-
პოსტები
511 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი
-
აფხაზი ახალგაზრდები ბელორუსის უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
მიმდინარე წლიდან აფხაზ აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების ჩაბარება ბელორუსის წამყვან უნივერსიტეტებშიც შეეძლებათ. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აუწყა. მისი თქმით, ბელორუსულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და იქაურ უმაღლეს სასწავლებლებთან კონტაქტებიც მყარდება. არძინბამ ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ადგილებზე აბიტურიენტებისთვის უფრო მაღალი კრიტერიუმები იქნება დაწესებული, ვიდრე ადრე, რადგან ისინი პარტნიორი სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას იღებენ. ,,ჩვენ არ გვაქვს უფლება, ოჯახური და მეგობრული კავშირებით გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ვალდებულები ვართ, სახელმწიფოს მხრიდან მიზანშეწონილობის მკაფიო პარამეტრებით ვიხელმძღვანელოთ,“ - განაცხადა ინალ არძინბამ. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ განსაკუთრებული აქცენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო სპეციალობების მიმართულებაზე გაკეთდება. აფხაზი აბიტურიენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება აქამდე, რუსეთის ფედერაციის სხვადსხვა სასწავლო დაწესებულებაში იყო შესაძლებელი. ამისთვის ყოველწლიურად სპეციალური ლიმიტები გამოიყოფა, 2023 წლიდან კი ისინი ბელორუსის უმაღლესებშიც ჩააბარებენ. -
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა ანტირუსული განწყობების შექმნის მცდელობებს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი უწოდა. ,,აფხაზეთში ანტირუსული განწყობის გაღვივების მიზანმიმართული მცდელობები სახელმწიფოებრიობისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა რობერტ კიუტმა. მისი თქმით, დესტრუქციული და მტრულად განწყობილი ძალები გარედან ცდილობენ, გამოიყენონ, თითქოსდა, საზოგადოებაში არსებული ანტირუსული განწყობები და აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე მითითებით, ხელოვნურად იქმნება ანტირუსული დღის წესრიგი. კიუტის აზრით, ამ მცდელობებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და აფხაზეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი სწორედ რუსეთია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო სამსახურები ანტიაფხაზური პროექტების განმახორციელებელი პირების მიმართ, კანონის ფარგლებში, მკაცრ ზომებს გაატარებენ. კიუტი მიიჩნევს, რომ რომ მუქარა მოდის იმ არაკეთილმოსურნეთაგან, რომლებმაც ახალგაზრდა თაობის გონებაზე სამოქმედოდ, ბოლო დროს ბრძოლის ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეცვალეს. „საინფორმაციო სივრცეში დაიწყო თემების გავრცელება, რასაც ხშირად თან ახლავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობები, რომლის მიზანია, ანტირუსული, შესაბამისად დესტრუქციული რიტორიკის გავრცელება,“ - განაცხადა კიუტმა. მისი თქმით, უშიშროების სამსახური ყურადღებით აკვირდება ვითარების ცვლილებებს და არცთუ სასიამოვნო ტენდენციებს. „ახლა მიმდინარეობს რუსეთის პოზიციების შესუსტების მცდელობები, ფაქტობრივად ეს არის საინფორმაციო ომის ელემენტი, რომელიც რაღაც უფრო დიდ საფრთხეში შეიძლება გადაიზარდოს. მინდა გავიხსენო, რომ სწორედ რუსეთი გვევლინება, როგორც მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტი აფხაზეთში და ნებისმიერმა სპეკულაციამ შეიძლება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნას,“ - აღნიშნა ოკუპირებული მხარის ეგრეთწოდებულმა უშიშროების სამსახურის უფროსმა.
-
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ, სოხუმში უშიშროების სამსახურთან ჩატარებული თათბირის შემდეგ შემაჯამებელი განცახდება გააკეთა და ევროპულ ქვეყნებს მიმართა. მისი თქმით, ,,მთელი მათი სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში“ დასავლეთის არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა აფხაზეთის სუვერენიტეტი, მაგრამ ,,აფხაზეთის რესპუბლიკა“ აიძულებს მათ, რომ პატივი სცენ და ანგარიში გაუწიონ. ,,ჩვენ ვიცით, დღეს როგორი შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება თბილისში, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, ნიუ-იორკში. უშიშროების სამსახურთან ერთად მონიტორინგს ვუწევთ ყველა სიტუაციას და ვიცით, რაც იგეგმება აფხაზეთთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა არძინბამ. მისი განცხადებით, დასავლეთი უკვე ათწლეულებია, მთელ მსოფლიოში ვითომ ჰუმანიტარულ დახმარებას ეწევა, ისევე, როგორც თავის დროზე, ამას აკეთებდა უკრაინაში, შემდეგ კი შეიარაღებულ კონფლიქტს აღვივებს და სახელმწიფოებრიობას ბოლომდე ანადგურებს. ,,ჩვენ არ დავანებებთ და არ მივცემთ უფლებას, იგივე ქნან ჩვენს მშობლიურ მიწაზე!“ - განცახადა აფხაზმა მაღალჩინოსანმა.
