Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.689

სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტების ტრეფიკინგში ადანაშაულებენ


katya

2.926 views

blog-0142239001373384241.jpgუმნიშვნელოვანეს სეგმენტს ისევ "ნაციონალური უშიშროება" მართავს

 

ოქროს მედლის კანდიდატი იყო. მე–9 კლასიდან გამოვიდა და სწავლა სამედიცინო ტექნიკუმში გააგრძელა. წითელ დიპლომზე დაამთავრა. ერთი გამოცდა და ექიმი უნდა ყოფილიყო. გეგმები აირია – მამის ავადმყოფობა, პირადი ცხოვრება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, სამეგრელოს დარბევა, მამის ავადმყოფობა... უჭირდათ. ერთ დღესაც თბილისში გამოიქცა, კომისარიატში ფრონტზე გაშვება მოითხოვა, როგორც ექთანმა. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ნაწილში ომში გასაშვებად დაენანათ და ერთ კვირაში სამხედრო ჰოსპიტალში გაუშვეს ექთნად. 1996 წელს, პარალელურად, პოლიგრაფიულ სტამბაში დაიწყო დამლაგებლად მუშაობა. მერე, შეთავსებით, დაზგასთან გადაინაცვლა. 2000 წლის 13 ნოემბერს მარჯვენა ხელი ჩაყვა პრესში და დასახიჩრდა. ჰოსპიტალში ცოტა ხნით შეინარჩუნეს, მერე პენსიაზე გავიდა. ცხოვრობდა 53 ლარით, რომელიც, მოგვიანებით, 109 ლარი გახდა... სტამბას ისევ ალაგებდა. საცხოვრებლის ქირა რომ არ ეხადა, იქვე ერთი პატარა ოთახი, უფრო სწორად ქოხი მისცეს. დღემდე იქ ცხოვრობს... 2005 წლის აპრილში შემთხვევით ნახა სოციალური აგენტის ვაკანსია, რომელსაც სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს შტაბი აცხადებდა. გამსვლელი 12 ქულა იყო, 27 მიიღო...

დანარჩენს მასთან საუბრიდან შეიტყობთ – რატომ დარჩა რამდენიმე დღის წინ მანანა ბიგვავა უმუშევარი და რას ნიშვანს დღეს საქართველოში იყო სოციალური აგენტი, თუნდაც „უფროსი“.

ანუ, თქვენ ამ სააგენტოს ერთ–ერთი პირველი თანამშრომელი ხარ, ფაქტიურად ვეტერანი...

– ასე გამოდის. სააგენტოს ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ჰქონდა ხელშეკრულება დადებული კადრების შერჩევაზე, რომელსაც გოჩა (გვარი არ მახსოვს) ხელმძღვანელობდა. ხმა გამოვიდა, წინასწარშედგენილ სიაზე ხელის მოწერას სთხოვდნენ, რაზეც უარი უთქვამს. ბოლოს სიები 50/50-ზე დააბალანსესო. ანუ ნახევარი ტესტირება/გასაუბრებით გასული ხალხი სხვა დანარჩენი - ,,ქართულ მამა-პაპურად“, ასე მოვხვდი მაშინ მეც და ბევრი სხვაც ამ ახალ შექმნილ სამსახურში. დღეს ამ სამსახურს სოციალური მომსახურების სააგენტო ქვია. ვმუშაობ პირველი დღიდან - სოციალურ აგენტად....

მაპატიეთ, მანანა, მაგრამ, უკვე აღარ მუშაობთ! ჯერ კიდევ ვერ შეეგუეთ ამ რეალობას ხომ?

– ცოტა არ იყოს, ძნელია შეგუება, ჯერ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ.

მესმის, ნაცნობი განცდაა... და რა მოხდა მაინც, ამ წლების მანძილზე ყველაფერი რიგზე იყო და ახლა დაეჭდვნენ თქვენს პროფესიონალიზმში? ადრეც გქონიათ პრობლემები ხელმძღვანელობასთან?

