-
პოსტები
511 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი
-
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური წვრთნები გაიარეს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები სასაზღვრო პოლიციის № 6 სამმართველოს (ბარისახოს) ტერიტორიაზე განხორციელდა. „სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს. წვრთნების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქვეითად პატრულირების დროს ორი ან მეტი პირის შემადგენლობით განაწესის ტაქტიკური გადაადგილების სქემას, იარაღის გამოყენების უსაფრთხოების წესებს; პირის შეჩერების, აგრეთვე, მისი ქვეითად და ავტომანქანით ბადრაგირების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება მსგავსი ტიპის სწავლებები, რომლებიც მესაზღვრეების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. -
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 14 პირი. უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა - კერძოდ: 4 ავტომატი, 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა. ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი, 2 ,,გეკოს" ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი. ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
დონეცკის ოლქში მყოფ ოკუპანტებს შორის საშიში დაავადებები ვრცელდება
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინელები გააფრთხილეს, რომ დონეცკის ოლქში მყოფ ოკუპანტებს შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციები ვრცელდება, რაც შეიძლება მტრის ქვედანაყოფების განთავსების ადგილებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას გამოეწვია. ,,დონეცკში, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და ეგრეთწოდებული ,,ვაგნერის“ დაჯგუფების დაქირავებულ მებრძოლებს შორის მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საშიში ინფექციებით დაავადების ფაქტები, რაც მათი დისლოკაციის ადგილებში ნორმალური სანიტარული და ჰიგიენური პირობების არარსებობას უკავშირდება.“ - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. -
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ წამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინელ პოეტ ლესია უკრაინკას უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიენიჭოს, სხვადასხვა ქალაქში არსებული მისი ყველა ძეგლი კი რუსების ძეგლებით ჩაანაცვლონ. აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივ მედიასთან საუბარში რუსმა დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა გააჟღერა. მან გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ უკრაინის ბულვარში მდებარე ლესია უკრაინკას ძეგლთან მოქალაქეებს, დნეპრის სარაკეტო დარტმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყვავილები და საბავშვო სათამაშოები მიაქვთ. ,,ეს არის ნამდვილი უცხო ქვეყნის აგენტი. იგი დაიბადა და ცხოვრობდა რუსეთის იმპერიაში, მაგრამ, მოდი, ვაღიაროთ, რომ რუსეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. კანონში ხომ არსად წერია, რომ აგენტი აუცილებლად ცოცხალი უნდა იყოს?" - განაცხადა დეპუტატმა. მისი აზრით, რუსეთის ფედერაციაში საკმაოდ ჰყავთ საკუთარი ,,არწივები,“ რომელთა ძეგლებითაც უკრაინელი პოეტის ძეგლები შეიძლება ჩანაცვლდეს. ,,აი, რამდენი ყოჩაღი ბიჭი ჰყავს პრიგოჟინს ან კადიროვს, ნამდვილი არწივები. შეიძლება ძეგლი დაუდგა რომელიმეს, მაგალითად ვინც განსაკუთრებით გამოირჩეოდა, ვთქვათ, სოლედარში. შეიძლება საერთოდ კომპოზიციაც დაიდგას: პრიგოჟინი და მისი რამდენიმე მებრძოლი... მთავრი პატრიოტული ფანტაზიის თვალსაწიერია.“ - აღნიშნა ანდრეი გურულიოვმა. ლესია უკრაინკას ბრინჯაოს ქანდაკება მოსკოვში, უკრაინის ბულვარში 2006 წელს დამონტაჟდა.
-
შსს-ს ინფორმაციით, 2021 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა შემცირდა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39% -ით (1908 ფაქტი) შემცირდა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დარახველიძის ინფორმაციით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ. მან ასევე თქვა, რომ გაზრდილია დანაშაულის გახსნის რიცხვი და ის 62% - ს აღემატება. „აქვე გაგაცნობთ ერთ სიახლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები.“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. -
თოვა, ნისლი, ქარბუქი - საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
მომდევნო დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. ამავე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. -
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს. ,,გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი." – წერს სააკაშვილი წერილში. თავის მხრივ, ხაბეიშვილი მადლობას უხდის სააკაშვილს მხარდაჭერისთვის. ,,მადლობა პრეზიდენტს, მხარდაჭერისთვისა და კეთილგანწყობისთვის. მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის" - აღნიშნავს ის.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენისთვის აკრძალული ზონები დააწესეს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
სამხედრო და ტერორისტული საფრთხეებისგან თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა გარკვეულ ადგილებში ფრენები აკრძალა. აკრძალვები ეხება დრონებს და სხვა უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლიდანაც ამა თუ იმ ტერიტორიის დაკვირვება ან ფოტო და ვიდეოგადაღება შეიძლება. ოკუპირებული მხარის მთავრობის დადგენილებით, ამიერიდან იკრძალება საჰაერო სივრცის გამოყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ადგილობრივი თუ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტის თავზე. სამხედრო ობიექტების გარდა, საფრენი აპარატების გამოყენება ან ფრენა აიკრაძალა იმ ზონებში, სადაც განლაგებულია ადმინისტრაციული შენობები, დიპლომატიური თუ საკონსულო დაწესებულებები და სამთავრობო რეზიდენციები. გადაწყვეტილება აფხაზმა ჩინოსნებმა გუშინ, 30 იანვარს ჩატარებულ სხდომაზე მიიღეს. „ჩვენ ყველას კარგად გვესმის მსოფლიოში არსებული ზოგადი ვითარება, არის გარკვეული რისკები, რომლებიც პერიოდულად შეიძლება უფრო გაიზარდოს. შესაბამისად, არსებობს აუცილებლობა, მათ შორის, ნორმატიულ დონეზე, რომ ამ რისკების შესამცირებლად საჭირო ზომები მივიღოთ.“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული მინისტრთა კაბინეტის აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ანდრეი გუნიამ. მისი თქმით, უპილოტო დრონები ვიღაცამ შეიძლება გამოიყენოს როგორც სრულიად უვნებელი, ასევე სადაზვერვო მიზნებითაც. „ამ ხელსაწყოებს აქვს მასალების აღბეჭდვის და ვიდეოკადრების საკმაოდ კარგი ხარისხით გადაღების შესაძლებლობა. ვსაუბრობთ კოპტერებსა და დრონებზე, რომლებიც არანაირ სალიცენზიო მოთხოვნებს არ ექვემდებარება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერს შეუძლია შემოიტანოს. თანაც, მის გამოყენებას რაიმე განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება, მის მართვას ყველა მსურველი ისწავლის.“- განაცხადა ანდრეი გუნიამ. -
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა. მათი ვიზიტი სოხუმში მიმდინარე წლის 8-9 თებერვალს უნდა შემდგარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს. მედიაცენტრი იუწყება, რომ მიზეზი თანათავმჯდომარეთა მიერ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გაუქმება გახდა, რომელიც 21-22 თებერვალს იყო დაგეგმილი. აფხაზური მხარის აზრით, მოლაპარაკებების 57-ე რაუნდის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თანათავმჯდომარეებმა დისკუსიის სხვა მონაწილე მხარეებთან შეუთანხმებლად და ობიექტური მიზეზების გარეშე მიიღეს. ,,თანათავმჯდომარეების მსგავსი ქმედებები ანგაჟირებულ ხასიათის ატარებს და აფერხებს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მუშაობას, ასევე დამატებით საფრთხეებს უქმნის რეგიონის სტაბილურობას.“ - ნათქვამია აფხაზების ოფიციალურ განცხადებაში. აფხაზური მხარის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც გააკეთა. ,,უკანასკნელ პერიოდში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანათავმჯდომარეები რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ, გადაწყვეტილებას ობიექტური მიზეზების გარეშე, საერთაშორისო დისკუსიაში მონაწილე მხარეებთან შეუთანხმებლად, ცალმხრივად იღებენ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. მიმდინარე წლის დასაწყისშიც ჩვენ იგივე სურათს ვხედავთ, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად წყვეტენ შეხვედრის გადადებას.“ - აღნიშნა არძინბამ. მისი განცხადებით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა დელეგაციას 8-9 თებერვალს სოხუმში დაგეგმილ ვიზიტზე უარი ეთქვა.
-
საქართველოში წარმოებულ კვერცხში ანტიბიოტიკი არ აღმოჩნდა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ კვერცხში, ლაბორატორიული კვლევით, ანტიბიოტეიკები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთი წარმატებული პროგრამის, ,,მომხმარებელი.გეს“ ვებ-საიტზე ვრცელდება. ,,კვერცხის უვნებლობის შესამოწმებლად თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა ფერმის მიერ წარმოებული კვერცხის 8 ნიმუში და სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკის შემცველობაზე შევამოწმეთ. საბედნიეროდ, ამ ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლინდა. შესამოწმებლად შევარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამ დროისათვის ხელმისაწვდომია მაღაზიებში, დიდი ფერმების მიერ არის წარმოებული, ეტიკეტირებულია და მასობრივად იყიდება საქართველოს სავაჭრო ქსელებში. ნიმუშები შემოწმდა 3 ანტიბიოტიკის შემცველობაზე (მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი/ ლევომიცეტინი და ნიტროფურაზონი), რომლებსაც არ შეიძლება, რომ სურსათი შეიცავდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ინფორმაციით, მეცხოველეობაში მაინც გამოიყენება.“ - ნათქვამია განცხადებაში. აქვე ვიგებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სულ რეგლამენტირებულია (გარკვეული ოდენობებით დაშვებულია) ასეულობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერების (მათ შორის ანტიბიოტიკის) გამოყენება სურსათში, ხოლო 9 ნივთიერება საერთოდ აკრძალულია. შემოწმება ჩატარდა ლაბორატორია ,,გლობალტესტში,“ რომელსაც ცხოველური წარმოშობის სურსათში ანტიბიოტიკების შემოწმებაზე სახელმწიფო აკრედიტაცია გააჩნია. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული სახის კვლევებს, წლების განმავლობაში, სწორედ ამ ლაბორატორიაში ახორციელებს. ,,სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ შემოწმებული ნივთიერებები კვერცხში არ აღმოჩნდა. თუმცა, ანტიმიკრობული პრეპარატებით (მათ შორის, ანტიბიოტიკებით) სურსათის დაბინძურება პრობლემად რჩება და ამ საკითხს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, კვლავაც თვალს მივადევნებთ.“ - აღნიშნავს ,,მომხმარებელი.გე.“ მართალია, შემადგენლობაში ანტიბიოტიკი არ აღმოჩნდა, მაგრამ ორგანიზაციამ გამოსაკვლევი ნიმუშებიდან ორს ეტიკეტირების დარღვევა აღმოუჩინა. ესენია: შპს „მწვანე ფერმის“ პროდუქტი, ,,ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი“ და შპს ,,ეკო კვერცხის“ ნაწარმი - ,,რა კარგია.“ საქართველოს კანონმდებლობის თანხმად, სურსათის ეტიკეტზე ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციით დასატანად, პროდუქტი ბიოწარმოების სპეციალური წესის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა მიიღოს. სურსათის ეტიკეტზე კი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო. ,,ზემოაღნიშნული პროდუქტების ეტიკეტებზე არ იყო მითითებული სერტიფიკაციის ორგანოს რეკვიზიტები. ასე, რომ გაურკვეველია, რამდენადაა ეს პროდუქცია მართლაც „ორგანული“ ან „ეკოლოგიური.“- ვკითხულობთ ვებ-გვერდზე. ორგანიზაციის თქმით, ფაქტის შესახებ წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და და მეწარმეებს გადაეგზავნებათ. შეგახსენებთ, რომ ,,მომხმარებელი.გე“ 20011 წელს დაარსდა და მას შემდეგ, სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის ორგანიზებას, ძირითადად უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ეწევა. თუმცა, ეს დაფინანსება შეზღუდულია, ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი და ამიტომ, პერიოდულად, ამა თუ იმ კვლევას მოქალაქეთაგან მიღებული შემოწირულობებით ატარებენ. აღნიშნული კვლევაც ორგანიზაციის სახელზე 2022 წლის განმავლობაში შესული შემოწირულობით მოხდა, რისთვისაც მადლობას უხდიან საზოგადოებას. -
უკრაინის მახედრო საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის მონაცემებით, ორი დღე-ღამის განმავლობაში, 2023 წლის 1 და 2 იანვარს მათ მიერ განადგურებულია მტრის 84 დრონი. როგორც საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის სპიკერმა იური იგნატმა ტელეეთერით გამართულ საინფორმაციო მარათონზე განაცხადა, უკრაინა რუსეთის მხრიდან მსგავსი შეტევის მოსაგერიებლად ისევ ემზადება. ,,თუ 250 დრონის შესახებ ჩვენი სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, მაშინ მათი ნახევარი უკვე გამოყენებულია და თუ ისინი კვლავ იგივე ტემპით განაგრძობენ თავდასხმას, როგორც ეს ამ ორი ღამის განმავლობაში გააკეთეს, პირობითად შეგვიძლია გამოვთვალოთ, რამდენი დარჩათ. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მოწინააღმდეგეს შეუძლია მორიგი პარტიის შემოტანაც.“ - აღნიშნა იგნატმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, სექტემბრიდან დღემდე უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ რუსეთის მხრიდან მათ ტერიტორიაზე გაშვებული 500-მდე ,,შაჰიდი“ კამიკაძე-დრონი გაანადგურა.
-
2 იანვარს, გვიან ღამით უკრაინის ფრონტიდან ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე, დიმიტრი წვიჟბა ჩამოასვენეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება. 1991 წელს დაბადებული დიმიტრი წვიჟბა ერთ-ერთია იმ 4 მოხალისიდან, რომლებიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინულ ავდეევკასთან დაიღუპნენ. მათ შორის სამი აფხაზია. დიმიტრი წვიჟბას გარდა, ცნობილია კიდევ ერთი დაღუპულის ვინაობა, ეს არის მადბეი აბიჯბა, მესამის ვინაობის შესახებ ინფორმაცია პრესაში ჯერ არ გაჟღერებულა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების ცხედრების გადმოსვენება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელს ლევ კვიწინიას დაავალა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომში აქამდე რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 აფხაზი მოხალისე დაიღუპა. ესენია: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი და ბესლან ტაბაღუა.
-
როცა კანონის აღსრულება სახელმწიფოს ნება არ არის
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in irmaberi's ბლოგი
ცხოველთა დამცველების თუ უბრალოდ მათი მოყვარულების მიერ, წინასაახალწლოდ სოციალურ ქსელში ბევრი მოწოდება და თხოვნა დაიწერა იმის შესახებ, რომ ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეგვეკავებინა, ვინაიდან, ყველას კარგად მოგვეხსენება, პიტარდების სროლა და ხმაური როგორ ზიანს აყენებს შინაურ ცხოველებს და არა მარტო მათ. ამის მტკიცებულებად გამოდგება ის განცხადება, რომელიც ასევე, ახალი წლის წინა დღეებში, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ რომ ახალი წლის შემოსვლამდე და მერეც, გარკვეული დროის განმავლობაში, ცაში ათასგვარი სახეობის ასაფეთქებელ მოწყობილობას ვისვრით, ეს ზოოპარკის ბინადრებს არათუ აფრთხობს, ზოგს შიშისგან გული უსკდება და ამ ხმაურს ეწირება კიდეც. ირკვევა, რომ ასეთი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, 31 დეკემბრის საღამოს, ზოოპარკის ვეტექიმები იქ მობინადრე ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს - აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. თუმცა, ცხადია, ესეც არ არის იმის გარანტია, რომ ახალი წლის ღამეს ისინი მშვიდობიანად გადაიტანენ. იანვრის დასაწყისშივე, სოციალურ ქსელში ხშირად ვნახავთ განცხადებებს, სადაც პატრონები თავიანთი ძაღლების დაკარგვის შესახებ წერენ, რომლებიც სწორედ პიროტექნიკით ატეხილი ხმაურის შედეგად გაექცათ სახლიდან. თუმცა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურის პრობლემა მხოლოდ ახალი წლის შემოსვლისას არ დგას. ვიცით, რომ ჩვეულებრივ დღეებში ღამის 11 საათის შემდეგ ხმაური იკრძალება, რაც თავისთავად, პიროტექნიკის გამოყენებასაც ეხება, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, სწორედ, შუაღამის გადასვლას ელოდება, რომ მერე გაუშვას ცაში პიტარდების კანონადა და ზალპით ამცნოს ქვეყანას თავისი დაბადების დღე ან სხვა, მისთვის მნიშვნელოვანი თარიღი. არავითარი ემპათია და თანაგრძნობა მძინარე მოსახლეობისადმი, არც მორიდება და რაც მთავარია, კანონის პატივისცემა მათში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არსებულ რეგულაციას და აკრძალვებს არავინ იცავს ან აკონტროლებს, საზოგადოების ნაწილი მაინც ჯიუტად ვითხოვთ, ქვეყანაში პიროტექნიკის შემოტანა და გამოყენება, საერთოდ აიკრძალოს. რამდენად შესაძლებელია ამ საკითხის მოგვარება ან რას მოიცავს დღეს კანონში არსებული რეგულაციები და რამდენად სრულდება, ამის შესახებ ორგანიზაცია ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორს, ვახტანგ კობალაძეს ვესაუბრეთ. ვახტანგ კობალაძე - რას ითვალისწინებს დღეს არსებული კანონი პიროტენიკის შესახებ, რა ნორმები უნდა იყოს დაცული მის შემოტანასთან და გამოყენებასთან დაკავშიორებით? - პიროტექნიკის გაყიდვა აკრძალულია ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მეტროსადგურებთან თუ მის ჩასასვლელ კიბეებზე, სადაც ხანძრის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. უნდა იყიდებოდეს სპეციალურ სივრცეში, ყველა მოწყობილობას უნდა მოჰყვებოდეს ეტიკეტი ქართულ ენაზე, სადაც ექსპლუატაციის ვადა და გამოყენების ინსტრუქცია იქნება მითითებული. ასევე, არ შეიძლება პიროტექნიკის სროლა ფანჯრებიდან ან აივნებიდან. უნდა გამოვიყენოთ, ღია, გაშლილ ადგილას. ეს არის ძირითადი მოთხოვნები, რასაც დღეისთვის ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რაც რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მიმაჩნია, რომ მოქალაქეების მხრიდან ყველა სახის პიროტექნიკის გამოყენება არ უნდა იყოს შესაძლებელი. ჩემი დაკვირვებით, ხშირად, ისეთი სიმძლავრის პიროტექნიკა გამოიყენება, რომელზეც რიგით მოქალაქეებს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ, რადგან საქმე გვაქვს ძლიერ ფეთქებადსაშიშ მოწყობილობასთან. ასევე, აუცილებლად მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, რამდენად ხარისხიანი პიროტექნიკა შემოდის ქვეყნის საზღვარზე. ამასთან, ერთია, ფორმალურად, ქაღალდზე რა ნორმებს აკმაყოფილებს და რეალურად რას წარმოადგენს. არსებობს სხვადასხვა კონსტრუქციის პიროტექნიკა, ამიტომ ისიც უნდა იყოს დადგენილი და ვიცოდეთ, კონსტრუქციულად რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის მოწყობილობა. ამის კონტროლიც მკაცრად უნდა ხდებოდეს. - მკაცრად რომ უნდა კონტროლდებოდეს, ამას ვითხოვთ ჩვენც, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვემორჩილებით კანონს და სხვისგანაც იგივეს ველოდებით. რეალურად კი მუდმივად ვიჩაგრებით საზოგადოების მეორე ნაწილისგან, რომლისთვისაც არც კანონი არსებობს და არც კულტურა, რომელიც ღამის 2 საათზე, როცა მთელ ქალაქს სძინავს, პიროტექნიკის ზალპს გაუშვებს და მთელ უბანს ფეხზე აყენებს. ამ დროს კი მე ზუსტად არ ვიცი, ვერ ვხედავ, ვერ ვადგენ, ეს ვინ გააკეთა და როგორ უნდა მივიღო ზომები? რომც გამოვიძახო შესაბამისი სამსახური, ვინც კანონდამრღვევს პასუხს მოსთხოვს, როგორ მივუთითო, ვინ ისროლა, ვინ დაარღვია კანონი? - სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა მარტო კანონით ვერაფერს ვიზამთ. თქვენ ვერ დაინახეთ, ვინ ისროლა, მაგრამ ზუსტად ვინც დაინახა და იცის, იმან უნდა დარეკოს და უჩივლოს მეზობელს თუ ვისაც იქნება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამას არავინ აკეთებს. ამიტომ ზოგადად კულტურა და ამ საკითხის მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. ბევრი თავად ჩვენზე, მოქალაქეებზეა დამოკიდებული და ჩვენი ძალა უნდა გამოვიყენოთ. ამისათვის, უპირველესად, მიდგომები უნდა შევიცვალოთ. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რომელსაც საკუთარ თავსაც უქმნიან და ის ფაქტიც, რომ ამით სხვებსაც აწუხებენ. უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ჩვენ შუაღამისას ზეიმს ვეძახით, სხვისთვის დისკომფორტია და რაც ყველაზე მთავარია, პიტარდების გაშვებით ზიანს ვაყენებთ ცხოველებს, ფრინველებს, გარემოს... ახალი წლის დღეებში გასროლილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს რომ დავუბრუნდეთ, მაგ პერიოდში გარემო ძალიან ბინძურდება. დიდი ოდენობით პიროტექნიკის გაშვების შედეგად, მისგან გამოყოფილი მავნე ნივთიერებები, გარკვეული დროის განმავლობაში, ჰაერში ტრიალებს და ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს. დაზიანებების შემთხვევა გვაქვს ჩვენ ისეთი გამოცდილებები, როცა საფრთხეებისადმი ადეკვატური მიდგომით ვერ გამოვირჩეოდით, მაგრამ ნელ-ნელა შეიცვალა დამოკიდებულებები. ასე უნდა შეიცვალოს საზოგადოების დიდი ნაწილის ხედვა პიროტექნიკის მიმართაც. თუ მოვინდომებთ, ვფიქრობ, რომ შეიცვლება, უბრალოდ ამას დრო და დაინტერესებული მხარეების შესაბამისი ქმედებები სჭირდება. - საზოგადოების მიდგომა რომ უნდა შეიცვალოს, ცხადია, მაგრამ იქამდე ხომ კანონმა უნდა მიგვიყვანოს? - ამისათის ჯერ ის ნორმები უნდა შესრულდეს, რაც კანონში უკვე არის გათვალისწინებული, ამის მერე, რაც დარეგულირებული არ არის, ის ნორმებიც უნდა დადგინდეს და აღსრულდეს. ანუ, ჯერ უნდა გაკონტროლდეს, ჩვეულებრივ ობიექტებში რა ტიპის პიროტექნიკა იყიდება, რამდენად ხარისხიანია, არის თუ არა მითითებული მასზე უსაფრთხოების ნორმები, ინსტრუქცია და ეტიკეტი ქართულ ენაზე. შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ამას უნდა მოჰყვეს სხვა საჭირო რეგულაციები, რომელიც ასევე უნდა შესრულდეს. - ხმაურით მიყენებულ ზიანსა თუ გარემოს დაბინძურებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ყოველი ახალი წლის მერე კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებით ათეულობით მცირეწლოვანი თუ მოზარდი ხვდება, რომელთაც პიტარდების გამოყენების შედეგად კიდურის ნაწილი დაკარგეს, დასახიჩრდნენ. შარშან ქუთაისში პიროტექნიკას ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პიროტექნიკის შემოტანა საერთოდ რომ აიკრძალოს, რა გვიშლის ამაში ხელს? - მე პირადად მომხრე ვარ, რომ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება და მისი მოხმარების უფლება მხოლოდ იმ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ, რომლებიც ყველანაირად შემოწმებულ მოწყობილობებს შემოიტანენ და საგანგებო შემთხვევების დროს ფოიერვერკების გაშვებას თავადვე უხელმძღვანელებენ; ხოლო რიგით მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენება აეკრძალოთ! თუმცა, რამდენად მიიღებს ამ აკრძალვას ჩვენი საზოგადოება, ძნელი სათქმელია, ვინაიდან ბევრს უყვარს პიტარდების გაშვება და ფოიერვერკების მოწყობა. ამ ადამიანების გარდა, არის ხალხი, ვისაც შეამოაქვს ეს მოწყობილობები ან ჰყიდის და ვინც ამ საქმიანობისგან სერიოზულ შემოსავალს იღებს. მათი მხრიდანაც, უსათუოდ, დიდი უკმაყოფილება მოჰყვება აკრძალვაზე ლაპარაკს, მაგრამ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ასეთი კანონი ნამდვილად უნდა მივიღოთ. რამდენად რეალისტურია ეს სურვილი, ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რაც თავშივე ვთქვით და რაც უკვე არსებული ნორმების აღსრულებას ეხება, რეალისტური რომაა და უნდა სრულდებოდეს კიდეც, ეს ზუსტად ვიცი. ამასთან, არა მგონია, დღეისთვის მოქმედი კანონის წინააღმდეგ ვინმეს რაიმე წონადი არგუმენტი ჰქონდეს. - სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე მეტად მისი აღსრულება უჭირს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხერხდება კანონის დაცვა? - ვერ ხერხდება ნაკლებად ითქმის, უფრო, არ ხერხდება, თორემ სურვილის შემთხვევაში როგორ ვერ უნდა მოხერხდეს უკვე მიღებული კანონის დაცვა და გაკონტროლება? ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გაკონტროლება მაინც, რომ პიროტექნიკაზე ექსპლუატაციის ვადა და მისი შენახვის პირობები ქართულად იყოს მითითებული, სულაც არ არ არის ძნელი. არც იმ ნორმების დაცვაა ძნელი, რაც ამ მოწყობილობების რეალიზაციას ეხება. - მაშინ, რატომ არავინ აკონტროლებს? - ალბათ იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის პოლიტიკური ნება, თორემ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა, საერთოდ არ უნდა დაისვას. ვფიქრობ, ეს რიტორიკული კითხვა უფროა. ყველამ ვიცით, ჩვენს ქვეყანაში რა როგორც უნდა იყოს და კანონი როგორც უნდა აღსრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ სრულდება. ცნობისთვის: წინასაახალწლო პერიოდში, მხოლოდ თბილისის დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა 25-მა პირმა მიმართა. ამ ფაქტის შეფასებისას, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, მმართველი პარტიის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული კანონის აღსრულების თვალსაზრისით, პიროტექნიკის გამოყენების კონტროლისა და ზედამხედველობის მხრივ, სამომავლოდ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება დასაგეგმი. ხოლო, ,,აუცილებლობის შემთხვევაში“ პარლამენტი კანონში ცვლილებებსაც შეიტანს. P. S. არ ვიცი, საქართველოში ვის რამდენად ახსოვს ეს ამბავი ან რამდენად ჰქონდათ მაშინ ინფორმაცია. 2009 წლის დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის ქალაქ პერმში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე 101 ადამიანი დაიღუპა, ასეულობით დაზიანებული კი სხვადასხვა ქალაქსა და კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანი, შემდეგ საავადმყოფოებში გარდაიცვალა და მთლიანობაში, იმ უბედურ შემთხვევას 156 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტრაგედიის მერე, იმავე დეკემბრის თვეში ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც, ახალი წლის ღამეს და სხვა დღეებშიც, პიროტექნიკის გამოყენება აკრძალა. გარემოებათა გამო, 2010 წლის დადგომას, სწორედ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ლენინის გამზირზე შევხვდი და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, იმ ღამით იქ ერთი უბრალო მაშხალაც კი არ ანთებულა. რუსეთის დედაქალაქი და სხვა ქალაქებიც უხმაუროდ, პიტარდების სროლის და ზალპის გარეშე შეხვდნენ იმ ახალ წელს. ვერ ვიტყვი, ეს მართლა საზოგადოების კანონმორჩილებით იყო გამოწვეული თუ დაღუპულებისა და დაზიანებულების მიმართ საზოგადოების სოლიდარობით, მაგრამ ფაქტი, რომლის მოწმეც თავად გავხდი, ასეთი იყო. -
