Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 15 ნოემბერს განაცხადეს, რომ ჩაძირეს კატარღა, რომელსაც იემენში ჰუთი მეამბოხეებისთვის საკმაოდ მძლავრი ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა. კატარღა, რომელიც აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 8 ნოემბერს ომანის ყურეში დააკავეს, 13 ნოემბერს ჩაძირეს. ბაჰრეინში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის სარდლობის ცნობით, გემზე აღმოჩნდა ასაფეთქებელი მასალა, რომელიც ათობით ბალისტიკური რაკეტის დასამუხტად იქნებოდა საჭირო. აშშ-ის ფლოტს არაბეთის ზღვაში ადრეც შეუჩერებია მაღალტექნოლოგიური იარაღის გადაზიდვა, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ირანიდან მოდიოდა და იემენში, ჰუთიტი მეამბოხეებისთვის იყო განკუთვნილი. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მოხდა 2021 წლის მაისში, როდესაც დაკავებულ ხომალდზე დამალული აღმოჩნდა რუსული წარმოების ათობით მაღალტექნოლოგიური ანტისატანკო რაკეტა, ჩინური წარმოების 56-ის ტიპის ათასობით ავტომატი, ასობით PKM ავტომატი, სნაიპერთა იარაღი და ყუმბარმტყორცნები.
  2. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ეფექტური იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად. ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "ევროკავშირი, ჩვენ, არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი". იდეა იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიო იყოს, არავის ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, სამართლებრივ, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც, საბოლოოდ, მისი სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს. როცა საუბარია დეოლიგარქიზაციის კანონზე, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია პრიორიტეტებში", - თქვა ევროკომისარმა. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო უკრაინაში დამტკიცებული კანონის ქართული ვერსია პირველი მოსმენით. უმრავლესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ, ოლიგარქების სიაში დავით კეზერაშვილი მოხვდება, რომელიც ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, ახლა კი ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტს ფლობს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას მხოლოდ ერთი ოლიგარქი ჰყავს - ამ შემთხვევაში გულისხმობენ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. რადიო თავისუფლება
  3. ელექტროენერგიის შავი ზღვის სადენი მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა საინვესტიციო გეგმები აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით“. ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე მსხვილ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან“. „უკვე ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის ფლაგმანურია. მათგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ელექტროენერგიის შავი ზღვის სადენი, რომელიც მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში, ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტი არის შავი ზღვის ინტერნეტკაბელი, რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც, ინტერნეტკავშირის ნაწილშიც ევროპასთან, უშუალოდ და პირდაპირ, რადგან ეს არა მხოლოდ კერძო კავშირებია, არამედ ეკონომიკას სჭირდება ასეთი პირდაპირი კავშირი და გადაზრდა შემდგომ ეტაპზე. ასევე, არსებობს დაკავშირებადობა როგორც სატრანსპორტო მიმართულებით შავი ზღვის გავლით, ჩვენ საუბარი გვაქვს პორტების განვითარებაზე. როგორც ვახსენე, ასევე საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ექნება აბსოლუტურად ახალი განზომილების მოცემის შესაძლებლობა. ვფიქრობ, საკმაოდ მსხვილი პროექტებია, მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან, კარგად ვაკვირდები სტრატეგიას და შემდგომ ეტაპზეც გაგაცნობთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ავტორი - ნათია ქენქაძე
  4. გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის სფეროში საქართველოსთან პარტნიორობაზე ისაუბრა. ვარჰეიმ ეკონომიკურ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გეგმების ცენტრი არის შავი ზღვა, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან. „ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა და დაიწყო განმარტება იმ დღის წესრიგის, რომელიც გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა საქართველოში და ჩვენი პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში, რათა საქართველოს ეკონომიკა უფრო გამძლე, მედეგი გახდეს. ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. წინა ჯერზე რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3.9 მილიარდი ევრო მოდის საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
