Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    511
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, უკვე მეხუთე დღეა, ადგილობრივი და მათ დასახმარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სამძებრო-სამაშველო სამსახურები შეჩერებლად მუშაობენ. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კაჰრამანმარაშში პარასკევს, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი, 65 წლის მამაკაცი, 22 წლის ახალგაზრდა გოგო და მის უმცროსი და ცოცხლად ამოიყვანეს. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ,,გამოვიყვანეთ მამაკაცი, სახელად ჰუსეინი, რომელმაც გვითხრა, რომ ნანგრევებში ხმები ესმოდა. მაშინ ჩვენ სხვა ოთახში გადავინაცვლეთ, თუმცა ვერავინ ვიპოვეთ. მაინც გადავწყვიტეთ ძებნა გაგვეგრძელებინა, იქნებ, მამაკაცი მართალი ყოფილიყო? ცოტა მოშორებით მართლაც ვიპოვეთ ორი ქალი,“ - აცხადებს ისრაელის სამაშველო სამსახურის მეთაური გოლან ვაჰი. პარასკევს, თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ისკანდერუნში მაშველებმა კიდევ ექვსი ადამიანი გადაარჩინეს. მიწისძვრიდან მეხუთე დღეს, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ოთხი ადამიანი ამოიყვანეს სირიაშიც, მათ შორის არის 6 წლის ბიჭიც. გაერო-ს მონაცემებით, მიწისძვრისგან დაზარალებულ ორივე ქვეყანაში, ამჟამად 900 ათასზე მეტ ადამიანს ესაჭიროება კვება და თბილი ტანსაცმელი. სირიაში კი, 5,3 მილიონი ადამიანი, საერთოდ, უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშეა. ამ დროისათვის, დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 24 ათასს მიაღწია, 80 000 ადამიანი დაშავდა, მილიონობით კი - უსახლკაროდ დარჩა.
  2. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, აფხაზეთში ათი წლის განმავლობაში, ნარკოტიკების შემოდინების ათამდე არხი ჩამოყალიბდა. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ნარკოკონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ასტამურ ფაჩალიამ განუცხადა. აფხაზეთში ნარკოტიკების მოწოდების მთავარი გზა რუსეთს უკავშირდება. ამასთან, ფაჩალიას თქმით, მოქმედებენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, კერძოდ, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც მიმართავენ ტრანზიტს რუსეთიდან აფხაზეთში. ,,სამ წელიწადში ჩვენი საქმიანობა უფრო უკეთესი და ეფექტური გახდა, სხვაობაც წინანდელთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანია. ადრე თუ, წელიწადში, 5 ან 6 ჯგუფს იჭერდნენ, ახლა დაახლოებით 20 - ს ვიჭერთ. თუ ადრე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ოდენობა, წელიწადში 200-300 გრამს არ აღემატეობდა, გასულ წელს, მხოლოდ დეკემბერში ერთ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ“, - განაცხადა ფაჩალიამ. მან აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მოწოდების ორგანიზატორები, მათ შორის, თავად აფხაზები, უფრო მეტად აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, რუსეთში, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში იმყოფებიან. „მხოლოდ 2022 წელს, ნარკოტიკების შემოტანის რამდენიმე არხი აღმოვაჩინეთ, არაფერს ვიტყვი გამსაღებლებსა და ნარკოკურიერებზე. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ, ერთ-ერთი გამსაღებლის დაკავების შემდეგ, ცნობილი გახდა მთავარი მსხვილი დილერის ვინაობა, რომელზეც ოფიციალური ძებნა გვაქვს გამოცხადებული, მაგრამ რა ვქნათ - ეს ადამიანი დუბაიში იმყოფება. ეს სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა ფაჩალიამ. მისივე თქმით, ძირითადი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შედის და მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია, არის მეტადონი. მას ადგილობრივი ნარკომანების 90% ეტანება. მეორე ადგილი მეფედრონს უკავია, ის განსაკუთრებით ახალგაზრდებშია პოპულარული და როგორც ასტამურ ფაჩალია აღნიშნავს, მისი გამოყენებისთვის ხშირად გოგონებსაც იჭერენ. ასევე, აქტუალურ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს შორის არის პრეგაბალინი, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას.