პროკურატურამ ,,ახალციხის კლინიკა იმედის" ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. გამოძიების ინფორმაციით, მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 18 მარტს ჩაუტარდა. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში, პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. გამოძიებისვე ცნობით, ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია. ,,მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა. ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება არ გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, თსსუ ,,პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში" გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა", - აცხადებს პროკურატურა. ექიმის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება პირადი მოტივით) ბრალდება სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს აქვს წარდგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
-
როგორ შეაშინა ,,კაპუჩინოს სანაპირომ" ოჩამჩირელი აფხაზები
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
შემოდგომის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრნი სანაპიროზე უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის მოწმენი გახდნენ. ოჩამჩირის ცენტრალური და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების პლიაჟები საპნის ქაფის მსგავსი სქელი ფენით დაიფარა. ამ მათთვის უცხო და გაურკვეველმა სანახაობამ აფხაზების უმეტესობას გაკვირვებასთან ერთად შიშიც მოჰგვარა, ზოგიც ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ისინი ამბობდნენ, რომ ზღვამ საპნის ქაფის უზარმაზარი აბაზანა გაიკეთა, რომელშიც ზღვის ღმერთი ბანაობდა. მსგავსი მოვლენა, მართალია იშვიათად, მაგრამ სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დაფიქსირებულა. მაგალითად, აშშ-ს მერილენდის შტატში, ასევე ავსტრალიის ქალაქ სიდნეის მახლობლად, სადაც 2007 წლის 27 აგვისტოს, ოკეანემ სანაპიროზე იმხელა ქაფი ამოუშვა, რომ არამარტო სანაპირო, ახლოს მდებარე სახლებიც კი დატბორა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ფენომენი ნაღებიან ყავა კაპუჩინოს შეადარა და ავსტრალიელმა ჟურნალისტებმა ქაფით დაფარულ ტერიტორიას ,,კაპუჩინოს სანაპირო" უწოდეს. იგივე მოვლენა სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქეიფთაუნშიც დაფიქსირდა, რომელზეც მედიასაშუალებები ასევე წერდნენ: თითქოს, ვიღაცამ ოკენეში ტონობით რძე და ყავა ჩაასხა და შემდეგ გიგანტური ბლენდერით მოურიაო. მეცნიერთა აზრით, ეს ფენომენი ზღვის მარილის, წყალმცენარეებისა და ყველა იმ ნარჩენის შერევით წარმოიქმნება, რაც წყალში ხვდება. შემდეგ ქარის მიმოქცევის შედეგად წარმოიშობა უზარმაზარი სქელი ქაფი, რომელიც ტალღების სახით ნაპირებზე გადმოდის. გარკვეული დროის განმავლობაში, ის თანდათანობით დნება და ბოლოდ უკვალოდ ქრება. სპეციალისტების აზრით, აღნიშნული მოვლენა ადამიანებისთვის საშიში არაა, თუმცა ასეთ წყალში შესვლა ან მისი, რაიმე სახით გამოყენება რეკომენდებული არ არის. როგორც სხვა მაგალითებიდან ირკვევა, მსგავსი ფენომენი ოკეანეებს ახასიათებს, შავ ზღვაში კი, განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორაზე, ეს მოვლენა პირველად მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, საველი ჭითანავას თქმით, მას ,,კაპუჩინოს“ წარმოქნის განსხვავებული ვერსია აქვს. ,,ამ ქაფისმსგავსი ნივთიერების ფორმირებას იწვევს მთის ზოგიერთი ქანების ჩამონარეცხი მასა, რომელიც მდინარეების ნაკადს ზღვაში ჩააქვს. შემდეგ, ტალღების ზემოქმედების შედეგად, ეს მასა ქმნის ქაფისებრ წარმონაქმნს. ის აბსოლუტურად უვნებელია ადამიანისთვისაც და ბუნებისთვისაც.“ - განაცხადა მან გაზეთ ,,ეხო კავკაზას“ კორესპონდენტთან საუბრისას. ჭითანავამ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ქაფის წარმოქმნა შეუძლებელია იმ ადგილებში, სადაც კარბონატული ქანების ნარეცხი წყალი ჩაედინება, ამ მასის წარმოქმნას ხელს უწყობს არაკარბონატული, მაგალითად პორფირიტი და სხვა ვულკანური ქანები, რომელიც უხვად მოჰყვება მდინარეებს: კოდორს, ღალიძგასა და მოქვს. -
ალექსანდრე სვანიშვილი: ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ საკრებულოს აშინებენ
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
,,დამოუკიდებლობა პასუხიმგებლობასაც ნიშნავს. თავად იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ პასუხისმგებელიც შენ ხარ." მმართველი გუნდის მიერ საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, სხვადსხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ბოლო ერთი კვირაა ქტიურად მსჯელობენ. ყველა მათგანი თანხმდება იმ აზრზე, რომ აღნიშნული ცვლილებების პაკეტი სხვა არაფერია, თუ არა ოპონენტების იძულების მექანიზმი და მათი დაშანტაჟების მცდელობა. საქმე ეხება კანონის ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საკრებულოსა და მერისთვის თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, მხოლოდ საკრებულოს დათხოვნას ითვალისწინებს. დღეს არსებული კოდექსის მიხედვით, თუ მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს საკრებულო ხმათა უმრაველობით არ დაამტკიცებს, მუნიციპალიტეტის მერს უფლებამოსილება უწყდება. ცვლილებების შეტანის შემდეგ კი, მოხდება პირიქით და მერს შეეძლება საკრებულო უპირობოდ დაითხოვოს. რატომ დადგა დღის წერიგში ეს საკითხი და რამ გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან თვითმმართველობის კოდექსში მსგავსი ცვლილების შეტანის აუცილებლობა, ამ კითხვაზე პარლამენტის დეპუტატს, პარტია ,,საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ბექა ლილუაშვილს კონკრეტული პასუხი აქვს. ,,ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა რამდენიმე საკრებულოში არ ჰყავს. შესაბამისად, ეშინია, რომ ისეთ ბიუჯეტს ვერ გაიტანს, რომელიც მას იმ პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად სჭირდება, რაც ჩაფიქრებული აქვს და როგორიც არის, მისი პარტიული აქტივის დასაქმება და გაძლიერება. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რუსთავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, რომლის საკრებულოს თავმჯდომარეც ჩვენი პარტიის წევრია. რუსთავის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და მის კორექტირებას ითხოვდა, რაც მერმა საერთოდ არ გაითვალისწინა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკრებულოში ხალხის მიერ არჩეულ წევრებს უარს ეუბნები, დაიცვან და გაატარონ ამ ხალხის ინტერესები. როგორც ჩანს, კანონში ცვლილებების შეტანა, სწორედ, ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს. არ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსი მაგალითი, ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტის მომზადების პროცესში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია არ იქნა გათვალისწინებული."- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბექა ლილუაშვილმა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის აზრს იზიარებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში ალექსანდრე სვანიშვილი. - ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ჩანაფიქრს, ამ ეტაპზე თვითმმართველობის კოდექსში მსგავსი ცვლილების განხორციელება რამდენად მიზანშეწონილია? - მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცალმხრივი გადაწყვეტილებაა. როგორც ვიცით, კანონში აქამდე არსებული რეგლამენტის მიხედვით, ბიუჯეტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა დამტკიცდეს. თუ გარკვეული მოსაზრებით საკრებულო ბიუჯეტს არ ამტკიცებს, მერს უფლებამოსილება უწყდება. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მოხდება პირიქით, მერს ექნება საკრებულოს დათხოვნის უფლება. არადა, ბიუჯეტის სწორად შედგენის და დაგეგმვის საკითხში მერს აშკარად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე საკრებულოს. გასაგებია ისიც, რომ საკრებულომ ბიუჯეტი ყოველგვარი მოტივაციის გარეშე შეიძლება დაბლოკოს და მისი მიღება გააჭიანუროს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეთანხმებისკენ გარკვეული ნაბიჯები მაინც უნდა გადადგან. - შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება მხარეებს შორის თანამშრომლობის და მუშაობის პროცესში შეთანხმებების ხელშეწყობისთვის ხორციელდება თუ ერთი მხარის მიერ მეორის იძულებისთვის? - რა თქმა უნდა, ამ ცვლილების შემთხვევაში მერი უკვე აღარ იქნება დაინტერესებული საკრებულოსთან ითანამშრომლოს, რადგან მას უფლებამოსილება არ შეუწყდება და იმის მოტივაცია, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოსთან შეთანხმებულად იმუშავოს, აღარ ექნება, რაც თავისთავად არასწორია. ამიტომ, გარკვეულწილად, უფრო საკრებულოს დასაშანტაჟებლად გამოდის ეს ცვლილება, ვიდრე რაიმეს უკეთესობისკენ შესაცვლელად. ინსტიტუციურად ისედაც ძალიან არასწორად არის აგებული თვითმმართველობის კოდექსი, ერთი ეს მექანიზმია, რომელიც ორივე მხარეს აბალანსებს და აიძულებს, თანამშრომლობისთვის დათმობებზე წავიდნენ. თუ ამ მექანიზმსაც მოვხსნით, მერი აღარ იქნება დაინტერესებული ბიუჯეტის საკითხზე საკრებულოსთან იმუშაოს, იმიტომ, რომ დაამტკიცებს თუ არ დაამტკიცებს, სულ ერთია. მისი პასუხიმგებლობის საკითხი არ დგება და მის უფლებამოსილებას არაფერი ეხება, პირიქით, საკრებულოს შეუჩერდება უფლებამოსილება. ამდენად, ამ ინსტიტუტის როლი კიდევ უფრო დაკნინდება. - ეს ერთგვარად, მუნიციპალიტეტების მერების კომფორტისთვის მიღებული ცვლილება იქნება? - კი, ბატონო, სწორედ მერების კომფორტისთვის მიღებული ცვლილება უფრო იქნება, ვიდრე მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის. ის, რომ საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების დეპუატებიც არიან, ამან პრობლემა და კრიზისი კი არ უნდა გამოიწვიოს. პირიქით, ერთმანეთთან შეთანხმებების და დიალოგის მეტი მოტივაცია უნდა გააჩინოს და უკეთ უნდა ითანამშრომლონ. - როგორც აღნიშნეთ, თვითმმართველობის შესახებ კანონში ბევრი ხარვეზია. რომელ მათგანს გამოყოფდით? - დიახ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხარვეზია, განსაკუთრებით ინსტიტუციურ მოწყობაში. პრაქტიკულად, მერია და საკრებულო ერთმანეთისგან გამიჯნულია, რაც არასწორია, რადგან თვითმმართველობა ერთი ინსტიტუტია და ეს ორივე უწყება ერთიანი ორგანიზმი უნდა იყოს. გასაგებია, ისინი შეიძლება სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდნენ, მაგრამ პარტია რა შუაშია, როცა საქმე ერთი კონკრეტული მუნიციპალიეტის პრობლემების მოგვარებას და მის განვითარებას ეხება? თვითმმართველობა ზედმეტი პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს და კონკრეტულ საკითხებზე მუშაობდეს. ეს იქნება სამეურნეო, კომუნალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას ეხება. არც ერთი ეს საკითხი არ საჭიროებს პოლიტიზირებას და ამ შემთხვევაში, ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების და დაპირისპირების გარეშე, ყველა ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდეს. - რამდენად ავტონომიურია დღეს არსებული თვითმმართველობები და ბიუჯეტი რამდენად აძლევს მათ არჩევანის თავისუფლებას, რათა თავად განსაზღვრონ, თანხა რომელი საჭიროებისკენ მიმართონ? - თუ თავად მოინდომებენ, მათ კანონი იმის საშუალებას აძლევს, რომ დამოუკიდებლები და ავტონომიურები იყვნენ. სამწუხაროდ, არც საკრებულოები და არც მერები არ ინდომებენ ამას, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა პასუხიმგებლობასაც ნიშნავს. თავად იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ პასუხისმგებელიც შენ ხარ. ამიტომაც ურჩევნიათ ზემოდან მიიღონ ესა თუ ის დავალება და თუ ცუდად გამოვიდა, იტყვიან, რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, ზემოდან ასე დამავალეს. თავად პასუხისმგებლობის აღება არაფერზე არ უნდათ. - ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული ცვლილების განხორციელება გადაწყვიტა, მიგვანიშნებს თუ არა იმაზე, რომ თვითმმართველობებში კრიზისის წინაშე დადგა? - დიახ, ზუსტად კრიზისზე მიანიშნებს ხელისუფლების ეს ქმედება. ვიცით, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციას მეტი წევრი ჰყავს. მათგან ზოგ მუნიციპალიტეტში დიალოგი შედგა და ურთიერთთანამშრომლობა შეძლეს, მაგრამ არის ერთი-ორი მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულო და მერი არათუ თანამშრომლობენ, ერთამენთს არც კი ელაპარაკებიან. ასეთ გაბუტულ პოზიციაში დგომა სიკეთეს არავისთვის მოიტანს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ჯობია, ორივეს შეუწყდეს უფლებამოსილება და ორივე გამოიცვალოს, ვიდრე რომელიმე ერთს დარჩეს უპირატესობა. ასეთ დროს არც ერთი მხარე არ არის მართალი. - თუ ხელისუფლება თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს დაამტკიცებს, იმ თვითმმართველ ორგანოებში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება თუ პირიქით, კონფლიქტი უფრო გარღმავდება? - არა მგონია, საბოლოო ჯამში საქმე იქამდე მივიდეს, რომ საკრებულოს დათხოვნა აუცილებელი გახდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, კანონში შესატანად გამზადებული ეს ცვლილება უფრო გააღრმავებს კონფლიქტს, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან მისი მიღება არასწორი ნაბიჯი იქნება. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ კონკრეტულ საკრებულოს აშინებენ და ეუბნებიან, აი, თუ თქვენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტს არ მიიღებთ და არ დაამტკიცებთ, მაშინ წახვალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის მართებული მიდგომა. თუ ასე ჯიუტად ჩაუდგებიან ერთმანეთს ჯიბრში და ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ჯობს, ორივე მხარეს შეუწყდეს უფლებამოსილება და აირჩეს ახალი, რომელთაც ურთიერთთანამშრომლობის მოტივაცია ექნებათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვითმმართველობა არ არის პოლიტიკური ინსტიტუცია, ეს არის ორგანო, რომელმაც ქალაქისა და მუნიციპალიტეტის პრობლემების განხილვასა და მოგვარებზე უნდა იმუშაოს, ამიტომ მას არ სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ან რომელიმე პარტიის გარედან ჩარევა. კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ თუ თვითმმართველობის შტოებს შორის ურთიერთშეთანხმებას ვერ აღწევენ, არა ერთი რომელიმე მხარე, არამედ ორივე უნდა დაითხოვონ. - ბატონო დავით, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თვითმმართველობის კოდექსში ხსენებული ცვლილების შეტანა და მიგვანიშნებს თუ არა ეს ფაქტი თვითმმართველობებში არსებულ კრიზისზე? - აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად ზღუდავს საკრებულოს მუშაობას, რაც კარგი ნამდვილად არ არის. ხოლო, ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ერთად ვერ ახერხებს ბიუჯეტის დამტკიცებას, რადგანაც საკრებულოს სრულფასოვანი ალტერნატიული ბიუჯეტის დადგენის საშუალება არა აქვს, მერია კი საკრებულოს გარეშე ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს, თავისთავად ნიშნავს პოლიტიკურ კრიზისში შესვლას. აქედან ამოსავალი წერტილი არის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინება, ის, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დროს ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ხალხმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება. - ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ხალხის გადაწყვეტილება? - ასეთ შემთხვევაში ორივე შტოს არჩევნები უნდა დაინიშნოს, მერისაც და საკრებულოსიც. ეს არის კონსტიტუციური პრინციპის ინტერპრეტაცია და აქ ასიმეტრიული მიდგომის შემოტანა, ერთი შტოს უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, მეორის უფლებების გაზრდა, კარგი პრაქტიკა ვერ იქნება. თავისთავად, არჩეული საკრებულოს ამ სახით დათხოვნა წინააღმდეგობაშია ქარტიასთან და მართლა ვერ ვხვდები, რატომ დადგა დღეს ასეთი ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. განზრახვა, საკრებულო ჩააყენონ იმ მდგომარეობაში, რომ ის იძულებული იქნეს მერის მიერ შემოტანილი ბიუჯეტი ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად. - შეიძლება, ეს საკითხი საკრებულოს ერთგვარი დასჯის მექანიზმად განვიხილოთ? - დასჯის თუ არა, იძულების მექანიზმს მე აშკარად ვხედავ, როცა იმის შიშით, რომ საკრებული მთლიანად არ დაითხოვონ, მათ არჩევანის საშუალებას არ უტოვებენ. ამიტომ გავიმეორებ, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ორივე მხარე შევიდა კრიზისში, ორივე მხარე უნდა იქნეს დათხოვნილი, მანდატი უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ხალხმა, როგორც ძალაუფლების წყარომ, თავიდან მიიღოს გადაწყვეტილება. სხვა მხრივ, მე ვერ ვხედავ ამ ცვლილების საჭიროებას. ვთქვათ, იმისთვის გვინდა, რომ ეს კრიზისი ხელოვნურად შევზღუდოთ და შევქმნათ გარკვეული ჩარჩო, რომელიც მას განვითარების საშუალებას არ მისცემს. ამ რეგლამენტით უკეთესობა მაინც ვერ დგება. ახალ არჩეულ საკრებულოშიც ისევ იგივე მდგომარეობა რომ მივიღოთ, მერე რა იქნება? გამოდის, მუდმივად საკრებულოს არჩევნები უნდა ვატაროთ მუნიციპალიტეტებში. რაც შეეხება თვითმმართველობის კოდექსში შესატანი კანონპროეტის ავტორთა პოზიციას, მათი არგუმენტები აღნიშნულ დოკუმენტს განმარტებითი ბარათის სახით ერთვის თან, სადაც ნათქვამია, რომ ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის მერისთვის დაკისრება საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს და ის გამოსასწორებელია. „შესაბამისად, არათანაზომიერია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს (მერს) უწყდებოდეს ვადამდე უფლებამოსილება, როდესაც ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას სწორედ მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს და არა - მერი. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს სამართლებრივი რეგულირების დახვეწას და უფლებამოსილების სწორად გადანაწილებას.“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. -
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ახალ ათონში, ზღვისპირას მდებარე ხელოვნურ ტბაში მობინადრე 24 გედიდან ცოცხლად მხოლოდ 6 გადარჩა, აქედან 1 თეთრი და დანარჩენი - შავი. სამწუხაროდ, 19 გედი ქუჩის ძაღლებმა დაგლიჯეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აფხაზური ჯგუფი იუწყება. იქვე წერენ, რომ ახალი ათონის პარკის ადმინისტრაცია მალე ახალი გედების ყიდვას გეგმავს. ინფორმაციას მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილო და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთნი უპატრონო ძაღლების დახოცვას და მათგან პარკის გათავისუფლებას ითხოვენ, მეორენი ძაღლებზე თავდასხმას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ მომხდარზე პარკის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი, რადგან სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს. ,,მათ შეეძლოთ მშიერი ძაღლები დაეპურებინათ და ისინი გედებზე არ გაიწევდნენ. სამწუხარო ისაა, რომ აფხაზეთში ძაღლები და კატები არ უყვართ." ,,ძაღლები დაინდეს და გედები დაღუპეს. ახლა, როცა გედები აღარ დარჩა, ის ძაღლები ადამიანების დაგლეჯაზე გადავლენ." ,,ქუჩის ძაღლები დაძრწოდნენ ყველგან, ფეხს ვერც პარკში და ვერც სანაპიროზე დადგამდი. ისინი ადგილობრივებსაც და სტუმრებსაც აშინებდენ." ,,თუ უპატრონო ძაღლების პრობლემას არ მოაგვარებენ, რად უნდათ ახალი გედები რომ იყიდონ, ისევ მათ შესაჭმელად?" - წერენ აფხაზები კომენტარებში. ახალი ათონის ზღვისპირა პარკი და ხელოვნური ტბა ჯერ კიდევ 1880 - ან წლებში იმ ბერებმა გააშენეს, რომლებიც ახალი ათონის სიმონ კანანელის მამათა მონასტრის დაარსებაში იღებდნენ მონაწილეობას. თავდაპირველად ისინი ტბას თევზსაშენად იყებდნენ და სხვადასხვა ჯიშის თევზს ამრავლებდნენ, რომლითაც თავად იკვებებოდნენ. ახალი ათონის ზღვისპირა პარკი დამთვალირებელთათვის ოფიციალურად 1910 წელს გაიხსნა, მაშინ როცა აფხაზეთს რუსეთიდან სტუმრად რომანოვების სამეფო ოჯახი ეწვია. საბჭოთა პერიოდში პარკს სხვადსხვა ზომისა და სახის თაბაშირის რამდენიმე სკულპტურაც შეემატა, მოგვიანებით კი ხელოვნურ ტბაში თეთრი და შავი გედებიც გაუშვეს, რის შემდეგაც მას ,,გედების ტბად" მოიხსენიებენ. ახალი ათონის ზღვისპირა პარკი და ,,გედების ტბა" ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც ერთნაირად იზიდავს.
