-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე გაერთიანებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკითა და თემატიკაზე შექმნილი 50 ნამუშევარი. მათ შორის არის კერამიკული ნაკეთობები და ქანდაკებები. გამოფენაზე ახალი ნამუშევრები აფხაზეთიდან დევნილმა 16-მა მხატვარმა წარადგინა. „გალერეა „ოპიზარი“ ამჯერად აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს მასპინძლობს.ისინი არაჩვეულებრივი ნიჭიერებით გამორჩეული ხელოვანი ადამიანები არიან, დევნილობაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ხელოვნების ნაწარმოებებს ქმნიან. გამოფენილია არა მხოლოდ ქართველების, არამედ ეთნიკური აფხაზების ნამუშევრებიც. მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაში და ჩვენ, საქართველოს მხატვართა კავშირი, ყოველთვის ვცდილობთ და ვაკეთებთ იმას, რომ ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს მათი შემოქმედებითი წარმატებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, გურამ ცერცვაძემ. ამასთან, როგორც მხატვარმა ზურაბ ჭედიამ განაცხადა, ამ გამოფენაში მხატვრების ძალიან მცირე რაოდენობა მონაწილეობს. „ჩვენი მიზანი იყო, გაგვეკეთებინა ისეთი გამოფენა, რომელიც ბოლო ნამუშევრებს დაეყრდნობოდა. მხატვარს სჭირდება გამოფენები, რათა ნახოს საკუთარი ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში, რადგან სახელოსნოში სხვანაირად ჩანს. ამიტომ აქ ძირითადად თავმოყრილი არიან ის მხატვრები, რომლებიც მართლა აქტიურად მუშაობენ და აქტიურ შემოქმედებით წვაში არიან“, – განაცხადა ზურაბ ჭედიამ. საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა ხუთი დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ავტორი - თამარ ჯალაღონია, დავით ბანცაძე -
პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით დაუჭირა მხარი. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,კ პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წევრებს კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე ინფორმაცია მიაწოდა. „ეს ცვლილებები ეხება ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოტანას. რეფერენტული ფასი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას, რის ზემოთაც ბაზარზე მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული არ იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, რეფერენტული ფასის მექანიზმი კარგად აპრობირებული მექანიზმია, რომელიც დანერგილია ევროპის 36 ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, ასევე ევროპის რეგიონის მიღმა ბევრ ქვეყანაშიც, როგორიცაა კანადა, სამხრეთ აფრიკა, ვიეტნამი და სხვა. „ყველა ქვეყნის გამოცდილება არის ის, რომ რეფერენტული ფასის დანერგვა გარკვეული მედიკამენტების ჯგუფზე ამცირებს მედიკამენტების ხარჯებს, მას მეტად ხელმისაწვდომს ხდის მოსახლეობისთვის, ზრდის მოსახლეობის კმაყოფილებას და აუმჯობესებს ჯანდაცვის გამოსავლებს. ამდენად, მისი გამოყენება საქართველოს პირობებში რეკომენდებულ იქნა მსოფლიო ბანკის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ და მათთან ერთად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მექანიზმის დახვეწაზე, დამუშავებაზე, იმ მედიკამენტების შერჩევაზე, რომლებსაც პირველ ეტაპზე უნდა შეეხოს რეფერენტული ფასები და შესაძლებლობების შექმნაზე როგორც სამინისტროს შიგნით, ასევე მაკონტროლებელ ორგანოებში იმისთვის, რომ რეფერენტული ფასები იყოს მდგრადი“, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ცვლილებები სხვა საკითხებსაც ეხება, მათ შორის საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებასთან და საქართველოს ნაციონალური GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციასთან დაკავშირებულ საკითხებს. GMP და GDP სერტიფიკატების უქონლობის შემთხვევებში შემოდის საჯარიმო სანქციები. მომხსენებლის განცხადებით, რეფერენტული ფასების დანერგვას აღსრულების მექანიზმები სჭირდება, ამიტომ ცვლილებები შედის სხვა მოქმედ კანონებშიც, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსში. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე დაახლოებით 1 000-1 200 მედიკამენტს შეეხება და ამ მექანიზმის შემოტანა დღეს ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასების სავარაუდოდ, 40%-იან კლებას მოგვცემს. სამინისტრო, მთავრობა ამ მექანიზმის სხვა მედიკამენტებზეც ეტაპობრივად, გონივრულ ვადებში გავრცელებას გეგმავს. -
ესპანეთის დედაქალაქში მდებარე უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულია საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა. დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია მადრიდში უკრაინის საელჩოს. ავტორი - სალომე თორაძე
-
