-
პოსტები
511 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი
-
ორი დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ამსახველი კადრები ვნახე და გონებაში კიდევ ერთხელ დამიტრიალდა ის საშინელი დღე, რომლის სიმწარეც საკუთარ თავზე მთელი სიგრძე-სიგანით ვიწვნიე. იმ დღეს განცდილზე უარესი კი მეორე დღეს, ტელევიზიით მოსმენილი და ნანახი შეფასებები და აქციის მონაწილეების მიმართ ჩინოვნიკთაგან გამოთქმული ბრალდებები იყო. მათ სიტყვებს, მათ სახეებს, სიძულვილით ანთებულ მათ თვალებს ვერაფერი დამავიწყებს. საერთოდ, ნოემბრის ის 5 დღე არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან და ვინაიდან, აქციის არც ერთ მონაწილეს დაწვრილებით არ მოუყოლია ის ამბები, ახლა მინდა, ყოველგვარი პათოსის და შელამაზების გარეშე, მე მოგიყვეთ. მოგეხსენაბთ, 2 ნოემბერს იმჟამინდელ პარლამენტთან, ნაციონალების 4 წლიანი მმართველობის პერიოდში პირველი მასშტაბური აქცია გაიმართა. იმ აქციის წინაპირობა ისედაც ყველამ იცით, ამიტომ აღარ მივუბრუნდები. 2 ნოემბრიდან ყოველდღე ნაშუადღევს გავდიოდი რუსთაველზე და საღამოს 11-12 საათამდე ვრჩებოდი. აქციაზე შეკრებილებს კუდი და სოდი ყველა რაკურსით გვიღებდა ფოტოებს და ვიდეოებს, მაშინდელი დეპუტატები კი პარლამენტის ფანჯრებიდან ფარულად გვითვალთვალებდნენ. ზოგი ფარდას ეფარებოდა და იქიდან გვიჭვრიტინებდა, ზოგი ვითომ მზეს იჩრდილავდა, ისე იფარებდა ხელს, რომ მისი სახე არ დაგვენახა. მახსოვს, აქციის მეორე თუ მესამე დღეს, ერთ-ერთ ფანჯარასათან ვიღაც იდგა, იდაყვში მოკეცილი მკლავი მინაზე ედო და შუბლით ისე ეყრდნობოდა, რომ ქვევიდან მხოლოდ მისი სახის ნაწილი ჩანდა, რომლითაც ვერავის ამოიცნობდი. აღნაგობით დავით კირკიტაძეს მივამგვანე და შინაგანი ხმაც მკარნახობდა ამას. თუმცა ცოდვას ვერ ვიტყვი და აშკარად ხელს ვერ დავადებ, მაგრამ დროდადრო ისეთ რამეს აკეთებდა, რის გამოც სწორედ მასზე მივიტანე ეჭვი. სახეზე მკლავაფარებული პიროვნება, როგორც კი შეამჩნევდა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხიდან ვინმე მისკენ აიხედავდა, უმალ შარვლის უბეზე იკიდებდა ხელს და ისე აისვ-ჩაისვამდა, თითქოს, გვანიშნებდა, ეს არ მომაჭამოთო. ეს ისე, ცნობისთვის... დანარჩენი დღეების ქრონიკას გამოვტოვებ და მთავარზე გადავალ. 6 ნოემბერს მთელი დღე იწვიმა, მიუხედავად ამისა, რუსთაველზე 2-3 საათიდან მაინც ბლომად ხალხი მოვიდა. ვინც ყოველდღე დავდიოდით, უკვე ერთმანეთს სახეზე ვცნობდით, ერთმანეთის განრიგიც ვიცოდით და ჩვენ ჩვენი დისლოკაციის ადგილიც გვქონდა. მე პირადად, პარლამენტის წინ, შადრევნის მეორე იარუსსზე ვდგებოდი, პირველი სკოლისკენ. იქიდან კიბეებზე მსხდომ მოშიმშილეებსაც კარგად ვხედავდი, სიტყვით გმომსვლელებასაც და აქციაზე მისულებსაც. იმ საღამოს, ქაშუეთის მხრიდან, ჩვეულებისამებრ, სვანეთიდან ჩამოსული დელეგაცია გამოჩნდა, რომელთაც თან ტრანსპარანტი მოჰქონდათ, წარწერით: „თუ გამტრაკებლები ვართ, გავატრაკოთ, თუ არადა, წავედით ჩვენ სახლში“. შეკრებილები ოვაციით და ტაშით შევხვდით სვანებს. წინა დღეებშიც ასე ვხვდებოდით, მაგრამ ამ ტრანსპარანტის შინაარსმა განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია. ისინი სვანეთიდან 2 ნოემბერს ჩამოვიდნენ და მას მერე, აქციას ყოველდღე, საღამოს 4-5 საათისთვის უერთდებოდნენ. ასამდე ადამიანი, ჯორჯაძის ქუჩიდან ერთად, ორგანიზებულად ამოდიოდა რუსთაველზე და მათი უმეტესობა დილამდე იქ რჩებოდა. რაც შეეხება „გატრაკებას“, ამ მიზნით, წინა დღეებში ირაკლი წერეთელმაც შემოიკრიბა რამდენიმე ათეული თანამოაზრე, მე აქ პოეზიის საღამოებისთვის არ მოვსულვარ, ეს ხელისუფლება ძალით უნდა გადავაგდოთ და გამომყევით, პარლამენტის სხდომაზე შევუვარდეთო. დაიძრნენ კიდეც ზედა შესასვლელისკენ, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგნლები შუა გზაში მიეწივნენ და უკმაყოფილო ირაკლი წერეთელი, თავის ამალიანად, უკან გამოაბრუნეს. წერეთლის გეგმას, როგორც ჩანს, სვანეთის წარმომადგენლებიც იზიარებდნენ, რაზეც მათი ტრანსპარანტი მოწმობდა, თუმცა რამდენიმე საათში პროცესები სულ სხვაგვარად წარიმართა, ვიდრე ვინმეს წარმოგვედგინა. წვიმა კი, თითქოს, ჩვენს ჯიბრზე არ წყდებოდა. მთელი დღე სველ ასფალტზე დგომისგან, უკვე, ფეხსაცმელშიც ატანდა წყალი, მაგრამ იქაურობის მაინც ვერ ვტოვებდი. 9 საათისთვის, დიდი თერმოსებით ცხელი ჩაი და ყავა მოიტანეს, ერთჯერადი ჭიქები და შოკოლადებიც მოაყოლეს. ცოტა ხანში ვიღაცამ ცხელ-ცხელი ლობიანები და ხაჭაპურებიც ჩამოარიგა. კიდევ ცოტა ხანში, შუახნის ქალი ამოვიდა, ასევე ჯორჯაძის ქუჩიდან, კოლმეურნეობის მოედანზე მაღაზია მაქვს და ეს ჩემგან, თქვენ, აქ რომ დგახართ საქვეყნო საქმისთვისო. დიდი პოლიეთილენის პარკით ძვირაღირებული სიგარეტები და მოსკოვური შოკოლადები ამოიტანა და დაგვირიგა. მსგავსი რამეები ყოველ საღამოს ხდებოდა, ხან ვის მოჰქონდა საჭმელი და სიგარეტები იქ მყოფებისთვის და ხან - ვის, ჩაის და ყავის მოწოდებას აქციის ორგანიზატორები ახერხებდნენ. რაიონებში კი ხელისუფლება ხმებს ავრცელებდა, თითქოს აქციის მონაწილეებს ფულს უხდიდნენ რუსთაველზე დგომაში. წინა დღით დამირეკა ჩემმა ძმამ და გამეხუმრა, ამბობენ ღამისმთევლებს 400 ლარს უხდის პატარკაციშვილი და სულ მანდ რომ ხარ, შენ რატომ არ შეგხვდა ის ფულიო? თავად რომ არ მდომოდა, 400 ლარად კი არა, 4 მილიონად ვერავინ მაიძულებდა იქ მისვლას და დამეფიცება, სხვებიც ასეთივე განწყობით მედგნენ გვერდზე. იმ ღამითაც, წვიმისგან თავიდან ბოლომდე გალუმპულები ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდით. მართალია, საწვიმარებიც მოიტანეს და რამდენიმე ადგილი ცელოფნითაც გადახურეს, მაგრამ ამან ვერ გვიშველა, ერთიანად დავსველდით. როცა ვიგრძენი, სიცივისგან ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებდი, გარშემომყოფებს კვლავშეხვედრის იმედით დავემშვიდობე და თავისუფლების მეტროსკენ გავწიე... 7 ნოემბერს, დილით, 9 საათზე ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, „იმედის“ ეთერში იმ კადრებს ვკიდე თვალი, მეეზოვეებად გადაცმულმა პირებმა პარლამენტს კიბეებზე მსხდარი, ნახევრადმძინარე მოშიმშილეები იმ კიბეებიდან როგორ დააგორეს და მივხვდი, საქმე უკვე ძალიან ცუდად იყო. ჟურნალისტიც იუწყებოდა, რომ აქციის რამდენიმე ორგანიზატორი უკვე დააკავეს და რუსთაველიც მომიტინგეებისგან „გაწმინდეს“. ამავდროულად, აცხადებდნენ, რომ დაჭერას გადარჩენილი ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ ისევ აპირებდნენ შეკრებას და ხალხსაც იქ მოსვლას თხოვდნენ. რაღა თხოვნა მინდოდა?!. სასწრაფოდ ჩავიცვი და კისრისტეხით გავვარდი გაჩერებაზე. ნახევარ საათში რუსთაველზე ვიყავი. პარლამენტის შენობასთან სულ ორმოცდაათამდე ადამიანი დამხვდა, ოპოზიციის ლიდერები არსად ჩანდნენ, მხოლოდ კოკა გუნცაძე იდგა კიბეებთან, გაფითრებული და სახედაკარგული. ისევ წვიმდა. შადრევნის პირველ იარუსზე შევდექი და იქიდან დავიწყე მიდამოს თვალიერება. საპატრულო ეკიპაჟები აქეთ-იქით დაქროდნენ და ავტობუსებს პირველი სკოლის წინ გაჩერების უფლებას არ აძლევდნენ, ამიტომ იმ მხრიდან ხალხი არ ჩანდა. ცოტა შევფიქრიანდი, ნუთუ, დღეს ვინმე სახლში დაჯდება-მეთქი და ეტყობა, სახეზე მეწერა ეს სასოწარკვეთილება, უცებ ვიღაც ქალმა ქვემოდან ამომძახა, ბებია, ნუ გეშინია, მოვა, ბევრი ხალხი მოვა, აი, მე შემომხედე, მოხუცმა ვერ მოვითმინე და მოვედიო. მერე ხელი გამომიწოდა, მეც ამიყვანე მანდო და წამში ბებოც გვერდით ამომიდგა. 82 წლის ვარ, ბებო, ქმარი მყავს ქართველი, მე სომეხი ვარ, მაგრამ აქ დაბადებული და გაზრდილი, საქართველო ჩემი სამშობლოა და მისი ტკივილი ჩემი ტკივილიაო. აქამდე არ გამოვსულვარ, მაგრამ ახლა ვერ დავჯექი სახლში. ჩემი ქმარი მომძახოდა, სად მიდიხარ, შე ბებერო, ღირსი ხარ, კარგად მიგთეთქვონო, მაგრამ ტელევიზორში რომ დავინახე, ამ დილით ჩემი შვილების და შვილიშვილების ტოლ ხალხს როგორ მოექცნენ, ვერ გავჩერდი და მაინც წამოვედიო. მომივიდეს რაც მომივა, ქვეყნის ბედი წყდება აქ და მეც თქვენს გვერდით ვიქნებიო. ცრემლები წამომივიდა და ბებოს ჩავეხუტე. ამასობაში, დავინახე, თავისუფლების მხრიდან როგორ მოასკდა ხალხი პარლამენტის შენობას და კიდევ უფრო ამიჩუყდა გული. ქაშუეთის მხრიდანაც იმატა მომსვლელთა რიცხვმა და წამებში გაივსო იქაურობა. აქციის მონაწილეების მატებასთან ერთად ყვითელსაწვიმარიანი პოლიციელების რიცხვიც საოცარი სიწრაფით მატულობდა. პარლამენტისკენ მიმავალ ყველა მხარეს უკვე ისინი იდგნენ, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც სულ გადაყვითლებული იყო. ვცდილობდი, ახლოს მდგომი პოლიციელებისთვის თვალებში ჩამეხედა, მაგრამ როგორც კი სახეში შევხედავდი, უმალ თავს დაბლა ხრიდნენ და თვალებს მარიდებდნენ. მივხვდი, არცთუ სასიამოვნო დავალება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მაინც ვერ დავუშვი, რომ ასე სასტიკად მოგვექცეოდნენ. პატრული ცდილობდა, გზა არ გადაკეტილიყო და გამვლელ მანქანებს აიძულებდნენ, სვლის შეუნელებლად, მთელი სისწრაფით ემოძრავათ რუსთაველზე. გზის გაყოლებაზე კი, ჩვენს შესაკავებლად რკინის ჯებირებს ამაგრებდნენ. თერთმეტი საათისთვის პარლამენტს პირველი სკოლის მხრიდან ხალხის დიდი ნაკადი მოადგა. შორიდან შევამჩნიე ახალი მემარჯვენეების დროშები და, ვინაიდან, შემაღლებულზე ვიდექი, დათო გამყრელიძე, დათო საგანელიძე და ფიქრია ჩიხრაძეც სხვებზე ადრე დავინახე. აქ უკვე მესამედ ამომიჯდა გული. ამ დროს ჩემმა მეგობარმა, მაია ბუთბაიამ დამირეკა, იცოდა, სადაც ვიყავი და სხაპასხუპით მომაყარა, ახლა სამსახურში ვარ, რაც ხდება ამ ინფორმაციას ერთ-ერთ უცხოურ სააგენტოს მივაწვდი და მალე შენთან გავჩნდებიო. თან მკითხა, ხომ ბევრი ხალხიაო? მართლაც უკვე იმდენი ხალხი შეგროვდა, რომ პარლამენტის წინ, შემოსაზღვრულ ადგილზე ვეღარ ეტეოდა, ამიტომ კოკა გუნცაძე წინ გავიდა, მწკრივში ჩაიყენა მომიტინგეები და ჯებირებიანად ყველანი ტრასაზე გადავიდნენ. პატრული მედგარ წინააღმდეგობას უწევდა და ამ ჯაჯგურში რამდენიმე ადამიანი დაშავდა კიდეც. ვიღაცის კივილი გავიგონე და იქითკენ გავქანდი, ყოფილ მხატვრის სახლთან, ფიცრებით შემოღობილი ტერიტორიის წინ ორ მამაკაცს მხრებში ჩაევლოთ ხელი ქალისთვის, რომელსაც ცალი ფეხი მოეკეცა და განწირული კიოდა. ქაშუეთთან სასწრაფო დამხარების მანქანა მეგულებოდა და ახლა იქით გავიქეცი. მანქანა ცარიელი დამხვდა. მაშინ იქვე მდგარ პატრულის მანქანას ვეცი ყვირილით, ქალს ფეხი მოტყდა, სად არიან ექიმები-მეთქი. მძღოლმა, რა გაღრიალებს, ვერ ხედავ, ჩვენს თანამშრომელსაც მოტეხეს ფეხი, აგერ არიან ექიმებიო. შემცბარმა მანქანაში შევიხედე და რომ დავინახე, უკანა სავარძელზე ტკივილისაგან სახედაღრეჯილ თანამშრომელს სასწრაფოს ბრიგადა პირველ დახმარებას უწევდა, იქაურობას გავეცალე. მინდოდა ისევ პარლამენტის მხარეს გადავსულიყავი, მაგრამ უცებ რაღაც ყრუ გუგუნის და დაფდაფების ცემისმაგვარი ხმა ჩამესმა, გავირინდე, მივაყურადე, თუმცა ვერაფერს მივხვდი. ზუსტად ამ დროს ისევ დარეკა ბუთბაიამ და ლამის ტირილით მთხოვა, გოგო, ტრანსპორტი არ მოძრაობს და ფეხით მოვდივარ რუსთაველზე, ფოსტასთან სპეცრაზმელებს გადავეყარე. უამრავნი არიან, ჩემს წინ მიდიან, ხელკეტებს ფარებზე უტყაპუნებენ, ისეთი საშინელი ხმაა, შევძრწუნდი. როგორც ჩანს, აქციის დარბევას აპირებენ და გამოერიდე, სასწრაფოდ წამოდი იქიდან და მე აქვე დაგელოდებიო. არავითარ შემთხვევაში აქედან ფეხს არ მოვიცვლი, მოხდეს რაც მოსახდენია-მეთქი. ნუ ხარ შენ სულელი, გააკეთე, რასაც გეუბნებიო, ბუთბაიამ, მაგრამ ტელეფონი გავუთიშე და საგონებელში ჩავარდნილმა აქეთ-იქით მიმოვიხედე. რუსთაველზე სამარისებული სიჩუმე იდგა, წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ ცა რაღაც ავისმომასწავლებლად მოქუფრული და ჩაჟამებული იყო, ერთნაირად დაბნეული და შემცბარი მომიტინგეები ერთმანეთს უხმოდ შევყურებდით. შორიდან კი უცნაური, მონოტური რაკუნი და ვიღაცის გამყინავი ხმა ისმოდა. თითქოს, ვიღაც ქალი რაღაც წინადადებას ამბობდა, ჩემს ყურთასმენას კი მხოლოდ ორ სიტყვა სწვდებოდა: „წინააღმდეგ შემთხვევაში“; „წინააღმდეგ შემთხვევაში“; „წინააღმდეგ შემთხვევაში“... სხვას ვერაფერს ვიგებდი თუ გონებას არ უნდოდა დანარჩენი სიტყვების მოსმენა, თუ უბრალოდ გათიშული ვიყავი, მიზეზი დღემდე ვერ ამიხსნია. ასეთ მდგომარეობაში მყოფს, მოულოდნელად, წინ მეგობარი ჟურნალისტი, თინიკო მოსიაშვილი შემეფეთა. მისი დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს ოკეანეში დაკარგულს ხომალდი შემხვედროდეს, გადავეხვიე და სრულიად უზაროდ, იმ სიტუაციისთვის შეუფერებელი რამ ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი... მახსოვს, გაოცებული თვალებით შემომხედა და ხელებგაშლილმა დამიბრუნა კითხვა, როგორ უნდა ვიყო? უცებ ვიღაცეებმა დაიჩურჩულეს, რომ სპეცრაზმი მოდის, რომ წყლის ჭავლის მანქანა მოუძღვით წინ, რომ თავისუფლების მოედანზეც სპეცრაზმელები დგანან... საკვირველი ის იყო, რომ წასვლა და იქაურობისგან გაცლა არავის უფიქრია. რამდენიმე ათასი ადამიანი ხმაგაკმენდილი ვიდექით და ველოდით. სპეცრაზმელთა პირველი კორდონი და წყლის ჭავლიანი ლურჯი მანქანა უკვე ცისფერ გალერეას უახლოვდებოდა. და აქ ყველაზე საინტერესო რამ მოხდა. ქალები ინსტიქტურად გამოვეყავით შეკრებილებს და წინ წავედით, კოლონასთან შესახვდერად. ახლა ვფიქრობ, ეს იყო იმედი, რომ ქალებს დაგვინდობდნენ და ჩვენ კიდევ, უკან მდგომ კაცებს დავიცავდით. ამ სიტუაციამაც ძალიან ცოტა ხანს გასტანა, სულ რაღაც წამები... კაცები უცებ მოეგნენ გონს და წინ წასული ქალების გვერდზე გადაყვანა დაიწყეს. ქაშუეთის პირდაპირ მდგომმა, ანგარიშმიუცემლად „მამაო ჩვენო“ წამოვიწყე და უცებ ვიღაცამ უკნიდან ხელი ჩამავლო, ჰაერში ამწია და გვერდზე მომისროლა. პირველი რეაქცია რაც იყო, გავიფიქრე, სპეცრაზმელები მომეპარნენ და პოლიციის მანქანაში უნდა ჩამაგდონ-მეთქი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ქაშუეთის მხარეს, რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, ეს ვიღაც უცნობმა მამაკაცმა გააკეთა... ამ დროს რაღაცამ დაიქუხა და ჩემს გვერდით მდგომ მამაკაცს მხარზე კონუსის ფორმის მოგრძო ნივთი მოხვდა, მეორე ასეთი ჩემს ფეხებთან დაეცა და საშინელი კვამლი გაუშვა. ინსტიქტურად გავიქეცი. გამაყრუებელი სროლის ხმა უკვე მასიურად ისმოდა, ყუმბარებიც ყოველ ნაბიჯზე ცვიოდა. თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით. მე ყოფილი მხტვრის სახლის ადგილას აღმართულ ფიცრებს მივყვებოდი, მეშინოდა, არ წავიქცე და ხალხმა ზედ არ გადამიაროს-მეთქი. გარშემო რამის დანახვა ჭირდა, მაგრამ თვალი მაინც მოვკარი, როგორ წაიქცა ჩემს ახლოს ვიღაც ქალი და როგორ წამოაყენეს... კინო „რუსთაველს“ რომ მივუახლოვდი, უკვე, ვიხრჩობოდი, სუნთქვა აღარ შემეძლო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სიცოცხლე იმ წამს, იქ დასრულდებოდა. კონოთეატრის პირველ კარებს ვეცი, მაგრამ დაკეტილი დამხვდა. მახსოვს, განწირული, მთელი ძალით როგორ ვეხეთქებოდი და ვცდილობდი შემეტეხა. მინის კარებს მიღმა კი ჯიბეში ხელებჩაწყობილი დაცვის წევრი იდგა და მანიშნებდა, მეორე კარებისკენ წადიო. მეორე კარებამდე მისვლა არ შემეძლო, უჟანგბადობისგან სული მეხუთებოდა, მეგონა, რომ ვკვდებოდი. წარმომიდგენია, რა საწყალი და საცოდავი შესახედი ვიყავი, იმ ბიჭს კი ჯიბეში ეწყო ხელები და მიყურებდა არაფრისმთქმელი, გულგრილი მზერით. ეს კადრი არასდროს ამომივა გონებიდან... თითქოს დღესაც ვხედავ ჩემს თავს იმ დაცვის ბიჭის თვალებით: სახეშეშლილი, პირდაფჩენილი, შეშინებული როგორ ვცდილობ მინის კარების მხრებით შენგრევას. უფრო დამაცირებელი კი ის იყო, რომ როცა მივხვდი, იმ კარებს ვერაფერს ვუზამდი, უკანასკნელი ძალა მოვიკრბე და მეორე კარებისკენ გავიქეცი, იქ კი სხვა, ჩემსავით დაწამლულ-გამწარებული ადამიანები დამხვდნენ, რომლებიც ამაოდ ეჯაჯგურებოდნენ. თურმე, ის კარიც დაკეტილი ყოფილა... ამ ყველაფრის მერე, თავადაც არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი საჯარო ბიბლიოთეკის ჩასახვევთან, ფურცელაძის ქუჩაზე. გაქცეულთა ერთი ნაკადი, სწორედ იქ შევიკრიბეთ. წელში მოკაკვულები, შეშინებულები, დაზაფრულები გაუთავებლად ვახველებდით, ცხვირ-პირი გვეწვოდა და ხმელეთზე ამოყრილი თევზებივით პირდაბჩენილები მთელი ძალით ვცდილობდით სუფთა ჰაერის ჩაესუნთქვას, რომელიც იმ დღეს რუსთაველზე დეფიციტი გახდა. როგორც კი ჰაერის მცირე ნაკადი შევისუნთქე და ფილტვები ამუშავდა, გახარებულმა ყვირილი დავიწყე, არ ვკვდებით, ხალხო, ნუ გეშინიათ, არ ვკვდებით-მეთქი. ნელ-ნელა გავიშალეთ მხრებში და მიმოვიხედეთ. არემარე ნაცრისფერ ბურუსში იყო გახვეული, სპეცრაზმელები რუსთაველზე პიკაპებით დარბოდნენ და გარშემო ყურისწამღები საგანგაშო სიგნალების ხმა ისმოდა. იქვე მდებარე ბინების ბინადრებმა ბოთლებით წყალი გამოგვირბენინეს, რომლითაც სახის დაბანა ვცადეთ, ვიფიქრეთ, წვას შეგვიჩერებსო, არადა, უარესად გაგვამწარა. თურმე, ასეთ დროს მხოლოდ სოდიანი წყლის მოხმარება ყოფილა რეკომენდებული... ეს მერე, სასწრაფო დახმარების ექიმებმა გვითხრეს. ცოტა რომ მოვსულიერდით, ერთმანეთი გავამხნევეთ და პირი ისევ რუსთაველისკენ ვქენით. დაახლოებით 70-80 ადამიანი ვიქნებოდით, რომელთაგან სახლში წასვლა არც ერთს მოსვლია აზრად. ის იყო, ფურცელაძიდან რუსთაველისკენ დაძრულთ სპეცრაზმელებმა თვალი გვკიდეს და ერთ-ერთი პიკაპიდან რეზინის ტყვიები დაგვიშინეს. ისევ უკან, ბიბლიოთეკისკენ გავბრუნდით. მე ბუთბაიასთან ტელეფონზე დაკავშირება ვცადე, ვიცოდი, ძალიან ინერვიულებდა, მაგრამ კავშირი გაწყვეტილი იყო. შესაბამისად, იქ შეკრებილთაგან ვერავინ ვერავისთან დარეკა და ვერც ის გავიგეთ, „ჩვენს იქით“ რა ხდებოდა. ზოგმა თქვა, საპატრიარქოში წავიდეთო, ზოგმა - სამებაშიო, ზოგმა - იქეთაც საშიშიაო, კოლმეურნეობის მოედანზეც პოლიცია დგასო. ამ თათბირში ვიყავით, უცებ, კინოთეატრის უკანა მხრიდან ყვითელსაწვიმრიანი ახალგაზრდა პოლიციელი გამოჩნდა, ასე 22-23 წლისა იქნებოდა, თავჩაქინდრული მოდიოდა თავისთვის, ჩვენს დანახვაზე, შეცბა, სვლა შეანელა. რამდენიმემ გინებით გაიწია მისკენ. მივხვდი, ძალიან ცუდი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო და ვიკივლე, არ მიქაროთ, ხელი არ დააკაროთ, გაუშვით, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ-მეთქი. ჩემმა დანამუსებამ გაჭრა, არც გაუჩერებიათ, არც მიუწყევლიათ, არც გაულანძღავთ, ტაშის თანხლებით უსიტყვოდ გავატარეთ. ზუსტად ამ დროს დარეკა ბუთბაიამ და ჩემი ხმა რომ გაიგონა, აკივლდა: ცოცხალი ხარ, სად ხარ? ჩქარა წამოდი, ახლა მაინც გამიგონე, ოპერასთან ვარ, აქ გელოდები. მერე თაბუკაშვილის ქუჩით ავედი ოპერასთან, გადარეული ბუთბაია იქ დამხვდა და ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მომაყოლა. ოპერის იქით, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტოიაზე სპეცრაზმელები იდგნენ, აქეთ - ჩვენ, ხალხი გვემატებოდა გვემატებოდა. იქიდან მხუთავი გაზის ყუმბარებს ისევ ისროდნენ, გარდი-გარდმო ჭრიდა სივრცეს თეთრკუდმობმული კონუსები. სასწრაფო დახმარების მანქანებს მოწამლული ადამიანები გაჰყავდათ და თან ფანჯრიდან სამედიცინო ნიღბებს გვიყრიდნენ. სიტუაცია აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, არავინ იცოდა, რა იქნებოდა შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებიდან არავინ ჩანდა, შესაბამისად, იმ დღის სამოქმედო გეგმას ვერავინ გვაწვდიდა, მაგრამ მაინც არ ვიშლებოდით, პირიქით, ხალხის ნაკადი არა და არ წყდებოდა. მერე, დიდი, შავი ჯიპიდან ბურთივით გადმოაგდეს იქვე, ჩემს ფეხებთან, დილით დაკავებული გოგა ხაინდრავა, რომელმაც შეშლილი სახით მიმოიხედა ირგვლივ და აღმართზე სირბილით ავარდა. ცოტა ხანში, ვიღაცამ ამბავი მოიტანა, ლიდერები შეიკრიბნენ და დათქვეს, რიყეზე შევიკრიბოთო. ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ, უკვე ვიცოდით, საითაც უნდა წავსულიყავთ. ჰო, ყველაზე მთავარი დამავიწყდა. ჩემი ძმიშვილი წინა ღამეს მეგობრებთან დარჩა, ამიტომაც არ მახლდა თან. სხვა დღეებში სოხუმის უნივერსტეტის სტუდენტებთან ერთად მოდიოდა აქციაზე, საღამოს კი სახლში ვუშვებდი. იმ დღეს, პირველი დარბევის მერე, როგორც კი სატელეფონო კავშირები აღდგა, რამდენჯერმე დამირეკა და მთხოვა, შემხვდი და სახლში ერთად წავიდეთო. მოვატყუე, შენ წადი და მეც მალე მოვალ-მეთქი. რამდენჯერაც დამირეკა, იმდენჯერ რომ ისევ აქციაზე აღმომაჩინა, ვეღარ მოითმინა და მეც მოვდივარ, ფილარმონიასთან შემხვდიო. რუსთაველიდან მე და ბუთბაია ფილარმონიისკენ წავედით, მერე ის თავისი სამსახურისკენ გაემართა, მე კი ჩემს ძმიშვილს შევხვდი და ორივემ რიყისკენ გავწიეთ. ვიდრე ტრანსპორტში ჩავჯდებოდით, ჯიბიდან 90-ე ფსალმუნი და მაცხოვრისა და წმინდა გიორგის ხატების კარედი ამოვიღე და მას მივეცი, მე კი ხის ჯვარცმა დავიტოვე, რომელიც ახლობელმა პატიმარმა მაჩუქა. ახლა ვფიქრობ, რიყეზე რომ მივდიოდით, შეგუებული ვიყავი იმ აზრთან, რომ შეიძლებოდა ისევ დავერბიეთ ან უარესი რამეც მომხდარიყო, ამიტომაც ჩავუდე გულის ჯიბეში ხატი და ფსალმუნი 20 წლის ძმიშვილს, ვინძლო, მე ვერ დავიცვა, იქნება ამან უშველოს-მეთქი და იქ წავიყვანე, სადაც არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. ხომ ვიყავი მოსაკლავი? რიყეზე მისულებს იქაურობა გავსებული დაგვხვდა და ხალხი ისევ მოდიოდა და მოდიოდა. ჩვენ სიღრმეში შევიწიეთ, სადაც ოპოზიციის ლიდერებს სახელდახელო ტრიბუნა მოეწყოთ. მე კისერი წავიგრძელე, მინდოდა მენახა, რომლები იყვნენ ადგილზე და ამ დროს, ვიღაც ახალგაზრდამ დაიძახა, სპეცრაზმი წამოვიდაო. მართლაც, ყველა მხრიდან მომდგარიყვნენ, უკვე. ერთი ნაწილი მეტეხის ხიდიდან მოდიოდა, მეორეს ბარათაშვილის ხიდი გაევსო და მესამე - ავლაბრის აღმართს მიუყვებოდა ფარების ბრახუნით. როგორც ჩანდა, ზემოთა გასასვლელის ჩაკეტვასაც აპირებდნენ. სამებისკენ წავიდეთო, იყვირა ვიღაცამ და ღვინის აღმართისკენ დავიძარით. კიბეებთან ახლოს მდგომები იოლად გადავრჩით, უცებ ავიარეთ და წყლის ჭავლიან მანქანას გავექეცით, ჩვენს უკან მომავლებს კი არც სპეცრაზმელთა ხელკეტი დაჰკლებიათ და არც ცივი წყლის ჭავლი. სამაგიეროდ, ჩვენ ავლაბრის მოედანზე დაგვერივნენ ყუმბარებით. მხუთავი აირისგან ირგვლივ ყველაფერი წამში გაიკვამლა. სასწრაფოს ექიმების მიერ მოცემული სამედიცინო პირბადე ჩემს ძმიშვილს გავუკეთე და გავაფრთხილე, არ შეშინებოდა, თუკი სუნთქვა გაუჭირდებოდა, მე კი სვიტრის საყელოში ჩავრგე ცხვირ-პირი... თვალების გახელა გვიჭირდა, ვერ ვსუნთქვადით, მაგრამ ხველებ-ხველებით მაინც გავიგნეთ გზა მეტრომდე, იქ ცოტა შევისვენეთ და ხელიხელჩაკიდებულები გავიქეცით სამებისკენ. სულ ცოტა ხანში ტაძრის მთელი ეზო აქციის მონაწილეებით გაივსო, ნაწილი შიგნით შევიდა, ნაწილმა თავი შევიკავეთ. არ დავმალავ, სპეცრაზმი ფეხდაფეხ მოგვდევდა და ვიფიქრეთ, შეიძლებოდა, ტაძრის შიგნითაც შეეშვათ მხუთავი აირი, დახურულ სივრცეში კი მართლა დავიხრჩობოდით. იმ დღეს ქაშუეთში თავშეფარებულ ხალხს შეუყარეს ყუმბარები და სამებაში რა გარანტია გვქონდა, რომ იგივეს არ იზამდნენ? სამების მიმდებარე ტერიტორიაზე მოვლენებს მხოლოდ „იმედის“ მაშინდელი კორესპონდენტი ნათია მიქიაშვილი აშუქებდა, რომლის ოპერატორის კამერასაც მე და ჩემი ძმიშვილი რამდენჯერმე დავემალეთ. სადმე კადრში რომ მოვხვედრილიყავით, ჩვენი ოჯახის წევრები ტელევიზიით აუცილებლად ნახავდნენ და ყველას ერთად დაარტყამდა ინფარქტი. ჩემი ძმა რომ მირეკავდა, სად ხართო, ტაძრის კარებს ვეფარებოდი და ისე ვატყუებდი, სტუმრად ვართ ნათესავთან-მეთქი. სიმართლეს ვერ ვეტყოდი და რომ მეთქვა, ბინაში ვართ-მეთქი, სახლის ტელეფონზე დარეკავდნენ და ტყულში ეგრევე გამოგვიჭერდნენ. მოკლედ, ამ გაურკვევლობაში ვიყავით, როცა ერთ-ერთმა მოძღვარმა მოგვმართა, შემოდით ყველანი შიგნით და დამშვიდდით, თქვენთან შესახვედრად მალე პატრიარქი მოვაო. ამ ინფორმაციამ მართლაც დაგვამშვიდა და სხვებთან ერთად მე და ჩემი ძმიშვილიც ტაძარში შევედით. მთელი დღის ფეხზე დგომის და სირბილისგან ისე ვიყავი დაღლილი, შუაგულში, პატრიარქის ტახტთან დაგორგოლავებულ დიდ ხალიჩაზე დავჯექი, ჩექმები მოურიდებლად გავიხადე და ფეხები გავჭიმე. სწორედ ამ დროს ნათია მიქიაშვილი და მისი ოპერატორი გამოჩნდნენ. ოპერატორმა ეგრევე ჩვენსკენ მომართა კამერა, მაგრამ მე სასწრაფოდ წამოვხტი, ვტაცე ჩემს ფეხსაცმელს ხელი და თვალს მივეფარე. ისევ დამირეკა ბუთბაიამ, რომლისთვისაც უკვე ნათქვამი მქონდა, რომ გარეთ, მთელ პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებდა, რომ მეტრომდე მისვლა შეუძლებელი იყო და იქ პატრიარქს ველოდებოდით, რათა მშვიდობიანად გაღწევაში დაგვხმარებოდა. მაიამ მითხრა, ინფორმაცია მაქვს, პატრიარქი სამებაში ვერ მოვა და სასწრაფოდ დატოვეთ იქაურობა. რომელიმე ჩიხიდან გამოიპარეთ და წამოდით იქიდანო, კატეგორიულად მომთხოვა. ეს ამბავი დიდად არ მომეწონა, მაგრამ გვერდით მყოფებს მაინც გადავეცი მისი ნათქვამი, მინდოდა, ისინიც გამეფრთხილებინა, რაზეც ძალიან გამიბრაზდნენ. არ არსებობს პატრიარქი რომ არ მოვიდეს, რადგან შეგვპირდნენ, მოვა კიდეც, მის გარეშე აქედან არ წავალთო. იმ დღეს პირველად დავუჯერე ბუთბაიას, მოვკიდე ჩემს ძმიშვილს ხელი და სამებიდან გავედი. ჭიშკრის სიახლოვეს მიქიაშვილი და ოპერატორი კადრებს ისევ იღებდნენ, მათგან რამდენიმე მეტრში სპეცრაზმელების მუზარადები ბრჭყვიალებდა. მახსოვს, იმ სიუჟეტის გამო, კინაღამ ტრიბუნალს გადასცეს ნათია მიქიაშვილი, მე კი, ცოცხალი მოწმე ვამბობ, მართლა არსებობდა სამების ეზოში შეკრებილი ხალხის დარბევის საშიშროება, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ახლოს იდგა ერთ-ერთი შეიარაღებული დანაყოფი, დანარჩენებს კი მეტროს მიმდებარე ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული. ფაქტობრივად, სპეცრაზმს ალყაში ვყავდით. მერე ჩუმად, ფეხაკრეფით, სადღაც მიხვეულ-მოხვეულებში ვიარეთ, ხან ვიღაც შემხვედრს ვკითხეთ, როგორ გავსულიყავით გზაზე, ხან ჩვენს ინტუიციას და ორიენტაციას მივყევით და სადღაც, ბარათაშვილის ძეგლის მიდამოებში ჩავედით. მერე ძლივს გავაჩერეთ ტრანსპორტი, რომელმაც ვაგზლის მოედნამდე მიგვიყვანა, ბოლოს, დიდი დიღმისკენ მიმავალ „მარშუტკაში“ რომ ჩავჯექით, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი უსაფრთხოდ და უკანა სავრძელზე მოკალათებულმა, ჩემს ძმიშვილს ვუთხარი, ახლა, როგორც კი მივალთ, ჩავრთოთ „იმედი“ და მთელ ჩვენს თავგადასავალს ვუყუროთ-მეთქი. დიდუბემდე რომ მივედით, მძღოლმა გააგვაფრთხილა, მასივში თუ მიდის ვინმე, იქით ვერ შევალ, „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და გზები გადაკეტილიაო... ეს იყო იმ დღის საშინელი ფინალი, ყველაზე დიდი დარტყმა და შოკი, რამაც ისე დამანგრია, რომ აღარ მახსოვს, როგორ მივედით სახლში ან რა გავაკეთე, ან როგორ დავიძინე, ან მეძინა თუ არა საერთოდ. მარტო ის მახსოვს, მეორე დღეს როგორ გამოდიოდნენ ტელევიზიით პატივცემული გვამები და როგორ აფასებდნენ სიტუაციას, როგორ მოგვიხსენიებდნენ ქვეყნის მტრებად, რუსეთის აგენტებად და მოღალატეებად. იმ უგვანთაგან ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძის განცხადებამ აღმაშფოთა, რომელმაც კმაყოფილი სახით ბრძანა, რომ ჩვენი დარბევით სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ, რომ ჩვენ, აქციაზე მდგომები ხელისუფლებამ ჩვენივე შეცდომებისგან გვიხსნა, რადგან ვერ ვხვდებოდით, როგორ გვამრთავდა რუსეთი და ჩვენი მეშვეობით, როგორ უთხრიდა ძირს საქართველოს... რა საოცარია ცხოვრება... მსგავსი ბრალდებები დღემდე იღვრება იგივე გვამების საინფორმაციო ღრუდან, ოღონდ ახლა თავად ნინო ბურჯანაძის მისამართითაც. ქალბატონ ბურჯანაძეს უკან მიუბრუნდა თავისი ყველა სიავე, მოღალატის დამღაც თავად ადევს შუბლზე და რუსეთთან ვინ მეგობრობს, ეგეც იცის ხალხმა. თუმცა, ბურჯანაძის სიტყვებზე ჩემი გაცოფება რა მოსატანია, იმასთან, რაც 7 ნოემბერს გადატანილის მერე იმ კადრების ნახვაზე მომივიდა, ჩვენგან დაცლილ რუსთაველზე მოსეირნე სპეცრაზმელებს ზაზა ბეგაშვილი რომ კოცნის და გავიმარჯვეთო, ულოცავს. აი, იმ შუბლისძარღვგაწყვეტილი ბეგაშვილის ჯავრი ვერ ვიყარე დღემდე. შვიდი წელია, ოცნებად მაქვს, შემთხვევით გადავეყარო სადმე. სხვა, მასავით დაბალი რანგის ჩინოვნიკს შევხვედრივარ ბევრგან, რესტორანში, კაფეში, ბარში, სახაჭაპურეშიც კი, აი, მაგის ნახვას კი ვერსად ვეღირსე. არადა, რამდენჯერ მიოცნებია, როგორ ვხვდებით ერთად ერთ რესტორანში, როგორ ვუკვეთავ ოფიციანტს რაიმე წვნიან და ცხელ კერძს, მერე როგორ მიმაქვს სავსე მათლაფა ბეგაშვილის მაგიდასთან და რა სიამოვნებით ვაპირქვავებ თავზე. ისე არ მინდა მოვკვდე, ეს ოცნება არ ავიხდინო. ჩინეთში რომ გაამწესეს ელჩად, მას მერე მის შესახებ არც არაფერი გამიგია, თუ სადმე ნახოთ, მით უმეტეს, რესტორანში, გამაგებინეთ ვინმემ, ქენით სიკეთე. 7 ნოემბრის შემოქმედებითი ჯგუფი კი, თავისი ხელმძღვანელიანად, პროკურატურისთვის მიმინდვია. ირმა ბერიშვილი
-
ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი აფხაზეთიდან სოხუმი სასტუმრო ,,რიწა" სოხუმის კოლონადა ყოფილი ლენინის, ამჟამად ლეონის ქუჩა სასტუმრო ,,აფხაზეთი" მოწყალების მთხოვნელი ქუჩის მუსიკოსი (მის უკან სარკეში მეც ვჩანვარ) პორტი ხედი კელასურისკენ და მეთევზის ანკესი ესეც - მეთევზე ცნობილი რესტორანი ,,ნართა" ღია კაფე-რესტორანი, მდებარეობს რესტორან ,,ამრას" წინ რესტორნების მენიუს არაფერი დაეწუნება აქ მდინარე ბესლეთი ერთვის ზღვას შესართავიდან მარჯვნივ ასე ჯვარედინად კვეთს ტალღები ერთმანეთს უკან ზღვაა, წინ - პარკი პარკს რომ გადაივლი, ადგილობრივი ხელისუფლების რეზიდენციას მიადგები ესეც იქვე, პარლამენტის შენობისკენ რომ მოუხვევ ეშბას ქუჩა, სოხუმის ცენტრალური სადგურის წინა მხარე ცენტრალური ბიბლიოთეკა ლაკობას ქუჩაზე გზა ბაზრისკენ, მარცხნივ ,,სოხუმპრიბორის" შენობაა, მარჯვნივ - ავტობუსების გაჩერება ყოფილი თარხნიშვილის ქუჩაზე სოხუმის ბაზრის ფერადობები აფხაზური შავი ლეღვი ნაირ-ნაირი ჩაი და ბალახეულობა ესეც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მარჯვნივ ლაკობას ქუჩაა, პირდაპირ - ყოფილი თარხნიშვილის, ამჟამად - იმამ შამილის, რომელიც პლიაჟიდან ბაზრის მიმართულებით მიდის. წინ გზაჯვარედინია, თარხნიშვილის ქუჩა და მშვიდობის პროსპექტი (ამჟამად აიააირას ქუჩა) ჭრის ერთმანეთს. გზაჯვარედინთან დგას ,,სოხუმპრიბორის" შენობა, რომელშიც ომამდე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტის სოხუმის ფილიალი მდებარეობდა ზედა ფოტოზე ნახსენები ლაკობას ქუჩიდან ასიოდე ნაბიჯს გაივლი და აქ ჩამოხვალ ეს თევზსაჭერი გემი სულ აქ დაგხვდება ეს რუსი ამ ნაკადულს მიმართულებას უცვლიდა, ცივი წყალი შემოაქვს ზღვაშიო სოხუმის შუქურას რაიონში, ამ გაველურებული ქუჩის ბოლოს, სანაპიროზე ვიღაცა სასტუმროს აშენებს ესეც შუქურას რაიონი, ,,მაიაკი" ყოფილი კინოთეატრი ,,მაიაკში" ცენტრალური ქუჩიდან გადავუხვიე და რომელიღაც ორღობიდან პირდაპირ აქ მოვხვდი შუქურას რაიონის სანაპირო ფოტოს შუა ნაწილში, ოდნავ მარცხნისკენ პირამიდის ფორმის მთა რომ მოჩანს, ახალი ათონია, იმ მთაზე მდებარეობს ანაკოფიის ციხე, მის ქვემოთ კი სიმონ კანანელის მონასტრის გუმბათი ბრჭყვიალებს. ახალი ათონი ფაცხა-რესტორანი ახალ ათონში სახელიც შესაბამისი ჰქვია მდინარე ფსირცხა რკინიგზის სადგური ,,ფსირცხა" სადგურის ჭერი ახალი ათონის კულტურის სახლი VID_20220925_174813.mp4 ჯვარედინი ტალღები სოხუმში, მდინარე ბესლეთის შესართავთან VID_20220926_114422.mp4 სამგზავრო გემი ტურისტული მარშრუტით video-31723a54-52dc-4b17-bdc8-aff494b35c56-1664132776.mp4 video-b64f1e72-405a-44bb-8796-2f7f0fc5202a-1663957893.mp4 video-d855e49c-96ad-4505-9935-adaeb49b84bc-1664137576.mp4
-
დასკვნა ოღონდ, ნუ იქნება ომი! 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დაგეგმილი მქონდა, დილით, ადრიანად გავსულიყავი მინისტრთა საბჭოს შენობასთან, საიდანაც 29 წლის წინანდელ, იმ ავბედით 27 სექტემბერს ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და მათი გარემოცვის წევრები ტყვედ აიყვანეს, ყვავილები მიმეტანა და ეროვნული გმირების ხსოვნისთვის ამით მიმეგო პატივი. მერე კი, შუადღისთვის რიწისკენ უნდა ამეღო გეზი და დაღამებამდე გაგრისა და ბიჭვინთის მონახულებაც უნდა მომესწრო... ისე მოხდა, რომ პირადული მიზეზით, მოულოდნელად და სასწრაფოდ, სწორედ 27 სექტემბერს მომიწია სოხუმის დატოვება და იმავე საღამოს თბილისში ვიყავი. აგერ, უკვე თვეზე მეტიც გავიდა იმ დღიდან და ისევ აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს ვათვალიერებ, ვერ ვეშვები. ყოველი კადრი იქაურობას მახსენებს და მგონია, ისევ იქ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა დამიგროვდა, უკმაყოფილების გრძნობა მაინც არ მტოვებს. კიდევ რამდენი რამ დამრჩა გადასაღები, რამდენი აღუბეჭდავი კადრი დავტოვე, უამინდობის გამო თუ შემდეგი ჯერის იმედით. ამდენ დატვირთვას ტელეფონის ელემენტი ვერ უძლებდა და ჯდებოდა, მე კი არ ვჩქარობდი, რადგან შემდეგი ათი დღე, თან სულ მზიანი ამინდები წინ მქონდა... აფხაზეთში მოგზაურობისას ჩემი მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ქუჩაში გავიდოდი, სხვადასხვა ადგილს მოვინახულებდი, ფოტოებს გადავიღებდი თუ ადამიანებს დაველაპარაკებოდი, არაფერი მეთქვა და მომემოქმედებინა ისეთი, რაც ჩემ მასპინძლებს უსიამოვნებას მოუტანდა. ბუნებრივია, იქ მე ფეხდაფეხ არავინ დამყვებოდა, არც ფოტო და ვიდეოგადაღებას მიშლიდა ვინმე, მაგრამ მაინც ვცდილობდი, რომ სიფრთხილე გამომეჩინა. ვითვალისწინებდი ჩემი ნათესავების ინტერესებს, რათა ჩემი აქტიურობის გამო მათთვის საყვედური არავის ეთქვა. ეს ფაქტორი რომ არა, ნებისმიერ დროს შემეძლო მივდგომოდი იქაური მთავრობის რეზიდენციასაც კი, თამამად მეთხოვა რომელიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრა და მეთქვა, აი, მე, ქართველი ჩამოვედი თბილისიდან თქვენთან, როგორც სტუმარი, როგორც მშვიდობის მსურველი და მეგობარი.. შემხვდებოდნენ თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ როგორ გაოცებას გამოიწვევდა ჩემი მცდელობა, ძნელი მისახვედრი არ არის. დიდი იყო ცდუნება, მაგრამ სწორედ იმ მიზეზის გამო, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, ეს ნაბიჯი არ გადავდგი. მშვიდობა ვახსენე და მასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, საკმაოდ ხშირად მიკავშირდებოდნენ აფხაზები და მეკითხებოდნენ, რა ხდებოდა ჩვენთან, ვემზადებოდით თუ არა ომისთვის, რაზეც მუდამ ვპასუხობდი, რომ ეს საკითხი არ განიხილებოდა. ისინი დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მათთან გამუდმებით საწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა და ქართული მხარის თავდასხმის სერიოზულად ეშინოდათ. თავიდან მეგონა, ეს, უბრალოდ, მათი აკვიატება იყო და ზედმეტი შიშისგან ფაქტებს აბუქებდნენ. მერე რამდენიმე ვიდეოც გადმომიგზავნეს, რომელიც აშკარა დეზინფორმაციულ შინაარს ატარებდა. მაგალითად, ერთ ვიდეოში გავრცელებული იყო 26 მაისის აღლუმისთვის მზადების კადრები, სადაც ჩანდა, სამხედრო ბაზიდან რუსთაველისკენ როგორ მიემართებოდა ,,დელტას“ საბრძოლო მანქანები და ამ კადრებს წამძღვარებული ჰქონდა ტექსტი, რომ ქართული მხარე საომრად საბრძოლო ტექნიკის და ხალხის მობილიზებას იწყებდა. შემდეგ მოდიოდა მიმდინარე წლის 20 ივნისს, ასევე, რუსთაველზე გამართული აქციის ,,შინ ევროპისკენ“ კადრები, სადაც ასი ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ამ კადრებსაც თან ერთვოდა წარწერა, რომ თბილისში მოსახლეობაც ემხრობოდა ომის დაწყებას და ეს ხალხი, სწორედ, ეგრეთწოდებული მეორე ფრონტის გახსნის იდეით შეიკრიბა. რა თქმა უნდა, ამ ორივე კადრის თაობაზე ჩემს ნათესავებს სრული ინფორმაცია მივაწოდე და მეტი დამაჯერებლობისთვის, ისეთი ფოტოებიც გავუგზავნე, რაც 20 ივნისის აქციის მთავარ მიზანს და იდეას კარგად გამოხატავდა. ამდენად, მე რომ მეგონა, ჩემი მცდელობით მათი შფოთი და შიში გავაქარწ####, სოხუმში ჩასულს, უარესი ამბები დამახვედრეს. აქვე აღვნიშნავ ერთ ფაქტსაც. როგორც ვნახე, აფხაზეთის მოსახლეობა ტელეარხების და განსაკუთრებით, საინფორმაციო გადაცემების ყურებას დიდ დროს არ უთმობს. ძირითადად, ფილმებს ან სერიალებს თუ ნახულობენ და იმასაც უმეტესად იუთუბის არხზე. