Jump to content
Planeta.Ge

ფერმერი თამაზ ნარიმანიძე: საქართველოში მეღორეობის დარგი განწირულია


,,ახლაც ისევ ისეთი მაფიოზობა და კლანურობაა, რაც წინა ყველა მთავრობის დროს იყო"

ქართული ბაზარი რომ უცხოეთიდან შემოტანილი კვების პროდუქტებით არის გაჯერებული და ბაღჩეულიდან თუ ხილიდან დაწყებული, საქონლის ხორცით დამთავრებული, ჩვენს ცხოვრებაში იმპორტირებულ სურსათს დიდი ხვედრითი წილი უჭირავს, ეს ყველამ ვიცით.

დიდ თუ მცირე ქსელურ მაღაზიაში, სამეურნეო ბაზარსა თუ უბნის პატარა ჯიხურში, ყველგან შეგვიძლია ვიყიდოთ გაყინული ხორც-პროდუქტები, რომელთა წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზეა დატანილი. ფასებიც მოთხოვნის შესაბამისი აქვს და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით კი არ კლებულობს, უფრო ძვირდება.

image.jpeg

ახალი ხორცის შემთხვევაშიც იგივე ხდება, ფასი ზედა ნიშნულიდან არ ჩამოდის, პირიქით - დღითი დღე იზრდება. საუბარია, როგორც მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ისე ღორის ხორცის ფასებზე. ეს იმ დროს, როცა ადგილობრივი ფერმერები და მეღორეები გაკოტრების პირას არიან და უპერსპექტივობის გამო, უმრავლესობა ამ საქმიანობის შეწყვეტაზე ფიქრობს. ამის მიზეზად ისინი, ბოლო დროს რუსეთიდან დიდი ოდენობით ცოცხალი ღორის შემოდინებას ასახლებენ, რომელმაც ბაზარზე ადგილობრივი ღორის ხორცი მთლიანად ჩაანაცვლა და კონკურენციის გაწევა გაუჭირდათ.

ფერმერების აზრით, ქვეყანაში იმპორტით პროდუქციის ნაკლებობის შევსება უნდა ხდებოდეს და არა ადგილობრივი წარმოების ჩანაცვლება. ჩვენთან პირიქით, ძირითადად ყველა პროდუქტი სხვა ქვეყნებიდან შემოდის, ადგილობრივი მეურნის ან ფერმერის შრომა კი დაუფასებელი რჩება. საქმისადმი ასეთი მიდგომა არა მათ მომავალ განვითარებას, არამედ გაკოტრებას უწყობს ხელს.   

ხსენებულ საკითხზე სასაუბროდ Planeta.ge ერთ-ერთ ფერმერს, თამაზ ნარიმანიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ დიდი ოდენობით ღორის იმპორტმა საქართველოში მისი და სხვა მრავალი ადგილობრივი მეღორე-ფერმერის ბიზნესი საბოლოოდ ჩაკლა.

- ბატონო თამაზ, უცხოეთიდან საქართველოში ცოცხალი ღორის შემოყვანამ პირადად თქვენ რა პრობლემები შეგიქმნათ და რატომ?

- პირადად მე, სოფელ ახალ სამგორში, ღორების ფერმის მოსაწყობად 30 ათასი ლარი დამჭირდა. მისი დახურვა სწორედ იმიტომ  მომიწია, რომ უცხოეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ცოცხალი ღორი შემოჰყავთ. ამ იმპორტირებული ღორის ხორცით ქართული ბაზარი იმდენად გაჯერდა, რომ არა მარტო მე, ფერმერების უმრავლესობა, ვინც მეღორეობას მისდევდა, იგივე პრობლემის წინაშე დადგა.

- ეს იყო ძირითადი მიზეზი რის გამოც ფერმა დახურეთ?

- დიახ, მეც და ბევრ სხვასაც, ვინც ამ საქმით ვიყავით დაკავებული,  ბიზნესის გაუქმება მოგვიწია, რაც განაპირობა ცოცხალი საქონლის უკონტროლო იმპორტმა. ადრე უკრაინიდან და ბულგარეთიდან შემოჰყავდათ, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის გზა დაიკეტა, სამაგიეროდ რუსეთში იპოვეს ახალი არხი და ყოველ დღე, ტრაილერებით, ჩალის ფასად უთვალავი ღორი შემოჰყავთ.

ამ ფაქტის გამო ადგილობრივ ღორებზე მოთხოვნამ იკლო, მე იძულებული გავხდი ჩემი საქონელი დაბალ ფასში გამეყიდა, რამაც მაზარალა. ამის შემდეგ სხვა გზა აღარ დამრჩა და საკმაოდ დიდი ფერმა დავხურე.

- როგორც ვიცით, აღნიშნული პრობლემების შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთანაც გქონდათ დიალოგი. პრობლემის გამოსწორების რამე პერსპექტივაზე თუ ისაუბრეთ?

