Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. მმართველ უმრავლესობაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს გააგზავნიან თუ არა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და ამ მხრივ, გაითვალისწინებენ თუ არა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაციას. შესაბამისი კითხვის პასუხად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ვენეციის კომისიაში კანონპროექტი უკრაინის პარლამენტს ჰქონდა გაგზავნილი, ქართული კანონი უკრაინულის ანალოგიურია და ახლახან გახდა ცნობილი, რომ უკრაინულმა მხარემ მის მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიიდან უკან გაიწვია. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებოდით დასკვნას ქართული მოდელის ანალოგიურ უკრაინულ მოდელზე. ახლახან აშშ-ს ელჩისგან ცნობილი გახდა, რომ პროექტი უკრაინულ მხარეს გაუწვევია, რაც სხვათა შორის, ევროკავშირის ელჩს არ უთქვამს. ჩვენ ეს ინფორმაცია აშშ-ს ელჩისგან მივიღეთ. ფაქტია, რომ ამ კანონპროექტზე ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებმა ძალიან მაღალი დასკვნა გააკეთეს. “თამამი ნაბიჯი“ - ასე შეაფასა ევროკომისარმა უკრაინული კანონპროექტი, რითაც ყველაფერი ნათქვამია. უკრაინულ მხარეს მის მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციის ვალდებულებაც კი მიეცა მაშინ, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ქართულმა მხარემ უკრაინული კანონპროექტის ანალოგიური პროექტი მიიღო, რათა დამატებითი პოლიტიკური ინსინუაცია არ გაჩენილიყო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
  2. ტყეში სათბობი შეშის მოპოვება მოსახლეობამ შესაძლოა, 2026 წლამდე შეძლოს. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპორექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად დასაშვები 2026 წლის 1 იანვრამდე იქნება. „პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება ტყის მართვის ორგანოებისთვის იმ ვალდებულების გადავადებას, რომლის მიხედვითაც ტყის მართვის ორგანოებს უნდა ჩაენაცვლებინათ არსებული სოციალური ჭრების პრაქტიკა და მოქალქეებს მხოლოდ საქმიანი ეზოებიდან შეძლებოდათ სათბობი მერქნული რესურსის შეძენა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე ახორციელებს საქმიანი ეზოების პროექტის ფარგლებში მერქნული რესურსის რეალიზაციას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ხე-ტყის დამზადების უფლება და აღნიშნული პრაქტიკა დინამიკაში უკვე მზარდი პროცესია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში მითითებული ვადა გადაიწევს 2026 წლამდე, სატყეო სააგენტო ინტენსიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და მეთოდურად რეგიონებში ნელ - ნელა შეიცვლება სათბობი შეშის მოპოვების პრაქტიკა, რაც საშუალებას მისცემს ერთის მხრივ ტყის მართვის ორგანოებს მომზადებულნი შეხვდნენ 2026 წელს, ხოლო მოსახლეობაში უფრო ამაღლდება ცნობიერება და ინფორმაციულობა ამ კუთხით და შესაბამისად, ორივე მხრიდან იქნება ახალმოდელზე გადასვლის მზაობა დათქმული თარიღისათვის,“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ავტორი: თაია არდოტელი
  3. „ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია,“- ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგოპლატფორმა“ ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას განცხადების საფუძველზე აცხადებს. „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დეფიციტის მთავარი მიზეზი, კრიპტომაინინგია. საზოგადოების აქცენტი კი, მეტი ჰესის მშენებლობაზე არასწორია. „რა უნდა ეშველოს ქვეყანას, სადაც ამდენი ლოგიკას აცდენილი ხალხი ცხოვრობს, არ ვიცი! მოკლედ, ენგურჰესი გაჩერდა წყლის ნაკლებობის გამო, რაც მოსალოდნელი იყო. მიზეზი არის კრიპტოს მიერ დენის არანორმალურად მაღალი მოხმარება აფხაზეთში და არამარტო! მართალია, კლიმატის ცვლილების ზუსტი გავლენა მდინარეთა ჰიდროლოგიურ რეჟიმებზე შესწავლილი არ არის, თუმცა სერიოზულად რომ იმოქმედებს ჰესების გამომუშავებაზე მომავალში, ყველა თანხმდება! ჰოდა, აბა თუ მიხვდებით, რა ხდება კომენტარებში? ახალ ჰესებს რატომ არ ვაშენებთო! ახალ ჰესებსო!!! ამას ამბობენ სექტორზე, სადაც გამომუშავების 78% მოდის ისედაც ჰესებზე და მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ! ჰესებზე რომლებიც ზამთარში ფაქტობრივად არ მუშაობს და არც მომავალში იმუშავებს! პ.ს. კრიპტოზე ხმას არავინ იღებს, რა გვენაღვლება“ - წერს ჭიპაშვილი. შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანამ 5,981 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14-ჯერ აღემატება. გასული წლის ოქტომბერში საქართველომ მხოლოდ 414,4 ათასი დოლარის დენი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ წელს ოქტომბერში საქართველომ ელექტროენერგია თითქმის სულ რუსეთში იყიდა - 5,979 მლნ დოლარის ღირებულების, მხოლოდ 2,42 ათასი დოლარის შეიძინა აზერბაიჯანში. ავტორი: თამარ მუკბანიანი
