Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. კითხვა, თუ სად მიდის ეს დახმარება, უნდა დავუსვათ საქართველოს მოსახლეობას, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მტკიცებაზე, თითქოს აშშ-დან მიღებული დახმარება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიდის. "კითხვა, თუ სად მიდის ეს დახმარება, უნდა დავუსვათ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ფერმები, ასევე მოცვის, რძის პროდუქტების საწარმოები და ვინც მუდმივად იღებენ მხარდაჭერას აშშ-სგან. ასევე სტუდენტებს, რომელიც გაცვლითი პროგრამებით აშშ-ში, იქ იღებენ განათლებას, ასევე საზოგადოების ძალიან ბევრ წევრს, ვინც გაცვლითი პროგრამებით მოგზაურობს აშშ-ში. რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება მთავრობასთან თანამშრომლობით, მათ შორის თავდაცვის, სანაპირო დაცვის, სამართალდამცავი უწყებების, სასაზღვრო პოლიციის დახმარების პროგრამები და, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან. ასევე, ჩვენი დახმარების ნაწილი მიდის ძალიან კარგი არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას, რომ თითოეული ადამიანს ცხოვრება გაუმჯობესდეს. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ დახმარების ძალიან კარგი ჩამონათვალი და ისტორია გვაქვს, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და ჩვენი სურვილია, რომ ამ მრავალფეროვანი დახმარებით მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, საქართველოს თითოეულ კუთხეს. ეს იქნება მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობით თუ ასე ინდივიდუალურად და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით”, - განაცხადა დეგნანმა.
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, თუ რატომ გაიზარდა სკოლებში რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა. როგორც ჩხენკელმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, სწავლის მსურველთა ზრდა უმთავრესად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას უკავშირდება, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე ვერ აგრძელებენ. „2022 წლის 1-ლი იანვრიდან, საჯარო და კერძო სკოლებში, რუსული სკოლები არ დამატებულა, ხოლო 2 საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი გვაქვს. ამასთან გაცნობებთ, რომ 2020-2022 წლებში ავტორიზაცია არც ერთ ახალ, რუსულენოვან კერძო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია. აქვე განვმარტავ, რომ განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას, რომლის მიზანია, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე კანონის მიხედვით, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. 2021 წლის მაისის მდგომარეობით, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 14 222-ს, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, 16 042-ს. აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1 820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე ვერ აგრძელებენ. მოგეხსენებათ, რომ გასულ სასწავლო წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-23 სასწავლო წლებში, თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და ასევე გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს საკუთარი სურვილით შესაძლებლობა კვლავ ეძლევათ სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ქართულ, უკრაინულ და რუსულ, ასევე მათთვის სასურველ სხვა ენებზე. სწორედ, აქედან გამომდინარე, გაზიარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას“, - განაცხადა ჩხენკელმა. IPN
  3. „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე იმსჯელეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატით გამართულ შეხვედრაზე. ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას, ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს მოიცავს. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, აქ მოიაზრება როგორც ტურ-ოპერატორები, ისე გიდები, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების გამწევი, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი შემოდის ცალკე მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ, სავალდებულო იქნება როგორც სამთო, ისე სათხილამურო და ალპური გამყოლის სერტიფიცირება. კანონი ტურიზმის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს ტურისტული ოპერატორებისა და ტურისტების ურთიერთობას. პროექტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება, იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფა მისი შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის. იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატურია ტუროპერატორის დაზღვევა ან საბანკო გარანტია, სუბიექტმა კონკურენციის სააგენტოს წლიური და კვარტალური ანგარიში უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით, ტუროპერატორის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ზედამხედველობას კონკურენციის სააგენტო გასწევს, რასაც თავად სააგენტო არ ეთანხმება. ტურიზმის შესახებ პროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე უნდა ინიცირდეს, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროექტი პარლამენტში გაზაფხულზე დარეგისტრირდეს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, კანონპროექტი, რომელიც ტურისტული სექტორის გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას ემსახურება, მიმდინარე საშემოდგომო სესიის განმავლობაში დაინიცირდება. „ფაქტობრივად კანონი დასრულებულია, მიმდინარეობს საბოლოოდ პოზიციების შეთანხმება, რადგან ჩვენთვის, ნებისმიერი კანონის შემუშავებისას მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი იყოს ჩართული იმისთვის, რომ კანონპროეტი იყოს ქმედითი, რომ კანონი იყოს შესრულებადი და შესაბამისად ემსახურებოდეს იმ ინტერესებს, რასაც საჯარო და კერძო სექტორის ინტერესების სრულად შეჯერება და დაბალანსება ჰქვია. ამ რეფორმით მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება იმისათვის, რომ შესაძლებლობა მიეცეს სექტორს მეტი ტურისტი მოიზიდოს, უფრო უსაფრთხო გახდეს, სადაც ეს აუცილებელია და ეს იქნება როგორც ტურისტების ასევე ტურიზმის სექტორის ინტერესების დაცვით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. ინფორმაციისთვის, ახალმა კანონმა 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს. ავტორი: თამარ მუკბანიანი
  4. „ის, რაც ახლა ირანში ხდება, სახალხო რევოლუციაა“, - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი და ადვოკატი, ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამფუძნებელი, ასევე ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკური აქტივისტი და მწერალი, რომელიც წლებია სამშობლოდან შორს, დიდ ბრიტანეთშია გადახვეწილი - ირანი მან იძულებით 2009 წელს დატოვა. 75 წლის შირინ ებადი ისევ აგრძელებს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას. ამ ინტერვიუში შირინ ებადი ირანში მიმდინარე პროტესტსა და მის სავარაუდო მომავალზე გვესაუბრება, გვიამბობს იმაზე, რა სურს დღეს ირანელ ხალხს, რა მოხდებოდა, თუ „ისლამს ქალები განმარტავდნენ“, რისი ეშინია ირანის ხელისუფლებას. მოგვითხრობს თავის ამბავსაც - მუქარაზე, დევნაზე, იმაზეც, როგორ შეეწირა მის საქმესა და მიზნებს მისი პირადი ცხოვრება. EMBED SHARE შირინ ებადი ირანში მიმდინარე მოვლენებზე და არა მხოლოდ EMBED SHARE The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:000:05:150:00 - დოქტორო ებადი, დასაწყისში მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით და რას დაარქმევდით იმას, რაც ახლა ირანში ხდება? - ეს სახალხო რევოლუციაა. ირანელმა ხალხმა ამ პროტესტით აჩვენა, რომ ხალხს არ უნდა ისლამური რესპუბლიკა. ამის სანაცვლოდ ირანელ ხალხს სურს დემოკრატიული და სეკულარული მმართველობა. ხოლო დღეს, ირანში გამოყენებული ლოზუნგის, „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების“ რეალობად ქცევა, შეუძლია მხოლოდ სეკულარულ და არარელიგიურ მმართველობას. - თქვენი სიტყვებია, რომ „ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო თუ ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებენ ისეთ საკითხებში, როგორიც ქალთა უფლებები და დემოკრატიაა“ - დღეს ამ ბრძოლას ირანში მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს პროტესტი? - სამწუხაროდ, ირანის ხელისუფლება არასოდეს უსმენს ხალხის ხმას და თვალს არასოდეს ახელს. თუმცა, ეს ხელისუფლება დღეს ძალიან შეშინებულია. ამიტომაც ხდება ის, რომ პროტესტის ჩახშობის ინსტინქტი მასში უფრო და უფრო ძლიერდება და ცდილობს კიდეც ამ პროტესტის ჩახშობას. თუმცა ხედავს, რომ შედეგი ამ მცდელობებს არ მოაქვს. იმასაც ხედავს, რომ სიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო მძიმდება. - ბოლო საპროტესტო ტალღის აგორებას ირანში მაჰსა ამინის ამბავმაც უბიძგა. საპროტესტო მიტინგებზე ასობით ადამიანი მოკლეს, ასობით დაკავებულია და მათ სიკვდილით დასჯასაც კი ელით - როგორ ფიქრობთ, ეს შეასუსტებს ხალხის პროტესტს? - ამ ხელისუფლებამ, დღევანდელი მონაცემებით, უკვე მოკლა დაახლოებით 400 ადამიანი, 4000-მდე ადამიანი კი დაპატიმრებულია. ამის მიუხედავად პროტესტანტების რიცხვი, პირიქით, ყოველდღიურად იზრდება. რამ უბიძგა პროტესტს? 