Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    511
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ უკრაინა უამრავ აპლოდისმენტს, თუმცა არასაკმარის საბრძოლო მასალას იღებს. მან კონფერენციაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა მოითხოვა. ,,ზელენსკი და უკრაინელები უამრავ აპლოდისმენტს იღებენ, მაგრამ არასაკმარის საბრძოლო მასალას. ეს პარადოქსია. მათ ნაკლებად უნდა დავუკრათ ტაში და უკეთ მივაწოდოთ იარაღი. უკრაინა იბრძვის, იხდის ყველაზე მაღალ ფასს სიცოცხლეში, მაგრამ ეს ომი ხდება ევროპის მიწაზე. ის გავლენას ახდენს ჩვენზე და ამასთან, აქვს გლობალური გავლენა მთელ მსოფლიოზე"-თქვა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროკავშირი ახლა სამი ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას: პირველი, ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის სანდოობა, მეორე მათი სტრატეგიული პასუხისმგებლობაა, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმწოდებელი და მესამე, პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, კერძოდ კი გლობალურ სამხრეთთან ჭეშმარიტი თანამშრომლობაა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საბრძოლო მასალის დეფიციტი უკრაინის დახმარების კონტექსტში მისი გამოყენების მაღალი ინტენსივობის გამო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ბენ უოლასი ამბობს, რომ საბრძოლო მასალის ნაკლებობა უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისთვის სტრატეგიული პრობლემა არ არის. ამასთან, ესტონეთმა ევროკავშირის ქვეყნებს დაახლოებით 4 მილიარდი ევროს ინვესტირება შესთავაზა, რათა 1 მილიონი ტყვია საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას რუსული შემოჭრის მოსაგერიებლად სჭირდება, ერთობლივად შეიძინონ.
  2. კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გვარამაძე და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იმყოფებოდნენ. როგორც სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ბურჯანაძემ კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვს და შეისწავლის. „სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის დაკვირვებით, ბუნებრივია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასუსტებულია, წონაში კლება აღენიშნება. უშუალოდ ექიმების საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა სამედიცინო მდგომარეობა და საჭიროება აქვთ. ამ ეტაპისთვის ჩვენ დღეს კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება. შემდეგ დღეებში გავმართავთ საერთო შეხვედრას, დავილაპარაკებთ გავაანალიზებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მოსაზრებებს და იმის მიხედვით შემდგომი შეფასება გვექნება. ამჟამინდელი სტრატეგია და გეგმა იქნება, ჩვენ გამოვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტებს, როგორც კლინიკა „ვივამედიდან“, ასევე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან და შემდგომ აქტიურად დავაკვირდებით ამ სამედიცინო დოკუმენტებს. ამის მიხედვით გადაწყდება გვექნება თუ არა შემდეგი ვიზიტები. მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილით ამბობდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აღენიშნებოდა და ამიტომ გვთხოვდა დამატებითი ვიზიტის განხორციელებას. რაც შეეხება არასამედიცინო კუთხით შეფასებას, ერთი შეხედვით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
  3. როგორც გამოცემა ,,ამერიკის ხმა“ იუწყება, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმას სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკელების უმეტესობას ესმის უკრაინელების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ამიტომ ყველანი მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ ამ ბრძოლაში. ,,შეიძლება შეგვხვდნენ ისეთებიც, ვინც იტყვის, რომ არ უნდათ ზედმეტად დაიხარჯონ, მაგრამ ამერიკელი ხალხის უმეტესობამ მიიღო უკრაინელები საკუთარ სახლებში. ისინი მათი გამარჯვების მომხრენი არიან", - აღნიშნა პელოსიმ. მისი თქმით, თუ პრესა იტყობინება, რომ არსებობს გარკვეული სისუსტეებიც, ეს ზოგად განწყობაზე არ იმოქმედებს. „პრესა ყველანაირ კითხვას სვამს. რად უნდა ამას კითხვა? ჩვენ ,უბრალოდ, გავიმარჯვებთ, პატარავ. ჩვენ, უბრალოდ, გავძლებთ, ვიდრე არ გავიმარჯვებთ. ეს ეხება დემოკრატიას და თავისუფლებას, თავისუფლებას არა მარტო უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მსოფლიოსთვის,"- განაცხადა ნენსი პელოსიმ.