  4. მედიის ცნობით, „ასოშიეითიდ პრესმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ჯეიმს ლაპორტა, რომელმაც პოლონეთში გასულ კვირას ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. „ასოშიეითიდ პრესმა“ რაკეტის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოშობის იყო, რაც მართალი არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, როგორც პოლონეთმა, ისე ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული რაკეტა რუსული წარმოშობის იყო, თუმცა ის უკრაინულმა ძალებმა რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად გაუშვეს, მან კურსიდან გადაუხვია და პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თუმცა, „ასოშიეითიდ პრესის“ რედაქციაში მიაჩნიათ, რომ როგორც უმსხვილეს სააგენტოს, რომელიც ახალ ამბებს, თავის მხრივ, მსოფლიოში მრავალ საინფორმაციო სააგენტოს უგზავნის, მათ მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, უკრაინაში ომის ესკალაცია შეეძლო. მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სააგენტომ ჩაასწორა გამოქვეყნებული ტექსტი. ჯეიმს ლაპორტა კი, შიდა მოკვლევის შედეგად სამსახურიდან დაითხოვეს. ლაპორტა ყოფილი საზღვაო ქვეითია, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, „ასოშიეითიდ პრესს“ კი, 2020 წლის აპრილში შტატგარეშე მუშაობის შემდეგ შეუერთდა. ავტორი - სალომე თორაძე
  5. რუსები კლავენ, აწამებენ და იტაცებენ უკრაინელებს სისტემატიურად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში ბეთ ვან შააკმა განაცხადა. „არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იყო განლაგებული“, - აღნიშნა ბეთ ვან შააკმა. მისი თქმით, გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მტკიცებულებები „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ, განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების შეურაცხყოფაზე, უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, რუსეთის ტერიტორიაზე ძალით გადაყვანაზე, სიკვდილით დასჯის შემთხვევებსა და სექსუალურ ძალადობაზე მიანიშნებს“. ვან შააკი, რომელიც წარმოადგენს შეერთებულ შტატებს მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციაში, რომლებიც ომის დანაშაულებებსა და სხვა სისასტიკეს იძიებენ, არსებულ ვითარებას "ახალი ნიურნბერგის მომენტს" უწოდებს. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე გამოიწვია „პასუხისმგებლობის დაყენებასთან დაკავშირებული ინიციატივების უპრეცედენტო სპექტრი“, რომელშიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად მრავალი ორგანოა ჩართული. „ეს ორგანოები კოორდინაციას უწევენ პრიორიტეტებისა და მიდგომების შემუშავებას ყველა არსებული იურისდიქციის საფუძველზე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა. იპნ
  6. ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, უნდა გადაიგზავნის თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, როგორც ეს საქართველოს მთავრობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ურჩია. „რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი რჩევა, რომელიც მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს ძალიან კარგი რჩევაა. ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიამ გაიწვია. ეს არის კანონის ახალი სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე“, - აღნიშნა ელჩმა.
  7. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საზოგადეობას ცენტრის ახალი პროექტის – „შეფასება განვითარებისათვის“ წარუდგინა. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში. ტესტირება ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება. ტესტირება მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის დავალებებს. დახურული დავალებები გასწორდება კომპიუტერის მეშვეობით, ღია დავალებების შესწორებაში კი პედაგოგები ჩაერთვებიან. ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე განმარტავს, რომ პროექტის მიზანია მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირების ჩატარება, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. მისივე განმარტებით, ეს არ არის მოსწავლის მხოლოდ ქულებით შეფასება, აღნიშნული შეფასება დაეხმარებათ იმის გარკვევაში თუ რა უჭირს მოსწავლეს, რა სჭირდება და როგორ დაეხმარონ მას უკეთესი შედეგის მიღწევაში. მისივე განმარტებით, პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მისივე თქმით, სანამ ეროვნულ დონეზე დაინერგება პროექტი, გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი.