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ფეისბუკზე მეტად ინსტაგრამის და ტიკ-ტოკის მომხმარებლები არიან. აღმოჩნდა, რომ არსებობენ პროვოკატორთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამონტაჟებენ ისეთ ვიდეოებს, ზემოთ რომ ვახსენე, თხზავენ დეზინფორამციას, წერენ აგრესიის და მუქარის შემცველ მიმართვებს, გაფრთხილებებს, მაგალითად: აი, ვემზადებით და ამა და ამ დღეს დედას გიტირებთ, მიწასთან გაგასწორებთ, თქვენი დღეები დათვლილია!.. შემდეგ ამ და მსგავსი შინაარსის გზავნილებს, სწორედ, ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე ავრცელებენ. უმეტესად, ყველა ასეთი ვიდეო თუ ტექსტი დაფინანსებულია და მიმართულია დაინტერესებული აუდიტორიისკენ. იმ ათი დღის განმავლობაში, რაც ახლა აფხაზეთში დავყავი, ყოველდღიურ რეჟიმში მიწევდა იმის მტკიცება, რომ ის ადამიანები, ვინც ამ საქმით არიან დაკავებულნი, არაფერს წყვეტენ. უფრო მეტიც, მათ ჩვენთან არავინ იცნობს, შესაბამისად, მათ ნააზრევსაც საზოგადოების ის მცირე ნაწილი თუ გაიზიარებს, ვინც მათი არსებობის და საქმიანობის შესახებ იციან და ვინც, ზოგადად, ომის მომხრეა. ვუმტკიცებდი, რომ კი, დიახ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის ომით მოგვარების გზას ემხრობიან, მაგრამ საბედნიეროდ ისინი უმცირესობაში არიან და ისევე, როგორც თქვენ, აფხაზებს, ჩვენ, ქართველ ხალხსაც არ გვინდა ომი; უფრო მეტიც, ბოლო ათი წელია, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა სამშვიდობო ხაზით ვითარდება, ჩვენი სახელმწიფოს მეთაურები შინ თუ გარეთ, საერთაშორისო არენაზე თუ საშინაო გამოსვლებში მაღალი ტრიბუნიდან გამუდმებით აჟღერებენ მშვიდობიან გზავნილებს, მათ მიმართვებში ყოველთვის მოიაზრებით მოძმე ერად, ვისაც მეგობრობის ხელს უწვდიან. ამ ათი წლის განმავლობაში, არსად არასდროს, არც ერთ შეხვედრაზე არავის მიმართ ჩვენგან აგრესიის შემცველი განცხადება არ გაკეთებულა. პირიქით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩემი სახელმწიფო ყიდულობდა თქვენთვის ელექტროენერგიას, რათა დენი შეუფერხებლად გქონოდათ; ამერიკული პეპლიდან დაწყებული თუ რამე მავნებელი იყო, ყველას გაქრობაში ჩვენი სამინისტროები დაგეხმარნენ; ჩვენ გამარაგებთ მედიკამენტებით და ვაქცინებით; თქვენი გაწყვეტა რომ გვდომოდა, ხელს ხომ არ გაგიმართავდით, ხომ არ დაგეხმარებოდით; თუნდაც კოვიდ-პანდემიის დროს, რატომ ვიზრუნებდით თქვენს გადარჩენაზე, თქვენს ონკოლოგიურ პაციენტებზე, თქვენს ოპერაციებსა და მკურნალობაზე რატომ დავხარჯავდით ამდენ რესურსს; იმისთვის, რომ მერე, ერთ დღესაც, მოვიდეთ და დაგხოცოთ?! იმდენჯერ მომიწია ამ ტექსტის თქმამ, რომ ალილუიასავით მქონდა დაზეპირებული და როგორც კი ვინმე ომზე ჩამომიგდებდა საუბარს, დაუყოვნებლივ ვპასუხობდი. მიუხედავად ჩემი ასეთი ტირადისა, ზოგს მაინც არ სჯეროდა, იმდენად ჰქონდათ ის მუქარები ტვინში ჩაბეჭდილი და როცა ვამბობდი, რომ დღეს ჩვენთან ომის საკითხი არ განიხილება, მოკლედ მპასუხობდნენ, ეს შენ ფიქრობ ასეო... ერთხელაც, ერთ მოსაუბრეს აღშფოთებულმა რომ მივმართე, თქვენ ხომ არ გგონიათ, ახლა ისეთი დროა და ისეთი განუკითხაობა, რომ შეიძლება ვინმე ექსტრემისტულად განწყობილი პირი ტანკზე ამხედრდეს და უკონტროლოდ გაჯლიგინდეს, სადაც უნდა-მეთქი, მის მიერ მობრუნებულმა კითხვამ მცირე შოკი მომგვარა... გულწრფელად გაიკვირვა და მკითხა, დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ მსგავსი რამ შეუძლებელი იყო და მართლა ვერავინ გაბედავდა და მოიმოქმედებს დღეს ასეთ რამეს?!. მაინც არ ვიცი, მათ დამიჯერეს თუ არა, ჩემთვის კი დიდად სავალალო ამბავია, რომ მაშინ, როცა მთელი სახელმწიფო, მისი ცალკეული უწყებები თუ საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი ვცდილობთ ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი დღე ერთმანეთთან მისასვლელი გზები აღვადგინოთ, ხიდები ვაშენოთ, ნდობა დავიბრუნოთ, ვიღაც პროვოკატორთა ჯგუფი ამ გზებს გამიზნულად ანგრევს და ჩვენს ყველა მცდელობას წყალში ჰყრის, რაც მარტივად რომ ვთქვათ, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მავნებლობა. ფაქტია, რომ ეს ადამიანები საიდანღაც მსუყედ ფინანსდებიან და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, საკუთარი ქმედებით ვის წისქვილზეც ასხამენ წყალს, ძნელი მისახვედრი არ არის, საიადანაც. ვიცი, იმ ადამიანების ჯგუფს, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთ გზად ომი მიაჩნია, ჩემი პოზიცია არ მოეწონება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს ეპოქაში არსებობს კონფლიქტების მოგვარების უკეთესი და უფრო ჰუმანური გზები და შესაძლებობები, ვიდრე ომი და სისხლისღვრაა. პირველი მოგზაურობის შემდეგ, 2001 წელს, დევნილები, მეომრები თუ ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც იგებდნენ, რომ აფხაზეთი მოვინახულე, მიკავშირდებოდნენ და შეხვედრას მთხოვდნენ. სურდათ, შთაბეჭდილებები გამეზიარებინა და მათთვის საინტერესო ამბები მომეყოლა. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, სადაც 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, მკითხეს, ომის დასრულების შემდეგ, თქვენ ალბათ პირველი ხართ, ვინც ამდენი ხანი დაჰყავით აფხაზეთში და საშუალება გქონდათ, ბევრ რამეში გარკვეულიყავით. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ტერიტორიის დასაბრუნებლად რომელი გზა არის მისაღები, ომი თუ დიპლომატიაო. მე დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებებით და პირდაპირი შეხვედრებით იყო შესაძლებელი კონფლიქტის მოგვარება და რომ სხვა მიზანი არც შეიძლებოდა გვქონოდა. მახსოვს, ჩემმა პასუხმა იმდენად განარისხა იქ მყოფთა უმეტესობა, რომ აფხაზების ჯაშუში და ქვეყნის მოღალატეც კი მიწოდეს და დარბაზი დამატოვებინეს… ვინც ჩემი რეპორტაჟები წაიკითხა, ნახავდა, რომ პოლიტიკურ თემებს აქამდე გვერდი ავუარე და რადგან ვიცი, ბევრს აინტერესებს, რეალურად რა ხდება, შევეცდები, მოკლედ ვთქვა. პოლიტიკური საკითხები, რაზედაც აფხაზებთან ვსაუბრობ ხოლმე, ეხება ზოგად ვითარებას, როგორც აქ, ჩვენთან, ისე იქ, მათთან. განვიხილავთ ჩვენი აქაური ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებს, იმათ ყოფილებს თუ ახლანდელებს, ვმსჯელობთ იმაზე, რაც მოგვწონს, რაც არ მოგვწონს, რაც გვინდა და გვჭირდება მათგან. სხვა მტკივნეულ თემას არ ვეხებით. მათ იციან ჩემი აზრი და შეხედულებები, მე ვიცი - მათი და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. მთავარი კი ისაა, რომ ერთმანეთს ვენდობით. მათ იციან, რომ ქვეყნის მავნებელი ჯგუფების მიერ გავრცელებული აგრესიის მიუხედავად, თუ რამე დასჭირდათ, ჩემი მხარე მუდამ მზად არის, დახმარება გაუწიოს, ხელი გაუწოდოს, მე კი ის ვიცი, რომ იქ ყოველთვის სიხარულით მიმელიან. ჩვენი შემდეგი თაობებიც, ჩემი აფხაზი ნათესავების შვილები სიყვარულით კისერზე მეხვევიან, პატივისცემით მხვდებიან, როგორც შინაურს, ისე მიღებენ. ჩემი მიზანი და მისიაც ეს არის, აღვადგინო, რაც აღსადგენია, შევინარჩუნო, რაც შესანარჩუნებელია - ნდობა, სიყვარული და პატივისცემა. და ეს არა მარტო ჩემი, ჩვენი ყველას ვალია, ქართველების და აფხაზების, სხვანაირად მომავალი არ გვექნება. ამისთვის კი საჭიროა, საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე დაცულად იგრძნობს თავს; გვქონდეს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად ევროპასა თუ ამერიკაში კი არ გავრბოდეთ, ჩვენვე გავხდეთ ევროპის განვითარებული ნაწილი. აქვე ერთი ლირიკული გადახვევაც უნდა გავაკეთო. როცა ქართული მხარისგან მოსალოდნელი ომის შესახებ შიშს ვუქარწ####ბდი, ერთმა აფხაზმა ხუმრობით მითხრა. ამასწინათ მე და ჩემი ქმარი თხილნარს და ფეიხოას ბაღს ვაწესრიგებდით. უცებ ჩემს ქმარს ვუთხარი, იქნებ, სულ ტყუილად ვშრომობთ, ვაიდა, მოვიდნენ ქართველები, აქედან გაგვყარონ და ეს ჩვენი ნაშრომი დაგვატოვებინონო. იმან კი მიპასუხა, მოვიდნენ, ნახავენ მოვლილ ბაღს და თხილნარს და იტყვიან, აი, ყოჩაღ, რა კარგ მშრომელ აფხაზს უცხოვრია ამ ოჯახში, როგორი დაუზარელი ყიფილაო. ჰო, ომს ყველაფერი ურჩევნიათ, ამიტომ ჩვენს ურთიერთობებზე საუბარს ყოველთვის ამ სიტყვებით ასრულებენ: ოღონდ, ნუ იქნება ომი! ირმა ბერიშვილი
-
ნაწილი 4 დრანდა, ოჩამჩირე, ილორი სოხუმში, ცენტრალურ ქუჩებსა თუ სანაპიროზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა საექსკურსიო ბიუროების სტენდები და თავიანთ პროგრამას ხან ერთი ბიუროს თანამშრომელი მაჩეჩებდა ხელში და ხან მეორე. მეც არავის ვწყვეტდი გულს, დიდი მადლობებით ვართმევდი და ფორმატზე ამობეჭდილი ნაირ-ნაირი პროგრამით ვბრუნდებოდი სახლში. მერე ვათვალიერებდი ამ ქაღალდებს და ისეთი შემოთავაზებები და მარშრუტები მხვდებოდა, უარს ვერც ერთზე ვიტყოდი. რომელი გინდოდა: რიწა თავისი ულამაზესი ტბებით, ჩანჩქერებით თუ კანიონებით; ტყვარჩელი თავისი დიდებული ბუნებით, ახალი ათონი, რომელზეც წინა ნაწილში უკვე ბევრი ვილაპარაკე, ბიჭვინთა და გაგრა, კინდღი და ტამიში, დრანდა და ილორი... ვაპირებდი კიდეც რამდენიმე მიმართულებით გამგზავრებას, მაგრამ ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა შემაფერხა. სექტემბრის ბოლოსთვის ისევ კარგი ამინდები იყო ნავარაუდევი და ნათესავები შემპირდნენ, რომ რიწა-გაგრა-ბიჭვინთასაც მომატარებდნენ, ჩემს საყვარელ კინდღშიც წამიყვანდნენ, სადაც ბავშვობის საუკეთესო დღეები მქონდა გატარებული და ტამიშშიც, მათი მშობლების საფლავზეც გავივლიდით. მანამდე კი გადავწყვიტე, ერთ-ერთი საექსკურსიო ბიუროს მომსახურებით მესარგებლა და აფხაზეთში მდებარე სალოცავები მომენახულებინა. მართლაც, 24 სექტემბრის წვიმიან დღეს, აგუძერას, დრანდისა და ილორის ტაძრების დათვალიერების მსურველ 15 რუს ტურისტთან ერთად, მიკროავტობუსით დავადექი გზას. საექსკურსიო მარშრუტის მიხედვით, პირველი გაჩერება აგუძერას ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში საკუთარი სახსრებით რუს მეწარმეს და მეცენატს, ნიკოლოზ სლუცკოის აუშენებია. მასვე უკავშირდება სოხუმის დენდროლოგიური პარკისა და გულირიფშის ტუბერკულოზის ცენტრის დაარსებაც და მშენებლობაც. როგორც ექსკურსიამძღოლმა აგვიხსნა, ეკლესია თავდაპირველად წმინდა გიორგის სახელს ატარებდა. საბჭოთა პერიოდში ამ განსხვავებული სტილის აგურის ნაგებობაში კომუნისტებს ბიბლიოთეკა მოუწყვიათ, ხოლო 1992-93 წლების შემდეგ, კვლავ ეკლესიად გადაკეთებულა, ოღონდ ამჯერად ილია წინასწარმეტყველის სახელი დაუნათლავთ. აგუძერადან დრანდისკენ გავემართეთ, დიდი დრო არ დაგვჭირვებია, რადგან აგუძერა სოხუმიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა, აგუძერადან დრანამდე მანძილიც თითქმის იგივე დროში გავიარეთ და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მივადექით. ამ ჯვარგუმბათოვანი, აგურითა და რიყის ქვით ნაგები უძველესი ტაძრის ფასადი ომამდეც ბევრჯერ რესტავრირდა, მაგრამ მისი ისტორიული იერ-სახე მეტ-ნაკლებად მაინც ნარჩუნდებოდა, ომის შემდეგ კი მისი კედლებიც თეთრად შეულესავთ, გუმბათი კი ოქროსფრად გაუფერადებიათ. ფასადზე მხოლოდ ალაგ-ალაგ არის დატოვებული ტაძრის ძველი კედლის ფრაგმენტები, ხოლო ტაძრის შიდა კედლები. პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. მიუხედავად იმისა, რომ შუადღე კარგად გადასული იყო, ტაძარში წირვა მიმდინარეობდა და იქაურობა ხალხით სავსე დაგვხვდა. როგორც ჩვენმა ექსკურსიამძღოლმა აღნიშნა, აფხაზეთში დღეს ღვთისმსახურება სულ 16 ეკლესიაში სრულდება. დრანდის ტაძრის ეზოში, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს დრანდის ციხე მდებარეობს, მარჯვნივ კი ძველი სკოლის და მისი დამხმარე ნაგებობების ნანგრევები დგას. დრანდიდან ოჩამჩირისკენ გავეშურეთ. ისე წვიმდა, რომ მიკროავტობუსის მინები ორთქლისგან მთლიანად იბურებოდა, ამიტომ მანქანიდან გადაღებული ფოტოებიდან ვერც ერთმა ვერ აღბეჭდა ის კადრები, რაც ვნახე. თუმცა, იქნებ კარგიც იყოს, რადგან ოჩამჩირის მთავარ ტრასაზე ნანახი სურათით ვერაფრით გაგახარებდით... ეს იყო გაუბედურებული, დანგრეული, ველური ხე-მცენარეებით დაბურული სახლებით სავსე ქუჩა, რომლის მეპატრონეებზეც გიდი ჰყვებოდა, რომ მათ უღალატეს იმ მიწას, სადაც ცხოვრობდნენ, მტერს იარაღით შეუერთდნენ და ამიტომაც მოუხდათ ამ სახლების დატოვება. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ვინაიდან მასთან ახლოს ვიჯექი და თან ამჩნევდა, ძალიან ყურადღებით ვიყურებოდი აქეთ-იქით, ცდილობდა, ჩემთვის მოეყოლა ეს ყოველივე... აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გალიდან სოხუმისკენ არსებობს შემოვლითი გზა და ჭუბურხინჯიდან სოხუმამდე ოჩამჩირეში შეუსვლელად ჩადიხარ, ამიტომაც ოჩამჩირის ცენტრალურ გზაზე ომის შემდეგ არც გამივლია. ოჩამჩირის ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ 2002 წელს მოვხვდი, როცა ავტობუსით სოხუმიდან ტყვარჩელში, იქაური ნათესავების სანახავად მივდიოდი და იმაზე უარეს დღეში ჩავვარდი, ვიდრე წინა წელს, ნაომარი სოხუმის ნახვამ ჩამაგდო. ეს იყო სრულიად ცარიელი, განადგურებული ქალაქი და მიკვირდა, საიდან მოდიოდა ან სად მიდიოდა ის თითო-ოროლა ადამიანი, ვისაც აქა-იქ ვხედავდი. ასეთივე ცარიელი და მრუმე იყო ის გზაც, რომელიც ილორამდე გავიარეთ. ერთ დროს ხალხმრავალი და კეთილმოწყობილი ოჩამჩირის პლიაჟიც სრულიად უკაცრიელი და გაველურებული ჩანდა, რაც თავად ექსკურსიამძღოლმაც აღნიშნა და თქვა, რომ ომის შემდეგ ქალაქის პლიაჟები ასეთი უმოქმედოა. გზად ის სასაფლაოც გავიარეთ, სადაც ჩვენი ცნობილი და ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელი, ვიტალი დარასელია არის დაკრძალული. მისი საფლავი ზედ გზისპირზეა და რომ მივუახლოვდით, კისერი წავიგრძელე და თვალი შევავლე. გასუფთავებული და მოვლილი იყო. გიდს ჩემი გაფაციცება არ გამოჰპარვია, მაგრამ რატომღაც ვიტალი დარასელიაზე არაფერი თქვა. მე კი ჩემი მეგობარი ინგა ჩახვაშვილის თხოვნა მიტრიალებდა გონებაში, თუ ვიტალის საფლავთან მოხვდები, მიდი, ჩემს მაგივრადაც მოეფერე და უთხარი, როგორ ძალიან გვიყვარსო. გადავწყვიტე, უკანა გზაზე მანქანა დარასელიას საფლავთან გამეჩერებინა და ინგას თხოვნა შემესრულებინა, მაგრამ მობრუნებულზე საფლავთან თავსხმა წვიმისგან ისეთი მდინარე ჩამოდიოდა, მუხლებამდე წყალში გატოპვა მომიწევდა და თავი შევიკავე. ოჩამჩირეში ნანახით გულდამძიმებული მივადექი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას, რომელშიც 38 წლის წინ მოვინათლე და მას შემდეგ არც ვყოფილვარ. მხოლოდ ცენტრალურ ტრასაზე გავლისას თუ შევავლებდი თვალს მისი სამრეკლოს შევერცხლილ სახურავს და ყურში მუდამ ბებიაჩემის სიტყვები ჩამესმოდა: ფეხშიშველი ჩავალ ილორის წმინდა გიორგიმდეო. ასე ამბობდა ყოველთვის, როცა ვინმესთვის რამის დამტკიცება უნდოდა ან ვინმეს ემუქრებოდა. მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და საკრალური იყო ილორის წმინდა გიორგის სახელი, რომ თუ მას დაიფიცებდა, წყალსაც არ დალევდა. წყევლიდა ვინმეს თუ ლოცავდა, აუცილებლად, მტერიც და მოყვარეც ილორის წმინდა გიორგისთვის უნდა ჩაებარებინა. ეს უძველესი ქართული ტაძარი, მართლაც ერთ-ერთ უძლიერეს სალოცავად ითვლება დღემდე. 12 წლისა მოვინათლე ამ ტაძარში და კარგად მახსოვს, ეზოს კუთხეში მდგარი დიდი ხის გარშემო რკინის მძიმე ჯაჭვი რომ იყო შემოვლებული და ზედ უშველებელი ბოქლომი ეკიდა. ხეზე რამდენიმე ლურსმანიც იყო მიჭედებეული და უკუღმა მიმაგრებული სანთლების ნამწვავებიც შერჩენოდა. ნანახის შესახებ ბებიაჩემს რომ მოვუყევი, შეიცხადა, ოჰ, რა მწარედ გადაუციათ ვიღაცა ხატზე, ვინ იცის, ვინ როგორ გაამწარეს, ასეთი ნაბიჯი რომ გადადგაო. მაშინ ბევრს ვერაფერს მივხვდი, მოგვიანებით გავიაზრე, რაც მითხრა და დიდად დამაფიქრა ამ ამბავმა. ეს ისე მკაფიოდ ჩამრჩა გონებაში, რომ ამ ჯერზე სპეციალურად დავათვალიერე ილორის ეკლესიის ეზოში მდგარი იმ დიდი ხის ტანი, მაგრამ საბედნიეროდ ზედ ვერც წყევლის და ვერც ხატზე გადაცემის ვერანაირი ნიშანი ვერ ვიპოვე. როგორც გავიგე, ამ ეკლესიის წინამძღვარი მამა სერგი (ჯონუა) არც დაუშვებს, ვინმემ მსგავსი საქციელი გაბედოს. ამბობენ, თავად ეგზორცისტია და ეშმების და დემონების განდევნა ეხერხება, ამიტომ გამოსალოცად მასთან ხშირად დადიანო. მამა სერგის ტურისტებისთვისაც მკაცრი წესები აქვს და ტაძრის შიგნით ფოტო და ვიდეოგადაღება სასტიკად იკრძალება. ამის შესახებ ექსკურსიამძღოლმა მანქანიდან გადმოსვლამდე გაგვაფრთხილა. ჩუმად მაინც ვცადე ფოტოების გადაღება და მაშინათვე თავზე ერთი ახალგაზრდა კაცი დამადგა, რომელმაც კატეგორიულად მომთხოვა, ტელეფონი შემენახა. მის დასანახად ტელეფონი მართლაც ჩავიდე ჩანთაში, მაგრამ როგორც კი გატრიალდა, ისევ მოვიმარჯვე და რამდენიმე კადრის დაფიქისრება მოვასწარი. როგორც ჩანს, ესეც შეამჩნიეს და ამის შემდეგ ის ბიჭი უკვე ოფიციალურ მეურვედ დამყვებოდა, რათა ფოტოების გადაღება აღარ მეცადა. ის იყო, წმინდა გიორგის მთავარი ხატის წინ სანთლები დავანთე, რომ ტელეფონზე დამირეკეს და ტაძრის შიგნით, რუსების გარემოცვაში, ჩემი ზარის მელოდია, ჰიტადქცეული უკრაინული სიმღერა ,,ჩერვონა კალინა,“ ხმამაღლა გაისმა. უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა მე მომაჩერდა. ერთადერთი ის გავიფიქრე, ახლა საკურთხევლიდან მამა სერგი არ გამომივარდეს და აქედან არ მიმაბრძანოს-მეთქი (ვიცოდი, რომ იქ იყო), სხვები აინუშშიც არ ჩამიგდია, მშვიდად ვუპასუხე ტელეფონს და მალევე გავთიშე... ვიდრე ექსკურსიის დრო ამოიწურებოდა, ლოცვების წაკითხვა უნდა მომესწრო. ვინაიდან თბილისიდან ლოცვების წიგნის წაღება დამავიწყდა, ინტერნეტში მოვიძიე, რომელიც მინდოდა, მოვიმარჯვე ტელეფონი და წმინდა გიორგის ხატთან ტროპარების კითხვა დავიწყე. რაღაც მომენტში მივხვდი, ჩემს გვერდით მდგომი მეურვე ბიჭი ჩემი ტელეფონისკენ თვალს აპარებდა და ისე დავიკავე, კარგად რომ დაენახა, რა ენაზე დაწერილს ვკითხულობდი. მერე მეც გავხედე და მისი გაოცებული მზერის დანახვაზე, სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე... ჩვენი ილორში ყოფნის დროს წვიმამ უფრო იმატა და ისე კოკისპირულად ასხამდა, ფოტოების გადაღება ეზოშიც ძალიან გამიჭირდა, ამიტომ სასურველი რაკურსით ვერაფერი მოვიხელთე. ილორის წმინდა გიორგის საერთო ხედი კი ავსახე კადრში, რომლის ფასადიც ისევე, როგორც ახალი ათონის მამათა მონასტერი და დრანდის ტაძარი, მთლიანად თეთრად არის გადაღებილი. ომის შემდეგ გარეგნულად მასაც არაერთი ,,რესტავრაცია“ ჩაუტარეს. უფრო მეტიც, უგუმბათო ეკლესიას მინიატურული გუმბათიც კი დააშენეს და მისი უძველესი იერ-სახის კვალი სრულად წაშალეს. სარკმლების გარშემო ახლა ტაძარს ოქროსფერი არშიები აქვს შემოვლებული. ადრე ეს არშიები წითლად შეუღებავთ, მაგრამ იმდენად უსახური გამოვიდა, ეტყობა, თავადაც არ მოეწონათ და შემდეგი ,,რესტავრაციისას“ ოქროსფრად გადაღებეს. ტაძრის ფასადს ამახინჯებს, ასევე, კონდიციონერები, რომელიც ორივე მხარეს არის მიმაგრებული, კედლები კი ელექტროსადენებითაა გადაქსელილი. ტაძრის იატაკიც თანამედროვე ფილებით არის მოპირკეთებული, ჭერიც შელესილია. ილორში დასრულდა ჩვენი საექსკურსიო მარშრუტი, თუმცა კი პროგრამაშიც ეწერა და ექსკურსიამძღოლმაც შემოგვთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში, დამატებითი თანხის საზღაურად, შეგვეძლო მოქვის მეათე საუკუნის ტაძარი მოგვენახულებინა. მეტი ინტერესისთვის ისიც დაამატა, რომ ის ერთ-ერთი სალოცავია აფხაზეთში, რომელიც უცვლელი სახით დგას და ჯერ ,,რესტავრაცია“ არ ჩაჰტარებია. მიუხედავად თავსხმა წვიმისა, დიდი სურვილი მქონდა მოქვის ტაძარიც მენახა, მაგრამ ჩემს გარდა სხვა მსურველი არ აღმოჩნდა. ის კი არადა, რუსები ამ მოგზაურობით აშკარად უკმაყოფილოები დარჩნენ და ერთმანეთს ებუზღუნებოდნენ, რა ტყუილად გადავიხადეთ 1000 რუბლი (45 ლარი), მნიშვნელოვანი და საინტერესო ვერც ვერაფერი ვნახეთ და ვერც ვერაფერი გავიგეთო... ასე, რომ მოქვის უძველესი ტაძარი გვერდზე დაგვრჩა და სოხუმიდან, თბილისის დროით (იქ მოსკოვის დრო მოქმედებს და მე ჩვენი დროით დავდიოდი) დღის 3 საათზე გასულები საღამოს 7 საათისთვის ისევ სოხუმში ვიყავით. ირმა ბერიშვილი
-
როდის მოგვარდება მცხეთის ბაგა-ბაღების გათბობის საკითხი
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
,,საბავშვო ბაღში ბევრჯერ მიმიტანია ელექტრო ბატარეა, რათა ბავშვები არ გაყინულიყვნენ" არახალია, რომ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება სწორედ სასწავლო წლის დაწყების წინ ახსენდებათ ხოლმე და რემონტის გამო, სწავლის პროცესს ან დაგვიანებით, ან - ონლაინ-რეჟიმში იწყებენ. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ბაგა-ბაღების შენობებში მწყობრიდან გამოსული გათბობის სისტემების მოწესრიგებაა, არათუ სასწავლო წლის, არამედ მხოლოდ ზამთრის დასაწყისში გაახსენდათ. ამ პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში არსებული ერთ-ერთი ჯგუფიდან (,,განავითარე მცხეთა“) შევიტყვეთ, სადაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლები კითხულობენ, ჩაირთო თუ არა აქალაქის ბაღებში გათბობა და ვის რა ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. როგორც გაირკვა, მუნიციპალიტეტში არსებული 6 ბაგა-ბაღიდან, თითქმის ყველა შენობაში გათბობის სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული, რომლის შესახებაც ხელმძღვანელობამ, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე იცოდა, თუმცა სიცივეების დადგომამდე, ამ პრობლემის მოგვარებაზე არავის უზრუნია. შედეგმაც არ დააყოვნა და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ჯანმრთელობაზე სათანადოდ აისახა, რაზედაც სწორედ ამ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანები წერენ. მშობლების პრეტენზიებს მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ბუჯიაშვილი სოციალურ ქსელშივე პასუხობს. ის აცხადებს, რომ ,,მთელი მუნიციპალიტეტი და მერი მუშაობს პრობლემის მოგვარებაზე და ამ კვირაში ბაღების უმეტესობაში პრობლემა მოგვარდება, უახლოეს დღეებში კი ყველა ბაღში, სადაც გათბობის სისტემები პრობლემურია, ჩანაცვლდება ახალი სისტემებით.“ კომენტარებიდან ჩანს, რომ ბუჯიაშვილის სიტყვების ბევრს არ სჯერა და მის დაპირებას ყველა ეჭვის თვალით უყურებს. ,,სამწუხაროა, მაგრამ ეხლა არ უნდა გვარდებოდეს ეს პრობლემა, ეს საკითხი, როგორც გაერთიანებამ ბრძანა, დაწყებულია გაზაფხულიდან. აგერ ზამთარი მოვიდა და ისევ არ მოგვარებულა, ბაღში ვერ დაგვყავს ბავშვები. ფაქტიურად ,,ვერ " ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, ძალიან ცოტა რაოდენობის ბავშვი დადის. რატომღაც ეჭვი გვეპარება, რომ უახლოეს დღეებში მოგვარდეს. ,,ვენდობით" თქვენს სიტყვას.“- წერს ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი. უფრო კატეგორიულია მეორე, რომელიც საკრებულოს წარმომადგენელს კითხვით მიმართავს: ,,ერთი ლეგიტიმური კითხვა მაქვს თქვენთან: ახლა რატო მუშაობენ? მე რაც ვიცი, 7 წელია პირველ ბაღში გათბობის პრობლემაა, ყოველ წელს. სანამ ზამთარი არ მოვიდა და ბავშვები არ დაცივდნენ, მანამდე რთული იყო ამ საკითხზე მუშაობა?! 9 წლისაა ჩემი შვილი, 2 წლის იყო როცა შევიყვანე მცხეთის 1 საბავშვო ბაღში, ბევრჯერ მიმიტანია ელექტრო ბატარეა, რათა ბავშვები არ გაყინულიყვნენ. გათბობა რომ ირთვებოდა, რომელიმე ჯგუფს ყოველთვის ეთიშებოდა გათბობა. ანუ გათბობის პრობლემა სულ იდგა ხოლმე, დღის წესრიგში. ახლა მეორე ბავშვი მივიყვანე და იგივე პრობლემაა. მადლობა რომ მიხსნით პროექტის არსს და ეტაპებს, მაგრამ ნორმალური მერიის, მუნიციპალიტეტის და მმართველი ორგანოების პირობებში მე მაგას ვერც და არც უნდა ვიგებდე. ტენდერი ისეთ დროს და ისეთი ვადით უნდა გამოცხადდეს და ჩატარდეს, რომ დროში ეტეოდეს ყველა ეტაპი. რადგანაც გაზაფხულიდან შემოდგომამდე ეს პრობლემა ვერ მოგვარდა ესე იგი მერია ვერ უძღვება პროექტებს.“ კომენტარში ნახსენები ტენდერის თემა თავად მიხეილ ბუჯიაშვილმა წამოჭრა, რომელიც წერს, რომ მალე ძველი გათბობის სისტემები ყველა შენობაში ახლით შეიცვლება, ამისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. მანამდე კი, ვიდრე ეს კომპანია ახალ სისტემებს დაამონტაჟებს, ძველის შეკეთება მიმდინარეობს. კომენტარებშივე ირკვევა, რომ მცხეთაში ამ საკითხთან დაკავშირებული არავითარი ტენდერი და გამარჯვებული კომპანია არ არსებობს. ამ ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტის ფოტოასლს პარტია ,,საქართველოსთვის“ წარმომადგენელი და მცხეთის საკრებულოს წევრი სოფო ბერძენიშვილი აქვეყნებს. Planeta.ge სოფო ბერძენიშვილს დაუკავშირდა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში არსებულ აღნიშნულ პრობელმასთან დაკაშირებით მეტი ინფორმაციის მოწოდება სთხოვა. - ქალბატონო სოფო, გათბობასთან დაკავშირებული რა ძირითადი პრობლემა აქვთ მცხეთის ბაგა-ბაღებს, სისტემა არ არის დამონტაჟებული თუ მწყობრიდანაა გამოსული? - გათბობის სიტემა ყველა ბაგა-ბაღში არსებობს, საქმე ისაა, რომ ყოველწლიურად, ხელახალი ამუშავების წინ მუდმივად ჩნდება პრობლემა. ან ქვაბია დანესტილი, ან მილია დაზიანებული, ან ჰაერია გამოსატუმბი და შენობების გათბობა ყოველ ჯერზე რაღაც მიზეზით ფერხდება. ახლა იმ არგუმენტით ცდილობენ თავის მართლებას, თითქოს ახალი რეგულაციის მიხედვით ქვაბები შენობის გარეთ უნდა იყოს გატანილი, რასაც ახლა იწყებენ. თუმცა, ეს რეგულაცია წელს არ მიუღიათ და რამდენიმე წელიწადია, მოქმედებს. როგორც ჩანს, ის გონივრული ვადა, რაც ამ რეკომენდაციის შესასრულებლად ჰქონდათ მიცემული ამოიწურა და ამაზე ახლა ამიტომაც ალაპარაკდნენ. წინა წლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხომ შეეძლოთ ამ საქმისთვის გასული ზაფხული მაინც გამოეყენებინათ და ზამთრის დადგომას არ დალოდებოდნენ? - როგორც ირკვევა, პრობლემა, რომელზეც ვლაპარაკობთ, არ არის მხოლოდ ერთი და ორი წლის წინანდელი და ყოველ წელს მეორდება. რატომ ვერ ხერხდება მიზეზის დროული დადგენა და ხარვეზის აღმოფხვრა? - როგორც ჩანს, გათიშვის შემდეგ რაღაც მიზეზით გათბობის ქვაბები მწყობრიდან გამოდის და მთელი ზაფხულის განმავლობაში, შემდეგ საჭიროებამდ არავინ ყურადღებას არ აქცევს, არავინ ამოწმებს. მერე, ვიდრე მწყობრიდან გამოსვლის მიზეზს დაადგენენ, ვიდრე შეაკეთებენ, კიდევ გადის დრო და როგორც აღსაზრდელებს, ისე ბაგა-ბაღის თანამშრომლებსაც ექმნებათ სრული დისკომფორტი. ამასთან, მარტო გათბობის პრობლემა არ დგას. როცა ქვაბია გაფუჭებული, ბაგა-ბაღებს ცხელი წყალიც არ მიეწოდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელის დაბანა თუ ჭურჭლის გარეცხვა ცივი წყლით უხდებათ. - ტენდერის თემას რაც შეეხება, ითქვა, რომ გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა და მალე შეუდგება საქმეს. რასთან არის დაკავშირებული ეს ტენდერი? - ტენდერი ეხება იმ საკითხს, რაზეც ვისაუბრეთ, რეგულაციების მიხედვით გათბობის ქვაბები შენობის გარეთ რომ უნდა გაიტანონ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მერიამ გადაწყვიტა, რომ ძველი ქვაბები კი არ გაეტანა, არამედ ახლები შეეძინა და ისინი დაემონტჟებინა გარეთ და თითქოს ამ მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შეიძლება ახალი ქვაბების დამონტაჟების გადაწყვეტილება კი მიიღო მერიამ, მაგრამ ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია, გამარჯვებულ კომპანიაზე რომ არაფერი ვთქვათ. სოფო ბერძენიშვილთან საუბრის შემდეგ ჩვენ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, მიხეილ ბუჯიაშვილსაც შევეხმიანეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით. - ბატონო მიხეილ, რამ გამოიწვია ის პრობლემა, რაზეც მცხეთის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლები აცხადებენ და რაც რეალურად არსებობს თქვენს მუნიციპალიტეტში? - ახალი სტანდარტების შესაბამისად, გათბობის ქვაბები არ უნდა იყოს შენობის შიგნით, შესაბამისად მოხდა ამ ქვაბების შენობების გარეთ, სპეციალურად მოწყობილ საქვაბეებში გადატანა. როცა ეს ქვაბები ჩაირთო, ზოგიერთ ბაღში სითბოს ხარისხი საკმარის დონეზე ვერ აწია, რადგან თბილ წყალს მილებში უფრო მეტი მანძილის გავლა უწევს, ვიდრე მანამდე, ეს არის და ეს. საერთო პრობლემა აქედან მომდინარეობს და მიდის ამ საკითხის გამოსწორებაზე მუშაობა. - უფრო ადრე, არდადეგების პერიოდში ან სიცივეების დადგომამდე რატომ არ შემოწმდა და არ გასწორდა ხარვეზი? - ეს პროექტი ფაქტიურად ახლახანს დამთავრდა და პრობლემებიც ეხლა გამოვლინდა, მაგრამ რაც მთავარია უსწრაფეს ვადებში გვარდება და მთელი მუნიციპალიტეტი ფეხზეა. - როგორც მშობლების კომენტარებიდან ჩანს, საქვაბეების გარეთ გატანამდეც, ყოველწლიურად იგივე პრობლემასთან უწევდათ გამკლავება. წინა წლებში რა იყო ამის მიზე3ზი? - წინა წლებში ამ პრობლემას მაშტაბური სახე არ ჰქონია. იყო ხოლმე შემთხვევები, როცა ან გათბობის ქვაბი, ან უშუალოდ, გათბობის რადიატორი გამოსულა მწყობრიდან, მაგრამ რეაგირება ყოველთვის უსწრაფესად ხდებოდა. - მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზეც უნდა გკითხოთ, რას უკავშირდება ან როდისთვის არის დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება? - ამასთან დაკავშირებით მერიის პრესცენტრს უნდა მიმართოთ, მე საკრებულოს წევრი ვარ და უშუალოდ აღსრულების საკითხებში არ ვარ ჩართული, მაგრამ პრობლემის მოგვარებაზე უკვე მიდის მუშაობა და უახლოეს დღეებში სრულად მოგვარდება, ეს ზუსტად ვიცი. ირმა ბერიშვილი -
ნაწილი 3 ახალი ათონი თავისი პირველყოფილი ბუნებით და არე-მარეებით აფხაზეთი ხომ მთლიანად მიწიერი სამოთხეა, მაგრამ ამბობენ, რომ სილამაზით გაგრას ამ სამოთხეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ვინაიდან, ისე მოხდა, რომ ვერც ერთ ჩასვლაზე, გაგრის და ბიჭვინთის მონახულება ვერ მოვახერხე, დღემდე ასეთ განსაკუთრებულ ადგილად ჩემთვის ახალი ათონი რჩება. ამ ულამაზეს პატარა მიწის ნაგლეჯზე ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, ზღვა, მთა, ტბა, მდინარე, პარკი, ხელოვნური ჩანჩქერი, მსოფლიოში ცნობილი მღვიმე, სიმონ კანანელის სახელობის დიდი ლავრა, რომლის ბრჭყვიალა გუმბათი სოხუმიდნაც ჩანს; კედრების, ფიჭვებისა და კიპარისების ხეივნები და პირამიდის ფორმის მთა, რომელსაც ანაკოფიის ციხის ნანგრევები შემორჩენია. ახალ ათონში ხეტიალი იმდენად მიყვარს, რომ ამჯერად ორჯერაც მოვასწარი წასვლა. სოხუმიდან ახალ ათონამდე მანქანით სულ რაღაც ნახევარი საათის გზაა. ჯერ ახალ რაიონს გაივლი, მერე გუმისთის ხიდზე გადახვალ და აღმართიდან მარცხნივ რომ გადმოიხედავ, საოცარი პეიზაჟი გადაიშლება, მთელი სოხუმი ხელისგულივით ჩანს შენს წინ. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს სილამაზე ფოტოკადრში ვერ ავსახე... მინდოდა, მაინც და მაინც ლურჯი ზღვის ფონზე გადამეღო სურათი და რადგან მაშინ წინა დღეების ნაწვიმარი იყო, ზღვა სულ შავად ლაპლაპებდა, ამიტომ შემდეგისთვის გადავდე. გადაწყვეტილი მქონდა, გამოდარების მერე გუმისთაზე ისევ ავსულიყავი და ულამაზესი კადრები აღმებეჭდა, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო, ჩანაფიქრი ვერ შევასრულე. გუმისთას როგორც კი გასცდებით, იწყება სოფელი ეშერა, რომელიც მთის ფერდობებზეა შეფენილი. მერე მოდის ,,სიდედრის ენად“ წოდებული ცნობილი სერპანტინი და ყოველი მოსახვევიდან ზღვას გადაჰყურებ. მალევე გამოჩნდება ახალი ათონის გედების ტბის შუაგულში მდებარე კაფე, შემდეგ გაჩერება, რომელზეც მოზაიკის ნიჟარა დგას და ,,რაკუშკას“ ეძახიან. სწორედ ამ ,,რაკუშკასთან“ უნდა ჩამოხვიდე და პირდაპირ აუყვე გზას, რომელიც ჯერ მდინარე ფსირცხას ჩანჩქერამდე მიგიყვანს, ჩანჩქერს ზემოთაც თუ აუყვები, ასევე ფსირცხას რკინიგზის სადგურამდე მიხვალ. სადგურის ჩონჩხადქცეული ნაგებობა დღეს მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებს, თუმცა მისი მიმდებარე ტერიტორია ისეთი ლამაზია, გგონია კინოში მოხვდი. უკან მობრუნებული ისევ მთავარ გზას უნდა გაჰყვე და ამჯერად ახალი ათონის სავიზიტო ბარათად ქცეული მღვიმის შესასვლელს მიადგები. სამწუხაროდ, ვერც მღვიმის ფოტოებს შემოგთავაზებთ, რადგან მისი დათვალიერებაც შემდეგისთვის გადავდე, სამაგიეროდ მოვინახულე სიმონ კანანელის სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც მღვიმის მოპირდაპირე მხარეს, პატარა მთაზე მდებარეობს. მონასტრამდე მისასვლელად ,,რაკუშკადან“ მარჯვნივ უნდა გაუხვიო და სულ მაღლა და მაღლა უნდა მიჰყვე, ცამდე აწვდილი კედრებისა და კიპარისების ხეივანს. გზა დანგრეულია და უსწორმასწორო, მიუხედავად ამისა, ტურისტებით სავსე მანქანები და მიკროავტობუსები უწყვეტ ნაკადად მიდი-მოდის. გზადაგზა დანგრეულ შენობებსაც მოჰკრავ თვალს, მაგრამ რაც უფრო მაღლა ადიხარ, შენს წინ ისეთი სილამაზე იშლება, რომ სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. სულ ბოლოს, უკვე ლავრის ალაყაფამდე მისული გადმოიხედავ და ისეთი თვალისმომჭრელი პანორამა გხვდება, რომ მღელვარებისგან სული გიგუბდება და სუნთქვა გიჭირს. წინა პლანზე გადაშლილია მრავალნაირად მწვანე ხეები, შემდეგ ლურჯი ზღვა და ბოლოს ცა, და ეს ფერები და სილამაზე ისე გადადის ერთმანეთში, თითქოს მხატვრის მიერ შესრულებულ დიდ პანოს შესცქერი. საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, ისე ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს და ვერც ერთი ფოტო ვერ გადმოსცემს ამ საოცარ სანახაობას. იქ, იმ მაღლობზე მდგარი, ვტკბებოდი უკიდეგანო სილამაზით და თან ვფიქრობდი, რა კარგია, რომ არაფერი ააშენეს, რომ ბეტონის ცათამბჯენები არ ჩადგეს და არ დააუშნოვეს აქაურობა. რაც უკვე არსეობს ახალ ათონში, იმაზე მეტი, არც არაფერი უნდა აშენდეს, ალბათ, არასდროს და ეს პირველყოფილი სილამაზე ასე დარჩეს, ხელუხლებელი. ბუნებრივია, პეიზაჟით მოგვრილი მღელვარება რომ დავიოკე, მონასტერიც მოვინახულე, სადაც ხალხმრავლობა დამხვდა. შიდა ეზოში თუ მონასტრის შიგნით უმარავი ტურისტი ირეოდა. მთავარი ტაძრის ფასადს ომის შემდეგ სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, კედლებიც თეთრად შეიღება, ხოლო ვერცხლისფერი გუმბათები - ოქროსფრად, მონასტრის შიგნით კი ძველი იერ-სახე შენარჩუნებულია. ამიტომ მის გრანდიოზულობასაც სწორედ შიგნით გრძნობ, როცა ტაძრის ცამდე აზიდულ გუმბათს შესცქერი, საიდანაც ანგელოზები, წმინდანები და დედა ღვთისა გადმოგყურებს. აქვე უნდა ვთქვა, ამ ჯერზე, როცა ახალ ათონში პირველად წავედი, წვიმამ მომისწრო და იმ დღეს სხვა ვერაფერი გავაკეთე, იმის გარდა, რომ იქაურ ერთ-ერთ სასტუმროში მომუშავე ჩემს დიდი ხნის უნახავ, გალელ მეგობარს შევხვდი. მეორედ წასვლის წინ კი ჩემი ყოფილი ლექტორი, ამჟამად კანადაში მცხოვრები ისტორიკოსი, ზურაბ დათუაშვილი შემეხმიანა და მთხოვა, თუ მამათა მონასტერში ასვლას ვაპირებდი, მის წინამძღვარს, დოროთე დბარს შევხვედროდი. როგორც აღმოჩნდა, მას დბართან გარკვეული სახის ურთიერთობა აქვს და ეს უკანასკნელი ბატონ ზურას აფხაზეთში ქრისტიანობის ისტორიასთან დაკავშირებით გამოცემულ წიგნს შეჰპირებია, რა თქმა უნდა, თუ ვინმე, მისი იქიდან წამომღები გამოჩნდებოდა. საქმე ის იყო, რომ იმ დღეებში თავად დოროთე დბარი ვლადიკავკაზში ყოფილა კონფერენციაზე, ამიტომ ბატონი ზურას პირით შემომითვალა, მონასტერში მამა დავითი იკითხოს და აღნიშნულ წიგნს ის მისცემსო. მეც, ტაძარი რომ მოვილოცე და თითქმის, ყველა წმინდანს მთელ მსოფლიოში მშვიდობა და ხალხთა შორის სიყვარული შევთხოვე, შიგნით მომსახურე ქალებს ვკითხე, სად შეიძლებოდა მამა დავითის (სარსანიას) ნახვა. მათ დაცვის წევრებისკენ მიმასწავლეს, აქ არის მამა დავითი, დაცვასთან მიდი და ისინი მიგიყვანენ მასთანო. მივედი დაცვასთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მონასტრიდან, უკვე, წასულიყო. სამწუხაროდ, გვიან მოვისაზრე, რომ ტელეფონის ნომერი გამომერთმია მათთვის და აფხაზ ღვთისმსახურს დავკავშირებოდი. ასე დამრჩა ბატონი ზურასთვის მიცემული პირობა აუსრულებელი, თუმცა მომავალში აუცილებლად გამოვასწორებ. მონასტრიდან გამოსული კიდევ ერთხელ დავტკბი ულამაზესი ხედებით და შემდეგ გედების ტბას და ახალი ათონის პარკს მივაშურე. გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ იქაურობაც ტურისტებით იყო სავსე. სოხუმის არ იყოს, ყოველი კუთხე-კუნჭული იქაც დასუფთავებული და მოწესრიგებული იყო. თეთრი და შავი გედები ნარნარად დაცურავდნენ წყლის ზედაპირზე. პარკის დამთვალიერებლებისთვის სპეციალურ ვოლიერში ორი სირაქლემაც პოზირებდა. იქვე, მახლობლად მოწყენილად იდგა პონი, რომლის პატრონიც ტურისტებს მასთან პოზირებას და ფოტოების გადაღებას სთავაზობდა. პარკის შემდეგ პლიაჟსაც მივაკითხე, სადაც ჩემსავით, მხოლოდ კანტი-კუნტად მოსეირნე ან ფაფარაშლილ ზღვასთან სელფის გადაღების მსურველები მიმოდიოდნენ. ნაწვიმარი ზღვა აქაფებულ ტალღებად ასკდებოდა ნაპირს. იქაურობა დასატოვებლად არ მემეტებოდა, მაგრამ სოხუმიდან დამირეკეს, გელოდებით, დროზე წამოდიო და მეც ავტობუსების გაჩერებისკენ გავეშურე. ასე დასრულდა ჩემი ბოლო მოგზაურობა სამოთხის ამ პაწია ნაგლეჯზე. ირმა ბერიშვილი
-
