Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სესიის ბოლოს, პოლონეთის სეიმში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს. რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო, მილიონობით უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ეუთო-ს შემოდგომის სესია ჩატარდა ვარშავაში. ეს არის ქალაქი, რომელიც ნანგრევებიდან აღდგა. მეორე მსოფლიო ომის დროს სრულიად განადგურებული, აღდგა და დღეს წარმოადგენს ადამიანების გადარჩენის ნების ცოცხალ მაგალითს. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელ ერს არ აკლია გადარჩენის ნება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ გააგრძელებს კეთილდღეობისკენ და ახალი, უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას“, – განაცხადა პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბარბარა ბარტუშმა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას 52 ქვეყნის 200 დელეგატი ესწრებოდა. სესია პოლონეთის სეიმის სხდომათა დარბაზში ჩატარდა. ორდღიანი დისკუსია ფოკუსირებული იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გავლენაზე ევროპის უსაფრთხოებაზე. სესიის დაწყებამდე, ეუთო-ს თავმჯდომარე პოლონეთის მთავრობამ უარი უთხრა ვიზების გაცემაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს. ამასთან, როგორც უკრაინის დელეგაციის წევრი ევგენია კრავჩუკი აცხადებს, უკრაინის რადას დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, რადგან ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა რუსეთის გარიცხვისთვის წესების ცვლილებები ვერ მიიღო. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  2. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. საერთაშორისო ფორუმში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად, მონაწილეობენ კიევში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. სამიტს ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან მსოფლიოს სხვა ლიდერებიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხდომა ჰოლოდომორზე საუბრით გახსნა. 1ტვ
  3. ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი. 1ტვ
  4. უკრაინელების განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაში, რომელიც ჰოლოდომორის წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა. 26 ნოემბერი უკრაინაში, 1932-1933 წლებში მასობრივი შიმშილის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის დღეა. „უკრაინელებმა გამოიარეს ძალიან საშინელი რამ. ამასთან ერთად, შეინარჩუნეს დაუმორჩილებლობის უნარი და თავისუფლების სიყვარული. ჩვენი განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით. ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ჩვენი ცეცხლი არ ჩაქრება. ჩვენ კვლავ დავამარცხებთ სიკვდილს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ იცის, ვინ არის გენოციდის ავტორი. მისი თქმით, რუსები პასუხს აგებენ ჰოლოდომორის ყველა მსხვერპლისთვის და დანაშაულისთვის. „ეს იქნება ანგარიშსწორების ისტორიული დრო“, – აღნიშნა ერმაკმა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ჰოლოდომორიდან 90 წლის შემდეგ, რუსეთის რეჟიმი კვლავ ცდილობს გენოციდით უკრაინელების ნება გატეხოს. „უძლეველი, მამაცი უკრაინელი ხალხი გაუძლებს და კვლავ აყვავდება გამარჯვების შემდეგ. რუსეთი კი, აუცილებლად აგებს პასუხს თავისი დანაშაულებისთვის. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს დღე ახლოვდება“, – აღნიშნა შმიგალმა. ჰოლოდომორის წლისთავის დღეს უკრაინელები ფანჯრებში სანთლებს ანთებენ. მსოფლიო ქვეყნების ნაწილს 1930-იან წლებში უკრაინაში მომხდარ მოვლენებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს. 1932-1933 წლებში უკრაინაში მასობრივ შიმშილს ანუ ჰოლოდომორს სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  5. გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე, ქართული ნახევარფინალი გაიმართება. ჩვენმა კლუბმა „მებრძოლმა“, მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული კლუბების დაპირისპირებისას, ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო. გორის კლუბმა „გოლდენ გორმა“ მეოთხედფინალში ესპანური „სტაბია“ 3:2 დაამარცხა. ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართული კლუბი „არეა“, რომელიც ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და რეპაჟაშიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ „გოლდენ გორი“ შარშანდელი გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია – გორელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „მებრძოლი“ დაამარცხეს. ავტორი - დავით კუჭავა, თამარ ყულუმბეგაშვილი
  6. ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მონასტერში ორი პირი ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. როგორც ცნობილია, დაშავებულია მონაზონი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. ავტორი - ნინო ფისაძე
  7. 11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ქართული კულტურის დღეები იგეგმება, ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, " ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა." მათ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერტით "ჩვენ ერთად", რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზ "კოსმოსში" გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები. კონცერტში მონაწილეთა სიას ქართული დიასპორის ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს და წერს, რომ დამატებითი დეტალები პროგრამის შესახებ 1 დეკემბრიდან გამოქვეყნდება ეტაპობრივად მათ ტელეგრამის არხზე. ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის პრეზიდენტი 1982 წელს ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა. დავით ცეცხლაძემ და მისმა ორგანიზაციამ 2021 წლის 25 თებერვალს პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თხოვნით მიმართეს.
