Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

ბლოგ პოსტები დაპოსტილი katya -ს მიერ

  1. katya
    ვეტოდაძლეულები და ფეხბურთდაქცეულები
    ეჰ... კიდევ ერთხელ გავიხედოთ უკან და სევდიანად გავიღიმოთ, მერე თვალებში ჩავხედოთ რეალობას და ღრმად და აღშფოთებულად ამოვიოხროთ. ამ შემთხვევაში აზრის და განწყობის უფრო რთული და უხეში ფორმებიც გამართლებულია... ქართველებმა ისევ ვერ ვივარგეთ ფეხბურთში.
    იმედგაცრუებას პოლიტიკაში ჯერ კიდევ ვეგუებით, რადგან უახლოეს წარსულში მაგ მიმართულებით არ გაგვმართლებია. გარდამავალი ეტაპები – გრადაციაზე მეტი დეგრადაციები აღარ გვაღელვებს, რადგან როდის ვიყავით ბოლოს მორალურად, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად, მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად წელში გამართულები, ჩვენს მახსოვრობას ისტორიის წიგნებიდან შემორჩა.
     
    ქართული ფეხბურთის ტრიუმფი კი ყველას გვახსოვს, სპორტის მაგ სახეობის ზოგიერთი "მამა–მარჩენალის" ჯინაზე. არადა, რა მოლოდინებით და იმედებით დავხვდით ქეცბაიას! ?. ხელფასიც არ ჰქონია ჩვენსავით საწუწუნო. მაგ თანხის ნახევარი ღირებულების შედეგი რომ მინდორზე დაედო, აღარც გულშემატკივრები ვიწუწუნებდით... თავს კი ჩვენც გადავიპარსავთ, რამე რომ იყოს!..
     
    საწუწუნო არც ნაციონალური ხელისუფლების ერთ–ერთ ფავორიტ შტოს აქვს. სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ ისეთი დასკვნა წარადგინა პარლამენტში 2008-2012 წლებში, კონტროლის პალატის თავმჯდომარის კაბინეტსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე გაცემული პრემიების შესახებ, რომ „უბრალო ადამიანები“ ამ დღეებში შეშფოთებასაც ვეღარ ვახერხებთ.
     
    ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, დაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის,ქალბატონ ნაზი არონიას „ღვაწლის“ დეტალური ანგარიში ერის წინაშე, რომ მას შესაბამისი პატივი მივაგოთ, თორემ უხერხულია, მარტო კუპიურებში გამოხატული მადლიერება. ბოლოს და ბოლოს, ამ ქალბატონმა თავისი მხოლოდშობილი ასული შესწირა ნაციონალურ ინტერესებს ერთ–ერთი უახალგაზრდავესი პარლამენტარის სახით. ცნობისთვის – 2012 წლის მაისსა და ივლისში, ქალბატონ ნაზის 2200-2200 ლარის ოდენობის პრემია დაერიცხა. აღსანიშნავია, რომ ივლისში იგი კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, პრემია კი "სანიმუშო თანამშრომლობისთვის" მიიღო. გარდა ამისა, ნაზი არონიას სახელმწიფომ 4500 ლარის ოდენობის ბინის ქირა გადაუხადა. აღარ მოვიყვან დანარჩენი ფავორიტებისთვის გადამხდელთა სახელით გამოხატულ "მადლიერებას", შემორჩენილი ემოციები უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის შემოვინახოთ.
     
    როგორც იქნა, გამახსენდა, ვის და რას მაგონებდა ავღანეთის ვიზიტებისთვის განკუთვნილი სააკაშვილის ამალა და სეფექალები. საყვარლების რაოდენობას შვედი ხელმწიფეც არ უჩივის, შვედეთის მეფის საყვარლებს კი Army of lovers დაარქვეს. ჰოდა, ჩვენც გვყავს ასეთი "არმია" თავისი განახლებადი რიგებით და ტრადიციებით.
     
    ამსტერდამში ბომჟებისთვის უფასო ინტერნეტ–კაფე გაიხსნა. ბომჟებმა ინტერნეტში საკუთარი რეზიუმეები განათავსეს, იშოვეს პრესტიჟული სამსახური და თავი დაანებეს ქუჩაში ხეტიალს. ზოგან ასეთი მარტივი მეთოდებიც საკმარისია, უმუშევრობის დასაძლევად. ჩვენს ქალაქში უფასო ვაიფაიმ ჯერ–ჯერობით „დიდ ბომჟობას“ ვერ სძლია, სამაგიეროდ, ქუთაისის მასშტაბით გვაქვს ვეტოს ძლევის საუკეთესო შედეგები.
    დაძლეული ვეტო უკვე რამდენჯერმე შენიშნეს თვითმხილველებმა ავლაბრის მიდამოებში.
     
    ქუთაისი ნელ–ნელა ყალიბდება სააკაშვილის ნანი–ნანატრ სწრაფად პროგრესირებად მეორე დედაქალაქად.
    არადა, რომ ვერც შეედავები?
    სად გვყავდა თბილისში მფრინავი პარლამენტარები?
    მართალია, პირველი რეისით ჯერ მხოლოდ 3 ერთეული ჩაფრინდა, მაგრამ, როგორც დავით საგანელიძე ვარაუდობს, მიმდევრები უმცირესობაშიც გამოჩნდებიან და შეავსებენ უმრავლესობის ადგილებს ჯერ–ჯერობით მხოლოდ თვითმფრინავის ბორტზე. პარლამენტის 54 გრადუსიან ატმოსფეროს გამძლები ხალხისთვის დაუძლეველი არაფერია...
    ახლახანს კალიები, პეპლები და კოღოები შესევიათ და კვალიფიციურ ტრენინგებსაც გაივლიან სიმაღლისა და მანძილის დაძლევის საფუძვლებში. კიდევ კარგადაა ეგ შენობა,რას უძლებს! ნებართვის გარეშე ყოფილა აშენებული, ფაქტიურად "უკანონო შვილივითაა". მაგრამ კანონისა და უფლის წინაშე ხომ ყველანი თანასწორნი ვართო და ეგეც დგას რა...
    ჯერ–ჯერობით, არამფრენი დეპუტატების მთავარი პრობლემა მაინც ბილეთის ფასია. არც კორპორატიულად შემოთავაზებული 44.5 ლარია პატარა ფული. 20 წუთში ამდენის გადახდას რა ნერვები და ნება ეყოფა? თან, როცა საკუთარი ჯიბიდან იხდი. დარწმუნებული ვარ, მაგ თვითმფრინავში დავით ბაქრაძეს ვერავინ შეიტყუებს, ხაჩიძეს შემოუჯდება ველოსიპედზე ან „ავტოსტოპით“ წავა სულაც. რაც სატელეფონო საუბრებზე ლიმიტი შეუზღუდეს, ოჯახის წევრებსაც აღარ ურეკავსო, ასე ამბობენ.
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით შაბათი დღე, წიგნის კითხვის დღედ გამოცხადდა. კვირაში ერთი დღე წიგნის კითხვა სერიოზული განაცხადია მორწმუნე ელიტის არც თუ მცირე ნაწილის ინტელექტისთვის.
    საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით ვანო მერაბიშვილს ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ გააჩნია და ის არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის. ერთადერთი პრობლემა რაც მერაბიშვილს ე.წ "მატროსოვის" ციხეში აქვს - ინფორმაციის ნაკლებობაა, მას საკანში არ გააჩნია ტელევიზორიო. ეგებ დაგვავალოთ და შაბათ დღეს ვანოს კამერაში ვინმემ შესაბამისი ლიტერატურა შეუტანოს, სადაც წერია, პატიმარი არ დავინახოთ კამერაში ტელევიზორის გარეშეო.
     
    შეშფოთებულმა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, ჯეიმს აპატურაის სახით, ნატო-ს რიგით მე-6 კვირეული გახსნა. ჯეიმსმა თქვა არ უნდა მაგ ამბავს ბევრი ლაი–ლაი, საქართველო აუცილებლად შევა ნატოშიო და ვაი სირცხვილო და თავის მოჭრა გიორგი ბარამიძეს! კითხოს ერთი, – უნდა მის პრეზიდენტს ამ ეტაპზე ნატოში შესვლა?
    გასულ კვირას ბუბამ სიტყვა თქვა – მეზობელ რუსეთს რომ ააჩუყებდა ისეთი. მე მაგ სიტყვიდან ის აზრი გამოვიტანე, რომ საბჭოთა რუსული ესტრადის ფავორიტი მეორე ნავში გადასკუპებას აპირებს, ან გასტროლებზე ჩალიჩობს „სტალიცაში.“ – საქართველოს მთავრობამ უნდა გვითხრას, რა უნდა ვქნათ ხელოვანებმა. როგორც გვეტყვიან, თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვიქნებით და გავყვებით, სადაც უნდათ... მეტი რა უნდა ვქნათ?!" -ო.
     
    ონიშჩენკომ ჩვენს სახელს და დიდება „ბორჯომს“ ისეთი აპერკოტი გაუჩალიჩა, კაიხანს მოუნდება წამოდგომას იმ ბაზარზე. სამაგიეროდ, ივნისში რუსეთის ბაზარზე მინერალური წყალი „საირმე“ გამოჩნდება. „სხვა რა შეგიძლიათ რომ შემოიტანოთ? მანდარინი თქვენ არ გაქვთ, ქინძის მოყვანა ჩვენც ვიცით. ქართული თაფლი? კარგით, თაფლს ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ", - მიმართა ონიშენკომ ქართველ ჟურნალისტს.
    რუსეთში მოყვანილი ქინძის 80%–ს ონიშჩენკო ჭამს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
     
    რუსეთში "კანონიერი ქურდები" დაითვალეს - ყველაზე მეტი ქართველია.ეგეთები არც ევროპას აკლია, მაგრამ კი არ ითვლიან...
    ქართველ ემიგრანტთა კრიმინალურად მიდრეკილი ნაწილის საყურადღებოდ! შეეშვით ხელმრუდობას! ხომ ხედავთ, საფრანგეთში ქართველებს ყურის ანაბეჭდებით გპოულობენ?!..
     
    ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პირველი კვარტლის შედეგებით უკმაყოფილოა, თუმცა მიიჩნევს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 კვარტლები "უკეთესი იქნება", მაგრამ ეგ ამბავი რა სუფრასთან მოსატანია, როცა, იმავე ხადურის ინფორმაცით, საქართველო 2015 წლისთვის სავალუტო ფონდის მიმართ არსებულ ვალს დაფარავს..ამასობაში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე თანამდებობიდან გადადგა.
    მაგის გადადგომას ვინ ჩივის „მამიდა“ როენა შემოეჭირათ, მაგრამ ხუცურაულის „საჭირო“ ქალის 40 000 ლარიანი ჯარიმა, ერთწლიანი პირობითი სასჯელით შეიცვალა.
    ევროპარლამენტის წევრი, "ევროპელ ხალხთა პარტიის" წარმომადგენელი კრჟიშტოფ ლისეკი პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ნეტა ვანო მაგ ტიპის სახელს დამარცვლით ამბობს თუ ასო–გამოტოვებით?
    არადა, რა უხერხულია, კაცი ამოდენა გზაზე ჩამოსულა და სახელით რომ არ მიმართო, მეგობრულად და მხარზე ხელი არ დაუტყაპუნო.
    მე ვამაყობ, რომ ვარ პირველი ქართველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის დაპატიმრებული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.კიდევ კარგი, "საქართველოში" რომ აღნიშნა, თორემ, კინაღამ ბერლუსკონი აღშფოთდა! ეგებ მაინც აღშფოთდა და მაგიტომაც არ ჩამოვიდა დაანონსებული „ვიზიტი–კალა“–ს ფარგლებში.
    ენერგიული კალა წავიდა დიდი ფეხბურთიდან და დიდ ენერგეტიკაში მოვიდა. იტალიური "მილანის" ფეხბურთელები საქართველოში ჩამოვიდნენ. "რედისონი" სამუდამო ვალში იქნება ენერგეტიკის მინისტრთან ასეთი მასშტაბური ფიარისთვის. სამაგიეროდ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი გაუნაწყენდა კალას. – "100 ბილეთი რა გახდა, რომ ჩვენთვის გამოეგზავნათო".
    აი ეგა ვართ ქართველები!
    მარგველაშვილმა, საზაფხულო დასაქმებას დაემშვიდობეთო! სტუდენტთა ნაციონალური ჰონორიზაციის სანაცვლოდ, მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდაო. "ობოლ და მზრუნველობამოკლებულ" სტუდენტებს კი განათლების სამინისტრო დააფინანსებს..
    ახლა ვინმემ არ მკითხოს, რატომო? თორემ, ნამდვილად გავგიჟდები!..
     
    ჩხირი კედელს და საშველი პირველ არხს! როგორც იქნა, პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
     
    პოლიტიკაში ცნობილი ტესტია – რაც უფრო ხშირად ჩნდებიან პოლიტიკური ლიდერები ეკრანზე, მით უფრო ვერაა კარგად საქმე ქვეყანაში და რა ხდება ნეტავ?.
    ისე, ყველაზე დიდი შეცდომა დაუსმელ კითხვებზე გაცემული პასუხებია.
    ყველაზე რთული მაძღრებთან შეთანხმების მიღწევაა. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ყოველთვის სხვებზე მეტი უნდათ.
    მაგრამ, ჩვენ, „რიგითი მოქალაქეები“ ვალდებულები ვართ მაინც გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ამაში როგორც არ უნდა გვიშლიდეს ხელს სახელმწიფო.
    კატო ჩულაშვილი
     
    ქრონიკა+ , #8
  2. katya
    ოლბერსის ფოტომეტრული პარადოქსი, გასულ საუკუნეში ჰაბლის კანონით გაბათილდა, როცა სამყაროს უსასრულობის ვერსია სამყაროს სასრული ასაკით გადაიფარა. აი ჩვენს თანამედროვე წვრილ–წვრილ და ასაკობრივი გამონაყარივით მტკივნეულ პარადოქსებს როდის ეშველებათ არ ვიცი...
    ჩემთვის, ყავის კამპანიაში, ვფიქრობდი და ფიქრი ცოტა ხმამაღლა მომივიდა, მაგრამ, როგორც ჩემი „ფიზიკა“ იტყოდა, – ძირითადად ეგრეა! ფიზიკოსებს ყველაფრის ახსნა შეუძლიათ, ყველაფერზე აქვთ პასუხი.. ესეც ხმამაღლა გამომივიდა! უნდა მეთქვა– თითქმის ყველაფერზე...
    ოხ ეს გაუთავებელი ფორმულები... კანონები... შეხვედრები... ბანკეტები... ორ–ორი სათაური და გამსკდარი ბიაზი...
    წეღან ვფიქრობდი, რომელმა სულელმა ექიმმა დაუნიშნა პაციენტს დრო თერაპიად?
    თუ რეალურად და ფიზიკის კანონებით მივუდგებით, დრო საუკეთესო გამცილებელია საფლავამდე...
    დროის ფასი ჯერ–ჯერობით ჩვენს ეროვნულ ბირჟაზე ვერ ჩამოყალიბდა, არც მოთხოვნაა მაინც და მაინც. სამაგიეროდ იმაზე შევჯერდით, რომ, რაც უფრო ნაკლები ღირს ადამიანი, მით უფრო ძვირად აფასებს თავს და, რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, საქონელი ეყიდება..
    პარადოქსების ძიებაში, კაცობრიობამ, მთელი თავისი სრულყოფილება და სიმშვიდე ერთ ვაშლს და ცნობისმოყვარეობას ანაცვალა. იმიტომაც გამოაბრძანეს სამოთხიდან...
    გაგვიმარჯოს „დასჯილებს! „
    ადამიანი უცნაური და პარადოქსალური არსებაა – სინდისდაკარგულებიც კი გამუდმებით სამართალს დაეძებენ...
    რამდენიც არ უნდა აჭამო ჩინოვნიკებს, მათი მზერა მაინც დასავლეთისკენაა მიპყრობილი...
    რამდენიც არ უნდა აჭამო კურდღელს, მაინც მგლის ეშინია!
    მგელზე და კურდღელზე გამახსენდა!
    პუტინს „მთავარი დამნაშავე“ გარდაეცვალა და მოუთხოვია, ოლიგარქების ახალი სია გამიმზადეთო!
    კურდღლის უპატივცემულობა რომ არ დაგვწამონ, აქვე იმასაც ვიტყვი, რა თქვა ჩვენმა მიშამ: –„ ჩემი არსებობა დაივიწყეთო! ბათუმს შველა ჭირდებაო!“ როგორია, ასე ერთბაშად მაგის დავიწყება? ნეტავ რამდენმა წყალმა უნდა ჩაიაროს ბათუმის ქუჩებში, რომ სააკაშვილის კვალი წაშალოს?
    რა ქნას მეტი? გულნატკენმა და განბერკეტებულმაც კი შეძლო სამდღიანი განტვირთვის მოწყობა. მეტიც! საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის, კონკურსი გამოაცხადა. ეკონკურსება ახლა მაგას?! მაგრამ ასე რომაა საჭირო?..
    ყველა ღონე უნდა მოვიკრიბოთ. წლევანდელი ზაფხულისთვის განსაკუთრებული გამძლეობა გვჭირდება... ეგ რომ „მომაკვდავი გედის“ სიმღერას წამოიწყებს, ჩვენ ნერვებს არ უნდა ავყვეთ.... მძიმე იქნება უკანასკნელი ზაფხული მიშასთან ერთად, მაგრამ, სამაგიეროდ, იქნება უკანასკნელი!
    და ამაში არაფერი იქნება პარადოქსალური. ეს იქნება ფაქტი!
    პარადოქსია, რომ ასეთი გულახდილი და პირშიმთქმელი ვანო არც უარყოფს და არც ადასტურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალების ფაქტს და საკუთარი აზრის მკვეთრად და ნათლად გამოსახატავად, მის გაფრთიანებას ცდილობს. რაო? და„ცნობა ჩვენი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულიაო!“ ვანო! მაგ ფრაზის ავტორი რომ მიგეთითებინა, უფრო კარგი ტიპი იქნებოდი ჩემს თვალში. ისე, ახლაც არაგიშავს – მარკ ტვენის პლაგიატორობა შენთვის უკვე მიღწევაა და, თანაც, თუ რომელიმე ფაქტი დადასტურდა, ცხონებულს გადააბრალებ...
    ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამტეხა ერთმა პარადოქსმა – ვანუატუ უკვე აღიარებულ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებსო!
    10 მილიონ დოლარში როგორ გაგვცვალე სატო კილმან! შე კაცო! ... მიზნობრივად მაინც დაგეხარჯა ჩვენს უბედურებაზე ნაშოვნი ფული?! ვანუატუს დაკაცებას რომ მოხმარებოდა, ასე არ გვეტკინებოდა... აი მოუმესიჯებს ჩვენი „პრეზიდენტი“ თქვენს მაონა კალოსილს და ნახავ, თუ არ დააჭერინებს შენს თავს! არ უყვარს მაგას ფულის არამიზნობრივად მხარჯველები და სხვა ქვეყნის პრემიერ–მინისტრებიც ხალისით ემესიჯებიან, საქართველოს პრემიერისგან განსხვავებით...
    ყველაზე სასიამოვნო პარადოქსი ისაა, რომ გიგიმ ზუსტად იცის რა სჭირდებათ თბილისელებს!
    ისიც, რომ თეა თუთბერიძეს ზოგჯერ წინა ხელისუფლების მხარდამჭერობის სცხვენია და , რომ მხოლოდ თუთბერიძის ტიპის მდედრების კი არა, პოპულარული რუსული საიტების მთავარი თემაც ისაა – როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი?
    თუნდაც ის, რომ რუსებს ატანა არ აქვთ ებრაელების, მაგრამ იტანენ...
    მაგალითად ის, რომ ახალაიას აპარტამენტებზე არ შემოუხევია ზოგიერთ ისე, როგორც კონსტანტინე სურგულაძის ანტიალერგიულ მტვერსასრუტზე.
    პარადოქსია, რომ ლაურა ღაჭავა და დავით კოდუა წინა ხელისუფლების მსხვერპლი ყოფილან... მაგ კრიტერიუმით, ბაჩოც „მსხვერპლი“ გამოდის, თუ უფრო ახლო ნათესავი არა...
    პარადოქსია, რომ აგრარული უნივერსიტეტის მეპატრონეს ატანა არ აქვს მიწათმოქმედების...
    ის, რომ, ძალიან ხშირად საკუთარ ცხოვრებაში მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს ვთამაშობთ.
    რომ მერიაზე და მთავრობაზე განაწყენებული ქართველი პენსიონრები კონდუქტორებს და კონტროლიორებს ცემენ.
    რომ ნაციონალების დაარსებულ დასაქმების სამინისტროს მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის 57 640 ლარი უნდა დაიხარჯოს;
    პარადოქსია, რომ მონოპოლისტები უფლებაშელახულების ხმით წუწუნებენ;
    პარადოქსია, რომ ადამიანები თვეში 125 ლარად არსებობას ახერხებენ;
    პარადოქსია, რომ მორალის დამცველებად სხვის საწოლთან „სანთლის დამჭერები“ გვევლინებიან;
    ისიც პარადოქსია, რომ კარგი ქმრები უფრო მეტია, ვიდრე ბედნიერი ცოლები.
    რაოდენ პარადოქსალურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სენატორ ჯონ მაკკეინი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხოლო გივი თარგამაძეს თავისი ქვეყნის კონსტიტუციის იმედი აქვს რუსული მართლმსაჯულებსგან თავდასაცავად.
    ზოგიერთისთვის ისიც პარადოქსია, რომ ჩინეთი მსოფლიო ვაჭრობის ლიდერი გახდა და შტატებს მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან გამოყოლილი პირველობა აახია. და რომ ასეთი მიღწევის ფონზე, ჩინეთის ახალი პრემიერ–მინისტრის სახელი და გვარია ქე ციანი! პინციპში, დიდი ამბავი! ჩვენ უფრო მაგარი გვყავდა – იოანე გაღლეტილი.
    პარადოქსია, რომ საარსებო მინიმუმს წინა და ახალი ხელისუფლება ერთნაირად ითვლის.
    პარადოქსია, რომ აშშ-ის ჯარში თვითმკვლელობით გაცილებით მეტი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე საომარ ოპერაციებში.
    პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია – მოსამართლე დალი მეტრეველს სულაც არ გასჩენია სინანულის გრძნობა, რომ გვანცა ყუფარაძეის განაჩენი „საკუთარი გადაწყვეტილებით“ გამოიტანა.
    პარადოქსია, როცა კუბლაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზებზე და სამართლებრივი სტაბილურობის საფრთხეებზე საუბრობს.
    პარადოქსია, რომ ქართველი „წარმატებული“ პოლიტიკოსი ქალები, რატომღაც, წარუმატებლები არიან შვილების აღზრდაში....
    პარადოქსია, რომ ქალაქის პროკურორი გახდა მაია მწარიაშვილი, როცა ამ ქალაქში უკეთესის მოძიებაც შეიძლებოდა...
    პარადოქსია, როცა დარჩიაშვილი ამბობს, –„ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არც შესაბამისი პოლიტიკური განათლება და არც შესაბამისი დიპლომატია, რომ პრეზიდენტობის კანდიტატად დასახელდესო“... როცა ჯერ კიდევ მომქმედი პრეზიდენტის ცოცხალი მაგალითი სახეზეა.
    პარადოქსია, რომ თვალთმაქცობა ყველაზე საიმედო მეთოდია გადარჩენისთვის..
    პარადოქსია, რომ ლიდერობის უნარ–ჩვევების გამოსამუშავებლად დილით ავტობუსში ასვლა საუკეთესო მეთოდია.
    პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია – გრიგოლ ვაშაძე 2008–ის დეკემბერში, რუსეთის კულტურის მინისტრს კულტურული თანამშრომლობის გაღრმვებაზე წერდა ოფიციალურ წერილებს.თან, არც მეტი, არც ნაკლები, „ერისიონს“ სთავაზობდა საგასტროლოდ.
    პარადოქსია, როცა Facebook-ის დამფუძნებელი მსოფლიოში ყველაზე ახალგზარდა მილიარდელი პოლიტიკაში მოდის და „ სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი პოლიტიკიდან მიდის.
    პარადოქსია, რომ საქართველოს პირველი ლეიბორისტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას და ქვეყანაზე, ხალხზე და საქართველოს ჩიხიდან გამოყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს.
    პარადოქსია, როცა ნაციონალური მოძრაობა კონკურენტ პოლიტიკურ ძალას ტყუილებს და ვადებს უთვლის.
    პარადოქსი არა, მაგრამ ძალიან ემოციურია, რომ, მარტის ბოლოდან, ლაგოდეხში ძროხებს დააპატიმრებენ და ლაგოდეხის რაიონის გამგებლის მოადგილე, გიორგი ბიჭიაშვილის თქმით, „დაპატიმრებული" საქონლის გამოსყიდვის საფასური 50 ლარი იქნება, 20 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ძროხა გაიყიდება და თანხა ბიუჯეტში შევა.
    პარადოქსებს რა გამოგვილევს, მაგრამ აქსიომებზე გადავიდე ის სჯობს...
    აქსიომა 1: სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ;
    აქსიომა 2: ჭკვიანები სწავლობენ სხვის შეცდომებზე;
    დასკვნა – ჭკვიანები სულელებისგან სწავლობენ! .
    ბოლო დროს საინფორმაციო გადაცემები სულ უფრო ემსგავსება სერიალებს: ერთი და იგივე მთავარი პერსონაჟები, ყოველი გამოშვების შემდეგ გვამცნობენ, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუმცა სიუჟეტის განვითარება მარტივად გამოსაცნობია და ვიღაცისგან პარალელურ რეჟიმში იწერება კადრს მიღმა...
    ყველაზე ამაზრზენი პარადოქსი?
    თითქოს ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ მაინც უღმერთობა ზეიმობს!
    ხვალიდან ახლებურად ცხოვრების იმედი ადამიანში სიკვდილამდე ცოცხლობს.
    ცხოვრება კი, შესაძლოა, მართლაც მშვენიერი იყოს, თუ არ გაიხსენებ წარსულს და არ იფიქრებ მომავალზე...
    რა უმსგავსობაა – რომის პაპი არც შავკანიანია და არც ქალი!?
    ღმერთო! საით მიექანება სამყარო!..
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  3. katya
    დღეს, დღისით–მზისით, შუაგულ ევროპაში, ანუ გაგანია თბილისში, ისეთი "ნეილონის ნაძვის ხე" მოვიწყვე, თვითონ გამიკვირდა, საკუთარი თავის,ყველანაირი ადამიანების უფლებათა დამცველი რომ ვარ მოწოდებით, მაგიტომ...
    დღეს ყვითელ მიკროავტობუსში, დიდუბის ტერიტორიაზე ვიღაც ტიპი შემოგვიერთდა, მერე მივაქციე ყურადღება, მძღოლს რომ "შპილკაობა" დაუწყო – რა დღეში ხარ, თავი ვინ გგონია, მარშუტკის შოფერი ხარ, ბოლო–ბოლოო.
    როგორც მივხვდი, მძღოლს შენიშვნა მიუცია, კართან ნუ დგახარ, სარკეს ვერ ვაკონტროლებო და შეურაცხყოფად მიიღო ამან. ბევრი ილაყბა თუ ცოტა იბოდიალა გადაჭდილ ტრანსპორტში და ეხახუნა ქალებს თავის ღიპით, ბოლოს ჩემს უკანა სავარძელში აღმოჩნდა, რაც ძალიანაც არ მეამა, ვერ ვიტან მენიუს, სიგარეტის და ალკოჰოლის სუნით აქოთებულ დაუბანელ კაცებს. ( მაგას როგორღაც გადავიტანდი, ჩუმად რომ ყოფილიყო, მაგრამ წერა რომ აიტანს რაააა...)))
    ხოდა, ამ ტიპმა გამოგვიცხადა ცოტა არეულად დალაგებული ტექსტით, რომ –ახლა, არ უნდა ბევრი ლაი–ლაი, ყველანი აქედან მივდივართ ჩვენების, ანუ ნაციონალურ ამბავში! სიყვარულში და გაგებაშიო!. ყველას სახეზე გაწერიათ,ჩვენიანები ხართ, აბა რა გინდათ ისე აქო...
    პირველი რეაქცია ის იყო, რომ სარკე დავაძვრე და ჩავიხედე. იგივე სახე მიყურებდა, თითქოს, რა ვიცი. მე "მისიანობის" ვერაფერი შევატყვე საკუთარ ცხვირ–პირს. ამასობაში ტრანსპორტის შემადგენლობის გამოცოცხლება აშკარად შესამჩნევი გახდა. ერთი ქალბატონი ღიმილით დაეთანხმა ახლადმოკერებულ იარლიყს, ვიღაცამ – ვაი შენს პატრონსო! მიაძახა და ამან გაიგონა!..
    აი იქ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!?
    – ვანო არის კაცი! გამოქანდით და დაასკდით ყველა, ვისაც მაგის სიტყვა არ მოგწონთ. კაცი სიტყვის თქმას ვერ ასწრებდა, საქმე უკვე გაკეთებული იყო. აბა ისაა კაცი და საქმია გამკეთებელი – სირისტიანი კოლბაში?
    ვანოს ციხეში ვინ გააჩერებს , გამოვა და ნახავთ რეებს იზამს!
    ამ ტიპის ქადაგება უკმაყოფილო შორისდებულების ფონზე კი მიმდინარეობდა, მაგრამ, რა?
    მე მხოლოდ ბოლთის ცემა დავიწყე თითებით, დამენანა საკუთარი პერსონა ამ ტიპთან სადებატოდ. მაგრამ ცნობისმოყვარეობამ ისევ დამღუპა.
    ვერ მოვითმინე და სრული თაბეჭდილებისთვის და შეგრძნებებისთვის მისკენ გავიჭყიტე, სკემებს შუა. სანახაობა – დიდი არაფერი, პირიქით, ერთი ლოქოსავით მაისურზე მენიუჩამოწურწურებული მელოტი. ბეხლეწი კი იყო, ანუ ერთი შეხედვითაც რო ჩანს ჰაბიტუსით – "ვარდიაშვილი მენტი!."
    გამოჭყეტვა ეგრე არ უნდაო და, რა ვიცი, რა თვალზე ჩამხედა თვალებში,
    – რას მიყურებ, წამოდ თუ გინდა, კაი ადგილას წაგიყვან, არ ინანებო. გაჩუმება ვარჩიე, ვიდრე თმაზე ხელების ფათური არ დამიწყო, თან ლექციის თემას აშკარად გადაუხვია – ქალის თმა მთელი "პსიხოლოგიააო"...რისი თქმა უნდოდა არ ვიცი და რა დაინახა ჩემს "მწიფე ალუბლისფერ" "დალალებში,' მაგრამ მაინც არ "ჩავეკითხე," დამეზარა. იმას კიდევ ეწყინა.
    – რაიყო რა სიტყვის ღირსადაც არ მთვლი, დაბრუნდება ძველი დრო და აჭიკჭიკდებით ისევ ყველა,ჩვენს ნოტებზეო! აი იქ გავბედე და შევეპასუხე, – ვისაც სმენა არ გვივარგა და ნოტებსაც ვერ ვკითხულობთ, იმათ რა გვეშველებამეთქი?
    – არაფერიო.. ყრუებმა და ქეიფის ვერგამქაჩავებმა დააქციეთ ეს ქვეყანა, ისხით ახლა ქინძიანი სტაფილოს წვენი ტ@@@შიო.
    კი არ მესიამოვნა პასუხი, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი, თან თავისი პროგრამა მინიმუმი ქონდა შესასრულებელი – ქადაგებდა ვანოს მეორედ მოსვლას.
    თან ორლულიანიდან ისროდა ყველა წინადადებაზე და თავზე ნარნარით გვახურავდა დედებისას, კეთილებისას, კარგებისას და ბიძინას ცოლ–შვილისას.
    ისევ ცნობისმოყვარეობამ მძლია და მიკროავტობუსის შიგთავსი მოვათვალიერე. 80% აღშფოთებული სახით ბაასობდა ერთამანეთში, მე სხვა რამე მაინტერესებდა – ტრანსპორტში 3 მამრი იჯდა, მძღოლის გარდა. ერთს ყურები ქონდა დაცობილი და თვალები გადატრიალებული, მაგრამ დანარჩენები არც წარბს ატოკებდნენ და არც თვალებს ახამხამებდნენ. უხერხულ–მოკრძალებული ჩახველებაც არსით ისმოდა..
    სანამ მე ამ კონცერტის დამსწრე საზოგადოების თვალიერებით იყავი გართული, "სოლო პარტიამ" ისეთი კრინი აქაჩა, დასადუმებლად თავში ჩანთის ჩარახუნებაზე არ ვეტყოდი უარს, მაგრამ ... ამასწინათ, ერთმა მეგობარმა ყბაში სწორად გალაწუნება მასწავლა და, ერთი სული მაქვს, როდის გამოვცდი ჩემს შედეგებს...
    ხოდა, ამასობაში, ეს ჩვენი ვანიჩქას მეხოტბე ისე გათავხედდა, სულ "ორი კვერცხის და მათი აყლაყუდა მეგობარის" მიმდევრები გვეძახა. ერთი კარგადაც მოგვაფურთხა და ჩავიდა.
    მგზავრებმა ერთდროულად და ხმოვნად ამოისუნთქეს და იქ ამ "თავხედი დეგენერატის" თემის გარჩევა დაიწყოოოო.... რა თქმა უნდა, აქტიურად ჩაებნენ მამრები. ისე ჩაებნენ, ქალებს არ აცდიდნენ ქოთქოთს. ერთმა ისიც თქვა, ვიცი ვინცაა, ყოფილი პოლიციელია და იმიტომაა დაბოღმილიო...
    იმასაც ცნობისმოყვარეობით გავხედე, ისეთი ამაყ და კმაყოფილი იყო, კომპეტენტურ დასკვნა რომ დადოოო...
    უცებ ისე ვიყვირე – გაჩერეთ! ნორმალური ადამიანები მაგ ტონალობაში უკიდურეს პროტესტს გამოხატავენ. ძალიან მომინდა ჩასვლა, შუა გზიდან, თორემ მესამე ხაზიდან პირველ ხაზზე გადასვლა ასე სწრაფად რომ არ უნდა მოსთხოვო მძღოლს, მაგდენი ვიცი.
    ჩამოსვლისას მძღოლმა ისე შემომიბღვირა, ვერ მოვითმინე და კომპლიმენტი ვუთხარი , ძალიან მოგიხდათ იმ ტიპისგან მოკეთეების მოკითხვამეთქი.
    ჯერ ვერ მიხვდა, როცა მიხვდა, – მე რაო?! მასეთი ათასი გიჟი ამოდის აქო და ყველას რომ ავყვეო... მაგის გულისთვის სამსახურს ვერ დავკარგავო... ის, 2 ცალი მამრიც გამოეხმაურა, აბა ახლა, ხელს ხომ არ გავარტყამდი მთვრალ კაცსო. კაცსო, დიახაც!..
     