  8. თბილისის მერია მეტროს სადგურების მისადგომობის გასაზრდელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო მომსახურებას ყიდულობს. პროექტი აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება 16 მილიონი დოლარია. პროექტი მოიცავს როგორც კვლევას და პროექტირებას, ასევე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მას იმედი აქვს, რომ კვლევისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან თბილისის მერია ხელშეკრულებას 2023 წლის მაისში გააფორმებს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის შემდეგ კი ქალაქს ექნება დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს, 10-ზე მეტ სადგურზე უკეთ მოეწყოს მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურა. "პროექტი მოიცავს თბილისის ოთხ მეტროსადგურზე („ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“) მისაწვდომობის გაზრდას; დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას მეტროსადგურების „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ ტერიტორიაზე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“. ამასთანავე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის", - თქვა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. რადიო თავისუფლება
  9. დიდი ბრიტანეთი უკრაინას უგზავნის ლაზერული დამიზნების სისტემის მქონე მაღალტექნოლოგიური რაკეტა Brimstone-ის მეორე თაობის მოდელებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი წერს. ერთი რაკეტა Brimstone 2 დაახლოებით 175 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს. ის ძირითადად, განკუთვნილია სახმელეთო სამიზნეების, მათ შორის დიდი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გასანადგურებლად და შეუძლია წინასწარ დაპროგრამებული სიიდან, მაღალი სიზუსტის რადარის მეშვეობით თავად აირჩიოს შესაფერისი სამიზნე ისე, რომ არ შეეხოს სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებებს. გაერთიანებულმა სამეფომ რაკეტა Brimstone-ის პირველი თაობის მოდელები უკრაინას დაახლოებით ნახევარი წლის წინ გაუგზავნა. ამ ტიპის რაკეტებს, როგორც წესი, ავიაგამანადგურებლებიდან ისვრიან, თუმცა, უკრაინელი სამხედროები გამშვებ პლატფორმად იყენებენ მოდიფიცირებულ სატვირთო მანქანებს. გასულ კვირაში, კიევში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა ლონდონისგან მიიღებს კიდევ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას. რადიო თავისუფლება
  10. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს. უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ატარებს „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სისტემური მუშაობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის". უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, გაზრდილია ტერაქტების, დივერსიების და მძევალთა აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი თავშეყრის ადგილებში. უკრაინის უშიშროების თანახმად, ღონისძიებები ტარდება, რათა არ დაუშვან ლავრის გამოყენება „რუსული სამყაროს ცენტრად“ და შემოწმდეს მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესიის კუთვნილი შენობები შესაძლოა, გამოიყენებოდეს დივერსიულ-სადაზვევრო ჯგუფების, უცხოეთის მოქალაქეების და იარაღის სამალავად. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და ამოწმებენ იქ მყოფ პირებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით საქმე აღძრა კიევ-პეჩორის მონასტრის ერთ-ერთ ტაძარში სიმღერის „მატუშკა რუს“-ის შესრულების და ღვთისმსახურებისას „რუსული სამყაროს“ განმადიდებელი პროპაგანდის გამო. ლავრაში განაცხადეს, რომ მღვდელი, რომლის წირვის დროსაც ეს მოხდა, ღვთისმსახურებას ჩამოაშორეს. რადიო თავისუფლება
  11. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 9 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ცეცხლსასროლი იარაღის და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით უტევენ ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტებს. უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, საოკუპაციო ძალებს ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტ სტრელკოვოეში მდებარე დასასვენებელი ბაზის ტერიტორიაზე დაკავებული ჰყავთ უკრაინის მოქალაქეები და მათ აწამებენ. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
  12. მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საუბარია საქართველოზე. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მადრიდიდან იუწყება. შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, მოახდინონ დროული იმპლემენტაცია სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტებისა, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის. რეზოლუციაში სახელწოდებით „ნატო-ს ახალი სტრატეგიული ერა“, წერია, რომ კვლავ ადასტურებს, როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. „ერთსულოვნად მიესალმება ნატო-ში გაწევრიანებისთვის ფინეთისა და შვედეთის მიპატიჟებას, რომლებიც უკვე თითქმის ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის მიერაა რატიფიცირებული, რომელიც მთლიანობაში გააძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს ნატო-ს ღია კარი პოლიტიკისა და უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას. დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოწყვლადი პარტნიორებისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის, რათა აღმოუჩინონ დახმარება მედეგობის გაძლიერებაში, მათი პოტენციალის განვითარებასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში. ასევე, გააგრძელონ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. ამავე რეზოლუციაში წერია: „დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ღიად განაცხადონ, რომ რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა მოქმედი ხელისუფლების პირობებში“. ავტორი - სალომე ქოქიაშვილი
  13. დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ მომენტში მთავარია სტრატეგიული საკითხი და რუსეთისთვის საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილის მიცემის რისკები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. ევროკავშირის მიერ ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ იმედგაცრუებული იყო. „საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, გავიგე – ჩვენ გავიგეთ, რომ იყო უკრაინის კონკრეტული სიტუაცია. უკრაინამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ – ევროპულ პერსპექტივასთან და კანდიდატის სტატუსის კართან, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ამ ეტაპზე არ იყოს მოსალოდნელი. ნათელია, რომ მას კავშირი აქვს უკრაინისა და მოლდოვის პოლიტიკურ-სამხედრო სიტუაციასთან და მგრძნობელობასთან. და შესაძლოა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენმა პოზიციებმა გარკვეულ ევროპულ რეკომენდაციებთან და შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, (რომელზეც ჩვენ შევთანხმდით), ვერ შექმნა ის პირობები, რომლითაც [კანდიდატის სტატუსის] მინიჭება შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარია – ახლა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია გვაქვს. ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რომელიც წევრობას არ გულისხმობს. ჩვენ სხვა კრიტერიუმები გვექნება, უფრო მეტი შესასრულებელი, მეტი რეფორმები გასატარებელი. მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველო ამ ტრიოს ნაწილია, რომელიც ჩვენ შევქმენით და არა მის გარეთ მყოფი, რომელიც შესაძლოა, მიმზიდველი იყოს რუსეთისთვის, რათა თავისი თამაში აწარმოოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, საქართველოს მთავრობას, მმართველი პარტიას სერიოზულად სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ბევრი ქვეყანა არაა სრულყოფილი დემოკრატიულ მიღწევებში. „ვფიქრობ, ამაზე მუშაობენ, ვფიქრობ, სრულყოფილები არ ვართ, რომ დღეს ბევრი ქვეყანა არაა სრულყოფილი ამ დემოკრატიულ მიღწევებში. და, ნამდვილად, მე ვარ ის, ვინც ყველა ამ მიმართულებისკენ უბიძგებს, რათა მივაღწიოთ იმას, რასაც უნდა მივაღწიოთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. თუმცა დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, რომ თითქოს არაა მნიშვნელოვანი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ მომენტში მთავარია სტრატეგიული საკითხი და რუსეთისთვის საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილის მიცემის რისკები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე ევროკავშირს ნამდვილად სურს თუ არა საქართველო და გულწრფელები არიან თუ არა ისინი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, გულწრფელები არიან. „ვფიქრობ, მე უკეთ ვიცნობ ევროკავშირს, ვიდრე ბევრი სხვა… ვფიქრობ, ისინი არიან გულწრფელები. მათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს ქვეყნებს, რომლებსაც თუ მკაცრად, ტექნიკური რეფორმების თვალსაზრისით შევხედავთ, შესაძლოა, იმდენი არ გაუკეთებიათ, რამდენიც საქართველოს. ვფიქრობ დღეს, გეოპოლიტიკა იცვლება: შავი ზღვა, ერთ დროს კედელს წარმოადგენდა, დღეს კი, გეოგრაფიას მნიშვნელობა აღარ აქვს, მანძილები შემცირდა. დღეს ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვა და ის, რომ შავი ზღვის მეორე მხარეს იყოს დემოკრატიული, ევროპული, პროევროპული ქვეყანა, სადაც მომავალი ათწლეულის განმავლობაში ახალი სატრანზიტო არხები და ახალი კავშირები დამყარდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. „ბიბისის“ ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს მის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზეც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ვეტოები დაძლეული იქნება უმრავლესობის მიერ, მაგრამ სურს პოზიციის დაფიქსირება „არა, ასე არ ვფიქრობ. სანამ უმრავლესობა არსებობს, ჩემი ვეტოები დაძლეული იქნება. მე მინდა ჩემი პოზიციის დაფიქსირება. მე რაღაც ფორმით მორალურ მონიტორინგს ვახორციელებ, რათა ნამდვილად სწორ მხარეს ვიდგეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ალიანსის წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებით ნატო-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად ემზადება და ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. „არასდროს თქვათ არასდროს, რადგან ვფიქრობ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო ისეთი იქნებოდა, როგორც დღესაა. ვერავის წარმოედგინა, რომ რუსეთი ერთ-ერთ მის მეზობელთან ომში წაგებასთან ასე ახლოს იქნებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ არასდროს უნდა ვთქვათ – არასდროს! ჩვენ ნატო-ში გასაწევრიანებლად ვემზადებით. ჩვენ ნატო-სთან ერთად წვრთნებს ვატარებთ, მას შემდეგაც კი, რაც უკრაინაში ომი დაიწყო; ჩვენ სამხედრო წვრთნები ჩვენს მიწაზე ჩავატარეთ, ამიტომ ჩვენი სიფრთხილე სიფრთხილეა, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა. ეს გამოწვევაა, მაგრამ შეხედეთ გერმანიას – ჩვენ ისტორიული მაგალითები გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
  14. არგენტინული ტელეარხის Todo Noticias-ის რეპორტიორი დომენიკა მეცგერი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გაძარცვეს – ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. მეცგერს კატარი-ეკვადორის (0:2) მატჩის წინ, ჩართვა ჰქონდა დოჰას კორნიშის რაიონიდან. პირდაპირ ეთერში გულშემატკივრებთან ინტერვიუებს იწერდა, რა დროსაც მისი ჩანთიდან ფული და დოკუმენტები გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის მომენტი კადრებში არ მოხვდა, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ის გადაღების დროს გაძარცვეს. „ჩართვის დროს მქონდა პატარა ჩანთა ყველა საჭირო ნივთით, ჩემი საფულე, სასტუმრო ოთახის გასაღები, საკრედიტო ბარათები. გულშემატკივრებთან ერთად ვცეკვავდი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ დროს ვიღაცამ ჩემი ჩანთა გახსნა და საფულე აიღო. მას შემდეგ, რაც პირდაპირი ჩართვა დავასრულე, წყლის საყიდლად საფულე დამჭირდა, მაგრამ ის ჩანთაში აღარ იყო“ – თქვა მან. არგენტინული ტელეარხის რეპორტიორმა აღნიშნა, რომ ქურდობის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  15. უკრაინის უმაღლესი რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის ცნობით, მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი რუსი კრიმინალების დასასჯელად. ეგორ ჩერნევის ცნობით, ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. „ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებას. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო ჩამდენები, არამედ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გადაეგზავნება ნატოს ყველა წევრის მთავრობებსა და პარლამენტებს“, – განაცხადა ჩერნევმა. მისივე თქმით, რეზოლუცია უკრაინისთვის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს: უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა; უკრაინის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება; უკრაინისთვის მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების აღების მექანიზმის შექმნა. ჩერნევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზოლუცია ითვალისწინებს პრინციპს, რომ ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მისი თქმით, უკრაინის პოზიცია ტრიბუნალის შექმნასთან, რეპარაციების გადახდასთან და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იღებს მხარდაჭერას უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმებზე. „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ომის დანაშაულებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა, და აგრესიისთვის სასჯელი გარდაუვალი იქნება. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – დასძინა ჩერნევმა. პუბლიკა
  16. რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და ფოკუსირებულია თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე. უწყების ცნობით, რუსული ძალები ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას და აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ცალკეული მიმართულებებით.