  5. უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას წარმოშობით ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები, თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები დაიღუპნენ. დაღუპული ძმების შესახებ ცნობა ქართულ მედიაში პირველად ამერიკის ხმამ, ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ შექმნილი უკრაინული პორტალის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ერნესტი 13 ოქტომბერს ხერსონის ოლქში დაიღუპა, მისი ძმა კი ზაპოროჟიის ოლქში, აპრილის თვეში. მაჭარაშვილები წარმოშობით საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან იყვნენ, სადაც დაიბადა მათი მამა ბონდო მაჭარაშვილი. საბჭოთა პერიოდში, უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლის დროს, 1977 წელს, ბონდო მაჭარაშვილმა უკრაინელზე იქორწინა და 12 შვილი შეეძინათ, ექვსი გოგონა და ექვსი ვაჟი. ოჯახი ლუგანსკის ოლქის ქალაქ როვენკიში ცხოვრობდა, თუმცა 2014 დაწყებული ომისას, ისინი იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლად სხვადასხვა ქალაქში გადასულიყვნენ. 2022 წელს, მაშინ როდესაც ომი დაიწყო, ძმები საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, თუმცა უკრაინაში დაბრუნდნენ. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალურ დანიშნულებათა რაზმში ირიცხებოდნენ და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ. „როცა რივენკი გათავისუფლდება, ჩვენ იქ უკრაინულ ტანკებზე ამხედრებულნი „დიდება უკრაინას“ შეძახილებით შევალთ… ჩამოვაგდებთ ლენინის ძეგლს მთავარ მოედანზე და სიმბოლურად გავათრევთ მთელ ქუჩაზე, რომელსაც იგივე სამარცხვინო სახელი ჰქვია. მის ადგილას კი ამ ომში ჩვენს დაცემულ გმირებს ავუგებთ ძეგლს. ლენინის ქუჩას ან გაგარინის კვარტალს ძმები მაჭარაშვილების სახელს დავარქმევთ“, – წერს დაღუპული ძმების და ილონა მაგაი-მაჭარაშვილი უკრაინულ პორტალზე. უკრაინაში, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, უკრაინის ეთნიკურად ქართველი მოქალაქეებიც იბრძვიან. 2022 წელს უკრაინაში საქართველოს 24 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო წარმოშობით ქართველი, თუმცა უკრაინის მოქალაქე დაღუპული მებრძოლების ზუსტი რიცხვი უცნობია. ნეტგაზეთი
  6. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო კი, 22 ნოემბრამდე იქნება. გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
  7. 2023 წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულს ფიზიკური აქტივობის სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით მუშაობს. დოკუმენტი საბოლოო სახეს წლის ბოლომდე მიიღებს, 2023 წლიდან კი, მისი განხორციელება დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა, სტრატეგიის პროექტის თანახმად, სკოლებში მონიტორინგიც განხორციელდება, რამდენად ხარისხიანად, რეგულარულად ტარდება სპორტის გაკვეთილი და როგორია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი. „სტრატეგიის პროექტის მიხედვით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიური ჩატარება სკოლებში სავალდებულო გახდება. სტრატეგიის პროექტში ასევე ჩადებულია, რომ განხორციელდება მონიტორინგი სკოლებში, რამდენად ხარისხიანად, რეგულარულად ტარდება ეს გაკვეთილი და როგორია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი“, - განაცხადა ღვინიანიძემ. რაც შეეხება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტებს, როგორც ღვინიანიძემ აღნიშნა, საქართველოში მათი ნაკლებობის პრობლემაც დგას. „ეს პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას. აღმოჩნდა, რომ ფიზიკური აღზრდის 11 ათასი სპეციალისტი სჭირდება ქვეყანას. ფიზკულტურის მასწავლებლად დღეს აღნიშნული რაოდენობის პირი მუშაობს კიდეც, მაგრამ მათგან მხოლოდ 3500-ია ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი. 7 ათასზე მეტ შემთხვევაში ამას ითავსებენ სხვა პროფესიის მასწავლებლები, რომლებსაც სპეციალური განათლება არ გააჩნიათ. პრობლემაა ის, რომ ქვეყანა არ უშვებს ამ კადრებს. ფიზკულტურის გაკვეთილი სკოლებში დაჩაგრულია. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემებია ინფრასტრუქტურაში და აღჭურვილობაში. როდესაც ჩვენ შვილებს სკოლაში ვუშვებთ, იქ ნომერ პირველი საზრუნავი არის მათი უსაფრთხოება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ეს არის უპირველესი საკითხი, თუმცა ეს საკითხები თითქოს გვავიწყდება და მეორე პლანზე გადაგვაქვს. უცხოეთში კარგი მაგალითებია, მათ შორის ის, რომ სკოლას არ მიიღებენ ექსპლუატაციაში, თუ მას არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა ფიზიკური აქტივობის გაკვეთილის ჩასატარებლად. ეს არის პირველი რიგის საკითხი და მისი იგნორირება არ შეიძლება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განათლების სამინისტროს დაგეგმილი აქვს გარკვეულწილად ამ საკითხის მოგვარება და ინფრასტრუქტურის მოწყობა“, - განაცხადა ღვინიანიძემ და დასძინა, რომ სპეციალისტების გადასამზადებლად უნივერსიტეტებისთვის შესათავაზებელი კურიკულუმები მზადდება და წამახალისებელი ღონისძიებებიც დაიგეგმება. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
  8. ვხუმრობ ხოლმე და ეს მართლა ასეა, გიორგი გახარია იმაზე მეტად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ვთქვათ, ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, გიორგი გახარია აქტიურადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. „უბრალოდ, თემა არის ის, რომ განსხვავებული ტაქტიკა აქვს ჩვენს გუნდს და გუნდის ლიდერს არჩეული, როცა საქმე მედიასთან გამოჩენას ეხება, თორემ პოლიტიკური თვალსაზრისით ის ძალიან აქტიურია ყოველდღიურად. გარდა პარტიული საქმიანობისა, ის ძალიან აქტიურადაა კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ფაქტობრივად ყოველდღიურ კომუნიკაციაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიტყვას მათთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ დამატებითი ფასი აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე ვაპირებთ გაგრძელებას, მეღიმება ხოლმე, როცა ვიღაცის პოლიტიკურ აქტიურობაზე და ვიღაცის ნაკლებად აქტიურობაზე საუბრობენ, ზოგი ჩვენი კოლეგა შეიძლება "სელფაობით" არის დაკავებული ბრიუსელიდან, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი მართლა მუშაობს. ჩვენი აზრით, სწორად მივდივართ, რაში რა დაკონვერტირდება, ეს გამოჩნდება როცა გამოჩნდება, არჩევნებს ვგულისხმობ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
  9. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. „იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში გამოიგზავნა ამ ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა. საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. მოგვიანებით, ხსენებული პირი მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს. დამატებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი. კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა. პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების – ჩხრეკების შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“, – აცხადებენ სუს-ში. ამასთან, სუს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების პროცესში ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება.
  10. საქართველოს 15 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
  11. ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე დღეს „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება. „ვიმედოვნებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს შეუძლია უზრუნველყოს კონკრეტული პარტნიორობა, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს ეკონომიკურ აღდგენაში“, - განაცხადა ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ. სამიტზე ვიდეო კავშირის საშუალებით სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. აღსანიშნავია, რომ სამიტს არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომლის სამიტზე მიწვევის გაუქმებას უკრაინა და დასავლეთი ითხოვდა. ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინის მიწვევის გაუქმებაზე უარი განაცხადა, თუმცა კრემლის ინფორმაციით, დატვირთული გრაფიკის გამო, პუტინი სამიტზე დასწრებას ვერ შეძლებს და შეხვედრაზე მას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩაანაცვლებს. სამიტის წინ პოზიტიური ნიშანი იყო სამსაათიანი ორმხრივი შეხვედრა აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის, როდესაც ორმა ლიდერმა პირობა დადო, რომ ბევრი უთანხმოების მიუხედავად, კომუნიკაციას გააძლიერებენ. სამიტის ფარგლებში, ორმხრივ მოლაპარაკებებს ბევრი ლიდერი გამართავს.
  12. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მიიღო 12 რეკომენდაციასთან ერთად. რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. „ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე. 12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით“, - აღნიშნა ელჩმა.
