-
პოსტები
511 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი
-
ამ დღეებში, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ავარიულ შენობაზე იმდენი რამ მოვისმინე და წავიკითხე, გადავწყვიტე, საკუთარი თვალით მენახა, რა მდგომარეობა იყო და როგორ პირობებში უწევდათ მის თანამშრომლებს მუშაობა. სამწუხაროდ, ადგილზე ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თავშივე უნდა გითხრათ, რომ იქიდან შეურაცხყოფილი და თავმოყვარეობაშელახული წამოვედი. ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ჩვენს ეპოქაში, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულება, უდიდესი კვლევითი ცენტრი, სრულიად უნიკალური ფონდების საცავი, შეიძლება იმ პირობებში და ისეთ შენობაში არსებობდეს, როგორშიც დღეს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტია განთავსებული. თავად შენობა, რომელიც პავლე ინგოროყვას ქუჩაზე, ზუსტად მთავრობის კანცელარიის პირდაპირ მდებარეობს, ისტორიულია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მინიჭებული აქვს, თუმცა ეს სტატუსი რომ ვერაფერში შველის, სადარბაზოს კარებიდანვე თვალსაჩინო ხდება. დიდი და ლამაზი რკინის კარებიდან ერთს შუშა არა აქვს და შენობაში ფეხის შედგისთანავე, მარმარილოთი მოპირკეთებულ ფოიეში გამყინავი სიცივე გეგებება. ცენტრალური გათბობის უქონლობის გამო, იგივე მდგომარეობაა დერეფნებსა და მთელ შენობაშიც. ელექტრო გამათბობლებით მხოლოდ ცალკეული ოთახები თბება, სადაც დღის განმავლობაში რამდენიმე თანამშრომელი იკრიბება. შენობაში გადაადგილებისა და ფოტოების გადაღების დროს, ისინი წუხდნენ და წარა-მარა მეკითხებოდნენ, ძალიან ხომ არ შემცივდა. ჩვენ მიჩვეულები ვართო, თავიანთი თავი არ ანაღვლებდათ. თუმცა, სიცივე რა მოსატანია იმ ამბავთან, რაც შენობის დერეფნებსა და ცალკეულ კაბინეტებში ვნახე. დაბზარულ-დახეთქილი და ნაპრალებიანი კედლები, იატაკის კუთხეები, ზოგან სრულიად ჩამონგრეული ჭერი. საშინელი მდგომარეობა დამხვდა ქართველურ ენათა განყოფილებაში, სადაც ერთი კვირის წინ ჭერი ჩამოინგრა და რისი ამსახველი ფოტოებიც, წინა დღეებში, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკუთარი თვალით ნანახმა და იმის გასიგრძეგანებამ, რა სავალალო შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ფაქტს, ოთახში ვინმე რომ ყოფილიყო, უფრო დამამძიმა. არაფერს ვიტყვი შენობის ზოგად მდგომარეობაზე, ვერც იმას შევაფასებ, მონდომების შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია მისი შენარჩუნება ან რა დაუჯდება სახელმწიფოს მისი რეაბილიტაცია. ფაქტი ისაა, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაშია და ვისაც ევალება, საჭირო ზომებს თუ დროზე არ მიიღებს, მორიგ მიწისქვეშა ბიძგებს, შეიძლება ვეღარ გაუძლოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განადგურების საფრთხე იქ მომუშავე ადამიანებს და იმ უნიკალურ მასალებსაც ექმნება, რომელსაც ისინი სდარაჯობენ. ინსტიტუტის ოთხსართულიან შენობაში რამდენიმე ათეული ოთახია განთავსებული, სადაც თავის დროზე, თანამშრომელთა კაბინეტები და სხვადასხვა განყოფილება იყო მოწყობილი. სამწუხაროდ, როგორც ვნახეთ, ამჟამად ზოგიერთ მათგანში არათუ მუშაობა, შესვლაც კი სახიფათოა. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ნანა მაჭავარიანი გვიყვება, რომ ინსტიტუტს სულ 106 თანამშრომელი ჰყავს, მაგრამ ავარიული მდგომარეობის გამო, შეუძლებელია ყოველდღე ამდენმა თანამშრომელმა იაროს. ამიტომ მხოლოდ 30 ადამიანი დადის და იცავს იმ საგანძურს, რაც ინსტიტუტში ინახება. ისტორია, მნიშვნელობა და დამსახურება იმისათვის, რომ მკითხველს ენათმეცნიერების ინსტიტუტის როლსა და საქმიანობაზე წარმოდგენა შეექმნას, ორიოდ სიტყვით მის ისტორიასაც შევეხებით. ინსტიტუტი 1941 წელს დაარსდა. თავიდან ენის ინსტიტუტი ერქვა, მოგვიანებით, 1987 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტი ეწოდა და მისი ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელი მიენიჭა. ინსტიტუტი მდიდარი სამეცნიერო მიღწევებითა და ტრადიციებით გამოირჩევა, სადაც წლების განმავლობაში ასობით მონოგრაფია, კრებული და ლექსიკონი გამოიცა; ასევე, აღიზარდა სამეცნიერო კადრები არა მხოლოდ ინსტიტუტისა და საქართველოს სხვა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულებებისათვის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკებისთვისაც. აქ ჩამოყალიბდა მსოფლიოში აღიარებული იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების თბილისური სკოლა. ინსტიტუტის თნამაშრომლებმა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით, შექმნეს 8 ტომიანი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ინსტიტუტი ამჟამად ამ ლექსიკონის ახალ რედაქციაზე აგრძელებს მუშაობას, უკვე გამოიცა 4 ტომი. ინსტიტუტი მუშაობს, აგრეთვე, ქათული სახელმწიფო ენის სრულ ლექსიკოგრაფიულ და ნორმატიულ უზრუნველყოფასა და ქართველური და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების თეორიული ლინგვისტიკის აქტუალურ საკითხებზე. ამჟამად ინსტიტუტში რამდენიმე განყოფილება მოქმედებს. ესენია: ქართველურ ენათა, მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა, ლექსიკოლოგიის, ზოგადი ენათმეცნიერების, სამეცნიერო ტერმინოლოგიის, თარგმნითი ლექსიკონებისა და ტერმინოლოგიის, მეტყველების კულტურის და ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილებები. ენათმეცნიერების ინსტიტუტი წელიწადში 25 მონოგრაფიას გამოსცემს, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს, ხოლო ყოველწიურად 8 კონგრესს, სესიას თუ სიმპოზიუმს ატარებს, რომელთაგან 4 საერთაშორისოა. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩამოდიან უცხოელი ენათმეცნიერები და გამართულ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. ნანა მაჭავარიანის თქმით, ინსტიტუტში არსებული პირობების გამო, სტუმართაგან ვერც ერთი ვერ მალავს გაოცებას, რასაც საკმაოდ ხმამაღლა გამოხატავენ. ავარიული მდგომარეობა - ქალბატონო ნანა, როდიდან გახდა ინსტიტუტის შენობა ავარიული და რამდენი ხანია, რაც პრობლემის წინაშე დგახართ? - ჯერ კიდევ 1990 წელს დაიდო დასკვნა, რომ ეს შენობა ავარიული იყო და საჭიროებდა გამაგრებას. მას შემდეგ, 33 წლის განმავლობაში ყველა ჩემი წინამორბედი იბრძოდა, რომ ამ შენობისთვის ვინმეს მიეხედა ან ინსტიტუტი გადასულიყო სხვა, უკეთეს პირობებში. მეც 6 წელია, რაც ხელმძღვანელად მოვედი და მას შემდეგ იგივეს ვითხოვ, მაგრამ არაფერი იცვლება. გვპირდებიან, რომ საკითხზე მუშაობენ და მალე გადწყვეტენ ინტიტუტის ბედს, მაგრამ პირობა არ სრულდება. ეს დამოკიდებულება ახალი არ არის, საკმაოდ ძველია, უბრალოდ, მე ამ გაუთავებელი პროცესის გამგრძელებელი ვარ და ისევ უშედეგოდ ვითხოვ დახმარებას. - რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ამ ინსტიტუტის არსებობა? - სახელმწიფოს აქვს რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი: საზღვრები, ტერიტორია, კონსტიტუცია და სახელმწიფო ენა. ეს არის ინსტიტუცია, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის სახელმწიფო ენას. მას დიდი ინტელექტუალურ პოტენციალი გააჩნია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია, სახელმწიფო ენამ იარსებოს. ენათმეცნიერების ინსტიტუტში მიმდინარეობს ქართველური და მთის იბერიულ-კავკასიური ენების გრამატიკული წყობის, ფონეტიკის და ლექსიკის