  3. თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, როდესაც ჩანს, რომ თურმე, მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებს, ჩნდება კითხვა, „ხომ არ გადაკვეთა ევროკავშირმა ის ზღვარი, რომელიც მის ცივილიზაციურ ხიბლს პრინციპულად აქარწ####ბს“. მათივე თქმით, საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს და ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება. „ცენზურისგან თავისუფალი მედია დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ამ ტრივიალური ჭეშმარიტების გათვალისწინებით, უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ საზოგადოებისთვის გაზიარებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გავრცელებისას მთელი ევროპის მასშტაბით მედიის უპრეცედენტო და კოორდინირებულ ცენზურას აწყდებიან. თუ ეს მართლაც ასეა (და არავითარი საფუძველი არა გვაქვს ადვოკატების სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ), გამოდის, რომ ევროკავშირს, რომელზეც 90-იანი წლებიდან სწორედ ფასეულობების - სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების გამო ვოცნებობდით, მძიმედ ქონია ღირებულებითი საფუძველი შერყეული. საქართველოში ფსევდოლიბერალების მთავარი იარაღი სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედიაა. გამოდის, რომ ევროპაშიც ფსევდოლიბერალების დომინირების მთავარი იარაღი სწორედ სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედია ყოფილა. როდესაც ვხედავთ უმძიმეს კორუფციულ სკანდალებს ევროკავშირის სტრუქტურებში, როდესაც ვხედავთ, როგორ ვერ იცავს ევროკავშირი თავს გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისებისგან, როდესაც ვხედავთ, როგორ მფარველობენ ევროპული სტრუქტურების სახელით მოქმედი პოლიტიკოსები კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, როდესაც ვხედავთ, როგორ ახალისებენ ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებასა და სიმულაციას, როდესაც ვხედავთ, როგორ ითხოვს ევროპარლამენტი 400-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერით სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, როდესაც ვხედავთ, როგორ გვახვევენ თავს ლგბტ პროპაგანდას და უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, როდესაც ვხედავთ, როგორ მტრობენ ევროკავშირიდან დაფინანსებული ქართული „ენჯეოები“ ეკლესიას და სახელმწიფოს და ბოლოს, როდესაც ვხედავთ, რომ, თურმე, მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებს, ბუნებრივად იძენს აქტუალობას კითხვა, ხომ არ გადაკვეთა ევროკავშირმა ის ზღვარი, რომელიც მის ცივილიზაციურ ხიბლს პრინციპულად აქარწ####ბს? თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს. შესაბამისად, ვუერთდებით ცალკეული ექსპერტების მოწოდებებს იმის შესახებ, რომ საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, მის ღირებულებით ტრანსფორმაციას და აქედან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება. ქართველმა ხალხმა ყველა პრინციპული გადაწყვეტილება არა ემოციებისა და სტერეოტიპების კარნახით, არამედ ღრმა ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს“,- აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
  4. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებსა და სხვადასხვა სეგმენტში ხელფასების მატებაზე ილაპარაკა, აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც შესაძლებელი იქნებოდა. მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც დაადასტურა, რომ ბაგა-ბაღის პერსონალის ანაზღაურება, 100 ლარის ოდენობით, წლის დასაწყისიდანვე მოიმატებდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ აღნიშნული ცვლილება საქართველოს ყველა მუნიციპალიეტეტს შეეხებოდა და ბაგა-ბაღის თანამშრომლები, ახალი წლიდან, გაზრდილ ხელფასებს აიღებდნენ. სამწუხაროდ, ეს დადგენილება ყველაზე თანაბრად ვერ გავრცელდა. მათ შორის აღმოჩნდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების პერსონალიც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, ხელფასების მატება სამეგრელოს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს შეეხო, წალენჯიხის ბაღების თანამშრომლები კი ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში არიან. მათ დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, როდიდან მიიღებენ კუთვნილ დანამატს, მიიღებენ თუ არა საერთოდ ან 100 ლარის ნაცვლად რა თანხის დამატებას აპირებს მათი ხელმძღვანელობა. ჩვენთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, არსებულ კითხვებზე ზემდგომებისგან აქამდე არავითარი კონკრეტული პასუხი არა აქვთ. თანამშრომლები ამბობენ, რომ თებერვლის ხელფასს დაელოდებიან და თუ სრული დანამატის ნაცვლად მხოლოდ ნაწილობრივ გაზრდილს შესთავაზებენ, პროტესტის ნიშნად სამსახურში აღარ მივლენ, ბავშვებს აღარ მიიღებენ და თავიანთი უფლებების დასაცავად, ბრძოლის გზას აუცილებლად იპოვიან. ,,ჯერ ის ვერ მოგვინელებია, რომ თანხების გამოთავისუფლების მოტივით, თანამშრომლები შეგვიმცირეს. მერე საახალწლო პრემია არ მოგცეს და ახლა კუთვნილი ხელფასის დამატებასაც აღარ გვიპირებენ.