Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.714

ძალიან კომპრომატული საიდუმლო სამალავი, ტოლის მნახველი კოჭი და შიმშილდაძლეული პრეზიდენტის პრემია


katya

1.668 views

blog-0659836001371551453.jpgვინ გაცდის ბლოგის კვირიდან–კვირამდე მშვიდობიანად დამთავრებას?! რომ მეგონა, ფინიშს მივუახლოვდი, ისეთი გამოისროლა შსს–მ სამეგრელოდან, ფეხზე დადგა პოზიციაც, ოპოზიციაც, შუაშისტიც და ლგბტ–იც. მტერიც, მოყვარეც და მოშურნეც. თუმცა,მოიძებნება ყოველთვის, ვიღაც, პრეტენზიული, მაინც რომ იტყვის, რატომ ასე და არა ისეო! გიორგი ვაშაძემ რომ თქვა, არ გაგვკვირვებია, მაგრამ აი კოტე გაბაშვილის აქტივობამ ნამდვილად სახტად დაგვტოვა ბევრი. ჩანს, მამობრივმა პასუხისმგებლობამ გაიღვიძა ამ არსებაში, როცა რეალური საფრთხე დაინახა „შვილების“ თავს...ამბობენ, ახალგაზრდობაში კარგად ხუმრობდაო და რა ცუდი რამაა ეს სიბერე...

ამ შსს–მაც რა იცის დაუზუსტებელი მისამართის მითითება, გეგონება, ამოდენა სამეგრელო 44 ჰექტრიანი და 800 სულიანი ვატიკანი იყოს... იმიტომაც დაიბნა გუბერნატორი გუნავა. იმდენად დაიბნა, რომ თითქმის გამოტყდა – მასეთ სამალავებს ყველა რეგიონში იპოვიანო. მაგას რა დიდი ჭკუა ჭირდება, თუ ნაციონალური გეგმაა, ერთი რეგიონის იმედად არ დარჩებოდნენ...

ამ „ნიუსის“ ნახვის შემდეგ პირველი რეაქცია, არანაცისტურადმოაზროვნე საზოგადოებისთვის გონებაში გავლებული – რას გადავრჩით! იქნებოდა...ემოციების ჩამოფერთხვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩნდება „ინტრიგანული“ კითხვები– რატომ ან ვინ დატოვა ამ სამალავში კომპრომატები? მაგალითად, მეგის ქარდავას თუ ბავშვობისდროინდელი დღის განრიგის ნაგლეჯი ისე ეძვირფასებოდა, რომ ზრდასრულ ასაკშიც თან დაატარებდა, ბოლოს ასე ლაფში ჩანერგილ კასრს როგორ ანდო?

ზღაპარი გამახსენდა – უკვდავი კოშჩეის სული რომ ინახება სადღაც – რაღაცის–რაღაცის–რაღაცის– რაღაცაში ისე.

უბრალოდ გამახსენდა, კი არაფერი... მე მაინც იქ ვარ, აქამდე როგორ შეუნახა სამეგრელომ პირი ამ „ოპრიჩნიკებს“... და მაინც, როგორი გულბოროტი მტერი ჰყოლია იქ ნაციონალურ მოძრაობას... ჩვენ კი რაღაცეების კიდევ არ გვჯერა...

აბა როგორი დასაჯერებელია ის ამბავი, რომ ვანო ჩხარტიშვილი, შესაძლოა, დაიჭირონ? არც ღმერთის იმედი უნდა ჰქონდეს ამის მერე ამ ადამიანს, არც კაცის... რაც მაგან ეკლესიები აშენა, ფული ხარჯა, უდანაშაულო და პატიოსანი ბანკირის ცნობები და დიაგნოზები აშანშალა სხვადასხვა დონეებზე, მაინც არაფერმა უშველაო ამბობენ. ყიდის ყველაფერსო და გაერთიანებულ სამეფოში სერ ჯონ გრიფინის სახელით და გვარით აპირებს „მოღვაწეობასო“... თუმცა, თავად ჩხარტიშვილს ამ თემაზე ერთი პასუხი აქვს – მის წინააღმდეგ „შავი პიარი“ გორდება. აგორება ერთია, მთავარია, ქვეშ არ მოყვე.