2022 წლის 13 სექტემბერს ირანის „მორალის პოლიციამ“ 22 წლის ირანელი გოგო, მაჰსა ამინი ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო დააკავა. დაკავებიდან სამ საათში ის საავადმყოფოში მოხვდა, სამი დღის მერე კი თქვეს, რომ ის „გულის შეტევით გარდაიცვალა“. სწორედ ამ ამბის მერე გავიდნენ ირანში ქალები (და არა მხოლოდ ისინი) ქუჩაში პროტესტის ნიშნად. მათ ჰიჯაბები მოიხსნეს და დაწვეს. ვინ ან რამ მოკლა ქალი, დღემდე გაურკვეველია, მაგრამ დღემდე არ ცხრება მისი სიკვდილის გამო დაწყებული პროტესტი, რომელმაც მთელი ირანი მოიცვა. ისლამური რესპუბლიკა დღემდე სასტიკად უსწორდება საპროტესტო აქციების მონაწილეებს, მოკლულია ასობით და დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი. ირანის საპროტესტო გამოსვლებს გამოხატვის ორიგინალური ფორმებიც ახლდა - არაერთმა ქალმა პროტესტის ნიშნად, საჯაროდ შეიჭრა თმა. ამავე ჟესტით, ირანის მიმართ სოლიდარობა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოხატა. ირანში და მის ფარგლებს გარეთაც, საჯაროდ წვავდნენ თავსაფარს. ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, პროტესტის და მოლების მმართველობის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით, ქუჩაში მიმავალ სასულიერო პირებს როგორ მოხდიან ხოლმე ჩალმას ხელის აკვრით - ჩალმის ჩამოგდება მათ მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის მძაფრი ფორმაა. - ამას წინათ, ირანიდან საქართველოში დევნილი ერთი აქტივისტი გოგო ჩავწერეთ, მარიამ შარიფი, რომელმაც მითხრა, რომ მას იმედს აძლევს ის, რომ ქალები ამ ბრძოლაში აღარ არიან მარტო ქუჩაში და რომ კაცებიც გვერდით უდგანან - თქვენი აზრით, ეს იძლევა იმედის საფუძველს? - ნამდვილად ასეა. დღეს ირანში ქალები არ არიან მარტო. მათ გვერდით მამაკაცებიც იბრძვიან. და არა მხოლოდ ისინი, სკოლის მოსწავლეებიც კი ქუჩაში არიან გამოსულები ქალების მხარდამხარ. დაახლოებით 300 მოსწავლეა უკვე დაჭერილი. - თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ დაიბადეთ განათლებული მშობლების ოჯახში, რომ მამათქვენს სჯეროდა მამაკაცსა და ქალს შორის უფლებების თანასწორობის და ამას აკეთებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში - დღეს როგორ შეაფასებდით ამ მხრივ ვითარებას ირანში - ასეთი ოჯახების რიცხვი გაზრდილია? და თუ იძლევა სამომავლო იმედს ეს ამბავი? თუნდაც ის, რომ მიმდინარე პროტესტს უამრავი ახალგაზრდა, სკოლის მოსწავლეებიც კი შეუერთდნენ - ეს იმის ნიშანი ხომ არ არის, რომ ოჯახებშიც იცვლება რაღაც? - რა თქმა უნდა. ტრადიციულ ირანულ ოჯახში უკვე ბევრი რამ არის შეცვლილი. როცა ბავშვი გამოთქვამს პროტესტს არსებული რეალობის გამო, ეს დედის და მამის სულისკვეთებაზეც ახდენს გავლენას. თურქეთში მცხოვრები ირანელი ქალი, სტამბოლში, ირანის საკონსულოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე იჭრის თმას და ასე აპროტესტებს მაჰსა ამინის სიკვდილს, 2022 წლის სექტემბერი - თქვენ გაქვთ დაწერილი ერთი სტატია, სათაურით „მოვიდა დრო, რომ ისლამი ქალებმა განმარტონ“ - როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამან პოზიტიურად იმოქმედოს რელიგიურ სინამდვილეზე? და თუ ქალებს მიეცემოდათ ეს შესაძლებლობა - როგორ განმარტავდნენ ისინი ისლამს? - ბევრი რამ, რასაც ისლამის სახელით ქალებს თავს ახვევენ, სწორედ ისლამის არასწორი განმარტებიდან მოდის. ხოლო თუ ქალებს მიეცემოდათ ეს საშუალება - განემარტათ ისლამი, ძალიან ბევრი დისკრიმინაციული კანონი, რაც ქალების წინააღმდეგ მოქმედებს დღეს ირანში, უბრალოდ აღარ იარსებებდა. თუმცა ისევ ვამბობ, დღეს ირანელ ხალხს აღარ უნდა რელიგიური მმართველობა, მათ სურთ სეკულარული სახელმწიფო. დღევანდელი ირანის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ყველა რელიგია კარგია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს აღმსარებლობის თავისუფლება და არა ის, რომ ხელისუფლებამ მოახვიოს მათ ეს თავზე. - როგორც კი ირანში პროტესტის მორიგი ტალღა იწყება, საზოგადოება მაშინვე იხსენებს ხოლმე ისლამურ რევოლუციამდელ ირანს - ვრცელდება ფოტოები - ქალები თავსაბურავის გარეშე, ფერად ტანსაცმელში, ამ ფოტოებს თავისუფალი ირანის სურნელი მოსდევს - როგორ გგონიათ, როდის დაიბრუნებს ირანი ამ ფერებს? - იცით, როდესაც მე ვამბობ, რომ ადამიანებს უნდათ სეკულარული სახელმწიფო, ეგ ყველაფერი სწორედ ასეთ სახელმწიფოშია შესაძლებელი, სადაც თავად გადაწყვეტენ, ვის როგორი ტანსაცმელი ეცმევა. და არც ჰიჯაბის ტარების წესებს განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის ორგანო. - ერთ-ერთი გამოსვლისას და ირანზე საუბრისას თქვენ ასეთი რამ თქვით: კარგი ამბავი ის არის, რომ ირანში „ფემინისტური მოძრაობა ძალას იძენს და გააგრძელებს ამას სწორი საერთაშორისო დახმარებისა და ზეწოლის პირობებშიო“ - თქვენი შეფასებით, დღეს იქ რამდენად ძლიერია ეს მოძრაობა და, მეორე მხრივ, საერთაშორისო დახმარებას და ზეწოლას რომ ახსენებთ - არის თუ არა დღეს ეს დახმარება და ზეწოლა საკმარისი, ირანში ცვლილებების მოსახდენად? - ცვლილებები, პირველ რიგში, ირანელმა ხალხმა უნდა მოახდინოს. სხვა ქვეყნების მთავრობების იმედი მეორე ადგილზე უნდა გადავიდეს. პირველი, ვინც ამ ცვლილებებს ხელი უნდა შეუწყოს და როგორც უნდათ, ისე მართონ თავისი ქვეყანა, სწორედ ირანელი ხალხია. - დღეს რის ფასად უჯდებათ ირანში მცხოვრებ უფლებადამცველებს ბრძოლა? როგორ ახერხებენ იმას თუნდაც, რომ ხმამაღლა ილაპარაკონ და მსოფლიოს მიაწოდონ ინფორმაცია, რაც იქ ხდება? - ეს ყოველწამიერი რისკია თუ ხელისუფლება რაღაცებზე მაინც ხუჭავს თვალს? - არავითარ შემთხვევაში ირანის ხელისუფლება თვალს არაფერზე ხუჭავს. ყველა ის ადამიანი, ვინც ირანში იბრძოდა, დღეს ციხეშია. 2003 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიენიჭა შირინ ებადის "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის გაწეული ძალისხმევისა და განსაკუთრებით, ქალთა და ბავშვთა უფლებებისთვის ბრძოლისთვის". მან იმ წელს ამ პრემიის კანდიდატთა შორის ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებსაც გადაუსწრო, როგორიც იყო პაპი იოანე პავლე მეორე ან ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი. - 2003 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში თქვენ მიიღეთ სწორედ ქალებისა და ბავშვების თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლისთვის, იმისთვის, რასაც მართლაც სიცოცხლის ფასად აკეთებდით - და თქვენ ხართ პირველი მუსლიმი ქალი და პირველი ირანელი ქალიც, ვინც ეს ჯილდო მიიღო - მაინტერესებს, რა შეცვალა ამ ჯილდომ თქვენს ცხოვრებაში? - ნობელის პრემიამ შესაძლებლობა მომცა, უფრო მაღალი ტრიბუნებიდან მელაპარაკა და ჩემი ხმა უკეთესად მიმეწვდინა მთელი მსოფლიოსათვის. მაგრამ ეს პრემია იმის საფუძველიც გახდა, რომ ირანის ხელისუფლებას უფრო მეტად შეჰპარვოდა ჩემში ეჭვი და ჩემი დევნაც დაწყებულიყო. - ირანის ხელისუფლებამ არა მხოლოდ კონფისკაცია გაუკეთა ნობელის ფულად ჯილდოს, არამედ, მემკვიდრეობით მიღებული მამისეული სახლიც კი ჩამომართვა. ჩემს გასაჩუმებლად ჩემი და და ჩემი მეუღლეც კი დააპატიმრეს. 