Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

ბლოგ პოსტები დაპოსტილი katya -ს მიერ

  1. katya
    2 თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია. ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე ადამიანები გამოცდილ კადრად ითვლება შესაბამისი აგიტაცია–პროპაგანდისთვის. ისინი 9 წლის მანძილზე ზოგი ნებით, ზოგი დავალებით და იძულებით, აკეთებდნენ იმ საქმეს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, ერთი, ანუ მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალის გაძლიერებას ემსახურებოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა მოქნილი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც მარტივად არეგულირებდა ხალხის განწყობას, დამოკიდებულებას. გასცემდა დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ სოციალურ დახმარებებს და გარანტიებსაც იღებდა ამომრჩეველთა ხმებით.
    ყველას გვახსოვს ზარ–ზეიმით გამოცხადებული შედეგი ახალი ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრის მიერ, როცა ათეულ–ათასობით ადამიანს შეუწყდა სოციალური დახმარება იმ მოტივით, რომ მათი უმრავლესობა დახმარებას დაუმსახურებლად იღებდა. უმრავლესობა რომ დაუმსახურებლად აღარ მიიღებს ეს ძალიან კარგი, მაგრამ მათ შორის ხომ იყო დამსახურებული უმცირესობაც? ამ თემის განხილვა შორს წაგვიყვანს, მითუმეტეს, მაშინვე დიდი დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია საზოგადოებაში. ძალიან ცოტა იყო კმაყოფილი და ბევრი – უკმაყოფილო. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმის თქმა გვინდოდა, რომ აღმოჩენილი დარღვევების პრიოდშიც და ახლაც სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს პავლე ცაძიკაძე ხელმძღვანელობდა.
    წინა მასალის გამოქვეყნების შემდეგ უფრო მეტი აქტიურობის იმედი გვქონდა უწყებიდან. მოყვანილი ფაქტების გაპროტესტებას, ახსნა–განმარტებას მაინც ველოდით, მაგრამ ყველაფერმა ისეთ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ამ „მოჩვენებითი გულგრილობის“ გამო ჩვენ დავკარგეთ მოსვენება, რადგან არის საშიშროება, სააგენტოში არც არაფერი შეიცვალოს კონკრეტული პირების გაშვების ან გადაადგილების გარდა. არადა წინა მასალის მთავარი თემა წლების მანძილზე სპეციალურად დანერგილი მუშაობის პრაქტიკა იყო. ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს შედეგობრიობის თვალსაზრისით, რომელი ხელისუფლების ხელში დარჩება სოციალური მომსახურების სააგენტო ამომრჩეველზე ზეგავლენის ერთ–ერთ ბერკეტად.
    უამრავჯერ გვსმენია სააგენტოს მუშაობის პრინციპში არსებულ ხარვეზებზე, რომლებიც იძლევა არასწორი და უკანონო ქმედებების შესაძლებლობას, სოციალური აგენტების მუშაობის მძიმე პირობებზე და მინიმალურ ანაზღაურებაზე. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა საუბარი მიდის ქვეყანაში პასუხისმგებელ პირთა ადექვატურ სახელფასო ანაზღაურებაზე, რათა ეს იყოს კორუფციისგან თავის დაცვის ერთ–ერთი პირობა.
    მოსამართლეებს ხელფასები უნდა მოემატოთო, გაიჟღერა გასულ კვირას პრემიერისგან და დაუდასტურა ბატონმა კუბლაშვილმა. გასაგებია, რომ მოსამართლეს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, ის წყვეტს ადამიანის ბედს და ადგენს სამართალს, მაგრამ არსებობს სხვა საპასუხისმგებლო პოზიციები, სადაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კადრების პატიოსნება, კვალიფიკაცია და მოტივაცია. ერთ–ერთი მათგანი სოციალური აგენტის შრომაა, რომელიც ასევე წყვეტს კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ოჯახების ბედს და მათ პატიოსნებასა და კვალიფიციურობაში აბსოლუტურად უნდა იყოს დარწმუნებული უწყების ხელმძღვანელიც და სახელმწიფოც.
    როგორც ჩვენთვს ცნობილია, გლდანი–ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრში ბოლო 2 კვირაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: ქალბატონი რუსუდან წიკლაური დაინიშნა უფროს სოციალურ მუშაკად. შეგახსენებთ, ეს ის რუსუდან წიკლაურია, „ნაცებს“ რომ განუდგა წინასაარჩევნოდ და სამადაშვილის საარჩევნო კამპანიის კულუარული მეთოდების გასაჯაროებით, „ქართულ ოცნებაში“ დიდი აღიარება და ნდობა მოიპოვა. ის გლდანში რიგით აგენტად 2013 წლის აპრილში მივიდა და, ერთი თვის მუშაობის შემდეგ ისეთი „დარღვევები“ გამოავლინა, განყოფილების უფროსი და მთავარი სოციალური მუშაკები მყისიერად გაათავისუფლეს. დღეს ქალბატონი რუსუდანი უფროსი სოციალური აგენტია. როგორც ამბობენ, სერვის–ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ძალიან ნდომებია გლდანის მაჟორიტარ სოსო ჯაჭვლიანის ბიუროს თანამშრომელს ნინო სამაშვილს, მაგრამ „ცენტრმა“ გურამ გორგილაძე დაინიშნა, პავლე ცაძიკიძის განყოფილების, ანუ სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. გორგილაძე ადრე აჭარაში, სააგენტოს საპენსიო განყოფილებაში მუშაობდა. ბოლო წლებია თბილისის ცენტრალურ ოფისში მუშაობს. იქ კი თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის თანამოაზრეობის გარეშე ვერავინ იქნებოდა. იმასაც ამბობენ, რომ გლდანის ოფისში არის მცდელობა ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების, რაც ამ ეტაპზე სოციალური აგენტების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მხრივ შეიმჩნევა – გამოუყვეს ცალკე სამუშაო ოთახი და კომპიუტერებით უზრუნველყოფასაც დაპირდნენო. ეს უკვე შედეგია, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რა მასშტაბის საკითხები და პრობლემებიც წინა ინტერვიუში დაისვა.
    შეიცვლება თუ არა ძირეულად სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის პრინციპი და სტრუქტურა, ამას დრო გვაჩვენებს. იქამდე კი კიდევ ერთი გამოხმაურება და არაერთი საყურადღებო ფაქტი ამ თემაზე, ამჯერად რაჭის რეგიონიდან.
    სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ წინა მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამოგვეხმაურა ქალბატონი თეა ბენდელიანი. ის 2005 წლის 18 თებერვლიდან 2012 წლის 16 მაისამდესოციალურიმომსახურებისსააგენტოსამბროლაურისრაიონულიგანყოფილებისუფროსი იყო და, როგორც ირკვევა, 2012 წელს ნაციონალებმა პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს. მისი მეუღლე, ზაალმეტრეველიკოალიცია ,,ქართულიოცნების” ამბროლაურისშტაბისწევრი იყო. ქალბატონი თეას განთავისუფლებისოფიციალურმიზეზად კიბრძანებაშიმოხსენიებულიასააგენტოსდებულებისარაჯეროვნადშესრულება.
    ამბროლაურის სერვის–ცენტრის ყოფილი უფროსი არაერთ საგულისხმო ფაქტს შეეხო. მათი გადამოწმებით, წესით, სააგენტოს ხელმძღვანელობა უნდა დაინტერესდეს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, გადაწყვეტილებებთან ერთად.
    – ქალბატონო თეა, თქვენ ამბობთ, რომ დახმარების დანიშვნა თქვენს რაიონში, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ ფაქტორს ექვემდებარებოდა.
    – თუ ,,ზოგიერთებს” უნდოდათ, შეფასების მიუხედავად, ოჯახს ფულადი დახმარებაც ენიშნებოდა და პოლისიც ეძლეოდა. ნაც. მოძრაობის მომხრეებს და მეგობრებს სწორედ ასეთი გზებით ენიშნებოდათ დახმარებები.ამსაქმესრაჭა–ლეჩხუმისადაქვ. სვანეთისმხარეშისაკოორდინაციოცენტრისუფროსიგოჩასუთიძეაგვარებდა.
    – რას ნიშნავს აგვარებდა?
    – ამ ოჯახების დეკლარაციები ,,სხვანაირად” ითვლებოდა, რასაც სააგენტოში ერთ -ერთი სამმართველოს უფროსი აკეთებდა. მთავარია, ზემოაღნიშნული ოჯახების სიები მას დეკლარაციის ქულის გადათვლის მომენტისთვის ჰქონოდა. ამ ,,პრობლემას” სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი ანდრია ურუშაძე „სისტემურ ხარვეზს“ უძახდა თვალის ასახვევად. ანუ „ჩვეულებრივ მოკვდავთ“ ეუბნებოდნენ, რომ პროგრამას აქვს ხარვეზი, რომლის გამოც დახმარების მიმღები ხდებიან ის ოჯახები, რომლებსაც დახმარება არ ეკუთვნით.
    – მშვენიერი გამოსავალია.
    – ურუშაძის ხელში ეს ხარვეზი 25%-იანი ცდომილება იყო. მერე, როცა ურუშაძე გამინისტრდა და სააგენტოს დირქტორი წამალაშვილი გახდა, 10-12 პროცენტამდე დავიდა. ამ საკითხზე ჩემმა განყოფილებამ ფარული ექსპერიმენტიც კი ჩაატარა, რა თქმ აუნდა კანონის სრული დაცვით. ყველას გვიკვირდა, რატომ ჰქონდა გუბერნატორგაგოშიძესთან დახლოებულ ერთ–ერთ ოჯახს ფულადი დახმარება, როცა აგენტს ,,საშულოზე მაღალი” შეძლების ოჯახად ჰყავდა შეფასებული. ოჯახი გადავამოწმეთ ჩუმად, ისე, რომ გოჩა სუთიძეს არ გაეგო. დაველოდეთ შეფასებას. უზარმაზარი ქულა მოვიდა. ეს გაიგო გუბერნატორმა და პირველად მაშინ დამემუქრა მოხსნით. გოჩა სუთიძემ კი თავი შემდეგნაირად იმართლა: – „არ ვიცოდი ბატონო დავით თუ გადაამოწმეს, თორემ ხომ იცით რომ გამეგო ისევ მოუწევდა დახმარებაო.“
    – თქვენ ბრძანეთ, რომ მუდმივი ზეწოლის ქვეშ გიწევდათ მუშაობა. რაში გამოიხატებოდა?
    – ჩემი მეუღლე ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ გაემიჯნა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 2007 წელს, გაწევრიანდა ,,საქართველოს კონსერვატიულ პარტიაში” და მალევე დაინიშნა რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის მხარეში. მხარის მაშინდელმა გუბერნატორმა ოთარ სირაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსის –გოჩა სუთიძის პირით რამდენჯერმე მომთხოვა დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, რაზედაც, პრინციპული უარი განვაცხადე. ამ დროისთვის ჩემი მეუღლე უკვე გაათავისუფლეს ამბროლაურის გამგეობაში სპორტის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსობიდან. დიდი მცდელობის მიუხედავად, დარღვევა ვერ აღმოაჩინა არაგეგმიური შემოწმებით შემოსულმა ფინანსურმა პოლიციამაც. ფეხმძიმედ ვიყავი და დაძაბულობის ფონზე მუცელი მომეშალა. მას შემდეგ, ანდრია ურუშაძის ყოველი ვიზიტი ამბროლაურის რაიონში ჩემდამი მუქარით მთავრდებოდა, – როგორც კი მოისურვებდა მაშინვე გამიშვებდა სამსახურიდან. 2010 წელს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის მხარის განყოფილების უფროსებმა, საკოორდინაციო ცენტრის უფროსთან ერთად დისციპლინარული სასჯელი მიიღეს, მე არ დამაკისრეს არანაირი სასჯელი, რადგან ჩემს განყოფილებაში არათუ დანაშაული, არამედ დარღვევაც არ აღმოჩენილა. მაშინ ბატონმა ურუშაძემ საყვედური გამომიცხადა იმ ,,სამსახურეობრივი ვალდებულების შეუსრულებლობის” გამო, რასაც ყოველთვის ზედმიწევნით ვასრულებდი. მალე ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დააწინაურეს. ჩემს მიმართ საყვედურის გამოცხადების ფაქტი სააგენტოს ახალ დირექტორთან, მორის წამალაშვილთან გავაპროტესტე და მტკიცებულებები წარვუდგინე, პასუხად მივიღე– მართალი ხარ, მაგრამ კაცი მინისტრია და მის ბრძანებას ხომ ვერ გავაუქმებო?.
    – თქვენ როდის გაგანთავისუფლეს?
    – 2012 წელს. გაზაფხულზე ამბროლაურში კოალიცია ,,ქართულმა ოცებამ” შტაბი გახსნა, სადაც მეუღლეც გაწევრიანდა. ეს ფაქტი იყო ჩემი სამსახურიდან მოხსნის უმთავრესი მიზეზი, მეორე მიზეზი – წინააღმდეგობა გავუწიე მხარის საკოორდინაციო ცენტრის უფროსს გოჩა სუთიძეს და წინასაარჩევნოდ, ნაციონალური მოძრაობის მიერ მოსყიდულ ადამიანთა დახმარების დანიშვნაზე ხელი არ მოვაწერე. აპრილ–მაისიდან დაიწყო იმ ოჯახთა სიების, ე.წ. გუბერნატორების სიების ფორმირება.
    სააგენტოს დირექტორის მოადგილის დათო დვალიძის (რომელიც ლადო ვარძელაშვილის ქვისლი იყო) თქმით, ჩემი მოხსნა სრულიად მოსალოდნელი ამბავი იყო და არ უნდა გამკვირვებოდა, მე ხომ ოპოზიციონერი ვიყავი.
    მბრალდებოდა ოპოზიციური ქადაგებები მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან, თანამშრომლების ოპოზიციის მხარეს გადაბირება და ყველა ამ ბრალდების ავტორები ბრძანდებოდნენ მხარის გუბერნატორი დავით გაგოშიძე და სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვ.სვანეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ბატონი გოჩა სუთიძე .
    გუბერნატორის წყრომა იმითაც დავიმსახურე, რომ მისი ცოლის ნათესავს დახმარება მოვუხსენით და მისი მეგობარი ქალბატონი კანონდარღვევით არ დავნიშნე ქმედუუნარო, მარტოხელა, ფსიქიურადდაავადებული ადამიანის მეურვედ, რომლის ბინის ხელში ჩაგდებასაც გეგმავდა.
    რაჭა იყო კუთხე, სადაც ყველაზე ნაკლებად გამოიხატებოდა მთავრობის პოლიტიკური რეპრესიები საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით,
    მაგრამ რაჭას მართავდა გაგოშიძე–ტეშელაშვილის კლანი. გაგოშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის,დათო ტყეშელაშვილის ნათესავია. ფიქტიურად საკოორდინაციო ცენტრს მართავს გოჩა სუთიძე. ფაქტიური მმართველი მისი ცოლია. სუთიძე მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, ან ნაბახუსევზეა. სამსახურში მუდმივად ქეიფი დაკარტის თამაშია. საყვარელი მცენარე –კანაფი. ამიტომაც უყვართ ცაძიკიძის ზოგიერთ თანამშრომელს ,,გოჩუნიკასთან” ჩამოსვლა, იციან, ,,პატივნაცემი” წავლენ აქედან.
    – ამ ფაქტების გამოვლენა შესაძლებელია ამ ეტაპზე?
    – რა თქმა უნდა. საკმარისი იქნება თუნდაც საკოორდინაციო ცენტრის მივლინებების, პრემიების და დარიცხული ხელფასების სისწორის შემოწმება და „მონიტორების“ საქმიანობის შესწავლა, რომლებსაც რეგიონში გოჩა სუთიძის „ჯიბის აგენტები“ ახორციელებენ.
     
     
    კატო ჩულაშვილი, გაზეთი „ქრონიკა+“, # 15

  2. katya
    ასე იყო თუ ისე, კიდევ ერთი ივლისურ–თბილისური კვირა გადავაგორეთ. საუზმე–სადილ–ვახშამზე საკამათოდ ვერ ვიცლიდით, იმდენი სხვა რამ გვქონდა გასაყოფი. ბოზბაშ–ჩიხირთმას ახლა ტელეეკრანიდან თუ მიირთმევს საზოგადოების უმრავლესობა, პური და სანახაობა ელექტრონულმა მედიამ პირდაპირი გაგებით გაიგო და ყველა არხზე დილა–შუადღეს ისეთი ჭამა–სმაა გაჩაღებული, უნებურად ფანჯრებს ხურავს ხალხი, სუნმა რომ არ შეაწუხოსო. პოლიტიკისგან გამონთავისუფლებულ ეთერში თუ ვინმე პულტით მოხეტიალე მაგ გადაცემას გადააწყდება, ეჭვი არ მეპარება, ისე გემრიელად შეაგინებს ეკრანზე პირმოწკლაპუნე „სასტავს“ კაი დიდი „მათლაფა“ წვნიანი ამოვა და დედას პურსაც კარგად ამოაწობენ. ხოდა, როგორც ხაშლამაზე „აღზრდილი“ კახელი მიხო იტყოდა, „შაარგოთ!“
    მხოლოდ იმის შეხსენება მინდოდა, რომ ისევ შია ხალხს! შია თქვე მწარედ გაქსუებულებო! ჯერ ისეთიც არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაში, რომ დელიკატესები უტრიალოთ ცხვირწინ. მაძღრად თუ ხართ, მონელება სახალხოდ არაა აუცილებელი..
    მოკლედ, კიდევ ერთხელ გავხდით იმის მოწმე, რომ განათლება ყოველთვის ინტელექტის მაჩვენებელი ვერაა და ვერც ასაკია სიმწიფის გარანტია.
    ასაკოვან სიმწიფეზე სულ ჩვენი მოქმედი პროკურორი მახსენდება თავისი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო სიტყვით. მაშინ კი ბევრი ვიცინე, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ სიმართლე უთქვამს. სწორედ მაგ სიმართლის ძიებაში შეგვრჩა საქართველოს უახლესი ისტორიის შემომქმედთა ვიდეო–მატიანე ხელში კი არა და კასრებში. გასული კვირა ახალი ნადავლით აღნიშნა შსს–მ, ამჯერად 17 000 ფირიო. კინოინდუსტრია ვითარდება აშკარად ჩვენში და იმ ლევან ანჯაფარიძეს რა აშიმშილებდა ნეტა?
    კბილაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებასთან დაკავშირებით, აზრი ორად გაყოფილა. საბოლოო გადაწყვეტილებას თომას ჰამერბერგი მოგვახსენებსო. ანუ ის რეკომენდაციებს მოგვაწვდის და მთავრობა გადაწყვეტს, ტრადიციულად, როგორც ხდება.
    ამ გადაწყვეტილებას და კბილაშვილის გადაყენების მოთხოვნას ნაციონალები სულ კბილის კაწკაწით ელიან, მაგრამ წულუკიანმა –"მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ წარდგინების გაგზავნა პრეზიდენტისთვის არ დგას დღის წესრიგშიო."
     
    ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურების კომისიის წევრ ლაშა ტუღუშს რომ ჰკითხოთ, „მოქალაქეთა სატელეფონო მოსმენების მიზნით ყოფილი ხელისუფლების მიერ დანერგილი პრაქტიკა დღესაც გრძლედება და ყველა ინფორმაცია შსს–ში არსებულ აპარატურას გადაეცემა“. შესაძლოა, ამ ყველაფერს უკვე აღარავინ იყენებს, თუმცა ფაქტია, რომ ეს მახინჯი მეთოდი ისევ მოქმედებს,“– განაცხადა ლაშა ტუღუშმა და დასძინა, რომ „აღნიშნული მოწყობილობის და მსგავსი ტიპის მოსმენების აკრძალვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ნორმატივების შემოღება, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება უკანონო მოსმენების პრევენციაო“.
    მერე, შეახსენოს ვინმემ იქ, საკანონმდებლოში, რომ „ულვაშა პრეზერვატივებზე“ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ეგ საკითხი. ეგება და გუბაზი შეაღვიძოთ, ან დავითაშვილს თამაშები დაუბლოკოთ ტელეფონში, ვაიდა ქვორუმი ვერ შედგეს...
    რაღა დაგიმალოთ და, ისიც კი მაინტერესებს, „კონსერვატორების“ ინიციატივა თუ ხორციელდება პრაქტიკაში. ანუ ჩოხა–ახალუხში დადის მანდ ვინმე?
     
    ფაქტიურად საპრეზიდენტო კამპანია უკვ დაწყებულია და „შავი პიარის“ რეჟიმში მიმდინარეობს – „ წინა ცხოვრების“ შეცდომების, შეცოდებების გამონათქვამებისა და ციტატების გამომზეურება გაპენტვის ფონზე.
    იგებს ის, ვისაც იმდენიც არაფერი დაუშავებია...
    და ჩვენ რა? – ისევ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის?
     
    პარადოქსები არ არსებობს, არსებობს სათანადო დონეზე განუვითარებელი ტვინებიო. დაბინძურებული სინდისი კი ფულით ირეცხება საუკეთესოდ თურმე. ალბათ, ის ქაღალდი კარგად შეიწოვს ცოდვებ. რა ვიცი, რა გითხრათ?
     
    ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე „დაპოსტა“ – მეჭეჭების სამკურნალო ყოფილა ქონდარი და ზოგიერთები რომ ჩაგვექონდრა, რომელიმე კულინარულ ეთერში, რა დაშავდება ნეტავ?
     
    ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერ–ლიდერმა დავით ბაქრაძემ მთავარ პროკურორს თელავის შუაგულიდან მიმართა და მისგან იმ პირთა ვინაობების დასახელება მოითხოვა, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ. „დადგეს ამ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და იმ მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხიც დღევანდელი მთავრობიდან, ვინც წამებაში ეჭვმიტანილი ადამიანები დააწინაურა საკუთარ უწყებებშიო. „
     
    არ ვიცი, რა რეაქცია ჰქონდა მის „რიხიან“ გამოსვლაზე „პატარა კახს“? მაგას ხომ, თავის დროზე, მეზარბაზნეები აღარ ჰყავდა და, თავდაცვის სტრატეგიაში, ბაქრაძეს აღიარებდა ალბათ. ისე, ბაქრაძე პირველი 2 პრაიმერი სულ ბოდიშობის რეჟიმში იყო და ახლა მოთხოვნებზე რომ გადავიდა, რა ხდება ნეტავ?
     
    „ჩვენი გემი არ იძირება, იძირება ის, რომლის კაპიტანი ივანიშვილიც გემიდან გაქცევას აპირებს“ - ასე ბრძანა პრაიმერის მაჩანჩალა მალაშხიამ და, ისე, დიდხანს რაც ტივტივებს, ეგეც კარგად ვიცით ჩვენ, პატივცემულო!
     
    მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, – აუცილებლობას ვერ ვხედავო! ანუ დარჩნენ კუკავა და ბაღათურია ფალავნის გარეშე?
    „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ისეთი მემკვიდრე შემოგვთავაზა, მგონი მარგველა არჩევნების მოგებას არ აპირებს და უბრალოდ ადგილნაცვალი დატოვა დროებით, თორემ თამარ სანიკიძესთან მინისტრის პორტფელი რა შუაშია? იმედია, ქალბატონი თამარიც დაინტერესებულია მაგ თემით და ჩვენზე ადრე დაადგენს კრიტერიუმებს ან არგუმენტს – როგორ მოხვდა მანდა?
    გასულ კვირას ერთი საოცარი ამბავი გავიგეთ – ireport.cnn.com -ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „მსოფლიოს 10 უჭკვიანესი ადამიანი“ სიის პირველი ნომერი საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილა. ივანიშვილი - პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მეცენატი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.უნებურად "მემარჯვენეები" გამახსენდნენ... არადა ბიძინაც გულში მემარჯვენეა, უბრალოდ, მოცემულ მომენტში "ცაციობა" ჭირდება საქმეს...
    მე ის მაფიქრებს, რომ ახლა ბიძინას ექნება სარბენი თავისი დიპლომის ჩარჩოზე, თუ კვესიტაძეს დაუხურეს უკვე გადაცემა?
    არ ვიცი, რამდენად გაეცნენ რეიტინგის დანარჩენი ნომინანტები ამ ინფორმაციას, მაგრამ სტივენ ჰოუკინგს, კიმ უნგ-იონგს, ბილ გეიტსს, რიკ როსნერს და უჭკვიანესი ათეულის კიდევ დანარჩენ 5 ტიპს, აუცილებლად დააინტერესებთ ივანიშვილის პერსონა. მაგ ხუთიდან კასპაროვს ეცოდინება ვინაა მისი კონკურენტი, მიშა მოუყვებოდა.
     
    პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკში, კულტურის სახლში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას მმართველი გუნდის წევრებს სასამართლოსთან მიმართებაში მეტი კორექტულობის გამოჩენისკენ მოუწოდა. ალბათ, ვაშაძის ვიშვიშმა მის ყურამდეც მიაღწია - „საარჩევნო კამპანიის ჩატარება წნეხის პირობებში გვიწევსო“. არადა, მეტი რაღა ქნან უმრავლესობის წევრებმა, აგერ ზოგიერთი კერვალიშვილის და რჩეულიშვილს თავდებშიც კი ჩაუდგა, იმ არგუმენტით, – ეგენი რომ დავიჭიროთ, გაბითურებულ–გაუბედურებულ მოქალაქეებს ფულს როგორ დაუბრუნებენო? არადა მსგავსი პრაქტიკა , თანაც წარმატებული, ჰქონდა წინა ხელისუფლებას - კიდეც იჭერდნენ და ფულსაც წველიდნენ. ჰკითხონ!. მაინც იკლავს სააკაშვილი თავს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე...
    ვახტანგ რჩეულიშვილის, იგივე „ტუის“, განცხადებით, რუსუდან კერვალიშვილის დანაშაული მისი მოწყალე გული და ქველმოქმედების მანიაა. კერვალიშვილს მსგავსი სურვილი წლების მანძილზე ჰქონდა, მაგრამ საჯაროდ არ აფიქსირებდაო.
    რისი სურვილი ჰქონდა ქალბატონ რუსუდანს? პატიმრობის? მერე რას გარბოდა ქალაქის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში, თუ უმაგისოდ ვერ მიხედავდნენ იქ გენდერს?
    „რუსუდანს მართლაც მიუძღვის დანაშული და ეს დანაშაული არის უზომო ქველმოქმედება. რეალურად ძალინ ბევრს არჩენდა. მერე როდესაც საქმე გაფუჭდა ხალხი მიჩვეული იყო და ვეღარ გაუძლო მან ამ წნეხს", - განაცხადა „ბელა მაფიას“ სიძემ, თუმცა, ის აღარ დაუკონკრეტებია, რა ქვია ე.წ. კერვალიშვილისეულ ქველმოქმედებას სხვის ხარჯზე...
    პაპუაშვილმა ისევ დასცხო აქტიურ უმცირესობას - "გაგაგორებინებ მე შენ კოჭს, ქალი ხარ, პროსტაო" - ამ ფრაზამ გადაგვარჩინა კიდევ ერთხელ ჩიორას ჩივილებს. არ შეიძლება, ჩიორას თავისი ქმარიც კოჭების დახვრეტით დაემუქროს? ძალიან აცანცარებულია ესეც ბოლო დროს, იმ პოპულარული ტელესერიალის კატოსავით...
    თაქთაქიშვილს, გოკა გაბაშვილი და აკო მინაშვილი გამოესარჩლნენ. მე ერთი რამ არ მესმის – რა უნდა ამ ორს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში? ადამიანობის იციან რამე თუ უფლებები აინტერესებთ ვინმესი, საკუთარის გარდა?
     
    ცხოვრებაში ყველაფერი ისეა, როგორც ბირთვულ ფიზიკაში – ბევრს უნდა ბირთვად ყოფნა – ყველაფერმა რომ მის ირგვლივ იტრიალოს.
    და აი ისიც – ბირთვი კი არა და, კვირის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – თვით ხუხაშვილმა ვრცელი პრეს–კონფერენცია ჩაატარა პრემიერის სტილში. უამრავ რამეზე ილაპარაკა, მათ შორის პირადად მასზე „შექმნილ ლეგენდებზეც“. იცის კაცმა პიარ–ტექნოლოგია!
     
    " სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი კი მზადაა სასამართლოში გია ხუხაშვილის წინააღმდეგ მოსამართლის კითხვებს უპასუხოს.
    ხუხაშვილი ამირეჯიბის ბრალდებებს მისი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს და, პრეცედენტის შექმნის მიზნით, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლის დასჯას მოითხოვს.
    გაგიკვირდებათ და, კომპენსაციის თანხის გადარიცხვას , რომლის გადახდასაც ამირეჯიბს სასამართლო დააკისრებს, " ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ანგარიშზე აპირებს.
    ანუ, "ჟურნალისტური ქარტია" ახლა, ფაქტიურად, ხუხაშვილზე იმუშავებს? აბა ამირეჯიბმა რომ სასამართლო მოიგოს, ქარტიას რა?
     
    თუ გახსოვთ, არჩევნებამდე ექსპერტი რომ იყო ერთი მიშა თავხელიძე, ახლა მედია–იგნორშია და, ამით ისეა გაოგნებული, თავის თანაგუნდელ ნანუკა ჟორჟოლიანს მიუხტა. უფრო სწორად, თავხელიძე "ფესიბუქის" საკუთარ გვერდზე "ნანუკას შოუში" პრეზიდნტის ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა და ქართველი ოპრა თავად მოუხტა. იყო დიდი ამბავი... წესით, კიდეც უნდა ყოფილიყო. რა იცის მაგ გუნდმა ასე ერთმანეთის მოძულება და რა მაგალითს აძლევენ საკუთარ „მრევლს“?
     
    გვეშველა და ვანუატუს რესპუბლიკამ გვაღიარა დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დონეზე . ხელმოწერა 12 ივლისს ნიუ-იორკში შედგა. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ ისეა გაცოფებული, ერთიანად შემოუხევიათ ტანზე ყველაფერი და ძნელადგასარჩევები არიან „მეგობარი“ ვანუატუს აბორიგენებისგანო.
     
    14 ივლისს საქართველომ ვაჟა– ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე აღნიშნა, თუმცა, მეტ–ნაკლებად პომპეზურად, ანუ ვის სად და როგორ მიესველბოდა და ჭირდებოდა.
    „სტუმარ–მასპინძლობის,“ მარადისობის და მამულიშვილობის კანონებს კიდევ ერთხელ გადავიმეორებთ და რა მერე?
    რა და ის, რომ თუ არ გსურთ ტყუილების მოსმენა, ნურც კითხვებს სვამთ!
     
    კატო ჩულაშვილი
    გაზეთი "ქრონიკა+" # 13
  3. katya
    ონორეზე არ ვგიჟდები, მაგრამ რომ თქვა – იქ სადაც ყველა კუზიანია, კარგი აღნაგობა სიმახინჯედ ითვლებაო, ძალიანაც მართალი იყო.
    სამაგიეროდ, მიყვარს გაბრიელი და მისი „პატრიარქის შემოდგომა“...
    და ისე ველი წლევანდელ შემოდგომას, როგორც არასდროს ...
    პარადოქსია, მაგრამ რეალური პარადოქსი – ძალიან ცოტას თუ ჭირდება დღეს მოაზროვნე ადამიანი, მითუმეტეს მართალი. სამაგიეროდ, უაზრო შემსრულებელსა და „საქმის მკეთებელზე“ ტაციაობაა.
    კიდევ ის, რომ ჯერ კიდევ უმადურობის ჟამი ჟამობს და უკიდეგანო ცნობისმოყვარეობისა. ნუ ხართ სულსწრაფებიო! ასე ადვილად და სწრაფად არაფერი კეთდებაო! მომთმენები და დამჯერები რომ ვიყავით 9 წელი და იმის წინ კიდევ რამდენი, რა ჯილდო მივიღეთ სამაგიეროდ? ცოცხლები რომ გადავრჩით?
    ოქტომბერში! ოქტომბერშიო! ყველაფერი ოქტომბერს შეაწერეს. მოვა ეგ ოქტომბერიც და ვნახოთ კაცო! – რა საპოვნელას ვიპოვით „ჩვენს მხარეში“... ძველი სიმღერაა ერთი, დები იშხნელები მღეროდნენ, ბებიაჩემს უყვარდა – „ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს ჩაგივლია...“ სიმღერა კარგია, მაგრამ, ამ ტკბილხმოვანებაში მხარი არ გვეცვალოს მთავარია. მერე ჭირს ხოლმე უღრანებიდან გამოღწევა. მონადირეების და ტყის მცველების იმედად კიდევ ჩვენი მტერი იქნა. ტყეში კი არა საწყალი და შეურაცხყოფილი თემიდა ვერ გამოვღლიტეთ ხელიდან კუბლაშვილს აგერ ქალაქშის ცენტრში.
    ვუაიერებო! წინ!
    ოხ, როგორ გვიყვარს გასაღების ჭუჭრუტანაში ჭვრეტა. სხვის საძინებლებშიც. ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა – გასახდელში ჭვრიტინი და იმპულსების გადამოწმება?!. ეგაა, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.. მერე ზოგი თავს ვერ აგნებს, ზოგი ტანს და ზოგიც სიტყვებს, რომ აღშფოთება გამოხატოს.
    რა მნიშვნელობა აქვს კამერის წინ დგახარ თუ კამერის უკან? ფაქტია, ყველანი მაგ ორბიტაზე ვტრიალებთ. ახლა ზოგიერთებს კამერაში მოხვედრაც „უტყდებათ“ და კადრშიც, მაგრამ, ადამიანი იმისთვისაა გაჩენილი, რომ იცოდეს, ყველაფერს აქვს დასასრული. და რა ჩვენი ბრალია, თუ ზოგიერთები ამას შიშით აღიარებენ და ზოგიერთები იმედით ელიან?!
    იცოდით, რომ სადისტებისთვის ციხის ალტერნატივა მონასტერი ყოფილა? დემოკრატიის დემო–ვერსიაში მსგავსი რამებიც მოსულა. არც მე ვიცოდი, გასულ კვირას გავიგე, როგორ წავიდა ერთ–ერთი ზონდერი „უბიწო მამათა“ სავანეში. ესეც ახალი ტენდენცია ქართულ სამართალში.
    ხოლო ახალი სიტყვა ქართულ სალიტერატურო პრაქტიკაში –„მიჯირყვნაა“, რომელმაც ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, მამა–შვილი გაბაშვილებიდან უფროსს ისიც კი გაახსენდა, რომ ძირითადი პროფესიით ენათმეცნიერია. მეცნიერებაში დაბრუნებას აპირებს, ალბათ თორემ პრემირებულ ,,ჩა’‘ წინდებულს ასე არ ჩააცივდებოდა. როგორც მეცნიერადჩაფიქრებულმა და დიპლომატ–პოლიტიკოსად რეალიზებულმა უფროსმა გაბაშვილმა განგვიმარტა, ივანიშვილისეული აკვიატება ფსიქოლოგიურად ზევიდან ქვევით ჩასვლა, ჩავარდნა, რაღაც ხიფათის მოლოდინიაო. არის მეორე ვერსიაც – როცა გინდა, ვიღაც ჩაფლა, ჩამარხო, ჩაიტანო. აკვიატებული შინაგანი იდეები მერე გრამატიკაშიც გამოიხატება ხოლმეო და, თუ ეგრეა, ენათმეცნიერს კი უნდა ახსოვდეს, ვინ თქვა პირველად „ჩა–რეცხილი“?..
    ჰოდა, მაგაშია საქმე!
    მიჯირყვნის განმარტების უამრავი ვერსია გაჟღერდა, ყველაზე მკაცრ და უსიამოვნო ვარიანტს მოვაგებინებდი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატს – ნაცპატივცემულ ჯაფარიძეს. მადლია, აბა პრაიმერს მაინც ვერ იგებს და... გორული პრაიმერის ისტორიული გამოსვლით ის აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც „ცრუ მოწმე“. როგორ იკადრა – საქართველო აგრარული ქვეყანა არ არის, ის აგრარულ ქვეყნად რუსეთის იმპერიამ აქციაო?!.
    რა ჩაიფიქრა ნეტავ, მერე რა, რომ ნაცმომ ტერიტორიები დაკარგა, მიწა ჩვენ არ გვჭირდებაო? პრინციპში, „გეორგიას“ მიწასთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს? არც რა... თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯაფარიძის ჯიშის ქინძის მოყვანა ვერტიკალურ განზომილებაშიც შესაძლებელია?
    აი ამას ქვია ზოგიერთების პოლიტიკაში ყოფნის „მიზანშეწინულობა", -როგორც ქუთაისის მერი – დიმიტრი კოპალიანს უყვარს თქმა.
    მიშას მეზარბაზნეები აღარ ყავს და ქვეყანა გაევსო მტრებით..
    ოხ, გიაურო ღარიბაშვილო! რატომ გაუხსენი საზღვარი ოკუპანტს?! ისე, მაგ „მტრებზე“ პერსონა ნონ გრატა რომ გამოგეწერათ თავის დროზე, ხომ ვერ იძალადებდა ღარიბაშვილი საზღვარზე? თუმცა, სად გქონდა შენ მაშინ მაგის თავი და დრო? არც თქვენს „ჯილა“ ბაქრაძეს ეცალა, დანა–ჩანგალს იბარებდა ბითუმად .
    რას გაუგებ კაცის ბუნებას?! აგერ ამდენი ხანია, ერთ ბედკრულ ბედუკაძეს ვერ მოუხერხეს ვერაფერი... ხან გმირია, ხან მანიაკი და ხან საეჭვოდგანთავისუფლებული.
    ოხ ეს ეჭვი!.. ხან შეგეპარება, ხან გამოგეპარება... ჩაპარვა არ იცის მაგან...
    რახან თვით გია ხუხაშვილმა თქვა - ბუნებაში მუდმივი არაფერია, ესე იგი, ბუნებრივია, რაღაცას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში კბილაშვილის თავს.
    რა ვერ გაიგეს ამ ჟურნალისტებმა, რა თემები ეხება ხუხაშვილს? ყველაფრის ცოდნას ამ კაცს რომ „ავალებენ“? ცოდოა ბოლოს და ბოლოს...
    კბილაშვილის საქმე როგორ იქნება? – ეგ უკვე რიტორიკული კითხვაა, იქ, სადაც ხუხაშვილი თავისი „ბუნების კანონებით“ ჩაერია. უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, კბილაშვილს ნაცვლიშვილით ჩა –ა– ნაცვლებენო! აბა სხვა უკეთესი ალტერნატივა ვინ შეიძლება იყოს? ნაცვლიშვილია ბოლო–ბოლო, გვარი უწყობს ხელს –ნაცვალია მაგის ფუძე.
    ამ ჩვენს ჰუმანისტ კბილაშვილსაც ასე თუ ქონდა გადასული ხასიათში ადვოკატობა, ეთქვა კაცო, გაგებით მოვეკიდებოდით, ანდა „სისხლის სამართალი“ ესწავლა.
    ჩვენში დარჩეს და , ეს ციტატა, თავისი შინაარსით: „... კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის“, – პროკურატურაზე ზეწოლის ირიბი და მსუბუქი გამოვლინებაც არაა? მერე იტყვიან, ბიძინა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებსო! აბა ახლა ასეთ რამეს რომელი მისი მრჩეველი ურჩევდა? ასეთი ბრალდებისთვის ვერცერთს გავიმეტებ და სულ რამდენი მრჩეველი ყავს პემიერს?
    თეა წულუკიანს ძალიან უნდა, ძალიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათავეში მოქცევა და ამიტომ ბიძინას დუდუკზე ჰარმონიული მოძრაობები კარგად გამოსდის. ჰოდა, ისიც ზუსტად ახლა დაეჭვდა კბილაშვილის გადაწყვეტილებაში. არადა, სასამართლო რეფორმის ჩაფლავებასაც კბილაშვილს რომ ვერ დააბრალებს, ფაქტია.
    იუსტიციის მინისტრის ბლოგერობა გვაკლდა, ლუკმა–პურისთვის გაფაციცებულ უჩინო ბლოგერებს. ესაა ახალი სამართლიანი შრომის კოდექსი და ჯანსაღი კონკურენცია?
    რას იფიქრებდა კბილაშვილი მის მოქალაქეობრივ მორალს თუ ბედუკაძის საქმეს შესწირავდნენ მსხვერპლად?! მაგას ბედუკაძეც ვერ იფიქრებდა...
    რა უთხრა მაინც ასეთი იმ ურეკში ბაქრაძემ უსუფაშვილს და ივანიშვილს, კომენტარიც კი მარტო თავად რომ „აკეთა“? ივაჭრებსა უხვად საპარლამენტო ბოიკოტის ბერკეტებით. სადაც სავაჭრო გაქვს, უნდა ივაჭრო, აბა რა!?
    ფაქტია, რაღაც ისეთზე ილაპარაკეს, რომ პრემიერს პროკურატურის საქმიანობის გადახედვა მოუნდა და სულ შემთხვევით გადააწყდა ბედუკაძის განაჩენს.
    მიმხვედრი მიხვდება, რომ პრემიერს დიდი გეგმები აქვს – სააკაშვილი მისმა ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს. ეს ძალიან მაღალ და დასავლურ წრეებშიც გაჟღერებული „მუქარაა“ ჩვენთვის, ამომრჩევლისთვის კი ოცნება და დაპირება. სიტყვის კაცი ვარო სულ მაგას ამბობს, აქამდე უსიტყვოდ აკეთებდა საქმეს და ახლა რა ღმერთი გაუწყრება?!
    მოკლედ, მიხეილ! გინდა ახტი–გინდა დახტი, გინდა ურკინიგზოდ დარჩენილ ავღანურ ტვირთებზე ივიშვიშე და გინდა სეკვესტრირებული ბიუჯეტით გატარებულ უფერულ ზაფხულზე, გინდა ხუთშაბათი კვირად მოგვალანდე და გინდა კეისარს გაეჯიბრე, შენი „საშველი“ არაა...
    სისი უძახე შენ და ვერ გადმოაყუდა ერთი წლის თავზე ეგვიფტელმა გენერალმა თავისი ხიშამ კანდილი!? მუჰამედსაც მალე მოიშორებენ ლიბიაში და, ამასობაში ის შენი კალენდარულ–ფილოსოფიური შემოდგომაც მოვა...
    ათენის მერი იორგოს კამინისი დემონსტრანტებმა სცემეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ის სპეციალური შეხვედრიდან გამოვიდა, სადაც საჯარო მოსამსახურეების შემცირების საკითხს განიხილავდნენ.
    ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დაფარულიო! – აღმოხდა თბილისის მერს, მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვეკითხები გიგი მაგას? რაიყო, სახურავი შენთანაც წვეთავს?
    გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ თბილისში.
    თვით კრიშტიანუსიც არ მოერიდათ. მეგობრობა–მეგობრობად და მაინც ვერ გადაფარა მისმა ბრწყინვალებამ ოკუპანტების სიძულვილი. საყურებლად და სი–ენ–ენ–ის ნიუსისთვის მშვენიერი თემაა. ჩვენთვის ალბათ ტრაგედია.
    პრემიერის ფავორიტს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა . ჯონდიმ თავისი ფსონი „მსოფლიო ბანზე“ დადო და ხმებში არ უნდა გაუჭირდეს თავისი კრეატიული ლოგიკით.
    აი შალვა კი ისევ იმედგაცრუებულია. ინგაზე დიდ იმედებს ვამყარებდიო. ახლა ინგას კითხოს, რა იმედებს ამყარებდა მასზე?!
    რა ჭირს ამ ეროვნულ შოუ–ბიზნესს? ბადურაშვილ–კუტალაძის საკითხი იდგა დღის და ფბ–წესრიგში და აგერ მელუამ სულზე მოგვისწრო თავისი განქორწინებით, თორემ ბევრი გადაყვებოდა ნერვიულობას.
    სამაგიეროდ, ირინა შეიკმა ხინკალი დააგემოვნა და ალბათ „ საწნახელიც გვინახა“.
    მიხიულიუსის კალენდრთ ჯერ საქართველოში გაგანია ივლისია, მწყობრიდან გამოსული ეროვნული გამოცდებით და თბილისში ჩარჩენილი უმრავლესობის უფინანსო შვებულებით.
    დაველოდოთ ოქტომბერში ჩვენს მხარეში საპოვნელას.
     
