-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. “ყველა შესაძლებლობა განიხილება… Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი სისტემაა, რომელიც განიხილება”, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა. CNN-ის ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის “მთავარ პრიორიტეტს” წარმოადგენს. “ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინელებს რუსული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება, ამიტომ ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა, და ჩვენ განვიხილავთ, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, განვიხილავთ შესაძლებლობების კომბინაციებს, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა”, - განაცხადა მაღალჩინოსანმა. IPN
-
„ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო ? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის წევრმა“ ბექა ლილუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ აღნიშნა, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც „წონის რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის“ - ადამიანის სიცოცხლე თუ პოლიტიკური იერსახის შენარჩუნება საკუთარ ამომრჩეველთან. „ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ჯანსაღი და მას აქვს სერიოზული პრობლემები. როდესაც იუსტიციის მინისტრი მიზეზად სამართლებრივ ასპექტებს ასახელებს, თითქოს მათ არ აქვთ შესაბამისი ინსტრუმენტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყონ, ან მოახდინონ მისი გადაყვანა, ეს ნიუანსები უსაფუძვლოა. სასჯელაღსრულების სამინისტროს შეუძლია შუამდგომლობა დააყენოს მოსამართლესთან და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოახდინოს მკურნალობის მიზნით სასჯელის დროებით შეჩერება, გადაყვანა საზღვარგარეთ და შემდეგ დაბრუნება. ეს არის ისეთი მიზეზები, რომელიც ემსახურება მეტი დროის მოგებას. ამ თემაზე სპეკულაციის სივრცე სპეციალურად არის დატოვებული, იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება გადავიდეს სხვა თემებზე. სხვა შემთხვევაში გაუგებარია სახელმწიფოს, რატომ უნდა აწყობდეს ასეთი სივრცის დატოვება, მაშინ როდესაც ყველა ინსტრუმენტი აქვს, იმისთვის, რომ მსგავსი სპეკულაციების სივრცე შეზღუდოს. მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლება რამე განსხვავებულს აკეთებდა? „ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო ? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ. შედეგობრივად მთავარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. მგონია, რომ ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც წონის რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის - ადამიანის სიცოცხლე თუ პოლიტიკური იერსახის შენარჩუნება საკუთარ ამომრჩეველთან“, - განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
-
ფეხბურთის მსოფლიო პირველობისთვის ობიექტების მშენებლობის პროცესში კატარში 500-მდე მუშა დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადა კატარის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ, ჰასან ალ-თავადიმ, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზებაში მონაწილეობდა. ადრე ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიკვდილი აღიარა. უფლებადამცველების შეფასებით, დაიღუპა რამდენიმე ათასი. საამიროს ხელისუფლების წარმომადგენელმა ასეთი რიცხვი პირველად დაასახელა. ის საგრძნობლად უფრო მაღალია, ვიდრე მონაცემები, რომლებიც ადრე გამოაქვეყნეს კატარის ოფიციალურმა პირებმა. ალ-თავადიმ შესაბამისი კომენტარი გააკეთა ბრიტანელი ჟურნალისტის, პიტერ მორგანისთვის მიცემულ ინტერვიუში. Associated Press-ი შენიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ეს იყო მოუმზადებელი საუბარი. ჰასან ალ-თავადის უკავია კატარში 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების უზენაესი კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობა. ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც მორგანმა ინტერნეტში განათავსა, ის ალ-თავადის სთხოვს „პატიოსანი და რეალისტური“ შეფასება გააკეთოს დაღუპული იმიგრანტი მუშების თაობაზე. „სავარაუდოდ 400-500 იყო. ზუსტი რიცხვი არ მაქვს. ესაა ის, რაზეც მსჯელობდნენ,“ თქვა კატარელმა ჩინოვნიკმა. Amnesty International-ი იტყობინება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მშენებლობის პროცესში ქვეყანაში დაიღუპა 6-დან 15 ათასამდე უცხოელი მუშა. კატარის ხელმძღვანელობას ასეთი მონაცემები საჯაროდ არ განუხილავს. მემკვიდრეობის კომიტეტის ინფორმაციაში შესულია მხოლოდ იმ მუშების რაოდენობა, რომლებიც მიმდინარე ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ობიექტების მშენებლობებზე დაიღუპნენ 2014-2021 წლებში. ამ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის 37 - ინციდენტებში, რომლებსაც, როგორც დოჰაში აცხადებენ, სამუშაოსთან არ იყო დაკავშირებული. მაგალითად, ახსენებენ გულის შეტევებით სიკვდილს. უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი აკრიტიკებს კატარს დარღვევებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მიგრანტების შრომის გამოყენებასთან ახლო აღმოსავლეთში მსოფლიოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის მზადების პროცესში. მთლიანობაში აშენდა სტადიონები, მეტროს ხაზები და ახალი ინფრასტრუქტურა, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიარდ დოლარს აღემატება. რადიო თავისუფლება
-
აშშ უკრაინას 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს ელექტროქსელებისთვის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-მა გამოაცხადა, რომ 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას, რათა შეიძინოს მისთვის ელექტროქსელის მოწყობილობა. ვაშინგტონის მიზანია, დაეხმაროს უკრაინას, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთი გამიზნულად ანადგურებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დარჩა გათბობის გარეშე. „ეს ტექნიკა სწრაფად მიეწოდება უკრაინას გადაუდებელ რეჟიმში, რათა გამოზამთრებაში დავეხმაროთ უკრაინელებს,“ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 29 ნოემბრის განცხადებაში. მაშინ, როცა ეს განცხადება გაკეთდა, ბუქარესტში მიმდინარეობს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დღის წესრიგშია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა. რადიო თავისუფლება -
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავთ მოვლენების განვითარების ტენდენციებსა და მიმართულებებს და ეძებთ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თქვენ გაქვთ გავლენა და როცა გავლენა გვაქვს, პასუხისმგებლობაც გვეკისრება, - ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბუქარესტის ფორუმის მონაწილეებს მიმართა. მან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება. „რატომ აკეთებს ამას რუსეთი? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თავად არის ტერორისტი. ის იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას. მაგრამ არ გამოუვა. ჩვენი შუქი ანათებს. მთელ უკრაინაში იქმნება ისეთი ცენტრები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გათბნენ, დატენონ თავიანთი გაჯეტები და იგრძნონ, რომ მარტო არ არიან და არ არიან მიტოვებული. ასეთ ცენტრებს ვუწოდებთ „უძლეველობის ცენტრებს“. მათ უნდათ ჩვენი გატეხა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო ერთად ვდგავართ“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ. მისი თქმით, დღე, როდესაც ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ამ რეჟიმმა ხერსონსა და ვიშგოროდში საცხოვრებელი შენობების განადგურებით აღნიშნა. „ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები. მოვუწოდებთ ყველას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია ამ მიზნით“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.