შესწავლა. გარდა ამისა, იბერიულ-კავკასიური ენების მნიშვნელობა პოლიტიკურადაც ძალიან დიდია, რადგან იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ძირითადად, ჩრდილო-კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა ენებს შეისწავლის, რომელთაც თავიანთი იდენტობა დაკარგული აქვთ და რუსულად წერენ და კითხულობენ. ჩვენ კი მათ ენებს მეცნიერულად ვსწავლობთ, ვიწვევთ ჩრდილო-კავკასიელ მეცნიერებს კონგრესებსა თუ სიმპოზიუმებზე. ამ მხრივ, ძალიან დიდია საქართველოს ენათმეცნიერების ინტიტუტის პოლიტიკური მნიშვნელობა და როლიც. - როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ისე მაინც არავინ იღებს პასუხიმგებლობას ამ შენობაზე, მერია რას გეუბნებათ? - გვეუბნებიან, რომ შენობა ავარიულია, აქ შემოსვლა არ შეიძლება და გვაძლევენ რეკომენდაციას, დისტანციურად ვიმუშაოთ, რაც წარმოუდგენელია. დისტანციუირ მუშაობა შესაძლებელიც რომ იყოს, რა ვუყოთ იმ უნიკალურ მასალას, რომელსა აქ ვინახავთ? - შეიძლება ითქვას, რომ ამ შენობაში ყოველდღიურ რეჟიმში კაკანათის ქვეშ იმყოფებით? - დიახ, ნამდვილად ასეა და საუბარია, არა მარტო იმაზე, რომ ის თანამშრომლები იმყოფებიან საფრთხის ქვეშ, რომლებიც ყოველდღე მოდიან სამსახურში, არამედ იმაზეც, რომ უნიკალური ფონდები და მასალა დგას განადგურების რისკის წინაშე. ყოველი მცირე მიწისძვრის შემდეგ, უფრო და უფრო სავალალო ხდება შენობის მდგომარეობა. შემდეგ ის ბზარები და წარწერებიც მანახა, რომელსაც ფოტოები გადავუღე, მაგრამ დერეფანი ისე იყო ჩაბნელებული, კამერამ კადრი კარგად ვეღარ აღბეჭდა. როცა შენობის ერთ-ერთი აივნიდან ფოტოს გადაღება მოვინდომე, გამაფრთხილეს, რომ აივანიც დაზიანებული იყო და იქ არ გავსულიყავი. ყველაფერ ზემოთთქმულში ყველაზე პარადოქსული და მტკივნეულიც ისაა, რომ როგოც თავშივე აღვნიშნე, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტი საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე მდებარეობს. პავლე ინგოროყვას ვიწრო ქუჩის ერთ მხარეს ინსტიტუტის შენობაა და მოპირდაპირე მხარეს - მთავრობის რეზიდენცია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასეთი მოკლე მანძილია, სამწუხაროდ, დახმარების მთხოვნელთა ხმამ, ერთი შენობიდან მეორემდე ჯერ ვერ მიაღწია. ამიტომაც ვთქვი დასაწყისში, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან თავმოყვარეობა შელახული და შეურაცხყოფილი წამოვედი. ჩემი ხელისუფლების ნაცვლად შემრცხვა... ირმა ბერიშვილი
-
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ქართული მხარის მიერ ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ყველა მცდელობისა, რომელიც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული, ,,რესპუბლიკა საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებისკენ მიმავალ გზაზე თავდაჯერებულად აგრძელებს სვლას.“ ამის ნათელ დასტურად მას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა მოჰყავს. ,,რაც უფრო მალე გააცნობიერებს საქართველო, რომ აფხაზეთი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი არსებული წინააღმდეგობების დაძლევა და ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესი,“ - განაცხადა ინალ არძინბამ. ასლან ბჟანია ბელორუსის რესპუბლიკაში 20 თებერვალს ჩავიდა, მეორე დღეს, 21 თებერვალს ის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
-
,,სინათლის ზღვა" უკრაინიდან დევნილი ბავშვების სანუგეშოდ
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სამშაბათს ასეულობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა აქცია ,,სინათლის ზღვა" გაემართა. აქცია ორგანიზაცია ,,კარიტასის“ ხელმძღვანელობით მოეწყო. აქციის მონაწილეებმა 5000 ანთებული სანთლისგან მოედანზე კაშკაშა გული დაანთეს, რითაც უკრაინელი ბავშვების მიმართ სითბო გამოხატეს და მათ იმედი ჩაუსახეს. ასევე, პატივი მიაგეს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ორგანიზატორთა აზრით, ,,სინათლის ზღვა“ მადლიერების ნიშანიცაა მათთვის, ვინც უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, როგორც ავსტრიაში, ისე ყველგან, მთელს მსოფლიოში აგრძელებს. დღეისათვის ავსტრიაში 92000-მდე უკრაინელია რეგისტრირებული, ლტოლვილთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების რიცხვი ავსტრიაში 18 ათასს აღწევს. -
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მის სპორტსმენებს მსოფლიოს მთავარი შეჯიბრებების კარი დაუკეტა. გასულ წელს სანკტ-პეტერბურგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ვერ შეძლო. განწყობა საკმაოდ უსიამოა და მას უკვე აქვს თავისი უარყოფითი შედეგები. ,,წელიწადი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მკვეთრ ცვლილებებზე ვისაუბროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, სპორტის ცალკეული სახეობებისთვის, სამწუხარო დასკვნები უკვე შეიძლება გაკეთდეს. რუსული ფეხბურთი სწრაფად დეგრადირდება. სრული დეგრადაციისგან ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ. თუმცა, მას სანახაობრიობა და ბევრი სხვა რამ უკვე დააკლდა,“ - ამბობს გაზეთ ,,საბჭოთა სპორტის" მთავარი რედაქტორი, ნიკოლაი იარემენკო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს შესაძლებლობას, რუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მისცეს. ეს მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის, მაგრამ საკმაოდ მისაღები - ზოგიერთი რუსი სპორტსმენისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება სპორტს მიუძღვნეს. ,,დასავლეთის ამოცანაა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ თავად ვთქვათ უარი საერთაშორისო ასპარეზობებზე. ამიტომ, ცალსახად ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, სპორტსმენების უმეტესობა მაინც იქითკენ იხრება, რომ მზად არიან ნეიტრალური სტატუსით გავიდნენ ოლიმპიადაზე. ეს გასაგებია, რადგან ისინი ვარჯიშზე დიდ ენერგიას და ჯანმრთელობას ხარჯავენ და სურთ, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ,“ - განაცხადა ოლიმპიურმა მედალოსანმა ფარიკაობაში, ალექსეი იაკიმენკომ. ვიდრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობს, რუსი სპორტსმენები აგრძელებენ ვარჯიშს. ამავდროულად, უკრაინა და ევროკავშირი პარიზის ოლიმპიადაზე მათ მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან, მათი აზრით, „რუსული პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.“ ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრომ 34 ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ითხოვენ, რომ სოკ-მა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენები არ დაუშვას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ სიტუაციაში „ნეიტრალური სტატუსის“ გამოყენება შეუძლებელია, რადგან სპორტსმენებს პირდაპირ აფინანსებენ და მხარს უჭერენ თავიანთი სახელმწიფოები, ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არსებობს „მყარი კავშირები რუს სპორტსმენებსა და რუსულ ჯარს შორის. მანამდე იგივე რეზოლუცია ევროპარლამენტმაც მიიღო. საპასუხოდ, მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა ოლიმპიური თამაშების გამაერთიანებელ სამშვიდობო მისიას და ოლიმპიურ ქარტიას ეწინააღმდეგება და რომ 34 ქვეყნის პოზიცია, არ ითვალისწინებს გაეროს მოსაზრებას, ნაციონალური კუთხით ქვეყნების დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ.