  8. უკრაინული კორპორაცია „როშენის“ საკონდიტრო განყოფილებაში შესაძლოა, ქართული თხილი გაჩნდეს. „მოხარულები ვართ, რომ პირველად გვეძლევა საშუალება, საქართველოში დავპატიჟოთ ისეთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი, როგორიც „როშენია“. ვიწყებთ საქმიან ურთიერთობებს. ვეცდებით, რომ უკრაინულ ტკბილეულში გაჩნდეს ქართული თხილიც“, - განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA ) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ თბილისში გამართულ კონფერენციაზე „უკრაინული თხილი: გამოცდილების გაცვლა საქართველოსთან“. თავის მხრივ, EastFruit-თან საუბრისას, „როშენის“ წარმომადგენელმაც დაინტერესება გამოთქვა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ უფრო კონკრეტულ დეტალებს მას შემდეგ გააჟღერებს, რაც ქართული თხილის ინდუსტრიას უფრო ახლოს გაეცნობა. შეგახსენებთ, რომ „როშენი“ საკონდირო ნაწარმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მთელს მსოფლიოში. მის ასორტიმენტში შედის როგორც შოკოლადები და კანფეტები, ასევე ვაფლები, ორცხობილები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ქვეყნის მასშტაბით 30 ათასამდე თხილის მწარმოებელს აერთიანებს სხვადსხვა რეგიონიდან. უკრაინული თხილის მწარმოებელთან ის წლების განმავლობაში თანამშრომლობს. სამი წლის წინ, GHGA-მ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს უკრაინის კაკლის ასოციაციასთან. საქართველოში თხილის ბაღების საერთო ფართობი ამჟამად დაახლოებით 70 ათასი ჰექტარია. ავტორი: ეკა დარჩიაშვილი
  9. 2022 წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა 243,143 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი სექტემბერთან შედარებით - 7,620 მლნ ლარით მეტია, სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 235,523 მლნ ლარი იყო. ჯამში, მიმდინარე წლის 10 თვეში ბანკების ანგარიშზე 1,775 მლრდ ლარის წმინდა მოგებაა. 2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით: იანვარი - 212,695 მლნ ლარი; თებერვალი - 90,610 მლნ ლარი; მარტი - 110,181 მლნ ლარი; აპრილი - 109,394 მლნ ლარი; მაისი - 159,034 მლნ ლარი; ივნისი - 154,156 მლნ ლარი; ივლისი - 292,462 მლნ ლარი; აგვისტო - 168,049 მლნ ლარი; სექტემბერი - 235,523 მლნ ლარი; ოქტომბერი - 243,143 მლნ ლარი. ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 708,335 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 504,258 მლნ ლარი. ოქტომბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 431,504 მლნ ლარი შეადგინა. ამავე სტატისტიკით, ოქტომბერში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8,355 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 114,974 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 49,871 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. BPN.GE
  10. ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულს ტვინის შერყევა და სახის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. IPN
  11. მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი დღის წინ მოხდა. ლეონიდე ზვიადაძემ ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავადაც მიიღო. შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე მუხლებით არის დაწყებული. იპნ
  12. ირანში ცნობილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ვურია ღაფური დააკავეს. მას ბრალად "ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა" ედება. ღაფური ღიად უჭერს მხარს ირანის დემოკრატიზაციას, ქალთა უფლებების დაცვას და იზიარებს იმ მომიტინგეების მოთხოვნებს, რომლებიც სექტემბრიდან მართავენ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს. ღაფური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ირანელი სპორტსმენია. ვურია ღაფური ეკუთვნის ქურთულ უმცირესობას, რომელსაც ირანში ავიწროებენ. მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ის ირანის დემოკრატიზაციაზე საუბრობდა. კერძოდ, ის წინააღმდეგი იყო იმ გადაწყვეტილებისა, რომლითაც ქალებსს აეკრძალათ სტადიონზე ყოფნა და მამაკაცების საფეხბურთო მატჩების ყურებაა. ღაფური უპირისპირდება ირანის საგარეო პოლიტიკას, რომელმაც ქვეყანას საერთაშორისო სანქციები მოუტანა. ქურთული წარმომავლობის 22 წლის