2016 წლის 11 მარტის „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა: „2009 წლის იანვარში ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი თეირანში, საკუთარ ოფისში იყო, შეძახილები გაიგონა: „სიკვდილი მოღალატე ებადის" - გარეთ გაბრაზებული კაცები ყვიროდნენ. მან მაშინვე ჩაკეტა შენობის კარები და თავისი ბინისკენ გაიქვა, სადაც მისი მეუღლე, ჯავად თავასოლიანი, ფანჯარასთან იდგა და ქუჩაში ჯოხებითა და ბანერებით გადატანილ ბრბოს უყურებდა. შირინმა აკანკალებული ხელებით ადგილობრივი პოლიციის ნომერი აკრიფა და თქვა: „მგონი, ისინი აქ ჩემს მოსაკლავად არიან“ - შირინმა იცოდა მისი ლანძღვის მიზეზი - ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის აკრიტიკებდა ქვეყნის დისკრიმინაციულ კანონებს და იცავდა ყველაზე საკამათო პოლიტპატიმრებს“ - 2009 წელს შირინ ებადიმ სამშობლო დატოვა და მას შემდეგ ლონდონში ცხოვრობს. - დიახ, თქვენს წიგნში „სანამ ჩვენ თავისუფლები არ ვართ: ჩემი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის ირანში“ წერდით, როგორ განსაზღვრა თქვენმა საქმიანობამ თქვენი პირადი ცხოვრებაც. რომ გაყრით დასრულდა თქვენი ქორწინებაც მეუღლესთან, რომელიც ირანის ხელისუფლების ხაფანგში აღმოჩნდა. თუ როგორ მივიდა დაზვერვის აგენტი ბატონ ჯავადთან საკანში და უთხრა: „ახლა ებადი ხედავს თავისი საქმიანობის შედეგს. მე ბევრჯერ გავაფრთხილე იგი. ბევრჯერ ვუთხარი მას: "შენ უნდა გაჩუმდე, მაგრამ ის არასოდეს გვისმენდაო“. - ირანის ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ჩემს ქმართან მიაგზავნეს ქალი და უკანონოდ გადაიღეს ეს ყველაფერი. მას ჩაქოლვის განაჩენი გამოუტანეს და პირობაც წაუყენეს, რომ განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ აღვასრულებთ, თუ ტელევიზიით გამოხვალ და შირინის წინააღმდეგ საჯაროდ ილაპარაკებო. მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ყოველი ჩემი საჯარო გამოსვლის და ინტერვიუს შემდეგ მას ხელახლა აწუხებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მან თავისი უსაფრთხოებისთვის განქორწინება შემომთავაზა და მე ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. შირინ ებადი, 1969 წელი, როცა მან ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა - ამ გადაწყვეტილების მიღება არ იქნებოდა ადვილი, როგორ იპოვეთ თქვენს თავში ძალა, ამისთვის გაგეძლოთ? - ეს ბედისწერა მხოლოდ მე არ მრგებია. ირანში ჩემს დღეში ძალიან ბევრი ქალი იყო ჩავარდნილი. - გქონიათ მომენტი ამ ამბების შემდეგ, როცა იფიქრეთ, რომ იქნებ არ ღირდა ეს ბრძოლა? - არა. იმიტომ, რომ ჩემი უმთავრესი მიზანი დემოკრატიული და თავისუფალი ირანი იყო და ეს მიზანი იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის, რომ მე თავად წავედი ამაზე, აღმოვჩენილიყავი ციხეშიც და ამ მიზანს შევწირე ოჯახიც. - როგორ ირანზე ოცნებობთ? გეფიქრებათ იქ დაბრუნებაზე? როგორ გგონიათ, დაბრუნდებით? - ჩემი საოცნებო ირანი არის დემოკრატიული და სეკულარული ირანი. თუ ეს მოხდება, მე იქ პირველსავე დღეს დავბრუნდები. - გაქვთ ამის იმედი? - აუცილებლად. მოკლედ შირინ ებადის შესახებ შირინ ებადი 1947 წელს დაიბადა ქალაქ ჰამადანში, მოსამართლის ოჯახში. ერთი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ჰამადანიდან თეირანში გადავიდნენ საცხოვრებლად და ამიტომ მისმა ბავშვობამ ირანის დედაქალაქში გაიარა. სწავლობდა ანუშირვან სამართლიანისა და რეზა შაჰის სახელობის საკმაოდ პრესტიჟულ სკოლა-ლიცეუმებში, სადაც თავის დროზე ირანული ელიტის, კერძოდ კი, იურისტების შვილებს ასწავლიდნენ. სკოლის დასრულების შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის შემდგომ კი, კონკურსის წესით, 1969 წელს ოფიციალურად დაიწყო სამსახური როგორც არჩეულმა მოსამართლემ და ამით ერთ-ერთი პირველი ქალი მოსამართლე გახდა ირანის მთელ ისტორიაში. შირინ ებადი მოსამართლედ მუშაობის პარალელურად სწავლას განაგრძობდა თეირანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში და ის 1971 წელს წარმატებით დაასრულა კერძო საკუთრების უფლებათა სპეციალობით. 1975 წელს, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდგომ, შირინ ებადი თეირანის საქალაქო სასამართლოს 24-ე განყოფილების ხელმძღვანელად აირჩიეს და, ამრიგად, ის არის პირველი ქალი, ვინც საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელი გახდა არა მხოლოდ შაჰისდროინდელ, არამედ, საერთოდ, მთელ ირანში. ამ თანამდებობაზე მან 1975 წლიდან 1979 წლამდე, ანუ ირანის ისლამურ რევოლუციამდე, დაჰყო, შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ კი ებადიც, სხვა ირანელი მოსამართლე ქალების მსგავსად, მოსამართლის თანამდებობას ჩამოაშორეს და ეს ქალები სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე გადაანაწილეს. ებადიმ ვადამდელი პენსია მოითხოვა, მერე კი ადვოკატობა დაიწყო. შირინ ებადი იყო კიდევ ბევრი რეზონანსული საქმის ადვოკატი, კერძოდ კი, იცავდა თითქმის ყველა ხელოვანსა თუ საზოგადო მოღვაწეს, ვისაც ირანის ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნა. 1999 წელს შირინ ებადიმ, სტუდენტური არეულობისას, ამ არეულობის ერთ-ერთი მონაწილის, ამირ ფარშად ებრაჰიმის განცხადებათა საფუძველზე, წარმოადგინა სტუდენტთა ხოცვაში ირანის მაღალი ხელმძღვანელი პირების უშუალო მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც რეფორმების პერიოდის ირანის სასამართლო სისტემის ყველაზე რეზონანსული საქმის აღძვრის საფუძველი გახდა. საქმის მსვლელობისას ამირ ფარშად ებრაჰიმი და შირინ ებადი დააპატიმრეს და 2000 წელს მან სამი კვირა პატიმრობაში გაატარა. რადიო თავისუფლება ეკა ქევანიშვილი გიორგი ლობჟანიძე ეკა ქევანიშვილი გიორგი ლობჟანიძე
  5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7188 ლარი ეღირება, ევრო – 2.8213 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2419 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7272 ლარი ღირდა, ევრო – 2.8207 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2334 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ნოემბრისთვის ამოქმედდება.
  6. თბილისის საკრებულოს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ინიციატივა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ეკუთვნის, რასაც მხარს, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატები უჭერენ. როგორც პარტიის „ანა დოლიძე ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულუკიძემ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საერთო ოპოზიციურ ალტერნატიულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რათა დედაქალაქის ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებზე იყოს მორგებული. „თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტიც, გასული წლის ბიუჯეტის მსგავსად, მორგებულია კალაძის გუნდის ვიწროპარტიულ, კორუფციულ ინტერესებს და დედაქალაქის მოსახლეობის საჭიროებები კვლავ უკანა ფლანგზეა გადატანილი. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ, სოციალური პროგრამების შემცირების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს მერიის ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა. ჩვენთვის, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მნიშვნელოვანია შევიმუშაოთ საერთო ოპოზიციური ალტერნატიული დასკვნები, შენიშვნები და რეკომენდაციები, ერთობლივი ძალით ვიბრძოლოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ თბილისს ჰქონდეს ბიუჯეტი, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული“, – განაცხადა ნინო წულუკიძემ. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია გამოეხმაურა. როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, ეს არის შირმა, გაკეთებული პიარისთვის, რომ ისაუბრონ, რაღაც სამუშაო ჯგუფი შექმნეს. ,,ოპოზიციას ისედაც აქვს ვალდებულება, თავისი შენიშვნები წარმოადგინოს ბიუჯეტთან დაკავშირებით. საერთოდ ვერ ვხვდები, რა საჭიროა დამატებით ასეთი სამუშაო ჯგუფების შექმნა. ეს არის, შირმა, გაკეთებული პიარისთვის, რომ ისაუბრონ, რაღაც სამუშაო ჯგუფი შექმნეს. რაც შეეხება ბიუჯეტს, 2023 წლის თბილისი ბიუჯეტი 133 მილიონით არის გაზრდილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა იმ გამოწვევას პასუხობს, რაც დღეს დედაქალაქს აქვს. ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული. მისი 40 პროცენტი გათვალისწინებულია სოციალური მიმართულებით. საუბარი, რომ ბიუჯეტს პრობლემა აქვს სოციალური მიმართულებით არის აბსურდი, ან ბიუჯეტის წაკითხვის არ ცოდნა“, – განაცხადა გრიგოლიამ. ავტორი - მაკა არჩევნიშვილი
  7. პრემიერი ლექციას კითხულობდა, არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფაო, მაგრამ ყველას გვახსოვს, ღარიბაშვილი და მისი გუნდი, როგორ ეძახდა ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, მოღალატეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მისივე თქმით, პერსონალურად პრემიერმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს, რომ „ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როცა საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, „ტრიოს“ კონტექსტში“. „პრემიერი ლექციას კითხულობდა, თურმე არ შეიძლება შეურაცხყოფაო. დიახ, ნამდვილად არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფა, მაგრამ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი მისი პოლიტიკური გუნდი როგორ ეძახდა მის ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, მოღალატეს. ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ამიტომ უხერხულია, პერსონალურად თქვენი მხრიდან და თქვენი გუნდის მხრიდან ვინმესთვის იმის მოწოდება, რომ შეურაცხყოფა არ შეიძლება. რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, პირადად ჩემთვის ეს არის ყველაზე მძიმე. პრემიერის გამოსვლას უყურებენ ახალგაზრდები, რომლებიც არიან იმის მოლოდინში, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, ანუ ქვეყანა გადადგამს ნაბიჯს წინ ევროპული მომავლისკენ, თუ უკან, ბნელი საბჭოური წარსულისკენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დღეს საქართველოს ახალგაზრდებისთვის. ამ დროს კი, ახალგაზრდები უყურებენ, რომ მთავრობის მეთაური დგას ტრიბუნასთან და ისევ წარსულზე, 15 წლის წინანდელ რეალობაზე გვესაუბრება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ, რა არ გააკეთა და რა გააფუჭა პერსონალურად პრემიერმა ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მე გეტყვით, რა გააკეთეთ. გააკეთეთ ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე უკვე ოფიციალურად დასვით სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელად, ანუ მზად ხართ, პირადად თქვენ და მთელი თქვენი პოლიტიკური გუნდი, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მოახერხეთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როცა საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, „ტრიოს“ კონტექსტში. მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები. პირადად თქვენ, თქვენმა გუნდმა მოახერხეთ და გააკეთეთ ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 183%-ით არის გაზრდილი“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა. ავტორი - თამარ წიკლაური