    კატო ჩულაშვილი
    გაზეთი "ქრონიკა+" #12
  4. katya
    უმნიშვნელოვანეს სეგმენტს ისევ "ნაციონალური უშიშროება" მართავს
     
    ოქროს მედლის კანდიდატი იყო. მე–9 კლასიდან გამოვიდა და სწავლა სამედიცინო ტექნიკუმში გააგრძელა. წითელ დიპლომზე დაამთავრა. ერთი გამოცდა და ექიმი უნდა ყოფილიყო. გეგმები აირია – მამის ავადმყოფობა, პირადი ცხოვრება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, სამეგრელოს დარბევა, მამის ავადმყოფობა... უჭირდათ. ერთ დღესაც თბილისში გამოიქცა, კომისარიატში ფრონტზე გაშვება მოითხოვა, როგორც ექთანმა. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ნაწილში ომში გასაშვებად დაენანათ და ერთ კვირაში სამხედრო ჰოსპიტალში გაუშვეს ექთნად. 1996 წელს, პარალელურად, პოლიგრაფიულ სტამბაში დაიწყო დამლაგებლად მუშაობა. მერე, შეთავსებით, დაზგასთან გადაინაცვლა. 2000 წლის 13 ნოემბერს მარჯვენა ხელი ჩაყვა პრესში და დასახიჩრდა. ჰოსპიტალში ცოტა ხნით შეინარჩუნეს, მერე პენსიაზე გავიდა. ცხოვრობდა 53 ლარით, რომელიც, მოგვიანებით, 109 ლარი გახდა... სტამბას ისევ ალაგებდა. საცხოვრებლის ქირა რომ არ ეხადა, იქვე ერთი პატარა ოთახი, უფრო სწორად ქოხი მისცეს. დღემდე იქ ცხოვრობს... 2005 წლის აპრილში შემთხვევით ნახა სოციალური აგენტის ვაკანსია, რომელსაც სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს შტაბი აცხადებდა. გამსვლელი 12 ქულა იყო, 27 მიიღო...
    დანარჩენს მასთან საუბრიდან შეიტყობთ – რატომ დარჩა რამდენიმე დღის წინ მანანა ბიგვავა უმუშევარი და რას ნიშვანს დღეს საქართველოში იყო სოციალური აგენტი, თუნდაც „უფროსი“.
    – ანუ, თქვენ ამ სააგენტოს ერთ–ერთი პირველი თანამშრომელი ხარ, ფაქტიურად ვეტერანი...
    – ასე გამოდის. სააგენტოს ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ჰქონდა ხელშეკრულება დადებული კადრების შერჩევაზე, რომელსაც გოჩა (გვარი არ მახსოვს) ხელმძღვანელობდა. ხმა გამოვიდა, წინასწარშედგენილ სიაზე ხელის მოწერას სთხოვდნენ, რაზეც უარი უთქვამს. ბოლოს სიები 50/50-ზე დააბალანსესო. ანუ ნახევარი ტესტირება/გასაუბრებით გასული ხალხი სხვა დანარჩენი - ,,ქართულ მამა-პაპურად“, ასე მოვხვდი მაშინ მეც და ბევრი სხვაც ამ ახალ შექმნილ სამსახურში. დღეს ამ სამსახურს სოციალური მომსახურების სააგენტო ქვია. ვმუშაობ პირველი დღიდან - სოციალურ აგენტად....
    – მაპატიეთ, მანანა, მაგრამ, უკვე აღარ მუშაობთ! ჯერ კიდევ ვერ შეეგუეთ ამ რეალობას ხომ?
    – ცოტა არ იყოს, ძნელია შეგუება, ჯერ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ.
    – მესმის, ნაცნობი განცდაა... და რა მოხდა მაინც, ამ წლების მანძილზე ყველაფერი რიგზე იყო და ახლა დაეჭდვნენ თქვენს პროფესიონალიზმში? ადრეც გქონიათ პრობლემები ხელმძღვანელობასთან?
    – პირველად მაშინ დავუპირისპირდი, როცა, დებულების თანახმად, გადავამოწმე ერთ-ერთი ოჯახი, სარეიტინგო ქულა მაღალი გამოუვიდათ. მაშინ ისნის ნაცმოძრაობის გავლენიანი წევრის ჩარევით ცენტრალური აპარატის (კონტროლის) თანამშრომელმა ის ოჯახი „გადაამოწმა“ და ქულამ დაიწია ანუ სასურველს მიაღწია. მათთვის ფულადი დახმარების დანიშვნა დამავალეს მე, რაზეც უარი განვაცხადე.
    – მაშინ არ დაგსაჯეს?
    – არა, პირიქით, ამის შემდეგ, რატომღაც, კარგად განეწყვნენ ჩემს მიმართ და 2007 წლის 1 იანვრიდან გადამიყვანეს კონტროლის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად.
    – ნეტავ რატომ? ახლოს რომ ყოფილიყავით და იოლადსაკონტროლებელი?
    – ჩანაფიქრი ალბათ ეგ იყო, ახლა ვხვდები, ვჭირდებოდი. იმ ოჯახებში მაგზავნიდნენ სადაც კანონიერება ზედმიწევნით უნდა დაცულიყო. თუ შემთხვევით ვინმე ისეთი აქტიური და შანტაჟის მომწყობი ოჯახი იქნებოდა, მერე სხვას უშვებდნენ და ლაგდებოდა სიტუაცია.
    – სიტუაციის დალაგება რას ნიშნავს?
    – ქრებოდა ნივთები დეკლარაციიდან. ამას ბენეფიციარები ვერ ხვდებოდნენ და გამოდიოდა, რომ მე ვიყავი ცუდი შემფასებელი, ზოგადად იქმნებოდა აზრი, რომ სოციალური აგენტები თვითნებობდნენ, ამას ხელს უწყობდა ტვ პიარები, პრეზიდეტის გამოსვლები. თითქოს მთავრობის დადგენილებაში რამე სხვა ეწერა და სოც–აგენტები იგონებდნენ ინსტრუქციებს. წლების მანძილზე კანონებში მოთხოვნილების მიხედვით შედიოდა შესწორებები, როდის რა ხვრელი დასჭირდებოდათ იმას ასუფთავებდნენ...
    – წარმომიდგენია, რამდენი ხვრელი იქნებოდა ...
    – ზოგადად უმძიმესი სამუშაოა, თვითონ აპლიკანტებიც მზად არიან კონკრეტულად მის შემთხვევაში დაარღვიო კანონი მის სასარგებლოდ. კანონებიც იძლევა ამის საშუალებას. თუ სკლუპუროზულად მიყვები დადგენილებას გამოავლენ, რომ დღეს ყველა ან თითქმის ყველა ოჯახი, რომელიც ამა თუ იმ დახმარებას იღებს, დამნაშავეა, რადგან დეკლარირებული არ აქვთ სრული შემოსავლები და სრული სიტუაცია. მეთოდოლიგიის მიხედვით ძალიან მცირე შემოსავალიც კი სხვა კომპონენტების გათვალისწინებით ისეთ სარეიტინგო ქულას იძლევა დახმარების მიღმა რჩება ოჯახი.
    – გამოდის ,,სასაფლაოზე’ უნდა მივიდეთ დეკლარაციიის შესავსებად და მერე რაღაც გვერგება?
    – ასე გამოდის.
    – კარგი, და რამდენად წარმატებული იყო მთავარი სპეციალისტის კარიერა?
    – კვეხნას არ დავიწყებ, მაგრამ შესრულებულ სამუშაოზე პრეტენზია არავის ქონია.
    – აბა რატომ „ჩამოგალაბორანტეს“?
    – 2009 წელს ზუსტად 10 მარტს ოპერატიული სამსახურის უფროსმა თამაზ თეთრაძემ მივლინების ჯგუფში ჩამსვა და დუშეთში წამიყვანა, „საიდუმლო ოპერაცია“ იყო. დუშეთის განყოფილების კართან მითხრა ჩემი ამოცანა – განყოფილებაში უნდა შევსუიყავი და პირადობის მოწმობა გადამეღო, შემდეგ 20 თეთრიანი დამეგდო და გამოვსულიყავი. რაზეც უარი ვთქვი. გიბრძანებო! არ ვიზამ ამას-მეთქი. ვიდავეთ. მომხსნა მივლინებიდან. არ დამიმალავს და მოსულმა ეს ყველგან ვთქვი. არ შევსულვარ დირექტორთან არც მოადგილეებთან, ჩავთვალე, რომ კითხვები თუ ექნებოდათ დამიბარებდნენ და მკითხავდნენ. აქედან დაიწყო ჩემი ფარული დევნა, მაგრამ ვუძლებდი..... აღარ მოვყვები წვრილმანებზე გამოკიდებას. ერთხელაც წყალტუბოდან ერთი მოქალაქის წერილი დამეწერა განსახილველად და დარღვევები გამოვავლინე. დამრღვევად ერთ-ერთი მაღალჩინოსანის ახლობელი გამოიკვეთა.
    – ვინ მაღალჩინოსნის?
    – სააგენტოს დირექტორის მრჩეველი, უშიშროებიდან მომაგრებული ზურა უგლავა.
    – რომელი უგლავა, რომ ამბობენ, ჯანდაცვის მინისტრის, სერგეენკოს მრჩევლად დაინიშნაო?
    – კი ეგ. ხომ საინტერესო მეტამორფოზაა? წყალტუბოს საქმეები ისე წარმართეს, რომ გაუშვეს სამსახურიდან დაბალი რანგის თანამშრომლები და ეს ,,ნათესავი“ დატოვეს... რაზეც გათავისუფლებულებმა იჩივლეს.... მეც პრინციპულად დავდექი - ან ეპატიოს ყველას, ან არ ეპატიოს არც ამას. საბოოლოოდ ამ ნათესავს წასვლის განცხადება დააწერინეს.
    – მაშინ ყოფილხარ გასაშვები, იმ სტანდარტებით და „გაგებით“. მაგის გამო გაგამწესეს გლდანში?
    – იმდენად ვერ მიტანდნენ, რომ ანდრია ურუშაძე, ზურა უგლავა, მორის წამალაშვილი, თამაზ თეთრაძე გამარჯობას არ მეუბნებოდნენ დერეფანში.... სამარცხვინოა , მაგრამ ასეა. 2009 წლის სექტემბერში რეორგანიზაცია ჩატარდა და ნამდვილად ველოდი გათავისუფლებას, მაგრამ ჩამომაქვეითეს და გლდანის განყოფილებაში გამიშვეს უფროს სპეციალისტად. 2010 წლის შემოდგომაზე ისევ გამოაცხადეს რეორგანიზაცია და ასევე კონკურსი ახალ თანამდებობაზე - უფროსი სოციალური აგენტი. მივხვდი რომ უმუშევრობისგან მხოლოდ ამ კონკურსში გამარჯვება გადამარჩენდა და შევიტანე განცხადება. უნარჩვევებში 100-დან 83 ქულა მივიღე, გამსვლელი 46 იყო. დირექტორი მორის წამალაშვილი იმდენად ვერ მიტანდა, თათბირზე უმაღლეს ქულად 81 ქულა გამოაცხადა, ჩემი გვარი, რომ არ თქმულიყო წარმატებულის კონტექსტში.
    – რას იზამ?! ზოგჯერ 83 ნაკლებია 81–ზე.
    – მოკლედ დავინიშნე... მაგრამ იქ რაღაც კანონმდებლობის ხარვეზი ჰქონდათ და 2011 წლის იანვრის თვეში მარტო მე არა, ყველა უფროსი სოციალური აგენტი უხელფასოდ გვამუშავეს.თუმცა იმ თვის ნამუშევარი სააგენტოს ბაზაში დევს. სხვათაშორის გამოცდა ვერ ჩაბარებულებიც დაინიშნენ მაშინ.
    – მაგ სააგენტოს სოციალურ–პოლიტიკური დანიშნულება ცნობილია, ასეც იქნებოდა. მანდ ძირითადად პარტიული აქტივისტები საქმდებოდნენ. ანაზღაურება ნორმალური იყო?
    – ვმუშაობდით უაზრო დებულებებით.... გვქონდა უამრავი საოფისე სამსახური და საველე სამუშაო, ხელფასი დამოკიდებული გახადეს საველე საქმეზე. არც ერთი ქუჩიდან მოსული და პატრონიანი ადამიანი არ გაჩერდა ამ პოზიციაზე, ყველა წავიდა, ვინც ინიშნებოდნენ ისევ პარტიული ხაზით. ოჯახის წევრების გარდა, სიდედრის, სიმამრის, დედამთილის, მამამთილის, ძმის, დის, რძლის, სიძის, ძმიშვილების, ბებია-ბაბუის, შვილების და მეუღლის პირადი ნომრები მოითხოვეს, მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ამ ოჯახებს პროგრამაში, (დაუწერელი კანონი იყო), თითქოს ყველას რჩენა შეგვეძლო ჩვენი წუწიანი ხელფასით... სამაგიეროდ ანდრია ურუშაძის მამას ძვირადღირებული ოპერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაკეთებოდა. ასეთია ბედი როცა ანდრია პირვეწოდებული ხარ! ასევე კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა დროებით დედ-მამა ნაკლებად კეთილმოუწყობელ სახლში გადაიყვანა და შეძლო იქ მოეპოვებინა სადაზრვევო ბარათი, რითაც დაუფინანსდა მამაისს, როგორც უმწეოს, ოპერაცია, ის კაცი გარდაიცვალა და მოვერიდები ხმამაღლა საუბარს. თამარ ქარდავას მშობლებზეა საუბარი. გვარიც მნიშვნელოვანია. მეგიზ ქარდავას ნათესაობაზეა საუბარი. პრემიები ათასობით, ყოველ თვიურად.და ამ ჩვენს 6 ლარს გამოეკიდნენ. თან ყველას ეპატია, მე და ერთი წამაკლეს კიდევ სხვა გზა არ იყო. მთლად თეთრით იქნებოდა ნაკერი. საბავშვო ბაღში რომ უფასოდ უნდა ეტარებინათ 200 000 ქულის მქონე ოჯახებს, იმისთვისაც არ შემოატანინეს სოცაგენტებს განაცხადი, არადა, ჩვენი უმეტესობა 100 000-ს ვერ ასცდება ისეთი სოციალური მდგომარეობა გვაქვს. ყველამ ფული იხადა საბავშვო ბაღში, ორ-ორი შვილი ატარეს ასე.
    – სტანდარტული სიტუაციაა. და ნაცმოს აქტივისტობას ან პროპაგანდას არ გავალებდნენ?
    – წინასაარჩევნოდ დაიმუხტა სიტუაცია. დავალება დავალებაზე მოდიოდა, მაგრამ მარიდებდნენ და ვირიდებდი... ერთხელ განყოფილსბის უფროსმა, ირაკლი სორდიამ დამიბარა და სია გადმომცა იმ ოჯახების, ვისაც დახმარება უნდა დანიშვნოდა. – სოც. აგენტებს უთხარი „რბილად“ შეავსონო! ვერ ვეტყვი-მეთქი. – თუ ვერ ეტყვი, მაშინ წადიო. მერე 10 წუთში ჩამოვიდა იმ ოთახში სადაც ვიჯექი და მითხრა ხვალ დაიბარე ყველაო.
    – თავის თავზე აიღო დავალების მიცემა?
    – თავად ჩაატარა თათბირი. იმ სიტყვებს რა გამამეორებინებს. ჩვენ პარტიას ვემსახურებით, მათი დავალებები უნდა შევასრულოთ, თუ ვინმეს არ უნდა წავიდეს! და ა.შ. უმძიმესი თათბირი იყო.
    – ეს სორდია ისევ მუშაობს მანდ?
    – არა, გაუშვეს. გეწაძის ქვისლია და მთლად ასეთ წონიან ნაცებს არ ინდობენ. თუ ეს კაცი არ ვარგოდა, ამდენი წელი ამხელა განყოფილება რატომ ჩააბარეს, მაშინაც თვითონ არ იყვნენ კონტროლის დეპარტამენტში?
    – რომელი გეწაძის ქვისლია სორდია? კახას? ყოფილი დეპუტატის, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის და ზესტაფონის რაიონის ყოფილი გამგებლის?
    – კი, მაგის.
    – პარტიული კონიუნქტურა მუშაობდა მაგ დროს და ვინ გაუშვებდა. გასაშვები კი ყოფილა, თუ ერთი ხელმძღვანელის გაშვება გამოასწორებს სიტუაციას და მიდგომები შეიცვლება.ზოგადად გაშვება–არგაშვების საკითხს ვინ წყვეტს?
    – კადრების საკითხს წყვეტს კონტროლის დეპარტამენტი. არანაირი ფამილარული დამოკიდებულება არ მაკავშირებდა უფროსთან, უბრალოდ ადამიანურად ვგრძნობდი აფასებდა ჩემს პროფესიონალიზმს. სხვა მისი მუშაობის მეთოდები ჩემთვის მიუღებელი იყო. მაგრამ დღეს მხოლოდ მასზე გადატეხვა ჯოხის არასწორად მეჩვენება და უსამართლობა მგონია, თან იმათი მხრიდან ვინც თავიდანვე იყვნენ ამ სამსახურში უგლავა მაგალითად, თეთრაძე, ცაძიკიძე... ნეტა დღეს ასეთ წამყვან თანამდებობებზე როგორ მოხვდებოდნენ? თუ ივანიშვილის გამოჩენამდე ოცნებობდნენ?
    – ის თქვენი უფროსი, აფასებდა პროფესიონალიზმს, რადგან ალტერნატივა არ ჰქონდა. ვიღაცას ხომ უნდა ეკეთებინა საქმეც? პარტიული კადრები ვერ „ქაჩავდნენ“ ეტყობა და ამიტომაც არ გიშვებდნენ. ანუ კონტროლის დეპარტამენტი ახორციელებდა პარტიული ინტერესების კონტროლსაც.
    – არჩევნებამდე სამი დღით ადრე კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები მოვიდნენ ცენტრში და დაიწყეს თანამშრომლებთან გასაუბრება.
    – კონკრეტულად ვინ იყვნენ?
    – ქარდავა და კურდღელაშვილი. „გასაუბრების“ პროცედურა, რატომღაც, ჩვენი ოთახიდან დაიწყეს. მიკიბულ-მოკიბული საუბრის მერე შეეხნენ პოლიტიკას – თუ საუბრობთო თანამშრომლებიო პოლიტიკაზეო? და ა. შ. - ჩემი პაუხი იყო: მე მაქვს ჩემი პერსონიფიცირებული პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წინაშე და ჩემზე მარტივად ვერ მოახდენს ზეწოლას ვერცერთი მხარე. ჩემს არჩევანს ყუთთან გავაკეთებ-მეთქი. მათთვის გასაგები იყო ჩემი პოზიცია.... გამოკითხვებს, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენთან მომუშავე პარტიული აქტივისტები, ახლოს არ ვეკარებოდი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მირჩია კიდევაც, ცესკოშიც მუშაობს, შენ არ იცი რეები ხდება, თქვი რომ აძლევ ხმას და მერე ყუთთან რაც გინდა ის ქენიო.... მე ეს რჩევა არ გავითვალისწინე. დღეს ის მუშაობს, მე – არა. სტადიონზე წასვლაზეც ხმამაღლა ვთქვი უარი. თუმცა, ზუსტად ვიცოდი 1 ოქტომბერი რომ მათ სასარგებლოდ დამთავრებულიყო მე უსამსახუროდ ვრჩებოდი.
    – მათ სასარგებლოდ არ დამთავრებულა, მაგრამ დღეს მაინც უმუშევარი ხართ. ისე, ახლა თქვენი სამსახურიდან გაშვება უცნაურად არ გეჩვენებათ? რა გამოდის, რომ ახალ ხელმძღვანელობას კანონდამრღვევი არაპროფესიონალი და ნაციონალური ინტერესების გამტარებელი გონიხართ?კონკრეტულად რას გედავებიან?
    – იმას, რასაც სასააგენტოში მუშაობის დღიდან ყოველთვის ვაკეთებდით. ანუ ასე ვმუშაობდით, რადგან სისტემაა ასეთი. ჩვენთან მოვიდა ახალი თანამშრომელი – რუსუდან წიკლაური. თუ გახსოვთ, შალვა რამიშვილის გადაცემაში რომ იყო არჩევნებამდე. ნაცების კოორდინატორი, ნიკოლოზ ხაჩირიშვილის ნათესავი, და სქემა დახატა თუ როგორ აყალბებდნენ არჩევნებს, ეკა ბესელიას როგორ გაუყალბა ხმები. აი, მისი მოსვლის მერე აირია მონასტერი.
    – ვიცი ეგ ქალბატონი, „ქართული ოცნების“ კონსულტანტი იყო წინასაარჩევნოდ. ნაციონალების ხრიკებს გვასწავლიდა უბნის უფროსებს. და ის სააგენტოში რამე თანამდებობაზე დაინიშნა?
    – არა, მოვიდა რიგით სოც–აგენტად.
    – რა უცნაურია. ნუთუ „ქართულმა ოცნებამ“ მეტად ვერ დაუფასა გარჯა? არამგონია ასეთი რთული, დამღელი და ფინანსურადაც არც ისე სახარბიელო სამსახური მისთვის „შესაფერისი“ ყოფილიყო.
    – უცნაურია, მაგრამ, ფაქტია, მან მუშაობა დაიწყო გლდანის განყოფილებაში. ყველაგან არის შიდა სამზარეულო, რითაც რაღაც მოუწესრიგებელი სიტუაციები ისე გვარდება, რომ არავის არაფერი ევნოს. 20005 წლიდან ასე ვმუშაობდით და დღეს ეს გახდა დარღვევა. ანაზღაურების სისტემაა ძალიან დაულაგებელი, რაღაც მინიმალური თუ არ გააკეთე 100 ლარს (-20%) არ გაძლევენ... ეს მინიმალური არის 60 ერთეული, როცა სოც– აგენტს ეს დააკლდებოდა რამოდენიმე სახელფასო დღეს დანაკლისს ვუმატებდით არსებული სამუშაოს გათვალისწინებით და რამოდენიმე დღეში მოქონდა. ქალბატონ რუსუდანს დააკლდა რაოდენობა და უფროსმა შესთავაზა ამ ეტაპზე დამატება და ერთ კვირაში შევსება. წიკლაურმა იუარა, ეს დარღვევააო, უპასუხა. მერე სადღაც დარეკა და შემოვარდა ჩვენთან კონტროლი, დაილუქა ყველაფერი და.... აღმოჩნდა დანაკლისი.
    – ანუ ეს იყო თქვენი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი?
    – დიახ. თუმცა არანაირად არ ვთვლი თავს დამნაშავედ და ეს განმარტებული მაქვს ახსნა–განმარტებით ბარათში დირექტორის სახელზე.ეს იყო ჩემი პირველი ახსნა-განმარტება, რის შემდეგაც ,,ტკბილი ენა“ არ დაუშურებია ჩემს მიმართ პავლე ცაძიკიძეს.... დამირეკე მოურიდებლად, მითხარი რასაც ფიქრობ ყველაფერი და ა. შ. ,,კეთილი“ ღიმილიც არ მოუშორებია სახეზე. პირველი ახსნა-განმარტება დაიწერა 30 მაისს. მერე დაიწყეს სოც აგენტების დაკითხვა, ვის რამდენს ვუმატებდით, ვინ რა იცოდა, რატომ ვუმატებდით. ჩემთან რომელი მეგობრობდა, მიცნობდა თუ არა მაგალითად სამსახურამდე, ასეთ კითხავაც იყო ერთთან. ამის მერე, მეუბნებიან რომ უკანონოდ უნაზღაურებდი სოც აგენტებს წერილობით აქტებსო და ახლა ამაზე დაგვიწერეო. მეც დავწერე 2 ვრცელი ახსნა–განმარტებითი წერილი დირექტორის სახელზე. რამდენად გაითვალისწინეს, შედეგი სახეზეა.
    – ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სააგენტოს სტრუქტურასა და მუშაობის წესშია ნეგატივი?
    – ამ ინტერვიუს ახლა იმიტომ გაძლევთ, რომ არ მინდა „გამწარებული, დაჩაგრული და შეურაცხყოფილი “ განთავისუფლებული თანამშრომლის სარჩული მომეკეროს, თუმცა ამის მცდელობა აქვთ უკვე. მე არც იმ სამსახურში აღდგენას ვითხოვ და არც გმირად გამოცხადებას. უბრალოდ ჩემი მაგალითი შესაძლოა სხვებზეც გავრცელდეს, უდანაშაულო ხალხი დარჩეს ულუკმაპუროდ არასწორი მართვის და დებულებების გამო. აწონონ ახლა თავიანთი კანონიერად მიღებული პრემიები და ჩემი ნაწვალები 6 ლარი... ჩემი შრომითი კმაყოფილება და მათი შრომითი კმაყოფილება. გადაითვალონ თუნდაც მათი „სპეციალისტების“ ნამუშევარი და ჩემი.
    – რას აპირებთ? გაასაჩივრებთ?
    – პროკურატურას მინდა მივმართო რომ შემოწმდეს 2012 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მონიტორის სამსახურის მიერ შემოწმებული ოჯახები, გაკეთდეს ანალიზი, რამდენად გახდნენ ის ოჯახები მიმღებები, რამდენი ჰქონდათ ქულა, მონაწილეობდნენ თუ რა მანამდე პროგრამაში, რა სხვაობით დაეცა შეფასება და ა. შ. მთელი ქვეყნის მაშტაბით. საინტერესო სურათი იქნება. გადამოწმდეს ტენდერები. ის ყბადაღებული დასაქმების პროგრამაში ჩართული ადამიანები, სად იყო მაშინ პავლე ცაძიკიძე?
    გახსოვს ალბათ თებერვლის თვეში ტელევიზიები რომ აიკლეს 18 000 ოჯახს ერთდროულად, რომ შეუწყდა დახმარება, თითქოს კანონიერად მოხდა ყველაფერი, მაგრამ მეორე დღესვე პრეზიდენტი, უგულავა, ჭიაბერაშვილი სათითაოდ დარბოდნენ იმ მართლაც გაჭირვებისაგან დაქცეულ ოჯახებში და სიუჟეტები აკეთეს. აი, რატომ ურჩია მაშინ პავლე ცაძიკიძემ ეგ ამბავი. მაშინ გამოძვრნენ ვითომ, მხოლოდ იმიტომ რომ ძალა აღმართს ხნავს, სამაგიეროდ ასობით ოჯახი გაუბედურდა, ძალიან ბევრმა შიშით მიატოვა 150-200 ლარიანი სამსახურები, რადგან ამ თანხას მათთვის ცალკე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ კი დაზღვევას, სამგზვაროს, მინიმალურ ფულს შეუწყვეტდნენ... ასე აზარმაცებენ ხალხს და უთავმოყვარეოდ მათხოვრად აქცევენ.
    სოციალურ აგენტების უმეტესობა შერჩეულია თავად სოციალურად არა ძლიერი ფენიდან.... მათი უმრავლესობა მრავასულიან ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია, ან მარტოხელა დედაა, ან წვრილშვილიანი, ან ჩემსავით მიუსაფარი. ამ საშინელ არაადამიანურ შრომას - მზეში, წვიმაში, დამატებული ფსიქოლოგიური მომენტები, მერე ზეწოლა ხშირად, ახლა იმ ოჯახში მიდი ჩქარა და ახლა იმ ოჯახში (ამ დროს ოჯახები წინასწარ გაფრთხილებულები ყავთ თავიანთ მფარველებს... და მომზადებულები ხვდებიან აგენტს), ყოველგვარი წახალისების გარეშე. უაზრო დებულებები, პრაქტიკასთან შორს. და მაინც ვითმენთ ყველაფერს რადგან ეს ორი კაპიკი სახლებში მივიტანოთ.... ზუსტად აქვთ გათვლილი, რომ ყველაფერზე წავალთ. ესეც მეთოდია.
     