უფლებადამცველი მაჰსა ამინის სექტემბერში გარდაცვალების შემდეგ, ღაფურმა თანაგრძნობა გამოხატა ოჯახის მიმართ და არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მომიტინგეებისადმი. თავისი საზოგადოებრივი პოზიციის გამო, ღაფური გასულ წელს საფეხბურთო კლუბ „ესტეღლალის“ კაპიტნის პოსტიდან დაითხოვეს და ასევე არ იქნა შეყვანილი ნაკრების შემადგენლობაში. ხუთშაბათს ირანის პოლიციამ ღაფური ვარჯიშის დამთავრების შემდეგ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ქურთულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Hengaw-მა დაადასტურა. სხვა დეტალები მისი ადგილმდებარეობის შესახებ უცნობია. ირანში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა. ირანის კლერიკალური მმართველების წინააღმდეგ მიმართული ეს აქციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. რადიო თავისუფლება
  13. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი სახლი დაათვალიერა. ზელენსკი ასევე მივიდა ე.წ. „უძლველობის პუნქტში“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში იხსნება. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ტელეფონები დატენონ და ინტერნეტით ისარგებლონ. „ერთად ჩვენ გადავლახავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ გზას, გადავლახავთ ყველა გამოწვევას და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელები გავრცელებულ განცხადებაში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  14. უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი კიევში ჩავა. ნოვაკი რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. უნგრული მედიის ცნობით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება. კატალინ ნოვაკი პოლონეთიდან კიევში მატარებლით გაემგზავრება. უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ნოვაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეა. კატალინ ნოვაკი ოქტომბერში შეუერთდა ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პრეზიდენტების განცხადებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების მასირებულ დაბომბვას გმობდა. 23 ნოემბერს უნგრეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინას 187 მილიონ ევროს გამოუყოფს, ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის კონტრიბუციის ფარგლებში. 1TV
  15. აზერბაიჯანი უკრაინას ელექტროქსელების აღდგენაში შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შახბაზოვს. მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ რთულ ვითარებაზე, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების მასირებული იერიშებმა გამოიწვია. „მხარეების შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად, კერძოდ, ელექტროტექნიკური აღჭურვილობის მიწოდებით“, – ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  16. გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი ავრცელებენ. კულებას ცნობით, შესაბამისი რეზოლუცია შემდეგ კვირას იქნება მიღებული. “გერმანიის ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა იმაზე, რომ შემდეგ კვირას მნიშვნელოვანი საერთო რეზოლუცია იქნება მიღებული ჰოლოდომორზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას როგორც გენოციდს აფასებს”, - წერს კულება. მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა “ტვიტერის” პირად გვერდზე ეს ინფორმაცია დაადასტურა. “სისტემური შიმშილის შედეგად მილიონობით უკრაინელი გარდაიცვალა. მადლობა, დმიტრო კულება, იმისთვის, რომ მოგვიწოდეთ დავარქვათ ამ დანაშაულს მისი ახლანდელი სახელი: გენოციდი. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერდა ამას გერმანულ ბუნდესტაგში”, - წერს ბერბოკი. იპნ
