-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
უკრაინული მედია - ბერისლავის რაიონი მთლიანად დეოკუპირებულია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ბერისლავის რაიონში მტერმა თითქმის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, ტყის ტერიტორია, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულებები დანაღმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბერისლავის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვოლოდიმირ ლიტვინოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ბერისლავი მთლიანად დეოკუპირებულია. „ბერისლავის 11-ვე ტერიტორიული თემში უკრაინის დროშა ფრიალებს”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ლიტვინოვმა. მისი თქმით, ახლად გათავისუფლებულ დასახლებებში, მათ შორის ქალაქ ბერისლავში, სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. „ახლახან გათავისუფლებულ დასახლებებში, მათ შორის თავად ქალაქ ბერისლავში, გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 35 ათასია, რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროისთვის კი - 96 ათასი იყო“, - განაცხადა ლიტვინოვმა. მისი თქმით, მტერი აგრძელებს დეოკუპირებული ბერისლავის დაბომბვას აგრძელებს, ამიტომ უკიდურესად რთულია ტერიტორიისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნაღმებისგან გაწმენდა. -
თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რის გამოც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმადგენლები, რომლებიც კლდის სიახლოვეს წაქცეული მცენარეების ნარჩენებისგან ტერიტორიას ასუფთავებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა, გზა სრულად უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გაიხსნება, რაც წაქცეული ხეებისგან ტერიტორია გაიწმინდება. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ტერიტორიაზე არ მომხდარა არანაირი მიწის მასის ჩამოშლა. მხოლოდ ხეები წაიქცა. რაც შეეხება კლდის დამცავ ღონისძიებებს, პანდუსის დასაწყისში, სადაც ყველაზე ხშირად ცვივა ქვა, ასევე ბოლო მონაკვეთში, გაკეთებულია დამცავი ბადეები. მიმდინარეობს პერიოდული მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ლოკაციები გამოვლინდება, იქაც დაუყოვნებლივ მოვაწყობთ ბადეებს“, - განაცხადა ბენდელიანმა. გარდა ამისა, მისი თქმით, ძლიერი ქარის შედეგად ქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ხე წაიქცა, თუმცა ცხელ ხაზზე შესულ ყველა შეტყობინებაზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
-
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მათი ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. „შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.9 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2.6-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც 2.5-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 2021-2022 წლების III კვარტალებში საერთაშორისო ვიზიტორების 78.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 17.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 2022 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 13.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (533.2 ათასი), სომხეთის (326.0 ათასი) და თურქეთის (281.3 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 47.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 44.9 პროცენტს შეადგენდა. 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (60.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. 2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 411.4 ლარი შეადგინა“, -აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, შეერთებული შტატები ახალ სანქციებს დაუწესებს კერძო პირებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ომისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე მუშაობენ. „დიდი ოცეულის“ სამიტზე, კუნძულ ბალიზე ჩასულმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები დაუწესდება 14 ფიზიკურ პირსა და 28 კომპანიას, მათ შორის ფინანსურ ფასილიტატორებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. „ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი, რუსეთმა მარცხი განიცადოს და ვერ მიიღოს მისთვის საჭირო აღჭურვილობა სანქციების და ექსპორტის კონტროლის გზით“, - განაცხადა იელენმა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენით. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა დამატებითი, 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების არასამხედრო დახმარება უკრაინისთვის და კონგრესის თანხმობის მიღების შემდეგ, უწყება დაუყოვნებლივ დაიწყებს მის უკრაინაში გაგზავნას. იპნ
-
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში უკვე 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს, 14 ნოემბერს, ტელეგრამზე წერს ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. ის არ აკონკრეტებს, რა პერიოდში გახდა შესაძლებელი ამ დასახლებულ პუნქტებზე კიევის კონტროლის აღდგენა. ჰაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში ყოველდღიურად მძიმე ბრძოლებია და მრავლად არიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები და რუსეთის მიერ მობილიზებულები. უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის ჯარებს შორის ყველაზე მძიმე ბრძოლები ამჟამად ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში მიდინარეობს.
