Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უკრაინის ვინიცის ოლქში რუსეთის ძალებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ვინიცის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ავრცელებს. მისი განცხადებით, თბოელექტროსადგურზე იერიშის შედეგად ქალაქ ლადიჟინში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გათბობის გარეშე ქალაქის 18 ათასი მცხოვრებია დარჩენილი. „ლადიჟინში სამხედრო ხასიათის საგანგებო მდგომარეობაა – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტექნოგენურ-ეკოლოგიური უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების საკითხებში მომუშავე საოლქო კომისიამ. ლადიჟინის თბოელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმამ ქალაქის თბომომარაგების ქსელებში ავარია გამოიწვია“, – განაცხადა ბორზოვმა. მისი ცნობით, ლადიჟის მერის მიმართვის გათვალისწინებ, ქალაქში ავარიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი იმუშავებს. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  2. მნიშვნელოვანია ალიანსის მიერ მხარდაჭერის გაძლიერება, როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა. „შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით რუმინეთის ძლიერ და კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. დამატებითი პრობლემა არის სტრატეგიული მდგრადობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში, რაც მოიცავს საკვანძო ასპექტებს, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებასა და საზღვაო მიმოსვლის თავისუფლებას“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა. კლაუს იოჰანისსა და იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. 1tv
  3. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. „მათი ვიზიტი არის მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის და სოლიდარობის მნიშვნელოვანი გზავნილი, განსაკუთრებით, ყველაზე სერიოზული გამოწვევების დროს. მადლობას ვუხდი ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს მათი მუდმივად აქტიური და ეფექტიანი მხარდაჭერისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვაში“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები უკრაინაში რუსეთის ომის გამო. მისი თქმით, ესტონეთი თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს 3%-მდე გეგმავს. „ჩვენ ვისურვებდით, რომ ევროპულმა ქვეყნებმა გააორმაგონ თავიანთი თავდაცვის ხარჯები უკრაინაში ომის დროს და ომის შემდგომ. ჩვენ ვაპირებთ, ეროვნულ თავდაცვაზე დაიხარჯოს ჩვენი მშპ-ს 3%. რეინსალუმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ კიევში შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განიხილებოდა ევროკავშირის სანქციების გამკაცრება, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ფინანსური მხარდაჭერა და ევროატლანტიკური მისწრაფებები. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  4. აქ, ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა. სტოლტენბერგის განცხადებით, დღეს რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მთელი ალიანსისთვის. ამასთან, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის უკანონო ომით შექმნილი გამოწვევები. „რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ ნატო აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ განვათავსეთ ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის ის, რომელსაც საფრანგეთი აქ, რუმინეთში ხელმძღვანელობს. კანადური მოიერიშე თვითმფრინავები აგრეთვე გვეხმარებიან თქვენი ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის Patriot-ის რაკეტები თქვენს თავდაცვას აძლიერებენ. ეს მკაფიო გზავნილია, რომ ნატო აქ არის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ყველა მოკავშირე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. IPN
  5. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული „პოზიტიური ნაბიჯია“. „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება”,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმოამდგენლობა საქართველოში „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნის. როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, კანონპრპექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ვენეციის კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს.
