Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 2023 წლის 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია პარტია „გოლოსის“ დეპუტატ იაროსლავ ჯეელზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, როგორც მედია წერს, რადას წევრებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას. მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ინიცირებულ შესაბამის დადგენილებებს 294-მა და 297-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, რადამ საომარი მდგომარეობა მეოთხედ გაახანგრძლივა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  2. უკრაინული ძალები კონტრრაკეტებს ისროდნენ რუსული რაკეტების ჩამოგდების მიზნით, ერთ-ერთი წარუმატებლად გასროლილი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. მორავეცკის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამხედროების დამატებითი ჯგუფი გაგზავნეს. „ამ ინციდენტის შემდეგ ჩვენი ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადაიყვანეს. მე ასევე ვთხოვე ჩვენს სამსახურებს, პოლიციას, მესაზღვრეებს და ასევე სამოქალაქო სამსახურებს მზადყოფნის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა და ეს უკვე მოხდა. შემთხვევის ადგილზე დამატებითი სამხედროები გაგზავნეს. უკრაინული ძალები კონტრრაკეტებს ისროდნენ რუსული რაკეტების ჩამოგდების მიზნით, ეს ყველაფერი ამაზე მიუთითებს, როგორც ამერიკული სამსახურები იუწყებიან. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ ერთ-ერთი წარუმატებლად გასროლილი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. ავტორი - გივი ბარამიძე
  3. პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭრა 76-მა დეპუტატმა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტით, დგინდება შემდეგი საკითხები – „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს. აღნიშნულ რეესტრში შეყვანილ პირს ეკრძალება: ა) პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ბ) ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); გ) ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა. ავტორი - ეკატერინე კოპალიანი
  4. ჰიპოთეზა, რომ პოლონეთში შესაძლოა, არა რუსული რაკეტა, არამედ უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოვარდა, ჩვენი შეხედულებით, საქმის არსს ძალიან მცირედით ცვლის, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა. მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაკეტა უკრაინული საჰაერო თავდაცვის იყო. „რუსეთი სისტემატურად ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით. ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ სასაზღვრო ტერიტორიის დაბომბვისას შესაძლოა, დარტყმა განხორციელდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, აშკარად რისკია, რაც რუსებმაც კარგად იციან. ასე რომ, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც სამოქალაქო ობიექტების დანაშაულებრივი დაბომბვის შეჩერებას ცდილობდა“, – განაცხადა ჯორჯია მელონმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  5. გერმანიაში კაცს, რომელმაც ტკბილეულის კომპანიას 5-მილიონიანი ჩეკი დაუბრუნა მადლობის ნიშნად კანფეტები აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. როგორც კაცი იხსენებს, ის დედასთან მიდიოდა სტუმრად, როცა დაინახა მიწაზე დავარდნილი თეთრი ქაღალდი როგორ ფრიალებდა. მან ქაღალდი აიღო და წაიკითხა, რომ ეს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ღირებულების ჩეკი იყო, რომელიც Haribo-ს ეკუთვნოდა. მან ჩეკი კომპანიას დაუბრუნა. მამაკაცის თქმით, ამ საქციელის გამო Haribo-სგან საჩუქრად 6 დიდი ყუთი მიიღო, რომლებიც კომპანიის სხვადასხვა სახის ტკბილეულით იყო სავსე. Haribo-ს წარმომადგენელმა ინციდენტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩეკის დაკარგვის მიუხედავად, მისი განაღდება მხოლოდ კომპანიას შეეძლო. წარმომადგენლის თქმით, ჩეკის მპოვნელს სტანდარტული სამადლობელი პაკეტი გაუგზავნეს, რომელიც ტკბილეულით იყო სავსე. primetime
  6. არ გვაქვს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმის შედეგი იყო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს. მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს თავის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატო ერთიანია და ალიანსი ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად. ამასთან, ნატო-ს გენმდივნის თქმით, ალიანსს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი გეგმავს შეტევითი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ. იპნ