    ესაუბრა კატო ჩულაშვილი
     
    გაზეთი "ქრონიკა+" #12
  5. katya
    მთავარია, ადამიანებს სწორად დაანახო სოფლის ხიბლი, მათი საკუთარი შესაძლებლობები და მიანიშნო მიზნისკენ მიმავალი სწორი გზა
    აგრარული სექტორის ძველი და ახალი პრობლემები, შეღავათიანი აგრო- სესხი, ახალი საწარმოები, ექსკლუზიური, საავტორო პროდუქტები, დაწყებული რეფორმა და ქართული სოფლის პერსპექტივა. თემები, რომლებზეც „ქრონიკა+“-სთან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი საუბრობს, რომელსაც ყველაზე ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „რესპუბლიკური“ პარტიის წევრია და „წინა ცხოვრებაში“ პროკურორიც კი ყოფილა. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე - ასეც ხდება - ზოგჯერ მკაცრი ლოგიკის და პრაგმატიკოს იურისტებსაც უყვართ ბუნება...
    კომიტეტი, დღევანდელ პარლამენტში, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და აქტუალურია. ყველანაირ კონტექსტში მოიხსენიებენ - ემადლიერებიან, აკრიტიკებენ, გულგრილობასა და არაკომპეტენტურობაშიც ადანაშაულებენ, თუმცა, არიან კეთილგანწყობილებიც... ამ მრავალფეროვან დამოკიდებულებას თავისი მიზეზები აქვს. ფუჭდება რამე თუ კეთდება, ამას შედეგებით მივხვდებით... იქამდე კი სახეზეა კომიტეტის თავმჯდომარის გადატვირთული რეჟიმი და უამრავი კითხვა...
    - ბატონო გიგლა, თქვენი პროფესიით იურისტი ხართ, სერიოზული იურიდიული პრაქტიკით. საზოგადოება აქამდე გიცნობდათ როგორც ამ სფეროს ასევე აქტიურ წარმომადგენელს. როგორ მოხვდით ისეთ „გაუგებრობაში“ როგორიც აგრარული სფეროა საქართველოში? ამ კომიტეტის თავმჯდომარეობა თქვენმა ამ დარგში არსებულმა ბიზნესმა და მისგან მიღებულმა გამოცდილებამ განაპირობა? როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობით?
    - იურისტად და პროკურორად არ დავბადებულვარ და იმ დროსაც, როცა იურისტი და პროკურორი ვიყავი, მაშინაც მაინტერესებდა მცენარეები განსაკუთრებით. მე მაქვს ჩემი ასეთი სამყარო, სადაც ღია კარის დღე არ მომიწყვია, მაგრამ, მეგობრებმა იციან ჩემი დამოკიდებულება ჩემს ბაღთან, ვენახთან, ზოგადად ბუნებასთან. როგორ ვუვლი ჩემს მცენარეებს, როგორ ვუვლი, ეს ჩემი სამყაროა. შეიძლება ეს იყოს ლეგიტიმური კითხვები, თუმცა, მგონი მაინც პედალირებული და აქცენტირებულია. არგუმენტი, როგორ ჩავიგდეთ, ამის შემდეგ მითხრან რაიმე კონკრეტული. გნებავთ, დასაქმების მხრივ, ბიზნესები. დამიკონკრეტონ „ბრალდება,“ თორემ არარსებულზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. 2004 წელს, როცა დავტოვე სახელმწიფო სამსახური მართლა ჩემი ნებით. არ მინდოდა მეთანამშრომლა კონკრეტულ ადამიანებთან. როცა ჩემს სიტუაციას გადავხედე და მომავალი საქმიანობის ვარიანტები განვიხილე, აღმოვაჩინე, რომ სამყარო გაცილებით უფრო სასიამოვნო და საინტერესოა, ვიდრე პროკურორის ფანჯრიდან დანახული. მაშინ ყველაზე ნაკლებად სარისკო სოფლის მეურნეობა იყო, ამიტომ დავსაქმდი, პრაგმატული გათვლების შედეგად აგრარულ სექტორში და მე თუ ამ დარგში გარკვეული ცოდნა დავაგროვე, იმიტომ რომ მუდმივად ინფორმაციის და გამოცდილების დაგროვების რეჟინში ვარ, მგონი ეს ცოდვა არაა.საქმე იმაშია, რომ ყველაზე ხშირად ჩემი პროკურორობის თემით ის ხალხი კრიტიკოსობს, ვის მიმართაც მე თავად უფრო მეტი და სერიოზული კითხვები, 90-იანი წლებიდან დღემდე განხორციელებული ზოგიერთი მძიმე რეფორმის გამო, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობა ისეთ დღეშია, როგორშიც არის. ზოგადად რესპების მიმართ კრიტიკა ხშირია, უფრო ხშირად ირაციონალური, იმიტომ, რომ როცა ჩაეძიები, სტიგმაა ერთგვარი. კონკრეტიკამდე ვერ მიდიან, როგორც წესი და ამის გამო ჩვენ რესპუბლიკელებმა შევწყვიტოთ არსებობა, ცოტა სასაცილოა და გამორიცხულია. ყრილობაზე უსუფაშვილმა ძალიან მოკლე და ნათელი მესიჯი გამოუშვა - ვიდრე კოალიციაში იქნება თუნდაც ერთი პარტია, იქ იქნება „რესპუბლიკური“ პარტიაც. ამით მგონი ყველაფერია ნათქვამი მათთვის, ვინც გამოდმებით იმას პროგნოზირებს, რომ „რესპები“ დაშლიან კოალიციას.
    - კარგით, პარტიულ თემატიკას სხვა დროს დავუბრუნდეთ, პირადად თქვენ განსაკუთრებით ხშირად „შეღავათიანი სესხის“ პროგრამის კონტექსტში მოგიხსენიებენ. რა კავშირი გაქვთ ამ პროგრამასთან, გარდა იმისა, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია? რამდენად მონაწილეობდა კომიტეტი ამ ინიციატივაში და რაში მგდომარეობს მისი როლი ამ პროექტის განხორციელების პროცესში? ფაქტია, იმდენად ხშირად გაკრიტიკებენ, რაღაც-რაღაცეები არ მოსწონთ „შეღავათიანი სესხის“ გაცემის პროცედურაში ფერმერებს. თქვენ აქტიურად აპიარებთ ამ პროგრამის სამივე კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბიზნესს. სტატისტიკა შთამბეჭდავია, მაგრამ რამდენად შეესაბამება ის რეალობას?
    - ვთვლი, რომ სტატისტიკა რეალობას შეესაბამება. ერთია სისტემური პრობლემების გადაჭრა და მეორეა ინდივიდუალური შემთხვევები, რომლებიც აუცილებლად განსახილველია. ადრეც არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - თუ არსებობს კონკრეტუი ფაქტები ბანკების ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის არაკეთილსინდისიერი ქმედების, ნებისმიერს სიამოვნებით გავყვები ამ ბრძოლაში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთ ფაქტებს ჩემამდე არ მოუღწევიათ.
    - მე რომ მოგაწოდოთ კონკრეტული ფაქტები უახლოეს მომავალში და იმ ადამიანთა კოორდინატები, ვისაც პრობლემები შეექმნა ბიზნესში და თქვენთან უნდათ ამ საკითხზე მსჯელობა, შეხვდებით?
    - ამას რა კითხვა უნდა, რასაკვირველია შევხვდები და ფაქტებით გამყარებულ არგუმენტებსაც სიამოვნებით მოვისმენ, ოღონდ, ხშირია შემთხვევები, როცა ეჭვებთან, ვარაუდებთან და არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე.
    - კარგით, შევეცდები უკიდურესად დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაცია მოგაწოდოთ და თავის სფეროში კომპეტენტურ ადამიანებს შეგახვედროთ. ამჯერად მოდით სისტემურ პრობლემებზე ვისაუბროთ. ყველაზე ხშირი კითხვა და ყველაზე მეტი უკმაყოფილება გამოიხატება კითხვით - რატომ ბანკები?
    - მაშინ მე დაგისვამთ შემხვედრ კითხვას - თუ არა ბანკები, მაშ ვინ? სახელმწიფოში ფინანსების გაცემით დაკავებულია ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. თუ არა ბანკმა, აბა ვინ უნდა გასცეს სესხი? სახელმწიფომ? სოფლის მეურნეობის სამინისტრომ? სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა? ეს სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ვაქციოთ ბანკად და ჩავანაცვლოთ კერძო ბიზნესი?
    - არამგონია ასეთი რადიკალური ზომები იყოს საჭირო. უბრალოდ საზოგადოება ელოდებოდა სხვას და რეალობა აღმოჩნდა სხვა აგრარულ სესხებთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ ბანკებთან არასასიამოვნო ურთიერთობის გამოცდილება, არსებობს უნდობლობის მომენტი ორივე მხრიდან. არ ვიცი, ალბათ შეცდომებიცაა და იქნებ კონკრეტული წრეები სარგებლობენ კიდეც ამ პროექტით, თუმცა არც ფერმერის ან მომავალი ფერმერის არაკეთილსინდისიერებას ან არაკომპეტენტურობას გამოვრიცხავ. ბევრჯერ მომისმენია მათი არგუმენტები და ყველაზე ხშირად მესმის ის, რომ ბანკი მათ პროექტებს განიხილავს როგორც ჩვეულებრივ ბიზნეს-პროექტებს.
    - რა ვქნათ? შევქმნათ სახელმწიფო ბანკი?
    - არ ვიცი, ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა გვქონდა ჩვენ „აგრობანკის“ პრაქტიკა...
    - ოოო... ეგ სხვა საკითხია... მაქამდეც მივალთ. ერთს აღვნიშნავ - სახელმწიფო არაა დაინტერესებული ერთი ბიზნეს სექტორის განვითარების ხარჯზე მეორე სექტორის ჩაძირვით. ჩვენთის მთავარია დინამიკა.
    - რატომ იქნება ჩაძირვა, თუ ბანკები, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტები, ამ პროგრამის ფარგლებში კონკრეტულ „თამაშის წესებს“ დაემორჩილებიან? ანუ ეს ხომ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტია და მან ეს პრიორიტეტი მასში დამატებითი კაპიტალის მოზიდვით გამოხატა?
    - ნებისმიერი შეთავაზებული თამაშის წესი უკვე კერძო ბიზნესში ჩარევაა, რასაც ჩვენ ვუთხარით კატეგორიული არა! წინა წლებში ბანკების გაცემული სესხების მოცულობა 54 მლნ. იყო. მარტის მერე, 7 თვის შედეგებით, თუ არ ჩავთვლით რთველს, 120 მლნ.-ია დაახლოებით. ბანკებს ყოველთვის ჰქონდათ ფული, მაგრამ არ აძლევდნენ სესხს აგროსექტორს. დღევანდელი პრობლემა არაა აგროსექტორის მაღალი რისკის ზონად გამოცხადება. ეს ბოლო 20 წელია ასეა და არავის გასჩენია სურვილი, მიხმარებოდა სოფელს.
    - რას ბრძანებთ, რა მიხმარება, პირიქით... ყველანაირად ანადგურებდნენ ამ დარგს, რითიც შეეძლოთ.
    - ბანკებმა დააწესეს ყველაზე მაღალი პროცენტი - 27, 36. ამას ემატებოდა ე.წ. „ფარული პროცენტები.“ ეს იყო კატასტროფა და დარგის სასიკვდილოდ განწირვა ფაქტიურად. ამიტომ მგონია, რომ სწორ გზას ვადგავართ ამჯერად. პროექტში რომ 12 ბანკი მონაწილეობს, ახალ კომპეტენტურ კადრებს ეძებენ და ასაქმებენ, ეს უკვე თავისთავად პლუსია.
    - როცა ძალიან საჭირო პროდუქცია და სერვისია წარმოდგენილი იაფი სესხის პროექტში და ბანკი უარს ამბობს. არ შეიძლება იყოს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იტყვის რომ ეს გვჭირდება და აიყვანოს „პირად კონტროლზე“, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინტერესის რანგში?. არის ასეთი პროექტებიც, ვიცი, მინახავს.
    - მერე რა ქნას ამ საკონსულტაციო საბჭომ? არ შეიძლება კერძო სექტორზე დაძალება. ჩვენ ხომ ჩვენს წილს ვაკეთებთ ამ ბიზნესისთვის პროექტის ფარგლებში.
    - რატომ არაა საჯარო ამ პროექტსა და ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება? რა სახის შეთანხმებაა ამ 2 ინსტიტუტს შორის. ბანკს და ფონდს შორის რაიმე ტიპის ხელშეკრულება არსებობს?
    - ბანკს და ამ ფონდს შორის არის ერთადერთი პირობა - შეთანხმება, რომ სესხის მაქსიმალური პროცენტი არის 15%. თუ ბანკს პროექტი მოსწონს, გასცემს სესხს და ბანკირი და ბენეფიციარი შეიძლება შეთანხმდნენ არა 15, არამედ 12%-ზე. ამის მიხედვით ჩვენ ვადგენთ სესხის პროცენტის რა ნაწილის რეფინანსირება ხდება. ესაა და ეს. არ შეიძლებამ ნამდვილად არ შეიძლება ბანკს უკარნახო.
    - ნება არსებობს დარგის განვითარების. დაიწყო კონკრეტული პროექტი. ამ ეტაპზე რაში ხედავთ პრობლემას, ანუ კიდევ რა კომპონენტი ჭირდება აგროსექტორს სრული წარმატებისთვის?
    - რეალურად საქმე გვაქვს ორმხრივი უცოდინრობის პრობლემასთან. ერთია ფერმერის და გლეხის უცოდინრობა და მეორეა - ბანკის. ბანკს მეტი რესურსი აქვს, რომ ეს პრობლემა გამოასწოროს - დაიქირავოს პროფესიონალები და ჩამოუყალიბდეს საკუთარი ხედვა. მეორეა ფერმერის უცოდინრობა, რომელიც გაცილებით დიდი პრობლემაა.
    - რაში გამოიხატება მათი უცოდინრობა?
    - მაგალითად ვხვდები ხალხს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჰქონდეთ აგრო-ბიზნესი, სურთ ფერმა, ჭირდებათ სესხი, მაგრამ, როგორც კი ოდნავ ჩავუღრმავდებით თემას, მაშინვე ჩანს, რომ არ აქვს ბოლომდე გააზრებული ბიზნეს-გეგმა.
    - ანუ, უნდა, მაგრამ, არ იცის როგორ მიიღოს ის რაც „უნდა“?
    - აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა. ესაა ადამიანების კატეგორია, რომელთაც უბრალოდ უნდათ! მე ვხვდები და ვესაუბრები უამრავ დაინტერესებულ პირს, თუმცა ეს არაა ჩემი პირდაპირი მოვალეობა. ბანკი ამდენს არ ელაპარაკება მათ. ის კომერციული დაწესებულებაა - ზედმეტი ერთი წუთის დაკარგვა არ სურს. მოვიდა-ნახა- არ მოეწონა - დაიხურა თემა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ეს ერთ-ერთი საკითხია, საკმაოდ მნიშვნელოვანი, რაც გამოწვევაა ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ ფართო საკონსულტაციო ქსელი უნდა გავშალოთ.
    - საკონსულტაციო ცენტრები ხომ გაიხსნა რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ? ამ საკონსულტაციო ცენტრებზეც აქვთ გლეხებს და ფერმერებს პრეტენზიები. მათ რომ კითხო, ქარს გატანებული თანხებია იმ ოფისების შენახვა თავისი თანამშრომლებიანად, რადგან კონკრეტულ დახმარებას ვერ ვიღებთო, ანუ იქაც პროფესიონალი კონსულტანტების პრობლემა დგას.
    ბანკებს ხშირად საყვედურობენ, რომ არ ყავთ აგრო-სპეციალისტები და ამიტომ ბიზნეს-გეგმის სწორ შეფასებაში ეჭვი ეპარებათ. პრეტენზიებია სესხის საგარანტიო მოთხოვნებზეც.
    - არაა საკმარისი, რომ ვიღაც იქს თანამშრომელი დაიქირავო, რომელმაც შესაძლოა იცოდეს აგრო სექტორში ბიზნეს-რისკების გამოთვლა. მთავარი სიტყვა მაინც საკრედიტო საბჭოზეა, რომელიც სესხს ამტკიცებს. ჩემი აზრით, ისინი ცდილობენ თავი დამატებით გადაიზღვიონ, რუსულ ანდაზაში როგორცაა - ზედმეტი ერბო ფაფას არ აფუჭებს. მოდით, ლიკვიდური ქონებაც დავურთოთ და იყოს გარანტიის სახითო...
    - თითქოს უწყინრად ჟღერს, მაგრამ ძალიან სასტიკი გადაზღვევაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ბიზნეს-გეგმაში თავის მომავალს ხედავს, იქნებ ერთადერთ შანსსაც, მაგრამ ფანტასტიური ნოუ-ჰაუს მიუხედავად, რაც სტარტ-აფად უნდა ჩაითვალოს, არ აქვს საგარანტიო ქონება. არ მეთანხმებით? თუმცა, თქვენი არგუმენტიც ბანკებთან მიმართებაში გასაგებია - მისი ბიზნესია და თავის პროდუქტს რა ფასსაც უნდა იმას დაადებს.
    - აი თვითონ უპასუხე კითხვას. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ შემთხვევაში? მივიდეს და ყური აუწიოს, მიუთითოს ბანკს? არ იქნება სწორი. ამას აკეთებდნენ უკვე. უნდა შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც იმუშავებს ზოგადად ცოდნის ამაღლებაზე. ფაქტია, პროცესი დაიწყო, დინამიკა ჩანს. 120 მლნ. დოლარი გამოვიდა ბაზარზე. დაიწია საპროცენტო განაკვეთებმა, ანუ კონკურენცია გაჩნდა. ახლა ჯერი ჩვენზეა. უნდა შევქმნათ საინტერესო პროექტები რომლებიც წაახალისებს ბანკებსაც და კერძო სექტორსაც, რომ გარკვეული შეღავათების ხიბლით კაპიტალი დააბანდონ ისეთ სტრატეგიულ რეგიონებში, როგორიცაა სასაზღვრო ზონა, მთა...
    - ანუ ადგილები შეიქმნება, სადაც ბიზნესი იმუშავებს საშეღავათო პირობებით?
    - დიახ, ანუ თუ ბიზნესი ასეთ ადგილებში გახსნის საწარმოს, ამდენი ვადით განთავისუფლდება ამისგან, ამისგან, ამისგან.. ეს გვაძლევს რას? რეგიონებში ხალხის დამაგრებას დასაქმების მოტივით, იაფ მუშა-ხელს და სხვა უამრავი ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობას. ზუსტად ესაა პოლიტიკა და ადმინისტრირება და არა მათრახით დევნა საფინანსო ინსტუტუტებზე. წახალისების მეთოდი საუკეთესო მეთოდია.
    - გეთანხმებით, წახალისება ყველა მიმართულებით დადებითად მოქმედებს და კონკრეტულად სადაა ასეთი ადგილები უკვე გარკვეულია?
    - ჯერ კონკრეტიკისგან შორს ვართ. თემა დამუშავების პროცესშია. აი წეღან აგრობანკები ახსენე. გახსოვს, როგორ იქმნებოდა უცხოეთში აგრობანკები? ფული ახლაცაა და ყოველთვის იყო ქვეყანაში. ვინმეს რომ გასჩენოდა სურვილი აგრობანკის შექმნის, აუცილებლად შექმნიდა. მაგრამ, ჯერ ერთი, ბაზარია ძალიან პატარა, აგრობაზარი. ბანკებმა უამრავი სახის სესხი გასცეს წლების მანძილზე, უზარმაზარ ფულს ხარჯავებნ რეკლამაში, იგონებენ ახალ პროდუქტებს, ოღონდ კი სესხი გაიცეს. ბანკისთვის სესხის გაცემა ისეთივე პროდუქტის გაყიდვაა, როგორც ვთქვათ გლეხისთვის - კარტოფილის. ბანკმა სესხი არ მოგცა - ესაა ნონსენსი. ბანკი, ანუ გამყიდველი ყოველთვის იხვეწება გაცემას თავისი პროდუქტის. საპროცენტო განაკვეთები სწორედ კონკურენციის ხარჯზე შემცირდა. იმის თქმა მინდა რომ აგროსისტემას ძალით ვერ გააძლიერებ და ვერც აგრობანკს შექმნი ძალით.
    - მაშინ რაშია პერსპექტივა?
    - თქვენ იცით, რომ მივიღეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. ახლა დაიწყება პროცესი. დიდი გამოხმაურებაა უკვე თემაზე.
    - კოოპერატივებიც ხომ განვლილი ეტაპია?
    - არა, ამაშია საქმე, რომ ჩვენში დამკვიდრებულისგან განსხვავებით აბსოლოტურად სხვა მოდელია კოოპერატივი - საბჭოთა მეურნეობა ან კოლმეურნეობა. საბჭოთა მეურნეობაში და კოლმეურნეობაში ადმინისტრირება ხდებოდა ზევიდან ქვევით დანიშნული ადამიანის მიერ და მეპაიეები არ არსებობდენ.
    - თუმცა ასეთ სტრუქტურასაც ჰქონდა მაშინ საკმაოდ დიდი შემოსავლები.
    - გეთანხმებით, დიდი კოლმეურნეობები იყო. 30-იან წლებში დაიწყო სსრკში კოლექტივიზაციის პროცესი და 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ცეცხლით და მახვილით. გაკულაკება და ა.შ. შედეგი იყო - 40 000 მსხვილფეხა საქონელი , 60 000 წვრილფეხა. მეურნეობები, სადაც დღეში 8 000 ლიტრი რძე იწველებოდა. ჩვენ ეს ყველაფერი გავანიავეთ, გავყიდეთ, დავანაწევრეთ , დავაქუცმაცეთ და მივედით იქამდე, სადაც ვართ დღეს. ანუ იქამდე რომ ერთადერთი საშუალება ამ მცირე მეურნეობებში შრომის რენტაბელობის ამაღლების თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენების არის მათი გაერთიანების მოხერხება, ცოდნისა და უნარების სწორად გამოყენება.
    - ეს იდეის დონეზე წარმოგიდგენიათ თუ რეალური მაგალითით მსჯელობთ?
    - მომყავს ხოლმე მარტივი მაგალითი. არის „ აგრარიკოს ქალთა ჯგუფები“, რომლებიც უკვე გაერთიანდნენ და საოცარ პროდუქტებს ამზადებენ. ესაა საავტორო, განსხვავებული, ექსკლუზიური პროდუქტები.
    - ზოგადად ბიზნესის წესია - წარმატება მოაქვს განსხვავებას და საერთო ინტერესებს...
    - სწორედ. გაერთიანება უნდა მოხდეს რაიმე წარმატებულის ირგვლივ. ჩვენთან აუცილებელია შეუღლდეს ცოდნა, ტექნიკა და ტექნოლოგია. ანუ სამეცნიერო და პრაქტიკული ცოდნის ერთმანეთთან შეჯვარებაა საჭირო. პრაქტიკული ცოდნა სოფლად არის , მაგრამ არის მწირი და ხშირ შემთხვევაში წარუმატებელი.
    - ვფიქრობთ ისეთ პროექტებზე, რომლითაც შეიძლება ძალიან მოკლე ვადაში მივიღოთ ცოდნა. მაგალითად განათლების სექტორში 17 ფაკულტეტს დააფინანსებს სახელმწიფო და კონკრეტულად აგროსექტორში საჭირო სპეციალუისტებს მოამზადებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ დადებითს ჩვენ მივიღებთ 4-5 წლის შემდეგ. თან აქ ბზარზე ამ სპეციალისტებზე მოთხოვანც უნდა გამოჩნდეს - კარგი სპეციალისტები წარმატებული სტუდენტებისგან დგებიან.
    - მაგრამ ჩვენ 5 წელი ვერ დავიცდით.
    - რა თქმა უნდა, ვერ დავიცდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ საშუალო პროფესიული განათლების მოქნილი სისტემა უნდა შევქმნათ. ამ მიმართულებითაც წელს დამატებითი საბიუჯეტო ასიგნებებია გათვალისწინებული, მაგრამ ესეც სამომავლო თემაა. ჩემი აზრით, სახელმწიფო სექტორმაც უნდა იფიქროს ისევე, როგორც კერძო სექტორი ფიქრობს. კერძო ბიზნესი გაცილებით ოპერატიულია, მოქნილია. თუმცა, სახელმწიფომ წესების ჩარჩოში უნდა იმოქმედოს. კანონის დაცვის მიღმა მოქმედებამ წინა ხელისუფლება სად მიიყვანა ვხედავთ და მათი დამსახურებით ქვეყანა. - მე დღეს სასწრაფოდ მჭირდება ეს და ამას რა ფორმით გავაკეთებ, სულ ერთია! - ასეთი მიდგომა არასწორია.
    - და რა არის დღევანდელი მიდგომით სწორი, სწრაფი და ეფექტური?
    - არის ასეთი მოდელი, რომელზეც ვმუშაობთ. მაგალითად იტალია თანახმაა 10 ადამიანი გავაგზავნოთ მათთან და იქ 2 თვე თეორიული სწავლების და 3 თვიანი პრაქტიკაგავლილი სპეციალისტები დაბრუნდებიან აქ. შეისწავლიან აგრარული დარგის ყველა პროფესიას. ეს შეიძლება მოხდეს ორივე მხარის თანადაფინანსებით. ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, არაა პრობლემა, რომ ეს თანხა გადაიხადოს, თუნდაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მაგრამ ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელის, სურვილია, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს კერძო ბიზნესი. ანუ მესამე კომპონენტად. სახელმწოფოსგან საჩუქრების მოლოდინს სჯობს გახდე მისი პარტნიორი. მე სახელმწიფო, გეხმარები. შენ, შეიძლება, სპეციალისტის მომზადებაში ვერ გადაიხადო 10 000 დოლარი, მაგრამ მე გიხდი ნაწილს. ის ვიღაც სწავლობს, ჩამოდის შენთან, დაახოებით 3 წელი არსად მიდის, აქვს სტაბილური სამსახური . შიძლება ასეთი სქემის აგება. მე ასე ვუყურებ თუკი 10 -10 კაცს გავაგზავნით წარმატებულ აგრარულ ქვეყნებში. ესაა ის იმპორტი, რომელსაც მივესალმები. ჩვენ იმპორტჩანაცვლებით პოლიტიკა გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება ცოდნის კომპონენტში, მხარს ვუჭერ ცოდნის ასეთ იმპორტირებას რადგან ესაა უმოკლეს ვადებში შედეგის შანსი.
    - ეს რაც შეეხება უკვე შემდგარ ბიზნესს და მაინც გლეხებთან, წვრილ ფერმერებთან ადგილზე კომუნიკაციის პრობლემა რჩება, ანუ როგორ შევიტანთ ცოდნას სოფლებში მასიურად?
    - აქაც არსებობს გამოსავალი - ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს რეგიონებში, სოფლად ინტერნეტით დაფარვის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ამის გადაჭრისთვის აქვს ეკონომიკის სამინისტროს ამბიციური პროექტი, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის ინტერნეტტ მთელი საქართველოს დაფარვას. შეიძლება არც იცის ბევრმა, რომ შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი „აგროთუბი“ - სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტია. ითარგმნა უამრავი საინტერესო ფილმი, კლიპი, ლექცია აგრო სფეროზე. ითარგმნა არა მხოლოდ ქართულად, არამედ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. ესაა შედეგებზე ორიენტირებული მოდელი კონსულტირების სრული ციკლით, მონიტორინგით. მე ვფიქრობ, ესაა განვითარების ის ჯაჭვი, რომელსაც ქვია ორდონიანი კოოპერატივი. ანუ პირველი დონის კოოპერატივში როცა რამდენიმე ადამიანი გაერთიანდა იმისათვის რომ ერთობლივი წარმოებით აამაღლოს პროდუქციის ხარისხი და წარმოების მოცულობა.
    - რა არის საჭირო ამ კოოპერატივში გასაწევრიანებლად?
    - პირველი რიგის ამოცანა მათი სურვილია. თუ ინტერესი არსებობს, ბარში 5 ადამიანია საჭირო რომ შეიქმნას კოოპერატივი. ის ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს, ნებისმიერი მიმართულებით, ოღონდ ეს ფირმა აუცილებლად უნდა ქმნიდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტს. ჩვეულებრივი სამეურნეო ბიზნესი ვერ იქცევა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივად. ჩვენი ერთადერთი პირობაა - მოგებაზე გასვლის პერიოდში მოგების 15% შეინახონ სარეზერვო ფონდში.
    - მაგრამ მათაც უნდა ჰქონდეთ საწყისი კაპიტალი. ეს საკითხი როგორ წყდება?
    - კოოპერატივი შესაძლებლობების გაერთიანებაა - ყველა სახის კოოპერირებაზეა საუბარი, ფინანსები, ინტელექტი, ტექნიკა და ა.შ. ფაქტიურად ფერმერები აგრონომიული ბიზნესით ვერ სარგებლობენ ინდივიდუალურად. გაერთიანების შემთხვევაში თუნდაც აგრონომი შეიძლება იყოს მეპაიე. ან მინიმუმ იქირავონ მისი მომსახურება. კოოპერირების ბუნება ერთმანეთის დახმარებაა. მოგების ინტერესით.
    ამით კიდევ სად მივდივართ იცი? ხშირად ჩამოდიან ვაჭრები უცხოეთიდან, მოწონთ აქაური ხილი, უნდათ გატანა, მაგრამ არ გვაქვს რაოდენობა. კარგი ხარისხის ბალი თუნდაც ჩინეთში 25 დოლარი ღირს. ევროპაში დაახლოებით 50 ლარი. ბაზარს მოთხოვნები გაცილებით დიდი აქვს. სულ იმას ვამბობ, რომ ჩვენ პროდუქტს ვერ ვყიდით არა იმის გამო რომ ბევრი გვაქვს, არამედ იმიტომ რომ გვაქვს - ცოტა. თორემ ბევრი და ხარისხიანი გაუყიდავი არ დარჩება. ერთგვაროვანი პროდუქტი ჭირდება დიდ ბაზრებს. ჩვენ უნდა მოვერგოთ ბიზნესს. ჩვენი პრობლემაა სეზონური ჭარბწარმოება. ამ დროს გვაქვს რეალიზაციის პრობლემა. აქ უნდა ვიპოვოთ გასაღები. ა) სეზონური წარმოება გადავიყვანოთ მუდმივზე. ასევე, ვისწავლოთ იმ პროდუქტების შენახვა ანდა მოვიყვანოთ იმაზე ადრე, ვიდრე სხვაგან მოდის. ყველას თავისი ინტერესი აქვს და ბევრი ნიშა უკვე დაკავებულია. ჩვენ გვინდა ბიზნესში დამკივდრება და ამიტომ უნდა ვცადოთ ყველაფერი. რუსეთის ბაზრის გახსნაც მშვენიერია, ვავრაუდობდით 5 მლნ ბოთლი ღვინის გადაზიდვას და უკვე 10 მლნ-ა გატანილი. მინერალურ წყალზე მოთხოვნაა იმდენი, რომ რეალურად ვერ დავაკმაყოფილებთ და სხვა ბაზრებზე არ ვაპირებთ უარის თქმას. წელს რომ ასე კარგად ჩატარდა რთველი, ახალი ვენახები შენდება, 3 მილიონი ნერგი გაიყიდა, მიწის ფასი გაიზარდა, ვენახის ფასი აიწია. ჰექტარი ვენახი 15 000 დოლარზე ნაკლები არ ღირს უკვე. 20 წლის განმავლობაში საქართველოში მიწის ბაზარი ვერ ჩამოყალიბდა და როგორც კი გააქტიურდა ეს პროცესი, იმწუთში ფასმა აიწია. ახალი ვენახები რომ თავის ნაყოფს მოგვცემს, ჩვენ უნდა მოვახერხოთ დივერსიფიცირება საექტპორტო ბაზრების.
    - კოოპერაციის შემთხვევაში ერთგავროვანი პროდუქციის წარმოების ალბათ მეტი შანსია. ჩემი აზრით, ადრე თუ მარკშეიდერები გვჭირდებოდა, ახლა ბაზრის ანალიზის სპეციალისტები გვჭირდება, თან ბევრი. აგრარულ სექტორში იომპორტის წილი როგორია?
    - კატასტროფულად დიდი, ანუ როგორ სტატისტიკოსები ამბობენ, ჩვენს სასურსათო კალათში 70-80% იმპორტული პროდუქტია.
    - და ხომაა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, ბაზრის დაცვა.. სეზონურ დაბეგვრებზე იყო ლაპარაკი, თითქოს რაღაც კანონპროექტზეც იყო საუბარი...
    - ბაზრის დაცვა სენსიტიური თემაა . შენ რომ დაიცავ შენს ბაზარს, ისიც დაიცავს თავისას. რაღაც პრიორიტეტები უნდა არსებობდეს, მაგრამ ბალანსი არ უნდა დაარღვიო. როცა ბაზარზე ხელოვნური და უხეში ჩარევები ხდება შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგების წინაშე აღმოვჩნდეთ.
    - მაგალითად?
    - მაგალითად ხშირად გვეუბნებიან - ჩაკეტეთ ბაზარი. ერთია რომ უკანონოდ არ ჩავკეტავთ ბაზარს. წინა ხელისუფლება აკეთებდა ამას, სატელეფონო სამართლიდან გამომდინარე. ჯერ უნდა იყოს კანონი, ნორმა - რატომ? რა დასაბუთების გამო კეტავ? სხვა შემთხვევაში პირდაპირ კორუფციასთან მიდიხართ.
    - დამეთანხმეთ ბატონო გიგლა, დღესაც არსებობენ და წარმატებით ფუნქციონირებენ იმპორტიორთა ძველი კლანები და ეს კლანები ძირითადად საბანკო სექტორში იყრიან თავს.
    - ამისგან გაწმენდას დრო ჭირდება. ეს რთული პროცესია. კვერცხის მაგალითი უკვე გვაქვს, ზოგიერთ პროდუქტზე მოხდება ნელ-ნელა ჩანაცვლება. იქ გვქონდა ადგილობრივი რესურსი და უკანონოიმპორტი რომ გადავკეტეთ ზუსტად მაგიტომ ახმაურდნენ ზოგიერთები. მაგრამ იგივეს ჯერ ვერ გავაკეთებთ ხორბალზე. სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებს წარმოება-რეალიზაცია უნდა დაიგეგმოს, კანონით გამყარდეს, მერე განხორციელდეს შესაბამისი პროგრამა, რომ დაიწყოს არ პროდუქტის წარმოება და ბაზრის გაჯერება. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვაზე. ბაღლინჯოიანი ფქვილი ბევრს გვახსოვს... როცა ფერმერი მეუბნება რომ მაქვს სუფრის ყურძენი და ჩაკეტე ვთქვათ სომხეთის იმპორტი. არაა ეს სწორი. ნაცვლად იმისა რომ ხარისხი გააუმჯობესო და კონკურენცია გაუწიო მას, ითხოვ სათბურს.
    - თან ასეთ შემთხვევაში მომხმარებილს უფლებებს ვეჯახებით.
    - როგორც კი მე შეგიქმნი სასათბურე პირობებს , შენ კიდევ უფრო გამიზარმაცდები. ისევ უცოდინრობასთან მივდივართ. როდის უნდა დაკრიფო და შეინახო ვაშლი ან ყურძენი, ესეც არ იციან. უცხოეთში სეზონურობის პრობლემაც მოგვარებულია.
    - ყველაზე „განათლებული“ აგრარული დარგი რომელია საქართველოში, სადაც მეტ-ნაკლები ცოდნა არსებობს? მეღვინეობაზე და მინერალურ წ####ბზე ვჩერდებით?
    - სადაც შეგვიძლია ექსპორტზე ვიფიქროთ სერიოზულად, მეღვინეობა, რა თქმა უნდა, სერიოზული განაცხადია, თუმცა ყველის ფესტივალზე ისეთი პროდუქტები ვნახე, ბაზარზე ჯერ ვერ ნახავთ და ამ მიმართულებისაც ძალიან მეიმედება. დავარეგისტრირეთ ერთ-ერთი სახეობის ყველი, როგორც ქართული კულტურის მოძრავი ძეგლი. ესაა ტენილი ყველი სამთვიანი დაძველებით.
    ვცდილობ, საჭირო და ნიჭიერი ადამიანები დავაკავშირო ერთმანეთს. ერთია პროდუქტის შექმნა და მეორეა მისი გაყიდვა.
    - მარკეტინგი ზოგადად პრობლემაა და, მითუმეტეს, ჩვენთვის ამ დარგში.
    - პროდუქციის შექმნა, შეფუთვა, დასახელება, ეტიკეტირება, დაფასოება - ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცალ-ცალკე და ეს ერთი სრული შეკრული ციკლი იძლევა წარმატებულ ბიზნესს. ასეთი ადამიანები რომ ცალ-ცალკე მივიდნენ ბანკში ყველა მიიღებს უარს, მაგრამ თუ ისინი გააერთიანა ვინმე ბიზნესის მცოდნემ სულ სხვა შდეგს მივიღებთ.
    ამასწინათ დავდე უნიკალური ექსკლუზიური პროდუქტები, უფრო იდეები სოციალურ ქსელში და დავაწერე - „გამოწვევა ქართველ ბიზნესმენებს,’ მაგრამ გამოწვევა ჯერ-ჯერობით არავის მიუღია.
    - მე ის მომწონს - „მეტი ინფორმაცია ხალხს!’
    - აშკარად დავინახე,რომ ხალხს ინფორმაცია ძალიან ცოტა აქვს. არც კომუნიკაცია გვაქვს შესაბამის დონეზე, არც მასშტაბური აზროვნება და არც კონცეპტუალური ხედვა.
    - კონცეპტუალურში ნამდვილად გვიჭირს, ზოგადად, მგონი „მეკვერცხე“ მენტალობა გვაქვს, ანუ დღევანდელ კვერცხს ვირჩევთ სულ.
    - „მეკვერცხე“ საზოგადოება სერიოზული ტერმინია.. ასეთი ამბავი გვჭირს დიდიან-პატარიანად, რომ არ გვაქვს კარგი ხედვა. დღეს მიმდინარე ამოცანები გვინდა გადავჭრათ სწრაფად და სტრატეგიაზე საფიქრალი დრო არ გვჩება. არადა სტრატეგიის დანახვა და გათვლაა მთავარი. მერე ყველაფერი მარტივდება, როცა ზუსტად იცი, საითკენ მიდიხარ და როგორ. იქ რომ მიხვიდე - რა გინდა? პირველ რიგში ის უნდა იცოდე, სად ხარ? ანუ სწორი ათვლის წერტილი უნდა გქონდეს. თავშივე ცდომილება გაქვს შედეგსაც სხვანაირს ნმიიღებ.ამიტომ, მე რომ ახლა ფინანსური რესურსი მქონდეს, ჩავატარებდი ფართომასშტაბიან დიდ კვლევას, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელის ექსპერტების მონაწილ
  6. katya
    რემარკი ხომ გახსოვთ? ამ ქვეყნად ყველაზე საშინელება ისაა, როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ეჩვევიო...
    შეჩვევა სახიფათოა! ზოგჯერ შეჩვევა კლავს კიდეც. კლავს გრძნობებს, სიყვარულს, ტკივილს, იდეებს, კლავს იმედს...
    ჩვენ, დედამიწელები, მშობლიური მზის სისტემიდან, სხვა გალაქტიკებს, „გაცნობის მიზნით,“ სიგნალებს ვუგზავნით სიკეთეზე და კაცთმოყვარეობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ყურამდე მხოლოდ რაღაცის გამო დასჯილთა სასოწარკვეთილი ხმები აღწევს.
    რომ ვუფიქრდები, ძალიან დამთრგუნველია სამყაროში ეულად არსებობის ალბათობა. რომ გაგვიჭირდეს დედამიწელებს, მეზობლის იმედადაც ვერ უნდა ვიყოთ...
    ჰოდა, ის დროა ვისწავლოთ ცხოვრება საკუთარი თავის იმედად.
    იმედზე, კომუნიკაციასა და მისვლა–მოსვლაზე გამახსენდა გასული კვირის ერთი „საინტერესო მოსაზრება.“ მოსაზრება იმ მხრივაა საინტერესო, რომ ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ პრეზიდენტს ეკუთვნის: „საქართველოს მთავარი პრობლემა არის, ის რომ ჩვენ არ ვართ ცნობისმოყვარე ერი. ჩვენ არ ვართ მოგზაური ერი, არ ვმოძრაობთ რეგიონებში. აღმოვაჩინე, რომ ქართველების ძალიან დიდი ნაწილი არ არის ნამყოფი ბათუმში. მე აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი არ არის ნამყოფი საზღვარგარეთ, ძალიან გამიკვირდა, მიმაჩნია, რომ სტუდენტის ბუნებრივი ინსტინქტი უნდა იყოს ეს"...
    თქვენც დაიბენით არა?
    რა მოხდა მერე? ჯერ არ დაბნეულხართ, ჯერ არ უთქვამს ტყუილი თუ ბოროტად ხუმრობა არ ეხერხება ჩვენს ნომერ პირველ ავანტიურისტს?
    „ცნობისმოყვარე ერობას“, ალბათ, განსაკუთრებული უნარები ესაჭიროება, ან ტრადიციები. გენეტიკაც უნდა გიწყობდეს ხელს. მაგ ლოგიკით, თემურ ლენგსაც ეგ რაღაც ცნობისმოყვარეობა აწუხებდა, რომ დაშლიგინობდა ზევით–ქვევით და „ სიახლეების შესრუტვა–შთანთქმით“ იყო დაკავებული. აბა რა ექნა? მაშინ სუბტიტრებიანი ფილმები არ გადიოდა, მაშინ ჯერ სინემატოგრაფიც კი არ იყო და, მითუმეტეს, არც მიშა იყო შორეულ–ახლობელი ქვეყნის პრეზიდენტი...
    მეტიც... ჩვენამდე დედამიწაზე არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი „მოვლენა“ არსებობდა, თავისი 4 საპრეზიდენტო კანდიდატით („გონივრული ეჭვით,“მეოთხე უხერხულობის გამო დაამატეს, სამში ერთის გამორჩევის სხვა ტრადიციები გვაქვს მაინც ქართველებს). ბაქრაძე მაგათში ყველაზე მისაღები და ამაყია, მალაშხია–ყველაზე ცნობადი და რეზონანსული, ჯაფარიძე –უკმაყოფილო და დაჩაგრული. აი ბარამიძე კი თავად ნაციონალური პრაიმერივით ბლეფი და გაუგებრობა...
    ყველაზე დიდი ტყუილი რომ თავის მოტყუებაა, ნაცებმა თუ არ იციან, ჩვენ ვიცით ბატონო და გვაცალონ...
    ინდიელთა ძველისძველი ტომის, დაკოტას, ერთ–ერთი სიბრძნე ამბობს – თუ აღმოაჩენთ, რომ სულთმობრძავ ცხენს „მიაჭენებთ,“ საუკეთესო სტრატეგია გარბენში გადმოხტომააო.
    დაკოტას ტრადიციების გათვალისწინებით, ისეთი გადახტომ–გადმოხტომა აქვთ ატეხილი ნაცებს, უკვე საშიში ხდება თვალის მიდევნებაც კი.
    არა, მაინც რა ეგონათ, ქუთაისის ოპერის თეატრი უშველიდა აკადემიურობის თვალსაზრისით იმ საცოდაობას, უკაცრავად, სანახაობას, თუ ირმა ნადირაშვილის ინტელექტუალური მეცო–სოპრანო კლანურობის განხრით.
    სხვა რომ არავინ და არაფერი, ბედკრულ ქართულ პოლიტიკაში, ჯერ კიდევ ამბიციურია შალვა, თანაც მწვავედ ამბიციური. შალვას აზრით, – ედუარდ შევარდნაძემ, მიხეილ სააკაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ბიძინა ივანიშვილმა, სხვადასხვა დროს, მთელი საქართველო გააუპატიურეს, რის გამოც მათ პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ".
    არ ვიცი, რისი თქმა სურდა ამით პატივცემულ შალვას, იმედია, იმის არა, რომ რიგმა უწია ქვეყნის გაუპატიურების რიგში.
    აი ქალბატონი ბურჯანაძე კი, არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ფაქტიურად დარწმუნებულია საკუთარ გაპრეზიდენტებაში. რა თვალშისაცემია ზოგიერთების მოკლემეტრაჟიანი მეხსიერება...
    ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ კურდღელი და მგელი ყოველთვის მტრები არ იყვნენ. ადრე ეგენიც ოჯახებით მეგობრობდნენ, უბრალოდ, მერე მგელს მოშივდა და კურდღელს აუხირდა...
    და, როგორც იქნა, 27 ოქტომბერი საპრეზიდენტო არჩევნების დღედ დასახელდა. კი დასახელდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად! ეგღა აკლია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასე მარტივად გადაწყვიტოს უმნიშვნელოვანესი თარიღების საკითხი. ის იყო, ხალხმა საკუთარი კალენდრები მოიმარჯვა და 27 ოქტომბრიდან მარცხნივ 60 დღის გადათვლა დაიწყო, რომ, სად იყო და სად არა, ეკრანზე გამოისახა ნადირაშვილზე არანაკლებ ინტელექტუალური, ამბიციური და კატეგორიული, ქვეყნის პირველი ადმინისტრატორი - ბარნოვი საკუთარი კალენდრით. მანჯგალაძეს ტექნიკურად შეეშალაო... ნეტავ რა შეეშალა მანჯგალაძეს, ასე უჭირს არითმეტიკაში, რომ ორიანს და შვიდიანს სამიანისა და ერთიანისგან ვერ არჩევს?
    ბაციონალებმა ოღონდ სხვას და თან ქალს გადააბრალოთ რამე და მნიშვნელობა არ აქვს, ხალხი დაიჯერებს თუ არა თქვენს ვერსიას...
    მოკლედ რაცაა ეგაა – ოქტომბრის ბოლო ხუთშაბათს კიდევ ერთხელ მოგვიწევს უბნებზე მისვლა და თავის შეწუხება. უნდა შევწუხდეთ, აბა როგორ გვინდა? აგერ შეწუხების გარეშე, მონღოლეთში 146%–ით ჩინგის ხანის მუმიასაც კი ირჩევენ პრეზიდენტად. მაგათთან ყველაფერი მარტივია... ფუი ეშმაკს!
    გასულ კვირას, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: ბაკურ ბ, ილია ს, და თორნიკე ჯ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოსა და იმერეთში ერთდროულად დააკავეს.
    კიდევ ერთი „ნაციონალური“ ტყუილი – აბა ეგ სამყარო აღარ არსებობსო?!
    გასულ კვირას ისიც ითქვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა თავს ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებენო და ეგენი „სახალხო დიპლომატიის“ პროგრამით უფრო შორსაც წავლენ...
    ფსიქოლოგები გვირჩევენ, შეეცადეთ ახალი ცხოვრების დაწყებას სუფთა ფურცლიდანო. შეეცადე კარგია! და თუ ფურცელი უკვე ცალხაზიანია ანდა სულაც უჯრედებიანი?!
    რა ქნას მაშინ თუნდაც ვანომ? გავიგეთ, რომ თანაგუნდელები ამხილა. მერაბიშვილის მოადგილის ლორთქიფანიძის დაკავება, თურმე, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს უკავშირდება.
    ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამეცხედრეს, ცნობად თაკო სალაყაიას კი, იმედია, ცრუ ჩვენების მიცემისთვის, პასუხისგებაში მისცემენ. თაკოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის 370-ე მუხლით უნდა დაეკისროს, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს სკანდალური პერსონა აუცილებლად გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ის, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ, მერაბიშვილთან ერთგვარი „ვაჭრობის“ საუკეთესო იარაღად რჩება.
    როგორ აშინებთ ნაციონალურ მრევლს „დაკლეტკილი“ რვეულები და ხელბორკილები. .. მაგალითად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა დაიჩივლა, მაჯები მეტკინაო... მართლა სად გინახავთ ბორკილდადებულ მოწმეთა დაკითხვაზე დაბარება. რა წესია, ახალგაზრდა უცოლო ბიჭია. მაგას რომ მაჯები დაუზიანდეს, ხომ დავიქეცით, ტიპი არცერთ ქასთინგს არ „მაზავდა“ შესაფერისი საცოლის ძებნაში...
    აბა კოკის კი არ ატკენს არავინ მაჯებს... მერე რა რომ იონათამიშვილის საქციელი „მორალთან მწყრალად“ შეაფასა დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ. ესპანური ანდაზაა ასეთი – კოკა მოხვდა ქვას თუ ქვა მოხვდა კოკას, მაინც ვაი კოკის ბრალიო! ხოდა სანახავს და გამოსაფენს რა დაულევთ მაგათ. „ერთი გუნდი“ არ იყვნენ თითქოს?!
    თბილისში ჩამოსულმა რასმუსენმა საქართველოს და ქართველ ხალხს, ფაქტიურად, შურაცხყოფა მიაყენა, როცა სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურა" უწოდა და ივანიშვილის ხელისუფლებას მთავარ რეკომენდაციად სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მისცა"... თითქოს ის რუსი დედინაცვალი არ გვყოფნიდეს, რომელსაც ჩვენს გამო გამუდმებით სცხვენია...
    პირადად ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ვისაც საშუალება მოგეცემათ, „უსირცხვილო საზოგადოების“ სახელით, მოგვიკითხეთ სულჭაჭიანი არსება, თავისი ამძორებული ძუძუს წოვება რომ მოუნდომა ქართულ დემოკრატიას...
    ამასობაში კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ 2010-2012 წლებში, თბილისის მერიისა და ძველი თბილისის განვითარების ფონდი შეამოწმა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა. ეჭვი მაქვს, ძალიან გაუჭირდებოდა მსგავსი რამის აღმოჩენა პრეზიდენტი ს ერთ–ერთი მრჩევლის – ნინო კალანდაძის და არა მხოლოდ ნინო კალანდაძის უახლოეს მეგობარს. სამაგიეროდ თორდია ამაყად ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის ცნობილაძე თეფშების და პარტიული ანგარიშების რისხვა ნათია მოგელაძე ამჯერად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვეუწყებაში მუშაობს. პრინციპში, რა დააშავა ისეთი მოგელაძემ? რატომ უნდა იყოს უმუშევრად?
    ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონების მახრებს თუ უდანაშაულობაზე აქვთ პრეტენზია და თავდებში მხოლოდ უმცირესობა კი არა უმრავლესობის განსაკუთრებულად ჰუმანისტი წარმომადგენლებიც უდგებიან და ამაში პარლამენტარის ხელფასს ამაყად იღებენ, მოგელაძე რა მანდელას გერია?
    რუსთავის სასამართლოში გასულ კვირას თემიდამ იძალა განსაკუთრებული სისასტიკით. ზოგჯერ და საბედნიეროდ, ასეც ხდება...
    პირველი ივლისიდან სოციალური დახმარებები ორჯერ გაიზარდა. ჯაბდაცვის დაზღვევის მოცულობაც გაიზარდა. მოკლედ, მაციონალების ჯინაზე ახლა ავად გახდომა არც ისე საშიშია. უფასო გახდა მშობიარობაცო, თუმცა, უფასო არაფერი შეიძლება იყოს თავმოყვარე ქვეყანაში, ამიტომაც, ყველაფერი განისაზღვრა ლიმიტირებული ბიუჯეტის ფარგლებში. ასეა თუ ისე, დემოგრაფია ყველა შემთხვევაში მისახედია და ფასის ცვალებადობა მასზე ნაკლებად უნდა მოქმედებდეს.
    პირველ ივლისს, 12 წლის ინტერვალის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობის აღწერა დაიწყო. ეს პირველი ეტაპია. მეორე ეტაპზე გამოჩნდება „სოციალური კეთილდღეობის“ პირდაპირი შედეგები. ღმერთმა ქნას, ბევრი გვყავდეს დასათვლელი.
    გასულ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურა, პროტესტით შებყრობილი უმცირესობის გარეშე.
    კულტურის სამინისტროს გვერდით კი კარავში ისევ შიმშილობს რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, სახელმწიფოს მიერ ქართული კინოს დაფინანსების მოთხოვნით. პარალელურად, მშვენიერ მადას ინარჩუნებს თუნდაც კულტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ბერიკაშვილი, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან შორს დგას ხელოვნების ამ დარგისგან.
    სამაგიეროდ, ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკლია წონაში კვერცხის დიეტით. მართალი გითხრათ, ვეძებე ამ დიეტაში კვერცხი და ისეთი მცირე რაოდენობით აღმოვაჩინე, ჩავთვალე, რომ ნანუკამ გვეხუმრა...
    რას ვიზამთ?! ნაციონალური ორიენტაციის ადამიანები ისტორიაში ალბათ საკუთარი სახელობის დიეტებით შევლენ.
    ცნობისთვის, ადამიანებიც და თანამდებობის პირებიც გაკეთებული საქმეებით ფასდებიან და არა გაუკეთებელი საქმეებისთვის მოგონილი მიზეზებით.
    „მალფუჭადი“ პროდუქტები და პოლიტიკოსები დიდი ხანია საქართველოში სერიოზული
    პრობლემაა. ისტორიის წერა გაცილებით იოლია, ვიდრე მისი შექმნა...
    ხო, კიდევ შეჩვევაა საშიში...
    შეჩვევა კლავს!
     
    კატო ჩულაშვილი
    გაზეთი „ქრონიკა+“ # 12
  7. katya
    გადარჩენილი ტყეების ახალი რეალობა – ტყის კოდექსი ყველასათვის!
    ჩვენ, ქართველებს, ძირითადად, სადღეგრძელოების, ანდაზების და სიმღერის მასშტაბებში გვიყვარს მთაც, ბარიც, ტყეც, ღრეც, მიწაც, წყალიც, სავარგულიც და უვარგულიც, ანუ ის, ყველაფერი, რასაც ფრაზა „მშობლიურო, ჩემო მიწავ!“ აერთიანებს.
    კანონი ამბობს, რომ ტყე ეროვნული საგანძურია. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალაქეებს, დაიცვან, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ ბუნებაზე. ვინ კითხულობდა კონსტიტუციას , „ტყე შეუნახე შვილებსაო!“ მამებს რომ ავალებდნენ, მაგრამ ესმოდათ?
    დღევანდელი სტატისტიკით – საქართველოს ტერიტორიის საერთო ფართობი 6.95 მლნ. ჰექტარია. აქედან, სახელმწიფო ტყის ფონდს 3005.3 ათასი ჰექტარი უკავია. ტყით დაფარული ფართობი 2772.45 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც მთლიანი ფართობის 40 % -ია.
    ეს ქაღალდზე და ციფრებში, მაგრამ რა ხდება რეალურად, ძალიან ცოტამ იცის, თუმცა, შედეგი ყველას ერთნაირად გვეხება. ეს ის შემთხვევაა, როცა „არცოდნა –არცოდვაა!“ არ ჭრის. არცოდნა ცოდვა კი არა, დანაშაულია, რომელიც უნდა აღიკვეთოს და დაისაჯოს.
    წინა ხელისუფლებამ ამ საქმეში ბევრი დააშავა თავისი სახელმწიფოებრივი მიდგომით, პოლიტიკით და კერძო–მერკანტილური ინტერესებით. ტყე, ანუ ეროვნული სიმდიდრე, წლების მანძილზე კონკრეტული პირების სოლიდურ კაპიტალად იქცა.
    საბედნიეროდ, ყველაფერ ცუდსაც აქვს დასასრული და ამ მიზნით, ამიერიდან, ეროვნულ სიმდიდრეს, ქვეყანაში „ტყის მდგრადი მართვის კონცეფციის“ შესაბამისად მიეხედება, რაც ტყის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას ითვალისწინებს. ტყის მენეჯმენტის ეკოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტუკირი ასპექტები ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიის ნაწილი ხდება.
    მოკლედ, აქამდე თუ ერთი კარგი მარკშეიდერი ყველგან გვჭირდებოდა, აღმოჩნდა, რომ ერთი კარგი მეტყევეც გვჭირდება... გახეთქილი ბიაზიდან გაჩეხილი ტყეები კარგად ჩანს. მწვანე საფარში გაჩენილ თეთრ ლაქებს სულ მალე ამოვავსებთო, ასე გვითხრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა – ბიძინა გიორგობიანმა.
    ფრანგები ასეთ სიტუაციას „დეჟავუს“ უძახიან ... მან ეს სიტუაცია უკვე რეალურად გაიარა. წავიდა „უდროო დროს“ და საჭირო დროს დაბრუნდა. თუმცა, „წასვლა“ ძალიან მსუბუქად ნათქვამია. გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, აიძულეს, არა მხოლოდ პოსტიდან, არამედ ქვეყნიდანაც წასულიყო.

    – ხომ ნამდვილად ასე იყო და არ მეშლება?
    – არ გეშლებათ, ასე იყო. ის რეფორმები, რის რეალიზაციასაც ახლა ვიწყებთ, ჯერ კიდევ 2004 წლის გაზაფხულზე მქონდა დაწყებული, მაგრამ მალევე შეჩერდა, რადგან ივლისში ჩამოვიდა საქართველოში კახა ბენდუქიძე. მან სულ სხვა ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოაყალიბა ზოგადად და ტყეებთან მიმართებაშიც. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა ბენდუქიძესთან. მთვარობის სხდომაზე ჩემს მიერ შეთავაზებული რეფორმები მან უბრალოდ დაბლოკა.
    – რა რეფორმებზე იყო საუბარი?
    – ეს რეფორმები შესაბამისობაში მოდიოდა გერმანიისა და ავსტრიის ტყის კოდექსებთან. წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებდი ამ კოდექსის დამუშავებას, მაგრამ ეს უკვე ის პერიოდია, როცა მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია, ვეღარ ფლობდა სიტუაციას მთავრობაში. ის ემხრობოდა ამ რეფორმებს და სურდა მისი გატარება. მაგრამ ბენდუქიძესთან ჩემს დაპირისპირებას მოყვა ის, რომ მერაბიშვილის, მესხელის და ახალაიას ინიციატივით დაიწყო ჩემი დევნა სხვადასხვა აბსურდული ბრალდებებით. ჟვანია რომ გარდაიცვალა, აღარ მყავდა მოკავშირე და, იძულებული გავხდი, წავსულიყავი. კიდევ ერთხელ წავედი ემიგრაციაში, მითუმეტეს უკვე მანამდე 10 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში.
    – ემიგრაციაში, თუ არ ვცდები, 18 წელი გაატარეთ და ახლა დაბრუნდით, თან იგივე სფეროში. ანუ, ისევ იმ რეფორმებს მიუბრუნდებით თუ უკვე სხვა შეხედულებები გაქვთ?
    – დავბრუნდი, იმიტომ, რომ ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ის პოლიტიკური კურსი, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული რეფორმების განხორციელებას. შევხვდი გარემოს დაცვის მინისტრს და შევჯერდით მათ გაგრძელებაზე.
    – და რას ითვალისწინებს ეს რეფორმები?
    – საქართველოში ევროპული ღირებულებების და სტანდარტების დანერგვას ჩვენს სფეროში. ტყის სახელმწიფო ფონდი უნდა გადავიდეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპზე.რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველწლიურად ტყიდან ვიღებთ მხოლოდ იმდენს, რის აღდგენასაც ის იმავე პერიოდში შეძლებს. ესაა მდგრადი მართვის პრინციპი. მიღებული ეკონომიკური ეფექტი კი იძლევა ტყის სათანადოდ მოვლის და დაცვის საშუალებას. ასეთი პრინციპით განხორციელებული მეურნეობები არის ესენის მიწაზე, ასე მუშაობს ბავარიის მიწის სატყეო სამსახური. ყველაზე კარგად მართულ–მოწყობილი მაინც ავსტრიის ფედერალური ტყეებია. დღეს ჩვენთან არსებობს ასეთი მართვის პრინციპზე გადასვლის საშუალება. ოღონდ, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ამაში დიდ დახმარებას გვიწევენ ევროპელი მეგობრები. დელეგაციას, რომელიც ამ კვირაში ჩამოდის გერმანიიდან და მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის კონვენციის შემქმნელ კომისიასთან. ვმონაწილეობთ ამ კონვენციის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც მზად იქნება მიმდინარე წლის ნოემბერში.
    – ერთი თვეა, რაც დაინიშნეთ ამ უწყების ხელმძღვანელად. 900–დე ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში მთლიანად საქართველოში. საიდან და რითი დაიწყებთ ცვლილებებს?
    – მუშაობა, შესაბამისად ცვლილებები უკვე დაწყებულია. უკვე მზად გვაქვს ტყის აღრიცხვის წესების ახალი დებულება, რომელიც აქამდე არ არსებობდა.
    – აბა აქამდე დებულების გარეშე მუშაობდნენ? ცნობილია, რომ წლების მანძილზე ტყე იყო გამოყენებითი რესურსი და არაფერი მის სასიკეთოდ არ კეთდებოდა. დღეს ამ დარგში ისევ რჩებიან ის კადრები, რომლებიც ახორციელებდნენ არასწორ პოლიტიკას, ანუ, წინა ხელისუფლებასთან ერთად აფუჭებდნენ რაღაცას?
    – როცა არ არსებობს დარგში პოლიტიკა, არც დებულების დეფიციტი იგრძნობა. თანაც, ყველა არ აფუჭებდა. მეტყევეების უმეტესობა ძალიან ღირსეული ადამიანია. მათ იმიჯი სპეციალურად გაუფუჭეს ნაციონალებმა. მეტყევის ცუდი რეპუტაცია გამომდინარეობდა იქიდან რომ ამ სისტემაში არ არსებობდა არავითარი რეგულაცია. ჩვენ კი უკვე შევიმუშავეთ ტყის აღრიცხვის ნორმატივები.
    – ანუ ინვენტარიზაციის ახალი მეთოდი გაქვთ?
    – კი, ასეა. სატყეო უბნის და შემდეგ მეურნეობების მიხედვით შედგება კატალოგი, სადაც ყველა მონაცემი დაწვრილებით იქნება შეტანილი. ამ ეტაპზე 9 სამხარეო მეურნეობაა, სადაც ეს ინვენტარიზაცია განხორციელდება. მაგრამ ვაპირებ დაწვრილებას, რადგან სამხარეო მეურნეობები ჩვენს დარგში ძალიან არაეფექტურია. ტყეში საქმე კეთდება და ფუჭდება ადგილზე. ეს უნდა იყოს ძალიან ძლიერი ადგილობრივი მეურნეობები და არა სიმბოლური რეგიონალური მმართველობის ორგანოები. ჯერ–ჯერობით ეს მხოლოდ მონახაზია. ახალ ხელისუფლებას აქვს აღებული კურსი ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე. ჩვენგანაც ასეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, ერთ–ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება – ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს თვითონ შეეძლებათ ტყეების მართვის გარკვეული უფლებამოსილების განხორციელება.
    ტყის მდგრადი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი მზადაა და, ძალიან მალე, დაახლოებით, მთავრობის სხდომაზე გავა. ახლა დავიწყებთ მუშაობას ტყის კოდექსის შექმნაზე.
    – ასეთიც არსებობს?
    – რა თქმა უნდა!? ტყეს თავისი კოდექსი და ქცევის ნორმები აქვს, თან, ძალიან საინტერესო.
    – ლიცენზირებასთან დაკავშირებით რა ხდება? სასწაულ ვადებზეა საუბარი – 40 და მეტწლიან იჯარებზე...– ის ხდება, რომ გრძელვადიანი ლიცენზიები ისევ ძალაშია. 177 000 ჰექტარი საუკეთესო ტყეა გრძელვადიანი სარგებლობით გაცემული. ესაა დაახლოებით აჭარაზე მეტი ტერიტორია. გაცემულია, როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე უცხოელებზე, ზოგიერთი ოცი წლითაც კი. ლიცენზიებს იღებდნენ იმის მიხედვით, თუ რამხელა რესურსი იყო და რამდენ ხანში შეეძლოთ, აეთვისებინათ.
    – და უცხოელები ბევრნი არიან?
    – რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ქართველი მოჭრის თუ უცხოელი? მდგრადი განვითარების ის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება ევროპის კონვენციას, გრძელვადიანი სარგებლობით ტყეების გაცემას არ ემხრობა. ვისაც აქვს აღებული, არ ვაპირებთ მათი უფლებების შელახვას, მაგრამ ძალიან დიდი გამადიდებელი ლუპით დავაკვირდებით მათ მუშაობას.
    – გქონდა მათთან კონტაქტი?
    – არა, რადგან ეს კანონმდებლობა ისეა აწყობილი, რომ ჩვენს სტრუქტურას შიგნით შესვლის და შემოწმების უფლება არ აქვს. მაგრამ აქვს ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც ჩვენს სამინისტროში იქმნება და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.
    – ანუ დეპარტამენტის გარდაქმნა სააგენტოდ, მარტო სტრუქტურული „გეომეტრია“ არაა და შინაარსიც შეეცვალა?
    – რა თქმა უნდა. უფრო ფართო სამოქმედო ასპარეზია.ჯერ საკანონმდებლო ბაზა არაა. დრო უნდა, რომ სატყეო მეურნეობებს შეეძლოთ ტყეში მეურნეობის წარმოება. გერმანიაშიც და ავსტრიაშიც, სატყეო მეურმეობაში შესაძლებელია კონკრეტული ნედლეულის შეძენა. აქ ეს უფლებამოსილება აქვს კერძო მეწარმეს, რომელიც არაა სათანადო დონეზე გაწვრთნილი და არ იცის ტყეში მუშაობა, ამიტომ, ვნებს ტყეს.
    – ზუსტად ეგ მაინტერესებდა – სპეციალისტების და კადრების საკითხში რა სიტუაციაა?
    – ვაკეთებთ ტრენინგ–ცენტრს. გერმანელი მწვრთნელები არიან ჩამოსულები,ისინი მეტყევეებს შეასწავლიან საჭირო უნარ–ჩვევებს. მოამზადებენ პროფესიონალ რეინჯერებს. ეს ყველაფერი თუ დროულად არ გაკეთდა, ისევ დარჩება სტანდარტი, რომ მეტყევე არის კაცი, რომელიც ქაღალდებით ვაჭრობს კერძო მეწარმესთან.
    – ახალგაზრდა კადრები გყავთ?
    – მოგეხსენებათ, სასოფლო ინსტიტუტის „ოკუპაცია“ მოახდინა ბატონმა ბენდუქიძემ. ახლა იქ სატყეო ფაკულტეტი აღარ არსებობს. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა უფასო სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი. მომავალი წლიდან გვეყოლებიან ამ სპეციალობის სტუდენტები. მათთან ძალიან აქტიურად აპირებს სააგენტო მუშაობას. ყველა არსებული პრობლემები არასწორ მიდგომაშია.
    საკუთარი ტყის და მიწის სიყვარულს ადამიანი ბავშვობიდან ეჩვევა და სწავლობს. ჩვენ ერთი ცუდი ზნე გვჭირს, ვერაფრით დავიჯერეთ , რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და სულ გვგონია, რომ დროებით ვართ დამოუკიდებლები, ერთი დღით მოსული და სულ გვგონია, რომ სახელმწიფოს რაღაც უნდა გამოვგლიჯოთ. მთავარია, ამ ზნისგან გავთავისუფლდეთ...
     
    კატო ჩულაშვილი
    „ქრონიკა+“ #11
  8. katya
    ჰიუგო იმ შუაშია , რომ “საბრალონი” 20 წლის მანძილზე წერა...
    წერა და წერა ადამიანის დამცირებაზე იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ანუ „უბრალოა“, ქალის ზნეობრივ დაცემაზე გაჭირვების გამო და ბავშვების დაძაბუნებაზე უმეცრების ნიადაგზე...
    ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში მშიერი ბალღებისთვის პურის მომპარავი ჟან ვალჟანები საკმაოდ მომრავლდნენ. მომრავლდნენ მომპარავი და მოწყალების მათხოვარი პატარებიც. „კანონის დამცველების“ რიცხვის დაზუსტება უმადური საქმეა, ახლა ისე ხშირად ეჯახება ზნეობა კანონს...
    კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ სიმბოლური დამთხვევა რომ იყოს და არა რეალობა...
    5 წლიანი პატიმრობის ვადის 19 წლამდე გაგრძელებაც ნაცნობი თემაა და „კატორღა“ იმაზე ნაცნობი. „ჟავერები“ ჩვენს გვერდით, ირგვლივ და ყოველთვის...
    რაო? შეუძლებელია, ზნეობა და კანონი არ დაემთხვეს ერთმანეთს? ზოგჯერ კანონის დამცველიდან ჯაშუშამდე ერთი ნაბიჯია, ჯაშუშიდან –ჯალათამდე კი ნახევარი... როცა კანონის სახელით უზნეობამდე მიდიხარ, ადამიანის მოკვლაც გიწევს საკუტარ სხეულში. მერე დგება მომენტი, როცა ჭეშმარიტებას თუ არა, სიმართლეს მაინც აღმოაჩენ და თვითმკვლელობის სურვილიც გიჩნდება. ..
    ეს, რა თქმა უნდა, არაა გამოსავალი... სჯობს გადარჩე საკუთარი ცხოვრების წესის წყალობით.
    კადრები წყვეტენ ყველაფერს! – ეს ცნობილი საბჭოური ლოზუნგია.
    კადრი – ადამიანური რესურსის და კადრი – ვიზუალური ვიდეო მასალის სახით.
    კადრი დღეს ისევ აქტუალურია ორივე ნაპირზე, რადგან, შუაში უხერხულად მოძრავი მდინარე ჯერ კიდევ ათას სიბინძურეს, ქაფს და ღორღს დაატარებს... წყალნი მიმოდიან, ქვიშანი რჩებიან... ნაპირს გამაგრება ჭირდება და კიდევ დროის საცერი...
    სიტყვა "პრობლემას" თუ სიტყვა "თავგადასავლით" ან "შემთხვევით" ჩავანაცვლებთ, ცხოვრება გაცილებით საინტერესო და მარტივი ხდება.
    ეს იციან ნაციონალური მოძღვრების მიმდევრებმა. ამიტომაც გაჰკივიან – ეს კადრები თავისი ფარულად ჩაწერილი კადრებიანად, ცალკეული შემთხვევებიაო...
    არაა... ამას ვინ წარმოიდგენდა და ვინ დაუშვებდა, აზრადაც კი. არც გაივლებდნენ, გამოვლას ვინ ჩივის.
     
