Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

ბლოგ პოსტები დაპოსტილი katya -ს მიერ

  1. katya
    „იცით თუ არა, ბატონო ჩემო, რა არის იმედის გაცრუება?.. პატარა, უმნიშვნელო ხელის მოცარვა კი არა, დიდი საერთო იმედის გაცრუება, რომელსაც ცხოვრება ადამიანს უმზადებს! ეს თქვენ არ გეცოდინებათ, მე კი ახალგაზრდობიდან მისი მეგზური ვარ და ამან ეული, უბედური და უნდა გამოვტყდე, ცოტა უცნაურიც კი გამხადა. შეგიძლიათ კი გამიგოთ, ბატონო ჩემო? მაგრამ, ალბათ, ორიოდე წუთი ყურადღებას არ დამამადლით, ორიოდე წუთით, რადგან გულგატეხილობის გამოხატვას, თუკი საერთოდ შესაძლებელია ეს, დიდი დრო არ სჭირდება..“
    იმედის გაცრუება / თომას მანი
    ყოველგვარი სამეცნიერო დასკვნების და ექსპერტიზების გარეშეც ცხადია, რომ ბორბალი ოპტიმისტმა გამოიგონა, ხოლო სათადარიგო ბორბალი - პესიმისტმა...
    ოპტიმისტი ფიქრობს - წვიმის მერე დიდი, მცხუნვარე და ალერსიანი მზე გამოვაო. პესიმისტი ფიქრობს - სურდოს ავიკიდებო...
    იმის თქმა მინდოდა, რომ ოპტიმისტები, ძირითადად, კარგი ადამიანები არიან. კარგი ადამიანი ყოველთვის გამოძებნის მიზეზს და დროს, რომ რაღაც სასარგებლოზე იფიქროს და აკეთოს. პრინციპში, ცუდი ადამიანებიც სულ რაღაცას აკეთებენ, პლუს, დამატებითი საქმეც არ ელელვათ - შეუშალონ ხელი კარგ ადამიანებს...
    ხოდააა...
    სისხლის სამართლის კოდექსში მალე ახალი ჩანაწერი გაჩნდება და ადევნება დასჯადი გახდება. ჩამონათვალში ადევნებულ აკვიატებულ აზრებზე არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, წინა სახელისუფლებო პარტიის „დიდი აფეთქების“ შედეგად წარმოშობილი არასახელისუფლებო-საპარლამენტო პერსონები ისევ ძველ გრამ-ფირფიტებზე შემორჩენილ რეპერტუარს დასცხებენ, შაბაშის მოლოდინში.
    მოსამართლეები სამართალს კვლავ აშიმშილებენ და პურს ნამცეცობით გამოუზოგავენ . მერე იწყენენ, რატომ თქვეს აუგი ჩვენზედაო?! გოცირიძე ევამ ისიც კი გაბედა უკვე - „სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არასწორად არის გააზრებული მედიაშიო“. მედიის ჭვალი და თემიდას მათრახი თქვენა!
    ევას ნათქვამზე თვით გოგორიშვილსაც კი ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორც საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს უნდა ჰქონოდა ნებისმიერ შეზღუდვაზე. ხომაა ჯანზე ნეტავ და ხომ არ უარყო ჭეშმარიტი მრწამსი სისტემისა? ერთი სიტყვით, ხათუნა გოგორიშვილმა ევას ენა გამოუყო და საფეთქლებთან ცერათითებმიტანილი დაეჯღანა.. ამაზე უარესად მოიჯღანა მოსამართლე მურუსიძე - გვიშველეთ ბატონო, დაგვიცავით ეს პატიოსანი, უმწიკვლო და სამართლისთვისმოწამე მოქალაქენიო!
    დედისდაწყევლილმა „იდეინი „გირჩებმა“ ნაადრევი დამტვერვით ნაშობი რელიგიური ორგანიზაციის ხელდასმით, აქამდე უბრალოდ ქადაგადდავარდნილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მღვდელთმსახურად პირდაპირ ეთერში აკურთხეს. ამ რიტუალს ბევრმა ტელევიზორთან მსხდომმა შეუკურთხა, მაგრამ გრიგოლიას უკვე ბიბლიური თავისუფლების ეკლესიის სახელით კურთხეული ქადაგების უფლება მიენიჭა და აწი ვერაფერი შეაჩერებს. მაგრამ მეორე მხარეა აქ ბეჭდის - არ მოუხდება ინგას წვერი. არც ანაფორა, თუნდაც დეკოლტირებული და სხეულზემომდგარი...
     
    ჩვენი ახალგაზრდა, გამოუცდელი, მაგრამ კვალიფიცირებული პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიტყვას არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა ექნება ის ფასი, რომ საარჩევნო პროცესებზე რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს, ხოლო ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული.
    ეჰ.. ამაში გამოიხატება ზუსტად თქვენი ახალგაზრდობა და გამოუცდელობა, პატივცემულო თავმჯდომარევ! სად გგონიათ თქვენ თავი? პოლიტიკურად მომწიფებული პოლიტიკური პარტიები რომ გვყოლოდა, არც ის წინა 9 წელი იქნებოდა და არც ეს უკანა 5...
    "კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ჩაწერით ჩვენ გზავნილს ვუშვებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა", - განაცხადა თავდაჯერებულმა ქუცნაშვილმა და ახალ ვარცხნილობას გაუსვა ხაზი...
    „ქართული ოცნების“ ოფისში თავშეყრილმა თუ თავმოყრილმა საპარლამენტო უმრავლესობამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თემაზე არც ისე კმაყოფილი სახით იმსჯელა. გუნდურობის პრინციპებზე აშკარად დასამატებელი აქვთ ლექცია-სემინარების რაოდენობა, თორემ...
    ნარმანიამ ხოხობზე ნადირობა „პლუსმილიონხიან“ თბილისში გადაიფიქრა და, სავარაუდოდ, განათლების სისტემაში გადაინაცვლებსო... განათლების სისტემის დირექტორი-მინისტრიც სადღაც ინაცვლებსო და, თბილისის მომავალი მერიც თუ ისევ მოქალაქეთა მოქალაქის ხელით სატარებელი გახდა, „ნაციონალური ქვედანაყოფები“ მოძრაობაში მოიყვანენ ყველა არსებულ და არარსებულ რესურსს.. როგორც ცნობილია, მაგათთან თბილისის მერობის კანდიდატურაზე დუელი ნიკანორსა და პრიმადონას რუს დიპლომატ მეუღლეს შორის გაიმართება..
     
    თბილისში ბუნებრივი აირის უსტაბაში ყაზახები აბობოქრდნენ და არბიტრაჟით იმუქრებიან. ვიცე-კალამ - ყველაფერს „მოვაყომარებთ“, პანიკის თესვის დრო არაა, მადლი თესეთო...
    პატივცემულო მოქალაქის ხელდასმულო მოქალაქენო!
    ისტორიაში შესვლისას, კეთილი ინებეთ და, ფეხები კარგად გაიწმინდეთ!
    თუ თქვენი თავი არ გედარდებათ, შვილებს მაინც გაუფრთხილდით - საფიცარებს და ძვირფასებს და საკუთარი „გაკვალულით“ პრობლემებს ნუ შეუქმნით. რა შეიძლება დაუტოვო შვილს - თავაწეული სიარულის შესაძლებლობაზე მეტი, მშობელმა?
    არც რა...
    ხოდააა....
    კარგია როცა მდიდარი ხარ.მეტი არჩევანია -
    გინდა მდიდრებს დაუდგები გვერდით, გინდა ღარიბებს...
    თანამედროვე პოლიტიკური "სპიჩის" ხელოვნებაც სხვა რამეა, ჩვენო კეთილებო! საბჭოთა პოლიტბიუროს ანგარიშის არქიტექტონიკას როგორღაც შეელიოთ - იქნებოდეს-იქნება...
    საქმეს თუ მშრალად აკეთებ, ის საქმე აუცილებლად დაიწყებს მალე ჭრიალსო, წინაპრები ამბობდნენ.
    თანამედროვე საჯარო მოსამსახურეებს კი 1 ივლისიდან ისეთი საჩუქრების მიღება ეკრძალებათ, რომლებმაც, შესაძლოა, გავლენა მოხდინონ მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე. ჩვენებურად მაგას - ვალში არ უნდა ჩაიგდო თავი ჰქვია და დავალებულად ყოფნას ნიშნავს.
    ამ სიახლით იმის შეხსენება გვინდოდა, რომ ტვინი ადამიანის ყველაზე სუფთა ორგანოა, თუმცა, ყველა ხელისუფლება მისი რეცხვით დიდი მონდომებითაა ხოლმე დაკავებული.
    გავკადნიერდებით და იმსაც შეგახსენებთ, რომ ყველა საუკუნეს თავისი შუასაუკუნეები აქვს და იმ ჩვენს უკვე მრავალჯერადად გაბახებულ კონსტიტუციაში ახლა რომ გენერალურ რესტავრაციას უპირებთ, ქორწინების დეფინიციის გვერდით , „ყოფილი მეუღლის“ განმარტებაც ჩაგვემატებინა.
    და ნამდვილი ქალური და ნამდვილი მამაკაცური ბედნიერების დეფინიცია კონსტიტუციაში არ ჩავწეროთ?
     
    ისიც მაინტერესებს, თუ თამბაქოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი ფასების ზრდაა, კონტრაცეპტივებზე ფასებს რატომ არ უმატებთ, შობადობის შემცირებასთან ბრძოლა თქვენს გეგმებში არაა თუ?
    არჩილ თალაკვაძის რეკომენდაციით, ელისო კილაძეს მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვამენ. მაგრამ ელისო სასტიკ უარზე გაიბოტა და სკუპს არ შვება.
    ამასობაში ლარი ისევ გაუფასურდა, არ ხართ თქვენ ადამიანური მოპყრობის ღირსები, ახლა ვნახოთ, თუ უცებ არ ამეწევა რეიტინგი ფიფლმეტრებშიო...
    ვაშა! დიდება და გაუმარჯოს საღ აზრს თბილისის მერიაში! ხუმრობა ხომ არაა, თბილისში 30 კეთილმოწყობილი და ნებისმიერ სტანდარტზე მორგებული საპირფარეშო აშენდება.
    დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გულწრფელი ინტერესით ველით საზოგადოება არტისტული ხელჯოხიანი ადვოკატის ახალ რედაქციას მამალაძის ჩვენებებისას. დეკანოზის ცოდვით თუ დეკანოზის ცოდვებმა გვიწიეს არ ვიცით, მაგრამ, ბედიაში ჭაში წყალი კი დუღს თურმე..
    კარგი ისაა, რომ პოლიციამ დმანისელი „ბარიგა“ განგრეულ კაიფში დააკავა. ფაქტია, ზოგჯერ ჰეროინის მოხმარებასაც მოაქვს სარგებლობა. 16,29617 გრამი ჰეროინის ამოღებას ეხუმრებით?!
    მაისიდან თბილისს ახალი მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ შეემატება.მაისიდან თბილისი-სოჭის მიმართულებით პირდაპირი ფრენებიც დაიწყება და ...
    ა ბატონო, ევროპამ კარი გაგვიღო და ჩვენ ისეთი ჩავუტართ ჭადრაკ-ძიუდო, ფარიკაობა-თავისუფალში, მგონი ამბობენ, ესენი ან აგვაშენებენ, ან დაგვაქცევენო..
    მაკრონებში გასული კვირა სლოკინის კვირად გამოცხადდა და მაკრონის ცოლმა - აქ თუ არაფერი გამოგვივიდა, საქართველოში წავიდეთო!
    აშშმ თავისი ბირთვული პოტენციალი გაამარიაჟა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდით და ფხენიანს სანქციები გაუმკაცრა, ატომური პროგრამის გაჩერების იმედით. რა ენაღვლება იმ თავაფეთქებულს?! ქვეყნის საიდუმლო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დასახელება მოასწრო. საზღვაო ქვეითთა ყოფილი გენერალი რენდოლფ ალესი ! კაიალესილი კი იქნება, კოჭებში ეტყობა...
     
     
    კიდევ ერთი ბედნიერვარსკვლავზე ამოსული ხის მოგზაურობა დაიწყო ნატანებიდან-შეკვეთილამდე. 115 წლის წაბლს მეორე ამოსუნთქვა გაეხსნა და , იმედია, ჩასუნთქვასაც მშვიდობით მოახერხებს. ეჰ... ხეებს რომ წერა შეეძლოთ...
    არადა, რას არ აკეთებინებდა სულმნათი ვაჟა ხეებს, რას არ ათქმევინებდა და აგრძნობინებდა... ეს სიარული მომკალით და არ მახსოვს...
    ''სიმართლე ისე უნდა მიაწოდო, როგორც აწოდებენ პალტოს და არა სახეში ნატყორცნი სველი პირსახოცივითო'', - ჩვენი მარკი ამბობდა...
    ღრმა ჩასუნთქვები აზრებს ამშვიდებს თურმე...
    მრჩევლები და კრიტიკოსები ბლომად გვყავს, ოსტატები არ გვყავს, ვისგანაც რაიმეს სწავლა შეიძლებაო, დაიწუწუნებენ ზედა ეშელონებში. გვყავს ოსტატებიც, გაგიკვირდებათ და. თქვენ მოძებნა და გამორჩევა არ იცოდეთ, ვისი ბრალია?
    გემახსოვრებათ, პირველი დიდი მეოცნებე თომას მორი იყო, ოცნების ქვეყანა შექმნა ცხონებულმა - კანონებისა და კერძო საკუთრების გარეშე , სადაც სუფევდა რელიგიური შემწყნარებლობა , პიროვნების თავისუფლება , მშვიდობა და სამართლიანობა. მაგრამ მერე ამ ქვეყანას თავად უწოდა „უტოპია“
    ყავამშვიდობისა!
    კატო ჩულაშვილი.
  2. katya
    „მსაჯული მართალ სჯიდე… მართალნი ნეტარებდნენ და იხარებდნენ, ცოდვილთა გვემდეს ცეცხლი...“
    ცეცხლი აინთო! თამაში დაიწყო!
    დიახ! ცეცხლი კვლავ გადმოვიდა. სულ გადმოდის, მაგრამ ერთხელაც რომ აღარ?! ამიტომ, გვეხება თუ არ გვეხება, გვჯერა თუ არ გვჯერა, ყველა ერთხმად ვნერვიულობთ...
    გადმოვიდა და ქრისტიანულმა სამყარომ, ღრმად ჩასუნთქულზე, ქშენით ამოსუნთქული კიდევ ერთი წლის გარანტია შორისდებულთა გამით დააფიქსირა...
    კაცობრიობა კოსმიური მასშტაბის დიდი თამაშებისა და ვარსკვლავური ომების ნამცეცობის კლიენტებად ვრჩებით. ისევ რაღაცის მოახლოვების და ჩაქროლების მოლოდინში.
    თუმცა, მიდგომები იცვლება „ტრადიციებთან მიმართებაში“ . მაგალითად, ჭიაკოკონობის ოთხშაბათი წელს არატრადიციულად დასჯადი იყო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მკაცრად გაგვაფრთხილა - კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავები და პლასტიკური მასალები არ გამოგვეყენებინა, თორემ „გამოიწვევდა დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე“. რა თქმა „გამოწვევები“ იყო, ახრჩოლეს მითითებულიც, მაგრამ დაჯარიმებულის ველური ხავილი არ გაგვიგია... სამაგიეროდ და სასიხარულოდ, 2 დღის წინ უკვე დაფიქსირდა გარემოს პირველი დანაგვიანების ფაქტი, შესაბამისი საჯარიმო ქვითრით. პირველი რა თქმა უნდა პირობითი სახელია, ანუ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პირველი, თორემ... უკანასკნელი მსგავსი ფაქტის დაფიქსირების დრო ნაკლებად გვაინტერესებს. პროცესია მთავარი! პროცესი! მთავარიც და სასარგებლოც. ვაიდა, წესრიგი და სისუფთავე ხასიათში გადაგვივიდეს, ამაზე ვინმეს გიფიქრიათ? და უცებ ქართველობა რომ დავკარგოთ? მთავარია, რომ ხალხი დასაქმდება! ახალი შტატი გაჩნდა ქალაქში - დასუფთავების ინსპექტორი. ამ ვაკანსიის საჭირო უნარ-ჩვევებში პირადი ჰიგიენის საკითხი თუა მოხსენიებული, დანარჩენს ეშველება.
    გაგიკვირდებათ და, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი, ერთობ გამაცადინებული ყოფილა სექსში.. მრჩეველი რომ ასეთია, მინისტრი რა იქნება!? ეს ისე, გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობადობის ამაღლების მიზნით გავიხსენეთ, თორემ აწი სოლომონისეულ სიბრძნეს ღრმაშინაარსიან საუბრებს სექსზე, ერთი ფასი აქვს.
    არსებობს გონივრული ეჭვი რომ, იმ გაფრენილი საფერფლის გამო, ოთო კახიძეს, უკუღმართი კახელები, „რეკოშეტაი“ დაუძახებენ, „ყველაი მოსახვედრი მაინც მაგაი ხვდებაო და“...
    ფრეკენ ბოკი და ბიძია იულიუსი გვაკლდნენ პარლამენტში და ეგენიც გვყავს. კვიციანი-მარშანიას სახელზე ხმაურის გადაჭარბების ჯარიმის გამოწერა რომელ უწყებას ევალება? ქუთაისის მერიას? თუ მეზობლები არ წუხდებიან, კი ბატონო... ჩემი მეზობლებიც, 24 საათი მშვენიერ მუსიკას უსმენენ, და სულ არ აქვს მნიშვნელობა უნდათ ეს თუ არა?
    რას ერჩიან პატრიოტები „ევროპულ საქართველოს“ იცის ვინმემ? და ჩვენ რაღას გვერჩიან? ჩინოვნიკებს მიხედეთ და, თუ გინდათ, ბოლოდანაც დაიწყეთ! პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელად ჩვენ კი არ დაგვინიშნავს...
    რაც შეეხება სოხუმს, ლავროვი 2 დღეს დასეირნობდა დამოუკიდებელ აფხაზეთში. მთავრობაში ბრძანეს - სპეციალურად შვება მაგას, ჩვენ რომ გაგვაღიზიანოსო... გამოსაცვლელი ყავთ მანდ მრჩეველ-ექსპერტები. ამდენი წელია არ გავღიზიანებულვართ და ახლა რა ჯანდაბა გვეტაკება ვითომ?
    ნეტავ კვირიკაშვილს სუპერმენის ფორმას არ ამოაცმევდნენ საოქტომბროდ მისი იმიჯმეიქერები და ფრაზეოლოგიურ სიბრძნეებს გადავიტანთ. პრემიერი ქამრების შემოჭერის მსგავს პრაქტიკაზეც საუბრობდა, როგორც მახსოვს, ხარჯების ოპტიმიზაცია თუ რაღაცო..
    ის კი საუბრობდა, მაგრამ ჩვენებურ დინგიან მოხელეთა მადას საზღვარი არ აქვს. 78 მილიონი კი არა 7 მილიონი ლიტრით გადაადგილებული მანქანების საბურავის კვალი ეტყობოდეს ამ ქვეყანას, რაღა გვიჭირდა?!
    აგერ, მეზობელ გვატემალაში ისე „ჰუმანურად“ გაუსწორდნენ ჩინოვნიკს, ქალაქ კონსეფსონის ადგილობრივი მაცხოვრებლები - სახლიდან გამოათრიეს და ბენზინი გადააასხეს კარგი გაძუყვნის მერე. ხოდაა.. ამ ბაზილიო ხურაკანს იმდენი არამგონია გაეფუჭებინა, რასაც ჩვენი ჩინოვნიკები აფუჭებენ, თუნდაც დედაქალაქის მასშტაბით.. ბენზინი კი იცოცხლე, უყვართ მთავრობაშიც და ყველა სახელმწიფო უწყებაშიც! ხოდა, ძალიანაც კარგი! ბენზინი მაინც საყიდელი არ გვექნება, თავისივე მარაგებიდან გავხარჯავთ მაგათ შესაპიწკინებლად და ეს ფრაზა სულაც არაა მოწოდება ძალადობისკენ. წესიერ და პატიოსან ჩინოვნიკობისკენ მოწოდებაა...
     
    უსაქმურობაში სამშობლოს გზებზე დამწვარ ბენზინს ვინ ჩივის, აწი ჩვენი დღესასწაულების და უქმეების ამბავი თურქებს უნდა შევუთანხმოთ, ასე მოითხოვს ევროპა! შემოუთვლიათ კარის მეზობლებს - ჩვენს დამარცხებას თქვენ რა პონტში ზეიმობთო? ხოდა, დაფიქრდნენ ესენიც - ქუთაისში ჩალოკაციებული კანონშემომქმედნი. აცადეთ, იფიქრონ...მოიფიქრებენ კიდევ რამეს სახალისოს და მეზობლების გულისგასახარს.
    დილემაა აბა რა - იტყვი - ვერ მიხვდებიან. როცა მიხვდებიან, გვიან იქნება. არ იტყვი და ვერ გაიგებენ, როცა გაიგებენ, იმ დაკარგულს ვინღა დააბრუნებს...
    პარლა-მენტ!
    ერთი სემინარი გლიჯეთ, როგორ უნდა გამოიყენო "საპარლამენტო უმრავლესობა" ქვეყნის სასიკეთოდ. არ გაინტერესებთ?
     
    ერთიანი ნაცმოს წევრებმა და არა მხოლოდ მათ, საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. მაგრამ რომან გოცირიძის დე მარში იყო რაღაც არაამქვეყნიური. უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ წასვლა. უფრო მეტი, ვიდრე კანონი.
    თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა, განაღდებული რეფერენდუმის მერე პირველი რაც თქვა, კიდევ ერთი რეფერენდუმი გვჭირდება სასწრაფოდო, სიკვდილით დასჯის აღმდგენიო და გადაირივნენ ევროპელი თურქები... მაგ რეფერენდუმის ფონზე, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის 29-ე ადგილს იკავებს ტურისტული ინდექსით და უსწრებს ჩეხეთს, მალტას, ბელგიას, რაც მთავარია, აზერბაიჯანს, რუსეთს და სომხეთს!
    მიხეილ ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალი წუწუნებდა ამას წინათ - ჩემს ძმას უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლება გაუუქმესო! - ამ ჩვენს ტერფებს, თუ გაუუქმეს! დადეთ აწი სააკაშვილებმა კვერცხები გუგულის ბუდეში!
     
    ქრონიკული მეოცნებეები, თითქოს, მთელი ცხოვრება რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში ცხოვრობენ..
    მატარებლები კი აივლიან, ჩაივლიან... კარტოფილიანი ღვეზელის და უყველო ხაჭაპურის ფასები პერიოდულად იცვლება.
     
    გასულ კვირას, საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედის მიწოდების გამო, ორი ინდმეწარმე გასკვანჩეს სისხლის სამართლებრივად. ჯერ კიდევ არიან კაბინეტებში ექიმები, რომლებიც სიცხიან ბავშვებს არ იღებენ - სამუშაო დრო დასრულდა, დავიღალე და ხვალ მობრძანდითო! .კარგმა ექიმმა ზუსტად იცის, რომ ზოგჯერ უფრო მარტივია რამის ამოჭრა პაციენტისთვის, ვიდრე რაღაცის რჩევა, მითუმეტეს ადამიანობა...
    ზემო და ქვემო შუხუთელები სააღდგომოდ ლელობურთის დევნაში დაჯლიგინებდნენ. ეს იმედის მომცემი ინფორმაციაა, ისე, როგორც ცეცხლის გადმოსვლა. ესე იგი, ყველაფერი კარგადაა და იქნება გურიაშიც და მის საზღვრებს გარეთაც.
    რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტ, ფერმერ და საზოგადო მოღვაწე როკო ხოჯანაშვილის ძროხას ხბო შეეძინა. ჩვილის სქესს არ ახმოვანებენ, ჭიათურა ევროპული ქალაქია და მაგ ამბავს თავად გადაწყვეტსო. ჩვენ ისღა დაგვრჩენია გულმხურვალე მოლოცვით შემოვიფარგლოთ და შევახსენოთ პატარას - როგორ გაუმართლა რომ როკოს ოჯახში მოევლინა სამყაროს.
     
    გახსნილდა და გაიხარა კუზანოვების დინასტიამ. ჩიოდნენ - "რაც მარხვა დაიწყო, საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციების რიცხვმა იკლოო". მალე გაყიდვაში ახალი "გურჯული " ბრენდი - "ქალიშვილობა კუზანოვურად".
     
    გასულ კვირას ფბ-საქართველოს მამრთა 95% კომკავშირის ნიშნით მკერდდამშვენებულ ფოტოზე ერეგირებდა...არადა, სსრკ-ში სექსი არ იყო.. აი, თუ არ იყო! აბა იმ „კამსამოლკას“ აზღუდი ვინ მოიპარა?
    ბორბალი გამოიგონა ოპტიმისტმა.
    სათადარიგო ბორბალი - პესიმისტმა...
    კითხეთ ნებისმიერს - რისი მიღება სურს ცხოვრებისგან?
    პასუხი იქნება ერთფეროვანი და მარტივი - ბედნიერების!
    ყველას სურს იყოს ბედნიერი, მაგრამ, ზოგჯერ, ბედნიერების სურვილი და მისი მოლოდინი აჩლუნგებს შეგრძნებებს და გვიშლის ხელს, მივიღოთ ის, რაც მართლა გვინდა..
     
    "ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუ მუდამ ქვევით იყურები;
    იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღიმილი გამოსახო, საჭიროა დიდი ტკივილის განცდა;
    ცხოვრება მშვენიერია, თუ მისი არ გეშინიაო" - ჩარლიმ...
    როცა გზაზე ბევრი წინააღმდეგობა გხვდება, ესე იგი, სწორ გზას ადგახარ..თუ ამ სამყაროს ნამდვილად ერთი შემომქმედი ყავს, მაშინ ყველაფერზე პასუხისმგებელიც ის ერთია...
    ჩვენ კი, ადამიანები, სასწაულის მოლოდინში, ქვიშის საათებს ვემსგავსებით, არადა რესურსი ამოწურულია, გადაბრუნების დროა...
     
    თუმცა, ყველა ჩვენგანის ყოფა ყელზე ბაფთას არ ატარებს, მაგრამ, ცხოვრება მაინც საჩუქარია. არც იმის გარანტია არსებობს რომ ხვალ ეს საჩუქარი უკეთესი არ გახდება.
     
    ცხვარი შევიდა სახლში, დაინახა სიღარიბე და ფეხები დაუბაკუნა - გადი სიღარიბე გამეცალე აქედანო! თან ისეთი არგუმენტები დაულაგა ყველა კუთხეში, ადგა სიღარიბე და გაეცალა იქაურობას.
    ჰოდა, თითო ცხვარი გვინდა ყველა ოჯახში, მეტი კი არა..
    ეგაა, გამძღარი ფაშვით გმირობა ყველას ეზარება...
    ერთნი ცხოვრობენ სტანდარტით - „ღვთის გულისათვის“, მეორენი - „ღმერთმა ნუ ქნას!“ , "მესამენი - ღმერთმა ინებოს!" ბოლოს მაინც „ო, ღმერთო ჩემო“ გამოდის...
    ყავამშვიდობისა!
     
    კატო ჩულაშვილი
  3. katya
    „ სამყაროში ჩვენს ყოველ საქციელს აუტანელი პასუხისმგებლობის სიმძიმე აწევს. რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ახლოა ჩვენი ცხოვრება მიწიერთან, უფრო ნამდვილია. ტვირთის უქონლობა პირიქით, ადამიანს ჰაერზე მსუბუქს ხდის, მიწას, მიწიერ ყოფას აშორებს, მისი მოძრაობები იმდენადვე მსუბუქია, რამდენადაც მნიშვნელობას მოკლებული”. მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
    აგერ უკვე კვირაზე მეტია, აპრილი ნამდვილ გაზაფხულს მოაბილიკებს გოდრით და კალათით, ტყიდან, მთიდან, ციდან... და მთელ დედამიწაზე, გრავიტაციის კანონით გაერთიანებული ადამიანები, ვაგრძელებთ სვლას საათის ისრის მიმართულებით არათანაბარი ნაბიჯებით და არათანაბარი სუნთქვით.
    აპრილი ქართველებისთვის ლურჯია, სევდის და მოგონებების დროა, ვისთვის - პოლიტიკური ოცნებებისაც, მაგრამ აპრილში გვაქვს ერთი დღე, რომელმაც 28 წლის წინ გრავიტაციის რეკორდი მოხსნა. ამ რეკორდის რეალური და ნაღდი შედეგი ჯერ არ გვინახავს, არც სიო და სურნელი გვიგრძვნია, მხოლოდ კვაზი და დემო ვერსიები - რამდენიც გინდათ... ბევრს იმ გამთენიის ტკივილის ხმა, შიშის სუნი, შეურაცხყოფილი თვალების ფერი და შურისძიების მწკლარტე გემო პირში დღემდე გვახსოვს... ისიც - ამ დღეს და იმ ღამეს, ქართველებს, ძალიან, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთიც და სამშობლოც...
    და თუ დღეს გამთენიისას რუსთაველზე ბევრი წესიერი ადამიანის „მწარე ნაფაზი“ დაგროვდა, აი დარდი, თუ იმ ბოღმის გამონაბოლქვს სადღაც ვერ გაიგებენ...
     
    ზოგადად პროფესიონალთა მოქმედებებისა და ქცევის წინასწარ გათვლა შესაძლებელია, მაგრამ, რა გინდა ქნა, როცა რეალობა „მოყვარულებით“ გაივსო?!.
    პროფესიონალების ხსენებამ მოიტანა და, თუ „ჯეჯეს სწავლებას“ მივყვებით, ანუ გუგლს დავუმეგობრდებით და გუგულს დავგუგლავთ, მივიღებთ შემდეგ ინფორმაციას -„ ტყე და გუგული“, „გუგულიანი საათი“, „გუგულის კვერცხები სხვის ბუდეში“, „გუგული ყვავილით ტუჩის კუთხეში“ და „ ჩვეულებრივი გუგული“.
    გაგიკვირდებათ და , მთელი ოჯახი ყოფილა გუგულისებრთა, ჩვენდა სანეტაროდ. აქამდე გუგულებზე სხვისი ბუდეების სიყვარულის ამბავი გვქონდა გაგონილი. ახლა ისიც ვიცით, რომ გუგული ის ჩიტია, რომელსაც თამბაქოს კვამლი არ სიამოვნებს და რაც სიამოვნებს ან არ სიამოვნებს, ამაზე ძალიან ბევრს და აღმაშფოთებლად კრიახობს.
    გასულ კვირას ცნობილი გახდა „ბრწყინვალე ათეული“ საქართველოს სინამდვილეში, რომელთა ოფიციალური ჯამაგირი 10 000 ლარს აჭარბებს: სიის თამადობას საგანელიძე ვის დაუთმობდა? ძირითადად ეს ის ხალხია, რომლებიც ამ თანამდებობებსა და ხელფასებს „კარგი ყოფა-ქცევისთვის“ იმსახურებენ როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლებისგან. მაღრაძეების გვარის ყველაზე თვალსაჩინო გუგულთან, რა თქმა უნდა, მსგავსი ინფორმაციების განხილვა სერიოზული ქიშის მატარებელია მისი უაღრესად ფაქიზი ფსიქიკისთვის.
    თბილისიდან ბაქოში საჰაერო ტაქსით მგზავრობა სულ რაღაც 6930 დოლარი ეღირებაო. არაა ეს ისეთი თანხა, „ადგილობრივ ელიტას“ ერთ სამარიაჟო სელფად არ უღირდეს. როგორც გავიგე, "ჯემი როქუაის" კონცერტის ყველა ბილეთიც უკვე დასოლდაუტდა"-ო...
    2014-2016 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების მიერ მოხმარებული საწვავი დაიანგარიშეს და 62 ტონამდე გამოვიდა.
     
    სამაგიეროდ, წყლის, ტუალეტისა და აბაზანის გარეშე ცხოვრობენ ბავშვები ფშავ–ხევსურეთის პანსიონებში და დანაყრება ენატრებათ.
     
    საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 10 100 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით ისეთ 11 აფრიკულ ქვეყანას ჩამოვრჩებოდით, როგორიცაა: ეკვატორული გვინეა, სეიშელის კუნძულები, მავრიკი, გაბონი, ბოტსვანა, ალჟირი, ლიბია, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ნამიბია, ტუნისი.
    რა პრობლემაა დღეს საქართველოში ფულის შოვნა ერთეულებისთვის?! არანაირი. დაამთავრებ „ფინანსებს და კრედიტებს“ ვიოლონჩელის კლასით და მიდიი... პოლიტიკა გინდა, ბიზნესი გინდა... თუ არ იცი რა გინდა, არც ეგაა დიდი პრობლემა...
    მასე არაა ამერიკაშიც?! ისტორიის ბოლო თავებში, ზოგადად, საქართველოს პრობლემა მუდმივად „უფროს ძმებშია“... ძმებში, რომლებსაც ჩვენთვის არასოდეს სცალიათ, თუ რამეში გამოსაყენებლად არ დავჭირდით. ივანკა მამიკოთი ამაყობს - „ ის არ შეეგუა ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ საზარელ დანაშაულსო“. მამიკოთი, სავარაუდოდ, ანი მარგველაშვილიც უნდა ამაყობდეს, მაგრამ რატომ „უტყდება“ იმის აღიარება რომ „საქართველოს პრეზიდენტის შვილია“ და არა რიგითი მოქალაქე, ეგ ჯერ არ იცის. როგორ გვიყვარს მაინც გოგოებს მამიკოები...
    როგორც გერმანელები აანონსებენ, პუტინი და ტრამპი თუ სირიაში ერთმანეთს დასცხებენ, ჩვენ აქ კარგი დღე არ დაგვადგება, მაგრამ, სამაგიეროდ როგორ მოიფხანს გულს ჩვენი საზოგადოების ორი დიდი ნაწილი!?
    თამბაქოს კანონით ჩაფიქრებული ერის მწეველებად და არამწეველებად გაყოფის ვერაგული გეგმა არ გვეყოფოდა, ახლა კიდევ „ამერიკა მოერევა თუ რუსეთი?“
    წარმოდგენაც არ მინდა, რა ამბები დატრიალდება ქართულ ფბ-სივრცეში...
    გახლეჩილ მოსახლეობას კიდევ ერთი გამაერთიანებელი სიახლე მოგვართვა ყველაზე წარმატებულმა და „მზრუნველმა“ ბიზნეს-სექტორმა. აქაოდა, ლარი გამყარდა, ისე ვეღარ ვსუქდებითო და, 18 აპრილიდან, ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე, 50 თეთრიანი საკომისიოს ნაცვლად 1 ლარი გვექნება გადასახდელი. არა, , 50 თეთრზე კი არაა „ბაზარი ძმაო!?“ უბრალოდ, დინგი გეზრდებათ უკანალივით და ბოლოს რითი შეჭამთ, მაგასაც ვნახავთ.
    მეცნიერული კვლევებით, ღორები ცას ვერ ხედავენ. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ პოლიტიკოსებმაც და ბანკირებმაც, ყველამ, ვინც მმართველობისა და ხელისუფლების გეჯასთან , გობთან, ვარცლთან თუ როფთან მოიკალათეთ... მარგალიტები ცოტა იყო, გათავდააა...
    ოპოზიციას რომ ჰკითხო - პრეზიდენტმა პარლამენტში ქართველი ხალხის გზავნილი მოიტანაო... დიახ, ხარებას, გიორგი მუჰამედ მარგველაშვილი თავისი ფეხით მივიდა პარლამენტში, ვიზიტის ოფიციალურ ვერსიად დებატები დასახელდა კონსტიტუციის თემაზე. „გაცხოველებული დებატები“, როგორც ქალბატონი დოლიძე აანონსებდა, არ გამოვიდა. გაცხოველებული თათხვა და ბრალდებები რეგლამენტის დაცვით - კიბატონო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მუჰამედი ვერაგულად შეიტყუეს ნიკოტინით გაჯერებულ ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობაში, ხოლო კონსტიტუცია, მოწმის სტატუსით დაიბარა ბრალდების მხარემ.... და საერთოდ, მუჰამედის მიმართ „მთის“ ზოგადად ვერაგული ჩანაფიქრი - პრეზიდენტობის დაძალება - დიდიხანია გაიშიფრა მაზოხისტურ ქცევად „დაზარალებულის“ მხრიდან. მოკლედ, პარლამენტიდან ჯერ მთავრობის წევრები გაქრნენ გამომშვიდობების გარეშე, ბოლოს - მარგველა საპრეზიდენტო რეპერტუარით - „ნეტავ სულ რას მოვდიოდი?!“
    ისე, რას ერჩით მაგ ტიპს უმრავლესობა? იმ პრეზიდენტის რა ვთქვი, პრემიერ-მინისტრობაზე რომ არ ოცნებობდეს...
    მიუხედავად იმისა, რომ თერმოდინამიკის მეორე კანონით - ყველა პროცესი მიდის გაწონასწორებისკენ, არის პროცესები რომლებსაც ჩიხში ან გაურკვევლობაში ყოფნა ურჩევნიათ.
    ჟურნალისტური ქარტიის მეთერმეტე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.
    თუმცა, ეკა კვესიტაძეს არც პრინციპის სჯერა, არც ფაქტების დამახინჯებას აღიარებს, არც ქარტიის გადაწყვეტილებები აინტერესებს და, საერთოდ, ვის უბედავთ თქვენ კითხვების დასმას? იყო დრო, როცა ყველა მნიშვნელოვან კითხვას ამ ქვეყანაში მისი დრუნჩა თანამეცხედრე აჟღერებდა და პასუხობდა.
    ამიტომ, არაა თქვენი და არც ჩვენი საქმე - საიდან დაადგინა „ის ხეები უნიკალური იყო თუ არა?“ კვესო კილაძე კი არაა, თავისი წყაროები და ლაბორატორიული სინჯარები ბაზრობაზე გამოფინოს!?.
     
    პანთეონის ოლიები ისევ მძვინვარებდნენ.. 1700 -მა კვადრატულმა მეტრმა მახათას მთაზე, ვერა და ვერ მოხიბლა ქართული საბჭოთა ინტელიგენცია. ჭეშმარიტი საზოგადო მოღვაწენი „სამშობლოს მიწას“ ცხვირსახოცში გამოკრულს დაატარებდნენ გულის ჯიბით და სადღაც გადაკარგულში, ცხრა მთას იქით, ერთი მუჭის მოყრა ჰყოფნიდათ სულის ცხონებად. ესენი აქ გაჯეჯილებულნი ნაძალადევის მიწას იწუნებენ, მაინც და მაინც დიდუბისა გვინდაო?!
    ფუჩეჩი-ფუჩეჩი კიარადა, ნახერხი! ნახერხი!
    „ტიალო დარიალამ“ მოგჭამათ ჭირი, ბორანმა უფრო ადრე. 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციამ, როგორც ამბობენ, საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური - „დარიალი ჰესი" მოიტანა. ამასობაში, საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე ქართულმა მხარემ Tesla-სთან პირველადი კომუნიკაცია დაამყარა. ვაიდა, ამ ყველაფერს კარგი პირი უჩანდეს და ვისაც არ გაუხარდეს!..
    გამოგიტყდებით და, 10 წლისაც კი არ ვოცნებობდი ასე განძის პოვნაზე, როგორც ახლა. ბოლო დროს კიდევ ხეებზე მუშტრის თვალით ცქერა დამჩემდა.
     