-
მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება. ვადა, რომელიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე იყო განსაზღვრული, 2026 წლამდე გაგრძელდა. “ტყის კოდექსში“ ცვლილებები 84 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვება ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები. როგორც მთავრობა განმარტავს, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს სათბობი შეშის ტყეში მათივე ძალებით მოპოვება და აღნიშნული ნიშა ტყის მართვის ორგანოებმა უნდა დაიკავოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის საქმიანი ეზოდან მიწოდებას, თუმცა აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე გადასვლა ტყის მართვის ორგანოებისთვის პრობლემატურია, რადგან იმისთვის, რომ აიკრძალოს სოციალური მიზნებისთვის მოქალაქეების მხრიდან მერქნული რესურსის მოპოვება, აუცილებელია, რომ ტყის მართვის ორგანოებს აღნიშნული ნიშის დაკავება და მოსახლეობისთვის ალტერნატიულად თავისი მომსახურების შეთავაზება შეეძლოთ. "ამისთვის აუცილებელია როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მანქანა-დანადგარები) ასევე ადამიანური რესურსის ისეთი მასშტაბით მობილიზება, რომელიც დღეის მდგომარეობით, ტყის მართვის არცერთ ორგანოს არ გაააჩნია. აღნიშნულ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება, შესაბამისი პროცედურების დაგეგმვა და ადამიანური რესურსის გადამზადება. როგორც მოგეხსენებათ, covid 19-ს პანდემისას ვერ მოხდა ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტის სათანადო ზრდა, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არცერთი ტყის მართვის ორგანო არ არის მზად იმისთვის, რომ გადავიდეს დამზადებაზე და მთელი სექტორი ჩაანაცვლოს მხოლოდ თავისი მომსახურებით. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია ვადის გადაწევა", - განმარტავს მთავრობა. იპნ
-
დიდი ბრიტანეთი უკრაინისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას გაზრდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. როგორც სუნაკმა აღნიშნა, უკრაინის დაცვით "ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ". “ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შემდეგ წელს ჩვენ შევინარჩუნებთ ან კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას. ჩვენ ახალ დახმარებას მივაწვდით [უკრაინის] საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ უკრაინელი ერი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც იგი ეყრდნობა. უკრაინის დაცვით ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ”, - დასძინა სუნაკმა. მან ასევე უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ გამოყენებულ ტერორისტულ მეთოდებზე ისაუბრა. “სანამ მთელი მსოფლიო ერთად იკრიბება, რათა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უყუროს, მე ვნახე ასაფეთქებელი საშუალება როგორ იყო ჩამალული საბავშვო საფეხბურთო ბურთში - მისი ომის იარაღად გადაქცევის მიზნით”, - აღნიშნა სუნაკმა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის სიდიდით მეორე სამხედრო დახმარების დონორია, აშშ-ის შემდეგ, და წელს ლონდონმა კიევს 2.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარება გადასცა.