ნაწილი 2 პირველ ნაწილში აღვნიშნე, რომ აფხაზების შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი წარმოადგენს, რომელიც არც თუ ცუდად არის განვითარებული. როგორც ტურისტულ, ისე ვაჭრობის და სამეურნეო სფეროში აქტიურად არიან ჩართული სომეხი და თურქი ეროვნების ბიზნესმენები. სოხუმში არსებობს საკვები პროდუქტების, სამშენებლო მასალების თუ საოჯახო ტექნიკის თურქული მაღაზიები. ასევე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში თურქებს ეკუთვნით დიდი სასათბურე მეურნეობა, სადაც კიტრი და პომიდორი მოჰყავთ. მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება და რუსეთის ტერიტორიაზე საექსპორტოდაც გააქვთ. სომხები ფლობენ, როგორც სავაჭრო და სასტუმრო ბიზნესს, ისე კვების ობიექტებს. ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთში გამოჩნდნენ ტაჯიკეთის მოქალაქეები, რომლებიც, როგორც ყველგან ისე აფხაზეთშიც იაფ მუშახელად მიიჩნევა და ძირითადად, შავ სამუშაოს ასრულებენ. სოხუმის ქუჩებში შეხვდებით შორეული უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ბედის მაძიებლებსაც, რომლებიც ძირითადად ქუჩაში მოწყალების თხოვნით ირჩენენ თავს, თუმცა უსაქმურად არც ისინი არიან და პუბლიკას მუსიკით ართობენ. ერთ-ერთი ასეთი ეგზოტიკური პიროვნება სოხუმის ბაზრის მისადგომებთან, ,,სოხუმპრიბორის“ შენობის მიმდებარედ, გაჩერებაზე შემხვდა. იქვე ედგა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა და გამვლელ-გამომვლელს ხან რუსულ ,,კალინკას“ ასმენიებდა, ხან ,,ბონი ემის“ მელოდიებს აყოლებდა თავადც ხმას. საღამოხანს იგივე ჰანგებით უკვე ზღვის სანაპიროზე შეკრებილი ხალხის ყურადღებას იბყრობდა. ერთხელაც, დავაპირე, მისი სადაურობა გამომეკითხა და გამეგო, რომელმა ქარმა გადმოაგდო ამ მხარეში, მაგრამ რომ მივედი, იქვე მდებარე საშაურმეში აფხაზებს ისე გამოეთროთ, ფეხზე ძლივს იდგა და დრანდის და კელასურისკენ მიმავალი მიკროავტობუსების მძღოლები ცივი წყლით ასულიერებდნენ. მეორედ რომ მივაკითხე, ისევ იმ საშაურმეში იჯდა და თანამეინაახეებთან ერთად აფხაზურ ჭაჭას მიირთმევდა, თან დამტვრეული რუსულით სადღეგრძელოსაც ამბობდა. რა თქმა უნდა, კითხვებით აღარ შემიწუხებია. მეორე უცხოელი, სავარაუდოდ რომელიღაც კონტინენტის აბორიგენთა შთამომავალი, სოხუმის ცენტრალურ ნაწილში, კოლონადის მოპირდაპირედ, ყოფილი ლენინისა და ამჟამად ლეონის ქუჩის კუთხეში აღმოვაჩინე. ის თავად უკრავდა ტუჩის ჰარმონიკაზე და მიდამოს სასიამოვნო მუსიკით ატკბობდა. სხვათაშორის, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის ქალაქებში მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს იშვიათად ნახავთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ფაქტი მათი დალხენილი ცხოვრების გამოა, უფრო, ალბათ სხვა გარემოებებით შეიძლება აიხსნას. თუ ვინმე ასეთი მაინც გამოჩნდა, რუსი ან სხვა ეროვნების უცხოელი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ზემოთნახსენები პირები. ბიზნესსა და სხვა საქმიანობაზე ვილაპარაკე და იმ ადამიანებზეც უნდა ვთქვა, ვინც აფხაზეთის საჯარო სამსახურებსა და საბიუჯეტო ანაზღაურებაზეა. უპირველესად პენსიონრებზე უნდა მოგახსენოთ. მათი ყოველთვიური დახმარება 500 რუბლს არ აღემატება, რაც 25 ლარის ექვივალენტიც არ არის. ბუნებრივია, ოჯახში სხვა შემოსავლის გარეშე ამ თანხით ვერ იარსებებენ. რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილიც იმიტომ აქვთ, რომ პენსიის სახით მეტი დანამატები ჰქონდეთ. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ხელფასებიც საკმაოდ მცირეა, ამიტომ იქაური მაღალჩინოსნებიც კი, ყველა ამა თუ იმ, მცირე თუ დიდი ბიზნესის მფლობელია. ორიოდე სიტყვა აფხაზურ ტრადიციულ თავშეყრებზე, ქორწილებსა თუ სხვა სარიტუალო ღონისძიებებზეც უნდა მოგახსენოთ. ჩვენთვის რომ 200-300 კაციანი ქორწილები ხალხმრავალ თავყრილობად ითვლება, ამდენი ადამიანი მათთან გარდაცვლილის ორმოცზე ან წლისთავზე იკრიბება. აფხაზები მეტად გრანდიოზულ, 1000-1500 კაციან ქორწილებსა და ქელეხებს იხდიან. მაგალითად, როგორც შევიტყვე, ყველაზე ხალხმრავალ ქორწილს, რომელიც აფხაზეთში გადაიხადეს, 2000 სტუმარი ესწრებოდა; ყველაზე მინიმალურად, 700-800 კაციანი სუფრა ითვლება. რაც შეეხება, ეგრეთწოდებულ გადასახურ თანხას, რომელიც ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთთან მიაქვთ, 5000 რუბლიდან (225 ლარი) იწყება. ეს თანხა შეიძლება რიგით მეზობელს ან შორეულ ნათესავს მიუტანონ, უფრო ახლობლებთან კი 10000 რუბლს (450 ლარი) და უფრო მეტს წერენ. ახლა ცოტა რამ სწავლა-განათლებაზეც უნდა ვთქვა. როგორც ვიცით, აფხაზეთში მოქმედ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სასწავლო თუ ლაპარაკო ენა რუსულია. აფხაზური ენა, როგორც მშობლიური ენა, ცალკე საგნად ისწავლება. ოჯახებშიც, მეტწილად, რუსულად ლაპარაკობენ და აფხაზურს შიგადაშიგ გამოურევენ. ქუჩაშიც, ვინაიდან უმეტესობა რუსი მოქალაქე გხვდება, უფრო მეტად რუსული ენა ისმის, თუმცა სხვადასხვა დაწესებულებაში, ბაზარსა თუ ტრანსპორტში, აფხაზურ საუბრებსაც ხშირად გაიგონებთ. მოქმედებს ერთი უმაღლესი სასწავლებელი, ესაა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერისტეტი, თუმცა აფხაზი ახალგაზრდები, ვისაც სრულფასოვანი განათლების მიღება და ამა თუ იმ პროფესიის დაუფლება უნდა, უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში მიდიან და იქ აბარებენ გამოცდებს. ზოგი, რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი ლიმიტით, სხვადასხვა ქალაქებში უგამოცდოდაც ირიცხება. თუმცა, ვისაც თავისი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით სურს არჩევანის გაკეთება, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სასწავლებლებს ირჩევს. წინა ნაწილში აღდგენილი ქუჩების ნაწილზე ვისაუბრე და ამჯერად, უმოქმედო თუ აღდგენილ შენობებზეც უნდა მოგახსენოთ. 2001 წლიდან ბოლო ვიზიტამდე, სოხუმის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც ლაკობას ქუჩის ბოლოში, ზღვის სანაპიროდან ასიოდე მეტრში მდებარეობს, ომისდროინდელ მდგომარეობაში მხვდებოდა. მართალია, დანგრეული არ იყო, მაგრამ არც სიცოცხლის პირი უჩანდა. ამ ჩასვლაზე კი სრულიად აღდგენილი, გარემონტებული და ამოქმედებული დამხვდა. უფრო მეტიც, შენობისთვის ფასადის ნაწილიც მიუმატებიათ და გვერდითა მხრიდან, ყოფილი თარხნიშვილის ქუჩიდან დღეს აღნიშნულ შენობაში, ბიბლიოთეკასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოც მოქმედებს. ცენტრალური ბიბლიოთეკის გვერდით დგას სასტუმრო ,,სოხუმიც“, რომელიც ომის დროს დაიწვა და წლების განმავლობაში მისი ჩონჩხი გულსაკლავად გამოიყურებოდა. 10-12 წლის წინ ეს სასტუმროც გარემონტდა და ჩამოსულებს დღეს ,,ინტერ-სოხუმის“ სახელით მასპინძლობს. იგივეს ვერ ვიტყვით, სოხუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო ,,აფხაზეთზე,“ რომელიც ცენტრში მდებარეობს. ის, ჯერ კიდევ ომამდე, ხანძრის გაჩენის შედეგად დაიწვა და მას შემდეგ უმოქმედოდ დგას. ამ რამდენიმე ხნის წინ, ვიღაცას მისი პირველი სართულის ტერიტორია შეუსყიდია და იქ ღია კაფე მოუწყვია. 2000-ანი წლების დასაწყისში რუსულმა ფირმამ შეისყიდა ,,აფხაზეთის“ გვერდით მდგარი სასტუმრო ,,რიწა,“ რომლის ფასადიც კი შელამაზდა და გარედან კეთილმოეწყო, თუმცა სასტუმროს სრული რეაბილიტაცია და ამოქმედება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი, ჩამონგრევის პირასაა სოხუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი ,,ამრა." სოხუმის მთავარი გემბანის ტერიტორიაზე მდებარე ღია კაფე ,,აფრა" კი მინის კედლებით შემოუსაზღვრავთ. იქ დღესაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ყავა ან ნაყინი. სოხუმის კოლონადასთან დღემდე მოქმედებს ასევე ღია კაფე, რომელსაც ,,ბრეხალოვკას" ეძახიან და რომელიც იქაურების თავშეყრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ომამდე აქ, ძირითადად, შუა ასაკის ქართველები და აფხაზები იკრიბებოდნენ, თამაშობდნენ ნარდს, დომინოს, ჭადრაკს, ამ მთისას და იმ ბარისას ჰყვებოდნენ, კამათობდნენ კიდეც სხვადასხვა თემებზე და ზღვისგან მონაბერ ჰაერს ცხელ ყავას აყოლებდნენ. ახლა ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით ამ ადგილას. არავისთვის იქნება უცხო ის ამბავიც, თუ ვიტყვი, რომ სოხუმის ქუჩებს და ადგილებს ქართული სახელები დიდი ხანია შეუცვალეს. მშვიდობის პროსპექტსაც კი არ დაუტოვეს თავისი სახელი და მას ახლა აიააირას (გამარჯვების) ქუჩა ჰქვია. თავდაპირველად აიააირა ყოფილი კიროვის ქუჩას დაარქვეს, თუმცა მერე ისევ შეცვალეს და კიროვის ქუჩა დღეს არძინბას სახელს ატარებს, აიააირას ქუჩად კი მშვიდობის პროსპექტი გადააკეთეს. რუსთაველის სანაპიროსაც შეუცვალეს სახელი და მას მოჰაჯირების სანაპირო დაარქვეს. თბილისის შოსე კოდორის შოსედ მონათლეს, ჭავჭავაძის ქუჩა - გულიას ქუჩად, ხოლო გულია - შოტლანდიის ქუჩად, ჩოჩუას ქუჩა - ძიძარიას ქუჩად, ყოფილი ძიძარია კი - ადიღეის ქუჩად, ბაგრატიონი ქუჩა - ბიგვავას ქუჩად, ჯგუბურიას ქუჩა - ჯონუას ქუჩად, ქუთაისის ქუჩა - უნივერისტეტის ქუჩად, ყაზბეგის ქუჩა - ჩერკასკის ქუჩად, ფშაველა - ვაინახის ქუჩად და ასე შემდეგ... ირმა ბერიშვილი
-
ცხელი ზაფხულიც მიილია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ნაგვიანევ შვებულებაში გასვლა უწევთ, სექტემბრის დასაწყისიც დასვენების დროა. მთელი აგვისტოს განმავლობაში ისეთი მზიანი ამინდები და მაღალი ტემპერატურა იყო, დამსვენებელი არც მთის კურორტებს მოჰკლებია, მაგრამ ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, მოგეხსენებათ, უმეტესობა მაინც ზღვას ეტანება. შესაბამისად, ამ სეზონზე ზღვისპირა რეგიონებში სასტუმრო-ბიზნესის სექტორმა კარგად იხეირა. მიუხედავად ამისა, ყოველ სეზონზე დაუძლეველ პრობლემად რჩება საოჯახო თუ საშუალო დონის სასტუმროების მეპატრონეთა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება თავიანთი მომხმარებლების მიმართ. თითქმის წარმოუდგენელია, წინასწარ დაჯავშნილმა ნომერმა მოლოდინები გაგიმართლოს. ადგილზე ჩასულს, ხშირად, სრულიად განსხვავებული რეალობა გვხვდება, ვიდრე ინტერნეტში გამოქვეყნებულ სარეკლამო ფოტოებში ვნახულობთ ან სატელეფონოს საუბრისას მეპატრონე გვიხატავს. მომხმარებლის მოტყუება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასტუმრო-ბიზნესის წარმომადგენელთა აპრობირებულ ცუდ ჩვევად იქცა. სცოდავენ როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმრო სახლების მეპატრონეები. ასე, მაგალითად, ნახულობ ინტერნეტში ამა თუ იმ საოჯახო ან ჩვეულებრივ სასტუმროს გვერდს, ათვალიერებ ფოტოებს, ეცნობი ინფორმაციას და ყველაფერი გაკმაყოფილებს. რამდენიმედღიანი სრულყოფილი დასვენებისთვის, თითქოს, ყველა პირობა შექმნილია, მიდიხარ ადგილზე და გხვდება მოუწესრიგებელი გარემო, გაუამრთავი ინფრასტრუქტურა, მოშლილი ონკანი ან დაშლილი საშხაპე და მოტყუებისთვის ნათქვამ საყვედურზე იღებ პასუხს: თუ არ გაწყობთ, მიბრძანდით, უკეთესი ნახეთ. არადა, ბარგაკიდებული და დაარხეინებული მიდიხარ, იმ იმედით, რომ საცხოვრებლის საკითხი მოგავრებული გაქვს და იქ ჩასულს ყველაფრის თავიდან მოგვარება რომ გიწევს, არა არის ადვილი საქმე. მით უმეტეს, თუ ოჯახით და ბავშვებით ხარ წასული... მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მაგალითები მანამდეც მრავლად გვქონდა, ამ ზაფხულსაც იგივე შეცდომა მოგვივიდა. ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს პატრონს ნაცნობის მეშვეობით დავუკავშირდით და ბინის დაქირავებაზე მოვილაპარაკეთ. გვითხრა, რომ სასტუმროში რემონტი ჰქონდა, მაგრამ დათქმულ დრომდე დაამთავრებდა და ყველა დეტალზე შევთანხმდით. როგორც გაგვაფრთხილა, ჩასვლამდე ორი დღით ადრეც დავურეკეთ და პირობა კიდევ ერთხელ შევახსენეთ. მობრძანდით, ყველაფერი მზად მექნებაო, ამჯერადაც დაგვაიმედა და ჩვენც ზღვისკენ მშვიდად გავემართეთ. ადგილზე ჩასულებს სრულიად წარმოუდგენელი სურათი დაგვხდა: ანგრეული სახლი, გადათხრილი ეზო, გარეთ გამოყრილი ავეჯი... მარტივად რომ ვთქვათ, რემონტი ისეთ ფაზაში იყო, ამ საკურორტო სეზონზე დასრულების პირი რომ არ უჩანდა და კარგი მასპინძელი ისეთ სახლში არათუ თანხის გადახდას მოთხოვდა ადამიანს, უფასოდაც არ დაპატიჟებდა. ამ დროს, მან წინასწარშეპირებულზე მეტი თანხაც კი მოგვთხოვა. რას ვიზამდით, გაწბილებულებმა, შუადღის ხვატში, ავიკიდეთ ბარგი-ბარხანა და სხვა, უფრო მოწესრიგებული სასტუმროს ძებნა დავიწეთ, რაც არც ისე იოლი აღმოჩნდა. სეზონის პიკზე თავისუფალი ნომერი, თითქმის, არავის ჰქონდა და თუ ჰქონდა, საკმაოდ - ძვირად. ვინაიდან ბავშვებთან ერთად ვიყავით, მთელ დღეს აქეთ-იქით სიარულში ვერ დავკარგავდით და არც დიდი არჩევანის საშუალება იყო, ამიტომ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად რომელიც მივიჩნიეთ, იქ დავბინავდით. რა თქმა უნდა, პირველად სადაც მივედით, იმ სასტუმროს ბევრად ჯობდა, მაგრამ მომსახურების სერვისი მის ღირებულებას აქაც, სადღაც, 60 %-ით ჩამოუვარდებოდა. ზღვასთან ახლოს ვიყავით და სასტუმროდან პლიაჟამდე მისასვლელად ბულვარი უნდა გადაგვეკვეთა. ბულვარის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იმხელა ეკალ-ბარდი იყო მოდებული, გაკვალული ბილიკიდან ოდნავ რომ გადაგეხვია, პირდაპირ ეკლიან ბუჩქებში გადავარდებოდი. მორიგი გაწბილება, უკვე, ბევრი ფაქტორის გამო, ზღვის სანაპიროზე გველოდა. უპირველესად ეს იყო, აბსოლუტურად მოუწყობელი ინფრასტრუქტურა, კერძო პირების მიერ, პლიაჟზე შეზლონგებით ალაგ-ალაგ მონიშნული ტერიტორიები, სადაც მთელ თვალისგაწვდენაზე მხოლოდ ერთი, გვერდზე გადაქცეული გასახდელი იდგა. არავითარი - საშხაპე, არავითარი - საპირფარეშო. ანაკლიის და განმუხურის პლიაჟებს მიჩვეულს, გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ აჭარის ერთ-ერთ ცნობილ კურორტზე, სადაც ყოველ სეზონზე მრავალი ათასი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი იყრის თავს, ასეთი მოუწესრიგებელი გარემო შეიძლებოდა დამხვედროდა. ვისაც სამეგრელოს საზღვაო ზოლში ერთხელ მაინც დაუსვენია, დამეთანხმება, რომ სანაპიროს ინფრასტრუქტურით ბევრ დიდ კურორტს არ ცამოუვარდება და ყველაფერი გამართულად მუსაობს. ბულვარი მუდმივად დასუფთავებულია, ბალახი - გაკრეჭილი, ნაგვის კონტეინერები - დროულად დაცლილი, საპირფარეშოები - მოწესრიგებული, საშხაპეები და გასახდელი კაბინები კი ყოველ ნაბიჯზეა მოწყობილი. საპირფარეშოს და საშხაპეს ვინ ჩივის, 5 დღის განმავლობაში, ქობულეთში თვალი ერთი მაშველისთვისაც არ მომიკრავს, რამაც უზომოდ გამაკვირვა. სამაშველო კოშკურას და ალამს სანაპირო ზოლის მიმდებარედ, ნაპირიდან საკმაოდ შორს, ბუნგალოს ტიპის კაფეს გვერდზე კი ვხედავდი, მაგრამ კოშკურასთან არასდროს არავინ იდგა. რომ დავინტერესდი, მაშველები სად არიან ან თუ არიან საერთოდ-მეთქი, ქოლგების და შეზლონგების გამქირავებელმა მითხრა, იმ კაფეში სხედან და თუ საფრთხე დაინახეს, მოვლენო. საფრთხე კი ყოველ წუთს შეიძლებოდა შექმნილიყო, ვინაიდან მთელი სამი დღის განმავლობაში ზღვა ღელავდა და დამსვენებლები მაინც შედიოდნენ. ბლომად იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც ტალღებს არ ეპუებოდნენ. ტივტივასაც ბევრი მოცურავე გასცდა, მაგრამ არასდროს არავის უცდია მათი გაფრთხილება ან უკან მობრუნება. იმ ბუნგალოდან, სადაც მაშველები აფარებდნენ თავს, გამუდმებით ხმამაღალი მუსიკა ისმოდა და რომც გასჭირვებოდა ვინმეს და საშველად დაეძახა, ვეჭვობ, გაეგონათ. ამასთან, დიდი მონდომების მიუხედავად, ახლო-მახლო, სადღაც კილომეტრანხევრის მანძილზე, ხალხით გადავსებულ პლიაჟზე სხვა სამაშველო კოშკურა არც მინახავს, მაშინ, როცა ანაკლიასა და განმუხურში დამსვენებელთა უსაფრთხოებას ყოველ 30-40 მეტრში თითო მაშველი სდარაჯობს. საკმარისია, ზღვა ოდნავ აღელდეს, რომ მაშველები მაშინვე დაუყვებიან ზღვის კიდეს და ყველას სათითაოდ აფრთხილებენ: არ შეხვიდეთ, ბავშვებს ხელი არ გაუშვათ, ტალღებს მოერიდეთ! არათუ ღელვის დროს, ზღვა როცა სრულიად მშვიდია, როგორც კი ვინმე ტივტივამდე გაცურავს, რუპორში მაშინათვე ჩასძახებენ, რომ ტივტივას არ გასცდეს. თუ გაფრთხილებას არ დაემორჩილა და მაინც განაგრძო ცურვა, თვალის გაელვებაში უკვე წყლის სკუტერით სხვა მაშველი დაადგება თავზე და ნაპირამდე გამოაცილებს. განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლს, არამარტო დღისით, ღამითაც აკონტროლებენ მაშველები, ქობულეთში კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ღამით კი არა, დღისითაც სანთლით საძებარი გაგიხდებათ. სამაგიეროდ არ მოგაწყენენ ბურბუშელის, თხილის, მიწის თხილის, ცივი სასმელების თუ სხვა ნუგბარის გამყიდველები, რომლებიც ხუთწუთიანი ინტერვალით დაჰყვებიან ერთმანეთს. ცალკე ,,კასტაა“ მოხარშული სიმინდის გამყიდველები, რომლებიც პროდუქტის გასაყიდ სარეკლამო ტექსტსაც, ,,აბა, ცხელი სიმინდი, ცხელი სიმინდი“ ერთნაირად იმეორებენ. განსაკუთრებულად ყურში მხვდებოდა, უხეში შეცდომით რუსულად ნათარგმნი იგივე ტექსტი, ,,გარიაჩი კუკურუზ“ ან ,,ოჩენ გარიაჩი კუკურუზ,“ რომელსაც მეტი დამაჯერებლობისთვის, ზოგიერთი აბაშასაც უმატებდა: ,,ოჩენ გარიაჩი კუკურუზ აბაში.“ თითქოს, მათ, ვისთვისაც ეს ტექსტი განკუთვნილი იყო, ძალიან აინტერესებდათ ან გაარჩევდნენ, აბაშიდან იყო ის სიმინდი თუ ჭაქვინჯიდან ან რით უნდა ყოფილიყო რომელიმე უკეთესი... სიმართლე გითხრათ, ეს ,,გარიაჩი კუკურუზ“ მარტო რუსების ყურადღების მისაქცევად არ ისმოდა, რადგან როგორც წინა წლებში, ქობულეთში რუსების გარდა, ამჟამადაც ბლომად იყვნენ სომხეთის მოქალაქეები, ბევრი იყო უკრაინელიც. ზღვის პარაშუტით ფრენის სურვილსაც უცხოელები უფრო გამოთქვამდნენ და ჩემს იქ ყოფნაში, ყოველდღიურად მუშტრის სიმცირეს არ უჩიოდა პარაშუტის პატრონი, რომელიც თითო გადაფრენაში 70 ლარს იღებდა. წყლის ბანანით ზღვაში გასეირნების მსურველ თითო ადამიანს კი 10 ლარი უნდა გადაეხადა; 20 ლარი ღირდა ზღვაში გასასაეირნებელი, ბანანზე ექსტრემალური მრგვალი სავარძლით გასვლა. რაც შეეხება შეზლონგებს და ქოლგებს, რომელთა უმეტესობა სიძველისგან დამტვრეული და დაგლეჯილი იყო, მათი ქირაობა 5-5 ლარად გვიწევდა. ასე, რომ წლევანდელ საზღვაო სეზონზე მსხვილი, საშუალო თუ მცირე საკურორტო ბიზნესით დაკავებულმა ადამიანებმა არც თუ ისე მწირი შემოსავალი მიიღეს, რაც ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ არის მეორე მხარეც. სასურველი იქნება, ისინი არა მხოლოდ მოგებაზე, სერვისების გაუმჯობესებასა და მომხმარებლის კომფორტზეც თუ იფიქრებენ. დარწმუნებული ვარ, ბევრი სასტუმროს მეპატრონე, რამდენიმე დღეში ნომრების კარებს ისე დაკეტავს, რომ არც სამზარეულოს ონკანს შეამოწმებს, მუშაობს თუ არა; არც იმ შხაპის ყურმილს გამოცვლის და არც მილს, რომელიც გვერდებიდან ასხამს წყალს; არც კარის სახელურს შეაკეთებს და არც გატეხილ ლოგინს... მომავალ სეზონზე ისევ ისე უპასუხებს მომხმარებელს, რომ ყველაფერი წესრიგშია და დაჰპირდება, რომ კომფორტულ აპარტამენტს დაახვედრებს. არადა, არის შენობები, სასტუმროები, რომლებიც 10, 15, 20 წლის წინ ააშენეს და თავის დროზე, ალბათ, ყველაფერი გამართულად მუშაობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გაცვდა, გაფუჭდა, შეილახა, გამოცვლა, შეკეთება, ხელს შევლება სჭირდება, რისთვისაც არავინ იწუხებს თავს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს ასე ესმის ტურისტული და საკურორტო ბიზნესის პრინციპი: ნაკლები სერვისი - მეტი მოგება. ამიტომ ჩვენ, რიგითი დამსვენებლები, გაისადაც, როცა მთის თუ ზღვის კურორტებს მივაშურებთ, მომსახურების პირობებით ისევ ისეთი გაწბილებულები დავრჩებით, როგორც წელს, შარშან ან შარშანწინ დავრჩით.
-
ნაწილი 1 აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოხუმში პირველად 2001 წელს ჩავედი და ათი დღე დავრჩი. ეს იყო საკმაოდ მძიმე, შერეული ემოციებით და განცდებით სავსე მოგზაურობა, დაწყებული ენგურის ხიდზე ფეხის შედგმიდან ახალი ათონის მამათა მონასტრამდე და უკან. ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერს ეტყობოდა ომის სასტიკი კვალი და აქეთ-იქით გახედვა მიჭირდა, თუმცა კი ბევრი ადგილი გადარჩენილი იყო და პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა. გავივლიდი ქუჩებში, სადაც ჩვეულებრივად მიმოდიოდა ხალხი, თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ომამდე და უცებ შემეფეთებოდა ჭურვისგან ნახევრადდანგრეული სახლი, რომლის შიგნითაც ველური ხე-მცენარეები ამოსულიყო და ქოლგასავით გადაჰფარებოდა უპატრონოდ დარჩენილ ნასახლარს. განსაკუთრებით მემძიმებოდა იმ ცარიელი ეზო-კარის დანახვა, რომელიც საღ-სალამათი გადაჰრჩენოდა ომს და რომ არა ეზოში აბიბინებული ანწლი და ამბროზია, ვერც იფიქრებდი, რომ მიტოვებული იყო, მის ალაყაფზე კი მხვდებოდა რუსული წარწერა: занято (დაკავებულია). ვიდექი, ხოლმე, ასეთი სახლის ჭიშკართან და წარმოვიდგენდი, ომამდე იქ როგორი ჟრიამული იდგა, როგორი ბედნიერები იყვნენ მისი ბინადარნი, როგორ უხაროდათ ყოველი დღის გათენება და დღეს ღმერთმა იცის, სად არიან, რა განსაცდელი გამოიარეს, ვის შეაფარეს თავი, იქნებ, საერთოდაც გადაიხვეწნენ საქართველოდან?.. მათ ნაშენებ და ნალოლიავებ სახლში კი მალე ვიღაცა უცხო უნდა შესახლდეს, ვითომც არაფერი, ისე უნდა დაეპატრონოს!.. ამაზე ფიქრი მკლავდა და მანადგურებდა. ცრემლებამდე მწარე აღმოჩნდა ჩემთვის, სოხუმის ბოტანიკური ბაღში სეირნობისას ბამბუკების ხეივანში მოხვედრაც, სადაც ქართულად ამოფხაჭნილი სახელები აღმოვაჩინე: ნიკა, ნანა, თეა, მაკა, ზური... ეტყობოდა, ნორჩ ბამბუკებს ქართველი ახალგაზრდები სადაც სწვდებოდნენ, იქ აწერდნენ თავიანთ სახელებს. ის ბამბუკები უკვე გაზრდილიყო და გადიდებული ქართული ასოებიც მაღლიდან დამყურებდნენ. მეც ხმამაღლა ვკითხულობდი ამ სახელებს და ტკივილისგან გული მეკუმშებოდა. ვფიქრობდი, რამდენ წყვილს უსეირნია, ალბათ, აქ, რამდენი მოსულა პაემანზე, რამდენი თბილი შეხვედრის მომსწრეა აქაურობა და სად არიან ახლა ის ბავშვები, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ ადგილას ხვდებოდნენ ერთმანეთს, აქ უყვარდათ სეირნობა, სად მიმოფანტა ომის მსახვრალმა ხელმა? ბოტანიკური ბაღიდან გამოსული გავხედავდი ბარათაშვილის სადგურის თეთრ, ულამაზეს ნაგებობას და აქ კიდევ სხვა სურათი წარმომიდგებოდა: როგორ ჩამოიშლებოდნენ, ხოლმე, დილაობით თბილისი-სოხუმის მატარებლიდან ამ ბაქანზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ქართველები და გაეშურებოდნენ ზოგი თავ-თავიანთი სახლებისკენ, ზოგი - ნათესავებისკენ. ცალკე სევდას ეს უფუნქციო სადგური მგვრიდა, რომელიც დღემდე ასევე უფუნქციოდ დგას და თანდათან კარგავს იერ-სახეს. უარეს მდგომარეობაშია კელასურის სადგური, რომლის ამჟამინდელი მდგომარეობა მოყვარესაც გულს დასწვავს და ვერც მტერს გაახარებს. ერთადერთი სადგური, რომელიც დღეს სოხუმში თავის მოვალეობას ნაწილობრივ ასრულებს, ცენტრალური სადგურია, რომელიც ომის შემდეგ არ გარემონტებულა და მის ტერიტორიაზე არც რამე სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარებულა. ეს ფაქტი თავად რიგით აფხაზებსაც ძალიან აწუხებთ და მიიჩნევენ, რომ ამდენი წლის განმავლობაში აუცილებელი იყო მისთვის სრულყოფილი რემონტის ჩატარება, რათა თანამედროვე სტანდარტების ვაგზალს დაჰმსაგვსებოდა. ვაგზლის გარდა დღეს სოხუმში და ზოგადად აფხაზეთში ბევრი რამეა ისეთი, რაც თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, თუმცა ბევრი რამ მაინც ისევ იმდენად დიდებული და უნიკალურია, არც არის საჭირო, ადამიანმა ხელი ახლოს. ამბავი არეულ დარეულად რომ არ გამომივიდეს, ვეცდები, თანმიმდევრულად მივყვე და მოგიყვეთ, რაც ამ ჯერზე ვნახე და განვიცადე. თავში მოგახსენეთ, რომ 1992-93 წლების ომის შემდეგ, პირველად 2001 წელს ვეწვიე აფხაზეთს, მას მერეც რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება, ჩავსულიყავი. ჩემი ბოლო მოგზაურობიდან 10 წლის თავზე, კიდევ ერთხელ მოვახერხე ამ ზღაპრულ მხარეში სტუმრობა. ეს მოხდა ჩემი აფხაზი ნათესავების ძალისმხევით, რომელთაც სპეციალური მოწვევა გამიკეთეს და 17 სექტემბერს სრულიად მშვიდად გადავედი ენგურს გაღმა. პროცედურები მარტივია, ენგურის ხიდის ბოლოში ჯერ რუსების საგუშაგოზე გიმოწმებენ საბუთებს, შემდეგ უკვე ჭუბურხინჯის ტერიტორიაზე - აფხაზების საგუშაგოზე და მიდიხარ საითაც გინდა და რითიც გინდა, კერძო თუ სამარშრუტო ტაქსით. მე ნათესავები ადგილზე დამხვდნენ, ჯერ გალში შევიარეთ, მოგვიანებით სოხუმისკენ გავემართეთ და დღის 3 საათზე, უკვე, იქ ვიყავი. ამინდის ტემპერატურა 32 გრადუსი დამხვდა, ამიტომ დროის დაკარგვა არც მიფიქრია და ეგრევე ზღვისკენ გავეშურე, რომელიც ჩვენგან სულ ორასიოდე მეტრში იყო. უჩვეულო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ნაპირზე ძირითადად რუსები დამხვდნენ, კაცები, ქალები, ბავშვები. მართალია, ახალგაზრდებიც ბლომად იყვნენ, მაგრამ დამსვენებელთა შორის, ადრიან შემოდგომაზე მაინც უფრო ასაკოვნები სჭარბობდნენ. ცოტა უცნაურად მომეჩვენა, რომ ზღვაში ჩასულს, რამდენიმე რუსი მომიახლოვდა და ბანალურ თემებზე, ამინდზე, ზღვაზე, იქაურ გარემოზე გამიბეს საუბარი. გამიკვირდა, მაინც და მაინც ჩემთან რომ მოუნდათ აღფრთოვანების გაზიარება, რადგან ამაზე ერთმანეთთანაც შეეძლოთ ელაპარაკათ. ჩემით დაინტერესების მიზეზს მაშინ მივხვდი, როცა მათი მზერა ჩემს გულზე დაკიდებულ კულონზე დავიჭირე. ვერცხლის ჯაჭვზე საქართველოს რუკის ფორმის ვერცხლისავე კულონი მეკეთა და ადვილი წარმოსადგენია, სოხუმის ზღვაში მოჭყუმპალავე ქალის გულ-მკერდზე მოელვარე საქართველოს რუკის დანახვა რუსების სახეებზე როგორ გაოცებასაც გამოიწვევდა. რაც შეეხება თავად სოხუმის პლიაჟს და ზოგადად, მთლიანად აფხაზეთის საზღვაო კურორტების სანაპიროს ინფრასტრუქტურას, დასაძრახი არ იქნება, თუ აღვნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით ბევრად გამართული და მოწესრიგებულია. ყველგან არის გასახდელები, ქოლგების და შეზლონგები გაქირავება, სერფერებისთვის საჭირო ატრიბუტები, მოქმედებს ბუნგალოები, ღია კაფეები, სანაპიროც და ბულვარებიც მუდმივად სუფთავდება. ჩემდა გასაკვირად, სადაც კი ფეხი დავდგი, პარკებში, სკვერებში, ღისშესანიშნავ ადგილებში, ქალაქის ცენტრსა თუ შემოგარენში, თვალს ეამა საოცარი სისუფთავე; დანაგვიანებულ ადგილს ვერსად ნახავდით. დილით ადრიანად გავდიოდი ქალაქში და გვიან საღამოსაც ვსეირნობდი, მაგრამ ვერასდროს შევესწარი დასუფთავების პროცესს, ამიტომ გამოცანად დამრჩა, რა დროს ახერხებდნენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოგროვებას ან გატანას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის დანგრეული ქუჩები და ასფალტაყრილი ტროტუარები, მიტოვებული და მოუვლელი შენობები, ყველგან, სადაც კი გავივლიდი, მუდმივად მხვდებოდა, სპეციალურ შავ პარკებში უკვე მოგროვებული და სადმე კუთხეში ერთად მიწყობილი ნაგავი, რომელიც, ალბათ, დღის განმავლობაში გაჰქონდათ. მოვლილი პარკებისა და სკვერებისგან განსხვავებით, რასაც ადამიანის ხელი არ ეტყობა, სოხუმის დენდროლოგიური პარკია, სადაც მრავალი ათეული უნიკალური ჯიშის ხე ხარობს. თავის დროზე ეს პარკიც ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა, თუმცა დღეს, როგორც ჩანს, მისი მონახულების სურვილით არავინ იწვის და გარედან რომ შეხედავ, უსიერი ტყე გეგონება. დანგრეული გზები და სახლები ვახსენე და ეს თემა აუცილებლად უნდა განვავრცო. ის სახლები და ეზოები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ და ომის-ქარცეცხლმა შეიწირა, შემდგომ უკვე, როგორც ,,ბეზხოზნოე ჟილიო“ (უპატრონო სახლი), ეგრეთწოდებულ სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა. მოგვიანებით ასეთი ტერიტორიების ნაწილი ადგილობრივმა თუ უცხოელმა (რუსმა) ბიზნესმენებმა შეისყიდეს და იქ სავაჭრო ცენტრები, საოჯახო ტიპის თუ სამ-ოთხსართულიანი სასტუმროები ააშენეს. დანარჩენი ჯერ ისევ სახელწმიფო საკუთრებაში რჩება. მიტოვებული, დანგრეული სახლების კედლები, რომლებიც ზოგან მთლიანად ჩამოშლილია და სრულიად გატყიურებული, ეს ცარიელი ეზოები და ნასახლარები იმდენად გულსაკლავი სანახავია, რომ ფოტოების გადაღებაც კი გამიჭირდა. სოხუმის ქუჩებიდან ბევრია რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი, ბევრი ისევ ისე დანგრეული დამხვდა, როგორიც წლების წინ იყო. ასევე არის სოფლის გზებიც, ზოგან მოასფალტებული, ზოგან - მოუვლელი და მოუწესრიგებელი. ამ თემაზე თავად აფხაზებიც ხუმრობენ და ამბობენ, რომ რომელი პრეზიდენტიც აირჩიეს, ყველამ თავ-თავიანთი სოფლებისკენ გაიყვანეს გზა. მაგალითად, ბაღაფში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდადან იყო და ჯგერდაში დააგებინა გზა, ხაჯიმბა იყო და -ტყვარჩელში, ახლა ბჟანიაა და ტამიშში დააგო ასფალტი. სხვათაშორის, ტამიშში არამარტო ასფალტი, მის სახელს უკავშირდება ტამიშის სანაპიროზე აშენებული სასტუმრო კომპექსი ,,ტამიშ ვილაჯი,“ რომელსაც ზაფხულის სეზონზე დამსვენებელი არ აკლია. რაც შეეხება საქალაქთაშორისო გზებს, აუგს ვერ ვიტყვი, მოასფალტებული და მოწესრიგებულია ცენტრალური გზა, როგორც გალიდან სოხუმის მიმართულებით, ასევე სოხუმიდან გაგრისკენ. მგზავრთა გადაყვანას ყველა მიმართულებით კერძო მიკროავტობუსები და ტაქსები უზრუნველყოფენ, სოხუმის ცენტრალურ ვაგზალზე ძველებური წითელი ,,იკარუსის“ ნახვაც არის შესაძლებელი, რომელსაც მგზავრები ფსოუმდე გადაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასები აქაურთან შედარებით ბევრად იაფია, ბენზინიც და დიზელიც თითქმის იმის ნახევარი ღირს, ვიდრე ჩვენთან (ბენზინის ფასი 50-52 რუბლი, დიზელი - 60-62), საქალაქთაშორისო მგზავრობა ძვირია. მაგალითად, ჭუბურხინჯიდან ანუ ენგურის ხიდის იქითა თავიდან გალამდე სულ რაღაც 15-20 წუთის გზაა, თუმცა მისი გავლა 100 რუბლი (4, 5 ლარი) ჯდება, გალიდან სოხუმამდე, დაახლოებით, 85 კილომეტრია, რომლის გავლასაც მინიმუმ 1 საათს ანდომებენ, მგზავრობა კი 350 რუბლი ღირს (15-16 ლარი). რა თანხაც სოხუმიდან ენგურის ხიდამდე მისვლისთვის დაგეხარჯებათ, ამდენივე დაგიჯდებათ სოხუმიდან გაგრამდე მგზავრობაც. ამ ფასებთან შედარებით იაფია ქალაქის შიგნით გადაადგილება. ტროლეიბუსი, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს და სამი მიმართულებით ასრულებს რეისებს (ცენტრალური ბაზარი - ახალი რაიონი; ცენტრალური ბაზარი - ცენტრალური ვაგზალი; ცენტრალური ბაზარი - შუქურას რაიონი), სულ რაღაც 5 რუბლი (23 თეთრამდე) ღირს, ავტობუსი - 10 რუბლი (45 თეთრი), მიკროავტობუსი კელასურამდე - 30 რუბლი, ხოლო ვაგზლისკენ ან შუქურასკენ - მხოლოდ 20 რუბლი. ტროლეიბუსების რეისებს შორის ხანგრძლივობა 20-30 წუთამდეც მერყეობს, ,,ბოგდანის“ ტიპის ავტობუსები და სხვადასხვა მარკის მიკროავტობუსები კი გაცილებით ნაკლები შუალედით მოძრაობენ. ტროლეიბუსები მუშაობას საღამოს 6 საათისთვის წყვეტენ, ავტობუსები და მიკროავტობუსები კი ბოლო რეისებს საღამოს 19:30 -ზე ასრულებენ. აქვე, არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ ტრანსპორტზეც, ავტომანქანებზე, რომლის თითქმის ყველა ნაირსახეობას შეხვდებით აფხაზეთში, უძველესი მოდელის საბჭოური მარკებიდან დაწყებული, უახლესი ფირმის იაპონური მოდელებით დამთავრებული. ქუჩებში მოძრაობს როგორც მსუბუქი, ისე ნახევრად მსუბუქი, მაღალი გამავლობის და ყველგანმავალი ავტომობილებიც. ეს მანქანები აფხაზეთში, გემების საშუალებით, ძირითადად, იაპონიიდან ხვდება. ვინაიდან მათი განბაჟება დიდი თანხა არ ჯდება, ავტომობილების ფასებიც აქაურთან შედარებით იაფია, მაგრამ სამაგიეროდ, ორჯერ ძვირია მათი ნაწილები, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, საშველს ისევ ენგურს გამოღმა პოულობენ. ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა, რა არის აფხაზეთში მცხოვრები ხალხის შემოსავლის წყარო, რითი არსებობენ? შემოსავლის მთავარ წყაროს აფხაზეთში წარმოადგენს ტურიზმი და ვაჭრობა. ტურიზმთან დაკავშირებით საკმაოდ განვითარებულია სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი. როგორც სასტუმროს, ისე საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელები მომსახურე პერსონალს საკმაო კარგ ანაზღაურებას უხდიან. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რესტორნებსა და სასტუმროების სასადილოებშიც დიდი მოთხოვნაა მეგრელებზე, ამიტომ გალელი ქართველები, მათ შორის ახალგაზრდა გოგო-ბიჭებიც სეზონურად, თითქმის 6 თვე, სოხუმის, ახალი ათონის, რიწის, გაგრის სასტუმრო თუ კვების ობიექტებზე არიან დასაქმებულები. ამბობენ, რომ სოხუმსა და ახალ ათონზე გაცილებით მეტს უხდიან რიწასა და გაგრაში, რადგან იქ ტურისტების მეტი ნაკადი ჰყავთ და მომსახურებაც მეტი ღირს. პროდუქტებს რაც შეეხება, მაღაზიებში იყიდება რუსეთსა და სომხეთში წარმოებული რძის თუ ხორცპროდუქტები, ტკბილეული, ადგილობრივ ნაწარმს და ყველა სახის ნედლეულს შეხვდებით სოხუმის ცენტრალურ ბაზარში, რომელიც ისევ თავის ადგილას, თარხნიშვილისა და კიროვის (ამჟამად იმამ შამილისა და არძინბას სახელობის) ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. მის მიმდებარედ გახსნილია სხვადასხვა დიდი თუ მცირე მაღაზია, სადაც საოჯახო ტექნიკა, სამშენებლო მასალები, ავეჯი თუ სხვა საჭირო ნივთები იყიდება. ტერიტორია დილით, ადრიანადვე ივსება ხალხით, ისეთი მოძრაობაა, ხშირად საცობებიც იქმნება და არის გნიასი და აფხაზური გადაძახილ-გადმოძახილი. ბაზარი ნაშუადღევს, დღის 3-4 საათისთვის იკეტება, მაღაზიები კი უფრო გვიანობამდეც მუშაობს. სოხუმის ბულვარში და ზღვის სანაპიროზე შეღამებულზე, ღამის 8-9 საათზეც ნახავთ ხის მერხებზე ჩამომსხდარ ან მოსეირნე ადამიანებს, რომელთა შორის, უმეტესობა ტურისტია. ადგილობრივები, ასეთ დროს, თუ რამე აუცილებელი საქმე არ აქვთ, გარეთ იშვიათად გამოდიან. უკვე გვიან კი, სადღაც 11-12 საათზე სოხუმის ქუჩები წყნარდება და ძალიან იშვიათად რომ რომელიმე მანქანის ჩაქროლებამ დაარღვიოს მყუდროება. სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საძინებლის ფანჯარა პირდაპირ ყოფილი მშვიდობის პროსპექტზე (ამჟამად აიააირას ქუჩაზე) გადიოდა, მთელი 10 დღე-ღამის განმავლობაში, ერთხელ არ შევუწუხებივარ მანქანების ძრავების ისეთ ხმაურს, აქ ყოველ ღამე სპეციალურად რომ აგრუხუნებენ და ძილს მიფრთხობენ. ახლა გამახსენდა, რომ ჩემდა გასაკვირად, სოხუმში არ მინახავს მოტოციკლეტები და მასზე ამხედრებული ეგრეთწოდებული ბაიკერები, რომლებიც თბილისში დღისითაც და ღამითაც არე-მარეს ხმაურით იკლებენ. ეს აფხაზების კანონმორჩილებას და წესრიგის სიყვარულს რამდენად მივაწერო, არ ვიცი, ჩვენი არ იყოს, კანონმორჩილებით დიდად არც ისინი გამოირჩევიან. უფრო მეტიც, საჭესთან ნასვამებიც სხდებიან, გადაჭარბებული სიჩქარითაც მოძრაობენ, გზებზე უსაფრთხოების წესებს არად დაგიდევენ, ამიტომ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და მსხვერპლიც დიდია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღამით სოხუმში ავტომანქანებისგან შექმნილი ხმაური ნამდვილად არ გამიგია. შეიძლება ეს იმის გამო იყო, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ,,ღამის ცხოვრების“ წესი იქ ნაკლებადაა მიღებული. რადგან ღამის ცხოვრებას შევეხე, ორიოდ სიტყვა კრიმინალზეც უნდა ვთქვა. წინა რამდენიმე ჩასვლაზე აფხაზეთში, სულ გულისყურით ვიყავი და ხელჩანთა მუდამ ჩაბღუჯული მქონდა, რადგან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ტრანსპორტში, მაღაზიაში, გაჩერებაზე ან ქუჩაში ვინმე რამეს მოგპარავდა. თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ შემსწრე, როგორ აპარებდა ქურდი გვერდით მდგომი ადამიანის ჩანთისკენ ან ჯიბისკენ ხელს და იქაურობას გავცლივარ, რადგან იქ, იმ ვითარებაში ვერაფერს გავაწყობდი და პრობლემას კი გადავაწყდებოდი. ამ მხრივ ახლაც დიდ სიფრთხილეს ვიჩენდი; ვიდრე ქუჩაში გავიდოდი, ძირითად თანხას სახლში ვტოვებდი, მობილურ ტელეფონს გულდაგულ ვინახავდი, ჩანთას ისევ ჩაბღუჯულად დავატარებდი და მამრობითი სქესის ყველა უცხო პირს გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს, თუმცა საეჭვო ვერსად ვერაფერი დავნახე. მერე უკვე მასპინძლებსაც ვკითხე, კრიმინალის მხრივ რა მდგომარეობა იყო და გაქურდვის უნდა შემშინებოდა თუ არა. მითხრეს, რომ საბედნიეროდ მსგავსი შემთხვევები გაიშვიათდა, ქუჩასა თუ ტრანსპორტში უკვე აღარვინ ქურდობს; რომ კარგა ხანია, არავის გაძარცვის შესახებ არაფერი გაუგიათ; რომ კრიმინალური საქმიანობის ფარგლებში, ძირითადად, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები ან საქმეების გარჩევა თუ ხდება, ხოლო დანარჩენი წვრილმანი ქურდბაცაცები სხვა ქვეყნებში გავიდნენ და იქ ცდიან ბედს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ უფრო დანდობილად დავიწყე სოხუმის ქუჩებში სიარული. აქვე, ბოლოში უნდა ვთქვა ის, რაც სოხუმში ჩასვლის პირველივე დღეებში გავაკეთე. ყველა ჩვენგანს ჰყავს აფხაზეთიდან დევნილი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი... მეც მყავს უამრავი, ზოგმა ჭუბერი-საკენის ჯოჯოხეთი რომ გამოიარა, ზოგმა უკრაინული გემით რომ გამოაღწია ალმოდებულ სოხუმს, ზოგს რომ ტკბილი ბავშვობა დარჩა იქ და ზოგს - ახალგაზრდობა. ამ ადამიანებს შევეხმიანე, ვთხოვე, მოეწერათ თავიანთი მისამართები და შევპირდი, რომ წავიდოდი მათ ქუჩებზე და ფოტოებს გადავუღებდი მათ სახლებს. პასუხებმაც არ დაახანა. მეც ხან ერთ მისამართზე მივდიოდი, ხან - მეორეზე. სხვადასხვა რაკურსით ვიღებდი მათი სოხუმის სახლის ფოტოებსა და ვიდეობს, ვუგზავნიდი და ეს კიდევ ცალკე, დიდი სევდის საგანი იყო. თან მსიამოვნებდა, რომ მცირე სამსახურს ვუწევდი, მათი მშობლიური ეზო-კარის და გარემოს კადრებად ნახვის საშუალებას ვაძლევდი და თან თავს დამნაშავედ ვგრძობდი, რომ მე ვიყავი იქ, მათ სიზმრადქცეულ და მონატრებულ ადგილებს ვათვალიერებდი, თამამად დავაბიჯებდი იმ მიწაზე, სადაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ, სადაც უყვარდათ, თავს ბედნიერად გრძნობდნენ და სადაც 30 წელია, თავად ფეხი არ ჩაუდგამთ. ირმა ბერიშვილი
-
ფეხბურთის უზბეკი გულშემატკივარი ოჩამჩირეში ჩავიდა, რათა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას საფლავი მოენახულებინა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო თავის ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უზბეკეთის მოქალაქე უკტაშ აზიზოვი, ახალგაზრდობიდანვე იყო ფეხბურთით გატაცებული და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებდა თვალს. როგორც ირკვევა, აზიზოვი თბილისის ,,დინამოს“ დიდი გულშემატკივარი ყოფილა, ხოლო აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ფეხბურთელი, ვიტალი დარასელია მისი კუმირი იყო. როგორც თავად აცხადებს, დარასელიას ტრაგიკულ დაღუპვას მასზე ზალიან უმოქმედია. ,, მისი დაღუპვის შესახებ ცნობამ დანასავით დამისერა გული და ბავშვივით ვტიროდი. რომ არა ეს უბედური შემთხვევა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალ წელს, ვიტალი ოქროს ბურთს აიღებდა. მისი დაკრძალვის დღეს პირობა დავდე, რომ აუცილებლად მოვინახულებდი ოჩამჩირეში მის საფლავს და ასე მივაგებდი პატივს უდიდესი ფეხბურთელის ხსოვნას.“ - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს უკტაშ აზიზოვმა. მართლაც, პირობის დადებიდან 40 წლის შემდეგ მან თავისი სიტყვა შეასრულა, უზბეკეთიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას საფლავს ეწვია. ასე მიაგო მან პატივი კუმირის ხსოვნას. ,,ძვირფასო ოჩამჩირლებო, გისურვებთ, რომ უახლოეს მომავალში თქვენს ქალაქში კვლავ დაიბადოს ისე თი ტალანტი, როგორიც ვიტალი დარასელია იყო და მან ოჩამჩირეს ისევე გაუთქვას სახელი მსოფლიოში, როგორც ეს თავის დროზე ვიტალიმ გააკეთა!“ - უსურვა ოჩამჩირლებს სტუმარმა.