    მეგობარმა შემომჩივლა - მიტევების კვირაში ბანკში რომ დავრეკე, კრედიტი კი არ მომოტევესო!?. ისიც საკუთარი გამოცდილებიდან დავასკვენი - რაც უფრო ჩუმად ყვირი, მით უფრო ყურადღებით გისმენენ.
    ახლა რომ ჩვენს ქალაქში კარაულზე ამხედრებულმა იესომ ჩამოიაროს, ნეტავ თუ ვიცნობთ?
    ყავამშვიდობისა !
    კატო ჩულაშვილი
  4. katya
    ანუ სანთლით ნაპოვნ კადრთა ღაღადი
    ყურშიტაანთ ეკას რეიტინგს ვინ გადაფარავდა თუ არა ის!? -„ჭარბ-მუხტიანი“ და „ჭარბ-ნდობიანი“, როგორც თავად მოგვახსენა...
    ფაქტია - გადაფარა. თვით და სრულიად ქართული სოცქსელიც კი მიყუჩდა სანამ ლაპარაკობდა.
    თუ ქვეყანა არ დაიქცა და მეორედ მოსვლა არ იქნა, მეორედ პოლიტიკაში რა მომიყვანსო?!
    მართალია ისე! რა უნდა მაგისთანას, ამოდენა უძრავ-მოძრავი ქონების პატრონს პოლიტიკაში?
    წადი რა - გადაიდე ფეხი ფეხზე და დატკბი ამ ცხოვრებით. რას აგინებინებ ამოდენა „რჩეულ საზოგადოებას“ თავს? მოცლილი რომ იქნება კაცი!..
    ზოგს რომ ჰკითხო, მეორედ კი არა, ან პირველად რას მოდიოდა?! აწყობთ ახლა მაგის რეიტინგი „ქართული პოლიტიკის კიტებს ?“ დაედო პაჩკა-პაჩკა დოლარები - ჰა თქვენ ბიჭებოო და გამდგარიყო განზე. მიხედავდნენ ესენი საქმეს. ჯერ არ მიუხედავთ, ჯერ არ შეუჭამიათ თუ ჯერ არ „დამტყდარან“ ეგრე ზოგიერთები?
    მაგრამ, მიხვდნენ, რომ ეს ის ტიპი აღარაა, ვინც ვიღაცეებს კიდევ ენდობა და, ამიტომაც, 3 წლის წინ, კარგად შესციცინებ-შეჰყიჟინებდნენ შორიდან თუ ახლოდან - არიქა გვიშველე, შენი თვალების, შენი გულის, შენი ფულის და გავლენის ჭირიმეო!? ეჰ! კარგია „ადგილი მზის ქვეშ!“
    ახლა გამოეწყვნენ რეზინის ჩექმებში და მოუტრიალდნენ. მარტო - შენი ასე!.. შენი ისე!.. და შენი ფული და გავლენა ჩვენო!?
    ჯერ ეგრეც არ ბნელა... თუმცა, არც ისე ბნელა, რაც გუშინ „იმან“ რაღაც-რაღაცეებზე რაღაც-რაღაცეები თქვა. მაინც და მაინც არ გამკვირვებია - მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო!
    ძნელი დასაჯერებელია ასეთებისთვის თუ ვინმეს გუშინდელი 1 პურის ნაცვლად დღეს ნახევარი მოსდის, ზოგს კი იმ ნახევრის ფული არც გუშინ ჰქონდა და არც დღეს აქვს.
    მთავრობა ეფექტურიაო! ეგეც გასაგებია - წინა რიგში „ყველაზე ეფექტურები“ დგანან და ეგეც ხომ ადამიანური სისუსტეა - რაც გინდა დაიჯერო, - იმას იჯერებ... ეგრეა კაცის ბუნება მოწყობილი და ჰა...
    ისიც ტყუილი თქვა - კარგი ხელისუფლების მთავარი ბერკეტი საზოგადოებააო? მაგაში მაინც ვერავინ შეედავება. რა? ჩვენ არ ვიცით რომ ეგრეა? ხელისუფლება რომ დაქირავებული და საზოგადოების მოჯამაგირეა, ეგ ნორმალურ ქვეყნებში დიდი ხანია იციან, ჩვენთვისაა არაორგანული და მოულოდნელი. არადა, რომ გვკითხოს კაცმა - დემოკრატია გვინდა. ხოდა, ჰა შენ ეგ რაღაც დემო - კრატია! თუ თვლი, რომ დემოსი ხარ, აიღე და „კრატე“! ჩვენ არ ვუხდით ხელისუფლებას ჩვენი გარღვეული ჯიბეებიდან? ჩვენ არ ვართ დამკვეთები თუ ჩვენი მოთხოვნების შეასრულება არ ევალებათ? რა ბაზაც იყო, ეს ხელისუფლებაც იქიდან შეირჩა - საკანონმდებლოც და აღმასრულებელიც. აბა ბიძინა ამდენ ხალხს თავიდან ხომ არ დაჩეკავდა? რაც შეაჩეჩეს - ის მივიღეთ. აი ვინც შეაჩეჩა, ეგენი კიდევ სხვა და რთული თემაა.. ჰოდა, „შემჩეჩებელ“- „შემოჩეჩებულებისა“ იყოს!
    არადა, რას დაგვხატავდა ერთი კარგი ხელისუფლება!.. მაგრამ..
    დედა, ეს როგორ თქვაო! ეს რა იკადრაო! როგორ გვაბოლებსო!
    ნუ დაბოლდებით თქვენც.
    „ვინუჟძენში“ იყო კაცი და თქვა, რომ მთავრობა ეფექტურიაო? აბა რა უნდა ეთქვა - წინა მთავრობა ჯობდაო? და მერე ყურშიტაანთ ეკას „ხმის გავრცელების ძალა?“ მეტი კი არ უნდათ „ეკებს“ და მაგათი ტალანტით მოვაჭრეებს... რა თქმა უნდა, „ეფექტურის“ წინ სიტყვა „მეტ-ნაკლებად“ რომ ჩაემატებინა „იმას“, უფრო უპრიანი იქნებოდა, რამეთუ „კრიტიკა“ უყვარს ხალხს... მაგრამ, გამოცდილებს, მითუმეტეს, მწარედგამოცდილებს, ესმით, რომ, უდროო დროს, თუნდაც ჯანსაღი კრიტიკა, პუბლიკაზე კი ჭრის, მაგრამ პრაქტიკაში არაეფექტურია, ზოგჯერ დამღუპველიც. ხოდა, ახლა მთლად გულახდილობა და ხელისუფლების გინება არ გამოდიოდა რა... შედით კაცის მდგომარეობაში....
    ხალხს ისიც ძალიან უყვარს, როცა მის წილ პასუხისმგებლობას სხვა იღებს, მერე ის სხვა ილანძღება და ბოდიშებსაც ის იხდის. რატომაც არა? დიდი ამბავი! აბა რას დაგვპირდა - ყველაფერი კარგად იქნებაო?! თუ ის რაღაც ჯადოსნური ჯოხი არ ჰქონდა, სად ეკვეხებოდაო?
    ისე, რა მიკვირს კაცო? იმ მთავრობაში ჩვენისთანა ქართველები არ არიან? მართალია ჩვენზე ამბიციურები და თვითდაჯერებულები - რახან მთავრობაში ყოფნის სურვილი აქვთ, მაგრამ, „წინა ცხოვრებაში“ ჩვენისთანა მოქალაქეები არ იყვნენ - თითო საარჩევნო ხმით? მერე რა დაემართებოდათ? მითუმეტეს, იმათ, ვინც ვერც იქამდე ხვდებოდა, რომ თანამდებობა, მითუმეტეს სახელმწიფო სამსახური, მოვალეობაა პირველ რიგში და არა გარანტირებული ხელფასისა და პრემიებ-დანამატების ჩაქაფული. მალე ბატკნის ჩაქაფულის დროც მოვა. გამოჩნდებიან ბატკნები მამა აბრამისა და ვაცებიც განტევებისა. ახალი ტყემალი უხდება მაგ ამბავს!..
    და თუ მთავრობა იცვლება, რატომაა ეს კრიზისი? მთავრობა იმისაა, რომ საქმე აკეთოს, რახან გვეუბნება - თქვენზე მეტი ვიცი და შემიძლიაო. არ გააკეთებს - უნდა წავიდეს, აბა რა უნდა ქნას? აღარც ვუსაყვედუროთ, მამაძაღლი?! შეიძლება ვინმეს 9 და 25 წლიანი „სტაბილურობა“ ურჩევნია. ვისაც ეგ ურჩევნია კი აკეთებს თავის წილ საკეთებელს. ბოღმის ქოთანში კაი ამოზელილ ტვინს რა სჯობს? მარილი გემოვნებით, ოღონდ! თუ გადაამლაშებს, მით უარესი მისთვის - ნატრიუმის ქლორიდი ხომ თეთრი სიკვდილია...
    რომ დაუკვირდე, რა პრაქტიკული და სასარგებლო რამაა უმადურობა ჩვენს დროში... თვალს და ხელს შუა დასახლდა და დასაქმდა ხალხი და აბა ერთი გაუბედე და უკან მოახედე!
    არ ვარ მე ის კაციო არ უთქვამს. პირიქით. ის ვარ მეო და ახლა იქ ვარ, სადაც უნდა ვიყოო.
    ჭარბი მუხტისა, ჭარბი ნდობისაო, ხოდა, კი იყო გასუსული ერთნაირად, სანამ ის ეთერში პასუხობდა, სრულიად საგინებლეთი და მაგინებლეთი, გაქსუებულნი და გაჭირვებულნი. ფაქტია - ყველა თავის გასაგონს ელოდა.
    მაინც ვერ ვიჯერებთ, რომ ისიც ჩვენისთანა მოქალაქეა. როგორ გინდა დაიჯერო?
    ახლა სხვა მისია მაქვსო - დამკვირვებელ-მამხილებლისაო. ანუ, ჩვენც, დანარჩენ მოქალაქეებსაც ეგ მისია გვაქვს, თუ ვიკისრებთ.
    მაგრამ იმ სამი „ადამიანი-ენჯეო“-ს ჩაღრმავებული კვლევის ნაცვლად (მაგათ აწი მაინც არაფერი ეშველებათ და თვითგამოაშკარავებას მშვენივრად ახერხებენ), ისევ ამ ქვეყნის რეალური პოტენციალის კვლევა არ ჯობდა? ან ის 200 სერია „ საშინელებათა ფილმი“ – „შეხვედრა წარსულთან 2“ რა მიზანს ემსახურება, რისი თვალსაჩინოებაა? შენ არ ამბობ, ყველა დაბანდებამ სარგებელი უნდა მოიტანოსო? მერე სადაა ხალხის ხელახლა ნერვების აწეწვაში სარგებელი? მგელზე და ბუაზე ბევრს და ხშირად ის ლაპარაკობს, - ვისაც ეშინია და ხალხს რომ ეგ შიში 3 წლის წინ არ დაეძლია, ვერც იმ ომში გამოგყვებოდა.
    ხოდა, ვინც ეგ პროექტი შემოგთავაზა, მოგაწონა და დაგაფინანსებინა, დაგვიჯერე, ბიძინავ-ჩვენო! - ისაა ზუსტად შიშზე გამოსალოცი და მაგ იდეის ავტორს წარსულში ბოდიალი და ერთი ადგილის ტკეპვნა ურჩევნია, იმიტომ რომ მასე უფრო მეტი სარგებელი აქვს, იმიტომ, რომ მომავალში თავის თავს ვერ ხედავს, აწმყოთი კი იმ თავის მომავალს იწყობს.
    აი მოქმედი მთავრობის მონიტორინგი კი მართლა საქმეა. მაგაში ღირს ფულის ხარჯვაც და ენერგიისაც. რაც იმ 200 სერიის მომზადებაში ფული უნდა გადაუხადო ვიღაც ავანტიურისტს, ეგ ფული ეკონომიკის ექსპერტებს გადაუხადე, განვითარების გეგმა დადონ, თვითონ არა თქვი - მთავარია ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გვინდაო? მერე გგონია, კვირიკაშვილმა ეგ იცის? თუ იმ რაღაც ექსპორტის წახალისების სპეციალური ინსტიტუტის იმედი აქვს?
    ბოლო-ბოლო, თუ ის ფული მაინც უნდა დაიხარჯოს, ერთი თავშესაფარი ააშენე თბილისელი ქვრივ-ობლებისთვისა და უპოვრებისთვის. მადლიანი საქმეა...
    რაც არ უნდა იძახო - მოქალაქე ვარო, მაინც არავინ დაგიჯერებს. შენი სიტყვა მთავარი მესიჯია შენგან ვიზადადებული „სასტავისთვის“. ა ბატონო თქვი, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული ხდებაო და ეგრევე აიტაცა პრემიერმა. თუ არაფერი ხდებოდა, რას იბარებდით იმ კრიმინალური წარსულის ქადაგიძეს დახურულში? თუ ხადური დაქაჩული სახის გამომეტყველებით, ე მანდ არ გამეცინოს, რეებსა ვროშამო, ლარის კარგადყოფნას რომ გაახმოვანებს, იმ ხალხის კრედიტებს ეშველებათ ხელფასი რომ ლარში აქვთ და კრედიტი - დოლარში?
    ეგრე არ შეიძლება კაცო! რაც მოხვედით სულ იმას გაიძახით - ამან ის ჩამიდო, იმან ის ატვირთა, ის თურმე იმისი ყოფილა, ამას იმის ის მართებს... კი მაგრამ, რომ მოდიოდით ამ თანამდებობებზე, კენჭი რომ ყარეთ და ქოშიც მიაყოლეთ, არ იცოდით სად მიდიოდით? თუ „თუ არაფერი გამოვა მერე რა“?
    მერე რაც ხდება ყველამ იცის 2012-დან. იმ ხალხს კი-ს თქმაც შეუძლია და არა-სიც...
    ხოდა, ჰეი მანდ, ჩვენო დაქირავებულო ხელისუფალნო, პარლამენტსა და კანცელარიასა შინა! გამოტყდით და უთხარით იმ მოქალაქეს, რომ ზოგჯერ პრიორიტეტების გამორჩევა გიჭირით, ვერც ისე კარგ კანონებს წერთ და მერე ამ კანონებს უფრო უარესად აღასრულებთ, უთხარით, რომ ლარის ამჩატებამ ზემოთ თუ არა, საზოგადოების ქვედა იარუსზე ძალიანაც იმოქმედა, რომ წამლები და პროდუქტი გაძვირდა, რომ , რომ, რომ...
    რა, არ იყავით გასულ კვირას „დაშოკილები“, „შავ დღეში“ და, არ აღიარეთ, რომ დაგაგვიანდათ! შემუნდირებული ფირცხალავა მშრალი მოთქმით დასტიროდა გარდაცვლილი პოლიციელების „გვამებს“ და სინდისის ნატამალს შუბლზე ეპოლეტებით იწმენდდა.
    მაგ ამბის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა. ამ წინადადებაში „საკუთარი ნება“ აშკარად ზედმეტია, ჯერ ერთი იმიტომ და მეორე- ამიტომ. ანუ საკუთარი ნებით გადააყენეს, ანუ გადადგეს!
    პოლიციაში, სასამართლოში და პროკურატურაში რომ ნაცს ტოვებ, იმ არგუმენტით - პოლიტიკური ნიშნით გაშვებას დაგვაბრალებენო, თანაც სხვა კადრი არ მყავსო, ეს 2 წელი რას მიკეთებდით, ცოტა დრო იყო ახალი კადრის მოსამზადებლად და ჩასანაცვლებლად? თან გაჰყვირით, სისტემა იყოო, თან იმ სისტემის მთავარ კაპილარებს ბამბაში ინახავთ. თავში ფეხი ხომ არ გაქვთ მართლა - როგორც ჩემს ბავშვობაში ვამბობდით..
    ვითომ ასე ბნელა?
    აბა სანთელი და ნათელიო?
    იმდენად შეშინებული და ორიენტირებულია ხალხი ცუდის მოლოდინზე, კარგი რომ კეთდება იმისიც აღარ სჯერა და ეჭვით კითხულობენ - ნეტა სად გვატყუებენო?
    პრემიერი რომ გამოვა და წლის დასაწყისში იმას გამოუცხადებს თავის ხალხს - ეს წელი მაინც და მაინც დალხენილი არ იქნებაო, მერე როგორ გინდა ხალხი საქმის კეთების იშტაზე მოვიდეს? ღარიბას, როგორც ჩანს, მარტო ნათესავებში და კადრებში არ ეშლება, ან მრჩევლები და სპიჩმეიქერები ჰყავს ნამეტანი ღრმადმოაზროვნე და ჩვენ ვერ ვხვდებით.
    რა გაგანათებთ, სანამ არ განათლდებით და როგორ განათლდებით, თუ მასწავლებლისთვის სახრის და წკეპლის დიდი პარტიის შემოტანით ხართ დაკავებული?
    აი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ხომ მაინცაა წარმატებულიო!? აეკიდეთ ახლა მთელი მთავრობა იმ ერთ წარმატებულ სერგეენკოს! კი ბატონო! რაც სოციალურ მხარეს ეხება და აუმჯობესებს, ყველაფერი წარმატებულია, ვინ ოხერი გაგიწევთ ოპონირებას?
    ცე ჰეპატიტი „დავასტოპეთ“ სახალხოდ და ერთხმად და ძალიან კარგი, ადამიანებს ექიმთან მისვლის აღარ ეშინიათ, აღარც სცხვენიათ, მაგრამ, ამ სიკარგეების მიღმა იმდენი არაუმნიშვნელო დეტალი რჩება... იმ წვრილმანების წერტილოვანი დარტყმებით ადამიანები დანაღმულ მინდვრებს ემსგავსებიან. ის კეთილშობილი ექიმი რომ დიაგნოზს დასვამს, მკურნალობას დაუნიშნავს და წამალს გამოუწერს გაჭირვებულ, მაგრამ მაინც მადლიერ პენსიონერს, რა ქნას, მამა-სისხლად შეფასებული წამალი რითი იყიდოს? მერე პური რიღათი სჭამოს, მამაძაღლი? გამოვა მერე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვინმე ვალერი, გვარად კვარაცხელია და იტყვის, თუ კატასტროფულად გაიზრდება წამლების ფასი, იმ შემთხვევაში მივიღებთ ზომებსო! კითხოს ერთი ვინმემ მაგ პატივცემულს, კატასტროფა რომელია? მკვდარი რომ აფთიაქში ვეღარ მივა და წამლები ჩაწვება?
    მედიკამენტები მხოლოდ 10%-ით გაძვირდა ჯერო და თუ მოეხსენება ის ამბავი, რომ წამლების ფული დღეს საქართველოში მარტო 10%-ს აქვს? ცოტა დაუფიქრდეს რას ამბობს და ნუ ჩაუყრის წყალში თავის წარმატებულ მინისტრს ამდენ შრომას.
    ის მოქალაქეები, რომლებიც დღეში 3000 კილოკალორიაზე მეტს მიიღებენ, აუცილებლად იქნებიან აღრიცხვაზე აყვანილი ზენორმირებულ მოქალაქეთა სიაში ხადურის მიერ. თქვა მაგან, რომ 150+10 არის შანსი არსობისა და მორჩა! დანარჩენზე, უკაცრავად, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრით არ მსურს, დაგეხმაროთო... ეგრეა რა - ყველაზე ხმამაღლა ქამრების შემოჭერაზე ის ყვირის, ვისაც ქამარი წელზე კი არა, წელის სავარაუდო ადგილას აღარ წვდება. აბა ჩვენ, ისიც გვეყოფა, რომ საარსებო მინიმუმით გამორჩეულ 15 ქვეყანას შორის, მეცამეტე საპატიო ადგილზე ვართ, ფილიპინების და მაროკოს წინ.
    პენსიის რიგში მოსმენილ პროგნოზსაც მოგიყვებით ბარემ: სექტემბრიდან 10 ლარს იმიტომ გვიმატებენ, რომ იქამდე კაი გვარიანად ამოვწყდებით პენსიონრები და ნაკლები ექნებათ გასაცემიო. ვინც გადავრჩებით, ისეთ წონაზე ჩამოვალთ, სულ სირბილით გაგვარბენინებენ სასაფლაოზე, თან 4-ის მაგივრად 2 სახელური დაგვჭირდებაო. რაიონულ გამგეობებს ფინანსებიც აქვთ მაგ საქმისთვის გამოყოფილი და ტენდერებიც ცხადდება ორსახელურიან კუბოებზე, მაშ!..
    რა თქმა უნდა, ყველაზე უიმედო სიტუაცია მაშინაა, როცა კუბოში წევხარ და სახურავზე მიწის მოყრის ხმა გესმის. დანარჩენ შემთხვევაში, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია...
    ჰოდა, ჩვენო მოქალაქევ! ნამეტანსაც ნუ იზავ, თორემ, მასე, კარგ ადვოკატს, სასამართლოში მკვლელობის გამართლებაც შეუძლია. შენც კარგად იცი - ვინც ბოლოს და ბოლოს დროის ფასს მიხვდა, მას არასოდეს კარგავს, ხოდა, როგორც მოქალაქემ, მაგ ჩვენს ხელისუფლებას, პირველ რიგში დროის ფასი ასწავლე!
    თორემ, გუშინდელს აქეთ საქართველოში ხალხი დილის ლოცვაზე უკვე იმას ივედრება - ღმერთო, ისე გვამყოფე, როგორც ბიძინას ჰგონია, რომ ვართო!
    სხვა რა გითხრათ? გასულ კვირას სიმშვიდის და დონატების დეფიციტი იყო ქვეყანაში...
    ყავამშვიდობისა, მოქალაქენო!
    კატო ჩულაშვილი
  5. katya
    დღეს შევცდი და " გამომძიებელ-რეპორტიორს" ვუყურე - ნაციონალური რეჟიმის პერიოდში ციხეებში არსებულ სიტუაციაზე, პატიმრების მიმართ ძალადობაზე და უკანონო მოპყრობაზე.
    "წინა ცხოვრების" ერთ-ერთი შავ-ბნელი თემა და მტკივნეული.
    დავმძიმდი გვარიანად. დიდხანს ვაწვალე "თაგვიც," კლავიატურაც. ვცდილობდი, რამე სხვაზე მეფიქრა, მაგრამ, შიში ოხერია! აგიყვანს და მორჩა! მითუმეტეს, ბავშვობიდან შემოჩენილი შიში - მაშინდელი შთაბეჭდილებები და შეგრძნებები, რატომღაც, ნაკლებად ხუნდება. ბოლომდე მოგყვება ფობიების, სისუსტეების ფორმით და სახით.
    რაღა დაგიმალოთ და, ბავშვობიდან საშინლად მეშინია ციხის. რა თქმა უნდა, ეს იმ ასაკში არასოდეს გამიმხელია. შესაბამისად, არც ბიძია პოლიციელებით მაშინებდნენ, როცა ცუდად კი არა, ძალიან ცუდადაც ვიქცეოდი. ეკრანზე გამოჩენილ ციხის კადრებზეც კი ყოველთვის მქონდა გაუცნობიერებელი რეაქცია. ასევე გაუცნობიერებელი იყო ნეგატიური დამოკიდებულება ნებისმიერი სამართალდამცავის მიმართ. არასოდეს არაფერი დაუშავებიათ, არანაირი შეხება არ მქონია, ღვთის მადლით, მაგრამ, რატომღაც ვერჩოდი და ჰა! .. ჰო, კიდევ ერთი - ალბათ, იმ ღრმა ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან მოდის დახურული სივრცის დაუძლეველი შიშიც.
    გაგეცინებათ, მაგრამ, ჩემი გადარეული სოფიო ხორგუანი რომ უფლებათა დამცველის ოფისის ამბებს იხსენებს - როგორ შედიოდა პატიმრებთან, როგორ ეკონტაქტებოდა, მე სისხლი მეყინება და ვაჩუმებ. იცის ჩემი ამბავი და ჩემთან აღარ ყვება.
    სამაგიეროდ, მე მოვყვები ამბავს იმ შიშზე, 4 წლიდან რომ მომყვება. მოხდა ისე, რომ მამაჩემის უმცროსი ძმა დაიჭირეს, 24 წლის, უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი, ახლადმოყვანილი ორსული ცოლით. პრაქტიკაზე იყო მივლინებული სიღნაღის რაიონში რომელიღაც რესტორნის რევიზიაზე.
    ჯგუფის ხელმძღვანელმა, უკვე "ღვაწლმოსილმა რევიზორმა", იქაური რესტორნის დირექტორისგან კაი გვარიანი ქრთამი აიღო და 50-50 მანეთი პრაქტიკანტებსაც გაუნაწილა, - ეს თქვენი შრომის საფასურია, დაისვენეთ ბიჭებოო! ამ ტუტუცმა ბიჭებმაც, რა თქმა უნდა, აიღეს. მაშინ რევიზორობისთვის ფულს იხდიდნენ, კაი "ფულის სტანოკი" პროფესია გახლდათ. იმ რესტორნის დირექტორს კი, თურმე, უჯრაში დანომრილი ფული ჰქონია. დაიჭირეს ყველა. მთავარი ფულის ამღები 2 წლიანზე გაუშვეს, ასაკშია, ღვაწლმოსილია და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელსო. "მოსწავლეებს" კიდევ -გალიის 8 წელი აჩუქეს. სამაგალითოდ დასაჯეს, კომკავშირულმა სასამართლომ გაასამართლა. თან პარტიის წევრობის კანდიდატებიო და, მგონი, 2-2 წელი მაგისთვის დაუმატეს.
    ჰო, მაშინ რევიზორობას და კაიფულისმშოვნელ სამსახურს პარტბილეთი განსაკუთრებულად ამშვენებდა მარცხენა გულის ჯიბეში.
    რა არ იჩალიჩა მამაჩემმა, როგორც იქნა, 6 წელიწადში გამოიყვანა, მაგრამ ფსიქიურად აბსოლუტურად მორყეული, მას შემდეგ მუშაობა ვერ შეძლო ვერსად, სულ იმის ეშინოდა, რაღაც შემეშლება და ისევ დამიჭერენო. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს ის სასამართლო, გულწასული ბებიაჩემი, განახევრებული პაპაჩემი. სიღნაღის რაიონში ცნობილი გინეკოლოგის და პედაგოგის ოჯახი ამხელა შოკი და სირცხვილი - შვილი ქრთამზე დაუჭირეს! მაშინ მამაჩემის და დედაჩემის კარიერასაც პრობლემა შეექმნა, - ნასამართლევი ოჯახის წევრი საპასუხისმგებლო პოსტებზე სერიოზული მუხრუჭის ფუნქციას ასრულებდა. ეს ამბები და პირველი შოკი როგორღაც გამოვიარეთ.
    მერე იყო "ნახვის" და "პერედაჩის" დღეები. თვეში ერთხელ თბილისი-რუსთავის გზა, კოლონიის უზარმაზარი ღობე. ალბათ მაშინ განსაკუთრებულად დიდად მეჩვენებოდა. ამ ღობეზე მავთულხლართების გასწვრივ მოსიარულე თოფიანი კაცები. რკინის კარებების ჯახუნზე და ღრჭიალზე კიკინები ყალყზე მედგა.
    ციხეში ყოველთვის იყო კორუფციის შესაბამისი გარემო. აკრძალულის შეტანაც შეიძლებოდა, გათვალისწინებულზე მეტი წონის "პერედაჩისაც," უკეთეს კამერაში გადაყვანა ცალკე "სტავკა" იყო. ამას მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ მერე ხომ გავიზარდეთ და ახლა ყველამ კარგად ვიცით, რა და როგორ ხდებოდა?
    ახლა კი იმაზე - რამ შემაშინა კონკრეტულად?
    ერთ რიგით ნახვის დღეს, რუსთავის კოლონიის მისაღებ დარბაზში განსაკუთრებულად გამკაცრებული რეჟიმი დაგვხვდა. არსად ჩანდნენ ნაცნობი ბადრაგები, მოსაკითხის ნახევარი უკან მოგვაყარეს. ფულის ზონაზე შეტანის ალბათობა ხომ საერთოდ ნულს ქვემოთ იყო. არადა, უნდა შეგვეტანა. ჰოდა, ძმისთვის თავდადებულმა მამაჩემმა, წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, იცოდა, რომ ბავშვებს არ ჩხრეკდნენ, ადგა და წითელი თუმნიანების "პაჩკა" ჩემს ქუჩქუჩა "კრუჟევა-ჟაბო" საცვალში გადამალა. თან გამაფრთხილა, უნდა გაუძლოო, ხელი არ მოიკიდო, არ შეიმჩნიო, რომ რამეს ინახავ, თორემ ყველას დაგვიჭერენო. მეც ვიდექი თავდახრილი, უხერხულობისგან შეღონებული, ძროხასავით დამრგვალებული თვალებით და მორჩილად ვუქნევდი კიკინებიან თავს.
    როგორც იქნა, რიგმა მოგვიწია. გაჩხაკუნდა პაწაწუნა სარკმლიანი კარი, მამაჩემს ხელში ვეჭირე. ბადრაგმა შესვლისთანავე გააპროტესტა, რას დაათრევთ ამ ბავშვებს, არ გეცოდებათ მაინცო? არადა კი არ დამათრევდნენ, ჩვენი ოჯახის პატიმრის კატეგორიული მოთხოვნა იყო - "ჩემი ვიკა სირაძის" გარეშე არ მოხვიდეთო!
    განვმარტავ აქვე - ბიძაჩემი იმ დროს ცკ-ს ერთ-ერთი პოპულარული მუშაკი ქალბატონის სახელს მიძახდა, ალბათ იმიტომ, რომ ასაკთან შედარებით საკმაოდ გატლეკილი ვიყავი, მასზე უკეთ ვქაქანებდი რუსულადაც და ინგლისურადაც (ჰმ, მაშინ ინგლისურიც კი ვიცოდი ასაკის დონეზე. საკავშირო დაქვემდებარების საწარმოს საბავშვო ბაღი კიდევ რუსულენოვანი იყო. დილის 8 საათზე რომ მიმაჩიქჩიქებდა დედაჩემი და მებაღე ძიაძია ვანიას ჩამაბარებდა, საღამოს ჩემს სახლში წაყვანაზე პასუხისმგებელი მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ღმერთმა აცხონოს ჩემი ზინკა და შურკა! ბებიები არასოდეს მტოვებდნენ "ძეტკას" "გაჭირვებაში". ;) ) მოკლედ, იმ ბრაზიან პატრულს მრისხანე მზერით "გავუიასნე," რომ ჩემი "ვიზიტი" ოფიციალურ დონეზე იყო შეთანხმებული.
    კუთხეში დამსვეს რადიატორთან, ვიდრე უფროსებს და "პერედაჩს" ჩხრეკდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო ჩემი ოჯახის წევრების და უცხო ნახევრადშიშველი ხალხის ყურება და ჯაჯღანის მოსმენა. ის ოთახი დავძლიეთ. შემდეგ იყო დერეფანი, გრძელი, სამმაგი ბადით, ვიწრო და ჭერზე თოფიანი კაცები დასეირნობდნენ. კიდევ ერთი ოთახი, საიდანაც პატიმრების მოსაცდელში გავდიოდით. ჰოდა, სწორედ იმ გასასვლელთან მამაჩემს ჩემი თავი ბადრაგმა ჩამოართვა და
    ვაი! იმ ჩემს გადამალულ "კონტრაბანდაზე" ხელი მოუხვდა.
    მახსოვს ჩემი ყვირილი, ბებიაჩემის თვალები და მამაჩემის ცივი ოფლი სახეზე. ასე მეგონა, უცებ დაღამდა. იმ ბადრაგის სახელიც მახსოვს - ვაჟა! რა ხდება მანდო?- მეორე ულვაშებიანმა რომ დაუყვირა.
    წამების დუმილი სამარიდან.
    მე გადავწყვიტე, რომ გარეთ არასოდეს გამიშვებდნენ და მოვრთე ღრიალი. ჩვენს ირგვლივ ბადრაგების წრე შევიწროვდა. ვაჟამ გადამარჩინა - დამსვა, ჩაიკუზა და ხმამაღლა მითხრა ღიმილით - მაპატიე, ცუნცულა გოგო, ხელი რომ გატკინეო. მერე იმ ვაჟას ქოქოლა დააყარეს - რა ვირი ხარო! დროზე მოიყვანე ცოლი, ბავშვის ხელში ჭერა რომ ისწავლოო... მერე აღარაფერი აღარ მახსოვს, - როგორ შევედით იქამდე, სადაც მივდიოდით.
    მაშინ ისეთი შიში ვჭამე, ციხიდან სახლში დაბრუნებული ბიძაჩემიც კი აღარ მიყვარდა ისე, როგორც ადრე.
    რა ვქნა, შემეშინდა და დღემდე გამომყვა.
    მეორედ ეს შიში რამდენიმე წლის წინ განმიახლდა. ძალიან ახლობელ ოჯახში ვიყავი მიწვეული. ამ ოჯახის წევრი, რომელსაც წლების მანძილზე ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, რომ ეს ჩემი ასაკის კაცი, ოდესღაც ორთაჭალის ციხეში მუშაობდა. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, "შემოვარდებამდე" გამოუშვეს სამსახურიდან ზონაზე წამლის შეტანის გამო. იქამდე ამ ბიჭის ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა - ჩემი შიშის ასაკის გოგონა ვიღაც ფსიქოპატის მსხვერპლი გახდა. ამის გამო, რა თქმა უნდა მიჭირდა ამ ადამიანთან ნებისმიერ თემაზე საუბარი, თუმცა თავად არანაირ უხერხულობას არ გრძნობდა, პირიქით, იყო გადაჭარბებულად აქტიური და მხიარული.
    მისი ასეთი ემოციურობა ტრაგედიის მომდევნო შოკურ ფსიქოზს მივაწერე. ამ ფსიქოზს მშვიდად უყურებდა მისი ორსული მეუღლე. ამან სულ დამაგდო. საუბარში გაირკა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ლედი- კალმახელიძის დანიშვნის შემდეგ, ამ სისტემიდან, თავის დროზე, სერიოზული დარღვევით გამოშვებული ტიპი, სამსახურში მიიღეს, იმავე ციხეში, გლდანის მე-8 იზოლატორში. რას ნიშნავდა იმ პერიოდში მე-8-ში მუშაობა, ყველამ კარგად ვიცით. როგორც თავად ამბობდა, 10 კაცის უფროსი ვარო. პატიმრებთან პირდაპირ კონტაქტში იყო და ამაყობდა კიდეც დასჯის თავისი "საავტორო მეთოდით". რაც მთავარია, ამას ყვებოდა ყოველგვარი უხერხულობის გარეშე - როგორ აღარ იღლიდა ხელს და პატიმრებს თავში როგორ ურტყამდა მძიმე საქაღალდეების დასტას, როგორ ვარდებოდნენ იატაკზე და მერე უკვე ჯერი მის დაქვემდებარებაში მყოფ ბადრაგებზე იყო. ჰიჩკოკის სტილში ფანტაზიებს აშკარად არ უჩიოდა. განსაკუთრებით "ბაცანა-კრიმინალებზე" ხალისობდა, ანუ ახალგაზრდებზე.
    მაშინ კიდევ ერთხელ დავაფიცე უფალს, - ნურასოდეს მიმიყვანდა იმ რკინის ალაყაფამდე.
    უფალი კეთილია და სამართლიანი! მერე რა, რომ იმ ურემს ზოგჯერ თვალი შარაზე გამოძვრება და იგვიანებს... მაინც მიდის დანიშნულების ადგილამდე, მიდის, აუცილებლად...
    მოხდა ისე, რომ იმ ოჯახში სტუმრობიდან ერთ წელიწადში იმ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოფიციალური ვერსია ასეთია. ჭეშმარიტება კიდევ ძალიან მაღლაა, ჩვენისთანა ახლომხედველებისთვის.
    ამხელა ამბავი ტელევიზიით ნანახი კადრების გამო მოვყევი. შორიდან მოსმენილი და ნანახი ასე გვანგრევს და იმ ოჯახებს, ვინც ეს ყველაფერი გამოიარა, ძნელია, თვალებში უყურო და მოთმინებისკენ მოუწოდო.
    არადა, როგორ დაატარებს ეს დალოცვილი მდინარე აღმა-დაღმა ცოცხალ და მკვდარ გვამებს...
     
    კატო ჩულაშვილი
  6. katya
    აშკარად "ნელიოტნაია პაგოდა".. არადა დიდ ავიაციაში გვინდა, საიდანაც არც წავსულვართ, უბრალოდ, საუკეთესო საფრენ ბილიკებს და აეროდრომებს ვირჩევთ.
     
    მარტმა გაზაფხულს მთელი პარტიტურა თავზე დაახია.... თმის სარჭები გადაყარა, აშარი დედაკაცივით დალალი გაიშალა და გამოდგა ყეფით შარაზე...
    სადღაც იწვიმა, სადღაც ითოვა, სადღაც იქარა და სადღაც იქალა..
    ფბ-ს ერთი მეზობელი იწერება - სამტრედიაში თოვსო. მეორე - ვერონაში ზაფხულს 5 წუთი უკლია და ყვავილების დღესასწაული გაიხსნაო...ასეა, ქარმა გადაგვფანტა ქართველები ალთას, ბალთას და კიდევ იმის იქით.
     
    ვაცილებთ მარტს - მარტინით ხელში, მარტივი ჭეშმარიტებებით თავში და ენის წვერზე.
    მარტი გიჟია! გიჟი - თავისუფალი... გიჟებს ყველაფერი ეპატიებათ და ამაში დამნაშავე "თავისუფლებაა".
    თავისუფლებას ვერ დაიმსახურებ. ის ან უნდა მოიპოვო, ან უნდა მოგდგამდეს.
     
    ფანჯრის იქით ისე უბერავს, რაღაცის ბოლომდე გადაშლას, გადახვეტას და შორს გადახვეწას რომ ჩაიფიქრებ. კვალი რომ არ გინდა დარჩეს, რაც გუშინდელს გაგახსენებს. მაგრამ და კიდევ კარგი, რომ ტკბილად მოსაგონარიც იმდენიააა..
    ჩემიც, იმისიც, კიდევ იმისიც და გადარეკავს ღრუბლებს ემოციები ქოქოსის და ნუშის არომატით, ზედ დართული ყავის სურნელით...
    მთელი დღე, მერე მთელი ღამე და მერე კიდევ მთელი დღე შეგვიძია ვილაპარაკოთ. არა, ამას ლაპარაკი არ ქვია. ვქაქანებთ, ვქაქანებთ დაუსრულებლად და მერე ვხარხარებთ ისტერიულად, გიჟებივით, ანუ "თავისუფლებს" რომ მოსდგამთ ისე.
    მიყვარს, როცა თვალებს ეშმაკურად მოწკურავს და იწყებს... თხრობისას თმის ფერიც კი ეცვლება, თვალის ჭრილის მოხაზულობაც. თემას გააჩნია. ხან ბაბუაწვერაა, ხან ორქიდეა, ხან კაქტუსი...
    - წარმოგიდგენია, როგორ ავღელდი, რომ ცრემლები მომადგა!?
    მეცინება, ოღონდ შიგნიდან. გარედან მხოლოდ კვერს ვუკრავ. იმიტომ, რომ საკუთარი ცრემლი დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით უქმნის უხერხულობას. არადა თვალები სულ ეცრემლება - სიხარულზეც, ტკივილზეც, მოლოდინზეც.. .
     
    სარვამარტოდ მიმოზის ხეებს გასაფურჩქნად გამზადებულ ყვავილებს ამტვრევდნენო... სოხუმი - მოსკოვის რეისით აგზავნიდნენ და ახსოვს უსირცხვილოდ გატიტვლებული ხეები მომავალ გაზაფხულამდე ალაგ-ალაგ შემორჩენილი სიმწვანის იმედად დარჩენილი. ისიც ასე ცხოვრობს - გაზაფხულიდან-გაზაფხულამდე და ჩემიანია...
    "- ბულგაკოვი მიყვარს...
    - რა ყვავილები ეკავა მარგარიტას, როცა ოსტატს შეხვდა?
    - ყვითელი ყვავილები.
    - რა ერქვა, არ გახსოვს?
    - არ წერია.
    - წერია, ნარცისები.
    - არა, არ წერია… მხოლოდ ყვითელი ყვავილები, სიკვდილის ყვავილები… ალბათ,მიმოზები, ხო, ხო, მიმოზები იქნებოდა…
    - აფხაზეთიდან ჩამოსულები ყველანი უაქცენტოდ საუბრობთ რუსულად. ხუთიანი.გვარი შემახსენეთ. უწყისში არ არის თქვენი გვარი.
    - არ ვიცი, ეხლავე გავარკვევ, სირბილით მოვალ..."
    ჰო, ასე, მთელი ცხოვრება სირბილში, მისვლა-მოსვლაში, ემოციებში...
    .."მეორე სართულზე ამავალ პომპეზურ კიბეებზე ნაფეხურებზე თოვლი პატარა ჭუჭყიან ტბებად დნებოდა. ხელში ჩაბღუჯული თეთრი უზარმაზარი ცხვირსახოცის ნაპირებს ლურჯი ზოლები მიყვებოდა, რომელიც ერთმანეთში გადადიოდა და ოდნავ უფრო მუქ ტოლკუთხედებს ხატავდა. ნეტავ, რა ყვავილები ეკავა მარგარიტას, როცა ოსტატს პირველად შეხვდა?"..
    ახლა თბილისშია. თითქმის ბავშვობიდან თბილისშია. უყვარს, ძალიან უყვარს ეს ქალაქი, მაგრამ მისი ქალაქი მაინც სოხუმია. გაღმა, უხეშადგავლებულ საზღვარს იქით დარჩენილი სოხუმი...
    "დილით, სანამ ყველას სძინავს, მაშინ უნდა გაიპარო ზღვაზე... ფეხაკრეფით უნდა გადაჭრა წინა ეზო, არ მიაქციო ყურადღება ცისფრად გადაბარდნილ ჰორტენზიებს და თეთრი პიონების ჩამოცვენილი ყვავილების ბალახზე გაფენილ სურნელოვან ფურცლებს. ჭიშკართან პალმის მჩხვლეტავ მარაოებს თავი აარიდო, ეს პალმა ირაკლი რომ დაიბადა, მაშინ დარგო დედამ..."
    სოხუმი ენატრება, იქ დარჩენილი ზღვა, სახლი, რომელიც მისი ბავშვობის ლანდებს ინახავს..
    ჰოდა, როცა სოხუმი ენატრება მიდის დედასთან და მას ეხუტება. ეხუტება პატარასავით აცრემლებული და უყვარს..
    ყველა უყვარს: კოლია ბიძიაც, მუშნი ბაბუაც, მეზობლის ავი ძაღლიც... მეზობლის ქალიც, წითელ კაბაში...
    .."-მე? მე ნათელმხილველი ვარ..."
    წლების მერეც სჯერა, რომ იმ დღეს სოხუმიდან გამოფრენილი ბოლო თვითმფრინავი მისმა ბავშურად, ჩურჩულით ნათქვამმა “მამაო ჩვენომ” გადაარჩინა და რაღაცისთვის დატოვა... "და დიდხანს, როცა ვიღაცა რაღაცას მთხოვდა, პირველი გაფიქრება, იქნებ ამისთვის, იქნებ იმისთვის, რომ ვიღაცას კარგი სიტყვა უთხრა, ან უბრალოდ გაუღიმო, ან მოუსმინო...
    ჰოდა უსმენს, ყველას უსმენს, მერე იბრძვის, მოქმედებს... მოუსვენრობა დაყვა და არა მხოლოდ საკუთარით, სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაც..
    .." უკან უნდა დავბრუნდეთ, გაფუჭებული გზა რომ შეგხვდება, იმას უნდა ავყვეთ ბოლომდე. აბა, როგორ იქნებოდა, გზა ეკლესიამდე ეკლიანი ხომ უნდა იყოს"…
    ჰო, ამ გოგოზე დიდხანს წერა სისულელეა, ბევრის წერაც...
    დღეს მისი დაბადების დღეა. გიჟივით თავისუფალ მარტს ვაცილებთ ქარით, ღრუბლები რომ უნდა გადაყაროს და მზე გამოაჩინოს. მერე მზე იცეკვებს ნინა სიმონეს ნამღერზე და მზე გაიღიმებს...
    სოფოც გაიღიმებს, პატარა მეოცნებე "ოპიტას" ღიმილით... მერე შეიყვარებს ნამდვილი ქალივით და იქნება ბედნიერი.
    ასე მინდა და ასე იქნება!
    ჰო, დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს სოფო ხორგუანი.
    გუშინ ერთმანეთს ერთდროულად მივწერეთ,- რა მაგარია, რომ გიპოვე!
    და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო პირველი და ვინ მეორე?
    მე მიყვარს სოფო, თავისი "გასვანებით", ცრემლით და სიხარულით. ჰო, აღტაცება იცის კიდევ განსაკუთრებული - მზისფერი...
    ჰოდა, მინდა ბევრი პატარა ქუჩქუჩა სოფო, ღიმილიანი და ენერგიით სავსე, რაც შეიძლება მალე...
    მოკლედ, ნამდვილი გაზაფხული მინდა!
    გილოცავ, ოპიტა და მიყვარხარ! <3
     
    კატო ჩულაშვილი
  7. katya
    800 ლარით "გაწეწილი", "წინა ცხოვრებაში" კიკინ-ლაღი და აწ უკვე კიკინ-მოკვეცილი და ჯეჯილობისარეალშეზღუდული ნაპატივები და არა პატივცემული გოჩა ცქიტიშვილი შეურაცხყოფილი და შეშფოთებულია, თურმე. წესით, სერიოზულად დაპანიკებულიც უნდა იყოს ფიფლმეტრების სკანდალის ვერგადარჩენის ვერსიიდან გამომდინარე.
    შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიისთვისაც მოიცალა. პრინციპში, „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ კი არა, სრულიად IPM-ის დათვლის და კვლევის მეთოდებზე წლებია, ლეგენდები დადის, თუმცა, ამ ლეგენდებს და ლოგიკურ ეჭვებს აქამდე ამ კომპანიისთვის არაფერი "დაუშავებია". პირიქით, ჟარგონით რომ ვთქვათ, - "კაი ბაგაზე ება" და იცოხნებოდა მშვიდად.
    და რატომ არ უნდა ყოფილიყო მშვიდად ნაციონალების ნომერ პირველი "გამპრავებელი?"
    თავად ცქიტიშვილის შესაძლებლობებზეც დადიოდა ლეგენდები - ჭკვიანია, შორსმჭვრეტელი და რეფორმატორიო. რაღა დაგიმალოთ და, ლეგენდებს ავყევი და ბატონი გოჩა, თავისი არასტანდარტული ჰაბიტუსით და მანერული მეტყველებით, მეც გაცილებით ჭკვიანი მეგონა... ჭკვიანი კი, სხვა რომ არაფერი, სიხარბეს არ გადააყოლებდა "საარსებო წყაროს", საკუთარი ბიზნესის რეპუტაციას და ამჯერად მაინც "ნაციონალური ხელშეუხებლობის" იმედად არ იქნებოდა.
    ბოლოს და ბოლოს, არც ამდენ სალაპარაკოს გაუჩენდა ოპონენტს და არც ამდენ საპასუხოს დაიტოვებდა. ადგებოდა და 2012 წლის ოქტომბრის მერე მაინც შეიძენდა მითითებული რაოდენობის და ტექნიკურად გამართულ იმ თავის შრომის იარაღს - ფიფლმეტრს... თუმცა მისი ქცევა მისი გადასაწყვეტია, მე მხოლოდ ამ კომპანიის "ლეგენდარულ კვლევებზე" გამახსენდა როგორ მოხვდა ეს კომპანია ჩემთან სახლში და როგორ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა.
     
    3 წლის წინ იყო ეს. სახლის ტელეფონს დედაჩემმა უპასუხა და უხალისო საუბარი გაიბა, ტონზე ეტყობოდა, ვიღაცის თავიდან მოშორებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. 5 წუთის შემდეგ ტონს დაუწია, მერე დაწეულ ტონში აგრესია გაქრა და მას ინტერესი ჩაენაცვლა. კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნიკოლოზა ჩვილი იყო, მე უმუშევარი, ანუ, ფაქტიურად, მთელი 6 სულიანი ოჯახი უმუშვარი და, მაგ პერიოდში, სახლის ტელეფონზე, ძირითადად, ან ბანკის განრისხებული კრედიტ-ოფიცრები რეკავდნენ და ან რაიმეს მოწოდების მსურველი ახლობლები, რომ აინტერესებდათ, სახლში ვიყავით თუ არა?
    მოკლედ, დედაჩემის გარდა ტელეფონს არავინ ეკარებოდა. ის იყო "მომგერიებელიც" და "მასპინძელ-დიასახლისიც".
    ამ საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ რაღაც კომპანია მოვიდოდა, რაღაც აპარატს მიგვიერთებდა ტელევიზორზე, ჩვენ როცა ტელევიზორს ჩავრთავდით, ეს აპარატი უნდა ჩაგვერთო და არხები გვეფიქსირებინა. ზუსტად არ მახსოვს, ეს კვლევა 3 თვიანი იყო თუ 6 თვიანი. კონტრაქტი დგებოდა თავისი პირობებით, რომ არ უნდა დაგვეზიანებინა აპარატი, რომ უნდა შეგვესრულებინა დავალება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში და კონტრაქტის დასრულების შემდეგ კომპანია ოჯახს 150 ლარს გადაუხდიდა.
    - ნიკას პამპერსის ფულად მაინც გამოგადგება დედიკო, რა უნდა იყოს ახლა ისეთი, იდგეს ეგ რაღაც ყუთი, რას გვიშლისო?
    არავის მოგვსვლია აზრად ამის გაპროტესტება, მითუმეტეს, "წინა ცხოვრებაში" სოციოლოგიურ კვლევებთან ახლო ურთიერთობა მქონდა და ჩვენი კომპანიაც დგამდა ამ ფიფლმეტრებს ერთ დროს ოჯახებში.
    მოკლედ, 3 დღეში ვიღაც 2 ტიპი გამოგვეცხადა, მოიტანეს "დენიკინის ხანის" პიპლმეტრი და კაბელების ისეთი კორიანტელი დააყენეს, "კლიენტი" აღშფოთდა.
    ჰო, სანამ ამას მოიტანდნენ, კომპანიიდან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით და ბოლოს ოჯახში ვის გქონდათ დაბადების დღეო? - იკითხეს. ბოლო დაბადების დღის "ბედნიერი მფლობელიც" დედაჩემი აღმოჩნდა და ამ კაბელიან-აპარატურიანმა ტიპებმა მოკრძალებულ ღიმილს სიურპრიზად "იუბილარისთვის" "ყავის სერვიზიც" მოაყოლეს.
    -ხედავ, რა ყურადღებიანები არიანო?! - ამაყად გადმომხედა და თვალებით გადმომძახა დედაჩემმა.
    1 კვირის გასვლის შემდეგ პიპლმეტრმა უშნოდ დაიწყო ციმციმი, მერე წრიპინი, მერე იმდენი ქნა, ტელევიზორის ეკრანი გადაწვა. დაურეკა "კლიენტმა" კომპანიას, ასე და ასეო... ტელევიზორი კი გავაკეთეთ, მაგრამ, ეს თქვენი ყუთი აღარ ირთვებაო და თანაც მეშინია ჩართვა, ისევ არაფერი დამართოს ტელევიზორსო..
    მოვიდნენ "ოპერატიულად" მე-3 დღეს.
    - ეტყობა, არასწორად რთავდით და ამ აპარატის გაფუჭებაზე ჯარიმააო... აქ კი ჩავერიე... ჯარიმა ტელევიზორის გაფუჭებაზე და გაუმართავი აპარატის მოტანაზე რამდენია მეთქი? მაგაზე არაფერიო. ხოდა, თუ არაფერი, მომეცით თქვენი ბოსის ნომერი, ერთი-ორ რჩევას მივცემ, სხვებთან გამოადგება მეთქი.
    უცებ გამოფხიზლდნენ - კარგით, შევცვლით, ოღონდ ფრთხილად და ყურადღებით მოიხმარეთო.
    2 თვე იმუშავა, მაგრამ ვაი იმ მუშაობას. - ხან არხების კლავიატურა იჭედებოდა, ხან ოჯახის წევრების...
    რას არკვევდნენ ამ ურემივით მომუშავე ყუთით არ ვიცი. ზოგჯერ ისე გადიოდა დღეები, არ ვრთავდი, ეგებ გამოგვეხმაურონ და გვკითხონ, სიგნალი რომ არ ფიქსირდება რა მიზეზიაო? რას ბრძანებთ? ყურსაც არავინ იბერტყავდა.
    მოკლედ, კონტრაქტის ვადის ამოწურვის დრო მოახლოვდა და "კლიენტს", ანუ დედაჩემს 150 ლარის განკარგვის გრაფიკი უკვე წესრიგში ჰქონდა. ზარი ტელეფონზე, რომელმაც გვამცნო, რომ მოვიდოდნენ აპარატურის წასაღებად და სახლში დახვდითო.
    რა თქმა უნდა სახლში დავხვდით, სრული შემადგენლობით. მოვიდნენ, ჩახსნეს. გასასვლელში დედაჩემმა მოკრძალებულად კითხა, კონტრაქტში 150 ლარი რომ იყო გათვალისწინებული, ეგ სადააო?
    - არ ვიცით ქალბატონო, ჩვენ ეგ არ გვეხება, მაგაზე ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდით და გეტყვიანო.
    დავუკავშირდით.
    -იცით, კვლევამ არ გაამართლა, კომპანია გაკოტრდა და ბოდიშს გიხდით, მაგრამ იმ თანხას ვერ გადაგიხდითო!
    ასე მოგჭამათ ჭირი, ენგურის სამარშრუტო ბორანივით, ნიკოლოზას პამპერსების და სხვა ჰიგიენური საშუალებების 150 ლარიანმა ბიუჯეტმა.
    ჰოდა, ახლა რომ "ხელობა" დაუწუნეს და მის რეპუტაციაში ეჭვი შეიტანეს, ინერვიულებს და გაიშლის თმას ცქიტიშვილი, აბა რა იქნება?
     
    კატო ჩულაშვილი
  8. katya
    დილა ისე დაიწყო, როგორც ბოლო დროის სხვა დანარჩენი - დედაჩემი საშინაო და საგარეო პრობლემების გრძელი სიით...
    მე - მდუმარე უმწეობით და გამოსავლის ქსელში გახლართული ღიმილით...
    ვცდილობ, ოპტიმისტური და იმედიანი გამომეტყველება მოვიძიო... არაფერი გამოდის!
    მერე უცებ კალენდარი მოდის მშველელად!..
    - დედის დღეს გილოცავ დეეე!!! დიდი ჩახუტებით, დედაჩემის ნიანგის ცრემლებით. აე დაგვჩემდა ბოლო დროს - მილოცვები ცარიელი ხელებით, სავსე გულით და ემოციებით...
    რაღაცას ვიმიზეზებ, სასწრაფოდ გავდივარ სახლიდან, ისევ რაღაცის, უფრო, ვინმეს იმედით...
     
    მერე რა, რომ გაზი 4 დღის წინ გაგვითიშეს, ნისიად ამოტანილ კარტოფილს და მეგობრის მოწოდებულ ყავას მეზობლის ქურაზე ვათუხთუხებთ?! მერე რა, რომ ხვალ ლექციაზე წასასვლელი გზის ფული არ ექნებათ ოჯახის სტუდენტურ ნაწილს?! მერე რა, რომ ხვალ დენსაც გათიშავენ? მერე რა, რომ "ოჯახის უფროსს" 1 დღის ულუფა წამალი აქვს დარჩენილი? მერე რა, რომ "ოჯახის უმცროსისთვის" საგულდაგულოდ გადანახული ძეხვის ნაჭერი ღამით ვიღაცას შემოეჭამა? მერე რა, რომ ეზოდან ჩუმად ვიპარებით ნისიების უხერხული პოზით... უამრავი და მრავალფეროვანი "მერე რა?!"
    და მერე რა? - არც არაფერი. ჩვენ გამონაკლისი არ ვართ,, სამწუხაროდ...
    სამაგიეროდ, შეიძლება შვილმა სოციალურ ქსელში სახალხოდ აგიხსნას სიყვარული და გადაგარჩინოს!
    როგორ და მოგწეროს ის, რაზეც, ალბათ ბევრი ოცნებობს - რომ უყვარხარ! ჭირდები და ეამაყები...
    აი ასე - უბრალოდ მოგწეროს და მორჩა:
     
    -"სულ არ ვიცი რამ მომაფიქრა ახლა ეს "უბადრუკი შედევრი", უფრო სწორად არ ვიცი რატომ მოვიფიქრე. ეს ალბათ მაშინ მოხდა, როცა აღფრთოვანების ზენიტს ზენიტობის ლიმიტი ამოეწურა და ხავსს მოეჭიდა პოსტის დაკარგვის შიშით. დიდი სისულელეა ასეთი უსუსური საქციელები, თუმცა ვის ადარდებს, ალბათ მხოლოდ მათ, ვისაც ეს არასოდეს გაუბედავთ. დიახ, დიახ, სწორად გამიგეთ, უსუსურად ყოფნას ყველაზე დიდი გამბედაობა სჭირდება. ხომ გაგიგიათ ბუნებრივი მდგომარეობის აღიარება მხოლოდ გამორჩეულად გამორჩეულების ხვედრია. მგონი ბალზაკმა თქვა თუ ვალერმა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაინც დრონი მეფობენ და არა მჭერმეტყველი "პერსონები", მათ მხოლოდ ზოგადი ლაყბობა მოსწონთ, თაობათა აღზრდა, თვითონ კი ერთხელაც არ უფიქრიათ წინამდებარე საფეხურად საკუთარი თავი გამოეწვრთნათ. ფსიქოლოგიური ეგოიზმი - ეს კომფორტის ხათრით უშნო განზრახვის ბანტებით და ათასი სისულელით მორთვაა. ბუნებაც კი ადამიანების ერთ ადგილებზე ზრუნავს.. ჰაჰ ან ეს ტერმინოლოგია რა მარაზმია, ეთიკური დოგმატიკა, თორემ ადამიანი არა ის... ერთი ონტოლოგიური იდიოტობა გამახსენდა - "ადამიანი არის! მაგრამ რა არის თავად ეს არის?"... არის როგორ არა ) აი სულ არაფრის აზრზე არ ვართ. ჯანდაბა, როგორ გავბრაზდი კაცობრიობაზე... თითქოს მე რამეს მიშლიდნენ, არადა სულ არ მადარდებს, მხოლოდ ზოგჯერ მაწვებიან ხოლმე უსამართლობით გულგახეთქილი მწვანე კაცები და სულ მისპობენ თავისუფლების არნახულად სასიამოვნო შეგრძნებას. საერთოდ მწვანე ფერს ვერ ვიტან, მოღმის და უკმაყოფილების ფერია. ერთადერთი რაც მიყვარს მწვანე, ეს დედაჩემია, რომელსაც სულ არ აქვს ამ ფერის ზემოთაღნიშნული დატვირთვა. არც მისი სევდისა და ტკივილისფერი მწვანე თვალების გამო არ ვამბობ ამას, უბრალოდ ქალბატონი დუცი ჩემთვის მწვანე ფერია, მისი პირველადემოციური დატვირთვით. ჯანდაბა, ცხოვრებაში არ დამიწერია დედისთვის სენტიმენტალური წერილი, მიფიქრია, მაგრამ არ დამიწერია, ალბათ იმიტომ რომ მგონია მაგარი გოგო ვარ და ასეთი ბანალური ნაბიჯები არ მეკადრება. მაგარი არა ის ვარ... აი დედაჩემზე კი იტყოდა კაცი მაგარი ქალიაო! (აი ამ ფრაზით დასრულდებოდა ჩემი მაღალფარდოვნად მჟღერი მოღვაწეობა, მაგრამ მაგარი ქალია და რა ვქნა, რა მნიშვნელობა აქვს ამას უცხო ეპითეტებით ვეტყვი თუ ასე "მდაბიურად") ერთხელ მახსოვს ასეთი თემა მქონდა დასაწერი "თქვენი მისაბაძი პიროვნება" - რა ლაპარაკი უნდოდა, რომ კატოზე დავწერდი, იმიტომ რომ ალბათ მწვანეობა სიქალის ზენიტია. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს ასე მთავრდებოდა: "მე არ მინდა კატო ვიყო, არც არავინ მინდა ვიყო, მხოლოდ მინდა ვიყო ქალი, მსგავსად შენი - მწვანე ქალი". როგორც ჩემი აზროვნების მოტრფიალემ, კატოს უნდოდა მაგ თემის წაკითხვა, მე კიდევ ჯერ გავნარინჯისფერდი, მერე სულ სხვა თემა ვაჩვენე. ალბათ ეწყინა ნახსენებიც რომ არ იყო. არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი, ალბათ შემრცხვა სხვა გოგოებივით მეც რომ ასე უბრალოდ მიყვარდა დედა. ახლა აღარ მრცხვენია, იმიტომ რომ მე ახლა თქვენზე მეტად ვგრძნობ ქალბატონ დუცის. ის სულ სამავიწყდა, რომ დღეს 3 მარტია - "დედების დღე" - ესეც დიდი სისულელეა, საერთოდ რაღაცის დღე დიდი სისულელეა, თუმცა ქვეცნობიერად ალბათ სწორედ რაღაცის დღეს გვინდება ადრესატების შერჩევა და სენტიმენტალური აზრების გადმოფრქვევა. როგორ მძულს სენტიმენტალიზმი, საკუთარი თავიც მძულს, როცა ბრიყვულად კეთილშობილი ვარ. მხოლოდ დედაჩემი არ მძულს, როცა ტირის. ესეც კი მეტისმეტად ბუნებრივი, ამაყი და ჭეშმარიტად ტკივილიანი იცის. პირიქით ზოგჯერ მაშინ ვხვდები ხოლმე, რომ მართლა ძალიან მახარებს მისი არსებობა. ახლა არ მითხრათ, როგორ შეიძლება დედაზე იმის ფიქრი გიყვარს თუ არაო. მორჩით რა ამ აუტანელ დემაგოგიას "ადამიანებო", ვითომ თქვენ არ გიფიქრიათ, ნუ გაიოცებთ, აღარ სჭირდება ჩვენს სულებს დამატებითი სიმძიმე გაოცების სახით... ჰო რა მატლიკინებს ამდენს?! მე მატერიალისტი ლედი ვარ, საკმაოდ ერუდირებულიც მეთქმის და დახვეწილიც. მე საზოგადოებით უნდა ვითამაშო, მათი დამოძღვრა იმათი საქმეა, იქ რომ არიან, სულ ჩრდილოეთით ან სულ დამხრეთით, ან თუ არიან საერთოდ.... ქალბატონო დუცი, როგორც აღვნიშნე, მიყვარხართსავით, ალბათ მეტისმეტადაც, იმიტომ რომ ბატონი მამაც ძალიან მიყვარს და ალბათ მის მაგივრადაც თქვენ მიყვარხართ. არ ვიცი ამით გაგახარეთ თუ არა. ვიცი, რომ საკმაოდ არაფრისმთქმელი ნააზრევია, თუმცა ჩემთვის საკმაოდ ნაცრისფერი დღეა და მომაწვნენ ალბათ... გილოცაც და ერთადერთხელ გაძლევ ერთადერთ პირობას - მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები!!!
     