  17. ავტორი: ლაშა გაბუნია თინათინ წერეთლის მუსიკალური შემოქმედება ფეისბუქზე აღმოვაჩინე. მუსიკოსი გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. შემდეგ თინათინისა და ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსის, მარიამ ქირიას ერთად ჩაწერილ დუეტსაც მოვუსმინე. მისი შემოქმედება მომწონს და ჩვენ ვირტუალური მეგობრები გავხდით. თინათინი დღეს სოულსა და ჯაზში მუშაობს. 2019 წელს თავის ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პირველ გლობალურ ფესტივალში, რომელიც იტალიაში გაიმართა. ფესტივალზე მან გერმანიის სახელით იუნესკოს დელეგაციის წინაშე ორი კონცერტი გამართა. იგი ამ ღონისძიებაზე ერთადერთი მუსიკოსი ქალი გახლდათ. თინათინ წერეთელმა 2020 წლის მიწურულს ალბომი Alles Zu Seiner Zeit („ყველაფერს თავისი დრო აქვს“) გამოუშვა. იგი ცნობილ ლეიბლ Peppermint Park Studios-ში ჩაიწერა, რომელთანაც თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმული ვარსკვლავები: მადონა, ჯგუფი „სკორპიონსი“, ტომ ჯონსი და სხვები. თავისი შემოქმედების ინტერკულტურულობის დამსახურებით, თინათინი ჩეხეთის ქალაქ ბრნოს ფესტივალზე ჰანოვერისა და გერმანიის მუსიკალურ ელჩად იყო მიწვეული. ქართული წარმოშობის გერმანელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი თინათინ წერეთელი 1982 წლის 14 სექტემბერს თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ბავშვობა მუსიკალურ გარემოცვაში გაატარა. გოგონა რეპეტიციებს ხშირად ოპერის საორკესტრო ორმოდან ადევნებდა თვალს. როგორც თავად ამბობს, სადაც მუსიკა ისმოდა, იქ თავს ყოველთვის შინაურულად გრძნობდა. ხუთი წლის ასაკში თინათინმა ვიოლინოს შესწავლა დაიწყო. 6 წლისამ კი ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლაც მოისურვა. ამის შემდეგ მუსიკა მისი ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მის ოჯახში ყველა მღეროდა და ასე გაეცნო ქართულ მრავალხმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვა ჟანრში მუშაობს, ქართულ ფოლკლორს, პოლიფონიას მის მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 1993 წელს საქართველოში არსებული რთული სიტუაციის გამო, 10 წლის გოგონა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. დღეს თინათინი ჰანოვერისა და მისი შემოგარენის რამდენიმე უნივერსიტეტსა და სასწავლებელში ვოკალის პედაგოგად მუშაობს. მას აქვს მუსიკალური პროექტებიც. გთავაზობთ თინათინ წერეთელთან ინტერვიუს. იგი კარგად ლაპარაკობს ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, აზროვნებს გერმანულად. – თინათინ, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც 10 წლის ასაკში საქართველოდან შორს ამოყავი თავი? – ორი ჩემოდნის ამარა უცხოეთში ჩარჩენილმა ოჯახმა ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. მაშინ მუსიკაზე ფიქრიც კი უადგილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებოდა და მწყუროდა იგი. უბრალოდ, არ მინდოდა დედისთვის რთულ სიტუაციაში სადარდებელი დამემატებინა, ამიტომ ხმამაღლა არ გამოვხატავდი ამ სურვილს. მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდი, ამ წყურვილს სიმღერით ვიკლავდი. სიმღერისას და დაკვრისას დროის და სივრცეს შეგრძნებას ვკარგავ. მუსიკის შესრულებისას თავს სრულყოფილად აღვიქვამ, რადგან იმ „მე“-ს ვუერთდები, რომელიც თბილისში გატარებულ ბავშვობაში დარჩა. იმ ქალაქში, სადაც გიმნაზია დავამთავრე, გოსპელის გუნდში ვმღეროდი. პირველად სცენაზე სკოლის ბოლო ზარზე ვიმღერე. შემდეგ ჩრდილოეთ გერმანიაში კულტურის მეცნიერების ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, სადაც მუსიკა ერთ-ერთი საგანი იყო. ჯაზ-როკ და პოპ ვოკალისკენ ნელ-ნელა გავიკვლიე გზა. გერმანიაში ფორტეპიანოს შესწავლა ხელახლა დავიწყე, ხოლო გიტარაზე დაკვრას ჩემით დავეუფლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თავად შემეძლო სიმღერების წერა. იმის მიუხედავად, რომ გერმანელი სტუდენტების უმეტესობა სიმღერებს ინგლისურად წერდა, საკუთარი შემოქმედებისთვის მაინც გერმანული ენა ვარჩიე. ქართული სული და ემოცია გაჯერებული გერმანული აზროვნებით – ესაა ჩემებური მუსიკალური კოქტეილი, რასაც აქ განსაკუთრებულად აღიქვამენ. – რომელი მუსიკოსი, მომღერალი, ჯგუფი ან კომპოზიტორი მოგწონს განსაკუთრებით? და ვინ იქონია შენზე გავლენა? – ბავშვობისას ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის გარდა, ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონია დასავლურმა ჯაზმა და პოპმა. სახლში ელა ფიცჯერალდის, ლუი არმსტრონგის და ბიტლზის სიმღერებს სიამოვნებით ვუსმენდი. განსაკუთრებულად მახსოვს, ხუთი წლის ასაკში პირველად Eleanor Rigby-ს რომ მოვუსმინე, როგორი შთამბეჭდავი იყო ახალი და უცხო ჰარმონიები. მუსიკის სამყარო ჩემთვის ისეთი მრავალფეროვანი, მისტერიული და საოცრებებით სავსეა, როგორც იმის აღმოჩენა, რომ ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ და კოსმოსში, ჩვენს მზის სისტემაში კიდევ ბევრი სხვა შორეული პლანეტაა. სახლში სიამოვნებით ვუსმენდით და ვმღეროდით ქალაქურ სიმღერებს და ქართული ფილმების მელოდიებს. რა თქმა უნდა, ამ სიმღერების კომპოზიტორთა შორის ლაღიძე, გურგულია, ცაბაძე და კახიძე უნდა ვახსენო. პატარაობიდან ოთხი გიას შესრულებული ნებისმიერი სიმღერა ძალიან მიყვარდა, ალბათ ყური სეპტაკორდულ ჯაზ ჰარმონიებს მქონდა შეჩვეული და მრავალხმიანობის ეს ვარიანტი უფრო მომწონდა. რა თქმა უნდა, ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. უკვე გერმანიიდან შეძლებისდაგვარად ვადევნებდი თვალს სიახლეებსაც. ასე აღმოვაჩინე ნინო ქათამაძის შემოქმედება, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ასე შევიყვარე ქალბატონ ნატო მეტონიძის შესრულებული ყანჩელის სიმღერები. გია ყანჩელი კი, როგორც კლასიკოსი კომპოზიტორი, მაინც გამორჩეულად მიყვარს. ჩემი აკვანი ქართული მუსიკის სამყაროა, მაგრამ ბავშვობიდანვე ეს სფერო ძალიან ფართო გახდა ჩემთვის, ამიტომ მარტო ქართული მუსიკით არ და ვერ შემოვიფარგლებოდი. სასწავლებელში მსოფლიოს მუსიკალური კულტურის უშუალო აღმოჩენა დავიწყე. დროთა განმავლობაში მეც სხვადასხვა ფორმაციაში და სტილისტურად მრავალ ჟანრში ვმუშაობდი. მაგალითად, სალსას, ტანგოს, ფლამენკოს ისევე ვმღეროდი, როგორც ჯაზს, სოულს, ფანკს და ფოლკ-როკს. საკუთარი სულიერი მოთხოვნილებისა და გრძნობების გამომხატველი კი სოული გახდა. ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონიეს ლორენ ჰილმა, 90-იანი წლების მერაია ქერიმ, არეტა ფრანკლინმა, ერიკა ბადუმ, მოგვიანებით ინდია ეირიმ, ალიშა ქეიმ. ამავე დროს, ისეთმა არასტანდარტულმა მომღერალმაც, როგორიცაა ბიორკი. – თინათინ, გერმანიაში მცხოვრებ რომელ ქართველ მუსიკოსებთან გაქვს ურთიერთობა? – მუსიკალური სამყაროს მიმართ გახსნილმა მიდგომამ საშუალება მომცა ბევრ მუსიკოსთან მეთანამშრომლა. რა თქმა უნდა, მქონდა ურთიერთობა ქართველებთანაც. მათ შორისაა ჯგუფ „შინ“-ის დამაარსებელი, ბატონი ზაზა მიმინოშვილი შტუტგარტში, ჯაზ-პიანისტი, ბატონი პაატა დემურიშვილი მანჰაიმში, დირიჟორი და გუნდის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კინწურაშვილი და ოპერის სოლისტი, ბატონი შავლეგ მაჭარაშვილი. პანდემიამ დაუგეგმავად მუსიკალურად დამაკავშირა ჩემს საყვარელ კოლეგასა და მეგობართან, მარიამ ქირიასთან. 2021 წლიდან მოყოლებული ჩვენ სისტემატურად ერთად ვმართავთ ქართულ კონცერტებს, სადაც ყველა დროის ჩვენთვის საყვარელ სიმღერებს ვასრულებთ ერთობლივი ახალი არანჟირებით – ორ ხმაში და გიტარების თანხლებით. – რამდენად მოგწონს უცხოეთში მომუშავე ქართველი მუსიკოსების შემოქმედება? – ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, მიხეილ ქირია, ქეთი მელუა, ნათია თოდუა და კიდევ ბევრი სხვა… თითოეული თავისი პროფესიონალიზმით მსოფლიოს ახსენებს, რომ არსებობს ძველი კულტურის მქონე ერთი ბეწო ქვეყანა, თავისი განსაკუთრებულობებით და შემოქმედებითი პოტენციალით. შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ რთულია და ყველა ქართველი მეამაყება, ვინც ამ სფეროში წარმატებას აღწევს. ყველას გულშემატკივარი ვარ. ეს უფრო სოლიდარული, კოლეგიალური და პროფესიული მიდგომაა. აქედან გამომდინარე, შეფასება, თუ ვინ რამდენად მომწონს, ზედაპირულად მეჩვენება. – საქართველოში მცხოვრები რომელი მუსიკოსი, მომღერალი, ჯგუფი და კომპოზიტორი მოგწონს? – დარწმუნებული ვარ, რომ გეოგრაფიული სიშორიდან გამომდინარე, შესაძლოა ბევრი ღირსეული და საინტერესო მუსიკოსი არ ვიცოდე, ამიტომ ჩემს ჩამონათვალს დიდი ყურადღება არ მიაქციოთ. თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ალტერნატიულ სცენას არ ვიცნობ და ძალიან მაინტერესებს ამ სუბკულტურის წარმომადგენლების გაცნობა. საქართველოში მცხოვრებ მუსიკოსებს შორის აუცილებლად მინდა ვახსენო ქალბატონი თამარ ბუაძე და მისი ქალთა ანსამბლი „თუთარჩელა“. მას ფოლკლორის სფეროში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. აქვე ვახსენებ „33ა“-ს და მისი ლიდერის, ნიაზ დიასამიძის შემოქმედებას. საესტრადო პოპ-სცენა კი ნაკლებად მაინტერესებს, რადგან დასავლეთზე მომართულია და ამ ჟანრში ხშირად პირდაპირი კოპირება ხდება, რაც ნაკლებად ორიგინალური და ინდივიდუალურია. ჩემი სურვილია, ქართველი მუსიკოსი ვინმეს ასლი არ გახდეს. დასავლური