    ალბათ, ცნობისმოყვარეობის ბრალია, თორემ, აბა რაში უნდ მაინტერესებდეს, რის გამო შეიძლება დღეს დაკარგოს სამსახური, თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს ან გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა მამაკაცთა არც ისე მცირერიცხოვანმა "არმიამ" ?
    არადა, იყო დრო, როცა, ქალის თანდასწრებით გინება მამაკაცებში ცუდ ტონად ითვლებოდა და იმდენი ჩხუბი "აწეულა " მაგის გამო უბნებში.
    შეიცვალნენ თავადაც და კრიტერიუმებიც შეეცვალათ ჩვენი მამრების დიდ ნაწილს...
    დიადი ვანოს აღდგომის მოლოდინის ბრალია ესეც ვითომ?
  4. katya
    "- ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი, და, სხვათა შორის, ... თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის საჭიროა ჭკუა..."
    გასაგებია, რომ ყველა კეჟერაძე ვერ იქნება,და ვერც კმაყოფილი, თუნდაც ცენტრალური გათბობის და სხვა კომუნალური პირობების არქონის მიუხედავად. მაგრამ, ბედნიერებისთვის, ზოგჯერ, წიგნების ორი კარადაც კმარა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი - მხარს ზემოთ, ნათურა...
     
    დღეს აპრილის ოცდასამ ქულიანი სამშაბათია. ეს დღე ყველას თავისი ინტერესის მიხედვით აქვს გაწერილი.
    რა შემიძლია მოგილოცოთ ამ დღეს?
    1923 წლიდან , კატალონიაში, 23 აპრილს, ანუ დიდი სერვანტესის გარდაცვალების დღეს, მამაკაცები ვარდებს ჩუქნიან ქალებს და, მადლიერების ნიშნად, მათგან საჩუქრად წიგნებს იღებენ. იუნესკოს აღიარების შემდეგ, წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს „მწიგნობრები“ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ.
     
    „ჩემს მკითხველს“ ამ სივრცეში წიგნის მნიშვნელობაზე საუბარს არ ვაკადრებ, უბრალდ იმის თქმას ვაპირებდი, რომ დღეს
    წიგნების საერთაშორისო დღეზე, თბილისის წიგნების მაღაზიების დიდი ნაწილი, პროტესტის ნიშნად, დაკეტილია. ვის ინტერესებს გამოხატავს, ემსახურება, არღვევს ან იცავს აღნიშნული პროტესტი, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე?
    დავიჯერო, საქართველოში იმდენი თავგადაკლული წიგნისმკითხველია, რომ მასები განაწყენდებიან ?
    არ ვხუმრობ, დღეს თბილისში, ფესტივალის ფარგლებში, რამდენიმე წიგნის მაღაზია პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს და წიგნებს არ გაყიდის.
     
    უმანკო ჩასახვით მხოლოდ ჭორები იბადება...
    საზოგადოებაში ჩასახული ნებისმიერი სახის პროტესტი, ძირითადად, კონკრეტული მანკიერების წინააღმდეგ ან დასაცავადა მიმართული ქმედებაა. საქართველოს მოქალაქეები, კიდევ ერთი ახალი კატეგორიის მიხედვით გავიყავით. კატეგორია ჩვენში, ბოლო დროს, დაპირისპირებულ მტრულ ბანაკებს ნიშნავს. გაგვყო არც მეტი–არც ნაკლები განათლების მინისტრმა. აი რა შეიძლება მოყვენს ერთ დაუფიქრებელ, თუნდაც ობიექტურ გადაწყვეტილებას ან კეთილ საქმეს.
     
    მოკლედ, მე იმ ბანაკში ვარ, სადაც ბავშვებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება გაუხარდათ და ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ კრიმინალს და ტრაგედიას ვერ ხედავენ.
     
    ჩემთვის, ერთი რიგითი მშობლისთვის, ერთი რიგითი მოქალაქისთვის და ერთი რიგითი ჟურნალისტისთვის, ან "კო–"სთვის, საგამომცემლო ბიზნესიც ისეთივე ბიზნესია, როგორც მაგალითად მშენებლობა, ხორცპროდუქტების წარმოება, კერძო სამედიცინო კლინიკა ან საკონდიტრო საცხობი.
    ამდენი ხანია ვითხოვ და ვერავინ ამიხსნა, რატომაა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებისა და გამომცემლობების გაკოტრების საფრთხის თემა ასეთ ფატალურ კავშირში?
    რატომაა საქართველოში სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა გამომცემლობების ძირითადი საარსებო წყარო?
    არაკონკურენტურ, მეტიც, მონოპოლისტურ ბაზარზე, ირიბ დოტაციაზე და „სტრატეგიულ“ (ანუ აუცილებლად, იძულებით საყიდელ ) პროდუქციაზე იყო გათვლილი ამდენი საგამომცემლო სახლის ბიზნეს–გეგმა?
    ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გაკოტრდეს საგამომცემლო ბიზნესი კონკურენტულ გარემოში, როცა, ასეთ დროს დასაშვები და კანონზომიერია ნებისმიერი სხვა ბიზნესის გაკოტრება?
    ჰეი, თქვენ, გამომცემლებო! 2003 –დან მოყოლებული რამდენი სახის, რა მასშტაბის და რა პერსპექტივის ბიზნესები გაკოტრდა, განადგურდა და თავზე დაენგრა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანებს, ოდესმე დაინტერესებულხართ ან დაგითვლიათ? თუ გგონიათ, მათ თქვენზე ნაკლები სურვილი, ცოდნა და კაპიტალი ჰქონდათ იმ საქმეში ჩადებული?
    არ გიფიქრიათ არა?
    რატომ?
    არ გეხებოდათ და მიტომ?
    აბა ახლა რა უფლებით ითხოვთ იმ ადამიანების IQ-ს გადამოწმებას, ვისაც ბავშვებზე სახელმწიფოს ზრუნვა გაუხარდა და სამინისტროს გადაწყვეტილება სწორად მიიჩნია? თქვენ იდექით მაშინ იმ უკანონოდდაზარალებული და გაკოტრებული ბიზნესების გვერდით? იმ ბიზნესების მფლობელთა გვერდით ყოფნას ვერავის მოგკითხავთ და გისურვებთ, იმიტომ რომ მათი 80% ან გულის შეტევით გარდაიცვალა, ან საპატიმროში აღმოჩნდა და ან ქვეყნიდან ძლივს გაასწრო.
     
    თუ პირადად ჩემი აზრი ვინმეს აინტერესებს, სასკოლო წიგნების ბიზნესის მომგებიანობა ჩვენისთანა დაცემულ და ყველანაირად გამოშიგნულ ქვეყანაში, სხვა თუ არაფერი, უხერხულია. რატომ? იმიტომ, რომ სკოლის სახელმძღვანელო ფუფუნების საგანი არაა. წიგნი ბავშვისთვის იგივე პურია და ვინც დღეს ამ პურის მშიერი ბავშვისთვის უფასო მიწოდებაზე წუწუნებს და ბუზღუნებს, ჩემთვის უბრალოდ უზნეო და ეგოისტი ტიპია.
    არაერთხელ მოვისმინე სამინისტროს გადაწყვეტილებით პატივმოყვარეობა შელახული და შეურაცხყოფილი მშობლების პრეტენზია – რა მჭირს სახელმწიფოს სამათხოვრო, ჩემს შვილს როგორმე წიგნს თავად ვუყიდიო!
    ვინ გიშლით მერე? თქვენ იმის უფლებაც გაქვთ, რომ თქვენი შვილები საუკეთესო კერძო სკოლებშიც ატაროთ, საუკეთესო ავტომობილებით საუკეთესო ბრენდებში გამოწყობილები და ამის გამო ვერავინ დაგძრახავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენმა საზოგადოებამ თქვენს შესაძლებლობებზე გააკეთოს სწორება.
    საზოგადოებრივი აზრი უმრავლესობის აზრია, ხმათა უმრავლესობა იგებს ნებისმიერ არჩევნებს (თუ არ გააყალბეს, რა თქმა უნდა!), უმრავლესობამ შეცვალა ცხოვრების წესი და პრობლემებთან დამოკიდებულება, როცა დააფიქსირა ხელისუფლების შეცვლის სურვილი. ეს კი , სამწუხაროდ, იმას ნიშნავს, რომ, ამ ქვეყანაში უმრავლესობას ჯერ კიდევ უჭირს. უჭირს თუნდაც შვილების გამოკვება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განათლება. ამიტომ, რაღაცეებთან შეგუება და რაღაცისთვის თვალის გასწორება დღეს "დაჩაგრულ გამომცემლებსაც" მოგიწევთ.
    ასეთი მიდგომები თქვენთვის უკან გადადგმული ნაბიჯია?
    მერე? თქვენც ადექით და მოახერხეთ ისე, რომ უმრავლესობა მალე გახდეს "თქვენი ტოლი და სწორი"... დამიჯერეთ, ეს იმ ადამიანებს არ გააღიზიანებთ, გაუხარდებათ.
     
    მესმის, რომ ბიზნესისთვის მინიმალური დანახარჯით მიღებული მაქსიმალური მოგება საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ, თუ მაინც და მაინც საგამომცემლო ბიზნესი იცით და ამ ბიზნესში გსურთ, იყოთ წარმატებული, აკეთეთ ეგ საქმე, ბეჭდეთ სხვა კარგი წიგნები, თუმდაც საბავშვო მხატვრული ლიტერატურა, რომელსაც ყოველთვის ყავს თავისი მკითხველი და მყიდველი, ფასის მიუხედავად.
    ნუ გააკეთებთ მაინც და მაინც დამშეულ ბავშვებზე ფულს, იმისთვის, რომ მათი წართმეული ლუკმით თქვენს შვილს კიდევ ერთი დამატებითი ტორტის ნაჭერი მიაჩეჩოთ. ბეჭდეთ სხვა დანარჩენი ლიტერატურა, თუნდაც უფრო მომატებულ ფასად, მიიღეთ მოგება, მოიხმარეთ მშვიდობაში და მიეცით სახელმწიფოს ბავშვებზე ზრუნვის უფლება!
    თქვენი და თქვენი ბიზნესის პრობლემა ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში კი არა, ზოგადად მკითხველი საზოგადოების ნაკლებობაშია. ადამიანს, რომელსაც უყვარს წიგნი, ან აქვს ფული, ან არა. ასეთი ადამიანები კი, თავისთავად ცოტანი არიან, მითუმეტეს დღეს, ელექტრონულ–ვირტუალურ ეპოქაში.
    პ.ს.
    "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ვიღაც საფუძვლიანად დეკოლტირებულ, თავით ფეხამდე ათრთოლებულ ქალს სურათს უღებს: „ეგრე, არა, არა, ზემოთ აიხედეთ, ზევით, მაღლა-მეთქი, ცოტათი კიდევ, ოო, მარცხნივ მიაბრუნეთ თავი, ოდნავ, ოდნავ, ნუ იძაბებით, ნუ, ნუ ღელავთ, ქალბატონო, დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ, ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი, უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით, ოოო, ეგრე, იფიქრეთ ბედნიერ ბავშვობაზე"...
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  5. katya
    ყოველი უდარდელი კვირა საღამოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ორშაბათის პირქუში აჩრდილი. მაგრამ ჯერ ისევ კვირაა, „მძიმე ორშაბათამდე“ მთელი საღამო და მთელი ღამე, ასე რომ, ჯერ კიდევ ამ კვირის მოვლენებით გამოწვეული შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ...
    ვიდრე ტალღის ქიმზე მოვექცეოდეთ, ამ ხარება დღეს ერთი გასახარელი ამბავი უნდა გახაროთ – მტკვარი არც კალაპოტს შეიცვლის და არც დინების მიმართულებასო! ვინ თქვა და ენერგეტიკის მინისტრმა. კალაძემ ამ განცხადებით, მიზეზიან– მოზუზუნე უმცირესობას ნიშნიც მოუგო და ცნობისმოყვარეობაზეც, დელიკატურობის ფარგლებში, მიუგო...
    სხვათა შორის, კალაძე თავისი გულწრფელობის და მონდომების გამო, თვით თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქის“ „პოსტის“ გმირიც გახდა და მისი ქებაც დაიმსახურა –„ ჯერ-ჯერობით ერთადერთი მინისტრია, რომელიც ყველა კითხვაზე გულწრფელად ცდილობდა პასუხის გაცემას და არ იწყებდა "9 წელი რომ ხალხს სისხლს სწოვდით..." - ო.
    მართალია, ამ შეხვედრაზე პარლამენტარი გოგორიშვილიც გულწრფელად ცდილობდა კომპეტენტური და კრიტიკული ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის „რაღაც“ დააკლდა. სამაგიეროდ, კობა სუბელიანი, სხვა დანარჩენ „სისუსტეებთან“ და მავნე ჩვევებთან ერთად, შურიანიც აღმოჩნდა. მას გულწრფელად შეშურდა ალეკო ხეთაგურის, რომელსაც გაუმართლა „მემკვიდრეში“.
    დაინახოს და აღიაროს სუბელიანის მიღწევები, ნაშრომი და ნაწვალები ვინმემ, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა! ასე რთულია ეს?.
    უმადურობა დაღუპავს სამყაროს და ნაციონალებს საკუთარი ქვაზე დადებული მადლი.
    უმადურები რომ არ იყვნენ, ვაშაძის გულწრფელი აღშფოთების არ იყოს, –"რა დროს რაბათის სახურავია?!" ..“ასაშენებელია ცოტა, დასასაქმებელია ცოტა?! აგერ ხალხს პრობლემები აქვს. მოახმაროს თავის ენერგია მთავრობამ იმას, რომ დაპირებები შეასრულოს და ხალხს ყოველდღიური ცხოვრება შეუმსუბუქოსო!“.
    გვაპატიეთ, ბატონო გიორგი, ასე რომ შემოგეჭერით მოქალაქეობრივ რიტორიკაში, მაგრამ, ამას მართლა გულწრფელად ამბობთ თუ იმ საზიზღარმა ქვეცნობიერმა აგალაპარაკათ?
    ვანოსი სადღაც მესმის – ხბო დაუკლავს, გაუტყავებია, ჩამაუკიდნია, მაგრამ, თქვენ? „იუსტიციის სახლის“ წარმატებულ პროექტსაც ვერ დაიბრალებთ, იმიტომ რომ იდეის ავტორიც გასაჯაროვდა და მაგ „სახლის“ მინუსებიც..
    ვანო – უმცირესობად დეგრადირებული უმრავლესობის ხერხემალი და ნაციონალიზმის მწვერვალი – ქმნის მოძრაობას „რაბათის გადასარჩენად.“
    მოძრაობის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა, ღვედები მაინც შეიკარით, „ინკვიზიციას“ არ სძინავს... ერთი საგულისხმო ფაქტი – ვანომ სიტყვა „ინკვიზიცია“ იმდენად გამართულად წარმოთქვა პირველივე ცდაზე, მგონი თავადაც გაუკვირდა...
    აღიარეთ! ვერ სცოდნია კარგი მართვა, ვინც გუბაზის კაბინეტის ოპერაცია დაგეგმა. ამოდენა გუბაზს იმოდენა წებოვანი ლენტი, ე.წ. სკოტჩი დააკავებდა?
    ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაედებაო– გოკამ. ჰოდა, ვიღაცეებს წითელიც აენთებათ, ალბათ... რა ვიცი, ერთი ცნობილი ქართული ფილმის ეპიზოდში ეგრეა და...
    დავით უსუფაშვილზე რომ ოპოზიციამ პროცედურული თავდასხმა განახორციელა, არც ეგ ფაქტი დაიკარგება სამყაროში. რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა – „რესპებით შეშინება“ და რა შველის მაგას ლეიბორისტებით გამოლოცვა თუ სოროსის დაფინანსებული იეღოველების კონგრესიდან წამოღებული თეფშის ნატეხი, ჯერ ვერ დავადგინე.
    ჩემგან განსხვავებით, ქალბატონმა მანანა კობახიძემ კი დაადგინა და ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრი ობშორულ ზონებში არანაირ კომპანიებს არ ფლობს, მაგრამ, მე და კიდევ ზოგიერთ კომპეტენტურ ექსპერტს თუ კითხავთ, ოფშორში ბიზნესი სულაც არაა კრიმინალი..
    მე მაგალითად ისიც არ მჯერა, ქალბატონ მაია მწარიაშვილს გია გეწაძესთან მეგობრობას რომ აბრალებენ, მაგრამ, ხომ არის ხალხი, ვისაც სჯერა?
    ხვალ, საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები „დაეცემიან“ და შესაბამის დასკვნასაც გამოაცხობენ. ამასობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 19 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსიც გავა ფინიშზე და რაღაცა უკეთესობაც წამოგვეწევა გზაში...
    ნაძალადეველები დიდ საგონებელში ვართ ჩავარდნილი გიორგი გუგავას გამო. თამარ კორძაიას რომ ტელე-დებატებში იწვევდა, ნეტავ რა უნდოდა? გუგავას ნაფიქრალს და ტკივილს ყველა ვერ იგრძნობს და ვერ გაიგებს და ამითაც იქნება ეგ ბედნიერი.
    დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევში – ბატონმა ჩიტიშვილმა, გუშინ თემქის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიმდევარი, მხარდამჭერი და კეთილმოსურნეა, რომ აქვს პატრიარქის და ბატონი ბიძინას კეთილგანწყობა, ცხოვრობს ეკლესიურად, სურს თავისი ფინანსები და სხვა შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარი ოჯახის წევრებს, რომლებშიც მთელი ნაძალადევის მოსახლეობას გულისხმობს...
    ამის მოსმენის შემდეგ, უნებურად ჩნდება კითხვა – რა აუცილებელია ამ კეთილშობილური საქმეებისთვის მისი პარლამენტში ჯდომა? ქველმოქმედებას იმუნიტეტი არ სჭირდება დღეს, რამდენადაც ვიცი, არც რელიგიურობას და არც ოჯახის წევრებთან ურთიერთობა რეგულირდება მაინც და მაინც კანონშემოქმედებით სივრცეში. ისე, სად იყო ამდენხანს , ასეთი ბაჯაღლო თუ გვყავდა ოჯახში ნაძალადეველებს?!.
    ნაციონალების ზოიამ, დამიქვითეთ ხელფასი, არ მეშინიაო! არ უნდა ქალს „ცირკში“ მუშაობა თურმე და რატომ ერჩიან? წესით, ყოფილ უმრავლესობას არ უნდა უჭირდეს საკუთარი უშტატო სპიკერისთვის ერთი სათადარიგო მიკროფონი, განახლებად ენერგიაზე მომუშავე...
     