“ - აცხადებენ ისინი. რატომ დაუგვიანდათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პრემიერის მიერ დაანონსებული გაზრდილი ხელფასი და რა პრობლემებია გადასაჭრელი, ამაზე ჩვენ წალენჯიხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ლანა შენგელიას ვესაუბრეთ. - რატომ იგვიანებს თანამშრომლებისთვის გაზრდილი ხელფასის გაცემა, რა გიშლით ხელს ამ საქმეში ან ხელფასების მატება თუ იგეგმება, საერთოდ? - ამჟამად მიმდინარეობს წლის ბოლო ნაშთების შეჯამება და ხელფასის მომატების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა თანხა დაემატებათ ხელფასზე. - ეს არ იქნება პრემიერ-მინისტრის მიერ დაპირებული 100 ლარი? - მოგეხსენებათ, ალბათ, რომ პრემიერის ბრძანებულებით, მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რამდენი პროცენტით გაიზრდება ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასი. ამიტომ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე გადაწყდება. - როგორც ვიცით, იყო საუბრები სხვადასხვა გაერთიანებებიდან, ორგანიზაციებიდან, რომ წალენჯიხას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეოდა, როგორც ფინანსური, ისე სხვა მარავლი კუთხით. ასევე, თანხების გამოთავისუფლების მიზნით, ბაგა-ბაღებში შტატებიც შეამცირეთ. ეს გარემოებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელფასს სრული თანხა დაემატოს? - შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა 2022 წელს ორ ეტაპად მოხდა. პირველი, ეს იყო გაზაფხულზე, როცა ადგილობრივი ბიუჯეტის გათვალისწინებით 25 %-ით გაეზარდათ ხელფასები. ამის საშუალება გაჩნდა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თავიანთი ხელფასის გაორმაგებაზე უარი თქვეს. მეორედ შემოდგომაზე გაეზარდათ ხელფასის ოდენობა, 10 %-ით. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების პერსონალს ხელფასები აქამდეც არ მომატებიათ. - მაგრამ ამ ეტაპზე, როცა სხვა მუნიციპალიტეტებში ხელფასები იზრდება, მათი ბედი გაურკვეველი რატომ არის? - არა, არ არის გაურკვეველი, თებერვლის ბოლოს ისინი აუცილებლად მიიღებენ მომატებულ ხელფასს, უბრალოდ ჯერ არ ვიცით, რა თანხა იქნება ეს. - მითხრეს, რომ წლის ბოლოს პრემიასაც ელოდებოდნენ, რაც ვერ მიიღეს. რა იყო ამის მიზეზი? - ბიუჯეტში არ გვქონდა გათვალისწინებული პრემიის თანხა და შესაბამისად, ვერ გავცემდით. - კადრების შემცირების ფაქტსაც რომ შევეხოთ, რამდენი თანამშრომელი შემცირდა და რა მოთხოვნების საფუძველზე? - დიახ, რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა რიცხვი 35-ით შემცირდა. მიზეზი ის იყო, რომ თავის დროზე შტატი არასწორად გადანაწილდა და ესა თუ ის კადრი შტატში ბაღიდან მოთხოვნის გარეშე დაემატათ. როცა კონკრეტული ჯგუფის აღმზრდელს ერთი თანაშემწე უნდა ჰყოლოდა, ჰყავდა ორი ან სამი. - გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ გათავისუფლებული თანამშრომლებიდან, უმეტესობა მალევე, სხვადასხვა პოზიციაზე ისევ უკან აღადგინეთ. მაშინ, რა აზრი ჰქონდა ამ ეგრეთწოდებულ რეფორმას? - ჩვენ შტატები არ დაგვიმატებია, უბრალოდ, სხვების ხარჯზე გვქონდა დროებითი შტატები. ზოგი თანამშრომელი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი შვებულებაშია. ჩვენ ამ გათავისუფლებული ადამიანებისგან შევქმენით საკადრო რეზერვი და თავისუფალ შტატაბზე კანდიდატურები მათგან შევარჩიეთ . - ადრე, როცა შტატების შემცირების აუცლებლობაზე საუბრობდით, აღნიშნეთ, რომ იმ თანხით, რაც მათ ხელფასებზე იხარჯებოდა, მენიუს გამრავალფეროვნებას აპირებდით. რა დაემატა ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა კვების რაციონს? - დიახ, ბაღის მენიუსთვის განკუთვნილი თანხა გაორმაგებულია, შესაბამისად რაციონიც გაიზარდა. დავამატეთ კარაქის რაოდენობა, დავამატეთ ,,ყიყლიყო,“ რაზეც დიდი მოთხოვნა იყო და იოგურტი. იანვრიდან რაციონს დაემატა ორაგულიც. - რაც შეეხება ინვენტარიზაციას, ამ მხრივ რა სიახლეებია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში? - ეტაპობრივად უკვე ბევრ ბაღს მივაწოდეთ ინვენტარი. ამასთან დაკავშირებით, ასევე წლის ბოლოს უნდა გამოგვეცხადებინა ტენდერი, სამწუხაროდ ვერ მოვასწარით, მაგრამ თანხა გადმოვიტანეთ და ამ წლისთვის აუცილებლად გამოვაცხადებთ. ამის შემდეგ, ბაღებიდან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად, ყველა ინვენტარს შევიძენთ და ყველა ბაღს სრულად მოვამარაგებთ. ქალბატონ ლანასთან საუბრის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ინვენტარიზაციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ბაგა-ბაღს სოფლის გამგეობის წარმომადგენლებმა, ახალი სკამების ნაცვლად, ბაღების გაერთიანებიდან გამოგზავნილი მხოლოდ 4 დიდი და 17 პატარა, ძველი სკამი მიუტანეს. რაც შეეხება კვების რაციონს, როგორც უშუალოდ ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა გვითხრეს, იოგურტი და თევზი მენიუს მართლა დაემატა. ,,აღსაზრდელთა მენიუში თევზი ადრეც გვქონდა, მაგრამ ბავშვები არ ჭამდნენ და ამიტომ ამოიღეს. სექტემბრიდან ისევ დაგვემატა, ოღონდ თავიდან ძალიან ფხიანი თევზი მოჰქონდათ და არც ის ჭამეს ბავშვებმა. ჩვენი პრეტენზიების შემდეგ შეცვალეს და ახლა ორაგული მოაქვთ. რომ გითხრათ, სხვა რამე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მენიუშიო, მოგატყუებთ.