-
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ფინანსური დაწესებულებები სათანადო დაცვით უზრუნველყოფილები არ არიან, რაც შემდეგ შსს-ს პრობლემა ხდება. მინისტრმა უპასუხა დეპუტატ კახა კახიშვილის შეკითხვას, რომლის თანახმად, ბანკებს დაცვა არ ჰყავთ და ამ მხრივ, დაცვის სავალდებულოდ აყვანაზე ხომ არ იფიქრებდნენ. „გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემაა. არაერთხელ გაჟღერდა ტელევიზიითაც, თუნდაც ოპოზიციური არხებიდან, რომ „ბანკებთან დგანან პოლიციელები, რა ხდება, ახალი მოიგონეთ?“ სხვათა შორის ახალი არ მოგვიგონია, ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის. პერიოდულად ხდება ბანკებთან პატრულირების მეტად გაძლიერება. სამწუხაროდ, უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს. როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ, ჩვენ დაზღვეული გვაქვს თემა და პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, მერე ჩვენი, შსს-ს პრობლემა ხდება. „ყაჩაღობა მოხდა, მძევლად აიყვანა, სად წაიღო ფული, აბა რა ქენით“ - რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის და ალბათ, ეროვნული ბანკიც უნდა დაინტერესდეს. რა თქმა უნდა, ამას მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ვერ დავაძალებთ, გინდა თუ არა დაცვა აიყვანონ“, - განაცხადა გომელაურმა.
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მკაცრად გმობს“ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა. „მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან". ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა”, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
-
წინა კვირას სოციალური ქსელების მეშვეობით დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. საუბარია, ქუჩის ძაღლების დახოცვის ფაქტზე. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხდებდნენ, მათი ქალაქის ცენტრში სამი მიუსაფარი ძაღლი ერთდროულად ერთნაირი სიკვდილით, მოწამვლის სიმპტომებით მოკვდა. მათგან ერთ-ერთმა, რამდენიმე დღით ადრე, ბავშვს უკბინა, ამის შემდეგ კი ძაღლის მოკვლით ბავშვის დედა იმუქრებოდა. მუქარის დამადასტურებელი საბუთი საზოგადოებას მათ ეგრეთწოდებული სქრინების სახით წარმოუდგინეს და გამოთქვეს ეჭვი, რომ მშობელმა მუქარა შეასრულა და არა მარტო ერთი, სხვა ძაღლებიც მოწამლა. აღნიშნულ ფაქტზე საქმე ცხოველზე ძალადობის მუხლით უკვე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს. ზოგადად, ქუჩის ძაღლების საკითხი ქვეყანაში ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად რჩება, ცხოველთა დამცველები ხელისუფლებისგან ცხოველთა მოპყრობის შესახებ არსებული კანონების გამკაცრებას ითხოვენ, ცხოველთა მოძულენი, საერთოდ, ქუჩის ოთხფეხების მოსპობას ან თავშესაფრებში გადაყვანას ემხრობიან. გამოსავალი კი არ ჩანს. აღნიშნული საკითხის გარშემო დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემა ცხოველთა უფლებების დამცველ რუსუდან დაუშვილს ვთხოვეთ. - დუშეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ რომ ვისაუბროთ, რა გახდა ძაღლების სიკვდილის მიზეზი და დადასტურებულია თუ არა, კონკრეტული პირის ბრალეულობა? - გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს ბავშვმა მაშხალა აუფეთქა ფეხებთან, რამაც მისი აგრესია გამოიწვია. მშობელი აცხადებდა, რომ მისი შვილი ძალიან იყო დაკბენილი, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფოტოები, რაც ამ ფაქტს დაადასტურებდა, არსად არ გამოუქვეყნებია. შეიძლება ბავშვს მართლაც უკბინა ძაღლმა, მაგრამ ეს არ აძლევდა მშობელს იმის უფლებას, რითაც იმუქრებოდა. სოციალური ქსელის მეშვეობით, დედა რამდენიმე დღე სისტემატიურად წერდა, რომ უცდიდა იმ ვადის გასვლას, რაც საჭირო იყო ცოფის გამოსარიცხად და შემდეგ აუცილებლად მოკლავდა ძაღლს. ,,ფეისბუქზე“ ძაღლის ფოტოებსაც დებდა. მართლაც, როგორც კი საჭირო 10 დღეზე ცოტა მეტი გავიდა, დუშეთში არა მარტო ის ერთი კონკრეტული ძაღლი, არამედ რამდენიმე ქუჩის ძაღლი ერთდროულად, ისეთი სიმპტომებით მოკვდა, რაც მოწამვლას ახასიათებს. ამის შესახებ ეჭვს ცხოველთა მოყვარული ადგილობრივი მოქალაქეები გამოთქვამენ. - ძაღლების სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა თუ ჩატარდა? - საქმე აღიძრა და გამოძიების ფარგლებში, ძაღლებს ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. როგორც მე მაცნობეს, დადგინდა, რომ მათი სიკვდილის მიზეზი ტვინში სისხლის გაჟონვა გახდა, რაც შეიძლება რომელიმე მედიკამენტის მიღებას გამოეწვია. თუმცა, ზუსტად რა სახეობა შეიძლებოდა ყოფილიყო ან ნამდვილად წამალმა იმოქმედა, თუ არა, ამის სიღრმისეული კვლევა, სამწუხაროდ, ჩვენთან არ ტარდება. ფაქტი ისაა, რომ დუშეთში ერთნაირი სიკვდილით 5 ძაღლი ერთდროულად მოკვდა. გამოძიება გრძელდება და ვნახოთ, საბოლოოდ რა შედეგი დადგება. - როგორც აღმოჩნდა, იმ ოჯახს, ვისაც ცხოველთა უფლებების დამცველები ძაღლების სიკვდილში ადანაშაულებენ, თავადაც ჰყოლიათ სახლში ოთხფეხა მეგობარი. მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილს ქუჩის ძაღლმა უკბინა, შურისძიების ასეთი გრძნობა რატომ უნდა ჰქონოდათ? - ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც მარტო საკუთარი ძაღლი უყვართ და სხვა არ აინტერესებთ ან მხოლოდ იმიტომ ჰყავთ ძაღლი, რომ მოდურია და ყველას ჰყავს. ამიტომაც, როცა ბეზრდებათ ან მოხუცდება და ისეთი საყვარელი აღარ არის, როგორიც ადრე იყო, სადღაც ტრასაზე მიაგდებენ ან უპატრონოდ ქუჩაში უშვებენ. - პირადად ჩემთვის, 10 წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, თბილისი ქუჩის ჰასკებით გაივსებაო, ვერაფრით დავიჯერებდი. სამწუხაროდ დღეს, თითქმის, ყველა უბანში შეიძლება უპატრონო ჰასკი