-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა, რომ მას არ აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „მე ეს ძალაუფლება არ მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, „თქვენ შეიძლება, ეს მოითხოვოთ. თქვენ იყავით საგარეო მინისტრი მის ადმინისტრაციაში“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ. „მე არ მაქვს ეს ძალაუფლება ძალიან მარტივი მიზეზით, მისთვის სასჯელის მისჯის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მას ჯერ კიდევ ასამართლებენ. ასეთი კანონია საქართველოში, რომ შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. კიდევ ერთ კითხვაზე, „შეიწყალებდით სააკაშვილს, როდესაც ყველაფერი დასრულდება“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საკმაოდ ვრცლად განმარტა, თუ რატომ არ შეიწყალებს მას. „ეს სხვა საკითხია. მე საკმაოდ ვრცლად ავხსენი საქართველოში, რატომ არ შევიწყალებ მას, რადგანაც ეს არის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. მისი რეჟიმის დროს მცხოვრები ოჯახებიდან ერთსაც კი ვერ იპოვით, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ყოფნა. ამიტომ მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად. მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. დღეს საერთაშორისო სამედიცინო გუნდის კიდევ ერთ დასკვნას ველოდებოდი, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მას მიეცეს საშუალება დამატებითი შემსუბუქების საავადმყოფოში, სადაც ის ექვსი თვეა, არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ავტორი - ლევან ახალაია
-
ქართველმა მთასვლელებმა ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ დაიმსახურეს – არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მწვერვალი სარაგრარი დალაშქრეს, რომლის სიმაღლეც 7 300 მეტრია. ჩვენმა ალპინისტებმა მწვერვალის დასალაშქრად უნიკალური მარშრუტი აირჩიეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მხრიდან განსაკუთრებულ მიღწევად შეფასდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია საფრანგეთში, ქალაქ ბრიანსონში გაიმართა. ავტორი - ალექსანდრე ქურხული
-
ბოროტების ახალი ტალღა მიმართულია უკრაინისა და უდანაშაულო უკრაინელების განადგურებისკენ. ეს ყველაზე სასტიკი მიდგომა და რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ქმედებაა, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბელაზე განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს და ამისთვის აუცილებელია ერთიანობა და სიმტკიცე. „ჩვენ უნდა დავეყრდნოთ და ვიბრძოლოთ მულტილატერალიზმისა და კანონის უზენაესობისთვის. ბალიზე დიდი ოცეული სამიტზე ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ერთხმად დავგმეთ რუსეთის ფედერაციის თავდასხმა უკრაინაზე. მიუხედავად ამისა, ვლადიმერ პუტინმა ამავე დღეს, უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ამ ბოროტების ახალი ტალღა მიმართულია უკრაინისა და უდანაშუალო უკრაინელების განადგურებისკენ. ეს ყველაზე სასტიკი მიდგომა და რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ქმედებაა. მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. ამისთვის აუცილებელია ერთიანობა და სიმტკიცე“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა. ავტორი - ლევან ახალაია
-
200-ზე მეტმა ინდოელმა, რომელიც კატარისა და ეკვადორის ნაკრებთა გახსნის მატჩისთვის საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე სამუშაოდ დაიქირავეს, ექვსი საათი წყლისა და საკვების გარეშე გაატარა „ალ-ბაითის“ სტადიონის შესასვლელთან. ბევრი მათგანი უკმაყოფილოა შრომის პირობებით და მათდამი მოპყრობით. 205 მამაკაცისა და შვიდი ქალისგან შემდგარი ჯგუფი სტადიონზე დილის 10 საათზე მივიდა, მაგრამ 16 საათამდე ისინი არენაზე არ შეუშვეს. მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში ისინი საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს. ინდოელებს ერთთვიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული Qatar Star Services-სთან. ამასთან, კომპანია ითხოვს, რომ მათ ყოველდღე იმუშაონ. იგივე სიტუაციაა მეორე ჯგუფთან დაკავშირებით, რომელშიც 20 ფილიპინელი შედის. ისინი სტადიონზე სხვადასხვა საგნის გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი. მათ სტადიონის გარეთ სამი საათი ლოდინი აიძულეს ასევე საკვებისა და წყლის გარეშე. ავტორი - გიორგი თვალაბეიშვილი
-
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საკუთარ პარტნიორებთან – მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ასევე სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთობლივად, რათა დავიცვათ თავისუფლება შევიწროების საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესებზე დამყარებული ინსტიტუტები, რომელსაც სიკეთე მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 1tv
-