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა თანამშრომელმა. ბაგა-ბაღებში განხორციელებული რეფორმების გარდა, წალენჯიხის მუნიციპალიეტეტის მერმა გია ხარჩილავამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მუნიციპალიეტეტი ერთდაერთია, სადაც სკოლის პირველკასელებისთვის უფასო კვების პროგრამა ამოქმედდება. მერის თქმით, პროგრამაში ჩასართავად, საჭიროა მუნიციპალიეტეტის პირველკლასელთა მშობლებმა მათთან წარმოადგინონ განცხადება, პირველკლასელის დაბადების მოწმობა და ცნობა სკოლიდან. ამის შემდეგ ბავშვებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის მეშვეობითაც კვების ობიექტებსა და მარკეტებში პროდუქტის შეძენას შეძლებენ. კვების დღიური თანხა 4 ლარს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა მარტიდან უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხებათ ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, მომატებულ ხელფასებს, წესისამებრ თვის ბოლოს აიღებენ. ოღონდ, რამდენად გამართლდება მათი მოლოდინი, ამის თქმა, ჯერ-ჯერობით, ადვილი არ არის. სავარაუდოდ, ისინი სწორედ ამ სტატიის მეშვეობით შეიტყობენ, რომ პრემიერის მიერ შეპირებული 100 ლარის ნაცვლად, ხელფასი შეიძლება ამ თანხის ნახევრით ან უფრო ნაკლებით გაეზარდოთ. ირმა ბერიშვილი
  5. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მისივე შეფასებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. „შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული დაკავებულია. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
  7. გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 11:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს: თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, 14:00-დან 17:00 საათამდე - ზაჰესში, ხოლო 17:00-დან 18:30 საათამდე - ნასერალის ქედის, ყიფშიძის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
  8. ჰუმანიტარული დახმარების მანქანების პირველი კოლონა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში უკვე ჩავიდა. კარვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით დატვირთულმა ექვსმა სატვირთომ საზღვარი ალეპოს პროვინციაში, ბაბ ელ-ჰავას საგუშაგოზე ხუთშაბათს, გაეროს მანქანების თანხლებით გადაკვეთა. ამ დახმარებას სირია-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ჯინდირესის მაცხოვრებლები მიიღებენ. ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურებულია, მისი მოქალაქეებიდან 800 ადამიანზე მეტი დაიღუპა, დაახლოებით 3 ათასი კი დაშავდა. ერთი დღით ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა სირიის საზღვარზე ორი დამატებითი სასაზღვრო პუნქტის გახსნასა და ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებაზე მუშაობს. მისი თქმით, სირიის ამ რეგიონში კატასტროფული მიწისძვრის შედეგად, გზების ნაწილი განადგურებულია, რაც თურქული და საერთაშორისო დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემებს ქმნის. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ცდილობს სირიისთვის უცხოური დახმარების მიწოდება ხელი შეუწყოს. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში, გეირ ოტო პედერსენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაუდებელი დახმარების მიწოდება არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ,,ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სასწრაფო დახმარების გაწევაზე მამაკაცებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის, მათთვის, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეგვიძლია. მათთვის, ვისი სიცოცხლეც, ბოლო საუკუნის განმავლობაში, რეგიონში ერთ-ერთმა ყველაზე კატასტროფულმა მიწისძვრამ გაანადგურა.“- განცახდა პედერსენმა. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მათ ქვეყანაში სტიქიას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2200-ზე მეტი კი დაშავდა. 1900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სირია-თურქეთის საზღვართან, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში. 8 თებერვალს სირიის მხარდასაჭერად ევროპის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმი ამოქმედდა. ევროკომისიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის კრიზისული ცენტრი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს წევრ ქვეყნებთან. იტალიამ და რუმინეთმა უკვე გააკეთეს თავიანთი პირველი შეთავაზებები, მათ შორის კარვების, საძილე ტომრების, ლეიბების თუ თავშესაფრების სახით.