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 333,361 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 118,67 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 214,691 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. „ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 7 - ქვემო ქართლის, 4 - მცხეთა-მთიანეთის, 13 - შიდა ქართლის, 10 - სამცხე-ჯავახეთის, 21 - იმერეთის, 1 - გურიის, 2 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ამ დროისთვის მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის, ლიპყინულის და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (თოვლი, ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთსა და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ31-კმ66 (ჩარგლის გადასახვევი-ბისო) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ31(ჟინვალი-ჩარგლის გადასახვევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 მონაკვეთზე (მელე-ლასდილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ99-კმ125 მონაკვეთზე (ჭველიერი-მელე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ99 (წყალტუბოს გადასახვევი-ჭველიერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე, საავტომობილო გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ70-კმ177 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
-
უკრაინის შემდეგ, კადიროვი ,,დენაციფიკაციით" პოლონეთსაც ემუქრება
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ჩეჩნეთის ეგრეთწოდებული ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის შემდეგ, ,,დენაციფიკაციით“ პოლონეთსაც დაემუქრა. უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომ „სატანიზმთან ბრძოლა მთელ ევროპაშია აუცილებელი.“ კადიროვმა გამოცემა Telegram- ს განუცხადა, რომ „პოლონეთი იარაღს აშშ-ს ემათხოვრება,“ რადგან საკუთარი სამხედრო რესურსი უკრაინის დახმარებას შეალია. ,,ახლა პოლონეთი დაბნეულია: რა მოხდება, თუ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთი მორიგი ქვეყნის,,დენაციფიკაციას" და ,,დემილიტარიზაციას" დაიწყებს? უკრაინის შემდეგ ხომ რუკაზე პოლონეთია? არ დავმალავ, მე პირადად მაქვს ასეთი განზრახვა და არაერთხელაც მითქვამს, რომ სატანიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მთელ ევროპაში და პირველ რიგში, პოლონეთის ტერიტორიაზე. ამიტომ, პოლონელები ყველაფერს დროულად ჩასწვდნენ,“ - განაცხადა კადიროვმა. ჩეჩნეთის სკანდალური ლიდერის თქმით, პოლონეთში ,,რთული პოლიტიკური ვითარებაა.“ ივლისში სილეზიის ავტონომიის (ისტორიული მხარე ცენტრალურ ევროპაში. სილეზიის დიდი ნაწილი პოლონეთის შემადგენლობაში შედის, მცირე ნაწილი კი ჩეხეთის. მის სულ მცირე ნაწილს გერმანია ფლობს - planeta.ge) ყოველწლიური მარში გაიმართება. პოლონეთის ეს რეგიონი განსაკუთრებულ დამოუკიდებელ სტატუსს იმსახურებს და იქ აუცილებლად საჭიროა, ჩატარდეს რეფერენდუმი, რისთვისაც რუსეთს შეუძლია ორგანიზაციულ საკითხებში დახმარება გაუწიოს.“ - აღნიშნა კადიროვმა. -
ანტონიო გუტიერეში: მსოფლიო უფრო ფართო ომისკენ მიემართება
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
მშვიდობის პერსპექტივები მცირდება, შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შანსები კი სულ უფრო იზრდება, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. „ვშიშობ, რომ მსოფლიო უფრო ფართო ომისკენ ძილის მდგომარეობაში კი არა, ფართოდ გახელილი თვალებით მიემართება,“, - აღნიშნა გუტიერეშმა. გენერალურმა მდივანმა მშვიდობის სხვა საფრთხეებზეც ისაუბრა, მათ შორის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე, ავღანეთზე, მიანმარზე, საჰელსა და ჰაიტიზე. ,,თუ ყველა ქვეყანა შეასრულებს (გაერო-ს) წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს, მშვიდობის უფლება გარანტირებული იქნება,” - აღნიშნა გუტიერეშმა. -
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 12:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტში ქსნის, ძეგვის, ქსოვრისის და ქანდას აბონენტებს დროებით შეეზღუდებათ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 13:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება ასევე, შეეზღუდება ძეგვის და წიწამურის აბონენტებს. „11:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ჩანადირთკარი, აბანოსხევი, საკრამული, ბულაჩაური, საშაბურო, ლაშარის ჯვარი, ქუბრიაანთკარი, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