– პირველად მაშინ დავუპირისპირდი, როცა, დებულების თანახმად, გადავამოწმე ერთ-ერთი ოჯახი, სარეიტინგო ქულა მაღალი გამოუვიდათ. მაშინ ისნის ნაცმოძრაობის გავლენიანი წევრის ჩარევით ცენტრალური აპარატის (კონტროლის) თანამშრომელმა ის ოჯახი „გადაამოწმა“ და ქულამ დაიწია ანუ სასურველს მიაღწია. მათთვის ფულადი დახმარების დანიშვნა დამავალეს მე, რაზეც უარი განვაცხადე.

მაშინ არ დაგსაჯეს?

– არა, პირიქით, ამის შემდეგ, რატომღაც, კარგად განეწყვნენ ჩემს მიმართ და 2007 წლის 1 იანვრიდან გადამიყვანეს კონტროლის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად.

ნეტავ რატომ? ახლოს რომ ყოფილიყავით და იოლადსაკონტროლებელი?

– ჩანაფიქრი ალბათ ეგ იყო, ახლა ვხვდები, ვჭირდებოდი. იმ ოჯახებში მაგზავნიდნენ სადაც კანონიერება ზედმიწევნით უნდა დაცულიყო. თუ შემთხვევით ვინმე ისეთი აქტიური და შანტაჟის მომწყობი ოჯახი იქნებოდა, მერე სხვას უშვებდნენ და ლაგდებოდა სიტუაცია.

სიტუაციის დალაგება რას ნიშნავს?

– ქრებოდა ნივთები დეკლარაციიდან. ამას ბენეფიციარები ვერ ხვდებოდნენ და გამოდიოდა, რომ მე ვიყავი ცუდი შემფასებელი, ზოგადად იქმნებოდა აზრი, რომ სოციალური აგენტები თვითნებობდნენ, ამას ხელს უწყობდა ტვ პიარები, პრეზიდეტის გამოსვლები. თითქოს მთავრობის დადგენილებაში რამე სხვა ეწერა და სოც–აგენტები იგონებდნენ ინსტრუქციებს. წლების მანძილზე კანონებში მოთხოვნილების მიხედვით შედიოდა შესწორებები, როდის რა ხვრელი დასჭირდებოდათ იმას ასუფთავებდნენ...

წარმომიდგენია, რამდენი ხვრელი იქნებოდა ...

ოგადად უმძიმესი სამუშაოა, თვითონ აპლიკანტებიც მზად არიან კონკრეტულად მის შემთხვევაში დაარღვიო კანონი მის სასარგებლოდ. კანონებიც იძლევა ამის საშუალებას. თუ სკლუპუროზულად მიყვები დადგენილებას გამოავლენ, რომ დღეს ყველა ან თითქმის ყველა ოჯახი, რომელიც ამა თუ იმ დახმარებას იღებს, დამნაშავეა, რადგან დეკლარირებული არ აქვთ სრული შემოსავლები და სრული სიტუაცია. მეთოდოლიგიის მიხედვით ძალიან მცირე შემოსავალიც კი სხვა კომპონენტების გათვალისწინებით ისეთ სარეიტინგო ქულას იძლევა დახმარების მიღმა რჩება ოჯახი.

გამოდის ,,სასაფლაოზე’ უნდა მივიდეთ დეკლარაციიის შესავსებად და მერე რაღაც გვერგება?

– ასე გამოდის.

კარგი, და რამდენად წარმატებული იყო მთავარი სპეციალისტის კარიერა?

– კვეხნას არ დავიწყებ, მაგრამ შესრულებულ სამუშაოზე პრეტენზია არავის ქონია.

აბა რატომ „ჩამოგალაბორანტეს“?