    ცის გახსნასავითაა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდისა და მისი მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის მიერ გაკეთებული განცხადებები: "ფირები ნამდვილად შოკისმომგვრელია." "ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ ისაა, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ეს ვიდეოფირები და თუ დადგინდება მათი ნამდვილობა, დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით".
    კანონის მთელი სიმკაცრითო! ანუ ჯერ უნდა იყოს კანონი, მერე მკაცრი კანონი და მერე კიდევ იმ მკაცრი და მთელი კანონის მთელი სიმკაცრე და ნეტავ ეგ რას გულისხმობს?
    და ნეტავ რას ეტყვიან „ისინი“, ანუ ყოვლისმკადრებელი კადრები შვილებს,–თქვენი კარგადყოფნა და უზრუნველი მომავალი რომ გარანტირებული გვქონოდა, იმიტომ ვაკეთებდით ამასო? სხვის დედებს და მამებს ამიტომ ვაყმუვლებდით სიმწრისგან და სხვის შვილებს ამიტომ ვტოვებდით უმშობლოდო?
    რას ეტყვიან საკუთარ შვილებს ამ სისტემის აგურები – ძველები და ახლები... რაო, „მაგრები“ ვიყავით, მაგრამ ვინ დაგვიფასაო? რაო, დამპალი საზოგადოების რეპრესიების მსხვერპლნი ვართო?
    თუ იცით, ნაცებურად დაცემულ „ანგელოზებს“ დაშლილებში იბარებენ?..
    დიდი მონანიების დრო დადგაო, ამბობენ და დაიწყო...
    "პირველ რიგში მინდა მოვითხოვო ყველა იმ ადამიანის უმკაცრესად დასჯა, ვინც ახდენდა მსგავსი ქმედებების განხორციელებას. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება კონკრეტული დამნაშვე. მე ასევე მაინტერესებს, რას აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყნის ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილი და იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ მის უწყებაში ხდებოდა ასეთი რამ", - განაცხადა „თუთიკომ“.
    "ლედი–კმარამ" ბოკერია–მერაბიშვილის ტანდემი რუსულ სპეც–სამსახურებთან თანამშრომლობაშიც დაადანაშაულა და ისიც აღიარა, რომ წინა ხელისუფლებამ მხოლოდ შუშის შენობები ააშენა, რეალური საქმე კი არავის გაუკეთებია...
     
    ბოლო ნაწილში არ ვიცი, მაგრამ პირველში თუთბერიძეს თვით გივი თარგამაძეც დაეთანხმა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ამ შემთხვევაში გულწრფელი იყო სულის ამოხდომამდე...
    რა ძალა აქვთ ზოგჯერ კადრებს!?
    ვისთვის ცირკი, ვისთვის დეტექტორი – ისე, სიმართლის დროა, მგონი...
    ნუთუ მართლა დასრულდება „კვესოს“, „პაჭოს“ და „ბერძენას“ ეპოქა ქართულ ჟურნალისტიკაში?...
    კიკალიშვილმა უკვე მოიბოდიშა, ჩერგომაც... ბატონი ზაალი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია და ბრალდებული გვარამიას გადაწყვეტილებას ელოდება.
    ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პრეპარატი „ბოდიში“ ამიერიდან ფასდაკლებით გაიყიდება სააფთიაქო ქსელში ქვეყანაში გამძვინვარებული ეპიდემიის გამო.
    ეპიდემია კი კასრიდან გავრცელდა. კასრი ნორმალურ საზოგადოებაში, პირველ რიგში, ერთი ცნობილი და უცნაური ბრძენის ასოციაციას იწვევს. ჩვენი კასრიდან კი დიოგენეს ნაცვლად, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მეგიზ ქარდავას „სიბრძნემ“ გამოჟონა .
    როგორ მოხვდი მანდაო? – ესეც ცნობილი ფრაზაა ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ, პასუხი, როგორც წესი, ბუნდოვან იუმორშია ხოლმე გადაწყვეტილი. არ ვიცი, რა უნდოდა იმ ფურცლის იმ კასრში ჩამდებს ამით ეთქვა?
    ბავშვობიდან აქა ვზივარო?
    ზის და იჯდეი რაო! – ესეც კიდევ ერთი ცნობილი ფრაზა...
    მოკლედ, გასული კვირა ბევრისთვის იყო განკადრებული კადრების და ყველაფრის მკადრებელთა კვირა.
    რაც მთავარია, სამალავის დამკვეთმა აღიარა და პასუხისმგებლობაც ალქაიდას სტილში აიღო. პრეზიდენტია და ხამს! პრეზიდენტია და ჰგიებს...
    „რა თქმა უნდა, ნებართვა მქონდა მიცემული, რომ გაგვეკეთებინა, რადგან ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში, ჩვენ ისეთი დაუცველები არ უნდა ვყოფილიყავით, როგორიც ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო 2008 წელს"- განაცხადა სააკაშვილმა.
    რას არ იტყვის, ზოგჯერ ეს ტიპი?!
    არა, დენთის კასრზე რომ ვისხედით მის ხელში ყველა, ეგ ისადაც ვიცოდით, მაგრამ ასეთ ნატურალურ გადაწყვეტასაც არ მოველოდით.
    კარგია, როცა ამ ვითარებაში შეზარხოშებული პრეზიდენტი ხუმრობს...
    და , რადგან, იარაღის საწყობები, ანუ „დენთის კასრები“ მიშას დავალება ყოფილა, შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული რუკაც სადღაც მის ახლო–მახლო უნდა ინახებოდეს. ნებით რომ გადასცეს შესაბამის ორგანოებს, სახელმწიფო საიდუმლოს გაცემად ჩაეთვლება ნეტავ თუ ძიებასთან თანამშრომლობად?
    ფაქტია, რომ მიხეილი შეშინებულია, თუმცა, ცდილობს შიში ბახუსით და, მისთვის დამახასიათებელი უნიჭო იუმორით გადაფაროს. როცა მიშას ეშინია, მასთან მაშველად ყოველთვის მოდის ბიძია თემური. ბავშვობაში მიშიკო „მოწინააღმდეგეებს“ სულ ბიძის „პაგონებით“ აშინებდა...
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესტონურ გამოცემა Postimees-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ის პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.
    ანუ, სააკაშვილს „დააბინავებს“, საკუთარ გუნდსაც და მერე წავა.
    ეს იყო მესიჯი მოქმედი პრეზიდენტის მიმართ – მე უნდა დაგამთავროო! მეო!
    ჯერ კიდევ პრეზიდენტი კი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ნაჩქარევს უწოდებს და ახსენებს, რომ „პოლიტიკა საბავშვო ბაღი არ არის."
    ამასობაში კი, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადმოწევის სამუშაოები დაასრულეს სოფელ დვანთან, რამაც სოფლის ერთი ჰექტარი მიწის ფართობი საოკუპაციო ზოლის მიღმა მოაქცია.
    საზღვარზე გამახსენდა, დიდი ბატალური სცენების თვითმხილველი გახდება ჩვენი მოსაზღვრე და მეგობარი აზერბაიჯანის მოსახლეობა ოქტომბერში. რას იფიქრებდნენ, რომ პრეზიდენტობაზე პრეტენზიას მეჰრიბან ალიევა გამოაცხადებდა? "მშვიდობა დემოკრატიულ აზერბაიჯანის" კანდიდატი აშკარად მოწინააღმდეგეზე მომხიბვლელია. მოქმედ პრეზიდენტს, ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსაზრება არ დაუფიქსირებია, მაგრამ, იმედია, იმედოვნებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის შედეგი საკმაოდ თბილ, კორექტულ და ინტიმურ სივრცეში გადაწყდება, მაგალითად, საპრეზიდენტო აპარტამენტების საძინებელში.
    ვერაფერს ვიტყვით, უალტერნატივო წყვილია, დაახლოებით ჩრდილოეთ კორეის კავკასიური ვარიანტი თუ ნაირსახეობა. ეჰ, მეჰრიბან!..
    აბა ჩვენი სანდრა კი არაა მასეთი...
    და „საღოლ“ ალიევი ბაბუ! აბა ჩვენი კრწანისელია ბაბუ? ერთი დაიჩხავლეს „ვარდისუბნელებმა“ და მაშინვე „სახლში წავიდა“...
    ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბრალი დაუმძიმდა.
    ვანო ისეთი გაქანების პოლიტიკოსად იყო ჩაფიქრებული, მარადიულობაზე რომ ჰქონდა პრეტენზია. ჰოდა აუხდება ეგ ჩანაფიქრი, თუ სამუდამო პატიმრობა შეეფარდა.
    დაშლა–არმოშლის, დარჩენა–შერჩენის და რა ვიცი, კიდევ რა ამბები არ გადმოდინდება ჯერ უპოვნელი კასრებიდან თუ ქვევრებიდან...
    ფაქტია, „გოსპოჟა“ ნოვოდვორსკაიას ჯერ კიდევ სცხვენია ჩვენს გამო.
    ჰოდა, აბა რა გისურვოთ „უბრალოებმა“ „ბრალიან“ ნაცებს?
    ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს და მეგიზ ქარდავას ბავშვობის დღიურებს ებარებოდეთ!
     
    კატო ჩულაშვილი
    ქრონიკა+ #11
  9. katya
    ანუ, გველის თუ არა საქათველოში სიგარეტით „მარიაჟი“?
     
    ბოლო დროს თამბაქოს მომხმარებლებში, ანუ „მწეველებში“ პანიკა შეიმჩნევა. აკრძალვების „დიდი შტურმის“ მოლოდინში ათას რამეს ვარაუდობენ, მათ შორის თამბაქოს ისეთ გაძვირებასაც, რომ, შესაძლოა, სიგარეტი ფუფუნების გამოვლინებად ჩაითვალოს. შესაბამისად, საზოგადოების ფინანსურად უზრუნველყოფილი ნაწილი დარჩება ჯანმრთელობის რისკის ქვეშ, ხოლო ნაკლებად უზრუნველყოფილები ბედს შეურიგდებიან და ფილტვებს უნებურად დაიწმენდენ.
    31 მაისს მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა „დღე თამბაქოს გარეშე“. უთამბაქო დღის ტრადიცია 1988 წლიდან მოდის, ინიციატივა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან.
    მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მავნე ჩვევა ჩვენში საშიშად აბობოქრდა და ხელისუფლება, ახლო მომავალში მისი სადავეების მკაცრად მოჭერას აპირებს.
    ჯონ ჰოპკინსის სახელობის ამერიკულმა უნივერსიტეტმა, მსოფლიოს ყველაზე მწეველი ქვეყნების დადგენის მიზნით, ორწლიანი კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ ამ რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა.
    დაავადებათაკონტროლისეროვნულცენტრშითამბაქოსმოხმარებასთანდაკავშირებითსაგანგაშოსტატისტიკაზესაუბრობენ. საქართველოშითამბაქოსაგანგამოწვეულიდაავადებებითყოველწლიურად 11 000 ადამიანიიღუპება, აქედან 3 000 პასიურიმოწევისმსხვერპლია. 2012 წლისმონაცემებითმწეველებიმოსახლეობის 30.4% შეადგენსდამათი 91.2% ყოველდღიურიმწეველია, რაცევროპაშიერთ-ერთიყველაზემაღალიმაჩვენებელია. მწეველებისუმრავლესობადღეშისაშუალოდ 20 ღერსმოიხმარს, რაცთამბაქოსადმიმძიმედამოკიდებულებაზემიუთითებს. ბოლო 12 თვისმანძილზემოწევისთვისთავისდანებებაწარუმატებლადსცადადაახლოებით 39%–მა, აქედან 40% მამაკაცებიიყვნენ, ხოლო 26% - ქალები.
    დაავადებათაკონტროლისეროვნულიცენტრისარაგადამდებიდაავადებებისდეპარტამენტისუფროსისლელასტურუასთქმით, თამბაქოსმოხმარებაბავშვებშიცგაიზარდადაარისშემთხვევებიროდესაცმოწევასუკვე 9 წლიდანიწყებენ. მისივე ინფორმაციით, ორსულების 33% მწეველია.
    ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისასაო! უთხრა, უხერხულია, მაგ ძაღლყურძენისებრთა ოჯახის წარმომადგენლის კონტინენტზე ჩანერგვისთვის პატივცემული კოლუმბის სულს. მაგის დაღუპულია ევროპელები, მაშასადამე ჩვენც!.ქაერთველებს რა გვიჭირს, 2 საუკუნით გვიან დავიწყეთ „ბოლის გამოშვება“, მაგათ მე–15 საუკუნიდან ვერ გააგდებინეს ხელიდან ეგ საწამლავი. რა უნდოდათ იმ ,,ტაბაგო”-ში, რას დაეძებდნენ? დასკვნა ისაა, რომ კოლუმბის მეზღვაურების ცნობისმოყვარეობამ დაგვღუპა კაცობრიობა და საზოგადოება დაყო მწეველებად და არამწეველებად.
    მეცნიერები შხამიანობით თამბაქოს წყალბადციანმჟავას ადარებენ. წყალბადციანმჟავის და ნიკოტინის სასიკვდილო დოზები ერთნაირია და უდრის 0.08 გრამს. ნიკოტინის ერთი წვეთი კლავს ცხენს.თუ კაცი ზედიზედ მოსწევს 25 სიგარეტს,15 წუთში სული ამოხდება. საბედნიეროდ, 25 სიგარეტს არავინ ეწევა ერთდროულად. მაგრამ ფარული,ხანგრძლივი მოწამვლა უდავოა. ამიტომაც მწეველებს არამწეველები თვითმკვლელებს უძახიან.
    არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ, რამდენიმე თვეა, თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყო. 2013 წლის 15 მარტს მიღებული დადგენილებით, რომელიც თამბაქოზე კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყებებსა და სექტორებს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით მთელი რიგი ცვლილებების გატარებას დაავალებს. მოგეხსენებათ, ჩვენში ყველაზე კეთილშობილურ მიზანსაც შეიძლება ჰყავდეს ოპონენტები.ოპონირება ძირითადად მწეველების ხარჯზე ხდება. კამათი ხშირად პიროვნების უფლების დარღვევის ბრალდებამდე მიდის. იმასაც ამბობენ, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ადამიანის პირად გადაწყვეტილებებში. სადღაც შეიძლება მწეველებსაც გაუგო, მაგრამ თუ იმაზე შევთანხმდებით, რომ საქართველო ძლიერ და კანონის გამტარებელ ქვეყნად უნდა ჩამოყალიბდეს, სახელმწიფოს ვალი კანონშმოქმედების მიერ შექმნილი პროგრესული და პრიორიტეტული კანონების ცხოვრებაში გატარების უზრუნველყოფაა, ხოლო მოქალაქეების ვალია, საკუთარი, თუნდაც „საყვარელი სისუსტეები“ და მავნე ჩვევები ამ კანონს მოარგოს, ისე, რომ სხვების უფლებები არ დაზარალდეს.
    მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფმა შექმნა პეტიცია,სადაც ისინი თამბაქოსაგან 100%–ით თავისუფალი გარემოს შექმნას მოითხოვენ სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში; პეტიცია ითხოვს აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება: სამუშაო ადგილებში, რესტორნებსა და კაფეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; "სრულად აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა, პროპაგანდა, სპონსორობა: რადიო-ტელევიზიით, ბეჭდვითი და სხვა მედიასაშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით. ყველა სახის სახალხო ღონისძიებზე .
    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია უკვე არსებობს. გეგმის ძირითადი პრინციპებია თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის ფუნქციონირება, თამბაქოს ყველა სახის ნაწარმზე სააქციზო გადასახადის პერიოდულად გაზრდა, საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების მომზადება. ასევე თამბაქოს შესახებ არსებულ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობა.
    ყველაზე აპრობირებულად და პროდუქტიულად მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის, თურმე, სიგარეტის გაძვირება ითვლება. ფასების თანდათანობითი ზრდა ყველაზე უფრო ეფექტური მეთოდი ყოფილა მწეველების შესამცირებლად, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
    თამბაქოს მოხმარება მასზე აქციზის ფასის მატებამ უნდა შეამციროს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აქციზის ზრდა 2014 წლიდან, ეტაპობრივად დაიწყება.
    სავარაუდოდ, ის კომპანიები, რომლებიც დღეს მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობენ, პირველ ეტაპზე თამბაქოზე ფასებს არ გაზრდიან, თუმცა მინიმალურ მოგებაზე მომუშავე კომპანიები პროდუქციას საწყის ეტაპზეც გააძვირებენ. გაძვირებით მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირდება მოხდება მათი გადანაწილება მაღალ და საშუალო ფასიან პროდუქციაზე.
    2013 წელსკომპანიებითამბაქოსფასისმატებასარვარაუდობენ. ეს არც მათ ინტერესში შედის. როცა აქციზი იზრდება და მეზობელ ქვეყნებთან შეუსაბამო ფასი გაქვს, არალეგალური პროდუქციის შემოტანის რისკები ჩნდება. თუმცა, კარგი ადმინისტრირების შემთხვევაში, შავი ბაზრის რისკები აღარ არსებობს და ამის მაგალითიც გვაქვს. თამბაქოს „შავი ბაზარი“ საქართველოში 2004 წლამდე არსებობდა. მაგ პერიოდამდე თამბაქოს კონტრაბანდის წილი საქართველოში, დაახლოებით, 75 პროცენტი იყო. 2004 წლიდან ეს რიცხვი 15 პროცენტამდე შემცირდა. ფასის მომატება გამოიწვევს მეზობელი რეგიონებიდან იაფი პროდუქციის შემოდინებას და შესაბამისად, ბიუჯეტში შენატანების შემცირებას. გარდა ამისა, ფასის მომატება ძირითადად დააზარალებს ადგილობრივ მრეწველობას და შესაბამისად გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას.
    საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე, თვლის, რომ მხოლოდ თამბაქოს აქციზის გაძვირება კი არა, მწარმოებლები, ბევრ ქვეყანაში, კომპენსირების თანხებსაც იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში იმ ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელსაც თამბაქოს მწეველებისთვის მოაქვს. ამ ეტაპზე აქციზის ფასი ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრია, უფილტროზე 15 თეთრი. საუბარია 40-50%-იან ზრდაზე.
    ბახტურიძის აზრით, აქამდე აქციზის დაბალი ფასი წინა მთავრობის ინტერესს წარმოადგენდა. „ხელისუფლება უშუალო კავშირში იყო თამბაქოს ინდუსტრიასთან, რომელსაც სასათბურე პირობები შეუქმნა. ამის მცდელობა არც ახლაა გამორიცხული. გადაწყვეტილების შემუშავების პროცესზე ბიზნესი გავლენის მოპოვებას მოინდომებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ხელისუფლების პოლიტიკას ექნება.
    შეამცირებს თუ არა თამბაქოზე ფასის გაზრდა მის მოხმარებას, ამაზე გადამჭრელი პასუხი არავის აქვს. სამაგიეროდ გვაქვს უახლესი კვლევის შედეგები ესპანეთიდან.ესპანეთის პულმონოლოგიისა და თორაკალური ქირურგიის გაერთიანების (SEPAR) მიერ დაკვეთილი გამოკითხვის მიხედვით, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების მიღება საკმარისი არაა მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად. ესპანეთში გამოკითხული იყო 3.000-მდე რესპონდენტი, 13 წლის ასაკიდან. გამოკითხვა შემდეგ დასკვნას იძლევა: თამბაქოს მოხმარების შემცირების ტენდენციაზე კანონი არ მოქმედებს; სიგარეტის მოხმარების ზრდა განსაკუთრებით შეიმჩნევა ახალგაზრდებში. აქედან გამომდინარე, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების მიღება შედეგს არ იძლევა. ამავე დროს თამბაქოს საწინააღმდეგო მკაცრი კანონების მიღებას მწეველთა 65% მიესალმება; ესპანელი მკვლევარები ხაზს უსვამენ 2 ასპე ქტს: პროფილაქტიკური ზომების მიღება, სიგარეტზე ფასის ზრდა; და ხელის შეწყობა პროფესიონალებისგან მოწევის მიტოვების რჩევების მიღებაში. მწეველთა რაოდენობის სტატისტიკა ორივე სქესის მიხედვით გათანაბრებისაკენ მიდის. საერთო ჯამში კი, სიგარეტის მოხმარების შემცირების ტენდენცია ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს”.
    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის – ამირან გამყრელიძის აზრით, თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებების გაძლიერება და კონტროლის გაძლიერება რამოდენიმე მიმართულებას გულისხმობს, რომელთა შორის მთავარი საინფორმაციო –შემეცნებითი კამპანიაა.
     
    შოთა ჩინჩალაძე – მარკეტოლოგი: ამ ღონისძიებების გატარებით მწარმოებლებს და იმპორტიორებს არაფერი დააკლდებათ. ა) უფულოები და ახალგაზრდები დაფასოებული სიგარეტის მაგივრად იყიდიან თუთუნს და ქაღალდს (როგორც ევროპაში ხდება) და ეგეც იმავე იმპორტიორების ჯიბეში წავა ხოლო ბ) ფულიანები, რომლებსაც იმის დრო არ აქვთ ისხდნენ და სიგარეტები აკეთონ, უფრო მეტს გადაიხდიან სიამოვნებაში. დიდი შანსია რომ, კარგად დათვლის შემდეგ, იმპორტიორებს შემოსავალი და მოგება გაეზარდოთ კიდეც.მომხმარებლის საგრძნობლად შემცირების შანსი არის ძალიან პატარა, პრინციპში არარეალური.
    დემურ გიორხელიძე – ექსპერტი: ცხადია, თამბაქოს მოწევა ძალზე მავნებელია, მაგრამ ეს ის ჩვევაა, რომელიც კიდევ უფრო ვითარდება და ძლიერდება ძლიერი სტრესებისას, წარუმატებელი ცხოვრებისას, უმუშევრობისას, სიღარიბისას. ლუმპენიზაციის გზაზე შემდგარ ქვეყანაში არა მიზეზების აღმოფხვრაზეა ძალისხმევა მიმართული, არამედ შედეგზე, რომელსაც ვერ აღმოფხვრი... თუ სოციალური ფონი არ გაუმჯობესდა, ადამიანს ისევ ალკოჰოლი და სიგარეტი ექნება საკუთარი ბოღმის ჩასაკლავად... მართალია, მეტს გადაიხდის, მაგრამ გადაიხდის, ჯანმრთელობას წარმატებული ადამიანები უფრთხილდებიან, - მათი შესაძლებლობები იძლევა ამის საშუალებას... ეს საშინელი ჩვევა რომ უნდა დათმოს ქართველმა, არაა სადაო... სიგარეტი წარუმატებლობის ატრიბუტია და ეს შეგნება უნდა იქნას ნელ-ნელა მიღწეული.
    მავნე ჩვევასთან მიმართებაში დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, მაგრამ ფასის ზრდა საქართველოში რომ მწეველთა რაოდენობაზე ნაკლებად იმოქმედებს, ამაზე უმრავლესობა თანხმდება. და თუ, ერთ მშვენიერ დღეს ნიკო მარის ქუჩაზე, ქალბატონ ანიკოსთან საქართველოს შინაგას საქმეთა კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებულ გოგი თუშურაშვილის „გამოცხადება“ და ვრცელი ლექცია ნიკოტინის მავნებლობაზე განმეორდა, ის, ჩვენი თანამედროვე „კუკარაჩა“ აუცილებლად შეგახსენებთ, რომ 1 წვეთი ნიკოტინი ცხენს კლავს და, რომ ყველაზე ხშირად თამბაქოს მწეველი მშობლების შვილები ეწევიან. დანარჩენი, თქვენი გადასაწყვეტია...
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+", #9
  10. katya
    თუ ჭკუის კოლოფა კონფუცის დავუჯერებთ, ცხოვრება თავისთავად ძალიან მარტივია, მაგრამ მას ადამიანები გამუდმებით ვართულებთ...
    ყველაფერი ურევს თუ ყველა ურევს, არ ვიცი, მაგრამ, ვიღაც რომ ურევს, ფაქტია...
    ამინდია „თხლეი,“ როგორც გურიაში იტყვიან... განწყობა ჭურის ნარეცხადაც ვერ გასაღდება.
    წვიმსო! რატომ წვიმსო! ? უნდა და წვიმს... ახლა ბუნებას ეჭიდავეთ კიდევ...
    რა გიყვართ ეს ღია კარის მტვრევა და კატების დევნა ბნელ ოთახებში..
    ძალიანაც კარგი თუ წვიმს! ბევრი აქვს ამ ქვეყანას ჩამოსარეცხი და ბევრი დაუბანელიც დაიარება. თანაც, ცივი წყალი აფხიზლებს, ხშირად უნდა გვასხან, სანამ თავზე ლაფდასხმულებს მზიანი ამინდი მოგვისწრებს და გამოვეფინებით გასაშრობად...
     
    თემიდაც კი თავბედს იწყევლის ამ ქვეყანაში, ხალხი ხართ თქვენო! ვის ხელში მტოვებთო? მაგრამ ვინაა პატრონი? და არ თქვას ახლა ვინმემ, არ ვიცოდით რომ ასე მოხდებოდაო!
    თუ არ იცოდით, რატომ არ იცოდით? სხვა გევალებათ რამე, მაგის ცოდნის გარდა?
     
    როცა ქვეყნის პრეზიდენტს აღარ შეუძლია (ან არ სურს) რეალობის ადექვატურად აღქმა, დემოკრატიულ საზოგადოებაში, პრეზიდენტს ცვლიან, ავტორიტარულში კი ცვლიან რეალობას... ასეა ეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ცვლილებები არავის აწყობს.
     
    ის "საშიში" ვიდეო ვინ დადოო? ვინო?..
    გავიდნენ ცხელზე არა, მაგრამ ნელ–თბილ კვალზეო, ამბობენ. ხახვის ფურცლები დარჩენიათ ასაკრეფი გზაზე, მაგ ბედოვლათებს. .. ჯერ ვერსიაა, მაგრამ, რატომღაც, ეჭვი არ მეპარება, რომ მაგ უნიჭობაში არველაძის ტვინის უჯრედები ურევია. ბოლო–ბოლო, მაგას აქვს ჭიპი მოჭრილი ხალხის დაპანიკებაში. მოდელირებული ქრონიკაც ხომ მისი ტვინის და ფანტაზიის ნაჟურია? რა ბედნიერებაა, რომ არველაძე ყველაზე "კრეატიული" ტიპია ნაცმოში საბედნიეროდ.
    არადა კოკა რა შარში იყო. რა ყოფილა ეს დარჩიაშვილი? არ გააქანა და პირდაპირ ყანდიაშვილს არ დაადო ხელი? რა იყო, ტიგრანა გულოიანის არ იყოს, იმდენ „ქოცებში“ მარტო ეგ იყო თეთრი და ფაფუკი?... ოხ დარჩო! შენ არ დარჩიო! მეისპე და გადაშენდიო, გეტყოდნენ გურულები. კახელებს არ გავაგებინებ მაგ ამბავს, თორემ მასე იოლად ვერ გადარჩები...
    ვერსიები და ვარაუდები კარგია, მაგრამ, ჯერ მოდუნება არ შეიძლება. პრეზიდენტის ფლანგს რამე ხვრელი ექნება დატოვებული რისკების გათვალისწინებით. როცა გეგმა „ა“ არ ამართლებს, იქ კიდევ რჩება 32 ასო, რომ კიდევ სცადო..
     
    გადადება და გადავადება რომ მავნე ჩვევაა, ეგეც გავიარეთ უკვე.
    გზა სახელწოდებით „მერე“ მხოლოდ იმ ქვეყნამდე მიდის „არსაით“ რომ ქვია..
    არის რაღაც–რაღაცეები სასწრაფოდ მოსაგვარებელი, გადაუდებელი და დასასწრები თორემ, ხომ ხედავთ – კო(ჰ)აბიტაციაო და მართლა დაიჯერეს მგონი, რომ კარგი ბიჭები და გოგოები არიან.
    თავის გამართლების ხელოვნება ძირითადად ნიჭიერად დაბრალების და გადაბრალების და დადანაშაულების ხელოვნებაა.
    სხვისი სიბრიყვის გამო მუდმივ ტანჯვას ზოგჯერ საკუთარით ტკბობა ნამდვილად სჯობს.
     
    ვანოს დაუმძიმდებაო! მეტი რაღა უნდა დაუმძიმდეს, მაგის დაჭერის დღეს ხალხმა „მაღარიჩები“ იკისრა. ერთმანეთს ულოცავდნენ... როცა ხალხს ასე „უყვარხარ“ და ამხელა სიხარული შეგიძლია მიანიჭო შენი 4 კედელში ყოფნით და განმავნებელყოფით, რა გინდა თუ კაცი ხარ გარეთ?! ჰო, ვიცით, გაგვიგია, ვანო კარგი მამა იყოო და ადამიანური კუთხით ცდილობენ ჩრდილოვანი პროფილის შემოთავაზებას, მაგრამ, შენ ზოგიერთებს მამობაც არ აცალე, ამიტომ არ გვინდა ზურაბ ჯაფარიძისფერი ბაზარი...
    დამეთანხმები, სასამართლოში ჩვენების მიცემა გაცილებით უკეთესი ვარიანტია საფლავში წოლასთან შედარებით...
     
    ნომერ პირველი ტერორისტი საქართველოში რომ „სვაბოდაზეა,“ ხომ არ გეშინიათ ბიჭებო?!
    ჩეგივარას კი კარგად დაუბინავებია უკრაინაში თავისი ბიზნესი და ახლა შეუძლია თავისუფლად და ღრმად ამთქნაროს, როგორც ეს მის ერთ პოპულარულ ფოტოზეა.
     
    კვირის ყველაზე მოლოდინით სავსე მოვლენა – 7 ახალი მოსამართლის ფარული კენჭის ყრა ინტიმურ გარემოში წარიმართა ...
    კარგით, ჩვენ იმ მოსამართლეების სინდისის იმედზე ვართ დარჩენილები და თვითონ ისინი რის იმედზე არიან ნეტავ?
    სენეკამ თქო, კანონი მოკლე უნდა იყოს რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროსო.
    აი როგორი უნდა იყოს კანონის მოციქული მოსამართლე, ეგ მარტო კუბლაშვილმა იცისო კოტემო.
    ჰოდა, ადგა და შვიდი ტყვია ესროლა მაგ ვაჟბატონმა თემიდას და შვიდივე გაარტყა!
    პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულებულია - შვიდივე სასურველი კანდიდატურა მანტიაში რჩება. ახლა კუბლაშვილის ამოცანაა პარლამენტის მიერ ასარჩევ ექვს წევრში ერთი მაინც მისთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანოს. ამით მას ექნება 10 ხმა ანუ 2/3-ის უმრავლესობა და ნებისმიერი პრობლემის გასაღები ჯიბეში.
    მერე გაუკვირდებათ, რატომ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში არც სიმართლეა და არც სამართალი და რომ მთავარი შეთანხმებაა.
    მაგრამ ისიც რომ მართალია, – თუ თავად არ იფიქრე, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც შენს მაგივრად იფიქრებსო?
    მეც მაგას არ ვამბობ!? ბავშვობიდან მაინტერესბდა, რა მოხდა ცხენსა და პრჟევალსკის შორის ისეთი, რომ მერე იმ ცხენმა მისი გვარი აიღო. ..
    სხვა რა გზა მაქვს, უნდა დავეთანხმო ბრეხტს – ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით. კიდევ ადამიანების სიცოცხლით და მორალით.შეიარაღებული მამაკაცი ან იდეას უნდა ემსახურებოდეს, ან ღირსებას... ასეა ეს და მეომრებმა ეს ჩემზე უკეთ იციან. ჩვენ რომ მათი სულები და სიცოცხლე გვტკივა, მათ ასჯერ მეტად ტკივათ...
    მაპატიეთ, მაგრამ, როცა ცხოვრების წესად ქცეულ სოციალურ ქსელში კამათი მიდის იმაზე, ვისი ცრემლი უფრო მარილიანი, მდუღარე ან გულწრფელი იყო – პრეზიდენტის თუ პრემიერის, აი მანდ უკვე აშკარად იკვეთება დიაგნოზი – ჩვენ სხვისი უკანალით ზღარბზე და კაკტუსზე არხეინადმოკოტრიალე საზოგადოება ვართ.
    უკაცრავად კი ვარ, ნაციონალებთან, რუსული ანდაზის ციტირებისთვის, მაგრამ, ჩემს აზრს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეს ყველაზე უკეთ გამოხატავს -ის მიწა კი არ ფასობს ძვირად,სადაც დათვი ცხოვრობს, არამეს ის სადაც ქათამი იქექება.. მეც და თქვენც საქართველო მთლიანიც და დაგლეჯილიც ადამიანებისთვის გვინდა, პირველ რიგში...
    ის, რასაც აწესებს უმრავლესობა, არაა აუცილებელი უკეთესი იყოს, ან ლოგიკური. მთავარია, ადამიანთა კოლექტიურ სურვილს ესადაგებოდეს
    5 ივნისს მიშამ თავისი პარტიის წევრები ისევ შეკრიბა რეზიდენციაში, ალბათ „ ჯუჯალარი“ მოუწყო.
    გლოვის დღეც განსაკუთრებულად აღნიშნეს– მთელი ქალაქის გასაგონად! 9 ივნისის გამთენიისას მიხეილი ქვეყანაში გლოვის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებდა.
    „ბოროტი ენები ამბობენ, რადგან პუტინები გაიყარნენ, ეგებ ვალოდიას ქვეყანაც მობეზრდესო და იმედი მიეცათ რუსებს.“ ეს ჩვენი რომ ცოლსაც არ ეყრება?!
    კახეთის ხუთ რაიონში - დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ახმეტაში, გურჯაანსა და საგარეჯოში იტალიური და მაროკოული კალია გავრცელდა. მწერებიც კი „იმპორტნი“ გვყავს და ეს დეიდა „ნატო“ მაინც არ გვაღიარებს. ისე, ახლოდან რომ დავაკვირდი, აღარც ისეთი სიმპათიურია, ადრე რომ მეჩვენებოდა.
    უცნაური ვინმეა ეს ლოგიკა! როცა არის, არავის ჭირდება და როგორც კი თვალს მიეფარება, ყველა მის ძებნას იწყებს...
    დიკ ჩეინის 43 წლის უმცროსმა ქალიშვილმა ცოლი მოიყვანა თუ პირიქით, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ოჯახი წმინდაა და სქესის აღრევა არ მოხდა.
    აი ჩვენთან მალე მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდება და ევროპაში უკვე აშკარად და აქტიურად საუბრობენ ინცესტის ლეგალიზაციაზე. თუმცა, არსს ჯერ ვერ ჩავწვდი...
    მაგის ლეგალიზებას საქართველოში ისევ ლგბტ–ის აღლუმების დაკანონება მირჩევნია.
    გილოცავთ! ქართველებს, როგორც იქნა, ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი გვეღირსა! რაც იმედის უფლებას გვიტოვებს, რომ იმ ვირტუალურ გვერდზე ზოგჯერ ისეთებსაც წაუცდებათ „თაგვი“ ვისაც ეს განსაკუთრებით ჭირდება, საკუთარი არაორთოგრაფიულობიდან გამომდინარე...
     
    ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე და არაფრის დამახსოვრება აღარ დაგჭირდებაო – მარკ ტვენმა.
    რას მივხვდი იცით, რაც უფრო მეტად ვაკვირდებით სტრიქონებსშორის ჩადებულ აზრს, მით უფრო მძიმედ და რთულად აღვიქვამთ ღია ტექსტებს.
    ალბათ, ამის ბრალია, ვისაც ჩვენი დუმილის გაგება არ შეუძლია, ის ვერც ჩვენს სიტყვებს გაიგებს...
    ადამიანები აყალბებენ ფულს, ფულიც ხშირად აყალბებს ადამიანებს.
    ჩვენში დარჩეს და, – გამარჯვებას ზრუნვა უყვარს!..
     
    კატო ჩულაშვილი
    გაზეთი "ქრონიკა+" #9
  11. katya
    ერთ კლინიკაში, ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს, არც ისე პატარა სკანდალი აიწია: პულმონოლოგმა ხელფასის გაორმაგება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ ფილტვი ორია. ოტო–ლინო–ლარინგოლოგმა ეს რომ გაიგო, მაშინვე გაასამმაგა გასამრჯელო. ამ ეტაპზე კლინიკის მეპატრონე მხოლოდ იმედოვნებს, რომ სტომატოლოგს ოცნება არ უყვარს...
    ხუმრობა – იქით, საქმე –აქეთ და გუშინ იყო პირველი დილა, როცა ყავის სურნელმა სასტიკად გამაღიზიანა. არ ვიცი იმიტომ, რომ მე ვერ მოვასწარი დალევა, არ ვიცი, იმიტომ რომ არ შემიპატიჟეს, მაგრამ ფაქტია – გუშინ ყავის სმის სურვილი დამეკარგა, წერის გამიჩნდა. არადა , სულ სხვა ყავა მეწერებოდა...
    ჩემი ბრალი არაა. არ მიყვარს კრიტიკა, მაგრამ, ზოგჯერ, ვიდრე ზოგიერთს არ ეტყვი, რომ ყარს, იქამდე დაბანას ვერ მოიფიქრებს.
    ჰოდა გუშინ დაობებული და მწარე ყავის სუნი მეცა, ალმასხანის პურივით.
    იმ ხმაურიან, მოლოდინით და ტკივილებით სავსე უსიამოვნო რიგში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს (ფულის გადახდა ვიგულისხმე, გახდამდე ჯერ ადრეა). არადა, თითქოს, სულ სხვა ცვლილებებზე იყო მოლოდინი.
    რა დროს ყავა და მუსიკაა, როცა ავღანეთში დაღუპულ ბიჭებს იქით თემა არ დაძრულა საინფორმაციო სივრცეში 2 დღეა, მაგრამ ადამიანობის დრო მგონი სულაა. ის ბიჭებიც თავიანთი პირადი და საზოგადო ადამიანური მისიით მიდიან იქ, იბრძვიან, გმირობენ და იღუპებიან კიდეც.
    მგონი ისედაც მძიმე თემას კიდევ უფრო ვამძიმებ, მაგრამ რა ვქნა? როცა საკითხი ბავშვებს, მოხუცებს და ორსულებს ეხებათ, იქ აღარც ყავის ხათრი მაქვს და აღარც ხალხის არჩეული ხელისუფლების.
    იმ შიგნიდან საგუდაგულოდ გადარაზული კარის მეორე მხარეს რიგში მდგომს ეჭვმაც კი გამკრა – შორეულ წარსულში არქიმედესა და ჰიპოკრატეს ფარულ მტრობაზე. პრინციპში, მე თუ ინტრიგანი არ ვარ, მაგათ რა უნდა ჰქონოდათ გასაყოფი? ფესვები კი ჰქონდათ საერთო, მაგრამ საუკუნეებში და სამოღვაწეო ასპარეზზე, გვარიანად აცდნენ.
    ანტიკური მედიცინის რეფორმატორი რომ თავის ცნობილ ფიცს აყალიბებდა, რას წარმოიდგენდა რამდენი ფარისეველი „მრევლი“ ეყოლებოდა მის რელიგიას საუკუნეების შემდეგაც.
    რაღა ბევრი გავაგრძელო და, გუშინ ობიექტურმა რეალობამ და სუბიექტურმა მიზეზებმა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ერთ–ერთ კლინიკაში მიმიყვანა, ქალაქის ერთ–ერთ გარეუბანში, სადაც ბევრჯერ ვყოფილვარ და ბევრჯერ დამხვედრია კაზუსები, ალოგიკა და უბრალოდ ტირილამდე სასაცილო შემთხვევები.
    გარეუბანს ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ერთი უკმაყოფილო პაციენტის ფრაზა დამამახსოვრდა – „არსად ასეთი ბარდაკი არაა, აქ რომ არისო!“ მართალი გითხრათ, ამ ფრაზით ცოტა გულზე მომეშვა, რადგან მთელი ქალაქის მასშტაბით ასეთი „ბარდაკი“ უფრო ცუდ გუნებაზე დამაყენებდა.
    აქაური წესი ასეა – თუ ბედმა ისე დაგცინა, რომ „დოხტური“ გჭირდება და არც მეგობრებში გყავს მაგისთანა, არც „ფარა“ გაქვს უკეთესი არჩევანის გაკეთების, ანდა, უბრალოდ გინდა, რომ თავი იმ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქედ იგრძნო, რომელიც ვალდებულად თვლის თავს, იზრუნოს საკუთარი ხალხის ჯანმრთელობაზე, უნდა იცოდეთ, რომ ეს არც ისე იოლია.
    საკუთარი პრაქტიკიდან შემიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ – თუ საპენსიო, ბავშვთა ან საყოველთაო დაზღვევის პროგრამით სარგებლობთ, იმისთვის რომ ოჯახის ექიმის კონსულტაცია მიიღოთ და შემდეგ შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროთ, კვირაში 2–ჯერ, ყოველი შემთხვევისთვის, ჩაეწერეთ წინასწარ ექიმთან, რომ 1 ან 2 კვირის შემდეგ რიგმა მოგიწიოთ. კატეგორიული რჩევაა, არაფრით გაბედოთ მოულოდნელი და არაგეგმიური ავადმყოფობა. თუ ავად გახდომას ექიმთან ჩაწერის თარიღს დაამთხვევთ, ეს იდეალური ვარიანტია.
    მეორე საკითხია ადგილზე მანიპულირების უნარ–ჩვევები,რაც პრაქტიკაში უნდა გამოიმუშავოთ, რადგან ქმედება და უკუქმედება ამ სივრცეში განსაკუთრებულად ინდივიდუალურია.
    ჰოდა, ასეთ ფონზე, ის მირჩევნია, წარმატებების ნაცვლად, ჯანმრთელობა გისურვოთ...
    წარმოიდგენთ ალბათ, რა მძიმე საყურებელია დაბნეული მოხუცების ქაოსური მოძრაობა, მერე ლოდინი ჯერ „კარის რიგში,“ მერე „რეგისტრატორის რიგში,“ მერე „ლაბორატორიის რიგში“ და ასე – რიგიდან –რიგამდე გადის ნახევარი დღე. არადა ტკივათ... ამას დამატებული ატირებულ–დაქანცული ბავშვები, ცალ ფეხზე ჩამომდგარი გაბერილი ორსულები და თავისით მოდის კითხვა, რომელსაც აქ ვერ დავწერ. სამაგიეროდ დავწერ ისეთს, რომელიც დაიწერება და კონკრეტულ ადრესატსაც იპოვნის.
    არ მაინტერესებს – რატომ „არა“?
    მაინტერესებს – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ყოფილიყო „კი“
    არადა „კი“ მარტივი მისაღწევია – კორპორატიული ტრენინგით იმ მედპერსონალისთვის, რომელსაც სამედიცინო სასწავლებელში არ ასწავლეს პაციენტთან ურთიერთობის ხელოვნება, რა სარგებლობა მოაქვს ტკბილ სიტყვას და ერთ უბრალო ღიმილს?
    „კი“ ადვილი მისაღწევია, თუ ინებებთ და გაზრდით ყველაზე „სტრატეგიული“ თანამშრომლების რაოდენობას – მაგალითად რეგისტრატორების, რომ ავადმყოფი ადამიანები (თქვენთან კარგად მყოფი და დალხინებული იშვიათად მოდის) არ იდგნენ რიგში? მაგრამ ეს უკვე დამატებითი ხარჯია და, ალბათ, „მძიმე ტვირთად“ დააწვება კლინიკას...
    „კი“ ისეთი ხელშესახები გახდება, თუ არ გამოაკრავთ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ძალიან დამამცირებელ განცხადებას, მინიშნებით – ყველას საყურადღებოდ! სადაც წერია – ფასიანი პაციენტები ყველგან დაიშვებიან ურიგოდ! ანუ, მარტო „ქეშად“ გადამხდელებისთვის გაქვავებული სახის ნაკვთების მიღმა გადანახულ ნაძალადევ ღიმილს ვინ ჩივის, მათ პრივილეგირებული მომსახურებითაც ანებივრებთ.
    გაანებივრეთ, ეგ თქვენი კორპორატიული სამზარეულო და მარკეტინგული არჩევანია, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს დანარჩენების ირიბი შეურაცხყოფისა და დამცირების ხარჯზე. უბრალოდ და მარტივად – „გამიჯნეთ კლიენტურა“. მაგრამ აქაც დამატებით ხარჯს ვაწყდებით, თუ „ფასიან“ პაციენტებს სხვა ექიმი „დააფასებ“, მას ხელფასი კომპანიამ უნდა უხადოს. მოქმედი სისტემით კი ხარჯი ნახევრდება. მერე რა, რომ „ფასიანები“ „უფასოებს“ წარბაწეულნი და პრეტენზიული ტონით ეკონტაქტებიან ექიმის კართან?! სხვისი ნერვები და თავმოყვარეობა რა თქვენი საქმეა?
    აქვე ტივტივებს „ცნობადთა“ გამონათქვამები „უბრალო“ და „ჩვეულებრივ“ ადამიანებზე.
    ჰეი, „ბრალიანებო!“ „უფასოები“ ხომ არ გებრალებიან კიდეც!?
    არადა, დაზღვეულებს უღიმოდეთ კი არა, კუდში უნდა დაზდევდეთ, ე მანდ არაფერი მოიწიონ და არაფერი ეწყინოთ, თუნდაც იმიტომ, რომ მათი მკურნალობის საფასური დიდი ხნის წინ მათივე შრომითაა გადახდილი და ახლა იმ შენატანებიდან სახელმწიფო ბიუჯეტი გიხდიათ დღეს ხელფასს, თანაც სოლიდურს და სტაბილურს. სახელმწიფო დოტაციაზე ყოფნა კონკურენტულ სივრცეში არაა ცუდი რამ... ანუ, ჩვენებურად, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის სუბიექტად ყოფნა. თქვენ კი გაღიმებაც გეზარებათ...
    მედიკები ხართ და კი უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე მძიმე დანაკარგი ცხოვრებაში პულსის დაკარგვაა... ყველაზე დიდი დანაკარგი – იმედის დაკარგვა. ყველაზე დიდი მონაპოვარი – ჯანმრთელობა და გონება; ყველაზე დიდი მოვალეობა – გულწრფელი გრძნობები; ყველაზე დიდი საჩუქარი – სულგრძელობა;
    ამ ყველაფრის შეხსენება იმისთვის დამჭირდა, რომ, ვიდრე, დილაუთენია მისული „დაზღვეული“ პაციენტები დახურულ კართან ცოცხალ რიგს აწესრიგებდნენ, ტკივილებისგან გაბეზრებულები თავს იმხნევებდნენ და ცდილობდნენ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, გასაღების ჭუჭრუტანიდან ისეთი არომატული ყავის სუნი გამოიპარა, „კოფეინმა რა ჰქმნა?!“–ს დაწერდა ადამიანი. არადა, –მხოლოდ კომპიუტერების ჩართვა დაგვაცადეთო! ჩვენც ხალხნი ვართ, რობოტები კი არაო! ჩვენ აქ კაპიკებზე გემსახურებით და ყველას უნდა გაგიძლოთ მთელი დღეო... ზოგჯერ რამდენ სიმწარეს იტევს ყავის არომატიც...
    უკვე მიგვაჩვიეს, რომ ჩვენს დროში „სწორი გადაწყეტილება“ „ სწრაფი გადაწყვეტილებაა“. ანუ მასშტაბურ პროექტებსა და „სოციალურ გამოფენებში“, ხშირად, ადამიანები და უმნიშვნელოვანესი წვრილმანები გვავიწყდება. ეს არაა ნორმა. სენი დასაძლევია, ვიდრე მკურნალობას ექვემდებარება, თორემ თქვენც მალე დაბერდებით, ბატონებო!
    აი ასე! ახლა ავდგები და ამ განწყობას ყავას გავატან...
    ყავამშვიდობისა, ადამიანებო!
    კატო ჩულაშვილი
  12. katya
    ვინ გაცდის ბლოგის კვირიდან–კვირამდე მშვიდობიანად დამთავრებას?! რომ მეგონა, ფინიშს მივუახლოვდი, ისეთი გამოისროლა შსს–მ სამეგრელოდან, ფეხზე დადგა პოზიციაც, ოპოზიციაც, შუაშისტიც და ლგბტ–იც. მტერიც, მოყვარეც და მოშურნეც. თუმცა,მოიძებნება ყოველთვის, ვიღაც, პრეტენზიული, მაინც რომ იტყვის, რატომ ასე და არა ისეო! გიორგი ვაშაძემ რომ თქვა, არ გაგვკვირვებია, მაგრამ აი კოტე გაბაშვილის აქტივობამ ნამდვილად სახტად დაგვტოვა ბევრი. ჩანს, მამობრივმა პასუხისმგებლობამ გაიღვიძა ამ არსებაში, როცა რეალური საფრთხე დაინახა „შვილების“ თავს...ამბობენ, ახალგაზრდობაში კარგად ხუმრობდაო და რა ცუდი რამაა ეს სიბერე...
    ამ შსს–მაც რა იცის დაუზუსტებელი მისამართის მითითება, გეგონება, ამოდენა სამეგრელო 44 ჰექტრიანი და 800 სულიანი ვატიკანი იყოს... იმიტომაც დაიბნა გუბერნატორი გუნავა. იმდენად დაიბნა, რომ თითქმის გამოტყდა – მასეთ სამალავებს ყველა რეგიონში იპოვიანო. მაგას რა დიდი ჭკუა ჭირდება, თუ ნაციონალური გეგმაა, ერთი რეგიონის იმედად არ დარჩებოდნენ...
    ამ „ნიუსის“ ნახვის შემდეგ პირველი რეაქცია, არანაცისტურადმოაზროვნე საზოგადოებისთვის გონებაში გავლებული – რას გადავრჩით! იქნებოდა...ემოციების ჩამოფერთხვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩნდება „ინტრიგანული“ კითხვები– რატომ ან ვინ დატოვა ამ სამალავში კომპრომატები? მაგალითად, მეგის ქარდავას თუ ბავშვობისდროინდელი დღის განრიგის ნაგლეჯი ისე ეძვირფასებოდა, რომ ზრდასრულ ასაკშიც თან დაატარებდა, ბოლოს ასე ლაფში ჩანერგილ კასრს როგორ ანდო?
    ზღაპარი გამახსენდა – უკვდავი კოშჩეის სული რომ ინახება სადღაც – რაღაცის–რაღაცის–რაღაცის– რაღაცაში ისე.
    უბრალოდ გამახსენდა, კი არაფერი... მე მაინც იქ ვარ, აქამდე როგორ შეუნახა სამეგრელომ პირი ამ „ოპრიჩნიკებს“... და მაინც, როგორი გულბოროტი მტერი ჰყოლია იქ ნაციონალურ მოძრაობას... ჩვენ კი რაღაცეების კიდევ არ გვჯერა...
    აბა როგორი დასაჯერებელია ის ამბავი, რომ ვანო ჩხარტიშვილი, შესაძლოა, დაიჭირონ? არც ღმერთის იმედი უნდა ჰქონდეს ამის მერე ამ ადამიანს, არც კაცის... რაც მაგან ეკლესიები აშენა, ფული ხარჯა, უდანაშაულო და პატიოსანი ბანკირის ცნობები და დიაგნოზები აშანშალა სხვადასხვა დონეებზე, მაინც არაფერმა უშველაო ამბობენ. ყიდის ყველაფერსო და გაერთიანებულ სამეფოში სერ ჯონ გრიფინის სახელით და გვარით აპირებს „მოღვაწეობასო“... თუმცა, თავად ჩხარტიშვილს ამ თემაზე ერთი პასუხი აქვს – მის წინააღმდეგ „შავი პიარი“ გორდება. აგორება ერთია, მთავარია, ქვეშ არ მოყვე.
    ჰოდა, ამ გაქცეულების და გადამალულების შემხედვარე სულ უფრო რწმუნდები, რომ დიდი ვერაფერი იმედია ეგ ოხერი ფული. არც გარანტიაა, არც იმუნიტეტი და არც პანაცეა. თუ არ გეკუთვნის, სამალავი ვერ გიშველის. ჯერ იყო და ანაბრების მითვისებას აბრალებდნენ, ახლაა და პატარკაციშვილის ქონებისას. დაიბნა ხალხი!
    დაბნეულობაა კონგრესის მიერ ახალი ხელისუფლების გაკრიტიკების საკითხშიც. საკითხი აქაც ასე დგას – გინდა დაიჯერებ, გინდა – არა... არჩევანის თავისუფლება ასეთი რთულია ბატონებო! თქვენ დემოკრატია მართლა ლობიოობა ხომ არ გეგონათ?!
    რასაც არ უნდა ფიქრობდნენ კონგრესში, მაინც არაა სასიამოვნო, ელჩი რომ იწუწუნებს – გარკვეულმა ძალებმა საქართველოდან კონგრესმენი ტერნერი დაარწმუნეს და მცდარი ინფორმაცია ჩაადებინეს კანონპროექტშიო. ასეთ შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა გაუჩნდეს ელჩის მიმართ კითხვა – რა გააკეთა მან იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო? ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ახლა ეგ თემები აღარ აღელვებს, მაგრამ აღელვებს ის, თუ რატომაა „ საქართველოში ყველა დარწმუნებული, რომ ყველა ერთნაირად ერკვევა საგარეო პოლიტიკაში, სექსში და ფეხბურთში?"
     