7 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქოშიგორას დასახლებაში, უდაბნოს ქუჩის II შესახვევში, N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე განმარტებით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 7 თებერვალს საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 თებერვალს, საღამოს 18:00 საათიდან 8 თებერვლის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში - დიდი დიღმის I, II, III და IV მიკრორაიონებს, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, მაქს ტილკეს, გეხტმანის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, იან ჰომერის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ხატაეთის, შერმადინის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, სარგის კაკაბაძის, შმერლინგის, თოფურიძის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გოთუას, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩა N 2, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს. ტაშკენტის, ბუდაპეშტის და გაგარინის ქუჩების ნაწილს, მარშალ გელევანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას. ბენდუქიძის, სასოფლოსა და ქოშიგორორას დასახლებებს; სოფელ ზურგოვანას, მუხათგვერდის გზას. დიდუბის რაიონში: აღამაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს. ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს. კომპანია ჯორჯიან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
-
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 17:00 საათზე დაიწყება. როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთანაც გამართა. პარტიამ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა. სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.
-
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4,3 ათას ადამიანს გადააჭარბა. თურქული მედიის ცნობით, სტიქიამ ამ დროისთვის 2921 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 15,834 - მა ადამიანმა მიიღო. სირიაში კი, მიწისძვრის შედეგად, 1,4 ათასი ადამიანი დაიღუპა და 3 ათასზე მეტი დაშავდა. -
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის, ვინაიდან ის თავს იკავებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისგან. კერძოდ, მასშტაბურ სამხედრო რეფორმებს რუსეთის ხელისუფლება დაგვიანებით ახორციელებს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ. ისინი განმარტავენ, რომ კრემლი კადრების მობილიზებას და რეორგანიზაციას, რაც მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, დაგვიანებით ახდენს. გარდა ამისა, აყოვნებენ მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებასაც, რადგან საზოგადოების რეაქციის ეშინიათ. ანალიტიკოსების დაკვნაში აღნიშნულია, რომ პუტინი დამატებით გამოკითხვას ატარებს, რათა შეაფასოს, როგორ აღიქვამენ რუსები მობილიზაციას. ექსპერტების აზრით, რუსეთის მეთაურს იმ ,,განტევების ვაცების“ იმედი აქვს, რომლებიც რისკავენ და რუსეთის სამხედრო წარუმატებლობისა და არაპოპულარული პოლიტიკის გამო, საჯარო სივრცეში ბრალს, მის ნაცვლად, საკუთარ თავზე იღებენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, რისკზე წასვლისგან პუტინის თავშეკავება მიუთითებს იმაზე, რომ კვლავინდებურად ნაკლებსავარაუდოა, ის ბირთვულ ესკალაციაზე ან ნატო-სთან ომზე წავიდეს. ,,რუსეთი მსგავს მუქარას მხოლოდ დასავლეთის დასაშინებლად იყენებდა. პუტინი თავის საშინაო სტატუს-კვოს ძვირად აფასებს და საკუთარი მიზნების მისაღწევად, ცდილობს, სარისკო პოლიტიკა თავიდან აიცილოს. ის, ასევე, აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ რჩება წინდახედულ ადამიანად, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს რისკების აღმოფხვრას. მიუხედავად იმისა, რომ მისი აღქმა იმ სიტუაციის მიმართ, რომლის წინაშეც დგას, რეალობას არ შეეფერება,“ - ნათქვამია ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
-
ლოს-ანჯელესში მუსიკალური პრემია ,,გრემის" დაჯილდოება გაიმართა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