  8. ევროკავშირმა, მთლიანობაში, 68 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა, - ინფორმაციას Politico ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქტივების დიდი ნაწილი (50 მილიარდი ევრო) ბელგიასა და ლუქსემბურგში (5.5 მილიარდი ევრო) დააყადაღეს და ამ ორ ქვეყანაზე, გერმანიასთან, ირლანდიასთან, იტალიასთან, ავსტრიასა და საფრანგეთთან ერთად, გაყინული აქტივების 90%-ზე მეტი მოდის. Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსეთის ეროვნული რეზერვები, შესაძლოა, 33.8 მილიარდ ევროს აღწევდეს, თუმცა ეს მაჩვენებელი სავარაუდოა და ჯერ კიდევ შეფასების ეტაპზეა. იპნ
  9. როგორც ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამოარკვიეს, ანტიბიოტიკების კურსის მიღების შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა, დაკავშირებულია თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან. კვლევის მიმდინარეობისას, სპეციალისტებმა შეისწავლეს თაგვების სიცოცხლის ნაადრევ ეტაპზე ანტიბიოტიკების შეყვანის ხანგრძლივი ეფექტები. საკვლევ ცხოველებს აკვირდებოდნენ პრეპარატების - ამპიცილინისა და ნეომიცინის - მიღების დაწყებიდან ხანდაზმულ ასაკამდე (102 კვირა). ანტიბიოტიკები სერიოზულად ამცირებდნენ მიკრობიომის მრავალფეროვნებას, რის შემდეგადაც ნაწლავში მრავლდებოდა მიკრობიოტის ორიდან ერთ-ერთი ნაკრები, რომლებიც მკვლევარებმა აღნიშნეს როგორც PAM I და PAM II შესაბამისად. PAM II-ის მქონე თაგვებში აღინიშნა ინსულინის მიმართ მომატებული მდგრადობა, რაც მიუთითებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევასა და სხვადასხვა, მათ შორის ღვიძლის და ტვინის ქსოვილში ანთების გაძლიერებაზე. გრიპის ვაქცინაციის შემდეგ მათში ასევე მცირდებოდა ანტისხეულების გამომუშავებაც. თაგვები კვდებოდნენ დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ის ცხოველები, რომელთაც ჰქონდათ PAM I, მაშინაც კი, როდესაც ორივე შემთხვევაში ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობა მოდიოდა ნორმაში. კვლევის წამყვანი ავტორი, ფლინდერსის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლინი აცხადებს: „კვლევის შედეგებით, ნაწლავის მიკრობიომის იმ ტიპს, რომელიც ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ სახლდება ნაწლავში, გააჩნია ძუძუმწოვარა ორგანიზმის იმუნური სისტემის გადაპროგრამირების მეტი შესაძლებლობა ხანგრძლივი შედეგებით, რომელიც ასევე შეიძლება ეხებოდეს სიცოცხლის ხანგრძლივობასაც.“ ლალი ჩხიკვაძე
  10. საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე, Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე “Globalize UK 2022“ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.
  11. ისრაელმა მილიონი ამერიკული დოლარით დააფინანსა სტრატეგიული მასალები უკრაინისთვის და ნება დართო ნატოს ქვეყნებს, რომ უკრაინას გადასცენ შეიარაღება, რომელიც ისრაელში შემუშავებულ კომპონენტებს შეიცავს. როგორც გაზეთი „ჰაარეცი“ წერს, ამასთან ისრაელის ხელისუფლება ითხოვს, რომ არ გამჟღავნდეს ეს გარიგება, რათა „არ განრისხდეს პუტინი“. ჟურნალისტების ცნობით, ისრაელის მთავრობას ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგა აშშ-ებმა, რომელიც რუსეთთან ომში ჩაფლული უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი დონორია. ვაშინგტონს სურდა, რომ ისრაელს უკრაინისათვის საზენიტო ბატარეა გადაეცა. მაგრამ ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად ისრაელი დაეთანხმა მხოლოდ „სტრატეგიული მასალების“ დაფინანსებას. გამოცემა არ აზუსტებს, თუ რა მასალებზეა საუბარი, რადგან წყაროებმა ითხოვეს, რომ ეს ინფორმაცია არ გამოქვეყნებულიყო. მანამდე ისრაელი გამუდმებით უარს ამბობდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. გაზეთ „ჰაარეცის“ თანახმად, ისრაელის ხელისუფლება შიშობს, რომ უკრაინის ნებისმიერი სამხედრო შეიარაღების მიწოდება განარისხებდა პუტინს, რომელიც ამის საპასუხოდ შეზღუდავს ისრაელის მოქმედების თავისუფლებას სირიაში ირანის პოზიციებზე თავდასხმისთვის. ისრაელი, რომელიც ახალ მთავრობას 1 ნოემბრის არჩევნებზე აირჩევს, შემოიფარგლა ჰუმანიტარული დახმარებისა და თავდაცვითი მოწყობილობების მიწოდებით. ახლახან მან უკრაინელებს შესთავაზა დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო თავდასხმის შეტყობინების საგანგაშო სისტემის შექმნაში. ისრაელმა, სხვა საკითხებთან ერთად, განათავსა საველე საავადმყოფო უკრაინელი ლტოლვილებისთვის, უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას გიგანტური გენერატორებით, დაამონტაჟა უკრაინაში ერთნახევარ მილიონზე მეტი მოცულობის წყლის კონტეინერი და წყლის გამწმენდი სისტემა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის და მოითხოვა, რომ ისრაელის ლიდერებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნის საკითხს გადახედონ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც ისრაელის ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, საარჩევნო კამპანიის დროს უკრაინაში ომის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ განიხილავს უკრაინის საზენიტო ბატარეებით მომარაგების შესაძლებლობას. თუმცა, მეორეში მან შეაქო ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა, რომელმაც თავი შეიკავა ასეთი შეიარაღების უკრაინისათვის გადაცემისგან. რადიო თავისუფლება
  12. შრომის ინსპექციის სამსახურმა დღეს, 18 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის გამო, რასაც ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დასაქმებული კი დაშავდა ,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. შრომის ინსპექციის პირველადი ინფორმაციით, „ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება“. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საწარმოს მუშაობის უფლება შეუჩერეს. სს ,,რუსთავის აზოტის“ ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურმა კრიტიკული შეუსაბამობები დაადგინა და სამუშაოები შეუჩერა 2022 წლის ივლისშიც. 2021 წელს შრომის ინსპექციის სამსახურმა სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად ობიექტის მიმართ 32 მითითება გასცა, რომლებიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ. „შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად სს ,,რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით. ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია შრომის ინსპექტირების სამსახურის განცხადებაში. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ნათია გელაშვილის თქმით, "რუსთავის აზოტში" დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ სიმაღლიდან ვარდნისას მიღებული ზედაპირული დაზიანებები აქვთ. ექიმის თქმით, დაშავებულებს პირველადი დახმარება გაეწიათ. ამჟამად იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. მომხდართან დაკავშირებით საწარმოს წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. შსს-ში განაცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო-სამრეწველო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ამიაკის სინთეზის საამქროს მიმდებარედ, მაცივრების რემონტის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. ერთი ადამიანი გარდაცვლილია, ორი - დაშავებული. რადიო თავისუფლება