მუსიკის გარკვეული ადაპტირება და საკუთარი მიდგომის პოვნა უფრო სარგებლიანი მგონია, ვიდრე მოკლევადიანი მოდის ატაცება. – როგორ ფიქრობ, რამდენად აუცილებელია, რომ ქართველმა მუსიკოსებმა ქართულად წერონ სიმღერები და იმღერონ? – საინტერესო კითხვაა. ალბათ ისევ წინა აზრს დავუბრუნდები. ყველამ თავისი ჭეშმარიტი გზა უნდა იპოვოს. ვერავის დაუკანონებ, რომ, რადგან ქართველია, მხოლოდ ქართულად უნდა წეროს და მღეროდეს. ჩემთვის უფრო გადამწყვეტია, რამდენად ბუნებრივი, ავთენტური და ორიგინალურია მუსიკოსის გზა, რა არის მისი ახალი სიტყვა მუსიკაში? ავიღოთ მელუას მაგალითი. ინგლისურად მღერის და ამით მილიონობით ადამიანს ემოციურად ეხება და აღტაცებას იწვევს. ზუსტად იმით, რომ ინგლისურად, ამ საერთაშორისო ენაზე მღერის, უამრავ ადამიანს გააცნო საკუთარი შინაგანი სამყარო და დააინტერესა თავისი წარმომავლობით. მან თავისებური წვლილი შეიტანა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ჩვენ ჩვენი საქმით და მისი ხარისხით ვართ საქართველოს ელჩები. – გერმანიაში 15 წელი სცენაზე ხარ. რომელ მუსიკალურ კოლექტივებში იყავი, სანამ ცალკე დაიწყებდი მუშაობას და როდის ჩამოყალიბდა ჯგუფი „თინათინი“? – ჩემი კარიერა 2006 წელს დაიწყო, როცა ჩემმა მეგობარმა – როგორც სტუმარი-მუსიკოსი, თავისი ბენდის კონცერტზე მიმიწვია. ეს იყო პოპ-ფოლკ-როკ ჯგუფი, სახელად Anna Singt (ანა მღერის), სადაც მე რამდენიმე სიმღერაში მეორე ხმით და კლავიშით დავემატე. ამ კონცერტის მერე ბენდთან თანამშრომლობა ოთხი წლით გაგრძელდა. ამასობაში თავად დავიწყე სიმღერების წერა. 2010 წელს ჩვენი საკმაოდ წარმატებული ბენდი სხვადასხვა მიზეზის გამო დაიშალა. მე და ანამ დუეტში გავაგრძელეთ მუშაობა და ცნობილი სიმღერების ხელახალ არანჟირებებს მივყავით ხელი. სცენაზე მუდმივმა დგომამ და ამ გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს სოლო კარიერაზე. ამის პარალელურად ფლამენკო და კლასიკური მუსიკაც შევისწავლე. გამიჩნდა საშუალება, მემღერა რამდენიმე ანსამბლში, სადაც ან ტანგოს, ან სალსას უკრავდნენ. დროთა განმავლობაში გავეცანი მრავალ საინტერესო მუსიკოსს. მათ შორისაა ირანული წარმოშობის გენიალური მულტიინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი ომიდ ბაჰადორი, რომელმაც მუსიკოსები ჰოლანდიიდან, მონღოლეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან თავის პროექტისთვის შეგვკრიბა. აქ ჩართული ვიყავი არა მარტო როგორც ვოკალისტი, არამედ როგორც ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ტექსტების მწერალი. ამ პროექტისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის ფრაგმენტებიც გამოვიყენეთ. გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსს მელოდიაც დავუწერე და კომპოზიციად ვაქციეთ. ამ ანსამბლით ორი წლის განმავლობაში გერმანიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში ვიყავით ტურზე. საკუთარი გერმანულენოვანი სიმღერების გამოქვეყნება საკმაოდ გვიან გადავწყვიტე. მანამდე მუსიკის პედაგოგიკით და ჯერ კიდევ პატარა შვილის, ილიას აღზრდით ვიყავი მთლიანად დაკავებული. ოფიციალური დებიუტი 2018 წლის აპრილში მქონდა, რომელიც პირველი ვიდეოკლიპის გამოქვეყნებით – Luftbrücken-ით („ჰაერის ხიდები“) დაიწყო. მუსიკოსებთან ერთად, რომელიც ჩემ ირგვლივ შევკრიბე, გადავწყვიტე, რომ ჩემი სოლო პროექტისთვის ჩემივე სახელი, თინათინი დაგვერქმია, რადგან ყველა მეკითხებოდა, ეს ნამდვილად ჩემი სახელი იყო თუ მოგონილი. ამ დებიუტს ძალიან წარმატებული პერიოდი მოჰყვა. ჩემი პირველი ალბომი 2020 წლის აგვისტოში, პანდემიის “შათდაუნში” გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ტურის დაგეგმვა გვსურდა, რაც ვეღარ განვახორციელეთ. პანდემიურმა პაუზამ საშუალება მომცა შემეფასებინა ჩემი ალბომის შედეგები. ორი წლის შემდეგ უკმაყოფილო დავრჩი და გადავწყვიტე, ხელახალი არანჟირებით კომპოზიციები უფრო სოულში დამემუშავებინა. ეს განახლების პროცესი 2022 წლის მარტიდან დავიწყე და ნელ-ნელა, ცალკეულ სინგლებად ვუშვებ ამ ალბომის ხელახლა ჩაწერილ და დამუშავებულ სიმღერებს. საბედნიეროდ, გერმანიის ფედერაციის პოპ-გრანტის მოპოვება შევძელი, რითაც ახალი კლიპების გადაღება შემიძლია. ერთ-ერთი მათგანი 18 ნოემბერს გამოდის და შოთა რუსთაველის აფორიზმის, „რასაცა გასცემ შენია-ს“ მატარებელია. – ქართულენოვანი პროექტი თუ გაქვს და