხელფასზე, რაც მანდ აქვთ, თან მსგავს საპასუხისმგებლო საქმეზე? ჩვეულებრივ, როგორც სხვაგან ხდება, პარტიული და ნაცნობობის დასაქმების ბიუროა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეგ ადამიანები ჩვენი და ჩვენი შვილების ბედს წყვეტენ ასეთ დროს. 4 წელი ხდება უკვე რაც ამ მიმართულებით ვმუშაობ და თითქმის ყველა ვიცი, ვინ რისი შემძლეა. ამ პერიოდში 2 ინსპექტორი ვნახე სულ ვისაც შეიძლება შრომის ინსპექტორი უწოდო.“ - აღნიშნა ზურაბ ბერიანიძე.

არ ვიცი, მის ვარაუდი გამართლდა და ზემოთნახსენებ ჯგუფში ჩემი სტატუსი მართლა წაიკითხა ვინმე მნიშვნელოვანმა პირმა თუ შრომის ინსპექციისთვის ელექტრონული ფოსტით მიწერილმა ჩემმა ბოლო წერილმა ან მუქარამ დააფიქრათ, მაგრამ ამასობაში მათგან ის პასუხი მომივიდა, რასაც 1 მარტიდანვე ველოდი: ,,მოგესალმებით, განხორციელებული ქმედებების შესახებ გეცნობებათ ელ-ფოსტის საშუალებით. პატივისცემით, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური.“

ამ პასუხიდან მეორე დღეს, პარასკევს, 24 მარტს დავუკავშირდი შრომის ინსპექციის პრეს-სამსახურს და გადავამოწმე, შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტის შემჩნევის შემთხვევაში, რიგით მოქალაქეს რა გზით და ხერხით შეეძლო მიემართა შრომის ინსპექციისთვის და რა შედეგი ექნებოდა მის აქტივობას?

განმიმარტეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს დარღვევის ფაქტზე შეეძლო ტელეფონის ცხელი ხაზის ან ფეისბუკგვერდის, ან ელფოსტის საშუალებით ეცნობებინა მათთვის, რასაც ინსპექციის მხრიდან აუცილებლად მოჰყვებოდა სათანადო რეაგირება.

ამის შემდეგ მე მათ შექმნილი ვითარების შესახებ ვუამბე და გავაფრთხილე, რომ აღნიშნული საკითხის გახმაურებას ვაპირებდი.   

ძალიან მალევე მაცნობეს, რომ ინსპექტორები უკვე ადგილზე იყვნენ და ამოწმებდნენ ობიექტს, ხოლო მანამდე არაერთხელ მოთხოვილი ჩემი ფაქსიმილე იმისთვის იყო საჭირო, რომ საჩივრი დაეფიქსირებინათ და სტატისტიკაშიც აღერიცხათ.

ამაზე ისევ ვუპასუხე, რომ ჩემთვის გამოგზავნილ წერილებში, სტატისტიკა არასად არ იყო ნახსენები და ყველგან მხოლოდ იმას მწერდნენ, რომ საქმეს წარმოებაში ვერ მიიღებდნენ, თუ ჩემი ხელმოწერა არ ექნებოდათ.
ამასთან, დავინტერესდი, თუ რეაგირება მანამდეც იყო, რატომ გრძელდებოდა სამუშაოები ობიექტზე იგივე პირობებში, რატომ არაფერი შეიცვალა ან რატომ არ მაცნობეს შედეგების შესახებ და 20 დღის შემდეგაც რატომ მიპასუხეს, რომ ხელმოწერის გარეშე ვერაფერს აკეთებდნენ?

,,რეაგირება იყო, ინსპექტირება დაწყებულია. რაც შეეხება ფაქსიმილიეს, ტელეფონით გადაღებულიც მისაღებია, სოც ქსელით ვინც სარგებლობს, ამის საშუალება აქვს.