ყველა პროცესში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს, ევროკავშირის ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ, ასე რომ კონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა. ელჩის თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. „რეკომენდაციები არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ ცნობად ვიღებთ პროგრესს, რომელიც მიღწეულია, თუმცა ამავე დროს წინ ჯერ კიდევ გზა არის გასასვლელი. შემდგომი შეფასება იქება მომავალ წელს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის, რომ დაუახლოვდნენ ერთმანეთს სტრატეგიულად, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა წინ ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის. ყველა პროცესში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს და ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ. ასე რომ, კონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს. ახლა ჩვენ ვისურვებდით მხოლოდ საქართველოს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში, ჩვენ ძალიან გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მანამდე პროგრესი უნდა იქნას მიღწეული“, – განაცხადა ელჩმა. ამასთან, ელჩის განცხადებით, ყველა რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და საქართველო მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე არ უნდა ფოკუსირდეს. „მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაცია, ნუ ავიღებთ მათგან ერთს და ნუ ვფოკუსირდებით რომელიმე კონკრეტულ რეკომენდაციაზე. საქართველოს შეფასება მოხდება მთელი პაკეტის მიხედვით. ჩემი და ვილნიუსის მიდგომა არის ის, რომ ჩვენ განვიხილავთ მთელ პაკეტს და ვისურვებთ, რომ ყველა რეკომენდაცია სწორად იქნება შესრულებული“, – აღნიშნა ელჩმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია. კოლესნიკოვას დისა და ოპოზიციის ცნობით, კოლესნიკოვას გომელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ოპოზიციონერის, ვიქტორ ბაბარიკოს გუნდში აცხადებენ, ორი კვირის განმავლობაში კოლესნიკოვასთან ადვოკატი არ შეუშვეს. მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნაში, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებებისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ავტორი - ქეთი ჩოხელი -
მიუსაფარი ცხოველების მოვლისა და გამრავლების საკითხები კანონით დარეგულირდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მსჯელობის პროცესში ჩართული იქნება ყველა ის ადამიანი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც სურვილი აქვს, გაეცნოს აღნიშნულ კანონპროექტს. თუ რაიმე შესასწორებელია, შევასწროთ, თუ ცვლილებებია საჭირო, ერთად განვიხილოთ, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კანონპროექტით რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა ცხოველების გამრავლება, მათი აღრიცხვა-რეგისტრაცია, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვება, ცხოველების ორთაბრძოლების აკრძალვა, შესაბამისი ბიზნესსუბიექტების - მომშენებლების, ვეტერინარული კლინიკების, ცხოველთა ბაზრობებისა და სასტუმროების საქმიანობა. „ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად შეიძლება გამოვყოთ ინოვაციური მიდგომა ცხოველთა მიკვლევადობის მიმართულებით, რაც ცხოველთა მიტოვებას და მათ უკონტროლო გამრავლებას მაქსიმალურად გამორიცხავს. კანონპროექტში გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები ცხოველებისადმი არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევებისას და ასევე, ცხოველის მიერ მესამე პირისთვის ზიანის მიყენებისას, რაც გამოწვეულია მეპატრონეების მიერ აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, მზადაა, ამ მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოყოს. „მესმის, რომ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუ საკანონმდებლო დონეზე არ დარეგულირდება ეს ყველაფერი და არ მოექცევა ჩარჩოში, რაიმე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კანონპროქტზე მიმდინარეობს მუშაობა და მსჯელობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს. ჩვენი მხრივ კი, მუნიციპალიტეტი მზადაა, გამოვყოთ თანხები, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. BM.GE -
შალვა პაპუაშვილი ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. შალვა პაპუაშვილმა ანტონ ჰოფრაიტერს გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში საქართველოს მეირ მიღწეული პროგრესი და მიმდინარე რეფორმები. ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გერმანია მიესალმება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ამ მიმართულებით საქართველოს უნდა ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანული მხარისადმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან. -
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ვარაუდობენ, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