-
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების დიდი პარტიის რამდენიმე რეალიზატორი დააკავეს, რომელთაგან ყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. კრიმინალებს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ინფორმაციას აფხაზური მედიასაშუალებები ადგილობრივი ძალოვანი უწყების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ. აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკორეალიზაციის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონის რეალიზების ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის ქალაქ ლიპეცკის ოლქის მკვიდრი სერგეი კისილევი და მოსკოვის ოლქის ქალაქ ლუბერცში მცხოვრები როზა დუბროვინა მაშინ დააკავეს, როცა ისინი მოსკოვში რეგისტრირებული სანომრე ნიშნიანი მანქანით გუდაუთის რაიონში არსებულ პოლიციის საგუშაგოზე გააჩერეს. კისილევს პირადი ჩხრეკისას, ცალ-ცალკე დაფასოებული 91 გრამი, ხოლო დუბროვინას - 78 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი აღმოაჩნდა, კიდევ 159 გრამი ნარკოტიკი აფხაზმა პოლიციელებმა მანქანის შიდა საბარგულის სპეციალურ სამალავში იპოვეს. გაირკვა, რომ რეალიზატორები სოხუმის ერთ-ერთ სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები და გასასაღებელ ნარკოტიკულ ნივთიერებას აფხაზეთის სხვადსხვა ტერიტორიაზე ათავსებდნენ. გულირფშის რაიონის სოფლების მიმდებარე გზებზე, რამდენიმე ადგილიდან სამართალდამცავებმა მათ მიერ დამალული 34, 5 გრამი მეტადონი უკვე ამოიღეს. ⠀ კისელევსა და დუბროვინას ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, ტრანსპორტირებასა და გავრცელების მიზნით მის შენახვაში, რაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტზე ოკუპირებულ აფხაზეთში, რამდენიმე დღის წინ, დააკავეს რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე: ქალაქ სოჭის მკვიდრი ვლადიმერ პოკანდიუკი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას თან, ასევე, 91 გრამი ძლიერმოქმედი ნივთიერება მეტადონი აღმოაჩნდა. გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ პოკანდიუკს ქალაქ გაგრის სანაპიროსა და გუდაუთაში მდებარე ლენინის პარკის ტერიტორიაზე, სპეციალურ სამალავებში უკვე განთავსებული ჰქონდა ეგრეთწოდებულ ,,ჩეკებად“ დაფასოებული 2,5 გრამი მეტადონი. დაკავებულის თქმით, თითოეული ,,ჩეკის“ სანაცვლოდ მას 1000 რუბლი უნდა აეღო. დადგინდა ასევე, რომ რუსეთის მოქალაქე პოკანდიუკს აფხაზეთში ჰყავდა თანამზრახველი, აზერბაიჯანის მოქალაქე როზა მამადოვა, რომელიც დროებით ცხოვრობსქ ალაქ გაგრაში. პირადი ჩხრეკისას აფხაზმა სამართალდამცავებმა მამადოვასგან 105 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს. დაკავებულმა გაგრის სანაპიროზე მდებარე პარკის ტერიტორიაზე ის ადგილებიც მიუთითა, სადაც დაფასოებული ნარკოტიკი ჰქონდა გადამალული. პოლიცილებმა მითითებულ სამალავებში რამდენიმე ,,ჩეკი“ მეტადონი აღმოაჩინეს, რომელთა საერთო რაოდენობამ 1,7 გრამი შეადგინა. ამდენად, ამ ორი ნარკორეალიზატორიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონის მთლიანი ოდენობა 200 გრამს აღემატება. შესაბამისად ორივე დამნაშავე პირს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მძიმე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, გადატანასა და გასაღებაზე წაეყენა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ მიერ დაკავებული ოთხივე პიროვნების ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკების უკანონო გავრცელებასთან, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება.
-
,, კანონები ისეა რეგულირებული, რომ ყველაფერი კეთილსინდისიერი მოქალაქის წინააღმდეგ ეწყობა და ყველა შენი მჩაგვრელი გამოდის. სახელმწიფო კი არ თუ ვერ გიცავს." გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. ამ ქუჩაზე განლაგებულ ისტორიულ სახლებში ძირითადად თბილისის ძირძველი მოსახლეობა ბინადრობს, რომელთაც უძრავი ქონება წინაპრებისგან ერგოთ; თავადაც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, ამიტომ იქაურობა მათთვის ორმაგად ძვირფასია. თუმცა, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ამ ქუჩის მობინადრეთათვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა და ყოველი დღის დაღამებას კოშმარივით ელიან. ამის მიზეზი, თითქმის, ყველა სახლის პირველ სართულზე გახსნილი რესტორანი და ღამის კლუბია, რომელთაც ღამ-ღამობით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოქალაქეები სტუმრობენ და ხშირად, გამთენიამდე რჩებიან. გამთენიამდე გრძელდება გალაკტიონის ქუჩის მცხოვრებთა ჯოჯოხეთიც, რასაც ამ ობიექტებიდან გამოსული ხმაური და ხმამაღალი მუსიკა ან ხმის გამაძლიერებლის ბასები იწვევს. პარლამენტის მიერ აკუსტიკური ხმაურის შესახებ კანონის მიღების საქმეში (რომელიც დროში საკმაოდ გაიწელა, თუმცა ბოლოს მაინც დამტკიცდა) ამ ქუჩის ბინადართა დიდი წვლილიც დევს. თბილისის ძველ ისტორიულ უბნებში მსგავსი პრობლემით გატანჯულ სხვა მოქალაქეებთან ერთად ისინი რამდენიმე წელი იბრძოდნენ კანონის მისაღებად, რომელიც პარლამენტმა საბოლოოდ 2017 წლის აგვისტოში დაამტკიცა. ხსენებული კანონის აღსრულება ამოქმედებისთანავე, თავდაპირველად საპატრულო პოლიციას დაეკისრა, ხოლო 2018 წლიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის ინსპექციის პრეროგატივაში გადავიდა. თუმცა, ვერც პირველი და ვერც მეორე უწყების ჩარევამ პრობლემა ნაწილობრივაც ვერ აღმოფხვრა. ამიტომ, ვისაც ღამის კლუბებიდან და ბარ-რესტორნებიდან ამომავალი ხმაური აწუხებდა, მათთვის ამ კანონის მიღების შემდეგაც დიდად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ როგორც თავად ამბობენ, ამდენი ჩივილისა და შესაბამისი სამსახურის მრავალჯერ გამოძახების გამო, რესტორნებისა და კლუბების მეპატრონეების ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურეს. რა პროცედურების გავლა უწევს მოქალაქეს, რომელიც შემაწუხებელი აკუსტიკური ხმაურის გამო, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზზე რეკავს; როგორ იზომება ხმაურის დონე; რა რეაგირება ან შედეგი მოჰყვება მის ჩივილს და რატომ დაანებეს თავი ამ სამსახურის გამოძახებას ან რატომ ჩაიქნიეს ხელი დარღვევასთან ბრძოლაზე, ამის შესახებ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ბინადარი, მანანა იაშვილი მოგვითხრობს. - მიუხედავად იმისა, რომ 11 საათიდან შეგვიძლია შესაბამისი სამსახურის გამოძახება, რაც არ უნდა იხმაურონ, 12 საათამდე მაინც ვითმენთ და ვაცდით, იმედი გვაქვს, იქნებ გაგვიწიონ ანგარიში და ხმას დაუწიონ, მაგრამ ამაოდ. ლოდინის მერე ვრეკავთ მერიის ცხელ ხაზზე და ვატყობინებთ ჩვენს სატკივარს, იქიდან ინფორმაციას გადასცემენ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს, რომლებიც მალევე მოდიან. ოღონდ ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, სადარბაზოში უჩუმრად შემოპარულან და უთქვამთ, არიქა, თქვენი ჭირიმე, იმ კლუბების მეპატრონეებმა არ დაგვინახონო. რატომ ერიდებიან და რატომ უფრთხიან მათ, ვერ გეტყვით... ქრონიკული უძილობით გაწამებულებს, შუაღამისას ეს უცხო ადამიანები შემოგყავს სახლში, რათა ხმაურის დონე გაზომონ ბინაში. საქმე ის არის, რომ ხმაურის დეციბალების გასაზომად გარეთ სრული სიჩუმე უნდა იყოს და მხოლოდ იმ ობიექტიდან შემოსული ხმა ისმოდეს, რომელიც გვაწუხებს. ღამით კი ჩვენს ქუჩაზე მუდმივად არის ღრიანცელი, კივილი, წივილი, ჩხუბი, შესაბამისად აპარატი უშუალოდ ღამის კლუბიდან ამომავალ ხმაურს ვერ აფიქსირებს. ვერ ვხვდები, რა საჭირო ჩემთან შემოსვლა და შიგნით ხმის გაზომვა, როცა ადგილზე ისედაც ყველაფერი ნათელია და იქვე შეიძლება განისაზღვროს, რამდენად დაშვებულია საცხოვრებელ უბანში ღამის საათებში ამ ზომაზე ხმაური? განცდა მაქვს, რომ იძულებულს გვხდიან, არსადაც არ დავრეკოთ, რადგან არაფერს აზრი არა აქვს... ისედაც მთელი ღამეები ხომ ვერ ვიძინებ და ყოველ მეორე ღამეს რად მინდა, ჩემს ოთახში უცხო ადამიანები შემოდიოდნენ და მიზომავდნენ, ხმაურის რა დონეა ჩემთან, როცა ჩემს ქვემოთ რესტორნები გუგუნებს და ეს ყველას კარგად ესმის? - ზედამხედველობის სამსახურის მოსვლის შემდეგ რა ხდება, რამდენ ხანს ჩერდებიან, თუ ხერხდება დეციბალების გაზომვა და რა ზომებს იღებენ? - რომ მოვლენ, 15 წუთის განმავლობაში უნდა მოახერხონ ხმაურის დონის გაზომვა, მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, რამდენ ხანს უნდა მესხდნენ სახლში? თუ იმ 15 წუთში დასაშვებ დეციბალებზე ზედმეტი ხმა ვერ დაფიქსირდა, ვერაფერსაც ვერ შვრებიან, დაიხურავენ ქუდს და მიდიან; თუ დაფიქსირდა, გვეუბნებიან, ჩავალთ და დავაჯარიმებთო, მაგრამ ჩვენ მერე არავინ გვატყობინებს, მართლა დააჯარიმეს ისინი თუ არა. იმდენჯერ გამეორდა ეს ერთი და იგივე, რომ უკვე უბრალოდ აღარ ვრეკავთ. როდემდე უნდა დავრეკო ან რამდენჯერ უნდა დავრეკო, როცა შედეგი მაინც არ ჩანს? აბსოლუტურად უცვლელი მდგომარეობა გვაქვს, ყოველი ღამე ერთნაირად გაუსაძლისია. მხოლოდ პანდემიის დროს, მაშინ, როცა კარანტინი დააწესეს, გვეღირსა მოსვენება და ცხოვრების ნორმალური რეჟიმი. მას მერე ისევ თავდაპირველ მდგომარეობას დავბურუნდით. ალბათ, კლუბების და რესტორნების მეპატრონეებს არ უჭირთ იმ ჯარიმების გადახდა, რასაც აკისრებენ, რადგან ეს მათთვის დიდი თანხა არ არის, მაგრამ მერე შენზე, მოქალაქეზე ბრაზდებიან, რადგან შენ დააჯარიმებინე. ამიტომ შეუძლიათ ქუჩის ძაღლები მოგიქსიონ, ან ვინმე ლოთი და ავარდნილი ტიპი დაგეშონ შენზე, სხვადასხვა გზით სცადონ შენი დაშინება. მათ ყველგან გარკვეული გავლენები აქვთ და თანამედროვე მაფიოზებად არიან ქცეულები. ახალგაზრდები მყავს, მოზარდი ბიჭები მყავს ოჯახში და უკვე მეშინია, რამე პროვოკაცია არ მოუწყონ, შარში არ გაჰხვიონ. თავიდან მართლა ვერ ვხვდებოდი ამდენს და ჯიუტად ვუპირისპირდებოდი, მერე მეც დავუფიქრდი და სხვებმაც მითხრეს, რომ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთის ჯობდა შევშვებოდი და თავი დამენებებინა. - თქვენ ამბობთ, რომ კლუბებისა და რესტორნების მფლობელები როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად ძალადობენ და შეურაცხყოფას აყენებენ იმ ადამიანებს, ვინც ბედავს და მათ უჩივის? - პირდაპირ თავად არ მოდიან და არ გეხებიან, მაგრამ შეუძლიათ სხვა მოგიქსიონ, რომელიც სულ სხვა რამეზე აგიშარდება და პრობლემას შეგიქმნის; შეუძლიათ ყველაფერი გაკადრონ; შეუძლიათ გაგრძნობინონ, რომ მათ თვალში არაფერს წარმოადგენ, არავინ ხარ და უფლება აქვთ გაგთელონ ან ათასი ჭორი გაგივრცელონ, რამაც შეიძლება რეპუტაცია შეგილახოს. ამიტომ ყველა დაშინებულია და უკვე მეც მომერია ეს შიში. საკუთარ ქვეყანაში სრული უმწეობის და დაუცველობის განცდა მაქვს. - ვიცი, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ინსტანციაში დიდი ხანია იბრძვით. დღეს მოქმედი კანონიც თქვენი და თქვენისთანა ადამიანების ძალისხმევით მიიღეს, თუმცა როგორც ვხედავთ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სხვა ქვეყნებში როგორ ახერხებენ მსგავსი საკითხის მოგვარებას, ხომ არ გაქვთ კონკრეტული მაგალითი? - მოძიებული მაქვს და ლამის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა მივიტანე პარლამენტში, თუ სად როგორ უმკლავდებიან ხმაურს. მარტო საფრანგეთის მაგალითზე რომ ვილაპარაკოთ, ღამის 11 საათიდან ქუჩაში ცხენზე ამხედრებული ჟანდარმები იწყებენ მოძრაობას და აკონტროლებენ ღია რესტორნების და ტერასების საქმიანობას, რომ გარეთ ვინმე არ იჯდეს და არ ხმაურობდეს. თუ დაინახავენ, რომ ღია სახის კაფე-რესტორანი გვიან ღამე აგრძელებს მუშაობას ან მის ტერასაზე სტუმარი ზის, ხმაური არ არის აუცილებელი, პირდაპირ აჯარიმებენ და თან ეს ჯარიმის ოდენობა იმდენად მაღალია, რომ მეორედ არავინ გაბედავს. რაც შეეხება ხმაურს და ხმამაღალ მუსიკას, ყველა რესტორანს თუ კლუბს დაყენებული აქვს ხმის მარეგულირებელი, რომლის ზევითაც, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ხმას ვერ აუწევენ. ესეც კანონით არის გათვალისწინებული. თუ მაინც ვინმეს შეაწუხებს ხმაური და დარეკავს ჟანდარმერიაში, ჟანდარმები მიდიან ადგილზე და ამოწმებენ ობიექტს. მათ მოქალაქესთან არაფერი ესაქმებათ, არც სახლში შედიან. მიდიან ობიექტზე, რომელზეც პრეტენზია გამოითქვა, იქვე ნახულობენ, რომ ირღვევა რეგულაციის წესი, აჯარიმებენ კერძო პირს თუ რესტორნის მეპატრონეს და ავალდებულებენ, დაემორჩილოს კანონს. მორჩა, ასე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ასე აქვთ კანონში გაწერილი და ზედმეტად არავის აწუხებენ. ასე იცავენ ფრანგები საკუთარი მოქალაქეების უფლებებს. ჩვენთან ყველას უფლებებს იცავენ, საკუთარი მოქალაქეების გარდა. - ბოლო რამდენიმე წელია, რაც ხმაურის კონტროლი საპატრულო პოლიციიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა. ამ გადაწყვეტილებით რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალა თუ პირიქით, გაუარესდა? - დიდად არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ეგაა, რომ ადრე პატრულის მეტი რიდი და შიში ჰქონდათ. საპატრულო ეკიპაჟი ისე, უბრალოდ, მაინც რომ გამოვლიდა ქუჩაზე, გარკვეულ სიფრთხილეს იჩენდნენ; ამოივლიდა ორი პოლიციელი და ყველანი მიჩუმდებოდნენ. ახლა პატრული აღარც შემოდის ქუჩაზე, არ ვიცი, ასეთი დავალება აქვთ თუ თავად არ ანაღვლებთ არაფერი, პირდაპირ თავისუფლების მოედანზე დადგებიან და სხედან მანქანაში. არც კი გადმოვლენ, რომ იქვე, მათგან 50 ნაბიჯში ნახონ, რა ხდება. ამიტომაც არის, რომ პოლიციის ავტორიტეტი ყოველდღე ფეხქვეშ ითელება, ვის როგორც უნდა ისე იწევს მათზე და ძალადობს. არც ისე დიდი ხნის წინ, ერთი პოლიციელი ღამით სწორედ, ჩვენს ქუჩაზე, ამ რესტორნების და კლუბების სტუმრებმა დაჭრეს. რესტორნიდან ამოსულ ხმაურს თავი დავანებოთ, ეგ ზედამხედველობის სამსახური ამ პრობლემასთან ვერაფერს აწყობს, მაგრამ გარეთ როცა ჩხუბი და დავიდარაბა ატყდება, პატრულს რომ ვიძახებთ, თუ ვინმეს არ კლავენ და უკიდურესი საშიშროება არ არსებობს, არც მოდიან. ასეთი შემთხვევაც გვქონდა. კარებგაღებულ მანქანაში ვიღაცა ღამის 2 საათზე ბოლო ხმაზე უსმენდა მუსიკას; არ დაემორჩილა არანაირ თხოვნას თუ მოთხოვნას, რომ ხმისთვის ჩაეწია ან საერთოდ გამოერთო და სხვა რომ ვერაფერი გავაწყვეთ, ზემოდან წყალი გადავასხით. ისეთი ამბავი აგვიტეხეს, აქეთ გვეჩხუბნენ და გვაგინეს იმდენად, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და პატრული გამოვიძახეთ. თუმცა, საპატრულო ეკიპაჟის მოსვლამდე ისინი გაიძურწნენ, ამათ კი ჩვენ გაგვამტყუნეს, რადგან წყლის გადასხმა წესის დარღვევაა, თურმე. სამწუხაროდ, კანონები ისეა რეგულირებული, რომ ყველაფერი კეთილსინდისიერი მოქალაქის წინააღმდეგ ეწყობა და ყველა შენი მჩაგვრელი გამოდის. სახელმწიფო კი არ თუ ვერ გიცავს. ევროპას რომ ედრები, ჯერ ნახე იქ კანონები როგორ არის მოქალაქეებზე მორგებული, მერე ნახე მისი აღსრულების რა მექანიზმები არსებობს და როგორ სრულდება. რომ მიიღებენ ამ კანონებს და დადებენ უმოქმედოდ, რა ხეირი უნდა გამოვიდეს აქედან? კანონი მარტო სათქმელად და საჩვენებლად უნდათ, მათი აღსრულების მექანიზმები ან სულაც არ არსებობს, ან არის მახინჯი. - რაში ხედავთ გამოსავალს, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ვითარების გამოსასწორებლად? - ჩვენ რომ წესიერი საზოგადოება ან ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამგვარ საკითხებზე უნდა ვმართავდეთ აქციებს და ხელისუფლებას სათანადო კანონების მიღებას ან აღსრულებას ვაიძულებდეთ, ამის ნაცვლად კი ხედავთ, რაც ხდება. ჩვენ, უბრალო მოქალაქეებმა რომც ვცადოთ, გავიდეთ გარეთ, შემოვიკრიბოთ ხალხი და ამ პრობლემის რეალურად მოგვარებისკენ მოვუწოდოთ მთავრობას, გვერდით უმალ მედროვე პოლიტიკოსები ამოგვიდგებიან და შეეცდებიან, ჩვენი თავშეყრა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ამიტომ ასეთ აქტივობაზეც, დიდი ხანია, ხელი ჩავიქნიეთ. აქედან გადასვლასა და საცხოვრებლის შეცვლაზე რამდენი ხანია ვფიქრობთ და ბინის გაყიდვაც ვცადეთ, მაგრამ ჩვენი ქუჩის პრობლემა საქვეყნოდ არის ცნობილი, ამიტომ რომელი ჭკუათმყოფელი იყიდიდა და ვართ ასე, ამ არანორმალურ გარემოში გამომწყვდეულები. ჩვენ ხომ დაგვაავადეს და გადაგვიყვანეს ჭკუიდან, მაგრამ მეორე უბედურება ისაა, რასაც აქაური მაცხოვრებლები მუდმივად ვუყურებთ. არ ვიცი ამ კლუბებსა და ბარებში რას სვამენ და ყლაპავენ ახალგაზრდები, მაგრამ იქიდან გამოსულები ცუდად ხდებიან და ეზოში ვარდებიან. რამდენჯერ გადაგვიხედავს და გვინახავს, უგონო მდგომარეობაში უპატრონოდ როგორ წვანან ეზოში, მიწაზე, ჩავსულვართ და სასწრაფოს ბრიგადის მოსვლამდე ჩვენ მოგვისულიერებია. მანანა იაშვილთან საუბრის შემდეგ Planeta.ge თბილისის მერიის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა და ბოლო წლების განმავლობაში აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებული დარღვევებისა და რეაგირების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა. მიღებული პასუხის შედეგად ირკვევა, რომ აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით მუნიციპალურ ინსპექციაში 2020 წელს ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 3200 შეტყობინება, შედგა 233 საჯარიმო ქვითარი. აქედან დაჯარიმდა 24 ფიზიკური პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 1800 ლარი) და 209 - იურიდიული პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 134 000 ლარი). 