  6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის მიერ მოქალაქეების მონაცემების მოპოვება-დამუშავების ფაქტზე საკითხის შესწავლა დაიწყო. კერძოდ, ეს ეხება სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე კრიტიკული კომენტარების ავტორებს ურეკავს და პასუხს სთხოვს. მას შემდეგ, რაც სიუჟეტის ფორმამ და შინაარსმა არაერთი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ფეისბუკზე, მარიკა ბაკურაძემ განმარტა, რატომ დაურეკა მოქალაქეებს კრიტიკული მოსაზრებების გამო. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა, თუმცა კომენტარების დატოვების შესაძლებლობა შეზღუდა. ბაკურაძის თქმით, სიუჟეტი სიძულვილის თემის საილუსტრაციოდ მოამზადა. "გადაცემის მთავარი თემა იყო - სიძულვილის ენა. სოციალური სივრცე, რომელიც წალეკა სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ. ეს არის თითქოს ვირტუალური სამყარო, რომელიც განცალკევებულად გვეჩვენება ჩვენი რეალური ცხოვრებიდან, ამავდროულად კი სწორედ ესაა ჩვენი დღევანდელი ყოფა. ამ თემას განვიხილავდით სტუდიაში მოწვეულ სტუმართან, ფსიქოლოგთან ერთად. ამ თემის საილუსტრაციოდ მოვამზადე სიუჟეტი, სადაც სოც.ქსელში დაწერილი კომენტარების ავტორთან რეალურ ყოფაში დავრეკე და რამდენიმე შეკითხვა დავსვი - რამდენად მართებულად მიაჩნიათ მათ ამ ლექსიკით საუბარი ფეისბუქში და მათ რეალურ გარემოცვაში. ვწუხვარ, თუ არასწორად იქნა აღქმული ეს ხაზი", - წერს მარიკა ბაკურაძე. იგი ასევე განმარტავს, რომ მოქალაქეების ტელეფონის ნომრები პირადი კონტაქტებით მოიპოვა და რესპონდენტების ანონიმურობა "სრულად დაიცვა". "დამეთანხმებით, ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება. ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება. ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ". "იმედის" ჟურნალისტის სიუჟეტმა ფეისბუკმომხმარებლების დიდი ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მათთვის გაუგებარი იყო, საიდან აღმოჩნდა ჟურნალისტის ხელში მოქალაქეების ტელეფონის ნომრები. ფეისბუკმომხმარებელი გიორგი ბოლქვაძე წერს, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვისაც "იმედის" ჟურნალისტმა დაურეკა. მისივე თქმით, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საუბარი იწერებოდა და ამისათვის შესაბამის სარჩელს მოამზადებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიორგი ბოლქვაძემ თქვა, რომ, პირველ რიგში, გეგმავს, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" იჩივლოს, სასამართლო დავის საკითხს კი ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს. სიუჟეტი, როგორ ურეკავს ჟურნალისტი ფეისბუქზე დაწერილი კრიტიკული კომენტარების ავტორებს და ამისთვის პასუხს სთხოვს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "იმედის დღეში" 28 ნოემბერს გავიდა. "მე გავაკეთე ერთგვარი ექსპერიმენტი. მართლა გულწრფელად დავინტერესდი - ეს ადამიანები, ვინც ამ სიტყვებს წერენ, რამდენად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სამეტყველო ენა", - თქვა ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ ეთერში, სიუჟეტის გასვლამდე. სიუჟეტში მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც მას დაუკომენტარა "რას ბოდიალობ", ჰკითხა: მარიკა ბაკურაძე: "ბოდიალი რას აღნიშნავს?" მოქალაქე: "ამიტომ გადაწყვიტეთ დარეკვა?" მარიკა ბაკურაძე: "კი, რა თქმა უნდა, მე ხომ მაინტერესებს მაყურებლის აზრი." მოქალაქე: "ძაან სისულელე გადაცემა იყო." მარიკა ბაკურაძე: "გასაგებია, შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ამას არავინ არ გთხოვთ..." მოქალაქე: "არ მოგეწონათ ფორმა, როგორ დავწერე?" მარიკა ბაკურაძე: "მე კონკრეტულად მაინტერესებს, ადამიანებს შორის რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი ურთიერთობის ფორმა, რომ "რაებს ბოდიალობ"." მოქალაქე: "კი, კი, სისულელე გადაცემა რომ გადის, უნდა დაუწერო..." მარიკა ბაკურაძე: "ესე იგი, თქვენ თქვენ გარშემო მყოფებს ასე ეკონტაქტებით, რომ რაებს ბოდიალობ, ეს სწორი მიმართვაა?" მოქალაქე: "ჩემს გარშემო ჩემი მეგობრები და ნაცნობები არ ბოდიალობენ, კარგია, უფრო გემოვნებიან გადაცემებს თუ გააკეთებთ." მარიკა ბაკურაძე: "თქვენც გემოვნებიანად ისაუბრეთ ხოლმე."
  7. რუსები, რომლებმაც სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, საქართველოდან დაბრუნებას არ ჩქარობენ. ამ სათაურით საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პუბლიკაციას აქვეყნებს. „ერთი თვის შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის გაწვევის პროცესი დაასრულა, მამაკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურის თავიდან ასარიდებლად, მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, აცხადებენ, რომ ისინი სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ“, - წერს მედიასაშუალება. „როიტერსის“ ცნობითვე, რუსეთმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, გაწვევა 21 სექტემბერს გამოაცხადა, რის გამოც ასობით ათასი მამაკაცი, ფრონტზე გაგზავნისგან თავის ასარიდებლად, ისეთი ქვეყნებისკენ გაემართა, როგორებიცაა: საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ წელს, საქართველოში 110 000-ზე მეტი რუსი გაიქცა. „როიტერსი“ დასძენს, რომ რუსების შემოდინებამ ქვეყანაში როგორც ეკონომიკური ბუმი, ისე მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია, სადაც ანტირუსული განწყობებია გავრცელებული.