დე ფაქტო „კაგებემ“ ე.წ. საზღვრის „ცალმხრივი მოწყობა“ დაიწყო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპურებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის „ცალმხრივი მოწყობის“ შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთების შემოღობვაზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება დამრღვევთა დაკავება, ასევე პირუტყვის უნებართვო ძოვება“, - ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო „კაგებე“ აცხადებს, რომ ამ ზომებს სასაზღვრო ორგანოები ახორციელებენ „მკაცრად კომპეტენციის ფარგლებში" და „კანონმდებლობის შესაბამისად“ რაც მიზნად ისახავს მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“. „კაგებე მოუწოდებს რესპუბლიკის მოსახლეობას და სტუმრებს, გაგებით მოეკიდონ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტერესებში მიღებულ ზომებს და ამასთან დაკავშირებით წარმოშობილ შეზღუდვებს“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტო საზღვარზე ე.წ. ბორდერიზაციის განგრძობადი პროცესის და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ პერდიოდულად ავრცელებს ინფორმაციას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით გასულ ორ თვეში ბორდერიზაციის 9 შემთხვევა დაფიქსირდა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებთან. საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. რადიო თავისუფლება -
ევროკომისიის შეფასებით, უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალი 600 მლრდ ევროს უტოლდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისა და ნგრევის საფასური. დღევანდელ. 30 ნოემბრის მიმართვაში, ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში, სავარაუდოდ, 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. „პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური თავისი საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულისთვის. რუსეთმა ასევე ფინანსურად უნდა აანაზღაუროს იმ ნგრევის საფასური, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისადმი მიყენებული ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს. რუსეთსა და მის ოლიგარქებს უკრაინაში ზარალის ანაზღაურება და ქვეყნის აღდგენის ხარჯების დაფარვა მოუწევთ. და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთმა გადაიხადოს. ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების კუთვნილი 19 მილიარდი ევრო“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მისი სიტყვებით, მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია, პარტნიორებთან ერთად შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც ამ სახსრებს მართავს და შემდეგ შემოსავალს უკრაინას მოახმარს. „სანქციების მოხსნის შემდეგ კი ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული, რათა რუსეთმა სრული კომპენსაცია გადაუხადოს უკრაინას მიყენებული ზიანისთვის“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მისი სიტყვებით, იმუშავებენ საერთაშორისო შეთანხმებაზე, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ევროკომისიის წინადადებაა ასევე, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად შეიქმნას სპეციალური სასამართლო. ევროკავშირი განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას და ამასთან, მისი ინიციატივაა, გაეროს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალური სასამართლო რუსეთის აგრესიისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნისთვის. რადიო თავისუფლება -
"TV პირველსა" და მის წამყვანს სასამართლომ კალაძისთვის 15 ათასის გადახდა დააკისრა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია "TV პირველისა" და ამ არხის გადაცემა "დღის ამბების" წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ. თბილისის მერის წარმომადგენელის თანახმად, 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. მოსამართლემ დღევანდელ, 30 ნოემბრის სხდომაზე გამოაცხადა: კახა კალაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ტელეკომპანია "TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს დაევალოთ "დღის ამბებში" გადაწყვეტილების გამოქვეყნება... გაკეთებული განცხადებები - "კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო... ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ... 60 მლნ ჩაიდო კახა კალაძემ ჯიბეში... ჩვენ არ დაგვიწერია ეს დოკუმენტები" - არ შეესაბამება სიმართლეს; "TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 15 ათასი ლარის ანაზღაურება; "TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო საქმეზე ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარიდან 450 ლარის ანაზღაურება, 2550 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში; გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. "სასამართლოს ინტერესს წარმოადგენდა, სადავო განცხადებები ფაქტი იყო თუ აზრი. აზრით გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ტენდერებში ფასთა სხვაობას, რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძის მიერ 60 მილიონის მოპარვას, ეს იყო თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია... ასეთი ფაქტობრივი საფუძველი არანაირად არ იყო", - თქვა მოსამართლემ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლის განმარტებისას. "TV პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხი ვერ გადაიხდის იმ თანხას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელევიზიასა და მის წამყვანს, მაია მამულაშვილს დააკისრა. "TV პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი. ველოდებით აღსრულების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად", - წერს მელაძე "ფეისბუკში". ასევე ნახეთ ნოდარ მელაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: "TV პირველი" ამ თანხას ვერ გადაიხდის კალაძე სასამართლოს სთხოვდა, მოპასუხე მხარეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალებინა. რადიო თავისუფლება -
განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინადან, საქართველოდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა, რომელსაც საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან. „ნატო და ნატო-ს მოკავშირეები სამივე პარტნიორს უწევენ დახმარებას ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის შესაძლებლობების მშენებლობაში, რეფორმების განხორციელებაში და მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები რუსეთის ზეწოლას განიცდიან. ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან, გაზარდონ მხარდაჭერა მათ მიმართ. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. იპნ
-
მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის 2023 წლის სლოგანთან -„მშვიდობის ქალაქთან“ დაკავშირებით გამოხმაურებებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისივე თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში არა სლოგანი, არამედ საქართველოში მშვიდობა აღიზიანებს. კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი არის საქართველოში ომი და აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანს, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. „საოცრებაა რაც გუშინ მოვისმენთ. იმ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ როცა მშვიდობა სლოგანად გამოგაქვთ, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ. ეკლესიას იმდენად მტრობდნენ, რომ ჯვარი აღიზიანებდათ, ახლაც მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა, წარწერამ გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ესენი არიან "ომის პარტია". მათ ჰქონდათ პირდაპირ განზრახვა და აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ. ვერ მალავენ, რომ მათ საქართველოში ომი სურთ. აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანს, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ისინი ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან. საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისში იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის ის სურვილი, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს მათ შორის, თითოეული თბილისელისთვის და იგივე სურვილი გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრებისთვის. აქედან გამომდინარე სპეკულაციები აბსოლუტურად სამარცხვინოა,“ - განაცხადა კობახიძემ.
-
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებითი 350 გენერატორის გადაცემის გეგმის შესახებ გამოაცხადა. „დღემდე გერმანიის მთავრობამ უკრაინას მოკლევადიანი ფინანსური დახმარება გაუწია, დაახლოებით 56 მილიონი ევროს ოდენობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების მიზნით და უზრუნველყოფს 350-ზე მეტი გენერატორის მიწოდებას“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა. მისი თქმით, ზელენსკიმ და შოლცმა ასევე განიხილეს გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და გრძელვადიანი აღდგენის კონტექსტში და "შეთანხმდნენ გააგრძელონ აზრთა მჭიდრო და კონსტრუქციული გაცვლა და დარჩნენ მჭიდრო კონტაქტში". ოლაფ შოლცთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციულ მიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ განიხილეს თანამშრომლობა როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებში. „პრიორიტეტები ნათელია - დაცვა სარაკეტო ტერორისგან, ელექტროენერგიის აღდგენა, სასურსათო უსაფრთხოება. მადლობა გადავუხადე კანცლერს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. იპნ
-
დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. „მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თანამშრომლობით დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სადისტრიბუციო მანქანები გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ქალაქში, როდესაც გაჩერებული ჰყავთ და სხვა ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. კონკრეტული სივრცეების გამოყოფა სადისტრიბუციო მანქანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგია, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა“,- განაცხადა კალაძემ.