    აი ნანა ყეინიშვილს კი ყველა მიკროფონი უნდა გადაუმალონ მაგ შენობაში საგულდაგულოდ და შენობის გზასაც თუ გადაავიწყებენ, მთლად უკეთესი, ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა...
    ყეინიშვილის გამოსვლაზე იცინოდნენ - ნუგზარ წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი, მარიამ საჯაია, გიგი წერეთელი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და პეტრე ცისკარიშვილი და მეც...
    ეს ჩვენი გზაკვალარეული პრეზიდენტი ხარება დღეს თურქებს რომ არ სტუმრებოდა, ალბათ ეშმაკი მიატოვებდა გაჭირვების ჟამს. თუმცა, საღამოს მაინც მოასწრო სოციალურ ქსელში მართლმადიდებლებისთვის მოლოცვა, ალბათ ურჩია ვინმემ...
    სამაგიეროდ, დედაქალაქში, კანცელარიის წინ 2 ძალა აქტიურობდა დღეს – აბორტის მომხრეები და მოწინააღმდეგენი. საინტერესო ის იყო, რომ ერთი მხარე სიცოცხლის უფლებას იცავდა და მეორე – ქალთა უფლებებს. არადა, ქალი სიცოცხლის საწყისი რომაა მაგას ჩვენ ჯერ კიდევ საბავშო ბაღში გვასწავლიდნენ...
    პ.ს.
    მესმის, რომ იმ სამყაროში, სადაც ოცნებები სრულდება, რთულია ისეთი ქვეყნის მართვა, სადაც ადამიანები მეზობლის ძროხის სიკვდილზე ოცნებობენ...
    ორიენტირება მხოლოდ სივრცეშია შესაძლებეი და არა სიცარიელეში...
    ისიც მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვიდრე სხვისთვის სულში ჩაფურთხებას გადაწყვეტ, წესით, ქარის მიმართულებაც უნდა აკონტროლო და ვიდრე რამეს იტყვი, კიდევ ერთხელ გადაამოწმო კავშირი ენას და ტვინს შორის...
    ხარების მადლი და სიხარულის უნარი არ გამოგლეოდეთ ადამიანებო!
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  6. katya
    პირველი აპრილიც გავიდა და კარგი სიახლეებიც ამოიწურაო, არადა, კიდევ რამდენი სასიამოვნო რამის მოტყუება შეიძლებოდა!..
    ჩემი ერთი მეგობარი, ისე იყო გუშინ მობილიზებული და თავისარმოტყუებაზე ორიენტირებული, რომ ლამის კალენდარიც უარყო...
    ჰოდა, ამიტომაც, აღარ ვუთხარი, რომ ძალიან მესიმპათიურება. მაინც არ დაიჯერებდა და რა აზრი ქონდა?.. დაელოდოს, იმ დღეს, როცა სიცრუის დეტექტორზე შემაერთებენ...
    და იყო გუშინ პირველი აპრილი, თან ორშაბათი… ასეთი პარამეტრებით, ზოგიერთს, შესაძლოა, სახლიდან გასვლა არც უღირდა, მაგრამ, ჩემთვის პირველი აპრილი ის დღეა, როცა თავის მოტყუებაც კი გვეპატიება.
    ორშაბათი მძიმე დღეა. 1 აპრილი ხუმრობის და „ციგნობის დღე“, – როგორც ბებიაჩემი ამბობდა. მე, პირადად, კარგახანია, სულ წინსწრებით მეხუმრება ყოფითი ყოველდღიურობა და სასიამოვნო მომენტებიც ვერ დავიჭირე პროცესში, მაგრამ, ნელ–ნელა დავიხვეწები, იმედია. სულ ვამბობ – წინასწარ არაფერი უნდა დაგეგმო. ყველაზე რეალისტური რამეც კი, თორემ, ფაქტი სახეზე ვარ...
    როცა ადამიანებს არაფერი გამოსდით, ცდილობენ, რაღაც შეცვალონ ცხოვრებაში. სახელმწიფოები ასეთ დროს გარდაქმნებს იწყებენ. ბევრი იქნება მკითხველებში „ნაპერესტროიკალი“ და მიხვდება, რასაც ვგულისხმობ.
    31 მარტს ყველას ახსოვდა რეფერენდუმი და ზვიადი... მე ის თაობა ვარ, ეპოქალური კუმირების წყალობით, ბევრი ზვიადის, ბევრი მიშას და ბევრი ბიძინას დაბადებას რომ მოვესწარი... მეტს არაფერს ვიტყვი...
    31 მარტი „თავისუფალი თეატრის“ დაბადების დღეცაა...რა თქმა უნდა, ტორტი და საუკეთესო განწყობა გამოვტოვე, მაგრამ ეგ დასი სხვებზე ნაკლებად არ მიყვარს და, მაესტრო ვარსიმაშვილმაც იცის ეს.
    დაგვიანებულ გაზაფხულში საშიში არაფერია. მეცნიერებიც ამბობენ, რომ მსგავსი რამ რამდენჯერმე უკვე მოხდა გამყინვარების პერიოდის დასაწყისში...
    თქვენი არ ვიცი და მე, ზოგჯერ, ისე ძალიან მინდება ხელისუფლების წარმომადგენლების უკან, სკოლის მერხებთან მისკუპება, რომ კარგად ისწავლონ ბავშვობიდან განსხვავება სიტყვას და საქმეს შორის. ვინც ვერ გაიგებს, იმისთვის როზგიც მოინახება სადმე და „ლინეიკაც“...
    არც ისეთი ოპტიმისტი ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე, ერთხელ გამყიდველი მეორედაც რომ გაგყიდის და, თუ დაჭირდა, მესამედაც გადაგყიდის...
    ოპტიმიზმი ინფორმაციის ნაკლებობამ იცისო, დიდ ფაინას თუ დავუჯერებთ...პანიკას ნუ მიეცემით! სიმართლე ზედმეტი არასოდესაა. თანაც, ჭარბი სიმართლის სარფიანად გაყიდვაც შესაძლებელია.
    იმდენი რამ მოხდა და გადაგვხდა, დროა შვთანხმდეთ, რომ ადამიანი ადამიანისთვის ან ბატონია, ან ამხანაგი, ან მოქალაქე!..
    „მე, რომ ქვეყნის პირველი პირი ვიყო და ხალხს ვერცერთი დანაპირები ვერ შევუსრულო, თავს მოვიკლავდი“,– ასე თქვა ეროვნული მოძრაობის ფესვებიდან ამოსულმა ირაკლი წერეთელმა. ვისზე იტყოდა? ჯერ–ჯერობით მხოლოდ სააკაშვილზე. ეგ გვპირდებოდა ნატოს, მაგრამ „მაპი“–ც კი მხოლოდ „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილში“ მოგვცეს. რუსეთმა სააკაშვილის დროს ცნო აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, სამაგიეროდ მიშა 31 მარტს რეფერენდუმით და მისი ისტორიული ღირებულებით ამაყობდა. გოკამ რა? გოკა მარტო გაბრწყინებულ საქართველოს გვპირდებოდა ეკრანიდან და კი აისრულა ეგ ხედი ოთახიდან ოთახში გამავალ ფანჯარაში.
    ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და საქართველოს მოჯადოებულ წრეზე სიარული უნდა დასრულდეს. ვითომ ჯადო ნაპოვნია?
    უწყებათაშორისი კომისიის წევრი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი, ოპოზიციის აქტივისტთა საგამოძებო ორგანოებში დაბარების ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთებულია. ვისაც ხელი მიუწვდება, ეგებ მოახერხოს და მიართვას კიდევ ერთხელ ამ ქალბატონს გაბანტული და სათუთად შეფუთული 2 აგური, თუნდაც 19 აპრილის აღსანიშნავად...
    ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მურსის საქართველოში ჩამოსვლა მოსურვილებია. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა "ფეისბუქის" გვერდზე დაპოსტა, – „ ეგვიპტეში დასასვენებლად ყოფნის დროს გადავურეკე და მოვიკითხეო“. ვიცი მე მაგის გადარეკვა და მესიჯები – დაიწყებდა ვიშ–ვიშს – არიქა, „ლაპატნიკი“ სახლში დამრჩა, ან ახალი ხელისუფლების მებაჟეებმა თბლისის აეროპორტში ამომაცალეს და არიქა, მომხედეო! ძალიანაც კარგი, თუ მაინძელი სახლში არ დახვდა... ჩვენი არაადექვატური პლაჟზე მზია ბებოს გაკეთებული ხაჭაპურს მოუტეხდა და ეგვიპტისა კიდევ აქლემის რძეში მოხარშულ სიმინდზე გადაიპატიჟებდა. რას ვართ გადარჩენილი! მე ის მაინტერესებს, ვის ხარჯზე ეპატიჟება საქართველოში ეს იმ „შავ კაცს“?
    ფაქტია, რომ მიშა შეჯდა აქლემზე და გააჭენა! ანუ, მიმიფურთხებია თქვენი დიპლომატიური მისიებისთვისო!.. „უპატარძლო“ მისიებით კიდევ რა გინდა გააკეთო ბრიტანეთში, გერმანიაში,, ჩინეთში, ბულგარეთში და გაეროში მითუმეტეს...ჰოდა ორკვირიანი ვადაც მალე გაივლის, თანაც იმ საკრალულ 19 აპრილამდე...
    ვანომ, –რას გვიშვება ეს ნანუაშვილიო! პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი რომ მიაწებეს ჩემს ბედ და ნაცკრულ ქვეყანას, კიდევ ჰოო და ახლა უნდათ, ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე ქვეყნის სტატუსიც აჰკიდონო.
    არადა, ქვეყანა რა შუაშია ? ლაფანყურში ჯიპებით იმ ღამეს ქვეყანა დარიხინებდა?
    ვანოს ხუმრობას რომ ჩასწვდე, იუმორი საერთოდ არ უნდა გქონდეს და, ზოგადად, მაგ სფეროში აშკარად გვიჭირს უმცირესობაშიც და უმრავლესობაშიც, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.
    დღეს პარლლამენტს გარემოს დაცვის მინისტრი ესტუმრა. ეგ გარემო ნამდვილად კია მისახედია მინისტრის დონეზე, თორემ დავრჩებით სტერილურები ისეთ უცნაურ კანონებზე მსჯელობენ...
    ლეიბორისტები სხვა პარტიებს კანდიდატურებს გიორგი გუგავას სასარგებლოდ მოხსნისკენ მოუწოდებენ. კარგით ახლა! გავიცინეთ და გვეყოფა! იმედია, ეს გუშინდელი ხუმრობა იყო, საპირველაპრილო. აბა ასეთი გულუბრყვილობაც სად შეგვიძლია ხალხო...
    ვიცით შალვა! შენ გგონია, ჩვენ არ ვიცით, რა რთულია დინების საპირისპიროდ ცურვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დინების მმართულებით ნიანგები მოცურავენ...
    დიდი სიურპრიზი 19 აპრილსო ვანომ! რა იქნება, მოდით და გაიგებთო…
    რომ მივიდეთ და არ მოგვეწონოს, მერე ბილეთის ფულს დაგვიბრუნებენ თუ სიამოვნებას სხვა ზომაში გადაგვიცვლიან ნეტა?
    ამათ ჩვენ სიურპრიზის ხამები ვგონივართ?
    მამუკა ღლონტს მინისტრობას უპირებენო და იყო თუ არა ეს ნიუსი საპირველაპრილო ტესტი, მალე გავიგებთ. 1 აპრილს სპეციალურად დაამთხვიეს – რეაქციები გადაამოწმეს. თუ ტაში მოყვა, მართალი გამოდგება, თუ წყევლა–კრულვა და საკადრო პოლიტიკის დედის მოკითხვები, მაშინ იტყვიან, რა იყოთ ხალხო, ვიხუმრეთო!
    ტვინით ყველა დაგვაჯილდოვა განგებამ, უბრალოდ ეგაა, ყველა ვერ გაერკვა სათანადოდ ინსტრუქციაში...
    ამასობაში კი ბაჩანა ისევ სასამართლო რეჟიმშია, მერია „გრინსერვისთან“ თანამშრომლობას ჯიუტად განაგრძობს, ხოლო მთავარი პროკურორი „ნაციონალდალეულ“ პროკურორებს იმიტომ არ ანთავისუფლებს, რომ სახელფასო კრედიტები ჰქონიათ ბანკებში.
    არადა, ზოგჯერ, ადამიანურობის მწვერვალიდანაც შეიძლება გადაიჩეხო...
    ყველაზე დიდი სტიმული, ისაა, როცა გეუბნებიან, რომ რაღაცას ვერ შეძლებ. დამატებითი სტიმული თუ სჭირდება სასწრაფოდ გასაკეთებელ საქმეს, ეგეც არაა პრობლემა – ადრე ნარეცხ წყალს უნიტაზში ასხამდნენ, ახლა ეგ მასა ინტერნეტში მოედინება...
    თუ შევურევთ და, თანაბარი პროპორციებით, კარგად ავთქვეფთ სასიამოვნოს და სასარგებლოს, პროცედურის ბოლოს, არაა გამორიცხული, ზომიერი საძაგლობა გამოგვივიდეს...
    ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი ნათქვამის დავიწყება, დროთა განმავლობაში ივიწყებენ ჩვენს საქციელსაც, მაგრამ არასოდეს ივიწყებენ ჩვენგან დატოვებულ შეგრძნებებს...
    თუ რაღაც მომენტში ადამიანების გაცურება მოახერხეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ბრიყვია. ეს უფრო იმის მიმანიშნებელია, რომ ადამიანები იმაზე მეტად გენდობოდნენ, ვიდრე ამას თქვენ იმსახურებდით.
    და რა საოცარია, როცა სიმართლეს სიცრუის დეტექტორისგან ელიან.
    ყავამშვიდობისა, ხუმრობის გარეშე!
    კატო ჩულაშვილი
  7. katya
    ისევ ორშაბათი... კიდევ ერთი... თუმცა, ისეთი განწყობა მაქვს, თითქოს, გასული კვირის ყოველი დღე ორშაბათი იყო...
    არადა, რით ვერ შევეჩვიეთ – გამოსასვლელი დღეების შემდე, კვირის პირველი 5 დღე ყოველთვის "ჭირს"...
    წინა ორშაბათს დაწყებული ინფორმაციული შტორმი კვირას ნატურალური შტორმით დასრულდა.
    მეტეოროლოგიური გაზაფხული, თავისი პარამეტრებით, აბსოლუტურ თანხვედრაშია პოლიტიკურ გაზაფხულთან – ნერვებ–სურვილებ და საღერღელაშლილი, პრინციპებაჭრილი და დაუკმაყოფილებლად მჩხავანა...
    თუმცა, რაც ჩვენ ცვალებადი მოღრუბლულობები და ქარაშოტები გადავიტანეთ უახლოეს 9 წელიწადში, იმ ფონზე არც ქარწაღებული და არც წყალწაღებული აჭარა და გორი მიკვირს. თავს იმით ვინუგეშებ, რომ „რუსწაღებულს“ ყველაფერი სჯობს. რაღაც სხვანაირი წაღება იციან მაგათ – აღარც აბრუნებენ და ვეღარც ვიბრუნებთ...
     
    მთელს აჭარის სანაპირო ზოლს რამდენად, არ ვიცი, მაგრამ ბათუმს რომ შტორმის გარეშეც ემუქრებოდა დატბორვა, თანაც ფეკალიებგაჯერებული წყლის რესურსით, მაგას არც სინოპტიკოსობა ჭირდებოდა და არც პოლიტიკოსობა. შეიძლება ითქვას, ბუნებამ ერთი პრობლემით მეორე გადაჭრა. რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, მაგ დროისთვის ზღვა მაინც სუფთა და ჯანმრთელობისთვის შესაბამისი ნორმის ფარგლებში იქნება, თუ მაგ სამსახურშიც არ განხორციელდა წმენდა არა პოლიტიკური, მაგრამ ეგებ კვალიფიციური ნიშნით...
     
    წმენდაზე დღეს დავიმოძღვრეთ განათლების მინისტრის მოადგილისგან – არ შეიძლებაო! დაიცადეთ და მოითმინეთ 1–2 წელიო და თქვენც გეშველებათ – თვითდასაქმებულებს და დაუსაქმებლებსო. ანუ, ზურაბიშვილის აზრით და ფორმულირებით, სჯობს ნაკლებკვალიფიციური, ან თუნდაც არაპროფესიონალი იჯდეს ისევ თავის ადგილას, ოღონდ ამან ოპოზიციის აღშფოთება არ გამოიწვიოს და დემოკრატიული ღირებულებების უპატივცემულობა არ დაგვაბრალონ თეას და ჩიორას წივწივით შეშფოთებულმა გადამთიელებმა.
    რაც განათლების სამინისტროში და მთლიანად სისტემაში ხდება, კადრების თვალსაზრისით, მაგაზე პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს, ბატონი დავითი იღებს. ვშიშობ, არაერთხელ მოუწევს უხერხულ სიტუაციაში ყოფნა არა მხოლოდ სკანდალური და გახმაურებული თემების გამო. თუნდაც იმის გამოც, რომ სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე, სამინისტროს შესაბამისი კომპეტენციის თანამშრომელი, საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ არ უნდა აცხადებდეს, ამ ვაკანსიის, მოსალოდნელ რესტრუქტურიზაციის ქვემდებარობის შესახებ. რაც პოპულარულ ენაზე იმას ნიშნავს, რომ, თქვენ კი ხართ შესაფერისი კადრი, მაგრამ თავად სამსახურის ფუნქციაა ჯერ ჩამოსაყალიბებელიო.
    მგონი, პირველ ეტაპზე, მაინც სტრუქტურაზე ჩამოყალიბება და ვაკანსიების შემდეგ განთავსება სჯობს, თორემ, ეჭვი ოხერია, ბატონო დავით! როგორც გურულები ამბობენ, „მარცხი ელანძეა“! და მერე პასუხები თქვენი თანამშრომლების ნეპოტიზმის თემაზე, არაა იოლი.
     
    კიდევ რისი თქმა მინდოდა იცით, მე, როგორც მშობელს, მაწუხებს სკოლაში ზუსტადაც ნაციონალი აქტივისტი მასწავლებლების არსებობა, რომლებიც, სხვათა შორის, არც დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და არც საჩვენებელი მორალით. სხვა საკითხია მათი ანაზღაურება.
     
    როცა მასწავლებლის ხელფასზე ვფიქრობ, თუნდაც მომატებულზე, სულ მგონია, რომ მთავრობაში გამუდმებით არიან შურისმაძიებლები ოროსნები.
    მინიმალური ხელფასი ხომ ცხოვრების მინიმალურ ხანგრძლივობას განაპირობებს...
    თუ ღატაკები ერთბაშად მოინდომებენ სიღარიბის ზღვარზე გადაბიჯებას, ამისგან არც მეტი–არც ნაკლები – რევოლუცია გამოვა.
    არადა, რევოლუციებს მოვრჩითო!
    ერთი ცნობილი ხუმრობა მახსენდება ხოლმე, როცა ხელისუფლებაში მოსულნი საზოგადოების დამოძღვრას იწყებენ მოთმინებაზე და მოქალაქეობრივ აზროვნებაზე: მათ ვისაც აქვთ ტვინი და კავშირები, მიდიან ბიზნესში; ვისაც აქვთ ტვინი, მაგრამ არ აქვთ კავშირები – მეცნიერებაში, ხოლო მათ ვისაც აქვთ კავშირები, მაგრამ არ ყოფნით ტვინი – პოლიტიკაში "რჩებიანო"...
    ვაღიარებ – ყოველთვის პატივს ვცემდი ბიზნესს და მეცნიერებას...
    თუ ბატონ დავითს მიაჩნია, რომ ნაციონალური აგენტურით სავსე სოციალური უზრუნველყოფის სამსახურიც „კადრშეუცვლელი“ უნდა დარჩეს, მაშინ გასული კვირის „მშიერ შოკზეც“ თავისი პასუხი და არგუმენტი ექნება.
    ვიდრე გაუგებარი კრიტერიუმით შერჩეული, საშიშად აგრესიული სულიერი მდგომარეობის ადამიანების გადასაწყვეტი იქნება კონკრეტული ოჯახის არსებობის და ყოფნა–არყოფნის საკითხი, არამგონია, ამ საქმეს რამე ეშველოს.
     
    და აი თემაც, რომელზე საუბარ გავურბივარ, ისევ შოკის გამო.თემა, რომლის მიმართ, საკუთარ ხალხზე მზრუნველმა პრეზიდენტმა, თავისი დამოკიდება საშინლად ცივილურად – რეზიდენციაზე დროშის დაშვებით გამოხატა. პრეზიდენტი გულდათუთქულია და სულაც არაა ძნელია ამაში ეჭვი შეგეპაროს... თვითმარქვია 9 წლის საპრეზიდენტო ვადაში ცხვირის ხელით მოწმენდას ვერ გადაეჩვია. მისი ჩვეულებები რჯულზე უმტკიცესი რომაა, დღევანდელი ბაგრატის ტაძრის არქიტექტორთა დაჯილდოვების ცერემონიალზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, მაგრამ, სააკაშვილი ჩვენი დამსახურებული სახადია, რომელიც უნდა მოვიხადოთ და ამას შევეგუეთ უკვე...
    სამყაროში ყველაფერს აქვს არსებობის უფლებაო, მაგრამ, არის რაღაც–რაღაცეები, რისი არსებობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.
    მგლის შიშით ცხვარს არ წყვეტენ და ახალი ხელისუფლება, ნაციონალების შიშით, ამომრჩევლის წელში გაწყვეტას ნუ დაიწყებთ და ნურც კადრებში დაიკარგებით! თქვენი დაკარგვა ჯანდაბას, ჩვენი ოცნებები მენანება.
    გასულ კვირას ბევრი და განსხვავებული აზრი, პროტესტი და ბრალდება გამოითქვა იმ პატარა ბიჭუნას სიკვდილის ფაქტზე. ჩემთვის, როგორც შვილის შიმშილგამოვლილი დედისთვის, ამ ტრაგედიის მთავარი დამნაშავე მაინც მშობელია, უყურადღებო, უპასუხისმგებლო და სიტუაციასშეგუებული მშობელი და მერე ყველა დანარჩენი – ახლობელი, მეზობელი, ექიმი, გამგებელი, გუბერნატორი, ნაციონალი თუ მეოცნებე, ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ფაქტია – სოციალური ფონი კატასტროფულია. დღეს საქართველოში ხალხი შიმშილობს, თანაც ყველა ასაკში.
    სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დავითვლით და ავანაზღაურებთ. ადამიანის დაკარგვა ზარალი არაა, დანაკლისია. ანდა, როგორც ოფიციალურ წყაროებში მოიხსენიებენ – მსხვერპლი. სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ჩვენი გულგრილობის და უმოქმედობის მსხვეპრლი...
    განათლების მინისტრის მოადგილისთვის, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები, რომლის სტატისტიკითაც საქართველოში, თითქმის 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ანუ მოიხმარს დღეში დაახლოებით, ორ ლარს.
    აქ ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება კითხვა – როგორ შეიძლება გამოკვებო ბავშვი დღეში 2 ლარად. მხოლოდ გამოკვებო, სხვა არაფერი.
    მანდვე ჩნდება მეორე კითხვა – თუ 30 დღეზე გაყოფთ თქვენს მიერ დათვლილ საარსებო მინიმუმს, რომელსაც სექტემბრიდან პენსიონერთა შემოსავალი გაუტოლდება, თქვენი აზრით, რამდენი პენსიონერი შეძლებს ჯანმრთელობის კი არა სიცოცხლის შენარჩუნებას?
    აქვე დავაფიქსირებ ჩემს გაოცებას ნაციონალურ და ოცნებისტურ გამოთვლებთან დაკავშირებით. რა საეჭვოდ და საოცრად ემთხვევა ამ ორი დაპირისპირებული მხარის მიერ დათვლილი საარსებო მინიმუმი?!
    მესმის არგუმენტი, რომ ბიუჯეტს ამ დროისათვის მეტის საშუალება არ აქვს და მაქსიმუმი კეთდება, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, რომ მშიერი ადამიანი არ დაამცირო და არ აიმხედრო. უბრალოდ ცოტა მეტი ადამიანობა, მეტი პასუხისმგებლობა და იმის ხშირად გამეორება, რომ მაგ სავარძელში უკეთესი ქვეყნის დაპირების გამო ზიხარ. ის უკეთესი ქვეყანა კი შენთვისაც უკეთესი იქნება, ჩემთვისაც და იმ დამშეული მოხუცისთვისაც... არაა ეს ძალიან რთული.
    კარგია, რომ ძალოვანი უწყებები განსაკუთრებულად ზრუნავენ საკუთარი კადრების სოციალურ მდგომარეობაზე, კარგია, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დაწესდა სახელფასო დანამატები და ასევე ერთჯერადი დახმარებები დაქორწინების, შვილის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. თანაც ეს დახმარება 1000 ლარიანი იქნება.
    აი მანდ ვარ მეც – უბრალო არითმეტიკასთან – ჩემი ყავის ნალექით. თუ ვიცით, რომ საკუთარი თანამშრომლისთვის ერთჯერადი დახმარება 1000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, რომ ხელფასთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს სჭირდებათ დანამატი, რომ ხელშეწყობა ჭირდებათ მარტოხელა დედებს, მაშინ როგორაა საარსებო მინიმუმი ამ ქვეყანაში 150 ლარი? თუ რა ვქნათ? ყველა მარტოხელა დედა პოლიციაში და თავდაცვაში წავიდეთ სამუშაოდ? სადაა ამდენი საჩვენო ვაკანსია, თორემ –სიამოვნებით...
    მგონი მაინც აჯობებს, დავასახელოთ საარსებო მინიმუმის რეალური ციფრი და განვმარტოთ, რომ ახლა ამაზე მეტის საშუალება ხაზინას არ აქვს?! ადამიანებს აღარ ექნებათ გაბრიყვების მცდელობის შეგრძნება და ყველაფერს, შედარებით, გაგებითაც მოეკიდებიან.
    ერთი კონკრეტული თხოვნა შესაბამის სტრუქტურებთან პენსიონერთა სახელით – ეგებ პენსიონრებს მოუგვაროთ კომუნალური გადასახადების პენსიის ვადებში გადახდის უფლება.
    პენსიონერთა დაზღვევის ამბავი – ცოცხალი ანეკდოტი – ძვირფასო პენსიონრებო! გამოიჩინეთ წინდახედულება და ავად გახდომამდე 2 კვირით ადრე ჩაეწერეთ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე, თორემ, ისე, 2 კვირის შემდეგ მოგიწევთ რიგი. მთავარია, რიგმა მოგიწიოთ და არ გიწიოთ ხელისუფლების ცოდვებმა! სხვა ყველაფერი კარგად იქნება...
    რას დავაკვირდი იცით, – ყველაზე მძიმე სატარებელი ცარიელი საფულეა.
    რა ჯანდაბაა, როცა ყოველ დილით , ოფისში მიმავალს, იმ დედა–შვილის ქუჩში დანახვა გიხარია, ჩხუტებულები რომ სხედან დაბალ, ბრეზენტის გასაშლელ სკამზე.
    მათი სინაყრის ხარისხი, ყოველ დღე, გამვლელ–გამომვლელის განწყობის მიხედვით იგეგმება. ჩააგდებს თუ არ ჩააგდებს? ჩაივლის თუ შეჩერდება?..
    გასული, ანუ პირველი გამოცხადებული ქარიშხლის მერე აღარ ჩანან. იმ დღეს ძალიან გავბრაზდი დედაზე, როცა ქარისგან და მტვრისგან სუნთქვაშეკრულ და მოხითხითე ბიჭს შევხედე, მაგრამ საყვედურისთვის ენა არ მომიბრუნდა. გუშინ 1 კვირა შესრულდა, ისევ არ ჩანან. დღეს მე ვერ მივაღწიე ოფისამდე. ..
    ბავშვები დიდობანას თამაშობენ, დიდები ღმერთობანას, ხოლო ღმერთები, ალბათ, ადამიანობანას...
    ყავამშვიდობისა და მშვიდობიანი კვირა ადამიანებო!
    კატო ჩულაშვილი
  8. katya
    ისევ სულ სხვა ყავა იგეგმებოდა და სულ სხვა გამოვიდა. ესეც თქვენ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რა მავნებლობა მოაქვს დროსთან „შენობითში“ ფამილარობას .
    დღეს საზოგადოება ისევ ვიყავით მოლოდნის რეჟიმში. როგორც ვატყობ, ეს უკვე ხასიათში გადაგვივიდა...
    განვიხილეთ და ვიხილეთ თხის როლი ქართულ პარლამენტარიზმში. არ დაგავიწყდეთ, რომ თხა, ქართულ ფოლკლორში, განსაკუთრებული ფენომენია, რომელიც , როგორც წესი, ჭამს ვენახს და გადის ხიდზე. ჩვენ ჯერ აზრზე ვერ მოვედით და ხიდზე გასვლის რა მოგახსენოთ?
    მაგრამ იქამდე ყოფილი პრემიერის საგანგებო ბრიფინგის მაყურებლები გავხდით. კარგია, როცა ადამიანი, მითუმეტეს მისი მასშტაბების, აღიარებს, რომ რაღაც ვერ გაიგო, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, თუ მერაბიშვილმა რამე ვერ გაიგო, ამას სხვაც ვერ მიხვდება. კარგი სანახავია ვანო განგაშის ზარებით ხელში – არიქა, სოფელი და გლეხი გვეჩაგრებაო! ის 400 ლარი ხალხს ბანკში გაუნაღდეთო. რაღაცას ხლართავს ეს „ენართული“... იმედი მაქვს მარტო, ვანომ განა რა უნდა მოიფიქროს, ბიძინას გაუშიფრავი? ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკაში თუ არა, ბიზნესის კუთხით ხომაა ვანოსთან შედარებით პელე?
    ვანოს ის ურჩევნია თქვას, სად მოტეხა "ნაციონალური მოძრაობისა" აქციაზე 20 ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზებისთვის გადადებული ბიუჯეტის დიდი ნაწილი? დღევანდელი კურსით, მაგ დღეს მოსახლეობაში 300-დან 500 ლარამდე დაარიგებენო. რა ხდება ნეტავ? ფინანსური სეკვესტრის მიზეზი მორიგი ფარული გარანტიაა?
    მაგას საჯაროდ არ იტყვის. სამაგიეროდ, საგვარეულოს გენეოლოგიური ხე გამოამზეურა ხალისით. ისე, ფუი ეშმაკს და, რამხელა სანათესაო ჰყოლია ვანოს, თანაც ყველა დასაქმებული!
    იმაზე შევჯერდით, რომ პრეზიდენტი სულ უფრო ემსგავსება იორამს და ყუმბარებს ჯიბით დაატარებს. მაგრამ მე მაინც იმ „მოქალაქეთა“ ინტერესებს ვიცავ, ვისაც წინა თვეში საცხრამეტაპრილოდ 1500 ლარს დაჰპირდნენ და ახლა ნახევრის ნახევარში უპირებენ მოხმარებას.
    ისევ ქუთაისს თუ დავუბრუნდებით, უმრავლესობის ლიდერი საგანელიძე გაუტკივარებული ქირურგიული ჩარევით რომ „დაგემუქრება“, განკურნების მყარი გარანტიით, წესით კი უნდა დაფიქრდე, თუ ჭეშმარიტი უმცირესობა ხარ. ასეა, შეგრძნებები აზრებზე უცებ იღვიძეებენ და რეაგირებენ.ზოგი ნათესავებს უარყოფს, ზოგიც დასაქმებული ნათესავების სიებს აქვეყნებს. ზოგი ხაჩიძესავით ცმუკავს სავარძელში.
    გილიოტინა სწრაფად კლავს, მაგრამ დრო უფრო სანდოაო და, მაგ ლოგიკით, გუბაზი ისევ ისტორიით აშინებდა დღევანდელ კვერცხზე მლოცველ ნაცებს.
    რაზეც ბარამიძე საგუბაზე გოჭივით აჭყვიტინდა...სამგლედ არ მემეტება მაინც, ადამიანის შვილია, თუმცა, სიამოვნებით მივგვრიდი მას და კიდევ რამდენიმეს თემიდას საკაცობრიო მნიშვნელობის ცდების ჩასატარებლად...
    არსებობს ადამიანთა ორი ტიპი – პასიურები და აქტიურები. ისინი პრინციპიალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველები მთელი ცხოვრება იმას ნანობენ, რომ ვერაფერი ჩაიდინეს, მეორე ნაწილი მთელი ცხოვრება ჩადენილს ინანიებს...
    სინანული კარგი თვისებაა, ოღონდ სხვა განზომილებაში, ბატონებო!
    დღევანდელი საპარლამენტო ორგიიდან ერთი რამე ვერ გავიგე – თუ მაინც უნდა „ენანათ“ იმ ხიდს რაღას ერჩოდნენ? თუ „პროცესი“ ყველაზე სასიამოვნოა?
    კარგით ბატონო! ერთხელაც იქნება, ჩვენც მოვდუნდებით და...
    მიწა პოლიტიკოსებს და იურისტებს ეკუთვნით. მათთვის ზეცა მიუწვდომელია.ალბათ მაგიტომ, მიშა თავხელიძეს სტატუსი შეუცვალეს და "პუბლიცისტი" გახდა. ისე როგორც გიორგი არველაძე რედაქტორი.
    როცა თავი ყველაზე ჭკვიანი გგონია და ირგვლივ ყველა სულელი, ეგ სიბრიყვის ნიშანია. ამბობენ, არ იკურნებაო...
    თვალებიც მაშინ გაურბით, როცა არჩევანი დიდია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბნელი წარსულის მაძიებლები, ყველაზე ხშირად, მხოლოდ ბნელ მომავალზე ოცნებობენ.
    ბრმა რწმენა იმისთვისაა საჭირო, რომ გარესამყაროს ცვლილებები შეუმჩნეველი დაგჩეს.
    ამ ყველაფრის მიუხედავად, 135 ნულის წინააღმდეგ, მაინც არაა ცუდი შედეგი. ცვლილებები პირველი მოსმენით თუ მრავალჯერადად საგრძნობი და საამოდ სახილველი გახდება, ვინაა საყვედურის მთქმელი?
    დღევანდელი პრობლემა გადაჭრილად ითვლება ოფიციალური ვერსიით. მართალია ზოგს და განსაკუთრებით ერთს ეს ამბავი თავის გამარჯვებად მიაჩნია, მაგრამ კვიპროსთან შედარებით, პრობლემის გადაჭრის საკითხში, მაინც წინ ვართ...
    გაგრძელებული საპარლამენტო სხდომა გაციებული საპარლამენტო ვახშმით ხომ მაინც აღინიშნებოდა ისე, ქუთაისში რომ იციან?!
     