  13. გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ- მინისტრმა რიში სუნაკმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე იმ დამანგრეველ შედეგებზე ისაუბრა, რაც „რუსეთის ბარბაროსულმა ომმა“ მსოფლიოს მოუტანა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი. „ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება შეცვალოს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა სუნაკმა. სიტყვით გამოსვლისას მან დაგმო რუსეთის მიერ „ენერგორესურსებისა და სურსათის ომის იარაღად ქცევა“ და განაცხადა, რომ ეს არის „სრულიად მიუღებელი“, რადგან ზიანს აყენებს ყველაზე დაუცველ ადამიანებს მთელ მსოფლიოში. „ეკონომიკური საკითხები, რომლებზეც დღეს უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რუსეთის ქმედებებით ბევრად უფრო უარესდება“, - განაცხადა სუნაკმა. მან ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. „ერთადერთი ყველაზე დიდი განსხვავება, რაც შეიძლება ვინმემ გააკეთოს, არის ის, რომ რუსეთი გამოვიდეს უკრაინიდან და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. ეს გარდამტეხი იქნებოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
  14. რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს, ეს ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომლის მონაწილეებს მან ვიდეო კავშირის საშუალებით მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ „მინსკი 3“ არ იქნება. „ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან და კომპენსაცია გადაიხადოს მიყენებული ზიანისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა „ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი ელემენტის“ ჩამოყალიბებას, რათა რუსული აგრესიის განმეორება აღარ მოხდეს. ”როდესაც განხორციელდება ყველა ანტი-საომარი ღონისძიება, მხარეებმა უნდა მოაწერონ ხელი ომის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს”, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით დააშანტაჟოს და რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გადააქცია „რადიოაქტიურ ბომბად, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს“. „ბირთვულ შანტაჟს გამართლება არ აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა „G19“-ს, „დიდ ოცეულს“ რუსეთის გამოკლებით, იმისთვის, რომ ამას გარკვევით აცხადებენ. IPN
  15. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ ხერსონში სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და უკრაინის დროშის აღმართვის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. პრეზიდენტს ხერსონელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს. მთავარ მოედანზე ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ. „ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხის რეაქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ, მათი რეაქცია არ არის დადგმული. ხალხი ელოდა უკრაინის ჯარს, ჩვენს ჯარისკაცებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ხერსონში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, რათა მხარდაჭერა გამოეხატა ქალაქის მცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც რუსეთის ოკუპაციას დაახლოებით რვა თვის განმავლობაში გაუძლეს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, სად არის მოსალოდნელი უკრაინული ძალების წინსვლა, ზელენსკიმ უპასუხა, არა „მოსკოვისკენ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სხვა ქვეყნის ტერიტორიებით“. მოგვიანებით, ზელენსკიმ ოფიციალურ Telegram არხზე ხერსონში ვიზიტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, წარწერით, "ხერსონი - უკრაინაა“. პალიტრა
  16. ისეთი კანონის მიღებით, რომელიც აპრიორი ვინმეს მიმართ გავრცელებას გამორიცხავს, ძალიან კარგად ხდება იმის ილუსტრაცია, თუ ვის ეფარება „ქართული ოცნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის. „როცა „ქართული ოცნება" ამბობს, რომ კანონპროექტი არ შეეხება ვინმეს, ამ შემთხვევაში ივანიშვილს, ამით ამბობს, რომ ის არის ამორიცხული თავიდანვე, რაც არის თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. ისეთი კანონის მიღებით, რომელიც აპრიორი ვინმეს მიმართ გავრცელებას გამორიცხავს, ხდება ძალიან კარგად ილუსტრაცია იმის, თუ ვის ეფარება "ქართული ოცნება," სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის საკანონმდებლო ინსტიტუტი და ვინ არის რეალურად პროცესებზე გავლენის მატარებელი. ეს პროექტი არ შეესაბამება 12 რეკომენდაციას, რადგან არის კოპირებული და ის შეესაბამება უკრაინაში არსებულ გამოწვევებს და არა საქართველოში არსებულს. ოლიგარქიზაციის მთავარი პრობლემა არის არაფორმალური ძალაუფლების კონსოლიდაცია და ამ კანონით ვერ მოხდება ამის გადაჭრა, ამიტომ მთავარია ყველა დანარჩენი რეკომენდაციის შესრულება და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაზრდა,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
