Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.684

გადარჩენილი ტყეების ახალი რეალობა – ტყის კოდექსი ყველასათვის!


katya

1.801 views

blog-0017686001372219643.jpgგადარჩენილი ტყეების ახალი რეალობა – ტყის კოდექსი ყველასათვის!

ჩვენ, ქართველებს, ძირითადად, სადღეგრძელოების, ანდაზების და სიმღერის მასშტაბებში გვიყვარს მთაც, ბარიც, ტყეც, ღრეც, მიწაც, წყალიც, სავარგულიც და უვარგულიც, ანუ ის, ყველაფერი, რასაც ფრაზა „მშობლიურო, ჩემო მიწავ!“ აერთიანებს.

კანონი ამბობს, რომ ტყე ეროვნული საგანძურია. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალაქეებს, დაიცვან, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ ბუნებაზე. ვინ კითხულობდა კონსტიტუციას , „ტყე შეუნახე შვილებსაო!“ მამებს რომ ავალებდნენ, მაგრამ ესმოდათ?

დღევანდელი სტატისტიკით – საქართველოს ტერიტორიის საერთო ფართობი 6.95 მლნ. ჰექტარია. აქედან, სახელმწიფო ტყის ფონდს 3005.3 ათასი ჰექტარი უკავია. ტყით დაფარული ფართობი 2772.45 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც მთლიანი ფართობის 40 % -ია.

ეს ქაღალდზე და ციფრებში, მაგრამ რა ხდება რეალურად, ძალიან ცოტამ იცის, თუმცა, შედეგი ყველას ერთნაირად გვეხება. ეს ის შემთხვევაა, როცა „არცოდნა –არცოდვაა!“ არ ჭრის. არცოდნა ცოდვა კი არა, დანაშაულია, რომელიც უნდა აღიკვეთოს და დაისაჯოს.

წინა ხელისუფლებამ ამ საქმეში ბევრი დააშავა თავისი სახელმწიფოებრივი მიდგომით, პოლიტიკით და კერძო–მერკანტილური ინტერესებით. ტყე, ანუ ეროვნული სიმდიდრე, წლების მანძილზე კონკრეტული პირების სოლიდურ კაპიტალად იქცა.

საბედნიეროდ, ყველაფერ ცუდსაც აქვს დასასრული და ამ მიზნით, ამიერიდან, ეროვნულ სიმდიდრეს, ქვეყანაში „ტყის მდგრადი მართვის კონცეფციის“ შესაბამისად მიეხედება, რაც ტყის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას ითვალისწინებს. ტყის მენეჯმენტის ეკოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტუკირი ასპექტები ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიის ნაწილი ხდება.

მოკლედ, აქამდე თუ ერთი კარგი მარკშეიდერი ყველგან გვჭირდებოდა, აღმოჩნდა, რომ ერთი კარგი მეტყევეც გვჭირდება... გახეთქილი ბიაზიდან გაჩეხილი ტყეები კარგად ჩანს. მწვანე საფარში გაჩენილ თეთრ ლაქებს სულ მალე ამოვავსებთო, ასე გვითხრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა – ბიძინა გიორგობიანმა.

ფრანგები ასეთ სიტუაციას „დეჟავუს“ უძახიან ... მან ეს სიტუაცია უკვე რეალურად გაიარა. წავიდა „უდროო დროს“ და საჭირო დროს დაბრუნდა. თუმცა, „წასვლა“ ძალიან მსუბუქად ნათქვამია. გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, აიძულეს, არა მხოლოდ პოსტიდან, არამედ ქვეყნიდანაც წასულიყო.

ხომ
ნამდვილად ასე იყო და არ მეშლება?

– არ გეშლებათ, ასე იყო. ის რეფორმები, რის რეალიზაციასაც ახლა ვიწყებთ, ჯერ კიდევ 2004 წლის გაზაფხულზე მქონდა დაწყებული, მაგრამ მალევე შეჩერდა, რადგან ივლისში ჩამოვიდა საქართველოში კახა ბენდუქიძე. მან სულ სხვა ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოაყალიბა ზოგადად და ტყეებთან მიმართებაშიც. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა ბენდუქიძესთან. მთვარობის სხდომაზე ჩემს მიერ შეთავაზებული რეფორმები მან უბრალოდ დაბლოკა.

რა რეფორმებზე იყო საუბარი?

– ეს რეფორმები შესაბამისობაში მოდიოდა გერმანიისა და ავსტრიის ტყის კოდექსებთან. წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებდი ამ კოდექსის დამუშავებას, მაგრამ ეს უკვე ის პერიოდია, როცა მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია, ვეღარ ფლობდა სიტუაციას მთავრობაში. ის ემხრობოდა ამ რეფორმებს და სურდა მისი გატარება. მაგრამ ბენდუქიძესთან ჩემს დაპირისპირებას მოყვა ის, რომ მერაბიშვილის, მესხელის და ახალაიას ინიციატივით დაიწყო ჩემი დევნა სხვადასხვა აბსურდული ბრალდებებით. ჟვანია რომ გარდაიცვალა, აღარ მყავდა მოკავშირე და, იძულებული გავხდი, წავსულიყავი. კიდევ ერთხელ წავედი ემიგრაციაში, მითუმეტეს უკვე მანამდე 10 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში.