    დღეს პოეზიის საერთაშორისო დღე იყო, ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეც! თუმცა, არავის მოულოცავს პერსონალურად. ალბათ, მაინც გამოფენაში მონაწილეობის მიღებაა საჭირო, რომ მკვდრად არ ჩაგთვალონ...
    ჰო, კიდევ დღე-ღამ ტოლობის თარიღია, ნამდვილი გაზაფხულის შემოსვლის თარიღი და
    ჩვენს მუსულმან დებსა და ძმებს ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ!
    ჩაიზე მაინც ბოდიში! ისევ ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  9. katya
    საქმე საქმეზე რომ მიდგება, არცერთი წვეთი არასოდეს აღიარებს წყალდიდობაში თავის ბრალეულობას, არადა წვეთს დიდი ძალა აქვს!..
    ნდობაც დიდი პრეტენზიული „ვინმეა“ – საშლელივით, ყოველ შეცდომაზე სულ უფრო ილევა და ილევა...
    გულწრფელობა არც ისე იოლია. მეტიც, გულწრფელობა გამბედავი ადამიანების ჩვევაა.
    არ მაქვს პრეტენზია გამბედავობაზე. ქალი ვარ და დიდად არც მომეთხოვება, მაგრამ, მაინც გულწრფელად ვაღიარებ – არის მომენტები, როცა ჩემს ტოლერანტობას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის სიმკაცრე განაპირობებს.
    როგორც „რომანტიული აგებულების“ ქალბატონები ამბობენ, წლებისა და გამოცდილების გადმოსახედიდან უკეთ ხედავ, რომ ბედი არაერთხელ გაძლევდა შანსს, რომელსაც ვერ იყენებდი. ხშირ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის ეს „მორიგი სისულელის“ კიდევ ერთი შანსი იყო, მაგრამ პირადულით ხომ არ განისაზღვრება ყველაფერი?
    ქვეყანას, ერს, სახელმწიფოს, საზოგადოებას გაცილებით მეტი შანსი აქვს. მთავარია, საკუთარ თავში სწორედ ის აღმოაჩინოს, რასაც ეძებს. სულ ცოტა მეტი გულისხმიერება, არადა, სათქმელად რა ადვილია, ეს დალოცვილი...
    მე მაინც დეტერმინიზმის მიმდევარი ვარ და ამ სამყაროში არც უმიზეზო შემთხვევითობის მჯერა. არავითარი შემთხვევითობა არ არსეობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს. არის რაღაცეები, რაც მოსვენების საფუძველს არ იძლევა, არც თვალის დახუჭვის უფლებას და მოდუნებაზე ოცნებასაც კი.
    ამ დღეებში გააქტიურებული საუბრებს „რეგიონალურ ენაზე“, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის მეტი კომფორტის, ხოლო ევროპისთვის მეტი სიმშვიდის საფუძველს იძლევა, უეჭველად ექნება რაიმე სერიოზული მიზეზი. დაინტერესებული მხარე კი რამდენიმე შეიძლება იყოს. ესღა გვაკლდა ამ არშემდგარი თანაარსებობის ფონზე, თითქოს ქართველებს კუთხური სეპარატიზმი არ გვყოფნიდეს.
    სიტყვა ბეღურასავით უწყინარი არაა, კანონმდებელო ბატონებო?! გამოფრთხიალდება და ისეთ უადგილო დროს და ადგილას მოისაქმებს, თანაც, ზოგჯერ ძროხაზე უარესსაც... არადა, გამიგია, ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ძეგლის თავზე გადაფრენისას, მტრედებმაც კი მოთმინება მოიკრიბონ პატივისცემის ნიშნადო!
    თქვენ არ გვასწავლეთ, სახელმწიფო ინტერესები და კანონი ყველაზე მაღლა დგასო?! მერე? რა წერია იმ თქვენს კონსტიტუციაში – სახელმწიფო ენა საჭიროების და სიტუაციის მიხედვით მოიხმარეთ და აუპატიურეთო?
    15–16 მარტიმძიმესახსოვარიადასასტიკადარმომწონს, როცაამდღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებადახალიხელისუფლებისწარმომადგენლებიდაქსაქსულებიმიდიან.
    ...“ ვზივართ რაციებით, გვარდიელებიც, მხედრიონელებიც, ზვიადისტებიც, სოხუმელებიც და ერთად, სამშობლოს საქმეს ვაკეთებთ... ერთი ოცნებაღა დამრჩა ... ის ბრონეჟილეტი, იმ კოდორის წ####ბში და ფსოუზე გამარეცხინა.... ვისურვებდი ომის გარეშე“, – ეს ერთი ქართველი მოქალაქის, ყოფილი მეომრის გუშინდელი კომენტარის ნაწილია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ 20 წლის წინანდელ საომარ კადრებზე. იმ კადრებში ბევრი სახეა – ცნობილიც და ნაკლებადცნობილიც, გადარჩენილიც და დაღუპულიც. იმედიანები არიან ბრძოლის წინ, იმიტომ, რომ იციან რისთვის იბრძვიან და ვის ებრძვიან. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ ღმერთიც უღმერთოდ ტყუის... და კიდევ იმის, რომ ისინი – კაცები 20 წლის წინანდელი კადრებიდან – გაცილებით მართლები, გულწრფელები და თავდაჯერებულები არიან , ვიდრე ...
    ეგებ შევძლოთ და ვაღიაროთ, რამდენად ხშირად გვიწევს საკუთარ ცხოვრებაში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შესრულება?
    არიან ისეთები, რომლებსაც სურთ ჭეშმარიტების მხარეს დგომა. არიან ისეთებიც, რომელთაც სურთ, ჭეშმარიტება დადგეს მათ მხარეს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთვისაც უხამსობამდე სულ ერთია, სად „დაეთრევა“ ეს ჭეშმარიტება. ასეთები მრავლად არიან პოლიტიკაში...
    ამასობაში, უსუფაშვილმა ნაციონალთა უფროსი მეგობრის, თვით სენატორ მაკკეინის გადმობირება და დარწმუნება შეძლო რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების აუცილებლობაში. თუმცა, ისევ ამასობაში, ეკომიგრანტებმა, პროტესტის ნიშნად, წალკა დატოვეს, ხოლო გალის რაიონში, საქართველო-აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარზე, სოფლებში თაგილონსა და ოტობაიაში რუსები ორი ახალი გადასასვლელი პუნქტის და საგუშაგო პოსტის მშენებლობას იწყებენ. საზღვარზე ხალხის აღრიცხვას აწარმოებენ, გალს დაჩქარებულ ტემპებში არემონტებენ, კულტურის სახლის რეკონსტრუქციაც კი დაუწყიათ. გალის ბაზრობაზე აფხაზებისა და ქართველების ერთობლივ სავაჭრო ობიექტებს, რუსული ობიექტები ცვლისო. ხილბოსტნეულიც ქართულის ნაცვლად, ახლა უკვე კრასნოდარულია. რუსები, თურმე, მასიურად ყიდულობენ ციტრუსების ნერგებს, რაც იმის ნიშანია, რომ იმ მიწა–წყალზე უკვე საკუთარი ნაკვეთებიც აქვთ.
    რითი შეიძლება გადაიფაროს დადებითად ეს ნეგატიური ინფორმაცია? იმით, რომ საქართველომ ნატოს წევრობის „მკაფიო გზავნილი“ მიიღო ბრიუსელის ფორუმზე? კარგით, ვეცდებით...
    რაც მაიმუნს პრინციპულად განასხვავებს ადამიანისგან, ეს მისი თვისებაა – თუ ერთხელ რამემ აწყინა, ხვდება, რომ მისგან, შორს უნდა იყოს... დარვინისეული ფილოსოფიის ხასიათზე რამ დამაყენა? ყველაფერმა იმან, რაც ამ კვირაში ჩვენს თავს გადაგვხვდა და თვალისა და ყურის არეალში მოხვდა.
    მოკლედ, როგორც გვჩვევია– ბევრი „ვიმაიმუნეთ“, კონსტიტუციური ცვლილებების, სამართლიანობის აღდგენისა და სოციალური კეთილდღეობის მოლოდინის მორიგ კვირაშიც...იმდენად ბევრი, რომ ვანომაც კი ვერ დაფარა და წამოიყვირა – ამ ხელისუფლებამ ჩვენს შეცდომებზეც ვერაფერი ისწავლაო!
    რამდენად იყო ვანო ამ დროს გულწრფელი, ეგ სხვა საკითხია. ისიც ცალკე საკითხია, დაუკრავს თუ არა მის აზრს საზოგადოება ტაშს ან კვერს. პრინციპში, არჩევანში თავისუფლები ვართ...
    შეიძლება, ვინმემ უტაქტობად და თავხედობად ჩამითვალოს, მაგრამ, მაინც მგონია – როცა ხალხის მენტალიტეტში ჯერ კიდევ მყარად ზის ჯუნგლების კანონი, მასთან ნებისმიერი კონსტიტუცია უძლურია.
    კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი – რაც უფრო მეტს ველით, მით უფრო ნაკლებად გველიან...
    საწუწუნო არაფერი გვაქვს. ფაქტიურად, ალიყურის რეჟიმში ვცხოვრობთ. მეტიც! მსურველებს შეუძლიათ, ფეისბუქზე მოიწონონ გვერდი – „ბენდუქიძის ალიყური“... ვოლუნტარისტი სააკაშვილი არ გვეყოფოდა, ბენდუქიძემ „გადაჯოკრა.“ მე–17 საუკუნის ინგლისში კი არა, 21–საუკუნის საქართველოში ხართ ბატონებო!
    „აგრუნის“ თემაზე ერთკვირიანი ბატალიების შემდეგ, ვიღაცისთვის ბენდუქიძე კვლავ „იუდად“ დარჩა, ვიღაცისთვის ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის რეფორმატორად, პუტინის აგენტად ან ბოლო იმედად. თუმცა, არც მარგველაშვილს ადგას უკეთესი დღე. ბენდუქიძე თუ იუდაა, მაშინ მარგველაშვილი ფილოსოფოსის ტყავში გადაცმული მეოცნებე–მწვალებელიაო! თანაც წვერიანი და ზედმეტადთავდაჯერებული არა მხოლოდ კამერების წინო... მე თუ მკითხავთ, ცოტა მომკაცრო საკადრო პოლიტიკაც არ აწყენდა მინდობილი სამინისტროს ფარგლებში. გგონიათ, ბევრი ვერ მიხვდა, რა საჭირო იყო შუაღამის „საიდუმლო სერობის“ გამართვა 15 წუთში გამოსასწორებელი საკითხების გამო? კი ვხვდებით რაღაც–რაღაცეებს ჩვენც, მაგრამ...რადგანაც ეს, კინაღამ სერიოზული, პრობლემა, ოფიციალური ინფორმაციით, „არასაკმარისი კომუნიკაციით“ აიხსნა, იყოს ასე... ხვალიდან სასწავლო პროცესი სრულფასოვნად აღდგება, თუმცა, ბატონ ბენდუქიძესთან მაინც მრჩება კითხვა – თუ საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების არც სჯერა და არც მომხრეა, რა უნდოდა „წვენებში“? მიწადმოქმედთა ქვეყანა „გეორგიაზე“ ძველი ბერძნებისგან თუ არ გაუგია, იმ 500 სახეობის ვაზის ჯიშს მაინც რა პასუხს აძლევს ქვეყნის ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი „აგრარიკოსი“?
    ნაკლები გლეხი და ფერმერი ნიშნავს ნაკლებ პრობლემას ქვეყნისთვის. ეს ბენდუქიძის ფილოსოფიაა. „მარგველამ“, დაე მიძახონ მეორე ნაპირიდან მარგინალი, აღმაშენებლის ხეივნის მე–13 კილომეტრზე თუ არა, ნამდვილ აგრონომებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თანაც უფასოდ, ვახარებო... კონკურენცია კარგი რამაა, ჯანსაღი საკვებივით სასარგებლო. არც გურმანობაა დანაშაული – პირიქით. და არც ის სახელგანთქმული „კულინარული აკადემია“ გაუხსნია მხოლოდ თავისი საამური და გემრიელი სიბერისთვის ბენდუქიძეს. ყველაზე ცუდ სიტუაციაში სწორედ გურმანები არიან – ისინი ყოველ დღე საკუთარ ოცნებებს უნიტაზში უშვებენ... დეფლორაცია ზოგს უხერხული სიტყვა ჰგონია, არადა, უბრალოდ, ფლორის სარეველისგან გათავისუფლებას გულიხმობსო.
    ძალიანაც ნუ გამინაწყენდებით, შაქარნაკლული ყავისთვის. როგორც ბებიაჩემი იტყოდა, „ვ პრიკუსკუ“ ყავაზე მოსალოცი ამბავიც მაქვს – გუშინ საქართველოს რაგბის ნაკრებმა ერთა თასი მოიგო!...
    მიტევების კვირააო და – თქვენ მპატიობთ, მე გპატიობთ, ისინი გვპატიობენ, ჩვენ ვპატიობთ...
    ერთმანეთისთვის საპატიებელი შეგვმცირებოდეს და მისალოცი გაგვიმრავლოს!
    თუ მომავლისგან თქვენც, ჩემსავით, წარსულის სასიამოვნო მოგონებებს ელით , მაშინ ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  10. katya
    ეს კვირა ორშაბათული ამინდით, ქალების, გიჟების და გადარეულების შესაბამის კონტექსტში მოხსენიებით, ანუ სეზონური ნერვაშლილობით დაიწყო. არადა, ისეთი არაფერი მომხდარა – უბრალოდ მოთოვა.
    დღის მეორე ნახევარში კადრში და ყურადღების ცენტრში იყო კანცელარია „საათნახევრიანი, დახურული და საინტერესო ...“ შეხვედრა სახელად „ჩემი შენ გითხარი“ – 2 “მძევლით”, რომელთაგან ერთი დარჩა კმაყოფილი, მეორე – უკმაყოფილო, ხოლო ჩვენ, რა თქმა უნდა -მხიარულები... დაახლოებით ამ სტილში:
    – ნარდის სათამაშოდ ვარ ჩამოსული ამხელა გზაზე? ნარდი პერის ეთამაშე!
    – პრიჩომ ზდეს პერი!? ბიჯო! კაცი ხარ და შედი კაცის მდგომარეობაში! ...
    – მატყუარა ხარ შენ პიპინია!... აგული! მამაშენს უთხარი, 2 კილო საფანტი რომ ისესხა ზოგიერთებისგან და რომ არ დაუბრუნებია მთელი 20 წელია, იმ ზოგიერთებს, მობეზრდათ ცდა და უნდათ დაიბრუნონ ის თავისი 2 კილო საფანტი... ჩექმებზე არაფერს ვამბობ!...
    გუშინ მიშა უმაკრატლოდ დარჩენილ მერცხალს გავდა...
    ჩვეულზე მეტად ცმუკავდა და ხმაშიც უფრო მეტი და ლოგიკური ბზარი იყო..
    რატომღაც, ასეთი უფრო მომეწონა – მარცხსშეგუებული, მაგრამ, მაინც უსინდისოდ „მართალი“. არასოდეს არ ვიტყუებიო, არაო...
    ჩემს შემდეგ ქიბროწაშვილიც ყოფილაო! ბაქოს და ემირატების „პაეზდკები“ ხომ მაინც შემრჩაო!? ხომ მიყურეთ ტელევიზორშიო? როგორი ღიმილიანი და ბედნიერი ვიყავიო?!
    გიყურეთ მიშა, გიყურეთ... დოხტურებიც დაგახვიეთ, მაგრამ...
    მაგრამ უხილავი და ხილული მტრების ჯინაზე მიშა მაინც მაგარია!
    თქვენ ოპტიმისტობა იოლი საქმე გგონიათ?!
    საკუთარი მოქალაქეების „შვილებივით პატრონობაც“ ადვილი ხომ არ გგონიათ?
    აბა სცადეთ და შეძელით ამყოფინოთ „უბრალო ხალხს“ სკოლის მოსწავლის სადილისთვის სამყოფი რაციონი და ამისთვის მადლობებიც მიიღოთ. მიშამ შეძლო „საკუთარი ხალხისთვის“ არჩევანის გამარტივება – არ ვიმკურნალო და ავადმყოფობამ მომკლას თუ ვიმკურნალო და შიმშილმა?! ამაშია საქმე! აბა ადამიანები, ნაციონალობის, აღმსარებლობის, საცხოვრებელი ადგილისა და სქესის მიუხედავად, მიშაზე უფრო მაგალითად ნილოსის ნიანგს უყვარს.
     