  17. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს, 14 ნოემბერს, იწურება. აცრის გაკეთება ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. უფასო ვაქცინაციის სპეციალური აქცია 7 ნოემბერს დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია "ჯანმოს" მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე აიცრნენ დაავადების გართულების მომატებული რისკი მქონე პირები. ვაქცინაციის ცენტრების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
  18. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინადადებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. ბორელის თქმით, ევროკავშირი პროცედურებს მიყვება და რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინადადებაზე მუშაობს. „ჩვენ გვაქვს რეაგირება, მივყვებით პროცედურებს. წევრი ქვეყნები წარადგნენ წინადადებას, რასაც შევისწვალით, გაიმართება კონსულტაციები საკანონმდბელო უწყებების წარმომადგენლებთან, შემდეგ წავიწევთ წინ, მაგრამ იყავით დარწმუნებული, რომ ჩვენ არ ვჩერდებით“, – განაცხადა ბორელმა. ბორელმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქ ხერსონზე კონტროლის აღდგენის შესახებ. მისი თქმით, ეს ძალიან კარგი ამბავია უკრაინელებისთვის. „უკრაინის ფრონტზე ძალიან კარგი ამბებია უკრაინელებისთვის. მათ დაიკავეს ხერსონი, რუსეთის არმია უკან იხევს. ეს ძალიან კარგი ამბავია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის სტრატეგია სწორი იყო და ჩვენ ეს მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ განვიხილავთ უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობას. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სწორი ციფრები ვიცოდეთ“, – აღნიშნა ბორელმა. მისივე განცხადებით, დღეს ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ მისიას აამოქმედებს, რომლის ფარგლებში 15 000 უკრიანელი ჯარსიკაცი გაივლის წვრთნას. „დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც უკრაინული არმიისთვის საწვრთნელი მისიის ამოქმედებას გულისხმობს. მისია უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყებს მუშაობას. ეს გადაწყვეტილება რეკორდული სისწრაფით მივიღეთ. მისია დაიწყებს მუშაობს პოლონეთში და კიდევ ბევრი ქვეყენაა, ვისაც ასევე სურს, ჩაერთოს. ამ მისიის ფარგლებში დაახლოებით 15 000 სამხედრო გაივლის ტრენინგებს“, – განაცხადა ბორელმა. უკრაინაზე საუბრისას ბორელმა ასევე თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გამართვის დროს კიევი თავად განსაზღვრავს. 1ტვ
  19. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო,სერგეი ლავროვის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. „აქ სერგეი ლავროვთან ერთად, ინდონეზიაში ვკითხულობთ ამბებს და თვალებს არ ვუჯერებთ: თურმე ჰოსპიტალშია, ეს, რა თქმა უნდა, ყალბი ამბების უმაღლესი პილოტაჟია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. მანამდე, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასვლის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გულზე პრობლემები შეექმნა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტორი - გივი ბარამიძე
  20. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხერსონში ჩავიდა და ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ხერსონის მთავარ მოედანზე. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-სგან მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) მიწოდებამ კიევისთვის დიდი ცვლილება მოახდინა. კითხვაზე, სად შეიძლება უკრაინული ძალების წინსვლა სამომავლოდ, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა მოსკოვი… ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნის ტერიტორიები.“ უკრაინის არმია ხერსონში 11 ნოემბერს შევიდა. ავტორი - სალომე თორაძე
  21. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დღეს ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. „დღეს ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მივიღებთ. სანქციები დაწესდება იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების რეპრესიებზე. გუშინ ვესაუბრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვიხილეთ ე.წ. ბირთვული შეთანხმება, ასევე ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, რომელიც უნდა შეჩერდეს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს მტკიცებულები, რომ ირანი რუსეთს აწვდის დრონებს. რაც შეეხება რაკეტების მიწოდებას, ბორელის თქით, ბრიუსელს ჯერ არ აქვს ამის დამადასტურებელი საკმარისი საბუთები. 1ტვ
  22. ლავროვი ბალიში ჩასვლის შემდეგ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP. ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე: https://www.reuters.com/world/russian-foreign-minister-taken-hospital-after-arriving-g20-summit-ap-2022-11-14/
