Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    511
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. ,,თუ თქვენ უარს ამბობთ რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლაზე, მაშინ ბიჭებო, იქნება უარი თქვათ იმ ფინანსურ დახმარებაზეც, რასაც რუსეთი გიგზავნით?!" 31 მარტს, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისე, ოჩამჩირის სოფელ კვიტოულის მკვიდრი, 36 წლის ახრა კირკინაძე დაიღუპა. ამის შესახებ აფხაზურ საინფორმაციო საშუალებებს ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ კვიტოულის გამგებელმა ვახტანგ კვარაცხელიამ აცნობა. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ,,დონბასის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად,“ უკრაინაში ამ სოფლის ხუთი მცხოვრები გაემგზავრა. მათგან ერთ-ერთი, ახრა კირკინაძე, გასულ ხუთშაბათს, ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. ,,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დონეცკში მასთან ერთად დაიღუპა ერთი ოსი და ერთი რუსი მებრძოლი. ასევე დაიჭრა ახრას ბიძაშვილი ემზარი, რომელმაც კონტუზია მიიღო.“ - განაცხადა ვახტანგ კვარაცხელიამ. მისი თქმით, ხუთი შვილის მამა ახრა კირკინაძე ,,თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო და უყვარდა სამშობლო.“ სამშობლოს სიყვარულს და ,,პატრიოტიზმს“ რაც შეეხება, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ოკუპირებული სამხრეთის ოსეთისგან განსხვავებით, ოკუპირებულ აფხაზეთში არც კი განიხილავენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის პერსპექტივას. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობის და ეგრეთწოდებული ხელისუფლების აზრი ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა. სხვადასხვა პარტიული თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ხმამაღლა აცხადებენ, რომ ამ თემაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ვინაიდან ,,აფხაზი ხალხის ნება ჯერ კიდევ 1999 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე გამოიხატა, რომლის ძალითაც, იმავე წლის 12 ოქტომბერს, ,,აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ აქტი“ დამტკიცდა.“ ოკუპირებულ აფხაზეთის მკვიდრნი მიიჩნევენ, რომ ,,დამოუკიდებლობისა და თავისუფლების“ შესახებ არსებულ კითხვას, მათ დიდი ხანია, გასცეს პასუხი და ,,დამოუკიდებლობა სისხლით მოიპოვეს,“ ამდენად, მის დათმობას და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებენ. რაც შეეხება რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის სტრატეგიულ მოკავშირეობასა და ურთიერთობას, ბუნებრივია, ფიქრობენ, რომ მათი კავშირი კვლავაც ურღვევი იქნება, ოღონდ რამდენად მოსალოდნელია მომავალში მოსკოვიდან რაიმე სახის დახმარების მიღება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალური პირებისა და საინფორმაციო საშუალებების მხრიდან გაცხადებული პროპაგანდისა, რომ რუსეთი უკრაინაში აწარმოებს არა ომს, არამედ დემილიტარიზაციის სპეცოპერაციას დონბასისა და ლუგანსკის ოლქში, თუ მთელმა მოსახლეობამ არა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, რაც ხდება დღეს უკრაინაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ხედავენ, რომ რუსეთმა დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო და ამ ომით, თავადვე აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში. ამასთან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული თუ საზოგადოებრივად აქტიური აფხაზი, სოციალური ქსელების მეშვეობით ღიად გამოხატავს თავის მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და არც ზელენსკის გამბედაობით აღფრთოვანებას მალავს. მაგალითისთის შეგვიძლია მოვიყვანოთ გუდაუთელი ისტორიკოსისა და ბლოგერის, დავით დასანიას გამოხმაურებები რუსეთ-უკრაინის ომთან და ამ საკითხის გარშემო რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ფეიკებთან დაკავშირებით. ის ღიად წერს, რომ აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, მათი ახალგაზრდა და პრინციპული ლიდერით, მისი შეუპოვრობით. რაც შეეხება რუს ხალხს, დასანია მიიჩნევს, რომ ,,რუს ხალხს დასავლეთი იმდენად არ დასცინის, რამდენადაც თავად რუსეთი ამცირებს და აბუჩად იგდებს, თუმცა ზომბირებული ადამიანები ვერაფერს იგებენ და არაფერი ესმით. ამ ხალხს 20 წლის განმავლობაში იმდენად გამოაცალეს ტვინი, რომ რეალობის ადეკვატურად აღქმა არ შეუძლიათ.“ დასანია აკრიტიკებს ასევე რუსული მედიასაშუალებების ეთერში გამოსულ პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიულ ერთეულებს ჭკუას ასწავლიან და თითს უქნევენ. დავით დასანიას ფეისბუკის პირად სივრცეში გაზიარებული აქვს ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ასეთი პოლიტოლოგი, სემიონ ბაღდასაროვი რუსული ტელევიზიის ეთერში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ კომენტარს აკეთებს და აფხაზების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ბაღდასაროვის ანალიზი ეხება ცხინვალის ეგრეთწოდებული ოფიციალური მხარის განცხადებას იმის შესახებ, რომ მზად არინ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობას შეურთდნენ. ,,სამხრეთ ოსეთის ნაბიჯი გასაგებია. ყოჩაღ მათ, ნორმალური გადაწყვეტილებაა! რაც შეეხება აფხაზეთს, იქ სიტუაცია არ არის მარტივი. ვიცით, რომ ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ხარჯზე არსებობს. მათ თანხები სწორედ რუსეთიდან მიეწოდებათ. შეიძლება ითქვას, ეს არის სუპერდონორული დახმარება. ამდენად, გასაგები იქნებოდა, აფხაზეთსაც, რომელმაც დამოუკიდებლობა რუსეთის დახმარებით მოიპოვა, ისეთივე ნება გამოეხატა, როგორიც სამხრეთ ოსეთმა გამოხატა. თუ თქვენ უარს ამბობთ რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლაზე, მაშინ ბიჭებო, იქნება უარი თქვათ იმ ფინანსურ დახმარებაზეც, რასაც რუსეთი გიგზავნით?! არ გინდათ, ხომ?! უარი თქვით ამ დახმარებაზე და მაშინ იქნება ეს სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილება. ამას გარდა, თქვენი უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ჩვენი ჯარის იმ ნაწილებზე, რომელიც იქ არის განთავსებული. რომ გვეუბნებით, ჩვენ აქ ჩვენთვის ვიქნებით, ჩვენს საქმეებს ჩვენ მივხედავთ, თქვენ, უბრალოდ, ფული მოგვეცითო, ასე არ გამოვა!“ - აცხადებს ბაღდასაროვი ხსენებულ ვიდეოში. მის მიმართვაზე აფხაზი ბლოგერი საკმაოდ მკვეთრ განცხადებას აკეთებს და პოლიტოლოგ ბაღდასაროვს არაკორექტული სიტყვებით მოიხსენიებს. ,,როცა რუსეთის მხრიდან გამოდიან ისეთი დებილები, როგორიც ბაღდასაროვია და თავს ექსპერტებად წარმოადგენენ, რუსეთი ირღვევა ნაკერებში. მე არ მომწონს, რომ ეს ექსპერტები, საერთოდ, აფხზეთზე ლაპარაკობენ. ვერ ვიგებ, რატომ უნდა ცდილობდე, მიიერთო სხვა ქვეყნები, რისთვის? განა რუსეთს ცოტა მიწა აქვს? ყველა ის მიწა ათვისებულია? სულელები!“ - წერს დავით დასანია.
  2. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთაგან საკუთარი ხალხის ინტერესებს აცდენილი, არათანმიმდევრული და არამართებული განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია და სამწუხაროდ, მათგან სტრატეგიული კომუნიკაციის ყველა ნორმის დარღვევას და საზოგადეობის უპატივცემულობას, თითქოს, მივეჩვიეთ კიდეც... თუმცა კოვიდის საწინააღმდეგო 400 ათასი დოზა ვაქცინის ვადის გასვლის გამო, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოთქმულმა ,,ნუგეშმა,“ სახელმწიფოს არ უზარალია, რადგან ვაქცინა ნაჩუქარი იყოო, ჩვენთვის მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის იყო, მინისტრის ნაოქროპირალით გაკვირვება უნდა გაგვნელებოდა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სატელევიზო ეთერიდან საკონტროლო ,,ტყვია დაგვახალა,“ როცა თავის თავს კიდევ ერთხელ აჯობა და მკვახე განცხადებით პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სცადა. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ დაქირავებული ხელისუფლების წევრებს, რატომღაც მიაჩნიათ, რომ მათგან სწორედ იმის მოსმენა გვინდა, რასაც ჟურნალისტების შეკითხვებზე დაუფიქრებლად პასუხობენ. არადა, პირიქით, საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელშიც მათი ამომრჩევლებიც შედიან, ამა თუ იმ მოვლენის მიმართ ხელისუფლების პოზიციაა და დამოკიდებულება სულაც არ მოგვწონს. უფრო მეტიც, ხანდახან, მიუღებელიც კია. მაშ, რატომ ჰგონიათ, რომ ქვეყნის მოსახლეობაც მათსავით ფიქრობს ან მათ პოზიციას იზიარებს, ან რატომ ირჩევს ხელისუფლება საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ სრულიად გზასაცდენილ სტრატეგიას, რაც მუდმივად წამგებიან, თავის მართლების პოზაში აყენებს? ამ და კიდევ სხვა ბევრ კითხვაზე პასუხების გაცემა სარეკლამო ტექნოლოგიებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტს ირა ჭელიძეს ვთხოვეთ. - რასთან გვაქვს საქმე, რატომ უჭირთ ხელისუფლების წარმომადგენლებს საზოგადოებასთან, ხალხთან სწორი ურთიერთობა და ლაპარაკი. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის მიერ პფაიზერის ვადაგასულ ვაქცინებზე გამოთქმული აზრი და ირაკლი კობახიძის განცხადება პრეზიდენტის უფლებებზე, რამდენად მართებული იყო ან ერთის, ან მეორის გამოსვლა? - მოდი ასე ვთქვათ, ადრე მეგონა, რომ სწორი კომუნიკაცია მართლა უჭირდათ, ახლა დავრწმუნდი, რომ არ უჭირთ, რასაც ამბობენ, ზუსტად იმას ფიქრობენ. ამ შემთხვევაში, როცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მერე რა, თუ 400 ათასი დოზა პფაიზერის ვაქცინა გაგვიფუჭდა, არ გვიზარალია, რადგან ნაჩუქარი იყოო, ნაკლებად წარმომიდგენია, რომ სხვა რამის თქმა სურდა. მან თქვა ზუსტად ის, რასაც ფიქრობდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ანა-ბანა კი ის არის, რომ რასაც შენ ფიქრობ, ის კი არ თქვა, არამედ თქვა ის, რაც ხალხში შენს იმიჯს თუ არ წაადგება, უფრო მეტად მაინც არ დააზიანებს. რატომ არ აქცევენ ყურადღებას საზოგადოებასთან სწორ კომუნიკაციას, რატომ არ მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ მათი ურთიერთობა იყოს დალაგებული და არა პირიქით, გამაღიზიანებელი, ვერ გეტყვით. შემიძლია ვივარაუდო, რომ უბრალოდ, სხვისი აზრი ფეხებზე ჰკიდიათ და ფიქრობენ, საზოგადოება ამ ყველაფერს ჩვეულებრივად მიიღებს და გადაიტანს, რაც გასდით კიდეც. ამიტომაც ან არ აინტერესებთ იმიჯის გამოსწორება და სახელის შეუბღალველობა, ან აბსოლუტურ უცოდინრობასა და გაუნათლებლობასთან გვაქვს საქმე. როდესაც არც პოლიტიკოსმა იცის, საზოგადოებას როგორ ელაპარაკოს და არც მის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი უნარი და ცოდნა, მას მიმართულება მისცენ, ვიღებთ ასეთ ვითარებას. მიზეზი კი ის არის, რომ ხელისუფლებას სამსახურებში აკრეფილი ჰყავს თანამშრომლები არა კვალიფიკაციის, არამედ ნაცნობ-მეგობრობის და ნეპოტიზმის ნიშნით. ჩემი პირადი აზრი კი უკვე მოგახსენეთ, ადრე ნამდვილად მეგონა, რომ იყო კომპეტენციის ნაკლებობა, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, ფეხებზე ჰკიდიათ საზოგადოება, რადგან ყველაფერი გასდით. არავინ მიდის მათთან და არაფერზე თხოვს პასუხს. თუნდაც, ჯანდაცვის მინისტრს არავინ მოთხოვს პასუხს იმაზე, რაც ვაქცინაზე განაცხადა და არავინ გადაახდევინებს პოლიტიკურ ფასს ამაში. შესაბამისად მას არ აქვს სურვილი, თავი შეიწუხოს და ჩვენთან ურთიერთობისას საჭირო სიტყვები და წინადადებები შეარჩიოს, ამიტომ, რასაც ფიქრობს, იმას ლაპარაკობს. ზუსტად ასევე იქცევა ირაკლი კობახიძე, არ მიაჩნია, რომ შესარჩევი აქვს კომუნიკაციის ფორმა იმისათვის, რომ არ შეუბღალოს იმიჯი პრეზიდენტს და არ შეიბღალოს იმიჯი თავადაც, რადგან მსგავსი გამონათქვამები მასაც პირდაპირ ,,ურტყამს.“ ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, როდესაც ადამიანი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ღიად უპირისპირდება სახელმწიფოებრიობას და ლახავს სახელმწიფო ინსტიტუტების ღირსებას. ეს ყველაფერი მასაც, უბრალოდ, გასდის და არ იწუხებს თავს იმისთვის, რომ აზრი ლამაზად შეფუთოს ან შენიღბოს მაინც და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად არ გააღიზიანოს. - საზოგადოებასთან ურთიერთობის თუ პიარის თვალსაზრისით წინა ხელისუფლებისა და ახლანდელის მოქმედებები რომ შევადაროთ, რა სურათი გვაქვს? - ამ მხრივ, ნამდვილად ვართ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნილი. თუ ისინი ნახევრად აშენებული შენობის ფასადთან საკუთარ პარტიულ აქტივს სვამდნენ და ზეიმით გვამცნობდნენ, რომ ,,გაიხსნა“ ახალი საწარმო და აი, ამდენი ადამიანი დასაქმდა, ახლა პირიქით ხდება. ვერავინ გაიგებს, რა კეთდება, თუ უშუალოდ, პირადად არ შეეხო კონკრეტულ საქმეს და თემას. ამასაც ორი ახსნა აქვს, ან კომპეტენციის უქონლობა, ან ფეხებზე დაკიდება. რასთან გვაქვს საქმე, ჩემთვის გაუგებარია, რადგან არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. არაფერი კეთდებოდეს და ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ, რომ ყველაფერი კეთდება ან საქმე კეთდებოდეს და ვერავინ ამის შესახებ ვერ იგებდეს. მაგალითისთვის ავიღოთ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. წინა ხელისუფლების დროს ამაზე თვეობით არა, წლობით ილაპარაკებდნენ, ახლანდელის პირობებში კი არავის ახსოვს და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა განსაკუთრებული ყურადღების მიღმა დარჩა. ორი დღის წინ ერთ საინფორმაციო სააგენტოზე გაიელვა ცნობამ, რომ საქართველოში ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციაზე გაცილებით მეტიც, რადგან ტუბერკულოზი ჰაერით გადადის, ცე ჰეპატიტი კი უფრო კლასტერული დაავადებაა. ტუბერკულოზით დაავადების მაჩვენებლის მინიმუმამდე დაყვანა ჯანდაცვის სისტემის უდიდეს წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, ამიტომ ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა ამ ინფორმაციას ნომერ პირველ ახალ ამბად გაუშვებდა აბსოლუტურად ყველგან. ჩვენთან კი საერთოდ, არც ერთ არხზე არ გასულა. შემთხვევით მოვკარი თვალი რომელიღაცა სამედიცინო ინტერნეტგამოცემაში. ეგ იყო და ეგ. ასეთ მნიშვნელოან ამბავს რომ საზოგადეობამდე არ მიიტან და ყველას ამაზე არ ალაპარაკებ, ეს არ ვიცი, რა არის. უცოდინრობა თუ სისულელე ან ორივე ერთად. ფაქტია, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია არ გაგვაჩნია. - შესრულებული საქმეების, განხორციელებული პროექტების შესახებ ინფომრაციის გავრცელება და საზოგადოებისთვის გაცნობა პრობლემა რატომ უნდა იყოს? - მეც ეს მაინტერესებს და კიდევ ერთ მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, დღევანდელი, უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ვითარება, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ზედმიწევნით კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და ამაზე არავინ გველაპარაკება. უკრაინელი ლტოლვილების საკითხი პირადად შემეხო, რადგან დღე-დღეზე ველოდები ნაცნობის, ფეხმძიმე ქალის ჩამოსვლას. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან წინასწარ მქონდა ურთიერთობა და აღმოჩნდა, რომ ეს სტრუქტურები ყველა ჩამოსულს სათანადო დახმარებას უწევენ. სახელმწიფოს ყველა რგოლი, რომელიც უკრაინიდან ლტოლვილების მიღების პროცესშია ჩართული, არის აბსოლუტურად გამართული და საათის მექანიზმივით მუშაობს. იმ ლტოლვილებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ყველა საჭირო პროცედურა უფასოდ უტარდება, ხოლო ორსულები იღებენ შესაბამის სერვისს, რასაც ფარავს საქართველოს ჯანდაცვა; თბილისის მერია კი, ჩამოსვლისთანავე, ყველა მათგანს ანაწილებს სასტუმროებში, უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით და უფინანსებს ყველა ხარჯს. სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ ძალიან კარგად, მაგრამ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის, არანაირი ცნობა არ გვაქვს და გვრჩება განცდა, რომ საქართველო უკრაინელი ხალხისთვის არაფერს აკეთებს. საკომუნიკაციო ველი გაჯერებულია ინფორმაციებით, რომ ჩვენ ფეხებზე დავიკიდეთ უკრაინა, მხარს ვუჭერთ რუსეთს და ასე შემდეგ. სჭარბობს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ წამოწეული ინტერპრეტაცია და საზოგადოების დიდ ნაწილს, როგორც უკვე ვთქვით, თუ ამ თემას პირადად არ შეეხო, რეალურ ფაქტებზე არავითარი ინფორმაცია არა აქვს. რატომ არ ახმოვანებენ და არ აცნობენ ხალხს ამბავს, რომ მიღებული გვყავს ამდენი უკრაინელი დევნილი, რომელთაც გაეწიათ ასეთი და ასეთი დახმარება, ვერ გეტყვით. აქაც ორი მიზეზი შეიძლება ვივარაუდოთ. ეს არის ან კომპეტენციის პრობლემა, ან შეგნებული პოლიტიკა, რომ ვთქვათ, რუსეთი არ გავაღიზიანოთ. თუ ეს ბოლოა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის გაცხადებული პოლიტიკა. გასაგებია, შეიძლება ეს დიდად არ მოგვეწონოს, მაგრამ ამასაც გავიგებთ, რადგან გვეცოდინება, რომ ხელისუფლებას არ უნდა, ვინმე ტანკებით შემოგვივარდეს. თუ ხელისუფლება ამ თემებზე საერთოდ არ დაგველაპარაკება, გვექნება იმის განცდა, რომ ჩვენთან უკრაინელებისთვის არაფერი კეთდება. თუ ზემოთხსენებული პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაშინ გამოდის, არ მიაჩნიათ საჭიროდ, თავი შეიწუხონ და საზოგადოებას ანგარიში ჩაგვაბარონ, ინფორმაცია მოგვაწოდონ. არადა, ესეც ჩვენი ქვეყნის იმიჯს წაადგება. - მით უმეტეს, ჩვენი პრემიერის განცხადების ფონზე, რაც მან უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოთქვა... - როგორც სპეციალისტმა, ვიცი, რომ როდესაც ქვეყანა დგას გლობალური კრიზისის პირისპირ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული ერთიანი საკომუნიკაციო მიმართულება და ერთიანი ,,მესიჯბოქსი“ და ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული, ნებისმიერი სახელმწიფო უწყების რიგითი თანამშრომლით დამთავრებული ერთი და იგივეს უნდა ლაპარაკობდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთ პირობებში, ხელისუფლებაში ერთი ალთასაა, მეორე - ბალთას, ყველა მიერეკება თავისას და ყველა მიერეკება არასწორად. - შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას კრიზისულ ვითარებაში ერთიანი სტრატეგიული კომუნიკაციის ენა და სისტემა არ გააჩნია? - დიახ, ერთიანი სტრატეგიული კომუნიკაციის ენა და სისტემა ჩვენს ხელისუფლებას არც გლობალური კრიზისის პირობებში გააჩნია და არც - მშვიდობიან პერიოდში. ამის მიზეზია ან კომპეტენციის არარსებობა, ან ფეხებზე დაკიდების გამიზნული პოლიტიკა. ორივე შემთხვევაში, გასდით და იფერებენ. - ამ ორივე შემთხვევაში ქართული მედიაც ხომ არ სცოდავს და საზოგადეობის ინტერესებისადმი ხელისუფლების აგდებულ დამოკიდებულებას ხომ არ უწყობს ხელს? - დიახ, სამწუხარო და ტრაგიკული ისაა, რომ მარტო სახელმწიფო სტრუქტურები კი არ გამოირჩევიან არაკომპეტენტურობით, არამედ მედიის წარმომადგენლებიც. ქართული მედია ეს არის ერთი დიდი არაკომპეტენტური კონგლომერატი, რომელიც გადასულია ფეიკების წარმოებასა და გავრცელებაზე, ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა. ამიტომ, ჩემს რჩევას თუ ვინმე გაითვალისწინებს, რაც ნაკლებად შეხედავენ და მოუსმენენ ქართულ მედიასაშუალებებს, მით მეტად იქნებიან ინფორმირებულები და ფეიკებისგან დაცულები. - ფეიკების გავრცელება და არაკომპეტენტურობა ერთია და მედიის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი, კრიტიკას ვინ იტყვის, შენიშვნას ან რჩევას რომ არ იღებს და ყველაფერში შეუმცდარი ჰგონია თავი, ეს რისი მაჩვენებელია? - როდესაც ადამიანი გაუნათლებელია, მას წამითაც კი საკუთარ გაუნათლებლობაში ეჭვი არ შეაქვს. თვითკრიტიკა და თვითგანვითარება მხოლოდ იმ ადამიანს ახასიათებს, ვისაც რაღაცა ტიპის საგანმათლებლო ბაზა აქვს. ამიტომ სულ არ მიკვირს, ზოგიერთ ქართველ ტელეწამყვანს ან ჟურნალისტს თავი ჭკვიანი რომ ჰგონია და შენიშვნას კატეგორიულად არ იღებს. როდესაც ადამიანი გაუნათლებელია, ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი იცის, განათლებული ადამიანი კი მუდამ ეჭვქვეშ აყენებს თავის ცოდნას და სულ ცდილობს, კიდევ რაღაცა ისწავლოს, მეტი განათლება მიიღოს. ამიტომ არ მიკვირს ჩვენი მედიაფეისების საქციელი, რადგან არც ერთ მათგანს არა აქვს მინიმალური განათლება. არ ვლაპარაკობ პროფესიონალურ განათლებაზე, საბაზისო, ზოგადი განათლება არა აქვთ, რაც თავიანთ პროფესიაშიც მისცემდა საშუალებას, იყვნენ კვალიფიციურები და კომპეტენტურები. გამიკვირდებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო. იქ სადაც არის ტოტალური და პათოლოგიური გაუნათლებლობა, იქცევიან ზუსტად ისე, როგორც იქცევა ჩვენი მედია. - პრემიერის განცხადებებს რომ მივუბრუნდეთ. მთელი წლის განმავლობაში, მისი ნააზრევი ბევრჯერ ასცდა საზოგადოების ინტერესს, თუმცა უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოთქმული ოფიციალური განცხადებების გამო, უკრაინამ საქართველოდან ელჩიც კი გაიწვია და იმის მტკიცებამ მოგვიწია, რომ პრემიერის და ხალხის აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? - პრემიერის განცხადებები, ამ ერთი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში არის მავნე ქართული სახელმწიფოსთვის. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ მასაც აქვს განათლების პრობლემა. ჰგონია, რომ არის ყველაზე ჭკვიანი და არ სჭირდება სათქმელის მოზომვა, დარეგულირება. დიახ, გასდის, როგორც იქცევა და იმიტომ ლაპარაკობს ასე. რაც მან უკრაინის ომთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციაზე თქვა, შესაბამისი კომპეტენციის სტრატეგიული კომუნიკატორის დახმარებით, იგივეს თქმა ისე კარგად შეიძლებოდა, რომ აქეთ გადაგვიხდიდა ყველა მადლობას. მაგალითად გამოგვადგება ერდოღანი, ბენეტი და ყველა იმ ქვეყნის მესვეური, რომლებიც არ არიან სანქციებს მიერთებულები, მაგრამ ჩანან როგორც თავინთი ქვეყნების ძალიან ღირსეული ლიდერები. - საქმით შეიძლება სხვაზე მეტსაც ვაკეთებთ და სწორედ, გზასაცდენილი კომუნიკაციის გამო ვერავის დავანახოთ? - დიახ, საქართველო მართლაც ბევრ რამეს აკეთებს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ვჩანვართ უღირსები, რადგან პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია შესაბამისი უნარი და კომპეტენცია, როგორც საჭიროა ისე დაალაგოს სათქმელი. - მისი უხერხული განცხადების შეფუთვა მომხრეებმა კუთხურობით სცადეს და კახურ პირდაპირობას დააბრალეს... - ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც სახელმწიფოს პირველი პირის მიერ გამოთქმული არამართებული განცხადებები და არაკომპეტენტურობა კუთხურობის თავისებურებებით მართლდება. ეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების კიდევ ერთი კრახი და სტრატეგიული კომუნიკაციების სრული ჩავარდნაა. - უკრაინა-რუსეთის ომის ამ მწვავე პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმაზე საუბარი, რომ საქართველოს მიერ დამნაშავეებად აღიარებული პირები უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობეზე არიან და ჩვენ უკრაინა ანგარიშს არ გვიწევს. ფაქტი, რომ ეს ხალხი უკრაინაში მართლა მუშაობს მაღალ თანამდებობებზე, უფრო ვის ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ, ჩვენი ხელისუფლების თუ უკრაინის? - ის ფაქტი, რომ ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაც კრიმინალურ დანაშაულებში ედებათ ბრალი მეგობარ ქვეყანაში მაღალ თანამდებობეზე არიან დანიშნული, არის ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დანაშაული, რადგანაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2012 წლიდან არ იზრუნეს იმაზე, რომ ქვეყნიდან გაქცეული ყველა დამნაშავე ეღიარებინათ პერსონა ნონ გრატად. უკრაინულ მხარესთან მუდმივად უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია ამ საკითხზე და მათი საქმიანობის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება და არგუმენტი უნდა მიეწოდებინათ. აქაც არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, კომპეტენციის არარსებობასთან, გამიზნულ მავნებლობასთან თუ ორივესთან ერთად. - თუ უკრაინაში სიარული და უკრაინულ მხარესთან უშუალოდ დალაპარაკება ხატია დეკანოიძეს ყოველ კვირა შეუძლია, რა უშლიდა ჩვენს ხელისუფლებას ხელს, რატომ არ შეეძლო იგივეს გაკეთება; თუ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ და მათთან სწორი კომუნიკაცია არ გვაქვს, უკრაინულ მხარეს გაღმა რატომ ვედავებით? - ამის პასუხი ისევ და ისევ, მხოლოდ ორი ვარაუდია, ან სრული უცოდინრობა, ან ფეხებზე დაკიდება. ამიტომაც ვამბობ, თუ სწორად უნდოდათ ყველაფრის გაკეთება, ამაზე მმართველ პარტიას 2012 წლიდანვე უნდა ეზრუნა. ახლა, რომც მოინდომონ, უკვე, ძალიან გვიანია, დაშვებულ შეცდომას ვერაფრით გამოასწორებენ და მეორე მხარეს ტყუილად ადანაშაულებენ. იმისათვის, რომ ის პირები, ვიზეც ვსაუბრობთ, მიუღებელი ყოფილიყო სხვა სახელმწიფოსთვის, დროულად უნდა მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია, უნდა გვქონოდა მეტი კონტაქტი და გამიზნულად გვემუშავა ამაზე. - საქართველოს საპარლამენტო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ნებისმიერ პრობლემაზე საუბრისას, როცა კი ისინი მიკროფონთან აღმოჩნდებიან, გვესმის როგორ იწყებენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიაზე საუბარს. კომუნიკაციის ამ ხერხმა, წლებია, მუდმივი ხასიათი მიიღო. რისი ან ვისი ბრალია ეს? - ეს იმის გამოა, რომ დასმულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხი არა აქვთ. ეს ორი ძალა ხომ მუდმივად ერთმანეთს აცოცხლებს? სხვათაშორის, ეს არის ის სფერო, სადაც ხელისუფლებას კომუნიკაციის თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული სტრატეგია აქვს: გამუდმებით იძახონ ,,9 წელი და ნაცები,“იმისთვის, რომ მათ ფონზე თავად უკეთესები გამოჩნდნენ და გადარჩნენ. ეს სტრატეგიაც, მათი ვიწრო პარტიული გაგებით, აქამდე მუშაობდა. მართალია, სახელმიწფოს აზიანებდა, მაგრამ პოლიტიკურ პარტიას გადარჩენის საშუალებას აძლევდა. თუმცა, აწი რამდენად იმუშავებს, არ ვიცი. - როგორ ვიპოვოთ გამოსავალი ამ ვითარებაში, როცა საზოგადოების აბსოლუტურად ჯანსაღ პროტესტს, რასაც ქუჩაში გავყავართ, ოპოზიციის ნაწილი, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობა ჩანასახშივე სპობს? - დიახ, როგორც კი საზოგადოების დიდი ნაწილი საპროტესტოდ გამოდის ქუჩაში და გამოთქვამს ჯანსაღ აზრს, მოდის ნაციონალური მოძრაობა და კლავს ამ პროტეტს. ეს მეორე უბედურებაა. სამწუხაროდ, ეს ორივე პარტია, ძალაუფლებაზე გამოკიდებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე ძალას ერთნაირი ჩანაფიქრი აქვს: ან - მე, ან - არაფერი. შესაბამისად, ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე. ვიდრე ბაზარზე არ გამოჩნდება ისეთი გაერთიანება, რომელსაც ექნება უნარი, ეს ორივე ძალა გვერდზე გაწიოს, ვივლით ამ წრეზე. დღეს, შეიძლება ითქვას, ძალაუფლება გდია ქუჩაში. ვინც გაბედავს, მივა, ამ ძალაუფლებას ხელში აიღებს და ილიდერებს, მომავალი პოლიტიკური ციკლიც მისი იქნება. სამწუხაროდ, რატომღაც ვერავინ ბედავს და არ აკეთებს ამას, ამიტომ ეს ,,ნაცი-ქოცის“ ძახილი და მოჯადოებული წრე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ვინმე გონიერი ამათ საკომუნიკაციო სივრცეს არ წაართმევს. ვიმეორებ, დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში და ნებისმიერი, ვინც არ იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან ან ქართულ ოცნებასთან კავშირში, თუ მივა და დროშას ააფრიალებს, იმას გაჰყვება ხალხი. ამისთვის, ერთი წამოძახილია საჭირო, ვინაიდან ორივე ძალის მიმართ დიდი პროტესტი დაგროვდა. თუ ვინმე არის, ვისაც აქვს უნარი, ენერგია, კომპეტენცია, უნდა გამოჩნდეს და ლიდერობა საკუთარ თავზე აიღოს... მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს.