  13. ფოთის პორტის სატვირთო ტერმინალის სიახლოვეს ორი ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები სახლში მტვერს დღეში რამდენჯერმე წმენდენ. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ მათ ავეჯზე დალექილი მტვერი სხვანაირია - მძიმე და შავი. ზუსტად ისეთი, როგორიც გზის გადაღმა, 100 მეტრში პორტთან დაყრილი ტვირთის მთები აყენებენ. მაგრამ ამ მსგავსებას ვერც ფოთის მერია ხედავს და არც გარემოს დაცვის სააგენტო აღიარებს. პორტის მახლობლად მცხოვრები ასი ოჯახი კი უკვე მესამე წელია, სუნთქავს მტვერს, რომელიც ტყვიას შეიცავს. ყურადღება მათ ვერც ქუჩის გადაკეტვით და ვერც სასამართლოში ჩივილით მიიპყრეს. ამ ოჯახებმა, რომლებმაც დევნილობა გამოიარეს და ბინების დაკანონებას წლები შეალიეს, ახლა აქედან გადასვლაზე ოცნებობენ. ნაბადის უბანი - დაბინძურების ეპიცენტრი “შეუძლებელია ფანჯრის გაღება, სტუმრის მიღება. ბავშვები შავი ფეხისგულებით დარბიან ხოლმე ზაფხულში”, - ამბობს თეკლე სოსელია. მისი ფანჯრები საგულდაგულოდაა ჩარაზული და იატაკი გაპრიალებული, მაგრამ ფანჯრის რაფაზე მაინც ჩანს შავი მტვრის ნალექი. მტვერთან ერთად ხმაურიც შემოდის: გარეთ, ტერმინალ “ტრანსფორდში” ამწე შავ ქვიშას ტვირთავს, ფანჯრების ქვეშ კი განუწყვეტლივ მოძრაობენ ღიასაბარგულიანი სატვირთოები. ოთახში ბავშვები თამაშობენ და თეკლე ფანჯარას კეტავს. მტვერი თეკლეს ფანჯარაზე “ჩემს ბავშვებს ყველაზე მეტი ტყვია აღმოაჩნდათ - განსაკუთრებით საბას”, - ამბობს ის. თეკლე იმ კვლევას გულისხმობს, რომელიც აქაურებმა ჩაატარეს, როცა მიხვდნენ, რომ ჯანმრთელობა უუარესდებოდათ. დააფუძნეს სამოქალქო ორგანიზაცია “ფოთელები - საკუთარი უფლებებისთვის” და პირველ რიგში, ბავშვები შეამოწმეს. კვლევა 2020 წელს ფოთელებს “ქალთა ფონდმა” დაუფინანსა. ოცი გამოკვლეული ბავშვიდან, 10-ს ტყვია აღმოაჩნდა, რომელიც ნორმას, საგრძნობლად აჭარბებდა, ოთხ ბავშვს ორგანიზმში სპილენძის გადაჭარბებული რაოდენობა ჰქონდა, კიდევ ერთს - რკინის. “საბას სისხლში 14 მგ/დლ ტყვია იყო. ანანოს აქვს 10, დანარჩენ ორ გოგოს შედარებით დაბალი, მაგრამ ნორმას (5 მიკროგრამი დეცილიტრზე - რ.თ.) აჭარბებს. საბამ რამდენჯერმე გონება დაკარგა. შემეშინდა და ვცდილობთ, რომ აქედან წავიდეთ. სულ ვფიქრობ იმაზე, როგორი მომავალი ექნებათ ჩემს შვილებს, ვერც გამოკვლევებს ვუტარებ, რა წამლებია საჭირო, ისიც არ ვიცი. როცა გემი იტვირთება და მიდის, აქ საშინელება ხდება. ყველგან მტვერია - იატაკზე, ფანჯრებზე… ვერ დაიცავ ბავშვებს”. მშობლებმა კვლევის შედეგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გაუგზავნეს. ცენტრმა ბავშვების ჯანმრთელობის დეტალური კვლევა ფოთის მერიას გადააბარა. მერიის შუამავლობით „ევექსი ჰოსპიტალსმა“ ჯავახიშვილის ქუჩის 52 და ფოთის სხვა უბნებში მცხოვრები კიდევ ამდენივე, ანუ სულ 104 ბავშვი კომპლექსურად გამოიკვლია. შედეგები ისევ შემაშფოთებელი გამოდგა - 34 ბავშვის ორგანიზმში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. მათი უმეტესობა ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. ამის შემდეგ, ბავშვები იაშვილის კლინიკის პედიატრებმა შეამოწმეს. მშობლები ამბობენ, რომ ზედაპირულად. შემოწმების შემდეგ ექიმებმა მათ შვილებს უბრალოდ, ვიტამინების დალევა ურჩიეს. „ევექსის“ თანამშრომლების და იაშვილის კლინიკის პედიატრების მომსახურებაც სახელმწიფომ დააფინანსა, თუმცა კვლევა ამით დაასრულა. 2022 წლის ივლისში ჯავახიშვილის ქუჩაზე ორგანიზაცია “სუფთა დედამიწამ” (Pure Earth) ნიადაგი და მტვერი შეამოწმა, მკვლევრებმა ოჯახების საყოფაცხოვრებო გარემო შეისწავლეს და დაადგინეს, რომ პორტის მხარეს ფანჯრიდან ბინებში დაგროვებულ მტვერში, ტყვიის შემცველობა 94 PPM იყო, რაც ნორმის ზღვარზეა. “სუფთა დედამიწამ”, ფოთელების სამოქალაქო ორგანიზაციის აქტივისტის ელისო ჯანაშიას თხოვნით, ქალაქში კიდევ ერთი კომპანიის - “კაუკასუს მეტალ ტერმინალის” ტვირთი შეამოწმა ჭავჭავაძის ქუჩაზე. ანალიზის მიხედვით, ორივე ნიმუშში მაღალი იყო ტყვიის, სპილენძისა და დარიშხანის შემცველობა. სპილენძით გამწვანებული ქვები ფოთში “ყველა ეს ნივთიერება იყო ჩვენ მიერ შემოწმებულ ბავშვებში, დარიშხანის გარდა, რომელზეც ანალიზი არ ჩაგვიტარებია. ჩვენ მერე ვითხოვდით დაბინძურების წყაროს გამოვლენას. ადგილობრივ თვითმმართველობაში გვიპასუხეს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და არ თვლიან, რომ საჭიროა წყაროს შესწავლა”, - ჰყვება ელისო ჯანაშია. კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ვერიკო ლაღიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კვლევის შესახებ არაფერი იცის და აქტივისტებმა კომპანიას წერილობით უნდა მიმართონ, მიუხედავად იმისა, რომ ფოთელებმა კვლევის შედეგის შესახებ შეატყობინეს. სანიაღვრე არხი "კაუკასუს მეტალს ტერმინალის" მახლობლად ანჟელა ბეჭვაია “კაუკასუს მეტალ ტერმინალის” მახლობლად და ლითონის გადამამუშავებელი ქარხნის პირდაპირ ცხოვრობს. მის შვილებს ისეთივე ჩივილები აქვთ, რაც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. “ტყვია და სპილენძი აქვს ოთხივეს სისხლში - ანალიზმა აჩვენა. არ იცხოვრება აქ, ისეთი ამბავია. მტვერი არის, კვამლი, გაზის სუნი. გონებას კარგავდა ბიჭი, ბევრჯერ მყავდა ცუდად. მეშინია, ახლა დანარჩენმა სამმა არ დაიწყოს იგივე. უბრალოდ გადამიყვანონ, მეტი არაფერი არ მინდა, შვილების გადარჩენა მინდა“. ფოთში, ნაბადის უბანში ცხოვრება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება: აქაურობას ზემოდან თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ უბნის უდიდესი ფართობი სატვირთო ტერმინალებსა და საწარმოებს უკავია, საცხოვრებელი სახლები კი მათ უშუალო სიახლოვეშია. ფოთში არაერთი მსხვილი კომპანია გარემოს დაბინძურებისთვის რამდენჯერმე დააჯარიმეს კიდეც, თუმცა იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია ანჟელა ბეჭვაიას “მეზობელი” შპს “მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია”, რომელსაც სექტემბერში სასამართლომ საქმიანობის უფლება შეუჩერა. ანჟელა ბეჭვაია შვილებთან ერთად. უკან მეტალურგიული ქარხანა ჩანს “[მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია] შემდეგი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას იმ პირობით, რომ ყოველდღე განახორციელებს თვითმონიტორინგს და მოგვაწვდის შედეგებს”, - გვითხრა გარემოს დაცვის სააგენტოს ინსპექტორმა, თვალმაისა ვეკუამ, რომელმაც საწარმო არაერთხელ შეამოწმა და ბოლო, 45 000-ლარიანი ჯარიმაც გამოწერა. 14 ნოემბერს ფოთელების ფეისბუკჯგუფში კი კვლავ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც საწარმოს სქელი კვამლი ასდის. ფოთელებმა საკუთარი სახსრებით და ინიციატივით არაერთი მტკიცებულება შეაგროვეს, რომ სახელმწიფოს მათი პრობლემები დაენახა, თუმცა უშედეგოდ. მყარი ნაწილაკები ჰაერში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა პეტიციით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური მოითხოვეს. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური უბნის სტადიონზე 2021 წლის ივლისში დაიდგა და 2022 წლის იანვრამდე იმუშავა, თუმცა ვალიდურად მისი მუშაობის მხოლოდ პირველი ხუთი თვე ჩაითვალა, რადგან ამის შემდეგ, სააგენტოს ცნობით, სადგური ტექნიკურად გამართული აღარ ყოფილა. სადგურის მონაცემებმა ფოთელების შიში გაამძაფრა. ამ ხუთი თვის განმავლობაში, ჯავახიშვილის ქუჩის ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობა წლიურ ნორმას აღემატებოდა. მყარი შეწონილი ნაწილაკებისთვის საქართველოში, ევროკავშირის დირექტივით, ზღვარია დადგენილი - 35 დღე წელიწადში. ფოთში კი, ხუთი თვის განმავლობაში ჰაერი 51 დღე იყო დაბინძურებული. ტერმინალი საცხოვრებელი სახლებიდან 100 მეტრშია “მტვერი იყოფა ორ კატეგორიად - 10 ნანომეტრი დიამეტრის და 2.5 ნანომეტრი დიამეტრის. ეს ძალიან წვრილი ნაწილაკებია და იოლად ხვდება ფილტვებიდან სისხლში. ეს მტვერი შეიძლება იყოს ყველაფერი, მძიმე მეტალი, ნახშირბადი, მომწამლავი ნივთიერებების ჯგუფი და ეს ნაწილაკები თუ ხვდებიან სისხლში დიდი ოდენობით, ან მცირე რაოდენობით, მაგრამ პერმანენტულად - აქაც ორი ტიპის მოწამვლაზე შეიძლება ვისაუბროთ - ერთი არის პერმანენტული მოწამვლა მცირე დოზებით, და მეორე არის ერთიანად მოწამვლა დიდი ოდენობით”, - ამბობს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე. თეკლე სოსელიას ბავშვებს სისხლში მაღალი რაოდენობით ტყვია აღმოაჩნდათ ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მონაცემებს შეშფოთებით ადევნებდნენ თვალყურს. მათი მოთხოვნით ყოველდღიური ანგარიში ერთ-ერთ მეზობელს ეგზავნებოდა. უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამჯერად მაინც გარემოს დაბინძურების უტყუარი საბუთი ხელში ეჭირათ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ეს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაირკვა. “ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა ახსენა, რომ სადგურს არ გაუზომავს ფონური დაბინძურება, არამედ მხოლოდ ლოკალური, რადგან სადგური იმ ადგილზე იდგა, რომელიც მოსახლეობამ თავად შეარჩია. ამის გამო მონაცემები air.gov.ge პორტალზე არ იტვირთებოდა“, - ამბობს ელისო ჯანაშია და ამატებს: “ეს ასეა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხომ ჩანს, რომ იმ ადგილზე ჰაერი ბინძურია?” ელისო ჯანაშია ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო. ჯავახიშვილის კორპუსის მცხოვრებლებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოგვიანებით, გარემოს ზედამხედველობის სააგენტომ ფოთელებს წერილობით უპასუხა, რომ სადგურის ხუთთვიანი მუშაობის გამო სააგენტო ვერ იმსჯელებს ფოთის ჰაერზე წლიურ ჭრილში. დოკუმენტს ხელს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი, ნანა ჩინჩილაკაშვილი აწერს და ამავე დოკუმენტში აღნიშნავს, რომ შეწონილი ნაწილაკების გადაჭარბება “უმნიშვნელოა”. ჯავახიშვილის ქუჩაზე, სახლებში შავი მტვერი გროვდება სადგური 2021 წლის 22 იანვარს გამოირთო, მაგრამ სტადიონზე კიდევ თითქმის წელიწად-ნახევრით დარჩა რადგან სადგურს სააგენტოს თბილისში ფოთელები არ ატანდნენ: უნდობლობის გამო, ხალხი მონაცემების ვალიდურობის აღიარებას მოითხოვდა. 