,,გრემის“ რიგით 65-ე დაჯილდოების ცერემონიალი ლოს-ანჯელესში, Crypto.com-ის არენაზე გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო მუსიკოსები და საუკეთესო სიმღერები დასახელდა. ტრადიციულად, ცერემონიაზე საუკეთესო სიმღერების, ალბომების და დუეტებისთვის სხვადასხვა ჟანრის მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები დაჯილდოვდნენ. წლის საუკეთესო ალბომისთვის, Harry’s House, ჯილდო ჰარი სტაილსმა მიიღო. მან ამ ნომინაციაში ABBA-ს, კენდრიკ ლამარს, ლიზოს და ბიონსესაც კი აჯობა. საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში გაიმარჯვა ჯაზ-მომღერლმა, 23 წლის სამარა ჯოიმ. წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაში ,,გრემი“ მომღერალ ლიზოს ერგო, სიმღერისთვის About Damn Time. მან დაამარცხა ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან: ბიონსე, დოჯი ქეთ, კენდრიკ ლამარი და ABBA. წლის სიმღერა ბონი რაიტის ,,Just Like That" გახდა. ამ კატეგორიაში მან უკან მოიტოვა ადელის, ტეილორ სვიფტის, ჯეი-ზისა და ლიზზოს სიმღერები. საუკეთესო პოპ-სოლო შესრულებისთის ,,გრემი“ ადელს ერგო. ნანატრი ქანდაკება მას სიმღერა Easy On Me - მ მოუტანა. როგორც ცნობილია, ამ ტრეკის ვიდეომ მას 350 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საუკეთესო ელექტრონული საცეკვაო ალბომისთვის ბიონსემ საპატიო გრემის ქანდაკება მიიღო. მას გამარჯვება ალბომმა Renaissance მოუტანა. საუკეთესო რეპ-ალბომად კენდრიკ ლამარის Mr. Morale & the Big Steppers დასახელდა. ურბან-მუსიკის ჟანრში საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო Bad Bunny-ის გადაეცა. გამარჯვებული ალბომის სახელწოდებაა Summer without you. დუეტის ან ჯგუფის მიერ საუკეთესო პოპ სიმღერის შემსრულებლებად სემ სმიტი და კიმ პეტრასი დასახელდნენ, სიმღერისთვის Unholy. საუკეთესო ქანთრი ალბომის ნომინაციაში ,,გრემი“ უილი ნელსონმა მიიღო. მას გამარჯვება ალბომმა A Beautiful Time მოუტანა. საუკეთესო R&B სიმღერისთვის ჯილდო ბიონსეს გადაეცა. გამარჯვებული სიმღერა Cuff It გახდა. საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის ნომინაციაშიც ,,გრემი“ ბიონსეს ერგო. მას კიდევ ერთი ქანდაკება სიმღერა Break M - მ მოუტანა. საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომისთვის, Harry’s Housе მომღერალმა ჰარი სტაილსმა მეორე ,,გრემი“ მიიღო. ნომინაციაში, საუკეთესო მსოფლიო მუსიკალური შესრულება, ,,გრემის“ ქანდაკება გადაეცათ Wouter Kellerman-ს, Zakes Bantwini-ს და Nomcebo Zikode-ს სიმღერისთვის Bayethe. საუკეთესო ქანთრი-სოლო შესრულებისთვის მეორე ,,გრემი“ გადაეცა უილი ნელსონს. კრიტიკოსებმა მისი სიმღერა Live Forever მაღალი ქულებით შეაფასეს. საუკეთესო R&B შესრულების კატეგორიაში მოგება ბიონსეს შეეძლო, თუმცა ის მომღერალმა მუნი ლონგმა დაამარცხა, სიმღერით Hrs & Hrs. საუკეთესო რეპ-შესრულებისთვის კენდრიკ ლამარმა გაიმარჯვა, სიმღერით The Heart Part 5. საუკეთესო მეტალის შესრულებისთვის ,,გრემი“ ოზი ოსბორნმა და ტონი აიომმა დაიმსახურეს, სიმღერისთვის Degradation Rules. ნომინაციაში, საუკეთესო როკ სიმღერის შესრულება, Broken Horses შესრულებისთვის ბრენდი კარლაილმა გაიმარჯვა. საუკეთესო როკ ალბომი ოზი ოსბორნის Patient Number 9 აღმოჩნდა, რისთვისაც მას მეორე ,,გრემი“ ერგო. საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომად კი Wet Leg აღიარეს, რომლის ავტორიც ამავე სახელწოდების მქონე ჯგუფია. საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულებისთვის კიდევ ერთი ქანდაკება ბიონსემ აიღო. მას ის სიმღერის Plastic Off the Sofa-ს შესრულებისთვის ერგო. ნომინაციაში, საუკეთესო პროგრესული R&B ალბომი, ,,გრემის“ გამარჯვებული სტენ ლეისი გახდა, ალბომისთვის Gemini Rights. საუკეთესო R&B ალბომის კატეგორიაში კი ,,გრემი“ რობერტ გლასპერმა მოიგო. გამარჯვება მას ალბომმა Black Radio III მოუტანა. საუკეთესო რეპ სიმღერისთვის კიდევ ერთი ქანდაკება ერგო კენდრიკ ლამარს. მისი სიმღერა The Heart Part 5 ამ კატეგორიაში საუკეთესო იყო. საუკეთესო კომედიური ალბომად დეივ ჩაპელის ალბომი დასახელდა, რომელიც მან ფილმისთვის The Closer შექმნა. საუკეთესო ხალხური ალბომისთვის ,,გრემი“ გადაეცა მედისონ კანინგემს. მან გამარჯვება ალბომ Revealer-ის წყალობით მოახერხა. საუკეთესო ქანთრის სტილის სიმღერებს შორის არჩევანი მეთ როჯერსის და ბენ სტენისის Til you can't-ზე გაკეთდა. -
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 44 წელი უსრულდება