-
ვინც მიცნობს და სოციალურ ქსელში ჩემს აქტივობებს თვალს ადევნებს, ემახსოვრება, რომ საკუთარ პროფილზე მრავალჯერ გამიზიარებია ჩემი სოფლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის № 1 საბავშვო ბაგა-ბაღში გამართული საზეიმო ღონისძიებების ვიდეოკადრები, რომლითაც ძალიან ვამაყობ. თითოეულ კადრში ნათლად ჩანს, ამ ზეიმების მოწყობაში ბაღის თანამშრომლების მიერ რამხელა შრომაა ჩადებული. ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ აღნიშნულ დაწესებულებში მსგავსი ღონისძიების მოწყობაში მარტო ერთი ან ორი პედაგოგი კი არ მონაწილეობს, დამლაგებლიდან და მზარეულის თანაშემწიდან დაწყებული გამგემდე, ყველა არის ამ პროცესში ჩართული და ყველა ცდილობს, აღსაზრდელებს დაუვიწყარი სანახაობა მოუწყოს. ბევრჯერ მითქვამს, რომ არა თუ პერიფერიის, არამედ დიდი და ცენტრალური ქალაქების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც ნაკლებად ნახავთ ასეთ აქტივობებს, რომელიც როგორც ბავშვების სიყვარულთან, ისე უდიდეს შრომასთან, ენთუზიაზმთან და პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული. ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასები რომ მიზერულია, ყველამ კარგად ვიცით, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმ პატარების საკეთილდღეოდ, რომელთა მოვლა-განვითარების პასუხისმგებლობაც აკისრიათ. სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ ეს ხალხი დადგა ისეთი რეალობის წინაშე, რომელიც მათ ამ მიზერული ანაზღაურების გარეშე დარჩენას უქადის. როგორც ლიის პირველი ბაგა-ბაღის გამგე, მაყვალა ფიფია აცხადებს, ივლისის ბოლოს წალენჯიხაში გამართულ თათბირზე, ბაღების ხელმძღვანელებს აუწყეს, რომ იგეგმებოდა რეორგანიზაცია, თუმცა ამის შესახებ კონკრეტული ბრძანება და დაწვრილებითი ინფორმაცია მათთვის არავის გაუცვნია. მას მერე მხოლოდ მითქმა-მოთქმით და ჭორის დონეზე გავრცელებული ინფორმაციებით არკვევდნენ, რა მოლოდინები უნდა ჰქონოდათ მუნიციპალიეტეტში მოქმედი ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ხელმძღვანელობის მიერ დაანონსებული რეორგანიზაცისგან. როგორც გავარკვიეთ, თავიდან ისიც ითქვა, რომ გამოცდილი და წლების განმავლობაში დასაქმებული კადრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებით უნდა ჩაენაცვლებინათ. ამ ინფორმაციას ის ფაქტიც დაერთო, რომ ზემოთაღნიშნულ ბაღში მართლაც დაასაქმეს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 8 პიროვნება. აქედან 4 მეეზოვის შტატში ჩასვეს, დანარჩენი კი - ბაღის მომსახურე პერსონალში. მაყვალა ფიფიას თქმით, 2 მეეზოვის შტატი მათ ბაღს ნამდვილად სჭირდებოდა, სხვა 6 შტატი კი სრულიად ზედმეტი იყო. მიაქციეთ, ალბათ, ყურადღება, ეს იმ დროს ხდება, როცა რეორგანიზაცია და კადრების შემცირება უკვე დაანონსებულია. ვითარებაში გასარკვევად და ზუსტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ბაღის თანამშრომლები 24 აგვისტოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო - საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორს, ლანა შენგელიას თავად ეწვივნენ. ბაღის პერსონალის განცხადებით, შეხვედრა ათიოდე წუთს გაგრძელდა და შენგელია მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება განათლების სამინისტროდან მოდიოდა და პირადად მას არაფრის შეცვლა შეეძლო; რომ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება ყველა მუნიციპალიტეტს ეხებოდა და წალენჯიხა გამონაკლისი არ იყო. ამდენად, ლანა შენგელიასგან მათ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს, რის შემდეგაც ისინი უკვე წალენჯიხის მერის მოადგილეს, ბაგა-ბაღების კურატორს, თამარ ბელქანიას შეხვდნენ. სწორედ ბელქანიასგან მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებდა ყბადაღებული რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის მეშვეობითაც, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ბაგა-ბაღის თანამშრომლები, აღმზრდელები და მათი თანაშემწეები, სავარაუდოდ უსამსახუროდ დარჩებიან და როგორც თავად აცხადებენ, ან სოციალურად დაუცველების რიგს შეუერთდებიან, ან სამუდამო ემიგრანტობისთვის არიან განწირულები. თვად ლანა შენგელიამ, ბაღების თანამშრომლებთან შეხვედრის მეორე დღეს, სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის ფაქტი, თითქოს ბაღის თანამშრომლებმა ოპტიმიზაციის პროცესის შესახებ ფეისბუქ-გვერდიდან შეიტყვეს, სიცრუის ტირაჟირება და კონკრეტული ადამიანის, კერძოდ მისი დისკრედიტაციის მცდელობა იყო. თუმცა კი, ჩვენთან საუბარში აღიარა, რომ რეორგანიზაციის შესახებ ოფიციალური ბრძანება, რამდენიმე დღის წინ, სწორედ ფეისბუკ-ჯგუფში განათავსა. - რა მიზნით გამოცხადდა რეორგანიზაცია, რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩნენ პოზიციებზე თანამშრომლები და რა სახის კონკურსი უნდა ჩატარდეს, ამ და სხვა კითხვებზე კონკრეტული პასუხების მისაღებად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო - საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორს ლანა შენგელიას დავუკავშირდით. - როდის და რა სახით ეცნობათ ბაღის გამგეებს მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ? - ბაღის გამგეებს მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობათ თათბირზე, დაახლოებით ერთი თვის წინ, ზეპირი სახით. - რეორგანიზაციის კონკრეტული მიზნების შესახებ ოფიციალური დოკუმნეტი თუ მიიღეს და როდის? - შეხვედრები ერთჯერადი არ ყოფილა და ბრძანებაც რამდენიმე დღის წინ გავაცანით. არსებობს სოციალურ ქსელში ჯგუფი, სადაც მოხდა ამ განცხადების დაუწყება. ოფიციალური დოკუმენტი ბაღის გამგეებს 26 აგვისტოს დავუგზავნეთ. - რა არის აღნიშნული რეორგანიზაციის მიზანი საბავშვო-ბაღებში და რა სახის ოპტიმიზაციის პროცესია მოსალოდნელი? - ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ მოხდა მუნიციპალიეტეტის ბაგა-ბაღების სტრუქტურის შესწავლა. შევისწავლეთ ყველა ბაღი, დაიდო აუდიტის დასკვნა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნაც გაბერილ შტატებთან დაკავშირებით. ვერც ერთი ბაღის გამგე ვერ მისაბუთებს, საიდან წამოვიდა შტატების ამ რაოდენობით გაზრდის აუცილებლობა. შესაბამისად, კანონი ჩვენ გვავალდებულებს, კონკრეტულ ჯგუფებში ბავშვთა ოდენობის მიხედვით თანამშრომელთა გადანაწილებას. ასევე, დაწყებულია ბაღების აკრედიტაციის პროცესი, რაც ითვალისწინებს ყველაფრის იმ ჩარჩოში მოქცევას, რაც სტანდარტით არის გათვალისწინებული. ამიტომაც ვიწყებთ რეორგანიზაციის პროცესით და გამოთავისუფლებული თანხები აუცილებლად მოხმარდება ბავშვების კეთილდღეობას. მოგეხსენებათ, ბევრი რამ აკლიათ ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს, თუნდაც მენიუსთან დაკავშირებით, რომელიც აცდენილია სტანდარტს და სიმწირის გამო ორგანიზაციებმა დაგვიწუნეს კიდეც, ამიტომ ვზრდით და ვამრავალფეროვნებთ მენიუს. გამოთავისუფლებული თანხები ასევე მიმართული იქნება სათამაშოების, წიგნების და სხვა საჭირო ატრიბუტების, ინვენტარის შესაძენად, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარებას. - ვიცით, რომ ბევრ ბაღში ინფრტასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია. ამ მხრივ თუ იგეგმება რამე პროექტი? - რისი შესაძლებლობაც გვაქვს და რა თანხაც გვექნება, ვეცდებით, სწორი მიზნისკენ და ბავშვების საჭიროებებისკენ მივმართოთ. - რადგან ეს რეორგანიზაცია აღმზრდელებს და მათ თანაშემწეებს ეხება, ერთ ჯგუფში მაქსიმუმ რამდენი ბავშვი უნდა იყოს და რამდენი კადრი უნდა ემსახუროს მათ? - ბაგაში სტანდარტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 13 აღსაზრდელი, რომელთაც თითო აღმზრდელი და თითო თანაშემწე ეყოლებათ. ჩვენ ამ სტანდარტს რიგ ჯგუფებში ვინარჩუნებთ, რიგ ჯგუფებში კი შეიძლება სტანდარტში ვერ ჩავჯდეთ, მაგრამ 2030 წლისთვის ეს ყველაფერი ავტორიზაციის პროცესებთან ერთად ეტაპობრივად იქნება მოგვარებული. - გრძელვადიან პროგნოზს რომ თავი დავანებოთ, ამ ეტაპზე, თუ ვთქვათ, ჯგუფში იქნება 15 აღსაზრდელი, სტანდარტით, მათ თითო აღმზრდელი და თითო თანაშემწე შეიძლება ჰყავდეთ? - დიახ, ასე უნდა იყოს, უბრალოდ ასაკობრივ ჯგუფებში შეიძლება რაოდენობა ცოტათი გაიზარდოს. ამით ჩვენ ვუახლოვდებით იმ სტანდარტებს, რაც აკრედიტაციით არის გათვალისწინებული. სტანდარტის ჩამოყალიბება ამით არ სრულდება, ჩვენ მომავალში ვაპირებთ კადრების მომზადებას. დღეს მაგალითად, არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მეთოდისტი, არ გვყავს ფსიქოლოგები, მედპერსონალი და მათი მოზიდვა და გადამზადება არის შემდეგი ეტაპი. ჩვენ დავარეზერვებთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა, რეორგანიზაციის შედეგად განთავისუფლდება პოსტებიდან და შემდეგში, როცა დამატებითი კადრები დაგვჭირდება, ვეცდებით, კვალიფიკაციის მიხედვით გადავამზადოთ ისინი. - მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხი მარტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს ეხება თუ მოთხოვნა ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის და ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს? - ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, წესით ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა და წალენჯიხა, ამ შემთხვევაში, ნოვატორია. სხვაგან რა ხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აუცილებელი პროცესია. - წალენჯიხაში ეს პროცესი ხომ არ გამოიწვია გარკვეულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ოპოზიციურად განწყობილმა საჯარო მოხელეებმა წინამორბედების საქმიანობის რევიზია ხომ არ დაიწყეს და მიზანი წინამორბედების მიერ დანიშნული კადრების წმენდა ხომ არ არის? - ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინ გათავისუფლდება და ვინ - დარჩება პოზიციებზე. იმდენად გამჭვირვალე პროცესი მიმდინარეობს, მერწმუნეთ, არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ მოხდება არავის განთავისუფლება. იარსებებს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც კადრები შეირჩევა. - სავარაუდოდ, როგორი იქნება ეს კრიტერიუმები და კონკურსი რა პრინციპით ჩატარდება? - მე ჯერ ახალი დანიშნული ვარ, ყველა თანამშრომელს არ ვიცნობ და ამიტომ ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. გამგეებთან ერთად გადავინაწილებ ამ პასუხისმგებლობას, მათთან ერთად განვიხილავ კრიტერიუმებს და ძირითადად, გადაწყვეტილების მიღებაც მათ მოუწევთ. - ლიის № 1 ბაგა-ბაღის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს, გამოთავისუფლებული კადრები სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს უნდა ჩაენაცვლებინათ. ეს ეჭვი გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულ ბაღში მართლაც დასაქმდნენ ასეთი სტატუსის მქონე ადამიანები. ამ პარადოქსულ ფაქტს როგორ შეაფასებთ? - არასწორი ინფორმაციაა. რეორგანიზაცია ითვალისწინებს აღმზრდელის თანაშემწეების შტატების შემცირებას და მათ ადგილზე სოციალურად დაუცველი პირების დანიშვნა არის სრული სიცრუე. ისინი გადანაწილებულნი არიან ისეთ შტატებზე, როგორიცაა მზარეულის თანაშემწე, დამლაგებელი მრეცხავი, მეეზოვე და ასე შემდეგ. - იმ შემთხვევაში, როცა შტატების შემცირებასა და თანხების გამოთავისუფლებაზე მიდის საუბარი, ერთ ბაღში 8 ახალი შტატის დამატება რამდენად ნორმალურია? - ისინი ჩვენს შტატში არ არიან და ჩვენი ბიუჯეტიდან არ იღებენ ხელფასს, მათ სახელმწიფო ცალკე უხდის ანაზღაურებას. მე რომ მქონოდა საშუალება და მუნიციპალიტეტს რომ ჰქონოდა დამატებითი შტატების შექმნის შესაძლებლობა, მაშინ შემცირებაზე არ იქნებოდა საუბარი და ყველა თანამშრომელს ადგილზე გადავანაწილებდით. - ჩვენი სოფლის ბაღს რაც შეეხება, გეცოდინებათ, ალბათ, რომ მის შენობაში წლებია, რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს და დაწესებულებას არა აქვს საშუალება, საკუთარი ინფრასტრუქტურა მთლიანად, საკუთარი საჭიროებისამებრ მოიხმაროს. თუ იქნება შესაძლებელი, მუნიციპალიეტეტის მერიამ იზრუნოს იმ ოჯახების ცალკე გაყვანაზე, რათა ბაღს მეტი განვითარების საშუალება ჰქონდეს? - დიახ, მე ვიცი ამ პრობლემის შესახებ. დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც მოდიან ბაღის რესტავრაციის ან მშენებლობის იდეით, ბევრჯერ შევთავაზე ლიის ბაღის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის საკითხი, მაგრამ საწმუხაროდ ყველა თავს იკავებს, ამ ფაქტის გამო. რაც შეეხება დევნილი ოჯახების სხვაგან გადაყვანას, ამაში თქვენი სოფლის გამგეობა უნდა იყოს ჩართული და დახმარებისთვის, ალბათ, თქვენ უნდა მიმართოთ მუნიციპალიტეტის მერიასაც. ჩვენ ამის პრეროგატივა არ გვაქვს. როგორც ლანა შენგელიასგან შევიტყვეთ, მის დაქვემდებარებაში მყოფი ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებმა აღმზრდელის თანაშეწმეების შემცირებასთან დაკავშირებული ბრძანება 26 აგვისტოს მიიღეს, სასწავლო წელი 2 კვირაში დაიწყება, ხოლო რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის კრიტერიუმი ჯერ დადგენილი არ არის. ამ მხრივ, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ბაღების გამგეებს წაუყენეს, არის მათი თანამშრომლების, უფრო კონკრეტულად, აღმზრდელების თანაშემწეთა დახასიათება. უყურადრებოდ ვერ დავტოვებთ იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული მოთხოვნა, რომელიც ბრძანების სახით გაიცა და რომელსაც ხელს ლანა შენგელია აწერს, 23 აგვისტოს, საღამოს 21 საათსა და 09 წუთზე, ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მისი შინაარსიდან ირკვევა, რომ შენგელიასთვის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა დახასიათება არა უგვიანეს 24 აგვისტომდე უნდა მიეწოდებინათ... დასკვნების გაკეთება თქვენთვის მიგვინდვია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო - საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის, ლანა შენგელიას მიერ ნახსენებ ,,გაბერილ შტატებთან“ დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებული ბაგა-ბაღების გამგეების თქმით, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში და მთლიანად ქვეყანაში, ბაღებში აღსაზრდელთა სიმცირე განპირობებული იყო პანდემიით, თუმცა დღეისთვის ვითარება შეცვლილია და თითოეულ ბაღში იმდენი ბავშვი ირიცხება, იშვიათი შემთხვევის გარდა, კადრების შემცირება მათ მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის. ამასთან, ბაღების გამგეები იმასაც ხაზს უსვამენ, რომ თუ ოდესმე მათ დაწესებულებაში ზედმეტი შტატი გაჩნდა, ეს არა მათი, არამედ მათი უშუალო ხელმძღვანელობის სურვილით და ძალისხმევით ხდებოდა.
-
როდესაც მძღოლს ზუსტად ეცოდინება, რომ მისი მოქმედება დაუსჯელი არ დარჩება, დარღვევებსაც უკლებს და საჭესთანაც მეტად მობილიზებული იქნება. 2022 წლის იანვარ-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა - 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი. შსს-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 16 წლამდე ასაკის 10 მოზარდი დაიღუპა, ხოლო ტრავმა 408 მოზარდმა მიიღო. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ამ მონაცეების მიხედვით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები 7%-ით არის შემცირებული, თუმცა დაზიანებები 1,5 %-ით, ხოლო ლეტალობა 14,5 %-ითაა გაზრდილი. ის ფაქტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ოდენობის შემცირების ფონზე მსხვერპლის რიცხვი იზრდება, სავალალო ვითარებაზე მიგვანიშნებს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მიდის საუბარი საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებაზე, ავარიებში დაღუპულთა რაოდენობა, შემცირების ნაცვლად, იზრდება რა ცვლილებებია საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ავარიების და მსხვერპლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდეს, როგორ უნდა ავამაღლოთ მძღოლების ცნობიერება, რა უშლის ხელს კანონის ადმინისტრირებას, ამ საკითხებზე სასაუბროდ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს მივმართეთ. - მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობაზე, ნასვამობაზე და საგზაო უსაფრთხოების წესების სხვა უხეშ დარღვევაზე კანონით მკაცრი სანქციებია დაწესებული, ყოველ წელს მაინც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და დიდია მსხვერპლიც. რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ განსაკუთრებულად დაუმორჩილებელი ხალხი ვართ თუ რატომ გვიჭირს წესის და კანონის დაცვა? - ქართველები არავისზე ნაკლები კანონმორჩილი ერი არ ვართ და წესების დაცვაც არავისზე ნაკლებ შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ. ამას უსაფრთხოების ღვედების მაგალითიც ადასტურებს. გვახსოვს, რომ ავტომანქანის მართვისას ღვედების გაკეთება უმრავლესობას წარმოუდგენლად მიაჩნდა. კვლევებს რომ ვატარებდით, გამოკითხულთა უმეტესობა გვეუბნებოდა, ქართველ კაცს ვერ დააბამო. თუმცა, როგორც კი შესაბამისი კანონი ძალაში შევიდა და დაჯარიმება დაიწყეს, ღვედი ყველამ გაიკეთა. ამით დამტკიცდა, რომ თურმე შეგვიძლია, საჭესთან მსხდომებმა ღვედიც შევიკრათ, თუცა მანამდე ეს თავადვე არ გვჯეროდა. ამდენად, ევროპელებიც ვართ და კანონმორჩილებიც, თუ რასაკვირველია, კანონი გარკვეული წესის დაცვას დაგვავალდებულებს და თუ კარგად აგვიხსნიან ან დაგვარწმუნებენ, რომ ეს ჩვენთვისვეა საჭირო. ახლა რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გვაქვს ასეთი მძიმე მდგომარეობა ავტოსაგზაო შემთხვევების მხრივ. ზოგადად, საგზაო უსაფრთხოება ისეთი საკითხია, რომელსაც მუდმივად სჭირდება მიყოლა და უწყვეტი მუშაობა იმისთვის, რომ ნაკლები მსხვერპლი გვქონდეს. შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევები თავიდან ვერ ავიცილოთ, მაგრამ ამდენი მსხვერპლი ნამდვილად არ უნდა იყოს. მონაცემები, რაც საქართველოს შსს-მ მოგვაწოდა, არის ძალიან სავალალო. ავტოავარიების რიცხვის შემცირების ფონზე გაზრდილია ავარიებში დაღუპულთა რიცხვი და მსხვერპლთა შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდა ან მოზარდი. ეს იმას ნიშნავს, რომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით რაღაცა პრობლემა გვაქვს და ეს რაღაც არის ის, რომ გამუდმებით არ ვუბრუნდებით ამ საკითხს, მასზე არ ვმუშაობთ და არ ვითვალისწინებთ გამოცდილებებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. საქართველოში საგზაო უსაფრთხოება არ არის აღქმული სერიოზულ საკითხად და დამრღვევი მძღოლები სარგებლობენ იმ ფაქტორით, რომ მოშვებულია ადმინისტრირება და კონტროლი; რომ ქულათა სისტემა სათანადოდ არ მუშაობს. საუბარაია აგრესიულად დამრღვევ მძღოლებზე, თორემ რაღაც მომენტში ყველას შეიძლება რამე შეეშალოს ან მოძრაობის წესი უნებლიედ დაარღვიოს. სამწუხაროდ, არიან საგზაო მოძრაობის წესების უხეში დამრღვევი მძღოლები, რომლებიც სასიკვდილო შეცდომებს უშვებენ. არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც მუდმივად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მათ არც ჯარიმები აფერხებთ, არც ლიმიტირებული ქულების ჩამოკლება. ქულების ჩამოკლებაც ისე ეფექტურად არ ხდება, რომ მათ მართვის მოწმობის ჩამორთმევის შეეშინდეთ, ამიტომ ეს მექანიზმები საკმარისი არ არის. - ასეთი მძღოლების დამორჩილება რა მექანიზმების საშუალებით იქნება შესაძლებელი, რა გამოსავალი უნდა მოინახოს? - როგორც ვიცით, ავტოავარიების და მძიმე შემთხვევების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობა ან მანევრირების წესების დარღვევა. ზოგიერთი დამრღვევი მძღოლი არა უნებლიედ, არამედ გამიზნულად გადადის ზოლიდან ზოლში და საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა მძღოლებს. განსაკუთრებით საშიშია ასეთი მძღოლები საპირისპირო ზოლში მოძრავი მანქანის საჭესთან მსხდომებისთვის. მით უმეტეს, ყველა მძღოლს არა აქვს ისეთი კვალიფიკაცია, რომ ყველანაირ დარღვევაზე სათანადო რეაგირება ჰქონდეთ, გათვალონ და გაზომონ ყველა სიტუაცია და თავიდან აიცილონ მძიმე შედეგი. მძიმე ავარიებიც სწორედ იმ მიზეზით ხდება, რომ მძღოლები წესების დარღვევით გადადიან სხვის ხაზში, მაღალი სიჩქარით მოძრაობენ და არასწორ მანევრებს აკეთებენ; ღუპავენ სხვას და საკუთარ თავსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ, უპირველესად, საქმე გვაქვს ადამიანების ცნობიერებასთან, მის თვითშეგნებასთან. საუბედუროდ, კანონის ადმინისტრირება სათანადოდ არ ხდება, იმიტომ კი არა, რომ ვინმეს არ უნდა აღასრულოს, არამედ იმიტომ, რომ რესურსი არ ჰყოფნით. პოლიცია ყველა კუთხეში ვერ დადგება და ყველა დარღვევას ვერ გააკონტროლებს. შეიძლება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იდგეს იმ ადგილას, სადაც მოძრაობის წესებს ერთდროულად ხუთი მძღოლი არღვევს, მაგრამ ისინი ხუთივეს ხომ ვერ დააფიქსირებენ? ამიტომ ადმინისტრირების ნაწილში, ქულათა სისტემის მიბმა ჭკვიან კამერებზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მექანიზმი ყველა უხეშად დამრღვევ მძღოლს გაუჩენს განცდას, რომ მათი დარღვევები კონტროლდება და პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ. როდესაც დამრღვევ მძღოლს ზუსტად ეცოდინება, რომ მისი მოქმედება დაუსჯელი არ დარჩება, დარღვევებსაც უკლებს და საჭესთანაც მეტად მობილიზებული იქნება. თუ კანონის ადმინისტრირება შესაფერის დონეზე არ მოხდება, სხვანაირად, რაც არ უნდა ვანამუსოთ და ვუძახოთ, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო, დარღვევები არ მოიკლებს. ნასვამ მძღოლს რომ ვინმე შენიშვნას მისცემს, საჭესთან რატომ ჯდებიო და ის აქეთ ედიდგულება, აბა, ადგილზევე ჩამოართვან მართვის მოწმობა და მანქანა, მერე ვნახავთ რამდენად მიედავება ვინმეს. კანონში კი გვავქვს ასეთი მუხლი, მაგრამ პრობლემაც ის არის, რომ ყველა შემთხვევის კონტროლი და ადმინისტრირება ვერ ხერხდება. ეს რომ მუდმივად და ხშირად ხდებოდეს ანუ ნასვამი მძღოლებისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის ბევრი მაგალითი რომ გვქონდეს, მერე სხვებიც ვერ გაბედავენ საჭესთან დაჯდომას. განსაკუთრებით რთულია ვითარება რეგიონებში, რადგან აღსრულება იქ კიდევ უფრო მოიკოჭლებს, ვიდრე დედაქალაქში. - რამდენად მიზანშეწონილია მართვის უფლების გაცემა 18 წლის მოზარდებისთვის, რომელთაც სათანადო გამოცდილება არ აქვთ. ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტსობაში მონაწილეებიც სწორედ 18-20 წლის ახალგაზრდები არიან. ასაკობრივი ზღვარის აწევა ხომ არ იქნებოდა უპრიანი? - როგორც ვიცით, ახალგარზდა და გამოუცდელი მძღოლები მართლაც ყველაზე მაღალ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, თუმცა რაც შეეხება ასაკობრივი ზღვარის აწევას, აქაც უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტორი. შეიძლება, ზოგიერთი 18 წლის მოზარდი უფრო კანონმორჩილი მძღოლი იყოს და საგზაო მოძრაობის ყველა წესს იცავდეს, ვიდრე 21 ან 40 წლის. ასაკობრივი ზღვარის აწევაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რა შეზღუდვები იმოქმედებს. - ამ მხრივ როგორია უცხოეთის და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა? - ბევრ ქვეყანაში არის სხვადასხვა პრაქტიკა. მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ, თუ გამოცდილ მძღოლს ანიჭებენ 10 ქულას, გამოუცდელ მძღოლს მისი ნახევარი ენიჭება. ახალბედა მძღოლს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ორი ან სამი რთული დარღვევის შემთხვევაში მართვის უფლებას ჩამოართმევენ. არის ასევე, ასეთი პრეაქტიკაც, როცა გამოუცდელი მძღოლები დადიან მეურვესთან ერთად ან არის სპეციალური სტიკერი, რომელიც მიკრული აქვს მანქანას და რომელიც სხვა მძღოლებს მიანიშნებს, რომ ამ მანქანის საჭესთან ახალბედა, გამოუცდელი მძღოლია. ამდენად, სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულია სხვადასხვა მეთოდი, რომელიც ახალბედა მძღოლებზე ვრცელდება და ისინი არ არიან გათანაბრებული გამოცდილ მძღოლებთან. ჩვენთან, ვიდრე ესა თუ ის პირი მართვის უფლებას მიიღებს და საჭეს მიუჯდება, მანამდეა სისტემა მოსაწესრიგებელი, რათა ისე აუმაღლოს ამ ადამიანს ცნობიერება, რომ მან მძღოლობის პასუხისმგებლობა თავიდანვე გაიაზროს. იმ სიხარულთან ერთად, რომ მანქანა უყიდა მშობელმა ან თავად იყიდა, მართვის მოწმობა აიღო და ტარება შეუძლია, აუცილებლად უნდა გრძნობდეს უდიდეს პასუხისმგებლობასაც. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. მსგავსი რამ ჩვენი მენტალიტეტისთვის ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ მანქანის შეძენასთან ერთად ადამიანს მძღოლობის პასუხიმსგებლობა უნდა ჰქონდეს გააზრებული. ამაზე ავტოსკოლებმა უნდა იზრუნონ. სამწუხაროდ, დღეს ამ ნაწილში სერიოზული ხარვეზები გვაქვს. - ცნობიერების ამაღლებას, შეგნების და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვიძებას მარტო ავტოსკოლა გაუმკლავდება თუ უმჯობესია, საჯარო სკოლებშიც ისწავლებოდეს საგზაო უსაფრთხოების და გზებზე მოძრაობის წესები? - რაც მთავარია, არა რის აუცილებელი, ყველა მანქანის საჭეს მიუჯდეს და ყველა იყოს მძღოლი. პირიქით, ახლა ისეთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოტრანსპორტი, სქროლები... რაც შეეხება მოძრაობის და საგზაო უსაფრთხოების წესებს, როგორც ავტომანქანით მოსიარულეთათვის, ისე ქვეითებისთვისაც, გარკვეული დოზით, სკოლებში დაწყებითი კლასიდანვე უნდა ისწავლებოდეს. ის კი არადა, ბავშვმა საბავშვო ბაღიდანვე უნდა გაიაზროს საგზაო მოძრაობის წესები, როგორც ამ მოძრაობის მონაწილემ, როგორც ფეხით მოსიარულემ, როგორც მგზავრმა. ჩვენ ყველას გვჭირდება ამ წესების ცოდნა და ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობის გაცნობიერება. რაც შეეხება მძღოლებისთვის განკუთვნილ წესებს, სასურველია, უკვე მაღალ კლასებში ისწავლებოდეს. თუმცა, აქაც საუბარია ჩვენს ცნობიერებასა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე და არა უშუალოდ მართვის წესებზე. მართვის წესები და საგზაო ნიშნები ავტოსკოლაში ისწავლება, მაგრამ ისევე, როგორც იმის ცოდნაა აუცილებელი, რომ წესიერმა მოქალაქემ და ქვეყნის პატრიოტმა, ნაგავი უკონტროლოდ არ დაყარო, საერთო ქონება არ დააზიანო, ქუჩაში, ტრანსპორტში არაფერი გააფუჭო, ასევე უნდა ვიცოდეთ საგზაო უსაფრთხოების წესები. ეს მარტო მძღოლს არ ეხება, ეს ეხება ნებისმიერ მოქალაქეს, ქვეითსაც და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრსაც. ჩემი ნებისმიერი არასწორი ქცევა გეხებათ თქვენ და სხვებს. ასევე - პირიქით, ეს არის ზიარი პასუხისმგებლობა. ამიტომ, იმაზე, რაც ხდება საჯარო სივრცეში და არის ზიარი, ყველა თანაბრად პასუხისმგებელი ვართ და უნდა ვიზრუნოთ, რომ ერთმანეთი არ დავაზარალოთ. აი, ეს ელემენტარული წესები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. - გვახსოვს, გზებზე მოძრაობის წესების დაცვის მოწოდებით ტელევიზიით ადრე სოციალური რეკლამები და ვიდეორგოლები ვრცელდებოდა, მაგისტრალებზე ბილბორდებიც გვხვდებოდა. კარგა ხანია, მსგავსი ვიდეორგოლები არ გვინახავს. რამდენად მუშაობს ასეთი კამპანია და არის თუ არა საჭირო მისი გაგრძელება? - რა თქმა უნდა, ეს მიმართულება გასააქტიურებელია. ამ კუთხით, წლებია, ფაქტობრივად არაფერი კეთდება. იყო დრო, როდესაც აქტიური კამპანია მიმდინარეობდა, მზადდებოდა გარკვეული სატელევიზიო გადაცემებიც, სარეკლამო რგოლებიც, მოწოდებებიც, მაგრამ კარგა ხანია, აღარ გვინახავს. მსგავსი აქტივობები მუშაობს მაშინ, როცა ის არის უწყვეტი, ხანგრძლივი და მიზანმიმართული. ვითარება გაუმჯობესდება მაშინ, თუ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოწოდებები და ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი მოქმედებები იქნება მიზანმიმართული, ხანგრძლივი და პერმანენტული და არა - ფრაგმენტული. ეს კამპანია უნდა იყოს მუდმივი და უწყვეტი, როგორც ამ მნიშვნელოვან საკითხს შეეფერება. შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა ქვეყნების, თუნდაც დიდი ბრიტანეთის მაგალითი, სადაც მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია სპეციალური კამპანია და გარკვეული პერიოდულობით უშვებენ სატელევიზიო ვიდეორგოლებს. განსაკუთრებით აქტიურდება თემა საშობაოდ და ახალი წლების დღეებში, როცა დღესასწაულებს აღნიშნავენ. როგორც ვიცით, ამ დღეებში ადამიანები ალკოჰოლს მეტად ეტანებიან და მეტია რისკი, რომ ნასვამები დაჯდნენ საჭესთან. ამიტომ ადრიანადვე ავრცელებენ სპეციალურ ვიდეორგოლებს და ასე აფრთხილებენ თავიანთ მოქალაქეებს, ნასვამები არ მიუჯდნენ ავტომანქანის საჭეს. ასევე, აქტუალურია გამაფრთხილებელი ვიდეორგოლები ზაფხულის პერიოდში, როცა მობილობა იზრდება, ადამიანები ბევრს გადაადგილდებიან ავტომანქანებით და მოგზაურობენ. ასეთ დროს, მძღოლებს მოუწოდებენ, რომ არ გადააჭარბონ სიჩქარეს, დაღლილები ან გამოუძინებლები არ დაჯდნენ საჭესთან. მძღოლების მისამართით ვიდეორგოლების მოწოდება და შინაარსი, წინასასკოლო პერიოდშიც იცვლება და უკვე ასეთი წინადადებები ისმის: გზა დაუთმე ქვეითს, გზა დაუთმე ბავშვებს, მოსწავლეებს და ასე შემდეგ. ეს კამპანია წლის განმავლობაში ასეთი პერიოდულობით არის გათვლილი და დალაგებული. ჩავარდნა არასდროს აქვთ, იქ მცხოვრებ ადამიანებს მუდმივად ესმით მსგავსი მოწოდებები, ეს გაფრთხილებები მათ ცნობიერებაში რჩება და ამიტომ მძღოლობასაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. - რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ცენტრალური გზების ზოგიერთ მონაკვეთზე ინსტალაციების სახით ავარიაში დამტვრეული მანქანები დაიდგა, რომლებიც ერთგვარ თვალსაჩინოებას წარმოადგენდა. ამ ფაქტს საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ზოგმა ნეგატიურად აღიქვა, ზოგმა სასაცილოდ მიიჩნია, ბევრში აგრესია გამოიწვია. რატომ ვერ მიიღო ეს ჩვენმა საზოგადოებამ? ან რატომ დადგეს და მალევე რატომ აიღეს, ან როგორი უნდა იყოს თვალსაჩინოება, ისევ ვნებათაღელვის საგანი რომ არ გახდეს? - შეიძლება ისევ გაკეთდეს მსგავსი ინსტალაცია, ოღონდ უფრო სხვა ფორმით, უფრო პოზიტიურით გამოიხატოს ან აგრესიულიც იყოს, გააჩნია რა მოქმედებს კონკრეტულ საზოგადოებაზე. ევროპაში თუ უფრო აგრესიული კამპანია მუშაობს, ჩვენთან, იქნებ, უფრო დაბალანსებულმა იმოქმედოს. გამუდმებით უარყოფითი განწყობა რომ შევუქმნათ, ამან შეიძლება ასევე უარყოფითი შედეგი მოგვცეს, როგორც იმ ინსტალაციების შემთხვევაში იყო. თუმცა, ხშირად ის უკურეაქციაც კარგად მუშაობს, ამაზე ლაპარაკი ვიღაცას მაინც დააფიქრებს და გავლენასაც იქონიებს. ამდენად, ეს არ არის მოუგვარებელი პრობლემა, მთავარია ნება და მონდომება. ამ ტიპის კამპანიასა და ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში გარკვეული რესურსი უნდა ჩაიდოს, თუმცა მარტო კამპანია არ კმარა; პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს კანონის აღსრულება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. ბევრი საჭირო კანონი ჯერ კიდევ არ გვაქვს მიღებული, მაგალითად უკანა სავარძლებზე უსაფრთხოების ღვედების მოხმარების თუ საბავშვო სავარძლების აუცილებლობის შესახებ. - სახელმწიფოს მხრიდან თქვენს ორგანიზაციასთან, სხვა მსგავს ორგანიზაციებთან თუ არის რამე კოორდინაცია, თუ იმართება კონსულტაციები რომელიმე კანონზე, პრობლემაზე მსჯელობა, განხილვა? - პერიოდულად და ფრაგმენტულად მსგავსი შეხვედრები კი იმართება, რაღაცეები იგეგმება, ხოლმე, მაგრამ ისეთი დოზით არა, როგორც გვინდა, რომ იყოს. გარკვეულ საკითხებს აშკარად გაურბის სახელმწიფო, ხალხის აგრესიას ირიდებს თავიდან და ამიტომაც გვაქვს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს.
-
მას შემდეგ, რაც ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთის მფლობელობაში გადასვლის შესახებ გახდა ცნობილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ვნებათაღელვა არ წყდება. აფხაზების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასტუმრო-კომპლექსი ,,ბიჭვინთა“ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს, ან თუ გაიყიდება, ადგილობრივმა პირმა იყიდოს. ისინი არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სახელმწიფო აგარაკის სახელით ცნობილი სასტუმრო რუსეთს გადაეცემა, მით უმეტეს, უსასყიდლოდ. სწორედ ამიტომ, 20 ივლისს ოჩამჩირის რაიონის მკვიდრებთან გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას თავის მართლებამ და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემამ მოუწია. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირლებს შეახსენა, რომ ბიჭვინთის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო აგარაკი რუსეთის ფედერაციას უსასყიდლო სარგებლობაში ჯერ კიდევ 1995 წელს გადაეცა, მაშინ, როცა რუსეთს ბორის ელცინი მართავდა და აფხაზეთი სრულ იზოლაციაში იყო. ,,ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ვითარება შეიცვალა. 2000-იანი წლების დასაწყისში ბლოკადა მოიხსნა და აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი დაიწყო. ვლადისლავ არძინბამ არაერთხელ თქვა, რატომ ხდება აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაცია და რას გვაძლევს ეს. მას მიაჩნდა და მეც ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის მეორე - რუსეთის მოქალაქეობის მიღება იმ დროს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული, მისი დაცვის გარანტიას ნიშნავდა. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, ამით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, თავისი მოქალაქეებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. ამის შემდეგ იყო 2008 წელი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. თქვენ კარგად იცით, რა როლი ითამაშეს რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა და ყველას კარგად გახსოვთ ის საკითხები, რომლებიც მაშინ ოპერატიულად იქნა გადაწყვეტილი.“ - განუცხადა ოჩამჩირის მცხოვრებლებს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ბჟანიამ. როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, 2010-დან 2020 წლამდე რუსეთის ფედერაციამ სასტუმრო-კომპლექს ,,ბიჭვინთას“ თაობაზე, ოკუპირებული აფხაზეთის მესვეურებს არაერთხელ მიმართა. ისინი ითხოვდნენ, რომ სახელმწიფო აგარაკი მისი მიმდებარე ტერიტორიით და შენობა-ნაგებობებით რუსეთს გადასცემოდა. ცნობილია, რომ ობიექტები, რომლებიც სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე აშენდა, დაახლოებით 60 წლისაა. კომპლექს ,,ბიჭვინთას“ მშენებლობა 1958 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა. ამის შემდეგ იქ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. ბჟანიას თქმით, შარშანწინ პუტინთან შეხვედრამდე, მან ამ აგარაკზე, კორონა-ვირუსის გამო, ორი კვირა კარანტინში გაატარა და საკუთარი თვალით ნახა, რომ მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია. მისი მტკიცებით, სასტუმრო დღეს არასახარბიელო მდგომარეობაშია და ამიტომ იქ ყველაფერს კაპიტალური რემონტი სჭირდება ან შესაძლოა მისი დანგრევა და ახალი კომპლექსის აშენება. მიუხედავად იმისა, რომ 60 წლის განმავლობაში აგარაკზე არანაირი რემონტი და რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა, ბჟანიამ აქვე აღნიშნა, რომ კომპლექსი ,,ბიჭვინთა“ ის ადგილია, სადაც აფხაზეთში ჩასული პუტინი ჩერდება და ოფიციალურ შეხვედრებს აწყობს. ,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ აგარაკით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც მოისურვებს, ასე არ არის. 1995 წელს, როცა ეს ობიექტი რუსეთის ფედერაციას უსასყიდლოდ გადაეცა, მისი სტატუსი, როგორც დაცული ტერიტორიის, შენარჩუნდა და დღემდე შენარჩუნებულია. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი უმთავრესი სტუმარი ჩამოდის. მან 2020 წლის ნოემბერში ჩვენი შეხვედრისას კიდევ ერთხელ დასვა ,,ბიჭვინთის“ საკითხი და ტაქტიანად მთხოვა, რომ სასტუმრო-კომპლექსი მთლიანი შენობა-ნაგებობებით მათთვის გადამეცა. რუსეთის პრეზიდენტმა მითხრა, რომ აპირებდა აგარაკის კაპიტალურ რემონტს, რათა ეს ობიექტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულფასოვანი რეზიდენცია გახდეს. ამ შეხვედრის შემდეგ, ორ-სამ დღეში შევკრიბე მაშინდელი პარლამენტის შემადგენლობა და ვაცნობე მისი წინადადების შესახებ და ვთქვი, რომ აფხაზური მხარე ყველაფერს გააკეთებს ამ საკითხის მოსაგვარებლად... ფაქტობრივად, ჩვენ რუსულ მხარეს გადავცემთ შენობებს და ნაგებობებს და არა მიწას, როგორც ზოგიერთი ოპონენტი ამბობს. ჩვენ ამ ობიექტს არ ვაბარებთ ბიზნეს სტრუქტურებს ან შემთხვევით ადამიანებს, ჩვენ მას გადავცემთ ლიდერს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა აფხაზეთისთვის. სწორედ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ. არავინ აპირებს ობიექტის საზღვრების შეცვლას.“- განაცხადა ასლან ბჟანიამ. მიუხედევად იმისა, რომ მან მრავალი ასეთი არგუმენტით სცადა საკუთარი მოსაზრების გამყარება, გადაწყვეტილების მართებულობაში შეკრებილების დარწმუნება მაინც ვერ შეძლო და ოჩამჩირის მოსახლეობასთან მისი ვიზიტი მუშტი-კრივით დასრულდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არც ბიჭვინთის მოსახლეობა შეჰხვედრია მშვიდად, უფრო მეტიც, ისინი აქტიურად აპროტესტებენ აგარაკის გასხვისების დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელიც 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში შედგა. ბიჭვინთელებმა ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატას სპეციალური წერილით მიმართეს, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავენ აფხაზეთის განსაკუთრებულად დაცულ ბუნებრივ ზონაში არსებული ტერიტორიის გასხვისების გამო. ისინი მიიჩნევენ, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ფარულად და საეჭვო ვითარებაში მოხდა და რომ ეს გადაწყვეტილება მათი უფლებების პირდაპირი დარღვევაა. ამ წერილის და მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე საზოგადოებრივმა პალატამ რეკომენდაციით მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტს, რომ სახელმწიფო აგარაკის გასხვისების დოკუმენტზე რატიფიკაციის კენჭისყრამდე, საჭიროა ეს საკითხი სპციალისტებმა და ექსპერტებმა შეისწავლონ. თუმცა, როგორც ირკვევა, ეგრეთწოდებული აფხაზეთის პარლამენტი საზოგადოებრივი პალატის საბჭოს რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს და მომავალ სხდომაზე რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირებას, სავარაუდოდ, დაეთანხმება. აფხაზები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შეთანხმების ირგვლივ დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობა უფრო და უფრო აღრმავებს მათ უნდობლობას რუსეთის მიმართ და ეს ვითარება უარყოფითად იმოქმედებს აფხაზეთ-რუსეთს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობაზე. სოხუმში ასევე მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ეგრეთწოდებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აუცილებლად მორიგ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზრდება.
-
როდის აღდგება ტობა ვარჩხილის ტურისტული მარშრუტი?
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in irmaberi's ბლოგი
რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მკვიდრმა, ფოტოხელოვანმა, რომან თოლორდავამ, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: ,,დღეს, არც მეტი არც ნაკლები, 10 ივლისი გახლავთ, მთელს ქვეყანაში შუა ტურისტული სეზონია. ხობისწყლის ხეობის მთავარი ტურისტული მაგისტრალი კი ჩახერგილია ნაშალი მასალით და გზაც დაკეტილია. დიახ, მეგობრებო, ის გზა, რომელიც სახელმწიფოს 6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. იმედია, ამ დღეებში მაინც გაიწმინდება და გაიხსნება ეს გზა და შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ ვითარების სამართლებრივი არსით. ასევე საკმაოდ საინტერესოა მუხურის წყალმომარაგების სისტემა, რაზეც სახელმწიფომ მილიონზე მეტი დახარჯა და მისი ფუნქციონირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტია ამ საკითხებს კვალიფიციური გამოძიება ჭირდება!!!!“ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საზოგადოების სხვა წევრები და თოლორდავას პათოსი გაიზიარეს. ,,წლებია ტურისტები დამყავს მაგ მიმართულებაზე. რა ვუთხრა ჩემს ტურისტებს, კონკრეტულად როდის გაიხსნება გზა? თითო დღე, რაც იკარგება არის ზარალი, პირველ რიგში, მუხურის მაცხოვრებლებისთვის.“ - დაწერა ერთ-ერთმა გიდმა. რომელ ტურისტულ მარშრუტზეა საუბარი და რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი გზის სარეაბილიტაციოდ, ამის შესახებ სასაუბროდ Planeta.ge თავდაპირველად რომან თოლორდავას დაუკავშირდა. - რამ გამოიწვია გზის ჩახერგვა და რომელ მონაკვეთზეა საუბარი? - ივნისის დასაწყისში უხვმა ნალექმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა გზა, რომელზეც ჩხოროწყუს მთავარი ტურისტული მარშრუტი გადის. ეს გზა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გააკეთა, მისი მშენებლობა და მთლიანი პროექტი სახელმწიფოს 6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ბუნებრივი მოვლენების შედეგად დაზიანებული ასეთი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია და გამტარიანობის აღდგენა მყისიერად უნდა მოხდეს და ამისთვის მუნიციპალიტეტს ტექნიკის ლოდინი თვეობით არ უნდა სჭირდებოდეს. ასე, შეიძლება ეს გზა დიდხანს არც გაკეთდეს, ადგილზე კი ის სათანადო ტექნიკა, რომელიც აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად არის საჭირო, არ გაგვაჩნია. ძალიან ბევრი ტურისტი გაბრუნდა უკან, ძალიან ბევრმა ტურისტულმა ჯგუფმა გააუქმა ჯავშანი. ძალიან ბევრი გიდი, ვისაც ვიცნობ, წერს, რომ უგზოობის გამო, ტობავარჩხილის მიმართულებით დაგეგმილი ათობით ტურის გადადებამ მოუწიათ. ნახევარი სეზონი უკვე გავიდა და მეორე ნახევრიც, ფაქტობრივად ჩავარდნილია. - მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა რას ამბობს, ამ მიმართულებით რამე სამუშაოები თუ ტარდება? - ამბობენ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ელოდებიან სპეციალისტებს, რომლებიც ნახავენ დაზიანებულ ადგილებს, შეისწავლიან რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი. შემდეგ უნდა გამოიძახონ ის სამშენებლო კომპანია, ვინც ეს გზა გაიყვანა და მერე იმათ უნდა გაწმიდონ და აღადგინონ. ამასობაში, როგორც ვთქვით, ნახევარი სეზონი გავიდა და ვიდრე ის ყველაფერი გაკეთდება, რაც ჩამოვთვალეთ, მეორე ნახევარიც გავა. - რეალურად, თვითმმართველობა დამოუკიდებლად ვერ წყვეტს, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში ადგილზე, საკუთარი ძალებით მოაგვარონ საკითხი? - ასეთი ფაქტები ადასტურებს, რომ თვითმმართველობა მხოლოდ ფორმალურად, ქაღალდზე არსებობს. თვითმმართველი ერთეულის მიერ დამოუკიდებლად განხორციელებული პროექტი არ გვინახავს. მუნიციპალიტეტს სათანადო ფინანსური რესურსი არა აქვს, რაც აქვს, გაბერილი შტატების ხელფასებში მიდის. გზების რეაბილიტაციის ამბებს ისიც ართულებს, რომ ეს გზებიც დაყოფილია,ზოგი ადგილობრივი მნიშვნელობისაა, ზოგი - სახელმწიფო მნიშვნელობის. აღნიშნული მარშრუტიც ჯერ ვერ გაურკვევიათ, ადგილობრივი მნიშვნელობისაა თუ სახელმწიფო მნიშვნელობის. - ძირითადად, რომელი გზა და რა ადგილებია პარალიზებული? - პარალიზებულია გზა შელეთის უბნიდან ალპური ტყის პირამდე. ეს არის ზუსტად ტობა ვარჩხილის მარშრუტი. ამ გზით ტურისტები სატრანსპორტო საშუალებით ტობამდე 6 კილომეტრის სიახლოვეს მიდიან და მერე ფეხით მიუყვებიან ბილიკებს. სწორედ, ეს სამანქანო გზა არის ჩაკეტილი. როგორც ადგილობრივი საკრებულოს წევრებმა გვითხრეს, საკითხი დაყენებულია დღის წესრიგში და გზის დაზიანების ხარისხის შესამოწმებლად სპეციალისტების ჩამოსვლას ელოდებიან. როდის ისინი ჩამოვლენ, როდის დასკვნას დადებენ, მერე როდის საქმე ამას მოჰყვება, ძნელი სათქმელია. ვხედავთ, რომ თვითმმართველობის როლი ძალიან არაეფექტურია, რადგან ადგილზე არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლიათ. ტობას სეზონი მაისის ბოლოს იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, პირველ ყინვებამდე გრძელდება. ამიტომ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ტურისტული სეზონი ბოლომდე არ ჩავარდეს, თუმცა რამდენად სწრაფად მოხდება იმ ყველა ეტაპის გავლა, რაც საჭიროა, ვერ გეტყვით. მსგავსი შემთხვევების დროულად და მყისიერად აღმოსაფხვრელად, საჭიროა მუნიციპალიტეტს ადგილზე გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკა, რომ წყალმოვარდნების დროს გზები არ ჩაიკეტოს და ინფრასტრუქტურა დროულად გაიწმინდოს. არის ზოგიერთი მუნიციპალიტეტი და ადგილი საქართველოში, მაგალითად თუშეთის გზა, ხევსურეთის მონაკვეთი, სადაც გზების აღდგენას ამდენი ხანი არ სჭირდება, რადგან საჭირო ტექნიკური ერთეულები ადგილზე ჰყავთ და უმოკლეს დროში აგვარებენ პრობლემას. ასე უნდა იყოს ყველა ტურისტულ ზონაში და მათ შორის, ჩხოროწყუშიც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, პარტია ,,საქართველოსთვის" წევრს, დავით შენგელიასაც ვთხოვეთ. - რატომ დაგვიანდა ტობა ვარჩხილისკენ მიმავალი გზის აღდგენა და რა კონკრეტული ზომები იგეგმება პრობლემის აღმოსაფხვრელად? - სამწუხაროა, რომ ტობას გზა დღემდე არ არის მზად ტურისტების გასატარებლად. საკრებულოს წევრებმა მუნიციპალური განვითარების ფონდს, ადგილობრივ მერიას და უშუალოდ გზის მშენებელ კომპანიას უკვე გავუგზავნეთ წერილები. მაქსიმუმ ორშაბათს უნდა იყოს ცნობილი, თუ რა ხდება ტობას გზასთან დაკავშირებით. პასუხებს აუცილებლად გავასაჯაროვებთ. P. S. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ არა მარტო აღნიშნულ საკითხზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა ამბებსა და მოვლენებზე, რაც ადგილობრივი კოალიციური მართველობის შედეგებს უკავშირდება, მოგვიანებით ვრცელ რეპორტაჟსაც მოვამზადებთ. -
საქართველოს ხელისუფლებისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის საერთოდ რა არის პრიორიტეტული, ეგეც გაუგებარია. რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო და ჩვენ, უკრაინის გულშემატკივრები პირველი შოკიდან გამოსულები არ ვიყავით, როცა აფხაზეთიდან სატელეფონო ზარების უწყვეტი ნაკადი წამოვიდა. თითქმის, ყველა ნაცნობი და ნათესავი აფხაზი მიკავშირდებოდა იმის გასაგებად, ხომ არ აპირებდა ქართული მხარე მათზე თავდასხმას და რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას. იმდენად დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მობილიზაციის გამოცხადებას და ომის დაწყებას ვაპირებდით, ბევრი ახსნა-განმარტება დამჭირდა, ვიდრე გადავარწმუნედი. ამასთან, დავინტერესდი, რა გახდა აფხაზეთში ასეთი პანიკის მიზეზი და შევიტყვე, რომ იქ პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელება თებერვლის ბოლოდანვე დაიწყო, თითქოს, რუსეთის შესასუსტებლად ნატო ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას და აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე თავდასხმას ითხოვდა. თავიდან, ვცდილობდი, ცოტა მსუბუქად შემეხედა ამ ფაქტისთვის და ჩემს აფხაზებსაც ეჭვებს სიცილით ვუქარწ####ბდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ ჩემი ბოლომდე მაინც არ სჯეროდათ. მერე, 2-3 თვე, თითქოს, მიწყნარდნენ და მშვიდად იყვნენ. ახლახანს, ევროკავშირში საქართველოს წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული ვნებათაღელვის და 20 ივნისს გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ აფხაზები კვლავ დამიკავშირდნენ, ამჯერად უკვე დარწმუნებულები იმაში, რომ მათ წინააღმდეგ ომს დღე-დღეზე ვიწყებდით. ამ ფაქტმა, უკვე, მე შემაშფოთა და ვკითხე, რა აძლევდათ ასეთი მოლოდინის საფუძველს, რის პასუხადაც, გამომიგზავნეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც ვიღაც გაურკვეველი პიროვნება საოცარ ამბებს ჰყვება და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებსა და 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციას სულ სხვა ინტერპრეტაციით ჰყვება. მეტი სიცხადისთვის, გაგაცნობთ ამ ჩანაწერის შინაარსს. ,,იქეთა მხრიდან, საქართველოდან, ახლობელმა და სანდო ადამიანმა მაცნობა, რომ ბიჭორიკებმა (ქართველებმა) მთლად გარეკეს... ისინი ცდილობენ, ხალხი შეკრიბონ და შეაიარაღონ, მიდის მოსახლეობაში მამაკაცების მობილიზება, რათა უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენთან მეორე ფრონტი გახსნან. ეს ინფორმაცია სერიოზულია, მაგრამ არაა საჭირო პანიკაში ჩავარდნა და ამ შეტყობინების აქეთ-იქით გავრცელება, თუმცა ფაქტია... ახლა ყველანი, სოხუმის ბატალიონი, მეომარი ბიჭები, სამხედრო დაზვერვა შეიკრიბა, განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ ხელში ავიღოთ ყველაფერი, რაც გვაქვს და საბრძოლო მზადყოფნაში ვიყოთ. რით დავეხმარებით და როგორ მოვიგერიებთ ბაირახტარებს და ეგეთებს, არ ვიცი, მაგრამ გასაქცევი აღარსადაა, ისეთი მობილიზებაა იქით დაწყებული. თბილისში უზარმაზარი მასა შეიკრიბა და მათ თავიანთი მაიდანი უკვე დაიწყეს. პრეზიდენტმაც ეგრევე გადაუარა ყველას და მომიტინგე სააკაშვილისტების მხარეს გადავიდა. მე ვფიქრობ, იმისთვის, რომ ძალით არ ჩამოაგდონ, ხელისუფლებაც მათ დანებდება და მათი გზით წავა. ეტყობა, ამერიკელები და ინგლისელებიც, რომლებიც ჩამოვიდნენ, ქართველებს არწმუნებენ, ევროპაში ავტომატურად მოხვდებით, თუ თქვენს ტერიტორიებს უკან წაართმევთო. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთს ავნონ, ეს მძიმე მომენტია. მეშვიდე ბაზა, რომელიც აქ, აფხაზეთში იყო წარმოდგენილი, უკვე ომობს უკრაინაში და რა ძალაა აქ დარჩენილი, არ ვიცით. ასე, რომ ძმებო, უნდა ვემზადოთ ომისთის. იქით ჩრდილოეთ კავკასიელებიც, ინგუშებიც იძახიან, რომ ჩვენ საქართველოს ერთიანობის მომხრე ვართო, იაგანოვი თავისი ჯგუფით, ყაბარდოელებიც ყველა ერთნაირად არ სუნთქავს... როგორც ადრე, ჩეხებიც უკრაინაში იბრძვიან, ისინიც წამოვლენ, ალბათ, დასახმარებლად (იგულისხმება საქართველოს დახმარება) და რუსეთი რით დაგვეხმარება, ღმერთმა იცის. ნუ, შეიძლება ერთი რაკეტა ბეთქონ, მაგრამ მე არ შემიძლია ახლა ვთქვა, საერთო ჯამში ის რისი გამკეთებელია. მთავარი ახლა ისაა, რომ ვიყოთ მზად და არ ველოდოთ მანდ ვიღაცეებს. ის მაინც გავაკეთოთ, რომ მსროლელები მოვამზადოთ... არ ვიცი, რა როგორ, მაგრამ იყავით მზად.“ ჩანაწერის შინაარსს რომ ჩავუღრმავდეთ და გავაანალიზოთ, იმის გარდა, რომ აბსოლუტური დეზინფორმაციაა, ისეთი საეჭვო აქცენტები და კონტექსტებია გაპარული, ეჭვი ჩნდება, რამდენად არის ეს აფხაზის ნათქვამი. მაგალითად ის, რომ ჩრდილო კავკასიელები და ინგუშები ,,საქართველოს ერთიანობის მომხრე არიან“ ან ამერიკელები და ევროპელები ,,საკუთარი ტერიტორიების უკან წართმევას“ გვთხოვენ... ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ლაფსუსები აფხაზს გაჰპარვოდა. მაშ, რასთან გვაქვს საქმე, ვის აწყობს აფხაზეთში ასეთი პროვოკაციული დეზინფორმაციების გავრცელება, რა მიზანს ემსახურება ეს ქმედება, რა შედეგზეა გათვლილი, ამ კითხვებზე პასუხები კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს ვთხოვეთ. - რამ გამოიწვია აფხაზური მხარის შიში და რა საფუძველი ჰქონდა მათ პანიკას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე? - ომის საწყის ეტაპზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, პირველი რამდენიმე დღე აქეთ იყო პანიკა და ისმებოდა კითხვა: ვინ იქნებოდა რუსეთის მორიგი სამიზნე? შემდეგ დინამიკა შეიცვალა, ომის დაწყებიდან მალევე ცალსახა შეიქნა, რომ რუსეთი კატასტროფულ დარტყმებს იღებდა. პუტინს ფაქტობრივად ჩაუვარდა ის ოპერაცია, რაც დაგეგმილი ჰქონდა და იყო განცდა, არა მარტო ჩვენთან და არა მარტო ქართველი, არამედ საკმაოდ გამოცდილი საერთაშორისო სამხედრო ექსპერტებიც კი პროგნოზირებდნენ, რომ აი, ორ კვირაში რუსეთის ჯარი დამარცხდება, დემობილიზირდება, სამხედრო ტექნიკის გარეშე დარჩება და ასე შემდეგ. მოკლედ, მეორე უკიდურესობაში გადავვარდით და ვფიქრობდით, რომ ერთ თვეში რუსეთი საბოლოოდ დამარცხდებოდა, ომის გასაგრძელებლად არც ფული ექნებოდა და არც შეიარაღება. ასეთმა განწყობებმა ლოკალური გავლენა იქონია საქართველოშიც და იყო მილიტარისტული განცხადებები, დისკუსიები, რამაც დაახლოებით ერთი თვე გასტანა. ეს დაიწყო ჯერ რომელიღაც უკრაინელი დეპუტატის მოწოდებით, მერე მისი მოწოდება ადგილზე აიტაცეს; ეს დაემთხვა იმ ფაქტს, რომ რუსეთს მის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიებიდან ცოცხალი სამხედრო ძალა გაჰყავდა, რამაც ჩვენი, ასე ვთქვათ, სიმჩატე გამოიწვია. ვიღაცეებმა დაიწყეს წერა და ხმამაღალი ლაპარაკი, რომ აი, ახლა არის დრო და მომენტი, და ვიდრე რუსეთი დასუსტებულია, რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ. ეს მესიჯი, ბუნებრივია, ცხინვალსა და აფხაზეთშიც ჩავიდა და ბევრი შეშინდა, რადგან ისინიც ზუსტად იგივე სურათს უყურებდნენ, რასაც ჩვენ. იქაც იყო განწყობა, რომ აი, რუსეთი მართლა მარცხდება, და თუ დამარცხდა, აგერ ქართველები უკვე საომარი რიტორიკით გამოდიან... ეს ვითარება მალევე ორი რამით ნიშვნელოვნად განეიტრალდა. ერთი - ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იყო და სწორი ხელისუფლების განცხადებები, რომ ჩვენ კონფლიქტების მოგვარებას ძალისმიერად არ ვაპირებთ და ეს ითქვა პრემიერის, პრეზიდენტის და ყველა მაღალჩინოსნის დონეზე; მეორე - არც პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის, არც ოპოზიციაში იყო მილიტარისტული განწყობები მხარდაჭერილი და აქაც მივიღეთ თანხმობა, რომ კი, კონფლიქტი ნამდვილად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს და არავითარი ომი არ გვინდა. მესამე - მართალია, იყო და არის საზოგადოების რაღაცა ჯგუფი, რომელიც იძახის, რომ ახლა არის მომენტი, ომით დაკარგული ომით დავიბრუნოთ, მაგრამ არის მეორე ფრთა, რომელიც კატეგორიულად არ ემხრობა მათ და მიაჩნია, რომ არავითარი ომი საჭირო არ არის. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთშიც და ცხინვალშიც ამ ყველაფერზე ინფორმაცია აქვთ, სიახლეებს სოციალური ქსელითაც ეცნობიან, მედიას უყურებენ, კითხულობენ, რა ხდება ჩვენთან, ყველა განწყობის შესახებ იციან და აანალიზებენ. ამიტომ, მთლიანობაში ამ პირველი შიშის ტალღამ გადაიარა, მაგრამ ზუსტად 20 ივნისის აქციის შემდეგ, იმ მოვლენების ფონზე, როცა ჩვენთან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული ორომტრიალი დაიწყო, ცხინვალიდან არა, მაგრამ აფხაზეთიდან ისევ გახშირდა ზარები და ისევ იმ შიშებზე ალაპარაკდნენ, რომ თბილისი ომისთვის ემზადება, მიდის აქტიური შეიარაღება და უნდა ველოდოთ თავდასხმას. ის ჩანაწერიც, რაც მე მოვისმინე, ის ეგრეთწოდებული გზავნილიც ხომ ამ შინაარსისაა?! თურმე, ამერიკელები და ბრიტანელები, იმისთვის ჩამოდიან თბილისში, რომ გვაიძულონ, გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში. ვისთნაც ხმა მიმიწვდება, აფხაზებს ვარწმუნებ, მსგავსი არაფერი ხდება და მათზე თავდასხმას არავინ აპირებს. სხვათაშორის, პერიოდულად ვიღაცისგან ასეთი პროვოკაციული ინფორმაციების ,,ჩაგდებებს“ თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მე რაც ვიცი, აფხაზეთში საკმაოდ დადებითად არიან ჩვენს მიმართ განწყობილნი, იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელ რეალობაში საქართველოს პოზიცია არ არის ძალიან მკვეთრი. თუ ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აკრიტიკებს ჩვენს ხელისუფლებას და საყვედურობს, იმის გამო, უკრაინასთან მიმართებაში რატომ არა გვაქვს უფრო გამოკვეთილი პოზიცია, ზუსტად იგივე პოზიციით კმაყოფილები არიან აფხაზეთში. მე როგორც მესმის, ეს იმიტომ, რომ ხვდებიან, საქართველოს უფრო მკვეთრ პოზიციონირებას შეიძლება გამოეწვია ჩვენი ჩართვა სამხედრო მოქმედებებში, რაც მათი უსაფრთხოებისთვის პრობლემა იქნებოდა. სწორედ ასე უყურებენ ამ ამბავს. - ზუსტად ეგ არის საინტერესო, ვის აწყობს ასეთი პროვოკაციების ,,ჩაგდება“, პანიკის დათესვა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს და რატომ? შინაური მტერი აკეთებს ამას თუ გარეული, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? - რაც შეეხება ცალკეული პროვოკაციული განცხადებების და ინფორმაციების გავრცელებას, შეიძლება რუსეთიდანაც იყოს, შეიძლება საქართველოდანაც, ძნელია, ხელი დაადო ვინმეს... ამ საკითხზე საუბარი, ალბათ, მარჩიელობა უფრო გამოგვივა, მაგრამ მთლიანობაში მგონია, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების დიდი ნაწილის სწორი პოზიცია დადებით შედეგს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ აფხაზეთში შედარებით მშვიდად არიან. პირადად მაქვს ხშირი ურთერთობა აფხაზებთან და ბოლო ხანებში ვატყობ, მათგან მეტი კონტაქტის სურვილი აშკარაა. რანაირადაც არ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ რა ბოლოც არ უნდა ჰქონდეს, სანქციები დიდხანს შენარჩუნდება, რაც რუსეთზე უფრო და უფრო უარყოფითად იმოქმედებს; საბანკო სექტორი იქნება გათიშული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორიც, რომელიც რუსეთზეა მიბმული, ოპერირებას ვერ შეძლებს. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის თანხები, რაც აქამდე მათ ბიუჯეტში რუსეთიდან მოდიოდა, შემცირდება. ამიტომ ბოლო ხანებში, აშკარად გამოიკვეთა მეტი კონტაქტის სურვილი ქართულ მხარესთან. იმის თქმა და თავის გასულელება, თითქოს, ერთ დღეში შეიცვლება ვითარება და მოგვარდება ყველაფერი, ზედმეტია, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათი ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი მკვეთრად უარესდება, ეძებენ არხებს, სად რა როგორ უნდა დაბალანსდეს და იციან, რომ ეს მხოლოდ ქართულ მხარესთან არის შესაძლებელი. - სხვათაშორის, აფხაზებთან ბოლო ურთიერთობისას, მეც გამიჩნდა აზრი, რომ რაღაცეები აშკარად გადაფასებული აქვთ, განწყობები და დამოკიდებულებაც - მეტად შერბილებული და ჩვენთან ურთიერთობებში რაღაც დადებითი მოლოდინებიც შევატყვე, რასაც აქამდე არანაირად არ ამჟღავნებდნენ. გამოდის, არ მომჩვენებია? - იმ მდგომარეობამ, რომელიც ახლა რუსეთ-უკრაინაში, ჩვენთან, მათთან არის შექმნილი, ისინი დააფიქრა. მიხვდნენ, რომ არაფერია მუდმივი და აშკარა გახდა, ის სტატუს ქვო, რომელიც დღეს არის, მომავალში აუცილებლად გაუარესდება, ჯერ ფინანსური თვალსაზრისით, მერე უკვე, აგერ არის ყარაბახის მაგალითიც. როდესაც ის ვალდებულებები, რაც ყარაბახთან და სომხეთთან დაკავშირებით, რუსეთს პირობითად ჰქონდა აღებული, გადაიხედა და იმის გამო, რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან რაღაცეების დალაგება დაიწყო, ვნახეთ, რუსეთმა ყარაბახი როგორ გაიმეტა. ეს შემთხვევაც აფხაზებისთვის ცალსახად არასასურველი მაგალითია, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მომავალში, ჩვენგანაც თუ იქნება მზაობა, აფხაზებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები გაიზრდება. გასაგებია, რომ ის ფორმატები, რაც არსებობს, გარკვეულ მოქნილობას მოითხოვს. ისე ნამდვილად არ არის, რომ ხელები ვუბრახუნოთ და ვთქვათ, როგორც ჩვენ გვინდა, ისე უნდა იყოს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეულ სირბილეს ისინიც გამოიჩენენ. იგივე სირბილე უნდა გამოვიჩინოთ ჩვენც და ის პირველი და სიმბოლური ნაბიჯები, რაც ახლა იდგმება, უნდა გაგრძელდეს. სიმბოლურ ნაბიჯებში ვგულისხმობ, სწორედ, აფხაზების რიტორიკის შედარებით მორბილებას, გადასხვაფერებას, მათი მხრიდან გალის მოსახლეობის მიმართ სხვანაირ ქმედებებს. სხვათაშორის ეს ნიშნები უკვე არის, არა მხოლოდ უკრაინის ომის კონტექსტში, არამედ ისედაც. ბჟანიას ხელისუფლება ცოტა უფრო სხვანაირად იქცევა, ვიდრე ადრინდელი. იგივე ეკონომიკური საკითხები, ვაჭრობა, სხვა მთელი რიგი თემები, არის ბევრი მიმართულება, რაც გვაკავშირებს. თუ სურვილი იქნება, თუ ჩვენი მხარეც გამოიჩენს რაღაც ნებას და ხელს გამოიღებს, ისინიც მზად იქნებიან სამოქმედოდ და ეს ურთიერთობებიც აეწყობა. - რა იქნება სწორი ნაბიჯები, როდის და რანაირადაც არ უნდა დასრულდეს უკრაინა-რუსეთის ომი, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ? ახლაც, ამ ეტაპზეც რას უნდა აკეთებდეს, აკეთებს თუ არა და თუ აკეთებს, ხალხმა, ჩვენ რატომ არაფერი ვიცით? ახალი გარემოებებიდან და ფაქტორებიდან გამომდინარე რა კონცეფცია გვაქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე სტრატეგია თუ განიხილება? - აი, სწორედ მანდ არის დიდი პრობლემა ახლა და მომავალშიც არ ვიცით, რა მოხდება. სამწუხაროდ, ჩემი აღქმა და ხშირ შემთხვევაში, ის ცოდნაც, რომელიც მაქვს, იმის საშუალებას მაძლევს, დავინახო და ვთქვა, რომ ჩვენი მხარე ძალიან პასიურია. პოლიტიკური კლასი, ,,ქართული ოცნების“ ეგრეთწოდებული ლიდერშიფი ამ თემატიკით საერთოდ არ ინტერესდება. როგორც ჩანს, ფიქრობენ, ვიდრე სიმშვიდე და სიწყნარეა, რა გამოვა აქედან, არ ვიცით და მოდი, თავი დავანებოთ ამ მიმართულებებს. ამიტომ არჩეული აქვთ არაფრის კეთების პოლიტიკა. მათთვის მთავარია, რა მდგომარეობაც დღეს არის, ის არ გაფუჭდეს და უკეთესობაზე თავს არ იწუხებენ. მე ვერ ვხედავ, რომ ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით რამე გეგმა მუშავდებოდეს, ვერ ვხედავ საამისოდ რამე ნაბიჯებს. როგორც ვთქვით, ხელისუფლებისთვის მთავრია, დღეს არსებული მდგომარეობა არ გაფუჭდეს. ბევრი ინდიკატორი არსებობს იმისთვის, რომ მივხვდეთ, ეს თემა არის თუ არა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული და ვხედავთ, რომ არა, არ არის. საქართველოს ხელისუფლებისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის საერთოდ რა არის პრიორიტეტული, ეგეც გაუგებარია. რასაც ვუყურებთ, ეს არის მუდმივი კამათი, კინკლაობა, ჩხუბი და პირადი შეურაცხყოფები. კონფლიქტების საკითხი იქით იყოს, მე არ მახსენდება, ეკონომიკაზე ან განათლების პოლიტიკაზე, ან რომელიმე სხვა მიმართულებით რაიმე სტრატეგიაზე ყოფილიყო საუბარი. - რამდენი წელია სიტყვები ,,კონცეფცია,“ ,,სტრატეგია“ არც გვსმენია. ადრე რომელიმე თემატურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მაინც თანამშრომლობდნენ, შეხვედრებს მართავდნენ, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით სტანდარტულ საკითხებს განიხილავდნენ. რამე კეთდებოდა თუ არ კეთდებოდა, გარკვეული ინფორმაცია მაინც გვესმოდა. ბოლო წლებია, ესეც არ ხდება. რატომ, რა არის ამის მიზეზი? - ამის მიზეზი არის ის, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ხელისუფლებისთვის მთავარია, ვიდრე სათავეში არიან, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით დღეს რაც არის ის მდგომარეობა უარესობისკენ არ შეიცვალოს. სხვა არ აინტერესებთ. ამიტომაც მგონია, რომ რამე განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდება, მისი შედეგებიდან გამომდინარე, შემდეგ შეიძლება, უკვე, ინერციით რამე დაგეგმონ. დღეს ვერ ვხედავთ, რამეს გეგმავდნენ ან შეხვედრებს მართავდნენ, ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვინმე მაღალი რანგის პოლიტიკოსთან რამე სახის კავშირს ამყარებდნენ. შეიძლება რაღაც ეპიზოდური კონტაქტები აქვთ, მაგრამ ისეთი სტრატეგიული და შედეგიანი, სალაპარაკოდ რომ ღირდეს - არაფერი. - ვიცით, რომ რუსეთს აფხაზებისთვის, თითქმის, არც ერთი პირობა არ შეუსრულებიათ, რასაც სხვადსხვა ხელშეკრულებებით ჰპირდებოდნენ და არანაირი სოციალური თუ ეკონომიკური პროექტი არ განუხორციელებიათ, რაზეც პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული. ამან აფხაზებში რუსეთის მიმართ სრული გულგატეხილობა გამოიწვია, რასაც ომით გამოწვეული დღევანდელი კრიზისული მდგომარეობაც დაემატა. რამდენად ხელსაყრელია ეს ვითარება იმისთვის, რომ აფხაზები ჩვენსკენ შემოვაბრუნოთ? - დიახ, ეს ყოველივე აშკარად ჩვენთვის სასარგებლო მომენტს ქმნის, მაგრამ ხელისუფლებას რომ ვუყურებთ, დიდი იმედი, ეს შანსები გამოიყენონ და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იზრუნონ, მე არ მაქვს. - შეიძლება ითქვას, გარემო ფაქტორებზე ვართ მინდობილი, ხელსაყრელი ფაქტორები და ვითარება თუ შეიქმნა, იქნებ ვიმე მაშინ გამოფხიზლდეს, თუ არადა, კონფლიქტების მოგვარების საკითხით თავს არავინ შეიწუხებს? - კი, ზუსტად ეგრეა, თუ ვაშლი ხიდან მოწყდა და თავში დაგვეცა, მაშინ შეიძლება ავიღოთ და შევჭამოთ, თუ არადა, არც ხელს გავიწვდით მის მოსაწყვეტად და არც დავბერტყავთ. თითქოს, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით ვიყოთ დაკავებული.