  7. პარტია "საქართველოსთვის" წევრები და დეპუტატები: მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაცია განიხილეს. კერძოდ, რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, წარიმართება თუ არა პროცესები ყველა მხარის ჩართულობით. პარტია "საქართველოსთვის" წევრების მხრიდან ყურადღება გამახვილდა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე საარჩევნო კოდექსში,რომელიც მოიცავს არაერთ საკითხს, რაც არ შეესაბამება ეუთო - ოდირის რეკომენდაციებს კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის არჩევნებზე ელექტრონული საშუალების გამოყენების, შედეგების გადათვლის წესის, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის გაუქმების, ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებისა და სხვა საკითხების მიმართულებით. მისიის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ პარტია "საქართველოსთვის" პოზიციას ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ საკითხებს, რომელიც შესაძლოა იყოს მაღალი რისკის შემცველი საარჩევნო შედეგებზე ზემოქმედების კუთხით. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა პროცესში ყველა მხარის ჩართულობისა და რეკომენდაციების გათვალისწინების საჭიროებებზე. წყარო: პარტია "საქართველოსთვის"
  8. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა რამდენიმე დრის წინ გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც მხარდამჭერების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, საკრებულოს წევრებმა და ასევე მხარი დაუჭირა რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმა, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად“, - აცახდებს ხაბეიშვილი. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული იყო ნიკა მელიას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩალაძის კანდიდატურები.
  9. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებამ აჩვენა, რომ დასავლეთი კიდევ ერთ მსოფლიო ომს უახლოვდება. „პოლონურ ფერმაზე, სავარაუდოდ, უკრაინის "სარაკეტო დარტყმის" ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაჩაღებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება", - წერს მედვედევი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. interpressnews
  10. ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 14 დეპუტატი იყო. როგორც მედია წერს, ჩეხმა კანონმდებლებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც აშკარა მცდელობაა „პოლიტიკურ მიზნებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების გზით მიაღწიოს და შეესაბამება ტერორისტულ მეთოდებს“. ამასთან, დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე - დონეცის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმის შედეგები. ჩეხმა პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ სამხედრო ნაწილების დაბომბვა და განლაგება საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი თუ არაპირდაპირი მუქარა, ისევე როგორც უკრაინის მისამართით გაჟღერებული ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გეგმებთან დაკავშირებით, არის დაძაბულობის სახიფათო ესკალაცია და საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის. იპნ
  11. პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, არ არსებობს მინიშნება, რომ სამშაბათს ჩამოვარდნილი რაკეტა პოლონეთზე „წინასწარ განზრახული თავდასხმა“ იყო. "არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 ტიპის რაკეტა. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ამასთან, დუდამ დასძინა, რომ არსებობს „ბევრი მინიშნება“, რომ ეს იყო საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც „სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“. მისივე თქმით, ის სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გამოიყენება.
  12. სამწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი “იარაღის შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დაუბრუნდა, რომლის საფუძველზეც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შს სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაინიცირდა, დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტი პრინციპების დონეზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო. კანონპროექტის თანახმად, ცივი იარაღით ვაჭრობა, იმპორტი ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. დღეის მდგომარეობით, ცივი იარაღის ტარება დასჯადია როგორც ადმინისტრაციული ისე სისხლის სამართლის წესით - თუ პირი ცივ იარაღს ატარებს, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია 200-ლარიანი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარიანი ჯარიმა ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და მხოლოდ მესამე ჯერზე არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საკანონმდებლო რეგულაციის გამკაცრების შედეგად, ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება და არ იქნება მითითებული განმეორებადობა. ასევე ნორმას დაემატება ცივი იარაღის კონფისკაცია. “არსებული ვითარების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ლიბერალურია ჩვენი კანონმდებლობა. ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი სანქციები გამოიყენება. სამწუხაროდ, ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის შემთხვევები ძალიან გაიზარდა. ბოლო სტატისტიკით მკვლელობების 54% ჩადენილია ცივი იარაღით და ამ ცვლილების მთავარი მიზანი სწორედ არის პრევენცია იმ დანაშაულების, რომელთაც ვხედავთ ჩვენს რეალობაში“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. იპნ