- რომელ პერსპექტივაზე ლაპარაკობთ, საერთოდ? თავიდან სოფლის მეურნეობის მინისტრთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა და ჯობია მინისტრის მოადგილეს, ხანიშვილს შეხვდე, რომელიც მაგ და სხვა საკითხებშიც ბევრად უკეთ არის გარკვეულიო.

გიორგი ხანიშვილს სოციალურ ქსელში შევეხმიანე, შეხვედრაც დავთქვით და მასთან ამ საკითხზე სასაუბროდ მე და კიდევ ერთი თეთრიწყაროელი ფერმერი მივედით.

40 წუთი ვილაპარაკეთ და ვიკამათეთ, მაგრამ ამაოდ.

ვუთხარი, ღორების ექსპორტი ან დაერეგულირებინათ, ან ისეთ ჩარჩოში მოექციათ, რომ პატარა ადგილი ადგილობრივი სეგმენტისთვისაც დარჩენილიყო, რადგან ამ ბიზნესით დაკავებული ფერმერები უკვე ყოველდღიურად ვზარალდებოდით.

ისიც ვუთხარი, რომ ეს სექტორი სრულიად გაუკონტროლებელია და არანაირი ყურადღება არ ეთმობა; რომ ჯობია ადგილობრივი მეურნეობა განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ მეღორეობას, ვიდრე იმპორტირებული ხორცით იყოს ბაზარი გაჯერებული, მაგრამ ვერაფრით დავარწმუნე.

ფერმების არსებობა ხომ მუშახელის დასაქმებასაც ითვალისწინებს, გავკოტრდებით ჩვენ და გვიწევს თანამშრომლების გაშვებაც. ასევე ზარალდებიან ფირმები, რომლებიც ღორების საკვების წარმოებაზე მუშაობენ.

არანაირი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან არ გვაქვს. შარშან მეღვინეების სუბსიდირებისთვის 300 მილიონი ლარი გამოიყო, ჩვენთვის 1 თეთრიც არავის გამოუყვია.

ერთადერთი, ვინც პირადად მე დამეხმარა, არის საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელმაც, როგორც ომის მონაწილეს გარკვეული გრანტი მომცა. იმ თანხით  წისქვილი, საქონლის საკვების ამრევი და რძის გამაციებელი ვიყიდე. ამ ყველაფრის საშუალებით  მეორე, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ფერმას ვამუშავებ. სახელმწიფოსგან ერთადერთი დახმარება, რასაც ვიღებ, არის ვეტერანობის 100 ლარი, სხვა არაფერი.

- მეღორეობიდან არაფერი გამოგივიდათ, მაგრამ როგორც მივხვდი, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ფერმაც გაქვთ...

- ასეა, თავიდან ორივე ფერმა მქონდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ღორების ფერმა ხსენებული პრობლემის გამო დავხურე. მადლობა ღმერთს, პირადად მე ბანკის ვალი მაინც არ მაქვს, მაგრამ ვიცი ფერმერები, რომლებმაც კრედიტები აიღეს და ისე ააშენეს ღორების ფერმა. ახლა ის ფერმები დაკეტილი აქვთ და ვალებს ვეღარ იხდიან. ზოგი მათგანი ჩეხეთში წავიდა, ზოგი - პოლონეთში და ზოგი - სად. გავიდნენ ქვეყნიდან, რომ როგორმე თავი ირჩინონ.

- გამოდის, ფერმერობის ეს კონკრეტული დარგი საქართველოში განწირულია? ვხედავთ, რომ სოფლებშიც ძალიან ცოტას თუ ჰყავს ღორი, რადგან ხშირად ვრცელდება ჭირი, რომელიც სწრაფად ვრცელდება და რამდენიმე დღეში ერთ უბანში ღორი ყველას ერთიანად შეიძლება გაუწყდეს.

- დიახ ეს დარგი ხელშეწყობის გარეშე მართლაც რომ განწირულია და ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ის საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, სოფლებში ღორის დაავადების გავრცელება. სამწუხაროდ, ამასაც არავითარი ყურადღება არ ექცევა.

მოიგონებენ ხოლმე რაღაც სწავლებებს, ვიღაცეები მოვლენ, ანეგდოტებს მოჰყვებიან და მორჩა.

ვეუბნები, რომ უნდა იმუშავონ კომპლექსურად, სოფლის გამგებლებს დაავალონ, შეკრიბონ მოსახლეობა, თითო სოფლიდან 40-50 ადამიანი, პრაქტიკასთან ერთად ჩატარდეს სერიოზული თეორიული სწავლება, რაც სოფლებს დაეხმარება ღორების შენარჩუნებასა და მომრავლებაში.

არავის ხელის განძრევა არ უნდა. იმ ორგანიზაციებსაც, ვისაც ამის გაკეთება ევალება, ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ.

ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაცია ლენდოლეიკი შემოვიდა, რომელიც დადის, ვითომ სადღაც რაღაც სწავლებებს ატარებს, მაგრამ შედეგი არსად ჩანს. ეს ორგანიზაცია ძირითადად დიდ ფერმებზეა ორიენტირებული და მათ აძლევს გრანტებს, 5 ან 10 ძროხა და ღორი რომ ჰყავთ ისეთი საწყალი ფერმერები მათ არ აინტერესებთ.

ის დიდი გრანტები კი ისევ საახლობლო-საძმაკაცოზე ნაწილდება... ახლაც ისევ ისეთი მაფიოზობა და კლანურობაა, რაც წინა ყველა მთავრობის დროს იყო.

- გამოსავალი რა შეიძლება იყოს, რა ზომებს უნდა მიმართოთ თქვენ ან სხვებმა, ვინც ეს საქმე იცით, რათა ვითარება გამოსწორდეს?

- პირადად მე მინდოდა საქართველოს მეღორეობის განვითარების ასოციაციის ჩამოყალიბება და ამ მიზნით თანამოაზრეები შევკრიბე ჰუალინგში, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან  წარმომადგენელი, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ბატონი თენგიზ კალანდაძე მოვიწვიეთ. ეს შეხვედრა შედგა, ჩვენც ვილაპარაკეთ და კალანდაძემაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ შეუძლებელია ღორის ხორცის იმპორტის აკრძალვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვალდებულებები გვაქვს აღებული, პირობას ვერ დავარღვევთ და ასე შემდეგ.

მე ვუთხარი, რა ვალდებულებები, რა პირობები, მიდი, აბა, იტალიაში ერთი ბოთლი ღვინო შეიტანე, ნება თუ დაგრთეს. იქ ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას ისე უწყობენ ხელს, თავის პროდუქტს უცხოურით არ ჩაანაცვლებენ. აქაც იგივე შეიძლება გაკეთდეს, მაფიოზურ გარიგებებს რომ არ ჰქონდეს ადგილი. ყველგან წილებში არიან ჩამჯდარი და ეს საწყალი ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ.  ვისაც ღორების პატარა ფერმები ჰქონდა და თავს ირჩენდა, საკვების მწარმოებლებიც, ვინც ორ კაპიკს შოულობდა, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

რაც ღორების შემოყვანაზე ხდება, ჩვეულებრივი მაფიოზური გარიგებაა, იგივე მდგომარეობაა მეფრინველეობაში, იგივე მდგომარეობა ბაღჩეულ-ბოსტნეულის სფეროშიც... თურქეთიდან და სომხეთიდან შემოაქვთ და ადგილობრივს ბლოკავენ, რათა აქ არაფერი განვითარდეს.

როგორც გითხარით, სულ 15 კაცი განაგებს ამ მაფიას.

ბატონ თამაზ ნარიმანიძესთან საუბრის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დავუკავშირდით და დავინტერესდით, რატომ იმატა უცხოეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან ღორის იმპორტმა, როცა ადგილობრივ ფერმერებს აქ მოყვანილი ღორების გაყიდვა უჭირთ, რა ქმნის პრობლემებს მეღორეობის სფეროში ან რამდენად კონტროლდება საზღვარზე შემოსული საქონლის ჯანმრთელობა და ვარგისიანობა?

სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ეს არც ახალი ამბავია და არც - დამალული, ცოცხალი ღორის და ღორის ხორცის იმპორტი როგორც რუსეთიდან, ისე უკრაინიდან, ბრაზილიიდან და სხვა ქვეყნებიდან ადრეც ხორციელდებოდა და დღესაც გრძელდება.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს არა აქვს ის კომპეტენცია, რომ იმპორტი შეზღუდოს ან აკრძალოს. ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ფერმერებს, რათა მათი პროდუქცია უფრო მეტად იყოს ბაზარზე წარმოდგენილი  და შემოტანილ პროდუქტს კონკურენცია გაუწიოს, საამისოდ კი მათ ხარისხიანი პროდუქცია უნდა აწარმოონ. ბაზარი აძლევს მომხმარებელს არჩევანის საშუალებას, ეს ბაზარი კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს, მაგრამ ხელოვნურად ამ პროცესში სახელმწიფო ვერანაირად ვერ შევა. 

რაც შეეხება ვარგისიანობის კონტროლს, ეს ჩვენ არ გვეხება, ეს საბაჟოს პრეროგატივაა, თუმცა ვიცით, რომ პროდუქცია ადგილზე ლაბორატორიულად მოწმდება და თუ რამე პრობლემა აღმოაჩინეს, ზომებს აუცილებლად მიიღებენ. ჩვენ სურსათის უვნებლობის მიმართულებით საერთაშორისო ქსელის ნაწილი ვართ და უყურადღებოდ არაფერი დარჩება, რეაგირებაც  იქნება სათანადო. - გვითხრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა ჩინჩილაკაშვილმა.

 ირმა ბერიშვილი

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...