Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.714

დანაპირები პურის, დაგეშილი ყურის და გაგორებული კოჭის კვალდაკვალ


katya

1.760 views

blog-0820453001373993728.jpgასე იყო თუ ისე, კიდევ ერთი ივლისურ–თბილისური კვირა გადავაგორეთ. საუზმე–სადილ–ვახშამზე საკამათოდ ვერ ვიცლიდით, იმდენი სხვა რამ გვქონდა გასაყოფი. ბოზბაშ–ჩიხირთმას ახლა ტელეეკრანიდან თუ მიირთმევს საზოგადოების უმრავლესობა, პური და სანახაობა ელექტრონულმა მედიამ პირდაპირი გაგებით გაიგო და ყველა არხზე დილა–შუადღეს ისეთი ჭამა–სმაა გაჩაღებული, უნებურად ფანჯრებს ხურავს ხალხი, სუნმა რომ არ შეაწუხოსო. პოლიტიკისგან გამონთავისუფლებულ ეთერში თუ ვინმე პულტით მოხეტიალე მაგ გადაცემას გადააწყდება, ეჭვი არ მეპარება, ისე გემრიელად შეაგინებს ეკრანზე პირმოწკლაპუნე „სასტავს“ კაი დიდი „მათლაფა“ წვნიანი ამოვა და დედას პურსაც კარგად ამოაწობენ. ხოდა, როგორც ხაშლამაზე „აღზრდილი“ კახელი მიხო იტყოდა, „შაარგოთ!“

მხოლოდ იმის შეხსენება მინდოდა, რომ ისევ შია ხალხს! შია თქვე მწარედ გაქსუებულებო! ჯერ ისეთიც არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაში, რომ დელიკატესები უტრიალოთ ცხვირწინ. მაძღრად თუ ხართ, მონელება სახალხოდ არაა აუცილებელი..

მოკლედ, კიდევ ერთხელ გავხდით იმის მოწმე, რომ განათლება ყოველთვის ინტელექტის მაჩვენებელი ვერაა და ვერც ასაკია სიმწიფის გარანტია.

ასაკოვან სიმწიფეზე სულ ჩვენი მოქმედი პროკურორი მახსენდება თავისი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო სიტყვით. მაშინ კი ბევრი ვიცინე, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ სიმართლე უთქვამს. სწორედ მაგ სიმართლის ძიებაში შეგვრჩა საქართველოს უახლესი ისტორიის შემომქმედთა ვიდეო–მატიანე ხელში კი არა და კასრებში. გასული კვირა ახალი ნადავლით აღნიშნა შსს–მ, ამჯერად 17 000 ფირიო. კინოინდუსტრია ვითარდება აშკარად ჩვენში და იმ ლევან ანჯაფარიძეს რა აშიმშილებდა ნეტა?

კბილაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებასთან დაკავშირებით, აზრი ორად გაყოფილა. საბოლოო გადაწყვეტილებას თომას ჰამერბერგი მოგვახსენებსო. ანუ ის რეკომენდაციებს მოგვაწვდის და მთავრობა გადაწყვეტს, ტრადიციულად, როგორც ხდება.

ამ გადაწყვეტილებას და კბილაშვილის გადაყენების მოთხოვნას ნაციონალები სულ კბილის კაწკაწით ელიან, მაგრამ წულუკიანმა –"მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ წარდგინების გაგზავნა პრეზიდენტისთვის არ დგას დღის წესრიგშიო."

 

ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურების კომისიის წევრ ლაშა ტუღუშს რომ ჰკითხოთ, „მოქალაქეთა სატელეფონო მოსმენების მიზნით ყოფილი ხელისუფლების მიერ დანერგილი პრაქტიკა დღესაც გრძლედება და ყველა ინფორმაცია შსს–ში არსებულ აპარატურას გადაეცემა“. შესაძლოა, ამ ყველაფერს უკვე აღარავინ იყენებს, თუმცა ფაქტია, რომ ეს მახინჯი მეთოდი ისევ მოქმედებს,“– განაცხადა ლაშა ტუღუშმა და დასძინა, რომ „აღნიშნული მოწყობილობის და მსგავსი ტიპის მოსმენების აკრძალვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ნორმატივების შემოღება, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება უკანონო მოსმენების პრევენციაო“.