– 2009 წელს ზუსტად 10 მარტს ოპერატიული სამსახურის უფროსმა თამაზ თეთრაძემ მივლინების ჯგუფში ჩამსვა და დუშეთში წამიყვანა, „საიდუმლო ოპერაცია“ იყო. დუშეთის განყოფილების კართან მითხრა ჩემი ამოცანა – განყოფილებაში უნდა შევსუიყავი და პირადობის მოწმობა გადამეღო, შემდეგ 20 თეთრიანი დამეგდო და გამოვსულიყავი. რაზეც უარი ვთქვი. გიბრძანებო! არ ვიზამ ამას-მეთქი. ვიდავეთ. მომხსნა მივლინებიდან. არ დამიმალავს და მოსულმა ეს ყველგან ვთქვი. არ შევსულვარ დირექტორთან არც მოადგილეებთან, ჩავთვალე, რომ კითხვები თუ ექნებოდათ დამიბარებდნენ და მკითხავდნენ. აქედან დაიწყო ჩემი ფარული დევნა, მაგრამ ვუძლებდი..... აღარ მოვყვები წვრილმანებზე გამოკიდებას. ერთხელაც წყალტუბოდან ერთი მოქალაქის წერილი დამეწერა განსახილველად და დარღვევები გამოვავლინე. დამრღვევად ერთ-ერთი მაღალჩინოსანის ახლობელი გამოიკვეთა.

ვინ მაღალჩინოსნის?

– სააგენტოს დირექტორის მრჩეველი, უშიშროებიდან მომაგრებული ზურა უგლავა.

რომელი უგლავა, რომ ამბობენ, ჯანდაცვის მინისტრის, სერგეენკოს მრჩევლად დაინიშნაო?

– კი ეგ. ხომ საინტერესო მეტამორფოზაა? წყალტუბოს საქმეები ისე წარმართეს, რომ გაუშვეს სამსახურიდან დაბალი რანგის თანამშრომლები და ეს ,,ნათესავი“ დატოვეს... რაზეც გათავისუფლებულებმა იჩივლეს.... მეც პრინციპულად დავდექი - ან ეპატიოს ყველას, ან არ ეპატიოს არც ამას. საბოოლოოდ ამ ნათესავს წასვლის განცხადება დააწერინეს.

მაშინ ყოფილხარ გასაშვები, იმ სტანდარტებით და „გაგებით“. მაგის გამო გაგამწესეს გლდანში?

– იმდენად ვერ მიტანდნენ, რომ ანდრია ურუშაძე, ზურა უგლავა, მორის წამალაშვილი, თამაზ თეთრაძე გამარჯობას არ მეუბნებოდნენ დერეფანში.... სამარცხვინოა , მაგრამ ასეა. 2009 წლის სექტემბერში რეორგანიზაცია ჩატარდა და ნამდვილად ველოდი გათავისუფლებას, მაგრამ ჩამომაქვეითეს და გლდანის განყოფილებაში გამიშვეს უფროს სპეციალისტად. 2010 წლის შემოდგომაზე ისევ გამოაცხადეს რეორგანიზაცია და ასევე კონკურსი ახალ თანამდებობაზე - უფროსი სოციალური აგენტი. მივხვდი რომ უმუშევრობისგან მხოლოდ ამ კონკურსში გამარჯვება გადამარჩენდა და შევიტანე განცხადება. უნარჩვევებში 100-დან 83 ქულა მივიღე, გამსვლელი 46 იყო. დირექტორი მორის წამალაშვილი იმდენად ვერ მიტანდა, თათბირზე უმაღლეს ქულად 81 ქულა გამოაცხადა, ჩემი გვარი, რომ არ თქმულიყო წარმატებულის კონტექსტში.

რას იზამ?! ზოგჯერ 83 ნაკლებია 81–ზე.

– მოკლედ დავინიშნე... მაგრამ იქ რაღაც კანონმდებლობის ხარვეზი ჰქონდათ და 2011 წლის იანვრის თვეში მარტო მე არა, ყველა უფროსი სოციალური აგენტი უხელფასოდ გვამუშავეს.თუმცა იმ თვის ნამუშევარი სააგენტოს ბაზაში დევს. სხვათაშორის გამოცდა ვერ ჩაბარებულებიც დაინიშნენ მაშინ.

მაგ სააგენტოს სოციალურ–პოლიტიკური დანიშნულება ცნობილია, ასეც იქნებოდა. მანდ ძირითადად პარტიული აქტივისტები საქმდებოდნენ. ანაზღაურება ნორმალური იყო?