  13. ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე. „ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და არ არის პირდაპირ ჩართული საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტის განხორციელების პროცესში. შემიძლია, ვთქვა, რომ ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. თითოეული გამოკითხვა, რომელიც ვნახე, ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ეს მათი ამოცანაა. მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს, იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე და წინ წაიყვანოს საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ. სწორედ ეს სურს საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა. ავტორი - გივი ბარამიძე
  14. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ინდონეზიაში უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე და პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე საუბრისას განაცხადა. „დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად მუშაობდნენ, პუტინი უკრაინაში მოქალაქეებზე თავდასხმას ახორციელებდა. „მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები მუშაობდნენ ერთად ჩვენი ხალხის წინაშე არსებული უდიდეს გამოწვევებთან გასამკლავებლად, პუტინი უკრაინაში მოქალაქეებზე თავდასხმებს ახორციელებდა. ამ თავდასხმების შემდეგ, ჩვენ დღეს გავმართეთ მოკავშირეების საგანგებო შეხვედრა, რათა დაგვედასტურებინა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის და პოლონეთის მიმართ… ჩვენ, ყველამ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში რომ არა ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და უმოწყალო რეალობა. ვიდრე ეს გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ვიდრე ეს გრძელდება, ის გააგრძელებს გლობალური ეკონომიკის განადგურებას“, – განაცხადა რიში სუნაკმა. 1ტვ
  15. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრესთან, რომლის მოზაიკის ფასადზეც 4 ფანჯარა მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობით გაჭრეს. მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ მოზაიკის ფასადს მინიჭებული არ ჰქონია ისტორიული ძეგლის სტატუსი და სწორედ ამიტომ მასზე მკაცრი რეგლამენტი არ გავრცელებულა. ყოფილი „მიონის“ შენობის მოზაიკაზე ფრანგული აივნები გაჭრის შესახებ ინფორმაცია 14 ნოემბერს გაავრცელა ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდ „რიბირაბოს“ თანადამფუძნებელმა, ნატალია ამირეჯიბმა. ფასადზე ფანჯრების ღიობებისა და ფრანგული აივნების მოწყობის შესაძლებლობა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა როგორც 2018 წელს, ასევე მცირე კორექტირებით 2021 წელს. შენობის მფლობელი ამჟამად შპს „მონა ლიზაა“. არქიტექტურის სამსახურში შეტანილ განაცხადს დართული ჰქონდა მოზაიკის ფოტოები და კორექტირებული ფოტომონტაჟი. პროექტის მიხედვით, ფანჯრების კარკასი ალუმინის იქნება, აივანი – შუშის. პუბლიკა
  16. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახეობრივი კვლევის შედეგად ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტი მოკვლევის მიზნით სამართალდამცავ უწყებებს გადასცა.
  17. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა. „თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და ხალხს ამ შემაშფოთებელ დროს. პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ უნდა დაივიწყოს!“, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე. გუშინ პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს, სავარუდოდ, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ქალაქ პრეჟევოდოვთან, ერთ-ერთ ფერმაში აფეთქდა. შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა პოლონურმა მედიამ გაავრცელა. როგორც CNN წერს, უცნობია, საიდან გაჩნდა ჭურვები, თუმცა რაკეტების ჩამოვარდნა დაემთხვა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული რაკეტები არ ჩამოვარდნილა პოლონეთში და ამის შესახებ ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს. პუბლიკა