ჰოდა, ამ გაქცეულების და გადამალულების შემხედვარე სულ უფრო რწმუნდები, რომ დიდი ვერაფერი იმედია ეგ ოხერი ფული. არც გარანტიაა, არც იმუნიტეტი და არც პანაცეა. თუ არ გეკუთვნის, სამალავი ვერ გიშველის. ჯერ იყო და ანაბრების მითვისებას აბრალებდნენ, ახლაა და პატარკაციშვილის ქონებისას. დაიბნა ხალხი!

დაბნეულობაა კონგრესის მიერ ახალი ხელისუფლების გაკრიტიკების საკითხშიც. საკითხი აქაც ასე დგას – გინდა დაიჯერებ, გინდა – არა... არჩევანის თავისუფლება ასეთი რთულია ბატონებო! თქვენ დემოკრატია მართლა ლობიოობა ხომ არ გეგონათ?!

რასაც არ უნდა ფიქრობდნენ კონგრესში, მაინც არაა სასიამოვნო, ელჩი რომ იწუწუნებს – გარკვეულმა ძალებმა საქართველოდან კონგრესმენი ტერნერი დაარწმუნეს და მცდარი ინფორმაცია ჩაადებინეს კანონპროექტშიო. ასეთ შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა გაუჩნდეს ელჩის მიმართ კითხვა – რა გააკეთა მან იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო? ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ახლა ეგ თემები აღარ აღელვებს, მაგრამ აღელვებს ის, თუ რატომაა „ საქართველოში ყველა დარწმუნებული, რომ ყველა ერთნაირად ერკვევა საგარეო პოლიტიკაში, სექსში და ფეხბურთში?"

 

ტოოომ!!!! – პასუხი არ არის... დეიდა პოლი და დეიდა ნატო – ორი შორეული–ახლობელი ქალბატონი ჩვენს ცხოვრებაში...

ეჰ... კარგია ზოგჯერ ოცნება, მერე დიდი ნიჰილიზმი რომ არ იცოდეს. ზაფხულია, მტკვარიც დაიწევს და დავრჩებით „აკვაპარკის იმედად“... საიდან სად წავედი...

ბარემ ამერიკის ამბებს მოვითავებ, – გასულ კვირას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის 89 წლის იუბილე აღნიშნა ქვეყანამ, რაც ყველაზე მასშტაბურად სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ფერადი წინდებით დამშვენებულ ფოტოებში გამოიხატა. უყვარს ხალხს „ბებერი ბუში“... მასეთი ბებერი და მისი მეგობარი აგერ ჩვენც გვიზის კრწანისში. „ბაბუსაც“ ვუძახით, მაგრამ სიყვარულის რა გითხრათ?..

სხვა საკითხია, როგორ აღვნიშნავთ სააკაშვილის 89 წლისთავს სოციალურ ქსელში. ვფიქრობ, არ ღირს ამ ცხელ გულზე წინასწარ მაგის წარმოდგენა... მით უფრო, პრემირებულზე...

გაიგებდით, ალბათ, – საქართველოს პრეზიდენტს FAO-ს პრემია გადაეცა – „შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის“ . ჯოზე გრაციანომ რომ იცოდეს, რა ჯაფა ადგება ამ არსებას საკუთარი შიმშილის დამარცხებისას, პრემიის თანხას გააასმაგებდა. შიმშილის დაძლევის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ნაციონალებმა თუნდაც პროექტით „სადილი ყველას!“. დაპურებული ჰყავდათ დიდ–პატარა, ქუჩაში მაწანწალას სანთლით ვერ იპოვიდა ვერანაირი კომისია და მისია. რა ბავშვთა შიმშილი და უსახლკარობა?! და ეს საკვების უსაფრთხოება რაღამ გაახსენათ? ჩვენში მასეთ რამეზე უბრალოდ არ საუბრობენ. მაგაზე რომ ილაპარაკონ, ხომ უნდა ჩაკვდეს ეროვნული კვების პროდუქტების წარმოების ნახევარი მაინც?! იმპორტზე აღარაფერს ვამბობ...