მე ვიყავი შეშფოთებული, ისევე როგორც მთელი მსოფლიო და შეიძლება, უფრო მეტადაც კი. ჩემს გუნდთან ერთად, მთელი ღამე ვადევნებდით თვალს ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს შეგრძნებასთან, რომ ბირთვული ბალანსი კარგად მუშაობს დღეს და ამ ხაზს, რომელიც დაცულია ნატო-ს მიერ, ყველა ძალიან უფრთხილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რეაქციაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა. „მანამდე არც კი ვფიქრობდი, რომ რუსეთი განზრახ და მიზანმიმართულად გაბედავდა ამ ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ხელის ხლებას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ყოველთვის შეიძლება, მოხდეს არასწორად გათვლილი რამ და ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი არასწორად გათვლილი ნაბიჯები რუსეთის ლიდერის მხრიდან რამდენიმე იყო. ამიტომ არაფრის გამორიცხვა არ შეძლებოდა და მე შეშფოთებული ვიყავი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, კითხვაზე, „სურს თუ არა რუსეთს საქართველოს შთანთქმა“, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველოს შთანთქმა“. „ეს იყო რუსეთის იმპერიის დიდი ხნის ოცნება, შემდეგ საბჭოთა კავშირის, რომელმაც ფაქტობრივად საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა დამოუკიდებელი საქართველო 1921 წელს. 1992-93 წლებში ხალხმა არ იცოდა, მაგრამ რუსეთი სრულად იყო ჩართული სეპარატისტების ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ. ის იყო აქტიურად და სამხედრო გზით ჩართული. 2008 წელი კი გახლდათ უკანასკნელი მაგალითი ამ მცდელობისა. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და ასე გვიწევს ცხოვრება უკვე დიდი ხანია. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა იმპერიის შემოჭრის პირობებში და ყველა მათგანს წინააღდმეგობას უწევდა. შეიძლება, ეს სასწაულია ან საქართველოს მედეგობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რაც შეეხება კითხვას, არსებობს ახლა რუსეთის საქართველოში შეჭრის შესაძლებელობა?, – სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „არ ჰგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება, დროის რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად“. „არ მგონია, ასე არ ვფიქრობ. საქართველოს არ ჰყავს უკრაინის მსგავსი არმია, არ აქვს იმხელა ტერიტორია და სამხედრო რესურსები, რაც უკრაინას. მიუხედავად ამ ყველაფერისა, რუსეთში იციან ინდივიდუალურად ქართველების წინააღმდეგობის გაწევის უნარი მსგავსი ოკუპაციის მიმართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის დამცირებას, ფაქტს, რომ აგებს ამ ომს, ბევრი გაგებით. მან ბევრი არასწორი გათვლა გააკეთა და შეიძლება, დროის რაღაც მომენტში, შიდა მიზეზებით, რუსეთს გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, სადაც ის უფრო იოლია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მაგრამ, ამავე დროს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს სიტყვებსა და ევროპულ ორიენტაციაზე. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ ვერავინ და ვერასდროს შეძლებს რუსეთის შეჩერებას ამ ცდუნებისგან, თუ რუსეთი იფიქრებს, რომ დროის იმ მომენტში, ეს მის საუკეთესო ინტერესებშია. მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ, რათა ვუზრუნველყოთ, რომ ჩვენ მათ საქმეს არ გავუადვილებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ავტორი - ლევან ახალაია
-
შპს „ლიდერს“ ცხენისა და ვირის ხორცის განმეორებით გამოვლენის გამო წარმოება შეუჩერდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) ხორცპროდუქტებში განმეორებით აღმოჩენილი ცხენისა და ვირის ხორცის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ხორცის ფარშში ვირისა და ცხენის ხორცის კვალის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად 16 ნოემბერს გაავრცელა, განმეორებითი კვლევების ჩატარების და მისი შედეგების შესახებ კი - დღეს, 21 ნოემბერს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც დაზუსტებული არ არის კანონდამრღვევი კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა, ნათქვამია, რომ ამ ფაქტზე მოკვლევა გრძელდება. -
პრეზიდენტი ზელენსკი: ყველაფერს დავძლევთ, გადავიტანთ, გავიმარჯვებთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს ვიდეომიმართვით მიულოცა ღირსების და თავისუფლების დღე, რომელსაც უკრაინა 21 ნოემბერს აღნიშნავს. ზელენსკის განცხადებით, ყველამ დაინახა, რომ უკრაინელი ხალხი მზად არის ბოლომდე იდგეს, არ დაკარგა ღირსება, ვაჟკაცობა, საკუთარი თავის რწმენა და გაერთიანდა, რათა არ დაკარგოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უკრაინა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელები შეიძლება დარჩნენ ფულის, ბენზინის, ცხელი წყლის და შუქის გარეშე, მაგრამ - არა თავისუფლების. "ყველაფერს გადავლახავთ, დავძლევთ, გადავიტანთ, გავიმარჯვებთ!" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 2013 წლის 21 ნოემბრიდან კიევში და უკრაინის რეგიონებში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ქუჩაში გამოსულ უკრაინელებს იანუკოვიჩის ხელისუფლებამ ძალა დაუპირისპირა. „ღირსების რევოლუციას“, რომელსაც 2014 წლის თებერვალში მოჰყვა იანუკოვიჩის გადადგომა და რუსეთში გაქცევა, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2014 წელს, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოსცა განკარგულება და 21 ნოემბერი გამოაცხადა ღირსების და თავისუფლების დღედ. დღეს უკრაინა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ იბრძვის. რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რადიო თავისუფლება -
ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრია კოსტინმა განაცხადა. მისივე თქმით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეა. გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოვლენილია 20-ზე მეტი ე.წ. წამების კამერა - ადგილები, სადაც, გამოძიების თანახმად, რუსი სამხედროები უკრაინის დატყვევებულ მოქალაქეებს აწამებდნენ. ცხედრების უმეტესობა ხარკოვის რეგიონში აღმოაჩინეს. თუმცა, უკრაინის ჯარების შეტევა იქ წარმატებით გაცილებით ადრე დასრულდა, ვიდრე ხერსონში, სადაც, გენერალური პროკურორის თქმით, მსხვერპლის იდენტიფიცირებაზე მუშაობა მხოლოდ იწყება. კოსტინს არ დაუკონკრეტებია იმ ადამიანების დაღუპვის მიზეზები, რომელთა ცხედრები რუსი სამხედროების მიერ ადრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოაჩინეს. უკრაინაში, ბოლო მონაცემებით, უკვე იძიებენ 45 ათასზე მეტ სისხლის სამართლის საქმეს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. ჯერჯერობით სასამართლომდე მხოლოდ მცირე რაოდენობამ მიაღწია, გასამართლებულია 12 ადრე დატყვევებული სამხედრო მოსამსახურე. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, ომის შედეგად უკრაინის 8,300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 437 ბავშვი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით, 13 ნოემბერს რუსეთის შეჭრის შედეგად 6,557 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 408 ბავშვი დაიღუპა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ვინაიდან ინფორმაციის მიღება ზოგი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, ჭიანურდება, ხოლო ბევრ ცნობას გადამოწმება სჭირდება. რადიო თავისუფლება
-
ნავთობის ბაზა იწვის უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში. ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ხანძარი გამოიწვია „ფეთქებადსაშიში საგნის მოხვედრამ“. ამავე სამსახურის ცნობით, ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ორ ცისტერნას მოედო, ხანძარს 20 ერთეული ტექნიკის გამოყენებით აქრობს 84 მეხანძრე. უკრაინის ხელისუფლებას მაკეევკაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლება
-
ლუგანსკის რეგიონში უკრაინის არმიას და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქ სევეროდონეცკთან რუსი სამხედროების კოლონა დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონის გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია რთული იქნება, რადგან რუსმა სამხედროებმა მოახერხეს რეგიონში გამაგრება და მხარდაჭერა მიიღეს სეპარატისტული მებრძოლების და ხარკოვის რეგიონიდან გაქცეული ძალების სახით. ამასთან, მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს ათი დასახლებული პუნქტის მიმართულებით. რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით 60-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ავტორი - გივი ბარამიძე
-
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. კერძოდ, ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით, თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს. მათივე ცნობით, სამედიცინო სექტორში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვარის დაწესების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, რეფორმის მიხედვით, მომავალი წლიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა, ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს. „აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას. ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დადგენის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ, საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა. ასევე გაეცნო საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კერძო კლინიკებში არსებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ექიმის ხელფასი საათში 5,5 ლარიდან 6,2 ლარამდე მერყეობს. ექთნის და სხვა სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასის ოდენობა კი ექიმის შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროცენტით არის განსაზღვრული. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პრაქტიკა პირველი აგვისტოდან უკვე მოქმედებს დიდ სახელმწიფო კლინიკებში – თბილისის, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებსა და ქუთაისის ო. ჩხობაძის მრავალპროფილურ ცენტრში, სადაც დასაქმებული მედპერსონალისთვის, არსებული მინიმალური სახელფასო ანაზღაურება, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო სექტორში თითოეული დასაქმებულის ინტერესების დაკმაყოფილება, მათთვის ღირსეული ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების შექმნაა. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობს. უწყების გადაწყვეტილებით, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – ცხრა ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ბევრმა ქვეყანამ, დაბალი ანაზღაურების აღმოფხვრისა და ღირსეული გამომუშავების პოლიტიკის გატარების მიზნით, განამტკიცა არსებული ან შემოიღო მინიმალური სახელფასო ანაზღაურების პრაქტიკა. მინიმალურ სახელფასო ანაზღაურებაზე შეთანხმებულია გაერო-ს წევრი ქვეყნების 90%, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ავტორი - მარიამ სეთურიძე