-
ცივილიზებულ სამყაროს არ სჭირდება ნატო, კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრ ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 12% ცხოვრობს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. "ნატო-ს ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის არაუმეტეს 12% ცხოვრობს. ცივილიზებულ სამყაროს ეს ორგანიზაცია არ სჭირდება. მან უნდა მოინანიოს კაცობრიობის წინაშე და დაიშალოს, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია", - წერს მედვედევი „ტელეგრამის” არხზე. ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იმუქრება, რომ თუ კიევს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან, ისინი რუსეთის სამხედრო სამიზნეები გახდებიან. „თუ, როგორც სტოლტენბერგმა მიანიშნა, ნატო კიევის ფანატიკოსებს ნატო-ს პერსონალთან ერთად Patriot-ის კომპლექსებს მიაწვდის, ისინი მაშინვე გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე. მისი თქმით, იმედი აქვს, ამას ალიანსში აცნობიერებენ. შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. IPN
-
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 6 დასახლებულ პუნქტთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 5 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ობიექტებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის და დონეცკის ოლქებში და თავდაცვის ძალების პოზიციებზე მიიტანეს 47 საავიაციო იერიში და 35 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე განაგრძობს საარტილერიო შეტევას უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, მათ შორის ქალაქ ხერსონში. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე, 2 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე და ჩამოაგდო 3 უპილოტო საფრენი აპარატი. RADIO TAVISUPLEBA -
იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესიაზე პასუხი აგოს, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი და უკრაინა ყველაფერს აკეთებს მის შესაქმნელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაამყარა თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ეს პროცესი გაფართოვდება. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიით დაზარალებული ყველა უკრაინელის სახელით, ქვეყნის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკიმ მოუწოდა დიდ ბრიტანეთს, უხელმძღვანელოს გლობალურ ძალისხმევას, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზნით. „ბრიტანელებს აქვთ გამოცდილება, ეს მათთან ჩვენი საერთო ისტორიული მეხსიერების ნაწილია. 1942 წლის ზამთარში, როცა ჯერ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, როდის დამთავრდებოდა მეორე მსოფლიო ომი, ლონდონში მოკავშირეთა წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი წმინდა ჯეიმსის დეკლარაციას. დოკუმენტი, რომელმაც დაიწყო გზა ნიურნბერგის ტრიბუნალისკენ, ანუ მართლმსაჯულებისკენ ომის შემდეგ. უკვე არსებობს ძლიერი თანამშრომლობა ნიდერლანდებთან, რომელიც გვეხმარება პროკურატურის შექმნაში, ომის დანაშაულის მტკიცებულებების შესაგროვებლად. ვმუშაობთ საფრანგეთთან, რომელიც გვეხმარება საველე სამუშაოებში რუსული ბოროტების დოკუმენტირებისთვის. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ აუცილებელი სამართლებრივი არქიტექტურა, რათა ტრიბუნალმა იმუშაოს. სრულად უნდა განვახორციელოთ ეს პუნქტი ჩვენს სამშვიდობო ფორმულაში და უზრუნველვყოთ სამართლიანობა ამ ომის შემდეგ, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მჯერა, დიდი ბრიტანეთი გამოიჩენს თავის ლიდერობას ამ ბრძოლაში სამართლიანობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ავტორი - გივი ბარამიძე
-
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლებში, ბრალდებულები, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან, ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში, რის შემდეგაც, მომზადდა ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, შეცდომაში იყო შეყვანილი სსიპ სოციალურ მომსახურეობის სააგენტო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საწარმოებში თითქოსდა დასაქმებული 82 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება ჯამში 82 000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომში გაინაწილეს ურთიერთშორის. „ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დეკრეტული შვებულების თანხების დაუფლებასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
-
დღეს ვფიქრობ, მთავარი გზავნილი პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, არის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, თუ რა უსაფრთხოების ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. ესტონელმა დიპლომატმა უპასუხა კითხვას, რა უნდა იყოს გზავნილი საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტიდან 14 წლის შემდეგ. რეინსალუს თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, იქნებიან ნატო-ს ოჯახის წევრები. „გზავნილი უნდა იყოს მტკიცე, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის წინაპირობა არის უკრაინის გამარჯვება ისე, როგორც ამას უკრაინა განსაზღვრავს, უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება, აგრესორი სახელმწიფოს მიერ ზიანისა და ზარალის სრული ანაზღაურება და