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია გაცილებით შორიდან იწყება, თუმცა მას აღნიშნული სტატუსი მოგვიანებით მიენიჭა. საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 1932 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა, რომელიც ალექსეი გორკის სახელს ატარებდა. მოგვიანებით, 1979 წლის 5 თებერვალს, გადაწყდა, რომ ინსტიტუტი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებულიყო. ამ გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტს ხელი სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი კოსიგინმა მოაწერა. აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, 13 თებერვალს, პედაგოგიური ინსტიტუტი უნივერსიტეტად გადაკეთდა. ოკუპირებულ სოხუმში მდებარე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს 9 ფაკულტეტი მოქმედებს და როგორც დასწრებულ, ისე დაუსწრებელი სწავლებაზე, 2468 სტუდენტი ირიცხება. -
თურქეთში მომხდარ მიწისძვრას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრის სიმძლავრემ, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი ქალაქ გაზიანთეფთან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. დანგრეულია ბევრი შენობა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, უმეტესად, 10 ქალაქი დაზიანდა - გაზიანთეფი, კარამანმარასი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, სანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და კილისი. გაზიანთეფში დაინგრა სავაჭრო ცენტრიც. თურქეთის კატასტროფების სააგენტოს მიერ გავრცელებული ბოლო ინფრომაციით, მიწისძვრის შედეგად, დაღუპულია 76, ხოლო დაშავებულია 440 ადამიანი. ბიძგი ძლიერად იგრძნეს სირიაში, ლიბანსა და კვიპროსში. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში 42 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით რყევა, დაახლოებით 45 წამის განმავლობაში იგრძნობოდა. სეისმოლოგების თქმით, რეგიონში, პირველი მიწისძვრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, კიდევ ერთი ძლიერი ბიძგი იგრძნეს.
-
,,მოქანდაკე და მხატვარი"- ნეაპოლური მედია კვარაცხელია-ოსიმენზე
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, მიმდინარე სეზონში, იტალიის სერია A-ში ნამდვილად საუკეთესო დუეტია და ევროპის მასშტაბითაც - ერთ-ერთი საუკეთესო. კვარა-ოსის დუეტმა ,,ნაპოლის" მორიგი გამარჯვება ,,სპეციასთან" მატჩში მოუპოვა. გასულ თამაშში ნიგერიელმა დუბლი შეასრულა, ქართველმა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა. იტალიურმა გამოცემა Spazionapoli-მ ბრწყინვალე დუეტზე კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით: ,,ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, უცნაური წყვილი, რომელიც შორიდან მოვიდა". Spazionapoli: ,,შეუდარებელნი. და, საქმე მხოლოდ ციფრებში არაა. სეზონის დაწყებიდან ერთად 27 გოლი და 18 საგოლე პასი, რა თქმა უნდა, შიშის მომგვრელია, მაგრამ ეს არ კმარა შემტევი დუეტის ძალის ასახსნელად, რომელიც ფაქტობრივად იერარქიებს არღვევს. ცოტა ხნის წინ უცნობი ფეხბურთელები, დღეს უნივერსალური ენის პროფესორები არიან და თავიანთი თამაშით მსოფლიო ფეხბურთში ადგილს იმკვიდრებენ. დუეტი მზად არის ნაპოლის ფანებს ოცნება აჩუქოს - ორივე შორიდან ჩამოვიდა, როგორც ჩანს, ძალიან კონკრეტული მისიით: ევროპის დასაპყრობად და ნეაპოლის აღსატაცებლად. ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ერთი პოეტი, მეორე მწერალი. ახლა მათ უფრო მაღალი მწვერვალები აქვთ დასაპყრობი. ნეაპოლელებს სურთ ქუჩებში სიხარულით ყვირილი, ჩახუტება და ტირილი. ნეაპოლს სურს მწვერვალის დაპყრობა და გონების დაკარგვა. ნეაპოლს არ სურს ბოლო წლების ყველაზე ლამაზი სიზმრიდან გამოღვიძება." შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას კონკრეტულად სერია A-ს 17 მატჩში, საკუთარ აქტივში 8 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს, ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგასაც მივათვლით, მაშინ - 22 მატჩი, 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. სხვათა შორის, 9 საგოლე პასით ქართველი ფეხბურთელი სერია A-ში საუკეთესოა. ნაპოლის 21 ტურის შემდეგ 56 ქულა აქვს და პირველ ადგილზე 13-ქულიანი უპირატესობითაა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, შინ, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზესთან ჩაატარებს. -
