Jump to content
Planeta.Ge

დიაგნოზის გარეშე დანიშნული მკურნალობა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩვენთვის უცნობი დეტალები


 

 image.jpeg

ყოველთვის, როცა ექიმებზე ცუდ გამოხმაურებას ვისმენ ან ვკითხულობ, ვცდილობ, არ ავყვე და თავი შევიკავო, ან კარგი მაგალითები გავიხსენო.

საბედნიეროდ, საკუთარი ოჯახის წევრების თუ სხვა ახლობელი ექიმების ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, მათზე ბევრი კარგი მაქვს სათქმელი. თუნდაც ის, თუ როგორი გულისხმიერებით, ყურადღებით და პროფესიონალიზმით უდგებიან ყოველი პაციენტის პრობლემას, როგორ პასუხობენ მათ ზარებს, როგორ უხსნიან უკვე ათჯერ ახსნილს მეთერთმეტეჯერ, დიაგნოზის დასაზუსტებლად როგორ ძირისძირამდე მიჰყვებიან სიმპტომებს და ზედმიწევნით სწორად არჩევენ მკურნალობის კურსს.

აქედან გამომდინარე, ექიმების და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის მიმართ, მინდა, მაქსიმალურად სოლიდარული ვიყო, თუმცა როცა მათი დამხარება თავად მჭირდება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მუდამ იმედგაცრუებული ვრჩები. ამის ბევრი მაგალითი ადრეც შემეძლო მომეყოლა, მაგრამ სწორედ იმ სოლიდარობის და პატივისცემის გამო გავჩერდი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ახლა კი იძულებული ვარ, დავწერო, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს, ვისაც დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა არ შგვიძლია, არც ქართულ ჯანდაცვაში ტყუილუბრალოდ გადასაყრელი ფული გვაქვს და ბევრი ფაქტორი წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ.

ბოლო პერიოდში მარჯვენა ფეხის კოჭზე გარკვეული პრობლემები შემექმნა და გადავწყვიტე, მიზეზი გამომეკვლია. ვინაიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ვარ, იმ კლინიკას მივაკითხე, სადაც წლების წინ დავრეგისტრირდი და დაზღვევით სარგებლობა მეკუთვნის.

ოჯახის ექიმმა თავდაპირველად რენტგენის გადასაღებად გამიშვა, მერე კი რევმატოლოგთან გადამამისამართა.

ვიდრე რევმატოლოგის კაბინეტს ვეწვეოდი, ბუნებრივია, ჯერ ისევ რეგისტრატურის რიგში ჩავდექი, სადაც ექიმთან ვიზიტის თანხა უნდა გადამეხადა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ამ კონსულტაციის საფასურს, 44 ლარს, საყოველთაო პროგრამა არ ანაზღაურებდა და სრულად ჩემი გადასახდელი იყო. დავინტერესდი, ხომ არ შეიცვალა პროგრამაში რამე ან ექიმებს ხელფასი ხომ არ მოემატათ, რადგან იმავე კლინიკაში, ადრე ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტისას მხოლოდ 15 ლარი გადავიხადე.

მითხრეს, რომ ექიმების ანაზღაურება არ გაზრდილა, ,,უბრალოდ ჯანდაცვამ ასე გადაწყვიტა, ზოგ სპეციალისტთან კონსულტაციაზე საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, ზოგთან - არა და მთლიანად პაციენტი იხდის; რომ ეს მარტო მე კი არ მეხება, ეხება როგორც პენსიონერებს, ასევე, სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ჩემსავით ფაქტის წინაშე დგებიან ხოლმე და ვინაიდან საკმარისი თანხა არა აქვთ, ექიმთან ვიზიტს აუქმებენ და გაწბილებულები სახლში მიდიან.“   

ვცადე, კლინიკაში ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მომეპოვებინა, მაგრამ მიპასუხეს, რომ მეტს ვერაფერს მეტყოდნენ და მირჩიეს, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დამერეკა და დანარჩენი იქ გამერკვია.