    – ტოოომ!!!! – პასუხი არ არის... დეიდა პოლი და დეიდა ნატო – ორი შორეული–ახლობელი ქალბატონი ჩვენს ცხოვრებაში...ეჰ... კარგია ზოგჯერ ოცნება, მერე დიდი ნიჰილიზმი რომ არ იცოდეს. ზაფხულია, მტკვარიც დაიწევს და დავრჩებით „აკვაპარკის იმედად“... საიდან სად წავედი...
    ბარემ ამერიკის ამბებს მოვითავებ, – გასულ კვირას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის 89 წლის იუბილე აღნიშნა ქვეყანამ, რაც ყველაზე მასშტაბურად სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ფერადი წინდებით დამშვენებულ ფოტოებში გამოიხატა. უყვარს ხალხს „ბებერი ბუში“... მასეთი ბებერი და მისი მეგობარი აგერ ჩვენც გვიზის კრწანისში. „ბაბუსაც“ ვუძახით, მაგრამ სიყვარულის რა გითხრათ?..
    სხვა საკითხია, როგორ აღვნიშნავთ სააკაშვილის 89 წლისთავს სოციალურ ქსელში. ვფიქრობ, არ ღირს ამ ცხელ გულზე წინასწარ მაგის წარმოდგენა... მით უფრო, პრემირებულზე...
    გაიგებდით, ალბათ, – საქართველოს პრეზიდენტს FAO-ს პრემია გადაეცა – „შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის“ . ჯოზე გრაციანომ რომ იცოდეს, რა ჯაფა ადგება ამ არსებას საკუთარი შიმშილის დამარცხებისას, პრემიის თანხას გააასმაგებდა. შიმშილის დაძლევის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ნაციონალებმა თუნდაც პროექტით „სადილი ყველას!“. დაპურებული ჰყავდათ დიდ–პატარა, ქუჩაში მაწანწალას სანთლით ვერ იპოვიდა ვერანაირი კომისია და მისია. რა ბავშვთა შიმშილი და უსახლკარობა?! და ეს საკვების უსაფრთხოება რაღამ გაახსენათ? ჩვენში მასეთ რამეზე უბრალოდ არ საუბრობენ. მაგაზე რომ ილაპარაკონ, ხომ უნდა ჩაკვდეს ეროვნული კვების პროდუქტების წარმოების ნახევარი მაინც?! იმპორტზე აღარაფერს ვამბობ...
    ისე, კვების და შიმშილის საკითხებზე „ახლებიც“ ვერ ამოიქოქნენ ჯერ, მაგრამ ესენი პრემიებს მაინც არ იღებენ მაგაში, კაცო!
    მთავარი ისაა, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ხანგრძლივი და, იმედია, ნაყოფიერი აზერბაიჯანული ტურნედან დაბრუნდა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ოღონდ ვერ დაგიზუსტებთ, როგორ ფარგლებში, თუმცა, ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში მცხოვრებ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ესტუმრა და მათთვის აშენებული ახალი დასახლებებიც დაათვალიერაო. შახიდების ახალ დასახლებაშიც კი ყოფილა. არ იცის მაგ კაცმა თავის გაფრთხილება და ავიწყდება, რომ სახელმწიფო მოხელეა! მაგისთვის რომ იქ შახიდებს რამე მოეწიათ, ხომ დარჩებოდათ მინისტრთან შეხვედრა ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს ოცნებად?!
    სამაგიეროდ, მის არყოფნაში ბიძინა ივანიშვილი იქცა მეხამრიდად და მთელი დარახველიძისეული რისხვა მას საპროტესტო ჭავლად მოუვლინეს ნაციონალების ხელში კარგად ნაწრთობმა, უკვე კომპენსირებულმა, მაგრამ მაინც ყოვლადუკმაყოფილო დევნილმა ქალებმა ბათუმში.
    ჰოდა, პრემიერიც ადგა და უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრო, თან უკვე 2–ჯერ. და თუ რატომ არ დაესწრო ეგ მისი საქმეა და კიდევ ბევრჯერ არ დაესწრება, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ აღნიშნული უწყება ქმედითუნარიანია და შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. მერე რა, რომ რიჩარდ ნორლანდი სხვაგვარად ფიქრობს!..
    თუ ისეთი გულადი და მამაცია, რომ უშიშროების საბჭოზე არ მოდის, ავღანეთში ჩავიდესო, – აკაკომ! არადა, თურმე, რეალურად ივანიშვილის არტ– კოლექციის შურდა..
    აი ვანო შურიანი არაა. მას მხოლოდ ტელევიზორი უნდა... ისე უნდა ეს "მოლაპარაკე ყუთი“, ლამისაა კარლსონობა აღიაროს და შიმშილობაც კი დაიწყო. არადა, რას უნდა უყუროს ამ რუსთავი2–ზე? იუბილეზე გადაღებულ ფარულ კადრებს თუ გაუშვებენ არ ვიცი.
    ისე, დალოდებოდა ვანო ირაკლი წერეთელს. 18 ივნისს იწყებდა ეგ მორიგ შიმშილობას. მიზეზი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. დაიწყებს და მერე „პა ხოდუ“ გამოჩნდება რამე ან ვინმე რა...
    საინტერესოა, ვის ვერ დააგდებინეს კალამი ხელიდან, რომ ასე ფხრიწინით გასკდა ბიაზი სანაცეთში. აწი მაგას ფასი დაედება... ჩერგო უკვე კურსშია და ბირჟაზე ფართს იბევებს ლონდონში.
    ახალი ფასეულობები გვიტევენ – ამიერიდან „მღვდელი“ ბიაზში იცნობა, ბაჩო – ჭილოფში და ვანო – ნარზე.
     
    ბოლოს მობეზრდებათ და ბაჩო და ვანო ყაიმზე შეთანხმდებიან. ერთმანეთში ან ტარაკნებს გაცვლიან, ან „შპიონებს“.
    ისე, თუ "შპიონი" ხარ, ბრიტანეთში უნდა დაიბადო, თან კატად და თან სახაზინო კანცლერის ოჯახში. დიახ! მაგათმა თვით ფრეიაც დაადანაშაულეს შპიონაჟში. საგულისხმოა, რომ ის 2009 წელს საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა და 2011–ში იპოვეს. იმ დროისთვის, ოსბორნები, უკვე დაუნინგ სთრითის 11-ში, სამინისტრო რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. არსებობს აზრი, რომ ოჯახის მეგობარი ფისო, შესაძლოა, ჩინელ შპიონებს „გადაებირებინათ“.
    შპიონებს რას უზამს, არ ვიცი, მაგრამ იმათი თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როდესაც შენ გაბარია ჯარის კვება და ჯარის მომსახურებაო, – ასე თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ძალიანაც კარგი.
    მშვიდობიან მოსახლეობაზე რომ არავინ ზრუნავს ეგ ხომ იმას არ ნიშნავს, მაინც და მაინც ვიღაცის ინტერესებში გამოჩეკილი კვერცხით და „ჩამოფხვნილი“ რძით იკვებოს ჯარმაც?
    13 ივნისი კი მოგვილოცა იუსტიციის მინისტრმა, მაგრამ ის ახალი შრომის კოდექსი ვის აწყობს და ვის უხარია, მაინც ვერ გავიგე? ერთი ის მაიმედებს, რომ ნაციონალურ შრომის კოდექსთან მიმართებაში ახალს გვარდასახელებული „კოლმეურნეობების თავმჯდომარეები“ როზას მეორედ მოსვლას ადარებენ.
    მხოლოდ გარდამავალ ეპოქაშიო უნივერსიტეტის რექტორების დანიშვნები პრემიერისგანო! მერე ისევ პროფესურა აირჩევსო, ასე განმუხტა დაპირისპირების მორიგი თემა პრეზიდენტობის „უკონკურენტო“ კანდიდატმა მარგველაშვილმა. მაგან ისიც თქვა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნებაო და ვაიდა გამართლდეს?!
    ტოლი ნახე, კოჭი გააგორე - ასე მიმართა ზაზა პაპუაშვილმა უმცირესობის წარმომადგენელს, ჩიორა თაქთაქიშვილს განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა. და ეს ძალიან სიმბოლურია...
    ყველაზე სიმბოლური ისაა, რომ სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი არა კანონპროექტი, არამედ ტექნიკური დეტალი გახდა.
    ჩემი სუბიექტური აზრით, ტოლების ნახვა სხვაგანაც შეიძლება და კოჭების საგორებლად მანდ არავის შეუყვანიხართ კანონშემომქმედო საზოგადოებავ! კოჭების გაგორებას კენჭის ყრა სულაც არ ჭირდება, თანაც, როგორც ხშირად წუწუნებთ, მანდ გაუსაძლისი პირობებია და ეგებ ჩვენც ვიფიქროთ ჩეროში „ვადამდელ საპარლამენტოზე“...
     
    მართალი ყოფილა – დემოკრატია ის სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, როცა არ გჭირდება მიზეზი ომის დასაწყებად...
     
    თუ ხატვა არ შეგიძლია – ფოტოგრაფიაში უნდა წახვიდე, თუ დაკვრა არ შეგიძლია, დირიჟორობა სჯობს, სიმღერა თუ არ შეგიძლია, რეპერობა უნდა დაიბრალო, თუ წერა არ შეგიძლია – ბლოგერობა. და თუ არ იცი კონკრეტულად რისი კეთება გინდა და არ გაინტერესებს, რა შეგიძლია, მაშინ საქართველოში სხვა არჩევანი არ გაქვს – პოლიტიკაში უნდა წახვიდე, თურმე...
     
    კატო ჩულაშვილი
    გაზეთი „ქრონიკა+“ # 10
  13. katya
    სოხუმის უნივერსიტეტში 25 მაისს რექტორის არჩევნები გაიმართა. არჩევნები შეიძლება ამას პირობითად ეწოდოს, რადგან არჩევანი, ფაქტიურად, არც ყოფილა. იყო სულ ორი კანდიდატი, რომელთაგან ერთ–ერთმა წინა დღეს მოხსნა კანდიდატურა და დარჩა ის ერთადერთი, რომელსაც ძალიან, ძალიან უნდოდა რექტორობის შენარჩუნება. ანუ, იმის თქმა გვინდა, რომ „დევნილი უნივერსიტეტის“ რექტორი კვლავ ის ჯონი აფაქიძეა, რომლის რექტორობის პერიოდში სოხუმის უნივერსიტეტის რეიტინგი მე–3–მე–4 ადგილიდან მე–11–დე დაეცა, რომლის რექტორობის პერიოდშიც სტუდენტთა მხოლოდ 10 %–ია დარჩენილი წარმოშობით აფხაზეთიდან . ფაქტია, სოხუმის უნივერსიტეტი ცხოვრებას ჯერ–ჯრობით ბოლო 5 წლის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, მაგრამ, რატომ გადაიფიქრა არჩევნებში მონაწილეობა ერთი დღით ადრე პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ, მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება.
    –ბატონო თემურ! თქვენმა კოლეგამ და კონკურენტმა, ჯონი აფაქიძემ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ანუ შვიდიდან შვიდი ხმა. ეს ნებისმიერი კანდიდატისთვის საუკეთესო შედეგია. იცოდით რომ მას ამდენი მომხრე ყავდა და მაინც გარისკეთ მასთან კონკურენცია? ან ბოლო მომენტში რატომ გადაიფიქრეთ?
    – ამას ასე მარტივად ვერ ვუპასუხებ. 2009 წლის 21 მაისს, ანუ წინა არჩევნებზეც ვმონაწილეობდი, მაგრამ მაშინ 4 კანდიდატი იყო, – პროფესორები: ილია კაკუბავა, ალექსანდრე შარქუა, ჯონი აფაქიძე და მე. არჩევნებამდე 3 დღით ადრე სოხუმის უნივერსიტეტს მაშინდელი განათლების მინისტრი, დღეს რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი, ბატონი ნიკა გვარამია ეწვია. ბატონმა ნიკამ 2009 წლის 18 მაისს პირდაპირ განუცხადა აკადემიურ საბჭოს, რომ ხელისუფლების სურვილი იყო, რექტორად პროფესორ ჯონი აფაქიძის არჩევა.
    – ეს ხდება 3 დღით ადრე არჩევნებამდე.
    – დიახ. შესაბამისად, თუ აირჩევთ სხვასო, მაშინ, უნივერსიტეტის მე–2 კორპუსს, ჯიქიას 12–ში (დღეს პოლიტკოვსკაიას 12), რომელიც უნივერსიტეტს გადმოცემული ქონდა ურუზფრუტის წესით, წაგართმერვთო.
    – ეს მაშინდელმა განათლების მინისტრმა გითხრათ?
    – დიახ.
    – მერე, რა უპასუხეთ?
    – მე ვუთხარი, – ბატობო ნიკა, ჩვენ როცა ერთად ვიდექით იმ აქციებზე ისეთი ხელისუფლება გვსურდა, ევროპულ ღირებულებებს რომ მოიტანდა, არჩევნებამდე, სახელმწიფოს სახელით, ავალებთ ადამიანებს კონკრეტული კანდიდატის არჩევას, ეს სადაური დემოკრატიაა მეთქი.
    – ბატონმა გვარამიამ რაო?
    – მხოლოდ გაიღიმა და არჩევნებიც ჯონი აფაქიძის გამარჯვებით დამთავრდა.
    2009 წლის შემდეგ პროფესორი ჯონი აფაქიძე პირნათლად ასრულებდა იმ ამოცანებს, რომლებიც განსაზღვრული ჰქონდა ყოფილი განათლების მინისტრის – კახა ლომაიასგან.
    – ანუ ლომაიაც ლობირებდა აფაქიძეს?
    – ჯონი აფაქიძე ზუგდიდელია, მას ყოველთვის ლობირებდნენ ფრიდონ თოდუა და კახა ლომაია. ამ კანდიდატურას მხარი მოგვიანებით პრეზიდენტმა და ქ–მა გიული ალასანიამაც დაუჭირეს.
    – ხელისუფლების რჩეული ყოფილა!
    – ჯონი აფაქიძე არის საუკეთესო კანდიდატურა იმ ხედვებისა და მიდგომებისთვის, რაც გააჩნდა წინა ხელისუფლებას.
    – ანუ ნაციონალების მიერ შექმნილი განათლების სისტემისთვის საუკეთესო რექტორია.
    – რა თქმა უნდა?! სისტემა იყო განსაზღვრული ისე, რომ უნივერსიტეტში უნდა ჩანერგილიყო სანდო კადრი, რომელიც არ დაუშვებდა განსხვავებულ აზრს. რექტორი თავისთავად ხდებოდა ყურმოჭრილი აგენტი ნაცმოძრაობის. ჯონი აფაქიძემ ეს ბრწყინვალედ შეასრულა.
    – მაგალითად?
    – ნებისმიერ ღონისძიებებში, ეს იქნებოდა განმუხური, ვირტუალური ლაზიკა.მეტსაც გეტყვით, როცა სააკაშვილმა გააჟღერა ლაზიკის იდეა, ბატონ ჯონის მოუვიდა აზრად, რომ ხობში დაეწყო გათხრები. ის საზოგადოებას ისე აწვდიდა ამ ინფორმაციას, თითქოს ეს ხდებოდა ლაზიკიდან 30 კილომეტრის დაშორებით, არადა რეალურად გათხრები ხობში წარმოებდა. ანუ ამოცანა იყო ლაზიკის პოპულარიზაცია.
    – ესე იგი ბატონი რექტორი ყოფილი ხელისუფლების პიარ–კამპანიაშიც ყოფილა ჩართული.
    – ბატონი ჯონი ნიჭიერია პიარში იმდენ ხანს, ვიდრე მისი ხელდამსმელი მთავრობა ძლიერია. 1 ოქტომბრის მერე ჯონიმ თქვა – მე ახალ მთავრობასთანაც მოვძებნი საერთოსო.
    – მართალია, რომ სოხუმის უნივერსიტეტი მიატოვა ომის დროს, მაშინ როცა მთელი კოლექტივი იქ იყო, ქალიც, კაციც, და თბილისში წამოვიდა, იმ არგუმენტით, რომ თავისი პოზიცია ვერ განსაზღვრა?
    – ბატონ აფაქიძეს მეუღლე ყავს აფხაზი.
    – ეგ რა არგუმენტია? უამრავ ქართველს ყავს აფხაზი მეუღლე, მაგრამ ომის დროს არსად გაქცეულა.
    – 20 მაისს აფაქიძე გამოვიწვიე ღია დებატებში, მაგრამ უარი თქვა და დახურული დებატების დროს, პროგრამის წარდგენისას ამ და კიდევ რამდენიმე საკითხზე საბჭოს წევრებს კითხვა მეც დავუსვი – რატომ არ უთითებს აფაქიძე თავის CV-ში, რომ 1992 წლის ოქტომბერ–დეკემბერში ის ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიურ ცენტრში მუშაობდა, როცა სოხუმში გაგანია ომი მიდიოდა ასე უპასუხა, მას სურდა, რომ კარგი სივი ჰქონოდა.
    – კიდევ სხვა რამესაც მალავს აფაქიძე თავისი ბიოგრაფიიდან?
    – არაფერი იმალება და ისიც გამჟღავნდა, რომ 2006 წელს ჯონი აფაქიძე მონაწილეობდა საერთაშორისო არქეოლოგიულ კონფერენციაში, რომელიც ცნობილი რუსი შოვინისტის, ვორონოვის( რომლის ბაბუა ჯერ კიდევ 1906 წელს წერდა, რომ აფხაზეთი საქართველო არააო), ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციას. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც 132 მონაწილეს შორის არის პროფესორი „დჟ. აფაქიძე.“
    – კონფერენციში მონაწილეობა პროფესორისთვის რა დასამალია?
    – განსვენებულ პროფესორ ვორონოვს პირადად ვიცნობდი, როგორც აფხაზური სეპარატიზმის ერთ–ერთ სულის ჩამდგმელს. ის გენეტიკურად ვერ იტანდა ქართველებს. აფხაზეთის დევნილი უნივერსიტეტის რექტორისგან იმ კონფერენციაში მონაწილეობა, რომლის ორგანიზატორიც მოსკოვი და სეპარატისტული სოხუმი იყო, ცოტა უხერხულია, სხვა თუ არაფერი, ჩემთვის პირადად მიუღებელია.
    – თან იმ ფონზე, როცა ყოფილი ხელისუფლება მუდმივად საზოგადოების რუსეთით დაშინების რეჟიმით იყო დაკავებული. ცოტა უცნაურიც კია. ეს ამბავიც გააჟღერეთ 20 მაისს?
    – რა თქმა უნდა?! და, როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი სრულიად მისაღებია იმ 7 ადამიანისთვის, რომლებმაც იცოდნენ ამის შესახებ და მაინც მისცეს ხმა აფაქიძეს. ჯონის ბრალი არაა, რომ მისი სიმამრი, არველოდ კუპრავა სასტიკი ანტიქართველია. ჯონის სიმამრის პატივისცემას არავინ უშლის, მაგრამ მაშინ, როგორც საჯარო პირმა და მეცნიერმა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება მისი ნათესავის პოზიციის მიმართ.
    – რა პოზიციაზეა საუბარი? რას წარმოადგენს ბატონი აფაქიძის სიმამრი?
    – ის სოხუმის უნივერსიტეტის ერთ–ერთი აღიარებული პროფესორია. არველოდ კუპრავა ამტკიცებს, რომ გალელი მეგრელები არიან აფხაზები და კიდევ ქართველებისთვის უამრავ საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს სადაც მოუხერხდება, მათ შორის, ევროპაშიც, კერძოდ გერმანიაშიც გამოსცემს თავის ნაშრომებს. არველოდ კუპრავას აქვს საშუალება, თავისი სიყალბე მეცნიერებად გაასაღოს. არც ჯონი და არცერთი ქართველი ისტორიკოსი, გარდა ბადრი გოგიასი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს არ გამოხმაურებია ამ საკითხს.
    – ამბობენ, 1 ოქტომბრის შემდეგ აფაქიძემ კაბინეტში სააკაშვილის სურათი ჩამოხსნაო?
    – ასეა, ეს ფაქტი სტუდენტებმა დააფიქსირეს და ფოტოც გადაიღეს. 2–3 ოქტომბრის შემდეგ ამ ფოტომ პროფესორ ზურაბ პაპასკირის კაბინეტში გადაინაცვლა.
    – ვერ ყოფილა აფაქიძე მთლად ერთგული კადრი ნაციონალების.თქვენი მიკვირს, ან რატომ წამოაყენეთ და ან რატომ მოხსენით კანდიდატურა?
    – ნაცმოძრაობის, აფაქიძის და მასთან დაახლოვებული ელიტარული ადმინისტრაციის მიერ დაკომპლექტებული და დანიშნული აკადემიური საბჭო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ცხადია , ხმას არ მისცემდა, მაგრამ, ეს იყო საშუალება, პირველად 5 წლის მანძილზე, რომ ყველა ფაკულტეტზე მივსულიყავი ჩემი პროგრამით და მეჩვენებინა საზოგადოებისთვის ,რომ არსებობს განსხვავებუი აზრი სოხუმის უნივერსიტეტში. ჩემი მიზანი უკვე მიღწეულია. არჩევნების წინა დღეს მე მოვხსენი კანდიდატურა და განვაცხადე, რომ როცა სოხუმის უნივერსიტეტში იქნებოდა ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას.
    – არჩევნებმა როგორ ჩაიარა? აფაქიძე არ შეგხმიანებიათ, როცა კანდიდატურა მოხსენით?
    – არა, რა თქმა უნდა. არჩევნები კი პროცედურის სრული დარღვევით ჩატარდა.
    – კერძოდ?
    – არჩევნების მსვლელობას ესწრებოდა ჩემი 2 წარმომადგენელი – პროფესორი ნუგზარ კერესელიძე და საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი, ავთანდილ დავითაია. მათ დააფიქსირეს, რომ საარჩევნო კაბინის თავზე დამონტაჟებული იყო ვიდეო თვალი.
    – ანუ იმ თავისივე შერჩეულ 7 კაცშიც ეპარებოდა ეჭვი?
    – ეს ერთგვარი დაზღვევა იყო მისთვის. თანაც აფაქიძეს აქვს ამბიცია, რომ მიეღო შვიდიდან შვიდი ხმა. ამას როგორც კადრებიდან ჩანს, აკვირდება უნივერსიტეტის ელიტარული ადნმინისტრაციის წარმომადგენელი , ბატონი კოტე ნინიძე. ის თავად აღიარებს, რომ კამერა ჩართული იყო.
    – კი მაგრამ ეს ხომ სერიოზული დარღვევაა? არ აპირებთ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს?
    – რა თქმა უნდა ვაპირებთ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში წარიმართება.

    "ქრონიკა+" #6
    ესაუბრა კატო ჩულაშვილი
  14. katya
    მდუმარე ქალი შენელებული მოქმედების ბომბი რომაა, ხომ გაგიგიათ? არავინ იცის, როდის აფეთქდება, რა სიძლიერით და ტროტილის ექვივალენტით...
    კარგ მწერლად ის ითვლება, ვინც სწორი სიტყვების საჭირო ადგილას ჩასმა იცის. ცუდი მწერალი უმაქნის სიტყვებს უადგილო ადგილას აკვეხებს და მერე ეგეც ჩვენი თავში სახლელია.
     
    – სიყვარული ქიმიაზე მიყოლებული ფიზიკააო, მაგრამ მაინც ვერ ამაღებინეს ხელში ფიზიკის წიგნი. მერე უკვე, როგორც ამბობდნენ, "საფუძველი არ მქონდა" და ჩემი ტვინის მაგ დონეზე გაფხვიერებას, ლამარა ლომაშვილი კი არა, თვით ოზბორნ რეინოლდსი, რობერტ ჰუკი, თუნდაც, ვახტანგ ხმალაძეც, ვეღარ შეძლებდნენ.
    ქიმიური რეაქციები ხომ სულ მეორდება და მეორდება, ჰოდა, რომელ მარადიულ სიყვარულზეა ბაასი?..
    ვისაც გჯეროდათ გაგატარეთ ბატონო და რა?
    დიდმა და ჩემმა ერთ–ერთმა საყვარელმა ფიზიკოსმა (ფიზიკა არ მიყვარდა, თორემ ფიზიკოსებს არ ვერჩოდი, კარგი ტიპები იყვნენ..) თქო –ცხოვრება ველოსიპედის ტარებას გავს, იმისთვის რომ წონასწორობა შეინარჩუნო, მუდმივად უნდა იმოძრაოო... რაღა მაგას დავუჯერე ვერ გეტყვით, მაგრამ, იმის მერე, ხან ციყვი ვარ, ხან ბორბალი, ხან ჭრელი პეპელა, ხან ანარქისტი, ხან პაცეფისტი... პესიმისტი არ ვყოფილვარ არასდროს, ვერ გამომდიოდა.. ახლა "პამფლეტისტკა" ვარ, მთლად ბულგაკოვი და სვიფტი ვერა, მაგრამ... სამაგიეროდ, ჩემში სარკაზმზე მეტი სატირაა, კიდევ ლირიკა და ირონია...
    არადა, ბავშვობაში გაუცნობიერებელი შიში მქონდა სატირების. კიდევ უცხო და რთული სიტყვების დამახსოვრება მიყვარდა.
    მეგონა, რაც უფრო გაუგებრად ვილაპარაკებდი, უფრო ჭკვიანი გამოვჩნდებოდი.
    მაგარი სისულელეა, თუ გინდათ, სცადეთ...
    რამ გამახსენა ამ შუაღამისას ჩემი სკოლის დირექტორი? ხომ მშვიდობა აქვს ნეტავ? ჩვენი "სიმპატიჩნი" იუზა ჩეჩელაშვილი... ცალი ფეხით კოჭლობდა და ლოყაზე შრამიც ჰქონდა. ჟოფრეი დე პეირაკს ტყვილა ხომ არ ვეძახდი! ვაკის ერთ–ერთი სკოლიდან "ცუღლუტობის" გამო "ჩამოალაბორანტეს"... საყვარელი ფრაზა – "ზა ჩტო მნე ტაკოე ნაკაზანიეო?!"
    ხოდა, ის"სიმპატიჩნი"იუზა ჩეჩელაშვილი, სულ მემუქრებოდა, – არ მოგცემ ჩულაშვილი ატესტატსო! ))) გამაგებინე ბავშვო! ამდენნაირი ათასი სისულელე რომ შეგდის მაგ თავში, მათემატიკამ რა დაგიშავაო? თვითონ გვასწავლიდა მათემატიკას მაღალ კლასებს. არ იყო ცუდი პედაგოგი, მაგრამ მე ვერაფერი მომიხერხა. საიდან არ დამაწყებინა, ვიჯექი და სულელივით ვუღიმოდი. ჟოფრეის კაბინეტში ჩემი სიგელების თვალიერებაც მიყვარდა, სახლში არ მატანდა, – მიაკარგავ სადმეო! იცოდა, სკოლიდან სახლამდე რა "რთული" მარშრუტები მქონდა. "ბოლო ზარზე" გადმომცა ისეთი სახით, თითქოს საგვარეულო ანდერძს მაბარებდა.
    ალბათ, ბოლო ზარმა გამახსენა, თეთრი ყვავივით რომ ვიდექი იმდენ "დაჯღაბნილ" ბავშვში. სასტიკად გამაფრთხილეს, განათლებიდან მოდის სტუმარი და ღონისძიების წამყვანს წინწკალი არ უნდა ჰქონდეს წინსაფარზეო. ჰოდა დღის ბოლომდე მეც რუდუნებით შევინახე სამოსში გამოხატული სისპეტაკე.
    ანანოს ჰქონდა 3 დღის წინ "ბოლო ზარი" და არ წავიდა, – დამშვიდობებას და ყალბ ცრემლებს ვერ ვიტანო! არადა, მე იმ დღეს მართლა ალალი კურცხალი ჩამომიგორდა თვალზე,მართალია ორიოდე, მაგრამ –ალალი!
    ჰო, სად ვიყავი?, იქ, – ჟოფრეი რომ მემუქრებოდა – არ მოგცემ ატესტატსო! ატესტატიც მომცა, მათემატიკაში ფრიადოსან კლასელსაც მიმისკუპა გვერდში, –ამისგან გადაიწერე ხოლმე საკონტროლო, სიტყვა–სიტყვითო, შენ გამიხეთქავ გულს მეო! )))
    მერე იმდენი ქნა, ქიმიის გამოცდაზე მენდელეევის სისტემის ცოდნას ვინ მაკადრებდა, იმ პარიკიან–ჟაბოიანი ქიმიკოსის ბიოგრაფიაც ამყოფინა კრიმფვილდა შილაკაძეს (მოფერებით ცეზარს). არ ვუყვარდი ცეზარიკოს, ჩემი თავხედობის გამო, – თავში აქვს ამ გოგოს ავარდნილი, რაღაცნაირი კონტექსტიდან ამოვარდნილი და არასტანდარტულიაო! ასე მახასიათებდა თურმე სამასწავლებლოში. არადა, რას ვაშავებდი? მაგის გაკვეთილზე ან ვხატავდი, ან ნეტარი ძილით მეძინა), ჰოდა, როცა გამოცდაზე ტომის მეტყველი მზერით გადმომხედა, მე ჯერის მრავალმნიშვნელოვნად მოწკმუტუნე მზერა ვსტყორცნე ჩემს მხსნელ ჟოფრეის. იმანაც არ დააყოვნა და, ვიდრე მე რაღაცას მივედ–მოვედებოდი ქიმიის როლსა და საფუძვლებზე ადამიანის ცხოვრებაში, სულ იმას გაიძახოდა, – რა გადმოცემის უნარი აქვს ამ აუტანელ გოგოსო!!!
    ფიზიკის გამოცდაზე ნიუტონის კანონები ჩამოვარაკრაკე და ამით გავისტუმრე ჩემი უვიცობის ვალი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მეცნიერებამაც, როგორღაც, გადაიტანა უჩემობა..
    მასეა სულ – ეძებ იმ რაღაც ბედნიერებას, ეძებ! გგონია, იპოვე და, გეგონოს!
    –ისევ გამოცდილება შეგრჩება ხელში... არა, კი არ ვწუწუნებ, უკვე სახალისოცაა..
    მაგრამ, ყველაზე მეტად ის ადამიანები მეხალისებიან, სულ რომ მაკრიტიკებენ არასწორადშერჩეული წიგნების კითხვის გამო. არადა, თვითონ, მგონი, არც გადაუფურცლავთ. ჰოდა, არ გვინდა ველოსიპედების და ბორბლების გამოგონება. გვითხრა იმ ენაგადმოგდებულმა და თმადაუვარცხნელმა კაცმა – წონასწორობის შენარჩუნებას მოძრაობა შველისო. იმოძრავეთ თქვენც, უწონობის მდგომარეობამდე..
    ყავამშვიდობისა!
     
    კატო ჩულაშვილი
  15. katya
    ასეთი სათაურის შემდეგ, უმრავლესობას, ნილ ჯორდანის საშინელებათა ფილმი გაგახსენდებოდათ და არა ჩემი რესპონდენტი. თუმცა, არაფერია შემთხვევითი. შორიდან და ერთი შეხედვით მის ჰაბიტუსში არის მისტიურობის და იდუმალების გარკვეული მარცვლები, თუმცა, მიახლოვებისას ცხადი ხდება, რომ ეს მარცვლები ჩვეულებრივი საკენკია სტერეოტიპებზე აღზრდილი საზოგადოების ნაწილისთვის, და რაღაცეების უკეთ დანახვა „ფართოდ დახუჭული თვალებითაც“ შესაძლებელია...
    ხომ არსებობს ქვეყნის პირველი პირი, პირველი ჩოგანი, პირველი ვიოლინო, პირველი ლეიბორისტი, ჰოდა, ამათ ფონზე, არც ისე უინტერესო უნდა იყოს ქვეყნის „პირველი ბიბლიოთეკარის“ ამბები, მით უფრო, თუ ის ზომაზე მეტად პოპულარულია, დაშვებულზე მეტად არაორდინალური... რას არ იტყვის ერთი შეხედვით ყველაზე იდუმალი ტიპაჟი, ნიჭიერი პოეტი, პოპულარული ლექტორი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი –გიორგი კეკელიძე– გულახდილობის ჟამს...
    – პირდაპირ იმ კითხვით დავიწყოთ, როგორ ხვდებიან პარტერიდან ლოჟაში თუ ?
    – უფრო მარტივით რომ დაგვეწყო, მოთელვის თვალსაზრისით?
    – კარგი, იყოს მარტივი – შენი აზრით, ასე აქტიურად რატომ „გებრძვიან?“ სოციალურ ქსელებში ?
    – – იმ რაღაც უცნაური სახელწოდებების და შინაარსის პროფილებს გულისხმობ?
    – სწორედ–სწორედ...
    – მართლა არ ვიცი ვინ დგას ამ „ქართველი მასონების“ პროფილის უკან, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ნაცნობია.
    – ეგ ეჭვი შენ კი არა, მეც მაქვს, მაგრამ ვიდრე ჩემს ვარაუდებს გაგიმხელდე, ჩემი ინტერესი მინდა დავიკმაყოფილო, რამდენად შეეფერები მათ კრიტერიუმებს?
    – ვის?
    – აქ კითხვებს მე ვსვამ! ქვისმთლელებთან რა გაკავშირებს?
    – არაფერი მაკავშირებს, არც ურთიერთობა მქონია, არ ვიცნობ არცერთ ქვის მთლელს, თუმცა, ძალიან საინტერესო პროფესიაა...
    – იცი ალბათ, – მასონური ლოჟის კანდიდატი რომ გახდე, 9 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე.
    – მართლა? და რას მოითხოვს ლოჟა ჩემგან?
    – ისეთს, არაფერს, რაც შენ არ შეგიძლია და ეჭვები მეფანტება, რაღა დაგიმალო...
    – მე ეჭვი მიჩნდება, რაღაც საინტერესო გვიახლოვდება... დავიწყოთ!
    – პირველი – 21 წელს უკვე გადავაბიჯეთ ხომ?
    – კი, დიდი ხანია. 29–ის ვართ.
    – ნასამართლევიც არ ხარ, ვიცი და ვალების საკითხში როგორ ვართ?
    – არც ისე რთულად და კრედიტები ვალებში ითვლება?
    – თუ იხდი – არა.
    – მაშინ კარგად ყოფილა ეგ ამბავიც.
    – არაღირსეული საქციელი ხომ არ გახსენდება რამე ისეთი, სხვებსაც რომ დაამახსოვრდებოდათ, კომპრომატად?
    – რა ვიცი, ასე უცებ არაფერი მახსენდება.
    – მეხუთე კრიტერიუმი – გჯეროდეს შემქმნელი ღმერთის! შენ, ჩემი აზრით, მონოთეისტი უნდა იყო, მართალი ვარ?
    – ალბათ კი, სადღაც მაგ სივრცეში ვარ. პოლითეისტი ნამდვილად არ ვარ...
    – ხარ მამაკაცი... გაქვს გარკვეული შემოსავალი.
    – გარკვეული კი მაქვს....
    – ჭეშმარიტი მომავალი მასონი მხოლოდ საკუთარი სურვილით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას.
    – ოოო... აი ეგ არის ჩემი მასონობის ერთ–ერთი ყველაზე მყარი არგუმენტი.
    – ჰოო? და რა ასაკში დაიწყე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება?
    – ძალიან ადრე. ანუ დაახლოებით იმ ასაკში, როცა ოჯახს, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, შეეძლო ჩემი დაბანა. ჩემი გადაწყვეტილებები ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ზოგადად. საშინლად ჯიუტი ბავშვი ვიყავი.
    – შენ დედისერთა ხარ ხომ?
    – კი.
    – ჰმ, თან ჯიუტი, თან ეგოისტი... რას ამბობდი, ტანის დაბანას ვაპროტესტებდიო?
    – კი,როცა ჩემთან შეუთანხმებლად მბანდნენ, ძალიან არ მომწონდა და, დაბანიდან უმოკლეს დროში ვცდილობდი რაც შეიძლება მეტად გავჭუჭყიანებულიყავი და ამოვგანგლულიყავი მტვერში.
    – დიდხანს გაგრძელდა შენი არსებობა ბატალურ ჟანრში?
    – იქამდე, ვიდრე დამოუკიდებლად ცხოვრება არ დავიწყე. რაც ძალიან ადრე მოხდა.
    15 წლიდან. სკოლა დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი. მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ.
    – მარტო რომ ცხოვრობ, წონაზეც გეტყობა...
    ლოჟის მეცხრე კრიტერიუმი ჯენლტმენობაა და მანდ როგორ ვართ?
    – თუ ჯენლტმენობა ეტიკეტს და თავაზიანობას გულისხმობს, გავბედავ და ვიქნები.
    – მაშინ, არაფერი დამრჩენია მოლოცვის გარდა! შენ აკმაყოფილებ მასონთა ლოჟის ყველა მსოფლიო სტანდარტს. მასონი ყოფილხარ და ვერ გაგიგია, რას ერჩი იმ ხალხს?
    მართლა რომ შემოგთავაზონ მსგავსი რამ, რეკომენდატორად ვის აირჩევდი?
    – მასონიზმის საფუძვლებში შენსავით ჩახედულს არავის ვიცნობ და სხვა მიმართულებებზე არის რამდენიმე პიროვნება, თუმცა, ძალიან ცოტა.
    – მასონური საძმოს საკითხზე ჩამოვყალიბდით და ზოგადად „საძმოებთან“ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
    – მიმაჩნია, რომ ადამიანი მაინც კლანური არსებაა და ის ყოველთვის ცდილობს იმ ინტერესების გატარებას, რაც თავად და მის საახლობლოს აქვს. მაგრამ გააჩნია სად მოქმედებს. მაგალითად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვერცერთ ჩემს ნათესავს და მეგობარს ვერ მოვიყვან და, თუ ეს საქმეს აუცილებლად დასჭირდა, მაქსიმუმ, შეიძლება ავიყვანო ხელშეკრულებით. ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილი ვარ, საჯარო სამსახურებში ეს მიდრეკილება არც უნდა აისახოს, მაგრამ კერძო ბიზნესში, რა თქმა უნდა ვცდილობ ის ადამიანები ჩავრთო, ვინც ჩემს ახლოს ტრიალებენ. ადამიანების ნებისმიერი გაერთიანება, კორპორაცია კი უკვე კლანია.
    – ბიბლიოთეკაში მასონური ლიტერატურა არსებობს?
    – მასონურ ლიტერატურაში თუ იმ ადამიანების წიგნები იგულისხმება, რომელთაც ლოჟის წევრობას მიაწერენ, მაშინ მოგვეპოვება საინტერესო გამოცემები. მე არც პროტესტი მაქვს ამ ადამიანების მიმართ და, ეს თემა საინტერესოდაც მეჩვენება, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანი კონსპირაციის არსებაა და რაღაც ბუნდოვანი და დაფარული იზიდავს. თავად არ გავცნობივარ ამ ლიტერატურას, მაგრამ, ეჭვი მაქვს, თავისი ხიბლი ექნება.
    – პროტესტი რატომ უნდა გქონდეს, როცა მათი მოწოდებაა „იღვაწო კაცობრიობის პროგრესისთვის!“
    – მემგონი, ამ ინტერვიუს შემდეგ შენ უფრო დაგაბრალებენ მასონობას. მე შენსავით კარგად ვერ ვერკვევი მაგ ამბებში.
    – კოსტუმირებული ღონისძიებები გიზიდავს?
    – არა.
    – აბა ორგიებს ბიბლიოთეკის პალატებში არაკოსტუმირებულს აწყობთ? მე დაახლოებით კუბრიკისეული სცენები წარმოვიდგინე.
    – ცხადია, ძალიან საინტერესოა, კარგად აქვს ამაზე ნათქვამი პატივცემულ სტენლის. ჩვენ ყველას მეტ–ნაკლებად გვიწევს ცხოვრებისეულ კარნავალებში მონაწილეობა. არაფერი მსგავსი ღონისძიებების მიმართ საწინააღმდეგო არ მაქვს, თუ ეს მაინც და მაინც ადამიანის ცოცხლად დაწვის რიტუალს არ მოითხოვს. უამრავი მიმართულების და თემატიკის შეიძლება იყოს ასეთი თავყრილობები.
    – მათ შორის ორგიებისაც.
    – სხვათა შორის, მაგას მასონობაზე ხშირად მაბრალებენ. ეგ ლეგენდა ჩემთან დაკავშირებით არ გაჩენილა. ჩემს დროს უბრალოდ გააქტიურდა.ზოგადად ბიბლიოოთეკის მიმართ არსებობდა ასეთი შეხედულება და მე რომ მივედი, ამ ღონისძიებების ორგანიზატორის როლიც შევითავსე ავტომატურად. როგორც ვხვდები, ასეთი დიდი ფანტაზიის ადამიანების წარმოდგენაში ბიბლიოთეკა ორგიების ერთ–ერთი დეპარტამენტია.
    – და ამ ამბავზე შენი ქალთა კოლექტივი როგორ რეაგირებს?
    – ასეთივე ირონიულად და იუმორით, თუმცა, თანამშრომლებთან ორგიებზე არაა საუბარი, ძირითადად „მოწვეული სტუმრები“ ყავთ ხოლმე მხედველობაში.
    – საოცრებებს მიყვები. ახლა ე.წ. „როზა ლუქსემბურგის ოცნების კოდექსიც“ მოგისწრებთ და... რა გენაღვლებათ ბიუჯეტის თანხები... მაგრამ შრომის და სოციალური საკითხები ჩემზე ჭკვიანი ხალხის გადასაწყვეტია, გამოსავალს იპოვიან ალბათ. შენ ის მითხარი, საკუთარი თავის აღმოჩენის პერიოდი უკვე გაიარე?
    – არა რა თქმა უნდა. მგონი ცუდი არ უნდა იყოს, ახალ–ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა საკუთარ თავში. ადამიანი მუდმივადაა ძიებაში. მისი წარმატება თუ წარუმატებლობა ამაზე დგას. ამბიციური ადამიანი ვარ, მაგრამ უზრდელი – არა.
    – რა არის ისეთი, რაზეც შეიძლება კატეგორიულად თქვა არა?
    – საკმაოდ „დიპლომატიურ“ ადამიანად ვითვლები, მაგრამ არის პრინციპები, რასაც არასდროს გადავაბიჯებ. მაგალითად არ შემიძლია არცერთ ადამიანთან ვიურთიერთო მოვალეობის გამო. ჩემი სტრატეგია იმაშია, რომ თავად ვქმნი ჩემს თავს და სხვა ადამიანებს ვცდილობ ირიბად მივუთითო, რომ აღიარონ ეს ამბავი. არასოდეს სხვა დამიანების გამოყენებით არაფრისთვის მიმიღწევია და ასევე ვარ სხვების მიმართ. ანუ არასოდეს არავის გამოვიყენებ საკუთარი ამბიციისთვის და არც სხვას გამოვაყენებინებ თავს. სხვათა შორის ერთი თვისება მაქვს კიდევ, ძალიან ნაკლებად მაქვს განვითარებული შურის მომენტი სხვების მიმართ.
    – რას ნიშნავს შენთვის „შემდგარი ადამიანი“?
    – მგონი ასეთი ადამიანი არ არსებობს და თუ არსებობს, ძალიან უინტერესო უნდა იყოს. უმიზნო და თვითკმაყოფილი ადამიანი საშინელებაა. ჩემთვის ადამიანი თავისი შეუმდგარობით უფრო საინტერესოა.
    – როგორი უნდა იყოს ქალი, რომ შენ მოგეწონოს?
    – წარმოდგენა არ მაქვს...
    – ანუ მთლიანად იმპულსზე ხარ დამოკიდებული?
    – ცხადია.
    – და დისკომფორტს არ გიქმნის „მექალთანის“ სტატუსი?
    – არ მიგრძვნია ეგ სტატუსი, შენ მიგონებ რაღაცეებს.
    – უადგილო თავმდაბლობის დრო გიდგას? რა ჩემი ბრალია, რომ ხარ მდედრობით სქესში პოპულარული და არა მხოლოდ შენი შემოქმედების გამო. ამ პოპულარობას სხვანაირად აღიქვამენ მამრები და ცდილობენ ამოიცნონ მიზეზი, რატომ შეიძლება იყოს გიორგი კეკელიძე პოპულარული ქალებში? ამჟამად რა ხდება შენს პირადში?
    – ოოოო... ახლა რაც ხდება, ამას ვერ ვიტყვი...
    – კარგი, ნუ იტყვი, მერე რომ მე არაფერი დამბრალდეს. ისე, ახალ ჭორს მოგაწვდი თუ გინდა შენზე – რახან ქეთათოსთან კლიპი ჩაწერე, გაჩნდა საბაბი შენი ბოლო რომანის სიუჟეტის.
    – სისულელეა. უთხარი მაგათ, რომ საშინლად მცდარი ვერსიაა...
    – ვაღიაროთ, რომ „ერთი სოფლელი, თუმცა ნიჭიერი ბიჭი, ჩამოვიდა „გოროდში“ უპატრონოდ, უსახსროდ და დღეს ის წარმატებული პიროვნებაა, ასეთივე წარმატებული საჯარო მოხელე და, რაც მთავარია თბილისში ერთ–ერთი სასურველი სასიძო...
    – ეგ ყველაფერი მე ვარ? თავისთავად სოფლელობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დანარჩენზე პასუხს არ ვაგებ.
    – ვინ ხარ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ და „აგრარული უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის – კლასიკური ლექტორი, მეგობარი თუ ...
    – ლექციაზე ვარ ლექტორი. ლექციების მერე ვმეგობრობთ. ჩემი სტუდენტების უმრავლესობა აქტიურადაა ჩაბმული იმ ახალ პროექტებში, რომლებსაც მე და ჩემი მეგობრები ვახორციელებთ.
    – ყველა სტუდენტს იცნობ სახეზე?
    – კი, ნამდვილად ყველას ვიცნობ სახეზე, შეიძლება,სახელები და გვარები შემეშალოს.
    – უცხოეთის ბიბლიოთეკებში ქართული კუთხის გახსნის იდეა შენ გეკუთვნის ხომ?
    – ჩვენ დავიწყეთ. ზოგადად იდეა ახალი არაა, უბრალოდ, საქართველო ამოვარდნილი იყო ამ კონტექსტიდან. არადა ინტერესი და მოთხოვნილება დიდია.3 ქალაქში უკვე მოვახერხეთ ჩვენი კუთხის გახსნა. 19 მაისს იხსნება კიევში. ასევე მაისში გაიხსნება სამხრეთ აფრიკაში, პრეტორიაში, რაც ძალიან მახარებს.
    – ამ ბოლო ვიზიტის შედეგებით რომ საოცარი არქივები დაგვიბრუნდება, ეგ უკვე ყველამ ვიცით – ზალდასტანიშვილების და დიასამიძეების არქივის სახით, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლეა – კონგრესის ბიბლიოთეკის 400 მილიონიანი ელექტრონული ჩანაწერები რომ გაიხსნება ქართველი მკითხველისთვის.
    – კი, ეგ სერიოზული სიახლეა. რაც შეეხება არქივს, მალე რობაქიძის, ნოზაძის, ჩხენკელის, ავალიშვილის უცნობი წერილები და ხელნაწერებიც იქნება საქართველოში.
    – შენ ხარ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში კოჰაბიტაციის საუკეთესო ნიმუში. ძველი და ახალი ხელისუფლება ერთნაირი სიმპათიით განგიხილავს და არ მომიკრავს თვალი არასოდეს რომ ვინმე „ვინმეს კადრს“ გიწოდებდეს. როგორ ახერხებ ამას?
    – ჩვენთან ყოველთვის ყველასთვის ღია იყო კარი. საჯარო მოხელეობას ზუსტად მაგ პირობით დავთანხმდი, რომ, როგორც სრულიად აპოლიტიკური ადამიანი, არასოდეს ჩავერთვებოდი პოლიტიკურ აქტივობაში. მგონი ჩემი პოზიციით არანაკლებ საჭირო საქმეს ვაკეთებ. ბიბლიოთეკა არ შეიძლება იყოს პოლიტიზირებული. ჩვენი თანამშრომლები აბსოლუტურად თავისუფლები არიან არჩევანში. „ქართული ოცნების“ მიტინგებზეც დადიოდა ნაწილი და ახლაც იყვნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აქციაზე, მაგრამ, ამის გამო მათ არავინ არასოდეს გაკიცხავს, მითუმეტეს, არ დასჯის.
    – შენ ახალი მარკეტინგი შეიტანე ძველ სტრუქტურაში, რის გამოც ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურულ ცენტრად იქცა ფაქტიურად. ის გამახსენდა, რომ თქვი, კონგრესის ბიბლიოთეკაში დღეში 5–6 კონგრესმენი მიდის საშუალოდო და, რატომღაც, შემშურდა. ახლა კი აქვთ საპატიო მიზეზი ჩვენს პარლამენტარებს, ბიბლიოთეკაში არსიარულის, მაგრამ, ხომ დაუბრუნდებიან შემოდგომაზე თბილისს.? ვერაფერს მოიფიქრებ, ზოგიერთის მაინც მაგ შენობაში შემოსატყუებლად?
    – შენი ხათრით, რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ, მათთვის სასარგებლოც რომ იყოს და საზოგადოებისთვისაც.
    – მაშინ იმასაც დამპირდი, რომ ყველა ქართველი პარლამენტარისთვის სავალდებულო გახდება მარკ ტვენის „ჰეკლბერნი ფინის,“ ეკზიუპერის „პატარა უფლისწულის“ და კიპლინგის „მაუგლის“ წაკითხვა. დანარჩენები ბიბლიოთეკარმა კონსულტანტებმა ინდივიდუალურად შეურჩიონ.
    – რა სისასტიკეა!
    – კარგი, ვაღიარებ, არც „მეოთხე ხელისუფლების“ ზოგიერთ წარმომადგენელს აწყენდა ეგ კურსი და მემორანდუმის ტექსტს მოგვიანებით შევიმუშავებთ...
    – შევთანხმდით! მასონის სიტყვა სიტყვაა!
     