  8. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნის. როგორც მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კანონპრპექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს. „ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ კანონპორპექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, არის სიცრუე. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ. იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის საშუალებით, ასევე, პირადი კომუნიკაციის დროს გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში. იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იგივე კანონმა მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან, სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს ევროკავშირისგან, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, ნამდვილად არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაიგზავნოს, თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ სპეკულაციების სივრცე არ დარჩეს, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ვიტყვით და ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით. ბუნებრივია, ჩვენი კომუნიკაციის დროს თხოვნა და მოწოდება იქნება, კანონი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული, პროცესი დაჩქარებული და არ მოხდეს ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, როცა წელიწადზე მეტი გაიწელა დასკვნის მიღება“,- განაცხადა მდინარაძემ.
  9. ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებულმა მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო. როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, რისთვისაც „პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს“. „პროკურატურისვე მსგავს დანაშაულებზე მკაცრი მიდგომა აქვს და ასევე, ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. რაც შეეხება სასჯელს, ორივე მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ. ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, დაზარალებულის დეტალური ჩვენებაა, სადაც ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს აღწერს. ჩვენთვისაც რთულია ამ ყველაფრის წაკითხვა. დაზარალებულმა ორივე ბრალდებული ამოიცნო. ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ფაქტებს უარყოფდა. ყველა მტკიცებულებაა მოპოვებული, რომელიც ადასტურებს ამ ორი ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენას. უშუალოდ ადგილზე სათვალთვალო კამერები არ იყო, თუმცა მათი ყველა გადაადგილება - საიდან სად წავიდნენ, მოპოვებული იქნება“,- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. ცნობისთვის, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იპნ
  10. ხაშურის რაიონული სასამართლო, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო სხდომას მოსამართლე ზაზა რამიშვილი უძღვება. ბრალდებულების ინტერესებს სასამართლო პროცესზე იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ადვოკატი გიორგი ჯეირანაშვილი დაიცავს. ჯეირანაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. საქმის სხვა დეტალებზე კი არ საუბრობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალდების მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე პატიმრობის შეფარდების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. „ამაზე მკაცრი ღონისძიება არ არსებობს და რომ არსებობდეს, ალბათ, იმას მოვითხოვდით. ეს არის უალტერნატივო მოთხოვნა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. მისივე თქმით, ბრალდების მხარე ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრალდებულებმა კანონის მთელი სიმძაფრით აგონ პასუხი. „სასამართლოში წარდგენილი ბრალდება 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვფიქრობთ, ეს არის ის ადეკვატური სასჯელი, რაც ბრალდებულებმა უნდა მიიღონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის მთელი სიმძაფრით აგოს პასუხი“,- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. კითხვაზე, რა მტკიცებულებები არსებობს აღნიშნულ საქმეზე, პროკურორი ამბობს, რომ „ამ საქმეში მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე მსგავსი დანაშაულების შემთხვევაში არსებობს ხოლმე“. „პირველი და უმთავრესი არის დაზარალებულის დეტალური ჩვენება, სადაც ფაქტი თავიდან ბოლომდეა აღწერილი“,- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. ხაშურის მუნიციპალიტეტში, 25 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. IPN
  11. კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. „უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ერთობლივი ფოტო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გამოაქვეყნეს. "ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში უკრაინის მიმართ ჩვენი სრული სოლიდარობის ნიშნად. მიუხედავად რუსული რაკეტების "წვიმისა" და ბარბაროსული სისასტიკისა, უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. შეგახსენებთ, 26-27 ნოემბერს კიევში იმყოფებოდნენ ბელგიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები.