    დედის დღეს გილოცავთ!
  9. katya
    თბილისი, ღამის 22:20...
    ავტობუსში, თუნდაც "მიკროში" და "ყვითელში" თბილისში გინების გაგონება ვის უკვირს? ჰოდა, არც მე გამკვირვებია... იმდენად არ გამკვირვებია, რომ თავიც არ მომიბრუნებია, მოულოდნელი დამუხრუჭების ხმაზე, მძღოლის ძველქალაქურად შეკურთხებაზეც, ვიღაცის უკმაყოფილო ბურდღუნზეც, მუჯლუგუნის თანხლებით რომ უფრო მკვეთრად გამოიხატა. მხოლოდ მაშინ მოვიხედე, ვიღაცამ სახელოზე რომ მომქაჩა და, ყურადღების მიქცევისთანავე, ჩემს ცხვირთან ხელის ჩაქნევით გაუჩინარდა უკანა რიგებისკენ. ამასობაში მძღოლმა ჯაჯღანი განაახლა:
    -კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? რას შვები გამაგებინეო...
    - მაცადე, ვეძებ ვიღაცას! უხეშად და ასეთივე ხმით უპასუხა უცხომ და, ხმის შესაბამისად, დაიწყო კარისკენ გადაადგილება...
    - ჩავდივარ ხო, და წადი, შენი დედაც!
    და ჩავიდა...
    მიკრო-ბუსის მძღოლმა სიბრაზისგან ღრმად ჩაისუნთქა.
    მისი "ხომალდის "“შიგთავსმა" -ღრმად ამოისუნთქა.
    მერე თანმიმდევრობით გაისმა უმისამართო კითხვები: ვინ იყო? რა უნდოდა? ვის ეძებდა? მარტო რატომ იყო? ქალს ეძებდა თუ კაცს? რატომ ჰქონდა წვერი? ფხიზელი არ იყო ხომ? საერთოდ რატომ გაუჩერე?
    მძღოლი, რა თქმა უნდა ამხელა ცნობისმოყვარეობის ტალღას მშვიდად ვერ შეხვდებოდა და ერთი გემრიელ-თბილისურად იყვირა - თუ მაგდენი რამე გაინტერესებდათ, სანამ აქ იყო, გეკითხათ. მე თუ გადამეყარა სადმე, კი ვიცი, რასაც ვკითხავ...და ისეთი ენერგიით "მისცა გაზი" და მოუკიდა სიგარეტს, ჩავთვალე, რომ ნაფაზი 3 ღერზე ერთდროულად დაარტყა.
    მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, ჩემს გვერდით ერთი ფრიად "ჩაქუთაისებული" "დამა" შფოთავდა - დაანებეთ მძღოლს თავი, არ შეიძლება მაგის ყურადღების გაფანტვა და შენ კიდე, იარე დროზე! აღარ გააჩერო, თუ კაცი ხარ, გადამიტრიალდა გული!...
    ჩემი მარჯვენა თვალის ქვედა კუთხეში მისმა უზარმაზარმა ბრილიანტის "ბაღჩამ" გაკვესა. გულის გადატრიალების მიზეზი სახეზე იყო. ასეთი "ბაღჩები" ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში აჭარის პლაჟზე იტალიელებივით მოლაპარაკე ქალების ყურებზე და ფუმფულა თითებზე. როგორ ვერთობოდი მაშინ მათი ემოციებით, - ერთი კვირის საგზალს რომ ამოალაგებდნენ ხოლმე საგულდაგულოდ გაშლილ "ადიალაზე". და იყო ერთი კივილ-წივილ-მიწყევლა-მოწყევლა, თუ თანმხლები ბავშვებიდან რომელიმე ჭამაზე უარს იტყოდა.
    მახსოვს, ერთხელ, ისე გავერთე მათზე დააკვირვებაში, შემამჩნიეს. მერე, ალბათ ისინიც დამაკვირდნენ, შევეცოდე და ისეთი მკერდაჩუყებული გამომეტყველებით გამომიწოდა ერთ-ერთმა ფითქინა-ფუმფულამ მთლიანი ხაჭაპური, ასე მეგონა, დეკოლტედან თბილი რძეც ჩამომისხა.
    რახან ბავშვობა გამახსენდა,"ჩაქუთაისელებულის" მისამართითაც კეთილად გავიღიმე, თუმცა მას ეს არ შეუმჩნევია, ჰოდა, მეტის ღირსია...იყოს ასე აფორიაქებული, - გავიფიქრე მე... ის იყო ისევ, სათვალე უნდა წამომეკოსა და მოკლენეტრაჟიანი თვლემა გამეგრძელებინა, ისევ საბურავების ღრჭიალი და სართულებიანი გინება დამატყდა თავს. "სამგზავრეთი" უკმაყოფილო სახით ჯერ ერთ მხარეს გადაიხარა, მერე - მეორე...
    კარი არ გაღებულა, არავინ ამოსულა. ლოგიკამ მიკარნახა, რომ მძღოლის გინება ამჯერად გარე სამყაროს მისამართით ვრცელდებოდა.
    - აბა ხოდა ამას ეხლა ჭკუა რო კითხო, გეტყვის, სუ ტაქსისტი კი არ ვიყავი, 3 დიპლომი მიდევს სახლში ან "ბარდაჩოკშიო."
    - ბარდაჩოკში თუ უდევს, რას ერჩი? კი ყოფილა პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი, - გავძახე მე.
    - მძღოლმა სარკეში გამომხედა, მაგრამ, არაფერი მიპასუხა.
    ამასობაში, ნახევარი შიგთავსი ჩაიხვეტა, დავრჩით 4-ნი, სადღაც მალაკნების ბაზარს გაცდენილები..
    მძღოლი თუხთუხს და სიგარეტის ბოლებას პარალელურ რეჟიმში აგრძელებდა. არადა, არ მიყვარს ძილი იმ ოთახში, სადაც ეწევიან! ძალიანაც ნუ შეიცხადებთ, ჩემი კაპრიზები კიდევ ცალკე თემაა....
    - აი ხომ ხედავ, ძმაო! აბა გადაითვალეთ, - ზიხართ 5 პასაჟირი?
    "ძმამ" უკან გამოიხედა და უცებ გადაგვთვალა
    - ეგრეა!
    მე "ძმას" არ ვენდე და ხელახლა გადავითვალე.
    - ისე, ამ დროისთვის უჩვეულოდ ხალვათობა გაქვთ, - გავუწოდე ჩემი აზრი.
    მძღოლმა ისევ სარკეში გამომხედა, ახლა უფრო ხანგრძლივად და დაყოვნების მერე მიპასუხა:
    - ხალვათობა იქნება, აბა რა იქნება, რასაც კი ბორბალი აქვს გამობმული, ყველა ამ ხაზს დაასვეს თავზე. შესატანს ითხოვენ და სახლში 30 ლარზე მეტი ვერ შემაქვს.
    - დღეში 30 ლარი არაა ცუდი თანხა, - ვთქვი მე და გადავსკუპდი წინა რიგში.
    მძღოლმა ინება და ამჯერად, უსარკოდ ამათვალიერა, ნახევრადმოჭუტული ცალი თვალით. აზრს მივუხვდი და არ მინერვიულებია :
    - მე რომ მიყურებთ ბატონო, ინტრიგანი კი არ ვარ, ჟურნალისტი ვარ მეთქი.
    ისევ სარკეში გამომხედა,
    - არადა, რომ ამოხვედი, რატომღაც ექიმი მეგონე...
    - ვითომ რატომაო?
    - რა ვიცი, გენაცვალე, ისე მშვიდად იყურები, რა გიგავს ჟურნალისტს. მაგათ სხვანაირი გამოხედვა იციან. თანაც ჩაცმულიც იმნაირათ ხარ, ექიმობა გეკუთვნის, ჩემმა ღმერთმა...
    - გიყვართ ეტყობა თქვენ ექიმი ქალები, - ჩავუპაჭუნე თვალი.
    - ეჰ, მე რო მიყვარს ეგრე სადაა. აგე სამდიპლომიან ტაქსისტებსაც ვკითხოთ, მე ერთი ორთაჭლელი კაცი ვარ, თბილისს სუ 4-ჯერ ვარ გაცილებული...
    - იმათაც ვკითხავ, სამდიპლომიანებს და თქვენ უდიპლომოებში გადიხართ თუ სად მიგაწეროთ?
    - ეხლა შენა რამეს გადაღებას აპირებ?
    - რა უნდა გადავიღო?
    - აი აქ რასაც ვშვებით ეხლა.
    - რას ვშვებით რო? რას კადრულობთ ბატონო! გზას უყურეთ და ჩემს კითხვებს უპასუხეთ, ხალხი გვისმენს აქ, ასე კი არაა საქმე?! ექიმის გამოხედვა მაქვს მე, დანარჩენი ჟურნალისტი ვარ...
    - ბიძაჩემო, შუქნიშანზე გაგვიჩერე !
    - არის, ძმისშვილო.. ნელა დაკეტე შვილო კარები, ზაპასკა კი არ მოყვება!... ვახ, გამაგიჟებს ეს ხალხი... რა ძალა ერჩით კაცო!
    - ეს მანქანები რაღაც კომპანიამ ჩამოიყვანა და მერე თქვენ დაგიქირავათ არა? ანუ მანქანები თქვენი არაა.
    - ჰო, ეგრეა, მაგრამ მანქანა რომ იყოს, რაღა გვიჭირს... სათამაშოა. რაც უფუჭდება, არაფერი უკეთდება. მატორმა თუ დაგისტუკა, მორჩა! არ კეთდება. აი ერთს დაუსტიკა ჩვენი ხაზიდან, მერე იმან ფული სიესხა და გაზზე გადაიყვანა. იმაშიც პოლნი წილში ჩაუსხდნენ, აი შენ, გზაში ეკონომიას აკეთებ და მეტი გჩებაო!
    - არადა არაა იაფიანი მანქანები, არ უნდა იყოს ეგრე, გიყვართ შოფრებს წუწუნი, - ჩაერია კიდევ ერთი ცნობისმოყვარე და მოცლილი.
    - საწუწუნოდ და სატირლად ღმერთმა ნუ გამიხადოს საქმე, მაგრამ 18 საათს რო მუშაობ, სახლში 20 ლარი მიგაქ, აღარც ვიწუწუნო კაცო?
    - აბა წეღან 30-იო?
    - ეგ ლუჩში ვარიანტია, პატალოგ ნაზივაეტსა... ამ მანქანებში 20 000 ევრო გვაქ გადახდილიო, ეგრე შემოგვტენეს. დღეში მინიმუმ 45 ლარი შეგვაქ, ვის როგორ რა... ეხლა შენა ეგ თვეში დათვალე, მერე 7 წელზე დაიანგარიშე და რამდენი 20 000 ევრო გამოვა მერე მითხარი...
    - 7 წლის მერე რა ხდება?
    - ჩვენი ხდება, მარა ამათ ხელში ვის რა გარანტია აქ რომ 7 წელი იცოცხლებს?
    - ვის ხელში?
    - შენა გენაცვალე ზარუბეჟნი კარესპანდენტკა ხარ?
    - ნეტ, მესტნაია ია.
    - ტემ ბოლეე, მაშ რა კითხვებს მისვამ? გარანტირებულ ქვეყანაში კი არა ოჯახში არა ვცხოვრობ. ამათი სულელი ცოლ-ქმრობის შემხედვარე, ან ცოლი როდის გამექცევა და ან მე როდის გავექცევი, ეგ არ ვიცი. ესენი კიდე მეუბნებიან, 7 წლის მერე მანქანა შენი იქნებაო.
    - ჯვარი გწერიათ და მშვენივრად გამოუყურებით. არც იმ ტიპს გავხართ, ცოლები რომ გაურბიან...
    - ჰო არა? ეგრე შენაც ექიმსა ჰგამდი, მაგრამ ინტრიგანი გამოდექი...
    - არ ვარ ინტრიგანი, რა ჭირს ამ მანქანებს, მართლა ასეთი ცუდია?
    - სულ უკანა მჯდარხარ?
    - სკამზე მეუბნები?
    - ჰო მა რაზე გეტყვი კაცო?
    - კი ვმჯდარვარ.
    - მერე არ გატოკებდა?
    - კი მიტოკებდა ცოტას.
    - ხომ გითხარი, ორთაჭლელი კაცი ვარ, რულის ტრიალი მასწავლეს და მაგითა ვჭამ პურსა. მთელი თბილისი ჩემი ცხვირივით ვიცი.
    ამ მანქანას არანაირი რესურსი არა აქ, თან საიმისო რო 7 წლის მერე მშვიდობაში მოიხმარო. დიდი მაიმუნი ხალხი ზის იქა, -ჩვენა იმდენი ფული დაგვიჯდა თქვენი დასაქმებაო! ეგ სიტყვაც მაგათგან ვიცი.
    -რომელი სიტყვა?
    - "რესურსი". სულ მაგითი გველაპარაკებიან, ჩვენ თქვენი შენახვის რესურსი არა გვაქ, მაგრამ მანქანას დიდი რესურსი აქო! არადა არაფერიც არა აქ. ესენი მასწავლიან მე მანქანას? რათ მინდოდა დასაქმება, მოეცათ ჩვენთვის ეგ 20 000 თუ მართალია და ისეთ მანქანებს ჩამოვიყვანდით, 20 წელიწადს გამარჯობის გარდა რომ არაფერს გაგაგონებდა. თვითონ 1500 და 2000-ბი დაინიშნეს ხელფასები და არ ყოფნით, თან არაფერს აკეთებენ, მარტო წუწუნებენ. ჩვენ და ჩვენმა ცოლ-შვილებმა რა ვთქვათ? ადრე ხაზებს ჭკვიანი ხალხი ადგენდა. ეხლა ყველა ხაზი ერთმანეთს აზის. აი იმ სიტყვას რა ქვია გამახსენე?
    - რომელს?
    - აი მარტო შენ რომ გაქვს და სხვას რო არა აქ...
    - ეგ რომელია? რა კითხვაა ახლა ეს?
    - დიდი მაიმუნი ხარ შენა! აი გეტყვი ეხლა რაცა გვჭირს და მიხვდები რა სიტყვა დამავიწყდა. ამ 49-ს ერთი კიევის ქუჩა ქონდა დარჩენილი, სადაც ჩვენს გარდა, არცერთი ტრანსპორტი არ გადიოდა. ეხლა კაცო, ყველა მარშუტკა ხო თავზე დაგვასვეს და ბოლოს ავტობუსიც კი გადაგვატარეს ხოდა მერე კიდე გიკვირს, - ცარიელი რატო ხარო. აბა უნდა ეხლა ამ დროს გამოსულ დაღლილ კაცს შენი ძვირიანი მარშუტკა? ჩვენ რა გვაწყობს ეს ფასი? გვკითხა ვინმემ?
    - აა, ესე იგი, 49 ნომერს ქონია ექსკლუზივი კიევის ქუჩაზე, - ამერიკის აღმომჩენის ინტონაციით გამოვაცხადე მე..
    - აი გაიხარე რა, ვახ, ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ მაგ სიტყვას, არადა ეგრეა რა, - ექსკლუზივი გვქონდა და ეგა გვშველოდა.
    - კუთხეში გამიჩერე, ორთაჭალელო და ისე, ექსკლუზივი ჟურნალისტიკაშიც კარგი რამეა და სხვა რამეებშიც, ვახ! ...
     
    არაფრით მართმევდა რკინის ლარიანს,
    - აბა, ამდენი ლაპარაკის მერე ფული როგორ გამოგართვა შენაო?!
    ძლივს დავაჯერე, რომ ოცთეთრიანი ლიფტი მქონდა და მე-9 სართულზე ვცხოვრობდი... რა მექნა, მე-5 მასე კარგად არ გაჭრიდა.
    აი, "ვახ" - ზე კი იფიქრა, მაშაყირებსო, არადა, თქვენც ხომ იცით, როგორ მიყვარს ეგ სიტყვა, - ვახ!
     
    კატო ჩულაშვილი
  10. katya
    „წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაული ისაა, როცა მათ არ კითხულობენ.“ (რეი ბრედბერი)
     
    ამასწინათ ჩემი შვილის მეგობრები გვესტუმრნენ, „თინეიჯერები“. ერთ–ერთმა გაოცება ვერ დაფარა, – „ამდენი წიგნი რა პონტში გაქვთო?“ ისე დავიბენი, კარგახანს პასუხი ვერ გავეცი. არ მინდოდა ჩემი გაოცებით ბიჭისთვის უხერხულობა შემექმნა, არც უპასუხობა ივარგებდა. მერე ისევ მარტივი გამოსავალი ვიპოვე. ავდექი და მის თანატოლებში ყველაზე კითხვადი წიგნი მარიო პიუზოს „ნათლია“ შევაჩეჩე. წიგნის მოცულობამ ცოტა დააფრთხო, თვალებზე შვატყვე, შერცხვა, თორემ წაკითხვას არ აპირებდა. არაფერი მითქვამს. მესამე საღამოს მოგვიკაკუნა. კარი გავაღე და ვერ ვიცანი. სულ სხვანაირი იყო. – „დიდი მადლობაო და თუ შეიძლება, კიდევ წავიღებ რამესო!“ გადავწყვიტე, ამ საქმეში აღარ ჩავრეულიყავი. ამიტომ ვუთხარი, მიდი და ანანო რამე საინტერესოს თვითონ მოგიძებნის–მეთქი. ანანომ არც აცია, არც აცხელა და, –„ღირსი ხარ, კარლსონით და პეპით დაგაწყებინო, მაგრამ, ჯანდაბას, მარკ ტვენითდაიწყეო!“
    ახლა, მგონი, ეს ბიჭი ჩვენს ბიბლიოთეკასთან უფრო მეგობრობს, ვიდრე ჩვენთან...
     
    ჩემი აზრით, იმაზე საუბარი, რომ წიგნის კითხვა სიამოვნებაა, უბრალოდ სასაცილოა. ჩემს თაობაში მაინც. თუმცა მკითხველები და არამკითხველები ყველა დროში და ყველა თაობას ყავს. იყო დრო, როცა კარგი წიგნი მხოლოდ დახლქვეშ იყიდებოდა. ისევე როგორც სურსათის, ტანსაცმილის, ფეხსაცმლის მაღაზიაში, აუცილებლად უნდა გყოლოდა ნაცნობი წიგნის მაღაზიაშიც. ჩემს თაობაში რაღაც–რაღაცეების არცოდნა მართლა დიდი სირცხვილი იყო. პრინციპში მსგავსი რამეების არცოდნა ახლაც უხერხულია. მაგალითად, თუ ახალგაზრდას ფრანჩესკო როზის „კარმენი“ არ უნახავს, და მისი ფინალი აინტერესებს, ადვილი მისახვედრია, რომ არც მერიმე ექნება წაკითხული. ამით ქვეყანა არ იქცევა, მაგრამ იმისთვის მაინც უნდა მოეკრა ყური, რომ ხოსემ კარმენი მოკლა, ბოლოს და ბოლოს „ჰაბანერა“ მაინც უნდა ჰქონდეს მოსმენილი. ჯანდაბას, თუ ოპერის ავტორი არ ეცოდინება. ვან გოგის მზესუმზირები რეპროდუქციის პატრონის დახატული არ უნდა ეგონოს და „ვან გოგენზეც“ არ უნდა გიჟდებოდეს. ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მთვარე პლანეტა კი არა, თანამგზარია; პირამიდები ეგვიპტეში დგას; ოტელო მავრია; „ვეფხისტყაოსანი“ რუსთაველმა დაწერა; ჰამლეტის მონოლოგების მადლიერი მსმენელი საბრალო იორიკის თავის ქალაა; ოპერაცია „ვალკირია“ მარტო ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულება კი არა, ვაგნერის სახელგანთქმული ოპერაა. შტრაუსი რომ ორი იყო; მიქელანჯელო, რაფაელი, დონატელო და ლეონარდო კი, სანამ მუტანტ კუ ნინძებად იქცეოდნენ და ქვეყნის გადარჩენით დაკავდებოდნენ, წინა ცხოვრებაში, ადამიანები იყვნენ და, ზოგჯერ, ხატავდნენ კიდეც...
     
    ეს ყველაფერი სევდანარევი ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ისე სახარბიელო რეალობაა. თუმცა, ამ რეალობის პარალელურად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბიბლიოფობია დანაშაულზე უბიძგებთ.
     
    მბლუმბერგის მიმდევრები და „კოლექტიური ჩვენებები ძიებისათვის“
    ჩემი პიონერულ –კომკავშირულო ბავშვობიდან, სხვა უსარგებლო ხარახურასთან ერთად, რომლითაც გულმოდგინედ გვიჭედავდნენ ცნობისმოყვარედ დაცქვეტილ ყურებს, ასეთი ფრაზა დამამახსოვრდა: “წიგნის ქურდი ქურდი არ არისო!” თუ არ ვცდები მას „მსოფლიო პროლეტარიატის დიად ბელადს“ მიაწერდნენ. ილიჩის დაუწერელი კანონების რა მოგახსენოთ, ბიბლიოფილებს ჩვენი კანონმდებლობით ვერაფრით ვანუგეშებ – კანონის წინაშე აქლემის, ნემსის და წიგნის ქურდი ზუსტად ერთნაირი „პრივილეგიით“ სარგებლობს – საკანში ადგილი სამივესთვის მოიძებნება. ცხადია, ასეთ დროს იდეალური ვარიანტი – დოჩანაშვილისეული „კამერა ლუქსი“ წამოტივტივდება, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეგ „მომსახურება“ ჯერ ჩვენს პენიტენციალურ სისტემას არ გააჩნია, თუმცა, ბიბლიოთეკა სასჯელაღსრულების ყველა შენობას აქვს.
    წიგნიპარიებს კლეპტომანიის განსაკუთრებული ფორმის დიაგნოზი უშველით თუ არა სასჯელის შემსუბუქებაში არ ვიცი. პრინციპში, ყველაფერი დანაშაულით მიყენებული ზარალის სიმძიმესა და მოცულობაზეა დამოკიდებული. ცნობილმა წიგნიპარია, სტივენ ბლუმბერგმასახელი, არცმეტიდაარცნაკლები, წიგნისქურდობითგაითქვა. მან 20 მილიონადშეფასებული 24 ათასამდეწიგნისმოპარვამოახერხა და, ამ შედეგით, მე– 20–ესაუკუნისუდიდესწიგნისქურდადიქცა. ვინაა ბლუმბერგი? ბიბლიოფილი, ბიბლიომანიაკი, ბიბლიოკლეპტომანი, ამის თაობაზე ჯერ კიდევ კამათობენ. ბლუმბერგი 1990 წლის 20 მარტსდააკავეს 23 600 იშვიათიდარარიტეტულიწიგნისქურდობისთვისაშშ–ს 45 შტატის 268–ზემეტიბიბლიოთეკიდან,უნივერსიტეტიდან, მუზეუმიდანთუსაცავიდან. მათიღირებულებათავდაპირველად 20 მლნ $შეფასდა, მაგრამშემდეგშეიცვალადაგახდა 5,3 მლნ–ად. ესიყოყველაზემასშტაბურიწიგნისქურდობააშშ–სისტორიაში.
     
    სტატისტიკა
    სადღაც წავიკითხე, ერთი გერმანელი წერდა: „უცნაური ხალხი ხართ ქართველები, ამაყობთ თქვენი წარსულით და ლიტერატურით მაგრამ უწიგნური ახალგაზრდობა გყავთო“. მეწყინა, თუმცა, ვიცოდი, არ ტყუოდა. მაინც გადამოწმება ვამჯობინე. წიგნის მაღაზიებში ხეტიალმა ხასიათზე ვერ მომიყვანა. ახალგაზრდობა, დაახლოებით 20–22 წლამდე ასაკის მკითხველი თურმე, ძირითადად, კოელიოს ეტანება. 2007 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულა კვლევა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც. კვლევაში საქართველოს 149 სკოლაში,119 სკოლის ვერცერთმა მოსწავლემ ვერ დაძლია უმაღლესი საფეხური და 41 სკოლის ვერცერთმა მოსწავლემ ვერ დაძლია მაღალი საფეხური. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსწავლეთა წიგნიერებაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას მასწავლებელი და ოჯახი ახდენს. კითხვაში უფრო მაღალი მიღწევები აქვთ იმ მოზარდებს: რომელთა მშობლებიც ხშირად კითხულობენ; რომელთა ოჯახშიც ბევრი წიგნია; რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ჩართულნი არიან წიგნიერებასთან დაკავშირებულ აქტივობებში. გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ, მშობლებისგანათლების დონისმხრივ,საქართველოკითხვაშისაშუალოზემაღალმონაცემებისმქონექვეყნებთან ერთადლიდერობს. მშობლების 40%-ზე მეტს აქვს უმაღლესი განათლება; საქართველოს მოსწავლეთა მშობლების 42% კითხვას კვირაში უთმობს 5 საათზე მეტს.ქართველ მოსწავლეთა 41%-ის მშობელს აქვს კითხვისადმი განწყობის მაღალი ინდექსი (საერთაშორისო საშუალო 52%)
    კვლევამდაადგინარომ საქართველოშიმოსწავლეთაწიგნიერებისდონეძალიანდაბალიადამკვეთრადჩამორჩება ევროპისქვეყნებისდონესის
    დგასისეთიქვეყნებისგვერდითროგორებიცარიანსამხრეთაფრიკა, ირანიდაკატარი.
     
    წიგნი მომავალ დროში
    დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ წიგნის დიგიტალიზაცია, ანუ მისი „გაციფრულება“ გარდაუვალია. კინდლი, აი–პადი, სხვადასხვა ქსელური პროგრამები ცხადყოფს, რომ მალე „ტრადიციული“ ყოველდღიურად გამოსაყენებელი წიგნი აღარ იარსებებს დაბეჭდილი სახით და მისი გამოცემა მხოლოდ ელექტრონულად მოხდება. ტრადიციულ ქაღალდის წიგნი ძვირდება ნედლეულის გაძვირების გამო და უახლოეს ათწლეულებში მისი გაიაფება არ ივარაუდება. ძნელი წარმოსადგენია, ვინმემ დააბანდოს სოლიდური თანხა იაფი ქაღალდის გამოგონებაში. შესაბამისად, წიგნი გახდება ძვირი ნივთი, ანუ ფუფუნების საგანი. ამდენად, შესაძლებელი იქნება, ავტორმა მხოლოდ რამდენიმე ცალად დაბეჭდოს საკუთარი ნაწარმოები. წიგნების ბეჭდვა ხელოვნების დარგად იქცევა. ბიბლიოთეკის მოცულობამ, შესაძლოა, მისი მფლობელის კაპიტალის მოცულობაც კი განსაზღვროს. წიგნის, როგორც ხელოვნების ნიმუშის ბაზრის განვითარებას, შესაძლოა, ხელნაწერი წიგნის აღორძინებაც მოყვეს. რა თქმა უნდა, ასეთი წიგნები ათასები და ათეულ ათასები ეღირება. გადამწერობა კარგად ანაზღაურებადი და პრესტიჟული ხელობა გახდება და მომავლის პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში თავის ადგილს დაიკავებს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, წიგნების დიდტირაჟიანი გამოცემების ეპოქის, ანუ 21-ე საუკუნის შუა წლებამდე გამოცემულ წიგნებს მაღალი ფასი დაედება. წიგნი არ გაქრება. ის მხოლოდ ფუნქციას შეიცვლის და ინფორმაციის გადაცემის სფეროდან ხელოვნებაში გადაინაცვლებს.
    როგორ შეუყვარდა კითხვა და რას ფიქრობს მომავალი მკითხველის აღზრდა–ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი. პრემია "საბას" და ,,ოქროს ფრთის' ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე:
    რა თქმა უნდა, გარკვეულ ასაკში, ყველა ბავშვს ეზოში მეგობრებთან თამაში ურჩევნია. მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, თუმცა, მშობლები, ბებია,ბაბუა, გამუდმებით ცდილობდნენ ჩემს იმ სამყაროში შეყვანას, რასაც მხატვრული ლიტერატურა ქვია. ნელ–ნელა აღმოვაჩინე, რომ ეს სამყარო არაფრით ჩამოუვარდებოდა რეალურს. ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში, ნელ–ნელა გაიზარდა კითხვისთვის დათმობილი დრო და გადავერთე სათავგადასავლო რომანებზე, რომლებსაც დღეს უკვე თითქმის აღარავინ კითხულობს, ჟიულ ვერნი, მაინ რიდი, სტივენსონი, რატომღაც, აღარ ითვლება მოდურად. ჩემი ბავშვობის წიგნებიდან, შესაძლოა, მარკ ტვენი ინარჩუნებდეს პოზიციებს. ამ წიგნებმა მიბიძგეს შემდეგ სერიოზული ლიტერატურისკენ, თუმცა არ ვთვლი, რომ „გულივერის მოგზაურობა,“ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი,“ კიპლინგის „მაუგლი“ მხოლოდ საბავშვო წიგნებია. დღეს იმ ინტენსივობით, როგორითაც ვთქვათ სტუდენტობაში ვკითხულობდი, ვეღარ ვკითხულობ. ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი სტუდენტობის პერიოდი იყო. ჯერ ერთი პროფესია მავალებდა, მეორე მხრივ, მეტი თავისუფალი დრო მქონდა. ადამიანებს სჩვევით შთამომავლობისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, შვილი იქნება ეს თუ მოსწავლე. ანუ ურჩიოს ის წიგნები, რომლებიც მის ახალგაზდობაში იყო პოპულარული. საჯარო და სხვა ბიბლიოთეკებშიც იყო ადრე ეს კულტურა – ლიტერატურის შერჩევის. ახლა მკითხველისგან არაა მსგავსი მოთხოვნა და მხატვრული ლიტერატურის წასაკითხადაც იშვიათად დადიან ჩვენთან. გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ წიგნებიც ბერდება ან ძველდება. დროს მოაქვს რაღაც ახალი. დღვანდელ თაობას „ჰარი პოტერის“ თაობას, უფრო სხვა სახის მხატვრული ლიტერატურა აინტერესებს. საერთოდაც, იქნება თუ არა ეს თაობა „მკითხველი თაობა?“ რამდენად იქნება ეს ტექსტის თაობა? არსებობს უამრავი საცდური, რომ ადამიანი საბოლოოდ მოწყდეს ტექსტს. ჩვენ ეს არ გვინდა და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, შესაძლებლობების ფარგლებში. ბიბლიოთეკაში დიდი ხანია ფუნქციონირებს „ბავშვთა ოთახი,“ რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გავააქტიურეთ და იქ გამართულ ღონისძიებებს შევძინეთ პერმანენტული სახე. გავააქტიურეთ სხვა დარბაზებიც, რითაც შევეცადეთ აგვეცილებინა საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკას – გამხდარიყო მხოლოდ წიგნების საცავი და არა კულტურული სივრცე. „ბავშვთა ოთახში“ ვცდილობთ სისტემატურად შევახვედროთ პატარა მკითხველი თანამედროვე საბავშვო მწერლებს, ვაწყობთ ახალი წიგნების პრეზენტაციებს. საბავშვო ლიტერატურის დარგში საკმაოდ მაღალი დონის ავტორები გვყავს, რაც იმის წინაპირობაა, რომ პატარებმა შეიყვარონ წიგნი, ჩამოუყალიბდეთ გემოვნება და მშობლებსაც გაუადვილდეთ პატარებისთვის წიგნის შერჩევა.
    P.S.
    რაც შეეხება „კამერა ლუქსს,“ როგორც გავიგე, იდეა ბრაზილიელებმა მოგვტაცეს – ბრაზილიის პენიტენციალურ სისტემაში, სულ ახლახანს დაინერგა წიგნის კითხვით პატიმრობის ვადის შემცირების პრაქტიკა. ჩემი აზრით, გასათვალისწინებელი პრაქტიკაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რახანია, ქართველები „კამერა ლუქსებზე“ ოცნებობენ...
    „ რევოლუციამდელი“ ბავშვი არც მთლად გონებაჩლუნგი იყო, სათამაშოებიც ჰქონდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი წიგნებიც. ახლაც ჩვევად მაქვს, წიგნის მაღაზიაში პირველად პატარებისთვის განკუთვნილ გამოცემებთან მივდივარ. ეტყობა, ბავშვობის მონატრებაა... დედაჩემის და დეიდაჩემის ნაქონ “ჩიპოლინოზე” ვგიჟდებოდი, “ვინი პუჰის” და „მაუგლის“ არც თუ საბავშვო ფილოსოფიას ცოტა მოგვიანებით ჩავწვდი. რასპეს “ბარონ მიუნჰაუზენს” ვაღმერთებდი, ლინდგრენი, როდარი, ტრევერსი, მარკ ტვენი, სეტონ-ტომპსონი, ანე კატარინე ვესტლის “მამა, დედა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” არჩილ სულაკაურის „ჯადოსნური კაბა“ და “სალამურას თავგადასავალი”... მიხარია, რომ მათი მეოთხედ გადაკითხვა მომიწევს, ჩემი მესამე შვილის გამო. ფაქტიურად „მისალოცთა“ სიაში ვარ, იმხელა სიამოვნება მელის წინ.
    აი რა სარგებლობა მოაქვს ბევრ შვილს – დიდხანს რჩები „ახალგაზრდა მკითხველად“...
     
    კატო ჩულაშვილი
  11. katya
    დემოკრატიის საფუძველი თვითმმართველობაა. ეს უკვე დიდი ხანია იციან იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხმა და ნიშნულმა მწვერვალს თუ არა, ოპტიმალურ ნიშნულს მაინც მიაღწია.
    დღეს ჩვენშიც ბევრს საუბრობენ თვითმართველობის სისტემის აქტუალობაზე და მასზე გადასვლის აუცილებლობაზე. წლებია, საზოგადოებაში ყალიბდება და მწიფდება აზრი, რომ თვითმმართველობა ეს გაცილებით კომფორტული, დემოკრატიული და პრაგმატული ცხოვრების წესია და ქვეყნის ტერიტორიების ადმინისტრაციული დაყოფა უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, წესებს, კანონებს, ტრადიციებს.
    ზოგადად, ცვლილება უნდა ემსახურებოდეს პროგრესს და არა ქაოსს, მითუმეტეს არაჯანსაღი წარმონაქმნების გაძლიერებას და დაკანონებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
    წლებია, საუბარი მიდის და მუდმივი კრიტიკა გვესმის გუბერნატორობის ინსტიტუტზე, როგორც არაჯანსაღ წარმონაქმნზე. დიდი სიხარულით შევხვდით სულ ახლახანს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორების გადადგომასაც, თუმცა, მაშინ ძალიან ცოტა თუ ფიქრობდა, რომ უახლოეს მომავალში ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ შესაკრებთა გადანაცვლებაზე იქნებოდა საუბარი.
    საქართველოს ახალი მთავრობის მიერ მომზადებული თვითმმართველობის კოდესის მიხედვით, გუბერნატორები რჩებიან ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელ პირებად, თანაც პოლიტიკური ნიშნით დანიშნული გუბერატორები და თვითმმართველობის საოცნებო ხიბლი მხოლოდ არც ისე კარგად შეფუთულ, მაგრამ კანონით გამაგრებულ მმართველობად გარდაიქმნება.
    თვითმმართველობის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში რეფორმა უნდა განხორციელდეს, ჯერ პარლამენტს არ განუხილავს, მაგრამ უკვე არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. 22 ნოემბერსაც კოდექსის განხილვამ არასამთავრობო სექტორის და არასაპარლამენტო ოპოზიციის წრეში საკმაოდ მწვავედ ჩაიარა, მკაცრი განცხადებები და შეფასებები გაკეთდა და არც ბრალდებების დეფიციტი ყოფილა.
    ვის ინტერესებშია გუბერნატორის ინსტიტუტის გაძლიერება და სახელმწიფო ბიუჯეტში, მინიმუმ, 3 მილიარდი ლარის დამატებითი ხარჯი? წინასწარი გათვლებით, სწორედ ეს თანხა ესაჭიროება პირველად ხარჯად ახალი რეფორმის განხორციელებას მომავალ წელს.
    ფაქტია, კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში საუბარი იყო გუბერნატორის ინსტიტუტის, როგორც წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი მავნე პრაქტიკის გაუქმებაზე. ახალი კოდექსით გუბერნატორის ინსტიტუტი კანონდება, თანაც კონკრეტულად განსაზღვრული ფუნქციებით.
    რამდენიმე თვეში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ყველა გათვლებით, ამ პერიოდისთვის აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ახალი კანონი საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს და პროგრესის გარანტი იქნება საზოგადოებაში თვითმმართველობის, ანუ, მეტი დემოკრატიის და დამოუკიდებლობის უნარ-ჩვევების დანერგვისა და განხორციელების თვალსაზრისით.
    თვითმმართველობის კოდექსის კანონპროექტზე მარტიდან ინტენსიურად მუშაობს ახალი ხელისუფლება, რომელმაც მოახდინა ინიცირება პარლამენტში და ახლა უკვე საპარლამენტო განხილვის პერიოდი იწყება.
    კანონპროექტს ყავს ოპონენტები, რომლებიც თვლიან, რომ ამ კოდექსის მიღება და რეალობაში განხორციელება დამღუპველი და, შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია.
    პროექტი არ პასუხობს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვითარების საჭიროებებს – მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავების მიზნებს; შემოთავაზებული ინსტიტუციური მოწყობა, დღეს არსებულთან შედარებითაც რეგრესულია და არა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ჩართულობის, არამედ ერთპიროვნული მმართველობის მავნე პრაქტიკის განმტკიცებისკენაა მიმართული.
    პროცესი დაწყებულია - მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თვითმმართველობის კოდექსი დაჩქარებული წესით მიიღოს, მოიწონოს და წარუდგინოს პარლამენტს...
    დაიწყებს თუ არა პარლამენტი ამ კოდექსის განხილვას?
    ოპონენტები თვლიან, რომ ამ კანონპროექტის მიღება ყოვლად დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი მას მარტიდან ელოდება, სპეციალისტთა აზრით, ესაა არასწორ პრინციპებზე და გათვლებზე დამყარებული რეფორმა, რომელიც ცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ თვით პარლამენტის შემადგენლობასაც.
    მოკლედ, საკითხი არც ისე მარტივადაა, როგორც ამას ბოლო დროს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები წარმოგვიდგენენ.
    ისიც ფაქტია, რომ წინა პერიოდში, ანუ ოქტომბრის არჩევნებამდე, აღნიშნული რეფორმა უფრო ღიად და გამჭვირვალედ მიდიოდა. მთავრობის შემუშავებული კონცეფცია დიდხანს არ გასაჯაროებულა, არც ამ კოდექსის პროექტიც და ამას, ალბათ თავისი მიზანი ჰქონდა.
    პროექტის ერთ-ერთ ავტორს და ინიციატორს, ირაკი მელაშვილს, კარგად მოეხსენება, როგორი „მხიარულება“ გამოიწვია ბატონი შერგელაშვილის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა კომპეტენტურ საზოგადოებაში.
    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც, რა თქმა უნდა, არ გახმაურებულა - სამი კვირის წინ „იუესაიდის“ წარმომადგენელი ბატონი ვილიამ კარტიე როგორ წამოუხტა რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან არსებულ საბჭოს, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფინანსდება, რათა ქარტიასთან და ზოგადად კანონმდებლობასთან შესაბამისი პროექტი ან სტრატეგია მაინც შეიმუშავონ და როგორ მიალანძღა ისინი, - 9 თვეზე მეტია ფულს გიხდით და ამ საშინელი დოკუმენტის მეტი ვერაფერი შექმენითო! მეტიც, როგორც ამბობენ, მან „სოროსის ფონდთან“ ხელშკრულება შეწყვიტა და ხელებიც დაიბანა ამ საქმეში.
    არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება ადგილზე, იქვე უნდა გადაწყდეს. მოქალაქემ ყოველთვის უკეთ იცის რა ჭირდება კონკრეტულად, ვიდრე ნებისმიერმა ჩინოვნიკმა სახელმწიფო აპარატში. იმაზეც აღარავინ დავობს, რომ მუნიციპალიტეტს უნდა ქონდეს დამოუკიდებელი რესურსები და უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.
    ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ექსპერტ-იურისტის, დავით ზარდიაშვილის აზრით, დღევანდელი მოცემულობით არა პროგრესული კოდექსის შემუშავება, არამედ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ერთი კაცი ასტრუქტუირებს ამ ძალაუფლების სისტემას, რომელმაც კარგად იცის - მთავარია გავლენის მოპოვება საზოგადოებაზე.
    ამასობაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ექსპერტებმა გაანალიზეს საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტი და პრინციპული ხასიათის შენიშვნებიც დადეს.
    თავად ირაკლი მელაშვილიც აცხადებს, რომ ეს არაა რეფორმა, რომელიც არ გამოიწვევს კამათს, რადგან - საკითხი ეხება ქვეყნის მოწყობას. კამათიცაა და კამათიც. მითუმეტეს, დრო ძალიან ცოტაა. ცაიტნოტს ისიც ემატება, რომ კოდექსის ერთ-ერთი ავტორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, უკვე ოფიციალურად დასახელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად. ეს სვლა თავისთავად აჩენს უამრავ კითხვას. ამ შემთხვევაში კი ყურადღებას ისიც იქცევს, რომ რამდენიმე დღის წინ, მინისტრმა ჩვენი რესპონდენტი - დავით ზარდიაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამხმოვანებლად მოიხსენია.
     
    - ბატონო დავით, თვითმმართველობა საკმაოდ რთული თემაა. უკვე კურიოზია ახალი ხელილსუფლების მიერ შემოთავაზებული „ზემოდან“ მართვადი თვითმმართველობა.
    - რაშია იცით საქმე? თვითმმართველობის დარგში გაჩნდა ხალხი, ვისაც მეტი გავლენა აქვს ძალაუფლების ცენტრზე. ამჟამად თვითმმართველობის სფეროს საქართველოში აკონტროლებს ერთი ჯგუფი - ესაა ბატონი მელაშვილის უწყება და მისი კონტროლისა და გავლემის ქვეშ მყოფი რეგიონალური განვითარების სამინისტრო.
    - ანუ კოდექსი იწერება მათ მიერ.
    - დიახ, კოდექსი იწერება ამ საქმეში არც ისე კომპეტენტური და არასაკმარისი კვალიფიკაციის ხალხის მიერ. მსგავსი სისულელები და კანონების გაუთვალისწინებლობა სააკაშვილის ხელისუფლებაშიც კი არ გვხვდებოდა ასეთი დოზით. მაშინ ამ მიმართულებით პალიკო კუბლაშვილი მუშაობდა სერიოზულად.
    - რა გინდათ თქვათ, რომ პალიკო უფრო კვალიფიციური იყო?
    - რა შედარებაა? კაცი სერიოზული იურისტია და საკითხი ნასწავლი აქვს. სერიოზული პროფესიონალია. სამართალი იცის, გერმანიაში აქვს ნასწავლი. წინა ხელისუფლება ვერ ბედავდა ასეთი დოზით ძალაუფელბის გამოვლენას და ფუთავდა მას სხვადასხვაგვარად. ახლები ფიქრობენ, ისე დაგეგმონ და ჩამოაყალიბონ სისტემა, რომ თვითონ იყვნენ მისი სრული ბატონ-პატრონნი.
    - უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ?
    - რეგიონებში გავლენის სფეროები და ძალა-უფლება სხვადასხვა თანამდებობების მიერ კონტროლდებოდა. ხან გამგებელი იყო, ხან გუბერნატორი, ხან პროკურორი და ა.შ. 1 ოქტომბის მერე , რაც მიშას გუბერნატორების სისტემა დაირღვა, მათი ჩანაცვლება, რეგიონალური ხელისუფლების კუთხით, დაიწყო ირაკლი მელაშვილმა. პერსონალურად ის აკონტროლებს ამ სეგმენტს. პრემიერის ადმინისტრაციაში ჩამოაყალიბა თავისი კანტორა. დღეს რომ ირაკლი მელაშვილს ძალაუფლება აქვს, ასეთი, თავის დროზე, შვარდნაძის დროს, ბადრი ხატიძესაც კი არ ქონია.
    - როგორ მოახერხა ირაკლი მელაშვილმა ასეთი ნდობის და შემდეგ გავლენის მოპოვება?
    - პირადი უნარების წყალობით ალბათ. ივანიშვილის გარემოცვასთან ახლო კონტაქტებით. ერთია რეალური ძალაუფლება და მეორეა მისი დაკანონება-გაფორმება. ამ კანონპროექტისთვის გამოიყენეს მოძველებული, უკვე დაწუნებული მცდარი იდეები და მათ გარშემო შექმნეს ძალაუფლება. ახლა ჯერი მის დაკანონებაზეა.
    - რამდენადაც ვიცი, შემუშავებული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან.
    - ქარტიასთან წინააღმდეგობაში მოდის იმიტომ, რომ ტერიტორიების გადაკეთება-გადმოკეთებას და საზღვრების მიხაზვ-მოხაზვას შენ არავინ გეკითხება. ცივილურ ქვეყნებში ეს ხალხთან ერთად კეთდება სერიოზული კვლევების და გამოკითხვების შედეგების გათვალისწინებით. თუ ტერიტორიული ერთეულის საზღვრებს ცვლი, აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობასთან კონსულტაციები. მთავრობას უფლება არ აქვს რაღაცეები თავის ჭკუაზე გადახადოს და გადმოხაზოს.
    - რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს და ხშირადაა განხილვის საგანი - საიდან მოვიდა ციფრი 15 ათასი?
    - ამაზე პასუხი არავის აქვს. როგორც ამბობენ, კომპრომისის შედეგია ეს ციფრი.
    - ვისთან რისი კომპრომისის?
    - ეს იდეა ჰქონდათ 2005 წელშიც მაშინ უკვე ოპოზიციაში მყოფ „რესპუბლიკელებს“ , შეიტანეს კიდეც ალტერნატიული კანონ-პროექტის სახით. მათი გათვლებით, საქართველო 298 თვითმმართველ ერთეულად უნდა დაყოფილიყო. ეს იდეა არ მიიღეს მაშინდელ პარლამენტში თავისი გაუმართავობის და დაუსაბუთებლობის გამო, თანაც, სააკაშვილის ხელისუფლებას მაშინ თავისი მიზნები ქონდა.
    - რამდენადაც ვიცი დღეს არსებულ რეგიონალურ დაყოფაში დიდი ხარვეზები და მწვავედ პრობლემული თემები ძალიან ცოტაა. რატომაა აუცილებელი ამ საკითხის გადახედვა, უფრო სწორად ძირეულად შეცვლა?
    - როცა კომუნისტებმა ტერიტორიული რეფორმა გააატარე 1921 წელს, ხელი არ ახლეს რუსეთის იმპერიის მიერ დადგენილ დაყოფას და 10 წელი მოუნდნენ ახლის მომზადებას. ნაპოლეონმა, რომელმაც საფრანგეთი 100 დეპარტამენტად დაყო, მეცნიერებათა აკადემია ამუშავა 7-8 წელი ამ თემაზე. ყველა ასეთი ევროპული დაყოფა ისტორიულ გადანაწილებას ეფუძნებოდა ყოველთვის ძირითადად.
    - ეს 298 ერთეული საერთოდ არაფერს ეფუძნება?
    - როგორ არა?! - გაქვს მოსახლეობის „ენ“ რაოდენობა. ვიცით, რომ თვითმმართველობა ეფექტურია 15-20 ათას კაცმდე. ფორმულა მარტივია - მოდი მოსახლეობის რაოდენობა გავყოთ 20 000-ზე და გამოვიდა დასახელებული ერთეული. მერე აიღეს ფარგალი და სახაზავი, საქართველოს რუკა, 2001 წლის ურბანული მონაცემები, და დახაზეს საქართველოს ახალი ტერიტორიული მოწყობის „სახელმძღვანელო“. საქართველოში 3700-ზე მეტი სოფელია. ზოგი 5 კაციანია. ცხადია, რაღაც-რაღაცეები გამორჩებოდათ. კანონპროექტის სახით მიიტანეს თვითმმართველი ერთეულების ჩამონათვალი მიხეილ მაჭავარიანთან, რომელმაც რუკაზე გადაატანინა შემოთავაზებული ტერიტორიული ერთეულები. აღმოჩნდა, რომ ამ გათვლებით ნახევარი საქართველო არის თეთრი ლაქა. კანონპროექტის განხილვის დროს პროექტორი გამოიყენეს და მაშინ დამსწრე საზოგადოებამ ამ თეთრ ლაქებზე ბევრიც იცინა. „დაშლის იდეა“ აკვიატებულ იდეასავით აქვთ ამ პროექტის ავტორებს. ეს მოდის თვითმმართველობაზე მე-19 საუკუნეების წარმოდგენებიდან. ესაა ბისმარკის იდეები, როცა დადიოდნენ ცხენით და ჯერ ტელეგრაფიც არ იყო გამოგონებული. მაშინ ახალი ადმინისტრაციული ერთეულები იქმნებოდა იქ, სადაც იყო ეკლესია და ფოსტა. მერე ურბანიზაციის მეორე ტალღა დაიწყო და ინდუსტრიალიზაციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ასეთი მიდგომა თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში არის აბსოლუტურად სასაცილო. დღეს გეოგრაფიულ მანძილზე დამოკიდებული კომუნიკაციის პრობლემა აღარაა.
    - ანუ ტერიტორიების დანაწილების მე-19 საუკუნის დროინდელი მეთოდი ესაა კონცეპტუალური შეცდომა.
    - ეს ეწინააღმდეგება საღ აზრს. არაა სწორი ასე მიადგე ტერიტორიებს და დაიწყო ჭრა-კერვა. იქ საუკუნეებია ხალხი ცხოვრობს. დღეს საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. დგას მხოლოდ რამდენიმე წერტილში.
    - გარდა ამისა, არის მდიდარი რაიონები, მდიდარი რეგიონები, როცა თვითდაფინანსებაზე და თვითმმართველობაზე გადავლენ, თანასწორობის პრინციპი და ბალანსი როგორ დარეგულირდება და შენარჩუნდება?
    - ფაქტია, ეს უთანასწორობას გამოიწვევს. მაგალითად ახლა ბოლნისი რომ დაშალო, კაზრეთი აღმოჩნდება 15 მილიონიან შემოსავლიან სოფლად. დანარჩენები - ნულზე დარჩებიან. ანუ უთანასწორობას შეუწყობს ხელს. ასეთი მიდგომა, რომ 15 000-იანი ტერიტორია ქალაქია და დანარჩენი არა, ეს უბრალოდ დისკრიმინაციაა. როგორ უნდა დაასაბუთო, რომ ვთქვათ კასპი ქალაქია და მცხეთა - არა?
    - ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ინტერესი დგას თუ უვიცობით მოსდით ეს?
    - ესაა მე-19 საუკუნის კომუნიკაციის კრიტერიუმები. ევროპული გამოცდილება მოყავთ მაგალითად.
    - თუმცა, ევროპაც ხასიათდება გამოცდილების სიჭრელით.
    - საკითხის განხილვა იმის მიხედვით, საშუალოდ ევროპაში რამდენი კაცია თვითმმართველობაში, სასაცილოა. პროკრუსტეს სარეცლის პრინციპია - წააჭრა რაც ზედმეტია დადგენილ სტანდარტზე. ტერიტორიული მოწყობა ისტორიული პროცესის შედეგია. იყო ბისმარკის რეფორმები, იყო ნაპოლეონის რეფორმები, საბჭოთა რეფორმები..
    - დღეს არსებული დაყოფის იდეა, რამდენადაც ვიცი, კომუნისტებს არ ეკუთვნით.
    - არა, რა თქმა უნდა, ამის მტკიცება საკუთარი ქვეყნის ისტორიის არცოდნას ნიშნავს. დღევანდელი დაყოფის პრინციპი ეკუთვნის პავლე ინგოროყვას. რომელმაც 1920 წელს მოამზადა საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის გეგმა საქართველოს პირველი რესპუბლიკისთვის. მისი იდეა ქართულ ტრადიციულ დაყოფას ეყრდნობოდა, - ანუ აღმაშენებლის პრინციპებს. ესაა ქალაქი და მიმდებარე „ქვეყანაი“ - მისი აგლომერაციის ზონა.
    - ინგოროყვას ხედვა იმ დროისთვის იყო ოპტიმალური, მაგრამ არა იდეალური.ანუ არის სადღაც პრობლემური წერტილები.
    - დღეს, რეალურად, პრობლემები გვაქვს 3 ადგილას - ესაა გარდაბანი, გეოგრაფიულად ძალიან ცუდადაა დაგეგმარებული. ზუგდიდი, რომელიც ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან დიდია და გორი. მაგრამ ამ პრობლემების ასე მარტივად გადაჭრა შუძლებელია და არც შეიძლება - ამას მუშაობა და კვლევა ჭირდება. ტერიტორიული დანაწევრება კი არ იყო კომუნისტური სისტემის პრობლემა, არამედ მმართველობის მახინჯი სისტემა - დემოკრატიული ცენტრალიზმი. პარტიული დიქტატი, ტოტალიტარიზმი გვქონდა სახეზე.
    - არის კოდექსში ისეთი ნიუანსები და პრინციპული საკითხები, რომლებიც შეიცავს საფრთხეებს?.
    - რა თქმა უნდა. ახალი კოდექსით შემოაქვთ სრულიად ახალი ტიპის ადმინიტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანება. ამას ყველა ნიშანი აქვს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის. ტერიტორიული ერთეულის ოთხივე ძირითადი ნიშანი სახეზეა, თუმცა ამბობენ, რომ ესაა ახალი ტერიტორიული ერთეული, მაგრამ ახალს კონსტიტუცია კრძალავს პირდაპირ. და, რა თქმა უნდა, ამის შემოვლა ხდება.
    - რა უარყოფით შდეგამდე მიგვიყვანს კონკრეტულად ეს პუნქტი?
    - კურიოზულია ის, რომ კანონით არ ადგენენ ამ ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიას.
    - ანუ რა რეგიონები შეიქმნება საქართველოში, კანონში არ წერია?.
    - არა. ამბობენ, რომ ამ რეგიონების გაერთიანების ტერიტორია დაემთხვევა გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიასო. გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია კანონით არ განისაზღვრება, განისაზღვრება მთავრობის კანონქვემდებარე აქტით - როგორიცაა გუბერნატორის დებულება. ანუ რა გამოდის, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ენით გაუგონარ ამბავს ტერიტორიული ერთეულის საზღვრებს, ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე, აწესებს მთავრობა. რეალურად რა გამოდის - ესაა ის, რომ სადღაც ტერიტორია შემოგიხაზონ, შიგ შეგრეკონ და გითხრან, რომ ეს იქნება თქვენი გუბერნატორი. თეორიულად იცი რა შეიძლება გააკეთონ? მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტს ხომ დაშლიან და გუბერნატორი დაუნიშნონ ცალკე კახეთს და დანიშნონ თელავშიც. ანუ რეალურად არსებული მუნიციპალიტეტი შეიძლება დაშალონ და გააერთიანონ გუბერნატორის ეგიდით.
    მთავრობის შესახებ კანონში წერია, რომ სისტემის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი და ირაკლი მელაშვილმა თავიდანვე ამ მხრივ პოზიციები გაიმაგრა, დღეს ის ამ „კანტორის“ უფროსია, პრემიერ-მინისტრი თვითონ ხომ არ გააკეთებს ამ საქმეს? ჰოდა ფიქრობს, რომ იქნება მთავარმართებელი ამ თვითმმართველობის, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების „ნაჩალნიკი“. ქვედა დონეზე იქნება სამინისტრო და რა ხდება - აკანონებენ იმას, რო სამინისტრო აკეთებს კონცენტრაციას ძირითადი უფლების, თვითმმართველობის სისტემის სამართავად. პირდაპირ წერია - სამინისტრო ჩაატარებს ამ სისტემის მონიტორინგს. მეორე, ხდება თვითმმართველობას და მთავრობას შორის კომუნიკაციის მმართველი. მესამე- ძალიან მნიშვნელოვანი უფლება - სამართლებრივი ზედამხედველობაც ამ სამინისტროზე გადადის.
    - უკაცრავად და, ამასობაში, ის „სანატრელი თუ საოცნებო თვითმმართველობა“ სად წავიდა?
    - ხოდა აი ამ ძირითადი ფუნქციის - ზედამხედველობა, მონიტორინგი და კომუნიკაციის მართვა ერთი სამინისტროს ხელში კონცენტრირდება. ბუნებრივია ეს სამინისტრო ხდება თვითმმართველობების სამინისტრო, ანუ თვითმმართველობებს მართავს. როცა რაღაცას მართავ, ის თვითმმართველობა როგორაა? თუ ზემოთ იქნება, ვითომ პრემიერ-მინისტრის კაცი - მელაშვილი, მის ქვემოთ იქნება სამინისტრო, და მის ქვემოთ - გუბერნატორი.გუბერნატორები იმიტომ, რომ ითქვა - ტერიტორიას მთავრობა ადგენს. მმართველობის სისტემაში კანონით გაწერეს ის, რაც ვერ გაბედა სააკაშვილის ხელისუფლებამაც კი და არც უფიქრია ამაზე შევარდნაძეს. ერთთანაც ვმუშაობდი და მეორესთანაც. ესენი ამას აკეთებენ, თან ევროპული თვითმმართველობის ეგიდით. ცხადია,, ეს პროექტი გაიგზავნება კონგრესში და ცხადია, ვერცერთ კომისიას ვერ გაივლის.. რომ დაიანგარიშეს რა დაჯდება ამ რეფორმის გატარება, ფინანსთა სამინისტროც კი კრიტიკულად განეწყო - ყოველ წელს 400-500 მილიონის წყალში გადაყრაა ესო. ადმინისტრაციის და საოპერაციო ხარჯების, ინფრასტრუქტურის ხარჯები...
    დღეს რაცაა ე.წ. გარდამავალ ეტაპზე - ძალიან ეკლექტური და ჭრელი სისტემაა. წარმომადგენლობითი ორგანოა ასოცირებული საკრებულო, რომელიც მუნიციპალიტეტებში შემავალი საკრებულოებისგან ფორმირდება, ძირითადად პარტიული წესით და რაც მთავარია, ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელი არის გუბერნატორი. ამ დროს პირდაპირ კონსტიტუციას ეჯახებიან. გუბერნატორის სტატუსს განსაზღვრავს კონსტიტუციის 83-ე 3 პრიმა მუხლი. და კონსტიტუცია ამბობს, რომ გუბერნატორი რაიმეს ხელმძღვანელი კი არაა, ისაა მთავრობის წარმომადგენელი ადმინსტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
    - ანუ გადაწყვეტილებებს ის ვერ იღებს.
    - არა. ისაა მხოლოდ წარმომადგენელი ცენტრალური მთავრობისგან მოვლენილი კაცი და მეტი ფუნქცია მას არ აქვს. ახლა რას აკეთებენ? რაღაცა იურიდიული პირის ხელმძღვანელადაა მოაზრებული მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი, რომელსაც ყავს თავისი წარმომადგენლობითი ორგანო.
    - სააკაშვილის სისტემის ერთ-ერთი ყბადაღებული თემა იყო გუნერნატიორების თავნებობა. ანუ უარესობისკენ მივდივართ?
    - კი, მძიმე შედეგები იქნება. წარმოიდგინე, არის მელაშვილის უწყება, სამინისტრო, ქვემოთ გუბერნატორები, და სადღაც დაშლილ-მიჯირყვნილი მუნიციპალიტეტები...
    - ვინ მიჯირყვნავს?
    - ვინ და გამგებლობის სფეროები რეგიონების და მუნიციპალიტეტების გამიჯნული არაა. ერთი და იგივე უფლებამოსილებები აქვს რეგიონის მმართველსაც და თვითმმართველობასაც. ასეთი სისტემა იქმნება - კანონით „გაპრავებული“ - პოლიტიკური ხელმძღვანელი სამინიტრო, სათავეში პრემიერ-მინისტრის ოფისით, იქნებიან გუბერნატორები და თვითმმართვეობის ადგილი ამ სისტემაში არაა.
    - ანუ რეალურად ხალხს რა?
    - არც რა... დეცენტრალიზაცია რა არის - რომ ადგილობრივ თვითმმართველობას და ხალხს ქონდეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების თავად მოწესრიგების და მართვის საშუალება. თუნდაც კომუნალური საკითხების. ეს თვითმმართველობის გადასაწყვეტია, მერე ემატება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, პირველადი სამედიცინო დახმარება.რეგიონებს ბიუჯეტი არ აქვთ, ესაა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა. უცნაური რამეა - არის საბჭო, ასოცირებული საკრებულოს ვარიანტი, დანიშნული გუბერნატორი, ისინი განიხილავენ პროგრამებს და ხალხთან ერთად ამტკიცებს საბჭო ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც, თავის მხრივ, სამინისტრო ამტკიცებს. ინსტიტუციონალური უფლებები აღრეულია.
    - მთავრობის ბიუჯეტი როგორ შეიძლება პარლამენტის გარეშე დამტკიცდეს?
    - ამას ვამბობ - რეალურად ესაა სიტყვის მასალა - ვინ რას შეეკითხება ხალხს, თუ ბიუჯეტი დაუმტკიცა პარლამენტმა მთავრობას, იმ თვითმმართველობამ რამდენიც გინდა იხტუნოს, რას მიიღებს რო? დეცენტრალიზაციით მეტი უფლებები მიეცემათო, მაგრამ არანაირი კომუნალური მომსახურება, გარდა წყალმომარაგებისა, ეს კი ნამდვილად უწერიათ, თვითმმართველობაზე არ გადადის. პირიქით ცენტრალიზაციის ტენდენციაა. მთავარი ფიგურა თვითმმართველობაში იქნება გუბერნატორი. გუბერნატორის გადაყენების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭომ მთავრობის წინაშე, მაგრამ გუბერნატორს მთავრობის მანდატი აქვს და ის რასაც დაავალებს, ის უნდა აკეთოს. იმას გააკეთებს, რასაც მელაშვილი ეტყვის. ქვემოთ რა ხდება - თვითმმართველობა იქნება წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო და პირდაპირ არჩეული მერი. თვითონ კი წერენ, რომ დაბალანსებული სისტემა იქნებაო, მაგრამ არანაირი ბალანსი იქ არაა.
    - ამ კანონის მიღება ადგილობრივ არჩვენებამდე ეჩქარებათ ხომ?
    - რა თქმა უნდა? ვენეცის კომისიის რეკომენდაციაა - არჩევნებამდე 6 თვით ადრე ნუ ცვლით სისტემას, არ შეიძლებაო. მეეჭევბა, მოასწრონ. ვთქვათ, საზღვრები შემოხაზეს, მაგრამ იქ ხომ საკრებულო უნდა აშენდეს? მისი აღჭურვა, პერსონალის დაქირავება, ქონების გამიჯვნის საკითხები დაიწყება. ამის გაკეთება უნდათ 3 თვეში, რაც სისულელეა. ადმინისტრაციული კოლაფსის საშიშროება არსებობს. ესაა ერთ-ერთი თვალსაჩინო საფრთხე, მეორე უფრო მძიმე საფრთხე ესაა ეროვნული საკითხი - უსაფრთხოების კუთხით, ტერიტორიებზე, სადაც კომპაქტურად დასახლებული ეთნო-უმცირესობები ცხოვრობენ, სეგრეგაცია მოხდება. ამ კოდექსის მიების შემთხვევაში, ამ კატეგორიის მოქალაქეებს, აღარც სურვილი ექნებათ ინტეგრირების და აღარც მოტივაცია. ელემენტარულ მარტივ მაგალიტს მოვიყვან - მაგალითად ყარაჯალის მუნიციპალიტეტში პირდაპირი წესით აირჩა გამგებელი, იქ აირჩევენ აზერბაიჯანელს ცხადია. ანუ კახეთში, სადაც ინტეგრაციის პრობლემა არ იყო, ხელოვნურად იქმნება პრობლემა. ასევე უნდა დაიშალოს მარნეული, სადაც ხელისუფლების სისტემა ქართულია, დაშლის შემდეგ ქართველები აღმოჩნდებიან სასტიკ უმცირესობაში. თუნდაც რუსთავში, ლოგიკურად, გეყოლება აზერბაიჯანული საბჭო. ეს რატომ უნდა გააკეთო, თუ მტერი არ ხარ, ან - გიჟი? ამას თვითგანადგურების ინსტინქტს თუ დავარქმევთ.
    - არის საშიშროება, რომ პარლამენტი ამას მიიღებს?
    - არის ამისი საშიშროება.
    - ამ საფრთხეების აცილების გამოსავალს რაში ხედავთ?
    - იმაში, რომ ეს პროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია უკვე აგროვებს ხელმოწერებს ამ პროექტის წინააღმდეგ.
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+" 26.11.2013
  12. katya
    18 ნოემბერს საქართველოში სულ სხვანაირი ორშაბათი გათენდა.
    უმიხეილო და მიხეილის მრევლისთვის დიდად უხეირო ორშაბათი.
    ორშაბათი, რომელიც მიხეილის ოფიციალურმა თანამეცხედრემ შაბათ-კვირას გამოიტირა, - ვარდები არ არიანო!..
    ეი, სანდრა რულოვს-სააკაშვილისავ, ვარდები მოითხოვე ჰოლანდიაში. ჩვენთან მოიქეცი მაღალი რანგის ეჭვმიტანილის ცოლივით. თუ გაგვიმართლა და საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა „პატიმრის პატრონის“ რანგში გიხილეთ, მერე შევეცდებით გაგიგოთ - როგორც კანონის წინაშე თანასწორებმა, ეგებ მოვახერხოთ და შენთან და შენს შვილებთან მიმართებაში მთელი ჩვენში დარჩენილი და გადარჩენილი ადამიანურობის კვალი და ნიშანწყალი მოვმართოთ.
    ჯერ არ ვიცით. ჯერ მხოლოდ შენი მეორე ნახევრის მმართველობის ეპოქა დასრულდა, წყაროზე იმასაც ამბობენ, კოაბიტაციაც დასრულდაო... ვნახავთ, არც ეგ გამოგვრჩება...
    ასე იყო კი! გასულ კვირას რაღაც ძალიან ცუდი და ხანგრძლივი დასრულდა და რაღაც ახალი დაიწყო.
     