-
კარგა ხანია, ვიღაცეები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე სამყაროში ფაქტები შეცვალა აღქმებმა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხაშურის მერიის სახელით შექმნილი ყალბი გვერდის მიერ გავრცელდა ასევე ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მრავალშვილიან ოჯახებს დახმარების სახით ,,მრავალჯერადი“ კონტრაცეფტივები გადასცა და ასევე, მოქალაქეებს შეჰპირდა, რომ აბორტისთვის საჭირო თანხა 70 % -ით დაუფინანსდებოდათ. როგორც მრავალ სხვა, მსგავს შემთხვევაში, ფეისბუკ-მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ეს ამბავი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიღო, რასაც ლანძღვა-გინების ნიაღვარი მოჰყვა. პუბლიკის მხოლოდ მცირე შემადგენლობამ დაასკვნა, რომ ეს აბსურდული ინფორმაცია გამოგონილი იყო, სიმართლეს არ წარმოადგენდა და მის გარშემო არ უნდა ემსჯელათ. მოგეხსენებათ, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და არც უკანასკნელი იქნება, როცა ვიღაცის მიერ სპეციალურად შეთხზული ,,სკანდალური ამბავი“ ასე მიზანმიმართულად ვრცელდება ,,ფეისბუქზე“ და საყოველთაო ყურადღებას იბყრობს. ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ მსგავს ქმედებებს, ისევე, როგორც სხვა აფიორებს, როგორიც არის, მაგალითად სხვადასხვა გვერდების მიერ, ამა თუ იმ ბრენდის სახელით გამოცხადებული კონკურსი, რომლის დროსაც მათი გვერდის მოწონებას, გაზიარებას, ფოტოს ქვეშ დაკომენტარებას ითხოვენ, სანაცვლოდ კი ,,კონკურსში“ გამარჯვებას და ჯილდოს გვპირდებიან. ეს არის თაღლითური გზით გამომწერების და მომწონებლების რიცხვის გაზრდის მცდელობა და თუ ვინმე გაიკითხავს, აღმოჩნდება, რომ მათ მიერ ხსენებულ ბრენდთან ან კომპანიასთან, აღნიშნულ გვერდს არაფერი აკავშირებს. მიუხედავად ამისა, ეჭვი ცოტას თუ შეეპარება, რომ ერთი მოწონების ან გაზიარების გამო ახალთახალ ავტომობილს, ტელეფონს ან მით უმეტეს, ბინას არავინ აჩუქებს, გაუგებარი წარმომავლობის ფეისბუქ-გვერდს კი, ამ გზით, ერთ დღეში ასი ათასი გამომწერი შეიძლება შეემატოს და ამით ფინანსური მოგებაც ნახოს. ფეიკ-გათამაშებას და კონკურსს ვინ ჩივის, რამდენი შემთხვევა გვახსოვს, როცა ამა თუ იმ გვერდს, მხარდამჭერების და აქტივობის გაზრდის მიზნით, გამოჩენილი და ცნობილი ადამიანების გარდაცვალების ამბავი გაუვრცელებიათ და ასეთი არაეთიკური ხერხით გაუცნიათ საკუთარი თავი საზოგადოებისთვის.. სოციალური ქსელი რომ მრავალი ჩვენგანისთვის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად და მრავალისთვის, შემოსავლის წყაროდაც იქცა, ეს უკვე ფაქტია. არსებობს საზოგადეობის ნაწილი, მეც მათ შორის, ვისთვისაც კონკრეტულად ,,ფეისბუკმა,“ გაზეთის და ტელევიზორის ფუნქცია შეითავსა და ჩვენთვის საინტერესო ძირითად ინფორმაციებსაც, სწორედ, აქ ვეცნობით. თუმცა, ყველას რამდენად გვაქვს იმის უნარი, მიღებული ზღვა ინფორმაცია სათანადოდ გავფილტროთ, სწორად გავიგოთ, გავაანალიზოთ და მართებული დასკვნა გამოვიტანოთ, ეს ცალკე საკითხია. ამისთვის საჭიროა, ნებისმიერ ადამიანს გააჩნდეს კრიტიკული აზროვნების უნარი, რისი დანაკლისიც, დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენთან ძალიან თვალსაჩინოა. რას ნიშნავს კრიტიკული აზროვნება და რისთვის არის საჭირო ამ უნარის განვითარება, ამის შესახებ Planeta. Ge ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისში სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების დამფუძნებელსა და პედაგოგს, გია მურღულიას ესაუბრა. - ბატონო გია, თქვენი შეფასებით, რატომ არ შეუძლია ყველას კრიტიკული აზროვნება, რატომ იჯერებს ადამიანთა კატეგორია ყველა ინფორმაციას უპირობოდ და ყოველგვარი ეჭვის ან ლოგიკური მსჯელობის გარეშე რატომ იღებს მას უტყუარ ფაქტად? - ამასწინ სწორედ ამ თემაზე ველაპარაკებოდი ჩემს უფროსკლასელებს და ვუყვებოდი ერთ ფილმზე, რომელსაც ჰქვია ,,კუდის ქიცინი.“ ასეთი იტალიური ანდაზაა: კუდი აქიცინებს ძაღლს, რითაც იტალიელები უკუღმართად შებრუნებულ ცხოვრებას ახასიათებენ. ჩვეულებრივ ხომ ძაღლი აქიცინებს კუდს? ალბათ, ბევრს უნახავს ეს ფილმი, დასტინ ჰოფმანისა და რობერტ დე ნიროს მონაწილეობით, რომლის სიუჟეტიც ასეთია: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოქმედ პრეზიდენტს და ერთ-ერთ კანდიდატს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებენ, რაც მის რეიტინგზე უარყოფითად აისახება. პრეზიდენტის რეპუტაციის გადასარჩენად და ამომრჩევლის მისაზიდად, მისი მრჩეველთა ჯგუფი ჰოლივუდის პროდიუსერს ქირაობს, რომელიც მათ ყალბი ომის მოწყობაში ეხმარება. რა თქმა უნდა, ამ სახელდახელოდ შექმნილ ყალბ რეალობაზე წერენ გაზეთები, ლაპარაკობენ ტელევიზიები, მიდის არარასებული ომის ფართო ტირაჟირება, რის გამოც ეს ფეიკი მოქალაქეთა ცნობიერებაში ძალიან სწრაფად ბატონდება. ასე ცდილობს პრეზიდენტის გარემოცვა, გადაფაროს მათი კანდიდატის მიმართ ამომრჩევლის უარყოფითი დამოკიდებულება და პროპაგანდისტთა ჯგუფიც იმდენად პროფესიონალურად მუშაობს, გამოგონილი ომი ალბანეთთან ადამიანებისთვის იმდენად დამაჯერებლად არის მიწოდებული, თავისი ,,დაჭრილებით და დაზარალებულებით, გმირებით და თავდადებულებით“ და არსებულ რეალობას ვირტუალური რეალობით, იმდენად ოსტატურად ცვლიან, რომ ეჭვი არავის უჩნდება და მოქმედი პრეზიდენტიც არჩევნებში კვლავ იმარჯვებს. სწორედ ამ ფილმის მაგალითზე ვმსჯელობდით კლასში, თუ როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა რა არის რეალობა და რა - ყალბი, სპეციალურად მოგონილი ამბავი. ვფიქრობ, საზოგადოებამაც, სკოლებმაც, სახელმწიფომაც უნდა ილაპარაკონ ამ თემაზე. მართალია, ხშირად, ყველა მხარე იყენებს ასეთი ყალბი რეალობების ,,სიკეთეებს,“ მაგრამ თუ გვინდა, კრიტიკული აზროვნება შეგვეძლოს, მაშინ ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ. ადამიანები უპირობოდ, პირდაპირ არ უნდა იღებდნენ იმას, რაც ორი ნიშნით აწყობთ ან მოსწონთ. ან ძალიან ახარებთ, ან ძალიან ეადვილებათ ვიღაცის დაცინვა, განქიქება ან აგრესიის გამოხატვა. - იქნებ, მოლოდინი აქვთ ვიღაცის თუ რაღაცის, რომ აი, ეს ზუსტად ასე იზამს, ამას გააკეთებს და ეჭვიც ამიტომ არ უჩნდებათ? - დიახ, ადამიანები ხშირად თავად მოდელირებენ საკუთარ თავში რაღაცეებს და თვიშესატყვისობის იდეებიდან გამომდინარე, ადვილად იჯერებენ მიწოდებულ ამბავს. სხვათაშორის, ,,დათა თუთაშხიაში“ არქიფო სეთური რასაც საირმის ტყეში აკეთებს, სწორედ ის არის, რაზეც ვსაუბრობთ. სეთური ქმნის ყალბ რეალობას, ყალბ მიზანს, ყალბ პასუხისმგებლობებს და ამ ხერხით ადვილად მართავს ადამიანებს. რატომ იქმნება ასეთი სიყალბეები? იმიტომ რომ ეს არის მართვის ერთ-ერთი აპრობირებული ხერხი და დღევანდელ მსოფლიოში ადამიანების ცნობიერებით მანიპულირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება. ძალიან რთულია, ზოგიერთს ამ ხერხის გამოყენება გადააფიქრებინო, ამიტომ უმჯობესია, ადამიანებს ვასწავლოთ, განასხვავონ ნამდვილი ამბავი სიყალბისგან. სოციალურ ქსელებში ხშირია და ბევრი ასეთი ფეიკი და მათ, როგორც წესი, წყაროთა მითითების გარეშე ავრცელებენ, ხოლმე. წყაროს მოძიება კი ძალიან ადვილად ააშკარავებს ამ სიყალბეს. ამისთვის ადამიანებმა უნდა იცოდნენ, უნდა გამოიმუშავონ უნარი, უმალვე არ ენდონ ყველა იმ ინფორმაციას, რასაც მათი მონიტორი ამოაგდებს. ამის სწავლება განათლების სისტემის და განსაკუთრებით, სკოლის ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ სკოლამ ეს რომ მოსწავლეს ასწავლოს, ჯერ თავად მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ განასხვავოს ერთი მეორისგან. ჯერ მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რა და როგორ ასწავლონ მოსწავლეებს, ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად. კრიტიკული აზროვნება არ ნიშნავს მარტო იმას, რომ წყარო გადაამოწმო. კრიტიკული აზროვნება ნიშნავს იმას, რომ რასაც გეუბნებიან, იმას სხვადსხვა კუთხით შეხედო და სხვადასხვა კონტექსტით დაინახო. აზროვნება თავისი ბუნებით, თავისთავად არის კრიტიკული. აზროვნება არის ფაქტების და მოვლენების დანახვა, შეჯერება, ანალიზი, შეფასება და გამოხატვა. ყველა ამ განზომილებას სჭირდება სწავლება, რადგან ყველა მათგანში შეიძლება ოსტატურად შემოგაპარაონ ტყუილი. ისეთი რაკურსით შეიძლება მოვლენა დაგანახონ, მხოლოდ მათთვის სასურველი რეალობით, რომ ხედვაში შემოგაპარონ ტყუილი. ამიტომ ვთქვი წეღან, რომ კრიტიკული აზროვნება მოვლენის სხვადასხვა კუთხით და რაკურსით დანახვას და შეფასებას გულისხმობს. ხედვა ერთი მომენტია და მეორეა - აღქმა. კარგა ხანია, ვიღაცეები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე სამყაროში ფაქტები შეცვალა აღქმებმა. ანუ მთავარი ის კი არ არის, რასაც შენ ხედავ, მთავარია ის, რადაც აღიქვამ იმას, რასაც ხედავ და ხანდახან ძალიან ადვილადაც მოგაჩვენებენ რაღაც სხვად იმას, რასაც ხედავ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, კრიტიკული აზროვნება ნიშნავს იმას, რომ შენ არ დაიჯერო რაღაც ამბავი პირველივე შთაბეჭდილებით; უნდა შეძლო და მოვლენა, ფაქტი სხვადასხვა კუთხით დაინახო, რომ მას სახელი დაარქვა. აზროვნება საბოლოო ანგარიშით არის აღქმა, გააზრება, სახელის დარქმევა და გამოხატვა. დაახლოებით ასეთი ფორმულირება შეიძლება მივცეთ ამ ცნებას. - კრიტიკული აზროვნების და ზოგადად აზროვნების განვითარებისთვის რა არის საჭირო, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უკეთ აზროვნება შევძლოთ? - სიმართლე გითხრათ, მიუხედავად არაერთი გაცხადებისა, მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენ სერიოზული წარმატებები გვქონდეს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების და მით უფრო, განვითარების გზაზე. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, კერძოდ კი, მასწავლებელთა პროფესიული მომზადების თვალსაზრისით და გნებავთ, მშობელთა კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისითაც, როგორც მშობლის. ჩვენ ხომ იმდენი საგანმანათლებლო ან საკონსულტაციო ლიტერატურა არ გვაქვს, რომ ჩვენი მშობლები და მასწავლებლები დავაკვალიანოთ. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. სხვას რომ ასწავლო, ჯერ შენ თავად უნდა გესმოდეს რას ასწავლი. - სოციალური ქსელიც, ერთგვარად, უფრო მეტად აბნევს ადამიანებს. ყველას ერთნაირად არ შეუძლია, ალბათ, გაფილტროს მიღებული ინფორმაცია, გადაალაგოს, მიხვდეს, რა წაიკითხოს, რას აუაროს გვერდი?.. - სოციალური ქსელი არის ინფორმაციის ნიაღვარი. აქ ერთი და იმავე საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი ათასი მოსაზრება შეგვხვდება. თუ მომზადებული არ ხარ, ძალიან რთულია ადამიანმა გზა გაიკვალო ამ ნიაღვარში, იმიტომ, რომ ზოგჯერ მძაფრი ემოციით მოწოდებული აზრი შეიძლება იმარჯვებდეს იმ აზრზე, რომელიც უფრო მართებულია, მაგრამ შენამდე ანალოგიური ემოციით არ მოდის. ამ სოციალურ ქსელს ბევრ სიკეთესთან ერთად ბევრი ხიფათიც ახლავს თან. მაგალითად, ინფორმაციის ნიაღვრით ისეთ წარმოდგენებს აყალიბებს, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება. ამიტომაც ადამიანი მომზადებული უნდა იყოს საიმისოდ, რომ მისი ცნობიერება ყალბი ინტერპრეტაციებით ან ყალბი შეთავაზებით ადვილად არ დააზიანონ. - ჩემთვის ყველაზე მძაფრად აღქმული პრობლემა, რაც, ასევე, ყოველდღიურად გვხვდება და რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან თვალსაჩინოა, არის წაკითხულიდან აზრის ვერგამოტანა, შინაარისის ვერგაგება. რისი ბრალია, რატომ დადგა ჩვენთან დღის წესრიგში ეს საკითხი ასე მწვავედ? - ეს არის ათწლეულების განმავლობაში დაფიქსირებული პრობლემა. უკანასკნელი 20 წელიწადია საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში, რომელიც ტარდება სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში და შეისწავლიან, რა მდგომარეობაა, სწორედ, ამ თვალსაზრისით; რამდენად კარგად შეუძლიათ ადამიანებს, აღიქვან წაკითხული, გაიაზრონ, რა არის მთავარი ტექსტში, გამოჰყონ მთავარი თეზისები წაკითხულიდან და გააკეთონ დასკვნა. ამ კვლევების მიხედვით, ჩვენ არც ისე სახარბიელოდ გვაქვს საქმე. ეს კვლევა ყოველ 5 წელიწადში ტარდება და უკვე 4-ჯერ მივიღეთ მონაწილეობა. შედეგებიდან გამომდინარე, ყოველთვის ბოლო ათეულში ვხვდებით და კვლევიდან კვლევამდე არანაირი მნიშვნელოვანი წინსვლა არ გვეტყობა. - რატომ გავქვს ასეთი ცუდი შედეგი, რამ გამოიწვია ასეთი ჩამორჩენა? - ეს ორი ფაქტორის გამო ხდება. პირველი ის, რომ წინარე კვლევებიდან სათანადო დასკვნა არ გამოგვაქვს. შედეგების მოსმენის შემდეგ ერთ ვაიუშველებელს ავტეხთ, ხოლმე და შევიცხადებთ, ეს რა მოგვსვლია, ეს რა დაგვმართნიაო, მაგრამ როგორც წესი, 3-4 დღეში ყველაფერი გვავიწყდება და მომდევნო კვლევამდე ასე რჩება. არიან ქვეყნები, რომლებიც შედეგებით ჩვენსავით ბოლო ათეულებში იყვნენ, მაგრამ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც მუდამ ახლავს ასეთ კვლევებს და რამდენიმე წლიანი მუშაობით, წინ წაიწიეს და უკეთეს შედეგებს მიაღწიეს. რადგან ჩვენთან ასე არ ხდება, პირდაპირ უნდა ვივარაუდოთ, რომ სათანადო დასკვნები არც იმ რეკომენდაციებიდან გამოგვაქვს, რასაც კვლევებს დაურთავენ და არც ამ კვლევის შედეგებიდან. ჩვენი აღშფთება ერთ კვირას გასტანს, ხოლმე და ამით მთავრდება ყველაფერი. ეს არის ერთი მიზეზი და მეორე - ის, რომ მასწავლებელთა მომზადების ჩვენი საუნივერსიტეტო პროგრამები უფრო მკვეთრად, უფრო მკაფიოდ უნდა ითვალისწინებდეს ახალ გამოწვევებს და ეს არის სწორედ ახალი გამოწვევა. ადრე, ათწლეულების წინ, მაინცდამაინც არავინ ფიქრობდა წაკითხულიდან აზრის გამოტანის შესაძლებლობებზე, ვის რა შინარსი გამოჰქონდა წაკითხული ტექსტიდან და დიდად, არც ახლა დარდობენ, შეუძლია თუ არა ბავშვს ან მოზრდილს, წაკითხულის გააზრება და შინაარსის გამოტანა. თუმცა, ეს პრობლემა აქცენტირებულია და ბოლო წლების სარეფორმო აქტივობებში, კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან ერთად, ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად არის დასახული. მეორე საკითხია, რა შედეგები მოაქვს ამ რეფორმებს, ჩვენთან ხომ აქცენტები გადააქვთ მხოლოდ პროცესებზე? მაგალითად, აი, მე ჭკვიანური წერილი დავწერე ამაზე, ჭკვიანური წანამძღვრები დავწერე, სარეფორმო გადაწყვეტილებები მივიღე, მასწავლებლებთან ტრენინგები ჩავატარე, მაგრამ მერე, საკლასო დონეზე რა ხდება? ეს ყველაფერი როგორ მუშაობს ან ის გადაწყვეტილება თუ ცოცხლდება, ან ეს მასწავლებელი კვალიფიციურად თუ მიიტანს რამეს ბავშვებამდე? სამწუხაროდ, ამას არავინ ამოწმებს იმიტომ, რომ მონიტორინგი, შეფასება და გამოცდა კომუნისტურ გადმონაშთად არის მიჩნეული. არადა, ნებისმიერი გადაწყვეტილება ფასობს იმით, თუ როგორ სრულდება, რამდენად შედეგიანი და ხარისხიანია ის. - რატომ ითვლება სათაკილოდ, ესა თუ ის რეფორმა გააკონტროლო, შეამოწმო, ნახო, ადგილზე როგორ რეალიზდება, რამდენად ერგება მოცემულ ვითარებას, როგორ მუშაობს? - ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ასე კი დამკვიდრდა. ჩვენთან თავი იმით მოაქვთ, აი, ამდენი მასწავლებელი გადაამზადეს და კარგია, რომ გადაამზადეს, მაგრამ მერე, ამის იქით რა მოხდა, ეგ ხომ უნდა მოგვიყვნენ? აბა, ვიკითხოთ, ამ გადამზადებულმა მასწავლებლებმა განათლების ხარისხი აამაღლეს სკოლაში თუ არა? - ბევრი ასეთი ,,გადამზადებული“ და სერთიფიცირებული მასწავლებელი ვიცით, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ არასანდო წყაროების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებს, მაგალითად, იმის შესახებ, როგორ არჩენს სოდა კიბოს ან წყალბადის ზეჟანგი - კოვიდს. გვქონდეს იმედი, რომ ეს მასწავლებლები ხარისხიან განათლებას მისცემენ ბავშვებს? - ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აზროვნების დაბალ კოეფიციენტთან და რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ ასეთი კოეფიციენტის მქონე პედაგოგი რაიმე ღირებულს მისცემს მოსწავლეს, რომელი გადამზადება უშველის ამ საკითხს? სოციალური ქსელიც ხომ სარკეა, სადაც ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ საზოგადოების აზროვნების დონეს ათვალსაჩინოებს, რაც ხანდახან კატასტროფულად აღიქმება და სწორედ ამაზე ვდარდობთ ყველანი. მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დარდი სიხარულად გვექცეს, საკითხავი აი, ეს არის. - თუ სხვა ქვეყნები ივალისწინებენ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგებს, ასრულებენ გაწეულ რეკომენდაციებს და იუმჯობესებენ მიღწევებს, ჩვენ რა გვიშლის ხელს, იგივე გავაკეთოთ და მივყვეთ რეკომენდაციებს? - ჩვენ ხელს გვიშლის ნაკლები პროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა. ეს ორი ფაქტორი ყველა მიმართულებით და ყველა საქმეში გვიშლის ხელს.
-
ბევრი რამე მაინც ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამ აქტიურობისთვის კი ახლა გაცილებით მეტად გვაქვს ხელ-ფეხი გახსნილი, ვიდრე ოდესმე. საქართველოში, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომლის დამუშავება და განხილვა, 10 წელია მიმდინარეობს და საბოლოო წერტილი ორი თვის წინ დაესვა. ეს კანონი მომხმარებლების პოზიციებს მეწარმეებთან შედარებით, ვისთანაც დავის მოგება ყოველთვის ჭირდა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. იმის გამო, რომ მანამდე მოქმედი კანონი, ჯერ კიდევ 2012 წელს გაუქმდა და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული კანონის მიღება აქამდე ვერ მოხერხდა, ამ წლების განმავლობაში მეწარმე უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ახალ კანონზე მუშაობა, ჯერ კიდევ, 2013 წელს დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ბიზნესასოციაციებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებულნი. მათ შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სრულყოფილი კანონის მიღება, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით, 2019 წელს იყო გათვალისწინებული და კანონპროექტიც ინიციატივის სახით, სხავადსხვა დროს, საქართველოს პარლამენტში ორჯერ გაიტანეს, თუმცა მისი დამტკიცება გაჭიანურდა. როგორც ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში“ აღნიშნავენ, კანონის მიღებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ძირითად ნორმატიულ აქტებს დაუახლოვდა, გაუმჯობესდა მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობაც და მისი დაცვის მექანიზმებიც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიხედვით, მომხმარებელი მოტყუებისგან და ფინანსური ზიანისგან უკეთ იქნება დაცული, ხოლო ზარალის შემთხვევაში, უფრო ადვილად დაიცავს თავის უფლებებს. ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებული ახალი კანონის უკეთ გასაცნობად, განმარტებები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორს ვახტანგ კობალაძეს ვთხოვეთ. - რა ძირითადი ასპექტებია ამ კანონში გათვალისწინებული, რა შეიძლება ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის იყოს საინტერესო და რით შეიძლება მომხმარებელი გავახაროთ? - მოგეხსენებათ, მომხმარებელთა უფლებები აქამდე სხვადასხვა კოდექსით იყო გათვალისწინებული. ზოგიერთ სფეროში, მაგალითად ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში ცალკე იყო დარეგულირებული მომხმარებლის უფლებები, ასევე, სამოქალაქო კოდექსშიც იყო გარკვეული საკითხები გათვლილი, მაგრამ მომხმარებლის უფლებების შესახებ ცალკე კანონი არ გვქონდა. მომხმარებელი, როგორც ფიზიკური პირი კანონმდებლობით ისე არ იყო დაცული, როგორც ეს მიღებულია მთელ მსოფლიოში. გამოდიოდა, რომ მომხმარებელს და მწარმოებელს დავებში თანაბარი უფლებები ჰქონდათ მაშინ, როდესაც დავების წარმოშობისას მწარმოებელი ყოველთვის სუსტი რგოლია და მეწარმე კი უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია, რომ მომხმარებელს ცოტათი მეტი გარანტიები ჰქონდეს იმისთვის, რათა თავისი უფლებების დაცვა შეძლოს. ამ კანონის მიღებით, უპირველესად, ერთად მოიყარა თავი მომხმარებლის ძირითადმა უფლებებმა და მის მიმართ მეწარმის ვალდებულებებმა. აქამდე თუ მოვინდომებდით, გაგვერკვია, რა უფლებები გქვონდა, როგორც მომხმარებელს, ვერ შევძლებდით, რადგან სამოქალაქო კოდექსში ამის შესახებ ჩანაწერები ისე იყო გაფანტული, რომ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ვერც მიაკვლევდა და მერე, ვერც გაიგებდა, თუ რა თქმა უნდა, სპეციალური განათლება არ შეუწყობდა ხელს. - დავის მექანიზმებიც ისეთი იყო, რომ მოქალაქეს რომც ნდომოდა, ბოლომდე მიჰყოლოდა საქმეს, ენთუზიაზმი შუა გზაზე მაინც შემოელეოდა... - დავის მექანიზმები ცალკე საკითხია, მაგრამ უზარმაზარი სამოქალაქო კოდექსიდან იმ მუხლების მოძებნა და გაშიფვრა, რომელიც მომხმარებლის უფლებებს ეხება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ამიტომაც ვამბობ, ახალი კოდექსის ყველაზე დადებითი მხარე ისაა, რომ აქ თავმოყრილია ძირითადი უფლებები და გაწერილია ბევრი კონკრეტული შემთხვევა, რა დროს რომელი ზომების მიღება შეიძლება და როგორ. ასევე, გაწერილია, რა არის აკრძალული, რა - დაშვებული. შემდეგ არის მეწარმის მიერ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებები, ანუ ჩამოყალიბებულია ის ძირითადი მონაცემები, რომელიც გამყიდველმა უნდა მიაწოდოს მომხმარებელს, როდესაც ამა თუ იმ პროდუქციას სთავაზობს. ეს უნდა იყოს ქართულ ენაზე და უნდა იყოს ყველა ძირითადი ინფორმაცია, წერილობით იქნება თუ სხვა სახით, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს. სურსათის სფეროში ეს ვალდებულებები ცალკე ნორმატიული აქტით არის გაწერილი, მაგრამ სფეროების უმრავლესობაში მსგავსი ვალდებულებები აქამდე არ არსებობდა. გარდა ამისა, ნივთის ონლაინ ან დისტანციურად შეძენის შემთხვევაში, პირველი 14 დღის განმავლობაში, მომხმარებელს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია დააბრუნოს ის. ესეც საერთაშორისო პრაქტიკით არის გათვალისწინებული, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანი ონლაინ ყიდულობს პროდუქტს, მას არა აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახოს, შეამოწმოს ხარისხი და გაიგოს, ზუსტად როგორს ჰყიდულობს. - ხშირია შემთხვევები, როდესაც ონლაინ-მომსახურებისას, სარეკლამო ვიდეოში სულ სხვა ხარისხის პროდუქციას გვიჩვენებენ, შევიძენთ და ადგილზე სულ სხვა ხარისხი მოდის. ამ კანონის გათვალისწინებით, შეგვიძლია, არათუ მოტანისთანავე, გარკვეული პერიოდის გავლის მერეც მივაბრუნოთ ნივთი? - დიახ და სწორედ ამ პრობლემის მომხმარებლის სასარგებლოდ გადასაწყვეტად არის ეს რეგულაცია შემოტანილი. გარდა ამისა, კანონში არის ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუკი ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მომხმარებელი ნაკლს შეამჩნევს, მას არ მოუწევს იმის მტკიცება, რომ ეს ნაკლი თუ წუნი მის მიერ ნაყიდ პროდუქტს შეძენამდე ჰქონდა ან ქარხნული წუნი იყო და მისი ბრალეულობით არ გაუჩნდა. ეს შესაძლებლობა მდგომარეობას მნიშვნელოვნად ცვლის, ვინაიდან მომხმარებელსა და მეწარმეს შორის სასამართლო დავებში, შეჯიბრებითობის პრინციპია და აქამდე, თუ სასამართლომდე მივიდოდა საქმე, მომხმარებელს უნდა ემტკიცებინა, რომ შეძენილი ნივთი მას არ გაუფუჭებია და წუნდებული მიჰყიდეს. თუ ამას ვერ შეძლებდა, მაშინ წაგებული გამოდიოდა. ამ კანონის ამოქმედების დღიდან, უკვე მეწარმემ უნდა ამტკიცოს, რომ მომხმარებლისთვის მიყიდული ნივთი ხარვეზიანი არ იყო. თუ ამას ვერ დაამტკიცებს, მომხმარებელი გამოვა გამარჯვებული. - როგორც ვიცით, ხსენებული კოდექსი 1 ივნისიდან მხოლოდ ნაწილობრივ ამოქმედდა და სრულად ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. რა კონკრეტული მუხლები ამოქმედდება ნოემბრიდან? - 1 ნოემბრიდან ამოქმედდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, ეს იქნება სახელმწიფო სტუქტურა, კონკურენციის სააგენტო, რომელიც გახდება ზედამხედველი ორგანო გააკონტროლებს, ზოგადად რამდენად იქნება ქვეყანაში მომხმარებლის უფლებები დაცული. ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება, მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, თუკი სადმე შეამჩნევს ან მას პირადად შეექმნება რაიმე პრობლემა და დაირღვევა მისი, როგორც მომხმარებლის უფლებები. შემდეგ უკვე ამ სააგენტოს აქვს იმის უფლებამოსილება, შეისწავლოს შემთხვევები, მიუთითოს მეწარმეს ამ დარღვევებზე, დაავალდებულოს მას ხარვეზის გამოსწორება და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმის გადახდა დააკისროს. თუკი პირველ ნოემბრამდე მეწარმესა და მომხმარებელს შორის გარკვეული დავა წარმოიშობა, უწყება, რომელიც ამ დავას წარმართავს, არის სასამართლო, რომელსაც მომხმარებელმა უნდა მიმართოს, რასაც ძალიან იშვიათად აკეთებენ მომხმარებლები. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას რამდენიმე წელია აქვს უფასო საადვოკატო მომსახურება, რომელიც მსგავსი დავების წარმოებაში ეხმარება მოქალაქეებს და მხოლოდ გასულ წელს აღმოჩნდა რამდენიმე მომხმარებელი, რომლებმაც სასამარათლოს ჩვენი დახმარებით მიმართა. პირველი ნოემბრიდან სასამართლოს ჩარევა საჭირო აღარ იქნება, მომხმარებელს შეეძლება, განცხადებით მიმართოს პირდაპირ კონკურენციის სააგენტოს, რომელსაც ექნება სათანადო ბერკეტები და სათანადო რეაგირებას მოახდენს. - როგორც აღნიშნეთ, ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონში“ ყველა სფერო იქნება გათვალისწინებული, მათ შორის სურსათიც? - დიახ, ეს კანონი შეეხება ყველაფერს, ყველა სახის მომსახურების სფეროს. თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები, მაგალითად სურსათის სფეროში, რაც შეეხება მალფუჭებად პროდუქტებს. რა თქმა უნდა, მალფუჭებადი პროდუქტები ვერ დაბრუნდება, ასევე, შეფუთული პროდუქცია თუ გაიხსნა, ვერც იმას დააბრუნებს მომხმარებელი. ამდენად, გარკვეული დათქმები არის, თუმცა სურსათთან დაკავშირებულ ინფორმაციის საკითხს ცალკე ნორმატიული აქტი არეგულირებს, რომელიც კარგა ხანია, ძალაშია და საკმაოდ წვრილად არის გაწერილი. - მაგალითად, ახლახან მეგობარს გადახდა ასეთი შემთხვევა: მაღაზიაში იყიდა რძე, რომელსაც ვადა მომდევნო 5 დღის განმავლობაში ჰქონდა, მაგრამ რძე ადუღებისას აიჭრა. მიუხედავად ამისა, რადგან პროდუქტი ვადიანი იყო, მიიჩნია, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდა და მიღებული შრატი და ხაჭო საჭმელად გამოიყენა, რის შედეგდაც მოიწამლა. სამეზობლოში გაკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგივე რძისგან სხვადასხვა დროს სხვა ადამიანებიც მოწამლულან. ჩემმა მეგობარმა პრეტენზიით მიმართა მაღაზიას, სადაც განუცხადეს, რომ რძის საფასურს აუნაზღაურებდნენ. თუმცა საყვედური უთხრეს იმის გამო, რომ მან კონკრეტულად იმ ნაწარმს, რომელმაც მოწამლა, ფოტო გადაუღო და ინფორმაციაც გაავრცელა. მსგავსი ინცინდენტისას რა უნდა მოიმოქმედოს მომხმარებელმა, რისი უფლება აქვს მას? - მსგავსი შემთხვევების დროს, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ეს ამ ახალი კანონის მიღებამდეც შესაძლებელი იყო. ნებისმიერი ასეთი ინციდენტის დროს ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე, 1501, შეატყობინოს მომხდარის შესახებ, დაასახელოს მაღაზია, პროდუქტი და სააგენტო ვალდებულია, ოპერატიულად მიიღოს ზომები. რეაგირება ასეთია: სურსათის ეროვნული სააგენტო გადის ადგილზე, ამოწმებს მითითებულ პროდუქტს, ამოწმებს მის ვარგისიანობის ვადებს, შენახვის პირობებს; თუ საჭიროება მოითხოვს, ლაბორატორიულად ამომწმებს პროდუქტს და ყველანაირად ეცდება, გამოავლინოს მიზეზი, რატომ იყო ის გაფუჭებული. შემდეგ, დადგენილი დარღვევების მიხედვით, შესაბამის ზომებს მიმართავს. შესაძლოა, აღნიშნული პროდუქტი საერთოდ ამოაღებინოს ქსელიდან ან დააჯარიმოს მეწარმე, თუ დამტკიცდა, რომ წარმოების ან შენახვის პირობები დარღვეული იყო. ასე, რომ ასეთ შემთხვევებში მოქალაქემ აუცილებლად უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და არ დატოვოს ფაქტი რეაგირების გარეშე. რაც შეეხება გადახდილი ღირებულების ანაზრაურებას, თუკი დღის წესრიგში ამის საჭიროება დადგა და მეწარმესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამ საკითხებზე უკვე, პირველი ნოემბრიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კონკურენციის სააგენტოს. ზემოთაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროდუქტის უვნებლობის მოთხოვნებსა და ეტიკეტირებაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოა პასუხისმგებელი, მაგრამ ზიანის ანაზრაურება მის კომპეტენციაში არ შედის. კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციაში კი ეს საკითხი ცალსახად იქნება გათვალისწინებული. - გამოდის, ყველაფერი მაინც მოქალაქეზე, თავად მომხმარებელზეა დამოკიდებული, რამდენად იაქტიურებს და არ დაიზარებს, დარღვევების შესახებ სათანადო უწყებებს აცნობოს. ამისთვის, ალბათ, საჭიროა, მეტად ინფორმირებულები ვიყოთ და კარგად ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ. - გარკვეულწილად მომხმარებელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა თავისთავად, რადგან ბაზარზე კონკურენცია დიდია, მეწარმეებზეც არანაკლები პასუხისმგებლობა მოდის. მათ უკვე აქვთ უფრო მეტი საშუალება, იმისათვის, რომ ამ კანონის შესაბამისად იმოქმედონ და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ, ვინ უფრო კარგად დაიცავს კანონს და ვინ უფრო მოიგებს მომხმარებლის გულს. გარდა ამისა, ზედამხედველი ორგანო, კონკურენციის სააგენტო თავისი ინიციატივითაც გარკვეულ კონტროლს განახორციელებს, თუმცა მარტო ამის იმედად არ უნდა ვიყოთ. დიდწილად მომხმარებელზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იმუშავებს მათი უფლებების დაცვის შესახებ კანონი. - დახლზე სხვა ფასი რომ აწერია პროდუქტს და სალაროსთან სხვა ფასს ვიხდით; ბევრი შემთხვევაა, როცა მოლარე გვეუბნება, უკვე გატარებული მაქვს ნივთი და ვერ დავაბრუნებო და იძულებულნი ვართ ვიყიდოთ. ზოგი მაღაზია იბრუნებს, ზოგი - არა. ამ დარღვევის კონტროლის მექანიზმი თუ არსებობს რამე, თუ მისი გამოსწორებაც მხოლოდ მომხმარებლის აქტიურობაზეა დამოკიდებული? - სალაროსთან მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას მაღაზია ვალდებულია, დაიბრუნოს ნივთი ან მყიდველს დახლზე მითითებული ფასი გაუტაროს. თუ ეს არ მოხდა, დღეს მომხმარებელს შეუძლია ადგილზე გამოიძახოს პატრული, პირველი ნოემბრიდან კი - კონკურენციის სააგენტოს მიმართავს. აქვე აღვნიშნავ, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღება ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს, მომხმარებლის დასაცავად, ცალკე სააგენტო თავისით და სახელმწიფო თავისით, ყველაფერს გააკეთებს. ძალიანაც რომ მოინდომონ, ამას ფიზიკურად ვერ შეძლებენ. ჯერ ერთი, ყოველთვის იარსებებს ისეთი არაკეთილსინდისიერი ხალხი, ვინც ეცდება, რომ კანონს გვერდი აუქციოს, სახელმწიფო კი, რაც არ უნდა ძლიერი სტრუქტურები გააჩნდეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მაღაზიას ვერ გააკონტროლებს. ამიტომ თავად ჩვენ, მოქალაქეები ვართ ეფექტიანი მაკონტროლებლები და ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ. - ხდება ასეთი შემთხვევებიც, როცა მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა დადებული. მაგალითად, ერთ-ერთი საამქროს ხელოსანს მომხმარებელი შეუთანხმდა გარდერობის გაკეთებაზე. ზეპირად მოილაპარაკეს, რომ პირი ათი დღის ვადაში დაამზადებდა აღნიშნულ ნივთს და დაამონტაჟებდა კიდეც. საჭირო მასალების შესაძენად მას წინასწარ დაურიცხეს გარკვეული თანხა, რაც თავად მოითხოვა და რისი დამამტკიცებელი საბუთიც არსებობს. ამის შემდეგ გავიდა სამი თვე და ათასგვარი საბაბის მომიზეზებით, შეკვეთა დღემდე არ არის დამზადებული. ასეთი სიტყვიერი შეტანხმების შემთხვევაში რა შეიძლება მომხმარებელმა მოიმოქმედოს, რა ბერკეტები გააჩნია მას? - რა თქმა უნდა, როცა დოკუმენტის სახით არსებობს შეთანხმება, ბევრად უფრო ადვილია მომხმარებლის უფლების დაცვა და სიმართლის დადგენა. სიტყვიერი შეთანხმებაც ერთგავრი ხელშეკრულებაა, თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით ძნელია იმის მტკიცება, თუ რა პირობებზე იყვნენ მხარეები შეთანხმებულები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა თანხის გადარიცხვის დოკუმენეტის წარდგენა შესაძლებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მტკიცებულებები მოიპოვება. ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ მაინცდამაინც ყველაფერზე წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაა აუცილებელი, თუმცა, როგორც ვხედავთ, სასურველია, რათა ორივე მხარე უკეთ იყოს დაცული. მომავალში ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება მომხმარებელმა კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, ოღონდ აქ კიდევ არის კანონში ერთი დათქმა. როდესაც მოქალაქე განცხადებით მიმართავს კონკურენციის სააგენტოს, უწყება საქმის შესწავლას იწყებს იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ ზიანი ადგება მომხმარებელთა ჯგუფის ანუ ერთზე მეტი მომხმარებლის ინტერესებს. როცა ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული, ინდივიდუალური შემთხვევა და დასადგენია, რამდენად შეიძლება მსგავსი ზიანი სხვა მომხმარებლებსაც მიადგეთ. ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა. უფრო კარგად რომ განვმარტოთ, შეიძლება იყოს შემთხვევები, როცა მოქალაქე მიმართავს სააგენტოს და იქ ეტყვიან, ეს ინდივიდუალური შემთხვევაა და ვერ შევისწავლით, მაგრამ თუ სხვა მომხარებელიც აღმოჩნდება იგივე მდგომარეობაში, მაშინ უკვე სააგენტოს ექნება ვალდებულება, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და სათანადო რეაგირება მოახდინოს. ამდენად, შეიძლება რიგ პრობლემებს აქაც წავაწყდეთ, მაგრამ გული არ უნდა ავიცრუოთ და კანონის მოთხოვნებს ბოლომდე მივყვეთ. ბევრი რამე მაინც ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული და ისე, თავისთავად არაფერი მოგვარდება. ამ აქტიურობისთვის კი ახლა გაცილებით მეტად გვაქვს ხელ-ფეხი გახსნილი, ვიდრე ოდესმე. - შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონკურენციის სააგენტოს ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, დავიცვათ ჩვენი უფლებები. იმედია, სახელმწიფოც მეტად ჩაერევა ბაზრის რეგულირებაში და ველურ კანონებზე დამოკიდებული არ ვიქნებით? - ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ ზუსტად მაგისთის მიღეს ეს კანონი, რომ სახელმწიფომ მაკონტროლებლის როლი თავის თავზე აიღოს და ბაზარს რეგულირება გაუწიოს. ამ კანონზე მუშაობა პარლამენტმა 2013 წელს დაიწყო და 2022 წლის მარტის ბოლოს წერტილი დაესვა. ეს მოხდა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. იმედი ვიქონიოთ, რომ ხსენებული კანონი რეალურად იმოქმედებს. დასკვნის სახით მოგახსენებთ, რომ ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ნაწილობრივ ძალაში 1 ივნისიდან შევიდა, ხოლო Სრულად, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ამოქმედდება, როცა კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულებას დაიწყებს. სახელმწიფო უწყება, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს კანონის აღსრულებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში Სააგენტო მითითებებს მისცემს მეწარმეებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სააგენტოს შეეძლება დააჯარიმოს მეწარმე ან სასამართლოს მიმართოს. საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა სააგენტოს მიმართონ. ამგვარად, იქმნება მომხმარებლის უფლებების დაცვის მარტივი, სასამართლოს ალტერნატიული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მომხმარებლებს საკუთარი უფლებების დაცვას.