რა თქმა უნდა, ამ ამბის უყურადღებოდ დატოვება არც მიფიქრია, მაგრამ მანამდე რევმატოლოგი მყავდა სანახავი, რომლის კაბინეტშიც იმედიანად შევედი. ექიმმა, აბა, რაშია საქმე, რამ შეგაწუხათო -  მერე ამხედ-დამხედა და - თქვენ ისეთი ენერგიული ჩანხართ, რა უნდა გაწუხებდეთო, გაიკვირვა.

- ჩემი პრობლემა თვალშისაცემი არ არის, მაგრამ მე ნამდვილად მაწუხებს-მეთქი და ვცადე მომეყოლა, რისთვისაც ვიყავი მისული.

დაბრძანდიო, მისგან მარცხნივ მდგარი სკამისკენ და მაგიდისკენ მიმითითა. კი დავჯექი, მაგრამ ექიმის მაგიდა და ჩემი სკამი ისე იყო განლაგებული, კომპიუტერის მონიტორი მის სახეს მთლიანად ფარავდა. რომ ველაპარაკებოდი, იმასაც ვერ ვხვდებოდი, მისმენდა, თუ არა, ამიტომ, რაღაც მომენტში, როცა მეგონა, კითხვებს მე მისვამდა და პასუხებსაც ვცემდი, აღმოჩნდა, ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა...

ასეა იყო თუ ისე, როგორღაც მოვახერხე და ავუხსენი, რაც მაწუხებდა და რისთვისაც ვიყავი მასთან მისული. რენტგენის კაბინეტიდან წამოღებული დისკიც მივაწოდე, მაგრამ ეგ არ მინდა, დასკვნა მომეციო, მითხრა. დასკვნაში მხოლოდ ის ეწერა, რომ კოჭზე არანაირი ტრავმული დაზიანება არ აღმენიშნებოდა.

- გასაგებია, ახლა მე წამლებს გამოგიწერთო - და კალამი და ფურცელი მოიმარჯვა, თუმცა რა იყო გასაგები, ჩემთვის არაფერი უთქვამს. წამლების ჩამოთვლა რომ დაამთავრა, მერე ისევ მე მომიბრუნდა და ახლა დაგიწერთ იმ ანალიზებსაც, რომელიც უნდა გაიკეთოთ, ოღონდ პასუხები დღესვე არ იქნება და როცა იქნება, თუ არ დაგეზარებათ, ამომირბენინეთო. თუ ანალიზების მიხედვით მედიკამენტების დამატება გახდა საჭირო, კიდევ დაგიმატებთ, მანამდე კი ეს წამლები მიიღეთო.

მხოლოდ ამის შემდეგ მთხოვა, ფეხი მენახენინა. მეც ავდექი, მოვუარე ჩემს მაგიდას, მის მაგიდასთან მივედი და ჩემი შესიებული კოჭი ვანახე. მანაც შორიდან შეათვალიერა და - კი, ის ანალიზები გვჭირდება, რაც გითხარით, მანამდე კი გამოწერილი მედიკამენტები მიიღეთო.

ვინაიდან ვიცოდი, რომ ზოგადად სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებზე დანიშნულ  წამლებს გვერდითი მოვლენები ახასიათებს, ვკითხე, ეს წამლები კუჭ-ნაწლავს ხომ არ გამიღიზიანებს, წყლული მაქვს ნამკურნალევი-მეთქი და - კარგია, რომ მითხარი, ახლავე მივამატებ კუჭ-ნაწლავის დამცავ მედიკამენტსაც და იჩქარე, იქნებ მიუსწრო ლაბორატორიას, დროზე ჩააბარე ანალიზებიო.

მისი კაბინეტიდან გამოვედი და გზადაგზა დავიწყე იმის გაანალიზება, რომ ექიმმა ნორმალურად არც შეხედა, არ დაათვალიერა ის მტკივანი ადგილი, რის გამოც მასთან მივედი, არც რენტგენის სურათი ნახა, არც დიაგნოზი დასვა, წამლები ისე გამომიწერა და მერე გამიშვა ანალიზებზე. არადა, ანალიზები ხომ იმისთვის არის საჭირო, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას და მკურნალობაც ამის მერე დაინიშნოს?