ვმუშაობდით უაზრო დებულებებით.... გვქონდა უამრავი საოფისე სამსახური და საველე სამუშაო, ხელფასი დამოკიდებული გახადეს საველე საქმეზე. არც ერთი ქუჩიდან მოსული და პატრონიანი ადამიანი არ გაჩერდა ამ პოზიციაზე, ყველა წავიდა, ვინც ინიშნებოდნენ ისევ პარტიული ხაზით. ოჯახის წევრების გარდა, სიდედრის, სიმამრის, დედამთილის, მამამთილის, ძმის, დის, რძლის, სიძის, ძმიშვილების, ბებია-ბაბუის, შვილების და მეუღლის პირადი ნომრები მოითხოვეს, მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ამ ოჯახებს პროგრამაში, (დაუწერელი კანონი იყო), თითქოს ყველას რჩენა შეგვეძლო ჩვენი წუწიანი ხელფასით... სამაგიეროდ ანდრია ურუშაძის მამას ძვირადღირებული ოპერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაკეთებოდა. ასეთია ბედი როცა ანდრია პირვეწოდებული ხარ! ასევე კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა დროებით დედ-მამა ნაკლებად კეთილმოუწყობელ სახლში გადაიყვანა და შეძლო იქ მოეპოვებინა სადაზრვევო ბარათი, რითაც დაუფინანსდა მამაისს, როგორც უმწეოს, ოპერაცია, ის კაცი გარდაიცვალა და მოვერიდები ხმამაღლა საუბარს. თამარ ქარდავას მშობლებზეა საუბარი. გვარიც მნიშვნელოვანია. მეგიზ ქარდავას ნათესაობაზეა საუბარი. პრემიები ათასობით, ყოველ თვიურად.და ამ ჩვენს 6 ლარს გამოეკიდნენ. თან ყველას ეპატია, მე და ერთი წამაკლეს კიდევ სხვა გზა არ იყო. მთლად თეთრით იქნებოდა ნაკერი. საბავშვო ბაღში რომ უფასოდ უნდა ეტარებინათ 200 000 ქულის მქონე ოჯახებს, იმისთვისაც არ შემოატანინეს სოცაგენტებს განაცხადი, არადა, ჩვენი უმეტესობა 100 000-ს ვერ ასცდება ისეთი სოციალური მდგომარეობა გვაქვს. ყველამ ფული იხადა საბავშვო ბაღში, ორ-ორი შვილი ატარეს ასე.

სტანდარტული სიტუაციაა. და ნაცმოს აქტივისტობას ან პროპაგანდას არ გავალებდნენ?

– წინასაარჩევნოდ დაიმუხტა სიტუაცია. დავალება დავალებაზე მოდიოდა, მაგრამ მარიდებდნენ და ვირიდებდი... ერთხელ განყოფილსბის უფროსმა, ირაკლი სორდიამ დამიბარა და სია გადმომცა იმ ოჯახების, ვისაც დახმარება უნდა დანიშვნოდა. – სოც. აგენტებს უთხარი „რბილად“ შეავსონო! ვერ ვეტყვი-მეთქი. – თუ ვერ ეტყვი, მაშინ წადიო. მერე 10 წუთში ჩამოვიდა იმ ოთახში სადაც ვიჯექი და მითხრა ხვალ დაიბარე ყველაო.

თავის თავზე აიღო დავალების მიცემა?

– თავად ჩაატარა თათბირი. იმ სიტყვებს რა გამამეორებინებს. ჩვენ პარტიას ვემსახურებით, მათი დავალებები უნდა შევასრულოთ, თუ ვინმეს არ უნდა წავიდეს! და ა.შ. უმძიმესი თათბირი იყო.

ეს სორდია ისევ მუშაობს მანდ?

– არა, გაუშვეს. გეწაძის ქვისლია და მთლად ასეთ წონიან ნაცებს არ ინდობენ. თუ ეს კაცი არ ვარგოდა, ამდენი წელი ამხელა განყოფილება რატომ ჩააბარეს, მაშინაც თვითონ არ იყვნენ კონტროლის დეპარტამენტში?

რომელი გეწაძის ქვისლია სორდია? კახას? ყოფილი დეპუტატის, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის და ზესტაფონის რაიონის ყოფილი გამგებლის?