  4. საქართველომ, რომელმაც 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე, - ამის შესახებ სენატორ დიკ დურბინის განცხადებაშია ნათქვამი. ,,საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში - ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა , როგორც ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატოს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას”, - აღნიშნა სენატორი. ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან.
  5. საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაშია ნათქვამი. სენატორის თქმით, პარტნიორებს ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოუწოდებს. „შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს. სწორედამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. რუმინეთი ნატოს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას”, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უკავშირდება.
  6. ,,ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე. სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორ შაჰინის დელეგაციის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ის დიდი ხანია, ქართველი ხალხის ერთგული მოკავშირეა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიის უზრუნველყოფის, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის მიზნით. მისი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც აშშ-ს კონგრესი მუშაობს შავის ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე. ლელოს ლიდერები ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ საკუთარ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების და მათი მოგვარების გზებზე", - სალომე ,,ლელოს" ლიდერები დღეს ამერიკელ სენატორს ჯინ შაჰინს შეხვდებიან. როგორც ცნობილია, სენატორი შეხვედრებს გამართავს სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც.
  7. აშშ საელჩოს თანახმად, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. „შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში“, – აცხადებს შაჰინი. მისივე თქმით, „საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს“. ,,სწორედ /ამ საკითხების/პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს , მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. /რუმინეთი/, ნატოს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად , რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას”,- დასძინა სენატორმა. სენატორ დურბინის თქმით, საქართველომ ძალიან კარგად იცის პუტინისგან მომავალი საფრთხე. „საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე”,- აღნიშნავს სენატორი და დასძენს: ”საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა , როგორც ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატოს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას”, - აღნიშნა სენატორი. როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სენატორი შაჰინი აშშ-ს სენატში ხელმძღვანელობს ორპარტიულ საკანონმდებლო პროცესს, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბის აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. შაჰინი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხებში, ჯერ კიდევ 2012 წლიდან როდესაც სენატორ ჯიმ რიშთან საქართველოში იმყოფებოდა საარჩევნო დამკვირვებლად. იგი ღიად და მკაფიოდ საუბრობდა სენატში ამ რეგიონის პრიორიტეტულად გამოცხადების გადაუდებლობაზე, რაც გარდამტეხი წერტილია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში. პუტინის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, შაჰინი და სენატორი რობ პორტმანი (რესპუბლიკელი-ოჰაიო) ხელმძღვანელობდნენ ორპარტიულ დელეგაციას უკრაინაში, სადაც შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის და მისი ადმინისტრაციის წევრებს. შაჰინ-პორტმანის კონგრესის დელეგაციის ვიზიტამდე იანვარში, შაჰინი ხელმძღვანელობდა კანონმდებლების ორპარტიულ წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, 2021 წლის ივნისში. როგორც სენატის ნატოს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რა მოვალეობასაც იგი ხელხლა შეუდგა სენატორ თილისთან ერთად 2018 წელს, შაჰინი ხელმძღვანელობს ორპარტიულ ძალისხმევას სენატში ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად. დურბინი, სენატის ბალტიისპირეთის თავისუფლების ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, პოლონეთში და ვილნიუსში, ლიეტუვაში, ზუსტად უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინ. 2022 წელს დურბინი ესტუმრა ვილნიუსს, ლიეტუვას, სადაც მიიღო ალექსანდრას სტულგინსკის ვარსკვლავის ჯილდო და ამის შემდეგ დაესწრო ნატოს სამიტს ესპანეთში, მადრიდში. ის ხშირად მასპინძლობს უკრაინის პარლამენტის წევრებს და ბოლოს უმასპინძლა უკრაინის გენერალურ პროკურორს ანდრეი კოსტინს, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია რუსეთის ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. დურბინის ორპარტიულ, კანონს სამართალიანობა ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის – რომელიც განაახლებს ომის დანაშაულების არსებულ სტატუტს, რათა შესაძლებელი გახდეს ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა შეერთებულ შტატებში, განურჩევლად მოძალადის ან მსხვერპლის ეროვნებისა, – ახლახანს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ბაიდენმა. კანონპროექტი ასევე ახანგრძლივებს ხანდაზმულობის ვადას გარკვეულ სამხედრო დანაშაულებებზე. დურბინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს რუსეთის მიერ უკრაინის ნებისმიერი იძულებით ანექსირებული ტერიტორიის აღიარებას ამერიკის მხრიდან, ასევე მიიღეს 2023 ფისკალური წლის (FY) ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში.