-
30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში 3 დეკემბრამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება. იპნ
-
კახა კალაძე განმარტავს, რატომაა თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი"
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომაა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი". ამ შინაარსის წარწერა გამოჩნდა თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ნაძვის ხესთან, რომელიც ჯერ არ ანთებულა. "მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა თბილისის მერმა. 2023 წლის საახალწლო სლოგანის - "მშვიდობის ქალაქის" - გამოჩენას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მიმდინარე ომის გამო, ნეგატიური შინაარსის შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში. -
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროში დღეს, 29 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა აქვს ჩანიშნული. "დღეს ხშირად ვრცელდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებული სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენო ყველას, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია... გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში", - თქვა მინისტრმა. ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია მსჯავრდებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა. რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, მინისტრის თქმით, შესაბამისი მიმართვა სასამართლომ უნდა განიხილოს წარდგენილი დასკვნების საფუძველზე. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადაემოწმებინა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ადვოკატების გავრცელებული ინფორმაცია: "მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებზეც განაცხადა მან თანხმობა. შესაბამისად, როცა ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს". მინისტრმა ასევე ისაუბრა მიზეზზე, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი არ გაიყვანეს "ვივამედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე. "მსგავსი პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და შესაბამისად, სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში", - თქვა მინისტრმა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. საქართველოს მოქმედი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, განაცხადა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც. დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება. რადიო თავისუფლება
-
აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა უარესდება და სულ უფრო ანტიამერიკული ხდება, რაც ორი ქვეყნის პარტნიორობას გამოწვევის წინაშე აყენებს. საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებზე სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. ამ სტატიას წინ უძღოდა 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორებისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. "იმის შესახებ, რომ საქართველომ დემოკრატიული, პროდასავლური, პროევროპული შეხედულებებისგან დაშორება დაიწყო, ვაშინგტონში უფრო ფართო კონსენსუსი არსებობს, ვიდრე მხოლოდ სენატი და სახელმწიფო დეპარტამენტია... საქართველოს ხელისუფლება ამას ნამდვილად აკეთებს. თუმცა, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს - სურთ თუ არა ევროპასთან დაახლოება", - ამბობს "რენდის კორპორაციის" უფროსი მკვლევარი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი. "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ თუ გაგრძელდება აშშ-ის ელჩის კრიტიკა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმა, ამით ნათქვამი იქნება, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა საქართველოს პრიორიტეტი არ არის: "ნიშნავს, რომ საქართველო რისკავს შეერთებულ შტატებთან თავის ურთიერთობას და ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს". სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი "არამეგობრულ ჟესტს" უწოდებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას უხამს ნათქვამს სენატორ შაჰინის მიმართ - შაჰინი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების გადახედვის საკითხზე საუბრობდა. "ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და ის სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე", - თქვა მან. "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონი თბილისის ფინანსურ დახმარებას შეამცირებს, ეს სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეხება. "ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა, თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ", - ამბობს ჯონ ჰერბსტი. 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: "საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ". მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას და თქვა, რომ ის უსაფუძვლოა. მისი თქმით, ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა". "რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს საფუძველი... NGO-ები დაფინანსდება თუ არა, ამაზე იდარდონ NGO-ებმა, ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთ?" - თქვა ირაკლი კობახიძემ. რადიო თავისუფლება
-
ნატოს წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული ქვეითი საბრძოლო (BMP1) მანქანა გადასცა. "მოხარული ვარ დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე", - წერს ტვიტერში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი. ივნისში უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისათვის 8 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა „ზუზანის“ მიწოდების თაობაზე. აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხი ჰაუბიცისგან შემდგარი "ზუზანების" პირველი პარტია უკრაინას უკვე გადაეცა. რადიო თავისუფლება
-