-
პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა. პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უნდა მოხდეს რუსული აქტივების კონფისკაცია და რუსეთმა უკრაინაში წარმოებული ომისთვის ტკივილი უნდა იგრძნოს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პშევოდოვში რაკეტის აფეთქების საქმის გამოძიებას ჯერ არ მიუღია მონაცემები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზუსტად დადგინდეს, საიდან იყო რაკეტა გასროლილი, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. „პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჰიბრიდული თავდასხმა იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება ადგილობრივი საკითხი არ არის და გლობალური განზომილება აქვს. ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი ისტორიაში, მაგრამ ძალა ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალას და სოლიდარობას“, – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სამართალდამცავებმა ზუგდიდში, არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყობის ცნობით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც., არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn -
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი ერთ დღეში 400-ჯერ დაბომბეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს. „ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს. მისივე ინფორმაციით, უკრაინული ძალები ლუგანსკის ოლქში ნელ-ნელა წინ მიიწევენ. „ლუგანსკის ოლქი - ნელ-ნელა ბრძოლებით წინ მივდივართ. სამხრეთი - თანმიმდევრულად და ძალიან გათვლილად ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. IPN -
ოკუპანტებმა წუხელ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. "ქალაქური ტიპის დასახლება შევჩენკოვო, კუპიანსკის რაიონი - რუსებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსს. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. palitra news
-
ყოველთვის ვხვდებით ქართველ პარტნიორებს, ამისთვის ვიყენებთ ყველა ფორმატს და პლატფორმას, ვგულშემატკივრობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას, ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომელზეც თურქეთი ყველა პლატფორმაზე საუბრობს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოსმან ასკინ ბაკიმ ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენი მინისტრები მუდმივად საუბრობენ ამაზე ნატო-ს ძალებთან. საქართველო ჩვენი მეგობარი და მეზობელია და გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა კომერციული, ინდუსტრიული თავდაცვითი თუ ლოჯისტიკური მიმართულებით. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა კიდევ იზრდება. კავკასიის რეგიონიდან საქართველოს გაწევრიანება ძლიერად უნდა იყოს მხარდაჭერილი ყველას მიერ, ასეთია თურქეთია პოზიცია. აქ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც ქართველ კოლეგებს ეს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ“,- განაცხადა ოსმან ასკინ ბაკიმ. ავტორი - სალომე ქოქიაშვილი
-
ცივ სეზონზე გააქტიურდა ვირუსების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებით დომინირებს ბავშვებში. რომელი ვირუსებია გავრცელებული მიმიდნარე წელს ბავშვებში, რა გამოვლინებებით ხასიათდება და როგორია პრევენციული ღონისძიებები - ამ საკითხებზე გვესაუბრება ავერსის კლინიკის პედიატრი თამარ ობგაიძე. 1. რომელი ვირუსებია ახლა გავრცელებული და ყველაზე ხშირად რომელი იწვევს ავადობას? სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები ეს არის ბავშვთა ასაკის ყველაზე უფრო ხშირი დაავადებები, რომლებიც საბავშვო ბაღისა და სკოლის გაცდენების, ასევე ექიმთან მიმართვის ხშირი მიზეზია. წლის ამ დროს, აღინიშნება ინფექციების სიჭარბე, რაც უკავშირდება სხვადასხვა რესპირაციული ვირუსის ფართო გავრცელებას, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო კონტაქტები საბავშვო კოლექტივებში. არსებობს 300-მდე ვირუსი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები. წლის ამ პერიოდისთვის უკვე აქტუალური ხდება გრიპის ვირუსი, რომელიც ზამთრის პერიოდში, საქართველოში - დეკემბრისთვის, აღწევს ხოლმე პიკს. აქედან გამომდინარე, ამ სეზონზე ეს დაავადებები გამოწვეულია სხვადასხვა ვირუსული აგენტებით და მათ შორისაა გრიპის შემთხვევებიც. 2. რა სიმპტომებით მიმდინარეობს ბავშვებში ვირუსული ინფექცია? სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები იყოფა ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებად. ზედა სასუნთქი გზების ინფექცია გაცილებით უფრო ხშირია, თუმცა, ზოგჯერ ის რთულდება ქვედა საუნთქი გზების ინფექციებით, მაგალითად ბრონქიტით, ბრონქიოლიტით, ასევე ფილტვების ანთებით, ანუ პნევმონიით. სასუნთქი გზების დაავადებების კლასკური სურათი ასეთია: იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით, თუმცა შეიძლება მიმდინარეობდეს ცხელების გარეშეც. ინფექციას შეიძლება თან ახლდეს ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ასევე სველი. თუ მდგომარეობა რთულდება, თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, შეიძლება გამოვლინდეს კრუპის სინდრომი, მწვავე ბრონქიტი, ბრონქიოლიტი და გართულდეს ასევე ფილტვის ანთებით. 