  8. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად. „კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო- ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პერმიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შერულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად", - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
  9. პარლამენტის ბიუროს, 20 თებერვლის სხდომაზე, მმართველ უმრავლესობაში შემავალი ,,ხალხის ძალის" მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება. აღნიშნული კანონპროექტი ,,გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც ,,უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი ,,უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
  10. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს კატრინ კოლონას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქემთა სამინისტროს თანახმად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, როგორც ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ ჩატარებული სამუშაოები და ევროკომისიის შეფასება დადებით წინა პირობას ქმნის საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის ამ გზაზე. მინისტრებმა ისაუბრეს ასევე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე და შეთანხმდნენ გამოყენებული იქნას პირველივე შესაძლებლობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგის მომდევნო შეხვედრის ჩატარებისთვის. მიმოხილული იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობა. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ოფიციალური პარიზი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ყველა საერთაშორისო ფორმატში.
  11. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს. როგორც საქართველოს პარლამენტში განმარტეს, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის „მწვანე ენერგიაზე გადასვლა, როგორც პასუხი აღმოსავლეთ პარტნიორობის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიისა და საოკუპაციო ომის კონტექსტში" თანაავტორია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე. 20 თებერვალს, დაგეგმილია პლენარული სესიის ოფიციალური გახსნა. რის შემდეგაც გაიმართება დებატები თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ. ახალი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტი, გამოწვევები და შესაძლებლობები". ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ მაკა ბოჭორიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე. საპარლამენტო ასამბლეა შედგება ოთხი მუდმივმოქმედი პოლიტიკურ საკითხთა, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებისგან. საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას.
  12. ბრიტანული გამოცემა The Times- ის ჟურნალისტი ქეროლაინ უილერი იმ ბუნკერს ეწვია, საიდანაც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანას მართავს. „არც ტელეფონები, არც შუქი, არც ძილი“, - ასე აღწერს კორესპონდენტი უკრაინის პრეზიდენტის მიწისქვეშა ბუნკერში არსებულ ვითარებას. მისი თქმით, რამაც ბუნკერში ჩასული ყველაზე მეტად შეაძრწუნა, იქ გამეფებული სრული სიბნელე იყო. ,,გზას მხოლოდ თანმხლები დაცვის ტელეფონის ფანარი ანათებდა. ვვარაუდობდი, რომ ეს სიბნელე, ბოლო თავდასხმის გამო, დროებით მიღებული ზომა იყო, მაგრამ როგორც მითხრეს, იქ მუდმივად ასეთ პირობებში არიან.", - აღნიშნავს ჟურნალისტი თავის სტატიაში. ის ამბობს, ასევე, რომ სრული სიბნელის გარდა, მასზე დიდი შთაბეჭდილება ბრეზიდენტის ბუნკერის შესახებ არსებულმა გასაიდუმლოების ზომებმა მოახდინა. „მათ, ვინც პრეზიდენტის გვერდით მიწისქვეშა ბუნკერში ცხოვრება უწევთ, ხელი უნდა მოაწერონ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ბუნკერის დიზაინის, ადგილმდებარეობის ან პირობების შესახებ რაიმე დეტალის გახმოვანება ეკრძალებათ. მათ იმ საკვებზე საუბრის უფლებაც არა აქვთ, რომელსაც ჭამენ,“ - წერს ქეროლაინ უილერი. მისი თქმით, ბუნკერში იზოლირებული გუნდი ომს სმარტფონების საშუალებით აკვირდება. შეგახსენებთ, პრეზიდენტის ბუნკერის შესახებ, შარშან გაზაფხულზე ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ თავისი შტაბი ისეთ ბუნკერში მოაწყო, რომელსაც შეუძლია ბირთვულ დარტყმასაც გაუძლოს. იმ პერიოდში ბუნკერიდან პრეზიდენტის ვიდეოკონფერენციის და შეხვედრების ფოტოებიც გამოქვეყნდა.
  13. ქართველი ძიუდოსისტი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ. წონითი კატეგორია) თელ-ავივის გრან-სლემის ჩემპიონია! ფინალში ბექამ უნგრელი კრისტიან ტოტი დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა.