პარტიამ „საქართველოსთვის“ სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივით, პარტიის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშილმა საკრებულოს წევრებს „სახალხლო ბიუჯეტირების“ პროექტი გააცნო და მისი დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა. სახალხო ბიუჯეტირების დანერგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მიიღოს მონაწილეობა, განსაზღვროს სწორად არის თუ არა ასახული ბიუჯეტის პროექტში თბილისელთა ინტერესები, რამდენად მიესადაგება მოქალაქეების საჭიროებებს, რამდენად სწორად ხორციელდება პრიორიტეტების განაწილება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის, როგორ მოხდება ინფრასტურქტურული პროექტების განხორციელება და როგორ დაიხარჯება სოციალური მიმართულებით საბიუჯეტო თანხები. ბექა ლილუაშილის თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ „სახალხო ბიუჯეტირების“ კანონპროექტი პარლამენტს გასულ წელს წარუდგინა. ინიციატივას პარლამენტის წევრთა მხარდაჭერა ქონდა, მათ შორის მმართელი პარტიის წევრების მხრიდან, თუმცა პოლიტიკური მიზეზით, საპარლამენტო უმრავლეობამ მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას. დეპუტატი ბექა ლილუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულოს წევრების მიერ სახალხო ბიუჯეტირების ინიციატივას მხარდაჭერა ექნება. „მე იმედი მაქვს, რომ აქ წარმოდგენილი საკრებულო წევრების მიერ, აღნიშნულ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა. თუ რეალურად გვაინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, თბილისელების საჭიროებები, მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ხოლო თვითმმართველობამ უნდა აიღოს ვალდებულება ამ საჭიროებების შესრულებაზე მოქალაქეების უშუალო ჩართულობის გზით“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. სახალხო ბიუჯეტირების განხორიცელებასთან დაკაშვირებით, პარტია „საქართველოსთვის“ მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს პირველ რიგში მოქალაქეების კმაყოფილებას, მათი კორპუსის, ეზოს, უბნისა თუ ქუჩისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ხოლო მეორეს მხრივ თბლისის ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. სახალხო ბიუჯეტირების საკანონმდებლო ინიციატივა, ჩვენი საპარლამენტო გუნდის მიერ გასულ წელს დარეგისტრირდა. ამ ინსტრუმენტის მთავარი უპირატესობაა, რომ იგი ადგენს ფინანსურ ზღვრებს, რომელიც უნდა განაწილდეს სწორედ აღნიშნული ინსტრუემნტის გამოყენებით. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის აღმასრულებელ ხელისუფლებას საბიუჯეტო წლის დასაწყისში უჩნდება საკანონმდებლო ვალდებულება, მაგალითად მომდევნო წლის საორიენტაციო ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის არნაკლებ 3%, თბილისის შემთხვევაში ეს შეადგენს არანაკლებ 42 მლნ. ლარს - განკარგოს სწორედ მოქალაქეთა პირდაპირი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. 1. რა მიზანს ემსახურება სახალსო ბიუჯეტირება, და რომ იგი ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებაა, რომელზეც თავად ამბობენ ეხლა უარს. მოგესალმებით, დღევანდელი ჩემი მოხსენების მთავარ მიზეზს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის მსვლელობა წარმოადგენს, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს ყველა თვითმმართველ ერთეულში, მათ შორის დედაქალაქში. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო, ეს არის ერთ-ერთი სწორი დრო ამ შემოთავაზების განსახილველად. საკრებულოს ქონდა პირველადი შესაძლებლობა, განეხილა დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი. ყოველწლიურად, ეს პროცესი აჩვენებს, რომ საკრებულოში წარმოდგენილ თითეულ დეპუტატს, აქვს საკუთარი მოსაზრება, სწორად არის თუ არა ასახული ბიუჯეტის პროექტში თბილისელთა ინტერესები, რამდენად მიესადაგება იგი ამ ადამიანების საჭიროებებს, რამდენად სწორად ხორციელდება პრიორიტეტების განაწილება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის, საბიუჯეტო რესურსების მიმართვა სოციალური უზრუნველყოფის, ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტის, თუ ეკონომიური ინიციატივისთვის რამდენად რელევანტურია ამა თუ იმ საანგარიშგებო პერიოდში. ეს საკითხები ცხადია აქტუალურია, და პირდაპირ უკავშირდება ე.წ. მოქალაქეებთან დაახლოებული მმართველობის უზრუნველყოფის დოენს ქვეყანაში, რაც განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაშიც, რომელსაც საქართველო 2005 წლიდან მიუერთდა. მეტიც, საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტების გარდა, ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ საქართველოს კოდექსის მე-11 თავი, პირდაპირ განსაზღვრავს მოქალაქეთა თვითმმართველობაში ჩართულობის გარანტიებსა და ფორმებს. სადაც წარმოდგენილია „დასახლების საერთო კრების“, „პეტიციის“ წარმოებისა და ადმინისტრირების წესები თვითმმართველობებისთვის. საერთო ჯამში, მოქმედი კანონმდებლობა თითქოს უზრუნველყოფს მოქალაქეთა სათანადო ჩართულობას თვითმმართველობის პროცესში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი მექანიზმების გამოყენება ფორმალური ხასიათისაა და რაც მთავარია, არც ერთი მათგანი არ ითვალისწინებს მონეტარულ ზღვრებს, არ ახდენს თვითმმართველობისთვის საკმარისი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირებას, მათ შორის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფის შედეგებთან, ჩართულობის ზღვრებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება საბიუჯეტო პროცესის განხორციელებას. ეს არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება, საქართველოს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია 2020-2025 წლებისთვის, რომელიც დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ, შედეგიანი თვითმმართველობის განხორციელების სტრატეგიული ამოცანის განხილვისას, ერთ-ერთ ნაკლოვანებად „გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო და კერძო სექტორებთან კონსულტაციების გამართვის მექანიზმების არასრულყოფილება“ -ს ასახელებს, რაც ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია „მონაწილეობითი დემოკრატიის“ განხორციელების დამაბრკოლებელ წინაპირობათ. მთავრობის მიერ, ამავე სტრატეგიის ერთ-ერთ სტრრატეგიულ ამოცანად, შეფასებულია მონაწილობითი ბიუჯეტირების (სახალხო ბიუჯეტირების) დანერგვა საკანონმდებლო დონეზე. დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საჯარო ფინანსების, ანუ ბიუჯეტის გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტით მართვა წარმოადგენს. სამთავრობო პროგრამით, მთავრობის მიერ აღებულია ვალდებულება, რომ იგი უზურნველყოფს „საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობის და დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობის გაუმჯობესებას“. 