3. როგორ უნდა მოხდეს სიმპტომების მართვა სახლის პირობებში? პირველ რიგში, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ ბავშვი არ უნდა გავუშვათ ბავშვთა კოლექტივში ანუ ბაღებსა და სკოლებში, რათა თავიდან აიცილოთ ერთი მხრივ დაავადების გართულებები და მეორე მხრივ ინფექციის გავრცელება. დააკვირდით ბავშვს, გაზომეთ ტემპერატურა. ტემპერატურის შემთხვევაში მიეცით სიცხის დამწევი საშუალებები, და, რაც ყველაზე მთავარია, ბევრი თბილი სითხე. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია, ძნელად ემორჩილება დამწევს, აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, პედიატრს. თუ არ არის მძიმე მიმდინარეობა, შეგიძლიათ ორი-სამი დღე დააკვირდეთ და მისცეთ სიმპტომური საშუალებები, მაგრამ თუ ტემპერატურა გახანგრძლივდება, რა თქმა უნდა, უმეთვალყურეოდ ბავშვის დატოვება არ შეიძლება. კატეგორიულად არ შეიძლება, თვითნებურად მისცეთ ხველის საშუალებები რადგან, გახსოვდეთ, რომ ხველა არის არამარტო სიმპტომი, არამედ დაავადების განკურნების ერთ-ერთი გზა. ეს არის რეფლექსი, რომელიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების გათავისუფლებას ლორწოსაგან, ამიტომ ექიმის გარეშე ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება არ შეიძლება. 4. რა შემთხვევაშია საჭირო ექიმთან ვიზიტი - რა მიგვანიშნებს მდგომარეობის გართულებაზე? თუ პატარას აქვს შეუპოვარი ცხელება, რომელსაც ვერ უმკლავდებით ბინის პირობებში, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. ძალიან დიდი ყურადღებით დათვალეთ სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაში, მაგალითად ძილის დროს. სუნთქვა ითვლება შემდეგნაირად: ერთი შესუნთქვისა და ერთი ამოსუნთქვის ჯამი არის ერთი სუნთქვა, ხოლო სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით უნდა დაითვალოს: 2 თვიდან ერთ წლამდე არ უნდა იყოს 50 და მეტი, 1 წლიდან 5 წლამდე 40 და მეტი და 5 წლის ასაკის ზემოთ 30-ზე მეტი. თუ აღინიშნება სუნთქვის გახშირება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 5. როგორია მკურნალობა? გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალებები, მკურნალობა გვაქვს მხოლოდ სიმპტომური. თუ აღინიშნება ტემპერატურა, უნდა დავწიოთ დემპერატურა, ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას შეგიძლიათ გაწმინდოთ ცხვირი, გამოიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი. გამოვლენილი ნიშნების მიხედვით, მათ საწინააღმდეგოდ შეიძლება დავგეგმოთ სამკურნალო ღონისძიებები ექიმთან ერთად. 6. რა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაა აუცილებელი ვირუსის პრევენციისთვის? პირველ რიგში, როცა ვსაუბრობთ ინფექციის პრევენციაზე ეს არის იზოლაცია. როდესაც ადამიანს აქვს ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია ის უნდა იყოს იზოლირებული, რათა არ მოხდეს ვირუსის სწრაფი გავრცელება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ბავშვი, რომელსაც აქვს ინფექციის ნიშნები, სკოლაში და ბაღში არ უნდა მივიყვანოთ, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. მეორე, რა თქმა უნდა, არის სწორი კვება, სწორი მოვლა. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან სწორი კვება. სწორი კვება გულისხმობს იმ მიკრონუტრიენტებისა და მაკრონუტრიენტების მიწოდებას შესაბამისი რაოდენობით, რაც საჭიროა ჯანმრთელობისათვის. ასევე, სწორი კვება ხელს უწყობს მომწიფებას და იმუნური სისტემის მზაობას ინფექციების მიმართ. აუცილებელია გაკაჟება. უმჯობესია გაკაჟებაზე ზრუნვა წლის თბილ დროს დაიწყოთ და ბოლოს, უმნიშვნელოვანესი პრევენციული ღონისძიებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მარიამ ფოლადაშვილი მკურნალი
-
5 ადამიანი, ვინც დიდძალი ფული ქუჩაში მოწყალების თხოვნით შეაგროვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგას და მოწყალების სახით, თქვენგან ფულის ჩუქებას ითხოვს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან ადამიანები, ვინც ამ გზით საკმაოდ დიდი ოდენობის ფულიც შეაგროვა. ერთ- ერთ მათგანს, ლონდონში მცხოვრებ საიმონ რაითს მთავრობამ “მათხოვრობა“ აუკრძალა კიდეც, რადგან მან ძალიან დიდი თანხის დაგროვება შეძლო. წარმოგიდგენთ 5 ადამიანს, რომელმაც “მათხოვრობით“ ძალიან ბევრი ფული გამოიმუშავა: უილ ანდერსონი 43 წლის უილი ნიუ-იორკიდან ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისი შეგროვებული თანხის ოდენობა გახდა ცნობილი. ის თავის 9 წლის ძაღლთან ერთად, ქუჩაში მოწყალებას ითხოვს და როგორც დასავლური მედია წერს, საათში დაახლოებით, 200 დოლარს აგროვებს. “ვივარაუდოთ, რომ ის მუშაობს ყოველდღე 8 საათს, ერთი წლის განმავლობაში, რაც არის $537,600. ეს ნამდვილად ბევრი ფულია“ – წერს vastlearners.com. ერვინ კორი 97 წლის ერვინ კორიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. მას მსოფლიო კარგად იცნობს. ერვინი ახალგაზრდობაში კინოინდუსტრიაში მოღვაწეობდა და ბევრ ლეგენდარულ მსახიობთან ერთად უთამაშია. ერიკი ახლა 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების ბინაში ცხოვრობს, რომელიც მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის “მათხოვრობით“ საათში 100-დან 250 დოლარამდე გამოიმუშავებს, რასაც კუბაში არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას ურიცხავს. ორგანიზაცია უპოვარი ბავშვებისთვის მედიკამენტების შეძენას უზრუნველყოფს. ერვინი კი ცნობილია ადამიანად, “რომელიც არ მათხოვრობს თავისთვის". საიმონ რაითი 37 წლის საიმონი “პროფესიონალი მათხოვარია“ ლონდონიდან, რომელიც დღეში სულ მცირე 8 საათს “მათხოვრობს“. ის და მისი ძაღლი ლონდონში ცნობილები არიან. საიმონი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 50,000 ფუნტ სტერლინგს აგროვებს, ფულჰემში 300,000 ფუნტის ღირებულების ბინაში ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მან იმდენის შეგროვება შეძლო, რომ მთავრობამ “მათხოვრობა“ აუკრძალა. ტედ უილიამსი ტედ უილიამსი ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მას შემდეგ გამოვიდა, რაც სამუშაო დაკარგა და მეუღლეც გაშორდა. მისი ვარსკვლავი მას შემდეგ აბრწყინდა, რაც ერთ-ერთმა გამვლელმა ტედის სიმღერა ჩაწერა და YouTube-ზე ატვირთა. უილიამსი მალე მილიონერი გახდა. უცნობია სად არის იგი დღეს, თუმცა ქუჩაში დიდი ხანია არავის უნახავს. გარი ტომპსონი ტეხასში დაბადებული გარი ტომპსონი ახლა კენტუკში ცხოვრობს. ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ გარის ყველა ეტლში ხედავდა, მას ასევე უჭირდა ცალი ხელის ამოძრავება. როგორც მოგვიანებით გავრცელდა, გარი ტომპსონი სინამდვილეში არასდროს ყოფილა ინვალიდი და ამ ყველაფერს ის საზოგადოებისთვის თავის შესაცოდებლად აკეთებდა. ტომპსონი “მათხოვრობით“ ყოველწლიურად 100 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. წყარო: vastlearners.com ავტორი: თეონა რამაზაშვილი -
ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰ იბნი ომარ ალი საიფუდიენ III 30 მილიარდ დოლარს ფლობს. იგი ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქია დედამიწაზე და შესაბამის ფუფუნებაშიც ცხოვრობს. სულთანი ცნობილია, როგორც განსაკუთრებული გემოვნების მქონე ადამიანი. მედია მისი ცხოვრების წესზე ხშირად წერს. სილამაზის სალონებში დახარჯული ათასობით დოლარისა და მილიონობით დოლარის ღირებულების სასახლეების გარდა, ბოლკია უძვირფასესი ავტომობილების კოლექციას ფლობეს. მის კოლექციაში ყველაზე გამორჩეული ბრენდებია McLaren, Rolls-Royce, Ferrari და Bentley.-0:0 მოდით, გადავხედოთ ბრუნეის სულთნის მილიარდების ღირებულების, გიჟურ კოლექციას. BMW Nazca M12 BMW Nazca M12 1991 წელს ჟენევის საავტომობილო შოუზე წარმოდგენილი, 90-იანი წლების დავიწყებული კლასიკაა. Aston Martin Vantage "სპეციალური სერია" Aston Martin Vantage ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა, რომელიც ბრენდის ისტორიაში შეიქმნა. მანქანა 1997-98 წლებით თარიღდება და სპეციალური სერიის მხოლოდ 19 ეგზემპლარი გამოიცა. 1996 Bentley Buccaneer ფრანგული კომპანია Heuliez 1996 წელს შეიქმნა, რათა სულთნისთვის Bentley Buccaneer შეექმნა. Buccaneer-ს ჰქონდა ჩაშენებული ZH შასი, რომელიც ხშირად ჩანს სულთნის სხვა მანქანებში. Jaguar XJ220 ჯიმ რენდლმა 6.2-ლიტრიანი V12-ის მქონე Jaguar XJ220 1987 წელს შექმნა. McLaren F1-ის გამოშვებამდე, 1990-იან წლებში XJ220 იყო ყველაზე სწრაფი მანქანა მსოფლიოში, რომელიც ასევე სულთნის ავტოფარეხში საპატიო ადგილს იკავებს. Bentley Phoenix Bentley Phoenix-თან ერთად, ბოლკიამ ასევე შეუკვეთა ოთხი დამატებითი საბაჟო, უნიკალური ბენტლის წარმოება. ავტოფარეხში ასევე დგას Bentley-ს სხვა მოდელები: Camelot, Imperial, Spectre და Rapier. 1995 წლის Ferrari FX სულთნის უდიდესი სურვილი იყო, სპეციალურად მისთვის შეექმნათ Ferrari FX, რაც 1995 წელს განხორციელდა. FX შეღებილი იყო მუქი ლურჯი ჩრდილში და ამჟამად გამოფენილია მარკონის მუზეუმში. Ferrari 456 GT Venice მიუხედავად იმისა, რომ მის კოლექციაში 300-ზე მეტი ფერარია, 456 GT Venice არის განსაკუთრებული მოდელი, რადგან ის სპეციალურად სულთნისთვის შეიქმნა. როგორც Motor Biscuit-მა აღნიშნა, 456 GT კუპეს ბაზაზე მას აქვს 5.5-ლიტრიანი V12 ძრავა. McLaren F1 სულთანი McLaren-ის დიდი გულშემატკივარია, რადგან ბოლკია ფლობს ამ მანქანის 11 მოდელს. მას კოლექციაში ჰყავს 10 ცალი F1. მეთერთმეტე McLaren ანსხვავებული ინტერიერითა და ექსტერიერით სპეციალურად მისთვის შეიქმნა. 2022 წლის მარტში მანქანა რესტავრაციისთვის დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა Rolls-Royce Phantom VI 1968 წელს გამოშვებული Rolls-Royce Phantom VI სამეფო ოჯახის ოფიციალური ავტომობილი იყო. მოდელი შეზღუდული რაოდენობით იწარმოებოდა. ბრუნეის სულთანი ძირითადად Phantom VI-ით გადაადგილდება. Rolls-Royce Rolls-Royce არის ძვირადღირებული ბრენდი, რომელიც ბევრს არ ჰყავს. სულთნისთვის განკუთვნილი მოდელის შექმნა რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა. ოქროს Rolls Royce-ს ღია სახურავით, ხშირად ჩანს ბრუნეის ქუჩებში. ავტომობილის საბურავები და ცხაურიც კი ოქროსგანაა დამზადებული. სულთანის კოლექციის სხვა გამორჩეული მანქანებია Rolls-Royce Majesty, Rolls-Royce Royale, Lamborghini Urraco, Ferrari 250 GTO და მრავალი სხვა. წყარო: therichest.com ავტორი: თეონა რამაზაშვილი