  17. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა. ჩინეთში, გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტში. დაინფიცირების შემთხვევებმა ახალ რეკორდს მიაღწია დედაქალაქ პეკინშიც, სადაც, გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევაც. პეკინში შესვლის წესები გამკაცრდა. სხვა ქვეყნებიდან ჩასულებმა საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლების მოპოვებამდე სამი დღის განმავლობაში კოვიდ ტესტი უნდა ჩაიტარონ. ipn
  18. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 9 ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა და ომბუდსმენის მოქმედმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. იგი სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველას, ვინც თავისი კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრება გაიარა. საკითხი ახლა პლენარულ სხდომაზე გადავა. კენჭისყრამდე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტის ფარგლებში "ქართული ოცნების" ფრაქცია ყველა მოქმედ და გასაუბრებაგავლილ კანდიდატს დაუჭერდა მხარს იმ მოტივით, რომ ამ თემაზე "პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელი არ შეეშალოს". სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებულ კიდევ ერთ კანდიდატს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც გასაუბრებაზე არ მივიდა, მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ენმ-ის წარმომადგენელმა ნატო ჩხეიძემ, დაუჭირა მხარი. მათი ხმები კომიტეტის დადებითი რეკომენდაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კომიტეტზე გამართულ კენჭისყრისზე კანდიდატებისადმი მხარდაჭერა ასე განაწილდა: ანა აბაშიძე - 7 მომხრე; მარიკა არევაძე - 6 მომხრე; გიორგი ბურჯანაძე - ერთხმად - 9 მომხრე; ლელა გაფრინდაშვილი - 6 მომხრე; სოფიო დემეტრაშვილი - 6 მომხრე; თინათინ ერქვანია - 6 მომხრე; ევგენია თავაძე - 6 მომხრე; ალექსანდრე კობაიძე - 6 მომხრე; ლევან კოკორაშვილი - 6 მომხრე; ნუგზარ კოხრეიძე - 6 მომხრე; გიორგი მარიამიძე - 6 მომხრე; სერგო მახარაძე - 6 მომხრე მაკა მინდიაშვილი - 6 მომხრე; ჯემალ ნათელაშვილი - კანდიდატურა მოხსნა; ნიკოლოზ ნიკოლაძე - კანდიდატურა მოხსნა; ქეთევან ჩაჩავა - 6 მომხრე; გიორგი ცობეხია - კანდიდატურა მოხსნა; იაგო ხვიჩია - 6 მომხრე; ნაზი ჯანეზაშვილი - გასაუბრებაზე არ ყოფილა - 2 მომხრე. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველებობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დაასრულა. სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ომბუდსმენის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. radio tavisupleba
  19. თბილისის ზოოპარკი facebook-ზე რამდენიმე დღის წინ ზოოპარკიდან გაქცეულ მამკაკის ისტორიას ჰყვება. როგორც ადმინისტრაცია facebook-პოსტში აღნიშნავს, ვოლიერიდან გაქცეული მაიმუნი უკან მალევე დააბრუნეს, გაქცევის წინაპირობა კი ასეთი იყო:
  20. ბათუმის პორტში საათზე მეტია, სამართალდამცველები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე ნაღმს ეძებენ. როგორც პორტის პროფკავშირების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და აღნიშნა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. პორტი ამ დროისთვის ჩაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განმარტებები არ გაკეთებულა. ავტორი - მერაბ წულუკიძე
  21. ხერსონის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ქალაქ ხერსონს. ამის შესახებ ტელეგრამარხზე წერს ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე იური სობოლევსკი. „ისევ დარტყმები, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არიან დაჭრილი სამოქალაქო პირები, მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება“ – წერს სობოლევსკი ტელეგრამში. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობა, დაღუპულების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული. ავტორი - ლევან ახალაია
  22. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7178 ლარი ეღირება, ევრო – 2.7814 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2111 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7188 ლარი ღირდა, ევრო – 2.8213 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2419 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ნოემბრისთვის ამოქმედდება.