  12. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად, ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი. როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოველწლიურად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი გამონაკლისის სახით ჯარის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ანაზღაურება 20%-ით მოიმატებს. „საჯარო პირობად გვაქვს აღებული, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, რადგან მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოში შეძლონ საჯარო სამსახურებმა ფუნქციონირება. ეს წელი გამონაკლისია უშუალოდ ჯარისთვის, პოლიციისთვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის. არსებული რეალობიდან და რისკებიდან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. იპნ
  13. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გადააგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს. მისივე თქმით, ჯერ უნდა გაარკვიონ, რა ხდება დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ვენეციის კომისია ამუშავებს. „ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ კანონზე. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაცნობებთ. ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე რაიმე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას. ვენეციის კომისია მუშაობს უკრაინულ კანონზე და ამზადებს დასკვნას, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ევროკავშირთან კონსულტაციები გვაქვს და გვექნება. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მოგვიანებით გაგაცნობთ. თუ ოპოზიციას ვენეციის კომისია ევროპარლამენტში ერევა, ეს მათი პრობლემაა. ევროპარლამენტი იღებს პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილებებს, ვენეციის კომისია კი პროფესიული ორგანოა, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  14. საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე რჩევაა, საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანის თქმით, აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარედგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს 22 ნოემბერს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკან გაიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება. „მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მტკიცე რჩევა საქართველოს მიმართ არის ის, რომ საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია. ეს კანონმდებლობის ძალიან კომპლექსური და ახალი სფეროა, აქ არ არსებობს ცალმხრივად მიდგომის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა. 1ტვ
  15. ევროკავშირის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ან მათი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება აღიარებული. დღემდე სისხლის სამართლის დანაშაულთა სიაში ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, კიბერდანაშაული და ორგანიზებული დანაშაული შედიოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კენჭი ევროპარლამენტშიც უნდა უყარონ. ავტორი - სალომე თორაძე
  16. 25 ნოემბერს, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, განვიხილეთ ბიუჯეტის საკითხი და 30 ნოემბერს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და, ნაცვლად 8,5%-ისა, იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. „მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და, ნაცვლად 8,5%-ის ნაცვლად, გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მინდა, შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „პერ კაპიტა“, ასე ვთქვათ, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებითაა ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები. ფაქტობრივი მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელს დაახლოებით 390 მილიონი ლარით; გარდა ამისა, გაიზრდება სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლები დაახლოებით 270 მლნ ლარით; აღნიშნულიდან გამომდინარე, მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და, შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და, ჯამში, 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი“, – აღნიშნა პრემიერმა.
  17. ვიწყებთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას, რაც ჯამში 1,3 მილიონი ლარი დაგვიჯდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპი დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან და მის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი. „განათლების მიმართულებით, გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე. მინდა, გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ამის თაობაზე, ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით, დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის პირველი იანვრიდან. ამ პროგრამის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ, ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიონი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით. იცით, რომ ჩვენ ანალოგიური პროგრამა დაწყებული გვაქვს და პირველი იანვრიდან დაიწყება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. აქაც დაახლოებით 800 სკოლაა. 500 სკოლას ვიწყებთ გაისად, რაც მნიშვნელოვანია ჩვენ მომავალი თაობისთვის. ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ, ნამდვილად კარგ გარემოში. ეს უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღებიდან, შემდეგ — სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
  18. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განაცხადებით, აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია. მისივე თქმით, ანაკლია დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა. როგორც კელი დეგნანი ამბობს, რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია, მთავრობა ანაკლიის პორტზე ტენდერის გამოცხადებას მომავალი წლის დასაწყისში აპირებს. „აშშ წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მიგვაჩნია, რომ ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოს შავი ზღვისკენ ორიენტაციისთვის. ახლა ყველა ვხედავთ, ანაკლიის პორტი შარშან რომ დასრულებულიყო, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ეს იქნებოდა უდიდესი წვლილი საქართველოსთვის, რადგან საქართველო ავითარებს თავის როლს ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში. ეს საქართველოსთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურაა განსავითარებლად, სწორედ ამიტომ უკვე გარკვეული დროა, მოუწოდებდა აშშ ანაკლიის პორტის განვითარებისკენ. როგორც ვიცი, რამდენიმე გლობალური კვალიფიცირებული საპორტო ოპერატორია, რომელმაც დაინტერესება გამოთქვა ანაკლიის პორტით და მთავრობა მომავალი წლის დასაწყისში ტენდერის გამოცხადებას აპირებს. ვფიქრობთ, ანაკლია ძალიან დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, ასევე შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა. ასე რომ, ჩვენ ვრჩებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს და დაიცვას საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ავტორი - სალომე თორაძე
