Jump to content
Planeta.Ge

როგორ შეაშინა ,,კაპუჩინოს სანაპირომ" ოჩამჩირელი აფხაზები


 

შემოდგომის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრნი სანაპიროზე უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის მოწმენი გახდნენ. ოჩამჩირის ცენტრალური და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების პლიაჟები საპნის ქაფის მსგავსი სქელი ფენით დაიფარა.

ამ მათთვის უცხო და გაურკვეველმა სანახაობამ აფხაზების უმეტესობას გაკვირვებასთან ერთად შიშიც მოჰგვარა, ზოგიც ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ისინი ამბობდნენ, რომ ზღვამ საპნის ქაფის უზარმაზარი აბაზანა გაიკეთა, რომელშიც ზღვის ღმერთი ბანაობდა.   

მსგავსი მოვლენა, მართალია იშვიათად, მაგრამ სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დაფიქსირებულა. მაგალითად, აშშ-ს მერილენდის შტატში, ასევე ავსტრალიის ქალაქ სიდნეის მახლობლად, სადაც 2007 წლის 27 აგვისტოს, ოკეანემ სანაპიროზე იმხელა ქაფი ამოუშვა, რომ არამარტო სანაპირო, ახლოს მდებარე სახლებიც კი დატბორა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ფენომენი ნაღებიან ყავა კაპუჩინოს შეადარა და ავსტრალიელმა ჟურნალისტებმა ქაფით დაფარულ ტერიტორიას ,,კაპუჩინოს სანაპირო" უწოდეს.

იგივე მოვლენა სამხრეთ აფრიკის ქალაქ ეიფთაუნშიც დაფიქსირდა, რომელზეც მედიასაშუალებები ასევე წერდნენ: თითქოს, ვიღაცამ ოკენეში ტონობით რძე და ყავა ჩაასხა  და შემდეგ გიგანტური ბლენდერით მოურიაო.

მეცნიერთა აზრით, ეს ფენომენი ზღვის მარილის, წყალმცენარეებისა და ყველა იმ ნარჩენის შერევით წარმოიქმნება, რაც წყალში ხვდება. შემდეგ ქარის მიმოქცევის შედეგად წარმოიშობა უზარმაზარი სქელი ქაფი, რომელიც ტალღების სახით ნაპირებზე გადმოდის. გარკვეული დროის განმავლობაში, ის თანდათანობით დნება და ბოლოდ უკვალოდ ქრება.

სპეციალისტების აზრით, აღნიშნული მოვლენა ადამიანებისთვის საშიში არაა, თუმცა ასეთ წყალში შესვლა ან მისი, რაიმე სახით გამოყენება რეკომენდებული არ არის.

როგორც სხვა მაგალითებიდან ირკვევა, მსგავსი ფენომენი ოკეანეებს ახასიათებს, შავ ზღვაში კი, განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორაზე, ეს მოვლენა პირველად მოხდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, საველი ანავას თქმით, მას ,,კაპუჩინოს“ წარმოქნის განსხვავებული ვერსია აქვს.

,,ამ ქაფისმსგავსი ნივთიერების ფორმირებას იწვევს მთის ზოგიერთი ქანების ჩამონარეცხი მასა, რომელი მდინარეების ნაკადს ზღვაში ჩააქვს. შემდეგ, ტალღების ზემოქმედების შედეგად, ეს მასა ქმნის ქაფისებრ წარმონაქმნს. ის აბსოლუტურად უვნებელია ადამიანისთვისაც და ბუნებისთვისაც.“ - განაცხადა მან გაზეთ ,,ეხო კავკაზას“ კორესპონდენტთან საუბრისას.

ჭითანავამ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ქაფის წარმოქმნა შეუძლებელია იმ ადგილებში, სადაც კარბონატული ქანების ნარეცხი წყალი ჩაედინება, ამ მასის წარმოქმნას ხელს უწყობს არაკარბონატული, მაგალითად პორფირიტი და სხვა ვულკანური ქანები, რომელიც უხვად მოჰყვება მდინარეებს: კოდორს, ღალიძგასა და მოქვს.

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...