2021 წელს ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 2216 შეტყობინება, შედგა 148 საჯარიმო ქვითარი. აქედან დაჯარიმდა 19 ფიზიკური პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 300 ლარი) და 129 იურიდიული პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 46 000 ლარი). 2022 წელს ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 4500 შეტყობინება, შედგა 234 საჯარიმო ქვითარი. აქედან დაჯარიმდა 48 ფიზიკური პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 3300 ლარი) და 186 იურიდიული პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 70 500 ლარი). ამ მონაცემებში ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ცხელ ხაზზე შესული გამოძახებების და გამოწერილი საჯარიმო ქვითრების ანუ დაჯარიმებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების რაოდენობას შორის. შესაბამისად, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენად ხელეწიფება აკუსტიკური ხმაურის და ზოგადად სხვადასხვა ხმაურის შესახებ დღეს მოქმედ კანონს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა. იმისათვის, რომ დაგვეზუსტებინა, რატომ არის ასეთი სხვაობა ცხელ ხაზზე შესულ ზარებსა და საჯარიმო ქვითრებს შორის, მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს ნინი ქავთარაძეს დავუკავშირდით. - ნინი ქავთარაძე: ჩვენი სამსახური ყოველთვის დროულად გადის გამოძახებაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თავად გამომძახებელი პირი უარს განაცხადებს, რომ ხმაურის დონე მისი სახლიდან გაიზომოს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, ვერც ხმის განსაზღვრას ვახერხებთ და ვერც სათანადო რეაგირებას. ასეთ დროს კანონის დამრღვევი იურიდიული თუ ფიზიკური პირის მიმართ მხოლოდ ზეპირი გაფრთხილების გაცემა შეგვიძლია. იმისათვის, რომ ის კანონის შესაბამისად დაჯარიმდეს, აუცილებელია ხმაური გაიზომოს იმ სახლიდან, საიდანაც საჩივარი შემოვიდა. იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქე ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლებს ბინაში შესვლის და ხმაურის დონის განსაზღვრის ნებას მისცემს და აღმოჩნდება, რომ დეციბალები დაშვებულ ზღვარს აღემატება, ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება. განმეორებით შემთხვევებზე ჯარიმის ოდენობაც ორმაგდება. - რატომ არის აუცილებელი, მაინც და მაინც სახლის შიგნით გაიზომოს ხმაური, როცა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი აშკარაა? - სახლიდან გაზომვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ სხვადასხვა ზონას ხმაურის დაშვების სხვადასხვა დონე აქვს. აკუსტიკური ხმაურის ყველაზე მეტი შეზღუდვა საცხოვრებელ ზონაზე მოდის, ამიტომ უნდა გაიზომოს ხმა საცხოვრებლის შიგნით. კანონში ასეა გაწერილი და ჩვენც მის შესაბამისად ვმოქმედებთ. - ხმაურისგან შეწუხებული მოქალაქეები, რომელთაც საცხოვრებლის ქვედა სართულებზე განთავსებული ღამის კლუბებიდან ხმაური სისტემატურად აწუხებთ და ზედამხედველობის სამსახურის გამოძახებითაც, უკვე, დაიღალნენ, მიიჩნევენ, რომ თქვენი თანამშრომლები კლუბის მფლობელებთან შესაძლოა, გარიგებაში იყვნენ შესულნი, რადგან მათ რეაგირებას შედეგი არასდროს მოჰყოლია. - მსგავსი რამ შეუძლებელია. უბრალოდ, თუ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც მათ უნდათ, ზოგიერთ უკმაყოფილო მოქალაქეს სჩვევია სხვა დაადანაშაულოს რამეში. საქმე ის არის, რომ მიუხედავად დაჯარიმებისა, ცალკეულმა დაწესებულებებმა თუ პირებმა, ადვილად შეიძლება, განმეორებით კიდევ დაარღვიონ კანონი და განმეორებითაც გადაიხადონ ჯარიმა. - თუ არის აღრიცხული, განმეორებით რამდენი დარღვევა დაფიქსირდა და რამდენჯერ დაჯარიმდა ესა თუ ის ორგანიზაცია ან პიროვნება? - ასეთი სახის სტატისტიკა არ გვიწარმოებია და ვერაფერს გეტყვით. - რაც შეეხება ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებას და მისგან გამოწვეულ ხმაურს, ამაზე რეაგირების რა მექანიზმები არსებობს და რამდენად ქმედითია? - პიროტექნიკის შემთხვევაშიც აუცილებელია კონკრეტული ფაქტის დაფიქსირება და დამრღვევის იდენტიფიცირება, სხვანაირად ვერაფერს გავხდებით. ეს ისეთი საკითხია, რომ ჯგუფი გამოძახებაზე რაც არ უნდა სწრაფად მივიდეს, ფაქტზე ვინმეს გამოჭერა მაინც შეუძლებელია. ვთქვათ, ვიღაცამ განაცხადა: აი, იმ სახლიდან, მგონი მეხუთე სართულიდან ისროდნენ, ამის საფუძველზე ვერავის დავაჯარიმებთ. თუ კანონდამრღვევის იდენტიფიცირება და ფაქტის დამტკიცება ხერხდება, ამას ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოჰყვება სათანადო რეაგირება. სხვა შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. კანონში, რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც საჭიროა, მაგრამ პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე უფრო ქმედითი მექანიზმის და საშუალების გამონახვა ცოტა რთულია. ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, თუ ყველა კორპუსთან, ყველა ფანჯარასთან კამერა დამონტაჟდება ან ფოიერვერკების გამოყენება საერთოდ აიკრძალება. - აქვე, პატრონიანი ძაღლების მიერ გარემოს დაბინძურების შესახებაც უნდა გკითხოთ. ვიცით, რომ კანონის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში, პარკებსა თუ სკვერებში თავიანთი ძაღლების ექსკრემენტებს დატოვებენ, უნდა დაჯარიმდნენ, მაგრამ იმავე კანონის ფარგლებში რამდენად შესაძლებელია ამ ზომის გატარება? - ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ფაქტის დამტკიცება და დამრღვევის იდენტიფიცირება. მოგეხსენებათ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოძახების გარეშეც, მანქანით თუ ფეხით მუდმივად დადიან ქუჩებში და ინსპექტირებას ატარებენ. შესაბამისად, თუ ისინი ნახავენ მსგავს ფაქტს, ადგილზევე აჯარიმებენ დამრღვევს, მაგრამ ბუნებრივია, რამდენიც არ უნდა იარონ, ყველა ფაქტს ვერ დააფიქსირებენ. მოქალაქის გამოძახებაზე კი რეაგირება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტის ფოტო ან ვიდეომტკიცებულება არსებობს და დამრღვევის იდენტიფიცირება ხერხდება, სხვა შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლების გამოძახებას აზრი არა აქვს.
-
,,დღემდე მკვდარი სულებით ჰყავთ სამსახურები სავსე და განყოფილებებში ისეთი ადამიანები ერიცხებათ, რომლებსაც სახეზეც არ იცნობენ" 2012 წელს, მაშინ, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და მმართველობა ,,ქართული ოცნების“ ხელში გადავიდა, ვინმეს რომ ეთქვა, გაივლის რამდენიმე წელი და მმართველი გუნდი სამსახურებიდან თანამშრომლებს საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გაჟღერების გამო დაითხოვსო, ძალიან ბევრ ადამიანს ამის დაჯერება გაუჭირდებოდა. რაღა მაშინ, ბევრს დღესაც არ სჯერა, რომ ჩვენს გარშემო ასეთი ფაქტები ხშირად ხდება და დღითიდღე უფრო და უფრო მატულობს. მათ, ვინც სიმართლეს თვალს არიდებს და ჰგონიათ, რომ ხელისუფლებას ხმებს ოპოზიციურად განწყობილი პირები უვრცელებენ და ასეთი ინფორმაციები გამოგონილია, სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნილი ადამიანის რეალურ ამბავს მოვუყვებით. ელენე გახარია რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი სამსახურის დირექტორის მრჩევლის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ახლახან მას ამ პოსტის გაუქმების და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს, თუმცა რა მიზეზით და ოფიციალურად რა საფუძველი დაედო ამ ფაქტს, ვერავინ აუხსნა. ელენეს მიმართ განწყობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი გვარის ფაქტორმა იჩინა თავი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ მხარდაჭერის სურვილი მასაც არ დაუფარავს. თუმცა არც მის პარტიაში გაწევრიანებულა და არც რამე აქტივობაში ჩაბმულა. როგორც თავად ამბობს, ხსენებულ სამსახურში კიდევ დიდხანს აიტანეს. ელენე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისი შემთხვევა გამონაკლისი არ არის და სწორედ საკუთარი და სამსახურიდან გაშვებული სხვა თანამშრომლების ინტერესისთვის და უფლებებისთვის აპირებს ბრძოლას. - როდის და რა თანამდებობის დატოვებამ მოგიწიათ? - მიმდინარე თვის ბოლომდე ვრჩები რუსთავის მერიის ერთ-ერთ აიპი-ში, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის მრჩევლის პოსტზე. თვის ბოლოდან კი სამსახური უნდა დავტოვო. ზოგადად, ამ ცენტრში 4 წელია ვმუშაობ. თავიდან ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის პოსტი მეკავა, საიდანაც მრჩევლის პოზიციაზე იმ მოტივით გადამიყვანეს, რომ თითქოს, ეს თანამდებობა ქალისთვის შეუსაბამო იყო. არადა, განყოფილება თავიდან ბოლომდე მე ავაწყვე. როცა მივედი, მთლიანად პარტ.აქტივით და მკვდარი სულებით იყო დაკომპლექტებული და საერთოდ არ მუშაობდა. არ არსებობდა საწყობი, მიღება-ჩაბარების ფორმები, არ არსებობდა არანაირი წერილები და საბუთები. ყველაფერი ისე გავმართე, რომ განყოფილება ნორმალურად ამუშავდა, მაგრამ 2021 წლიდან ვიღაცეებს ჩემი გვარი თვალში უშნოდ მოხვდათ. ამის მერე იყო მინიშნებები და გაფრთხილებაც, რომ საკუთარი, მათგან განსხვავებული აზრის ხმამაღლა გამოთქმას მოვრიდებოდი და განსაკუთრებით, მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური შეფასებები არსად გამეკეთებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ სამსახურში ვერ დავრჩებოდი. - ვისგან მოდიოდა ეს გაფრთხილებები? - გაფრთხილება მოდიოდა ალექსანდრე დალაქიშვილისგან, რომელიც საარჩევნო სიით მმართველი გუნდის დეპუტატია და განაგებს და აკონტროლებს რუსთავს; არის ადგილობრივი ფეოდალი, ,,ჯორჯიან მანგანეზისა“ და ,,რუსთავ-აზოტის“ ინტერესებისა და წილების მფლობელი. მან პირდაპირ მითხრა: ხომ იცი, რუსთავს მე ვუყურებ და არ გამოვა, რომ ვიღაცამ აქ პრობლემები შექმნას და კრიტიკული აზრები გამოთქვასო. - საკუთარი აზრი არაფერზე გამოხატოო? - რა საკუთარი აზრი, გამაფრთხილა, რომ თუ ,,ჭკვიანად“ არ ვიქნებოდი, თანამდებობაზე არ დამტოვებდნენ. ან რატომ უნდა დაეტოვებინათ ის, ვინც მათთვის დროშას არ აფრიალებდა, როცა ვინც დროშა უფრიალა და არჩევნების მოგებაში დაეხმარა, თუნდაც შავი გაგების ხალხი, დასაკმაყოფილებელი და დასასაქმებელი ჰყავდათ? - ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის პოსტიდან ცენტრის დირექტორის მრჩევლად გადასვლას ამის შემდეგ დათანხმდით? - დიახ, რადგან მივხვდი, იმ პოსტზე ბევრ პრობლემას შემიქმნიდნენ, მრჩევლის თანამდებობას დავთანხმდი, მაგრამ როგორც წესი, სხვადსხვა სამსახურში მრჩევლის სტატუსი ნიშნავს, იყო პენსიაზე. ამიტომ ჩემს დირექტორს ვუთხარი, რომ ამ მდგომარეობაში, უფუნქციოდ იქ მე ვერ დავრჩებოდი. დირექტორი კარგად მიცნობდა, იცოდა ჩემი დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ, ასევე, ჩემი შესაძლებლობები და ამიტომ მთხოვა, დავრჩენილიყავი და კვლევების მიმართულება მემუშავა. ამ სფეროში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვარ ხანგრძლივი სტაჟის მქონე მკვლევარი. დავამზადე კიდეც ახალგაზრდული საჭიროებების კვლევისთვის საჭირო დიზაინი და მეთოდოლოგია, თუმცა არავინ განავრცო და განახორციელა. მაშინ, როცა ბიუჯეტი სწორედ ასეთ კვლევებს უნდა ეყრდნობოდეს, არც კი უფიქრიათ, ამ კუთხით ჩემი შესაძლებლობები და რესურსი რამეში გამოეყენებინათ. თავად ჩავერთე, ასევე, საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო ჯგუფში, რომელთან ერთადაც ბევრი კარგი საქმე გავაკეთე, შევქმენით სამოქმედო გეგმა და დავსახეთ გარკვეული აქტივობები. ამ საბჭოში ჩემმა საქმიანობამ ადგილობრივ ხელისუფლებაში დიდი უკმაყოფილება გამოწივია და საბჭოს თავმჯდომარესთან სამი წერილი გაიგზავნა ახსნა-განმარტების მოთხოვნით, თუ რატომ ვარ მე საბჭოს წევრი. ჩემს მიმართ ჰქონდათ ის პრეტენზია, რომ 8 საათიანი სამუშაო დრო სხვაგან ყოფნაში ,,არ გამეცდინა,“ ამიტომ საათობრივად უნდა გამეწერა განრიგი და წარმედგინა მათთვის, თუ როდის ვიქნებოდი საბჭოში და როდის - ჩემს სამსახურში. ეს იმ ფონზე, როცა დღემდე მკვდარი სულებით ჰყავთ სამსახურები სავსე და განყოფილებებში ისეთი ადამიანები ერიცხებათ, რომლებსაც სახეზეც არ იცნობენ. მაგალითად, ლოჯისტიკის განყოფილებაში მე მყავდა ისეთი თანამშრომელი, რომელსაც ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად თვეობით დავსდევდი და ძლივს გამოვიჭირე. ასეთი ხალხი იქ სულ არის, იმიტომ, რომ ზოგი სუსი-ს მაღალჩინოსნის ნათესავია, ზოგი - ვიღაცის პირადი პროტეჟე, ან მეგობარი, ან რაღაცით არიან ვალდებულნი მის წინაშე, ან იციან, რომ მომავალში დასჭირდებათ და ასე შემდეგ. - სამსახურიდან დათხოვნის შესახებ როდის შეგატყობინეს და რა მოტივი დაგისახელეს? - წინასწარ არაფერი ვიცოდი. ახლახან მივიღე წერილი, სადაც წერია, რომ ჩემი შტატი უქმდება და შესაბამისად, სამსახურის გარეშე ვრჩები. აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ შარშან ჩვენი ცენტრის საუკეთესო თანამშრომლად მაღიარეს და დამაჯილდოვეს, წელს კი შტატს მიუქმებენ. თუ რატომ, რა მიზეზით ხდება ეს, წერილში არაფერია ნათქვამი. ცალკე მერისგან და ცალკე ჩემი დირექტორისგან გამოვითხოვე საშტატო ნუსხა და შინაგანაწესი, რათა გავარკვიო, რის საფუძველზე დადგა შტატის გაუქმების აუცილებლობა. გამოთხოვილი მასალა დირექტორისგან ჯერ არ მიმიღია, მერიისგან კი მომივიდა პასუხი, რომ ამ ყველაფერზე პასუხიმგებელია უშუალოდ აიპი-ს დირექტორი, რადგან ახალი საშტატო ნუსხა სწორედ მან წარადგინა. არადა, საინტერესოა, თუ მართლა ასე იყო, მერმა დასაბუთების გარეშე წარდგენილი საშტატო ნუსხა როგორ დაამტკიცა? - ანუ პროცედურული შეუსაბამობა გამოდის? - დიახ, ბევრი შეუსაბამობაა და ჩემს შემთხვევაში, ეს არის პირდაპირი დევნა თავისუფალი აზრის, დამოუკიდებელი ქმედებების და გვარის გამო. - გვართან დაკავშირებით გკითხავთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას უბრალო მოგვარე ხართ თუ მის პარტიასთანაც გაქვთ კავშირი? - პარტიასთან არავითარი შეხება არ მაქვს, უბრალოდ მოგვარე ვარ და მას და მის პარტიას ღიად ვუჭერ მხარს. თუმცა, არავითარ საჯარო გამოსვლებსა თუ თავშეყრებს არ დავსწრებივარ და არც რამე განცხადება გამიკეთებია ოდესმე. - როდის უნდა დატოვოთ პოსტი? - როგორც თავიდანვე გითხარით, სამსახურში თვის ბოლომდე ვრჩები და შემდეგ ჩემი პოსტი უქმდება. გადამიხდიან ერთი თვის კომპენსაციას და დავემშვიდობები სამსახურს, სადაც ყველა შეშინებულია, ყველა გაურკვევლობაშია, რადგან არ იციან, სამომავლოდ მათ რა ბედი ელით. ყველაზე მთავარი და უცნაური ის არის, რომ მე თვის ბოლოს მივდივარ აქედან, ჩემს დირექტორს კი რამდენიმე დღის წინ დააწერინეს განცხადება და პირდაპირ დაატოვებინეს თანამდებობა. - რა გახდა ამის მიზეზი? - მე რომ მრჩევლად გადმოვედი, ცენტრის დირექტორმა ჩემს ნაცვლად, ლოჯისტიკის განყოფილების უფროსად, თავისი მეგობარი დანიშნა, რომელმაც ამ საახალწლოდ სამსახურში შექმნილ ვითარებას ვერ გაუძლო, უკმაყოფილება ვერ დაფარა და მისთვის საბედისწერო შეცდომაც დაუშვა. საქმე ეხება ქალაქში საახალწლო გირლიანდების და განათებების დამონტაჟებას, რომელშიც სხვადასხვა აიპ-ი სრულიად არაპროფესიონალთა გუნდითაა ჩართული. არავინ ზრუნავს იმაზე, რომ საქმის სექციალისტები მოიწვიონ და მათ შეასრულებინონ ესა თუ ის სამუშაო. არავინ იცის, ვინ რას აკეთებს და სად რას ახვევს. არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული და არც - რამე წესი. ვის სად და როგორც გაუხარდება ან მოუხერხდება, აბსოლუტურად ქაოტურად მიმდინარეობს ამ განათებების დამონტაჟება. მერიაში ყველაფრისთვის იძებნება ბიუჯეტი, გარდა იმისა, რაც აუცილბელად საჭიროა და მიზანშეწონილი. 