2. კონცეფციის განმარტება და მოქმედი არსებული ჩანაწერებთან სხვაობის ახსნა, რატომ იქნება ეს ეფექტიანი. მოგეხსენებათ, სახალხო ბიუჯეტირების საკანონმდებლო ინიციატივა, ჩვენი საპარლამენტო გუნდის მიერ გასულ წელს დარეგისტრირდა. ამ ინსტრუმენტის მთავარი უპირატესობაა, რომ იგი ადგენს ფინანსურ ზღვრებს, რომელიც უნდა განაწილდეს სწორედ აღნიშნული ინსტრუემნტის გამოყენებით. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის აღმასრულებელ ხელისუფლებას საბიუჯეტო წლის დასაწყისში უჩნდება საკანონმდებლო ვალდებულება, მაგალითად მომდევნო წლის საორიენტაციო ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის არნაკლებ 3%, თბილისის შემთხვევაში ეს შეადგენს არანაკლებ 42 მლნ. ლარს - განკარგოს სწორედ მოქალაქეთა პირდაპირი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. აღნიშნული გამოცდილება, ფართოდ გავრცელებული როგორც განვითარებად, ასევე ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში. სახალხო ბიუჯეტირეების ჩვენს მიერ შემოთავაზებული კონცეფცია, ითვალისიწნებს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის და პორტუგალიის მიდგომას. სადაც ასევე დაწესებულია ე.წ. მონეტარული ზღვრები. მეტიც, არამხოლოდ სხვა ქვეყნების გამოცდილებაა აქ მნიშვნელოვანი, საქართელოში განვითარების პარტნიორებთან ერთად 2019-2020 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საპილოტე პროექტად ზუგდიდის, ბათუმის, გორის მუნიციპალიტეტებში. საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდგომ აღნიშნული მექანიზმი შეფასდა წარმატებულად. მეტიც მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს აღნიშნული პროცესის კანონმდებლობით რეგლამენტირება. უნდა აღინიშნოს, რომ ქ. თბილისში თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ჩართულობის მექანიზმებტან ერთად, არსებობს ე.წ. „შენი იდეა მერს“ პროექტი. თუმცა აღნიშნული არ ითვალისწინებს თვითმმართველობის ნორმატიულ პასუხისმგებლობას, ინიცირებული პროექტის განხორციელებასთან მიმართებით, მათ შორის არ არსებობს ზღვრების დანაწესი, არ არის გაწერილი მხარდაჭერის ზღვრების წინაპირობა და სხვ. ამავდროულად პროექტი არის სტრუქტურიზებული მოქალაქეთა მხრიდან ჩართულობის ინცირებაზე, როდესაც როგორც თვითმმართველობის ევროპული ქარტიაც და მოქმედი ეროვნული სტრატეგიები განსაზღვრავს თვითმმართველობათა პროაქტიულ როლსა და ამისთვის საჭირო შესაბამისი ინსტიტუციური გარმოს არსებობის ვალდებულებას. შედეგად, ამ პროექტის არსებობა მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს. გამომდინარე იქედან, რომ ცენტრალური საკანონმდებლო ორგანოს მიერ, უარი გამოითქვა ამ ინიციატივის მიღებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რო საკანონმდებლო ინიციატივის სახით, დედაქალაქის საკრებულომ თავად განახორციელოს ამ მექანიზმის დანერგვა. 3. რა მოხდა პარლამენტში, მათ შორის ის, რომ პარლამენტის წევრებმაც ოცნებიდან ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს. აქვე მიდნდა ავღნიშნო, რომ ინიციატივას ქონდა პარლამენტის წევრთა მაღალი მხარდაჭერა, მათ შორის მხარდაჭერა დააფიქსირა მმართელი პარტიის 23-მა დეპუტატმა, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა წარმოადგენს ამა თუ იმ ოლქის მაჟორიტარს, ცხადია მათ ესმით აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობა და შედეგიანობა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზეზით, იმის გამო, რომ ეს ინიციატივა ჩვენიპოლიტიკური გუნდის მხრიდან იყო ინიცირებული, საპარლამენტო უმრავლეობამ მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ეს არასაჯაროდაც დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცხადია მზად ვართ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა თვილისის შემთხვევაში, დავუთმოთ ქართულ ოცნებას, შემოვიფარგლოთ მხარდაჭერით, მხოლოდ იმიტომ რომ მათ მოეხსნათ რაიმე პოლიტიკური კომპლექსები ამ საკითხთან დაკავშირებით. 4. ბათუმის მაგალითი, სადაც საპილოტედ მიმდინარეობდა ეს პროცესი. ეს რაც შეეხება, რას ნიშნავს ჩვენი შემოთავაზება, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულის განხორციელება, აქაც თბილისისთვის ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის მიერ დამტკიცებული სახეშეცვლილი მექაიზმების გამოყენება. ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ, 2021 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა მონაწილეობით ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცება, რომლითაც განისაზღვრა: • ოველი ფისკალური წლისთვის ბიუჯეტირების მონეტარული ზღვრით დასაფარი პროგრამების არეალი; • მათ ტერიტორიული თემატური ან შერეული ნიშნით. განისაზღვრა მონაწილეობით ბიუჯეტის განხორციელებაზზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები; • ძირითადი პრინციპები, რომელზეც დაეფუძნა პროცესი; • მოქალაქეებთან კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი; ნომრატიული აქტით განსაზღვრული არ არის მინიმალური ფინანსური ჭერი, რაც შესაძლებელია დადგინდეს ქ. თბილისის შემთხვევაში, მთლიანი მომდევნო წლის ბიუჯეტის არანაკლებ 3%-ის ოდენობით. პროგრამის განხორციელებას ჭირდება შესაბამისი კომუნიკაციის სტრატეგია და მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის საჭირო ადმინისტრაციული რესურსები. მე იმედი მაქვს, რომ აქ წარმოდგენილი საკრებულო წევრების მიერ, აღნიშნულ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა. თუ რეალურად გვაინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, თბილისელების საჭიროებები, მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ხოლო თვითმმართველობამ უნდა აიღოს ვალდებულება ამ საჭიროებების შესრულებაზე მოქალაქეების უშუალო ჩართულობის გზით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ამ პროცესის განხორციელებაზე, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს პირველ რიგში მოქაქეების კმაყოფილებას, მათი კორპუსის, ეზოს უბნისა თუ ქუჩისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილებით, ხოლო მეორე მხრივ თბლისის ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ.