აპირებ თუ არა საქართველოში კონცერტების ჩატარებას? – ქართულენოვანი აქტუალური პროექტი მარიამ ქირიასთან ერთად გავაკეთე. ამ პროექტით თუნდაც თბილისს რომ ვეწვიოთ, გადასარევი იქნებოდა. უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ჩემს მუსიკალურ და გეოგრაფიულ სამშობლოს ისევ მუსიკის სახით დავუბრუნდე! ჩემი უდიდესი ოცნება არის, ჩემი სიმღერების გაორკესტრება და ქართველ მუსიკოსებთან თანამშრომლობით, მათი ქართველი მაყურებლისთვის შეთავაზება. საამისოდ შევეცდები, ქართულადაც ვთარგმნო ჩემი ტექსტები. – დაბოლოს, თინათინ, აპირებ თუ არა ალბომის გამოშვებას და იქნება თუ არა იგი ფიზიკურ მატარებელზე (ვინილი, სიდი, კასეტა) ჩაწერილი? – არა მარტო ჩემს ძველ სიმღერებს ვაახლებ, ახლებიც მაქვს. მალე მინდა მათი სცენაზე გატანა და აქედან გამომდინარე, ამწუთას მინიტურებს ვგეგმავ. ძველი ალბომის ფიზიკურად შეძენა შეიძლება ჩემს ვებგვერდზე – www.tinatin-music.com, მაგრამ სტრიმინგ-საიტებიდან ავიღე, რადგან ჯერ ახალ პროდუქციაზე მინდა ყურადღების გამახვილება. აქ, დასავლეთში, ისეთი პირი უჩანს, რომ კომპაქტდისკებს მომავალი აღარ აქვს. ვინილის ფირფიტაზე კი ნამდვილად არ ვიტყოდი უარს გინდაც ლიმიტირებული რაოდენობით. წყარო: at.ge
  18. ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და თავისუფელი უნივერსიტეტის სტუდენტი საბა მახარაძე “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” გახდა. „ეს არის EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივა, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელი. რომელშიც გაწევრიანებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე და წვლილი შეიტანობ თავიანთი საზოგადოების განვითარებაში ევროპული ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობით“, – გვითხრა საბა მახარაძემ რა გეგმები აქვს “ახალგაზრდა ელჩს” და როგორ ფიქრობს ქვეყნის წარმოჩენას დაგეგმილ შეხვედრებში, საბა მახარაძე გვპასუხობს: „მე.ვაპირებ როგორც ქვეყნის, ასევე, ჩემი ქალაქის (ოზურგეთის) მაქსიმალურ ჩაბმას ევროპული განვითარების გზაზე და აქ მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობას. რაც შეეხება საერთაშორისო დონეს, შევეცდები, ევროკავშირის ისეთ პროექტებში ჩავერთო, რომელშიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რათა საქართველოზე მეტი ინფორმაცია მივაწვდინო მათ და ქვეყნის სახელის პოპულარიზებას შევუწყო ხელი“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს საბა მახარაძემ. გიორგი გირკელიძე გურიანიუსი
  19. პარლამენტის ოპოზიციის წევრმა ქალმა დეპუტატებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს გვაქვს ფემიციდის, ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ასობით შემთხვევა, თუმცა სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ რანგზე ფემიციდის საკითხს არ აყენებს. „არ გვაქვს ქალთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები, არ გვაქვს მათი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების პროგრამები და გვაქვს ძალიან მძიმე სტერეოტიპები, ჯერ კიდევ ფესვგადგმულია, რომელიც ბევრ ქალს დაუჯდა სიცოცხლის ფასად.
  20. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს. პუბლიკა
  21. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7088 ლარი ეღირება, ევრო – 2.8220 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2825 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7117 ლარი ღირდა, ევრო – 2.8218 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2866 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 ნოემბრისთვის ამოქმედდება.
  22. საქართველოში მოქმედი საერთაშორიო მისიების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პრობლემის პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას. სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და – შედეგიც. ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები. შედეგად, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამას გარდა, ძალადობა გამოვლილი პირებისთვის სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა. თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან. ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის, ხორვატიის საელჩოები.