მერე, შეახსენოს ვინმემ იქ, საკანონმდებლოში, რომ „ულვაშა პრეზერვატივებზე“ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ეგ საკითხი. ეგება და გუბაზი შეაღვიძოთ, ან დავითაშვილს თამაშები დაუბლოკოთ ტელეფონში, ვაიდა ქვორუმი ვერ შედგეს...

რაღა დაგიმალოთ და, ისიც კი მაინტერესებს, „კონსერვატორების“ ინიციატივა თუ ხორციელდება პრაქტიკაში. ანუ ჩოხა–ახალუხში დადის მანდ ვინმე?

 

ფაქტიურად საპრეზიდენტო კამპანია უკვ დაწყებულია და „შავი პიარის“ რეჟიმში მიმდინარეობს – „ წინა ცხოვრების“ შეცდომების, შეცოდებების გამონათქვამებისა და ციტატების გამომზეურება გაპენტვის ფონზე.

იგებს ის, ვისაც იმდენიც არაფერი დაუშავებია...

და ჩვენ რა? – ისევ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის?

 

პარადოქსები არ არსებობს, არსებობს სათანადო დონეზე განუვითარებელი ტვინებიო. დაბინძურებული სინდისი კი ფულით ირეცხება საუკეთესოდ თურმე. ალბათ, ის ქაღალდი კარგად შეიწოვს ცოდვებ. რა ვიცი, რა გითხრათ?

 

ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე „დაპოსტა“ – მეჭეჭების სამკურნალო ყოფილა ქონდარი და ზოგიერთები რომ ჩაგვექონდრა, რომელიმე კულინარულ ეთერში, რა დაშავდება ნეტავ?

 

ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერ–ლიდერმა დავით ბაქრაძემ მთავარ პროკურორს თელავის შუაგულიდან მიმართა და მისგან იმ პირთა ვინაობების დასახელება მოითხოვა, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ. „დადგეს ამ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და იმ მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხიც დღევანდელი მთავრობიდან, ვინც წამებაში ეჭვმიტანილი ადამიანები დააწინაურა საკუთარ უწყებებშიო. „

 

არ ვიცი, რა რეაქცია ჰქონდა მის „რიხიან“ გამოსვლაზე „პატარა კახს“? მაგას ხომ, თავის დროზე, მეზარბაზნეები აღარ ჰყავდა და, თავდაცვის სტრატეგიაში, ბაქრაძეს აღიარებდა ალბათ. ისე, ბაქრაძე პირველი 2 პრაიმერი სულ ბოდიშობის რეჟიმში იყო და ახლა მოთხოვნებზე რომ გადავიდა, რა ხდება ნეტავ?

 

„ჩვენი გემი არ იძირება, იძირება ის, რომლის კაპიტანი ივანიშვილიც გემიდან გაქცევას აპირებს“ - ასე ბრძანა პრაიმერის მაჩანჩალა მალაშხიამ და, ისე, დიდხანს რაც ტივტივებს, ეგეც კარგად ვიცით ჩვენ, პატივცემულო!

 

მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, – აუცილებლობას ვერ ვხედავო! ანუ დარჩნენ კუკავა და ბაღათურია ფალავნის გარეშე?

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ისეთი მემკვიდრე შემოგვთავაზა, მგონი მარგველა არჩევნების მოგებას არ აპირებს და უბრალოდ ადგილნაცვალი დატოვა დროებით, თორემ თამარ სანიკიძესთან მინისტრის პორტფელი რა შუაშია? იმედია, ქალბატონი თამარიც დაინტერესებულია მაგ თემით და ჩვენზე ადრე დაადგენს კრიტერიუმებს ან არგუმენტს – როგორ მოხვდა მანდა?