  19. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. "ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არტისტები. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც". ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 70 მლნ ლარს. ჩვენ გვაქვს ამის თანხები. ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა გამოვა", - თქვა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაზე პირველად რამდენიმე თვის წინ ისაუბრა. რადიო თავისუფლება
  20. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მიმდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე კანონპროექტები შევიდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ადგილობრივი ტელეგრამის არხზე დაყრდნობით იუწყება. ეს არის მიმდინარე წლის 19 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ“, რომელიც მოითხოვს ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირებას. დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ დე ფაქტო ხელისუფლებას მოსთხოვეს ე.წ. პარლამენტიდან გაეწვია კანონპროექტი, დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს კი მიმართეს, არ მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება. ხელისუფლებას შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაც შესთავაზეს. მათ შორის, დაზუსტებულიყო დოკუმენტში შეცდომით მითითებული კოორდინატები, ასევე მასში შესულიყო პუნქტი მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის თავიდან აცილების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მისი რატიფიცირების შემდეგ. საკითხი რუსეთის სახელმწიფო დუმაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატებმაც განიხილეს. სარატიფიკაციო დოკუმენტში ნათქვამია, მას ძალა 2023 წლის 1 ივნისიდან დაეკარგება და რეკომენდებულია ე.წ. პრეზიდენტმა, მინისტრთა კაბინეტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადონ შეთანხმებაში ცვლილებები და მოლაპარაკება აწარმოონ მოსკოვთან. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ობიექტის გადაცემის შესახებ აქტი და იჯარის ხელშეკრულებები არ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე. სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი გამოქვეყნდა - ეს არის კანონპროექტი, რომელიც მესამე პირებისთვის ობიექტების გადაცემის აკრძალვისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების გარკვევის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანის ინიციატივების შეთანხმების გარდა, შეიცავს პუნქტს ბიჭვინთაში მდებარე შენობების, ნაგებობების და ობიექტების ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაბრუნების შესაძლებლობას, შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში. ტელეგრამის არხ D News-ის ცნობით, დაგეგმილია ცვლილებები ოკუპირებული აფხაზეთის კანონში „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებაც“, რომელშიც ნათქვამია: „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს დენონსაციის გზით, თუ მისი განხორციელება აზიანებს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ წესრიგს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესი საბჭოს წევრმა, „სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენელმა ომარ სმირმა პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე კომენტარი გააკეთა. „ფაქტობრივად, ორივე კანონპროექტით დგინდება, რომ თუ ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ კანონის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში არ განხორციელდება გათვალისწინებული ღონისძიებები (რომლებიც საკონსულტაციო ხასიათისაა), მაშინ კანონები წყვეტს მოქმედებას, რაც ხელშეკრულების დენონსაციას გულისხმობს“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში. „რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს კანონპროექტების ავტორების განზრახვა, შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების 26-ე პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა არ იწვევს ობიექტზე საკუთრების შეწყვეტას. შესაბამისად, არ არსებობს ვარიანტი, რომლითაც ხელშეკრულების რატიფიცირება, შემდეგ კი მასში ცვლილებების შეტანა მოხდება, ხოლო თუ ცვლილებები არ განხორციელდება, ხელშეკრულება წყდება და კომპლექსი დაბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკის საკუთრებაში. მიმაჩნია, რომ შეთანხმება, რომელშიც შეცდომები და უზუსტობებია, საკანონმდებლო ინიციატივის სუბიექტმა სახალხო კრებიდან უნდა გაიწვიოს“, - წერს ომარ სმირმა. იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტის ნახვა „რუსეთის საელჩოს“ ვებგვერდზეა შესაძლებელი. დოკუმენტი სექტემბერში გამოქვეყნდა. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა), აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს. მიწის ნაკვეთები, მასზე მდებარე ობიექტებით და ობიექტის მიმდებარე ზღვის მონაკვეთით, რუსეთის მხარეს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა, თითოეული ნაკვეთისთვის რუსეთი წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის. იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობის წარმოების უფლება აქვს. აშენებულ შენობა-ნაგებობებზე, ობიექტებზე საკუთრების უფლება რუსეთს ეკუთვნის. დოკუმენტის თანახმად, რუსულ მხარეს შეუძლია ობიექტები, მიწის ნაკვეთები და ზღვის მონაკვეთი სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად და ასევე მათ დასასვენებლად გამოიყენოს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება იდება 49 წლით და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 15 წლის განმავლობაში, თუ ერთი მხარე მეორეს წერილობით არ აცნობებს მისი შეწყვეტის სურვილის შესახებ, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა ამ შემთხვევაში არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტას.