ემიგრაციაში, თუ არ ვცდები, 18 წელი გაატარეთ და ახლა დაბრუნდით, თან იგივე სფეროში. ანუ, ისევ იმ რეფორმებს მიუბრუნდებით თუ უკვე სხვა შეხედულებები გაქვთ?

– დავბრუნდი, იმიტომ, რომ ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ის პოლიტიკური კურსი, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული რეფორმების განხორციელებას. შევხვდი გარემოს დაცვის მინისტრს და შევჯერდით მათ გაგრძელებაზე.

და რას ითვალისწინებს ეს რეფორმები?

– საქართველოში ევროპული ღირებულებების და სტანდარტების დანერგვას ჩვენს სფეროში. ტყის სახელმწიფო ფონდი უნდა გადავიდეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპზე.რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველწლიურად ტყიდან ვიღებთ მხოლოდ იმდენს, რის აღდგენასაც ის იმავე პერიოდში შეძლებს. ესაა მდგრადი მართვის პრინციპი. მიღებული ეკონომიკური ეფექტი კი იძლევა ტყის სათანადოდ მოვლის და დაცვის საშუალებას. ასეთი პრინციპით განხორციელებული მეურნეობები არის ესენის მიწაზე, ასე მუშაობს ბავარიის მიწის სატყეო სამსახური. ყველაზე კარგად მართულ–მოწყობილი მაინც ავსტრიის ფედერალური ტყეებია. დღეს ჩვენთან არსებობს ასეთი მართვის პრინციპზე გადასვლის საშუალება. ოღონდ, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ამაში დიდ დახმარებას გვიწევენ ევროპელი მეგობრები. დელეგაციას, რომელიც ამ კვირაში ჩამოდის გერმანიიდან და მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის კონვენციის შემქმნელ კომისიასთან. ვმონაწილეობთ ამ კონვენციის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც მზად იქნება მიმდინარე წლის ნოემბერში.

ერთი თვეა, რაც დაინიშნეთ ამ უწყების ხელმძღვანელად. 900–დე ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში მთლიანად საქართველოში. საიდან და რითი დაიწყებთ ცვლილებებს?

– მუშაობა, შესაბამისად ცვლილებები უკვე დაწყებულია. უკვე მზად გვაქვს ტყის აღრიცხვის წესების ახალი დებულება, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

აბა აქამდე დებულების გარეშე მუშაობდნენ? ცნობილია, რომ წლების მანძილზე ტყე იყო გამოყენებითი რესურსი და არაფერი მის სასიკეთოდ არ კეთდებოდა. დღეს ამ დარგში ისევ რჩებიან ის კადრები, რომლებიც ახორციელებდნენ არასწორ პოლიტიკას, ანუ, წინა ხელისუფლებასთან ერთად აფუჭებდნენ რაღაცას?

– როცა არ არსებობს დარგში პოლიტიკა, არც დებულების დეფიციტი იგრძნობა. თანაც, ყველა არ აფუჭებდა. მეტყევეების უმეტესობა ძალიან ღირსეული ადამიანია. მათ იმიჯი სპეციალურად გაუფუჭეს ნაციონალებმა. მეტყევის ცუდი რეპუტაცია გამომდინარეობდა იქიდან რომ ამ სისტემაში არ არსებობდა არავითარი რეგულაცია. ჩვენ კი უკვე შევიმუშავეთ ტყის აღრიცხვის ნორმატივები.

ანუ
ინვენტარიზაციის ახალი მეთოდი გაქვთ?

– კი, ასეა. სატყეო უბნის და შემდეგ მეურნეობების მიხედვით შედგება კატალოგი, სადაც ყველა მონაცემი დაწვრილებით იქნება შეტანილი. ამ ეტაპზე 9 სამხარეო მეურნეობაა, სადაც ეს ინვენტარიზაცია განხორციელდება. მაგრამ ვაპირებ დაწვრილებას, რადგან სამხარეო მეურნეობები ჩვენს დარგში ძალიან არაეფექტურია. ტყეში საქმე კეთდება და ფუჭდება ადგილზე. ეს უნდა იყოს ძალიან ძლიერი ადგილობრივი მეურნეობები და არა სიმბოლური რეგიონალური მმართველობის ორგანოები. ჯერ–ჯერობით ეს მხოლოდ მონახაზია. ახალ ხელისუფლებას აქვს აღებული კურსი ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე. ჩვენგანაც ასეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, ერთ–ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება – ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს თვითონ შეეძლებათ ტყეების მართვის გარკვეული უფლებამოსილების განხორციელება.