  23. ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, როგორც მოკავშირეებს, რომ დავიცვათ ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორები, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიის წინაშე ყველაზე დაუცველები, როგორიცაა საქართველო, რომელმაც უკვე განიცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია 2008 წელს, ჩვენს მხარდაჭერას იღებდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო უნდა დაეხმაროს პარტნიორებს, რომ თავი დაცულად იგრძნონ. „მტკიცედ მწამს, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები, მანამდე სულ მცირე მათ უნდა მივაწოდოთ მნიშვნელოვანი დახმარება. მთავარი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის ის, რომ უკრაინას უფრო ადრე და უფრო მეტად უნდა დავხმარებოდით. მინდა შევაქო ის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ეხმარებოდნენ 2014 წლიდან. ნატო-მაც მიაწოდა მხარდაჭერა უკრაინას – ტრენინგები, შესაძლებლობების გაზრდა, მაგრამ ნატო-ს შეეძლო მეტის გაკეთება უკრაინისთვის რუსეთის შეჭრამდე. ზუსტად იგივე ვრცელდება საქართველოზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან ჩვენი ახლო პარტნიორები. მაგალითად, მახსოვს, როდესაც 2015 წელს ჩავედი ლვოვში, კერძოდ იავორივში და ვნახე აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი ინტენსიურად წვრთნიდნენ უკრაინელ სამხედროებს, ეს წვრთნები უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, ყველაზე მეტად საჭიროა მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და სხვა პარტნიორებისთვის, ვინც საფრთხის ქვეშაა. ეს დახმარება არის საჭირო ახლა. სწორედ ეს არის უკრაინის გაკვეთილი. თქვენ უნდა დამეხმაროთ, რადგანაც ჩვენ გვჭირდება ფული თქვენი პარლამენტებიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 1ტვ
  24. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია. ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლის სულ მცირე ერთი კერაა და დაკვამლიანება შეინიშნება. უცნობია, ხანძარი რა ფართობს მოიცავს. მათი თქმით, შესაბამის სამსახურს ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს. სოფელში მერის წარმომადგენელი ზვიად შარიქაძე ამბობს, რომ ხანძრის კერამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი, რასაც დაახლოებით 2 საათი სჭირდება. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკვე გაემართნენ რეინჯერები და მეხანძრე-მაშველები. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ოფიციალურ პასუხს ელოდება. radio tavisupleba
  25. დღეს საქართველოში ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტთა თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება ჩვეულ დროზე ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. შესაბამისად, ექიმები ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება. ისინი თვლიან, რომ დღეს, ქვეყნისთვის, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსის, რომლის მუტაციაც - ომიკრონი, არ გამოირჩევა გართულებებით და გრიპთან შედარებით, მისი მიმდინარეობა უფრო მსუბუქია. დარგის სპეციალისტები ალაპარაკდნენ მსოფლიოში ე.წ. ტრიპლდემიის რისკზეც, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის - გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას. რომელი ვირუსები ცირკულირებს? რინოვირუსი, ადენოვირუსი, ბოკავირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსი - ეს იმ ვირუსების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ქვეყანაში, ამ სეზონზე, აქტიურად ტრიალებს. გარდა ამ ვირუსებისა, გასულ კვირაში, საქართველოში უკვე ოფიციალურად დადასტურდა გრიპის, ე.წ. ჰონგ-კონგისა (H3N2 ) და ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) შემთხვევებიც. საფრანგეთი, 2017 წელი. ქვეყანაში H3N2-ის აფეთქების გამო ხანდაზმული მოსახლეობის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იმატა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთ კვირაში, ლუგარის ცენტრმა ოფიციალურად დაადასტურა გრიპის 10 შემთხვევა, რაც გასულ სეზონთან შედარებით ნახტომისებური მაჩვენებელია. მისი თქმით, 2020-21 წლის მთელ სეზონზე, ექვსი თვის განმავლობაში, გრიპის მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. ივანე ჩხაიძე “წლევანდელი წელი წინა წლებისგან გამოირჩევა. წელს დომინირებს A ტიპის ვირუსი და მის დომინანტობაში, პირველ რიგში, იგულისხმება H3N2 ტიპის ვირუსი, რომელსაც ასევე უწოდებენ ჰონგ-კონგის ვირუსს. ის არ არის ახალი ვირუსი. ეს სახელწოდება მას ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიენიჭა, როდესაც 1968 წელს, ჰონგ-კონგში გრიპის სერიოზული აფეთქება გამოიწვია. ასევე გვხვდება ერთეული შემთხვევები კარგად ნაცნობი H1N1, ე.წ. ღორის გრიპისა, თუმცა, უმრავლესობა H3N2-ია“. გარდა ამისა, საქართველოში აქტიურად ცირკულირებს რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (ზედა და ქვედა გზების ინფექცია), რომელიც განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ბავშვებში და შესაბამისად, ამით აიხსნება კლინიკებში მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელიც: „ამ ვირუსის აქტიურობა მთელ მსოფლიოში შეინიშნება. სამწუხაროდ, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონზე, 2022 წლის განმავლობაში, ეს ვირუსი უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. იაშვილის კლინიკაში პაციენტების ნაკადი ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო და პიკს მიაღწია მაისსა და ივნისში. ჰონგ-კონგის ვირუსსა და რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს შორის განსხვავება სერიოზულია. რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში განაპირობებს ბრონქიოლიტს, წვრილი ბრონქების ანთებას, რაც საკმაოდ საყურადღებოა, საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, ჟანგბადის დამატებით მიწოდებას. მაღალია ფილტვების ანთებით გართულების რისკი. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე ლაპარაკობს ე.წ. ტრიპლდემიის რისკზე, რაც ნიშნავს ერთდროულად სამი ვირუსის - გრიპის (H3N2), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას. მომდევნო კვირების განმავლობაში, დეკემბერ-იანვარში, ველოდებით ამ სამი ტიპის ვირუსის შემთხვევების მატებას“. ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ წლევანდელი წელი ვირუსების გავრცელების მხრივ გამორჩეული იქნება: „ეს ვარაუდი ეფუძნება იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო სამხრეთ ნახევარსფეროდან. სამხრეთ ნახევარსფეროში გრიპის ვირუსი ადრე იწყება და შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის ხელმძღვანელობს იმ ქვეყნებიდან მიღებული მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ავსტრალიაში დაფიქსირდა გრიპით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა. ზუსტად ანალოგიური მოლოდინი აქვს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც, რომელიც აცხადებს, რომ წლევანდელი წელი იქნება ბოლო 13 წლის განმავლობაში გამორჩეული წელი ვირუსის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით. საქართველოშიც ანალოგიური მდგომარეობაა. ასეა ევროპის ქვეყნებშიც“. როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპის ვირუსები? - სიმპტომები და გართულების რისკი მაგალითად, ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპისა და ღორის გრიპის ერთმანეთისგან განსხვავება მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით, შეუძლებელია. ამ ვირუსებს თითქმის თანაბრად ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: მაღალი ცხელება; ყელის ტკივილი; ხველა; ძლიერი სისუსტე; კუნთების, სახსრების ტკივილი; მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი; როგორც ივანე ჩხაიძე გვიხსნის, ამ ვირუსების უკან დგას არა მხოლოდ მისი რთული მიმდინარეობა, არამედ გართულებების რისკის ალბათობა: „პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ ფილტვების ანთების ალბათობა, რამაც რიგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის გარდაცვალებაც. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ყოველწლიურად, პანდემიამდე პერიოდშიც, საქართველოში, სეზონზე, გრიპის ვირუსით 30-დან 60-მდე ადამიანი კვდებოდა. ამიტომ ვამბობთ, რომ გრიპის ვირუსის ცირკულირება ახლა გაცილებით უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე კორონავირუსის, რადგან ომიკრონი არ გამოირჩევა გართულებების მაღალი ხარისხით და გრიპთან შედარებით მისი მიმდინარეობა უფრო მსუბუქია“. ვის აქვს გრიპის გართულების რისკი? რისკ-ჯგუფში შედიან 5 წლამდე ბავშვები. განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვები. სწორედ ამიტომ, ამერიკის CDC-ის რეკომენდაციით, ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია ექვსი თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ასევე რისკ-ჯგუფში შედის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა; ორსულები; ასთმის მქონე პაციენტები; ინსულტგადატანილი პაციენტები; დიაბეტის მქონე პაციენტები; ონკოლოგიური პაციენტები; ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი ნევროლოგიური დაავადებები; თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები; გულის იშემიური დაავადებების მქონე პაციენტები. რატომ უნდა ავიცრა? რომელი ვირუსებისგან დამიცავს ოთკომპონენტიანი ვაქცინა? „რა აზრი აქვს აცრას, იმდენი ვირუსი დადის, რომელიმე მაინც შემხვდება“, - ეს მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული ფრაზაა, როდესაც საქმე გრიპზე ვაქცინაციას ეხება. ის, რომ ქვეყანაში მრავალნაირი ვირუსი ცირკულირებს, მართალია. ისიც მართალია, რომ "სანოფი პასტერის" წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, ყველა ვირუსისგან ვერ დაგვიცავს, მაგრამ როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, ვაქცინა გრიპის სწორედ იმ ტიპებისგან გვიცავს, რომლებიც რთული მიმდინარეობითა და გართულებების რისკით ხასიათდებიან - იქნება ეს ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი თუ ე.წ. ღორის გრიპი: „ოთხკომპონენტიანი ვაქცინა განკუთვნილია მხოლოდ ოთხ კონკრეტულ ვირუსზე - ორი A ტიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ და ორი B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა, ეს ვაქცინა არ მოქმედებს სხვა ტიპის ვირუსებზე, არ მოქმედებს, რინოვირუსზე, ადენოვირუსზე. მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რატომ ვიკეთებთ ამ ვაქცინას - სხვა ტიპის ვირუსები, რომლებიც ახლა ცირკულირებს საქართველოში, არ არის სიცოცხლისთვის საშიში. რინოვირუსი, ადენოვირუსი, ძველი კორონავირუსის ტიპის ვირუსები, არ იწვევენ გარდაცვალებას. ლეტალობისა და გართულებების გამომწვევია მხოლოდ გრიპის ვირუსი. ვაქცინაციას ვიკეთებთ იმიტომ, რომ არ დამძიმდეს მდგომარეობა, ადამიანი არ მოხვდეს საავადმყოფოში, არ განვითარდეს ფილტვების ანთება, რაც გრიპის შემთხვევაში მოსალოდნელი რისკია. ის ვაქცინა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მიზანმიმართულია სწორედ ე.