  14. საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს. კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად“ მიიჩნევს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას [თუ მის მიერ „წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“] და არ ეხება მთავრობას. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული „აღიაროს“, რომ სხვა ქვეყნის აგენტია. არადა გრანტის სახით მილიონობით ლარს იღებენ სამთავრობო ორგანიზაციები და დიდი ალბათობით, მიიღებენ მომავალშიც. საქართველოში სამთავრობო/საბუჯეტო ორგანიზაციებმა მარტო ბოლო 10 წელში 3 მილიარდამდე ლარის ოდენობის უცხოური გრანტი მიიღეს. უცხოური გრანტებით გაკეთებულ საქმეს კი, მთავრობა საკუთარი პიარისთვის იყენებს. კანონპროექტის მიზანი უკვე შეფასდა, როგორც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის „გაშავება“; კანონის მიღება კი – ქვეყნის ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც სამომავლოდ ნეგატიურად აისახება ევროპული თუ სხვა ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე. საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სამთავრობო თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, უცხოეთიდან ჯამში 2,8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღეს. აქედან 2,2 მილიარდი ლარი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული გრანტია, ხოლო 552,2 მილიონი ლარი – უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტი. რას ხმარდება საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მიღებული უცხოური გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხოეთის მთავრობებისგან მიღებული გრანტებით, 2023 წელს, საქართველოში დაფინანსდება შემდეგი პროგრამები და პროექტები: საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა; მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა; აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა; უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა; ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის; ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის; ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშგება; ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება საქართველოში; თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი; 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“; დაცული ტერიტორიების განვითარება; ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი; ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება; საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა; მერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; პროფესიული განათლების პროგრამა; აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი; ქუთაისის წყალარინების პროექტი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწორედ აშშ-ევროკავშირიდან მიღებული გრანტებითაა დაფინანსებული საქართველოში თითქმის ყველა სფერო – თავდაცვით და განათლებით დაწყებული, ტრანსპორტითა და კანალიზაციის სისტემებით დამთავრებული. რაში იხარჯება უცხოური გრანტები – რამდენიმე მონაცემი აჭარის მაგალითზე: 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი დაიხარჯა ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტში. 10 მილიონი ევრო გრანტი დაიხარჯება პროექტში, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირი აფინანსებენ. ამ პროექტის ფარგლებში აჭარის დაბებსა და სოფლებში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები უნდა მოეწყოს გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით. „აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდის მიერ გამოყოფილი 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტი დაიხარჯა ბათუმში ელექტროავტობუსების შესაძენად. 77 ათას 235 აშშ დოლარი გრანტით შეიძინა ქედის მუნიციპალიტეტმა ელექტრო მიკროავტობუსი. ეს გრანტი იაპონიის საელჩომ გამოყო. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის, ბათუმი 7 მილიონ 500 ათას ევროს მიიღებს გრანტის სახით. KfW-ს მიერ 2 მილიონი ევრო გრანტია ასევე გამოყოფილი ბათუმში – ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურისა და მეჯინისწყლის ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემების მოსაწყობად. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ გამოყოფილი 1,5 მილიონი ევრო დაიხარჯა ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. ტექნიკური აღჭურვილობა კი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიმუშავა „ხალხის ძალამ“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგანაა დაკომპლექტებული და რომელიც ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს. „ხალხის ძალა“ ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გათვალისწინებულია „სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა“. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან“ –აცხადებს საქართველოს ომბუდსმენის აპარატი. თედო ჯორბენაძე (,,ბათუმელები") netgazeti.ge.
  15. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის თანაკლუბელი, კრისტიან ატსუ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 12 დღის შემდეგ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის განელი ფეხბურთელი თურქეთის ქალაქ ჰათაის საფეხბურთო კლუბ ,,ჰათაისპორს“ გასული წლის სექტემბერში შეუერთდა. ,,ნიუკასლ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც ადრე ,,ჩელსიშიც“ თამაშობდა, წინა დღით, 5 თებერვალს, მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე, თურქეთის სუპერ-ლიგის მეტოქესთან, ,,ქაზიმფაშასთან“ გამართულ საშინაო მატჩში, ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლიც გაიტანა, 6 თებერვლის შემდეგ კი მას უშედეგოდ ეძებდნენ. მალე გავრცელდა ინფორმაცია, მისი ცოცხლად გადარჩენის და პოვნის შესახებ, რაც მართალი არ აღმოჩნდა. დღეს დილით კი დადასტურდა, რომ მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევებში აღმოაჩინეს. „ყველა მის კეთილისმსურველს გულდამძიმებულმა უნდა გაუწყოთ, რომ სამწუხაროდ, ამ დილით ნანგრევებში კრისტიან ატსუს ცხედარი აღმოაჩინეს. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ლოცვებისა და მხარდაჭერისთვის.“ - განაცხადა მისმა აგენტმა, ნანა სეჩერემ.