  23. სამწუახროდ, ბოლო დროს ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა ძაღლმა ადამიანი დაგლიჯა. ბოლო დროს კი მცირეწლოვანი ბავშვის დაგლეჯის ამბავმა შეძრა თბილისი. პატარა ისევ კლინიკაშია და მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სოციალურ ქსელშიც გახშირდა იმ მოქალაქეების პოსტებიც, რომლებიც მეტ ყურადღებას ითხოვენ ქუჩის ძაღლების მიმართ. თუმცა უმეტესი პოსტით როგორც ირკვევა, ხშირად პატრონების მიერ ჩამოყვანილი ძაღლები უფრო აშინებთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია სანქცია ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევაზე. ამ შემთხვევაში მოქალაქე დაჯარიმდება შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირი დაჯარიმდება – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. გარდა ამისა, კოდექსის თანახმად, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ქმედებაზე მფლობელი 50 ლარით ჯარიმდება. პრაიმ თაიმი
  24. მკვლევართა ჯგუფმა გაშიფრა ხუთი საუკუნის წინანდელი კოდი, რომელშიც საუბარია საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ის მკვლელობის ფრანგულ გეგმაზე . კარლი მე-16 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი კაცი იყო; მართავდა ვრცელ იმპერიას, რომელიც მისი 40-წლიანი მმართველობისას მოიცავდა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილს. საფრანგეთის ლორიას ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფს ექვსი თვე დასჭირდა 1547 წელს შესრულებული წერილის გასაშიფრად, რომელიც იმპერატორმა საფრანგეთში საკუთარ ელჩს მისწერა. ამ მღელვარე პერიოდში ესპანეთსა და საფრანგეთს შორის ომები და დაძაბულობა იყო; საფრანგეთს იმ დროს ფრანსუა I მართავდა, რენესანსის პერიოდის მმართველი, რომელმაც ლეონარდო და ვინჩი იტალიიდან ჩამოიყვანა. კარლ V-ის მიერ ჟან სენ-მორისთვის მიწერილი წერილი ქალაქ ნანსის სტანსილასის ბიბლიოთეკის საცავებში საუკუნეების განმავლობაში ჩაიკარგა. კრიპტოგრაფმა სესილ პიერომ მისი არსებობის შესახებ პირველად 2019 წელს, სადილობისას გაიგო და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, 2021 წელს მიაკვლია. წერილი კარლ V-ის ხელმოწერას ატარებს და ერთდროულად იდუმალი და სრულიად გაუგებარი იყო. მძიმე შრომის შემდეგ, პიერომ აღმოაჩინა კარლ V-ის მიერ გამოყენებული 130 სიმბოლოს „განსხვავებული ოჯახები“. „ერთ სიმბოლოში მთელი სიტყვებია ჩაშიფრული. იმპერატორმა შეცვალა თანხმოვნების შემდეგი ხმოვნები, რაც სავარაუდოდ, არაბულმა შთააგონა“, — ამბობს პიერო. იმპერატორს ასევე გამოყენებული აქვს სიმბოლოები, რომლებიც არაფერს ნიშნავს და მათი მიზანია დააბნიოს ყველა, ვინც წერილის გაშიფვრას შეეცდება. ივნისში პიერომ ერთი წინადადების ამოკითხვა შეძლო, შემდეგ კი ისტორიკოს კამილ დესენკლოს დახმარებით მთელი კოდი გაშიფრეს. „ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო იყო, მაგრამ ამად ღირდა“, — ამბობენ მკვლევრები. გაშიფვრაში მეცნიერებს ასევე დაეხმარა ჟან სენ-მორისისგან მიღებული სხვა წერილი, სადაც ადრესატმა ტრანსკრიფციის კოდის ფორმა კიდეზე მიაწერა. დესენკლოს განცხადებით, მისთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, დიდი პატივი იყო იმ წერილის წაკითხვა, რომლის გაშიფვრაც ხუთი საუკუნის განმავლობაში ვერავინ შეძლო. მისივე განცხადებით, ეს წერილი ადასტურებს, რომ 1547 წელს, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან სამი წლის შემდეგ, კარლ V-სა და ფრანსუა I-ს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. მათ მართლაც არაერთხელ ჰქონდათ ერთმანეთის დასუსტების მცდელობა. რაც არ უნდა იყოს, წერილში საუბარია იმ დროის ჭორზე, რომელიც კარლ V-ის მკვლელობის ფრანგულ გეგმას ეხებოდა. როგორც ჩანს, ეს ჭორი მონარქს საკმაოდ აშინებდა. მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
  25. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად. დარახველიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის. „წლიდან წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებული პრევენციული ბერკეტის, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. ასევე, სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის უმკაცრესი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად. გარდა ამისა, ჩვენს უწყებაში ჩვენი თანამშრომლების გადამზადება უწყვეტად მიმდინარეობს, რომ თითოეული შემთხვევა არ დარჩეს ყურადღების მიღმა, ძალადობის თითოეულ ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ, მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. მზად ვართ, მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება. პროგრესისა და მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, სამწუხაროდ, ხდება მძიმე ფაქტები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები, სლოგანით – „არა ქალზე ძალადობას!“.
×
×
  • შექმენი...