  3. როცა ეს ომი და საფრთხეები ჩაივლის, ხელისუფლებას მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი იმის გამო, რომ ქვეყანაში აგენტების ასეთი პარპაში დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ არც თავად ოკუპანტი ქვეყნის მეთაური ვლადიმერ პუტინი და არც დანარჩენი მსოფლიო ელოდა, რომ უკრაინა რუსულ ძალას ამდენ ხანს გაუმკლავდებოდა, მეოთხე კვირა დაიწყო, რაც ვხედავთ, რომ ეს თავისუფლებისმოყვარე და გმირული სულისკვეთების ერი არათუ უმკლავდება, უფრო მეტიც, არც არაფერს უთმობს აგრესორს. დიდი დანაკარგების და იავარქმნილი ქალაქების ფონზე, მაინც ისეთი კონტურები იკვეთება, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს და თუ სადმე სამართალია ამქვეყნად, ასეც მოხდება. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანდა და უბოროტესი რუსული ძალის წინააღმდეგ ერთ მხარეს დადგა, საქმით თუ სიტყვით ყველა მის შეჩერებას ცდილობს, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისეთი პოზიცია აირჩია, რომელზეც ქართველები ხატოვნად ასე ვიტყვით, არც მწვადს წვავს და არც შამფურს. იმ ქვეყნის მესვეურებისგან, ვისი ტერიტორიის 20 პროცენტიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ფრთხილი ნაბიჯები და განცხადებები არც არავის უნდა უკვირდეს, თუმცა კი არსებობს საშიშროება, რომ ჩვენს ხელისუფლებას ზედმეტი სიფრთხილით მწვადიც შეიძლება დაეწვას და შამფურიც. ასეთ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებიდან ყველაზე სწორ გზას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაადგა, რომელმაც როგორც აღმოჩნდა, პირადი კონტაქტების გამოყენებით, ლამის, მთელი ევროპა მოიარა და ყველას მიაწვდინა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინის მეგობარი ქვეყნის ხმა; კიდევ ერთხელ გააგებინა მსოფლიოს ქართველი ხალხის გულისნადები, გააცნო მათ ჩვენი მიზნები, მისწრაფებები, სურვილები; კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ უკრაინამდე რუსეთის სამსხვერპლოზე ჩვენი მიწა-წყალი იდო, რომლის ნაწილიც მან ,,წარმატებით" მიიტაცა. საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოშიც ხმამაღლა გააჟღერა და სწორედ აქ მოხდა ყოვლად გასაკვირი ფაქტი. მისი ქმედება თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის და ორივე ისე ილაშქრებს პრეზიდენტის წინააღმდეგ, მოულოდნელი არ იქნება, დღის წესრიგში მისი პასუხისმგებლობის საკითხიც რომ დააყენონ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის ევროპული ვოიაჟით, საერთაშორისო არენაზე მისი გამოსვლებით თუ საშინაო მოხსენებით კმაყოფილი დარჩა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. მათ უმრავლესობას არც სოციალურ ქსელში დაუმალავს თავისი პოზიცია და ჩვენთანაც საკმაოდ ხმამაღლა გააჟღერეს საკუთარი აზრი. ჩვენი კითხვა ასეთი შინაარის იყო: უნდა ვიყოთ თუ არა ახლა ჩუმად და ამ საომარ ვითარებაში არის თუ არა სწორი ის გზა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ან როგორ უნდა შეფასდეს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები და მისი გაბედული განცხადებები შინ და გარეთ? მანანა იაშვილი, ჟურნალისტი: ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების ერთიანი მოქმედება იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ მმართველი პარტია იდიოტურ დაპირისპირებას ირჩევს. სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, ევროპის პირველ პირებთან და პოლიტიკოსებთან პირადი ვიზიტით იყო და არა სამუშაო თუ ოფიციალური ვიზიტითო, რომ ამბობენ, რას ჰგავს ეს? ერთი მხრიდან ბულინგი ამოიწურა, მეორე მხარემ დაიწყო. ყველა მხარის და მიმართულების ქართველმა პოლიტიკოსებმა კარგად გაიაზრონ, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან რამდენჯერ მოწმინდა მათ ნამუსი! ბარემ სააბაზანოში შესვლის გრაფიკიც დაუწესონ ან დაძინება საღამოს 9 საათზე, ,,ძილი ნებისას" ჰანგებზე. თუ ეს ჯიჯღინი და კრიტიკა, თუნდაც შიდა მოხმარებისთვის, ანუ მხოლოდ ჩვენთვის არის განკუთვნილი, ძალიან ცუდია. გამოდის, თავიანთ მოქალაქეებს და ამომრჩეველს არ გვცემენ პატივს. დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რა შეგვიძლია და შესაბამისად, არჩევნებზე მიიღებენ ხვიშტს. რაც შეეხება უკრაინის ომის პირობებში საქართველოს პოზიციას, რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავე დროს, დასავლეთთან მეტად ვიაქტიუროთ და მეტი კონტაქტი გვქონდეს. ახლა თავდაცვის მინისტრი წავიდა ნატოს მინისტერიალზე, მაისში სამხედრო სწავლებებიც იქნება, რაც კარგია. ლია თოდუა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამების კოორდინატორი: პრეზიდენტი აბსოლუტურად სწორად და ადეკვატურად იქცევა, ხელისუფლება რას შვრება, არ ვიცით. რასაც ამბობს, ნეტა, სულ არ ამბობდეს. საით აქვთ გეზი ან აქვთ თუ არა, საერთოდ, აზრზე არ ვარ, იმდენად არათანმიმდევრულია მათი სიგნალები. პირველ რიგში, კონტრდაზვერვა უნდა მუშაობდეს. თითქოს, არის იმის ნიშნები, რომ მუშაობს და ინფორმაციებიც აქვთ, მაგრამ მათ არავინ ენდობა. ჩანს, რომ ხელისუფლებაში შეშინებულები და დაბნეულები არიან. შეიძლება რაღაც ისეთ საფრთხეებს ხედავენ, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ასე აბსურდულად მაინც არ უნდა იქცეოდნენ. შესაძლოა ,,ალტ-ინფო“ ან მსგავსი ქსელები უკვე შეიარაღებულებიც არიან, ხელისუფლებამ ეს იცის და ვერაფერს შვრება. საზოგადოებამ, ხალხმა რეალურად არ ვიცით, რა საფრთხეების წინაშე ვართ და ახლა მთავარი, მართლა, გადარჩენაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, შინ თუ გარეთ იმიჯის ასე შელახვა არ შეიძლება. ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი ძალიან გვშველის და სახეს გვინარჩუნებს. მასთან ,,ქართული ოცნების“ კინკლაობა ისეთი ინფანტილიზმია, რომ ლაპარაკადაც არ ღირს. ცალკე კიდევ - ნაციონალური მოძრაობის წევრთა გამოკიდება თავიანთ ინტერესებზე... ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი როცა ყველაფერს სწორს ამბობს, მიშას შეწყალებაზე არ უნდა ჩაიხვიო. საერთოდ, დიდი ხანია მიშა ამოსაგდებია კონტექსტიდან; თავად მასაც არ ჰყოფნის ჭკუა, რომ გვერდზე გადგეს. რაც შეეხება ხელისუფლებას, როცა ეს ომი და საფრთხეები ჩაივლის, მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი იმის გამო, რომ ქვეყანაში აგენტების ასეთი პარპაში დაუშვა. ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ქართული ყველის მკვლევარი: ერთი შეხედვით, საქართველოს ხელისფლების საგარეო კურსი სიფრთხილესთან შეზავებული შიშია ისეთი მონსტრის წინაშე, როგორიც სრულიად უპროგნოზო, გაუგებარი და ამოუხსნელი რუსული ფენომენია. არც დიპლომატიის ენა, არც რაიმე ტიპის წინასწარი ანგარიში რუსეთზე არ ჭრის და არ ვრცელდება. მას არ სჭირდება რამე მიზეზის ან საბაბის პოვნა იმისთვის, რომ თავს დაგესხას, დაგიბომბოს და დაგიხოცოს მოსახელობა... ამიტომ ვცდილობ, გავიგო იმ ხელისუფლების სიფრთხილე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტეტირტორიები და რამდენჯერმე გამოუვლია ომი რუსთთან... უახლოეს წარსულში მასთან 3 სრულფასოვანი ომი გადავიტანეთ. მეორეს მხრივ, რადგან რუსეთთან არც ლოიალური და არც მაამებლური პოლიტიკა არ ჭრის, ვფიქრობ, თავის დახრას ბოლომდე ბრძოლა აჯობებდა. ქვეყანა ღირსებას მაინც შეინარჩუნებს. აგერ, ბატონო, მეზობელი სომხეთი გააბითურა... დაუჯერა თურქეთს და აზერბაიჯანს ყარაბახი დააბრუნებინა... თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს... აზებაიჯანი ცას უკეტევს რუსებს... რა გამოვიდა? ჩვენ - ტერიტორებდაკრგული ქვეყანა ისევ შიშით ვკანკალებთ და კაცმა არ იცის, ხვალ, უცებ რომ მოეჩვენოს რუსეთს, თითქოს, ლუგარის ლაბორატორიაში ბიო-კოღოებს ვამზადებთ, რათა ისინი მიზანმიმართულად დაკბინონ, გვესვრის რაკეტას! ჭკუა დაუშლის თუ სინდისი? სალომე ზურაბიშვილის პოზიციამ ცოტა სახე დაუბრუნა ჩვენს ქვეყნას. სამწუხაოდ, ნაც-ქოცურ ბაკქანალიაში ამ გლობალური მოვლენის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, საღი ხმა იკარგება. ხალხი, ცხადია, ბევრად ჯობია თავის მთავრობას და მაქსიმალურად სოლიდალურია უკრაინის მიმართ; აქვს ღია განცხადებები და პროტესტი, რასაც არ ან ვერ აკეთებს ხელისულფება. ეს ყველაფერი კი წინ დაგვხვდება... სიმხდალესა და სიფრთხილეს შორის დიპლომატიის დიდი დოზა გვჭირდება, რომ მერე, სამაგიეროს გადახდის პინამ რომელიმე მხარეს არ გადაწონოს. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენ დაგვჭირდეს რუსეთის წინააღდეგ ევროპის მხარდაჭერა, ზოგ რამეს ცუდად გაგვახსენებენ! ნინო ომანაძე, ჟურნალისტი, პედაგოგი: აშკარაა, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობაა, რის მიზეზადაც სააკაშვილისა და მისი გუნდის უკრაინაში ,,მოღვაწეობა" შეიძლება მივიჩნიოთ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს პოზიცია, უკრაინის აშკარა მხარდაჭერას უნდა გამოხატავდეს; ამასთან, აუცილებელად იყოს დიპლომატიური და მოზომილი. როცა საკითხი რუსეთს ეხება, ჩვენ ყოველთვის მეორე მხარეს უნდა ვიყოთ. ვერც წარმომიდგენია, ჩვენი პოზიციები რუსეთისას ემთხვეოდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის გააქტიურებას, მის საერთაშორისო ვიზიტებს და მწვავე განცხადებას, პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს. ვინაიდან მას არ აქვს პოლიტიკური ,,ძალაუფლება" და ეს პოსტი სრულიად დიპლომატიაზეა დაფუძნებული, მისი ნაბიჯები არის სწორი და ქვეყნის იმიჯისთვის სასარგებლო. პრემიერს ჭკუა რომ ჰქონდეს, პრეზიდენტის აქტიურობას კარგად გამოიყენებდა, მაგრამ,,გაბრაზებული კაცის" იმიჯიდან ვერ გამოდის. საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა შტოებს შეთანხმებული თამაში რომ ჰქონდეთ, უკეთეს პოზიციონირებას შევძლებდით. იაქტიუროს პრეზიდენტმა და ამ აქტიურობას ხელი შეუწყოს ხელისუფლებამ, რადგან თავად ერიდება რუსეთთან ღია დაპირისპირებას. მართალია, ახლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ომი აუცილებლად უნდა ავირიდოთ თავიდან და არც ევროპას და უკრაინას შევუქმნათ წარმოდგენა, რომ რუსეთის ნავში ვზივართ.
  4. ,,გადაფხეკ რუსს და მიიღებ მონღოლს." უკვე ორი კვირაა, ლამის, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ სამყაროში ყველაზე დიდ ბოროტებას, ომს... ვუყურებთ, როგორ ესხმის თავს ევროპის შუაგულში მდებარე ერთი სახელმწიფო მეორე, დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ანადგურებს მის ქალაქებს, ეკლესია-მონასტრებს, სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებს, მშვიდობიან მოსახლეობას. ვუყურებთ უკრაინელი ხალხის გასაოცარ ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ და ორმაგად გვიმძიმს მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, რაც საქართველოს უახლეს ისტორიას გვახსენებს და იმ იარებს გვიხსნის, რომელიც იგივე აგრესორმა ჩვენ არაერთხელ მოგვაყენა. როგორ გავუძლოთ საკუთარ ტკივილთან გაიგივებულ ამ ტრაგედიას, რა საერთო და განმასხვავებელი გარემოებები გვაქვს უკრაინელ ხალხთან, რით არის განპირობებული მათი გმირული თავგანწირვა და როგორ შეიძლება შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები, ამის შესახებ აზრის გაზიარება ფსიქოლოგ ვერიკო გოჯიაშვილს ვთხოვეთ. - ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ გავუძლოთ იმ ყველაფერს, რასაც ვუყურებთ და რისი მომსწრენიც ვხდებით. მით უმეტეს, ძალიან მძიმე სანახავია მიმდინარე ომის კადრები ჩვენი და ჩვენი შემდგომი თაობისთვის, რომლებშიც საკუთარმა ისტორიამ, საკუთარმა წარსულმა გაიღვიძა და ერთგვარი გულისდაწყვეტაც წამოვიდა... იქიდან გამომდინარე, თუ რა დონეზე შუქდება დღეს უკრაინელი მეომრებისა და სამოქალაქო პირების ქმედებები, გული გვწყდება იმაზე, რომ როცა ჩვენი ქვეყანა იგივე განსაცდელს გადიოდა, ჩვენს გმირებს ასეთი გამოხმაურება არ ჰქონიათ და ჩვენი მებრძოლების თავდადება ასე ფართოდ არ გაშუქებულა, ვინაიდან მაშინ ამის საშუალება ნაკლებად იყო. ამიტომაც ორმაგად ძნელია ქართველებისთვის იმის გაძლება, რაც უკრაინაში ხდება. ვხედავთ, როგორ უჭირს მოძმე ერს, თანავუგრძნობთ და ამავე დროს, იღვიძებს ომთან დაკავშირებული ჩვენი ძველი ტრამვები. ამ ომმა ყველა ჭრილობა გაგვიხსნა, ამიტომ ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ სიმშვიდეს და მოთმინებას და რა თქმა უნდა, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. მხოლოდ ერთმანეთის თანადგომა, სიყვარული და დადებითი განწყობები თუ გაგვაძლებინებს. თუმცა ქართველებს დღეს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობა გვიჭირს. - როგორც ვხედავთ, ასეთი განსაცდელის ჟამსაც ქართული საზოგადოება ვიღაცისტობას არ ივიწყებს და ყველა სათავისოდ ცდილობს ვითარების გამოყენებას. ნუთუ მართლა არ შეიძლება ერთი მიზნისთვის ერთად დავდგეთ? - მახსოვს, 2008 წელს, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სერიოზული დაპირისპირება იყო და ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა მთავრობის საწინააღმდეგოდ, რუსეთის თავდასხმის შემდეგ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან ოპონირებასა და შუღლზე უარი თქვა, მორატორიუმი გამოაცხადა და ყველა ერთ მხარეს დადგა. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური შეგნების მაჩვენებელი იყო. ასეთ ნაბიჯს სჭირდება ცოდნა, განათლება, ინტელექტი, ადამიანობა, შეგნება, პატრიოტიზმი. ყველაფერი ეს ეყო მაშინდელ ოპოზიციას, ამჟამინდელმა კი ვერაფრით გამოიჩინა ისეთი თვითშეგნება, რომ დღეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სათავისო ლოზუნგებით და მოთხოვნებით არ გამოვიდეს, უცხო ქვეყნებმაც არ ნახონ ჩვენი გახლეჩილობა და ერთი მიზნისთვის ვიდგეთ ერთად. ამიტომაც არის ჩვენთვის შესაშური ის ერთიანობა, რაც დღეს უკრაინაშია. იქაც ჰყავთ ოპოზიციები, მაგრამ როცა ყველა დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ და ამხელა აგრესორის წინააღმდეგ ვიბრძვით, ზურგში დანის ჩარტყმას არავინ ცდილობს. ამ მძიმე ვითარებაშიც კი, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმებს ამუშავებენ, თუ როგორ მოუწყონ საბოტაჟი საკუთარ ქვეყანას და რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინონ მისი ხელისუფლება, რითაც პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებს დააზიანებენ. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველო ერთი დღითაც არ ყოფილა საბოტაჟის გარეშე. სხვა თუ არაფერი, ეს ძალიან დიდი სირცხვილია. ძალიან კომიკურ სიტუაციაში ვაგდებთ საკუთარ თავს და საკუთარი ქვეყანის იმიჯს. ჩვენი ისტორიის ხალხს ასე მოქცევა არ გვეკადრება. - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლებაც ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ვერ გაამართლა საზოგადოების იმედები, მიგაჩნიათ, რომ ახლა მათი გაკიცხვის დრო არ არის? - წარმოუდგენელია ამ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები არ გვქონდეს, რასაც მშვიდობიან პერიოდში ძალიან თამამადაც გამოვთქვამ და ესეც დასაფასებელია. ხელისუფლების მიმართ საყვედურებს, პრეტენზიებს ჩვენ საკმაოდ ხმამაღლა ვაცხადებთ, ისე, რომ არაფრის გვეშინია. გვახსოვს, ამ მხრივ, 10 წლის წინ სულ სხვა რეალობა გვქონდა და ოჯახის წევრები სახლშიც კი ერთმანეთს ვაჩუმებდით. მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების ნაკლისა და მათ მიმართ უამრავი უკმაყოფილებისა, ახლა მათთან ბრძოლის კი არა, ერთიანობის დროა. - ორი კვირაა ვუყურებთ, როგორ დგანან უკრაინაში ყველანი ერთად, როგორ ეხმარება ერთმანეთს დიდი და პატარა, ქალი და კაცი. თავდადებულად იბრძვიან, გოჯს არ თმობენ, თან მხნეობას არ კარგავენ, აქეთ გვანუგეშებენ. რა ფენომენია ეს, რაზე მიგვანიშნებს მათი უდრეკელობა? - აქ მოქმედებს რუსთაველის ცნობილი აფორიზმი, ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა.“ საოცარი თვითშეგნება აქვთ, ესმით, რომ დამალვით სიკვდილს ვერ გაექცევიან. ვფიქრობ, რასაც უკრაინელები ახლა აკეთებენ, ეს მათ აღზრდაშია ჩადებული. შიში ადამიანის წინსვლისა და განვითარებისთვის საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებაა. ძალიან პატარა ზღვარი არსებობს სიფრთხილესა და შიშს შორის. სიფრთხილე აუცილებელი დაცვითი მექანიზმია, რომლის გარეშეც შეიძლება პატარა დაბრკოლებაც საბედისწერო გახდეს. შიში კი არის ჰიპერგანცდა, რომელიც ყოველთვის აგაცდენს სწორ გზას და ყოველთვის კოლაფსს გამოიწვევს ადამიანის აზროვნებაში, რადგან გადაჭარბებული შიშით იგივე შეცდომები შეიძლება დაუშვა, როგორც აბსოლუტური უშიშრობით. უკრაინელებმა აჩვენეს საოცარი ფსიქოლოგიური მდგრადობა. ვხედავთ, თუ როგორ სწორად მიდიან ამ ეკლიან გზაზე, უშიშრად, სიფრთხილით და გონივრულად. სადაც შიში და ემოციურად მაღალი ტემპერატურაა იქ აზროვნების გადაფარვა ხდება. როცა ემოცია მაღლა იწევს, აზროვნება ქვეითდება, მაგრამ როცა ემოციას და აზროვნებას ვაბალანსებთ მაშინ ძალიან სწორ პროდუქტს ვდებთ. უკრაინელებმა სწორედ ეს ბალანსი აჩვენეს, რაც ძალიან დასაფასებელია. - მიუხედავად იმისა, რომ პირად საუბრებში უკრაინელების ნაწილი ამბობს, ომისთვის თავის არიდება შეიძლებოდაო, დღეს ისინი თავიანთი პრეზიდენტს სრულიად ენდობიან და მის სულისკვეთებას ბოლომდე იზიარებენ. ის, რომ უკრაინელები ასე მედგრად იბრძვიან, ალბათ იმითაც არის გამოწვეული, რომ ზელენსკიმ სიმხდალე არ გამოიჩინა და მტკიცედ დგას მტრის პირისპირ. სახელმწიფოს მეთაურის ასეთი საქციელიც, ალბათ, დიდი სტიმულია უკრაინელებისთვის? - აგრესორთან ძალიან ძნელია გათვალო ქმედებები. ის სულ აგრესორია, არა აქვს მნიშვნელობა, მოეფერები, დაეთანხმები რამეში თუ არა. აგრესორს შინაგანად აქვს მოთხოვნილება, რომ ვიღაცა დაჩაგროს. ამიტომ არავინ იცის, ზელენსკის მართლა შეეძლო თუ არა ამ ომის თავიდან არიდება. დღეს მას აქვს ყველანაირი საშუალება, გაერიდოს კიევს, მოითხოვოს თავშესაფარი, შეუძლია დაჯდეს პოლონეთის საზღვართან ახლოს და იქიდან მართოს ვითარება, მაგრამ არა, ის რჩება ომის შუაგულში, რამაც მის მიმართ დიდი სიმპათია გააჩინა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენს ისტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მეფეები ყოველთვის თავიანთ მეომრებთან ერთად იბრძოდნენ ომში, ისინი მაგალითს აძლევდნენ და ბრძოლოს ჟინს უღვიძებდნენ მათ. სწორედ ასეთი მაგალითი აჩვენა ზელენსკიმაც და ამიტომ არის, რომ ოჯახებით იბრძვიან უკრაინელები. ქართველებსა და უკრაინელებს შორის ის განსხვავებაცაა, რომ ჩვენ ვინც ომისკენ მოგვიწოდებდა, ისინი თავად გაურბოდნენ ომს და ოჯახებსაც არიდებდნენ. იქ კი სრულიად სხვა სურათი იხატება, რაც ძალიან დიდ სტიმულს აძლევს უკრაინელ ხალხს. როცა ქვეყნის მეთაური ასეთ მაგალითს აძლევს თავის თანამემამულეებს, ისინიც დაუფიქრებლად მიჰყვებიან მას და თავს წირავენ ქვეყნისთვის. ამის გამოა, რომ ზელენსკიმ არა მარტო უკრაინელების, მთელი მსოფლიოს სიმპათია დაიმსახურა. - ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოჩნდა ის ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც რუსეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და უფრო მეტიც, დაგვანახა, რომ რუსეთი არც ისე უძლეველი ყოფილა, როგორიც გვეგონა. ვერავინ იფიქრებდა, რომ უკრაინა არათუ ამდენი დღე გაუძლებდა რუსეთის შეტევებს, უფრო მეტიც, ასე გაანადგურებდა მათ სანმხედრო ძალებს. თავად რუსეთსაც ხომ ეგონა, რომ კიევს ორ დღეში აიღებდა? - დიახ, მართლაც ვერავინ იფიქრებდა, რომ რომელიმე ქვეყანა ამდენ ხანს გაუძლებდა რუსეთს. ზელენსკიმ კი მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი მორალურად და სულიერადაც შეიძლება გატეხო. ამ წუთამდე სამაგალითოა როგორც უკრაინის, ისე მათი მეთაურის საქციელი. აქამდე ან ამის შემდეგ, წინასწარ დანამდვილებით ვერ შევაფასებთ უკრაინის პრეზიდენტის მოღვაწეობას, მაგრამ ამ წუთისთვის, ომში ის ნამდვილად სამაგალითო პირველი პირია. - ქართველებს მტერთან ბრძოლაში გმირობის არაერთი მაგალითი გვაქვს. ბევრი შეგვიძლია დავასახელოთ, 9 ძმა ხერხეულიძიდან და სამასი არაგველიდან დაწყებული, ახლო წარსულში ჟიული შარტავა და გურამ გაბესკირია, აგერ, ახლახანს კი გიორგი ანწუხელიძე. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ისე ჩანდა, თითქოს, პატრიოტიზმი და სამშობლოს ცნება რაღაცნაირად დაკნინდა და ზოგის შეხედულებით საქილიკოც კი გახდა. უკრაინის დღევანდელი მაგალითი ამის საპირისპიროს ხომ არ ამტკიცებს? - უკრაინის ომმა ნამდვილად ძალიან გაუმწვავა ყველას პატრიოტული გრძნობები. უნდა აღვნიშნო, რომ პატრიოტიზმის გამოვლინება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ხდება. მშვიდობიანიობის დროს სხვანაირია, ომში - სხვანაირია, სხვადასხვა ხელობის და პროფესიის ადამიანიც სხვადასხვანაირად გამოხატავს მას. ხელოვანმა სხვანაირად შეიძლება გადმოსცეს ქვეყნის სიყვარული, მწერალმა - სხვანაირად, პოლიტიკოსმა - სხვანაირად. ქართველები განსაკუთრებით ქარიზმატულები ვართ და მშვიდობიან პერიოდშიც მუდმივად გამძაფრებული გვაქვს პატრიოტიზმის შეგრძნება. - ისევ უკრაინას და რუსეთის აგრესორ მეთაურს რომ დავუბრუნდეთ, რაზე მიგვანიშნებს მისი ბოლოდროინდელი ქმედებები. უშველებელი მაგიდის გარშემო გამართული სხდომები და თათბირები, სადაც თავად ერთ თავში ზის და დანარჩენები - ბოლოში? - ზოგადად ყველა აგრესორი შიგნიდან მხდალი და მშიშარაა. აგრესია არის დაცვითი რეაქცია საკუთარ შიშის და სისუსტის გადასაფარად. რატომ ჩნდება შიში და სისუსტე? ჩვენ გვაქვს აუცილებელი საბაზისო ემოციები, ეს არის ნდობა, საყრდენი და სიყვარული, რომელიც ბავშვობაში მშობლებისგან გვიყალიბდება. აგრესორების ცხოვრებას რომ ვაკვირდებით, მათში ეს საბაზისო სამი ემოცია მოშლილი და მონგრეულია. სწორედ ამიტომ ისინი მუდამ აგრესიას ეყრდნობიან და საკუთარ სისუსტეს ამით ფარავენ. ჩემი დაკვირვებით, ვლადიმერ პუტინი ყველას რომ უტევს, ყველა თავისი მტერი ჰგონია და ახლაც, ასე შორს ჯდება ყველასგან, ჩანს, რომ მან რუსულ ,,დერჟავაში“ დაინახა ყველა ის საყრდენი, რაც მთელი ცხოვრება აკლდა, როგორც ადამიანს. ამიტომ, ოღონდ ახლა ეს გარშემო შემოშენებული კედლები არ დაენგრეს, ყველაფერზე წავა. მან თქვა ასეთი რამ, თუ რუსეთი არ იქნება ძლევამოსილი, დაე, ნუ იქნება დანარჩენი მსოფლიო, მე ასეთი მსოფლიო არ მინდაო. პუტინმა იცის, რომ ეს თავისი ნაჭუჭი თუ შემოეცალა, ამით ყველა სასიცოცხლო პირობა ერღვევა. მას სხვა სასიცოცხლო პირობები, ნდობა და სიყვარული არ გააჩნია, არავის სიყვარული არ გააჩნია, საკუთარი თავის სიყვარულიც არ გააჩნია და მზად არის თავიც გაინადგუროს. მისი ქმედებები ძალიან ჰგავს ჰიტლერის ქმედებებს. ნებისმიერი აგრესორის და დესპოტის ცხოვრებაზე დაკვირვება ადასტურებს, რომ 5 წლამდე ან მუცლად ყოფნის პერიოდში ბაზისური საყრდენები ყველა მათგანს მორღვეული აქვს. - რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები ჰგავს ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანის ქმედებებს? - არაპროფესიონალი თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევია მისი ფსიქიკური მდგომრეობა, რომელსაც ნამდვილად ვერ დავარქმევთ ჯანსაღს. როცა ასეთი ადამიანი იბადება, იზრდება და ყალიბდება, ის თვითგამოვლენას ვერ მოახდენს თუ გარემომაც არ შეუწყო ხელი. სამწუხაროდ, რუსეთმა მისცა პუტინს ის გარემო-პირობები, რამაც ასეთ აგრესორად ჩამოაყალიბა. მისი აგრესიის მარცვალი ზუსტად იმ ნიადაგში მოხვდა, როგორიც მას სჭირდებოდა. - ალბათ ნახეთ ვიდეო, სადაც ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცი ცდილობს დედას გააგებინოს, რაც უკრაინაში ხდება და დახმარებას თხოვს, დედა კი შვილის თხოვნას უგულვებელჰყოფს და მხოლოდ იმით ინტერესდება, რა მდგომარეობაშია მისი ჯავშანმანქანა. რა ფენომენია ეს, რაზე მეტყველებს დედის საქციელი? - ეს დედა არის რუსეთის სახე, საუკუნეების და ისტორიის პროდუქტი. შეგვიძლია ვთქვათ, ,,გადაფხეკ რუსს და მიიღებ მონღოლს.“ ეს იქნება გენეტიკური ფაქტორი, აღზრდა თუ კოლექტიური არაცნობიერი, რუსეთში აგრესიისთვის ყველანაირად არის ნიადაგი შემზადებული. - მათში ბუნებრივად დევს დამპყრობლის ინსტინქტები? - კი, ნამდვილად სჭარბობს მათში დამპყრობლის ინსქტიტები. რუსეთს სჭირდება მსხვერპლი და მსხვერპლი ყოვეთვის იზიდავს დამყრობელს. თავად რუსი მწერლები აღიარებენ და თავიანთ თხზულებებში გამოთქვამენ აზრს, რომ რუსს ოღონდ ძალაუფლება ჰქონდეს, შავ პურზეც იარსებებს. ქართველი მწერლები როგორ ახასიათებენ ჩვენს თვისებებს? ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომელიც გამღებად არის დაბადებული. ოღონდ სხვა იყოს კარგად ჩვენს მიწაზე და ჩვენს თავს არ დაგიდევთ. ეს ჩვენი მიმღები ხასიათი ფაზლივით ჯდება რუსების დამპყრობლურ ბუნებაში, თუმცა ამ ფაზლს არ მოერგნენ უკრაინელები. - ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინელებმა ფსიქოლოგიური ომი უკვე მოიგეს? - პრაქტიკულად უკრაინელებმა ფსიქოლოგიური ომი და ინფორმაციულიც მოიგეს, - ინტერნეტ ომიც და მენტალური ომიც. მათ მსოფლიოს გულიც მოიგეს და დაიმსახურეს უდიდესი სიმპათია. უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ უკრაინამ რუსეთი გატეხა და დაანგრია მითი მათი უძლეველობის შესახებ!