2022 წლის ოქტომბერში, ამას, ფორმალურად, მიაღწიეს და სადგური გარემოს დაცვის თანამშრომლებს მხოლოდ მას შემდეგ გაატანეს, რაც სააგენტოს უფროსმა თამარ ფიცხელაურმა ხელმოწერით დაუდასტურა ხუთი თვის მონაცემების უტყუარობა*. “[დანადგარი] თითქმის ორი წელი დატყვევებული გვყავდა, სანამ დასკვნას არ დაგვიდებდნენ. ქალბატონმა თამარმა ხელი მოაწერა და გვითხრა, სასამართლო პროცესი თუ იქნება, დაგეხმარებითო”, - ამბობს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე რამაზ კუბეცია. 2021 წლის აპრილში მაია კალანდიამ, მონიკა გამისონიამ, ლუბა ჩალაიამ და ნათია ნოდიამ ყველა მასალა შეკრიბეს და ფოთის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოთის საქალაქო სასამართლოში უჩივლეს. მოსახლეები სახელმწიფო სტრუქტურებს სთხოვდნენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებას. სხდომა დღემდე არ დანიშნულა. ფოთის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად, 2022 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. გარემოს დაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უპასუხეს, რომ გეგმებს ხელი პანდემიამ შეუშალა და სტანდარტების დამტკიცება 2023 წლის შუა პერიოდისთვის გადაიდო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების საკითხი ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფო დონეზე სულ ცოტა კიდევ ნახევარ წელს არ დადგება. “გადავადება დაავადებად გვექცა, სულ გადავადების რეჟიმში ვართ. მსგავსი გეგმა მიიღეს რუსთავში, არ სრულდება გადასარევად, მაგრამ გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვკვეთოთ, რომელი კომპანიები არ ასრულებენ, არ მისდევენ ამ გეგმას და, შესაბამისად, უფრო დიდი ზეწოლა წამოვიდეს ამ კომპანიებზე. ფოთში ისიც არაა გარკვეული, ვინ როგორ და რანაირად აბინძურებს, იმიტომ რომ არ გვაქვს მონიტორინგის გეგმა”, - ამბობს მანანა ქოჩლაძე. მდიდარი კომპანიები, პატარა ჯარიმები ტერმინალ “ტრანსფორდის” თანამშრომლები ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს არ ელაპარაკებიან, კომპანიამ რადიო თავისუფლებასაც კომენტარზე უარი უთხრა. ტერმინალი უწყვეტად მუშაობს - აქ ათასობით ტონა ტვირთი შემოდის და გადის, მანქანებით, რომელთა უმეტესობა გადაუხურავია. მტვერი სწორედ ამ დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დგება. კომპანია დაარსდა 2013 წლის აგვისტოში - დირექტორი ვასილ მაზიაშვილია. “ტრანსფორდში” 75%-იან წილს ფლობს შპს „პეის ჯორჯია“, 25% ეკუთვნის აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანია Pace International LLC-ს. “პეის ჯორჯია” ქართულ-ამერიკული კომპანიაა, რომელიც ფოთის პორტში თითქმის 30 წელია საქმიანობს. კომპანიისგაფართოებას 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით აფინანსებს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია“. ამ კომპანიის დირექტორს და მეწილეები არიან: ირაკლი თათეიშვილი - დირექტორი ლაურა ლარიონი - 38% ირაკლი თათეიშვილი - 10% თამაზ კაპანაძე - 4% ირაკლი კერვალიშვილი - 38% თეიმურაზ კერვალიშვილი - 10% ყველა მათგანს 2017-2021 წლებში “ქართული ოცნებისთვის”, ჯამში, 8,9 მილიონი აქვს შეწირული. შპს “ტრანსფორდი” მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევისთვის, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. ეს საწარმო დღემდე არაა იდენტიფიცირებული, როგორც დაბინძურების წყარო და არცერთხელ არ გაჩერებულა. “კარბამიტი, ალუმინის პუდრა, ე.წ. კოქსიდი, ნახშირი, კლინკერი. როცა ქარია, გვიწევს ამ ყველაფრის სუნთქვა. მე პირადად იქ ვმუშაობ, მანქანაზე, მაქედან ვიცი ყველაფერი, ყველა ტვირთის დასახელება. დირექტორთან, უსაფრთხოების უფროსთან კარგი, ადამიანური ურთიერთობა მაქვს და ბევრჯერ მქონია ამ თემაზე საუბარი. როგორც ისინი ამბობენ, ყველანაირი საბუთები აქვთ იმისა, რომ ტვირთები გადაზიდონ, ვინც ჩვენც მოგვცა მაგ ყველაფრის დამუშავების უფლება, მაგათთან მოაგვარეთ ეს პრობლემებიო”, - ამბობს რამაზ კუბეცია, რომელიც საწარმოს მოპირდაპირედ ცხოვრობს და იქ მუშაობს. ფოთში ხილულ, გაზომილ, კვლევებით დადასტურებულ დაბინძურებას არც კომპანიები და არც სახელმწიფო აღიარებენ, გარემოს დაცვის სააგენტოს ძირითადი ინსტრუმენტი კი ჯარიმებებია. ჯარიმების დიაპაზონი 5000-დან (ადმინისტრაციული) 50 000-მდე (სისხლის სამართლის მუხლები) მერყეობს. ამავდროულად, ამ სტატიაში ნახსენები კომპანიების წმინდა მოგებაა: “ტრანსფორდი” - 12 მილიონი “პეის ჯორჯია” - 17 მილიონი “მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია” - 5,6 მილიონი “კაუკასუს მეტალ ტერმინალი” - 3,8 მილიონი “ჯარიმა ძალიან მიზერულია, - ამბობს მანანა ქოჩლაძე, - ამას ემატება იშვიათი შემოწმება, თუ გავითვალისწინებთ ობიექტების სიმრავლეს და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის რესურსებს. თუ ადამიანებმა ხშირად არ იჩივლეს და არ დაგროვდა ჯარიმები, თუ სისხლის სამართლის დანაშაულზე არ წავიდა საქმე, მაშინ რეალურად არ მუშაობს. ფოთში, ქუჩაში გავლაც საკმარისია, რომ დაინახო დარღვევა. ლოგიკური დასკვნაა, რომ თავს არიდებენ შემოწმებას. როცა ასეთი თვალნათელია დარღვევა და დაჯარიმებები არ აქვს საწარმოს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა მფარველობს, და მეორე, ჰყავს დასაქმებული ბევრი ადამიანი და ამით სპეკულირებს”. გადასახლების მაგივრად - ვაჭრობა “ყველანაირი საბუთი გვაქვს - ჰაერი, ნიადაგი, ხმაური, კატასტროფული ანალიზები, ისე ვიძახით, თითქოს წარმატებას მივაღწიეთ”, - ხუმრობს ვეფხვია გულედანი. ეს ის კაცია, რომელმაც 2021 წელს ფოთში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს პრობლემის მოგვარება პირადად სთხოვა. “დაგვპირდა, კიო, გავაკეთებთო და მე გამიხარდა. მაშინ ვთხოვეთ. ახლა მოვითხოვთ”. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მუნიციპალიტეტი ჯავახიშვილის ქუჩის 2 კორპუსის ბინადრებს ახალ ბინებს დაჰპირდა, მშენებლობის პერიოდში კი ქირით გადასვლა შესთავაზა. რადიო თავისუფლებასთან ფოთის მერია არ აზუსტებს, რა თანხას გამოყოფს ქირისთვის, თუმცა მოსახლეებმა გვითხრეს, რომ თვიურად დაახლოებით 300-500 ლარია. ქონების გაქირავების პორტალზე ამ ფასად ფოთში 5-6 განცხადება თუ იძებნება. "იმ ფასად, რაც სახელმწიფომ შემოგვთავაზა, ვერაფერს ვიშოვით. თანაც, ფასები გაიზრდება თუ ცნობილი გახდება რომ ასი ოჯახი ბინას ეძებს ფოთში" - მონიკა გამისონია ორი კორპუსის მიმდებარედ მიწა მაისში აუქციონზე გაიყიდა. ინვესტორსა და მოსახლეობას ფოთის მერია შუამავლობს. კორპუსის მცხოვრებლებს კვადრატულ მეტრში დაახლოებით 600 აშშ დოლარს სთავაზობენ, მაგრამ ამ ფასად გასვლაზე თანახმა არ არიან - ჯანმრთელობის კომპენსაციისა და საბაზრო სიტუაციის გათვალისწინებით ითხოვენ 800$-ს კვადრატულ მეტრზე. მანანა ქოჩლაძე შიშობს, რომ გადასახლება პრობლემას მხოლოდ ერთჯერადად მოაგვარებს: “თუმცა, ჩვენ თუ ჯავახიშვილის ქუჩას გავასახლებთ, მეშინია, შემდეგი ქუჩის საკითხს ეს არ გადაწყვეტს და საბოლოოდ არ გამოვიდეს ისე, რომ მთელი ფოთი გვაქვს სადღაც გადასასახლებელი და პორტი უნდა გაფართოვდეს”. “როგორც მშობელი და მტვრის თვითმხილველი, პირველ რიგში გამოსავალს გადასვლაში ვხედავ. თუმცა შემდეგ, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. ეს ხომ მთლიანი ქალაქის პრობლემაა. როცა [უშუალოდ] არ ეხება ეს პრობლემა ადამიანებს, არ უყურებენ და გულთან ახლოს არ მიაქვთ. არ ფიქრობენ, რომ მათაც შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ“, - ამბობს ლუბა ჩალაია, ერთ-ერთი მათგანი, ვინც სასამართლოში სარჩელი შეიტანა. "ჰაერის დაბინძურება მხოლოდ ფოთის პრობლემა არ არის, ქვეყნის პრობლემაა" - ლუბა ჩილაია, ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებელი “ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ პრობლემის მოგვარებაში უნდა ჩაერთოს თავად დამაბინძურებელი კომპანია, რომელიც არ ჩანს არსად. მათ ნაცვლად საუბრობს მუდმივად ხელისუფლება, და [ჯავახიშვილის ქუჩის შემთხვევაში] საუბრობს მხოლოდ იმაზე, რამდენს გადაუხდის, ანუ ვაჭრობს. ხალხმა მოთხოვნილ თანხას ჯანმრთელობის კომპენსაცია დაარქვა და ხელისუფლება ეუბნება, თუ ეგ გინდა, სასამართლოში წადიო, და სასამართლოში წასული რომ ვარ, საქმე გაჩერებულია, მოჯადოებული წრეა რაღაცნაირი და ყველგან არის კედელი. გამოდის, რომ ეს ადამიანები არიან სრულიად დაუცველები, ბედის ანაბარა და მათ არ იცავს სახელმწიფო არანაირად. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ნაბადის უბანში, მაგრამ არც ფოთის დანარჩენ ნაწილს უნდა ჰქონდეს სიმშვიდის საფუძველი. ეს მტვერი ყველგან მოხვდება. *რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა როგორც ფოთის მერიას, ისე გარემოს ეროვნულ სააგენტოს. არცერთ უწყებას დღემდე არ უპასუხია, აღიარებს თუ არა ფოთში ჰაერის დაბინძურების პრობლემას. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