შეგვხვდეს. ეს მოვლენა რითი ავხსნათ? - ჰასკები, უკვე, მართლაც მასიურად ცხოვრობენ ქუჩაში, რაც გულსაკლავია. ჰასკის ჯიში უფრო ენერგიული ძაღლია, მეტი ყურადღება და მოვლა სჭირდება და ალბათ, გულს ვეღარ უდებენ. თუმცა, არა მარტო ჰასკები, უპატრონო კანე-კორსოები, ლაბრადორები გვხვდებიან ქუჩაში. იყო რამდენიმე შემთხვევა, გაგდებული ჩაუ-ჩაუც ვნახეთ, რომელთაც ჯანმრთელობის ელემენტარული პრობლემები ჰქონდათ. ზოგიერთი პატრონი მხოლოდ იმიტომ იშორებს ძაღლს თავიდან, რომ მას რაღაც დაავადება აღმოაჩნდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ პრობლემას მხოლოდ სათანადო კანონი მოაგვარებს. - როგორი უნდა იყოს, რას უნდა ითვალისწინებდეს ეს კანონი? - უპირველესად, ეს არის კანონი რეგისტრაციის შესახებ, რომელიც თბილისის საკრებულოს მიღებული აქვს და მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით ვრცელდება. კანონის თანახმად, ყველა მეპატრონე ვალდებულია, თავისი ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ჰყავდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძაღლს ჩასმული უნდა ჰქონდეს სპეციალური ჩიპი, ან ყურზე ჰქონდეს საჭდე, ან - სვირინგი. საქართველოში ძაღლის სვირინგი ნაკლებად გამოიყენება, ამიტომ რჩება ჩიპი და საჭდე. - რისთვის არის ეს საშუალებები საჭირო, რისგან იცავს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს? - ძალიან ბევრი რამისგან იცავს. თუნდაც, ჩვენი ძაღლი რომ დაიკარგოს და მოხვდეს მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც დაურეგისტრირებელ ძაღლებს ასტერილებენ, შეიძლება მას შეცდომით ისევ გაუკეთონ ოპერაცია. ვინაიდან, დიდი ხნის გასტერილებულ ცხოველს ოპერაციის კვალი არ ეტყობა, თუ მას საჭდე არ უკეთია და მისი მონაცემები ბაზაში არა აქვთ, ბევრი შემთხვევაა, როცა ძუ ძაღლებს ხელახლა ჭრიან. მე პირადად, ქუჩიდან მყავს ძაღლი აყვანილი, მომწონს, როცა მასთან ერთად ვსეირნობ და საჭდეიან ძაღლს ყურადღებას აქცევენ. გარშემომყოფების ცნობიერების ამაღლებასაც უწყობს ეს ხელს, იფიქრებენ, რომ თურმე მარტო ჯიშიანი ძაღლები კი არა, ქუჩიდან აყვანილი მეტისებიც შეიძლება სახლში ვიყოლიოთ და გვიყვარდეს. კანონს რაც შეეხება, რეგისტრაციის ვალდებულება მარტო თბილისისთვის კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა იყოს ამოქმედებული. - ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ, ხსენებული კანონი თბილისშიც რამდენად სრულდება. მიღებული კი არის, მაგრამ ყველა ემორჩილება და იცავს მას? - დიახ, ეს ცალკე პრობლემაა. ჩვენთან ნებისმიერი კანონის აღსრულება ჭირს, რადგან არ გვაქვს სათანადო მექანიზმები. ვინც კანონმორჩილი და კეთილსინდისიერი მოქალაქეა, ის თავისთავად იცავს ყველა ვალდებულებას, სხვები კი მოქმედებენ ისე, როგორც უნდათ. ამიტომ კონტროლის გამკაცრება და მეტი მექანიზმის ამოქმედება გვჭირდება. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ახლახანს ხელმძღვანელი შეეცვალა და ახლის საქმიანობას ცოტა ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან კარგი ამბებით დაიწყო. როგორც გავიგე, ვაკის პარკში პატრონიანი ძაღლები შეუმოწმებიათ, ვის ჰყავდა დაჩიპული და ვის - არა. ასეთი ელემენტარული ზომების მიღება იმისთვისაა საჭირო, რომ ცხოველების რეგისტრაცია მასიურად განხორციელდეს. პერიოდული შემოწმებების გარდა, აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ჯიშიანი ძაღლების თვითნებური გამრავლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკრებულოს დადგენილებით, თბილისის მასშტაბით მეტისების გამრავლება ახლაც აკრძალულია, მაგრამ ეს კანონი ჯიშიან ძაღლებზეც უნდა გავრცელდეს. - გამრავლების საკითხი როგორ უნდა გადაიჭრას? - უნდა არსებობდეს სპეციალური ქსელები, სადაც ექნებათ შესაბამისი პირობები, რომ პატრონებმა ზრდასრული და გამრავლებისთვის მზად მყოფი ცხოველები მიიყვანონ. ამ შემთხვევაში ძაღლის ფასიც მოიმატებს და შესაბამისად, რაც მეტ ფასს გადაიხდიან, მერე მისი ქუჩაში გაგდება მით უფრო დაენანებათ. ამდენად, იმისთვის, რომ ქუჩაში ნაკლები მიუსაფარი ძაღლი გვყავდეს, საჭიროა გამრავლების კონტროლი, ქუჩის ცხოველების მასიური სტერილიზაცია და გაგდებაზე უდიდესი ჯარიმის დაწესება. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათი რეგისტრაციის შემთხვევაში. ამიტომაც არის აუცილებელი პატრონიანი ძაღლის რეგისტრაცია და აღრიცხვა. - ბევრია ისეთი უპასუხისმგებლო პატრონიც, რომელთაც დიდი ზომის ძაღლები საბელის და ალიკაპის გარეშე დაჰყავთ გარეთ და ამით, არა მარტო ადამიანებს, სხვა ძაღლებსაც უქმნიან პრობლემებს. ვიცით, რომ ასეთ შემთხვევებზე ჯარიმები დაწესდა, მაგრამ რამდენად მოქმედებს ეს წესი ან თუ მოქმედებს, საერთოდ? - როგორც უკვე ვთქვი, კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, არავინ ამოწმებს და აკონტროლებს რა ვითარებაა. რომც ამოწმებდნენ, ჯარიმის ოდენობა არ არის საკმარისი, ძალიან მცირეა, ამიტომ უფრო მკაცრი და მსუყე ჯარიმები უნდა იყოს დაწესებული. იგივენაირად მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და ჯარიმდებოდნენ პატრონები, რომლებიც თავიანთი ძაღლების მოსაქმებულს არ აიღებენ და ქუჩებსა თუ პარკებში გულგრილად ტოვებენ. კანონდარღვევის გარდა, მსგავსი საქციელი როგორც მათი, ისე მათი ცხოველების მიმართ სხვა ადამიანების აგრესიის მიზეზიც შეიძლება გახდეს, რაც სავსებით ბუნებრივია. - ისევ ქუჩის ძაღლების საკითხს რომ მივუბრუნდეთ, ფიქრობთ, რომ ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა მოაგვარებს? - დიახ, კომპლექსური მიდგომა თუ არ იქნება, ცალკეული ქმედებები ამ პრობლემას ვერ უშველის. მასიური სტერილიზაციაზე ვისაუბრეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცაღა ესეც ვერ იქნება შედეგის მომტანი, თუ ძაღლების ქუჩაში გაგდებაზე ან მათ თვითნებურ გამრავლებაზე დიდი ჯარიმები არ დაწესდება. დღეს, შეიძლება ქუჩაში არსებული ყველა ძაღლი გავასტერილოთ, მაგრამ ხვალ მათ რიგებს სახლებიდან გამოგდებული ათეულობით ძაღლი შეუერთდეს. მაგალითად, ერთ ჩემს მეზობელს, უკვე, მეცხრეჯერ შეუჯვარდა ქუჩის ძაღლთან თავისი ლაბრადორი, რომელიც ყოველ ჯერზე ათამდე ლეკვს აჩენს. პატრონი კი ამბობს, რომ ლეკვები გააჩუქა და ალბათ, ასეცაა, მაგრამ ნახევარზე მეტს, ხვალ ისევ ქუჩაში გაყრიან, რადგან არაერთხელ მომხდარა მსგავსი ფაქტი. ლეკვს იჩუქებენ, რომ გაიზრდება, მერე ვეღარ უვლიან ან აღარ მოსწონთ და გარეთ აგდებენ. ამიტომ, პატრონების მხრიდან ასეთი უპასუხისმგებლობის ასალაგმად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები: რეგისტრაცია, სტერილიზაცია, თვითნებური გამრავლების აკრძალვა და კანონდარღვევაზე დიდი ჯარიმების დაწესება. სხვანაირად ქუჩის ძაღლების პრობლემა არ მოგვარდება, პირიქით, მათი რიცხვი მუდამ მოიმატებს. - ძალიან ბევრი მოთხოვნაა ცხოველთა თავშესაფრების თაობაზე. რამდენად შესაძლებელია ქუჩის მიუსაფარი ცხოველები თავშესაფრებში მოგროვდეს? - ფიზკურად შეუძლებელია იმხელა ან იმდენი თავშესაფარი გაკეთდეს, რომ მიუსაფარი ცხოველების უმეტესობა იქ მოთავსდეს. ქვეყანას ვერ ექნება იმის რესურსი, რომ რაც ჩვენ გვყავს, ამდენი უპატრონო და მიუსაფარი ცხოველის თავშესაფარი გააკეთოს და მათი ყველანაირად უზრუნველყოფა შეძლოს. შეიძლება პატარ-პატარა თავშესაფრები აშენდეს იმ აგრესიული ცხოველებისთვის, რომლებიც უმიზეზოდ გაიწევენ ან თავს დაესხმიან ადამიანებს. თუ ძაღლი აგრესიულია და გამვლელ-გამომვლელს კბენს, რა თქმა უნდა, ის აუცილებლად უნდა გადაიყვანონ თავშესაფარში და არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ქუჩაში. თუ ქუჩის ძაღლი მშვიდი და უწყინარია, ის უნდა აღირიცხოს, გასტერილდეს და ხელი შეეწყოს მის მიმკედლებლებს, რომლებიც მათზე ზრუნავენ. ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ფუნქციას ითავსებენ. - სამწუხაროდ, როგორც სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს საზოგადოებას ქუჩის ძაღლების მიმართაც რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნია, ზოგს სძულს ცხოველები და ქალაქის ხელმძღვანელობისგან მათ თავიდან მოშორებას ითხოვს, ზოგს, უბრალოდ, პანიკურად ეშინია ძაღლების და ამიტომ სურთ, ისინი ქუჩაში არ ხვდებოდნენ. ცხოველთა მოყვარულები კი ამ პირველი ნაწილისთვის წყევლა-კრულვას არ იშურებენ. - დიახ, ნამდვილად ხდება მსგავსი რამ, რაც ძალიან ცუდია და მიმაჩნია, რომ ზღვარი ყველაფერში უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ძაღლების მიმართ პანიკურ შიშს, ამაზე ჩემი აზრი მაქვს, რაც ალბათ, ბევრს არ მოეწონება. ვისაც მათი ეშინია, ისინი, ძაღლებს კი არა, თავიანთ შიშებს უნდა ებრძოლონ. მათი შიში ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ ძაღლები ქუჩიდან გააქრონ. ადამიანები იმისთვის ვართ და ყველაზე განვითარებული არსებები იმიტომ გვქვია, რომ ჩვენ თავზე ვიმუშაოთ და თავადვე გადავლახოთ ყველანაირი ფობია. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთებიც, ვინც ცხოველების მიმართ მტრულად არიან განწყობილი და იქით ავლენენ აგრესიას. განსაკუთრებით სავალალოა, როცა ცხოველებს ბავშვები ებყრობიან სასტიკად, რისი მაგალითიც არაერთი გვაქვს. ისინი დიდებისგან ხედავენ ასეთ დამოკიდებულებას და თავადაც იგივეს იმეორებენ ან უარესს აკეთებენ. ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში არსებული ყველა სერიული მკვლელი და მანიაკი სისასტიკეს ბავშვობიდანვე ცხოველების წამებით იწყებდა. ყველას ვერ მოთხოვ, ერთნაირად უყვარდეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რა თქმა უნდა, ზოგს ეშინია მათი და თავსაც არიდებენ, მაგრამ როცა ვინმეს შეუძლია იქით დაუშავოს, აწამოს ან სრულიად უმიზეზოდ მოკლას, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს. - პიტბულის ჯიშის ძაღლების თემასაც შევეხოთ, რომლის მიმართაც ცალკეული შემთხვევების გამო, საზოგადოებაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ ეს ჯიში განსაკუთრებული აგრესიიით გამოირჩევა. რამდენად შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს და რა უნდა ვიცოდეთ პიტბულებზე? - სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ვისაც ეს ჯიში ჰყავს, მათი უმეტესობა არასრულფასოვნების კომპლექსით შებყრობილ ახალგარზდები არიან, რომელთაც ვიღაცისთვის ძალის დემონსტრირება და რაღაცის დამტკიცება უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობ ბევრ მოსიყვარულე და თბილ ადამიანს, ვინც ეს ჯიში ასეთივე გარემოში გაზარდა და შესაბამისად, ისინიც აბსოლუტურად მშვიდები არიან, თუ ჩვენთან ამ ჯიშის აკრძალვის საკითხი დადგება, მე მომხრე ვიქნები. ამას ვამბობ ისევ ამ ძაღლების საკეთილდღეოდ, რადგან ვიცი, როგორ ზრდიან და რა პირობებში ამყოფებენ, რათა აგრესიულები გახადონ. პატრონებს ისინი სიბნელეში ჰყავთ, აშიმშილებენ, რომ უფრო გაავდეს, ისიც კი მსმენია, რომ მათთვის ქუჩის ლეკვები მიჰყავთ, რომ დააგლეჯინონ და სისხლს მიაჩვიონ. აქედან გამომდინარე, მივესალმები, თუ საქართველოში პიტბულების შემოყვანა აიკრძალება. - ვიცით ისეთი ადამიანებიც, ვისაც მონადირე, მწევარი ძაღლები ჰყავთ და ნადირობის სეზონიდან სეზონამდე ფარეხებში ჰყავთ დამწყვდეული, გარეთ იშვიათად გამოჰყავთ. პირადად მინახავს, მაგალითად, მეცხრე სართულის აივანზე მცხოვრები უშველებელი ქართული ნაგაზი, რომელიც ძირს არასდროს ჩამოჰყავდათ. ასეთ დროს, როცა ვხედავთ, რომ პატრონი ძაღლს არასათანადო პირობებში ამყოფებს, რა უნდა გავაკეთოთ, რისი უფლება გვაქვს? - დანაშაულია ქართული ნაგაზის ყოლა ქალაქში, აივანზე, მით უმეტეს, თუ კერძო სახლი და დიდი ეზო არ გაქვს. დანაშაულია, ძაღლების დამწყვდევა ფარეხებში და მათი უყურადღებოდ დატოვება. ასეთ დროს უფლება გაქვთ, გამოიძახოთ მუნიციპალური ზედამხედველობის ან ცხოველთა მონიტორინგის სამსახური. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნეთ, ჯარიმის ოდენობა დიდი არ არის, მაგრამ მცირედითაც რომ დაიწყონ, მეორე და მესამე გამოძახებაზე ჯარიმა გაიზრდება და მერე უკვე ძაღლის პატრონი თავად იკადრებს, საჭირო ზომები მიიღოს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 112-ზე დარეკოს, მოახსენოს საქმის ვითარება და თავად დააკავშირებენ სათანადო სამსახურთან. თავისთავად პოლიციის გამოძახებაც შეიძლება, რადგან რაც ჩამოვთვალეთ, ძაღლის წამებად ითვლება და კანონით არის აკრძალული. - ევროპის ქვეყნებში არსებული ვითარებაც რომ ვნახოთ, იქ როგორ არის გადაწყვეტილი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ? - ევროპაში არსებობს კანონი, რომლის ძალითაც ძაღლების სახლიდან გაგდებასა და უნებართვო გამრავლებაზე უზარმაზარი ჯარიმებია დაწესებული. სასტიკ მოპყრობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამისთვის შეიძლება ადამიანმა წლობით ციხეში ამოჰყოს თავი. ევროპის ქვეყნებმა ქუჩის ბინადრების პრობლემის გადაწყვეტას ასეთი მკაცრი კანონის წყალობით მიაღწიეს, თუმცა იქაც წლები დასჭირდა ამ ყველაფერს, მარტივად და სწრაფად არ მომხდარა. უბრალოდ, მათ გაცილებით ადრე დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა და თუმცა უმტკივნეულოდ არც ევროპაში ჩაუვლია ამ პროცესს, მოქმედ კანონს დღეს იქ ყველა ემორჩილება.
-
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საკუთარ Telegram-ზე წერს, რომ სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას აპირებს და ,,ვაგნერის“ დამფუძნებელს, რუს ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს ,,კონკურენციას გაუწევს". კადიროვი პრიგოჟინს ,,ძმას" უწოდებს და ამბობს, რომ ვაგნერმა ,,ეფექტურობის დადასტურება" შეძლო. ,,ეჭვგარეშეა, მსგავსი პროფესიონალური ფორმირებები საჭიროა. ამიტომ, მე სერიოზულად ვაპირებ, სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჩვენს ძმას, ევგენი პრიგოჟინს კონკურენცია გავუწიო და შევქმნა კერძო სამხედრო კომპანია. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა". – წერს კადიროვი. გასულ დღეებში პრიგოჟინმა საავადმყოფოში მოინახულა ქვედანაყოფი ახმატის მეთაური და კადიროვის თანაშემწე, აპტი ალაუდინოვი, რომელიც, ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, მოწამლული იყო. შეხვედრის დროს პრიგოჟინმა თქვა, რომ ახმატი მის დაჯგუფებას გადასცემდა ჭურვებს, რომლებსაც ვაგნერელები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ. პრიგოჟინისა და კადიროვის ძალები პერიოდულა ეწევიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციას.
-
ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსის განხილვას არ აპირებს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“ ოფისში აცხადებენ, ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსის განხილვას არ აპირებს. მათი განმარტებით, სხვადასხვა პერიოდული გამოცემისა და ინტერნეტის საშუალებით დაიწყო „რეალობასთან შეუსაბამო ცნობების გავრცელება“ იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის დროს „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის საკითხს“ შეეხება. „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების შერყევაში“, - აცხადებენ ე.წ. „პრეზდენტის“ ოფისში. ასლან ბჟანია 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია, „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს მართავს. -
ბაკურიანი, საქართველო - საოცარი ადგილია, თუ ის არ არის შენს სიაში, უნდა იყოს! - ამის შესახებ „ევროსპორტის“ კომენტატორმა, ბრედ ჯეიმ განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსის გაღება გულისხმობს საუკეთესო შედეგის ჩვენების დიდ სურვილს. „ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ, საუკეთესო შედეგი აჩვენონ. ბაკურიანი, საქართველო - საოცარი ადგილია, თუ ის არ არის შენს სიაში, უნდა იყოს!“- აღნიშნავს „ევროსპორტის“ კომენტატორი. ამის შესახებ ინფორმაციას „მთის ტრასების სააგენტო" ავრცელებს.
-
უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისა და გამარჯვებისთვის და რუსები ვერასოდეს შეძლებენ ქვეყნის დაპყრობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიაგამოცემასთან (Corriere della Sera) ინტერვიუში განაცხადა. „რუსებს ჯერ არ გაუცნობიერებიათ, რომ ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით და ვერასოდეს შეძლებენ უკრაინის ხელში ჩაგდებას, როგორც ამას იმედოვნებდნენ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისთვის და გამარჯვებისთვის და რაც უფრო სწრაფი იქნება ომის მიმდინარეობა, მით ნაკლები იქნება მსხვერპლი. ,,2014 წელს კონფლიქტი გაიყინა და ამან ჩვენს სასარგებლოდ ვერ იმოქმედა. მინსკის შეთანხმებებმა პუტინს თავდასხმისთვის მოსამზადებლად დრო მისცა. ჩვენ იმ ხაფანგში ისევ აღარ მოვყვებით. ჩვენი ჯარისკაცები უფრო მოტივირებულები არიან, რადგან ისინი იცავენ თავიანთ ოჯახებს, სახლებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას, ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მარტო ბრძოლა არავის უყვარს.“ ,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება დაგვტოვოს, გამოდის, მან ვერ გაიგო ჩვენი ბრძოლის მოტივაციის სიღრმე. ჩვენ სამასი სპარტელი არ ვართ და არ ვგრძნობთ თავს გმირებად, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უკან დგას ევროპა და ისინი, ვისაც ესმის რუსული საფრთხის მნიშვნელობა“, - განმარტა ზელენსკიმ.