4 წელია ვიხვეწები იმას, რომ ბიუჯეტიდან თანხა ისეთი სპეციალისტებისა და ელექტრიკოსების დასაქირავებლად გამოიყოს, რომლებიც თავიანთ საქმეს ორგანიზებულად და ნორმების დაცვით გააკეთებენ და შესრულებულ სამუშაოზეც თავადვე იქნებიან პასუხისმგებელნი, მაგრამ ყურად არავინ იღო. - ნუთუ მას შემდეგ, რაც ვაკის პარკში ტრაგედია დატრიალდა, კიდევ ვინმეს ჰყოფნის გამბედაობა ასეთ საკითხში დაუდევრობა გამოიჩინოს? - დიახ, ის უბედური შემთხვევა ჩვენი ქალაქის მესვეურთათვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა და იგივე შეცდომას იმეორებენ. როგორც გითხარით, სრულიად ქაოტურად სრულდება სამუშაოები, ამით უკმაყოფილო ლოჯისტიკის განყოფილების უფროსს, როგორც ჩანს, თავისი გულისწყრომის გაზიარება საკუთარი მეგობრისთვის, ჩვენი ცენტრის დირექტორისთვის უნდოდა და პირადი მიმოწერის ნაცვლად, წერილი შეცდომით იმ ჯგუფის შეტყობინებებში გაგზავნა, სადაც ,,უკვდავი პერსონები“ არიან გაერთიანებულნი. ამ შეცდომამ გამოიწვია ის, რომ ორივე მეორე დღესვე გაუშვეს სამსახურიდან. მე კიდევ დიდხანს ამიტანეს. - ისინი რის საფუძველზე გაუშვეს, რაიმე ოფიციალური მიზეზი ხომ იყო საჭირო? - მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ისე დააწერინეს, რომ ხმაც ვერ ამოიღეს. ვერც ამოიღებენ, რადგან იმავე კლანის წევრები არიან და ფინანსური დარღვევებიც მრავლად აქვთ. ამიტომ სამსახურის დაკარგვის გამო ვერც იჩივლებენ და ვერც თავიანთ მდგომარეობას გააპროტესტებენ. - თქვენ თუ აპირებთ სარჩელის შეტანას? - დიახ, მე ვაპირებ სამართლებრივ დავას და არა მარტო ჩემთვის, ჩემი სხვა თანამშრომლებისთვისაც, ვინც ხმის ამოღებას ვერ ბედავს ან თუ ხმას ამოიღებს და აზრს გამოთქვამს, უმალ თითს დაუქნევენ. ამის კიდევ ერთ მაგალითად მოგიყვანთ შემთხვევას, რომელიც ასევე ჩემს თანამშრომელს გადახდა თავს. კონკრეტული ფაქტის გამო სოციალურ ქსელში მან უბრალოდ ირონიული კომენტარი დაწერა...საქმე ეხებოდა მოსაწვევების საკითხს. ჩვენსავე მოწყობილ ღონისძიებებზე, რომლის მოსამზადებლადაც, ხშირად, დღე და ღამეს ვასწორებთ, ბუნებრივია მოსაწვევები ჩვენც გვეკუთვნის, მაგრამ არ გვაძლევენ, სამაგიეროდ აძლევენ თავიანთ რჩეულებს. სწორედ მსგავსმა ქმედებამ გამოიწვია ამ თანამშრომლის უკმაყოფილება და მან საჯაროდ, სოციალურ ქსელში ორაზროვნად გამოხატა საკუთარი აზრი. არავინ გაულანძღავს, არც ვინმე დაუსახელებია, მხოლოდ ირონიული შინაარსის რამდენიმე წინადადება დაწერა. ამის გამო მას ტელეფონზე ქალაქის მერმა დაურეკა, ჯერ ხომ კატეგორიული ტონით ელაპარაკა და ძველბიჭურად გაურჩია საქმე. ესეც არ აკმარა, სამსახურში თათბირი მოიწვია, თანამშრომლის საქციელი განიხილა და საჯაროდ გაკიცხა ის. ასეთი რეაქციების გამო ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს და რაიმე ფაქტის მიმართ ობიექტური კრიტიკის ან აზრის გამოთქმის ყველას ეშინია. ზუსტად იმიტომ ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე, რომ არ შეიძლება ეს რეალობა და მოცემულობა ასე გაგრძელდეს და არაფერი შეიცვალოს. სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნელ-ნელა ყველანაირად ემსგავსებიან თავიანთ წინამორბედებს და მათგან შორს არ მიდიან. ირმა ბერიშვილი
-
,,აწვალეს და საქმე დროში იმდენად გააჭიანურეს, რამდენადაც შეეძლოთ" ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბორის ახობაძე შეზღუდული შესაძლებლობის პირია, თუმცა, მის შემთხვევაში, სიტყვა შესაძლებლობა ცოტა ხმამაღა ჟღერს, რადგან დაბადებისდროინდელი ტრამვების გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია და არათუ გადაადგილება, დამოუკიდებლად მოძრაობაც არ შეუძლია; ვერც ლაპარაკობს და ვერც მყარ საჭმელს მიირთმევს. ბორისის ძირითად საკვებს მხოლოდ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები წარმოადგენს. როგორც მისი მამიდაშვილი, ხათუნა რობაქიძე გვიყვება, ის ოჯახში 10 წლიანი ლოდინის შემდეგ დაბადებული ნანატრი შვილია, რომელიც სრულიად საღსალამათი უნდა გაზრდილიყო, რომ არა ექიმების საბედისწერო შეცდომა და დანაშაული. ,,დედამისს მძიმე მშობიარობა ჰქონდა. ექიმებს წესით საკეისრო კვეთა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს არ გადაწყვიტეს და მელოგინე ეგრეთწოდებული მაშების საშუალებით ამშობიარეს, რა დროსაც, ექიმებმა არაპროფესიონალიზმის თუ დაუდევრობის გამო, ბავშვს ფეხიც მოტეხეს და თავის ტვინიც დაუზიანეს. ამ ტრამვამ მისი სრული პარალიზება გამოიწვია. ბავშვს თავზე დღესაც ეტყობა მაშების გამოყენების მძიმე კვალი, მოტეხილი ფეხიც ცუდად შეუხორცდა. არ გავჩუმებულვართ, მაშინვე დავამტკიცეთ, რომ ბორისის პარალიზება ექიმების დაშვებული შეცდომების და მშობიარობისდროინდელი ტრამვების ბრალი იყო, მაგრამ იმ პერიოდში ამ ქმედებისთვის პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ. ჩვენს საჩივარს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.“ - გვიყვება ხათუნა რობაქიძე. მიუხედავად ამ გარემოებისა, დღეს ჩვენ ექიმების მაშინდელ შეცდომასა თუ დაუდევრობაზე საუბარს არ ვაპირებთ, დღეს იმ პრობლემაზე მოგიყვებით, რასაც ბორის ახობაძის მშობელი შვილის სრუწლოვანების შემდეგ გადააწყდა. გიამბობთ, რა გზის გავლა მოუწიათ შშმ პირის დედას და მის ნათესავებს შეჩერებული ყოველთვიური ფულადი დახმარების დროებით აღსადგენად; დროებით, რადგან მისი 140 ლარიანი პენსიის ბედი საბოლოოდ სამი თვის შემდეგ უნდა გადაწყდეს. ამასთან, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, შეჩერებული პერიოდის, 5 თვის ანაზღაურება ვერ მოხდება, რადგან კანონი ამას არ ითვალისწინებს. ზემოთხსენებულ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებსა და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად ბორის ახობაძის მამიდაშვილს, ხათუნა რობაქიძეს ვესაუბრეთ. - როდის მოუხსნეს კუთვნილი ყოველთვიური დახმარება თქვენს ბიძაშვილს და რა მიზეზით? - ივლისის თვეში ბორისს 18 წელი შეუსრულდა და სრულწლოვანებასთან დაკავშირებით სამედიცინო კომისიის გავლა უწევდა. ამ მიზეზით შეუწყდა დახმარება. იმ დროისთვის მისი გაკომისიება ვერ მოხერხდა, რადგან კორონა გაურთულდა და სამკურნალოდ თბილისში გადმოვიყვანეთ. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ მკურნალობა დროში გაიწელა და პენსიის საკითხის მოგვარებაც დაგვიგვიანდა. როცა თბილისიდან ხონში ჩავედით, გვითხრეს, რომ მისი საბუთები უნდა მოგვეკრიბა და სამტრედიაში წავსულიყავით. დედა ამ საბუთებით მივიდა სამტრედიის ,,ჯეო-ჰოსპიტალის“ ამბულატორიულ ცენტრში, სადაც უთხრეს, რომ მისი გამოცხადება არაფერს შველოდა და კომისიისთვის თავად ავადმყოფი უნდა წარედგინა. დედამ აუხსნა კომისიის წევრებს, რომ მისი შვილი უმძიმესი ავადმყოფი და უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო, რომ მისი გადაადგილება ბევრ პრობლემას შეუქმნიდა, რომ ტრანსპორტირების დროს ეპილეფსიური გულყრა ემართებოდა და ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა საშიში იყო. ამიტომ სთხოვა, დაეშვათ გამონაკლისი, გამოეჩინათ ადამიანობა და ისინი თავად მისულიყვნენ ავადმყოფის სანახავად. რაზეც ექიმებმა უარი განაცხადეს და თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ კანონი ამის საშუალებას არ აძლევდათ. ამის შემდეგ ცალკე მე და ცალკე დედაჩემაც ვცადეთ ბედი, მივედით ამბულატორიაში, სურათიც ვანახეთ იმის დასამტკიცებლად, როგორ ადამიანზე იყო საუბარი და ვთხოვეთ, დაეშვათ გამონაკლისი, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. კომისიის წევრებმა ჩვენც იგივე გაგვიმეორეს, სურათი არ გავინტერესებს და ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან ჩვენ კანონით არ ვართ ვალდებული, სახლში მოგაკითხოთო. სხვა გამოსავალი არ იყო, ბავშვი დიდი წვალებით სამტრედიაში კი ჩავიყვანეთ, მაგრამ ამბულატორიის მეორე სართულზე ვერ ავიყვანეთ, რადგან ცუდად გახდა. მაშინ იკადრეს ექიმებმა ჩამოსვლა და რომ ნახეს, პირჯვარი გადაიწერეს, ასეთ მდგომარეობას არ ველოდითო. კომისიის დასკვნის მერე დედას უთხრეს, რომ ახლა მისთვის შშმ პირი შვილის მხარდამჭერის სტატუსი სასამართლოს უნდა მიენიჭებინა. ამისთვის ქუთაისში უნდა წასულიყო, იურისტთან კონსულტაციები გაევლო და სათანადო განცხადებით სასამართლოსთვის მიემართა. ასეც გავაკეთეთ, ბორისთან ჩვენ დავრჩით, დედა გავუშვით ქუთაისში, სადაც მას ყველა პროცედურის გავლის შემდგომ პირობა მისცეს, რომ საჭირო საბუთს კურიერი სახლში მოუტანდა. დათქმული დრო რომ გავიდა და საბუთს დააგვიანდა, რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რაში იყო საქმე, მოვიძიეთ, დავრეკეთ სადაც საჭირო იყო. როგორც გავიგეთ, კურიერს, ვისაც საბუთი უნდა მოეტანა, განუცახდებია, ვიყავი მათთან და სახლში არ დამხვდნენო, რაც უტიფარი ტყუილი იყო. ბავშვის მარტო დატოვება შეუძლებელია და მასთან, სახლში მუდმივად არის დედა ან ვართ რომელიმე სხვა ნათესავი. ამასთან, კურიერს ჰქონდა დედის ტელეფონის ნომერი, რომელზეც არ დაურეკავს და არაფერი შეუტყობინებია. ამის შემდეგ ისევ ბორისის დედას მოუწია ამ საბუთის ასაღებად წასვლა. ასე აწვალეს და საქმე დროში იმდენად გააჭიანურეს, რამდენადაც შეეძლოთ. ამის მერეც მხოლოდ დროებითი მხარდამჭერის სტატუსი მიანიჭეს. სამ თვეში ისევ უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი, რომელზეც ბავშვიც უნდა მივიყვანოთ და მხოლოდ იმ პროცესის მერე მიენიჭება დედას მუდმივი სტატუსი. - ახლა რატომ არ მისცეს მუდმივი მხარდამჭერის სტატუსი, რით ახსნეს განმეორებითი სასამართლოს დანიშვნა? - არ ვიცით, რატომ არ მისცეს. გვეუბნებიან, კანონში ასე წერია, რა ვქნათ, ჩვენ ვერაფერს შევცვლითო. - ივლისის თვიდან დღემდე პენსია შეჩერებულია და დახმარებას ვერ იღებენ? - დიახ, მთელი 5 თვეა, ეს დახმარება არ მიუღიათ და უარესი ის არის, რომ როგორც ჯანდაცვის ცხელ ხაზზე გვითხრეს, ეს თანხა დაკარგულია, მას არ აანაზღაურებენ. - რატომ, რის საფუძველზე? - ამბობენ, რომ კანონის საფუძველზე. დაკავებული თანხის ანაზღაურება კანონით გათვალისწინებული არ არისო. - გაკომისიების და სასამართლოს დროებითი დასკვნის შემდეგ, როდიდან აღუდგებათ ფულადი დახმარება? - ვინაიდან ნოემბრის თვეში მოხერხდა ამ საბუთების მოგროვება და ჩაბარება, ნოემბერშივე ვერ ესწრება ათვლა და დეკემბრიდან გეკუთვნით დახმარებაო, გამოგვიცხადეს. ოღონდ ამ დეკემბრის პენსიასაც მომავალი წლის იანვარში მოგცემთ, ახლა ვერაო... - ზოგადად ოჯახს რა შემოსავალი აქვს, თავს რით ირჩენენ ან ავადმყოფს რა საშუალებით უვლიან? - ოჯახი სოციალურად დაუცველია და სხვა დახმარებებს იღებს, მაგრამ სხვა ყოველდღიური ელემენტარული საჭიროებების გარდა, ბორისს თვეში იმდენი პამპერსი, მედიკამენტი, ფაფები და სპეციალური საკვები დანამატები სჭირდება, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფოს შემწეობებით ვერ აუდიან. ძირითადად, ჩვენ, ნათესავები ვეხმარებით. ის შეჩერებული 140 ლარიც მარტო პამპერსის საყიდლად არ ჰყოფნით, დღეში მინიმუმ 6-7 პამპერსი სჭირდება, მაგრამ რაც ეკუთვნის, რატომ უნდა დაიკარგოს? სამედიცინო კომისიამ დასკვნაში ისიც ჩაგვიწერა, რომ შშმ პირს ეტლი ესაჭიროება, რომელიც სოციალური სააგენტოდან ეკუთვნის. ბავშვს მანამდეც ჰქონდა ეტლი, ჩვენ თავად ვუყიდეთ, მაგრამ უკვე მისთვის პატარა და მოუხერხებელია, ამიტომ უფრო მოზრდილი გვინდა. დავწერეთ განცხადება ხონის სოციალური დახმარების სააგენტოში, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ ეტლი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ პირს ექნება პირადობის მოწმობა. მოგეხსენაბათ, პირადობის მოწმობის გასაკეთებლად, ისევ იგივე წრეზე ტრიალი და წვალება მოგვიწევს, რაც გაკომისიებისას გავიარეთ და გვეშინია, რომ კიდევ ერთ ტრანსპორტირებას ბავშვი ვერ გადაიტანს. დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში და ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა, დაბადების მოწმობით გაეცათ ეტლი. მითხრეს, რომ უფლება გვაქვს დაბადების მოწმობით მოვითხოვოთ. თუ არ დააკმაყოფილებენ თქვენს განცხადებას, მაშინ მშობელი ჩამოვიდეს თბილისში, ასათიანის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებაში მივიდეს და იქ დაწეროს განცხადებაო. მოკლედ, სულ აქეთ-იქით სიარულს გვთავაზობენ, ადგილზე რომ მოგვიგვარონ რამე პრობლემა, მაგას ვერ მივაღწიეთ. სხვა თუ არაფერი, ასეთი პირისთვის განკუთვნილი ეტლის მისაღებად ამდენი გადამისამართება, ამდენი ბარიერის გადალახვა და განცხადებების წერა რატომ უნდა იყოს საჭირო? ან თუ აქამდე შშმ პირი იყო, 18 წლის შესრულების შემდეგ, ხელახალმა კომისიამაც დაადასტურა მისი მდგომარეობა და მიანიჭა პირველი ჯგუფის ინვალიდობა, ივლისიდან ნოემბრამდე, ვიდრე ყველა საბუთის მოგროვებას და ჩაბარებას შევძლებდით, რატომ უნდა დაუკარგონ ის დაკავებული თანხა? ის ხუთი თვე ჯანსაღად იყო, გამოკეთდა და უკეთესობისკენ შეიცვალა მისი მდგომარეობა? ნეტავ, მართლა ისეთი ჯანმრთელი იყოს, როგორიც უნდა დაბადებულიყო, რაში დაგვჭირდებოდა ეს დახმარებები? ხათუნა რობაქიძესთან საუბრის შემდეგ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გაირკვა, რომ ამ შემთხვევაში შშმ პირისთვის შეწყვეტილი ფულადი დახმარების ანაზღაურება ნამდვილად ვერ მოხდება, ვინაიდან არსებული კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, ბორის ახობაძის კუთვნილი ხუთი თვის პენსია, რომელიც მიმდინარე წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით არ აუღია და 700 ლარს შეადგენს, დაკარგულია. ახალი ათვლა დაიწყება დეკემბრის თვიდან და 2022 წლის დეკემბრის დახმარებას 2023 წლის იანვარში მიიღებს. რაც შეეხება სამედიცინო კომისიის მოქმედებას, აღმოჩნდა, რომ არათუ სამტრედიაში, ხონის ამბულატორიულ ცენტრში არსებულ სამედიცინო კომისიასაც გააჩნია იმის უფლებამოსილება, შშმ პირი შეამოწმოს და მასზე ყველა სათანადო დასკვნა გასცეს. კომისია უფლებამოსილია აგრეთვე, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები ამბულატორიაში გამოუძახებლად, ადგილზე ნახოს. ამდენად, ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტის სამტრედიაში გადამისამართების აუცილებლობას საქმე არ ითხოვდა და ხონის თუ სამტრედიის ამბულატორიების სამედიცინო კომისიასაც გამონაკლისების დაშვების და ბენეფიციარის ადგილზე შემოწმების ვალდებულება ჰქონდა. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმის გარკვევაც ვცადეთ, რატომ მიანიჭეს დაბადებიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი შშმ პირის, ბორის ახობაძის დედას, თინათინ ფირცხალავას, დროებითი მხარდამჭერის სტატუსი და რატომ მოუწევს მას სამი თვის შემდეგ სასამართლოს წინაშე განმეორებით წარდგომა; ამასთან პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსის მქონე მძიმედ ავადმყოფი შვილის ხონიდან ქუთაისში წაყვანა და მისი პროცესზე დასწრება? ჩვენი მცდელობის და საკითხისადმი უწყების პრეს-სამსახურისგან გამოჩენილი ინტერესის მიუხედავად, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. P. S. ეთიკის და ესთეტიკის ნორმებიდან გამომდინარე, ბორის ახობაძის ფოტოს ამ სტატიას არ დავურთავთ. გვერწმუნეთ, მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზეა საუბარი. ირმა ბერიშვილი
-