  14. საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში, "ოქსფორდის კავშირში" "ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ყურადღება ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის ომზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, ქალების როლსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე იმ ადგილას, სადაც ბევრი შესანიშნავი პიროვნება, ბევრი შესანიშნავი ქალი იმყოფებოდა. ეს ის ადგილია, რომლის პრეზიდენტიც იყო ბენაზირ ბჰუტო - კავშირის პირველი მუსლიმი პრეზიდენტი და ასევე, გამორჩეული ქალი, დედა ტერეზა. ამიტომ ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია გესაუბროთ აქ და გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები არსებულ სიტუაციაზე. არ მსურს ბევრი ვისაუბრო, რადგან არ მგონია, რომ ის ფაქტი, რომ ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში და რეგიონში, იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყო უშუალოდ სპეციალიზებული იმ კითხვებზე პასუხების გაცემაში, რაც საზოგადოებაში ქალების საკითხებს ეხება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საკითხმა არ უნდა განსაზღვროს ქალი პრეზიდენტი. მინდა უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდოთ, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო არც თუ ისე კარგადაა ცნობილი და ხშირად, როდესაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს ვხვდები, მეუბნებიან – „შენ პირველი ქალი პრეზიდენტი ხარ. ეს რთული უნდა იყოს“, რადგან ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც უფრო აღმოსავლურ ქვეყანას, ვიდრე ევროპულს და, ალბათ, როგორც ძალიან არაფემინისტური პოლიტიკითა და ქალისა და კაცის ძალიან მკაცრი გამიჯვნის მქონე ქვეყნად. ჩემი სურვილია, ეს მითიური შეხედულებები გავფანტო, რადგან საქართველო ასეთი სულაც არ არის. უძველესი დროიდან, ჩვენი მითოლოგია იწყება ქალებით - მაგალითად, მედეა, საქართველოში მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა სწორედ 17 წლის ქალის მეშვეობით შემოვიდა. ჩვენი პირველი წმინდანები ქალები იყვნენ. ჩვენს მთავარ მეფეს/დედოფალს - მას მეფედ მოიხსენიებდნენ, რადგან ის საქართველოს დიდი აღორძინების პერიოდში თანასწორი და ძლიერი იყო და ასე გაგრძელდა მომავალშიც. ძალიან საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საქართველოს მთელი წინააღმდეგობა, (მანამდე კი სხვა იმპერიების წინააღმდეგ) ქალების ხელში იყო, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდნენ. იმ პერიოდში, ბევრი მათგანი გადაასახლეს და მოკლეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძლიერი, მებრძოლი ქალების ისტორია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, 1918 წელს, პირველი კონსტიტუცია ქალებს არჩევის უფლებას აძლევდა და პირველ ასამბლეაზე ხუთი ქალი იყო არჩეული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირველი მუსულმანი ქალი იყო, რომელიც ყველა ასამბლეათა შორის პირველად აირჩიეს. ეს გაგრძელდა, რადგან საბჭოთა რეპრესიების დროს, ქალები უშუალოდ რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ, რომლებიც ხშირად შვილებთან ერთად, დეპორტირებულნი იყვნენ ცენტრალურ აზიაში, ძალიან რთულ გარემოში. ჩვენს უახლოეს ისტორიაში, 1991 წლის დამოუკიდებლობამდე, საქართველოში განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების უახლეს პერიოდში, 1989 წელს, როდესაც საბჭოთა ტანკები თბილისში შევიდნენ, გამოიყენეს [მომწამვლელი] გაზი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და იქაც, ქუჩაში მყოფი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ქალები იყვნენ და ყველაზე მეტი მსხვერპლიც სწორედ ქალებს შორის იყო. შესაბამისად, ჩემი არჩევა არ არის რევოლუცია საქართველოში. იყო სხვა რამ, რისთვისაც მომიწია ბრძოლა და შეიძლება დღესაც მიწევს, მაგრამ არა იმ ფაქტის გამო, რომ ქალი ვარ. ვისურვებდი, რომ არ გვქონდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს გვაწუხებს და რომელსაც ვიზიარებთ ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად. ისეთი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების განვითარებასთან. ეს იქნება ოჯახური ძალადობა, თუ ის ფაქტი, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არაა თანაბარი ანაზღაურება ბევრ საჯარო სამსახურში, მაგრამ ამაშიც გვაქვს პროგრესი. ჩვენ არ გვყავს საკმარისი ქალები პარლამენტში და ეს, ჩემი აზრით, დაკავშირებულია პოლარიზაციასთან, სიძულვილის ენასთან და ძალიან მკაცრ პოლიტიკასთან, რომელსაც დღეს ვხედავთ. მგონი აქაც არ ვართ გამონაკლისი. მაგრამ მთლიანობაში, იქ სადაც მოსახლეობას ვხვდები და დავდივარ ქუჩებში ან ზოგიერთ სოფელში და ვეკითხები გოგოებს, რომელიც მოდიან ჩემთან ფოტოებისა და სელფების გადასაღებად, ვეკითხები მათ - "გინდათ ერთ დღეს გავხდეთ პრეზიდენტი?“ და პასუხი არის - „დიახ, რატომაც არა". ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიღწევა ქალი პრეზიდენტისთვის - რომ ეს ყველაფერი გახდეს რუტინული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
  15. ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან კი, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი. სარაკეტო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა ხარკოვის, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთს შავი ზღვაში დისლოცირებული ჰყავს შვიდი საბრძოლო ხომალდი. მათ შორის არის ერთი წყალქვეშა ნავი, რომელსაც „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გადააქვს. ავტორი - ლევან ახალაია
  16. საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევისას ხარაჩოზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მისივე თქმით, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, კიდევ ორმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რომლებსაც დახმარება ადგილზე გაეწიათ და ახლა სახლში იმყოფებიან. „ამიაკის სინთეზის საწარმოს უკან არის მაცივარი, რომლის რემონტიც მიმდინარეობდა. ხარაჩოზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი. ჩამოიშალა ხარაჩო და ჯგუფის ხელმძღვანელი ადგილზე დაიღუპა. ორი ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორს ადგილზევე გაეწია დახმარება და ისინი სახლში იმყოფებიან. ვფიქრობ, ვინაიდან ასეთი შემთხვევა მოხდა, ესე იგი, შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ. „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში სავარაუდოდ ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტორი - რუსუდან ლოლაძე
  17. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic Travel magazine 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალური გზამკვლევი მოამზადა. გზამკვლევში თბილისის ტურისტული ადგილებია წარმოდგენილი. სპეციალურ გამოცემაში ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი თბილისის შესახებ წერს, ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა. გზამკვლევში აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები, ისტორია, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, თეატრები ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, კვების ობიექტები. თბილისთან ერთად გზამკვლევი ტურისტებს მცხეთასაც აცნობს. „თბილისი დიდი ხანია აღმოსავლეთისა და დასავლეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ამ ქალაქის მემკვიდრეობა ვიზიტორებს საკუთარ გრძნობებს აცნობს. ქალაქის გზაჯვარედინზე ტრადიციული მუსიკის მოსმენისას ეცნობით მემკვიდრეობას, რომელიც როგორც ადრეული ქრისტიანული პერიოდის, ასევე ახლო აღმოსავლური რეგიონის გავლენას განიცდის. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ გემრიელი ქართული კერძები, რომელიც როგორც სპარსულს, ასევე ხმელთაშუაზღვის რეგიონს აერთიანებს. შეგიძლიათ იხილოთ და შეეხოთ მემკვიდრეობას, რომელიც ძველი თბილისის არქიტექტურაშია გამოკვეთილი. აქ „იტალიურ ეზოებს“ იხილავთ, რომლის აივნებიც ხის მოაჯირებითა და სპირალური კიბეებით გამოირჩევა. ეს დიზაინი აბრეშუმის გზის ქარვასლას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე იტალიურს. აქ სამეზობლოში ეზოს ცხოვრების წესი ყველა თაობის ოჯახს აერთიანებს. აქ იკრიბებიან, იკვებებიან, საუბრობენ, მღერიან, ქეიფობენ და თამაშობენ. საუკუნეებია თბილისელები ამ პროცესით იღებენ სიამოვნებას“, – წერს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი. National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტი გზამკვლევში დეტალურად აღწერს გოგირდის აბანოებს, მცხეთის ტაძრებს და თბილისის ეროვნულ პარკს. „თბილისის ეროვნული პარკი საგურამოს ქედის ჩრდილოეთით არის გაშლილი. აქ ველურ ბუნებაში ფოცხვერი, დათვი და ირემი ბინადრობს. ეროვნულ პარკში საფეხმავლო ბილიკებია მოწყობილი. აქედან თვალწარმტაცი ხედი იშლება თიანეთის გზაზე“, – წერს ავტორი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