  16. შიდა ქართლში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში - გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, რეგიონის ქალაქების გარდა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს მაღალმთიან ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ და რეგიონის სხვა სოფლებში მისასვლელ გზებზე. ,,როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს არაერთ რეგიონში და მათ შორის შიდა ქართლშიც, მოვიდა საკმაოდ დიდი ნალექი თოვლის სახით, რამაც არაერთ რაიონში შეგვიქმნა გარკვეულწილად გადაადგილების პრობლემები. ოთხივე მუნიციპალიტეტმა დროულად მიიღო ზომები, შესაბამისად, მობილიზებულია ტექნიკა, გზები დამუშავდა ტექნიკური მარილით. გაწმენდილია ცენტრალური გზები და გზაჯვარედინები და აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო გზების წმენდა. ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს დროში მოხდება გზების სრულყოფილად გაწმენდა და მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
  17. პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი უკრაინისთვის თავისი MiG-29-ების გადაცემის საკითხს განიხილავს და თუკი უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების მიზნით კოალიცია შეიქმნება, ის ასეთ კოალიციას შეუერთდება. ამასთან, დუდამ განაცხადა, რომ F-16-ის გამანადგურებლების გამოყენების მიზნით პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია. „უკრაინელი მფრინავების მომზადებას ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი მომზადება სჭირდება, ხოლო რაც შეეხება MiG-29 ან Su ტიპის თვითმფრინავებს, უკრაინელი მფრინავები თითქმის მზად არიან ფრენისთვის. ამიტომ, ეჭვგარეშეა, თუ MiG-29 თვითმფრინავების გადაცემა მოხდება, ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნატო-ს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს MiG ტიპის თვითმფრინავი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი და განვიხილავთ ამ საკითხს“, - აღნიშნა დუდამ.
  18. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ ის გაიმარჯვებს და ევროპაში მშვიდობა დამყარდება. „შეერთებული შტატები და საფრანგეთი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვების მიღწევამდე და ევროპაში მშვიდობის დაბრუნებამდე“, - წერს მაკრონი „ტვიტერში“, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. მისი თქმით, მოკავშირეები ასევე მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ათპუნქტიან სამშვიდობო გეგმას.
  19. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში 3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების არაერთგზის შექმნისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ნ.ვ., 1991 წელს დაბადებული ნ.დ. და 1990 წელს დაბადებული ნ.ბ. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ნ.ვ.-მ შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას. ნ. დ. და ნ. ბ. აღნიშნულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების სამუშაო ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ფულადი თანხა, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  20. 6 თებერვალს მომხდარი მასშტაბური მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, თურქეთში, ჰათაის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს. სტიქიის ზონაში, ნანგრევების ქვეშ ისინი 275 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა.