  9. უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ზარალის დასამალად რუსები ზაპოროჟიეს რაიონში ჯარისკაცების ცხედრებს წვავენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში, ფრონტზე საკუთარი დანაკარგების დასამალად, მობილური კრემატორიუმი მოაწყვეს. „მტრის დანაკარგი იზრდება. დაღუპული ოკუპანტების რაოდენობის დასამალად, ქალაქ ტოკმაკში, Pridneprovskaya Biotes-ის საწარმოს ტერიტორიაზე, რუსმა დამპყრობლებმა მობილური კრემატორიუმი გამართეს. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონის ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩივიან, რომ მუდმივად აწუხებთ დამწავრი გვამების სუნი, განსაკუთრებით ღამით,“ - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საღამოს შემაჯამებელ განცხადებაში.
  10. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოსალოდნელი დივერსიის საფრთხის გამო სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს. „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის გადამოწმებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე, მათ შორის რკინიგზასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო დივერსიის საფრთხის შესახებ“ - ნათქვამია უწყების მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ ანგარიშში.
  11. გასული წლის შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მათგან 497 პირს მატერიალური, ხოლო 124 პირს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა. შიდა აუდიტის ყველა მასალა, რომლითაც დარღვევები დადგინდა, თავის დროზე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ. ,,ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი - ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი დარღვევის მიმართ. პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ პირს, ვისი ბრალეულობაც დადასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
  12. ,,მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ჰუმანიტარულმა კატასტროფამ დასავლეთს ნიღაბი ჩამოხსნა,“- განაცხადა Sputnik-Arabic- თან ინტერვიუში სირიის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ბაშარ ალ-ჯაფარიმ. მისი თქმით, დასავლეთის მიერ სირიისთვის დაწესებული სანქციები მხოლოდ საბაბია, რომელიც მიუთითებს ჰუმანიტარულ საკითხში დასავლეთის ქვეყნების პოლიტიზაციის მაღალ ხარისხზე. ,,მიწისძვრამ თურქეთი და სირია ორივე დააზარალა, მაგრამ დასავლეთი მხოლოდ თურქეთს ხედავს, დახმარებას და მაშველებს მხოლოდ მას უგზავნის. ჩვენ, სირიელები მათთვის, თითქოს, არც ვარსებობთ. აქ პოლიტიკაზე არ არის საუბარი, საუბარია ადამიანობის ხარისხზე,“ - განაცხადა სირიის ელჩმა. ამავე ინტერვიუში მან რუსეთის ხელისუფლებას და რუსეთის მოქალაქეებს, კატაკლიზმით დაზარალებული სირიისთვის ფასდაუდებელი დახმარების გაწევის გამო, მადლობა გადაუხადა. ,,ეს არის ჩვენი ხალხების ძლიერი მეგობრობის ნამდვილი მტკიცებულება", - აღნიშნა ბაშარ ალ-ჯაფარიმ.
  13. საერთაშორისო ბუკმეკერებმა ევროვიზიის 2023 წლის ფავორიტის ვინაობა უკვე დაასახელეს. მათი პროგნოზით, კონკურსში შესაძლოა ისევ უკრაინამ გაიმარჯვოს, რომელსაც ამჯერად ჯგუფი TVORCHI წარადგენს, სიმღერით Heart of Steel. ბუკმეკერების შეფასებით ფავორიტთა ხუთეული, ამ ეტაპზე, ასე გამოიყურება: მეორე ადგილი - შვედეთი; მესამე - ფინეთი; მეოთხე - ნორვეგია და მეხუთე - ჩეხეთი. ცნობილია, რომ ყველაზე მასშტაბული მუსიკალური კონკურსი, 2023 წლის მაისში, ინგლისის ქალაქ ლივერპულში გაიმართება. შოუს წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინაა, რომლის წარმომადგენელიც წლევანდელ ფინალში ავტომატურად გამოვა.
