Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი პეტრიაშვილი - პოლონური კომპანიის მეშვეობით გერმანიაში დასაქმებული ქართველი მძღოლები არა ხელფასის მომატების, არამედ, ხელფასის მიღების მიზნით არიან გაფიცულები


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პოლონური კომპანიის მეშვეობით გერმანიაში დასაქმებული ქართველი მძღოლები არა ხელფასის მომატების, არამედ, ზოგადად, ხელფასის მიღების მიზნით არიან გაფიცულები.

როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, მძღოლების უფლებები ირღვევა და იმისთვის, რომ ეს გამოსწორდეს და პროცესები ქართველი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდეს,მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უფრო ეფექტურად დაეხმარებოდა, თუ კანონმდებლობაში მიგრაციის შესახებ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა.

„არსებობს პოლონური კომპანია, რომლის მთავარი ოფისიც კრაკოვში მდებარეობს და ამ კომპანიაში უამრავი მძღოლია დასაქმებული. აქედან, 200-მდე ადამიანი ახლაც გაფიცულია და ღამეებს ავტომობილებში ათენებს. ჩემი ევროპელი პარტნიორების გაკვირვებას იწვევს ის, რომ მძღოლები გაფიცულები არიან არა ხელფასების გაზრდის, არამედ ხელფასების გადახდის მოთხოვნით. ზოგიერთი მათგანის შრომის პირობები იმდენად ირღვევა, რომ რამდენიმე მათგანი 1 წლის განმავლობაში მანქანიდან არ ჩამოსულა, რადგან დასვენების დღე არ ჰქონია. ამ მომენტში გაფიცულები არიან ფრანკფურტში, თუმცა პოლონურ კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებს სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, იტალიაში, იგივე მდგომარეობა აქვთ.

ჩვენ ჩავრთეთ როგორც პოლონეთის, ისე გერმანიის პროფკავშირები, ასევე, ტრანსპორტის საერთაშორისო ფედერაცია. გერმანიის პროფკავშირების იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ მძღოლები არა მხოლოდ თავიანთ საქმეზე, არამედ ტვირთის გადაზიდვაზეც პასუხისმგებლები არიან. პროფკავშირების ჩართულობის შემდეგ დამსაქმებელი შეშინდა და მძღოლებს ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით ზეპირი პირობა მისცა. ჩვენ ამ საქმეში ჩართულები ვართ და მას ბოლომდე მივიყვანთ, რათა პროცესები საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდეს. თუ ერთ ორგანიზაციას შეუძლია, რომ თავისი ურთიერთობები ეფექტურად გამოიყენოს, წარმოვიდგინოთ, რამდენად ეფექტურად დაეხმარებოდა სახელმწიფო ქართველ ემიგრანტებს, თუ კანონმდებლობაში მიგრაციის შესახებ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა,“ - განაცხადა „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ.

 

  წყარო: IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...