    ჯერ კიდევ დიდხანს ვიქნებით გადალაგების რეჟიმში. ჯერ თავშიც ბევრი რამ არ გადაგვილაგებია. რა გვეჩქარება?
    ასე ნელ-ნელა მოკრძალებულად ცხოვრებასაც შევაჩვევთ ჩვენს დაქირავებულ და მანდატგადაცემულ ხელისუფალთ.
    ჯერ ყველაფერი წინაა...ჯერ ბიძინაც კი არ გადასულა ორივე ქვედა კიდურით იმ რაღაც სამოქალაქო სექტორში.
    ჯერ მხოლოდ მოკრძალებული საზოგადოების მოკრძალებული პრეზიდენტის მოკრძალებული ინაუგურაცია იყო თავისი დრეს-კოდით, ეტიკეტით, პროტოკოლით, მადლობებით, გამოთხოვებებით, მილოცვებით და მოკრძალებული თხოვნებით.
    კვირის დასაწყისიდან საზოგადოება გაყურსული ელოდა მოსაწვევებს. ისეთი სიჩუმე იყო, ლოტოს გათამაშების დროს რომაა - ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას - არა.
    აკრედიტაცია და მოსაწვევის ადრესატები - გასული კვირის მთავარი თემა. კონკურენციის შემდეგი ეტაპი ტელეკამერების და მედიის ყურადღების მიპყრობა იყო. ამჯერად სხვა ქალბატონს - ერთ-ერთი მინისტრის მეუღლეს და ერთ-ერთი მინისტრის დას გაუმართლა. ზოგჯერ რა ცოტაა საკმარისი ყურადღების ეპიცენტრში მოსაქცევად... ერთი უხერხული მოძრაობა და ყველაფერი რიგზეა. ერთკვირიანი რეიტინგი გარანტირებულია.
    გასულ კვირას ყველაზე მეტი გარანტიებით საკანონმდებო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა მეუღლეებს ერგოთ. ტესტირება მეტ-ნაკლებად წარმატებით დაძლიეს.
    პირველმა სამეულმა - ყოფილი პრემიერის, მომავალი პრემიერის და მოქმედი პრეზიდენტის მეუღლეებმა წითელ ხალიჩაზე ისე გაიარეს, ყველაზე ინტრიგანებმაც კი ხინჯი ვერ უპოვეს, არც ნაბიჯი არევიათ. საეჭვოდ არსად ჩანდა ქვეყანაში რანგით მე-4 ქალბატონი, ანუ თინა...ანუ რა უნდა ვიფიქროთ?..
    17 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში, ტრადიციულ ადგილას, საქართველოს მე4 პრეზიდენტმა დაიფიცა...
    მთავარი ისაა, ფიცი გვწამდეს და ბოლომ არ გაგვაკვირვოს...
    9 საათზე ფეხით რომ მივა პრეზიდენტი კაცი სამსახურში, საკითხავი ისაა, იმ უსახურ შენობაში ლიფტი თუ მუშაობდა, თორემ მართლა მოგვეჭრა თავი...საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო დღე თავის გუნდის წევრებთან კონსულტაციებით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო შეხვედრა ლაშა აბაშიძესთან, ივანე მაჭავარიანთან, შალვა რამიშვილთან და თინათინ მჟავანაძესთან გამართა.
    მთავარია, კონტროლის მექანიზმი არ დავკარგოთ ამ ჩვენს არჩეულ პრეზიდენტზე, თორემ ეგ სამუშაო დღეებში ისევ წვერს მოუშვებს და თმასაც აღარ დაივარცხნის. მერე ადგება და ამ ყველაფერს „შემოქმედებით უწესრიგობად“ შეფუთავს.
    ისე, ყანდიაშვილის „ნიუსმა“ კი ჩამაფიქრა - ანუ რა გამოდის? მძღოლი, ესკორტი და პრეზიდენტის სამსახურის მთელი ადამიანური ინფრასტრუქტურა ფუნქციების გარეშე რჩება?
    მაგას მეგობარი ქალიც ისეთი ყავს, დილით ყავას სახლში დაალევინებს, არც სადილის და სამხარის აცუნცულება დაეზარება საყვარელი მამაკაცისთვის "პოსტზე."
    და რა აქვთ ჩაფიქრებული ვინ იცის? წინა ხელისუფლების პოლიტიკური ელიტის „ოჯახურ იდილიებს „ ბზარი უნდათ გაუჩინონ თუ სინდისის ქენჯნამ უნდა დაახრჩოთ ამომრჩევლის წინაშე...
    კარგი რა მარგველ რა! ასე სასტიკად შალიკოც არ მოიქცეოდა, შენ და ბიძინას რომ არჩევნები არ გაგეყალბებინათ მიშასთან და ბაქრაძესთან ერთად...
    რანაირი ქართველი ხარ და რანაირი პრეზიდენტი ხარ შენ?
     
    ახლა მთლად მაგ შეცვლილ-გადაკეთებულ კონსტიტუციასაც კი ნუ დაუჯერებ? პატარა გაუძალიანდი, შე კაცო!
     
    აგერ ხომ ხედავ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საგანელიძე რა ოპტიმისტია?! არ დაელია მაგას გაზაფხული და შემოდგომა. ასე სეზონიდან-სეზონამდე ატყუებს იმ პატიოსან პარლამენტარებს თბილისში დაგაბრუნებთო. ვერ აბრუნებს ჯერ-ჯერობით, მაგრამ ამის გამო ფეხით სიარული და ბოდიშობა კი არ დაუწყია...
    დიდი ცვლილებებია სახელისუფლებო პარტიაში - გენერალურ მდივნად კალაძეო, უშიშროების საბჭოს მდივნად - იმერლიშვილიო.
    პარტიის თავმჯდომარედ ღარიბაშვილიო და პარტიის პოლიტსაბჭო 26-დან 12 კაცამდე თუ შემცირდა რა გასაკვირია?
    გასაკვირი ისაა, სასჯელაღსრულების მინისტრს მრჩეველი მოროშკინა რომ ისევ გაუთხოვდა. თანაც ისე გაუთხოვდა, არ დაუკონკრეტებია საბოლოოა ეს ქორწინება თუ კიდევ სცდის? აშკარაა, მოროშკინას მაგალითზე გამოთქმა „მესამე და სამართალი“ განუვითარებელი სარძევე ჯირკვალივით გამოიყურება - უხერხულად და სასაცილოდ.
    ღარიბაშვილის მთავრობის კაბინეტს მხარს არ დავუჭერთო, უმცირესობის რამდენიმე კოლორიტმა ბრძანა.
    ამათ საზოგადოების წინაშე არანაირი დამსახურება არ აქვთო.
    პრინციპში მართალია ეგ უმცირესობა... ჯერ უნდა ავუხსნათო რა პრობლემების წინაშე დგას ქართველი საზოგადოებაო. მაგათზე უკეთ აბა ვინ იცის რა პრობლემებიც შექმნეს ამ ქვეყანაში?
    ჰოდა, ეს რომ იციან, ამიტომაც გარბის კირკიტაძე ამერიკაში სასწავლებლად. გუბერნატორობა არ დააცადეს და ახლა მაგისტრის ხარისხი მოუნდა ბიჭს... რას უშვება ამ ხალხს შინაგანი ფარული კომპლექსები?! ხომ არ დამთავრდა არასდროს ამათი სწავლა -განათლება.
    კიდევ კარგი მარიამ საჯაია მაინც რომ მიაბრძანა პარლამენტმა სამთვიან სასწავლო შვებულებაში.
    ნაძალადევში უკვე დავით აღმაშენებლის ორდენოსანმა გიგიმ ახალი გამგებელი მოგვამაგრა. იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ბალავაძე. უახლოესი მომავალი მარტივად გასაშიფრია - ასე დატრიალდებიან „კრუგში“ სულ თავისი ნებით გადამდგარი გუბერნატორები მომავალ არჩევნებამდე და რაღა დარჩა?
    გიგის ის ურჩევნია ქალაქის დასუფთავების სამსახურის უფროსი დაატრიალოს სადაც საჭიროა, თორემ დაემსგავსა მისი სატახტო ალაგი შევარდნაძის დროის თბილისს - გამოტენილი ნაგვის ურნებით და სანაგვედ გადაქცეული ქუჩებით. ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ ერთი შანსი ხომ გაქვს ბიჭო? თუ შენი დაჭერაც უკვე გადაწყვეტილია? რა თქმა უნდა, ვიღაც-ვიღაცეებს დემოკრატიის გადმოსახედიდან თუ არ ეუხერხულათ...
    გარდა ალექსანდრე ჭიკაიძისა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის, მთავრობის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. ჯერ-ჯერობით, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჯერ-ჯერობით. თუ თანამდებობებს ვერ შეიფერებთ, კი აგისრულდებათ "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ოცნება - "თუ პრეზიდენტმა ფეხით უნდა იჩანჩალოს, მაშინ პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტმაც ფეხით იარონო"...
    ფეხით სიარული კი რას ნიშნავს ჩვენს დროში, კარგად მოგეხსენებათ. ჰოდა, თეას ჯინაზე მაინც იმუშავეთ, თუნდაც ხადურივით 24 საათი. ხადურის ზომის პრემია მაინც არ გინდათ ხალხო?
    ჯერ-ჯერობით თანამდებობრივ ალაგს ინარჩუნებენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელსაც ბოლოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურში გადაყვანა დააბრალეს და თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი, რომელიც მწარედაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში.
    არ ვაპირებდი საყვედურს, მაგრამ, სულ შალიკოობა რომ დამაბრალოთ, მაინც ვიკითხავ - ვისი იდეა იყო იმ დაფიცების ცერემონიალზე მიშას „დაწინდული“ სანაკოევის დაპატიჟება? მერე ვიღაცა იკითხავს - რა ეწყინა ნინოსო?
    ხშირად თავი სხვებზე ჭკვიანი გვგონია, იმ სხვებს რომ კითხო, ჩვენზე ჭკვიანები არიან და ბოლოს რა გამოდის _ რაღაც საშუალო არითმეტიკული.
    ზოგჯერ სინდისი მარტო კი არ ხრავს, მწარედ წკავწკავებს კიდეც...
    იმ საკვირაო ცერემონიის ტელე-სპიკერმა თქვა მომავალი პრეზიდენტი სავარაუდოდ ფიცს კონსტიტუციაზე დადებსო. ზედმეტი ვარაუდები კანონებს აუგემურებს. კონსტიტუცია გურმანთა შესაფერისი კერძია და არა საბავშვო ბაღის ასაკში საკითხავი საუკეთესო ზღაპარი - თავისუფლებებზე, უფლებებზე და მოვალეობებზეც...
    ეგეცაა, ზოგჯერ ხვალინდელი დღის მიმართ იმდენად მომთხოვნები ვართ, დღევანდელობას თვითონ ვაუფასურებთ.
     
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+' / 19. 11. 2013
  13. katya
    ვისაც შეხება აქვს საბაჟოსთან, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს 4 ფერის დერეფანი.
    ამ ფერთა გამაში თუ „შუქნიშანში“ გარკვევა არც ისე რთულია. რთული მწვანეზე გავალაა, მაგრამ მომგებიანი და „საპატიო“. ყვითელი – დოკუმენტალური შემოწმებაა, ცისფერი – ტვირთის ადგილზე გაფორმება დოკუმენტაციის გადამოწმების გარეშე, თუმცა გადამოწმების ერთ თვიანი უფლებით. მწვანე – აბსოლუტური ნდობის გამომხატველია იმპორტიორის მიმართ, ანუ ყველანაირი შემოწმების გარეშე დოკუმანტაციის გაფომება. წითელი – ყველაზე მძიმე დერეფანი, რომელიც ყველანაირ დათვალიერებას და შემოწმებას ექვემდებარება. ტვირთი აუცილებლად უნდა გაიხსნას და ვაი მას, თუ არც ტვირთი და არც ტვირთის პატრონი ვინმეს თვალში არ მოუვიდა...
    ახალს არაფერს ვიტყვით, უბრალოდ შეგახსენებთ უახლოეს წარსულში წინა ხელისუფლების მიერ კარგად შეფუთული რეფორმების შედეგებს, ხოლო ეს შედეგები ვის ინტერესებში შედიოდა და ვინ „მოიხმარა მშვიდობაში“ ამას ნებისმიერი მიხვდება.
    ანატომია ბედისწერაა ადამიანისთვის, ქვეყნისთვის გეოგრაფიაა ბედისწერა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს თანამედროვე მსოფლიოში. გეოგრაფიულ ბედისწერას თანამედროვე ენაზე გეოპოლიტიკას უძახიან.
    გეოპოლიტიკა თავად განსაზღვრავს ბევრს ქვეყნის ცხოვრებაში და ასევე მოითხოვს ბევრს სახელმწიფო პოლიტიკიდან. მისი ერთ–ერთი ძირითადი ატრიბუტი და თემა დაცული საზღვარია – გეოგრაფიულიც, პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც...
    2009–2012ში საქართველოში ფისკალურ სფეროში ჩატარებულ რეფორმებს შორის „წარმატებულად“ 2 დამოუკიდებელი, ერთმანეთისგან გამიჯნული სისტემის – საბაჟო და საგადასახადო სფეროების გაერთიანებაც მოიხსენიება. მოხდა ისე, რომ, სახელმწიფო ეკონომიკის მაშინდელი მამების სურვილით, საგადასახადომ შთანთქა საბაჟო.
    2010 წლამდე მომქმედი საბაჟო კოდექსის მე–4 მუხლის თანახმად, საბაჟო განსაზღვრავდა, არეგულირებდა და იცავდა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ანუ საბაჟო იყო ქვეყნის ეკონომიკური საზღვარი და ქვეყანაში შემომავალი ტვირთების კონტროლის სრულფასოვანი განმხორციელებელი, სასაზღვრო კონტროლთან ერთად. რეფორმის შემდეგ ორმაგი კონტროლის დაკარგვა განსაკუთრებით ნეგატიურია ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების და „რისკის ჯგუფში“ შემავალი სამეზობლოს ( აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) ფონზე.
    იმდროინდელ ერთ–ერთ დიდ მიღწევად მიიჩნევა ასევე ქვეყნის საზღვრებსა და შიდა ტერიტორიებზე გაფორმების ეკონომიკური ზონების შექმნა, რომელთა დანიშნულება იყო ტრანზიტულად მოძრავი ტვირთების შემოწმება და კონტროლი.
    ოფიციალურად გაურკვეველი და არაოფიციალურად, კონკრეტული მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მოხდა მებაჟე–ოპერატორების განთავსება, რომლებიც ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანებით საბაჟო–სატვირთო დეკლარაციების შევსების, შემოწმების და გაფორმების უფლება მიეცათ. ანუ მოხდა 3 ფუნქციის გაერთიანება ერთ სუბიექტში.
    როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამას აბსურდული მდგომარეობა ქვია, რადგან ამან გამოიწვია გაფორმების ეკონომიკური ზონების პირვანდელი ფუნქცის დაკარგვა, მებაჟის როლის სრული დაკნინება, რადგან ის მაკონტროლებელი სუბიექტიდან გადაიქცა მომსახურე პერსონალად.
    დღევანდელი გადასახედიდან უკეთ ჩანს, რა მიზნებს ემსახურებოდა ეს ე.წ. „რეფორმა“?
    პასუხი ზედაპირზე ტივტივებს:
    ერთია სფეროს მონოპოლიზაცია, რომლის შედეგია ბევრი უმუშევარი სპეციალისტი, რამაც სახელმწიფოსთვის უარყოფითი ფისკალური შედეგი გამოიღო;
    მეორე – იმპორტიორის (მეწარმის) მანიპულაცია, რაც წარმატებით ხორციელდებოდა არასასურველი მეწარმის ან ტვირთის მიმართ;
    მესამე – საბიუჯეტო თანხების დამატებითი მოზიდვა სსიპ–ს ანგარიშზე ( საბაჟო მოსაკრებელი 60 ევროს ექვივალენტი შეიცვალა მომსახურების გადასახადით – 400 ლარით), რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა, ზერელე გათვლებით, მინიმუმ 20 მილიონი ლარის ზარალი მიიღო წელიწადში. აქვე ჩნდება ერთი კითხვა – რამდენად მიზანშეწონილია, საბაჟო ან საგადასახადო იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არა სახელმწიფო ორგანო?
    სფეროს მონოპოლიზაციამ შექმნა საუკეთესო პირობები საბოტაჟისთვის – ხელოვნური ბარიერების შექმნა, დამატებითი საბუთების მოთხოვნა, გადამზიდველების დღევანდელი პრობლემები.
    რაც შეეხება დეკლარაციის და საბაჟო პროცედურების ე.წ.გამარტივებას – პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს „გამარტივება“ მხოლოდ ერთ ძალას აწყობდა და არ იყო გათვლილი სახელმწიფო ინტერესებზე. გაფორმების ეკონომიკური ზონის მომხრეები დადებით მხარედ საიმპორტო პროცედურების გამარტივებას მიიჩნევენ, რაც დოკუმენტების შევსების წესის გამარტივებასა და შევსების დროის შემცირებაში გამოიხატება, მაგრამ ამან რომ დეკლარაციის არასრულფასოვანი შევსება, სტატისტიკური მონაცემების დაკარგვა და სხვა უამრავი უარყოფითი შედეგი გამოიწვია, ამას არავინ აფიქსირებს.
    საბაჟო კოდექსის გაუქმებამ თავისთავად გააუქმა ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – სეზონური და ადვალური გადასახადები, რაც ქვეყნის შიდა ბაზრის დაცვის და ადგილობრივი მეწარმის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების საუკეთესო ბერკეტი იყო.
    ამ, ერთი შეხედვით, ძველ და არაერთხელ გაანალიზებულ–გაკრიტიკებულ თემას არ დავუბრუნდებოდით, რომ ამ მიმართულებით დღეს იგივე სიტუაცია არ იყოს. ანუ 2012 წლიდან დღემდე მავნე და წამგებიანი საბაჟო პრაქტიკა არ შეცვლილა.
    ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ პრობლემების შესახებ, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე , არაერთი წერილი შევიდა იმ შესაბამის უწყებებში, რომლებსაც საკითხის განხილვა და შემდეგ მოგვარება ევალება. რეაგირება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა.
    პრობლემები პრობლემებად რჩება. ასე რომ არ იყოს, არც ეს საუბარი შედგებოდა საბროკერო ჯგუფ BGG–ს დირექტორ ქეთი ლოლუასთან:

    – ქეთი, ახლა ერთად დავცქერით ჩვეულებრივ საბაჟო დეკლარაციას და მეც კი ვხედავ, თუნდაც მისი პირველივე გვერდი, რამდენ შეუსაბამობას შეიცავს. ამას სპეციალისტებიც ხომ ხედავენ? თუ „არდანახვასთან“ უფრო გვაქვს საქმე?
    – რასთან გვაქვს საქმე ამ დოკუმენტით ჩანს, ოღონდ ეს ფაქტია. დღესაც ამ დოკუმენტით მიმდინარეობს საბაჟო მომსახურება ჩვენს საზღვარზე.
    – თუ მეხსიერება არ მღალატობს, საბაჟო სტრუქტურა ყველაზე წარმატებულ სტრუქტურად მოიაზრებოდა წინა ხელისუფლებაში და მათი ნოუ–ჰაუები თითქოს ამართლებდა.
    – ამართლებდა კონკრეტული ინტერესებისთვის. იდეაში იმ პროექტებს, რაც საბაჟოზე განხორციელდა, ნამდვილად უნდა მოეტანათ შედეგი. საბაჟოს მთავარი დანიშნულება კონტროლია. იქ დანერგილი „ჰაიმანი“–ს პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია ნებისმიერი აკრძალული ტვირთის გამომჟღავნება, მაგრამ „ჰაიმანებმა“ გამშვებ პუნქტებზე ისეთი დისკომფორტი წარმოშვა რიგების სახით, იძულებულები გახდნენ შეეჩერებინათ. „ წითელ დერეფანს“ ფაქტიურად განსაზღვრავდა ჰაიმანის მონაცემი. ამ შეფერხებების გამო, არჩევანი გაკეთდა „გეზის“ პროექტზე, რომელიც ამერიკული პროექტია. მაგრამ ამ პროექტით მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა შექმნილიყო რამდენიმე შემკრებ–გამანაწილებელი პუნქტი. ყველა მანქანა, რომელიც გადმოკვეთდა საზღვარს, უნდა შესულიყო „გეზში“, რომ მომხდარიყო მისი ფუნდამენტალური დათვალიერება. ტრანზიტული ტვირთი აგრძელებდა მოძრაობას მეორე მიმათულებით, შიდა ტვირთი ნაწილდებოდა კომერციულ ტერმინალებზე განსაბაჟებლად.
    – ანუ გეზის მთავარი ფუნქცია იყო ტვირთების მკაცრი კონტროლი და საზღვრის განტვირთვა.
    – თავიდან ასეც იყო. „გეზით“ მოიხიბლნენ, მაგრამ „ჰაიმანებს“, რატომღაც, მტვერი დაედო. მოკლედ, გადააკეთეს სისტემა, დასვეს გაურკვეველი წარმომავლობის მებაჟეები, რომელთა ფუნქციაა დეკლარაციის შევსება–გაფორმება. დეკლარაცია ესაა კონკრეტული პირის განაცხადი სახელმწიფო ორგანოში. ამიხსენით, როგორ შეიძლება, თქვენ, მაკონტროლებელმა, შემივსოთ მე განაცხადი?
    – ანუ საბუთს ადგენს და დამოწმებას ახდენს ერთი და იგივე პირი?
    – დიახ. ელემენტარული ინტერესთა კონფლიქტია. თავად დეკლარაციას რომ ჩავყვეთ, შეიძლება აქ ბევრისთვის არაფრისმთქმელი ნიუანსი იყოს,მაგრამ მე–14 გრაფის შინაარსი საერთოდ წაშალეს.– რა ეწერა იმ გრაფაში?
    – ეწერა: წარმომადგენელი ან იმპორტიორი, უფრო სწორედ, მისი დასახელება, – ვინ შეადგინა საბუთი. და იქ დაწერეს: იხილე გრაფა 8. სადაც ფიქსირდება იმპორტიორი.
    – ეს „ჩვენებმა“ მოიფიქრეს?
    – რა თქმა უნდა... ესაა ჩვეულებრივი სახელმწიფო დოკუმენტის გაყალბება. ანუ მე ამ საბუთით ვკითხულობ, რო ის შეავსო იმპორტიორმა, მაგრამ, რეალურად, იმპორტიორი ახლოსაც არ მიკარებია მას. დეკლარაცია ფინანსური დოკუმენტია. ეს არაა უბრალოდ განაცხადი. ის მოიცავს დაბეგვრასაც და ფინანსურ ვალდებულებასაც, რომელიც მე, იმპორტიორს წარმომეშვება სახელმწიფოს წინაშე ტვირთის განბაჟებისას. ამ დროს დოკუმენტზე ფინანსური პასუხისმგებელი არავინაა.
    – როგორ შეიძლება, წარმომეშვას ფინანსური ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე და ფინანსური პასუხისმგებელი არავინ იყოს?
    – ხომ ხედავთ, ამის მიხვედრას არანაირი სპეციალური განათლება არ ჭირდება. და ეს მომქმედი დოკუმენტია, არაფერი შეცვლილა, იგივენაირად ხდება გაგრძელება ამ დოკუმენტაციის წარმოების. დოკუმენტს ხელს აწერს იმპორტიორი. თუნდაც მომსახურების საფასურს რის საფუძველზე ვიხდით? სად მიწერია, რომ თქვენ გამიწიეთ მომსახურება, როცა მე და თქვენ ხელშეკრულება არ გვაქვს? ამ დოკუმენტით წესით არაფერში გიხდით ფულს.
    – ეს მარტო ჩვენთან ხდება?
    – კი, მარტო ჩვენთან ხდება? ასეთი ექსპერიმენტი, ჩანასახის დონეზე, გაკეთდა სომხეთში და არ გაამართლა. ყველგან ბროკერის ინსტიტუტია პრაქტიკაში. იმპორტიორს ურჩევნია ბროკერის მეშვეობით მოაგვაროს დოკუმენტაცია, , ანუ ყველას სურს ყავდეს შუამავალი, რომელიც მასთან ერთად გაინაწილებს პასუხისმგებლობას. ბროკერები ვალდებულები ვიყავით, წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დოკუმენტი შეგვედგინა სწორედ, თუ შეცდომა მოგვდიოდა,საჯარიმო სანქციებს ვიხდით ჩვენ და არა იმპორტიორი.
    – რას გერჩოდნენ მაინც ბროკერებს? ვის უშლიდით ხელს?
    – ჩვენი ძირითადი მომხმარებლები მცირე და საშუალო ბიზნესი იყო. ბიზნესისთვისაც მოსახერხებელი იყო და ეკონომიური. „გეზის „ შემოტანის მერე საბროკერო ფირმები დაიძირნენ. თავიდან კონკურენტუნარიანები დავრჩით ბაზარზე, მაგრამ აღმოჩნდა , რომ ჩვენი დატოვების შემდეგ, „გეზში“ აღარავინ წავიდა. მათი მომსახურების საფასურს იხდიდნენ, მაგრამ მაინც ჩვენთან ბეჭდავდნენ დეკლარაციებს. ნახეს, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვერ მოგვერივნენ, უცებ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა დეკლარაცია „ გეზში“დაიბეჭდებოდა.
    – ანუ ფუნქციები დაკარგეთ ერთი, შესაბამისად, დაკარგეთ შემოსავლის წყარო და გაჩერდით?
    – ახლა ბროკერები მხოლოდ რიგითი კურიერის ფუნქციას ვასრულებთ. იმპორტიორი, რომელსაც პრინციპულად არ უნდა „გეზში“ წასვლა, ისევ მოდის ჩვენთან კომფორტული სერვისისთვის.
    – როგორც ვხვდები, ამ „გეზით“ დაიკარგა სრულფასოვანი კონტროლის მექანიზმი.
    – მოდით ნაციონალებს პიარის დონეს მაინც ნუ დავუკარგავთ. ეს პროექტი მათ ფანტასტიურად შეფუთეს. იმპორტიორებს უთხრეს, – რა კარგია, გაგიადვილდათ პროცედურა, აღარ გაწვალებ, „ზედმეტ“ გრაფებს აღარ გავსებინებ... მაგრამ, ამ გრაფებს რომ არ ავსებ და ამითი კანონს რომ არღვევ, ეს არაფერია?
    – კონკრეტულად რომელ კანონს არღვევდნენ?
    – ქვეყანაში პრაქტიკულად სტატისტიკა აღარ კი არა ვეღარ არსებობს. მაგალითს მოგიყვანთ – შეიძლება „ მოვაჭრე“ იყოს სხვა ქვეყანა და „გამომგზავნი“ – სხვა. მე რომ თქვენი პარტნორი ვარ და ვახდენ საქონლის მოწოდებას თქვენთვის,შეიძლება იმ წუთას მე არ მქონდეს ეს პროდუქცია, მაგრამ რადგან სრული პაკეტი მაქვს მომსახურების, შემიძლია და ვალდებულიც ვარ, ჩემს პარტნიორ ფირმას მოველაპარაკო მესამე ქვეყნიდან და იქიდან გამოგიგზავნოთ ის საქონელი, მაგრამ ის ამ დროს თქვენთან არ ვაჭრობს, ჩემთან აქვს ხელშეკრულება. მოვაჭრე მე ვარ და ის გამომგზავნია.ე ს ანბანია ბიზნესის. დეკლარაციაზე იწერება მხოლოდ „გამომგზავნი ქვეყანა“ – საიდან მოდის ტვირთი, მაგრამ მე დაფიქსირებული მაქვს ჩემს ქვეყანაში,რადგან მე ვევაჭრები და მე რომ ამდენი ტვირთი მოგაწოდეთ ის სტატისტიკა აღარაა.
    – ანუ, მომწოდებელი იკარგება.
    – გახსოვთ არჩევნებამდე ერთი ამბავი რომ იყო, ბალანსი არ ჯდებოდა ამერიკიდან და იტალიიდან შემოსული ტვირთების? ყველაფერი ამის ბრალია. იქ შეიძლება მოვაჭრე სხვა ყოფილიყო და სხვას გადაწეროდა.
    – კი მაგრამ ეს სტატისტიკა ახლა მაინც არ ჭირდება არავის და ამაზე „ზევით“ არავინ ფიქრობს?
    – ნაციონალურ ეპოქაში ეს შეგნებულად იყო გაკეთებული. მაგრამ რა უარყოფითი შედეგი მოქონდა, ამაზე არავინ საუბრობდა. მაგალითად, თუნდაც დადებული მემორანდუმი აზერბაიჯანსა და ჩვენს შორის, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან ტვირთი არ უნდა შევიდეს ჩვენი გავლით სომხეთში. თქვენ რომ აქ არც წარმოშობას ჩამიწერთ, არც მოვაჭრე ქვეყანას, მერე მე იმას ექსპორტზე რომ გავუშვებ,როგორც „უცნობს“, თქვენ მე რას გამიკონტროლებთ? ყველანაირი მანიპულაციის საშუალება მიეცათ ამითი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა აზერბაიჯანმა გამოიჭირა ქართული მხარე და ლამის სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდა საქმე. სწორედ ასეთი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად იყო ეს საჭირო. „გამჭვირვალობა საქართველომ“ ქექა–ქექა და ვერაფრით ბალანსი ვერ დასვა მაგალითად ნავთობის იმპორტზე. ამ ვითარებით ვერასოდეს ვერავინ გაიგებს სად არ წავიდა, მითუმეტეს როცა „მწვანე დერეფანშია“ გასული ტვირთი და პირდაპირაა გაფორმებული.
    – ეს მაშინ იყო ასე და ახლა რას ვშვებით? მოწესრიგდა რაღაც დონეზე?
    – რა მოწესრიგდა? სისტემა არ შეცვილა, არაფერი არ შეცვლილა. არსებული ხვრელები ისევ ხვრელებად დარჩა. დღეს ბევრს საუბრობენ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. აქტუალური თემაა. არ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი, მაგრამ ვიცი – საბაჟოს შეუძლია, ისე მოაწესრიგოს სოფლის მეურნეობა, რომ არც მილიარდიანი ფონდი უნდა, არც არავისი პატიოსანი ქცევა. მოწესრიგებული სისტემა შექმენი ისევ. რომელიც იმუშავებს. იქ უპატიოსნოც რომ იჯდეს, ვერაფერს გააკეთებს. იქ კანონი მუშაობს, მთავარია კანონი აამუშავო და გქონდეს ნება.
    იცით, მართლა გულიახდილად მშურს თურქების.
    – თურქების რატომ?
    – თუნდაც იმიტომ, რომ დღგ–ს დაბეგვრა ჩვენსავით ფიქსირებული 18% არაა. არის „მცოცავი“ დაბეგვრა. ადამიანისთვის იქ მთავარ მოხმარების პროდუქტად მიჩნეულია პური და მარცვლეული. ამიტომ იბეგრება ყველაზე ნაკლებად, რომ ფართო მასებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მეორე ადგილზეა – რძე და რძის პროდუქტები. დღგ 5–7%–დე მერყეობს. რძე და რძის პროდუქტები ბავშვებისა და მოხუცებისთვის აუცილებელიაო და ამიტომ ის უნდა იყოს შეღავათიანი დაბეგვრითო. მერე იზრდება უკვე ფუფუნების საგნების მიხედვით, მაგალითად მანქანა იბეგრება 100%–ით, ასევე ძვირფასი ლითონებიც. შენ თუ იმდენი ფული გაქვს, რომ გინდა ფუფუნების საგნები, კეთილი ინებე და გადაიხადე შესაბამისი ბიუჯეტში.
    – ალბათ ეგაა რეალური სოციალური სამართლიანობა... თუ სწორად მახსოვს, ადრე ჩვენთან იყო სეზონური დაბეგვრა.
    – იყო, შევარდნაძის დროს. როცა სეზონზე ჩემთან მოდის ის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, იმპორტიორს რატომ დავუთმო ბაზარი იაფიანი ნაგვისთვის? ის უნდა დავბეგროთ ძვირად. განსხვავებული პროცენტი, რაც რჩება გადასახადებიდან, უნდა წავიდეს მეწარმეზე, რომელიც ავითარებს ამ დარგს. აღარც ფულის მოზიდვა გინდა, აღარც არავისი კეთილი ნება.
    – ესაა უკვე სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფოს ჩარევა, ანუ პრიორიტეტების შერჩევა. ასეთია ინდოეთში მედიკამენტების წარმოება, რამდენადაც ვიცი.
    – კი,აბა სცადეთ და ინდოეთში მედიკამენტები შეიტანეთ! ისე დაგბეგრავენ, აქეთ ვალებს აგკიდებენ, რის მოგება? ინდოეთი სახელმწიფოს დახმარებით გახდა მონოპოლისტი ფარმაციის ბაზარზე. დღეს ყველა ქვეყანაში წამლის „ბალვანკები“ ინდოეთიდან გადის. როცა ველოსიპედი არსებობს, არ ჯობია დაჯდე და წახვიდე, ვიდრე ახალი გამოიგონო?.
    – ქეთი, თუ არ ვცდები, ამ თემებით თქვენ საქართველოს ბიზნეს ომბუცმენს მიმართეთ?
    – მომეცა შემთხვევა და მივმართე, უფრო სწორედ, თავად გამოთქვა ამ თემებზე „კონსტრუქციული თანამშრომლობის“ სურვილი. პრობლემები ჩამოვუწერე და განვიხილე. ზღვა მასალაა, მუშა ჯგუფს შევქმნიო და მათთან იმუშავეთო. მაისის 5 რიცხვიდან დავიწყე რეკვა ივნისამდე ვრეკავდი, მერე აიღო ყურმილი და დამიბარა საღამოს 09ს ააათზე, ოღონდ ჩვეულებრივად „გადამაგდო“. მერე გადამზიდველებს შეხვედრა ქონდათ ტერმინალების წარმომადგენლებთან ერთად ბატონ გახარიასთან და ისევ პირისპირ აღმოვჩნდით. ძალიან არ ესიამოვნა ჩემი დანახვა. პირდაპირ მითხრა, – სპეციალურად არ ვპასუხობდი შენს ზარებსო, არ მაინტერესებს შენთან ლაპარაკიო. ზურგი შემაქცია და ისე იჯდა მთელი შეხვედრა, საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი. სერიოზული კამათიც მოგვივიდა. ონოფრიშვილთანაც ვითხოვე შეხვედრა. წერილობით მოითხოვა საკითხი და თუ დავინტერესდები, შევხვდებიო. არ დაურეკავს.
    – რამდენადაც ვიცი, თავად იმპორტიორებსაც აქვთ პრეტენზია საბაჟოსთან დაკავშირებით.
    – ექნებათ ცხადია, სერიოზული მანიპულაცია ხდება იმპორტიორის.
    – ანუ გამოჭერილი ყავთ იმპორტიორები?
    – თავიდანვე გამოჭერილი ყავდათ. თუ არასასურველი ტვირთი იყო, თავიდანვე ისე დაგბლოკავდნენ, ვერაფერს შემოიტანდი.
    – საფუძველი?
    – საფუძველი რათ უნდა, სისტემაა შექმნილი. ერთი ბრძანება - გააჩერეთ ეგ ტვირთი და მორჩა, ვერაფერს უზამ. დეკლარაციას აღარ ავსებთ, განაცხადი შევსებული არ გაქვთ და განაცხადი საბაჟოზე გაკეთებული არ გაქვთ. ამტკიცე , რომ იქ იყავი.
    – ანუ ქვეყანაში იყვნენ სასურველი და არასასურველი იმპორტიორები.
    – რა თქმა უნდა. გაუჩერებ კონკურენტს 1 კვირას ტვირთს, დააწერ იმდენ თანხას. სამაგიეროდ, სასურველი ფირმა შემოიტანს იგივე საქონელს უპრობლემოდ და მე უკვე არაკონკურენტუნარიანი ვხდები. მანიპულაციის საუცხოოდ მოფიქრებული მეთოდები იყო.
    – მაინც ვერ ვხვდები, ასე ხელაღებით როგორ მოგიცილეს ბროკერები?
    – თავიდანვე რომ ვერ მოგვიცილეს, შექმნეს ყველასთვის კარგად ცნობილი პრივილეგირებული ფირმა, რომელსაც ყველამ იცოდა, რომ ფინანსური პოლიცია პატრონაჟობდა. ყველამ იცოდა. პირდაპირი ბრძანებები იყო იმპორტიორებზე, დამფუძნებლებს ურეკავდნენ, –მიხვალ და იქ დაბეჭდავ , თორემ პრობლემები შეგექმნებათო. მიუხედავად ამდენი მანიპულაციისა და ზეწოლისა, აღმოჩნდა, რომ ბაზარი მაინც ვერ გააკონტროლეს. სადღაც 30%-ს ვერ აცდნენ. მაინც ვიყავით ისეთი ფირმები, რომლებიც კონკურენციას ვუწევდით. ამის მერე შემოაქვთ 250 000 ლარის საბანკო გარანტიის პროექტი საბროკერო ფირმებზე. აი მანდ დავიწყეთ სერიოზული ომი, ბაქრაძესაც მივმართეთ პარლამენტში, თორთლაძესთანაც შევიტანეთ კომიტეტში. მაგრამ რისთვის – დღესაც არ ვიცი. თორთლაძე კომენტარის გარეშე დავტოვოთ. რა ცოდვასაც ვერ ვიტყვი, ერთადერთი, ვინც მაშინ გვერდით დაგვიდგა, არ ვიცი რა ინტერესების გამო, „ ქრისტიან-დემოკრატები“ იყვნენ. ახვლედიანთან გვქონდა კონტაქტი და ჩვენი წერილი გაიტანა კომიტეტზე. მათ შეძლეს ჩვენი და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მოწყობა პარლამენტში. მაშინ იყო, ღვალაძე რომ დამემუქრა, თქვენ ქალბატონო, აუცილებლად დაგიჭერთო!
    – უკაცრავად ვინ დაგემუქრათ?
    – ღვალაძე, ფინანსთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე.
    – სად დაგემუქრათ, პარლამენტში?
    – დიახ, პარლამენტში.
    – მაგრამ არ დაგიჭირათ, საბედნიეროდ.
    – მაშინ სერიოზულად ვიომეთ და ეს 250 000 50 000-ზე ჩამოვაწევინეთ.კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, უკვე ისე გააკეთეს, რომ ფინანსურის პრივილეგირებული კომპანია 50%ს აკონტროლებდა, მაგრამ 50%-იანი ნიშა მაინც დავიტოვეთ. რაღაც მოვახერხეთ, გავერთიანდით, გავმსხვილდით, ბინები ჩავდეთ. ამის მერე უკვე გადავიდნენ შევიწროვებაზე და აგრესიაზე, დიდი ომები გვიხდებოდა. ძალიან „ცუდ როლს“ ვთამაშობდით ბევრ რამეში. არ ვეპუებოდით. გაგიკვირდებათ და, ბადრი პატარკაციშვილის ტვირთი 7 ნოემბერს მყავს გამოყვანილი ტერმინალიდან.
    – მაშინდელ 7 ნოემბერს?
    – კი, იმ დღეს, მაშინდელი კანონით და დოკუმენტაციით ფაქტიურად ვიომე და ტვირთი გამოვიტანე. წერილობითი პასუხი მოვთხოვე მებაჟეს, ყველანაირად შეამოწმეს, ვერაფერი იპოვეს და გამომიშვეს. სამაგიეროდ თეფშებს რა უქნეს. იმიტომ რომ „ცე“ ნომერი არ ქონდა და იმ მებაჟე გოგომ უბრალოდ არ დაბეჭდა დეკლარაცია. კანონით უკვე ვეღარ მიედავებოდი. იმ პერიოდში ყველაფერს აჩერებდნენ საბაჟოზე მიტინგების დროს - ხმამაღლა მოლაპარაკე, ტელეფონები,რაციები, თავდაცვის სამინისტროსთვის შეკვეთილი ტვირთებიც კი გააჩერეს, ისე იყვნენ დაპროგრამებულები. ასპროცენტიანი კონტროლი ჩაიგდეს ხელში. მთავარი საბაჟოზე კონტროლია. ამის გარდა იქ უამრავი ნიუანსია, რომელიც ძიებას საჭიროებს. თუნდაც ვინმემ იცის, ეს ფინანსები სად მიდის? ესაა სსიპ-ს შემოსავალი, რომელმაც არ შეიძლება მოგება ქონდეთ და არც დღგ. სად მიდის 400 ლარი?. ეს წლები პრემიებს იწერდნენ ნაციონალები როგორს იცით? 30 000, 40 00 000–ს. ძირითადად პარტიის ყულაბაში მიდიოდა. მაინტერესებს, ახლა რა ხდება?
    – ანუ ეს იყო უკონტროლო შემოსავალი, რომელიც არ აღირიცხებოდა და მიდიოდა პარტიაში?
    – კანონით იმდენი უნდა დაადო მომსახურებას, რომ თავის შენახვაზე გეყოს. ჯერ სახელმწიფომ რამდენი გადასახადი დაკარგა. ჩვენ, ბროკერები, ყველა დღგ-ს გადამხდელი ვიყავით. რამდენი იყო ჩემნაირი? ამას დაუმატეთ ტერმინელები, უზარმაზარი შემოსავლები, ყველა იხდიდა საშემოსავლოს და დღგ-ს. მაშინ „გააპრავეს“ ფული და მაინტერესებს, რატომ გრძელდება იგივე, ანუ სად მიდის ახლა ეს ფული?
    – ჰო, ეგ მართლა საინტერესოა.
    – ისიც საინტერესოა , როგორ აღმოჩნდა იმ ცნობილი პრივილეგირებული ფირმის დირექტორი სულ ახლახანს „გეზის“ დირექტორის სკამზე? იმავე ფირმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გახდა წითელი ხიდის საბაჟოს უფროსის მოადგილე. იმავე ფირმის დეკლარანტი გახდა აეროპორტის საბაჟოს უფროსის მოადგილე, მეორე დეკლარანტი – „ საქართველოს ფოსტაში“ განყოფილების უფროსი, მითხარით რა ხდება?
    – ამ ამბავზე ხადურმა არაფერი იცის ნეტა? ხადური არგუმენტად მოიყვანს კოაბიტაციას, რომ პოლიტიკური ნიშნით ვერ გაყრის პროფესიონალებს.
    – ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონის დირექტორად აგყავს საბროკეროს დირექტორი. 240 საბროკერო ფირმა ვიყავით და ყველას ყავდა დირექტორი, ზოგს 2-2 –იც და რატომ სხვა არ აირჩიეს? რა პრინციპით შეირჩა ერთი ფირმის ბროკერები?
    – ამაზე ალბათ პასუხი შესაბამის უწყებას ექნება.
    – მათი დანიშვნა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსს, ზაზა
    ხუნდაძეს ეხება.
    – ისიც „ნაციონალური წარსულითაა“?
    – არა ის „ქართუ ჯგუფის“ ბროკერი იყო , მის ტვირთებზე დადიოდა და ფინანსურის ბრძანებით იმ „ცნობილ“ ფირმაში აფორმებდა დეკლარაციებს. იმ ფირმიდან მოიყვანა ცოლიც. იმასაც ამბობენ – ხუნდაძე ცოლის მეგობრებს ასაქმებსო. უკაცრავად, პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ცოლის კადრები მოიყვანოს საკუთარ ფირმაში...ამიტომ მიჩნდება ეჭვი, რომ ამ ძველი კადრების გამოყენებით, შესაძლოა პლაცდარმს ამზადებენ. თუ ესენი აპირებენ, იანვარში ისევ ჩვენს დაშვებას საბაჟოზე, უკვე ხომ არ ამზადებენ „გამოცდილ კადრებს“ რომ ერთი დიდი მონსტრი საბროკერო შემოაგდონ, რომელიც ახლებს ან ძველ მომაკვდავებს სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევს და ისეთ პატარა ნიშას დაგვიტოვებენ, როგორც დღეს ვართ.
    – ანუ მიდის საუბარი იმაზე, რომ იანვრიდან ისევ ბროკერები ბრუდებიან?.
    – რადგან ხადურმა გამოაცხადა რომ საბაჟო და საგადასახადო კოდექსები უნდა გაიყოს, მაშინ ამის აუცილებლობა დადგება. არ შეიძლება საბაჟო და საგადასახადო იყოს ერთად. იმხელა ზარალი ნახა ბიუჯეტმა ჩათვლებით და მაქინაციებით, საბაჟოდან ბიუჯეტში ფაქტიურად ფული აღარ შედის. ბევრი იმპორტიორიც ისეთია, გამორჩენაზე. მარტო დეკლარანტის ბრალეულობა კი არაა, სისტემა ასეთი. ანუ ხვრელს უტოვებს თვითონ სისტემა, ვერ იპოვით რეალურ დამნაშავეებს. გამოსავალია დაშორება. მთავარია ეკონომიკური საზღვრის განსაზღვრა და მისი კონტროლი. იმპორტიორს გაუადვილდა ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ მე რომ სახელმწიფო მოხელე ვარ, მასზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესი უნდა დავაყენო. როცა რომელიმე ბიზნესმენი ბიზნეს-გეგმას ადგენს, კეთილი ინებოს და სახელმწიფოს ინტერესებიც ჩადოს და გაითვალისწინოს იმ გეგმაში. ასე ყველაფერზე არ შეიძლება კონტროლი მოშალო. ელემენტარულად, თუნდაც შიდა ბაზარი რომ დაიცვა გარე აგრესორისგან. მართლა სირცხვილია 110 კილო ჰეროინს რომ გიპოვიან ქვეყანაში და 80 კილოს ექსპორტზე გაპარულს. ეს ჩვენ რაც ვიცით. გამოჟონილი ხომაა ინფორმაციები? არა მხოლოდ ნარკოტიკებზეა საუბარი. იმიტომაც ვუთხარი გახარიას - სანამ ატომურ ბომბს არ დაგანახებენ იქამდე არ დაიჯერებ, რა ხდება საბაჟოზე მეთქი?. არ იყო ირანის იარაღთან დაკავშირებით სკანდალი?, მაგრამ დროზე მიაჩუმათეს. კაცმა არ იცის რა ხდება ამ უკონტროლობის პირობებში...
    – რამდენად დგას პროფესიონალიზმის პრობლემა და მებაჟეების კეთილსინდისიერების
    საკითხი?