  14. რუსეთის ფედერაციის ხორცისგადამამუშავებელ ქარხნები პროდუქციის საწარმოებლად საჭირო სპეციალური გარსსაფარის დეფიციტს განიცდიან. როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია“ იუწყება, ხორცპროდუქტების მწარმოებელთა ნაციონალური კავშირის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე, სოსისებისა და ძეხვეულის შესაფუთად საჭირო მასალას ფედერაციას ერთდროულად შვიდი ევროპული ქარხანა აწვდიდა. რუსეთში არ იწარმოება ის ბოჭკოვანი გარსები, რომლითაც სერველატის და ნედლი შებოლილი ძეხვეულის 90% იფუთება. წინასწარი შესყიდვის ან პარალელური იმპორტის გზით, დღეს ის ჩინეთიდან შეაქვთ. პროდუქციის ადგილზე მიტანის ვადა კი 10 თვემდე ხანგრძლივდება, რის შედეგადაც მწარმოებლების ხარჯები 25-70% გაიზარდა. ძეხვეულის ღირებულებაში ამ გარსსაფუთის წილი 15 - % -ს შეადგენს. 2022 წლის აპრილში რუსეთის ხორცის გადამამუშავებელი მრეწველობის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო, დაწესებული სანქციების ფარგლებში, ისინი შეიძლებოდა ძეხვებისა და სოსისების საწარმოებლად საჭირო გარსსაფარი მასალის გარეშე დარჩენილიყვნენ. 2022 წლის 10 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციაში ცილოვანი და ცელულოზის შემცველი მასალებისგან დამზადებული ხელოვნური გარსსაფუთების მიწოდება აკრძალა.
  15. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრილიჩ რადმანი სტუმრობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და 11 თებერვლამდე დარჩება. უწყების ცნობით, ეს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში პირველი ვიზიტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება. „ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას გამართავს. ამასთან, ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და საგარეო უწყებებს შორის დიპლომატიური ტრენინგების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. გორდან გრილიჩ რადმანი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ასევე, ხორვატი მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო ლექცია ჩატარდება. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს ხორვატ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა, რომელიც ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  16. ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით, 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში - ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა. „თითოეულ სექტორში რეფორმების განხორციელების შეფასების შემდეგ, ევროკავშირმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება: მთლიანობაში საქართველოს მთავრობის კარგი წინსვლა შეინიშნება მცირე და საშუალო საწარმოების (SME) სტრატეგიის განხორციელების კუთხით. თუმცა, ვერ მოხერხდა რამდენიმე ინდიკატორის შესრულება წინა წლებში მნიშვნელოვანი კანონების მიღების შეფერხების გამო (კერძოდ, აღსრულების კოდექსი და კანონი - ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მესამე პირთა წინაშე). გადახდა: 5,67 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 12 მილიონი ევროდან). ცოდნა-უნარების განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (Skills4Jobs): ძალიან კარგი წინსვლა შეინიშნება შრომის ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით; ეს აშკარად ჩანს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულთა რაოდენობის 114%-ით ზრდაში. ასევე კარგი წინსვლა დაფიქსირდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის, ასევე სტუდენტების ჩარიცხვის მზარდი რაოდენობის მიმართებაში. მაგრამ ადგილობრივ დონეზე ვაკანსიების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების შეფერხების გამო შესაძლოა, რომ თანხის მცირე ნაწილი ვერ გადაირიცხოს. გადახდა: 7 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 7,5 მილიონი ევროდან). ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა: ევროკავშირისა და საქართველოს ეს ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამა მხარს უჭერს მთავრობის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას (PIRDP). პროგრამამ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია, მათ შორის არის მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ოდენობის გრანტების გაცემა ოთხ სამიზნე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად. სრული გადახდა: 5 მილიონი ევრო. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV): აღინიშნება კარგი წინსვლა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა და თემების ცხოვრების პირობების შემდგომი გაუმჯობესების კუთხით. მნიშვნელოვანი წინსვლა მიღწეულია საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობაში, ტყის ტერიტორიის აღდგენასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში სერტიფიცირებული თესლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლომდე არ დაკმაყოფილდა სანერგეების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ერთი ინდიკატორი, რის შედეგადაც გადახდა ნაწილობრივი იყო. გადახდა: 3.2 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 4.4 მილიონი ევროდან). საკითხის ისტორია: საბიუჯეტო მხარდაჭერა საბიუჯეტო მხარდაჭერა არის ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტი. ის პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. საბიუჯეტო მხარდაჭერა შესრულებაზეა დამოკიდებული - ის გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეულია შეთანხმებული შედეგები - მაგალითად, დასახული მიზნები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, განათლებაში, საჯარო ფინანსების მართვაში. ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში დამაკმაყოფილებელი შედეგების შენარჩუნებაზე არის დამოკიდებული. საქართველოსთვის საბიუჯეტო მხარდაჭერის უმეტესი ნაწილი არის კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი და გაერთიანებულია დამატებით მხარდაჭერასთან, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს რეფორმებს, როგორიცაა მაგალითად, გრანტები და ტექნიკური დახმარება სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ან მცირე რეგიონული ბიზნესისთვის ევროკავშირის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  17. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა 20 ათას ადამიანს გადააჭარბოს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 15 ათასს აღწევს. მათგან 12 ათასზე მეტია თურქეთში და 3 ათასამდე - სირიაში. სირიაში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის გამოთვლას, ისევე, როგორც დახმარების გაწევას, ის ფაქტი ართულებს, რომ სხვადასხვა ტერიტორიებს სხვადასხვა ჯგუფი აკონტროლებს. მაშველები მესამე დღეა მუხლჩაუხრელად მუშაობენ, მაგრამ თანდათან იწურება ის დრო, რაც, ექსპერტების აზრით, გადამწყვეტია გადარჩენილების მოსაძებნად. მძიმე მეტეოროლოგიური პირობები და ამინდის დაბალი ტემპერატურაც ნანგრევების ქვეშ გადარჩენის უფრო ნაკლებ შანსს ტოვებს. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მაშველები ცდილობენ, ტერიტორიების ნანგრევებისგან გასათავისუფლებად და იქ ჩარჩენილი ადამიანების ამოსაყვანად ყველა რესურსი გამოიყენონ.
  18. მაშინ, როცა თურქეთის მოსახლეობა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს გადარჩენილების დასახმარებლად, მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში მოროდიორები გამოჩნდნენ. მათ მაღაზიებიდან და ცარიელი სახლებიდან საკვები, ტექნიკა და ავეჯიც გააქთ. თურქული მედიის ცნობით, საძარცვავად მთელი ოჯახები ერთად მიდიან. აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ჰუმანიტარულ დახმარებას მათთან ჯერ არ მიუღწევია, ბევრი ადამიანი იძულებულია მსგავსი ნაბიჯი გადადგას, მაღაზიის მეპატრონეები კი თავიანთი დაწესებულებებს დამოუკიდებლად იცავენ. ,,მაღაზიაში სრული არეულობაა. ყველა ნივთი დაზიანებულია, ყველა შუშა ჩამტვრეულია, ამიტომ მე ვდგავარ აქ, ჩემი მაღაზიის წინ და ვიცავ მას. ჩვენი სახლი არ დანგრეულა, მაგრამ სახლში ვერავინ ვბრუნდებით, რადგან გვეშინია. ბიძგები ჯერ ისევ მეორდება.“ - განუცხადა Euronews- ს ერთ-ერთი ავეჯის მაღაზიის მფლობელმა, ემინ ქაჩმაზმა. ვისაც სახლში დაბრუნების ეშინია ან სახლი დაენგრა, მათ ღამის გათენება ქუჩაში, წვიმასა და თოვლში მოუწევს. დაზარალებულ რაიონებში ამინდი ჯერ-ჯერობით არ უმჯობესდება. თურქეთის ხელისუფლება და ჰუმანიტარული ორგანიზაციები ყველაფერს აკეთებენ დაზარალებულთა დასახმარებლად, მაგრამ ყველა გადარჩენილთან მისვლას დიდი დრო დასჭირდება.
  19. თურქეთის პროვინცია ჰათაიში, მიწისძვრიდან 29 საათის შემდეგ, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ორი თვის ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილთა პოვნის შანსები უფრო და უფრო მცირდება, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში 79 000-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში აგრძელებენ დახმარებას. ერთ-ერთმა ჯგუფმა მალათიაში 62 წლის ეროლ ჰანჩი გადაარჩინა, რომლის ოჯახის სხვა წევრები ნანგრევებიდან უფრო ადრე გამოიყვანეს. მიწისძვრის დროს სახლში სულ 7 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ერთმანეთთან კონტაქტს რამდენიმე საათის განმავლობაში ამყარებდნენ. ვიდრე მაშველები სპეციალური აღჭურვილობით მიეხმარებიან, სასოწარკვეთილი მოსახლეობა ცდილობს, დაკარგული ნათესავები საკუთარი ძალებით მოიძიოს და იპოვოს, რასაც ზოგიერთი ახერხებს კიდეც. ნგრევის მასშტაბებისა და მუდმივი ბიძგების მიუხედავად, არავინ ნებდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა უპირატესობა ცოცხლად გადარჩენილების პოვნას ენიჭება, ამიტომ მათ გლოვის დრო არ რჩებათ. ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთ-ერთი პირის თქმით, ახლა ნანგრევების ქვეშ უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე მის ზემოთ.