-
ყველაფერი უნდა დავიწყოთ პრობლემის აღიარებით და უნდა ვთქვათ, რომ ჩიხში ვართ. ილია ჭავჭავაძის არ იყოს (,,ჩვენისთანა ბედნიერი, განა, არის სადმე ერი?!“), შესაძლოა ჩემსავით ბევრს აინტერესებს, ჩვენს გარდა სადმე თუ არის კიდევ ისეთი ხალხი, ვინც ყველა დარგში ერთნაირად კარგად ,,ერკვევა“ და ყველა სფეროში პროფესიონალია იმდენად, რომ ხანძრის დროს გამოცდილ მეხანძრეებზე უკეთ იცის, როგორ ჩააქროს ცეცხლი სწრაფად; სპეცოპერაციის დროს ნებისმიერ მეთაურს მისცემს მითითებას, როგორ ჩაატაროს ოპერაცია უმტკივნეულოდ; ომის დროს ყველა გენერალზე უკეთ შეუძლია განსაზღვროს ბრძოლის სტრატეგია და ეპიდემიის დროს - იყოს ყველა ექიმზე მეტად ინფორმირებული და გათვითცნობირებული?! რას მივაწეროთ ჩვენი ასეთი ,,უნიკალური“ უნარი, მართლა ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეები ვართ თუ უბრალოდ, საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს; რატომ გვიჭირს სხვისი ჭიშმარიტი უნარების აღიარება, როცა ჩვენ იმ სფეროში სათანადო კომპეტენცია არ გაგავაჩნია; რამე სენია ეს თუ ქცევის ნორმა? ამ საკითხის გარკვევა ფსიქოლოგ ვერიკო გოჯიაშვილთან ერთად ვცადეთ. - არ არსებობს შემთხვევა, სამაშველო ოპერაცია იქნება, სამხედრო თუ სამედიცინო, რიგითმა ადამიანებმა რამე პრეტენზია არ გამოვთქვათ და შენიშვნა არ მივცეთ სპეციალისტებს. უფრო მეტიც, მუდმივად ვცდილობთ, პროფესიონალებს რაღაც ვასწავლოთ და მივუთითოთ, იმ საქმეში, რაშიც, მათგან განსხვავებით, კომპეტენტურები არ ვართ. რა ფენომენია ეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, უმეცრებასთან თუ ზედმეტ ცოდნასთან; როგორ უნდა ავხსნათ ეს ფაქტები? - სოკრატეს გამონათქვამით, ,,მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი,“ თუ ვიხელმძღვანელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, ვინც არაფერი იცის, ის უფრო თავდაჯერებულია და ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. ,,მე ყველაფერი სხვაზე უკეთ ვიცის“ სინდრომი შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული. უპირველესად ეს არის დანინგ-კრუგერის ეფექტი, რაც მეცნიერულადაც არის დასაბუთებული, შემდეგ მოდის ინფანტილიზმი. ინფანტილურია ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მან ყველაფერი იცის, არაფერი ეშლება და ისტერიულად ცდილობს ამაში დაგვარწმუნოს. ყველაფრისმცოდნეობის წარმოჩენის მცდელობა გამოწვეულია, ასევე, დაბალი თვითშეფასების გადაფარვის სურვილით. თუ ადამიანი ხვდება ისეთ საზოგადოებაში, სადაც მისი თვითშეფასება დაბლა ეცემა, რაც უფრო დაურწმუნებელია თავის თავში, მით უფრო ხმამაღლა გაჰყვირის. არც საწინააღმდეგო აზრის მოსმენა უნდა და არც არგუმენტების, რადგან იცის, რომ ოპონენტის მიერ მოყვანილი არგუმენტები მის მცდარობას დაამტკიცებს. ამიტომ მოწინააღმდეგეს ლაპარაკს არ აცლის და უფრო დაჟინებით ირწმუნება, რომ მხოლოდ მისი ნათქვამია სწორი და მართალი. - რაში მდგომარეობს დანინგ-კრუგერის ეფექტი, რომელიც ახსენეთ, რაშია მისი არსი? - დანინგ-კრუგერის ეფექტი გულისხმობს უცოდინარი ადამიანების მიდრეკილებას, გადაჭარბებულად შეაფასონ საკუთარი უნარები და მიანიჭონ მათ საშუალოზე ბევრად მაღალი დონე. როგორც ჩანს, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში, ბევრად ადრე დაინახეს ასეთი უცნაური რეალობა, როცა ვინც ნაკლები იცის, ის მეტად ცდილობს თავის წარმოჩენას, უფრო მეტს ,,გაჰყვირის,“ უფრო წინ მიიწევს და მეტს აღწევს ცხოვრებაში, ვიდრე ის, ვინც ცოდნითა და ინტელექტით ნამდვილად არის გამორჩეული. ამიტომ, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს, 1999 წელს, ამ ორმა მკვლევარმა, დევიდ დანინგმა და ჯასტინ კრუგერმა, თავიანთ ნაშრომში მეცნიერულად აღწერეს და დაასაბუთეს ის, რასაც შემდგომში დანინგ-კრუგერის ეფექტი ეწოდა. აღნიშნული ნაშრომისათვის 2000 წელს მათ ნობელის პრემიაც მიენიჭათ. ეს ადამიანები ზუსტად სოკრატეს მცნებას, ,,მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცის“ მიჰყვნენ და კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ტუდენტებში კვლევა ჩაატარეს. მკვლევარები შეისწავლიდნენ სტუდენტების უნარებსა და თვითშეფასებას ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ლოგიკური აზროვნების უნარი, გრამატიკული უნარები და იუმორი. ექსპერიმენტში მონაწილეებს სპეციალური ტესტების ამოხსნა, შემდეგ კი - საკუთარი შედეგების წინასწარი შეფასება სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ იმ მონაწილეებმა, რომელთაც საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ, საშუალოზე დაბალი შედეგი აჩვენეს, ხოლო ვისაც თავის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა და შედეგებზეც ორჭოფობდნენ, მათ მაღალი შეფასება მიიღეს. ამდენად, დანინგმა და კრუგერმა ამ ექსპერიმენტის შედეგად დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტი იცის კონკრეტული თემის გარშემო ადამიანმა, მით უკეთ აცნობიერებს იმას, თუ რა არ იცის. არსებული ცოდნა მას შესაძლებლობას აძლევს, განსაზღვროს, რა სჭირდება იმისთვის, რომ მეტი იცოდეს. ამავდროულად, მისი თავდაჯერებულობა იკლებს, რადგან შეფასებაში უფრო კრიტიკული ხდება და ცდილობს საკითხის სრულყოფილ გააზრებას. უცოდინარ ადამიანს ეს არ აწუხებს, მისი თვალსაზრისი და გადაწყვეტილება ყოველთვის მყარია, რადგან თავის შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. ასეთი ადამიანები ადეკვატურად ვერ აფასებენ ვერც საკუთარ და ვერც სხვის კვალიფიკაციას. ამდენად, მათ არ აქვთ უნარი, გაიაზრონ საკუთარი უმეცრება და ვერ არიან თვითკრიტიკულები. თუმცა, ეს კრიტიკა, რომელიც არაცნობიერად მათ სადღაც სიღრმეში მაინც აქვთ, გარეთ გამოიტყორცნება და მიემართება სხვისკენ. მათ, ასევე, არ აქვთ მოთხოვნილება, რომ შეიძინონ კომპეტენცია, შეიძინონ საყრდენი ცოდნა და ილაპარაკონ დასაბუთებულად. რაც შეეხება ინფანტილიზმს, მისი პირდაპირი ნიშანია ისტერიულობა, როცა ზრდასრული ადამიანი პატარა ბავშვივით გაჯიუტდება და არც საწინააღმდეგო აზრის მოსმენა უნდა, არც არგუმენტის, არც დასაბუთების და ფეხების ბაკუნით ამტკიცებს თავის ნათქვამს, რომელსაც ვერანაირი ფაქტით ვერ ამყარებს. - ხშირად გვინახავს, როცა რომელიმე მოკამათე მხარე ყურმოკრულ ამბავზე დაყრდნობით, მხოლოდ ჭორის დონეზე მოსმენილი საბუთით ცდილობს ,,ჭკუა ასწავლოს“ ისეთ ადამიანს, ვინც კონკრეტულ საკითხში აბსოლუტურად კომპეტენტურია. მსგავსი მაგალითები მრავლად გვქონდა კოვიდ-პანდემიის პერიოდში. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ეუხერხულება საშუალო დონის მსახიობს ან თუნდაც კარგ მომღერალს, თითი უქნიოს და ბრალდებები წაუყენოს მეცნიერს იმ დარგში, რომელსაც ის 50 წელზე მეტია ემსახურება? - ის, რომ საკუთარ კომპეტენციას ვერ საზღვრავ და სხვის კომპეტენციაში იჭრები, არის ფსიქოლოგიურად და პიროვნულად ვერ გაზრდილი ადამიანის თვისება. სწორედ ამაზე მიუითითებდა ექიმებზე თავდასხმის ის მაგალითები, რაც გვქონდა. ამაზე მიგვანიშნებდა ის განსაკუთრებული შემთხვევაც, როცა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში თენგიზ ცერცვაძეზე მიიტანეს იერიში. ეს იყო ბავშვობიდან სცენაზე მყოფი, პოპულარობით გათამამაბული, ინფანტილური პატარა ადამიანების ქცევა, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ მათი აზრი არ იყოს კომპეტენტური. როგორც მომღერალი, შეიძლება იყო პოფესიონალი და სხვას ჯობდე, მაგრამ როცა იმ სფეროში, რაშიც ოპონენტს ედავები, არანაირი ცოდნა არ გაქვს, პირიქით, მეცნიერულ საქმიანობაში მას აქვს შენი ასაკის სტაჟი და ვერანაირ უხერხულობას ვერ გრძნობ, ეს დიდი სირცხვილია. სწორედ ეს გადაცემა იყო დაუნინგ-კრუგერის ეფექტის თვალსაჩინო მაგალითი, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონკრეტული თემის შესახებ რაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა, მით მეტადაა საკუთარი მოსაზრების სისწორეში დარწმუნებული და არ შეუძლია სხვისი კომპეტენტურობა შეაფასოს. იმისათვის, რომ რომელიმე სფეროში საკუთარი ცოდნის დონე განსაზღვრო, ამ მიმართულების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ხომ უნდა ფლობდე და ქუჩაში ყურმოკრული ან ტრანსპორტში გაგონილი ინფორმაციით ხომ არ უნდა ამყარებდე შენს მოსაზრებას? მსგავსი ქცევა, უმეცრების გარდა, დაბალი თვითშეფასების გადაფარვის მცდელობითაც აიხსნება. ასეთი თავდაჯერებული ადამიანები შეიძლება ოდესღაც ვიღაცამ დაამცირა, მათი მნიშვნელოვნება, მათი კომპეტენცია გადაშალა და იქიდან მოყოლებული, მათთვის მთავარია, დაამტკიცონ, რომ ყოველთვის და ყველაფერში მართლები არიან; მთავარია ბოლო სიტყვა მათ თქვან და არ უყურებენ, ვინ ზის მათ წინაშე, ვინ არის მათი ოპონენტი. სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი კი არ გმობს, არაკომპეტენტური და თავხედი ადამიანების ასეთ ქმედებას, პირიქით, ახალისებს ამგვარ ქცევას და სწორედ ვიღაცის შეურაცხყოფაზე აქვს მოთხოვნა. აქვე უნდა აღვნიშნო ერთი რამ. სხვა ქვეყნებში არ ვიცი ასე თუ ხდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ კომპეტენციების აღრევას ის ფაქტიც იწვევს, რომ ხშირად, საშუალო დონის ან თუნდაც წარმატებული მსახიობი, მომღერალი თუ სპორტსმენი ძალიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნება. გასაგებია, რომ ეს ადამიანები პარლამენტშიც არიან საჭირო, რადგან ვიღაცამ სპორტს უნდა მიხედოს, ვიღაცამ - ხელოვნებას და კულტურას, მაგრამ ვიდრე თანამდებობებზე მოხვდებიან, შესაბამისი პოლიტიკური განათლება უნდა მიიღონ, დებატების სკოლაც გაიარონ, რომ ოპონენტთან საუბარი ცივილურად შეძლონ. თუ ამის გაკეთება არ უნდათ ან უნარი არ შეწევთ, დარჩნენ თავიანთი კომპეტენციების სფეროში. - როცა გადაცემის წამყვანები მსგავს შოუებს ,,დგამენ“ და მნიშვნელოვანი თემის განსახილველად ეთერში ერთმანეთის პირისპირ არათანაბარი ცოდნისა და კომპეტენციის ადამიანებს სვამენ, ამ ქმედებას მაყურებლის დაკვეთით და მაღალი რეიტინგით ამართლებენ. როგორ ფიქრობთ, მაყურებელს ვირუსული ინფექციის შესახებ ვისი აზრი უფრო უნდა აინტერესებდეს, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-ინფექციონისტის თუ მომღერლის ან მსახიობის? - შინაარსისგან დაცლილი, მხოლოდ რეიტინგზე გათვლილი მსგავსი გადაცემები, უპირველესად თავად იმ შოუების კომპეტენციასაც აყენებს ეჭვქვეშ და გვაფიქრებინებს, რომ ავტორებს პრობლემაზე საუბარი და მისი არსის გარკვევა კი არა, სანახაობის მოწყობა უნდათ. დიახ, ისინი ასე დებენ რეიტინგს, როგორც ახლა მოდაშია თქმა და სამწუხაროდ ყველა ტელევიზიაში ასეთი საერთო ტენდენციაა. მაყურებლის ნაწილს შეიძლება აკმაყოფილებდეს მსგავსი უშინაარსო და სანახაობადქცეული შოუ, მაგრამ ვართ საზოგადეობი ნაწილი, ვისაც ამა თუ იმ საკითხზე პროფესიონალების აზრის მოსმენა გვაინტერესებს, თუმცა სპეციალისტის ნაცვლად უმეცარი ადამიანების თავხედობის მოსმენა გვიწევს. დიახ, იმის გარდა, რომ წამყვანები თავიანთ შოუებში ერთმანეთის პირისპირ არათანაბარი კომპეტენციის ადამიანებს სვამენ, სამწუხარო კიდევ ისაა, რომ ეპიდემიასა და ვირუსზე სასაუბროდ მსახიობს მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ექიმს. ამასთან, ვთქვათ, იმ ექიმმა ვერ იყვირა ისე ხმამაღლა, ვერ აკადრა აუდიტორიას, ყოფილიყო ისეთივე კატეგორიული, როგორიც მისი ოპონენტი, მაშინ თავად ჟურნალისტი ხომ უნდა შეეცადოს, ვითარება დაალაგოს, ელემენტარული პატივისცემა გამოხატოს რესპონდენტის და მაყურებლის მიმართ? აგრესიულ და თავხედობაში გადასულ სტუმარს ეთერში მიკროფონი მაინც გამოურთოს ან იმდენი მოახერხოს, თანაბრად გაუნაწილოს სასაუბრო დრო და კომპეტენტურ პირსაც აცადოს აზრის გამოთქმა. საუბედუროდ, თუ სადმე რამე ინტელექტუალური გადაცემა იყო, ყველგან დახურეს და ისეთი შოუებს აქვს რეიტინგი, სადაც ან ფიზიკურად ეხებიან ერთმანეთს ან მჩხიბავებსა და მკითხავებს ეკითხებიან აზრებს. - განსაკუთრებით თვალშისაცემია შემთხვევები სოციალურ ქსელში, როცა ამა თუ იმ საკითხზე, უფრო მეტად პოლიტიკაზე კამათისას ერთი მხარის დასაბუთებული არგუმენტის საპასუხოდ მეორე მხარე აგრესიაზე გადადის. როცა მავანს თავისი აზრის განსამტკიცებლად ფაქტები ელევა, შეურაცხყოფით ცდილობს ოპონენტის მოგერიებას. ამ მოვლენას რა დავარქვათ? - დიახ, საკმაოდ ხშირია ასეთი შემთხვევები, სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ვაწყდებით მსგავს აგრესიას. ფეისბუკის საკუთარ კედელზე ჩვენს აზრს რომ დავწერთ, ზოგი შემოვა და აგრესიულად გვიპასუხებს, ზოგი უცენზურობას არ მოერიდება, ზოგი ვიღაცისთვის შეურაცხმყოფელ კომენტარს დაწერს. არ ითვალისწინებენ, რომ გარკვეული ეტიკეტის დაცვა და პოსტის ავტორის, როგორც მასპინძლის აზრის პატივისცემაა საჭირო, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მისი ნათქვამი; არ ფიქრობენ, რომ ან დამხვდურს უნდა მოვერიდოთ, ან - მომსვლელს და რაღაც წესები დავიცვათ. ბევრი წინასწარ აფრთხილებს, ხოლმე, პუბლიკას, რომ აგრესიული კომენტარებით არავინ ,,შეუვარდეს.” ბოლო დროს ფეისბუკის საკუთარ სტატუსებზე მეც დავიწყე ასეთი შინაარსის მინაწერების გაკეთება, ეს ჩემი აზრია და ძალიან გთხოვთ, არ დამესიოთ-მეთქი. დასევაში ვგულისხმობ ზუსტად იმ შეუვალობას და კატეგორიულობას, რაც ზოგიერთს ახასიათებს. ეს არის აგრესიული ადამიანების მხრიდან არგუმენტების საპირწონედ წამოსული უზრდელობა. საწინააღმდეგო აზრის დასაბუთების ნაცვლად, ისინი შეურაცხყოფასა და უხეშობაზე გადმოდიან. ამასთან, იმ მომენტში, როცა ისინი ფეისბუკზე თავიანთ აზრს აგრესიულად გამოხატავენ, მხოლოდ ერთ ადამიანს არ გულისხმობენ; განზოგადებულად ყველას მიმართ აქვთ ეს გრძნობა, ვინც მათი წინააღმდეგია ან ვინც მათზე კომპეტენტური და განათლებულია. - რა არის ამ ვითარებიდან გამოსავალი, როგორ დავძლიოთ ,,ყველაფრისმცოდნეობის“ სინდრომი და ვისწავლოთ საკუთარი შესაძლებლობების წორად შეფასება? - გამოსავალი არის ამ ყველაფრის გაცნობიერება. გაცნობიერებიდან იწყება ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლა. ყველაფერი უნდა დავიწყოთ პრობლემის აღიარებით და უნდა ვთქვათ, რომ ჩიხში ვართ. თუკი მეოცე საუკუნის დასასრულს მსოფლიოში იმის საჭიროება დადგა, რომ დაინინგ-კრუგერის კვლევა ჩატარებულიყო, რაშიც მათ ნობელის პრემიაც კი მიიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ,,ყოვლისმცოდნეობის სინდრომი“ მარტო ქართველებს არ გვაწუხებდა და ეს ყველგან აქტუალური პრობლემა იყო. კვლევის დაწყებაც იმაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიოში მოხდა პრობლემის გაცნობიერება, რომელსაც სახელი დაარქვეს, დასვეს დიაგნოზი და დაიწყეს გამოსავლის ძებნა. სამწუხაროდ ეს ვითარება ჩვენთან ჯერ პრობლემადაც არ არის აღიარებული. P. S. ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ პრობლემა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არც მარტო ჩვენი და არც მარტო ამ საუკუნის სენი ყოფილა. თუმცა, ამ ფაქტმა ნუგეში ვერ მომგვარა. უილიამ შექსპირი, ინგლისელი პოეტი და დრამატურგი (1564-1616 წწ.) - „სულელი ფიქრობს რომ ბრძენია, მაგრამ ბრძენმა კარგად იცის საკუთარ თავზე, რომ სულელია.“ ჩარლზ დარვინი, ბრიტანელი ბუნებისმეტყველი (1809-1882 წწ.) - „უმეცრება უფრო ხშირად წარმოშობს თავდაჯერებულობას, ვიდრე განათლებულობა.“ ბერტრან რასელი, ბრიტანელი ფილოსოფოსი (1872-1970 წწ) - „ჩვენი დროის ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული თემა არის ის, რომ ისინი, ვინც თავდაჯერებულობას გრძნობენ, სულელები არიან, ხოლო ისინი, ვისაც აქვთ წარმოსახვისა და გაგების უნარი, ეჭვითა და გაუბედაობით არიან სავსე.“
-
ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ჟენევის დისკუსიებს მიენიჭოს ის მნიშვნელობა, რისთვისაც ეს ფორმატი შეიქმნა. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც მისი ფორმატის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო, შესაძლოა მომავალ კვირას, 7 ივნისს შედგეს. ამის შესახებ დისკუსიის მონაწილე უცხოელმა დიპლომატებმა დღეს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის 55-ე რაუნდი დეკემბერში გაიმართა. მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებებს ვერ მიაღწიეს და მხოლოდ სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკთხებზე იმსჯელეს. იქვე გადაწყდა, რომ მორიგი 56-ე რაუნდი ჟენევაში 29-30 მარტს გაიმართებოდა, თუმცა ეს შეხვედრა, რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის გამო ვერ შედგა. მხარეებს შორის საერთაშორისო ფორმატის შეხვედრის თარიღის შესათანხმებლად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გაეროსა და ეუთოს ის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც ჟენევის დისკუსიებში უშუალოდ მონაწილეობენ და რომელთა კომპეტენციაშიც მსგავსი საკითხების მოგვარება შედის. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატი მშვენივრად მუშაობს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მის ყველა მონაწილეს. როგორც თანამოდერატორი, მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალ შეხვედრას ამ ფორმატის ფარგლებში, რომელიც 7 ივნისს გაიმართება. იმედი მაქვს, რომ ჟენევის დისკუსიების ჩარჩოში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატი დარჩება მნიშვნელოვან მექანზმად, რომელიც ამოძრავებს ჩვენს მთავარ მიზანს - ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავების საკითხს.“ - განაცხადა დღეს ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე ეუთოს წარმომადგენელმა და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ ვიორელ მოშანუმ. მისი თქმით, რეგიონში ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად და პროგნოზირებადობის და სტაბილურობის მისაღწევად, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი ყველაზე მნიშვნელოვან ფორმატად რჩება. ევროკავშირის მხარის წარმომადგენელმა და ჟენევის დისკუსიების კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა სინანულით აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდი გადაიდო. „ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ყველა მონაწილისგან, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჟენევის დისკუსიების პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამ კონტექსტში ჩვენი საერთო ამოცანაა, გავხადოთ სიტუაცია რეგიონში რაც შეიძლება უსაფრთხო და პროგნოზირებადი.“ - ხაზგასმით აღნიშნა კლაარმა. გაეროს ეგიდით დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ჯიჰან სულთანოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ჟენევის დისკუსიებს მიენიჭოს ის მნიშვნელობა, რისთვისაც ეს ფორმატი შეიქმნა. „გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ 56-ე რაუნდი ადრე თუ გვიან აუცილებლად შედგეს. ამისთვის მის ყველა მონაწილესთან ვაპირებთ მოლაპარაკებას და შეთანხმებას, რათა ვთქვათ, რა უნდა გაკეთდეს, ჟენევის დისკუსიების პროცესის ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად.“ - განაცხადა სულთანოღლუმ. უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე თავის აზრი გამოთქვა ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა, რომელიც ჟენევაში ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელია. მისი აზრით, ჟენევის დისკუსიებს, როგორც მოლაპარაკების პლატფორმას, რომელიც თბილისსა და ცხინვალს შორის პირდაპირ დიალოგს უზრუნველჰყოფს, ალტერნატივა არ გააჩნია. ,,ჩვენ არაერთხელ უმაღლეს დონეზე შევაფასეთ ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობა და მათი როლი უსაფრთხოების არსებული სტრუქტურის გაძლიერებაში. ჟენევის დისკუსიების გამოცდილება აჩვენებს, რომ მიუხედავად პრინციპული მიდგომების მიმართ პოლარული პოზიციისა, მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ სადავო საკითხები. თავად ამ ფორმატის არსებობის ფაქტი, საშუალებას იძლევა, ბოლო 14 წლის განმავლობაში, რეგიონში სტაბილურობა შევინარჩუნოთ.“ - აღნიშნა კოჩიევმა. მისივე თქმით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებაში ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიღებული პროგრესი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. „უსაფრთხოების გაძლიერება ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანია. ჩვენ შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია უცხოელი აქტიორების მოწოდებები საქართველოსადმი, გამოიყენოს არსებული მომენტი ძალისმიერი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ასევე, საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურება უცხოელ პარტნიორებთან, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს კავკასიის რეგიონში. მიგვაჩნია, რომ ამ ახალმა გამოწვევებმა უნდა გვიბიძგოს აქტიური მუშაობის და პოზიტიური დღის წესრიგისკენ.“- განაცხადა კონსტანტინე კოჩიევმა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული თავშეკავებისა და წინდახედულების გამოვლენა, ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე მომუშავე მხარეების კონსტრუქციული დამოკიდებულების განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. კოჩიევს მიაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის ჩასატარებლად გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, საქართველოსა და რუსეთს შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალობდა. აღნიშნული დისკუსიების შექმნის გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიიღეს. მას შემდეგ წელიწადში ამ ფორმატის 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები აშშ-ს, ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულია ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის მხარე. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული ფორმატის ყველა მონაწილე შეხვედრაზე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
-
რეზო აფხაზავა: ენის შესწავლა ჩვენს სკოლებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in irmaberi's ბლოგი
ამ ენაზე აგრესიული პროპაგანდისა და ნეგატივის გარდა არაფერი მოდის ჩვენამდე და რისთვის უნდა ისწავლონ? მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, საჯარო სკოლებში მოსწავლეები ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხო ენის შესწავლას პირველი კლასის მეორე სემესტრიდანვე იწყებენ, ხოლო მეხუთე კლასიდან ემატებათ მეორე სავალდებულო უცხო ენა, რომელსაც თავადვე ირჩევენ. უფრო სწორედ, ორ ან სამ უცხო ენას შორის მათ არჩევანი სკოლამ უნდა შესთავაზოს, რის შემდეგაც მოსწავლეები, თავიანთი სურვილის მიხედვით, სხვადასხვა ენის გაკვეთილზე გადანაწილდებიან. სათქმელად კი მარტივია, მაგრამ პირად მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცედურა საკმაოდ ჩახლართული აღმოჩნდა. უმეტეს სკოლებში მოსწავლეები, სწორედ რომ არჩევანის გარეშე რჩებიან და იძულებულნი ხდებიან, ის უცხო ენა შეისწავლონ, რასაც სკოლის ადმინისტრაცია ირჩევს მათთვის. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. რუსეთ-უკრაინის ომი ერთი კვირის დაწყებული იყო, როცა მეოთხეკლასელებს კითხვარი დაურიგეს და დაავალეს, მშობლებთან ერთად გადაეწყვიტათ, მომავალი სასწავლო წლიდან რომელი მეორე უცხო ენის სწავლას ისურვებდნენ? კითხვარში კი მითითებული იყო რუსული და იტალიური ენები. მანამდე, რატომღაც ვფიქრობდით, რომ არჩევანი გერმანულ ან ფრანგულ, ფრანგულ ან იტალიურ, იტალიურ ან ესპანურ და სხვა დასავლურ ენებს შორის გვექნებოდა. რა თქმა უნდა, ყაბულს ვიყავით თუ ჩამონათვალში რომელიმე აღმოსავლური ენაც იქნებოდა, მაგრამ არაფრით გვიფიქრია, რომ ამ გაგანია რუსული აგრესიის ჟამს რუსული ენის სწავლას შემოგვთვაზებდნენ; ან ამ ენასა და ნაკლებად მოთხოვნად იტალიურს შორის გაგვაკეთებინებდნენ არჩევანს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყბადაღებული თეორია, რომ ,,მტრის ენის ცოდნა აუცილებელია,“ სრულად უგულვებელვყავით და იძულების წესით, იტალიური ენა ავირჩიეთ. ჩვენდა გასაკვირად, მეორე დღეს გავიგეთ, რომ კლასში ჩვენნაირად კიდევ ორი მოსწავლის მშობელი მოიქცა, დანარჩენებმა კი რუსულ ენას მიანიჭეს უპირატესობა. ბუნებრივია, დამაინტერესა, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და მათი არგუმენტიც მოვისმინე, რაც თავისთავად ლოგიკას მოკლებულად არ მეჩვენა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავიზიარე. მშობლების აზრით, ვინაიდან შეუძლებელია ბავშვები სკოლაში მეორე უცხო ენასაც სრულყოფილად დაეუფლონ, აუცილებელი გახდება მათი დახმარება ან ცალკე, სპეციალისტთან მომზადება. იტალიურის სპეციალიტი უფრო ძნელი საპოვნია, ოჯახებში კი რუსული ენა ერთმა მაინც იცის, ყურადღება რომ მიადევნოს ბავშვის სწავლას, გარშემო ამ ენის პედაგოგებიც გვყავს, საჭიროების შემთხვევაში ბავშვები რომ მიაბარონ. კლასში უმეტესობის არჩევანიდან გამომდინარე, გვაუწყეს, რომ იტალიურის ენის სწავლის სხვა მსურველებთან ერთად, იმ სამ მოსწავლეს სხვა ჯგუფში მოუწევდა მეორე უცხო ენის გაკვეთილზე დასწრება, რაც არანაირ პრობლემას არ გვქიმნიდა. თუმცა, თანდათან, ყოველდღიურ რეჟიმში, მასწავლებელმა ბავშვებს ეს იმდენჯერ შეახსენა, იმდენჯერ ჩაეკითხა, ნამდვილად გინდათ, რომ იტალიური ისწავლოთ, რუსული ხომ არ გირჩევნიათო, იმ სამი მსურველიდან ერთიც მალევე გადაიბირა და ბოლოს ჩვენც მოგვიწია გადაწყვეტილების შეცვლამ და აი, რატომ?! ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლის კურდამთავრებულების და მაღალი კლასის მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად გავარკვიე, რომ ვინც იტალიური ენის სწავლას ირჩევდა, მათ ან იშვიათად, ან სულ არ უტარდებოდათ გაკვეთილი, რადგან მიწვეული მასწავლებელი, ხშირად, სკოლაში არ ცხადდებოდა. შესაბამისად, მათაც ყოველთვის რუსულ ენაზე გადასვლა უწევდათ. რაც შეეხება მშობლების მოთხოვნას და მათი განცხადების საფუძველზე სხვა ენის პედაგოგის დანიშვნას, რისი უფლებაც, განათლების სამინისტროს თქმით, ყველას გვაქვს, როგორც მითხრეს, განცხადების დაკმაყოფილების პრაქტიკა ჩვენს სკოლაში არ არსებობს. სამწუხაროდ, იგივე მდგომარეობა აღმოჩნდა სხვა სკოლებშიც, სადაც ყოფილა შემთხვევა, შეკრებილან მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის მისამართით დაუწერიათ განცხადება, მეორე უცხო ენად ესა თუ ის ენა და სპეციალისტის მოწვევა მოუთხოვიათ, მაგრამ მათი თხოვნა არავის დაუკმაყოფილებია. ასევე, გამოკითხვის შედეგად გავარკვიე, რომ თბილისის საჯარო სკოლების უმეტესობა მოსწავლეებს არჩევანს სწორედ რუსულსა და იტალიურს შორის სთავაზობს და საბოლოოდ, ჩვენსავით, მაინც რუსულს არჩევინებს. ათზე მეტი გამოკითხული მშობლიდან (რომელთა შვილების თბილისის სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ), მხოლოდ ორმა დაადასტურა, რომ მათ გერმანულსა და რუსულს შორის ან გერმანულსა და იტალიურს შორის შესთავაზეს არჩევანი და ორივემ გერმანული აირჩია. იგივე ან უარესი მდგომარეობა აღმოჩნდა რეგიონების საჯარო სკოლებშიც, სადაც მოსწავლეებს მეორე უცხო ენად რუსულის ალტერნატივას საერთოდ ვერ სთავაზობენ, რადგან უცხო ენების სპეციალისტები არ ჰყავთ. იმ სკოლებშიც, სადაც ადრე გერმანული ენის იმდენი სპეციალისტი იყო, რომ საათებს ვერ იყოფდნენ, სამწუხაროდ, დღეს ამ ენის პედაგოგის დეფიციტია, რადგან თუ ვინმე უმაღლეს სასწავლებელში უცხო ენის სწავლას გადაწყვეტს, ყველა ინგლისურ ენას აბარებს. ამდენად, დღეისთვის, სკოლებში ისევ მტრის ენის ცოდნის თეორიაა აქტუალური მაშინ, როცა ამ ენაზე არათუ ლაპარაკი, საკუთარი ლექსიკიდან იმ ცალკეული სიტყვების ამოღებასაც ვცდილობთ, რომელსაც ყოველდღიურ ყოფაში მექანიკურად ვიყენებთ, ხოლმე. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს აქვს სურვილი, უნარი და შესაძლებლობა, ესა თუ ის ენა ისწავლოს, მისი ნებაა და ვერავინ დაუშლის. პირიქით, რაც მეტი ენა ეცოდინება, მით უკეთესი იქნება; ვერც რუსულის სწავლას აუკრძალავს ვინმე, ესეც მისი უფლებაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ქართულ სკოლებში დღეს რუსული ენა სავალდებულო საგნად ისწავლება, ცოტა არ იყოს, უხერხულია. შეიძლება ვინმე შემომედავოს და ისეთი აღმოსავლური ენები შემახსენოს, როგორიც თურქული და არაბულია, რომელთა სწავლებასაც არავინ აპროტესტებს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ენების შესწავლა ნებაყობლობითია და აქამდე, ჯერ არავის გაუხდია სავალდებულოდ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საჯარო სკოლებში მეორე სავალდებულო უცხო ენის შერჩევის წესთან დაკავშირებით, განმარტება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვთხოვეთ, რომელმაც გვიპასუხა, რომ ამ საკითხში სამინისტრო არ ერევა და ეს უშუალოდ სკოლების პრეროგატივაა. ,,სკოლა თავად ირჩევს, თუ რომელ ენებს შესთავაზებს ის სავალდებულო მეორე უცხო ენად მოსწავლეებს. ამ მხრივ სამინისტროსგან სკოლებს სრული თავისუფლება აქვთ და შეუძლიათ, ყოველგვარი მითითების გარეშე გადაწყვიტონ საკითხი. ასევე, მოსწავლეების მშობლებს უფლება აქვთ, სავალდებულო მეორე უცხო ენად მოიოთხოვონ თავიანთთვის სასრველი ენის დამატება. ამის შემდეგ კი სკოლა ვალდებულია, მოიძიოს სპეციალისტები, მოიძიოს საჭირო ფინანსური რესურსი, ჩაატაროს კონკური და შეარჩიოს იმ საგნის მასწავლებელი. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმის იხედვით და სკოლა თავის გადაწყვეტილებებში სამინისტრისგან სრულიად თავისუფალია.“ - გვითხრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ ადეიშვილმა. საჯარო სკოლების უმეტესობა, ალტერნატივის გარეშე, რატომ სთავაზობს მოსწავლეებს მეორე სავალდებულო უცხო ენად რუსულს, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების მართვის სპეციალისტს, რეზო აფხაზავას ვესაუბრეთ. - როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ დღეს საჯარო სკოლებს მეორე სავალდებულო უცხო ენის არჩევის მხრივ პრობლემა და რამდენად არის საჭირო, მომავალმა თაობებმა მაინცდამაინც მტრის ენა ისწავლონ? რესურსის ნაკლებობაზე მიუთითებს ეს თუ სხვა რამ მიზეზი უნდა ვეძებოთ? - პირველ რიგში, ნამდვილად გვაქვს საქმე საჭირო რესურსის ნაკლებობასთან, არ გვყავს სათანადო სპეციალისტები და პედაგოგები. ჩვენ არათუ მეორე სავალდებულო უცხო ენას, ვერც ინგლისურს ვასწავლით ხარისხიანად და საერთოდ ენის შესწავლა ჩვენს სკოლებში, თუ გამონაკლის სკოლებს არ მივიღებთ მხედველობაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საქართველოს მასშტაბით სულ რამდენიმე სკოლა შეიძლება იყოს, სადაც კარგი მასწავლებელი ჰყავთ და უცხო ენის შესწავლას კარგად ართმევენ თავს. ჩემთვის ასეთი რამდენიმე სკოლის შესახებ არის ცნობილი, მაგრამ სხვაგან, უმრავლესობაში პრობლემაა, რადგან პედაგოგების დეფიციტი გვაქვს. სამწუხაროდ, ზოგან სწავლების ხარისხია ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე, ეტყობა, რუსულის სპეციალისტი უფრო ხელმისაწვდომია და ამიტომ ირჩევენ თავიანთი სკოლებისთვის ამ ენას. თუმცა, სულაც არ მგონია, რომ ეს ენა ვინმესთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. მით უმეტეს, დღეს, როცა ვხედავთ, როგორი იზოლაციისკენ მიდის ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხი. მარტო რუსი კლასიკოსების წასაკითხად მოსწავლეებისთვის ამ ენის შესწავლა მათი ძვირფასი დროის დაკარგვად მიმაჩნია. როგორც თავშივე ვთქვი, ქართულ სკოლებში უცხო ენის სწავლება,ზოგადად, ჩავარდნილია, ისევე როგორც - მშობლიური ენის. როცა მშობლიურ ენაზე წაკითხულიდან ვერ გამოაქვთ მოსწავლეებს აზრი, რომელი ენაც არ უნდა აირჩიონ, მათ ვერც რუსულს ასწავლიან, ვერც - ფრანგულს, ვერც - გერმანულს და იტალიურს, თუ რა თქმა უნდა, რაიმე გამორჩეული პროგრამა არა აქვთ და კარგი სპეციალისტი არ ჰყავთ. ვიცით, რომ ინგლისური ენის სპეციალისტები ისედაც დეფიციტში გვყავს, სხვა ენის სპეციალისტები - მით უმეტეს, რაც სკოლებში პრობლემებს ქმნის. ეს იმის ბრალია, რომ განათლების სისტემაში არსებული რესურსების შეფასება არ ხდება; არ ხდება პრობლემების აღიარება და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად - შესაბამისი ზომების გატარება. ამიტომ რა გასაკვირია, რომ სამინისტროში ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებენ? ახლა მაგალითად, პირველი კლასიდანვე ჭადრაკის სწავლას ამატებენ და ხელოვნურად ზრდიან პრობლემას, რადგან უკვე ჭადრაკის მასწავლებლების დეფიციტი გვექმნება. ასევე, გადაწყდა, რომ სკოლაში მასწავლებლის ასაყვანად კომისიაში სამინიტროს, რესურსცენტრის და პროფკავშირების წარმომადგენელი უნდა ჩასვან, რაც კიდევ უფრო გაართულებს ყველაფერს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასეთ გადაწყვეტილებებში ლოგიკის ძებნა ძალიან რთულია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სკოლებში მოსწავლეებს არჩევანს არ უტოვებენ და იმ საგანს აჩეჩებენ ხელში, რომლის სპეციალისტიც ჰყავთ. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა იყოს რომელიმე სკოლისთვის რუსული ენის შესწავლა პრიორიტეტული, არ ვიცი. - სხვათაშორის, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაცნობთა წრეში აზრი რომ ვიკითხე, ბევრს არ გაჰკვირვებია, პირიქით - მტრის ენა უნდა ვიცოდეთო, ასე განმიცხადეს. დასაწყისში გკითხეთ და გავიმეორებ, რამდენად სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას მტრის ენის ცოდნა? - რა მტრის ენის ცოდნა, საერთოდ რატომ უნდა დააყენო საკითხი ასე? ამ ენაზე აგრესიული პროპაგანდისა და ნეგატივის გარდა არაფერი მოდის ჩვენამდე და რისთვის უნდა ისწავლონ? მით უმეტეს, სამომავლოდ ამ ენის რა პერსპექტივაზეა საუბარი, როცა რუსეთი მთელი მსოფლიოს მიერ გარიყულია და არავინ იცის, როდის დაადგება განვითარების გზას? - ადრე, რეგიონებში, რაიონებში ინგლისურის სპეციალისტის ნაკლებობა უფრო იყო და ძირითადად, გერმანული ენის პედაგოგები სჭარბობდნენ. ბოლო წლებია, თუ ვინმე უმაღლეს სასწავლებლებში უცხო ენის სპეციალობაზე აბარებს, უმეტესად, ყველა ინგლისურ ენას ირჩევს. რა უნდა მოიმოქმედოს განათლების სისტემამ, რომ ევროპული ენების სპცეიალისტებიდან, სამომავლოდ, მხოლოდ ინგლისურის მასწავლებლები არ შეგვრჩნენ ხელში? - ძალიან კომპლექსურია ის პრობლემა, რომელიც თქვენ ახსენეთ. არა მარტო უცხო ენების, დღეს ზოგადად ყველა საგნის მასწავლებლის დეფიციტი გვაქვს. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ხარისხიანი მასწავლებლების დეფიციტია. უმაღლეს მასწავლებლებში აბიტურიენტების დიდი ნაწილი ისე აბარებს, რომ ელემენტარული უნარები არა აქვს განვითარებული; წიგნიერებაში არიან ჩამორჩენილნი; მშობლიურ ენაზე ტექსტის გაგება უჭირთ და მარტივი მათემატიკური ოპერაციის განხორციელება არ შეუძლიათ. ასეთ ვითარებაში გერმანულის ან სხვა ენის სპეციალისტი საიდან უნდა მოვიყვანოთ? სისტემა კიდევ დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნის იმისათვის,რომ პედაგოგობა არავინ მოისურვოს. მასწავლებლის პროფესია, მოგეხსენებათ, დღეს დიდად მიმზიდველი აღარ არის. ისიც ცნობილია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგის პროფესიაზე ის აბიტურიენტები აბარებენ, რომელთაც მაღალი ქულების აღების იმედი არ აქვთ, იციან, სხვა სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდებიან და იმთავითვე დაბალრეიტინგულ ფაკულტეტს ირჩევენ. ამდენად, ისეთი სტუდენტები მოდიან ამ სფეროში, ვისაც სხვაგან კონკურენციაში შესვლის უნარი არა აქვთ და სისტემაც არაფერს ცვლის უკეთესობისკენ. - შეიძლება ითქვას, მასწავლებლის პროფესია საქართველოში არაპოპულარური გახდა? - დიახ, სამწუხაროდ, დღეს ეს პროფესია არაპოპულარულია და განათლების სისტემა არაფერს აკეთებს ვითარების გამოსასწორებლად ან როგორ გააკეთებს, როცა ამ პრობლემას არც აღიარებს? იმისათვის, რომ პრობლემა აღმოფხვრა და გამოსავალი მოძებნო, ჯერ პრობლემა უნდა აღიარო და სახელი დაარქვა. ასე თუ გავაგრძლებთ, დროთა განმავლობაში პრობლემები კიდევ დაგვემატება. - თქვენის აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განათლების სისტემაში დღეს არსებული პრობლემები კი არ გაღრმავდეს, პირიქით - აღმოიფხვრას? - ამისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა იმუშაოს ისე, როგორც საჭიროა და ხელისუფლებისთვის განათლება გახდეს პრიორიტეტი. თუ ეს იქნება მათთვის მთავარი, ამ პრობლემების აღმოფხვრის და ვითარების გამოსწორების გზები არსებობს. საჭიროა ახალგაზრდებისთვის ხელის შეწყობა, სპეციალური პროგრამების განხორციელება და ასე შემდეგ, რაც ძნელი არ არის, მთავრია ნება, სურვილი და საკითხის ისე დაყენება, რომ ქვეყნისთვის განათლების სისტემის გამართვა მნიშვნელოვანი მიმართულება იყოს და მხოლოდ არჩევნების დროს არ გაახსენდეთ სკოლა და მასწავლებელი. პირადად მათ როცა ეხებათ საქმე, დიახაც რომ მთავარი და პრიორიტეტულია განათლება, რადგან ყველას კარგ სკოლებში დაჰყავთ შვილები და კარგ განათლებას აძლევენ, რაც დანარჩენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. -