  21. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" მივიდა. მან სამედიცინო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. "დიდი ხანია, მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და ნახულობდნენ, საქმის კურსში ვიყავით. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მის ჯანმრთელობაზე, მე მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეცნო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს", - თქვა ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. საქართველოს მოქმედი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, განაცხადა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც. დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება. radio tavisupleba
  22. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონების სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში თავდაცვის ძალების პოზიციებზე იყო 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, საოკუპაციო ძალები იყენებენ ტანკებს და არტილერიას. გენშტაბის განცხადებით, ისევ არსებობს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი.
  23. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორ თვეში, ოქტომბერსა და ნოემბერში, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში ოთხი სამართალდამცავი ამხილა. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. ოთხივე ადამიანი პასუხისგებაში ბოლო ორ თვეში მისცეს. გამოძიებით დადგენილი ოთხი ფაქტი: 2022 წლის 17 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში მხილებულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი. იგი დაკავებულა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა - 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულისთვის; 2022 წლის ნოემბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაულში მხილებული ინსპექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) დაიწყო; 2022 წლის 20 აგვისტოს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ერთ-ერთი პატიმარი მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს და სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა - პაციენტმა თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერს (ჯგუფის უფროსს) ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა (სამსახურებრივი გულგრილობა); 2022 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა ქალის ქმარს ინტიმური ფოტოები გაუგზავნა და მისწერა, რომ ცოლი ღალატობდა. ინსპექტორი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა). რადიო თავისუფლება
  24. უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ დავით არახამიამ „ტელეგრამში“ დაწერა. მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ კიევში მოწყობილ სპეციალურ პუნქტებში, სადაც მოქალაქეებს გათბობის, ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვისა და სხვა სერვისების მიღება უნდა შეეძლოთ, ინსპექცია ჩატარდება. „კიევი რჩება ჩვენი მტრისთვის პრიორიტეტად. რუსეთი გააგრძელებს დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა მოქალაქეთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს. ჩვენი მიზანია, კიევში შევქმნათ სტაბილურობის წერტილები, სადაც მოქალაქეები კრიტიკულ დროს მხარდაჭერას მიიღებენ. ან ამას გააკეთებენ ქალაქის ხელისუფლების წევრები, ან ჩვენ ვიპოვით მათ, ვისთვისაც 3 მილიონი კიეველის ბედი სულერთი არ არის. ჩვენ ორივე ვარიანტი გვაწყობს, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა ამ თემაზე არ იქნება და არც შეიძლება, იყოს“, – განაცხადა არახამიამ. უკრაინის დედაქალაქში ე.წ. უძლეველობის პუნქტები რუსეთის სარაკეტო დარტყმების შემდეგ გაიხსნა. ამ პუნქტებში მოქალაქეები ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გამორთვის შემთხვევაში საჭირო სერვისებს იღებენ. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მოქალაქეების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ დედაქალაქში აღნიშნული პუნქტები არასათანადოდ მუშაობს. ამის გამო, კიევის მერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უსაყვედურა და ვითარების გამოსწორებისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ ბატალიებში არ ჩაერთვება. „აღვნიშნავ, რომ არ გვინდა მანიპულაციები. გუშინ მე შევხვდი მმართველი პარტიის დეპუტატებს, რომლებიც პირადად იმყოფებოდნენ „უძლეველობის პუნქტებში“ და მითხრეს, რომ ყველა ეს პუნქტი ღიაა და კარგად მუშაობს. შემდეგ კი, სოციალურ ქსელებში რაღაც ფოტოები გამოაქვეყნეს. ეს რბილად რომ ვთქვათ, ლამაზად არ გამოიყურება როგორც უკრაინელებისთვის, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ერთად ვიმუშაოთ და არ დავიწყოთ რაღაც გაუგებარი პოლიტიკური ცეკვები“, – დაწერა კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე. ავტორი - ლევან ახალაია
  25. იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ სიკიაზე მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ახალშობილია. კუნძულ სიკიაზე მეწყერი 26 ნოემბერს ჩამოწვა. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ხუთი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მომხდარის გამო იტალიის მთავრობის მეთაურმა ჯორჯია მელონიმ საგანგებო სხდომა გამართა და დაზარალებულების დახმარების განკარგულება გასცა. ამ მიზნით ხელისუფლებამ ორი მილიონი ევრო გამოყო. სტიქიის ზონიდან 230 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ავტორი - ლევან ახალაია
×
×
  • შექმენი...