  20. თურქეთის ქალაქ ჰატაის საფეხბურთო კლუბ ,,ჰატაისპორში“ მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ, სამშობლოში გამომგზავრებამდე, ,,ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი დაწერა, რითაც ქვეყანაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა. ,,რა ტრაგედიაც მოხდა, ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ. ეს არ იყო უბრალოდ მიწისძვრა, ეს იყო უფრო ღრმა და შემზარავი. მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ეს არ არაა მთავარი ამ წამს. ადამიანები დანგრეულ შენობებშო ბავშვებს ოჯახის წევრებს ეძებენ. ამაზე საშინელი არაფერია. მშვიდობა ჩვენ და მშვიდობა ყველას.“ - წერს ქართველი ფეხბურთელი. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ,,ჰატაისპორში“ საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, განელი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ, ნანგრევებში მოჰყვა. ის რამდენიმე საათის შემდეგ, მაშველებმა იპოვეს და ცოცხლად გამოიყვანეს. დაშავებული ფეხბურთელი ამჟამად კლინიკაში იმყოფება.
  21. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 900-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე მოწინააღმდეგის საერთო საბრძოლო დანაკარგმა დაახლოებით 134100 ადამიანს მიაღწია. აქედან, 910 გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურდა. გუშინ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმა 22 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. გარდა ამისა, უკრაინის ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს 12 დარტყმა მიაყენა. ასევე განადგურდა მტრის 1 ვერტმფრენი, მოიერიშე თვითმფრინავი და ორი დრონი. ამავდროულად, დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 8 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათგან 5 - ქალაქ ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მტერმა, ასევე, მრავალჯერადი სარაკეტო იერიში მიიტანა მიკოლაივის და ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
  22. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მუდმივად იზრდება და უკვე 8 ათასს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში 5900-მდე ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 35 ათასი კი დაშავდა. მეზობელ სირიაში, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მსხვერპლთა რიცხვი 812 -მდე გაიზარდა, დაახლოებით 1400 ადამიანი კი დაშავდა. სირიის ჩრდილო-დასავლეთით, აჯანყებულთა მიერ კონტროლირებად რაიონებში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2300-ზე მეტი დაშავდა. თურქეთის სამხრეთ ნაწილსა და სირიის ჩრდილოეთით სამაშველო სამუშაოები მეორე ღამეა გრძელდება, თუმცა სამუშაოების შესრულებას ამინდის დაბალი ტემპერატურა და დაზიანებული გზები აფერხებს, რადგან ბეტონის ფილების ასაწევი აღჭურვილობის მიწოდება დროულად ვერ ხერხდება. თურქი კოლეგების დასახმარებლად მაშველები მთელი მსოფლიოდან მიემართებიან. მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევებიდან ცოცხლად გადარჩენილების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების გამოყვანა შეუჩერებლად გრძელდება, სამაშველო სამუშაოების ნელი ტემპის გამო, მოსახლეობაში სასოწარკვეთასთან ერთად ბრაზიც იზრდება. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათ დაზარალებულ პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის მართვას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის 85 მილიონი მოსახლიდან, მიწისძვრის შედეგად 13 მილიონი დაზარალდა. ,,მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ არავინ ისარგებლოს მიწისძვრის ზონამდე მისასვლელი და შიდა გზებით, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ასევე, საგანგებო და ექსტრემალური შემთხვევების გარდა, არ უნდა განხორციელდეს სატელეფონო ზარები,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ თურქეთში მთელი მსოფლიოდან თანდათან უფრო მეტი და მეტი დახმარება შედის, იგივეს ვერ ვიტყვით მათ მეზობელ სირიაზე, განსაკუთრებით მის დაუცველ ჩრდილო-დასავლეთ რაიონებზე, ვინაიდან ლოჯისტიკის თვალსაზრისით ამის გაკეთება გაცილებით რთულია. ამ შემთხვევაში, 11 წლიანი სამოქალაქო ომისა და ასადის მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო, სირია კიდევ უფრო ზარალდება. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ,,თეთრი ჩაფხუტები“ სახელით არის ცნობილი, თავიანთ ხელთ არსებული სამანქანო ტექნიკური საშუალებებით გადაადგილდება ერთი ქალაქიდან მეორეში, რათა დახმარების მომლოდინე ხალხს პასუხი გასცეს. სირიელები აცხადებენ, რომ ისინი თავს ყველასგან მიტოვებულად გრძნობენ.
  23. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ,,საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის, ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში, ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  24. საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთში, ქალაქ ადიამანში უკვე იმყოფება 60 ქართველი მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი. „60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი“, - აცხადებენ უწყებაში.
  25. „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ესებუა მაშინ აიყვანეს, როცა ის ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
×
×
  • შექმენი...