როგორია, 45 დამშეული ადამიანი რომ მოგადგება კარზე, დაუპატიჟებლად? სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ განათლების მინისტრის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. მინისტრის ინიციატივას ზოგი იწონებს, ზოგი კი - დასცინის და ორივე მხარე, პოზიციას საკუთარი არგუმენტებით ამყარებს. მე შევეცდები, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, ამ თემასთან დაკავშირებული ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომლის თანამონაწილეც პირადად ვიყავი. დანარჩენი შეგიძლიათ, თავად განსაჯოთ. ეს ამბავი 2003 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა. ჩემი ძმიშვილი მე-11 დამამთავრებელ კლასში იყო და მისმა სკოლამ (წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის საშუალო სკოლა) სამეგრელოდან კახეთში სამდღიანი ექსკურსიის მოწყობა გადაწყვიტა. ბუნებრივია, ამაში ცუდი არავის არაფერი დაუნახავს, დაიქირავეს კომფორტული ავტობუსი, გაამზადეს საგზალი, შეიკრიბნენ და დაადგნენ გზას. მე თბილისში დავხვდი და თან გავყევი. ჩემდა გასაკვირად, მშობელი არც ერთ მოსწავლეს არ ახლდა, სკოლის ადმინისტრაციიდან კი დირექტორი, მნე, კლასის დამრიგებელი და რამდენიმე მასწავლებელი მოდიოდა. ,,დელეგაციაში“ იყო, ასევე, დირექტორთან დაახლოებული ორი პიროვნება, რომელთა თანხლების მიზეზიც და მიზანიც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. ექსკურსანტები სამეგრელოდან დილის 5 საათზე იყვნენ გამოსულები და ბუნებრივია, ყველას შიოდა, ამიტომ თბილისს გავცდით თუ არა, საგარეჯომდე, სადღაც გზის პირას მდებარე დუქნის ეზოში გავშალეთ სუფრა და კარგადც გეახელით. დანაყრების შემდეგ დარჩენილი სანოვაგე წამოვკრიფეთ და გზა განვაგრძეთ. ამდენი წლის შემდეგ, ზუსტი მარშრუტი არ მახსოვს, თავიდან სად შევიარეთ, რომელი ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ყვარელში, ილიას სახლ-მუზეუმიდან გამოსულებს დირექტორი და მისი მეგობრები ადგილზე არ დაგვხვდნენ. ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა (დიდ მანძილზე მგზავრობისას ავტობუსს ყოველთვის ორი მძღოლი ემსახურებოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს შეჰნაცვლებოდნენ), დაგვიბარეს, რომ სასადილოდ გავიდოდნენო. მათი სადილი იმდენ ხანს გაგრძელდა, ცალკე ბავშვებმა დაკარგეს მოსვენება და ცალკე - მე, მასწავლებლებიც უკმაყოფილოდ აწყდებოდნენ აქეთ-იქით... ბევრი რეკვის და დამუნათების შემდეგ, კარგა შეზარხოშებულები რომ გამოჩნდნენ, სწორედ მაშინ მივხვდი, რისთვის იახლა სკოლის დირექტორმა ის ადამიანები ამხელა გზაზე. სამწუხაროდ ყვარლის მაგალითი მეორე და მესამე დღესაც განმეორდა და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი, უნდა აღვნიშნო, რომ საგზალი თანდათან შემოგველია და მეორე დღისთვის საჭმელი ცოტაღა დაგვრჩა. ბუნებრივია, გარკვეული თანხა ყველას მოგვქონდა და არ გვიფიქრია, რომ კვების პრობლემა შეგვექმნებოდა. მით უმეტეს, სკოლის დირექტორი გვაიმედებდა, მთავარია, სიღნაღში ჩავიდეთ და საჭმელ-სასმელი თავზე საყრელად გვექნებაო. ვიღაც მეგობარი ჰყოლია იქ და ვიდრე ჩავიდოდით, რამდენჯერმე დაურეკა და გააფრთხილა, რომ ექსკურსიაზე მოჰყავდა ბავშვები. იმანაც, ჩამოდით, პატივისცემა ჩემზე იყოსო, დააიმედა. მე ცოტა კი მეფიქრებოდა, ვინ უნდა იყოს, ასე ნაუცბათევად, ამდენი ადამიანის გამასპინძლებას თავის თავზე რომ იღებს-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს. იმის წარმოდგენა, რომ საღამოს გემრიელ მწვადებს მივირთმევდით და ზედ ტკბილ ყურძენს დავაყოლებდით, კარგ ხასიათზე მაყენებდა. იქით, სკოლის დირექტორი წინასწარ იჭერდა თადარიგს, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ერთ 200 კილო რქაწიეთელს გამოატანდნენ და იმაზე ბჭობდა, რამდენი ლიტრი ღვინო დაეყენებინა. უკვე ბინდდებოდა, სიღნაღს რომ მივადექით. მასპინძელს, რომელიც ზარზეიმით და გაშლილი სუფრით უნდა დაგვხვედროდა, 45 ადამიანის დანახვაზე ფერი წაუვიდა და საყვედურებით აგვავსო, სადა ხართ აქამდე, რა ხანია, გელოდებითო. გამგეობაში ხალხი გაფრთხილებული მყავდა, ოჯახებში თქვენი დაბინავების საკითხიც მოგვარებული იყო, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდით, სუყველა სახლში წავიდ-წამოვიდა. ახლა მე რა გავაკეთო, რით გიშველოთო? სხვების არ ვიცი, მაგრამ მე კი გაოცებული დავრჩი და ვიკითხე, რაიონის ადმინისტრაცია კი წავიდა სახლში, მაგრამ ის ოჯახები, სადაც ღამე უნდა გაგვეთია, სად წავიდა-მეთქი, მაგრამ ჩემს უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელი აღმოჩნდა. - ჰე, მიდით, თქვენ დაათვალიერეთ ქალაქი, მე კი ამათ წავიყვან და პურს ვაჭმევო. - იმ მასპინძელმა დირექტორს და მის მხლებლებს მოავლო ხელი, ჩვენ კი ქალაქისკენ მიგვითითა. რა გზა გვქონდა, მოვედეთ სიღნაღის ცენტრს. ვიდრე მთლად დაღამდებოდა, ცნობილი ციხე-გალავანიც დავათვალიერეთ და იქიდან ულამაზეს ალაზნის ველსაც გადავხედეთ. თუ სადმე რამე ჯიხური შეგვხვდა, ბავშვებმა ზოგან კოკა-კოლა იყიდეს, ზოგან შოკოლადები და იმით შეიქციეს თავი. მოგეხსენებათ, იმ პერიოდისთვის სიღნაღის რეკონსტრუქცია ჯერ არავის დასიზმრებოდა და შემოდგომის გვიან საღამოს არც რამე ტავერნა იყო ღია სადმე და არც რესტორანი, ამიტომ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სკვერში გადმოვალაგეთ ჩვენი საგზლის მორჩენილი ნაწილი და შეძლებისდაგვარად ვივახშმეთ. ამასობაში, კარგად შებნელდა და აქტუალური გახდა ღამისთევის საკითხი, რაც მანამდეც ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ დირექტორი და დამრიგებელი მეუბნებოდნენ, მოვაგვარებთ, არ არის პრობლემაო. ვფიქრობდი, რომელიმე საოჯახო სასტუმროსთან წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ სიღნაღში ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ იქ იმ კაცის იმედად მივყავდით, რომელმაც დაგვიანების გამო ისე გვისაყვედურა, თითქოს მოსასვენებელი ადგილი შუადღის ძილისთვის გვდომოდა. მივხვდი, რომ ამდენი ადამიანის ღამის გათევის საკითხი ჰაერში ეკიდა... იქნება რამე საშველი, გარეთ არ დავრჩებთო, მამხნევებდა კლასის დამრიგებელი, თუმცა რაც მეტად იგვიანებდა სკოლის დირექტორი და მისი ამალა, მით უფრო მატულობდა ჩემი შფოთი. საქეიფოდ წასულები კი ტელეფონის ზარებზე ხან გვპასუხობდნენ, 5 წუთში მოვალთო, ხან - საერთოდ გვითიშავდნენ. ბავშვები კარგა ხანი იყო, ვტობუსში გამოვამწყვდიეთ, ჩვენი მძღოლებიც ბრაზისგან სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ. საჭესთან, თითქმის, 20 საათი ჯდომის შემდეგ, მათაც სჭირდებოდათ დასვენება. მით უმეტეს, მეორე დღესაც იგივე დატვირთვით უნდა მოგვმსახურებოდნენ. მოთმინების ყველა ძაფი რომ გაწყდა და აღშფოთებისგან კონტროლის დაკარგვამდე ცოტაღა მაკლდა, დირექტორი და მისი საძმოც მაშინ გამოჩნდა... ამდენ ხალხს ამაღამ აქ ვერ დაგვაბინავებენ, ჯობია, ისევ თელავში წავიდეთო, დირექტორმა. მე ცალკე გავაპროტესტე, მძღოლებმა - ცალკე, მაგრამ არავინ მოგვისმინა და ისევ გზას დავადექით. ცოტა ვიარეთ თუ ბევრი ვიარეთ, ჩავედით თელავში. ქალაქის ცენტრში სასტუმრო ვიკითხეთ და ბედად, იქვე აღმოჩნდა, მაგრამ დირექტორი და დამრიგებელი პირობების გასაგებად რომ ჩავიდნენ, ფასი ეძვირათ. მაშინდელი ფასებით, არც კი უთქვამთ, ეს ძვირი რამდენი იყო, მაგრამ ვენდეთ. ავტობუსში რომ ამობრუნდნენ, ვიღაც ქალის ტელეფონის ნომერი მოიტანეს, რომელიც კერძო სახლში ადგილებს იაფად აქირავებდა. დამრიგებელმა დაურეკა და იმ ქალმაც, კი, ბატონო, ყველას დაგაბინავებთო, პირობა მოგვცა. თან, თავიდან 2 ლარი მინდა კაცზეო, ბოლოს კი ლარნახევარზეც დათანხმდ და მისამართი გვიკარნახა. მე ხმამაღლა დავიწყე ანგარიში: 45 ადამიანს რომ დაგვაწვენს, ხომ 45 ხელი თეთრეული დაგვჭირდება; ჩვენ რომ წამოვალთ, ეს თეთრეული ხომ უნდა გამოცვალოს, ვთქვათ და ხვალ ჩვენსავით სხვა სტუმრებიც მიადგნენ? შესაბამისად, თუ კერძო სახლი აქვს და არა - სასტუმრო, განა, რამდენი ხელი თეთრეული უნდა ჰქონდეს? ეს ერთი და მეორეც, ამდენი ხელი თეთრეული ყოველდღე რომ გარეცხოს და გააშროს, ფიზიკურად შეუძლებელია და თუ საჭირო სარეცხი ფხვნილის ოდენობას და ფასს გავითვალისწინებთ, თითო კაცზე ამ ლარნახევარით რა მოგება უნდა ნახოს? ჩემი გათვლებით, საჭირო სერვისი და ფასი შესაბამისობაში ვერანაირად მოდიოდა, ამიტომ ლოგიკიდან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები გამოვთქვი, თუმცა, მასწავლებლებმა ჩემი ეჭვები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და კიდევ ერთხელ მომიწოდეს, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ვიდრე მე რთული ამოცანის ამოხსნას ვცდილობდი, თელავის რომელიღაც უბნის ჩაბნელებულ, ვიწრო ქუჩებში, კითხვა-კითხვით მივიწევდით წინ, ჩვენი დიდი ავტობუსის კორპუსი ხან რომელ ღობეს გაეხახუნებოდა და ხან რომელს. მოთმინებადაკარგული მძღოლი თავს ვერ იკავებდა და შიგადაშიგ მოგუდულად და უმისამართოდ იგინებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მივადექით გალავნიან ორსართულიან სახლს, რომლის ჭიშკართანაც შუახნის ქალი გველოდებოდა. დაღლილი და ძილმორეული ბავშვები სიხარულით წამოიშალნენ, დაავლეს თავიანთ ჩანთებს ხელი და ეზოში შეცვივდნენ. ჩემი ძმიშვილიც მათ გაჰყვა, მე კი ავტობუსის არეული სალონის მოწესრიგებას მივყავი ხელი. ის იყო, ჩასვლა დავაპირე, მხარზე ჩანთამოგდებული ჩემი ძმიშვილი ჩქარი ნაბიჯით ამოვარდა უკან და მართალი იყავი, მთელი გზა თეთრეულებსა და მის რეცხვაზე რომ ილაპარაკე, ძაღლი არ ჩაწვება იმ ქვეშაგებშიო, გამომიცხადა. პირკატა მეცა, მაგრამ ვარჩიე, საკუთარი თვალით მენახა, რაზე იყო საუბარი. ეზოში შევედი თუ არა, რამდენიმე მოსწავლე ასევე ჩანთააკიდებული შემომეფეთა, ფურთხება-ფურთხებით ისინიც ავტობუსისკენ მიდიოდნენ. რა ხდება-მეთქი და იქაურობა შარდის და შმორის სუნით ყარს; ყველა კუთხე-კუნჭული ობობების ქსელითაა მობლანდული, თეთრეულს კიდევ, ზოგს ფერი არ ეტყობა და ზოგში ჩაფსმულიაო... ეგრევე უკან გაბრუნება დავაპირე, მაგრამ კლასის დამრიგებელი შემომეგება და შემოდი, შემოდი, არაფერია დასაწუნი, აბა, ქუჩაში ხომ არ დავრჩებითო. მეც ხათრი ვერ გავუტეხე და შევყევი. მასპინძელ დიასახლისს დირექტორი და მისი ძმობილები ზედა სართულზე მოეთავსებინა, დანარჩენი მასწავლებლები და მოსწავლეები კი ქვედა სართულზე შეეყვანა და თავადაც იქვე, აივანზე ტრიალებდა. პირველ, პატარა ოთახში მხოლოდ ორი რკინის ლოგინი იდგა, გაურკვეველი ფერის თეთრეულით. მეორე, დაბალჭერიან, ფართო ოთახშიც რკინის რამდენიმე ლოგინი იდგა, იატაკზე კი ყველგან ლეიბები ელაგა, რომელსაც მუქი ფერის გადასაფარებლები ეფარა. დაბალვატიანი ნათურის შუქი ძლივს ანათებდა იქაურობას და ისეთი შმორის და შარდის სუნი იდგა, მექანიკურად წავიჭირე ცხვირზე ხელი და კარებიდანვე გამოვბრუნდი. როგორც მითხრეს, კიდევ ერთი ოთახიც იქვე იყო, რომელშიც ბიჭები უნდა დაწოლილიყვნენ და სადაც ანალოგიური ამბავი ხდებოდა. - მე აქ გამჩერებელი არა ვარ და თქვენ რაც გინდათ, ქენით-მეთქი,- გამოვუცხადე მასწავლებლებს. - ხომ ვყოფილვარ მართალი, გზაში ამდენს რომ ვანგარიშობდი და თქვენ მაჩუმებდით-მეთქი. მერე მასპინძელს მივუბრუნდი: - ქალბატონო, ამას ეძახდით მოთავსებას, ამ საღორეში დაწოლას როგორ გვკადრებთ-მეთქი. - ამ ფასად უკეთესი რა გინდოდათო? - იმანაც. - უკეთესი ფასი დაადეთ და ერთხელ მაინც გარეცხეთ ეს თეთრეული, ასი კაცის ნაწოლში რომ ეპატიჟებით ადამიანებს-მეთქი. - გამოვიჯახუნე ოთახის კარიც, ჭიშკარიც და დავბრუნდი ავტობუსში. რა ხდებაო, მძღოლებმა მკითხეს. ვუთხარი რაშიც იყო საქმე და ჩემი უკმაყოფილება არც მათთან დამიმალავს. ისინი ჩემზე მეტად იყვნენ გაბრაზებულები, თან, მთელი გზა ესმოდათ, როგორ გამოვთქვამდი პრეტენზიას ბევრ რამეზე, ამიტომ თავისიანად მიმიჩნიეს და გულახდილად მითხრეს: ამდენი წელია, ავტობუსზე ვმუშაობთ, სად და სად არ წაგვიყვანია ბავშვები ექსკურსიაზე, მაგრამ ასეთი არაორგანიზებულობა, როგორსაც ამ სკოლასთან შევხვდით, ჯერ არ გვინახავსო. ეს თქვენი დირექტორი რა ჭკუას ემსახურება, ამდენი ბავშვი აბარია და დილიდან სამჯერ დალია, უკვეო. მოსკოვში დაგვყავს ხალხი და ასე მაგ გზაზე არ ვიღლებითო. ორ დღეში რეისი გვაქვს ისევ, ბილეთები გაყიდულია და ასეთი ტემპით თუ აპირებთ თქვენ სიარულს, რეისი ჩაგვივარდებაო. ამასობაში, უკმაყოფილო ბავშვების რაოდენობაც გაიზარდა, რომელთაც იმ ქვეშაგებში წოლას ავტობუსში დარჩენა ერჩივნათ და ჩვენსკენ იწევდნენ, მაგრამ დამრიგებელი არ ანებებდა, მე მყავხართ ჩაბარებული და მე სადაც ვიქნები, თქვენც იქ უნდა იყოთო. წინა კარებიდან რომ ამოვიდოდნენ მოზარდები, ამოჰყვებოდა დამრიგებელი, ჩაიყვანდა უკანა კარებიდან, გავიხედავდი, ისევ წინა კარებიდან ამოვიდოდნენ. ბოლოს გაბრაზებული დამრიგებელი ჩემს გასაგონად აბუზღუნდა, ჩვენც ნანახი გვავქვს გარეცხილი და სუფთა თეთრეული, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ არის, რაც საჭიროა, იმას ვაკეთებთო... - არავის ვაძალებ, პატივცემულო, მე არჩევანი გავაკეთე, ამაღამ ჩემს ძმიშვილთან ერთად ავტობუსში ვრჩები და თქვენ ვინ გიშლით, სადაც გინდათ, იქ დაწექით-მეთქი. დანარჩენ დეტალებს არ მოვყვები, ბევრია სათქმელი და შორს წაგვიყვანს, მთავრი ისაა, რომ ის ღამე გადავაგორეთ და დილით, იმ სახლის აივანზე ისევ ჩვენი საგზლებიდან მორჩენილი ბოლო ნამცეცებით ვისაუზმეთ. შემდეგ თელავის შემოგარენში მდებარე ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად გავემართეთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არათუ ღამისთევის საკითხი იყო დაგეგმილი და ორგანიზებული, ექსკურსიის მარშრუტიც კი წინასწარ არავის დაუგეგმავს, გიდზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო მაშინ და სრულიად ქაოტურად დავბორიალებდით. რაც მთავარია, ჩვენი სკოლის დირექტორი და მისი თანამეინახენი, ყოველთვის ახერხებდნენ სადღაც-სადღაც გაძრომას და დალევას, რასაც წყობილებიდან გამოვყავდი და ბუნებრივია, უკმაყოფილებასაც გამოვხატავდი. ჩემდა გასაკვირად, ამ ფაქტს მასწავლებლები ისე უყურებდნენ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს და პროტესტიც არ უჩნდებოდათ. ამ ყველაფერთან ერთად, მახსოვდა რა, ავტობუსში გატარებული ღამის სიმწარე, ნაშუადღევსვე ვუთხარი დამრიგებელს, თუ დაბინავების საკითხი ამ ღამითაც მოუგვარებელი იქნება, დროზე მაინც მითხარით, რომ მოვკიდო ჩემს ძმიშვილს ხელი და გამვლელი ავტობუსით ჩავიდე თბილისში, რათა ლოგინში დაძინება მოვახერხო-მეთქი. მას კი გაუჭირდა პირობის მოცემა, მაგრამ დირექტორმა გამოიდო თავი, ეგ პრობლემა მოხსნილია, სოფელ მანავში მივდივართ ამაღამ და იქ დავბინავდებითო. სკოლის მნეს მანავში გოგო ჰყოლია გათხოვილი და მას და დირექტორს, საღამოსთვის სწორედ თავის მოყვრებში ქეიფი დაუგემავთ. ეს რომ გავიგე, კიდევ ერთხელ აღვშფოთდი, თქვენ კარგი, მაგრამ უცხო ოჯახს ამდენი ადამიანი რომ მივადგებით, ძალიან უხერხულია და თან, არც არავინ არის ვალდებული, ჩვენზე დაიხარჯოს-მეთქი. ამიტომ მანავში გაჩერებას, ჯობია თბილისში ჩავიდეთ, ათიოდე ბავშვს მე წავიყვან ბინაში, მათ კვებას და მოვლას, ამაღამ, საკუთარ თავზე ვიღებ, დანარჩენები თქვენ გაანაწილეთ სადმე, თბილისში ბევრია ჩვენი თანასოფლელი და დაგვეხმარებიან, დილით კი დედაქალაქი დავათვალიერებინოთ ბავშვებს და დროულად წახვალთ სახლში-მეთქი. მოზარდები წინააღმდეგნი არ იყვნენ, პირიქით, გაუხარდათ კიდეც, მძღოლებმაც მხარი ამიბეს, ჩემი წინადადება აწყობდათ, მაგრამ ჩემი შეთავაზება დირექტორმა არც კი განიხილა. ამდენად, სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგის მოყვრებს, მანავში, იმ საღამოს ერთი ავტობუსი ხალხი მართლა მივადექით. ისინიც რას იზამდნენ, გაგვიღეს ჭიშკარი და შეგვიპატიჟეს, მაგრამ შეცბუნებას ვერ მალავდნენ. როგორია, 45 დამშეული ადამიანი რომ მოგადგება კარზე, დაუპატიჟებლად? გამოიტანეს რაც რამე მზა საჭმელი ჰქონდათ, მოაყოლეს ზამთრისთვის გამზადებული სხვადასხვა დაკონსერვებული საკვებიც, ერთი მეზობელი პურის მოსატანად გაუშვეს, რომელსაც მე რამდენიმე ჩვენი მოსწავლეც გავაყოლე და დავაბარე, პური მათ ეყიდათ. ვინაიდან გვიანი იყო, ძლივს მიუსწრიათ თონისთვის, სადაც ძალიან ცოტა პური ჰქონიათ დარჩენილი, მაგრამ რაც იყო, სუყველა წამოუღიათ. მაინც არ გვეყო. მახსოვს, როგორ გამალებით ვჭრიდი პურებს და ვულაგებდით ბავშვებს, რომლებიც აბრეშუმის ჭიებივით წამში ამთავრებდნენ, რადგან მისაყოლებელი ბევრი არა იყო რა. მახსოვს, გულის გასამაგრებლად ნახევარი ნაჭერი ყველი და პური შევჭამე მარტო, ბავშვებს რომ ლუკმა არ დაჰკლებოდათ. ფული თავზესაყრელად რომც გქონოდა, ისეთი დრო იყო, თუ წინასწარ თადარიგს არ დაიჭერდი, ღამით, ასე, შენს გემოზე ვერაფერს იყიდიდი. თადარიგზე კი, არავინ ფიქრობდა, თორემ ვიდრე სოფელში ჩავიდოდით, შეიძლებოდა ფული აგვეკრიფა და გზად გვეყიდა რამე, მასპინძლებს მთლად ასე ხელცარიელები, ღვთის რისხვასავით თავს რომ არ დავტყდომოდით. ბევრს აქაც არ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იმ ღამით ჩვენ, დიდები კი გაგვანაწილეს ოთახებში და გვერგო ლოგინები, თუ სათითაოდ არა, ორს ერთი მაინც, რათა წელი გაგვეშალა. მოზარდებს კი არ გაუმართლათ, ავტობუსში მოუწიათ ღამის გათევამ, რადგან სახლში არც ამდენი ადგილი და არც ქვეშაგები იყო. რა თქმა უნდა, უმეთვალყუროდ ვერ დავტოვებდით და ერთი მასწავლებელი მათთან ერთად ავტობუსში დარჩა. გათენდა მესამე დღე. მასპინძელმა ჩვენს საპატივცემულოდ თხა დაკლა და უფროსებისთვის სუფრა სახლში, მისაღებ ოთახში გაიშალა, მოსწავლეებისთვის კი მაგიდები გარეთ გავიტანეთ. ბუნებრივია, ერთი თხა ამდენ ადამიანს ვერ ეყოფოდა, შესაბამისად, კონკრეტული დეტალების მოყოლისგან აქაც თავს შევიკავებ... მე არათუ არ დავმჯდარვარ სუფრასთან, სადაც სუფრა იყო გაშლილი, იმ ოთახშიც არ შევსულვარ, გარეთ, ბავშვებთან ვიჯექი. თან, იმათ, ვინც წინა ღამით პურზე იყვნენ წასულები და იცოდნენ, თონე სად იყო, ფული მივეცი. ვთხოვე, პური კიდევ მოეტანათ და თუ სადმე მაღაზიას ნახავდნენ, რამე საჭმელიც ეყიდათ. დანარჩენები მიყვებოდნენ, იმ ღამით როგორ არ დააძინეს თავიანთი დარაჯი მასწავლებელი, რამდენი იმაიმუნეს ავტობუსში, მერე მძღოლები როგორ გაუბრაზდნენ... ამ ექსკურსიის მერე ოდესმე ექსკურსიაზე წასვლა თუ მოგინდებათ-მეთქი, ვკითხე და გაგონებაც არ გვინდაო, ერთხმად იყვირეს. რომ გვცოდნოდა, ასეთი სიმწარე გველოდა, ჩვენი სოფლიდან ფეხს არ გავადგამდითო. ჩვენს დირექტორს დალევა და ქეიფი იქაც არ აკლდა, ამ სიშორეზე რომ არ წამოვეყვანეთ იმის საყურებლად, თავად როგორ იქეიფებდაო. მათ დირექტორს კი გარეთ არც გამოუხედავს, არც დაინტერესებულა, რას აკეთებდნენ მისი წამოყვანილი მოსწავლეები. იჯდა სუფრის თავში და სადღეგრძელოებს სულ ლექსებად ამბობდა. ავტობუსის მძღოლებიც დიდხანს არ დარჩენილან სუფრასთან, დანაყრდნენ თუ არა, გარეთ გამოვიდნენ და ავტობუსის სიახლოვეს ბოლთას სცემდნენ. პერიოდულად, ხან ერთი მოვიდოდა და მეკითხებოდა, ჰა, რას ვშვრებით, აღარ მივდივართო, ხან - მეორე. მე კი, სახლისკენ ვამისამართებდი, იმათ ჰკითხეთ-მეთქი. ,,იმათ“ რომ ჰკითხავდნენ, აი, ერთი სადღეგრძელო კიდევ და მოვრჩებითო, პასუხობდნენ. ასე გავიდა დღის ორი საათი და დაიწყო - სამი. ბოლოს მძღოლებმა კატეგორიულად მოითხოვეს, ან მოდიხართ, ან ჩვენ იძულებულნი ვართ, დაგტოვოთ და წავიდეთ, ვინაიდან დათქმულ დროში ვეღარ ვეტევით და მოსკოვის რეისი გვივარდებაო. მათ გაღიზიანებას ის ფაქტიც იწვევდა, რომ თუ იმ საღამოს ზუგდიდში დროზე ვერ ჩავიდოდნენ, ავტობუსის მოწესრიგებას და დასვენებას ვეღარ მოასწრებდნენ და ასეთი დატვირთვის შემდეგ, მეორე დილას ისევ ხანგრძლივ რეისზე უნდა წასულიყვნენ. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ამ ექსკურსიიდან აღებული გასამრჯელოდან მინიმალური მოგება რჩებოდათ, რადგან საწვავის ის რაოდენობა, რაც ექსკურსიისთვის გათვლილი ჰქონდათ, ამდენი დაუგეგმავი სიარულის გამო, კარგა ხნის წინ ამოეწურათ და ავზის შესავსებად გვარიანი თანხა დახარჯეს. მათი ძალისხმევით, მანავიდან სამი საათისთვის გამოვედით და თბილისამდე შეუჩერებლად ვიარეთ. თბილისში კი მორიგი თავგადასავალი გველოდა. როგორც აღმოჩნდა, სკოლის დირექტორს აქაც ჰქონია რაღაც საქმე, ამიტომ გარკვეული დროით, თბილისშიც უნდა გაჩერებულიყვნენ. პარალელურად, დამრიგებელს და სხვა მასწავლებლებს დაგეგმილი ჰქონიათ, ზამთრის მარაგისთვის საჭირო სანოვაგეების საყიდლად მაშინდელი დეზერტირების ბაზრობაზე წასულიყვნენ. ამისთვის კი, მოსწავლეები ვინმეს სადმე უნდა შეეყოლიებინა და ეს ვინმე აღმოვჩნდი მე. რა გზა მქონდა, შევთავაზე, თუ მძღოლები დაგვთანხმდებიან, ზოოპარკში შევიყვან ბავშვებს და თქვენ მანამდე თქვენი საქმეები მოილიეთ-მეთქი. მძღოლებმა ამ გადაწყვეტილებაზე ხელები გაასავსავეს, არავითარი გაჩერება და დროის კარგვაო, მაგრამ ვინ მოუსმინა?! ავტობუსი ტელევიზიის წინ გავაჩერეთ, მე ბავშვები დავამწკრივე და უკან მივყევი, დანარჩენები კი თავიანთ საქმეებზე წავიდ-წამოვიდნენ. თან, მძღოლის გასაგონად ხმამაღლა თქვეს, 6 საათზე დიდუბის სადგურთან მოდით, იქ შევიკრიბოთ და წავიდეთო. მე კი მანამდე, ცალკე გამაფრთხილეს, შეიძლება ცოტა დაგვაგვიანდეს და ეცადე, მეტ ხანს დარჩეთ ზოოპარკშიო. მეც კუთხე-კუნჭული არ დამიტოვებია, ყველა ვოლიერთან მივიყვანე მოზარდები, რაც სანახავი იყო ვანახე, ეშმაკის ბორბალზეც დავსხედით. ვისაც თანხა ჰქონდა შემორჩენილი, სხვა ატრაქციონებითაც შეიქციეს თავი, ბატი-ბუტიც და ბურბუშელაც იყიდეს. ამასობაში 6 საათიც მოახლოვდა და მძღოლებმა აჩქარება დამიწყეს, დროზე წავიდეთ, არ დავაგვიანოთო. მე ვცადე, თავი დამეძვრინა და მოვიმიზეზე, ბავშვებს კიდევ უნდათ გართობა და ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ-მეთქი, მაგრამ ყველა ბავშვი ერთხმად აჟრიამლულდა, ოღონდ სახლში წავიდეთ, ზოოპარკში გართობა კი არა, დაბანა გვინდა, ძილი გვინდა, ჭამა გვინდაო. გულში კი გავიფიქრე, აქ ყოფნა ჯობია დიდუბის სადგურზე ავტობუსში ლოდინს-მეთქი, მაგრამ მძღოლებიანად ყველა ერთ აზრზე იყო და რას გავაწყობდი? მივედით დიდუბეში და ჩამოვდექით. ჰო, ერთი საგულისხმო მომენტი უნდა აღვნიშნო. იმ დროს მობილური ოჯახში თითო კაცს ჰქონდა მარტო, შესაბამისად, მშობლები ექსკურსიაზე წამოსულ შვილებს თავიანთ ნებაზე ვერ ეკონტაქტებოდნენ. დამრიგებელს ურეკავდნენ და ის აწვდიდა ინფორმაციას გადაადგილების და ადგილმდებარეობის შესახებ. რამდენჯერაც დარეკავდნენ, მასწავლებელი, რა თქმა უნდა, ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არ ენერვიულათ. მაშინ რომ ყველა მოსწავლეს ტელეფონი ჰქონოდა, წარმომიდგენია, თავად რა ინფორმაციას მიაწვდიდნენ მშობლებს... ახლა, კი, ბოლოს და ბოლოს, ამ ისტორიის დასასრულსაც მივუახლოვდით. 7 საათი კარგად შესრულებული იყო, ნავაჭრი სანოვაგით დატვირთული მასწავლებლები რომ გამოჩნდნენ. ჩანთები საბარგულში მოათავსეს და ვალმოხდილები ამოვიდნენ ავტობუსში. აწი მთავარი იყო, დირექტორი და მისი ამალა როდის ინებებდა მოსვლას. როგორც იქნა, ერთ საათის შემდეგ, ისინიც მოვიდნენ. ამ დროისთვის როგორი იყო მძღოლების ფსიქიკური მდგომარეობა, აღარ ვილაპარაკებ. გულწრფელად მესმოდა მათი და ვთხოვე, ვიცი, რასაც განიცდით, მაგრამ გეხვწებით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეს ბავშვები საღ-სალამათები ჩაუყვანეთ თავიანთ მშობლებს-მეთქი. თან ათასი მადლობა გადავუხადე და დიდი დიღმის შესასვლელთან დავემშვიდობე. მართლა მეშინოდა, განერვიულებულ მძღოლს გზაში რამე შეცდომა არ დაეშვა და უბედურება არ მომხდარიყო, ამიტომ ვიდრე დანიშნულების ადგილამდე არ ჩავიდნენ, თვალი არ მომიხუჭავს. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა და სამი დღისა და სამი ღამის შემდეგ, დაუბანელი, დაღლილი, მშიერ-მწყურვალი და უძინარი ბავშვები მშობლებმა მშვიდობიანად ჩაიბარეს. 19 წელი გავიდა და იმ ექსკურსიის ბევრი ნიუანსის გახსენებაზე დღესაც ისეთი ბრაზი მიბყრობს, მშვიდად საუბარი მიჭირს. ჩვენი სკოლის მაშინდელი დირექტორის მიმართ კი, რომელიც საკმაოდ ინტელექტუალურ პიროვნებად არის ცნობილი, წარმოდგენა სამუდამოდ დამეკარგა. ვერც იმ დამრიგებელზე დავრჩი კარგი აზრის, რომელიც ყველაფერ იმას, რასაც მე ვაპროტესტებდი, ნორმად მიიჩნევდა და კრიტიკული თვალით არ უყურებდა. დღემდე არც ის მესმის, რანაირად შეიძლებოდა, როცა მე არა მარტო ჩემი ძმიშვილის, ავტობუსში მყოფი ყველა ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და მათთვის შექმნილი დისკომფორტი უაღრესად მაწუხებდა, მასწავლებლები არხეინად ყოფილიყვნენ და ეფიქრათ, რომ ყველაფერი რიგზე იყო?! არც იმ მძღოლებისთვის შექმნილი დისკომფორტის გამო უგრძვნიათ უხერხულობა, რომელთაც ამდენი ბავშვის სიცოცხლე ებარათ; არც იმაზე უზრუნიათ, რომ სამდღიანი წოწიალის მერე, დაღამებამდე დასდგომოდნენ გზას, რათა თავადაც დროულად და მშვიდად დაბრუნებულიყვნენ სახლში და იმ ავტობუსის მძღოლებსაც საქმე არ გართულებოდათ. ამიტომ მიმაჩნია, რომ სასკოლო ექსკურსიების შესახებ კანონი კიდევ უფრო დასამუშავებელი და დასახვეწია. ამასთან, მინდა, ყველა მშობელს მოვუწოდო, ვიდრე ექსკურსიებს დასთანხმდებიან, ათასჯერ აწონ-დაწონონ ყველა დეტალი; მასწავლებლებისგან მოითხოვონ ზუსტი გეგმა, მარშრუტი; გაიგონ პირობები: სად, რა, როგორ და აუცილებლად გაჰყვნენ თავიანთ შვილებს ექსკურსიაზე, ნუ დარჩებიან სხვების იმედად! P. S. ჰო, დასაწყისში ხომ გახსოვთ, დირექტორი გეგმებს რომ აწყობდა, ნაჩუქარი 200 კილო ყურძნისგან რამდენი ლიტრი ღვინო დაეყენებინა? არათუ 200, 2 კილო ყურძენიც არავის მიუცია.
-
ბილეთები გვქონდა კომედიურ წარმოდგენაზე: ,,რა სურთ ქალებს?“ ახლა მე ზუსტად ვიცი, რა უნდათ ქალებს და ბავშვებს... კაცებსაც... მშვიდობა ჩვენს მშობლიურ უკრაინაში. ერთ-ერთი უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს ფეისბუკ-გვერდზე გვერდის ადმინისტრატორმა უკრაინის მოქალაქეებისთის მარტივი კითხვა დასვა: რას გეგმავდით ომამდე ერთი დღით ადრე? კითხვას ასობით ადამიანმა გასცა პასუხი. წერენ, რომ ზოგი საკუთარი ან შვილის დაბადების დღის აღსანიშნად ემზადებოდა, ზოგი - სახლის სარემონტო მასალების ყიდვას აპირებდა, ზოგი ნაკვეთში ხეხილის დასარგავად უნდა წასულიყო, ზოგს სხვა ქალაქებში ნათესავებთან სტუმრობა ჰქონდა დაგეგმილი და კიდევ მრავალი სხვა საქმე ჰქონდათ მოსაგვარებელი. ომმა ყველა მათგანის არათუ გეგმა, ცხოვრება შეცვალა, დაწყების დღიდან ყველა დღე გააუფერულა, მრავალი სიცოცხლე შეიწირა, სამშობლოს დამცველების, მშვიდობიანი მოქალაქეების, ბავშვების, ქალების... მიუხედავად ამისა, ისინი არც დანებებას აპირებენ, არც მომავლის იმედი დაუკარგავთ და სჯერათ, რომ გამარჯვების შემდეგ, დროებით გვერდზე გადადებულ გეგმებს აუცილებლად შეასრულებენ! გთავაზობთ უკრაინელების რამდენიმე პასუხს კითხვაზე, რას გეგმავდნენ ისინი ომამდე ერთი დღით ადრე? მარიანა კოტიუკი: ოფისის შესახებ ვიდეო უნდა გადაგვეღო. ძალიან ვნერვიულობდი, წინადღით ვერაფრით გადამეწყვიტა, რა უნდა ჩამეცვა... 24 თებერვალს ადრე გავიღვიძე, სამსახურში წასვლამდე ჩემოდნები რომ ჩამელაგებინა, რადგან 25 თებერვალს, დილით ადრე, მთელი ოჯახი სტამბულში მივფრინავდით. ეს იქ მყოფი ჩემი ნათლულისთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო. გავიღვიძე, ჩვეულებისამებრ ტელეფონში შემოვძვერი და გავიგე, რომ ომი დაიწყო. სასწრაფოდ გავაღვიძე ჩემი ქმარი და დავიწყეთ გეგმა ბ-ზე ფიქრი, რადგან წამითაც არ დაგვიჯერებია, რომ ეს იყო ფართომასშტაბიანი ომი. შემდეგ ტელეფონით გავაღვიძე ბავშვის ძიძა და ვთხოვე, ჩვენთან მოსვლამდე, გზად ბავშვისთვის ბევრი ინსულინი ეყიდა, რათა მარაგში გვქონოდა. პანიკაში არ ჩავვარდნილვართ, პირიქით, საღი გონებით ვაანალიზებდით, ვიდრე გვიანი არ იყო, რა უნდა გაგვეკეთებინა. მარინა ზაგოროდნაია: ჩვენი გოგონას 10 წლის იუბილესთვის ვემზადებოდით: გაუთავებული ახალი კაბა, ტკბილეულის ყუთი თანაკლასელებისთვის, დაჯავშნილი ზეიმი ბავშვთა გასართობ ცენტრში, სადღესასწაულო ტორტი, ბუშტები, საჩუქრები... სანაცვლოდ ჩვენი შვილის მწარე ცრემლები, შიში, მწუხარება, სასოწარკვეთა. დაე, უფალმა ღმერთმა მიუზღოს მტერს დამსახურებისამებრ. განსაკუთრებით, უკრაინელი ბავშვების გამწარებისთვის! იულია ლომაჩუკი: ომამდე ერთი დღით ადრე ვგეგმავდი სამუშაო ხალათების შეკვეთას, კანცელარიის საქმეების მოგვარებას... გაზაფხულთან შეხვედრას, დღესასწაულების აღნიშვნას, სიცოცხლით ტკბობას, მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდების ჩაბარებას, მუზეუმში წასვლას, კარპატებში დასვენებას... რამდენ კონცერტზე წასასვლელი ბილეთი მქონდა ნაყიდი, რომლებზეც კარანტინის დროს ვერ წავედი და აწი უნდა წავსულიყავი. ეს მცირე ნაწილია იმ ჩემი გეგმების, რაც ომამდე მქონდა. მშვიდობა ყველას და გამარჯვება უკრაინას! ანია ლოსევა: გდანსკში სეირნობა, საზღვაო მუზეუმის დათვალიერება, ბალტიის ზღვაზე გასვლა და გედების დაპურება... ომამდე ერთი დღით ადრე პოლონეთში გავფრინდი, მეორე დღეს, უკან დასაბრუნებლად მთელი 24 საათი დამჭირდა. არადა, მონაწილეობა უნდა მიმეღო ფოტოპროექტში, რომელზეც დიდი ხანი ვოცნებობდი. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი დიდი ხნის უნახავ მეგობრებს უნდა შევხვედროდი, მაგრამ... ერმინა სარგისიანი: დაბადების დღისთვის ვემზადებოდი, მინდოდა ქანცის გაწყვეტამდე მეცეკვა და კარგად მეზეიმა. ამის სანაცვლოდ, განგაშის საყვირის ხმაზე ვლოცულობთ ჩვენი მეომარი ბიჭებისთვის. ლილია აგაევა: ჩვენი ბიჭის დაბადების დღის აღსანიშნავად ვემზადებოდით, ნათესავების მოწვევას, ფოტოსესიას ვგეგმავდით. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, არც ჩემი შვილის, არც ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა... ვიტალი ივანოვი: მე და ჩემი მეუღლე ქალიშვილის დაბადებისთვის ვემზადებოდით. ახლა კი ომის დამთავრებას ველოდები, რათა ვნახო ჩემი შვილი, რომელიც საზღვარგარეთ დაიბადა და ჯერ არ მინახავს. ნატალია ფილონენკო: ზუსტად 24 თებერვალს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სახალისო ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი. ყველაფერი მზად იყო, სიტყვები, დეკორაციები, ატრიბუტიკა. ხრისტია პოპოვიჩი: 24 თებერვალს მანამდე შეკვეთილი დივანი უნდა მოგვეტანა სახლში, საღამოს კი ქმართან ერთად, სადმე, რესტორანში უნდა მევახშმა. 27 თებერვალს ლვოვში, სუხიშვილების კონცერტზე უნდა წავსულიყავით, ბილეთები ნაყიდი გვქონდა. იგორ სტრელჩენკო: ახალი სახლის ეზოს მოწყობას ვგეგმავდი, რათა იქ ჩემს ბავშვებს ეთამაშათ, ველოსიპედით ესეირნათ. სამწუხაროდ, უკვე, 2 თვეზე მეტია ოჯახი არ მინახავს. ძალიან მენატრებიან ჩემი ცოლი და ბავშვები! ოქსანა კრატკო: დნეპრის მარცხენა ნაპირზე, დრამისა და კომედიის თეატრში მეგობრებთან ერთად წასვლას ვაპირებდით. ბილეთები ისევ ისე დევს მაგიდაზე, ჩემს სახლში. ნატალია მელნიკი: წინა საღამოს ქმართან ერთად ინტერნეტში სახლის სარემონტო მასალებს ვარჩევდით, რათა დილისთვის შეგვეკვეთა. მაინც გავაკეთებთ! ოლგა ლოგნენკო: 28 თებერვალს ვაჟიშვილის დაბადების დღე უნდა აღგვენიშნა, 18 წელი უსრულდებოდა. რესტორანში მაგიდა დავჯავშნეთ, საგაზაფხულო არდადეგებისთვის კი დასავლეთ უკრაინაში მოგზაურობა დავგეგმეთ. იულია მარუნიჩი: 25 თებერვალს დიდი ავტობუსით მოსწავლეები ძაღლების საერთაშორისო გამოფენაზე უნდა წამეყვანა. ანნა ვერბიცკაია: საბავშვიო ბაღში ბავშვებს საზეიმო კონცერტისთვის ვამზადებდით, რათა საყვარელი დედებისთვის მათი დღე მიგველოცა. ჩემს გოგონას ღონისძიებისთვის ახალი კაბა ვუყიდე, რომელსაც აუცილებლად ჩავაცმევ გამარჯვების დღეს! კლავდია ევდოკიმოვა: ბოსტანში პომიდვრისა და კიტრის ჩითილების დარგვას ვგეგმავდი. ახლა კი ხელებჩამოყრილი ვარ, თითქოს, სიცოცხლე დასრულდა... ტატიანა მანკოვა-ხურავა: დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვაპირებდით, შევკრებილიყავით და მთელი ჯგუფი, 24 თებერვალს კინო-ვიქტორინას დავსწრებოდით. ანნა ანნა: ბავშვი დავარეგისტრირე სკოლაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაბომბეს. ტატიანა ზორინა: 25 თებერვალს საბერძნეთში უნდა გავფრენილიყავით, ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ პირველი მოგზაურობა უნდა ყოფილიყო. ბილეთები, დაზღვევა, ყველაფერი მზად გვქონდა... მარინა სემენიუკი: სპექტაკლ ,,ტყის სიმღერის“ საყურებლად ვემზადებოდით. ტანიუშა დაცენკო: მაკაროვში ის აფთიაქი უნდა გამეხსნა, რომელსაც მერე ორკების რაკეტა მოხვდა... ინნა ივანიუკი: ბილეთები გვქონდა კომედიურ წარმოდგენაზე: ,,რა სურთ ქალებს?“ ახლა მე ზუსტად ვიცი, რა უნდათ ქალებს და ბავშვებს... კაცებსაც... მშვიდობა ჩვენს მშობლიურ უკრაინაში. ალლა კუზმენკო: დაბადების დღის აღსანიშნად ვემზადებოდი. ვარჩევდი კაფეს, ვადგენდი მენიუს, ვიზომებდი კაბას, ფეხსაცმელს, მაგრამ... ყველას ვუთხარი, არ მოელოცათ. მე ჯერ არ შემსრულებია ის 55 წელი, ისევ 54 წლის ვარ. 55 წლის მხოლოდ მაშინ გავხდები, როცა გავიმარჯვებთ, დაბადების დღეც მაშინ მექნება! ანასტასია პობერეჟნიკი: ვაპირებდი ოდესაში, მეგობართან წასვლას, მერე კი - ბათუმში. ორივეგან წასავლელი ბილეთები თან მაქვს. ლუდმილა სტეპანოვა: იმ დღეს რაღაცნაირი მოუსვენრობა მქონდა. სამსახურშიც დაძაბული ვიყავი. საღამოს ქალიშვილს ვუთხარი, ხვალ იქამდე ვიძინოთ, ვიდრე გვერდები არ დაგვიბუჟდება-მეთქი... იმ ღამის შემდეგ მშვიდი ძილი არ გვქონია... ტანია ხოდაკოვსკაია: იმ კონცერტზე უნდა წავსულიყავი, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში ვოცნებობდი. ახლა კი ვოცნებობ მხოლოდ მშვიდობაზე, მხოლოდ მშვიდობა მინდა და გამარჯვება! ნატალია იჟბინსკაია: ომამდე, რამდენიმე დღით ადრე, კრაკოვში სასტუმროს ნომერი დავჯავშნე და ავიაბილეთის ყიდვას ვგეგმავდი. ქალთა დღე, 8 მარტი პოლონეთში მეგობართან ერთად უნდა აღმენიშნა. მარიშა ჟემელა: 23 თებერვალს მთელი დღე ვამზადებდი საჭმელს ბავშვებისთვის, ქმრისთვის, კატისთვის, ძაღლისთვის, რადგან 24-ში ცვლაში უნდა გავსულიყავი. საღამოს დედას დავურეკე და ვთხოვე, ჩვენთან გამოსულიყო. უმცროსი შვილი ბაღში არ მინდოდა გამეშვა, ცოტას ავადმყოფობდა. უფროსს სკოლაში წასაღები ნივთები და ტანსაცმელი გავუმზადე. დილით ადრე უნდა ავდმგარიყავი, ბავშვებისთვის რძიანი ფაფა მომეხარშა და 6 საათისთვის ტრამვაისთვის უნდა მიმესწრო. დილას 5 საათზე აფეთქების ხმამ გამაღვიძა, ლოგინზე ჩამოვჯექი და გავიფიქრე, ზამთარში, ასეთ ყინვაში ჭექა-ქუხილი რატომ უნდა ყოფილიყო? სადღაც ერთი წუთის შემდეგ აღვიქვი, რაც ხდებოდა. სასწრაფოდ მივვარდი ქმარს ყვირილით: დიმა, ომია, ჩვენ გვბომბავენ, გაიღვიძე! ბავშვები არ გაგვიღვიძებია, სამზარეულოში დავსხედით და ვბჭობდით, რა იქნებოდა... რა გეგმები გვქონდა? სამსახურში უნდა წავსულიყავი, სახლის რემონტი უნდა დაგვემთავრებინა, ეზოში ყვავილები და ხეხილი უნდა დაგვერგო... ბავშვები ქმრის დედასთან ერთად ქალაქიდან გავამგზავრეთ, ჩვენ აქ, ხარკოვში დავრჩით. ვამხნევებთ ერთმანეთს, ვეხმარებით, გავიგეთ ვინ არიან მეზობლები, ვის რა საჭიროება აქვს, ხელს ვუმართავთ მათ, ვდილობთ, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ... მჯერა, გავიმარჯვებთ. ხარკოვი უკრაინაა! და კიდევ, ის პავლონიები, რომელიც ჩვენს ეზოში უნდა დაგვერგო, მე უკვე დავრგე ერთ-ერთ ქუჩაზე, სულ 19 ხე. იმედი მაქვს, ყველა გაიხარებს და მე ხშირად მოვინახულებ იმ ქუჩას, სადაც ისინი იყვავილებენ! ტატიანა ჟელეზნა: 25 თებერვალს ქმრის დაბადების დღე უნდა აღგვენიშნა, 4 მარტს - ჩემი. მარტში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდების ჩაბარებას და მანქანით სეირნობას ვაპირებდი, აპრილში - ბავშვებთან ერთად ესტონეთში გამგზავრებას ვგემავდი, მათთვის ტალინი უნდა მეჩვენებინა. მაისში აგარაკზე მარწყვი უნდა დაგვეკრიფა. მჯერა, ეს ყველაფერი იქნება, უბრალოდ ,,რაშისტებმა“ ჩემი ცხოვრების ერთი წელი მოიპარეს. ტატიანა ზდომიშუკი: ბავშვის დაბადებას ველოდით, ზეიმით გვინდოდა სამშობიაროდან გამოგვეყვანა და აღგვენიშნა. 24 თებერვალს გავაჩინე. მერე იყო განგაშის საყვირები, თავშესაფრისკენ სირბილი, შიში, ცრემლები...