  18. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, NASA-მ მისია „არტემის 1“ წარმატებით გაუშვა. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი უკიდურესად კომპლექსური მისიისა, რომელმაც პირველად 1972 წლის შემდეგ, ადამიანები მთვარეზე უნდა დააბრუნოს. საკუთარ ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტის გასაშვებად, NASA-მ ახალი კოსმოსური გაშვების სისტემა (Space Launch System) გამოიყენა. რაკეტა მთვარის ორბიტაზე რამდენიმე პატარა თანამგზავრსაც გაიტანს, შემდეგ კი თავადაც ორბიტაზე განთავსდება. მსგავსი: დღეს NASA მთვარისკენ თავის უძლიერეს რაკეტას გაუშვებს... მისია 25 დღეს, 11 საათსა და 36 წუთს გაგრძელდება და ჯამში 2,09 მილიონ კილომეტრ მანძილს დაფარავს. კოსმოსური გამშვები სისტემა (SLS) დედამიწაზე 11 დეკემბერს დაბრუნდება. მისია ეკიპაჟის გარეშეა. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმებაა, იმ გარემოს გატესტვა, რომელში ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო; სააგენტოს სურს დარწმუნდეს, რომ ხომალდი და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას. არტემის 1 პირველი მისიაა, რომელიც ახალი კოსმოსური გამშვები სისტემიდან (Space Launch System) გაეშვა. ის ყველაზე მძლავრი რაკეტაა, რაც კი ოდესმე გაშვებულა კოსმოსში, უფრო ძლიერი, ვიდრე აპოლოს „სატურნ V“ სისტემა, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე 1960-1970-იან წლებში მიჰყავდა. მიეკუთნება რაკეტების ახალ სისტემას, რომელსაც აქვს როგორც თხევადი ჟანგბადისა და წყალბადის ძირითადი ძრავები, ისე ორი მყარი გამაძლიერებელი, რომლებიც მან კოსმოსური შატლისგან მიიღო. იდეაში, ის კოსმოსური შატლისა და აპოლოს მისიების რაკეტა „სატურნ V“-ის ჰიბრიდია. ტესტირება ძლიერ მნიშვნელოვანია, რადგან Orion Crew Capsule ნამდვილად სათანადოდ შემოწმდება. ის მთვარის კოსმოსურ გარემოში, მაღალი რადიაციის პირობებში, ერთი თვის განმავლობაში დარჩება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიტესტება სიცხის ფარიც, რომელიც კაფსულას და მის მგზავრებს დაიცავს, როდესაც ის დედამიწაზე 40 233 კმ/სთ სიჩქარით დაბრუნდება. ის ატმოსფეროში ყველაზე სწრაფად შემოსული კაფსულა იქნება აპოლოს შემდეგ; შესაბამისად, ძლიერ მნიშვნელოვანია, რომ სიცხის ფარმა სათანადოდ იფუნქციონიროს. პატარა თანამგზავრები, რომლებსაც რაკეტა მთვარის ორბიტაზე განათავსებს, წინასწარ სამეცნიერო საქმიანობას განახორციელებენ; მათ შორის, ჩაიხედავენ მუდმივად დაჩრდილულ კრატერებშიც, სადაც მეცნიერთა აზრით, წყალი უნდა იყოს. უფრო ზუსტად გაზომავენ რადიაციულ გარემოს, დაადგენენ, რა ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე ხანგრძლივ რადიაციულ ზემოქმედებას. 2024 წელს NASA გაუშვებს არტემის 2-ს, ამ პროექტის პირველ ეკიპაჟიან მისიას; გაშვებისას სააგენტო გამოიყენებს Space Launch System-ის რაკეტის კიდევ უფრო მძლავრ ვერსიას. ისიც ორბიტული მისია იქნება, დაახლოებით „აპოლო 8“-ის მსგავსი, რომელმაც მთვარეს წრე დაარტყა და დედამიწაზე დაბრუნდა. ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე ამჯერად უფრო მეტ დროს გაატარებენ და გატესტავენ თითქმის ყველაფერს. 2025 წლისთვის დაგეგმილია არტემის 3, რომელიც მთვარის ზედაპირზე ასტრონავტებს ჩაიყვანს. ეკიპაჟის წევრებს შორის იქნება სულ მცირე ერთი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი. კაფსულა „ორიონი“ ორბიტაზე დარჩება, მასში მყოფი ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდი Starship-ში გადასხდებიან და მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან. 2027 წელს, მისია არტემის 4 ასტრონავტებს მთვარის მინისადგურზე წაიყვანს, რომელსაც Gateway (ჭიშკარი) ერქმევა. პროგრამა არტემისს რამდენიმე სხვადასხვა მიზანი აქვს. მათ შორის არის რესურსების ადგილზე გამოყენება, მაგალითად, წყლის ყინულის და მთვარის ქანების, რომლებისგანაც უნდა აწარმოონ საკვები, საწვავი და სამშენებლო მასალები. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
  19. ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან, რომელზეც აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს განიხილავენ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ბრიუსელში ელჩების შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართება. სტოლტენბერგი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რაკეტა უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელში ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  20. „დიდი ოცეულის“ ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უმკაცრესად გმობენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „დიდი ოცეულის“ წევრთა უმრავლესობა მკაცრად გმობს ომს უკრაინაში. დეკლარაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ ის იწვევს უზომოდ დიდ ადამიანურ ტანჯვას და მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, დეკლარაცია „დიდი ოცეულის“ ყველა წევრმა დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იყო სხვა შეხედულება და განსხვავებული შეფასება არსებულ სიტუაციასთან და სანქციებთან დაკავშირებით. „დიდი ოცეულის“ ლიდერები დეკლარაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა დაუშვებელია. ამასთან, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  21. ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, ეს გზავნილი შეუსრულოს საქართველოს. „ამ ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველოში ვიმყოფები იმის სათქმელად, რომ მზად ვართ ეს გზავნილი შევუსრულოთ საქართველოს“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