-
გაერო-ში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ჩინეთი ,,წითელ ხაზს“ გადაკვეთს, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს. ,,ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ თუკი ჩინელები ან სხვები იფიქრებენ, ან ეცდებიან უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმაში რუსებს ლეტალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ეს მიუღებელია. ეს წითელი ხაზი იქნება“, - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის ომში მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს.
-
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად „წარმატებით“ აკეთებდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. „დროა, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც. მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა და შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. და რა იგულისხმება ამაში? – ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს. ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ, სხვას დააბრალონ. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა გაიაზრონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ მათთან მიმართებით პოლიტიკურ ვერდიქტს ქართველი ხალხი მიიღებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში. მისივე თქმით, 2012 წლიდან სახელმწიფომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა შეძლეს და სამართალი იპოვეს როგორც ადგილობრივ, ისე სტრასბურგის სასამართლოში. „შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ დანაშაულზეც, აქ გამოკვეთილი უნდა იყოს ყველა დამნაშავე პირი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის შესაბამისად უნდა მოხდეს მათი გასამართლება. არის არაერთი შემთხვევა და სტრასბურგის სასამართლოს ეს ბოლო გადაწყვეტილება, მთელი ამ პერიოდის შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ საზოგადოებამაც და ყველამ იცოდეს, თუ რა ხდებოდა რეალობაში. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად მრცხვენია იმისა, რომ ამ პერიოდში ასეთი არაადამიანური მოპყრობა არსებობდა ციხეში ადამიანების მიმართ. ეს ნამდვილად სამარცხვინოა და როგორც გითხარით, ის კომპენსაცია, რომელიც ამ ადამიანს უნდა გადავუხადოთ, ის უნდა გადაიხადონ დღევანდელმა სახელმწიფომ და იმ ადამიანებმა, რომელთაც პიროვნულად არავითარი ბრალი არ მიუძღვით იმ დანაშაულში, მაგრამ სახელმწიფო არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. შესაბამისად, ყველანი პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ეს ისტორიის მძიმე ფურცელი ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავამუშაოთ და შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ არათუ მსგავსი, არამედ ასეთი სისტემური დანაშაულის მცირე ანასხლეტიც კი, არასდროს იხილოს ქართველმა საზოგადოებამ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
-
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს, 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, წილკანი, სელექცია, საგურამო, მუხრანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება მის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება. კობახიძე მოქალაქეების მიგრაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს“. მისივე თქმით, მაგალითად, აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. „მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით - 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით - 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა). რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა. აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა (https://ukvisa.blog/2019/08/01/usa-visa-refusal-rate/). რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ს მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს. ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული“,- აცხადებს კობახიძე.
-
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ მათი (იუსტიციის სამინისტროს) და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ექს-პრეზიდენტის მიზანი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის „ხელოვნურად დაზიანებაა,“ რათა მან პენიტენციური დაწესებულება დატოვოს. „თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას. ყველამ იცის, მთელმა საქართველომ და მართლა, მთელმა მსოფლიომ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, რომ ის კერძო კლინიკაში იმყოფება. სჭირდება მკურნალობა? – სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს, ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა – ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ ის იყოს რაც შეიძლება ცუდად იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
-
რუსი ოკუპანტები ვერ შეძლებენ მნიშვნელოვან წინსვლას ახალი შეტევის დროს, რადგან ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერია, ვიდრე აგრესორი ქვეყნის ჯარები, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,რა თქმა უნდა, ისინი წინსვლას ვეღარ შეძლებენ, აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე. ახლა ჩვენ მათზე ბევრად ძლიერები ვართ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა მისი თქმით, აღარ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ახლა, ხორციელდება თუ არა რუსეთის ფედერაციის ახალი თუ ძველი შეტევა, რადგან კომპრომისები აღარ არსებობს. „ვიცით, რომ თუ წავაგებთ, დავკარგავთ ყველაფერს: სახლებს, შვილებს, მშობლებს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფართომასშტაბიანი შეტევა ძველია თუ ახალი. გასული წლის 24 თებერვალს მომხდარის შემდეგ, კომპრომისები აღარ არსებობს. დაირღვა საერთაშორისო სამართალი, ყველაფერი ადამიანური. ჩვენ მათი არ გვეშინია, მათი არავის ეშინია, ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ მიდის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
-
შონ პენი ზელენსკიზე: ის, თითქოს, ამ მომენტისთვის დაიბადა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი დოკუმენტური ფილმის, სუპერძალის პრემიერის შემდეგ Associated Press-სთან ინტერვიუში ფილმის გადაღების პროცესსა და მასში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზე ისაუბრა. პენის თქმით, ზელენსკიმ მასზე დიდი გავლენა პირველივე ინტერვიუსთანავე მოახდინა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაიწერა. ,,თითქოს საკუთარ თავს იაზრებდა, აცნობიერებდა, რომ სწორედ ამ მომენტისთვის დაიბადა". - ამბობს ამერიკელი რეჟისორი. შონ პენმა პრემიერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაიხსენა, რომ ზელენსკისთან პირველი ინტერვიუს შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში, რუსულმა ძალებმა კიევის დაბომბვა დაიწყო. ,,მაშინ, როდესაც ზელენსკი პირველად ვნახეთ, იგი შესაფერისად ჩაცმული, თავის ოფისში შეგვხვდა, ხოლო შემდეგ ჯერზე პიჯაკის ნაცვლად, დამცავი ჟილეტი ეცვა, მისი ქვეყანა კი, ომში იყო ჩაფლული". - თქვა მან. ასევე, პენმა ისაუბრა უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებსა და მათ ტრაგედიაზე, რომლებიც რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, პოლონეთის საზღვართან ნახა. ,,ვხედავდი ოჯახებს, რომლებსაც ომი ანგრევდა - არავინ იყენებდა ხმოვან სიგნალს, არავინ ცდილობდა მეორესთვის გასწრებას, ისინი მშვიდად უძლებდნენ რეალობას". - დასძინა პენმა. შონ პენის ახალი დოკუმენტი ფილმის, ,,სუპერძალის“ პრემიერა 17 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალზე, ანუ ბერლინალეზე შედგა. რეჟისორმა ფილმი უკრაინაში გადაიღო და მასში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს. ბერლინალეს აღმასრულებელი დირექტორის, მარიეტ რისენბეკის თქმით, უკრაინის ომი და საპროტესტო მოძრაობა ირანში კონფლიქტის ის ორი სფეროა, რომელიც დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას წარმოაჩენს და წლევანდელი ფესტივალი ამ იდეებს მიეძღვნება. ყოველწლიური ღონისძიება 16 თებერვალს დაიწყო და 26-ში დასრულდება. -