ყოველთვის, როცა ექიმებზე ცუდ გამოხმაურებას ვისმენ ან ვკითხულობ, ვცდილობ, არ ავყვე და თავი შევიკავო, ან კარგი მაგალითები გავიხსენო. საბედნიეროდ, საკუთარი ოჯახის წევრების თუ სხვა ახლობელი ექიმების ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, მათზე ბევრი კარგი მაქვს სათქმელი. თუნდაც ის, თუ როგორი გულისხმიერებით, ყურადღებით და პროფესიონალიზმით უდგებიან ყოველი პაციენტის პრობლემას, როგორ პასუხობენ მათ ზარებს, როგორ უხსნიან უკვე ათჯერ ახსნილს მეთერთმეტეჯერ, დიაგნოზის დასაზუსტებლად როგორ ძირისძირამდე მიჰყვებიან სიმპტომებს და ზედმიწევნით სწორად არჩევენ მკურნალობის კურსს. აქედან გამომდინარე, ექიმების და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის მიმართ, მინდა, მაქსიმალურად სოლიდარული ვიყო, თუმცა როცა მათი დამხარება თავად მჭირდება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მუდამ იმედგაცრუებული ვრჩები. ამის ბევრი მაგალითი ადრეც შემეძლო მომეყოლა, მაგრამ სწორედ იმ სოლიდარობის და პატივისცემის გამო გავჩერდი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ახლა კი იძულებული ვარ, დავწერო, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს, ვისაც დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა არ შგვიძლია, არც ქართულ ჯანდაცვაში ტყუილუბრალოდ გადასაყრელი ფული გვაქვს და ბევრი ფაქტორი წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ. ბოლო პერიოდში მარჯვენა ფეხის კოჭზე გარკვეული პრობლემები შემექმნა და გადავწყვიტე, მიზეზი გამომეკვლია. ვინაიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ვარ, იმ კლინიკას მივაკითხე, სადაც წლების წინ დავრეგისტრირდი და დაზღვევით სარგებლობა მეკუთვნის. ოჯახის ექიმმა თავდაპირველად რენტგენის გადასაღებად გამიშვა, მერე კი რევმატოლოგთან გადამამისამართა. ვიდრე რევმატოლოგის კაბინეტს ვეწვეოდი, ბუნებრივია, ჯერ ისევ რეგისტრატურის რიგში ჩავდექი, სადაც ექიმთან ვიზიტის თანხა უნდა გადამეხადა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ამ კონსულტაციის საფასურს, 44 ლარს, საყოველთაო პროგრამა არ ანაზღაურებდა და სრულად ჩემი გადასახდელი იყო. დავინტერესდი, ხომ არ შეიცვალა პროგრამაში რამე ან ექიმებს ხელფასი ხომ არ მოემატათ, რადგან იმავე კლინიკაში, ადრე ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტისას მხოლოდ 15 ლარი გადავიხადე. მითხრეს, რომ ექიმების ანაზღაურება არ გაზრდილა, ,,უბრალოდ ჯანდაცვამ ასე გადაწყვიტა, ზოგ სპეციალისტთან კონსულტაციაზე საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, ზოგთან - არა და მთლიანად პაციენტი იხდის; რომ ეს მარტო მე კი არ მეხება, ეხება როგორც პენსიონერებს, ასევე, სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ჩემსავით ფაქტის წინაშე დგებიან ხოლმე და ვინაიდან საკმარისი თანხა არა აქვთ, ექიმთან ვიზიტს აუქმებენ და გაწბილებულები სახლში მიდიან.“ ვცადე, კლინიკაში ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მომეპოვებინა, მაგრამ მიპასუხეს, რომ მეტს ვერაფერს მეტყოდნენ და მირჩიეს, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დამერეკა და დანარჩენი იქ გამერკვია. რა თქმა უნდა, ამ ამბის უყურადღებოდ დატოვება არც მიფიქრია, მაგრამ მანამდე რევმატოლოგი მყავდა სანახავი, რომლის კაბინეტშიც იმედიანად შევედი. ექიმმა, აბა, რაშია საქმე, რამ შეგაწუხათო - მერე ამხედ-დამხედა და - თქვენ ისეთი ენერგიული ჩანხართ, რა უნდა გაწუხებდეთო, გაიკვირვა. - ჩემი პრობლემა თვალშისაცემი არ არის, მაგრამ მე ნამდვილად მაწუხებს-მეთქი და ვცადე მომეყოლა, რისთვისაც ვიყავი მისული. დაბრძანდიო, მისგან მარცხნივ მდგარი სკამისკენ და მაგიდისკენ მიმითითა. კი დავჯექი, მაგრამ ექიმის მაგიდა და ჩემი სკამი ისე იყო განლაგებული, კომპიუტერის მონიტორი მის სახეს მთლიანად ფარავდა. რომ ველაპარაკებოდი, იმასაც ვერ ვხვდებოდი, მისმენდა, თუ არა, ამიტომ, რაღაც მომენტში, როცა მეგონა, კითხვებს მე მისვამდა და პასუხებსაც ვცემდი, აღმოჩნდა, ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა... ასეა იყო თუ ისე, როგორღაც მოვახერხე და ავუხსენი, რაც მაწუხებდა და რისთვისაც ვიყავი მასთან მისული. რენტგენის კაბინეტიდან წამოღებული დისკიც მივაწოდე, მაგრამ ეგ არ მინდა, დასკვნა მომეციო, მითხრა. დასკვნაში მხოლოდ ის ეწერა, რომ კოჭზე არანაირი ტრავმული დაზიანება არ აღმენიშნებოდა. - გასაგებია, ახლა მე წამლებს გამოგიწერთო - და კალამი და ფურცელი მოიმარჯვა, თუმცა რა იყო გასაგები, ჩემთვის არაფერი უთქვამს. წამლების ჩამოთვლა რომ დაამთავრა, მერე ისევ მე მომიბრუნდა და ახლა დაგიწერთ იმ ანალიზებსაც, რომელიც უნდა გაიკეთოთ, ოღონდ პასუხები დღესვე არ იქნება და როცა იქნება, თუ არ დაგეზარებათ, ამომირბენინეთო. თუ ანალიზების მიხედვით მედიკამენტების დამატება გახდა საჭირო, კიდევ დაგიმატებთ, მანამდე კი ეს წამლები მიიღეთო. მხოლოდ ამის შემდეგ მთხოვა, ფეხი მენახენინა. მეც ავდექი, მოვუარე ჩემს მაგიდას, მის მაგიდასთან მივედი და ჩემი შესიებული კოჭი ვანახე. მანაც შორიდან შეათვალიერა და - კი, ის ანალიზები გვჭირდება, რაც გითხარით, მანამდე კი გამოწერილი მედიკამენტები მიიღეთო. ვინაიდან ვიცოდი, რომ ზოგადად სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებზე დანიშნულ წამლებს გვერდითი მოვლენები ახასიათებს, ვკითხე, ეს წამლები კუჭ-ნაწლავს ხომ არ გამიღიზიანებს, წყლული მაქვს ნამკურნალევი-მეთქი და - კარგია, რომ მითხარი, ახლავე მივამატებ კუჭ-ნაწლავის დამცავ მედიკამენტსაც და იჩქარე, იქნებ მიუსწრო ლაბორატორიას, დროზე ჩააბარე ანალიზებიო. მისი კაბინეტიდან გამოვედი და გზადაგზა დავიწყე იმის გაანალიზება, რომ ექიმმა ნორმალურად არც შეხედა, არ დაათვალიერა ის მტკივანი ადგილი, რის გამოც მასთან მივედი, არც რენტგენის სურათი ნახა, არც დიაგნოზი დასვა, წამლები ისე გამომიწერა და მერე გამიშვა ანალიზებზე. არადა, ანალიზები ხომ იმისთვის არის საჭირო, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას და მკურნალობაც ამის მერე დაინიშნოს? რადგან მითხრა, თუ არ დაგეზარა, ანალიზების პასუხები ამომირბენინეო, ესე იგი, დასაშვები იყო, დამზარებოდა და არ ,,ამერბენინებინა.“ ამ შემთხვევაში რა აზრი ჰქონდა ანალიზების გაკეთებას? მიუხედავად ასეთი გაურკვევლობისა და ამდენი უპასუხო კითხვისა, უკვე მესამედ, მაინც ჩავდექი რეგისტრაციის რიგში (ამ კლინიკაში ესეც ცალკე თავსატეხია, ერთ დღეში რამდენჯერმე გიწევს რიგში ჩადგომა, რადგან ერთიანი რიგის ნომრით გადართვა-გადმორთვის სისტემა არ არსებობს), სადაც ანალიზების თანხა უნდა გადამეხადა, რომელმაც 66 ლარი შეადგინა. აღმოჩნდა, რომ ანალიზების აღება უკვე გვიანი იყო და მეორე დღეს უნდა მივსულიყავი. - თანხას დღესვე გადავიხდი და ხვალ პირდაპირ ლაბორატორიას მივაკითხავ-მეთქი.- ვთხოვე რეგისტრატორს, რაზეც უარი მივიღე. მითხრეს, რომ წინასწარ გადახდა არ შეიძლებოდა, მეორე დღეს ისევ რიგში უნდა ჩავმდგარიყავი, ანალიზების საფასური გადამეხადა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავსულიყავი ლაბორატორიაში. რაღას ვიზამდი, წამოვედი იმ განზრახვით, რომ მეორე დღეს ისევ მივბრუნებულიყავი. გზად რევმატოლოგის მიერ გამოწერილ რეცეპტში ჩავიხედე. ვიდრე ვიყიდიდი, გადავწყვიტე, ამ მედიკამენტების ანოტაციას ინტერნეტში გავცნობოდი. ჩემდა გასაკვირად, ვერც ერთი წამლის ჩვენებებში ვერც ერთი ის სიმპტომი ვერ აღმოვაჩინე, რაც მე აღმენიშნებოდა. ამან უფრო ბევრი კითხვა გამიჩინა და საკონსულტაციოდ ისევ ახლობელი ექიმებს მივმართე. მათი განცვიფრება თავიდანვე იმან გამოიწვია, რომ ექიმმა დიაგნოზის გარეშე დამინიშნა მკურნალობა. უფრო მეტიც, ჯერ მედიკამენეტები გამოწერა და მერე გამაგზავნა ანალიზების ჩასაბარებლად, რომლის პასუხების მიხედვითაც დიაგნოზი უნდა დაეზუსტებინა. ხოლო ფრაზამ, ,,თუ არ დაგეზარება, პასუხები ამომირბენინე,“ ისეთი შოკი გამოიწვია, რომ ერთხმად გადაწყდა, ვიდრე ნორმალურ სპეციალისტთან არ მივიდოდი, არც დანიშნული წამლები მეყიდა და არც ანალიზებში დამეხარჯა თანხა. ასეც მოვიქეცი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ჩემი პრობლემა რევმატოლოგიური ხასიათის სულაც არ იყო, არც ის ანალიზები მჭირდებოდა და არც ის წამლები, რაც რევმატოლოგმა დამინიშნა. არადა, მხოლოდ თანხა რომ ვიანგარიშოთ, ექიმთან ვიზიტი 44 ლარი დამიჯდა, ანალიზებში 66 ლარი უნდა გადამეხადა და მედიკამენტების ღირებულებაც 80 ლარამდე აღწევდა. გამოდიოდა, რომ კონსულტაციაში დაკარგული თანხის გარდა, კიდევ 146 ლარი წყალში უნდა გადამეყარა და თან არასაჭირო მედიკამენტებიც მიმეღო. რაც დავწერე, არის მხოლოდ ფაქტი, დასკვნების გაკეთება თავადაც შეგიძლიათ. ეს ის თემაა, რაზედაც წლების განმავლობაში არაერთხელ თქმულა, რაც არაერთხელ განსჯილა და შეფასებულა, ამიტომ კიდევ ერთხელ აღარ გავიმეორებ. მე უფრო მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი მაინტერესებს. თუკი კლინიკებში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში 70 %-ით მხოლოდ ექიმების გარკვეული ნაწილის მომსახურება ფინანსდება, ხოლო ნაწილისთვის მთლიანი საზღაურის გადახდა ჩვენ, პაციენტებს გვიწევს, რატომ არ არის ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, რატომ გვიწევს ფაქტის წინაშე დადგომა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სალაროსთან თანხის გადასახდელად მივდივართ? ოდესმე სადმე გაჟღერებულა ამის შესახებ ან რომელიმე კლინიკის ფოიეში, კედლეზე თუ გინახავთ პრეისკურანტი, საიდანაც გავიგებდით, რომელი პროფილის ექიმთან ვიზიტი ან რომელი კვლევის გაკეთება რა თანხა დაგვიჯდება? ეს ინფორმაცია ხომ ვინმეს პირადი საიდუმლო არ არის? ვგულისხმობ ამბულატორიულ მომსახურებას იმ კლინიკებში, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები მოქმედებს და სადაც იმ იმედით მივდივართ, რომ ჩვენ სახელმწიფო რაღაცით გვეხმარება და რომ გვგონია, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ყველა ექიმთან კონსულტაცია ნაწილობრივ მაინც გვიფინანსდება, თურმე ასე სულაც არ არის. სპეციალობები დიფერენცირებულია და ჯანდაცვა 70 %-ით მხოლოდ შვიდი პროფილის ექიმის მომსახურებას უზრუნველყოფს. ესენია: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და უროლოგი, დანარჩენ ექიმებთან ვიზიტი კი, როგორებიცაა რევმატოლოგი, ანგიოლოგი, ალერგოლოგი, დერმატოლოგი ან გასტროენტეროლოგი, პაციენტები სრულად ვანაზღაურებთ. ასევე, პაციენტების უმეტესობამ არ იცის, რომ სისხლის საერთო, შარდის და გლუკოზის ანალიზის გარდა ბევრი ლაბორატორიული კვლევა ფასიანია და რიგში დგომის მერე, სალაროსთან მისულები აღმოაჩენენ, რომელ კვლევაში რამდენი ლარი აქვთ გადასახდელი. არც ისაა გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ პაციენტების უმრავლესობას, მით უმეტეს, პენსიონრებს და სოციალურად დაუცველებს დასახელებული თანხები არა აქვთ და ან საერთოდ დანიშნულების გარეშე რჩებიან, ან გასტროენტეროლოგის, ანგიოლოგის თუ რევმატოლოგის დასანიშნ მკურნალობას ოჯახის ექიმები უნიშნავენ. ჩვენ დავინტერესდით, როდიდან შეიცვალა ან გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ზოგი პროფილის ექიმთან ამბულატორიული კონსულტაცია პაციენტებისთვის სრულად ფასიანი ყოფილიყო ან რა კრიტერიუმით შეირჩა ეს სპეციალობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვიპასუხა, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ამ მიმართულებით ცვლილებები არ შესულა და მასში თავიდანვე იყო გათვალისწინებული, რომ 7 პროფილის ექიმის მომსახურება 70 %-ით იქნებოდა ანაზღაურებული, ხოლო სხვა ექიმებთან კონსულტაციის საფასური სრულად პაციენტებს უნდა აენაზღაურებინათ. ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოგვაწოდეს. ამდენად, როგორც აღმოჩნდა, ეს სიახლე არ ყოფილა, თუმცაღა, ამის შესახებ ჩემსავით ბევრმა დღემდე არ იცის. რატომ არ იცოდა ეს ფაქტი თავად იმ კონკრეტული კლინიკის რეგისტრატურის თანამშრომელმა, რომელმაც კითხვაზე, რატომ ვიხდიდი ექიმთან ვიზიტის სრულ თანხას, გარკვევით მიპასუხა: ,,წესები შეიცვალა, ჯანდაცვამ ასე გადაწყვიტა,“ გაუგებარია. ჯადაცვის სამინისტროდან მიღებული განმარტების შემდეგ, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ჩემთვის მთლიანი სურათი, რადგან იმავე კლინიკაში, სადაც მე გახლდით, ერთ-ერთმა პაციენტმა მითხრა, რომ გასულ ზაფხულს მასაც დასჭირდა რევმატოლოგთან ვიზიტი და 30 ლარი გადაახდევინეს. აღმოჩნდა, რომ მასაც დააინტერესა, 15 ლარის ნაცვლად 30 ლარს რატომ ახდევინებდნენ და პასუხიც იგივე იყო, რაც ჩემს შემთხვევაში... ჩემსავე სამარცხვინოდ უნდა გავიხსენო კიდევ ერთი ფაქტი, რაც ამ კლინიკაში 3 წელზე მეტი ხნის წინ გადამხდა და რომელზე რეაგირებაც დიდი ხნით დავაგვიანე. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემით მივედი ოჯახის ექიმთან, რომელმაც ბუნებრივია, ოფთალმოლოგთან გამიშვა. სალაროში კონსულტაციისთვის განკუთვნილი 15 ლარი გადავიხადე და რიგში კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, ოფთალმოლოგს ვეწვიე. ვიდრე თვალის შემოწმებას დაიწყებდა, ჩივილების მოსმენის მერე მითხრა - შენ სათვალის გამოწერაც გდომებია და მაგას ცალკე 15 ლარი უნდაო. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ უკვე კონსულტაციაზე ვიყავი და რაღას ვიზამდი, გადავიხდი-მეთქი, დავთანხმდი. ამის შემდეგ შემიმოწმა მხედველობა, სათვალის ნომრები დაადგინა, სპეციალური სანათით თვალებში ჩამხედა და ახლა კომპიუტერითაც უნდა შეგამოწმო, ოღონდ ეგ პროცედურა კიდევ ცალკე 12 ლარი ღირსო. ისე გავოგნდი, ვერც კი მოვიფიქრე მეკითხა, ის პირველი 15 ლარი მხოლოდ ჩემი თვალების ფერის შემოწმებაში ხომ არ გადამახდევინეს. იმ 12 ლარზეც მექანიკურად დავეთანხმე, მისი კაბინეტიდან გამოსული კი, კარგა ხანს ვფიქრობდი და ვაანალიზებდი, რა, როგორ და რატომ მოხდა. მახსოვს, იქიდან სადღაც მიმეჩქარებოდა და კლინიკის ადმინისტრაციაში ეს კითხვები ვერავის დავუსვი, მერე კი, მეორე და მესამე დღეს, ვიფიქრე, რომ უკვე გვიანი იყო და აღარ ჩავეძიე. თუმცა კი, ამ ფაქტის წაყრუების გამო სინდისი დღემდე მქენჯნის. როგორც ჯანდაცვის უწყებაში ამიხსნეს, ჯერ კიდევ არ არის გვიან, სამი თუ ოთხი წლის წინ ოფთალმოლოგთან კონსულტაციისას გაჩენილი კითხვებით დღესაც შემიძლია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მივმართო და ისინი მოკვლევას დაიწყებენ. რას აღმოაჩენენ, ეს უკვე სხვა საქმეა, რადგან თუ ის ფაქტი, რაც ოფთალმოლოგთან გადამხდა, კლინიკის ექიმებისთვის მიღებული პრაქტიკაა, მათ პაციენტის ისტორიაში მანიპულირების საშუალებაც მონახული ექნებათ. მიუხედავად ამისა, ვაპირებ, რეგულირების სააგენტოს იმ ძველი შემთხვევის შესახებაც ვაცნობო და რევმატოლოგთან ახლა თავსგადამხდარი ამბავიც გავაგებინო, რათა ჩემს განცხადებას ელემენტარული რეაგირება მაინც მოჰყვეს და ზოგიერთმა ექიმმა პაციენტის გაბრიყვებაზე აღარასდროს იფიქროს. მე კი ზუსტად ვიცი, იმ კლინიკაში, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ვირიცხები, რეგისტრაციას გავაუქმებ და ისევ მხოლოდ ახლობელთა რჩევით მოვძებნი ისეთ ექიმებს, რომლებთან კონსულტაციაში გადახდილი თანხაც წყალში გადაყრილად არ ჩაითვლება. ირმა ბერიშვილი
-
,,მასწავლებელი, რომელიც არ ვითარდება თავად ან სასარგებლო რჩევებს არ ისმენს ინტენსიურად, ვერასდროს იქნება თანამედროვე" ,,თუ ბავშვი კლასში ბედნიერი სახით არ შედის და ასეთივე სახით არ გამოდის სკოლიდან, ეს უკვე განაჩენია" მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 კვლევის მიხედვით, წაკითხული ტექსტის გააზრებაში საქართველოს მოსწავლეთა 64% საბაზო (მეორე) დონის ქვემოთაა და მონაწილე 78 ქვეყნიდან საქართველო 70-71-ე ადგილებს შორის დიაპაზონში მოხვდა. ტესტი 15 წლის მოსწავლეებთან ჩატარდა და გაირკვა, რომ მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებლით მათემატიკაშიც მნიშვნელოვნად დაბალ ადგილზე ვართ. ამავე კვლევის თანახმად, მოკლევადიან პერსპექტივაში, კითხვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებშიც საქართველოს მოსწავლეთა მიღწევები გაუარესებულია. საქართელო PISA-ს პროგრამაში, თითქმის, 20 წელია მონაწილეობს და შედეგების მხრივ, ყოველი მორიგი კვლევისას, სამწუხაროდ, პროგრესის ნაცვლად რეგრესს ვიღებთ. რა მიზანს ემსახურება აღნიშნული კვლევები, რატომ გვაქვს მუდმივად დაბალი შედეგები, რას ვაკლებთ სკოლას, მასწავლებლებს, სად ვუშვებთ შეცდომას და რა უნდა გაკეთდეს განათლების სფეროში ვითარების გამოსასწორებლად, ამ კითხვებით ეროვნული სასწავლო გეგმისა და ხარისხის განვითარების ექსპერტს, მენტორ მასწავლებელს, როლანდ ხოჯანაშვილს მივმართეთ. - რა სახის კვლევებს ითვალისწინებს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA და რამდენად სასარგებლოა მასში მონაწილეობა ჩვენთვის? - ეს არის შეფასების ერთ-ერთი და არა ერთადერთი პროგრამა, რომლის მეშვეობით მოპოვებული მონაცემების შესწავლაც სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო განათლების ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას უწყობს ხელს. ეს არის პროგრამა, რომელიც კვლევის ანგარიშს რაოდენობრივი და თვისებრივი თვალსაზრისით წარმოგვიდგენს. PISA-ს კვლევა ანგარიშგასაწევია, რადგან იგი კონცენტრირდება განათლების ზოგად პოლიტიკაზე და ადგენს სწავლა-სწავლების პროცესის განმსაზღვრელ სხვადასხვა ფაქტორს. ეს კვლევა წარმოაჩენს მოსწავლეთა სიტუაციურ უნარებს, ინფორმაციის ანალიზის, მსჯელობისა და ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობებს. შედეგების მერე დგება დრო, როცა პრობლემასთან გასამკლავებლად სწორი გზები უნდა ავარჩიოთ. - ამ კვლევების შედეგების მიხედვით საქართველო მუდმივად ბოლო ათეულში იკავებს ადგილს. რისი ბრალია ჩვენი მოსწავლეების მიღწევების ასეთი დაბალი შეფასება? - შეფასება არის მაღალი სააზროვნო უნარი (ბლუმის მიხედვით ის საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიის ყველაზე მაღალ საფეხურს წარმოადგენს). მიზეზის გარეშე არცერთი შედეგი არ დგება და ეს დაბალი მაჩვენებლები ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. იმედი მაქვს, ჩვენ, ყველანი ვაღიარებთ იმას, რომ ეს შედეგები მოსწავლეების ბრალი არ არის. - განათლების სისტემაში, თითქოს, მუდმივად ტარდება რეფორმები, შედეგების მიხედვით კი პროგრესის მაგივრად რეგრესს ვიღებთ. რატომ, რა არის მიზეზი? - განათლება რეფორმის და მუდმივი რეფორმირების გარეშე წარმოუდგენელია. აჩქარებულია პროგრესირების რიტმი, რომელსაც სამყარომ ფეხი აუწყო და თუ საერთაშორისო მოთხოვნებს ჩვენც დროზე არ ავუწყობთ ნაბიჯს, მდგომარეობა უფო გაგვიუარესდება. ვფიქრობ, სახელმწიფომ განათლების სისტემის სრული მოდერნიზაციისთვის მეტი რესურსი უნდა მიმართოს. ხისტად ვიტყვი იმასაც, რომ თუ მასწავლებელს არ შეუძლია ან არ უნდა საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალოს, მაშინ სკოლამ თავად ეს მასწავლებელი უნდა შეცვალოს. ასევე, მოთხოვნის შესაბამისად უნდა შეიცვალოს ნებისმიერი რესურსიც. განათლების ხარჯზე თანხის ეკონომია არ შეიძლება და არ შეიძლება მასწავლებელი არ იყოს მუდამ თანამედროვე. - რას ვერ აკეთებს სწორად თავად სკოლა ან სამინისტრო? - ძალიან რთულია, პედაგოგიური კორპუსის ერთბაშად შეცვლა. ჩვენ გამოვიარეთ გასული საუკუნის 90-იანი წლები და იმ წლებში მომუშავე ადამიანებმა სკოლები იობის მოთმინებით შევინარჩუნეთ. იმ პერიოდის მასწავლებლების ნაწილი ახალ მოთხოვნებს მოერგო, ნაწილი დღემდე კონსერვატორია. 