    როგორ გგონიათ, ჩრდილო კორეაში ინტერნეტი მასებისთვის ხელმისაწვდომი რატომ არაა? იმიტომ რომ მოსახლეობამ არ გაიგოს ბრინჯის მხოლოდ გარნირობის ამბავი.
    ჩვენ რა წინ ვართ, ატყობთ?
    როცა ადამიანის ყველა აზრი ერთი მიმართულებით მოძრაობს,ის არა მხოლოდ ნახევარგამტარია, ფაქტიურად დიოდიცაა. ამას კი დაუჟინია – „პრეზიდენტი ვარო!“
    უფუნქციო, უკმაყოფილო და გულდაწყვეტილიც, მაგრამ მაინცო...მიეცით ბერკეტი! სულ ცოტა და პაწია მაინც! ხომ წამოცდა გუშინდელ შეხვედრაზე, 25 000 ადამიანია დასაჭერიო... არადა, ივანიშვილს მხოლოდ 7 000 საჩივრის ამბავი სცოდნია.
    სერიოზული ჩავარდნაა თურმე ტურიზმის, ინვესტიციების და სავაჭრო ბალანსის კუთხით.
    რა გახდა ერთი „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ ? პრეზიდენტია ბოლო–ბოლო! სირცხვილია, როცა პრეზიდენტმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „სტაგნაცია“.
    პოლიტიკური კრიზისის ნიშნები შეიმჩნევაო! ცხადია, ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდა... ზოგადად უკეთესია გულისწყვეტა გაუკეთებელზე, ვიდრე ცუდად და არასწორად გაკეთებულზე. ჰოდა, იმის გამო, რომ მერე ამას ვერ მოინელებდა, პრეზიდენტმა გუშინ მაინც გახსნა დაუსრულებელი საზაფხულო თეატრი ბათუმში. შეიძლება იმის შიშით, სხვამ არ დაიბრალოსო... იმაშიც გამოტყდა, რომ თავის საამაყო „ანბანის კოშკზე“ ახლა გული წყდება, რომ ასეთი არაეკონომიური გამოდგა.
    რატომაა რომ სიმართლე, როგორც წესი, მწარეა?
    პრემიერმა რაო? პრემიერმა ეს ყველაფერი პირიქითააო, პრეზიდენტს ტექსტი აერიაო და ჩემი სათქმელი თავად თქვაო...
    ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის და მომავალ შეხვედრამდეო!
    არადა, ჩვენ როგორი ინტერესით ველოდით... ისეთი ინტერესით, რომ ამასობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში „ხელისუფლება“ შეიცვალა.
    ბარათაშვილმა მოხსნა ბერძენიშვილი, ბორდმა მოხსნა ბარათაშვილი... გახელაძე ისე გახელებულა, შესაძლოა, ხელში იარაღიც აიღოს საკუთარი ღირსებისა და კეთილდღეობის დასაცავად. „თოფმა–ჟანგი, ჟანგმა მიწა, მიწამ თაგვი...“ რას მიკეთებს ამ დროს არხის მამა და მარჩენალი საზოგადოება? ვენახი ვინ გაკრიფა, ეგ აღარავის აინტერესებს?
    რა დასამალია და პარლამენტარები აშკარად მოწესრიგებულან, განსაკუთრებით უმცირესობა – პარლამენტის სხდომააო და, ისე ეუხერხულებოდათ გუშინ ყველაფერზე „კომენტარის კეთება“...
    გაიგებდით ალბათ, – ნანუკა ჟორჟოლიანს ტატუ გაუკეთებია, აწი შემობრუნდება ურემი, თუ არ გადაბრუნდა... თუმცა, როსტოს მიერ ერეკლე კოდუას ფულის წაგების ამბავი ისევ ბურუსითაა მოცული, როგორც მისი დარჩენა ნანუკას შოუში. სამაგიეროდ, ის ნათელზე ნათელია, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც კოკა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებს, იმიტომ რომ ეს თავად კოკამ დაადასტურა სოციალურ ქსელში და „მტრებს, ავყიებს და შურიანებს ნიშნიც მოუგო“...
    ამ კვირაში, იმედია, შევიტყობთ, გაიყიდება თუ არა მე–9 არხი და გაზეთი „ალია“, რატომ შეიცვალა ჩემი სეხნიას როლის შემსრულებელი თბილისში ყველაზე პოპულარულ სერიალში, დაუბრუნდება თუ არა სამთვიანი შვებულებიდან “ბოსი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და. ა.შ. აქვე მინდა ვიკითხო – თუ ეს კომისია თავმჯდომარის გარეშეც მუშაობს, მაშინ რატომ ვუხდით ამხელა ხელფასს ვიღაცას? და თუ იმ ვიღაცას აღარ სურს თავის კაბინეტში დაბრუნება, მაშინ რას ველოდებით, ვეღარსარეგულირებელ სიტუაციას?
    შეიძლება ვცდები, მაგრამ, მე მაინც მგონია, როცა მტერი და ოკუპანტი დარბაზში დგება და ტაშს უკრავს შენს გენს, კულტურას და ჯიშს, „მტრის საამებლად ტინკიცი“ კი არა, მასზე მორალური გამარჯვებაა. რუსეთმა უკეთ იცის რომ თბილისშიც, აფხაზეთშიც და ოსეთშიც ჩვენი ბიჭები სწორედ მათ ეომებოდნენ. მტრის ტაში ჩემთვის ღირსების შელახვა არაა, თუმცა, ვის–როგორ... ბავშვობის არგუმენტი გამახსენდა – არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაზე ჭკვიან ადამიანზე ჭკვიანია.
    პ.ს
    თუ სიძულვილს გრძნობ, მაგრამ, ახლო–მახლო მტრებს ვერ ამჩნევ, მაშინ სულ ახლო მანძილზე იმალება ყველაზე საშიში მტერი – საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.
    ზოგჯერ, მგონია, წარბები ამპარსეს. იმდენად აღარაფერი მიკვირს. უწარბებოდ ვერც გაოცდები, ცხადია...
    ცხოვრებისეული წარმატების მთავარი პრინციპი, ჩვენი კატეგორიის საზოგადოებისთვის, რომ ცოცხლად გადარჩენაა, ეგ ამბავი უკვე ნათქვამი მაქვს. სიცოცხლეზე და გადარჩენაზე ერთს ვიტყვი – დღეს თემქის ღვთისშობლის ეკლესიიდან 3 ახალგაზრდა გამოასვენეს. 3 განუყრელი მეგობარი, რომლებიც, ბედის ირონიით, სიმუხთლით თუ რაღაც უფრო მეტი ჯანდაბით, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპნენ. ამ ზამთარს საეჭვოდ იმატა აირით მოწამვლის და გარდაცვალების შემთხვევებმა თბილისში. ვერაგია ეს უსუნო, უფერო ნივთიერება, ამიტომ განსაკუთრებული წესების დაცვით მოსახმარი. ჩვენს მეხსიერებას ახსოვს მძაფრი უსიამოვნო სუნი, რომლითაც ვგრძნობდით მის სიახლოვეს და საშიშროებას. სპეციალური მინარევი, რომელსაც პრევენციის მიზნით იყენებენ, თურმე, საკმაოდ ძვირი ღირს. ბოლო დროს ჩვენს მიერ მოხმარებულ აირს ეს სპეციფიური სუნი არ დაყვება. ვითომ ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებასთან გვაქვს საქმე? „ყაზტრანსგაზს“ ეგებ შეახსენოს ვინმემ, რომ ადამიანის სიკვდილი „ზარალად“ არ ითვლება, საბედნიეროდ, უფრო ძვირი და მტკივნეულია...
    სამწუხაროა, რომ ჩვენში, ჭკუის მიხედვით, ჯერ კიდევ, მხოლოდ აცილებენ...ეგ ჯანდაბას, თუ პასუხისმგებლობის მიხედვით მაინც შეხვდებიან. მიდგომები ამინდივითაა – ხან თოვს, ხან ქარია, წვიმას აშრობს მზე და, ზოგჯერ სტიქიას უფრო „მეტი სარგებელი“ მოაქვს. ჯერ–ჯერობით საქართველოში მარტია – კალენდარზეც, კაბინეტებშიც და მენტალობაშიც.
    ამინდის პროგნოზის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, კარგა ხანია, ყავის ნალექი ფინჯანში გასაახლებელია.
    მაინც როგორი ფემინიმალური მეხსიერება გვაქვს ქალებს!?
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  11. katya
    არაფერი ისე არ აფხიზლებს დღის ბოლოს ადამიანს, როგორც სამუშაო მაგიდაზე დაღვრილი ერთი ფინჯანი ქაფქაფა ყავა. რა თქმა უნდა, მეტი მხნეობისთვის უკეთესი იყო მისი შინაგანად მიღება, მაგრამ ნუ დაიბნევით! ჩათვალეთ და ირგვლივ მყოფებსაც უთხარით, რომ ეს „პარასკევას“ ერთგვარი რიტუალია – უფრო ენერგიული და არომატული მომავალი სამუშაო კვირისთვის.
    რა თქმა უნდა, ამ მოკლე განმარტების შემდეგ, დასუფთავების მიმართულებით მოგიწევთ დამატებითი შრომა, მაგრამ აქაც იმით გაიმხნევეთ თავი, რომ არც ისე შორეული წარსულის ნაციონალური ბომონდი, მმართველი პარტიის სეფე –ქალები, პაჟები და, ზოგჯერ დოქსოპულოებიც ამ საქმით „ირჩენდნენ“ თავს და, არც ისე ურიგოდ.
    ეს სამუშაო კვირაც ზამთართან ერთად გადავაგორეთ, პაპიც წავიდა... სამაგიეროდ, გაზაფხული მოვიდა უქმეებით და მზიანი დღეებისა და ღამეების პერსპექტივით.
    გუშინ შაშვების დაბრუნების ოფიციალურ ცერემონიალს შევესწარი ოფისის აივნიდან. შთამბეჭდავი სანახაობა იყო ქალაქის თავზე მოძრავი კოლონა. ალბათ, მაგათაც ესმოდათ მშობლიური პატრულის უფრო მშობლიური მოწოდება – პირდაპირ იმოძრავეთ! საინტერესოა, ქალაქში ცენტრში განა რამდენი სტუმარი მოძრაობს მანქანით, რომ ყოველდღე და ყოველ 5 წუთში მოძრაობის მიმართულების შეხსენება ჭირდებათ?
    პატრულის საყურადღებოდ! ახვლედიანის ქუჩიდან მოკითხვა დამაბარეს და გთხოვეს, ზოგჯერ იქნებ ჩვენსკენაც შემოიარონო, ძალიან მიგვივიწყესო. თანაც, იმ ქუჩის საეჭვო დაწესებულებების კლიენტურაც უფრო ფხიზლად და წესების დაცვით იმოძრავებსო.
    ყველა კუთხე–კუნჭულში შეიხედეთ, თორემ უწყების ყოფილ „მამა–მარჩენლებს“ ხომ იცით ასი თვალი და ასი ყური აქვთ გამობმული? ვანოს და ბაჩოს მუნდირის ღირსებაზე და მათი ნაღვაწ–ნაოფლარის „შებღალვაზეა“ საუბარი. ის როგორ იყო?გასული წლის ოქტრომბრამდე შსს, საშუალოდ, თვეში 1500 ამპულა ნარკოტიკს ხარჯავდა სამედიცინო პუნქტიდანო... გავაგრძელო?..
    ჰოდა, თუ არა, მაშინ, ხელისუფლების „უსამართლობით“, გაუნათლებლობით, არაპროფესიონალიზმით და უმოქმედობით დაღლილები, ჩამოჯექით, დაისვენეთ, ამოისუნთქეთ, ან ჩაისუნთქეთ...
    სუნთქვისას, ეგებ, პარალელურად, იმაზეც იფიქროთ, რომ , ზოგჯერ, და უფრო ხშირად, მონური და ბრმა ერთგულება ჯილდო კი არა დანაშაულია, მერე სასჯელიც.
    მგონი ზოგიერთებს ცოდვებმა უწია! აბა რა დიპლომის ჭია შეუჩნდათ ხაჩიძეს და თუთბერიძეს? წულუკიანის დიპლომს რომ დაეძებენ, მიხვდნენ, რომ საკუთარი გამოსაჩენად არ ვარგა? საკუთარი სეხნიის მიმართ ასეთი ცხოველური თუ გაცხოველებული სიძულვილი ჯერ ქართულ პოლიტიკაში არ დაფიქსირებულა. თეა თუთბერიძე თეა წულუკიანის ინტელექტის წინააღმდეგ უკვე სერიოზული თემაა...
    ქალბატონი „კმარა“ ერთ–ერთ თავის „თავისუფალ“ ინტერვიუში ქართული ბულვარული პრესის დონეზე, ამბობდა– ერთფეროვნებას ვერ ვიტან, ცვილებები მიყვარსო. მგონი, მაგ დროს ცრუობდა. აბა საძაგლობების კეთება რატომ არ ბეზრდება და წყინდება?
    თუთბერიძის და ხაჩიძის „ფრონტელი მეგობარი „ ირმა ნადრაძე ივანიშვილის მრჩევლობის ინიციატივით გამოდის, როგორც ჩანს, საკუთარი ბელადის იმედი დაკარგა. პარტიის ინტერესების დამცველიდან უკვე ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე გადავიდა.
    სოციალურ ლიფტებს კარიერული კიბე ცვლის და ზოგი ადის, ზოგიც ჩადის...
    შეეგუეთ რა!
    გუშინ ნიკას ძილის წინ თავის საყვარელ ძმები გრიმების ზღაპრებს ვუკითხავდი. შეგვხვდა სიტყვა ცრუპენტელა. – ეგ რა არისო? ცრუპენტელა ისეთი კაცი ან ქალია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ იტყუება–მეთქი. ვისი „ხატება“ წამომიტივტივდებოდა გონებაში ხომ ხვდებით? მაგრამ ბავშვს ასეთ მაგალითს ხომ არ მოვუყვანდი. მერე დაიმახსოვრებდა, რომ პრეზიდენტი ცრუპენტელა უნდა იყოს. კიდევ კარგი, დროზე მომისწრო ნიკას შემხვედრმა კითხვამ – ყველა ნაბიჯზე რატომ იტყუება? ისე ვერ დადისო?
    ესეც თქვენი ბავშვური ლოგიკა და მის ბაგეთაგან ნათქვამი ჭეშმარიტება. ეგენიც კი ხვდებიან, რომ ზოგიერთებისთვის მთელი ცხოვრება უბრალოდ გაჭიანურებული სარეკლამო პაუზაა.
    ვხვდებით, რომ, ჯერ კიდევ პრეზიდენტს, მართლა არ შეუძლია სხვაგვარად სიარულიც და არსებობაც. სიამოვნებით ვუთანაგრძნობდით და გაგებითაც მოვეკიდებოდით, რომ არა საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი და დანაშაულებრივი აქტების თუ ფაქტების ზღვარგადასული ლიმიტი. ლიბერალებიც ნუ მოგვთხოვენ „უბრალო ადამიანებს“, მისთვის ყველაფრის პატიებას.
    ჩამოვიდა ჩვენი ონავარი ბაქოდან და იმ თავის ელექტრომობილიდან სულ ცირკის მასხარები უძახა სახელმწიფო დაცვას. ჰოდა აბა რაში ჭირდება მიშას დაცვა? უხერხულობის გარდა არაფერში არგია. აცადეთ, პრეზიდენტს! სურს, ხალხის მეხსიერებაში მიშად, გმირად, ვაჟკაცად და მზრუნველად დარჩეს. სურს ხვდებოდნენ და აცილებდნენ თვალცრემლიანნი, ადიდებდნენ, უგალობდნენ, ცის გახსნასავით ელოდნენ მის გამოჩენას, აღდგომას მტვრისაგან პოლიტიკისა... თვალებიდან და ქცევიდან ჩანს, რომ ბავშვობაში, ანუ ერისკაცობაში, შურდა „მაგარი ბიჭების“ , პოლიტ–კაცობაში „– სტალინის, ზვიადის და პუტინის.
    ჰოდა, ნურას უკაცრავად და ვერ მოგართვით!
    სამაგიეროდ, ბიძინას თხილამურებზე დგომა არ ცოდნია და ზარმაციც ყოფილა! მაგანაც ადგეს და ისწავლოს, თორემ 20 ჯერ ჩასულა მიშა მესტიაში ერთადერთი მიზნით – ტურისტების მოსაზიდად. რა ნაკვალევი იცის მაგ დალოცვილმა?!..
    იმედია, უახლოეს მომავალში თოვლის კაცობასაც არ დაიბრალებს, თორემ, მერე რა აუვა ამდენ მონადირე–ტურისტს!?
    სულმოუთმენლად ველი, როდის ახდის ფარდას ჩვენი პრეზიდენტი პრემიერსა და მარკ ცუკერბერგს შორის არსებულ ფარულ კავშირებს, რომელიც საეჭვოდ თვალსაჩინოა. მაგალითად, დავაკვირდეთ ფეისბუქის დიზაინის ფერს და ოცნების სიმბოლიკას. ფერთა გამა ემთხვევა. მეორე საეჭვო მომენტი – ივანიშვილი პრეზიდენტის მიმართ მიმართვებს სწორედ ამ ქსელით ავრცელებს.
    მგონი საკაშვილმა არ იცის, რომ სოციალურ ქსელებს აქვს არასასურველი კონტაქტორის დაბლოკვის რეჟიმი, თორემ ვირტუალურად მაინც ხომ სიამოვნებით დაბლოკავდა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდს?!
    მიაწვდინეთ ვინმემ ქალბატონ მანანა მანჯგალაძეს ხმა, რომ ცუკერბერგი „ოცნებასთან“ კავშირში არა, უბრალოდ დალტონიკია და უბრალოდ ლურჯი ფერის მთელ გამას სრულად აღიქვამს მისი მხედველობა.
    ერთი კარგი ამბავი ამ კვირაში – როგორც იქნა, ჩვენი ფარმაცევტული ბიზნესი დაეუფლა „მომწოდებლის ენას“ და სააფთიაქო ქსელმა პსპ–მაც მყისიერად დასწია კიდევ 50 პოზციაზე ფასები... მიხეილ! ინგლისურის შემსწავლელი კურსების ნაცვლად ეგ ენა გესწავლებინა ბიზნესისთვის თავის დროზე, თუ არ გაწყობდა?
    გავიგე, კოტე კუბლაშვილი საკუთარი იმპიჩენტის საფუძველს ვერ ხედავსო. მაგას მხედველობაც არ უვარგა?
    როდის მიხვდებიან ზოგიერთები, რომ ნამდვილი თავისუფლება ის კი არაა, აკეთო ის, რაც გინდა, არამედ არ აკეთო ის, რაც არ გინდა!
    ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა,რაც ჩემს მეზობელ ჟუჟუნას ძალიანაც არ ესიამოვნა, – ეხლა ყველაფერი თუ ამათმა შეამცირეს, მერე „ჩვენები“ რომ დაბრუნდებიან, რაღა შეამცირონო?!
    ჟუჟუნას გზირების მეორედ მოსვლამდე არაფერი გვეტკინოს და გაზაფხულიც ყავასავით შეგვარგოს...
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  12. katya
    აღარ მინდოდა ისედაც თუჯივით მძიმე ორშაბათი ყავის ნალექით და დამემძიმებინა. დღეს სამშაბათია, ფანჯრებს მიღმა ისევ არასტაბილური პესიმისტების და რომანტიული ოპტიმისტების ამინდი დაიარება. არაზომიერ ტემპერატურასთან თანაცხოვრების მე–3 დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის რაღაც „ვადიანი ვირუსი“ შემომიჩნდა და ჩემს უხასიათობას თბილისის მასშტაბით ყველაზე არომატული ყავაც კი ვერ შველის.
    უსაქმურობამ გამახსენა, – ბავშვობაში ყავის ნალექს ვიპარავდი და ჩუმად მივირთმევდი. არ ვიცი ჩემს შესაშინებლად მოიგონეს თუ რაიმე ოფიციალურ კვლევას ეყრდნობოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ, მავნე ჩვევას იმ არგუმენტით გადავეჩვიე, რომლის თანახმადაც, ყავის ნალექი მილებს ხეთქავს და ადამიანის ნაწლავებს რას უზამს?! წარმოსახვა ბავშვობიდანვე მივარგოდა. შემეშინდა ...
    ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში ე.წ. „ კუკარაჩას შიშებიც“ დამჩემდა – „ერთი იმის მეშინოდა, სიყვარულის გრძნობის გარეშე არ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან და“... ეგეც დავძლიე. თან ისე, ბებიაჩემი მთელი არსებით თანამიგრძნობდა – ყველას მაგივრად შენ როგორ უნდა გიყვარდესო!? მე თუ მკითხავთ, უსიყვარულობას ისევ ჭარბი სიყვარული სჯობს და, საერთოდ, სიყვარული არასოდესაა ზედმეტი...
    შიშებს რაც შეეხება, ზოგადად, არ ვარ მშიშარა, არც პანიკიორი, დაშვებულზე მეტად ოპტიმისტიც ვარ, თუმცა, ბოლო წლებში, უპერსპექტივობის შიშები დამჩემდა. ოღონდ ახლა არ მკითხოთ, – ნეტავ რატომო?
    რამდენიმე წლის წინ თქვენმა უმეტესობამაც, ჩემსავით, იმ მიკრო–სამყაროში გაიღვიძა, რომელშიც ყოველთვის ჰარმონიულად თანაარსებობდა, მაგრამ, ერთ დილას, საკუთარ ადგილს ვეღარ მიაგნო. თითქოს, ვიღაცის უხილავმა ხელმა, ჩვენი ცხოვრების სერპანტინიდან, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ეპიზოდი მაკრატლის უხეში მოძრაობით ამოჭრა.
    არ მიყვარს სხვისი სახელით საუბარი, ამიტომ, ჩემი სახელით ვაღიარებ, რომ პირველად ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა, როცა უმუშვარი დავრჩი 2 პენსიონერით, 2 სკოლის მოსწავლით და 1 მეძუძური ბავშვით ოჯახში. მაშინ იყო, რომ მარცხენა მხრიდან კარგად შემაქანა, გონების დაკარგვამდე. მაგ შექანების შემდეგ ვიგრძენი ყველაზე უკეთ, რას ნიშნავს, იყო დედისერთა, მაგრამ გყავდეს დედმამიშვილებზე ერთგული მეგობრები, რომ არიან თითქმის უცნობი ადამიანები, რომლებსაც სხვისი პრობლემების შეგრძნება წესად და ხასიათში აქვთ. ჰოდა, მაშინაც გადავრჩი...
    მერე გაჩნდა უსამართლობის, დაუცველობის, გაუცხოვების, ბოლოს – შვილების დამშევის შიში. და, როცა, ერთ უმწარეს დღეს სახლში მხოლოდ 1 ჭიქა წიწიბურა, 3 კოვზი შაქარი, წინა დღიდან შემორჩენილი პურის პატარა ნატეხი აღმოვაჩინე, ხოლო საფულეში – 6 ლარი, მაშინ მივხვდი, რომ, თუ ახლა გადავრჩებოდი, აღარასოდეს არაფრის შემეშინდებოდა.
    ჰოდა, ამ „გადარჩენის ინსტინქტით“ შევედი უახლოეს სუპერ–მარკეტში, სადაც 6 ლარად შევიძინე ის, რაც მომივიდა, რაზეც ფული არ მეყო – მოვიპარე. დიახ! პური, შედედებული რძე და „ჰერკულესის“ ფანტელები მოვიპარე. კიდევ კბილის პასტა – მშიერმა კუჭმა განსაკუთრებული პირის სიმყრალე იცის...
    თურმე, ქურდობაც შემძლებია! კარგია, როცა, წლების მერე, საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს პოულობ. ყოველთვის ვიცოდი, რომ იუმორი გადაგვარჩენს ქართველებს...
    მერე დაიწყო დამნაშავის შიში – რომ მოპარული პროდუქტი აუცილებლად მოწამლავდა ბავშვებს, რომ სულ მალე პოლიცია მომადგებოდა და ჩემს შვილებს ეყოლებოდათ ქურდობისთვის ნასამართლევი დედა.
    ჰო, ასე თქვენსავით ბევრი იხარხარა მაშინ ჩემს ისტერიკაზე მაესტრო ვარსიმაშვილმა, –„კარგი რა ნუ მაცინებ, პურზე და სგუშონკაზე ვის იჭერენო?“ კარგადაც „მიმწკეპლა“ ჩემი სიჩუმისთვის, –აბა რისთვის ვარსებობთ მეგობრებიო?!. კარგად ვიცი მეგობრების დანიშნულებაც, მაგრამ, ზოგჯერ ძალიან ძნელია საკუთარ თავში გამოჭერილ „მათხოვარს“ და უსუსურობას გადაახტე. დაჭერით კი როგორ არ იჭერდნენ? – ერთ ფილა შოკოლადზეც, 1 ბოთლ კოკა–კოლაზეც, ძეხვზეც და სიგარეტზეც, თანაც ბავშვებს...
    იმ დღეებში დავდიოდი და ისტერიულად ვუყვებოდი ყველა ჩემს მეგობარს, როგორ მოვიპარე „მილიონი“... მოკლედ, ამჯერადაც გადავრჩი მგონი, თუ დღევანდელი აღიარებითი ჩვენების მერე არ მომადგა პოლიცია, მაგრამ ახლა აღარ მეშინია – ოჯახში საჭმლის და წამლის ფული გაჩნდა და აღარც კაციჭამიები არიან პენიტენციალურში. დამიჭერენ და, ბოლო–ბოლო წიგნს დავწერ, რა პრობლემაა? იქ მეტი საქმე მაინც არ მექნება.
    რას მოვაყოლე ეს ჩემი „ლირიული“ აღსარება – გუშინ ტელეეკრანებზე ნანახმა „გამარჯვებულმა“ და მოზეიმე ნაციონალურმა ელიტამ გამახსენა.
    მე მესმის მათი – მათაც ეშინიათ, ოღონდ ჩემგან და ჩემისთანებისგან განსხვავებით, უფრო მძიმე ფორმებში და მსხვილ მასშტაბებში.
    ნაციონალური ელიტა, რომელიც აღსარებასაც კი პირდაპირ პატრიარქს ან რომელიმე მიტროპოლიტს აბარებს გუშინ იყო სამართლიანობით აჭყლოპინებული და უხვსიტყვიანი.
    ვაღიარებ – ქ–ნი რუსუდან კერვალიშვილის და ხათუნა გოგორიშვილის დანახვაზე სულ მიჩნდება კითხვა – რატომ დადიან ჩვენი პოლიტიკოსები ეკლესიაში? როგორც ვხვდები იმიტომ, რომ ამდენი ტყუილის თქმით მონანიების გარეშე, ენის მიხმობის შიში აქვთ. დანარჩენმა „პატრიოტმა“, „სამართლიანი იდეებისთვის“ და „ოკუპაციის წინააღმდეგ“ პროტესტმატარებელმა ქალბატონებმა მომიტევონ – მათი რელიგიური „გაქანების“ მასშტაბები ჩემთვის უცნობია. სამაგიეროდ, გიგის, მამუკას და კობას სტიქაროსნობაზე და ღვთისმოშიშობაზე ლეგენდები დადიოდა ჩვენს ქალაქში. იმედია, მათ „ ღვაწლზე“ თბილისს ერთი ჭკუის სასწავლებელი ლეგენდა მაინც დარჩება.
    როგორც მივხვდი, „კოჰაბიტაციის“ მიმართულებით არაფერი გამოგვივიდა და ახლა ოკუპაციის კვირეულმა უნდა „გვიხსნას“. როგორ გვიყვარს ქართველებს ხავსი და იდეებისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით – სარგებლიანი იდეებისთვის... აბა ქალაქის მერს მართლა სიმბოლურად კი არ მიუბნევია მკერდზე წითელი ყაყაჩო?
    ამათი შემხედვარე „სიმბოლისტები“ ვინ იცის რამდენჯერ ამოტრიალდნენ საფლავებში...
    ყველაფერს თავისი დრო, ფორმა და დატვირთვა აქვს. მუხლსაც, სამართალსაც და პურის ჭამასაც.
    პურის ჭამაზე გამახსენდა, – რა ლოგიკაა? სადაც კეზერაშვილის ადვოკატი 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა, იქ რომ გიგი მილიონის გადამხდელი არ იყო, კი უნდა სცოდნოდათ ვიღაც–ვიღაცეებს. არ არიან ესენი, ანუ დღევანდელი „უმცირესობა“ „ყოფილები“. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვაღიაროთ, რომ ისინი არიან „არსებულები“. ანუ არსებები – რომლებიც, საკუთარი უტიფრობის და, ადამიანობისთვის საშიში მადის მიუხედავად, მაინც არსებობენ და აქვთ დიდი სურვილი, მოტივაციაც, რომ ბოლომდე დარჩნენ პარაზიტებად.
    მოტივაცია კი ისაა, რომ საკმაოდ დიდ ხანს მოუწიათ სასათბურე პირობებმა. საკუთარ კამეჩის ტყავზე გამოსცადეს კარგი ცხოვრება, საუკეთესო სერვისი, შეუზღუდავი შესაძლებლობები, ხელშეუხებლობა და შეშინებული ადამიანების მონური მორჩილება.
    ამაზე მეტი მოტივაცია რა გინდათ? იბრძოლებენ, აბა არ იბრძოლებენ? ყოფილი „ექვსიანები“ – ახლა რომ „კაცობენ“ და, კაცობის ალიბად ათასგვარი ჯურის ბოზთან, ტრადიციულ თუ არატრადიციულ „ჰომო“ თუ „ბი“ –სექსუალთან კოტრიალის, ძვირადღირებული სასტუმროების სააბაზანოებში აბაზანის ხალათებსა და ჩუსტებში გამოწყობილი ჰაბიტუსების, კიბორჩხალის თუ რვაფეხის სალათიან თეფშებსა თუ ვიღაცის გაბედულ დეკოლტეში თავჩარგულ ფოტოებს გვიფრიალებენ. და რა ქნან მეტი ამ ბიჭებმა (გოგოებმაც)?! აღარც იბრძოლონ ასეთი ალაფისთვის? აბა ისე ხომ გაექცათ ცოლები, საყვარლები და მათი საყვარლები? ხომ დაემშათ შთამომავლობა და მონაგარი? ხომ გასკდა დავით ბაქრაძის გული, მის ოჯახს ულიმიტო მობილური კავშირი რომ შეუზღუდონ? ხომ შემოიბდღვნა საქვეყნოდ შელახული თავმოყვარეობა კობა სუბელიანმა, მის ძაღლებს რომ ვიტამინები მოაკლდეთ და საკუთარი სახლებიდან აყრილი და ქუჩაში დაყრილი ხალხის შვილები ჭირსაც წაუღია! როგორ შეხედოს აკომ სიდედრს და პეტრემ სიმამრს თვალებში? ვინ შეუფასებს „ჩინის“ და ჩვენი ფულის გარეშე კობა ხაბაზს და ნუგზარ წიკლაურს კაცობას – ნაციონალური ორიენტაციის კულტურის მუშაკები და კეთილსინდისიერებისგან ენადაცვეთილი ჟურნალისტები? რომელ მწვერვალზე დატოვოს თავისი ცოდვილი სულის ნაფლეთები პადოშამ და რომელი ხის კენწეროზე – ჩიორამ?
    როცა თავს არწივად იგრძნობ, გიგი, ბიჭო! სასამართლოს შენობაში შეფრთხიალებისას, ფრთების მხრებზე აკურატულად დალაგება არ დაგავიწყდეს, სადმე უშნოდ არ გაიჭედო!
    ერთ რამეს მივხვდი – ერთადერთი რიგი, რომელიც არასოდეს თავდება და უსაშველოდ ნელა გადის – სამართლის რიგია. და ვიდრე ერთნი ვიღაც–ვიღაცეების კრიტერიუმებით შეკოწიწებულ ფუფუნებაზე ოცნებობენ და საკუთარ რიგს ელიან, დანარჩენები თავისუფლების ბედნიერებას ხელკავით და ღიმილით მიაცილებენ .
    ახლა ვიცი, ზოგიერთები ამას დაბოღმილი და გამწარებული დედაკაცის კრულვად ჩამითვლიან, მაგრამ ჩემი ბოდვა რა მოსატანია, როცა თუნდაც ერთ ბავშვს სცივა, შია და წყურია ამ ქალაქში. ადამიანობა მარტივია – ვიდრე საკუთარი შვილებისთვის მე–10 ბარბის ან მე–7 აიპოდს იყიდდეთ, მოიკითხეთ სანაცნობო, საახლობლო, ეგებ ვინმეს ძალიან ჭირდებით. თუ ბედმა გაგიღიმათ და ახლობლებში სიმშვიდე და კეთილდღეობაა – ქუჩაში გადით, იქ ჯერ კიდევ შიათ შვილებსაც და დედებსაც. თანაც, შიათ ღია ცის ქვეშ...
    რა უცნაური რამეები ხდება ბუნებაში...
    თბილისში კატებიც კი წინსწრებით აკნავლდნენ. ასეა ბატონო! ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში და სიყვარული კიდევ ყველას უნდა…
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  13. katya
    ზოგიერთს რომ ჰკითხო, ცხოვრებისეული ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა 2 უმარტივესი რამის შეცვლა – უნდა ეცადო დილის 7 საათზე ადგომას და ღამის პირველ საათზე დაწოლას. პლუს–მინუს 1–2 საათს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „კონცეფცია გაიტანს.“
    კარგია, როცა დილით მეზობლის ჩართული ბურღის განწირული ხრიალი კი არა ახლადმოდუღებული ყავის სურნელი გაღვიძებს, მერე ფეხაკრეფით მოსიარულე მზრუნველი ადამიანის მოძრაობას გრძნობ ოთახში, თვალგაუხელლად უღიმი ამ იდილიას და კმაყოფილი იცვლი გვერდს...
    რა უსამართლობაა!? მე ვოცნებობ და ჩემი ოცნებები სხვას უხდება. უკვე ოცნებებსაც იპარავენ?
    თუ ოცნებებით ტანჯული სული ცარიელ კასრად გექცათ, მასში უნებართვოდ ჩასახლებული დიოგენეც ნუ შეგაშინებთ.
    მეც არ მეშინია, უფრო სწორედ, აღარ...
    რამდენს ვტლიკინებ... არადა უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ სიზმარი მესიზმრა... დიდი ვერაფერი ამბავია, მაგრამ, სამაგიეროდ, იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. სიზმარი ჩემს ცხოვრებაში დაჩაგრულია ძილთან მოკლემეტრაჟიანი, არასტაბულური და შემთხვევითი ურთიერთობების გამო.
    ...“ სიზმრად ვნახე გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა“–ს ასაკიდან კინწის კვრით ვარ გამოგდებული, „პაჩკა–პაჩკა დოლარები“ ჩემთან სიზმარშიც აღარ ცვივა, არც მზე იყო აქეთ და არც ვარსკვლევები – იქით.
    აბა რა ჯანდაბა და განათებული მოდულის შენობა მესიზმრა – არც ისე გრძელი, მაგრამ ხმაურიანი, ორსქესოვანი რიგით ეზოში. მამრები მარცხნივ, მდედრები – მარჯვნივ... რა რიგდებოდა? თუ არ ვცდები, ამნისტია. რიგის მომწესრიგებელი ამ სიტყვით თავისი გუნდის სახელით შეურაცხყოფილი და პირგამშრალი ჩვენი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. გოკა, აკო და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომხვდნენ თვალში. გამოირჩეოდნენ „ჩვეულებრივი“ ნაციონალებისგან შიშით და მუდარით გაფართოვებული თვალებით და მიხვრა–მოხვრით. ნუგზარ წიკლაური დაჟინებით მოითხოვდა კითხვაზე პასუხის გაცემას – თუ არ შეგვხვდა ეს ოხერი ამნისტია, სახლში მისვლის და ჩაბარგების უფლებას მაინც თუ მოგვცემენო?! სულძაღლიანი და კაცთმოძულე ნამინისტრალი სუბელიანი ნიშნის მოგებით ანიშნებდა თავის ზურგჩანთაზე, მე თადარიგი წინასწარ დავიჭირეო, 2 დღის სამყოფ ორცხობილას გადმოგიყრი თუ გინდაო. ნასარიძეს სიმშვიდის ანგარიშზე, საამაყო ბლანჟეს მხოლოდ 1/3 შერჩენოდა და მორიდებით კითხულობდა – ზოლიანი წინდები ვერ ვიშოვე, მე ხომ არ ვიყიდები, ეგებ ნახმარი მაინც დამითმოს ვინმემო.
    თქვენ წარმოიდგინეთ, მდედრები უფრო მშვიდად იდგნენ და ელოდნენ – პაროლი ისევ „ცხვირი“ იყო, ბრძანება – დაწექი! არგუმენტი – მიბრძანეს და უარი ვერ ვუთხარი...
    ვიცი, უსიამოვნო სიზმარი გამდინარე წყალს რომ უნდა უამბო, აბაზანას ვეკვეთე, მაგრამ წყალი არ მოდიოდა. ჰოდა, შემრჩა ასე წყალწაუღებელი და წყალგაუვალი კოშმარი მათთვის.
    ზოგი ჭირი მარგებელია!,– როგორც ვიცით. ეგენი და მაგათი შემწყალებელი ამნისტია ღვარცოფსაც წაუღია... არც ნერვებს ავიშლი, არც ვინერვიულებ! არც ცხელ ხაზზე დავრეკავ, რომც ირეკებოდეს... სიტყვამ მოიტანა და, ზოგადად „თბილისის წყალში“ რა ხდება ხომ არ იცით ვინმემ? მაგათი შედგენილი პირადი ჰიგიენის გრაფიკი გვაკლდა და „ყაზტრანსგაზის“ თამასუქების გადახდა.
    ფულზე გაცოფებული ვინ არ ყოფილა, მაგრამ ასე? საკუთარ კლიენტებს მეორედ მოსვლის წინა დღესავით რომ ექცევა ეგ ყაზახების დაუძლეველი სურვილია? ერთი ცოცხალი ყაზახი მაინც გვაჩვენეთ მაგ კომპანიაში! თვალი თვალში გაგვიყაროს და გვითხრას, რომ დასალუქი მრიცხველების და საჯარიმოს გამო პეტრე პირველის ოპრიჩნიკებივით დაგეშილი თანამშრომლები მათი კორპორატიული სახეა. გაჭირვებულ პენსიონრებს რომ პანსიამდე, ანუ თვის 15 რიცხვამდე დავალიანების გადატანას პირდებიან და მერე 2 დღეში 6 საათიან ულტიმატუმს უყენებენ, უი თურმე არ გვქონია მაგის უფლებაო, – ეგ კორპორატიული იუმორია, ხოლო ზამთრის სეზონზე დაგროვილი დავალიანების გრაფიკით გადანაწილება – სახელმწიფო დანაშაული. ენერგეტიკის სამინისტრომ მკაცრად თუ არა, მეგობრულად მაინც ურჩიოს ეგებ მომხმარებლისკენ შემობრუნება, თორემ მომხმარებელს ისეთი საოცარი მეხსიერება აქვს, თანაც უკმაყოფილოს...
    საიდან სად წავედი... რა გაქანება აქვს მაინც ქალურ ლოგიკას?
    ბარემ ის ამბავიც მიმეყოლებინა, "პოლიტიკო.გე"-ს მთავარ რედაქტორს ფინანსურმა პოლიციამ დაკითხვაზე კითხვები ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებით კი დაუსვა, მაგრამ საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრს 2 წლით მანქანის მართვის უფლება, მაინც გასული წლის დეკემბერში გადაუხდელი ჯარიმის გამო ჩამოართვეს.
    გაიგეთ ხალხო! თქვენ შეიძლება ხუმრობთ კიდეც, მაგრამ ესენი, ვერ იგებენ თქვენს იუმორს, ვერა და მაშინვე პანიკასა და ისტერიკაში ვარდებიან...
    მასე რომ არ იყოს, აბა რას უნდა ნიშნავდეს ნაციონალების დემოსთენეს გუშინ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის ქრონიკა?
    ანუ რაო? ვინც 19 აპრილამდე რომელიმე „პატრიოტი “ დაიჭიროს, ის იყოს მოძალადე ხელისუფლებაო? პრინციპში, არაა ცუდი პირობა, დასაბრუნებელი რომ არ ჰქონდეთ ჩვენი წილი საამური ცხოვრება, 19 აპრილამდე ეგენი სიამოვნებით გაიპარებოდნენ ნებიერად და ჰაერიც გასუფთავდებოდა ზაფხულის სეზონისთვის.
    19 აპრილს, 4 საათზეო, პატრიოტები რუსთაველზეო! – „დუჩემ“.
    დიდი მიტინგი, ძალიან ბევრი პატრიოტით, – რა ხმამაღალი ოცნებაა...
    რომელ პატრიოტებს გულისხმობდა ნეტავ– ანაკლიის ჯაგნარში კურთხეულებს?
    ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ! – არც ისე ჰაეროვანი პა, ფიურერის სახელზე...
    წამოვიდა შიკლგრუბერის და ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინის სახელობის სტიპენდიები...
    რა საოცარი დამთხვევაა! ერთმა, მაგ თვის 28–ში, მეორემ კი 30–ში განუტევა ცოდვილი სული და მიბარდნენ ეშმაკს.
    ქართველი სპირიტისტები ამტკიცებენ, რომ ჰიტლერის სულს, მხოლოდ გუშინდელი დღის სტატისტიკით, სამასი უპასუხო გამოძახება აქვსო...
    დიდი ბრძოლები მოგველისო, დიდიო ვანომ! გავრისკავ და გეტყვი, ექს–პრემიერო, რომ ჯვაროსნების უმრავლესობას ბიბლია „ახალ აღთქმამდე“ წაკითხული არ ჰქონდა, თორემ ...
    რახან ტაქტი არ გყოფნით, ეგ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი სტრატეგი ხართ.
    თქვენისთანა „რელიგიური ფანატები“ მხოლოდ ისინი არიან, ვისაც არც საკუთარი რწმენის გაეგება რამე და არც სხვისა.
    სხვათა შორის, 22 თებერვალი კრიმინალისგან დაზარალებულების დღეა. კრიმინალი კრიმინალია, გინდ ელიტარული უწოდე და გინდ ბომჟური. არ უნდა გეკითხათ ბავშვობაში მაკიაველი... აწი რაღა დროსია, მაგრამ ის თუ იცით, ორთოდოქსმა ნაციონალებმა, 19 აპრილს გაუნათლებლობის დღე რომ აღინიშნება, თანაც ვიეტნამში.
    ასეთ გამჭვირვალობასაც არ მოველოდით თქვენგან, დაგვინდეთ!...
    როგორც ამბობენ, ფანტასტიკის ჟანრის ყველა მწერალმა თავისი ლიტერატურული კარიერა საკუთარი რეზიუმეთი დაიწყო.
    ახალგაზრდა, გულანთებულმა „პატრიოტებმა“ კი, მოცალეობის ჟამს, იკითხეთ ნაცისტი კლასიკოსები და კონსტიტუცია... ვერც ახლანდელი უმცირესობა იფიქრებდა, რომ ვინმეს, ოდესმე, აზრად მოუვიდოდა მათივე დამტკიცებული კანონების დაცვა, მაგრამ...
    სიმართლეს და ჭეშმარიტებას შორის განსხვავება ძალიან მარტივია – სიმართლის დამალვაა ძნელი, ხოლო ჭეშმარიტების – პოვნა...
    მეცნიერისთვის თავში ვაშლის დაცემა, მსოფლიო მიზიდულობის კანონის ტოლფასია, ფილოსოფოსი ამ დროს იტყვის – ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ეცემაო. მუსიკოსი წაუმღერებს – „ვაშლის გამყიდველო...“, ეკლესიის მსახური ამ მოვლენას უფლის გარდასახვად მიიჩნევს და არავის მოუვა აზრად – ეგებ, მოსავლის აღების დროა?!
    ყავამშვიდობისა!