გასულ კვირას ერთი საოცარი ამბავი გავიგეთ – ireport.cnn.com -ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „მსოფლიოს 10 უჭკვიანესი ადამიანი“ სიის პირველი ნომერი საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილა. ივანიშვილი - პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მეცენატი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.უნებურად "მემარჯვენეები" გამახსენდნენ... არადა ბიძინაც გულში მემარჯვენეა, უბრალოდ, მოცემულ მომენტში "ცაციობა" ჭირდება საქმეს...

მე ის მაფიქრებს, რომ ახლა ბიძინას ექნება სარბენი თავისი დიპლომის ჩარჩოზე, თუ კვესიტაძეს დაუხურეს უკვე გადაცემა?

არ ვიცი, რამდენად გაეცნენ რეიტინგის დანარჩენი ნომინანტები ამ ინფორმაციას, მაგრამ სტივენ ჰოუკინგს, კიმ უნგ-იონგს, ბილ გეიტსს, რიკ როსნერს და უჭკვიანესი ათეულის კიდევ დანარჩენ 5 ტიპს, აუცილებლად დააინტერესებთ ივანიშვილის პერსონა. მაგ ხუთიდან კასპაროვს ეცოდინება ვინაა მისი კონკურენტი, მიშა მოუყვებოდა.

 

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკში, კულტურის სახლში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას მმართველი გუნდის წევრებს სასამართლოსთან მიმართებაში მეტი კორექტულობის გამოჩენისკენ მოუწოდა. ალბათ, ვაშაძის ვიშვიშმა მის ყურამდეც მიაღწია - „საარჩევნო კამპანიის ჩატარება წნეხის პირობებში გვიწევსო“. არადა, მეტი რაღა ქნან უმრავლესობის წევრებმა, აგერ ზოგიერთი კერვალიშვილის და რჩეულიშვილს თავდებშიც კი ჩაუდგა, იმ არგუმენტით, – ეგენი რომ დავიჭიროთ, გაბითურებულ–გაუბედურებულ მოქალაქეებს ფულს როგორ დაუბრუნებენო? არადა მსგავსი პრაქტიკა , თანაც წარმატებული, ჰქონდა წინა ხელისუფლებას - კიდეც იჭერდნენ და ფულსაც წველიდნენ. ჰკითხონ!. მაინც იკლავს სააკაშვილი თავს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე...

ვახტანგ რჩეულიშვილის, იგივე „ტუის“, განცხადებით, რუსუდან კერვალიშვილის დანაშაული მისი მოწყალე გული და ქველმოქმედების მანიაა. კერვალიშვილს მსგავსი სურვილი წლების მანძილზე ჰქონდა, მაგრამ საჯაროდ არ აფიქსირებდაო.

რისი სურვილი ჰქონდა ქალბატონ რუსუდანს? პატიმრობის? მერე რას გარბოდა ქალაქის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში, თუ უმაგისოდ ვერ მიხედავდნენ იქ გენდერს?

„რუსუდანს მართლაც მიუძღვის დანაშული და ეს დანაშაული არის უზომო ქველმოქმედება. რეალურად ძალინ ბევრს არჩენდა. მერე როდესაც საქმე გაფუჭდა ხალხი მიჩვეული იყო და ვეღარ გაუძლო მან ამ წნეხს", - განაცხადა „ბელა მაფიას“ სიძემ, თუმცა, ის აღარ დაუკონკრეტებია, რა ქვია ე.წ. კერვალიშვილისეულ ქველმოქმედებას სხვის ხარჯზე...