    ესაუბრა
    კატო ჩულაშვილი
     
    "ქრონიკა+" #3
  16. katya
    როცა ჩემთან საუბარს იწყებენ სიტყვებით: „ ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ“... მარტივად ვპასუხობ – „რა თქმა უნდა!“ და ვცდილობ, იქაურობას სწრაფად გავეცალო...
    ცხოვრებისგან ვიღებთ მხოლოდ იმას, რისიც გვჯერა. თუ გჯერა, რომ ცხოვრება მშვენიერია, ის მართლაც მშვენიერია. გჯერა, რომ ის სასტიკია? მოგიწევს სისასტიკესთან შეგუება... გჯერა, რომ გამოსავალი არ არსებობს? – ვერც იპოვი გამოსავალს...
    დაგთრგუნეთ ხომ ამ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში?!
    ასეა საჭირო და მიტომ... ისე არაფერი გამოვა, თუ სტერეოტიპების მიმართ ეჭვები არ გაგვიჩნდა და ხვალინდელი დღის რწმენა არ ვისწავლეთ. კიდევ დღევანდელი დღით ცხოვრება და სხვების პრობლემებზე ფიქრი.
    ვინ თქვა, რომ რუხი თაგუნიებისგან რუხი კარდინალები არ იზრდებიანო?..
    დედიშობილა საზოგადოებაში გაცილებით მარტივია საუბარი თანასწორობაზე.
    ვგიჟდები „ნესტაროსნების“ დაუწერელ კანონებზე – კრაზანა ან ფუტკარი სხვისი დანესტრვის შემდეგ კვდება. ზოგჯერ ისე მინდა, ასეთი რამ ადამიანებზეც ვრცელდებოდეს ...
    ერთი კვირისთვის საკმარისად ვიფილოსოფოსეთ, თუმცა, შეფასება დაგვავიწყდა – რომელიც დაახლოებით ასეთია – „ დედა! რა იყო ეს!?“
    მიხეილ ცაგარელისგან და მისი ჭორიკანა ვარსკვლავებისგან ამას არ მოველოდი. რას მიკეთებენ, თუ ასეთი ამბები იგეგმება ჩვენს წილ კოსმოსში? თუ პლანეტების განლაგებას ვერ ცვლით, გაგვაფრთხილეთ და ჩვენ გადავეწყობით პლანეტების ორიენტაციაზე.
    გასული კვირის თემები ისეთი მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყო, კვირა კი არა, ასე მგონია, ხუთწლედი გავიდა.
    დემოკრატია აქამდე და სხვაგან თუ ნებაზე იყო, ახლა და ჩვენთან მორევაზეა. დიახ! ამის მაგალითი, პრემიერის განცხადებით, თანამედროვე შუხუთია...
    „ნაცილიკოსი“ სააკაშვილი, მართალია, გასულ კვირას ჯონ ქერის შეხვდა, მაგრამ მშობლიური აშშ–დან ისეთი არეული დაბრუნდა, ყვარლის მთებს მიაშურა, რეალობას განრიდებულმა.
    საქართველოს ისტორია ხომ დააწერინა ხელახლა ვინმე მასხარაშვილს, მაგრამ, მოგვიანებით, მასშტაბებმა არ დააკმაყოფილა – საქართველო მაინც პატარა ქვეყანაა, ამიტომ, როცა მიღებული თუ მიუღებელი დოზისგან აცხელა თუ აცია, თავად, არც მეტი–არც ნაკლები, „ძველ აღთქმას“ მიუხტა და იქ ამბები დაატრიალა... აღდგომის კვირას მისმა ერთგულმა მომხრე მართლმადიდებლებმა, ენდრო ლამის „ბოროტების მცენარედ“ გამოაცხადეს, ხოლო აღდგომის სიხარული – შეცდომაში შეყვანილი ოპტიმისტების ბოდვად... დიახ! პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და დიდი მონდომებით, ცვლილებები განიცადა სააღდგომო გალობამ და, ამიერიდან, „სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი“–ს ნაცვლად, „სიცოცხლის სიკვდილით დამთრგუნველი“ სიხარული გვეწვევა ხოლმე.
    მიხეილის ოინების მიუხედავად, ის კვირა მაინც ღარიბაშვილის „ვნების კვირად“ იქცა – ჯერ სტუდენტ–ანარქისტთა აქცია იყო, მერე სოფლის მეუნრეობაში გაუჩინეს თავსატეხი, ბოლოს უკანონო და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება... რა ქნას ამ ღარიბაშვილმა? მარტო მუშაობს და რა იცის, როდის იქნება ის ნაოცნებარი კეთილდღეობა და დემოკრატია?!
    აქამდე ჩვენს ბჭობაზე მხოლოდ ღმერთი იცინოდა. ახლა ყველა იცინის, ვისაც არ ეზარება.
    მე თუ მკითხავთ, ჩვენი პრობლემა რაშია იცით? მართლა ძალიან პატარაა ეს საქართველო, მისი დედაქალაქი – კიდევ უფრო პატარა. ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავი და მეგობარი თუ არა, „ყვავი – ჩხიკვის მამიდა“ მაინცაა.
    და ამ მიკრო–კომპაქტურ სივრცეში თანაარსებობენ თითქოს უცნობი, მაგრამ უხილავი ძაფებით ერთმანეთზე გადაბმული ადამიანები – ეპოქალური ნაცნობები, პარტნიორები... ყველაზე რთული თემა მაინც საერთო წარსული და ასეთივე ინტერესებია.
    საქმიანად და მონდომებით რომ ჩაუჯდე, ისეთი მჭიდრო ჯაჭვი შეგრჩება ხელში, საქმის უშუალო გამფუჭებლობას თუ გადაურჩი, დანაშაულზე თვალის დახუჭვის, წაყრუების ან წამუნჯების გამო სინდისის ქენჯნას მაინც ვერ გადაურჩები.
    „წუთებზე სიმაღლიდან ნუ იფიქრებო!“ და ეგეც ჩვენ!
    გაზაფხულის მერამდენე გაელვებაა სოსო ალავიძის გამოჩენა „საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, თავად უკეთ ეცოდინება. კარგია, რომ საზოგადოებას მეხსიერება ჯერ მწყობრში აქვს და ალავიძის „ღვაწლიც“ თბილისის სინამდვილეში ჯერ კიდევ ელავს. სოფლის მეურნეობის ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეში მის ბრალეულობას და ინტერესებს ღარიბაშვილის ძიება, იმედია, დაადგენს და თუ ერთხელაც ალავიძეს არაგეგმიური შემოდგომა დაუდგა, ადგეს და ფორტუნას დაქალ თემიდას დააბრალოს.
    სხვისი არ ვიცი და მე კი მენიშნა სოსო ალავიძის „გაელვება“ ქართული სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში ჩეხური კომპანიის „დამძალებლად“ და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილის ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის მიერ დარეგისტრერებულ შპს "თეო-ნუტსკა ს.რ.ო."-ს პარტნიორობაც.
    სხვის ჯიბეში ფულის თვლა ცუდი ჩვევააო, ბებიაჩემისგან გამიგია, მაგრამ ლაშა ნავცლიშვილის დეკლარაციას რომ გადავხედე, ანუ ფინანსურ მიმოქცევას მის სახელზე 2012 წლის ნოემბრიდან, მარტივად მივხვდი, რომ ასეთი ტიპების ჯიბეების შემოწმება არც ისე უსარგებლო საქმეა. სერიოზული გარანტიების გარეშე ამხელა სესხებს ამხელა ვადით ქართული ბანკები არ იძლევიან.
    აი ქართული ბანკები კიდევ ცალკე თემაა, რომელზეც ჯერ–ჯერობით თავს შევიკავებთ, „ძიების ინტერესებიდან გამომდინარე.“
     
    სოფლის მეურნეობის მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იტვირთა. მას თავისი თანამშრომლების დანაშაულის არ სჯერა, პრემიერს – ეკონომიკური მრჩევლის და მთავარი პროკურორის მოადგილის მიმართ ბრალდებების, მოსკოვს – ცრემლების და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს – ყველაფრის ერთად...
    ერთ საკითხში საზოგადოების უმრავლესობა ერთ აზრზეა – „ სრულიად საქართველოს ოფიციალური და სრულუფლებიანი მრჩეველი“ – ხუხაშვილი– ესაა განყენებული მოვლენა პართულ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომლის მსგავსი თვით ნაციონალებსაც არ ჰყოლიათ.
    ძალიანაც კარგი, თუ ვიღაც–ვიღაცეები გასული კვირის „წითელი პარასკევის“ ცნობილი ვიდეოს ინტერნეტ–სივრცეში გავრცელების გამო, „თავის მართლების" პოზიციაში აღმოჩნდნენ. ამასთან დაკავშირებით, „ქალბატონმა იუსტიციამ“ პირველად გააკეთა განცხადება, რომელიც შეიძლება უკმეხ გაფრთხილებადაც ჩაითვალოს მთავარ პროკურორ კბილაშვილისა და მის მოადგილე ნაცვლიშვილის მიმართ.
    უცნაურია, მაგრამ, „ვიდეო–მსხვერპლ“ გია ფარესიშვილის განცხადებას, არჩილ კბილაშვილი „მოსაზრებად“ მიიჩნევს და აცხადებს: "... მოსაზრების შესახებ პროკურატურა ვერ დაინტერესდება. ნებისმიერი მოსაზრება უნდა იყოს რაღაცით არგუმენტირებული ან მტკიცებულებით გამყარებული, უამრავ მსგავს განცხადებას ვისმენ და პროკურატურა შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების საფუძველზე აკეთებდეს რეაგირებას.“
    სამაგიეროდ, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი ახალ შრომის კოდექსს „როზა ლუქსემბურგის ოცენებას“ უწოდებს, რასაც ალექსანდრე ბარამიძე მთელი სერიოზულობით აპროტესტებს. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პარლამენტში შესული ახალი კანონ–პროექტი ქართულ ბიზნეს–სივრცეში სერიოზულ მღელვარებებს გამოიწვევს და ბევრის ფინანსური სტაბილურობის საკითხიც დადგება.
    ფინანსური რყევები სულაც არ ანაღვლებს „ქალბატონ ტაბულას“, რომელსაც „პოჟიზნენნი“ კონტრაქტი ჰქონია ევროპის საბჭოსთან მაღალანაზღაურებად ჯამაგირზე. ჩემი აზრით, თუ ეგ კონტრაქტი გოგა ხაჩიძეს არ აქვს ნანახი, მარტივად შეიძლება ბათილად ჩაითვალოს...
    თუ ხაჩიძის მხრიდან არაფერი გამოვა, მაშინ დავრჩენილვართ ირმა ინაშვილის იმედზე, რომელიც მთელი სერიოზულობით დაპირდა უშიშროების საბჭოს მდივანს, ანუ „ნიჭიერი ჩერგოს“ მეუღლეს, „ციხეში დალპობას.“
    საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს სიმპათიურიო, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ხომ აღარ დაწყნარდა იმის მერე კახი კალაძის ტელეფონი... არადა ქალბატომ მაიას სულ სხვა სიმპათიური ჰყავდა მხედველობაში...
    მაგათ ვერსიებს სულაც არ განიხილავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე, და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. „როუზ-როსის“ სემინარზე სიტყვით გამოსვლისას ეს ამბავი ისე თვალისდაუხამხამებლად განაცხადა, იგულისხმებოდა, – „ამასაც იმ კუბდარივით შევჭამ და კუჭიც არ ამეშლებაო.“
    5 მაისს, ბრწყინვალე აღდგომის დღეს ერთმორწმუნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას სამამულო ომში გამარჯვებიდან 68 წლისთავი მოგვილოცა. ჩემს ბავშვობაში მაგ დღეს 9 მაისს გვილოცავდა ხოლმე „ლენიდ ილიჩი“ და მართალი გითხრათ, სულ სხვა პეწი ჰქონდა.
    ისე, მართლა ვეღარ გავიგე – ჩვენ ვუყურებთ ევროპას ჩერგოლეიშვილის თვალით თუ ევროპა გვიყურებს ჩვენ ჩერგოს ჭრილში?
    სამაგიეროდ, თითით საჩვენებელი დემოკრატი ჩერგო მუდამ პოლიციის მხარდამჭერი და გულშემატკივარია, მინისტრის მიუხედავად.
    გასულ კვირას, ცნობილი მიზეზების გამო, სოციალურ ქსელებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში კვლავ აქტიურად გაიშალა დისკუსია ლგბტ თემაზე. თითქოს საკუთარი ამბები არ ეყოფოდა, გასულმა კვირამ მაისის მეორე დეკადაში დაგეგმილი აღლუმის თემაც შეითავსა. ჩემი პირადი მოსაზრების ფარგლებში ერთს ვიტყვი – არსებობს „პრივატული სივრცე" და „საზოგადოებრივი სივრცე"; ადამიანის „პრივატული სივრცე" მხოლოდ მანამ არის ხელშეუხებელი, სანამ იგი თავად არ შედის საჯარო სივრცეში...
    მოკლედ, ხვალემ იფიქროს ხვალისა და კვირამ იფიქროს კვირისა!
    წინასწარ დაგეგმილი ბევრი რამე ვიცით, რომლის ბედიც მაინც სპონტანურად წყდება. ამიტომ, 2 კვირით ადრე ნუ დავხოცავთ იმაზე ჩხუბით ერთმანეთს, ლგბტ საზოგადოების აღლუმს სიმშვიდით შეხვდებით, ენას გამოვუყოფთ თუ შუა თითს დავანახვებთ. პოლიცია, იმედია, იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არა პროვოკატორთა სიმდაბლეზე.
    არ ვიცი ბატონი ვანომ როგორ გადაიტანს წლევანდელ გიორგობას, გასულ წელს ზარ–ზეიმით აღნიშნული პოლიციის აღლუმი კი მახსოვს... რა უეცარი ცვლილებების დროში გვიწევს ცხოვრება მართლაც!?
    მაგას ვამბობ სულ – მკვახე ვაშლის ხის ჭანჭყარს აზრი არ აქვს. დამწიფდება ის ვაშლი და ჩამოვარდება თავისით. ყველაფერი თავისით ხდება, მაშინ, როცა მოსახდენია, თუმცა, ყველაფერი „ევრიკა“ არაა...
    კატო ჩულაშვილი
    ქრონიკა+ #3
  17. katya
    „სოფლის შენებას რა უნდაო?!“ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვმღერით კი არა და მთელი სერიოზულობით ვკითხულობთ ქართველები...
    –„მე ვიყივლებ, შენ იცეკვებ და სოფელიც აშენდებაო!“ – უთხრა მამალმა ძაღლს...
    გაუდგნენ გზას და იმ გზაზე იყო ზუსტად, ის „მესამე ხმა“ – ცბიერი მელია– რომ შემოეფეთათ.
    ის მესამეა, ახლაც რომ ურევს – მესამე ხმა „მესამე კომპონენტში“...
    „დიად ოქტომბერშიც“ მასე იყო – მიწა გლეხებსო! ფაბრიკა–ქარხნები მუშებსო...
    მოვიდა „მესამე ხმა“ და იქაც აურია... არადა, მეც, თქვენც და სხვებსაც ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ. ჩვენ, ყველას წელში გამართული ქართული სოფელი გვინდა – საკუთარ თავს რომ ინახავდა, ქალაქელებსაც და კიდევ გასაყიდიც რჩებოდა.
    ამოცანა
    აგრარული სექტორის აღორძინება, ფაქტიურად ახლიდან შექმნა, გლეხის გაფერმერება და სოფლის მეურნეობის წამყვან დარგად ქცევა.
    საქმე ბევრია! ამიტომაც არ მიკვირს, უფრო სწორედ, მიკვირს, მაგრამ გაგებით ვეკიდები, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრს პრესისთვის არ სცალია. ერთხელ ახსნა, განმარტა და დამთავრდა – სახელმწიფო პროგრამა სოფლად წარმატებით ხორციელდებაო!
    ყველამ ვიცით – საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ შეიმუშავა, რომელსაც, საწყის ეტაპზე, პირველ წყაროს ცნობით, "სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" აფინანსებდა და “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” ახორციელებდა.
    ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანია ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მესამე კომპონენტი, რომელიც, ერთ მილიონამდე სესხის ფარგლებში, ახალი , ინოვაციური და ექსპორტზე ორიენტირებული 60 საწარმოს შექმნას ითვალისწინებს.
    სიტუაციის უფრო მარტივად აღქმისთვის გვაქვს კონკრეტული მაგალითი, გვყავს კონკრეტული პიროვნება, პროფესიონალთა გუნდით, ინტელექტუალური პოტენციალით, აქტუალური პროექტით, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, თუ სასწრაფოდ მიდგომებში რაიმე არ შეიცვალა, მხოლოდ პროექტად დარჩება, ხოლო ქართული სოფელი ახალ ცხოვრებაზე მეოცნებედ.
    ცუდი ისაა, რომ შემთხვევა, რომელსაც ახლა განვიხილავთ არც ერთეულია და არც გამონაკლისი. ამ პროექტში მონაწილეობის მსურველთა უმრავლესობა იგივე პრობლემას აწყდება. პრობლემებს კი შედეგები არ მოაქვთ. არის საშიშროება, 60 ინოვაციური საწარმოს ამბავი 100 საავადმყოფოს ზღაპრად იქცეს.
    მეწარმე , იდეა და აგროკრედიტი
    მეწარმე – მალხაზ ჩემია – ინჟინერ–ფიზიკოსი, კომპანია „ინფრა+“–ის დამფუძნებელი დირექტორი.
    პროექტი – სოფლის მეურნეობის პროდუქტის , ინფრაწითელი სხივებით გადამამუშავებელი ქარხანა.
    – რითია ბატონო მალხაზ, თქვენი პროექტი, ნოვაციურ–პერსპექტიული და სტრატეგიულ–აქტუალური?
    – საქართველოსთვის სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სხვა ქვეყნების სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. გამოირჩევა ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროცესით, მაღალხარისხოვანი პროდუქციის გარანტიით, ფინანსური ეფექტურობით. ასეთი წარმოება აამუშავებს რეგიონს. დაასაქმებს არა მხოლოდ იმ 10–20 თუ 30 კაცს უშუალოდ წარმოებაში, არამედ წარმოება ხდება რეგიონის შემკვეთი. და ასეთ ერთ წარმოებას შეუძლია არა მხოლოდ ერთი, რამდენიმე რეგიონის მიბმაც. სფეროს გააჩნია.
    – აქამდე რა ტექნოლოგიას ვიყენებთ შრობისთვის?
    – 80–90 გრადუსით და „კონვექციით“, ანუ გამოქარვით შრობას, რომლებსაც აქვთ უარყოფითი მხარეები – აზიანებს საკვებ პროდუქტს , მის გემოვნებით მახასიათებლებს, 60 გრადუს ზემოთ ყველა ვიტამინი იკარგება. ინფრაწითელი სხივებით შრობა კი რბილობს არ ახურებს. სპექტრი ეჯახება ზუსტად წყლის მოლეკულას და დარტყმით აგდებს მას.
    – რაში შეიძლება თქვენი ტექნოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურად?
    – შეიძლება გამოიყენო ხის მასალის დამუშავებისას, ანუ მშენებლობაში, კვების პროდუქტებში, პირველ რიგში ჩირებში.
    პროდუქტი ხარისხდება შემდეგი სახით: 1 – გასაყიდი, 2 – შესანახი, დასაჩირი ან საკონსერვო. დარჩენილისგან ძირითადად წვენი მზადდება. ამ შემთხვევაში საუბარია არასარეალიზაციო, ანუ შესანახ პროდუქციაზე. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის გამოშრობა ჩირის სახით და წლების მანძილზე შენახვა ვაკუუმ – შეფუთვით. საკმარისია, ამ მეთოდით დამუშავებული და წლების წინ შენახული ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, სულ რამდენიმე წუთით მოათავსოთ წყალში, ის აღიდგენს პირველად ფორმას, ხოლო გემო და ვიტამინები თავისთავად შენარჩუნებული აქვს. მეორეა სათესლე და სასაწყობე პროდუქციის წინასწარი დამუშავება. მარტო კარტოფილი და ხახვი რომ ავიღოთ, რომლის დიდი რაოდენობა დასაწყობებას ექვემდებარება, სტატისტიკით, 30–40 პროცენტი ლპება და, ლამის, ერთი იმდენი ხარჯი აქვს მის გატანა–დასუფთავებას. ჩვენი ტექნოლოგიის შემთხვევაში შესანახი პროდუქტი დასაწყობებამდე გაივლის ინფრაწითელ გარემოს, სადაც ხდება მისი სიღრმული შეშრობა. ტალღა 5 მილიმეტრზე შეაღწევს პროდუქტის რბილობში და ის სინედლე ამოშრება, რომელიც იწვევს პროდუქტის ლპობას. პროცედურის მერე პროდუქტი 1 წელი ერთმანეთზე დადებულიც რომ შეინახო, ლპობა აღარ გვაქვს. სხივები კლავს ბაქტერიებს, ანუ პროდუქტი სტერილური ხდება.
    – გინდათ თქვათ, რომ თქვენი ტექნოლოგიაა ასეთი ზარალისგან გამოსავალი?
    – არაფერს ვიტყვი, ჩვენ ფიზიკოსებს, ფაქტებით და არგუმენტებით საუბარი გვიყვარს ზუსტი გათვლებით მიღებულ შედეგებზე. ისე, ზარალისგან გამოსავალზე უფრო ჩვენი ინტერესი რეალური მოგებაა. ამ პროექტით კი იგებს ქვეყანაც, დარგიც, პროექტის ავტორიც და ამ პროექტთან დაკავშირებული ადამიანებიც.
    – როგორც ვხვდები, ეს ტექნოლოგია საინტერესო შეიძლება იყოს თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლების, პენიტენციალური და სხვა სამინისტროებისთვისაც, სახელმწიფო დონეზე, რადგან, ისინი დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტების შეძენას და დასაწყობებას ახდენენ?
    – რასაკვირველია. მათ ყოველთვის აქვთ ამ მიმართულებით ზარალი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება და, ზარალს რომ თავი გავანებოთ, ესაა ჯანსაღი საკვების წყარო. მაგალითად, ამ ტექნოლოგიის საცხობ ღუმელებში გამომცხვარი პურის ჭამა ცხელისაც კი უვნებელია და თავისუფლად შეუძლია მიირთვას კუჭის წყლულით დაავადებულმა ადამიანმაც კი. ამ ტექნოლოგიით საფუარის სიღრმული ცხობა ხდება ყველა გამაღიზიანებელი ბაქტერია იხოცება.
    – კი მაგრამ, თუ ასეთ სასწაულებს ახდენთ მაგ თქვენი ტექნოლოგიით, ამდენ ხანს რატომ არავინ დაინტერესდა?
    – სწორი შეკითხვაა, თუმცა, პასუხად არსებობს ობიექტური მიზეზები. 20 წელია ამ ტექნოლოგიას მოვიხმართ ჩვენ, ოღონდ საცდელად. 2000 წელს ის ევროკომისიის მისიას შევთავაზეთ, რომელიც ცხინვალის რეგიონში კონფლიქტ–მენეჯმენტს ახორციელბდა. ეს ტექნოლოგია უნდა დანერგილიყო ქართულ –ოსურ ერთობლივ მეურნეობებში. 2004 წელსაც იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ამის მცდელობა, მაგრამ, პოლიტიკური შეხედულებების ცვალებადობის გამო, ეს იდეა მაშინაც ჩაიძირა.
    – პროექტის ფინანსური რაკურსი როგორია?
    – ვიდრე უშუალოდ ციფრებზე გადავიდოდეთ, მარტივ მაგალითს გეტყვით: ქუთაისში მოყავთ საქართველოში საუკეთესო ცერეცო. ესაა პროდუქტი, რომელზეც უსაშველოდ დიდი მოთხოვნილებაა მსოფლიო ბაზარზე. ქუთაისში მას ამუშავებენ მშრალი ყინულით, გადააქვთ უკრაინაში, სადაც ამ ტექნოლოგიით აშრობენ. ინფრაწითელი დასხივებით გაკეთილშობილებული ქართული ცერეცო გადის რუსეთის ბაზარზე შეფუთული და სოლიდურ მოგებას უკრაინული ბიზნესი ნახულობს.
    – ანუ დაგვასწრეს მეგობარმა უკრაინელებმა?
    ღმერთმა შეარგოთ, აკეთონ უკრაინელებმაც ფული, მაგრამ ეს ტექნოლოგია საქართველოში რომ დავნერგოთ, გლეხს უკრაინაში ჩატანა ხომ აღარ დასჭირდება? მაგას ვინ ჩივის - ხურმის ფხვნილი და შავი ქლიავის ჩირი - სტრატეგიული პროდუქტია მსოფლიოში. ხურმის ფხვნილს - როგორც ბიოდანამატს რძეში - გამოყავს რადიაქტიული ნივთიერებები, მაღალკალორიულია და ყუათიანი. ჯარისკაცებს,სპორტსმენებს, მოზარდებს, სპეცზონაში მომუშავეებს, მფრინავებს და სხვა ექსტრემალურ პირობებში მყოფთათვის - შეუცვლელია.
    შარშან თურქებმა დაიწყეს მარტვილის რაიონში ხურმის ჩირის შესყიდვა და თურქეთის ბაზარზე გატანა, ჩვენი ხურმის ჩირი გადის სომხეთშიც.
    ამბროლაურში ავსტრიელებმა ააგეს უფლო დაბალი დონის საშრობი ქარხანა, სადაც აშრობენ გარეულ ვაშლს – მაჟალოს – და გააქვთ ევროპაში 1 კგ - ერთ ევროდ.
    ამხელა პოტენციის და ასეთი არომატის ხილის ქვეყანაში ჩირი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, შუა აზიიდან შემოდის...თან სასწაულად ძვირია...
    – გადავედით მარკეტინგზე...
    – სხვათა შორის, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ამ ქვეყნებიდან შემოსული პროდუქციის უვარგისობის საკითხი დასვა. მათი წარმოებული პროდუქცია, რომელიც ჩვენს სუპერმარკეტებში საკმაოდ ძვირად იყიდება და დელიკატესად ითვლება, ეკოლოგიურად არა სუფთა, მეტიც, მავნე პროდუქტია. ჩვენთან სანიტარული სამსახური ამ მიმართულებით არ მუშაობს პრაქტიკულად.
    – რატომ შეიძლება საფრთხე შეექმნას თქვენს იდეას აგრარული სესხების პროექტის ფარგლებში?
    – ჩვენი პროექტი ზუსტად ჯდება „ მესამე კომპონენტის“ ფარგლებში.
    ვეცადეთ და ინოვაციური ტექნოლოგიის, ექსპორტზე ორიენტირებული და რამოდენიმე რეგიონის მომცველი - დასავლეთში ხილ-ბოსტნეულის ინფრასაშრობი საწარმოს პროექტი წარვუდგინეთ დაანონსებულ ბანკებს. წინასწარი საკონსულტაციო შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა სტრუქტურებთან. ზოგიერთი ბანკი ფრიად გულისხმიერად მოგვეკიდა, აღიარეს კიდეც პროექტის პრიორიტეტულობა , მაგრამ დაფინანსებაზე უარი გვეთქვა (განსაკუთრებით საინტერესო იყო ”ქართუ ბანკის” უარის მიზეზი - თურმე დასავლეთ საქართველოში ფილიალი არ ჰქონიათ და იმ რეგიონების პროექტებს ვერ მოემსახურებოდნენ). უარი გვეთქვა შემდგომ მიზეზთა გამო : ”სტარტ აფ” -ად ჩაგვითვალეს აგრო სფეროში საქმიანობა ; გამოცდილების უქონლობა რეალიზაციაში ; ყველაზე მთავარი - უზრუნველყოფის არ ქონა .
    – ანუ მოხდა თქვენი პროექტის ჩვეულებრივი საბანკო სესხის რეჟიმში განხილვა.
    შესაბამისად, ჩნდება შეკითხვები ამ პროექტის ანონსთან.

    - ამაშია საქმე, თუ ინოვაციური ტექნოლოგიაა პრიორიტეტი - ვიღაცამ პირველად ხომ უნდა შექმნას ეს ტექნოლოგია? შეკითხვა მეორე - ინოვაცია ხომ იმისაა , რომ სიახლეა და ამ სფეროში გამოცდილება ნაკლებად შეიძლება გქონდეს. ადგილობრივი მშრალი ხილ–ბოსტნეულის საწარმოო დონეზე დამზადებისა და რეალიზაციის გამოცდილება არ არსებობს. შეკითხვა მესამე - მილიონიანი სესხის უზრუნველსაყოფად (მილიონს ,სესხის დამტკიცების შემთხვევაში ვერ მიიღებ, საკმაოდ დიდი თანხები ეჭრება მომსახურებისას), თითქმის ორი იმდენის კაპიტალი უნდა ჩაიდოს.– ბანკებთან როცა ამ პროექტის ოპერირება მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა?
    – ბანკმა დაასაჭურისა ინოვაცია, რადგან გეუბნება, რომ „სტარტ აფ“–ია და ვერ განდობო, მეორე – უზრუნველყოფა. სულ ცოტა მილიონი ჭირდება.მე რომ მილიონი მქონდეს , რა მინდა ბანკში? ბანკთან ძირითადი კაპიტალის შესაქმნელად არ მიდიან. „მესამე კომპონენტის“ არსი უნდა იყოს არა საბრუნავ საშუალებად ამ თანხის მიშველება, არამედ ძირითადი კაპიტალის შექმნის, რომელსაც გადახდა და ამოღება გაუჭირდება. მილიონი ლარი მჭირდება მე წარმოების გასამართად, რომლის, თუნდაც ძირი, ყოველთვიურად უნდა ვიხადო 7 წლის განმავლობაში. სულ ცოტა 2 წელი მჭირდება, რომ ბაზარზე დავმკვიდრდე და შევქმნა ბაზარი. მე ჭიდაობა მომიწევს იმპორტიორებთანაც, მათი შევიწროვება ამ ბაზარზე ხარისხით, ფასით. არადა, ახალ ბაზარს ვქმნით, დარგს ვაღორძინებთ, რეგიონებს ვასაქმებთ...
    – თქვენი აზრით, რას ემსახურება საბანკო მექანიზმით ამ ფინანსების ოპერირება ? ვისთვისაა ხელმისაწვდომი მსგავსი სესხები ?
    – ალბათ იმ კომპანიებისთვის (ძირითადად უცხოური ინვესტორების) რომელნიც უკვე არსებობენ ბაზარზე და მათ შეეძლებათ იაფი სესხით საბრუნავი კაპიტალის გაზრდა, ან წარმოების გაფართოება. ხოლო სოფლის მეურნეობის შემორჩენილი კვალიფიციური მეურნეები იძულებულნი იქნებიან კვლავ მათ გაუწიონ მომსახურება მიზერულ ფასებად. ყოველ შემთხვევაში - ამ პროექტის - ვერც მესამე და ვერც მეორე კომპონენტით - ”გლეხი ფერმერად” ვერ იქცევა.

    კრიტიკა კარგია , როცა ალტერნატივას სთავაზობ ... თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი?
    – მე რომ ფონდი ვიყო? შესაბამისი მართვისა და კონტროლის მექანიზმით, გავცემდი საინტერესო პროექტებზე მილიონს თითოეულზე, გრანტის, ან ნაწილობრივ გრანტის სახით და საწყის ეტაპზე პირველად ბიძგს მივცემდი ახალ ტექნოლოგიებს. სამოციდან ნახევარმა პროექტმაც რომ გაამართლოს - დადებითი შედეგი ყველა ვარიანტში დადგება.
    – სად ხედავთ ამ პრობლემის გაჩენაში სახელმწიფოს, კონკრეტული სამინისტროს შეცდომას?
    – სამინისტრომ უნდა განსაზღვროს შიდა და გარე ბაზრის პრიორიტეტები, მოთხოვნების შესაბამისად. სამინისტროში უნდა ფუნქციონირებდეს კომპეტენტური კადრისგან შემდგარი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც უნდა ადგენდეს კონკრეტული რეგიონებისათვის შესაბამის სამეურნეო პროექტს (ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ანუ ალტერნატიული ენერგიების წყაროების ჩათვლით). სამინისტრო უნდა იყოს პრიორიტეტის განმსაზღვრელიც, მრჩეველიც, რეგიონის გლეხებისთვის, ფერმერთა გაერთიანებებისა თუ მეწარმეებისთვის შესაბამისი დაფინანსების მომძიებელიც (სესხის, გრანტის თუ ნახევრად გრანტის სახით).
    – კი მაგრამ, ეს მიდგომა ძალიან სოციალისტური არაა ?
    – სულაც არა. სახელმწიფო ხომ არ ერევა კერძო ბიზნესში, ის მხოლოდ სტიმულს აძლევს პრიორიტეტულ სფეროებს, თავისუფალმა ბიზნესმა რაც უნდა ის აკეთოს, თუნდაც შემოუერთდეს ამ პროექტს ... ფაქტია, ერთჯერადად საწყისი კაპიტალის შანსის გარეშე - ვერც საშუალო ფენა გაჩნდება და ვერც გლეხი ვერ იქცევა ფერმერად ...
     
    ექსპერტთა კომენტარები პრობლემაზე
     
    დემურ გიორხელიძე:
    „მესამე კომპონენტი“ უნდა იძლეოდეს კაპიტალის შექმნის საშუალებას. ინოვაციური კომპონენტია ის პროექტი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მეწარმეობის მხარდაჭერა მარტო ლოზუნგები არაა. მაგრამ ამას არ დაუშვებენ ის კლანები, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების ირგვლივაც ტრიალებენ. „ნაციონალური“ კლანები შეგნებულად ანადგურებდნენ ქართულ სოფელს. ახლებმა, შესანიშნავად მოირგეს ძარცვის ის მექანიზმი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა.
    „მესამე კომპონენტი“ ესაა ვიღაცის გასამდიდრებლად მოგონილი თაღლითობა. ერთადერთი ვინც ეს ვერ გაიგო, პრემიერ–მინისტრია მგონი საქართველოში. რატომ 60 ქარხანა და 12 0 არა? შენ მექანიზმი შექმენი და იქ შეიძლება სამასი ქარხანა გაკეთდეს. 60 ქარხანა ანონსირებულია და, როგორც ჩანს, ეს ფული წავა შპს–ებში. როდესაც ფული არაკონკურენტულ საფუძველზე ნაწილდება, მისი გამოყენების ეფექტურობა ყოველთვის დაბალია. ამ შემთხვევაშიც ფულს მიიღებენ ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან ახალ კლანთან. ამიტომ გაჩდნენ შავბნელი შუამავლები უკვე. ანუ ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ბიზნესთან. მაგრამ ახსენებენ გვარებს, ვისი გარემოცვიდანაც არიან და ეს გვარები საკმაოდ მაღალი დონის ჩინოვნიკებს ეკუთვნით. ამ პროექტის სტრუქტურა თუ არ შეიცვალა, შედეგი არ დაიდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერთი წელი დაიკარგა. წლის ბოლოს ანგარიში უნდა გაკეთდეს. თუმცა, ვწუხვარ, რომ სოფლის მეურნეობაში დასათვლელი ბევრი არაფერი იქნება.
     
    საქართველოში გასაოცარი რესურსებია. ინტელექტუალური, სამეცნიერო და ა.შ. მაგრამ ესაა შემორჩენილი რესურსი, რომელიც აღარ ვითარდება.
    ავიღოთ დღევანდელი თემა – ჭკვიანი ქართველი ადამიანების მიერ მოწოდებული უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ყველას ჭირდება და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას.
    შედეგი? ისინი ვერ ახერხებენ დაფინანსების მიღებას, არავის აინტერესებს ინოვაცია. სახელმწიფო შესყიდვებში ისეთივე სიბნელეა, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. უბრალოდ ახალი „რუხი კარდინალები“ მოვიდნენ. მცირე ბიზნესს არაფერი, საშუალოს – არაფერი, სოფელს – არაფერი სახელმწიფო შესყიდვებიდან. მწვანილს შუა აზიაში ყიდულობენ. აქედან დასკვნა – რაში ჭირდებათ ეს ტექნილოგია?! ჩვენ ასეთი სტრატეგიული და ინოვაციური პროექტების მონაცემთა ბანკიც კი არ გვაქვს. სამინისტროებში გონიერი ადამიანების ნაცვლად სხედან ორთოდოქსები ბენდუქიძის გუნდიდან.
     
    ეს ტექნოლოგია ამერიკელებს რომ გაეკეთებინათ, აუცილებლად გამოჩნდებოდა ფონდი ან კონკრეტული საქმიანი ადამიანი, ვინც ამისგან დიდ ბიზნესს გააკეთებდა. ეს ნიჭიერი ხალხი დადის ახლა საქართველოში და იხვეწება ყველასთვის საჭირო საქმე გამაკეთებინეთო!
    აი სადაა სიმახინჯე. 6 თვეა გასული და არ გადაიდგა არცერთი რეალური ნაბიჯი. აგრო სესხების პროგრამა, უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სისულელეა. ფონდი უნდა ყოფილიყო გარანტი. გამოდის რომ მივდივართ თაღლითობამდე. სოფლის მეურნეობის მინისტრი კირვალიძე და მისი მოადგილეები, არიან იმპორტიორების შენიღბული ლობისტები და არ დაუშვებენ, რომ საქართველოს აგრო სექტორი განვითარდეს. არაერთხელ მითქვამს, საქართველოში ხორციელდება შენიღბული საბოტაჟი, რომ წარმოება არ განვითარდეს.
     
    პაატა შეშელიძე:
    პროექტისთვის ფული გაიღო კერძო ფონდმა, ანუ მისი განხორციელება შესაძლებელი იყო სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. რახან სახელმწიფოს სახელით კეთდება, გაუგებარია რაშია ამ პროექტის ინსტიტუციური პერსპექტივა? გაისად ვინ დადებს ამ პროქტისთვის ფულს? რა ინსტიტუციურ ცვლილებას გულისხმობს ის?
    ამ მოცულობის დამატებითი საკრედიტო რესურსის ბაზარზე გამოტანა, ისედაც გააიაფებდა სესხებს. დღეს, ბანკებმა მიიღეს გარანტირებული სასესხო რესურსი, ფაქტიურად სახელმწიფო სუბსიდია და შესაბამისად, არ აქვთ მოტივაცია, რომ დეპოზიტების განაკვეთები გაზარდონ და სესხები შეამცირონ. სასესხო განაკვეთების კლება, რომელიც საბაზრო კონკურენციის გარდაუვალი შედეგი უნდა ყოფილიყო, აღარ მოხდება.
     