ტყის მდგრადი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი მზადაა და, ძალიან მალე, დაახლოებით, მთავრობის სხდომაზე გავა. ახლა დავიწყებთ მუშაობას ტყის კოდექსის შექმნაზე.

ასეთიც არსებობს?

– რა თქმა უნდა!? ტყეს თავისი კოდექსი და ქცევის ნორმები აქვს, თან, ძალიან საინტერესო.

ლიცენზირებასთან
დაკავშირებით რა ხდება? სასწაულ ვადებზეა საუბარი – 40 და მეტწლიან იჯარებზე...

– ის ხდება, რომ გრძელვადიანი ლიცენზიები ისევ ძალაშია. 177 000 ჰექტარი საუკეთესო ტყეა გრძელვადიანი სარგებლობით გაცემული. ესაა დაახლოებით აჭარაზე მეტი ტერიტორია. გაცემულია, როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე უცხოელებზე, ზოგიერთი ოცი წლითაც კი. ლიცენზიებს იღებდნენ იმის მიხედვით, თუ რამხელა რესურსი იყო და რამდენ ხანში შეეძლოთ, აეთვისებინათ.

და უცხოელები ბევრნი არიან?

– რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ქართველი მოჭრის თუ უცხოელი? მდგრადი განვითარების ის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება ევროპის კონვენციას, გრძელვადიანი სარგებლობით ტყეების გაცემას არ ემხრობა. ვისაც აქვს აღებული, არ ვაპირებთ მათი უფლებების შელახვას, მაგრამ ძალიან დიდი გამადიდებელი ლუპით დავაკვირდებით მათ მუშაობას.

გქონდა მათთან კონტაქტი?

– არა, რადგან ეს კანონმდებლობა ისეა აწყობილი, რომ ჩვენს სტრუქტურას შიგნით შესვლის და შემოწმების უფლება არ აქვს. მაგრამ აქვს ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც ჩვენს სამინისტროში იქმნება და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.

ანუ დეპარტამენტის გარდაქმნა სააგენტოდ, მარტო სტრუქტურული „გეომეტრია“ არაა და შინაარსიც შეეცვალა?

– რა თქმა უნდა. უფრო ფართო სამოქმედო ასპარეზია.ჯერ საკანონმდებლო ბაზა არაა. დრო უნდა, რომ სატყეო მეურნეობებს შეეძლოთ ტყეში მეურნეობის წარმოება. გერმანიაშიც და ავსტრიაშიც, სატყეო მეურმეობაში შესაძლებელია კონკრეტული ნედლეულის შეძენა. აქ ეს უფლებამოსილება აქვს კერძო მეწარმეს, რომელიც არაა სათანადო დონეზე გაწვრთნილი და არ იცის ტყეში მუშაობა, ამიტომ, ვნებს ტყეს.

ზუსტად ეგ მაინტერესებდა – სპეციალისტების და კადრების საკითხში რა სიტუაციაა?

– ვაკეთებთ ტრენინგ–ცენტრს. გერმანელი მწვრთნელები არიან ჩამოსულები,ისინი მეტყევეებს შეასწავლიან საჭირო უნარ–ჩვევებს. მოამზადებენ პროფესიონალ რეინჯერებს. ეს ყველაფერი თუ დროულად არ გაკეთდა, ისევ დარჩება სტანდარტი, რომ მეტყევე არის კაცი, რომელიც ქაღალდებით ვაჭრობს კერძო მეწარმესთან.

ახალგაზრდა კადრები გყავთ?

– მოგეხსენებათ, სასოფლო ინსტიტუტის „ოკუპაცია“ მოახდინა ბატონმა ბენდუქიძემ. ახლა იქ სატყეო ფაკულტეტი აღარ არსებობს. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა უფასო სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი. მომავალი წლიდან გვეყოლებიან ამ სპეციალობის სტუდენტები. მათთან ძალიან აქტიურად აპირებს სააგენტო მუშაობას. ყველა არსებული პრობლემები არასწორ მიდგომაშია.

საკუთარი ტყის და მიწის სიყვარულს ადამიანი ბავშვობიდან ეჩვევა და სწავლობს. ჩვენ ერთი ცუდი ზნე გვჭირს, ვერაფრით დავიჯერეთ , რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და სულ გვგონია, რომ დროებით ვართ დამოუკიდებლები, ერთი დღით მოსული და სულ გვგონია, რომ სახელმწიფოს რაღაც უნდა გამოვგლიჯოთ. მთავარია, ამ ზნისგან გავთავისუფლდეთ...

 

კატო ჩულაშვილი

„ქრონიკა+“ #11

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...