რადგან მითხრა, თუ არ დაგეზარა, ანალიზების პასუხები ამომირბენინეო, ესე იგი, დასაშვები იყო, დამზარებოდა და არ ,,ამერბენინებინა.“ ამ შემთხვევაში რა აზრი ჰქონდა ანალიზების გაკეთებას?

მიუხედავად ასეთი გაურკვევლობისა და ამდენი უპასუხო კითხვისა, უკვე მესამედ, მაინც ჩავდექი რეგისტრაციის რიგში (ამ კლინიკაში ესეც ცალკე თავსატეხია, ერთ დღეში რამდენჯერმე გიწევს რიგში ჩადგომა, რადგან ერთიანი რიგის ნომრით გადართვა-გადმორთვის სისტემა არ არსებობს), სადაც ანალიზების თანხა უნდა გადამეხადა, რომელმაც 66 ლარი შეადგინა. აღმოჩნდა, რომ ანალიზების აღება უკვე გვიანი იყო და მეორე დღეს უნდა მივსულიყავი.

- თანხას დღესვე გადავიხდი და ხვალ პირდაპირ ლაბორატორიას მივაკითხავ-მეთქი.-  ვთხოვე რეგისტრატორს, რაზეც უარი მივიღე. მითხრეს, რომ წინასწარ გადახდა არ შეიძლებოდა, მეორე დღეს ისევ რიგში უნდა ჩავმდგარიყავი, ანალიზების საფასური გადამეხადა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავსულიყავი ლაბორატორიაში.  

რაღას ვიზამდი, წამოვედი იმ განზრახვით, რომ მეორე დღეს ისევ მივბრუნებულიყავი. გზად რევმატოლოგის მიერ გამოწერილ რეცეპტში ჩავიხედე. ვიდრე ვიყიდიდი, გადავწყვიტე, ამ მედიკამენტების ანოტაციას ინტერნეტში გავცნობოდი. ჩემდა გასაკვირად, ვერც ერთი წამლის ჩვენებებში ვერც ერთი ის სიმპტომი ვერ აღმოვაჩინე, რაც მე აღმენიშნებოდა. ამან უფრო ბევრი კითხვა გამიჩინა და საკონსულტაციოდ ისევ ახლობელი ექიმებს მივმართე.

მათი განცვიფრება თავიდანვე იმან გამოიწვია, რომ ექიმმა დიაგნოზის გარეშე დამინიშნა მკურნალობა. უფრო მეტიც, ჯერ მედიკამენეტები გამოწერა და მერე გამაგზავნა ანალიზების ჩასაბარებლად, რომლის პასუხების მიხედვითაც დიაგნოზი უნდა დაეზუსტებინა.

ხოლო ფრაზამ, ,,თუ არ დაგეზარება, პასუხები ამომირბენინე,“ ისეთი შოკი გამოიწვია, რომ ერთხმად გადაწყდა, ვიდრე ნორმალურ სპეციალისტთან არ მივიდოდი, არც დანიშნული წამლები მეყიდა და არც ანალიზებში დამეხარჯა თანხა.

ასეც მოვიქეცი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ჩემი პრობლემა რევმატოლოგიური ხასიათის სულაც არ იყო, არც ის ანალიზები მჭირდებოდა და არც ის წამლები, რაც რევმატოლოგმა დამინიშნა. არადა, მხოლოდ თანხა რომ ვიანგარიშოთ, ექიმთან ვიზიტი 44 ლარი დამიჯდა, ანალიზებში 66 ლარი უნდა გადამეხადა და მედიკამენტების ღირებულებაც 80 ლარამდე აღწევდა. გამოდიოდა, რომ კონსულტაციაში დაკარგული თანხის გარდა, კიდევ 146 ლარი წყალში უნდა გადამეყარა და თან არასაჭირო მედიკამენტებიც მიმეღო.

რაც დავწერე, არის მხოლოდ ფაქტი, დასკვნების გაკეთება თავადაც შეგიძლიათ. ეს ის თემაა, რაზედაც წლების განმავლობაში არაერთხელ თქმულა, რაც არაერთხელ განსჯილა და შეფასებულა, ამიტომ კიდევ ერთხელ აღარ გავიმეორებ. მე უფრო მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი მაინტერესებს.