– კი, მაგის.

პარტიული კონიუნქტურა მუშაობდა მაგ დროს და ვინ გაუშვებდა. გასაშვები კი ყოფილა, თუ ერთი ხელმძღვანელის გაშვება გამოასწორებს სიტუაციას და მიდგომები შეიცვლება.ზოგადად გაშვება–არგაშვების საკითხს ვინ წყვეტს?

– კადრების საკითხს წყვეტს კონტროლის დეპარტამენტი. არანაირი ფამილარული დამოკიდებულება არ მაკავშირებდა უფროსთან, უბრალოდ ადამიანურად ვგრძნობდი აფასებდა ჩემს პროფესიონალიზმს. სხვა მისი მუშაობის მეთოდები ჩემთვის მიუღებელი იყო. მაგრამ დღეს მხოლოდ მასზე გადატეხვა ჯოხის არასწორად მეჩვენება და უსამართლობა მგონია, თან იმათი მხრიდან ვინც თავიდანვე იყვნენ ამ სამსახურში უგლავა მაგალითად, თეთრაძე, ცაძიკიძე... ნეტა დღეს ასეთ წამყვან თანამდებობებზე როგორ მოხვდებოდნენ? თუ ივანიშვილის გამოჩენამდე ოცნებობდნენ?

ის თქვენი უფროსი, აფასებდა პროფესიონალიზმს, რადგან ალტერნატივა არ ჰქონდა. ვიღაცას ხომ უნდა ეკეთებინა საქმეც? პარტიული კადრები ვერ „ქაჩავდნენ“ ეტყობა და ამიტომაც არ გიშვებდნენ. ანუ კონტროლის დეპარტამენტი ახორციელებდა პარტიული ინტერესების კონტროლსაც.

– არჩევნებამდე სამი დღით ადრე კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები მოვიდნენ ცენტრში და დაიწყეს თანამშრომლებთან გასაუბრება.

კონკრეტულად ვინ იყვნენ?

– ქარდავა და კურდღელაშვილი. „გასაუბრების“ პროცედურა, რატომღაც, ჩვენი ოთახიდან დაიწყეს. მიკიბულ-მოკიბული საუბრის მერე შეეხნენ პოლიტიკას – თუ საუბრობთო თანამშრომლებიო პოლიტიკაზეო? და ა. შ. - ჩემი პაუხი იყო: მე მაქვს ჩემი პერსონიფიცირებული პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წინაშე და ჩემზე მარტივად ვერ მოახდენს ზეწოლას ვერცერთი მხარე. ჩემს არჩევანს ყუთთან გავაკეთებ-მეთქი. მათთვის გასაგები იყო ჩემი პოზიცია.... გამოკითხვებს, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენთან მომუშავე პარტიული აქტივისტები, ახლოს არ ვეკარებოდი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მირჩია კიდევაც, ცესკოშიც მუშაობს, შენ არ იცი რეები ხდება, თქვი რომ აძლევ ხმას და მერე ყუთთან რაც გინდა ის ქენიო.... მე ეს რჩევა არ გავითვალისწინე. დღეს ის მუშაობს, მე – არა. სტადიონზე წასვლაზეც ხმამაღლა ვთქვი უარი. თუმცა, ზუსტად ვიცოდი 1 ოქტომბერი რომ მათ სასარგებლოდ დამთავრებულიყო მე უსამსახუროდ ვრჩებოდი.

მათ სასარგებლოდ არ დამთავრებულა, მაგრამ დღეს მაინც უმუშევარი ხართ. ისე, ახლა თქვენი სამსახურიდან გაშვება უცნაურად არ გეჩვენებათ? რა გამოდის, რომ ახალ ხელმძღვანელობას კანონდამრღვევი არაპროფესიონალი და ნაციონალური ინტერესების გამტარებელი გონიხართ?კონკრეტულად რას გედავებიან?