  21. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, პირველადი სასურსათო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩატარდა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. „შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს სასურსათო სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებისა და პირველადი მოთხოვნილების იმპორტულ სურსათზე ფასების შემცირების მიუხედავად, მარკეტებში მათი ღირებულება თითქმის უცვლელია, რაც განსაკუთრებით უარყოფითად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე აისახება. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ინფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ სურსათზე მოდის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაევალა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც დისტრიბუტორებთან, ასევე ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან, რათა გონივრულ ვადებში მოხდეს გამოსავლის ძიება შექმნილი ვითარებიდან. შეხვედრაზე ითქვა, რომ მომხმარებელმა პირველადი დანიშნულების სასურსათო პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად კონკურენტულ პირობებში უნდა მიიღოს. ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს საცალო ვაჭრობის შესახებ, რომელშიც აისახება შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნები. კანონპროექტის განხილვის პროცესში ბიზნესი აქტიურად ჩაერთვება. შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომზადდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა ცალკეული დასახელების პირველადი მოთხოვნილების სასურსათო პროდუქტებთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც მოხდება შეთანხმება მთავრობას, დისტრიბუტორებსა და მარკეტებს შორის. ბიზნესთან კონსულტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან კონკურენციის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  22. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ,,ნაპოლის“ მაისურით მეათე გოლი გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, თავის სტილში რამდენიმე მეტოქე მოატყუა და დრიბლინგით კიდევ ერთი ულამაზესი გოლის მომსწრენი გავხდით. „ნაპოლიმ“ ამჯერად გასვლით მატჩში „სასუოლოს“აჯობა და ანგარიშით: 2:0 გაიმარჯვა. მოწინააღმდეგის კარში მეორე გოლი ნიგერიელმა ფეხბურთელმა ვიკტორ ოსიმენმა გაიტანა. ,,კვარადონას“ კლუბი სერია A-ში უახლოეს მდევარს, უკვე, 18 ქულით უსწრებს. 33 წლის შემდეგ, ნეაპოლელებს ბრწყინვალე შანსი აქვთ, რომ სკუდეტო მოიგონ. „ნაპოლის“ ახალ ისტორიას, სადებიუტო სეზონში, კვარაცხელიაც წერს. ამ ეტაპისთვის ხვიჩას, იტალიის ჩემპიონატში, 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს. ევროპის ტოპ ლიგებში ასეთი შედეგი აქამდე არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია. ხვიჩას ჯადოქრული გოლის შემდეგ, ,,ნაპოლის“ ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე დაიდო მისი ფოტოები წარწერით: ,,აბრაკვარაბრა"... მოგვიანებით კი იტალიურმა სპორტულმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელის თამაშს უმაღლესი შეფასება მისცეს. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აი, რას წერს ხვიჩა კვარაცხელიაზე ერთ-ერთი იტალიური გავლენიანი გაზეთი, Corriere dello Sport-ი: ,,პირველი გოლის დროს ისეთი სლალომი გააკეთა, რომ თვით ალბერტო ტომბა სთხოვდა პატენტს, თუმცა ტომბა მოთხილამურე იყო და მაინც გაუჭირდებოდა, კვარა კი ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, რომ კაცს შეიძლება შეეშინდეს. ადამიანების უმრავლესობა მიმართულების ასეთი ცვლის დროს ერთ კოჭს მაინც ამოიგდებს, ის კი… და წარმოგიდგენიათ, „სასუოლო” მის გაჩერებას ცდილობდა, მაისურებიც კი ისეთი ფერის ჩაიცვეს, მოედანს რომ შერწყმოდნენ, მაგრამ, რად გინდა, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კვარა ყველას ატყუებს." მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ,,ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ ეს თამაში კვარაცხელიას წყალობით მოიგეს. ,,ჩვენს ბოლო გამარჯვებებს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩის რიტმიდან და სცენარიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო გამარჯვება იყო, მაგრამ მოვიგეთ კვარაცხელიას წყალობით, რომელმაც სტარტი მეტოქის კარისგან შორს, პეპლის სიმსუბუქით აიღო, ბურთი წინ წაიღო, იფარფატა და მიმართულება შეცვალა.“ - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
  23. 13-17 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ოპერატიული შეკრება გაიმართა. ამის შესახებ ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი იუწყება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული მხარის თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, ძალოვანი სტრუქტურებისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა, ასევე, ეგრეთწოდებული პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისა კომიტეტის წევრებმა. ,,შეკრების მთავარი მიზანი იყო სამეთაურო შემადგენლობისა და სარდლობის, ასევე ქვედანაყოფების მეთაურების პროფესიული მომზადების დონის ამაღლება, თანამედროვე თუ მომავალ შეიარაღებულ კონფლიქტებში მათი საბრძოლო მისიების დანიშნულებისამებრ შესასრულებლად“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ სავჩენკომ. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემები და დასახეს მიმდინარე ეტაპზე არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები.
  24. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა შეფერხებები ჰქონდეთ. ასევე მათი განცხადებით საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოსალოდნელია მცირე დაგვიანებები. მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს გაყიდული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. ,,მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური,"- ვკითხულობთ საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
×
×
  • შექმენი...