    კატო ჩულაშვილი
  14. katya
    ყავის დროა!
    თუმცა ყავის დრო სულაა, ისე როგორც სიყვარულის...
    აი თავისუფლების დროზე რა გითხრათ?!
    თუმცა, თავისუფლებაც, ისე როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, შედარებითია, შეფარდებითიც და ჩანაცვლებითიც ყოფილა ჩვენთან, ანუ საქართველოში.
    რა ვქნათ, თუ თავისუფალ მედიაზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს?! დღეს მომეჩვენა, რომ , დაკითხვიდან გამოსული მთავარი რედაქტორი –გიორგი არველაძე , ისეთი ალალი იყო, როგორც არასდროს!
    რა, თქვენ არ მოგეჩვენათ?
    ბრმა და უმადური უნდა იყო, რომ თუნდაც პრანჭია „კაცის“ ღვაწლი და დამსახურება ვერ დაინახო...
    „პრანჭიათა“ კულუარებიდან გამოჟონა, სეზონური გარდერობის შერჩევისას, კატეგორიულად თავს იკავებენ ზოლიანი და კუბოკრული ქსოვილისგანო. რა ძალა აქვს მაინც ქვეცნობიერს!. იციან, რომ მალე ყელში ამოუვათ მაგ დიზაინის სამოსი და ინტერიერი. ამიტომ ერთ ტონალობას არჩევენ...
    ეს ის გიორგი ვაშაძე არაა, არჩევნების ფალსიფიკაციის ფუძემდებელი და საჯაროდ დარეესტრებული? ფალსიფიცირებული სახელმწიფოს მოდელი რომ შეიმუშავა და ყველაფერზე იუსტიციის სახლში გვეპატიჟებოდა?
    რას ვიზამთ?! სირცხვილს და ნამუსს კარგავს ის, ვისაც სხვა დასაკარგი აღარაფერი აქვს.
    ანერვიულდაო! რა თქმა უნდა, რთულია თავის ხელში აყვანა, როცა ხელები ჯიბეების დატენვით გაქვს დაკავებული.
    მიყვარს გაწონასწორებული ხალხი! მითუმეტეს, როცა ასეთი პრეზიდენტი გყავს. წარმოგიდგენიათ, აქ რომ მეტეორი ჩამოვარდნილიყო, მიშა რა ამბავს ატეხდა?
    – ყველაფერს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ნატომ კარი მოგვიკეტონო, იტყოდა.
    ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა კიდევ უცხოელების კითხვაზე,– რა ხდება თქვენთან მეტეორიტთან დაკავშირებითო? მარტივად და მშვიდად მიუგო – ჩამოვარდაო!
    ჩვენმა კიდევ რა ისტერიკა ატეხა! – "თუ ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ პრეზიდენტი სასახლეში უნდა ჩაკეტონ და მხოლოდ წყალი და პური მიაწოდონ, შემცდარან, რადგან მე ვაპირებ მოვიარო მთელი ქვეყანა, შევხვდე ხალხს და გავიგო მათი პრობლემები", - ო.
    კი მაგრამ, აქამდე უშლიდა ვინმე? და აწი თუ მაგას ვინმე პურს და წყალს მიაწვდის, მადლობელი კი უნდა იყოს, მაგრამ, ეგეც კარგი უმადურია...
    ჰოდა, ადგეს და მოიპოვოს პური არსობისა თვითონ.
    დღეს გავიგე, ფულის მუზეუმი ყვარელში გადაუტანია. ალბათ მაგ მუზეუმის დარაჯის ვაკანსიას უმიზნებს, თორემ სხვა რა უნდა იყოს ? თუმცა, წინა ხელისუფლების ნარჩენებს არგუმენტირება არ უჭირთ.
    გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე, როგორც გავიგე, ხეჭეჭურის ნერგებისთვის არიან წასულები ახალი პარტიისთვისო. ჰოდა მასე, ნელ–ნელა, აუჩქარებლად, ბიჭებო!
    საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეზობელ ქვეყნებში ვიზიტები განიხილა და აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი არის გაბრაზებული, სომხეთი მოტყუებული, თურქეთი კი - გადაგდებული."
    ყველას მაგივრად შენ როგორ უნდა ინერვიულო გოგაა!!! აღარ ხართ პასუხისმგებლები ოქტომბრიდან, რით ვერ გაიგე, შე კაცო!? პასუხის გება კი მოგიწევთ, იმედია...
    მე ის უფრო მაინტერესებს, ვინ გამოუყო ლუქსი ფერმაში ხაჩიძეს და რატომ ვერ დაიცვა ამ უკანასკნელმა ნაციონალური გარემო ჩანერგილი და მოღალატე ვირთხებისგან? ამისთვის პასუხს იმ დიდი ფერმის გამგე მოსთხოვს იმედია, კომლეურნეობის თავმჯდომარე მაინც, გვარის დასახელებას აზრი არ აქვს...
    რამხელა მიღწევაა, როცა ნამინისტრალი სახალხოდ ამტკიცებს, რომ ვირთხა არაა...
    მასე იმიერკარპატელი ივანაც კი გვიმტკიცებს, სააკაშვილი ჩემი მხოლოდ მეგობარიაო, მაგრამ ჩვენ გვჯერა? მშვიდობაში მოგახმაროს „საუკეთესო მეგობარი“ მელაი!
    „ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს საქართველოში სურს ის დაინახოს, რასაც ადრეც ხედავდა“–ნეტა რა უნდა დაინახოს აპატურაიმ?! ჯეიმს! აბა ერთი თვალი თვალში გაგვიყარე, მეგობრულად!
    იმედია, კობას „მარტოობის 100 დღის“ შეფასებას კოალიცია თავს გაართმევს და თუ იწვიმაააა...
    მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, მათ, ვინც „დაიღალა“ ხელისუფლების „უსამართლობით“, ვთავაზობ ჩამოჯდეს და დაისვენოს.
    ყველა ყვავის ოცნებაა, ვინმე თეთრებში გამოწყობილს თავისი ტოტის ქვეშ წაასწროს. გარემოს დაცვის ექს–მინისტრს ეს არ ესწავლება...
    ჰო, მართლა! უგულავას ამოტენდერებულმა ჩინელებმა, არ ვართ ჩვენ ის ხალხიო! ავაშენებთ იმ თქვენს ოლიმპპიურ სოფელს და მივდივართო! ვინა ყოფილხართ ქართველებიო?!
    ამოვისუნთქე!!!!
    მართლა რა მაგარი ქალაქია ეს თბილისი?!
    დაუჩქარეთ და პირდაპირ იმოძრავეთო, – პატრულმა!
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  15. katya
    რეალობას ჩვენ ვუწოდებთ, „უბრალო“ და „ ჩვეულებრივ ხალხი“, ანუ „მასა“, ანუ „ბრბო“, თორემ არაჩვეულებრივები და „წარმატებულები“ მაგას პოლიტიკას უძახიან.
    მოვლენების რეალური შეფასების ნაცვლად „კომენტარსაც აკეთებენ“ და შიგადაშიგ კოაბიტაციობენ კიდეც ყველა მიმართულებით და ყველა მნიშვნელობით, ზოგჯერ „გაგებითაც“.
    –„მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხიო“,– გაიგეთ, რა თქვა მიშამ?
    ცოტა რთულად წარმოსადგენი კია სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ხალხის სამსახურში, მაგრამ სხვა გზა არაა, თავი მაინც უნდა მოიკატუნოთ! ასეა საჭირო და მიტომ...
    ბოლო დღეებია, ისეთი განწყობა მაქვს, რომ მოქმედ გენერალურ პროკურორს სიტყვაზე მინდა ვენდო, ყოველგვარი მხილებულებების და მოწმეთა ჩვენებების გარეშე. მოქმედს, თორემ მისი წინამორბედის სიტყვა მხოლოდ ერთეულებს აქვთ გაგონილი. მისი მრავლისმეტყველ–მომსწრე და დამსწრე ფიგურა ჟესტების ენით გამოხატავდა „ნაციონალური ელიტის“ განწყობას. ან რად უნდა ბევრი ლაი–ლაი მაგას?
    უმარტივესია: ამას – სიკვდილი! იმას – ჩამოხრჩობა.
    უკვე იმ ასაკში ვარ, როცა ვიცი – ხელი არ უნდა შეუშალო უფსკრულში გადაჩეხვაში მას, ვინც, თავის დროზე, მაგ საქმეში სხვებს „ეხმარებოდა“ .
    კარგი გამოგონებაა ბუმერანგი! ჭკუის კოლოფა ავსტრალიელი ჰომო–საპიენსების ქროლვის თეორიას თანამედროვე პოლიტ–განათლებაში თუ ჩართავენ, არ იქნება ურიგო, მათივე პროფესიული უნარ–ჩვევებისთვის.
    ეჰ, რა ახლოს იყო პირველყოფილი ადამიანი ჭეშმარიტებასთან!
    ჰოდა, იმას ვამბობდი, – თუ უნდათ უფსკრული, მე ვინ ტიკი–ტომარა ვარ, ხელი შევუშალო? ამიტომაც გადავწყვიტე, კრიტიკასაც შევეშვა მოქმედი „უმცირესობის“ მისამართით, თორემ, ვაიდა, ღმერთი გაუწყრეთ, კრიტიკა ობიექტურად და საგულისხმოდ მიიჩნიონ, ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ.
    ვერც უმცირესობის წარმომადგენელ ირმა ნადირაშვილს ვაპატიებ ისეთი „ცუდი“ და „უცენზურო“ სიტყვების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად „მხედრიონი“...
    თუმცა, იქ, სადაც ვანო მერაბიშვილმა, ჩვენს თვალს წინ, არგუმენტების ენა აიდგა, უკვე აღარაფერი გამაკვირვებს. მისი გუშინდელი არგუმენტი წინა ხელისუფლების „შეცდომებთან“ დაკავშირებით, მომაკვდინებელი თუ არა, შოკისმომგვრელი იყო საზოგადოების „ჩვეულებრივი“ ნაწილისთვის.
    ხომ ვამბობდი, უმადური და დაუნახავი ერი ვართ! იმასაც ვერ მივხვდით, რომ „ისინი“ „იმას“ „იმისთვის“ სჩადიოდნენ, ანუ აშავებდნენ, რომ „ამათ“ ანუ დღევანდელ ხელისუფლებას მათ „შეცდომებზე“ ესწავლათ.
    ყოფილი პირველი პოლიციელის ტექსტი დაახლოებით ასე ჟღერდა: „რა გიყვეს, ჩემო სავლე...“
    ვანო გუშინ იყო ქართული პოლიციის დიდი ჭირისუფალი, თუმცა თალხი არ ემოსა, თვალის უპეების მოხაზულობა და „სიტყვის კონა“ ცხადყოფდა (თუ გინდათ ნაძლევს ჩამოვალ, რომ ვანო ამ სიტყვას ვერ გამოთქვამს) ყოფილი რეფორმატორის სამგლოვიარო განწყობას. „ნელ–ნელა, თანდათანობით დავბრუნდებით ხელისუფლებაშიო“,– თქვა მან. თუმცა ამ ფრაზის შიფრი ან ადამიანური ვერსია, ჩემო იმანო, სეიფში ექნება ჩაკეტილი და, სავარაუდოდ, ვერასოდეს გავიგებთ.
    მაგრამ, ვანო რა ყავაზე კრუასანად მოსატანია, როცა ენაბრგვილობა ბოლო ხანს თვით ორატორთ–ორატორ მიხეილსაც დასჩემდა. თუმცა მაგისას რას გაიგებ – როდისაა გულწრფელი, როცა ლენჩს ამბობს და ლინჩის გულისხმობს თუ პირიქით?
    მაგრამ ეს არაა მთავარი – მთავარი ისაა, რომ ამჟამად ახალ ოცნებაზე მუშაობს, სახელად
    „ ერი–ნაციონალური პროექტი“. ის წინა 2 პროექტი – „ანაკლია“ და „ლაზიკა“ თხამ შეუჭამა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და ხის ძირას დარჩენილი წიგნივით.
    ბიბლიოთეკა ნაციონალებისთვის ფატალური ადგილია. ეგ კიდევ ბევრს შეიწირავს, ისე, როგორც თბილისის (ჯერ კიდევ) მერის მზრუნველის იმიჯი აღგავა პირისაგან მიწისა მისმა მიმდებარე ტერიტორიამ.
    ასეთი რა ქამარი შემოიჭირა დედაქალაქის მერიამ, არ ვიცი. ის კი ყველამ დავინახეთ, რომ ქალაქის ქუჩაში შოუებს უგულავა უკვე თავად აწყობს, ალბათ ეკონომიის მიზნით, თორემ დასაქმების პრობლემა ხომ ამ ქალაქში აღარ არსებობს.
    გუშინდელი დღე თავისი მოლოდინებით გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. პრეზიდენტმაც მოგვმართა, შოუ სავარაუდო სათაურით – „ძალადობა,“ შედგა, „კომენტარებიც გაკეთდა“, კადრებიც დაიდო, შეაფასეს, გადააფასეს, აწონ–დაწონეს და ჟანრად ისევ ფარსი არჩიეს.
    თუმცა პიესის მთავარ გმირებს ფარდის დაშვება დაავიწყდათ და შორეული ქანდარიდანაც, პენსნეს გარეშეც კარგად ჩანს კულისებში მიყრილ–მოყრილი ჭუჭყიანი საცვლები.
    და ნეტარ არიან მორწმუნენი, როცა ფაქტები სარწმუნოა...
    ბუნტის თავები, მამები და მამიდები საპროტესტო აქციების გააქტიურებით იმუქრებიან. გაფიცულთა რიგი უახლოეს მომავალში მეეზოვეებს უწევთო. ეს ის ყბადაღებული დასუფთავების სამსახურია, მთელი თბილისის ნაღები რომაა დასაქმებული ნაციონალურ საწყისებზე.
    მრეცხავები ალბათ დათბობას ელიან, რომ მათი პროტესტი უფრო ეფექტური იყოს ოფლიანობის ნიადაგზე. ახლა კი მივხვდი, რატომ დაიდგა და რატომ ჩაიყარა ამხელა კაპიტალი მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდიები.“
    ეწყინება უმცირესობას აბა არ ეწყინება? მაგათ ყველაზე ჭახჭახა სახე – გურამ დონაძეს– დღეს 25 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს და „მოძალადე ბიბლიოთეკარები“ 100–100 ლარად გამოყარეს ქუჩაში. მერე იტყვიან, სამართლიანობა აღვადგინეთო!
    სად დაიარება მერე ეგ თქვენი ბეცი თემიდა? მაგანაც ვერ დაინახა გუშინ ვინ რით იყო დაკავებული? ყველაზე მეტი ჯაფა აკოს და გიგას დაადგათ, ხუმრობა საქმე ხომ არაა, სისხლიანი და ჩვეულზე გაცილებით აგრესიული ჩიორას ფრთის ქვეშ შესმა? თან ტექსტი არ უნდა დაგავიწყდეს, მიმიკა შესაბამისი და ყველა კამერისკენ ნაბიჯით იარ! პარტიის მომავალს და მათ მომავალსაც ასე სჭირდება.
    ამბობენ, პროკურატურიდან ყველა გზა გიგისკენ მიდისო. თან, ეს ჩვენი მერი, არც მეტი, არც ნაკლები, ოჯახური კლანის წევრიც ყოფილა.
    სიცილიაში „ბელა მაფია“ ნავარდობს, თბილისში – „ლელა მაფია“. ლელა, ჩვენი, დეკანოსიძე კი არა, კილაძე. ანუ მერის ცოლი, ქალაქის პირველი ლედი და ყველა „გაჭირვებულის“ ჭირისუფალი. დიდი ცოდვა–ბრალიანო და ქვრივ–ობოლ–გამკითხავი დიაციაო ამბობენ ეს ლელა. დიდი ოფლი ჩაუღვრია თანამედროვე თბილისური კულტურის ჩამოყალიბებაში. პრინციპში, სადაც დავით ბაქრაძის ცოლს ქართული ფეშენ–ვიკი ჩააბარეს, კილაძე მაგ ფონზე კია მადამ დე პომპოდური.
    ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამსო! ასე ამბობდნენ ჩემს ბავშვობაში და ახლა ისეთი დროა, ვინც მუშაობს, იმას ჭამის დრო არც აქვს. ჰოდა ჭამენ მუქთა–ხორები.
    მოკლედ, თუ ვინმემ მოლოდინი ვერ გაგიმართლათ, მათგან არც თავის მართლებაა მოსალოდნელი. როცა ვიღაცის მხრებიდან თავი ვარდება, სახის კანზე დიდად აღარ ფიქრობენ.
    დამშვიდდით! სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას არ აპირებს, მას მოთხოვნები ეხერხება და მოითხოვს კიდეც. უნდა რომ სასწრაფოდ წაგვერთვას მეხსიერება, დავკარგოთ რეალობის აღქმის უნარი და ვიაროთ გაღიმებულებმა, თუნდაც ჭიანაჭამი კბილებით, – წერეთლების შთამომავალმა ჩვენმა პრეზიდენტმა ასე დაგვიბარა...
    P.S.
    არ იცით თქვენ, რა შეგრძნებაა, დილით სამსახურში მიმავალს, გაჩერებაზე თბილისის ზღვის მაღლობიდან ველოსიპედით დაშვებული ჭუტალა სიცილაკი რომ შემოგძახებს – გამარჯობა მეზობელო!–ს და იმ ჭუტალა თვალს კიდევ უფრო ჩაგიპაჭუნებს. რა ჯანდაბა უნდათ ჩინელებს ჩემს გაჩერებაზე? ეგ გრძელი ამბავია, გიგიმ იცის, კიდევ ვანომ და პროკურორყოფილმა. ისიც სიმბოლურია, იმსიშორიდან გიგის გახსნილ „ნუგეშის“ ჯიხურში რომ მორაწკუნებენ სურსათის შესაძენად. თუ სწორად მახსოვს, ეგ ქსელი, თავიდან, პენსიონრებისთვის იყო ჩაფიქრებული.
    ღმერთო! არ მომასწრო პენსიონერ ჩინელებს ჩვენს ქალაქში!
    კატო ჩულაშვილი
  16. katya
    და იყო კიდევ ერთი კვირა ყავისმოყვარულ ქართველთა ცხოვრებაში...
    კოსმიური თუ პოლიტიკური ძვრებით, მინიმალური საარსებო კალათით და სახელფასო პრემიალური მაქსიმუმით, არც თუ ურიგო რიგგარეშე პარტიული ყრილობით, არც ისე საპრეზიდენტო ვოიაჟით, დაკითხული მერით, ბანკროტი პოლიტიკოსის 2 წუთში გაფენიქსებული რეიტინგით, თვით გურამ დონაძის მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებული 3 პასპორტით და 65 000 იანი შენატანით ბიუჯეტში, პენიტენციალური ქორწილით, კათოლიკური სიყვარულით და ისლამურ–მეზობლური ულტიმატუმებით.
    პროზაული დასაწყისიაო ვერ იტყვით, მაგრამ, ზოგჯერ საკვირაო განწყობას მხოლოდ კალენდარი ვერ შველის.
    ცოტა მეტია საჭირო! თუმცა, არის მომენტები, როცა მეტიც მეტისმეტია...
    ხომ გეუბნებოდით – სამართალს ბუმერანგის ფორმა აქვს და ურმით დადის.
    მაგის შიში რომ არ ჰქონდეს ზოგიერთს, აბა შონზო მაინც და მაინც ამ კვირაში რატომ აღშფოთდებოდა საკუთარ ცხოვრების წესზე, ბოლო 9 წლის განმავლობაში?
    არც „პატიმართა პატრონი „ ხათუნა აჩუყებულა უმიზეზოდ, არც ჩიორას გაუსაჯაროვებია თავისი „სარეცელი“ და არც წერეთლების გიგის გამოუთქვამს მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ტყუილად.
    ასეა – სინდისდაკარგული ადამიანი ყოველთვის დარდობს მის დაკარგვას, რადგან შეეძლო ის სარფიანად გაეყიდა ან გადაეყიდა...
    მაგალითად, ყოფილ დეპუტატს და „დეოკუპაციის ცენტრის“ ხელმძღვანელ გია თორთლაძესაც ვერ აჯერებენ, რომ მის დაკთხვაში ახალი პრემიერის პირადი ინტერესი არ ურევია. აბა რა გახდა ეგ 350 000 ლარი და „ტოიოტა“?
    გიგიზეც ამბობდნენ ავი ენები, ეგ ასე იოლად გასატეხი კაკალი არააო, მაგრამ...
    თბილისის მერი, იქამდეც მივიდა, გასულ კვირას მოქმედ უმრავლესობას მასობრივი გამოსვლებითაც დაემუქრა ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ დროულად გადაამოწმა და გაარკვია, რომ წალენჯიხა–თბილისის ავტობუსი სხვა გრაფიკს ექვემდებარება. თანაც,კულუარული ინფორმაციით, ტარიელ ხიზანეიშვილმა დაკითხვაზე მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. დაკითხვიდან კი გიგი ისეთი სახით გამოვიდა, აშკარად მეტს ელოდა, ან გამომძიებლები ელოდნენ ნაკლებს.
    მართლაც და რა ხდება ?
    დელეგაცია დელეგაციას არ გავს და დარბევა დარბევას... საპირფარეშოში ვერ გასულა კაცი და გემრიელად ვერ გაპროვოკატორებულა ნაცი...
    გაივსო ქალაქი „კრიმინალებით“... რა წესია? პატიმარი ვიცით ჩვენ ციხეში! ქალი ბუტკაში, კაცი – ომში და ქვეყანა – ნატოში...
    გთხოვთ, მომიკლათ ცნობისმოყვარეობა და გამაგებინოთ – ქალბატონი ნინო ლაპიაშვილი 9 საათის შემდეგ ისევ ჩანთაჩახუტებული დადის თუ გაიარა ადაპტაცია? ანუ შეეგუა თანაცხოვრებას ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად ამ ქალაქში?
    მეტეორიც რომ დროზე ადრე ფეთქდება, თანაც , მაინც და მაინც ოკუპანტის ტერიტორიაზე, ამასთან შეგუება მართლა რთულია.
    მეტეორზე გამახსენდა, – გაიგებდით ალბათ, იაპონიის საპორტო ქალაქ იშინომაკში რამდენიმე ადამიანმა ინკოგნიტო ადრესატისგან საჩუქრად 250 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდი რომ მიიღო. აი ამას ქვია ფოსტა! ყველაზე საოცარი ისაა, რომ ოქროს ზოდების მფლობელებმა საჩუქრით თავიანთი ქალაქის აღორძინება გადაწყვიტეს. ერთი წუთით დავუშვათ იგივე სიტუაცია ჩვენს ქალაქში. მაშინვე გაჩნდება გზავნილის ადრესატამდე მიტანის ალბათობა. თუ მაინც მიაღწია ადრესატამდე, ამის შესახებ იაპონიაში კი არა სამეზობლო–სამეგობროშიც ჭორად გაიგებენ. ქალაქის აღორძინებაში კი „კეთილსინდისიერად მიღებულ დამატებით შემოსავალს“, ნამდვილად არავინ ჩადებს. თუ გინდათ ვცადოთ...
    ახალმა პარლამენტმა და მისმა უდიდებულესობა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი სულ ტყუილად მიივიწყეს, თუმცა, ამ ქვეყანაში ვის ქონდა უფლებები მომხმარებლებს რომ ჰქონოდათ, თანაც დაცული?
    დიახაც! რა საჭიროა კანონი, რომელიც არაა საჭირო?
    გასულ კვირას შეურაცხყოფილი დავრჩი, როცა საშინელი საიდუმლო შევიტყვე – როგორ დაუტოვა ანდერძად და საპატრონოდ ქართველობა ზვიადმა ვალერია ნოვოდვორსკაიას.
    მოქმედ და პოტენციურ მსჯავრდებულებს კი ერთი საკითხი აინტერესებთ – ამიერიდან ციხეში დაქორწინებული ყველა წყვილის მეჯვარე იქნება თუ არა ლალი მოროშკინა?
    ჩემისთანა ინტრიგანებს კი ის აინტერესებთ – როგორ არ ენანებათ „პატიოსანი შრომით“ ნაშოვნი ფულის გირაოში გადახდა?
    გასულ კვირას, ჩვენდა გასაკვირად, ქეთი იგნატოვამაც კი შენიშნა, რომ კოჰაბიტაციას ვერ „ვქაჩავთ“ საუკუნეების მანძილზე ტოლერანტობაში ეჭმიტანილი ერი…
    ხათუნა კალმახელიძის გოდების კედელზე დატოვებული მესიჯებით კი ექს– „ლედი–პენიტენციალს“ , საკუთარი „სუსტი წერტილების“ თანახმად, ან ელჩობა უნდა , ან თავდაცვის მინისტრობა.
    ახლა მთავარია, ქალბატონი ჩიორას და გოკა გაბაშვილის ეროგენულ ზონებს მივაგნოთ, თუ ასეთი ზონები არსებობს ბუნებაში.
    კვიპროსის პრეზიდენტი ნანობს, რომქვეყნის გაერთიანება ვერ შეძლო...და მიდის...
    მიშა ნანობს, რომ ქვეყნის ბოლომდე დაშლა ვერ შეძლო და არ მიდის…
    ყველა ჩვენი ოცნება ხდება, მაგრამ იმ ფორმით, რომელსაც ვიმსახურებთ.
    მათი ფორმები შორსაა იდეალისგან და , შესაბამისად, იდეალიც შორსაა მათი ფორმებისგან.
    ზოგიერთის ლოგიკით– თუ ერთზე ოცნებობდით, მაგრამ გაცილებით მეტი მიიღეთ, თქვენი ოცნება მაინც არ ითვლება ასრულებულად.
    რატომ მინდოდა მეტეორიტი თბილისში?
    როგორც პრემიერი იტყოდა, – კარგი კითხვაა!
    მაგრამ კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ – თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამდენი მეოცნების სურვილების ჩაფიქრებას კუდიანი ვარსკვლავის ჩამოვარდნისას მოვასწრებთ?
    და კიდევ, ქალებო! ვალენტინი არ გაგიწყრეთ და საბჭოთა არმიის დღის მილოცვა არ დაგავიწყდეთ მომავალ კვირაში ძვირფასი მამაკაცებისთვის, თორემ ის თქვენი ცოდვებით სავსე კლარას და როზას დღესასწაული არც ისე შორსაა.
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  17. katya
    საბჭოთა ბავშვობიდან ერთი „იქაური“ ლოზუნგი შემომრჩა გონებაში: კადრები წყვეტენ ყველაფერს!
    ზედაპირული და სიღრმისეული დაკვირვებით, მსგავსი ლოგიკაგა და აქტუალობაგამძლე სლოგანი ცოტაა.
    ჩემი ბავშვობის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, იმდენი, რომ ცვლილებები შემემჩნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც კადრები წყვეტენ ყველაფერს...
    არადა, ყური მოვკარი, დედამიწამ ნაბიჯს აუჩქარაო, ჩინელების ზოგადსაკაცობრიო წყევლის მიუხედავად, დიდი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთო...
    ჩვენი საშველი მაინც არაა. დროში გავიჭედეთ და სუბიექტურობას გენეტიკური ნაკლით ვხსნით.
    ობიექტურ რეალობაში კი არსებობს „კადრის“ ორი სახის გამოვლინება – კადრი –ადამიანური რესურსის ან კადრი – დოკუმენტალური ვიდეო მასალის სახით.
    ანუ გაქვს თუ გყავს შესაბამისი კადრი – უკვე სერიოზული „წინსვლა“ და „დაზღვევაა“.
    ამ სოლიდური არგუმენტაციის მიუხედავად, მაინც გავ–კად–ნიერდები და ვურჩევდი „კადრომანებს“ – კადრების სახით უკადრებელს ნუ კადრულობთ რა!!!!!!
    იმ პატივცემული მურმან დუმბაძესავით, ყველა 1 ფუთი მარილის ჭამას ვერ გავქაჩავთ...
    დიახ, მე მაოცებენ კადრები თავიანთი შერჩევის, ამბიციის და პასუხისმგებლობის პრინციპით. მაგალითად, მაოცებს ერთ–ერთი სამინისტროს მინისტრის მოადგილე, თავისი თავისუფალი დროის მასშტაბებით. უცნაურია, ამხელა პრობლემების მქონე სამინისტროს დიდი პასუხისმგებლობის მქონე კადრს სულ ფეისბუკზე „დებატების“ და „პოსტვის“ დრო როგორ აქვს. ვინმეს ჯინი კი არ მჭირს?
    კადრია უბრალოდ, სულ ეგაა.
    კიდევ პარლამენტის უცვლელი კადრები მაოცებენ, აი ისეთები, მთელი ცხოვრება ერეკლეს მეზარბაზნეების ამბის „გაბაზრებით“ რომ იყვნენ დაკავებულნი და ახლაც, „სხვა რეალობაშიც“ , ახალი ხელისუფლების ფავორიტებად რჩებიან.
    ძველი ხელისუფლების კადრების რა გითხრათ? ეგ ზოგადად რა ყავაზე მოსატანია.
    მაგათი უნარ–ჩვევები „ხუთოსნების“ კადრების განყოფილების უფროსს მოჰკითხოს პროკურატურამ.
    იმედია, მეოთხე ხელისუფლება გაგებით მოეკიდება ჩემს პრეტენზიას. მაგათმა ყველაზე უკეთ იციან, , – არის შემთხვევები, როცა რესპოდენტი კადრში არ ჯდება.
    ბოლოს და ბოლოს, პერსპექტიულ და ამბიციურ კადრს იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, სხვისი რეზიუმეს თავისად დაკოპირებისას ფოტო მაინც შეცვალოს.
    ხუმრობა იქეთ იყოს და, კადრების ომმა უკვე დენთის სუნი აუშვა. აგერ ერთი მაღალის კადრმა ხაბაზმა ფიშტოც დაგვიტრიალა მუქარის სინონიმად ცხვირ წინ. ე მანდ, ჩემს გამ–კადრ–ებელს არავინ შეეხოსო...
    არ ვეხებით ბატონო... ვადაგასული სისტემის პროდუქტთან შეხება მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. უბრალოდთ ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და გაიტანეთ! შესაბამის სარკოფაგს ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, „ჩვეულებრივი ხალხი“.
    ისე, ყველაფერს წარმოვიდგენდი და ხაბაზის მუშკეტერობას – ვერა.
    სხვათა შორის, საფრანგეთში, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების შემდეგ, სამი მუშკეტერის ურთიერთობებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ!
    ეს ისე, თემა განსჯისათვის, თორემ კი არაფერს გაბრალებთ ...
    რომის პაპიც კი გადადგა. ავი ენები ამბობენ, ისლამი მიიღოო. ბუკმეკერები პაპის კანდიდატურად შავკანიან რომაელს წამოაყენებენ ალბათ. კი ბატონო, ამასაც საკადრო შეთანხმების სუნი უდის, რა ჩვენი საქმეა?! ჩვენ ერთი პატარა ერი ვართ.
    მაგრამ უბრალოდ შეკივლება მოგინდება – მიხეილ! აიღე მაგალითი პაპისგან!
    შური ამბიციის გარეშე ოცნებააო...
    ვინც გამუდმებით დამნაშავეებს ეძებს, საკუთარ თავს ვერ ამჩნევს.
    ასეც ხდება, ზოგჯერ საუბარს იწყებ მეგობართან და მტერთან ამთავრებ.
    არ მოგწყინდათ მართლა?
    ნაცების კადრები! ოცნების კადრები!
    ეგ კადრია ზუსტად ყველაზე ხშირად „ყველაფრის მკადრებელი“...
    ცოტა მეტი პერფექციონიზმი, ბატონებო!
    აფსუს, კადრ–წაღებულო საქართველოვ!
    თქვენი არ ვიცი და მე ვცვლი სიტყვის კაცს საქმის კაცში (ქალშიც)!
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  18. katya
    ზოგადად ყველა ნორმალური ადამიანი იწყებს ნერვიულობას ფრაზაზე – „თქვენ ოღონდ არ ინერვიულოთ! ამიტომ, ვიცი, ახლა ამის თქმას აზრი არ აქვს არც ჩვენთვის, არც ჩვენი პრეზიდენტისთვის.
    ისიც ინერვიულებს და ჩვენც... ჩვეულება ნამდვილად რჯულზე მტკიცე გამოდგა ზოგიერთისთვის. თუმცა, ამბობენ, დღეს „საქართველოს პრეზიდენტი“ კალისტრატეს ლოცვა–კურთხევის იმედადააო. მაგასაც ვნახავთ, რა ძალა აქვს კალისტრატეს „კურთხევას“.
    უკაცრავად კი ვარ, მაგრამ როცა კარგად ცნობილ „სამ ასოზე“ გაგზავნიან, სულაც არაა აუცილებელი იქ წასვლა. შეიძლება უბრალოდ თავი მოაჩვენო, რომ მაგ მიმართულებით მიდიხარდა იქაურობას ჩუმად გაეცალო...
    ვადასტურებ – ვარ უქეიფოდ.
    თუნდაც იმიტომ, რომ 3 თვე ფეხმოტეხილ მტრედს ვაზამთრებდით აივანზე გალიაში. დღეს დიდი ზარ–ზეიმით გავუშვით და 10 წუთში კატამ შეჭამა...
    მორალი? დიქტატურა ზოგჯერ სრულ თავისუფლებაზე უფრო უსაფრთხოა.
    ვდემაგოგობ...
    დილით მე და „საქართველოს ახალგაზრდა სპიკერმა“ ვიკამათეთ. მაინც იმ აზრზე დარჩა, რომ თავისუფლებით ტკბობისა და მისი მაქსიმალურად შეგრძნებისთის , როგორც მინიმუმ, ბევრი ფულია საჭირო.
    მეც ვიცი, რომ ცხოვრებისეულ წვრილმანებზე მსხვილმანი კუპიურები გვჭირდება,
    მაგრამ ამას ხმამაღლა ხომ არ დავუდასტურებდი?
    იმის დაფარვა, რასაც ფიქრობ, ყველაზე უკეთ მაშინ გამოგდის, როცა დაუფიქრებლად ლაპარაკობ. მაგის ცოცხალი მაგალითი ჩვენს ირგვლივ იმდენია და ისე ახლოს....
    დღეს „ორთოდოქს ნაციონალებს“ როგორი სახეები აქვთ იცით? ჩემს საბჭოთა ბავშვობაში ცხელი წყლის მოსვლა რომ უხაროდა ხალხს ბოლო დროს, მიუხედავად იმისა,რომ ცხელი წყლის მილში ცივი და ჟანგისფერი წყალი „მოჩუხჩუხებდა“.
    ეჰ, მიხეილ! ამასაც მოესწარი! პარლამენტშიც აღარ გიშვებენ...
    კი ხარ მიჩვეული მაგ სივრცეში ძალით შეჭრას, მაგრამ, ის „სასიკვდილო“ ნომერი აღარ გამოგივა! თანაც, ახალ პარლამენტში ჩაის დალევა ცუდ ტონად ითვლებაო....
    მშვენიერი სვლა იყო –„იგავის ენით“ უთხრა პარლამენტის შენობაში ზოგიერთ გამაგრებულს, - ბიბლიოთეკაში ვაღამებ, რომ ეგებ რომელიმე ლექსიკონში თქვენი ნამდვილი სახელი ვიპოვო, ვიდრე მანდ დრეს–კოდის თარგზე მუშაობთო.
    ტვინი მეღრძო დილიდან, მაგრამ „ჩვენი პრეზიდენტი“ და ბიბლიოთეკა ვერაფრით დავაკავშირე. ნეტა რა ქვეტექსტია ამ „მესიჯში“? კამერა ლუქსს ითხოვს ვითომ შეფარვით?
    ცხადია, რაღაც პირველი უნდა ქნას მსოფლიოს თუ არა, საქართველოს მასშტაბით მაინც. არცერთი პრეზიდენტი ჯერ საჯარო ბიბლიოთეკაში არ გამოსულა ისტორიული მიმართვით?
    არც დიქტატორი?
    დღეს მიშა რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გამაგრდეს და კითხვა დაიწყოს ..
    მაგ შენობას საიდუმლო გასასვლელი აქვს ნეტა? მიწისზედა ტრანსპორტით ვერ მიუახლოვდებაო ბიბლიოთეკას, ზღვიდან არ მიუშვებენ, ამ დროს ჩინელებს პიკის საათი აქვთ, ალბათ ჰაერ–წვეთოვანი გზით აპირებს ინტელექტუალურ–კულტურულ სივრცეში შეჭრას. არაუშავს მიხეილ! თუ პარაშუტი არ გაიხსნა, ფრენის სიამოვნება მაინც მიიღე, მეორედ ეგ შანსი იქნებ არც მოგეცეს.
    რა ქნას კაცო, რა? არც პოზიცია გამოადგა და არც ოპოზიცია, არც დესტრუქციული და არც კონსტრუქციული. მაგის ძალა უმრავლესობაშია და ეგ კიდევ ცოტა იყო და გათავდა.
    ჩვენ რომ გვეგონა, ქუთაის–გაენათელი კალისტრატე დააღალატა, აღმაშენებლის სული მოასვანა და 6 საათამდე რელაქსაციით იქნება დაკავებულიო, მაგ დროს ეგ უკვე ქუთაისს მიფრენდა, რა ქვია ნეტა მაგას, პრეზიდენტი თავის ხალხს რომ დამალობანას ეთამაშება? შენ კიდევ დასტუკება გინდა, ჩემო ფიურერო?!
    ეჰ მიხეილ! უმადურია ხალხი, უმადური – ათასჯერ რომ დაეხმარო და სიკეთე გაუკეთო, -ავიწყდებათ და მაინც და მაინც ერთხელ ნათქვამ უარს იმახსოვრებენ. არ გინდა ახლა წუწუნი , რომ ჩიხში მოგიმწყვდიეს. უნდა გიხაროდეს, ზურგი მაინც გექნება კედლით საიმედოდ დაცული.
    ამასწინათ სადღაც ამოვიკითხე – კარგი ბას–გიტარისტი ბრიტანული პარლამენტივითაა – არ ჩანს, მაგრამ მისი საქმით ყველა კმაყოფილიაო.
    ზოგი წვიმაში სეირნობს, ზოგი წვიმისგან მხოლოდ სველდება...
    დღეს გამორჩეულად მზიანი დავითობაა!
    იმის თქმა მინდოდა, რომ არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა. ყოველთვის თუ არა, ხშირად...
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  19. katya
    ცხოვრება თეატრიაო, სულ ეგ მესმის ბავშვობიდან და მეც ერთი წესი გამომიმუშავდა – მაღვიძარას მესამე ზარზე ვიღვიძებ...
    თუმცა, როცა წესი ვახსენე, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდა. ჩვენ –ქალები – წესებს და კანონებს ნაკლებად ვემორჩილებით, „ლოღიკაზე“ რომ არაფერი ვთქვათ. ქალებს წესები არ გვაქვს... ქალებს გვაქვს განწყობა! ამიტომ, გამოთქმა „წესიერი ქალი“ – ცხოვრებისეული აბსურდის გამომხატველი ფრთიანი ფრაზაა და სხვა არაფერი. ჰოდა, ერთი სიტყვით, წესები და წესრიგი თქვენსკენ მოიკითხეთ, ვისაც ჩარჩო–ხელშეკრულებები და კანონზომიერებები გაღელვებთ.
    ზოგადად, ყველაზე გამოუსწორებელი სისულელეები მაშინ ხდება, როცა წესრიგის დამყარებას იდიოტები იწყებენ...
    დალაგებულ–დავარცხნილ და ფიქსატორმოსხმულ იდილიას ისევ ბუნებრივი ქაოსი და შემოქმედებითი უწესრიგობა მირჩევნია. თუნდაც იმიტომ, რომ იმ მესამე ზარის შემდეგ საწოლიდან ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა ფეხი რამეს წამოკრა, ან დააბიჯო, რომ უცებ გამოფხიზლდე...
    „ურთიერთობების დალაგების პროცესი ორ ადამიანს შორის“ ხომ საერთოდ მაცოფებს. რამდენიც გინდა ალაგოთ, ავეჯის მდებარეობა ცვალოთ, ხეხოთ და აპრიალოთ, დამიჯერეთ, – თუ თქვენი თავის ქალის ბინადარ ტარაკნებს ერთი გზა არ აქვთ, არაფერი გეშველებათ.
    დალაგებაზე გამახსენდა, – ამასწინათ ჩემმა მეზობელმა სახლიდან იმდენი ნაგავი გამოიტანა, ყველას ეგონა, ბინას ცლიდა.
    ერთი სიტყვით და ერთი ფინჯანი ყავით იმ დასკვნამდე მივედი, რომ შეცდომის დაშვების უფლების პარალელურად, ადამიანს აქვს უფლება, არ ისარგებლოს ამ უფლებით.
    ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბრიყვები სწრაფად ნახულობენ საერთო ენას, ჭკვიანები – საერთო ინტერესებს...
    ჰოდა, იმიტომ კი არა, რომ ჭკვიანი ვარ, უბრალოდ მაინტერესებს, ჩვენს საინფორმაციო სივრცეში დამკვიდრებული ტენდენცია – სამი დიდი განსხვავება – ფაქტი თავისთავად, ამ ფაქტის მოწოდების ფორმა და მისი შეფასება – განკურნებადია თუ ნაციონალური ტრაგედია...
    ალბათ სასაცილოა, როცა სქესობრივი აქტის გასამართლებისას ბრალმდებელი მორალია, ადვოკატი – საღი აზრი, ხოლო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადი ინსტინქტი სკანდირებს „თავისუფლება“–ს...
    მღელვარე ოკეანეა ბატონებო ეს ცხოვრება! რთულია ცურვა აქაფებულ ტალღებზე. სუსტები ფსკერისკენ იწევენ. ფსკერზე სიმშვიდეა...
    თანამედროვე სამყაროში კი ყველაზე ძლიერის ნაცვლად გადარჩენის შანსი ყველაზე მშვიდს აქვს. კამათში კი ყოველთვის ის იმარჯვებს, ვისაც დროულად გაჩუმება შეუძლია.
    გადარჩენის შანსის ძიებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკაპასებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რუსთავი 2 ასე თუ ისე, „ შეეგუა“ „დაბალანსებულ“ სიუჟეტებს, თუმცა მე მაგას წაბალანსებას დავარქმევდი... საზმაუზე, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ გამსკდარი ბიაზის ადგილას წლების წინ აყრილ პარკეტს აგებენ ... იმის თქმა მინდოდა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დამოუკიდებელი მაუწყებელია მსოფლიოში! მისი ინფორმაციები არანაირად არაა დამოკიდებული რეალურ მოვლენებზე.
    მაგათ რომ დავუჯეროთ, რეგიონალური კვირეული არ მოეწონა საპარლამენტო უმცირესობას. არ მოეწონებოდათ აბა რა? წინა ცხოვრებაში, მაგ ფორმატში, ჩრდილოეთ იტალიის და სამხრეთ საფრანგეთის რეგიონებში გადიოდნენ ხოლმე. რა ცუდია ჩამოლაბორანტება. ვეღარც მეგობრებთან ხარ ისეთი ხელგაშლილი...
    კვირის ყველაზე დიდი მოვლენა კი, რა თქმა უნდა, ბატონი უგულავას დაუმორჩილებლობა თუ დაუმოწმებლობა იყო. ცხადია, დაუკითხავობა ერჩია, მიჩვეულია დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და რა ქნას?
    რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა იმ გენდერულად დაბალანსებულმა საგამომძიებლო დესანტმა თვით ქალაქის მერის მოკრძალებული კაბინეტიდან, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საზოგადოებას...
    რაო ქალაქის თავმა? ზარების რეკვა შემომესმა, ოღონდ ვერ გავარჩიე, რომელი სამრეკლოდანო?!
    თქვენ ამ ქალაქის თავისუფალი მოქალაქე ხართ პატივცემულო გიგი, თავისუფალი ადამიანი, ზოგჯერ ზედმეტად თავისუფალიც. ამიტომ, შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება დაგემართოთ ყველაფერი.
    შეგეწიოთ ყველა თქვენი დასაქმებულის და მადლიერის ხელით დანთებული სანთელი გიგი! მაგრამ სანუგეშო რა გითხრათ, როცა თანაგრძნობის ნატამალიც არ გაგვაჩნია?
    რაღა დაგიმალოთ და მიკვირს, როდის ასწრებს ეს ხალხი ჩვენს მაგივრად ოცნებას?!
    ბუკიკიოს ოცნებაც კი მშვიდობიანი საქართველო ყოფილა. ხომ არ დაგიტოვებენ საოცნებოსაც რა!.. ვენეციის კომისიას სხვა საქმე არ აქვს? თუ საკუთარ წ####ბში ვერ ეტევა?
    მახსოვს, თითქოს გასულ კვირას, რაღაც მეწყინა. რა უხერხულია, როცა ვერ იხსენებ რა გეწყინა... სამაგიეროდ, ის მახსოვს, რომ ბედნიერების რეცეპტი დავადგინე: იზრუნეთ სხეულზე, უსმინეთ საკუთარ სულს და იმუშავეთ თავით!
    ცხოვრება თეატრია კი... მესამე ზარზე გაღვიძება სცადეთ, ჩემი ხათრით. აი ნახავთ,
    სამყაროს შემოქმედი აუცილებლად მოგვცემს ძალას, მოთმინებას და ცოტა ფულს, ყოველი შემთხვევისთვის!
    ბუზისგან სპილოს კეთებაში ისე გავერთე, ეს დიდი დღეც შემომათენდა ხელში. ანგელოზის დღეს გილოცავთ ანებო!
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  20. katya
    ამ სამუშაო კვირამ და იანვარმა ადიდებული ენგურისგან გადაყლაპული ბორანივით მოგვჭამა ჭირი.
    რატომღაც მიყვარს ეს "მოკლე –კატო" თებერვალი. რაღაც 2 –3 დღენაკლულია და მაინც რამხელა შეღავათია?! თან თუ ის 2–3 დღე ორშაბათებს ემთხვევა, ხომ საერთოდ...
    დღეს პირველი თებერვალია. ერთკვირიანი მიკრო–ყვითელი შიმშილი დაძლეული.. გილოცავთ თბილისელებო და დედაქალაქის სტუმრებოც!
    ზოგადად თებერვალი ეკლექტიკური თვეა – ზოგს სახლიდან ჯერ საახალწლო ნაძვის ხე არ გაუტანია და სავაჭრო ობიექტების სარეკლამო ბანერები მარტის მუქარანარევ განწყობას ქმნიან, თუმცა, მარტამდე ერთი პატარა მოთელვა გველის – ყურადღებისა და გულუხვობის ტესტი –14 თებერვლის სახით.
    თბილისური გულუხვობის კრიტერიუმები კი აშკარად იცვლება. მართალია, ზოგიერთები იმასაც გვიმტკიცებდნენ, რომ „ზურმუხტქალაქში“ ვცხოვრობდით, მაგრამ მწვანე სათვალეები, მხოლოდ გუდვინის სასახლის კარზე დაარიგეს „თავისიანებში“. უსათვალოდ დარჩენილები კი ჯერ კიდევ საფრთხობელებივით, შეშისმჭრელებივით და ლომებივით – ჭკუაზე, ნამდვილ გულზე და სიმამაცეზე ვოცნებობთ.
     