-
ბათუმის ცნობილი მასწავლებელი მარტოობაში – წითელი თმა და აუხდენელი ოცნება პარიზზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
5 წელია, რაც ქუჩაში არ გასულა. სამყაროს თავისი ბინის პატარა აივნიდან ეკონტაქტება. მხოლოდ აქედან შეუძლია დაინახოს, როგორ იცვლის გაავდრებისას ზღვა ფერებს და მუქდება, ან როცა კამკამა ცისფერს იკიდებს. ბოლო დროს აივანზე გამოსვლასაც კი ვეღარ ახერხებდა. ამბობს, რომ სამი თვის წინ ოთახში დაეცა და მთელი ეს დრო, საწოლში გაატარა. „მეზობლები დამეხმარნენ და ლოგინზე დამაწვინეს. შემდეგ ახლობელმა ექიმმა გამსინჯა. ათი დღეა, რაც ფეხზე წამოვდექი“, – გვეუბნება 92 წლის ნელი. წლების წინ, ნელი ერქომაიშვილი ამ ქალაქში ყველაზე ცნობილი ფრანგულის მასწავლებელი იყო. თხელი გოგონა, გრძელი ალისფერი თმით. „მრცხვენოდა ჩემი წითელი თმის, რადგან ყველა წითურს მეძახდა. ბიჭებიც დამდევნენ ხოლმე და „პაჟარ“, „პაჟარ“ – ასე მეძახდნენ. მაშინ ეს სიმახინჯე მეგონა. ზაფხულობით სახეზე ჭორფლი ამომაყრიდა და ამის გამო ზღვაზეც აღარ გავდიოდი. თუმცა ახლა ვხვდები, როგორი ლამაზი თმა მქონია“, – ამბობს ნელი და თავის მქრქალი, ღია ცისფერი თვალებით გვიცინის. ნელი ერქომაიშვილი ახალგაზრდობაში 1930 წელს დაიბადა, იმ დროს, როცა ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი და რეპრესიები ნელ-ნელა ძლიერდებოდა. „ომი რომ დაიწყო სკოლაში შემიყვანეს, ბათუმში ცნობილი ფრანგულის მასწავლებელი გვყავდა და მასთან დავდიოდი, ვსწავლობდი მუსიკასაც. მამაჩემი ბუღალტერი იყო, მაგრამ დედას და მამას ორივეს ძალიან უყვარდა სიმღერა და ანსამბლშიც მღეროდნენ. სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისში უცხო ენების ინსტიტუტში შემიყვანეს, სადაც ნამდვილი ფრანგები გვასწავლიდნენ ენას. ეს ქალები ქართველი ჯარისკაცების ცოლები იყვნენ, ისინი ვინც ტყვედ ჩავარდა გერმანიაში, მაგრამ შემდეგ საფრანგეთში გადავიდნენ და იქაურ ქალებზე იქორწინეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ფრანგი ცოლებიც ჩამოიყვანეს. როცა სტალინმა ტყვედ ჩავარდნილი ხალხის გადასახლება დაიწყო, ჩვენ ძალიან ვეხმარებოდით ამ ქალებს“, – ამბობს ნელი. ფრანგი მასწავლებლების წყალობით ნელის ყველაზე კარგი აქცენტი ჰქონდა და ფრანგულსაც სრულყოფილად ფლობდა. „ბათუმში რომ ჩამოვედი, ქედაში მიპირებდნენ განაწილებას, სამ დღეს ერთ სოფელში უნდა მევლო, სამ დღეს მეორეში. თუმცა ისე მოხდა, რომ სამინისტროში ადგილი გამოთავისუფლდა და იქ დამნიშნეს ინსპექტორად. სკოლები უნდა შემემოწმებინა. სიმართლე გითხრათ, წარმოდგება არ მქონდა რა იყო სკოლა, დირექტორი და მასწავლებელი, მაგრამ მითხრეს გასწავლითო. დავისწავლე ეს თეორია და წავედი სკოლებში. მე რაც თეორიულად მასწავლეს, სკოლაში ამას არავინ აკეთებდა და მეც ვწერდი მინუსებს. ბევრი მოხსნეს ამის გამო. მერე მითხრეს, „ნელი ასე არაფერი გამოვა, ცოტა შეარბილე შეფასებაო“. მე ავტირდი, მასწავლებელი ვარ და სკოლაში გამიშვით-მეთქი. მართლა გამიშვეს. მე-16 სკოლაში ვასწავლიდი, შემდეგ გოროდოკში, რუსულ სკოლაში ვასწავლიდი ფრანგულს“. მასწავლებლობის გარდა ნელი ლექციებსაც კითხულობდა დირექტორებისა და პედაგოგებისთვის. „პირველად ხულოში გამიშვეს. ლექციას რომ მოვრჩი, იქ ხელიც კი მთხოვეს – „ბოღჩასაც მოგიტანთო“ მითხრეს. ძალიან გავბრაზდი, როგორ გამიბედეთ-მეთქი. შუახევის სოფლებშიც დავდიოდი – ბუთურაულში, ინწკირვეთში ცხენით ავდიოდი. ჩემი შინდისფერი კაბა მეცვა და ბავშვებმა რომ დამინახეს, მომაძახეს – „ნენევ, ეს რა ყირმიზი გოგოი ამოვიდაო“. ყველა რაიონი ფეხით მაქვს მოვლილი“, – გვეუბნება ნელი. მისი გაკვეთილი აუცილებლად სიმღერით სრულდებოდა. „ფრანგმა მასწავლებელმა ასე მასწავლა და მეც სიმღერით ვამთავრებდი გაკვეთილებს“, – ამბობს ნელი და ფრანგულად ღიღინებს. ნელის, ფრანგული ზღაპრების კითხვა, ახლაც სიამოვნებას ანიჭებს. ნელი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო ბავშვის ცემა და დასჯა, რაც იმ დროს ძალიან გავრცელებული იყო სკოლებში. უყვარდით ბავშვებს? – ვეკითხები მას, რასაც ერთი პატარა ისტორიით უპასუხა. „ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ რაღაც მოიპარა და დააპატიმრეს. მე მივედი სასამართლოზე და თავდებში დავუდექი ამ ბავშვს. როცა გამოუშვეს, სახლში მისვლამდე ჩემთან მოვიდა და ლოყაზე მაკოცა. კიდევ იყო ბევრი ასეთი ისტორია“, – გვეუბნება ის. ამბობს, რომ ოცნება ჰქონდა ერთხელ მაინც წასულიყო პარიზში, თუმცა საბჭოთა რკინის ფარდამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. „მე ხომ იმისთვის დავიბადე, რომ იქ წავსულიყავი და დავრჩენილიყავი, მაგრამ აი ასეთი სიბნელე იყო მაშინ ჩვენთვის. ორ მეზღვაურ ძმას ვამეცადინებდი ფრანგულში, ჩრდილოეთ საფრანგეთში ყოფნის დროს, გემი გაუფუჭდათ თურმე და ერთი ფრანგი კაპიტანი დახმარებიათ. მშივრები ვიყავით და დაგვაპურაო. წამოსვლისას, ამ ბიჭებს ჩემი ტელეფონის ნომერი დაუტოვებიათ მისთვის და როცა ჩამოვიდნენ, იმ კაპიტანს დამაკავშირეს. გაგიჟდა ის კაცი ჩემი ფრანგული რომ მოისმინა. საოცარ წერილებს მიგზავნიდა… როცა ვთქვი, რომ საფრანგეთში მინდა წასვლა, მითხრეს „ჩუუ“, არ შეიძლებაო. მერე, როცა გაიხსნა საზღვრები, 75 წლის ვიყავი და ახლა მოხუცი ხარო, მითხრეს. ფრანგულის ყოფილი მასწავლებელი მის შესახებ დაბეჭდილ სტატიებს და ცნობილ ფოტოს გვაჩვენებს, რომელიც საბჭოთა დროს ფრანგულ გაზეთში დაიბეჭდა. აქ როცა იყო ერთი ფრანგი სტუმარი ჩამოსული, იმანაც შემომთავაზა წაყვანა, 500 დოლარი იყო საჭირო, მაგრამ მაშინ ეს ფული არ მქონდა“, – ამბობს ნელი. პირველი ქვეყანა, სადაც ნელი ახალგაზრდობის დროს წავიდა, მაშინდელი იუგოსლავია იყო. პარიზი კი მისთვის დღემდე ოცნებად დარჩა. ქალაქის ცნობილ მასწავლებელს ცხოვრებაში ტრაგიკული წლებიც ჰქონდა. იმ დროს, როცა მოსკოვში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ქუჩაში დაეცა და მუცელი მოეშალა. მოგვიანებით კი მეუღლეც გარდაეცვალა. „მაშინ იმდენად ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად, რომ გარკვეული ხანი გარეთაც კი აღარ გამოვდიოდი. მე მაშინ დავიბადე ხელახლა, როცა ჩემი დისშვილი დაიბადა და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე. ნელის ოჯახის შექმნა აღარ უცდია. „შრომა, შრომა და შრომა, აი ეს იყო ჩემი მიზანი“, – ამბობს ნელი. მას შემდეგ, რაც ნელის და გარდაიცვალა, ნელი მარტოდ დარჩა. მისი დისშვილი კი დიდი ხანია ჩეხეთში ცხოვრობს. ახლა როცა მოხუცდა და აღაც ფეხები ემორჩილება, ყველაზე მეტად განიცდის მარტოობას. ავადმყოფობის დროს მასთან ოჯახის ახლობელი ქალი მოდის და უვლის, ისიც პენსიონერია. იცხოვრებდით ისეთ სახლში, სადაც თქვენი ასაკის ადამიანები იქნებიან და არ იგრძნობთ მარტოდ თავს? – ვკითხეთ მას. ნელი ამბობს, რომ კარგი იქნება მოხუცებისთვის კომფორტული და მზრუნველი გარემო რომ არსებობდეს, „თუმცა, ჩვენთან მთავრობა ხომ მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა? არც უნდა იფიქრო, რომ ვინმე მოგხედავს და იბრძოლებს შენთვის“, – გვეუბნება ის. ნელი 5 წელია გარეთ არ გასულა, ამ პატარა აივნიდან „მოგზაურობს“ თავის ქალაქში. … როცა დილით ვდგები, ვამბობ, „მადლობა ღმერთო თვალები რომ გამახელინე“. მე ამის გამოც მადლიერი ვარ“, – გვეუბნება ის და კითხვაზე, თუ რა ენატრება ყველაზე მეტად, გვპასუხობს: „ჩემი ახალგაზრდობა. აქტიური და ხალისიანი“. ბათუმელები -
ლიბერალური უფლებების დამცველმა, ნატაშა პირც-მუსარმა 13 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ის სლოვენიის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება. 2 მილიონიანი ქვეყნის ახალმა მეთაურმა განაცხადა, რომ მისი პირველი ამოცანა იქნება მემარცხენეებსა და მემარჯვენე ძალებს შორის ღრმა განხეთქილების გადალახვა. თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ პირც-მუსარმა 54 პროცენტით 46 პროცენტის წინააღმდეგ აჯობა სლოვენიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ანჟე ლოგარს. მისი წარმატება გააძლიერებს ქვეყნის ლიბერალურ ბლოკს აპრილში სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის გამარჯვების შემდეგ. 54 წლის პირც-მუსარი იქნება პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს იკავებს მას შემდეგ, რაც სლოვენია 1991 წელს დამოუკიდებელი გახდა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. ორი კვირის წინ კენჭისყრის პირველ ტურში მან ლოგარზე უარესი შედეგი აჩვენა. რადიო თავისუფლება
-
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა Telegram-ზე წერს. „სარაკეტო თავდასხმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე“, - აცხადებს მერი. მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
-
2018-2022 წლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, ჯამში, 4 446 623 ლარის ჯარიმა გამოიწერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში 1612 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, რის მიხედვითაც, ჯარიმის ოდენობამ 1 029 320 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2018-2021 წლებს, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის თანახმად, ჯამში, დაჯარიმებულია 9573 ფიზიკური პირი, 954 იურიდიული პირი, გამოწერილია 10 624 ოქმი, ხოლო საჯარიმო თანხის ოდენობამ ჯამში, 3 417 303 ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, 2018-2021 წლებში, თბილისში, მუნიციპალური ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ჯამში, 7 659 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ჯამში, 2915 ოქმი; ხოლო სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის - 50 ოქმი. საჯარიმო თანხის ოდენობამ 2018-21 წლებში 3 417 303 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან ჰქონდა გამოთხოვილი ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დარღვევების განმეორების შემთხვევებზე, ასევე, კონკრეტულად რომელი ადგილების დაბინძურებისთვის არის ყველაზე მეტი საჯარიმო ოქმი გამოწერილი და რა პერიოდულობით შემოწმების ვალდებულება აქვს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თუმცა, უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციით, მსგავსი სახის სტატისტიკა მუნიციპალიტეტს არ უწარმოებია. IPN
-
პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში, ისტაკლალის ქუჩაზე აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბბინა მდებარეობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს. „ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ საზარელ ტერაქტზე“, - დასძინა მან. სოილუმ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. 50 დაშავებული საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს, ხუთი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 8 ადამიანი. აფეთქება სტამბოლის ცენტრში გუშინ საღამოს მოხდა. ხელისუფლებამ შემთხვევა ტერორისტულ თავდასხმას დაუკავშირა. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ, ქალია. ipn
-
თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერორისტულ აქტად მიიჩნევს, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა. „ჩვენი შეფასებით, ეს იყო ტერორისტული აქტი. თავდამსხმელმა, რომელიც წინასწარი მონაცემებით ქალია, მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. იპნ
-
პირველად მონარქის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, ხსოვნის კვირის აღსანიშნავად, ლონდონის კენოტაფი გვირგვინით შეამკო. ორწუთიანი დუმილის დასაწყისად, დილის 11 საათზე ბიგ-ბენმა 11-ჯერ დარეკა ზარი. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ხსოვნის დღის ცერემონიას მეფე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაესწრო. ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ მეორეს, ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე სამეფო კალენდრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიაჩნდა. იპნ
-
ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. „აღსანიშნავია, რომ ელენე ქებაძე კარიერის მანძილზე მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქების შედეგად 53 ადამიანია დაშავებული. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სტამბოლის გუბერნატორის წინასწარი მონაცემების საფუძველზე, აფეთქება შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდებოდეს. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში ქალი მონაწილეობდა. 1ტვ
-
სტამბოლში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 38-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორი ავრცელებს. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აფეთქება ერთი საათის წინ სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლის ცენტრში აფეთქებისას დაშავებულებსა და გარდაცვლილების თაობაზე სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. მათივე ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან. „ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი.
-
სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი. სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. როგორც მან განაცხადა, არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. თურქეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს შემთხვევის ადგილიდან მაუწყებლობა ან ფოტოების გამოქვეყნება აუკრძალა.