პაპუაშვილმა ისევ დასცხო აქტიურ უმცირესობას - "გაგაგორებინებ მე შენ კოჭს, ქალი ხარ, პროსტაო" - ამ ფრაზამ გადაგვარჩინა კიდევ ერთხელ ჩიორას ჩივილებს. არ შეიძლება, ჩიორას თავისი ქმარიც კოჭების დახვრეტით დაემუქროს? ძალიან აცანცარებულია ესეც ბოლო დროს, იმ პოპულარული ტელესერიალის კატოსავით...

თაქთაქიშვილს, გოკა გაბაშვილი და აკო მინაშვილი გამოესარჩლნენ. მე ერთი რამ არ მესმის – რა უნდა ამ ორს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში? ადამიანობის იციან რამე თუ უფლებები აინტერესებთ ვინმესი, საკუთარის გარდა?

 

ცხოვრებაში ყველაფერი ისეა, როგორც ბირთვულ ფიზიკაში – ბევრს უნდა ბირთვად ყოფნა – ყველაფერმა რომ მის ირგვლივ იტრიალოს.

და აი ისიც – ბირთვი კი არა და, კვირის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – თვით ხუხაშვილმა ვრცელი პრეს–კონფერენცია ჩაატარა პრემიერის სტილში. უამრავ რამეზე ილაპარაკა, მათ შორის პირადად მასზე „შექმნილ ლეგენდებზეც“. იცის კაცმა პიარ–ტექნოლოგია!

 

" სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი კი მზადაა სასამართლოში გია ხუხაშვილის წინააღმდეგ მოსამართლის კითხვებს უპასუხოს.

ხუხაშვილი ამირეჯიბის ბრალდებებს მისი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს და, პრეცედენტის შექმნის მიზნით, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლის დასჯას მოითხოვს.

გაგიკვირდებათ და, კომპენსაციის თანხის გადარიცხვას , რომლის გადახდასაც ამირეჯიბს სასამართლო დააკისრებს, " ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ანგარიშზე აპირებს.

ანუ, "ჟურნალისტური ქარტია" ახლა, ფაქტიურად, ხუხაშვილზე იმუშავებს? აბა ამირეჯიბმა რომ სასამართლო მოიგოს, ქარტიას რა?

 

თუ გახსოვთ, არჩევნებამდე ექსპერტი რომ იყო ერთი მიშა თავხელიძე, ახლა მედია–იგნორშია და, ამით ისეა გაოგნებული, თავის თანაგუნდელ ნანუკა ჟორჟოლიანს მიუხტა. უფრო სწორად, თავხელიძე "ფესიბუქის" საკუთარ გვერდზე "ნანუკას შოუში" პრეზიდნტის ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა და ქართველი ოპრა თავად მოუხტა. იყო დიდი ამბავი... წესით, კიდეც უნდა ყოფილიყო. რა იცის მაგ გუნდმა ასე ერთმანეთის მოძულება და რა მაგალითს აძლევენ საკუთარ „მრევლს“?

 

გვეშველა და ვანუატუს რესპუბლიკამ გვაღიარა დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დონეზე . ხელმოწერა 12 ივლისს ნიუ-იორკში შედგა. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ ისეა გაცოფებული, ერთიანად შემოუხევიათ ტანზე ყველაფერი და ძნელადგასარჩევები არიან „მეგობარი“ ვანუატუს აბორიგენებისგანო.

 

14 ივლისს საქართველომ ვაჟა– ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე აღნიშნა, თუმცა, მეტ–ნაკლებად პომპეზურად, ანუ ვის სად და როგორ მიესველბოდა და ჭირდებოდა.

„სტუმარ–მასპინძლობის,“ მარადისობის და მამულიშვილობის კანონებს კიდევ ერთხელ გადავიმეორებთ და რა მერე?

რა და ის, რომ თუ არ გსურთ ტყუილების მოსმენა, ნურც კითხვებს სვამთ!

 

კატო ჩულაშვილი

გაზეთი "ქრონიკა+" # 13

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...