-
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა შვიდ ექიმს. პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, აქედან ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
-
ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა. საგანგებო სამსახურების ცნობით, ამ ეტაპზე ევაკუაციის განკარგულება გაცემული არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვულკანის ამოფრქვევა დასახლებებს შეეხება, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია. 1984 წლის შემდეგ მაუნა ლოა პირველად ამოიფქრვა. მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის კუნძულების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ავტორი - ქეთი ჩოხელი -
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს, რომლითაც უკრაინა ენერგეტიკულ სისტემაზე რუსული თავდასხმების პირობებში, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეძლებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, წყაროს ცნობით, ვაშინგტონი მუშაობს ამერიკულ კომუნალურ და აღჭურვილობის მიმწოდებელ სამსახურებთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან, შესაბამისი აღჭურვილობის მოსაძიებლად, რომლითაც შეძლებენ, აღადგინონ რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადგურები. გავრცელებული ცნობით, ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ვიზიტით მყოფი ენტონი ბლინკენი ენერგეტიკის საკითხზე ახალ საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრასაც გამართავს. „როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე „დიდი შვიდეულისა“ და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ბლინკენი აცნობებს, თუ რისი მობილიზება შეძლო აშშ-მა და ასევე გააცნობს გეგმებს ამ აღჭურვილობის უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩატანასთან დაკავშირებით. ავტორი - სალომე თორაძე
-
როგორ არეგულირებენ ევროპული ქვეყნები აგრესიული ძაღლების პრობლემას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები ბოლო პერიოდში განხილვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ქართულ საზოგადოებაში. ფაქტები გახშირდა, გასულ თვეში კი რეგულაციების გამკაცრებაზეც დაიწყეს საუბარი. ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალება, აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირებს შეეზღუდებათ. შესაძლოა, შეიქმნას აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც და ქვეყანაში მათი შემოყვანა აიკრძალოს. მსოფლიოში ცხოველების უფლებების მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვთ. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა, ზოგიერთის კი პირიქით. სხვადასხვანაირია კანონმდებლობებიც, რომლებიც ძაღლების ყოლას, საზოგადოებრივ ადგილებზე სეირნობას თუ ე.წ. საშიშ ჯიშებს არეგულირებს. რამდენიმე ქვეყნის მაგალითს ამ სტატიაში შემოგთავაზებთ. დიდი ბრიტანეთი დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, დაუშვებელია ძაღლს ნება ჰქონდეს დართული, იყოს უკონტროლო და საფრთხის შემცველი სხვებისთვის, იქნება ეს საჯარო თუ კერძო სივრცე. კანონი ყველა ძაღლზე ვრცელდება. ძაღლი მაშინ მიიჩნევა უკონტროლოდ, როდესაც ის ვინმეს დააზიანებს ან შექმნის ამის საფრთხეს და ვინმეს შეაშინებს. შესაძლოა, სასამართლომ მაშინაც მიიჩნიოს ძაღლი უკონტროლოდ, როდესაც ის სხვა მეპატრონის ცხოველს დაესხმება თავს ან საფუძვლიანი ეჭვია, რომ თავდასხმაში ხელის შეშლის დროს მეპატრონე დაშავდება. გარდა ამისა, ფერმერს აქვს უფლება მოკლას ძაღლი თუ ის საფრთხეს უქმნის მის შინაურ ცხოველებს. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი კონტროლიდანაა გამოსული და სხვას დააზიანებს, მეპატრონე განუსაზღვრელი ოდენობის ჯარიმას მიიღებს და ან 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება. შესაძლოა, მას სამომავლოდ ძაღლის ყოლის უფლებაც ჩამოერთვას. თუ მეპატრონე ხელს არ შეუშლის ძაღლს, როდესაც ის ვინმეს ზიანს აყენებს, თავისუფლების აღკვეთის ვადა 5-წლამდეც კი შეიძლება იყოს. თუ მიზანმიმართულად გამოიყენებს ძაღლს სხვის დასაზიანებლად, „ბოროტი განზრახვით მიყენებული ჭრილობის“ ბრალდებით გასამართლდება. თუ მეპატრონე ნებას მისცემს ძაღლს, მოკლას ვინმე, სასჯელი 14-წლამდე შეიძლება გაიზარდოს. გარდა ამისა, ბრიტანეთში აკრძალულია 4 ჯიშის ძაღლის ყოლა: პიტ ბულ ტერიერი, იაპონური ტოსა, არგენტინული დოგი და ფილა ბრაზილიერო. პოლიციას, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უფლება აქვს ამ ტიპის ძაღლების ჩამორთმევისა. დიდ ბრიტანეთში მოქმედებს საზოგადოებრივი სივრცის დაცვის წესებიც (PSPO), ადრე ცნობილი როგორც ძაღლის კონტროლის წესები. იმ საჯარო სივრცეებში, რომლებშიც ეს წესები ვრცელდება, თქვენ მეპატრონე შესაძლოა ვალდებული იყოს: ატაროს ძაღლი საბმელით შეაბას ძაღლს საბმელი თუ ამაზე პოლიცია მიუთითებს არ დაუშვას ძაღლის შესვლა კონკრეტულ ადგილებზე, მაგალითად, სამეურნეო ფართზე ან პარკის გარკვეულ ნაწილზე შეზღუდოს რამდენიმე ძაღლის ერთდროულად გასეირნება (ეს ვრცელდება ძაღლის პროფესიონალ გამსეირნებლებზეც) მოასუფთავოს ადგილი მოსაქმების შემდეგ და თან იქონიოს შესაბამისი სათავსო წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიქსირებული ჯარიმა 100 ბრიტანულ სტერლინგს შეადგენს. საქმის სასამართლოში განხილვის შემთხვევაში კი ჯარიმა 1000 სტერლინგამდეც შეიძლება გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. გერმანია გერმანული კანონმდებლობით მიიჩნევა, რომ ნებისმიერი ძაღლი, იქნება ეს გაწვრთნილი თუ სხვა, არაპროგნოზირებადია