    მიმაჩნია, რომ ეს ფონდისთვის გამოყოფილი რესურსების გაფლანგვაა და არაა რაციონალური ნაბიჯი: ვთქვათ, თუ რაიმე რესურსი ბაზარზე შეიძლება გაიყიდოს 15% და ის მხოლოდ 0% გაიცემა, ეს ნიშნავს, რომ მას გამოიყენებს არა ის, ვისაც ის ყველაზე მეტად ესაჭიროება და მზადაა 15% –ის გადახდისთვის, არამედ ის, ვინც 0-დან 15%-მდე "ატკატის" გადამხდელი იქნება. როცა სახელმწიფოს ჩარევით რამე საბაზროზე დაბალ ფასად იყიდება, იქ აუცილებლად განაწილების დამატებითი ინსტრუმენტი, კორუფცია იჩენს თავს. კონკურენცია მოხდება არა ბიზნეს– გეგმებს შორის, არამედ ხელისუფლების "შინაურ ახლობლებს" შორის.
    პროექტი მცდარ მოსაზრებას ეფუძნება: აგრობიზნესს ჭირდება არა ფული, არამედ ცოდნა: აგრონომიული და სამეწარმეო. ამ ბიზნესს ჭირდება ახლი ბაზრები, მიწასა და რესურსებზე კერძო საკუთრების ხელშეუვალობა, კერძო ინვესტორებისადმი კარგახსნილობა და ა.შ.
    დიდი ალბათობით, სესხების უდიდესი ნაწილის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან მათი უმრავლესობა არამიზნობრივიად იქნება გამოყენებული, ხოლო სხვა შემთხვევებში, ფერმერებს მოუწევთ წამოწყებული პროექტების შეკვეცა, წარმოების საშუალებების გაძვირების გამო. არ გამოვრიცხავ ვალებში აღმოჩენილი "ფერმერების" დამატებით სუბსიდირების პრობლემასაც, თანაც პოლიტიკური კუთხით - თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე!–ს - პრინციპით.
    იაფი სესხების პოლიტიკა, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს განხორციელებული, არ მუშაობს ერთი უბრალო საკითხის გამო: ადამიანს ჭირდება არა ფული, არამედ ის რაც მათ ამ ფულით უნდათ რომ იყიდონ! მეტი ფულის შემოტანა ბაზარზე არ ნიშნავს, რომ ის მყისიერად მეტი საქონელი და მომსახურება გაჩნდება, ამიტომ პირველი რეაქცია იქნება წარმოების საშუალებებზე ფასების ზრდა: მიწა, მუშახელი, ტრაქტორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, საწვავი და ა.შ. ძველ ფასებში გაგეგმილი პროექტების გადახედვა კი ყველას ვერ შეეძლება, რადგან ამას დამატებით რესურსები დასჭირდება, რაც არ იქნება იოლად ხელმისაწვდომი.
    ეს იქნება ბინათმშენებლობის ბუმის მსგავსი – ბევრი წამოწყებიდან ცოტა დასრულდება და ბევრი გაკოტრდება. ბანკების და ფონდის ხელში, იპოთეკაში ჩადებული ქონების დიდი ნაწილი (მიწები, ტექნიკა, შენობა-ნაგებობები) გადავა, თუ სახელმწიფო არ დაეხმარება გაკოტრებულებს, მათ შორის ამის მოლოდინით შეგნებულად გაკოტრებულებს.
    გასათვალისწინებელია, რომ პროექტს არ გაჩნია მიზანი და ამ მიზნის შეფასების კრიტერიუმი. რაც მთავარია, თუკი არსებობდა თითქმის ერთი მილიარდი ლარის ფულადი რესურსი, რომელიც წელს სასოფლო-სამეურნეო საქმეებისთვის გამოიყო კერძო ფონდის მიერ, მისი გამოყენება გაცილებით უკეთესი იყო ლარის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
    P.S.
    ერთი საინტერესო გაანგარიშება : - თუკი ერთი გადამამუშავებელი საწარმოსთვის პირობითად საჭიროა ერთი მილიონი ლარი და ეს თანხა ბანკმა უნდა გასცეს, ხოლო 15% წლიური გადასახადი - ფონდმა თუ პროექტმა უნდა დაუფინანსოს, წელიწადში, საპროცენტო განაკვეთის თანხა 150 ათას ლარამდე გამოდის. შვიდი წლის პერიოდში ფონდს მოუწევს არანაკლებ მილიონი ლარის გადახდა ბანკისთვის პროცენტის სახით ... ანუ ბანკი ამ პროექტით ღებულობს გარანტირებულ პროცენტს ერთი ერთზე მოგებით... ბანკი თავის „ძირსაც“ რომ ამოიღებს ფერმერისგან , თუ მეწარმისგან, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ფერმერი თუ მეწარმე, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა რისკების გამო, არაფრისგანაა დაზღვეული და, წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება, სახლ–კარიც გასაყიდი გაუხდეს...
    აგრარული სესხების ფარგლებში ბანკებისათვის მორიგი მსხვერპლთშეწირვა მზადდება ?
     
    კატო ჩულაშვილი; "ქრონიკა+" # 3
  18. katya
    თერმოსის ყავას სხვა გემო აქვს... ბავშვობიდან მახსოვს. მოკირწყლული გზა, გრძელი აღმართი, მხარზე გადაკიდებული პატარა ლურჯ და შავ ფერში კუბოკრული თერმოსი, ბუთქუჩა თეთრი თავსახურით. მაგ თავსახურიდან ჩაის მოსმას დამსახურება უნდოდა... ანუ, იმ დღეს კარგი გოგო უნდა ვყოფილიყავი – "პაი ძევოჩკა" და "უმნიცა!"
     
    – ადე რა, ზიზინკა! მომშივდა, დროზე წამიყვანე კუკიაზე!...
    – ეკა! დაანებე თავი მიცვალებულს, არ შეიძლება შეწუხება.
    – არ წუხდება, მიცინის და ვითომ ძინავს, მაინც ვერ მომატყუებს. ვიცი სადაც უნდა დავუღუტუნო და გაცოცხლდება მაშინვე...
    – არც გაბედო მიკარება, აგეწიწკნება კიკინები! გამოდი, ოთახის კარი უნდა დავკეტო...
    სანამ მეორე ოთახში ფაცი–ფუცობენ, ტირიან და ლაპარაკობენ...ლაპარაკობენ... ლაპარაკობენ... 2 სკუპით ვხტები ლამაზ ხის ყუთში, სადაც ზიზინკა თავს იმძინარებს. მუცელზე ვაჯდები, რომელიც უცნაურად აქვს გამაგრებული. ზიზინკა წინააღმდეგობას არ მიწევს და უჩვეულოდ მშვიდია. წინ ვცოცდები და ორივე ხელით ვუღუტუნებ ყელში. ზიზინკას თავისი საყვარელი კრევდიშინის კაბა აცვია, გიპიურით გაწყობილი. წვრილი ღილები ბოლომდე აქვს შეკრული... არადა ბოლო 2 ღილს არასოდეს იკრავდა. ვბრაზდები და იმ 2 ღილს სასწრაფოდ ვაძვრენ ჰაეროვანი პეტლიდან. განვაგრძობ ღიტინს.
    – ზინკულ! არავინ არაა, მარტო მე და შენ ვართ. ცალი თვალი გაახილე, რაღაც უნდა გაჩვენო, ვექაჩები გადაჯვარედინებულ თითებზე. ისინიც მაგარია და ცივი...
    უკვე ვბრაზდები მისი სიმშვიდით. მერე ყველაზე ნაცნობ ხერხს მივმართავ:
    –ზინაიდა ილიაროვნა, სიცხე მაქვს მგონი და ყელი მტკივა! წამო რა მალინის მურაბა მოვიპაროთ!
    ისევ დუმილი...
    – ზინკა ფეხის თითზე ფრჩხილი ჩამიბრუნდა, წავიდეთ შენს პედიკუსისთან, არ გეცოდები?
    მე და ზიზინკას ზუსტად ერთნაირი ფეხის ცერი გვქონდა და ზუსტად ერთნაირად გვიბრუნდებოდა ფრჩხილი...
    ალბათ ხანგრძლივი და უშედეგო ჯაჯგურისგან დავიღალე...
    ელისაბედის კივილი მაღვიძებს:
    – დიდუუუუ!!!! დევიქეცით, მევისპეთ და დევიფსეთ! რა უნდა ბაღანეს კუბოში?!
    აი იქ ატყდა, რაც ატყდა: ერთმანეთის გინება, წყევლა, დაბრალება...
    2 წუთში, ვიდრე მე თვალებს ვიფშვნეტდი, "დიდი ელისაბედის" (დედაჩემის ბებიის, ანუ ზიზინკას დედის) დასკვნაც დაიდო:
    –არ ხართ თქვენ ამ ბაღანეს ღირსები! დურაქები ხართ ვსე პოდრიად! მკვტარმა ზინამ რაფერ უნდა გაჯობოთ ძეტკას მოვლაში?
    მასხურეს მარა რა მასხურეს ნაკურთხი წყალი... გარეგანად, შინაგანად, ლამის ოყნამდე მივიდნენ... საცერში მახედეს, კიკინის ბოლო მომიტრუსეს, ნახშირები მისვეს შუბლზე და ლოყებზე... ფაქტია – 2 დღე გვერდის უცვლელად მეძინა, მხოლოდ ამჯერად ჩემს საწოლში.
    მერე ზიზინკას ლამაზი ყუთი სადღაც წაიღეს...
    სადღაც კი არა, იმ კუკიაზე, მე რომ ყოველ დღე დავყავდი თავისი იაშკას საფლავზე. – კარგი ჰაერია, ნაძვების ქვეშ ძეტკა კარგად ჭამსო! თავს იმართლებდა, ვითომ ჩემს გამო დადიოდა ამხელა გზას. არადა ქმარი ენატრებოდა, ხომ ვიცი...
     
    დღეს, უფრო სწორად, უკვე გუშინ, მე,ნიკა და დეიდაჩემი იმ დიდი ხნის ნაცნობ კუკიაზე ავედით...
    ადრე უფრო ბევრნი დავდიოდით. დღეს ჩვენს მეტს ან არ შეეძლო, ან არ ეცალა... იქ უკვე სამნი არიან – იაშა ბაბუა, ზინოჩკა და შუროჩკა. ანუ სიძე და დები. სულ მომლოდინე თვალები აქვთ. პაწაწინა ფოტოებს დიდხანს ვერ ვუყურებ...
     
    ნიკასთვის აქ ყველაფერი უცხოა და თავისთავად საინტერესო....
    ძველი კუკია, ჩემი ბავშვობის საყვარელი ტანკით... ცენტრალური გზიდან ზუსტად 547 ნაბიჯია. მარჯვნივ ვიღაც ცნობილი მოჭიდავის საფლავია ჰაერში აღმართული საფეხურებით.
    – მაგით დაიმახსოვრე, როცა სახლში აღარ ვიქნები, აქ ვიქნები და როცა მოგენატრები, ადვილად რომ მომაგნოო...
    დღესაც ზამბახები ვუყიდე. გიჟდებოდა ზინოჩკა ზამბახებზე. მე სულ მეშინოდა მაგ ყვავილის. რატომღაც, რაღაც უცნაურ ცხოველს მაგონებდა სულ, თან დაფლეთილს...როცა გარდაიცვალა, თავისი საყვარელი კაბა ჩააცვეს, ზამბახებიანი "აბორკით".
    შუროჩკასთვის ყველა ყვავილს ერთი ფასი ჰქონდა – ალერგია აწამებდა ჩემსავით დამტვერვად–ყვავილოვან წარმონაქმნებზე...
     
    ესეც მოჭიდავის საფლავი, მარცხნივ ვუხვევთ ბილიკზე ნიკა ფეხდაფეხ მომყვება, სულ მაბიჯებს ფეხს, თან კითხვას კითხვაზე მაყრის:
    – დე! აქ ვინ ცხოვრობს? მე ვიცნობ? ისინი მიცნობენ? რომ მივალ გამარჯობა უნდა ვუთხრა და ვუთხრა რომ ნიკა ვარ ჩუვაშილი? ეს საჭემები რო მოვუტანეთ, შიათ? ჩვენც უნდა ვჭამოთ თუ მარტო იმათმა? დე! ამ სახლებს გალიები რატო აქვთ? აქ მარტო სურათები ცხოვრობენ და არ ლაპარაკობენ?
    კიკვიძეების საგვარეულო საფლავსაც მივადექით. აქ ერთ დროს ყველაფერი ლაპლაპებდა. მარმარილოს მრგვალი მაგიდის მხოლოდ ფეხია დარჩენილი. მარმარილოში გამოკვეთილი მარქსის და ენგელსის "კაპიტალი" დიდი ხნის წინ "აითვისეს'" მხედრიონელებმა... ასე გვითხრა დამლაგებელმა.
    ნეტა რათ უნდოდათ? ალბათ სამუზეუმე ექსპონატად უფრო გამოდგებოდა, ან "არაჩვეულებრივი გამოფენისთვის"...
     
    ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენს სიახლოვეს სიჩუმეა საფლავებზე. ისეთი სიჩუმე, აღდგომასაც რომ არავინ მოდის...ნიკამ ეს "სიჩუმე" 15 წუთში გამოასწორა, ისე გაერთო საფლავებზე კვერცხის გადაგორებით...
    ვზივართ მე და დეიდაჩემი საფეხურზე, ვსვამთ თერმოსის ყავას, ვეწევით და ვდუმვართ...
     
    – გზა ხომ გახსოვს, იმ მოჭიდავის საფლავთან მარცხნივ უნდა გადაუხვიო და ბოლოში... შენს მეტი ჩემი ამომკითხავი არავინ იქნება ვიცი, დეიდა!
    –კარგი ახლა ნუ დაიწყე მელოდრამა...
    –დე! რატო არ მოდიან ისინი?
    – ვინ ნიკა?
    – აი ვისთანაც სტუმრად მოვედით.
    – ისინი ვერ მოვლენ დე, აქ არიან, მიწაში და ზევიდან გვიყურებენ.
    –თუ მიწაში არიან, ზევიდან როგორ გვიყურებენ?
    – გვიყურებენ და უხარიათ რომ აქ ხარ.
    – შენ არ გიხარია? შენი ბებია გინდა ხომ... თუ გინდა ამოვთხრი ჩემი ხმლით და სახლში წამოვიდეს, ვთხოვ...
    – არა დე, ამოთხრა არ შეიძლება...
    – აბა არ მინდა იტირო...
    – კარგი, არ ვიტირებ...
    – მომეწონა მე ეს კუკია....იზო! წამომიყვან კიდევ, რომ მომშივდება?..
    – კი, გენაცვალა იზო! აბა რას ვიზამ?..
     
     
    წამოვედით ფეხით, დაღმართზე.
    სიჩუმეში ზიზინკას საყვარელი ფრაზა გამახსენდა: Когда жизнь дает вам тысячу причин, чтобы заплакать, покажите ей, что у вас есть тысяча причин, чтобы смеяться...
     
    "ახალი ცხოვრების" დასაწყებად ყოველთვის მხოლოდ ფურცლის გადაშლა არ კმარა... ზოგჯერ წიგნის გამოცვლაც აუცილებელია...
    ყავამშვიდობისა!
     
    კატო ჩულაშვილი
  19. katya
    იქ, სადაც ძველად ჩხაოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა...
    სხვა რამეებიც გავაშენეთ, იმის მიხედვით, ვინ და რა სად და როდის ჩხაოდა.
    ტრადიციული კულტურა ავჩეხეთ, ტყეში ქაცვის მოსავალს მივენდეთ, ამერიკული პეპელა მოვიშინაურეთ, ცხორი!ცხორი!–დან მებოცვრეობამდე ჩამოვყალიბდით.
    გასაღების ბაზრებიო, უცხოელი ინვესტორებიო, საადგილ–მამულე ბანკებიო და ამასობაში, ჯიში დაგვეკარგა და მასთან მიმართებაში, ყველაფერი საჯიშე...
    მერამდენედ ვატრიალებთ ჭავჭავაძეებს საფლავში?! დიდი ბატონი ალექსანდრედან – ილიამდე...
    მაგათ მიწა უყვარდათ, მიწის ფასი იცოდნენ და იმ მიწის მოყვარული გლეხის ფასიც...
    ალექსანდრე ჭავჭავაძე რამ გამახსენა და რამაც გამახსენა, მაგას მოგვიანებით დავწერ... მიყვარს და პატივს ვცემ არა "გოგჩის" გამო, "ვაჰ, დრონი, დრონი" უფრო აქტუალურია ახლა... ალექსანდრე დიდი მეურნე კაცი იყო, დათიკომ არ გაუმართლა...
    მოკლედ, ბოლო 2 საუკუნეა ქართულმა სოფელმა ისეთ კაზუსებს, კატაკლიზმებს და რებუსებს გაუძლო, თავმოყვარე ქვეყანა სახელსაც გადაირქმევდა, მსოფლიო საზოგადოების ისტორიულ შეცდომაში შეყვანისთვის. აბა რისი "გეორგიელები" ვართ ჩვენ? თუნდაც "ხეორხიელები?"
    მინისტრები გვყავდა ისეთი, დედალ–მამალ ძროხებს ეთამაშებოდნენ ვარსკვლავების ნაცვლად.
    „სოფლის შენებას რა უნდაო?!“ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვმღერით კი არა და მთელი სერიოზულობით ვკითხულობთ ქართველები... თუმცა, სიმღერით ნაშენები სოფელიც გვინახავს, ცეკვით დანაყრებული ლაზარეც, შიმშილისგან მოცეკვავე ბრეგაძეებიც, გაჭიმული კვაჭარახიც და პრასიც ყველა ოჯახში.
    სულ ცოტა ხნის წინ ერთმა მსუყედჩასუქებულმა კაცმაც „მოინდომა“ ქართული სოფლის სუფრულით და ტაია–ტაიათი აშენება, სპეციალური ინსტიტუტიც კი იყიდა, უნივერსიტეტადაც გადააკეთა, მომავალი თაობის განათლებისა და ძლიერი სოფლისთვის ჩემი კისერი და თქვენი „სეკატორიო“, მაგრამ, როლში რომ შეიჭრა და თავი სამშვიდობის დაიგულა, გამოტყდა, რომ არც სოფელი ეხატება გულზე, არც სავარგულები და არც ნაჯაფარი გლეხები. ამ „სიყვარულის“ ანგარიშში, ხელისა და ქვეყნის უფალთ, მიწის კანონიც გადააკეთებინა,– რას მიქვია ქართული მიწა, მიწა იმისი უნდა იყოს, ვინც მოუვლის და გამოიყენებსო! ჰოდა, ყიდეს და იყიდეს უცხოტომელებმა და „უჯიშოებმა“ საუკეთესო, ნოყიერი და ბარაქიანი.
    მაგ ამბებზე რომ ვფიქრობ, სულ ავტომატაკიდებული და ჩაფხუტიანი მახარაშვილი მახსენდება: „ეტა ჟე ვინაგრად, სლუში! ტი ეგო ნე პახალ, ნე საჟალ... ტი ეგო ტოლკო კუშატ ლიუბიშ!..“ გამოგიტყდებით და, მაგ ფილმიდან ტანკიდან ამომხტარი „სუკინ სინისთვის“ ის გემრიელი გალაწუნებაც ყველაზე მეტად მომწონს... მოკლედ, „სარანჩებმა“ სოფელი თავზე დაგვაქციეს და ხელახლაა ასაშენებელი.
    –„მე ვიყივლებ, შენ იცეკვებ და სოფელიც აშენდებაო!“ – უთხრა მამალმა ძაღლს...
    გაუდგნენ გზას და იმ გზაზე იყო ზუსტად, ის „მესამე ხმა“ – აფერისტი მელია რომ შემოეფეთათ.
    ის მესამეა, ახლაც რომ ურევს – მესამე ხმა „მესამე კომპონენტში“...
    „არევაში“ რაც ვიგულისხმე, მოგვიანებით მიხვდებით, თუ უკვე არ მიხვედრილხართ.
    იმ „დიად ოქტომბერშიც“ მასე იყო – მიწა გლეხებსო! ფაბრიკა–ქარხნები მუშებსო...
    მოვიდა „მესამე ხმა“ და იქაც აურია... არადა, მეც, თქვენც და სხვებსაც ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ. ჩვენ, ყველას წელში გამართული ქართული სოფელი გვინდა – საკუთარ თავს რომ ინახავდა, ქალაქელებსაც და კიდევ გასაყიდიც რჩებოდა.
    თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებო... მამალმა იყივლა, ძაღლმაც იყეფა, მაგრამ სოფელი ვერ აშენდა. რატომ?
    –როგორც კი წახვედი, მტაცა ხელი და მომიტაცაო!
    ეს მელიები ხომ აღარ გამოილია სოფლის გზაზე!
    მამლის, თეთრი ხორცის და იდეის გამტაცებლები ყოველთვის იყვნენ, არიან და, სავარაუდოდ, იქნებიან ქართულ რეალობაში?
    ასეა თუ ისე, ჩვენ ყველანი ისტორიული მომენტის წინაშე ვართ, ანუ ესაა კიდევ ერთი შანსი ქართული სოფლის, შესაბამისად, ეროვნული ეკონომიკის გადარჩენის. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ფინანსურ კაპიტალზე უფრო საჭირო, ღირებული და დეფიციტური მაინც ინტელექტუალური კაპიტალია და თუ დღეს ჩვენში ზოგიერთები სინდისის დეფიციტს განიცდიან, ეს სულაც არ იქნება მათთვის შემამსუბუქებელი გარემოება, როცა შემოდგომაზე წიწილებს მიითვლის საზოგადოება.
    ყავამშვიდობისა კი არა და, სოფლის შენებისა!!!
     
    კატო ჩულაშვილი
  20. katya
    კვირა არც ისე დიდი დროა ისტორიისთვის, მაგრამ სრულიად საკმარისია ერთი საშუალო ბლოგისთვის საჭირო ამბების მოსაგროვებლად.
    კვირასაც გააჩნია და ამბებსაც. თუ ისე გაგიმართლა, რომ ერთმა ოქტავამ ორი მნიშვნელოვანი თარიღი გააერთიანა – ერთი ჭეშმარიტად ეროვნული და მეორე აბსოლუტურად ნაციონალური, სალაპარაკოს რა გამოლევს. ჰოდა, ვილაპარაკოთ...
    საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის თანახმად, ჩვენ, ადამიანებს, სხვა დანარჩენ თავისუფლებებთან ერთად, გვაქვს სინდისის თავისუფლება, ანუ გინდა იქონიებ ამ რაღაც სინდისს და გინდა – არა.
    ამ საკითხში შეზღუდულები რომ ვიყოთ, წესით, გასული კვირის „გმირების“ აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებით ჩვენებას თუ არა, ძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნაზე მაინც უნდა წერდეს განცხადებას, მაგრამ...
    მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ გასული კვირა დიდი დაბნეულობის, იმედგაცრუების, ფუჭი მოლოდინების და ლოგიკური ფინალის კვირა იყო.
    მარტო ის რად ღირდა, ტვ "იმედმა" რომ „საქართველოში ქართული ენის დაცვის დედათა დღე" მოგვილოცა... ამ დღეს ყველამ იზეიმა შესაძლებლობების ფარგლებში, ანუ, იმის მიხედვით – ვის რა მიზნით, დანიშნულებით და კონტექსტით ესმოდა და სჭირდებოდა 1978–ის 14 აპრილი.
    სამწუხარი ისაა, რომ, მოგვიანებით, ისტორია ისტერიაში და მორიგ ჰომოფობიურ გამოხტომაში გადაიზარდა, რაზეც უმცირესობის ლიდერ გოკა გაბაშვილს არც ისე უსაფუძვლოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა და ეს იყო ის პირველი შემთხვევა, როცა მე პირადად, გაბაშვილ–შვილს დავეთანხმე. სხვათა შორის, ბატონი გოკას მამა –გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ძმები ახალაიები "ნაციონალური მოძრაობისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურები არასდროს ყოფილან. რას უნდა მივაწეროთ ბატონი კოტეს აღორძინება ქართულ საინფორმაციო სივცეში, არ ვიცი. გოკამ მშობელთა კრებაზე დემაგოგიაში ღვაწლმოსილი მამა მოიყვანა?
    კვირა ჯანსაღად დაიწყო და არაჯანსაღად დასრულდა უგულავების ბუდეში. თუ ქალაქის მერმა კუს ტბაზე მოწყობილ ფესტივალზე „მასმედია-ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის“ აქო, ადიდა და აჯილდოვა, მისმა ძვირფასმა, გლამურულმა და სელებრითმა მეორე ნახევარმა მართვის ერთწლიანი უუფლებობა „აირტყა“ არაჯანსაღი ქმედების გამო. როგორც დავით სოკოლოვი იტყოდა, გასული საუკუნის 80–იანებში, „მოჯირითე მძღოლ“ – ლელა კილაძეს, ჯირითის კამპანიის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. და კიდევ კარგი ეს ის ნაცარი არაა, ფენიქსისგან რომ რჩება...
    კიდევ იყო ის, რომ, 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მოთხოვნით, სამოქალაქო გაერთიანება - "დროას" წევრებმა, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს. „ჯერ სადა ხართ!“ ფორმატში ვართ, მსგავსი რამეები აღარც უნდა გვიკვირდეს.
    ვაღიაროთ! ყველაზე მეტად გამბედაობა გულწრფელობისთვის გვჭირდებახოლმე... ჰოდა, კარდენახელმა 73 წლის ვალიკო ღირსიაშვილმაც ალალად აღიარა, რომ გარდაცვლილი მეგობრის მეუღლე, 70 წლის ანა მართლა მოიტაცა. თუ ისე მოსწონდა, რომ თავისთვის უნდოდა, მა რა უნდა ექნა, კაცო?!
    მთელი კვირა იყო აქტიური მზადება დაანონსებული სიურპრიზების და გარდატეხების დღისთვის, რომელსაც, შიგა და შიგ, მხოლოდ პირადი ინიციატივით, ხელს უშლიდა პატრულის ზოგიერთი თანამშრომელი, რისთვისაც, ირმა ნადირაშვილის დასამშვიდებლად, მათ პასუხი მოეთხოვათ.
    მერე იყო დათა ახალაიას მუქარა ყოვლისშემძლე ვანოს მისამართით სოციალურ ქსელში. მერე, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადება – დავით ახალაიასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, ამიერიდან, ჩემთან დააზუსტეთო.
    როგორც მივხვდი, ახალაიების ინტერესებს, ამიერიდან, თეა თუთბერიძე აღარ დაიცავს? არადა, რამდენი იმუშავა საკუთარ თავზე და მასებზე... მაინც უმადურები ყოფილან თუნდაც დიდი და საჭირო ინფორმაციის მატარებელი ახალაიები...
    რა შუაში იყო სათაურში ფენიქსიო, იკითხავს ზოგიერთი ჩასაფრებული. მაქამდეც მივედით და, იმას და იმას შუა რაც იყო, იქამდეც...
    ბევრი ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ გავარკვიე მეორე ღონისძიების თუ დღესასწაულის ორგანიზატორებთან –„ცხრამეტაპრილობა“ , ამიერიდან, „მოძრავი დღესასწაული“ იქნება თუ პირიქით? სამაგიეროდ, ის დაზუსტებით ვიცი, რომ ფენიქსი – მითოლოგიური ფრინველია თვითწვის უნარით, რომელიც გრძნობს სიკვდილის მოახლოვებას და წინასწარ იწვავს თავს, რომ შემდეგ ისევ აღდგეს ფერფლისგან...
    რაღა დაგიმალოთ და, დეჟავუს შეგრძნება ამ დღეებში მეც თქვენსავით არ მასვენებს...
    ჰო, კინაღამ დამავიწყდა – ფენიქსი მრავალ მითოლოგიაში მუდმივი განახლების სიმბოლოა, რასაც ვერ დავადასტურებთ თუნდაც უახლესი ქართული რეალობით.
    მოკვდე, რათა გადარჩე ყველაზე არ ჭრის...
    სამაგიეროდ, ჩვენში არსებობს ტრადიცია – მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი... სამწუხაროდ, ხალხური სიბრძნე იმაზე არაფერს ამბობს,როგორ ვიქცევით აღდგომის დაუძლეველი სურვილით შეპყრობილი და ცოდვებით დამძიმებული მიცვალებულის შემთხვევაში...
    მრწამსი ამბობს – „მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მას საუკანოსასა“...
    ზეციური პარამეტრებით ადამიანურობაში უფალი წყვეტს – ვინ რისი ღირსია, მიწიერ პოლიტიკაში – ხალხი.
    პრინციპში, ორივე განზომილებაში წესი მარტივია – აღდგომაც, მეორედ მოსვლაც და დამატებითი შანსიც უნდა დაიმსახურო!!! საეჭვოა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკაცრავად, აწ უკვე „ახალი ეროვნული მოძრაობა“ ამას ოდესმე მიხვდეს.
    ჩვენში დარჩეს და, ძველი საქონლის ახლად გასაღება თუ შესაღება არაკეთილსინდისიერ ქმედებად ითვლებოდა აქამდე...
    მარკესის ცნობილი ნაწარმოების ხსენება აქ უკვე ბანალურად მეჩვენება. საკმარისია სულ 2 სიტყვა და განწყობა სახეზეა – გამოცხადებული და სიკვდილი.
    პოლიტიკური უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერის აზრით, ცნობა ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალების შესახებ მართლაც გადაჭარბებულია. მე კი ეს შეფასება კოლეგიალური სოლიდარობის გამოვლინება უფრო მგონია, ვიდრე რეალური ანალიზი...
    საზოგადოების უმრავლესობის აზრით, პარლამენტის ექს–თავმჯდომარე იმ დღეს სწორედ ისე იღიმებოდა, ერთ გაცვეთილ კითხვას რომ შეეფერება – „რა გიხარია შე გაჭირვებულო, ცოცხალი რომ ხარო?“
    ერთი სიტყვით,19 აპრილს, მარკ ტვენიც და მარკესიც სერიოზულ შარში იყვნენ, რომ არაფერი ვთქვათ ილია–აკაკის ტანდემზე პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ.
    როცა პარტიაში ხიდჩატეხილობის პრობლემა დგას და, ამის გადაფარვის მიზნით, ილიას ციტირებ, ფაქტიურად, ხავსსაც ვეღარ ეჭიდები და ან ღორთან მიდიხარ ჯაგარზე, ანუ მუხასთან რკოსთვის... ესენიც ხომ კაცნი არიან – ადამიანები და ჭერში ბუზების თვლა თუ მათთვისაც მშობლიურია, შინაგან ხმას და ინსტინქტებს რა მოუხერხონ?..
    როდესაც საუბარია პოლიტიკური ძალის პრესტიჟზე და გავლენაზე, მისი შეფასების ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი ნდობის ხარისხი და ადამიანურ რესურსია. აქცენტი ამოცანის შესაბამისად, კეთდება ან ხარისხზე, ან რაოდენობაზე, იქ უკვე დანარჩენი „მომყოლია“– თვისობრიობა, ფუნქციურობა და ა.შ.
    იმ დღეს ბაქრაძისთვის მნიშვნელოვანი იყო აქციის მხარდამჭერთა ხარისხი, ვაშაძისთვის – რაოდენობა, რა თქმა უნდა, მიკროფონის და სმენადობის ხარისხის პარალელურად, რადგან ჩვენს თვალწინ დაიბადა „ნაციონალური მოძრაობის“ , უკაცრავად, „ახალი ეროვნული მოძრაობის“ ახალი სპიკერი, რაც არც ისე მოეწონებოდა გიგის, რომლისთვისაც, თავის მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სხეულის პარამეტრები და კმაყოფილი ჯალაბია.
    ჯალაბი ვახსენე და აქვე ვიტყვი, რომ დავით ბაქრაძის მეუღლისთვის მისი მეუღლე და ქვეყნის ევროპული კურსი ერთ რანგში მოიაზრება, რასაც ვერ ვიტყვით ქალაქის მერის მეუღლეზე, რომელსაც სულ აღარ სცემს პატივს პატრული და მართვის უფლების ჩამორთმევას უბედავს. პოლიტიკური დევნაა, აბა რა ჯანდაბაა? დიდი ამბავი, თუ ლელა კილაძე, თავისი ნამთვრალევი რეაქციით, ვინმე უდანაშაულოს გადაუვლის... ამ ქალაქში უარესებიც მომხდარა ჩინოსანთა მეუღლეების წყალობით, სურვილით და განკარგულებით.
    ამ მასშტაბების მსხველპრშეწირვისგან დაგროვილი ქოლესტერინის და შლაკების შემდეგ, სულაც არ მიკვირს, რატომ დაუავადდა „ნაცმოს“, როგორც ცოცხალ წარმონაქმნს მთავარი საყრდენი ორგანო – ხერხემალი. მასაც კაი მსუყედ ნეგატიური მეუღლე ჰყავდა – ქალბატონი თაკო სალაყაიას სახით და სად იყო ნეტავ 19 აპრილს თაკო სალაყაია? ან ქვეყნის პირველი ლედი – სანდრა რულოვსი? ნაცმოს ყრილობა თუ სიამაყით გახსნა ნახევრადცარიელ სტადიონზე , რუსთაველზე, ასეთი გაჭირვების ჟამს, რანგით არ ეკადრებოდა მოსვლა თუ მორალურად არ შეეფერებოდა?
    „ ...როდესაც კარტის თამაშს გიხსნიან, ერთ ჩამორიგებას ისე ჩამოარიგებენ, ტყუილად: წესები რომ ისწავლო და ნიუანსებში გაერკვე. წაგება და მოგება არ ითვლება. ცხოვრებაც ასე უნდა იყოს. ორ ყრად. ჯერ ვარჯიში, რომელიც „არ ითვლება“, მერე - ნამდვილი. სადაც ყველაფერი მკაცრად მოგეკითხება. '' /ჯემალ ქარჩხაძე/
    არც ცხოვრებაა ორ ყრად და არც პოლიტიკა ცხოვრებაში.
    აუცილებლად დგება დრო, როცა ყველაფერი მოგეკითხება და ამიტომაც იყო 19 აპრილი...
    თუმცა, 19 აპრილამდე 1 ოქტომბერი იყო. თავის მოტყუება უბრალოდ ყველაზე დიდი ტყუილია და არა მაშველი რგოლი. ჰო, ტყუილს შეიძლება ლამაზი თვალები, მაგრამ, მაინც მოკლე ფეხები აქვს...
    საკუთარი წარმოების რეჟიმის ეპოქაში, ეს ცოცხალი წარმონაქმნი ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. თუმცა, ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ თევზი თავიდან ლპება.
    ჰოდა, იმ თავსაც მივადექით – მოღალატეები ვირთხებივით გაიქცნენო,არ დამალა რუსთაველზე ექსპრომტად შემოქროლვილმა სააკაშვილმა, – რითიც კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა, რომ ნაცმოძრაობა ამ ვირუსგადამტანი მღრღნელების სამჭედლოდ ჩამოყალიბდა.
    მაშინღა მივხვდი, რატომ იყო ამ ღონისძიების სლოგანი „ ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!“
    –"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა რიგით პოლიციელს ოპოზიციის მიტინგის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. საკუთარი თვალით ვნახე, რომ მათ სანიმუშოდ დაიცვეს წესრიგი და აჩვენეს მაღალი დონის ორგანიზებულობაო, – ზუსტად ასე თქვა ნაცების პრეზიდენტმა და ეს მის მეგობარ ვანოს არ ეწყინებოდა? აბა ვანოს რომ მისი „საკუთარი პროექტი“ დემორალიზებული და დეგრადირებული ეჩვენება? მაგრამ რა ქნას ვანომ, თუ კონტრაქტს მეგობრობაზე 20 წლიანი გარანტია აქვს?
    ერთი სიტყვით, 19 აპრილით მიშაც კმაყოფილია, ბიძინაც, თვით რიჩარდ ნორლანდიც და აბა ვინ დარჩა უკმაყოფილო, ვერ გავიგე?
    კიდევ იცით რა ვერ გავიგე? – რატომ აბრალებენ ნოდარ ხადურს გია ხუბუას უნივერსიტეტში აღდგენის ლობირებას? მოდი და გაიგე, ხადურს ყავს მტრები თუ ხუბუას – მოყვრები?
    ეგეც არაფერი, მთავარია, გამგონმა გაიგოს, როცა ზურგს უკან შენზე კარგს ლაპარაკობენ, ეს კუბოში პირქვე წოლის პირველი სიმპტომია...
    თუ საკუთარ ოცნებას შეგნებულად ღალატობთ, და თქვენი ოცნებები სხვას უსრულება, თავზე ნაცრის წაყრას აზრი აღარ აქვს, არც ნაცარში გაგორებას. არასოდეს დაუხშოთ საინფორმაციო ღრუ მათ, ვინც თქვენთვის თვალის ახელას ცდილობს. ხალხს არ უყვარს, როცა როცა დაპირებულ რაღაც–რაღაცეებს რაღაცნაირად აკეთებენ..
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  21. katya
    ვიდრე გასული კვირის შთაბეჭდილებების ქვეშ მოყოლილ ტრამვებსა და ორმოცნაკერიან მოტეხილობებს „ვიჩვენისებდით“ და, ზოგიერთები, „იმ ჩვენისას“ სასწაულებრივ გადარჩენას ზეიმობდნენ, ახალი კვირაც გაოთხშაბათდა...
    მერე კიდევ მე მეტყვიან – დროის ფასი არ იციო, არც შენი თავის ფასიო... ჩემი ღრმა რწმენით, მაგის მთქმელებს რომელიმე ოთხშაბათს, აუცილებლად გაეყოფა ენის წვერი და ჩახვდებიან საკუთარ მისიას დედამიწაზე, მაგრამ დღეს, როცა ჩემი კაპიტალის ბაზარს ინფლაციის ქრონიკული შიშები სტანჯავს, გადარჩენის შანსიც და ჭეშმარიტებაც ყავაშია.
    როგორც დიდი შოთა იტყოდა, ჩემს დაბადებას და შემოქმედებასთან ზიარებას რომ მოსწრებოდა – ოდეს ყავა გაიაფდეს!... ჰოდა, მაგ დღეს ნუ დაელოდებით... რისკის ალბათობა იმდენად დიდია, თქვენც დაიღლებით და მეც კაპიტალის არამიზნობრივ ხარჯვაში შეიძლება დამადანაშაულონ.
    გასული კვირის მაგალითზე მაინც ისწავლეთ, რომ „არამიზნობრივი“ ხარჯი არ არსებობს, არსებობს შორეულ ჰორიზონტებზე დამყნობილი წინდახედულება, გამოხატული მაგალითად 3500 ლარიან სამაჯურში...
    კიდევ მაგალითად? რა პრობლემაა?
    მაგალითად, ნახევარმილიონიან ესპანელ მზარეულში, რომლის მოწვევის აზრი მაინც ვერ გავიგე, თუ მაგისი მოთუხთუხებული საჭმლის მერე ის „ჩვენისა“ და „მაგის იმისა“ (ანუ გიგილო უგულავა) ავსტრიაში დაეხეტებოდნენ გასახდომად უიმედოდ მენჯგანიერნი და ბარძაყგალიფენი.
    მაგალითადო და პრეზიდენტის შვილების სწავლა–განათლება, მეგობრების საჩუქრები და პატივისცემა, ჰიბრიდულ ვოკალურ დუეტებში, სადაც ერთი აუცილებლად „ მსოფლიო დონის ვარსკვლავობაშპყრობილი დიაცი“ უნდა ყოფილიყო, ცუდი მაგალითებია?
    მაგალითად, ჩვენს პრეზიდენტს რომ ბათუმის „აღორძინება“ არ აეჩემებინა, ის „არაპროფესიონალი“ თურქი მძღოლი როგორ მიხვდებოდა– ვისთან დაჯახების პატივი ერგო?
    –ვიცნობ მაგასო! ეგ ის არაა, თურქებისთვის ბათუმში „როზვი ბულვარი“ რომ გააკეთა, მაგან გაიხაროს თავის ჰარამ–ხანაშიო. –ნამყოფი ვარ მე ბათუმში და აი 2 რეისს რომ გავაკეთებ, ისევ ჩამოვალო, თან ხაშსაც ჩამოვუტან თქვენს პრეზიდენტს ჩემი გადარჩენის ანგარიშშიო...
    ისე, მოდი და ნუ გეწყინება – ყველა დაუბანელი როგორ ჩვენი გასახვანჩალებელია. მექისე და ჭრელი აბანო დიუმას და პუშკინის დროსაც კი ფუფუნება იყო თბილისში და უგულავას და მიშას ის ცნობილი „კარენნოი თბილისელი “ ყავთ „კაჩეგარად“ გოგირდებში გაფორმებული?
    ეჰ, ძმებო ნაცენო! ის დროა, სწორედ რომ ხოხბისა თქვათ და ჟღალი მომინოსიც ზედ მიაყოლოთ...
    ჭადრაკის თამაშს შეეშვნენო, კადრების გადინების გამოო და შაშზე გადასულანო. ვერაფერი შეღავათია. დღეს დამკაში რომ გახვიდე, სულ მინიმუმ, ორიენტაცია უნდა შეიცვალო...
    ვიცოდი რა! ვიცოდი! რათ უნდოდა მაგას ყავის ფინჯნის გადმობრუნება, „ტაროს“ გაშლა ან ნახშირი და ქორწინების ბეჭედი წყლიან ვერცხლის თასში?
    რა ვიცოდი და ნაციონალების გრანდიოზული აფეთქების ამბავი, რომელიც „ახალ სამყაროს“ მისცემდა დასაბამს. „კვერცხუჯრედიანთა“ გენსაც ჰქონდა ალბათ კაცობრიობისთვის, გამოცდილების თვალსაზრისით, გასაცემი. იმისიონერეს და მიდიან...
    მათგან ზოგიერთს სიტყვა „ღალატის“ მნიშვნელობა ან დაავიწყდა, ან არასოდეს ცოდნია, ან ვეღარც გაიგებს...
    იქნება მამა როლანდი აღშფოთებული, აბა არ იქნება?! მისი შვილი რომ ეული თუთბერიძის დასაცავი გახდა... ხომ უნდა ამ ყველაფერს გაძლება? ძილს და მოსვენებას ვინ ჩივის?
    ხომ დაემუქრა რამდენიმე დღის წინ ვანოს, ჰოდა, უსრულებს უკვე. არ ღირს მაგ საქმეში ჩარევა, თვითონ უკეთ იციან დეტალები...
    დიდი გნიასია სანაცეთში. ისინი წერას ვერ აუდიან და ჩვენ კითხვას. ყველა ერთად ლაპარაკობს, ერთმანეთს არ აცლიან და ამის ერთადერთი მიზეზი არსებობს – უბრალოდ, არაფერი აქვთ საპასუხო, ანუ არაფერზე პასუხი არ აქვთ.
    მე პირადად მოუთმენლად ველი, როდის გაასაჯაროებენ იმ 50 კაცის (ქალისაც) სიას, რომლებიც ყოველ დღე უნდა დაიჭირო მხოლოდ ჰაბიტუსის გამო. ამ სიის სათავეში რომ ყველაფრის მცოდნე, ყველაფრის ექსპერტი და ყველაფერზე ხელისმომწერი ხუხაშვილი არ მომიქციოთ, სერიოზულად მაწყენინებთ, იცოდეთ და სვით მერე სოიოს და მუხის ქერქის ყავა უზმოზე ტყეში სამჯერ...
    ახალაიას საქმეში 38 მოწმის ჩვენება იდენტურიაო და ამან კიდევ რაები დააბრალა მთელ სანათესავოს – რეჟიმის მსხვერპლიო... რის გამარჯვენებას ცდილობს ამჯერად ხუხაშვილი – ბაჩოს, საპატიმრო უფლების უკანონო შელახვას და უნებურ ზეწოლას თუ მერაბიშვილის თავზე დიდი კუშია გამოცხადებული?
    ბოლო დროს, რუხი მღრღნელები რუხ კარდინალებად ძალიან მარტივად გარდაიქმნებიან და ვითომ ჰაერშია რამე სათანადო ვირუსი თუ სათანადო კარზე?..
    დათა ახალაიას, მეგის ქარდავას და სოსო თოფურიძეს 18 აპრილს იჭერენო, ასე გავიგე. „სამი მუშკეტერი“ სარფის საბაჟოდან ეკვეთება საზღვარს და იქ „ჩაავლებენ“ კანონის ფარგლებში და შესაბამისად. რას ეტყვიან ისინი თეას და რას ეტყვის თეა მათ?! თუ იქამდე კბილაშვილი მოუსინჯავთ კბილს, ზუსტად ვერ გეტყვით? ეგებ ლაშას ეცადა ნაცვლიშვილს, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმჭვრეტველიაო ეგო, ამბობენ. ფრიად ნათელი გონება და სხარტი აზროვნება აქვსო და აბა რაზე ვნერვიულობთ, ვერ გავიგე?
    ინერვიულოს ვანომ, და კიდევ იმ ორმა ქალბატონმა „უმრავლესობიდან“, რომელთა ე.წ. არც ისე კდემამოსილი კადრების გასაჯაროებით, ყოვლისშემძლე მეგისი იმუქრება. ავი და ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, პატივცემული ვაჟა ლილუაშვილის თავისუფლება სწორედ ამგვარი კადრების არსებობის დამსახურებააო, ოღონდ ის სხვა „მეოცნებე“ ქალბატონს უნდა უმადლოდესო. მოკლედ, როგორც ნაცები იტყვიან, დრო გვაჩვენებს, ვინ დააფიქსირა კამერამ...
    ისე, მაინც, გავკადნიერდები და შეგახსენებთ, რომ, ზოგჯერ, მოთმინება ყველაზე შეუფერებელ მომენტში იწურება და თავდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას გამოცდას უწყობენ...
    რაღაცა უცნაურად დასრულდა გასული კვირა – ჯერ იყო და ვანომ იხუმრა ტატიშვილის ეთერში „იმედის“ ლოგოთი დამშვენებულმა.
    მენიშნა, აბა არ მენიშნა? ბავშვობაში სადღაც მაქვს გაგონილი თუ წაკითხული – დანაშაულის ადგილას ნამდვილი დამნაშავის მიახლოვებისას მსხვერპლს ჭრილობები ეხსნებაო... ასეა ვანო! ბავშვობაში რომ ის წიგნები გეკითხა, რასაც მე მაკითხებდნენ, უფრო წინდახედული იქნებოდი და უფრო ფრთხილი. მდინარესთან ჯდომა კი გიყვარს იმ შენი მთავრობის მოძმე ჩინელებივით, მაგრამ, გვამები გერევა უკვე და არც დროა მართლა ისეთი მკურნალი, როგორც წიგნებში წერენ. არსებობს დანაშაულები, ხანდაზმულობის ვადა რომ ვერაფერს აკლებს მათ „ბრწყინვალებას.“
    ერთი სიტყვით, კვირის იუბილარი ვანოსთვის ახლა ნერვიულობა ბაირამობაა... სხვა რა საქმე აქვს?
    ჩემს სახელზე ერთი კითხვა მინდა ძიებას ჩავამატებინო ყოფილი ხერხემლის მორიგი დაკითხვისთვის – როგორ ფიქრობს ცხოვრების გაგრძელებას, როცა ინერციითშერჩენილი და ბუტაფორიული ძალა–უფლება ამოეწურება? საქმიანობის გაგრძელებას სოფლის მეურნეობაში ხომ არ აპირებს? ქართული მიწის კადასტრის მამად რომ მოევლინა ერს, მაშინ კი უნდა მიეღო რაიმე ნიშანი, რომ ვაი–ოს ველები, ოდესმე, საუკეთესო მალამო იქნებოდა მისი „არა“ და „ნეკა“ თითს შუა მიგდებული სულისთვის.
    ვინ–ვინ და ნინო შუბლაძემ საკუთარ ტყავზე და უახლოეს მანძილზე იგემა მიშიკოს არაკები და რამდენიმე დღე ნუ ადგება ლოგინიდან, გამოშუშდეს... რამდენი აჭირა ფეხი მაზოლზე და უპაჭუნა თვალი თავის პრეზიდენტს, მაგრამ, რომ არ გაჭრა?
    არც ისე მარტივადაა კონკრეტულ შემთხვევაში საქმე და ვერ გაიგო ამ ხალხმა. იმისთვის რომ გაიგონო და გაიგო კითხვა, მხოლოდ ყურები არ კმარა. მაგათ შორის კიდევ უნდა იყოს რამე.
    გამოგიტყდებით და ვაღიარებ – სულ ტყუილად ვაკრიტიკებდი ნაციონალური საქართველოს კარის მემატიანეს. რაც ამ დღეებში ჩვენს უახლეს ისტორიაზე ვერსიები მოვისმინეთ, ყველას უპირობოდ მასხარაშვილის ვერსია თუ არ სჯობდეს, მე არ მოვესწრო 19 აპრილის აქციის ციფრულზე აღბეჭდვას...
    მიშიკომ, ძიებასთან არ ვითანამშრომლებო! სტრასბურგში, ჰააგაში, ჯანდაბაში და კიდევ იმის იქით წასულხართო! უმადურების ხროვა ხართო! კაი, ჯანდაბას, ვიყო ჩაუშესკუ და კადაფი, მაგრამ ეს მილოშვიჩი რაღა უბედურებააო?! ეს ნამეტანიაო...
    იურისტი კაცი ვარ, წესიერი, პატიოსანი ოჯახიშვილიო. მაინც და მაინც პურის რიგში უნდა მოვკვდე, რომ მასას და ბრბოს შეგიყვარდეთო? ნურას უკაცრავადო! არც დაკითხვაზე მივალ და არც გადავდგებიო, არ მინდა და მიტომო...
    „არ მინდა“–ზე, იმედია, მზია ბებო გააკეთებს სათანადო შეფასებას და რეაგირებას, მაგრამ ამ იურისტს ეგებ აუხსნას ვინმემ კვალიფიციურად, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე გზის სხვადასხვაგვარად გავლა, მაგრამ დანიშნულების ადგილები, ანუ პუნქტები ამით არ იცვლება და არც ჩვენ გვინდა რაღაც–რაღაცეები, თუ მასეა, ბიჯოს!.
    მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ბიძინა ივანიშვილის უფასო კონსულტანტი გახდესო. ამას ისევ ბიძინაზე აკიდება უნდა არა? არაა ბიძინა ის კაცი, ვინმეს შრომა არ დაუფასოს, მითუმეტეს ასეთ „გულანთებულ“ და „გაჭირვებულ“ პრეზიდენტს. კარგ ხელფასს დაუნიშნავს იცის, მაგ „ოლია მათხოვარმა“.
    ეს გამოწვევაა ბიძინა! არ უნდა დატოვო ეს ამბავი ყურადღების გარეშე, მაინც ეგააო შენი ხელწერაო – „ყოფილების“ დაბრუნება კომპეტენტურობის არგუმენტითო და ეს ერთი არგუმენტირებული ბრალდება მაინც გაატანინე უმცირესობას...
    სასამართლო, როგორც იქნა, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად აღადგინა.
    სამაგიეროდ ხაჩიძე დგას ისევ ჩაწოდების სიმდაბლეზე...
    ხანგრძლივი შვებულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმაც კი დატოვა თანამდებობა..
    ისე, ბიჭებო! და გოგოებოც! აქეთაც და იქითაც, წვრილმანებზე ტყუილებს მაინც მოერიდეთ, თორემ მაგან კვალიფიკაციის დაკარგვა იცის და ეგრევე „იხიშტები“ პირველივე მსხვილმან ტყუილზე. არადა, ზოგჯერ რა ჰაერივით საჭიროა, თუნდაც ტყავის გადასარჩენად...
    ეგეც ვიცი, რომ, ყველაზე მეტად თავის მართლება უდანაშაულოს უჭირს.
    თბილისის რა გითხრათ და , 19 აპრილს, 18:00 საათზე ნიუ-იორკში, მანჰეტენზე პატრიოტების დიდი ფართი–აქციაა ჩანიშნული, კახა ლომაია იხდისო და მიდით, რა გენაღვლებათ?! ჯიბის ბოლო გაფართხალებაზე ნუ მოიმდურებთ, გაეროში ნამუშევარი კაცია ბოლო–ბოლო. ზოგან სიტყვა ეთქმის და ზოგან ანეკდოტი...
    ვწერ და სულ იმაზე ვფიქრობ, ვაი და, თეა, ოღონდ, ამჯერად „იმათი“, მართალი რომ აღმოჩნდეს, მაშინ?!.
    არასოდეს თქვათ არასოდეს!
    დამიჯერეთ! ცხოვრებას იუმორის საოცარი გრძნობა აქვს...
    ყავა აქა და მშვიდობაც აქა... არ გვაქვს ახლა ჩვენ ზედმეტი ხარჯის ფუფუნება...
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  22. katya
    თუ ადამიანი 80% წყლისგან შედგება, მაშინ ის, ოცნებებისა და სურვილების გარეშე, უბრალოდ ვერტიკალური გუბე გამოდის და სხვა არაფერიო.. ამიტომ, როცა რაიმეზე ან ვინმეზე გიმტკიცებენ, რომ რჩეულია, აუცილებლად დააზუსტეთ ამომრჩეველი და შერჩევის კრიტერიუმები.
    თქვენც იგივეს გრძნობთ ხომ? ამ ბოლო დროს, რაც უფრო მეტის ამოკითხვას ვცდილობ სტრიქონებს შორის, უფრო ნაკლებად მესმის ღია ტექსტების.
    არადა ახლა, აპრილის მიწურულს, ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე, ფანჯრის გამოღებას ან მკერდის მოღეღვას რა სჯობს, მაგრამ ვაიდა ვერ გაგიგონ?!...
    გაგებას ჩვენში მალე დააზღვევენ. იქამდე კი გაიგებდით, რომ თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო. საშემოდგომო სესიები უკვე თბილისში განახლდებაო. ჰოდა, აბა ვის გაუმართლა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, თამარ კორძაიას. აგერ ამინდებმაც მოუსწრო, მერე საზაფხულო არდადეგებიც შემოესწრება და...
    ახლა ერთი–ორჯერ კი მოუწევს ქუთაისში ჩასვლა, პროცედურის რეჟიმში. გაპარლამენტარება ხომ მაინც უნდა მიულოცოს უმრავლესობამ. თანაც, კულუარებში ჩურჩულებენ, ვინც ქუთაისური პარლამენტის მტვერი ყლაპა, პენსიები უორმაგდებათო. უმრავლესობა მაგ ამბავს, რა თქმა უნდა არ ახმოვანებს და ამასობაში უმცირესობას კი გაევსო არებით ჟურნალი... იმდენი „არა“ აქვთ, წლის ბოლოს 5–იანი როგორ უნდა გამოვუყვანო ან პრემია, არ ვიციო, გულწრფელად შფოთავდა გასულ კვირას ზაქარია ქუცნაშვილი.
    არჩევნებზე ვამბობდი, 3 გასისინებული 41 შევა ამ დღეებში პარლამენტში. საკუთარი სიმპათიების მიუხედავად, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. მართლაც რომ გულწრფელი ყოფილიყო პატივცემული პრემიერი პარლამენტში მესამე ძალის შესვლასთან დაკავშირებით, იმას მაინც ვერ შეურიგდებოდა და არც უნდა შერიგებოდა, – ოქტომბრის არჩევნებიდან 6 თვის თავზე, ოცნების თუნდაც შუალედური რეიტინგის ვარდნა დაფიქსირებულიყო.
    როგორც იტყვიან, მუნდირის საკითხია... თუმცა, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია – ნაძალადევმა საკუთარი ოცნება ამჯერად მართლა გადააარჩინა.
    რამდენი რამ ვიცოდი ბიძინაჩვენზე, მაგრამ მაგ კაცს თუ ზვიად ჩიტიშვილის ვალი ექნებოდა, რას ვიფიქრებდი?! შეწუხებულია ეგ ადამიანი, რამე რომ არ აწუხებდეს, კი არ ირბენდა კორპუს–კორპუს და იძახებდა – „ოცნება და ბიძინა ჩემთან ვალშიაო!“ ჰოდა, განა რამდენი გაქვთ ჩიტიშვილის ვალი, ბატონო პრემიერო? დაუბრუნეთ სასწრაფოდ, რომ გადაუხადოს წინასაარჩევნოდ 100 ლარად გადაბირებულ ოცნების ელექტორატს, თორემ, არ მოისვენებს ეგ და სოლოლაკის გზას მიასწავლის მაგ ხალხს, ბიძინამ გადაგიხადოთ, მაგის გამო ვერ აგისრულეთ, რასაც დაგპირდითო....
    აი კუკავას კი ნამდვილად აქვს საამაყო მიზეზი. მან თავისი შედეგით დაამხო მითი „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პოლიტიკურ ძალაზე და ძალიანაც კარგი ქნა.
    ამიტომაც ჩაუმსხვრიეს ჩემი ეზოს ნაციონალებმა მის საარჩევნო პლაკატს განსაკუთრებული სისასტიკით სათვალე და წაჰკვეთეს ყურები. ერთი სიტყვით, თემქელი ნაციონალები პოსტ–საარჩევნო პერიოდში რაღაც უცნაური რიტუალებით იმშვიდებენ გულს და მედიტირებენ.
    მართალია ჩემი მეზობელი ჟუჟუნა – როდის უნდა მოისპოს ეს მავნე ტრადიცია – მაჟორიტარი კანდიდატების პლაკატების ნებისმიერ სიბრტყეზე გაკვრა. წებო მაინც შეცვალონ, კაცო! 5 დღის წინ სამარშრუტო ტაქსიდან ხეზე მიკრული გუგავას საარჩევნო პლაკატი დავინახე, ვერაფრით მივხვდი, რა ჭირდა. მაგის მიმინოსებრ გამოხედვას როგორ ვერ ვიცნობდი, მაგრამ, ვიღაც ძალიან გულისხმიერს, ხის კოჟრებიან ნაწილზე ისე გაეკრა მისი პირი–სახე, გამიჭირდა ამოცნობა – მტრის ნახელავი იყო თუ მოყვრის. ეტყობა, მაგ ხესთან შალვამაც ჩაიარა ამ დღეებში და იმიტომაც გაიძახის – “ივანიშვილმა პირველივე არჩევნებზე მასობრივი ფალსიფიცირების ყველა რეკორდი მოხსნაო“.
    არა, შალვას პატიოსან სიტყვას და გულწრფელ ღიმილს სულ სხვა ძალა აქვს. ასეთ კაცს რომ უღალატებ და ისე უღალატებ თან რომ ოფისის ძარცვას დაგაბრალებს თანაპარტიელს, რა ნამუსით უნდა დაიძინონ „ნათლით გაპენტილ“ ლეიბებზე ზოგიერთებმა?
    თქვენც შეამჩნევდით – ნაცებმა ერთმანეთზე ისე დაიბანეს ხელები, ნაბან წყალს გადაყვებიან მალე. იმდენი ქნეს, ლამის ჩვენც მიგვაჩვიეს საკუთარი ბრიყვული საქციელის ჭკვიანური სიტყვებით გამართლებას.
    სააკაშვილის აღგზნებადობამ გასულ კვირას საშიშ ნიშნულს მიაღწია. სამაგიეროდ, აწი ეცოდინება, რა საშიშია პრემიერს ჩახედო თვალებში!
    იმ საღამოს, როცა ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოში სიტყვით გამოვიდა, სტრასბურგში საპარლამენტო დელეგაციის უმცირესობა ვახშმის გარეშე დარჩა. ჩემი აზრით, ამაზე მარიამ საჯაია ნამდვილად ობიექტურად წუწუნებდა.
    ბიძინა, როგორც იტყვიან, „ხამად“ კი ნაციონალებისთვის მშობლიურ სივრცეში, მაგრამ, იმ მომენტში მაინც ძალიან შურდა მისი მიშას. ერთადერთი, ვისაც ეგ ამბავი არ შეშურებია, ივანიშვილის წინამორბედი პრემიერი გახლდათ. ვანო მხოლოდ მსუბუქი კრიტიკით შემოიფარგლა. არ გინდათ, არ წარმოიდგინოთ ვანო ევროსაბჭოს წინაშე მოხსენების პროცესში, თორემ თემურ გიორგაძე თქვეს გადარჩენაზე პასუხს არ აგებს.
    მიხეილმა კი სერიოზულად იდარდა – ხუმრობა ხომ არაა? მისი ტკივილი და თავსატეხი პრემიერ–მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არა მარტო სიტყვით გამოვიდა, არამედ, პირისპირ შეხვდა ჟან კლოდ მინიონს, დინ შპილმანს, ვოიცეკ სავიცკის,ნილს მუჟნიეკს თვით ჟანი ბუკიკიოს და ტომას მარკერს და მსგავს ევროპულ პოლიტიკურ ელიტას. ეს რაც ოფიციალურადაა ცნობილი და, რაც არაოფიციალურად?! ინერვიულებდა ბიჭი, აბა არ ინერვიულებდა? ჰოდა ადგა და თავადაც გაიშხუილა შტატებში, სამუშაო ვიზიტით, რა თქმა უნდა...
    სოსო ცისკარიშვილს თუ ვენდობით, საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" გარეშეც მიაგნებს ევროპასო. ჰოდა, პრემიერ მინისტრის გამო შერცხვენილი ჩიორაც დაცხრეს ეგებ. სამაგიეროდ, როგორი ამაყი იყო მიშას მიერ ვეტოს უფლების გამოყენებით!?
    მერე უკვირთ მაგას და ნასარიძეს ქუჩაში რომ წაუთაქებენ. საჯარო ბიბლიოთეკასთან რომ იდეის გამო ცხვირს გაგიტეხენ, ეგ ფაქტიუად საწარმოო ტრამვაა, მაგრამ ფალიაშვილზე არაფრის გამო გალაწუნება, მართლა ნამეტანია!.. ნწ–ნწ გიგა!
    გასულ კვირას ოთხმა ელიტურმა ნაცმა დასტოვა სამშობლოო. პრეზიდენტის საპარლამენტო მასხარა ხაჩიძე, მგონი მართლა სულელი და შედარებით პატიოსანია... აბა, ეგ რატომ არ გარბის? თუ ყველა „გაქცევას“ თავისი ფასი აქვს?
    გაიხაროს პატარკაციშვილების ოჯახმა, რომ პროდიუსერი ალინა არველაძე ოჯახს, შვილს და სამზარეულოს დაუბრუნა...
    დავით ბაქრაძე გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისევ ალაპარაკდა სახელმწიფო მასშტაბით. ამდენს ბაქრაძე როგორ მიხვდა არ ვიცი, ოჯახის ბიუჯეტს დაეტყო ულიმიტო მობილური კავშირგაბმულობის ტვირთი, როგორც ჩანს.
    ადამიანის ნაშიერი 2 წელს ანდომებს ლაპარაკის სწავლას და მთელი დანარჩენი სიცოცხლის მანძილზე დუმილს სწავლობს. ახლა მაინც ხვდებით, რა ფუნდამენტური განსხვავებაა ვანო მერაბიშვილს და კობა დავითაშვილს შორის?
    რა თქვა ახლა კობამ ისეთი, რაც არ უნდა ეთქვა და რაც არ უნდა სცოდნოდა ჯანდაცვის მინისტრს, მაგრამ ბოდიში მაინც მაგას მოახდევინეს. ყურიც აუწიეს ოფიციალურ დონეზე, მაგრამ მაინც აპატიეს რესპების ჯინაზე. სადაზღვევო კომპანია `არქიმედეს დირექტორი რომ საგანელიძის ძმისშვილი ყოფილა, ამას კობასგან უნდა ვიგებდეთ?
    დანარჩენი ხუთოსნების მღელვარების ფონზე ყველაზე მშვიდად თბილისის ამაყი მერი გამოიყურება. მართლა რა გინდათ ამ გიგისგან? დაინახა თუ არა მზე, მყისიერად მიაფიცხა თავისი კულტურული ბირთვი. ნელ–ნელა მაგისგანაც დადგება მეურნე, ახლა მაგ ბირთვის სოლარიუმის თანხებს ვეღარ აუდის. თან მუსიკის თანხლებით და სიმღერ–სიმღერით მიღებულ ბუნებრივ რუჯს სულ სხვა პეწი აქვს. მერიის, ანუ უგულავას რუჯის დღეები კვირას ოფიციალურად გაიხსნა მუშტაიდის პარკში და ყოველ შაბათს გაგრძელდება თბილისის სხვადასხვა პარკებსა და სკვერებში, სავარაუდოდ, მზის სრულ დარტყმამდე.
    გაეროში საქართველოს ყოფილ მუდმივი წარმომადგენელს კახა ლომაიას, საგარეო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი უმრავლესობის მოქმედებები, სპილოების ჯოგს აგონებს, რომელიც ანტიკვარული ნივთების მუზეუმში აღმოჩნდა. ანტიკვარებად ეგენი როდისღა მოინათლნენ? აბა ახლები, ეროვნულები და მოძრავები ვართო?
    კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები" დატოვა და "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ უდავოდ საინტერესოა, ოლეგა ბრენდია ფაქტიურად, უბრალოდ მისი ღირსებების შრეებში ყველა ვერ აღწევს.
    ვიღაც ჭკვიანს უთქვამს ადრე – როცა მწყემსს ცვლიან, მხოლოდ ფარას ჰგონია, რომ პატრონი იცვლებაო...
    ისტორიაში შესვლა ადვილია, ბაბაიებო! იქიდან გამოსვლისა რა გითხრათ?
     