– იმას, რასაც სასააგენტოში მუშაობის დღიდან ყოველთვის ვაკეთებდით. ანუ ასე ვმუშაობდით, რადგან სისტემაა ასეთი. ჩვენთან მოვიდა ახალი თანამშრომელი – რუსუდან წიკლაური. თუ გახსოვთ, შალვა რამიშვილის გადაცემაში რომ იყო არჩევნებამდე. ნაცების კოორდინატორი, ნიკოლოზ ხაჩირიშვილის ნათესავი, და სქემა დახატა თუ როგორ აყალბებდნენ არჩევნებს, ეკა ბესელიას როგორ გაუყალბა ხმები. აი, მისი მოსვლის მერე აირია მონასტერი.

ვიცი ეგ ქალბატონი, „ქართული ოცნების“ კონსულტანტი იყო წინასაარჩევნოდ. ნაციონალების ხრიკებს გვასწავლიდა უბნის უფროსებს. და ის სააგენტოში რამე თანამდებობაზე დაინიშნა?

– არა, მოვიდა რიგით სოც–აგენტად.

რა უცნაურია. ნუთუ „ქართულმა ოცნებამ“ მეტად ვერ დაუფასა გარჯა? არამგონია ასეთი რთული, დამღელი და ფინანსურადაც არც ისე სახარბიელო სამსახური მისთვის „შესაფერისი“ ყოფილიყო.

– უცნაურია, მაგრამ, ფაქტია, მან მუშაობა დაიწყო გლდანის განყოფილებაში. ყველაგან არის შიდა სამზარეულო, რითაც რაღაც მოუწესრიგებელი სიტუაციები ისე გვარდება, რომ არავის არაფერი ევნოს. 20005 წლიდან ასე ვმუშაობდით და დღეს ეს გახდა დარღვევა. ანაზღაურების სისტემაა ძალიან დაულაგებელი, რაღაც მინიმალური თუ არ გააკეთე 100 ლარს (-20%) არ გაძლევენ... ეს მინიმალური არის 60 ერთეული, როცა სოც– აგენტს ეს დააკლდებოდა რამოდენიმე სახელფასო დღეს დანაკლისს ვუმატებდით არსებული სამუშაოს გათვალისწინებით და რამოდენიმე დღეში მოქონდა. ქალბატონ რუსუდანს დააკლდა რაოდენობა და უფროსმა შესთავაზა ამ ეტაპზე დამატება და ერთ კვირაში შევსება. წიკლაურმა იუარა, ეს დარღვევააო, უპასუხა. მერე სადღაც დარეკა და შემოვარდა ჩვენთან კონტროლი, დაილუქა ყველაფერი და.... აღმოჩნდა დანაკლისი.

ანუ ეს იყო თქვენი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი?

დიახ. თუმცა არანაირად არ ვთვლი თავს დამნაშავედ და ეს განმარტებული მაქვს ახსნა–განმარტებით ბარათში დირექტორის სახელზე.ეს იყო ჩემი პირველი ახსნა-განმარტება, რის შემდეგაც ,,ტკბილი ენა“ არ დაუშურებია ჩემს მიმართ პავლე ცაძიკიძეს.... დამირეკე მოურიდებლად, მითხარი რასაც ფიქრობ ყველაფერი და ა. შ. ,,კეთილი“ ღიმილიც არ მოუშორებია სახეზე. პირველი ახსნა-განმარტება დაიწერა 30 მაისს. მერე დაიწყეს სოც აგენტების დაკითხვა, ვის რამდენს ვუმატებდით, ვინ რა იცოდა, რატომ ვუმატებდით. ჩემთან რომელი მეგობრობდა, მიცნობდა თუ არა მაგალითად სამსახურამდე, ასეთ კითხავაც იყო ერთთან. ამის მერე, მეუბნებიან რომ უკანონოდ უნაზღაურებდი სოც აგენტებს წერილობით აქტებსო და ახლა ამაზე დაგვიწერეო. მეც დავწერე 2 ვრცელი ახსნა–განმარტებითი წერილი დირექტორის სახელზე. რამდენად გაითვალისწინეს, შედეგი სახეზეა.

ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სააგენტოს სტრუქტურასა და მუშაობის წესშია ნეგატივი?