  5. სამშობლოს იცავენ, ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს? უკრაინის ქალაქ დნეპრის (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) მშვიდობიანი მოსახლეობა მეორე დღეა რუსეთის არმიის მხრიდან დაანონსებული დაბომბვის მოლოდინშია. მოქალაქეებს გუშინ მთელი დღე ესმოდათ, როგორ იბომბებოდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე სტრატეგიული ობიექტები, სამხედრო ნაწილები, აეროპორტები. მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ, არავინ არსად გარბის, თუმცა მათი ცხოვრების რეჟიმი მნიშვნელოვნად შეიცვალა და მათი სიცოცხლეც გამუდმებით საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ Planeta.ge-ს ქალაქ დნეპრის მკვიდრი, უკრაინელი ახალგაზრდა ნატალია გრიშენკო ესაუბრა. - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამუდმებით ომზე მიდიოდა ლაპარაკი, ცხოვრებას ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდით. იმედიც გვქონდა, რომ კონფლქტი მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარდებოდა და სისხლისღვრამდე არ მივიდოდით. სამწუხაროდ, უბრალო ხალხის სურვილი არასდროს ემთხვევა ზემდგომების სურვილს. თქვენც უყურებთ მოვლენების განვითარებას და ხედავთ, რა დღეშიც აღმოვჩნდით. გუშინ დილით გრუხუნისა და აფეთქებების ხმამ გამოგვაღვიძა და მაშინათვე მივხვდით, რა უბედურებაც გვეწვია. მას მერე ორი მცირეწლოვანი ბავშვითურთ სახლში ვზივარ. ჩემი მეუღლე მეზღვაურია და ახლა შორეულ ნაოსნობაშია წასული. ასე, რომ საკუთარი ძალებით მომიწევს ამ მძიმე პერიოდში თავის გატანა. მადლობა ღმერთს, ამჟამად ფინანსური პრობელმის წინაშე არ ვდგავართ. რამდენიმე დღის სამყოფი საკვები პროდუქტებიც გუშინვე მოვიმარაგე, მაგრამ მერე რა მოხდება, წინასწარ არავინ ვიცით. მაღაზიებიც ნელ-ნელა ცარიელდება. პური გუშინვე უკვე ძნელად იშოვებოდა. საავადმყოფოების და კვების ობიექტების გარდა, სხვა დაწესებულებები დაკეტილია, ყველანი სახლში ვზივართ და ვუცდით, რა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მთელი დღე აფეთქებების ხმა გვესმოდა, ჩვენს ქალაქში პანიკა არ შეინიშნება. ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არც ვინმეს გაქცევის შესახებ გამიგია რამე. მით უმეტეს, 18 - დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს უკრაინის დატოვება აკრძალულიც აქვთ, საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული და ვისაც იარაღის ხელში აღება შეუძლია, მოხალისეებად ეწერებიან. ამისთვის სპეციალური პუნქტებია შექმნილი. - თქვენ მითხარით, რომ დღესითვის დნეპრის ოლქის დაბომბვას ელოდებოდით. როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. - გუშინ სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავდნენ, დღეს უფრო მასირებულ დაბომბვას ველოდებოდით, ასე ჰქონდა დაანონსებული ოკუპანტს, თუმცა ისევ წერტილოვანი აფეთქებების ხმა ისმის, რასაც სიმშვიდეს ვერ დავარქმევდით. ჩვენი ქალაქის მერმაც გააკეთა განცხადება და გვამცნო, რომ ჯერ-ჯერობით ისევ სტრატეგიულ ობიექტებს ურტყამენ, რუსების ძირითადი სამიზნე კი კიევია. მაინც მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუ მასირებული საჰაერო შეტევა დაიწყო, სადმე გაქცევასაც აზრი არა აქვს. ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობას შეგვატყობინა იმ ადგილების მისამართები, სადაც მიწისქვეშა თავშესაფარი მოეწყო და ალბათ, მანდ დავიმალებით. მანამდე კი ჩემოდნები მაინც ჩალაგებული გვაქვს და საკუთარ ბინებში ვიცდით. - ჩვენ შორიდან ვუყურებთ და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვეცნობით იქ მიმდინარე მოვლენებს. თქვენ უკეთ იცით, რა ხდება ადგილზე, რა შესაძლებლობები აქვს თქვენს არმიას, როგორი მოტივაციით არიან? - სამშობლოს იცავენ, ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს, თუმცა კი, არავის უნდოდა ეს ომი. ჩვენ ძლიერი სამხედროები გვყავს, დანებებას არ აპირებენ. მსხვერპლიც საკმაოა, მაგრამ ამ დღენახევარში მოწინააღმდეგეს იმდენი დანაკარგი აქვს, მოტივაციას ესეც ამაღლებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ თუ აქამდე მთელი მსოფლიო გვაგულიანებდა და გვეგონა, თუ კონფლიქტი მაინც გარდაუვალი იყო, დასავლელი პარტნიორების მკვეთრი და მკაცრი ნაბიჯები მალევე აღკვეთდა პუტინის აგრესიას, ასე არ მოხდა. სრულიად მარტო შევრჩით მონსტრს, რომლისაც ყველას ეშინია. - მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. ეს საკმაოდ დიდი წნეხი იქნება მისთვის და იქნებ პოზიციები დათმოს? - არა მგონია კრემლის ურჩხული ამ სანქციებით შეაჩერონ. ეს შეეძლოთ მანამდე გაეკეთებინათ, ვიდრე სუვერენულ სახელმწიფოში შემოიჭრებოდა და ამდენი სისხლი დაიღვრებოდა. პუტინს არც საკუთარი ხალხის და არც მეომრების ბედი ადარდებს. ჩვენი ტელევიზიები გვიჩვენებენ, უკვე რამდენი რუსი ჯარისკაცი ავიყვანეთ ტყვედ. ხელებაწეული, ლამის ტირილით ბარდებიან ჩვენს მეომრებს და უყვებიან, რომ არ იცოდნენ, საომრად თუ მოჰყავდათ. სულ რამდენიმე წუთის წინ, ჩვენთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი ოლქის ქალაქ კრივოი როგში შესაძლოა რუსი დივერსანტები იმყოფებოდნენ და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდეს. - რა პროგნოზები კეთდება თქვენთან, როგორ ფიქრობენ ადგილობრივი სამხედრო ექსპერტები ან მოქალაქეები, ეყოფა უკრაინულ არმიას ძალა, შეაჩეროს რუსეთის აგრესია და გაუძლოს მის შემოტევებს? - დიახ, უკრაინას ძლიერი ჯარი ჰყავს, მათ მოხალისეებიც უერთდებიან და ჩვენი მოტივაციაც განსხვავდება აგრესორის მოტივაციისგან. ისინი დასაბყრობად მოდიან, თან სხვის ბრძანებას ასრულებენ, ჩვენი არმია კი ჩვენს მიწა-წყალს იცავს და დაიცავს ბოლო წუთამდე. ყოველ ნაბიჯზე მესმის, რომ დანებებას არავინ აპირებს. - მიუხედავად იმისა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გიჭერთ და სოლიდარობას გიცხადებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ რუსეთის მიმართ საქნციების გატარებას არ აპირებს. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ? - მაშინ, როდესაც ჩვენთვის დახმარების გაწევის ერთადერთ საშუალებად სწორედ ეს ეკონომიკური თუ სხვა სახის საქნციები დარჩა, ერთი შეხედვით საწყენია მსგავსი განცხადება და განზე გადგომა, თუმცა თქვენი ხელისუფლებისაც გვესმის. საქართველოს საკმაოდ მწარედ აქვს გამოცდილი რუსეთის აგრესია და დღესაც არ არის არაფრისგან დაცული. ამიტომ იჩენს, ალბათ, სიფრთხილეს. როგორც გითხარით, ცხელ გულზე, ეს ფაქტი ჩვენთვის ნამდვილად საწყენია, მაგრამ ცივი გონებით თუ განვსჯით, როცა თქვენზე ბევრად დიდი და მძლავრი სახელმწიფოების მეთაურები რევერანსებით ელაპარაკებიან რუსეთს, საქართველოს მთავრობის მეთაურისგან რაღა გაგვიკვირეს?
  6. ,,ნიკარაგუასა და ნაურუში რა დაგვკარგვია?" ოკუპირებულ აფხაზეთში გაზიფიკაციის თემაზე ალაპარაკდნენ. ამ საკითხის განსახილველად სოხუმში, რამდენიმე დღის წინ, რუსი სპეციალისტები ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიკაციის ქსელის შექმნაზე ისაუბრეს. ამის შესახებ აფხაზური მედია-საშუალებები იტყობინებიან. მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა რუსულ დელეგაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი რესურსების და პოტენციალის შესასწავლად გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო. ასევე, შესთავაზა ის სცენარები, რომელთა გათვალისწინებითაც ენერგო და საწვავით მომარაგების პროცესი ,,რესპუბლიკის“ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს. ვინაიდან, ოკუპირებულ აფხაზეთს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, მოსახლეობა ელექტროენერგიის მაქსიმალურ ოდენობას მოიხმარს, რამაც გასულ წელს 400 მილიონი კილოვატი შეადგინა. ელექტროენერგიის ტარიფი კი იმდენად მინიმალურია, რომ მოხმარებული ენერგიის ნახევარსაც ვერ ანაზღაურებს, რის გამოც, ელექტრომომარაგების მხრივ, აფხაზეთი მუდმივი პრობლემების წინაშე დგას. ამიტომაც, შესაძლო გაზიფიკაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები უნდა გაეხარებინა, თუმცა ამ ამბავმა მათში, იმედის და სიხარულის ნაცვლად, ისევ სკეპტიკური განწყობა გააჩინა. მიზეზად კი უმარავი შემთხვევა დაასახელეს, როცა მათი და რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან გახმოვანებული ინიციატივა თუ გეგმა, ასე გეგმის დონეზე დარჩა და არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა. ვინაიდან ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს, აქტიურად ვიკონტაქტოთ ენგურსგაღმა მყოფ საქართველოს მოსახლეობასთან, მათ შორის, აფხაზებთან, ვინც ჩვენთან ურთიერთობის წინააღმდეგი არ არის, მათთან მიმდინარე მოვლენებს ხშირად განვიხილავთ. უფრო მეტიც, ნაცნობი აფხაზები არც თავიანთი ყოველდღიური ყოფით უკმაყოფილებას გვიმალავენ და ჩვენთან არც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარების შესახებ საუბარს ერიდებიან. ერთ-ერთი მათგანი ზემოთხსენებული გაზიფიკაციის თემაზეც გამოგვეხმაურა და სხვა საინტერესო საკითხებზეც გვესაუბრა, თუმცა თავისი ვინაობის საქვეყნოდ გამჟღავნება არ ისურვა და ობიექტური მიზეზების გამო, ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. - ასე ჩამოდიან რუსეთიდან დელეგაციები, ხან რა საკითხს განიხილავენ და ხან - რას. ეკონომიკის აყვავებას გვპირდებიან, სოციალურ განვითარებას გვპირდებიან და ბოლოს მაინც ხელცარიელნი ვრჩებით. გაზიფიკაციაზე წამოწყებული საუბარი კი არა, ჯერ კიდევ 2014 წლის მიწურულს რომ პუტინმა და ხაჯიმბამ ხელშეკრულება დადეს, უამრავი პუნქტი იყო, რომელიც ჯანდაცვის, თავდაცვის, განათლების, ეკონომიკის, საგარეო მიმართულებების თუ უამრავი სხვა კუთხით აფხაზეთის განვითარებას და კეთილდღეობას ითვალისწინებდა. მაგრამ რა?.. ის კი არადა, ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე პასპორტიზაციის გამარტივებულ პროცესს და რუსული პასპორტების დარიგებას დაგვპირდნენ. თავპირის მტვრევით ვეწერებოდით საპასპორტო განყოფილებებში; იმხელა რიგებში ვიდექით, განცხადებები რომ შეგვეტანა. მას შემდეგ, ერთეულებმა შეძლეს მარტო რუსეთის მოქალაქის პასპორტის აღება. მაგას ვინ ჩივის, წლების განმავლობაში აფხაზური პასპორტის აღებაც კი პრობლემა იყო. - რუსეთის მოქალაქის პასპორტის აღება ასე რატომ გაინტერესებთ? - რუსეთის მოქალაქის პასპორტის აღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აფხაზეთიდან გაღწევაში გვიწყობს ხელს. ჩვენი პასპორტით, ხომ რუსეთის გარდა ვერსად მივდივართ და არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს? მხოლოდ იმ ქვეყნებში შეგვიძლია წასვლა, რომლებმაც გვაღიარეს და ნიკარაგუასა და ნაურუში რა დაგვკარგვია? ასევე, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ისინი ორმაგ პენსიას იღებენ. აქაურსაც და რუსეთისას, რაც ერთობლიობაში, რაღაცას წარმოადგენს... - ის, ხელშეკრულება, პუტინსა და ხაჯიმბას შორის 2014 წლის ნოემბრის ბოლოს რომ დაიდო, მეც კარგად მახსოვს. ,,მოკავშირეობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება“ ერქვა და მართლაც მრავალ პუნქტს ითვალისწინებდა. მათ შორის, რუსეთის მხრიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თქვენი კეთილდღეობისთვის 5 მილიარდი რუბლის გაღებასაც. ამდენი წლის შემდეგ მაინც თუ იგრძენით რუსეთთან ,,პარტნიორობით“ მიღწეული შედეგი ან კეთილდღეობა? - ეგ ხელშეკრულება, მგონი, ერთეულებს გვახსოვს მარტო, რადგან მაგ ქაღალდით არც არავის უხელმძღვანელია და არც არავის უსარგებლია. მასში გაწერილი კონკრეტული გეგმების მიხედვით, ჩვენთვის აქ არანაირი პროექტი არ განხორციელებულა. ერთადერთი, რაც რუსეთმა აფხაზეთში გააკეთა, ესაა, მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მოწყობა. რამდენიმე ადგილას იმხელა სამხედრო ,,გარადოკი“ ააშენეს, ცალკე დასახლება გეგონება, სადაც რუსი სამხედროები ოჯახებით ცხოვრობენ და სადაც მათთვის ყველანაირი ინფრასტრუქტურა არსებობს. ჩვენი მოსახლეობისთვის სასარგებლო ის იყო, რომ ბაზების სამშენებლო საქმიანობაში ძირითადად ადგილობრივები მონაწილეობდნენ. მხოლოდ ინჟინრები და ინსტრუქტორები ჩამოიყვანეს რუსეთიდან, დანარჩენ საქმეებში ჩვენები ჩართეს და კარგადაც უხდიდნენ. მხოლოდ ეს სიკეთე ვნახეთ. კიდევ ერთი, რაც იმ ხელშეკრულებით იყო გათვალსწინებული და სრულდება, ესაა რუსეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აფხაზი აბიტურიენტებისთვის ლიმიტის გამოყოფა და ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი, ვის ოჯახებსაც მათი იქ რჩენის თავი აქვს, უმაღლესი განათლებას რუსეთში იღებს. რუსეთის მხრიდან სხვა დანარჩენი დაპირება დაპირებად დარჩა. საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთში სამედიცინო დახმარებაც უფასოდ და უპრობლემოდ უნდა მიეღოთ, თუმცა, სამკურნალოდ რუსეთში წასული ჩვენი მოქალაქეებიდან, კმაყოფილი არავინ ჩამოსულა. ბევრი ამბობს, რომ მათ საავადმყოფოების მედპერსონალი უხეშად ექცეოდა და უმეტესად, თავიდან იშორებდა. რუსი ექიმები არც იმის თქმას ერიდებოდნენ, აქ რაღას ჩამოდიხართ, იქ ექიმები ხომ გყავთ და იმათ გიმკურნალონო. არადა, კვალიფიციური ექიმების პრობლემა მართლაც გვაქვს და არც კლინიკებშია სახარბიელოდ საქმე. ძირითადად, ყველგან მოძველებული და ამორტიზებული აპარატურა დგას, რომელსაც არაკვალიფიცირებული პერსონალი განაგებს. თანამედროვე სამედიცინო აპარატურა რომც გვქონდეს, ექიმებმა მისი გამოყენება ხომ უნდა იცოდნენ? თუ არ გადაამზადე, ტრენინგები თუ არ ჩაუტარე, რანაირად ისწავლიან, რაც არ იციან? აფხაზები ამიტომაც ცდილობენ, თბილისს მიაშურონ და იქაურ ექიმებს ანდონ თავიანთი სიცოცხლე. ადრე, 15-20 წლის წინ, ამას ვერ ბედავდნენ, რადგან აქ ხმები ვრცელდებოდა, ენგურზე როგორც კი გადახვალთ, დაგიჭერენ, დაგსჯიან, ციხეში ჩაგსვამენო. მერე, ერთეულებმა, ნათესავების დახმარებით ხან სავაჭროდ მოახერხეს გადასვლა, ხან - სხვა საჭიროებისათვის და აღმოჩნდა, რომ მათ არც არავინ დევნის და არც არავინ იჭერს. შემდეგში, ბევრმა აფხაზმა, საერთოდაც, იქით გადასვლა-გადმოსვლის საშუალებით ააწყო თავისი ბიზნესი. სამედიცინო დახმარებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. რომ არა თქვენი მხარე, ამ პანდემიას ვერ გადავურჩებოდით და სხვა დაავადებების სამკურნალოდ რამდენი მოდის, ოპერაციებსაც მანდ იკეთებენ და ქიმიოთერაპიებსაც. თანაც ისე, რომ არც მოვლას აკლებს ვინმე, არც ყურადღებას, არც აბუჩად იგდებენ ან რამეს აყვედრიან და რაც ყველაზე მთავარია, ყველანირ დახმარებას უფასოდ იღებენ. უკან დაბრუნებულები იქაური კლინიკების დონესა და მომსახურების პირობებზე ისეთებს ჰყვებიან, რომ აქაურობის შემხედვარეებს დაჯერება გვიჭირს. - ერთი პერიოდი, თქვენი ხელისუფლება ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა და აფხაზებს სამკურნალოდ ჩვენსკენ გადმოსვლას უშლიდა. ამ მხრივ რამე შეიცვალა? - კი, ბევრჯერ სცადეს, ხალხისთვის სამკურნალოდ თბილისში ან ქუთაისში წასვლა აეკრძალათ, მაგრამ რას გააწყობდნენ, როცა თავად ვერაფრის გარანტიას ვერ გვაძლევდნენ, საქმე კი დამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხებოდა? იმდენი შემთხვევა იყო, როცა აფხაზი ექიმებისგან უიმედოდ მიჩნეული და მათგან ხელჩაქნეული ადამიანი ქართველ ექიმებს გადაურჩენიათ. იმდენი შემთხვევა იყო, როცა პაციენტი სოხუმიდან კრასნოდარში გააგზავნეს, იქაურმა მედიკოსებმა კი ხელი არ მოკიდეს, მერე განწირულმა თბილისში მოახერხა ჩასვლა და იქიდან საღსალამათი დაბრუნდა. ამას ჩვენი ხელისუფლებაც ხომ ხედავს და რა ნამუსით უნდა დაუშალოს ვინმეს თქვენსკენ წამოსვლა? განა თავადაც იგივეს არ აკეთებენ? აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენელთაგან რამდენი წასულა თბილისში მალულად და რამდენს უმკურნალია იქ ისე, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულა? ხალხში მაინც არაფერი იმალება, ყველაფერი ვიცით. ამიტომ ეს პრობლემა უკვე დღის წესრიგში აღარ დგას, ,,უფროსობას“ არავის უთანხმებს, სამედიცინო დახმარებისთვის და თუნდაც სავაჭროდ, სად წავა. მაშინ თავად უნდა შემოგვთავაზონ ის, რისთვისაც სხვაგან მივდივართ, ამას კი წლებია, ვერ მიაღწიეს და უახლოეს პერიოდშიც, ვერ შეძლებენ, რადგან ვინც ხელისუფლებაში მოდის, ყველას ყველაფერი სათავისოდ უნდა. არანაირი კანონი ჩვენთან არ მოქმედებს, კლანურობა, კორუფცია და კრიმინალი ისეთ ზღვარზეა ასული, იმის ზევით რომ ვეღარ აიწევს. მარტის თვეში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. დეპუტატობის კანდიდატები მრავლად გვყავს, მაგრამ იმედი არც ერთის გვაქვს. ეგ გაზიფიკაციის საკითხიც ამ საარჩევნოდ შემოგდებული სატყუარა უფრო მგონია, იმ იმედით, არიქა, გაზი უნდა შემოგვიყვანონო, მმართველ პარტიას რომ დაუჭიროს ისევ ხალხმა მხარი. - ისევ წეღანდელ საუბარს რომ მივუბრუნდეთ, კი ამბობთ, რომ სამკურნალოდ თუ სავაჭროდ აქეთ გადმოსვლას აფხაზებს ვერავინ დაუშლის, მაგრამ ენგურის ხიდის ეგრეთწოდებულ საბაჟოზე გადმოსვლა ახლა ხომ ისე არ ხდება, როგორც ადრე იყო? - ეგ მართალია, ახლა ყველაფერი მეტად გართულებულია. ადრე, ხიდზე გადასვლა-გადმოსვლის ამბავს, ისევ ჩვენიანთან, აფხაზ მესაზღვრესთან იქვე აგვარებდნენ. ზოგი ნათესავი იყო ან ნაცნობი და თავისუფლად, ზოგი კი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ გაგატარებდა. რაც საზღვრების საკითხი რუსებმა გადაიბარეს, არამარტო აქაური ქართველებისთვის, აფხაზებისთვისაც პრობლემური გახდა პეციალური საშვის აღება და საზღვარზე გადასვლა. ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს ექიმები აძლევენ მიმართვას, მერე ესეც უშიშროებასთან და სხვადასხვა განყოფილებაში უნდა შეათანხმონ და ისე აიღონ საშვი. სხვა მიზნებით გადასვლის მსურველებს კიდევ მეტი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა უწევთ, ვიდრე საბუთს მოიპოვებენ. ადრე, მახსოვს, ნათესავების გასვენება ან ქორწილი რომ იყო, აქეთაც ბევრი ხალხი შემოდიოდა. ვეპატიჟებოდით, ხიდთან ვხვდებოდით, ჩვენს მესაზღვრეებს ვუთანხმდებდით და ზოგი სულაც ისე, ზოგი მცირე პატივისცემის სანაცვლოდ, უპრობლემოდ ატარებდა ჩვენს სტუმრებს. უკვე 10 წელზე მეტია, ესეც მოიშალა, რაც ძალიან არ მოგვწონს, მაგრამ ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. - თუნდაც ამ, ერთი შეხედვით, მცირე მაგალითიდანაც ხომ ჩანს, რომ აფხაზები თქვენს მხარეში რუსების ჩაურევლად ვერაფერს წყვეტთ. ეს ფაქტი რამდენად აკმაყოფილებს თქვენს ამბიციას, იყოთ დამოუკიდებლები? - ეს ის თემაა, რომელზე საუბარიც არ მსურს. ამ საკითხზე თქვენ თქვენი ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ და ჩვენ - ჩვენი. უბრალოდ, ერთი რამ ცალსახაა, აფხაზი ხალხი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით. არ გვინდოდა ქართველებზე ვყოფილიყავით მიბმული და დამოკიდებული, ამისთვის სისხლი დავღვარეთ და ახლა რუსეთზე დამოკიდებული გავხდით. - განსხვავებას მაინც ხომ ხედავთ, რას აკეთებს რუსეთი თქვენთვის და რას ვაკეთებთ ჩვენ? - კი, განსხვავებას ვხედავთ. - მერე, თქვენი მომავალი განვითარებისთვის, გამოსავალს ან პერსპექტივას სად ხედავთ? - ჩემთვის ძნელი სათქმელია. დღესდღეობით პერსპექტივა არ ჩანს. წინ ვერ მივდივართ, უფრო, ერთ ადგილს ვტკეპნით, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ, არც - ანალიტიკოსი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.
  7. ვინც ზაფხულში ასულა ზემო სვანეთში და იქაური გასაოცარი სილამაზე უნახავს, განცდილი ემოციები, უსათუოდ, სიბერემდე გაჰყვება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ზღაპრული მხარე ზამთრის სეზონზე კიდევ უფრო ჯადოსნური და შტამბეჭდავია, თავისი გრანდიოზული ბუნებით, იისფრად აბრჭყვიალებული, დათოვლილი მთებით და მყინვარებით, ცაში აწვდილი კოშკებით, უძველესი ტაძრებით და სალოცავებით. ნებისმიერ სიმაღლეზე ფეხს დაადგამ თუ არა, მიმოიხედავ თუ არა, ეგრევე სიამაყით ივსები, რადგან ეს დაუჯერებელი სილამაზე შენია და გაბადრულ ტურისტებს, რომლებიც გზადაგზა გხვდებიან და აღფრთოვანებულები ათვალიერებენ გარემოს, ნიშნისმოგებით უყურებ. ისინიც უთქმელად ხვდებიან შენს ფიქრს და გეთანხმებიან, კიდეც. სრულიად უცნობები, ცდილობენ გამოგელაპარაკონ, აღტაცება გამოთქვან, აღიარონ, რომ ასეთი მომაჯადოებელი სილამაზე არსად უნახავთ. ერთ-ერთი ასეთი აღფრთოვანებული და ემოციებით დახუნძლული ამერიკელი, შუა ხნის მამაკაცი ზურულდის მთაზე შემოგვხდა, რომელიც ემოციებს ვეღარ იტევდა, უნდოდა ყველასთვის ეთქვა, როგორი მოხიბლული და გაოცებული იყო სვანეთის სილამაზით. უცხოელი უშბას თვალს ვერ აცილებდა და ხმამაღლა აღიარებდა: ევროპა და აზია მოვლილი მაქვს, სად არ ვყოფილვარ, რომელი მთა არ მინახავს, მაგრამ ასეთი გრანდიზოდული სანახაობა, ასეთი სილამაზე არსად შემხვედრიაო. Ბედნიერი ხალხი ხართ, ეს ყველაფერი თქვენ რომ გეკუთვნითო. Ჩვენც სიამოვნებით მოვუსმინეთ და თავებიც ვუქნიეთ, თუმცაღა, გულის სიღრმეში ისიც ვიცოდით, რომ იმ სილამაზეების უკან როგორც ჩვენ ვხედავდით პრობლემებს, სტუმარიც ისევე დაინახავდა. Პრობლემა კი არაერთია, რომელთაგან ზოგის მოგვარება მარტივია, ზოგის მეტ-ნაკლებად ძნელი, მაგრამ კეთილი ნების შემთხვევაში, შესაძლებელი და აუცილებლად გასაკეთებელი. პირველი და ყველაზე მეტად თვალშისაცემი პრობლემა იყო დათოვლილი და გაუწმენდავი გზა. ვიდრე სამეგრელოდან სვანეთში ავედით, მგზავრები იმას ვჩიოდით, როგორი მოყინული და ცუდი გზააო, მძღოლი კი პირიქით, გვარწმუნებდა, ბევრად უარესი იყო, მაგრამ მარილი მოუყრიათ და ახლა უკეთესი მდგომარეობააო. მესტიის შესასვლელსა და ცენტრალურ ადგილებსაც ეტყობოდა, რომ ტექნიკური მარილი დაეყარათ, მაგრამ იმდენად არათანაბრად, რომ გზა ყინულის პატარ-პატარა გორებად იყო დაყოფილი. ნიჩბებით ყრიდნენ და ეტყობა, კარგად ვერ გადაანაწილესო. - შემოგვჩივლეს ადგილობრივებმა. ,,ამხელა საკურორტო ზონაა და მუნიციპალიტეტს ერთი სპეციალური მანქანა კი უნდა ჰყავდეს, რომელიც ავტომატურად გააფრქვევს მარილს. ნიჩბებით კი დაყარეს, მაგრამ თქვენც ხედავთ, რას ჰგავს აქაურობა. როცა ამხელა თოვლი და მაღალი ყინვებია, მხოლოდ ერთხელ დაყრა ან გაწმენდა არ კმარა. არა მარტო მესტიამდე და სასტუმროებამდე მისასვლელი, არამედ მთისკენაც ყოველდღიურად უნდა იწმინდებოდეს გზები, სადაც ძირითადი სათხილამურო ტრასები გვაქვს.“- გვითხრეს მესტიელებმა. ჩვენს იქ ყოფნაში, გრეიდერმაც ჩამოიარა და მოლიპულ ქუჩას ,,ნიჩაბი“ გადაუსვა, მაგრამ ვერაფერი დააკლო. ყინულის ის გორაკები გზად ისევ ისე დარჩა. იგივე მდგომარეობა დაგვხვდა თეთნულდის სათხილამურო ტრასისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზეც. ბუნებრივია, სპეციალური, მაღალი გამავლობის ავტომობილების გარეშე ვერც ტურისტი და ვერც ადგილობრივი იქ ვერ ავა. ზოგადად, ტრანსპორტის საკითხიც წლებია, ზემო სვანეთში გადაუჭრელ პრობლემად არის ქცეული. მესტიის შიგნითაც და სოფლებშიც ბლომად ნახავთ ავტობუსების გაჩერებას, ზოგი ახალი აშენებულ-მოწყობილიცაა, თავისი ფირნიშით, მაგრამ რად გინდა?.. საბჭოთა დროის მერე აქ მუნიციპალური ტრანსპორტი არავის უნახავს. მესტიას არც ერთი ავტობუსი და მიკროავტობუსი არ ემსახურება. შესაბამისად, ვისაც საკუთარი ავტომანქანა არ ჰყავს, სოფლებიდან დაბაში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად ალალბედზე გამვლელის იმედად არის ან ტაქსით უნდა იმოძრაოს. თუმცა, მიუხედავად თოვლიანი ზამთრისა, სასტუმროები ამ საკურორტო სეზონზე არა მარტო პერსონალის, სტუმრების დეფიციტსაც განიცდის, რაც ჩვენი იქ ყოფნის დროსაც ძალიან თვალსაჩინო იყო. ამის მიზეზი კი, როგორც ადგილობრფივებმა გვითხრეს, ახალი წლის წინა დღეებში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო, რამაც უკვე იქ ასული ტურისტებიც გააქცია და საახალწლოდ თუ ნაახალწლევისთვის აღებული ჯავშანის გაუქმებაც გამოიწვია. ,,მიუხედავად იმისა, რომ სათხილამურო ტრასებზე, ქუჩებსა თუ კაფეებში საკმაო რაოდენობით ხვდებით უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტებს, ეს ნაკადი მესტიაში არსებული სასტუმროების მესამედსაც ვერ ავსებს. იმისათვის, რომ ვთქვათ, ტურისტული სეზონი შედგაო, დაბამ სამჯერ ამაზე მეტი სტუმარი უნდა მიიღოს.“ - გვეუბნება ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი. მისი თქმით, კოვიდ პანდემიის მერე იყო ისეთი პერიოდიც, როცა მესტია ტურისტებისგან სრულიად დაცლილი იყო, მაგრამ რაც რეგულაციების დაცვით ტურიზმი ისევ ამოქმედდა, მას შემდეგ ასეთი ჩავარდნა არ ახსოვთ. ,,სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს ასეთ ცუდ საქმეს გვიკეთებენ ის ადამიანები, ვინც კრიპტოვალუტის წარმოების გამო ჭარბ ელექტროენერგიას მოიხმარენ და ენერგოსისტემას პრობლემებს უქმნიან. იურიდიული პირები და სხვადსხვა შპს-ს მფლობელები ჩვეულებრივად ვიხდით ყველა გადასახადს და ჩვენს ხარჯს ყოველთვიურად ვფარავთ. გვყავს თუ არა სტუმრები, იძულებულნი ვართ, სასტუმრო ვამუშავოთ. ორი სტუმარიც რომ შემოგივიდეს, კვების გარეშე ხომ ვერ დატოვებ, პროდუქტის ფასი კი აქ განსაკუთრებულად ძვირია, ყველაფერი ერთმანეთს ემატება და გვაქვს ვითარება, როცა მოგებაზე კი არა, იმაზე ვფიქობთ, ნაკლები ვიზარალოთ. მთავარია, პერსონალი შევინარჩუნოთ და როგორმე სასტუმრო შევინახოთ.“ - გვეუბნება კიდევ ერთი სასტუმროს მეპატრონე. რაც შეეხება სასტუმროებს, სვანეთში არსებობს ყველა კატეგორიის სტუმრისთვის მისაღები სასტუმრო თუ ეგრეთწოდებული გესთჰაუსი, სადაც სასურველ ფასში სასურველ მომსახურებას მიიღებ, 15 ლარიდან დაწყებული 300-400 ლარამდე. საშუალო ფასის სასტუმროებიც საკმაოდ მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ და მომსახურების მაღალ დონეს გთავაზობენ. თუმცა, როგორც ვნახეთ იანვარში ყველა მათგანი უჩიოდა სტუმრების სიმწირეს, რის უმთავრეს მიზეზად ელექტრომომარაგების მხრივ შექმნილ პრობლემებს ასახელებენ. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, პრობლემები სვანეთის მოსახლეობას ადრეც ჰქონია. ეს მაშინ, როცა დიდთოვლობის დროს რომელიმე გადამცემი დაზიანდებოდა და ავარიულად გამოირთვებოდა ან რამე სხვა ხარვეზი იჩენდა თავს. თუმცა, ის რაც ბოლო წლებში ხდება, ადგილობრივების თქმით, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. კრიპტოვალუტის უკონტროლო წარმოებამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ წინასაახალწლოდ სვანეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა და იყო შანსი, იანვარშიც ასე გაგრძელებულიყო. სწორედ ამიტომ, კანონიერი გზით რომ ვერაფერი გააწყვეს და ვერც ხელისუფლებიდან დაინახეს მონდომება, სვანებმა ისევ ძველ ადათსა და ტრადიციაში იპოვეს გამოსავალი და ხატზე დაფიცებით სცადეს პრობლემის გადაწყვეტა. ეს ფაქტი სოციალურ ქსელებში დიდი ქილიკის და განსჯის საგნად იქცა, თუმცა ზემო სვანეთში ფიცის გატეხვა დღემდე მძიმე ცოდვად მიიჩნევა და იქაურები ფიქრადაც არ გაივლებენ, რომ ვინმე ხატზე დათქმულ ფიცს უგულვებელყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ,,ენერგოპრო ჯორჯიამ“ მალევე გაავრცელა ინფორმაცია, საქმეს ვერც ფიცის დადებამ უშველა და ზემო სვანეთი ისევ იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც ელექტროგადამცემი ხაზები ვეღარ გაუძლებს და ისევ დაზიანდებაო, ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ შედარება არ არის იმ მდგომარეობასთან, რაც დეკემბრის თვეში ჰქონდათ. ,,შუქი წარა-მარა მიდიოდა, ხან საათობით არ გვქონდა, ხან - ლამპასავით ბჟუტავდა, ვერც სახლებს ვათბობდით, ვერც საჭმელს ვამზადებდით. ახლა, რა ხანია, არც ჩამქრალა და ძაბვაც არ დავარდნილაო“. - მოგვახსენეს. მართლაც, ჩვენი იქ ყოფნის 4 დღიან პერიოდში, მხოლოდ ერთხელ ჩაქრა შუქი და მალევე მოვიდა. ,,მოსახლეობის გამრიცხველიანებაზე დაიწყეს საუბარი. გაზი ჩვენთან არ არის, ძირთადი საჭიროებები დენზე გვაქვს მორგებული, როგორ უნდა გავწვდეთ გადასახადს? მესტიის მოსახლეობას კიდევ არა უშავს, ტურიზმის მეშვეობით გარკვეული შემოსავალი მაინც აქვთ, სოფლების მოსახელობას არავითარი შემოსავალი არა გვაქვს, სოფლის მეურნეობა მოშლილია, ამ მიმართულებით სახელმწიფო არაფერს აკეთებს. მკაცრი ზამთრის პირობებში თავი ძლივს გაგვაქვს, ელექტროენერგიის საფასური როგორ გადავიხადოთ?“- ჩივიან ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრებლები. სვანეთში ხალხი მარტო ტურიზმით რომ ვერ ირჩენს თავს და სოფლის მეურნეობაც მისახედია, ამაზე ახალგაზრდებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ. ,,ასეა თუ ისე, მესტიას არაფერი უჭირს, ტურისტებით გაიტანს თავს როგორმე, მაგრამ სოფლის მოსახლეობამ რა ქნას? ჩვენთან ისეთი სოფლებია, თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი მათგანი ტურისტულ რუკაზე დაიტანო, მაგრამ გზა არ არის, ინფრასტრუქტურა არ არსებობს და ტურისტს რაღაც პირობები ხომ უნდა შესთავაზო? ყველა ქვეყანაში, სადაც ტურიზმია განვითარებული, პარალელურად განვითარებულია სოფლის მეურნეობაც. გლეხს ყველანაირი ხელშეწყობა აქვს იმისთვის, რომ ესა თუ ის პროდუქტი აწარმოოს და თავისი ნაწარმის რეალიზაცია შეძლოს. აქ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ელემენტარული, გზა არა გვაქვს? ჩამოსული სტუმრებისთვის კი არა, ადგილობრივი ახალგაზრდების განვითარებისთვის არაფერი კეთდება.“- გულისტკივილით აღნიშნავენ სვანი ახალგაზრდები. რამდენიმე ახალგაზრდა უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა, რათა თავისი ცოდნა და გამოცდილება თავისი მხარისთვის მოეხმარებინა, მაგრამ იქ არავის დასჭირდა. საჯარო სამსახურებში ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე ვერ გაარღვიეს და მათი გაქანება სასტუმროს ადმინისტრაციას ვერ გასცდა. ეს გარემოება ოპტიმიზმის საფუძველს არ უტოვებთ და ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი იმ ზღაპრული გარემოდან, რომელზეც დასაწყისშივე ვისაუბრე და რომელზე უკეთესიც დედამიწაზე არ მეგულება. მათი ასეთი განწყობა არ გამკვირვებია, რადგან ხელისუფლების მხრიდან ზემო სვანეთის უკეთესი მომავლისადმი გულგრილობა გასულ ზაფხულს თვალნათლივ დავინახე, როცა რამდენიმე სოფელი მოვიარე და ადგილობრივ გლეხებს მოვუსმინე. მახსოვს, როცა ვეკითხებოდი, რას ფიქრობთ, რატომ არაფერი კეთდება იმისთვის, რომ აქაურობა ტურისტებისთვის ყველა სეზონზე მიმზიდველი გახდეს, ტურიზმთან ერთად სოფლის მეურნეობასაც შეეწყოს ხელი და ყველა ოჯახმა შეძლებულად იცხოვროთ-მეთქი, თითქმის, ერთხმად მპასუხობდნენ, ხელისუფლებას სხვა დაინტერესება აქვს, აქაურობა ოქროს საბადოებად უნდათ აქციონ, ჩვენ კი აქედან გაგვაქციონ, ამიტომაც არაფერს აკეთებენო. მაშინ ცოტა კი მეხამუშა მათი ნათქვამი, გამიჭირდა დაჯერება, რომ იმ ჯადოსნურ მხარეს ვინმე ასაოხრებლად გაიმეტებდა, მაგრამ ორიოდე დღის წინ, სვანეთში ოქროს შესწავლა-მოპოვებაზე აუქციონის გამოცხადებამ, სვანების ნათქვამის სიმართლეში მეც დამარწმუნა. იმედია, სახელმწიფო ყველა ნიუანსს აწონ-დაწონის და ჩვენი ხელისუფლება ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, სვანეთის მოსახლეობის ჯანმრთელობას ან იქაურ გარემოს ზიანი მიადგეს. დასასრულს კი ვიტყვი, ვინაიდან ჯერ ზამთრის სეზონის ნახევარი წინ არის, თხილამურით სრიალის მოყვარულთათვის და არა მარტო მათთვის, უბრალოდ ზამთრის მოყვარულთათვის, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ზემო სვანეთის ტერიტორია ნამდვილი სამოთხეა. ამაში ნებისმიერი დარწმუნდება, ვინც ზურულდის მთიდან მოავლებს იქაურობას თვალს, ხოლო ვინც თეთნულდის საბაგირო და სათხილამურო ტრასასაც ეწვევა, იქამდე გზადაგზა ნანახ პეიზაჟებს თუ გაუძლებს, თეთნულდის კალთებიდან გადმოხედვისას თავს მართლაც ზღაპრულ სამყაროში იგრძნობს და სიცოცხლის წლებიც მოემატება. მერწმუნეთ, ვერც ერთი ფოტო თუ ვიდეოობიექტივი, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს, ვერ ასახავს იმ რეალობას, რასაც იქ საკუთარი თვალით იხილავთ. ამისთვის, ზამთარში ნებისმიერი ტრანსპორტით 8-9 საათიანი მგზავრობაც ღირს და რაც ყველაზე მთავარია, სასტუმროებსა თუ გესთჰაუზებში, ბევრად უკეთეს პირობებსა და სერვისში იმაზე ბევრად ნაკლები დაგეხარჯებათ, ვიდრე ბაკურიანსა თუ გუდაურში ხარჯავთ. აქვე უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც. როგორც სასტუმროების ადმინისტრატორებმა გვითხრეს, მესტიაში სტუმრობის ბევრი მსურველი უბრალოდ იმიტომ ვერ ჩადის იქ, რომ ტრანსპორტით ხანგრძლივ მგზავრობას ვერ იტანს, თვითმფრინავზე ბილეთი კი არასდროს არ არის ან შეიძლება არის, მაგრამ თუ ვინმე გავლენიან ნაცნობს არ ჩარევ, ვერც ერთ დროს ვერ აიღებ. ამიტომ უპრიანი იქნება, საკურორტო სეზონზე მესტიის მიმართულებით ყოველდღიურ რეისებს თუ დანიშნავენ.
  8. აფხაზები ახალ წელს შესაძლოა უშუქოდ შეხვდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების გამო, არსებული ელექტროსადგურები დატვირთვას ვერ უძლებს და მწყობრიდან ხშირად გამოდის, რაც შესაბამისად, მოსახლეობის უშუქოდ დარჩენას იწვევს. ქვესადგურების განსატვირთად და ადგილზე შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროსისტემაში, ჯერ კიდევ ორი თვის წინ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უმჯობესი იქნებოდა, სოხუმისთვის ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებინათ. ამიტომაც, გასულ ოქტომბერ-ნოემბერში სოხუმში ელექტროენერგიის მოძრავი გრაფიკი მოქმედებდა და დღე-ღამის განმავლობაში, სხვადასხვა უბანს სხვადასხვა თანმიმდევრობით 4 საათით დენი უწყდებოდა, რასაც მოქალაქეები კი აპროტესტებდნენ, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან სხვა გამოსავალს ვერც თავად ხედავდნენ. დეკემბრის შუა რიცხვებიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, როგორც იქაურები ამბობენ, გრაფიკი სანატრელი გაუხდათ. ,,მაშინ ვიცოდით მაინც, რა დროს გაითიშებოდათ ელექტროენერგია და წინასწარ ვემზადებოდით. ახლა კი არავინ იცის, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში და რამდენი ხნით დავრჩებით უშუქოდ. ამბობენ, რომ ავარიული გათიშვებია, ზოგან ტრანსფორმატორი იწვის, ზოგან სადენები დნება.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში სოხუმის მკვიდრმა ხიმრა გერხელიამ. მისი თქმით, ეს მდგომარეობა ელექტროენერგიის დაუზოგავმა და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უკანონო მოხმარებამ გამოიწვია. იმ ფაქტმა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების საფასური ძალიან დაბალია, რუსეთიდან კრიპტოვალუტის უკანონო მწარმოებლები მიიზიდა და მათი რიცხვი იქ დღითიდღე იზრდება. ,,თითქოს ადგილობრივები არ კმაროდნენ, რომლებიც წლებია ამ უკანონო საქმიანობას ეწევიან, ახლა რუსეთიდანაც მოგვაწყდნენ. ჩამოდიან, ბინებს ქირაობენ და დღე და ღამე ჩრთული აქვთ დანადგარები, რომელიც ელექტროენერგიას მძლავრად მოიხმარს. ეს კი ჩვენს ელექტროსადგურებს დიდ ტვირთად აწვება. აქაურმა ხელისუფლებამ სხვა რომ ვერაფერი გააწყო, გრაფიკი დააწესა და დღე-ღამის განმავლობაში, დილით და საღამოს, 2-2 საათით თიშავდნენ დენს. თვეზე მეტ ხანს გასტანა ასე. ახლა გრაფიკი მოგვიხსნეს, მაგრამ რად გინდა. ხან რომელ ქვესადგურზე წაეკიდა ცეცხლი ტრანსფორმატორს და ხან რომელი გაითიშა ავარიულად. წავა შუქი და არც ვიცით, როდის მოვა. ახლა ის გვაქვს სანატრელი, ახალ წელს სიბნელეში, უშუქოდ არ შევხვდეთ.“ - გვეუბნება ხიმრა. მისი თქმით, ელექტროსისტემის წარმომადგენლებს სხვა არაფერი შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის კეთილი ნების იმედად იყვნენ. ამიტომ გუშინ ,,ჩერნომორენერგოს“ მთავარი ინჟინერი თემურ კაცია და სოხუმის ელექტროსადგურის დირექტორი თემურ ჯინჯოლია აფხაზ ჟურნალისტებს შეხვდნენ და მათი საშუალებით მოქალაქეებს მიმართეს, ამ დღეებში ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმარონ, რათა ახალი წლის ღამეს უშუქოდ არ დარჩნენ. რაც შეეხება კრიპტოვალუტის მწარმოებლებს, ხიმრა გერხელია ამბობს, რომ ვინც ეგრეთწოდებულ მაინინგს ეწევა, თითო დანადგარს არ სჯერდება და სახლში 2-3 აპარატი მაინც აქვს. იყო შემთხვევები, როცა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ერთი ადამიანის ბინიდან 25-მდე დანადგარი ამოიღეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ანალოგიური მდგომარეობაა ოკუპირებული აფხაზეთის სხვა რაიონებში, მათ შორის გალშიც, სადაც ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდების გამო მოქალაქეებს საოჯახო ტექნიკა უზიანდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუმართავი ელექტროქვესადგურების და მოძველებული სადენების გამო, დენის მიწოდებაში ხარვეზები ადრეც ჰქონიათ, მაგრამ მსგავსი პრობლემები, რასაც, ამ მხრივ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწყდებიან, არ ახსოვთ.
  9. როგორ შეგვიფუთა მერიამ მგზავრობის გაძვირების შესახებ ინფორმაცია... თბილისის მერიის მიერ 22 დეკემბერს გაჟღერებულმა გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაორმაგდება და ამასთან, შესაძლებელი იქნება სხვადსხვა ფასიანი აბონემენტის შეძენა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქალაქეთა აზრი ორაგ გაჰყო. ერთნი ვამტკიცებთ, რომ ეს არაფერია, თუ არა მგზავრობის საფასურის ორჯერ გაძვირება; მეორენი სიხარულით გვამცნობენ, რომ პირიქით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იაფდება. მართალია, მარტივი არითმეტიკით ყველაფერი იოლი დასათვლელი და გასათვლელია, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის, ამ საკითხის გარშემო ატეხილი აზრთა სხვადასხვაობის გამო, სიმართლის დასადგენად planeta.ge-მ ეკონომისტ პაატა ბაირახტარს მიმართა. - ბატონო პაატა, როგორ შეაფასებთ დედაქალაქის მერიის მიერ 22 დეკემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, ხომ ვერ დაგვიზუსტებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ძვირდება თუ იაფდება? - რაც არ უნდა ლამაზად შევფუთოთ, რაც არ უნდა ბუღალტერია ჩავრთოთ და ამის შესახებ ადამიანებს ღიმილით მოვუთხროთ, თუ რაღაცის ფასს ვაორმაგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კი არ იაფდება, არამედ ძვირდება. როდესაც ერთჯერადი მგზავრობის საფასურს ვაორმაგებთ, აბონემენტს დაარქმევ ამას თუ სხვა სიტყვებს დაუძახებ, მოსახლეობისთვის იგივენაირი ტვირთი იქნება, როგორიც ამ ბუღალტერიისა და შეფუთვების გარეშე იქნებოდა. ადამიანებს, რომლებსაც ერთი თვის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობითვის, დღეს საშუალოდ 22-დან 24 ლარამდე ეხარჯებათ, ვეუბნებით, რომ თებერვლიდან უნდა იყიდონ ერთთვიანი აბონემენტი, რომელიც 40 ლარი ეღირება. ასევე ვეუბნებით: თუ ამ აბონემენტს არ იყიდი, მაშინ 50 თეთრის ნაცვლად გადაიხადე მგზავრობის საფასური 1 ლარი. ამდენად, ამაში რთულად გასაგები და სადავო არაფერია. ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ტარიფის არა უბრალოდ გაძვირება, არამედ გაორმაგება. რაც შეეხება ერთწლიან აბონემენტს, რომელსაც ყოველდღიური მგზავრობის შემთხვევაში ერთიან ჭრილში თუ განვიხილავთ, იაფი კი გამოდის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, მერწმუნეთ, უმრავლესობას, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, მისი შეძენის საშუალება არ ექნება. - ალბათ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას არა აქვს სტაბილური შემოსავალი, ზოგი დამოკიდებულია დღიურ გასამრჯელოზე, რაც ერთწლიანი ან ერთთვიანი აბონემენტის ყიდვის შესაძლებლობას ვერ მისცემს. - დიახ, რა თქმა უნდა, ასეც არის. ვისაც ამხელა თანხების ერთბაშად გადახდის საშუალება აქვს, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით არც დადის. ამიტომ გადახდის ეს ახალი მექანიზმი მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. - მაშინ, რატომ გვიმტკიცებენ საპირისპიროს და რატომ გვეუბნებიან, რომ არ გვესმის, თორემ მერიის ახალი გადაწყვეტილება, სწორედ, ჩვენთვისვეა უკეთესი და მეტად მომგებიანი? - ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ეს არის მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ ძალიან ბანძი მარკეტინგული ფორმით შეფუთული და ხალხისთვის მიწოდებული ინფორმაცია. დამიჯერეთ, იმ ადამიანისთვის, ვინც თვიდან თვემდე ხელფასის სახით 400 ლარს იღებს და ავტობუსით მგზავრობს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა ფორმით მივაწვდით მსგავს ამბავს. ვეტყვით, რომ მალე სამგზავრო აბონემენტებზე გადავდივართ და მგზავრობაში 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარს გადაიხდის თუ დედაქალაქის მერი უბრალოდ გამოვა და გვამცნობს, რომ პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფსური ორჯერ გაიზრდება. მოქალაქისთვის მთავარი ისაა, რომ მისი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და მგზავრობის საფასური მეტ ტვირთად დააწვება. დღეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოთხჯერ უფრო მაღალი ინფლაციის დონე გვაქვს ანუ ოთხჯერ უფრო მაღალია ფასების ზრდის ტემპი, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი და ჩვენ მგზავრობის გადასახადს ვაორმაგებთ, ეს არის, იმ მოსახლეობის პირდაპირი მნიშვნელობით გაწირვა, რომელ მოსახლეობაზე ზრუნვაც, დღევანდელ რეალობაში, ჩვენი მთავრი ამოცანა უნდა იყოს. ჩვენ კი არც ვკითხულობთ, როგორ უნდა მოახერხონ მათ გაორმაგებული ტარიფებით მგზავრობა. - მსგავს საკითხებზე ქართულ საზოგადოებას გვიყვარს,ხოლმე, პარალელების გავლება ევროპასთან, განვითარებულ ქვეყნებთან. დღესაც ბევრმა აღნიშნა, რომ ტყუილად ვწუწუნებთ, რადგან ევროპაში გაცილებით ძვირია მგზავრობა და რომ იქაც გადახდის იგივე მექანიზმები და აბონემენტები მოქმედებს. თქვენ როგორ შეადარებდით? - დიახ, მეც მოვისმინე ეს პათოსი, რომ თურმე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ევროპაში უფრო ძვირი ღირს. მაშინ ისიც უნდა ითქვას, რამდენია საშუალო ევროპელის შემოსავალი და შემდეგ საშუალო ქართველის შემოსავალსაც შეხედონ. შეხედონ, საშუალო ევროპელის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენია და მერე საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე რამდენია, რომელიც ისედაც 2012 წლის ნიშნულზე დავიდა, უკვე. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც მესმის, ვინაიდან ტარიფის გაძვირება შესაძლებელია ობიექტური მიზეზებით იყოს გამოწვეული. გაზრდილი საწვავის ფასი, ინფლაცია და მრავალი სხვა პრობლემა არსებობს და არავინ აპელირებს იმაზე, რომ მგზავრობის ტარიფების საჭიროება არ იდგა და ისე გაიზარდა ფასები, მაგრამ ამის თავიდან აცილებაც ხომ შეიძლებოდა? მაშინ, როდესაც ჩვენ ბოლო სამი წელია ვსაუბრობთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ დროს, მომავალი წლის ბიუჯეტში არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები არ შემცირებულა. ერთადერთი, ეს შეეხო მხოლოდ კოვიდრეგულაციების დროს გაწეულ დანახარჯებს. რადგან ამაზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, სხვადასხვა მიმართულებით ამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების საფუძველზე გარკვეული დროით მაინც შეგვენარჩუნებინა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის დღეს არსებული ტარიფი, რათა ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალური ფონი კიდევ უფრო არ დაგვემძიმებინა. ბევრი გამოსავალი არსებობდა ამისთვის. სამწუხაროდ ჩვენმა მერიამ გამოსავალი დაინახა იმაში, გამოსულიყვნენ და ტკბილად ეთქვათ, რომ თურმე ტრანსპორტის გადასახადი კი ორმაგდება, მაგრამ მოსახლეობას ეს ტვირთად აღარ დააწვება, რადგან ამბავი ლამაზად შეფუთეს და პირდაპირ არ თქვეს, რომ ტრანსპორტი ორჯერ ძვირდება. პარალელებზე რომ ვისაუბრეთ, ესეც მინდა ვთქვა, რადგან სხვადასხვა ქვეყნის საწვავის ფასებსაც ხშირად ადარებენ ერთმანეთს. მაგალითად, აშშ-ში 1 ლიტრი ბენზინი საშუალოდ 99 ცენტი ღირს. ჩვენ თუ ამ თანხას ექვივალენტ ლარებში გადავიყვანთ, იგივე გამოდის, რაც ჩვენთან 1 ლიტრი საწვავის საფასური, მაგრამ საშუალო ამერიკელის ხელფასი არსებითად განსხვავდება საშუალო ქართველის ხელფასისგან. აქედან გამომდინარე, ასეთი შედარებები, რა თქმა უნდა, არასწორია და რეალურ სურათს ვერ გვაძლევს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახლახანს პრეზიდენტი ბაიდენი გამოვიდა და თქვა: ამერიკაში საწვავი იმდენად ძვირია, რომ ის ფასების საერთო დონეზე ანუ ინფლაციაზე წნეხს ზრდის და საშუალო ამერიკელს საწვავში იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევს, ვიდრე უნდა უწევდესო. თქვენ წარმოგიდგენიათ, აშშ-ს პრეზიდენტი თავიანთ რეალობაში ასეთ განცხადებას აკეთებს, ჩვენთან კი, ხელისუფლებაში საწვავის ფასი პრობლემად არავის მიაჩნია და ასეთი მძიმე სოციალური ფონის დროს მგზავრობის ღირებულებას ვაორმაგებთ. - თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, გიორგი გახარიას თავის პროგრამაში გათვალისწინებული ჰქონდა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო უნდა გამხდარიყო. როგორ ფიქრობთ, არის შესაძლებელი დღეს მსგავსი მექანიზმის ამუშავება? - წეღანაც ვთქვი, რომ ბიუჯეტის სწორი გადანაწილებით, სხვადასხვა ხარჯების ოპტიმიზაციით შესაძლებელი იყო მგზავრობის საფასური შენარჩუნებულიყო. თუ ხარჯების ოპტიმიზაციას და ქამრების შემოჭერას უფრო მეტად ვეცდებოდით, თეორიულად რასაკვირველია გახარიას მოდელის განხილვაც შესაძლებელი იქნებოდა. ამას სჭირდება საკმაოდ სიღრმისეული ანალიზი, რა რაოდენობის თანხა იქნება სუფსიდიისთვის საჭირო, გვაქვს თუ არა ამ რაოდენობის სუფსიდირების საშუალება, ეს თანხა რას უნდა მოაკლდეს. ალბათ გახარიას ამის ანალიზი გაკეთებული ჰქონდა, რადგან ასეთ პირობას დებდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სუფსიდირების საშუალებით თეორიულად ამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა, ოღონდ ამას სჭირდება სათანადო საბიუჯეტო რესურსი, ძალიან მკაცრი დისციპლინა და ხარჯების ძალიან მკაცრი ოპტიმიზაცია, რისი საშუალებაც არსებულ რეალობაში გვენებოდა თუ არა, ძნელი სათქმელია.