    კატო ჩულაშვილი
    (გაზეთი "ქრონიკა+", #2)
  23. katya
    ავდგები და გეტყვით პირდაპირ ყავამშვიდობისას! – მიკიბვ–მოკიბვების და ახსნა–განმარტებების გარეშე. ბოლო დროს ხშირად საუბარს თავს ვარიდებ, ან თავისმართლება გამომდის, ან – ჩვენების მიცემა, რაკურსს გააჩნია...
     
    ყავა დამიგვიანდა.. კიდევ კარგი, მშვიდობას უფრო ძლიერი მესვეურები ჰყავს. წესით, დასასჯელიც ვარ არასტაბილურობის გამო, მაგრამ სტაბილურობა იმდენად შედარებითია... შეფარდებითიც... როგორც ქვეყნის პირველი იურისტი იტყოდა – სხვა დროა, სხვა რეალობა...
     
    ლიმონი გამთავებია... სამაგიეროდ მაქვს ფორთოხალი. ნეტავ როგორია ყავა ფორთოხლით? თავიდან ბევრმა ფორთოხალს და მე–9 სიმფონიას შორის კავშირიც ვერ დაინახა. ბოლო დღეებია ამ კავშირზე მექანიკურად ვფიქრობ... კიდევ ერთხელ ბრავო ბერჯეს!
    რამდენიმე ხნით შაბიამნის დიდ პარტიას ქუთუთოების პაწაწუნა სარჭები შეცვლის... კეთილი ნებით არჩეულ ბოროტებას, ხშირად, ფორთოხლის სუნი აქვს. ნეტავ როგორი სუნი აქვს შიშს, სიხარულს, მოლოდინს, დასასრულს ან დასაწყისს?
    თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "სულ ცოტა ხნის წინათ კოლექტიური ანომალია გვჭირდა", ყავა ფორთოხლის არომატით სულაც არ უნდა იყოს გაუსაძლისი...
    ბოლო დროს, მომწონს იუსტიციის მინისტრის ციტირება. ადრე მსგავსი სურვილი არასოდეს გამჩენია, თუმცა, საიდან უნდა გამჩენოდა?!.
     
    ერთი სიტყვით და 2 კოვზი ყავით(შაქარი გემოვნებით), დღეს, 21 ნოემბერს, ისევ გწერთ, თქვენ კითხულობთ... ან იქნებ არც კითხულობთ და საკუთარ თავს ვწერ...თუმცა, ვიცი, მეგობრები მაინც არ გამწირავენ მონოლოგისთვის...
    რგორ მოვხვდი „აღიარებული მარსიანელი“ პლანეტა.გე–ზე, მაგას ჭორადაც გაიგებთ, ამ დღეებში კი უფრო მნიშვნელოვანი, ყურად –საღები და თვალად –სახედი ამბები მოხდა.
     
    რაც დღეს შეიძლება პარადოქსად გვეჩვენებოდეს, ხვალ ნორმად მოგვეჩვენება და ასე იქნება სულ...
    მთავარია, იმაზე დამეთანხმოთ, რომ ცხოვრება არა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის რაოდენობით, არამედ სუნთქვისშემკვრელი წამებით იზომება, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსებმა ყველაფერი იღონეს და დაგვარწმუნეს 2–ჯერ 2–ის ოთხობაში, თანამედროვე მეცნიერება მაინც უძლურია სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვასთან მიმართებაში – „სად ვიშოვოთ ფული?“
    ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დავასკვენი, რომ ყველაზე გრანდიოზული იდეები „ წამოკოტრიალებულების“ თავებში მწიფდება... ამ თემაზე იმდენი სათქმელი დამიგროვდა, უკეთესია, თუ დუმილის უფლებას გამოვიყენებ. ვისთვისაა უკეთესი, ეს მერე გაირკვევა.
    ერთი რამ ნამდვილად შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, – ვიდრე ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი იქნება, პატიმრებში ციხიდან გაქცევაზე ფიქრიც კი გამორიცხულია.
    „ხოხ! რა მართლა დიდი გულის ქალი ყოფილა, ეს ლალი მაროშკინა! მაგის გულს ვენაცვალეო! – ჩემმა მეზობელმა წურწუმიამ ბრძანა გუშინ...
    "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, წალენჯიხაში, ბაჩო ახალაიას გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყესო. სოფელ საჩინოში, სადაც 3000-მდე კომლი ცხოვრობს, ხალხი ისე გათავხედებულა, 60-მდე ხელმოწერა ძლივს შეუგროვებია გელანტიას. ამბობენ, დაშინებასა და ზეწოლას ადგილი არ ჰქონიაო.
     
    ჰოდა, ესაა ცხოვრება? ხალხს რომ ვერ დააშინებ?!
     
    გუშინ ვისი ოცნება ასრულდა არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია – ამჟამინდელი ოპოზიციისგან დევნილობაში გასამართლებული ირაკლი ოქრუაშვილი უკვე გლდანის საპატიმროშია. შეშურდება ახალაიას აბა არ შეშურდება? „ოქრო“ საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს და ბაჩომ მაგაზე რამდენიმე დღე იჩალიჩა... ერთი სიტყვით, ფაქტია, ოქრუაშვილმა ბაჩანას ელვისებური გამოჩენა მოჯოკრა და, ჯილდოდ, მის სიახლოვეს მოითხოვა სასჯელის მოხდა.
    ახალაიას ქცევაზე მოროშკინას გავლენა უკვე თვალშისაცემია. ამას თვით თუთბერიძეც გრძნობს, მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როცა გრძნობები უძლურია...
    გადაეხლართება მალე სამართალს ნაწლავები ამდენი პურის ჭამით და მაგაზე ნერვიულობს „დარჩო“ აბა სხვა რა აქვს სანერვიულო? ნეტა მაცოდინა, მართლა ასე ეშინია მაგას რუსეთის თუ, საქმეს ჭირდება, რომ ასე ეშინოდეს?
    დარჩიაშვილი იმ ფაქტსაც შეუშფოთებია, „ აბსოლუტურად უმწიკვლო“ თენგიზ გუნავა, ძველმოდური იარაღის ტარების ბრალდებით რომ დააკავეს. აბა ჰკითხეთ ბატონ დარჩიაშვილს, რა უფრო დიდი დანაშაულია – უკანონო მოსმენები თუ საარჩევნოდ მოქალაქეებში დიდი ფულის დარიგება? დიდი ფულის დარიგებას სტიქიით დაზარალებულ კახეთში იხვეწებოდა ივანიშვილი, მაგრამ ერთი კედლის კალენდრის და „მეტი სარგებელის“ გარდა ვერაფერი გაიმეტეთ.
     
    მოკლედ, ამხანაგო დარჩიაშვილო! სჯობს ჩამოყალიბდეთ. ნუ აშინებთ ბავშვებს და მარიამ საჯაიას კრიმინალებით. ისიც სრულიად საკმარისია, თქვენ რომ გეშინიათ.. ჰოდა, გეშინოდეთ მერე, ვინ გიშლით? სამაგიეროდ, კუკავას არ ეშინია. მოსკოვში ჩადის და ჩამოდის, რუს პოლიტიკოსებსაც ხვდება და, ერთ მშვენიერ დღეს, ფსოუს წყალზე თუ ჩაგიყვანათ და მწყურველი დაგტოვათ, სულაც არ გამიკვირდება.
     
    ისე, როგორც არ გამკვირვებია მიხეილ სააკაშვილის ხალათით და დაუვარცხნელი თავით გამოჩენა "ესპას ანრი შენოში". ეგ ახლა იმ სტადიაშია, როცა მთავარია იყო ბედნიერი და რა დასკვნას ჩაგიწერს ანკეტაში ფსიქიატრი, უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია.
    მთავარი ისაა, რომ სააკაშვილების გადადგომის პროცესი დაიწყო – საქართველოს პრეზიდენტის ძმა - დავით სააკაშვილი, 12 წლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადადგა.
    მოკლედ, ნაციონალური სასამართლოს ინკუბატორი კლანური წნეხისგან თავისუფალიაო და ვნახოთ!
     
    გუშინ გახმოვანდა, რომ არაერთი კითხვა გასჩენია, თბილისის მერის მიმართ, დიდი იუსტიციის პატარა დიასახლისს. ბევრმა მაგის კითხვები უკვე არც ისე სასიამოვნოდ დასცადა. პირადად ვიცი, რა საოცნებო რესპონდენტია, ქალბატონი წულუკიანი, მაგრამ, კითხვებით შეიარაღებულს, მტერსაც არ ვუსურვებ სიზმარშიც კი. ასე რომ, მე მესმის შენი გიგი! აშკარად გაქვს ნერვიულობის და რელაქსაციის მიზეზი...
     
    „არაფერი პირადული!“ –ეს პოლიტიკაა, ხოლო „არაფერი, პირადულის გარდა!“– უკვე გულწრფელობა...
    ჩვენ ის დროც გვახსოვს, შიშველი სიმართლე, პორნოგრაფიის ბრალდებით, კანონით რომ იდევნებოდა.
     
    რას იზავთ, ასეც ხდება! შეცდომას არ უშვებს ის, ვისაც ყოველთვის თავის სასარგებლოდ ეშლება... თუმცა, ყველაფერი წარმავალია...
     
    მე–7 ცაზე გამგზავრებისას, ყოველ შემთხვევაში, პარაშუტის წაღება არ დაგავიწყდეთ, რა იცით, რა ხდება?!
    თუ მგლები მაძღრები არიან, ცხვრები საღ–სამალათი, ახლო–მახლო აუცილებლად იკუნტრუშებს განტევების ვაცი.
    ჰოდა, ყავამშვიდობისა!
     
    კატო ჩულაშვილი
  24. katya
    ღმერთს შუბლი შეუკრავს, მოღუშულა. მართლაც, როგორი
    ამბავია, ტალახიდან კაცი შეჰქმნა, ის კი აგიხტეს, კრიჭაში ჩაგიდგეს, არ მომწონს,
    არ გეთანხმები, მეტი მინდა, უკეთესის ღირსი ვარო. მაგრამ ღმერთი კი არ
    გაბრაზებულა, შესცოდებია გაუმაძღარი ტალახი. აბა, რიღას ღმერთი იქნებოდა და
    რიღას შემქმნელი, თუ წინასწარვე ვერ განსჭვრეტდა, რა ძვირი დაუჯდებოდა ეს
    პირველი გაბრძოლება თიხის კაცუნას. ოთარ ჭილაძე „მარტის მამალი“
    გუშინ ისეთი ამბავი გავიგე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წმ. ნიკოლოზი უმაგრესი ტიპია, „ჩვენიანი“! რომ, ყველაფრის მიუხედავად, სასწაულები მაინც ხდება აგერ, აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე... რომ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს გვერდით ამ წუთას არიან ადამიანები, ვისაც დიდი ხნის ლოდინის, ტკივილის და იმედგაცრუების შემდეგ, ყველაზე სანუკვარი ოცნებები უსრულდებათ.
    ეი შენ, მანდ! მაღლა თუ ჩვენს მარჯვნივ ან მარცხნივ... უხილავო გონო და ხელო! შენ მაინც ნუ მიგვატოვებ რა!
    წყევლაც და ლოცვაც მათზე ჭრის, ვისაც ცხოვრების ლიცენზირებული ვერსია აქვს ..
    ჩვენ ბიძია მხართეძოზე გვინდა ცხონება.. არადა, ზოგჯერ, ზოგისთვის, სამოთხეც შეიძლება ჩიხი აღმოჩნდეს...
    ჯერ-ჯერობით აქ ვართ, მიწაზე, დიდ „საქმიან ეზოში“ და ერთი გვირაბიდან მეორე გვირაბში გამავალი შუქის დანახვა ისე გვიხარია, როგორც შვილის პირველი კბილი...
    რას ვიზამთ?! ასეთი ინფანტილურები და სენტიმენტალურები ჩამოვყალიბდით - გული და თვალი ადვილად გვიჩუყდება...
    უძრავი ქონება გააძვირეთ, ცოტა მიდექ-მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, მთლად ჩვენი ფეხების იმედად ნუ იქნებითო - დამოძღვრა ქუთაისლები პრემიერმა. საპარლამენტო ქალაქის შემდეგ საუნივერსიტეტო ქალაქიც ხდებით, საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელ რკინიგზასაც გიშენებთ ბატონო. აწი თქვენს მარიფათზეა დამოკიდებული ბანტიანი გიტარით იქეიფებთ თუ უბანტოთიო.
    ისადა, საქართველოს მთავრობავ, დაგეწყოთ ბარემ „ქართული პურიჭმის“ კულტურული ძეგლის სტატუსის კამპანია ქუთაისიდან. თემატურიც იქნებოდა, სიმბოლურიც და ეკონომიურიც. ქუთაისს ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსი და დიდება თუ ეკუთვნის, ეგ პატივი აღარ ეკუთვნის ვითამ? გული გვიგრძნობს „კაიძალიბიუჯეტი“ იქნება „ქართული სუფრის“ გასაბრენდებლად გადადებული „შავი დღეების“ ფარგლებში.
    ხოდა, ჯიბე-გავასქელმა ჯიგრებმა, საპარტნიორო ფონდიდან, - ბარემ აქაა პრემიერიცო, ვიცეებიცო, საწნახელი გვინახონო. არც აციეს, არც აცხელეს, გააქანეს და კვირიკას Best Western Kutaisi -ს, ანუ 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მაკრატელი ჩაუდეს. საპარტნიორო ფონდის ყელმოღერებას საზღვარი არ ჰქონდა. ხუმრობა ხომ არაა, ამ პროექტში 1,4 მლნ აშშ დოლარი ჩადო და რამდენს ამოიღებს ეგ არაა ჩვენი საქმე.
    10 წლის წინ იმ ჩვენს გიჟს „ატკრივალკა“ რომ შევარქვი, შარზე კი არ ვიყავი? ალალად დაიმსახურა. ხოდა, მაკრატლები გადამალეთ! კრიჭი-კრიჭის გარდა ქვეყანა აქვს გასაბრწყინებელი მაგ კაცს. საკრიჭინოდ გყავთ გასიებული შტატი ყველა მუნიციპალიტეტში ...
    იქნებ, იმ ქართული ტურიზმის ახალ სახესთან ერთად, ვარდისფერი კვარტლების გახსნაც დააწყებინოთ პრემიერს - ტურისტულად მიმზიდველი თემაა ...
    ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ჩემი გულის რეჩხი ახდა. გამოტყდა უკვე ის „შავი ჯასპერა,“ კოდური სახელწოდებით - „ მე-6 000 000-ე“ - საქართველოში ცხოვრება მინდაო!
    ხომ ვამბობდი - ჩაგვისახლდება მეთქი? ქართველი ქალი არ მიჰგვარეს ჯერ?
    ეგ ტიპი აფხაზეთს რომ მოსწრებოდა ჩვენს შემადგენლობაში, მერე გენახათ გადარევა. არა უშავს, გადარჩენილია. არ გადაირევა, რადგან აფხაზეთში სამხედრო ქალაქს აშენებენ რუსი სამხედროებისათვის. “სამხედრო მიკრორაიონში” 19 ორსათულიანი სახლი ჩაიდგმება 300 ოჯახისთვისო.
     
    ამ დღეებში ორ სხვადასხვა ქვეყანაში დარეგისტრირებული 2 სხვადასხვა პარტიის ლიდერი მიშიკო ვიზალიბერალიზაციაზე მოლოცვებს ისეთი ენთუზიაზმით იღებდა, თითქოს საქართველოს პასპორტი ედო უბის ჯიბეში.
    რა ქნას, ვერ ამოიგდო გულიდან საქართველო! ძალიან გრძელი ბოღმის ჭია ყავს.
    ვერც გათავხედებული პაიკის რეპლიკა გაატარა. ჯულეტიჩს ძალიან აუვარდა თავში კამერის წინ ერთი ადგილის ქიცინი და თავის პრეზიდენტზე გახუმრება გაბედა - „ის იგივეა ჟურნალისტის როლში, როგორც მე ტანკისტიო". მიშამ ამაზე მრისხანე ტექსტი შემოთვალა, სადაც რუსთავი 2-ის სახე და მისი დირექტორის თვალის ჩინი გაბუნია „თავგადანერგილ ბოლოკად“ მოიხსენია. მესიჯად ისიც დაუმატებია - ახლა ჭიათურიდან გამოგზავნილი ლობიო მაქვს ქოთნით დადგმული. კარგად ამოვზელ, კი იცი მაგას ბოლოკი როგორ უხდება! ჰოდა, რაც გაიფიქრე, მაგ სახით მოგავლენ სამყაროსო ...
    ახლანდელი პრეზიდენტი რა? არის თავისთვის დაიარება დუნიაზე და ხალხს დაჟინებით უმტკიცებს - „კონსტიტუცია ყველასიაო!“ თუმცა, მისი საპარლამენტო მდივანი 7 აპრილს "გაცხოველებულ დებატებს" დაგვპირდა და, ამ დაპირებისას, ტუჩები სიამოვნებისგან ისე გაილოკააა... გაიტლიკა უფრო მისეული იქნებოდა, მაგრამ წინასწარ სიღრმეებში წვდომას მოვერიდოთ სჯობს.
    რაღა დაგიმალოთ და, თავს თუ დავიზღვევთ, ხელოვან საზოგადოებაში ალკოჰოლურ თრობას თუ ავკრძალავთ, საქმეს ძალიან გავუმარტივებთ მომავალ თაობებს. ჯეჯე! ყურად იღე პატივცემული რომანის მოსაზრება ლიტერატურის სახელმძღვანელოს შედგენისას.
    მთვრალი რომან გოცირიძე ნეტავ თუ უნახავს ვინმეს? შეიძლება კიდეც უნახავს, მაგრამ ის ვინმე ვერ გადარჩებოდა და ამიტომ ჩვენ არ გვინახავს.
    „ყმაწვილმამრობის“ ტრამვა აქვს მაგას, საყმაწვილოც ზედმეტი ხარჯი იყო, მაინც უზნეო გაეზარდა მის პატრონს.
    ყველაფერი შეიძლება დააბრალო გოცირიძეს, მაგრამ კაცობაზე როგორ ექნებოდა პრეტენზია? მაგას ნაღდად უგონებენ. ხოდა, უხერხულია, არ შეიძლება ადამიანის ასე გაწირვა. თუნდაც ცუდი ადამიანის.
    ხოდა, იმ თავის ყმაწვილ-მამრობაში , როგორც ჩანს, ლექსებს წერდა შეყვარებულისთვის და იმას მაინც „ლოთი გალას“ ლექსები მოსწონდა. ეს ჭიჭინდებოდა - მაგან როგორ უნდა მაჯობოსო!? ალბათ თვრებოდა კიდეც უგონოდ. მერე წერდა, ოღონდ არ აჩენს. სწორადაც იქცევა. ეგ ხომ მაგის „კანიოკია“ - რა არ შეიძლება მარტო იმას ჭუჭყუნებს და როგორ და რა შეიძლება ის არასოდეს იცის.
     
    აბა თუ გამოიცნობთ, შალვა ნათელაშვილი, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში, 1 აპრილს ვის მიულოცავდა? რა თქმა უნდა! „ალბათ, მომავალი თაობა ამ დღეს "ბიძინაობას" დაარქმევს, მსოფლიოში ასეთი თაღლითი, აფერისტი და მატყუარა პოლიტიკოსი არ შობილა... იმედია, სამომავლოდ ასეთი პოლიტიკოსების დაბადება აღარ მოხდება არც საქართველოში და არც არსად“-ო. რა იცი შალვა ასე გულის ამოგდება. ამ გაგანია სულელების დღეს რა თავისმოჭკვიანება მოგინდა? კარგი, აქ გაგვიწყრა ღმერთი და გავაკონტროლეთ ეგ ამბები ჭუჭრუტანიდან, „არსად“ როგორ ვაკონტროლოთ პოლიტიკოსების ჩასახვის პროცესი? მაგდენი რომ ეფიქრათ შენს მშობლებს, სათოფეზე არ გაეკარებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ იფიქრეს?
    და დაანებე თავი ბიძინას, ამოდენა მორალური ზარალი ნახა ადამიანმა (აბა მატერიალურ ზარალებს ეგ არ ითვლის!) - მისი ბოლო რომანი წიფელთან ტრაგიკულად დასრულდა. ეგრეა რა! სიყვარულს ვერ იყიდი! გულს ვერ უბრძანებ და ... მოკლედ, აკმაროს! ჩემი მხრიდან იმას დავამატებდი - ღმერთო! ახლა ვაჟა გააცოცხლა!
     
    "გურიის მოამბეს" ცნობით, ოზურგეთის მერს და ჩხაკაურას მაჟორიტარს გაუძუყნავთ ერთმანეთი. რეიზა და რაცხა ვერ გაიყვესო სახელმწიფო ქონებიდან.
     
    გაძუყვნით ერთიც გაიძუყნა, ცოლის თვალწინ, დღისით-მზისით... ყოფილი ძალოვანი, ყოფილი მაღალჩინოსანი, ყოფილი დამნაშავე, ყოფილი მსჯავრდებული და ყოფილი ჩიტი. აწი მაგის ყოფნა ჩიტების ბუდის დირექტორის „სამეგობრო სპისოკშიც“ კი საეჭვოა... მოგიკვტეთ ყველას ელისო! რა დღეში ყავხართ...
     
    რას იზამთ ჩვენო ფრთახატულებო და ოქროსნისკარტებო?! მარტივი გადაწყვეტილების მიღება ხომ ყველაზე რთულია...
     
    რა თქმა უნდა, გვაქვს სასიამოვნო სიახლეც! ჩვენს ქალაქებში კანონი ამოქმედდა ნახევარი ძალით - სისუფთავის დაცვაზე, ანუ ნაგვის არდაყრაზე. ნახევარი ძალის გამოყენება, 2 კვირას გასტანს. მერე თვალების წკურვა, თავის მოკატუნება, დედას ვფიცავა არ ვიცოდი და ხვალ მამას მოვიყვან! აღარ გაგივათ. ეგრევე კაიჯანმრთელ ჯარიმას აგარტყამენ და ახიც იქნება!
     
    თბილისის ზოოლოგიურ პარკში 3 აპრილს სპეც-რეისით ჩამობრძანებული 14 ახალი ბინადარის მატება აღნიშნეს. ეგენიც ვიზა ფრის დახარბდნენ ნეტა თუ რამ გაამხეცათ აქ რომ წამოვიდნენ? ერთი უსურიული ვეფხვი, 7 პიკული ლონდონელი კენგურუ, ასევე ბრიტანელი ფაფრიანი 6 ცხვარი, ახალი, უცხო და ევროპული თვალით დაგვაკვირდება რა მაიმუნებზე ნაჯვარი ჩიტებიც ვართ.
    მოკლედ, რას გეტყვით იცით ბიძიკოებო და ბიცოლებო? ვისაც ბავშვობაში ველოსიპედი არ გქონდათ და ახლა „ბენტლით“ დაიარებით, სულ რომ შუაზე გაიხეთ ფუყვით, მაინც იმად დარჩებით, ვისაც ბავშვობაში ველოსიპედი არ ჰქონდა...
    წარმატება ყველასთან მოდის, უბრალოდ ხელმოცარულებთან მაშინ შემოირბენს ხოლმე, როცა სძინავთ.
    ამიტომ, ცოტა გაგებით და სიფრთხილით მოეკიდეთ ყველაფერს, რასაც შეცდომად მიიჩნევთ... როგორც ამბობენ, მაღლიდან ყველაფერი გაცილებით უკეთ ჩანს...
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  25. katya
    რა უცნაურია, ცხოვრების მანძილზე უამრავი ადამიანი მიდის და მოდის, ან მოდის და მიდის, ან მოდის და რჩება... ვიღაც რჩება, ვიღაც გარბის... ზოგჯერ ისინი რჩებიან და შენ გარბიხარ.
    მერე, უცებ, მოულოდნელად გამოჩნდება ვიღაც, ვისაც, რატომღაც, გინდა, რომ სახლში დახვდე დაღლილს, მონატრებულს... მოეფერო, გაათბო, გაამხნევო და ა.შ. არ დავკონკრეტდები. მოკლედ, ცნობილი გამოთქმის თანახმად, ხვდები, რომ მასთან გაღვიძებაც ისეთივე სასიამოვნო იქნებოდა, როგორც ჩაძინება...
    რა უგზო–უკვლო რომანტიკაა საახალწლოდ?
    მხოლოდ საახალწლოდ არა – ყველა სეზონზე და ყველა ეპოქაში ასე ხდება. უბრალოდ რომანტიკის ხანგრძლივობა და გრძნობების ტევადობაა განსხვავებული.
    ამ „დაფარშებულ“ თემაზე საუბარს არც ვაპირებდი საახალწლოდ. ისედაც ყველამ ყველაფერი მშვენივრად ვიცით.
    მე გამიმართლა და მყავს უჭკვიანესი მეგობარი პირად პრაქტიკაზე დამყნობილი გენიალური დასკვნებით, რომელიც ყოველთვის მშველის, როცა რომანტიკის ბურუსში ზღარბუნიასავით ვეხვევი.
    ჰოდა, სულ მახსოვს მისი ცხოვრებისეული კრედო: არასოდეს გაიხადო ჰობი სამსახურად და საყვარელი ქალი – ცოლად (ქალების შემთხვევაში, უკუღმაა, რა თქმა უნდა)! ისიც ვიცი, რომ ადამიანმა ბედნიერებისთვის თავისი მეორე ნახევარი თუ არა ორი მესამედი მაინც უნდა იპოვოს და რომელ ნაწილს რას დაარქმევს, ეგ უკვე თავისი რისკია...
    ყავის მარცვალიც კი ორ თანაბარ ნაწილადაა გაპობილი, იმიტომაცაა ენერგიის მომცემი და მაცოცხლებელი ეფექტით...
    რა ვერ ეშვები ამ ორი სქესის ურთიერთობებსო! –ზოგიერთი ინტრიგანი გაიფიქრებს, მაგრამ ურთიერთობა თავიდანვე ორსქესიანად იყო ჩაფიქრებული, ცალსქესიანებთან ბოდიში, არც მე ვეხები და ნურც ისინი შემეხებიან...
    ცალ სქესში გაცილებით მეტი თანხვედრააო, უფრო მეტი გაგება და გატანაო... არ გვინდა ეს აბსურდული არგუმენტები... ჩემზე არ ჭრის, არც ჩემიანებზე. დალოცვილ ორსქესიან ურთიერთობებშიც, ბოლოს და ბოლოს, ორივე მხარე ხვდება თავის შეცდომას: შენც ხვდები, რა სულელი იყავი და ისიც ხვდება, რა სულელთან იყო...
    31–ში მეგობრებს ტრადიცია გვაქვს, აბანოში არა, ერთმანეთის ოჯახებში ვიკრიბებით მორიგეობით. წელს ისეთ ოჯახს მოუწია რიგმა, სადაც ორივე „ნახევარი“ ჩვენი ბავშვობის მეგობარია. რამდენიმე თვეა არ მინახავს არცერთი და, რაღაც, ვერ მოვირგე თვალზე ძველებურად, თუმცა ძალიანაც ცდილობდნენ, გაცრეცილი ყოველდღიურობისთვის ჭრელი სპარსული ფარდაგის მიფარებას.
    –აბა როგორ გინდაო?! ამდენი წელი გავიდა და რას მოითხოვ, 18 წლის ასაკის ცეცხლს და ნავთსო? –ასე შემომიღრინა იმ ჩემმა „ბრძენო“ მეგობარმა გემრიელი მუჯლუგუნის თანხლებით. მეც სახის გამომეტყველების დალაგება ვცადე პოზიტივისკენ, მაგრამ ამაოდ...
    პრინციპში, მართალია, – შვილები გაეზარდათ, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამდგარან და თუთიყუში გაუჩენიათ. იმდენს ქაქანებს, ტვინი წაიღო...
    არ მიყვარს თუთიყუშები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემმა „მაშამ“ თავის „გოშას“, ისტერიული სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ნიადაგზე, თავის ქალა დაუჩეჩქვა და შემოაკვდა. მაშინ დავფიქრდი, რა ვერაგები ვართ ადამიანები... ხომ შეიძლებოდა ეს წყვილიც, მე რომ არა რამდენიმე ხნის შემდეგ მშვიდად დაშორებოდა ერთმანეთს ყველაზე ბანალური და გავრცელებული მიზეზით – ფიზიოლოგიური შეუთავსებლობა... ახლა გოშაც ცოცხალი იქნებოდა და მაშაც. მთელი პარადოქსი იმაშია, რომ ეს ჩემი ზეაქტიური მაშა, დაქვრივების 2 თვის თავზე, ჩემი მეზობლის კეშამ ითხოვა. ანუ, 2 სართულით მაღლა ავათხოვე. აი იქ კი გაშალა ფრთა და გაფანტა ბუმბული. შეეწყვნენ, მარა რას შეეწყვნენ!? ყველას მოგეხსენებათ, რა შედეგი აქვს აქტიურ ასთმურ შეტევებს. ჰოდა ჩვენი მაშაც დაორსულდა. 6 კვერცხი შვა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი... საიდან, როგორ, მუჭში ეტეოდა თვითონ... ჰოდა ბედის ირონიით, რამდენიმე თვის შემდეგ მაშა ზეთუთიყუშურ კოჰაბიტურ აქტს შეეწირა გმირულად. ..
    რა შუაში იყო ჩემი თუთიყუშები, მაგრამ, ამ ჩვენმა მეგობრებმა იმდენი იამაყეს და იმდენი იქაქანეს საკუთარზე, იმდენი „საკონცერტო ნომერი“ გვაჩვენეს იმ თავაფეთქებული და გაფხორილი „კირილეს“ პროგრამიდან, საბოლოოდ დავრწმუნდით მეც და „ბრძენოც“, რომ მათ ფაქტიურად აღარ აქვთ პირადი ცხოვრება, ანუ ინტიმი, ანუ განმარტოვების სურვილი და რაც გინდათ ის დაარქვით. იმდენად დაგვწყდა გული, იმდენად არ გვესიამოვნა, რომ ჩემმა გაწონასწორებულმა და ჰუმანისტმა „ბრძენომაც“ ვეღარ მოითმინა და გამოსვლისას თავისი აზრი დელიკატურად, მაგრამ მაინც დააფიქსირა – ამდენი სისულელის მაგივრად, თქვენს შემხედვარე ამ დურაკ თუთიყუშს, საწოლის ჭრაჭუნის ხმის და სხვა შორისდებულების იმიტირება რომ ესწავლა, უფრო გამიხარდებოდაო!
    აი ასე...
    თუთიყუში, ვგონებ, ნიჭიერი არსებაა...
    რას ვიზამთ, თუ სიმართლისთვის ხშირად თვალებში ჩახედვა გვიჭირს? ზოგჯერ სიმართლის კეფაც არანაკლებ მომხიბვლელი და მიმზიდველია, როგორც თვალები.
    ასეთ დროს სულ ის ანეკდოტი მახსენდება:
    – ძვირფასო, მომიყევი ზღაპარი ძილის წინ!
    – მე შენ მიყვარხარ... დაიძინე!
    „ვენის ტყის“ იქნება „ბულონის ტყის“ თუ „კოჯრის ტყის“, სიზმარი სიზმარია და ზღაპარი–ზღაპარი...
    მამა ლომს თავი ცხოველთა მეფე ჰგონია, ვიდრე დედა ლომს სძინავს!!!
    ზოოპარკის წინ ჩავლისას, სულ დიდი აბრის გაკვრის სურვილი მიჩნდება : მხეცებო! მოიქეცით კულტურულად! ნუ გააღვიძებთ თქვენში ადამიანს!..
    P.S.
    სადღესასწაულო დღის რეჟიმთან დაკავშირებით, გახშირდა თანამშრომლების სამსახურიდან დროზე ადრე გაშვება. რის პარალელურადაც იმატა ოჯახური სკანდალებისა და დანგრეული ოჯახების რიცხვმა... ხოდა ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს? რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობა. ნუ უშვებთ თანამშრომლებს სახლში ადრე, ნუ!!!!
     
    ერთგული წყვილებისთვის კი ჩემი საახალწლო რჩევაა, თუ ძალიან დაიღალეთ ერთფეროვნებით და გსურთ ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ, სცადეთ სექსი კონტრაცეპტივებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების გარეშე, მერე რა, რომ "ზამთარია"!? ;) ...
     
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
×
×
  • შექმენი...