    როცა რამის კეთებას აზრი არ აქვს, უმრავლესობა ასეც იქცევა... ადამიანების ბუნება ზარმაცია და შეცდომებისკენაა მიდრეკილი, თუმცა, ვისაც აქვთ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, მათი შეცდომები სოლიდურად ანაზღაურებადია.
    თუ საკუთარი თავის საბაზრო ფასი გაინტერესებთ, უბრალოდ სამსახურის შოვნას შეეცადეთ...
     
    პოლიტიკის ოქროს წესია – უკეთესია მართავდე, ვიდრე გმართონ!
     
    ყველაფერს დანახვა უნდა! ასეთი ალალი გუდვინი კი არა და გიგი ჯერ არ ყოფილა. ადგა და თქვა – ის 700 ქალი აგიტაციას ატარებდა ქალაქში სანაგვეების პოპულარიზაციის მიზნითო. რა? არ იყო ასე? რა უფლება მაქვს,მის სიმართლეში ეჭვი შევიტანო? ნაგვის დარგში გიგი შეუცვლელია! არადა ზოგი მერობას და ზოგიც ჯადოქრობას აბრალებდა. არადა, უბრალოდ, მზრუნველი და კარგი მეურნე ბიჭია ქალაქის თავის და ჭიპის ამბიციით. –„დიახ, ეს ხალხი მუშაობდა, მათ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ იმიტომ, რომ ამ პერიოდში ქალაქში ხდებობა მტკივნეული პროცესი – როგორიცაა ბუნკერების გაუქმება, რომელმაც უამრავ თბილისელს შვება მოუტანა, ამ საკითხს კომუნიკაცია და უამრავი ადამიანი სჭირდებოდა, რომლებიც დადიოდნენ და კარდაკარ ხსნიდნენ ამ საჭიროებას.“ – ეტყობა, მაგ დროს სახლში არ ვიყავი. თქვენ ეგ „მტკივნეული პროცესი“ გახსოვთ?
    და დამგველ-ალპინისტებიც რომ გვყოლია, თან რომ მღერიან, ისეთები, არც ეგ იცოდით? რატომ არ იმღერებდნე რა?!..
     
    არ დაეზარებათ და მეტყვიან – სხვის ჯიბეში ფულის თვლა კარგს არაფერს მოგიტანსო! ეგ მეც ვიცი და უკეთესი გასართობებიც მეგულება, მაგრამ ეგეც ადამიანის ბუნებაა – როცა საკუთარში დასათვლელი არაფერია, სხვისი ჯიბისკენ ხელი თუ არა თვალი მაინც გაგირბის.
    საკუთარ საქმეს რომ მოითავებ და სხვას ხელი წააშველო, ამაში ცუდს რას ხედავთ?
    მშვენიერი ტრადიციაა, ისე როგორც ბოლო 20 წელია – თუ ხელისუფლების წარმომადგენლის ოჯახის წევრი, სტუდენტობის მეგობარი ან ყვავი– ჩხიკვის მამიდა მაინც არ ხარ, თვეში სამჯერ პრემიას კი არა ერთჯერად ხელფასსაც კი არავინ გამოგიწერს. ეტყობა ეს „შენ–ჩემობა“ გენში გვაქვს – შენი შტერი და უსაქმური რომ სხვის ჭკვიანს და საქმიანს უნდა გერჩიოს, მაგას რა დიდი ფილოსოფია უნდა?
     
    საზოგადოება ითხოვს კანცელარიელი მაია ცქიტიშვილის ახლოს გაცნობას. დაგვანახეთ ერთხელ! რას აკეთებს ასეთს, ეგებ ჩვენც შეგვიძლია რასაც ეგ აკეთებს, იმის კეთებაო?!.
    რომ დაუფიქრდე, სადაა ახლა მაგის დრო – ღია შერჩევის წესით კონკურსები აცხადო და ვაკანსიები აქვეყნო, ათასი საქმეა უწყებებში და ამ ქალაქში კიდევ ყველაფერი დასწრებაზეა ყოველთვის.
    ყველაფერს გაგებით ვეკიდებით ბატონო და ისიც ვიცით – მერე რომ ცუდად არ ვიყოთ, სჯობს ახლა ვიყოთ ცუდად.
    ოღონდ, პრინციპებზე ვაჭრობისას, ფასების რეგულაციასაც მიხედეთ, ძალიანაც ნუ აჭრით, კაცო!..
     
    აგერ, გუშინ ხუთწლიანი აკრძალვის შემდეგ, თბილისის ქუჩებში ერთ–ერთი აქტიური და პრინციპული ბიზნესმენი გამოჩნდა ღრმადპოლიტიკური გადახრებით, ზოგიერთებს სულზე მოგისწროთ. მასტერ–კლასებსაც დაგპირდათ და იმასაც, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს. ადრე მაგას სხვა სახელი ერქვა, ახლა პატრიოტიზმს უძახიან.
    მინდია გულუას მასტერ–კლასები არაა ხელწამოსაკრავი განათლება. დარწმუნებული ვარ, მაგ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, თორემ, ასეთ შეურაცხყოფას არ მიაყენებდა მიზნობრივ აუდიტორიას. „ფოკუსში“ აერია, აშკარად, თორემ „რაის პრიბორი?“ მასტერ–გულუას მთავარი მახასიათებელი – არაფრად მიაჩნია სხვისი შრომა. სამაგიეროდ, გადახდილი ხელფასი მიაჩნია გაღებულ მოწყალებად...
     
    აგრესია დილეტანტების თვისებაა. რა ვიცი, აქამდე ასე ითვლებოდა.
    ამ კვირის ყველაზე „აგრესიულების“, უფრო სწორედ „ძალოსანი“ სახელმწიფო მოხელეების სიაში პირველობას ლალი მოროშკინა და ლუკა კურტანიძე არავის უთმობენ. უცნაურია, მაგრამ სასჯელაღსრულების სამინისტროში არ ფლობენ ინფორმაციას მოროშკინას მიერ მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. ეჭვი მაქვს, ის მოსამართლე მდედრი იყო, თორემ მამრი მოროშკინას ზეწოლას როგორ გააპროტესტებდა?
    ცუდი ისაა, რომ სისტემის თუ რეჟიმის ცვლის მიუხედავად, კომუნიკაციის საკითხში საჯარო მოხელეებს ისევ პრობლემა აქვთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს კი უნდა ესმოდეს, რომ ტელეფონის გამორთვა არაა კომუნიკაცია, არც ინფორმაციის არფლობაა პრეს–სამსახურისთვის პროფესიონალიზმის გამოვლინება, ტონზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.
    პრინციპში, 2500 ლარის რა დაშავდა ღამის 12–ის ნახევარზე ამნისტიის დაჩქარების მოთხოვნით მოსამართლის გაღვიძებით? ან იმით, რომ ყაზარაშვილი სიბნელეში რაღაცას დაეჯახა? მე ის მიკვირს, ჭიდაობის ფედერაციაში, რატომ უნდა ბნელოდეს?
     
    გზა თუ შავმა კატამ, შავმა თაგვმა, შავმა ძაღლმა და შავმა ადამიანმა გადაგირბინათ, შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ შუქნიშნის ზურმუხტისფერ შუქს, ამ ქალაში ხომ ყველაფერი შესაძლებელია!? მაგრამ თუ ოდნავ მაინც დაძაბავთ გონებას, ისიც შეიძლება იფიქროთ, რომ სადღაც ახლოს ხანძარია...
     
    რაღაც მოვიწყინე. წავალ, კონსტიტუციას გადავიკითხავ, ცოტას გავხალისდები...
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  21. katya
    რა დროს წვიმა იყო? ბუნებასაც აერია უნარ–ჩვევები და ადამიანების რა უნდა გაგვიკვირდეს?
    წვიმა აკლდა ამ ნერვებაშლილ ქალაქს? პროტესტანტი მიკროავტობუსის მძღოლები არ ეყოფოდა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე ბოლო დღეებია ყოველ დილა–საღამოს „ნეილონის ნაძვის ხე“ მაქვს „ლაივში“. ისე მაინტერესებს, ვის მოუვიდა აზრად პროტესტის ეს ფორმა – ყველაზე მეტად გააღიზიანო და დააზარალო საკუთარი მომხმარებელი? ამაზე თუ დაფიქრდება ვინმე, მოხარული ვიქნები მგზავრების სახელით.
    დღეს ნახევარი თბილისი გულის ფანცქალით ელის სატრანსპორტო კომპანის მესვეურების და მძღოლების შეხვედრის მესამე რაუნდს. არა, ამდენზეც არ გვიოცნებია.. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დადებითი – ამ დღეებში ხალხი ისე დაახლოვდა, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ... მთავარი დასაწყისია. ფიზიკურ სიახლოვეს სულიერიც მოყვება, აბა რა იქნება? სულ სხვა შეგრძნებაა, როცა გენდობიან! მაგალითად, როცა ავტობუსის „ყვითელჟილეტა კონდუქტორი“ სიტყვაზე გენდობა და არ გთხოვს ბილეთის ჩვენებას. თქვენ არ იცით, გაძეძგილ სივრცეში ეს რამხელა შეღავათია. მაგ დროს შეიძლება საკუთარის ნაცვლად სხვის ჯიბეში აღმოჩნდეს ხელი და აბა იქ იწყება თუ იწყება!!!
    სამაგიეროდ, ტაქსის მძღოლებს უდგათ საოცნებო დრო – ამ დღეებში მათი მოქალაქეობრივ –კოლეგიალური „სოლიდარობის“ მაღალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა. ეჭვიც არ მეპარება, მათაც მგზავრების გულის ასაჩუყებლად გააორმაგეს ტარიფი, თორემ სხვა რა უნდა იფიქრო? აბა სიტუაციიდან მეტი სარგებლის ნახვის სურვილი რა მოსატანია?!
    კახელების სიკეთის არ იყოს! იმას რატომ მეტიო? მე უფრო დავისეტყვეო! სეტყვა ხარისხობრივად დაბალი პროცენტით – სტიქიის ერთობ ორიგინალური შეფასებაა. ჩვენ თოვლი გვაქვს მარტო ხარისხიანი, ვერ გაიგო ამ ხალხმა!
    600 000–გლეხს 300 ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება სახელმწიფოსგანო და ამაზე, რა თქმა უნდა, ქალბატონ კვესიტაძეს გაუჩნდება ტრადიციული ითხვა – რატომ? იმიტომ, რომ გიგი უგულავამ ისწავლოს, ვაუჩერის საკმარისი ოდენობის განსაზღვრა!
    „ოცნების“ სეტყვა მოვიდა და დახვდა „ნაციონალური“ ორიენტაციის ქვა... ისეთ ამბებსაც მოვკარი ყური, ზოგიერთებმა საკუთარი სახლების სახურავები შეგნებულად დააზიანეს, დაზარალებული მეზობლების შეკეთებული სახურავი უფრო მოსწონებიათ და ეგ ხეირი ჩვენც რატომ არ ვნახოთო?!
    აბა რა გითხრათ? მართლა მეუხერხულება ასეთი ფაქტების შეფასება... „ფლოსტქველობის“ ფონზე ჭიკაანელების და კარდენახელების პროტესტი სულაც აღარ მიკვირს.
    რაღა დაგიმალოთ და, ბრიტანელების შემშურდა – საქველმოქმედო მიზნით და ერთმანეთის დახმარების სურვილით, 150–მა ადამიანმა გაიხადა ქუჩაში. არა, ექსგიბიციონიზმისკენ კი არ გიბიძგებთ? თუმცა, რაღა ბიძგი გვინდა? ისედაც მაგ ეპოქაში ვცხოვრობთ, ეპოქაში სადაც უმრავლესობას საკუთარი თავის წარმოჩენა და პოპულარობის წუთების მოპოვება სურს. არავინ გვაძალებს მოვუყვეთ სხვებს საკუთარ თავზე, თუმცა ჩვენ ამას საკუთარი ნებით ვაკეთებთ. ვიღაცას გამუდმებით ვუმტკიცებთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრება საინტერესოა... მალე საცხოვრებელი ადგილის გრაფაში, ალბათ, ინტერნეტს მივუთითებთ.
    British Airways საქართველოს ტოვებსო, ბოლო რეისი თბილისი–ლონდონი 29 მარტს აქვს და 31 მარტიდან ხელსაც დაგვიქნევენო. გული არ გაიტეხოთ ხალხო!
    იქამდე ლევანი ჩამოგვისწრებს აგერ, მამალაძე და...
    ნაციონალურმა მედიამ ქამრების შემოჭერა გადაწყვტა და ინტერნეტსივრცეში გადმობარგებას აპირებენ...
    „ქალბატონი იუსტიცია“ კი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, მაგრამ... რა ძალა აქვს მაინც ევროპულ ეტიკეტს! და კიდევ, ვაი გუნავას!
    ეტყობა, მე–9 არხიდან ისე უნდათ ვიღაც–ვიღაცეებს ლუბა ელიაშვილის წასვლა. რომ, ამის შესახებ ჭორებსაც ავრცელბენ, რასაც მედია დიდი ენთუზიაზმით იტაცებს.
    თბილისში გრადაციის ნიშნები აშკარად შეინიშნება – ვვითარდებით ეტაობრივად და საფეხურებრივად –გაფიცულების – შეფიცულების – შეფუცხუნებულების ქალაქამდე.
    P.S.
    ყავა და გუშინდელი გაფიცხებული მარილიან წყალში კარგად მოხარშული მაკარონის და მარგარინის ნაზავიანი „ხაჭაპური“ გზაში დამაწიეთ!ეს ისე, პროტესტანტულ–ლირიული გადახვევა, ხაჭაპურის თემაზე... ალბათ თქვენც შეამჩნევდით, ბოლო დროს თბილისურ საცხობებზე გამოკრულ სარეკლამო განცხადებებს – ხაჭაური ნამდვილი ყველით!
    რა უხერხულია!
    ფაქტია, ამ კვირის მთავარი სიტყვაა – „გადაიწიეთ!“ ხოლო კვირის ყველაზე უზრდელი პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა გიგი...
    მშრალ ხიდზე ვიღაც ყიდის 3 სამოვარს. წვიმისგან გალუმპული სამი სამოვარი დიდი, საშუალო, პატარა... ამინდის შესაფერისი ნატურმორტი, ფული რომ მქონდეს ვიყიდდი და გაგათბობდით ლიმონიანი ყავით და მაჭკატებით...
    ჰო მართლა! პედაგოგებს ვულოცავ ხელფასის 70 ლარიან მატებას! მართალია ცოტა გიგვიანდებათ, მაგრამ 9 წლით ნამდვილად არა. ეს ერთი და სხვა მრავალი!
    თუ საკუთარი აზრებისგან აღფრთოვანება ინტელექტუალური ონანიზმია, საკუთარი ნაწერისგან აღფრთოვანება შემოქმედებითი ონანიზმი გამოდის? მაგ საკითხს უგულავასთან გადავამოწმებ, კომპეტენტურია აშკარად...
    სახლიდან დამირეკეს, როდის მოხვალო?
    ჰო, ილუზიების ქვეყნიდანაც შემომივიდა მესიჯი – ასე მითხრეს, თქვენ იმდენი ხანია, ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობთ, უკვე დროა, მოქალაქეობაზე იფიქროთო!
    ყავამშვიდობისა!
  22. katya
    ისეთ განწყობაზე ვარ, კაცი რომ ბჭობდა, ღმერთი რომ იცინოდა და კაცს რომ წყინდა...
    ამიტომ, წასვლას და იძულებით თვალის მოტყუებას ისევ ყავის დალევა ვამჯობინე.
    ანდა რაღა დროს თვალის მოტყუებაა? დილის 5 საათია. სოფლად ამ დროს მამლები ჩახველებას იწყებენ და საყვარელ აკორდს იმეორებენ მოგუდულად, რომ მოგვიანებით, სუფთა ბგერით იყივლონ... და, ისედაც– ყელამდე კი არა, თავს ზემოთ კიდევ 2 მტკაველით ვართ გადაფარული სხვადასხვა ჟანრის, სქესის და აღმსარებლობის ტყუილებით.
    ოქროს თევზზე და ნატვრის თვალზე რახანია, აღარ ვოცნებობ. ახლა უფრო აქტუალური ოცნებები მაქვს, ცხოვრებისეული. მაგალითად, ისეთ მამალზე ვოცნებობ, ყივილით სოფელს თუ ვერ ააშენებს, აშენებული სოფლის გამოღვიძებას მაინც რომ შეძლებს. ისეთ მერცხალზე – 2 თვით ადრე გაზაფხულს რომ მოიყვანს. ისეთ ჩინოვნიკებზე, ცხოვრების გაუმჯობესებას საკუთარი თავით რომ არ იწყებენ, ხოლო დასაქმების პრობლემის გადაჭრას, საკუთარი ოჯახის წევრებით. კიდევ ისეთ პრეზიდენტზე ვოცნებობ, პრეზიდენტობა სამსახურად რომ მიაჩნია და „მეორედ მოსვლის“ ვადაშიც კი ხალხს მისი ჯერ კიდევ სჯერა. მაგალითად, „პრიორიტეტულ მეგობრად“ შერაცხულ აშშ–ში მეორედ „ინაუგუირდა“ შავკანიანი, როგორც დღევანდელი ქართული ოპოზიციის მრისხანე ბელადი –„მიხეილ – უძვლო ენა“ – იტყოდა,– „ზანგი“. „ზანგი“ უძახეთ და, ჩემი, ომამდე რასისტობის მიუხედავად, კი შემშურდა ამერიკელების, თანაც, გულწრფელად, ნაციონალების ჯიბრზე კი არა...
    და იყო გუშინ კიდევ ერთი ორშაბათული ორშაბათი უკანასკნელი „ნაციკანების“ ცხოვრებიდან... მალფუჭადია ეს პროდუქტი და ტრანსპორტირებას ვერ იტანს–მეთქი, რახანია ვამბობ, მაგრამ ვინ გისმენს?
    ცრუმ გაპენტა, მაგრამ რა გაპენტა! ამჯერად შუაგულ ევროპაში. ფაქტიურად, ბეჭებზე დასცა და მწყობრიდან გამოიყვანა სტრასბურგის ყველა სიცრუის დეტექტორი. მასპინძლისთვის მიყენებული ზარალის ხარჯებს აანაზღაურებს საკუთარი ფონდიდან, აბა რას იზამს? სადაც 1 მილიონი მედიის განვითარებაში გაისროლა, სტრასბურგში ურიის ვალს აიღებს და, ყველაფერ „სიკეთესთან“ ერთად, წუწურაქიც ყოფილაო, – არ ათქმევინებს.
    რა ენაღვლება?! ან რა ვალი შეგაშინებს, ორმილიონიანი მხარდაჭერა რომ გაქვს პირად ანგარიშზე. კი არ ვიგონებ? ვინმე მაზმანიანმა დააპოლიქრონიონა გუშინ და ტყუილის მთქმელი ბიჭი არაა, კალიგრაფიაზე ეტყობა. 2 მილიონი მხარდამჭერი მიშას – კიდევ ერთი ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ ენას ძვალი არ აქვს. მიხეილი მხოლოდ ენის უძვლობას რომ უჩიოდეს, რაღა გვიჭირდა?! არადა, უფხოაო, ვერ იტყვი... ბებიას გაზრდილია და უყვარს სადარბაზოს წინ „სკამეიკაზე“ ჩამოჯდომა და ჭორაობა. ერთი ნაკლი ყველას გვაქვს. რა მაგის ბრალია, მე რომ ბავშვობიდან არ მიყვარს ენტანიები, აფერისტები და შანტაჟისტები. არც ისინი მიყვარს, ეგეთების „მოვლა“ რომ ევალებათ, მაგრამ, ვერ უვლიან...
    ჩვენ რუსული პოპი აგვიკრძალა რესტორნებში მაგ ეგოისტმა და თვითონ, თურმე, ჩუმ–ჩუმად მეცადინეობდა რუსულ ენასა და ლიტერატურაში. არა! მაგას უკვე ვეღარ ვაპატიებ... „დიქტანტი“ ეხერხებოდა თავიდანვეო, კი ამბობდნენ. „დიქტანტიდან“ „დიქტატზე“ თუ გადავიდოდა, ვინ იფიქრებდა? ჩვენსა და ყავას შორის დარჩეს და, კი უნდა ეფიქრათ ზოგიერთებს, პრინციპში... კარვები გაიშალა ავლაბარში. ახლა მთავარია, პირველი თმას ვინ გაიშლის და დაიტირებს ნაციონალურ იდეას?
    ხმა გავარდა, კონდოლიზა რაისი პოლიტმიმომხილველი გახდაო! ეგ და სოსო ცინცაძე მანახა ერთად ეთერში აქუსთან... თუ ქუთაისი საპორტო ქალაქი შეიძლება იყოს, სოსო ცინცაძის რეიტინგმა რა დააშავა? რა წარმოსახვა ჰქონია ისე იმ ,,ქართული ოცნების" დეპუტატ ნიშნიანიძეს...კაპიტან გრანტის შვილები მამას იპოვნიან მეორე სერიაში საფიჩხიაზე და პეტრე პირველი მეტალო–პლასტმასის „კარ–აკოშკას“ ჩასვამს ზღვის მხარეს.
    გასულ კვირას „რამსები“ "ყაზტრანსგაზ-თბილისსაც“ კი აერია, მაგრამ ბოდიში მოიხადა. არდასათვლელი თეიკო თუთბერიძეც დაგვპირდა, რომ უბოდიშოდ გადაგვითვლის. მანამდე არაფერი გვეტკინოს!
    ბიწაძეც ჩამოვიდა, ბედუკაძეც და დედ ჰასანიც, მაგრამ ყველა კი არ შემოუშვეს?
    სიზმარი ვნახე, არგოთი ძველი აიასკენ მივცურავდით, ნიჩაბი გაგვიტყდა და თეთრ ქვებზე დავილეწეთ.
    ბოლოს და ბოლოს, როდის მიხვდებით, რომ ყველაზე ძვირი გულწრფელობა და უანგარობა ჯდება?
    როგორ გვანან ადამიანები მცენარეებს – მოაკლებ ყურადღებას და წყალს – ხმებიან, გადაყვები თან და – ლპობას იწყებენ. ზომიერება და ოქროს შუალები გამონაკლისების ნიჭია მხოლოდ. თანაც, ლოგიკურ, ადექვატურ და დალაგებულ ქვეყანაში, თორემ ჩვენთან ყველაფერი დაფარული, რაც დრო გადის, უფრო საიდუმლოებით მოცული ხდება, ხოლო ის რაც ცხადი და თვალსაჩინოა, ახალ დეტალებს იძენს.
    აღსარებას ჟურნალისტებს ვაბარებთ, მოძღვრებთან აღსარებაზე მისულები ტრაბახით ვიოხებთ გულს, მთელი ჩვენი ცხოვრების დეტალებს ექიმებს, ტაქსის მძღოლებს და მასაჟისტებს ვუყვებით,“ შარლატანებთან“ და ჯადოქრებთან ვმკურნალობთ და ყველაფერ ამაში დამნაშავე, რა თქმა უნდა, მთავრობაა...
    P.S.
    არა, რაღაც მართლა უნდა შევცვალო! თანაც, სასწრაფოდ, თორემ დღეს თუ არ შევცვლი,ხვალინდელი დღეც ისეთივე იქნება, როგორიც გუშინდელი.
    ამბობენ, ბედნიერები საათებს არ ატარებენო, არც წელიწადის დრო და სეზონი აწუხებთო. სათს არ ვატარებ, მომენტებში ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომელიც, თითქოს, საათივით მუშაობს, მაგრამ საათი მზისაა და მოღრუბლულ ამინდში ორიენტირება ცოტა უჭირს.
    კობო აბემ თქვა: „ სწორედ მაშინ უნდა წერო, როცა არაფერი ხდება“–ო...
    ჰოდა, დავწერე მეც, მოცალეობისა.
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  23. katya
    გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველად ნათლისღება ლერმონტოვის ,,ჩვენი დროის გმირიდან,, დამამახსოვრდა. ალბათ მე-5, მე-6 კლასში ვიქნებოდი. ,,ნათლისღების ყინვები,, ყველაზე-ყველაზეაო და, მახსოვს, ისე შემეშინდა, მაშინვე ბებიაჩემ ზინოჩკას დავახტი თავზე, მაინტერესებდა რა? სად? და როდის? ხდებოდა ეს რაღაც ნათლისღება.
     