და მისი ქმედებები შესაძლოა, თვალის დახამხამებაში შეიცვალოს. დაუშვებელია, ცხოველებმა თავისუფლად, საბმელის გარეშე იმოძრაონ ქუჩაში. თუ ამ შემთხვევაში ძაღლი ვინმეს ან რამეს დააზარალებს, პასუხისმგებლობა მთლიანად მეპატრონეს ეკისრება. კანონმდებლობა მკაცრია ნებისმიერ შემთხვევაში - თუ ძაღლი მესაკუთრის მფლობელობაშია, თუ ძაღლი დაკარგულია ან მიტოვებულია. კბენის შემთხვევები განსაკუთრებით მკაცრად ისჯება, მიუხედავად იმისა, სცადა თუ არა ცხოველის გაკონტროლება მეპატრონემ და აქვს თუ არა ძაღლს ამგვარი ქმედების ისტორია. თუ ძაღლი უკბენს სხვა ადამიანს ან სხვა ადამიანის ძაღლს, მეპატრონეს მოუწევს ფინანსური კომპენსაციის გადახდა, სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ფულადი ანაზღაურება დაზიანებული ტანსაცმლის, საკუთრებისა თუ ფსიქოლოგიური/ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის. თუ ნაკბენი მძიმეა, საქმე პოლიციას გადაეცემა და ძაღლს კრიმინალური სტატუსი მიენიჭება. ფინანსური კომპენსაციის არგადახდის შემთხვევაში მეპატრონეს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა, რაც გადასახდელის გაზრდით ან ძაღლის ჩამორთმევით დამთავრდება. თუ ძაღლს ერთზე მეტი კრიმინალური ჩანაწერი აქვს, დაშავებულს საჩივრის შეტანის საფუძველი აქვს, რის შემდეგაც ძაღლის ალიკაპით ტარება ხდება აუცილებელი. ქვეყანაში საშიშ ჯიშებად მიიჩნევა და შესაბამისად, აკრძალულია პიტ ბულ ტერიერის, ამერიკული სტეფორდშირის, სტეფორდშირული ბულტერიერის და იმ ძაღლის ყოლა, რომელიც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის შთამომავალია. ამ ჯიშების გერმანიაში შეყვანა, გამრავლება თუ გაყიდვა აკრძალულია. საშიშად მიჩნეული ძაღლის ყოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუ მესაკუთრე დაასაბუთებს მისი ყოლის აუცილებლობას ადგილობრივ თვითმმართველობაში. რაც შეეხება ყეფას, თუ ძაღლი გარეთაა, მეპატრონე მაქსიმალურად უნდა ეცადოს შეზღუდოს ხმაური ე.წ. ჩუმ საათებში. ესპანეთი განსხვავებულ მიდგომას არჩევენ ესპანეთში, სადაც, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პოტენციურად საშიშად ძაღლი არა ჯიშის მიხედვით, არამედ ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე დგინდება. შესაძლო დისკრიმინაციის თავიდან ასარიდებლად უქმდება აქამდე არსებული საშიში ჯიშების სიაც. მეპატრონეებს ძაღლებისა, რომლებიც ვერ გაივლიან შესაბამის ტესტს, მოუწევთ აიღონ სპეციალური ლიცენზია და დაემორჩილონ წესებს, რომლებიც გულისხმობს მოკლე საბმელითა და ალიკაპით ტარებას. ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად, მეპატრონეები უნდა იყვნენ სრულწლოვნები და წარმოაჩინონ, რომ ნამდვილად შეუძლიათ ცხოველის მოვლა. ამასთან, არ უნდა იყვნენ ნასამართლევები, არ უნდა ჰქონდეთ კავშირი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან. ახალი კანონმდებლობა ავალდებულებს ძაღლის მეპატრონეებს, გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსიც. გარდა ამისა, ესპანეთში ამგვარი ძაღლის ყოლისთვის აუცილებელია რეგისტრაცია, დაზღვევა, ლიცენზია, მიკროჩიპი და სრული ვაქცინაცია. რაც შეეხება საქართველოს, დეკორატიული ჯიშების გარდა, ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში, (სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილების გამოკლებით) და გადაყვანა 07:00 - 23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იმავე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იმავე კატეგორიის ადგილებში 23:00 - 07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. თბილისში ძაღლების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ქმედებაზე მფლობელი 50 ლარით ჯარიმდება. ავტორი: კახი ჩაკვეტაძე -
დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოებისთვის საელჩომ 300 ათასი დოლარი გამოყო. „სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას,“ - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. bpn.ge
-
უკრაინაში ომით არ დაგვვიწყებია სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, დაშინებისა და აგრესიის წინაშე დგანან, ეს ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოდან, მოლდოვადან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან იმ საფრთხეების განსახილველად, რომელთა წინაშეც დგანან. „ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ ვხვდებით უკრაინელ კოლეგას, ისევე როგორც პარტნიორებს საქართველოდან, მოლდოვადან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან - იმისთვის, რომ განვიხილოთ საფრთხეები, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მათი მდგრადობისთვის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის იმისთვის, რომ უკეთ შეძლონ თავის დაცვა. თუკი ისინი უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. იპნ
-
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებები ჩეჩნებთან და ბურიატებთან დაკავშირებით არა უბრალოდ რუსოფობიის გამოვლინებაა, არამედ სიმართლის აღმაშფოთებელი გარყვნა. „ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება, არც კი ვიცი, რა დონის. გაიხსენეთ, 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ კავკასიის ხალხებს სწორედ რუსები, სლავები აწამებდნენ და ახლა გვეუბნებიან, რომ რუსებს აწამებენ კავკასიის ხალხები“, - აღნიშნა ზახაროვამ. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვებს, რომელმაც ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული ჯარების ყველაზე სასტიკი ნაწილი ჩეჩნები და ბურიატები არიან.