წ. ჰონგ-კონგისა და ღორის გრიპების წინააღმდეგ. ამ ვაქცინების შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ ორი წლის წინ გავიკეთე ვაქცინა და წელს აღარ მინდა, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან შარშან წინ სხვა ტიპის ვირუსები ცირკულირებდა და წელს სხვა“, - გვეუბნება ივანე ჩხაიძე. გრიპის ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგი პერიოდი ოქტომბრის თვეა - პერიოდი, როდესაც ნაკლებია გრიპით ინფიცირების შემთხვევები. თუმცა, რაკი შემთხვევათა მატება დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი, ვაქცინაცია კვლავაც რეკომენდებულია, განსაკუთრებით, ნოემბრის მიწურულამდე, რათა შემდგომი ორი კვირის განმავლობაში, ორგანიზმმა იმუნიტეტის გამომუშავება მოასწროს. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ წელს ქვეყანას რისკ-ჯგუფებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, საკმარისი რაოდენობის ვაქცინა აქვს: „2005 წელს სულ 14 ათასი დოზა ვაქცინით დავიწყეთ. წელს სახელმწიფომ შემოიტანა ვაქცინების მაქსიმალური დოზა, 200 ათასი დოზა უფასო ვაქცინა. რისკ-ჯგუფებისთვის ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია. ამ ეტაპზე, ეს მარაგი სრულად ათვისებული არ არის. გარდა ამისა, გრიპის ვაქცინები შემოაქვთ კერძო კომპანიებსაც. ასე რომ ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა არის“. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება 22 ნოემბრის ჩათვლით. რა მდგომარეობაა კლინიკებში? როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, კლინიკებში მიმართვიანობა, განსაკუთრებით პედიატრიულ განყოფილებებში, მკვეთრადაა გაზრდილი, რაც მისი თქმით, პროგნოზირებადი იყო: „წინა კვირაში ლუგარის ცენტრის მიერ დადასტურებული გრიპის 10 შემთხვევა გამოვლინდა. მაშინ, როდესაც 2020-21 წლის მთელ სეზონზე გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა დადასტურდა. ახლა კი უკვე ერთ კვირაში გვაქვს გრიპის 10 შემთხვევა. სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდში მიმართვიანობა კიდევ მოიმატებს“. სად წავიდა COVID19? არსად წასულა. სხვა ვირუსებთან ერთად, საქართველოში ცირკულირებს კორონავირუსის ბოლო შტამი, ომიკრონი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც გარდაცვალების, ისე დაავადების სიმძიმემ და ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო, ყურადღება მის მიმართ მინელდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ოქტომბრის თვიდან მოყოლებული აღარ ანახლებს მონაცემებს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. უკანასკნელი მონაცემი, სადაც კორონავირუსის ბოლო ერთი თვის შემთხვევების რაოდენობა იყო აღრიცხული, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა. იმ პერიოდისთვის, ქვეყანაში აღრიცხული იყო კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 20 ფაქტი. სექტემბრის მიწურულის მდგომარეობით, პანდემიის პერიოდში კორონავირუსმა საქართველოში 16 912 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად კვლავ მოიმატებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაც: „კორონავირუსი არსად წასულა და ვერც იმის ილუზია გვექნება, რომ ის როდესმე გაქრება. ის გახდება ჩვენი ყოველწლიური თანამგზავრი, ისევე როგორც გრიპის სხვა ვირუსები და ზამთრის სეზონზე კორონავირუსიც კვლავ გააქტიურდება“. კიდევ იკეთებენ თუ არა საქართველოში COVID19-ის ვაქცინას? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 14 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 276 173 ადამიანი. ვაქცინაციის საიტზე გამოტანილია 150 ათასზე მეტი დოზა თავისუფალი ვაქცინა, მათ შორის, „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე რამდენიმე თვეა აღარ აქვეყნებს ვაქცინაციის მიმდინარეობის სტატისტიკას, თუმცა, როგორც ივანე ჩხაიძე გვეუბნება, დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად ნულზეა დასული იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ახლა იღებენ ვაქცინის პირველ დოზას: „ვაქცინაციის პროცესი გრძელდება ისეთივე დაბალი ტემპით, როგორიც ზოგადად იყო. ძირითადად იცრებიან ვაქცინის მესამე და მეოთხე დოზით“. გვექნება თუ არა ომიკრონზე მორგებული ბივალენტური ვაქცინა? მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ორიგინალი ვაქცინები კვლავ ეფექტურია COVID19-თან დაკავშირებული მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად და მათი გამოყენება კვლავ გრძელდება მსოფლიოს ვაქცინაციის კამპანიებში, 2022 წლის 31 აგვისტოს, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ავტორიზაცია მიანიჭა ფარმაცევტული კომპანიების „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ბივალენტურ ვაქცინებს, რომლებიც კორონავირუსის ბოლო, ომიკრონის შტამზეა მორგებული. ამ ვაქცინებით დაშვებულია როგორც ზრდასრული მოსახლეობის, ისე ბავშვების აცრა 5 წლიდან. ევროპის წამლის სააგენტო (EMA) იძლევა რეკომენდაციას, რომ განახლებული ბივალენტური ვაქცინებით აცრა შესაძლებელია COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველადი ვაქცინაციიდან (ან უკვე მიღებული ბუსტერ დოზიდან) სულ მცირე 3 თვის შემდეგ. აპირებს თუ არა საქართველო შეიძინოს კონკრეტულად ომიკრონზე მორგებული, ბივალენტური ვაქცინა, ამ კითხვაზე პასუხი ვერც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან და ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ. ნინო თარხნიშვილი ფეისბუკი
×
×
  • შექმენი...