    წარმოიდგინეთ, არც იმან იცოდა. ) არც გამკვირვებია, ეს ის ოჯახი იყო, რომლის საგვარეულო სასაფლაოზე, კუკიაზე, ჯვრის ნაცვლად მარმარილოში გადაწყვეტილი გადაშლილი ,,კაპიტალი,, იდო, თავისი მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის პორტრეტებით და რაღაც ეპოქალურად აქტუალური ციტატით...
     
    არადა, ეს ოჯახი, თავის დროზე, სურებიდან გამოქცეულ ნოე რამიშვილის ცოლ-შვილს მალავდა და თვითონ იყო მრავალჯერადად რეპრესირებული, იმიტომ რომ დედაჩემის ბაბუა ნოე ჟორდანიას გაყვა თურქეთში. მერე იქიდან პოლონეთში გადავიდა და ...
     
    რას დაგვამსგავსეს ,,მათხოვარმა ბოლშევიკებმა,,!!!
     
    სამაგიეროდ, დედაჩემის ბიძა (გამზრდელი მამიდის მეუღლე)იაშა ემირიანი იყო თბილისის საყოფაცხოვრებო მომსახურების პუნქტების კომისარი, თვითონ ზინოჩკა რკინიგზის და მანქანათმშენებლობის ტექნიკუმის სასწავლო ნაწილი და ისეთი პარტიულები, იმ დროს ,,სპეტაკს,, რომ უწოდებდნენ...
     
    მარჯანიშვილის ქუჩაზე, ზუსტად რუსული ეკლესიის წინა ეზოში ვცხოვრობდით, პირველ სართულზე. ძველ გერმანულ სახლში - კედლებს რომ ნახევარი მეტრის სისქე ჰქონდა, ისეთში. მთელი ბავშვობა ფანჯრის რაფაზე გავატარე. ხან კარლსონის მოფრენას ველოდი, ხან მერი პოპინსის, მაგრამ, არ მიმართლებდა... ფანჯრებს ორმაგი დარაბები ჰქონდა და საათობით ვიჯექი ამ დახურულ სივრცეში ....
     
    ჰოდა, ეს ყველაფერი რას მოვაყოლე: ხომ დავადექი სულთამხუთავივით ამ ჩემს ზინოჩკას, შიმშილობაც კი გამოვუცხადე და, რას იზამდა? ადგა და ჩემთან ერთად, მალულად შეიპარა ეკლესიაში და ყველაფერი გაარკვია. ჩემი ცნობისმოყვარეობაც დაკმაყოფილდა და სახლში მოსულმა გამოვაცხადე:- სასწრაფოდ შეშა უნდა მოვიმარაგოთ–მეთქი! თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გარეთ აპრილი იდგა, ჩემს დარაბებიან სივრცეში, კაცმა არ იცის, წელიწადის რა დრო იყო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გოფილექტის ბაღში დავისიცხე.
     
    ჩემს ცნობიერებაში შემოსულ ნათლისღების პირველ ყინვებს მშვიდობით გადავურჩი. თუმცა, ოჯახში აღიარებული ,,ჭირიანკა,, ვიყავი... მახსოვს, იმ ღამეს, შუროჩკა და ზინოჩკა, ანუ ჩემი ბებიები ისევ ჩუმად შეიპარნენ ტაძარში და იქიდან პაწაწუნა ბროლის ბოთლებით (ახლაც მაქვს ერთი შენახული, თავისი თავსახურით) აიაზმა მოიტანეს.
     
    იმდენი მაპკურეს, რომ გავკაჟდი და იმ წელს ავად აღარ გავმხდარვარ... თუმცა, 2 კვირის შემდეგ ზინოჩკა სასწავლო ნაწილი აღარ იყო... მაგრამ ეგ ვის ადარდებდა?!.
    ნათლიღებას გილოცავთ!
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  24. katya
    – „არა! ასე აღარ ვთამაშობ!..“
    ოცნებები უნდა სრულდებოდეს, თორემ უკვე ვიწყებ ნერვიულობას...
    ხან „ჯერ მაგის დრო არააო!“, მერე,“ რაღა დროს ეგააო!“ და, ამასობაში, კი გავიდა ცხოვრება...
    ეგ ცხოვრებაც კარგი ტიპია, – რატომღაც, ჩვენი გეგმების კითხვა ეზარება. მერე, ამ სიზარმაცის კომპენსაციად, გვაძლევს შანსს ერთს, ორს, ზოგჯერ სამსაც. „ძველით“ და „ახლით“ ახალი წელი და ბედობა წყვილ–წყვილად აბა რისი ნიშანი უნდა იყოს?
    მაგალითად, 14 იანვრის ღამეს საქართველოში ყველა ბებიას ეძლევა წლის უკანასკნელი შანსი – გამოისყიდოს და თავი იმართლოს „გადამალული“ გოზინაყის და ჩურჩხელების გამო. ჩვენც თანახმა ვართ „ტკბილად დაბერებაზე“, ოღონდ არა ნაადრევად...
     
    დედაჩემი წუწუნებდა ამ დილით, იმაზე ხვდები სიბერეს, რომ ზამთრის ტანსაცმლის არჩევისას მოდურს და თბილის შორის უკანასკნელს ირჩევო... მერე რა, ზოგიერთი თავიდანვე „მოხუცი“ იბადება. არ მოხუცდეთ რაა!!! უბრალოდ დატკბით და დაშაქრდით!!! კი ვარ პროგრესის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების მომხრე, მაგრამ ახალ წელს უხდება სამსართულიანი სუფრა და სამი თაობა ამ სუფრასთან...პესიმისტები ამბობენ, როგორც არ უნდა შეხვდე ახალ წელს, მაინც ყველაფერი ძველებურად რჩებაო... მე კი მგონია, რომ რაღაც მაინც იცვლება, უბრალოდ ჩვენ ამას გვიან ვამჩნევთ.
    ხომ შეიცვალა შარშანდელი „უმრავლესობა“ „უმცირესობით“?! დაგინებულ–დაშინებული ხუთიანის ნაცვლად ხალხმა სულ საკუთარი პასტებით ხაზა 41 და ძალიანაც კარგი, რომ შემოხაზა.
    ასეა, ყველაფერს თავისი დრო აქვს... წლებთან ერთად კაცობრიობის ველურობაც უფრო მეტად ცივილური ხდება.
    დროება იცვლება – ადრე „მესამე ზედმეტი“ იყო, ახლა – სათადარიგოა... მერე რა, რომ ზოგჯერ რაც მსოფლიოში კრიზისად ითვლება, ჩვენში სტაბილურობის გრიფით არსებობს?!
    დიდი ცვლილებების და გარდატეხის წელი გავისტუმრეთ და უფრო დიდი ნებისყოფის გამოცდის წელს დავხვდით. მთავარია, „გასაძლები“ არ იყოს. იყოს „ნებიერი“, როგორც ჩვენს პრემიერ–მინისტრს უყვარს ხოლმე თქმა. ეგებ, ჩვენშიც მოხდეს რაღაც გარდატეხა და „სიტყვიდან საქმეზე გადასვლაში“ მხოლოდ სადღეგრძელოს ბოლომდე შესმას აღარ გულისხმობდნენ.
    შეუძლებელია ერთი და იგივე შეცდომის 2–ჯერ გამეორება. მეორედ ის შეცდომა კი არა, შეგნებულად გაკეთებული არჩევანია.
    რას დავიბედებდი? ყველა ჩემიანის ჯანმრთელობას, პირველ რიგში, იმიტომ რომ უფასო დაზღვეულ ჯანდაცვას მაინც ნატურალური ჯანი მირჩევნია. მერე იმ საქმეს დავიბედებდი, რაც ნამდვილად ვიცი, რომ, საკუთარი უმუშევრობის გამო, სხვისი ადგილი არ დამაკავებინა არც მზის და არც მისი მთელი თანავარსკვლავედის ქვეშ. სტაბილურ შემოსავალს დავიბედებდი, ისეთს, ხვალინდელი დღის გათენების რომ არ გეშინია, შვილების და მშობლების ა ვიტამინოზის და უწამლობის. კიდევ ჩემი შვილების სიხარულს დავიბედებდი. სულ სხვა რამეა, როცა შვილებს მშობლებთან ყოფნა უხარიათ. და მინდა, თუ ეს შესაძლებელია, მთელი წლით, უფრო მეტითაც...
    დასაქმებული უსაქმურები სჯობს თუ უსაქმური საქმიანები, ეგ ჯერ ვერ გავიგე, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, თუ ბანკირის თვალებში უცებ კეთილმა სხივმა გაინაპერწკლა, ზუსტად იცოდეთ, რომ ის თვალი შუშის აქვს. ალბათ, შემეხმიანებიან სიახლეების მოლოდინში, მე კი ისევ ძველ ჯღანებს დავახვედრებ. მრცხვენია, მაგრამ, რა ვქნა?
    ვინ რა დაიბედეთ, არ ვიცი, მაგრამ, ვისაც რა გეკუთვნით და დაიმსახურეთ, ის მიგეღოთ, ჯანდაბას, თავისი პრემიებით.
    პრემიებზე გამახსენდა, – ჯერ პრემიების დრო არაა ქალბატონებო და ბატონებო! პრემიები წარმატებული პრემიერების მერე „მოსულა“, სახელმწიფო მენეჯმენტში მითუმეტეს.
    არავის მიუცია საკუთარი ხმა კონკრეტულად ვინმეს კარგად ყოფნისთვის. ხალხმა უთხრა არა კონკრეტული ცხოვრების წესს და ამ წესის გამრიგეებს. ჰოდა თუ წესიერად ვერ გაიგო ვინმემ ეგ ამბავი, „არა“ ისეთი მარტივი სათქმელი ყოფილა... მისი შესრულებაც და დაგემოვნების საკითხი „უმცირესობებთან“ მოიკითხეთ და ჭინთვიანი ღიმილით სიამოვნებით გაგიზიარებენ შთაბეჭდილებებს.
    ვალდებული ვარ შეგახსენოთ – დღეს, 12 საათამდე ერთმანეთის და კარგი ამბების დაბედების ვადა იწურება ანუ ამ წლის ბოლო „შანსი“ და, რაც წინა ბედობებზე ვერ მოასწარით, დღის ბოლომდე ეცადეთ, სიცარიელეები ამოავსოთ.
    ამ წლის პირველ კორპორატიულ წვეულებაზე თქვენს მიერ დარვინის თეორემის დამტკიცებას აწი აღარაფერი ეშველება. რაცაა ეგაა, 1 წელი უნდა გაუძლოთ თანამშრომლების თვალის პაჭუნს... თქვენ რა გიჭირთ? ზოგს და ბევრს, სამსახური სულ არ აქვს და, შესაბამისად, არც კორპორატიული ლხინი ექნებოდა. მასეთები დღესაც მშვიდად იქნებიან, მხოლოდ ერთი საფიქრალ–ჩასაფიქრებელით – წელო ახალო! მომეც სამსახური მე და ამ ფიქრებში „შრომობს“ მთელი დღე შეძლებისდაგვარად.
    მთავარია, რომ წელსაც გადავურჩით ორკვირიან ინტერვენციას საკუთარ პრიორიტეტულ შინაგან ორგანოებზე. ზოგს უქმეებმა და „ტკბილმა ცხოვრებამ“ სახეზეც გამოგვაყარა, მაგრამ ეს „დაძლევადი“ პრობლემებია დაუძლეველი სტაბილურობით.
     
    მოდის ყოველ წელს ეს ახალი წელი და რა გინდა, რომ ქნა?!.
    ***
    და ჯდა იგი, ვადაგასული, პატრიარქთა და პოლიტიკოსთა შორის, ვითარცა “ბედნი როდსტვენნიკი“, როგორც ბებიაჩემი ზინოჩკა იტყოდა შემოსწრებულ არასასურველ სტუმარზე. ჩემი მხედველობის მასშტაბებით საპატრიარქოში სტუმრად მისული მიხეილი მოწყალების იმედად დარჩენილი ღარიბი ნათესავს გავდა. მერე იტყვის, მაგარი ვარო!
    შეურაცხყოფილი ნაციონალური ელიტა ივანიშვილს რომ გლეხად და უტაქტოდ მოიხსენიებს ხელის მტევნის იმ ორიგინალური მოძრაობის გამო, იქ არ მაგათი ცივსისხლიანი ძუძუმწოვარი „თავადიშვილი?“ მოქცეულიყო მეფურად და პრეზიდენტულად, დაუშალა ვინმემ? თავმოყვარობას სკამმოყვარეობამ თუ სძლია, ეგ არაა ჩვენი პრობლემა. ისე, ძლევა კი იყო საკვირველი. მეც კი სახტად დამტოვა კოაბიტაციის ხარისხმა.
    რამ გამახსენა ამ ბედობა დღეს ეგ ცოდვიანი და თავად საბრალო?! კონსტიტუციის თანახმად, მაინც მთელ საქართველოს დაბედებული გვყავს ოქტომბრამდე და მე არავინ არაფერი დამაბრალოს.
    P.S.
    ხვალ უკვე სრულიად ჩვეულებრივი, რიგითი სამუშაო დღეა და ნუ მიაყენებთ მაღვიძარას შურაცხყოფას თქვენი სიზარმაცით. მაგისთვის კი არ რეკავს, პოზა შეიცვალე, მოუხერხებლად წევხარო! არადა, შეიცვლი და უფრო მაგრად დაიძინებ...
    ყოველ წელს მაოცებენ ისინი, ვითომდა სულის გადასარჩენად, ეშმაკს რომ მიეყიდნენ...
    ადამიანებო! ვინც ფიქრობთ, რომ ფიქრობთ, ზოგჯერ დაფიქრდით!
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი
  25. katya
    მიყვარს არა, მიყვარდა ბათუმში, პორტის ყავახანაში, ანუ „ბერეგზე“ ქვიშაზე მოდუღებული ყავის დალევა. იმაზე ადრე გაგრაში მიყვარდა, „კარაველას“ წინ, ფერადი ქოლგების ქვეშ ყავა ყლუპებით.
    ალბათ, რაღაცას ვიხანგრძლივებდი ქვეცნობიერად...
    თუმცა, გამოვტყდები, რომ ამ ორ ქალაქზე უფრო მაინც თბილისი მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს, თუნდაც ყველაზე ფალსიფიცირებული „ყავის ნარეცხით“...
    აქ კი რაო?
    დიქტატურა და ბორშჩი როგორ სჯობს ბაყაყებს და დემოკრატიასო...
    რა შუაშია და რამ გამახსენა?
    პასუხისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაისეირნეთ, სანაპიროს მისადგომებთან.. მძაფრი შეგრძნებისთვის ღამის საათები სჯობს.
    რა დროს ზღვა და სეირნობაა ამ ყინვაშიო? ეგეც კი მართალია, მაგრამ როცა სიტუაცია მოითხოვს, სად არ ამოყვინთავ?!. იმის მოყოლას ხომ არ დავიწყებ, რომ ცოტა მეტი დავლიეთ და ზღვის ამოსვლის შესახვედრად გავიჭერით...
    მოკლედ, დეტალებს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ იქაურობა სხვანაირი და პირქუში დაგვხვდა. ჰაერიც და სიჩუმეც კი სხვანაირი. სიჩუმე კი არა – უდაბურება. მაწანწალა ძაღლებიც რომ არ დაიარებიან, აი ისეთი.
    სანაპიროზე სოკოებივით ამოზრდილი საცხოვრებელი ვაგონები, ბარაკები და ბევრი სამშენებლო მასალა. ანუ, ისედაც უპატრონობისგან გაპარტახებული, თბილისის ზღვის შეძლებისდაგვარად მყუდრო იდილია, სრულიად დარღვეული და გადაგვარებული. თუმცა, მთავარი ეს არაა.. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წლის მანძილზე, შევეგუეთ უკვე „აღმშენებლობას“ ქვეყნის მასშტაბით და დედაქალაქის გარეუბანში რამ უნდა გაგვაკვირვოს?
    არადა, მაინც გაგვიკვირდა რაღაც. ჯერ გვეგონა, გვეჩვენებოდა, მაგრამ, როცა მანქანის ფანჯარაზე ცნობისმოყვარე ღიმილიანმა „სეჩუანელმა“ (ასე ვეძახი ქართველ–ჩინელებს, როცა ვცდილობ მათ მიმართ ჩემი მრისხანება დავიოკო...) მოგვიკაკუნა, უცებ გამოვფხიზლდით. ისე გამოვფხიზლდით, ფანჯარაც კი ჩავწიეთ და, როცა, სპეციფიური აქცენტით, ის თვალებმოჭუტული ტიპი ქართულად მოგვეღამემშვიდობისა, მივხვდით, რატომ აღარ არღვევდა ღამის მყუდროებას მაწანწალა ძაღლების ყეფა. სხვა რამესაც მივხვდით – უნებურად „სხვის აკვატორიაში“ რომ აღმოვჩნდით და ეს ფაქტი მეორე, პირველის თანმხლებმა, მოჭუტულმა ღიმილმაც ენერგიულად დაგვიდასტურა.
    ძალიან „თბილისურად“ მოგვმართეს, – ძმებო, აქ ჩვენი მიწაა და თუ გინდათ იყავით, ოღონდ არაფერი დაყაროთ და გააფუჭოთო. მთლად ასე გამართულად ვერ თქვეს, მაგრამ აზრი ეგ იყო და იქ 1 წუთით გაჩერებაც კი ჩვენი მხრიდან დიდი უაზრობა იქნებოდა.
    თბილისის ზღვას, სულ მალე, დემოკრატიულად მოყიყინე ბაყაყები გააცოცხლებენო, ამბობენ, არადა, როგორ არ მინდა ჩემს ქალაქში ცხოვრების მოჭუტული თვალებით ყურება. ჩვენ ხომ ფართოდგახელილი თვალებით ძილს ვართ შეჩვეული.
    ზრუნავს თბილსის და თბილისელების მომავალზე ერთლარიანი მიწის ნაკვეთებით მენჯგადიდებული გიგი. ზრუნავს რაც შეუძლია...
    როცა ადამიანს თავის შესაძლებლობებზე მეტს დაავალებ, მაშინ იწყებს ტყუილს და საქმის ფუჭებასო, – ადრე გოგი თოფაძემ მითხრა საუბარში. იმის მერე სულ ვაკვირდები და ამართლებს...
    ჰოდა, აბა რა იცის გიგიმ ქალაქის პატრონობის? გიგიმ იცის, როგორ მოგვატყუოს და როგორ გაიხანგრძლივოს „ტკბილი ცხოვრება“, რომელიც მეხივით დაატყდა თავს და იმის მერე მეხანძრეები სძულს, ისე როგორც თავისი საქმის ყველა პროფესიონალი.
    სამაგიეროდ, გიგი აქტიურად აგრძელებს დასაქმების პროგრამას და ცდილობს ღირსეული პროფილით შეფუთოს ნაციონალური მოძრაობის იმიჯ–ბურჯები. 2000 ლარზე ნაკლები ხელფასი რა ხელფასიაო?! რა ვიცი, აქამდე 300 ლარიანზე ლობისტი იყო საჭირო მაგ პროგრამაში მოსახვერად. თუმცა, რა „უხამსი“ შედარებაა? მაგალითად, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი ხომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს. მისი სფერო გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით სამოქმედო გეგმების შესრულება ყოფილა. კარგი სახალისო საქმე კი უშოვია, თანაც მაღალანაზღაურებადი. ყველაზე უფრო მაინც გიგა ნასარიძის კონკრეტული მოვალეობა მაინტერესებს ამ ეტაპზე, ალბათ რაიმე ისეთი მიმართულებაა– ფაუნასთან ახლოს მდგომი...
    თუ ჩემი აზრი ვინმეს აინტერესებს, თვითდასაქმების რეჟიმში ჯობდა „მოლაპარაკე და მოსიალურე ნაციონალური იმიჯების“ გადაყვანა, მაგალითად როგორიცაა მუმბაის ქუჩებში, ყურის გამოწმენდის ქუჩის ბიზნესი, მაგრამ ყურის სწორად გამოწმენდასაც ცოდნა უნდა და საზოგადოება ასეთ საფრთხეშიც ვერ ჩააგდო მერიამ, მესმის...
    გაგიკვირდებათ და, თბილისის მერია ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივის მითვისებაში ადანაშაულებს – მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების უფასოდ შემოწმება ჩვენი პროექტიაო, – მერიის სპიკერმა. – უხერხულად გვეჩვენება, როდესაც ხდება კონკრეტული პროექტის ისე შეფუთვა, ვითომ ისინი არიან ავტორებიო". აშკარად ნაწყენია მერია, არადა დავაპირე ამ სერვისით სარგებლობა შარშან ზამთარში და იცით რა მითხრა „ცხელი ხაზის“ ერთმა სასტიკად ავად მოსაუბრე თანამშრომელმა ქალბატონმა? ჩაეწერეთ და 2 კვირაში დაგიკავშირდებიანო.)))) ანუ 2 კვირაში თუ გადარჩი და არ გაიგუდე, მერე უნდა უთხრა მერიას მადლობა გულისხმიერებისათვის, აბა როგორ?!
    რაები ხდება და არ ხდება მაინც ამ თბილისში. ამის „გამქაჩავია“ გიგი? ჰოდა აღარ მიკვირს, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება.
    არ ვიცი, რამდენადაა ეს სტატისტიკა სიმართლე – 2013 წლის პირველი 10 დღის მონაცემებით თბილისში სუიციდის 19 შემთხვევა დაფიქსირდაო. „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ , რამდენიმე კვირის წინ, 260 „მკვდარი სული“ აღმოაჩინეს.260 „მკვდარი სულის“ ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით, 300 000 ლარზე მეტს შეადგენდა თურმე, რაც წლიურად 3.6 მილიონ ლარზე მეტიაო. მკვდარი და ისიც სული რომ გაჯობებს შემოსავლებით, მოგინდება თავის მოკვლა აბა რააა... გია ჭანტურია კი ადგა და ბაბუსავით ნეტარი ღიმილით და ფრთიანი ანგელოზივით წავიდა სახლში...
    გამოგიტყდებით, მეც „მის–იუსტიციასავით“ ვფიქრობ, რომ არც ოქრუაშვილია ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ მაინც მიხარია მისი სასამართლოდან გათავისუფლება, ნაციონალური ორიენტაციის საზოგადოებას რომ არ უხარია იმიტომ...
    ვიდრე ამ ამბებს გაყლუპებდით, სამი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე – უნდა ელოდო მხოლოდ იმას, ვინც მოვა; უნდა ესაუბრო მხოლოდ იმას, ვისაც სმენის პრობლემა არ აქვს; მდუმარე უნდა იყო მხოლოდ მათთან, ვისაც შენი ესმის...
    პარიზი დასახლებული უდაბნოაო, პროვინციული ქალაქი – უდაბნო მარტოობის გარეშე, – წერდა ჩემი საყვარელი ბებერი მორიაკი.
    შეამჩნევდით ალბათ, წვიმების სეზონშიც ხშირად იცის პირის სიმშრალე...
    თბილისში ჯერ თოვლიც წვიმს და დილაობით ჰაერის ტემპერატურა –3–დან 1 გრადუსამდე ეცემა! ;)
    ყავამშვიდობისა!

    კატო ჩულაშვილი

×
×
  • შექმენი...