    - თუ სისტემა არ დაარეგულირე, კეთილსინდისიერი მებაჟის იმედად მარტო ვერ იქნები. ან მებაჟე სადღაა რო? ძალიან ძვირფასი პრეზიდენტი რომ გვყავდა, ანეკდოტად დადიოდა საბაჟოზე მისი ფრაზები. ჩვენ ხომ გალანძღული ვყავართ, ბროკერები - პირ-თმა დაუბანელი, დაუვარცხნელი და ბინძურ ხალხი ვართ თურმე.საბაჟოზე პრობლემა მოვაგვარეო და მოგვარების არსი იმაში იყო რომ – საბაჟოზე მებაჟე არ უნდა იყოს!. უნდა იყოს ლამაზი მოდელი გოგოო და პირდაუბანელი და გაუპარსავი რომ შევაო,ის სხვა რამის ყურებას დაიწყებს, გაშტერდებაო ..არავის პირად შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ლელა მებურიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი და სხვა მოდელები რომ იდგებიან საბაჟოზე, საბუთებს მიიღებენ და გამოუშვებენ ტვირთს, უბრალოდ არასერიოზულია... მართლა გაშტერებულები გამოდიოდნენ კაცები... ისეთი ხალისიანი საბაჟო გვქონდა...– სამაგიეროდ, ყველასგან გამორჩეული და ვიღაც–ვიღაცეებისთვის წარმატებულიც...
    – სამაგიეროდ, ყველასგან გამორჩეული და ვიღაც–ვიღაცეებისთვის წარმატებულიც... თქვენი „თანამშრომლობა“ ბიზნეს ომბუცმენთან რითი დასრულდა?
    – გახარიამ მკითხა - რას ითხოვთო?. მე ვუთხარი, არაფერი მინდა, კოდექსი გაკეთდეს, რომელიც იქნება კოდექსებით დაწერილი და არა ნორმატიული აქტების ნაკრები მეთქი. საბაჟო კოდექსი აღარ არსებობს, შეურწყეს საგადასახადოს. კანონმა უნდა გამიწეროს ზუსტად - მე რა შემიძლია, იმპორტიორს რა შეუძლია და სახელმწიფოს რისი უფლება აქვს. კანონი ხომ შეიძლება ერთხელ დაიწეროს და მომეცი საშუალება, რომ ვიცხოვრო და ვიმუშავო კანონის შესაბამისად.
    – მერე რა გიპასუხათ?
    – ეგ მოთხოვნა არაა, აქსიომააო. აქსიომაა თუ თეორემაა, მე გამიკეთონ და რაც უნდათ ის ქნან.
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+" 29.10. 2013
  14. katya
    ეს კვირა საქართველოში ისეთი ორშაბათით დაიწყო, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი ორშაბათობა საერთოდ ვერ იგრძნო. უმცირესობამ, იგრძნო,მაგრამ, არ შეიმჩნია, დანარჩენებმა რაც იგრძნეს, ისიც გაატარეს..
    მოკლედ, ისეთი არჩევნები ჩავატარეთ, ამომრჩევლის სიხალვათის მიუხედავად, აწი აქეთ გვეხვეწოს შესვლაზე ევროკავშირმაც, ნატომაც და... „ბუტკასთან“, როგორმე გავერკვევით...
    აპატურაიმ შეგვაქო, გაერომაც, ევროკავშირმაც...
    ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგებით კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს 104 ხმით მოუგო. არადა, როგორ გვატყუებდა ის მუცლითმეზრაპრე ხაჩიძე, წააგოო... სამაგიეროდ, ამერიკაში ნამდვილად მოიგეს. ბარაქალა კახა ლომაიას და მის გუნდს... კაი გამოცოცხებული გუნდი შეუკრებია იქაურ ქართულ ემიგრაციაში... თუ ასე მოსწონთ მიშას–საქართველო, რას უსხედან საშოვარზე და შორიდან შემოგვნატრიან? გამოუშვით, ერთი! გამოუშვით...
     
    ეპოქალური კვირა დასრულდა და ასევე ეპოქალური დაიწყო. მართალია გზაჯვარედინზე იმდენნაირმა აზრმა, შეფასებამ და პროგნოზმა მოიყარა თავი, რომ გაჩნდა „ჭ####ტის“ საშიშროება, მაგრამ უკვე აპრობირებული მიჭირხვნ–მიჯირყვნების მერე ჭ####ტა და ჟანგბადის უკმარისობა რა მოსატანია?
    თუ ფინიშზე გასულ სააკაშვილს დავესესხებით – „საქართველო გაურკვევლობის ეპოქაში შედის, სამაგიეროდ, მე ვიწყებ საკუთარ თავში ჩაღრმავებას და გამორკვევასო..
    და, ვაი-თუ, მართლა გამოარკვია...
    მარგველამ რა?! – ზოგიერთების ჯინაზე, პლასტელინი არ გაძვირდებაო, კიდეც მოვწევ, კიდეც დავლევ და ქალებშიც ვივლი, თუ ძაან გამიხურებთო!...
    ეს რა ნახა ზოგიერთი ქართველის თვალებმა - „პირველი ლედი“ - საცურაო კოსტუმში! „მნახველთა“ კატეგორია, ალბათ, „კასტუმით“ ცურავს და მხოლოდ დღესასწაულებზე ბანაობს და ყველაფერს მხოლოდ „ოფიციალურს“ აღიარებენ... მთავარია ფურცელი! სადღაც იქ რეგისტრაციის ჟურნალში საჭირო 2 სახელი და გვარი ერთად ეწეროს...
    გამოცვივდნენ უკვე „მაქსიმალისტები“, უფრო სწორად ინტრიგანები - აბა ეს სადააო, აბა ისო!... 2 დღის წინ გაიმარჯვა ამ კაცმა...ბიძინამაც თქვა, - ისე იქნება ყველაფერი, როგორც საჭიროაო და აცადეთ ახლა, დაფიცებით, ინაუგირაციის დღეს დაიფიცებს...
    ბოლოს და ბოლოს უხერხულია ამდენი აჟიოტაჟი ახალი პრეზიდენტის მიმართ, როცა ის ქვეყნის „მაოხრებელი გზირი“ ჯერ კიდევ არ გაგციებიათ ავლაბარში...
    ძალიან შურიანი და ბოღმა ხალხი ვართ რაა...დიდი და ყველას გადამბუგავი ხანძრის მერე მაინც მეზობლის რომ შეგშურდება – იმის სახლი უფრო დიდხანს იწვოდაო..
    თავშეკავებისგან და აკრძალვებისგან ისინი იღებენ სიამოვნებას, ვინც სიამოვნებას სიამოვნებისგან ვერ იღებს... ცოტა თავისუფლად, ხალხოო, რა გჭირთ?
    ყველაფერზე წუწუნი და ყველაფრის გაცრა შეიძლება? 27–ში სიმშვიდენ შეგაწუხათ, ცოტა მზემაც მეტად ხომ არ დაგაცხუნათ?ან ეგებ ...
    მერე ისევ ეგეთები წუწუნებთ – რა არის ჩვენი ცხოვრებაო! რა არის და ზუსტად ის, რაც ინტერნეტს და ვირტუალურ სამყაროს მერე გრცებათ, ბევრისთვის ფაქტიურად არც არაფერი..
    იქ მისვლა დაეზარათ და ან რა აზრი აქვსო... ჰოდა მასე არ ექნება თქვენისთანებისთვის არაფერს აზრი... ის მაინც თუ „გაითქვენისეთ“, ამ ახალ წელს შეჩვეული ჭირი და ავადმყოფი რომ არ მოგვილოცავს, 9 წელი გაუსტუმრებელი ვალივით რომ დაგვყვებოდა მომავალში?
    რომ მიეშვათ, არჩევნების დღეს ენგურს გათიშავდა, მეცხრე ბლოკს და ორთაჭალჰესსაც. ოღონდ თვითონ ეციმციმა ჩვენს სიბნელეში.
    მიშას საყვარელ უკრაინაში უკვე მიხვდნენ, რომ პრეზიდენტად კენჭის ყრა მაგარი შარია – ან უნდა გაპრეზიდენტდე და ან უნდა ჩაჯდე.. იქ, ძველები ვირის აბანოს რომ უძახიან დღესაც.
    სააკაშვილის დაჭერა ქვეყნისთვის საინტერესო არ იქნებაო–შემოგვაპარასავით ივანიშვილმა... ტიგრანა გულოიანის არ იყოს, – შენ ადექი და ხელი დაადე ბიძოჯან და ჩვენ არც შეგვრცხვება, არც ინტერესს მოგაკლებთ...
    ამ ჩვენი ბრიყვის არ იყოს, პუტინმაც ბევრი ეცადა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გვარი პუტინი ყოფილიყო, მაგრამ მაინც კალაშნიკოვია..
    როგორ გრძნობდა თავს გასულ კვირას ის ჩვენი ცოდვით სავსე? მაგაზე ლაპარაკიც არ ღირს... მაგრამ დედა რა იყო ეს! ქრესტომათიული გამოსვლა მისი საპრეზიდენტო პრაქტიკიდან:
    "მიმდინარეობს ფეხბურთის მატჩი. ორი გუნდი თამაშობს და შეხედავ, ნორმალურად მიმდინარეობს, მერე ერთი გუნდის მწვრთნელს არ მოეწონება, გამოვა პისტოლეტით და მოკლავს მეორე გუნდის ფეხბურთელს, ან სიტყვაზე ვიღაცას ჩასვამს ციხეში. ან, ეს არ გვინდა, ეს ჩავსვათ ციხეში, ან მოდი გააგრძელეთ, ითამაშეთ, ითამაშეთ... „ მიეცით სასტვენი ამ არსებას! . სასტვენი არ მისცეს, მაგრამ ფინიშამდე მისვლა აცალეს...
    აწი აკენწლოს თუ მაგარია! კალაძის კარიერა ვერ მოინელა მაგან, ისე, როგორც „ბაბუმ“ ვერ მოინელა დღემდე მაშინდელი ნინოს ღალატი... ვერც ნინო მოინელებს თავისი ელექტორატის ღალატს.
    არაფერია იმაში ცუდი, ზოგჯერ ჭკვიანი ადამიანი სისულელებს რომ ლაპარაკობს, მე პირადად ის ამბავი უფრო მაშინებს – გარქოვანებული ტვინებით რომ პროფესორობენ...იყავი მიზანმიმართული, ენერგიული, ენთუზიასტი, ინიციატივიანი, ეს ყველაფერი არაფერში გარგია და კაპიკია შენი ფასი, თუ ჭკუით არაა გაზავებული... სანელებელია მთავარი! სანელებელი..
    დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან საქართველოს აღარასდროს ეყოლება პრობლემური პრეზიდენტები, არამედ ეყოლება პრეზიდენტები, რომლებითაც ქვეყანა იამაყებს! - ასე თქვა დავით უსუფაშვილმა და რა ვიცი?! სიამაყე იცოცხლე,არ გვიჭირს...
    ყველაზე მეტი ხმა მარგველამ საბურთალოზე მიიღოო..
    საბურთალოზე, გასულ კვირას, გურამ დოჩანაშვილის ბინა გაუტეხავთ... კამორა კი არა და „კარაულლლ...“ სავარაუდოდ, ქურდები ქართველი კლასიკოსის ბინაში ფულსა და ძვირფას ნივთებს ეძებდნენო. ჰოო. ტანსაცმლის კარადა ყოფილა გადმოქოთებული, „სამოსელი პირველის“ ძებნაში...
    წინასაარჩევნოდ ის ნაციონალურად ორიენტირებული „პომადიანი“ ნათიაც კი გამოსწორდა – ისტორიისთვის და შეფასებისთვის მთავარი დროაო, არც ბაჩო და ვანო მიმაჩნია პოლიტ–პატიმრებადო...
    მიაბარონ „ ნათია–მასწს“ ჩიორა და ნადირაშვილი... აზრებს თუ ვერ შეიცვლიან, მაკიაჟს მაინც „დახვეწენ“...
    გასული კვირა კიდევ იმით იყო პროდუქტიული, რომ ბაჩოს, როგორც იქნა, რაღაც მიუსაჯეს. მაგისთვის ეგ „სიმბოლური სროკია“, მაგრამ პატარაზე ხომ მოვიფხანეთ გული? როლანდი მამამ კი იბურდღუნა – ჩაწყობილიაო! მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობდა იმ საიდუმლოს შემნახავმა თხამაც არ იცის.
    თავად ბრალდებული ახალაია თავს ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობს და მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსორებას უწოდებს. და ეს ბუნებრივიცაა...
    რა გარდასახვის უნარი ჰქონია იმედა კახიანს! კი ამბობდნენ „ძველები“ კარგი არტისტი იყოო და აგერ ჩვენც მოვესწარით მის ზენიტს... თურმე „ოცნების“ მხარეს ყოფილა სულ, ოჯახის მდედრები ყოლია „მიგერები...“
    მარტო ბიძინა კი არ ასრულებს სიტყვას? გუნავაც „სიტყვის კაცია“, შეელევა გუბერნატორობას, აბა რა, ჯერ რათაც-რუღაცეები აქვს მოსაგვარებელი... წავალ, აბა მარგველასთან ვინ დამტოვებსო? ხათუნა ოჩიაურს წასვლაზე ადრე არაფერი უთქვამს, მაგრამ უკვე წავიდა და მას მიჰყვნენ კოლეგები მისნი „გუბერნიებიდან“... მალე ბოკერიაც დაწერს განცხადებას წასვლაზე. ხელის მომწერი არ ეყოლება თუ რა?
    ასეა გენაცვათ! როცა გრანდიოზული გეგმები იშლება, უკეთესია თავი გაარიდო, ქვეშ რომ არ მოყვე.
    ის დროა, აფთიაქებში დაკაფსულებული დროის გაყიდვა მოვითხოვოთ... კურნავს თურმე ეგ მადლიანი და ოხერი..
    ლუკაშენკომ საქართველო დსთ-ში ოფიციალურად დაპატიჟა – როგორი უკბილო ხუმრობა იცის ამ ტიპმა... ჩარჩა რა სუსურუკუკუში..
    რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინის საზღვარზეც დაიწყეს მავთულხლართების შემოვლებაო, ლუგანსკის ოლქში. არ აცალოთ იმ თავქარიან რუსს ღობის გამაგრება...ყველაფრისგან რა პანიკას ქმნით? წავლენ ეგენი და ჩვენ ღობე დაგვრჩება, მერე ჯართში ჩავაბარებთ ან ოკუპაციის მუზეუმში...
    ხო, აი ნესტანს რა ეშველება არ ვიცი...
    დავითაშვილმა კი თქვა, თუ 3%–იც ვერ ავიღე, წავალო, მაგრამ წავა?
    ალბათ მაინც იმის იმედი ქონდა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ეტყოდა – დარჩიო.. ვაიდა არ უთხრან! ისე, მე თუ მკითხავთ, ეგ აწი პოლიტიკაში კი არა აგროსექტორში უნდა წავიდეს... ბევრნი და ჯანიანები კი არიან ოჯახში, ამრავლოთ ღმერთმა და საკუთარი თავი თუ გამოკვებავთ მაგათ, თან დარგიც იხეირებს..
     
    ა კაცი – სულ არ წავიდა არჩევნებზე... საკუთარ თავს ხომ არ მივცემდი ხმასო? ხოდა სორე თქვენი იდეურ–პოლიტიკური დონე, ბატონო მიხეილ–გელა?! ჰა?
     
    პირველ–მეორე –მესამეზე გაითვალეთ და ეგრე დარჩითო... სულ მე ვარო! სულო... აქაცო–იქაცო და იმას და იმას შუა რომაა იქაცო...
    კარგი რა შალიკო, ისევ მაწყევარის „ობრაზი“ გქონოდა ჯობდა, რას გაიბანძე თავი? ბელაზე ერთგული არავინ გეყოლება შენ. ამომრჩეველიც, მრჩეველიც და გამძლებიც... ისე მაგ ქალს კი ეკუთვნის რამე თანამდებობა. რას უძლებს მართლა რაც ჩვენ მაგათი სიამ–ტკბილობა გვახსოვს და რაც არ გვახსოვს!? მოკლედ, კაი ნიშა გიჭირავს და კარგად ჩაეჭიდე... ბელაში ხომ არავინ გეცილება ადამიანო! მაგის გვერდით პირველიც ხარ, მეორეც და მრავალწერტილიც.
    როგორც კი ბურჯანაძის ხმების რაოდენობა 10%-ს გადასცდა, პრეზიდენტობის ყველაზე სამართლიანმა კანდიდატმა, მაშინვე აღიარა არჩევნების შედეგები. აღიარებდა აბა რა, მილიონი ასე ქუჩა-ქუჩა არ ყრია და თან არც ყოველ წელსაა საპრეზიდენტო არჩევნები...
    ალტრუისტი მარგველაშვილი ხომ გყავთ პრეზიდენტად! ხოდა მეტის ღირსები ხართ...
     
    24 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესს დავესწარი. სარჩელი მერიის მიერ კერძო პირების საკუთრებაში არსებული მიწების უკანონო მითვისებას და შემდეგ აუქციონის წესით მათ გადაყიდვას ეხებოდა. მოსამართლის მანტიაში სამი ქალი ისეთ სამართალს ფქვავდა! ნინო ქადაგიძე, ნანა კობახიძე და მანანა ჩოხელი – ბრავო! თემიდა იმ დღეს ამაყობდა თქვენით... მგონი მარტო მერიის პარპაშის კი არა კუბლაშვილის სასამართლოს აღსასრულიც მოსულა და ვერ გაგვიგია...
    უფლისთვის ადამიანები რასებად აზოვნების ფერით იყოფა ალბათ..
    ცხოვრება გრძელდება, მალე ახალი წელიც მოვა...
    მთავარია, რომ ის წავიდა!
     
    კატო ჩულაშვილი
    „ქრონიკა +“
    29.10.2013
  15. katya
    საპრეზიდენტო არჩევნებამდე დღეები რჩება და ამ არჩევნების შედეგებით ირიბად თუ პირდაპირ დაინტერესებული საზოგადოება გადასულია მოლოდინის რეჟიმში. ამ რეჟიმის შეუცვლელი ატრიბუტია პროგნოზები, არგუმენტები, ვარაუდები და ობიექტური რეალობის სუბიექტური ანალიზი.
    „ქრონიკა +“ –მა არჩევანი სიტუაციის ობიექტურ შეფასებაზე „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორ, კახა კახიშვილზე გააკეთა.
    – კახა, მოდი, საუბარი საპრეზიდენტო ტელედებატებით დავიწყოთ. რამდენად დაგაკმაყოფილა მისმა ფორმატმა, კანდიდატების გამოსვლებმა?
    – აბსოლუტური უკმარისობის გრძნობა დამიტოვა. ჩემი აზრით, ეს იყო კონკრეტული „დებატები“ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დიდი სურვილი გააჩნიათ, რომ გახდნენ საქართველოს პრეზიდენტები. დაიკავონ საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა. უცნაური და გაუგებარი იყო ამ დებატების მონაწილეთა შერჩევის ფორმულა. თუკი ასე უნდა შერჩეულიყვნენ მისი მონაწილეები, მაშინ რა საჭიროა კვლევები და რეიტინგების გამოცხადება, თუ ეს იყო დასავლური ტიპის დებატები და ფორმატი, რატომ არ იყვნენ შერჩეული მონაწილეები თუნდაც იმ კვლევების საფუძველზე, რომლებისაც მაინც და მაინც არ მჯერა, მაგრამ ისინი არსებობს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო უბრალოდ მოწოდებების ტრიბუნა მოწვეული კანდიდატების მხრიდან, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ერთმანეთს არ ჩაძიებოდნენ, ეთქვათ ნებისმიერი რამე, რაც თავში მოუვიდოდათ. ვფიქრობ, საზოგადოებას აინტერესებდა დაახლოებით თანაბარი წონის პოლიტიკოსებს შორის კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ეს დებატები იყო, როგორც რუსები ამბობენ, „დლია გალოჩკი“, რათა ვირაცას ჩათვლა მიეღო და ძალიან გავდა მიშას „ფასადურ“ დებატებს. ჩემში ამან გაკვირვება გამოიწვია, რადგან ერთ წელიწადში დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანაში სერიოზული ნაბიჯევი გადაიდგა, რაც ამ ფორმატზე აბსოლუტურად არ აისახა.
    – ანუ, წარმოდგენილმა კანდიდატებმა არ დაგაკმაყოფილა?
    – რა თქმა უნდა არა. ასეთივე წარმატებით შეეძლოთ, 23–ვე კანდიდატი დაეყენებინათ ტრიბუნასთან, მიეცათ კონკრეტული დრო ყველასთვის, ყველა თავის აზრს გამოთქვამდა . ეს იყო „დებატების ჩათვლა“. არამგონია ქვეყნის მოსახლეობასაც დარჩენოდა განცდა, რომ საპრეზიდენტო დებატებს უყურა.
    – კარგი, თავი დავანებოთ დებატებს. რეიტინგებით ლიდერი სამი კანდიდატის საარჩევნო კამპანია, გიტოვებს კონკურენტული კამპანიის განცდას?
    – რა არის იცი, საზოგადოება მიჩვეულია სხვანაირ აგრესიულ, წნეხურ კამპანიას. მათ შორის მეც და შენც. ანუ 1 ოქტომბრამდე, წლების მანძილზე, კამპანიებში ჩართული იყო ყველა სახელმწიფოებრივი ბერკეტი და ძალოვანი სტრუქტურა. ყველა სახელმწიფო ინსტუტუტი მუშაობდა კონკრეტულად ერთ სახელსუფლებო კანდიდატზე და ამიტომაც დღეს მიმდინარე კამპანიები გვეჩვენება არადინამიურად. მეორეს მხრივ, ძალიან თავისუფალი გარემოა და ყველა ვხედავთ, რომ ვინმეს შევიწროვებას, უფლებების დარღვევას ან გადამეტებას ფაქტიურად ადგილი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ზედაპირზე. სიტუაცია მშვიდია, მაგრამ უნდა გავითალისწინოთ ისიც, რომ რეალურად, დღეისთვის მეორე სახელისუფლებო ძალა იბრძვის კონკრეტულად იბრძვის თავისი კანდიდატის მეორე ადგილისთვის და არა გამარჯვებისთვის. მარგველაშვილს, როგორც ჩანს გამრჯვება გარანტირებული ეჩვენება და ბურჯანაძეც ორიენტირებულია მეორე ადგილზე. დანარჩენი კანდიდატები ამ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ მონაწილეობის მიზნით. ზოგს სურს რომ არ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად სასტარტო წინაპირობა შეიქმნას ადგილობრივი არჩევნებისთვის, ზოგი მონაწილეობს იმისთვის, რომ გარკვეული ხმები წაართვას ვიღაცას. არ მიმდინარეობს „ სასიცოცხლო ბრძოლა“ გამარჯვებისთვის, როგორც ამას მიჩვეულები ვიყავით.
    – სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენების ფაქტები არ დაგიფიქსირებია?
    – აქაც შედარებითობის პრინციპი მოქმედებს, გააჩნია რას ვადარებთ და რა ამოცანისთვის ვიბრძვით. საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნებისმიერ არჩევნებს თუ ვადარებთ, დღევანდელი კამპანია სერიოზულად წინგადადგმული ნაბიჯია. თუ ვადარებთ მყარი დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყნების არჩევნებს, აქ შეიძლება გადაცდომებიც იყოს და დარღვევებიც, მაგრამ მთლიანი სურათი აჩვენებს, რომ სახელისუფლებო მანქანა მთლიან რესურსს არ იყენებს, რასაც ადრე ნაციონალები აკეთებდნენ. არც გამოვრიცხავ, ადგილებზე კონკრეტული ფაქტებიც არსებობს კანონდარღვევების, მაგალითად სახელისუფლებო პირების ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში სამუშაო დროს, მაგრამ თუ სულ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, მასთან შედარებით, ყველაფერი უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება. დღეს, ჩემი აზრით, ნაცმოძრაობა ისევ სერიოზულად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, რადგან, ხელში აქვს ადგილობრივი თვითმმართველობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, თბილისის ბიუჯეტი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ამის ნიშნები არ შემიმჩნევია. კონკრეტული მითითება მთავრობის ხელმძღვანელისგან არაა ბერკეტების ამოქმედების. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ეს არჩევნებიც ტარდება იმ საარჩევნო რეგულაციების საფუძველზე, რომელსაც აკრიტიკებდნენ 9 წლის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მაშინ ვინც ოპოზიციაში ბრძანდებოდა.
    – ანუ გულისხმობ იმას, რომ არ გამოსწორდა სარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები?
    – დიახ, არც საარჩევნო საჩივრების რეგულაცია და განხილვის წესები და კიდევ სხვა პროცედურები შცვლილა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო კოდექსის იმ მუხლებთან, რომლებიც არეგულირებს საარჩევნო პროცესებს.
    – გახმაურებული და უკვე მერამდენედ გადავადებული სასამართლო პროცესები – ახალაია, მერაბიშვილს ვგულისხმობ, რამდენად მოახდენდა გავლენას მათი შედეგები საარჩევნო პროცესზე?
    – ამ პროცესების გადადებას სავარაუდოდ 2 მიზანი აქვს. ის რაც ცნობილია, საშუალებას მაძლევს სუბიექტური დასკვნა გავაკეთო. პირველი ფაქტორია შიში იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს კონკრეტულად ამ მსჯავრებულებს. ამიტომ პროკურატურა წელავს დროს, რომ პრეზიდენტმა ვერ მოასწროს შეწყალება.მეორე – პროკურატურას აქვს შიში, რომ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით და ეს იქნება სერიოზული დარტყმა დღევანდელი ხელისუფლებისთვის ამომრჩეველთა დაკარგვის თვალსაზრისით. კბილაშვილის ბოლო ინტერვიუშიც გაიჟღერა ამ აზრმა, რომ ფაქტურად მზად არიან გამამართლებელი განაჩენისთვის. თითქოს გვამზადებენ ამისთვის. ორივე ვერსიას არსებობის საფუძველი აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
    – როცა სახელისუფლებო ბერკეტზეა საუბარი, ამბობ, მისი გამოყენება ხელისუფლების მხრიდან არ შეინიშნებაო. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების მთავარი ბერკეტიც და პულტიც დღევანდელი პრემიერია. მისი განცხადებები კონკრეტულ პროცენტებზე, მეორე ტურში არმონაწილეობის მოწოდება თავისი კანდიდატისთვის, ეს არაა ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა? მგონი პირდაპირიც.
    – რაც შეეხება ივანიშვილს, ის ნამდვილად ყველაზე რეიტინგული და ავტორიტეტული პიროვნებაა დღეს საქართველოში. ამ ავტორიტეტს ვერსად გავექცევით, ის ობიექტური რეალობაა და მისი ამ ჭრილში განხილვაც არ იქნება სამართლიანი. მან დაასახელა მარგველაშვილი და ესაა უსერიოზულესი მხარდაჭერა ამ კანდიდატის მიმართ. განსაკუთრებულს და კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ მეორე ტურის ჩატარებაში. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იაქტიურებს ამომრჩეველი. ჩემი აზრით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გამოცხადდება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩეველი. რაც გამორიცხავს თავისთავად მეორე ტურს.
    – ვის გულისხმობ პოლიტიკურად მოტივირებულ ამომრჩეველში?
    – ესაა ამომრჩეველი რომელიც კონკრეტული პარტიის აქტიური მხარდამჭერია. საქართველოში არჩევნების შედეგები ჯამდება არა რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობიდან, ანუ პროცენტი გამოყავთ არა მთლიანადრეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობიდან, არამედ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობიდან. ასე რომ, პროცენტი გადანაწილდება ისე, როგორი ენთუზიაზმითაც მიიღებს საქართველოს მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას. ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობის აქტივობაზე და დამკვირვებლების სიფხიზლეზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაცმოძრაობა ფლობს ყველა დონის საარჩევნო ასდმინისტრაციაში წევრთა ნახევარს, რასაც აქტიურად იყენებს. თვითმმართველობა რეგიონებში ისევ ნაცმოძრაობის ხელშია და თანაც გამოცდილები არიან მანიპულაციაში, მეოთხე ფაქტორია მათ ხელში ჯერ კიდევ არსებული დიდი ფული, მეხუთე – ჯერ კიდევ სახელისუფლებო პარტიაა და ფლობს კონკრეტულ ბერკეტებს. ამ რესურსის გამოყენებით შესაძლებელია, იყოს მცდელობა , დაიმკვიდრონ თავი მეორე ადგილზე. რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რამდენიმე კომპონენტი აძლევს ფორას სხვა კანდიდატებთან მიმართებაში ნაცმოს, არ ვგულისხმობ მარგველაშვილს, ბუნებრივია.
    – ბრძოლამ მეორე ადგილისთვის თითქმის გადაფარა პირველი ადგილისთვის ბრძოლა.
    – ამიტომაც არ აქვს ამ არჩევნებს გარკვეული დინამიკა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა კანდიდატი შეგუებულია მარგველაშვილის გამარჯვებას. ეს ესმის „ქართულ ოცნებასაც“ და ცდილობს რომ საარჩევნო კამპანია წაიყვანოს ინერტულ ფორმატში.
    – ბურჯანაძეს აქვს რეალურად ის შანსები, რომელზეც თავად საუბრობს?
    – ჩემი აზრით ბურჯანაძის ამოცანაა იმ ამომრჩევლის დარწმუნება, რომელიც არაა ბურჯანაძის ამომრჩეველი,მაგრამ არის არანაციონალური ამომრჩეველი. შეძლებს ამას თუ არა, ეს მის შედეგებზე აისახება. მისი ამომრჩეველი დაყოფილია 2 სეგმენტად – ერთი კონკრეტლად მისი და მეორე, რომელსაც სხვა კანდიდატების შემთხვევაში შესაძლოა მისთვის ხმა არ მიეცა. ბურჯანაძე თავის კამპანიაში აქტიურად საუბრობს სამრთლიანობის აღდგენაზე და ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც, ჯერ-ჯერობით, ვერ აასრულა ოცნებამ, ანუ სწორადაა ორიენტირებული მეორე ტიპის ამრჩეველზე,რომელიც ელოდება სამართლიანობის აღდგენას.შეძლებს თუ არა ბურჯანაძე, მიიყვანოს ეს ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან, ამაზეა დამოკიდებული მისი შედეგი.
    – სააკაშვილი საშიშად გააქტიურებულია. მისი გააქტიურება „გედის სიმღერაა“ თუ მართლა აქვს იმედი თავისი პარტიის სასურველი შედეგის?
    – ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს რომ თავისმა პარტიამ მოიპოვოს მეორე ადგილი. მათთვის მეორე ადგილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მეორე ადგილის შემთხვევაში, ნაცმოძრაობა ამ შემაჯამებელი ოქმით ფეხით მოირბენს მთელ მსოფლიოს, და იტყვის რომ პოპულარობით მეორე პარტია საქართველოში მოითხოვს მის მიმართ უფრო დიდ ინდულგენციას და კოაბიტაციას. ამავდროულად, გაჭირდება შემდგომში იმის დასაბუთება, რატომ უნდა ჩატარდეს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაცმოძრაობისთვის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილის დაფიქსირება, იქნება სერიოზული ფორა თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
    – ნაცმოძრაობაში დიდი განხეთქილებააო?!
    – მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივი განხეთქილებაა, მათ ესმით, რომ სხედან ერთ ბუშტში, რომელიც თუ გასკდება, ვერცერთი ვერ გადარჩება. ნაცმოძრაობას ყოველთვის ახასიათებდა ერთიანობის შეგრძნება, განსაკუთრებით, როცა ყავს ოპონენტი და დღესაც, პარტიული დისციპლინის საფუძველზე ისინი ეცდებიან მეორე ადგილის მოპოვებას. საფუძველი იქნება ამ პარტიაში არსებული დიდი ფული, ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც მოიპოვეს სხვადასხვა ხერხებით და ბერკეტებით. საპრეზიდენტო არჩევნებს, გარდა იმისა, რომ პირდაპირი წესით ვიღებთ პრეზიდენტს, აქვს მეორე სტრატეგიული მნიშვნელობა. თუ მეორე ადგილს მოიპოვებს ნაციონალური მოძრაობა, გააქტიურდება ხუთმაგად და ათმაგად. თუ გავა ბურჯანაძე, „ოცნებას“ მოუწევს საკუთარი პოლიტიკის შეცვლა „ ნაცმოსთან“ მიმართებაში და ქვეყანაში გაჩნდება საფუძველი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების. როგორც მოთხოვნის, ისე – მიღწევის.
    – მაგრამ ოცნება ამბობს, რომ ამთავრებს 27–ში კოაბიტაციას, თუმცა, საზოგადოების ერთ ნაწილში არის აზრი, რომ კოაბიტაცია ორმხრივია და სულაც არაა იძულებითი.. უშვებ, რომ ამ ორ ძალას შორის შეიძლება არსებობდეს ქვედა დინებები, რომელიც აწყობს ორივე მხარეს?
    – „ნაცმოს“ ერთ პროცენტსაც არ ვუტოვებ გამარჯვების შანსებში. ამ მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ. მეორე ადგილის შემთხვევაში, გაასმაგებული ხარისხის კოაბიტაცია გველის წინ. ბურჯანაძის მეორე ადგილის შემთხვევაში, უნდა თუ არ უნდა ოცნებას ეს, მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გადახედვა „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებაში. რაც შეეხება ქვედა დინებებს, ბუნებრივია, ორივე მხარეს ვიღაც–ვიღაცეებს ექნებათ სურვლი, რომ „ნაცმო“ ჩაითვალოს მათ ძირითად ოპონენტად, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ აწყობთ ეს პოლიტიკური ძალა სტრატეგიულ ოპონენტად.
    – რატომ?
    – პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთად გაზრდილები არიან – დღევანდელი კოალიციის კონკრეტული ნაწილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, სამეგობრო, სანათესაო კავშირებშია... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველამ ერთად მოგვიყვანა სააკაშვილი 2003 წელს, და გვარწმუნებდნენ, რომ უდიდესი დემოკრატი მოგვიყვანეს პრეზიდენტად. მეორე – მუდმივადდისკრედიტირებული ოპონენტის პირობებში ძალიან ადვილია გამარჯვება. თავად კოალიციამაც ძალიან კარგად იცის, რომ, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ერთიანობას ვერ შეინარჩუნებენ. შეიძლება კოალიცია „გამოცხადებულად“ არ დაიშალოს, მაგრამ ის რომ აუცილებლად იქნება განხეთქილება და ვერ მიაღწევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და, ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გარკვეული ჯგუფი გაივლის ხმების მოპოვების მიზნით ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს, ეს ფაქტია. როცა კოალიცია დაიშლება, რომელია ისეთი პარტია, რომელიც შეძლებს ისეთი პროცენტით არჩევნებში გამარჯვებას, რომ ხელისუფლების დაკომპლექტებაზე ქონდეს პრეტენზია?
    – არცერთი.
    – ამაშია საქმე . ნორმალური ოპონენტის პირობებში, კოალიციაში შემავალი ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს იმ რაოდენობის მანდატებს, რა რაოდენობაც მათ მიცემს ხელისუფლენაში ყოფნის საშუალებას. ხოლო თუ ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა ნაცმოძრაობისა, იქნება მარგინალიზირებული ან უმოქმედო, ნაცმოძრაობის კონკურენციის პირობებში, ოცნებაში შემავალ პარტიებს მეტი შანსი ექნებათ, ხელისუფლებაში დარჩენის. იმდენად მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია, რომ მათი სიმართლის დაჯერებაც კი უჭირს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ასეთი დისკრედიტირებული ოპონენტის ფონზე მარტივია იყო უკეთესი და მართალი. ეს ყველაფერი შესაძლებელია, გათვლილი აქვთ რომელიმე პარტიის ლიდერებს და ამიტომაც ცდილობენ, რომ ძირითად ოპონენტად დარჩეს ეს ძალა. გამოუვათ თუ არ გამოუვათ, ისევ და ისევ დამოკიდებულია ხალხის აქტიურობაზე ამ არჩევნებში.
    – ეს მომენტი იმუშავებს. რთულია რომელიმე გადაცდომაზე ან დანაშაულზე ილაპარაკოს ნაცმოძრაობამ, რომელიც თავად არ ჩაუდენია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
    – ნაცმოძრაობის მხიდან წამოსული კრიტიკა ვერ იქნება ადექვატური და მისაღები.
    – ცესკოს დღევანდელი შემადგენლობა და მისი ხელმძღვანელი რამდენად მისაღებია შენთვის?
    – თამარ ჟვანია არის პროფესიონალი დიდი გამოცდილებთ, კარგად იცის საარჩევნო სისტემები, მაგრამ, ამავდროულად, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პირადად პატივს ვცემ პიროვნულად, ასეთი კონფიგურაციით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, არ იძლევა საშუალებას,ყველაფერი წესრიგში იყოს.
    – რას გულისხმობ?
    – დღეს პოლიტიზირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია და დანიშვნის წესები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქოსდა არის ნახევრადპროფესიული ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიები, ამის მიუხედავად, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის თამარ ჟვანიამაც, რომ სისტემა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული და მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე პრობლემას ვერ გადაჭრის. თუ ეს პრობლემა არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსით. თამარ ჟვანია როცა დაინიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები უკვე დანიშნული იყვნენ. ხარატიშვილმა ჯერ დანიშნა ისინი და შემდგომში განაცხადა გადადგომის თაობაზე. ეს უკვე მორალის ამბავია, მაგრამ,ფაქტი ფაქტად რჩება.
    – ანუ შენ ამბობ, რომ გაყალბების მცდელობა იქნება?
    – რა თქმა უნდა მცდელობა იქნება, განსაკუთრებით რეგიონებში , რადგან არც საარჩევნო კანონმდებლობა შეცვლილა და არც საარჩევნო მოხელეები. წლიდან–წლამდე შეუცვლელად მუშაობენ სხვადასხვა პარტიის ეგიდით საარჩევნო კომისიებში და არც მათი ცოდნის და უნარების დონე შეცვლილა. მცდელობა იქნება, მაგრამ არა იმ დოზით, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. დღევანდელი ხელისუფლება არ იძლევა იმის მითითებას რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიდოს შედეგი და გააყალბონ არჩევნები, როგრც ეს ხდებოდა ადრე. თვითშემოქმედებას ადგილი ექნება და რეგიონებში განსაკუთრებით იმ პოლიტიკური სუბიექტისგან, რომელსაც დღესაც ძალიან დიდი ბერკეტი გააჩნია. და ამავდროულად მანიპულაციების დიდი სტაჟი.პოლიტიკა გაყალბების მთხოვნით არ არსებობს, მაგრამ არსებობს მეორე სახელისუფლებო პარტია, რომელიც ასეთ ბერკეტებს იყენებდა, გამოიყენა პირველ ოქტომბერს და დღესაც გამოიყენებს.
    – დღევანდელი უმრავლესობის ლიდერის მიმართ ბოლო დროს წამოსული კრიტიკა როგორც ჩანს არის საფუძვლიანი, თბილისის მასშტაბითაც მძიმე სიტუაციააო ამბობენ. ამაში საგანელიძის შტაბის ინერტულობის ბრალეულობაა თუ ბერკეტი არ აქვთ?
    – ამიტომაც ვამბობ, სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ პროფესიულ საარჩევნო კომისიებზე, რომელსაც წლების მანძილზე ითხოვდა დღევანდელი სახელისუფლებო პარტიის და საპარლამენტო უმრავლესობის უდიდესი ნაწილი. როცა იყო ოპოზიციაში. ახლა კი უბრალოდ არ შეიცვალა არაფერი.
    – არჩევნებამდე 1 კვირით ადრე რომ პრემიერი აფიქსირებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ, თუნდაც ის, რომ არაა საუბარი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმად გამოცხადებაზე, ქმნის გაურკვევლობას, უნდობლობას და ეჭვის საფუძველს ამომრჩეველში. შენ რას ფიქრობ?
    – ნაციონალური მოძრაობის რეჟიმად გამოცხადებამდე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი,თუნდაც ამ პოლიტიკური ძალის ლიდერების საქმიანობის შესწავლის კუთხით. პირველ რიგში უნდა გამოავლინო სისტემური დანაშაული, შემდეგ ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ბრალდებულ პირები. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში დადასტურდა ასეთი სახის დანაშაულის არსებობა – დაწყებული ელიტარული კორუფციიდან, დამთავრებული ფარული მოსმენებით, მოტაცებებით, შანტაჟით, ფულის გამოძალვით და თუ ამ დანაშაულში ბრალდებული პირები იქნებიან ამ პოლიტიკური ძალის უმაღლესი თანამდებობის პირები და სახეები, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უკვე საკითხი დავაყენოთ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის რეჟიმად გამოცხადების. მაგრამ ამას ჭირდება დიდი მუშაობა
    – ალბათ ნებაც.
    – ნებაც, თავისთავად. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების არჩატარებასთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ ჩატარდება. ასეთი არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება ძალიან მალე, თუ ბაქრაძე ვერ მოიპოვებს მეორე ადგილს, და მისი ჩატარება–არჩატარება დამოკიდებულია არა კონკრეტულად ივანიშვიის სურვილზე, არამედ მოსახლეობის მოთხოვნაზე. მის პრინციპულობაზე და იმაზე, აღმოვჩნდებით თუ არა ჩვენ პოლიტიკურ კრიზისში. კარგად მესმის, რომ არცერთ მხარეს ეს არჩევნები არ ჭირდება, მაგრამ ხალხის პრინციპულობა უფრო შედეგიანია, ვიდრე კონკრეტუი პოლიტიკოსების ინტერესები. არც ნაცმოძრაობას არ უნდოდა ხელისუფლებიდან წასვლა, მაგრამ მოუწია.
    – გამოჩნდა ის ფარული ჩანაწერები, რომელთა განადგურების წინააღმდეგი იყავი. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? შენ პროგნოზირებდი ამას.
    – ეს გარდაუვალი იყო, ამიტომაც ვეწინააღმდეგებოდი. რთულია ასეთი ჩანაწერების გაკონტროლება, თუ არ იქნა გამოძიების შედეგად გამოკვეთილი ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემურად ახორციელებდნენ ამ ჩანაწერების შეგროვებას. მათი განადურების წინააღმდეგი ვიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, არ შეიძლება განადგურდეს მტკიცებულება, რომელზეც აღინიშნება დანაშაუის კვალი. ვინაიდან წლების მანძილზე კარგად ვიცით რომ გვითვალთვალებდნენ, გვაშანტაჟებდნენ და დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე როცა აცხადებს, თითქოს არ იცოდა, ეს ყველაფერი, გაიხსენოს თვითონ იმ წლებში რატომ თიშავდა კერძო საუბრების დროს ტელეფონს. ალბათ მასაც ქონდა განცდა იმისა, რომ უსმენდნენ. მე ვიყავი ამ ფირების განადგურების წინააღმდეგი იმიტომ. რომ თუ დღეს გაანადგურებ ისეთ დოკუმენტს, რომელზეც არის დანაშაულის კვალი და რომლის შედეგადაც შეგიძლია გახვიდე პირზე, ვინც დამზადებას ავალებდა, უზრუნველყფდა და წვდომა ქონდა ამ მასალებთან, ვერასოდეს გაიგებ,გატანილია თუ არა ასეთი მასალა ან მასალის ნაწილი, ვის მიერაა გატანილი და სად შეიძლება იყოს დამალული, რომ მოხდეს მისი ამოღება. ბუნებრივია, ამ მასალის განადგურებამ გამოძიების გარეშე, უკვალოდ არ ჩაიარა და, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, კონკრეტული პირების მიმართ, შესაძლოა კიდევ სხვა ჩანაწერებიც ვიხილოთ. ესაა მხოლოდ დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც შსს–ს ხელმძღვანეობამ აღმოაჩინა, სამინისტროში შესვლის შემდეგ და ვიცით რომ თავდაცვს სამინისტროშიც იყო მსგავსი ფირები, ესაა ზღვაში წვეთი იქიდან, რა მასალებიც ქონდა წინამორბედ შსს მინისტრებს. სახლიდან რომ გარბიხარ, რა გაგაქვს? გაგაქვს ყველაზე ძვირფასი და ამიტომ, ვფიქრობ, რომ მასალა რაც შსს–ში დახვდათ, იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მისი გატანა არც ღირდა. ძირითადი მასალები, რომლებიც, შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებზეცაა, ალბათ უკვე გატანილია უცხოეთში. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ამ მასალების გამოქვეყნებით მანიპულიტებით ვიღაცეები საკუთარ ინდულგენციებზე მუშაობენ.
    – კი მაგრამ უმრავლესობამ ხომ ძალიან კარგად იცოდა, რომ მასზეც შიძლებოდა ყოფილიყო ამ ფირებზე კომპრომატები, რატომ დაუშვა ეს ფაქტი?
    – დღეს რომ არ გვესაუბრა იმაზე, გატანილია თუ არა? ვის ხელშია? და რა მოხდება? სწორედ ამისთვის იყო საჭირო გამოძიების ჩატარება. ამ შემთხვევაში კარგი ისაა, რომ 25 000–დან მხოლოდ 94 ფაილი განადგურდა და ისე საინტერესოა, დანარჩენ მასალებთან დაკავშირებიტ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება?
    – როგორც ძიებაში მყოფი მერაბიშვილი პროგნოზირებს. მოსალოდნელია ქვეყნის მასშტაბით არეულობა და სიტუაციის დაძაბვა ბურჯანაძის მხარდამჭერი რეაქციული რუსული ძალის მიერ?
    – ბუნებრივია, თუ ნინო ბურჯანაძეს დარჩა განცდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ის გამოხატავს პროტესტს. გავა თუ არა ქუჩაში არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, პროტესტის გამომხატველი მიტინგი ამ მანიფესტაცია თუ იქნება კანონით დადგენილ ფორმაში, ვფიქრბ ამაში არადემოკრატიული არაფერია, მაგრამ ის, რომ ნაცმოძრაობა ყველა ხერხით ცდილობს ბურჯანაძის დისკრედიტაციას, ეს იმ ფაქტითაც გამოვლინდა, რომ ხარატიშვილის პირველი კითხვა საპრეზიდენტ კანდიდატების დებატებზე იყო კონკრეტულად ბაქრაძესთან და, რატომღაც, ბურჯანაძის აგარაკთან დაკავშირებით. ცოტა სასაცილოა ეს კითხვა ბაქრაძის მიმართ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა მხრდან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მილიონობით ქონება დარიგდა ერთ ლარად. ბურჯანაძის აგარაკი საბოლოოდ ხელისუფლებამ დაიბრუნა, მაგრამ არ დაუბრუნებია წინა ხელისუფლების მიერ მიტაცებული ქონება ათასობით იმ ადამიანს, რომლებმაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელისუფლებისთვის სასარგელო მოქმედებების გამო უფრო დიდი ქონება ჩაიგდეს ხელში. ასე რომ, თუ, რა თქმა უნდა, მიეცემა ნაცმოძრაობას საშუალება დასვას კითხვები და არ მოეთხოვოთ ამ კითხვებზე პასუხები, ისინი ყოველთვის დასვამენ ასეთ კითხვებს. თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმე საბოლოოდ , ვიღაცის პოლიტიკური მიზნების გამო, საკუთარ ქონებაზე იტყვის უარს. ის ხალხი, რომელიც დღეს ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, მშვიდობისნი და კანონის გზით ითხოვს პირველ რიგში იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ივანიშვილის მიმართ აქვთ ნდობა და სახელისუფლები ინსტიტუტების მიმართ. რომ, ადრე თუ გვიან, ეს ინსტიტუტები მიიღებენ კანონით დადგენილ გადაწყვეტილებებს. ეს ნდობა თუ დაიკარგება, ხალხი დაიწყებს საკუთარი ქონების დაბრუნებას თავისივე ძალებით და ამ ძალებში ხერხებიც განსხვავებულია.
    – შენი პროგნოზი, იქნება თუ არა მეორე ტური?
    – მეორე ტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ადამიანი მივა საარჩევნო ყუთთან.
    – და მომავალ პრეზიდენტზე რას იტყვი?
    – ისეთი მიზანმიმართული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, რომ არ აღუძრავს ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლის სურვილს. ჩემი აზრით, ეს შეგნებულად კეთდება. თუ მაინც საზოგადოებრივი ინტერესი გამომჟღავნდა, მეორე ტური იქნება,თუმცა, დარწმუნებული ვარ, ორივე შემთხვევაში მარგველაშვილი გაიმარჯვებს.
     