ამ ინტერვიუს ახლა იმიტომ გაძლევთ, რომ არ მინდა „გამწარებული, დაჩაგრული და შეურაცხყოფილი “ განთავისუფლებული თანამშრომლის სარჩული მომეკეროს, თუმცა ამის მცდელობა აქვთ უკვე. მე არც იმ სამსახურში აღდგენას ვითხოვ და არც გმირად გამოცხადებას. უბრალოდ ჩემი მაგალითი შესაძლოა სხვებზეც გავრცელდეს, უდანაშაულო ხალხი დარჩეს ულუკმაპუროდ არასწორი მართვის და დებულებების გამო. აწონონ ახლა თავიანთი კანონიერად მიღებული პრემიები და ჩემი ნაწვალები 6 ლარი... ჩემი შრომითი კმაყოფილება და მათი შრომითი კმაყოფილება. გადაითვალონ თუნდაც მათი „სპეციალისტების“ ნამუშევარი და ჩემი.

რას აპირებთ? გაასაჩივრებთ?

პროკურატურას მინდა მივმართო რომ შემოწმდეს 2012 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მონიტორის სამსახურის მიერ შემოწმებული ოჯახები, გაკეთდეს ანალიზი, რამდენად გახდნენ ის ოჯახები მიმღებები, რამდენი ჰქონდათ ქულა, მონაწილეობდნენ თუ რა მანამდე პროგრამაში, რა სხვაობით დაეცა შეფასება და ა. შ. მთელი ქვეყნის მაშტაბით. საინტერესო სურათი იქნება. გადამოწმდეს ტენდერები. ის ყბადაღებული დასაქმების პროგრამაში ჩართული ადამიანები, სად იყო მაშინ პავლე ცაძიკიძე?

გახსოვს ალბათ თებერვლის თვეში ტელევიზიები რომ აიკლეს 18 000 ოჯახს ერთდროულად, რომ შეუწყდა დახმარება, თითქოს კანონიერად მოხდა ყველაფერი, მაგრამ მეორე დღესვე პრეზიდენტი, უგულავა, ჭიაბერაშვილი სათითაოდ დარბოდნენ იმ მართლაც გაჭირვებისაგან დაქცეულ ოჯახებში და სიუჟეტები აკეთეს. აი, რატომ ურჩია მაშინ პავლე ცაძიკიძემ ეგ ამბავი. მაშინ გამოძვრნენ ვითომ, მხოლოდ იმიტომ რომ ძალა აღმართს ხნავს, სამაგიეროდ ასობით ოჯახი გაუბედურდა, ძალიან ბევრმა შიშით მიატოვა 150-200 ლარიანი სამსახურები, რადგან ამ თანხას მათთვის ცალკე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ კი დაზღვევას, სამგზვაროს, მინიმალურ ფულს შეუწყვეტდნენ... ასე აზარმაცებენ ხალხს და უთავმოყვარეოდ მათხოვრად აქცევენ.

სოციალურ აგენტების უმეტესობა შერჩეულია თავად სოციალურად არა ძლიერი ფენიდან.... მათი უმრავლესობა მრავასულიან ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია, ან მარტოხელა დედაა, ან წვრილშვილიანი, ან ჩემსავით მიუსაფარი. ამ საშინელ არაადამიანურ შრომას - მზეში, წვიმაში, დამატებული ფსიქოლოგიური მომენტები, მერე ზეწოლა ხშირად, ახლა იმ ოჯახში მიდი ჩქარა და ახლა იმ ოჯახში (ამ დროს ოჯახები წინასწარ გაფრთხილებულები ყავთ თავიანთ მფარველებს... და მომზადებულები ხვდებიან აგენტს), ყოველგვარი წახალისების გარეშე. უაზრო დებულებები, პრაქტიკასთან შორს. და მაინც ვითმენთ ყველაფერს რადგან ეს ორი კაპიკი სახლებში მივიტანოთ.... ზუსტად აქვთ გათვლილი, რომ ყველაფერზე წავალთ. ესეც მეთოდია.

 

ესაუბრა კატო ჩულაშვილი

 

გაზეთი "ქრონიკა+" #12

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...