  10. ,,ჩიტო-გვრიტო - მიხო უხადიტო,“ ასე ეხმიანება უკრაინელი ანალიტიკოსი, იგორ ვალსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ისევ უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნებას და საინფორმაციო სააგენტო ,,112.UA" -ში ცინიკური ხასიათის კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ ნაწყვეტებს იგორ ვალსკის პასქვილიდან. ,,ის ფაქტი, რომ ,,გამარჯობა“ ქართულად მისალმებას ნიშნავს, ჩვენ უკვე ვიცით (ყოველ შემთხვევაში ფილმიდან ,,მიმინო“), ახლა დროა, ვისწავლოთ ახალი სიტყვა - ,,ნახვამდის." არა, ეს არ ნიშნავს იმას, რაც პირველი სამი ასობგერის წაკითხვისას გაიფიქრეთ, თუმცა აზრის მიმართულება სწორია. ,,ნახვამდის“, ეს ნიშნავს მშვიდობით, მშვიდობით, ჩვენო მოსიყვარულე მიშა (სააკაშვილო), დაბრუნდით თქვენს ზღაპრულ ტყეში და თან წაიყვანეთ, გეთაყვა, ხატია (დეკანოიძე). (სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ,,ზღაპრულ ტყეში“ უკრაინელი ანალიტიკოსი სააკაშვილის თავდაპირველ სამშობლოს, საქართველოს გულისხმობს - ი.ბ.) ხატია ხომ ,,სრულიად შემთხვევით“ აღმოჩნდა ახლა კიევში? უბრალოდ, თვითმფრინავიდან თვითმფრინავში უნდა გადამჯდარიყო. მოხარულები ვართ, რომ ბორისპოლის აეროპორტი ის ჰაბია, სადაც ერთი საერთაშორისო რეისიდან შეგიძლია მეორეს შეახტე, მაგრამ მაინც არადამაჯერებელი მიზეზია. არსებობს აზრი, რომ ქართველი რეფორმატორების გუნდი ტყუილად არ იყრის თავს ისევ ერთ ხაროში. გმადლობთ, არ გვინდა. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენ უკვე გვყავდა მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად, ალექსანდრე კვიტაშვილი - ჯანდაცვის მინისტრად, ეკა ზღულაძე და ხატია დეკანოიძე - პოლიციის შემადგენლობაში, დავით საყვარელიძე , გია გეწაძე და გიზო უგლავა - პროკურატურის პასუხსაგებ პოსტებზე. ამას დამატებული, გვყავდა ულიანა სუპრუნი, ნატალია იარესკო და მაშა გაიდარი, ვოიცეხ ბალჩუნი და აივარას აბრამავიჩუსი… ჩვენ ხომ ვიღაც ,,გრუზინოფობები“ არა ვართ, უბრალოდ გვახსოვს, მთელი ეს უცხოური დესანტი და მათი ნულოვანი ეფექტურობა. მადლობა ღმერთს, პერსონაჟთა უმეტესობა ჩუმად და მშვიდად დაბრუნდა თავის პალესტინაში და მხლოდ ,,გენაცვალე მიხომ“ მოაწყო რბოლა ვერტიკალისთვის… ჰორიზონტალისთვისაც, როცა, სახურავზე სირბილის შემდეგ, უკრაინულ კორდონს არღვევდა. ის ჰგავს ბუღალტერიის შუროჩკას, ფილმიდან, ,,სამსახურეობრივი რომანი,“ რომელიც კარგია, მაგრამ ზედმეტად აქტიური. ის, წამოწევით, წინ კი წამოწიეს, მაგრამ გვერდზე გაწევა ვერაფრით ხერხდება. ზოგადად, შეიძლება მისი მოტივაციაც გავიგოთ. ვინც ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ძალიან არ უნდა ჩამოგდებული მფრინავივით იაროს და თუ უკრაინას შეუძლია რამე ალტერნატივის შეთავაზება, რატომაც არა? ზელენსკისაც შეგვიძლია გავუგოთ. ,,კადრების შიმშილმა“ ის სრულ დისტროფიამდე მიიყვანა. კიდევ ცოტაც და დასუსტებული მთავრობა ნაწილებად გადატყდება. მაგრამ, ბატონებო, არ შეიძლება ყველაფრის ,,ჭამა,“ მაშინაც კი, როცა ძალიან გშია. თუმცა, ,,როცა გშია, შენ შენ არ ხარ“ და ზელენსკიმაც წინამორბედისგან ზოგადი რეფორმების იდეის პლაგიატობა გადაწყვიტა, შესასრულებლადაც იგივე ხალხი მოიწვია. ვლადიმერ ზელენსკი, საერთოდაც, ბევრ რამეში ბაძავს პოროშენკოს, მაგრამ ყველაზე უსარგებლო მიბაძვა სწორედ სააკაშვილს უკავშირდება. ერთადერთი, რამაც შეიძლება ახსნას (და არა- გაამართლოს) უკრაინულ სოციუმში მისი რეინკარნაცია, ესაა დასავლეთის ზეწოლა ზელენსკიზე. ამბობენ, რომ იქ მიხოს ანგარიშს უწევენ. ყოველი შემთხვევისთვის, 28 მაისს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ კონგრესს აუწყა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საკვანძო რეფორმებში აუცილებელ პროგრესს მიაღწია და 125 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება დაიმსახურა. თანხა თავდაცვით საჭიროებებს მოხმარდება, ამიტომაც უკავშირდება ეს დახმარება აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ ის ფაქტი, რომ პენტაგონში რეფორმების ,,მოწმეების“ სექტა შეიქმნა, ცოტა უცნაურია. ნუთუ მიხომ ან ვიღაცამ მისი წრიდან, მართლა ისე დააჭირა ბერკეტს, რომ პროცესი დაიწყო? ისე, უბრალოდ, 125 მილიონ დოლარს არავის აძლევენ - თუნდაც, არც ისეთი ლამაზი თვალებისთვის, როგორიც ვლადიმირ ზელენსკის აქვს. მაგრამ ფსონი ამად ნამდვილად არ ღირს. სააკაშვილი - ეს დამანგრეველი ფაქტორია, ყოველ შემთხვევაში, უკრაინულ კონტექტსში. თანაც, პოროშენკოსთან წყვილში მან საკუთარი ხასიათის ისეთი შტრიხი გამოავლინა, როგორიცაა დროულად გაჩერების უნარის არქონა. მისნაირებისთვის ყველაფერი ყოველთვის ცოტაა. პატივმოყვარეობა, რომელიც გაჯერებულია გიჟური ამბიციურობით და სამხრეთული ტემპერამენტით, ეფექტური მენეჯერის ჩამოყალიბებას გამორიცხავს. კარგი ჩინოვნიკი შეიძლება იყოს ცოტათი მაინც მგზნებარე, მაგრამ ისეთი, რომელიც გამუდმებით საკუთარ თავზე არ იფიქრებს. სააკაშვილისთვის ეს წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ, მისი ხელმძღვანელობით რეფორმების საბჭომ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთ რეფორმაზე იმუშავა, საკუთარ თავს სახელი გადაარქვა და მარტივი გადაწყვეტილებების ოფისი ეწოდა. თუმცა, როგორც ზელენსკის უწინასწარმეტყველეს, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მალე იგრძნო ვიწროდ თავი ამ მოსაწყენ ქვიშის ყუთში. ნებისმიერი უკრაინელისთვის ნაციონალური საბჭოს მეთაურობა საოცნებო თანამდებობა იქნებოდა, მაგრამ ტემპერამენტიან ქართველს ის გასანძრევად არ ეყოფა. ამიტომ სააკაშვილი თავდაპირველად ეცდება ზურგი თავისი ხალხით გაიმაგროს. ამ კონტექსტში დეკანოიძის გამოჩენა, რა თქმა უნდა, სულაც არ არის შემთხვევითი… თუ მას საბაჟოს, არ ჩააბარებენ, ყოფილი გუბერნატორის თანამებრძოლისვთის სხვა ადგილი მოინახება. მერე გამოჩნდებიან სხვა ,,ახალი ძველი კადრებიც“ და ესეც მიხეილ სააკაშვილის შექმნილი ჩვენი ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი. პრემიერობის ამბიციებს, ისევე როგორც ინტელექტს, ხომ ვერ დამალავ? უკანასკნელი ჭორების მიხედვით, სააკაშვილი დედაქალაქის მერის თანამდებობის დასაკავებლად ემზადება. ამბობენ, რომ ის კლიჩკოს უნდა დაუპირისპირონ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად უწყიან, მძიმეწონიანი ჩემპიონი მას ,,ცალი ხელით“ დაამარცხებს. რაში მდგომარეობს თამაშის მიზანი, ძნელი მისახვედრია. ან იმაში, რომ ამჟამინდელი ქალაქის თავის გარანტირებულ გამარჯვებას შეუწყონ ხელი, ან დაუმორჩილებელი მიხო მცირე ხნით მაინც რაიმე სასარგებლო საზოგადოებრივი საქმით დააკავონ. შესაძლოა, ზელენსკისთან უკვე მიხვდნენ, რამხელა ტვირთი აიკიდეს საკუთარ მხრებზე და რომ რეფორმები არ იქნება, სამაგიეროდ, იქნება ნერვების წყვეტა. შესაძლოა, იმასაც მიხვდნენ, რომ საერთაშორისო წრეებთან კავშირიც კი ვერ გადაწონის იმ დისკომფორტს, რაც სააკაშვილს შეუძლია შეუქმნას მოქმედ ხელისუფლებას, მაგრამ უკვე გვიანია, რადგან ნებისმიერი მცდელობისას, როცა შეიძლება სტუმარს კარისკენ მიუთითო, ის მთელი ძალით ჩაებღაუჭება მას. თუნდაც ისევ სახურავზე ასვლამ მოუწიოს და თუნდაც ეს სახურავი მთლიანად დაინგრეს. მაგრამ რადგანაც ზელენსკი პოროშენკოს გზას იმეორებს, ის სააკაშვილთან ურთიერთობის მის გამოცდილებასაც იმეორებს. თავის დროზე, პოროშენკო ამ ისტორიიდან ღირსეულად ვერ გამოვიდა. გამოვა კი ზელენსკი? ჯერ-ჯერობით, მას კრეისერული სისწრაფით უახლოვდება ბულდოზერი და არსებობს სამი ვარიანტი: მოჰყვეს მის ქვეშ, გაექცეს ან თავად დაეუფლოს საჭეს. რატომღაც, ასე ჩანს, რომ ზელენსკის პირველი სცენარი უფრო ელოდება.”
  11. სამ თვეზე მეტია, სამყარო თავდაყირა დგას, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მთელი კაცობრიობა ისე დაგვიმორჩილა და დაგვიქვემდებარა, ყველანი მისი წესებით და ჩვენთვის აქამდე უჩვეულო რეჟიმით ვცხოვრობთ. არადა, იანვრის ბოლოს ვინმეს რომ ეთქვა, ძალიან მალე დადგება დრო, ლამის, მთელი მსოფლიო კარანტინის რეჟიმზე გადავა, საქართველოშიც საკმაოდ ხანგრძლივი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდება, ქალაქები ჩაიკეტება, ღამით ქუჩები დაცარიელდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, ხელისუფლება ხალხს შინ ჯდომისკენ მოუწოდებს და დამქირავებლები დაქირავებულებს ჯამაგირს სახლიდან მუშაობაში გადაუხდიან, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა ვირტუალურად გაგრძელდება, თბილისში ღამით ისეთი სიჩუმე იქნება, ორი კვარტლის იქით ცხვირის დაცემინებას გაიგონებ, ხალხი მარკეტებში დისტანციის დაცვით ივლის, სახეზე ყველას პირბადე გვეკეთება და ზოგი სამედიცინო ხელთათმანით სიარულსაც არ ითაკილებს, ხელისუფლება და სამღვდელოების ნაწილი მორწმუნე მრევლს ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაულის ტაძრების ნაცვლად სახლში აღნიშნვისკენ მოუწოდებს, აღდგომას სასაფლაოები მიმკითხველებისგან ცარიელი იქნება, დიდი ხნის უნახავ ახლობლებს და ნათესავებს შეხვედრისას მხოლოდ თავის დაქნევით მივესალმებით, სოფლებში მეზობლებთან ყავის დასალევად არ გადავალთ, სახლებში გამოვიკეტებით და ტელევიზორში ყველა არხის ყველა საინფორმაციო გამოშვებას ინტერესით მივაჩერდებითო, ალბათ, არავინ დაიჯერებდა და ამის მთქმელს არანორმალურად შევრაცხავდით. უფრო მეტიც, იანვრის ბოლოს, როცა კორონავირუსის ჩინეთში გამოჩენის და პირველი მსხვერპლის შესახებ მედიაში ინფორმაციები გაჟღერდა, საფრთხე იმდენად შორეული ჩანდა, სასაცილოდაც არ მეყო ის პანიკა, ზოგიერთები თავიდანვე რომ შეიბყრო და აიყოლია. მერე და მერეც, ინფექცია ცოტაზე მეტად რომ მოგვიახლოვდა და პანიკამაც იმატა, ხუმრობის ხასიათს მაინც ვინარჩუნებდით, ვცინიკოსობდით, არ გვეგონა, საფრთხე ამდენად დიდი თუ იყო და სულ მალე ყველას დაგვიმორჩილებდა. მართლაც, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ცოტა ხანში კორონა მთელ მსოფლიოს ბეჭებზე დადებდა, საზღვრები ჩაიკეტებოდა, საერთაშორისო მიმოსვლა შეჩერდებოდა, ევროპის ქალაქების კრემატორიუმებსა და სასაფლაოებზე მიცვალებულებით სავსე სატვირთო მანქანების რიგი დადგებოდა, საავადმყოფოები ინფიცირებულთა მიღებას ვეღარ აუვიდოდნენ და მთავრობის მეთაურები მოქალაქეებს ხვეწნას დაუწყებდნენ, სახლიდან ნუ გახვალთო. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მოწოდება ,,დარჩი შინ!“ მთელი მსოფლიოსთვის ერთიანი ლოზუნგი გახდებოდა ან აქამდე უცნობი სიტყვა ასე ,,მშობლიურად“ იჟღერებდა და სულ ზეპირად გვეცოდინებოდა, ვინ ვისი ,,კლასტერიდან“ იყო, ან იმას ვინ წარმოიდგნედა, იტალიაში მოგზაურობას ქაჯობად თუ შევრაცხავდით? ვერც იმას ვიფიქრებდი, ქართველი ექიმები, ჩვენი ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი მეთოდებით ისეთ წარმატებას მიაღწევდნენ, რომ მთელ მსოფლიოში გაითქვამდნენ სახელს, ამბავი მათი ღვაწლის შესახებ საქართველოს გასცდებოდა, მათი ღიმილიანი სახის დანახვა კი დიდ-პატარისთვის ნუგეშად იქცეოდა და მერე მათ კომპეტენციაში ისევ ქართველები შეიტანდნენ ეჭვს, მატყუარებად და არაპროფესიონალებად შერაცხავდნენ, არარსებულ ავადმყოფებს და გარდაცვლილებს დაუწყებდნენ ძებნას, მსოფლიო პანდემიასაც პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანდნენ, ამ პრობლემის წინაშეც შეძლებდნენ საზოგადოების პოლარიზებას და იმ ფაქტს, რომ სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით მიღებული ზომების შედეგად ინფექციის ფართომასშტაბიან აფეთქებას გადავურჩით, მოუმზადებლობად და ნაკლად ჩაგვითვლიდნენ. სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშეც დავდექით და ჩვენი ნერვული სისტემა ხანგრძლივ იზოლაციასა და პანდემიის საშიშროებაზე მეტად გარკვეული ძალების შავ-ბნელმა აზრებმა დააზიანა. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მოთმინებით, ექიმების დაუღალავი შრომით და მათი რეკომენდაციების დაცვით, ამ უცნაურ ჯადოს, უკვე, ნელ-ნელა ვიხსნით, ჩაკეტილ სივრცეებს ვაღებთ და ჩვეულ ცხოვრებას, სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინებით, ფრთხილად ვუბრუნდებით. როგორც ექიმები გვეუბნებიან, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას თანდათან უნდა შევეჩვიოთ, ვინაიდან, მისი შემდგომი სახეცვლილებების შესახებ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერ ისევ შეუძლებელია. ერთადერთი, რასაც ექსპერტები არ გამორიცხავენ, ისაა, რომ შესაძლოა, შემოდგომაზე კორონავირუსმა ახალი ძალებით ისევ იფეთქოს და თუ ასე მოხდა, იმედია, მაგ დროისთვის, მორალურად და ტექნიკურადაც, ყველანი უფრო მომზადებულები ვიქნებით და პანიკას აღარ დავექვემდებარებით. შესაბამისად, ვირუსიც ვეღარ დაგვჩაგრავს და ვერ მოგვრევა.
  12. ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაც მოქალაქეთა სოცილაურ დისტანცირებასთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეინიშნება, დამშვიდების საფუძველი მაინც არა გვაქვს. სამი თვის განმავლობაში, ექიმების ყოველდღიური გაფრთხილებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მოქალაქეების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით სოფლებში, რატომღაც, ჰგონია, რომ ეს ვირუსი მას არ დაემართება. უფრო მეტიც, ზოგს პანდემიის არსებობა არც კი სჯერა. შესაბამისად, ყოველდღიურ ყოფით ურთიერთობებში არც დისტანციას იცავენ და არც იზოლაციის სხვა რეკომენდებულ წესებს. ამის მაგალითად დღევანდელი შემთხვევა შემიძლია მოვიყვანო. სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში დღეს ახალგაზრდა კაცის გასვენებაში რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა. მათგან, ძალიან მცირე ნაწილს, ალბათ, 1 %-ს ეკეთა პირბადე ან სამედიცინო ნიღაბი, დანარჩენი ნაწილი სრულიად დაუცველი გახლდათ. რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის თავიდანვე გაიცა ყველა საჭირო რეკომენდაცია, რომლის დაცვასაც სამართალდამცავები და სოფლის გამგეობის წარმომადგენლები წინა დღეებში გამუდმებით აკონტროლებდნენ. მიმსვლელებს დღესაც მხოლოდ გარკვეული დროით აჩერებდნენ ეზოში და აფრთხილებდნენ, ერთად არ შეკრებილიყვნენ, თუმცა, ბუნებრივია, ასეთი შემთხვევის დროს, ყველა ადამიანის სათითაოდ კუდში დევნა ძნელია, ამიტომაც ბევრი არც ერთმანეთთან ჩახუტება-კოცნას მოჰრიდებია და არც ხელისჩამორთმევით მისალმებას. მათგან უმეტესობა ხმამაღლაც აღნიშნავდა, რომ ვიღაცამ გარკვეული მიზნებისთვის გამოიგონა ეს ვირუსი, რათა მსოფლიოს გზა-კვალი აურიოს, სინამდვილეში კი არავითარი დაავადება არ არსებობს და ხალხს ტყუილად აპანიკებენ. ამ ადამიანების უმეტესობას პირადად და საკმაოდ ახლოს ვიცნობ და რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მათგანი საქართველოში არსებული ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის (დღეს რომ ოპოზიციად იწოდება) მხარდამჭერია და მათი ინფორმაციის მთავარ წყაროსაც ის არხი წარმოადგენს, რომელიც იმ პოლიტიკურ ძალას ემსახურება. რამდენად ურთიერთკავშირშია ეს ორი გარემოება, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტი კი ნამდვილად ასეთია... მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება, სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე მსხვერპლიც გვყავს, ათობით ექიმი ყოველ დღე რამდენჯერმე ანგარიშს გვაბარებს და მოსალოდნელ საფრთხეებს გვაცნობს, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენ მსოფლიოს სავალალო მაგალითებზე, ვერაფრით ვიგებ, როგორ უნდა იფიქროს გონიერმა ადამიანმა, რომ ვიღაცა ასე ოსტატურად გვატყუებს ყველას და თუ გვატყუებს, ვინ არის ის ვიღაცა იდუმალი პიროვნება, ყველას რომ გვერჩის, ან ამას აგერ, ჩემს მეზობლად მცხოვრები დიასახლისი ან მეწაღე თუ მიხვდა, სოციალურად, მენტალურად თუ ერუდიციით მათზე მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანი რატომ ვერ უნდა მიხვდეს? რატომ ,,უჭირთ“ განთქმულ მეცნიერებს ისეთი ,,მარტივი“ განტოლების ამოხსნა, რომელსაც, თურმე, ნებისმიერი ხელმარჯვე ხურო ,,ხსნის?“ თუ ვირუსი არ არსებობს, ჩინეთს რომ თავი დავანებოთ, ევროპასა და ამერიკაში რამ დახოცა ათეულ ათასობით ადამიანი, რატომ იხრჩობენ სპეციალურ სამოსში ექიმები თავს ან რატომ ათენ-აღამებენ კლინიკებში, რომელი მსახიობები ასრულებენ მათი პაციენტების როლს ან რისთვის წვალობენ მეცნიერები? ვცდილობ, მაგრამ ვერც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვაზე პასუხს ვერ მივაგენი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, პასუხი არც იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ხმამაღლა აცხადებს, რომ ვიღაცა გვასულელებს და ჩვენს ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ არც პირბადის ტარებაა სავალდებულო და სოციალური დისტანციის დაცვაც მხოლოდ მეტიჩრობაა დღეს, უმეტესად, სწორედ ასე მოფიქრალი ხალხი მიმოდიოდა იმ ეზოში, საიდანაც ახალგაზრდა კაცი გაასვენეს და სულ არ გამიკვირდება, ინფიცირებულთა შესახებ ბოლო დროს მინავლებული სტატისტიკა მალე კვლავ მაღალ ნიშნულზე ავარდეს.
  13. აღდგომის წინა დღეებში რამდენჯერმე დავიწყე ამ წერილის წერა, მაგრამ რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ წავშალე. ხან საკუთარი ტონი ზედმეტად კატეგორიული მეჩვენა, ხან - დიდაქტიკური, ხან - ცინიკური, მაგრამ ახლა დავწერ და არ წავშლი, რადგან რომელ ჟანრს და მიმდინარეობასაც არ უნდა მიეკუთვნოს ჩემი ნაწერი, საკუთრი მოსაზრება მაინ უნდა გაგიზიაროთ. თუ უფლისადმი რწმენა და სიყვარული, უმეტესად ეკლესიაში სიარულით, წირვაზე დასწრებითა და ყველა მართლმადიდებლური რიტუალის შესრულებით გამოიხატება, მაშინ დიდად დასაკვეხნი არაფერი მაქვს, ვინაიდან პირველი ზიარება 15 წლის წინ, 33 წლის ასაკში მივიღე და წირვა-ლოცვის მადლი და ძალაც მაშინ შევიგრძენი. მანამდე, მხოლოდ ხატის წინ სანთლის დანთებით, გულში ,,მამაო ჩვენოს“ ლოცვით და ყველა წმინდანისთვის ჩემი ქვეყნის კეთილდღეობის შევედრებით შემოიფარგლებოდა ჩემი ეკლესიურობა (როგორც იტყვიან), თუმცა საკუთარი ცხოვრების წესით და განვლილი გზით, დღემდე მჯერა, რომ უფლისგან შორს არასდროს მივლია და მასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. უფრო სწორედ, ის იყო მუდამ ჩემთან და ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობდი, ოდნავ მაინც არასწორად თუ მოვიქცეოდი და ისეთ რამეს გავაკეთებდი, საკუთარი სინდისი ღამე მშვიდად დაძინების ნებას არ მომცემდა. დიახ, სულ ვიცოდი, რომ ის ჩემი ოდნავ გადაცდომებიც ღმერთს არასდროს გამოეპარებოდა და მეორე დღეს თუ არა, მესამე დღეს მაინც, მორიგი გამოცდით ამას აუცილებლად მაგრძნობინებდა. ამიტომაც, არასდროს არაფერზე მიწუწუნია, თუმცა კი დალხენილი და უზრუნველი ცხოვრება, ნამდვილად, არ მქონია. მერე კი, როცა ეკლესიის გზას დინჯად დავადექი და წირვა-ლოცვასაც აქტიურად ვესწრებოდი, კიდევ უფრო მკაფიოდ და ბევრჯერ დავრწმუნდი, თუ რაოდენ ახლოს იყო ღმერთი ჩემთან. ყოფილა შემთხვევა, ლიტურგიაზე დასასწრებად სრულიად უცხო ტაძარში შევსულვარ, ისეთში, იქ რომ არავის ვიცნობდი და მიცნობდა, წირვის შემდეგ კი მოძღვარს ქადაგებისას ზუსტად იმაზე უსაუბრია, რაც გულში მქონდა ან მაწუხებდა. თან ისე გულდაგულ და ვრცლად უსაუბრია, სახტად დავრჩენილვარ, საიდან იცოდა, ახლა ეს სიტყვები წამალივით რომ მჭირდებოდა-მეთქი და პასუხიც მყისვე მიმიღია, რადგან ქადაგების შემდეგ მოძღვარს უთქვამს, ალბათ თავი შეგაწყინეთ ლაპარაკით, არც კი ვიცი, რატომ დავიწყე ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ უცებ მომინდა, თითქოს, უფალმა მიკარნახა და სიტყვები თავისთავად წარმოვთქვიო. ბევრჯერ მიფიქრია, იმდენ ხალხში, იქნებ, სწორედ მე ვიყავი ერთადერთი, ვისთვისაც ის სიტყვები ითქვა და სხვას არც მიუტანია გულთან, იქნებ, ჩემს გარდა ვერც ვერავინ მიხვდა, რა ითქვა და რატომ? სწორედ ასეთი ნიუანსებით (თუკი ამას ნიუანსი შეიძლება ეწოდოს) ვგრძნობდი მის სიახლოვეს და ვგრძნობ დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ცხოვრების გზა არასდროს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, უფრო პირიქით, მუდამ რაღაც ბარიერის გადალახვა, ბრძოლა და საკუთარი სიმართლის მტკიცება მიწევდა და მიწევს, ღვთის რწმენას და სიყვარული არასოდეს გამნელებია და ამის დასამტკიცებლად ყოველ კვირა ეკლესიაში სიარული არ მჭირდება. რა თქმა უნდა, ცუდია, ყველა ჭეშმარიტ მორწმუნესავით მეც რომ ვერ ვახერხებ ხშირად ზიარების მიღებას, ბოლო წლებია, ვერც მარხვებს ვინახავ და ვერც ლიტურგიებს ვესწრები, ადრინდელივით, როცა შემეძლო საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ფეხზე ვმდგარიყავი და მერე არამარტო ნაზიარევი, იქვე, ეკლესიის მსახურებთან ერთად ნატრაპეზევი, საოცარი მადლით აღვსილი ვბრუნდებოდი სახლში. ამ ყოველივეს ახლა რატომ ვერ ვახერხებ, ჩამოთვლას არ შევუდგები, რადგან გასამართლებლად არც ერთი მიზეზი არ გამოდგება, ვიცი, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ ცხოვრების წესით, პრინციპებით, მოქმედებით ისევ ისე ვცდილობ, არ დავშორდე უფალს და ვგრძნობ, ის მუდამ ჩემთანაა. ამიტომაც მჯერა, რომ უფალი მარტო ეკლესიაში არ უნდა ვეძებოთ, ის ყველგანაა, ის ყოველი ჩვენგანის გულშია, ვისაც სიკეთის და სიყვარულის გაცემა შეგვიძლია, ვისაც მოყვასის პატივისცემა და ქვეყნის ერთგულება შეგვიძლია, ვისთვისაც უცხოა შური და ბოროტება, სხვისი ჩაგვრა და უსამართლობა, სიბილწე, სიყალბე და სიხარბე. ვიცი, ბევრი მორწმუნე არ დამეთანხმება, მაგრამ ამის თქმის საფუძველს ფაქტები მაძლევს. პირველ ყოვლის ის, რომ ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში სულ დადიან, ლოცვას არ ტოვებენ, ხშირადაც ეზიარებიან, მაგრამ ცალი ხელით რომ პირჯვარს იწერენ, მეორე ხელით ისეთი ბოროტება შეუძლიათ ჩაიდინონ, ისე ავნონ ვინმეს, ისეთი ცილი დასწამონ გვერდით მდგომს, მოყვასის მიმართ ისეთი სიბილწე ამოუშვან პირიდან, რომ მათ შემხედვარეს, ყველაფერზე წარმოდგენა გეკარგება. ეკლესიის მრევლში არის ისეთი ნაწილიც, რომელიც მართლა სულით და გულით მიილტვის ეკლესიისა და უფლისკენ, საკმაოდ განათლებულებიც არიან, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არც ერთ დამონტაჟებულ ფოტოს არ დატოვებენ თავიანთ კედელზე გაზიარების გარეშე, სადაც ჩანს, როგორ გამოისახა ეკლესიის თავზე ქრისტე ჯვრით ხელში ან რომელიმე წმინდანი ღრუბლების ფთილაში. სააღდგომოდ, ბევრმა ისიც დაიჯერა, რომ ,,საბერძნეთმა აღდგომა გადადო და სწორედ ამის გამო, ღვთის რისხვამ არ დაიგვიანა და ათონის მთისკენ მიმავალი გზა დაიმეწყრა.“ უბრალოდ, გასაკვირია, მორწმუნემ დაიჯერო, რომ ვინმეს უფლის აღდგომის გადადება ან გადავადება შეუძლია. არადა, სამწუხაროდ, მიუხედავად მთავრობის და მედიკოსების მხურვალე თხოვნა-მოწოდებებისა, უმეტესად, სწორედ მრევლის ეს ნაწილი იწევდა სააღდგომოდ ტაძრებისკენ და ამბობდა, რატომ გვაშინებენ რაღაც ვირუსით, რომლის არსებობა არც კი გვჯერაო. საკუთარი ყურით მოვისმინე რამდენიმეს განმარტება, რომლებიც კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ არავითარი კორონავირუსი არ არსებობდა, ეს იყო ცოტაზე მეტად გართულებული გრიპი და მათ ეს არ დაემართებოდათ. ზოგიერთისგან ესეც კი მოვისმინე, თუ შეგვეყრება, მერე რა მოხდა, ნახევარი მაინც ხომ გადავრჩებითო… დიახ, არ ვაჭარბებ, ასე თქვა ერთ-ერთმა მორწმუნემ, რომელიც საადგომო ლიტურგიას ეკლესიაში ესწრებოდა, თუმცა რატომ მოიაზრებდა თავს მაინცდამაინც გადარჩენილებში, ვერ გეტყვით ან რატომ მიაჩნდა, რომ დღესასწაულის დღეებში უფალი ასეთ თავგანწირვას ითხოვდა ვინმესგან? რწმენა ან გაქვს, ან - არა, და თუ გაქვს, მას ლიტურგიაზე დაუსწრებლობა ვერაფერს დააკლებს, არც დაცოტავდება და არც წაგერთმევა. ამიტომ ვერასდროს გავიგებ, რატომ გაუჯინიანდა სახელმწიფოს ის ხალხი, რომელმაც მიუხედავად ათასგზის გაფრთხილებისა, აღდგომის აღსანიშნად მაინც წავიდა ტაძრებში. ასევე, ვერასდროს გავიგებ იმ ადამიანებისას ვერაფერს, სახლში ხატების კუთხე საგულდაგულოდ რომ აქვთ მოწყობილი, პირჯვრისწერის გარეშე საკვებს არ იღებენ და იქვე, იმ ხატების სიახლოვეს, ყავის ამობრუნებული ფინჯნით ხელში, ნალექის ფიგურების გასარჩევად რომ ჩამოსხდებიან, ხოლმე, ყველა მკითხავ-მჩხიბავ-ნათელმხილველის რომ სჯერათ, ყველა ცრურწმენას რომ ექვემდებარებიან, გაღვიძებისას ლოგინიდან მუდამ მარჯვენა ფეხით გადმოსვლას რომ ცდილობენ, სახლიდან ნაგავი საღამოს რომ არ გააქვთ, გზაზე კატის გადარბენას დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ, ორშაბათს თავს რომ არ იბანენ, პარასკევს საქმის წამოწყებას რომ უფრთხიან… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მართლა როგორ ათავსებს ეს ხალხი რწმენას და ცრურწმენას, არ უნდა მიკვირდეს? კიდევ იმ ადამიანებზე უნდა ვთქვათ, რომლებიც ბლომად არიან ჩემს გარშემო, რომელთაც დიდი ხანია, ვიცნობ, დეტალურად ვიცი მათი წარსული და აწმყო, მათი ავკარგი, მათი შეცდომები თუ დანაშაული, ზოგიერთის ცოდვის სიმძიმე საკუთარ ტყავზედაც კი ბევრჯერ გამომიცდია, მაგრამ ღმერთზე საუბარს როცა იწყებენ, თავი ისე მოაქვთ, თითქოს აბსოლუტურად პირნათელნი არიან მასთან და სხვასთანაც. და სულ ვფიქრობ, აი, ეს კატეგორია რომ მივიდეს მღვდელთან აღსარებაზე და მან ცოდვების ჩამოთვლა სთხოვოს, რომელ ერთს გაიხსენებენ ან გაიხსენებენ კია საერთოდ? მათ ხომ ცოდვა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურად მოკვდინება, ქურდობა ან მრუშობა ჰგონიათ და რადგან ამ სამიდან არც ერთი არ ჩაუდენიათ, დარწმუნებულები არიან, რომ ცოდვები მათგან შორსაა. მათ არაფერი იციან ადამიანის სულიერ სამყაროზე, ამიტომ წარმოდგენა არა აქვთ, რამდენჯერ მოუკლავთ სხვა არა ფიზიკურად, არამედ სულიერად, ზოგჯერ გაუცნობიერებლად და უფრო მეტად, სრულიად შეგნებულადაც. მე განვსჯი ახლა სხვებს და ვიცი, ეს ცოდვაა, მაგრამ ვთქვი და გავიმეორებ, ამისთანა ადამიანების დანაშაული, სრულიად უსამართლოდ, ბევრჯერ მიწვნევია საკუთარ მხრებზე და ბევრი გულისტკენა მიმიღია მათგან და მერე, მათსავე საკეთილდღეოდ, რამდენჯერაც მიცდია, ერთი მაინც შემეხსენებინა, რათა სინდისის ხმას გაეღვიძა მათში, ისე უუკადრისებიათ და ისეთი რისხვა დაუტეხავთ ჩემთვის თავზე, ეს რა გვაკადრეო, ვეჭვობ, ოდესმე შეაწუხოთ სინდისმა და ან ეკლესიამ, ან მღვდელმა შეაძლებინოთ ცოდვების მონანიება. ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, მათზე ვილაპარაკო. თუ ადამიანს, მის მიერ ჩადენილი დიდი თუ პატარა შეცდომის და ცოდვის გამო, სინდისმა ერთხელ მაინც არ დაუკარგა ძილი და მოსვენება, თუ საკუთარ თავთან ვერ შეძლო ყველაფრის აღიარება და მონანიება, თუ თავი შეუცდომელი და ყოველთვის ყველასთან მართალი ჰგონია, სხვასთან როგორ აღიარებს და მოინანიებს რამეს? არადა, სულო ცოდვილო, რამდენი ასეთი ადამიანი დადის ჩვენს გვერდით და რამდენ მათგანს ჰგონია, რომ ღმერთი სწამს? და მაინც, მიუხედავად ამისა, მადლობა ღმერთს, არსებობს ჭეშმარიტად მორწმუნე მრევლი, რომელიც ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ კატეგორიაზე მაღლა დგას და რომელიც ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე, თავმდაბლად დგას ეკლესიის წიაღში, რათა ჩვენთვის, ყველა ცოდვილისთვის და შეცდომილისთვის ილოცოს, ჩუმად ადიდოს ღმერთი და ყველა ის წესი პირნათლად შეასრულოს, რაც წმინდა მამებს მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის დაუწესებიათ. სწორედ ასეთი ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანების მხრებზე დგას საქართველოს დედა ეკლესია, მრევლის, რომელიც ტაძარში სალოცავად დადის, ღმერთს კი მუდამ გულით დაატარებს.