  22. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც ხალხმრავლობა გამოიწვია. მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას ბოდიში მოუხდა და აღნიშნა, რომ მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა. „დღეს „ახმეტელის“ მეტროში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტურნიკეტების თვალსაზრისით, რამდენიმე ტურნიკეტს პრობლემა შეექმნა, რამაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია, მგზავრების შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებდა. ამან მეტროს გარეთ ადამიანების დაჯგუფება გამოიწვია. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, ეს არც ჩემზეა დამოკიდებული, ეს არის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები. მოკლევადიანი პროექტის შინაარსი არის ის, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი გავატაროთ, უფრო მეტი ადამიანი ჩავა მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი არის „ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის პროექტის განხორციელება, რომელსაც “აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ და უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო კვირას საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნობს ინფორმაციას, რა გაკეთდა 2017 წლის შემდეგ და რა გამოწვევები არსებობს დღეს დედაქალაქში. იპნ
  23. წინასწარი ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, არ იყო ნასროლი რუსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ, როგორც CNN-ი და Reuters-ი იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, სადაც „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში საგანგებო შეხვედრა გამართა მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებთან. პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს. საგანგებო შეხვედრაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო მოიწვია, მონაწილეობდნენ გერმანიის, კანადის, ნიდერლანდის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის და ევროკავშირის ლიდერები. წუხელ გამოქვეყნდა მათი ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონეთს გამოძიების პროცესში სთავაზობენ სრულ მხარდაჭერას და თანადგომას და გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით. განცხადებაში დაგმობილია უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ 15 ნოემბერს განხორციელებული ბარბაროსული სარაკეტო დარტყმები და დადასტურებულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა, რომ რუსეთს პასუხი მოეთხოვოს. 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე, მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“ 15 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლვოვის ოლქზე. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პშევოდუვში აფეთქება იყო ერთგზის მომხდარი ინციდენტი და ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს. პრეზიდენტ დუდას თანახმად, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. რადიო თავისუფლება
  24. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს. მისი ინფორმაციით, ბერნსი კიევში 15 ნოემბერს იმყოფებოდა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტს დაემთხვა კიევზე რუსეთის სამხედრო ძალების სარაკეტო დარტყმა. Washington Post-ის წყაროს ცნობით, ამ დროს უილიამ ბერნსი აშშ-ის საელჩოში, უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა. 14 ნოემბერს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბერნსმა ნარიშკინი გააფრთხილა შედეგებზე, რომლებიც მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას. radio tavisupleba
  25. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა”. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება “ტელეგრამში” ავრცელებს. „პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ ფშევოდუვთან თითქოსდა “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის. პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ დასახლებულ გამოქვეყნებულ ნამსხვრევებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის ძალებთან”, - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იპნ
×
×
  • შექმენი...