  18. თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
  19. ჩრდილოეთმა კორეამ ბოლო ორ დღეში მეორედ ისროლა ბალისტიკური რაკეტა. იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ფხენიანის სუნანის რაიონიდან დილით გაშვებული რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის აკვატორიაში ჩამოვარდა, კუნძულ ჰოკაიდოდან დასავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრში. ინფორმაცია გემების ან თვითმფრინავების დაზიანების შესახებ არ გავრცელებულა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფხენიანიდან ნასროლმა რაკეტამ დაახლოებით ათას კილომეტრზე იფრინა. სეულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს. აშშ-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა ბალისტიკური რაკეტის გამოცდით თავხედურად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რეგიონში დაძაბულობას ზრდის და სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნის. თეთრი სახლის თანახმად, დიპლომატიისთვის კარი ჯერ კიდევ ღიაა, ამიტომ, ფხენიანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები და სერიოზულ მოლაპარაკებას დასთანხმდეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი განაგრძობენ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირე სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან და ყველა ზომას მიმართავენ მათი და აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ჩრდილოეთ კორეას აკრძალული აქვს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან ფხენიანმა 50-ზე მეტი გამოცდა ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს აშშ, სამხრეთი კორეა და იაპონია ერთობლივი სამხედრო მანევრებით პასუხობენ. რადიო თავისუფლება
  20. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 22 წლის კაცი. უწყების განცხადებით, იგი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე აიყვანეს. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  21. გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა, მათ შორის ერთი ავტობუსი. შსს-ს ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რამ გამოიწვია ავარია, უცნობია. თბილისის სატრანსპორტო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტობუსის მძღოლი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათი ინფორმაციით, მძღოლს გარეგანი დაზიანებები არ აქვს და უტარდება კვლევები.
  22. რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი და ორი დაშავებული. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული მუშა რუსთავის ცენტრალურ საავდამყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.
  23. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა რეისი MH17-ის კატასტროფის თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შემსრულებლების გარდა, ტრიბუნალის წინაშე ამ დანაშაულის დამკვეთებიც უნდა წარდგნენ. 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე: იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო. „არის პირველი განაჩენი MH17-ის კატასტროფაში დამნაშავეთა მიმართ. მაგრამ აუცილებელია, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ დანაშაულის დამკვეთებიც, რადგან დაუსჯელობა ახალ დანაშაულებს გამოიწვევს. ეს ილუზია უნდა დაიმსხვრეს. რუსეთის მიერ ჩადენილი როგორც ადრინდელი, ისე ამჟამინდელი მხეცობებისთვის სასჯელი გარდაუვალი უნდა იყოს“, - დაწერა თავის ტვიტერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა მან დონბასში განიცადა კატასტროფა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი - ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და გააძლიერა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების დახმარება. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს. 17 ნოემბერს სასამართლომ განაცხადა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, „Бук-ის" ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში პირადად არცერთ მსჯავრდადებულს არ მიუღია მონაწილეობა. ამასტან სასამართლომ გაამართლა რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო. რადიო თავისუფლება
  24. ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წელს „ბოინგის“ რეისი MH17 „Бук-ის" საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 17 ნოემბერს, გამოაცხადა. სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. ესენი არიან: რუსეთის მოქალაქე იგორ გირკინი (სტრელკოვი) - დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი 2014 წლის ზაფხულისთვის, ამჟამად პენსიაზე მყოფი "ეფესბეს" ოფიცერი. რუსეთის მოქალაქე სერგეი დუბინსკი, 2014 წლის ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი. უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო, 2014 წლის ზაფხულში დნრ-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური. სასამართლომ გაამართლა რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო. სასამართლომ განაცხადა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, „Бук-ის" ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში პირადად არცერთ მსჯავრდადებულს არ მიუღია მონაწილეობა. სასამართლოს თანახმად, ბონგი ჩამოაგდეს უკრაინის აღმოსავლეთით, პერვომოისკის რაიონის სიახლოვეს მდებარე ქალაქ სნეჟნოეს მახლობლად მდებარე ფერმიდან გასროლილი „Бук-ის" რაკეტით. იმჟამად ეს ტერიტორია თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონტროლს ექვემდებარებოდა. მოსამართლის განცხადებით, საქმის მასალებიდან შეუძლებელი იყო იმის დადგენა, ვინ მისცა ეკიპაჟს რაკეტის გაშვების ინსტრუქცია და როგორ მოხდა ეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ვარდნის მომენტისთვის რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებსა და მათ მხარდამჭერებზე. EMBED SHARE რეისი MH17 - როგორ ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი EMBED SHARE The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:000:02:270:00 გადმოწერა 2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა მან დონბასში განიცადა კატასტროფა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი - ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ. ავიაკატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და გააძლიერა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების დახმარება. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს. ნიდერლანდელმა პროკურორებმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს ოთხი რუსისა და ერთი უკრაინელისთვის, რომლებსაც მალაიზიის ბოინგის ჩამოგდებაში ედებოდათ ბრალი. მათ შორის იყო რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც თვითმფრინავის ჩამოგდების პერიოდში რეგიონში ხელმძღვანელობდა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯგუფს. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა ავიაკატასტროფასთან კავშირს. ავიაკატასტროფის შემდეგ დასავლეთმა გაამკაცრა მოსკოვის მიმართ პოლიტიკა და გააძლიერა უკრაინის მხარდაჭერა. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფრონტაცია მრავალ წელს გრძელდებოდა, სანამ მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ათეულობით ათასი ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“.
  25. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს. პელოსიმ ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. 82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა. ის მუშაობას კონგრესში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ და ნენსი პელოსის სავარაუდოდ კევინ მაკარტი შეცვლის. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, სენატში დემოკრატებს 50 მანდატი ექნებათ. ეს ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმით, მათ უმრავლესობა ექნებათ. ჯერ გაურკვეველია ჯორჯიის შტატის შედეგი, სადაც მეორე ტური დაინიშნა. ავტორი - ლევან ახალაია
×
×
  • შექმენი...