     
    კატო ჩულაშვილი
    ქრონიკა +
    22.10.2013
  16. katya
    ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ როცა ასე ხდება, მაშინაც კი ხდება რაღაც, რამაც შეიძლება აზრი გამოგათქმევინოს, გადაწყვეტილება მიგაღებინოს და არჩევანიც კი გაგაკეთებინოს...
    ზოგჯერ ოცნებებიც ხდება ან რეალიზდება. მთავარია, მიზნობრივი აუდიტორიის და გასაღების ბაზრის პოვნა..
    ოცნებაზე თანაც, ახდენის პერსპექტივით, მოთხოვნა ყოველთვისაა...
    დიდი დეფიციტური რამაა ახდენილი ოცნება. სამაგიეროდ მისი შეძენის მსურველია უხვად, ანუ პროდუქტი ისევ აქტუალური და მოთხოვნადია, ბაზარი - გაუჯერებელი.
    ახლა ის დროა, როც წინა ცხოვრებაში „არამეოცნებენიც“ კი ოცნებობენ. მაგალითად, გოგა ხაჩიძე იმაზე ოცნებობს, რომ „ნაცმო“ თუ რაღაც „ახერმოძი“, სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლებაში დაბრუნდება. ჩვენ კი, ნებას ვიბოძებთ და გულუბრყვილო ოპტიმისტ ხაჩიძეს შევახსენებთ, რომ ოცნებები აუცილებლად ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ივიწყებენ...
    სააკაშვილს ამ წუთას სხვა "პროგრამა მინიმუმი" თუ "ოცნება მაქსიმუმი" აქვს - მეღვინეობის ექსპერტობის იდეამ სადღაც ლაზიკის ნაპირებთან დაყვინთა და ახლა ბიბლიოთეკარობა სურს.
    -"როცა ჩემი ვადა ამოიწურება ვაპირებ რამდენიმე სერიოზულ ბიზნესმენს შევხვდე და შევძლებ საკმარისი თანხის მობილიზაციას, რომ ეს შენობა დავასრულოთ. მსურს ვთქვა, რომ განათლება ჩვენი აქილევსის ქუსლია, ყველაზე დიდი ტრაგედია რაც მოხდა, ეს არის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაკვლა, მათ ერთი ხელის მოსმით მოკლეს იგი...“
    მხეცებო! როგორ დაუკალით დიდ ჰუმანისტს და განმანათლებელს ნანი-ნანატრი პირმშო? ღირსები ხართ, რომ შური იძიოს, შუბლის ძარღვი კიდევ არაერთხელ გაიწყვიტოს, თუ სადმე მის ნაფლეთებს მიაგნო და ხუთლარიანი ყულაბით ჩამოიაროს ბიზნესმენებში აქილევსის ქუსლის სამკურნალოდ. ...“ ჩამოვიტანეთ 5 ათასამდე წიგნი, იქნება სხვადასხვა დარბაზები და იმედია რაღაც, სტუდენტური კაფეს მსგავსიც, ასეთი ბიბლიოთეკა საქართველოში სხვა არ არის, ეს არის ჩემი მცირე წვლილიც. იმედი მაქვს რომ ეს გახდება დიდი ცენტრი.“
    ჩემი აზრით, ეს სიტყვები სერიოზული გამოწვევაა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორისთვის. ბატონ კეკელიძეს ჰაბიტუსზეც ეტყობა, რომ ბიბლიოთეკაში სასადილოს გახსნაზე არასოდეს უფიქრია. ჰოდა, ახლა იფიქროს, მარტო სქელტანიან წიგნებს რომ ჩასჩერებია და მხედველობის არიდან გამორჩა სქელტანიანი კონკურენტი...
    ეს სქელტანიანი კი იქამდე კი მარტო ორივე ხელით კიარა, ყველა კიდურით საქართველოს მოქალაქეობის დოკუმენტების ხელმოწერითაა დაკავებული. კაი ჯაფა ადგას. ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებსო.
    „ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ბოლო დღეები და ბოლო კვირები ორივე ხელით, რამდენი დროც მაქვს, ხელი მოვაწერო მარჯვენა და მარცხენა ხელით ამ ბრძანებულებებს. ქართველობა საქართველოს მარადისობის კანონით განისაზღვრება, საქართველოს კონტიტუციის თანახმად, კონსტიტუციაზე მაღლა დგას მარადისობის კანონი“...
    ორპარასკევდარჩენილი პრეზიდენტის ბაგეთაგან ამ ამბის გახმოვანება იმის ნიშანია, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკარობის მსურველმა სულ ახლახანს წაიკითხა დუმბაძე და ჯერ კიდევ მწერლის მიერ გასულ საუკუნეში აღმოჩენილი კანონის შთაბეჭდილებების ქვეშაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ეგ ლიტერატურაზე გადარეული და ტიტულშემობდღვნილი „კაცი“, ფრიდონ ხალვაშის პოეზიითაც დაინტერესებულა, თავისი საზეპიროებით. იმედია, მალე ალ. ყაზბეგსაც გადასწვდება მისი მახვილი თვალი და „ხევისბერ გოჩას“ კრწანისელი ედუარდის კამპანიაში განიხილავს. აკი თქვა, გასულ კვირას ედუარდმა - სააკაშვილის დაუსჯელობა არაფრით არ იქნებაო და იქნებ?.. ჰა? ...
    ამ ჩვენს შლეგს, რომ ჰკითხო, ჩემი ოფლით აშენებულ ბიბლიოთეკაში ვიჯდებიო, არ მინდა ციხეში და ჩვეულებრივ კამერაშიო, თუნდაც ტელევიზორით და უკაბელო ინტერნეტითო. მაინც და მაინც დოჩანაშვილი წაუკითხავთ მაგისთის ბავშვობაში და „კამერა-ლუქსი“-ს ახდენაც მოუნდა.
    უკაბელო ინტერნეტზე გამახსენდა, -
    ვანო მერაბიშვილმა საკნის „ფორთოჩკიდან“ შემოთვალა: რუსეთი ნინო ბურჯანაძის ხელით არჩევნების დღეს თბილისში არეულობის მოწყობას აპირებსო.
     
    რა ხდება ბოლოს და ბოლოს? იმ თავის კამერაში მერაბიშვილს მეზობლების ყურის გდების მეტი საქმე არ აქვს? ან რა უბედურებაა,, ასე ნებისმიერ საკითხზე „პოსტვა“? კეთილი ინებოს და აგზავნოს ციხიდან წერილები, თუ სასწრაფოა - დეპეშები. ასე ის ათასი ცოდვით სავსე „საქართველოს ფოსტაც“ იხეირებს და ბიუჯეტიც შესაბამისად.
    მერაბიშვილის გააქტიურებამ სოციალურ ქსელში შესაძლოა სხვა პატიმრების პროტესტი გამოიწვიოს - მაგას არ ეყო „ერობაში“ რაც იპრივილეგია? „პატიმრობაში“ მაინც დაყენდეს, ეგ ვიღაც „კლიჩკით“ „გაღლეტილი“, ციხე, ქურდებისააო... ისე, ბაჩოსაც კი უნდოდა ქურდებისთვის ციხის „ახევა“, მაგრამ ვერ მიართვეს. არსებობს ეჭვი, რომ მაგ ამბავში დღევანდელი პროკურატურის ხელი ურევია, რაც 17 ოქტომბრის პროცესზე, იმედია, არ დადასტურდება.
    რაღა დაგიმალოთ და, საინტერესო კი იქნებოდა ვანოს და ბაჩანას კამერებს საერთო კედელი რომ ჰქონოდათ. „მორზეთი“ რას მოიკითხავდნენ ერთმანეთს?!
     
    ვიდრე პრეზიდენტი ქართული ლიტერატურის ანთოლოგიითაა დაკავებული და მისთვის უფრო რთულად აღსაქმელ კლასიკოსებს მისდგომია, დანარჩენ „უწიგნურ საზოგადოებას“ ჰილარი კლინტონის მოსმენას გვირჩევს. ამერიკელ დიპლომატ ლედის სავალდებულო უნარ-ჩვევებში დეფიციტური გარღვევა აქვს, თუ მართლა მიაჩნია, რომ „ე.წ. სამართლიანობის აღდგენას, შეიძლება, საქართველოს რეპუტაცია და მომავალი გადაჰყვეს“... სააკაშვილის პროგნოზით, ლედი კლინტონი ამერიკის მომავალი პრეზიდენტია და ამიტომ ყველა ყურადღებით მოუსმინეთ, ეგებ მაგ ქალს იგივე ჩემზეც წამოცდესო.
    ჰოდა, დანარჩენი მისი ველური და ნედლი აზრების მკითხველებმა წარმოიდგინონ, - როგორი ამაღლებული შურით და სიმწრის ოფლით კბილებში მიულოცავდა ილჰამ ალიევს არჩევნებში "ისტორიულ და დამსახურებულ" გამარჯვებას.
    ისე, „ავი ენები“ ამბობენ, ქალბატონმა ბურჯანაძემ გაპრეზიდენტებული ალიევი უახლოეს წარსულში პირადად მოინახულა და მისგან არა მხოლოდ სიტყვა-ხმიანი, არამედ მატერიალური მხარდაჭერის დაპირებაც უხვად წამოიღოო. მუშაობს ქალი, რას ერჩით?
    დაგიჭამიათ ერთმანეთი ღობე-ღობე პლაკატების გაკვრაზეო, ასე შეუთვალა ბაქრაძე-მარგველაშვილის კლანებს, უკაცრავად, შტაბებს...
    ჰოდა, ისე აგიხდათ ყველა ოცნება, როგორც მაგათ აუხდათ ზუგდიდში ეგ ამბავი. „ქართული ოცნების“ აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მაშინ მიუსწრეს და დააფიქსირეს, როცა ისინი კანონს არღვევდნენ.
    კოალიციის აქტივისტებმა არ უარყვეს, რომ პლაკატებს ბაქრაძის ფოტოებზე ზემოდან აკრავდნენ და ეს იმით ახსენეს, რომ მათი პლაკატებისთვის ადგილი არ იყო: „შევეცდებით, არ გავიმეოროთო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აქტივისტმა. დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დესტრუქციულ ძალად იქცა.
    ოცნებაზე გუბერნატორიც კი განაწყენდა! სამეგრელო-ზემო სვანეთის „მამა-მარჩენალი,“ „ნამუსი და პატიოსნება“ - თენგიზ გუნავა მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან გუბერნატორების მოხსენიება კრიმინალებად შეცდომა იყო და თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, თანამდებობას დატოვებს, ხოლო ბრძოლას ოპოზიციის რიგებში გააგრძელებს.
    გადამრევს ეს გუნავა? რად უნდა შე „კაცო“ მაგ ამბავს „და“ და „თუ?“
    „თუ დაპირებული ვარ, არ ახსოვს კაცს ჩემგან გატეხილი სიტყვა. სანამ კიდევ ჯანი მექნება, 20 წლის განმავლობაში ხალხის სამსახურში ვიქნები, სანამ აყვავებულ ქვეყანას არ ჩაგაბარებთო! - ასე თქვა ჯერ არწასულმა პრემიერმა ივანიშვილმა და დაპირებულ პრეზიდენტზე გაგაწბილებთ „ურწმუნოებს?“
    შეუიარაღებელი თვალით რისი განჭვრეტაც შეიძლება - მარგველას საარჩევნო კამპანიის მთავარი მესიჯი 27 ოქტომბერს კოაბიტაციის დასრულებაა. ანუ, 2 კვირაში ყველას იჭერენ და ხსნიან? ცხელ-ცხელი გათვლებით, ივანიშვილი პოსტიდან თავისი ნებით, 25 ნოემბრამდე წავა, ხოლო ვინ მოვა, ეს ჯერ-ჯერობით თავად იმანაც არ იცის, ვინც მოდის, თურმე...
    თუმცა, უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამჟამინდელი პრემიერის შეთავაზებული კანდიდატურა პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტმა არ დაამტკიცოს.
    გასული კვირის მთავარი თემა - უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ "სოჭი-2014" ოლიმპიადაზე?
    ამაზე ბჭობის წუთები ეს იყო წუთები, როცა თავი იმ ქვეყნის მოქალაქე გვეგონა, რომელსაც სხვა პრობლემა არ გააჩნია... არადა, სასიამოვნო კი იყო, რომ არა ოცნება...
    ზოგჯერ წარსული გამოდის ბნელი კუთხიდან და ანგარიშის გასწორებას ითხოვს.
    თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, ქართველმა მომღერლებმა საპროტესტო აქცია-კონცერტი გამართეს - "არა ოკუპაციას!"; "ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას!".
    პუტინს ”დეფი - გულედანის” ისე შეშინებია, ჯარები გაყავს საქართვეოდანო.
    დანარჩენებმა რა ქნან და რითი ჩაიწერონ ქულები, ვინც მაგ მხოხავ-მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება ვერ შეძლო?
    როგორ მართლა დასწრებაზეა ამ ქვეყანაში ყველაფერი...
     
    კარგი სმენა ზოგჯერ თურმე იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კარგი რამეები გესმოდეს...
    ოპტიმიზმი ისაა, როცა არც ისე ახალგაზრდა, არც ისე მდიდარი და მარტოხელა ადამიანი ყიდულობს სადილის კომპლექტს 12 პერსონაზე...
    თანამედროვეები მოვლენებს აფრენით აფასებენ, ისტორიკოსები - დაფრენით..
    საბედნიეროდ, ცხოვრებაში ყველაფერი ისე მარტივი არაა, თორემ მარტივის გართულება არც ისე საინტერესო გასართობია.
    ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, თუ სიტყვას გაგაწყევტინებენ... მთავარია, დუმილის შეწყვეტა არავინ გაიძულოთ...
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+' 15/10 2013
  17. katya
    თუ ბოლო თვენახევრის მანძილზე თბილისის ქუჩებში უგზო–უკვლოდ მოხეტიალე ენერგიულ, ჭაღარა წვერიან მამაკაცს და გამუდმებით მომღიმარ ქალბატონს გადააწყდით ცნობისმოყვარე, უცნაური სხივიანი გამოხედვით და უფრო ცნობისმოყვარე კითხვებით, ჩვეულებრივი უცხოელი ტურისტები არ გეგონოთ. ეს ის წყვილია, 2007 წელს გეგმიური შვებულება რომ გაატარა არაგეგმიურად, ასევე, ყოვლად არაგეგმიურ საქართველოში.
    მაშინდელი აქ გატარებული 5 კვირით ისე აღფრთოვანდნენ, რომ 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და დაწერეს წიგნი თავიანთ მშობლიურ ენაზე – ჰიბრუზე.
    წიგნი საქართველოზეა – უცნაურ და ეგზოტიკურ ქვეყანაზე, რომლის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ისტორიისა და საოცარი კულტურის გარდა, უფრო საოცარი ადამიანები არიან. ეს ჩემი სიტყვები არაა, ეს ითაი ბახუღის და ხედვა ღოკახის შთაბეჭდილებების ნაწილია. ისინი ასე გვხედავენ – 2 ჩვენი თანამედროვე ადამიანი მეგობარი ისრაელიდან.
    მათი სახელები და გვარები რთული გამოსათქმელია, მაგრამ სამაგიეროდ ურთიერთობაა მარტივი და სასიამოვნო. 10 ოქტომბერს მათი წიგნის პრეზენტაცია იგეგმება ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ–მუზეუმში. წიგნს „შემოდგომა თბილისში“ ქვია. თბილისური შემოდგომა და შემოდგომის თბილისელები ამ წიგნით კარგ საჩუქარს მიღებენ და, მინდა მჯეროდეს, რომ აუცილებლად გამოჩნდება მისი ქართულად თარგმნის მსურველი.
    გაიცანით! „დაუგეგმავი შვებულების“ მოყვარული წყვილი, რომელსაც ერთი ჩემი მეგობრის წყალობით გადავეყარე. თავად ის მეგობარიც შემთხვევით გადაეყარა მათ თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე. კარგია რომ, მესამე „ქართულ შვებულებას“ ითაი და ხედვა იმპროვიზირებული გიდის თანხლებით ატარებენ. ისინი უბრალოდ მეგობრები არიან და კომფორტულად გრძნობენ თავს ერთად.
    დაძაბული მუშაობის შემდეგ, თურმე, ისეთი თავისუფლების შეგრძნებაა – შეხტე თვითმფრინავში და ბრმად წახვიდე სადღაც...
    რაღა დაგიმალოთ და, ცოტათი შემშურდა კიდეც მათი თავისუფლებაც და მათი თვალით დანახული საქართველოც. აქვე გამოვტყდები, მათთან საუბრისას რამდენჯერმე ვიგრძენი თავი უხერხულად ისეთი ნიუანსების და ფაქტების არცოდნის გამო, რომლებიც მათ იციან საქართველოს ისტორიაზე და ჩვენს კულტურაზე.
    – ეს უკვე თქვენი „მესამედ მოსვლაა“ საქართველოში. ანუ ამ ქვეყანამ თქვენს საშვებულებო ტრადიციაში – არაგეგმიურობის თვალსაზრისით – კორექტურები შეიტანა. მესამე შვებულებას ატარებთ საქართველოში. რატომ?
    – მოგვწონს, გვსიამოვნებს და კიდევ პატარა მისიაც გვაქვს. წმინდა ადამიანური მისია, ყოველგვარი დაკვეთის გარეშე. და, საერთოდაც, რა აზრი აქვს ისეთ ქვეყანაში, როგორიც ახლა თქვენ გაქვთ რამე გეგმიურად აკეთო?
    – არ მითხრათ, რომ გეგმიური აქ თქვენთვის მხოლოდ „ჭაჭაა“? როგორ გიწერიათ ერთ–ერთ თავში – ეს ის საწვავია, რომელსაც ორგანიზმში ასხამენ, რომ სამოთხეში მოხვდნენო?!..
    – ჰოოო, ჭაჭა საოცრებაა. რა ტეკილა და რის საკე?!.. სამოთხის რეისის ბოინგის საწვავია. მეორე დღეს არც თავი გტკივა და ისეთ ენერგიაზე ხარ...
    – ასე ვიცით ჩვენ, ქართველებმა! ჭაჭა ჩვენს მეზობელ რუსებსაც უყვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ მთავრობას ჩვენი სხვა სიკეთე ვერ დავანახეთ. აი თქვენ კი ამ სასმელმა მგონი მესამე თვალი გაგიხსნათ და ისეთ რამეებს ხედავთ, რასაც ჩვენ, ქართველები, უკვე ვეღარ ვამჩნევთ.
    – ეგ ჩვეულებრივი რამაა. უცხო თვალი უკეთ ხედავს ნაკლსაც და ღირსებასაც.ჩვენ პირველად ამ ქვეყანაში სრულიად ბრმად ჩამოვედით. მხოლოდ რუკაზე ვიცოდით მისი მდებარეობა და გამოფრენის წინ წავიკითხეთ ზღაპრები და მითები მის შესახებ.
    – მომიყევით ერთი, როგორ იყო ეგ ამბავი?
    – მოხდა ისე, რომ 7 წელი ვიმუშავეთ შვებულლების გარეშე და გადავწყვიტეთ დაგვესვენა.მერე გადავწყვიტეთ უცნობ ქვეყანაში დასვებნება, არც ისე შორს ისრაელიდან, არამუსულმანური და თან არც ძვირიანი კომფორტით. ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო ქვეყანა, სადაც კარგი სასმელის დალევა შეიძლებოდა.
    – სასმელი რატომ იყო კრიტერიუმი?
    – ამ დარგის სპეციალისტი ვარ. წიგნიც მაქვს დაწერილი მსოფლიოს ღვინოების შესახებ. ახლა ქართულ ღვინოებზე ვაპირებთ დაწერას.
    – რა უცნაურია, ისრაელში იმდენი საქართველოდან ამოსული ებრაელია, ნუთუ სულ არ გქონდათ წარმოდგენა, სად მოდიოდით?
    – წარმოიდგინეთ, არა. არ მქონია არანაირი შეხება ქართველ ებრაელობასთან.
    – ჰო, როგორც გავიგე, ბახუღები ძალიან ძველი გვარის წარმომადგენლები ხართ. ებრაულ არისტოკრატიას მიეკუთვნებით.
    – ჩემი გვარი ისრაელის „დამფუძნებლებიდან“ მოდის. მე არ ვაღიარებ როგორც ასეთი – არისტოკრატიას. ეგვიფტიდან გამოსული მონების არისტოკრატია სასაცილოდაც ჟღერს, უბრალოდ ვამაყობ, რომ ვარ ძალიან ძველი გვარის წარმომადგენელი.
    – დაგაკვირდით და საუბრისას ჩვენს ქვეყანას არ მოიხსენიებთ „ჯორჯიად“, როგორც ეს მსოფლიოშია მიღებული.
    – ქვეყანა უნდა მოიხსენიო ისე, როგორც მას ამ ქვეყნის მკვიდრნი უძახიან. რატომ „ჯორჯია“, როცა „საქართველო“ და „ქართველი“ უფრო ლამაზად ჟღერს და, აქვე ვიტყვი იმას, რომ ძალიან ლამაზი ენა გაქვთ. ვტკბებით ხოლმე თქვენი დამწერლობის ცქერით.
    – მადლობა, ცოტა ამაჩუყეთ კიდეც. პროფესიით ბიოლოგი ხართ, თანაც „ხარისხიანი“.
    – კი, ასეა, მაგრამ არ ვთვლი თავს ბიოლოგად. ყველგან ვამბობ, რომ ვარ ავტორი. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ისრაელია, წიგნის წერით ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფ. ამიტომ, საკუთარი გამომცემლობა დავაარსე. ისტორიული და სამეცნიერო ლიტერატურის გამომცემელი ვარ. ძირითადად დოკუმენტური პროზის.
    – ვიდრე ჩვენზე დაწერდით, სხვა ქვეყანაზეც გქონდათ დაწერილი?
    – 15 წელი მოვუნდი ისრაელის დამფუძნებლების შესახებ წიგნის წერას. ჩემამდე ებრაელი ხალხის შესახებ არავის დაუწერია ჩემს ქვეყანაში. ჩემი ხარკი ისრაელის კულტურისადმი ეს იყო. მაქვს დაწერილი წიგნი ომზე, ჩემი მეომარი მეგობრის შესახებ ისრაელის ომში. მაგრამ ასეთი წიგნი უცხო ქვეყნის შესახებ, აქამდე არ დამიწერია.
    – გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეთ?
    – კი, მოგვინდა დაგვეწერა იმაზე, რაზეც ზოგადად, არ იწერება. რაღაც პროვანსული ტიპის ლიტერატურა. რაც ნიშნავს იმას, – ხალხი იგრძნო შიგნიდან, რეალობით. ჩვენ უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედით და მერე ამ ქვეყანამ გამოიწვია ის, რომ ეს წიგნი დაიწერა. ქართველების საქციელმა ჩვენს მიმართ იმდენად გადაგვავსო, რომ ეს უნდა გადმოცემულიყო ქაღალდზე, რომ ჩემს ქვეყანაში წაეკითხათ თქვენს შესახებ. მიწოდებოდა ის ინფორმაცია, რომ ესაა ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, გაიცნო და ეს ის ქვეყანა რომ არაა, როგორი მშრალი ინფორმაციაც მის შესახებ ინტერნეტში ყრია.
    – დიდი სამუშაო გაგიწევიათ. ლექსიკონით, ასო–ასო თარგმნო ადვილი არაა, თანაც ენის ბარიერიც სერიოზული პრობლემაა.
    – პირველი ჩამოსვლისას, ხუთი კვირის მანძილზე, ისე გადავივსეთ შთაბეჭდილებებით, 2009–ში როგორც კი მოგვეცა საშუალება, მის გასაგრძელებლად დავბრუნდით, თანაც 2008 წლის ომის ამბავიც ვიცოდით. ვწუხდით ამის გამო, გგულშემატკივრობდით. წიგნში ერთი თავი ამ თემას ეძღვნება. 2009–ში იმდენი ახალი გამოცდილება შევიძინეთ და იმდენი ახალი მოხდა, ამ ქვეყანაში, რომ დასრულების ნაცვლად, პირიქით, წიგნი თვალს და ხელს შუა გაგვისუქდა.
    – და მაინც, საიდან დაიწყო წიგნის წერა?
    – მთაწმინდის პანთეონში ასვლის შემდეგ. წავედით მარტო. პანთეონის გზაზე მივიღეთ პირველი სასიამოვნო შოკი – გახვითქულებს და დაღლილებს შემთხვევით შეხვედრილმა ადამიანმა უსიტყვოდ, ცივი წყალი მოგვირბენინა და თქვენ ალბათ იცით ებრალეისთვის წყალი რა სიმბოლურია და ძვირფასი. პანთეონში რომ ავედით და იქაურობას შევხედეთ, მივხვდით, რომ ამ ადგილზე რაღაც დიდი საიდუმლოა და თუ ამას გავიგებდით, გავიგებ ამ ქვეყნის საიდუმლოსაც. ამოვიწერეთ ქართულად ასოები საფლავებიდან და მერე გადავთარგმნეთ ალფავიტიით ყველა სახელი და გვარი.
    – თქვენ რა მაზოხისტები ხართ?
    – არა, ცნობისმოყვარეები.
    – მე ებრაელები ცოტა უფრო პრაგმატული და სერიოზული ხალხი მეგონეთ.
    – 2007–ში ინტერნეტში რომ ილია ჭავწავაძეს აკრეფდი, ქუჩა ამოდიოდა და არა მასზე ინფორმაცია. მიწისქვეშა გადასასვლელში, ქართული პოეზიის ანთოლოგიას გადავაწყდით ინგლისურად და იქ გვეშველა. ჩვენ ვიცოდით 26 საუკუნოვანი კონტაქტის შესახებ ქართველებს და ებრაელებსშორის, მაგრამ თანამედროვეობაშიც, ბოლო ათწლეულების მანძილზეც თუ ამდენი საერთო ჰქონდათ ამ ერებს,ამდენი საერთო თვისება და უდიდესი თვითგადარჩენის ინსტინქტი, ვერ წარმოვიდგენდით. პოეტები, მწერლები და ზოგადად ინტელექტუალები არიან თანამედროვე ისრაელის შემქმნელები. ჩვენმა ინტელიგენციამაც სწორედ ის გზა გაიარა, რაც გაიარა თქვენმა ილია ჭავჭავაძემ. გაგიკვირდება და, მაშინდელი გაზეთების სათაურებიც კი ერთნაირია იმდროინდელი – „მაცნე,“ „დილა“ და ა.შ. ისრაელის ინტელექტუალურმა ნაწილმაც ისევე შექმნა ახალი ენა, როგორც ილიამ. იროდიონ ევდოშვილი და ილია ჭავჭავაძე ამიტომ წერდნენ ებრაელ ხალხზე, რომ ხედავდნენ მათ თანამედროვე პროგრესს. ახლა აქ ვართ ჩამოსული, რომ ქართველებს წარვუდგინოთ პირველად ეს წიგნი, ჯერ ისრაელშიც არ გაგვიკეთებია მისი პრეზენტაცია. ესაა ჩვენს მიერ მადლიერების გამოხატვა იმ ქართველების მიმართ, ვინც მაშინ დაგვეხმარა და პერსონალურად მივართვათ თითო ეგზემპლარი.
    – ქართველი მეგობრები თუ შეიძინეთ ამ ხნის მანძილზე და ხასიათში რა საერთო ნოუანსები აღმოაჩინეთ?არიან ისეთი კონკრეტული პიროვნებები, რომლებსაც ისრაელში იხსენებთ ხოლმე?
    – შეიძლება, გულახდილად გიპასუხო?
    – კი აბა რა?
    – გრძელვადიანი ურთიერთობა არავისთან ჩამოგვიყალიბდა . ვიფიქრეთ, რომ ენობრივი ბარიერის გამო. მეორე ვარიანტი – საერთო თვისება გვაქვს ქართველებს და ებრაელებს– ნაციონალური სიამაყე, რომ არ შეეხვეწო. მაგრამ მივხვდი რაშიცაა საქმე. ქართველები იმდენად ამაყ ხალხი ხართ, უბრალოდ გეუხერხულებათ, რომ ამ ეტაპზე იმის საშუალება არ გაქვთ, რომ თქვენი შესაფერისი პატივი სცეთ სტუმარს, მეგობარს და ამიტომ თავს არიდებთ ხშირ ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რა ფასეულობის თეფში და ჩანგალი ქონდა სახლში ვინმეს. ჩვენ ვწერდით ადამიანების შესახებ ამ ქვეყანაში. როგორც ჯავახიშვილი წერდა, „პატარა“, ვითომ ცხოვრებაში „უმნიშვნელო“ ადამიანებზე. ჩვენი წიგნით ებრაელებს ვეუბნებით, რომ წამოვიდნენ საქართველოში, იმიტომ, რომ აქ ყველაფერი საოცარია – ხალხიც, ქცევაც, ურთიერთობებიც. რომელ ქვეყანაში ხდება ეს, რომ იმის გამო რომ უცხოელია, საჩუქარი მიართვა? ფასს არ აქვს მნიშვნელობა. 2 დღე იცხოვრო და სვა იმ ადამიანის სახლში, რომელსაც ქუჩაში ლუდის ყიდვისას გადაეყარე, თან ისე, რომ არ გესმოდეს მისი ენა?.მესმის, რომ საქართველოში ებრაელზე პირველი ასოციაცია მოდის ვაჭრობა, ფული , ოქრო. ვართ ასეთი ხალხი, მაგრამ, ორივე ერშია კოდი – პირველად სული დავანახოთ ადამიანებს.
    – როგორც მეგობარი, რას გვირჩევდით ქართველებს?
    – მნიშვნელოვანია რომ ქართველმა არ დაკარგოს თავისი იდენტობა. არ დაემსგავსოს ზოგიერთ სხვა ნაციას,გაწვრთნილებივით რომ ცხოვრობენ. სულიერი თავისუფლების შენარჩუნებაა მთავარი.
     
    ერთი მნიშვნელოვანი, იქნებ უჩვეულო და სასაცილო პასაჟი – ვიდრე ამ წიგნს ისრაელში გამოსცემენ, ავტორებს დიდი სურვილი აქვთ თარგმნონ გალაკტიონის რამდენიმე ლექსი. ამისთვის კი 2 წელია ცდილობენ ნებართვის მოპოვებას. თარგმანზე ნებართვისთვის ისინი ისრაელში საქართველოს კონსულსაც კი დაუკავშირდნენ, რომელმაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც გასცა პასუხი – ეს ნებართვა ვერ მოგიპოვეთო. ისრაელის და ზოგადად მსოფლიო კანონმდებლობით, რომელიც საავტორო უფლებას ეხება, – ავტორის გარდაცვალებიდან 70 წელი უნდა იყოს გასული. როგორც კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, გალაკტიონის შემოქმედებიტ აღფრთვანებულებმა, დაიწყეს ნებართვის მოძიება. არ ვიცი, რამდენად დაინტერესდება და მივა თუ არა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ამ ადამიანების წიგნის პრეზენტაციაზე, მაგრამ, ეგებ წასვლამდე, ვინმემ გასცეს კომპეტენტური პასუხი – აქვთ თუ არა უფლება, თუნდაც „მე და ღამე“ , რომლის ინგლისური თარგმანის კითხვისას, ორივე ტირის, გააჟღერონ ის მშობლიურ ენაზე?
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+"
  18. katya
    ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სოფლის მეურნეობის აღორძინების და განვითარების პროექტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირებად აღიქმებოდა ქვეყანაში 1 აპრილიდან მიმდინარეობს. კალენდარული შემთხვევითობა სამწუხაროდ არასასიამოვნო დამთხვევაში გადაიზარდა. ზოგისთვის ეს პროექტი თავისი პერსპექტივით საპირველაპრილო ხუმრობად იქცა, ზოგისთვის – თავის მოტყუების მცდელობად.
    თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, ყველაფერი გეგმიურად და პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მილიარდიანი აგრარული რეფორმის შეღავათიანი სესხების პროექტი თავიდანვე სამ კომპონენტად დაიყო. მთავარი აქცენტი სწორედ მის მესამე კომპონენტზე კეთდებოდა, როგორც ყველაზე აქტუალურზე. რომელი შორსმჭვრეტელი და შრომისმოყვარე ფერმერი არ ოცნებობს შეღავათიანი აგრო -სესხზე მილიონის ფარგლებში, თანაც, საქართველოში?
    სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღესაც აცხადებენ, რომ მესამე კომპონენტის ფარგლებში, მინიმუმ, 60 საწარმოს გახსნა იგეგმება.
    მომქმედი და მომავალი ფერმერებისთვის აღნიშნული პროექტი საუკეთესო შანსია, ამიტომ, მასში მოხვედრის იმედი და სურვილი ბევრს ჰქონდა, თუმცა მეტ-ნაკლები ალბათობით. იმ ბევრიდან ძალიან ცოტას გაუმართლა. გასულ კვირას კი, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ის „ბედნიერი“ 49 კომპანია დაასახელა, რომლებმაც უკვე მიიღეს შეღავათიანი აგრო-სესხი. მეტიც, ბატონმა გიგლა აგულაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას ამ საწარმოების მათთან ერთად დათვალიერებაც შესთავაზა, რათა გაექარწ####ბინა მათი სკეპტიციზმი და ნეგატიური შეფასებები ამ პროექტის მიმართ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 49 საწარმოზე უკვე გაცემულია 8 573 300 აშშ დოლარი.
    ამ „წარმატებულ“ პროექტს კრიტიკოსები არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებში, არამედ დარგით დაინტერესებული საზოგადოების დიდ ნაწილშიც ყავს. ოპტიმისტურადგანწყობილი ფერმერების რიცხვი თანდათან იკლებს, სამაგიეროდ, სკეპტიკურად და კრიტიკულად განწყობილების რიცხვი იზრდება და პროექტის მესვეურებს ტენდენციურობასა და არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ.
    ძირითად ნაკლად პროექტში თავიდანვე საბანკო სისტემის მონაწილეობა სახელდებოდა. როგორც აღმოჩნდა, საბოლოო შედეგიც, ანუ დაფინანსებული პროექტებიც სწორედ ბანკების გადაწყვეტილებით იქნა შერჩეული. ამ სტრუქტურის სისწორეზე ეჭვი ადრეც არაერთხელ გამოთქმულა კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით. ამჯერად კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითზე და ბიზნესში სოციალური სამართლიანობის დეფიციტზე არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო სოლიდარობა“, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიო-ფერმერი, თეიმურაზ კობახიძე საუბრობს.


    - – ბატობო თემურ, თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც დიდი იმედით ელოდა ამ პროექტის ამუშავებას, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩით. რას ეხებოდა თქვენი პროექტი და რატომ ვერ მოხვდა ის შეღავათიანი აგროსესხების პროექტში?
    - – 4 ჰექტარი მიწა მაქვს საკუთრებაში, 4 წლის წინ შევიძინე, ჩემი სახსრებით, ალგეთის ხეობაში და დავიწყე ბიო-ფერმის პროექტის განხორციელება. 4 მიმართულებაა: თევზის მოშნება, კოლხური ხოხბის ნახევრადველურ პირობებში გამრავლება, ზანური და მეგრული ჯიშის თხების გამრავლება, ყველის და რძის წარმოება. პროექტს სერიოზული ექსპერტიზა აქვს ჩატარებული, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ფინანსური კუთხით. ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 20% ჩატარებულია. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის გამოცხადების შემდეგ ვიყავი პროექტის მომსახურე ყველა ბანკში და ყველასგან მივიღე უარი. მეგონა, ჩემში და ჩემს პროექტში იყო პრობლემა, თუმცა, სულ მალე უამრავი ჩემნაირი ადამიანი აღმოვაჩინე. გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი, რომელთა შესახებ არაერთხელ გავაჟღერე სხვადასხვა მედიაში. პრობლემები დასმულია ყველა შესაბამის ინსტანციაში. მათ შორის, შევხვდი პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს - გიგლა აგულაშვილს, რომელსაც მოვუყევი იმ არასამართლიანი პრაქტიკის შესახებ, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება აგრო-სესხის გაცემაზე ბანკების მიერ.
    - – ანუ ამ პროექტის მთავარი ნაკლი და პრობლემა მასში საბანკო სექტორის დიდი დოზით ჩართვა და გადამწყვეტი ფაქტორის მინიჭებაა?
    - –კი, ბანკია პროექტის წამმართველიც, გადაწყვეტილების მიმღებიც და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არც პროექტების მართვის სააგენტო პროცესში არ ერევა.
    - – და ამ პრაქტიკის შესახებ აგულაშვილმა თქვენგან შეიტყო?
    - – რა თქმა უნდა არა. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალოს, გამარტივდეს. მთხოვა, რომ ჩემი ბიზნეს-პროექტი, მოკლე ანოტაციით, გადამეგზავნა მისთვის ელ-ფოსტაზე და იგივე თხოვნა სხვა ფერმერებისთვისაც გადამეცა. 15 აპრილს გადავუგზავნე ჩემი ბიზნეს-პროექტი და ბატონი აგულაშვილისგან პასუხს და რაიმე საგულისხმოს დღემდე ველი. საქმის კურსში არიან სხვა მაჟორიტარი დეპუტატებიც - ბატონი ტრიპოლსკი, ბატონი ტყემელაძე. ბოლოს ზაქარია ქუცნაშვილსაც შევხვდი ეკონომიკის სამინისტროსთან და მასაც ვუთხარი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში თითქმის ყველა მიცნობს პირადად. საქმის კურსშია ფონდის ხელმძღვანელი, პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელიც.
    - – მათი საქმის კურსში ყოფნის მიღმა არსებობს უკვე კონკრეტული მოცემულობა - დაწუნებული, ანუ არდაფინანსებული და დაფინანსებული პროექტები. თვლით, რომ გადაწყვეტილებები ტენდენციურია?- შეინიშნება ასეთი ტენდენციაც. მაქვს რამდენიმე კონკრეტული მასალა იმ ფერმერებზე, რომლებიც ბანკებმა აიძულეს შეღავათიან აგროპროექტში მონაწილეობის ნაცვლად ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი ან ბიზნეს-სესხი აეღოთ 25, 30%-იანი განაკვეთებით. ბანკების მხრიდან არ ხდება კანონიერი მოქმედებები. ამას საბოტაჟი ქვია იურისპრუდენციაში, - იძულების მომენტს სესხის აღებისას.
    - საბოტაჟის ბრალდება არც ისე მარტივად დასამტკიცებელია, ანუ სერიოზული ბრალდებაა.
    - იურისტი ვარ და მშვენივრად მესმის ამ ბრალდების სიმძიმეც და პასუხისმგებლობაც. ვიდრე ამ თემას განვავრცობდე, მინდა თავიდანვე მოვუხადო მადლობა ამ მასშტაბური და ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფერმერების და ზოგადად გლეხობის სახელით. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი შემდგომი შეფასებები არ იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, ამოჭრილი და გამოყენებული პატივცემული კოკა ყანდიაშვილის მიერ ბოროტად. ბოლო დროს ეს ტენდენციაც შეინიშნება. ჩვენი მადლიერების მიღმა არსებობს პროტესტი და დიდი იმედგაცრუება, რის შესახებაც, ვფიქრობ, ბატონმა პრემიერმა, როგორც ამ პროექტის ინიციატორმა, უნდა იცოდეს. ჩემთან კავშირზე
     
    იმყოფება 169 მომქმედი და არამომქმედი ფერმერი, რომლებიც ვერა და ვერ ახერხებენ იმ ბარიერის გადალახვას, რასაც ქვია ბანკების მოთხოვნა. ბანკების სტანდარტებით , განსაკუთრებით მესამე კომპონენტში ხვდება მხოლოდ ის ხალხი, რომელთა საწინააღმდეგოც ჩვენ პირადად არაფერი გვაქვს. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ მათთვის ბოლო 9 წლის განმავლობაში, არც ბიზნესი წაურთმევია ვინმეს, არც უბრძოლიათ იმისთვის, რომ პირველი ოქტომბერი და გამარჯვება დამდგარიყო.ეს ხალხი მზა-მზარეულზე, ჩვენი ბრძოლის შედეგად მიღწეული შედეგებით სარგებლობენ. ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ქართული სოფლის მეურნეობა ასე ფეხზე ვერ დადგება. აგერ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, აგრარულ სექტორში სესხები არ აღემატება 3-4 %-ს. ჩვენთან ამას დავარქვით შეღავათიანი აგრო -სესხი, ამ შეღავათის მოლოდინი საზოგადოების უდიდეს ნაწილს გაუჩნდა, მაგრამ...
    - აი ზუსტად ეს მაგრამაა საინტერესო. ალბათ კონკრეტული მიზეზები გამოიკვეთა - რა კატეგორია და რა კრიტერიუმით იღებს ასეთ შეღავათიან სესხს და რატომ გეუბნებიან თქვენ უარს? თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ ბანკის ფაქტორზე ვინმე ალაპარაკდებოდა იგივე პარლამენტში...
    - ამაშია საქმე, რომ არავინაც არ ალაპარაკდა, არსად დასმულა საკითხი ასე. ჩვენს მიერ გადაგზავნილი პროექტებიც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარისთვის, არაა გამორიცხული, ვიღაცის პირად ინტერესებში მოხვედრილიყო.
    - კიდევ ერთი ეჭვის საფუძველი?
    - ახლა ხშირად იყენებენ არგუმენტად „გონივრულ ეჭვს“. და გვაქვს სწორედ გონივრული ეჭვი, რომ ჩვენი პროექტები მის და არა მარტო მის კერძო ბიზნესში განხორციელდეს. ცნობილია, რომ საგარეჯოს რაიონის სასათბურე მეურნეობა, „მწვანე კალათა“ დიდი წარმატებით ფუნქციონირებს და ის ბატონი აგულაშვილის ბიზნესია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იგნორირება შემთხვევითი არაა და ვიღაცის ინტერესებშია. ჩვენთან მოდის უამრავი ფერმერი და ისეთ ინფორმაციებს გვაწვდიან, გამაოგებელია. სამწუხაროა, რომ დღეს ისევ გვიწევს უსამართლობის, არასწორი მიდგომის, გულგრილობის და უპასუხისმგებლობის წინააღმდეგ დარაზმვა. სოციალური თანასწორობის აღდგენას ვითხოვთ. არაა ეს პროექტი სოციალური თანასწორობის შესაბამისი. მხოლოდ მდიდარი ხალხი ახერხებს მესამე კომპონენტში შეღავათიანი კრედიტის აღებას.
    - სერიოზული ბრალდებაა სახელმწიფო მოხელეს სდებთ ბრალს სახელმწიფო რესურსის და კერძო ინტელექტუალური რესურსის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებაში.ამის დამტკიცებას შეძლებთ?
    - გვაქვს კოპიოები აგულაშვილისთვის გაგზავნილი პროექტების მის ფოსტაზე.
    - ეგ გასაგებია, მაგრამ რომ თქვას, არ გამომიყენებიაო? არამგონია, ეს იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი?
    - ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადებში, არა დეკემბერ-იანვარში, ფონდმა დაიწყოს ჩვენი პროექტების შესწავლა და უმარტივესი გზებით მოხდეს მათი დაფინანსება. თვეების მანძილზე ბატონ ბიძინას გარკვეული წრეები უმტკიცებენ, რომ ქართველ ფერმერებს არ აქვთ იდეების, ფანტაზიის, ანალიზის უნარი. არადა უამრავი პროექტი დარჩა დაფინანსების მიღმა, მათ შორის ინოვაციური თემები, რომლებიც აქტუალურია.
    - კონკრეტულად თქვენი პროექტი რა ბიუჯეტიანია?
    - ჩემი პროექტი არის 200 000 დოლარიანი, მთლიანი პროექტი დაყოფილია 6 ტრანშად. შეზღუდვა ჩემს თავზე მაქვს დაწესებული დაახლოებით 80%-იანი უნაღდო ანგარიშსწორება. მე ბანკს ვუმტკიცებ, რომ ჩემი პროექტით არამიზნობრივი ხარჯვა გამორიცხულია. ბიზნეს-პროექტის რენტაბელობაში მეც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ბანკირებიც, რომლებიც იცნობენ ამ პროექტს. ბანკმა ჩემი მიწა შეაფასა 600 ლარად ჰექტარი, ხოლო თითქმის წელიწადნახევარია ირანის მოქალაქე ჩემს მიწაში, ბიზნესპროექტისა და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მთავაზობს ჰექტარში 6000 დოლარს. სხვაობას ხედავთ ხომ? თეთრიწყაროს რაიონს შესეულები არიან ინდოეთის მოქალაქეები საქართველოს მიწებს და ირანის მოქალაქეები. მე, ქართველს, რომელმაც ვიცი ამ მიწის ფასი, თავისუფალი და წარმატტებული ბიზნესის ფასი, შრომის ფასი, მაიძულებენ, ჩემს საკუთრებაში არსებული ბოლო ქონება, რაც გადაურჩა სააკავშირის რეჟიმს, გავყიდო და იმითი დავამთავრო ჩემი პროექტი, ან მივყიდო ვინმე უცხოელს. მე ვამბობ: მილიონი ევროც რომ გადამიხადონ. მიწა არ იყიდება, იმ პროექტს მაინც გავაკეთებ, მაგრამ გამუდმებით ვამხელ იმ არაკეთილსინდისიერ მოხელეებს, როგორიცაა პატივცემული აგულაშვილი, რომელიც ფაქტიურად ინტერესთა კონფლიქტის რეჟიმშია თავისი საქმიანობიდან.
    - რას გულისხმობთ?
    - მას აქვს შეუზღუდავი ხელწვდომა ბიზნეს-პროექტებზე და, აქედან გამომდინარე, არც არაფერს აკეთებს, ჩვენისთანა ფერმერების სიტუაციის შესამსუბუქებლად.
    - ანუ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი? და სად შეიძლება მიგვიყვანოს?
    - „სამოქალაქო სოლიდარობა“ ამ მიმართულებით სერიოზულ ღონისძიებებს გეგმავს. კეთდება საინფორმაციო ბაზა. უახლოეს დღეებში გვექნება სერიოზული აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ვინაიდან სხვანაირად ჩვენ ყურადღებას ვერ ვიქცევთ. ჩვენ არ ვითხოვთ მოწყალებას, იგივე მოთხოვნები არ გვაქვს ვთქვათ რაც იპოთეკარებს, რომლებიც ძალიან რთულად შესრულებადია, თუმცა, მათთანაც სოლიდარულები ვართ, ისევ ბანკების არაკეთილსინდისიერი ქმედებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვითხოვთ შღავათიან აგრო კრედიტს.
    - ანუ ითხოვთ იმას, რა იდეით და დაპირებითაც მოვიდა ეს ხელისუფლება. იდეა იყო ფანტასტიური. სად დამახინჯდა? რომელ სეგმენტში? ვის მოუვიდა აზრად, რომ ამ პროექტში პირველი ვიოლინო ყოფილიყო ბანკი?
    - ბანკის ამ პროექტში ჩართვა თავიდანვე იყო მახინჯი ფორმა.
    - სხვა მექანიზმი არსებობდა სტრუქტურულად?
    - კი, არსებობდა. ქვეყანაში, სადაც სფერო იმპორტზეა ორიენტირებული და ამის უკან დგანაან მონოპოლისტი იმპორტიორები, იმავდროულად ბანკების დამფუძნებლები და მეწილეები, არ შეიძლებოდა ბანკებზე ამ პროექტის გადაცემა. ამას დიდი ხნის წინ ვპროგნოზირებდით. ვიცოდით, რომ სისტემურ საკითხებთან ბრძოლა მოგვიწევდა. ის ხალხი, ვინც ამ პროექტის ჩავარდნის უკან დგას, ესაა ბანკი, იგივე იმპორტის მთავარი მონოპოლისტი. პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, ბატონ გიორგი ჩხეიძეს, დავპირდი რომ მივაწვდიდი საბანკო საბოტაჟის შესახებ კონკრეტულ ფაქტებს. ვფიქრობ, მისი მხრიდანაც იქნება რეაგირება ბანკებზე. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სანქციებიც გატარდეს მათთან მიმართებაში. ყველა ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა სარისკო სფეროა. მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, ვინც ეს კრედიტები გასცა. წლიური 30% განაკვეთით კრედიტი რისკიანი არაა და 3 ან 7% განაკვეთი რისკიანია? სწორედ ამას ვთხოვ შსს-ს, ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ, დაავალოს ანტიკორუფციულ სამსახურს, რომელთანაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ მე პირადად, ასეთი საქმეების გამოძიება.
    - ანუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, საინტერესო ძიებისთვის?
    - ძალიან მარტივი გამოსაძიებელია ეს საკითხი. ეროვნულ ბანკში არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც ექვემდებარება პროკურატურას, შსს-ს, ნახონ რა კრედიტებია გაცემული იმ რეჟიმში, რასაც შეღავათიანი აგროკრედიტი ქვია. დარწმუნდებიან, რომ სერიოზულ საბოტაჟთან გვაქვს საქმე. ჩვენი ამოცანაა ვამხილოთ სხვადასხვა უწყებები, კერძო სტრუქტურები და ამის შემდეგ გადავდივართ სერიოზულ ბრძოლაზე, რასაც ქვია არა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ჩვენი მონაპოვარის დაცვა. არ დავთმობთ და ამ გამარჯვებას არ დავანგრევინებთ ვიღაც ერთ მუჭა ხალხს. რომელსაც უნდათ ჩვენნაირი ხალხის კისერზე გააგრძელონ გამდიდრება. ანუ მოძრაობა, რომელსაც ქვია ფერმერთა მოძრაობა, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან იმოქმედებს და არ დაუშვებს ადგილობრივი და უცხოური მონოპოლიების გავრცელებას. ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაც კი, ბოლო 10 წელია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი მონოპოლიზირებული საბანკო და აგრო სექტორის წყალობით. მათი ქმედება რიგ შემთხვევებში შეიცავს ისეთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომელსაც ქვია ეკონომიკურ-ფინანსური საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ესაა დასჯადი მუხლი, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ძირფესვიანად უნდა ჩატარდეს ანალიზი ამ საკითხის და დამნაშავე პირები, დაისაჯოს.
    ყველაზე ცუდი რაცაა სოფლის მეურნეობის კუთხით, ინფორმაცია, რომელიც აგროკრედიტებს ეხება, ფაქტიურად დახურულია. არაა ხელმისაწვდომი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იგივე ფერმერებისთვის. ვინ რა სიკეთე ნახა ამ ქვეყანაში? ჩვენი სურვილია, ქართველი გლეხი და ფერმერი ფეხზე დადგეს. ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ამ იაფიანი კრედიტით ისარგებლა. რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა?
    - შეიძლება ამის არგუმენტი ოპონენტის მხრიდან იყოს ის, რომ პროექტი იყო ბევრი, არ იყო ამდენი ფინანსური რესურსი და შეირჩა ყველაზე ოპტიმალური პროექტები.
    - ნებისმიერ წამოწყებას ჭირდება ის გუნდი, რომელსაც გულთან ახლოს მიაქვს საკითხი. მაგალითად მოვიყვან ელემენტარულ სტატსტიკურ მონაცემს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე დევს 11 სექტემბრიდან. არ შეიძლება არ გიხაროდეს, როცა ბატონი ფიფია ამბობს რომ 91 766 298 ლარი გაიცა აგროსექტორში შეღავათიანი აგროკრედიტის კუთხით, და ამ სიკეთით ისარგებლა 5 343-მა ფერმერმა. მაგრამ, როცა ჩავუღრმავდი ამ ციფრებს, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღე: პირველივე კომპონენტში 2685 ბენეფიციართა რაოდენობა, საერთო რაოდენობის 53%-ია. პირველ კომპონენტში გაცემული თანხა 1. 106 478 ლარია. ანუ, რომ გავყოთ საერთო რაოდენობაზე ფერმერების, რომელთაც ამ კომპონენტით შეეძლოთ 5000 ლარის აღება, უპროცენტი ექვსთვიანი განვადებით, გამოვიდა, რომ მხოლოდ 412 ლარით უსარგებლიათ ამ ფერმერებს და რატომ არ ისარგებლა ვთქვათ 1 412 ან 2 412 ლარით?
    - თვითონ ამ ფერმერებს რატომ არ გაუჩნდათ ეს კითხვა? მეორე კომპონენტშიც იგივე სიტუაციაა?
    - უარესი.მეორე კომპონენტი 100 ათას ლარამდე 7 %-დე სესხს ითვლაისწინებს. აქაც გვყავს 2 439 ბენეფიციარი. ამ კომპონენტზე მთლიანობაში გაცემულია 48 433 133 ლარი. გავყავით ეს ციფრიც ბენეფიციართა რაოდენობაზე და მივიღეთ 19 857 ლარი თითოეულ ფერმერზე, როცა შეეძლო აეღო 100 000 ლარამდე. აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია.
    - ვერ ვხვდები, შეგიძლია აიღო 100 და იღებ 19 000-ს, ხომ არაფერი გვეშლება, ეგებ სხვანაირად ანგარიშობენ მაგ სისტემაში? მესამე კომპონენტზე რა ხდება?
    - მესამე კომპონენტით თანხა გაიცა 200 ბენეფიციარზე. 25 591 932 დოლარი. ესეც ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესოა. შეიძლება ამ 200-ში იყოს 10-დე ბენეფიციარი, რომელმაც დიდი თანხა მიიღო, მაგრამ საერთო რაოდენობა საშუალოდ მივიღეთ 127 959 დოლარი თითოეულზე.
    ახლა რაც შეეხება სტარტ-აფ-ის თემას. 11 სექტემბრის მონაცემებით 49 სტარტ-აფი დაფიქსირდა. სტარტ-აფ-ში ბანკები და ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტროც თვლის ისეთ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ წარმატებული ბიზნესი, მილიონიანი ბრუნვებით და უცებ გადაწყვიტეს რომ სოფლის მეურნეობაშიც ეცადათ ბედი. ამასაც მივესალმებით, მაგრამ, ჩვენ რა ვქნათ, ვინც 9 წლის განმავლობაში გაგვძარცვეს და ჩემნაირმა ძალიან ბევრმა ადამიანმა? დიდი მადლობა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ ფრაზას მაგონებს „ ყვარყვარედან“ - ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები მერეო?! ვერ მივაწვდინეთ ჩვენ პრემიერ-მინისტრამდე ხმა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერაფერში გვეხმარება, გაიძახის ყველაფერი კარგადაა და არც იმას გვეუბნება, რომ დაიცადეთ და ის ოქროს სარაია ოდესღაც თქვენთვისაც აშენდება. ბანკებს საერთოდ არ აინტერესებთ და დაგვცინიან. გამოსავალი რჩება აქცია, რომლითაც იქნებ მივიდეს ეს ინფორმაცია მივიდეს ბატონ პრემიერამდე.
    - ამ სტრუქტურებში არაპროფესიონალიზმის თემა შეიძლება გამოვრიცხოთ? ეგებ არ იციან რას აშავებენ? სხვა თემაა ის, რომ რამდენად მომგებიანია ეს პროექტი ბანკებისთვის?
    - არცერთს არ გამოვრიცხავ. ბანკებში არაპროფესიონალიზმის რა მოგახსენოთ, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონებში გახსნილ საკონსულტაციო ცენტრებში მომუშავე პერსონალიდან რომ არცერთს წარმოდგენა არ აქვს სოფლის მეურნეობაზე და მაღალ დონეზე მოწყოვილ კომფორტულ ოფისში დახმარებისთის მისულ გლეხს რომ კომპეტენტური პასუხის ნაცვლად ბუკლეტს აჩეჩებენ, ეგ ცნობილია. ყველაზე საინტერესო იცი რა არის? - შენ თუ შეღავათიან აგროკრედიტში სხვაობას აფინანსებ და იძახი რომ ესაა წარმატებული პროექტი და ბანკები პრობლემას უქმნიან ფერმერებს, მაგრამ ძირი და მთლიანი თანხა არის ბანკების, მაშინ ვერ გავერკვიე ვინ განსაზღვრავს ამ ქვეყანაში აგრარულ პოლიტიკას - სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ საბანკო სექტორი თუ ორივე ერთად, თუ მათ კიდევ შუაში ჩავამატებთ მონოპოლისტ-იმპორტიორებს. ამიტომ, ამის გარკვევას ვგეგმავთ სწორედ იმ გამაფრთხილებელ აქციით. ეს პროცესი თუ დიდხანს გაგრძელდა ისევ მონოპოლისტები ჩაიგდებენ ჩვენს მიწებს, სავარგულებს და 60%-დე მოსახლეობა შესაძლებელია აღმოჩნდეს მონურ მდგომარეობაში საკუთარ ქვეყანაში.
    არ ვართ ჩვენ უცოდინარი და ზარმაცი ხალხი. ჩვენ პროექტების შიმშილი კი არა რესურსების შიმშილი გვაქვს.
    - წესიერი ხალხის შიმშილიც ალბათ.
    - ეგ მთავარი შიმშილია. არ გვყავს ხალხი, ან ძალიან ცოტა გვყავს, თავისი საქმე და თავისი ქვეყანა რომ ერთნაირად უყვარს. პროექტის ასეთმა განვითარებამ და სოფლის მეურნეობის დარგის კვდომამ დემოგრაფიული პროცესიც კი შეაჩერა. სოლიდარობით უნდა აკეთო საქმე და სიყვარულით. როგორც ბავშვი ჩასახული ბოროტებით, ვერ იქნება კეთილი და კეთილშობილი, ისე ხე არ გაიზრდება თუ არ მოეფერე და მოესიყვარულე. სახელმწიფოებრივი ინტერესების წინ დაყენება უნდა შეგვეძლოს. იმას რასაც ახლა ვაკეთებთ, არაა სახელმწიფოებრივი ინტერესები,, ესაა ნახევრადფეხმძიმე მდგომარეობაში არსებობა და ბუნებაში ნახევრადფეხმძიმე მდგომარეობა არ არსებობს.
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+"
  19. katya
    ჩვენი ყოველდღიურობის ერთ–ერთი აქსიომაა – სტატუსი უნდა სტატუსობდეს საზოგადოებაში და არა სოციალურ ქსელში...
    ცნობილი და რეიტინგული გამონათქვამების „ქალი ვიცი ქუხნაში“ და „შედი ქალო ბუტკაში!“–ს ფონზე, ეგ აქსიომა კი არა, სრულუფლებიანი და კანონიერი სიბრძნეა, თუ ჭეშმარიტება არა.
    კოაბიტურად ვეჩვევით და ვეგუებით, ვახერხებთ კიდეც, ახალი ტერმინოლოგიის ათვისებას და მის დანერგვა–გატარებას ცხოვრებაში. მაგალითად? როგორც იქნა განგვიმარტეს "მაღალი ეშელონებიდან", რა და როგორ ყოფილა ყბადაღებული „მიჯირყვნის“ სწორი ფორმა. ჰოდა სწორედ მაგ არასწორი ფორმის დამამკვიდრებლები ჩა–იჯირყვნენ ნებიერად გასული კვირის გარიჟრაჟზე. აბა რა ეგონათ?! ერთი კვირით ადრე ექსპერტების საპრემიერო სემინარზე რომ ბევრი ირაკრაკეს?
    მაგათ თავი იმათზე უკეთესი პროფესიონალები გონიათ, იმათზე მეტად პრინციპულები თუ იმათზე სუბიექტურები?
    თავისუფლების ხარისხზე შეიძლება ვიდავოთ – ზოგჯერ გიჟიც თავისუფალია...
    და მაინც! ოხ, კოკა–კოკა! შე „ყანდურო!“
    ამასობაში ეს ჩვენი „პლასტელინის კაცი“ თვალს და ხელს შუა იქცა ექოდ. მაგრამ, იმედია, 27 ოქტომბრამდე არ გაქრება. ოპტიმიზმის საფუძველს ის რეალობა გვმატებს, რომ, რაც წვერი დაყარა, კატასტროფული სისწრაფით მატულობს წონაში...
    არადა, რასაც ეგ მოძრაობს, წესით, უნდა იკლებდეს, მაგრამ, ასე იცის სხვისი რეიტინგის ხარჯზე ენერგიის წვამ...
    "მცოცავი" და "მხოხავი" ოკუპაცია მოვიხილეთ... აფხაზეთის მხრიდან, ალბათ, „მცურავს“ უნდა ველოდოთ ანთებული ჩირაღდნებით.
    უარესებიც გვინახავს - მხოხავნი და მფორთხავნი...
    სამაგიეროდ, ჩვენ ნამდვილად ვართ მსოფლიოში ერთადერთი და პირველი ქვეყანა ყველაზე მოძრავი საზღვრებით.
    ბებიაჩემ ზინაიდა ილარიონოვნას ედგა ერთი ძველებური იაპონური შირმა საძინებელში. ლამაზი იყო და პრაქტიკული. როგორც გინდოდა ისე მიაკეცავ–მოაკეცავდი, გადადგამ-გადმოდგამდი... შემოიღობავდი სასურველ სივრცეს და თვალსაწიერს და იყავი ბედნიერად.
    არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა უსიამოვნებას აქვს თავისი დადებითი მხარე.
    აწი უფრო გულიანად და მადიანად შემოვუსხდებით გაშლილ სუფრას, სახრავი და გასაჯიჯგნი თუ გვექნა რამე და ვიმღერებთ სამ ხმაში:
    ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე, საქართველოს საოცნებო გზები....
     
    გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ის ქვეყანაა, კაცს რომ წაასწრონ ელექტროტრანსფორმატორზე შარდვის მომენტში, იმას კი არ დაუძახებენ, შეჩერდი, მოგკლავსო! გაიქცევიან და იმ ტიპის უკან რიგს დაიკავებენ...თქვენ კიდევ, აქ ოლიმპიადის მეჩირაღდნეს იწუნებთ...
     
    მოკლედ, რუსებმა ოლიმპიური პენალტი დაგვირტყეს და კარში ვინ დგას კარში? ეგაა საქმე!
    რას ვერჩით ამ პუტინს? ყოველ დღე სანთლებს უნდა ვუნთებდეთ წაღმა–უკუღმა. ის რასაც ეგ ტიპი ქართველების აზრზე მოსაყვანად აკეთებს, ბოლო 20 წლის მანძილზე ვერცერთმა დიდმა თუ პატარამ, მაღალმა თუ ჩია ქართველმა პოლიტიკოსმა შეძლო. თანაც, გუშინ ვალოდიას დაბადების დღე ქონდა!
    მართალია, მისი ქმედებით ამხანაგი ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ რას ვიზამთ? უნდა გავიჭირვოთ ყველამ. აგერ, რა ხალხი საარსებო მინიმუმის გარეშეა დარჩენილი.
    ვინ წარმოიდგენდა და შპს "გუდვილი" გაკოტრდა. მისი დირექტორი გიორგი შევარდნაძე გამწარებული ითხოვს სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას,
    ნეტავ მკვდრადშობილი „პოპული“ ტარაკნების და ათასნაირი ბანჯგვლეულის გატანას ისევ ვერ აუდის დახლებიდან და პროდუქციიდან?
    სამაგიეროდ, ყველა სად ვივლით აბა თუ გამოიცნობთ? კ-ზე იწყება კი... დიიიახ!
    რა თქმა უნდა!
     
    გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სპორტის სასახლეში. უკაცრავად, თქვე ერთმანეთის „ძმებო“ ნაციონალებო, და, რა სპორტია ეროვნული დროშის გაშარჟება?
    პურის რა გითხრათ, მაგრამ, სანახაობა კი იყო რეზონანსული. ერთი კვირა ეყო საღ გონებაზე მყოფ საზოგადოებას საღადაოდ.
    ხარაკირს თუ აპირებდით, გეთქვათ და ქილერს მოგაშველებდით, თვითმკვლელობა არაქრისტიანულია მაინც და მაგ მიუტევებელ ცოდვაში რას დგამდით ფეხს? წამყვანი , პარტიის თავჯდომარე, პარტიის გენერალური მდივანი, ჰიმნის „მომღერალი“, ორატორები და სპიკერები, დამსწრე საზოგადოება, ანუ სამკურნალო სტაციონარულ რეჟიმში სამკურნალო გულ– არა, ტვინ–შემატკივარი და საპრეზიდენტო კანდიდატი ხომ საერთოდ. გასულ კვირას მისმა მეორე ნახევარმაც კი აღიარა სახალხოდ – დათო თავიდან მსუბუქად გავიცანიო! ჰოდა დარჩა ეგეთი მსუბუქიც...
     
    ნაპატივები პრეზიდენტი ისევ თავის ჯადოსნური ამერიკული ქურთუკში ჩა–ეკვეხა. ესეც რაღაცის ნიშანია. დღე–დღეზე ვადაგასული, მალფუჭადი და ტოქსიკური სააკაშვილი გვაფრთხილებს – დიდხანს ოცნება არ შეიძლება "დიდხანს თუ ვიჯდებით და ვიოცნებებთ გავიყინებითო."
    ვითომ ხუმრობს?
    როგორც პარტიის ახალმა დირექტორმა აღნიშნა, ახალ დროშაზე ახლობლების, თანამოქალაქეებისა და სამშობლოს სიყვარულია გაერთიანებულიო. საახლობლოს რაც შეეხება, ვეთანხმები. აი თანამოქალაქეებს და სამშობლოს შეეშვას, როგორმე თვითონ მივხედავთ.
     
    ხუთიანი ხომ შეგვაძულეს, ვარდებიც, ახლა "ვალენტინობასაც" შეგვაძულებენ.
    დაოთხილი გულების ფრიალი და კურტუმოწამოხდილი ჰერალდიკა აკლდა ჩვენს მოთმინების ფიალას...
    ჰო, მკურნალობაზე გამახსენდა, დიდი თხოვნა მაქვს სტუდენტებთან, რომლებიც მედიცინის საფუძვლებს ეუფლებიან, ისწავლეთ რააა!!!
     
    თბილისის მერიამ მეტროს უძვირფასესი ტყავი გააძრო და მის მაგივრად კედლებზე ელიავას ნაგავი გადმოფინაო.
    დიდი ამბავი ! ამათაც უცებ არ მოსთხოვონ პასუხი. ჯერ ოქტომბერია ისევ და, ეგეც რომ არ იყოს, ლონდონის მეტროს პირველ მატარებლებს „საკანალიზაციო ტრამვაი“ ერქვათ, ბატონო... ევროპა–ევროპაო და სულ გვირაბ–გვირაბ მივიწევთ, რა გინდათ?
     
    ჩემი აზრით ახალმა განათლების მინისტრმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და საგანი „ისტორია“ ამოიღოს სასწავლო კურსიდან. რატომ? აბა რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა ტყუილად ისტორია, თუ თავად ისტორია მაგათ მაინც ვერაფერს ასწავლის?
    კიდევ ერთი კითხვა მაქვს ზოგადად მთავრობასთან: კოაბიტაციაში კარგად ამოზელილი კორუფცია ვაჭამოთ მომავალ თაობებს?
     
    სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადებით, ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო ჩაწერა ბრალდებულის ნებართვით ხდებოდა. როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულს ბაჩო ახალაიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც ამტკიცებს. რას გეტყვით იცით? - როცა ასეთი „დიდი კაცი“ გიზით საკანში, მუდმივად უნდა შეუთანხმოთ, როდის რა ხასიათზეა, ვახ!
     
    ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ხუდონჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. ის ამბავი გამახსენდა, ოქრუაშვილი რომ „წითელ დირექტორებს“ და მინისტრებს დასდევდა. ყველაზე უხერხულ პოზებში იჭერდა და „ასფურცელა–მასაჟს“ უკეთებდა. ჭორად გამოვიდა მაშინ – როგორ იწვნენ „რეზბალნიცის“ ერთ პალატაში ავადმყოფი პატიმარი მირცხულავა და სამკურნალო ბრალდებული ჩხაიძე. მაგ ორში ერთ–ერთი თურმე საბანწაფარებული ჭამდა ღამ–ღამობით ჩუმ–ჩუმად მურაბებს, ოღონდ რომელი იხილებოდა და რომელი იხუჭებოდა, ეგ აღარ მახსოვს.
     
    ზურაბ ჯაფარიძემ თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ფონდის შექმნის იდეა ნიკა გილაურს ეკუთვნის და პრეზენტაციაც მისი დაწერილიაო. კაცო, შეათანხმეთ მაინც ეს მესიჯ–ბოქსები! ეგ მაინც ხომ გეხერხებოდათ და რა ჯანდაბა დაგეტაკათ?
    ყოფილმა პრემიერმა, ანუ გილაურმა, აი იმან, ტიტველ პაპუასებს რომ ცხვირი უხახუნა კოაბიტაციის რეჟიმში და ემოციებისგან ერთ საათში გაჭაღარავდა, პირდაპირ სტრასბურგიდან მოიწერა – რა ფონდი, რიი ატამი და რომელი გარგრი კურკი ტოლაო!?
    ეგრე იცის „გულ“–გაშლილობამ და ორმხრივმა „სკვაზნიაკმა“...
    რა ეშველებათ ზოგიერთი მინისტრის პრეს-მდივნებს, არ ვიცი. ისევ ადრინდელი გათიშული მობილურები ჯობდა... ფაქტია, თუ ახალი მთავრობის პირველი პირები ერთმანეთს გადაეკიდნენ, მაგათი ბრალი იქნება, ან, პირიქით - დამსახურება.
    საზოგადოება სვამს ობიექტურ კითხვას – „ რა ნიშნით და უნარ–ჩვევებით ხვდებიან ასეთი ბატები“ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე?
    ბატი არა, იხვი უფრო მგონია, მე აქ გარეული. ანუ, ჩვენებურად "უტკა".
    რუსეთის თემა აქტიური იყო გასულ კვირას და ერთი საშვილიშვილო ამბის გამოტოვება არ იქნება – რუსეთის პოპ–დივამ, მართალია არაბუნებრივ ასაკში და არაბუნებრივი მეთოდით, მაგრამ მაინც „ხბო მოიგო“, ხბო კი არა, ხბოები. აი ასეთი მატებაა რუსეთის ელიტაში, თან წყვილ–წყვილ–ტყუპ–ტყუპად.
    ახალგაზრდა ცოლის სტატუსი ყოველთვის საოცნებო იყო ალა ბორისოვნასთვის, სამაგიეროდ, „ახალგაზრდა დედის“ სტატუსს აწი ვეღარავინ წაართმევს.
    მოკლედ, ასეა თუ ისე, რუსეთი თავს მიხედავს. ეს სამი კვირა კი ჩვენი გასაძლებია.
    „პატრიარქის შემოდგომა“ კარსაა მომდგარი. მიხეილს სულ რაღაც სამი პარასკევი დარჩა...
    თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველს ეს კალენდარული მონაცემები არ იძლევა.
    არ ვიცი, დამესიზმრა თუ ცხადში იყო:
    –მე იმდენი ფული მაქვს, მთელ დედამიწას თუ არა, მთელ საქართველოს მაინც ვიყიდიო, –დაიკვეხა ერთმა.
    –და, საიდან მოიტანე, რომ მე მოგყიდიო, –უპასუხა მეორემ...
     
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+" 08.10. 2013
  20. katya
    ჩემს საბჭოთა ბავშვობაში, ერთი ცნობილი, საკმაოდ პროგრესული, რუსული ვოკალური ჯგუფისასევე ცნობილი სიმღერა იყო, ახალ–ახალ მოსახვევებზე მღეროდნენ სიახლეების და ცვლილებების მოლოდინში და ძრავის ღმუილში.
    სიმღერაში ის „სიბრძნე“ იდო, სანამ არ მოუხვევ, ვერ გაარჩევ რა გელოდება მოსახვევს იქით, თუმცა, მოხვევა მაინც ღირს, თუ არ გაგიმართლა, კიდევ ერთ გამოცდილებას მაინც შეიძენ და კოლექციას გაამდიდრებო.
    ჩვენ, ქართველები, მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ურემს ვაბრუნებთ ხოლმე.
    ანდაზაში კი ისეა სიტუაცია მოცემული, თითქოს ურემი თავისით ბრუნდება, მაგრამ ვიღაც ყოველთვის არსებობს კადრში ან კადრს მიღმა, ვისაც ეს მამა–პაპური და კოტრიალისგან დაქანცული ტრანსპორტი მოქმედებაში მოჰყავს.
    ურმის ამბავი ძველია და მას შემდეგ იმდენი გადაბრუნებულა, მაგრამ აზრი?
    როდის იყო ქართველები ჭკუას თუნდაც საკუთარ შეცდომებზე სწავლობდნენ?
    ჰოდა, ამ „უსწავლელი“ ქართველების ფონზე, ის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ისეთ მოულოდნელობებით სავსე სუბიექტად ჩამოყალიბდა, უკვე მაგათგან არაფერი გვიკვირს. პრინციპში, გაკვირვებას რა აზრი აქვს, როცა აღშფოთებასაც აღარ აქვს აზრი, პროტესტსაც, ომსაც კი...
    არავინ იცის, გაუმაძღარი და გათავხედებული ჩრდილოელი დათვი როდის რა ხასიათზე გაიღვიძებს და რა მოეპრიანება. არც მიხვეულ–მოხვეულები და გადახვევა–გადმოხვევები უჭირთ.
    მერე უკვირს მაგის მოდგმას, რა უნდა ამ სააკაშვილს, რას გვერჩის და რას გვჭრის გაერთიანებული ერების მასშტაბით თავსო!?
    რატომ? და, თუნდაც, იმიტომ, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნებულ, გზა–კვალ არეულ და თავგზააბნეულ „შიშველ პრეზიდენტს“, ზოგიერთები, აეროპორტში ტაშის გრიალით და თვალზე ნეტარების კურცხლით დახვედროდნენ.
    მერე რა, რომ „მათი გმირი“ იმ დათვთან კარგად ნაკოტრიალები და გამაძღარია?!
    სამაგიეროდ, იცის როდის? სად? და როგორ? გააპროტესტოს და ირტყას მჯიღი გაფანჩვულ მკერდზე, რგორ აუჩუყოს მავანთ გული და როგორ მოფხანოს ობობასქსელშემოხვეულ–მიობებული თავ–პატივმოყვარეობა, რომ მერე, იმ ზოგიერთებს, ისევ ეგონოთ, რომ მიშა ისევ მაგარია!
    მიშას მომხრე ჰომო სოვეტიკუსებს კი ამაში ვერავინ გადაარწმუნებს.
    ხალხს რას ვერჩი, მაგრამ, მაგ მეზობელ ქვეყანაში ზოგიერთს თავთან ერთად ენაც, კუდიც და კიდევ სხვა რამეებიც აქვს წასაჭრელი. ვერ გაუგიათ სად იწყება მაგათი უფლებამოსილება, ინტერესები, საზღვრები და სად მთავრდება.
    სიტყვა გამიგრძელდა და ამჯერად მოკლედ ვიტყვი – ნებისმიერი ჭკუათმყოფელის საყვარელი ემოციაა მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანის თვალებში სიყვარულის და სახიფათო და ძლიერი მოწინააღმდეგის თვალებში –შიშის დანახვა. როცა ზრდილობის და ეტიკეტის გამო ერთმანეთს ვეკითხებით, –რა ხდება ახალი? ალბათ იმის გაგონების იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ძველებურად და კარგადაა, მაგრამ, როგორც ჩვენს ერთ თვეში ვადაამოწურულ და ადრე და მალე გასასამართლებელ პრეზიდენტს უყვარს თქმა, – ნურას უკაცრავად...
    გასულ კვირას ბევრი მძიმედგადასაგორებელი რამ გადავიტანეთ – მაგალითად დაკარგული აფხაზეთის ოცწლიანი ტკივილი.
    საჭირო დროს საჭირო ემოციების გამოხატვის უნარი აქა–იქ ჯერ კიდევ შერჩათ ქართულ პოლიტიკაში მოხეტიალე მარადიულ სულებს.
    დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებენ და წელიწადში ერთხელ გვირგვინი და დამწუხრებული მიმიკა დინჯი, ტელეკამერებზე გათვლილი ნაბიჯებით მიაქვთ აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ დანაკარგს და ამ ტკივილს საქართველოში უმრავლესობაც მათგვარად დაატარებდეს. დავატარებთ, ცრემლსაც ვღვრით, სინანულით თავსაც ვაქნევთ, ვოხრავთ, შესანდობარსაც ვამბობთ, უფალსაც ვევედრებით, მაგრამ, რა? 20 წელია მხოლოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ყველაფერი მაინც უფლის ნებაა, მოსახდენი მაშინ ხდება და ისე, როცა და როგორც უნდა მოხდეს, მაგრამ არის სიტუაციები, როცა საბედისწერო შეცდომები ჩვეულებრივ მოკვდავთა ამბიციების ნებით ხება.
    ვისი ნება იყო გასულ კვირას სადემარკაციო ხაზის კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევა რუსი მესაზღვრეების მიერ, რთული მისახვედრი არაა. ზაქარეიშვილმა კი ბევრი იძახა, პროვოკაციას არ ავყვეთო, მაგრამ ყვირილიდა ძახილი რომ ესმოდეთ ად საქმეს რგებდეს...
    ფაქტია, გასულ კვირას კიდევ ერთხელ აიყარნენ ქართველები საკუთარი კერიდან. მავთულხლართებს იქით დარჩა მათი სული და გული.
    აქეთ – დაშლილი სახლ–კარი და გაურკვეველი მომავალი...
    გასულ კვირას საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური ძალებიც დაჟინებით მოითხოვდა ამ ფაქტის პრემიერის მიერ შეფასებას. ორშაბათს შეაფასა კიდეც – იქ ევროკავშირის კომიტეტის ელჩებთან ერთად ჩავიდა და თავისი პრემიარულიც თქვა.
    პრეზიდენტობის კანდიდატ ბურჯანაძეს, თურმე, დიდი კოაბიტაციის პროცესის ორივე მხარე ერთნაირად უშლის ხელს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, მაგრამ მავთულხლართების პრობლემის მოგვარების პირობას მაინც დებს.
    ჯერ–ჯერობით კი რუსეთის "მცოცავი ოკუპაციის" გასაპროტესტებლად სოფელ დვანში მხოლოდ ქართველი ჟურნალისტები ჩავიდნენ.
    ჰო, კიდევ ბაქრაძეც ჩავიდა.
    ბაქრაძის ინციდენტური საარჩევნო კამპანია გრძელდება შესაბამის ფორმატში, რადგან ბაქრაძე ქართულ პოლიტიკაში თავადაა ინციდენტი.
     
    ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ, ქალბატონმა ფანჯიკიძემ, – ნურას უკაცრავადო! დაგაგვიანდა უკვე და როგორმე უშენოდაც გავაგნებთ გზასო. ასეთი თავდაჯერებული ქვეყნის პირველი დიპლომატი, რა თქმა უნდა, პრემიერის ხარჯზე იყო, თორემ თვითონ დიდი ინფანტილური ნატურა გვყავს, ზოგჯერ თავის გაფანტულ ღიმილსაც ვერ აგნებს.
     
    მოკლედ, საზოგადოებაში არსებობს ის დალოცვილი გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან კი არა გამოძიებასთან თანამშრომლობა უფრო მოუწევს. ისე, რამ გაახსენა მაგ შეჩვენებულს ნიუ-იორკში 17 წლის წინ წასული ოთარ სეფიაშვილი? ალბათ ბავშვობაში „ილუზიონის“ ყურებასაც უკრძალავდნენ და ის ძველი ოცნებაც ახლა აისრულა.
     
    მომავალი პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა უკვე ცნობილი ყოფილა, მაგრამ ჯერ ისევ არ ხმოვანდება. თუმცა შოკისმომგვრელი ინფორმაციის იმედიც ნუ გექნებათო, –უსუმ.... ეს ალბათ იმ ჭორების გასაქარწ####ბლად მოაყოლა, ექსპერტებთან ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ რომ გავრცელდა – პრემიერის ნაქები ადეიშვილის და ნაკლებგაკრიტიკებული კახი კახიშვილის მოსალოდნელი გაპრემიერების თაობაზე.
     
    უსუფაშვილმა - ივანიშვილის წასვლის შემდეგ კოალიცია მართლა კოალიცია გახდებაო. ანუ, ამათი ბრალი ყოფილა ივანიშვილის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება. ზოგჯერ კოალიციაც მსხვერპლს მოითხოვს, თან როგორს!?
    ორშაბათს კერძო საინვესტიციო ფონდის პრეზენტაცია შედგა. მისი ინიციატორიც ივანიშვილია და რას ემდურის ეს ჩვენი პრეზიდენტი თავის პრემიერს უცხოელ ინვესტორებთან არასათანადო კომუნიკაციის გამო, ვერ გავიგე?. თუმცა, ივანიშვილმა გაიგო და კიდევ ერთი პენალტი დაურტყა სააკაშვილს – საქართველოში უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნებაო. ოღონდ, ნურას უკაცრავად, არა ლაზიკაშიო...
    კიდევ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ახალი ექსპერტების, ახალი სახეების გამოჩენაზე ვიზრუნებო. „იქნება, მაქსიმუმ, 7-10 კაცი, რომელიც დამეხმარება, ალბათ, გამოჩნდებიან ახალი სახეები, ახალი ექსპერტები, ახალი ანალიტიკოსები, ცოცხალი, ჯანსაღი მუხტიო.“ არ გვასვენებს ეს კაცი და მუდმივად გვიტოვებს თავსატეხს და საფიქრალს.
    ექსპერტების თემა კი გასული კვირის მთავარი სახსოვარი იყო. 4 საათიანი პირდაპირი ეთერი, სადაც კითხვა–პასუხის რეჟიმში ივანიშვილმა მშვენიერი წინასაარცევნო კამპანია ჩაუტარა თავის კანდიდატ მარგველაშვილს და ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ექსპერტებს ისეთი მასტერ–კლასი ჩაუტარა, სიცილიაშიც რომ შეშურდებოდათ.
    რას ვერჩით ამ ადეიშვილს? არც ძებნილი ყოფილა, არც უნიჭო, არც ურიგო მენეჯერი და საერთოდაც, თბილისის ნაზუქივით თუ ზაქივით მერის მაქინაციებსა და მაიმუნობებზე გამოძიება მაგას დაუწყია. მზა–მზარეული დაუხვედრებია ახალი პროკურატურისთვის ტომები, მაგრამ, რათ გინდა? ჯერ მხოლოდ ისევ იბარებენ და უშვებენ. ამიტომაცაა ტოლებში კოჭების გორების და პრემიერთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე სეირნობის ხასიათზე.
    მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სუბარის უწყება იუწყება, რომ ბოლო დიაგნოზით მას მხოლოდ სქოლიოზი აწუხებს და მატროსოვის სანატორიუმში დაკარგული 12 თუ 22 კილოგრამიდან ნაწილი უკვე უკან დაიბრუნა.
    მინისტრების რეიტინგზე ზაქარეიშვილმა მისთვის დამახასიათებელი ბუნდოვანი და ორაზროვანი პასუხი გასცა – "ალასანიას საქმეები ჩანს და ჩემი საქმეები არ ჩანსო."
    იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საჯარო გამოსვლებისას სალიტერატურო ქართული ენით არ ისაუბრებენ, ისინი, შესაძლოა, დაჯარიმდნენო. ნორმირებული ქართულით მოსაუბრე პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს რა სჯობს, მაგრამ მაგ კანონის შემქმნელებმა ჯარიმის მოცულობაზე ჩამოყალიბებისას ის მაინც გაითვალისწინონ, რომ ყველას პრემიერის, ანდა ინგა გრიგოლიას მასშტაბის შემოსავალ არ გვაქვს და გამონაკლისების დაშვებაც გაითვალისწინონ.
    29 სექტემბრის მდგომარეობით, წელს, კახეთის რეგიონში 81 კომპანიის მიერ მიღებული და გადამუშავებულია ბოლო ათეული წლების მანძილზე რეკორდული რაოდენობის ყურძენი 80097,6 ტონა (შარშან სულ გადამუშავდა 52 000 ტონა).
    აი ასე! „ოცნებამ“ რაღაცით მაინც ხომ აჯობა „ნაცებს!?“
    გასულ კვირას დედამიწას 10 ათას ტონიანმა ასტეროიდმა ჩაუარა. ამჯერადაც გადავრჩით!
    და ვრჩებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას, განაჩენის მოლოდინის რეჟიმში. ბაჩანა კი თანაგუნდელთა მხარდაჭერის და მოსამართლეთა ერთგულების იმედზე.
     
    მოკლედ, თუ ერთი „გაგიბაზრდა“, რომ თავის მოტყუება გიყვარს, მაშინვე ამ საქმეში მხარში ამოდგომის იმდენი მსურველი გამოჩნდება, რიგი დაგიდგება. ისე, ზოგ შემთხვევაში, მტერი უფრო საიმედოა – მეგობარივით მაინც არ გაგყიდის...
     
    ჩვენ გვეშველება რამე თუ არა?
     
    ის ანეკდოტი გამახსენდა – ექიმი რომ ეკითხება პაციენტს– როგორ გრძნობთ თავსო? პაციენტი პასუხობს– უკეთ ექიმო, ხველას უკვე შევეჩვიეო...
    კატო ჩულაშვილი
    ქრონიკა +
  21. katya
    პოლიტიკა არის სტრატეგია და შედეგი. აქედან გამომდინარე, ან იმსახურებ პატივისცემას, ან - არა...
    ქართველ ემიგრანტთა შთამომავალი, ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსი, საფრანგეთის მოქალაქე ფრანგული დიპლომატიური განათლებით და ქართული ხასიათით.
    ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამორჩეული ფიგურაა, მისი, როგორც სახელმწიფო მოხელის მართვის სტილი, ვერაფრით მოერგო "ნაციონალური" ელიტის ანტურაჟს. იყო პირველი, ვინც ქართულ პოლიტიკაში ქაჯების არსებობა გაასაჯაროვა, თუმცა, ახლაც თვლის, რომ მათი უმრავლესობა არსად წასულა... სულ ცოტა ხნის წინ თვალსაჩინო მაგალითიც დაფიქსირდა - "მშობლიურმა" ცესკომ და სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. "დაწუნებული კანდიდატი" მიიჩნევს, რომ დღესაც სასამართლო აგრძელებს ძველ კურსს და ასრულებს კონკრეტული პოლიტიკური ძალების მითითებებს.
    მიმდინარე საარჩევნო მარათონს გამოთიშული რჩება საქართველოში და აქვს სერიოზული სამომავლო გეგმები, რომლის განხორციელებასაც პროდასავლური კურსის ამომრჩეველზე დაყრდნობით აპირებს.
    - მოგესალმებით, ქალბატონო სალომე. სამწუხაროა, რომ წინასწარი შეფასება გამართლდა და თქვენი კანდიდატურის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დავდექით არა საკანონმდებლო, არამედ პოლიტიკური პრობლემის წინაშე.
    – გაგიმარჯოთ! კანონის უზენაესობას ესაჭიროება პოლიტიკური ნება, არა სიტყვიერი, არამედ საქმით გამტკიცებული. ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა ამ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლება...
    – ხელისუფლება ხომ ვერ მოახდენს ზეწოლას, ან მითითებას? ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს სასამართლოში ჩაურევობა ალბათ.
    – არც ის, რომ მიუთითოს სასამართლოს და მერე მის უკან დაიმალოს. სასამართლოს მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება - კანონის აღსრულება.
    – უცხოელი დიპლომატები როგორ აფასებენ ამ ფაქტს?
    – არიან შეწუხებულები და გაოცებულები. დღესაც დამიკავშირდა ეუთოს მისიის წარმომადგენელი, არჩევნებზე დამკვირვებლადაა ჩამოსული. რადგან ჩემი კანდიდატურა სასამართლოს გზით მოიხსნა, უცხოელებისთვის უხერხულია ჩარევა. მათთვის უბრალოდ საკვირველია, რომ ეს განმეორდა ახალი ხელისუფლების პირობებში და დღევანდელი პრემიერის მაგალითზე. მათ დაინახეს, რომ მიდგომები არ შეცვლილა, და ძალიან უხეშადნაკერია ეს ყველაფერი. ბევრი რამაა დღეს მათთვის დამაფიქრებელი.
    – მაგალითად?
    – მაგალითად 20 წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და დღესაც ისევ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა ისევ დასაცავია დამოუკიდებლობა. ჩვენთან სხვა სიმძიმეს დიპლომატიაა, ეკონომიკა, საზღვრები. დიპლომატიაში არამიზნობრივი გამონათქვამები არ არსებობს. ნებისმიერი გამონათქვამი შეიძლება გახდეს მძიმე შედეგების საწყისი. თუნდაც ფრაზა - „ ევრაზია რატომაც არა!?“, ჩვენთან არაა იგივე მნიშვნელობის მატარებელი, როგორიც იქნებოდა სხვა ქვეყანაში, რომელიც საუკუნეებია დამოუკიდებლად არსებობს.
    – ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ შესწავლის საგანი ვართ და მკაფიო წარმოდგენა ჩვენზე არ გააჩნია?
    – ჩვენ არ ვართ მყარად ჯერ საკუთარ სახელმწიფოებრიობაში. საქართველოს ჯერ დამტკიცებული საზღვრებიც კი არ გააჩნია და არ გააჩნია კიდევ ძალიან ბევრი რამ – სასამართლო, დემოკრატიული ინსტიტუტები. არაა ისე ჩამოყალიბებული რომ გაუძლოს ნებისმიერ გამოცდას. ასეთ ურთულეს რეგიონში, მუდმივი საფრთხეების წინაშე, მაშინათვე ისმება დამოუკიდებლობის და მკაფიო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი.
    – თქვენ 1 ოქტომბრამდე ხვდებოდით ივანიშვილს, 1 წლის შემდეგ მასზე და მის პოლიტიკაზე აზრი რადიკალურად შეგეცვალათ...
    – დიახ, ვუჭერდი მხარს. ნიჰილიზმის წინაპირობა და იმედგაცრუება არა მხოლოდ ჩემში, ზოგადად საზოგადოებაში არსებობს. სხვა მოქალაქეებივით მეც მქონდა განცდა, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა, მოხდა ის, რასაც პრაქტიკულად არ ველოდით. რადგან გამარჯვების რესურსი ნაკლებად იყო. შემდეგ მოხდა ისე, რომ „ოცნების“ გამარჯვებასთან ერთად, მათი დაპირებების შესრულებაც დავიჯერეთ. იყო დიდი ნდობის ფაქტორი ჩემშიც. თუმცა არ მომწონდა ის, რომ ცოტა მდორედ მიდიოდა პროცესები - სასამართლო, გამოძიებები, ეკონომიკური გამოღვიძება, უცხოეთში საქართველოს სახის აღდგენა და სწორად წარდგენა ახალი ხელისუფლების და მისი მიზნების. თავიდანვე ნათქვამი მქონდა, რომ მე ოცნებას გარედან ვუჭერ მხარს, ვარ თავისუფალი და თუ დავინახავ, რომ რაღაც ისე არაა, ვიტოვებ ობიექტურობის უფლებას, არ მოვიქცევი ისე როგორც სააკაშვილთან და უფრო ადრე ვიტყვი სათქმელს.
    – ანუ, თვლით, რომ სააკაშვილთან სათქმელი მაშინ დაგაგვიანდათ? რა მოხდა კონკრეტულად ივანიშვილის შემთხვევაში?
    – ჩემი კანდიდატურის ირგვლივ შექმნლილი რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა.
    – ეს შეიძლება განაწყენებული ადამიანის პოზიციად ჩაგითვალონ.
    – არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს საზოგადოებამაც დაინახა. ამ კონკრეტული ფაქტით ძალიან ნათელი გახდა დემოკრატიის „ოცნებისეული“ გაგება. მართლა გასაკვირი იყო ჩემი არდაშვება არჩევნებზე, მითუფრო, რომ პრემიერი თვითონაა ფრანგი და მისი იურიდიული სიტუაცია მთლად დალაგებული არაა.
    – მანამდე თუ იცნობდით ივანიშვილს?
    – არა, არ ვიცნობდი. დღეს მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გამოვედით ერთპარტიული სისტემიდან და ვრჩებით ერთპიროვნულ სისტემაში.
    – ჩვენი საზოგადოება მოერგო მგონი ასეთ მიდგომას – ბოლოს მაინც პიროვნებაზე აკეთებს აქცენტს...
    – მე სხვა აზრის ვარ, ვფიქრობ რომ საზოგადოება უფრო მზადაა დემოკრატიისთვის, ვიდრე ხელისუფლება. საზოგადოებას მანდატის არსი კარგად აქვს გათვითცნობიერებული. 9 წელმა უკვალოდ არ ჩაიარა. ხალხი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. სხვა საკითხია ის, რომ საზოგადოება კონკრეტულ იმედს და ოცნებას ხედავს კონკრეტულ პიროვნებაში, ეს ადამიანურია. ჩემშიც და სხვებშიც დავინახე ეს ადამიანური რეაქცია - ყველას გვინდა, მარტივად წავიდეს ყველაფერი.
    – ერთპიროვნული მმართველობიდან გამოსავალი?
    – ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული წყობა, რომელიც იწყება კანონით და სასამართლოთი და იქვე მთავრდება.
    – ანუ თქვენი აზრით, ამ ხელისუფლების ყველაზე სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა იყო სასამართლო და კიდევ რა?
    – სხვა არაფერი. სასამართლოს უჭირავს ყველაფრის გასაღები. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიგოთ სიმართლე. უნდა დაისაჯოს ის, ვინც დასასჯელია. სასამართლოს უჭირავს ეკონომიკური განვითარების გასაღებიც. წინსვლა არ მოხდება, თუ ადამიანები არ დარწმუნდნენ საკუთარი კაპიტალის, და არა მხოლოდ ივანიშვილის კაპიტალის, დაცულობაში. როცა პრემიერი ამბობს, რომ მიდის, როცა არაფერი ქვეყანაში ჯერ არ გაკეთებულა, ეს აბნევას ყველას, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორს. ეკონომიკა ვერ განვითარდება თუ არ გვექნა დამოუკიდებეი სასამართლო და სტაბილურობა.
    – ივანიშვილის არგუმენტი წასვლასთან დაკავშირებით – მე გადავალ სამოქალაქო სექტორში, საიდანაც უკეთ, უფრო კრიტიკულად შევაფასებ და გავაკონტროლებ რეალობას და უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.
    – არ მინდამე მისი გაკონტროლებული მთავრობა და საქართველო. თვითონ სიტყვა კონტროლი უკვე ნეგატივია.
    – როცა ივანიშვილმა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია კოალიციაში შეიყვანა ამას მაშინ როგორ აფასებდით?
    – მაშინ ვფიქრობდი რომ ეს გააკეთა გარედან „ნაწყენი ძალების“ გასანეიტრალებლად. ეს მიღებული პრაქტიკაა ქართულ პოლიტიკაში, რომ არ გაიჩინო მტრები.ცოტა აღრევა მოხდა ცნებების. რეალურად ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ამ პარტიებს, როგორც პარტიებს, აღარ ეარსებათ. თავისი პარტია, ფაქტიურად, თამაშგარეა და არ ჩანს არანაირი რეალური ქმედება იმისა, რომ ეს პარტია ფეხზე დადგეს.
    – მგონი არ შედიოდა ეს მის ინტერესებში.
    – რა შედიოდა, რას ფიქრობდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ დღეს, გარდა იმისა, რასაც ბურჯანაძე ქმნის, სხვა ქმედითი პარტია არ არსებობს ქვეყანაში. პარლამენტი ძალიან სუსტია,რადგან „ოცნებაზეა“ დაფუძნებული და არალეგიტიმურ ნაცმოძრაობაზე. ანუ რა გამოდის? როცა წავა ივანიშვილი, არაფერს დატოვებს? ივანიშვილი აპირებს საკუთარი ნდობით შერჩეული მმართველი ნაწილის დანიშვნს და წასვლას. საკმაოდ უცნაურია. აპირებს გადასვლას სამოქალაქო სექტორში, საიდანაც დაეხმარება ოპოზიციურ პარტიებს. ეს თარგამაძის მოდელი, რაც უკვე გამოვცადეთ. ივანიშვილი უფრო შორსაც მიდის, როცა ამბობს, რომ გადადის არასამთავრობო სექტორში ძალიან დიდი ფულით. ეს ნიშნავს ტოტალურ კონტროლს. სად მივდივართ? რა ტიპის რეჟიმია ეს.
    – თუმცა იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ არსებული არასამთავრობო სექტორის სოლიდური ნაწილი უკვე იყო კონტროლირებადი და გამოყენებადი.
    – ცხადია. ამიტომ დავარქვი სააკაშვილის რეჟიმს ნეოტოტალიტარული. იქ იყო კონტროლი არა მხოლოდ პოლიტიკური სექტორის, არამედ ბიზნეს-სექტორის და არასამთავრობო სექტორიც. ბოლო 1 წლის მანძილზე არასამთავრობო სექტორი არის საკმაოდ თავისუფალი. მიმაჩნია, რომ ივანიშვილის იქ გადასვლა ისევ აჭრის სიტუაციას.
    – თქვენი აზრით, შესაძლებელია ნაციონალებს და ოცნებას შორის გარიგების არსებობა? ან რა ტიპის გარიგება შეიძლება იყოს ეს? დროის მოგების მომენტის თუ რეალური რევანშის?
    – ამის პასუხად მოვიყვან საკუტარ მაგალითს. თუმცა მოსამართლეები არიან დანიშნული მიშას პერიოდში და ყველა იყო კუბლაშვილის კადრი, ამის მიუხედავად, შეასრულეს ხელისუფლების მითითებები. ამიტომაც გამიჩნდა კითხვა - რატომ ამბობენ, რომ მიშას რეჟიმის მიმართ და იქაური დანაშაულის მიმართ ვერ ატარებენ ობიექტურ სასამართლოს, რადგან თურმე კუბლაშვილი და სააკაშვილი აკონტროლებენ მას ისევ? ვერც ის დავინახე რომ არსებობს ზეწოლა დასავლეთიდან რომ სასამართლოები არ ჩატარდეს. იყო შენიშვნები ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად მერაბიშვილის შემთხვევაში, რადგან ის წინასწარ იქნა დაკავებული და ყოფილი პრემიერის წინასწარ დაკავება, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს, გვინდა-არ გვინდა. თორემ რიგით სასამართლოებზე, გამოძიებაზე არანაირი ზეწოლა და შეზღუდვა არ ყოფილა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ნიშნები გარიგების, ცხადია. რეალურია მიშას რეჟიმის გაგრძელების ნიშნები. მიშამ დემოკრატია გამოშიგნა არსით და პრინციპებით და რაც ახლა ხდება, ესაა უკვე ფორმის დაკარგვა. ახლა რაც ხდება, ესაა ფასადის რღვევა. ასევე საგარეო პოლიტიკაში მიშას ქონდა შენარჩუნებული განცხადებების დასავლური ფორმა, დასავლური პიარით. მაგრამ ეს იყო გადაფარვა კონკრეტული ქმედებების . მაგალითად ისეთი ძალების შემოყვანა ეკონომიკაში, რომლებიც რუსეთის ინტერესების წარმომადგენლები იყვნენ, საზღვრების არგამაგრება, არდაცვა.
    – რეალურ საფრთხეებს ხედავთ?
    – ჩემი აზრით, ამ ყველაფერს საგარეო პოლიტიკაში, დასავლური ფორმის დაკარგვამდე მივყავართ. ეს ევრაზიული განცხადებები, რომ ნატო შეიძლება აღარ გვიღირდეს, ეს ყველაფერი მიდის იქითკენ...
    – თქვენი აზრით, კოალიცია ადგილობრივ არჩევნებამდე დაიშლება?
    – მიჭირს მათ მაგიერ აზრის გამოთქმა, ვფიქრობ, ყველას ერთობლივი ინტერესი უნდა იყოს შენარჩუნება და ამის 2 მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ პარლამენტში ვეღარ მოხვდება მათი უმრავლესობა, მაგალითად გუგული მაღრაძე, თუნდაც გოგი თოფაძეც, თუ ლევან პირველთან ერთად იმოქმედებს. სანამ არიან ერთად, იქნებიან იმ ადგილებზე. მეორე, რამაც შეიძლება კოალიცია გადაარჩინოს - ესაა ივანიშვილის მიერ ფინანსების ხელმეორედ დადება მათთვის, რომ მაშინვე არ დაიშალონ. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, რომდენად მძაფრი იქნება ზეწოლა გარედან.
    – საზოგადოებრივ ზეწოლას გულისხმობთ?
    - დიახ. უკვე ბურჯანაძე აცხადებს თავის გეგმებს არალეგიტიმური პარლამენტის დაშლასა და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებაზე. ალბათ იქნება საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ვადამდელი არჩევნები შეიძლება ცუდი იყოს ამ მომენტისთვის. სამაგიეროდ, დავინახავთ, რომ პარლამენტიც შიშველია და იქ შემავალი პარტიებიც. მათთვის კიდევ უფრო რთული იქნება ადგილობრივი არჩევნები. ეს პარტიები რამდენად შეძლებენ არჩევნების წინ სიებზე შეთანხმებას, რაც მათთან ირთიერთობის გამოცდილებით ვიცი, ცოტა მეეჭვება.
    – ბოლო მოვლენები - სადემარკაციო ხაზის გადმოწევა. რუსეთის ქმედებები, რატომღაც, იუსტიციის მინისტრმა შეაფასა. თქვენი აზრით, უნდა აფასებდეს თუ არა მსგავს საკითხებს პრემიერი თავად?
    – ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და არა მაია ფანჯიკიძე ან თეა წულუკიანი. ანუ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, წასვლამდე პასუხისმგებელიცაა მათზე. მან უნდა შეაფასოს და თქვას კონკრეტული ნაბიჯები და არა ბუნდოვანი კითხვები სვას - „რატომაც არა ევრაზია?“
    – რუსეთი ჩვენთვის ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ასე იყო თქვენი მინისტრობის დროსაც...
    – გეთანხმებით. სწორედ ამიტომ, რუსეთთან ურთიერთობა ვერ დაიშლება სექტორებად. აქეთ საზღვრები, იქით ოლიმპიადა, იქით ღვინო და არანაირი კონცეფცია იმისი თუ რა გვინდა რეალურად. სააკაშვილს ქონდა გაცხადებული კონცეფცია - კონფრონტაციული, თუმცა ამის ქვეშ ბევრი სხვა რამე ხდებოდა. ამ ხელისუფლებას კონცეფციაც არ აქვს, რადგან ყველა თავისთვის რაღაცას ამბობს და აკეთებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან კატეგორიულ განცხადებებს აკეთებს, ასევე ზურა აბაშიძე ზოგჯერ ამბობს, რომ შეუძლებელია მოლაპარაკებები, მაგრამ ამ დროს არ ვიცით, რა არის ხელისუფლების პოლიტიკა. კიდევ უფრო საკვირველი ისაა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეააზე წავიდა სააკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერს არც მოუვიდა აზრად, რომ შეიძლებდა იქ თვითონაც წასულიყო...
    – მაგ დღეს პრემიერს ექსპერტებთან შეხვედრა ქონია დაგეგმლი.
    – პრემიერის ექსპერტებთან შეხვედრა იყო სამარცხვინო, ეს არაა დემოკრატიული ფორმატი. ესაა სააკაშვილის რეჟიმის სტილი. არაფერი ესაქმება პრემიერს ექსპერტებთან. რა წარმონაქმნია ზოგადად „ ექსპერტები“ ეს კიდევ ცალკე თემაა. რატომ უნდა დაიბაროს და რატომ უნდა დაიწყოს „ჩაკითხვა“. ეს კოკა ყანდიაშვილის ფორმა და ფორმატია. რა დროს ექსპერტებთან დებატებია? მაგ დღეს თუ გაეროს ასამბლეაზე არ იქნებოდა და საჯარო შეხვედრაზე იყო საუბარი, ალბათ საგარეო და თავდაცვის საკითხების ექსპერტები უნდა მოეწვია.
    - თქვენი აზრით, რატომ არ წავიდა ივანიშვილი ასამბლეაზე?
    - ნამდვილად მიჭირს აზრის გამოტანა. იქ ძალიან დიდი ინტერესი იქნებოდა მის მიმართ. მათთვის უცნაურია განცხადებები წასვლაზე. შეიძლება წახვიდე, მაგრამ წინასწარ გამცხადებების გაკეთებით ამაზე იკლებ კომუნიკაციას საჭირო პოლიტიკოსებთან... იყო ლაპარაკი მის ამერიკაში ვიზიტზე. რანაირად უნდა ჩახვიდე ამერიკაში, როცა აცხადებ რომ მიდიხარ, როცა ისედაც დონის პრობლემაა, მაგრამ არაა აუცილებელი, რომ მხოლოდ ობამას შეხვდე. როცა უკვე გაცხადებული გაქვს წასვლა, ცხადია, იქიდან რეაქცია იქნება - მოდი, ვნახოთ, დაველოდოთ და იმას შევხვდეთ, ვინც მოვა...
    - ანუ ივანიშვილი არა მხოლოდ ჩვენ გვაბნევს, არამედ მსოფლიოსაც.
    - მსოფლიოს რომ აბნევს ესაა მთავარი. საგარეო პოლიტიკაში დღეს ეს შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის. არაერთხელ ვახსენე გასული საუკუნის 20-იანი წლების მაგალითი, როცა ევროპელი პარტნიორებიც ვერ მიხვდნენ რა გვინდოდა? ამიტომ აღარ გამოიჩინეს ისეთი მძაფრი რეაგირება და შედეგი ყველამ ვიცით.
    - აპირებთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას?
    - არ ვიცი, ვნახავ როგორი სიტუაცია იქნება - რამდენად ღია და თავისუფალი და რამდენად ფულზე დამოკიდებული. დღეს ვიცით, რომ გაყალბება არ იქნება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ერთი და იგივე არჩევანის წინაშეა ხალხი, არჩევანია წასვლა-არწასვლაზე არჩევნებზე და არა კონკრეტული პირის არჩევაზე.
    - აბა რაში გეპარებათ ეჭვი?
    - იმაში, რომ ადმინისტრაციული სიები არ შეცვლილა, ცესკოს კომისიაშიც იგივე ხალხია. ამ ხალხზე უამრავი პრეტენზია არსებობს. “ რესპუბლიკელები“ იყვნენ ამაზე პასუხისმგებლები წინა არჩევნებზე. რადგან იურისტებად მოაქვთ თავი. ისინი აგროვებდნენ მთელ ამ დარღვევებს. სად გაქრა? ასეთ სასამართლოზე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, თუნდაც არჩევნების მიმართ ნდობის აწევის მიზნით. სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, ვინ იყო გაყალბებაზე პასუხისმგებელი და ვინაა დამნაშავე. ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა, ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები, რამდენად ღია, გამჭვირვალე და დაცული იქნება გაყალბებისგან, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.
    უნდა ვენდოთ? 1 წელიწადში სიების გაწმენდა რატომ ვერ მოხერხდა? კოალიციის წევრებს ყველას აქვს აქვს სიებთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება. ახლა უცებ აღარ აინტერესებთ და უცებ დრო აღარაა? ბიომეტრიულ პასპორტზე იბრძვის ჩვენი პარტია რამდენი წელია, ხან დრო არაა, ხან ფული. როცა ვიცით, რომ ესაა პირდაპირი წამალი გაყალბების წინააღმდეგ. ამის შემოღების შემდეგ ვეღარაფერს იზამს - ვერც გოგორიშვლი, ვერც იმერლიშვილი.
    - საპრეზიდენტოზე თქვენი პროგნოზი როგორია?
    - ის, რაც ივანიშვილმა თქვა. ყველაფერი შესრულდება.
    - თქვენი აზრით, რატომ აქვს ბურჯანაძეს ასეთი მკაფიო განცხადებები?
    - ის თვლის რომ ასეთი უნდა იყოს კანდიდატი და ასეთი თვითდაჯერებული ფორმა კამპანიის ცოტა მოძველებული ფორმაა.
    - დღეს მედიაში აქტუალური გახდა თემა - ვინ იქნება მეორე.
    - იმიტომ, რომ რეალურად პრეზიდენტის ფუნქცია დაცლილია უფლებებისგან და ბერკეტებისგან და ეს გაკეთდა ამ ხელისუფლების პირობებში, დაწყებული სააკაშვილიგან და დღეს რჩება მხოლოდ სიმბოლური პრეზიდენტი. მარგველაშვილის კანდიდატურა ესაა ცარიელი პრეზიდენტი ცარიელ პოსტზე. რეალურად ძალაუფლება უკვე გადატანილია პრემიერის პოსტზე, რომელსაც არ ვირჩევთ, მაგრამ თუ იქნება საპარლამენტო არჩევნები, ცხადია, უმრავლესობა, რომელიც მოვა, ის აირჩევს პრემიერს.
    - ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით სერიოზულად იზღუდება პრემიერის უფლებებიო.
    - მართალია, პარლამენტს გადასცეს ნაწილი უფლებები, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, უმრავლესობაში რა ძალაც მოვა, ის იქნება პარლამენტში უმრავლესობა და ის დანიშნავს პრემიერს. ანუ ესაა ფიქტიური შეზღუდვა. თუ უმრავლესობა სხვაა და პრემიერი სხვა , მაშინ პარლამენტმა შეიძლება შეზღუდოს მისი ქნმედება. თუ ერთი უმრავლესობაა და მისი დანიშნული, მაშინ პრემიერს აქვს ყველა უფლება. ანუ ამიტომ, მეორე ძალა, რომელიც მოვა, რადგან მარგველაშვილი ძალას არ წარმოადგენს, და კოალიცია დღეს თუ ხვალ დაიშლება, ის იქნება მზად, რომ ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს იქნება რეალური ოპოზიცია. ოცნების მიერ იმედგაცრუების შემდეგ, ძალაუნებურად მეორე ძალა ხდება შემდეგ არჩევნებში პირველი ძალა და ესაა გათვლა ბურჯანაძეზე. თუმცა რამდენად გამართლებული ეგ კიდევ სხვა საკითხია.
    - თუ მოხდა ისე, რომ გაიყო პოლიტიკური ძალები და ევროპული მიმართულების ძალად დარჩნენ მხოლოდ ნაციონალები, რა პოზიციას დაიკავებს ამ დროს სალომე ზურაბიშვილი?
    - აქაა პასუხი ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩემი ამ არჩევნებში დაბლოკვა ამ საკითხს უკავშირდება. სხვას ვერ ვხედავ. რატომ ვის ვუშლი? ის რომ მე გამარჯვების უზარმაზარი შანსები მქონდა, ეს ხომ არასერიოზულია?! რეალურად მე ვიყავი წარმომადგენელი ამ მიმართულებით და ამით ნაციონელებს ვაკარგვინებდი ფსევდომონოპოლიას დასავლურობაზე. სხვა ძალის არარსებობის პირობებში ამათ შეუნარჩუნებენ მონოპოლიას, ოღონდ დისკრედიტირებული დასავლურობის. მათ ხელში მოხდა დასავლურობის დისკრედიტაცია და ვიდრე ის მათთან იგივდება და ასოცირდება, იზრდება ეს დისკრედიტაცია. ამ არჩევნებში ასეცაა ჩაფიქრებული - რეალური დასავლურობა ვერ გამოჩნდება. ეს ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი, რაც მოხდა ჩემი შეფასებებით.
    - სწორედ ამ დასავლური ორიენტაციის გამო, ბევრს ეგონა, რომ ნაციონალური სასამართლო „არ გაგწირავდათ“. თუ უშვებთ, რომ თქვენ და ნაციონალები ოდესმე დადგებით ერთად?
    - ამ შემთხვევაში ნაციონალებს ჩემი დაბლოკვა აწყობდათ. სანამ მე არ ვარ, იმათ აქვთ მონოპოლია. ისე როგორც არ აწყობს ბურჯანაძეს და არ აწყობს ხელისუფლებას. ანუ არცერთს არ აწყობს და მშვენივრად არიან შეხმატკბილებულები.
    ნაცმოსძრაობასთან, ისე როგორც ნებისმიერ პარტიასთან, ვიდრე არ ჩატარებულა სამართლიანი და ობიექტური სასამართლო, რომელიც გაარჩევს ვინ ვინაა?ვინაა იდეოლოგიით ნაციონალი, მოუვიდა შეცდომა, და ვინაა დამნაშავე? ვიდრე ეს არ გაირკვევა, „ნაცმოსთან“ თანამშრომლობა წარმოუდგენელია.
    - თქვენი აზრით სისტემის შემომქმედი და მთავარი დამნაშავე სააკაშვილია?
    - ეს უნდა თქვას სასამარლომ. არ უნდა დაიჭირონ მერაბიშვილი იმ განწყობით, რომ ესაა ყველაფერი. ან მიშაა თავი და თავი. თუ სასამართლომ არ მითხრა ეს, ჩვენ ვაგრძელებთ შევარდნაძის მიერ დაწყებულ პოლიტიკურ გარღვევებს იმ მხრივ, რომ არავინ ისჯება და ყველა ყველაფერს აგრძელებს. დღეს შეიძლება ლევან პირველი დაბრუნდეს, შეიძლება ჩხარტიშვილი დაბრუნდეს, შეიძლება ნუგზარ ფოფხაძე დაბრუნდეს და ა.შ. რატომ? იმიტომ რომ სასამართლო არ ყოფილა, ხოლო მეხსიერება სხვა რამეა. ადამიანები ვართ, ბოლოს და ბოლოს, აღარ ვიცით, აღარ გვახსოვს ზუსტად, გარკვეული დროის შემდეგ და ვეგუებით ძალიან კარგად. გამოსაძიებელია უამრავი საკითხი, დარჩენილია უამრავი კითხვა. თბილისის ომი, აფხაზეთი, 2008 წლის ომი, განმუხურის ვითომ გადატრიალება, ლაფანყური და ა.შ. სამეგრელოში ამდენი იარაღი აღმოაჩინეს და, თუ დააკვირდით, ყველამ გადაიტანა აქცენტი ფირებზე, რომლებიც მე, როგორც მოქალაქეს, ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა, როგორც ოლიტიკოსი ვაღიარებ, მაინტერესებს, ჩემზე თუ რამე ჰქონდათ? არადა აქ ის იყო მთავარი, რომ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლებამ გადამალა იარაღი, და არ მიაწოდა ახალ ხელისუფლებას მასზე ინფორმაცია. აღარაფერი ისმის თუნდაც ალ-ქაიდას ფირებზე, ისიც გადაგვავიწყდა. დღეს ბომბებია აქტუალური. არაფერზე სერიოზული გამოძიება არაა , ბოლომდე არცერთი საქმე არაა მიყვანილი და ვართ ასე ჰაერში.
    - ამ სიტუაციაში განაწყენებულ პოლიტიკოსად მიგაჩნიათ თავი?
    - სულაც არ ვარ არავისზე განაწყენებული. აქ ვრჩები, ვაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ვთვლი და ეს ჩემი ბედი ყოფილა, რომ, რატომღაც, ვარ ლაკმუსი აქაური მოვლენების. ისე როგორც მოხდა სააკაშვილის პერიოდში, ცნობილი ქაჯების ინციდენტი, რაღაცნაირად გამოაშკარავება ხდება რაღაც მოვლენების ჩემს ფონზე.
    - ალბათ იმიტომ, რომ არ ხართ მართვადი და კონტროლირებადი?
    - შეიძლება. არც მართვადი ვარ და არც გაჩუმება მახასიათებს. ახლა ამ ყველაფრის გადაფარვას ჩემი ნაწყენობით ცდილობენ, ჯერ ბურჯანაძეზე, მერე პარლამენტზე, იმაზე-ამაზე. პოლიტიკაში წყენა რა შუაშია, ისე როგრც სიყვარული?
    პოლიტიკა არის სტრატეგია და შედეგი. აქედან გამომდინარე, ან იმსახურებ პატივისცემას, ან - არა...
     