თუკი კლინიკებში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში 70 %-ით მხოლოდ ექიმების გარკვეული ნაწილის მომსახურება ფინანსდება, ხოლო ნაწილისთვის მთლიანი საზღაურის გადახდა ჩვენ, პაციენტებს გვიწევს, რატომ არ არის ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, რატომ გვიწევს ფაქტის წინაშე დადგომა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სალაროსთან თანხის გადასახდელად მივდივართ?

ოდესმე სადმე გაჟღერებულა ამის შესახებ ან რომელიმე კლინიკის ფოიეში, კედლეზე თუ გინახავთ პრეისკურანტი, საიდანაც გავიგებდით, რომელი პროფილის ექიმთან ვიზიტი ან რომელი კვლევის გაკეთება რა თანხა დაგვიჯდება? ეს ინფორმაცია ხომ ვინმეს პირადი საიდუმლო არ არის?

ვგულისხმობ ამბულატორიულ მომსახურებას იმ კლინიკებში, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები მოქმედებს და სადაც იმ იმედით მივდივართ, რომ ჩვენ სახელმწიფო რაღაცით გვეხმარება და რომ გვგონია, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ყველა ექიმთან კონსულტაცია ნაწილობრივ მაინც გვიფინანსდება, თურმე ასე სულაც არ არის. სპეციალობები დიფერენცირებულია და ჯანდაცვა 70 %-ით მხოლოდ შვიდი პროფილის ექიმის მომსახურებას უზრუნველყოფს. ესენია: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და უროლოგი, დანარჩენ ექიმებთან ვიზიტი კი, როგორებიცაა რევმატოლოგი, ანგიოლოგი, ალერგოლოგი, დერმატოლოგი ან გასტროენტეროლოგი, პაციენტები სრულად ვანაზღაურებთ.

ასევე, პაციენტების უმეტესობამ არ იცის, რომ სისხლის საერთო, შარდის და გლუკოზის  ანალიზის გარდა ბევრი ლაბორატორიული კვლევა ფასიანია და რიგში დგომის მერე, სალაროსთან მისულები აღმოაჩენენ, რომელ კვლევაში რამდენი ლარი აქვთ გადასახდელი. არც ისაა გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ პაციენტების უმრავლესობას, მით უმეტეს, პენსიონრებს და სოციალურად დაუცველებს დასახელებული თანხები არა აქვთ და ან საერთოდ დანიშნულების გარეშე რჩებიან, ან გასტროენტეროლოგის, ანგიოლოგის თუ რევმატოლოგის დასანიშნ მკურნალობას ოჯახის ექიმები უნიშნავენ.

ჩვენ დავინტერესდით, როდიდან შეიცვალა ან გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ზოგი პროფილის ექიმთან ამბულატორიული კონსულტაცია პაციენტებისთვის სრულად ფასიანი ყოფილიყო ან რა კრიტერიუმით შეირჩა ეს სპეციალობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვიპასუხა, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ამ მიმართულებით ცვლილებები არ შესულა და მასში თავიდანვე იყო გათვალისწინებული, რომ 7 პროფილის ექიმის მომსახურება 70 %-ით იქნებოდა ანაზღაურებული, ხოლო სხვა ექიმებთან კონსულტაციის საფასური სრულად პაციენტებს უნდა აენაზღაურებინათ. ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოგვაწოდეს. ამდენად, როგორც აღმოჩნდა, ეს სიახლე არ ყოფილა, თუმცაღა, ამის შესახებ ჩემსავით ბევრმა დღემდე არ იცის. რატომ არ იცოდა ეს ფაქტი თავად იმ კონკრეტული კლინიკის რეგისტრატურის თანამშრომელმა, რომელმაც კითხვაზე, რატომ ვიხდიდი ექიმთან ვიზიტის სრულ თანხას, გარკვევით მიპასუხა: ,,წესები შეიცვალა, ჯანდაცვამ ასე გადაწყვიტა,“ გაუგებარია.