90-იანი წლების პედაგოგიკა კი არაფრით განსხვავდება საუკუნის წინანდელი ბიჰევიორიზმისგან, რომელიც დამახსოვრებაზეა ორიენტირებული და არა გააზრებაზე. თავად ბიჰევიორიზმი ერთგვარი კომფორტია მასწავლებლისთვის: გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც ვტოვებთ კლასში და შემდეგ გაკვეთილზე მასვე ვითხოვთ მოსწავლეებისგან. ეს მიდგომა ვერაფრით იქნება შედეგიანი. კონსტრუქტივიზმის გამოუყენებლობა ან ეპიზოდური გამოყენება შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. - ხსენებულ კვლევებში მუდმივად იკვეთება ერთი და იგივე პრობლემა, მოსწავლეებს უჭირთ წაკითხულის გააზრება და ტექსტიდან შინაარსის გამოტანა. რისი ბრალია ეს ფაქტი და როგორ შეგვიძლია გამოვასწოროთ? - ზემოთაც აღვნიშნე, რომ ამის მიზეზი ძირითადად ბიჰევიორისტული მიდგომაა. ამ ინტერვიუს არაერთ მკითხველს ვთხოვოთ ფაქტის გახსენება, მათი რამდენი თანაკლასელი ისროდა მექანიკურად სიტყვებს თუნდაც „ვეფხისტყსაოსნიდან;“ რამდენი მოსწავლისთვის იყო ქიმია და მათემატიკა მხოლოდ წესები? მასწავლებლების გარდა, იქნებ მშობლებსაც დავდოთ ბრალი იმაში, რომ სწავლისადმი სტრეოტიპული მიდგომა აქვთ, „მე ასე მასწავლიდნენ“ და რადგან ახლა სკოლა არ აზეპირებინებს მასალებს, პირველივე კლასიდან რეპეტიტორებთან დაარბენინებენ ბავშვებს. მოდი, რიტორიკულად ვიკითხოთ, გალაკტიონმა ან ვაჟამ როდესმე დაწერეს ისეთი ნაწარმოები, რომლებზეც გაიფიქრებდნენ, ეს უნდა დაიზეპირონ თაობებმაო? სწავლის სოციალური ხასიათი რომ დავივიწყეთ, ეს ცალკე ტრაგედიაა! კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბავშვებს, ნუ დავადანაშაულებთ. მათი ბრალი არაა, ტექსტის გააზრება თუ უჭირთ! ანალიზისა და სინთეზის უნარების განვითარების გარეშე რომელ გააზრებაზე ვლაპარაკობთ? მშობელსა და მასწავლებელს თუ უნდათ, რომ ბავშვი იყოს „ვინჩესტერი,“ ინფორმაციის დამტევი ბიოლოგიური მოწყობილობა, რთულია, ვიფიქროთ მდგომარეობის გამოსწორებაზე. - როგორც ცნობილია, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA-ს კვლევებით მიღებული შედეგების შემდეგ, იმ ქვეყნებისთვის, რომლის მოსწავლეებიც დაბალ შეფასებას იღებენ, ვითარების გამოსასწორებლად გარკვეული რეკომენდაციები გაიცემა. ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც იგივე მდგომარეობა ჰქონდა, როგორიც საქართველოს, ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ბევრად წინ წაიწია და განათლების სფეროში არსებული ჩავარდნები გამოასწორა. რამდენად ვითვალისწინებთ ჩვენ ამ რეკომენდაციებს და თუ ვითვალისწინებთ, რატომ არ ვაუმჯობესებთ შედეგს? - ვინ ქმნის სტერეოტიპს? მოძველებულად მოაზროვნე წინა თაობა. მასწავლებელს, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა, ანგარიში უნდა გაუწიოს მშობელს და მის შეხედულებებს, ან უნდა დაიწყოს მშობლის პედაგოგიზაციის რთული პროცესი. როცა ეს ხდება კონტაქტური შეხვედრებით, უფრო იოლია. პანდემიის გამო ჩვენ ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს სისტემაში. მშობლებსა და ბავშვებში სიტუაციის შეცვლა ონლაინ-ფორმატით მოვსინჯე და უმეტეს შემთხვევაში გამომივიდა. ვსაუბრობ იმ ბავშვებსა და მშობლებზე, რომლებიც ჩემთან ფორმალურად არ არიან კავშირში. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ციფრული ფორმატით 60-ზე მეტი მოსწავლე მყავს ქალაქებიდან, სოფლებიდან და დავრწმუნდი ჩემს მოსაზრებაში: უნდა მოხდეს სტერეოტიპების მსხვრევა, დააჯერო ბავშვიც და მისი მშობელიც, რომ მხოლოდ საგნის შინაარსი არაფერს ნიშნავს! მართალია, კვირაში ამ ყველაფრისთვის 10 საათი მაინც მეხარჯება, მაგრამ შედეგი წარმოუდგენლად კარგია. მეუბნებიან, რომ მშობლებიც სიამოვნებით სხდებიან საღამოობით და მისმენენ. ერთი და ასი მასწავლებელიც სიტუაციას ვერ შეცვლის. სამინისტროსგან მოდის ისეთი მესიჯები, რომლებიც ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ სწორად წავიკითხავთ და გავყვებით რეკომენდაციებს. არავინ იფიქროს, რომ სამინისტროს არ აქვს კარგი დოკუმენტები შემუშავებული. გასაგები მიზეზების გამო, ამ დოკუმენტების საქმეში გადატანაა რთული. რაც შეეხება დაზეპირებას, ისევ მშობლების მისამართით ვიტყვი: რატომ არ სთხოვენ სკოლას შედეგებს? რატომ მიარბენინებენ შვილებს რეპეტიტორებთან? იმიტომ, რომ შვილს დიპლომი ჰქონდეს? პრობლემა კომპლექსურია და სასკოლო თემის ყველა მონაწილე უნდა გაჰყვეს რეფორმების უწყვეტ კურსს, თორემ გაუთავებლად წრეზე ვიტრიალებთ! - ზოგადად, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს სკოლა, ეს არის საგანმანათლებლო პროგრამების ხარვეზი, პედაგოგთა მომზადების დონე თუ სხვა რამ? - პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში ვერ ვხედავ პრობლემას იმდენად, რამდენადაც სწავლების სტილში. განათლება არ არის მხოლოდ სწავლების პროდუქტი, უპირველესად სწავლის პროდუქტია. რომელი წიგნი, მასწავლებელი, პროგრამა ეყოფა ადამიანს მთელი ცხოვრება? ამიტომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ ისწავლონ ანუ ვასწავლოთ სწავლის სწავლა და მეტაკოგნიციაზე (საკუთარი შემეცნებითი პროცესების – აზრების, ფიქრების გაცნობიერება და მართვა) გადავრთოთ. მასწავლებელი, რომელიც არ ვითარდება თავად ან არ ისმენს ინტენსიურად სასარგებლო რჩევებს, ვერასდროს იქნება თანამედროვე და მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული. ბევრჯერ გამიგონია, „მე 5 წელი ვისწვლე უნივერსიტეტში, ახლა რაღა უნდა მასწავლონ?“ და აქ უკვე მივდივართ კრიზისულ საწყისებთან. ჩვენ სკოლაში მეცნიერებას არ ვასწავლით და ვერც ვასწავლით. თავად მასწავლებლებს ვეკითხები, რატომ გვინდა „ჟიგულიდან“ თანამედროვე ავტომობილზე გადართვა, თუ არაფერშია საჭირო პროგრესი და არ გვჭირდება კომფორტი? - ორიოდე სიტყვით შევეხოთ სახელმძღვანელოებსაც, რამდენად სწორად ირჩევა, აძლევს თუ არა მოსწავლეს ისეთი ცოდნის მიღების საშუალებას, რაც მისი ასაკისთვის არის საჭირო და შესაბამისი? - იდეალური არც სახელმძღვანელო არსებობს. შესაძლოა, ვინმემ შექმნას იმგვარი სახელმძღვანელო, რომელიც ყველა მოსწავლისთვის იქნება სრულად მისაღები? რამდენი მოსწავლეცაა, იმდენგვარი მიდგომაა საჭირო შედეგების მისაღებად. კრიტიკა ადვილია, რთულია კარგი სახელმძღვანელოს შექმნა, უფრო რთული კი ამ რესურსით სწორი ოპერირებაა. ხშირად გვავიწყდება, რომ უნდა ვიმოქმედოთ მოსწავლეთა განვითარების უახლოესი ზონის და არა სასურველი ზონის გათვალისწინებით! რატომ ჰგონია ან მშობელს, ან მასწავლებელთა ნაწილს, რომ ლიტერატურა, მათემატიკა და თუნდაც ბიოლოგია არის თეთრ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია? ეს ყველაფერი, საგნობრივი ინფორმაცია, ჩვენ გარშემოა და ვიდრე ტრანსფერის არეალიდან დაწყებული ბავშვთა საუკეთესო ინტერესთა გათვალისიწინებამდე არ მივალთ, მანამდე დიდ სიკეთეებს არ უნდა ველოდოთ. - რა გზა და გამოსავალი არსებობს სწავლების ხარვეზების გამოსასწორებლად? - პრობლემა კომპლექსურია და კომპლექსური მიდგომებით გამოვალთ სიტუაციური პრობლემებიდან. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ყველაზე კარგი საშუალება არის ბავშვის აღიარება, სწორი, დინამიკური პროცესები, არაფორმალური განათლება და განმავითარებელი შეფასება. გვაქვს კიდევ ერთი გამოსავალი - კომპლექსური დავალება, რომელიც სწავლების პროცესში ყველა მოკლევადიან მიზანს აცოცხლებს და გრძელვადიან მიზნებამდე მივყავართ. მასწავლებლებს გვჭირდება ეფექტიანი შეხვედრები და მხარდაჭერა, რომ შედეგამდე მივიდეთ. ყველაფერი მიზეზშედეგობრივია. - სად უშვებს შეცდომას განათლების სამინისტრო, თავად სისტემა? ახლა გვაქვს საკმაოდ რთული პერიოდი: საგანმანათლებლო სისტემა უნდა მოდერნიზდეს მენტალურად, მატერიალურად და პატივი უნდა ვცეთ ღირებულებებს. სკოლაში ექსპერიმენტების დრო და ადგილი არ არის, ამიტომ პილოტირებული და ეფექტიანი მიდგომები უნდა დავნერგოთ. არ შეიძლება მასწავლებლებთან მენცარული ტონით საუბარი და არც მოსწავლეებთან იმ მიდგომებით მისვლა, რასაც „ინფორმაციის ჩატენვის“ სახე ექნება. ახლა სამინისტრო არ ესაუბრება მასწავლებელს შოლტით და არის უაღრესად გაწონასწორებული ურთიერთობა. ჰოლისტური განვითარება სხვაგვარად ვერ მოხერხდება, თუ ფუნქციური უნარებისა და 21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარება არ მოხდა. აქვე დავამატებ, დიაგნოზის დასმას საერთაშორიოს კვლევები არც ესაჭიროება. მარტივია, სკოლის პარამეტრზე დავინახოთ ჭეშმარიტი სურათი. თუ ბავშვი კლასში ბედნიერი სახით არ შედის და ასეთივე სახით არ გამოდის სკოლიდან, ეს უკვე განაჩენია... ბედნიერი ბავშვი იოლად სწავლობს, დათრგუნული - არ სწავლობს! - აქვე მივუბრუნდები თქვენს მიერ ზემოთ ნახსენებ ფაქტს. ძალიან ხშირია, როცა მშობლებს შვილები მართლაც პირველ-მეორე კლასიდანვე დაჰყავთ რეპეტიტორებთან. რას ეტყოდით ან ურჩევდით მათ? - ბავშვებს ნუ წაართმევენ ბავშვობას და მათ თვალში ნუ აქცევენ სკოლასა და სწავლას მონსტრად. მასწავლებელი იღებს ხელფასს იმისთვის, რომ ასწავლოს. ეს მისი ვალდებულებაა და შრომით კონტრაქტზე ხელი ნებით აქვს მოწერილი. მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით - ასწავლონ მასწავლებლებმა ბავშვებს! ირმა ბერიშვილი
-
ფერმერი თამაზ ნარიმანიძე: საქართველოში მეღორეობის დარგი განწირულია
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in irmaberi's ბლოგი
,,ახლაც ისევ ისეთი მაფიოზობა და კლანურობაა, რაც წინა ყველა მთავრობის დროს იყო" ქართული ბაზარი რომ უცხოეთიდან შემოტანილი კვების პროდუქტებით არის გაჯერებული და ბაღჩეულიდან თუ ხილიდან დაწყებული, საქონლის ხორცით დამთავრებული, ჩვენს ცხოვრებაში იმპორტირებულ სურსათს დიდი ხვედრითი წილი უჭირავს, ეს ყველამ ვიცით. დიდ თუ მცირე ქსელურ მაღაზიაში, სამეურნეო ბაზარსა თუ უბნის პატარა ჯიხურში, ყველგან შეგვიძლია ვიყიდოთ გაყინული ხორც-პროდუქტები, რომელთა წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზეა დატანილი. ფასებიც მოთხოვნის შესაბამისი აქვს და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით კი არ კლებულობს, უფრო ძვირდება. ახალი ხორცის შემთხვევაშიც იგივე ხდება, ფასი ზედა ნიშნულიდან არ ჩამოდის, პირიქით - დღითი დღე იზრდება. საუბარია, როგორც მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ისე ღორის ხორცის ფასებზე. ეს იმ დროს, როცა ადგილობრივი ფერმერები და მეღორეები გაკოტრების პირას არიან და უპერსპექტივობის გამო, უმრავლესობა ამ საქმიანობის შეწყვეტაზე ფიქრობს. ამის მიზეზად ისინი, ბოლო დროს რუსეთიდან დიდი ოდენობით ცოცხალი ღორის შემოდინებას ასახლებენ, რომელმაც ბაზარზე ადგილობრივი ღორის ხორცი მთლიანად ჩაანაცვლა და კონკურენციის გაწევა გაუჭირდათ. ფერმერების აზრით, ქვეყანაში იმპორტით პროდუქციის ნაკლებობის შევსება უნდა ხდებოდეს და არა ადგილობრივი წარმოების ჩანაცვლება. ჩვენთან პირიქით, ძირითადად ყველა პროდუქტი სხვა ქვეყნებიდან შემოდის, ადგილობრივი მეურნის ან ფერმერის შრომა კი დაუფასებელი რჩება. საქმისადმი ასეთი მიდგომა არა მათ მომავალ განვითარებას, არამედ გაკოტრებას უწყობს ხელს. ხსენებულ საკითხზე სასაუბროდ Planeta.ge ერთ-ერთ ფერმერს, თამაზ ნარიმანიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ დიდი ოდენობით ღორის იმპორტმა საქართველოში მისი და სხვა მრავალი ადგილობრივი მეღორე-ფერმერის ბიზნესი საბოლოოდ ჩაკლა. - ბატონო თამაზ, უცხოეთიდან საქართველოში ცოცხალი ღორის შემოყვანამ პირადად თქვენ რა პრობლემები შეგიქმნათ და რატომ? - პირადად მე, სოფელ ახალ სამგორში, ღორების ფერმის მოსაწყობად 30 ათასი ლარი დამჭირდა. მისი დახურვა სწორედ იმიტომ მომიწია, რომ უცხოეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ცოცხალი ღორი შემოჰყავთ. ამ იმპორტირებული ღორის ხორცით ქართული ბაზარი იმდენად გაჯერდა, რომ არა მარტო მე, ფერმერების უმრავლესობა, ვინც მეღორეობას მისდევდა, იგივე პრობლემის წინაშე დადგა. - ეს იყო ძირითადი მიზეზი რის გამოც ფერმა დახურეთ? - დიახ, მეც და ბევრ სხვასაც, ვინც ამ საქმით ვიყავით დაკავებული, ბიზნესის გაუქმება მოგვიწია, რაც განაპირობა ცოცხალი საქონლის უკონტროლო იმპორტმა. ადრე უკრაინიდან და ბულგარეთიდან შემოჰყავდათ, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის გზა დაიკეტა, სამაგიეროდ რუსეთში იპოვეს ახალი არხი და ყოველ დღე, ტრაილერებით, ჩალის ფასად უთვალავი ღორი შემოჰყავთ. ამ ფაქტის გამო ადგილობრივ ღორებზე მოთხოვნამ იკლო, მე იძულებული გავხდი ჩემი საქონელი დაბალ ფასში გამეყიდა, რამაც მაზარალა. ამის შემდეგ სხვა გზა აღარ დამრჩა და საკმაოდ დიდი ფერმა დავხურე. - როგორც ვიცით, აღნიშნული პრობლემების შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთანაც გქონდათ დიალოგი. პრობლემის გამოსწორების რამე პერსპექტივაზე თუ ისაუბრეთ? - რომელ პერსპექტივაზე ლაპარაკობთ, საერთოდ? თავიდან სოფლის მეურნეობის მინისტრთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა და ჯობია მინისტრის მოადგილეს, ხანიშვილს შეხვდე, რომელიც მაგ და სხვა საკითხებშიც ბევრად უკეთ არის გარკვეულიო. გიორგი ხანიშვილს სოციალურ ქსელში შევეხმიანე, შეხვედრაც დავთქვით და მასთან ამ საკითხზე სასაუბროდ მე და კიდევ ერთი თეთრიწყაროელი ფერმერი მივედით. 40 წუთი ვილაპარაკეთ და ვიკამათეთ, მაგრამ ამაოდ. ვუთხარი, ღორების ექსპორტი ან დაერეგულირებინათ, ან ისეთ ჩარჩოში მოექციათ, რომ პატარა ადგილი ადგილობრივი სეგმენტისთვისაც დარჩენილიყო, რადგან ამ ბიზნესით დაკავებული ფერმერები უკვე ყოველდღიურად ვზარალდებოდით. ისიც ვუთხარი, რომ ეს სექტორი სრულიად გაუკონტროლებელია და არანაირი ყურადღება არ ეთმობა; რომ ჯობია ადგილობრივი მეურნეობა განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ მეღორეობას, ვიდრე იმპორტირებული ხორცით იყოს ბაზარი გაჯერებული, მაგრამ ვერაფრით დავარწმუნე. ფერმების არსებობა ხომ მუშახელის დასაქმებასაც ითვალისწინებს, გავკოტრდებით ჩვენ და გვიწევს თანამშრომლების გაშვებაც. ასევე ზარალდებიან ფირმები, რომლებიც ღორების საკვების წარმოებაზე მუშაობენ. არანაირი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან არ გვაქვს. შარშან მეღვინეების სუბსიდირებისთვის 300 მილიონი ლარი გამოიყო, ჩვენთვის 1 თეთრიც არავის გამოუყვია. ერთადერთი, ვინც პირადად მე დამეხმარა, არის საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელმაც, როგორც ომის მონაწილეს გარკვეული გრანტი მომცა. იმ თანხით წისქვილი, საქონლის საკვების ამრევი და რძის გამაციებელი ვიყიდე. ამ ყველაფრის საშუალებით მეორე, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ფერმას ვამუშავებ. სახელმწიფოსგან ერთადერთი დახმარება, რასაც ვიღებ, არის ვეტერანობის 100 ლარი, სხვა არაფერი. - მეღორეობიდან არაფერი გამოგივიდათ, მაგრამ როგორც მივხვდი, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ფერმაც გაქვთ... - ასეა, თავიდან ორივე ფერმა მქონდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ღორების ფერმა ხსენებული პრობლემის გამო დავხურე. მადლობა ღმერთს, პირადად მე ბანკის ვალი მაინც არ მაქვს, მაგრამ ვიცი ფერმერები, რომლებმაც კრედიტები აიღეს და ისე ააშენეს ღორების ფერმა. ახლა ის ფერმები დაკეტილი აქვთ და ვალებს ვეღარ იხდიან. ზოგი მათგანი ჩეხეთში წავიდა, ზოგი - პოლონეთში და ზოგი - სად. გავიდნენ ქვეყნიდან, რომ როგორმე თავი ირჩინონ. - გამოდის, ფერმერობის ეს კონკრეტული დარგი საქართველოში განწირულია? ვხედავთ, რომ სოფლებშიც ძალიან ცოტას თუ ჰყავს ღორი, რადგან ხშირად ვრცელდება ჭირი, რომელიც სწრაფად ვრცელდება და რამდენიმე დღეში ერთ უბანში ღორი ყველას ერთიანად შეიძლება გაუწყდეს. - დიახ ეს დარგი ხელშეწყობის გარეშე მართლაც რომ განწირულია და ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ის საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, სოფლებში ღორის დაავადების გავრცელება. სამწუხაროდ, ამასაც არავითარი ყურადღება არ ექცევა. მოიგონებენ ხოლმე რაღაც სწავლებებს, ვიღაცეები მოვლენ, ანეგდოტებს მოჰყვებიან და მორჩა. ვეუბნები, რომ უნდა იმუშავონ კომპლექსურად, სოფლის გამგებლებს დაავალონ, შეკრიბონ მოსახლეობა, თითო სოფლიდან 40-50 ადამიანი, პრაქტიკასთან ერთად ჩატარდეს სერიოზული თეორიული სწავლება, რაც სოფლებს დაეხმარება ღორების შენარჩუნებასა და მომრავლებაში. არავის ხელის განძრევა არ უნდა. იმ ორგანიზაციებსაც, ვისაც ამის გაკეთება ევალება, ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ. ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაცია ლენდოლეიკი შემოვიდა, რომელიც დადის, ვითომ სადღაც რაღაც სწავლებებს ატარებს, მაგრამ შედეგი არსად ჩანს. ეს ორგანიზაცია ძირითადად დიდ ფერმებზეა ორიენტირებული და მათ აძლევს გრანტებს, 5 ან 10 ძროხა და ღორი რომ ჰყავთ ისეთი საწყალი ფერმერები მათ არ აინტერესებთ. ის დიდი გრანტები კი ისევ საახლობლო-საძმაკაცოზე ნაწილდება... ახლაც ისევ ისეთი მაფიოზობა და კლანურობაა, რაც წინა ყველა მთავრობის დროს იყო. - გამოსავალი რა შეიძლება იყოს, რა ზომებს უნდა მიმართოთ თქვენ ან სხვებმა, ვინც ეს საქმე იცით, რათა ვითარება გამოსწორდეს? - პირადად მე მინდოდა საქართველოს მეღორეობის განვითარების ასოციაციის ჩამოყალიბება და ამ მიზნით თანამოაზრეები შევკრიბე ჰუალინგში, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან წარმომადგენელი, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ბატონი თენგიზ კალანდაძე მოვიწვიეთ. ეს შეხვედრა შედგა, ჩვენც ვილაპარაკეთ და კალანდაძემაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ შეუძლებელია ღორის ხორცის იმპორტის აკრძალვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვალდებულებები გვაქვს აღებული, პირობას ვერ დავარღვევთ და ასე შემდეგ. მე ვუთხარი, რა ვალდებულებები, რა პირობები, მიდი, აბა, იტალიაში ერთი ბოთლი ღვინო შეიტანე, ნება თუ დაგრთეს. იქ ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას ისე უწყობენ ხელს, თავის პროდუქტს უცხოურით არ ჩაანაცვლებენ. აქაც იგივე შეიძლება გაკეთდეს, მაფიოზურ გარიგებებს რომ არ ჰქონდეს ადგილი. ყველგან წილებში არიან ჩამჯდარი და ეს საწყალი ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ვისაც ღორების პატარა ფერმები ჰქონდა და თავს ირჩენდა, საკვების მწარმოებლებიც, ვინც ორ კაპიკს შოულობდა, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. რაც ღორების შემოყვანაზე ხდება, ჩვეულებრივი მაფიოზური გარიგებაა, იგივე მდგომარეობაა მეფრინველეობაში, იგივე მდგომარეობა ბაღჩეულ-ბოსტნეულის სფეროშიც... თურქეთიდან და სომხეთიდან შემოაქვთ და ადგილობრივს ბლოკავენ, რათა აქ არაფერი განვითარდეს. როგორც გითხარით, სულ 15 კაცი განაგებს ამ მაფიას. ბატონ თამაზ ნარიმანიძესთან საუბრის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დავუკავშირდით და დავინტერესდით, რატომ იმატა უცხოეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან ღორის იმპორტმა, როცა ადგილობრივ ფერმერებს აქ მოყვანილი ღორების გაყიდვა უჭირთ, რა ქმნის პრობლემებს მეღორეობის სფეროში ან რამდენად კონტროლდება საზღვარზე შემოსული საქონლის ჯანმრთელობა და ვარგისიანობა? სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ეს არც ახალი ამბავია და არც - დამალული, ცოცხალი ღორის და ღორის ხორცის იმპორტი როგორც რუსეთიდან, ისე უკრაინიდან, ბრაზილიიდან და სხვა ქვეყნებიდან ადრეც ხორციელდებოდა და დღესაც გრძელდება. ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს არა აქვს ის კომპეტენცია, რომ იმპორტი შეზღუდოს ან აკრძალოს. ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ფერმერებს, რათა მათი პროდუქცია უფრო მეტად იყოს ბაზარზე წარმოდგენილი და შემოტანილ პროდუქტს კონკურენცია გაუწიოს, საამისოდ კი მათ ხარისხიანი პროდუქცია უნდა აწარმოონ. ბაზარი აძლევს მომხმარებელს არჩევანის საშუალებას, ეს ბაზარი კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს, მაგრამ ხელოვნურად ამ პროცესში სახელმწიფო ვერანაირად ვერ შევა. რაც შეეხება ვარგისიანობის კონტროლს, ეს ჩვენ არ გვეხება, ეს საბაჟოს პრეროგატივაა, თუმცა ვიცით, რომ პროდუქცია ადგილზე ლაბორატორიულად მოწმდება და თუ რამე პრობლემა აღმოაჩინეს, ზომებს აუცილებლად მიიღებენ. ჩვენ სურსათის უვნებლობის მიმართულებით საერთაშორისო ქსელის ნაწილი ვართ და უყურადღებოდ არაფერი დარჩება, რეაგირებაც იქნება სათანადო. - გვითხრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა ჩინჩილაკაშვილმა. ირმა ბერიშვილი -
რა მდგომარეობაა საჯარო სკოლების საპირფარეშოებში? სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, ჩემს ბლოგში, თბილისის ერთი კონკრეტული სკოლის მაგალითზე საჯარო სკოლებში არსებული ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დარღვევაზე მოგახსენეთ. კერძოდ, საკითხი ეხებოდა საპირფარეშოს და მის მიმდებარედ მდგარ აუტანელ სუნს, რის გამოც მოსწავლეებს არათუ საპირფარეშოში, სკოლის შენობაში შესვლაც კი ემძიმებოდათ. რა თქმა უნდა, მშობლები აქტიურად ვაპროტესტებდით ამ ფაქტს და დირექტორსაც ვაწუხებდით პრეტენზიებით და სამეურნეო ნაწილის გამგებსაც, რომელთაგან ვიღებდით პასუხს, რომ აღნიშნული პრობლემა სანიტარული წესების დარღვევით კი არ იყო გამოწვეული, არამედ ცუდად დამონტაჟებული კანალიზაციის სისტემით და რომ ისინი პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა ღონეს მიმართავდნენ. პრობლემის აღმოფხვრის რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს მიერ არაერთგზის გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ, დირექტორმა საუკეთესო გამოსავალს მიაგნო და მშობლებს შენობის შიგნით შესვლა სასტიკად აგვიკრძალა. ამის მერე, მართალია არაოფიციალურად, მაგრამ საჭირო ინფორმაცია განათლების სამინისტროსაც მივაწოდეთ, იმ იმედით, რომ რეაგირებას პეტიციის გარეშეც მოახდენდნენ. თუ არაფერს შეცვლიდნენ, იმას მაინც ვფიქრობდით, რომ ვინმე მოვიდოდა, ადგილზე შეამოწმებდა ვითარებას და იტყოდა, გვეშველებოდა თუ არა რამე. ამასობაში დაიწყო პანდემია და განათლების სამინისტრომაც სასწავლო დაწესებულებებში სანიტარიის და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა მოითხოვა, რამაც კიდევ უფრო დიდი იმედი მოგვცა, რომ ჩვენი სკოლის პრობლემა ამჯერად მაინც მოგვარდებოდა. მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში სწავლა უმეტესად ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა, ამიტომ საპირფარეშოს საკითხი ჩვენც მიგვავიწყდა, მაგრამ როგორც კი სასწავლო პროცესი სკოლების შენობებში განახლდა, აღმოჩნდა, რომ მთელი ორი წლის განმავლობაში მდგომარეობის გამოსასწორებლად არავის უზრუნია. უფრო მეტიც, არამარტო საპირფარეშოს შემაწუხებელ სუნზე, მოსწავლეები იმაზეც ჩიოდნენ, რომ ხშირად არც ქაღალდი იყო ადგილზე და არც საპონი, რომ ზოგი ჩასარეცხი ავზი არც მუშაობდა და იქ შესვლა მათთვის კიდევ უფრო აუტანელი გახდა. ბუნებრივია, მეტის მოთმენა არ შეიძლებოდა, რამდენიმე მშობელი სკოლის დირექტორს ისევ ვეწვიეთ და პრობლემის მოგვარება ისევ მოვთხოვეთ. პასუხი ისევ ასეთი იყო: მესმის, ვიცი, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია. რამდენი ხელოსანიც არ მოვიყვანეთ, რამდენჯერაც არ გავარემონტეთ, ხარვეზი ვერ გასწორდა და წლებია, ასე გრძელდება. მივხვდი, რომ მასთან ამ თემაზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და კონსულტაციისთვის იმ დღესვე განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურში დავრეკე. მაინტერესებდა, მსგავს სიტუაციაში მშობლებს რა ზომების მიღება შეგვეძლო, მინისტრისთვის კოლექტიური განცხადებით უნდა მიგვემართა თუ ერთი მშობლის განცხადებაც კმაროდა. მითხრეს, რომ არათუ კოლექტიური, რეაგირებისთვის ერთი ანონიმური წერილიც კი საკმარისი იქნებოდა. ანონიმური და დასამალი არაფერი მქონდა, ამიტომ მეორე დღესვე მივედი სამინისტროში და მინისტრის სახელზე აღნიშნული პრობლემის შესახებ შესაბამისი შინაარსის განცხადება დავტოვე. ადმინისტრაციაში მითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში განიხილავდნენ და რეაგირების შესახებ პასუხსაც წერილობით მაცნობებდნენ. ეს იყო მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში. ამავე პერიოდში ჩემს სამეგობრო-სანაცნობოში გამოვიკითხე, მათი შვილების სკოლებში სანიტარული ნორმების მხრივ რა მდგომარეობა იყო და ყველამ ერთმანეთზე უარესი ცნობა მომაწოდა. აღმოჩნდა, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა საჯარო (და არა მარტო) სკოლაში ერთი და იგივე პრობლემა აქვთ, - გაუმართავი და მოუწესრიგებელი საპირფარეშო, სადაც მოსწავლეებს შესვლა უჭირთ. ერთმა მშობელმა მომწერა, რომ როცა მისი შვილები პატარები იყვნენ, ტუალეტში თუ მოუნდებოდათ, ურეკავდნენ, რადგან სკოლის საპირფარეშოში ვერ შედიოდნენ და მასაც შესვენებებზე სახლში მიჰყავდა. რაც გაიზარდნენ, შინ მისვლამდე ითმენენ... ,,ჩვენს სკოლაშიც კატასტროფაა. პატარები სანამ იყვნენ, მირეკავდნენ და ვაკითხავდი, სახლში მომყავდა შესვენებაზე, მაგ მიზნით... ახლა ითმენენ. გაარემონტეს და მაინც იგივე ამბავია.“ მეორემ ასეთი ფაქტი მომიყვა: ,,ბავშვის გამოსაყვანად რომ მივედი, ერთხელ სკოლის ტუალეტში შევედი, სახლამდე ვერ მოვითმენდი. ჰოდა, ვერანაირი ნიშანი რომ ვერ ვნახე, საიდან ირეცხებოდა, გამოვედი და დამლაგებელს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. დღის ბოლოს შედის ალიკა და შლანგით რეცხავს, აბა, ამდენმა მოსწავლემ რომ რეცხოს, წყლის ფულს გადახდა არ უნდაო? სპეციალურად ჰქონდათ გაფუჭებული... საპონზე აღარაფერს ვამბობ, რის საპონი და ქაღალდი?.. იმიტომაც ყარდა პირველი სართული. კი ვიჩხუბე, მაგრამ საბოლოოდ დაუნახავი და ინტრიგანი მე გამოვედი.“ კიდევ უფრო მძიმე იყო მესამეს მონათხრობი: ,,პირველ კლასში იყო მაშინ ჩემი შვილი. გაკვეთილების მერე რომ მივაკითხე, დამრიგებელმა წინასწარ გვერდზე გამიყვანა და გამაფრთხილა, არაფერი შეიმჩნიოთ, ჩაისველა და კლასში ზისო. ელდა მეცა, ხმა ვერ ამოვიღე, რადგან არ ვიცოდი, მიზეზი რა იყო. ბავშვი მობუზული და შეშინებული იჯდა. დავუყვავე, სახლში წამოვიყვანე, დავბანე, გამოვუცვალე და მერე მშვიდად გამოვკითხე, რატომ მოუვიდა. მითხრა, ტუალეტში მინდოდა, დასვენებაზე წავედი, მაგრამ ისეთი ბინძური იყო იქაურობა, შიგნით ვეღარ შევედი. მიჭირდა, მაგრამ ვიფიქრე, ბოლო გაკვეთილზე მოვითმენ და მერე სახლში ვიზამო. ბევრი ვითმინე, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გავძელიო. ისე გავმწარდი, მზად ვიყავი იმ საღამოსვე მივვარდნოდი დირექტორს და გამელანძღა. მეორე დღეს რომ მივედი სკოლაში და პრეტენზიები ვუთხარი, არც მომისმინა.“ მათი ნაამბობის მერე ჩემთვისაც გასაგები გახდა, თუ რატომ არ მუშაობდა ჩასარეცხი ავზები ჩვენს სკოლაშიც, მაგრამ იმას დღემდე ვერ ვხვდები, ტუალეტის სუნით აყროლებულ დერეფნებში როგორ შეუძლიათ სკოლის დირექტორებს ცხვირაბზუებულებმა და თავაწეულებმა იარონ და არაფერი შეიმჩნიონ; მერე ქვეშევრდომებსაც პიედესტალიდან ისე უყურონ, თითქოს, რომელიმეზე რამით აღმატებულები იყვნენ. ისიც გაუგებარია, რანაირად ხდება, რომ ყოველთვის, ყველა დროში როგორც საჯარო სკოლის, ისე ბაგა-ბაღების დირექტორებს (განსაკუთრებით თბილისში), ზემდგომ უწყებებში თითო ან ორი მფარველი მაინც ჰყავთ ხოლმე და მათგან გულმოცემულები, ვიდრე უკიდურეს ზომებს არ მიმართავ, შენს სამართლიან მოთხოვნებს და პრეტენზიებს აინუშშიც არ აგდებენ. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ერთი ბაგა-ბაღის ჯგუფში, ასევე ჰიგიენის წესების მუდმივი დარღვევის გამო, აღმზრდელთან და მის თანაშემწესთან რომ ვერაფერი გავაწყვე, ბაღების მართვის სააგენტოში მივედი განცხადებით. ვიდრე მე პრობლემის არსი ბოლომდე მოვყევი, იმ აღმზრდელმა უკვე იცოდა, მასზე ინფორმაცია რანაირი აღნაგობის და როგორმა ჩაცმულმა პიროვნებამ მიიტანა ადგილზე. ის უკვე დიდი ხანია, კარგად ვიცი, რომ თუ რაიმე დარღვევაზე ან ვინმეს უმართებულო საქციელზე ხმას ამოიღებ და წესს ან კანონს მოიშველიებ, უმალ ინტრიგანის სახელს მოგაკრავენ და ისე დაგიწყებენ ყურებას, თითქოს, უცხოპლანეტელი იყო და მათგან შეუძლებელს ითხოვდე. კვლავ იმ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, რაზეც თავიდან დავიწყე მოყოლა, განათლების სამინისტროდან წერილობით პასუხს მთელი ზაფხული ველოდე, მაგრამ რადგანაც არავინ შემეხმიანა, ვიფიქრე, ჩემმა თავგამოდებამ ამაოდ ჩაიარა-მეთქი. ამასობაში, მოახლოვდა სასწავლო წელი და გავიგეთ, რომ ჩვენი სკოლა სასწავლო პროცესს ისევ ონლაინ-რეჟიმში იწყებდა და შენობის კედლებს მოსწავლეები მხოლოდ 3 ოქტომბრისთვის დაუბრუნდებოდნენ. ეჭვი გამიჩნდა, რომ უპასუხობის მიუხედავად შესაძლებელი იყო, განცხადებას შედეგი მოჰყოლოდა და შენობაში სწავლის პროცესი საპირფარეშოს რემონტის გამო შეფერხებულიყო. პასუხს რას დავეძებდი, საქმე თუ გაკეთდებოდა? მართლაც, მალევე გავიგე სასიხარულო ამბავი, ონლაინ-რეჟიმის მიზეზი სწორედ საპირფარეშოს რემონტი გამხდარა და რამდენიმე მშობელმა, ვინც იცოდა, რომ განათლების სამინისტრო მე შევაწუხე, დამირეკა და კმაყოფილმა მადლობა გადამიხადა. იმას უკვე აღარავინ აპროტესტებდა, რომ არდადეგების პერიოდში, ივლის-აგვისტოში თავი არავინ შეიწუხა და საქმე მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში გაახსენდათ. ესეც ხომ, კარგა ხანია, ხელისუფლებების წესად იქცა და მივეჩვიეთ... მართალია, ამასობაში ჩვენი ბავშვები კერძო სკოლაში გადავიყვანეთ, სადაც ის პრობლემა, რაზეც ამდენი ვილაპარაკე, ჯერ-ჯერობით არ დგას, მაგრამ ძველი სკოლის ამბავი მაინც ძალიან გამიხარდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, მოსაწავლეების და სკოლის პერსონალის რამდენწლიან ტანჯვა-წვალებას უნდა მოჰღებოდა ბოლო?! მას შემდეგ, რაც სკოლა სწავლების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, დავინტერესდი, რამდენად კარგად იყო მოწყობილი საპირფარეშო, ბავშვები პირობებით კმაყოფილები თუ იყვნენ და დერეფნებიდან მყრალი სუნი თუ გაქრა. ამ მიზნით რამდენიმე მათგანი გამოვკითხე და შევიტყვე, რომ სკოლის საპირფარეშო მართლაც კაპიტალურად გაურემონტებიათ, კანალიზაციის მთელი სისტემა გამოუცვლიათ, შესაბამისად სუნიც გამქრალა და მოსწავლეებს ფიზიოლოგიური საჭიროებების მოთმენა უკვე აღარ უხდებოდათ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა ერთი მაგრამ... ახლადგარემონტებულ საპირფარეშოში ფეხსალაგების ნაცვლად უნიტაზები დაუმონტაჟებიათ. ერთი შეხედვით, თითქოს, უნდა გაგვიხარდეს და ვთქვათ, რომ ძალიანაც კარგი უქნიათ, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სკოლის ტუალეტებში უნიტაზების დადგმა ბევრად უფრო არაჰიგიენურია და მათი მოვლა-დასუფთავება ბევრად უფრო გაჭირდება. ამდენად, მოგვარდა ცუდი სუნის და არასწორი გაყვანილობის პრობლემა, მაგრამ თავი იჩინა სხვამ, რაზეც მშობლები და მოსწავლეები უკვე ალაპარაკდნენ. მოგეხსენებათ, სანიტარულ ნორმებს ზოგი ბავშვი და მოზარდი (მოზრდილიც) საკუთარ სახლში ვერ (არ) იცავს, არათუ სკოლის საპირფარეშოში, სწორედ ამის გამოა, რომ როგორც სკოლაში, ისე სხვა ბევრს საზოგადეობრივ ტუალეტში მუდამ ანტისანიტარია გვხვდება. დიახ, სარემონტო და მოშლილი კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, რა თქმა უნდა სკოლის ადმინისტრაციის საზრუნავია, მაგრამ ჰიგიენის წესების დაცვა ყველა ჩვენგანს, დიდსა თუ პატარას გვევალება. მის დარღვევაში მარტო ვერც სკოლის დირექტორს დავადანაშაულებთ და ვერც დამლაგებელს, თითო მოსწავლეს თითო დამლაგებელი ვერ ეყოლება. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვეჭვობ, სკოლის საპირფარეშოებში უნიტაზების დამონტაჟება გამართლებული იყოს. განათლების სამინისტროსთვის მთლად ამდენიც არ მითხოვია, მარტო წლობით არსებული პრობლემის აღმოფხვრა ვთხოვე. ხოლო თუ თავად სკოლის დირექციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, - ისევ თავისსავე სავალალოდ. ვფიქრობ, ბევრი ვინმე ზედა აბზაცშიც იპოვის ჩემს ,,ინტრიგნობას“ და იტყვის, რომ მოცლილი ვარ, მაგრამ აღარ დავეძებ, დაე, ინტრიგნად მიგაჩნდეთ, ოღონდ საქმე ისე გაკეთდეს, როგორც საჭიროა და არა - უკუღმა. ისე კი, განათლების მინისტრის ადგილზე რომ ვიყო და რომ ვიცოდე, ამ ეპოქაში ჩემი სკოლის მოსწავლეები სახლში წასვლამდე ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ითმენენ, რადგან სასწავლო დაწესებულების საპირფარეშოში არ შეისვლება, არ დაველოდებოდი ჩემისთანა ინტრიგნების წერილებს და განცახდებას, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე (თანამშრომლებსაც არ ვეტყოდი ამის შესახებ, თორემ ინფორმაცია აუცილებლად გაჟონავდა) თითო კვირას თითო სკოლას თავად ვეწვეოდი და დიახ, თავადვე შევამოწმებდი საპირფარეშოებს. ყველა დეტალს გულდაგულ შევისწავლიდი და თუ სადმე ნორმები იქნებოდა დარღვეული, სადაც რამე არ მომეწონებოდა, დირექტორს დაუყოვნებლივ გავათავისუფლებდი; მეორე კვირას მეორე სკოლაში მივიდოდი და იგივე ზომებს მივიღებდი. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე კვირის შემდეგ ასე, სკოლა-სკოლა სიარული საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან თანამდებობის დაკარგვის შიშით დირექტორები საკუთარი ხელით მოაგვარებდნენ ყველა პრობლემას. მაგრამ მე მინისტრი არ ვარ, ვინც არის იმას, კიდევ, მსგავსი საქციელი აზრად არ მოსდის. ირმა ბერიშვილი