-
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ მოზარდის ქცევები რადიკალურად იცვლება
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in irmaberi's ბლოგი
ოჯახები ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით მოუძებნონ ახსნა: ცელქია, ასაკობრივია, ემოციურია, განერვიულდა და ასე შემდეგ. რამდენიმე დღის წინ, შემთხვევით მოვისმინე მაღაზიის გამყიდველი, ახალგაზრდა ქალი თავის ნაცნობს საკუთარ მოზარდ შვილზე შესჩიოდა, შინიდან გასვლა არ უნდაო. სულ რაღაცის შიში აქვს, შეღამებულზე თუ ბრუნდება სახლში, სულ აქეთ-იქით იყურება, ვინმე არ მიჰყვებოდეს და დღისითაც ჰგონია, რომ ქუჩაში ვიღაც ფოტოს უღებსო. რომ ვეკითხები, რისი გეშინიაო, მეხუმრება, ფოტოებს იმიტომ მიღებენ, ორგანოების დონორად ვუნდივართო. კიდევ ბევრი ისეთი საგულისხმო და საგანგაშო სიმპტომი თქვა, რაც აშკარად მიანიშნებდა მისი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე, ამიტომ ვერ მოვითმინე და გამოველაპარაკე. მშვიდად და წყნარად ვურჩიე, რომ აუცილებელი იყო სპეციალისტის ჩარევა და ფსიქოლოგთან (ფსიქიატრი ვერ ვუხსენე) მიყვანა, რომელიც შეაფასებდა მის მდგომარეობას, გაუფანტავდა ეჭვებს და მოუხსნიდა შიშებს ან სხვა კვალიფიკაციის ექიმთან გადაამისამართებდა. ვცდილობდი, დამაჯერებლად მელაპარაკა, არც შემეშინებინა მშობელი, მაგრამ იმავდროულად მდგომარეობის სერიოზულობაც დამენახებინა. როგორც ჩანს, შეშფოთება მაინც შემატყო და სცადა, შვილის უცნაური ქცევებისთვის ათასი გამართლება მოეძებნა: ასაკი, ინტერნეტიდან მიღებული ,,უამრავი ინფორმაცია,“ დაძაბული გარემო, თუმცა დამეთანხმა, რომ რასაც მასზე ჰყვებოდა, არ იყო ნორმალური მდგომარეობა და აუცილებლად მიიყვანდა შვილს ფსიქოლოგთან. მას მერე, დღე არ გავა, არ გამახსენდეს და არ გავიფიქრო, წაიყვანა თუ არა ან წაიყვანს თუ არა, რა დიაგნოზს დაუსვამენ, რამდენად საშიში მდგომარეობა აქვს მოზარდს, იძლევა თუ არა მისი სიმპტომები შეშფოთების საფუძველს თუ მე მომეჩვენა საშიშად? ვინაიდან, თავს უფლებას ვერ მივცემ, შევიდე იმ უცნობ ქალთან და ეს კითხვები დავუსვა, ვამჯობინე, ამ საკითხზე სპეციალისტს დავლაპარაკებოდი და პასუხებიც მისგან მიმეღო. იქნებ ასე მაინც, დავეხმარო მათ, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და ექიმებთან მისვლას უკიდურეს მდგომარეობამდე ვერ ბედავს. თუმცა, მანამდე კიდევ ერთ მშობელთან საუბარი ვარჩიე, რომლის შვილსაც ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა დაუდასტურდა და უკვე წლებია, ერთად ებრძვიან დაავადებას. ამ მშობელს საქართველოს მცხოვრებთა უმეტესობა იცნობს, ის ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძეა. - ანა, საიდან დაეწყო ლუკას ეს დაავადება, როგორ შეატყვეთ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა? - ლუკას დაავადება სამედიცინო ენაზე არის სომატური და სავარაუდოდ უშაქრო დიაბეტის ფონზე ჩამოყალიბდა. 5 წლის იყო, სოფელში დიდმა ბიჭებმა პატარების შეშინება რომ გადაწყვიტეს და ტყეში ,,მგელია, მგელიას” ძახილით დატოვეს. იქიდან მოსულმა 20 ლიტრამდე წყალი დალია, რაც წარმოუდგენელი იყო. ბავშვი იძახდა, პირი არ სველდება, მუცელს არ უნდა წყალი, პირს უნდაო... დიაგნოზი გერმანელმა ექიმებმა მალევე დასვეს, რომ ეს იყო ჰიპოფიზის კრიზი და მისი ჰიპოფიზი (ჰიპოფიზი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს და ჰორმონების სეკრეციას პირდაპირ სისხლის ნაკადში ახდენს - ი. ბ.) ჰორმონებს, იზოპრესინს და ვაზოპრესინს ვერ გამოიმუშავებს... ეს ქრინიკული დაავადებაა და ხშირად ლეთალური გამოსავლით მთავრდება ან თუ არ მიიღებს, მაგალითად ჰორმონ მინირინს, დადგება ის, რაც დადგა ჩვენს შემთხვევაში - ფსიქიკური აშლილობა. ვიდრე ლუკა წამლებს იღებდა, ყველაფერი სტაბილურად იყო. სამწუხაროდ, თინეიჯერობის დროს უარი თქვა წამლებზე. ეს ტიპური დაპირისპირება იყო სამყაროსთან. ,,მე მოვერევი“ გამოაცხადა და ვერ მოერია. 15 წლსას აგრესიული ქცევები დასჩემდა და გარდატეხის ასაკის პრობლემად ჩავთვალეთ. ეს აგრესია რთულდებოდა... - რაში გამოიხატებოდა მისი აგრესია, როგორი იყო შემაშფოთებელი სიგნალები? - შეგინებაზე მწვავე, რეაქციები, ეჭვიანობა... ქუჩაში ჩხუბი... 19 წლისას, უკვე, დაეწყო დეპრესია, სახლში ჩაკეტვები და დასრულდა იმით, რომ კატეგორიულად მოითხოვა საზღვარგარეთ წასვლა. ჩვენი შეცდომა იყო, რომ მარტო გავუშვით საზღვარგარეთ. იქ მისი აშლილობა საბოლოოიდ ჩამოყალიბდა პარანოიდულ შიზოფრენიად. - საზღვარგარეთ რამდენ ხანს დაჰყო, იქიდან თავისი ნებით ჩამოვიდა თუ ჩამოიყვანეთ? - წასვლიდან სამი წლის თავზე დაიკარგა, 4 თვე ვეძებდით. სადეპორტაციო ბანაკში ვიპოვეთ ვენებგადაჭრილი და ჩამოვიყვანეთ 20 კილოგრამი შავი ძაფი... აქ უკვე სახეზე იყო პარანოია და როცა ფსიქიატრიულში დავაწვინეთ, დაუდგინდა პარანოიდული შიზოფრენია. - მშობლებს უჭირთ ასეთი დიაგნოზის აღიარება, მიღება. წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ეს თქენთვის. რა ქენით, დამალეთ მისი დიაგნოზი თუ მალევე აღიარეთ? - მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლუკას მოუწევდა პერიოდულად კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლა. ერთადერთი, ვერ ვასწრებდით დროის განსაზღვრას. ხან შემოდგომაზე ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ხან - გაზაფხულზე... 6 ჯერ სცადა თავის მოკვლა. მეთოდებს არ მოვყვები, ვინმეს არ მოუნდეს გამეორება. ეს ჯოჯოხეთია. როცა შვილი ერთხელ გიკვდება, ესაა ჯოჯოხეთი და როცა ეს ექვსჯერ შენს თვალწინ ხდება, მიწასთან გასწორებაა. ერთადერთი, რაც ასეთ დროს გამაგრებს, არის აზრი, მას ვჭირდები. ვერავინ ვერ უპატრონებს შეშლილ შვილს დედასავით. ყველას ბეზრდება... ეშინიათ, ბრაზდებიან, უნდათ რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ თავიდან. დედებს ეს ჯვარი აქვთ, მათთვის უნდა გამაგრდნენ. ის, რომ ლუკას შენარჩუნებული აქვს იუმორის გრძნობა, ინტელექტი და ქუჩაში არ დარბის, არავის აწუხებს, მთლიანად ჩვენი ოჯახის და ექიმების დამსახურებაა. ვისწავლეთ მისი ამ ტრაგედიის მართვა, ლუკამ გაგვზარდა... - ის მომენტი, ვაიმე, შვილს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვერ დავაწვენ, ცოდვაა, არ გქონიათ, თავიდანვე ჯანსაღად მიუდექით საკითხს? - მქონდა, მაგრამ ვებრძოდი ლუკასთვისვე. როცა ხმები აწუხებეს, ეს უნდა ალაგდეს. ამ ვერაგ დაავადებას ახასიათებს სიმულაციები, ბოდვები, შიშები, ეჭვები... მედიკამენტები და ექიმები ახერხებენ ამის ალაგებას და პაციენტი, რაღაც პერიოდი, იბრუნებს სიმშვიდეს. - კლინიკასთან, ექიმებთან ხომ არ გქონდათ რამე პრობლემა, არის განსხვავება ადრინდელ და ამჟამინდელ პირობებს შორის, რამე უკეთესობა შეიმჩნევა? - ბუნებრივია, ფსიქიატრიული კლინიკა პანსიონატი არ არის. იქ პაციენტები ბევრნაირი გართულებით ხვდებიან, აგრესიიდან დაწყებული სიჩლუნგით დამთავრებული. ჩვენ ყველაზე უარესი კლინიკები არ გვაქვს, მაგრამ ცხადია, ვერ შევედრებით ევროპის, ამერიკის და მაგალითად, ისრაელის კლინიკებს. სამწუხაროდ, ფსიქიატრიაში არ არის პრევენციული მედიცინა და არც რეაბილიტაციის ცენტრები გვაქვს. ეს ადამიანები,პაციენტები სახელმწოფისთვის და საზოგადოებისთვის ტვირთია. სახელმწიფო პროგრამები დახურული ტიპის კლინიკების დაფინანსებასღა წვდება. ჩაკეტე კარი და დამალე ეს ხალხი კარს მიღმა, ესაა პოლიტიკა. არადა, მათ შორის უამრავი ნიჭიერი მუსიკოსია, მხატვარი, პოეტი, გამომგინებელიც კი. ეს ნიჭი იმ კარს მიღმა კვდება, მათ უარყოფასა და ტანჯვასთან ერთად. - გვახსოვს, ფსიქიატრიულ კლინიკებში ადრე სანიტარული ნორმებიც არ იყო დაცული. ამ მხრივ მაინც თუ შეიცვალა რამე, ინფრასტრუქტურა თუ მოწესრიგდა? - ქავთარაძეზე, სადაც ლუკას უწევს მკურნალობა, მობყრობა, კვება და სანიტარია ნამდვილად არ არის სასაყვედურო; პირიქით, კონდიცირება, ნორმალური კვება და ნათელი ოთახებია, პერსონალიც - კვალიფიციური. დავამატებდი, საბჭოთა კავშირი და ზოგადად, ტოტალიტარული სახელმწუფიები მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მსგავს ქვეყნებში დღემდე ასეა. სახელმწიფოს ჰუმანურობა იმით განისაზღვრება, როგორ ექცევა ამ ტიპის ადამიანებს, შშმ პირებს, ქრონიკულ ავადმყოფებს, რა პროგრამებს ამოქმედებს მათთვის. - კლინიკებში მოხვედრის საკითხი რამდენად მოგვარებულია? - არის შემთხვევები, როცა ადგილი არ არის. როგორც წესი, აგრესიული პაციენტი პატრულს გადაჰყავს და ასეთ დროს კლინიკას უფლება არა აქვს, არ მიიღოს. მე კლინიკაში მოთავსების პრობლემა არ მქონია. ყოველთვის წინასწარ ვარკვევთ, არის თუ არა ადგილი და ვემზადებით ამ პროცესისთვის. გადაყვანის პროცესი ახლაც კი, ამხელა გამოცდილების მერეც, არის სრული კატასტროფა... ცოცხალი რიმ ვრჩები მიკვირს. - რა რჩევას მისცემ ოჯახებს, მშობლებს, ვისაც ფსიქიკური აშლილობის მქონე შვილი ჰყავთ ან მათ, ვისაც ამის აღიარება არ უნდა, თუნდაც იმ მშობელს, ვიზეც ვილაპარაკე? - ამ ადამიანებმა უნდა ნახონ ბევრი დოკუმენტური ფილმი, მსგავს პრობლემებზე. სხვა გზა არ არის. საუბრის დრო არავის აქვს, რომ დაუჯდეს და დაარწმუნოს. ფსიქოლოგთან სიარული ჩვენთან პოპულარული არც არის. თან საკმაოდ ძვირია, ყველას არ მიუწვდება ხელი. ამიტომ, ინტერნეტის ეპოქაში სერიოზული ფილმების და გადაცენების მოძიება შეიძლება, სტატიების წაკითხვაც, რაც ჩვენისთანა მშობლებს ძალიან გამოადგებათ. როგორც წესი, ქცევითი აშლილობები ბავშვობიდანვე იჩენს თავს. ოჯახები ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით მოუძებნონ ახსნა: ცელქია, ასაკობრივია, ემოციურია, განერვიულდა და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, აგრესიის გამოვლენისთანავე, მინიმუმ, ფქსიქოლიგი უნდა ჩაერთოს საქმეში. ის დედა კარგად ხვდება, რაც ხდება, მაგრამ თავს არ უტყდება, ეშინია დიაგნოზის დადასტურების და ყველაფერს გააკეთებს, პირველ გართულებამდე, არ დაიჯეროს, რაც სჭირს მის შვილს. იქნებ გაუაროს, იქნებ თავისით ეშველოს, ფიქრობს. ვერაფრით აღიარებინებ რომ პრობლემა აქვთ. - ერთგვარად, ალბათ კომპლექსიც მოქმედებს, რას იტყვიან გარშემომყოფები?!.. - კი, ასეც არის. იცით, რა სასტიკია სამყარო ამ დაავადების მიმართ? დაცინვა, შიში, ზიზღი... თუმცა მე პირადად, ყველას მოვუსპე სალაპარაკო. რა უნდა თქვან ჩემს შვილზე იმაზე მეტი, რასაც თავად ვყვები?.. - რა ასაკიდან არის შესამჩნევი ადამიანში ფსიქიკური აშლილობის ნიშნები? (გვპასუხობს ფსიქიატრი ეკა ჭყონია) - ფსიქიკური აშლილობის დიდი უმრავლესობა სწორედ მოზარდობის, 12-19 წლის ასაკში იწყება და ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც, თითქოს, ამ ასაკობრივ ჯგუფში ისედაც მოსალოდნელია ქცევის ცვლილებები. ამიტომ ხშირად გვგონია, რომ ეს ქცევა დროებითია, ასაკობრივია, გაუვლის, მაგრამ როდესაც ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის, ნუღარ დაველოდებით თავისით როდის გადაუვლის. აუცილებლად უნდა მივიყვანოთ მოზარდი სპეციალისტთან და ის უკეთესად შეაფასებს, მსგავსი ქცევები ჯდება ნორმის ფარგლებში თუ ნორმის მიღმაა. - მოზარდის როგორ ქცევას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ არაფერი გამოგვეპაროს? - განსაკუთრებით ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა მორიდებული, წყნარი, ზრდილობიანი ბავშვი უცებ ხდება ზედმეტად აქტიური, ზედმეტად თამამი, თავხედობამდეც კი ან პირიქით, საკმაოდ აქტიური, მოუსვენარი ბავშვი, რომელიც დადიოდა სხვადასხვა წრეზე, ადვილად ამყარებდა ურთიერთობებს თანატოლებთან, უცებ ხდება ნაკლებად კონტაქტური, თავის თავში იკეტება, არაფერი აინტერესებს. ორივე ეს შემთხვევა საგულისხმო და ყურადღებამისაქცევია, რადგან ადამიანის ასეთი რადიკალური ცვლილება, არ შეიძლება მხოლოდ ასაკობრივი ფაქტორით აიხსნას. გარდა ამისა, ძალიან თვალსაჩინო და ადვილად შესაჩნევია, როცა შვილის ძილის და კვების რეჟიმი მნიშვნელოვნად ირღვევა. ძილი და კვება არის ბაზისური ქცევა და თუ ეს ქცევა რადიკალურად იცვლება, თუ ადამიანს არა აქვს სათანადო ძილ-ღვიძილის პერიოდი, მისი ორგანიზმი სრულიად იფიტება, რაც საშიშია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, თუ ეს ხდება მოზარდობის პერიოდში, როცა ყოველი დღე, ყოველი ეტაპი მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის, ეს იქნება სოციალაური, ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარება. ამდენად, გადამეტებული ძილიანობა ან პირიქით, უძილობა, ძალიან თვალშისაცემია და არ შეიძლება გამოგვეპაროს. ეს ერთ-ერთი საშიში სიგნალია. ამასთან, თუ მშობელი ხედავს, რომ მოზარდი უმიზეზოდ აცდენს სკოლას, არ ესწრება გაკვეთილებს, მისი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად გაუარესდა, ამ მომენტსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და დაუყოვნებლად მივიყვანოთ სპეციალისტთან. უნდა გაირკვეს, რა ხდება, რა არის ასეთი ქცევის მიზეზი? რა თქმა უნდა, თუ სპეციალისტის ჩაურევლად, თავადვე გეტყვით, რით არის გამოწვეული მისი ამგვარი საქციელი და მართლაც, არსებობს რამე, მისთვის ხელისშემშლელი რეალური პირობა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ხშირად ხდება, როცა ადამიანებს წარმოსახვითაც უყალიბდებათ აზრი, რომ მის ირგვლივ მყოფები მტრულად არიან მათ მიმართ განწყობილი; ეჩვენებათ, რომ ვიღაც უთვალთვალებთ ან რაღაცა ცუდის გაკეთებას ცდილობს. ამის გამო, ეშინია, სახლიდან გასვლა არ უნდა, სწავლისადმი ინტერესი უქრება და იმ პერიოდს, როცა დროს მეგობრებში უნდა ატარებდეს ან ცოდნას იძენდეს და ვითარდებოდეს, შეშინებული, თავის ოთახში ჩაკეტილი ატარებს. ეს მდგომარეობაც აუცილებლად უნდა შეფასდეს სპეციალისტის მიერ, რადგან ეს არ არის ნორმა. რაც შეეხება კვების უნარ-ჩვევებს, ამასაც კარგი დაკვირვება სჭირდება, რისთვიაც სასურველია, დღის განმავლობაში ოჯახის წევრები ერთხელ მაინც დავსხდეთ სუფრასთან ერთად და ერთად ჭამა მოვახერხოთ. ჩვენი ურთიერთობა სტაბილური უნდა იყოს, შვილები მხედველობის არეალში უნდა გვყავდეს, რომ მათი ქცევებიდან და უნარ-ჩვევებიდან არაფერი გამოგვრჩეს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მშობელი შვილს მთელი დღის განმავლობაში ვერ ხედავს და მას მასწავლებელი ეუბნება შვილის განსხვავებული ქცევის შესახებ, რასაც ის ამჩნევს. ასეთ დროს, აუცილებელია, პედაგოგის ნათქვამზე ყურადღება გავამახვილოთ და გავარკვიოთ, რაშია საქმე. მივადევნოთ შვილს თვალყური და დავეხმაროთ, ვიდრე გვიან არ იქნება. - როდესაც არსებობს ფსიქიკური აშლილობის მიმართ გენეტიკური განწყობა, რა არის საყურადღებო, ის საგანგაშო სიმპტომი რომ არ გამოგვეპაროს, რაც ამ დაავედებაზე მიგვანიშნებს? - ნებისმიერი ცვლილება, ზოგადად ქცევაში, ჩაცმულობაში, ჩვევებში არის საყურადღებო. ძირითად ქცევებს, როგორიცაა კვება, ძილი, სწავლა, ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რამე მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოგვეპაროს. რაც შეეხება გენეტიკურ წინაგანწყობას, ყველაზე კარგი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად დავიცვათ ცხოვრების ჯანმრთელი წესის და პირობები. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა კარგია ადამიანის, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური განვითარებისთვის. ასევე, აუცილებელია, მოსიყვარულე, მხარდამჭერი გარემოს არსებობა. ასეთ გარემოში ნაკლებ სავარაუდოა, რომ რამე გამოგვრჩეს. ამ ყველაფრით შეიძლება სერიოზული პრევენცია გავაკეთოთ, მაგრამ სამწუხაროდ, დაავადებისგან ასპროცენტიანად დაზღვეული მაინც ვერ ვიქნებით. - კლინიკური მომსახურება, თერაპია, რამდენად ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის, ვისაც სურს დროულად მიმართოს ფსიქიატრს? - ყველა რეგიონში არის ფსიქიატრიული ამბულატორია, სადაც პირველადი დიაგნოსტიკა უფასოა, თუმცა რაც შეეხება კონკრეტული დიაგნოზის შემდეგ ჩარევას და თერაპიას, სამწუხაროდ, მხოლოდ თბილისში ფინანსდება, ბათუმის მუნიციპალიტეტშიც იყო საუბარი მკურნალობის დაფინანსებაზე. თბილისის ფსიქიატრიული ცენტრები ადგილობრივი მერიის პროგრამაშია ჩართული. აქამდე არანაირი პროგრამა არ მოქმედებდა და ბოლო 2-3 წელია, ეს მაინც გაკეთდა. - ხშირია შემთხვევები, როცა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს ოჯახი სათანადოდ ვერ ჰპატრონობს, ვერ თუ არ მიჰყავს კლინიკაში და დაავადების გამწვავების ფაზაში ის საზოგადოებისთვის საშიში ხდება. მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა ბლომად შეიძლება. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ვინც მათი აგრესიის მსხვერპლნი ვხდებით? - ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ვიძახებთ სასწრაფოს, მას მოჰყვება პატრული და თუ ხედავენ, რომ ადამიანი გარშემომყოფებისთვის საშიშია, ის იძულებით გადაჰყავთ სტაციონარში. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. - უკვე გამოვლენილი აგრესიის მერე, გასაგებია, რომ გადაჰყავთ კლინიკაში იძულებით, მაგრამ მანამდე რომ არანაირად არ ვართ დაცული ფსიქიკურად აშლილი ადამიანის თავდასხმისგან და კანონმდებლობაც საკმაოდ ბუნდოვანია? - კანონმდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა გვაქვს, აქ ორმხრივად ვართ შეზღუდულები. კანონი ფსიქიატრებს ერთი მხრივ, თითქოს, მოსახლეობის უსაფრთხოების პასუხისმგებლობას გვაკისრებს და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების, ამ შემთხვევაში, ფსიქიკურად დაავადებულის უფლებების დაცვას. ამდენად, ორ ცეცხლს შორის ვართ მოქცეულები. კანონმდებლობა უნდა იყოს მაქსიმალური ოპტიმალური, რათა არც ერთ და არც მეორე მხრივ გაუგებრობა არ შეიქმნას. თუ ადამიანი რეალურად არავისთვის წარმოადგენს საშიშროებას, მარტო იმიტომ, რომ უცნაურად იქცევა ან ჩვენთვის გაუგებარ რამეს ლაპარაკობს, წაიყვანო და არანებაყობლობით გამოკეტო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, მაგრამ თუ ის მართლაც საფრთხეს წარმოადგენს, ვინმემ სათანადო უწყებას უნდა შეატყობინოს. - გასაგებია, რომ თუ კონკრეტულად არავის არაფერს უშავებს, მანამდე არ გვაქვს უფლება, მას ხელი ჩავავლოთ და იძულებით გადავიყვანოთ სტაციონარში, მაგრამ როცა დაუშავებს, სხვის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის ან სასიკვდილოდ დაჭრის, მერე ხომ დაგვიანებულია რეაგირება? ამ დროს ვინ რა უნდა გააკეთოს? სად არის სწორი გამოსავალი? - ამა თუ იმ ავადმყოფის შემთხვევაში ფსიქიატრები კი ამბობენ, რომ რისკი მაღალია და საფრთხე არსებობს, ვინმეს რამე დაუშავოს, მაგრამ პაციენტი გვეწინააღმდეგება და ამბობს, ასე ნებისმიერზე შეიძლება ეჭვი მიიტანო და თქვა, რომ მან შეიძლება ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ჩვენ, ფსიქიატრებმა უნდა ვამტკიცოთ, რომ ადამიანი არის ფსიქიკურად ავად, რისკი მაღალია და სასამართლოს ვუსაბუთებთ, რომ საჭიროებს სტაციონარში გადაყვანას, სასამართლო კი წყევტს მის ბედს. თუმცა ჩვენ რაც არ უნდა დავუსაბუთოთ, რაც არ უნდა არგუმენტებით გავამყაროთ ჩვენი მტკიცება, შეიძლება სასამართლომ სხვანაირად გადაწყვიტოს და სახლში გაუშვას. - რა დროს ხდებიან ეს ადამიანები აგრესიულები, ნებისმიერს აქვს ეს მომენტი თუ ყველას სხვადასხვანაირად უვლინდება ავადმყოფობის გამწვავება? - არა, ყველა არ არის აგრესიული, ძალიან მცირე პროცენტია ასეთი, მაგრამ გამწვავების პროცესი ყველას სხვადასხვანაირი აქვს. ზოგადად, მაინცდამაინც აგრესიის გამოვლენის გამო ხომ არ უნდა ვუმკურნალოთ ავადმყოფს? ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს დროზე უნდა მივხედოთ, რომ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივიდეს, თავი არ მოიკლას ან რამე უბედურება არ დაატრიალოს. - რაც ზემოთ ვილაპარაკეთ, ამის გათვალისწინებთ, მათი სტიგმატიცაიაც პრობლემად რჩება?!. - ბუნებრივია, ასეა. სტიგმა რომ დაიძლიოს, ამისთვის ჩვენ ისეთი სერვისები უნდა შევთავაზოთ, რომ ავადმყოფებს კლინიკებში მისვლის არ ეშინოდეთ. ფსიქიატრიული საავადმყოფოს გარდა სხვა ალტერნატივა რომ არა გაქვს, რა თქმა უნდა, იქ წასვლა არავის უნდა. აბა, გააკეთონ წესიერი განყოფილებები ჩვეულებრივ კლინიკებში, თუ არ მივიდნენ პრობლემის მქონე ადამიანები სამკურნალოდ? - რეაბილიტაციისთვის, თერაპიისთვის საჭირო ნორმალური პირობები ისევ არ გვაქვს? - რა თქმა უნდა, არ გვაქვს. სათანადო პირობები რომ იქნება და უარესად არ დაითრგუნება, იმ გარემოში ყველა მივა, ვისაც ამის საჭიროება ექნება. დეპრესიაში რომ ხარ, თავის მოკვლა რომ გინდა, თოკიდან ჩამოგხსნიან და გეუბნებიან, ფსიქიატრიულში უნდა წაგიყვანოთო, როცა იცი, იქ რა პირობებიც დაგხვდება, არ წახვალ. მარტო სტიგმის გამო არ ითრგუნებიან ადამიანები, ამიტომ ფსიქიატრიაში არსებულ პრობლემებს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. სიმართლე გითხრათ, ბევრად უკეთესობაა დღეს, ვიდრე ათი წლის წინ იყო, ბევრი რამ მნიშვნელოვნად შეიცვალა, ბევრი საავადმყოფო გარემონტდა ისე, რომ თავზე არ დაგვემხოს, მაგრამ ბევრი ისევ გასარემონტებელია. - სულ რამდენი ფსიქიატრიული საავადმყოფო მოქმედებს ამჟამად საქართველოში? - დღეისთვის საქართველოში 11 სტაციონარული კლინიკაა. - ამბობთ, რომ ყველა მათგანში დღეს, ადრინდელთან უკეთესი პირობებია, მაგრამ საჭირო სტანდარტს მაინც ვერ აკმაყოფილებს? - დიახ, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, საჭირო სტანდარტამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. -
მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიური ან პარალიმპიური თამაშების, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს თავად პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა და ბრძანებაც ძალაში ამ დღიდან შევიდა. ხსენებულ ბრძანებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხულ პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება ეზღუდება. მოქმედი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია და არც თუ უსაფუძვლოდ. უმაღლეს სასწავლებელში ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ჩარიცხვა, უპირველესად, თავად სპორტსმენებს აყენებს შეურაცხყოფას, შემდეგ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს აკნინებს, რომელიც ძირითადად მომავალი მწვრთნელების და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აღზრდას ემსახურება. პრემიერის ბრძანება მავანს ერთგავარად უძლიერებს იმ ეჭვს, რომელიც წლების განმავლობაში ისედაც საკმაოდ გავრცელებული იყო, თითქოს, საქართველოს სპორტის აკადემია დაბალი დონის სასწავლებელი იყოს. ისიც კარგად გვახსოვს, ამ მოტივით, ახლო წარსული მისი გაუქმებაც რომ უნდოდათ. არ ვიცით, რატომ მიიჩნია ხელისუფლებამ, რომ სპორტსმენებს ან მომავალ მწვრთნელებს ინტელექტი, მინიმალური უნარ-ჩვევები, ისტორიის, მათემატიკის ან მშობლიური ენის სრულყოფილი ცოდნა არ სჭირდებათ. საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებულია აზრი (არა მარტო ჩვენთან), რომ სპორტსმენების უმეტესობა კუნთმაგარი და გაუნათლებელი ტიპები არიან. ეროვნული გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის პერსპექტივა კი სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხედულების განმტკიცებას უქადის ჩვენს სპორტსმენებს. არადა, საბედნიეროდ, ძალიან ბევრ სახეობაში გვყავს განათლებული და ინტელექტუალი სპორტსმენები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხსენებული ბრძანების შეფასება განთლების მეცნიერებათა დოქტორს, შალვა ტაბატაძეს ვთხოვეთ. - თქვენის აზრით, რატომ მიიღო პრემიერმა ეს გადაწყვეტილება, რა არის მისი მიზანი? - რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამის დასაბუთება და მიზანი ჩემთვის უცნობია. ზოგადად, უმაღლეს სასწავლებლებში სპორტსმენების შეღავათებით ჩარიცხვა და კვოტირება, ხშირად, საბჭოთა წარსულთან ასოცირდება, თუმცა რეალურად ასე არ არის. ცალკეული ადამიანებისთვის შეღავათების დაწესება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, უბრალოდ, ამას გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს. დღევანდელ ვითარებაში, ბევრ ქვეყანაში ასეა, თუკი სპორტს აქტიურად მისდევ, შეიძლება აკადემიური თვალსაზრისით წარმატებული არ იყო, რადგან სპორტი და აკადემიური წარმატება, თითქოს, ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომ ბევრი საგანმანათლებლო სისტემა ცდილობს ისეთი მოდელი შექმნას, რომ ადამიანები, ერთის მხრივ, სპორტის მიმართულებით იყვნენ წარმატებულები და ამავე დროს, აკადემიური მიმართულებითაც ჰქონდეთ განვითარების პერსპექტივა. შესაბამისად, მსგავსი საგანმანათლებლო პოლიტიკა მათთან დაგეგმილი და განსაზღვრულია სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით. ეს ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ სპორტსმენები არა მხოლოდ სპორტზე, არამედ აკადემიურ განვითარებასა და განათლებაზეც იყვნენ ორიენტირებულები. თუ პრემიერის გადაწყვეტილების მიზანი ეს არის, მაშინ ასეთი პოლიტიკა შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა მისი ბრძანება ვერ ჯდება არსებული გამოცდების სისტემის ფარგლებში. მაშინ უნდა გადაიხედოს მთლიანად ეროვნული გამოცდების სისტემა, უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემა და ამ კონტექსტში განვიხილოთ ეს მიზანი. თუმცა მეეჭვება, რომ ეს აზრი იდოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში. - სხვა რა მიზანი შეიძლება ვიგულისხმოთ? - სხვა მიზანი შეიძლება იყოს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სპორტის გაძლიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მიზანიც არ ჩანს ამ გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, მიზანს მოკლებული გადაწყვეტილების შეფასება ჩემთვის საკმაოდ რთულია, რადგან ის საგანმანათლებლო პოლიტიკას არ ემსახურება. არც ერთ ნაწილში არ ჩანს, რომ სპორტსმენებს უნდა მიეცეთ აკადემიური განვითარების შესაძლებლობა და არც მეორე ნაწილი ჩანს, რომ სპორტი გახდეს ახალგაზრდული და სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი.~ უფრო იმას ვხედავთ, რომ ინდივიდუალურად, არსებული საგამოცდო სისტემიდან გამონაკლისის სახით, ვიღაცას შესაძლებლობა უნდა მივცეთ, სპორტის აკადემიაში ჩაირიცხოს, რაც საგანმანათლებლო პოლიტიკის თვალსაზრისით, განსახილველიც არ არის. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ რაღაც სტანდარტული სისტემა არსებობს, მას უნდა მიჰყვე და გამონაკლისები არ დაუშვა. ამასთან, წინააღმდეგი ვარ იმ სტანდარტების, რაც დღეს გვაქვს უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემაში. თუ ამის გადახედვაზე იქნება საუბარი და ამ კონტექსტში რაღაც ცვლილებების შეტანაზე, გაცილებით უკეთესი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიჭირს შევაფასო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საგანმანათლებლო კონტექსტიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ კონკრეტულ ადამიანებზე გარკვეული შეღავათების ინდივიდუალურად მორგებას ითვალისწინებს. - სპორტსმენებისთვის მსგავსი შეღავათების გაწევა ხომ არ შეუწყობს ხელს მათ მიმართ დისკრიმინაციული შეხედულების გაღრმავებას, რომ ისინი მხოლოდ კუნთმაგარი და გაუნათლებელი ადამიანები არიან? - სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სპორტსმენებისთვის ისეთი სისტემების შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ აკადემიურ განვითარებას. თუ ადამიანი სპორტით არის დაკავებული, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ საგანმანათლებლო სისტემაში მისი ადგილი არ არის. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა მსგავსი ფაქტები. ბრიტანეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, არც ისე შორეულ წარსულში, მათი წარმატებული სპორტსმენებიდან ბევრი, რომლებიც სპორტს აქტიურად მისდევდნენ, მაგრამ აკადემიურ განათლებას ვერ იღებდნენ, საბოლოოდ კოტრდებოდნენ. იმიტომ, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა და განათლება, ვერ ხვდებოდნენ როგორ გამოეყენებინათ, უპრიანად როგორ დაებანდებინათ ის ფინანსები, რასაც სპორტის საშუალებით გამოიმუშავებდნენ. ამის გამო დადგა საკითხი, ეფიქრათ, როგორ შეეწყოთ ხელი იმისთვის, რომ სპორტის მიღმა ადამიანებს მიეღოთ აკადემიური განათლება და საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა, სწორედ, აქედან დაიწყო. ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველიც მსგავსი პოლიტიკა რომ იყოს, ეს მისაღები იქნებოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მიზანი არ ჩანს. სწორედ ესაა საგულისხმო. სპორტსმენს უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ რომ აბარებინებ და საქმეს უიოლებ, ხელშეწყობა კი არა, ცუდი სამსახურია. მათ სწავლაში უნდა შევუწყოთ ხელი. ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკა, რაც გაითვალისწინებს სპორტსმენებისთვის სპეციალურ გრაფიკს და შეღავათებს, მაგრამ არა იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხონ. მეორე საკითხია, რამდენად შესაძლოა, სპორტისთვის თავის დანებების შემდგომ, იქ მიღებული განათლება ცხოვრებაში გამოიყენოს, თუ ეს არის მხოლოდ ფორმალური პროცესი? - გამოცდების ჩაბარების გარეშე რომ მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებელში, გვქონდეს იმედი, რომ მერე იქ ისწავლიან რამეს? - ამიტომაც ვამბობ, ამ გადაწყვეტილების მიზანი და იდეა სპორტსმენებისთვის ხელშეწყობის სურვილი უნდა იყოს, რომ მათ განათლება მართლა მიიღონ და არა ის, რომ ბარემ უმაღლესი განათლების დიპლომი ჰქონდეთ, რა იცი, რაში გამოადგეთ. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა დიპლომი თუ ჰქონდათ, უკეთესად შეეძლოთ სამსახურის შოვნა, ვიდრე დიპლომის გარეშე. აქ საუბარი სწორედ იმაზეა, რა ტიპის ცოდნას მიიღებენ ისინი უმაღლეს სასწავლებელში? თუ მაღალი დონის ცოდნის მისაღებად ირიცხებიან უნივერსიტეტში, მათთვის წინასწარ გარკვეული აკადემიური მომზადებაც არის საჭირო. თუ დიპლომებს ვჩუქნით, რომ მერე კარგი სამსახურის შოვნა გაუადვილდეთ, ეს უკვე მახინჯი სისტემაა, როგორც დიპლომების ჩუქება, ისე ნაჩუქარი დიპლომებით დასაქმების შესაძლებლობა. ამიტომ ყველა თვალსაზრისით ძალიან ცუდი შეთავაზებაა ეს, რაზეც ვსაუბრობთ. - ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რადგან სპორტსმენებს შეეძლებათ უგამოცდოდ ჩაირიცხონ სპორტის აკადემიაში, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სპორტსმენებისთვის ან მომავალი მწვრთნელებისთვის აუცილებელი არაა გარკვეული უნარ-ჩვევების ან მშობლიური ენის, ისტორიის თუ ტექნიკური საგნების ცოდნა? - რისთვის გვაქვს მაშინ ეროვნული გამოცდები? თუკი უნივერსიტეტში მისაღებად ის კოგნიტური და აკადემიური უნარები არ არის საჭირო, რასაც ჩვენ ვზომავთ ამ გამოცდებით, გამოდის, ვაღიარებთ, რომ გამოცდებს ტყუილად ვატარებთ. შეიძლება ეს მართლაც ასეა და ამ კომპონენტში დაგეთანხმოთ, მაგრამ თუ ამ ფაქტის აღიარება ხდება, მაშინ მთლიანად უმაღლესში მიღების სისტემის ცვლილებაზე უნდა იყოს საუბარი. ხოლო, თუ სპორტსმენების შემთხვევაში, იმიტომ ვაბარებინებთ უმაღლს სასწავლებელში უგამოცდოდ, რომ მოუმზადებლები არიან და გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვამბობთ, ის კოგნიტური და აკადემიური უნარები, რომელიც უმაღლესში სწავლას სჭირდება, ამ შემთხვევაში საჭირო აღარ არის. ანუ თავშივე ვაღიარებთ, რომ ვერ ისწავლიან და თუ ვერ ისწავლიან, რატომ ვაბარებინებთ? თუ ვამბობთ, რომ ვაბარებინებთ იმისთვის, რათა დიპლომი აიღონ, ეს მეორე ტიპის პრობლემაა. გამოდის, უმაღლესში სწავლა კი არ არის მთავარი, მთავრია დიპლომი. ასეთი მიდგომა ყველა ასპექტით პრობლემურია, რადგან არ დევს მიზანი და საგანმანათლებლო პოლიტიკა მთლიანობაში გააზრებული არ არის. - ის ფაქტი, რომ წარმატებულ სპორტსმენებს სპორტის აკადემიაში შეუძლიათ უგამოცდოდ ჩარიცხვა, ხომ არ გულისხმობს იმას, რომ ამ დაწესებულებაში განათლების მხრივ ნაკლები მოთხოვნებია? - სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ რადგან სპორტსმენები არიან, სპორტის მიმართულებით გააგრძელებენ მოღვაწეობას და იმავე სახეობაში მწვრთნელები გამოვლენ, რა სახეობის სპორტსაც მისდევენ. თუ გააზრებულად გავარჩევთ ამ თემას, მაინცდამაინც მწვრთნელობა რატომ უნდა აირჩიოს ამა თუ იმ სპორტსმენმა და მეორეს მხრივ, ასე ფიქრი, ერთგვარად, მწვრთნელის პროფესიის დაკნინებაცაა. გამოდის, თუ სპორტსმენი ხარ, ავტომატურად, შეგიძლია მწვრთნელიც იყო. არადა, ასეთი არასწორი მიდგომის გამო, ზოგადად მწვრთნელების პრობლემა რომ გვაქვს, ყველამ ვიცით. ამ დროს, მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება და ამისთვის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვა კი არა, ზუსტად რომ აკადემიური განათლების მიღება და გამოცდების ჩაბარებაა საჭირო!
-
რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება გაგვიჩინოს შანსი... როგორც იქნა, ქართული სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციაში ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა ოპოზიციის წევრებიც არიან. ამდენდღიანი მითქმა-მოთქმის, ქილიკის, ერთმანეთის კრიტიკის და წავლენ-არ წავლენ, ვინ წავა, ვინ ვის დაემდურება, ვინ ვისთან დაჯდება ან არ დაჯდებას მარჩიელობის შემდეგ, თითქოს, შვებით უნდა ამოგვესუნთქა, მაგრამ ახლა იმის შიში გვაქვს, იქ ისე არ მოიქცნენ, უკრაინელების გასაშველებლები გახდნენ... უკვე, რამდენი წელია, ქართველი ხალხი ვუყურებთ და ვუსმენთ, როგორ კინკლაობს ერთმანეთს დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ბანაკი, რომელთაც ლამისაა საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააყოლონ ქვეყანა. შექმნილი გლობალური კრიზისის პირობებშიც, როცა რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს და არავინ იცის, ხვალ რა მოუვა აზრად, მათ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასულიყვნენ, საკუთარ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი დაეყენებინათ და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულიყვნენ. რატომ ხდება ასე, რატომ ვერ ვცვლით ვერაფერს სასიკეთოდ, რატომ ვრჩებით ამომრჩევლები მუდამ იმედგაცრუებული, რატომ ვერასდროს იღებს საზოაგდოება იმ შედეგს, რასაც ამა თუ იმ პოლიტიკური ელიტისგან ელოდება? Planeta.ge ამ თემაზე სასაუბროდ კანადაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ისტორიკოს ზურაბ დათუაშვილს დაუკავშირდა, რომელიც, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, ქართულ რეალობას, საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას არასდროს დაჰშორებია. - 2012 წელს ბევრს გვჯეროდა, ახალი ხელისუფლება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლიდა და როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით მრავალ წარმატებას მივაღწევდით. სინამდვილეში რა მივიღეთ? - 1990 წლიდან მოყოლებული საქართველოში სამჯერ გვქონდა რადიკალური ცვლილებების მომენტი და სამივე ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენასთან იყო დაკავშირებული. ჯერ ,,მრგვალი მაგიდა”იქცა კომუნისტების ალტერნატივად, მერე მოქალაქეთა კავშირის დაჭაობებულ მმართველობას ნაციონალური მოძრაობა ჩაენაცვლა და ბოლოს, 2012 წელს, ,,ქართულმა ოცნებამ“ კვაზიფაშიზმის პაროდიული ნაირსახეობა, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი შეცვალა.“ მოლოდინები ყველა ამ ცვლილების დროს არსებობდა. შედეგი თუ ისეთი არ დადგა, როგორსაც საზოგადოება ელოდა, ამისი მიზეზები სხვადასხვაა. გამსახურდიას, უბრალოდ, დრო არ მისცეს. შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ თავში ჩაიხარშა და გადაგვარდა. რაც შეეხება 2012 წლის ცვლილებებს, ჩემი აზრით, მათ ბუნებრივ განვითარებას გარედან თავსმოხვეულმა და არა - საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე პროექტმა შეუშალა ხელი, რომელსაც ახალფეხადგმული ბავშვებიც კი იცნობენ კოჰაბიტაციის სახელით. კითხვაზე, რა მივიღეთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფრაზა მახსენდება, როცა ესა თუ ის მომხმარებელი კვიმატ ფოტოს გამოფენს, ხოლმე, წარწერით, ,,რა შევუკვეთე - რა ჩამომივიდა.“ ცხადია, ორი აზრი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ მოლოდინი უფრო მეტის გვქონდა, ვიდრე ხელთ შეგვრჩა... 1 ოქტომბრის უდავო პოზიტივად ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ლიბერალიზაცია შეიძლება ჩავთვალოთ. მედია უფრო თავისუფალია და ოპოზიციური, გამოხატვა შეუზღუდავი და უსაფრთხო (განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს სამსახურებიდან არ ერეკებიან), ბიზნესს პოლიტიკური ნიშნით აღარ ავიწროვებენ. ეს უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამის პარალელურად არის სფეროები, რაშიც პროგრესი არ იგრძნობა. ეკონომიკა მხოლოდ ქაღალდზე ვითარდება და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე არ აისახება, იზრდება ინფლაცია, კვლავინდებურად არ გვაქვს თვისუფალი სასამართლო, ჯანდაცვა მოუწყობელია, განათლების დონე - კატასტროფულად დაბალი. არანაირი პროგრესი არ იგრძნობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. პირიქით, სამხედრო ხარჯები თანდათან მცირდება, რაც ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყნისთვის სერიოზული რისკების შემცველია. მიგრაციის მასშტაბი კატასტროფულად გაიზარდა. ჯანსაღი, შრომიუნარიანი ელემენტი ტოვებს ქვეყანას და მალე შეიძლება დემოგრაფიული კვლავწარმოების პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ. - ამ ფონზე, ჯანსაღი ოპონირების და პრინციპულ საკითხებზე დავის ნაცვლად, ვხედავთ მუდმივად საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიციური ძალებისა და ხელისუფლების კინკლაობას, ან მუდმივად თავისმართლების რეჟიმში მყოფ მმართველ გუნდს. რამდენად ნორმალურია ეს ვითარება და რა გზა არსებობს კრიზისის დასაძლევად? - რა პრეტენზიებიც არ უნდა არსებობდეს ოპოზიციური სპექტრის მიმართ, ქვეყნის განვითარებაზე, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, მმართველ უმრავლესობას ეკისრება. მშვენივრად მესმის, რამდენად დიდ პრობლემებს უქმნის მას ყოფილი ხელისუფლების, აწ უკვე ოპოზიციაში გადაბარგებული ნაცმოძრაობის დესტრუქციული საქმიანობა, რომელიც არც ფინანსურ პრობლემებს განიცდის და მედიარესურსიც საკმარისად გააჩნია, მაგრამ ეს არანაირად არ ხსნის და არც ამართლებს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნას. რაც უნდა სიმართლე იყოს, მეათე წელია გრძელდება ნაციონალური ბუათი მანიპულირება და ყველანი ვხედავთ, რომ მისი ეფექტურობა უკვე მინიმუმზეა დასული. მოსახლეობას მობეზრდა ერთი და იმავეს მოსმენა. სხვა პირობებში, მოქმედი ხელისუფლება უკვე გასტუმრებული იქნებოდა პენსიაზე, თუ 2016 წელს არა, 2020-ში მაინც. მთავარი ფაქტორი, რაც მას ჯერ კიდევ აძლევს ტივტივის შესაძლებლობას, უახლესი წარსულის მწარე გამოცდილებაა. პოლიტიკურად ინდიფერენტული მასა, პლუს გარანტირებული სახელისუფლებო რესურსი, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობას. ის, რომ ჩვენში პოლიტიკური გარემო დაჭაობებულია და სიახლეები არაა, ან თუა, ისევ შიდაჭაობურ გადაადგილებებთან გვაქვს საქმე, სწორედ ამით აიხსნება. ერთგვარად პარადოქსული სიტუაცია გვაქვს. პოლიტიკური ძალები ამ ჭაობის გაწმენდისთვის კი არა, თვითონ ჭაობის შიგნით უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად იბრძვიან. მათ უკმაყოფილებას და ცვლილებათა სურვილს მხოლოდ სანახევრო ხასიათი გააჩნია. ერთში (და ეს ერთი მუდმივ მოცემულობას წარმოადგენს) ისინი, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სოლიდარულები არიან - ჭაობი ყველას აწყობს. ჭაობი მათი არსებობისთვის გარანტირებული სივრცეა. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, რეალური ცვლილებების გარეშე, ყავლგასული მეთოდებითა და ინსტრუმენტებით განაგრძონ ოპერირება და შეინარჩუნონ ბალანსი. ეს მათთვის ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგაა, რომელიც იცავს პოლიტიკურ ველზე ახალი, ჯანსაღი ძალების შემოსვლისგან. სრულიად გეთანხმებით, ეს არაა ნორმალური მდგომარეობა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასე, მით უფრო გაღრმავდება კრიზისი. სიტუაციის შეცვლისთვის ყველამ უნდა იზრუნოს, მაგრამ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ. ეს მისი არა მხოლოდ კონსტიტუციური, მორალური ვალდებულებაცაა, თუმცა საამისო ნიშნებს ჯერ კიდევ ვერ ვხედავ და საზოგადოების რადიკალური გააქტიურების გარეშე არც გამოჩნდება. - ამ ეტაპისთვის ყველაზე აქტუალურ თემას, რუსეთ-უკრაინის ომს და საქართველოს რომ შევეხოთ, მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ქვეყნის პირველი პირების განცხადებების გამო, ახლა ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა. როგორ მოხდა, რომ ასეთი გლობალური კრიზისის დროს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით სწორი გზა ავირჩიეთ, მაგრამ ვერც შინ და ვერც გარეთ, სიმართლე ვერავის დავანახეთ; უფრო მეტიც, ყველა შესაძლო რესურსით ვეხმარებით ომში მყოფ უკრაინას და მოკეთეობა მაინც დასამტკიცებელი გვაქვს? - ყურადღებით ვაკვირდებბი ჩვენი ხელისუფლების პოზიციას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დავახასიათო, როგორც უკიდურესად ფრთხილი, იმდენად ფრთხილი, რომ ზოგჯერ ძნელია გაარჩიო, სიფრთხილე და წინდახედულებაა ეს თუ შიში. რაც არ უნდა დავარქვათ სახელად, პრინციპში, მიმაჩნია, რომ სტრატეგიულად სწორი პოზიციაა. როცა საქმე რუსეთის მსგავს ქვეყანასთან გაქვს, ყველაფერს უნდა ელოდე. იქ რაიმეს მყარი გარანტიების იმედად ყოფნა და თავის დამშვიდება შეუძლებელია. დიდ ქვეყნებზე დაკვირვებაც კი საკმარისია ამ მოსაზრების მართებულობაში დასარწმუნებლად. მოცემულობა ასეთია, ბირთვული იარაღი არის ავადმყოფი, გაუწონასწორებელი ადამიანის ხელში და იგი მას იყენებს მთელი ცივილიზებული სამყაროს დასაშანტაჟებლად. ომი გრძლელდება და არცერთი საფრთხე ჯერ კაპიტალურად არაა მოხსნილი. უკრაინისადმი დამოკიდებულების თემაში მე გამოვყოფდი სამ მდგენელს, - პოლიტიკურს, ეკონომიკურს და ვერბალურს. პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა. საქართველოს არ ჩაუგდია არცერთი საერთაშორისო ტრიბუნა პოზიციის დასაფიქსირებლად. გაეროში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში და სხვაგანაც, ყველგან, სადაც განიხილებოდა უკრაინის საკითხი, საქართველოდგას იქ, სადაც დგას ცივილიზებული სამყარო. დახმარების ჰუმანიტარულ ასპექტზე არაფერს ვიტყვი. ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას ისეთი ქვეყნებიც უწევენ, რომლებსაც პოლიტიკურად მხარდამჭერი განცხადებები არ გაუკეთებიათ. სხვა საქმეა ეკონომიკური ასპექტი. ბევრი არაფერი მესმის ამ საქმეში, მარამ იმდენს ნამდვილად ვხვდები, რომ მყიფე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ გაუაზრებელი ნაბიჯით შეიძლება უმძიმესი დარტყმა მიიღოს. მით უმეტეს, ვხედავთ, რომ სანქციებს ჩვენზე გაცილებით დიდმა და განვითარებულმა ქვეყანებმა აარიდეს თავი. თუმცა, აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. სხვა საქმეა უკვე ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირები და სულ სხვა, როცა დაწყებული ომის პირობებში ახალ კავშირებზე ფიქრობ. ალბათ, გახსოვთ, როცა რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, სანქციების ამოქმედებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქართული რძის ნაწარმზე აკრძალვა მოხსნა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, - ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვისო. ეს იყო სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი, სამარცხვინო განცხადება. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ის ბატონი მინისტრის პირადი ინიციატივა იყო? არა, ცხადია, ეს იყო მთავრობის, ვიმეორებ, სამარცხვინო პოზიცია. როცა სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყანა უთასაწორო ომშია ჩაბმული, მის მიმართ უფრო მეტი სოლიდარობაა საჭირო. მესმის, რომ ძველ ეკონომიკურ კავშირებს ვერ დაარღვევ, მაგრამ ახლებზე მაინც არ უნდა იფიქრო. ეს არაა ზნეობრივი პოზიცია. - ყველაზე მეტი პრობლემა მაინც ჩვენი ქვეყნის პირველი პირების განცხადებებს უკავშირდება? - დიახ, ვერბალური მდგენელის თვალსაზრისით სრული კატასტროფა გვაქვს. შეიძლება ვინმემ გაზვიადებად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი პერსონების მიერ გაკეთებული განცხადებები და კომენტარები ერთიმეორეზე უარესია. რეიტინგის ტრადიციული ანტიგმირები პრემიერი ღარიბაშვილი და უმრავლესობის ლიდერი კობახიძე არიან, თუმცა არც სხვები ჩამორჩებიან. რაღაც აბსურდული სიტუაცია იქმნება, - ერთი მხრივ, სრული პოლიტიკური მხარდაჭერა და მეორე მხრივ, - სერიოზული პოლიტიკისთვის წვრილმანი ჩხირკედელაობა. ჩვენი ქვეყნის უმაგალითო მხარდაჭერა, ჟარგონულად რომ ვთქვათ, მთლიანად ,,გააპუსტიაკა” თინეიჯერულმა ბუტიაობამ და პირობების წამოყენებამ. მოტივი ჩემთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ არა მისაღები. დიახ, ნამდვილად გამაღიზიანებელი ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ძებნილი ადამიანების შეფარება და მაღალ პოსტებზე დანიშვნა უკრაინის ხელისუფლების მიერ. ასევე გამაღიზიანებელია მისი პრეზიდენტის, რადას სპიკერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და რამდენიმე დეპუტატის გამონათქვამები. აღარაფერს ვამბობ ელჩის გაწვევაზე. უბრალოდ, მოცემულ მომენტში საჭირო არაა ამ თემით პედალირება. არავისთვის სასარგებლო არაა ეს, არც უკრაინისთვის და არც საქართველოსთვის. ქვეყანა მძიმე ომშია ჩაბმული. პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან. თუ ვინმეს მართებს თავშეკავება და ზომიერება, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას. - ამ ყველაფერს ახლა უკრაინაში ჩასვლა-არჩასვლაზე გაუთავებელი დავა და კამათი, ,,ვინ წავიდეს, ვინ არ წავიდეს“დაემატა. ამაზე რას ფიქრობთ? - ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად პრემიერი ღარიბაშვილი აქამდეც უნდა ჩასულიყო კიევში სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ასევე ვფიქრობ, ხელის შეშლის ნაცვლად, ხელი უნდა შეეწყოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივებისთვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი ამის გამო თბილისს დაბომბავს, ესაა სრული სისულელე. რუსეთს ჩვენს მიმართ ამ ეტაპზე აგრესიული განზრახვა თუ აქვს, მიზეზიც საკმარისად მოეპოვება, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერა. როცა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას უჭერ მხარს, ამის შემდეგ სასაცილოც კია კიევში წასვლისგან თავის შეკავება. აღარაფერს ვიტყვი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკრაინაში მიწვევის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაზე. ეს სრული მარაზმია და როცა ვიფიქრე, მორჩა, ეს უკვე მწვერვალია-მეთქი, სწორედ მაშინ გავრცელდა ეგრეთწოდებული პირობათა უსტარი, კობახიძის ავტორობით. ხვალ-ზეგ რას იტყვიან და მოიმოქმედებენ, უფალმა უწყის. საერთოდ, ამ ომის დროს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებათა ბუტიაობას რომ ვაკვირდები, სულ უფრო ვრწმუნდები,რამდენად დაბალია საქართველოს ავტორიტეტი თვით მეგობრულად განწყობილი ქვეყნის თვალშიც. კარგი იქნება, ჩვენი ხელისუფლება ამის შემდეგ მაინც თუ მაინც მიუდგება ფხიზლად მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მოხსნის ყველა გაუგებრობას. ამას ორმხრივი სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რადგან საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლის თემა დღეს, როგორც არასდროს, ისეა გადაჯაჭვული უკრაინასთან. - რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მუდმივი საფრთხეების პირობებში, რამდენად მისაღებია ,,პატრიოტთა ალიანსისა“ და ,,ალტინფოს“ იდეოლოგიის პარტიების არსებობა ქვეყანაში და რამდენად საფრთხის შემცველია მათი ვოიაჟები რუსეთის დედაქალაქში? - ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს მისწრაფებას ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ. ყოველნაირად მივესალმები ამას, მაგრამ თვალს ვერც იმ გეოპოლიტიკურ რისკებს დავუხუჭავ, რაც რუსეთის მეზობლობიდან და ექსპანსიონიზმიდან მომდინარეობს. ხომ ფაქტია, რომ მან ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობისა და დასავლეთისკენ სწრაფვის გამო დაგვსაჯა? ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონი, საერთო ფართობის 20% ოკოპირებულია. რა ვქნათ, ვიფიქროთ თუ არა ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგზე? რისი იმედი უნდა გვქონდეს აქ? მე ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. არა იმიტომ, თითქოს აქედან მეყსეულ შედეგს ველი. არა, მიზეზი სხვა რამეა. კონფლიქტოლოგიის ნებისმერი თეორია აღიარებს, რომ დაპირისპირების ყველაზე კრიტიკულ ფაზაშიც კი დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონტაქტი არ უნდა შეწყდეს. კონტაქტის შეწყვეტა უკვე ჩიხია, ან ჩიხისკენ მიმავალი გზა. ქართულ პოლიტიკას ჰაერივით სჭირდება გონივრული, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი დიალოგი რუსეთთან. თუ ისე მოხდა, რომ უკრაინასთან ომში კრემლმა სამხედრო-პოლიტიკური ფიასკო განიცადა, ეს რადიკალურად შეცვლის სიტუაციას და შეიძლება შესაძლებლობათა ახალი, გაუთვალისწინებელი ფანჯარა გაიხსნას. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ქართულმა დიპლომატიამ ქვაზე დაცემული წვეთის პრინციპით უნდა იმუშაოს. ამით, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული. ვხედვთ რამე მსგავსს? ვერ ვხედავთ. ჩვენ მთავრობას სირაქლემასავით აქვს თავი სილაში ჩარგული, თითქოს რუსეთი არ არსებობს და დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არ გაგვაჩნია. მართალია, წინამორბედების მსგავსად საქმე ომამდე არ მიუყვანიათ, მაგრამ არც რაიმე პროგრესი შეინიშნება. რის ფასად ხდება ეს ყველაფერი - წაყრუებისა დამუნჯების ფასად, რითაც სარგებლობს აგრესორი და გოჯა-გოჯა სწევს არაოფიციალურ საზღვარს ქვეყნის სიღმეში. აი, ესაა ყველა ჯურის ,,პატრიოტთა ალიანსისა“ და ,,ალტინფოს“ არსებობისა და გაჯეჯილების მიზეზი. პრობლემა ის კი არაა თავისთავად, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩრდილოურ ვექტორზე ფოკუსირებული ძალები არსებობენ. პრობლემა ისაა, რომ მათ მიმართ ნდობა არ არსებობს. მათი პოლიტიკური ვორდინგი ცალსახად კაპიტულანტურია. ისინი დაუფარავად ატარებენ პრორუსულ კურსს და საქართველოს ევრაზიულ ბუნაგში მიერეკებიან. - რატომ უშვებს ამას სახელმწიფო, მით უმეტეს, როცა მათ მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება თვალსაჩინოა? - თავმოყვარე ქვეყანაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ვალერი კვარაცხელიას მსგავსი კოლაბორაციონისტები სტუდიებიდან მტერი ქვეყნის სასარგებლო განცხადებებს ვერ უნდა ბედავდნენ და თუ გაბედავენ, ის ტელევიზია მეორე დღეს დახურული უნდა იყოს. რაიმე მსგავსი წარმოგიდგენიათ, მაგალითად ისრაელში, პოლონეთში, ფინეთში, ბალტიის ქვეყნებში? ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, რუსეთთან ცივილიზებული დიალოგის მცდელობა კი არა, ველურ, მონღოლური ფესვებით ნასაზრდოებ სისტემაში უკან შეთრევის პოლიტიკაა. ამიტომ არ ვენდობი ინაშვილებს, თარხან-მოურავებს, ალტინფოელებს. მათი არსებობა საფრთხის შემცველია არა მარტო დეკლარირებული პოლიტიკური მიზნებისთვის, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოებრიობისთვის. - ეს გაურკვევლობა როდესმე ხომ უნდა დასრულდეს, რაშია გამოსავალი? - არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. ჩვენი პოლიტიკური სისტემა იმდენად დეგრადირებულია, უახლოეს მომავალში მისი გაჯანსაღების პერსპექტივას ვერ ვხედავ ვერც ერთი მიმართულებით, მათ შორის, ვგულისხმობ ჩრდილოურ ვექტორსაც. ვინც ზედაპირზე დიდი ხანია ტივტივებს, მათი ბექგრაუნდი ცნობილია და იმდენად გაცვეთილი, რომ მოსახლეობის თვალში მინიმალური მხარდაჭერითაც ვერ სარგებლობენ. ვინც ახლა შემოდის პილიტიკაში, ჯერ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ როცა დააშავებენ, მერე გვიანღა იქნება თითზე კბენანი. ვართ ასე სცილასა და ქარიბდას შორის და ციდან ჩამოვარდნილ შანსს ველოდებით. რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება გაგვიჩინოს ასეთი შანსი და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იგი ხელიდან არ გაგვისხლტეს.