  14. ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ათასობით ემიგრანტის საქართველოში ჩამოყვანის ,,ნებართვას“ დაჟინებით ითხოვს. ის აცხადებს, რომ მზად არის ,,ორგანიზება გაუკეთოს“ და სამშობლოში დააბრუნოს მის ფარგლებს გარეთ მყოფი 10 ათასი ადამიანი, ხელისუფლება კი უარს ეუბნება. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ავიარეისების დასანიშნად და მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩვენი მხარის თანხმობა კი არა, იმ ქვეყნის მესვეურებთან შეთანხმებაა საჭირო, სადაც ეს ადამიანები იმყოფებიან და ამაში საქართველოს მთავრობა ხელს არავის უშლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრად გასაგებად თქვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყოფილი პრეზიდენტი ისევ ცრუობს და პოპულისტური განცხადებით ფიქრობს, თავი მოუქონოს საკუთარ მრევლს, რომელთაც ღრმად სჯერათ, რომ მას მართლა შეუძლია, ერთ კვირაში ათასობით მოქალაქე საკუთარ სახლებში უპრობლემოდ დააბრუნოს. ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რეალური ნაბიჯები გადადგას, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს და საკუთარი მოქალაქეები საქართველოში სპეციალური ავიარეისებით ჩამოიყვანოს. ამისთვის, თითქმის, ყოველდღიურ რეჟიმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩარტერული რეისები სრულდება და მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ვინც ვერ ახერხებს წამოსვლას და ამა თუ იმ ქალაქში არიან ჩარჩენილები, იმათთვის მოინახა დახმარების სხვა გზები. მათ შეუძლიათ მიმართონ ქართველ ექიმთა გუნდს, რომლებიც კონსულტაციას, ინტერნეტის საშუალებით დისტანციურად გაუწევენ. ასევე, საქართველოს საგარეო უწყების მიერ მოძიებული და მობილიზებულია უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს იქ მცხოვრებ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ. სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებული საქართველოს საელჩოები კი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების დაბინავებას უზრუნველყოფენ. რიგითმა ადამიანებმა არც ვიცით, რამხელა ფინანსური რესურსი იხარჯება ამაში და რა უჯდება ქვეყანას ემიგრანტებისთვის დახმარების გაწევა, მაგრამ ვხედავთ, რომ ის ყველა ღონეს მიმართავს და იქცევა ისე, როგორც სახელმწიფო უნდა ექცეოდეს გასაჭირში მყოფ საკუთარ მოქალაქეს, რაც მისასალმებელია. ამ ყველაფრის შემდეგ, წამით ასეთი სურათი დავუშვი, მდგომარეობა რომ პირიქით იყოს და ახლა ისევ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა მართავდეს ქვეყანას, ხოლო ემიგრაციაში იყვნენ არა ისეთი ანგაჟირებული პირები, 2012 წლიდან საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების მერე ქართულ პასპორტებს რომ ხევენ და საკუთარ ქვეყანას ღვთის რისხვას და ჯოჯოხეთის ცეცხლს უგზავნიან, არამედ, ჩემისთანა ადამიანები, 5 თვეზე მეტი რომ ვერ გავძელი ქვეყნის გარეთ (ჯერ მოსკოვის მილიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი და მერე მოსამართლეც აქეთ რომ მეხვეწებოდა, რა გედეპორტება, არავინ გაგდებს, დარჩი აქ და აკეთე, რაც გინდაო და მე, თავი მოვიკალი, რას ამბობთ, ვერ დავრჩები, ჩემი ქვეყანა მენატრება ვნანობ, რომ გასაჭირში მივავტოვე-მეთქი და ისინი ცრემლს ვერ მალავდნენ, ჩვენც გვინდა, ასე გვიყვარდეს ჩვენი სამშობლოო) და დავიზაფრე. დავიზაფრე იმის წარმოდგენით, რა მოხდებოდა, ჩემისთანა ემიგრანტები რომ ვყოფილიყავით ქვეყნის გარეთ და ჟამიანობის დროს დაგვეჩივლა, სამშობლოში დაბრუნება გვინდაო… როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი? დახარჯავდა ერთ თეთრს ემიგრანტების ჩამოსაყვანად, გამოიყენებდა რაიმე რესურსს ჩვენს დასახმარებლად, საელჩოებს მისცემდა განკარგულებას, ჩვენზე ეზრუნათ, ექიმებს დაავალებდა, ჩვენთვის მოეხედათ? წარმოსადგენადაც ძნელია, ხომ? დიახ, დიახ, არათუ სპეც. რეისებს დანიშნავდა და ჩამოსვლას დაგვიგეგმავდა ან სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს გამო ვინმეს შეაწუხებდა, დაგვაბინავებდა, ან გვიპატრონებდა, პირიქით, გამოაცხადებდა, რომ ჩვენ ხალხის მტრები და მაოხრებლები ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნებას არ ვიმსახურებთ და ღირსები ვართ, უცხოეთში ამოგვხდეს სული. ამავე დროს, მისი მომხრეები მოითხოვდნენ, საერთოდ ჩაეკეტათ საზღვარი ჩვენთვის და თუ გადავრჩებოდით, მერეც არ დავებრუნებინეთ საქართველოში. ლანძღვას, წყევლა-კრულვას და უშვერი სიტყვებით გინებას ხომ არ დაგვაკლებდნენ და ყველა სატელევიზო არხიდანაც ხმამაღლა შეგვრისხავდნენ. ახლა წარმოიდგინეთ, ნაციონალური მოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერები რომ არიან, აი, ისინი, საქართველოს მოქალაქის პასპორტებს რომ ხევენ, დღენიადაგ ხელისუფლებას რომ ლანძღავენ და აგინებენ, ეგეთი ადამიანები რომ დარჩენლიყვნენ ქვეყნის გარეთ, მაშინ რა მოხდებოდა?.. მაგათაც სპეც. რეისებით ჩამოაბრძანებდნენ, მერე 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში მიაბრძანებდნენ და ორი კვირა თავზეც შემოევლებოდნენ, არა?! თქვენ შეგიძლათ, არ დამეთანხმოთ, თქვენი ნებაა. ქვეყანაში ნაციონალების და სააკაშვილის მმართველობა რომ იყოს ისევ, მაშინ რა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო, მთლიანი სურათის წარმოდგენაც თქვენთვის მომინდვია. P. S. ვისაც ჩემს ნათქვამში ეჭვი შეეპარება და იტყვის, რომ არასწორ ვარაუდებს გამოვთქვამ ან უსამართლოდ ვწამებ ცილს ვინმეს, მოუსმინოს ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის უკრაინელი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხს ეწინააღმდეგება და ყველაფერი ნათელი გახდებ
  15. ექიმებმა პაციენტის სხეულის მაღალი ტემპერატურა არ უნდა ახსენონ, თავად პაციენტები კი მედიკოსებს სიმპტომებს უმალავენ. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 29 მარტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ პაციენტს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობაში პანიკა და შიში ერთიორად გაიზრდა, ვინაიდან ინფიცირებული ქალი, სწორედ, გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია და ის საკუთარ სახლში, სხეულის მაღალი ტემპერატურით, 29 მარტს მოსკოვიდან დაბრუნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პაციენტი რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონის ბაზარში ვაჭრობდა. მას ხველება და მაღალი სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. 29 მარტს ის მოსკოვიდან კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ადლერში ჩაფრინდა, იქიდან კი რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის მონაკვეთზე, მდინარე ფსოუს გამშვები პუნქტიდან აფხაზეთში შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება და კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, თითქოს, ფსოუს საზღვარი მკაცრად კონტროლდება, ადგილზე დამონტაჟებულია ტემპერატურის მზომი აპარატურა და მაღალი სიცხით არავის უშვებენ, საბერიოელი ქალბატონი, კიდევ ერთ თანმხლებ პირთან, რუსეთის მოქალაქე ქალთან ერთად, რომელსაც ასევე, ცხელება და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა, მაინც გადმოვიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც ირკვევა, მას ოჯახის წევრები და ახლობლები საკუთარი მანქანით ფსოუს საზღვართან დახვდნენ, რუსეთის მოქალაქე ქალმაც მათთან ერთად იმგზავრა სოხუმამდე. იქ კი, ვინაიდან, თავს უკვე ცუდად გრძნობდა, ის ერთ-ერთ საავადმყოფოში დატოვეს და თავად გზა საბერიომდე გააგრძელეს. ადგილობრივი მცხოვრებელების თქმით, იმის გამო, რომ მოქალაქეები სერიოზულად არ ეკიდებიან შექმნილ ვითარებას და ზოგს მომაკვდინებელი ვირუსის არსებობა დღემდე არ სჯერა, შინ დაბრუნებული ქალბატონი რამდენიმე ნათესავმა სახლშიც მოინახულა. თავადაც იყო ქუჩაში გასული და სურსათის მაღაზიაშიც უვაჭრია. დღის ბოლოს კი, როცა უკვე, ცხელებამ უმატა, საბერიოს სამედიცინო ამბულატორიის ექიმებს მიმართა, რომელთაც სიმპტომების მიხედვით, ეჭვი კორონავირუსზე მიიტანეს და ქართულ მხარეს დაუკავშირდნენ. ენგურის ხიდზე მოწყობილი ეგრეთწოდებული გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ხიდიდან პაციენტის გადმოყვანა შეუძლებელი გახდა, ამიტომ ენგურ-ჰესის ადმინისტრაციის ჩარევის შედეგად, ის საბერიოს მოსაზღვრე წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშიდან გადმოიყვანეს და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივი პრესით ეს ფაქტი უარჰყვეს და მოსხალეობას მოუწოდეს, არ დაეჯერებინათ გავრცელებული ხმები, ვინაიდან არავითარი პაციენტი არ არსებობდა. ამ დროს, თავად ყოველ ნახევარ საათში ურეკავდნენ საბერიოს სამედიცინო ამბულატორიის ექიმებს და ეკითხებოდნენ, როდის იქნებოდა ცნობილი ლუგარის ლაბორატორიის პასუხი. ლაბორატორიიდან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი ,,ჩვენება“ შეცვალეს, აღიარეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული გალელი ,,საქართველოს კოქალაქე“ მართლაც წევს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ოღონდ როგორ შემოვიდა ის ფსოუდან, არ იციან. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მოსატყუებლად, ვრცელდება ხმები, თითქოს აღნიშნული პაციენტი ,,ქართველების აგენტია“ და ეს ყველაფერი იქაურებში ,,ჩორტის“ ჩასაგდებად გათამაშდა. მიუხედავად ამისა, წუხანდელი ღამიდან კიდევ უფრო გაამკაცრეს კარანტინის ზომები, ყველა სოფლის და ქალაქის გასასვლელ-შესასვლელში ჩადგეს ბლოკ-პოსტები, ცდილობენ გამოიკვლიონ ყველა კონტაქტი, ვისთნაც ინფიცირებულ ქალს ურთიერთობა ჰქონდა. ასეთი კი, როგორც აღმოჩნდა, თითქმის 50-მდე ადამიანია. საბერიოს მოსახლეობა სრულ პანიკაშია, საკუთარი ძალებითაც ცდილობენ, გამოავლინონ მასთან კონტაქტში მყოფი პირები და გადავიდნენ სრულ იზოლაციაზე. კარანტინის პირობებში გადავიდა ის მედპერსონალიც, ვისაც პაციენტთან შეხება ჰქონდა, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ სათანადო ეკიპირება. საფრთხის გაჩენისთანავე ქართულმა მხარემ ოკუპირებული გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებებს სათანადო აღჭურვილობა და ეკიპირების საშუალებები გაუგზავნეს, რომელიც აფხაზებმა სოხუმში წაიღეს და გალელი ექიმები დაუცველი დატოვეს. რაც შეეხებათ თავად აფხაზებს, ისინი ამბობენ, რომ უმეტესობას არ სჯერა, თუ მსოფლიოში პანდემია მართლა მძვინვარებს და ქართველების გამოგონილი პოლიტიკური ხრიკი ჰგონიათ, ზოგი კი სერიოზულად შფოთავს და ცდილობს, თვითიზოლაციის წესები ზედმიწევნით დაიცვას. ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ არც თავიანთი ჯანდაცვის და არც ხელისუფლების იმედი აქვთ. უფრო მეტიც, აღიარებენ, რომ მათ ხელისუფლება არ ჰყავთ და შიშობენ, რომ თუ ახალი კორონავირუსი მათთან გავრცელდება, ყველანი დაიხოცებიან. მათი შიში საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები რაიონის ექიმებს აფრთხილებენ, მათთან შესული სიცხიანი პაციენტების და მათი სიმპტომების შესახებ ინფორმაცია არ გაახმაურონ, ხოლო - თავად ავადმყოფები ცდილობენ მედპერსონალს ეს სიმპტომები დაუმალონ. ასეთ ვითარებაში ოკუპირებული აფხაზეთი დღეს ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია, რომლის გასანეიტრალებლად მათი ,,მოძმე“ რუსეთი თითის გამტოკებელი არ არის და ამას თავადაც ხვდებიან, თუმცა ყველა არ აღიარებს. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ახალი კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აკონტროლოს და ჯერ-ჯერობით თავს ართმევს, იმ ფარგლებში, სადამდეც ხელი მიუწვდება. თუმცა, არ ვიცით რა მოხდება, თუკი ეპიდემია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იფეთქებს. თავიანთი ძალებით პრობლემასთან გამკლავებას რომ ვერ შეძლებენ, ფაქტია და ეს თითოეულმა იქაურმა იცის. მისცემენ კი საკუთარ მოსახლეობას ნებას, დახმარების მისაღებად ის ძალად შექმნილი საზღვრები გადმოლახონ? სძლევენ თავიანთ არაჯანსაღ პოლიტიკურ ამბიციებს? ეყოფათ გონიერება? ამ კითხვებზე პასუხს უახლოეს დღეებში მივიღებთ, მანამდე კი, სამწუხაროდ მხოლოდ დამკვირვებლის როლში გვიწევს ყოფნა და განგებას ვთხოვთ, დაიფაროს ღვთის ანაბარა დარჩენილი ჩვენი მოსახელობა. მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს სამშობლოს და სრულიად მსოფლიოს!
  16. გასულ საღამოს ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს პაციენტი, რომელსაც ექიმების თქმით, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი, თითქმის ყველა სიმპტომი აღენიშნება. Planeta.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ 50 წლის ქალბატონმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე, მდინარე ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 29 მარტს, სხეულის მაღალი ტემპერატურით გადმოკვეთა და გალში ჩავიდა. ის მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ცხელებას უჩიოდა. ავადმყოფი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსების ინფორმაციით, გალიდან გადმოყვანილი პაციენტის ანალიზები ხვალ ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება და არის თუ არა ის კორონავირუსით დაინფიცირებული, პასუხიც ხვალ გაირკვევა.
  17. აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის არსებობის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ ეთერში, აგუძერას საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ აჩბამ განაცხადა და კორონავირუსისგან თავის დასაცავად, ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა . ,,თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ კორონავირუსი ჩვენთან არ არსებობს, გარწმუნებთ, ის უკვე აქ არის, უბრალოდ ჯერ არ გამოვლენილა. ის ფაქტი, რომ ფსოუს გამშვები პუნქტი დაკეტილია, არაფერს ნიშნავს, რადგან სრულად ჩაკეტილი მაინც არ არის. იქიდან შემოდის ხალხი, რომელთაც არავინ აკონტროლებს. ადგილზე უმოწმებენ მხოლოდ სხეულის ტემპერატურას, თუ ადამიანებს მაღალი სიცხე არა აქვთ, მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე უშვებენ ისე, რომ არავინ იცის, არიან თუ არა ვირუსის მატარებლები. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად დაუცველები ვართ. ამ დღეებში ჩამოვიდა მოსკოვი-სოხუმის მატარებელი, რომელსაც მგზავრები ჩამოჰყვა, არ ვიცი, ტურისტები თუ ადგილობრივები, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ისინი არავის შეუმოწმებია, ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, არადა, ყველა მათგანი კარანტინში უნდა მოთავსებულიყო. გაიგეთ, ჩვენ არ ვართ ღვთის რჩეული ერი. როცა ჩვენს სამეზობლოში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ჩვენთან ამბობენ, რომ არ გვყავს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები, მე ამას ვერ დავეთანხმები. უნდა ვაღიაროთ, რომ კორონავირუსი აქ უკვე გავრცელებულია. რასაც ჩვენ ვამბობთ, ყველაფერი არის მომავალ დროში, წერენ და ამბობენ: ჩვენ გავაკეთებთ, ჩვენ მოვამზადებთ, ჩვენ ჩამოვიტანთ… ის სხდომები, რაც გუშინ და გუშინწინ ჩატარდა, ძალიან დაგვიანებულია, ეს სხდომები დეკემბრის თვეში უნდა ჩატარებულიყო ან მაქსიმუმ, იანვარში. უნდა გვესმოდის ერთი რამ, დღეს ყველა წამყვან ქვეყანაში, როგორც ომის დროს, პრეზიდენტები და მთავრობა ყოველდღე აკეთებენ მოხსენებას და ანგარიშს აბარებენ ხალხს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ეს აუცილებლად შეგვეხება, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს ვირუსი გვერდს ვერ აგვივლის, ამიტომ უნდა ვიყოთ მზად. მით უმეტეს, როცა დღითი დღე იზრდება დაავადებულთა რიცხვი ჩვენს დასავლეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოში. საქმე იმაშია, როგორ შევებრძოლებით მას, რამდენად მზად არის ჩვენი საავადმყოფოები, როგორ არის აღჭურვილი, როგორ ფინანსდება? რა თქმა უნდა, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, ლაბორატორიაც გააკეთებს თავის საქმეს, ხელისუფლებაც იმუშავებს, მაგრამ ეს საკმარისი იქნება, გვიშველის? ვართ ჩვენ მზად იმისთვის, რომ ვთქვათ, გავუმკლავდეთ ისეთ აფეთქებას, როგორიც იტალიაშია, რა თქმა უნდა, არა, არც ექიმები, არც - სახელმწიფო და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ხალხი აბსოლუტურად არ არის მზად. იტალიელები მენტალურად ჩვენ, კავკასიელებს გვგვანან, ისინი არ მოერიდნენ არაფერს, ატარებდნენ საფეხბურთო მატჩებს, არ დახურეს თეატრები, დადიოდნენ ოპერაში, კაფე-რესტორნებში, ყველაფერს არასერიოზულად უყურებდნენ და მიიღეს ის, რაც მიიღეს. ასე დაგვემართება ჩვენც, თუ სათანადოდ არ მოვემზადებით. ვერავინ ვერავის გადაარჩენს, თუ თავად მოქალაქე არ შეასრულებს ელემენტარულ წესებს. უპირველესად, ყველა აფხაზმა უნდა შეიგნოს, რომ თვითიზოლაცია არის გადარჩენის გზა. ისეც არ არის, ხალხს რომ აშინებენ, თითქოს ყველა დაიხოცება, არა, მთავარია, დავიცვათ წესები, გამოვიჩინოთ სიფრთხილე.“- განაცხდა ზურაბ აჩბამ.
  18. ოკუპირებულ გალის რაიონში, 28 მარტის საღამოდან, ღამის 00:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. სანქციების შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი 28 მარტს მოაწერა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ინალ ქუჩუბერიას თქმით, ეგრეთწოდებული ხელისუფლება იძულებულნი გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ბოლო პერიოდში ენგურის ხიდზე ღამით გადასვლის შემთხვევებმა იმატა. ,,მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის მთელი პერიმეტრი ჩვენი ძალოვნების და რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარის ნაწილების მიერ კონტროლდება, ბოლო დროს ღამის საათებში, უკანონოდ გადასვლა-გადმოსვლის შემთხვევებმა იმატა. სწორედ, ამ ნაკადის შესამცირებლად მივიღეთ ასეთი მკაცრი ზომა.“ - განაცხადა ქუჩუბერიამ. კომენდანტის საათის დროს შეიზღუდება გალსა და მისი რაიონების ქუჩებში მოძრაობაც. სახლიდან გასვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ტერიტორიაზე პატრულირებას ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ. ,,რეჟიმის დამრღვევების“ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმაც. ,,თუ ადამიანი თავისი სახლის სიახლოვეს გავიდა, ეს არ არის დარღვევა, მაგრამ თუ ქალაქ გალის მკვიდრი ღამის სამ საათზე ქვედა ზონაში იმყოფება, უკვე ჩნდება კითხვები. ვფიქრობ, ის სასეირნოდ ასეთ ადგილას არ წავა.“ - უთხრა ინალ ქუჩუბერიამ აფხაზ ჟურნალისტებს.
  19. მოწოდება #დარჩისახლში აფხაზეთშიც ამოქმედდა კორონავირუსით ინფიცირებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული მთავრობა მკაცრ ზომებს მიმართავს და 25 მარტიდან 7 აპრილამდე კარანტინს აცხადებს. ამის შესახებ დადგენილებას ეგრეთწოდებული პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი უკვე მოაწერა. ხვალიდან ოკუპირებულ აფხაზეთში იკრძალება ხალხმრავალი ღონისძიეების გამართვა, ყოველგვარი ექსკურსია და ტურისტების მიღება. დაიხურება საზ.კვების ყველა ობიექტი, საკოლმეურნეო და სამრეწველო ბაზრები, გაჩერდება ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამკაცრდება კონტროლი ფსოუს გამშვებ პუნქტზე და იქ სამედიცინო ბრიგადები იმორიგევებენ. დადგენილების მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ევალება, შექმნას სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობის ინფორმირებას შეუდგება და კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ცნობებს მიაწვდის; ასევე, მობილიზება გაუკეთდეს 24 საათიან სამედიცინო დახმარების მორიგე ბრიგადებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებული პაციენტის კლინიკაში გადაყვანა დროულად მოხერხდეს. სამინისტროს დაევალა სამოქმედო გეგმის დამტკიცება და კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებისთვის მედპერსონალის მომზადებაც. ოკუპირებული აფხაზეთის რაიონული საავადმყოფოების მთავარ ექიმებს მიეცათ განკარგულება, პროფილაქტიკისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ, ყოველდღიურ რეჟიმში მიაწოდონ ინფორმაცია ეგრეთწოდებულ ჯანდაცვის სამინისტროს, მთავარ სანიტარულ ექიმს კი დაევალა, სავაჭრო ობიექტებისა და სასტუმროების, ასევე დიაგნოსტიკური ლაბორატორიების სან-ეპიდ მეთვალყურეობა გააძლიეროს და მოხდეს ხალხმრავალი ადგილების დეზინფექცირება. საჯარო უწყებებს, ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოების გარდა, მოეთხოვებათ, მინიმუმადე შეამცირონ თანამშრომელთა ყოფნა სამსახურებში, ისე, რომ ხელფასი ყველას შეუნარჩუნდეს. გაგრძელდეს არდადეგები ბაგა-ბაღებში, სკოლებსა და ინსტიტუტებში. სავაჭრო ობიექტებისთვის გაიცა რეკომენდაცია, არ გააძვირონ პირველადი მოხმარების პროდუქტი, მედიკამნეტები და სადეზინფექციო საშუალებები. ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინის რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის მთავარმა სან.ეპიდემიოლოგმა ლუდმილმა სკორიკმა მოხსენება გააკეთა და აღნიშა, რომ მოსახლეობის დასაცავად განსაკუთრებული ზომების მიღება იყო საჭირო. მისი თქმით, სან.ეპიდ სადგური არ არის მზად მთლიანად თავის თავზე აიღოს მოსახლეობის უსაფრთხოება, რადგან 22 მარტს გამართულ არჩევნებზე, კორონავირუსისგან თავის დასაცავად, არავითარი ზომები არ იყო მიღებული. ,,22 მარტამდე კორონავირუსისგან სუფთა ვიყავით და ამ დიაგნოზით დადასტურებული პაციენტი არ გვყავდა, მაგრამ ჩვენმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ პროფილაქტიკისთვის არავითარი ზომები არ იყო მიღებული და ყველა რეკომენდაცია, რასაც მოსახლეობას ვაძლევდით, იგნორირებულ იქნა. ამდენად, უკვე მთლიანად მოსალოდნელ შედეგებზე მე პასუხი,გებლობას ვერ ავიღებ.“ - განაცხადა ლუდმილა სკორიკმა კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ, ეგრეთწოდებულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე, რომელსაც სწორედ ვალერი ბგანბა ხელმძღვანელობდა. კარანტის შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, სახლებიდან არ გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, რომელშიც აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.
  20. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის, ოფიციალური ცნობა არ ვრცელდება, თუმცა გუშინ, 22 მარტს გულირიფშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მთავრმა ექიმმა ზურაბ აჩბამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსის მზგავსი სიმპტომები გამოუვლინდა. მალევე, ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა ფაქტი უარჰყო და აჩბას განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. ,,ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ზურაბ აჩბა ასეთ დასკვნებს, ვინ მისცა მას უფლება, ეს დიაგნოზი დასვას, მან მიიღო ეს ავადმყოფი? მზგავსი ინფორმაცია ჩვენი მოსახლეობის და მედპერსონალის წამოკიდებას ისახავს მიზნად. ვფიქრობ, მედიცინის წარმომადგენლის ეს ქმედება გენერალურ პროკურატურას უნდა ვაცნობოთ.“ - განაცხადა მან. სკორიკის თქმით, რესპუბლიკული საავადმყოფოს პაციენტისთვის კორონავირუსის ნიშნების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია მას არ მიუღია. ,,ყოველ შემთხვევაში, ყველა ექიმი მორიგე რეჟიმში მუშაობს და აფხაზეთში არავითარი საგანგაშო სიტუაცია არ არის. ყველა ასრულებს თავის ფუნქციას ისე, როგორც მოეთხოვება.“- აღნიშნა სოხუმის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ეგრეთწოდებული უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბის თავ,ჯდომარე ალისა არძინბა აცხადებს, რომ იმ პაციენტის სიმპტომები, რომელზეც ზურაბ აჩბამ განცხადება გააკეთა, კორონავირუსის სიმპტომებს არ ემთხვევა. ,,უკვე წელიწდია, რაც გოგონა დაკვირვების ქვეშაა, რადგან ის რისკ ფაქტორის წარმომადგენელია, ვინაიდან მამამისი ტუბერკოლიზის მძიმე ფორმით არის დაავადებული. ამ ეტაპზე გოგონას დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, ესაა ჩირქოვანი კისტა, რომელიც მას ჭრილობის დამუშავებისას ჰიგიენის წესის დაუცველობის შედეგად გაუჩნდა. ტემპერატურის მატებაც ამ ფაქტმა გამოიწვია და ინფექციურ საავადმყოფოშიც ამიტომ მოხვდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არავითარი სიპმტომი მას არ ჰქონია.“ - განმარტა არძინბამ. კორონავირუსთან დაკავშირებით, ზოგადად, ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეთა განწყობას რაც შეეხება, ისინი ჯერ-ჯერობით პანიკას არ ჰყვებიან, თუმცა კი, ეშინიათ და ცდილობენ, ფრთხილად იყვნენ. პირად საუბრებში, უმეტეოსობა აცხადებს, რომ თუ მათთან ეს ინფექცია გავრცელდა, ადგილობრივი მედიცინის იმედად კატასტროფა გარდაუვალია და აფხაზეთის მოსახლეობა სასიკვდილოდ არის განწირული. ოკუპირებულ აფხაზეთში საფრთხეს ქმნის ხალხმრავალი შეკრებები, ისეთი სარიტუალო ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, წლისთავი და სხვა თავყრილობები, სადაც აფხაზური ტრადიციების მიხედვით, განსაკუთრებით ბევრი ხალხი იკრიბება. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, სწორედ გუშინ, 22 მარტს ეგრეთწოდებული პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ხმის მისაცემად მოქალაქეთა საკმაო დიდი რაოდენობა გამოცხადდა. რაც შეეხება ფსოუს გამშვებ პუნქტს, საიდანაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა ხდება, სანიტარული საკარანტინო ზონაა მოწყობილი და დამონტაჯებულია სპეციალური თერმომეტრი, ,,ტეპლოვიზორი,“ რომელიც საზღვარზე გადამსვლელ-გადმომსვლელ ადამიანებს სხეულის ტემპერატურას უზომავს. მოწყობილობა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაგზავნეს. ის ფსოუს გამშვებ პუნქტზე 19 მარტს დამონტაჟდა და 20 მარტიდან უკვე ამოქმედდა. აფხაზური მედიის ცნობით, გასულ დღეებში გამშვები პუნქტიდან, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით სამი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან ორი ოკუპირებული აფხაზეთის, ერთი კი - რუსეთის მოქალაქეა. საავადმყოფოს მთავრი ექიმის, ვიაჩესლავ არგუნის თქმით, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პეტერბურგიდან იყო ჩამოსული, სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე ზემოთ აღენიშნებოდა და ის უკან, რუსეთის ტერიტორიაზე დააბრუნეს, დანარჩენ ორს კი, რომელთაგან ერთი სოხუმის, მეორე კი ოჩამჩირის მკვიდრია, ტემპერატურა 37 გრადუსის ფარგლებში უფიქსირდებოდათ. ექიმის თქმით, მათ კორონავირუსისთვის დამახსიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდათ, თუმცა კი, გამოკვლევების შემდეგ, ისინი საკუთარ სახლებში, კარანტინის პირობებში განათავსეს. ,,მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი არავითარი სიმპტომი არ გამოუვლინდათ. ეს იყო ჩვეულებრივი გაციება. ამდენად, ყოველგვარ კორონავირუსზე საუბარი ზედმეტია.“ - განაცხადა ვიაჩესლავ არგუნმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მხრივ, გაგრის რაიონში სიმშვიდეა და იქ ვირუსული დაავადებების აფეთქებას არ ელოდებიან. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საჭირო ტესტები 20 მარტს შეიტანეს, თუმცა არ უხსენებიათ, საიდან. არაოფიციალურად კი ამბობენ, რომ ტესტები ოკუპირებულ აფხაზეთს ქართულმა მხარემ გადასცა.