-
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 60 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის არმიამ კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა. „საღამოს მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ოკუპანტებმა გაქცევამდე გაანადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა – კავშირგაბმულობა, წყალმომარაგება, გათბობა, ელექტროენერგია. რუსებს ყველგან ერთნაირი მიზანი აქვთ – ხალხის ტანჯვა და დაცინვა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს აღვადგენთ“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში უკვე აღმოაჩინეს 2000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნაღმი. მან მოუწოდა მოქალაქეებს, დამოუკიდებლად არ შეამოწმონ საეჭვო ნივთები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხერსონის მსგავსად უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს აუცილებლად შეხვდებიან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის მცხოვრებლებიც. „ასე იქნება ხერსონის ოლქში მდებარე გენიჩესკშიც, მელიტოპოლშიც. მოვალთ ყველა ჩვენს ქალაქსა და სოფელში, დონბასშიც. აუცილებლად ვნახავთ, თუ როგორ შეხვდებიან დროშებით ხელში უკრაინულ ძალებს ყირიმში. უკრაინულ დროშებს იქაც ინახავენ და ასობით მოქალაქე გამოვა ქუჩებში ყირიმის გათავისუფლების დღეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ავტორი - ლევან ახალაია
-
ქალის ცხედარი იპოვეს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი წყლიდან ამოსვენებულია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა ინფორმაციას, ამ ეტაპზე, შსს არ ავრცელებს. ინფორმაცია განახლდება. -
სომხეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გარშემო. ამის შესახებ სამსახურის ვებსაიტი იტყობინება. ცნობით, გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად იქნა გამოყენებული, იმყოფებოდა სატვირთო მანქანაში, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე. ის ქვეყანაში შევიდა უცხო სახელმწიფოდან და შემდეგ გაემგზავრა რუსეთში. უწყების პრესსამსახური წერს, რომ საქმის ვითარებაში გასარკვევად აღიძრა საქმე "ადამიანების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით საერთაშორისო ტერორიზმისთვის ხელშეწყობის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საზღვრის გავლით ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდის, ასევე დოკუმენტების გაყალბების მუხლებით.“ 12 ოქტომბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იტყობინებოდა, რომ დაადგინა ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის 12 თანამონაწილის ვინაობა“ და რვა მათგანი დააკავა. რუსეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, ამ საქმის გამოძიების ფარგლებში „დაკავებულია რუსეთის ხუთი მოქალაქე და უკრაინის და სომხეთის სამი მოქალაქე, რომლებიც მონაწილეობდნენ დანაშაულის მომზადებაში“. რუსეთის უწყების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სატვირთო მანქანაში იყო მოთავსებული და შენიღბული იყო ტვირთით, რაც მთლიანად 22 ტონაზე მეტს იწონიდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აგვისტოს დასაწყისში გააგზავნეს ოდესის ნავსადგურიდან ბულგარეთის, საქართველოს და სომხეთის გავლით, აცხადებს რუსეთის უშიშროების სამსახური, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურს ადანაშაულებს აქტის ორგანიზებაში. საქართველომ და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანას, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, არ გადაუკვეთავს მათი საზღვრები. სომხეთის ცნობით, ამ ქვეყნის საბაჟო სამსახურმა შეასრულა ყველა საჭირო პროცედურა, მაგრამ ტვირთში, რომელიც საქმეში ფიგურირებს, საფრთხე არ შეუნიშნავს.