,,ტაბულასა“ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის და უშუალოდ ვლადიმერ პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა. ,,ახლა გავლენის აგენტებზე კანონის მიღება უნდათ, ხომ? ეს (ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენში) იყო ჩვენი მტრული სახელმწიფოს, რუსეთის და მისი ხელისუფალის, პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა – თავიდან ბოლომდე, მისი ყველა მესიჯით. ექსპერტები რომ ეჯდა პუტინს ადრე არხებზე, თან ბოლომდე რომ არ უნდა გაყიდულიყვნენ, რომ პუტინის ხალხია, მაგრამ ზუსტად იმავე მესიჯებით რომ ლაპარაკობდნენ, ზუსტად ეს არის. ესაა გავლენის აგენტი. შეიძლება, კონტრაქტი არ აქვს გაფორმებული რუსეთის სპეცსამსახურებთან, მაგრამ მოქმედებს ზუსტად იმ გზავნილებით, რა გზავნილებიც პუტინს აწყობს – რომ თავში აქვს ხელი შემორტყმული ევროპის გამო, რომ საერთოდ არ ითხოვს ამ ქვეყნისთვის არაფერს, ამბობს, ევროპას რა ბედი ელის, ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ჩვენთან მშვიდობაა. თავს იწონებს. ანუ ნაცვლად იმისა, რომ საფრთხეებზე ისაუბროს იმ ფორუმზე, სადაც ასეთი საფრთხეები განიხილება, იძახის, რომ ჩვენ კარგად ვართ, აი, ბატონი ბიძინა გვყავს, თქვენზე ინერვიულეთ,“ - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
-
მადრიდში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მადრიდში დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა, რომლებსაც ქვეყანაში 14-მდე სახლის ძარცვა ედებათ ბრალად, - ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში სახლებში შვიდი ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ნივთები. ესპანური მედიის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ არის გამორიცხული, კრიმინალური ორგანიზაციის სხვა წევრებიც დააკავონ. -
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პროცესი 15:00 საათზე არის ჩანიშნული. როგორც დაკავებულის ადვოკატი, იოსებ ჯანაშია აცხადებს, სხდომას ბრალდებული დაესწრება. ,,სასამართლო ბანკის ძარცვის ფაქტზე იმსჯელებს. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ბრალდებული სხდომას დაესწრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა“, - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით განახლდება. ეს იქნება პირველი სხდომა, როცა ბადრი ესებუა საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის არსებით განხილვას დაესწრება. მან გასულ სასამართლო პროცესზე, როცა პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩაერთო, აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე დასწრება სურდა და არა დისტანციურად ჩართვა, ვინაიდან ჩართვისას ხმა ხარვეზებით ესმოდა. „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. წყარო: IPN
-
David Koma-ს ახალი კოლექციის შთაგონება მარლენ დიტრიხის სტილი გახდა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
დავით კომახიძე და მატილდა გვარლიანი ლონდონის მოდის კვირეულის ახალ სეზონზე ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძე, იგივე DAVID KOMA-მ თავისი ახალი კოლექცია წარადგინა. დიზაინერის მოდელებს შორის ქართველი მატილდა გვარლიანიც იყო. ,,ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს შტორმის წინ სიმშვიდეს ჰგავს. მომწონს კოლექცია, საბოლოოდ, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც მინდოდა.” - აღნიშნა დავით კომახიძემ ჟურნალ ,,ვოგთან“ საუბრისას დიზაინერის თქმით, ახალი კოლექციის შთაგონებად მან მარლენ დიტრიხის სტილი აირჩია. ,,მარლენის დიდი ხნის თაყვანისმცემელი ვარ. მისი სტილი თავის დროზე ძალიან პროგრესული და პროვოკაციული იყო, მან უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მარლენი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, რომელმაც ანდროგინული სტილი საჯაროდ მოირგო.” ამბობს დიზაინერი. მიუხედავად მკაცრი სტილის ინსპირაციისა, კომას ჩვენებას მბზინავი თვლებისა და ბუმბულების გარეშე არ ჩაუვლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი დეტალი კოლექციაში ოტკუტიურის ელემენტებით იყო შესრულებული, მაგალითად ვერცხლისფერი თვლებით მორთული დეტალები და ლატექსის ყვავილები, რომლებიც სრულად ხელითაა შექმნილი. ეს ტექნიკა DAVID KOMA-ს კოლექციებში უკვე რამდენიმე სეზონია გვხვდება. -
ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა ვერ ჩაივლის ნატო-ს რეაგირების გარეშე, ამიტომ, დიახ, ჩვენ გვჭირდება პროცედურების დასრულება გზის დაგრძელების გარეშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინეთი და შვედეთი უკვე არიან პარტნიორები. „ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ გასულ წელს, ივლისში ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე მოწვევით. გაფართოების პროტოკოლი ამოქმედდა და ყველა პარტნიორს ხელი აქვს მოწერილი ამ პროტოკოლზე. ასე რომ, ნატო-ს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ახლა დარჩა ამ პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი 30 წევრ ქვეყანაში, ასე მოკლე დროში 28 ქვეყანაში უკვე რატიფიცირებულია და თურქეთი და უნგრეთი რჩებიან. რასაკვირველია, ჩემი გზავნილია – და ეს იყო ჩემი პოზიცია ანკარაში ვიზიტის დროსაც – რომ ორივეს, ფინეთისა და შვედეთის წინაშე აქვთ ვალდებულება, რომელიც სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერისას აიღეს გასული წლის სამიტზე და მე მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, დაასრულონ რატიფიცირების პროცესი. ყველაზე მთავარია, რომ რაც შეიძლება მალე, ფინეთი და შვედეთი გვყავდეს ორგანიზაციაში. ამასთანავე, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის თურქეთის გადაწყვეტილება და მან ორი პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მოახდინოს. თუ ის მოახდენს ერთის რატიფიცირებას, მაშინ ფინეთი გახდება ნატო-ს წევრი. უნდა გვახსოვდეს, რომ ფინეთი და შვედეთი იმაზე უკეთეს მდგომარებაში არიან, ვიდრე იყვნენ იქამდე, სანამ მოწვეული წევრები გახდებოდნენ. ისინი მოწვეული არიან, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ღონისძიებებში, სხედან მოლაპარაკებების მაგიდასთან, ინტეგრირებული არიან სამხედრო, სამოქალაქო აქტივობებში, ნატო-ს წარმომადგენლობა გაზრდილია მათ ტერიტორიებზე. ალიანსმა აიღო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, რაც გაფართოების პროტოკოლის ნაწილია, ასე რომ, ეჭვგარეშეა, ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა ვერ ჩაივლის ნატო-ს რეაგირების გარეშე, ამიტომ, დიახ, ჩვენ გვჭირდება პროცედურების დასრულება გზის დაგრძელების გარეშე, ორივე ქვეყნის – ფინეთისა და შვედეთისთვისაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ავტორი - ანა ბროლაძე
-
21 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. მოლაპარაკების შემდეგ სტოლტენბერგი, ბორელი და კულება ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც დმიტრო კულებამ აღნიშნა, ეს უკრაინის, ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა სამმხრივ ფორმატში. „ველოდები იენს სტოლტენბერგთან და ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას უკრაინისა და ევროპის დასაცავად ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, -აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა. უკრაინული მედიის ცნობით, 20 თებერვალს კულება შეხვდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რის შემდეგაც ევროპელი მინისტრები გამართავენ შეხვედრას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკუ პოპესკუსთან.
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.