  23. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის 2023 წელს სოციალური პაკეტის გაზრდა იგეგმება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გააცნო. „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სოციალური პაკეტის მიმღებთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა და მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. მიზანშეწონილია, ამ კატეგორიის პირთათვის საკანონმდებლო დონეზე იყოს გარანატირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ინდექსაცია და მსგავსი გადაწყვეტილებები არ იყოს დამოკიდებული ყოველ საბიუჯეტო წელს ამ მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობასა და ფისკალურ პარამეტრებზე. 2023 წელს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი გაიზრდება 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით. აღნიშნული თანხები დაანგარიშებულია კანონის პროექტით განსაზღვრულ პრინციპებსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით და ეფუძნება 2023 წელს პენსიის ინდექსაციის გამოთვლის პრინციპს. აქვე, აღვნიშნავ, რომ სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა შეეხება დაახლოებით 132 ათას პირს, აქედან 45 ათასი მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ ბავშვია. ამ მიზნებისთვის დამატებით საბიუჯეტო ასიგნებებიდან 73 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია და საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ჩადებული არის. წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 228 მილიონია. ანუ, აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, მიღების და შეთანხმების შემთხვევაში, 2023 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების პენსია გახდება 340 ლარი. მნიშვნელოვნად გამოხატულთათვის იქნება 375 ლარი და ზომიერად გამოხატულ შშმ პირთათვის 135 ლარი“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ. ავტორი - ეკატერინე კოპალიანი
  24. გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ლა-მანშის სრუტეში გაძლიერებული პატრულირებისთვის ლონდონი პარიზს წლიურად 72 მილიონ ევროს გადაუხდის. მედიის ცნობით, გაზრდილი დაფინანსების ფონზე, სამართალდამცველთა რაოდენობაც 350-მდე გაიზრდება. მედია ასევე იუწყება, რომ თანხა მოხმარდება მიგრანტთა ცენტრებსა და საფრანგეთის პორტების სათვალთვალო სისტემებით აღჭურვას, შეიძენენ დრონებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას. მედიის ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, ლა-მანშის მარშრუტით გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე 40 ათასზე მეტი უკანონო მიგრანტი გადავიდა, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებელია. ავტორი - სალომე თორაძე
  25. ჩვენ არ ვიღებთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს, უარვყოფთ მას, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა. მანამდე, თურქეთის შს მინისტრმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ. „დაახლოებით ექვსი წელია, არ მომხდარა ისეთი ტერორისტული ინციდენტი, როგორც გუშინ სტამბოლში მოხდა. მხოლოდ წელს 200-მდე ტერორისტული ინციდენტი აღვკვეთეთ. როგორც ერი, როგორც ქვეყანა, თქვენ გადაიხდით დიდ ფასს ჩვენს დაკარგულ სიცოცხლეზე. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენს გეოგრაფიაში დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ. ვიცით, რა გზავნილის გადმოცემა სურთ მათ, ვინც ამ აქციას ახორციელებს. ჩვენ მივიღეთ ეს შეტყობინება. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა გაკეთდა ამ ინციდენტის დამნაშავეების გამოსავლენად, ჩვენი პოლიციის უფროსის, ტერორიზმის სამსახურის უფროსის, დაზვერვის უფროსის და პოლიციის უფროსის კოორდინაციით. ჩვენი შეფასებით, დამნაშავე აფრინიდან შემოვიდა. ათასობით ჩვენი გმირი მთებში საზღვრის შიგნით, ათასობით ჩვენი გმირი ქალაქებში ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად იბრძვის. პირი, რომელმაც ბომბი დადო, დაკავებულია. მანამდე, კიდევ 21 ადამიანი დავაკავეთ. ტერორიზმის სახე მწარეა, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, რაც არ უნდა ფასი დაჯდეს და ეს ალბათ ჩვენი ეგრეთ წოდებული მოკავშირეების არაგულწრფელობაა, რომლებიც თითქოს მეგობრულად არიან განწყობილნი ჩვენ მიმართ, რომლებიც ან მალავენ ყველა ტერორისტს საკუთარ ქვეყანაში, ან სიცოცხლეს აძლევენ ტერორისტებს მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მართავენ და უგზავნიან ფულს საკუთარი სენატებიდან“,- განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურებმა ვიდეოკამერების 1 200 ჩანაწერი შეისწავლეს და 21 სხვადასხვა მისამართზე 46 ადამიანი დააკავეს. სულეიმან სოილუმ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს ეჭვმიტანილები დროულად რომ არ დაეკავებინათ, ისინი საბერძნეთში გაქცევას შეძლებდნენ. ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ავტორი - გივი ბარამიძე
×
×
  • შექმენი...