ისე, კვების და შიმშილის საკითხებზე „ახლებიც“ ვერ ამოიქოქნენ ჯერ, მაგრამ ესენი პრემიებს მაინც არ იღებენ მაგაში, კაცო!

მთავარი ისაა, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ხანგრძლივი და, იმედია, ნაყოფიერი აზერბაიჯანული ტურნედან დაბრუნდა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ოღონდ ვერ დაგიზუსტებთ, როგორ ფარგლებში, თუმცა, ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში მცხოვრებ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ესტუმრა და მათთვის აშენებული ახალი დასახლებებიც დაათვალიერაო. შახიდების ახალ დასახლებაშიც კი ყოფილა. არ იცის მაგ კაცმა თავის გაფრთხილება და ავიწყდება, რომ სახელმწიფო მოხელეა! მაგისთვის რომ იქ შახიდებს რამე მოეწიათ, ხომ დარჩებოდათ მინისტრთან შეხვედრა ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს ოცნებად?!

სამაგიეროდ, მის არყოფნაში ბიძინა ივანიშვილი იქცა მეხამრიდად და მთელი დარახველიძისეული რისხვა მას საპროტესტო ჭავლად მოუვლინეს ნაციონალების ხელში კარგად ნაწრთობმა, უკვე კომპენსირებულმა, მაგრამ მაინც ყოვლადუკმაყოფილო დევნილმა ქალებმა ბათუმში.

ჰოდა, პრემიერიც ადგა და უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრო, თან უკვე 2–ჯერ. და თუ რატომ არ დაესწრო ეგ მისი საქმეა და კიდევ ბევრჯერ არ დაესწრება, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ აღნიშნული უწყება ქმედითუნარიანია და შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. მერე რა, რომ რიჩარდ ნორლანდი სხვაგვარად ფიქრობს!..

თუ ისეთი გულადი და მამაცია, რომ უშიშროების საბჭოზე არ მოდის, ავღანეთში ჩავიდესო, – აკაკომ! არადა, თურმე, რეალურად ივანიშვილის არტ– კოლექციის შურდა..

აი ვანო შურიანი არაა. მას მხოლოდ ტელევიზორი უნდა... ისე უნდა ეს "მოლაპარაკე ყუთი“, ლამისაა კარლსონობა აღიაროს და შიმშილობაც კი დაიწყო. არადა, რას უნდა უყუროს ამ რუსთავი2–ზე? იუბილეზე გადაღებულ ფარულ კადრებს თუ გაუშვებენ არ ვიცი.

ისე, დალოდებოდა ვანო ირაკლი წერეთელს. 18 ივნისს იწყებდა ეგ მორიგ შიმშილობას. მიზეზი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. დაიწყებს და მერე „პა ხოდუ“ გამოჩნდება რამე ან ვინმე რა...

საინტერესოა, ვის ვერ დააგდებინეს კალამი ხელიდან, რომ ასე ფხრიწინით გასკდა ბიაზი სანაცეთში. აწი მაგას ფასი დაედება... ჩერგო უკვე კურსშია და ბირჟაზე ფართს იბევებს ლონდონში.

ახალი ფასეულობები გვიტევენ – ამიერიდან „მღვდელი“ ბიაზში იცნობა, ბაჩო – ჭილოფში და ვანო – ნარზე.

 

ბოლოს მობეზრდებათ და ბაჩო და ვანო ყაიმზე შეთანხმდებიან. ერთმანეთში ან ტარაკნებს გაცვლიან, ან „შპიონებს“.