  21. ბოლო 30 წლის განმავლობაში,საქართველოს განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნამდე მრავალი მინისტრი გვყავდა და მის მერეც, უმოკლეს დროში, კიდევ ორი გამოვიცვალეთ (ამასწინ, იმ ორიდან ერთი პოსტზე ხელახლა დავაბრუნეთ კიდეც), მაგრამ ცოდვას გაგიმხელთ და ამჟამინდელ თუ ყოფილ განათლების მინისტრებს შორის, ყველაზე საუკეთესოდ მაინც ჯეჯელავა მიმაჩნია. ამის მიზეზი, ნამდვილად, მაქვს. სკოლებში არსებულ მარადიულ პრობლემათაგან ყველაზე მთავარზე, სწორედ, ჯეჯელავამ გაამახვილა ყურადღება. მისი სახელის გაგონებაზე, ალბათ, ყველას კომბლე და ვაშლი გაგონდებათ, მაგრამ მე საკმაოდ სერიოზულ და მეტად საჭირბოროტო საკითხზე მოგახსენებთ. ალექსანდრე ჯეჯელავამ, მინისტრის პოსტზე ყოფნისას იმ სკოლის დირექტორებს, რომელთაც სკოლაში საპირფარეშოების საკითხი მოგვარებული არ ჰქონდათ ომი გამოუცხადა. მათგან, ჰიგიენის ნორმების დაცვას, სკოლის ტუალეტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მკაცრად ითხოვდა და ვინც ამ გამოწვევას თავს ვერ გაართმევდა, დაკავებული თნამდებობიდან ათავისუფლებდა. ამ პრობლემის გამო, საჯარო სკოლების რამდენიმე დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს ასეთი პასუხი გასცა: ხუთსაც გავათავისუფლებთ და ოცდახუთსაც, თუ საქმეს დასჭირდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება. დირექტორებმა სისუფთავესთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ხოლო თუ სახსრები არ აქვთ სამინისტრო დაეხმარება. სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ საკითხთან შეხება არ მქონია, მაგრამ გადმოცემით და მედიის საშუალებით ვიცოდი, რა მდგომარეობაში იყო უმეტესი სკოლების საპირფარეშოები. მოსწავლეებიც და პედაგოგებიც მოუწყობელ ინფრასქტრუქტურას, ანტისანიტარიას და საშინელ სუნს უჩიოდნენ. ამიტომაც, ამ მიმართულებით ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძოლას თავიდანვე მივესალმე. ვიფიქრე, თუ ამ გზას პრინციპულად ბოლომდე მიჰყვება, იქნება, ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას-მეთქი. თუმცა, როგორც ვიცით, ვიდრე ყოფილი მინისტრი სკოლების საპირფარეშოების პრობლემებთან ბრძოლას ბოლომდე მიიყვანდა, მანამდე სავარაუდოდ, კომბლესთან ,,ბრძოლას“ გადააყოლეს და ჯეჯელავას ნაცვლად პოსტზე სხვა დანიშნეს. ეს იყო 2 წლის წინ და ჯეჯელავას წასვლის შემდეგ, არ მსმენია, მოუწესრიგებელი საპირფარეშოს გამო, რომელიმე სკოლის დირექტორისთვის რამე სანქცია დაეწესებინათ ან სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ, თუ ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გახმაურებულ ინციდენტს (სკოლის დირექტორის გარდაცვალებას)არ მივიღებთ მხედველობაში. ჰოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ბედნიერად ვფიქრობდი, რომ ჯეჯელავას მუქარამ გაჭრა, სკოლებში ტუალეტების ინფრასტრუქტურის და ჰიგიენის პრობლემა აღარ დგას და ბავშვებს ამყრალებულ საპირფარეშოებში არ უწევთ შესვლა, ვიდრე შარშან ერთ-ერთ სკოლასთან განგებამ მჭიდროდ არ დამაკავშირა. შარშანდელი სასწავლო წლიდან მოყოლებული სულ მესმოდა ჩემი ბავშვის (ძმის შვილიშვილის) წუწუნი, რომ ტუალეტში ვერ შედის, რადგან იქ საშინელი სუნია, რომ იქაურობა ყარს, მაგრამ ვეუბნებოდი, საერთო ტუალეტებში ეგეთი სუნია ყველგან-მეთქი და ამ საკითხის უფრო ღრმად გასარკვევად, თავი დიდად არ შემიწუხებია. თუმცა, ერთხელ, შემთხვევით იმ ფლიგელში რომ მოვხვდი, სადაც ბიჭების ტუალეტი იყო განთავსებული და სუნმა ჯერ ნესტოები, მერე კი თვალები ამწვა, საგონებელში ჩავვარდი, აქ, დერეფანში რომ ასე ყარს ყველაფერი, შიგნით რაღა იქნება-მეთქი. მიუხედავად ამისა, პრობლემას მაინც წავუყრუეს, შიგნით არ შევსულვარ და არ შემიმოწმებია. წელს ისე მოხდა, რომ ჩვენი კლასი იმ ფლიგელში გადაიყვანეს, სადაც გოგოების ტუალეტი მდებარეობს. ბავშვმა პირველ დღესვე გვითხრა, ისეთი სუნია, ოთახის კარს ვერ ვაღებთ, მასწავლებელი ცდილობს, მაგრად ჩაკეტოს, რომ სუნი არ შემოვიდეს, გარეთ, დერეფანში ვერ გავდივართ, იქ გაჩერება შეუძლებელიაო. დამაინტერესა და მეორე დღეს სკოლაში მივედი. პირველ სართულზე, ცენტრალურ შესასვლელს როგორც კი გავცდი და მარცხნივ, ჩვენი ფლიგელისკენ ჩავუხვიე, რამდენიმე ნაბიჯში საზიზღარი სუნი ჯერ სუსტად მეცა, მერე, რაც უფრო მივუახლოვდი კლასს და საპირფარეშოს მიმდებარე ტერიტორიას, ეს სუნი იმდენად აუტანელი გახდა, რომ ცხვირ-პირზე ხელები ავიფარე. სხვანაირად იქ ვერ გავჩერდებოდი. ასე, ცხვირზე ხელაფარებული შევედი საპირფარეშოში. იმ სუნის ფონზე, მეგონა, საშინელი ანტისანიტარია დამხვდებოდა, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი, ტუალეტის შესასვლელი და ფეხსალაგებიც სუფთა იყო. წყლის ჭავლებიც შევამოწმე, ყველა მუშაობდა. ერთადერთი, რასაც სისუფთავე არ ეტყობოდა, ხელსაბანები იყო, ადამისჟამისდროინდელი მტვრითა და ჭუჭყით. იქიდან გაოგნებული გამოვედი და თუ დამლაგებელი პერიოდულად ასე ასუფთავებს აქაურობას, ეს საძაგელი სუნი საიდან უნდა იყოს-მეთქი, კითხვით მნივადექი ჩვენი კლასის ხელმძღვანელს, რომელიც ჩემზე არანაკლებ წუხდა. არ ვიცი, ასე როდემდე გავძლებთო, აქეთ შემომჩივლა, თან, ჯერ კიდევ ცხელა გარეთ და დერეფნებში ფანჯრები ღიაა, რომ მივხურავთ, მერე რა გვეშველებაო. ჩემს გარდა, სხვა ბავშვების მშობლებიც იგივეს ამბობდნენ და კითხულობდნენ, რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ, ალბათ, დირექტორს უნდა შევატყობინოთო. დირექციაში ყოველ შესვლაზე ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ შედეგი არ გვაქვსო, პედაგოგმა გვითხრა. ასე გავაგრძელეთ ბუზღუნი და წუწუნი იმ დღეს, მეორე დღეს, კიდევ სხვა დღეს. ვითარება, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. სპეციალისტებთან კონსულტაციით ერთადერთი, ის გავარკვიეთ, რომ ეს პრობლემა, შესაძლოა კანალიზაციის ძველი მილების ბრალი ყოფილიყო. კი ვაპირებდი დირექტორთან მისვლას და დახმარების იქით შეთავაზებას, იქნება და სამინისტრო არ უგდებს ყურს, არ აქცევს ყურადღებას მის განცხადებებს, რომელსაც ის ამ საკითხის მოსაგვარებლად აგზავნის-მეთქი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ შესაძლო იყო, არცთუ ისე კონსტრუქციული საუბარი გამოგვსვლოდა და ამიტომ თავს ვიკავებდი. ამასობაში სხვა მშობელმა დამასწრო. როგორც გავიგე, დირექტორისთვის დახმარება არ შეუთავაზებია, პირიქით, კარგად გაუჯორავს. ბავშვებმა მითხრეს, მარიამის ბებია დირექტორს ხმამაღლა ელაპარაკებოდა, ის კი არ გაუჩერდა და წავიდა, მაგრამ საითაც წავიდა, იქით გაჰყვა და თქვენ თუ ვერ აგვარებთ ამ პრობლემას, ჩვენ მოვაგვარებთო, ეუბნებოდაო. დირექტორი კი პასუხს არ სცემდაო. ამ ამბის მერე, ეტყობა, დირექტორმა მარტივ გამოსავალს ,,მიაგნო“ და დერეფანში სურნელის გამფრქვევი მოწყობილობები დააყენებინა, რამაც შარდის საშინელი სუნი მცირე ხნით გაანეიტრალა, თუმცა მერე ის სურნელი საპირფარეშოს საერთო სუნს შეერწყა, უარესად აყროლდა იქაურობა და გავლა-გამოვლაც კი გაუსაძლისი გახდა, იმ დროს, როდესაც, ბავშვებს ასეთ გარემოში საათობით უწევთ გაჩერება. ჰოდა, ვითმინე, ვითმინე და ვეღარ მოვითმინე, განათლების სამინისტროს გუშინ არაოფიციალურად მივაწვდინე ხმა და ჩვენი გასაჭირი შევატყობინე. როგორც ჩანს, სამინისტროდან სკოლის დირექტორს დაუკავშირდნენ და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, იმანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, აბსურდული არგუმენტებით სცადა თავის მართლება, თუმცა კი, სკოლის პასუხიდან ჩანს, რასთან გვაქვს საქმე და ვინ ტყუის. მეტი დამაჯერებლობისთის ამ პასუხსაც აქვე გაგაცნობთ. ,,№ -- სკოლაში ნამდვილად არის ტუალეტებში სუნი, რასაც დირექტორი ებრძვის, თუმცა ვერაფერს შველის რადგან არასწორადაა შეერთება გაკეთებული. ამ ტუალეტების რემონტი ორი წელია რაც ესიდამ გააკეთა, მაგრამ სუნი თავიდანვე დგებოდა. თან ახლა სკოლის მე-2 ფლიგელი რემონტის გამო გადაკეტილია და ორ ტუალეტზე მეტი დატვირთვაა. არდადეგებზე ფიქრობს დირექტორი რამე ეგებ გააკეთოს რომ ეშველოს სუნს. ისე დასუფთავებულია ყოველთვის.“ ამ პასუხში რამაც თავიდანვე გამაბრაზა, ისაა, რომ სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, ტუალეტში სუნი ნამდვილად არისო, თითქოს მარტო იმ ერთ ადგილზე იყოს საუბარი. ამ დროს, მთელი დერეფანი ყარს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დერეფანში არათუ გაჩერება, გავლაც შეუძლებელია და სასკოლო ოთახის კარს როგორც კი შეაღებ, მთელ ოთახში შარდის მძაფრი სუნი წამიერად დგება. ამიტომ, მარტო საპირფარეშოში მდგარი სუნის გამო კი არ ვწუხდებით, იმ გარემოში ბავშვების ხანგრძლივად გაჩერება დანაშაულია. ეს ერთი და მეორე, ის, რომ სკოლის ერთ ფლიგელზე სახურავს არემონტებენ და ამიტომ ტუალეტზე დატვირთვა გაორმაგებულია, ეს კი მართალია, მაგრამ ეს არ არის ერთი და ორი კვირის წინ წარმოქმნილი პრობლემა, ადრეც ასე იყო, რასაც თავადვე აღნიშნავენ, როცა ამბობენ, რომ მილები არასწორადაა შეერთებული და სუნი თავიდანვე, ანუ გარემონტებისთანავე დგებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ორი წელია დირექტორმა იცის, ეს პრობლემა ,,თავიდანვე“ რომ იყო, აქამდე არაფერი გაუკეთებია და ახლა, ამ არდადეგებზე ფიქრობს, ,,ეგებ რაღაც გააკეთოს“ და ღმერთმა იცის, ეს ,,ეგებ“ რა იქნება. როგორც ჩანს, იმ 2 წლის წინაც, სწორედ ჯეჯელავას მუქარის შიშით გარემონტდა ამ სკოლის საპირფარეშო, თუმცა კი, უხარისხოდ და შედეგად, მთელი 2 ცვლის ბავშვები ნახევარ დღეს შარდის სუნში ატარებენ. რაც მეტად დამაფიქრებელია, ამ აქოთებულ შენობაში უფრო მეტ დროს მასწავლებლები ატარებენ... დღევანდელ ეპოქაში, სკოლის ასეთ პრობლემებზე ხმაური რომ გვიწევს, ვფიქრობ, ძალიან სამარცხვინოა. ჰოდა, ხომ ახი იქნებოდა ასეთი სკოლების დირექტორებზე, ალექსანდრე ჯეჯელავა ყოფილიყო ისევ განათლების მინისტრი?! P. S. ზუსტად გუშინ საღამოს წავიკითხეთ, მეორე კლასის ბუნების წიგნში, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის ჯანსაღი გარემო, სუფთა საცხოვრებელი პირობები და სუფთა ჰაერია საჭირო და ოჯახის უფროსმა წევრებმა ერთმანეთს გადავულაპარაკეთ, ამ გაკვეთილს რომ უხსნიდა მასწავლებელი, ნეტა, იმაზე თუ ფიქრობდა, ბავშვები საკლასო ოთახის კარს რომ გააღებენ, რა გარემო ხვდებათო. P. S. S. მოვლენების შემდგომ განვითარებასაც აუცილებლად გაგაცნობთ. ვნახოთ, სკოლის ადმინისტრაცია საახალწლო არდადეგების განმავლობაში რა ზომებს მიიღებს. იმის იმედიც მაქვს, რომ ,,ზომების მიღებას“ ჩვენი კლასის დამრიგებლის დამუნათებით არ დაიწყებენ, რადგან პრობლემაზე ხმა მისი კლასის მშობლებმა ამოვიღეთ. ჰო, ასეთებიც ხდება ჩვენთან, სამწუხაროდ, არადა, გარეთ 21-ე საუკუნეა.
  22. ძალიან მაწუხებს ერთი კითხვა და თქვენც უნდა გაგიზიაროთ. მაინტერესებს, თუ არსებობს სადმე, სხვაგან, განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ამათუ იმ საკითხზე, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის აღსრულებაზე არც მისი მიმღები ზრუნავს და მით უარესი, არ არსეობს უწყება, რომელსაც ამ კანონის დარღვევაზე რეაგირება ევალება? ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ჩვენ რომ ვართ, ამის დამადასტურებელი ფაქტები, სამწუხაროდ ბლომად გვაქვს. შორს რომ არ წავიდეთ და ბევრი არ ვილაპარაკოთ, 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის დასახელებაც კმარა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი 1 წლის წინ ამოქმედდა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დამწვრობის ცენტრსა და სხვადასხვა კლინიკაში პიროტექნიკით დაზარალებული მოზარდების რიცხვმაც იმატა. ამის შესახებ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემაც დაწერა და ეგრეთწოდებული, საახალწლო ასაფეთქებლით დაზიანებული ბავშვის ფოტოც გამოაქვეყნა. თავადაც, უკვე მეორე კვირაა, ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებ, სკოლაში მიმავალი ან სკოლიდან მომავალი 9-12 წლის მოზარდები, გზადაგზა როგორ უკიდებენ ცეცხლს ამ ასაფეთქებლებს და ერთმანეთს ესვრიან, ხან, უფრო მეტი ეფექტისთვის, სადარბაზოებში ყრიან და ისმის გაუთავებელი ზათქი და გრუხუნი. იმასაც ვუყურებ, ამ ბავშვებს როგორ უვლის გვერდს მათი მშობლების თუ ბებია-ბაბუების ტოლი ხალხი, ზოგი სრულიად გულგრილად, ზოგი მხოლოდ უკმაყოფილო სახით, შენიშვნას კი მხოლოდ მე ვაძლევ... თუმცა არც შენიშვნაზე რეაგირებენ, ჩემს სადარაბაზოს გასცდებიან და სხვა სადარბაზოსთან დააქუხებენ, ვიდრე იქაც არ მობეზრდება ვინმეს და არ დაუცაცხანებს. სავარაუდოდ, მშობლებს არც უმხელენ, რაში ხარჯავენ მათ მიერ გატანებულ ფულს, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთმა მშობელმა, რომც იცოდეს, მანამდე მაინც არ შეიფერთხავს ყურს, ვიდრე ბავშვი პიროტექნიკისგან სერიოზულ ზიანს არ მიიღებს. ალბათ, ცოტა გადამეტებული მოგეჩვენებათ ჩემი ბრალდება, მაგრამ თავად მინახავს მზგავსი შემთხვევა და ამიტომაც ვამბობ. ორი წლის წინ, 6-7 წლის ბავშვები, მთელი დღის განმავლობაში, ეზოში პატარა რაკეტებს აფეთქებდნენ. როგორც მე მესმოდა ეს გამაყრუებელი ხმა, ისე ესმოდათ მათ მშობლებსაც, მაგრამ ერთხელ არ მიუციათ შენიშვნა. ბოლოს, მოთმინება რომ გამომელია და მეხუთე სართულიდან გადავძახე, გეყოფათ ახლა, საკმარისია-მეთქი, ერთ-ერთის მშობელმა ჯერ ბავშვებს გადახედა აივნიდან, მერე მე ამომხედა უკმაყოფილოდ და უხმოდ შებრუნდა სახლში. პატარებმაც ისევ განაგრძეს პიროტექნიკის აფეთქება და ცოტა ხანში გულისგამგმირავი ტირილიც გაისმა. რომ გადავიხედე, ერთს სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა და ცალი ხელი ყურზე აეფარებინა, საიდანაც, ასევე, სისხლი ჟონავდა, დანარჩენები კი დასეოდნენ და ჩუმად, ჩუმადო, ამუნათებდნენ. მერე, იცოცხლეთ, გამოლაგდნენ დედები, ბებიები, დაიწყეს ქოთქოთი, ვიშვიში, ერთმანეთის მიმართ საყვედურები. ვერ მოვითმინე და გადავძახე, ცოტა ადრე უნდა მიგექციათ ყურადღება-მეთქი. იმდენს კი მიხვდნენ, პასუხი არ გაეცათ ან არ ჰქონდათ ჩემი თავი, თორემ ზოგადად, ჩვენი საზოგადოება ასეთ საყვედურს არ ღებულობს. სიმართლე გითხრათ, არც მე მხიბლავს გამუდმებით ,,დეიდა ვასასის“ როლში ყოფნა და ვიღაცისთვის იმის მტკიცება, რომ ლიფტში სიგარეტი არ უნდა მოწიოს, რომ სადარბაზოსთან მანქანა არ უნდა გარეცხოს, ღამე კორპუსების ფანჯრებთან არ უნდა იგინოს ან გამთენიისას მანქანაში ხმამაღლა ჩართული მუსიკით არ უნდა იაროს. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილის უვიცობის, უკულტურობის, უზნეობის და წესებისა და კანონების უპატივცემულობის ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, რომლის ვერც წარმომავლობის მიზეზებს ვწვდები და ვერც გამოსავალს ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ეს ცოტა ვრცელი საუბრის თემაა და ამიტომ, ახლა ისევ პიროტექნიკას დავუბრუნდეთ. როგორც ვიცით, ხელმისაწვდომი, იაფფასიანი საახალწლო რაკეტები თუ მაშხალები იყიდება ყველგან, უბნის მაღაზიებსა თუ ჯიხურებში. არავინ დაგიდევთ, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მისი მიყიდვა კანონით არის აკრძალული და ამ აკრძალვის დამრღვევი ფიზიკური პირი 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი - 200 ლარით უნდა დაჯარიმდეს. თუ, ერთი წლის განმავლობაში, შემთხვევა განმეორდება, მაშინ პირს გაორმაგებული ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი მორიგი ფიქციაა და არც გამყიდველებს და არც მშობლებს, ამ კანონის არსებობაზე წარმოდგენა არა აქვთ. რაც შეეხება კონტროლს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში წერია, რომ მისი დარღვევის შემთხვევას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს, თუმცა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში მოვისმინე, არც ერთი მუნიციპალიტეტის ინსპექციას მზგავსი ფუნქცია აქამდე არ დაჰკისრებია. ამდენად, კანონი კი მივიღეთ, მაგრამ მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ როგორც აღნიშნული სიუჟეტიდან ჩანს, რა შედეგები გამოიღო ხსენებულმა კანონპროექტმა ან რამდენად სრულდება, სრულიად უცნობია მისი ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტარ მარიამ ჯაშისთვის. შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ კანონის აღსრულებაზე ფიქრით, აქამდე არც სხვა თანაავტორებს შეუწუხებიათ თავი და აწიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახსენდებათ, თუ ამ საკითხზე, დამდეგ ახალ წლამდე, მედია და საზოგადოება ცოტაზე მეტს იხმაურებს ან უკიდურეს შემთხვევაში, კანონის უმოქმედობის გამო, სავალალო შედეგებს მივიღებთ. ამ სავალალო შედეგებს კი, თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელობა ყოველ ნაახალწლევს აქვეყნებს და საზოგადოებასაც გამუდმებით აფრთხილებს, მოარიდონ ბავშვები პიროტექნიკას. თუმცა, სულ ამაოდ.