-
პარასკევს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს მიერ ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების დახვრეტის კადრები უნდა იყოს აღბეჭდილი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავთენტურობა არ დადასტურდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე უწოდა ამას ომის დანაშაული, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დანაშაულის ჩამდენებს „შურისგებით“ დაემუქრა. აღნიშნული ვიდეოები გამოქვეყნდა ტელეგრამის არხებში. ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გამოდიან ხელებაწეული რუსი სამხედროები და კერძო სახლის ეზოში მიწაზე წვებიან. კადრის ბოლოში ჩნდება კაცი, რომელიც სახლიდან გამოდის და სროლას იწყებს. ამით ჩანაწერი მთავრდება. მეორე ვიდეოში ნაჩვენებია მსგავსი სამხედროფორმიანი ადამიანების სხეულები, ზოგიერთის გვერდით სისხლის კვალი მოჩანს. ორივე ვიდეო სავარაუდოდ ლუგანსკის რეგიონში, ქალაქ მაკიივკას მიდამოებში უნდა იყოს გადაღებული. უკრაინულ მხარეს მათზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ვიდეოში განვითარებულ მოვლენებს უიარაღო პატიმრების განზრახ და მეთოდურ მკვლელობას უწოდებს. გამოქვეყნებული კადრების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) იტყობინება, რომ მათ უკვე იციან სამხედროების სავარაუდო დახვრეტის შესახებ გავრცელებული ვიდეოების შესახებ და შეისწავლიან მათ. რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის განმავლობაში მხარეები ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებენ სამხედრო ტყვეებისა, თუ მშვიდობიანი მოსახლეობის არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობაში. გასული კვირის ბოლოს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტერსკიმ განაცხადა, რომ რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ხერსონის რეგიონის ტერიტორიაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა 63 ნაწამები სხეული იპოვეს. "ამჟამად ხერსონის რეგიონის ტერიტორიაზე ნაპოვნია 63 ცხედარი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო, კიდევ ბევრი წამების ადგილი და სამარხი იქნება აღმოჩენილი", - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ამჟამად გამომძიებლები ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, აღირიცხება წამების ყველა ფაქტი, ადგენენ მოწმეებს და მიმდინარეობს ცხედრების ექსჰუმაცია, - აღნიშნულია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. ცოტა ხნის წინ გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად ყოფილ და მოქმედ სახედრო ტყვეებთან საუბრის შემდეგ ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინაც და რუსეთიც აწამებენ სამხედრო ტყვეებს.
-
რუსეთის ორი რეგიონის, ჩეჩნეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის აქტივისტები თანამემამულეებს მოუწოდებენ, რომ შევიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაებან რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რაც შემდგომში მათი ხალხების თავისუფლებისათვის ბრძოლით უნდა გაგრძელდეს. კონკრეტულად ჩეჩნებს მიმართა საიხან მუზაევმა, რომელსაც მედია საქართველოდან დევნილად და ბერლინში 2019 წლის ტერაქტის შედეგად დაღუპული, ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მეგობრად მოიხსენიებს. „ომის შემდგომ ჩვენ მთავარ პირობას ხალხის მიერ თვითგამორკვევის, საზოგადოებისთვის კი თვითმმართველობის უფლება წარმოადგენს. ჩვენ ჩეჩნები ვიბრძვით თავისუფალი, დამოუკიდებელი, თანამედროვე და აყვავებული იჩქერიისთვის. ეს რომ შესაძლებელი გახდეს, ჩვენ პირველ ყოვლისა ეფექტიანი შეიარაღებული ძალები გვჭირდება. უკრაინაში სწორედ ახლა იჩქერიის სახალხო არმია ყალიბდება“, - აცხადებს მუზაევის, რომლის სიტყვებიც „კავკაზ. რელიის“ მოჰყავს. ჩერქეზებს კი მიმართა იბრაგიმ იაგანოვმა, რომელიც ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ თავმჯდომარე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყაბარდო-ბალყარეთის განყოფილებმა იაგანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორიზმის საჯარო გამართლების მუხლით. „მოვუწოდებ ჩერქეზებს, რომ შექმნან ჩერქეზთა მოხალისეთა ბატალიონი, რომელიც მომავალში თავისუფალი ჩერქეზეთის შეიარაღებული ძალების საფუძველი გახდება“, - აცხადებს იაგანოვი, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით უკვე შეიქმნა შესაბამისი „სამობილიზაციო ცენტრი“. მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ საიტზე ასეთი ცენტრის შექმნის შესახებ ცნობა არ არსებობს. მუზაევისა და იაგანოვის თქმით, ახალი მოხალისეთა ბატალიონების ფორმირების პლატფორმას წარმოადგენს ახლად შექმნილი "სამოქალაქო საბჭო". ერთ-ერთი, ვინც ამ ასოციაციის სახელით საუბრობს, არის დენის სოკოლოვი, თავისუფალი რუსეთის ფონდის ექსპერტი (ორგანიზაცია რუსეთში აღიარებულია, როგორც "არასასურველი"). "სამოქალაქო საბჭოს" მდივანმა ანასტასია სერგეევამ გამოცემა "ხოლოდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ორგანიზაციის დაფინანსების წყარო ნებაყოფლობითი შემოწირულებებია. "მაგრამ საჯაროდ არ ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ გვიჭერს მხარს და როგორ", - დასძინა სერგეევამ. კიევში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი აღნიშნულ მიმართვაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შექმნილ მოძრაობა „სამოქალაქო საბჭოს“ რესურსებზეა გამოქვეყნებული. ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი). ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი. ამის შესახებ ცნობა და საიპულაევთან ერთად გადაღებული ვიდეო ვერხოვნა რადის დეპუტატმა ალექსეი ჰონჩარენკომ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. სექტემბერში უკრაინაში მოქმედი შეიხ მანსური სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისლამ ბელოკიევმა "კავკაზ.რეალიის" აცნობა. რომ დაღესტნის ტერიტორიაზე სადეოკუპაციო მოქმედებას იწყებს "იმამატის" სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის მეთაურის სახმისია "შამილი". კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, "ცოფიანი მოდგმა", უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მილიონი დოლარის ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც სამართალდამცველებს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის ბატალიონების მეთაურების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიაწვდის. რადიო თავისუფლება
-
ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა კოლორადოს შტატის ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის კლუბში მყოფმა პირებმა გააუვნებელყვეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია. ავტორი - სალომე თორაძე
-
საქართველოს ნატო-ში ყოფნა არის ზუსტად ის, რაშიც ნატო უნდა დაეხმაროს საქართველოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა არ დაკარგოს ეს შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. როგორც რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, „ფინეთი და შვედეთი გაწევრიანების გზაზე არიან, თუმცა საქართველოდან არ ისმის ძლიერი მესიჯები, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურადაა ნატო-ში და სთხოვს მათ წევრობას ან სტატუსის განახლებას“. ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, 12 წელიწადში რუსეთი ოფიციალურად გახდა მთავარი საფრთხე და ეს ბევრს ნიშნავს, რადგან ამის გამო ნატო-ს მოუწია, შეეცვალა სტრატეგია თავის ტერიტორიაზე. „ჩვენ გვაქვს ახალი რეალობა. მადრიდის სამიტმა წარადგინა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ნატო-ს ახალი სტრატეგია, სადაც რუსეთი მოხსენიებულია, როგორც საფრთხე, ასევე ჩინეთი, როგორც მეტოქე, თუმცა არა რუსეთის დონის. ასევე, ნახსენები იყო ყველა ეს საფრთხე მომავლისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, რადგან ლისაბონის სტრატეგიაში რუსეთი მოხსენიებული იყო, როგორც პარტნიორი. შეხედეთ, 12 წელიწადში რუსეთი ოფიციალურად გახდა მთავარი საფრთხე დოკუმენტებში და ეს ბევრს ნიშნავს, რადგან ამის გამო ნატო-ს მოუწია, შეეცვალა სტრატეგია მის ტერიტორიაზე. ეს ახლაც გრძელდება, ბრიგადები ბალტიის ქვეყნებში, ასევე გაზრდილი უსაფრთხოება შავ ზღვაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი, ბულგარეთი. თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქ, ნატო-ში ყოფნა არის ზუსტად ის, რაშიც ნატო უნდა დაეხმაროს საქართველოს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა არ დაკარგოს ეს შესაძლებლობა. ეს იგივეა, როგორც ევროკავშირის წევრობა. ფინეთი და შვედეთი გაწევრიანების გზაზე არიან, თუმცა საქართველოდან არ ისმის ძლიერი მესიჯები, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურადაა ნატო-ში და სთხოვს მათ წევრობას ან სტატუსის განახლებას. ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა თქვას, როგორც ეს შვედეთსა და ფინეთში მოხდა, სადაც ხალხი და მათი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, იქნებოდა ეს ოპოზიცია თუ მმართველი ძალა და მათ წარმატებას მიაღწიეს“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ მადრიდში, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს. 1TV
-
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, რომლებიც ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურში იმყოფებიან, გასული ღამისა და დილის განმავლობაში, 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა, სისტემა და აღჭურვილობა დაზიანდა, თუმცა არც ერთი მათგანი კრიტიკული მნიშვნელობის არ არის. ატომური საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, უკრაინულ და რუსულ მხარეს მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ სადგურის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე ბირთვული უსაფრთხოება. ცეცხლის გახსნაში რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. ავტორი - სალომე თორაძე