    "ქრონიკა+" 01.10. 2013
    კატო ჩულაშვილი
  22. katya
    დაბომბვაა ისეთი, გაგაგიჟებს კაცს!.. ხუმრობდნენ, ხულიგნობდნენ თუ დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, აგერ უსუმ 50 000–ის ზარალი კი დაუთვალა ზოგიერთებს. ზარალზე რომ არ იყვნენ, საგარეჯოს მაჟორიტარიც არ გამოცხადდებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამის პრეზენტაციაზე ჯინსებით...ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ყველაფერს თავისი ეტიკეტი, ასეთი "წვრილმანებისთვის" კი ახლა მარტო ჩემისთანა მოცლილებს სცალიათ...
     
    გასულ კვირას მიწას მუცელი რამდენჯერმე ეძრა, მაგრამ ძვრა ვერ გვიყო, "მაგრათა ვდგავართ!"...
     
    იწვიმებს თუ არ იწვიმებს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. გინდათ ევროპა და ინტეგრაცია? ხოდა დაიწყეთ ქოლგით, ოღონდ, თავიდანვე ბოლომდე ნუ გაშლით, ნელ–ნელა შეაჩვიეთო, თან ჯერ თვალიო...
     
    მოკელდ, ვისაც არ ეზარება ამ ბედკრულ ქართულ პოლიტიკაში , ან მოდის, ან მიდის, ან ბრუნდება…
    საქართველო მტკაველი მიწის დაკარგვას არ შეეგუებაო, – ისეთი ტონით განაცხადა ქალბატონმა იუსტიციამ, გეგონება ჯერ არ დაუკარგავს, ან უკვე საქართველო არ ვართ, ანდა მტკაველში რაღაც სხვა საზომი ერთეული მოიაზრება...
     
    მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის 936 მოქალაქეს 10 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. რა ქნას ახლა, მეტი რა გაუკეთოს თავის "ჯილას?" მართლა წითელკანიან შამანებს ხომ არ ჩამოუყვანს. კაშპიროვსკი კიდევ დაბერდაო... ბოლოს და ბოლოს, ყივჩაღებამდე ხომ არ მისულა საქმე?
     
    მაგ ჩაგრულს ახალმა მთავრობამ თვითმფრინავები ხომ აახია, ახლა ზედ დაწერილი წარწერებიც წაუშალა. ვინ დაუჯერებს აწი მაგას ოფიციალური ვიზიტების დროს, რომ, ოდესღაც, აფხაზეთში დაბრუნების დაპირებამ „ქართული ოცნების“ რეკორდი მოხსნა ხმების თვალსაზრისით. ბარაკასთან მაინც არ ყოფილიყო გადასარბენი... მერე უკვირთ, პრეზიდენტი, თვითმფრინავზე წარწერა "სოხუმის" გაქრობას პოლიტიკური დატვირთვით ხსნის. ისა და, როდემდე უნდა ვაფრინოთ ამ თემაზე, ყური ხომ არ მოგიკრავთ?
    გეოგრაფიული დასახელება სოხუმი რომ სახელმწიფო სიმბოლიკა ყოფილა, ამას ახლა უნდა გვეუბნებოდნენ?
     
    სადაა ქართული არასაპარლამენტო „პოლიტიკური ელიტა“? რატომ არ აპროტესტებს მიშას პროტესტს? რაც „ბრწყინვალე შვიდეულმა“ ერთჯერადი სახით, ბიუჯეტიდან 150-150 ათასი ლარი მიიღო, სოხუმი არააქტუალური გახდა?
     
    სანაკოევმა თქო, იდეაში მე კი ვიცოდი, სენი წილიმეო! რომ 2008–ში სააკაშვილი ომის მომგები არ იყოო, მაგრამაო, მაინც ვენდე, მე რას ვკარგავდიო?
    ჰოდა, რა დაკარგა რო? პრეზიდენტად მუშაობა "სივი"-სთვის სერიოზული მონაცემია.
     
    რა დრო დადგა, არავის აინტერესებს, ვინ გახდება პირველი საპრეზიდენტო კანდიდატებში?
    უფრო საინტერესოა – ვინ იქნება მეორე?.
    აი ფიქტიურად მეორე და ფაქტიურად პირველი კი მიდის... არამგონია, მაგას NDI–ს გამოკითხულთა 72%–ს ყური უგდოს.
    ბიძინამ იცის, რასაც აკეთებს და აცადეთო!...
    კარგით ბატონო, ვაცდით, მაგრამ, როგორ გინდა უყურო ასე "შორეული და ახლობელი" ოცნების წასვლას?
    არადა, რომ კითხო, "ძალიან მაგარი გუნდი მყავსო!" მაგ გუნდს უახლოეს მომავალში, არც მეტი, არც ნაკლები არჩევნები აქვს მოსაგები.
    რა ხმებიც მოდის თვითმხილველებისგან, კოალიციის წინასაარჩევნო საქმიანობა შტაბებისგან უბნების დაკომპლექტების დონეზე, თვითდინებაზეა მიშვებული. არ ვიცი რა პოლიტიკაა ეს – ქამრების მოჭერის თუ პრაგმატულად გაჭერის, მაგრამ ფაქტია, თბილისის სხვადასხვა რაიონში კოალიციის შტაბების შეხვედრები ისეთ უცნაურ ვითარებაში ხდება, ასეთი "მასკიროვკა" ნაცების ეპოქაში არ ქონიათ.
    შტაბის შეხვედრა–გაცნობა-ტრენინგები უბნების სკვერებში ტარდება. არადა, ეს სკვერები, თავის დროზე, ნაცების საარჩევნო კამპანიის მონაპოვარია და მოდი და ნუ დაწყდება უგულლავას გული, თანამოქალაქეთა უმადურობაზე! თქვენც დაიბენით ხომ? არაუშავს, მარტივია - იმას რასაც ადრე "ხუთოსნები" რესტორნებში და გაშლილ სუფრასთაან აკეთებდნენ (დაილოცა მერაბიშვილ-შაშკინის წინასაარჩევნო სუფრული), ახლა "მეოცნებეები" სუფთა ჰაერზე შვებიან.
    კი გაჰკივის პატივცემული საგანელიძე, შტაბიდან ვერავინ გამიშვებსო, მაგრამ „ნაციონალური საარჩევნო“ სკოლის წყალობით „არჩევნებზე“ ე.წ. „ძეტსკი მატი“ თუ გათამაშდა, არც მაშინ წავა? თუ პირადი ანგარიშები გააპიპინა და აწი ქოცი-ქოცზე აღარ ყოფილა და ნაცი-ნაცზე? კოაბიტაციის რეჟიმში სხვა კომბინაციებიც მოსულა, მაგრამ, ყველამ თავის ფანტაზიას მიხედოს! ;)
     
    ირაკლი კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას ფუნა ესროლა.
    პირველი კითხვა რაც საზოგადოებაში გაჩნდა, იყო– სად იშოვა კაკაბაძემ ფუნა.
    სამაგიეროდ, არავის უკითხავს – რატომ?
    ისიც გაირკვა, რომ საზმაუზე წარმატების საწინდარი ქალის სახელი ყოფილა. საკმარისია გერქვას ეკა და სულაც არაა პრობლემა, პოლიტიკური თოქშოუს წაყვანის სურვილი გქონდეს. კვესო "მოქესტეს", მიშველაძე "მიჭიჭყნეს" და საზოგადოებრივ ტატამზე გამოსასვლელად ბერიძე ემზადება.
    ხოლო იქ, სადაც გამოჩნდება თავისუფალი ვაკანსია, აუცილებლად ჩნდება კოკო (კონსტანტინე) გამსახურდიას გაუხუნარი ამბიცია.
     
    დამეთანხმეთ, რომ, ასე "უკულტუროდ" ეს ქვეყანა არასოდეს ყოფილა, მაშინაც კი, როცა ამ დარგის მინისტრები არ არსებობდნენ და ის ნიჭიერი ადამიანების ხარჯზე ვითარდებოდა.
    და მერე რა? ახლა გვყავს მინისტრი, თავისი დახუნძლული შტატით. ამას როგორღაც შეეგუები, მაგრამ, 20 წლის წინ დაკარგული ტერიტორიის კულტურის მინისტრობა, ისე, როგორც ზოგადად მთავრობის არსებობა კია ცოტა რთულად ასათვისებელი.
    აფხაზეთის მთავრობამ რომ კულტურა და განათლება ერთ სამინისტროში გააერთიანა, ეგ იმის ნიშანია, რომ „პრაგმატულად აზროვნებს“. ორი - ერთში გაცილებით ეკონომიურია. პრინციპში, რამ გაყო ახლა კულტურა და განათლება? თანაც თუ ისეთი კადრი გყავს, როგორიც დიმიტრია ჯაიანი...
     
    მოკლედ, აქამდე თუ საზოგადოება ითხოვდა პენსიას შრომის და დამსახურების მიხედვით, ახლა ის დროა, მოვითხოვოთ თანამდებობა იგივე მიზეზით.
    საქართველოში ბოლო 20 წელია ის დროა, როცა თანამდებობაზე ხალხი ინიშნება არა ეპითეტით – შეეფერება, არამედ – ეკუთვნის...
     
    იუშჩენკო ჩართველდა კოლეგა–მეგობართან და ნათლიმამასთან ყვარელში. ქვევრიც ითრია, რეზინის ჩექმებიც ჩაიცვა და ისე კახურად ჩააბოტა საწნახელში, მიხოსაც შეშურდებოდა, გოგიასაც და იმათ სახედარსაც.
    ქვევრი არ მიიღო ნათლულის და ნათლიმამის ავტოგრაფით როო?... ქვევრზე ავტოგრაფიც ახალი სიტყვაა არქეოლოგიაში. მაგ ახლადგამომცხვარმა მეღვინემ ის მაინც თუ იცის, ქვევრი მიწაში რომ ინახება?
     
    "დიახ, მე ვარ VIP სტატუსის მქონე ადამიანი"–ო და დასკდით შურით, ბოღმაზე და ჭიჭინაზეო, – აჭარის უმაღლესი საბჭოს გაბღენძილმა თავმჯდომარემ. გაიბღინძება აბა რა? ახალი სტილის და ეტიკეტის დამამკვიდრებელი თუ არა, გამაჟღერებელი მაინცაა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში.
     
    ბიზნესმენი ლევან პირველი საქართველოში დაბრუნდა და „მრეწველთა პარტიის “ გაახალგაზრდავებას აპირებს.
    მრეწველობა-მრეწველებს! პოლიტიკა-პოლიტიკოსებს! არაა ცუდი სლოგანი, მაგრამ, ვის სწყობა? ამ ქვეყანაში პოლიტიკაც ბიზნესია და ბიზნესი -პოლიტიკა.
    პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია - საქართველოში, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის აწყობს, რომ მის საკუთრებას, უფლებებს და ღირსებას იცავდეს კანონი და სამართალი. ალბათ გენეტიკური წუნია აზროვნების დონე- ჩემსას ჩემზე უკეთ ვერავინ დაიცავს და ამიტომ, აქაც მე ვარ და იქაც მე ვარ!!!
     
    მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, – პრემიერმა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი ჰესის მშენებლობა მესამეჯერ გახსნაო. რამდენ რამეზეა ეს „ადამიანი“ გულდაწყვეტილი...
    სიმწრით დაშლიგინებს პლანებში, ყურძნის ახალ ჯიშსაც გამოიყვანს ეგ მალე. იმდენი ქნა, სანამ ბაქრაძეს ამერიკაშიც ყურძენი არ დააწურინა.
    საქართველოს პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატი, პროფესორი ნესტან კირთაძე, მოფერებით „ნესტარა“, კოლუმბიის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორ ტიმოტი პრაისს შეხვდა. ახლა მაგ პრაისს ეგ პრასზე არ დაელაპარაკებოდა ამხელა გზაზე ჩასული, მაგრამ...
     
    შსს–ს ისე მოეწონა წინამორბედთა ტრადიციადქცეული ვიდეო–ინდუსტრია, გადაწყვიტა, შესაძლებლობები სრულმეტრაჟიან ფილმებშიც მოსინჯოს. ამიტომ, იგეგმება ფილმის გადაღება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეზე – „ვინ მოკლა ილია...“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ის ფაქტი, რომ საფუძვლიან გამოძიებას მართლაც დიდი დრო სჭირდება. ამით მოიხსნება დღეანდელი როკურატურის მიმართ ბრალდებებიც.
     
    ან დამიმტკიცეთ რამე და ან გამომიშვითო! მისუსტებული ხმით ყვიროდა ამ კვირაშიც ვანო... აი ბაჩო უფრო ომახიანად გამოიყურებოდა...
     
    ხელოვან-ორატორ-კონფერანსიე ნინელი ჭანკვეტაძის ვალის აღიარება და გასტუმრება გვაკლდა ქართველებს.
    ვიცით ქალბატონო - ბიძინა ის კაცია, კომბლებს რომ თლის, ჭერში აწყობს და მიშასთვის რომ აქვს ერთი საგანგებოდ გადანახული, მაგრამ რა საჭიროა ყოველ წუთში ამის ცხვირში ტაკება?
    უმადურები თქვენსკენ მოიკითხეთ, თუ კარგია!
    მიხეილ სააკაშვილი გაერო-ში სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა.
    27 სექტემბერს რუსი ჯარისკაცები სოხუმში, სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, სამაგიეროდ, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადაში დამოუკიდებელ ქვეყნებად არ წარსდგებიან.
    "საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ "ანგელა მერკელის პარტიას გამარჯვება მიულოცა.
    ეს ანგელაც რა ხარბი გამოდგა, ჩვენი მაღალის არ იყოს...
    მაღალს კი უკვე დედაქალაქის მერობა მონდომებია. რას აპირებს გიგი, ამას მოგვიანებით შეგვატყობინებს, თუ კიდევ ერთხელ დაიბარებს პროკურატურა გასაუბრებაზე.
    ისე, პოლიტიკაში დაბრუნება უფროს წიწიბურასაც გადაუწყვეტია. აბა ტყუილად ხომ არ მიეძღვნა ხოფერიას პირველი გადაცემა უმცროს წიწიბურას?
    სალომე გოგიაშვილმა და ნინამ ვიღაცის ქმრის გამო დასცხეს.
    ფარულავა და მოროშკინა ასე ურიგოდ რომ მიდიან „ზაგსში“, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მაინც დალოდებოდნენ...
    ამ გახსენებაზე, თუ იცის ვინმემ – ნათია მეგრელიშვლი გათხოვილია?
    ათთვიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, უკრაინიდან ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია განხორციელდა.
    ესეც თქვენი კვირის მონაპოვარი!
    ეჰ... ცხოვრება მართლაც ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ დანიშნულების შესაბამისად არ გამოიყენო...
    ეგეცაა, – რაც უფრო ყურადღებით და გაფაციცებით აკვირდები რამეს, მით უფრო ნაკლებს ხედავ ხშირად...
     
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+"
    24.09.2013
  23. katya
    ცხოვრების დონეს მსოფლიოში, ხშირად, „ბიგ-მაკის“ ფასით აფასებენ , ჩვენთან - თბილისის ცენტრში "მოღვაწე" მეძავების მომსახურების ტარიფებით.
    მეძავები რა მოსატანი იყო ამ ზომაზე მეტად შეგრილებული ზაფხულის მიწურულს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სახელ და რეპუტაციაშებღალული სტატისტიკის და მერყევი საზოგადოებრივი აზრის სეზონი გვიახლოვდება - ანუ არჩევნების სეზონი.
    „ოცნებიდან“ მომხრეების გადინებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწიაო, ამბობს ბურჯანაძე, მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ქალბატონი იმერლიშვილი. მოკლედ, საქმე იქითკენ მიდის, რომ ვიღაცამ საქართველოში, პასპორტებით და მოქალაქეობით კბილებამდე შეიარაღებული 40 000 ყივჩაღი კიდევ ერთხელ ჩამოასახლა.
    „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, რა თქმა უნდა, მათივე კანდიდატი დიდი სხვაობით კი არა „საკონტროლო პაკეტის“ მასშტაბებით ლიდერობს - 53%-ის ფარგლებში. დანარჩენები ამ კონტექსტში რაღა მოსაყვანია...
    მარგველამ საარჩევნო კამპანია, საქართველოს მასშტაბით, სამეგრელოდან დაიწყო, ხოლო თბილისის მასშტაბით - ვაკიდან.
    „სორე სკან იდეოლოგიურ-პოლიტიკური დონე ამხანაგო სორდია?! ჩქიმ საქმეში მთავარია სიზუსტე“... არადა ჯერ მაგ კამპანიას გათვლების და, მითუფრო, მიზნობრივ აუდიტორიაზე წერტილოვანი დარტყმების არაფერი ეტყობა...
    კანდიდატების პროგრამებს დიდი მოლოდინით ელის საზოგადოება, ზოგზე უკვე გაფუჭებული საქმეები ღაღადებენ, ზოგზე მიმდინარედ მალფუჭებადი, ზოგზე სამომავლოდ გასაფუჭებელი და ზოგზე ფაქტებიც და მუზებიც სდუმან...
    შალიკომ ოღონდ პრეზიდენტად მაქციეთო და ნიქოზის მავთულ-ხლართებს კბილებით გადავიტან კავკასიონის ქედზეო. დაიბარა და გაუდგა გზას. იარა-იარა და ისევ ბიძინას 7 მილიარდიან მუთაქებს მიადგა. მალე ეგ ამირანივით მისაჯაჭვი გახდება, დროზე თუ არ გააღვიძეს...
    როგორც გვატყობინებენ, ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი და „ქაჯებისგან“ განდევნილი ისტორიულ-დოკუმენტალურ-მორალურად ემიგრანტი ქალბატონი, ამჯერად როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გამოსულა მეზობელი კი არა, „მეგობარი“ სადგურიდან და, ვაი მისი ბრალი, ვისაც ამ კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის ან არ სჯერა, ან არ უნდა...
    როგორც იქნა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გაახმოვანეს. 28 401 დამწყები სტუდენტი სახეზეა. 4500 აქედან უსაზღვროდ გახარებულია, ხოლო 9000 ნორმის საზღვრებში. ანუ, სიხარულის მასშტაბებს გრანტების პროცენტულობა განაპირობებს. წელს გამორჩეულად რთული და პროცედურულად არასტერილური გამოცდები იყოო, თუ დამკვირვებლებს, მოხალისეებს და თვითმხილველებს დავუჯერებთ.
    თქვენი დიდი ხათრი და მოწიწება კი გვაქვს ბატონო ბიძინა, მაგრამ კადრების შერჩევის ტესტში ზღვარს რომ ვერ გადალახავთ, მაგის ეჭვიც გვაქვს. მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს არ ეხება ეს, რა თქმა უნდა... ზოგადად ვამბობ... დაჯექით! ორი! ბატობო ბიძინა და, ეცადეთ პირველი სემესტრის ბოლომდე ეს შედეგი გამოასწოროთ.
    ხომ ხედავთ, თქვენს შერჩეულ კადრებს - წულუკიანს და ალასანიას ნაციონალური რეჟიმის ერთ-ერთი დასაყრდენი და მნიშვნელოვანი საკადრო ფიგურა, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის. ნეტავ რა ელის იმ გახმაურებული დაკავების „საამაყო ოქმს“? კვესიტაძის გადაცემაც რა დროს დაიხურა, თორემ ჩარჩოს და თავისუფალ კედელს როგორმე გავახერხებდით.
    სამაგიეროდ, უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილმა განიცადა ტრანსფორმაცია. სლუკუნს შეეშვა კი არა, რიხიც ჩაიყენა ხმაში და ნაპერწკალი თვალში.
    რა ხალხია მოკლედ, მთავარი პროკურორი შვებულებაში ვერ გასულა... ესაა ქვეყანა? ესაა უწყება და ესაა ამ უწყების პრეს-სამსახური? ხალხო, თქვენც რა მოგივიდათ, სხვას მაინც არაფერს აკეთებთ, ფეისბუქზე შვებულების სამახსოვრო კადრების გამოფენის გარდა და ტელეფონები მაინც ჩართეთ, აბეზარი და ზედმეტადცნობისმოყვარე (შრომისმოყვარეც) ჟურნალისტები მოგიკითხავენ ჯანმრთელობას, კარიერას, ზოგჯერ სხვა რამეებსაც...
    გასულ კვირას ბუნება რა ხასიათზე იყო და წყალდიდობა ამჯერად ურეკი -წალენჯიხის აკვატორიაში ისვენებდა.
    ქუთაისის ყოფილი მერის შვილმა მეზობელი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. სამაგიეროდ, ვლადიმერ ბედუკაძე ცემა ყოფილმა პატიმარმა ხელით... უფ!
    ოოო... ამას ჩვენ ვერ მოვითმენთ ამხანაგო სორდია! ხუტა წულეისკირი კი არა და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარევ! ვინ დაგიჯერებს, რომ ამხელა „გოროდია“ და არცერთი საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი?
    ლამის დისკვალიფიკაცია აიკიდა ვანოს და ბაჩოს ციმ-ციმ შეკოწიწებულმა სტრუქტურამ. ჰოდა მიაშველეს ბატონო შეწყალება-ამნისტიები, აბა რა ექნათ? ამდენ ხალხს უმუშევარს ხომ არ დატოვებდნენ?
    მტერს რა უნდა და რიყოს ქვაო! (ოფოცხური ანდაზა)
    კრიმინალის პრევენციას კი კარგად გავსებული შარდის ბუშტიო...
    ერთკვირიანმა ოპერაციამ მწვავე ინციდენტების გარეშე ჩაიარა და ორშაბათს ოფიციალურად დასრულდა შსს-ს საგანგებო განცხადებით, იმის თაობაზე, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება გაგებით მოეკიდა. მართალია, „განცხადება გაკეთდა,“ მაგრამ კანონს და მის დამცველებს მითუმეტეს არ სძინავთ. ამიტომ, მეგობრული რჩევაა - პირველ დღეებში მაინც უპრიანი იქნება, სახლიდან გასვლისას, თან ვიქონიოთ შარდმდენი, რადგან, პრაქტიკამ ცხადად დაგვანახა, რომ „ნებითა ჩვენითა“ სჯობს „ძალითა მათითა“-ს...
    ნორმალურ ქვეყანაში სასირცხვილო კი იქნებოდა ყოფილი პარლამენტარის და შემდგომში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მითვისების გამო დაპატიმრება, მაგრამ, მოხდა და რა ვქნათ?..არადა, იყო დრო, გია ნაცვლიშვილობდა...
    რომ უხაროდათ ზოგიერთებს, არიქა, მიშიკო „ბათუმი პლაზას“ ლიფტში გაიჭედაო, ნურას უკაცრავად! ისეთი ოჯახური სეირნობა მოაწყო მზის ჩასვლისას, კენედის ოჯახობას შეშურდებოდა. ავი ენები ამბობენ, ცუდად ჩაიბუდა ბათუმში, უეჭველი ჩოლოქს გადაუკეტავს ასლანს, ოღონდ ახლა შიგნიდან თვითონ იქნებაო... გაუფუჭდა ნერვები. როგორია აბა მთელი ღამე ბერას სიმღერების მოსმენა, თან აზრის ხმამაღლა გამოთქმის ჩამორთმეული უფლებით? მერე უკვირთ, რატომ თქვა ის რაც თქვაო?!
    არადა, რა თქვა ახლა ისეთი? - საქართველოში თუ პატრონი არ გყავს, დღეს სამსახურს ვერ იშოვიო! ეს „დღეს“ გამოეჩხირა უშნოდ, თორემ სულ ასე არ იყო? ნაციონალურ ხანაში ყველა დასაქმებული მაგათ სამსახურში იდგა. ახლა სხვების დროა. მოკლედ, ისევ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხზე, რომ კადრების და დასაქმების ამბავში წასულებიც და მოსულებიც გვეღადავებიან...
    ბათუმზე და ჩოლოქზე გამახსენდა - მურმან დუმბაძე შეზღუდვებს ვერ იტანს თურმე. არადა, ყველა მხრიდან რომ შემოუარო, მაგას მაინც არაფერი ეტყობა თავისუფლების „კლასიკური გაგებით“. ჰოდა, თუ შეზღუდავენ, გადავა ოპოზიციაში, აბა რას იზამს, ოღონდ, ჯერ მარჯვენა-მარცხენას გადაიმეორებს...
    უმადურობის პიკი იყო გასული კვირა მე-9 არხის თემის კონტექსტში. ვიღაცამ პრემიერზე ხელების შეწმენდა მოინდომა და მსუყედნაჭამზე გაქონილი ტუჩებიც მიუსვ-მოუსვა საკონტრაქტო დოკუმენტაციას. მერე იყო ოცნება და ბჭობა ვირტუალურ და ტელე ეთერში დასიზმრებულ ქოთანზე. ოღონდ მაგ ქოთნის ამბავიც ვერ იყო მთლად ნათელში. ყველაზე სახალისო მაინც ის იყო, რომ სააქციო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფში, მმართველი ბირთვის ამბიციით, სწორედ ის პერსონები აქტიურობდნენ, ვინც არაერთხელ იყვნენ „ღუმელთან მიშვებულები “, მაგრამ მაინც უხარისხო და არაპროფესიონალურ პურს აცხობდნენ თუ ფოლადს აწრთობდნენ.
    კარგით რა, ხალხო! ერთხელ დაიჭრა ბიჭი! ორჯარ დაიჭრა! აღარა კმარა?
    გადავედით უცხოეთის სიახლეებზე: პუტინი ჩამობრძანებულა ანქვაბთან. კვირას სამუშაო ვიზიტი არ გამიგია მე, თან „ბიცუნთაში“, როგორც ბებიაჩემი იტყოდა და თან ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრის ფონზე. მაგათ საერთო ინტერესები ულტრაიისფერი სხივები ხომ არ გონიათ? მოიცლის ჩვენი ლედი-ფანჯიკიძე და უყურებს ალბათ „იუთუბზე“ მაგ შეხვედრის კადრებს. მერე რამეს იტყვის, თუ რამე კითხეს პრეს-კონფერენციაზე, რა თქმა უნდა...
    26 აგვისტოს 6 წელია უკვე აშშ-ში სიშიშვლის ნაციონალური დღე აღინიშნება. წელს ზევით სიშიშვლეზეა საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თორემ, ისე, ჩვენ მაგ დღით როგორ უნდა გაგვაკვირვონ?
    აი გავა ეს ზაფხულიც... სამოსი თავის ადგილს დაუბრუნდება სხეულზე, შვებულებაგამოვლილები - სამუშაოს, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატები - რეალობას.
    სოციალური სამართლიანობაო და სოციალური დაცვის სააგენტოში, ისევ ნაციონალური აგენტები სხედან, რომლებიც, ცარიელი მაცივრის გამო, ხალხს „დაუცველის“ სტატუსს არ ანიჭებენ. ჰოდა, თუ არც მაცივარი შეივსო, არც კუჭი, დავრჩენილვართ პირამდე გავსებული „მოთმინების ფიალების“ ამარა.
    არ უნდა იყოს ორიგინალობასმოკლებული კამპანია - წარმოიდგინეთ ამომრჩეველთა მასიური „ალავერდები“ და „ვახტანგურები“ გაპიპინებული მოთმინების ფიალებით. თუ სადმე დაგეღვრებათ და, მარილს ოპერატიულად მოაყრით დალაქულ ადგილს. მარილს უფასოდ დაარიგებენ და ოქტომბრის ბოლომდე გულის ჯიბით ტარება სავალდებულო იქნება. ფიალებით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მომმართოთ. ვიცი სადაც „იღება“ ხარისხიანი ეროვნული წარმოების ფიალები, თანაც ბითუმად და იაფად.
    მოკლედ, ფიალა ჩვენი და მოთმინება - თქვენი!
    მანდელა კომაშიაო! ვილოცოთ ნელსონისთვის და თუ არ უშველა,მის თავისუფლებისმოყვარე სულს ვებარებოდეთ ყველა, ვისთვისაც საყვარელი ექსტრემალური სპორტის სახეობა ჯერ კიდევ ადამიანების ნდობაა...
     
    კატო ჩულაშვილი
    "ქრონიკა+" #19
  24. katya
    რუსეთი, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ონანიზმს და მზესუმზირის ჭამას აკრძალავს თავის ე.წ. „დუმაში“. ჩვენი პროფესიონალი და კვალიფიციური ნათელმხილველები ასე შორსმჭვრეტელნი ვერ არიან, მაგრამ მსგავსი შეზღუდვების დაწესება თან წინსწრებით, ჩვენებურ პარლამენტშიც შეიძლებოდა.
    თუ ნათელების და მხილველების არ გჯერათ, აგერაა პატივცემული კახიშვილი და იმას დაუჯერეთ – "დღევანდელი პარლამენტი მოსახლეობის განწყობას ვერ ასახავს. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ორგანო თავის მოღვაწეობას იმ ვადაში ვერ დაასრულებს, რაც დადგენილია და ადრე თუ გვიან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდესო".
    ალბათ ჩატარდება კიდეც, მთავარია, ამ ეტაპზე, ლეგალური ძალადობა დავძლიოთ, კოჰაბიტაციის შეფუთვით რომ შემოგვასაღეს პოლიტ–ბაზარზე.
    ვისაც სურს საქმის კეთება, ყოველთვის ეძებს საშუალებას, ვისაც არ სურს, ეძებს მიზეზს და ყველაზე წინდახედულები იწყებენ ისეთი საშუალების ძებნას, რომელიც შემდგომში არაფრის კეთების სერიოზული მიზეზი გახდება. ამაში კი ვართ ნიჭიერები, საწუწუნო არაფერი გვაქვს.
    მთავარი ისაა, რომ უკვე ყველამ ვიცით, „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ ისე, რომ გვეკუთვნოდეს. ამისთვის სულ ცოტა რამაა საჭირო – ამომრჩეველთა ხმების სულ რაღაც 10% და ბიუჯეტიდან მილიონი სულ ჩხრიალით წამოვა ანგარიშებზე. აბა ისაა მეთოდი, რომ არ მოასვენა ეს ჩვენი "მძიმეწონიანი პოლიტიკოსები"... თუმცა, გუბაზს და კობას ამ ეტაპზე არც 10%–ი ს პრობლემა უნდა ჰქონდეთ... ინერვიულონ სხვებმა, რა ენაღვლებათ რა?
    რაც უფო რბილად ზიხარ, მითუფრო თვითდაჯერებული ხარ ალბათ საკუთარ შეხედულებებსა და შესაძლებლობებში. პოლიტიკა კი ფუნდამენტალური პლატფორმაა სოციალური პარაზიტების ცხოველმყოფელობისთვის.
    დასვენების და შვებულების დროა, რა დროს პოლიტიკაა ვითომ, მაგრამ რომ არ გვასვენებენ?!
    არადა მაგათი ერთ წუთს დატოვება არ შეიძლება. კაცმა არ იცის, რას მოგვწევენ...
    ლეიბორისტები, სიცხის მიუხედავად, მაინც არ კარგავენ ჩვეულ შალვასეულ იუმორს და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს, გუგავას ხელით, მშრომელთა ოფლით ნაშოვნი მთელი 1 ლარი გადაურიცხეს.ასეა გენაცვალე! ზოგს წუწუნი კარგად აქვს დაცდილი. ჩაივლის ეს არჩევნები და მერე ნახეთ, რომ მიამადლიან საგანელიძეს, – შე ჩვენი ფულით გაქსუებულოო!!!
    გიორგი თარგამაძე კი ისე შორს გაიჭრა, საკუთარ რენომესთან ჭიდილში, არა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატობა დაიჩემა, „იმედის“ დარბევის გამოძიებასაც ითხოვს.
    რა არის ისე ცხოვრება? ზოგის მაინც ისე ჩაივლის, რომ ერთ პაწია კორუფციულ სკანდალშიც ვერ მოასწრებს გახვევას. ისე, გახვევას ჩახვევა სჯობს, ან დროულად ახვევა.
    საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება. არადა, არ გავდა ეს ბიჭი ასეთ მორწმუნეს...
    "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდაო, დავით ბაქრაძემ და ალბათ მართლა საოცარი შეგრძნებაა, როცა რაღაც ჩავლილის და ჩამთავრებულის რჩეული ხარ... ხუთჯერ გაპრაიმერდა დათიკო და ხუთივე გაარტყა. ბაქრაძის შედეგები ნაციონალებს კი არა უკვე თავად ბაქრაძესაც აშინებს... პრინციპში, იმას მაინც ვერ დაიწუწუნებს – „რა მინდოდა წვენებშიო!?“ აბა სხვაგან სად უნდა ყოფილიყო?
    17500–დან ერთი „უკანონო და ფარული“ ჩემზეაო, მოკრძალებულად აღიარა. იცის ყოფილმა პირველმა პარლამენტარმა, ჩაგრულები გვეცოდება ქართველებს... ეტყობა, ისევ თავისიანები აშანტაჯებენ. გადაიხადე და გავაქრობთო. ეგ რისი გადამხდელია, თავისი სატელეფონო ანგარიშებს არ აღიარებს და ბანკომატსაც კი ევაჭრებაო, ამბობენ..
    მოკლედ, საგონებელშია დათიკო. ღარიბაშვილმაც კი ვერ გადაარწმუნა. არადა რა დელიკატურად ეცადა – არც სურვილი მაქვს და არც მცალია მაგ კინოს სანახავადო...ისე, ღარიბაშვილის ახალი იმიჯი – ა ლა თუთაშხია ძალიანაც მომწონს. –„ არავის საქმეში არ ვერევი მეო! „ ხოდა, მართლა ნუ გაააბრაგებთ ამ კაცს...
    დავსჯიო სამაგალითოდ ყველასო, ხომ დაგპირდათ? საპრეზიდენტო კანდიდატიც კი არ დაინდო, მაგრამ შოთა რის შოთაა, თანაც მალაშხია, რომ ყველაფრით უკმაყოფილო არ იყოს?! არადა, რა აყვირებდა, „ კანონგარეშე“ ყოფილა. პაატა დავითაიას პარტიის წევრი ნაციონალური მოძრაობის რჩეული რომ ხარ, ეს უკვე ახალი ფარული კოალიციის ნიშანია...ჯერ არ გვიმხელენ ეტყობა, ეშინიათ, არ გაგვიხარდეს...
    მიშას დეჟავუ... 1993 წელი და სოხუმი.. მაინც არ იშლის თავისას და არ ასვენებს იმ ტიპს რუსეთში. ახლა 2 მილიარდის ქველმოქმედებაც დააბრალა. რა უყვარს სხვის ჯიბეში ფულის თვლა! მერე ინტრიგანი არ ვარო...
    ვადამიწურულმა ნანუკასთან ამღვრეული თვალები იმდენი აფახულა, სანამ წამწამთცვენა არ დაეწყო. კიდევ კარგი, ვიღაც მადლიანმა ჰკითხა – წერილი თუ სიხარულიო?
    აწი მაგას ვინღა გაახარებს, მთლად FBI-ი ს უმწიკვლო რეპუტაცია შემოივლო თავზე. ალაგ–ალაგ – ტანზეც. ნაცების კოლექტიურ წერილს სულ კუნტრუშით წაიღებს უახლოეს საფოსტო განყოფილებაში. ეგებ აღზევანსაც გაიპაროს მარილზე... მერე „ბაბუსავით“ სახლში კი არა განათლებაში წავა. დაუწყია უკვე ლექციების კურსი „მაღალ პოლიტიკასა“ და „დაბალ მატერიებზე“. ისტორიულ გელათთან თავისი გენეტიკური კავშირები ვერ დაასაბუთა და ყვარელში ევროპულ ფასეულობებს ამკვიდრებს ორი ბორბლით და ერთი ქილა ერბოთი. თუ მაინც და მაინც აკადემიურობა გახდა საჭირო, იყალთო იქვე არაა?
    ნანუკას უკანასკნელი შოუს მორალი – ჩიპოლინოს თვითმკვლელობის ვერსია თვთმხილველების ცრემლდენას სულაც არ გამორიცხავს...
    ნაციონალების ორკვერცხიანი ფინიშიც ვიხილეთ ბათუმში. “პრაიმერის დოსტებს“ , კვერცხების სროლით დახვდნენ და რა გაუკვირდათ? პირველად ბათუმს კვერცხები მაგათმა ბელადმა არ აკადრა? მართალია, იქ „შლოპანციც“ კი იყო, მაგრამ ახლა დასვენების სეზონია და შლოპანცი საჭიროა... ჯერ მასეც არ გავბრწყინებულვართ... მერე წადი და ზდიე თავქუდმოგლეჯილ ნაცებს ფეხშველმა..
    ჩვენ რომ გვგონია ბატონი მერი „რა წყალში ჩავარდნილი“ საკრებულოს თავმჯდომარის საშველად ჯაგარზეა წასული, თურმე ჰოლანდიამდე ურბენია ოლიმპიური სიმშვიდით და უტრეხტში ჩასვლა ლამის მეჩირაღდნეს ჩაასწრო. ცეცხლს მაგას გზაში ვინ ანდობდა თორემ... ისე, რატომაც არა, თუ 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნაც შედის მის სამომავლო გეგმებში? სამაგიეროდ მისი ქალაქი მიაქვს ნაგავს და ეს გიგილოს ერთგვარი საავტორო შურისძიებაა უმადური თანაქალაქელების მიმართ.
    უგულავას ყბადაღებულმა დიეტამ მოგვჭამა ჭირი. ახლა ვანოს სხეულის კორექციის მეთოდია აქტუალური, თანაც ისეთი აქტუალური, რომ ევროპარლამენტარები მატროსოვის გალავანსაც არ შეეპუვნენ მის ახლო მანძილზე გასაცნობად.
    თუ კიბით ცას ვერ წვდები, შეგიძლია ეს კიბე ციდან მიწაზე მშვიდობით დასაშვებად გამოიყენო და თუ ფიქრისთვისთვის ზედმეტი დრო გაქვს, ეს ზედმეტ წონაზე დადებითად მოქმედებს. ეჰ, ვანო! თუ ბაჩანამ მართლა დაგიქნია ხელი მატროსოვის გასასვლელიდან, გული გაიმაგრე, ბიჭო!..
    არ დაგიმალავთ და აქვე გეტყვით, რატომღაც მეგონა, ფინანსთა მინისტრობის მე–9 თვეზე ხადური საგრძნობლად დაიკლებდა წონაში, იმდენი საქმე ექნებოდა, მაგრამ უსაქმური ნაციონალების დიეტა აშკარად უფრო ეფექტური გამოდგა...
    ყველაზე საშიში ის ადამიანია, ვინც გისმენს, ფიქრობს და ჩუმადაა. მასეთი ჩვენს ქალაქში ზურაბი იყო ადეიშვილი, ოღონდ პურის რიგში სიკვდილს ეგ ვერ მოესწრება.
    ამასობაში დე ფაქტო აფხაზეთში, რუსეთის ტერიტორიის გავლით, სირიელ რეპატრიანტთა ჯგუფი დაბრუნდა. 114 რეპატრიანტი გუდაუთაში ერთ-ერთ დასასვენებელ სახლში განათავსეს. სირიაში ომია და ჩვენ კიდევ ჯერ ტერიტორიები ვაქვს დასაბრუნებელი, ხოდა...
    კი ვიხალისეთ მთელმა საქართველომ იმ „რიკო–კრედიტი“ –ს შავ კაცზე, მაგრამ ეგებ და მართლა გამოგვეტანა ანჩის ხატი მუზეუმიდან ჰა?..
    როცა სინდისი თვლემს, ადამიანი გარკვეული დროით და შედარებით ბედნიერი ხდება.
    ხოდა, როგორც იქნა, ბედუკაძეს შევურჩიე შესაფერისი სტატუსი –„ სასარგებლო კრიმინალი!“
    მწერები და ქვეწარმავლები შემოგვესივნენო და გარემოს დაცვის სამინისტროს არ აძლევენ მოსვენებას. რა ქნას მაგ სამინისტრომ? მაგან გარემო დაიცვას ჩვენგან თუ ჩვენ –გარემოსგან?
    აი ტყის პოლიტიკა გვაკლდა და აწი ცხოველებიც შეიძენენ "ადამიანურ გამომეტყველებას."
    ის ანეკდოტი ხომ გახსოვთ, წყვილი ტყეში მანქანაში იმ საქმით რომაა დაკავებული, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 300 ლარი რომ ჯდება. გაგანია მაგ საქმეში ეკოპოლიცია რომ მიუკაკუნებს... აღარ გავაგრძელებ, ჯერ არც ბავშვებს სძინავთ და ბოლოს დროს პედოფილიის ფაქტებმა ისე იმატა, ეგებ სჯობდეს ის მადლიანი ტყის კოდექსი თუ ჯუნგლების კანონი პირდაპირ დაგვეკოპირებინა...
    ამდენი ხანია ვარკვევთ და ქათმის და კვერცხის ამბავი ვერ გავარკვიეთ. ცილა სასარგებლოა, ძაღლს ჯაჭვით აბამენ, ბაყაყი წყალში ყიყინებს, კოღო ბზუილის გარეშე იკბინება და აგერ ამოდენა ამერიკამ იმოდენა საფრანგეთი ყველის გამო მოიმდურა.
    მგონი, მართლა რაღაც ჭირს ამ ჩვენს დედამიწას... „დარესტარტება“ არ აწყენდა, მაგრამ ჯერ ისევ მოქმედებს ეს დალოცვილი მიზიდულობის კანონი, ფარდობითობის თეორია, და ხახუნის ძალა. აგერ ბერმუდის სამკუთხედი გაიშიფრა და ოზონის ხვრელსაც რამეს მოვუხერხებთ. ოდესმე ავფრინდებით! საკუთარი ფრთებით თუ ვერა, რომელიმე ავიახაზებით. ტურისტული კომპანიები ისეთ სერვისს გვთავაზობენ, უინტერნეტო ზაფხულზეც კი დათანხმდება კაცი, მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავში მაინც შავი ყუთია...
     
    კატო ჩულაშვილი
    გაზეთი "ქრონიკა+" #15
×
×
  • შექმენი...