პასუხისგება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, სადაც არის პუტინისა და მისი გარემოცვის ადგილი. მეორე წინაპირობა ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისთვის არის და ეს დღეს ვფიქრობ, მთავარი გზავნილია პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, უსაფრთხოების რა ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ. ამასთან, გუშინ განვაცხადე უკრაინელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კიდევ ერთი წინაპირობა არის ის, რომ ქვეყნებმა, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, იქნებიან ნატო-ს ოჯახის წევრები“, – განაცხადა ურმას რეინსალუმ. მისივე თქმით, ევროპის კონტინენტზე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას არ ჰყავს ესტონეთზე ძლიერი მხარდამჭერი. „ასევე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები, რომლებისთვისაც ამ ომის შედეგი არის ეგზისტენციალური საკითხი, ვიყოთ სასანქციო პოლიტიკისა და რუსეთის აგრესიის მიმართ პოლიტიკური მიდგომის სრულ შესაბამისობაში. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დახურონ საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს იყო ასევე ჩემი გზავნილი ორშაბათს, როდესაც შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს არამხოლოდ სიმბოლისტური, არამედ ძლიერი და თბილი გრძნობები, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აზროვნებით და ამოცანის მიმართულებით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ბუქარესტში განაცხადა. ბოგდან აურესკუს განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ ამოცანას. სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ, ჩვენ რუმინეთს და საქართველოს შორის ურთიერთობების დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე გავზარდეთ, ბუქარესტში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს“, – განაცხადა აურესკუმ. ავტორი - გივი ბარამიძე
-
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტანია ფაიონის განცხადებით, ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვდებიან პარტნიორებს საქართველოდან, მოლდოვიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან უკრიანაში ომის შედეგები განიხილონ. „ჩვენ შევხდებით ჩვენს პარტნიორებს ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც არიან რისკის წინაშე და არიან მოწყვლადი ქვეყნები, უკრიანაში ომის შედეგები განვიხლოთ. იცით, რომ სლოვენიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დასავლეთ ბალკანეთში სიტუაციას. ასე რომ, ჩვენ განსაკუთრებით განვიხილავთ ბოსნია ჰერცგოვინაში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხს, რადგან დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობა მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ტანია ფაიონიმ. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეთავაზება გაქვთ საქართველოსთვის, ტანია ფაიონიმ განაცხადა, რომ საქართველოს სთავაზობენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. „ჩვენ დღეს უკვე ბევრს ვთავაზობთ საქართველოს. როგორც იცით, საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა. საქართველოს ჩვენ ვთავაზობთ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ განვიხილავთ ადგილზე არსებულ სიტუაციას და ვნახავთ, მოვუსმენთ მინისტრს, კიდევ რისი გაკეთება არის შესაძლებელი არსებულ სიტუაციაში, ზამთრის წინ, რეგიონში ახალი დაძაბულობის წინ. ასე რომ, ეს იქნება ნამდვილად ძალიან მნიშვნელვანი დისკუსია“, – განაცხადა ტანია ფაიონიმ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს სჭირდება პარტნიორების სოლიდარობა. „ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყოთ თანმიმდევრულები, რათა მათ შეძლონ საზღვრების დაცვა. მე ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი საქართველოსთვის“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდტმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბუიარ ოსმანის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილება, როგორ გაძლიერდეს პარტნიორობა აღნიშნულ ქვეყნებთან. მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. „მოხარული ვარ, რომ დღეს მოლაპარაკებებს ვმართავთ მოწყვლად პარტნიორებთან – საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, რომლებთანაც ველოდებით აზრთა გაცვლას იმასთან დაკავშირებთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მოწყვლადი პარტნიორების მდგრადობა ამ აგრესიის წინაშე“, – განაცხადა მინისტრმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ნინა თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს პარამოფარიკავე ნინი თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში მეორე ადგილზე გავიდა. თიბილაშვილმა ფრანგი ბიანა ვიდესი ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ხოლო 1/2-ფინალში უნგრელ ევა ჰაჯმასის 15:7 სძლია, ფინალში კი პოლონელ კინგ დროჟთან შეხვედრისას მსაჯის გადაწყვეტილებით არაერთი წითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად მოწინააღმდეგეს ავტომატურად დაემატა ქულები და ასპარეზობა პოლონელის სასარგებლოდ დასრულდა. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ირმა ხეცურიანის, ნინი თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით ხვალ ძალებს გუნდურ შეჯიბრში მოსინჯავენ. ავტორი - ელენე ბილიხოძე