საფრანგეთი და იტალია უკრაინას გაზაფხულზე MAMBA-ს თავდაცვით სისტემებს მიაწვდიან, რათა მათ რუსული საჰაერო თავდასხმები თავიდან აირიდონ. ამის შესახებ Twitter-ზე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სებატიენ ლეკორნუმ განაცხადა. „იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინას SAMP/T-MAMBA - ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ. ეს სისტემა მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან დაიცავს.“ - ნათქვამია შეტყობინებაში. SAMP/T-MAMBA -ს სისტემა, ეს არის ამერიკული Patriot - ის სისტემის ექვივალენტი, რომელიც ფრანგულ-იტალური ერთობლივი კონსორციუმის მიერ შეიქმნა. მას შეუძლია ერთდროულად ათ სამიზნეს ადევნოს თვალყური და ათივე ერთდროულად გააუვნებელჰყოს. SAMP/T-MAMBA ერთადერთი ევროპული წარმოების სისტემაა, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების შეკავება შეუძლია. ერთი გამშვები მოწყობილობა 8 რაკეტით არის შეიარაღებული, რომელთა ზალპით გასროლასაც მხოლოდ 10 წამი სჭირდება. უკრაინის არმიის საჰაერო ძალები, კარგა ხანია ითხოვენ PATRIOT სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და SAMP-T კომპლექსების საკმარისი რაოდენობის მიწოდებას, რაც მათ ბალისტიკური რაკეტებისგან უკრაინის დაცვაში დაეხმარებათ.
-
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ და არტილერიამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მძლავრად იმუშავა. განადგურდა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და ოკუპანტების თავშეყრის რამდენიმე რაიონი. როგორც უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის დილის მოხსენებაშია ნათქვამი, თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს სერიოზული დარტყმები მიაყენა. გაანადგურებულია მოწინააღმდეგის „ორლან-10“ ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი. ,,ჩვენმა რაკეტებმა და არტილერისტებმა დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის 2 პუნქტს და ,,Солнцепек"- ის 1 მძიმე ცეცხლსასროლ სისტემას, რომლითაც ოკუპანტები განსაკუთრებით ამაყობენ.“ - აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.
-
პარლამენტის დეპუატატი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები შეიქმნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყველაზე დიდი „ფსონი“ მაგიდაზე უკვე დადო, შეთავაზების სახით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა,”- განაცხადა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში.“ მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ახალი თავმჯდომარის განცხადებებით დაბნეულები არიან. „როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებების გაკეთების წარმატებული გამოცდილება აქვთ. ოფისის გადაფორმებაზე არ ვიცი, მაგრამ დანარჩენ ნაწილზე საუბარი ნამდვილად იყო და ეს მაგიდაზე უკვე დადეს. პირველ რიგში, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე წნეხის შექმნა უნდა, „ქართული ოცნების“ მიმართ, უნდა დაიწყოს საკუთარი თავის ნორმალიზება და რეალური პასუხისმგებლობის აღება, რაც ამომრჩეველმა ამ პარტიას დააკისრა. პარტია უნდა ჩამოყალიბდეს რა არის მისი სტრატეგია და თანმიმდევრულად გაყვეს მას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაბნეულები არიან, ახალი თავმჯდომარის ასეთმა განცხადებებმა, გაურკვევლობა შემოიტანა,“- აღნიშნა ლილუაშვილმა. „პალიტრანიუსის“ ეთერში მან NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები შეაფასა და თქვა, რომ ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს დღის წესრიგი შეინარჩუნოს, ხოლო ოპოზიცია ცდილობს პარტიული ინტერესიდან ამოვიდეს და დამკვეთების სურვილები შეასრულოს. ,,პოლიტიკურმა დღის წესრიგმა ბმა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებთან დაკარგა. პირველ რიგში, დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური აქტორების გამო. საბოლოო ჯამში, ჩვენ კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს. ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს დღის წესრიგი შეინარჩუნოს, რომელიც მისთვის ელექტორალურად საინტერესო და მომგებიანია და არა იმიტომ, რომ მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობდეს. მეორეს მხრივ, ოპოზიცია ცდილობს პარტიული ინტერესიდან ამოვიდეს და დამკვეთების სურვილები შეასრულოს“, - განაცხადა დეპუტატმა.