-
ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას. მან ამასთან განმარტა, რომ თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას ნამდვილად არ შეუმცირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შეუქმნას. „ჩვენ დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს აშენებს დემოკრატიას და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის კარგია. ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს“, - განაცხადა ჰერბსტიმ. IPN
-
ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ „აი, რას შვრება მერია, ავიწროებს ქუჩებს“. მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხზე პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში, ფაქტობრივად, ყველგან არასტანდარტული გზები გვაქვს. „აქ არიან კარგი სპეციალისტები და ისინი უფრო დეტალურად იტყვიან, ჩემზე უკეთ იციან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. გვაქვს არასტანდარტული გზები, თქვენ თვითონ, აი, ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით. არის კონკრეტული ქუჩები, გამზირები, სადაც პირობითად ვიძახი, არის სამი ზოლი. არის კონკრეტული მონაკვეთი, სადაც ეს სამი ზოლი გარდაიქმნება ორ ზოლად ან ერთ ზოლად. სამწუხაროდ, ასეა ეს გზები, რომელიც წარმოადგენს პრობლემას და ჩნდება ე.წ ძაბრი. აი, კარგი მაგალითი არის ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, მოდიხარ გმირთა მოედნიდან ან ტელევიზიიდან გაშლილი სამი-ოთხი ხაზით და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩნდება ორი ზოლი, რომელიც იწვევს საცობს და რომელიც არის უდიდესი პრობლემა. ამიტომ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანოთ მწყობრში, დავარეგულიროთ და პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტებს, რომელსაც მერია ახორციელებს, ჩართულია მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები და გამოცდილი სპეციალისტები. მათ მერმა მადლობა გადაუხადა. ამასთან, კალაძემ განაცხადა, რომ ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქებში წლების წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია. „ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქებში, დედაქალაქებში 15, 20, 30 წლის წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია და იქ განხორციელებული პროექტებით, ეს პრობლემა მოგვარდა. შესაბამისად, ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ. გვინდა, რომ იქ კარგად განხორციელებული რეფორმები გადმოვიტანოთ დედაქალაქში და მოვარგოთ ჩვენს ქალაქს“, - დასძინა კალაძემ.
-
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს და ასევე ზიანი მიაყენეს ოკუპანტების ავიაციას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ბელოგორივკას დასახლებებსა და დონეცკის ოლქის სერებრიანკას, ვერხნეკამენსკოეს, ბელოგორივკას, იაკოვლევკას, პერვომაისკოეს, ოპიტნოეს, ნეველსკოესა და კრასნოგოროვკას დასახლებებში მოიგერიეს. ამასთან, გასული დღის განავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინული ჯარების პოზიციებისა და დასახლებების წინააღმდეგ განახორციელეს 9 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა, ასევე 50-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს. „უკრაინელმა დამცველებმა მტრის სუ-25 და სუ-24 ტიპის თვითმფრინავები ჩამოაგდეს“, - აცხადებენ გენშტაბში. ipn
-
რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ქალაქში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. რაკეტები კერძო საწარმოს მოხვდა, განადგურდა საწარმოო ობიექტები, გაჩნდა ხანძარი“, - წერს რეზნიჩენკო. მისი ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, დარტყმის დეტალები ზუსტდება. IPN
-
უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან". ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. "დღეს, როგორც ყოველ მეორე დღეს, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და რეგიონის თემები. მხოლოდ ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ ესროლა ხერსონის რაიონის 30 დასახლებულ პუნქტს.რუსეთის არმიამ ასევე დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც წყალს აწვდიდა მიკოლაევს. აბა, რა შეიძლება ითქვას მათზე? - ეს არის იმ შემთხვევითი „ამხანაგების“ ნამდვილი არსი, რომლებმაც რუსეთი დაიპყრეს. 20 - წლიანი მმართველობის შემდეგ საკუთარი სახელმწიფოს დიდი ნაწილი ისეთი განადგურებულია, თითქოს იქ ომი იყო. მათ არაფერი შეუძლიათ, გარდა განადგურებისა. ეს არის ყველაფერი, რასაც ისინი ტოვებენ. რასაც ახლა აკეთებენ უკრაინის წინააღმდეგ არის შურისძიების მცდელობა. შური იძიონ იმის გამო, რომ უკრაინელები იცავდნენ მათგან თავს",- განაცხადა ზელენსკიმ. IPN