  23. ქართველი არქიტექტორი ვაჟა თოფურია, მთაწმინდაზე, ვერის უბანში დაიბადა და გაიზარდა, დღემდე იქ ცხოვრობს, სახელოსნოც ვერაზე აქვს მოწყობილი, სადაც თავის პროექტებზე მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მრავალსართულიან კორპუსებს პრინციპულად არ აშენებს. დიდ პროექტებზე, ახალგაზრდობაში, ზურაბ წერეთელის სახელოსნოში უმუშავია, სადაც, როგორც მხატვარი, პანოების და მონუმენტების ესკიზებს ქმნიდა. სხვადასხვა სახის გასართობი მოედანი და შენობის მოზაიკური პანო ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანასა და ქალაქშიც აქვს შექმნილი. ძირძველ მთაწმინდელს და თავის უბანზე უსაზღვროდ შეყვარებულ ვაჟა თოფურიას, ,,პლანეტა.ჯი“ სახელოსნოში ეწვია და მთაწმინდის უბნის თავისებურებებზე ესაუბრა. - ბატონო ვაჟა, რას ნიშნავს თქვენთვის მთაწმინდა და რით არის განსაკუთრებული მთაწმინდელობა? - მთაწმინდელობა ჩემი ცხოვრებაა, ეს ჩემი სულის მდგომარეობაა, თუ ვიცხოვრებ, აქ, ვერაზე ან სოლოლაკში, სხვაგან ვიცი, რომ ვერ გავძლებ. ყოფილა შემთხვევები, საცხოვრებლად დროებით სხვა უბნებში გადავსულვარ, მაგრამ ერთი სული მქონდა, ჩემს სახლს როდის დავუბრუნდებოდი. აქ ყველაფერი მშობლიური და შინაურია, ყველა ეზო, სახლი თუ კედელი. მთაწმინდა ჩემი ოჯახია, სახლია, მდგომარეობაა. აქაური ყოველი კუთხე-კუნჭული რომ იცი, ყველას იცნობ, ყველა გიცნობს, პატივს გცემენ, ეს სულ სხვა შეგრძნებაა. მართალია, დღეს ყველგან ყველაფერი შეიცვალა, ჩემს ქუჩაზეც აღარ ცხოვრობენ უკვე ძირძველი ვერელები, ზოგი წავიდა, ზოგი გარდაიცვალა, სხვა ხალხი მოვიდა, მაგრამ გარემო ისევ ისეთია. ბაქრაძის ქუჩის 13 ნომერში დავიბადე და გავიზარდე. 51-ე სკოლა დავამთავრე. ჩვენს ეზოს და სკოლას საზიარო კედელი ჰყოფდა, რომელიც ერთ ადგილას გამონგრეული იყო და ჭიშკრის ნაცვლად იქიდან ვძვრებოდით სკოლაში. კარგა ხანს ვსარგებლობდით იმ ადგილით და მერე ამოქოლეს. ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ჩემი კლასელი იყო, საოცრად ნიჭიერი, მხიარული, მოუსვენარი. კლასში უკანა რიგში, ერთმანეთის გასწვრივ ვიჯექით. სკოლიდანვე კარგად ვხატავდი და ერთი ინგლისურის მასწავლებელი გვყავდა, რომელსაც ჩემი ნახატები მოსწონდა და მეუბნებოდა, შენ ინგლისური რად გინდა, აგერ, მთაწმინდა დამიხატეო და მეც მიყვარდა ხატვა და ვხატავდი. ასე დავრჩი ინგლისურის გარეშე და გავყევი ხელოვნებას. მთელი სამეგობრო ერთად ვიყავით, ჩვენს სკოლას არ ვცილდებოდით, თავშეყრის ადგილიც იქ გვქონდა. ახლა ფილარმონია რომ დგას, იქ ადრე საცხოვრებელი სახლი იდგა, სადაც ძველი ტრამვაი ამოდიოდა, ღია, სარემონტო ვაგონებით და ჩვენც, უბნის ბიჭები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მარდად შეახტებოდა. ფერაძე ყოველთვის გვასწრებდა და ყველაზე პირველი შეხტებოდა, ხოლმე. - რა განსხვავებაა მაშინდელ და ახლანდელ მთაწმინდელებს შორის? - ისეთი ურთიერთობები აღარაა, დაიკარგა ის ზრდილობიანი დამოკიდებულებები და ურთიერთპატივისცემა, რიდი. საოცრად კარგი დრო იყო, მეგობრობა, მეზობლობა, ურთიერთობა ბევრად განსხვავდებოდა ახლანდელისგან. დღეს ახალგაზრდა თაობა უფრო დამოუკიდებელი და ლაღი კია, მაგრამ ერთმანეთისადმი ის დამოკიდებულება აკლიათ, რაც წინა თაობებს გვონდა. ლაღები და თავისუფლები ჩვენც ვიყავით, მაგრამ ოჯახები მაინც გვაკონტროლებდნენ, ჩვენს ნებაზე არ გვიშვებდნენ, რაღაც შეზღუდვებს გვიწესებდნენ და ვიცოდით, რისი უფლება გვქონდა და რისი - არა. უზრდელობა ან უფროსებისადმი უპატივცემულობა არავის გვეპატიებოდა. რაც მთავარია, იტალიურ ეზოებში იყო ნამდვილი თბილისური ცხოვრება, ერთი ოჯახივით ვიყავით, ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველა ერთმანეთს ხელს უწყობდა, ეხმარებოდა, ჭირს და ლხინს იზიარებდა. ეს ურთიერთობები და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა მენატრება, ის უფროს-უმცროსობა, მაშინ რომ იყო, რაც ჩვენსა და შემდეგ თაობაში შენარჩუნდა, მეტში აღარ. ჩვენს ქუჩაში დგომასაც სხვა ხიბლი ჰქონდა, როცა საჭირო იყო, ბიჭებს ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც, მუშტით ვჩხუბობდით, სხვა იარაღი არასდროს გვქონია, გოგოებს ვიცავდით, სახლში ვაცილებდით, პატივს ვცემდით. - მთაწმინდა დედაქალაქის ცენტრი და ტურისტულად საკმაოდ აქტიური ზონაა, ასევე მიმზიდველია ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის. შესაბამისად, ურბანული პრობლემები მთაწმინდასაც შეეხო. როგორ აფასებთ ახალ მშენებლობებს? - მთაწმინდა მართლაც ქალაქის გულია, ეს ის ადგილია, რომელსაც ხელი არ უნდა ახლო და იერი არ უნდა შეუცვალო. მშენებლობების გამო, მთას რომ ჭრიან და ანგრევენ გული მტკივა. აქ მცოცავი გრუნტია, ამიტომ მისთვის ხელის ხლება, მოჭრა, ნგრევა, არ შეიძლება. მე ესთეტიურ გარემოში გავიზარდე და ვიცხოვრე, ჩემს გარშემო სულ კულტურული ძეგლების ნიმუშებია, ყველა შენობა, ყველა აივანი თუ ჩუქურთმა უნიკალურია და ყველა უნდა შენარჩუნდეს. აშენებით კი აქ არაფერი უნდა აშენდეს. - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მთაწმინდამ თავისი სახე შეინარჩუნოს? - იმისათვის, რომ მთაწმინდამ სახე შეინარჩუნოს, უნდა დაიწყონ ასათიანის ქუჩიდან და ყველა სახლი უნდა აღდგეს. კოჯრის ქუჩა რომ ავიღოთ, ყველა სახლი თავისი ეზოებიანად უნდა გარემონტდეს. ბევრგან, სახლების ქვეშ მილებია გაყვანილი, რომელშიც მიწისქვეშა წყალი გაედინება. ეს მილები იმდენად ძველი და დაჟანგულია, რომ წყალი ჟონავს, ეს კი სახლებს აზიანებს და ანგრევს. ჭონქაძის ქუჩაზე ერთი შენობა დგას, რომელიც თავის დროზე, თამბაქოს მრეწველ ძმებ ბოზარჯიანცებს ეკუთვნოდა. 1915 წელს თბილისის საუკეთესო სახლის გამოსავლენ კონკურსში ამ სახლს მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოუპოვებია და საუკეთესო ფასადის მქონე სახლის სახელიც მიუღია, იმიტომ რომ ოქროს მედალი და პირველი ადგილი, იმ წელს სხვა სახლს არ რგებია. ეს უნიკალური სახლი და მისი სადარაბაზო, რომელიც სულ იტალიური და ფრანგული მასალით იყო მოპირკეთებული, დღეს საშინელ მდგომარეობაშია და აუცილებლად უნდა მიეხედოს. მთაწმინდაზე, არქიტექტურითა და სილამაზით გამორჩეული ასეთი კიდევ სხვა ბევრი შენობა და სახლია, რომელთაც აღდგენა და შენარჩუნება სჭირდება. - ქალაქის ცენტრში აშენებული თუ მშენებარე და მაღალსართულიანი სახლები და თანამედროვე არქიტექტურა რამდენად მოგწონთ? - მაღალსართულიანი კორპუსები ქალაქის შუაგულში, იქ სადაც სრულიად განსხვავებული არქიტექტურა და ესთეტიკაა, არ უნდა ჩაიდგას. კომერციამ არ უნდა ჩაყლაპოს ქალაქი. პირადად მე მაღალსართულიან კორპუსებს არ ვაშენებ, 3-4 სართულიან პროექტებზე ან კერძო სახლებზე ვმუშაობ. ადრე სხვა ესთეტიკით და სხვადასხვა ელემენტით შენდებოდა სახლები, ძველ ნაგებობეში ამიტომ არ ჰგავს ერთი სახლი მეორეს, ერთი აივანი - მეორეს. მთაწმინდაზე ყველა სახლი განსხვავებული და უნიკალურია, შესაბამისად, ძვირფასიც. მერე ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ყველა ახალაშენებული სახლი და კორპუსი ერთმანეთს დაემსგავსა. ახლა, შეიცვალა მიდგომა და არქიტექტურაში ისევ ბრუნდება სხვადასხვა ელემენტი, რაც თავისთავად კარგია. საბედნიეროდ, ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ, დედაქალაქის გენგეგმაც დამტკიცდა, რაც აქამდე მიმდინარე ქაოტურ მშენებლობას შეუშლის ხელს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ K2 კოეფიციენტი აიკრაძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტი არ გაიზრდება. იმედია, ამ კანონს დაიცავენ და ურბანული ქაოსი აღარ გაგრძელდება. ასევე, დასაცავია ყველა ის რეკრიაციული ზონა, რაც კომერციას გადაურჩა. სამწუხაროდ, ყველაფერი წალეკა კომერციამ და ქალაქის იერსახეც კომერციამ დაღუპა. - თქვენი შვილებიც თქვენს პროფესიას ხომ არ მიჰყვებიან? - უფროსი ვაჟიშვილი მხატვარ-დიზაინერია და გარკვეულწილად ჩემს პროფესიას აგრძელებს, უმცროსი შვილი ტელეოპერატორია და ამავე დროს, სხვადასხვა ინოვაციურ იდეებსა და პროექტებზე მუშაობს. ერთ-ერთი, ეკოდამტენი სკამების დადგმის იდეა უკვე განახორციელა. მეორე პროექტი, რომლის განხორციელება ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო, ქართველი მხატვრების შემოქმედების პოპულარიზაციას ეხება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მტკვრის ჯებირების შიდა კედლებზე განთავსდეს ცნობილი მხატვრების ნამუშევართა რეპროდუქციული პანოები. წარმოიდგინეთ, რამხელა საგამოფენო სივრცე გამოვა. ჩემმა უმცროსმა ვაჟიშვილმა, საკუთარი სახსრებით, გალაკტიონის ხიდთან ფიროსმანის სამი პანო რამდენიმე წლის წინ დაკიდა, რომელიც დღემდე ამშვენებს მტკვრის სანაპიროს. ირმა ბერიშვილი
  24. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და დედის სურვილის გათვალისწინებით, ექიმი თერაპევტი გახდა. სოციალურ ქსელში მის სტატუსებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფართო საზოგადოებას საკუთარ აზრს ბევრ ჟურნალისტზე უკეთ აწვდის, წერის თავისებური სტილიც აქვს და ზოგჯერ, ჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი იუმორით გვიყვება. ასე იკმაყოფილებს ჟურნალისტობაზე ვერახდენილ ოცნებას. კარგა ხანია, წიგნის გამოცემაც გადაწყვიტა და ახლა დეტალებს აგვარებს. ,,პლანეტა.ჯი“ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანს და ყველაზე კითხვადი სტატუსების ავტორს, ნინო ახობაძეს ესაუბრა. - ნინო, როგორ მოხვდით ფეისბუკზე? - ყველა ჩემი მეგობარი იყო ფეისბუკზე დარეგისტირებული, მე არ ვეკარებოდი, კატეგორიულად არ მინდოდა. მერე მეგობარმა გამიხსნა და პერიოდულად მთხოვდა, მოდი, შემოიხედე, ნახე, ვიღაცამ მეგობრობა გამოგიგზავნა, ვიღაცამ ,,დაგალაიქაო“. რას ნიშნავდა მეგობრობის გამომიგზავნა, რა ლაიქი, რის ლაიქი, არაფერი მესმოდა. ჩემი დისშვილი ფეხბურთელია და ერთხელაც, მისი თამაშის ყურება რომ მინდოდა, ჩემმა დამ, ,,ლინკს“ ჩაგიგდებო. ეს ხომ საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო, მაგრამ ვიკადრე და შევედი ამ ფეისბუკზე, ჰოდა, ისე შევედი, იმის მერე ვეღარც გამოვედი. - შეხვედით და რა აღმოაჩინეთ? - აღმოვაჩინე, რომ ხალხი სოციალურ ქსელში ცხოვრობს, აქ უყვართ, აქ სძულთ, ჩხუბობენ, იბუტებიან, რიგდებიან, პოლიტიკაც აქ კეთდება და სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ყველაფრის თანამონაწილე იყო... ვიღაცეები რომ ამბობენ, აქ ვირტუალური ურთიერთობააო, ვირტუალური კი არა, ზუსტად რომ ნამდვილი ცხოვრებაა. - სტატუსების წერა როდიდან დაიწყეთ? - წერა სულ მიყვარდა, მაგრამ თავიდან მხოლოდ სხვის ნაწერებს ვკითხულობდი და სხვების აქტივობებს ვეცნობოდი. პირველი პოსტი, წლების წინ ჩემს სახლში დაბრძანებული ხატის მოსალოცად მოსული ახლობლის საცოლის და მის გარშემო დატრიალებული ამბების შესახებ დავწერე, რომელსაც ძალიან ბევრი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. რომ დავინახე, ჩემი დაწერილი სტატუსი რამდენმა მოიწონა და დადებითად რამდენი ადამიანი გამოეხმაურა, მეც ძალიან გამიხარდა. მერე შევყევი და შევყევი წერას. ბავშვობაში ხომ ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი და მეცხრე კლასიდან გაზეთებში მასალებს ვაქვეყნებდი კიდეც. იმ პერიოდში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ ჩაგებარებინა, მანამდე შენი პუბლიკაციები აუცილებელად სადმე უნდა დაბეჭდილიყო. ის ძველი გაზეთები, სადაც ჩემი სტატიები გამოქვეყნდა, დღემდე შენახული მაქვს. ძალიან კი მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი, თუმცა ოჯახს და დედაჩემს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. - ისტორიები, რომელსაც ფეისბუკზე წერთ, ნამდვილია თუ თქვენ იგონებთ? - აბსოლუტურად ყველა ისტორია ნამდვილია, უბრალოდ, ცოტას ვალამაზებ ან ვუმატებ რამეს, რადგან ყველა ამბავს თავისი რეალური გმირი ჰყავს და არ მინდა, ჩემს ნაწერებში ამოიცნონ. როცა სტატუსს ვინმეს ისტორიაზე ვწერ, ყველას წინასწარ ვაფრთხილებ, ხოლმე, რომ ჩემს მეგობარზე ვწერ ახლა ან ჩემს ახლობელზე და ლანძღვა არ დაიწყონ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ძალიან მაბრაზებენ, რადგან რომელიმე მაინც წერს: უიმე, რა დეგენერატი ყოფილა, ტვინი არა აქვს თავში და ასე შემდეგ. - ფეისბუკმომხმარებელების სტატუსებს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო, ხშირად ავტორთან შეუთანხმებლად აქვეყნებს. სააგენტოების ყურადღების ცენტრში თქვენი სტატუსებიც ბევრჯერ მოხვდა. გთხოვენ ნებართვას თუ დაუკითხავად ბეჭდავენ? - არის თითო-ორი მედიასაშუალება, რომელიც აუცილებლად ჩემგან ითხოვს ნებართვას და ჩემს ფეისბუკ-სტატუსებს ისე აქვეყნებს, მაგრამ ძირითადად დაუკითხავად მიაქვთ. დაუკითხავად გამოქვეყნებაზე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ სათაურს არქმევენ ან რაღაცას ისე გადააკეთებენ, რომ უხერხულობაში ვვარდები ან თავის მართლება მიწევს. ეს ჩემი უფლებების სრული დარღვევაა და ვიცი, ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლო, მაგრამ ისიც ვიცი, რამდენი ძალისხმევა და რესურსი უნდა დავხარჯო, ამიტომ არ მიღირს. ერთხელ კონკრეტულმა პირმა წაიღო ერთი ჩემი ისტორია და თავის გვერდზე, როგორც საკუთარი სტატუსი ისე დადო. ჩემმა მეგობრებმა მისწერეს, რომ რაც გააკეთა არასწორი იყო და უსაყვედურეს, იმან კი ბოდიშის მოხდის ნაცვლად, აქეთ დაგვანამუსა. - სამედიცინო საქმიანობა სად დაიწყეთ? - როცა ქართული არმია საბჭოთა ჯარს გამოეყო, თბილისში ქართული სამხედრო ჰოსპიტალი შეიქმნა, რომელსაც სამხედრო ექიმი გენერალი რამიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ჰოსპიტლის შექმნაში მან მთელი სული და გული ჩადო, სათითაოდ შეარჩია ყველა კადრი, შექმნა საოცრად კარგი კოლექტივი, მაგრამ სამწუხაროდ, ჰოსპიტლის გახსნამდე ავტოავარიაში დაიღუპა. ჩემი პირველი სამსახურიც იქ იყო და შექმნის დღიდან ვმუშაობდი ჰოსპიტალში, რომელიც გენერალ ალექსანდრე რამიშვილის სახელს ატარებდა. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მან არაჩვეულებრივი, შეკრული გუნდი დაგვიტოვა, რომელიც ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩვენთან არ იყო ფულის გამო ერთმანეთთან დაპირისპირება, კონკურენცია, პაციენტების წართმევა. სამხედროებთან ერთად, სამოქალაქო პაციენტებსაც ვიღებდით, რადგან როგორც ჩვეულებრივი კლინიკა, ისე ვმუშაობდით და შესაბამისად, როგორც პროფესიონალები, ყოველდღიურად ვვითარდებოდით. მიხეილ სააკაშვლის გაპრეზიდენტების შემდეგ, ჰოსპიტალს ჯერ სამოქალაქო პირების მიღება აეკრძალა, შემდეგ კი, ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, თბილისში გაუქმდა და გორში გადავიდა. ოქრუაშვილმა ახალი თანამშრომლების ასაყვანად კონკურსი გამოაცხადა, რომლის მერეც სრულიად ახალი კადრები მიიყვანა და ძალიან ბევრი ძველი თანამშრომელი გამოგვიშვა. ისინი, ვისაც სამხედრო ჰოსპიტალში, წლების განმავლობაში, უხელფასოდაც გვიმუშავია, ვის მხრებზეც მთელი ჰოსპიტალი იდგა, ვისაც სული და გული იქ დაგვრჩა, უმუშევრად დაგვტოვა. სამწუხაროდ, 2008 წლის ომმა დაგვანახა, რაოდენი სიბრიყვე იყო სამხედრო ჰოსპიტალის თბილისიდან გორში გადატანა, ვინაიდან, დაჭრილ სამხედროებს იქ ვერ აჩერებდნენ და მათი თბილისში გადმოყვანა ხდებოდა საჭირო. - ამის შემდეგ პირდაპირ ჯარში ამოჰყავით თავი თუ იყო სხვა ეტაპიც, თქვენს ცხოვრებაში? - ამის შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე გავხსენი ბავშთა გასართობი ცენტრი ,,ლიმპოპო“ და სამი წელი ვიყავი ჩემთვის. იქაური სახალისო ამბებიც მრავლად მაქვს მოყოლილი ფეისბუკზე. ერთ მშვენიერ დღეს, დამადგა ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომელი, ჩემი მეგობარი ლაშა ქოიავა, რომელიც იმჟამად თავდაცვაში მუშაობდა, სამედიცინო ბატალიონს ქმნიდა და სამსახური შემომთავაზა. ამ შემოთავაზებაზე ერთი-ორი თვე ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, ჯარი მაშინებდა, მაგრამ როცა გავიგე, ბატალიონში ჩემი ჰოსპიტლის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც იქნებოდნენ, დავთანხმდი. 2008 წლის აპრილში დავიწყე მუშაობა, ნელ-ნელა გავერკვიე ჯარის ამბებში და უცებ, აგვისტოს ომში ამოვყავი თავი. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ომში ჩემმა ექიმებმა, მედდებმა და სანიტრებმა სასწაულები გააკეთეს. სამწუხაროდ, ჯარში ჩვენ არ გვიყურებდნენ, როგორც ექიმებს, ჩვენგანაც ისე და იმდენს ითხოვდნენ, რამდენსაც ჩვეულებრივი სამხედროსგან. მარტო ომის დროს ვიყავით, ლამის, ღმერთები, დანარჩენ დროს იყო წვალება და გამუდმებული ჭიდაობა ზედა ეშელონებთან. ასმეთაური ვიყავი და 128 ადამიანი მებარა, რომლებიც საკუთარი მინისტრის ,,პოხონდრიებისგან“, ლამის, ყოველდღე მყავდა დასაცავი. იმ დროში ეს ადვილი არ იყო. აი მაშინ, იმ წლებში, სულ სხვა ადამიანი გავხდი... - რა შეცვალა სამხედრო სამსახურმა თქვენში? - პირველ რიგში, ის, რომ ძალიან მძიმე სიტუაციებში თავის გატანა ვისწავლე. ცხადია, ეს არ ეხება მხოლოდ ომს... იყო ათასნაირი სწავლებები, ველად ცხოვრება, ამდენი დასიცხული თუ გაყინული ადამიანის მოვლა-პატრონობა, რომლებიც მებარა, მაშინ, როცა არანაირი თანაგრძნობა არ მოდიოდა ,,ზემოდან." ჩვენ, თანამშრომლებს ერთმანეთის თანადგომითა და გამხნევებით გაგვქონდა თავი. ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ძალიან შორს წავალთ. ვისწავლე უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება მაშინ, როცა ეს ძალიან საშიში იყო. ასევე, იქ, სადაც ხისტად და მიწოლით არაფერი გამომივიდოდა, ჯარმა ცოტა დიპლომატიაც მასწავლა. - ჯარის პერიოდზეც არაერთი სტატუსი გაქვთ დაწერილი, იმ პერიოდის წნეხზე, ხელმძღვანელობის დავალებების პოლიტიკურ მოტივებზე, დირექტივებზე. ჩვენთან რას გაიხსენებდით? - რა დამავიწყებს, 2012 წლამდე, როცა სამხედრო ნაწილში ვმუშაობდი, თანამშრომლებს უფლება არ გვქონდა სოციალურ ქსელში რამე დაგვეწერა ან მოგვეწონებინა, ყველაფერი კონტროლდებოდა. მერე, უკვე, როცა ის ძალა წავიდა, ჯარში ეს პრობლემა მოიხსნა. არათუ იმას გიკონტროლებდნენ, ვინ მოიწონე ფეისბუკზე ან ვის რა დაუკომენტარე, იმასაც არ გეკითხებოდნენ, იყავი თუ არა არჩევნებზე. მანამდე, არჩევნების დროს ყაზარმული მდგომარეობა ცხადდებოდა, ხოლმე და გვატრენინგებდნენ, გამუდმებით გვითითებდნენ, ხომ იცით, ხმა ვისაც უნდა მისცეთო. ნებისმიერი არჩევნების ჩატარებამდე, იქნებოდა ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სამხედრო ნაწილში ჩაგვკეტავდნენ და ამას ყაზარმულ მდგომარეობას დაარქმევდნენ. ჩვენ სამხედროები ვიყავით და არანაირი უფლება არ გვქონდა, გაგვეპროტესტებინა ან წინააღმდეგობა გაგვეწია, ხმასაც ნაწილშივე ვაძლევდით. მანამდე ყოველდღიური ინსტრუქტაჟი გვიტარდებოდა და პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მიგვანიშნებდნენ, გვეუბნებოდნენ, ხმის მიცემამდე ხუთჯერ უნდა დაფიქრდეთ, ასევე, გვაფრთხილებდნენ, რომ კამერები ყველგან ყველაფერს აფიქსირებს, ამიტომ ფრთხილად იყავითო და ბუნებრივია, ეს ყოველივე ჩვენზე მოქმედებდა. ყოველთვის ყველა თანამშრომელზე ინფორმაციას აგროვებდნენ, ოჯახიდან ან სანათესაოდან ვის ჰყავდა რუსეთში ახლობელი, ან ვის ჰყავდა პატიმარი. ეს მუდმივად იწვევდა იმის შიშს, რომ თუ მათ ნება-სურვილს წინ აღუდგებოდი ან მიშას გააკრიტიკებდი, ან არჩევნებზე ხმას ნაციონალებს არ მისცემდი, შეიძლებოდა სერიოზული პრობლემა შეგქმნოდა. ვერ ვიტყვი, რომ ამას პირდაპირ გვეუბნებოდნენ, მაგრამ საკმაოდ გასაგები მესიჯები მოგვდიოდა. ამიტომ, პირადად მეც კი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, შევდიოდი საარჩევნო კაბინაში და ხუთიანს ვხაზავდი. 2012 წლამდე ეს წნეხიც მიშლიდა ხელს და სოციალურ ქსელში მუნჯივით, ჩუმად ვიჯექი. მერე, უკვე შეზღუდვები რომ მოიხსნა, ისეთი ადამიანები დავიმეგობრე, ვისთან ურთიერთობაც მანამდე ძალიან მაინტერესებდა. - თქვენ სხვა უბანში დაიბადეთ და გაიზარდეთ, სხვა ქალაქშიც გიცხოვრიათ, უკვე რამდენიმე წელია, რაც მთაწმინდაზე ცხოვრობთ. რითია მთაწმინდა სხვა უბნებისგან გამორჩეული? - მთაწმინდა მართლაც განსხვავებული და გამორჩეული უბანია. ჯერ ის რად ღირს, რომელ ქუჩაზეც არ უნდა ჩაიაროთ, სახლებზე გაკრული აბრა რომ გაუწყებთ: აქ ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი, ესა და ეს და იმ ადამიანების სახელ-გვარები წერია, ვინც ძალიან შენები იყვნენ და არიან... ბევრი რამიდან გამომდინარე, თბილისში მეორე ასეთი უბანი არ არსებობს. მთაწმინდაზე თბილისისთვის დამახასიათებელი ქალაქურობა ჯერ ისევ შენარჩუნებულია, რასაც ვერ ვიტყვი ვაკეზე, რომელიც შეიცვალა, სხვა ხალხი მოვიდა. მთაწმინდაზე სახლებიც, არქიტექტურაც, ყველაფერი ისევ ისეთია, როგორიც ადრე. აქაურობა კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ინტერნაციონალური უბანია, ყველა ეროვნების ადამიანი კეთილმეზობლურად ცხოვრობს, ქართველი, სომეხი, რუსი, აზერბაიჯანელი, იეზიდი, ებრაელი ერთად, ერთ სივრცეში ურთიერთობენ. სპეციფიური უბანია, განსაკუთრებული. ამ ძველ უბანს, არ უხდება დიდი და მრავალსართულიანი სახლები, ეს სიძველე უნდა შენარჩუნდეს. ყველა სახლი, ეზო, ღობე თუ აივანი არის განსაკუთრებული და ლამაზი. უმეტესად კი ყველა გასარემონტებელი და აღსადგენია, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. არსებულ ისტორიულ სიძველეს მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამისთვის ახალი ტიპის პოლიტიკოსები უნდა მოვიდნენ, ვისაც გული შესტკივა და იზრუნებს ჩვენზე. შუალედური არჩევნების პირველი ტური რომ ჩატარდა, იმედი მქონდა, მთაწმინდელები თავიანთ მაჟორიტარად სწორედ ასეთ პოლიტიკოსს აირჩევდნენ და სოფიო ხორგუანს მისცემდნენ ხმას, რაც არ მოხდა. ამაზე ძალიან მწყდება გული. მანამდე ხო ყველა წუწუნებდა და ამბობდა, მუდმივად ორ ძალას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება და რა ვქნათ თუ არც ნაციონალები გვინდა და არც - ოცნებაო, ახლა ნამდვილად ჰქონდათ არჩევანის საშუალება და შეეძლოთ უფრო ჭკვიანურად მოქცეულიყვნენ, რაც არ გააკეთეს. - თქვენ რომ იყოთ თბილისის მერი, რას შეცვლიდით მთაწმინდაზე ან რას გააკეთებდით? - მთაწმინდა მარტო მელიქიშვილის, ლეონიძის ან შანიძის ქუჩა არ არის. რამდენი ისეთი ქუჩაა ზემოთ და ზემოთ, მიკარგული, მინგრეულ-მონგრეული, ყურადღების გარეშე დარჩენილი, აი, იმ ქუჩებიდან დავიწყებდი რეაბილიტაციას, ჯერ ზედა ვერას მივხედავდი და ასე შევუნარჩუნებდი მთაწმინდას იერსახეს. იმ ზედა ქუჩებზე მარტო ტერიტორიები არ არის, იქ ხალხიც ცხოვრობს, რომელთაც კიბეებს, ეზოებს მოვუწესრიგებდი, დანგრევის პირას მისულ სახლებს გავურემონტებდი, რათა იქ ჩაკარგულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ ისიც ამ ქალაქის ნაწილია, ისიც ჩვენი მოქალაქეა. ქალაქის ხელისუფლებისთვის არ უნდა არსებობდეს პრესტიჟული და არაპრესტიჟული უბნები. მე რომ ვიყო ქალაქის მერი, დავიდებდი წინ ქუჩების ჩამონათვალს და პრიორიტეტად სწორედ იმ მიკარგული ქუჩების ბინადართა პრობლემების მოგვარებას გავიხდიდი. სხვას შეიძლება არ ახსოვდეს ისინი, მაგრამ შენ, ქალაქის ხელმძღვანელს არ უნდა დაგავიწყდეს. - ფეისბუკში ასეთი მხიარული და იუმორით სავსე ნინო ახობაძე როგორია რეალურ ცხოვრებაში? - ბუნებრივია, ყოველთვის მხიარული ვერ ვიქნები, მეც უამრავი პრობლემა მაქვს, რომელსაც ვაგვარებ ან ვერ ვაგვარებ და განვიცდი, მეც ბევრ რამეზე ვნერვიულობ, მაგრამ რომ შემოვალ ფეისბუკზე, რაღაცას დავწერ, ჩემს სათქმელს ვიტყვი და მერე უამრავი ადამიანი რომ მეხმიანება, ჩემს ნაწერს იწონებს, ან ხუმრობაში ამყვება, ან მესიყვარულება, თბილ სიტყვებს მწერს, მეც მსიამოვნებს, ჩემზეც გადმოდის მათი დადებითი განწყობა და ის პრობლემები უკანა პლანზე გადადის. ძალიან მახარებს ემიგრანტები რომ მეხმაურებიან, ჩემი ამბების წაკითხვა რომ უხარიათ, მწერენ, მლოცავენ, პირადში უამრავ შეტყობინებას მიგზავნიან. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ეს ურთიერთობა მათთვის. სოციალურ ქსელში ახალ ნაცნობებს და მეგობრებს ვიძენთ, მერე ერთმანეთისთვის ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი ვხდებით. ვირტუალურად გაცნობილი ადამიანები, ხშირად, ერთმანეთს რეალურად ვხვდებით, ზოგს ვკარგავთ კიდეც, ზოგი ფიზიკურად მიდის ჩვენგან, გვტკივა, გვიყვარს, განვიცდით. ამიტომაც ვამბობ, რომ ფეისბუკზე აბსოლუტურად ყველაფერი რეალურია და ნამდვილი. ირმა ბერიშვილი
  25. შეიძლება ბევრს ჯერაც არ შეუმჩნევია, რომ თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა გაჩერებასა თუ სკვერში, ცენტრალურ და ხალხმრავალ ადგილებში მზის სისტემაზე ინტეგრირებული, ეკოლოგიურად სუფთა, მულტიფუნქციური სკამები დაიდგა, რომლებზეც არა მარტო ჩამოჯდომა და დასვენება, არამედ მობილური ტელეფონების დატენვა შეიძლება და სწორედ, ამით არის მნიშვნელოვანი. თითოეული ,,მზის სკამი“ ერთდროულად ოთხი ელექტრომოწყობილობის დატენვის საშუალებას გვაძლევს და სილქნეტის უფასო WiFi-ით არის აღჭურვილი, რომლის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ,,პლანეტა.ჯი“ ეგრეთწოდებული ეკოდამტენი სკამების იდეის და პროექტის ერთ-ერთ ავტორს, Solartia Group-ის წარმომადგენელს, ვაჟა თოფურიას ესაუბრა. - საიდან წამოვიდა ასეთი სკამების შექმნის იდეა, რომელ ქვეყნებში გვხვდება ანალოგი? - ამ სკამების ანალოგი ევროპის ისეთ განვითარებულ ქვეყნებში არსებობს, როგორიცაა ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია. ჩვენს რეალობაში, საზოგადოებრივ სივრცეში ტელეფონის დამტენებსა და ხარისხიან Wi-Fi - ზე მოთხოვნა დიდი იყო, ამიტომ ჩვენც, მე და ჩემმა მეგობარმა, გიორგი ნიჟარაძემ ავიღეთ ეკოლოგიურად სუფთა დამტენების იდეა და ვეცადეთ, თბილისის იერსახისთვის მორგებული დიზაინის სკამები შეგვექმნა. მართალია, პროექტი ბევრად ადრე შევქმენით, მაგრამ მისი განხორციელება ,,სილქნეტისა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით მხოლოდ წელს შევძელით. ჩვენი იდეა, თავდაპირველად საბურთალოს გამგებელს მოეწონა და მისი დახმარებით, პირველი საჩვენებელი ვერსია, რომელიც უსასყიდლოდ დავამზადეთ, ბუკიას ბაღში დავდგით. როცა ეკოდამტენის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ინტერნეტში ასეთი გამოხმაურებაც გვხვდებოდა: რა დროს ეს არის, ამის ფასად გაჭირვებულებს დაეხმარეთ და სხვა ამის მსგავსი, მაგრამ დადებითი განწყობა მეტი იყო. ვინაიდან ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის სრულიად უსასყიდლოდ გაკეთდა და მოწყობილობების დატენვაც სრულიად უფასოდ ხდება. ჩვენი სკამებით სარგებლობაც ყველა ადამიანს შეუძლია. - დღეის მონაცემებით, ეკოდამტენი სკამები დაახლოებით რამდენ ადგილზეა განთავსებული? - ამ დროისთვის, თბილისის ტერიტორიაზესხვადასხვა სკვერსა თუ პარკში, ასევე, გაჩერებებზე სულ 20 ასეთი მულტიფუნქციური სკამია დამონტაჟებული, რომელთა მოძიება ,,გუგლ მეფის“ საშუალებითაც არის შესაძლებელი. - გარდა ცენტრალური ადგილებისა, ამ სკამების დამონტაჟება თბილისის სხვა უბნებშიც თუა დაგეგმილი? - დიახ, მალე სხვა ადგილებზე, გარეუბნებშიც დავამატებთ და თბილისში ეკოდამტენების მონტაჟი სრულად ივნისის ბოლოსთვის დასრულდება. - თბილისის გარეთ, რეგიონებშიც ხომ არ აპირებთ მზის სკამების დადგმას, დაინტერესება თუ არის? - რა თქმა უნდა, მოთხოვნა დიდია, ახლა ბორჯომის მერია დაინტერესდა ძალიან და ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. ვგეგმავთ დამონტაჟებას ქუთაისსა და ბათუმში, ასევე, ვაპირებთ ეკოსკამების დადგმას სვანეთში, თეთნულდის მიდამოებში. ასათვისებელი ადგილები ბევრია, განსაკუთრებით რეგიონებში, სათანადო მოთხოვნა და დაინტერესებაც გვაქვს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. განსაკუთრებით კარგი იქნება ამ ეკოდამტენების განთავსება რთული რელიეფის მქონე ტურისტულ ზონებში, სადაც ელექტროენერგია ხელმიუწვდომელია. მაგალითად ხევსურეთში აბუდელაურის ტბებთან, სამეგრელოში - ტობა ვარჩხილზე და ასე შემდეგ. - თქვენს მიერ შექმნილი სკამების საშუალებით დღეს ტელეფონების და სხვა მობილური ელექტრომოწყობილობის დატენვა და Wi-Fi - ის გამოყენებაა შესაძლებელი. კიდევ თუ აპირებთ რამე სხვა ფუნქციის დამატებას? - გვინდა, მზის სისტემაზე ინტეგრირებულ სკამებს 112 - ის გამოძახების და GPS - ის ფუნქციაც დაემატოს, რათა მისი საშუალებით ადამიანის კორდინატის დადგენა გახდეს შესაძლებელი. მსგავსი პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით ისეთ მიუვალ ადგილებშია მნიშვნელოვანი, სადაც რთული ტურისტული მარშრუტები მდებარობს და შეიძლება, ვინმე გზას ასცდეს ან დაიკარგოს. - როგორც ვიცით, მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენების დამონტაჟებამდე, მობილური ტელეფონების დასატენად, თბილისში, ავტობუსების გაჩერებებსა თუ სხვა ადგილებში ჩვეულებრივი ელექტრომოწყობილობებიც დადგეს, თუმცა, ყველას მალევე ან ელექტროსადენები მოაგლიჯეს, ან მთლიანად გააფუჭეს. თქვენი მზის სკამები მსგავსი ვანდალიზმისგან რამდენად არის დაცული? - პროექტის შექმნისას მსგავსი შემთხვევებიც გავითვალისწინეთ, აქედან გამომდიანრე, სკამი ისეა გაკეთებული, რომ მისი დაზიანება გაჭირდება. თუ მაინც მოახერხა ვინმემ მისი გაფუჭება, იოლად შევაკეთებთ. ირმა ბერიშვილი
×
×
  • შექმენი...