-
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას აფრთხილებს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგება ვაკისა და საბურთალოს რაიონში შეიზღუდება. „3 თებერვალს, „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 3 თებერვალს 23:30 საათიდან 4 თებერვლის დილის 07:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჭავჭავაძის 1 შესახვევს, ფალიაშვილის, აბაშიძის და ყიფშიძის ქუჩების ნაწილს, რამიშვილს, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილს, მიქელაძის, მუხაძის, დარიალის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის და რადიანის ქუჩებს. საბურთალოს რაიონში - ბალანჩივაძის ქ. N5, 37, 39, 40, იოსელიანის ქ. N5 და ნატახტარის ქუჩას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge “ - აღნიშნულია განცხადებაში. -
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემადგენლობაში შეიძლება 200-მდე სერბი იბრძოდეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ სერბმა ადვოკატმა, საზოგადოებრივი ჯგუფ Octobar-ის თავმჯდომარემ, ჩედომირ სტოიკოვიჩმა მედიაცენტრ ,,უკრაინა-ოდესაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ სერბეთის მოქალაქეები უკრაინაში ,,ვაგნერის“ შემადგენლობაში იბრძვიან. ,,გვაქვს ბევრი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მონაწილეობენ სერბები ომში რუსეთის მხარეს. კერძოდ, ფრონტის წინა ხაზზე... ეს შეიძლება იყოს 30-დან 200-მდე სერბეთის მოქალაქე", - აღნიშნა მან. მისი თქმით, ასევე დაფიქსირებულია, რომ სერბებს ,,ვაგნერის“ დაჯგუფების ფორმები აცვიათ. დაქირავებულების ზუსტი რიცხვის შესახებ ცნობები სერბ ადვოკატს არ მოეპოვება. მისი თქმით, მის ხელთ არსებული ვიდეოები ადასტურებს, რომ სერბები ქვეითების შემადგენლობაში იბრძვიან და მათი ასაკი 20-30 წელს არ აღემატება. ამასთან, მათ არა აქვთ საომარი გამოცდილება. სტოიკოვიჩი აცხადებს, რომ მან ბელგრადის სასამართლოს და სერბეთის გენერალურ პროკურატურას დაჯგუფება ,,ვაგნერის“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით იანვარში მიმართა. „ვფიქრობ, სასამართლომ და პროკურატურამ ეს ფაქტები ბელგრადში უნდა გამოიძიონ“, - განაცხადა ადვოკატმა.
-
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იერუსალიმი უკრაინისთვის თავისი ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ,,რკინის გუმბათის“ გადაცემის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი სახელმწიფო სწავლობს შეტევებისგან კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, მათ შორის ,,რკინის გუმბათის“ გადაცემის საკითხს. ,,მე ნამდვილად განვიხილავ ამას,” - უთხრა მან CNN-ის კორესპონდენტს. Iron Dome იგივე ,,რკინის გუმბათი“ არის ისრაელის ტაქტიკური სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, რომელიც შექმნილია კომპანია Rafael - ის მიერ. მას უმართავი ტაქტიკური რაკეტების დაჭერა ცაში 4-დან 70 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.
-
ჩეხეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ნატოს ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის დასრულებისთანავე იმსახურებს. არჩევნების შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში პაველმა BBC-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად არის,“ ომის დასრულების შემდეგ ალიანსს შეუერთდეს, მისი არმია კი ევროპაში ყველაზე გამოცდილი იქნება. ,,უკრაინის არმია, ალბათ, ყველაზე გამოცდილი არმია იქნება ევროპაში. უკრაინა იმსახურებს იყოს დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი."- თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების გადაწყვეტილება რუსეთის ხელშია. „პრეზიდენტ პუტინის მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებაა საჭირო, რომ თავისი ძალები გაიყვანოს უკრაინიდან და ომი დასრულდება“, - თქვა მან.