ჯადაცვის სამინისტროდან მიღებული განმარტების შემდეგ, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ჩემთვის მთლიანი სურათი, რადგან იმავე კლინიკაში, სადაც მე გახლდით, ერთ-ერთმა პაციენტმა მითხრა, რომ გასულ ზაფხულს მასაც დასჭირდა რევმატოლოგთან ვიზიტი და 30 ლარი გადაახდევინეს. აღმოჩნდა, რომ მასაც დააინტერესა, 15 ლარის ნაცვლად 30 ლარს რატომ ახდევინებდნენ და პასუხიც იგივე იყო, რაც ჩემს შემთხვევაში...

ჩემსავე სამარცხვინოდ უნდა გავიხსენო კიდევ ერთი ფაქტი, რაც ამ კლინიკაში 3 წელზე მეტი ხნის წინ გადამხდა და რომელზე რეაგირებაც დიდი ხნით დავაგვიანე.

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემით მივედი ოჯახის ექიმთან, რომელმაც ბუნებრივია, ოფთალმოლოგთან გამიშვა. სალაროში კონსულტაციისთვის განკუთვნილი 15 ლარი გადავიხადე და რიგში კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, ოფთალმოლოგს ვეწვიე.

ვიდრე თვალის შემოწმებას დაიწყებდა, ჩივილების მოსმენის მერე მითხრა - შენ სათვალის გამოწერაც გდომებია და მაგას ცალკე 15 ლარი უნდაო. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ უკვე კონსულტაციაზე ვიყავი და რაღას ვიზამდი, გადავიხდი-მეთქი, დავთანხმდი. ამის შემდეგ შემიმოწმა მხედველობა, სათვალის ნომრები დაადგინა, სპეციალური სანათით თვალებში ჩამხედა და ახლა კომპიუტერითაც უნდა შეგამოწმო, ოღონდ ეგ პროცედურა კიდევ ცალკე 12 ლარი ღირსო.

ისე გავოგნდი, ვერც კი მოვიფიქრე მეკითხა, ის პირველი 15 ლარი მხოლოდ ჩემი თვალების ფერის შემოწმებაში ხომ არ გადამახდევინეს. იმ 12 ლარზეც მექანიკურად დავეთანხმე, მისი კაბინეტიდან გამოსული კი, კარგა ხანს ვფიქრობდი და ვაანალიზებდი, რა, როგორ და რატომ მოხდა.

მახსოვს, იქიდან სადღაც მიმეჩქარებოდა და კლინიკის ადმინისტრაციაში ეს კითხვები ვერავის დავუსვი, მერე კი, მეორე და მესამე დღეს, ვიფიქრე, რომ უკვე გვიანი იყო და აღარ ჩავეძიე. თუმცა კი, ამ ფაქტის წაყრუების გამო სინდისი დღემდე მქენჯნის.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში ამიხსნეს, ჯერ კიდევ არ არის გვიან, სამი თუ ოთხი წლის წინ ოფთალმოლოგთან კონსულტაციისას გაჩენილი კითხვებით დღესაც შემიძლია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მივმართო და ისინი მოკვლევას დაიწყებენ. რას აღმოაჩენენ, ეს უკვე სხვა საქმეა, რადგან თუ ის ფაქტი, რაც ოფთალმოლოგთან გადამხდა, კლინიკის ექიმებისთვის მიღებული პრაქტიკაა, მათ პაციენტის ისტორიაში მანიპულირების საშუალებაც მონახული ექნებათ.

მიუხედავად ამისა, ვაპირებ, რეგულირების სააგენტოს იმ ძველი შემთხვევის შესახებაც ვაცნობო და რევმატოლოგთან ახლა თავსგადამხდარი ამბავიც გავაგებინო, რათა ჩემს განცხადებას ელემენტარული რეაგირება მაინც მოჰყვეს და ზოგიერთმა ექიმმა პაციენტის გაბრიყვებაზე აღარასდროს იფიქროს.

მე კი ზუსტად ვიცი, იმ კლინიკაში, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ვირიცხები, რეგისტრაციას გავაუქმებ და ისევ მხოლოდ ახლობელთა რჩევით მოვძებნი ისეთ ექიმებს, რომლებთან კონსულტაციაში გადახდილი თანხაც წყალში გადაყრილად არ ჩაითვლება.          

  ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...