რეაგირებისთვის არ გვჭირდება ფაქსიმილე, ის საჭიროა საჩივრის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად, რათა განმარტებული იყოს, ოფიციალურად საიდან გვაქვს ეს ფოტოები. სახელმწიფო სტრუქტურაა და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, თორემ რეაგირება ფაქსიმილეს გარეშეც იყო.

როგორც ჩანს გაუგებრობა იყო, თუმცა დეტალურად გავარკვევ ამ საკითხს. - მიპასუხეს პრეს-სამსახურიდან.

გაუგებრობაც რომ იყო და გაუგებრობაზე უარესიც, ეს არც არის სადავო საკითხი, უბრალოდ, დღემდე ვერაფრით ამოვხსენი, ელექტრონულად დაწერილ წერილზე ფაქსიმილე რანაირად უნდა დამესვა; ან მოქლაქე რატომ არის ვალდებული, განცახდება ამობეჭდოს, ხელი მოაწეროს, მერე დაასკანეროს და ისევ გადააგზავნოს; ან აქვს კი ყველას ამის საშუალება ან ფიზიკური შესაძლებლობა ან ერკვევა კი ყველა ამ საქმეში?

ასევე, თუკი ჩემს განცხადებას რეაგირება მაშინათვე მოჰყვა და მითითებული ობიექტი შემოწმდა, რატომ არ მაცნობეს მეორე დღეს, ერთი კვირის ან 20 დღის შემდეგ; რატომ მიმეორებდნენ გამუდმებით ამ სიტყვებს: ,,როგორც გეცნობათ, განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმოწერილი, სხვა შემთვევაში არ მიიღება საქმისწარმოებაში“; რატომ არ გაჩერდა სამუშაოები ან მაინც და მაინც იმ დღეს რატომ იყო ინსპექცია ობიექტზე, როცა წინა დღით საჯაროდ განვაცხადე სათქმელი და დარღვევის ფაქტიც ბევრმა ნახა?

არ ვიცოდი, მათ პასუხში სად დამეჭირა ლოგიკური აზრი, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ამ დროისთვის მშენებარე ობიექტზე მართლაც შევამჩნიე უჩაფხუტო და უჟილეტო პირთა მიმოსვლა, მომდევნო დღეებში კი, შაბათ-კვირას მშენებლობა არ გაგრძელებულა.

ამან დამარწმუნა, რომ საბოლოოდ, ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და სამკვირიანი დავის შემდეგ, შრომის ინსპექციამ ინსპექტირება ნამდვიალდ ჩაატარა.

შესაბამისად, ველოდი, რომ ორშაბათს საპასუხო წერილს გამომიგზავნიდნენ და ასეც მოხდა. გუშინ, 27 მარტს, დილითვე შრომის ინსპექციიდან წერილით მაცნობეს, რომ ჩემი საჩივრის საფუძველზე მითითებული სამშენებლო ობიექტი შეამოწმეს. ჩატარებული ინსპექტირების დროს კი გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი შეაჩერეს.

ყოველივე ზემოთთქმულიდან მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, როდის და როგორ მოხდა რეაგირება საჩივარზე და ჩემს მიერ 1 მარტს მიწოდებულ ინფორმაციაზე შრომის ინსპექციამ როდის მიიღო სათანადო ზომები.

აქვე შეგვიძლია არცთუ ისე რიტორიკული კითხვაც დავსვათ: ჩვეულებრივ მოქალაქეებს რატომ უნდა დაგვჭირდეს ამდენი ბრძოლა და დავიდარაბა იმისთვის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ყურადღება მიაქციონ და თავიანთი პირდაპირი მოვალეობა გარედან ჩარევის გარეშე პირნათლად შეასრულონ? 
რატომ უჭირს სახელმწიფოს პროფესიონალი, კვალიფიციური  და პასუხიმგებლიანი კადრების პოვნა და დასაქმება ამა თუ იმ სამსახურში? 

 

 ირმა ბერიშვილი

 

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...