-
რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ჯერ კიდევ 1992 წელს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსთან საუბრისას იწინასწარმეტყველა უკრაინასთან ომი, როდესაც თქვა, რომ ,,მათთვის უკრაინა იყო დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი.“ როგორც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების არქივის გასაიდუმლოებულ ჩანაწერებში ჩანს, უკრაინასთან რუსეთის ურთიერთობების თემა თითქმის ყველა საუბარში არის აქტუალური. ჩანაწერების მიხედვით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ელცინი უთანხმოების გადაჭრას ,,მშვიდობიანი გზებით“ცდილობდა, მაგრამ იქვე „პარლამენტის ნაციონალისტური ჯგუფებიდან“ მომდინარე საფრთხეების შესახებ თხზავდა ზღაპრებს. ბორის ელცინი მხარს უჭერდა უკრაინის პირველ პრეზიდენტს, კომუნისტ ლეონიდ კრავჩუკს, ვინაიდან „გააზრებული ჰქონდა ის შიდა ზეწოლა,“ რომელსაც კრავჩუკი უმაღლეს რადაში, ვითომ და პროუკრაინულ ძალებთან ,,აწყდებოდა.“ ერთ-ერთ საუბარში რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა აშშ-ს ექსპრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინა მათთვის ,,დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორს ,,წარმოადგენდა,“ თუმცა უფროს ბუშს იმაშიც არწმუნებდა, რომ ,,რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში იუგოსლავიური შემთხვევა არ განმეორდებოდა.“ არქივის მასალებში ის ფაქტიც არის აღნიშნული, რომ უკრაინა, ყაზახეთი და ბელორუსი სწორედ ამ პერიოდში დათანხმდნენ, მათ ხელთ არსებული ყველა ბირთვული იარაღი რუსეთისთვის გადაეცათ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა აქვეყნებს.
-
როგორც ჩანს, სააკაშვილის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს - თუ საჭიროა საზღვარგარეთ გადაყვანა, უნდა გადაიყვანოს კიდეც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია ,,საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციური სისტემის და მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი უსაფრთხოება, ამ თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ,,ნაცმოძრაობამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს საკითხი ჰუმანიტარული კონტექსტიდან გადაეყვანა პოლიტიკურ კონტექსტში და ამით ისარგებლა ხელისუფლებამ. დღეს როგორც ჩანს, სააკაშვილის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა უზრუნველყოს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გამოკეთდეს, თუ საჭიროა (საზღვარგარეთ) გადაყვანა, უნდა გადაიყვანოს კიდეც." - განაცხადა ლილუაშვილმა. ლილუაშვილის თქმით, გაუგებარია ,,ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებები და მანდატებით ვაჭრობა, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის სანაცვლოდ. ,,სამწუხაროდ, ,,ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში, შედეგების მიხედვით, ,,ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, რადგან ვხედავთ, რომ გაერთიანების ნაცვლად, ხდება კიდევ უფრო მეტად გახლეჩა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის შეფასება, ამას ,,გადადინებითი" ეფექტი აქვს მთელს მოსახლეობაზე, ყოველ შემთხვევაში, მათ მხარდამჭერებზე და ამ განცხადებების საფუძველზე კიდევ უფრო გაუგებარს ხდის ადამიანების დამოკიდებულებას პარტიის მიმართ. გაუგებარია, რას ნიშნავს მანდატებით ვაჭრობა. გვახსოვს, როცა ეს ხალხი გამოდიოდა და ამბობდა, რომ მანდატების დატოვებით შექმნის ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს და ამას გამოიყენებს ზეწოლის მექანიზმად ხელისუფლებაზე. ახლა გაუგებარია, ამ ზეწოლის მექანიზმს ჩუქნის და უცვლის ხელისუფლებას სააკაშვილის გადაყვანაში?! შესაძლოა, ეს იყო ნაჩქარევი ან ემოციური განცხადება პარტიის ახალი თავმჯდომარის მხრიდან, რასაც, მისი პარტიის წარმომადგენლებიც ფაქტია, არ ეთანხმებიან." - განაცხადა ლილუაშვილმა.