-
„უკრაინის რკინიგზა“ ხერსონში სამგზავრო მატარებლის აღდგენას აანონსებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„უკრაინის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ხერსონის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის აღდგენის პროცესი. „რკინიგზა ადგილზეა. ხალხი გველოდება. ასე რომ, მალე იქნება მატარებელი ხერსონში“, - წერს ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელი, ალექსანდრ კამიშინი. „განაღმვის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ამას დრო სჭირდება. დაზიანებულ გზებსა და დამტვრეულ ვაგონებს მალე აღვადგენთ“, - წერს კამიშინი. 11 ნოემბერს, უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსეთის ჯარმა დატოვა. ქალაქი მარტის დასაწყისიდან ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ხერსონიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად“. რადიო თავისუფლება -
93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე. ნოდარ ნათაძე 1989 წლიდან იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. 1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ნოდარ ნათაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია. რადიო თავისუფლება
-
ყაზახეთი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის 2025 წლისთვის 20 მლრდ დოლარის ინვესტიციის მიზიდვას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა სამარყანდში, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს. ტოკაევს „თვალსაჩინო მაგალითისთვის“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) მოჰყავს და თურქულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები პრიორიტეტულად განავითარონ. „პრიორიტეტად მიგვაჩნია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის განვითარება, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია,“ - აცხადებს პრეზიდენტი. მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყაზახეთმა ინდუსტრიის განვითარებისთვის 35 მლრდ დოლარი გამოყო. ტოკაევის წინადადებას უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმაც დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ სატრანსპორტო სექტორში თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ურთიერთობა უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. მირზოევის თქმით, უზბეკეთი თავისი საგარეო სავაჭრო ტვირთების 10%-ის ტრანსპორტირებას სწორედ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ეწევა. მან ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ ტრანსპორტის სფეროში ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემას, რომელიც ახლახან თურქეთსა და უზბეკეთს შორის დაინერგა. თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია 2009 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. 2021 წლის ნოემბრამდე ორგანიზაციას „თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო“ („თურქული საბჭო“) ეწოდებოდა. 2018 წელს ორგანიზაციაში უზბეკეთი გაწევრიანდა, ხოლო უნგრეთსა და თურქმენეთს დამკვირვებლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. მოამზადა ლადო სულაბერიძემ
-
„სიბიესის“ პროგნოზის მიხედვით, ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შევა. წინასწარი მონაცემებით, კეტრინ კორტეს მასტო რესპუბლიკელ ადამ ლაქსალტს მცირე სხვაობით ამარცხებს. როგორც ტელეკომპანია წერს, ამ გამარჯვებით დემოკრატები სენატში 50 ხმას აგროვებენ და ფაქტობრივად ინარჩუნებენ უმრავლესობას, რადგან კიდევ ერთი გადამწყვეტი ხმა აქვს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც კონსტიტუციით სენატის თავმჯდომარის ადგილს იკავებს. „ბიბისის“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კეტრინ კორტეს მასტომ ნევადას შტატის 17 ოლქიდან 16-ში წააგო, თუმცა გაიმარჯვა კლარკის ოლქში, სადაც ნევადას შტატის მოსახლეობის 70%-ი ცხოვრობს. მასტომი აბორტების ლეგალიზაციის და იარაღის კონტროლის მომხრეა. მან მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, 2021 წელს კაპიტოლიუმის შტურმის საქმესთან დაკავშირებით. „ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დემოკრატების მიერ სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი დემოკრატები ნევადისა და არიზონას შტატში არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. დღევანდელი მონაცემებით, სენატში 50 ადგილი დემოკრატებს და 49 რესპუბლიკელებს ექნებათ. ერთადერთი შტატი არის ჯორჯია, სადაც ჯერ შუალედური არჩევნების შედეგი უცნობია. ამ შტატში მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯორჯიაში რესპუბლიკელმა კანდიდატმა გაიმარჯვა, სენატში ორ პარტიას 50-50 ხმა, ხოლო გადამწყვეტი ხმა დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ექნება. რაც შეეხება, კონგრესის ქვედა პალატას, „სიბიესის“ წინასწარი პროგნოზით, რესპუბლიკელები 214 ადგილს დაიკავებენ, ხოლო დემოკრატები 210-ს. ბევრ შტატში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი დიდი ალბათობით წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 218 ადგილის მიიღებენ. 1ტვ
-
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს. ამის შესახებ განცხადება ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლება ასევე ცხადჰყოფს იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უკრაინას უწევენ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. ბლინკენის განცხადებით, კიევის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე ეს საჭირო იქნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის სამხედროების სტრატეგია, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო და მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას აგრძელებენ. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბაიდენის ადმინისტრაციას და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. მისივე თქმით, უკრაინა საკუთარი ტერიტორიებიდან რუსეთის გაძევებას მხოლოდ აშშ-თან ერთად შეძლებს. კულებას თქმით, გამარჯვება ახლოსაა და ეს გამარჯვება ყველა მშვიდობისმოყვარე ერის გამარჯვება იქნება. ავტორი - ლევან ახალაია