ისე, თუ "შპიონი" ხარ, ბრიტანეთში უნდა დაიბადო, თან კატად და თან სახაზინო კანცლერის ოჯახში. დიახ! მაგათმა თვით ფრეიაც დაადანაშაულეს შპიონაჟში. საგულისხმოა, რომ ის 2009 წელს საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა და 2011–ში იპოვეს. იმ დროისთვის, ოსბორნები, უკვე დაუნინგ სთრითის 11-ში, სამინისტრო რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. არსებობს აზრი, რომ ოჯახის მეგობარი ფისო, შესაძლოა, ჩინელ შპიონებს „გადაებირებინათ“.

შპიონებს რას უზამს, არ ვიცი, მაგრამ იმათი თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როდესაც შენ გაბარია ჯარის კვება და ჯარის მომსახურებაო, – ასე თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ძალიანაც კარგი.

მშვიდობიან მოსახლეობაზე რომ არავინ ზრუნავს ეგ ხომ იმას არ ნიშნავს, მაინც და მაინც ვიღაცის ინტერესებში გამოჩეკილი კვერცხით და „ჩამოფხვნილი“ რძით იკვებოს ჯარმაც?

13 ივნისი კი მოგვილოცა იუსტიციის მინისტრმა, მაგრამ ის ახალი შრომის კოდექსი ვის აწყობს და ვის უხარია, მაინც ვერ გავიგე? ერთი ის მაიმედებს, რომ ნაციონალურ შრომის კოდექსთან მიმართებაში ახალს გვარდასახელებული „კოლმეურნეობების თავმჯდომარეები“ როზას მეორედ მოსვლას ადარებენ.

მხოლოდ გარდამავალ ეპოქაშიო უნივერსიტეტის რექტორების დანიშვნები პრემიერისგანო! მერე ისევ პროფესურა აირჩევსო, ასე განმუხტა დაპირისპირების მორიგი თემა პრეზიდენტობის „უკონკურენტო“ კანდიდატმა მარგველაშვილმა. მაგან ისიც თქვა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნებაო და ვაიდა გამართლდეს?!

ტოლი ნახე, კოჭი გააგორე - ასე მიმართა ზაზა პაპუაშვილმა უმცირესობის წარმომადგენელს, ჩიორა თაქთაქიშვილს განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა. და ეს ძალიან სიმბოლურია...

ყველაზე სიმბოლური ისაა, რომ სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი არა კანონპროექტი, არამედ ტექნიკური დეტალი გახდა.

ჩემი სუბიექტური აზრით, ტოლების ნახვა სხვაგანაც შეიძლება და კოჭების საგორებლად მანდ არავის შეუყვანიხართ კანონშემომქმედო საზოგადოებავ! კოჭების გაგორებას კენჭის ყრა სულაც არ ჭირდება, თანაც, როგორც ხშირად წუწუნებთ, მანდ გაუსაძლისი პირობებია და ეგებ ჩვენც ვიფიქროთ ჩეროში „ვადამდელ საპარლამენტოზე“...

 

მართალი ყოფილა – დემოკრატია ის სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, როცა არ გჭირდება მიზეზი ომის დასაწყებად...

 

თუ ხატვა არ შეგიძლია – ფოტოგრაფიაში უნდა წახვიდე, თუ დაკვრა არ შეგიძლია, დირიჟორობა სჯობს, სიმღერა თუ არ შეგიძლია, რეპერობა უნდა დაიბრალო, თუ წერა არ შეგიძლია – ბლოგერობა. და თუ არ იცი კონკრეტულად რისი კეთება გინდა და არ გაინტერესებს, რა შეგიძლია, მაშინ საქართველოში სხვა არჩევანი არ გაქვს – პოლიტიკაში უნდა წახვიდე, თურმე...

 

კატო ჩულაშვილი

გაზეთი „ქრონიკა+“ # 10

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...